globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 23 აპრილი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Apr 23rd, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„ახალი თაობა“, 22 აპრილი, 2016 წელი

ზურაბ აბაშიძე: `ჩემი, როგორც მაჟორიტარის, საქმიანობით უკმაყოფილო ვარ~

`ადამიანები, რომლებსაც ფული აქვთ, ცდილობენ, მუდმივად პარლამენტში იყვნენ~

თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ აბაშიძე `ახალ თაობასთან~ ინტერვიუში საარჩევნო კანონმდებლობაზე საუბრობს.

_ ბატონო ზურაბ, როგორც ჩანს, არსებული საარჩევნო კანონმდებლობით მოგიწევთ არჩევნებზე გასვლა. მოვლენების ასე განვითარებას ელოდით?

_ მე იმთავითვე არ მქონდა მოლოდინი, რომ მოლაპარაკება არასაპარლამენტო ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ხელშესახები შედეგით დასრულდებოდა. ჩვენ ამ პროცესისადმი სოლიდარობა გამოვხატეთ და ვთქვით, რომ თუ შეიცვლება, ეს კარგი იქნება, მაგრამ შედეგი ყველასთვის ცნობილია. შედეგი არის ის, რასაც ჩვენ ველოდით.

დღევანდელი ხელისუფლება, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა, აცხადებდა, რომ არსებული საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს, რომ დღევანდელი მაჟორიტარული სისტემა კრიტიკას ვერ უძლებს. ჩვენც გვქონდა ეს განცდა, რომ მაჟორიტარული არჩევნები უნდა შეცვლილიყო და გადავსულიყავით პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. სულაც არ არის გამოკითხვები საჭირო იმისთვის, რომ მაჟორიტარი დეპუტატების საქმიანობა შეფასდეს. ხალხი ძალიან უკმაყოფილოა მაჟორიტარი დეპუტატის საქმიანობით.

_ ზოგიერთ მაჟორიტარს ვერც კი სცნობენ.

_ დიახ. არაფერი განსხვავება არ არის მაჟორიტარსა და პროპორციული სიით გასულ დეპუტატს შორის საქმიანობის კუთხით. მე გახლავართ მაჟორიტარი დეპუტატი და ძალიან უკმაყოფილო ვარ ჩემი საქმიანობით, რადგან დავინახე, რომ უამრავი პრობლემის გადაჭრა, რომელიც ჩემს რაიონში მცხოვრებლებს აწუხებთ, არ შემიძლია.

_ რატომ?

_ ეს ყველაფერი არის დამოკიდებული აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, ადგილობრივ თვითმმართველობაზე, მუნიციპალიტეტებზე.

_ თქვენი ფუნქცია რა არის, როგორც მაჟორიტარის?

_ ჩემი მთავარი ფუნქცია არის შუამდგომლობის გაწევა. შუამდგომლობას კი ნებისმიერ ადამიანს გავუწევ ყოველგვარი მაჟორიტარობის გარეშე ნებისმიერ ოლქში. საზოგადოება კი ელოდება, რომ მაჟორიტარს თუ აირჩევს, მან პრობლემები უნდა გადაჭრას, არადა ამის შესაძლებლობა მას არ აქვს.

ამიტომ კვლავ ცდილობს ხელისუფლება, რომ ეს სისტემა თავის თავზე მოირგოს, როგორც ამას წინა ხელისუფლება ცდილობდა. საკონსტიტუციო სასამართლომ ხელისუფლებას დაავალა, რომ ამომრჩეველთა რაოდენობა გაეთანაბრებინა, ამ გათანაბრებით უარესი შედეგი მივიღეთ. ასეთი საარჩევნო სისტემა კიდევ უფრო აბნევს ამომრჩეველს.

_ გერმანულ მოდელს, რომელზეც არასაპარლამენტო ოპოზიცია საუბრობს, ეთანხმებით?

_ გერმანული მოდელი ცოტა განსხვავებულია. ჩვენ მოვახერხეთ, რომ შევკრებილიყავით პრეზიდენტთან ერთად არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიცია და შევთანხმდით, რომ რეგიონალურ-პროპორციულ სისტემაზე გადავსულიყავით. ამ სისტემით 75 დეპუტატი პროპორციული სისტემით ირჩეოდა.

