globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 23 სექტემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Sep 23rd, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„რეზონანსი“: თინა ხიდაშელის განგაში – რას გვიქადის მორიგი უარი ნატოსგან // ექსპერტები ფიქრობენ, რომ “თინამ ცოტა გადაამლაშა”

„რეზონანსი“: რამდენად რეალურად მიგაჩნიათ 2016 წლის არჩევნებში პრორუსული ძალების მოსვლა? (თვალსაზრისები)

„ალია“: რუსული ტანკები საქართველოსკენ მოდიან? // დასავლეთი დაინტერესებულია, რომ რუსეთმა, უკრაინის პარალელურად, საქართველოს ხელახალი ფრონტის ხაზი გაუხსნას და [ამით მოსკოვი] დაასუსტოს

„ალია“: ვინ და რატომ შეღება რიყის პარკში რეიგანის ძეგლი?

„ახალი თაობა“: აფხაზებსა და ინგუშებს შორის შესაძლოა სიტუაცია უკიდურესად დაიძაბოს

——————

„რეზონანსი“, 23 სექტემბერი, 2015 წელი

თინა ხიდაშელის განგაში – რას გვიქადის მორიგი უარი ნატოსგან

ექსპერტები ფიქრობენ, რომ “თინამ ცოტა გადაამლაშა”

თაკო მათეშვილი

“თუ ვარშავის სამიტზე საქართველოსთვის სასიკეთო გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ, არის საშიშროება, რომ პარლამენტში პრორუსული ძალები მოვიდნენ”, – შიში ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ბიბისი-სთან ინტერვიუში გამოთქვა და იქვე იმ იმედგაცრუებაზეც ისაუბრა, რაც, მისი აზრით, ქართველ ხალხში ნატო-სა და ევროკავშირის მიმართ არსებობს.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც თინა ხიდაშელი ასეთ მწვავე  განცხადებებს აკეტებს. მის განცხადებებს პოლიტოლოგთა ნაწილი „გადაჭარბებულად“ მიიჩნევს და გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ დასავლეთთან ულტიმატუმის ენით საუბარმა და შანტაჟის მცდელობამ შესაძლოა უკუშედეგი მოგვიატანოს, არათთუ დააგვაახლოვოს მასთან, არამედ უფრო მეტადაც დაგვაშოროს. რაც შეეხება პრორუსული ძალების მომრავლებას და მოძლიერებას, მათი აზრით მინისტრმა ამ საკითხში „გადაამლაშა“. თუმცა სეპეციალისტთა მეორე ნაწილი თინა ხიდაშელის შიშს საფუძვლიანად მიიჩნევს და ამბობს, რომ არაა გამორიცხული რუსეთისაგან მიღებული მზარდი დაფინანსების წყალობით ამგვარი პოლიტიკური პარტიები პარლამენტში მართლაც მოხვდნენ.

„ბიბისი“-ს გადაცემა „ჰარდთოქში“ („მძიმე საუბარი“) ხიდაშელის გამოსვლა თავდაცვის სამინისტრომ გუშინ გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ ეს არის ამ არხის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გადაცემა, რომელსაც მწვავე და კრიტიკული ინტერვიუს ფორმატი აქვს.

როგორც თინა ხიდაშელმა ამ გადაცემაში აღნიშნა, ნატოს ვარშავის სამიტის მნიშვნელობას ზრდის ის, რომ იგი საქართველოში არჩევნების ჩატარების წელს ემთხვევა. სწორენდ ამის გამო, მისი აზრით, არსებობს საშიშროება, რომ პრორუსულმა ძალებმა არჩევნებში წარმატებას მიაღწიონ. თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ რუსები მცოცავ ანექსიას ყოველდღიურად ახორციელებენ.

თინა ხიდაშელის თქმით, უახლეს მომავალში არ არსებობს 2008 წლის ომის განმეორების საფრთხე, თუმცა თუ მსოფლიო საქართველოს შემთხვევაშიც ისეთივე სისუსტეს გამოიჩენს, როგორც ეს უკრაინაში გააკეთა, მაშინ ეს რუსეთს აგრესიული ნაბიჯების გადადგმისაკენ წააქეზებს.

რაც შეეხება შეკითხვას, თუ რას გააკეთებს ომის განახლების შემთხვევაში ის, როგორც თავდაცვის სისტემის ხელმძღვანელი, ხიდაშელი პასუხობს, რომ „აგრესიის შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალია – გმირებად დავიღუპოთ“. მისივე თქმით, საქართველო ნატოსგან არა რუსეთში ინტერვენციის განხორციელებას ითხოვს, არამედ უბრალოდ შემაკავებლის ფუნქციის შესრულებას.

„ნატო უნდა გაფართოვდეს, რადგან გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სადაც ნატო შედის, იქ ომი აღარ ხდება“, – დასძენს მინისტრი.

ამ ყველაფრის შემდეგ კი ხიდაშელმა ისიც განაცხადა, რომ საზოგადოებაში რუსეთის მომხრეთა ზრდა არ შეინიშნება. თუმცა, ხალხში ევროკვშირისა და ნატოს მიმართ რწმენა დაკარგულია. ეს იმედგაცრუება კი, მისი თქმით, ბუქარესტის სამიტზე მაპ-ის გადაცემაზე უარის თქმით გაჩნდა. უარმა რუსეთს საქართველოში შემოსაჭრელად გზა გაუხსნა.

„ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო რუსეთის მომხრეთა რიგებში ეწერება. ეს ორი, ერთმანეთისგან კარდინალურად განსხვავებული საკითხია. ჩემი თაობა, რომელიც უმთავრეს საშუალო ძალასა და საარჩევნო მასას წარმოადგენს საქართველოში, ის ხალხია, რომლებმაც რუსული აგრესია საკუთარ თავზე გამოსცადეს. ამის შესახებ წიგნებში არ წაუკითხავთ და სკოლაში არ უსწავლიათ. თითქმის ყველა ქართულმა ოჯახმა დაკარგა ოჯახის წევრი ბოლო 25 წლის განმავლობაში, მათ რუსი ჯარისკაცები ხოცავდნენ.

