globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 23 ივნისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jun 23rd, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

ახალი თაობა: „ქართული ოცნება“ რევოლუციას მიიღებს“ // „მას აქვს ისეთი კრუნჩხვები, როგორიც ედურად შევარდნაძესა და მიხეილ სააკაშვილს ჰქონდათ მმართველობის ბოლო წლებში“

ახალი თაობა“: ინტერვიუ შოთა მალაშხიასთან: „პარლამენტი დასათხოვია“ // „იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება, პასუხი უნდა მოსთხოვონ არა მარიონეტების თეატრის მსახიობებს, არამედ, თეატრის დირექტორს“

ახალი თაობა: ინტერვიუ ზაალ კასრელიშვილთან: „რევოლუციისგან ქვეყანას მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი იხსნის“ // „ყოფილი პრემიერი აუცილებლად შექმნის კიდევ ერთ მოვლენას“

——

ახალი თაობა“, 23 ივნისი, 2017 წელი

ქართული ოცნება რევოლუციას მიიღებს“ // „მას აქვს ისეთი კრუნჩხვები, როგორიც ედურად შევარდნაძესა და მიხეილ სააკაშვილს ჰქონდათ მმართველობის ბოლო წლებში

ოპოზიციური სპექტრი, როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო, შეშფოთებულია საკონსტიტუციო ცვლილებებითა და ამ პროცესისადმი ხელისუფლების დამოკიდებულებით. საპარლამენტო ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები ამ პროცესს ბოიკოტს უცხადებენ და განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე უარს ამბობენ.

„ახალი თაობის“ კითხვებს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები პასუხობენ.

——-

რომან გოცირიძე, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე:

- ბატონო რომან, საპარლამენტო ოპოზიცია საკონსტიტუციო განხილვებში მონაწილეობას არ მიიღებს. ასევე სრულ ბოიკოტს უცხადებს ამ პროცესს არასაპარლამენტო ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი. თუმცა უმრავლესობის პოზიცია ასეთია, რომ თქვენ თუ არ იქნებით, იქნება სხვა, რომ თქვენი შემცვლელი მოიძებნება. როგორია თქვენი შეფასებები?

- ფაქტია, რომ ეს კონსტიტუცია უმრავლესობის გარდა საქართველოში არავის მოსწონს. ამოდენა ფულის პატრონებმა, გინდ ბიუჯეტიდან და გინდ ივანიშვილის მილიონებიდან, ისიც კი ვერ შეძლეს, რომ ერთი სოლიდური ექსპერტი ან რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია გამოიყვანონ და ეს კონსტიტუცია გაამართლონ. იმდენად ცუდი კონსტიტუციაა, რომ ადამიანები უფრთხილდებიან საკუთარ რეპუტაციას. ეს არის წარმოუდგენელი რამ, რაც მოხდა.

- ასეთი რა მოხდა?

- სულ სხვა კონსტიტუციას დაატარებდნენ რეგიონებში, სულ სხვა რამ უთხრეს ჩვენს მოსახლეობას, სულ სხვა დოკუმენტი გაიგზავნა ვენეციის კომისიაში და დღეს პარლამენტში განსახილველად აღმოჩნდა სრულიად სხვა დოკუმენტი!

- კერძოდ, რა შეცვალა ოცნებამ?

- კონსტიტუციის ვარიანტში, რომელსაც ჩვენ ვიცნობდით, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება იცნობდა, საერთოდ არ იყო საუბარი მაჟორიტარული სისტემის დატოვებაზე, რაღაც 3%-იან ბარიერზე. იქ საუბარი იყო პროპორციულ სისტემაზე. დღეს კი რას გვეუბნებიან? ან ასე თვითნებურად რატომ შეიტანეს ცვლილებები?! შევჯერდით შიგნით და პროპორციული სისტემა 2024 წლიდან ამოქმედდებაო. ვისთან შეჯერდნენ? ვის გააცნეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი?! უტიფრად მოატყუეს ყველა, როგორც ჩვენი მოსახლეობა, ისე საერთაშორისო საზოგადოება! „ოცნება“ ძალიან ცუდად დაამთავრებს.

