globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 23 მაისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on May 23rd, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: ევროპაში უვიზოდ 2016 წლიდან // ერთადერთი წინაპირობა ევროკომისიის დადებითი დასკვნაა

რეზონანსი: საქართველოს სვლა ევროპისაკენ უფრო ხილული გახდა: „საქართველო უკვე დაფიქსირდა, როგორც ევროპული არჩევანის ქვეყანა”

რეზონანსი: რატომ გადაიდო საქართველოსთვის ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმება?

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლევან ბერძენიშვილთან: „ვიზალიბე-რალიზაცია 2016 წლიდან გვექნება“

———————-

რეზონანსი“, 23 მაისი, 2015 წელი

უვროპაში უვიზოდ 2016 წლიდან

ერთადერთი წინაპირობა ევროკომისიის დადებითი დასკვნაა

ზვიად მახარაძე, რიგა-ბრიუსელი

გუშინ რიგაში “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტზე ევროკავშირმა საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას უფრო მეტი მხარდაჭერა, მეტი ფინანსური დახმარება აღუთქვა, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, პარტნიორ ქვეყნებს წევრობის პერსპექტივაზე უარი ეთქვათ.

ჯერ კიდევ სამიტის დაწყებამდე ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერმა ცალსახად განაცხადა, რომ რაც შეეხება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანებას, ევროპული პერსპექტივა არც ერთი მათგანისათვის არ არსებობს. “ისინი არ არიან მზად, არც ჩვენ არ ვართ მზად. რიგის სამიტი არ ეძღვნება ევროკავშირის შესაძლო გაფართოებას,” – განაცხადა იუნკერმა.

მიუხედავად ევროკომისიის პრეზიდენტის და რიგი ქვეყნების ლიდერების ასეთი მკვეთრი პოზიციისა, მაინც მოიძებნა კომპრომისული ჩანაწერი, დეკლარაციაში ნახსენებია “ევროპული მისწრაფებები” და “ევროპული არჩევანი.”

“სამიტის მონაწილეები აღიარებენ პარტნიორების ევროპულ მისწრაფებებს და ევროპულ არჩევანს, როგორც ეს ასოცირების შეთანხმებებშია აღნიშნული”, – ასე გამოიყურება რიგის დეკლარაციის საბოლოო ვარიანტი.

ეს ფრაზა მოჰყვება განცხადებას, რომ “სამიტის მონაწილეები აღიარებენ, დემოკრატია, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა და კანონის უზენაესობა პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ძირითადი არსია”.

ასევე, სამიტის მონაწილეებმა მიაღწიეს კონსენსუსს ვიზალიბერალიზაციის საკიხის შესახებ. საქართველოსა და უკრაინის მოთხოვნა, განსაზღვრულიყო გადაწყვეტილების მიღების უკიდურესი თარიღი, მხარდაჭერილი არ იქნა.თუმცა ევროკავშირი თავის მხრივ წავიდა დათმობაზე და დეკლარაციაში პირდაპირ ჩაწერა ვიზალიბერალიზაციის მეორე შემაჯამებელო შეფასებითი დასკვნის მიღების თარიღი. ევროკომისია დოკუმენტს გამოაქვეყნებს ამა წლის ბოლომდე, ხოლო ევროპარლამენტი და ევროპული საბჭო საჭირო კრიტერიუმების შესრულების შემთხვევაში მიიღებენ გადაწყვეტილებას. ამასთან, დეკლარაციაში ჩაიწერა იმ რეგულაციის ნომერიც კი (539/2001), რომელზეც დაყრდნობით უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება.

პრეზიდენტმა იუნკერმა სამიტის შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკანასკნელ თვეებში საქართველომ და უკრაინამ უზარმაზარ პროგრესს მიაღწიეს. ევროკომისიის დასკვნა 15 დეკემბერს იქნება, ხოლო რაც შეეხება უვიზო მიმოსვლის რეჟიმს, ამას ევროპული საბჭოს და 28 წევრის თანხმობა სჭირდება.

ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ლაიმდოტა სტრაუიუმმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო და უკრაინა თავისუფალი სავიზო რეჟიმის მიღებას მას შემდეგ შეძლებენ, რაც აღნიშნული ქვეყნების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე ევროკომისია დადებით დასკვნას დადებს.

