globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 23 ნოემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Nov 24th, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„რეზონანსი“: ახალი მთავრობა – ძველი სახეები

„რეზონანსი“: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „არ დამრჩენია იმის განცდა, რომ კვირიკაშვილმა თავისი გუნდი მოიყვანა”

„რეზონანსი“: ინტერვიუ მანანა ნაჭყებიასთან: შესაძლებელია თუ არა ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნა

„რეზონანსი“: „მრეწველებმა“, „ქართული ოცნების“ დახმარებით, „დემოკრატებს“ ცესკოში ადგილი წაართვეს

„რეზონანსი“: ინტერვიუ ნინო გოგუაძესთან: „როგორ შეიძლება იმ ხელისუფლებაში ყოფნა, რომელიც პოლიტპატიმრების ყოლაში არაერთხელ დაგიდანაშაულებია?!“

—–

„ახალი თაობა“: ინტერვიუ გიორგი ახვლედიანთან: „ჩვენ ვიტყვით, როგორ გააყალბა ხელისუფლებამ არჩევნები” // არასაპარლამენტო ოპოზიცია ერთობლივი განცხადების გაკეთებას აპირებს

„ახალი თაობა“: ინტერვიუ პაატა შეშელიძესთან: „მთავრობის ახალი ეკონომიკური გუნდისადმი ოპტიმიზმის საფუძველი არ მაქვს“

—–

საქართველო და მსოფლიო: პატრიარქის ვიზიტი და ლიბერალების გნიასი

საქართველო და მსოფლიო: რუსეთს ულტიმატუმის ენით ამერიკაც ვერ ელაპარაკება და საქართველო ვის დაჰკარგვია?!

საქართველო და მსოფლიო: ინტერვიუ ნიკა ლალიაშვილთან: „საპარლამენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ ლიბერალურ პარტიებს საქართველოში პულსი არ ესინჯებათ“

—–

„რეზონანსი“: რა გამოწვევების წინაშე იმყოფება საქართველო ევროკავშირთან ასოცირების კუთხით?!

რეზონანსი: ბიუჯეტი ასეულობით მილიონ დოლარს კარგავს // შეიძლება ქვეყანამ უცხოური გრანტები და კრედიტები ვერ მიიღოს

„რეზონანსი“: ბანკები ფარმაცევტული ბიზნესის დაპყრობას აპირებენ // „ეს არის ერთი ჯიბიდან ამოღებული და მეორეში გადადებული ფული“

——————-

„რეზონანსი“, 23 ნოემბერი, 2016 წელი

ახალი მთავრობა – ძველი სახეები

თიკო ოსმანოვა

მთავრობის ახალი შემადგენლობა ცნობილია, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირკაშვილმა რადიკალური ცვლილებები არც ამჯერად განახორციელა. ცვლილება ეკონიმიკურ გუნდს შეეხო. ნოდარ ხადური, გელა დუმბაძე, დავით ბაქრაძე და ნოდარ ჯავახიშვილი მინისტრის პორტფელის გარეშე დარჩნენ. პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ ეკონომიკური წინსვლის კუთხით “თვისობრივი ცვლილებები” მოხდება.

პოლიტოლოგებს კი მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი მოსაზრებები აქვთ. ნაწილი ამ ცვლილებას სკეპტიკურად უყურებს, ნაწილი კი უკეთესის მოლოდინშია.

გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტს უკვე წარუდგინა. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, 24 ნოემბერს ყველა საპარლამენტო კომიტეტი შესაბამისი პროფილის მინისტრს მოუსმენს. 25 ნოემბერს მთავრობის შემადგენლობის მოსმენა ფრაქცია “საქართველოს პატრიოტებისა” და უმცირესობისა და უმრავლესობის ფორმატში გაიმართება.

მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი პლენარულ სხდომაზე 26 ნოემბერს გავა. პარლამენტს პრეზიდენტისთვის მიმართვა მოუწევს, რადგან ამ დღეს რიგგარეშე სხდომის მოწვევა გახდება საჭირო.

განახლებული მინისტრთა კაბინეტი

როგორც დაანონსებული იყო, გიორგი კვირიკაშვილმა რადიკალური სამთავრობო ცვლილებები არც ამჯერად განახორციელა. “ქართული ოცნების” მთავრობაში ცვლილებები ძირითადად ეკონომიკური მიმართულებით განხორციელდა. კერძოდ, ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ნოდარ ხადურს დიმიტრი ქუმსიშვილი შეცვლის. თავად დიმიტრი ქუმსიშვილს ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარია ჩანაცვლებს, ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობას ნოდარ ჯავახიშვილის ნაცვლად ზურაბ ალავიძე დაიკავებს, მთავრობაში ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე ბრუნდება კახა კალაძე, ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას კი “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე ჩაიბარებს. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს შეერწყა, შესაბამისად, გელა დუმბაძე მინისტრის პოსტის გარეშე დარჩა.

ოპოზიციიდან ისევ ხელისუფლებაში

მინისტრთა კაბინეტის ერთ-ერთი ახალი სახე “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი წევრი ვიქტორ დოლიძე იქნება, რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დავით ბაქრაძეს ჩაანაცვლებს.

ვიქტორ დოლიძის გამინისტრებას საზოგადოების მხრიდან უკვე მოჰყვა შეფასებები. ნაწილი ამას დადებითად აფასებს, ნაწილი კი – პირიქით.

“ჩემთვის სრულიად დაუშვებელია იმ მთავრობაში თანამდებობის დაკავება, რომლის პრინციპულ ოპოზიციაში ვართ, – განაცხადა “თავისუფალი დემოკრატების” წევრმა ნინო გოგუაძემ. მისივე თქმით, არსებობს კითხვები, რომელზეც დოლიძეს პასუხის გაცემა მოუწევს.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე კი დოლიძის ოპოზიციიდან ხელისუფლებაში გადანაცვლებას დადებითად აფასებს. მისივე თქმით, ეს ძალიან კარგი ფაქტია.

“მმართველი პარტიის წარმომადგენლებიც თუ გაიგებენ, რომ მთავრობაში მუშაობა სახელმწიფო სამსახურია და მას საერთო არ აქვს პარტიასთან, კარგი იქნება. ეს ევროპულ რელსებზე გადაიყვანს საქართველოს. საპარლამენტო რესპუბლიკებში, რომლისკენაც მივისწრაფვით, მთავრობა კოალიციურია და მათ სწორედ რომ სახელმწიფო ინტერესი აერთიანებთ”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

სად დასაქმდებიან ძველი მინისტრები

ნოდარ ხადური, დავით ბაქრაძე, ნოდარ ჯავახიშვილი, ილია ელოშვილი და გელა დუმბაძე მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაში აღარ იქნებიან. კვირიკაშვილმა ყოფილ მინისტრებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ისინი გუნდის წევრებად რჩებიან.

“მინდა მადლობა გადავუხადო მინისტრთა კაბინეტის ძველ შემადგენლობას, რომლებთან ერთადაც ქვეყნისთვის ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთეთ და რომლის თითოეულ წევრთანაც განსაკუთრებული ურთიერთობა მაკავშირებს, უპირველეს ყოვლისა კი, მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც ახალ მინისტრთა კაბინეტში აღარ იქნებიან წარმოდგენილი, მაგრამ დარჩებიან ჩვენი გუნდის წევრებად და მნიშვნელოვან პოზიციებზე გააგრძელებენ მუშაობას,” – განაცხადა კვირიკაშვილმა.

თუმცა არ დაუკონკრეტებია, სად ვიხილავთ ძველ სახეებს, ცნობილია მხოლოდ ის, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი იქნება, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ილია ელოშვილი კი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის პოსტზე გააგრძელებს მუშაობას. რაც შეეხება დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, აღნიშნული აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდა და მას მიხეილ ჯანელიძე უხელმძღვანელებს.

რა თანამდებობებს დაიკავებენ ნოდარ ხადური, ნოდარ ჯავახიშვილი და გელა დუმბაძე, ამ დროისთვის უცნობია. „2030″-ის ინფორმაციით კი აწ უკვე ყოფილი ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, სავარაუდოდ, კონკურენციის სააგენტოს უხელმძღვანელებს, რომლის უფროსიც ამ დროისთვის გიორგი ბარაბაძეა. კონკურენციის სააგენტო 2014 წლის აპრილში პრემიერ-მინისტრის ბრძანებით შეიქმნა.

ოპოზიციის მიერ დაწუნებული მთავრობა

მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტი, სავარაუდოდ, 26 ნოემბერს უყრის კენჭს, როგორც უკვე ცნობილია, კვირიკაშვილის გუნდს ოპოზიციის მხარდაჭერა არ ექნება. თუმცა აღსანიშნავია, რომ “ოცნებას” პარლამენტში 115 დეპუტატი ჰყავს. შესაბამისად, მთავრობის დამტკიცებას პრობლემები არ შეექმნება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მინისტრებს მოსმენის გარეშეც იწონებენ და მხარდაჭერას უცხადებენ.

უმრვალესობის წევრის ეკა ბესელიას აზრით, მთავრობის განახლებული შემადგენლობა უფრო ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული იქნება იმ გამოწვევების მიმართ, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს.

ეკა ბესელიას შეფასებით, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებული კონსულტაციები ძალიან კარგად წარმართა და პარლამენტს ნდობის მისაღებად კარგი გუნდი შესთავაზა. მისივე თქმით, მაღალი პოლიტიკური კულტურის მთავრობის ღიაობისა და დემოკრატიის მაღალი სტანდარტის მაჩვენელია ის, რომ მთავრობის შემადგენლობაში წარმოდგენილია ვიქტორ დოლიძე.

“მთავრობის განახლებული გუნდი ძალიან საინტერესოდ არის შერჩეული. ჩვენ პრემიერ-მინისტრს ვენდობით. მთავრობის განახლებული შემადგენლობა შთამბეჭდავად გამოიყურება. დარწმუნებული ვარ, მინისტრთა კაბინეტის ყველა ახალი წევრი მზად, არის უპასუხოს კითხვებს, რომელიც მათი მისამართით პარლამენტში დაისმება,” – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

ოპოზოცია კი კვირიკაშვილის გუნდს აქედანვე სკეპტიკურად უყურებს და მთავრობის ამ შემადგენლობის მხარდაჭერას არ აპირებენ.

“ჩვენ არ და ვერ დავუჭერთ მხარს მთავრობის ამ შემადგენლობას,” – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ. მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში შეეცდება შეამციროს ის ზიანი, რომელიც საზოგადოებას ასეთი მთავრობის პირობებში მიადგება.

“ის გუნდი და ის კანდიდატები, რაც ჩვენ დღეს “ქართულმა ოცნებამ” წარმოგვიდგინა, მეტყველებს იმაზე, რომ “ქართული ოცნება” არის კმაყოფილი იმ ოთხი წლით, როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში. მათი თქმით, არ არსებობს აუცილებელობა, რომ შეიცვალოს პოლიტიკა ქვეყანაში ბევრი მიმართულებით, ისინი არიან კმაყოფილები ლარის მდგომარეობით, მათ არ ესმით და არ გაუაზრებიათ, რამხელა ტვირთად დააწვა მოქალაქეებს ლარის გაუფასურება. მათ არ ესმით, რომ ლარის გაუფასურებას სჭირდება ქმედითი ნაბიჯები ეკონომიკაში. მათ არ ესმით, რომ საზოგადოება შეწუხებულია კრიმინოგენური ვითარებით, მათ არ ესმით, თუ როგორი გამოწვევაა სიღატაკე და უმუშევრობა. ეს იმას ნიშნავს, რომ იგივე შემადგენლობით ხელისუფლებამ დააანონსა იგივე პოლიტიკის გატარება – პოლიტიკის, როდესაც ბიძინა ივანიშვილი გამოდის და საუბრობს, რომ ყველაფერი კარგადაა და საზოგადოების ბრალია, თუ ისინი კარგად ვერ ცხოვრობენ და რომ არიან უმუშევრები. ამ ვითარებაში ჩვენ არ და ვერ დავუჭერთ მხარს მთავრობის ამ შემადგენლობას. ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, – 4 წლის განმავლობაში გავაკეთოთ ყველაფერი, რათა შევამციროთ ზიანი, რომელიც საზოგადოებას მიადგება ასეთი მთავრობის მიერ,” – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მთავრობის მუშაობის მოლოდინში

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მთავრობის ამ შემადგენლობისგან თამამი და არაორდინალური ნაბიჯების გადადგმას ელოდება.

“პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ მოხდება თვისობრივი ცვლილებები იმ მთავარ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია ეკონომიკური წინსვლა და გაუმჯობესება, რაც ასე აწუხებს დღეს მოსახლეობას. იმედს გამოვთქვამთ, რომ აქცენტი გაკეთდება ამ კუთხით,” – განაცხადა გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ.

პოლიტოლოგებს კი მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი მოსაზრებები აქვთ. ნაწილი ამ ცვლილებას სკეპტიკურად უყურებს ნაწილი კი უკეთესის მოლოდინშია. “როგორც ამ ცვლილებების მიხედვით ირკვევა, სახელისუფებო გუნდი ინტენსიურად იმუშავებს ეკონომიკის მიმართულებით. ეს ადამიანები ახალი სახეები არ არიან, ნამუშევრები არიან აღმასრულებელ სტრქუტურებში და თავიანთ ადგილებზე წარმატებულად მუშაობდნენ. ამდენად, მოლოდინი პოზიტიური უნდა იყოს,” – გვითხრა რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი მთავრობაში ეკონომიკური გუნდის ცვლილებას პიარ აქციად აფასებს. მისივე თქმით, ამ ცვლილებით თვისობრივად ახალ გუნდს ვერ მივიღებთ. “არსებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, ეს ცვლილებები მოსალოდნელი იყო, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანები ცუდად მუშაობდნენ. მათ ცვლილება შეეხოთ იმიტომ, მოსახლეობაში გაჩენილიყო მოლოდინი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ვფიქრობ, ეს უფრო პიარაქცია იყო გარკვეულწილად, ვიდრე სურვილი იმისა, რომ ახალი მინისტრები უფრო კარგები და ძლიერები იქნებიან. საპარლამენტო მმართველობის დროს მთავრობა არის ერთიანი გუნდი, ასე რომ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცალკეული მინისტრები რაღაც ფართო დიაპაზონში მოქმედებენ. თუ რომელიმე მიმართულებით არის ცუდი მდგომარეობა ეს მთლიანად მთელი მთავრობის დამსახურება და არა რომელიმე ცალკე აღებული მინისტრის. წარმატებას ვუსურვებ მინისტრთან კაბინეტს, თუმცა არ მგონია, რომ თვისობრივად ახალი გუნდი მივიღოთ, ამიტომ გრანდიოზულ ცვლილებას არ ველოდები, თუმცა მოხარული ვიქნები, თუ ჩემი გარკვეული სკეპტიციზმი არ გამართლდება და მთავრობა განახორციელებს წინ- სვლას. ვნახოთ, როგორც ამბობენ, 100 დღის მერე, რაღაც კონტურები გამოჩნდება”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

„რეზონანსი“, 23 ნოემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „არ დამრჩენია იმის განცდა, რომ კვირიკაშვილმა თავისი გუნდი მოიყვანა”

თაკო მათეშვილი

მინისტრთა ახალ კაბინეტში მომხდარ ცვლილებებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პოზიტიურად აფასებს და ამბობს, რომ ეკონომიკურ გუნდში ეს გადაადგილებები ლოგიკურია. თუმცა, მისი თქმით, მხოლოდ ერთი კუთხით გადადგმული ნაბიჯები მთავრობას უფრო ეფექტურს ვერ გახდის და შესაბამისად, ინსტიტუციური ცვლილებების იმედი არ უნდა გვქონდეს. მისივე აზრით, ის, რომ პრემიერ კვირიკაშვილს “თავისი გუნდი არ მოუყვანია”, მის ადგილს საქართველოს ხელისუფლებაში გაურკვეველს ხდის. ხუხაშვილი ამბობს, რომ ჯერ ისევ უცნობია, თუ რომელ კაბინეტში წყდება ქვეყნის ბედი.

