„ახალი თაობა“: ინტერვიუ მამუკა კაციტაძესთან: „ეკა ბესელიას უკადრებლად ეშლება ყოფილი კოლეგების წინაშე“ // „საკონსტიტუციო ცვლილებებს ოპოზიცია პოლიტიკურად არალეგიტიმურად გამოაცხადებს“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ოცნებას“ ძალიან მოკლე საკადრო სკამი აღმოაჩნდა“ // „პოლიტიკური კრიზისი გარდაუვალია“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ მაია ნიკოლეიშვილთან: „მაიძულეს მეთქვა, რომ მე, მაია ნიკოლეიშვილმა, განვიზრახე ხელისუფლების დამხობა შეიარაღებული გზით“ // „მჯერა, რომ დამნაშავეები დაისჯებიან“
„ვერსია“: დეპუტატების ბიზნესწილები და მოგებული სახელმწიფო ტენდერები // რატომ არ ისჯებიან კანონდამრღვევი პოლიტიკოსები
——————
„ახალი თაობა“, 23 სექტემბერი, 2017 წელი
ინტერვიუ მამუკა კაციტაძესთან: „ეკა ბესელიას უკადრებლად ეშლება ყოფილი კოლეგების წინაშე“ // „საკონსტიტუციო ცვლილებებს ოპოზიცია პოლიტიკურად არალეგიტიმურად გამოაცხადებს“
„ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე `ახალ თაობასთან~ ინტერვიუში არასაპარლამენტო ოპოზიციის პოლიტიკურ გეგმებზე საუბრობს.
- ბატონო მამუკა, არასაპარლამენტო ოპოზიციას შეხვედრა ჰქონდა, რა საკითხზე იყო შეხვედრა?
- ინტერპარტიული ჯგუფის შეხვედრა იყო, რომელიც საარჩევნო საკითხებზე მუშაობს. ერთპარტიული კონსტიტუციის წინააღმდეგ პოლიტიკური პროცესი გრძელდება. მართალია სამართლებრივი პროცესი მეორე მოსმენაზე დასრულდა, მაგრამ ეს შეხვედრაც პოლიტიკური პროცესის ერთგვარი გაგრძელება იყო. თუ აქამდე ინტერპარტიული ჯგუფი არსებობდა, გაჩნდა იდეა, რომ შექმნილიყო პოლიტიკური პარტიების `ლიდერთა საბჭო~, რათა ლიდერების დონეზე მოხდეს ყველა პრობლემური საკითხის განხილვა. ცხადია, უმთავრესი არის საკონსტიტუციო ცვლილებები.
- სამოქმედო გეგმაზე თუ იყო საუბარი?
- დიახ, იყო საუბარი.
- რამდენად იქნება რადიკალური, ქუჩის აქციებიც შედის?
- დიახ, პოლიტიკური ბრძოლის არსენალში ქუჩის აქციებიც შედის. როდესაც ბრძოლის გაგრძელებაზეა საუბარი, აქ იგულისხმება ყველაფერი. პირველ რიგში გაკეთდება საერთო განცხადება. შემდეგ, პრეზიდენტის ვეტოს შემთხვევაში, დაიგეგმება გარკვეული მოქმედება. ასევე, მსჯელობა იყო, თუ როგორი მოქმედება გვექნება ადგილობრივი არჩევნების გაყალბების შემთხვევაში ქვეყნის შიგნით და გარეთ. ამ შეხვედრაზე ოპოზიციურმა ძალებმა მივიღეთ პირველი გადაწყვეტილება, რომ პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები, ჩვენი მხრიდან პოლიტიკურად არალეგიტიმურად გამოცხადდეს.
- ეს, როგორ?
- ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი პოლიტიკურ ლეგიტიმაციას არ მისცემს კონსტიტუციას. ნებისმიერ კანონს, მით უფრო კონსტიტუციას, ორი მხარე აქვს: სამართლებრივი და პოლიტიკური. ვენეციის კომისია თავის ყველა რეკომენდაციას ერთი მარტივი ფრაზით იწყებს: „ფართო პოლიტიკური კონსენსუსის შედეგი“, ეს კი ნიშნავს, რომ კონსტიტუცია უნდა იყოს თანხმობის დოკუმენტი. არათუ ფართო, ელემენტარული კონსენსუსი ვერ იქნა მიღწეული, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ რადგან ხელთ აქვს 115 პულტი, მიიღებს ამ კონსტიტუციას, ნულოვანი თანხმობის გარეშე, სწორედ ამის დეკლარირებას ახდენს „ლიდერთა საბჭო“.
- ირაკლი კობახიძის ინიციატივაზე რას იტყვით, რომლითაც ერთჯერადად მოხდა საარჩევნო ბლოკების დაშვება და 2024 წელს ამოქმედდება პროპორციული სისტემა?
- ხელისუფლებისგან მივიღეთ ფაქტიურად ყველა თემაზე უარი, რაც ჩვენ შევთავაზეთ. კობახიძის ინიციატივა კი ეხება რაღაც ახალ კონსტიტუციურ ცვლილებებს, რომელიც საგაზაფხულო სესიაზე იქნება განხილული პარლამენტის მიერ. ამ შემოთავაზებით ხელისუფლებას სურს, რაღაცნაირად უპასუხოს ოპოზიციის წინადადებათა პაკეტს. ირაკლი კობახიძემ გვითხრა – „მერე გავაკეთებთ რაღაცას“, „მერე“-ზე მერე ვილაპარაკოთ! ეს ეხება ბონუსს, ბარიერს, ბლოკს, საარჩევნო სისტემას და ა.შ. თანაც სრული ლეგიტიმური უფლება მაქვს, რომ „ქართული ოცნების“ ამ ინიციატივის არ დავიჯერო. თვეების განმავლობაში ხელისუფლება გვეუბნებოდა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წელს გადავდიოდით, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს შიდა არეულობისა თუ შიდა დაპირისპირების მომიზეზებით, მათ გვითხრეს, რომ 2024 წლისთვის გადავდეთო.