„სწორედ ამიტომ, საქართველოში არასდროს არ დაუჭერენ მხარს რუსეთს, ევრაზიის კავშირსა თუ მსგავს ორგანიზაციებში საქართველოს გაწევრიანებას. თუმცა, სკეპტიციზმი ევროკავშირისა და ნატოს მიმართ ძალიან მაღალია. არსებობს ბევრი კითხვა იმასთან დაკავშირებით, მიიღებენ თუ არა საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

მიუხედავად თავდაცვის მინისტრის განცხადებისა იმით თაობაზე, რომ საქართველოში არასოდეს დაუჭერენმხარს რუსეთსა და ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას, სტატისტიკა საპირისპიროს მეტყველებს. ეროვნულ-დემოურატიული ინსტიტუტის (NDI)კვლევების თანახმად, ამ ადამიანთა რიცხვი, სწორედ რომ იზრდება.

მოგეხსენებათ, ან-დი-აი კვლევას წელიწადში რამდენჯერმე ატარებს. კვლევის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი კი ევრაზიულ კავშირში შესვლის მომხრეთა რაოდენობის გამოვლენაა ხოლმე.

თვალსაჩინოებისათვის შეგვიძლია ბოლო სამი წლის კვლევის შედეგებს გადავხედოთ: 2013 წლის დეკემბერში ჩატარებულმა კვლევებმა, რომლის დროსაც ქვეყნის მასშტაბით 3,915 ადეამიანი გაპმოიკითხა, აჩვენა, რომ რესპოდენტით 11% საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეა. 2014 წელს იმავე კითხვაზე დადებითად გამოკითხულთა 16%-მა უპასუხა. 2015 წლის მაისში კი ევრაზიულ კავშირში შესვლის მომხრეთა რიცხვი 31%-მდე გაიზარდა.

ამ მაჩვენებელმა საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვია. რის შემდეგაც NDI-ს ხელმძღვანელმა, ლორა ტორნტონმა განმარტა, რომ უჯმრავლესობა ევრაზიულ კავშირს ევროკავშირისაგან ვერ ანსხვავებდა. მისი თქმით, ევრაზიული კავშირის მომხრე 31%-დან 23% მხარს საქართველოსაც უჭერს, ხოლო მხოლოდ ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას გამოკითხულთა 8%.

ექსპერტი, ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი არ ფიქრობს, რომ ბოლო წლებში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. მისი აზრით, რუსეთისადმი ფარული გულშემატკივრობა ყოველთვის არსებობდა. მუდამ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ დასავლური სამყარო სულაც არაა იდეალური. შიში კი, რომ ქვეყანა ვექტორს შეიცვლის, თუკი ევროპა რამდენიმე თვეში კარს არ გაგვიღებს, ხუხაშვილის აზრით, უსაფუძვლოა.

რაც შეეხება ხიდაშელის ნათქვამს იმის თაობაზე, რომ საზოგადოებაში  დასავლეთი მიმართ იმედგაცრუება იზრდება, პოლიტოლოგი ამბობს, რომ როცა ხალხს რარაცის მოლოდინი აქვს და ეს მოლოდინი არა და არ მართლდება, გარკვეული პროტესტი იბადება. თუმცა, მისი აზრით, პოლიტიკოსისაგან და მით უმეტეს, თავდაცვის მინისტრისაგან სიტუაციის ასე დრამატულად წარმოჩენა შესაძლოა ვინმეს მხრიდან შანტაჟად იქნას აღქმული.

პოლიტიკაში ამგვარი განცხადებები საფრთხილოა, მით უმეტეს, როცა მთხოვნელის პოზიციაში ხარ. დღეს ევროპას ძალიან სერიოზული გამოწვევები აქვს და შეიძლება ითქვას, რომ ახლა ჩვენთვის არ სცხელათ. ჩვენ აქედან რაც არ უნდა ვიშარიშუროთ, ისინი თავიანთ დღის წესრიგს არ შეცვლიან. ამ ვითარებაში ხიდაშელის მხრიდან ასეთმა პრესინგმა, სიტუაციის დრამატიზებამ და ულტიმატუმის ენით საუბარმა შეიძლება იმის საპირისპირო შედეგი მოგვცეს, რასაც იგი ელოდება.

„საერთოდ, პოლიტიკოსმა ხიდების დაწვით არ უნდა იაროს. მანევრირების საშუალება ყოშველთვის უნდა შეინარჩუნოს. ვფიქრობ, თინა ძალიან რისკავს, როოცა ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების გადაწყვეტას ამგვარი აგრესიული რიტორიკით ცდილობს. რაც მთავარია, თავისი ბედით კი არა, ქვეყნის ბედით რისკავს. ასეთი აგრესიული ფორმა გამაღიზიანებელია. არაა გამორიცხული, ამან შედეგი გამოიღოს, მაგრამ ქალბატონი თინა ძალიან მაღალი რისკის ზონაშია. სახელმწიფო მოღვაწეს მეტი სიფრთხილე მართებს. ის ფაქტობრივად დასავლეთს აშინებს“, – ამბობს ხუხაშვილი და დასძენს, რომ „თინამ ცოტა გადაამლაშა“. მისივე თქმით, დასავლეთმა თავისი ელჩების მეშვეობით ჩვენს ქვეყანაში არსებული ვითარება ისედაც კარგად იცის. შესაბამისად, ხიდაშელის განცხადებები შეიძლება არარეალისტური სურათის დახატავად და მუქარად აღიქვან.

ხიდაშელის მიერ დახატულ საფრთხეს საფუძვლიანს უწოდებს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე და ამბობს, რომ თუკი საქართველომ მაპი ისევე ვერ მიიღო, არაა გამორიცხული ნატო-სა და ევროკავშირის მიმართ ნდობა შესუსტდეს. ამით კი, მისი აზრით, ხელს პრორუსული ძალები მოითბობენ, რადგან ხალხში დაიწყებენ შემდეგ სახის პროპაგანდას – ნატო-ში მაინც ვერ შევდივართ, ამიტომ კურსის შეცვლაა საჭირო.

