globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 23 დეკემბერი 2014 წელი

Posted by Globalresearch on Dec 23rd, 2014 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„რეზონანსი“: წელიწადში 90 დღე უვიზოდ ევროპაში // 2015 წლის ბოლოდან ან 2016-ის დასაწყისიდან საქართველო უვიზო რეჟიმს ელის


„რეზონანსი“: ინტერვიუ ირაკლი სესიაშვილთან: “ნატოში ინტეგრაციას აშშ-ის მოკავშირის სტატუსს ვამჯობინებ“

————————

„რეზონანსი“, 23 დეკემბერი, 2014 წელი
წელიწადში 90 დღე უვიზოდ ევროპაში
2015 წლის ბოლოდან ან 2016-ის დასაწყისიდან საქართველო უვიზო რეჟიმს ელის
მაია აბაიაძე
(შემოკლებით)
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის წევრი ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს 2015 წლის ბოლოს ან 2016 წლის დასაწყისში შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა შეეძლებათ. “მაისში, რიგის სამიტზე მიღებული იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რის განხორციელებასაც სჭირდება დრო, მაგრამ თავად იმ გადაწყვეტილებაში იქნება ნათქვამი, თუ რა დროიდან შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები უვიზო მიმოსვლის უფლებით სარგებლობას. მოგეხსენებათ, ჩვენი დელეგაცია ახალხან ჩამოვიდა რიგიდან, სადაც ამ და სხვა საკითხებზე მოლაპარაკება ხდებოდა და თუ ყველაფერი ისე იქნება, როგორც ამ მომენტში – ეს ნიშნავს, რომ 2015 წლის ბოლოს ან მაქსიმუმ 2016 წლის დასაწყისში ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო რეჟიმით ისარგებლებენ. 2015 წლის ბოლო, ან 2016 წლის დასაწყისი – ესაა დრო, როცა ჩვენი მოქალაქეებისთვის გადაწყვეტილება ძალაში შევა. ჩვენ გვექნება წლის განმავლობაში 90-დღიანი რეჟიმით სარგებლობის უფლება, რაც ფაქტობრივად, ახლანდელ 2-წლიან ვიზას უდრის”, – აცხადებს ბერძენიშვილი და განმარტავს, რომ ლიბერალიზაციის შედეგად, ყველა სხვა ტიპის ვიზის აღებაც გამარტივდება.
“საქართველოს მოქალაქეს შეეძლება, 90 დღე უვიზოდ დარჩეს ევროპის რომელიმე ქვეყანაში, მაგრამ თუ სხვა ტიპის ვიზა დასჭირდება, ამ შემთხვევაში, ჩვეულებრივად უნდა მიმართოს საელჩოს და ესეც იქნება გამარტივებული. აქ საუბარია, რომ ყველანაირი ვიზა უნდა გამარტივდეს, უბრალოდ ეს ტიპი იმდენად არის ლიბერალიზებული, რომ მოქალაქეებს ვიზა საერთოდ არ სჭირდებათ, მაგრამ მაგალითად, სამუშაო ვიზა დასჭირდებათ თუ სხვა, ესეც უფრო გამარტივდება და შერბილდება”, – აცხადებს ბერძენიშვილი.
ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე დეტალურად აღწერს იმ პროცედურას, რაც უშუალოდ რიგის სამიტზე მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილების იმპლიმენტაციას ეხება. “თუ რიგის სამიტზე ეს გადაწყვეტილება მიიღეს, ამ შემთხვევაში, კომისია მიმართავს მინისტრთა საბჭოს, საგარეო საქმეთა მინისტრებს და ევროპის პარლამენტს. მიმართვის ფორმაში იქნება, რომ ისინი დადებითად აფასებენ საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს, მიიჩნევენ, რომ ჩვენ ნაკისრი ვალდებულებები შევასრულეთ და სთხოვენ საბჭოს და პარლამენტს, რომ საქართველოს მიმართ დადებითი გადაწყვეტილება მიიღონ. შემდეგ ამ შემოთავაზებას საბჭოში ეყრება კენჭი – გადაწყვეტილების მიღების პროცესში კენჭისყრაში მონაწილეობენ მხოლოდ შენგენის ზონაში შემავალი ქვეყნების მინისტრები და ხმათა კვალიფიცური უმრავლესობით მიიღება გადაწყვეტილება. ამის პარალელურად, ევროპარლამენტშიც ხმათა უმრავლესობით ხდება კენჭისყრა. თუ ევროპარლამენტიც და მინისტრთა საბჭოც მხარს დაუჭერენ, გადაწყვეტილება შედის ძალაში”, – ამბობს ჩხიკვაძე.
„რაც შეეხება დროს, ამის ვარაუდი ძნელია, მაგრამ მოლდოვის შემთხვევაში, კომისიამ საბჭოსა და პარლამენტს 2013 წლის ნოემბერში მიმართა და 2014 წლის 28 აპრილიდან მოლდოვის მოქალაქეები უკვე უვიზოდ მგზავრობენ, ანუ დაახლოებით 5-6 თვე სჭირდება, შეიძლება უფრო მეტი ან ნაკლებიც. ლაპარაკია მოკლევადიან ვიზებზე და მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ეს არ ეხებათ შრომით მიგრანტებს და არ ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის შრომის ბაზარი იხსება. ეს გულისხმობს, რომ საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ექნება ბიომეტრიული პასპორტი, შეეძლება, 90 დღე იყოს შენგენის ზონის ქვეყნებში – შეეძლება, 1-დან 90 დღემდე ერთად გამოიყენოს, ან 1 კვირა იქ გაატაროს, მერე ჩამოვიდეს, ისევ წავიდეს და ა.შ”, – აცხადებს ჩხიკვაძე.
ჩხიკვაძე ასევე ცოტა ხნის წინ ევროპარლამენტის რეზოლუციაში აღნიშნულ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა აქვს და ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანა შეუძლია. თუმცა, მისი თქმით, ეს საკითხი უშუალოდ მინისტრთა საბჭოს გადასაწყვეტია, თავად რეზოლუციის ჩანაწერი მისასალმებელია, მაგრამ მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს და ბევრს არაფერს ნიშნავს.

