globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 23 სექტემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Sep 23rd, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„რეზონანსი“: ბიძინა ივანიშვილის ტოტალური შეტევა // „სამოქალაქო საზოგადოება მათ, უკაცრავად და, გარყვნეს“ – დარტყმის ახალი ობიექტი არასამთავრობო სექტორი გახდა

„რეზონანსი“: „ოცნების“ მთავარი საარჩევნო პიარი – „ნაციონალების“ პოლიტიკური გასამართლება // „ამ ისტერიკით ‘ოცნება“ ხელოვნურად აძლიერებს „ნაციონალებს“, რადგან პოლიტიკურ სივრცეს ორ პოლუსზე კეტავენ“

„რეზონანსი“: ინტერვიუ კორნელი კაკაჩიასთან: „თუ ვინმეს ამ საქმეების გამოძიება მოეთხოვებოდა და თან ბევრად ადრე, ეს ხელისუფლებაა“

„რეზონანსი“: ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება გახდება საჭირო“ // „გიორგი კვირიკაშვილი სერიოზული პრობლემების წინაშე დგას“

„რეზონანსი“: რამდენად რეალურია შეფასება, რომ პრემიერ-მინისტრს არ აქვს გავლენა მმართველ გუნდში? (გამოკითხვა)

„რეზონანსი“: ინტერვიუ ირაკლი სესიაშვილთან: „ბევრი პროექტი მაქვს, რომელიც თელავს ისეთ ცენტრად აქცევს, როგორც თბილისი და ბათუმია“

„რეზონანსი“: ინტერვიუ გიორგი ბოტკოველთან: „არ ვიქნები ის მაჟორიტარი, რომელიც გამარჯვების შემდეგ ქიშპობას დაუწყებს გამგებელს ან მერს“

„რეზონანსი“: დაპირისპირება კახეთის გულში – ირაკლი სესიაშვილი გიორგი ბოტკოველის წინააღმდეგ (პოლიტოლოგთა კომენტარები)

„რეზონანსი“: ბრძოლა აჭარისთვის – „ნაცმოძრაობის“ „ფსიქოლოგიური ზეწოლა“ და „ოცნების“ „ადმინისტრაციული რესურსი“

——-

ახალი თაობა“: ინტერვიუ ირაკლი სესიაშვილთან: „დავით უსუფაშვილს გული სწყდება, რომ „ქართულ ოცნებასთან“ არ არის“ // „რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო“

ახალი თაობა“: ინტერვიუ კარლო კოპალიანთან: „ხელებშეკრული, დასისხლიანებული ხალხის გორაზე მისროლეს“ // „26 მაისის საქმეზე კიდევ ბევრი სკანდალური ვიდეო არსებობს“

ახალი თაობა“: ინტერვიუ სოსო შატბერაშვილთან: „არეულობას არჩევნების ღამესვე ვვარაუდობ“

—————————-

„რეზონანსი“, 23 სექტემბერი, 2016 წელი

ბიძინა ივანიშვილის ტოტალური შეტევა

სამოქალაქო საზოგადოება მათ, უკაცრავად და, გარყვნეს – დარტყმის ახალი ობიექტი არასამთავრობო სექტორი გახდა

თაკო მათეშვილი

ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო ტაქტიკას – ოპონენტების აქტიური კრიტიკით გაჯერებულ გამოსვლებს პოლიტოლოგები არცთუ დადებით შეფასებას აძლევენ და მიიჩნევენ, რომ გადამლაშებულმა ძაგებამ, შესაძლოა, უკუშედეგი გამოიწვიოს და ხალხი კრიტიკის ობიექტების მიმართ თანაგრძნობითაც კი განაწყოს.  ყოფილი პრემიერი ტრადიციას არ ღალატობს და რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას საკმაო დროს უთმობს ოპოზიციური პარტიების კრიტიკას. განსაკუთრებულად კი, როგორც წესი, “ნაციონალური მოძრაობისა” და “რესპუბლიკური პარტიის”. თუმცა ამჯერად თელავში გამართულ შეხვედრაზე საკმაოდ მწვავე განცხადებები არასამთავრობო სექტორის მიმართაც გააკეთა.

ბიძინა ივანიშვილი VS არასამთავრობო სექტორი

თელავში გამართული შეხვედრა წინა შეხვედრებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ ივანიშვილი კრიტიკის კიდევ ერთი ობიექტი არასამთავრობო სექტორი გახდა. მესამე სექტორს ექსპრემიერმა “დაბინძურებული” უწოდა და “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ხელმძღვანელი ეკა გიგაური 26 მაისს ფულის მიღებაში დაადანაშაულა.

“სამოქალაქო საზოგადოება მათ, უკაცრავად და, გარყვნეს, ისეთი ხალხი შედის და ისეთ ნიშას იკავებენ, რომ ისეთი აგრესიული “ნაციონალური მოძრაობის” წევრებიც არ არიან, ძალიან ხშირად.  იქ ფულზე რომ იყო საუბარი, ეკა გიგაურმაც მიიღო “პაგონები” მაგ დროს – მე არ ვიცი ეს ჭორები, მაგრამ უწერენ მაგასაც. მე მესამე სექტორს კი არ ვაკრიტიკებ, მესამე სექტორში თავშეფარებულ ხალხს ვაკრიტიკებ. ამ სექტორს ნუ აბინძურებენ, გამოვიდნენ და დაირქვან სახელი, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები არიან”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

განცხადებების ობიექტი ეკა გიგაური ყოფილი პრემიერის კრიტიკას მალევე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ განსხვავებული აზრის მიმართ ასეთი რეაქცია დამღუპველია. მისივე თქმით, ბოლო დროს ბიძინა ივანიშვლი ძირითადად სწორედ ამ საქმიანობითაა დაკავებული.

“ზოგადად ვიცით მისი მწვავე დამოკიდებულება იმ ადამიანების მიმართ, ვის აზრსაც არ იზიარებს, ან ვინც ბედავს და ხმამაღლა მისგან განსხვავებულ აზრს აფიქსირებს. ვფიქრობ, გარდა იმისა, რომ არაეთიკურად არ უნდა ისაუბროს, ის ინფორმაციაც უნდა გადაამოწმოს, რომელსაც ავრცელებს. 2011 წლის მაისში საჯარო სექტორიდან (საზღვრის დაცვის სამსახურიდან) ოთხი წლის წამოსული ვიყავი და “საერთაშორისო გამჭვირვალობაში” ვმუშაობდი, “საერთაშორისო გამჭვირვალობას” კი 26 მაისს დარბეული მომიტინგეების ძებნის მეტი არაფერი გაუკეთებია.  როგორც ჩანს, ესაა “ოცნების” გადაწყვეტილება – ასე წარმართოს წინასაარჩევნო კამპანია. ეს მათი არჩევანია”, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

„ბიძინა ივანიშვილიVS ნაცმოძრაობა

“ნაციონალური მოძრაობა” ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა იყო ამჯერადაც. ოპონენტი პარტიის კრიტიკას მან ისევ საკმაო დრო დაუთმო. აღნიშნა, რომ “ნაცმოძრაობა” დღეს ისევ მენტალურად ცდილობს საზოგადოებაზე ძალადობას, თუმცა ამჯერად ეს აღარ გამოუვათ, რადგან საზოგადოება ასე “გამოთაყვანებული” არ არის.  მისი თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” რევოლუციის მოხდენას ფიქრობს და აქვე დასძინა, რომ მათ ამის რესურსი არ აქვთ. ხოლო თუკი ისინი მართლაც გაბედავენ და რამე პროვოკაციას მოაწყობენ, შეიძლება “ის მიიღონ რაც არ მომხდარა”.

“შეიძლება მოსახლეობას ჩვენ წინ ვეღარ დავუდგეთ და მოგვიწიოს ამ პარტიაზე საუბარი, რაც იქნება ძალიან მძიმე. ეს იქნება ცუდი ქვეყნის იმიჯისთვის. მე ამას პირობითად ვამბობ, თორემ ესენი ჩვენი თანამოქალაქეები არიან, კაცის მკვლელებიც იხდიან დანაშაულს და ათასგვარი ხერხია იმისთვის, რომ ჩააყენონ ასეთი ადამიანები ხალხის სამსახურში.  ის, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი იყო ვიღაცა და ამიტომ უნდა დავსაჯოთ – ასეთი მიმართულებით წასვლა არ აწყობს პირველ რიგში საზოგადოებას და არც ქვეყანას. ასე არ შეიძლება, რომ კაცი მხოლოდ იმიტომ გავრიყოთ, რომ ადრე სადღაც დადგა”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ამ ყველაფრის შემდეგ კი ბიძინა ივანიშვილმა ისიც დასძინა, რომ 250 000 ადამიანი ისევ მოტყუებულია, რაკი “ნაცმოძრაობას” უჭერს მხარს. ამის შემდეგ კი მან ყოფილი ხელისფლების დროს მომხდარი ძალადობის ფაქტები გაიხსენა და დასძინა, რომ ამ ყველაფრის ფონზე „ნაციომალური მოძრაობის” მხრიდან ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციის დაპირება აღმაშფოთებელია.

ბიძინა ივანიშვილი VS რესპუბლიკური პარტია

თელავში ივანიშვილის კრიტიკის ერთ-ერთი მთავარი ობიექტი ისევ ყოფილი პარტნიორი “რესპუბლიკური პარტია” იყო. ამჯერად ის უსუფაშვილის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” და “ქართული ოცნება” ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან.  ექსპრემიერმა განაცხადა, რომ “რესპუბლიკელებს” პინგ-პონგის თამაში სურთ, რადგან მეტი საქმე არ აქვთ და ამიტომაც მათგან უამრავი არასერიოზული კითხვები მოდის.

მოგეხსენებათ, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ქართულ ოცნებას” შორის მსგავსებაზე ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” ეთერში, გადაცემა “360 გრადუსში” ორი დღის წინ ისაუბრა.

როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, პოლიტიკა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს 2004 წელს ჰქონდა და “ქართულ ოცნებას” ახლა აქვს, “გაჭრილი ვაშლივით” ჰგავს ერთმანეთს, ვინაიდან იმ პერიოდში “ნაციონალურმა მოძრაობამ” თქვა უარი ყოფილ პარტნიორ პარტიებთან ურთიერთობაზე, დღეს კი იგივეს მმართველი ძალა აკეთებს.

დავით უსუფაშვილისათვის და ზოგადად, “რესპუბლიკელებისათვის” კრიტიკა არც “ოცნების” წევრებს დაუკლიათ. უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ პარლამენტის თავმჯდომარეზე განაცხადა, რომ არ შეიძლება ქვეყანას, კოალიციას, კოლეგებს მუდმივად თავს აყვედრიდე და მიგაჩნდეს, რომ ყველაზე ჭკვიანი ხარ.

“ეს იმას ნიშნავს, რომ თავად დარჩნენ წარსულში, ან ვერ გაცდნენ ვიწრო პარტიულ პრიზმას. ძალიან სამწუხაროა, რომ ამას ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც სწორედ ჩვენი უმრავლესობისა და “ქართული ოცნების” მხარდაჭერით გახდა პარლამენტის თავმჯდომარე. ჩვენ ეს გადაწყვეტილება პარტიული ნიშნით არ მიგვიღია და იმედია, არც ის ჰგონია ვინმეს, რომ სხვა ალტერნატივა ვერ მოიძებნებოდა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

თემას საკმაოდ მწვავედ გამოეხმაურნენ “რესპუბლიკურ პარტიაშიც”. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა ივანიშვილს პირობაც კი მისცა, რომ იგი აუცილებლად მოიხდის ბოდიშს იმ “საძაგლობისთვის”, რაც იკადრა. ხიდაშელის თქმით, მათ ქმედებას არა “პინგ-პონგი”, არამედ უღირს უზრდელობზე პასუხი ჰქვია.

“ჩვენ არ დაგვიწყია და შეურაცხყოფა არ მოგვიყენებია… კითხვები არსებობსო – დასვით ბატონო ბიძინა, ოღონდ ვინმე უფრო გონიერს ჰკითხეთ რჩევა, ვიდრე იმას, ვინც საკონსტიტუციო კომისიაზე გირჩიათ, თორემ ისევ უკან დახევა მოგიწევთ”, – მიმართავს თინა ხიდაშელი ივანიშვილს.

ხალხს ზედმეტი ქებაც აღიზიანებს და კრიტიკაც

პოლიტოლოგი იგორ კვესელავა გაკვირვებულია, რომ ბიძინა ივანიშვილმა წინასაარჩევნოდ მსგავსი ტაქტიკა აირჩია, მითუმეტეს იმ პირობებში, როცა უამრავი მრჩევლი და პიარ-ტექნოლოგიების სპეციალისტი ჰყავს. მისი აზრით, ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ საზოგადოება მის ნათქვამს ენდობა და ვისაც იგი გააკრიტიკებს, აღარც ხალხი დაუჭერს მხარს. სწორედ ამიტომაც აკრიტიკებს ოპონენტებს აქტიურად.