——

კახა კუკავა, „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი:

- ბატონო კახა, რას იტყვით კონსტიტუციის ირგვლივ დაწყებულ პროცესებზე? ოცნება სათანადოდ ვერ აფასებს შექმნილ ვითარებას?

- დიახ, „ოცნება“ ადეკვატურად ვერ აფასებს შექმნილ ვითარებას. მას აქვს დაახლოებით ისეთი კრუნჩხვები, როგორიც შევარდნაძესა და სააკაშვილს ჰქონდათ თავიანთი მმართველობის ბოლო წლებში. ძალიან სამწუხარო იქნება, რომ დაასრულებენ მოღვაწეობას ან გლდანის ციხეში, ან სადღაც თავშესაფრის მაძიებლად ევროპის რომელიღაც ქვეყანაში. დღესავით ნათელია, რომ ხელისუფლებას ეპილეფსიური ნიშნები დაეწყო, განსაკუთრებით ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს და განსაკუთრებით კობახიძეს.

- რამდენად ლეგიტიმურად ჩაითვლება ეს პროცესი, როდესაც სრული ბოიკოტია როგორც ოპოზიციური, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან?

- გადახედოს „ოცნებამ“, როგორ დაამთავრეს ედუარდ შევარდნაძემ და მიხეილ სააკაშვილმა, ასევე ვიქტორ იანუკოვიჩმა და მუამარ კადაფიმ. არის ცოტა უფრო რბილი და ცოტა უფრო ტრაგიკული ვარიანტები. ცოტა უფრო რბილ ვარიანტს ისინი ნელ-ნელა შორდებიან. ეს ხელისუფლება მინიმუმ სააკაშვილის გზას მიჰყვება. შეიძლება მომავალში რამე უფრო დიდი სისულელე ჩაიდინონ, რამაც კიდევ უფრო დაამძიმოს მათი ხვედრი.

- კონსტიტუციის ეს ვარიანტი დაასრულებს ოცნების მმართველობას?

- რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილი ამბავია. ეს ხელისუფლება ძალიან მალე ისტორიის სანაგვეზე მოხვდება. აქ რაც არის კითხვის ნიშნის ქვეშ, ეს არის ფორმები. იქნება შედარებით რბილი ფორმა, როგორც მოხდა შევარდნაძის შემთხვევაში, თუ იქნება უფრო მძიმე ფორმა, როგორიც იყო იგივე უკრაინაში ან ლიბიაში! ეს არის ამ ხელისუფლებაზე დამოკიდებული, გონს როდის მოვლენ. შევარდნაძე გვიან, მაგრამ 23 ნოემბერს მაინც მოვიდა გონს.

- მოვისმინეთ შეფასებები, რომ ივანიშვილი პროცესებს ჩამოშორდა და ამიტომ არის ასეთი დაბნეულობა ოცნებაში. ბიძინა ივანიშვილი აღარ ერევა ქვეყნის მართვაში?

- რა თქმა უნდა, ერევა და პასუხისმგებლობას ვერ მოიშორებს! სწორედ მუამარ კადაფი იყო ბიძინა ივანიშვილივით, რაიმე ოფიციალური თანამდებობა მას არ ეკავა. ის იყო ზუსტად ისე, როგორც ბიძინა ივანიშვილი, არაფორმალური მმართველი. ეს სრულიად არასერიოზულია, სასაცილოდაც კი არავის ეყოფა, რომ ბიძინა ივანიშვილმა პასუხისმგებლობა მოიხსნას.

- ბიძინა ივანიშვილის მხრიდან პასუხისმგებლობის მოხსნის მცდელობას აქვს ადგილი?

- აქვს, რა თქმა უნდა. მისი დიდი სურვილია, რომ მესამე, მეოთხე და მეხუთე ვადითაც დარჩეს ხელისუფლებაში, მაგრამ მას მისდის სიგნალები, რომ როგორც მინიმუმ ის დაკარგავს თავის 8 მილიარდს, ეს ყველაფერი გაიყინება, ეს ხომ არ არის ქეში ფული. ეს არის რუსეთსა და ამერიკაში, სხვადასხვა ოფშორულ ანგარიშზე დაბანდებული აქციები. ამ 8 მილიარდიდან მინიმუმ 7,5 მილიარდი მის მმართველობაში არ არის და ის ამას დაკარგავს. შეიძლება დაკარგოს უფრო მეტიც, როგორც ბადრი პატარკაციშვილმა.