გია ხუხაშვილი: დიდი გადაადგილებები არ იყო. რაც იყო, იმას, პრინციპში, დადებითად ვუყურებ. ჩემი აზრით, ქუმსიშვილისთვის ფინანსთა მინისტრობა უფრო შესაფერისი თანამდებობაა. საბიუჯეტო დისციპლინის მიმართულებით იქნება ეს თუ პრიორიტეტების განსაზღვრის კუთხით, ვფიქრობ, მას საკმარისი პოლიტიკური წონა აქვს იმისთვის, რომ ამ მხრივ ყველაფერი ოპტიმალურად წარმართოს. წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, მისი კვალიფიკაციაც უფრო ფინანსისტისაა.

გახარიას მინისტრთა კაბინეტში შეყვანაც ძალიან საინტერესო ნაბიჯია, რადგან ამ ადამიანმა დაამტკიცა, რომ მას ნორმალური კომუნიკაციის აგება შეუძლია პოტენციურ ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის. ეკონომიკის მინიტრი ძირითადად სწორედ ამ საქმით უნდა იყოს დაკავებული. ასე რომ, ამასაც პოზიტიურად ვუყურებ. სხვა კი არც არაფერი მომხდარა. მთავარ კითხვაზე – გადავედით თუ არა ინსტიტუციურ მართვაზე, აღნიშნული ცვლილებებით პასუხი არ მიგვიღია. ეს არ ჩანს, რადგან არ შეხებიან ძალოვან სისტემას და სხვა სფეროებსაც. ასე რომ, ამასთან დაკაშირებით ჯერჯერობით ისევ ბუნდოვანება გვაქვს. კვირიკაშვილს ჯერ კიდევ დასამტკიცებელი აქვს, რომ ის ლიდერია – გადაწყვეტილებებს ის იღებს და შესაბამისად, პასუხისმგებლობასაც. განცდა უნდა გაგვიჩნდეს, რომ ეს ასეა და არა სხვანაირად. ამ განცდას კი ეს გადაადგილებები არ აჩენს. თუმცა არ მინდა, ხელი ჩავიქნიოთ. შევხედოთ. ვფიქრობ, რომ მათ 100 დღე უნდა ვაცადოთ. მართალია, წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან, მაგრამ ჩვენ ამჯერად გაზაფხულზე დავითვლით.

- რა მოლოდინი გაქვთ ამ 100 დღეში?

- ამ ეტაპზე არ მინდა ზედმეტად სკეპტიკური ან ზედმეტად ოპტიმისტი ვიყო. უბრალოდ, დაველოდოთ და შევაფასოთ.

- ეკონომიკური გუნდის ცვლილება უკვე ცხადყოფს იმას, თუ რა იქნება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მთავრობის პრიორიტეტი?

- რა თქმა უნდა, ქვეყნისა და დღევანდელი ხელისუფლების მთავარი გამოწვევა ეკონომიკის პრობლემატიკაა – დასაქმება, სოციალური რისკები და ა.შ. ამ მხრივ ეს ყველაფერი გასაგებია. უბრალოდ, ისაა გაუგებარი, თუ სადაა ამ ყველაფერში თავად კვირიკაშვილის ადგილი. ეს არ ვიცით და პრობლემაც ამაშია – სადაა ძალის ცენტრი ამ ქვეყანაში? რომელ კაბინეტშია? ეს ყველაფერი კვირიკაშვილმა მრავალმხრივ უნდა გამოაჩინოს. მინისტრთა კაბინეტში ყველაფერი ერთმანეთზეა აკინძული, ეკონომიკური ცვლილებები მხოლოდ ეკონომიკური გუნდის ცვლილებით არ არსებობს. ყველაფერი ერთად ვითარდება. შეუძლებელია, მთავრობა ერთი მიმართულებით წარმატებული იყოს, თუ მეორე მიმართულებით ჩავარდნა აქვს. ასე რომ, გუნდურობისა და სამთავრობო სოლიდარული პასუხისმგებლობის პრინციპი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.

- ანუ, ინსტიტუციური ცვლილებებისათვის მინისტრთა მთელი კაბინეტის შეცვლა იყო საჭირო?

- მე არ ვამბობ, რომ ეს იყო საჭირო, მე არ ვიცი, რა იყო საჭირო. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე არ დამრჩენია იმის განცდა, რომ კვირიკაშვილმა თავისი გუნდი მოიყვანა. ყველაფერი ძირითადად ისევე დარჩა, როგორც იყო.

- ნოდარ ხადურის გადაყენებაზე რას ფიქრობთ?

- არ მგონია, ეს მნიშვნელოვანი იყოს. ჩემი აზრით, ქუმსიშვილის დანიშვნა სწორია. ნოდარ ხადურს კი, სადაც უნდა იყოს, წარმატებებს ვუსურვებ. არ მგონია, უმუშევარი დარჩეს.

-კიდევ ერთი ახალი სახე ვიქტორ დოლიძეა. რას ფიქრობთ ევროიტეგრაციის მინისტრად მის დანიშვნაზე?

- “თავისუფალი დემოკრატების” იმ უზნეო საქციელის შემდეგ, ამ ხალხზე კომენტარს საერთოდ აღარ ვაკეთებ.

- თქვენი აზრით, იგი პარტიული კუთვნილების მიხედვით რომ არ შეირჩა, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს?

- ზუსტადაც რომ პარტიული კუთვნილებით დაინიშნა. ეს იმის ფასი იყო, რაც ჩაიდინა. მეტი არაფერი. ცხოვრებას ყველა თავისებურად უყურებს. მე მიმაჩია, რომ ეს სწორი არც ერთი და არც მეორე მხრიდან არაა.

- სამინისტროების ოპტიმიზაციას ველოდით…

- ოპტიმიზაცია უკვე შემდგომი ეტაპია. ვფიქრობ, რომ შესაძლებელია რამდენიმე სამინისტრო, უბრალოდ, აღარ არსებობდეს, რადგან მოგონილი სამინისტროებია. ახლა ჯერ ეს ვერ მოხდებოდა, რადგან ამას ჯერ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა სჭირდება. სამინისტროები ასე უცებ ვერ გაუქმდება. პირველ რიგში, მინისტრთა კაბინეტი უნდა დანიშნულიყო და მომავალში შეიძლება ასეთი ტიპის რეორგანიზაციაც დაიწყოს.

„რეზონანსი“, 23 ნოემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ მანანა ნაჭყებიასთან: შესაძლებელია თუ არა ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნა

ეკატერინე ბასილაია

“სამწუხაროდ, ოპოზიციურ ფლანგზე გაერთიანებაზე ჯერჯერობით მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მსჯელობაა იმაზე, რომ კონსოლიდირებულად მივაღწიოთ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას. “ქართულ ოცნებასთან” ამ თემაზე ბრძოლა რომ გვიწევს, ეს ირონიულადაც კი ჟღერს, რადგან ეს ადამიანები თავად იყვნენ ამ სისტემის გაუქმების ინიციატორები და დღეს კი წინააღმდეგნი არიან და მათ უნდა ვეომოთ. არის მცდელობა მთელი ოპოზიციური სპექტრი ჩაერთოს ამ საკითხში და სამოქმედო გეგმის კონტურებიც მალე გამოიკვეთება,” – აცხადებს “რეზონანსთან” საუბრისას “ახალი მემარჯვენეების” წევრი მანანა ნაჭყებია. მისი თქმით, მომავალი წლიდან უკვე თავად მისი პარტია დაიწყებს მოლაპარაკებებს ოპოზიციურ დიდი გაერთიანებაზე ყველა იმ ძალასთან, რომლის იდეოლგია არის მემარჯვენე და საგარეო ორიენტაცია – დასავლური. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ “ოცნება” მაჟორიტარულ სისტემას არ გააუქმებს, 2020 წლისთვის შესაძლოა შეიქმნას ოპოზიციური ერთიანი ფრონტი, ყველა იდეოლოგიისა და საგარეო კურსის პარტიებისგანაც კი.

- არჩევნების დასრულებიდან მალევე დაიწყო დიდ ოპოზიცურ გაერთიანების აუცილებლობაზე საუბარი, იდეა “ეროვნულმა ფორუმმა” წამოაყენა და დაიწყო თუ არა პარტიებმა რაიმე მოლაპარაკება გაერთიანებაზე და რა არის თუ არა ჩართული ამაში “ახალი მემარჯვენეები”?

- სამწუხაროდ, ოპოზიციურ ფლანგზე გაერთიანებაზე ჯერჯერობით მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. ეტაპზე მსჯელობაა იმაზე, რომ კონსოლიდირებულად მივაღწიოთ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას. სავარაუდოა, რომ არც ამ შემთხვევაში გაუშვებს მმართველი ძალა ხელიდან ამ ბერკეტს. მათ საკონსტიტუციო უმრავლესობა მაჟორიტარეული სისტემით მოიპოვეს. 73-ვე მაჟორიტარი მათია. სისტემა, რომელოც მხოლოდ ერთ პოლიტიკურ ძალას აძლევს შანსს, ცხადია ცუდია. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, რომ ხელსუფლება დავათმობინოთ ეს ყველაფერი. ყველა დასაშვებ გზას გამოვიყენებთ, რომ ხელისუფლება ვაიძულოთ საარჩევნო სისტემას გადახედოს. ამაზე საუბარი უკვე დაწყებულია და მალე სამოქმედო გეგმის კონტურებიც გამოიკვეთება. მეტ დეტალებს ვერ გეტყვით.

რაც შეეხება გაერთიანებას, “ფორუმის” მხრიდან ბუნდოვანი განცხადებები გაკეთდა. ჯერ საუბრობდნენ იმაზე, რომ პარტიები უნდა გაუქმდეს და ერთი დიდი პარტია შეიქმნას. ხოლო შემდეგ ჟურნალისტის შეკითხვაზე, დარჩება თუ არა პარტია “ეროვნული ფორუმი”, მათ თქვეს, რომ დარჩება. ამიტომ მეტი სიმართლეა საჭირო, იგივე “ფორუმის” და სხვა პოლიტიკური პარტიების მხრიდანაც. შემდგომში განსხვავებული განმარტება გააკეთა ანი მიროტაძემ, მაგრამ რომლის გამონათქვამი იყო სწორი, არ ვიცით. ალბათ, “ფორუმი” უფრო ნათლად განუმარტავს საზოგადოებას, რას აპირებს. პირადად მე არ მჯერა, რომ ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში ლიდერები პარტიებს გააუქმებენ და ერთ პარტიას შექმნიან. ჩვენ თავის დროზე, 2009 წელს, როდესაც გაერთიანება “ალიანსი საქართველოსთვის” შეიქმნა, (ამ ალიანსში შედიოდა “თავისუფალი დემოკრატები”, “რესპუბლიკელები”, “მემარჯვენეები” და სალომე ზურაბიშვილის “საქართველოს გზა” და ის ძალიან მალე დაიშალა. რედ.) იყო მცდელობა ის ერთ პარტიად ჩამოყალიბებულიყო, თუმცა არა თუ პარტია, ალიანსიც დაიშალა. ამ მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, არ მგონია, რომ დღეს ერთი დიდი ოპოზიციური პარტიის შექმნა შესაძლებელია. თუმცა იმ პარტიებმა, რომლებმაც ამ არჩევნებში წარუმატებლობა განიცადეს, დაფიქრდნენ იმაზე, რომ მომავალ თვითმმართველობის არჩევნებში რაღაც წარმატების მისაღწევად თვითკმარი არ არიან.

რა თქმა უნდა, პარტიებს შორის ერთიანობაზე სერიოზული მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს, სხვა შემთხვევაში იგივე შედეგს დადებს ყველა, არც 8 ოქტომბრის არჩევნებზე.

- ფორუმის გარდა ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა დაანონსა დავით უსუფაშვილმაც. მასთან თუ გქონიათ შეხვედრა და მის მომავალ პარტიასთან შემდგომ თანამშრომლობაზე საუბარი?

- არა, უსუფაშვილის მხრიდან ასეთი ინიციატივა არ გამოთქმულა. ძალიან ბევრი კითხვაა უსუფაშვილის მიმართაც. მანაც დაანონსა რაღაც ტიპის აქტივობები, მაგრამ დეტალები ჩამოყალიბებული არ იყო. ალბათ დადგება დრო და გავიგებთ რას აპირებს დავით უსუფაშვილი და მოლაპარაკებებსაც დავიწყებთ, მაგრამ ამას დრო სჭირდება. ყოველ შემთხვევაში ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული.

- ამ არჩევნების შემდეგ თითქმის ყველა ოპოზიციურ პარტიაში გაჩნდა კრიზისი. თქვენ ბურჭულაძის ბლოკი დატოვეთ, სხვა პარტიებიდან ლიდერები წავიდნენ. რამ გამოიწვია ეს?

- ეს ბლოკი წინასაარჩევნოდ შეიქმნა და როგორც კი არჩევნები დასრულდა, ბლოკი დაიშალა. ბლოკში შემავალი პარტიები თავად გადაწყვეტენ მომავალ არჩევნებში კვლავ იქნებიან ერთად თუ არა. ამიტომ, კრიზისი ჩვენს პარტიას არ შეხებია. რა თქმა უნდა კრიზისი ჩვენც გადაგვიტანია და არც ახლა ვართ სახარბიელო მდგომარეობაში და სწორედ აქიდან გამომდინარე მიმაჩნია, რომ გაერთიანებაზე საუბარი აუცილებელია.

რატომ ხდება ეს? პოლიტიკურ პარტიებში მართლაც გაუგონარი რამ ხდება. ქართულ პოლიტიკაში ბევრი რამ მსმენია და გადამიტანია, მაგრამ ოპოზიციური პარტიის ლიდერები არჩევნების მერე დღესვე ამბობდნენ, ოპოზიცია არ ვართ და ხელისუფლებაში გადავედითო, ასეთი გაუგონარი რამ ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში არ ყოფილა. ეს ძალიან ცუდია. თუმცა საბედნიეროდ ოპოზიციაში არიან პარტიები, რომლებიც არც მოსყიდვას ექვემდებარებიან და არც დაშინებას და პოლიტიკურ ცხოვრებას გააგრძელებენ.

- თქვენი პარტიიდანაც წავიდნენ წევრები ხელისუფლებაში, არა? იგივე ფიქრია ჩიხრაძე, გიორგი მოსიძე…

- ფიქრია ჩიხრაძე პარტიის თავმჯდომარეობიდან გადადგა და ის წავიდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. არავითარ კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია, უბრალოდ პარტიამ გადაწყვიტა, რომ სჯობდა მას თავისი გამოცდილება მოეხმარა და ჩაეყენებინა ისეთი ინსტიტუციის სამსახურში, როგორიცაა პრეზიდენტის ინსტიტუტი, რომელიც დღეს არის ერთადერთი დამოუკიდებელი შტო. გიორგი მოსიძე დიდი ხანია წავიდა და არა მარტო ის, ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც დღეს “ქართულ ოცნებაში”, მათ შორის პარლამენტშიც, დაფრთიანებულები არიან “ახალ მემარჯვენეებში”.

- გიორგი კვირიკაშვილი იყო ადრე თქვენ პარტიაში. კიდევ ვინ არის თქვენი ყოფილი თანაგუნდელი?