“შეიძლება სხვას არ დაუჯერონ – მინისტრებს, პრეზიდენტს და ა.შ. მაგრამ ბიძინას, რომელსაც მაღალი რეიტინგი აქვს, ალბათ ფიქრობს, რომ დაუჯერებენ. ამიტომაც აკეთებს ამას. შესაძლებელია ამაში ლოგიკა იყოს. როცა ადამიანს ბევრჯერ ეუბნებიან ერთიდაიგივეს, ძალაუნებურად იჯერებს – ფსიქოლოგიაში ეს ცნობილი მომენტია.  შესაბამისად, როგორც ჩანს, ისინიც ფიქრობენ, რომ თუკი ხალხს ხშირად ეტყვიან, რომ “ნაციონალები” და “რესპუბლიკელები” ცუდები არიან, ისინიც დაიჯერებენ. სიმართლე გითხრათ, ვერ ვიგებ რაში სჭირდება მას “რესპუბლიკელების” კრიტიკა. გასაგებია, “ნაციონალებს” 200-250 ათასი მხარდამჭერი ჰყავთ, მაგრამ “რესპუბლიკელებს” ხომ არ ჰყავთ და რამე საშიშროებას წარმოადგენენ? განა ბიძინა ივანიშვილს ახლა იმ სათქმელის ამოთქმა უნდა, რასაც 4 წელი ვერ ამბობდა?,” – ამბობს იგორ კვესელავა.  მისი აზრით, საზოაგდოების გარკვეული ნაწილისათვის ეს აუცილებლად იქნება გამაღიზიანებელი, რადგან ხალხს ზედმეტი ქებაც აღიზიანებს და კრიტიკაც. ამიტომაც ფიქრობს, რომ გამუდმებული კრიტიკა საჭირო აღარაა.

“თუ გახსოვთ, ადრე “რესპუბლიკელებმა” თქვეს, რომ ბიძინა ივანიშვილზე რაღაცებს იტყოდნენ, მერე კი არაფერი თქვეს.  შეიძლება ბიძინას სწორედ მათი გამოწვევა უნდა, რომ ათქმევინოს რასაც გულისხმობდნენ”, – მიიჩნევს იგორ კვესელავა.

„რეზონანსი“, 23 სექტემბერი, 2016 წელი

ოცნების მთავარი საარჩევნო პიარი – ნაციონალების პოლიტიკური გასამართლება

ამ ისტერიკით ოცნება ხელოვნურად აძლიერებს ნაციონალებს, რადგან პოლიტიკურ სივრცეს ორ პოლუსზე კეტავენ

ეკატერინე ბასილაია

„ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებისათვის დარჩენილ ყველაზე ცხელ ფაზაში მთავარი პიარ-კამპანია “სისხლიანი 9 წლის” გახსენებასა და “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურ გასამართლებაზე გადართო და ამ პროცესში პროკურატურაც და პარტიაც აქტიურად ჩაერთო.

წარსული “სისხლიანი” 9 წლის გახსენების “ოცნებისეული” საარჩევნო კამპანია ასე გამოიყურება: 3 დღის წინ 26 მაისის აქციის დარბევაზე ახალი გარემოებებით 5 ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალი წაუყენეს, გუშინ დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმე გახსნეს და 3 ყოფილ მაღალჩინოსანს მიუსაჯეს პატიმრობა; პლუს განახლდა გირგვლიანის საქმის სასამართლო პროცესი და 3 ოქტომბერს იგეგმება დიდი საჯარო დისკუსია წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე. გარდა ამისა, უკვე რამდენიმე კვირაა, ტელეეთერით გადის სააკაშვილის 9-წლიან მმართველობაზე გადაღებული ფილმი “ჰეროკრატიაც”. დიდი ალბათობით, დარჩენილ დღეებში სხვა ახალი ამბებიც გამოჩნდება.

პოლიტოლოგების ერთი ნაწილი აცხადებს, რომ რადგან “ოცნებას” 2012 წელს სწორედ ე.წ. ცოცხების თემამ მოუტანა დიდწილად გამარჯვება, ამ გამოცდილი ხერხით, “სისხლიან 9 წელზე” აპელირებით ცდილობენ გავიდნენ ფონს და ამომრჩევლის ის ნაწილი მიიმხრონ, რომელიც ხელისუფლებას ე.წ სამართლიანობის ვერ აღდგენის გამო საყვედურობს. თუმცა, მათივე თქმით, ეს ყველაფერი “ოცნების” წინასაარჩევნო ისტერიკა, ფარსი და გამაღიზიანებელი პროპაგანდაა, რაც საარჩევნო გარემოს ძალიან ამძიმებს. მეორე ნაწილი თვლის, რომ, როგორც ჩანს, “ოცნებაში” გარკვეული კვლევები ჩატარდა, საიდანაც დაადგინეს, რომ ამომრჩევლის ყველაზე დიდი მოთხოვნა ე.წ. სამართლიანობის აღდგენის სურვილია, ამიტომაც გათვლა ამ ნეგატივზე წავიდა და არა პოზიტივზე – ხელისუფლების მიღწევებსა და სამომავლო ეკონომიკურ თუ სოციალურ დაპირებებზე.

„ეს არის “ქართული ოცნების” წინააღმდეგობრივი პოლიტიკა, როდესაც, ერთი მხრივ, ლაპარაკობს მშვიდობაზე და არჩევნების კონსტრუქციულ ვითარებაში ჩატარებაზე და, მეორე მხრივ, დაგვიანებული სამართლიანობის აღდგენის დროშის აწევას ცდილობენ. არჩევნების წინ დაიწყეს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური გასამართლება, აქამდე სად იყვნენ?!  წინასაარჩევნოდ რატომ აფაფხურდნენ ასე ძალიან?!”, – აცხადებს საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელი გია ხუხაშვილი.

აღსანიშნავია, რომ წარსულის დანაშაულებებთან დაკავშირებულ 3 ოქტომბერს დიდი საჯარო დისკუსიის გამართვაზე ოთხშაბათს ტელეეთერიდან “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

“ჩვენ ვაპირებთ საკმაოდ საინტერესო საჯარო დისკუსიის გამართვას წარსულის დანაშაულებებთან გამკლავებასთან დაკავშირებით. გვინდა პარალელი გავავლოთ რამდენიმე ქვეყანასთან, რომელსაც გავლილი აქვს დაახლოებით ასეთი ტიპის სასტიკი რეჟიმი. მაგალითად გერმანიას დიდი ხანი დასჭირდა გამკლავებოდა წარსულში ჩადენილ დანაშაულებებს. ჩვენ ამ დისკუსიის გამართვას ვაპირებთ სამ ოქტომბერს და გვექნება საკმაოდ საინტერესო ანალიზი და მათ შორის მოვიწვევთ როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, რომ ვისაუბროთ რა მასშტაბს გაუმკლავდა ჩვენი ხელისუფლება, წარსულში ჩადენილ დანაშაულებებთან დაკავშირებით და ასევე ვისაუბროთ შემდეგ გეგმებზე”, – განაცხადა ეკა ბესელიამ “ემ პირველთან”.

გია ხუხაშვილი “ოცნების” ამ გააქტიურებას დიდ ფარსს უწოდებს. ამბობს, რომ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც 9 წლის განმავლობაში რეჟიმთან კონფრონტაციაში იყვნენ, ეს ვირტუალური მოქმედებები გამაღიზიანებელია და მიიჩნევს, რომ “ოცნება” ცდილობს, არჩევნები ისტერიულ ფონზე ჩატარდეს, რითაც მთლიანად პოლიტიკურ პროცესს აფეთქებს.

„ყველაფერს ორპოლუსიანს ტოვებენ, ისევ ისტერიულ ფონზე უნდათ არჩევნების ჩატარება, რითაც სხვა პარტიებს უკეტავენ გზას. “ნაციონალურ მოძრაობას” საკუთარი ამომრჩეველი ჰყავს და მათ რაც უნდა აჩვენო და ელაპარაკო, მაინც ამ პარტიას მისცემს ხმას. ამ ისტერიკით კი “ოცნება” ხელოვნურად აძლიერებს “ნაციონალებს”, რადგან პოლიტიკურ სივრცეს ამ ორ პოლუსზე კეტავენ. ეს მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს და დიდ ფარსს ემსგავსება. „ოცნების” ამოცანა ვინმეს დაჭერა კი არ არის, არამედ ამ ფარსის დადგმაა, რადგან იგივე 26 მაისის დარბევა რომ ახლა, მაინცდამაინც წინასაარჩევნოდ გახსნეს, ამ დარბევის ფიგურანტებს იმათ შორისაც აღმოაჩენენ, ვისთანაც დღეს მეგობრობენ. „ოცნების” გათვლაა გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე იმოქმედონ და შესაძლოა ნაწილზე მართლაც მოახდინოს გავლენა, მაგრამ იმ ნაწილზე, ვინც გააზრებულ არჩევანს აკეთებს, პირიქით – ეს კიდევ ერთ გაღიზიანებას გამოიწვევს. ქართული საზოგადოება მათგან განსხვავებით გაიზარდა და ასეთ სპექტაკლებს ნაკლებად ჭამს”, – ამბობს გია ხუხაშვილი. მისი თქმით, შემაშფოთებელი იყო ივანიშვილის გუშინდელი განცხადება, რომ “თუ “ნაციონალები” ბევრს იფაფხურებენ, ხალხი გასცემს პასუხს-ო”. ამბობს, რომ ეს სახიფათოა. “რისკენ მოწოდებაა, ქაოსისკენ? ქაოსი რომ გვდომებოდა, ქართული საზოგადოება ამ ფორმით პასუხს ჯერ კიდევ 2007-2008 წლებში გასცემდა. ქაოსი რომ არ გვინდოდა, ამიტომ ვითმინეთ 2012 წლამდე. დღეს რა მოწოდებები იყო? ესაა სახელმწიფოებრივი აზროვნება?!” – აცხადებს გია ხუხაშვილი. იგი ამბობს იმასაც, რომ ხელისუფლებას რესურსი არ აქვს, არ შეუძლია პოზიტიური გზავნილები გასცეს და პოზიტიური კამპანია აწარმოოს და ამიტომაც არის საარჩევნო კამპანია ნეგატივზე აგებული.

„გიორგი კვირიკაშვილი მულტფილმის გმირი – კატა ლეოპოლდივით გამოდის და სულ მშვიდობაზე ლაპარაკობს, მაგრამ პოლიტიკური პროცესი სხვა მიმართულებით, კონფრონტაციის გზით მიდის. რეჟიმის გასამართლება არჩევნების საქმე არ არის. პოლიტიკური გასამართლება პარლამენტში უნდა ხდებოდეს და წინასაარჩევნო პროცესში ამის გადასვლა მძიმე დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა”, – დასძენს გია ხუხაშვილი.

ფსიქოლოგი და პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძის თქმით, მისაღები იქნებოდა ყველაფერი პოზიტიურის გაშუქება ყოფილიყო ხელისუფლების მთავარი ამოცანა და ამ ფონზე შემოსულიყო საარჩევნო კამპანია, მაგრამ ეს არ გაკეთდა. პირიქით, რაღაც ძველი საქმეების გახსენება ხდება და საარჩევნოდ პედალირება სწორედ “ნაციონალებზე” და ამ პარტიის რეიტინგის შემცირებაზეა მიმართული.

“ქართული ოცნების” სლოგანში “თავისუფლება” პრივალირებს და ეს თავისუფლება მიაჩნია “ოცნებას” თავის უმთავრეს მიღწევად, ხოლო ამ თავისუფლების ფასი რომ უფრო ცხადი გახადონ, კონტრასტის გამო იმ მოვლენებს ახსენებენ ხალხს, როდესაც თავისუფლების დიდი დეფიციტი იყო და მეჩვენება, რომ ამ მხრივ არის ამუშავებული ძველი საქმეების გახსენება “ოცნების” პროპაგანდაში”, – მიიჩნევს რამაზ საყვარელიძე. მისი თქმით, დისკუსიებში “ოცნება” იმ მიღწევებზეც საუბრობს, რაც მათ ამ 4 წლის განმავლობაში სხვა სფეროში ჰქონიათ, მაგრამ აქცენტი მაინც “ნაციონალების” ცუდი საქმეების შეხსენებაზეა, იმიტომ რომ მათი მთავარი ოპონენტი ისევ “ნაციონალური მოძრაობაა” და მთავარი გათვლაც ის აქვთ, რომ გადაუწყვეტელმა ამომრჩეველმა “ნაციონალებს” არ დაუჭიროს მხარი. “ალბათ, საარჩევნო კამპანიის აგების დროს პარტიას წინ ედო ბევრი მასალა, მათ შორის სოციოლოგიური კვლევაც და ამ მასალებიდან გამომდინარე ააგო “ოცნებამ” ისეთი წინასაარჩევნო კამპანია, როგორიც ააგო. როგორც ჩანს, საზოგადოებისთვის მგრძნობიარე თემა სწორედ სამართლიანობის აღდგენა იყო”, – ამბობს რამაზ საყვარელიძე.