——–

გიორგი ახვლედიანი, „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი:

- ბატონო გიორგი, ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი ცუდად დამთავრდება?

- ხელისუფლებამ თავად მიიყვანა სიტუაცია ამ ვითარებამდე, როდესაც პრაქტიკულად ჩიხური პოლიტიკური სიტუაცია გვაქვს. ქვეყანაში შეიქმნა ისეთი ვითარება, პირველ რიგში საარჩევნო გარემოს ვგულისხმობ, როდესაც მშვიდობიანი ფორმით ანუ არჩევნებით ხელისუფლების შეცვლა ხდება შეუძლებელი. ამ სიტუაციაში არჩევნებმა სრულიად დაკარგა აზრი.

- რატომ დაკარგა?

- იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში ისევ დარჩა მაჟორიტარული სისტემა, ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები. გარდა ამისა, მივიღეთ დამატებითი სრული გაუგონარი უსამართლობა, რომელიც ცსკ-ოში გვექნება. როდესაც 13 კომისიის წევრიდან 10 ხელისუფლების ხელში იქნება, იქნება მათი დანიშნული. პრაქტიკულად ამბის გამომტანი არავინ იქნება, რასაც უნდათ, იმას დაწერენ. ასეთ დროს ან საზოგადოება ეგუება ავტოკრატიასა და ავტორიტარული მმართველობის ფორმებს, ჩვენი საზოგადოება კი ამას არასოდეს შეჰგუებია და, შესაბამისად, ეს არის ის ვითარება, როდესაც ჩიხიდან გამოსასვლელი გზა არის მხოლოდ კონფრონტაცია და რადიკალიზაცია.

- ანუ?

- არის მხოლოდ და მხოლოდ რევოლუცია! „ქართულ ოცნებას“ რატომღაც ჰგონია, რომ ეს მას არ შეეხება, არადა, გაყოყოჩების არანაირი წინაპირობა მათ არა აქვთ. ბოლო ორ არჩევნებზე მათ აჩვენეს ძალიან დაბალი შედეგები. შემიძლია გარანტიაც კი მოგცეთ, რომ ეს ხელისუფლება რევოლუციური ფორმით შეიცვლება. სწორედ მათ შექმნეს ეს ჩიხური მდგომარეობა ქვეყანაში, საიდანაც გამოსავალი იქნება მხოლოდ კომბალი და აქციები.

- კონსტიტუციური ცვლილებები ქუჩაში გამოიყვანს ხალხს?

- ხალხს ქუჩაში გამოიყვანს ხელისუფლების უტიფარი ქმედებები. ხელისუფლებამ უტიფრად მოატყუა მთელი მსოფლიო! მოატყუა და უთხრა, გადავდივარ პროპორციულ სისტემაზეო. რაც მთავარია, მოატყუა მთელი ქართველი საზოგადოება.

- ცვლილებები შევა 2024 წლიდანო...

- ყველას ახსოვს, ხელისუფლება როგორ გვპირდებოდა, 2016-ში ჩამატარებინეთ მაჟორიტარული სისტემით და 2020-დან გადავალთ პროპორციულზეო. ახლა გვეუბნებიან, მოდით, 2020-ც ჩავატაროთო ასეთი სისტემით, კიდევ წავიღებთ 48%-ით საკონსტიტუციო უმრავლესობას და მომდევნო არჩევნებზე გადავალთ ამ სისტემაზეო. თუ ასე ყველაფერი შერჩა ხახვივით ამ ხელისუფლებას, თუ ამ ავტოკრატიასა და ავტორიტარულ რეჟიმზე არ მიიღეს ძალიან მკაცრი მუშტი ცხვირში, არც 2024 წელს გადავალთ და არც 2028-ში.

- არასაპარლამენტო ოპოზიციამ ერთობლივი რეზოლუცია მიიღო. რას ეხება ეს?

- ჩვენ შევიმუშავეთ წერილი, 15-მა კვალიფიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ, საკოორდინაციო საბჭომ, რომელსაც ვუგზავნით ვენეციის კომისიას და დეტალურად ვაწვდით ინფორმაციას, როგორ უტიფრად მოატყუეს, როგორ უთხრეს ვენეციის კომისიას, რომ ქვეყანა გადადიოდა პროპორციულ სისტემაზე, როგორ ტყუილად იმუშავა ვენეციის კომისიამ დასკვნის მომზადებაზე, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ როგორ უბრალოდ გადააგდო.

