globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 23 დეკემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Dec 23rd, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი“: რუსეთი ვიზების გაცემას ამარტივებს, მომავალში საერთოდ გაუქმებას „არ გამორიცხავს”

საქართველო და მსოფლიო: მაიმუნობის 25 წელიწადი

ახალი თაობა“: ინტერვიუ თენგიზ დიხამინჯიასთან: „ირაკლი დოკვაძე გარეთ უნდა იყოს”

ახალი თაობა“: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „პაატა ბურჭულაძეს პარლამენტი გარანტირებული აქვს… დღეს ძალაუფლება ქუჩაში აგდია… ოპოზიცია კიდევ უფრო სავალალო დღეშია, ვიდრე „ქართული ოცნება“

ახალი თაობა“: ინტერვიუ მიხეილ მაჭავარიანთან: „ქართული ოცნება“ შეიძლება ყოველ წამს აფეთქდეს… ბიძინა ივანიშვილი რომ არ ჰყავდეთ, მეოცნებეები ერთმანეთს დიდი ხნის წინ დაჭამდნენ“

„ალია“: რამდენი ტყუილია „ენდიაი“-ს კვლევებში

„ალია“: ინტერვიუ ვალერი გელბახიანთან: „როცა შენი მოქალაქეების უფლებებს ვერ იცავ, არ უნდა იტრაბახო, რადგან ეს ტრაბახი გამაღიზიანებელია მათთვის, ვინც იცის, რა ხდება“ //  რა მოიტყუა პრემიერმა სამწლიანი საქმიანობის შეჯამებისას?

„ალია“: ინტერვიუ ზაზა ხატიაშვილთან: „ყველამ დამალა. ამათ მოვუწყობ შავ დღეს!“ // ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი თეა წულუკიანს, მანანა კობახიძეს და ეკა ბესელიას ამხელს!

რეზონანსი“: ვინ უჭერს მხარს გირგვლიანის საქმის მოსამართლე მურუსიძეს

რეზონანსი“: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „სახელმწიფომ ექსტრემიზმის წინააღმდეგ ტრადიციული ისლამი უნდა გააძლიეროს“

რეზონანსი“: კახა კალაძის გასაჭირი: საქართველოს ენერგეტიკულ ომში ითრევენ // რუსეთი ირანული გაზის “დასათრევად” უკან არაფერზე დაიხევს

—————————-

რეზონანსი“, 23 დეკემბერი, 2015 წელი

რუსეთი ვიზების გაცემას ამარტივებს, მომავალში საერთოდ გაუქმებას არ გამორიცხავს

ლიკა ამირაშვილი

დღეიდან რუსეთის ვიზის აღების წესები მარტივდება. თუკი აქამდე საქართველოს მოქალაქეს ვიზის მიღება მხოლოდ ოჯახის უახლოესი წევრის მოწვევის შემთხვევაში შეეძლო, ახალი წესების მიხედვით, მოწვევა რუსეთის ნებისმიერ მოქალაქეს ან ორგანიზაციას შეუძლია გამოუგზავნოს.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რუსეთი მომავალში უვიზო რეჟიმის შემოღებასაც არ გამორიცხავს.

“რუსულ-ქართული ურთიერთობის ნორმალიზების მიმდინარე პროცესის კონტექსტში და ჩვენს ქვეყნებს შორის პოზიტიური ტენდენციების სტიმულირების ინტერესებიდან გამომდინარე, 2015 წლის 23 დეკემბრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის გაფორმდება მრავალჯერადი საქმიანი, სამუშაო, სასწავლო, ჰუმანიტარული და ასევე, კერძო ვიზები, იმისდა მიუხედავად, არსებობს თუ არა სანათესაო კავშირი მოწვეულსა და მომწვევს შორის. რუსული მხარე შემდგომში, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, უვიზო რეჟიმის შემოღებას არ გამორიცხავს,” – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენლმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნა, რუსეთის მიერ ვიზების მიღების პროცესის გამარტივება წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელსაც შესაძლოა უვიზო მიმოსვლის დაწესებაც მოჰყვეს.

“ჩვენ ამაზე რამდენიმე თვით ადრე ვსაუბრობდით, თუმცა კონკრეტული თარიღი ახლა გახდა ცნობილი. თუკი აქამდე რუსეთში საქართველოს მოქალაქის მოწვევა მხოლოდ უახლოეს ნათესავს – დედას, მამას, დას ან ძმას – შეეძლო, ხოლო ოფიციალურ ორგანიზაციას მოწვევის გამოგზავნის შემთხვევაში ძალიან რთული პროცედურის გავლა უწევდა. ახლა რუსეთის ნებისმიერ მოქალაქეს ან ორგანიზაციას საშუალება ექნება საქართველოს მოქალაქე მოიწვიოს. როდესაც ნებისმიერი პირისგან ან ორგანიზაციისგან მოწვევა მოგივა, მას წარადგენ თბილისში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესთა სექციაში და შეუფერხებლად გაემგზავრები. საუბარია საქმიან, სამუშაო, სასწავლო ან კერძო მოწვევებზე,” – განაცხადა აბაშიძემ. მისი თქმით, დეტალები ვიზის გამარტივების შესახებ უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. თუმცა აქვე ამატებს, რომ ძალიან რთული პროცედურების გავლა საჭირო აღარ იქნება. რუსეთში ბევრი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს და ისინი დაინტერესებულები არიან, რომ მათ ახლობლებს და ნათესავებს უპრობლემო გადაადგილების საშუალება ჰქონდეთ. “ზოგადად მსოფლიოში თავისუფალი გადადგილება ადამიანის უფლებების რეალიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულებაა. ამიტომ, რა თქმა უნდა, დაინტერესებულები ვართ, რომ ჩვენს მოქალაქეებს თავისუფალი გადაადგილების საშუალება ჰქონდეთ. რამდენიმე დღის წინ სავიზო ლიბერალიზაციის თაობაზე ევროკავშირის ისტორიული გადაწყვეტილების შესახებ მოვისმინეთ და ამ თვალსაზრისით ახალ წელს მართლაც დიდი წარმატებებით ვხვდებით,” – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

როგორც საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნა, თუკი საბოლოო მიზანი რუსეთთან უვიზო მიმოსვლის შემოღებაა, შუალედური გამარტივების პროცესი შემოღება საჭირო აღარ უნდა ყოფილიყო. “რუსეთის ეს გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვნად, ევროკავშირის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე დადებით რეკომენდაციას უკავშირდება, რომელიც ძალაში, სავარაუდოდ, ზაფხულისთვის შევა. ამის დასაბალანსებლად რუსეთს იდეა გაუჩნდა, რომ იგივე შემოეთავაზებინა. რუსეთს სურს, რომ საქართველოს მოსახლეობაში მეტი სიმპათია გამოიწვიოს.

“რუსეთის პრეზიდენტის განცხადების შემდეგ ლოგიკური იყო გვეფიქრა, რომ რუსეთი პირდაპირ უვიზო რეჟიმს დააწესებდა. რა თქმა უნდა, ამას დღეს და ხვალ არ ველოდი, თუმცა 2016 წლის დასაწყისიდან შეიძლებოდა მომხდარიყო.

“მიმაჩნია, თუკი საბოლოო მიზანი უვიზო მიმოსვლის დაწესება იყო, მაშინ შუალედური ეტაპი საჭირო აღარ არის. მივიღებთ, თუ არა რუსეთთან უვიზო მიმოსვლას, ამ მხრივ ცოტათი გაურკვეველი მდგომარეობაა. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შესაძლოა უვიზო მიმოსვლა მივიღოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის,” – აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

საქართველო და მსოფლიო“, 23 დეკემბერი, 2015წელი

მაიმუნობის 25 წელიწადი

ნანა დევდარიანი

მაიმუნის წელიწადის დადგომის მოლოდინში ქართული პოლიტიკური ელიტა ისეა აჟიტირებული, თითქოს ბოლო 25 წლის განმავლობაში რომელიმე წელი მაიმუნობით არ ყოფილიყო აღბეჭდილი.

უკვე მილეულ წელიწადში ერთ-ერთი აქტუალური თემა “რუსეთის ინტერესების გატარებაში” ეჭვმიტანილი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების “მხილება” იყო. დედააზრი ასეთია: დემოკრატიის პირობებში ჩვენ მათ ვერ ავკრძალავთ, მაგრამ უნდა ვამხილოთ. ამ “მხილებაში” ისევ ფული იშოვება და უცხოური გრანტებით საზრდოობაში არაერთგზის მხილებული არასამთავრობოები რიგში ჩადგნენ. და დაიწყო დეპეშების ფრენა ვაშინგტონის კრემლში. წლების (ზოგი – ათწლეულების) განმავლობაში დასავლეთიდან მსუყედ დაფინანსებული არასამთავრობოები უკიდურესად შეშფოთდნენ რუსეთის “რბილი ძალის” გააქტიურებისა და “რუსული პროპაგანდის” გაძლიერების გამო.

წერენ და წერენ “დანოსებს”, რომელთა შინაარსი ორღობის ჭორაობას უფრო წააგავს, ვიდრე “კვლევებს”, რომლის პრეტენზიითაც აღნუსხავენ, ვინ ვისთან მეგობრობს, ვის უფრო ძალიან არ უყვარს დასავლეთი და ვინ უფრო შორს მიდის რუსეთის სიყვარულში. მართალია, ამ სუბიექტური დამოკიდებულებების გაზომვის რაიმე სარწმუნო შკალა ბუნებაში არ არსებობს, მაგრამ მთავარი ხომ ეს არ არის! მთავარია გაგება და გაგებულის წაღმა-უკუღმა გადაწერა. ორი უცნობი (გვარ-სახელი კი ცნობილია, მაგრამ საზოგადოებას არაფერს ეუბნება) ავტორის მიერ შედგენილი “კვლევა” ტირაჟირდება ქართულ-რუსულ-ინგლისურ ენებზე ისე, რომ სათაურის შეცვლაზეც იშვიათად იწუხებენ თავს. არადა, ჯერ არ დამდგარა მაიმუნის წელი…

ივნისში ვერეს ხეობაში დატრიალებულმა უბედურებამ ნათლად აჩვენა, რომ ქვეყანაში საგანგებო ვითარებისთვის მზადყოფნა არ არის. არ არსებობს სამსახური, რომელიც ოპერატიულად და წინმსწრებად მიიღებს ზომებს. როგორც ყოველთვის, ტრაგედიის დატრიალების შემდეგ, საზოგადოების სოლიდარობის და ურთიერთთანდგომის ხილვამ გული აგვიჩუყა. ექვსი თვე გავიდა, გარდაცვლილები დავიტირეთ, გადარჩენილებს კომპენსაცია მთავრობამ მისცა, მათ შორის, იმათაც, ვინც “რუსთავი 2”-ის ეთერში საწინააღმდეგოს ამტკიცებდა, მაგრამ არც წინასწარი შეტყობინების სისტემა შეუქმნია ვინმეს და არც სხვა სისტემური მიდგომები გამოუმუშავებია. ალბათ, მაიმუნის წელს ელიან!