_ თუმცა, ეს ვარიანტიც დაიწუნა ხელისუფლებამ.

_ დიახ, მაგრამ ამ ვარიანტს 200 ათასი ჩვენი მოქალაქის ხელმოწერა ამყარებს.

_ თქვენი პარტია თუ დაუჭერს მხარს 2020 წლისთვის საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას?

_ ჩვენ მზად ვართ, რომ დავუჭიროთ მხარი.

_ 5%-იანი ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით როგორია თქვენი პოზიცია?

_ ჩვენ ამ საკითხზე პრინციპული პოზიცია არ გვაქვს, რადგან ვფიქრობთ, რომ ნებისმიერ ბარიერს გადავლახავთ. პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ბუნებრივად იწვევს ბარიერის დაწევას. აქ მთავარი არის არჩევნების მიმართ ნდობის ამაღლება და რომ ადამიანებს დაუბრუნდეთ იმედი.

_ არასაპარლამენტო ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხს დააყენებს. რა შემთხვევაში შეიძლება არჩევნების შედეგები ეჭვქვეშ დადგეს?

_ არჩევნების ლეგიტიმაციაში რას გულისხმობენ ისინი, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში დგება შედეგების ლეგიტიმაციის საკითხი. რაც შეეხება სამართლიანობას, აქ პრეტენზიები მაქვს. არსებული სისტემა სამართლიანი არ არის, მაგრამ ეს არ არის კავშირში არჩევნების ლეგიტიმაციასთან. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ადამიანები, რომლებსაც ფული აქვთ, ცდილობენ, მუდმივად იყვნენ პარლამენტში, რაც არის ყველა ხელისუფლების რესურსი. ამაზეა აქ საუბარი, როდესაც მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ვითხოვთ.

_ არასაპარლამენტო ოპოზიცია აცხადებს, `ყველა ერთის წინააღმდეგ~. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები თქვენთვისაც ასე ფორმულირდება?

_ არა, მე არ მაქვს ეს განცდა. სააკაშვილის წინააღმდეგ იყო ეს ფორმულა. ხელისუფლება იმდენად გაკოტრებულია, რომ მის წინააღმდეგ ასეთი გაერთიანება არა მგონია, ადეკვატური იყოს. თუმცა, ყველა პოლიტიკურ ძალას თავისი გზა აქვს. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს და ამ არჩევნებში დამოუკიდებლად ვაპირებთ მონაწილეობას.

მთავარი კულმინაცია წინასაარჩევნო კამპანია იქნება, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. პრემიერმა თქვა, არაპროგნოზირებადი არჩევნები გველოდებაო და მეც ვეთანხმები. ძალიან ბევრ მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური იქნება.

………………..

,……………………..

`ამერიკამ ივანიშვილს ულტიმატუმი წაუყენა~

ზაალ კასრელიშვილი: `ყველაფრის მიუხედავად, არჩევნებს `ქართული ოცნება~ მოიგებს~

`ღარიბაშვილმა პოლიტიკაში დაბრუნება დააგვიანა~

შორენა მარსაგიშვილი

რატომ მოითხოვა კონგრესმენმა რასელმა ივანიშვილის ანგარიშების დაყადაღება, ვისი იდეები მიითვისა ეროვნულმა ფორუმმა, რატომ უნდა აჩქარდეს ღარიბაშვილი? _ ამ თემებზე `ახალ თაობას~ კავკასიის ხალხთა კონფედერაციის პრეზიდენტი, ანალიტიკოსი ზაალ კასრელიშვილი ესაუბრება.

ზაალ კასრელიშვილი:

_ ამერიკა არის დემოკრატიული ქვეყანა, სადაც ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება. ამ უფლებით სარგებლობენ კონგრესმენები და სენატორებიც. ნებისმიერ მათგანს შეუძლია თქვას, რაც მოესურვება. ეს უფლება გამოიყენა კონგრესმენმა რასელმაც. მან საჯაროდ მოითხოვა ივანიშვილის ანგარიშების გაყინვა. ამან საქართველოში ვიღაცებს დიდი იმედები გაუჩინა, მაგრამ მათ უნდა ვუთხრათ, რომ ეს განცხადება ბევრს არაფერს ნიშნავს.