თავის მხრივ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი მიიჩნევს, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება უკრაინასა და საქართველოზეა დამოკიდებული. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან ამ საკითხის განხილვისას ის დარწმუნდა, რომ ისინი, კომისიის დადებითი დასკვნის შემთხვევაში, პოლიტიკურად მხარს დაუჭერენ ვიზების გაუქმების გადაწყვეტილებას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის აზრით, დეკლარაცია იყო ძალიან სერიოზული კონსენსუსის და კომპრომისების შედეგი. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ მასში მკაფიოდ აისახა პრიორიტეტი ვიზების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით.

“წლის ბოლომდე პროცესის დასრულება და შემდგომ უკვე გადაწყვეტილების მიღება დაფიქსირებულია. აღსანიშნავია, რომ ჩვენ უკვე გვაქვს კომისიასთან კონკრეტული სამუშაო გეგმა და მომავალი კვირიდან უკვე დაიწყება ძალიან აქტიური თანამშრომლობა”, – განაცხადა მან სამიტის შემდეგ. რაც შეეხება საქართველოს ევროპულ არჩევანს და მომავალს, ესეც დაფიქსირებულია ჩვენი აქტიური მონაწილეობითა და პარტნიორების მხარდაჭერით. აღიარებულია ევროპული არჩევანი და სულისკვეთება, ისე როგორც ამის შესახებ ჩაწერილია ასოცირების ხელშეკრულებაში. დეტალურად არის გაწერილი შესაძლებლობები სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე, რაც შეეხება სატრანზიტო ინფრასტრუქტურის, სატრანსპორტო, ენერგეტიკული დერეფნის განვითარებას”, – განსაკუთრებით ოპტიმისტურად შეაფასა სამიტის შედეგები საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სამიტის მიმდინარეობისას ევროკომისარმა ჰანმა სპეციალური პაკეტის შესახებ გააკეთა განცხადება, რომელიც შეეხებოდა დამატებით 200 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების, ასევე ევროპის საინვესტიციო ბანკებიდან მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის გათვალისწინებულია 2 მილიარდი ევროს გამოყოფა.

“ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერი ქვეყნებისათვის ახლა ამოცანას წარმოადგენს ჩვენი ქვეყნებისა და მოქალაქეებისათვის მაქსიმალური შედეგების მიღება. ამიტომაც ეს არის თვისობრივად ახალი დახმარება. ამ ტიპის ინსტრუმენტული მხარდაჭერა ჯერ საქართველოს არ ჰქონია”, – ხაზი გაუსვა თამარ ბერუჩაშვილმა.

დაპირისპირებისა და სამიტის შესაძლო ჩაშლის მიზეზი კინაღამ გახდა ყირიმის ანექსიის საკითხი. ბელარუსმა და სომხეთმა თავიდანვე უარი განაცხადეს ამ საკითხის განხილვაზე. აზერბაიჯანმა კი პროტესტის ნიშნად დეკლარაციის მიღებამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვა მოლაპარაკების მაგიდა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალ ტუსკი იძულებული იყო, პირადად დაერეკა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისთვის, თუმცა მისი მტკიცებით, საუბრის თემას დეკლარაციის ტექსტი სულაც არ წარმოადგენდა და მხარეებმა მომავალ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. საბოლოო დეკლარაციაში ყირიმის ანექსიის შესახებ მხოლოდ ევროკავშირის სახელითაა საუბარი.

მართალია, ევროკავშირი ყოველნაირად ხაზს უსვამს “აღმოსავლეთ პარტნიორობის” არსებული ფორმით შენარჩუნების აუცილებლობას, მაგრამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პოზიციები, ერთი მხრივ, და აზერბაიჯანის, სომხეთისა და ბელარუსის, მეორეს მხრივ, სულ უფრო სცილდება ერთმანეთს.

მომავალი სამიტის გამართვა 2017 წელს კიშინიოვში იგეგმება, მაგრამ ჯერ ნაადრევია იმის თქმა, ექნება თუ არა მას ისეთივე დიდი მნიშვნელობა “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ინიციატივისათვის, როგორც დასრულებულ რიგის შეხვედრას.

რეზონანსი“, 23 მაისი, 2015 წელი

საქართველოს სვლა ევროპისაკენ უფრო ხილული გახდა

საქართველო უკვე დაფიქსირდა, როგორც ევროპული არჩევანის ქვეყანა”

თაკო მათეშვილი

(შემოკლებით)

მოულოდნელი არაფერი მომხდარა, ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც ველოდით – ასე აფასებენ ქართველი პოლიტოლოგები რიგის სამიტსა და მიღებულ დეკლარაციას. მათივე თქმით, რიგაში კიდევ ერთხელ გახდა ნათელი, რომ საქართველოს მომავალი მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირია, დანარჩენი კი დროის საკითხია.