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის განცხადებით, სამართლიანობის აღდგენისათვის და ძველი სს საქმეების გააქტიურებისთვის საარჩევნო პერიოდი ძალიან ცუდად შერჩეული დროა, რადგან ეს საზოგადოებას აღიზიანებს და სიტუაციას ძაბავს.

“ეს ყველაფერი ფონს ამძიმებს. თან ამ დალოცვილებს ამ საქმეების გამოსაძიებლად და გასარკვევად 4 წელი ჰქონდა. 4 წელი კი პატარა დრო არ არის. ყველა ელოდებოდა, რომ სამართლიანობის აღდგენა 2 წელიწადში დასრულდებოდა. ჩვენ მართლა 100 მილიონიანი ქვეყანა ხომ არ ვართ, სულ 4 მილიონი ვართ და ამ ძველი საქმეების გამოძიება 4 წელიწადში უნდა დამთავრებულიყო. შემდეგ კი მშვიდად, ნორმალურ ვითარებაში მივიდოდით არჩევნებამდე. როგორც ჩანს, ხელისუფლებაში სხვანაირად გადაწყვიტეს. რაში სჭირდებათ ეს, არ ვიცი, რადგან მგონია, რომ “ოცნება” არჩევნებს მაინც მოიგებს. ამომრჩეველს სხვა ალტერნატივაც არ გააჩნია”, – მიიჩნევს სოსო ცინცაძე. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი მშვიდობისმოყვარე ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ალბათ მთავრობაში და პარტიის ხელმძღვანელობაში არიან რადიკალი “ქორები”, რომლებიც თვლიან, რომ არჩევნების წინ სამართლიანობის აღდგენა და “ნაციონალების” დემონიზაციაზე ისევ აპელირება აუცილებელია.

„რეზონანსი“, 23 სექტემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ კორნელი კაკაჩიასთან: „თუ ვინმეს ამ საქმეების გამოძიება მოეთხოვებოდა და თან ბევრად ადრე, ეს ხელისუფლებაა

ეკატერინე ბასილაია

“მუდმივად “9 წლით” სპეკულირება და ჟონგლიორობა მომაბეზრებელია. თუ ვინმეს ამ საქმეების გამოძიება მოეთხოვებოდა და თან ბევრად ადრე, ვიდრე წინასაარჩევნოდ, ეს ხელისუფლებაა”, – აცხადებს თსუს-პროფესორი პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია და მიიჩნევს, რომ “ოცნებას” ამომრჩევლის მოსაზიდად ახალი იდეები არ აქვს და ამიტომაც უკვე ნაცად ხერხს იყენებს – როგორც 2012 წელს, ისე ახლაც ცდილობს “ნაციონალების” საშინელ 9 წელზე პროპაგანდით მოიპოვოს მხარდამჭერები, რაც საზოგადოებისთვის მომაბეზრებელია.

- “ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნოდ ისევ აქტუალური გახადა 9-წლიანი სისხლიან რეჟიმზე საუბარი. ხაინდრავას ფილმი “ჰეროკრატია” გადის, 26 მაისის აქციის დარბევისთვის 5 ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალი წაუყენეს, ხოლო ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე 3 ექსმაღალჩინოსანს განაჩენი გამოუტანეს, პლუს განახლდა გირგვლიანის საქმის განხილვები და 3 ოქტომბერს გეგმავს ასევე საჯარო დისკუსიას წარსულში ჩადენილ დანაშაულებებზე. რაში სჭირდება ეს “ქართულ ოცნებას”?

- დიდი ხანია ჩანს, რომ “ქართული ოცნება” წინასაარჩევნო დღის წესრიგს ვერ აყალიბებს. მას საკუთარი გზავნილი, ახალი ნარატივი, რომელსაც ამომრჩეველს შესთავაზებდა, რეალურად არ აქვს და ამ ახალი პოლიტიკური იდეების სიმწირეში, რომელიც წესით, სახელმწიფოს აღმშენებლობას უნდა შეხებოდა, ერთადერთი რაც დარჩა, ისაა, რომ წარსულზე მოახდინონ აპელირება. ამომრჩეველი კი მათგან ახალ ხედვებს ელოდება. საზოგადოების დიდ ნაწილს მოყირჭდა წარსულზე ერთი და იგივე საუბარი, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც 4 წელია ისინი ხელისუფლებაში არიან. 4 წელი საკმარისი იყო იმისათვის, რომ ახალ ხელისუფლებას თავი დაემკვიდრებინა და ახალი იდეები შეეთავაზებინა. რაც გაკეთებულია, იმაზე დაყრდნობით მაინც გაეკეთებინა აქცენტი, რისი გაკეთება ვერ მოასწრო და რას სურს მომავალში და არა იმაზე, თუ როგორი ცუდები იყვნენ წინამორბედები.

წინასაარჩევნო კამპანიის ნეგატივზე აგება სახიფათო სტრატეგიაა და არასწორია, რამაც შესაძლოა “ქართული ოცნებისთვის” უარყოფითი შედეგიც გამოიღოს. ბოლო დღეებში პროპაგანდისტული მიზნებით ამ ნეგატივის აწევა მიდის ყველა საშუალებით. თითქოს წინა წლებში ამ სს საქმეების ბოლომდე მიყვანა შეუძლებელი იყო. მუდმივად “9 წლით” სპეკულირება და ჟონგლიორობა მომაბეზრებელია, რადგან თუ ვინმეს ამ საქმეების გამოძიება მოეთხოვებოდა და თან ბევრად ადრე, ვიდრე წინასაარჩევნოდ, ეს ხელისუფლებაა.

მთლიანობაში ეს ყველაფერი ორკესტრირებული პროპაგანდის შთაბეჭდილებას ტოვებს, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების თვალშიც. ყველამ იცის, რომ არჩევნების წინ ასეთი, პოლიტიკური კონიუნქტურით გამოწვეული ხერხების გამოყენება წინასაარჩევნო პროცესის ნორმალურად ჩატარებას ხელს არ უწყობს.

- თავად “ოცნებაში” ირწმუნებიან, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ დაემთხვა წინასაარჩევნო პერიოდს. არის ეს დამაჯერებელი?

- ეს აბსოლუტურად არ არის დამაჯერებელი. აშკარაა, რომ ახლა გამოცოცხლდა თემები, რომლებიც თაროზე იყო შემოდებული. პირიქით, ბუნებრივად ჩნდება კითხვა, “ქართული ოცნების” მხრიდან ხომ არ არის ეს იმის მცდელობა, რომ გამოაღვიძოს და უკან შემოიბრუნოს ე.წ. რადიკალური ამომრჩეველი, რომელიც “ოცნებაზე” გაბრაზებულია სამართლიანობის არ აღდგენის გამო. იმ ნაწილს, რომლისთვისაც “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობა აბსოლუტურად მიუღებელია, ანახონ, რომ მზად არიან მათი დასჯის და ამით როგორმე კეთილგანწყობა მოიპოვონ.

- წარსულით ჟონგლიორობის მიზეზი იდეების ნაკლებობის გარდა ისიცაა, რომ “ოცნების” რეიტინი დაბალია და მათ მხარდამჭერები შემოაკლდათ?

- ერთ ერთი მიზეზია ეს. მათ იციან, რომ ამომრჩევლის დიდი ნაწილი გულაცრუებულია მათზე და მით უმეტეს, მოუმხრობელ ამომრჩეველში სწორედ სამართლიანობის ვერ აღდგენის გამო განაწყენებული კატეგორიაცაა.

- შეძლებენ ეს კატეგორია მათკენ შემოაბრუნონ?

- აბრაამ ლინკოლნს აქვს გამონათქვამი: ხალხი შეიძლება ერთხელ მოატყუო, გაგიჭირდეს მაგრამ, ეს მეორეჯერაც შეძლოს, მაგრამ მესამეჯერ ვერ მოატყუებ. შეიძლება იგივე ამ შემთხვევაშიც ვთქვათ. “ოცნებას” ძალიან გაუჭირდება. ამიტომაც არ მგონია ამ შეხსენებებით რეიტინგის ამაღლება შეძლონ. ხალხი ქმედებებს და ცვლილებებს ელოდება. იმ პრობლემების გადაჭრის გზებზე საუბარს, რაც დღეს არსებობს და არა ისტორიის გააზრება.

- “ნაციონალური მოძრაობის” საწინააღმდეგოდ რამდენად მოქმედებს ეს შავი პიარი და მათ თუ აკარგვინებს ეს ქულებს?

- “ნაციონალურ მოძრაობას” საკუთარი ამომრჩეველი ჰყავს და ეს ამომრჩეველი ამ პროპაგანდისტული შავი პიარის გამო პარტიის მხარდაჭერას მაინც არ შეწყვეტს. ამიტომაც “ოცნების” ეს აქტიურობა მაინც ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ემოციურ ნაწილზეა გათვლილი ნაწილი, რომ მათთან მიიღოს “ოცნებამ” შედეგი.

„რეზონანსი“, 23 სექტემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება გახდება საჭირო“ // „გიორგი კვირიკაშვილი სერიოზული პრობლემების წინაშე დგას

ელზა პაპოშვილი

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, არჩევნების შემდეგ, თუ ხელისუფლებაში კვლავ “ქართული ოცნება” დარჩება, გიორგი კვირიკაშვილი ქვეყანაში არსებულ პრობლემებს ვეღარ გაუმკლავდება. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრს არა აქვს იმდენი ძალაუფლება და გავლენა, რომ მან როგორც საკუთარი გუნდის, ასევე საზოგადოების მართვა შეძლოს. იგი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილის უკან, პოლიტიკაში დაბრუნება გახდება საჭირო. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ არ დათანხმდა დავით უსუფაშვილი ივანიშვილის შეთავაზებას, რომ ის პრემიერი გამხდარიყო. ანალიტიკოსის განცხადებით, მაშინ პარლამენტის თავმჯდომარემ ივანიშვილს განუცხადა, რომ ასეთ შემთხვევაში მისი პოლიტიკაში დაბრუნება გახდებოდა საჭირო.

- როგორ ფიქრობთ, იმ სარეკლამო რგოლებიდან, რომლებშიც პოლიტიკოსების დაპირებებია წარმოდგენილი, ყველაზე მეტად ამომრჩეველს რა შეიძლება მოსწონებოდა და რა არა?

- სამწუხარო ფაქტი ისაა, რომ ჩვენს მოქალაქეებში ამ არჩევნების მიმართ დიდი დაინტერესება არ არის. ამიტომაც არ მგონია, რომ პოლიტიკური სუბიექტების რეკლამას ან პროგრამას კითხულობდნენ და მათ დაპირებებს ზედმიწევნით იცნობდნენ. ყველაზე მთავარი დაპირება, რომელიც ყველა პარტიას აქვს, ეს არის სოციალური და ეკონომიკური განვითარება. თუმცა ზოგი პოლიტიკური პარტია ამ საკითხს ზედაპირულად წარმოგვიდგენს, ზოგიც კი კონკრეტულ ციფრებზე საუბრობს. მაინც მგონია, რომ ჩვენი ამომრჩეველი არჩევანს პარტიის ლიდერების მიხედვით უფრო გააკეთებს, ვიდრე კონკრეტული დაპირებების. რა თქმა უნდა, ერთ-ერთ მთავარ საკითხს ასევე საგარეო ვექტორი წარმოადგენს, თუმცა რეალურად სახელმწიფო რეფორმირების საკითხი არც ერთ პოლიტკურ პარტიას არ გააჩნია. “რესპუბლიკელებს” აქვთ მხოლოდ, ისიც ზოგადი სახის მონახაზით წარმოდგენილი.

- არჩევნებამდე სამი კვირით ადრე თუ გამოჩნდა “ქათული ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” ალტერნატიული ძალა, რომელიც პარლამენტში მოხვედრის შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკურ ამინდს შეცვლის?

- მოლოდინი, რომ ამ ორ პარტიას რომელიმე პოლიტიკური სუბიექტი კონკურენციას გაუწევდა, საზოგადოებაში ამის სურვილი ნამდვილად იყო. თუმცა არჩევნებმადე სამი კვირით ადრე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ვერც ერთმა მათგანმა ვერ მოახერხა. რა თქმა უნდა, “ოცნების” ჩანაცვლების არანაირი შანსი არ არსებობს. თუმცა ოპოზიციას “ნაციონალური მოძრაობის” ალტერნატიული პარტიის შექმნაზე უნდა ეზრუნა, თუმცა, სამწუხაროდ, ვერც ეს მოხერხდა.

პარლამენტში შემსვლელი პარტიების პირველი და მეორე ადგილი უკვე ცნობილია და არჩევნებამდე სამი კვირით ადრე იმის ილუზია არავის აქვს, რომ მათ ადგილს სხვა რომელიმე პოლიტიკური სუბიექტი დაიკავებს. საზოგადოების წინაშე ამ არჩევნებზე ძალიან სერიოზული ამოცანა დგას, რომ პარლამენტი ამ ორ პარტიას არ დავუტოვოთ.

