globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 23 ივლისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jul 23rd, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: ინტერვიუ ალექსი პეტრიაშვილთან: „პუტინთან დიალოგი არც ტერიტორიებს დაგვიბრუნებს და ნატოსა და ევროკავშირზეც უარს ვიტყვით”

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ნოდარ ნათაძესთან: „რუსეთი აუცილებლად დამარცხდება“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ პეტრე მამრაძესთან: კანონი ოკუპირებული ტერიტორიის შესახებ ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა გააუქმოს

„ალია“: პარლამენტის თავმჯდომარე მზად არის ნინო ბურჯანაძისგან მოისმინოს ის, რაზეც ღარიბაშვილი უარს ამბობს // რა გაუმხილა „ალიას“ ბურჯანაძის პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა ბარამიძემ

„ვერსია“: ინტერვიუ ნიკოლოზ ვაშაკიძესთან: რას უკავშირდება რუსეთის მცოცავი ანექსია?

———————

რეზონანსი“, 23 ივლისი, 2015 წელი

ინტერვიუ ალექსი პეტრიაშვილთან: „პუტინთან დიალოგი არც ტერიტორიებს დაგვიბრუნებს და ნატოსა და ევროკავშირზეც უარს ვიტყვით

“თუ ხელისუფლება გააგრძელებს იმ რიტორიკას, რომ ჩვენს საზღვრებთან არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ეს გამოიწვევს იმას, რომ საერთაშორისო რეაქცია შენელდება და საქართველო აღმოჩნდება რუსეთის პირისპირ“, – მიიჩნევს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი. “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი „რეზონანსთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ პარტია კვლავ ახორციელებს მონიტორინგს რამდენად კარგად ასრულებს ხელისუფლება ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე აღებულ ვალდებულებებს, ამბობს, რომ შემოდგომითმმართველი გუნდისგან დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

“ვხედავთ, რომ ძალიან გააქტიურებულია რუსული “რბილის ძალა”, გააქტიურებულია პროპაგანდისტული მანქანა. ამ ფინზე კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ევროპასტან ინტეგრაცია და მოქალაქეების თავისუფალი მიმოსვლა. ამ მიმართულებით რა რეფორმებიცაა გასატარებელი – ყველასთვის ცნობილია და არის ჩამონათვალი, რას “საშემოდგომოდ” აქვს გამოყოლილი საქართველოს ხელისუფლებას. სწორედ ამას გაუსვა ტუსკმა ხაზი, რომ ის, რაც რიგის სამიტზე გამოიკვეთა, იმ დარჩენილი პუნქტების რეფორმირებაზე უნდა იმუშაოს საქართველოს მთავრობამ, საუბარია საიმიგრაციო საკითხებზე და ა.შ. – ჩასატარებელი სამუშაოები ძალიან მკაფიოდ არის არის გამოკვეთილი“.

(…)

“ახლა ქვეყანაში ძალიან ცხელი პერიოდია – დაიძაბა ვითარება ე.წ. საზღვრისპირა რეგიონებში – იქნება ეს ოკუპაციის საკითხები თუ მოქალაქეების გატაცების ტენდენცია. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ შემოდგომაზე ჩვენ აუცილებლად მოვთხოვთ მოგვაწოდოს ინფორმაცია, რა გააკეთა ხელისუფლებამ… გეთანხმებით, რომ ასეთი აქტიურობა საჭიროა იმისთვის, რომ მართლაც არ აღმოჩნდეს ისე, რომ წლის ბოლოს რაღაც კიდევ შეუსრულებელია. ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ ამ მიმართულებით ჩვენ ყურადღებას მოვადუნებთ“.

(…)

„ჩვენი მთავარი პრეტენზია სწორედ ხელისუფლების უმოქმედობაა – ის, რომ თითქოს არაფერი საგანგაშო და განსაკუთრებული არ ხდება ეს მიდგომა არასწორია. აქვე ხაზი მინდა გავუსვა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვითარების ესკალაციისკენ ვართ მოწოდებული, ნურავის ექნება ამის თუნდაც იოტისოდენა ილუზია – პირიქით, “დემოკრატები” ყოველთვის მოწოდებული ვიყავით რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების. მაგრამ შეგნებულად ხდება ჟენევის ფორმატის ჩიხში მოქცევა. ეს ორკესტრირებულია პუტინის მიერ, რომ ეს ყოველივე ორმხრივ ფორმატში გადავიდეს და აბაშიძე-კარასინის ფორმატით შემოიფარგლოს და ასე რარაც პერიოდიკით გაიმართოს მსჯელობა. ეს არის ძალიან სახიფათო. არ შეიძლება საქართველო რუსეთთან პირისპირ დარჩეს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ დიალოგში ჩართული იყოს საერთაშორისო აქტიური მოთამაშეები“.

- ზოგიერთი პოლიტიკური ძალა და ცალკეული პოლიტკოსები ხელისუფლებას მოუწოდებენ რუსეთან პირდაპირი დიალოგისკენ. თქვენი პარტია ამას ეწინააღმდეგება, რატომ?

- რუსეთი არც ერთ საერთაშორისო ვალდებულებას არ ასრულებს. როგორ წარმოუდგენია ვინმეს საერთო, რომ რუსეთი ორმხრივ ვალდეულებას შეასრულებს?! მე დარწმუნებული ვარ და თავადაც არ მალავს ქალბატონი ბურჯანაძე, რომ უნდა ვეახლოთ ვლადიმერ პუტინს და მის პირობებს უნდა დავთანხმდეთ, რაც ნატოზე და ევროკავშირზე უარის თქმას ნიშნავს, მაგრამ სანაცვლოდ ტერიტორიების დაბრუნებას არ ნიშნავს. ჩვენი პოზიცია არის ძალიან ნათელი – საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, თუნდაც რუსეთთან ვითარების ნორმალიზების თვალსაზრისით”.

