globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 23 აგვისტო 2016 წელი

Posted by Globalresearch on Aug 23rd, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„რეზონანსი“: ბიძინა ივანიშვილი ბრუნდება! // ექს-პრემიერი სექტემბრიდან „ჯი-დი-ეს“-ის ახალ პროექტშიც გამოჩნდება და რეგიონებშიც გამართავს შეხვედრების სერიას

„რეზონანსი“: გაზრდის თუ არა “ოცნების” რეიტინგს წინასაარჩევნო კამპანიაში ბიძინა ივანიშვილის ჩართვა?

„რეზონანსი“: ინტერვიუ მერაბ მეტრეველთან: „პაატა ბურჭულაძეს ფინანსური არხები გადაუკეტეს და იგი იძულებული იყო პარტნიორები მოეძებნა“

ვერსია: ვინ არის რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი, რომელმაც პაატა ბურჭულაძის პარტიას დაფინანსება შეუწყვიტა?

„რეზონანსი“: არშემდგარი აფეთქება არჩევნების წინ

„რეზონანსი“: რატომ ახსენა თარხან ბათირაშვილმა თავის ანდერძში კავკასია?

„რეზონანსი“: ეკონომიკის ზრდის ტემპებს მოსახლეობა სიღარიბიდან ვერ ამოჰყავს

„თბილისელები“: რატომ აინტერესებს ქართულ პოლიტიკურ სპექტრს დაქორწინება-არდაქორწინების საკითხები რეგიონში მიმდინარე ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაზე მეტად?

„თბილისელები“: რატომ უყვართ ქართველებს ერთმანეთისთვის ჭკუის სწავლება?

——————-

„რეზონანსი“, 23 აგვისტო, 2016 წელი

ბიძინა ივანიშვილი ბრუნდება!

ექს-პრემიერი სექტემბრიდანჯიდიესისახალ პროექტშიც გამოჩნდება და რეგიონებშიც გამართავს შეხვედრების სერიას

თაკო მათეშვილი

სექტემბრიდან ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ერთვება – იგი “ჯიდიესზე” ახალი გადაცემით ბრუნდება და ამავდროულად რეგიონებში საარჩევნო ტურნესაც იწყებს. “ოცნებაში” მისი გეგმების შესახებ დეტალურად არაფერი იციან, თუმცა, აცხადებენ, რომ ყოფილი პრემიერი ხალხში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს და აქედან გამომდინარე, ამგვარი ღონისძიებები სრულიად ლოგიკურია.

პოლიტოლოგები და პიარ-სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მისი გააქტიურება პარტიის რეიტინგს ნამდვილად აამაღლებს, თუმცა, მათი ნაწილი იმასაც დასძენს, რომ ოპონენტების დაბალი რეიტინგის პირობებში ეს ყველაფერი შესაძლოა საჭირო სულაც არ იყოს. ცოტა რამაა ცნობილი მის სატელევიზიო გადაცემასთან დაკავშირებითაც. “ტვ პირველის” “ინგა გრიგოლიას დღის ამბების” ცნობით, ყოფილი პრემიერ მინისტრი “ჯიდიესზე” პირველი სექტემბრიდან ახალ გადაცემას “20/30″-ის ორ ჟურნალისტთან ნათია თოიძესთან და მიშა ფეიქრიშვილთან ერთად წარუძღვება.

მიუხედავად მრავალხრივი მცდელობისა, “ოცნების” წევრებში ვერ შევძელით გაგვერკვია, გადაცემის ფორმატი და მასში ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობის სიხშირე. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ განგვიმარტა, რომ დეტალები, სავარაუდოდ, მხოლოდ სატელევიზიო გუნდის წევრებმა იციან. მათ, ვინც ამ პროექტს ტექნიკურად განახორციელებენ. “რამდენადაც ვიცი, სატელევიზიო ღია ინტერვიუებიც იქნება და მოსახლეობასთან შეხვედრებიც. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სასარგებლოა, რადგან მოსახლეობას ნამდვილად აინტერესებს ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება იმ პროცესების მიმართ, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს და იმ არჩევნების მიმართ, რაც წინ გველოდება. ბატონი ბიძინას ავტორიტეტი, იქნება ის ფორმალურად თანამდებობაზე თუ არა, ძალიან მაღალია. მან უმნიშვნელოვანესი საქმე გააკეთა,” – განუცხადა “რეზონანსს” გუგული მაღრაძემ.

საჯაროდ გავრცელებული ცნობების გარდა, დამატებით ინფორმაციას არც სპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წარმომადგენელი, “ოცნების” წევრი ნუკრი ქანთარია ფლობს. გვითხრა, რომ ივანიშვილის სასექტემბრო გააქტიურება ჯერ კიდევ 2 თვის წინ იყო დაგეგმილი. მისი ინფორმაციით, ივანიშვილი რეგიონებში ჟურნალისტებთან შეხვედრებს გამართავს. “მგონი, ის რეგიონულ ტელევიზიებში ჟურნალისტებს შეხვდება. თუ არ ვცდები, დაახლოებით ასეთ შეხვედრებზეა საუბარი. ამაში ჩახედული არ ვარ და დაკონკრეტებისაგან თავს შევიკავებ. „ჯიდიესის” გადაცემაზეც არ მაქვს ინფორმაცია. ტელევიზია თავად ავრცელებს ინფორმაციას, რომ ისინი მაყურებელს საარჩევნო პროექტს სთავაზობენ,” – აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.

რას მოუტანს “ქართულ ოცნებას” ბიძინა ივანიშვილის ამგვარი ფორმით გააქტიურება? – ამ კითხვით პოლიტოლოგებსა და პიარ-პეციალისტებს მივმართეთ.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აღნიშნავს, რომ რეიტინგული სურათის მიხედვით, “ოცნებას” ახლა ბიძინა ივანიშვილის ჩართვა არ სჭირდება. მისი თქმით, პარტიის რეიტინგი იმხელა აღარაა, მაგრამ მეორე მხრივ, სხვა პარტიების რეიტინგიც არაა სახარბიელო: „პარტიების დიდი ნაწილი იმდენად პასიურები იყვენენ, რომ ის პროგნოზი, რომელსაც ბევრ ანალიტიკოსი მრავალპარტიულ პარლამენტთან დაკავშირებით აკეთებდა, შესაძლოა არც ახდეს. არაა გამორიცხული პარლამენტში პარტიათა წარმომადგენლობა ისევ ორზე შეჩერდეს. ვერ ვიტყვი, რომ ეს კარგი სურათია, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. ამ პირობებში ივანიშვილის ძალისხმევისათვის ზედმეტი როლის მინიჭება არ იქნება სწორი. ივანიშვილი პარტიას გარკვეულ ქულებს უდავოდ მიამატებს, მაგრამ მეეჭვება ეს ჩართვა არჩევნების ბედის გადამწყვეტი იყოს. ის სურათი, რაც დღეს საარჩევნო რეიტინგებში გვაქვს, წესით არა იმდენად “ქართულ ოცნებას” ან “ნაცმოძრაობას”, არამედ იმ პარტიებს უნდა აფიქრებდეთ, რომლებიც დღეს ამ რეიტინგებში არ არიან იმ სიმაღლეზე, რასაც მათგან საზოგადოება ელოდა,” – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

ყოფილი პრემიერის საარჩევნო გეგმები “პერიტუს გრუპის” პიარ-სპეციალისტ ნინა პერტენავას აზრით “ქართული ოცნებისათვის” მომგებიანი იქნება, რადგან ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი ხალხში, მიუხედავად ყველაფრისა, მაღალია. იგი ამბობს, რომ საქართველოში საზოგადოება პოლიტიკური ლიდერების მიმართ საკმაოდ საინტერესო გამართლებას პოულობს ხოლმე – როცა რაიმე შავდება, ისინი მიიჩნევენ, რომ ხელძღვანელობა ამის საქმის კურსში არ იყო, ბევრი რამ დაუმალეს და წარუმატებლობასა თუ შეცდომებს გარემოცვას აბრალებს.

ნინა პერტენავას აზრით, ასე მოხდა ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაშიც – მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილი “ოცნების” ხელისუფლებით გარკვეულწილად უკმაყოფილო და იმედგაცრუებულია, ივანიშვილისადმი მაინც დადებითადაა განწყობილი. ჩვენ რეალობაში კი, საარჩევნო კამპანია ლიდერზე, როგორც ლოკომოტივზე, ისეა მიბმული და პირველი პირების ჩართულობა, ყოველთვის მომგებიანია.

“თუმცა, არც ისაა გამორიცხული, ოპონენტებმა ისეთი სვლები დაახვედრონ, ისეთი ოპონირება გაუწიონ, რომ ამან წამგებიანი როლიც კი ითამაშოს. იმაზე, თუ რას მოიმოქმედებს ოპოზიცია, ბევრი რამაა დამოკიდებული,” – აცხადებს ნინა პერტენავა.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ მიიღებს ივანიშვილის აქტიურობას საზოგადოება მაშინ, როცა იგი ოფიციალურად არანაირ თანამდებობას არ იკავებს, სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილის თვალში ეს არაფერს ნიშნავს.

“ელექტორატის იმ ნაწილისათვის, რომელიც ყველანაირ მითს ადვილად იჯერებს, ეს მნიშვნელოვანი არაა. მისადმი კეთილგანწყობილი ადამიანებისათვის ეს არ იქნება საიმისო მიზეზი, რომ განწყობა შეეცვალოთ. ხოლო ის ხალხი, ვინც აცნობიერებს, რომ ეს ყველაფერი არცთუ ისე კარგია, ისედაც კრიტიკულადაა განწყობილი,” – დასძენს ნინა პერტენავა.

„რეზონანსი“, 23 აგვისტო, 2016 წელი

გაზრდის თუ არა “ოცნების” რეიტინგს წინასაარჩევნო კამპანიაში ბიძინა ივანიშვილის ჩართვა?

გვანცა ღვედაშვილი

(შემოკლებით)

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეეთერს უბრუნდება. მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე “ჯი-დი-ეს”-ის პროექტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც სექტემბრიდან დაიწყება. მისი თანაწამყვანები ჟურნალისტები მიშა ფეიქრიშვილი და ნათია თოიძე იქნებიან. (…)

გაზრდის თუ არა “ოცნების” რეიტინგს წინასაარჩევნო კამპანიაში ივანიშვილის ჩართვა? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

გიგა ნასარიძე (ა.ო. “საქართველო არ იყიდება”): “ეს არის ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც შეიძლება ივანიშვილს ოპოზიციისთვის გაეკეთებინა. მისი გამოჩენა შეამცირებს “ქართული ოცნების” რეიტინგს. რამდენჯერაც გამოჩნდა და დაჯდა ტელეეთერში, ისეთი რაღაც ილაპარაკა, რაც პარტიის რეიტინგზე უარყოფითად აისახა. ამ შემთხვევაშიც არ მგონია, ძალიან კარგი გადაცემა გამოვიდეს. პირიქით, ეს ბიძინა ივანიშვილის სახეს კიდევ ერთხელ გამოაჩენს, რაც მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციას წაადგება.”

იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): “ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობის ნაწილში გარკვეული ავტორიტეტით სარგებლობს, მათ შორის იმ ადამიანებშიც, რომლებსაც “ოცნების” მოსვლამ იმედები ბოლომდე არ გაუმართლა. ეს ავტორიტეტი მას პიროვნულად აქვს, რადგან ბევრი რამ აქვს გაკეთებული. ამიტომ მაინც პოზიტიურ პიროვნებად მიაჩნიათ. შესაბამისად, მგონია, რომ ივანიშვილის გააქტიურება “ქართული ოცნების” რეიტინგზე პოზიტიურად იმოქმედებს.”

სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): “რა თქმა უნდა, გაზრდის, რადგან ეს წინასწარ გათვლილია. სხვა შემთხვევაში ამ ნაბიჯს არ გადადგამდა. ეს არის ერთგვარი ფორმა იმისა, რომ ივანიშვილი “ქართულ ოცნებას” დაეხმაროს და ამით პარტიის რეიტინგი აწიოს.”