გითხარით, რომ ამერიკა დემოკრატიული ქვეყანაა და იქ ვინმეს ანგარიშების გაყინვა ასე მარტივად არ მოხდება. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ვაშინგტონი სერიოზულ გამოძიებას ჩაატარებს. ეს ძალიან კარგად იცის კონგრესმენმა რასელმაც.

_ აბა რატომ გააკეთა ეს განცხადება რასელმა, ისე, უბრალოდ?

_ ამერიკელი კონგრესმენები უბრალოდ ასეთი ტიპის განცხადებებს არ აკეთებენ. არჩევნებამდე ივანიშვილის ანგარიშებს არავინ გაყინავს, მაგრამ, თუ საქართველომ დემოკრატიული კურსიდან გადაუხვია, მაშინ ამერიკაც და დასავლეთის სხვა ქვეყნებიც ზომებს მიიღებენ.

რასელი არაა იმ დონის პოლიტიკოსი, რომ ივანიშვილი მარტოს გაეფრთხილებინა. ეს მისი ხელისუფლების პოზიციაა. მე იმედი მაქვს, რომ აქ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება და მისი ანგარიშების გაყინვა საჭირო აღარ იქნება.

_ ივანიშვილზე ვსაუბრობთ და როგორ გგონიათ, ის მართლა ინფორმაციულ ვაკუუმშია? მისი თანაკურსელი, დეპუტატი თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ ყოფილ პრემიერს გარემოცვა არასწორ ინფორმაციას აწვდის.

_ არ გამოვრიცხავ, რომ მის გარშემო იყვნენ პირები, რომლებიც სათავისოდ გაფილტრულ ინფორმაციას აწვდიდნენ. ივანიშვილს სრულ იზოლაციაში ვერ მოაქცევენ, მაგრამ რაღაცებს აუცილებლად დამალავენ. ეს მექანიზმი კარგად მუშაობდა ირაკლი ღარიბაშვილის დროს. მაშინ ივანიშვილთან მხოლოდ ის ინფორმაცია მიდიოდა, რომელიც ე.წ. კახური კლანის ინტერესებში შედიოდა.

_ ახლა რომელი დაჯგუფების სასარგებლოდ გაფილტრული ინფორმაციები მიდის სოლოლაკში?

_ ვერ გეტყვით, ვის სასარგებლოდ იფილტრება ახლა ინფორმაცია. ამის მცდელობები ბევრს ექნება. თუმცა ყველამ იცოდეს, რომ ივანიშვილის მსგავს გამოცდილ ადამიანს ბევრ დეტალს ვერ გამოაპარებენ. რაღაცაზე რომ არ რეაგირებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქმის კურსში არ არის.

დღეს შექმნილი ვითარება ძალიან მაგონებს წინა ხელისუფლებების პერიოდს. გარემოცვა სათანადო ინფორმაციას არ აწვდიდა არც ზვიად გამსახურდიას, არც შევარდნაძესა და არც სააკაშვილს. მათ ბევრი რამე გამოაპარეს.

_ შევარდნაძე ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსი იყო და მას თუ გამოაპარა გარემოცვამ რაღაცები, ივანიშვილს რატომ ვერ გამოაპარებენ?

_ იმიტომ ვერ გამოაპარებენ, რომ ამის გამოცდილება არსებობს. ყველა ჭკვიანი ადამიანი სხვის შეცდომებზე სწავლობს. ივანიშვილი კი ჭკვიანი ადამიანია. ახლა ის მაქსიმალურად უნდა იყოს მობილიზებული და ხალხთან პირდაპირი კონტაქტი ჰქონდეს.

_ ხალხთან კონტაქტი არ აქვს. ეს რისი ბრალია?

_ ვერ გეტყვით, ალბათ, გამოჩნდება. პოლიტიკა ზოგადად ხალხთან ურთიერთობის ხელოვნებაა. მარტო პრესით და ტელევიზიით არსებულ ვითარებაზე სრულ წარმოდგენას ვერ შეიქმნი. საარჩევნო სიის ფორმირების წინ ყველას აზრი გასათვალისწინებელია.