„ამიტომ, რა თქმა უნდა, სასურველია ნატო-მ საქართველოს სამოქმედო გეგმა მისცეს. ეს წევრობას არ ნიშნავს, მაგრამ სამაგიეროდ ქვეყანას შანსი გაუჩნდება, ხალხს კი – იმედი. პოზიტიური სიგნალი საჭიროა, რათა საზოგადოებაში დასავლეთისადმი ნდობა შენარჩუნდეს“, – ამბობს ჩიტაძე. მისი თქმით, აშკარაა ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების მომრავლება, რომლებიც დაფინანსებას რუსეთისაგან იღებენ, შემდგომ კი პრორუსულ პროპაგანდას ეწევიან. „პრორუსული პოლიტიკური ძალებია ნინო ბურჯანაძე და მისი პარტია „გაერთიანებული დემოკრატები“, აგრეთვე „პატრიოტთა ალიანსი“ ირმა ინაშვილის ხელმძღვანელობით. მათ მაღალი რეიტინგი არ აქვთ, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტიკვა. მართლაც არაა გამორიცხული, მათ 5%-იანი ბარიერი გადალახონ. შესაძლოა ამის მიუხედავად ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე რადიკალური ზემოქმედება ვერ მოახდინონ, მაგრამ მათი პარლამენტში მოხვედრა მაინც არასასიამოვნო იქნება“, – აცხადებს ნიკა ჩიტაძე.

„რეზონანსი“, 23 სექტემბერი, 2015 წელი

რამდენად რეალურად მიგაჩნიათ 2016 წის არჩევნებში პრორუსული ძალების მოსვლა?

გვანცა ღვედაშვილი

(შემოკლებით)

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ბიბისი-ს გადაცემა “ჰარდთოქში” განაცხადა, რომ ვარშავის სამიტს საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან იგი ჩვენს ქვეყანაში 2016 წელს დაგეგმილ არჩევნებს ემთხვევა. “თუ ვარშავის სამიტზე საქართველოსთვის სასიკეთო გადაწყვეტილებები არ იქნა მიღებული, არსებობს საშიშროება, რომ ქართულ პარლამენტში პრორუსული ძალები მოვლენ გადამწყვეტი ხმის უფლებით. ამ მოლოდინის რეალურობაზე კი ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვები მიუთითებს,” – აცხადებს ხიდაშელი.

რამდენად რეალურად მიგაჩნიათ 2016 წლის არჩევნებში გადამწყვეტი ხმის უფლებით პრორუსული ძალების მოსვლა? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

გია ანჩაბაძე  (ისტორიკოსი): რაც უფრო გადაიდება ევროინტეგრაცია, მით უფრო რეალური იქნება პრორუსული ძალების მოსვლა. ასე რომ, სულაც არ არის გამორიცხული, არჩევნების შემდეგ პარლამენტში პრორუსული ძალები მართლა მოვიდნენ.

დოდო ხურცილავა  (ხელოვნებათმცოდნე): არა მგონია, რომ პარლამენტში ასეთი ცვლილებები მოხდეს. ვფიქრობ, ნაციონალური მოძრაობა ძალიან მცირე რაოდენობით იქნება მოსული, რადგან ძალიან მცირე დრო არის გასული იმ საშინელი ქმედებებისგან, რასაც ისინი აკეთებდნენ. რაც შეეხება პრორუსულ ძალებს, ალბათ მოვლენ ისინიც. მე ველოდები, რომ მოვლენ. ეს იქნება არა იმის ბრალი, რომ ვიღაცას მოსწონს რუსეთი არამედ იმიტომ, რომ ევროპა ნაკლებ აქტიურობას იჩენს საქართველოს მიმართ და ის ბრაზი, რაც გროვდება ადამიანებში, წარიმართება ევროპისა და დასავლეთის საწინააღმდეგოდ.

რეზო მიშველაძე (მწერალი): ვარშავის სამიტზე რომ მაპს არ მოგვცემენ, ეს ფაქტია. გამოიგონებენ ევროპულ სატყუარას და ჩაგვრჩიან პირში. მე დიდი ხანია მივხვდი, რომ ევროპა და ამერიკა სერიოზულ სახელმწიფოდ არ აღგვიქვამენ.

რაც შეეხება რუსეთს, ის ჩვენი დაუძინებელი მტერია და საქართველოს გონიერმა ნაწილმა ეს კარგად იცის. როცა საქართველოს ტერიტორიის მესამედი ოკუპირებულია, იქ რა პრორუსულ ორიენტაციაზე შეიძლება ლაპარაკი. თუ რუსეთთან საქართველოს დამოკიდებულება რადიკალურად არ შეიცვალა (დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას ვგულისხმობ), არავითარ შემთხვევაში არ მოვლენ პრორუსული ძალები, რადგან ყველამ კარგად იცის, ვინ არიან ისინი და მოსახლეობა მათ მხარს არ დაუჭერს.

ლადო ვარდოსანიძე (აქიტექტორი): პრორუსილი ძალების პარლამენტში მოსვლას არ გამოვრიცხავ, თუმცა ეს არ იქნება ერთი პარტიის დომინირება, მაგრამ პარლამენტში შესვლა შესაძლებელია. ბევრი რამეა დასავლეთზე დამოკიდებული და იმაზე, მას როგორი საქართველო სურს. ჩვენ ინტერესის ვექტორი არ შეგვიცვლია, თუმცა ამას გაგება და მხარდაჭერა უნდა, რაც ბოლო დროს დასავლეთმა შეასუსტა. ეს ქმედებები კარგად ჩანს ბოლო დროს გამართულ სხვადასხვა კონფერენციებსა და შეხვედრებზე.

„ალია“, 23 სექტემბერი, 2015 წელი

რუსული ტანკები საქართველოსკენ მოდიან?

დასავლეთი დაინტერესებულია, რომ რუსეთმა, უკრაინის პარალელურად, საქართველოს ხელახალი ფრონტის ხაზი გაუხსნას და [ამით მოსკოვი] დაასუსტოს

ნინო სამხარაძე

თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის „ბიბისი“-სთვის მიცემული ინტერვიუ მრავალწახნაგოვანი და მრავლისმეტყველია და მის გზავნილებს კონკრეტული ადრესატები რომ ჰყავს, ეს უკვე გავიგეთ. ისიც გასაგებია, რომ ძირითადი ადრესატი ნატოა… ის, რომ თინა ხიდაშელი კულუარულ მოლაპარაკებებში „რიკოშეტივითაა“, ამაზეც არავინ დაობს. თუკი ხიდაშელის პირობებში საქართველო „მაპ“-ს მიიღებს, ეს ნიშნავს, რომ მომავალში საპრეზიდენტო ამბიცია ექნება თინა ხიდაშელს და შესაბამისად, „რესპუბლიკური პარტია“ ხელისუფლებაში უკვდავ ძალად დარჩება…