ანა რატიანი (ჟურნალისტი): “მასმედიასთან ნებისმიერი კონტაქტი პოზიტიური მოვლენაა. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი ღიაა საზოგადოებასთან. თუმცა მე არ მაქვს იმედი, რომ შეკვეთილი პოლიტიკური და პარტიული კითხვების გარდა, დასმული იქნება ის შეკითხვები, რაც ხალხს აწუხებს. ძალიან ბევრია ისეთი პრობლემა, რაც საერთოდ არ შედის ჟურნალისტების ინტერესში. ამიტომ არ მაქვს იმედი, რომ ისინი საჭირო კითხვებს დასვამენ. სამწუხაროდ, ვიწრო პოლიტიკური პროცესების გარდა, ჩვენი ჟურნალისტიკა ხალხის ინტერესებს არ პასუხობს.”

„რეზონანსი“, 23 აგვისტო, 2016 წელი

ინტერვიუ მერაბ მეტრეველთან: „პაატა ბურჭულაძეს ფინანსური არხები გადაუკეტეს და იგი იძულებული იყო პარტნიორები მოეძებნა

ელზა პაპოშვილი

პაატა ბურჭულაძის პარტიის “სახელმწიფო ხალხისთვის” უკვე ყოფილი წევრი მერაბ მეტრეველი, “რეზონანსთან” ინტერვიუში იმ მიზეზზე და გარემოებაზე საუბრობს, რის გამოც მან პარტიიდან წასვლა გადაწყვიტა. მეტრეველის თქმით, პაატა ბურჭულაძე, ხელისუფლების დიდი მცდელობის შედეგად, იძულებული გახდა, რომ პარტიის გადასარჩენად პარტნიორები მოეძებნა. შედეგად, კოალიციაში აღმოჩდნენ ის ადამიანები, რომელთან ერთადაც მას პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება შეუძლებლად მიაჩნია.

მერაბ მეტრეველი ამბობს, რომ პაატა ბურჭულაძემ ხელიდან შანსი გაუშვა, რათა საზოგადოების დაკვეთა შეესრულებინა და ქართულ პოლიტიკაში “მესამე ძალა” გამხდარიყო. მერაბ მეტრეველის აზრით, პაატა ბურჭულაძეს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ თავისი სახელის ირგვლივ მთელი ოპოზიცია გაეერთიანებინა და ამ არჩევნებზე მთავარი ფიგურა ყოფილიყო. ამიტომაც მან პარტიაში საკუთარი როლი ვეღარ დაინახა და მისი დატოვება გადაწყვიტა.

მერაბ მეტრეველი: როდესაც ადამიანი პოლიტიკაში წასვლას გადაწყვეტ, ხშირად კომპრომისზე წასვლა გიწევს. რაც პაატა ბურჭულაძის პარტიაში გავწევრიანდი, მას შემდეგ ძალიან ბევრი რამის დათმობა მომიწია, თუმცა ახლა ამაზე საუბარს არ ვაპირებ. საქმე ისაა, რომ ამ შემთხვევაში ყველაფერი სრულიად სხვაგვარად წარიმართა. შეიძლება ადამიანმა ბევრ რამეზე თვალი დახუჭო, მაგრამ პაატა ბურჭულაძის გადაწყვეტილება, რომ ის ოპოზიციის ამ პარტიებთან გაერთიანებულიყო, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა, რადგანაც კოალიციაში მოხვდნენ ის ადამიანები, რომლებთანაც თანამშრომლობასა და ურთიერთობას ვერ შევძლებ. არ მინდა კონკრეტული სახელებისა და გავრების დასახელება, მაგრამ პარტიიდან წამოსვლა სწორედაც ამ პიროვნებების გამო გადავწყვიტე.

- როდესაც პარტიაში გაწევრიანდით, მაშინ თუ იყო იმაზე საუბარი, რომ შესაძლოა პარტიას “სახელმწიფო ხალხისთვის” ოპოზიციური კოალიცია შეექმნა, ამის შესახებ პირადად ინფორმირებული თუ იყავი?

- მე როდესაც პაატა ბურჭულაძის პარტიაში შევედი, ამაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა. პირიქით, მის პარტიაში შესვლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ეს ადამიანი ჩემთვის და საზოგადოებისთვის ახალი იმედი იყო. ის არის სუფთა წარსულის ადამიანი, რომელიც არც “ოცნების” და არც “ნაციონალების” მხარეს არ იყო. ქართულ პოლიტიკაში სწორედ ასეთ ადამიანზე იყო მოთხოვნა. ამიტომაც ჩემთვისაც ძალიან გულსატკენი და მძიმე აღმოჩნდა, რომ ასეთი შანსი უბრალოდ ხელიდან გავუშვით. მაშინ პარტიაში რაიმე კოალიციის შემქნაზე საუბარიც კი ზედმეტი იყო.

- მაშინ რა გახდა მიზეზი, რის გამოც პაატა ბურჭულაძემ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო? ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პარტიის ირგვლივ მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდა…

- სამწუხაროდ, ამ ყველაფრის უკან ხელისუფლება დგას. მათ ამ პერიოდის განმავლობაში იმდენი გააკეთეს, რომ პარტია როგორც ფინანსურად, ასევე მორალურად დაასუსტეს. მათ დარტყმები იმ წერტილებზე მიიტანეს, რომლიც პარტიის არსებობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. სამწუხაროდ, აღმოჩნდა ისიც, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინება ვერ მოხდა. სუს-მა ძალიან მოკლე დროში კარგად იმუშავა და პარტიის ყველა მხრივ დასუსტება შეძლო. ამიტომაც პაატა ბურჭულაძე იძულებული გახდა პარტიის გადასარჩენად კოალიცია შეექმნა. უბრალოდ, სხვა გზა არ ჰქონდა. პარტნიორების მოძიება მოუხდა. სამწუხარო ის არის, რომ მას პარტნიორობაზე ის ხალხი დათანხმდა, რომლებიც როგორც ჩემთვის, ასევე ბურჭულაძის მხარდამჭერებისთვის, მიუღებელი არიან.

- ფიქრობ ხელისუფლების ინტერესში შედიოდა, რომ პაატა ბურჭულაძის სახელის დაკავშირება “ნაციონალურ მოძრაობასთან” მომხდარიყო, რაც საბოლოო ჯამში გამოუვიდათ?

- სუს-მა პარტიას რამდენიმე ფინანსური არხი გადაუკეტა. პაატა ბურჭულაძის ირგვლი შავი პიარის აგორება დაიწყო. ფაქტიურად მას სხვა გზა არ დაუტოვეს. პარტია დამოუკიდებლად არსებობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებდა. ამიტომაც ბურჭულაძის გადაწყვეტილების სრულიად მესმის, მაგრამ სხვაგვარად მოქცევა უბრალოდ მე არ შემეძლო. ხელისუფლება მთელი ამ პერიოდის მანძილზე იმის დამტკიცებას ცდილობდა, რომ პაატა ბურჭულაძის პარტია “ნაციონალური მოძრაობის” სატელიტი იყო, მაგრამ თავად “ნაციონალები” ამბობენ, რომ “გირჩები” ბიძინა ივანიშვილის სატელიტები არიანო. ბოლოს გამოდის, რომ ორი “სატელიტი” პარტია გაერთიანდა. ვისაც რა და როგორ აწყობს, იმას ამბობს. მე თუ მკითხავთ, ხელისუფლება ცოტა პიარში აირია.

- თუმცა, გამოითქვა ასეთი მოსაზრებაც, რომ პაატა ბურჭულაძეს კოალიცია აქამდეც უნდა შეექმნა და დააგვიანა, რადგანაც მას ამომრჩეველი კი ჰყავს, მაგრამ პოლიტიკური გამოცდილება და ინფრასტრუქტურა არ აქვს. ამიტომაც ეს პარტიები ერთმანეთს ყველა მხრივ შეავსებენ...

- მე ასე არ ვფიქრობ, პირიქით, მგონია, რომ ბურჭულაძეს საკმაოდ კარგი ნიშა ჰქონდა. ის საზოგადოების თვალში დადებითი დამოკიდებულებით სარგებლოდა და მას ამის გამოყენება შესანიშნავად შეეძლო. ჩვენ ვიყავით ახალი პარტია, ახალი სახეებით, რომლის მოთხოვნაც და დაკვეთაც თავად საზოგადოების მხრიდან არსებობდა. ამიტომაც მგონია, რომ მას კოალიციაში გაწევრიანება დამატებით არაფერს მოუტანს, პირიქით, მის მომხრეებში გარკვეულ კითხვებს გააჩენს.

- ფიქრობთ, რომ პაატა ბურჭულაძეს მთელი ოპოზიციის გაერთიანება შეეძლო, როგორც ეს ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა?

- მახსოვს მსგავსი იდეა, ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა გამოთქვა. მან განაცხადა, რომ პაატა ბურჭულაძეს შეეძლო საკუთარი სახელის ირგვლივ მთელი ოპოზიციის გაერთიანება მოეხერხებინა. მასთან ერთად ასევე ირაკლი ალასანიას პარტია “თავისუფალი დემოკრატებიც” უნდა გაერთიანებულიყვნენ, რაც ძალიან ძლიერ ძალას შექმნიდა. ახლა არ ვიცი რა გამოვა. უბრალოდ არ მინდა, რომ ჩემი განცხადებებით პარტიას რაიმე სახის ზიანი მიადგეს.

- ბოლო დღეების განმავლობაში ადამიანები, რომლებმაც პაატა ბურჭულაძის პარტია დატოვეს, ერთი და იგივეს აცხადებენ. ამბობენ, რომ ბურჭულაძე, “ნაციონალური მოძრაობის” გავლენიან ლიდერებს კონფიდენციალურად ხვდებოდა. რა იცით ამის შესახებ, ბურჭულაძესა და “ნაციონალებს” შორის ნამდვილად მიმდინარეობდა თუ არა რაიმე სახის კონსულტაციები?

- აი, სწორედ მაგას ვგულისხმობდი, როდესაც ვახსენე, რომ ხელისუფლებამ პაატა ბურჭულაძის მისამართით შავი პიარის აგორება დაიწყო. საეჭვოა გარემოებაა, როდესაც პარტიიდან წასული ყველა ადამიანი მიზეზად ერთსა და იმავეს ამბობს. ეს არის ზუსტად ის, რომ სუს-მა თავად პარტიის ადამიანურ რესურსზე დაიწყო მუშაობა. მათი გადაბირება სხვადსხვა სახით და მეთოდით ხდება. ეს ადამიანები თან მიდიან და თან დარტყმას პარტიას აყენებენ. გამოთქვამენ სწორედ იმის იდენტურ ბრალდებებს, რომელსაც “სახელმწიფო ხალხისთვის” თავად ხელისუფლება უყენებდა.

- კვლავ აპირებთ თუ არა პოლიტიკური მოღვაწობის გაგრძელებას, შეიძლება რომელიმე პარტიაში ისევ გიხილოთ?

- არ ვიცი ჯერჯერობით რას და როგორ ვიზამ. სიმართლე გითხრათ, არც ის გადამიწყვეტია, პოლიტიკურ მოღვაწეობას კვლავ გავაგრძელებ თუ არა.

ვერსია“, 22 აგვისტო, 2016 წელი

ვინ არის რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი, რომელმაც პაატა ბურჭულაძის პარტიას დაფინანსება შეუწყვიტა

ნინო დოლიძე

(შემოკლებით)

ჯერ კიდევ ორი თვის წინ, ალბათ, ყველაზე კოშმარულ ოცნებაშიც კი ვერ წარმოიდგენდა, რომ მის ზარ-ზეიმით შექმნილ პარტიას ხალხი – რიგითი წევრებიდან დაწყებული მაჟორიტარობის კანდიდატებით დამთავრებული, სულ „პანტა-პუნტით“ დატოვებდა. არადა, მსოფლიო დონის ბანს, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური მოღვაწეობის გამოცდილება არ ჰქონდა, უნდა სცოდნოდა, რომ პოლიტიკაც ჩვეულებრივი თეატრია, რომელიც ინტრიგებისა და სხვა ათასი „მამაძაღლობისგან“ თავისუფალი არ არის.
სხვათა შორის, უკვე ცნობილია, რომ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველმა, რომელიც პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური პარტნიორი გახდა, გუნდი დატოვა. მერაბ მეტრეველის [ორდღიანი] ყოყმანის მიზეზი კი, როგორც ითქვა, ის გახდა, რომ ბურჭულაძე „გირჩს“ და ვაშაძის პარტიას შეუერთდა. ამ საარჩევნო ბლოკს, გავრცელებული ინფორმაციით, მალე ედპ-ც მიემატება.