ზაფხულში ნატოს საწვრთნელი ბაზა გაიხსნა, რასაც “ნატოენთუზიასტები” აღტაცებით შეხვდნენ, რადგან ამას ნატოში გაწევრების წინაპირობად მიიჩნევდნენ. ორიოდე თვით ადრე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ახლა ისევეა მზად ნატოს წევრობისთვის, როგორც ზოგიერთი წევრი იყო მაშინ, როცა ალიანსში მიიწვიეს და ვარშავის 2016 წლის სამიტის დროს ნატომ ან წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) უნდა მისცეს ქვეყანას, ან განაცხადოს, რომ MAP-ი აღარ არის წევრობის წინაპირობა. კიდევ ორიოდე თვის შემდეგ კი გასაგებად გვითხრეს, რომ MAP-ი სწორედაც წევრობის წინაპირობაა და მის გარეშე არავინ მიგვიღებს. სამაგიეროდ, მიიღებენ ჩერნოგორიას (მედასავლეთეებს სახელწოდება მონტე ნეგრო უფრო მოსწონთ), რომლის მოსახლეობის მხოლოდ ერთ მესამედს უნდა ნატოში გაწევრება. მაშ, დემოკრატია? _ იკითხავთ თქვენ. რა დროს დემოკრატიაა _ მაიმუნის წელი დგება!

ვიზალიბერალიზაციის საკითხმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ეგზისტენციალური ხასიათი შეიძინა და ევროკომისიის დადებით დასკვნას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. მილოცვებში იღვრებიან ძველი და ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები. ეს არც არის გასაკვირი _ მათთვის ვიზალიბერალიზაცია შემდგარი ფაქტია, ამას დანარჩენ მოსახლეობაზე ვერ იტყვი. მაშ ასე, რას გვაძლევს ევროკომისიის დადებითი დასკვნა? _ შესაძლებლობას, საქართველოში შენგენის ვიზის წინასწარ გაფორმების გარეშე გაემგზავრო ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში. რა პირობებით? აუცილებელია ბიომეტრიული პასპორტი, რომელიც მოსახლეობის ერთი ნაწილისთვის მიუღებელია. საზღვარზე იმიგრაციული სამსახურის მუშაკს შეუძლია მოითხოვოს ყველა ის საბუთი, რომლებსაც ვიზის გასაფორმებლად ევროკავშირის წევრი ქვეყნის საკონსულო ითხოვდა: მიწვევა ნათესავის ან ნაცნობისგან (ამ მოთხოვნის გამო რუსეთის საკონსულოს მუდმივად აკრიტიკებდნენ) მისამართებითა და ტელეფონებით, სასტუმროს ჯავშანი, ნაღდი ვალუტა და თანხა საკრედიტო ბარათზე, სამედიცინო დაზღვევა და, რაც მთავარია, უნარი, დაარწმუნო მოხელე, თუ რა მიზნით შედიხარ ევროკავშირის ტერიტორიაზე. თუ ვერ დაარწმუნებ, მას სრული უფლება აქვს, უკან გამოგაბრუნოს. ერთი სიტყვით, საკონსულოში შესაძლო უარის მიღება საზღვარზე უარის მიღებით იცვლება. ამას გარდა, გულზე ხელი დაიდეთ და თქვით: რამდენს გაქვთ იმის საშუალება, რომ ევროკავშირში ფულის დასახარჯად იაროთ, რადგან ეს ვიზალიბერალიზაცია იქ არც მუშაობის და არც სწავლის უფლებას არ იძლევა?

ზაფხულში ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ საიტზე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს შეუერთდა. ეს ინფორმაცია მალევე გაქრა, რადგან ქართულმა მხარემ მხოლოდ სევასტოპოლიდან და ყირიმიდან შემოტანილ საქონელზე ადრე დაწესებული სანქციები დაადასტურა. ორი თვით ადრე პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აუცილებელია მეზობელი ქვეყნების მიმართ მისი პოლიტიკური ქმედებების მიუღებლობის დემონსტრირებისთვის. ერთი წლით ადრე თვით მაია ფანჯიკიძე, იმჟამად საგარეო საქმეთა მინისტრი, აცხადებდა, რომ დასავლეთის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უკრაინული კრიზისიდან გამოსვლას ხელს ვერ შეუწყობს. არადა, მაშინ მაიმუნის წელი არ ყოფილა! უბრალოდ, მინისტრის პორტფელის დაკარგვის შემდეგ საღი აზრი იმ პორტფელში რჩება, ხოლო ნამინისტრალები “დასავლური კურსიდან გადახვევას” ერჩიან ყოფილ კოლეგებს.

სავაჭრო-ეკონომიკურ ჭრილს მივუბრუნდეთ. ბოლო მონაცემებით, რუსეთი რიგით მეოთხე პარტნიორია თურქეთის, აზერბაიჯანისა და ჩინეთის შემდეგ. ორი წლით ადრე რუსეთი მეექვსე ადგილს იკავებდა. 2014 წელს ქართული ექსპორტი რუსეთში 44 პროცენტით გაიზარდა და 275 მილიონი დოლარი შეადგინა. 2012-2014 წლებში ექსპორტი ექვსჯერ გაიზარდა. ყველაზე მეტად ეს ნატურალურ ღვინოებს შეეხო. თუ მინერალური წყლების ექსპორტი 4 მილიონ დოლარს შეადგენდა, ღვინისა 113 მილიონ დოლარზე ავიდა.

“ნაციონალების” მომხრე ექსპერტთა საყვარელი არგუმენტი ასეთია: “ღვინოსა და მანდარინზე ყიდით საქართველოს ისტორიულ არჩევანს”? ამ “ისტორიულ არჩევანს” კიდევ მივუბრუნდებით, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტის კონტრარგუმენტი თურქეთის მისამართით ნათლად ასახავს მოცემულ პარადიგმას: “თუ თურქეთს ჰგონია, რომ ჩამოგდებული თვითმფრინავის საპასუხოდ პომიდორს დავჯერდებით, მწარედ ცდება”. საუბარია რუსეთის მიერ თურქეთისთვის დაწესებულ სანქციებზე, რომლის გამოც, ექსპერტების გათვლით, თურქეთი წელიწადში 11 მილიარდ დოლარს იზარალებს. ერთი სიტყვით, ამ დაპატარავებულ სამყაროში ყველაფერი ერთმანეთზეა მიბმული. არ იციან ეს “ნაციონალების” მომხრე ექსპერტებმა? იციან, ცხადია, მაგრამ რუსეთ-თურქეთს შორის გამწვავებულ ვითარებაში თურქეთის ერთმნიშვნელოვან მხარდაჭერას მოითხოვენ ხელისუფლებისგან. მართალია, ისე ომახიანად ვეღარ, რადგან თვით უფროსმა პარტნიორმა არ გამოიდო მაინცდამაინც თავი, მაგრამ – მაინც. ერთგულების დემონსტრირება არასოდეს არის ზედმეტი.

არადა, მაიმუნის წელი ჯერ არ დამდგარა…

ნოემბრის ბოლოს პარლამენტის თავმჯდომარემ მრავალპარტიული არჩევნების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი დიდი მიღება გამართა. 1990 წლიდან მოყოლებული დღემდე, ყველა ცოცხალი დეპუტატი დაპატიჟა და სცადა, ერთგვარი ეროვნული თანხმობის დემონსტრირება. პოლიტიკური განსხვავებების გარდა, ამ მიღებამ კიდევ ერთი, ფუნდამენტური წინააღმდეგობა წარმოაჩინა. დარბაზი ორ ნაწილად გაიყო: საკუთარი ხალხივით უქონელი დეპუტატები და კმაყოფილები, რომელთა გამომეტყველებას სრულიად აპოლიტიკური გურამ დოჩანაშვილი სიტყვა “გავძეხით” ახასიათებდა.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი შვიდივე პარლამენტის ამსახველი მოკლე ვიდეოკლიპით წარმოჩინდა. “ვარდების რევოლუციიდან” 12 წლისთავზე ამ კლიპში სააკაშვილის მიერ პარლამენტის ძლევამოსილი აღება და შევარდნაძის ჩაის დალევა ვერ მოხვდა. 1999 წლიდან ისე ნარნარად გადავინაცვლეთ 2004-ში, თითქოს “რევოლუცია” არც მომხდარიყო. რატომ? მარტივი მიზეზით: საკონსტიტუციო სივრციდან გასულმა სააკაშვილმა 2003 წლის 2 ნოემბერს არჩეული მაჟორიტარები 2004 წელს არჩეული “პროპორციულ” დეპუტატებთან დააწყვილა და მანამდე არნახული კონფიგურაცია შექმნა. არ გაიკვირვოთ, იმხანად სწორედაც მაიმუნის წელი იდგა.

რუსეთს სანქციებით ვერაფერს რომ ვერ დააკლებდნენ, ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტში განაცხადა: “ეს არის ქვეყანა, სადაც ხალხი ჭამდა ვირთხებს და კატებს 900 დღე, ლენინგრადის ბლოკადის დროს”. მან აუდიტორიას შეახსენა, რომ ერთი წლის წინათ ყველა ენთუზიაზმით უყურებდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, რომ ეს შეზღუდვები ქვეყანაში გამოიწვევდა ეკონომიკის ვარდნას და ხალხი გავიდოდა გარეთ და რუსეთის მმართველობა გამოფხიზლდებოდა, თუმცა თინა ხიდაშელის თქმით, კრიზისი იყო მეორე მსოფლიო ომის დროსაც, მაგრამ ისინი გადარჩნენ და გაიმარჯვეს. “სწორედ ამ ქვეყანასთან გვაქვს ჩვენ საქმე. ცნება სიდუხჭირისა და ბედნიერების, რაც აქ ამერიკაში გვაქვს, ან საფრანგეთში, ან იტალიაში, არის სრულიად შეუსაბამო და სწორედ ეს არის შეცდომა, რომელსაც ყველა ვუშვებთ”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კარგა ხნის შემდეგ ამ განცხადების გამო აღშფოთება რუსეთშიც გამოითქვა და საქართველოშიც, მაგრამ ხიდაშელის პოზიცია გამოფხიზლებას უფრო ნიშნავს, ვიდრე შეურაცხყოფას. რაც შეეხება ვირთხებისა და კატების ჭამას, დასავლეთში ამას შეურაცხყოფად არავინ აღიქვამს, რადგან ევროპის ისტორიაში ამ გზით გადარჩენის არაერთი შემთხვევა ახსოვთ. ხიდაშელის განცხადებაში ფასეული სწორედ ის იყო, რომ რუსეთს ანანასისა თუ ფრანგული ყველის შეტანის აკრძალვა ვერ დააჩოქებს და ამაში მაინც დაუჯერეთ ხიდაშელს.

დაუჯერეთ, თორემ ვინც იმ მთავარსარდალს დაუჯერა, რომელიც გაიძახოდა, “რუსეთს დაჟანგული ტანკები ჰყავსო”, იმის დაჯერება მოგიწევთ და შერცხვებით. კასპიის აკვატორიიდან გაშვებულმა რუსულმა რაკეტებმა ისე გადაუფრინეს ორ ქვეყანას და “ისლამური სახელმწიფოს” ობიექტები ისე ზუსტად გაანადგურეს, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ვაშინგტონის კრემლიდან სულ ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები გაისმოდა. არადა, ჯერ არ დამდგარა მაიმუნის წელი!

“რუსეთთან ლაპარაკი არ შეიძლება” _ ამ “ნაციონალური” თეზის საწინააღმდეგოდ, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები სულ უფრო ხშირად მართავენ კონსულტაციებს მოსკოვთან და, როგორც ადრე ვწერდი, იძულებით აქტიურდებიან სირიაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი რუსეთის უპირობო გამარჯვებას უნდა შეეგუონ საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ, ამას კი დასავლეთში არც ერთი ჭკუათმყოფელი არ დათანხმდება. მართლა მაიმუნის წელიწადი კი არ უდგათ!