- ამის მიზეზად პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციის არასათანადო მზადყოფნა დაასახელა. რას უპასუხებთ?
- ვერ გავიგე, რას ამბობს კობახიძე. რას ნიშნავს არასათანადო მზადყოფნა?! მთელი ოპოზიცია ხელისუფლებას მიმართავს, რომ ყველას ერთად გვინდა ის, რაც უნდა გაკეთდეს 2024 წელს, გაკეთდეს 2020 წელს. მითხრას კობახიძემ, რა მზადყოფნაზეა საუბარი და იმ მზადყოფნას დავაფიქსირებთ. სავარაუდოდ ვხვდები, თუ რას გულისხმობდა კობახიძე: წინა პარლამენტში კანონპროექტი იყო შესული, მაგრამ მაშინდელმა უმრავლესობამ თქვა, 2016 წელს არ გავაკეთებ, მაგრამ 2020 წელს გავაკეთებო, რასაც მოჰყვა ნაციონალური მოძრაობის ბოიკოტი. თუ ამას გულისხმობს ირაკლი კობახიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ არათანმიმდევრულობას თუ მოუმზადებლობას, რატომ უნდა გადააყოლოს მთელი პოლიტიკური სპექტრის სურვილი?! ასეც რომ იყოს, წინა პარლამენტში არ ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა და ჩააგდო, მაგრამ დღეს ხომ ჰყავს საკონსტიტუციო უმრავლესობა? რატომ არ იღებს? გამოასწოროს „ნაციონალური მოძრაობის“ არათანმიმდევრულობა თუ არასწორი საქციელი. ამიტომ ეს არგუმენტი არის სკოლის ბავშვის დონეზე მოფიქრებული არგუმენტი. `ქართული ოცნება~ ედრება ნაციონალურ მოძრაობას და ანგარიშს უსწორებს.
- თუმცა, „ქართული ოცნება“ ხშირად მიმართავდა საპარლამენტო ოპოზიციას თუ რა შემთხვევაში დაუჭერდნენ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს…
- რაც შეეხება ამ კითხვას, მოგეხსენებათ, რომ კონსტიტუციური ცვლილებები ბევრ თემას შეეხო, მხოლოდ საარჩევნო თემატიკით არ შემოფარგლულა. ჩვენ, ოპოზიციამ, სრულად ვიპოვეთ საერთო ენა საარჩევნო საკითხზე. კონსტიტუციის ერთსულოვანი მხარდაჭერა ვერანაირად ვერ მოხდებოდა, რადგან დიამეტრალურად განსხვავებული პოზიციების მქონე პარტიები კონსენსუსს ვერ მიაღწევდნენ მიწის საკითხზე, ქორწინების საკითხზე; მაგალითად, ნატოსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით მუხლი ჩაიდო გარდამავალ დებულებაში. გეკითხებით, ამ მუხლს მხარი როგორ უნდა დაუჭიროს ნინო ბურჯანაძის პარტიამ?! ამიტომ, იმ წუთში იტყვის „ქართული ოცნება“, რომ ერთსულოვანი არ არის ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებში.
ჩვენ არ ვსაუბრობთ იმ მუხლებზე, სადაც ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება, მაგრამ საარჩევნო თემატიკაზე სრულად იქნა შეთანხმება მიღწეული და ის 4 პუნქტში ჩამოვაყალიბეთ პრეზიდენტთან ერთად.
- თუმცა, ეკა ბესელიამ გიპასუხათ, რომ ორი დღის შემუშავებული დოკუმენტი ვერ იქნება ვერანაირად რვათვიანი მუშაობისა და განხილვის ალტერნატივა...
- ქალბატონ ეკას მწარედ ეშლება. მე ვიტყოდი, უკადრებლად ეშლება ყოფილი კოლეგების წინაშე. ოპოზიციამ ეს წინადადებები კომისიას წარუდგინა ჯერ კიდევ საერთო-სახალხო განხილვამდე. იგივე ოპოზიცია, წინა ხელისუფლების პირობებში, როდესაც ქალბატონი ეკა ოპოზიციას წარმოადგენდა, ამ წინადადებების მოთხოვნით შიმშილობდა 16 დღის განმავლობაში.
„ახალი თაობა“, 23 სექტემბერი, 2017 წელი
ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ოცნებას“ ძალიან მოკლე საკადრო სკამი აღმოაჩნდა“ // „პოლიტიკური კრიზისი გარდაუვალია“
რატომ არა აქვს აზრი თუ ვინ იქნება პარტიების საარჩევნო სიების შემადგენლობაში, რატომ არის პოლიტიკური კრიზისი გარდაუვალი, რატომ ვერ მოიცლის სააკაშვილი ამ ეტაპზე საქართველოსთვის? ამ თემებზე „ახალ თაობას“ ექსპერტი გია ხუხაშვილი ესაუბრება.
- საზოგადოება დიდი ინტერესით ელოდა „ოცნების“ პროპორციული სიის გამოქვეყნებას. სიამ ბევრის იმედგაცრუება გამოიწვია. ამბობენ, რომ მმართველ გუნდს ზედმეტად მოკლე სათადარიგო სკამი აღმოაჩნდა. თქვენი შეფასება როგორია?
- პარტიების პროპორციულ სიებს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, როცა ამომრჩეველი მთლიანად იმედგაცრუებულია პარტიული პოლიტიკით. ჩვენი ამომრჩეველი ახლა სწორედ ასეთი იმედგაცრუებულია. მას არ აქვს არც პარტიების იმედი და არც მათი პერსონალური შემადგენლობა არ აინტერესებს. ეს პერსონები მთლიანად ასოცირდებიან იმ განწყობასთან, რაც ჩამოყალიბდა პარტიების მიმართ, საუბარია როგორც ხელისუფლებაზე, ასევე ოპოზიციაზე. ეს განწყობა არ არის პოზიტიური. შესაბამისად, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, მანქანაში, რომელიც არ იქოქება, რომელი ჭანჭიკი სად იქნება. საჭორაოდ და სალაპარაკოდ სიის შემადგენლობა შეიძლება საინტერესო იყოს, მაგრამ სისტემურად არანაირი მნიშვნელობა არა აქვს პარტიულ სიებს.