ზუსტად არავინ იცის, პაატა ბურჭულაძისგან სულ რამდენი ადამიანი გაიქცა. ზოგი გაქცეული თავის გადაწყვეტილების მიზეზად იმას ასახელებს, რომ პარტიას პროგრამა და პლატფორმა არ აქვს; ზოგი ეჭვობს, რომ ბანს ფარული კავშირები ნაციონალურ მოძრაობასთან აქვს. ითქვა ისიც, რომ პარტაქტივს დიდი ხანია, ჯამაგირი არ აუღია. არადა, თავდაპირველად, კულუარებში ამბობდნენ, რომ პაატა ბურჭულაძეს სერიოზული ფული ჰქონდა და შესაბამისად, მისი პარტიის კარსაც მსურველთა აურაცხელი რაოდენობა მიაწყდა.

ინფორმაცია, რომელიც „ვერსიას“ კულუარებიდან მოაწოდეს, დაუდასტურებელია, მაგრამ ინფორმატორი ამბობს, რომ საოპერო მომღერლის პოლიტიკურ გაერთიანებას ფინანსური კრიზისი მართლაც აქვს. ამასთან, ინფორმატორი პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ სავარაუდო ექსდამფინანსებლებზეც საუბრობს და საინტერესო ვერსიასაც გვთავაზობს, თუმცა ვიდრე ამ ვერსიას გამოვააშკარავებთ, შეგახსენებთ: ვიდრე პარტია შეიქმნებოდა, მსოფლიო დონის ბანმა „საქართველოს განვითარების ფონდი“ დააფუძნა, რომელმაც ქვეყნის მასშტაბით ოფისები გახსნა და, პრაქტიკულად, საარჩევნო კამპანია დაიწყო.

რამდენიმე თვის წინ, „ვერსიამ“ პაატა ბურჭულაძესთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა და ბუნებრივია, იმის შესახებაც ჰკითხა, პოლიტიკაში მოსვლას აპირებდა თუ არა, თუმცა მაშინ ბატონმა ბურჭულაძემ ეს პერსპექტივა ხელაღებით უარყო და განაცხადა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ ჰქონდა. გარდა ამისა, ამავე ინტერვიუში იმაზეც იყო ლაპარაკი, თუ საიდან მოიზიდა „საქართველოს განვითარების ფონდმა“ ფინანსური სახსრები. ეს უკვე ის პერიოდია, როცა პოლიტიკურ წრეებში აქტიურად განიხილება ვერსია, რომ ფონდის ფინანსური დონორები ნაციონალები იყვნენ.

ვინც პოლიტიკურ კულუარებშია ჩახედული, იცის, რომ მაშინ კონკრეტული ციფრიც სახელდებოდა – 8 მილიონი, მაგრამ ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მითოსია ანუ ვინმე ვინმეს ფულს „ლევად“ მართლაც რომ აძლევდეს, ამის შესახებ, რასაკვირველია, ოფიციალურად ინფორმაცია არ გავრცელდება და არც ვინმე დაადასტურებს, დიახ, ბატონებო, იგივე ბურჭულაძის პარტიის ფინანსური დონორები ჩვენ ვართო.
ახლა, რაც შეეხება „ვერსიის“ წყაროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რომლის გადამოწმებაც ჩვენ, უბრალოდ, იმიტომ ვერ მოვახერხეთ, რომ წყაროს ინფორმაციის მთავარი ფიგურანტი საქართველოში არ მოღვაწეობს და უფრო მეტიც, მის შესახებ ქართულ ბიზნესწრეებშიც არავინ არაფერი იცის.

მაშ, ასე: წყარო ამბობს, რომ პაატა ბურჭულაძის პარტიის ერთ-ერთი მთავარი დონორი რუსეთში, კერძოდ, სანკტ-პეტერბურგში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი, ვინმე კაპანაძე თუ კაკაბაძე იყო, რომელსაც „პეტრეს ქალაქში“ ნაყინის დიდი წარმოება ჰქონია ანუ „მაროჟნის მაგნატი“ ყოფილა. წყარო ვერ აკონკრეტებს, მსოფლიო ბანი ამ ქართული წარმოშობის „მენაყინესთან“ კავშირზე როგორ და ვისი დახმარებით გავიდა; სამაგიეროდ, გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ეს „ნაყინის მაგნატი“ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინმა თავისთან დააბარა და უთხრა – „შენ, ბიჭო, ხომ არ გააფრინე, განა არ იცი, რომ პაატა ბურჭულაძე მიშას კაცია და ჩემი მთავარი მტრის მეგობრის დაფინანსებას თუ გააგრძელებ, იცოდე, სერიოზული პრობლემები შეგექმნებაო“.

არავინ იცის, პუტინსა და ქართველ „მენაყინეს“ შორის მსგავსი შინაარსის დიალოგი რეალურად გაიმართა თუ არა ან, საერთოდ, პუტინმა ეს ბიზნესმენი თავისთან მართლაც იხმო თუ არა, მაგრამ ფაქტი ერთია, თან ჯიუტი: პაატა ბურჭულაძის პარტიაში ფინანსური პრობლემებია, რასაც პარტიიდან გაქცეულებიც ადასტურებენ.

პაატა ბურჭულაძის გარდა, დალხინებული და მშვიდი ცხოვრება არც სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს აქვთ. ავიღოთ, მაგალითად, გოდერძი ბუკია, რომელიც რამდენიმე დღის წინ, მმართველმა ძალამ ხობის მაჟორიტარად დაასახელა, მაგრამ ბუკია უკვე მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატია ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, მან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. „გოდერძი ბუკიას თავიდანვე უარი უნდა ეთქვა მაჟორიტარობის კანდიდატობაზე, რადგან „ოცნებაში“ პორტირებას „ნაციონალები“ ვის-ვის და სწორედ მას არ აპატიებდნენ, წლების განმავლობაში გოდერძი ბუკია ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი „ინვესტორი“ იყო”, – იხსენებს „ვერსიის“ წყარო. სხვათა შორის, თავის დროზე ნაციონალმა ხათუნა გოგორიშვილმა „ვერსიას“ განუცხადა, რომ გოდერძი ბუკიას შესახებ, საჭირო თუ გახდებოდა, სკანდალურ ინფორმაციას გამოაქვეყნებდა (…)

———–

ქართულ პოლიტიკურ ოპოზიციაში პარტიიდან პარტიაში გადასვლისა და საერთოდ, პოლიტიკიდან გაქცევის ფაქტები გახშირდა. ,,გაქცევის” კიდევ ერთი ფაქტი, როგორც ვრცელდება ინფორმაცია, თამაზ მეჭიაურის გუნდშიც დაფიქსირდა, ანუ ითქვა, რომ ეს პარტია ლალი მოროშკინამ და სანდრო ბრეგაძემ დატოვეს, ამიტომ, ზოგადად, 2016 წლის წინასაარჩევნო პერიოდი პოლიტიკის ისტორიაში შეიძლება, ,,დიდი გაქცევების” სახელით შევიდეს.

„რეზონანსი“, 23 აგვისტო, 2016 წელი

არშემდგარი აფეთქება არჩევნების წინ

ნინო ქეთელაური

საქართველოში ტერაქტის მზადების ბრალდებით 7-კაციანი ჯგუფი დააკავეს, რომელიც სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთის აფეთქებას გეგმავდა.

ქართველი ექსპერტების შეფასებით, ეს იყო თავიდან აცილებული დივერსია, რომელსაც პოლიტიკური მოტივები აქვს და ამით შესაძლოა დაინტერესებული ყოფილიყო როგორც ქვეყნის შიგა, ისე გარე ძალები.ერთ-ერთმა დაკავებულმა, ადვოკატის ცნობით, დანაშაული უკვე აღიარა. საქმის პროკურორი კი აცხადებს, რომ დაკავებულებს საკმაოდ დიდი კავშირები აქვთ საზღვარგარეთ, თუმცა ქვეყანას არ აკონკრეტებს.

საქმის ოფიციალური მასალები

2016 წლის 20 აგვისტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა, რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად, 7 – კაციანი ჯგუფი დააკავა, რომელთაგან 1 მოქმედი პოლიციელია და მათ ტერორისტული აქტის დაგეგვმა ედებათ ბრალად.

“ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისათვის და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარებისა და ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს 5 მოქალაქე: ბექა ბ, ვლადიმერ რ, მინდია ვ, ჯაბა მ. და ნური ჭ. დააკავა. ამ პირების გარდა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან ერთობლივად დაკავებულია საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი ლევან მ, დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ირაკლი ბ.”,-აცხადებენ სუს-ში, სადაც განმარტავენ, რომ დასახელებული პირები ტერორისტული აქტის განხორციელების მიზნით, გაემგზავრნენ ჟინვალი-შატილის საავტომობილო გზის მახლობლად, ტყის მასივში არსებული იარაღის სამალავიდან ასაფეთქებელი ნივთიერებების ამოსაღებად.

სამალავიდან მათ ამოიღეს: 4 ცალი 200 – გრამიანი ტროტილის კოჭა, ორი სახის ცეცხლგამტარი ზონარი, 5 ცალი კაფსულა დეტონატორი, ერთი ცალი ე.წ. “უემკაზე” მუხტი, ერთი ცალი რუსული წარმოების ე.წ. “ვეზედეს” მუხტი თავისივე ამფეთქით, რუსული წარმოების ერთი ცალი ამფეთქი და მოათავსეს ავტომანქანაში, რა დროსაც დაკავებული იქნენ სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.

გამომძიებლების მიერ სამალავის დათვალიერების შედეგად ამოღებულია დამატებით 3 ერთეული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდებით და საბრძოლო მასალა. ერთ-ერთი დაკავებულის ბინაში, მისი პერსონალური კომპიუტერიდან ამოღებულია რუქა, სადაც დატანილია ის ადგილები, რომლის აფეთქებასაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები გეგმავდნენ”, – აცხადებენ სუს-ში, სადაც განმარტავენ, რომ გამოძიება რამდნიმე მუხლით მიმდინარეობს.

არშემდგარი დივერსიის მასშტაბები

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ სუს-მა რა ინფომაციაც წარმოადგინა, გარკვეული დასკვნის გაკეთების საშუალებას უკვე იძლევა და საქმე დიდი მასშტაბის დივერსიასთან გვაქვს.

“პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ტერორიზმს აქვს თავისი კლასიფიკაცია. არსებობს პოლიტიკური, რელიგიური, სოციალური, კრიმინალური ტერორიზმი. თავისი მანერით ეს იყო პოლიტიკური ტიპის და მისი სახეობა დივერსიაა. ის ნივთმტკიცებები, რაც ამოღებულია, საკმაოდ სერიოზულია. იქ იყო ნელი მოქმედების ნაღმის დეტონატორი, რაც სახელმწიფოების სპეც აღრიცხვაზეა აყვანილი და მას იყენებენ მხოლოდ სპეცსამსახურებისა და სადარზვევო დივერსიული ჯგუფების წარმომადგენლები. მისი მოპოვება რთული და ფაქტობრივად შეუძლებელია. ამასთანავე, 200 ტროტილის მოქმედ გაზსადენზე აფეთქებას საკმაოდ დიდი მასშტაბები ექნებოდა, რასაც შესაძლოა ადამიანთა მსხვერპლი მოჰყლოდა. თუ ეს ტერაქტი მოხდებოდა, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გამოიყვანდა მწყობრდან გაზსადენს, რომლის აღდგენასაც სულ მცირე რამდენიმე თვე მაინც დასჭირდებოდა”, – ამბობს ვახტანგ მაისაია და განმარტავს, რომ თუ ტერაქტი განხორციელდებოდა, მსხვილმასშტაბიანი თუ არა, დიდი მასშტაბის ტერაქტის კლასიფიკაციაში მაინც გავიდოდა.

სამხედრო ექსპერტი, ჟურნალ “არსენალის” მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ამბობს, რომ ის ასაფეთქებელი მოწყობილობები და ნივთიერებები, რაც სუს-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანდა, დივერსიული მოქმედებებისთვის გამოიყენება, თუმცა, მისი თქმით, მათი მდგომარეობა სავალალო იყო.