„ახალი თაობა“, 23 ივლისი, 2015 წელი

ინტერვიუ ნოდარ ნათაძესთან: „რუსეთი აუცილებლად დამარცხდება“

„ახალი თაობის“ კორესპონდენტი მარიამ მჭედლიშვილი სახალხო ფრონტის ლიდერს ნოდარ ნათაძეს საქართველო-რუსეთის ურთიერთობის შესახებ ესაუბრება.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- შიდა ქართლში მომხდარი მოველენები ხომ არ უკავშირდება რუსეთის გეგემებს ჰქონდეს სახმელეთო საზღვარი სომხეთთან?

რუსეთს ასეთი გეგემა შემუშავებული აქვს, თუმცა არა მგონია საოკუპაციო ზოლის გადაწევასთან დაკავშირებული მოვლემები ამ გეგმას უკავშირდებოდეს. საერთოდ, არ ვფიქრობ, რომ რუსეთს ამ გეგმის განხორციელების იმედი აქვს. რუსეთის მოქმედება განპირობებულია ორი ფაქტორით. ჯერ ერთი რომ მოსკოვი დარწმუნებულია – საქართველოს მტავრობას ამაზე რეაგირება არ ექნება და მეორეც – რუსეთი გამომწვევად იქცევა დასავლეთის წინაშე: ვლადიმირ პუტინი, ფაქტობრივას, პოკერს თამაშობს. პოკერში ხშირად ხდება, რომ ცუდი კარტი რომ მოგივა, შეიძლება პლუსი დაიძახო, მაგრამ ეს ბლეფია. რუსეთიც ასე აკლეტებს. საერთოდ კი, სომხეთთან დაკავშირების გეგმა მართლაც არსებობს და მისი რეალიზება თეორიულად მართლაც შესაძლებელია. თეორიულად, საქართველოზე თავდახმაც არ არის გამორიცხული. ერთი წლის წინათ რუსეთის საგარეო საქმეტა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დასავლეთს მიმართა – თქვენ თუ სისრიას დაარტყამთ, ჩვენ საქართველოს დავარტყამთო. თუ ეს ასე მოხდება, რუსეთი გავა სომხეთზე და საქართველოს შუაზე გაჭრის. რუსეთი დიდ ომს ვერ მოიგებს, მაგრამ ასეთ მოვლებებს განახორციელებს. ვლადიმირ პუტინს ასეთი ნაბიჯები რეიტინგისათვის ჭირდება…

ის, რაც რუსეთმა აფხაზეთთან და ცხინვალთან მიმართებით ჩაიდინა, მუდმივად უნდა იყოს მსოფლიოს დღის წესრიგში. საქართველოს ხელისუფლება გავლენას უნდა ახდენდეს მსოფლიოს საზოგადოების აზრზე. რას ჰგავს ზურაბ აბაშიძის საქციელი? რას აკეთებს გრიგორი კარასინთან შეხვდრების დროს? იგი ხომ დიალოგის მხარეა, მტკივნეული საკითხები უნდა დააყენოს. მან პირდაპირ უნდა მიმართოს რუსეთს: გიკეტავთ საჰაერო სივრცეს იმიტომ, რომ თქვენი სახელმწიფო გვეომება. ჩვენ ამისათვის უცხოეთიდან თავდაცვის საშუალებებიც უნდა მოვითხოვოთ…

- საჰაერო თავდაცვის საშუალებები საქართველომ ცოტა ხნის წინ უკვე შეიძინა

- ეს კარგია, მაგრამ კიდევ უნდა მოვითხოვოთ, მაგრამ საქართველომ უნდა დაასაბუთოს თავისი პოზიცია და მოთხოვნები…

- როგორც ჩანს, რომ სიმშვიდე მოსალოდნელი არ არის?

- რუსეთ-დასავლეთის ესკალაციოა გჰაგრძელდება, საბოლოოდ კი რუსეთი დამარცხდება. არავინ იცის, როდის იქნება ამ დაპირისპირების ცხელი და ცივი ეპიზოდები, ეს ძნელი სატქმრელია, მაგრამ მე ერთი რამის მეშინია – საქართველოს წილად იმაზე მეტი აგრესია არ მივიღოთ, ვიდრე გვეკუთვნის.

- მაგრამ სანამ რუსეთი დამარცხდება, შეიძლება მავთულხლარტებზე უარესი რამ დაგვატყდეს თავს

- ფინალში რუსეთი კაპიტულაციას გამოაცხადებს, თუმცა შეიძლება მანამდე საშინელება ჩაიდინოს, ვთქვათ, საქართვლოში ბირთვული იარაღი გამოიყენოს. საბოლოოდ კი რუსეთი დამარცხდება. მას ბირთვული სახელმწიფოს სტატუსს ჩამოართმევენ, მაგრამ მანამდე რუსეთის ქმედებები საქართველოს შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს.

„ახალი თაობა“, 23 ივლისი, 2015 წელი

ინტერვიუ პეტრე მამრაძესთან: კანონი ოკუპირებული ტერიტორიის შესახებ ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა გააუქმოს

გაზეთ „ახალ თაობასთან“ საუბრისას პარლამენტის ყოფილი წევრი პეტრე მამრაძე შიდა ქართლში, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მომხდარ ინციდენტზე საუბრობს – ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საზღვართან“ დაკავშირებით და ამ ფონზე კანონის ოკუპირებული ტერიტორიების კანონის ავ-კარგზე ლაპარაკობს.

პეტრე მამარაძის განცხადებით, ხელისუფლებამ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ აუცილებლად უნდა გააუქმოს. მისი თქმით, უნდა არსებობდეს სამართლებრივი საფუძველი, რომ იქ პროვოკაცია ვერავინ ვეღარ მოაწყოს.