თუმცა, რამდენად სახიფათოა თინა ხიდაშელის განცხადებები, რასაც ჯაჭვური რეაქცია მოჰყვა და თითქოს, დროში დაემთხვა ისე, რომ თინა ხიდაშელის მრჩეველმა გიორგი თავდგირიძემ დაიწყო საუბარი საქართველოს თავდაცვისუნარიანობაზე და კერძოდ, მან რამდენიმე არგუმენტი მოიყვანა, რატომ შეგვიძლია გარკვეული დროის მანძილზე ვაწარმოოთ ომი რუსეთთან. „რუსეთის შეიარაღებული ძალები, გარდა სიმრავლისა, არ ფლობს სხვა ტიპის უპირატესობას, მათი იარაღი ჩვენსას არ აღემატება, ჩვენც ანალოგიური იარაღი გვაქვს, ცოტა უკეთესიც…“, – აღნიშნა მრჩეველმა

თავდაცვის მინისტრის მრჩევლის განცხადება, ლამაზად რომ ვთქვათ, საკმაოდ ამბიციურად ჟღერს. სანამ თავად გიორგი თავდგირიძესთან გავარკვევდეთ, რას გულისხმობს ამ განცხადების უკან და არის თუ არა ეს ყველაფერი საომარი რიტორიკის შემადგენელი ნაწილი, მანამდე თინა ხიდაშელის კიდევ რამდენიმე განცხადებას შეგახსენებთ: ვარშავის სამიტის წინ მან დასავლეთი გააფრთხილა, რომ არის საშიშროება, საქართველოს პარლამენტში პრორუსული ძალები მოვიდნენ, ვარშავის სამიტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, რადგან მას ჩვენს ქვეყანაში 2016 წლის დაგეგმილი არჩევნები ემთხვევა და თუ ვარშავის სამიტზე საქართველოს სასიკეთო გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, არის იმის საშიშროება, რომ ქართულ პარლამენტში პრორუსული ძალები მოვიდნენ გადამწყვეტი ხმის უფლებით. ეს მოლოდინი ნამდვილად არის და ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვები ამაზე მიანიშნებს.

საინტერესოა, პრორუსულ ძალებში ვის გულისხმობს თინა ხიდაშელი… თუმცა, მისი ინტერვიუდან ყველაზე მნიშვნელოვნად მაინც ის განცხადება რჩება, სადაც რუსეთ-საქართველოს შესაძლო ომზე, _ თუკი მსოფლიო ისეთივე სუსტ მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს მიმართ, როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში ხდება, თუკი მსოფლიო ვეღარ დაიცავს საერთაშორისო მშვიდობას, თუკი ნატო განაცხადებს, რომ სწორედ აქ მთავრდება თავისუფლება, მაშინ, დიახ, ეს განმეორდება… თუ ეს რუსეთ-საქართველოს ომი საქართველოს ნატოში გაწევრიანებამდე მოხდება, ჩვენ მოვკვდებით, როგორც გმირები.

ასევე, საინტერესოა თინა ხიდაშელის პოზიცია, როგორ წარმოუდგენია მას აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე ნატოში გაწევრიანება,მინისტრმა განაცხადა, რომ „საქართველოს გეგმაში არავისზე თავდასხმა არ შედის, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენელი ნაწილებია და მუდამ ასე იქნება. ჩვენი მთავრობის მიზანია ამ ტერიტორიების დაბრუნება, ჩვენ გერმანელების მსგავსად ვიმოქმედებთ, როცა ქვეყნის ნახევარი ნატოში გაწევრიანდა, მეორე ნახევარი კი საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ დარჩა. ამ ყველაფერს დიდი დრო სჭირდება, მაგრამ საბოლოოდ ომისადა შეიარაღებული დაპირისპირების გარეშე დასრულდება. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო საზოგადოება აფხაზეთსა და ოსეთს ჩვენს ტერიტორიად სცნობს“.

შესაძლოა, ხიდაშელის ამ განცხადებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვიოს ქართველ საზოგადოებაში, კერძოდ, რას ნიშნავს მინისტრის განცხადება, ჩვენ ნატოში შევდივართ აფხაზეთის და ცხინვალის გარეშე? და მაინც, რას ნიშნავს ეს ყველაფერი? რატომ გახდა აუცილებელი საომარი რიტორიკის შემოტანა ქართულ პოლიტიკაში და რაში დასჭირდა თავდაცვის მინისტრის მრჩეველს გიორგი თავდგირიძეს ჩვენი სამხედრო არსენალის რუსეთის სამხედრო არსენალთან შედარება, რამდენად შევძლებთ, მცირერიცხოვანი ერი დავუპირისპირდეთ 145-მილიონიან ქვეყანას, სად მიდის რუსეთის ტანკები, ჯავშანტექნიკა, რომელიც სოჭიდან გალის მიმართულებით დაიძრა, რამდენად რეალურია ვერსიები, რომ რუსეთის სამხედრო ტექნიკა აფხაზეთში მიდის იმისთვის, რომ რუსული ტექნიკის როტაცია მოხდეს, ხოლო მეორე ვერსია არის ის, რომ რუსული ჯავშანტექნიკა გადაიყვანეს ადლერის აეროპორტში, რათა სატვირთო თვითმფრინავებით სირიაში გადასხან. ახლო აღმოსავლეთში გახსნილი ფრონტი იმოქმედებს თუ არა საქართველოზე, გამოიყენებს თუ არა რუსეთი საქართველოს დერეფანს რუსული ჯავშანტექნიკისა და ცოცხალი ჯარის გადასაადგილებლად სირიაში, საქართველო დგება თუ არა ამერიკისა და რუსეთამერიკის კონფლიქტის პირისპირ, რადგან სირიაში ომი, ეს არის ამერიკისა და რუსეთის დაპირისპირება, შედის თუ არა დასავლეთის ინტერესში, რომ საქართველო, როგორც უკრაინა, ჩაერთოს რუსეთთან საომარ მოქმედებებში, რომ დასუსტდეს რუსეთი და მან ვეღარ შეძლოს ომის წარმოება უკრაინასა და სირიაში, რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ?

ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე „ალიას“ კითხვებს პასუხობს ყოფილი სამხედრო ექსპერტი, თავდაცვის მინისტრის მრჩეველი გიორგი თავდგირიძე, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტი სამხედრო საკითხებში, ვახტანგ მაისაია.