_ საარჩევნო სიის შედგენას, როგორც ამბობენ, დიდი დაპირისპირება მოჰყვა `ქართულ ოცნებაში~. ამაზე რაიმე ინფორმაცია თუ გაქვთ?

_ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. სანამ სია ოფიციალურად არ გამოქვეყნდება, საბოლოო გადაწყვეტილებას არავინ მიიღებს. იმედია, იმავე შეცდომებს არ გაიმეორებენ. მაშინ სიაში ჩასაწერად ხალხს ვერ პოულობდნენ. იმის მაგივრად, რომ ქვეყნის ერთგული ჯარისკაცები შემოეკრიბათ, სიაში საკუთარი ნათესავები და მეგობრები ჩაწერეს, რომლებსაც არასდროს არანაირი შეხება არ ჰქონიათ არც პოლიტიკასთან და არც _ სახელმწიფოს საქმიანობასთან.

შეცდომები არჩევნების შემდეგაც გააგრძელეს და აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც საკუთარი ნათესავები დაასაქმეს. მაღალ თანამდებობებზე ისეთი ხალხი დასვეს, რომლებსაც საამისო არც ცოდნა ჰქონდათ და არც _ გამოცდილება. ამით ბევრი კარგი ადამიანი გაანაწყენეს, ზოგიერთი შეგნებულად დაბლოკეს.

_ ვინ და რატომ დაიბლოკა?

_ დაბლოკილი პიროვნებების ვინაობას არ დავასახელებ. იმას კი გეტყვით, რომ ეს ხალხი გარე ძალების მითითებით არ გააკარეს ხელისუფლებას. ისინი რომელიღაცა ქვეყნის სპეცსამსახურებს არ მოსწონდათ.

_ რომელი ქვეყნის სპეცსამსახურებზეა საუბარი?

_ იმ ქვეყნების სპეცსამსახურებზე მოგახსენებთ, რომლებიც საქართველოში მოქმედებენ. მათ პოლიტიკაში ჰყავთ თავიანთი ინტერესჯგუფები და მათ შეუკვეთეს არასასურველი ადამიანების დაბლოკვა. მომავალი არჩევნების ბედი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ საარჩევნო სიას შეადგენს ხელისუფლება.

ივანიშვილის მეთაურობით `ქართულ ოცნებას~ უმრავლესობაში მოსვლის რეალური შანსი აქვს. ოღონდ ამისთვის საჭიროა ახალი სახეები. ეს სახეები კი წესიერებისა და პროფესიონალიზმის ნიშნით უნდა შეარჩიონ. უკვე დროა, ხარისხის გაუმჯობესებაზე იფიქრონ.

_ გააუმჯობესებენ ხარისხს?

_ სანამ სია არ გამოქვეყნდება, ვერაფერს გეტყვით. რაღაცა სურათი 14 მაისსაც დაიდება. ამ დღეს `ქართული ოცნების~ ყრილობა ტარდება. შევხედოთ, ვინ იქნებიან ყრილობის დელეგატები და რაღაც დასკვნების გამოტანა შეიძლება. იმას მაინც გავიგებთ, ხდება თუ არა გადახალისება.

_ სხვა პარტიებზე რას იტყვით, მათ რა შანსები ექნებათ არჩევნებზე?

_ პირველ ადგილზე გავა `ქართული ოცნება~. მეორე ადგილზე მოხვედრის შანსი აქვს მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას. ეს პარტია შეიძლება არ მოგწონდეს, მაგრამ ვერ უარყოფ, რომ მას სერიოზული რესურსი გააჩნია. მესამე ადგილზე ვინ გავა, ძნელი სათქმელია. მესამეადგილოსანი მეორე ადგილზე გასულს სერიოზულად ჩამორჩება. პირველ და მეორე ადგილზე გასულებს შორისაც დიდი სხვაობა იქნება.

მესამე ადგილზე გასვლის შანსი რამდენიმე პარტიას აქვს. ესენი არიან ბურჯანაძის პარტია, თავისუფალი დემოკრატები და ლეიბორისტები. დანარჩენების შესაძლებლობებზე ვერაფერს გეტყვით. მათი რესურსი აქამდე ვერ დავინახეთ.

_ ვერც პატრიოტთა ალიანსის რესურსი დაინახეთ? ბევრი ექსპერტი ვარაუდობს, რომ სწორედ ისინი გავლენ მესამე ადგილზე.