- ირინა ფრუიძეა პარლამენტში და ასევე საკრებულოს წევრებიც არიან.

- მომავალ არჩევნებზე თქვენი პარტია იქნება თუ არა ბლოკში “ბურჭულაძე -ს ახელმწიფო ხალხისთვის” თუ სხვა ალტერნატივას ეძებთ?

- მომავალი არჩევნებისთვის რა იქნება, ამაზე ლაპარაკი ჯერ ძალიან ადრეა. შეიძლება ვიყოთ ერთად, ან შეიძლება არ ვიყოთ. ჯერ პოლიტიკური პარტიები შიგნით უნდა ჩამოყალიბდნენ. ვიცით, რომ ბურჭულაძის პარტიას ძალიან ბევრი პრობლემა აქვს. ალბათ, ყრილობას ჩაატარებენ და პარტია თავად გადაწყვეტს რჩება პოლიტიკურ ასპარეზზე თუ არ რჩება, ვინ არის პარტიის ლიდერი და ა.შ. ჩვენ ამ კითხვებზე პასუხი ჯერ არ მიგვიღია. ჩვენი სურვილია, ბლოკი ძველი სახით შენარჩუნდეს.

- რა ხდება ბურჭულაძის პარტიაში? გაქვთ ინფორმაცია პაატა ბურჭულაძის მიმართ “გირჩის” ბრალდებები, მილიონების პირადი ინტერესებისთვის გაფლანგვაზე, სიმართლეა თუ ცილისწამება?

- ვერ გეტყვით, ინფორმაცია არ გამაჩნია… იყო გულის დაწყვეტა იმასთან დაკავშირებით, რომ “გირჩსა” და ბურჭულაძის პარტიას შორის ასეთი ინციდენტი მოხდა. თუმცა ჩვენ არც გვქონდა საშუალება ამ პროცესში ჩავრეულიყავით და არც ჩავრეულვართ. იმიტომ, რომ ჩვენ არ გვქონდა ინფორმაცია, არ ვესწრებოდით იმ შეხვედრებს, სადაც ასეთი დეტალები ირკვეოდა, ამიტომ ჩვენი მხრიდან ამ პროცესის შეფასება არასწორი იქნება.

- არ გქონიათ სურვილი გაგერკვიათ “გირჩი” იყო მართალი, როდესაც მილიონების მითვისებაზე საუბრობდა, თუ ბურჭულაძე, როდესაც “გირჩს” ივანიშვილის დაფინანსებულს უწოდებდა?

- ბუნებრივია, სურვილი იმის, გაარკვიო ვინ არის მტყუანი და მართალი, არსებობს, მაგრამ ინფორმაციის ნაკლებობის პირობებში ამას ვერ გაარკვევ. ჩვენ არ გვაქვს უფლება მათგან დაზუსტებული ინფორმაცია და მათაც სრული უფლება აქვთ შეინახონ ის ინფორმაცის, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდათ.

- ისევ ოპოზიციური ერთობის შექმნის შესაძლებლობას დავუბრუნდები. რამდენად ელოდებით იმას, რომ ერთი დიდი გაერთიანება რეალურად შეიძლება შეიქმნას?

- დიდ ოპტიმიზმს ვერ გამოვხატავ. თუმცა მაინც მგონია, რომ 2016 წლის არჩევნები გარკვეულ გამოცდილებას შესძენდა პოლიტიკურ პარტიებს. ჩვენ გვახსოვს პოლიტიკური პარტიები 8 ოქტომბრამდე ამბობდნენ, რომ მათ არ სჭირდებათ არავისთან გაერთიანება და ბარიერის გადასალახად თვითკმარი არიან, თუმცა ბარიერის მიღმა დარჩნენ. ამან მაინც უნდა უბიძგოს პარტიებს ერთობისკენ. ამ სიტუაციაში, როდესაც სამივე ძირითადი საყრდენის მიმართულებით, რომელიც ქვეყანაში თავისუფალ და სამართლიან არჩევნების შესაძლებლობას იძლევა, ეს იქნება მედიის თავისუფლება, საარჩევნო სისტემა თუ სასამართლო დამოუკიდებლობა, სერიოზული პრობლემებია, სულ უფრო ნაკლები შანსი რჩება, რომ ცალკე აღებულმა რომელიმე პარტიამ შექმნას ისეთი ძალა, რომელიც მმართველ პარტიას და “ნაციონალურ მოძრაობას” განზე გასწევს. ამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ.

- როგორ, მემარჯვენე-მემარცხენეობის თუ განსხვავებული საგარეო ორიენტირების მიუხედავად შესაძლებელია ერთი დიდი გაერთიანება?

- ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული ხელისუფლებაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება, რომელიც აანონსებდა, რომ 2016 წლისთვის არა, მაგრამ 2020 წლისთვის შეელეოდა მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას, დღეს ამბობს, რომ შესაძლოა მან გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და არ გააუქმოს ეს სისტემა. ამიტომ, ნუ გამოვრიცხავთ ნურც ერთ შემთხვევას. რა თქმა უნდა “ახალი მემარჯვენეებისთვის” ბევრად უფრო კომფორტულია ისეთი ერთობა, სადაც ერთი იდეოლოგიის პარტიები იქნებიან წარმოდგენილები, მემარჯვენე იდეოლოგიას და დასავლური კურსის მქონე პარტიებს ვგულისხმობ. მაგრამ თუ ჩვენმა ხელისუფლებამ მედიის თავისუფლება, საარჩევნო სისტემა და დამოუკიდებელი სასამართლო გამოგვაცალა, ბუნებრივია შეიძლება საუბარი იყოს ერთიან ფრონტზე. ერთიანი ფრონტი კი უკვე არა დაგიდევთ არც იდეოლოგიას, არც საგარეო პოლიტიკურ კურსს. ერთიანი ფრონტი ნიშნავს, რომ ყველა ძალის შეკრებაა საჭირო ხელისუფლების უზურპირების წინააღმდეგ.

- თვითმმართველობის არჩევნებისთვის თქვენი პარტია არ აპირებს ახალი მოკავშირეები იპოვოს?

- ჩვენ ვაპირებთ ყველას დაველაპარაკოთ და როგორც გითხარით ბევრად კომფორტული იქნება იმ პოლიტიკურ ძალებთან საუბარი, რომლებიც მონათესავე იდეოლოგიის არიან და მათთვის მნიშვნელოვანია დასავლური კურსი. არც დამამცირებლად მიგვაჩნია ის, რომ ჩვენ დავიწყოთ ეს საუბარი. მცდელობა გვექნება, რომ მომავალ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში აუცილებელია რაღაც ტიპის გაერთიანება. ამ პარტიებს ახლა არ დავაკონკრეტებ. ჯერ სულ რაღაც ერთი თვეა გასული არჩევნებიდან. პარტიებში შიდა პროცესები, შედეგების განხილვა და დასკვნების გამოტანა მიდის. ეს პროცესია ჩვენთანაც და მალე დაიწყება მოლაპარაკებები მომავალ ერთობაზე.

თუ თვითმმართველობის არჩევნები ისეთივე შედეგით დასრულდა, როგორც 8 ოქტომბრის არჩევნები, უბრალოდ 2020 წლის არჩევნებისთვის ოპოზიცია ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაში იქნება.

„რეზონანსი“, 23 ნოემბერი, 2016 წელი

მრეწველებმა, ქართული ოცნების დახმარებით, დემოკრატებს ცესკოში ადგილი წაართვეს

გვანცა ღვედაშვილი

პარლამენტში “ქართული ოცნება – მრეწველების” ფრაქციის შექმნის შედეგად პარტია “მრეწველებს” სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიური დაფინანსება 300 ათასი ლარის ოდენობით დაენიშნა. ეს გადაწყვეტილება ცესკომ მიიღო, რასაც პროტესტით შეხვდნენ “თავისუფალი დემოკრატები”, რადგან ამის შედეგად დაფინანსებით მათ “მრეწველებმა” აჯობეს, შესაბამისად, მათ ცესკოში წარმომადგენელი დაკარგეს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი მიიჩნევს, რომ “მრეწველთა” პარტიას კანონით ეკუთვნის თანხა, რომელსაც ის საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება – მრწეველების” მეშვებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღებს.

“კანონმდებლობის მიხედვით, ამა თუ იმ პარტიას, რომელიც არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობს და არჩევნების შედეგად პარლამენტში ფრაქციის შექმნას ახერხებს, ფრაქციის შექმნისათვის გამოყოფილი დაფინანსება ეკუთვნის.

“მრეწველთა” წარმომადგენელი არჩევნებში დამოუკიდებლად იღებდა მონაწილეობას, მან ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვა და მოხდა “მრეწველთა” ფრაქციის შექმნა. თუ რეალობას და კანონის მოთხოვნებს ერთმანეთს დავუკავშირებთ, “მრეწველებს” შესაბამისი დაფინანსება ეკუთვნით,” – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი კახიანმა.

ამ მოსაზრებას არ იზიარებს “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი შალვა შავგულიძე. ის “მრეწველების” მიერ უფრო მეტი საბიუჯეტო დაფინანსების მოპოვებას და ამის გამო ცესკოში წევრის დაკარგვას უკანონობას უწოდებს. მისი თქმით, აღნიშნული განკარგულება აბსოლუტურად უკანონოა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონის 30-ე მუხლის, მე-4 და მე-8 პუნქტებს ეწინააღმდეგება.

„ბატონი სიმონ ნოზაძე საარჩევნო ადმინისტრაციაში რეგისტირებული იყო საერთოდ არა პარტია “მრეწველების”, არამედ ბლოკი “თოფაძე-მრეწველები – ჩემი სამშობლოს” წარმომადგენლად და თან უპარტიო წარმომადგენლად. ანუ, ის არ იყო პარტია “მრეწველების” წევრი. ამასთან, ეს ფრაქცია, არ შეიძლება ჩაითვალოს არც პარტია “მრეწველების” შექმნილად, ვინაიდან “მრეწველები” არ არის საპარლამენტო პარტია – ის ვერ მოხვდა პარლამენტში. არც ბატონი ნოზაძის მიერ შექმნილად შეიძლება ჩაითვალოს, ვინაიდან კანონის მიხედვით ფრაქციას ერთი კაცი არ ქმნის. არამედ არაუმცირეს 6 პარლამენტარისა და ამ 6-დან კი 5 „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ. მისივე თქმით, ეს “უკანონო მანიპულაციები”, პირველ რიგში, “ქართული ოცნების” ინტერესში შედის. ამასთან, უმრავლესობის მხრიდან მსგავსი ქმედება საარჩევნო კომისიებზე კონტროლის გამყარებას უკავშირდება. პოლიტიკური ველიდან მიზანმიმართულად ხდება პროდასავლური ძალების გაყვანა, მიიჩნევს შავგულიძე.

„ამით “ქართული ოცნება” ორ მიზანს ახორციელებს. ერთი ის, რომ მისგან არამართვად, არაკონტროლირებად “თავისუფალი დემოკრატების” წევრებს საარჩევნო კომისიებში ჩაანაცვლებს მისგან კონტროლირებადი, ფორმალურად “მრეწველთა” პარტიის წევრებით. აღნიშნული ქმედებით კი ის საარჩევნო ადმინისტრაციასა და კომისიებზე გაიმყარებს კონტროლს. მეორე არის ის, რომ მიზანმიმართულად ხორციელდება და ხდება პოლიტიკური ველიდან პროდასავლური პოლიტიკური ძალების განდევნა და ქართულ პოლიტიკაში პრორუსული ძალების შემოყვანა. ვიცი, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები იტყვიან, მიმართეთ სასამართლოსო. მივმართავთ, რა თქმა უნდა, მაგრამ კონტროლირებადი სასამართლო გამოიტანს “ქართული ოცნების” სასურველ გადაწყვეტილებას,” – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

აღნიშნულთან დაკავშირებით თავად სიმონ ნოზაძე აცხადებს, რომ იგი კანონის გათვალისწინებით მოქმედებს. მისი თქმით, თუ პარლამენტში შესული დეპუტატი თანამოაზრეებს გამონახავს, ფრაქციის შექმნა შეუძლია. გარდა ამისა “ქართული ოცნებიდან” “მრეწველების” გამოყოფის შემდეგ პარტიის ლიდერები აცხადებდნენ, რომ არჩევნების შემდეგ “ოცნებასთან” გაწევრიანების საკითხი შეიძლება ისევ დამდგარიყო.

“მრეწველთა” საარჩევნო ბლოკიდან პარლამენტში მხოლოდ მე შევედი. კანონი ითვალისწინებს, რომ თუკი დეპუტატი, რომელიმე მაჟორიტარი, თანამოაზრეებს გამონახავს, მას შეუძლია ფრაქცია შექმნას. აქ უმთავრესია ის, რომ როცა საპარლამენტო არჩევნების წინ კოალიცია “ქართული ოცნება” დაიშალა და “მრეწველები” კოალიციას გამოეყვნენ, პარტიის ლიდერებმა გოგი თოფაძემ და ზურაბ ტყემალაძემ თქვეს, რომ არჩევნების შემდგომ, შესაძლოა, განხილულიყო უმრავლესობაში გაწევრიანების საკითხი. აი, ეს ყველაფერი მოხდა ახლა. კონსულტაციები თავდაპირველად პარტიის ლიდერებმა დაიწყეს. როცა მათ გარკვეული დეტალები შეათანხმეს, მე შემდეგ ჩავერთე,” – განუცხადა ჟურნალისტებს სიმონ ნოზაძემ. ამასთან, იგი ადასტურებს, რომ “მრეწველთა” კოალიციის სიაში ის დეპუტატობის უპარტიო კანდიდატად იყო წარდგენილი და როგორც განმარტავს, მას, როგორც მოქმედ ოფიცერს, 2016 წლის სექტემბრამდე პარტიაში შესვლის უფლება არ ჰქონდა. შეგახსენებთ, რომ სიმონ ნოზაძე არის სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორი.

“სექტემბრის დასაწყისში, როცა იყო პარტიის პოლიტსაბჭოს შეკრება, მე პარტიაში შესვლის შესახებ განვაცხადე და არჩევნების წინ პარტიის წევრი გავხდი,” – აღნიშნა სიმონ ნოზაძემ.

„რეზონანსი“, 23 ნოემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ნინო გოგუაძესთან: „როგორ შეიძლება იმ ხელისუფლებაში ყოფნა, რომელიც პოლიტპატიმრების ყოლაში არაერთხელ დაგიდანაშაულებია?!

თაკო მათეშვილი

“თავისუფალი დემოკრატების” წევრი ნინო გოგუაძე ყოფილი თანაგუნდელის, ვიქტორ დოლიძის ევროინტეგრაციის მინისტრად დანიშვნასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეს მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. მისი თქმით, დოლიძემ მას ამის შესახებ პარტიიდან წასვლის შემდეგ უთხრა. ნინო გოგუაძე ამბობს, რომ არ ესმის, როგორ უნდა იყო იმ გუნდის წევრი, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ მკაცრად აკრიტიკებდი და რომელმაც შენი თანაგუნდელები “პოლიტიკურ პატიმრებად” აქცია.

ნინო გოგუაძე: პრემიერის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ამაზე საუბარი პირველი ტურის დამთავრებისთანავე, ანუ 9 ოქტომბრიდან დაიწყო. თუმცა კითხვები გვაქვს და ეს კითხვები, ალბათ, საზოგადოების ნაწილსაც ექნება. ჩვენ, “თავისუფალი დემოკრატები” ამ ხელისუფლების ოპოზიციაში სწორედ იმიტომ გადმოვედით, რომ ვთვლიდით, მან სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზას გადაუხვია, როდესაც პროკურატურას ჩვენს ლიდერზე, ირაკლი ალასანიაზე შეტევა განახორციელებინა და ხუთი უნდანაშაულო ადამიანი ციხეში ჩასვა.