„რეზონანსი“, 23 დეკემბერი, 2014 წელი
ინტერვიუ ირაკლი სესიაშვილთან: “აშშ-ის მოკავშირის სტატუსს ვამჯობინებ ნატოში ინტეგრაციას”
(შემოკლებით)
ტრიბუნაზე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა-არგამოსვლა არის მიზანშეწონილობის საკითხი. ან პრეზიდენტმა ასე ჩათვალა საჭიროდ, რომ სიტყვით არ გამოსულიყო, ან ამის ორგანიზების დრო და მომენტი არ იყო”, – ამბობს “რეზონანსის” ჟურნალისტ საუბრისას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი
“არაფერი დაბნეულობა არ ყოფილა. ისეთ სურათს ხატავთ ჟურნალისტები, თითქოს გუნდის შიგნით ან რაღაც დაბნეულობა იყო, ან პრობლემა, მაგრამ არაფერი მსგავსი არ ყოფილა. ჩვეულებრივი სიტუაცია იყო. ეს არის საპარლამენტო ღონისძიება და იმიტომ მოხდა მისი რატიფიკაცია ევროპარლამენტში, შესაბამისად, მთავრობა ვერ იქნებოდა წარმოდგენილი. ვინაიდან ეს იყო ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, გადაწყდა, რომ პრეზიდენტიც ყოფილიყო წარმოდგენილი, როგორც სახელმწიფოს მეთაური”, – ამბობს ირაკლი სესიაშვილი.
“მე ვხედავ იმას, რომ ევროპარლამენტის მიერ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ჩვენი ქვეყნისთვის დაიწყო ახალი ერა. ამით გვიჩნდება დამატებითი მოტივაცია, რომ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაცია დავაჩქაროთ. ამ მნიშვნელოვან მოვლენას პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფო მეთაური, დაესწრო, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი იყო”, – აღნიშნავს რესპონდენტი გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას.
“რაც შეეხება სააკაშვილს, მასზე გიპასუხებთ, რომ ევროპარლამენტი არის ძალიან ლიბერალური კოლეგიალური ორგანო. იქ მისვლა და სესიაზე დასწრება რიგით მოქალაქესაც შეუძლია. აკრძალვები არ არის. რა თქმა უნდა, ეს სააკაშვილმა საკუთარი პიარისთვის გამოიყენა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ამ ყველაფრისთვის მე განსაკუთრებული ყურადღება არ მიმიქცევია”, – განმარტავს ირაკლი სესიაშვილი.
“რაც შეეხება იმას, რომ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ნატოს წევრობის გარეშე აშშ-ის მთავარი მოკავშირის სტატუსს ვერ მიიღებენ, როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება თეთრ სახლში მიიღეს. ეტყობა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაა. მათ არ ჩათვალეს ეს მიზანშეწონილად. მიმაჩნია, რომ ეს უკრაინის საკითხს უკავშირდება და არა საქართველოსი. ჩვენ შემთხვევაში რეალურად არაფერი არ შეცვლილა. ამ კანონპროექტით რა თანამშრომლობაც იგეგმებოდა საქართველოსა და აშშ-ს შორის, ყველაფერი ისე დარჩა, როგორც დაგეგმილი იყო. მეტიც, აშშ-ის მოკავშირის სტატუსით სარგებლობენ ბაჰრეინი, იორდანია და ავღანეთი. ამ ქვეყნებისგან განსხვავებით ჩვენ ნატოს წევრობა გვინდა და ამაზე გვაქვს განაცხადი გაკეთებული. აშშ-სთან გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტია. ჩვენ მივდივართ ნატოსკენ, რაშიც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკაა”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“სენატის ეს გადაწყვეტილება ძირითადად უკრაინაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარეობს. უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის საკითხი ერთად უნდა განხილულიყო. საქართველოს თემას ამ ქვეყნებისგან განცალკევებულად ვერ განიხილავდნენ. ჩემთვის ამ გადაწყვეტილებას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ჩემთვის გადამწყვეტი სხვა რამეა. ამერიკის მოკავშირის სტატუსს ვამჯობინებ ნატოში ინტეგრაციას, ამ პროცესში აშშ ჩვენი პარტნიორია”, – დასძენს ირაკლი სესიაშვილი.

Comments are closed