- მხოლოდ ამიტომ დაიწერა ასეთი სიები, რომ ხალხისთვის უკვე სულერთია, ვისზე გააკეთებენ პარტიები არჩევანს?
- არა მგონია, რომ ეს გაეთვალათ. მათ თავისი გასაჭირი აქვთ, უამრავი პრობლემაა პარტიის შიგნით. გასაგებია, რომ „ქართულ ოცნებას“ საკადრო სკამი საერთოდ არა აქვს. ამ სიების შედგენა სპონტანურად ხდება – ვიღაცა ვიღაცას იცნობს, ვიღაცა რაღაცას ხლაფორთობს, ვიღაცა თავისი ბოსტნის გაფართოებას ცდილობს. ასეთ იაფფასიან თამაშებთან გვაქვს საქმე. ეს არ უკავშირდება სახელმწიფოებრივი განვითარების პროცესს. ეს არის პატარა ადამიანების შიდა კინკლაობის შედეგად მიღებული გარანტიები და ლოკალური ამბიციების დაკმაყოფილების საშუალება. ამ სიებში სხვა ადამიანები რომ ჩაეწერათ, იგივეს ვისაუბრებდი. ცნობადია თუ არა სახე, ეს უკვე არაფერს ნიშნავს. პარტიების საარჩევნო სიები არის ერთიანი რუხი, გათქვეფილი და გადღაბნილი მასა, სადაც ადამიანური და პროფესიონალური ფაქტორი უბრალოდ არ არსებობს.
- „ოცნების” სიაში ვისი კადრები სჭარბობს - პრემიერის, ვიცე-პრემიერის თუ მერობის კანდიდატის?
- ალბათ მეტი პრიორიტეტი ექნებოდა მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს. არც ამას აქვს მნიშვნელობა, თავად კალაძე არ არის პოლიტიკური ფიგურა. ამ არჩევნებზე ხელისუფლება მთლიანად ივანიშვილის რესურსზე და ავტორიტეტზე დგას. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვს, ის მონაწილეობს თუ არა პროცესში. ის არის ქართულ პოლიტიკაში ერთადერთი ფიგურა, რომელიც გავლენას ახდენს სახელმწიფოებრივ განვითარებაზე. პარტიულ სიაში შეყვანილი ადამიანები შესაძლოა ძალიან კარგები არიან, ან პირიქით – ცუდები, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, ისევე, როგორც კალაძე. ვიტყოდი, რომ ის უფრო პრობლემურია „ოცნებისთვის”, ვიდრე ნებისმიერი ურეიტინგო და უავტორიტეტო ფიგურა. კახა კალაძე სხვაზე უფრო ავტორიტეტული ჩანს, მაგრამ საკმაოდ მაღალი უარყოფითი რეიტინგი დააგროვა. აი, ეს უარყოფითი რეიტინგია „ოცნებისთვის“ პრობლემა.
- ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობს ამ პროცესებში?
- არა მგონია, რომ ის აქტიურად იყოს ჩართული ამ პროცესებში. მას „ოცნება“ ტესტირების რეჟიმზე ჰყავს გადაყვანილი. ეს მეთოდი ყველა ოჯახში გამოიყენება, როდესაც შვილი სიმწიფის ასაკს უახლოვდება, ნებისმიერი მშობელი ცდილობს, მას დამოუკიდებლობა მისცეს და ნახოს, თუ როგორ შეძლებს შვილი პრობლემების დამოუკიდებლად გადაწყვეტას. ასე იქცევა ივანიშვილიც, მას „ოცნება“ მიშვებული ჰყავს და დისტანციურად აკონტროლებს. აკვირდება, რამდენად სიცოცხლისუნარიანია ეს გუნდი რეალურ სამყაროსთან ურთიერთობაში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ „ოცნებამ“ მიაღწია სიმწიფის ასაკს. ის ჯერ ისევ თინეიჯერია და, სამწუხაროდ, თინეიჯერად რჩება 40 წლის ასაკშიც კი. ასეთი გადამწიფებული თინეიჯერები ბევრი დადიან. 40 და 45 წლის ბირჟავიკების მეტი რა გვინახავს ამ ქალაქში, ლუდის სმის და ფურთხების მეტს რომ არაფერს აკეთებენ.
დაახლოებით ასეთია „ქართული ოცნება“, მას ტყუილად კი არ ვეძახი გადამწიფებულ თინეიჯერს. გადაწყვეტილების მიღების და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების უნარები ვერაფრით შეიძინა. ამიტომ შესაძლოა ბევრს არაფერს აფუჭებს, მაგრამ არც არაფერს აკეთებს.
- სადამდე შეიძლება გაგრძელდეს ტესტირების ეს რეჟიმი?
- პირველ სერიოზულ კრიზისამდე. პროცესები ისე მიდის, რომ, სამწუხაროდ, კრიზისი გარდაუვალია.
- და ის რაც დღეს ხდება, კრიზისი არ არის?
- სერიოზულ კრიზისამდე ჯერ არ მისულა საქმე, „ოცნებას“ სერიოზული ალტერნატივა არ გამოუჩნდა. ის თუ თინეიჯერია, მისი საპირწონე კრიმინალია. დღეს პოლიტიკას ქმნიან კრიმინალისადმი მიდრეკილები, გადამწიფებული თინეიჯერები და დედიკოს ბიჭები. აი, ეს არის დღევანდელი პოლიტიკური ელიტა. ნამდვილი პოლიტიკური კრიზისი დაიწყება მაშინ, როდესაც გამოჩნდება რეალური ტიპი, რომელსაც ამბიციებიც ექნება, უნარებიც და შესაძლებლობებიც. პოლიტიკურ ბირჟაზე ასეთი როგორც კი გამოჩნდება, ყველა დანარჩენს დაეწყება პრობლემები. მერე მამიკო ანუ ივანიშვილი იძულებული გახდება, გადამწიფებული თინეიჯერი შვილის დასახმარებლად ჩაერიოს.