წლის ბოლოს შევარდნაძის მიერ ოცი წლის წინათ ანონსირებული “აბრეშუმის გზის” პირველი სარკინიგზო შემადგენლობა შემოვიდა საქართველოში. ამან დიდი ენთუზიაზმი გამოიწვია ხელისუფლებაში, თუმცა ოპონენტები მიუთითებენ, რომ ეს პროექტი საქართველოს პორტებს მილიონობით შემოსავალს დააკარგვინებს. ცოტა უფრო ღრმად თუ ჩავიხედავთ საქმეში, ზარალს, მაგალითად, ყაზახი ინვესტორები ნახავენ, რომლებსაც ბათუმის პორტი 49-წლიანი იჯარით აქვთ აღებული. სამაგიეროდ, “აბრეშუმის გზით” მოიგებს ნურსულთან ნაზარბაევი, რომელმაც შარშან ჩინეთის საზღვარზე, ხორგოსში ჰაბი შექმნა და აქტაუს პორტის მოდერნიზაცია მოახდინა. მისმა ტვირთბრუნვამ 14 მილიარდი ტონა შეადგინა, რაც კასპიის რუსული პორტების ჯამურ ტვირთბრუნვას ორჯერ აჭარბებს. ყაზახეთმა ასევე განავითარა რკინიგზა და, კონკურენციის ამაღლების მიუხედავად, მჭიდროდ თანამშრომლობს რუსეთთან.

რუსეთის პრეზიდენტმა დეკემბრის დასაწყისში პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მზად არის, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გასაუქმებლად. მართალია, ეს ევროკომისიის დადებით დასკვნამდე ითქვა, მაგრამ ურაპატრიოტებმა იმის ნიშნად აღიქვეს, რომ პუტინი იძულებული შეიქნა, საპასუხო ზომისთვის მიემართა. მაიმუნის წელია ნამდვილად! უკვე თვეებია, ამის შესახებ აბაშიძე და კარასინი ლაპარაკობენ, მაგრამ ვისთვისაც მზე დასავლეთიდან ამოდის, მათ შესაძლო ვიზალიბერალიზაცია ურჩევნიათ რუსეთთან უვიზო რეჟიმს. ახლა იმ ქართველებს ჰკითხეთ, რომლებიც ფიზიკურად რუსეთიდან ოჯახის წევრების მიერ გადმოგზავნილი თანხებით ირჩენენ თავს და არა შემწეობით, რომელსაც ჩვენში რატომღაც პენსიას უწოდებენ! ამბობენ, მაიმუნის წელს პენსია გაიზრდებაო, მაგრამ წინა მთავრობა ამასაც მაიმუნობას უწოდებს!

ამასობაში ოდესის ოლქის ადმინისტრაციის უფროსს (“ნაციონალები” ჯიუტად რომ გუბერნატორს უწოდებენ) შინაგან საქმეთა მინისტრი ისევე ამაიმუნებს, როგორც ოცი წლის წინათ ჩვენი პარლამენტარები – ერთმანეთს და წყლით სავსე ჭიქას ესვრის. ამას ტიპური კავკასიური გარჩევა მოჰყვება – ვინ უფრო უკრაინელია – ავაქოვი თუ სააკაშვილი. “კორუფციასთან მებრძოლ” ეკა ზღულაძეს (აქაც და იქაც შს მინისტრის მოადგილეს) ბორისპოლის აეროპორტში 4 მილიონი დოლარით აკავებენ. ზღულაძის განმარტებით, მას ეს თანხა საფრანგეთში მშობიარობისთვის მოუგროვებია! ასე ძვირი მშობიარობა თვით “ქალაქის სიამაყეს” _ გიგი უგულავას არ დაჯდომია ევროპაში, როცა, ცოლის გარდა, ახლობელ-მეგობრების ამალა ჩაიყვანა და ყველაზე ფეშენებელურ აპარტამენტებში აცხოვრა. არადა, არც მაშინ იყო მაიმუნის წელი და არც მერე, როცა პარლამენტარები _ ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს მილიონებით სავსე ჩანთით ბაქოს აეროპორტში.

სააკაშვილის გზას ახლა ალეკო ელისაშვილი აგრძელებს. როგორც ოპოზიციაში მყოფი მინისტრი აფრიალებდა მთავრობის სხდომაზე “კორუმპირებული მინისტრების სასახლეების ფოტოებს”, ისე ახლა ელისაშვილი უეცრად იხსენებს, რომ წელიწად-ნახევრის წინათ მასზე, როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარეზე, ზემოქმედებდნენ. პრუკურატურისკენ მიმავალ ელისაშვილს სხვადასხვა რაკურსში აჩვენებს “რუსთავი 2”, რომლის ეთერში მანამდე მის მიერვე მარგინალებად გამოცხადებული პერსონაჟები მომრავლდნენ. მათი რიტორიკა ერთი ერთში იმეორებს “ნაციონალებისას”, გინდ “გირჩა” დაარქვი და გინდ _ კაკალი! არადა, ჯერ არ დამდგარა მაიმუნის წელი!

“რუსთავი 2”-ის “პოლიტიკური ნიშნით დევნის” მოდელირებულ ქრონიკაზე ნუღარ შევჩერდებით, თორემ მისი რეალური მფლობელისა და აქეთ დარჩენილი “ნაციონალების” ფარული ჩანაწერების კიდევ ერთხელ გადაკითხვა მოგვიწევს. “სისხლიანი სცენარი” ვერ განხორციელდა, რაც, ალბათ, “არაკორუმპირებული” სააკაშვილის უსახსრობას უნდა დავაბრალოთ.

ბე-ბე-ბე-ბე-ბე! “ასე ჩემთან ჯერ არავის ულაპარაკია”! – ცხარობს ოდესის ოლქის ადმინისტრაციის უფროსი.

ჯერ სად ხართ, მაიმუნის წელი მოდის!

მაიმუნის გარდა, საპარლამენტო არჩევნების წელიც დგება. ჯერ პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში მოსვლის თემა გახმიანდა, შემდეგ კიევის ყოფილი მერი ჩერნოვეცკი გამოჩნდა, ახლახან კი “ქართული ოცნების” სახეებმა გვამცნეს, რომ წინასაარჩევნო პროცესში კვლავ ჩაერთვება ბიძინა ივანიშვილი. ამაზე მე კარგა ხნის წინათ ვწერდი, მაგრამ მაშინ ყველა უარყოფდა მსგავს სცენარს. რა ქნას იმ პატიოსანმა კაცმა, თუკი მის გარეშე მაინც არაფერი გამოვიდა?! სავარაუდოდ, “ოცნების” შემადგენლობა (უფრო _ საპარლამენტო სია) სერიოზულად გადახალისდება და ეს როტაცია სწორედ მაიმუნის წელს მოხდება.

ამას ოთხი წლის წინაც ვამბობდი, მაგრამ სიმართლისთვის თვალის გასწორება, როგორც ჩანს, მხოლოდ მაიმუნის წელს მოხერხდება, არადა, საქართველოში, უკვე 25 წელია, სულ მაიმუნის წელიწადი დგას!

ახალი თაობა“, 23 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ თენგიზ დიხამინჯიასთან: „ირაკლი დოკვაძე გარეთ უნდა იყოს”

ქსნის კოლონიაში პატიმარი ირაკლი დოკვაძე შიმშილობს მისი საქმის გადასინჯვის მოთხოვნით. დოკვაძის მდგომარეობა კრიტიკულია. ამ ფაქტთან დაკავშირებით  „რეპორტიორის“ პრეს-კლუბში ყოფილმა სახალხო დამცველმა ნანა დევდარიანმა და საკონსტიტუციო კონგრესის წარმომადგენელმა თენგიზ დიხამინჯიამ პრეს-კონფერენცია გამართეს.

ნანა დევდარიანის განცხადებით, ირაკლი დოკვაძე სასჯელს იხდის იმ დანაშაულისთვის, რაც მას არ ჩაუდენია. ყოფილმა სახალხო დამცველმა ირაკლი დოკვაძის საქმეში დაზარალებულის აზრი გაახმოვანა, რომ ირაკლი დოკვაძე საერთოდ შემხებლობაში არ არის მომხდარ დანაშაულთან: „დაზარალებული, ვისი სიცოცხლის მოსპობის გამოც სასჯელს იხდის ირაკლი დოკვაძე, აცხადებს, რომ ირაკლი დოკვაძე შეხებაში არ არის ამ საქმესთან, რაც საქმის ხელახალი გამოძიების საფუძველია“.

ნანა დევდარიანი მოუწოდებს სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს, აწარმოოს დიალოგი პარლამენტის უმრავლესობასთან და უმცირესობასთან, რათა შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი მოიძებნოს. „დოკვაძის საქმე ლაკმუსის ქაღალდია დღევანდელი ხელისუფლებისთვის. ხელისუფლებას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა იმაზე, რაც შეიძლება მოხდეს. პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა. დოკვაძის საქმე არის დეტონატორი იმისა, რომ პროცესები ბოლომდე მივიდეს“, – აცხადებს ნანა დევდარიანი.

თენგიზ დიხამინჯია კი ამბობს, თუნდაც დოკვაძეს დანაშაული რომ ჰქონდეს ჩადენილი, იმის გამო, რომ ის რეაბილიტირებულია და 23 წელი უკანონოდ, უსამართლოდ იჯდა ციხეში, ახლანდელი სასჯელი ეთვლება მოხდილად.

- მართლმსაჯულებამ უნდა დაადგინოს, 23 წელს რომ დაემატოს 6 წელი და 8 თვე, იმდენია, რომ დოკვაძე უკვე გარეთ უნდა იყოს, – აღნიშნავს თენგიზ დიხამინჯია.

- ხელისუფლებას რა უშლის ხელს, რატომ არ იღებს გადაწყვეტილებას, უკანონოდ დაპატიმრებულთა საქმეების გადასინჯვის ან ხელახალი გამოძიების თაობაზე?

- დღევანდელი ხელისუფლება სააკაშვილ-ადეიშვილის სისტემის მძევალია. მძევალს კი თავისუფალი ნება, თავისუფალი ცნობიერება არ გააჩნია, სხვადასხვა ბნელი ძალების მიერ იმართება, ქვევრშია მოქცეული და იქიდან ვერ ამოდის. ამიტომ ჩვენ ეს ადამიანები უნდა ვაიძულოთ, სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღონ.

- რა მდგომარეობაშია ირაკლი დოკვაძე?

- მისი მდგომარეობა საგანგაშოა. ითხოვს შეხვედრას სხვადასხვა თანამდებობის პირებთან.

- არავის მოუნახულებია?

- ჯერ არა. ირაკლი დოკვაძეს იმედი აქვს, რომ პარლამენტიდან გამოეხმაურებიან. ეკა ბესელიადან დაიწყება გამოხმაურება. მე ვარ ერთადერთი მეკავშირე. ორჯერ გამოვედი ამ თემაზე.

- ირაკლი დოკვაძეს რისი იმედი აქვს?

- იგი უდანაშაულოა. ირაკლი დოკვაძის საქმეში დაზარალებულმა ქალბატონმა ელზა გულიაშვილმა დოკვაძის დედას პირდაპირ განუცხადა, რომ ირაკლი დოკვაძე ამ საქმეში არ არის დამნაშავე. ამ ადამიანმა აღიარა, რომ ირაკლი დოკვაძე უდანაშაულოა და პროკურატურას სულ სხვა ვექტორი უნდა ჰქონდეს ძიების დროს. საუბედუროდ, დღევანდელი პროკურატურა და სასამართლო ამას არ ითვალისწინებს. პროკურორები, რომლებიც მონაწილეობდნენ ამგვარი საქმეების ძიებაში, გადანაწილებული არიან სხვადასხვა სამართალდამცავ სტრუქტურებში, მათ ხელს აფარებენ და მიზანდასახულად ხდება საქმის მიფუჩეჩება.

- წინა ხელისუფლებისდროინდელ პროკურორებს რატომ უნდა აფარებდნენ ხელს?