„კანონი ოკუპირებული ტერიტორიის შესახებ ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა გააუქმოს, რომელიც რუსეთს, პუტინის რეჟიმს ჩუქნის ექსკლუზიურ, მონოპოლისტურ უფლებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე. აი, დამატებით რა დანაშაული და როგორი ბოროტება იქნა ჩადენილი“,- განაცხადა პეტრე მამრაძემ ინტერვიუში, რომელიც მას „ახალი თაობის“ ჟურნალისტმა გულიკო ბალაძემ ჩამოართვა.

მანვე აღნიშნა, რომ ბანერის ჩამოგლეჯა და ასეთი დემონსტრაციები ნიშნავს, რომ იქ მეორე დღეს რუსული ჯარი ჩადგება. „სააკაშვილმა რუსული ჯარი იმ დისტანციაზე მოიყვანა, რომ ავტომატის ჯერით მაგისტრალზე შეიძლება ნებისმიერი ვიღაც ჩაცხრილონ. ძალიან სასაცილოა თუ თინა ხიდაშელი და ლევან ბერძენიშვილი იტყვიან, რომ საფრანგეთში ძალიან სახიფათო იარაღს ყიდულობენ“, – განაცხადა პეტრე მამრაძემ. მისივე თქმით, ეს უკვე საბავშვობაღობანაა და თუ მართლაც ძლიერი იარაღია, საშინელია თუ სახიფათო, როგორც ესენი ამბობენ, რუსის ჯარი რეიდს ჩაატარებს და ყველა ასეთ დანადგარს მაშინვე წაიღებს.

„იარაღი, რომელიც მიშამ შეიძინა რუსებმა დიდი ხალისით წაიღეს. „დიდი ხალისით“ შეერთებული შტატების მაშინდელი სახელმწიფო მდივნის მოადგილის დენიელ ფრიდის სიტყვებია. შემოვლენ და დიდი ხალისით წაიღებენ. აღმაშენებლის ძეგლიდან პირდაპირ ხაზზე 25 კილომეტრში, რუსის ტანკი დგას“,- განაცხადა პეტრე მამრაძემ.

„ალია“, 23 ივლისი, 2015 წელი

პარლამენტის თავმჯდომარე მზად არის ნინო ბურჯანაძისგან მოისმინოს ის, რაზეც ღარიბაშვილი უარს ამბობს

რა გაუმხილა „ალიას“ ბურჯანაძის პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა ბარამიძემ

ნინო სამხარაძე

ათი დღე გავიდა, რაც ნინო ბურჯანაძე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს, რათა მას გადასცეს იმ წინადადებათა პაკეტი, რომელიც ბურჯანაძეს მოსკოვიდან გამოატანეს. თუმცა პრემიერის აპარატის მხრიდან დღემდე პასუხი არ ისმის.

სხვათა შორის, „ალია“ ამ დღეების მანძილზე აქტიურად უკავშირდება პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურს ერთი კონკრეტული კითხვით – აპირებს თუ არა პრემიერ-მინისტრი, შეხვდეს ნინო ბურჯანაძეს. „ალია“ კიდევ ერთხელ დაუკავშირდა პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურს, თუმცა ისინი ჯერჯერობით ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე გუშინ უცხოური პრესის წარმომადგენლებს შეხვდა, მან სახელმწიფო უწყებების არაკოორდინირებულ მუშაობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლებას არ აქვს რისკი და გამბედაობა, პირდაპირი დიალოგი გამართოს რუსეთთან, ვერც ტუსკი და ვერც სხვა მაღალი რანგის პირების ვიზიტი ფაქტორი ვერ იქნება პრობლემების მოსაგვარებლად, თუკი ჩვენ არ ველაპარაკებით რუსეთს, სადაც ჩვენი პრობლემების გასაღები დევს. ისე კი, ქალბატონ ნინო ბურჯანაძის გამკვირვებია, ვინ უნდა მოამზადოს რუსეთის პრეზიდენტთან ვიზიტი, როცა ქვეყანას ჰყავს „ემოციურ სოლიდარულ გაუგებრობაში“ მყოფი საგარეო საქმეთა მინისტრი… როგორ წარმოუდგენია ბურჯანაძეს თამარ ბერუჩაშვილისა და ლავროვის შეხვედრა, ეს ხომ წლის საუკეთესო ანეკდოტი იქნება, განა „ემოციურ სოლიდარულ გაუგებრობაში“ მყოფ ბერუჩაშვილს შეუძლია დამოუკიდებლად ნაბიჯის გადადგმა და დამოუკიდებლად აზრის ჩამოყალიბება, მაშინ, როცა ამ ქალბატონმა ფანჯიკიძესთან ერთად ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს საგარეო დასავლური კურსი და პრემიერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ `ემოციურ-სოლიდარული გაუგებრობის ქვეშ იმყოფებოდა. განა შეიძლება ქვეყანას ჰყავდეს ისეთი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ფოჩიან კანფეტებზე იყიდება და რომლისთვისაც თანამდებობა უფრო ღირებულია, ვიდრე ადამიანური ღირსებები, პრინციპულობა, სიტყვის ერთგულება. ასეთი „პროფესიონალების“ არ მჯერა. არ ამჯერა, რომ ისინი ქვეყანას ემსახურებიან. მხოლოდ ერთი რამის მჯერა, სწორედ ასეთი ადამიანები გაყიდიან ქვეყანას და შემდეგ იტყვიან, რომ „ემოციურსოლიდარულ გაუგებრობაში“ იყვნენ.

საგარეო საქმეთა მინისტრებში რომ ბედი არ გვწყალობს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ეს დაამტკიცა, როცა ქვეყანას ჰყავს თედო ჯაფარიძე, რა საჭიროა ორი სათაური – მაია ფანჯიკიძე, ან თამარ ბერუჩაშვილი?