თუ ჩვენმა მოქალაქეებმა მოახერხეს და 5%-იანი ბარიერი სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც გადაალახვინეს, მაშინ ეს ამ არჩევნების მთავარი მიღწევა იქნება, რომლითაც ვფიქრობ, რომ ამ ორი პოლიტიკური ძალის ჩანაცვლების პროცესი დაიწყება. თუ პარლამენტში მხოლოდ ორპარტიული ძალა იქნება, ვშიშობ, რომ არჩევნების შემდეგ ქვეყანაში სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება და შეუქცევადი პროცესები დაიწყება. ამ არჩევნების მთავარი გამოწვევა ის იქნება, რომ მთავრობა ერთპარტიული არ იყოს.

- თქვენ ახლა ახსენეთ, რომ არჩევნების შემდეგ, შესაძლოა, ქვეყანაში უმართავი პროცესები დაიწყოს. ამის შესახებ თავად სახელისუფლო გუნდიც საუბრობს და ხელს “ნაციონალური მოძრაობისკენ” იშვერს. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება არჩევნების შემდეგ გახდეს მოქალაქეების უკმაყოფილების მიზეზი?

- ძალიან მინდა, რომ რაღაცა საკითხების პრევენცია მოხდეს. ჯერჯერობით საზოგადოებაში ვერ ვხედავთ იმის მზაობას, რომ არჩევნები მოახლოვდა. ჩვენი მოქალაქეები ნეიტრალიტეტს ინარჩუნებენ და არანაირი დაძაბულობა არ იგრძნობა. თუმცა პოლიტიკური ძალები, რა თქმა უნდა, ცდილობენ, რომ სიტუაცია დაძაბონ და გაამძაფრონ. თუმცა საშიშროება არსებობს, რომელიც პირველ რიგში საარჩევნო სიებს ეხება.

ეს არის აპრობირებული მეთოდი, რომლიც უკვე გამოყენებული იქნა. საკუთარი თავი გადაამოწმეთ და ნახავთ, ხართ თუ არა სიაში, ეს არის წყლის ნაყვა, რადგანაც მოსახლეობის უმრავლესობა ამას არ გააკეთებს. შესაბამისად, იმის დიდი ალბათობა არის, რომ სიები ვიღაცის მეშვეობით შეცვლილი ან გაუკუღმართებული იყოს, რაც უკმაყოფილებას გამოიწვევს.

მართალია, ეს დესტაბილიზაციაში არ გადაიზრდება, მაგრამ ამას პოლიტიკური ოპონენტები ხელისუფლების კრიტიკისთვის გამოიყენებენ და არჩევნების სამათლიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. ამიტომაც, საარჩევნო კომისია სიებთან დაკავშირებით ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. მეორე საკითხი კი ის არის, რომ შესაძლოა ამომრჩეველთა ხელოვნურად გაზრდა მოხდეს, რომელიც 5%-იანი ბარიერის გადამლახავ პარტიათა რიცხვს ხელოვნურად შეამაცირებს. ამიტომ ამ მეორე საკითხზე განსაკუთრებული ყურადღება თავად ოპოზიციამ უნდა გაამახვილოს.

- როგორ ფიქრობთ, ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც აღიარა, რომ მან დავით ბაქრაძეს “ქართულ ოცნებაში” გადასვლა შესთავაზა, თუმცა არ დაადასტურა, რომ დავით უსუფაშვილს პრემიერ-მინისტრობა შესთავაზა. როგორ ფიქრობთ, ამ შემთხვევაში ვინ შეიძლება ტყუოდეს?

- ვფიქრობ, აქ უკვე ნდობის საკითხი დგება. დავით უსუფაშვილს 1992 წლიდან ვიცნობ. ამიტომ მე პირადად ვთვლი, რომ უსუფაშვილს ამ საკითხის გამომზეურება არაფერში სჭირდებოდა. მას ეს ბევრს არაფერს აძლევს. თუმცა როდესაც ბიძინა ივანიშვილისგან მისი მისამართით პირველი თავდასხმა მოხდა, ისიც იძულებული გახდა, რომ კარტი გაეხსნა. ესაუბრა იმაზე, რაც ისედაც ჩანდა. უსუფაშვილი ამ თანამდებობაზე თანახმა იყო იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკაში უკან თავად ივანიშვილიც დაბრუნდებოდა.

სამწუხაროდ, ძალიან მალე, არჩევნების შემდეგ გამოჩნდება, რომ გიორგი კვირიკაშვილი სერიოზული პრობლემების წინაშე დგას და ბიძინა ივანიშვილის უკან პოლიტიკაში დაბრუნება გახდება საჭირო. გიორგი კვირიკაშვილი მარტო იმ პრობლემებს ვერ გაუმკლავდება, რომლიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. მას ივანიშვილის ფარული მხარდაჭერა აღარ ეყოფა. ის, რასაც უსუფაშვილი ივანიშვილისგან ითხოვდა, კვირიკაშვილს არჩევნების შემდეგ აუცილებლად დასჭირდება. ივანიშვილს ის ბრკეტები ჯერ კიდევ აქვს, რომლითაც გუნდის და საზოგადოების გაკონტროლება შეუძლია. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, ივანიშვილი უალტერნატივო ლიდერია. ის განაწყენდა იმაზე, რომ უსუფაშვილი მის მიერ შეთავაზებულ პირობებს არ დასთანხმდა. ძალიან მალე თავად ივანიშვილიც დარწმუნდება, რომ კვირიკაშვილისთვის ძალიან საჭიროა.

„რეზონანსი“, 23 სექტემბერი, 2016 წელი

რამდენად რეალურია შეფასება, რომ პრემიერ-მინისტრს არ აქვს გავლენა მმართველ გუნდში?

ლიკა გურაბანიძე

“ქართული ოცნების” 150 კაციანი სიიდან გიორგი კვირიკაშვილს 10 კაცი ემორჩილება და 140 კაცს უკაცრავად და, ფეხებზე ჰკიდია, – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” წევრმა ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, თუ როგორ შეაფასებდა ბერძენიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე.

ლევან ბერძენიშვილის თქმით, ის გაცილებით მეტი ყურადღებით მოუსმენდა კვირიკაშვილის გამოსვლას, დარწმუნებული რომ იყოს, რომ პრემიერის სიტყვა შესრულდება.

“ადრე ჩვენი ხელისუფალი რომ გამოდიოდა იქ, ის იყო ჩვენი ხელისუფალი. ახლა იქ რომ კაცი გამოვიდა, ყველამ იცის, რომ იგი არის ფორმალურად პირველი პირი საქართველოში, მაგრამ 150 კაციან სიაში 10 კაცი ემორჩილება და 140 კაცს უკაცრავად და, ფეხებზე ჰკიდია. ამ კაცის ლაპარაკი იქ ცოტა გაუგებარია. კარგი კაცია შეიძლება, ბევრი კარგი რამის გაკეთება უნდა, მაგრამ რეალური ბერკეტები არ აქვს”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა. მისივე თქმით, კვირიკაშვილის აზრი არ არის მნიშვნელოვანი არც გაეროში და არც საქართველოში. ბერძენიშვილმა ორპარტიულობის საკითხი გაიხსენა და აღნიშნა, რომ კვირიკაშვილი შეუთანხმდა “რესპუბლიკურ პარტიას”, რომ ორპარტიულობაზე თანახმა იქნებოდა, თუმცა მაშინ ნუკრი ქანთარია უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა და გადაწყვეტილება შეიცვალა.

“გამოვა ბიძინა ივანიშვილი და გვეტყვის ვის მივცეთ ხმა, ვინ უნდა დაიჭიროს პროკურორმა და ა.შ. ამაზე სხვა ქვეყანაში სკანდალი ატყდებოდა, მაგრამ საქართველო მიჩვეულია. გამოვა კიევიდან ვიღაცა, რაღაცა ჭკვიანურს გვეტყვის, ამასაც მიჩვეული ვართ, მისი ხმა რომ არ გვეყოფა, მისი მეუღლე გამოდის და გვეტყვის, რომ ძალადობის წინააღმდეგია. მე ვიძალადე ხალხო? გასაგებია, რომ იგივე ხალხი გვასწავლის ჭკუას და ეს არის მიუღებელი”, – აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.

თქვენი აზრით, რამდენად რეალურია შეფასება, რომ პრემიერ-მინისტრს არ აქვს გავლენა მმართველ გუნდში? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

არჩილ გამზარდია (საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი): თეორიულად რეალური შეიძლება ყველაფერი იყოს, მაგრამ მე მგონია, რომ ლევან ბერძენიშვილი მაინც ძალიან გაავებული და განრისხებულია. იგი მზად არის თქვას ყველაფერი რაც რეალისტური, ან მტკნარი სიცრუეა. ამ პერიოდში, რა მგომარეობაშიც ახლა “რესპუბლიკელები” არიან მე მათ განცხადებებს უფრო ირონიულად აღვიქვამ, ვიდრე სერიოზული განხილვის საგნად. ამ ეტაპზე მათ ძალიან მდაბიო და მდარე გამოხატულებები აქვთ.

ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): საერთოდ პოლიტიკოსები ამ წინასაარჩევნო კამპანიაში უკიდურეს გამონათქვამებს მიმართავენ და ვფიქრობ, რომ ბერძენიშვილის მხრიდან ეს ძალიან არაკორექტული შეფასებაა. დღევანდელ ხელისუფლებას ჰყავს გუნდი, ვის მოსწონს და ვის არა ეგ სხვა საკითხია. შეკრული გუნდია და უმრავლესობის მოპოვებისკენაა მიმართული. ეს ბერძენიშვილისგან ზედმეტად ექსტრემალური შეფასებაა, არ მგონია ასე იყოს.

მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი): მართებული რამდენად არის, ამას ვერ ვიტყვი, რაც შეეხება დასახელებულ რიცხვებს, შესაძლოა არსობრივად ბერძენიშვილის ეს შეფასება რეალისტურიც იყოს. ეს არაკორექტული გამოთქმაა და მგონია, რომ “რესპუბლიკელების” წარმომადგენელს ასეთი განცხადებისგან თავი უნდა შეეკავებიინა.

გიგა ნასარიძე (ა/ო “საქართველო არ იყიდება”): მე არ მგონია, რომ ის ათი კაციც ემორჩილება კვირიკაშვილს და ამიტომ ეს შეფასებაც გადაჭარბებულია ლევან ბერძენიშვილის მხრიდან. 10 კაცი ცოტა ზედმეტი მოუვიდა. გამონათქვამი უხამსია და უფრო კორექტული უნდა ყოფილიყო. ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც “რესპუბლიკელები” არიან, ასეთ განცხადებებს ბერძენიშვილი სწორედ ამიტომ აკეთებს.

ანა რატიანი (ჟურნალისტი): მათ ერთმანეთის ამბავი უკეთ იციან. ძალიან ცოტა დრო რჩება არჩევნებამდე და ამაზე უარესსაც არაერთხელ მოვისმენთ. ასეთი გამონათქვამებიც ჩვეულებრივი პიარია.

„რეზონანსი“, 23 სექტემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ირაკლი სესიაშვილთან: „ბევრი პროექტი მაქვს, რომელიც თელავს ისეთ ცენტრად აქცევს, როგორც თბილისი და ბათუმია

თიკო ოსმანოვა

“ქართული ოცნების” კანდიდატი ირაკლი სესიაშვილი თელავის ისეთ ცენტრად გადაქცევას გეგმავს, როგორც თბილისი და ბათუმია. მისი თქმით, რამდენიმე წელში საცხოვრებლად კახეთის ცენტრში აპირებს გადასვლას, მაგრამ მანამდე ჯერ თელავში ტურიზმის საკითხსაც მოაგვარებს.

ირაკლი სესიაშვილი: ძალიან ბევრ რამეს ვპირდები თელაველებს. მინდა, რომ ყველა თელაველმა გაიაზროს, როგორი უნდა იყოს ჩვენი ქალაქი 10-15 წლის შემდეგ. ამ ქალაქში ვხედავ ძალიან დიდ პოტენციალს, როგორც მრეწველიბის განვითარების, ისე ტურიზმის მიმართულებით. მინდა იყოს ფუნიკულიორი, საბაგირო. იყოს ღვინის მუზეუმი, რომ თელავში ტარდებოდეს საერთაშორისო ღვინის ფესტივალები.

თელავს მინდა ჰქონდეს რამდენიმე საშუალო ზომის საწარმო, რომელიც იმ პროდუქციას გადაამუშავებს, რომელიც სოფლის მეურნეობით მოიპოვება ჩვენს რაიონში. რაც, ერთი მხრივ, სოფელს ქალაქთან დააკავშირებს. ძალიან ბევრი პროექტი მაქვს, რომელიც თელავს, ისეთ ცენტრად აქცევს, როგორც თბილისი და ბათუმია.