- უკანონოდ დაპატიმრებულთა საქმეების პროკურორებს ხელს აფარებენ, რადგან კოაბიტაციაა. დღეს ისეთი სიტუაციაა, ასეთი პროკურორები და მოსამართლეები აქეთ გვიტევენ. არანაირი ანალიზი არ ხდება და, მაგალითად, ტელევარსკვლავად გვევლინება მოსამართლე მურუსიძე, რომელიც გირგვლიანის და სხვა მსგავსი საქმეების მოსამართლეა.

- ლევან მურუსიძე ამბობს, რომ მის წინააღმდეგ პირი შეკრეს ხელისუფლებამ, ოპოზიციამ და არასამთავრობოებმა...

- ახლა დაჩაგრულად გვაჩვენებს თავს, გამაოგნებელია.

ახალი თაობა“, 23 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: პაატა ბურჭულაძეს პარლამენტი გარანტირებული აქვსდღეს ძალაუფლება ქუჩაში აგდიაოპოზიცია კიდევ უფრო სავალალო დღეშია, ვიდრე ქართული ოცნება

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ენდიაის კვლევების მიხედვით, მთავარი ტენდენცია ამომრჩევლის ნიჰილისტური განწყობებია. „ამომრჩევლის 60% თვითიდენტიფიცირებას არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან არ ახდენს. ეს მაღალი რისკის შემცველ ვითარებას ქმნის“, – ამბობს გია ხუხაშვილი..

- კონკრეტულად?

- ასეთ ვითარებაში, როდესაც ხალხი, ამომრჩევლის უმრავლესობა უარს აცხადებს არსებულ პოლიტიკურ ელიტასთან თანამშრომლობაზე, მაშინ მაღალი პოლიტიკური რისკების წინაშე დგება ქვეყანა. ვინც არ უნდა მოვიდეს ამ ვითარებაში ხელისუფლების სათავეში, მისი ლეგიტიმაცია საზოგადოების მხრიდან ყველა შემთხვევაში ეჭვქვეშ დადგება. ეს არასტაბილური ვითარება კი გარკვეულწილად მოვლენების რევოლუციურად განვითარების საფრთხეს ქმნის, რაც არაერთხელ გვინახავს ამ ქვეყანაში.

- რომელიმე მოქმედი პოლიტიკური ძალა თუ იწვევს ამომრჩევლის სიმპათიებს?

- მთავარი, ფუნდამენტური პრობლემა მგონია ის, რომ მთლიანად პოლიტიკური ელიტა გაკოტრებულია. მათი ჯამური ლეგიტიმაცია სუსტია და ამ ფონზე გამიჭირდება სიმპათიებზე საუბარი. დღეს ძალაუფლება ქუჩაში აგდია. თუნდაც იმედგაცრუებული იყოს საზოგადოება ხელისუფლების მიმართ, პოლიტიკურ სტაბილურობას მაინც განაპირობებს ის, რომ ადამიანები სხვა არჩევანს ეძებენ და იქ პოულობენ შვებას, მომავლის იმედს, მაგრამ დღეს ასეთი არჩევანი არ ჩანს და სწორედ ეს იწვევს იმედგაცრუებას.

- ეს კვლევები იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ბევრ საარჩევნო ოლქში მეორე ტური დაინიშნება?

- 50%-იან ბარიერს თუ გავითვალისწინებთ, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას გაუჭირდება იმ გეგმის აღსრულება, რასაც ის ფიქრობდა და რატომაც დატოვა მაჟორიტარული არჩევნები და არ გადავიდა საერთო პროპორციულ არჩევნებზე. მაჟორიტარული ოლქების ხარჯზე აქვს ხელისუფლებას გადაწყვეტილი კვალიფიციური უმრავლესობის მოპოვება პარლამენტში.

- რამდენად შეძლებს?

- ბარიერის პირობებში სერიოზული პრობლემები გაუჩნდება, რადგან საარჩევნო ოლქის მოსაგებად საჭიროა 50 პლუს ერთი ხმა. მიუხედავად ამისა, მაინც გამიჭირდება იმის თქმა, რამდენ ოლქში შეიძლება მეორე ტური გახდეს საჭირო, რადგან ოპოზიცია კიდევ უფრო სავალალო დღეშია, ვიდრე ხელისუფლება, `ქართული ოცნება~. ამ პირობებში რთული სათქმელია, რომ ხელისუფლებას რეალურად შეექმნას პრობლემა. უბრალოდ, არ ჩანს ოპოზიციური ძალა, რომელიც ხელისუფლებას რეალურ პრობლემას შეუქმნის. დღეს ხელისუფლების მთავარი ოპონენტი ოპოზიცია კი არ არის, მთლიანად საზოგადოებაა, ხალხი, რომელიც ფიქრობს, რომ მას ცუდი ხელისუფლება ჰყავს და უარესი ოპოზიცია.

- რა შეგიძლიათ გვითხრათ ახალი პოლიტიკური ძალების, მაგალითად, ჩერნოვეცკის, პაატა ბურჭულაძის შესახებ, რამდენად სერიოზული შეიძლება იყოს მათი განაცხადი?

- ჩერნოვეცკის სერიოზულად არ ვუყურებ. თუმცა, ამ უცნაური სიტუაციიდან გამომდინარე არ გამოვრიცხავ, რომ ის პარლამენტში აღმოჩნდეს, მაგრამ მას დაბალი პროცენტული მაჩვენებელი ექნება. რაც შეეხება პაატა ბურჭულაძეს, თუ ის გადაწყვეტს დიდ პოლიტიკაში შემოსვლას, მაშინ მას პარლამენტში შესვლა გარანტირებული ექნება.

- რატომ?

- პარლამენტში მოხვედრა ბურჭულაძეს უკვე დღეს აქვს გარანტირებული. რამდენად შეუძლია მარტო ამ შედეგის მიღწევა, ეს უკვე გამოჩნდება მას შემდეგ, რაც ის, თუ შეიძლება ასე ითქვას, პოლიტიკურ განსაწმენდელს გაივლის.

- რას გულისხმობთ?

- რამდენად გაუძლებს იმ დაწოლას, იმ დარტყმებს, რომლებიც მასზე აუცილებლად განხორციელდება. რამდენად შეძლებს გამოავლინოს პოლიტიკოსისთვის საჭირო თვისებები, რამდენად აღმოაჩნდება რკინის ნერვები. ეს ჯერ ჩვენთვის უცნობია, თუმცა, თეორიულად ყველაზე დიდი შანსი სწორედ პაატა ბურჭულაძეს აქვს, რომ ეს 60% შეისრუტოს.

- გამორიცხავთ, მოვლენები ისე განვითარდეს არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, რომ კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება გახდეს საჭირო?

- 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები არის პირველი არჩევნები, რომელიც რეჟიმის პირობებში არ ჩატარდება. რაც შეეხება კოალიციური მთავრობის დაკომპლექტებას, დღევანდელი გადმოსახედიდან ამის მიღწევა რთულია, მაგრამ სასურველია, რომ მოვლენები ასე განვითარდეს. ეს იქნებოდა დემოკრატიული განვითარებისთვის ყველაზე ხელსაყრელი მომენტი. სასურველია, რომ ჩვენ მივიღოთ არა საარჩევნო კოალიცია, რაც უკვე გვაქვს, არამედ არჩევნების შემდეგ დაკომპლექტებული კოალიციური მთავრობა. ეს იქნებოდა ქვეყნისთვის ერთ-ერთი საუკეთესო სცენარი.

ახალი თაობა“, 23 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ მიხეილ მაჭავარიანთან: „ქართული ოცნება შეიძლება ყოველ წამს აფეთქდეს… ბიძინა ივანიშვილი რომ არ ჰყავდეთ, მეოცნებეები ერთმანეთს დიდი ხნის წინ დაჭამდნენ

ითანამშრომლებენ თუ არა ალასანიასა და ჩერნოვეცკის პარტიასთან, როგორ შეარჩევენ საარჩევნო სიის პირველ ნომერს, რა სახის უთანხმოება იყო პარტიაში და ვინ აკავებს მეოცნებეებს? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი ესაუბრება.

- მრავალი განმარტების მიუხედავად, მაინც მიდის იმის მტკიცება, რომ ნაცმოძრაობაში დაპირისპირებაა. ქართული ოცნების წევრების ვარაუდით, მალე ერთმანეთს დაჭამთ და რა ხდება სინამდვილეში თქვენს პარტიაში?

- ერთმანეთის დაჭმას რაც შეეხება, ეს ამბავი „ქართულმა~ ოცნებამ“ თავისკენ უნდა მოიკითხოს. ისე დაერივნენ ერთმანეთს, რომ ქარელში რამდენიმე დღის წინ ერთმა მეოცნებემ მეორეს ყურიც კი მოაჭამა. ახალი წელი მოდის და მუჟუჟის თემა აქტუალურია, მთავარია, ერთმანეთი არ მიახალადეცონ მეოცნებეებმა.

- მათი წამუჟუჟება იქით იყოს და ის გვითხარით, თქვენთან რა ხდება?

- რაც შეეხება ჩვენს რიგებში არსებულ ვითარებას, „ახალ თაობასთან“ დიდი ხნის ნაცნობობა მაკავშირებს და რაღაცების დამალვას არ ვაპირებ. ჩვენთან მართლაც იყო რაღაც გაუგებრობები. მიმაჩნია, რომ პრობლემებზე ადამიანმა ღიად უნდა ისაუბროს და მეც ღიად ვსაუბრობ.

- როდის და რასთან დაკავშირებით ჰქონდა ადგილი გაუგებრობას?

- პარტიის აღმასრულებელი მდივანი ზურაბ ჯაფარიძე რამდენიმე თვის წინ თანამოაზრეებთან ერთად „გირჩებში“ წავიდა. მაშინ დღის წესრიგში დადგა ახალი მდივნის არჩევის საკითხი. სწორედ ამ დროს დაიძაბა სიტუაცია. სერგო რატიანმა სულ რაღაც ერთი ხმით მოუგო გიორგი ვაშაძეს. მაშინ შევთანხმდით, რომ ეს გაუგებრობები გვერდზე უნდა გადაგვედო და მომავალ გამარჯვებებზე გვეფიქრა. ყველა ჩვენგანი აცნობიერებს, რომ ახლა ერთიანობა აუცილებელია. ენდიაის კვლევებმა გამოაჩინა, რომ ჩვენს მომხრეებში რაღაც კითხვები გაჩნდა და მათზე აუცილებლად უნდა გავცეთ პასუხი.

- რა კითხვები გაუჩნდათ თქვენს მომხრეებს?

- სანამ მიშა სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე იყო, მას თავისუფლად შეეძლო, გამხდარიყო ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის პირველი ნომერი. ახლა ჩვენს მხარდამჭერებს აინტერესებთ, ვინ იქნება პარტიაში პირველი.

- იყო სააკაშვილის საარჩევნო სიის პირველ ნომრობაზე საუბარი?

- არა, ამაზე საუბარი არ ყოფილა და არც მიშას გამოუთქვამს ამის სურვილი. უბრალოდ. ეს იყო თეორიული ვარიანტი. ამასთან. ის მოქალაქეობის წართმევამდე იყო პარტიის თავმჯდომარე. მას „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან სამარცხვინოდ ჩამოართვა მოქალაქეობა. ბოლო ერთი წელია, რაც ყველა გადაწყვეტილებას კოლექტიურად ვიღებთ. ამ გადაწყვეტილებებში მიშაც მონაწილეობდა.

- გადამწყვეტი სიტყვა მას ეკუთვნოდა, ალბათ.