ეს ადამიანები პოლიტიკური პატიმრები არიან და ამაზე არაერთხელ გვილაპარაკია. სულ ვამბობდით, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებას პოლიტიკური პატიმრები ჰყავს. ისინი დღესაც ციხეში არიან. როგორ შეიძლება იმ ხელისუფლებაში ყოფნა, რომელიც პოლიტპატიმრების ყოლაში არაერთხელ დაგიდანაშაულებია, არ მესმის. ეს კითხვა მაქვს. გარდა ამისა, დემოკრატიული პროცესები ამ ქვეყანაში კი არ განვითარდა, არამედ კიდევ უფრო შესუსტდა, რადგან ხელისუფლებიდან ჩვენი წამოსვლის შემდეგ სასამართლო მურუსიძეს ჩააბარეს და ის ე.წ. დამორჩილებული სასამართლოს სიმბოლო გახდა. სწორედ ამიტომაც ჩაბარდა მას.

ვხედავთ, რა პროცესი მიდის მედია-სივრცეში, ვხედავთ, როგორ განვითარდა მოვლენები საკონსტიტუციო სასამართლოში. ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუტი ამ ხელისუფლებამ არა თუ არ განავითარა, არამედ კიდევ უფრო დაასუსტა. მაშინ, როცა ჩვენ ამ ხელისუფლების პრინციპული ოპოზიცია ვიყავით და წინასაარჩევნოდ ამ ძალიან დიდ გადაცდომებზე ვლაპარაკობდით, ჩემთვის გაუგებარი და დაუშვებელია, როგორ შეიძლება ასეთ ხელისუფლებაში თანამდებობის დაკავება?! ალბათ ბატონ ვიქტორს სხვა პასუხი აქვს.მე ოპოზიციურ პარტიაში დავრჩი და მიმაჩნია, რომ თავისუფლებისათვის და დემოკრატიისათვის ბრძოლა სწორედ აქედან უნდა გავაგრძელო.

- თქვენი ინფორმაციით, მსგავსი შეთავაზებები დოლიძის გარდა სხვა ყოფილმა “დემოკრატებმაც” მიიღეს?

- ამაზე ვერაფერს გეტყვით, მე ასეთი შეთავაზებების შესახებ არ მსმენია. თუმცა ამ ხელისუფლებაში სხვადასხვა თანამდებობის დაკავების სურვილი რამდენიმე ადამიანმა თავად გამოთქვა. ეს მათ საჯაროდაც არაერთხელ განაცხადეს. თქვეს, რომ “ნაცმოძრაობის” გარდა ყველასთან ითანამშრომლობენ. ასე რომ, ვნახოთ. განვითარებულ მოვლენებს დავაკვირდებით.

- ვიქტორ დოლიძემ წასვლამდე ისაუბრა გუნდში იმის შესახებ, რომ შესაძლოა მინისტრად დანიშნულიყო?

- არა, წასვლის მიზეზად ეს არ დაუსახელებია. თუმცა პირადად ჩემთან ნამდვილად ისაუბრა იმაზე, რომ ბატონი კვირიკაშვილისგან ასეთი შეთავაზება მიიღო, ოღონდ ეს წასვლის შემდეგ იყო.

- რომ არა ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილება პარტიიდან წასვლის შესახებ, როგორ ფიქრობთ, მოვლენები ასე განვითარდებოდა?

- არ ვიცი. ირაკლი ალასანიამ ჩვენს მარცხზე პასუხისმგებლობა აიღო და გარკვეული ხნით პოლიტიკიდან გავიდა. სხვებმა კი ვინ რა მოტივით მიიღო გადაწყვეტილება, არ ვიცი, გამოჩნდება. ერთი ის ვიცი, რომ ბუკა პეტრიაშვილისა და დანარჩენების მოტივი ერთმანეთისგან, როგორც ჩანს, რადიკალურად განსხვავდება.

- ანუ, პეტრიაშვილი არ წასულა იმის გამო, რომ რაიმე თანამდებობა დაეკავებინა?

- დიახ. ნამდვილად ასეა.

——————–

„ახალი თაობა“, 23 ნოემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ გიორგი ახვლედიანთან: „ჩვენ ვიტყვით, როგორ გააყალბა ხელისუფლებამ არჩევნები” // არასაპარლამენტო ოპოზიცია ერთობლივი განცხადების გაკეთებას აპირებს

არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები ერთობლივი განცხადების გაკეთებას გეგმავენ. ისინი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს შეაფასებენ.  როგორია მათი პოზიცია ამ საკითხზე? „ახალი თაობის“ კითხვებს გიორგი ახვლედიანი პასუხობს.

- ბატონო გიორგი, თუ დასრულდა კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებს შორის და რა სახის გადაწყვეტილება მიიღეთ?

- კონსულტაციები პრაქტიკულად დასრულებულია. ტექსტი, რომელიც ერთობლივად ხელმოწერილ უნდა იქნას ოპოზიციური პარტიების მიერ და შეფასება გაკეთდეს ამ საპარლამენტო არჩევნების მიმართულებით, პრაქტიკულად შეჯერებულია, მცირედი დეტალიზაცია სჭირდება, გადაგზავნილია პოლიტიკურ პარტიებში და საბოლოო კორექტირება კეთდება. ჩვენ მას გავაჟღერებთ ხუთშაბათს, ერთობლივ პრეზენტაციაზე.

- მანამდე იქნებ გვითხრათ, ზოგადად რა საკითხებზე იქნება საუბარი ერთობლივ განცხადებაში?

- აქ არის საუბარი იმ ტექნოლოგიებსა და მეთოდებზე იმ ტოტალური გაყალბებისა, რომელიც გამოყენებული იქნა არჩევნების ფალსიფიცირებისთვის. აქ არის საუბარი, თუ როგორ ხდებოდა არჩევნების წინა პერიოდში პროცესებზე ზემოქმედება, როგორ არ გაითვალისწინა ხელისუფლებამ და არ შეასრულა თავისივე დანაპირები და არ შეცვალა საარჩევნო სისტემა. როგორ მოახდინა პოლიტიკური პარტიებისთვის ძალიან სერიოზული რესურსების წართმევა, როგორ მოახერხა თვითონ არჩევნების დღეს ფალსიფიცირება ბიულეტენების და საერთოდ როგორ ჩაატარეს 2016 წლის 8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ძალოვანმა უწყებებმა და სუსმა. როგორ იყო ზეწოლა მოხდენილი სასამართლოზე, რომელმაც არ დაუშვა, რომ არჩევნების შემდეგ ერთი უბანი მაინც გახსნილიყო.

- ნინო ბურჯანაძე ითხოვდა უბნების გახსნას?

- დიახ და ამ თემაზე ჩვენ არაერთი სასამართლო გავიარეთ. ასევე სხვა პოლიტიკურმა პარტიებმაც დააყენეს დღის წესრიგში ეს საკითხი არაერთხელ.

- დაახლოებით რამდენი პარტია გაერთიანდით ამ საკითხის გარშემო?

- ათზე მეტი ვიქნებით, ვინც შევჯერდებით ხელმოწერაზე და შემდეგ ეს დოკუმენტი იქნება ღია და ყველა მსურველს შეუძლია შემოუერთდეს.

- როდესაც საუბრობთ ამ დონის გაყალბებაზე, ზეწოლებზე და ასე შემდეგ, სად არიან საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც დადებით დასკვნებს დებენ და არჩევნებს წარმატებულს უწოდებენ?

- მოდით, სიმართლე ვთქვათ და საერთაშორისო ორგანიზაციები არცთუ ისე წარმატებულ არჩევნებად მოიხსენიებენ 2016 წლის არჩევნებს. ძალიან მოკრძალებულები და კორექტულები არიან თავიანთ შეფასებებში.

- რატომ, ვისი ან რისი ერიდებათ, რომ თქვან სიმართლე?

- არ ვიცი. მე მარტო ენდიაის გაგახსენებთ, რაც ძალიან ნათელი მაგალითი იყო შეფასებით ნაწილში ამ არჩევნების. მათი პირველი შეფასება იყო ძალიან მკაფიო და კონკრეტული.

- თუმცა შემდეგ შეცვალეს საკუთარი პოზიცია...

- მათი პირველი რეაქცია იყო ძალიან ობიექტური და სამართლიანი. მათ თქვეს, რომ თუ არ მოხდება ამ დარღვევების გამოკვლევა და მათზე რეაგირება, მაშინ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება ეს არჩევნები. თუმცა შემდეგ ენდიაის დაუცაცხანეს ამერიკის საელჩოდან, უთხრეს, ეს რეებს ლაპარაკობთო, როგორ შეიძლება ასეთი განცხადებების კეთება ჩვენთან შეუთანხმებლადო და შემდეგ მათ მოუწიათ სრულიად აბსურდული განცხადების გაკეთება. დაიბნენ, აღარ იცოდნენ, როგორ გამომძვრალიყვნენ სიტუაციიდან და ისეთი რამე თქვეს, რომ სასაცილოც არ არის!

- ანუ რა პოზიცია აქვთ საერთაშორისო ორგანიზაციებს?

- ფაქტია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ევროსაბჭოში გაკეთებულმა განცხადებებმაც დაადასტურა, რომ საკმაოდ კრიტიკული თვალით უყურებენ ამ ყველაფერს და ამას განცხადებებშიც ამბობენ შეპარვით და კორექტულად. ამ ყველაფერს კი ძალიან კონკრეტული მიზეზი აქვს.

- რა მიზეზზე საუბრობთ?

- ჩვენ პრაქტიკულად ყველა ორგანიზაციაში, დაახლოებით 5 ათას მისამართზე, გადავაგზავნეთ ის მასალები, რომლებიც შეეხებოდა ამ გაყალბებას, ეს დოკუმენტური მასალა გადავუგზავნეთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას. შესაბამისად, მათ მიიღეს სრული ინფორმაცია, რეალურად რა მოხდა ქვეყანაში. ის კრიტიკული განწყობები, რომლებიც სხვადასხვა სტრუქტურაში შეიქმნა, სწორედ ამ ობიექტური მასალების მიწოდების შედეგად გახდა შესაძლებელი.

- როდესაც თქვენ გააჟღერებთ ამ ერთობლივ დოკუმენტს, ამის შემდეგ როგორი იქნება ამ პარტიების სამოქმედო გეგმა? რას აპირებთ?

- ვაპირებთ, რომ დავიწყოთ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ერთობლივი მუშაობა. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ. შეიქმნება საკოორდინაციო საბჭო, რომელიც დააყენებს ძალიან კონკრეტულ მოთხოვნებს. პარლამენტში ორი კანონპროექტი დევს საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით და მოვითხოვთ, რომ სასწრაფოდ დაიწყოს მათი განხილვა. ხელისუფლებას ერთი წუთითაც არ მიეცემა იმის კომფორტი, რომ ამ თემაზე ზეწოლა არ ჰქონდეს. ეს საკითხი ძალიან სერიოზულად დადგება. გარდა ამისა, სერიოზული სამუშაო გვაქვს ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით.

- რამდენად მოესწრება ეს ცვლილებები ადგილობრივ არჩევნებამდე?

- ჩვენ ძალიან მოქნილ, მკაფიო, კონკრეტულ საარჩევნო სისტემას შევიმუშავებთ, რომელიც ადგილობრივ არჩევნებზე უნდა იყოს მორგებული. ამას არ სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებები, იმიტომ, რომ კონსტიტუციაში ადგილობრივ არჩევნებზე არაფერი წერია. აქ საკმარისი იქნება ძალიან კონკრეტული რეგულაციების შემუშავება უკვე საარჩევნო კოდექსში.

„ახალი თაობა“, 23 ნოემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ პაატა შეშელიძესთან: „მთავრობის ახალი ეკონომიკური გუნდისადმი ოპტიმიზმის საფუძველი არ მაქვს

რას სიახლეებს ველოდებით ეკონომიკური კუთხით? რამდენად იძლევა მთავრობის ახალი შემადგენლობა ოპტიმიზმის საფუძველს? „ახალი თაობის“ ამ და სხვა კითხვებს პაატა შეშელიძე პასუხობს.

- ბატონო პაატა, ცვლილებები განხორციელდა ეკონომიკურ გუნდში. როგორია თქვენი შეფასებები, რას ელოდებით, რამდენად ოპტიმისტური განწყობა დაგეუფლათ?

- გამომდინარე იქიდან, რომ ეს გუნდი შეეცდება გაატაროს ის გაცხადებული პოლიტიკა, რაც ჰქონდათ, ოპტიმისტური ვერ ვიქნები. ერთადერთი იმედი მაქვს, რომ ცხოვრება მისცემს ბიძგს და უფრო რეალისტურები იქნებიან და საარჩევნო დაპირებებს არ გადააყოლებენ დარჩენილ ეკონომიკას.

- რას იტყვით ახალ სახეებზე. თუნდაც გიორგი გახარიაზე, რომელიც ეკონომიკის მინისტრის პოსტზეა წარდგენილი?

- გიორგი გახარიას კანდიდატურა ჩემთვის ბევრად უფრო კომფორტულია, ყოველ შემთხვევაში, ამ გადასახედიდან. ის იყო ბოლო პერიოდში ეკონომიკური საბჭოს ხელმძღვანელი და მისი ფუნქცია იყო ამ ცუდი ინიციატივების გაცხრილვა და პრაქტიკულად ბლოკავდა ბევრ ინიციატივას, რომლებიც ეკონომიკურ მდგომარეობას აშკარად გააუარესებდა. თუმცა მას იმ პოზიციაზე არ ჰქონდა რაღაც რადიკალური ეკონომიკური რეფორმების ინიცირების საშუალება.

- რომ ჰქონოდა, გაატარებდა?

- ნამდვილად იგრძნობოდა ის, რომ მას ამის სურვილი და ინტერესი ჰქონდა. ახალ პოზიციაზე მას გაცილებით მეტი ასპარეზი ექნება, მაგრამ საბოლოო სიტყვა მაინც მას არ ეკუთვნის. აქედან გამომდინარე, რამდენად გარისკავს, აიღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას, ვერ გეტყვით. ზოგადად მნიშვნელოვან არსებით ცვლილებებს ვერ ვხედავ. პირიქით, იქნება დაცურება სახელმწიფო ხარჯების გაზრდისკენ.

- ნოდარ ხადური შეცვალა დიმიტრი ქუმსიშვილმა, ეს ცვლილება რას მოგვიტანს?

- არც არაფერს! ისეთივე ნაკლებად სახეირო იქნება, როგორც ეკონომიკის სამინისტროში იყო. მისი მინისტრობის პირობებში პრაქტიკულად შეჩერებული იყო პრივატიზება, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის მიწების მიმართულებით. როდესაც ლაპარაკობს ქვეყანა, რომ უნდა განავითაროს სოფლის მეურნეობა და ამ დროს მიწების პრივატიზება შეჩერებულია, ე.ი. რაღაცა პრობლემა გაქვს, რაღაც წინააღმდეგობაა.

- ლარი კვლავ უფასურდება. რამდენად წავა ჩვენი ეკონომიკა გაუარესებისკენ? კიდევ უფრო ხომ არ გართულდება ცხოვრება რიგითი მოქალაქეებისთვის?

- როდესაც ოფიციალური განცხადებები მიგვანიშნებს იქითკენ, რომ მთავრობა არ აღიარებს თავის შეცდომებს და კიდევ უარესი, მას არც ესმის, რომ შეცდომები დაუშვა, კარგს არ უნდა ველოდოთ. რადიკალური ცვლილებები არ განხორციელებულა. ერთი სკამიდან მეორეზე გადაჯდომა რადიკალურს არ ნიშნავს. არც ერთი არ არის ქუჩიდან მოსული, ყველა იქ იყო და ყველა პასუხისმგებელია იმაზე, რაც აქამდე ხდებოდა.