რას აპირებს ბურჯანაძე იმ შემთხვევაში, თუკი მას პრემიერ-მინისტრიარ შეხვდება? რატომ არ ითხოვს აუდიენციას პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, მოსკოვიდან ჩამოტანილი გზავნილების გადაცემის მიზნით? რამდენად სწორია „ალიას“ ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ შემოდგომაზე ნინო ბურჯანაძე ვლადიმერ პუტინს ხვდება? ადასტურებს თუ არა გიგლა ბარამიძე, რომ ნინო ბურჯანაძემ რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან პრივატულ საუბრებში დასვა ასეთი კითხვა – თუკი ჩვენ არ დავიწყებთ საუბარს სამაჩაბლოსა და აფხაზეთზე, ჩავთვალოთ, რომ შეხვედრებს აზრი არა აქვს და ეს იქნება ჩემი უკანასკნელი ვიზიტი, რაზეც მან მიიღო პასუხი, რომ სახელმწიფოს პირველი პირების დონეზე ამ საკითხებზე პირადი დიალოგი ჩვენთან არავის სურს, ამ თემებზე სასაუბროდ ჩვენი კარი ღიაა, თქვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პუტინთან შეხვედრა ითხოვა და ვინმემ კარი დაუხურა?!

„ალიას“ კითხვებს „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი, გიგლა ბარამიძე პასუხობს:

- მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ ნინო ბურჯანაძე პრემიერის თანაშემწეს დაუკავშირდა და შეხვედრა სთხოვა, თუმცა აქამდე პასუხი არ მიგვიღია. 13 ივლისს თქვენ „კვირის ქრონიკაში“ გქონდათ ინტერვიუ, სადაც განაცხადა, რომ ჩამოვიდა კონკრეტულ წინადადებათა პაკეტით და მეტიც, გადაწყვეტილი საკითხებით. საუბარი იყო ვიზების გამარტივებაზე, სხვადასხვა კატეგორიის ჯგუფებისთვის და გაიზარდა იმ პროდუქტების ჩამონათვალი, რომელიც აქამდე საქართველოდან არ გადიოდა. ხელისუფლება შეეცადა ამ საკითხების საკუთარ მიღწევად გასაღებას, მაგრამ მაინც კარგია, რომ აღიარეს სახელმწიფო პოლიტიკურ დონეზე ამ საკითხებისადმი მზადყოფნა. მაგრამ ამის გარდა ბურჯანაძეს აქვს მთელი რიგი საკითხები ჩამოტანილი, რაზეც ხელისუფლების პირველ პირებთან უნდა ისაუბროს, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება გატრუნულია, არავის აინტერესებს, რა გზავნილები ჩამოიტანა ნინო ბურჯანაძემ და კონტაქტზე არ გამოდიან ცოცხალი თავით.

ჩვენ რამდენჯერმე დავუკავშირდით პრემიერ-მინისტრის სამდივნოს, იქიდან ვიღებთ პასუხს: „პრემიერი გასულია“, „პრემიერი შეხვედრაზეა“, „პრემიერს არ სცალია“, – ეს არასერიოზული დამოკიდებულებაა, რადგან საკითხი ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ეხება. ჩვენ ანგარიშვალდებული ვართ ჩვენს ამომრჩეველთან და არასოდეს ვატყუებთ, ამიტომ დაპირებისამებრ ათი დღის  გასვლის შემდეგ ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ ჩაატარა პრესკონფერენცია, სადაც რუსეთიდან ჩამოტანილი გზავნილების ნაწილი გაასაჯაროვა და დაიტოვა იმედი, რომ სერიოზულ საკითხებზე კონტაქტზე გამოვა პრემიერის აპარატი და მასთან ისაუბრებს.

გზავნილების მეორე ნაწილი პირველი პირების დონეზე გადასაწყვეტი საკითხებია. რუსეთის ხელისუფლება აბსოლუტური შემადგენლობით მზად არის, ჩამოვიდეს საქართველოში, მაგალითად, საგარეო კომიტეტის სრული შემადგენლობა შეხვდეს საგარეო უწყებას და თუკი თბილისში არ სურს ხელისუფლებას შეხვედრა, შეუძლია ნეიტრალურტერიტორიაზე გამართოს აუდიენცია. ისინი მზად, არიან ვიმსჯელოთ იმ საკითხებზე, რომელიც ჩვენ ასე ძალიან გვაწუხებს. კონკრეტულად ისინი მზად არიან ტერიტორიულ მთლიანობაზე სასაუბროდ, მაღალი რანგის შეხვედრების მომზადებაზე.

- რუსეთის ოფიციალური ხელისუფლება ელოდება თუ არა საქართველოს პირველი პირებისგან სამაჩაბლოსა და აფხაზეთის თემაზე საუბრის დაწყებას? ჩვენი ინფორმაციით, ბურჯანაძეს რუსებმა უთხრეს, რომ პირველი პირებისგან ვერ ვხედავთ მზაობას, ამ თემაზე დაგველაპარაკონ, არადა, ჩვენი კარი ღიააორუსეთის მხრიდან ეს არის მორიგი სატყუარა, თუ რეალობა?