ამ მიმართულებით არ დავიშურებ არც ენერგიას, არც ჩემს ძალებს და შესაძლებლობას, რომ ეს ყველაფერი ძალიან ლამაზად დავაგვირგვინო. რამდენიმე წელში ვაპირებ აქეთ გადმოსახლებას, ასე რომ, ყველაფერი წინ გვაქვს.

- ვინ მიგაჩნიათ თქვენს მთავარ კონკურენტად?

- ვერ ვიტყვი, რომ მყავს კონკურენტი. კონკურენტი ჰყავს იმას, ვისაც უნდა, რომ იპაექროს. მე საპაექრო მაქვს მხოლოდ იქ, სადაც კარგი საქმე კეთდება. ჩემი ოპონენტები ძირითადად შავი პიარით არიან დაკავებულნი. ამიტომ მე არათუ კონკურენტი მყავს, არამედ ჩემი მთავარი გამოწვევაა, რომ ამომრჩეველთან მეტი კონტაქტი მქონდეს. უფრო ბევრი შეხვედრა მქონდეს და ვისაუბრო ჩვენი ქვეყნის მომავალზე, რაიონის განვითარებაზე და აქ ჩემი მთავარი პარტნიორია ჩვენი საზოგადოება, ამომრჩეველი.

- რას იტყვით თქვენს კონკურენტ “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ გიორგი ბოტკოველზე?

- “ნაციონალური მოძრაობა” ჩემთვის არის ის პარტია, რომელმაც გვასწავლა, როგორ არ უნდა ვმართოთ ქვეყანა და როგორ არ უნდა მოვექცეთ საკუთარ ამომრჩეველს. ეს პოლიტიკური ძალა არ მაინტერესებს და მათ შორის მისი კანდიდატები. ისინი სჩადიოდნენ სადიზმს, რომელიც ფაქტობრივად აღიარეს კიდეც.

- ანუ, თქვენი აზრით, შეძლებთ მის დამარცხებას?

- არ ვიცი, ვინ გაიმარჯვებს, ვიცი, რომ ჩვენი საზოგადოება სწორ არჩევანს გააკეთებს, ამიტომ, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, გავიმარჯვებ იმიტომ, რომ ეს გვჭირდება ყველას ერთად. არ ვარ ის ადამიანი, რომელიც საკუთარ ამბიციებზე აგებს პოლიტიკას. ვარ ის ადამიანი, რომელიც მთავრობასთან და გუნდთან ერთად იმუშავებს, რომ მეტი კეთილდღეობა ჰქონდეს ქვეყანას.

„რეზონანსი“, 23 სექტემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ გიორგი ბოტკოველთან: „არ ვიქნები ის მაჟორიტარი, რომელიც გამარჯვების შემდეგ ქიშპობას დაუწყებს გამგებელს ან მერს

თიკო ოსმანოვა

“ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი კი თელავის და ყვარლის ამომრჩევლებს იმ პროექტების დასრულებას ჰპირდება, რომლის განხორციელება მათი მმართველობის დროს დაიწყო. მისი თქმით, იგი იქნება ის ადამიანი, რომელიც მიუხედავად პარტიული შეხედულებისა, ითანამშრომლებს არჩეულ გამგებელთან თუ მერთან.

გიორგი ბოტკოველი: ძალიან კარგად ვიცნობ ამ რაიონის პრობლემებს. დიდი პერიოდი ვმუშაობდი კახეთში და ვფიქრობ, ის საკითხები, რომელიც აწუხებს რეგიონს, მუნიციპალიტეტთან ერთად უნდა მოვაგვარო. აქტიურად ვიქნები ყველაფერში ჩართული, რომ რესურსების გამოძებნა მოხდეს იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომელიც რაიონს აქვს. მაგალითად, თელავში ფაქტობრივად გაჩერებულია, უბრალოდ, ახლა წინასაარჩევნოდ ნელი ტემპით დაიწყეს მუშაობა 2007 წელს დაწყებული – თელავის 24-საათიანი წყლით მომარაგების პროექტი, რომელიც 5 ეტაპად უნდა დაყოფილიყო. 2012 წლამდე 4 ეტაპის დასრულება მოვახერხეთ და წელს უკვე უნდა ყოფილიყო 24-საათიანი წყლის მომარაგება. თუმცა დღევანდელმა ხელისუფლებამ ეს პროექტი შეაჩერა. ასევე გვაქვს ქალაქის რეაბილიტაციის გეგმა, რომელიც დიდი ხანია არსებობს, 2013-2014 წლებში შემდგომი ეტაპები უნდა განხორციებებულიყო, მათ შორის ყვარელში, რომელიც გულისხმობდა ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების შექმნას და რომელიც ამ რაიონების ტურისტულ პოტენციალს გაზრდიდა. ასევე, სოფლებში ძალიან ბევრი ყოფითი პრობლემაა, რომლის მოგვარებაც ამ ხელისუფლებამ ვერ შეძლო. ვპირდები მოსახლეობას ამ პრობლემების მოგვარებას, რომ ადამიანებისთვის ყოფითი გარემო შეიქმნას.

სოფელს ჰქონდეს წყალი და მოხდეს მათი გაზიფიცირება. არის სოფლები, სადაც გაზიფიცირება დავიწყეთ, თუმცა დასრულება ვერ მოვასწარით და ეს არც ამ ხელისუფლებამ გააკეთა. მაგალითად, ყვარელში დარჩენილია ორი სოფელი – ალმატი და საბუე, სადაც 1 ოჯახის გაზიფიცირებაც ვერ შეძლო დღევანდელმა ხელისუფლებამ.

მე არ ვიქნები ის მაჟორიტარი, რომელიც გამარჯვების შემდეგ ქიშპობას დაუწყებს არჩეულ გამგებელს ან მერს, გადადგეს, დატოვოს თანამდებობა თუ არა. ვაპირებ მათთან თანამშმლობას და მათთან ერთად კონკრეტული საქმეების კეთებას, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი.

- ვინ მიგაჩნიათ თქვენს მთავარ კონკურენტად?

- ზუსტად ის პრობლემები, რომელიც ჩამოვთვალე.

- რას იტყვით მმართველი პარტიის კანდიდატ ირაკლი სესიაშვილზე?

- რა ვიცი, ვფიქრობ, შევძლებ მის დამარცხებას.

„რეზონანსი“, 23 სექტემბერი, 2016 წელი

დაპირისპირება კახეთის გულშიირაკლი სესიაშვილი გიორგი ბოტკოველის წინააღმდეგ

(პოლიტოლოგთა კომენტარები)

თიკო ოსმანოვა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მოიპოვებს თუ არა კიდევ ერთხელ საპარლამანეტო მანდატს, ამას თელავის და ყვარლის ამომრჩეველი 2 კვირაში გადაწყვეტს. მას კონკურენციას 12 კანდიდატი უწევს, მათ შორის “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი გიორგი ბოტკოველი, რომელიც ადგილობრივ პრობლემებს ძალიან კარგად იცნობს.

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ფიქრობს, რომ სესიაშვილი პარლამენტის მიღმა არ დარჩება. მისი თქმით, როგორც წესი, ამომრჩეველი ინდივიდებს არ უყურებს, მათთვის მნიშვნელოვანია ესა თუ ის ადამიანი, რომელი პარტიის წარმომადგენელია.

“ძირითად შემთხვევებში, სადაც 2012 წელს “ქართულმა ოცნებამ” მოიგო, შანსი ისევ მმართველ პარტიას აქვს. ხოლო სადაც წინა არჩევნებზე “ნაციონალურმა მოძრაობამ” მოიგო, მანდ ისევ ოპოზიცია გაიმარჯვებს, ამიტომ თუ ამ რეგიონში “ოცნებამ” მოიგო, შესაბამისად წელსაც სესიაშვილი მოიგებს. საზოგადოება, ამომრჩეველი ინდივიდებს არ უყურებს, ირაკლი სესიაშვილი იქნება თუ ბოტკოველი, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელოვანია ესა თუ ის ადამიანი, რომელი პარტიის წარმომადგენელია.

სამწუხაროდ, პარადოქსია ისიც, რომ მაჟორიტარების არჩევნები კი არის, მაგრამ ამომრჩეველი მათ პიროვნულად შესაძლებლობებს, რესურსებს არ უყურებს. მათ წარმომადგენლობას უფრო უსვამს ხაზს, ამიტომ ვამბობ, მაგალითად, ზუგდიდში სანდრა რულოვსი იქნება თუ სხვა, მაინც “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს აქვს გამარჯვების დიდი შანსი. მაჟორიტარ კანდიდატს შეიძლება მნიშვნელობა მიენიჭოს განსაკუთრებულ რაიონებში, მაგალითად კორცხელში, სადაც ამომრჩევლის რამდენიმე ხმას ჰქონდეს გადაწყვეტილების შეცვლის შესაძლებლობა. სხვა შემთხვევაში, რომელი პარტიაც დომინირებს, ის გაიმარჯვებს დიდი ალბათობით, მათ შორის თელავშიც”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას არჩილ გამზარდია. მისივე თქმით, “ოცნებამ” მაჟორიტარ კანდიდატებად მაღალი შანსის მქონე ადამიანები შეარჩია, შესაბამისად იგი ფიქრობს, რომ სესიაშვილი პარლამენტის მანდატის გარეშე არც წელს დარჩება.

“ვფიქრობ, მეორე ტური ყველგან იქნება, თუმცა გააჩნია მმართველ პარტიას უპირატესობა რა დოზით აქვს. თბილისის ძირითად რაიონებში ძალიან დიდი შანსი აქვს ხელისუფლებას, რომ პირველივე ტურში გაიმარჯვოს. რეგიონებში განსხვავებული ვითარებაა, ზოგან შეიძლება, რაღაც გარკვეული შედეგი სულ სხვა პარტიებმა აჩვენონ. შესაბამისად, თელავში თუ მეორე ტური იქნება, დიდი ალბათობით სესიაშვილი გაიმარჯვებს. “ქართულმა ოცნებამ” მაჟორიტარებად გაუშვეს ისეთები, ვისაც გამარჯვების მეტი შანსი აქვს. არა მგონია, ირაკლი სესიაშვილი საპარლამენტო მანდატის გარეშე დარჩეს”, – გვითხრა არჩილ გამზარდიამ.

„რეზონანსი“, 23 სექტემბერი, 2016 წელი

ბრძოლა აჭარისთვისნაცმოძრაობის“ „ფსიქოლოგიური ზეწოლა და ოცნების ადმინისტრაციული რესურსი

ნინო ქეთელაური

საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, 8 ოქტომბერს აჭარის მთავრობასაც აირჩევენ, სადაც წინასაარჩევნო პროცესში გარკვეული დარღვევების შესახებ “რეზონანსს” “სამართლიანი არჩევნების” აჭარა-გურია-ფოთის რეგიონული კოორდინატორი მადონა ბერიძე ესაუბრა. როგორც ის აცხადებს, მართალია წინა არჩევნებთან შედარებით, დარღვევები შემცირებულია, თუმცა ეს მაინც ხდება და კონკრეტულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას.

მადონა ბერიძის თქმით, ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს, რომელიც მას უპირატეს მდგომარეობაში აყენებს. საუბარია, საჯარო მოხეელების მობილიზებაზე და კანიდატებთან შეხვედრისას მათ ორგანიზებულად მიკროავტობუსებით წაყვანაზე.

“თავდაპირველად გამოვყოფდი ადმინისტრაციული რესურსის ნაწილს, რომელიც ყველა ხელისუფლებას უპირატეს მდგომარეობაში აყენებს. ბუნებრივია, ეს შესაძლებლობა არც ამ მმართველ ძალას გაუშვია ხელიდან. საუბარია პარტიული შეხვედრების დროს ადმინისტრაციული რესურსის მიმართულებით საჯარო მოხელეების გამიზნულად და ჯგუფურად ჩამოყვანაზე. მართალია, უმეტესწილად პარტიული შეხვედრები და კანდიდატების წარდგენა არასამუშაო დღეებში ხდება, მაგრამ ის, რომ საჯარო მოხელეების მსგავს შეხვედრებზე ჩამოყვანა ორგანიზებულად, მიკროავტობუსებით ხდება, ეს მიანიშნებს, რომ მათთან ან სატელეფონო ზარებით, ან სოციალური ქსელით ხდება კავშირი და მსგავს შეხვედრაზე წაყვანა”, – აცხადებს ბერიძე და აღნიშნავს, რომ აჭარის მთელ მუნიციპალიტეტში წინასაარჩევნოდ გაიხარჯა ბიუჯეტი და სოციალური და ინფრატრუსტურული პროექტების განხორციელებაც, სწორედ ამავე პერიოდში ხდება.