- ანუ დიდ სიახლეებს არ ელით?

- მე ოპტიმიზმის საფუძველი არ მაქვს. ერთადერთი ის არის, რომ ადრე თუ გვიან მიხვდებიან, რომ უნდა შეცვალონ დამოკიდებულება. თუ დააკვირდებით, წინა მთავრობაშიც ასე იყო. ჯერ ერთი პრემიერ-მინისტრი ჰყავდათ, მერე მეორე და სანამ მესამე არ მოვიდა, ვერ მიხვდნენ, რომ თავის ნათქვამი უკანვე უნდა წაეღოთ და ბევრი დაპირება, რომელიც იყო დამღუპველი, აღარ განხორციელდა. იმედია, ახლაც გაიაზრებენ. ოღონდ ეს გააზრება უფრო სწრაფად უნდა მოხდეს, რადგან ამდენი დრო აღარ არის.

———————-

საქართველო და მსოფლიო“, 23 ნოემბერი, 2016 წელი

პატრიარქის ვიზიტი და ლიბერალების გნიასი

ლუკა ნემსაძე

გასულ კვირას მუშაობას შეუდგა საქართველოს IX მოწვევის პარლამენტი, ცნობილია მთავრობის განახლებული შემადგენლობა, ხოლო კათოლიკოს-პატრიარქი რუსეთში გაემგზავრა და ქართველმა კომენტატორებმა ყურადღება მისი ვიზიტის პოლიტიკურ დატვირთვაზე გაამახვილეს.

ბულდოგების ბრძოლა ხალიჩის ქვეშ

ახალმა პარლამენტმა ფუნქციობა სიურპრიზების გარეშე დაიწყო _ სპიკერის, ვიცესპიკერებისა და კომიტეტების თავმჯდომარეების კანდიდატურები წინასწარვე იყო ცნობილი, ამიტომ მათ დასახელებას რამდენადმე შესამჩნევი ვნებათაღელვა არ მოჰყოლია. ორიოდე ემოციური რეპლიკა მხოლოდ პრეზიდენტ მარგველაშვილის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც პარლამენტის პირველ სხდომაზე, სალომე ზურაბიშვილის თქმით, სცადა, თავი “სკოლის დირექტორად” წარმოეჩინა. უმრავლესობის წარმომადგენელთა თანამდევი კომენტარებიდან ჩანდა, რომ პრეზიდენტის ინიციატივებს ისინი უფრო მალე დაივიწყებდნენ, ვიდრე ის პარლამენტის შენობას დატოვებდა და ამას, სავარაუდოდ, თვითონ გიორგი მარგველაშვილიც აცნობიერებდა. მთავარი დაპირისპირება პრეზიდენტსა და “ქართულ ოცნებას” შორის საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა-მიღებისას მოხდება და მხარეები ამას, პრინციპში, არ მალავენ.

სერიოზულ დაპირისპირებას სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელთა შორის არ მომხდარა, მათი ქცევა და კომენტარების ქვეტექსტი აშკარად მიუთითებდა იმაზე, რომ ძალთა ბალანსი შეიცვალა. თუ წინა მოწვევის პარლამენტში შეიძლებოდა საუბარი მეტ-ნაკლებად თანაბარი ძალის მქონე ორ “პოლუსზე”, ახლა მათ კონფორტაციაზე აგებული საინფორმაციო მოდელი ერთობ მოძველებულად გამოიყურება, რადგან “ქართული ოცნება” შესამჩნევ უპირატესობას ფლობს. ამიტომ ახლო მომავალში ჩვენ, სავარაუდოდ, გაცილებით ხშირად ვისაუბრებთ დაპირისპირებაზე პარტიების შიგნით და არა პარტიებს შორის, რადგან ძალები აშკარად არათანაბარია. ეს პოლიტიკურ ექსპერტებს ვარაუდებსა და გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე დაფუძნებული ანალიზისკენ უბიძგებს, რაც არც ისე კარგია საზოგადოების დემოკრატიული განვითარებისთვის, მაგრამ სხვა გამოსავალი არ ჩანს, რადგან სიტუაცია ქართულ პარტიებში ძალიან ჰგავს უინსტონ ჩერჩილის მიერ ნახსენებ “ბულდოგების ბრძოლას ხალიჩის ქვეშ”; შიგაპარტიული პროცესები, ფაქტობრივად, სრულიად გაუმჭვირვალია.

გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერმინისტრის პოსტი შეინარჩუნა, ხოლო მთავრობის შემადგენლობაში რევოლუციური ცვლილებები არ მომხდარა. ეს კარგი მაგალითია წინარე მოსაზრების ილუსტრირებისთვის _ თუ, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში “კახური კლანის” მოტივები და მისწრაფებები შედარებით იოლი გასაშიფრი იყო და საკადრო პოლიტიკაზე პირდაპირ გავლენას ახდენდა, კვირიკაშვილის მოსვლის შემდეგ სიტუაცია უფრო ბუნდოვანია. ხშირად საკმაოდ ძნელი დასადგენია, რამ შეასრულა გადამწყვეტი როლი ამა თუ იმ პიროვნების დაწინაურების საქმეში – მისმა პროფესიულმა უნარ-ჩვევებმა, ნეპოტიზმმა, სხვადახვა ჯგუფის ინტრიგებმა თუ ბიძინა ივანიშვილის მოულოდნელმა, ზოგჯერ შემთხვევითმა დაინტერესებამ ამა თუ იმ პერსონით, სელექციის პროცესს მკაფიო წესები არ აქვს და ეს საზოგადოებას აბნევს. მაგალითად, ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში მან ვერ იპოვა პასუხი კითხვაზე: “რატომ ჯეჯელავა?” (სხვათა შორის, იგივე ეხებოდა მის წინამორბედს განათლების მინისტრის პოსტზე). ამ ნიადაგზე იბადება ათასი ვერსია და ჭორი, რომელიც, ძირითადად, ნეპოტიზმის თემას ავითარებს და, საბოლოო ჯამში, ხელისუფლების იმიჯს მნიშვნელოვნად აზიანებს, თუმცა სიტუაციის შეცვლა არსებული უცნაური სისტემის პირობებში თითქმის შეუძლებელი ჩანს.

დიპლომატიის მასტერკლასი

კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ჩავიდა რუსეთში, სადაც მონაწილეობს პარტიარქ კირილეს 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებში. შეხვედრაზე რუსეთის ეკლესიის საჭეთმპყრობელთან ილია II თქვა: “ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა უკეთესი უნდა იყოს, ვიდრე ახლაა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყნების პოლიტიკურ მოღვაწეებს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდეს. ვფიქრობ, ეს გამოგვივა. ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს და ჩვენ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ” (“ინტერპრესნიუსი”). აღსანიშნავია, რომ საპატრიარქოში, ჯერ კიდევ ვიზიტის დაწყებამდე არ გამორიცხეს, რომ ილია II რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება.

პატრიარქის წინა ვიზიტები მოსკოვში საქართველოსთვის ძალზე სასარგებლო გამოდგა. შეგვიძლია გავიხსენოთ 2008 წლის ბოლო, როდესაც საქართველოს პატრიარქთან მოლაპარაკების შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ მიიღო სოფელ პერევიდან ჯარის გაყვანის გადაწყვეტილება. ომის დასრულებიდან ნახევარი წელიც არ იყო გასული და ქართულმა საზოგადოებამ მომხდარი აღიქვა, როგორც დიპლომატიური სასწაული, მაგრამ ყველაფერი მიხეილ სააკაშვილმა გააფუჭა. მან სცადა, “პერევის გათავისუფლების” ხმაურიანი პიარაქცია მოეწყო და დამსახურება საკუთარი თავისთვის მიეწერა, შედეგად რუსი სამხედროები სოფელში დაბრუნდნენ. კომენტატორების უმრავლესობამ მომხდარი, ტრადიციისამებრ, სააკაშვილის სისულელეს მიაწერა, თუმცა მათგან ზოგმა ჩათვალა, რომ ეს გააზრებული ნაბიჯი იყო, რადგან სააკაშვილს არ სურდა, რომ ვლადიმერ პუტინი წარმოჩენილიყო ადამიანად, რომელსაც საქართველოსთვის სასიკეთო ნაბიჯის გადადგმა შეუძლია, ხოლო პატრიარქის ავტორიტეტი კიდევ უფრო ამაღლებულიყო.

სააკაშვილის ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რათა მაქსიმალურად შეეზღუდა ინფორმაციის გავრცელება იმის თაობაზე, როგორ ჩავიდა 2008 წლის აგვისტოში პატრიარქი კონფლიქტის ზონაში და გადმოასვენა ჩვენი დაღუპული სამხედროების ცხედრები, რომლებიც ხელისუფლებამ ბრძოლის ველზე მიატოვა და მათ გადმოსვენებაზე არც უფიქრია. როგორ შეხვდა ილია II გენერალ ბორისოვს _ ჯვარი ჩამოჰკიდა და მშვიდობიან მოსახლეობაზე ზრუნვა სთხოვა. მაშინ ომების ისტორიაში უპრეცედენტო რამ მოხდა _ გამარჯვებული ჯარის სარდალმა დაიჩოქა, პატრიარქს კალთაზე ემთხვია და დაიფიცა, რომ მშვიდობიან მოსახლეობას ზრუნვას არ მოაკლებდა.

მნიშვნელოვანი იყო, აგრეთვე, 2013 წლის ვიზიტი, რომლის ფარგლებში, 23 იანვარს კათოლიკოს-პატრიარქი რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა. პუტინმა მაშინ მადლობა გადაუხადა ილია II იმისთვის, რომ ის “აკეთებს ყველაფერ შესაძლებელს ორ ჩვენს მოძმე ერს (ბრატსკიმი ნაროდამი) შორის ჰუმანიტარული, სასულიერო, კულტურული კონტაქტების შესანარჩუნებლად”. პასუხად პატრიარქმა ბრძანა: “მინდა, გადმოგცეთ დიდი მოკითხვა ჩვენი ახალი პრემიერმინისტრისაგან. ის აკეთებს ყველაფერ აუცილებელსა და შესაძლებელს, რათა დაალაგოს ურთიერთობები ყველასთან. ვფიქრობ, ის პრობლემები, რომლებიც ჩვენ შორის არსებობს, მოიხსნება და ჩვენ კვლავინდებურად ძმები ვიქნებით”. საუბარი ძმობაზე პირველმა ვლადიმერ პუტინმა დაიწყო, უწმინდესმა კი ისეთი პასუხი გასცა, ბევრ ექსტრაკლასის დიპლომატს შეშურდებოდა. მან მიანიშნა, რომ დღევანდელი ურთიერთობები არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც ძმური, მაგრამ, ამასათანავე, არ უარყო თანამოსაუბრის მიერ შემოთავაზებული ტერმინოლოგია, დაუკავშირა რა ის წარსულის გამოცდილებას და იდეალურ მდგომარეობას მომავალში, რომლისკენაც მხარეები უნდა მიისწრაფვოდნენ. ამასთანავე, მოსკოვში ვიზიტისას, ილია II ხაზგასმით საუბრობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის აუცილებლობაზე. მან ასეთი განცხადებაც გააკეთა: “მინდა გითხრათ, რომ ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის იყო და მუდამ იქნება ძმური და მეგობრული, რუსეთი და საქართველო, როგორც ძმები, ისე იყვნენ წარსულში, მაგრამ, ალბათ, ვიღაცას შეშურდა ჩვენი კარგად ყოფნა და ხელოვნურად შექმნა მტრობა”.

ვინ უპირისპირდება პატრიარქს?

დღეს, ისევე, როგორც 2013-ის დასაწყისში, ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ, რუსეთისა და საქართველოს ხელმძღვანელობა მნიშვნელოვანი მესიჯების გაცვლის აუცილებლობის წინაშე დადგა. საქართველოში მორიგი არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილისა და მისი პარტიის პოზიციები განმტკიცდა, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევამ შეიძლება შეცვალოს აშშ-ის პოლიტიკა პოსტსაბჭოთა სივრცეში, შედეგად სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გავლენა გაიზრდება. ცხადია, ასეთ ვითარებაში მხარეები ურთიერთობის ძირითად პრინციპებზე უნდა შეთანხმდნენ და აბაშიძე-კარასინის ფორმატი ამისთვის არასაკმარისია.

აღსანიშნავია, რომ პატრიარქის ვიზიტამდე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა შემდეგი განცხადება გააკეთა: “თუ მოლდოვა დნესტრისპირეთში მიაღწევს საკუთარი ტერიტორიული კონფლიქტის გადაწყვეტას კონფედერაციის საფუძველზე და, ამასთანავე, განავითარებს ურთიერთობას რუსეთთან, ეს გახდება ნიმუში კონფლიქტის გადაწყვეტისთვის უკრაინასა და საქართველოში”. ამ განცხადებამ რადიკალი სეპარატისტების აღშფოთება გამოიწვია, თუმცა უნდა ითქვას, რომ საქართველოს მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობაზე, იმ შემთხვევაში, თუ ის რუსეთის ინტერესებს გაითვალისწინებს, ადრე ვლადიმერ პუტინიც მიანიშნებდა (“ვალდაის კლუბსა” და ევგენი პრიმაკოვის იუბილეზე). ამჯერად კი კალაშნიკოვმა სათქმელი პირდაპირ ითქვა.

2013-ში “ნაცმოძრაობის” დეპუტატებმა ზურაბ ჯაფარიძემ და სერგო რატიანმა საგანგებო განცხადებაში გააკრიტიკეს კათალიკოს-პატრიარქის პოზიცია, რომელიც მოსკოვში ვიზიტისას გამოხატა. ჯაფარიძისა და რატიანის რიტორიკამ განარისხა საზოგადოების უდიდესი ნაწილი და მათ დასახულ მიზანს _ პატრიარქის მისიის დისკრედიტაციას _ ვერ მიაღწიეს. ამჟამად “ნაცმოძრაობა” კოლაფსშია და პირდაპირი შეტევა პატრიარქზე შეიძლება კიდევ უფრო ძვირი დაუჯდეს, ამიტომ მისმა ლიდერებმა და მათთან დაკავშირებულმა “თვითგამოცხადებულმა ლიბერალებმა”, როგორც ჩანს, “შემოვლითი გზა” აირჩიეს.

სწორედ იმ დღეებში, როდესაც პატრიარქი მოსკოვში გაემგზავრა, სოციალურ ქსელებში დაიწყო ფოტოების გავრცელება, რომლებზეც ასახულია ისტორიული საეკლესიო შენობა-ნაგებობების რემონტი, რომლის დროსაც, როგორც ჩანს, დაირღვა გარკვეული ნორმები და ეს გამოიყენება, როგორც საბაბი, მასშტაბური კამპანიისთვის ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ. ცხადია, ისტორიულ ძეგლებზე ზრუნვა უმნიშვნელოვანესია და თითოეული ჩვენგანის ვალია, მაგრამ ყველა მსურველს შეუძლია, იოლად დარწმუნდეს, ვინ არიან ამ კამპანიის ორგანიზატორები და რა პოლიტიკური დატვირთვის მქონე დასკვნებისკენ მიჰყავთ აუდიტორია. ის, რომ, 2013 წლისგან განსხვავებით, ისინი ვეღარ ბედავენ პირდაპირ თავდასხმას პატრიარქზე, ალბათ, დადებითი მომენტია, მაგრამ აშკარაა ისიც, რომ მიზნის მიღწევას კვლავინდებურად ცდილობენ, ხოლო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზება, როგორც ჩანს, თავიანთი თავისთვის სასიკვდილო საფრთხედ მიაჩნიათ.