ჩვენ ვთხოვთ ვენეციის კომისიას, რომ ამის შეფასება იყოს ძალიან მკაცრი და ძალიან მკაფიო. შეუძლებელია, ამ ყველაფერს ჰქონდეს საერთაშორისო ლეგიტიმაცია. შიდა ლეგიტიმაცია რომ არ აქვს, ყველანი ვხედავთ. ამას მკაფიოდ არ უნდა ჰქონდეს არც საერთაშორისო ლეგიტიმაცია და ასე ლეგიტიმაციის გარეშე დარჩენილი ხელისუფლება, მერწმუნეთ, დიდხანს ვეღარ გაქაჩავს.

ახალი თაობა“, 23 ივნისი, 2017 წელი

ინტერვიუ შოთა მალაშხიასთან: „პარლამენტი დასათხოვია“ // „იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება, პასუხი უნდა მოსთხოვონ არა მარიონეტების თეატრის მსახიობებს, არამედ, თეატრის დირექტორს

საკონსტიტუციო სკანდალი კიდევ კარგა ხანს იქნება განხილვის თემა ქვეყანაში. მიმდინარე მოვლენებზე „ახალი თაობა“ ესაუბრა ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის ლიდერს, ყოფილ დეპუტატ შოთა მალაშხიას.

„გაუგონარი რამ ხდება. „ქართულმა ოცნებამ“ ჯერ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით შემოიარა საქართველო, გამართა საყოველთაო-სახალხო განხილვები, შემდეგ კი გამოაცხადა, რომ ცვლილებების უმეტესობა კონსტიტუციაში აღარ შეაქვს. ასეთი რამ წარმოუდგენელია ნაურუში, ვანუატუსა და მსგავს ქვეყნებშიც კი. ესაა სრული დომხალი და იმის მაჩვენებელი, რომ სახელმწიფო არ გვაქვს“, – ამბობს შოთა მალაშხია.

- გადასინჯვის პროექტი ვენეციის კომისიასაც გააცნეს.

- ვენეციის კომისიამ დაახლოებით იგივე შენიშვნები გამოთქვა, რაზეც ჩვენ გვქონდა პრეტენზია.

- მაჟორიტარული არჩევნები იმიტომ ხომ არ დატოვეს, რომ ვენეციის კომისიამ ბონუსების სისტემა და სხვა საარჩევნო ინიციატივები გააკრიტიკა?

- მთელი უბედურება ისაა, რომ ამ ხალხს `ოცნებაში~ გეგმა არ გააჩნია და არც გააზრებულად მოქმედებს.

- მმართველ პარტიაში გადაწყვეტილებებს სტიქიურად იღებენ?

- გადაწყვეტილებებს ქვეყანაში ერთადერთი კაცი, ივანიშვილი იღებს. ამ კაცს შექმნილი აქვს მარიონეტების თეატრი, რომლის დირექტორიც თვითონაა, დანარჩენები მსახიობები არიან.

- საკონსტიტუციო საკითხებში ბიძინა ივანიშვილი, ალბათ, ნაკლებად ერევა...

- იურიდიულ ნიუანსებში მას ჩარევა არ სჭირდება. იგი მითითებებს იძლევა, დეტალებს მისი ქვეშევრდომები ადგენენ. ბიძინა ივანიშვილი ვერ ერკვევა ვერც იურიდიულ საკითხებში და ვერც სხვა სფეროებში. ბიზნესში მაინც რომ ერკვეოდეს, 5 წელიწადი არ დასჭირდებოდა იმის მისახვედრად, რომ ნავსადგური ლაზიკაში ან ანაკლიაში აუცილებელია საქართველოსთვის. რუსეთში მილიარდების შოვნა არ ნიშნავს ნიჭს ბიზნესში. თბილისში გვაქვს მუშტაიდის ბაღი, ხუდადოვის ტყე. მათი გამშენებლების სახელები ისტორიამ შემოგვინახა. ბიძინა ივანიშვილსაც შეეძლო, იპოდრომზე სკვერი მაინც გაეკეთებინა. ამის მაგივრად ის დაკავებულია ხეების ამოძირკვითა და საკუთარ კარ-მიდამოში გადარგვით.