“სუს-ის მიერ ნაჩვენები ყველა ასაფეთქებელი მოწყობილობა და ნივთიერება გამოიყენება ისეთი ტიპის დივერსიული მოქმედებისთვის, რასაც ნავთობის ან გაზის მილის აფეთქება ჰქვია. განსაკუთრებით ამისთვის განკუთვნილია ის კუმულატიური მუხტი, რომელიც ეწებება რკინის მილს, აფეთქებისას კუმულატიური ჭავლით ხვრეტს მას და ახდენს აფეთქებას.  სუს-ის მიერ ნაჩვენებ ვიდეოში ერთ-ერთი სწორედ ეს მოწყობილობაა. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ რაც ვნახე, ამ მოწყობილობების ტექნიკური მდგომარეობა საკმაოდ სავალალოდ გამოიყურებოდა. აშკარად ეტყობა დაჟანგვის კვალი და არ არის გამორიცხული, რომ ისინი საერთოდაც არ ამოქედებულიყვნენ.

დეტონირებად სადენზეც ექსპერტიზაა ჩასატარებელი, რამდენად შესაძლებელი იყო მისი გამოყენება. შესაძლოა, ინახებოდა მიწის ქვეშ, არ იყო დაცული სინესტისგან და შეიძლება ზოგიერთ მათგანს საერთოდაც არ ემუშავა”, – ამბობს ირაკლი ალადაშვილი, რომელიც განმარტავს, რომ აფეთქება ლოკალური იქნებოდა, თუმცა, ის გაზსადენს მწყობრიდან გამოიყვანდა. ის ნახვრეტი, რომელსაც მილზე კუმულატიური მუხტი გააკეთებდა, იქნებოდა მაქსიმუმ რამდენიმე სანტიმეტრი სიდიდის და აფეთქების შემდეგ, იმ ლოკალურ ადგილზე აალდებოდა გაზი. თუმცა, გაზსადენი, რა თქმა უნდა, მწყობრიდან გამოვიდოდა. სამწუხაროდ, ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველო ომებში იმყოფება და მსგავს ასაფეთქებელ მოწყობილობებზე თუ ნივთიერებებზე ძალიან ბევრ ადამიანს მიუწვდება ხელი, ვისაც შეხება ჰქონდა საბრძოლო მოქმედებებთან, ან არც ჰქონდა, მაგრამ ვიღაცას შეეძლო მიეყიდა ან ეჩუქებინა. ომების პერიოდში საქართველოში ძალიან ბევრი ასაფეთქებელი მოწყობილობა გაიბნა”, – აღნიშნავს ირაკლი ალადაშვილი.

ვის აძლევს ხელს მაგისტრალური გაზსადენის აფეთქება

“ტერორიზმი იმდენად ფაქიზი თემაა, ინტერესების და სავარაუდო დამკვეთების დასახელება მიჭირს. თუმცა, ერთს ვიტყვი, რომ ეს არის სახელმწიფო სპეცსამსახურის დონეზე განხორციელებული დივერსიის ტოლფასი”, – ამბობს ვახტანგ მაისაია. მისი თმით, ეს იყო კარგად მომზადებული ჯგუფი და მსგავსი ტერაქტის დაგეგმვას, სულ მცირე, 1 წელი მაინც სჭირდებოდა.

“აქვე ერთ მინიშნებას გავაკეთებ, ამ საქმის გამოძიებას აწარმოებს არა ანტიტერორისტული დეპარტამენტი (როგორც წესი, მას უნდა გამოეძიებინა), არამედ, კონტრდაზვერზვის დეპარტამენტი, რაც მიუთითებს პოლიტიკურ შპიონაჟსა და დივერსიის აქტზე. ის, რომ პრევენციაზე მუშაობს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, ნიშნავს იმას, რომ კონტექსტი პოლიტიკურია. თვითონ ჯგუფის წევრების რაოდენობაც, სამხედრო დივერსიული ჯგუფისას შეესაბამება. პლუს ამას, ოპერატიულ უზრუნველყოფას უკეთებდნენ ძალოვან სტრუქტირებში ჩანერგილი პირები, რომელსაც “თხუნელას” უწოდებენ. ისინი სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესებს ასრულებენ. მათ გამოიყენეს ოპერატიული ძალოვანი სტრუქტურის აგენტურის საშუალება”, – ამბობს ვახტანგ მაისაია და განმარტავს, რომ აგვისტოს თვეში მსგავსი ტერორისტული აქტი დაძაბავდა როგორც ქვეყნის შიგა, ისე რეგიონალურ პოლიტიკურ ვითარებას. იქიდან გამომდინარე, რომ ტერორისტული აქტი აგვისტოს ბოლოს უნდა განხორციელებულიყო, ყველა შემთხვევაში დაძაბავდა პოლიტიკურ ვითარებას და გაურკვეველი იქნებოდა, ეს ტერაქტი ვინ ჩაიდინა. რაც ყველაზე მთავარია, კიდევ უფრო დაძაბავდა რეგიონალური უსაფრთხოებას, ურთიერთობას საქართველო, სომხეთსა და რუსეთს შორის.

მე არ გამოვრიცხავ, რომ ამ სიტუაციაში შესაძლოა ესარგებლა რუსეთის ხელისუფოლების წარმომადგენლებს, რომლებსაც შესაძლოა ეთქვათ, რომ საქართველოს არის არაეფექტური ტერორისტული ქმედებების პრევენციის კუთხით და შემოეთავაზებინათ ერთობლივი კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარება, ან ანტიტერორისტული ცენტრების შექმნა, რაც რუსეთმა ირანისა და თურქეთის მისამართით გამოიყენა. თუმცა, კონკრეტულ ვერსიებზე და დამკვეთებზე საუბარს მოვერიდები. ჯობია, ისევ გამოძიების შედეგებს დაველოდოთ. ეს არის უნიკალური შემთხვევა, როდესაც მთელი ჯგუფის დაკავავება მოხდა, რაც იმედის საფუძველს იძლევა, რომ გახსნის ალბათობაა 80% მაინც არის. მათ შეიძლება დაასახელონ შემკვეთი”, – ამბობს ვახტან მაისაია.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ტერორისტული აქტის განხორციელებაში კომბინირებულ ინტერესებს ხედავს და ამბობს, რომ შესაძლოა ქვეყნის შიგა და გარე ძალები ერთობლივადაც მოქმედებდნენ. “რადგან საქმე მაგისტრალურ გაზსადენს ეხება, ბუნებრივია, რომ აქ ძალიან მაღალი ალბათობით, პოლიტიკურ მოტივებზე უნდა ვისაუბროთ. იმიტომ, რომ ეს გაზსადენი ერთი მხრივ, სომხეთისთვის ფაქტობრივად სიცოცხლის გზაა და მეორე მხრივ, რუსეთისთვსიაც ძალიან მნიშვნელოვანია. აქ სხვადასხვა დამკვეთი შეიძლება იყოს, ურთიერთსაწინააღმდეგოც კი. არჩვენების წინ ალბათ რაღაც ტიპის რისკების ინსცენირება იყო დაგეგმილი, შესაბამისად, ამის ორგანიზატორი კომბინირებულია შიგა და გარე ძალებით, რომელთაც საერთო პოლიტიკური მიზნები აქვთ. თუმცა, ვინ, რა მიზნით – მე გამიჭირდება ამაზე საუბარი. კარგია, რომ ეს თავიდან იქნა აცილებული, მაგრამ ჩვენ იმაზე უნდა ვიფიქროთ, რომ ასეთი ჯგუფი კიდევ არ იყოს სადმე. როდესაც ასეთი მაღალი დონის დივერსია იგეგმება, არ არის გამორიცხული, რომ აქ რამდენიმე ჯგუფი მოქმედებდეს.

მსგავსი პოლიტიკური ტერაქტების დაგეგმვას ყოველთვის აქვს სარეზერვო გეგმაც. სერიოზული დაკვირვებაა საჭირო და ოპერატიული მუშაობა გასაგრძელებელია, რადგან პოტენციური საფრთხე თავიდან ავიცილოთ”, – ამბობს გია ხუხაშვილი, რომელიც აღნიშნავს, რომ შესაძლოა ტერაქტი გამოყენებული ყოფილიყო სომხეთს, საქრთველოსა და რუსეთს შორის გაუგებრობის შესაქმნელად. როგორც წესი, ასეთი დივერსიის დამკვეთს მოვლენების განვითრების თავისი გაგემა აქვს. შესაძლოა ეს გამოყენებული ყოფილიყო სომხეთსა და რუსეთთან მორიგი გაუგებრობის შესაქმნელად, რაც წინასაარჩევნოდ რაღაც მიზნებს შეიძლება ემსახურებოდეს. “ეს იმდენად მძიმე თემაა და იმდენ ინტერესებთან არის გადაჯაჭვული, რომ, სიმართლე გითხრათ, ცალსახად დამკვეთის დასახელება მიჭირს. დამკვეთი შეიძლება იყოს როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან, განვითარების სხვადასხვა სცენარებით, რაც უკვე სუს-ის საქმეა და უნდა მიიყვანოს ბოლომდე”, – ამბობს გია ხუხაშვილი.

„რეზონანსი“, 23 აგვისტო, 2016 წელი

რატომ ახსენა თარხან ბათირაშვილმა თავის ანდერძში კავკასია

თაკო მათეშვილი

(შემოკლებით)

“ისლამური სახელმწიფოს” ფრანგულენოვანმა ონლაინ-ჟურნალმა პანკისელი მებრძოლის, თარხან ბათირაშვილის (უმარ ალ-შიშანის) ანდერძი გამოაქვეყნა. სპეციალისტთა უმრავლესობა მის ავთენტურობაში დარწმუნებული არ არის, თუმცა აცხადებენ, რომ თუკი ეს ტექსტი, სადაც კავკასიაცაა ნახსენები, მართლაც ბათირაშვილმა დაწერა, საქართველოსთვის რაიმე საფრთხეს არ შეიცავს.

“ისლამური სახელმწიფოს” ფრანგულენოვანი ონლაინ ჟურნალის “დარ ალ ისლამის” მიერ გამოქვეყნებული ანდერძის თანახმად, თარხან ბათირაშვილი რამდენიმე რეკომენდაციას იძლევა და იმედოვნებს, რომ ისინი შეძლებისდაგვარად განხორციელდება.

“ჩემი უკანასკნელი რეკომენდაციები, რომლებიც, იმედია, განხორციელებული იქნება, რამდენადაც შესაძლებელია. (…) მეხუთე რეკომენდაცია: ო, მორწმუნეების ემირო, ალაჰმა დაგიფაროს – ალაჰის სახელს ვახსენებ, რათა დაგლოცოს და რათა შეძლო შენს ირგვლივ შეკრიბო დაჩაგრული, დამშეული, მიმოფანტული მორწმუნეები. რათა ალაჰმა შეგაძლებინოს ორი წმინდა ადგილის, ქვეყნის დაპყრობა, ისევე, როგორც იერუსალიმის დაპყრობა. და ბოლოს, მორწმუნეების ემირო, გთხოვ, არ დაივიწყო კავკასია”, – ნათქვამია ანდერძში.

პირველი კითხვა, რაც წერილთან დაკავშირებით გაჩნდა, ის იყო, თუ რამდენად სანდოა იგი და ნამდვილად თარხან ბათირაშვილის დაწერილია თუ არა.

როგორც კავკასიოლოგი და კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე ამბობს, „ამაში დარწმუნებულები, რა თქმა უნდა, ვერ ვიქნებით, რადგან არავინ იცის, რეალურად ვინ დაწერა ეს ტექსტი. თუმცა, აქვე იმასაც დასძენს, რომ პანკისელებს, ვინც ბათირაშვილს პირადად იცნობდა, ამაში ეჭვი არ ეპარებათ. ზოგადად, მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ისლამისტ ლიდერებს შორის ამგვარი ანდერძების დატოვების ტრადიციაც არსებობს, იმაშიც ვერ ვიქნებით დარწმუნებული, რომ წერილი ნამდვილად ანდერძად იყო ჩაფიქრებული. არეშიძე არ გამორიცხავს, რომ შეიძლება ეს უბრალოდ ბათირაშვილის გზავნილი იყო თანამებრძოლებისათვის.

გამოქვეყნებულ ტექსტში განსაკუთრებით იქცევს ყურადღებას ბოლო წინადადება. საზოგადოების ნაწილმა კავკასიის არდავიწყებისაკენ მოწოდება ღია მუქარად აღიქვა და მიიჩნია, რომ ბათირაშვილმა “ისლამურ სახელმწიფოს” რეგიონში გააქტიურებისაკენ მოუწოდა. ამ მოსაზრებას მამუკა არეშიძე არ ეთანხმება და ამბობს, რომ ამგვარი შიშის საფუძველი არ არსებობს.