(სტატიაში ვრცლადაა გადმოცემული „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ რიგის სამიტზე მიღებული დეკლარაციის შინაარსი).

ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ ზუსტად ასეთ შედეგს ელოდა. მისი თქმით, უკრაინასა და საქართველოს უვიზო რეჟიმი არ მიანიჭერს, მაგრამ დადებითი განწყობა გამოჩნდა. მთავარი კი, მისი აზრით, ისაა, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა დააფიქსირეს ინტერესი, რომ ეს საკითხი წლის ბოლომდე გადაწყდეს, ანუ ნება გამოამჟღავნეს იმისა, რომ როცა ვიზალიბერალიზების საკითხში საბოლოო ანგარიში დაიდება, ევროკავშირმა უკრაინისა და საქართველოს სასარგებლოდ დადებითი გადაწყვეტილება მიიღოს. „სავარაუდო თარიღიც სწორედ მაშინ გახდება ცნობილი, ანუ თარიღი იმისა, თუ როდის განიხილავენ ამ საკითხს… სამიტზე გამოჩნდა, რომ საქართველოს, უკრაინას და მოპლდოვას ევროკავშირთან პრობლემები არ აქვს და არც ევროკავშირს აქვს პრობლემები მათთან, ჩვენ ევროპულ სივრცეში რომ ვართ შესულნი. აღარანაირი ეჭვი აღარ არსებობს იმაზე, რომ ეს საქმი ქვეყანა მართლაც პროევროპული ქვეყანაა და მათ დასავლეთისაკენ გზა გახსნილი აქვთ. ჩვენ უკვე აშკარად გავემიჯნეთ სომხეთსა და აზერბაიჯანს, ბელარუსსაც, რომლებიც ისევ საწყის ეტაპზე რჩებიან. მათ ისეთი ვალდებულებები აქვთ აღებული რუსეთთან, რომ არაა გამორიცხული, რომ ევროინტეგრაციის გზიდან საერთოდ გადაუხვიონ და პროცესს გამოეთიშონ“.

„ამერიკის მხარდამჭერთა ლიგის“ პრეზიდენტს ირაკლი კიკიანს, მართალია, ცოტა მეტი მოლოდინი ჰქონდა, მაგრამ მთლად იმედგაცრუებული არ არის, ვინაიდან პროცესი მიმდინარეობს და საქართველო უვიზო მიმოსვლას აუცილებლად მიაღწევს. იგი მიღებულ გადაწყვეტილებებს პოლიტიკურს უწოდებს და არგუმენტად მოლდოვას მაგალითი მოჰყავს, სადაც, მისი თქმით, ჯერ კიდევ პოსტსაბჭოური მმართველობაა, თუმცა კიშინიოვს უვიზო რეჟიმი უკვე მისცეს, საქართველოსა და უკრაინას კი ამ მხრივ მაინც პრობლემა აქვთ.

„საქართველო მოლდოვას რეფორმებითაც უსწრებს, მაგრამ ევროკავშირი ჩვენს მიმართ უვიზო რეჟიმის ამოქმედებას არ ცქარობს. ბუნებრივია, ამაზე რუსეთის ფაქტორმა იმოქმედა, თუმცა პროცესი სეუქცევადია და საქართვერლო საბოლოო მიზანს მაინც მი9აღწევს“, – ამბობს ირაკლი კიკიანი.

მიუხედავად ამისა, ექსპერტის თქმით, „სამიტზე ნათლად გამოჩნდა, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია გარდაუვალია და უვიზო რეჟიმს აუცილებლად მივიღებთ: საქართველოს ევროპული მომავალი აქვს. უბრალოდ, პროცესი დროში ჭიანურდება“.

რეზონანსი“, 23 მაისი, 2015 წელი

რატომ გადაიდო საქართველოსთვის ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმება?

თაია არდოტელი

(შემოკლებით)

როგორ ფიქრობთ, რატომ გადაიდო საქართველოსთვის ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმება? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე): მე რა მაინტერესებს, იცით, რატომ ველოდებოდით, რომ დღეს ნამდვილად იქნებოდა დამტკიცებული. ვინ მოგვცა პირობა, ეგრევე გექნებათ ყველაფერიო. მე ვფიქრობ, ცოტა კიდევ იქით შეიძლება გადაიწოს უვიზო რეჟიმის მიღებამ. ჩვენი ქვეყანა, რა თქმა უნდა, რაღაცას აკეთებს, რაღაცას ვერ აკეთებს, მაგრამ, ვფიქრობ, რომ იმას, რასაც ჩვენი ქვეყანა არა მარტო ამ საკითხში, არამედ საერთოდ აკეთებს, ძალიან დიდი პიარი სჭირდება. როდესაც პიარი ექნებათ, იგივე ევროპაში და მიხვდებიან, რომ აქაც კეთდება რაღაც, ალბათ მერე უფრო გულისყურით მოეკიდებიან ამ საკითხს.

იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): მანამდეც ვამბობდი, რომ ვიზალიბერალიზაცია წელს არ მოხდება. თვითონ ევროკავშირს სერიოზული პრობლემები აქვს, მაგრამ რომ შეიკრიბებიან, რამით ხომ უნდა გაამართლონ, ესა თუ ის რატომ ვერ კეთდება. ამ შემთხვევაში განიხილება წყვილი, რომელიც არის საქართველო და უკრაინა. უკრაინაში 40 მილიონი ადამიანია და აქედან 20 მილიონი ქვეყნიდან სიამოვნებით გაიქცეოდა. ევროპა, მგონი, თვითმკვლელი არ არის, თუმცა არც სიტყვის გატეხა არ უნდა და ცოტა მძიმე მდგომარეობაშია. მე არ მესმის, ჩვენ რატომ ვიბრძვით ვიზალიბერალიზაციისთვის. ვისაც ქვეყნიდან წასვლა უნდა, ისედაც მიდის და ვისაც უნდა წასვლა და ვერ მიდის, სავიზო რეჟიმის გაუქმების შემთხვევაში ისიც წავა და ამ ქვეყანაში აღარავინ დარჩება. რა საჭიროა ამ საკითხზე ატეხილი ხმაური? როდემდე უნდა ვიყოთ ტყუილში? არ სჯობს, მივისწრაფვოდეთ იქით, სადაც ადამიანის კეთილდღეობა იქნება უზრუნველყოფილი და არა ყალბი დაპირებები?

დოდო ხურცილავა  (ხელოვნებათმცოდნე): შესაძლოა, რაღაც ვალდებულებები ბოლომდე ვერ შევასრულეთ. თუმცა იმასაც ვერ ვიგებ, რა აუცილებელია ვიზალიბერალზიაცია. რა პოლიტიკური ან ეკონომიკური მნიშვნელობა ექნება ქართველი ხალხისთვის, უბრალო ადამიანებისთვის, რომლებიც ქუჩაში დადიან. მოიკიდებენ კისერში რამეს, წაიღებენ და გაყიდიან იქ, თუ მართლა არ მესმის. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს რაღაცის მაგივრად გამოხრულ ძვალს გვთავაზობენ.

ქეთი ბექაური (იურისტი): მე მგონი, აქ საპანიკო და გასაკვირი არაფერი არ არის. ჩვენ მუდმივი დაკვირვების რეჟიმში ვართ. ვფიქრობ, უკეთესად გაიცნობენ საქართველოს. მონიტორინგი თავის მხრივ ცუდი არაა და ადეკვატურ შედეგს გამოიღებს. როგორც ვიცი, 2016 წელზეა საუბარი, რომ შესაძლებელი გახდება უვიზოდ მიმოსვლა. ასეთ მოკლე პერიოდში ახალი ხელისუფლების პირობებში ეს ძალიან სერიოზულ წინ გადადგმულ ნაბიჯად მიმაჩნია. ასოცირების ხელშეკრულების დადება, 2016 წლიდან უვიზო რეჟიმის ამოქმედება, პატარა მონაპოვარი არ არის. მაშინ როცა წინა ხელისუფლების პირობებში ეს ვერ მოხერხდა.

გია ანჩაბაძე (ისტორიკოსი): ეს ჩვენი ბრალი არაა და ვფიქრობ, აქ რაღაც სხვა ამბავია. ხომ ხედავთ, როგორი გართულებაა ევროკავშირის ყველა პერიმეტრზე, ხმელთაშუა ზღვის რეგიონში მაინც, ამდენი ხალხი შედის და, მართალია, ეს პროცესები ჩვენ არ გვეხება, თუმცა ვფიქრობ, შესაძლოა, ამანაც იმოქმედა. წლის ბოლომდეც არაა ბევრი დრო დარჩენილი, დავიცადოთ და ვნახავთ, რაც იქნება.

„ახალი თაობა“, 23 მაისი, 2015 წელი

ინტერვიუ ლევან ბერძენიშვილთან: „ვიზალიბერალიზაცია 2016 წლიდან გვექნება“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი „ახალი თაობის ჟურნალისტ ნათია ხურცილავასთან ინტერვიუში „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ რიგის სამიტზე მიღებულ შედეგებზე საუბრობს.