თავდაცვის მინისტრის მრჩეველი გიორგი თავდგირიძე „ალიას“ კითხვაზე, – იგრძნობა თუ არა მინისტრის გამონათქვამებში საომარი რიტორიკა და რაში დასჭირდა მას საქართველოს სამხედრო ტექნიკის შედარება რუსეთის სამხედრო ტექნიკასთან, პასუხობს:

- საზოგადოებაში მინისტრის ფრაზებმა რატომღაც აჟიოტაჟი გამოიწვია, მინდა გითხრათ, რომ საქართველოს მთავრობას უარი არ უთქვამს რუსეთთან დაბალანსებულ პოლიტიკაზე, არც ხელისუფლებიდან და არც ოპოზიციიდან საომარი რიტორიკა არ ისმის, არავის არ უთქვამს, რომ რუსეთთან პრობლემა ომით უნდა გადავწყვიტოთ, შესაბამისად, შევთანხმდეთ, რომ ომისრიტორიკაზე საუბარი ზედმეტია. ის, რომ საქართველოს შეიძლება მოუწიოს, დამოუკიდებლობა იარაღით დაიცვას, ეს ნებისმიერი დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენული უფლებაა, აწარმოოს თავდაცვითი ომი. როცა ამაზე საუბრობს მინისტრი, ეს ომის რიტორიკა არ არის. ზოგიერთებმა აჟიოტაჟი ატეხეს, თითქოს ჩვენ არ გვაქვს უფლება, წინააღმდეგობა გავუწიოთ მტერს.

მინისტრის განცხადების კონტექსტი იყო ასეთი – თუ ჩვენ მარტონი დავრჩებით და ნატო არ მიგვიღებს ალიანსში, ქართველ ხალხს სხვა არაფერი დარჩენია, დაიღუპონ გმირულად ჩვენს სახელმწიფოზე თავდასხმის შემთხვევაში. ჩვენ გვინდა კოლექტიური უსაფრთხოების კალთა გადაგვეფაროს და საქართველოს მოსახლეობას მიეცეს მშვიდობიანი ცხოვრებისა და შრომის საშუალება. თუ საქმეს დასჭირდება, იქნება მკაცრი ტონი, და რევერანსებიც. მთავარია, ქვეყნის უსაფრთხოება მაღალ დონეზე იყოს უზრუნველყოფილი.

- გასაგებია, რომ ამ განცხადებების ადრესატი არის ნატო, რომ საბოლოოდ გადაგვაფაროს უსაფრთხოების კალთა, რადგან ჩვენ ვიმყოფებით რისკის ზონაში. მაგრამ როცა თქვენ საუბრობთ, რომ გარკვეული დროის განმავლობაში შესაძლოა, ჩვენ ვაწარმოოთ ომი რუსეთთან და ჩვენ გვაქვს ამის პოტენციალი, გარკვეულ დროში რას გულისხმობთ, რამდენიმე საათს? წარსულიდან გამომდინარე, ჩვენ შევძელით რამდენიმედღიანი ომი 2008 წლის აგვისტოში, 145-მილიონიან ქვეყანას როგორ უნდა შევებრძოლოთ, როცა რუსეთის წინაშე მსოფლიოც კი უძლურია?

- რუსეთთან დაპირისპირებას აქვს თავისი ფორმატი, სივრცე, თავისი სცენარები, ყოველ სცენარზე არსებობს გარკვეული პასუხი. ჩვენ არ ვეცილებით რუსეთს ზესახელმწიფოს როლზე, არ ვსაუბრობთ, რომ ჩვენ ვაპირებთ მოსკოვის დაკავებას, არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ძალისმიერი მეთოდებით ვაპირებთ დეოკუპაციის განხორციელებას, აქ საუბარია ერთ რამეზე – ჩვენ უნდა გამოვხატოთ ჩვენი მზაობა, რომ დავიცავთ სახელმწიფო დამოუკიდებლობას.

- მესმის თქვენი პათოსი, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ სახელმწიფოს სუვერენიტეტი, მაგრამ, როცა ამბობთ, რომ გარკვეული დროის მანძილზე შეგვიძლია შევებრძოლოთ რუსეთს, მაინტერესებს, რა პოტენციალი გვაქვს და ეს გარკვეული დრო რა პერიოდს მოიცავს?

- რა თქმა უნდა, სცენარები არის სხვადასხვა, თუ რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ პოტენციალს, ჩვენ თავს დავიცავთ იმდენი ხანი, რამდენიც დასჭირდება ბირთვული ჭურვის საქართველომდე მოღწევას. ჩვენ შეგვიძლია, რუსეთის პროვოკაციას წინააღმდეგობა გავუწიოთ რამდენიმე თვის მანძილზე და დავიცვათ თავი, მაგრამ რუსეთი არ დაუშვებს იმას, რომ საქართველოსთან დიდხნიანი ომი აწარმოოს ისევ თავისი ინტერესებიდან გამომდინარე.

- სამხედრო ექსპერტების მხრიდან გაიჟღერა მოსაზრებამ, რომ დასავლეთი დაინტერესებულია, რომ რუსეთმა უკრაინის პარალელურად საქართველოს ხელახალი ფრონტის ხაზი გაუხსნას და დაასუსტოს. ეს სცენარი რეალობასთან ახლოსაა?

- არანაირი ინდიკატორები იმისა, რომ დასავლეთი ცდილობს რუსეთისა და საქართველოს საბრძოლო დაპირისპირების წახალისებას, ბუნებაში არ არის და არც საქართველოს ხელისუფლების არც ერთ ნაბიჯში არ იგრძნობა ის, რომ ხდება პედალირება რაიმე საკითხის ძალისმიერი მეთოდებით მოგვარებისა.

- რა ინფორმაცია გაქვთ რუსეთის სამხედრო შეიარაღებაზე, ათეულობით ტანკით, თვითმავალი ქვემეხითა და ჯავშანტრანსპორტიორით დატვირთულმა ეშელონმა სოჭის რკინიგზის სადგური გაიარა და ადლერისკენ საქართველოს საზღვრის მიმართულებით განაგრძო გზა. სად მიდის ეს ტექნიკა?

- ინფორმაცია საჭიროებს გადამოწმებას, ძალიან ძნელია, ისაუბრო დადასტურებულად, რომ ეს სამხედრო ტექნიკა აფხაზეთის ტერიტორიაზეა. ჩვენ ვნახეთ ვიდეომასალა, მაგრამ გეოგრაფიული მდებარეობის იდენტიფიკაცია არ მომხდარა, ეს აქტივობა შეუმჩნეველი არ დარჩება, რამდენიმე ერთეული სამხედრო ტექნიკის გადაადგილება ამინდს არ ქმნის, ეს უნდა იყოს გარკვეული პროცესი იმისთვის, რომ ჩვენ ვთქვათ, რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ რაიმე ტიპის სამხედრო ქმედებისთვის ემზადება.