აუცილებლად უნდა შევეხოთ საბიუჯეტო მიმართულებებსაც. მიუხედავად იმისა, რომ საქმე კონკრეტული ვადების დარღვევებთან არ გვაქვს, აჭარის თითქმის მთელ მუნიციპალიტეტში გაიზარდა ბიუჯეტი. ასევე წინასაარჩევნო პერიოდში სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამების მაქსიმალური თავმოყრა ხდება. გაზრდილია სოციალური პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობა.

მაგალითად, შუახევში იყო ფაქტი, როდესაც ბიუჯეტიდან გამოიყო თანხა და მოიალაღეებს უფასო ტრანსპორტირებას უწევდნენ. მართალია, ამ შემთხვევაში თანხა ბიუჯეტში ჩაიდო და სამართებლივი ნორმები გარკვეულწილად მოწესრიგებული ჰქონდათ, მაგრამ რადგან წინა წლებში მსგავსი პროგრამების განხორციელება არ ხდებოდა, ვფიქრობთ, რომ მსგავსი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამების წინასაარჩევნო პერიოდში თავმოყრა გარკვეულწილად სწორედ საარჩევნო პერიოდს უკავშირდება”, – გვითხრა მადონა ბერიძემ.

ბრალდებებს “ქართული ოცნების” ბათუმის პრესსაამსახურში პასუხობენ, სადაც “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებენ, რომ “ოცნების” კანდიდატების მხრიდან არანაირი დარღვევა არ მომხდარა.

“წინასაარჩევნო პერიოდი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში და “ქართული ოცნების” კანდიდატების მხრიდან არანაირ დარღვევებს არ აქვს ადგილი. პირიქით, უპრეცედენტო საარჩევნო გარემოა, რაც იან კელიმაც დაადასტურა”, – აცხადებენ “ქართული ოცნების” ბათუმის პრესამსახურში.

რაც შეეხება მიკროავტობუსებით გადაადგილებას და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას, პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ბრალდება უსაფუძვლოა და თუ ვინმემ საკუთარ იმპროვიზაციას მიმართა, ამაზე ინფორმაცია არ აქვთ.

“ბათუმში მიკროავტობუსები არ არის, არის მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსები, ამიტომ ეს ფაქტი სინამდვილეს არ შეესაბამება. მაგალითად, საწვავის საკითხი რომ საბიუჯეტო სახრებით იყოს უზრუნველყოფილი, ასეთი რამ არ არსებობს. ჩვენი პასუხია, აბსოლუტურად თავისუფალი გარემო ოპონენტებისთვის, მედიისთვის და ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ოპონენტებს სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის განხორციელებაში ხელი არ შეეშალოს. ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებინი ელჩის განცხადება არის პასუხი ყველაფერზე. ის, რომ “სამართლიანი არჩევნები” აკვირდება ასეთ საკითხებს, მხოლოდ მივესალმებით, რადგან ჩვენთვის ეს არის დამატებითი სიფხიზლე.  თუ ვინმემ რამე იმპროვიზაციას მიმართა და ა.შ ამაზე ვერ მოგახსენებთ, ამას სჭირდება მეტი კონკრეტიკა. პირველ რიგში, ჩვენ ვართ დაინტერესებული, რომ მეტი თავისუფალი გარემო იყოს და მაგ კუთხით, ნაკლები ხარვეზები გვგქონდეს იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპისკენ და საერთაშორისო ორგანიზაციებისკენ სწრაფვაში”, – აცხადებენ “ქართული ოცნების” ბათუმის პრესსამსახურში.

“სამართლიანი არჩევნების” კოორდინატორის განცხადებით, აღსანიშნავია, პოლიტიკური ნიშნით ოპოზიციური პარტიებსა და კანდიდატებზე მუქარისა და ზეწოლის ფაქტებიც.

“აჭარის შემთხვევაში ასევე გამოვყოფდი, სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით, ოპოზიციური პარტიებსა თუ დამოუკიდებელ კანდიდატებზე მუქარისა და ზეწოლის ფაქტებს. როგორც ჩვენ დამოუკიდებელმა კანდიდატმა არმაზ ახვლედიანმა მოგვაწოდა ინფორმაცია, მისი შეხვედრების კოორდინატორის მიმართ განხორციელდა მსგავსი ფაქტი და გარკვეული პრივილეგიების სანაცვლოდ მოხდა მისი გადაბირება. თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას ეს კონკრეტული პირიც და მთავრობის აპარატის უფროსიც უარყოფენ”, – აცხადებს კოორდინატორი, რომელიც აღნიშნავს, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ირიბ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს მოსახლეობაზე, რაზეც მათ მიერ მოსახლეობის კონკრეტულ სოციალურ ფენასთან დადებული ხელშეკრულებები მეტყველებს.

“მნიშვნელოვანია ხელშეკრულებების თემა. ამ არჩევნებზე ეს რაღაც განსხვავებული და ნოვაციურია ისევე როგორც “ცენტრისტების” შემთხვევაში, ბათუმში ხელშეკრულებები ფორმდებოდა და დღემდე ფორმდება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ვარშალომიძის მეშვეობით. გარკვეულ კატეგორიებზე სოციალური სახლების აშენებასთან დაკავშირებით.  მოსახლეობის ამ ნაწილს პირდებიან, რომ არჩევნების შემდეგ ბინები უფასოდ გადაეცემათ. ეს პროგრამა, როგორც კანდიდატი აღნიშნავს, ბიუჯეტით განხორციელდება, მაგრამ ის, რომ ამომრჩეველი ამ ხელშეკრულებას ხელს აწერს, ვფიქრობთ, ამით ამ კონკრეტული პარტიის თუ კანდიდატის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიიღების გარკვეული ვალდბულების განცდა უჩნდებათ. აღნიშნული ქმედება, კი ჩვენი აზრით, ირიბი ფსიქოლოგიური ზეწოლის საფუძველი ხდება” – აცხადებს მადონა ბერიძე.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ლევან ვარშალომიძის ადვოკატი მირდატ ქამადაძე “რეზონანსთან” საუბრისას განმარტავს, რომ ეს არის ჩვეულებრივი წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც კანონმდებლობით არ იკრძალება და არც რამე დარღვევის ნიშნებს შეიცავს.

“ცოტა უცნაური შეფასებაა, ფსიქოლოგიურ ზეწოლაში რა იგულისხმება მე ვერ გეტყვით იმიტომ, რომ ფსიქოლოგიურ ზეწოლად შეიძლება შეფასდეს ნებისმიერი ქმედება. ეს რომ ყოფილიყო კანონის დარღვევა, ცხადია, ჩვენ ამ ქმედებას არ განვახორციელებდით, ვინაიდან ჩვენ ძალიან კანონმორჩილი პარტია ვართ.  მე შემიძლია სამართლებრივი შეფასება გავაკეთო, ეს არის წინასაარჩევნო ჩეულებრივი დაპირება. არც ერთი საკანონმდებლო, არც საარჩევნო კოდექსი, არც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონი არ განსაზღვრავს, დაპირება რა ფორმით უნდა იყოს გაცემული. ანუ, დაპირების ფორმა შეზღუდული არ არის. რაც იმას ნიშნავს, რომ თვითონ პოლიტიკური სუბიექტი ირჩევს დაპირების ფორმას. ეს შეიძლება იყოს წერილობითი ან ზეპირი. მაგალითად, ერთგვარი დაპირების ფორმაა, თუნდაც საარჩევნო პროგრამებს რომ აქვეყნებენ. ამ შემთხვევაში ჩვენ ავირჩიეთ დაპირების ეს ფორმა, სადაც ვამბობთ, რომ ჩვენი სახლებს გამარჯვებისთანავე ავუშენებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქმედების განხორციელებას ვუკავშირებთ, ჩვენს ხელისუფლებაში მოსვლას და საბიუჯეტო სახსრებიდან ამ პროგრამის შესრულებას”, – ამბობს მირდატ ქამადაძე. მისი თქმით, სოციალური სახლების აშენების დაპირებასთან დაკავშირებით, ლევან ვარშალომიძე აუდიტის სამსახურშიც დაიბარეს, თუმცა მათვე გააკეთეს დასკვნა, რომ აქ დარღვევის ნიშნები არ ყოფილა.

“ამ საკითხზე ბატონი ლევან ვარშალომიძე აუდიტის სამსახურშიც დაიბარეს. სამწუხაროდ, ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, რომ ხელი შეგვიშალოს, რათა მოქალაქეებს არ ავუხსნათ ამ პროგამის შესახებ და არ მივცეთ გარანტიები, რომ ეს სოციალური სახლები ჩვენი გამარჯვებისთანავე აშენდება. თვითონ აუდიტის სამსახურმა გააკეთა დასკვნა, რომ მისი კომპეტენციის ფარგლებში შემავალ რამე სახის დარღვევებს ვერ ხედავს და ახლა სხვა ორგანიზაცია რას ფიქრობს, მე ვერ გეტყვით. მათი დასკვნა მე არ მინახავს”, – ამბობს იურისტი.

———————

ახალი თაობა“, 23 სექტემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ირაკლი სესიაშვილთან: „დავით უსუფაშვილს გული სწყდება, რომ ქართულ ოცნებასთან არ არის“ // „რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო“

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის „ქართული ოცნების“ მიმართ გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებს აფასებს.

- ბატონო ირაკლი, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან ერთმანეთს. პარლამენტის თავმჯდომარემ ეს შედარება 2004 წლის მოვლენების კონტექსტში გააკეთა, როდესაც ნაციონალურმა მოძრაობამ პარტნიორებზე უარი თქვა და ცალკე აღმოჩნდა. როგორი მოსასმენი იყო ეს შედარება ყოფილი პარტნიორისგან?

- ეს იყო შავი პიარის მცდელობა დავით უსუფაშვილის მხრიდან. სწორედ ამას ცდილობს „ნაციონალური მოძრაობაც“, რომ რაღაცნაირად ჩვენთან პარალელი გაავლოს, მაგრამ ამ უსუსურმა მცდელობამ ფიასკო განიცადა. დავით უსუფაშვილს გული სწყდება, რომ „ქართულ ოცნებასთან“ არ არის და მისი ამგვარი შეფასებების მთელი ქვეტექსტი სწორედ ეს არის. ერთი ქართული ანდაზა მახსენდება: „რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო“. მიუხედავად იმისა, რომ მე ბატონ დავითს დიდ პატივს ვცემ და ვთვლი, რომ ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტიკოსია, სამწუხაროდ, რესპუბლიკურმა პარტიამ კოალიციის ფარგლებში ვერ შეძლო ელემენტარული კოლეგიალობის დაცვა, თუმცა, გულწრფელად გეტყვით, რომ ჩვენი პარტიის ზოგიერთი წევრისგანაც იყო არცთუ სახარბიელო დამოკიდებულება. დღეს არჩევნებზე „ქართული ოცნება“ დამოუკიდებლად რომ გადის, ეს გამოწვეულია იმ პოზიციებიდან, რომლებიც ჰქონდათ ჩვენს ყოფილ პარტნიორებს.

- რა პოზიციებზე საუბრობთ და ვის გულისხმობთ?

- ვგულისხმობ ალასანიას, რესპუბლიკელებს, თუნდაც ფორუმსა და სხვებს. ჩვენს რიგებში არიან დარჩენილი ძიძიგური, გაჩეჩილაძე, ჟორჟოლიანი. მრეწველებთან დაკავშირებით მიზეზი საერთაშორისო ურთიერთობებში განსხვავებული დამოკიდებულება იყო.

- რა ნიშნით დარჩნენ ეს ადამიანები, რომლებიც არიან თქვენს პარტიულ სიაში?

- ბევრი მათგანი „ქართულ ოცნებაში“ წარმოდგენილი იყო არა პარტიულად, არამედ პიროვნულად. ყველას თავისი ადგილი ჰქონდა როგორც პოლიტიკურ ცხოვრებაში, ისე კოალიციურ მმართველობაში. ჩვენ თანამშრომლობას ვაგრძელებთ ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე.

- თუმცა [გიორგი] გაჩეჩილაძესთან დაკავშირებით არის კითხვის ნიშნები, თითქოს მან დატოვა გუნდი, შემდეგ ისევ აღმოჩნდა სიაში. რატომ?

- პრინციპული რღვევა არ ყოფილა. შეიძლება, ვიღაცას რაღაც ეტაპზე გასჩენოდა პოლიტიკური ამბიცია ჩვენი გუნდის შიგნითაც, მაგრამ ეს გადაილახა. შეუცდომელი არავინ არის. მთავარია, სწორი ანალიზი მოხდეს და შემდეგ ეს ქმედებით გამოიხატოს. ეს ცუდი არ არის.

- რესპუბლიკურ პარტიას დავუბრუნდეთ...

- რაც შეეხება რესპუბლიკელებს, შიგნით გვიწევდა მუდმივი ჭიდაობა. არასდროს ვარ წინააღმდეგი გუნდის შიგნით დისკუსიის, კამათის, აზრთა სხვადასხვაობის, პირიქით, მომხრე ვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში რესპუბლიკური პარტია ვიწროპარტიული ინტერესების დაკავებას ცდილობდა.