“ბოლო პუნქტის გარდა მთელ ტექსტში საუბარი იმაზეა, რაც ისლამისტების ცხოვრების წესია ჯიჰადი, ჰიჯრა. რწმენის განმტკიცება და სარწმუნოებისათვის ბრძოლა ამ ორგანიზაციის წევრებისათვის ისედაც აუცილებელია. ასე რომ, მთელ ტექსტში განსაკუთრებული არაფერია. რაც შეეხება მეექვსე პუნქტს, შეიძლება ითქვას, რომ ეს მისი დამოკიდებულებაა რეგიონის მიმართ. შეიძლება ცოტა ხმამაღალი ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ მას უყვარდა კავკასია და თავისი ქვეყანა – საქართველო. თავისებური და ძალიან საინტერესო დამოკიდებულება ჰქონდა. ამაზე პირადად მასთან არ მისაუბრია, მაგრამ მისი ყოფილი თანამებრძოლები ქართული არმიიდან ამას ყოველთვის ხაზს უსვამდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო მოწოდება ბრძანების კილოთია დაწერილი, ეს ალბათ, უბრალოდ, მიმართვაა და სხვა არაფერი. ვერ ვიტყვი, რომ ეს განსაკუთრებულ ხიფათს შეიცავს. ჩვეულებრივი ტექსტუალური ფორმაა და ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. მაჰმადიანის მიერ შედგენილ წერილებში ბოლოში ასეთი მიმართვა ხშირადაა. ასე რომ, ეს ნაწილი მაინცადამაინც საფრთხის შემცველად არ უნდა აღვიქვათ,” – აცხადებს მამუკა არეშიძე.

პანკისის უხუცესთან საბჭოს ხელმძღვანელი ხასან ხანგოშვილი წერილის ავთენტურობას ეჭქვეშ აყენებს. თუმცა, მისი აზრით, თუკი ეს ტექსტი მართლაც ბათირაშვილის დაწერილია, იგი შესაძლოა ჩრდილო კავკასიას, ან კონკრეტულად ჩეჩნეთს გულისხმობდა – რათა მათ არ დაივიწყონ, თუ რა მოხდა იქ და შურისძიებსიათვის ყველთვის მზად იყვნენ. ასე რომ, მისი აზრით, ამ ნათქვამში საშიში არაფერია.

“გამორიცხულია მას კავკასიაში “ისლამური სახელმწიფოს” გააქტიურება და მითუმეტეს ტერაქტები ეგულისხმა. ასეთი მოწოდება ბათირაშვილის ან სხვა კავკასიელი მებრძოლების მხრიდან არასოდეს ყოფილა, იმ აჭარლების გამოხდომას თუ არ ჩავთვლით. ბათირაშვილი ასეთ რამეს არც ერთ შემთხვევაში არ იგულისხმებდა. მის წერილს სიღმრისეულად თუ გავაანალიზებთ, მას ახალი არაფერი უთქვამს, რაც ჯიჰადში ისედაც არ დევს. ყურანში განმარტებულია, რომ მთავარი ჯიჰადი სულიერი განწმენდა და საკუთარ თავთან ბრძოლაა. მისი მოწოდებები ამასაც გულისხმობს, რაც ისედაც ცხადია. ასე რომ, მის წერილში რადიკალური და შემაშფოთებელი არაფერია,” – განგვიცხადა ხასან ხანგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფოს” ერთ-ერთი ლიდერის თარხან ბათირაშვილის (უმარ ალ-შიშანი) დაღუპვის შესახებ ინფორმაცია არერთხელ გავრცელდა, თუმცა საბოლოოდ, ეს ფაქტი მიმდინარე წლის ივლისში დადასტურდა. თარხან ბათირაშვილი საქართველოს მოქალაქე იყო. ის “ისლამური სახელმწიფოსთვის” ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურას წარმოადგენდა. ბათირაშვილი ე წ. ომის მინისტრის პოსტს იკავებდა.

„რეზონანსი“, 23 აგვისტო, 2016 წელი

ეკონომიკის ზრდის ტემპებს მოსახლეობა სიღარიბიდან ვერ ამოჰყავს

მარიამ ხიდაშელი

ეკონომიკა წინ კუს ნაბიჯებით მიიწევს. შედეგად ქვეყნის მთავარი პრობლემების მოგვარება – უმუშევრობა, სიღარიბის დონის შემცირება ვერ ხერხდება. ხელისუფლებაში, ხშირად თავს იმით იმართლებენ, რომ მეზობელი ქვეყნები უარეს მდგომარეობაში არიან. სპეციალისტები კი აცხადებენ, რომ ეკონომიკას სჭირდება სტრუქტურული რეფორმები, რათა გაცილებით უფრო მაღალი ზრდა გვქონდეს და მოსახლეობის ცხოვრების დონე გაუმჯობესდეს.

მთავრობაში ეკონომიკური ზრდის ტემპებით კმაყოფილები არ არიან, მაგრამ თავს იმით იმშვიდებენ, რომ საქართველოს რეგიონის ქვეყნებთან შედარებით უკეთესი ეკონომიკური მაჩვენებლები აქვს. წინა კვირას, ეკონომიკის სამინისტროში სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ექსპორტის შემცირებული მონაცემებიც კი გაზრდილად წარმოაჩინეს. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, საქართველოს საგარეო ვაჭრობა 17%-ით არის გაზრდილი, ფულადი გზავნილები აღარ მცირდება, უფრო მეტიც ეკონომიკის სამინისტროში იმედოვნებენ, რომ წლის ბოლოს, 2015 წელთან შედარებით ემიგრანტების მიერ ჩარიცხული თანხა გაიზრდება.

ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, წმინდა საერთაშორისო ფულადი ნაკადები (პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გამოკლებით) დაახლოებით 210 მილიონი დოლარით არის გაზრდილი. რაც შეეხება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ახალი მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებია, პირველი კვარტლის მონაცემებით კი ინვესტიციებმა 30 პროცენტით მოიმატა. ნიკოლოზ გაგუას თქმით, სავაჭრო ბალანსი 84 მილიონი დოლარით არის გაუმჯობესებული.

მინისტრის მოადგილე ექსპორტის 12 პროცენტიან ვარდნასაც ახსნას უძებნის. იგი ამბობს, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახური ექსპორტის ნომინალურ მონაცემებს აქვეყნებს, თუმცა თუკი ანალიზი ფასის ეფექტის გამოკლებით გაკეთდება, პირველ და მეორე კვარტალში ექსპორტის ნულოვანი კლება აღინიშნება, ხოლო ივნისში რეალური ზრდა – 2.9 პროცენტია.

“რაც შეეხება იმპორტის შემცირებას. აქ კიდევ ერთი პოზიტიური გარემოებაა ის, რომ გაიზარდა საინვესტიციო საქონლის იმპორტი. შესაბამისად, შემცირება მოდის სამომხმარებლო და შუალედურ საქონელზე და ეს არის ძალიან ჯანსაღი სახის შემცირება”, – ირწმუნება ნიკოლოზ გაგუა.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები 13 პროცენტით გაიზარდა და მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში ქვეყანაში 130 მილიონი დოლარით მეტი უცხოური ვალუტა შემოვიდა. ხოლო, ლარში კრედიტებისა და დეპოზიტების მოცულობა მატულობს.

“მას შემდეგ, რაც გასული წლის ბოლოს დოლარიზაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა, იგი ნელ-ნელა უკან იხევს. მნიშვნელოვანია ეს ტენდენცია გაგრძელდეს. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ მთავრობა მუშაობს ლარიზაციის კომპლექსურ გეგმაზე, რამაც უნდა შექმნას ქმედითი სტიმულები ეკონომიკის ლარიზაციისთვის”, – განაცხადა გაგუამ და აღნიშნა, რომ ეს ტენდენცია ეკონომიკის სწრაფი და სტაბილური განვითარების აუცილებელი წინაპირობა.

გაგუას შეფასებით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გაუმჯობესდა და დღესდღეობით, დაახლოებით, 3 პროცენტის ფარგლებში ფიქსირდება. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ეროვნულმა ბანკმა პროგნოზი გაზარდა და წლის ბოლოსთვის 3,5 პროცენტიანი ზრდაა დაგეგმილი.

“ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველოს” პრეზიდენტი პაატა შეშელიძე ამბობს, რომ მთავარი არა ეკონომიკური პროგნოზის განსაზღვრა, არამედ მისი შესრულებაა. შეშელიძის შეფასებით, დღევანდელი ეკონომიკა არის სუსტი და უპერსპექტივო.

“ჩვენ გვაქვს ეკონომიკა ბევრი კითხვის ნიშნითა და ყოველგვარი სინათლის სხივის გარეშე. გრძელდება სავალუტო კურსებით მანიპულირება, ირიბი გზით სახელმწიფო პროგრამების დაფინანსება, მთავრობაში საუბრობენ ერთს და აკეთებენ მეორეს, სათანადო ტემპებით არ მიდის არცერთი რეფორმა, რომელიც პოზიტიური შედეგის მომტანი იქნებოდა, მაგალითად, პრივატიზება და მიწის რეფორმა ეს არის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. არასოდეს არ შესრულებულა ქამრების მოჭერასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები. აქედან გამომდინარე მთავრობის შეფასებები და ცხოვრება არის განსხვავებული. ეს არ შეიცვლება. აქცენტი არის აღებული იმაზე, რომ ვიღაცას თვალში ნაცარი შეაყარონ და კიდევ ერთი პერიოდი გადააგორონ”, – ამბობს პაატა შეშელიძე და დასძენს, რომ ყველა მონაცემი, რომელიც ოფიციალურად ქვეყნდება – ეროვნული ბანკი, სტატისტიკის სამსახური, ფინანსთა სამინისტრო, არც ერთი მათგანი ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა.

“ფულს ხარჯავენ, დაპირებები არის ვრცელი, შედეგები მცირე. დღეს არის გაურკვეველი მონეტარული პოლიტიკა და პერსპექტივა. მხოლოდ ცალი თვალით რომ შევხედოთ პოლიტიკურ ვითარებას, ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით ხელისუფლების დამოკიდებულება ნათელია. რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრი აცხადებდა, რომ არჩევნების მეორე დღიდან ეკონომიკის შეუქცევადი ზრდა დაიწყებაო. ასეთი განცხადება, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სამი წლის წინაც გააკეთა. თუ რამის გაკეთება უნდათ ხელს რა უშლით, ეკონომიკის ზრდასთან არჩევნები რა შუაშია. ქვეყანა იმართება ისე, როგორც იმართებოდა “ქართუ ბანკი”. გვაქვს მოუწესრიგებელი სისტემა, ნახევრადკომპეტენტური კადრები, ეს არის მიუღებელი”, – ამბობს პაატა შეშელიძე.

პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი კი მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, მოსახლეობას სწრაფი განვითარების გეგმის მეშვეობით “აგუგუნებულ” ქვეყანას ჰპირდება. პრემიერი ყურადღებას ამახვილებს სოფლის მეურნეობასა და ჯანდაცვის სექტორების წინსვლაზე და აცხადებს, რომ მუშაობა ამ მიმართულებით აქტიურად გაგრძელდება.

ეკონომისტები იმაზეც თანხმდებიან, რომ რეგიონში მიმდინარე პრობლემების მიუხედავად ქვეყნის ეკონომიკა რეცესიამდე არ მისულა და ზრდის ტენდენცია შენარჩუნდა. ამასთანავე, ეკონომისტები მთავრობას ურჩევენ, რომ მთავარი აქცენტი განათლებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებაზე გააკეთდეს. კერძოდ, საბიუჯეტო რესურსების დიდი ნაწილი სწორედ ამ კუთხით წარიმართოს.

“ჩვენი ეკონომიკა, განსაკუთრებულ, დადებით მაჩვენებლებს ვერ აჩვენებს, მაგრამ სახელმწიფო ჩინოვნიკებს დავეთანხმები იმაში, რომ ეკონომიკა საკმაოდ ნელი ტემპებით, მაგრამ იზრდება. როდესაც ვსაუბრობთ არის თუ არა ეკონომიკაში ჯანსაღი მდგომარეობა უნდა განვსაზღვროთ ამაში რას ვგულისხმობთ. ერთის მხრივ შეიძლება ვისაუბროთ, რომ ქვეყანაში რეცესია არ ყოფილა. თუმცა მეორე მხრივ ეკონომიკის 2-3%-იანი ზრდა საკმარისი არ არის და განვითარებისთვის უფრო სწრაფი ტემპებია საჭირო”, – ამბობს “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” წარმომადგენელი მერაბ ჯანიაშვილი.