- იგეგმება უშიშროების საბჭოს მოწვევა, სადაც თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზე იქნება საუბარი, დროში რატომ დაემთხვა ამ თემებზე უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარება?

- პირდაპირ კონტექსტს ვერ ვხედავ, რუსეთი გააქტიურებულია სამხრეთ ფლანგზე, სირიაში მისი აქტიურობა, ფაქტობრივად, შეუქცევადია, რუსეთი ჩათრეულია სირიაში მიმდინარე პროცესებში, ამ ფონზე ლეგიტიმურია, იფიქრო, რომ საფრთხე გაზრდილია. ჩვენ უნდა გადავამოწმოთ ინფორმაცია, სად და რა მიმართულებით, რა მიზნით გადაადგილდებოდა ეშელონები, რომლებიც რუსული სამხედრო ტექნიკით იყო დატვირთული და ვიზრუნოთ ჩვენს უსაფრთხოებაზე.

- თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი მზად არის, საქართველო შევიდეს ნატოში აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე და გერმანიასთან პარალელი გაავლო და განმარტა, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი შემადგენელი ნაწილებია და მუდამ ასე იქნება, მაგრამ ჩვენ გერმანელების მსგავსად ვიმოქმედებთ, როცა ქვეყნის ნახევარი ნატოში გაწევრიანდა, მეორე ნახევარი კი საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ დარჩა. მოსახლეობა ამას მტკივნეულად მიიღებს, რას ფიქრობთ საქართველოს ნატოში გაწევრიანების ამ მოდელზე?

- თუ საქართველო მიღებული იქნება ნატოში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ეჭვქვეშ არ დადგება, უბრალოდ, მე-5 პუნქტი – კოლექტიური უსაფრთხოება გავრცელდება საქართველოს იმ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სადაც ვრცელდება ჩვენი იურისდიქცია, ხოლო ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, ნატოს მე-5 პუნქტი არ იმუშავებს, ვიდრე ამ ტერიტორიებზე საქართველოს ხელისუფლების იურისდიქცია არ აღდგება.

———

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია თინა ხიდაშელის განცხადების პათოსს ასე აფასებს:

- თავდაცვის მინისტრის განცხადება რამდენად პარადოქსულიც არ უნდა იყოს, სავსებით ლოგიკურია, იმ ფონზე, როცა რუსეთი უფრო და უფრო აგრესიული ხდება, საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ნატო სათანადოდ არ პასუხობს, სირია და უკრაინა, ეს არის ორი ფრონტის ხაზი, სადაც ამერიკა და რუსეთი პირდაპირ უპირისპირდებიან ერთმანეთს შეიარაღებული გზით, რაც რა თქმა უნდა ჩვენზე უკვე მოქმედებს, თუ უკრაინაში რუსეთის ჩართვა არის პირდაპირი აგრესია, ყოველგვარი საერთაშორისო ნორმების დარღვევა, სირიაში რუსეთის მისამართით ამის თქმა ცოტა რთულია, სირიაში ამერიკელებს აქვს ინტერესები, თუ ისინი ახორციელებენ საომარ ჩართულობას სირიის კონფლიქტში, რუსეთს უფრო მეტი ინტერესი აქვს, ვიდრე ამერიკას, სირიაში თავის დროზე არსებობდა რუსეთის ბაზები, არსებობდა სამოკავშირეო ხელშეკრულებები სირიასა და რუსეთს შორის, უკრაინისგან განსხვავებით, რუსეთი სირიაში სამოკავშირეო ვალდებულებებს ასრულებს…

- ჩათრეული იქნება თუ არა უკრაინა-სირიის ომში საქართველოც?

- სირიაში ომმა მიიღო ფართომასშტაბიანი ხასიათი და შეიძლება ეს გადაიზარდოს რეგიონალურ ომში, ამ ომში სრულმასშტაბიანად ჩაერთო თურქეთი, ასევე, ჩართულია საუდის არაბეთი, ჩვენ უკვე ვიგემეთ სირიის კონფლიქტი, იმიტომ, რომ ორი ნავთობსადენი თბილისი-ერზრუმის გაზსადენი და თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი აფეთქებულია და ამიტომ საქართველოში შეიზღუდა ენერგორესურსების მიწოდება. საქართველო არის ანტიხალიფატური კოალიციის წევრი, ანუ ფორმალურად ჩვენ ვებრძვით ხალიფატს. წესით, ჩვენ ჩართული ვართ ამ ომში ფორმალურ დონეზე, რა დონეზე გადავალთ, ეს საუბრის ცალკე თემაა. შეგახსენებთ, თავის დროზე ალასანიამ გააჟღერა, რომ ჩვენ მზად ვიყავით, საქართველოში გაგვეწვრთნა სირიელი მეამბოხეები, მაგრამ, როცა აჟიოტაჟი ატყდა, ალასანიას კოვზი ნაცარში ჩაუვარდა და ამერიკელებმა საწვრთნელი ბაზები გახსნეს თურქეთსა და იორდანიაში. ჩვენ ვდგავართ შემდეგი საფრთხის წინაშე, ეს არის ენერგოუსაფრთხოება, მეორე გახლავთ სირიიდან მიგრანტების ტალღის საფრთხე, ოკუპირებულ აფხაზეთში სირიიდან ემიგრანტების გარკვეული ნაწილი უკვე შესულია, მესამე გახლავთ ისლამური ხალიფატისგან წამოსული რეალური საფრთხე და შესაძლოა, მათში მიძინებულმა პრობლემებმა გააღვიძოს. რაც შეეხება რუსეთისგან წამოსულ საფრთხეებს, არის შემდეგი: რუსეთი ცდილობს, რაც შეიძლება მოკლე გზა მოძებნოს და ამ კორიდორით საკუთარი სამხედრო შეიარაღება გადაისროლოს სირიის მხარეს. ბულგარეთმა, საბერძნეთმა, უკრაინამ რუსეთს შავი ზღვის კორიდორი დაუხურა, დარჩა ორი კორიდორი, ეს არის კასპიის ზღვის უშუალო კორიდორი და მეორე სახმელეთო კორიდორია საქართველოს გავლით, ანუ ჩვენთვის ყველაზე სახიფათოა, თუ რუსეთი საქართველოსომხეთი-ირანი-ჩრდილოეთ ერაყის გავლით შევა სირიაში!