გთავაზობთ შემოკლებით:

ლევან ბერძენიშვილი: საქართველოს აქვს აღებული ვიზალიბერალიზაციის კანონმდებლობის და იმპლემენტაციის ზუსტად იმდენი მოთხოვნა, რამდენიც თავის დროზე მოლდოვამ აიღო. ჩვენთან ერთად ეს ვალდებულებები უკრაინასაც აქვს აღებული. მაგრამ განსხვავება ისაა, რომ რაც მოლდოვამ 2010 წლიდან 2014 წლამდე გააკეთა, ჩვენ ის წელიწადნახევარში გავაკეთეთ. ამ მხრივ საქართველოს პარლამენტს და მთავრობას საყვედური ნამდვილად არ ეთქმის, რადგან ყველაფერი, რაც გასაკეთებელი იყო, გაკეთდა, რისი მოსწრებაც შეიძლებოდა.

თუმცა არის ზოგიერთი რამ, რასაც, უბრალოდ, დრო დასჭირდა და სხვა არაფერი. მაგალიტად, თქვენ კარგი კანონი მიიღეთ, მაგრამ ჩვცენ ამ კანონის იმპლემენტაცია უნდა შევამოწმოთ – ვნახცოთ, როგორ მუშაობს, როგორ ასრულებთ ამ კანონს, როგორ მოქმედებს, როგორ ხდება ცხოვრებაში მისი რეალიზება. ამისათვის დროა საჭირო. რა თქმა უნდა, შეეძლოთ ეთქვათ, რომ კარგი კანონია და გენდობითო, მაგრამ აინტერესებთ, რეალურად როგორ გატარდება და როგორ მოქმედებს.

თუ ისე ვიმუშავებთ, როგორც აქამდე ვმუშაობდით, პრობლემა დადებითად გადაწყდება – შეფასება მიმდიუნარე წლის ბოლომდე მოხდება. გაისად, 2016 წელს უკვე ვიზალიბერალიზაციის პროცესი მოესწრება და ქვეყნის მოქალაქეეებს თავისუფალი მიმოსვლა შეეძლებათ ევროკავშირის ქვეყნებში.

„ნაციონალურ მოძრაობას, რომ მიეღო ის კანონები, რომელთა მიღებაც ჩვენ მოგვიწია (მაგალითად, ანტიდისკრიმინაციულისა), ვიზალიბერალიზაცია უკვე გვექნებოდა. მიხეილ სააკაშვილმა ვერ გაბედა ამ კანონის ვერც განხილვა და ვერც მიღება. ამიტომ ახლა „ნაციონალებმა“ საყვედურები თავისიანებს უთხრან – იმ პარლამენტს, რომელიც 2008-2012 წლებში არსებობდა. რაც სეეხება სკეფსისს ევროკავშირის გაფართოებაზე, ის ნამდვილად არის. საერთოდ, „აღმოსავლეთის პარტნიორობა“ არ იყო განხილული, როგორც ევროკავშირის გაფართოება. ამ საკითხში განსაკუტრებით მტკიცედ დგანან ჩვენი გერმანელი კოლეგები, თუმცა ეს ხელს არ შეუშლის ვიზალიბერალიზაციას, რადგან ქალბატონმა ანგელა მერკელმა თვითონ გვითხრა, რომ უვიზო რეჟიმს მივიღებთ ამა და ამ პირობის შესრულების შემდეგ, თუ ჩვენ კარგად ვიმუშავებთ და ევროპულ სტანდარტებს დავაკმაყოფილებთ. საქართველო მაინც გახდება ევროკავშირეის წევრი სახელმწიფო. ჩვენ იმდენი გულშემატკივარი გვყავს, რომ სკეპტიკოსთა რაოდენობა თანდათან მოიკლებს“.

„ახალი თაობის“ კორესპონდენტმა ლევან ბერძენიშვილს მიხეილ სააკაშვილის შესახებაც დაუსვა შეკითხვა, თუ რატომ იმყოფებოდა ექს-პრეზიდენტი რიგაში. ლევან ბერძენიშვილის თქმით, სააკაშვილი რიგაში „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტზე კი არ იყო მიწვეული, არამედ იგი ევროპის სახალხო პარტიის ლიდერთა შეხვედრაში მონსწილებდა. „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტი და ევროპის სახალხო პარტიის ლიდერთა სამიტი სრულიად სხვადასხვაა. „მე, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი თანამებრძოლი, ვფიქრობ, რომ სააკაშვილი ჩამოწერილი პოლიტიკური გვამი გახლავთ“, – განაცხადა ინტერვიუში ლევან ბერძენიშვილმა.

Comments are closed