- არა. ის გადაწყვეტილების მიღებაში, როგორც რიგითი წევრი, ისე მონაწილეობდა და არასდროს უთქვამს, მე ასე მინდა და “ვსიო“. ახლა ცოტა სხვანაირად იქნება საქმე და ჩვენს მხარდამჭერებს აინტერესებს, ახლა ვინ წაიყვანს ნაცმოძრაობას არჩევნებზე. უხეშად რომ გითხრათ, მხარდამჭერებს აინტერესებთ, ვინ იქნება ჩვენი პრემიერობის ან პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი. როდესაც ადამიანი გაძლევს ხმას, მან უნდა იცოდეს, კონკრეტულად ვის აძლევს ხმას და ვინ რისი გამკეთებელია.

- ამ მიმართულებით რაიმე თუ მონახაზი გაქვთ და მიიღებს თუ არა კანდიდატების შერჩევაში სააკაშვილი მონაწილეობას?

- მიშა სააკაშვილი ისევ ჩვენი ლიდერია და მასთან იქნება კონსულტაციები. პრემიერობისა და პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატს კი პრაიმერიზის გზით გამოვავლენთ. ეს პრაქტიკა ჩვენ საპრეზიდენტო არჩევნების წინ დავამკვიდრეთ. ახლაც იმავეს გავიმეორებთ, იმან ნამდვილად ვერ დაველოდებით, როგორ შეჭამენ `ქართული ოცნების~ წევრები ერთმანეთს. ისე, რომ იცოდეთ, ძალიან მძიმედ აქვთ ამათ საქმე. 3 დღის წინ ერთმა მეორეს ყური მოაჭამა, 21 დეკემბერს კი ეკა ბესელია და დათო უსუფაშვილი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე. თვალშისაცემი იყო ის ფაქტი, რომ კამათი უწყინარ თემაზე წარმოიშვა. უსუფაშვილმა განაცხადა, რომ უნდა შეწყდეს დეპუტატებზე ფიზიკური ანგარიშსწორება. მან მართლაც კარგი განცხადება გააკეთა, ეკა ბესელია რატომღაც ძალიან გამწარდა და სპიკერს დაუპირისპირდა.

- ნაციონალებს ვითომ გეწყინათ ეს ამბავი?

- რატომ უნდა გვწყენოდა, მაგრამ არც ჩვენი წახალისებულია ეს ამბავი, მაგათთან დიდი ამბები დატრიალდება. არის ასეთი ანდაზა, თვალი თვალის მტერია, შუაში ცხვირი რომ არ იყოსო. მაგათ ბიძინას იმედი რომ არ ჰქონდეთ, ერთმანეთს დაერეოდნენ.

- მოდით, ისევ ნაცმოძრაობას დავუბრუნდეთ, პრემიერობისა და სპიკერის კანდიდატს პრაიმერიზის გზით შევარჩევთო. გაამართლებს ეს მეთოდი?

- რატომ არ უნდა გაამართლოს. ეს დახურულობა არ ამართლებს, თორემ გახსნილობა ყოველთვის უკეთესია. კარგი იქნებოდა, საარჩევნო სიაც გახსნილი ყოფილიყო.

- გახსნილი საარჩევნო სია რას გულისხმობს?

- პარტია საარჩევნო სიას ან ალფაბეტის, ანდა შიდა რეიტინგების მიხედვით ადგენს. ამომრჩეველი როცა მივა არჩევნებზე და უნდა რომელიმე პარტიისთვის ხმის მიცემა, ნახავს ამ პარტიას და მარტო პარტიას კი არ მისცემს ხმას, არამედ ამ პარტიაში რომელიმე პიროვნებას, რომლის საარჩევნო ნომერი სიაში იქნება მითითებული. ეს შედეგები დაჯამდება და პარლამენტში ის კი არ მოხვდება, ვინც სიაში პირველ ადგილზე იყო, არამედ ის, ვინც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს. ასეთი მოდელი ლიტვაში მოქმედებს და კარგად მუშაობს. ცნობილი ამბავია, რომ ადამიანი სიაში 85-ე იყო ჩაწერილი და ათეულში გავიდა. ეს ძალიან კარგი სისტემაა. ამით ამომრჩეველი თავად წყვეტს, ვინ გავა მისთვის სასურველი პარტიიდან პარლამენტში.

- ეს მართლაც საინტერესო სისტემაა, მაგრამ საქართველოში ამოქმედდება?

- „ქართული ოცნება“ ამ სისტემას არ დაუშვებს. ნაციონალური მოძრაობა საარჩევნო დაპირებებში იტყვის, რომ ამ სისტემას დანერგავს. ეს იმიტომ უნდა გავაკეთოთ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უკანდასახევი გზა აღარ გვქონდეს.

- ხელისუფლებაში რომ მოდიან, მერე ავიწყდებათ ხოლმე დაპირებები. ქართულმა ოცნებამაც თქვა, მაჟორიტარულ სისტემას გავაუქმებთო, მაგრამ გადაიფიქრა...

- გადაიფიქრეს და ამაზე აუცილებლად მოუწევთ პასუხისმგებლობა. ჩვენ ისეთი რამე უნდა ვთქვათ, რომ მერე დანაპირები უკან აღარ წავიღოთ. ქართულ პოლიტიკას დღეს ძალიან სჭირდება გახსნილობა. პოლიტიკაში სულ ერთი და იგივე სახეები ვტრიალებთ.

- მართლაც რომ ერთი და იგივე სახეები ტრიალებთ...

- მერე? დროა, ქართულ პოლიტიკაში ახალმა სიომ დაჰბეროს. ამას პარტიის ოფისში ვერ გადაწყვეტ. ეს ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს, ამომრჩეველმა უნდა დააკომპლექტოს ამა თუ იმ პარტიის საარჩევნო სია. ჩვენ ამ წესის დამკვიდრების ვალდებულებას ავიღებთ და მას რეალობადაც ვაქცევთ. „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ცვლილებებით საარჩევნო კოდექსი არის აჯღა-ბუჯღა. 20 წელია, პოლიტიკაში ვარ და ვერაფრით ამიხსნია, როგორ შეიძლება, ერთი კაცი იყოს მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონისა და ამბროლაურის მაჟორიტარი. ამ რაიონების ტერიტორია აჭარის რეგიონს, სულ მცირე, ორჯერ აღემატება. ვერაფრით ამიხსნია, რანაირად უნდა მიიღოს ამომრჩეველი, ან რა პრინციპით უნდა მოხდეს მისი არჩევა. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ თავის მიერ მიღებული აჯღაბუჯღა ცვლილებების შეცვლას აპირებენ. ცვლილებების განხილვას თებერვლიდან იწყებენ და 2020 წლის არჩევნების ჩატარებას პროპორციული სიებით აპირებენ. შე დალოცვილო, თუ მიგაჩნია, რომ მაჟორიტარული სისტემა გასაუქმებელია, ახლავე გააუქმე.

- ამის მოსწრება მოკლე ვადებში შესაძლებელია?

- ჩვენ სულ ფეხების ბაკუნით გვთხოვდნენ სასწრაფო გადაწყვეტილებების მიღებას. არჩევნებამდე 2-3 თვით ადრე ითხოვდნენ, ბიომეტრიული სიებით ჩაატარეთო. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში არიან, ორი არჩევნები ჩაატარეს, მაგრამ ბიომეტრიულ სიებზე არავის უფიქრია.

- მოდით, პრაიმერიზის თემას დავუბრუნდეთ. ამას პარტიაში ახალი უთანხმოება არ მოჰყვება? თავად თქვით, აღმასრულებელი მდივნის არჩევას გაუგებრობები მოჰყვაო...

- უთანხმოება აუცილებლად იქნება, მაგრამ ეს არ არის ცუდი ამბავი. ჯობია, ორთქლი თავიდანვე იქნეს გამოშვებული, ვიდრე დარჩეს და მერე მოულოდნელად აფეთქდეს. ამ მოულოდნელმა აფეთქებამ მარტო პარტია კი არა, შესაძლოა, სახელმწიფო დააზიანოს. „ქართულ ოცნებაში“ ახლა ბევრი ორთქლია დაგროვილი და ის ყოველ წამს შეიძლება აფეთქდეს. დაგროვილი ორთქლის შედეგი იყო, რაც ირაკლი ალასანიას დამართეს. იმის გამო, რომ ეს კაცი არ მოსწონდათ, კინაღამ მთელი თავდაცვის სისტემა ამოატრიალეს. რის გამო დაიჭირეს ხალხი კაბელების საქმეზე, დღემდე ვერ ხვდებიან.  „ნაციონალებისგან“ კარგად შექმნეს მტრის ხატი, მაგრამ ძალიან გაუჭირდათ, როცა საქმე იმ ოფიცრებს შეეხო, რომლებიც მთელი ცხოვრება საქართველოს სამსახურში არიან.

- რადგან ირაკლი ალასანია ახსენეთ, ბარემ გკითხავთ, მასთან თანამშრომლობას ხომ არ აპირებს ნაცმოძრაობა. ექსპერტების ნაწილი წინასწარმეტყველებს, რომ თქვენი გზები აუცილებლად გადაიკვეთება...

- ჩვენ გლობალურ თანამშრომლობაზე ჩამოყალიბებული არ ვართ, მაგრამ არის სტრატეგიული საკითხები, სადაც გადაკვეთა ხდება. არის საკითხები, რომლებზეც განსხვავებული ხედვა გვაქვს, მაგრამ არის ერთი მომენტი – ჩვენც და ალასანიას პარტიაც პროდასავლურ ძალას წარმოვადგენთ.

- პროდასავლურები რომ ხართ, არ გაერთიანდებით?

- ამაზე საუბარი არ არის. ახლა ჩვენს და თავისუფალ დემოკრატებსაც სხვა საკითხები გვაქვს მოსაგვარებელი. ნაციონალურ მოძრაობასაც და თავისუფალ დემოკრატებსაც ხალხის ნდობა გვჭირდება.

- ზემოთ ქართულ პოლიტიკაში ახალი სიოს დაბერვის აუცილებლობაზე ისაუბრეთ და კიევის ყოფილი მერის მიერ დაფუძნებულ ახალ პარტიაზე რას იტყვით?

- ლეონიდ ჩერნოვეცკის ჯერ დიდი სერიოზულობით ვერ ვუყურებ, რადგან მის გუნდს ვერ ვხედავ. თავად ეს ადამიანი ძალიან საინტერესო პიროვნებაა. თავის დროზე მან კიევში მერის არჩევნები ისეთ რთულ ბრძოლაში მოიგო, რომ ის პოლიტიკაში კარგად არის ჩახედული. საქართველოსთან მის შეხებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კითხვის ნიშნები მაქვს.

- ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არაა, მაგრამ პოლიტიკურ ბაზარზე შესაძლოა პაატა ბურჭულაძე შემოვიდეს. მასზე რას იტყვით?

- მოდით, ჯერ მისი ფონდის პრეზენტაციას დაველოდოთ და ვნახოთ, გარდაიქმნება თუ არა პოლიტიკურ პარტიად. პოლიტიკაში ბურჭულაძის გამოჩენა საინტერესო ფაქტია.

- ამ ორი ძალიდან რომელიმე თუ გახდება ე.წ. მესამე ძალა?

- მესამე ძალა არცერთი მათგანი არ გახდება.

- არჩევნებამდე არის მესამე ძალის გამოჩენის შანსი?

- ჯერჯერობით ასე ჩანს, რომ მთავარი მოთამაშეები მაინც ჩვენ და „ქართული ოცნება“ ვიქნებით ელ კლასიკოსავით.

- გარკვეული გაქვთ, ბარსელონა რომელი იქნებით და რეალი რომელი?

- ამ ამბავში მე მივიღებ გადაწყვეტილებას და ნაცმოძრაობა იქნება ბარსა. ამ გუნდს ძალიან დიდი ხანია ვგულშემატკივრობ.