- გიდასტურებთ, რომ იქ იყო ასეთი საუბრები. შეუძლებელია რუსეთთან საუბარი, თუ არ დავიწყებთ ლაპარაკს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, რომ საქართველო რუსეთთან ურთიერთობის მიღმა ევროკავშირთან ურთიერთობაზე უარს არ ამბობს. ბურჯანაძის მხრიდან ამ განცხადებების მიუხედავად, რუსეთის ოფიციოზი მზად არის, დაიწყოს საუბრები საქართველოსთან, მაგრამ ამ პრობლემატიკის შესახებ ოფიციალურ დონეზე რუსეთს არავინ ელაპარაკება… საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირს გაურბის და ნინოს სთხოვეს, იქნებ თქვენ მაინც გადასცეთ ჩვენი

მზადყოფნა, არის რამდენიმე სერიოზული სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური დანაბარები, რომელიც უშუალოდ პირველ პირს უნდა გადასცეს ნინო ბურჯანაძემ, თუ არადა, ამის შესახებაც იქნება საჯაროდ საუბარი. რაც მთავარია, ჩვენ ვამბობთ, რომ არ შევწყვეტთ ურთიერთობებს რუსეთის ხელისუფლებასთან, პერსპექტივაში იგეგმება ქალბატონ ნინოს ხელმეორედ ჩასვლა უკვე ფართო მასშტაბით მოსკოვში.

- ჩვენი ექსკლუზიური ინფორმაციით, ნინო ბურჯანაძე შემოდგომაზე აპირებს, შეხვდეს ვლადიმერ პუტინს. ასევე მაქვს ინფორმაცია, რომ ნინო ბურჯანაძესა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა სამომავლო ვიზიტთან დაკავშირებით. ადასტურებთ ამ ინფორმაციას?

- გამორიცხული არაფერი არ არის, პუტინთან შეხვედრა ბურჯანაძისთვის პრობლემა არ არის. მაგრამ ჩვენ შეხვედრა შეხვედრისთვის არ გვინდა, ამ შეხვედრას უნდა ჰქონდეს აზრი, მაგრამ, რაც მთავარია, ჩვენი დიდი სურვილია, ეს გააკეთოს ხელისუფლებამ და დაიწყოს რუსეთის ხელისუფლებასთან დიალოგი, აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობა, მაგრამ თუ ხელისუფლება უარს იტყვის, ჩვენ იძულებული გავხდებით, გავაგრძელოთ მოლაპარაკებები რუსეთის ხელისუფლებასთან. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვართ ხელისუფლებაში და არ ვართ ოფიციალური პირები, დამერწმუნეთ, რომ ასეთ შეხვედრებს შედეგი მოაქვს.

- რამდენ ხანს უნდა ელოდოთ პრემიერ-მინისტრის აპარატიდან პასუხს, რატომ არ გაქვთ სურვილი, ნინო ბურჯანაძე შეხვდეს პარლამენტის თავმჯდომარეს, ან პრეზიდენტს და მათ გადასცეს რუსეთის გზავნილები?

- ჩვენ პარლამენტის თავმჯდომარესაც შევთავაზეთ შეხვედრა, მაგრამ ის იმყოფება უცხოეთში. როგორც ვიცი, დავით უსუფაშვილმა შეხვედრაზე მზადყოფნა გამოთქვა. რამდენ ხანს უნდა ველოდოთ პრემიერს? რაც მთავარია, ჩვენ ოფიციალური შეტყობინებაც გავუგზავნეთ, სამდივნოს საშუალებით საქმის კურსში ჩავაყენეთ, დღემდე ველოდებით და თუ არ იქნება შეხვედრა, ჩვენს გზას გავაგრძელებთ. საქმე ისაა, რომ ჩვენი ქვეყნის პირველი პირები მზად არ არიან, ამიტომ გაურბიან და ეშინიათ საუბრების… ჩვენ ვნახეთ, რომ ჩამოვიდა ევროსაბჭოს ახალი პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, თავისთავად ეს მნიშვნელოვანი

ფაქტია, მაგრამ რამე გადაწყვიტა? მან პირდაპირ გვითხრა, რომ საჭიროა რაც შეიძლება მეტი კონტაქტი რუსეთის ხელისუფლებასთან. თუ ოფიციალურ დონეზე შეხვედრა არ მოხდა და ჩვენმა მინისტრებმა კვლავ ის რიტორიკა გააგრძელეს, რომ არაფერი ხდება და ყველაფერი კარგად არის, რომ ჩვენი სიმშვიდე სტრატეგიულია, ჯერ ეს რა ფრაზაა, ეს რამ ათქმევინათ ამ

უწიგნურებს და თუ ასე გაგრძელდა, კიდევ მოხდება პროვოკაციები და საზღვრის გადმოწევა. მით უმეტეს საქართველოსა და უკრაინაში არიან ჯგუფები, რომელთაც კბილები უკაწკაწებთ, ოღონდ საზღვარზე რამე მოხდეს, რომ თავიანთი ცოდვები ამ გაჭირვებულ, უმოქმედო ხელისუფლებას გადააბრალონ. მით უმეტეს, ხედავთ საერთაშორისო მაწანწალა მიხეილ სააკაშვილი ყველაფერს აკეთებს, შექმნას ისეთი კრიზისი საქართველოში, რომ ამ გაჭირვებულ ხელისუფლებას ყველა უბედურება დაჰბრალდეს. „ნაცმოძრაობის“ მხრიდან უნდა ველოდოთ პროვოკაციებს… მით უფრო იმ ფონზე, როცა ხელისუფლება ძალიან რბილია, შეიძლება აქ რაღაც უბედურებაც მოხდეს. ხელისუფლება ამაყობს იმით, რომ არის მშვიდად. ეს გამართლება არ არის, იყავი მშვიდად, მაგრამ იმოქმედე. ამ სიმშვიდის მიღმა ხელისუფლების მოქმედებას ვერ ვხედავთ. კარგად დაიმახსოვროს ამ ხელისუფლებამ –  „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ, თუკი მათ დროს იყო ომი, „ქართული ოცნების“ დროსაც შექმნას საომარი ვითარება.