_ არც მე და არც ჩემი მეგობრები ექსპერტები არ ვართ, ამიტომ სხვა თვალით ვაფასებთ სიტუაციას. პატრიოტთა ალიანსს ერთადერთი შანსი აქვს _ სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ამ გადაწყვეტილებას თუ მიიღებენ, შესაძლოა, მესამე ადგილზე გავიდნენ. ჯერჯერობით ვერ დავინახეთ, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებას აპირებენ.

_ სწორ გადაწყვეტილებაში რას გულისხმობთ?

_ ამას თავად უნდა მიხვდნენ. მიაჩნიათ, რომ გამოცდილი პოლიტიკოსები არიან და თავად მოძებნონ სწორი გზა. ჩვენ პატრიოტთა ალიანსის მწვრთნელებად და პედაგოგებად ვერ გამოვდგებით.

_ რესპუბლიკელებსა და ეროვნულ ფორუმს რა მომავალს უწინასწარმეტყველებთ?

_ რესპუბლიკელებს დასავლეთში სერიოზული მხარდაჭერა აქვთ, რაც პატარა საქმე არ არის. ამ პარტიას ადგილობრივ თვითმმართველობებშიც ჰყავს თავისი წარმომადგენლები. ეს პარტია არასდროს გამოირჩეოდა გუნდური ბრძოლის პრინციპებით. უკვე წლებია, რაც პოლიტიკურ ასპარეზზე ამ პარტიის მხოლოდ რამდენიმე ლიდერი ჩანს. ამიტომ მეეჭვება, რომ თანამდებობებზე მყოფმა რესპუბლიკელებმა სამსახური მიატოვონ და ბარიერთან ახლოს მდგომ პოლიტიკაში იყვნენ.

რესპუბლიკურ პარტიას წარმატება თუ უნდა, განფენილობა რაღაცნაირად უნდა შეცვალოს. ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ აქ მწვრთნელები წყვეტენ ყველაფერს და არა ინდივიდები, რომლებიც გუნდს რეალურად აათამაშებენ.

ახლა გადავიდეთ ეროვნულ ფორუმზე. რესპუბლიკელებისა არ იყოს, ამ პარტიასაც ჰყავს საქართველოს გარეთ გულშემატკივრები. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ნიშას დაიკავებს ფორუმი. ეს პარტია ჩვენი თემებითა და პროექტების გაჟღერებით მოხვდა კოალიცია `ქართულ ოცნებაში~. ამ ამბავმა ძალიან გაგვაკვირვა _ მათ ლიდერებს ერთხელაც არ ვუხსენებივართ.

_ არ შეიძლებოდა, იმათაც მოსვლოდათ თავში თქვენნაირი აზრები?

_ თუ მოსდიოდათ, რატომ არსად გაახმოვანეს! მათგან მსგავსი არაფერი მოგვისმენია.

_ თუ კოალიციაში თქვენი თემების გაჟღერებით მოხვდნენ, მაშინვე რატომ არ ამოიღეთ ამაზე ხმა?

_ იმ პერიოდში მიმდინარეობდა კოალიციის ფორმირება. `ქართულ ოცნებას~ სულ სხვა დატვირთვა ჰქონდა, ამიტომ არ გავაპროტესტეთ ჩვენი იდეების მითვისება.

_ რა თემები წაიღო ფორუმმა?

_ საუბარია რეგიონული უსაფრთხოების თემებზე. ასევე საუბარი შეეხებოდა კავკასიელი ხალხების დაახლოებაზე და საქართველოს როლზე რეგიონის განვითარებაში. ეროვნული ფორუმის ლიდერებს ამ თემებთან არასდროს შეხება არ ჰქონიათ. ჩვენ ამის გამო რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა კითხვები დაგვისვა.

_ რა კითხვები?

_ აინტერესებდათ, რას წარმოადგენდნენ ფორუმში შემავალი პოლიტიკოსები, რომლებიც თავის თავზე ამდენს იღებდნენ. ზემოთ დაგისახელეთ, რატომ არ ამოვიღეთ ამაზე ხმა, მაგრამ ახლაც თუ იმავეს გაიმეორებენ, აღარ გავჩუმდებით.