- მაგალითად?

- მაგალითად, დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ პროდასავლური არჩევანის გარანტი არის რესპუბლიკური პარტია. ეს იყო პირდაპირი შეურაცხყოფა მთავრობის, პრემიერ-მინისტრის, თითოეული ჩვენგანის, თუნდაც ჩვენი ამომრჩევლის. პირადად ვიგრძენი თავი შეურაცხყოფილად, რადგან არ ვთვლი, რომ დავით ბერძენიშვილზე ნაკლებად მინდა ჩემი ქვეყნისთვის ევროპული პერსპექტივები. ამდენად, ვიწროპარტიული თუ პოლიტიკური ინტერესები ჭარბობდა ჯანსაღ, კონკურენტულ პროცესში გადაწყვეტილების მიღებისას. დღეს უსუფაშვილს თუ სურს, „ქართულ ოცნებასა“ და ნაციონალებს შორის პარალელი გაავლოს, ამით ვერაფერს იხეირებს და ვერც „ოცნებას“ დააკლებს რამეს. ყველამ კარგად ვიცით, ვის რა რეიტინგი აქვს ამ ქვეყანაში. „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის იმხელა ფუნდამენტური სხვაობაა, რომ ვერავინ შეძლებს ვერანაირი ტროსით, თოკითა თუ ძაფით ჩვენს ერთმანეთთან მიბმას. თუ ბატონი უსუფაშვილი საკუთარი პოლიტიკური პერსპექტივებით არის უკმაყოფილო, გამოსავალი თვითკრიტიკაშია.

- ყველაზე მძაფრი კრიტიკით სწორედ თქვენი ყოფილი პარტნიორები გამოდიან. რა არის ამის რეალური მიზეზი, მხოლოდ ის, რომ კოალიცია დაიშალა? ვიღაცები ხომ რჩებიან.

- ყველამ კარგად იცის – რომ არა ბიძინა ივანიშვილი, რა პერსპექტივები ელოდა ჩვენს ქვეყანას. ყოფნა-არყოფნის წინაშე ვიდექით. ასეთი იყო სამწუხარო რეალობა. ამ პოლიტიკოსების უმრავლესობა შეიძლება დღეს ციხეში ყოფილიყო ან ქვეყნიდან გაქცეული. ვისაც, მინიმუმ, მადლიერების განცდა არ აქვს და ამის გაცნობიერება არ შეუძლია, ის სწორ ანალიზს ვერ გააკეთებს, თუ რა არის ცალ-ცალკე ყოფნის მიზეზი. ჩვენ ყველა ქვეყნისთვის გავერთიანდით და არა – ვინმესთვის. შეიძლებოდა, ერთად გვევლო ერთ გზაზე, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ, როდესაც ვიწროპოლიტიკური ინტერესები ჭარბობს, მაშინ ეს შეუძლებელია.

- ვიწროპოლიტიკურ ინტერესებში რას გულისხმობთ?

- ჩემ მიერ დასახელებულ განცხადებას. მსგავსი განცხადება გააკეთა ირაკლი ალასანიამ, რომ პროდასავლურ კურსს ემუქრება საფრთხე, რაც გააგრძელა რესპუბლიკურმა პარტიამ. ფორუმი თავისი ეროვნული მიდგომებით თავის გამოკვეთას ცდილობდა და ა.შ. ზოგს თანამდებობა უნდოდა, ზოგს – მეტი წილი პოლიტიკურ ცხოვრებაში. ბევრი მათგანი იმაზე მეტად იყო დაკმაყოფილებული, ვიდრე ამის რესურსი ან პოლიტიკური შესაძლებლობები ჰქონდა. ამ ფონზე „ქართულ ოცნებასაც“ აქვს თავისი ღირსება. არაფერი ცუდი არ მომხდარა, დასრულდა ერთი ეტაპი და იწყება მეორე. ჩვენი წინასაარჩევნო კამპანია ყველამ პოზიტივზე უნდა ავაგოთ და არა – ნეგატივზე, რადგან ნეგატივი ყველასთვის ცუდია. არა მგონია, ღირსეული საქციელი იყოს, რადგან ვერ ხედავ შენს პოლიტიკურ პერსპექტივას, ლანძღო შენი ყოფილი პარტნიორი.

- ისევე როგორც ბიძინა ივანიშვილის კრიტიკის მთავარი ობიექტი არის რესპუბლიკელები, დავით უსუფაშვილისა და რესპუბლიკელების მთავარი კრიტიკის ობიექტი არის ბიძინა ივანიშვილი და არა ქართული ოცნება. რატომ?

- ესეც მიანიშნებ ჩვენ შორის არსებულ განსხვავებულ პოლიტიკურ კულტურაზე. ისინი ამბობენ, რომ ყველაზე ჭკვიანები და გამოცდილები მხოლოდ ისინი არიან, თუ რამე გაკეთებულა, მხოლოდ მათი დამსახურებაა. ეს ამპარტავნობაა. ჩვენ ამ ღირებულებებზე ვერ ვთანხმდებით. შეიძლება, ესეც იყო ერთგვარი ბიძგი, რომ ცალ-ცალკე აღმოვჩნდით. ამას ყველაზე ვერ ვიტყვი. გულწრფელად გეტყვით, რომ რესპუბლიკურ პარტიაში არიან ადამიანები, რომელთა პოლიტიკური კულტურა ბევრთან შედარებით წინ არის და მათ დიდ პატივს ვცემ, თუმცა განცხადებები, რომელთა ავტორებიც არიან დავით ბერძენიშვილი, დავით ზურაბიშვილი, რომელიც, პირველ რიგში, რეალობას არის აცდენილი და შეურაცხგვყოფს, ცხადია, მიუღებელია.

- ბატონო ირაკლი, თქვენი გზები შეიძლება ისევ გადაიკვეთოს, ისევ აღმოჩნდეთ პარტნიორები?

- სადაც საჭირო იქნება ევროატლანტიკური მხარდაჭერა, იქ, დარწმუნებული ვარ, ერთიანნი ვიქნებით.

ახალი თაობა“, 23 სექტემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ კარლო კოპალიანთან: „ხელებშეკრული, დასისხლიანებული ხალხის გორაზე მისროლეს“ // „26 მაისის საქმეზე კიდევ ბევრი სკანდალური ვიდეო არსებობს

რატომ გამოაქვეყნა პროკურატურამ არჩევნების წინ სკანდალური ვიდეო, რა კადრების გამოქვეყნებას უნდა ველოდოთ მომავალში, რატომ არ დაკითხეს 26 მაისის ღამეს ნაცემი დეპუტატი? – ამ თემებზე „ახალ თაობას“ პარლამენტის წევრი კარლო კოპალიანი ესაუბრა.

- რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ 26 მაისის საქმეზე აქამდე უცნობი ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ საგამოძიებო უწყებას ეს კადრები აქამდეც ჰქონდა, მაგრამ ისინი საარჩევნოდ შემოინახა. თქვენ რას იტყვით, არჩევნებამდე 3 კვირით ადრე შემთხვევით აღმოაჩინეს ეს კადრები?

- ამ კადრებმა საზოგადოება კიდევ ერთხელ ჩააგდო შოკში. პირადად ჩემთვის იქ ახალი არაფერი ყოფილა, რადგან თავად გახლდით იმ აქციაზე და მეც ძალიან ბევრი მომხვდა. პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ვიდეომასალიდან ჩანს, რომ კუდის მაშინდელი უფროსი დათა ახალაია თანამშრომლებს ეუბნება – რაც მეტს დააკავებთ, მეტ პრემიას მიიღებთო. არც ეს იყო ჩემთვის სიახლე. ყველამ ვიცოდით, რომ ასეთ საქმეებში სააკაშვილი თავის ჯალათებს პრემიებს აძლევდა. მე იმ ღამეს რუსთაველზე ვიყავი. 26 მაისს რუსთაველზე 1.500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. რუსთაველზე ისინი, როგორც ტყვეები, ისე ჩამოატარეს. მიუხედავად იმისა, რომ მე დეპუტატი ვიყავი, მეც დამაკავეს, მცემეს, ბორკილები დამადეს და სისხლით მორწყულ რუსთაველზე მათრიეს. სისხლიანი ღამის მეორე თუ მესამე დღეს საგანგებო პრესკონფერენცია გავმართე და დაკითხვა მოვითხოვე. არც მაშინდელმა და არც ახლანდელმა პროკურატურამ არ დამკითხა.

- თქვენ აზრით, რატომ არ დაგიბარეს დაკითხვაზე?

- ვერ გეტყვით. ეტყობა, არ აინტერესებთ ეს ამბავი. დარბევის ღამეს სასტიკად მცემეს, მაგრამ ამის გამო არცერთი ელჩი არ შეშფოთებულა, არც არასამთავრობოებს ამოუღიათ ხმა. სამაგიეროდ, ჩიორა თაქთაქიშვილის ცხვირიდან სისხლმა რომ გამოჟონა, ლამის მთელი მსოფლიო ფეხზე დადგა. მსოფლიოს, წესითა და რიგით, იმ საშინელებაზე უნდა ამოეღო ხმა, რასაც 26 მაისის ღამეს ჰქონდა ადგილი. მრავალი აქციის მონაწილე ვარ და ბევრჯერ მოვყოლილვარ დაშლაში, მაგრამ ასეთი რამე არ მინახავს. ეს არ იყო დაშლა, ეს იყო ხალხის ამოწყვეტის ოპერაცია. როცა მიზნად დაშლა გაქვს, მაშინ ხალხს გასაქცევი უნდა დაუტოვო. ამ შემთხვევაში ყველა გასასვლელი საგულდაგულოდ იყო ჩაკეტილი. ალყაში მოქცეულ ხალხს სასტიკად გაუსწორდნენ, ზოგი მოკლეს, ბევრი დააინვალიდეს.

- ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ეს კადრები არჩევნების წინ რატომ გამოქვეყნდა?

- რა მნიშვნელობა აქვს, როდის გამოქვეყნდა? როცა გამოჩნდა, მაშინ გამოაქვეყნეს. მე არა მგონია, რომ კადრების გამოქვეყნება არჩევნებს უკავშირდებოდეს. პროკურატურას ეს კადრები აქამდე რომ მოეპოვებინა, მაშინ გაასაჯაროებდა, ვანო მერაბიშვილს რომ ასამართლებდნენ. იმ სისხლიან ღამეზე სხვა ბევრი კადრი არსებობს და მათი გამომზეურება, შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში მოხდეს.

- კადრების გამოქვეყნებაზე რაიმე ინფორმაცია გაქვთ თუ ეს თქვენი ვარაუდია?

- ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია. იმ პროცესებს უამრავი ადამიანი იღებდა, ზოგი ტელეფონით, ზოგი – კამერით. ამ ყველაფერს იღებდა შსს-ც. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ისინი, ალბათ, ამ კადრებს გაანადგურებდნენ, მაგრამ სადღაც რაღაც იქნება. ბოლოს გამოქვეყნებული მასალაც შსს-ს ოპერატორის მიერ არის გადაღებული. 26 მაისის ღამეს რუსთაველის გამზირზე ათეულობით ქართველი და უცხოელი ჟურნალისტი იმყოფებოდა. იმ სასაკლაოს ისინიც იღებდნენ. ბევრი საინტერესო კადრია გადაღებული. სამწუხაროდ, დღეს არცერთი ეს კადრი აღარ არსებობს.

- სად გაქრა?

- ეს თქვენს კოლეგებს უნდა ვკითხოთ. რამდენადაც ვიცი, მათ ბევრი რამე წაუშალეს, მაგრამ ბევრიც გადარჩებოდა. მოვუწოდებ ჟურნალისტებს, თუ ვინმეს აქვს ეს კადრები, გადასცეს პროკურატურას. რუსთაველზე რამდენიმე ათეული ოპერატორი იდგა და დარბევის ამსახველი ვიდეოკადრები არ არსებობს. არის ფოტოები. ამ ფოტოების გადაღებაც ძვირად დაუჯდათ ჩვენს ფოტოგრაფებს. ყველამ კარგად ვიცით, რომ ფოტოგრაფები სწორედ 26 მაისს გადაღებული კადრებისთვის დაიჭირეს და ჯაშუშობა დასწამეს.

„ნაციონალების“ მიერ მართული მედია ამ კადრებს, ალბათ, გაანადგურებდა, მაგრამ სადღაც რაღაც მაინც იქნება შემონახული. ამ კადრებით კიდევ ერთხელ დარწმუნდება ხალხი, თუ რა „შეიარაღება“ ჰქონდათ აქციის მონაწილეებს. სად არის მოლოტოვის კოქტეილები, რომელიც უნდა ესროლათ? მერე იმას ამტკიცებდნენ, გრუ უნდა შემოსულიყოო. თუ ეს იგეგმებოდა, წინასწარ რატომ არაფერი იღონეს? არანაირი გრუ არ აპირებდა შემოსვლას. ეს საშინელი სპექტაკლი იმისთვის დაიდგა, რომ მომავალში არავის გაებედა პროტესტის გამოხატვა.