- პოლიტიკურ ბირჟაზე მიხეილ სააკაშვილის გამოჩენა არაფერს შეცვლის?
- ჩვენი ხელისუფლება ძალიან უცნაურად ცდილობდა, რომ ამ პროცესებში შეტენილიყო. საბედნიეროდ, უკრაინაში მოვლენები სხვანაირად განვითარდა. ამიტომ სააკაშვილის თემის აქტუალიზაცია ვერ მოხდება. მეტსაც გეტყვით, ის საქართველოში რომც გამოჩნდეს, არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება. უახლოეს წლებში ამის პერსპექტივას ვერ ვხედავ. მისთვის ვერდიქტი გამოტანილია და საქართველოში სასჯელი არ მოუხდია. დესტაბილიზაციის გამოწვევა შეუძლია, მაგრამ მას ჯერ საქართველოსთვის არ სცალია. ის ჯერ უკრაინაში ალაგებს პოლიტიკურ პროცესებს. ასე რომ, ამ მხრივ ჩვენ შეგვიძლია ცოტა ხანს მშვიდად ვიყოთ.
- ჩვენზე მეტად ალბათ ხელისუფლება იქნება მშვიდად.
- რატომ მარტო ხელისუფლება? სააკაშვილი ქვეყნისთვისაც უარყოფითი მოვლენაა. ერთი მხრივ, ის გააცოცხლებდა პოლიტიკურ პროცესებს, რაც ცუდი არ არის, მაგრამ, მეორე მხრივ, მისი ადგილი ნეგატიურ სივრცეშია. ნეგატიური დღის წესრიგი სახელმწიფოსთვის დამაზიანებელია. პოლიტიკურ ბირჟაზე სულ სხვა ტიპი უნდა გამოჩნდეს, `ოცნებას~ რომ პრობლემები დაეწყოს. ეს როდის მოხდება, არ ვიცი, მაგრამ კრიზისი გარდაუვალია.
- ამ ახალ ტიპსაც იგივე ხომ არ დაემართება, რაც შარშან პაატა ბურჭულაძის შემთხვევაში მოხდა. გამოჩნდა თუ არა, მაღალი რეიტინგი აკრიფა, მაგრამ შემდეგ ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა...
- გააჩნია, ვინ გამოჩნდება პოლიტიკურ ბირჟაზე. მე რეალურ ალტერნატივაზე ვსაუბრობ. პაატა ბურჭულაძე არც ყოფილა რეალური ალტერნატივა, ის უფრო ეპიზოდური ალტერნატივა იყო.
- თუმცა ჰქონდა შანსი, გამხდარიყო მესამე ძალა...
- ამის შანსი ჰქონდა, მაგრამ არა იმიტომ, რომ თავად იყო მაგარი. მესამე ძალაზე საზოგადოებაშია მაღალი მოთხოვნა. პაატა ბურჭულაძე იმ დროისთვის ერთგვარი ხავსი გამოდგა, რომელსაც ის ჩაეჭიდა. აღმოჩნდა, რომ ის მართლა ხავსი იყო და არა უმეტეს ამისა. პოლიტიკურ ბირჟაზე რეალური ტიპები უნდა გამოჩნდნენ, რომლებიც მიწაზე მყარად დგანან.
- ასეთი ტიპი არის თუ არა ოპოზიციურ სპექტრში?
- არა, დღევანდელი ოპოზიცია `ქართულ ოცნებაზე~ არანაკლებ უბედურებაშია.
„ახალი თაობა“, 23 სექტემბერი, 2017 წელი
ინტერვიუ მაია ნიკოლეიშვილთან: „მაიძულეს მეთქვა, რომ მე, მაია ნიკოლეიშვილმა, განვიზრახე ხელისუფლების დამხობა შეიარაღებული გზით“ // „მჯერა, რომ დამნაშავეები დაისჯებიან“
საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა უკანონოდ გასამართლებული 14 მსჯავრდებულის მიმართ, რომელთა შორისაც არიან მაია ნიკოლეიშვილი, ზაზა დავითაია, თემურ ჟორჟოლიანი და ვახტანგ ტალახაძე, გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო.
„ახალი თაობა“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამოუკიდებელ ექსპერტს, მაია ნიკოლეიშვილს ესაუბრა.
- ქალბატონო მაია, პროკურატურამ 14 პირის, მათ შორის თქვენ საქმეზე ხელახალი მოკვლევა და გადასინჯვა დაიწყო. რის საფუძველზე მოხდა ეს ყველაფერი?
- როგორც კი შეიცვალა ხელისუფლება, ჩვენ მივმართეთ პროკურატურას. შევიტანეთ განცხადება, სამწუხაროდ, მაშინ დაწყებული მსვლელობა შეჩერდა. მე მივედი და ყველაფერი ვთქვი, რომ ჩემი ჩვენება ზეწოლით იყო მიცემული. რაღაცნაირად მოხდა ისე, რომ ის მსვლელობა შეჩერდა. მაშინ მოდულის შენობაში იყო ეს დეპარტამენტი. მოგვიანებით კი განმეორებით მოხდა ჩვენ მიერ ამ განცხადების შეტანა.
- გამოძიება დაწყებულია?
- დიახ, გამოძიება მიმდინარეობს რამდენიმე წელია. ნათქვამია, სამართალი ურმით მოდისო და 11 წლის შემდეგ მაინც მოვიდა სამართალი ჩემთვის და იმ ადამიანებისთვის.
- პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს იყო ანგარიშსწორება...
- რა თქმა უნდა, ეს იყო ანგარიშსწორება. ადამიანები, რომლებსაც მსგავსი რამ არც კი გაუფიქრებიათ, ეს იყო ამ ადამიანების დასჯა და სხვა ადამიანების დაშინება. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ყველაზე ცუდი, იცით, რა იყო?!
- რა?