- საკონსტიტუციო ცვლილებებთან შექმნილი კრიზისული მდგომარეობის გამო ოპონენტები სვამენ მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხს. ზოგი გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას მოითხოვს...

- რა აზრი აქვს ამ მოთხოვნას? ირაკლი კობახიძეს უთხრეს, რომ მან პარლამენტის თავმჯდომარის როლი უნდა შეასრულოს, გადაწყვეტილებებს ვერ იღებს პრემიერიც. ვისაც პრეტენზიები აქვს, მიმართოს მარიონეტების თეატრის დირექტორს და მოითხოვოს დასის შეცვლა. პრობლემა ის არის, რომ დირექტორი ავად გახდა.

- გარემოცვა აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი კარგად არის...

- ღმერთმა ყველა დაიცვას უბედურებისაგან, მაგრამ ეს სიცრუე ძალიან ჰგავს საბჭოთა უძრაობის პერიოდს. როცა ლეონიდ ბრეჟნევის, კონსტანტინე ჩერნენკოსა და სხვების ავადმყოფობაზე ხმები ვრცელდებოდა, ამას უარყოფდნენ. სანამ საბჭოთა ლიდერები არ გარდაიცვლებოდნენ, ხალხს არაფერს ატყობინებდნენ. ავიწყდებათ, რომ ახლა 21-ე საუკუნეა, საბჭოთა იმპერიაში არ ვცხოვრობთ, საქართველო კი პატარა ქვეყანაა. ინფორმაციის დამალვა შეუძლებელია. თუ ბიძინა ივანიშვილი ცუდადაა, ამას რატომ მალავენ? თუ კარგადაა, რატომ იმალება? საბჭოთა მენტალიტეტი და ყველაფრის დაფარვის სურვილი კარგად ჩანს საპატრიარქოსთან დამოკიდებულებაშიც.

- რა გაქვთ მხედველობაში?

- პროკურატურა გახმაურებული საქმის გამოძიების პროცესში გვეუბნება, რომ რაღაც ფაქტები უნდა დამალოს, იმიტომ, რომ თუ ისინი საჯარო გახდა, მოხდება ეკლესიის დისკრედიტაცია. ეკლესიის დისკრედიტაცია ამ სიტყვებით უკვე ხდება.

- საპარლამენტო არჩევნები 2020 წელს 3%-იანი ბარიერით ჩატარდება. ბევრი ფიქრობს, რომ შეიძლება არჩევნები ვერც ჩატარდეს...

- საარჩევნო ზღურბლის დაწევა საჭირო ცვლილებაა. სიტუაცია კი ადრე თუ გვიან აფეთქდება. ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობ.

- ხალხი მაჟორიტარული სისტემის დატოვების გამო არ გამოვა...

- ამის გამო ნამდვილად არ გამოვა. ხალხს ევსება მოთმინების ფიალა და ის ყველაფერს ერთად გააპროტესტებს. ადამიანებს მობეზრდათ უპერსპექტივობა, სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევა, ეკონომიკის დაქცევა, სიღარიბე, თავისუფალი არჩევანის უქონლობა. ხალხი პრობლემებს საკუთარ ტყავზე გრძნობს და ხვდება, რომ მარიონეტების თეატრის ხელმძღვანელმა მოსპო სახელმწიფო.

- პარლამენტის სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადა ყველამ, მმართველი პარტიის გარდა...

- ამას მნიშვნელობა არა აქვს. ეს პარლამენტი არანაირად არ ასახავს ხალხის ნებას. ეს პარლამენტი დასათხოვია.

ახალი თაობა“, 23 ივნისი, 2017 წელი

ინტერვიუ ზაალ კასრელიშვილთან: „რევოლუციისგან ქვეყანას მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი იხსნის“ // „ყოფილი პრემიერი აუცილებლად შექმნის კიდევ ერთ მოვლენას

ვინ ამზადებს საქართველოში რევოლუციას, რას გეგმავს ბიძინა ივანიშვილი, რაზე მიგვანიშნა ამერიკის ელჩმა, რა უნდა გააკეთონ სასწრაფოდ პროდასავლურმა პარტიებმა? ამ თემებზე „ახალ თაობას“ ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილი ესაუბრება.