„ნაციონალები“ უნდა შეეგუონ იმ აზრს, რომ ამ სისხლიან ღამეზე აუცილებლად აგებენ პასუხს. არ გამოვრიცხავ, ძალიან მალე კიდევ უფრო საშინელი კადრები გასაჯაროვდეს. როცა დამაკავეს, სისხლიან რუსთაველზე ხელებშეკრული ჩამატარეს და მერე დასისხლიანებული ხალხის გროვაზე მისროლეს. ეს იყო საშინელი სანახაობა. მედიას ეს კადრებიც აქვს. მახსოვს, სულ მცირე, 5 კამერა მაინც მიღებდა.

- თქვენ ბევრი ისაუბრეთ იმ საშინელებაზე, რომელსაც 26 მაისის ღამეს ჰქონდა ადგილი. თქვენი კოლეგებიც ბევრს საუბრობენ ამაზე. საინტერესოა, რატომ არ დაისაჯა ის ხალხი, რომლებმაც ეს დანაშაული ჩაიდინეს?

- მე ვერ ვიტყვი, რომ არავინ დაისაჯა. ვანო მერაბიშვილი ამ სისხლიანი ღამის გამოც ზის ციხეში. ბევრად მეტი იყო დასასჯელი, მაგრამ ამაში თავს მოხვეულმა კოაბიტაციამ შეგვიშალა ხელი.

- კოაბიტაცია ისევ ძალაშია და, თუ არავინ დაისჯება, რა აზრი აქვს ასეთი კადრების გამოქვეყნებას?

- აზრი როგორ არა აქვს. ხალხმა უნდა გაიხსენოს, რა სისხლიან რეჟიმთან გვქონდა საქმე. ივანიშვილი რომ არ გამოჩენილიყო, კიდევ ბევრი სისხლიანი ღამე იქნებოდა საქართველოში. ნიშანდობლივია ისიც, რომ ბატონმა ბიძინამ პოლიტიკაში მოსვლა სწორედ 26 მაისის დარბევის შემდეგ გადაწყვიტა. ამ და კიდევ ათასი უბედურების ჩამდენი ნაციონალები, წესით, სახლებში უნდა იყვნენ შეკეტილნი და გარეთ ცხვირს ვერ ყოფდნენ.

- 2012 წლის არჩევნების შემდეგ თავიდან მართლაც ვერ გამოდიოდნენ გარეთ და მერე თქვენი ხელისუფლების ქმედებებმა გააბედვინა გამოსვლა...

- ჩვენ რა უნდა გვექნა? ხელისუფლებაში სამართლიანობის აღდგენის პირობით მოვედით, მაგრამ ბევრმა ფაქტორმა შეგვიშალა ხელი. ნაცებმა ლამის მთელი მსოფლიო აგვიმხედრეს და კარგად ხედავთ, რა ამბავი აქვთ ატეხილი მერაბიშვილსა და ახალაიაზე, რომლებიც მატროსოვის ციხეში გადასარევ პირობებში არიან. კოაბიტაციამ ჩვენი რეიტინგიც დააზარალა. ეს ნაცები ისე გათავხედდნენ, აქეთ გვდებენ ძალადობას ბრალად და კორცხელის ინციდენტი მოჰყავთ მაგალითად.

- კორცხელშიც სერიოზული ამბავი მოხდა...

- სასიამოვნო ნამდვილად არ იყო, მაგრამ ნაციონალების ჩადენილ სისასტიკესთან ახლოსაც ვერ მივა. ჯერ ისიც საკითხავია, რა მოხდა იქ სინამდვილეში. კადრებში ძალიან კარგად ჩანს, რომ ნიკა მელიას გინების გამო მოხვდა პანღური. არც ბოკერია აკლებდა სპექტაკლის მოწყობას. საერთოდ, ესენი ხმას არ უნდა იღებდნენ. ჩვენ მიგვითითებენ ფულის უკანონო ხარჯვაზე და ამ დროს თავად ათეულობით ათას დოლარს ხარჯავდნენ განათლების მისაღებად.

- განათლების მიღება ცუდია?

- სახელმწიფოს ხარჯზე რატომ უნდა მიიღოს ჩინოსანმა განათლება?! სადღაც გაუშვა თავისიანები სააკაშვილმა და 100.000-ები გადაურიცხა. ეს მაშინ, როცა 20.000-მდე ახალგაზრდას სტუდენტის სტატუსი მხოლოდ იმიტომ შეუწყდა, რომ სწავლის საფასური ვერ გადაიხადეს.

ახალი თაობა“, 23 სექტემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ სოსო შატბერაშვილთან: „არეულობას არჩევნების ღამესვე ვვარაუდობ

ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე „ახალი თაობა“ მემარცხენე ალიანსის გენერალურ მდივან სოსო შატბერაშვილს ესაუბრა.

- წინასაარჩევნოდ გამოქვეყნდა 2011 წლის 26 მაისის დარბევის ახალი კადრები. ასევე ხდება ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემა. ეს გარემოებები რაიმენაირად იმოქმედებს ამომრჩეველზე?

- არ იმოქმედებს. კადრებმა ერთადერთხელ იქონია გავლენა ამომრჩეველზე. ეს იყო 2012 წელს გასაჯაროებული ციხის კადრები. ამან იმოქმედა მაშინდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე. ახლა ეს აღარ ჭრის. რაც უნდა რეალობის ამსახველი იყოს ფილმი „ჰეროკრატია“, მოქალაქეებზე ის ვერ მოქმედებს. არც 26 მაისის მოვლენების ამსახველი ახალი ფაქტები და ჩანაწერები შეცვლის რამეს. ისე, რა უნდოდა 26 მაისის ამბების ბოლომდე გამოძიებას, როცა ამდენი მოწმე და ამ რაოდენობის მასალებია? ახალი კადრებით გვითხრეს, რომ ამ სისხლიანი დარბევისთვის პრემიები გაიცა. რა იყო აქ ახალი? პრემიები სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმმა დაარიგა 26 მაისის შემდეგაც, 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევის მერეც. ნებისმიერ დარბევას ახლდა დაჯილდოება. მიტინგების დარბევა კი არა, ქუჩაში გარემოვაჭრეების აყრაც პრემიებით აღინიშნებოდა. ბრგე, კუნთმაგარი ვაჟკაცები მოვაჭრე ბებიების ხელკეტებით დასჯისთვისაც ჯილდოს იღებდნენ. რაც სეეხება ლევილის მამულის თემას, ეს ძველი თემაა, საარჩევნოდ ისიც ვერ მოახდენს ცვლილებებს.

- ეს ამომრჩევლისთვის პირველხარისხოვანი არ არის?

- ლევილის მამულის გადმოცემის საკითხი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ეროვნული მოძრაობა აღზევდა. ეს თემა 80-იანი წლებიდან მოდის. ლევილის გადმოცემისთვის იბრძოდა მხეცურად მოკლული გურამ შარაძე. 80-იანი წლებიდან მოყოლებული, საქართველომ უამრავი კატაკლიზმა გადაიტანა, სახელმწიფო გადატრიალებით დაწყებული, კრიმინალთა თარეშით დამთავრებული. ქვეყანა დატოვა თითქმის მილიონ-ნახევარმა ადამიანმა. ბევრი მათგანი საზღვარგარეთ მონურ მდგომარეობაშია. არც საქართველოში დარჩენილები არიან კარგ მდგომარეობაში. ასეთ სიტუაციაში წინასაარჩევნოდ ლევილის დაბრუნება აქტუალური არ არის. წინასაარჩევნოდ რომ ამომრჩეველზე პოზიტიურად ემოქმედა, ხელისუფლებას უნდა სხვა ნაბიჯები გადაედგა.

- რომელი ნაბიჯები?

- ის ნაბიჯები, რომლებიც გააუმჯობესებდა ეკონომიკას და სოციალურ მდგომარეობას, გაამყარებდა ლარს. ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია არა მარტო უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის სახელმწიფოებთან, არამედ სავიზო რეჟიმის გაუქმება რუსეთთანაც. მე, როგორც ყაზბეგის, თიანეთისა და დუშეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, ვიმყოფებოდი ლარსის გამშვებ პუნქტთან. აღმოვაჩინე, რომ რუსეთიდან საქართველოში დღე-ღამეში 1.200-მდე მანქანა გადმოდის. ადამიანები საქართველოს საზღვარს კვეთენ არა მარტო ტურისტული მიზნებისათვის, არამედ ეკონომიკური სარგებლობისთვისაც. ისინი ჩვენთან უვიზოდ შემოდიან. კარგი იქნება, თუ ჩვენი მოქალაქეებიც თავისუფლად ივლიან რუსეთში. ეს საჭიროა მათი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. რუსეთმა უვიზო რეჟიმზე საუბარი შემოგვთავაზა, მაგრამ ამან გამოხმაურება არ ჰპოვა საქართველოს პირველ პირებში. რუსეთთან დაძაბული ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ამ თემაზე დიალოგი მაინც დასაწყები იყო.

- რა პროგნოზი გაქვთ საარჩევნოდ? თუ ნაციონალური მოძრაობა მეორე ადგილზე გავა, ის პროტესტს მაინც დაიწყებს?

- ნაცმოძრაობის მიზანია არა პირველი ადგილი არჩევნებზე, არამედ ხელისუფლებაში მობრუნება.

- არასაარჩევნო გზით?

- ძალადობრივი, რევოლუციური გზით. ნაციონალებს უნდათ, ისევ ძარცვონ ჩვენი ქვეყანა. ეს ქვეყანა ჩვენია. ამას ხაზგასმით ვამბობ. საქართველო არ არის ნაციონალების ქვეყანა. ამას ადასტურებს მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები და ის, თუ როგორ სასწრაფოდ მიიღეს გაქცეულმა ნაციონალებმა სხვა ქვეყნების მოქალაქეობა. რა შედეგიც უნდა მიიღონ, ისინი ქუჩაში მაინც გამოვლენ. არეულობას არჩევნების ღამესვე ვვარაუდობ, თუმცა ჩემი პარტია, საზოგადოების დიდი ნაწილი ამას არ დავუშვებთ. იმედია, ხელისუფლებაც კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

- როგორი კონფიგურაციაა მოსალოდნელი მომავალ პარლამენტში?

- მრავალპარტიული. „ქართული ოცნება“ გავა პირველ ადგილზე, მაგრამ ვერ მოიპოვებს უმრავლესობას. „ოცნება“ დაახლოებით 35%-ს მიიღებს. პარლამენტში სხვა პარტიებიც მოხვდებიან. საუბედუროდ, მათ შორის შეიძლება იყოს „ნაცმოძრაობაც“. იმედია, ამომრჩეველი მას არ დაუჭერს მხარს.

- ნაცმოძრაობას მყარი ამომრჩეველი ჰყავს?

-„ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველი მყარია, მაგრამ მცირერიცხოვანი. კიდევ არსებობენ ქალები, რომლებიც გულში იხუტებენ მიხეილ სააკაშვილის სურათებს და მამაკაცები, რომელთათვისაც სააკაშვილი იდეალური მოღვაწეა. ეტყობა, მათთვის სასახელოა ის, რომ მან რამდენიმე საათში წააგო ომი. თავის დროზე, აფხაზეთის ომის დროს, ჩვენი მოქალაქეები შიშველი ხელებით ებრძოდნენ მტერს და წელიწად-ნახევარი გაძლეს. შევარდნაძეს რომ ვერაგულად არ გამოეყვანა მძიმე ტექნიკა, კიდევ დიდხანს იბრძოლებდნენ და აფხაზეთს არ დათმობდნენ, სააკაშვილისგან განსხვავებით. სააკაშვილმა რამდენიმე წლის წინ უამრავი სოფელი დათმო.

- ამომრჩევლები ყველაზე ხშირად რომელ პრეტენზიებს აყენებენ?

- სამართლიანობის არაღდგენას. „ქართულმა ოცნებამ“ სხვა დაპირებებიც ვერ შეასრულა, მაგრამ ადამიანები ყველაზე ხშირად ლაპარაკობენ არა დენის ტარიფის გაძვირებაზე, ლარის კურსზე ან პენსიებზე, არამედ იმაზე, რომ ვერ აღდგა სამართლიანობა და არ გასამართლდა დამნაშავე ნაციონალური მოძრაობა. მათი კიდევ ერთი მთავარი მოთხოვნა დასაქმებაა. ადამიანებს არ უნდათ არავისი მოწყალება. მათ აქვთ სურვილი, იცხოვრონ საკუთარი შრომით. ამიტომ არის დიდი მოთხოვნა ფაბრიკა-ქარხნებზე, დამზადების პუნქტებზე. ჩვენს მოქალაქეებს უნდათ შრომა და არა – სოციალურად დაუცველთა ბაზაში მოხვედრა.

Comments are closed