- ისეთნაირი შეფუთვა გაკეთდა ამ ყველაფრის, ამდენი წელი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თითქოს ჩემი ჩვენებით იყო ეს ხალხი დაჭერილი. მსგავსი არაფერი არ მომხდარა!
- მაშინ რა მოხდა?
- 2006 წლის 31 აგვისტოს 6 ადამიანი მივიდა კუდში და გააკეთეს განცხადება, რომ იციან დანაშაულის შესახებ, რომელიც მზადდება.
- ვინ იყო ეს 6 პირი?
- ესენი მათი თანამშრომლები იყვნენ თუ მათი აგენტები, ეს მე არ ვიცი. ეს გაირკვა უკვე ამ გამოძიების ფარგლებში. მივიდნენ და განაცხადეს, რომ მზადდებოდა დანაშაული. 6 სექტემბერს ყველანი აგვიყვანეს ერთად, სხვადასხვა ადგილებიდან, მთელი შოუ მოეწყო, ვერტმფრენები დაფრინავდა, რაღაც საოცრება მოეწყო, ჩვენ კი წარმოდგენა არ გვქონდა, რა ხდებოდა. ასეთი ცუდი სიზმარიც არ მინახავს, ის, რაც ჩვენ დაგვაბრალეს. თუმცა ყველაზე უფრო ცუდი და ჩემთვის საშინელი რა იყო, იცით? მე იძულებული გავხდი, აღიარებითი ჩვენება მიმეცა. ანუ ხელი მომეწერა იმაზე, რაც მომიტანეს დაწერილი და მერე ეს გამემეორებინა.
- რისი თქმა გაიძულეს?
- რომ მე, მაია ნიკოლეიშვილმა, განვიზრახე სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა შეიარაღებული ამბოხის გზით, 300 ადამიანი უნდა გამეფრთხილებინა, თითოსთვის გადამეხადა 5 ათასი დოლარის ოდენობის თანხა და 300 შეიარაღებული კაცით, ასევე სხვებსაც იგივე უნდა გაეკეთებინათ, ჩვენ უნდა აგვეღო პარლამენტის შენობა და მთავრობის კანცელარია.
- ეს გათქმევინეს მუქარით და იძულების წესით?
- დიახ, აბა მე ამას ჭკუათმყოფელი ან როგორ გავიფიქრებდი, ან თავში აზრად როგორ მომივიდოდა ასეთი რაღაცა და მერე ამის თქმა, რომ დიახ, ამას ვგეგმავდი. ალბათ სულელი უნდა იყო, რომ ეს აღიარო, მაგრამ, სამწუხაროდ, მე იძულებული ვიყავი, ეს მეღიარებინა.
- შემდეგ სულ გვესმოდა, რომ ნიკოლეიშვილმა აღიარა, ის გამოუშვეს, სხვები დააკავეს…
- აქაც არ მიდიოდა სწორი განმარტება. მე ჩვეულებრივად, როგორც სხვები, გამასამართლეს, ჩვეულებრივად ბრალდებული ვიყავი. ვინაიდან მე ვაღიარე, მომისაჯეს ორი წელი, რომელიც შემდეგ შემიცვალეს პირობითით. კი, ციხესთან შედარებით ეს დიდი შეღავათია, მაგრამ იქ ეწერა, ვინაიდან აღიარა, ეს აღიარება კი იძულებით მოხდა, ამის გამო მომესაჯა 2 წელი პირობითი. 2 წელი ვიყავი პრობაციონერი, როგორც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, კვირაში ერთხელ პრობაციაში დავდიოდი და ხელს ვაწერდი. მაშინ როცა შავი სამყაროს წარმომადგენლები თვეში ერთხელ მიდიოდნენ ხელის მოსაწერად.
- თუმცა მაინც გარეთ იყავით?
- მე ამას არ შევადარებ ციხეს, მაგრამ ეს იყო საშინელება. ადამიანს მოექცე ასე, რომელსაც მსგავსი რამ არც კი გაუფიქრებია. ჩვეულებრივი ბრალდებული ვიყავი, დღესაც, სანამ სასამართლო განაჩენი არ დადგება, მე მაქვს ეს საშინელი ლაქა, რომ მე სახელმწიფო გადატრიალების მომწყობი ვიყავი. კი, ვინც ციხეში იყვნენ, ისინი გაცილებით მძიმე დღეში იყვნენ, მაგრამ მეც ბრალდებული ვიყავი.
- დაიწყო საქმის გადასინჯვა, ეს რა მოცემულობას შექმნის, თქვენ რისი იმედი გაქვთ?
- საშინელებაა იმ შავი ლაქით ცხოვრება, რომ შენ ხარ სახელმწიფო გადამტრიალებელი. ჩემი ცხოვრება 6 წლით შეჩერდა. მაშინ მე არც მუშაობის უფლება მქონდა, ვიყავი პრობაციონერი და რისთვის? არაფრისთვის! იმ პერიოდში თეთრი ყვავივით ვიყავი, ადამიანები გერიდებიან, შენთან დარეკვის ეშინიათ. მე ეს კარგად მესმოდა და არც მე არავის ვურეკავდი, რადგან მოსმენაზე ვიყავი. კონტაქტი მქონდა გაწყვეტილი, ურთიერთობას ყველასთან ვერიდებოდი.
- გაქვთ იმის მოლოდინი, რომ მოიხსნით ამ შავ ლაქა და დამნაშავეები დაისჯებიან?
- დამნაშავეები აუცილებლად უნდა დაისაჯონ! 2012 წელს მომეცა პირველად შრომის უფლება. მჯეროდა, რომ გამოძიება ოდესმე ბოლომდე მიიყვანდა ამ საქმეს. იმას აღარ ვფიქრობ, რა გავიარე, რა მიხარია, იცით, რომ ჩემს შვილს აღარავინ ეტყვის, დედაშენი სახელმწიფო გადამტრიალებელი დამნაშავე ყოფილა. თან პოლიტიკურია ეს მუხლი. დახვრეტის მუხლი რომ ყოფილიყო, სააკაშვილი ამას გააკეთებდა. ეს რეაბილიტაცია ჩემთვის ძალიან დიდ რამეს ნიშნავს. დანაშაული მთავრდება მაშინ, როცა სამართლიანობაა აღდგენილი. როდესაც სახელმწიფო იტყვის, რომ ეს არ მომხდარა და ზღაპრის გულისთვის ეს ადამიანი გაამწარეს, ცხოვრება აუწეწეს, ეს ჩემთვის იცით რამხელა რაღაცაა? როდესაც იცი, რომ მართალი ხარ და ამას სხვაც გაიგებს!