ეროვნულმა ფორუმმა აუცილებლად უნდა მონახოს ნიშა. ჩვენი აზრით, მათ და პატრიოტთა ალიანსს ერთი და იგივე ელექტორატი ჰყავს. არჩევნებზე ისინი ერთმანეთს ხმებს გაუყოფენ.

_ ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება და არჩევნებშიც მიიღებს მონაწილეობას. ამ მოლოდინებზე რა აზრის ხართ?

_ სად უნდა მოვიდეს ღარიბაშვილი? ჩვენ ვერ ვხედავთ იმ ნიშას, რომელიც მან უნდა დაიკავოს. მას შემდეგ, რაც პოლიტიკიდან წავიდა, მასზე აღარაფერი ისმის. პოლიტიკაში მოსვლა თუ უნდა, პირველ რიგში, იმ პასუხისმგებლობისგან უნდა გათავისუფლდეს, რომელიც საკუთარმა ნათესავებმა აჰკიდეს.

_ ამბობენ, რომ მის გარშემო ის ხალხი გაერთიანდება, ვინც მიიჩნევს, რომ კონსტიტუციაში ოჯახთან დაკავშირებით განმარტება უნდა ჩაიწეროს.

_ ეს თემა ბევრჯერ დაატრიალეს. კი ბატონო, გავიგეთ, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობაა, მაგრამ ეს არ არის თემა. ამას რეზონანსი არ მოჰყოლია. განიხილება კიდევ ერთი მოსაზრება, რომ ის შესაძლოა რომელიღაც პარტიას შეუერთდეს. არც ეს იქნება წარმატების მომტანი, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში 1+1 შეიძლება 2 არ იყოს და გახდეს 0. და კიდევ _ თუ დაბრუნება უნდოდა პოლიტიკაში, აქამდე უნდა დაბრუნებულიყო. მან ძალიან დააგვიანა.

………….

………………

ანზორ აბრალავა: `ნაციონალების მთავარი სამიზნე ივანიშვილია~

`პარტიების ახალი გაერთიანება პოლიტიკური კარიკატურაა~

_ გარეგნული სტაბილურობის ფონზე ქვეყანაში შეინიშნება საშიში ტენდენციები, რომლებიც იმართება, _ აცხადებს `ახალ თაობასთან~ ინტერვიუში ყოფილი დეპუტატი ანზორ აბრალავა.

_ სად ხედავთ ამ საშიშ ტენდენციებს?

_ ძალიან ბევრ სფეროში, უმაღლესი სასწავლებლებით დაწყებული, ჯანდაცვის სფეროთი დამთავრებული. უნივერსიტეტებში რაც ხდება, ცნობილია. ჯანდაცვის დარგზეც კი დაიწყო თავდასხმები. არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილი ადამიანის უფლებათა დაცვის კამუფლაჟით ატარებს კამპანიებს სხვადასხვა თემატიკაზე.

_ ამა თუ იმ სფეროში პრობლემები მართლაც არსებობს.

_ პრობლემა ბევრია, მაგრამ უბედურება ისაა, რომ ეს ყველაფერი ერწყმის დაანონსებული რევოლუციის მოწყობის გეგმებს. ოდესიდან არაერთხელ მოვისმინეთ დაუფარავი მუქარები. ნაციონალური მოძრაობის ლიდერები დიდი ხანია გაჰყვირიან, რომ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები გაყალბდება. ისინი ყველა დარგში ხელოვნურად ქმნიან არეულობას, რომ არჩევნების შემდეგ ქაოსი შექმნან.

ვისაც მოვლენების ანალიზის უნარი აქვს და ქვეყნის ბედი აწუხებს, ეს პროცესები ერთმანეთს უნდა დაუკავშიროს. ყველაზე აქტიური არასამთავრობოები დაკავებული არიან არა პრობლემების მოგვარებით, არამედ პოლიტიკით. ისინი პირდაპირ ჩართული არიან პოლიტიკურ პროცესებში და ქმნიან ნიადაგს შემდგომი ქაოსისთვის. ეს ენჯეოები ამას უანგაროდ არ აკეთებენ.

_ ხელისუფლებას აკრიტიკებენ ოპოზიციური პარტიებიც. ათმა მათგანმა შექმნა საკოორდინაციო საბჭო.