- რამდენიმე დღის წინ საქართველოში აშშ-ის ელჩმა მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა საქართველოს 4 მილიარდით დაეხმარა. ამ განცხადებამ მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ერთ-ერთი ვერსიით, ელჩმა საქართველოს ხელისუფლება გააფრთხილა, რომ საგარეო კურსს არ გადაუხვიონ. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

- არა მგონია, ეს გაფრთხილება ყოფილიყო. ელჩმა ამით იმას გაუსვა ხაზი, რომ ამერიკისთვის საქართველო მნიშვნელოვანია. შეერთებული შტატები და დასავლეთი საქართველოს დახმარებას ისევ გააგრძელებს. სწორედ დასავლური დახმარების წყალობით მოვიდა დღემდე საქართველო. დასავლეთის დახმარება რომ არა, ჩვენ ახლა სახელმწიფო არ გვექნებოდა. ამ შემთხვევაში მე მხოლოდ ფინანსურ დახმარებას არ ვგულისხმობ. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ამერიკისა და ევროპის ჩარევა რომ არა, რუსეთი საქართველოს მთლიანად დაიპყრობდა და დღეს ქვეყნის სათავეში კადიროვის ტიპის მმართველი გვეყოლებოდა.

ჩვენს საზოგადოებას ასეთი რამეები რატომღაც ავიწყდება და საჭიროა ამის შეხსენება. ბოლო დროს ამ დახმარებაზე არავინ საუბრობს, სამაგიეროდ, ბევრს ყბედობენ იმაზე, რომ დასავლეთმა აფხაზეთი და სამაჩაბლო არ დაგვიბრუნა.

- ელოდა ვინმე, რომ დასავლეთი დაგვიბრუნებდა ამ ტერიტორიებს? მსგავსი დაპირება არავის მოუცია და რატომ გაჩნდა ასეთი მოლოდინი?

- არანაირი მოლოდინი არ გაჩენილა. ამაზე რუსული აგენტურა საუბრობს. ისინი ცდილობენ, ხალხის თვალში დასავლეთის დისკრედიტაცია მოახდინონ. ბევრს საუბრობენ, რომ დასავლეთმა დაკარგული ტერიტორიები არ დაგვიბრუნა, მაგრამ ცოცხალი თავით არ ახსენებენ, ვინ წაგვართვა ეს ტერიტორიები. ამის პარალელურად მიდის წივილ-კივილი იმის შესახებ, რომ თურმე დასავლეთი გვრყვნის. თურმე „ლგბტ“-ები მხოლოდ დასავლეთში ყოფილან. არადა, რუსეთიც გეებით არის სავსე. გარყვნილებაზე რომ გველაპარაკებიან, აბა ერთი გაიხსენონ, წლების წინ რომელ ქვეყანაში მიდიოდნენ საგულაოდ.

იგივე ხალხი საბჭოთა კავშირს მისტირის და იმ საშინელებაზე ამბობს, რა ქვეყანა დაგვინგრიესო. ეს იმას ჰგავს, ზოოპარკში დატყვევებული ცხოველი ბუნებაში რომ გაუშვა და თავისი ნებით დაბრუნდეს გალიაში. ცხოველი ამას არ გააკეთებს, სულით მონები კი თავისუფლებისთვის არასდროს იბრძოლებენ. სპარტაკი რომ არ ყოფილიყო არისტოკრატიული ჩამომავლობის, არც ის ცნობილი მონების აჯანყება მოხდებოდა. მონობაში გაზრდილი და სულით მონა თავისუფლებას ვერ ეგუება.

მივმართავ პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს, სასწრაფოდ გადაიღონ ვიდეო-რგოლი იმის შესახებ, თუ რა დამართა საქართველოს რუსეთმა 1988 წლიდან დღემდე. ხალხს არ უნდა დაავიწყდეს, რას წარმოადგენს სინამდვილეში ჩვენი ერთმორწმუნე მეზობელი.

ცუდი არ იქნება, თუ ამავე ვიდეორგოლში იმ დახმარებაზეც იქნება საუბარი, რომელიც დასავლეთმა საქართველოს გაუწია. საუბარია 11 მილიარდის დახმარებაზე. ეს დახმარება რომ არა, ახლა შესაძლოა რუსეთის შემადგენელი ნაწილი ვყოფილიყავით.