- გჯერათ, რომ დაისჯებიან დამნაშავეები?
- ის ადამიანები, ვინც კუდში მივიდა და განცხადებები დაწერა, დანაშაული მზადდებაო, ყველაზე ნაკლებად მიმაჩნია დამნაშავეებად. აი, ვინც ისინი აიძულა, რომ ეს ეთქვათ, დამნაშავეები ისინი არიან. დამნაშავეები არიან მერაბიშვილი, ადეიშვილი, სააკაშვილი. მე მაინტერესებს დამკვეთი სააკაშვილის დასჯა. რატომ შეუკვეთა, რატომ დაიდგა ეს სცენარი და რისთვის?! სწორედ იმის დასჯაა მთავარი!
ძალიან ბედნიერი ვარ და ბოლომდე არც მჯერა, რომ ეს ხდება. სუფთა 37 წელი გამოვიარე! დამნაშავე რომ დაისჯება, მე მაგაში დარწმუნებული ვარ. უბრალოდ, ეს მე-11 წელს მოხდა. ზუსტად 11 წელი გავიდა 2006 წლის 6 სექტემბრიდან. ნელა, მაგრამ სამართალი მაინც მოდის. დარწმუნებული ვარ, რომ ამდენი დრო აღარ დასჭირდება დამნაშავის დასჯას. როდესაც ისინი დაისჯებიან, სწორედ მაშინ დასრულდება სისტემური დანაშაული, რომელსაც ადგილი ჰქონდა სააკაშვილის მეფობის დროს.
„ვერსია“, 22-24 სექტემბერი, 2017 წელი
დეპუტატების ბიზნესწილები და მოგებული სახელმწიფო ტენდერები
რატომ არ ისჯებიან კანონდამრღვევი პოლიტიკოსები
მაია მიშელაძე
საქართველოს პარლამენტის წევრების ბიზნესინტერესები კვლავ აქტუალურია. ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველომ” მორიგი კვლევა ჩაატარა, რომელიც პარლამენტის წევრების არადეკლარირებულ ბიზნესაქტივებსა და მათ სტატუსთან შეუთავსებელ საქმიანობას ასახავს. მეცხრე მოწვევის პარლამენტში რამდენიმე ისეთი დეპუტატია, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც საკანონმდებლო ორგანოს წევრი იყო, თუმცა საოცარი ისაა, რომ ამ ხნის განმავლობაში დეკლარაციის შევსება ვერა და ვერ ისწავლა!
მედიასაშუალებებში ,,საერთაშორისო გამჭვირვალობის” ბოლო კვლევა ნაწილობრივ გაშუქდა _ ძირითადად, იმის მიხედვით, თუ რომელი დეპუტატის დასახელება ,,აწყობდათ” ან პირიქით, არ ,,აწყობდათ”, ამიტომ ,,ვერსია” ,,საერთაშორისო გამჭვირვალობის” ანგარიშის სრულ ვარიანტს გთავაზობთ. სხვათა შორის, არასწორად შევსებული დეკლარაციის შემთხვევაში, საქართველოში მოქმედი კანონის თანახმად, საჯარო პირი უნდა დაისაჯოს, მაგრამ როგორც წესი, ეს კანონი დეპუტატებზე არ ვრცელდება!
რა ევალება დეპუტატს კანონით
პარლამენტის წევრი ვალდებულია, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით შეავსოს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს _ სსიპ ,,საჯარო სამსახურის ბიუროს” წარუდგინოს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ საქმიანობას წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობა ან საჯარო სამსახურში რაიმე თანამდებობის დაკავება.
პარლამენტის წევრის სტატუსთან სამეწარმეო საქმიანობის შეუთავსებლობის მოთხოვნები არ ხელყოფს პარლამენტის წევრის საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ საკუთრების უფლებას; ამიტომ ის შეიძლება ფლობდეს აქციებს, წილსა და სხვა ქონებას. სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრს უფლება არ აქვს, უშუალოდ განახორციელოს არაერთჯერადი საქმიანობა მოგების მიზნით მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური საშუალებების სამართავად; უშუალოდ იყოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი; განახორციელოს სამეწარმეო სუბიექტის სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებანი.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, პერიოდულად და საჭიროების შემთხვევაში, აანალიზებს სათანადო ორგანოების მიერ წარდგენილ ინფორმაციას პარლამენტის წევრის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შესახებ, აუცილებლობის შემთხვევაში კი საკითხს განსახილველად სვამს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. თუ პარლამენტის წევრი სამეწარმეო საქმიანობას ეწევა, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ამ ფაქტის გამოვლენიდან 10 დღის ვადაში უნდა გამოითხოვოს სათანადო დოკუმენტური მასალა, ჩამოართვას მას ახსნა-განმარტება და მოამზადოს შესაბამის დასკვნა. თუკი არსებობს შესაბამისი ფაქტები და გარემოებები, უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ მომზადებული დასკვნა პარლამენტის ბიუროს განსახილველად შეაქვს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. პარლამენტი ვალდებულია, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი დაუყოვნებლივ განიხილოს.
კანონმდებლობის თანახმად, თანამდებობის პირის დეკლარაციის არასწორად შევსება შესაბამის პასუხისმგებლობას იწვევს, რადგან დარღვევის შემთხვევაში, პირი 1 000 ლარით ჯარიმდება. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არასრული ან არასწორი მონაცემის განზრახ შეტანის შემთხვევაში, დანაშაულის ნიშნების არსებობისას, საჯარო სამსახურის ბიურო ვალდებულია, შესაბამისი დეკლარაცია და წარმოების მასალები შემდგომი რეაგირებისათვის სათანადო სამართალდამცავ ორგანოს გადაუგზავნოს.