_ ეს საკოორდინაციო საბჭო კი არა, აჯაფსანდალია. ეს გაერთიანება არის პოლიტიკური კარიკატურა, რომელიც ისტორიაში საერთოდ ვერ შევა. ნუ ეწყინებათ ამ საბჭოში შემავალ პარტიებს, მაგრამ ასეთი ალიანსი ადამიანს ცუდ სიზმარშიც არ დაესიზმრებოდა. ამით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საქართველოში ნორმალური პოლიტიკური პარტიების მაგივრად ბიზნესჯგუფები და ავანტიურისტები მოქმედებენ.

ამ პარტიების მოქმედებები არაადეკვატურია. თორემ არავინ ამტკიცებს, რომ საარჩევნო გარემო გასაუმჯობესებელი არაა. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებამ რომ მათი ახლანდელი მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილოს, ისინი სხვა პრეტენზიებს წამოაყენებენ. ამ ვითომ პოლიტიკოსებს სჭირდებათ საბაბი პროტესტისთვის. ასეთი გარემო ესაჭიროება ნაციონალურ მოძრაობას დიდი ქაოსის შესაქმნელად.

_ რა მოხდება ცუდი სცენარის განვითარების შემთხვევაში?

_ დიდი ქაოსი ქვეყნისთვის მძიმე შედეგებით. იქნება თუ არა მომავალში ხელისუფლებაში `ქართული ოცნება~, ამას მნიშვნელობა არ აქვს. პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე მას დაეკისრება. ხელისუფლების პირველი პირები, იმის მაგივრად, რომ გაიაზრონ ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემები, დაკავებული არიან უსაგნო დავით.

_ საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღზე?

_ დიახ. 2 თვით ადრე დაიწყება საარჩევნო კამპანია თუ 3 თვით ადრე, ამას რა მნიშვნელობა აქვს! პარტიებს უფლება აქვთ, ნებისმიერ დროს ჩაატარონ საარჩევნო კამპანია. მით უმეტეს, არჩევნების დღე ცნობილია. ეს უთანხმოება ხელისუფლების სისუსტეზე მეტყველებს და აწყობს ნაციონალურ მოძრაობას. პრეზიდენტმა სექსუალურ ვნებებზე კი არ უნდა ილაპარაკოს, არამედ სახელმწიფოებრივად უნდა უდგებოდეს საკითხებს და ზრუნავდეს სტაბილურობაზე.

_ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოში შექმნილი მდგომარეობა განიხილეს. ერთ-ერთმა კონგრესმენმა ბიძინა ივანიშვილს პუტინის მოკავშირე უწოდა და განაცხადა, რომ ის საარჩევნო პროცესებში ჩაერევა.

_ ეს არის ნაცმოძრაობის ლობისტების საქმიანობის შედეგი, ერთი კაცის გამონათქვამი და არა _ სახელმწიფოს პოზიცია. არჩევნებში ივანიშვილი არ ჩაერევა. რაც შეეხება პოლიტიკაში მონაწილეობას, `ქართული ოცნება~ მისი შექმნილია და რა გასაკვირია, რომ გამიჯნული არ არის პოლიტიკურ პროცესებს!

ლობისტები ნაციონალებს ევროსტრუქტურებშიც ჰყავთ, მაგრამ ეს ხელს ვერ უშლის საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას. რაც უნდა ბევრი იხმაუროს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ნაციონალმა გიორგი კანდელაკმა, ქვეყნის განვითარებას ვერ შეაფერხებს. როგორ უნდა გძულდეს საკუთარი ქვეყანა, რომ ასეთი მაღალი ტრიბუნიდან სისაძაგლეები ილაპარაკო!

ნაციონალების მთავარი სამიზნე ბიძინა ივანიშვილია. მათთვის მისი ფიზიკური არსებობაა უკვე პრობლემა. ნაციონალური მოძრაობის მომავალ რევოლუციურ გეგმებში არ შედის მთავრობის სახლის აღება. ნაციონალებს უნდათ, ქაოსი მოაწყონ და ამ ქაოსში აიღონ ბიძინა ივანიშვილის სასახლეც.

Comments are closed