ჯანიაშვილის აზრით, თუკი ხელისუფლება პრიორიტეტებს სწორად განსაზღვრავს საქართველო უფრო სწრაფი ტემპით განვითარდება. ჯანიაშვილი ამბობს, რომ სოფლის-მეურნეობის მხარდასაჭერად ხელისუფლება ასეული მილიონობით ლარს არ უნდა ხარჯავდეს. სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიგა პროდუქტში 7-8% იყო, ახლა კი 9-10%-ია, რაც ნიშნავს, რომ მრავალრიცხოვანი ინვესტიციის შედეგი არც ისე დიდია.

“სოფლის-მეურნეობის დასაფინანსებლად დიდი რაოდენობის თანხა იხარჯება და ადეკვატური შედეგი არ გვაქვს. სოფლის მეურნეობის ეფექტურობა მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. ინვესტიციები განათლებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითრებაში უნდა ჩაიდოს”, – მიიჩნევს ჯანიაშვილი.

„თბილისელები“, 22 აგვისტო, 2016 წელი

რატომ აინტერესებს ქართულ პოლიტიკურ სპექტრს დაქორწინება-არდაქორწინების საკითხები რეგიონში მიმდინარე ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაზე მეტად?

ნინო ხაჩიძე

8 აგვისტოს ბაქოში ერთმანეთს შეხვდნენ რუსეთის, აზერბაიჯანისა და ირანის პრეზიდენტები, 9 აგვისტოს პუტინი ერდოღანმა მოინახულა, 9 აგვისტოს კი – სომხეთის პრეზიდენტმა სარგისიანმა. მეტიც, ირანი მიესალმა რუსეთ-თურქეთის გადაწყვეტილებას, ერთობლივად შეუტიონ ისლამისტებს და ირანმაც გამოთქვა სურვილი, მესამე კაცად შეურთდეს ორთა ამ ერთობას. ოფიციალურ თბილისს არც ერთ ოფიციალურ შეხვედრაში (უპირველესად და, ძირითადად, ვგულისხმობ ბაქოში გამართულ შეხვედრას) არ მიუღია მონაწილეობა, თუმცა ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მოვლენები ჩვენ გარეშე ვითარდება, არადა აუცილებლად შეგვეხება და თუ არ ჩავერევით, არც თუ სასიკეთოდ. ახალ გეოპოლიტიკურ გადაჯგუფებებზე კაკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი გვესაუბრება.

რა პროცესები მიდის ჩვენ გარშემო, მართლაც თამაშგარედ ვართ თუ რის იმედად?

– ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს, ქართველებსა და კავკასიელებს როგორც კავკასიაში, ისე მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებლებს დღეს უფრო მნიშვნელვანი საქმე არ აქვთ, ვიდრე ეს შეხვედრებია, იმიტომ რომ ეს საქართველოსა და კავკასიის ბედისთვის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და ისტორიული შეხვედრებია. უბედურება ის კი არ არის, რომ ამ შეხვედრებს ქართველები არ ესწრებიან, უბედურება ის არის, რომ ქართველებმა არ იციან, რომ ამ შეხვედრებს უნდა დაესწრონ. უბედურება ის არის, რომ ქართველებმა არ იციან, რომ ეს შეხვედრები თბილისში უნდა ტარდებოდეს და თბილისის ინიციატივით; უბედურება ის არის, რომ ქართულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს, ვგულისხმობ როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას, არაფრის მომცემ თემებზე კამათის გარდა არაფერი აინტერესებს.

უსuფაშვილმა, რომელიც, უდავოდ, კარგი პარლამენტის თავმჯდომარეა, უცნაური ინციატივა წამოაყენა, რომ კონსტიტუციაში ჩაიწეროს ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფების შესახებ, არადა არავინ იცის, როგორ შეიცვლება ვითარება და ბლოკები 20 წლის შემდეგ და როგორ გადალაგდება ჩვენი რისკები, კონსტიტუცია საშინაო დავალების რვეული ხომ არ არის, რომ გადავაკეთ-გადმოვაკეთოთ, იმისდა მიხედვით, რა სამხედრო-პოლიტიკური ბლოკები შეიქმნება?

– ასეთივე სამარცხვინო მოთხოვნა იყო, კონსტიტუციაში ჩაწერილიყო, რომ ქალი ქალზე არ უნდა დაქორწინდეს. ხომ არ შეიძლება, კონსტიტუცია ოროსნის დღიურს დაამსგავსო, რომლებშიც ნიშნებია გადაკეთებული.  არ არის აუცილებელი, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ევროატლანტიკური მისწრაფება გვაქვს, სავსებით საკმარისია, ჩაიწეროს, რომ ქვეყანას ექნება განვითარების პოლიტიკური კურსი, რომლის მიზანია კავკასიური ჰაბობა. სავსებით საკმარისია, წამყვანი ძალა იყო კავკასიაში, პოლიტიკურად და კულტურულად, რომ ნებისმიერი ალიანსისთვის სასურველი გახდე. სპორტული ტერმინით რომ ვთქვა, უნდა იყო პელე, მარადონა, მესი და ყველას მოუნდება, რომ მასთან იყო და შენთან იყოს. ყველვს უნდა, რომ სტაბილური, ღონიერი, გონიერი და შემოქმედი ქვეყნის პარტნიორი იყოს.

ამ შეხვედრებმა უკვე ჩაიარა უჩვენოდ, რის შეცვლა შეგვიძლია?

– ჩვენ აუცილებლად უნდა შევხვდეთ ყველა იმ პოლიტიკურ ლიდერს, ყველა იმ ქვეყნის მეთაურს რომლებსაც შეხვდა პუტინი. აბსოლუტურად ყველასთან უნდა გავიაროთ თემები ერთი ერთზე, მარტივი მიზეზით, ჩვენ გარეშე ამ რეგიონში ვერაფერი ვერსად ვერასდროს გაივლის ვერც აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და ვერც პირიქით. თუ ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება და გადაწყვეტენ, რომ გვერდი აუარონ საქართველოს, საქართველოს ბევრი მექანიზმი აქვს საიმისოდ, რომ ირანი, აზერბაიჯანი და სომხეთი შავ ზღვასთან არც კი მიუშვას. ხოლო, თუ ვინმე გაბედავს და გვერდს აგვივლის, კეთილი ინებოს და გამოიყენოს ნოვოროსიისკის პორტი და ვნახოთ, თუ ოთხჯერ-ხუთჯერ არ გაუძვირდებათ ნებისმიერი პროდუქციის თვითღირებულება, რაც მათი პროდუქციის კონკურენტუნარიანობას დაბლა დასწევს. ჩვენა არ უნდა შეგვრცხვეს ამ თემებზე ხმამაღლა ლაპარაკის, ჩვენ შევეჩიეთ მორჩილ, მორიდებულ, დაბეჩავებულ როლს, როდესაც ბოლო 25 წელია, თავში გვირტყამენ და ჩვენც ვეხვეწებით, ოღონდ ორი კაპიკი გადმოგვიყარეთ და ყველაფერზე თანახმანი ვართო. არადა, ჩვენ ვართ ბატონ-პატრონები ამ მიწის, ამ სახელმწიფოსი, ჩვენი ღირსეული წინაპრები იბრძოდნენ ათეულობით საუკუნეების განმავლობაში და დაგვიტოვეს ედემის ბაღი და ჩვენი თაობა, რომლებიც ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული უანგაროდ მოვდივართ, ამას შევინარჩუნებთ. ხოლო, ვინც წარმოშობით ყიზილბაში ან ოსმალოა, იდავოს, ქალი ქალზე უნდა დაქორწინდეს თუ კაცზე და რომელი ალიანსის წევრი გავხდეთ. ჩვენ უნდა შევქმნათ ნამდვილი კავკასიური ალიანსი, რომელშიც გაერთიანდება მთელი რეგიონის სულიერი და პოლიტიკური ცხოვრება. როდესაც ვლაპარაკობ კავკასიის რეგიონულ პოლიტიკაზე, ვგულისხმობ შავი და კასპიის ზღვების აუზების ქვეყნებს შორის ურთიერთმომგებიან კავშირურთიერთობას, სადაც თამადა ქართველია. კავკასიური ნაგაზი შეიძლება, ცირკში გაიზარდოს, როგორც ჯამბაზი, მაგრამ ბუნებრივ გარემოში რომ გამოიყვან, მაშინვე მეომარი ხდება. გაიღვიძეთ, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები მიიღება!

რა მოხდა ბაქოში? რაზე შეიძლებოდა, პუტინი მოლაპარაკებოდა ალიევს და იქნებდა ჩვენს საზიანოდაც?

– სავსებით ბუნებრივია, რომ პუტინს აქვს გაცხადებული ანტიდასავლური პოლიტიკა. პუტინმა თავისი ძალების დემონსტრირება მოახდინა სირიაში, კონფლიქტში შევიდა დასავლურ კოალიციასთან და თურქეთთან, მაგრამ მიხვდა, რომ მეორე ავღანეთში ჩაერთვებოდა, თან, სირია არ არის რუსეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სივრცე და ბოლოს და ბოლოს, მივიდა დასკვნამდე, რომ ყველა პრობლემის გასაღები დევს კავკასიაში. დასავლეთთან დასაპირისპირებლად რუსეთს აუცილებლად სჭირდება ისეთი ეკონომიკური ბერკეტი, რომლითაც ის მნიშვნელოვანი გახდება დასავლეთისთვის, რომ იზოლაციაში არ მოხვდეს; დასავლეთს სჭირდება რუსეთის ენერგომატარებლები, ამის ალტერნატივა კი არის შუა აზიის, ირანისა და აზერბაიჯანის ენერგომატარებლების საქართველოს გავლით თურქეთიდან ევროპისკენ გატარება. რუსეთი ევროპას ბირთვულ რაკეტებს არ ესვრის.

არც სჭირდება, თვითონაც განადგურდება

– რა თქმა უნდა. ანუ მისთვის ეს ნაბიჯი მომგებიანი არ არის, მისთვის ახლა მთავარია, რომ დასავლეთისთვის გახდეს ენერგომომარაგების მთავარი წყარო და სავსებით ბუნებრივია, რომ კავკასია, როგორც ფეთქებადსაშიში რეგიონი, სადაც რამდენიმე დაკონსერვებული ეთნიკური კონფლიქტია, მისთვის საფრთხეს წარმოადგენს. საქართველო რუსეთისთვის არის ათვლის ბოლო წერტილი: თუ საქართველოდან დაიწყებს საუბარს, დანარჩენი ქვეყენები დაელოდებიან საქართველოს პასუხს და შემდეგ ულტიმატუმებით დაელაპარაკებიან რუსეთს. ამიტომ რუსეთი პირდაპირ ელაპარაკება სავარაუდო პარტნიორებს. დაელაპარაკა აზერბაიჯანს და დაელაპარაკა ყარაბაღზე. ჩვენ თქვენთან ერთ-ერთ ინტერვიუში ვთქვით, რომ აზერბაიჯანს მისცეს ყარაბაღის რამდენიმე რაიონი, ანუ ყვითელი აუნთეს და იმედით ჩაუსახეს, რომ მწვანესაც აუნთებენ. დარწმუნებული ვარ, ალიევ-პუტინის საუბრის მეორე საკითხი იყო უსაფრთხოება. მოგეხსენებათ, აზერბაიჯანში არის საბჭოთა კავშირისდროინდელი უდიდესი ანტისარადარო სისტემები, ოღონდ დასამონტაჟებელია. ამ სისტემებით, ფაქტობრივად, გააკონტროლებს ახლო და შორეულ აღმოსავლეთს, დაიცავს სარაკეტო დარტყმებისგან. და მათი მოლაპარაკების მესამე საკითხი იქნებოდა ენერგომატარებლები. არ გვგონია, რუსეთს აზერბაიჯანისთვის შეეთავაზებინა, რომ უარი თქვას თავისი ენერგომატარებლების საქართველოზე გატარებაზე. რუსეთს შუა აზიის ქვეყნებში ნაყიდი აქვს საბადობი და პრობლემა არ აქვს თურქმენეთთან და ყაზახეთთან, მაგრამ ირანთან და აზერბაიჯანთან ლაპარაკობს ამ ენერგომატარებლების ძირითად ხაზში წილობრივ მონაწილეობაზე.