საქართველო და მსოფლიო“, 23 ნოემბერი, 2016 წელი

რუსეთს ულტიმატუმის ენით ამერიკაც ვერ ელაპარაკება და საქართველო ვის დაჰკარგვია?!

დავით მხეიძე

მსოფლიოში გლობალური პროცესები დაიწყო, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ისე იქცევა, თითქოს ეს ყველაფერი ჩვენ არ გვეხება…

ბრიტანული რეფერენდუმის შედეგმა შეარყია მთელი ევროპა, თუმცა არა ისე, რომ პანიკა გამოეწვია ევროლიბერალ მმართველ ისტებლიშმენტში, რადგანაც ევროკავშირი მინუს თუნდაც ბრიტანეთი, მაინც ნეოლიბერალური იდეოლოგიის ფორპოსტად განიხილებოდა აშშ-ის მიერ ევროპაში, რომლის დომინანტ სახელმწიფოთა ლიდერები (ფრანსუა ოლანდი, ანგელა მერკელი და სხვები) დარწმუნებული იყვნენ, რომ თეთრ სახლში შავ ბიჭს თეთრი ქალი შეცვლიდა, ანუ ალხანას ჩალხანა ჩაანაცვლებდა და ევროკავშირი მხოლოდ “ნაჩალნიკს” გამოიცვლიდა, ამიტომ არა მხოლოდ დაუფარავად უჭერდნენ მხარს ჰილარი კლინტონს, არამედ შეურაცხმყოფელ ეპითეტებსაც არ იშურებდნენ დონალდ ტრამპის მიმართ, მაგრამ მოხდა სასწაული _ ამერიკელმა ხალხმა სწორედ დონალდ ჯონ ტრამპი აირჩია აშშ-ის 45-ე პრეზიდენტად.

ერთადერთი, რისი თქმაც ახლავე შეიძლება დანამდვილებით, არის ის, რომ 2016 წლის 9 ნოემბრიდან ახალი დროის ათვლა დაიწყო, რომელიც ოფიციალურად მომავალი წლის 20 იანვარს, აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, გაფორმდება.

როგორი იქნება ეს ახალი დროება, მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ იმის თქმა კი შეიძლება, რომ არავითარ შემთხვევაში არ იქნება ისეთი, როგორიც ბოლო 25 წელიწადი, როცა მეტ-ნაკლები წარმატებით მიმდინარეობდა “ოთხ არაზე” (არა სამშობლოს, არა ეროვნებას, არა ღმერთს, არა სქესს) დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობა აშშ-ის ბელადობით ჯერ საკუთარ სახელმწიფოში, შემდეგ _ ლათინურ ამერიკაში, ევროკავშირსა და ევროსაბჭოში შემავალ ქვეყნებში თუ პოსტსაბჭოთა სივრცეში.

და აქ მეტნაკლებობაში არ იგულისხმება მხოლოდ ლგბტ-სექტების გაჯეჯილება და კონკრეტულად ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინებების დაკანონება _ ეს მხოლოდ დეტალებია (თუმცა ფრიად მნიშვნელოვანი) იმ საბოლოო მიზნისკენ მიმავალ გზაზე, რომელსაც “4 არა” ჰქვია. მთავარი ინსტრუმენტი ამ გზაზე მავალი გლობალისტ-სატანისტების მთავარი ინსტრუმენტი კი ე.წ. არჩევანის თავისუფლებაა _ “აირჩიე, რაც გინდა, როგორც გინდა და როცა გინდა, ოღონდაც კანონს, საზოგადოებრივ წესრიგს ნუ დაარღვევ!”

აი, ეს ერთი შეხედვით უწყინარი პოსტულატი უდევს საფუძვლად ე.წ. ადამიანის უფლებებს.

სინამდვილეში კი რა ხდება ამ კანონის მიხედვით?

აღარ არსებობს სინდისი, მორალი, ზნეობა და სხვა მრავალი რამ, რომელთა გარშემოც იმიტომ ვითარდებოდა ათასწლეულების განმავლობაში კულტურული კაცობრიობა, მიუხედავად განსხვავებული რელიგიური მრწამსისა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პოსტულატები ყველას მიერ ერთნაირად აღიქმებოდა.

აქედან მომდინარეობდა თუნდაც მსოფლიოს მხატვრული ლიტერატურის გმირების ერთნაირი აღქმაც სხვადასხვა ერის მიერ _ ვაჟკაცი ფრანგისთვისაც ვაჟკაცი იყო და ინგლისელისთვისაც, ოჯახი თათრისთვისაც წმინდა იყო და ქართველისთვისაც; ერთი სიტყვით, სიკეთეს სიკეთე ერქვა ყველასთვის და ბოროტებას _ ბოროტება.

ხვდებით, რაზე აღმართეს ხელი თანამედროვე გლობალისტ-ნეოლიბერალებმა?

მათი აზრით, არ არსებობს სიკეთე და ბოროტება, რომელთა შორის ბრძოლაა მთელი კაცობრიობის ისტორია. ამიერიდან მთავარია არჩევანის თავისუფლება და კონკრეტული ინდივიდის გადასაწყვეტია, რას მიიჩნევს სიკეთედ და რას _ ბოროტებად.

დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებისთანავე, რა თქმა უნდა, მყისიერად ვერ გაქრება ლგბტ-ჭირი, რომელიც ეგზემასავით მოსდებია კულტურული კაცობრიობის მნიშვნელოვან ნაწილს, მაგრამ ჩვენთვის ისიც დიდი შეღავათი იქნება, თუ დონალდ ტრამპი, მისი შავი წინამორბედისგან და თეთრი მეტოქისგან განსხვავებით (გახსოვთ, ალბათ, ჯერ კიდევ სახელმწიფო მდივნობის ჟამს მადამ ჰილარისა და ბარაკ ობამას განცხადებები ამ საკითხზე), აშშ-ის მთავარ საგარეო პრიორიტეტად არ გამოაცხადებს მსოფლიოში პედერასტების უფლებების დაცვას.

ამის იმედს კი ჩვენ თვალწინ მიმდინარე მომავალი პრეზიდენტის გუნდის ფორმირებაა. გუნდისა, რომელშიც მტრედებიც არიან და ქორებიც, მაგრამ არც ერთი მომხრე ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინებისა. უფრო მეტიც _ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა მართლმადიდებელი ქრისტიანი, წარმოშობით ბერძენი რაინს პრიბუსი.

მკითხველს შევახსენებ, რომ ტრამპის ტრიუმფს დროსა და სივრცეში დაემთხვა ლიტვის სეიმში უმრავლესობით შესვლა “გლეხებისა და მწვანეთა კავშირისა”, რომელსაც ადგილობრივი თუ დასავლური პრესა პრორუსულ პარტიას უწოდებდა; ბულგარეთის პრეზიდენტი გახდა ასევე პრორუსულობაში ეჭვმიტანილი გენერალი რუმენ რადევი _ ორივე ქვეყანა ნატო-ევროკავშირის წევრია და აბა, მოლდოვას პრეზიდენტის პოსტის ასევე პრორუსი იგორ დოდონის მიერ დაკავება, გასაკვირია?

თუმცა, რას ნიშნავს პრორუსი, გინდაც _ პროამერიკელი? ვფიქრობ, ეს ტერმინები არასწორია და აღარ უნდა გამოვიყენოთ.

ზემოჩამოთვლილი პირები, უწინარესად, საკუთარი ერის შვილები არიან, რომლებიც მიხვდნენ, დაინახეს, რომ რუსეთთან კონფრონტაციულ რეჟიმში ყოფნა მხოლოდ იმიტომ, რომ ასე სურს ოკეანისგაღმელ თეთრი სახლის შავ ბინადარს, მისი სამშობლოსთვის კონტრპროდუქტიული და უფრო მეტიც, სახიფათოა.

დონალდ ტრამპის ფაქტორი უეჭველად იქონიებს გავლენას დასავლეთ ევროპაში მომავალ წელს გასამართ არჩევნებზე, დიდი ალბათობით, იქაც ეროვნულ-კონსერვატიული ძალები მოვლენ ხელისუფლებაში და ამიტომ მათ (თუნდაც მარინ ლე პენს ან ნაიჯელ ფარაჯს) პრორუსები ვუწოდოთ?

შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ჩვენში ავადსახსენებელმა კარლ ბილდტმა ტრამპის გამარჯვებას უკვე უწოდა ევროპის დასასრული და მართლაც, გასულ კვირაში ბარაკ ობამას (რომელსაც ადრე ხბოს აღტაცებით შეჰყურებდა ათასობით გერმანელი) ბერლინში ვიზიტისას განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები მიიღეს. იქამდეც კი მივიდნენ, რომ კანალიზაციის ჭების სახურავები ელექტროშემდუღებელი აპარატით დაადუღეს, ხოლო სამიტის შენობასთან მისასვლელი გზები საიმედოდ გადაკეტეს მოსალოდნელი პროტესტების გამო.

თუმცა მრგვალ მაგიდასთან ბარაკ ობამასა და რამდენიმე ევროპელი ლიდერის სავახშმოდ დასხდომას სამიტს ვერ ვუწოდებთ. ამ სურათმა ერთი ეპიზოდი გამახსენა ფილმ “არ დაიდარდოდან”, სერგო ზაქარიაძის გმირი თავის ქელეხში რომ ქეიფობს _ აი, ზუსტად საკუთარ ქელეხში მოქეიფეებს ჰგავდნენ იმ სუფრის წევრები, რომლებსაც, ქურდული ჟარგონით თუ ვიტყვით, მათი მაყურებელი განაბივით”, თანამდებობებზე ყოფნა დიდხანს არ უწერიათ.

კიდევ ერთი ანალოგია მახსენდება, ოღონდ ამჯერად მიშა სააკაშვილსა და ობამას შორის: “კოჭლი იხვი” – ასე უწოდებენ ამერიკის ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტს, რომელიც, როგორც წესი, ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციამდე მაინცდამაინც არ აქტიურობს, პრობლემები რომ არ შეუქმნას მომავალ პრეზიდენტს(?!).

გახსოვთ, ალბათ, ჩვენი მიშიკოს კოჭლი იხვობაც, როგორ მიზანმიმართულად აზიანებდა ქვეყანას. საგანგებო ბრძანებით როგორ მიანიჭა 40 ათასზე მეტ თურქს საქართველოს მოქალაქეობა; როგორ ამოწურა უკანასკნელ თეთრამდე საპრეზიდენტო ფონდი და პრეზიდენტობის ბოლო დღეს როგორ “მოხია” საზღვარგარეთ საპრეზიდენტო თვითმფრინავით.

ბარაკ ობამაც ანალოგიურად იქცევა და მისი ბოლო ვოიაჟი, როგორც ამერიკელი “განაბისა” ევროპელ “ჰარიფებთან”, იყო დონალდ ტრამპისთვის რაც შეიძლება მძიმე მემკვიდრეობის დატოვების მცდელობა, რათა ახალმა პრეზიდენტმა ვერ შეძლოს უმთავრესი დაპირების შესრულება _ რუსეთთან ახალი, პრაგმატული ურთიერთობების დამყარება.

ანალოგიური რამ შეიძლება ითქვას უკრაინაზეც, რომელსაც, როგორც ჩვენში იტყვიან ხოლმე, “დედა აღარა ჰყავს” მას შემდეგ, რაც პოროშენკომ მიქარა და ეთნიკური რუსებით დასახლებულ აღმოსავლეთ უკრაინაში სამოქალაქო ომი გააჩაღა, რომლის გამოც უკრაინამ სამუდამოდ დაკარგა ყირიმი. დიახ, სამუდამოდ, რადგან ვლადიმერ პუტინმა ამას წინათ განაცხადა, ყირიმის თემა დახურულია და ამაზე არავისთან აღარ ვაპირებთ მსჯელობასო.

ვლადიმერ პუტინი სიტყვებს ჰაერზე რომ არ ისვრის, მთელმა მსოფლიომ იცის, მათ შორის დონალდ ტრამპმაც, რომელმაც გაპრეზიდენტებამდე კარგა ხნით ადრე აღიარა, რომ უკრაინის მიერ ყირიმის დაკარგვა ობამას უგუნური პოლიტიკის შედეგია.

უკრაინის “მაყურებელი” კიდევ ერთი კოჭლი იხვი, აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი “პრაშჩალნი” ვიზიტით ჩავა კიევში, სადაც, ალბათ, პოროშენკოს მხარზე ხელს მოუთათუნებს და ოსტაპ ბენდერის სიტყვებით: “ზაპად ვამ პომოჟეტ” დაემშვიდობება, შემდეგ კი უკრაინას “მამაც აღარ ეყოლება”.

აი ასეთ გეოპოლიტიკურ ფონზე დაიწყო მუშაობა საქართველოს ახალმა, მე-9 მოწვევის პარლამენტმა, თუმცა ძველი რიტორიკით _ ნატო (რომელსაც მალე აღარ ეყოლება მამა, ყოველ შემთხვევაში ობამასავით მზრუნველი და, აქედან გამომდინარე, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს მიღებაზე საუბარი სასაცილოც აღარ არის), ევროკავშირი (რომელსაც თავისი გასჭირვებია და ვიზალიბერალიზაციაზე საუბარიც კი აბსურდია) და ყველაზე მთავარი – რუსეთს არ დაველაპარაკებით, სანამ…

ჰო, სანამ რა? სანამ სოხუმ-ცხინვალს არ დაგვიბრუნებენ?

თქვე შეგნებულო მტრებო თუ შეუგნებელო იდიოტებო, რუსეთს ულტიმატუმის ენით თვით აშშ-ც ვერ ელაპარაკება და საქართველო ვის დაჰკარგვია?!

ჩვენი სამშობლოს ერთადერთი პატრონი საქართველოს დედაეკლესია და მისი საჭეთმპყრობელი პატრიარქია, რომელიც, მიუხედავად ხნოვანებისა, მომენტს არ უშვებს ხელიდან, ესტუმროს ჩვენს ერთმორწმუნე მეზობელს, რომელიც ოკეანისგაღმელმა “მეგობრებმა” მტრად გადაგვკიდეს.

ახლაც მისი უწმინდესობა მოსკოვს იმყოფება რუსეთის პატრიარქ კირილეს დაბადებიდან 70 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, სადაც შეიძლება ვლადიმერ პუტინს შეხვდეს.

რაც ყოველგვარი “შეიძლებას” გარეშეა ცნობილი, არის ის, რომ საქართველოს პატრიარქი რუსულ ტაძარში ქართულად აღასრულებს წირვა-ლოცვას 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე. მეტი რა ქნას საქართველოს სულიერმა მწყემსმა?! მასაც, ეტყობა, მხოლოდ უფლის იმედი აქვს; ფიქრობს, რომ უფალი არ გაწირავს ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოს, რომელსაც გადარჩენა მხოლოდ ერთმორწმუნე რუსეთთან ერთად უწერია.

საქართველო და მსოფლიო“, 23 ნოემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ნიკა ლალიაშვილთან: „საპარლამენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ ლიბერალურ პარტიებს საქართველოში პულსი არ ესინჯებათ

ჯაბა ჟვანია

მას შემდეგ, რაც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა და თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტს ოთხი წლით დაეპატრონა, მსოფლიოს ნეოლიბერალურ სამგლეთში გმინვა-გოდება არ წყდება.