იტყვიან, – ჩვენ დავკარგეთ კოდორი, თქვენ დროსაც გადმოიწია საზღვრებმა. თქვენ დროსაც დაიღვარა სისხლი, თქვენ დროსაც ისროდნენ, ეს ყველაფერი იქით მიდის. ამიტომ ვეუბნებით ამ ცოცხალმკვდარ ხელისუფლებას, თქვენ ხართ პოლიტიკური ძალა, რომელმაც მოუსავლეთში წასული „ნაციონალური მოძრაობა“ თქვენი უმოქმედობით გააცოცხლეთ. ეხლაც, ნაცვლად იმისა, დასხდნენ, მოისმინონ რუსეთიდან ჩამოტანილი გზავნილები და განსაჯონ, კიდევ რაღაცას მიედ-მოედებიან. კი მაგრამ, სააკაშვილი არ იყო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ პუტინთან შეხვედრას რომ ითხოვდა?!. ამათ რა სჭირთ ასეთი, რომ ვერ ხვდებიან, სად დევს ჩვენი პრობლემების გასაღები. მაგრამ სად სცალიათ, ხომ ხედავთ ესენი დენის გაძვირებაზე ფიქრობენ და გააძვირეს კიდეც… ითქვა, რომ შესაძლოა,  მოსახლეობას დენის გრაფიკიც დაუწესონ.

„ვერსია“, 23 ივლისი, 2015 წელი

ინტერვიუ ნიკოლოზ ვაშაკიძესთან: რას უკავშირდება რუსეთის მცოცავი ანექსია?

ნინო კომახიძე

რუსეთის მხრიდან მცოცავი ანექსია გრძელდება. კიდევ ერთხელ რატომ გააქტიურდა კრემლი მაინცდამაინც ახლა, რა ქვეტექსტები უნდა ამოვიკითხოთ ცხინვალის კაგებეს სამსახურის ოფიციალურ განცხადებაში, რამდენად ეფექტურია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობა და რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველოს ხელისუფლებამ ჩრდილოელი მეზობლისკენ? ,,ვერსიასსაგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ივერიისერთ-ერთ თანადამფუძნებელი ნიკოლოზ ვაშაკიძე ესაუბრება.

- რუსეთი მცოცავ ანექსიას აგრძელებს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა რეაქციამ ამ თემაზე (რუსეთთან ურთიერთობა გაუმჯობესდა, წინ წავიწიეთ და ..) დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. როგორ აფასებთ და რას უკავშირებთ მომხდარს?

- შეგახსენებთ, რომ რუსეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა 2008 წლის სექტემბერში. მას შემდეგ საკმაო დროა გასული და რუსეთს საოკუპაციო ხაზის „საზღვრის“ სახით დაფიქსირება დიდი ხანია შეეძლო. სწრაფად და ერთიანად. მიუხედავად ამისა, ამას ნელ-ნელა და პერიოდულად აკეთებს. აშკარაა, ამ ქმედებებს რუსეთი იყენებს საქართველოზე და მის შიდაპროცესებზე ზემოქმედების მიზნით, საჭიროებისამებრ, თავისი შეხედულებების მიხედვით. ამჯერად, რუსეთის მიზანია, დაიყოლიოს საქართველო უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ დათმობებზე. ესენია: რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის ამოქმედება და საქართველოს შეყვანა ევრაზიულ კავშირში. საოკუპაციო ზოლზე მორიგ პროვოკაციას უძღვოდა მოსკოვში ნინო ბურჯანაძის ვოიაჟი, რომელსაც რუსებმა მოსკოვთან დაახლოვებისა და დიალოგის მესიჯები გააჟღერებინეს. პრაქტიკულად, მეორე დღეს კრემლმა უკვე ხისტი მესიჯის სახით ამას საოკუპაციო ზოლზე ჩატარებული ქმედებები მოაყოლა. ეს მოვლენები ურთიერთკავშირშია და ერთი გეგმის ნაწილი გახლავთ. მიზანი ისაა, რომ დაგვანახონ – ან დაიწყებთ ჩვენთან საუბარს სერიოზულ დათმობებზე, ან გაგირთულებთ ცხოვრებას. სამწუხაროდ, ამ კომბინაციას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სწორედ რუსული სცენარის მიერ გათვალისწინებული ქმედება მოყვა _ ვიცე- პრემიერმა კახი კალაძემ რუსეთთან ორმხრივი დიალოგის ახალი ფორმატის დაწესების აუცილებლობა გააჟღერა.

- გაჩნდა აზრი, რომ რუსეთის ეს მოქმედებები ხიდაშელის მიერ საფრანგეთთან დადებული ხელშეკრულების პასუხია. ეთანხმებით ამ მოსაზრებას და თუ ასეა, ქართულ- ფრანგული სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების მომავალ ეტაპზე, გველის თუ არა უფრო დიდი საფრთხე რუსეთისგან?

- რუსეთის ქმედება, ჩემი აზრით, ქართულ- ფრანგულ თანამშრომლობას არ უკავშირდება… არ მგონია, რუსეთს ეს პროცესი დიდად აღელვებდეს. საჰაერო თავდაცვის აშენება ხანგრძლივი და ძვირადღირებული პროცესია. არავინ იცის, საბოლოოდ, შეიძენს თუ არა ეს თანამშრომლობა დასრულებულ სახეს. ჩემ მიერ აღნიშნული რუსეთის გეგმები საქართველოს მიმართ, ვფიქრობ, უფრო ახლო პერსპექტივაზეა გათვლილი. გარდა ამისა, სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ იმ პირობებში, როცა რუსეთის სამხედრო ძალები უკვე საქართველოს შუაგულშია განლაგებული ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ვშიშობ, საჰაერო თავდაცვა, რუსეთის სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, სერიოზულ როლს ვერ შეასრულებს.

- ასევე, არსებობს მოსაზრება, რომ ამ მოქმედებებით რუსეთი საქართველოში ოლიმპიადის ჩატარებით გამოწვეულ უკმაყოფილებას გამოხატავს

- არ მგონია, ახალგაზრდული ოლიმპიადა ამ მოქმედებებთან რაიმე კავშირში იყოს.

- ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბაქო- სუფსის ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. ეს რა საფრთხეებთანაა დაკავშირებული და რა შეიძლება გააკეთოს ქართულმა მხარემ? რამდენად სწორია განცხადებები, რომ ,,მილი ღრმადაა ჩამარხული”, ,,6 მეტრით აქეთ გადმოვწიოთდა .. თუ სწორად მესმის, ამ ნაწილში მილსადენის დაცვის პრეროგატივა ჩვენს ხელისუფლებას აქვს, ეს განცხადებები ამ გამოწვევის ადეკვატურია?

- ნავთობსადენის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცევა მეტად უსიამოვნო მოვლენაა. კარგად მესმის, რომ ხელისუფლებას ეს ფაქტი სერიოზულ დისკომფორტს უქმნის, ბუნებრივია, ამ შემთხვევაში, რაღაც უნდა უთხრას მოსახლეობას და სურს, მის ნათქვამში გარკვეული დამამშვიდებელი გზავნილები იყოს. ეს არის, რაც მოიფიქრეს, მაგრამ მგონი, გასაგებია, რომ ხელისუფლების არგუმენტები რეალურად დამშვიდების საბაბს არ იძლევა.

- ცხინვალის კაგებე- სამსახური, .. საზღვრის გადმოწევასთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს, სადაც წერია, რომ ზნაურის, ცხინვალისა და ახალგორის რაიონის სოფლებში დამატებით იგეგმება საინფორმაციო ბანერების აღდგენა- დამონტაჟება, რაც გეგმური სამუშაო პროცესია. განცხადებაში წერია: ,,ეს ღონისძიებები სამხრეთ ოსეთის მხრიდან ცალმხრივად ტარდება იმის გამო, რომ 2012 წლიდან ოფიციალური თბილისი უარს აცხადებს ქვეყნებს შორის გამყოფი და რელიეფის სადემარკაციო ხაზის აღნიშვნაზე და ასევე, წარმოქმნილი სადავო საკითხებისას ურთიერთსასარგებლო გადაწყვეტილების მიღებაზე”. იქნებ, აგვიხსნათ, რას ნიშნავს ეს განცხადება, რა ხდებოდა 2012 წლამდე და მას შემდეგ ამ მხრივ რა შეიცვალა?

- 2012 წელი იმ კონტექსტშია ნახსენები, რომ დღევანდელი ხელისუფლებაც ისევე, როგორც ძველი, აგრძელებს „დესტრუქციულ“ პოლიტიკას. ეს, სინამდვილეში, არა სეპარატისტების, არამედ რუსების გზავნილია: მიუხედავად იმისა, რომ თქვენ რუსეთთან ახალი პოლიტიკა გამოაცხადეთ, ის რასაც თქვენ აკეთებთ, ჩვენთვის არასაკმარისია. სწორედ აქ ჩანს რუსეთთან ე.წ. დარბილების პოლიტიკის აბსურდულობა. რუსეთის მიზანია, სტრატეგიულად გატეხოს საქართველო, დაიმონოს და ვერანაირი პოლიტიკის „დარბილება“ ამ მიზანს ვერ შეაცვლევინებს. ეს „დარბილება“ ისევ საქართველოს ასუსტებს საერთაშორისო არენაზე რუსეთთან ამ მძიმე ბრძოლაში. ბუნებრივია, არანაირი „სადემარკაციო“ კონსულტაციები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან 2012 წლამდე არ იმართებოდა. ამაზე საუბარიც კი აბსურდულია.

- სადემარკაციო ხაზი დროებითი საზღვარია დაპირისპირებულ მხარეებს შორის. განგვიმარტეთ, რატომ აცხადებს ქართული მხარე უარს მის გავლებაზე, ეს ხომ არ აძლევს რუსეთს საშუალებას, მუდმივად გადმოწიოს .. საზღვარი?

- ეს ძალიან მძიმე და მტკივნეული საკითხია, რომელიც ღრმა ანალიზს და ყოველმხრივ აწონილ გადაწყვეტილებას მოითხოვს. მართალია, ღიად დატოვებული საოკუპაციო ხაზი ყოველთვის დარჩება მუდმივი პროვოკაციების წყაროდ. არ არის გამორიცხული, სჯობდეს, ქართულმა მხარემ თავად გაამაგროს ეს ხაზი და, თუნდაც, დანაღმოს ის, რომ პროვოკაციებისაგან მაქსიმალურად დავიცვათ თავი. ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს ხაზი უკიდურესად საშიშ სიახლოვეში იმყოფება ქვეყნის დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ სტრატეგიულ გზატკეცილთან, მაგრამ ვიმეორებ _ ეს რთული და მტკივნეული გადაწყვეტილებაა და ამას ყოველმხრივი მიდგომა, საფუძვლიანი ანალიზი და სერიოზული მომზადება სჭირდება.

- მინდა გკითხოთ, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რამდენად ეფექტურად მუშაობს ჩვენი საგარეო უწყება მსოფლიოს ინფორმირებისთვის, ვიყენებთ თუ არა არსებულ ყველა მშვიდობიან ბერკეტს რუსეთის წინააღმდეგ?