- დარწმუნებული ხართ, რომ სწორ არჩევანს აკეთებთ? მესი აღარ გყავთ და მის გარეშე ბარსა მთლად ბარსა არ არის...

- მესი როგორ არა გვყავს, კაცო? ჩვენი მესი უკრაინაშია და მან იქ ისეთი გოლი შეიძლება გაიტანოს, რომ აქაც ჩავიწეროთ ქულები. ბარსელონას ერთი ცუდი ზნე სჭირს –  საპასუხისმგებლო ბრძოლაში კარგად თამაშობს, მაგრამ შედარებით სუსტ გუნდებთან ვაგებთ ხოლმე. ასეთი წაგება ჩვენც განვიცადეთ „ქართულ ოცნებასთან“. ეს წაგება ჩვენი შეცდომების ბრალია და ამ შეცდომებზე ბევრი რამე ვისწავლეთ, „ქართული ოცნებამ“ კი ვერც ჩვენს შეცდომებზე ისწავლა რამე და ვერც თავისებზე სწავლობს.

„ალია“, 23 დეკემბერი, 2015 წელი

რამდენი ტყუილიაენდიაი“- კვლევებში

გელა ზედელაშვილი

ჯერ კიდევ შარშან გვეგონა, ლუის ნავარო წავიდოდა და დავისვენებდით, მაგრამ ჩვენ მაინც არაფერი გვეშველა. ამერიკის „ეროვნულდემოკრატიული ინსტიტუტი“, ანუ „ენდიაი“ ყველაფერს მაინც თავისებურად ჭრის და კერავს.

ეს „ენდიაი“ ისეთ გამოკითხვებს წარმოგვიდგენს ხოლმე, ძალიან ძნელი დასაჯერებელია, თავადვე რომ სჯეროდეთ. მაგალითად, ბოლო დროს რეგულარულად გვეკითხებიან, ევროკავშირში გვინდა შესვლა თუ „ევრაზიულ კავშირში“? კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 24% „ევრაზიულ კავშირში“ გაწევრიანებას უჭერს მხარს, 58% კი აცხადებს, რომ საქართველო ევროკავშირში უნდა გაწევრიანდეს. 8% მიიჩნევს, რომ საქართველო არც ერთ ორგანიზაციაში არ უნდა გაწევრიანდეს. ეს არის სრული იდიოტიზმი თუნდაც იმიტომ, რომ „ევრაზიული კავშირი“ ბუნებაში არ არსებობს და შესაბამისად, ეს კითხვა არც უნდა არსებობდეს. ჩვენი მოსახლეობის 24 პროცენტს რომ ჰკითხოთ (თუნდაც 58 პროცენტს), ერთი ადამიანიც კი ვერ გეტყვით, რას წარმოადგენს ევრაზიული კავშირი, რა სტრუქტურაა და ასე შემდეგ. თუკი საკითხი ასე უნდა დავსვათ, მაშინ „ენდიაის“ მომავალში შეუძლია, ისიც გვკითხოს: მოსახლეობის რამდენ პროცენტს სურს საბჭოთა კავშირში დაბრუნება? მერწმუნეთ, ამ კუთხით ძალიან მაღალ მაჩვენებელს მივიღებთ. გარდა ამისა, „ენდიაი“ გვეუბნება, გამოკითხვა მთელი საქართველოს მასშტაბით ჩავატარე, ოღონდ მარტო ქართულენოვან მოსახლეობაში, 1881 ადამიანი გამოვკითხეო. რატომ მხოლოდ ქართულენოვან მოსახლეობაში? წინა კვლევაში „ევრაზიულ კავშირში“ გაწევრიანებას მხარს უჭერდა 35 პროცენტი, ახლა ეს მაჩვენებელი 24 პროცენტამდე დაიყვანეს. არადა, ჩვენ ვიცით, რომ საერთოდ, რუსეთს, სსრკ-ს, ევრაზიულ კავშირსა და ეგეთ რაღაცებს მხარს უფრო ეთნიკური უმცირესობები უჭერენ. როდესაც „ენდიაის“ კვლევა გამოქვეყნდა, ე.წ. ლიბერალებმა ქუდი ჭერში ჰკრეს, ნახეთ, რა პროგრესია, „ევრაზიულ კავშირს“ საქართველოში მომხრეები შეუმცირდაო. თქვე იდიოტებო, მომხრეები კი არ შეუმცირდა, არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის არაფერი უკითხავთ და ასე შეგიმცირეს პროცენტები. ამას ჰქვია ციფრებით მანიპულაცია და ხალხის გამოთაყვანება!

„ენდიაის“ კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 69%-ისთვის საქართველოს მთავრობის მიზანი, გახდეს ნატოს წევრი, მისაღებია. 21% აცხადებს, რომ მიუღებელია. გამოკითხულთა 57% მიიჩნევს, რომ ნატოს წევრობა საქართველოს უსაფრთხოებას მოუტანს, ხოლო 45%-ის აზრით, საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. აქაც აბითურებენ ჩვენს მოსახლეობას, ამერიკელები ცდილობენ, დაგვარწმუნონ, რომ ნატოს წევრობა გაგვიუმჯობესებს ეკონომიკურ მდგომარეობას, აქ ერთმანეთში გვირევენ ევროკავშირსა და ნატოს. თუკი ჩვენი მოსახლეობის 45% ფიქრობს, რომ ნატო ეკონომიკურად აგვაყვავებს, მაშინ 69%-ის მხარდაჭერაც გაყალბებულია, ჩვენი ხალხის უმეტესობა ელემენტარულადაც კი ვერ ერკვევა ნატოს სტრუქტურაში და მის ფუნქციებში.

კვლევის თანახმად, კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, პირველი არჩევანის მიხედვით 30% აცხადებს, რომ არც ერთი პარტია. 18% – „ქართული ოცნება“, ხოლო მეორე არჩევანის მიხედვით – 4%. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, პირველი არჩევანი – 14%, მეორე არჩევანი – 3%. „თავისუფალი დემოკრატები“, პირველი არჩევანი – 9%, მეორე არჩევანიც – 9%. „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“, პირველი არჩევანი – 5%, მეორე არჩევანი – 3%. „ლეიბორისტული პარტია“, პირველი არჩევანი – 5%, მეორე არჩევანი – 4%. „პატრიოტთა ალიანსი“, პირველი არჩევანი – 4%, მეორე არჩევანი – 3%. აქ უკვე პამპულაობასთან გვაქვს საქმე: პირველი არჩევანი, თუ ის არ იქნება, მეორე აირჩიეთო. დაკვირვებულ თვალს არ გამოეპარება, რომ ამჯერად „ენდიაის“ გარკვეული კორექტივები აქვს შეტანილი – „ლეიბორისტებს“ ცოტა აწეული აქვთ რეიტინგი, ხოლო „პატრიოტთა ალიანსს“ – დაწეული. აშკარად ვხედავთ, ამერიკელებს ირმა ინაშვილის აგრესიულობა და მიტინგების მოწყობა არ მოეწონათ. რაც შეეხება ნინო ბურჯანაძის რეიტინგის დაცემასა და ირაკლი ალასანიას რეიტინგის გაუმჯობესებას, აქაც ვხედავთ, რომ ამერიკელები ალასანიას ბოლომდე არ სწირავენ და „ნაციონალებთან“ ერთად გარკვეულ რეზერვად მაინც ინახავენ.

კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, „ქართულ ოცნებას“ ხმას გამოკითხულთა 16% მისცემდა, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ – 10%. გაუგებარია, აქ რატომ არ ემთხვევა პირველადი არჩევანის მონაცემი, „ქართული ოცნების“ 18%-დან 2-მა პროცენტმა და „ნაციონალების“ 14%-დან 4-მა პროცენტმა გადაიფიქრა?!

კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 35% აცხადებს, რომ ჯერ არ იცის. პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა გამოკითხულთა 15%-მა. 7% კი აცხადებს, რომ ხმას „თავისუფალ დემოკრატებს“ მისცემდა. 3% აცხადებს, რომ ხმას ნინო ბურჯანაძის პარტიას მისცემს. 3-3% „ლეიბორისტულ პარტიას“ და „პატრიოტთა ალიანსს“ მისცემდა. მოკლედ, შალვა ნათელაშვილს, ნინო ბურჯანაძესა და ირმა ინაშვილს პირველადი არჩევანის შემთხვევაში უფრო უკეთესი რეიტინგები აქვთ, ვიდრე პირდაპირი არჩევანის შემთხვევაში. აქ უკვე უიმედო მდგომარეობაა, ეს სამი პოლიტიკური ძალა ერთ ქვაბშია ჩაყრილი, თუ ასე წაიყვანეს საქმე, ვერც ერთი ვერ გადალახავს ბარიერს საპარლამენტო არჩევნებში. კითხვაზე – ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას? გამოკითხულთა 64% აცხადებს, რომ მონაწილეობას მიიღებდა. ხვალ რომ არჩევნები იყოს, რომელი პარტია გაიმარჯვებდა? გამოკითხულთა 33% აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“, 9% – აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო 5% „თავისუფალ დემოკრატებს“ ასახელებს. ესე იგი, გამოკითხულთა 18% ფიქრობს, მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“ დგას, 16% ამბობს, რომ ხმას ამავე პარტიას მისცემს, ხოლო 33%-ს მიაჩნია, რომ ეს პარტია გაიმარჯვებს. თუ ვფიქრობ, რომ ჩემს შეხედულებებთან ახლოს დგას, მაშინ ხმა „ქართულ ოცნებას“ უნდა მივცე და ასევე, უნდა მეგონოს, რომ გაიმარჯვებს. ეს სამი ფაქტორი ერთმანეთს არ გამორიცხავს.

კითხვაზე, რომელ პარტიას არასოდეს მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 21% „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს, ხოლო 16% – ქართულ ოცნებას“. 25%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.

53% ეთანხმება მოსაზრებას, რომ „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავა უმთავრესად პოლიტიკურად მოტივირებულია და მედიის თავისუფლების შეზღუდვას ემსახურება. გამოკითხულთა 21% აცხადებს, რომ აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება, 14%-ის პოზიცია გაურკვეველია. ჯერ ერთი, გამოკითხულთა 53% აზრზე არ არის, რა ხდება „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით და მეორეც, რატომ გახდა მხოლოდ ერთი „ნაციონალური“ მედიასაშუალება „ენდიაის“ კვლევის საგანი და რატომ არ ტარდებოდა ანალოგიური გამოკითხვები „იმედის“ დარბევის შემდეგ? ახლა ნახეთ მომდევნო კითხვა: „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავა არის უმთავრესად მოტივირებული კერძო მხარეებს შორის არსებული დაპირისპირების და ემსახურება კანონიერი მფლობელის დადგენას“? აღნიშნულ მოსაზრებას 36% ეთანხმება, 34% აცხადებს, რომ არ ეთანხმება. ხალხო, თუკი 53% მიიჩნევს, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული და საქმე გვაქვს მედიის შეზღუდვასთან, თუკი ამას მხოლოდ 21% არ ეთანხმება, მერე როგორღა გამოდის, რომ 36% კერძო დავად თვლის და ამას 34% არ ეთანხმება? ამასთანავე, თურმე 15% „არც ეთანხმება და არც არ ეთანხმება“, ხოლო 15%-მა არ იცის. რა აღრევაა და რა თავგზის აბნევაა, ეს 1881 ადამიანი ასეც ფიქრობს, ისეც და თან არაფერი იცის?!

მეგობრებთან პოლიტიკურ მოვლენებზე სატელეფონო საუბრისას გამოკითხულთა 50% თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს. გამოკითხულთა 38% აცხადებს, რომ თავს უსაფრთხოდ გრძნობს (ბედნიერი 38%).