- ამ დროს საქართველოს ხელისუფლება მისცემს უფლებას რუსეთს, რომ გამოიყენოს ჩვენი კორიდორი და გაატაროს სამხედრო ტექნიკა სირიის მიმართულებით?

- იმაში, რომ რუსეთი ჩვენს სახმელეთო და საჰაერო კორიდორს გამოიყენებს, ეჭვი არ მეპარება, თუ ახლაც არ იყენებს… თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა რუსეთს მისცა ნებართვა, გაეტარებინათ ჩვენს ტერიტორიაზე არასაბრძოლო დანიშნულების ტვირთი და ცოცხალი ძალა. ეს ხელშეკრულება არსებობს. შეიძლება რუსებმა ეს ხელშეკრულება გამოიყენონ სამხედრო ტექნიკის გადასაადგილებლადაც, კასპიის კორიდორით რუსული ტექნიკის გადაადგილება ძალიან ძვირია, 1 რეისი დაახლოებით 50 ათასი დოლარი ჯდება, ხოლო სახმელეთო გადაადგილება საქართველოს კორიდორის გავლით ყველაზე იაფი და უსაფრთხოა.

- კი მაგრამ, გამოდის, რომ ამერიკისა და რუსეთის ინტერესები საქართველოს ტერიტორიაზე ეჯახება, ამერიკელები მისცემენ უფლებას საქართველოს, რუსეთის სამხედრო ტექნიკამ გაიაროს საქართველოზე, რომელიც მათ წინააღმდეგ არის მიმართული?

- გეთანხმებით, ამერიკისა და რუსეთის ინტერესთა კონფლიქტი იქნება, თუკი ჩვენს ტერიტორიაზე მოხდება რუსეთის სამხედრო ტვირთების გატარება, მაგრამ ამაზე უპირველესად ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს და ის სისულელეები არ გავიმეოროთ, რაც 2008 წელს მოხდა…

„ალია“, 23 სექტემბერი, 2015 წელი

ვინ და რატომ შეღება რიყის პარკში რეიგანის ძეგლი?

მიხეილ სახვაძე

რიყის პარკში ამერიკის მე-40 პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის ძეგლი თეთრი საღებავით შეღებეს. ფაქტის ამსახველი ფოტოები „თავისუფალი თაობის“ ხელმძღვანელმა ლადო სადღობელაშვილმა „ფეისბუკით“ გაავრცელა: „დღეს, შუადღისას, დავით მხეიძემ შეღება რეიგანის ძეგლი პროტესტის ნიშნად0“, – დაწერა ლადო სადღობელაშვილმა.

„ალია“ პუბლიცისტ დავით მხეიძეს დაუკავშირდა:

- ბატონო დავით, რა გააპროტესტეთ რეიგანის ძეგლის შეღებვით, ალბათ, გაგვიმხელთ.

- რა გავაპროტესტე და თავზე რომ დაგვასვეს „ნაცმოძრაობა“, აი, ეგ გავაპროტესტე. ამოვიდა ყელში ეს კოჰაბიტაცია.

- მაგაში არანაკლები წვლილი „ქართულ ოცნებას“ მიუძღვის _ ვერ და არ აკეთებენ არაფერს და…

- რას გეტყვით, იცით? პირადად რეიგანის მიმართ, ამერიკელი ხალხის მიმართ არანაირი პრეტენზია არ მაქვს, კაცო. 60 წელს ვარ მიღწეული, პატარა კი აღარ ვარ. ჩემი თაობა აფანატებდა რეიგანზე, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეგ კაცი ამერიკის ადმინისტრაციის სიმბოლოა, რომელიც ასე უხეშად ერევა ყველაფერში. გიგი უგულავას განთავისუფლება საერთოდ ბოლო წვეთი იყო!

- ბატონო დავით, ცოტა არ იყოს, ზედმეტი ხომ არ იყო ძეგლის შეღებვა? თანაც გამოხტნენ უკვე სოციალურ ქსელებში, ვანდალიზმის აქტად მონათლეს თქვენი ეს საქციელი, პუტინის ნიფხვები არიანო, თქვენ და ლადო სადღობელაშვილი.

- ჰოდა, ეგენი ობამას ნიფხვები არიან! რა შუაშია პუტინი, ხომ არ გადაირივნენ ეგენი?! არა, გელაპარაკებით, პუტინი რა შუაშია?! ან მხოლოდ უარყოფითი შეფასებები აქვს ამ ჩემს საქციელს?

- ძეგლი ცოტა უხერხულია, მისულიყავით და ამერიკის საელჩოსთან გამოგეთქვათ პროტესტი.

- იქ ვინ გამაკარებდა, გამჯაგრავდნენ ეგრევე! ძალიან უხეშად ერევა ამერიკა ჩვენს საქმეებში და ასე გამოვხატე პროტესტი.

- მერე პოლიციასთან პრობლემები არ შეგექმნათ?

- კაციშვილს არ დაუნახავს, რა გავაკეთე. მე თვითონ მივედი პარკის დაცვის პოლიციასთან და ვუთხარი, რაც ჩავიდინე. იმათ პატრული გამოიძახეს და პატრულმა ორთაჭალაში რომ განყოფილებაა, იქ წამიყვანა. დამკითხეს და გამომიშვეს.

- ჯარიმაც არ დაუკისრებიათ?

- რა ვიცი, არავის დავუჯარიმებივარ და… პოლიტიკურ თემას მოერიდნენ, ჩვენებიდანაც ამოიღეს. მითხრეს, თუ რამეა, დაგიკავშირდებითო და გამომიშვეს.

„ახალი თაობა“, 23 სექტემბერი, 2015 წელი

აფხაზებსა და ინგუშებს შორის შესაძლოა სიტუაცია უკიდურესად დაიძაბოს

შორენა მარსაგიშვილი

აფხაზეთის ლიდერი რაულ ხაჯიმბა სოხუმში დაოსებული დაბრუნდება. ცხინვალში „რესპუბლიკის დღის“ აღსანიშნავად წასული, ვლადიკავკაზში გაემგზავრა და იქ რიგ ღონისძიებებში მონაწილეობს. აფხაზეთში კი ამ დროს გაგანია ფინანსური კრიზისია.