- დასავლეთმა მართლაც სერიოზული ფინანსური დახმარება გაუწია საქართველოს, მაგრამ თანხის დიდი ნაწილი არამიზნობრივად დაიხარჯა. კარგი იქნებოდა, დასავლეთს ამ თანხების მიზანმიმართული ხარჯვაც რომ გაეკონტროლებინა...

- ეს საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, მაგრამ, რას წარმოიდგენდნენ დასავლეთში, საქართველოს ხელისუფლებაში თუ ამდენი მოღალატე იქნებოდა. ეს თანხები შეგნებულად იფლანგებოდა. 11 მილიარდი მთლიანად ქვეყნის განვითარებას რომ მოხმარებოდა, დღეს ბევრად ძლიერი ქვეყანა გვექნებოდა. მოღალატეებმა და ხელისუფლებაში ჩანერგილმა რუსეთის აგენტებმა ეს არ დაუშვეს. ამ დახმარებით ბევრმა ხელიც მოითბო, მაგრამ თანხები რუსეთის დავალებით გაიფლანგა. 1992 წლის გადატრიალების შემდეგ კრემლმა ხელისუფლებაში თავისი ხალხი დასვა. ისინი ამ დახმარებას არამიზნობრივად ხარჯავდნენ, რომ ქვეყანა არ გაძლიერებულიყო. სამწუხაროა, რომ ამ ადამიანების რაღაც ნაწილი დღეს ისევ ხელისუფლებაშია და სამთავრობო ტრიბუნებიდან მისტირის საბჭოთა კავშირს.

- ამ მოტირლებს მიმდევრებიც ბლომად ჰყავს. ეს რისი ბრალია?

- რუსული პროპაგანდის, რომელიც სიძულვილის გარდა არაფერს გვთავაზობს. ბოლშევიკები ამათზე ნიჭიერები იყვნენ, მათ მარქსიზმი გადაამღერეს და უნიფხვო ხალხი დააბოლეს როგორც რუსეთში, ასევე მეზობელ ქვეყნებში. რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება მხოლოდ იმას გვეუბნება, მოდით, ჩვენთან ერთად გძულდეთ დასავლეთიო. კრემლის შეთავაზებაზე საქართველოს მოსახლეობას სათანადო რეაქცია აქვს. ყველა გამოკითხვიდან ნათლად ჩანს, რომ ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს დასავლურ კურსს უჭერს. ეს ძალიან კარგია, მაგრამ დამშვიდების საბაბს არ იძლევა. კარგი იქნება, თუ ჩვენი ხელისუფლებაც და საზოგადოებაც უფრო მეტ სიფრთხილეს გამოიჩენს. მოგონილ თემებზე ყურადღების გადატანა კარგს არაფერს მოიტანს. ბოლო ხანებში ბევრი თემა იქნა ხელოვნურად აგორებული.

- კონსტიტუციურ მონარქიაზე საუბრობთ?

- არა მარტო მაგაზე. თავად კონსტიტუციის განხილვის პროცესიც უსიამოვნო პროცესი იყო. ათასი უაზრო თემა წამოსწიეს იმისთვის, რომ ხალხის ყურადღება გადაეტანათ. პოლიტიკოსები, რომლებიც სინამდვილეში ბუდარიები არიან და ქვეყნის გარეთ პატრონებს ეძებენ, ერთმანეთში მოგონილ თემებზე კამათობენ. ამ ფონზე ფასები ყველაფერზე გაიზარდა. სულ მალე კომუნალური გადასახადებიც გაიზრდება. ხალხი ამდენს ვეღარ გაუძლებს და იძულებული გახდება, რევოლუციაზე წავიდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ვიღაცას ძალიან უნდა საქართველოში რევოლუციის მოწყობა. ყველაფერი კეთდება, რომ ხალხი ამაზე წავიდეს.

- თავად რომ ხალხმა მოაწყოს რევოლუცია, ამას გამორიცხავთ? თქვით, რომ ყველაფერზე იზრდება ფასები და ხალხს სხვა გზა აღარ რჩება...