კვლევის მიხედვით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიდან გამოკითხულთა 61% პოლიტიკურ მოვლენებზე საუბრისას თავს უსაფრთხოდ გრძობს, 28% არ გრძნობს თავს უსაფრთხოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების 71% თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს, 18% – უსაფრთხოდ გრძნობს (ა, „ნაციონალებსაც“ ჰყოლიათ ბედნიერები). ისე, საინტერესოა, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების 28% რომ თავს ვერ გრძნობს უსაფრთხოდ და ჰგონია, დღე და ღამე უსმენენ, მაშინ რატომღა არიან ასეთები მხარდამჭერები, რა ხდება? იგივე შეიძლება ითქვას „ნაციონალების“ 18%-ზეც, რომელიც თავს უსაფრთხოდ გრძნობს – როგორ შეიძლება, რომელიმე „ნაციონალმა“ ასეთი რამ თქვას, ეს ხომ დედა პარტიის ღალატია? მოკლედ, იყო ნავარო, გვაშტერებდნენ, წავიდა ნავარო – მაინც გვაშტერებენ. რაკი აღნიშნული ორგანიზაცია ამერიკელების ერთგვარი პიარმანქანაა და ვერ ვიშორებთ, მაშინ ჩვენ უნდა ვისწავლოთ მათი ბოროტი ზრახვების გამოაშკარავება და ყველაფრის წაკითხვა ჩვენებურად.

„ალია“, 23 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ ვალერი გელბახიანთან: „როცა შენი მოქალაქეების უფლებებს ვერ იცავ, არ უნდა იტრაბახო, რადგან ეს ტრაბახი გამაღიზიანებელია მათთვის, ვინც იცის, რა ხდება

რა მოიტყუა პრემიერმა სამწლიანი საქმიანობის შეჯამებისას?

ნინო სამხარაძე

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელისუფლებაში მოღვაწეობის სამი წელი შეაჯამა: „ჩვენი ფასეულობათა სისტემის ცენტრი არის ადამიანი, ვამკვიდრებთ თვისობრივად ახალ პრინციპებზე დაფუძნებულ პოლიტიკურ კულტურას, ადამიანის უფლებები, მისი კეთილდღეობა და თავისუფლება ჩვენი მთავარი პრინციპია. წინა ხელისუფლება ფეხქვეშ თელავდა ადამიანების ფუნდამენტურ უფლებას, ჩვენს მთავარ ამოცანად რჩება დემოკრატიის გაღრმავება, ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრება…”.

ძნელია არ დაინახო, რომ დღეს გაცილებით თავისუფალ გარემოში გვიწევს ცხოვრება, არ გვეშინია, რომ ვინმე ქონებას წაგვართმევს და ოჯახს გაგვინადგურებს, სამაგიეროდ, გვეშინია ხვალინდელი დღის გათენების, როცა ადამიანებმა არ იციან, საკუთარი შვილები რით გამოკვებონ… კარგია ისიც, როცა კარს გვიღებს ევროპა, რუსეთი და, ალბათ, რამდენიმე წლის შემდეგ ფართოდ გაგვიღებს კარს ამერიკა, მაგრამ ცუდია, როცა 3 მილიონი ადამიანიდან ყოველი მესამე ქვეყნიდან გაქცევაზე ფიქრობს. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ყოველი წელი მოქალაქეებისთვის მძიმდება, სოციალური და ეკონომიკური პრობლემები უფრო და უფრო გადაულახავია და ხელისუფლების დაპირებები კარტით აშენებულ სახლს უფრო ჰგავს, რომელიც თავზე გვენგრევა.

პრემიერის გამოსვლაში იყო მთელი რიგი მესიჯები, რომელიც მხოლოდ პოზიტივზე იყო ორიენტირებული, რასაც მოჰყვა „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკა, ბევრი მათგანი სამართლიანი, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რას ფიქრობენ დამოუკიდებელი ექსპერტები პრემიერ-მინისტრის გამოსვლაზე? რას ხედავენ პრემიერმინისტრის მთავარ მიღწევად, როგორია მათი დანახული სამი წელი? სად ჰქონდა ხელისუფლებას ყველაზე დიდი ჩავარდნა და თუკი ამ ხელისუფლების ფუნდამენტური პრინციპია, რომ ორიენტირი გააკეთონ ადამიანებზე და მათი მთავარი ფასეულობა არის ადამიანი, მაშინ ქვეყანას რატომ ჰყავს ამდენი გაჭირვებული? რატომ ვერ ახერხებს სახელმწიფო, შექმნას ამ ადამიანებისთვის ღირსეული გარემო, სადაც თითოეული მოქალაქე თავს იგრძნობს სოციალურად დაცულად და ფინანსურად ძლიერად?

იურისტი ვალერი გელბახიანი ჩვენთან ერთად შეაფასებს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სამწლიანი საქმიანობის ანგარიშს:

- ბატონო ვალერი, ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშიდან თქვენთვის რა იყო სიმართლე, რა - ტყუილი?

- ირაკლი ღარიბაშვილმა ძალიან ბევრი პოზიტიური გზავნილი გააკეთა თავის გამოსვლაში. დღეს მთავრობა ხალხზე არ ძალადობს, ქუჩაში არ კლავენ, ადამიანებს სასამართლოში საკუთარი უსამართლობის დამტკიცება აღარ უჭირთ და ეს სასამართლო არ არის კონვეიერული, საიდანაც მხოლოდ უსამართლო განაჩენები გამოდიოდა, ის, რომ არ არის განუკითხაობა და ქონების უსამართლო ჩამორთმევა, პოლიტიკური ნიშნით ადამიანებს რომ არ კლავენ და არ აპატიმრებენ, არ ძალადობენ მათზე, ეს არის საქართველოს ხელისუფლების საქმიანობის შედეგი და ვეთანხმები ამ ნაწილში ღარიბაშვილს, თუმცა მათ ბევრი მიმართულებით არ უაქტიურიათ. დადებითი შედეგია ის, რომ რუსეთმა შეარბილა ტონი საქართველოსთან მიმართებაში, ხელისუფლებას არანაირი ინიციატივა არ გამოუჩენია, რომ რუსეთის ბაზარზე შესულიყო ქართული პროდუქცია, ეს რუსეთის ხელისუფლების ნება იყო. არ შეიძლება ეს იყოს საქართველოს ხელისუფლების მიღწევად ჩათვლილი, რუსეთს საქართველო სჭირდება და ამიტომაც გააკეთეს ის, რაც გააკეთეს. საერთაშორისო ფაქტორებმა რუსეთი აიძულა, საქართველოსთან შეერბილებინა ხისტი დამოკიდებულება.

ის, რომ საქართველომ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, ის, რომ ხელისუფლება დაეთანხმა ვიზალიბერალიზაციის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას, ეს გახლავთ საქართველოს ხელისუფლების დამსახურება. ეს ყველაფერი არის საერთაშორისო კონკურენციის შედეგი, ვინაიდან საქართველო სტრატეგიულად არის ძალიან საინტერესო როგორც ამერიკისთვის, ასევე ევროპისთვის და რუსეთისთვის. რომ არ ყოფილიყო დაძაბულობა ქვეყნის გარეთ, ბუნებრივია, ეს შეღავათები ასე მყისიერად არ იქნებოდა შემოთავაზებული.

აქედან გამომდინარე, რადგან შედეგი არსებობს, ეს უნდა შეფასდეს პოზიტიურად. თუმცაღა, შენს დამსახურებად მიიწერო, ცოტა არ იყოს, ხმამაღალი განცხადებაა. თუ ასეა, მაშინ, რატომ ნატოში არ მიგვიღეს მყისიერად, როგორც ეს ვიზალიბერალიზაციის შემთხვევაში მოხდა? ჩვენ არ გვიღებენ ნატოში იმიტომ, რომ დიდი რისკის მატარებელი ვართ, რადგან ისინი ანგარიშს უწევენ რუსეთის ფაქტორს.

- პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მათ უარი თქვეს სატელევიზიო მითებზე დაფუძნებულ ხელისუფლებაზე, რომ არ აპირებს, ქართველი საზოგადოება აცხოვროს ილუზიებით, თუმცა სამი წლის განმავლობაში ხელისუფლებას სწორედაც რომ პიარში ჰქონდა ჩავარდნა და მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დღესაც არ იცის, რა კეთდება ამა თუ იმ სფეროში. რატომ ვერ მოძებნა ოქროს შუალედი ოცნების მთავრობამ?

- მე ვფიქრობ, ეს არის უპასუხისმგებლობა, როცა ხელისუფლება ახორციელებს სამთავრობო პროექტებს, სახელმწიფო იდეოლოგიას, კონცეფციას არ აშუქებდეს ის ტელევიზია, რომელსაც ხალხი უხდის ფულს. კეთილი უნდა ინებოს სახელმწიფო იდეოლოგიურმა მანქანამ, „საზოგადოებრივმა არხმა“ და მისმა ხელმძღვანელობამ გაატაროს ის იდეოლოგია, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს. ამიტომ ეს სატრაბახო კი არ გახლავთ, პირიქით, მიმაჩნია, რომ ეს არის უპასუხისმგებლობა, მაშინ, ნუ ვუხდით ფულს ამ ტელევიზიას, გადაკეთდეს ჩვეულებრივ კომერციულ ტელევიზიად და იყოს კონკურენტულ გარემოში, როგორც სხვა ტელევიზიები.

რასაც უნდა, იმ გადაცემას გააკეთებს და პასუხსაც არავინ მოსთხოვს, მაგრამ აქ ცენზურაზე კი არ არის საუბარი, საუბარია იმაზე, სახელმწიფო თავისი იდეოლოგიური არხების საშუალებით არ ახორციელებს იმ საქმიანობას, რაც ევალება და ეს ფული კაცმა არ იცის, სად მიდის. ამიტომ, ჩემთვის პრემიერის არგუმენტი, რომ ტელევიზიები თავისუფალია ხელისუფლების კონტროლისგან, სატრაბახო ნამდვილად არ არის. გაიხსენეთ, ყოფილი პრემიერი როგორ აკრიტიკებდა ჟურნალისტებს და არც ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი ჩამორჩება ამ მხრივ. გორის გუბერნატორთან დაკავშირებით როცა პრემიერს კითხვა დაუსვეს, მან ჟურნალისტს უპასუხა, რომ ჩვენ ამ საქმეს გავარკვევთ და თქვენ მოგიწევთ, დაამტკიცოთ თქვენი სიმართლეო. ეს არ არის პრემიერის გასარკვევი, მცდელობა იყო ჟურნალისტების საქმიანობაში ჩარევის, მაგრამ მათ დახვდათ წინააღმდეგობა როგორც გუნდის შიგნით, ასევე დასავლეთში და უთხრეს, რომ ჟურნალისტებთან ასე ლაპარაკი კარგს არაფერს მოუტანს, ჭკუის სწავლება ჟურნალისტებთან დამოკიდებულების კარგი ტონი არ არის. ახლა რომ აცხადებენ, მედია თავისუფალიაო, ხომ ჰქონდათ მცდელობები ჩარევის?!. ან არ უნდა დაიწყო და თუ დაიწყებ, ბოლომდე უნდა მიიყვანო. ეს იყო სამარცხვინო უკან დახევა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით.

- არის თუ არა ეს ხელისუფლება ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული, როგორც ამას პრემიერი აცხადებს…

- მოდით, ეს საკითხიც განვიხილოთ… პარლამენტში საკმაოდ ბევრი უფლებადამცველია – ვიცე-სპიკერი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და ა.შ. მაგრამ დამისახელონ ერთი კანონი, რომელიც გაუმჯობესდა და გაფართოვდა ადამიანის უფლებების დაცვის ნაწილში და შეიზღუდა სახელმწიფოს უფლებები. ერთი დამისახელონ, ასეთი კანონი და ხმას არ ამოვიღებ. როცა გაქვს პრეტენზია და ამბობ, რომ განმტკიცდა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, მაშინ გვაჩვენე კანონები.