მულტიკულტურიზმის მამებს თუ დავუჯერებთ, დემოკრატია საფრთხეშია და კაცობრიობა შუასაუკუნეობრივი სიბნელის მიჯნაზე დგას. ანალოგიური ყაყანია ქართულ ნეოლიბერალურ სპექტრშიც, _ ცხრა გრანტს გადამხტარ “ენჯეოებს” განგაში აქვთ ატეხილი, – ბნელ წარსულში ვბრუნდებითო. როგორც ჩანს, ამ შიშს ისინი უსაფუძვლოდ არ განიცდიან და ცოფებს ტყუილუბრალოდ არ ყრიან. ტრამპის ტრიუმფი ნიშნავს, რომ მსოფლიოში დემოკრატიად შერაცხილი “ნეოლიბერალური” ტერორი დასრულდა, რომ ამ იდეოლოგიას ამერიკის მოსახლეობამ სიკვდილის განაჩენი გამოუტანა… რა ცვლილებებს გამოიწვევს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელთა კანდიდატის გამარჯვება, რა გარდაქმნებია მოსალოდნელი მსოფლიოს გეოპოლიტიკურ ასპარეზზე და როგორ აისახება ეს ყველაფერი საქართველოზე? – ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება ტელეკომპანია “მაესტროს” პოლიტიკური ანალიტიკოსი ნიკა ლალიაშვილი.

- ბატონო ნიკა, არჩევნებამდე ყველა გამოკითხვა კლინტონის უპირატესობაზე მიუთითებდა და, ალბათ, ძალიან ცოტა თუ წარმოიდგენდა 8 ნოემბერს მის დამარცხებას. როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა დონალდ ტრამპის წარმატება? რატომ განიცადა ასეთი კრახინეოლიბერალურმაპოლიტიკურმა ფრთამ?

- დავიწყოთ ტერმინების განსაზღვრით. არავითარი ნეოლიბერალზმი ეს არ არის. ეს არის ჩვეულებრივი კლასიკური ლიბერალიზმი და ადამიანების გარკვეულმა ნაწილმა ტრამპის გამარჯვება სრულიად სამართლიანად აღიქვა ამ იდეოლოგიის ჰეგემონიის დასასრულად. ეს ჰეგემონია გრძელდებოდა რამდენიმე ათეული წელიწადის განმავლობაში და ახლა მართლაც დასრულდა.

რაც შეეხება გამოკითხვებს, რომელიც თქვენ ახსენეთ, იმ ფაქტმა, რომ თითქმის ყველა გამოკითხვა აჩვენებდა კლინტონის უპირატესობას, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ყველა ეს გამოკითხვა თავიდან ბოლომდე იყო გაყალბებული. სწორედ ამას ამხელდა ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, როცა ამბობდა, რომ კორუფცირებული მედია და სოციოლოგიური სამსახურები ათწლეულების განმავლობაში ატყუებდნენ ადამიანებს. არჩევნების დღეს ეს მედიასაშუალებები და სოციოლოგიური სამსახურები გააფთრებით იბრძოდნენ, ხალხისთვის დაემტკიცებინათ, რომ ტრამპი აგებდა, მაგრამ ვერ შეძლეს. ტრამპმა დამაჯერებად მოიგო, თუმცა ამერიკელი ხალხისთვის ეს მოულოდნელი არ ყოფილა, მოულოდნელი აღმოჩნდა მხოლოდ მათთვის, ვინც მხოლოდ მედიიდან იღებდა ინფორმაციას. ეს მხოლოდ ამერიკელებს კი არ ეხება, არამედ დანარჩენ მსოფლიოსაც, მათ შორის, ქართველ ლიბერალებსაც, რომლებსაც თავზარი დასცა ამ ამბავმა.

ახლა კონკრეტულად _ რამ განაპირობა ტრამპის გამარჯვება. უწინარესად, ერთ ფაქტს გავიხსენებ: 2015 წლის აგვისტოში მან “ფოქსნიუსის” წამყვან მეგან კელის განუცხადა, რომ ამერიკის მთავარი პრობლემა არის პოლიტკორექტულობა. კერძოდ, რას გულისხმობდა: პოლიტკორექტულობა ლიბერალების ხელში გადაიქცა, ფაქტობრივად, ახალ რელიგიად, რომელსაც გულმოდგინედ ახვევდნენ თავს კაცობრიობას და ბოლოს მივიდნენ ისეთ აბსურდამდე, რომ საგნებს, მოვლენებს, ობიექტებს, ადამიანებს თავის სახელს ვეღარ არქმევდნენ. როგორც კი შეეცდებოდი, ამა თუ იმ მოვლენისთვის დაგერქმია შესაბამისი სახელი, მყისვე აინთებოდა წითელი და გეტყოდნენ, რომ ეს არაკორექტულია, ფაშისტი ხარ, რასისტი, კაცთმოძულე, ქალთმოძულე და ა.შ. ზუსტად ასე იქცეოდა ტრამპის მიმართ ლიბერალური პრესა და ამ მხრივ იყო სრული დისბალანსი. წარმოიდგინეთ, 53 ყველაზე ავტორიტეტული გამოცემა ეწეოდა ტრამპის საწინააღმდეგო კამპანიას და მხოლოდ ორი გამოცემა უჭერდა მხარს. მიუხედავად ამ უთანასწორო ბრძოლისა, კონსერვატიულმა ამერიკამ იზეიმა გამარჯვება და ეს გამარჯვება არის იდეოლოგიური გარდაქმნების დასაწყისი ცივილიზებულ მსოფლიოში…

- როგორ ფიქრობთ, საქართველოში რა გამოძახილი შეიძლება მოჰყვეს ამ გარდაქმნებს საქართველოში? აქ ჯერჯერობით ისევლიბერალურიფრთა ფლობს პროპაგანდისტული საშუალებების დიდ ნაწილს...

_ ვერ დაგეთანხმებით, საქართველოში ბოლო საპარლამენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ ლიბერალურ პარტიებს არათუ შანსი აქვთ, საერთოდ, პულსი არ ესინჯებათ და პოლიტიკური ბანკროტები არიან. მხოლოდ “ნაციონალურმა მოძრაობამ” შეძლო ბარიერის გადალახვა და შევიდა პარლამენტში, მაგრამ ეს პარტიაც რეალურად დაშლის პირას არის, ვხედავთ მისი პოლიტიკური დემონტაჟის პროცესს, რომელიც დროთა განმავლობაში ლოგიკურ დასასრულამდე მივა. იმ გარდაქმნას, რომლებიც დღეს მიმდინარეობს დასავლეთში, დავარქმევდი გლობალურ კონსერვატიულ რევოლუციას და საქართველო, რა თქმა უნდა, ამ გარდაქმნების კვალდაკვალ უნდა განვითარდეს…

- დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა რუსეთთან ურთიერთობის საკითხს. იგი იმთავითვე აცხადებდა, რომ ძალისხმევას არ დაიშურებდა კრემლთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის. როგორ ფიქრობთ, საქართველოზე როგორ იმოქმედებს ვაშინგტონის ეს პოლიტიკა და საქართველოს ხელმძღვანელობა თუ არის მზად ამ პოლიტიკური ცვლილებებისთვის?

- თავის დროზე “ქართულმა ოცნებამ” გადადგა გარკვეული ნაბიჯები მოსკოვთან დიალოგისკენ და რაღაც დონეზე ამას შედეგი ჰქონდა, თუმცა “ნაციონალურმა მოძრაობამ” ამის გამო ხელისუფლების წარმომადგენლები კრემლის აგენტებად გამოაცხადა და ამაზე ააწყვეს მთელი საინფორმაციო კამპანია. ცხადია, ეს იყო ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი მმართველი გუნდისთვის, რომელიც ასევე განიცდიდა სერიოზულ პოლიტიკურ წნეხს დასავლეთიდანაც. დღეს ეს წნეხი მოხსნილია, თანაც “ქართულ ოცნებას” აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვფიქრობ, მომავალში უფრო ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება ურთიერთობების დარეგულირებისკენ და ამას მალე დავინახავთ. მით უფრო, რომ შესაბამისი ნება ქართველმა ხალხმა გამოხატა ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე, როცა რუსეთთან კონფრონტაციის მომხრე სუბიექტებს ხმა არ მისცა და პარლამენტს მიღმა დატოვა.

- თქვით, რომ ამერიკაში 8 ნოემბრამდე ჩატარებული ყველა გამოკითხვა გაყალბებული იყო. ამერიკული სოციოლოგიური სამსახურები საქართველოშიც ატარებდნენ გამოკითხვებს და ამის საფუძველზე გვეუბნებოდა ხელისუფლება, რომ ქართველი ხალხის არჩევანი ევროატლანტიკური სტრუქტურებია. როგორ ფიქრობთ, სანდო იყო ის მონაცემები და საერთოდ, ხომ არ ფიქრობთ, რომ დასავლეთში მიმდინარე იდეოლოგიური გარდაქმნების კვალდაკვალ საქართველომაც უნდა გადახედოს თავის საგარეო პოლიტიკურ ორიენტირებს?

- კიდევ ვიმეორებ: ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებმა საბოლოოდ გააშიშვლა ისტერიკული ლიბერალური პროპაგანდა, ამიტომ ყველაფერმა, რასაც ისინი აკეთებენ და ამტკიცებენ, აზრი დაკარგა. ასევე ცხადი შეიქნა, რომ აქ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვები, ისევე, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული მედიის დიდი ნაწილი, იყო ყალბი.

რაც შეეხება შეკითხვას ევროატლანტიკურ სტრუქტურებზე, ნატოში შესვლა-არშესვლაზე ჩატარებული გამოკითხვის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და შესაძლოა, ხელახლა გახდეს პლებისციტის ჩატარება საჭირო, თუმცა ბოლო არჩევნებმა აჩვენა, რომ ხალხი უფრო პრაგმატულად და რეალისტურად უყურებს დღეს ამ საკითხს. ეს უკვე აღარ არის რაღაც მითი, რომელსაც თავის დროზე გვინერგავდნენ: დღეს არა _ ხვალ შევალთ, ხვალ არა _ ზეგ და ა.შ.

- დონალდ ტრამპის საარჩევნო პროგრამა საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებასაც ითვალისწინებს. მცირე ხნის წინათ მან განაცხადა, რომ უახლოეს ხანში შეერთებულ შტატებს სამ მილიონამდე არალეგალი დატოვებს. მიგრანტების პრობლემის წინაშე დგას საქართველოც, რადგან სააკაშვილის პერიოდში სავიზო-საიმიგრაციო პოლიტიკამლიბერალიზმისპიკს მიაღწია და აფრიკისა თუ ახლო-აღმოსავლეთის ასამდე ისლამურ სახელმწიფოსთან უვიზო მიმოსვლა დააწესეს. საჭიროა თუ არა ამ მხრივ ცვლილებები და უნდა მივყვეთ თუ არა ამერიკას კვალდაკვალ ისევ, როგორც აქამდე მივყვებოდით?

- ცხადია, საიმიგრაციო სამსახური უნდა მუშაობდეს მაქსიმალური დატვირთვით, არალეგალების შემოსვლა უნდა კონტროლდებოდეს და მხოლოდ ლეგალურად, კანონიერად უნდა შეეძლოთ უცხოელებს აქ ყოფნა. ტრამპის პოლიტიკა ამ მხრივ არის აბსოლუტურად ადეკვატური, რადგან ამბობს, რომ, ვინც შემოსულია კანონის გვერდის ავლით, დაბრუნდება თავის ქვეყანაში.

- ამის გამო დონალდ ტრამპი რასისტად და შოვინისტად შერაცხა ამერკულმა მედიამ.

- არა მხოლოდ ამის გამო, ლიბერალური მედია ასევე მანიპულირებდა მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებაზე გაკეთებული განცხადებით, აბორტის თემაზე და ა.შ. მაგრამ აქ არის ერთი მომენტი, ტრამპს ხმა მისცა ქრისტიანული ამერიკის დიდმა ნაწილმა. ეს, ფაქტობრივად, არაფრით განსხვავდება იმისგან, რასაც ლაპარაკობს საქართველოს საპატრიარქო…

აქამდე საქართველოში კონსერვატიულად მოაზროვნე ადამიანებს ლიბერალები ეძახდნენ “გრუზინებს” და ამაში იდო დიდი ირონია, შეურაცხყოფა. ახლა ეს რეალობა კარდინალურად შეცვლილია, ამიტომ დღეს თუ ვინმე ლიბერალი გეტყვით, _ “გრუზინი” ხარო, თამამად შეგიძლიათ უპასუხოთ, რომ ყველაზე დიდი “გრუზინი” დონალდ ტრამპია.

- დასასრულ, სამართლიანობის აღდგენაზე გკითხავთ. ადვოკატები და უფლებადამცველები ხშირად ამბობენ, რომნაცმოძრაობასვაშინგტონიდან მფარველობდნენ და ქართულ მართლმსაჯულებას ამის გამო ხელ-ფეხი ჰქონდა შეკრული. ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ეს წნეხი, ალბათ, მოიხსნება. როგორ ფიქრობთ, უნდა დაიწყონ თუ არა საგამოძიებო სტრუქტურებმა უფრო აქტიური მოქმედება? იქნება თუ არა ამ მხრივ მეტი თავისუფლება?

- არა მგონია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში ისე, როგორც ამას აკეთებდა მისი წინამორბედი. ობამას ადმინისტრაცია ნამდვილად ერეოდა ყველაფერში. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, სწორედ ასეთი წნეხის შედეგი იყო თავის დროზე ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება. ტრამპი, ალბათ, უფრო ორიენტირებული იქნება უსაფრთხოებაზე და ის კოლოსალური თანხები, რომლებიც მიდიოდა ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების ჯიბეში, მოხმარდება სწორედ ამ მიმართულებას, ანუ ამიერიდან მილიონები აღარ წავა ისეთ უსარგებლო პროექტებზე, როგორიცაა ლგბტ-თემის დაცვა, ოჯახური ძალადობის მონიტორინგი, ქალთა უფლებები, მათი ჩართულობა პოლიტიკაში და ა.შ. ამას 8 ნოემბერს წერტილი დაესვა. სამართლიანობის აღდგენას რაც შეეხება, ეს არის ქართველი ხალხისა და ქართული მართლმსაჯულების პრეროგატივა. ცხადია, თითოეული საქმე უნდა იქნეს გამოძიებული და ყველა, ვინც კი დანაშაული ჩაიდინა, კანონის შესაბამისად გასამართლებული.

———————-

„რეზონანსი“, 23 ნოემბერი, 2016 წელი

რა გამოწვევების წინაშე იმყოფება საქართველო ევროკავშირთან ასოცირების კუთხით?!

გვანცა ღვედაშვილი

რა გამოწვევების წინაშე დგას და რა ვალდებულებები შეასრულა საქართველომ ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით, რამდენად არის სამოქალაქო საზოგადოება ჩართული იმ რეფორმების გატარებაში, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს. აღნიშნულ საკითხებეთან დაკავშირებით, თბილისში, სასტუმრო “ბილტმორში” ყოველწლიური კონფერენცია “საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ამოცანები” ჩატარდა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ევროკავშირის სექტორული თანამშრომლობის პოლიტიკის დოკუმენტების განხილვას დაეთმო. კონფერენციაში მონაწილეობა სამთავრობო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულმა კოორდინატორმა და “რეზონანსის” მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა თქვა, რომ ამ კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანია სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმების გაგრძელება, ასევე საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც საპარლამენტი კონტროლს გაზარდის.

“ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია საარჩევნო სისტემის რეფორმა. დღეს რასაც ვუყურებთ, მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე ვართ მედიის თავისუფლების თვალსაზრისითაც და იმედია, რომ ეს პრობლემა ისე გადაწყდება, როგორც დემოკრატიულ ქვეყანაში უნდა დასრულდეს. მნიშვნელოვანი ბევრი საკითხია, მათ შორის პრეზიდენტის ინსტიტუტი, რეგიონალიზაცია, დეცენტალიზაცია და თვითმმარველობის რეფორმა,” – განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

როგორც “რეზონანსს” სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ქეთევან ციხელაშვილმა უთხრა, ბოლო 3-4 წლის განმავლობაში გატარებული “უპრეცედენტო რეფორმებით აღმოსავლეთ პარტნიორობის სივრცეში პრაქტიკულად ლიდერები ვართ.”

“ვფიქრობ, ჩვენ ძალიან დიდი სამუშაო შევასრულეთ და ევროკავშირის მხრიდან ეს არაერთხელ იქნა აღნიშნული. უპრეცედენტო რეფორმები გატარდა ბოლო 3-4 წლის განმავლობაში, ჩვენ შევძელით და მივიღეთ ძალიან ბევრი კანონი, რომელთა იმპემენტაციაც მოვახდინეთ. მართალია, ბევრი რამ კიდევ გასაკეთებელია, მაგრამ პროგრესი შთამბეჭდავია,” – განაცხადა ციხელაშვილმა.

“საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ამოცანების” კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველომ სრულად შეასრულა ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებები და ახლა ჯერი ევროპელ პარტნიორებზეა. მანვე იმედი გამოთქვა, რომ ახლო მომავალში ევროკავშირი დაასრულებს შესაბამის პროცედურებს და საქართველოს მოსახლეობა შეძლებს უვიზო მიმოსვლას.

რეზონანსი“, 23 ნოემბერი, 2016 წელი

ბიუჯეტი ასეულობით მილიონ დოლარს კარგავს

შეიძლება ქვეყანამ უცხოური გრანტები და კრედიტები ვერ მიიღოს

მარი ჩიტაია

საქართველომ ბიუჯეტის მხარდამჭერი უცხოური კრედიტების და გრანტების მიღება ვერ შეძლო. ჯერჯერობით მხოლოდ საგრანტო თანხაა ათვისებული, ისიც 6,2%-ით, რაც თანხობრივად 7,7 მლნ ლარია. 2016 წელს მისაღები გრანტის დაგეგმილი რაოდენობა კი 125 მლნ ლარია. ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტის სახით ქვეყანას 395 მლნ ლარი უნდა მიეღო, მაგრამ წლის ბოლო ახლოვდება და 1 თეთრიც არ არის შემოსული. რაც შეეხება საგარეო ფინანსურ ვალდებულებებს, 1,075 მლრდ ლარის ნაცვლად, 587 მლნ ლარია მიღებული. გამოდის, რომ გეგმის მხოლოდ ნახევარია შესრულებული.

წლის ბოლომდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი და შეიძლება დაგეგმილი გრანტებისა და კრედიტების მიღება ვერც მოხერხდეს, ანუ ქვეყანაში ასეულობით მილიონი დოლარი ვერ შემოვა. ამ თანხის მიღებით საქართველოში დოლარის დეფიციტი აშკარად აღმოიფხვრებოდა, მაგრამ ჯერერობით საქმე უკიდურესად რთულადაა. ბიუჯეტის შესავსებად მთავრობა ყოველ კვირა უამრავ ფულს სესხულობს კომერციული ბანკებისგან.

ბიუჯეტის მხარდამჭერი გრანტების და კრედიტების მიუღებლობის გამო, იანვარ-სექტემბერში საქართველოს დაახლოებით 160 მლნ დოლარის სავალუტო შემოსავალი დააკლდა, რომლის მიღებაც მნიშვნელოვანი იქნებოდა ლარის კურსის სტაბილურობისთვის.

კარგი იქნებოდა ფინანსთა სამინისტროს შეფასება მოგვესმინა თუ რატომ ვერ ხერხდება საგარეო წყაროებიდან თანხის მიღება, თუმცა ეს უწყება ტრადიციულად დუმს. საზოგადოებისთვის საჭირო და აუცილებელი ინფორმაციის გაცემისგან სამინისტრო ყოველთვის თავს იკავებს.

სპეციალისტებს ბიუჯეტის მხარდამჭერი უცხოური გრანტების მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ. მათი უმეტესობა ამ თანხის მიუღებლობას მთავრობის არასწორი ფინანსური პოლიტიკით ხსნის.

ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი ფიქრობს, რომ აღებული ვალდებულების შესრულება ლარის სტაბილურობისთვის კარგი იქნებოდა, თუმცა მისი მიუღებლობაც კურსზე ნეგატიურ გავლენას ვერ მოახდენს.

“ფინანსთა სამინისტრო ვალდებულია, გაგვცეს პასუხი, რატომ ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება საგრანტო და საკრედიტო თანხებთან დაკავშირებით. საქმე ეხება სახელმწიფო ბიუჯეტს და პასუხი უნდა მივიღოთ. საგარეო ვალს ან გრანტს აქვს კონკრეტული მიზნობრიობა. წინასწარ ყოველთვის არის ცნობილი, რა პროექტის დასაფინანსებლად გაიცემა გრანტი და კრედიტი, რადგან ეს თანხა მოდის კონკრეტული პროექტების დასაფინანსებლად. არ ხდება ისე, რომ ჯერ მოვიდეს ფული და შემდეგ გამოიყენო რაღაც დანიშნულებით. ამ შემთხვევაში უცნობია, რა პირობაა მიუღებელი სესხის უკან. საბოლოო ჯამში, შეიძლება ბიუჯეტში საგარეო თანხის ჩაურიცხაობამ ლარის სტაბილურობას საფრთხეს ვერ შეუქმნას, თუმცა უცხოური ვალუტის შემოდინება კურსის სტაბილურობისთვის ძალიან კარგი იქნებოდა”, – განუცხადა “რეზონანსს” მერაბ ჯანიაშვილმა. იგი არ გამორიცხავს, რომ დონორ ორგანიზაციებთან დამოკიდებულება შეიცვალოს, განსაკუთრებით კი, სავალუტო ფონდის მიმართ, თუმცა იქვე დასძენს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.

“არ არის სასურველი, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა გაგვიფუჭდეს, თუმცა არ ვიქნები წინააღმდეგი, თუკი ისეთი ორგანიზაცია, ვისთანაც ქვეყანა ურთიერთობას არ მოისურვებს, სავალუტო ფონდი აღმოჩნდეს. ამ ორგანიზაციიდან ქართული ეკონომიკისთვის სასარგებლო რჩევას ნაკლებად ვისმენთ. რამდენადაც მახსოვს, 2008 წელს სავალუტო ფონდი გაუშვეს კიდეც ქვეყნიდან, მაგრამ ომის შემდეგ რომ გაგვიჭირდა, სსფ-სგან მილიარდზე მეტი ვისესხეთ. კრედიტებისა და გრანტების მიმართულებით თანხა, რაც ვერ ავითვისეთ, ევრობანკისა და აზიის განვითარების ბანკისგანაა. საბიუჯეტო ხარჯს სავალუტო ფონდი თითქმის არ აფინანსებს”, – აცხადებს მერაბ ჯანიაშვილი.

ეკონომისტები ფიქრობენ, რომ რაკი ამ თანხის მიღება ვერ ხერხდება, სახელმწიფომ აქცენტი ინვესტიციებზე უნდა გააკეთოს. ექსპერტ პაატა აროშიძის განცხადებით, ეკონომიკურად და პოლიტიკურადაც ძალიან რთული წელი იყო და ხელისუფლებამ საგარეო ფინანსურ ვალდებულებებს ჯეროვანი ყურადღება ვერ მიაქცია.

“გრანტების და კრედიტების აუთვისებლობა ძალიან ცუდია, თუმცა სხვა აქტივობით შეიძლება ფინანსური რესურსის მიღება. ეს შეიძლება იყოს ეკონომიკური ზრდა, ახლად დარეგისტრირებული საწარმოებისგან გადახდილი თანხა, ინვესტიციები და სხვა. ჩემი აზრით, უცხოური კაპიტალის შემოსვლაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უცხოელ დონორთა მიერ ყურადღება შემცირდეს საქართველოს მიმართ. შეიძლება, მომავალ წელს უფრო აქტიურად ვიმუშაოთ და მათ მიერ ჩადებული თანხა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მოხმარდეს. მომავალში უფრო ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ ნაკისრ ვალდებულებას”, – აცხადებს პაატა აროშიძე.

“ახალი ეკონომიკური სკოლის” პრეზიდენტის პაატა შეშელიძის შეფასებით, შიდა ვალის აღება უფრო მეტი პრობლემაა ქვეყნისთვის, ვიდრე საგარეო თანხის აუთვისებლობა.

“გაცილებით მნიშვნელოვანია, შიდა ვალი და ისიც, რეალურად შემოდის თუ არა კერძო ინვესტიციები ქვეყანაში. ეს დამოკიდებულება განსაკუთრებით რუსეთიდან შემოსული თანხის მიმართ მაქვს – ნამდვილად კერძო ინვესტიციაა თუ პოლიტიკურ ინტერესს უკავშირდება? ეს უნდა იყოს მნიშვნელოვანია და არა ის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები სახელმწიფოს მიაწვდიან თუ არა ფულს. ბევრად უკეთესი იქნება, საერთოდ არ გვჭირდებოდეს საგარეო სესხის აღება და ქვეყანას არსებული გამოწვევებისთვის თავის გართმევა დამოუკიდებლად, საკუთარი ძალებით შეეძლოს”, – აღნიშნა პაატა შეშელიძემ.

„რეზონანსი“, 23 ნოემბერი, 2016 წელი

ბანკები ფარმაცევტული ბიზნესის დაპყრობას აპირებენ

ეს არის ერთი ჯიბიდან ამოღებული და მეორეში გადადებული ფული

მარიკა გოგოხია

საბანკო სექტორი ფარმაცევტულ ბაზარსაც გადასწვდა. სულ ახლახან გახდა ცნობილი, რომ საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი, რომელიც “საქართველოს ბანკთან” ასოცირდება, ბაზრის სერიოზული მოთამაშე ხდება. ფაქტობრივად, არ დარჩა ეკონომიკის თითქმის არც ერთი მიმართულება, სადაც ბანკების დიდი გავლენა არ იგრძნობა. ყველგან, სადაც კი ამ სეგმენტმა შეაღწია, კონკურენციას სერიოზული საფრთხე შეექმნა.

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა (ევექსი) “ფარმადეპოს” შესყიდვის შესახებ გუშინ განაცხადა. სიდიდით მეოთხე ფარმაცევტული კომპანიის შეძენით, “ევექსი” ქვეყანაში ყველაზე მსხვილი მოთამაშე ხდება სააფთიაქო ბაზარზე. გარიგება კონკურენციის სააგენტომ უნდა დაამტკიცოს.

როგორც ცნობილია, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი “ფარმადეპოს” შერწყმას “ჯიპისისთან” ერთად გეგმავს და შედეგად ახალ სააფთიაქო ქსელს პუზრფ-ს ქმნის.

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის წილი ახალ კომპანიაში 67% იქნება, დარჩენილი 33% აქციების მფლობელი კი “ფარმადეპო” იქნება, კერძოდ კი, კომპანიის აქციონერები ენრიკო ბერიძე და მიხეილ აბრამიძე. პუზრფ საქართველოს მასშტაბით 230 სააფთიაქო ქსელს გააკონტროლებს. გარიგების დასრულებას “ევექსი” 2017 წლის იანვარში ელოდება.

იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფომ საბანკო სექტორის ჟინი რეგულაციებით მოთოკოს და კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი, თავისი უმოქმედებით არაპროფილური ბიზნესის აღორძინებას ემსახურება. ფარმაცევტული ბაზრის მოთამაშეები, მსგავს გარიგებას ელოდნენ კიდეც და მათთვის მოულოდნელი არაფერი ყოფილა. კონკურენტი კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ახალი პროექტების დაწყებისგან თავს შეიკავებენ, რადგან ამიერიდან კონკურენცია არ იქნება მარტივი.

“პეესპეს” დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი ფარმაცევტულ ბაზარზე გამსხვილებას კონკურენციის შეზღუდვად აფასებს. “ჩვენი კონკურენტები როცა ბანკები არიან, რომლებსაც 8 ოთახი ფული აქვთ, აღარ გავფართოვდებით, შევინარჩუნებთ იმას რაც გვაქვს”, – აცხადებს იგი.

ოქრიაშვილის აზრით, ბანკთან დაკავშირებული სამედიცინო პროფილის კომპანიების გაფართოებაზე მთავრობის მიდგომა ცალკე სამსჯელოა. ფაქტია, რომ კონკურენცია კი არ მძაფრდება, პირიქით, იზღუდება. ბაზარზე “პეესპეს” საბაზრო წილი 30%-ს აღემატება, უფრო მეტია, ვიდრე “ფარმადეპო” და “ჯიპისის” ერთად აღებული.

ბანკებთან კონკურენციას აპროტესტებს “ავერსიც”, არაპროფილური აქტივის პირდაპირ თუ არაპირდაპირ მართვა მის დამფუძნებელს მალხაზ კურტანიძეს მიზანშეუწონლად მიაჩნია.

სპეციალისტები კი მიიჩნევენ, რომ საქართველოში თითქმის ყველა სფეროში ბიზნესი ბანკებმა მიითვისეს და კერძო ბიზნესების განვითარება აღარ ხდება. ბიზნეს სამართლის სპეციალისტის აკაკი ჩარგეიშვილის განმარტებით, სააფთიაქო ბიზნესში მსხვილი საბანკო ჯგუფის შესვლა ნიშნავს, რომ დღევანდელი კომპანიები უკონკურენტო გარემოში აღმოჩნდებიან. “საქართველოს ბანკი” უპირატეს მდგომარეობაში საკუთარ ჯგუფს ჩააყენებს. ეს პრობლემა იმის გამოძახილია, რომ არც ეროვნულმა ბანკმა და არც პარლამენტმა საკითხი ბოლომდე არ მიიყვანეს.

“დღესდღეობით რეალურად საკანონდებლო ვაკუუმია. ეს არის გაქცევა პასუხსიმგებლობისგან. ერთი მხრივ, ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ არაპროფილური ბიზნესები აკრძალულია, თუმცა რეალურად კანონით არანაირი აკრძალვა არ არსებობს. “საქართველოს ბანკი” თავს იმართლებს, რომ სხვა კომპანიები აქვს შექმნილი, მაგრამ რეალურად ეს ჯგუფი იგივე კაპიტალით იმართება. ეს არის ერთი ჯიბიდან ამოღებული და მეორეში გადადებული ფული”, – აცხადებს ჩარგეიშვილი.

რაც უნდა გვიკვირდეს, ხელისუფლების პოზოცია მაინცდამაინც მკაფიო არ არის. დეპუტატი აკაკი ზოიძე რადიო “კომერსანტთან” ამბობს, რომ რთული სათქმელია, წინასწარ რა გადანაწილება მოხდება ბაზარზე. ეს დამოკიდებულია, თუ რა სტრატეგიას და ტაქტიკას აირჩევს ახალი კომპანია.

“საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა რამდენიმე თვის წინ “ჯიპისის” ქსელი იყიდა, ახლა ყიდულობს “ფარმადეპოს”. უნდა დაველოდოთ, როგორი იქნება კონკურენციის სააგენტოს დასკვნა, თუმცა კონკურენციის გაძლიერებაზე ახალი მოთამაშეების შემოსვლა მოქმედებს. ჩვენ საკმაოდ ბევრს ვიმუშავებთ, რომ არსებული კანონმდებლობის სრულყოფა მოხდეს და ხელი არ შეეშალოს უფრო წვრილი მოთამაშეების ბაზარზე დამკვიდრებას”, – აცხადებს ზოიძე.

Comments are closed