- ცხოვრება იმიტომ ხდება გაუსაძლისი, რომ ხალხის მღელვარება გამოიწვიონ. რუსული აგენტურა ამ მღელვარებას ხალხის მოწყობილ რევოლუციად გააფორმებს. ხელისუფლებაში მრავლად არიან მოღალატეები და ისინი რუსეთის დავალების შესრულებას შეეცდებიან. საჭიროების შემთხვევაში რუსეთი მათ რეგულარული არმიითაც დაეხმარება. მათი სამხედრო ბაზა თბილისთან ძალიან ახლოს, ოკუპირებულ ახალგორშია განთავსებული.

- თქვენ ფიქრობთ, რომ დღევანდელ ვითარებაში რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე გარისკავს შემოსვლას?

- რატომ არ გარისკავს? მათ სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევა უკვე ჩვევად ექცათ. თუ ჰგონიათ, რომ ახლაც ისევე გაუვათ, როგორც ეს 1992 წელს მოხდა, ძალიან შემცდარან. საქართველოში საკმარისად ვართ ხალხი, ვინც რუსეთსა და მის აგენტურას თავისას არ გავატანინებთ. რუსეთი თავისას ვერ გაიტანს, მაგრამ სისხლი დაიღვრება. დღეს ერთადერთი კაცი, რომელიც ქვეყანას რევოლუციას ააცილებს, ბიძინა ივანიშვილია.

- რატომ გგონიათ, რომ ბიძინა ივანიშვილია ერთადერთი, რომელსაც შეუძლია, ქვეყანას რევოლუცია ააცილოს?

- იმიტომ, რომ ამ ადამიანს აქვს ავტორიტეტი და მან ერთხელ უკვე შექმნა მოვლენა. ხალხს მისი სჯერა.

- დღეს სწორედ ის მართავს ქვეყანას?

- ამ ვერსიას ვერ გავიზიარებ. ამას ოპოზიცია გაჰკივის. მათი მტკიცებით, ივანიშვილი თავისთან იბარებს ხელისუფლების წევრებს და მითითებებს აძლევს. ასე მეც შემიძლია, რაღაცები მოვიგონო. ჩრდილოვან მმართველობაზე რომ საუბრობენ, დაასახელონ, ვის და როდის შეხვდა, ისიც გვითხრან, რა დავალებები მისცა.

- ბიძინა ივანიშვილზე ვსაუბრობთ და ბოლო დროს მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. თქვენი აზრით, რატომ არ ჩანს ბიძინა ივანიშვილი?

- ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასულია და არ მესმის, რატომ უნდა გამოჩნდეს. ამის საჭიროება არ არის. ეს ადამიანი ადრეც თავისთვის იყო. პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ იგივე ცხოვრება გააგრძელა. რაც შეეხება მის ჯანმრთელობას, ამ თემაზე ლიდერებისთვის ჭორების გავრცელება საქართველოში ჩვეული ამბავია. ასეთი ჭორი გაუვრცელეს ზვიად გამსახურდიას, ედუარდ შევარდნაძეს, მიხეილ სააკაშვილსა და ახლა უკვე ბიძინა ივანიშვილს. ვიღაცებმა, ეტყობა, დაიჯერეს, რომ ის მართლაც ცუდად არის და რაღაც გეგმები დასახეს.

- ხელისუფლების წარმომადგენლებზე საუბრობთ?

- ხელისუფლებაზეც და ოპოზიციაზეც. სულ ტყუილად გეგმავენ რაღაცებს. ივანიშვილი აუცილებლად გასცემს მათ პასუხს. 2012 წლის მსგავსად, ის კიდევ ერთხელ შექმნის საქართველოში მოვლენას.

- 2012 წელს მან ნაციონალები შეცვალა, ახლა საკუთარ ოცნებას შეცვლის?

- „ოცნებიდან“ ბევრი ვინმეა გასაშვები. ასეც იქნება. არის თემები, რომლებზეც გაზეთთან კი არა, შინაურებშიც არ უნდა ისაუბრო. ამიტომ რაღაც-რაღაცების დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ, იმას გეტყვით, რომ ყველაფერი კარგად მიდის.

- რას გულისხმობთ?

- მაქვს სერიოზული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ძალიან სასიკეთო პროცესები მიდის როგორც ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მეტს ვერაფერს გეტყვით. დაველოდოთ და ყველაფერს თავად ვნახავთ.

Comments are closed