სისხლის სამართლის კოდექსით, დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი მონაცემის შეტანა ისჯება ჯარიმით; საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ვადით 120-200 სთ-მდე; თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე. ამასთან, დეპუტატის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, პარლამენტი ვალდებულია, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილოს.
დეპუტატის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა
ოფიციალური მონაცემების შესწავლის საფუძველზე, ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს მკვლევარებმა” დაადგინეს, რომ საქართველოს პარლამენტის 51 წევრს ბიზნესთან აქვს კავშირი და შესაბამისად, ისინი წილებს სამეწარმეო სუბიექტებში ფლობენ. პარლამენტის 16 წევრს არადეკლარირებული ბიზნესაქტივები აქვს, მათ შორის, 14 დეპუტატს უმრავლესობიდან _ ლევან ბეჟანიძეს, ბიძინა გეგიძეს, ლევან კობიაშვილს, გურამ მაჭარაშვილს, კობა ნარჩემაშვილს, გია ჟორჟოლიანს, შოთა ხაბარელს, დიმიტრი ხუნდაძეს, ედიშერ თოლორაიას, დიმიტრი სამხარაძეს, გედევან ფოფხაძეს, ერეკლე ტრიპოლსკის, მარიამ ჯაშს, სოფიო კილაძეს და ორ დეპუტატს ,,საქართველოს პატრიოტებიდან” _ ირმა ინაშვილსა და გიორგი ლომიას.
ყველაზე მეტ კომპანიაში ბიზნესაქტივებს ფლობენ: ივლიანე წულაია („ქართული ოცნება”) _ 31 კომპანია; ნინო წილოსანი („ქართული ოცნება”) _ 13 კომპანია; კახაბერ ოქრიაშვილი („ქართული ოცნება _ რეგიონების განვითარებისთვის”) _ 13 კომპანია.
კანონის თანახმად, დეპუტატს უფლება არ აქვს, უშუალოდ განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობა და თვითონ მართოს ესა თუ ის კომპანია, თუმცა ,,საერთაშორისო გამჭვირვალობის” ანგარიშის მიხედვით, მეცხრე მოწვევის პარლამენტის 9 წევრი რეგისტრირებულია დირექტორად _ ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად: ედიშერ თოლორაია („ქართული ოცნება“), დიმიტრი სამხარაძე („ქართული ოცნება“), იოსებ მაკრახიძე („ქართული ოცნება“), მამუკა მდინარაძე („ქართული ოცნება“), მარიამ ჯაში („ქართული ოცნება“), დავით ჭიჭინაძე („ქართული ოცნება“), დიმიტრი ხუნდაძე („ქართული ოცნება“), მამუკა ჩიქოვანი („ევროპული საქართველო _ რეგიონები“), გიორგი ლომია (,,საქართველოს პატრიოტები”).
ძირითადი დარღვევები
არასრულად დეკლარირებული უძრავი ქონება, დეპუტატების ოჯახების წევრთა ბიზნესთან კავშირი, სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა _ ეს იმ დარღვევების არასრული ჩამონათვალია, რაც ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს” მკვლევარებმა ანგარიშში ასახეს. დეპუტატის ოჯახის წევრს ბიზნესთან კავშირს არავინ უკრძალავს, მაგრამ საჯარო პირმა ყველაფერი ეს დეკლარაციაში აუცილებლად უნდა ასახოს!
დეპუტატების ოჯახების წევრთა ბიზნესთან კავშირი 25 შემთხვევაში გამოვლინდა, 7 შემთხვევა კი არადეკლარირებულია: მირიან წიკლაური („ქართული ოცნება“), დიმიტრი მხეიძე („ქართული ოცნება“), ირაკლი ხახუბია („ქართული ოცნება“), ფატი ხალვაში („ქართული ოცნება“), გიორგი კახიანი („ქართული ოცნება“), ნატო ჩხეიძე (,,საქართველოს პატრიოტები”), ირმა ნადირაშვილი („ევროპული საქართველო _ მოძრაობა თავისუფლებისთვის“).
უძრავი ქონების საკუთრება არასრულადაა დეკლარირებული 16 პარლამენტარის შემთხვევაში: რევაზ არველაძე („ქართული ოცნება”), დიმიტრი მხეიძე („ქართული ოცნება _ მწვანეები“), ნინო წილოსანი („ქართული ოცნება“), რატი იონათამიშვილი („ქართული ოცნება“).
მეცხრე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობიდან ანუ 2016 წლის 18 ნოემბრიდან 2017 წლის აგვისტოს ჩათვლით, პარლამენტის სამ წევრთან დაკავშირებულმა კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვაში მიიღეს მონაწილეობა: კახაბერ ოქრიაშვილი (მაჟორიტარი, „ქართული ოცნება”) _ შპს „პსპ ფარმა”, „პსპ დაზღვევა”. მოგებული ტენდერებიდან, ყველაზე მაღალი ღირებულების ხელშეკრულების ოდენობა 16 584 494 ლარია; იოსებ მაკრახიძე (მაჟორიტარი, „ქართული ოცნება”) _ შპს ,,იბოლია”. ყველაზე მაღალი ღირებულების ხელშეკრულების ოდენობაა 2 250 440 ლარი; გოჩა ენუქიძე (მაჟორიტარი, „ქართული ოცნება”) _ შპს ,,იბერკომპანი”. ყველაზე მაღალი ღირებულების ხელშეკრულების ოდენობა 12 022 ლარია.
შევსებული დეკლარაციების მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში, სამეწარმეო საქმიანობიდან ყველაზე მაღალი შემოსავალი მიიღეს: კახაბერ ოქრიაშვილმა („ქართული ოცნება _ რეგიონების განვითარებისთვის”) _ 17 429 052 ლარი; გრიგოლ მიქელაძემ („ქართული ოცნება”) _ 1 185 000 ლარი; ელგუჯა გოცირიძემ („ქართული ოცნება _ მრეწველები”) _ 1 011 839 ლარი.