თავისას გამოატარებს შუა აზიიდან?

– ეს უკვე დეტალებია. მთავარი აქ ის არის, რომ მისი სამიზნე დასავლეთია და არა კავკასია. იმისთვის, რომ უპირატესობა მოიპოვოს, როგორც ენერგომატარებლების მიწოდებისა და დასავლეთის ეკონომიკური კეთილდღეობის მთავარმა წყარომ, რუსეთისთვის ასგზის მეტი ფასი დაედო კავკასიას და მას ახლა კავკასიასთან ომი აღარ უღირს. რუსეთს კავკასიასთან უნდა გარიგება ან მორიგება. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი არ უყვარს და და არც თურქეთს უყვარს რუსეთი, საერთოდაც, ამ ორ იმპერიას არ შეიძლება, ერთმანეთი უყვარდეთ.

დროებითი და მყიფეა მათი ზავი.

– ტაქტიკური მოსაზერებების გამო ორივეს სჭირდება, ძალა აჩვენოს დასავლეთს. ორივე ახდენს პოლიტიკურ ზეწოლას დასავლეთზე, ორივე უთამაშეს კუნთებს დასავლეთს და თურქეთთან რუსეთის ურთიერთობა პირდაპირი გზავნილია კავკასიელებისთვის: თუ მე არ მენდობით, ვინც თურქეთს ენდობით კავკასიაში, დარწმუნებული იყავით, რომ თქვენი ინტერესები იქნება დაცული. ამის დასტურია რუსეთ-თურქეთს შორის სამ საკითხზე მოლაპარაკება: სავარჭო ურთიერთობების აღდგენა, რომელმაც 100 მილიარდს უნდა მიაღწიოს და მინდა გითხრათ, რომ საქართველოს ტერიტორისი გარეშე ამას ვერ განახორციელებენ. მეორე – ისინი შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე ენერგეტიკის სფერში.

მხოლოდსამხრეთის ნაკადისამოქმედებით თუ ჩვენი ტერიტორიის გამოყენებით?

– თუ ღიად გააკეთებენ შავი ზღვის მეშვეობით რუსულ-თურქულ ენერგოპროექტს და შეეცდებიან, გადაკეტონ ჯეიჰანის მიმართულება, მაშინ ჩვენ ძალიან სერიოზული პრობლემები შეგვიძლია, შევუქმნათ თურქეთიდან რუსეთისკენ მიმავალ ყველა ტვირთს, თურქეთიდან აზერბაიჯანისკენ მიმავალ ტვირთებს და პირიქით. იმის თქმა მინდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტი გვაქვს სავაჭროდ ამ მეორე საკითხზე. და მესამე – ისინი შეთანხმდნენ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე. რა თქმა უნდა, ამის პირველსახე არის ტერორიზმთან ერთობლივი ბრძოლა, თუმცა არ გამოვრიცხათ, რომ ეს ურთიერთობა უფრო შორს წავიდეს და შავი ზღვის აუზის კონტოლზეც იყოს საუბარი.

უკვე თურქეთზეა დამოკიდებული, ჩაუკეტავს თუ არანატოსხომალდებს შავ ზღვაში თავისუფლად შემოსვლას.

– და ჩვენ გვინდა თუ არა, გვაქვს რამის თავი თუ რა, ეს მესამე თემაც გვეხება. რაც შეეხება თურქეთისა და რუსეთის გარდა ქვეყნებს: აზერბაიჯანი, სომხეთი და ირანი, სამივე ჩვენზეა დამოკიდებული და მათთან ჩვენ ყოვლად უაპელაციოდ შეგვიძლია, ვისაუბროთ ტაქტის ფარგლებში. ვგულისხმობ სწორ დიპლომატიურ ფორმას ჩვენთვის მაქსიმალური მოგების მიღების მიზგით და ეს სულაც არ არის სასირცხვილო. რამდენჯერმ უარიც უნდა უთხრა შეთახმებისას, თუ შენთვის მისაღები არ არის რამე საკითხი, მაგალითად, რომ შენ, მთავარმა გამტარმა, მეორეხარისხოვან ქვეყნებზე ათჯერ ნაკლები არ უნდა მიიღო, საერთაშორისო სტანდარტებში უნდა ჩაჯდე. ყოველივე ამის შემდეგ, რომელი ალიანსიც უნდა იყოს მსოფლიოში უძლიერესი, შენ ხარ ნომერ პირველი ქვეყანა, რომელიც მისთვის ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი იქნება. ამიტომ გაძლიერდი, მამაცხონებულო?! დაანებე თავი, ქართველო კაცო, ჭორაობას?! ნუ იპარავ ფულს ბიუჯეტიდან და შენი შვილების ბედნიერი მომავლისთვის იბრძოლე, რომ  ღირსეული სახელმწიფო გქონდეს და ღირსეულ სახელმწიფოში უღირსების ადგილი ავტომატურად არ იქნება. ვირთხები, როგორც წესი, სად არიან?! ნაგვის ბუნკერში. სისუფთავეში ვირთხებს და ტარაკნებს რა უნდათ?! ჩვენ დღემდე ვერ დავინახეთ ჩვენი ხელისუფლების მიერ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, ვერც კომენატრები მოვისმინეთ.

პირადად მე ორი კვირაა, ველოდები, ჟურნალისტები რას დაწერენ ან რა გადაცემებს აგაკეთებენ ამ თემაზე, მაგრამ ყრუ დუმილია

– პირობითად ვიტყვი, რა შეუძლია, განაცხადოს საქართველოს ხელისუფლებას ამ პირობებში: მაგალითად, შეიძლება, ითქვას, რომ საქართველოს ხელიუფლება მიესალმება მშვიდობიან მოლაპარაკებებს ორ მოდავე მეზობელს შორის და მზად არის, მათთან ერთად განიხილოს ყველა ის საკითხი, რომლებიც ეხება საქართველოსა და რეგიონულ უსათრთხოებას. ამას გარდა: რომ აზერბაიჯანი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და რა მოლაპარაკებებიც უნდა შედგეს მის ხელძღვანელობასთან, ჩვენთვის მისაღებია, რადგან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენთან შეთანხმების გარეშე, საერთო ინტერესების წინააღმდეგ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. რაც შეეხება ირანს: შესაძლოა, ითქვას, რომ საქართველო მზად არის, 30-წლიანი ეკონომიკური ემბარგოს შემდეგ თავის ტერიტორიაზე გაატაროს ირანის ენერგომატარებლები და მზადაა, ისაუბროს პერსპექტიულ სტრატეგიულ პარტნიორ ირანთან აზერბაიჯანელებთან ერთად. ეს ისეთი გზავნილებით, რის შემდეგაც რუსეთი თუ თურქეთი, შუა აზიაც, ევროკავშირიც და მერიკამაც გაიგებს, რომ გავიღვიძეთ, გავცოცხლდით, ადამიანის სახე მივიღეთ.

„თბილისელები“, 22 აგვისტო, 2016 წელი

რატომ უყვართ ქართველებს ერთმანეთისთვის ჭკუის სწავლება

ნინო ხაჩიძე

ისე მოხდა, რომ საქართველოს მოქალაქეების ნაწილი უცხოეთში ცხოვრობს, ზოგი – ლეგალურად, ზოგიც – არალეგალურად, მათი ნაწილი უცხო ქვეყნის მოქალაქეცაა, მათი შვილებიც და უკვე – შვილიშვილებიც. შესაბამისად, გადასახადებსაც იმ ქვეყნებს უხდიან, სამხედრო ვალდებულებიც იმ ქვეყნების წინაშე არიან, იმ ქვეყნებისვე დახმარებით ახერხებენ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციას, თუმცა საქართველოში დარჩენილებს ხშირად ჭკუასაც არიგებენ და არც რჩევებს იშურებენ. მეორე მხრივ, ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა თავიანთი ძალისხმევა იქითკენ მიმართონ, რომ საქართველოშიც შეიქმნას წარმატებული ქვეყნის მოდელი, ურჩევნიათ, სხვათა მიერ შექმნილი სოციალური დაცვის სისტემებით ისარგებლონ და შვილებსაც ურჩიონ, რომ როგორმე აქედან გააღწიონ. ამ არც თუ სასიამოვნო რეალობის ფსიქოლოგიურ ასპექტებს ფსიქოლოგ ნოდარ სარჯველაძესთან ერთად განვიხილავთ.

ადამიანებს, რომლებიც არიან სხვა ქვეყნის მოქალაქეები და მორალურადაც და ფინანსურადაც არიან ანგარიშვალდებულები იმ ქვეყნების წინაშე, ახასიათებთ ტენდენცია, რომ ჭკუა დაარიგონ აქ დარჩენილებს. ეს ნორმალური და ბუნებრივი მოვლენაა?

– ნორმალური მოვლენაა, ალბათ, მათი თვალსაზრისით და არანორმალური მათთვის, ვინც ასე არ ფიქრობს. აქ ნორმებზე არ არის ლაპარაკი. აქ ლაპარაკია ქცევის მანერაზე – ჭკუის სწავლებაზე. საერთოდ, საქართველოში ჭკუის სწავლება უყვართ, ყველა ერთმანეთს ასწავლის ჭკუას და არიგებს; გავრცელებული მოვლენაა ჩვენთან ნაცვლად მოსმენისა ჭკუის სწავლება. არა მხოლოდ ის ქართველი, რომელიც უცხოეთში წავიდა საცხოვრებლად, გასწავლის ჭკუას, არამედ იმავეს აკეთებს ქართველი, რომელიც აქ დარჩა და ჭკუას გასწავლის, თუმცა მისი ჭკუის სასწავლებელი არაფერი გჭირს. თუმცა ქართველების დიდი ნაწილი, რომლებიც ქვეყნიდან წავიდნენ, ლუმპენპროლეტარიატის დონეზე არიან, მათი დიდი ნაწილი მოხუცებს უვლის.

მათ არ ვგულისხმობ, ისინი არავის ასწავლიან ჭკუას. ვგულისხმობ ნორმალური სოციალური სტატუსის მქონეთ, რომლებსაც აქვთ მოქალაქეობა, სარგებლობენ იმ სოციალური სისტემით, რაც იმ ქვეყანაშია

– თუ ამ ლოგიკით მივუდგებით, ქვეყნის შიგნითაც არიან ადამიანები, რომლებიც დარჩნენ, მაგრამ არანაირი სარგებლობა არ მოაქვთ ქვეყნისთვის, თუმცა აქვთ მაღალი სოცალური სტატუსი, მდგომარეობა და შემოსავალი და გასწავლიან ჭკუას, ესეც ხომ გამაღიზიანებელია?!

რა თქმა უნდა

– ყველაფერი დამოკიდებულია კონტექსტზე, რამ გამოიწვია მათი ასეთი ქედმაღლური ლაპარაკი?! ეს თავისებური ქედმაღლობაა: მე უკეთ ვცხოვრობ, უკეთეს ქვეყანაში, უკეთეს პირობებში და ჩემი გადმოსახედიდან, თქვენ რომ ცხოვრობთ, ისეთი ცხოვრება არ შეიძლება. ამ მესიჯის ავტორი შეიძლება, არც იყოს ქედმაღალი ადამიანი, მაგრამ ქცევა ქედმაღლურია. არსებობს ასეთი პოზიცია: მე ვარ კარგი ვარ, შენ ხარ ცუდი; მეორე – მე ვარ ცუდი, შენ ხარ კარგი; მესამე – მეც ცუდი ვარ, შენც ცუდი ხარ და მეოთხე – მეც კარგი ვარ და შენც კარგი ხარ. ყველაზე კარგია მეოთხე ვარიანტი, როდესაც დადებითად აფასებ შენი ცხოვრების წესს და სხვასაც დადებითად უფასებ. მაგრამ, თუ მე ვამბობ, მე კარგი ვარ და შენ ცუდი ხარ, ესე იგი, ქედმაღლური პოზიცია მიჭირავს და ეს ქედმაღლობა აშკარად გამაღიზიანებელია.