დაძაბული პოლიტიკური ვითარება სპორტულ სფეროსაც გადასწვდა და ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯემალ გუბაზმა თანამდებობა დატოვა. წასვლისას დაიბარა, ოქტომბერში გავმართავ პრესკონფერენციას და ყველა ზეწოლაზე ვისაუბრებო.

სანამ ჯემალ გუბაზი პოლიტიკური სკანდალის აგორებისთვის ემზადება, რაულ ხაჯიმბა ვლადიკავკაზის ფართო ქუჩებში ამაყად დადის. სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევაა, როცა აფხაზთა ლიდერი ალანიას ეწვია.

აფხაზური და ოსური მედიის ცნობით, ვლადიკავკაზში ჩასული აფხაზთა დელეგაცია მაშინვე ჩრდილოეთი ოსეთის ეროვნულ მუზეუმში მივიდა. რაულ ხაჯიმბა თურმე დიდი ინტერესით აკვირდებოდა ოსთა ისტორიის ამსახველ ექსპონატებს.

ალანიაში ხაჯიმბას გასეირნებას, შესაძლოა, აფხაზურ-ინგუშური კონფლიქტი მოჰყვეს. საქმე ის გახლავთ, რომ „ვენოკით“ აღჭურვილი აფხაზთა ლიდერი დიდების პანთეონში მივიდა, საფლავები შეამკო და ღაწვზე ერთი კურცხალიც ჩამოაგორა. ამ პანთეონში კი 1992 წლის ოქტომბრის ოსურ-ინგუშური კონფლიქტის დროს დაღუპული ოსი მებრძოლები არიან დასაფლავებული.

ეს კონფლიქტი ინგუშებს დღემდე მწარედ ახსოვთ და ამაზე აუცილებლად ექნებათ რეაქცია. თავის მხრივ, ხაჯიმბასაც შეგვიძლია გავუგოთ – აფხაზები დღემდე დაბოღმილები არიან ინგუშებზე, რომლებმაც ოფიციალურად თქვეს უარი ქართველების წინააღმდეგ ბრძოლაზე.

მემორიალის შემკობის შემდეგ ხაჯიმბა ჩრდილოეთი ოსეთის მთავრობის სახლში გაემგზავრა, სადაც მას რესპუბლიკის ახლად დანიშნულმა ლიდერმა ტამერლან იმავე თემურ ლენგ აგუზაროვმა უმასპინძლა. შეხვედრისას მხარეებმა ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ აფხაზთა ლიდერი ალანიაში მხოლოდ „ვენოკით“ არ ჩასულა. მას თან ჰქონდა ორდენები. ამ ორდენებით ხაჯიმბამ ის ოსი მოხალისეები დააჯილდოვა, რომლებიც, მისი თქმით, აფხაზებს თავისუფლებისთვის ბრძოლაში ეხმარებოდნენ.

ბედის უკუღმართობა და სააკაშვილის მიერ აღდგენილი სამხრეთი ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია რომ არა, ეს ორდენი, შესაძლოა, დიმიტრი სანაკოევის მკერდზეც აბრჭყვიალებულიყო. ეს უკანასკნელიც აქტიურად იბრძოდა აფხაზეთში.

ჩვეულებრივი ორდენების გარდა, ხაჯიმბას თან ლეონის ორდენიც ჰქონია, რომლითაც აფხაზები გამორჩეულ ბოევიკებს აჯილდოებენ. ეს ორდენი მან მზვერავთა რაზმის მეთაურ ალან დაუევს გადასცა. „თავდადებისთვის აფხაზთა ლიდერმა სულ 9 კაცი დააჯილდოვა, 2 მეომარი კი ორდენებით – სიკვდილის შემდეგ. ორდენების ჩამორიგების შემდეგ ხაჯიმბამ აფხაზთა და ოსთა ერთ წარმომავლობაზეც ჩამოაგდო სიტყვა.

ჩვენ ერთად გამოვიარეთ ომი და უბედურება, ჩვენ ერთად ვიბრძოდით თავისუფლებისთვის. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს საერთო და ჩვენი „ნართთა ეპოსებიც“ კი ერთმანეთს ჰგავს, – გულისმომკვლელად აღნიშნა რაულ ხაჯიმბამ. მან ოსები აფხაზეთში საგანგებოდ დაპატიჟა და კარგი მასპინძლობაც აღუთქვა. აფხაზეთის ლიდერის თქმით, აფხაზეთი ნელ-ნელა იმართება წელში და მისი კარი ოსებისთვის ყოველთვის ღიაა.

„მოხარულნი ვიქნებით, თუ იქ გიხილავთ, ოღონდ არა როგორც სტუმრებს, არამედ, როგორც ძმებს“ – განაცხადა აფხაზთა ლიდერმა.

ხაჯიმბას გამოსვლით აღფრთოვანებული დარჩა რესპუბლიკა ალანიის მეთაური აგუზაროვი. მან აფხაზ სტუმარს მიპატიჟებისა და მოხალისეთა დაფასებისთვის გულითადი მადლობა გადაუხადა და ბოევიკებს თავადაც შეუქო მარჯვენა.

„იმ დროს, როცა აფხაზეთს ძალიან უჭირდა, ჩვენი ახალგაზრდები იქ მათ დასახმარებლად წავიდნენ. ისინი მათ კანონიერებისა და სამართლიანობის აღდგენაში ეხმარებოდნენ“ – აღნიშნა აგუზაროვმა.

რაულ ხაჯიმბამ ორდენები კი ჩამოარიგა, მაგრამ განმარტებები არ გაუკეთებია, რატომ არასდროს დაეხმარნენ აფხაზები ოსებს. ოსები აფხაზებს დღემდე აყვედრიან, რომ ისინი დამოუკიდებლები მათი დაღვრილი სისხლის ხარჯზე გახდნენ“.

როგორც ცნობილია, ვლადიკავკაზში წასვლამდე აფხაზთა ლიდერი ცხინვალში იმყოფებოდა, სადაც „რესპუბლიკის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. სამხედრო აღლუმის გარდა, ის სხვა ღონისძიებებსაც დაესწრო და მარგალიტებიც დააფრქვია.

ცხინვალში მყოფმა სამხრეთ ოსეთში აფხაზეთის საელჩოც მოინახულა და ადგილობრივ პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვთან ერთად საგანგებო ბრიფინგიც გამართა, სადაც სტუმარმა და მასპინძელმა ერთმანეთი მადლობებით აავსეს“ – წერს ავტორი შორენა მარსაგიშვილი.

Comments are closed