- საგარეო საქმეთა სამინისტრო დღეს სულ ტალეირანებით რომ იყოს დაკომპლექტებული, გაუჭირდება, იყოს ისეთივე ეფექტური, როგორც ადრე, რადგან დღეს ბუნდოვან საგარეო- პოლიტიკურ კურსს ემსახურება და აქ მთავარი პრობლემა რუსეთის მიმართ გაუგებარი „დარბილების“ პოლიტიკაა. ქვეყნის ოფიციალური პოლიტიკური ხელმძღვანელობა სუსტად ერკვევა საგარეო პოლიტიკაში და პრიმიტიული შეხედულებებით ხელმძღვანელობს. გაურკვეველია პრეზიდენტის როლი ამ ყველაფერში და უკიდურესად საზიანოა მისი პრობლემური ურთიერთობა პრემიერ- მინისტრთან. ვიცე- პრემიერ კახი კალაძის პირადი პოლიტიკური დღის წესრიგი, და მისი საგარეო- პოლიტიკური განზომილება კიდევ ერთი პრობლემაა. განსაკუთრებულ პრობლემას, რა თქმა უნდა, არაფორმალური ლიდერის და არაფორმალური მმართველობის არსებობაა. ასეთ ვითარებაში, პრინციპულად შეუძლებელია საგარეო საქმეთა სამინისტრო იყოს ეფექტური. საერთოდ, მინდა გითხრათ, რომ მოცემულ პირობებში სამინისტროში საქართველოს სტრატეგიული ინტერესების დაცვა ეფექტურად შესაძლებელი რომ ყოფილიყო, მე არ დავტოვებდი ჩემს თანამდებობას 2013 წლის იანვარში. მე სულ რაღაც 1-2 თვეში დავინახე ის, რასაც ბევრი სხვა 1-2 წელიწადში მიხვდა.

- რამდენად შედეგიანია აბაშიძე- კარასინის შეხვედრების ფორმატი და ზოგადად, მართებულად თუ მიგაჩნიათ, როცა რუსეთის მხრიდან პროვოკაციები გრძელდება, ოკუპანტ ქვეყანას ოკუპირებული ქვეყნის წარმომადგენელი სავაჭრო ურთიერთობებზე, ვაშლსა და მწვანილზე ესაუბროს? თუ არა, მაშინ არსებობს კონტრარგუმენტი, რომ ეს ურთიერთობის ერთადერთი ფორმატი და ცივილური გზაა და მისი არარსებობის შემთხვევაში, წინ ვერაფრით წავიწევთ.

- კარასინი- აბაშიძის ფორმატი ამკვიდრებს მავნე ილუზიას საერთაშორისო არენაზე იმის შესახებ, რომ ჩვენ რუსეთთან პოზიტიურ და კონსტრუქციულ დიალოგში ვიმყოფებით მაშინ, როცა ამ თვალსაზრისით, არსებითად არაფერი იცვლება და უფრო უარესდება კიდეც. თავად რუსები დასცინიან ამ ფორმატს. ყოველი რაუნდის წინ ისინი თვალსაჩინოდ მორიგ შეურაცხმყოფელ აგრესიულ ნაბიჯს დგამენ საქართველოს მიმართ: ან მოაწერენ ხელს მორიგ ხელშეკრულებას სეპარატისტულ რეგიონებთან, ან მაღალი თანამდებობის პირის ვიზიტს განახორციელებენ იქ, ან საოკუპაციო ხაზს გადმოწევენ და ა.შ. ამ ფორმატის შედეგად საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის რუსეთზე მიბმის მავნე და სახიფათო პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები უკვე ვიგრძენით. ვინმემ დამისახელოს ის „პოზიტივი“, რომელიც ამ ფორმატს ჩვენთვის მოაქვს. იმ არგუმენტებს, რომლებსაც, ამ თვალსაზრისით, პერიოდულად ზურაბ აბაშიძე აჟღერებს, სერიოზულად არ განვიხილავ.

- რა ტიპის პოლიტიკა მიგაჩნიათ შექმნილ ვითარებაში ყველაზე სწორად რუსეთთან მიმართებაში?

- შექმნილ ვითარებაში სწორი პოლიტიკა ვერ გატარდება. სწორ პოლიტიკას სწორი ხელისუფლება სჭირდება. სწორი პოლიტიკის გატარების შანსი ჩვენ შეიძლება მხოლოდ 2016 წლის არჩევნების შემდეგ მოგვეცეს. სწორი პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ საქართველოს ოკუპაციის თემა ისევ გახდეს აქტუალური საერთაშორისო არენაზე და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები რუსეთისგან დღეს არა მხოლოდ უკრაინის დეოკუპაციას მოითხოვდნენ მკაფიოდ, არამედ საქართველოს პრობლემატიკაც იყოს მჭიდროდ და ნათლად ასახული ამ კონტექსტში. ამისათვის კი აუცილებელია, რომ თავად საქართველო იცავდეს თავის ინტერესებს მტკიცედ და გასაგებად საერთაშორისო არენაზე და უწინდელივით ცოცხალი, დინამიური და არა მხოლოდ ფორმალური კონსულტაციების რეჟიმში იმყოფებოდეს სტრატეგიულ პარტნიორებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. გარდა ამისა, აუცილებელია სწორი და აქტიური პოლიტიკა ქვეყნის შიგნით. დაუშვებელია პრორუსული, პრაქტიკულად, დივერსიული ორგანიზაციებისა და პირების, მტრული აგენტურის ბოგინი, მითუმეტეს მაშინ, როცა ოკუპაციისა და შესაძლო აგრესიის საფრთხის წინაშე ვიმყოფებით. აუცილებლად ასაკრძალია რუსეთის სახელმწიფო არხების ტრანსლირება ჩვენს ტელეეთერში, რომლებიც პროპაგანდისა და იდეოლოგიური დივერსიის უკიდურესად საშიშ იარაღად გვევლინებიან. ეს უკვე ბევრმა სახელმწიფომ გააკეთა, მათ შორის, ბალტიისპირეთმა, უკრაინამ და მოლდოვამ. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ოკუპანტის იდეოლოგიური დივერსიის ხელშეწყობა არის არა დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება, არამედ იდიოტიზმი და საკუთარი სახელმწიფოს მტრობა.

Comments are closed