უპირატესობის შეგრძნება აქვთ, მე უფრო ნიჭიერი ვარ და უკეთ მოვიწყვე ცხოვრებაო და ამიტომ აძლევენ ამის უფლებას თავიანთ თავს?

– ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტულ შემთხვევაზე, ჩვენ ზოგადად ვსაუბრობთ, თუმცა თვით ამ ზოგადი მსჯელობის ფარგლებშიც შეიძლება, მივაგნოთ რაღაც ძაფს. ყველა ადამიან ს აქვს ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნილება – აღიარების მოთხოვნილება, რომ მაღიარონ, მცნონ, დამაფასონ. ეს არა მარტო ქართველს, ნებისმიერი ეროვნების ადამიანს ახასიათებს და მძიმედ განიცდება, თუ ადამიანი ფიქრობს, რომ არ აღიარებენ.

საქართველოში ისეთი ვითარებაა, რომ, ეტყობა, ბევრი ადამიანია ფრუსტრირებული, ანუ იმედგაცრუებული ზუსტად იმის გამო, რომ მის პიროვნებას არ ცნობენ. მის პიროვნებას არ ცნობს ხელისუფლება, არ ცნობს ვიღაც პოლიციელი, რომელიც გათელავს მის ღირსებას ან ყაჩაღი, რომელიც შეეჭრება სახლში, ანუ თავისებურად ძალადობრივი ქვეყანაა საქართველო. აგრესიულობისა და ძალადობის იმპულსები ძალიან დიდია და ადამიანი ზოგადად იმედგაცრუებული რჩება, იმიტომ რომ მის პიროვნებას არ ცნობენ, არ აღიარებენ, პირიქით – თელავენ. ასეთ სიტუაციაში ყველა ადამიანი დაუცველია, თვით ისიც კი, ვინც რამეს მიაღწია, რადგან დაუცველთა შორის ცხოვრობს და დაუცველთა შორის რომ ცხოვრობ, შენც დაუცველი ხარ. მით უმეტეს, ადვილია რიგითი ადამიანის ხელყოფა. წარმატებული ადამიანიც კი, რომელიც უცხოეთში წავიდა და იქ ცხოვრობს, თავის ქართველობაში მოწყვლადია, რადგან, მისი აზრით, მისი პიროვნული ღირებულება, მისი აღიარების მოთხოვნილება გათელილია. ამიტომ მას სჭირდება ქედმაღლობა. ქედმაღლობა სუსტი ადამიანის პოზიციაა. ადამიანს ქედმაღლობა სჭირდება, რომ გაჩვენოს, რა მაგარია, როგორი დაცულია. საქართველოში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დაუცველობაა, იმიტომ რომ ისტორიულად გადარჩენის ამოცანის წინაშე ვიდექით და ახლაც გადარჩენისთვის ვიბრძვით. დაუცველობის სინდრომიდან გამომდინარე, ადამიანებს უმუშავდებათ დაცვითი მექანიზმი, რაც გამოიხატება იმით, რომ ქედმაღლობს: მე შენზე ძლიერი ვარ, ამიტომ შენ იმ სტანდარტებით უნდა იცხოვრო, როგორითაც მე გეუბნები და არა იმ სტანდარტებით, როგორითაც შენ ცხოვრობ.

თავის მნიშვნელოვნებას იმით ამტკიცებს, რომ სხვას ასწავლის ჭკუას? ანუ ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, რეალიზდეს და აღიარონ თავის ქვეყანაში?

– გააჩნია ადამიანს. იყვნენ ქართველი გამომგონებლები, რომლებიც ამერიკაში ცხოვრობდნენ და შესანიშნავად იყვნენ რეალიზებულები. მათ, ალბათ, არ ეცალათ ქედმაღლობისთვის. რეალიზებული ადამიანი ისე ჩახლართულია თავისი რეალიზაციის პროცესში, ისე აქვს გაიგივებული საკუთარი თავი თავის ამოცანასთან, არ სცალია ისეთი სისუსტეებისთვის, როგორიცაა ვიღაცისთვის ჭუის სწავლება, ასეთი წვრილმანებისთვის არ იცლის. მეორე მხრივ, ეს დაკომპლექსებული ადამიანის ქცევაა. ის აღიარებას ელტვის: მე კი წამოვედი საქართველოდან, მაგრამ, ნახე, რა კარგად ვცხოვრობ?! ყველა ქართველი ხომ „პრავებს აკაჩავებს“?! არ ვიცი, ეს ფრაზა როგორ ვთარგმნო ლიტერატურულ ენაზე, მაგრამ ყველას გვესმის მისი მნიშვნელობა.

თბილისში სამოქალაქო ომი იყო და რუსთაველის გამზირის იქით არც იგრძნობოდა, რა საშინელება გვჭირდა; აფხაზეთში ომი იყო, ადამიანები იხოცებოდნენ და ტელევიზიით დუბაისკენ ავიარეისების რეკლამები გადიოდა

– ჩვენი საზოგადოება დაშლილი, ფრაგმენტული საზოგადოებაა. მახოვს 1978 წლის 14 აპრილის შემდეგ ქართლში მომიწია ჩასვლა. ძალიან კარგ გარემოცვაში ვიყავი და წარმოდგენა არ ჰქონდათ, რა მოხდა თბილისში 14 აპრილს, არადა ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო და მეგონა, რომ ელვის სისწარფით გავრცელდებოდა მთელ საქართველოში და უცებ ვხედავ, რომ ქარელში ამის შესახებ არაფერი იციან. ანუ მაშინ გავაცნობიერე, რომ ეს დაშლილი საზოგადოება იყო. რაც „ალავერდობაში“ აღწერა  გურამ რჩეულიშვილმა.

დავით გურამიშვილმაუფრო ადრე

– ერეკლე იბრძოდა და სოლომონი განუდგა; ბესიკ გაბაშვილი, პოეტი, ინტრიგებს უწყობდა ერეკლეს მამამისის გამო. დაშლილობის სინდრომი ისტორიულად გვახასიათებდა და ახლაც გამოჩნდა თბილისის ომის დროს, 9 აპრილს და სხვა დროს. ასეთი ტრაგედიები ხდებოდა და ვიღაცეები ქეიფობდნენ. ქართველის ცნობიერება რომ დანაწევრებულია, ამის გამოძახილია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. ტერიტორიუული რღვევის გამო კი არ მოხდა ცნობიერების ფრანგმენტირება, არამედ – პირიქით. ცნობიერებას აქვს მატერიალიზაციის უნარი, ანუ აზრის მატერიალიზაცია ხდება. ეს კანონი თავის დროზე ჰეგელმა აღმოაჩინა და როდესაც ქართველის ცნოიერება დაშლილია, სოციუმი რომ მთელი არ არის, ეს შემდეგ მატერიალიზაციას პოულობს ქვეყნის დაშლილობაში და ქვეყნის ტერიტორიაც დაშლილია.

თუ არ გაინტერესებს ომი, რომელშიც მიწას გართმევენ, იმ მიწას წაგართმევენ

– ქართველები რომ ერთ მუჭად ყოფილიყვნენ გასული საუკუნის 90-ან წლებში, ვერავინ მოუგებდა და ვერავინ წაართმევდა ვერც აფხაზეთსა და ვერც ცხივნალს. მაგრამ დაშლილი იყო ნაწილებად. ყველა თავის საძმოებს ქმნიდა და ერთი რომ ომობდა, მეორე დახვდებოდა და ავტომატს ართმედა. ვირტუალურად წარმოიდგინეთ, ქართველები რომ ერთ მუჭად შეკრულები იყვნენ, როგორც ისრაელია, რომელიც ახლო აღმოსავლეთში უმკლავდება მთელ არაბულ სამყაროს, ისრაელის დამმარცხებელი არ არსებობს, ქართველების დამმარცხებელიც არ იარსებებდა. ასე რომ იყვნენ ქართველებიც, არაფერი დაგვემართებოდა, მაგრამ დაშლილი საზოგადოებაა და ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს დანაწევრება.

დასავლურმა საზოგადოებებმა ბევრი იშრომეს, ბევრი სისხლი და ოფლი დაღვარეს, რომ შეექმნათ ისეთი სოციალურად დაცული და უსაფრთხო ქვეყნები, როგორებიც შექმნეს, ჩვენ კი, ნაცვლად იმისა, თავად შევქმნათ, სხვების ნაშრომით გვირჩევნია, ხეირი ვნახოთ. ეს როგორ გვახასიათებს?

– არ მიკვირს ეს, იმიტომ რომ პარაზიტიზმი საკმაოდ გავრცელებულია. არ გახსოვთ გასული საუკუნის 90-ანი წლების განმავლობაში როგორი გავრცელებული იყო დასავლეთის კმაყოფაზე ყოფნის სურვილი?!

მახსოვს შევარდნაძის ჩამოყვანის მომხრეების იმედებიც, გერმანიაში ყუთებითაა შეგროვებული ჩვენთვის გამოაგზავნი სანოვაგეო

– მე მახსოვს კადრი, როდესაც შევარდნაძემ განაცხადა, რომ ფულს გადმოგვირიცხავენო და ვიღაცამ უთხრა, ამათ კმაყოფაზე გვინდა ვიცხოვროთო, რაზეც შევარდნაძემ უპასუხა, ჩოქვით ვივლი, ოღონდ რამე მივიღოთო. დიდ საქციელად ითვლებოდა, რომ ვიღაცის კმაყოფაზე ყოფილიყავი, იმიტომ რომ ეს გადარჩენის საშუალება იყო. ვიმეორებ, ამ საზოგადოების ძირითადი ღირებულება არის გადარჩენა, ეს არ არის წინსვლის საზოგადოება, ანუ ვერ გამოვიდა ერი გადარჩენის იმ სინდრომიდან, რაც საუკუნეების განმავლობაში ახასიათებდა. ხომ თითქოს კაპიტალიზმია, მაგრამ მაინც ვერ შედგა კაპიტალიზმი. თითოეული ადამიანი, ვინც ბაზარში რაღაცას ჰყიდის, გადარჩენაზე ზრუნავს და არა მოგებაზე. მას რჩება სიგარეტის ფული და ამით კმაყოფილია. არ აქვს სწრაფვა, განვითარდეს, წინ წავიდეს. მთავარია, გადარჩეს. მხოლოდ თითო-ოროლაა ივანიშვილის მსგავსი, რომელიც ფულსაც გააკეთებს, პრემიერმინისტრიც გახდება და ისტორიაშიც შევა. უმეტესობა მართლაც მხოლოდ გადარჩენაზეა ორიენტირებული.

ცნობიერების ფრაგმენტირება იწვევს ყოფიერების ფრაგმენტირებასო. მაგარმ ეს ხომ დესტრუქციული მოდელია და თვითგანადგურებისკენ მიმართული?

– რაც უფრო ორიენტირებული ხარ გადარჩენაზე, მით მეტი შანსი გაქვს დაღუპვის. წისვლასა და გაძლიერებაზე უნდა იყო ორიენტირებული. ეტყობა, რთული გადმოსაცემია ეს იდეა. ადამიანების ცხოვრების ანალიზი აჩვენებს, რომ ადამიანებს თვითონ მიჰყავთ ცხოვრება იმ კატასტროფამდე, რომელშიც აღმოჩნდებიან, ვგულისხმობ ყველანაირი კატასტროფას – არა მარტო ფინანსურს, სიკვდილსა და დაღუპვასაც. ადამიანები თვითონ ირჩევენ ისეთ ცხოვრებისულ გზას, რომლის ავტორებიც თავადვე არიან გაუცნობერებლად და თავად მიჰყავთ საქმე დაღუპვამდე. ავიღოთ იპოთეკარების მაგალითი: რა დიდი ჭკუა უნდა იმას, რომ არ უნდა აიღო 20-პროცენტიანი სესხი?! თითქოს წვრილმანია, მაგრამ არ არის წვრილმანი. ძალიან ბევრი რამ ადასტურებს, რომ დაღუპვა ადამიანების არჩევანია. თვითონ მიიყვანეს პროცესი აქამდე. ადამიანი იღებს ურიის ვალს იმისთვის, რომ გადარჩეს! არადა დაიწყე ნელ-ნელა, პატარ-პატარა ნაბიჯებით და განვითარდი თანდათან?! აქ რომ ჩინელები შემოვიდნენ, საქართველო რამდენიმე წელიწადში ააშენებენ და, სამწუხაროდ, ასე მოხდება, იმიტომ რომ ზარმაცების ბუდეა ეს ქვეყანა.

Comments are closed