,,საერთაშორისო გამჭვირვალობა” მხოლოდ დეკლარაციებში არსებული დარღვევებისა და დეპუტატების ,,მხილებით” არ შემოფარგლულა. რეკომენდაციების სახით, ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს ურჩევს, კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, კვლევაში მითითებული შემთხვევები გაითვალისწინოს და რეაგირებაც განახორციელოს. საჯარო სამსახურის ბიურომ კი წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგი დაიწყოს
რატომ არ ისჯებიან დეპუტატები
მართალია, ქონებრივი დეკლარაციის არასწორად შევსება კანონით ისჯება, მაგრამ ფაქტია, რომ ეს კანონი პარლამენტარებზე არ ვრცელდება. სამწუხაროდ, ერთი შემთხვევაც არ მახსენდება, როდესაც დეკლარაციის არასწორად შევსების ან თუნდაც ბიზნესში წილის ფლობის გამო, რომელიმე დეპუტატი სიმბოლურად მაინც დაესაჯათ. რატომ არ სრულდება კანონი საქართველოში? რა აზრი აქვს ამ ტიპის კვლევებს, თუ დეპუტატები დეკლარაციებში არსებულ ხარვეზებს არ გამოასწორებენ? ,,ვერსიას” ექსპერტი იურიდიულ და ეკონომიკურ საკითხებში, ლევან ალაფიშვილი ესაუბრა:
_ ბატონო ლევან, დეკლარაციის არასწორად შევსების გამო, აქამდე ერთი დეპუტატი მაინც რატომ არ დასჯილა?
_ სხვათა შორის, ამ ტიპის კვლევები არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების, არამედ, მედიასაშუალებების ინტერესის სფეროც იყო ხოლმე და ამ მხრივ, პირველ რიგში, თქვენი გაზეთი მახსენდება. ძირითადად, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის ყურადღების ცენტრში პოლიტიკური თანამდებობის პირები ხვდებიან. არადა, პარლამენტარები და პოლიტიკოსები საზოგადოების მხოლოდ ნაწილია, რადგან ჩვენ არ ვიცით, რამდენ შემთხვევაში შედგა ოქმი, თუნდაც რომელიმე ჩინოსანსა და რიგით მოხელეზე. ამიტომ როდესაც ერთიანი კვლევა არ გვაქვს, კატეგორიულ დასკვნას ვერ გავაკეთებთ, თუ როგორ მუშაობს კანონი, ან ისჯებიან თუ არა საჯარო მოხელეები. აქვე გასათვალისწინებელია ერთი ფაქტიც _ პარლამენტარის მიმართ, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დასმის საკითხი გართულებულია, რადგან მას დეპუტატის იმუნიტეტი იცავს. შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, რომ ამ ტიპის დარღვევების დროს, სასამართლო ლიბერალური გზით წავიდეს და მისი პასუხისმგებლობის საკითხი ვერ გადაწყდეს.
_ დეკლარაციის არასწორად შევსების გამო, თანამდებობის პირის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხიც დგება და შესაძლოა, დეპუტატს უფლებამოსილება სამი წლითაც შეუჩერდეს. ვინაიდან სასამართლო უძლურია, არ შეიძლება, ასეთ დროს, დეპუტატს იმუნიტეტი მოეხსნას, რათა მოსამართლემ გადაწყვეტილება მიიღოს?
_ რა თქმა უნდა, იმუნიტეტის მოხსნა შესაძლებელია და ამით ძალიან კარგად წარმოჩინდება ინსტიტუციური პატივისცემა სასამართლო ხელისუფლებისადმი. იმავდროულად, კარგად წარმოჩინდება პოლიტიკური კულტურა დემოკრატიისა და მართლმსაჯულების მიმართაც, თუმცა ფაქტია, რომ ჩვენ ასე განვითარებულები არ ვართ.
_ მაგალითად, კახა ოქრიაშვილმა, რომელიც დიდი ხანია დეპუტატია, ამდენი წლის განმავლობაში, დეკლარაციის შევსება როგორ ვერ ისწავლა?
_ ვერ ისწავლა თუ არ ისწავლა? აქ ორი მომენტია, აშკარაა, რომ ვიღაცას რაღაც დასამალი მართლაც აქვს და მეორე _ ერთადერთი კომპეტენტური ორგანოს, სასამართლოს გარდა, მე, თქვენ, ყველა ვმსჯელობთ პარლამენტარებისა და პოლიტიკოსების შესაძლო დარღვევებზე. რაც მთავარია, ამ მსჯელობასა და დებატებში ყველა მართალია, რადგან დეპუტატს თამამად შეუძლია თქვას, რომ არაფერი დაურღვევია ანუ სასამართლოს გადაწყვეტილება არ მიუღია; ამიტომ დეკლარაციაში დაფიქსირებული ხარვეზი შეუძლია ტექნიკური შეცდომით ახსნას და მართალი იქნება. ამაზე ჩვენ ვუპასუხებთ, რომ დიახ, დაარღვია კანონი და ცხადია, მართლები ვიქნებით. პრობლემის არსი ისაა, რომ ჩვენს სინამდვილეში, პოლიტიკოსების მიმართ ეფექტური აღსრულების სისტემა არ არსებობს. არადა, სწორედ ამისთვის არსებობენ ინსტიტუციები დემოკრატიულ სივრცეში, რომლებსაც ყველა ვემორჩილებით და ამ შემთხვევაში, სასამართლოს ვგულისხმობ, რომელმაც საბოლოო ვერდიქტი უნდა გამოიტანოს _ დაარღვია დეპუტატმა კანონი თუ არა. ამ დებატების გარდა, შორს უნდა წავიდეთ, კანონის აღსრულების კუთხით, ერთხელ და სამუდამოდ, ეფექტური სისტემა უნდა შეიქმნას და დამკვიდრდეს!