როცა შენ ადმინისტრაციულ ჯარიმებს ზრდი, ეს რა არის, თუ არა ადმინისტრაციული ზემოქმედება ადამიანის უფლებებზე? როცა ადამიანს ხელფასი აქვს 500 ლარი და უწესებ 5000-ლარიან ჯარიმას, სად არის აქ შესაბამისობა, საიდან მოგიტანოს იმ ადამიანმა 5000 ლარი, ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა და გამტკიცება?!. შესაბამისობაშია ყველაფერი მოსაყვანი. ამათ რომ დატოვეს სააკაშვილის კანონები და ხელი არ უხლიათ არაფერზე, პირიქით, გაზარდეს სანქციები, ეს სატრაბახოა?!. მძღოლი, რომელიც სიგარეტს გადააგდებს, 120 ლარით ჯარიმდება. არადა, ვთქვათ, ის ადამიანი ტაქსის მძღოლია და მუშაობს დღეში 10 ლარზე. როგორ გადაიხდის ამ ჯარიმას?.. მაშინ, საერთოდ აკრძალე სიგარეტის მოწევა და ამ ხალხს საერთოდ აუკრძალე სიცოცხლე, ეს რა უბედურებაა! ბოლოს და ბოლოს, დაადე ჯარიმა სიგარეტის ქუჩაში გადაგდებაზე 5 ლარი, ხომ შეიძლება, რომ ჯარიმის ოდენობა მოიყვანო შესაბამისობაში.

როცა ამხელა ჯარიმას გვიწესებენ, ეს ნიშნავს, რომ ოჯახს ულუკმაპუროდ ტოვებ, ანუ სახელმწიფო ჩვენი ხალხის ყვლეფას ეწევა. შესაბამისად, როცა ამბობ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ვიცავო, მოძებნე შესაბამისი ბალანსი. იმას კი არ გეუბნები ჯარიმები გააუქმო, მაგრამ ეს უნდა იყოს შემოსავალთან პროპორციული. იგივე შრომითი კანონი რატომ არ შეცვალეს. იქ მხოლოდ ერთი მუხლის ცვლილებით შემოიფარგლნენ.

როცა შრომითი უფლებები ირღვევა, ადამიანებს არა აქვთ გარანტია, რომ ისინი იქნებიან დაცულები, ექნებათ სტაბილური ხელფასი, როცა დამფუძნებელს მოუნდება, წიხლით არ გააგდებს, როცა მოდის ახალი მინისტრი და შენობიდან აპანღურებს თანამშრომლებს, ვინც თვალში არ მოუვა, ეს არის ადამიანების უფლებათა დაცვა?!. მე აღარ ვლაპარაკობ სოციალურ და პოლიტიკურ უფლებებზე, ელემენტარულზე გეუბნები, რომ ადამიანის უფლებები დაცული ამ ქვეყანაში არსად არ არის. დადგება დრო და ჩამოვუთვლი ამათ, რა დარღვევები აქვთ ადამიანის უფლებების დაცვის საკითხში. ადამიანის დაცვის უფლებების ფუნდამენტი არის შრომა, შენ რომ შემოსავალს მაცლი ჯიბიდან, ამაზე დიდი დარღვევა რაღა გინდა. გადახედონ საერთაშორისო კონვენციებს და ჩაიხედონ საკუთარ კანონებში, რა პირობებია საქართველოში. მე ვეკითხები ამ ხელისუფლებას, რატომ გარბის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სამუშაოდ საზღვარგარეთ, ამაზე რატომ არ სვამენ კითხვას?!. იმიტომ, რომ აქ მინიმალური ხელფასი არ არის განსაზღვრული. სამყაროს ყველა კუთხეში კერძო სტრუქტურაში დასაქმებულ ადამიანს გაცილებით მეტი ხელფასი აქვს, ვიდრე სახელმწიფო უწყებაში და აქ, ჩვენს ქვეყანაში, ყველაფერი თავდაყირაა. საქართველოში სახელმწიფო სამსახურში ასჯერ მეტია ხელფასი, ვიდრე კერძო სამსახურში. რატომ, ეს არის პროპორცია და ბალანსი?!. ამიტომ, როცა შრომითი მიგრანტები გარბიან დასაქმების მიზნით, შენ რომ ხარ მთავრობა, ხომ უნდა იკითხო, რატომ გარბის ეს ხალხი?..

ახლა ამ ვიზალიბერალიზაციაზე რომაა ერთი ჟივილხივილი ატეხილი, გვიპასუხონ, როგორ იქნება შრომითი მიგრანტების უფლებები დაცული?!. კონსტიტუციის 30-ე მუხლში წერია, რომ სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას შრომითი მიგრანტების უფლებები საზღვარგარეთ. ახლა მითხრას საქართველოს მთავრობამ, რომელ ქვეყანაში იცავენ საქართველოს მოქალაქეების შრომით უფლებებს?.. ეს არის სატრაბახო?!.

ვიზალიბერალიზაცია რომ გამოაცხადეს, ისიც უნდა ეთქვათ, რომ სახელმწიფო შრომით მიგრანტებს ლეგალიზაციას გაუკეთებს. როგორ? ამასაც გეტყვით, იმ ქვეყნებთან უნდა დაედოთ შრომით ლეგალიზაციაზე შეთანხმებები, არალეგალურად რომ არიან უცხოეთში ჩვენი მოქალაქეები და იმალებიან, დეპორტი რომ არ გაუკეთონ, ეს არის მათი უფლებების დაცვა და ეს არის სახელმწიფოსგან თანადგომა?!. ჩვენ ვიზალიბერალიზაციის პროცესისთვის მზად არ ვართ, ამ საკითხში სახელმწიფოს ხედვა და კონცეფცია არ გააჩნია, ხელისუფლება ეუბნება საკუთარ მოქალაქეებს, ოღონდ ამ ქვეყნიდან წადით და მოგვცილდით, ფართოდ გაგიღებთ კარსო. რატომ უნდა ექცეოდეს ასე უსამართლოდ მთავრობა თავის მოქალაქეებს? ამიტომ, როცა ამ პროცესებისთვის არ ხარ მზად და შენი მოქალაქეების უფლებებს ვერ იცავ, არ უნდა იტრაბახო, რადგან ეს ტრაბახი გამაღიზიანებელია მათთვის, ვინც იცის, რა ხდება.

- ჩვენი ინფორმაციით, საარჩევნო კანონთან დაკავშირებით დიდი სკანდალია კულუარებში. უფრო კონკრეტულად ხომ არ იცით, რა ხდება?

- ამ საარჩევნო კოდექსის მიხედვით ვერც ერთი ძველი მაჟორიტარი ვერ გახდება თავისი რაიონის დეპუტატი. ძალიან დიდი პანიკაა ამის გამო შიგნით, მაგრამ ცდილობენ, დააწყნარონ ძველი მაჟორიტარები და გარანტიებს იძლევიან. სააკაშვილსაც ეგონა, რომ არჩევნებს ვერავინ მოუგებდა, მაგრამ კი ვნახეთ, მისი პოლიტიკური კარიერა საქართველოში როგორც დასრულდა. ამიტომ, ნუ იქნება ივანიშვილი მშვიდად, რომ ის არჩევნებს მაინც მოიგებს და უმრავლესობით მოვა.

„ალია“, 23 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ ზაზა ხატიაშვილთან: „ყველამ დამალა. ამათ მოვუწყობ შავ დღეს!

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი თეა წულუკიანს, მანანა კობახიძეს და ეკა ბესელიას ამხელს!

გელა ზედელაშვილი

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დიდი გარჩევებია. როგორც ჩანს, უკვე ბევრ მოსამართლეს დააკარგვინა მოსვენება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის განცხადებებმა ლევან მურუსიძესთან დაკავშირებით, რომელსაც სააპელაციო სასამართლოში უპირებენ დანიშვნას მუდმივ მოსამართლედ. ზაზა ხატიაშვილის ბოლო განცხადება ასე გამოიყურება:

„პატივცემულო საზოგადოებავ!

მოსამართლეთა კონფერენციამ განცხადება გაავრცელა და დაგვტუქსა, როგორ ვბედავთ ლევან მურუსიძის კრიტიკას, ეს თურმე სასამართლოს იმიჯზე მოქმედებს. ვაი, ჩვენი ბრალი! ივანიშვილის ხელისუფლებამ მოგვატყუა, გაურიგდა მურუსიძეებს, გაურიგდა იმ ბინძურ პროკურორებს, რომლებიც გვატერორებდნენ. თანამემამულენო! ვინც ღირებულებების გამო ვებრძოდით სააკაშვილის რეჟიმს, არ უნდა დავუშვათ მურუსიძეების უვადოდ დანიშვნა მოსამართლის თანამდებობაზე. ეს საბოლოოდ დაასამარებს ჩვენს ოცნებას სამართლიან სასამართლოზე – შემომიერთდით!“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, თეა ძიმისტარაშვილი კი ღიად აცხადებს, რომ, რასაც ზაზა ხატიაშვილი აკეთებს, ყოვლად დაუშვებელია:

„არასამთავრობო ორგანიზაციათა კრიტიკა, რა თქმა უნდა, დასაშვებია. რაც გონივრული კრიტიკაა, ჩვენ ამ კრიტიკას მივიღებთ და ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციათა ვალდებულება, მაგრამ, როდესაც პროცესის უშუალო მონაწილე მხარე – „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე გამოდის, პირდაპირ მოწოდებებს აფიქსირებს და ზეწოლას ახდენს ისეთ ინსტიტუტებზე, როგორიც არის საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტი, ეს არის ყოვლად დაუშვებელი. ეს არის ზეწოლა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებზე. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, დამოუკიდებლად, კანონით დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით, მიიღოს გადაწყვეტილება“.

შეგახსენებთ, რომ არა მხოლოდ ძიმისტარაშვილმა, მოსამართლეთა კორპუსმა რიგით მე-15 კონფერენციაზე, 21 დეკემბერს ლევან მურუსიძეს მხარდაჭერა გამოუცხადა.

„ალიას“ ზაზა ხატიაშვილი ესაუბრა:

- აი, ამით ჩვენ დავინახეთ, რა სასამართლო გვაქვს საქართველოში. ეს არის ყველაზე დიდი უბედურება, საზოგადოებას ამ ადამიანთან პრეტენზიები აქვს გირგვლიანის საქმეზე, მოლაშვილის საქმეზე, სხვა საქმეებზე… მურუსიძე სკანდალურად ფიგურირებს არაერთ საქმეში, რომელიც იყო სააკაშვილის რეჟიმის საყრდენი. ვინაიდან საქართველოს ხელისუფლება გაურიგდა სამოქალაქო საზოგადოების მტრებს, ყველა ის პროკურორი და მოსამართლე დაგვასვა თავზე, რომლებთან ვიზიტის შემდეგ არაერთი მოქალაქე ნახულობდა ძალიან კეთილ სიზმარს და სახელმწიფოს ჩუქნიდა საკუთარ ქონებას. თუ მურუსიძე წაიქცა, წაიქცევა ყველა ის მოსამართლე, რომელიც ასეთ სიბინძურეებში ხელებს აფათურებდა.

რაკი ზოგიერთი მოსამართლე ბრალს აქეთ მდებს, რაკი აქეთ დაიწყეს შემოტევები, მე ხვალ-ზეგ უკვე დავიწყებ მტკიცებულებების გამოქვეყნებას, რას აკეთებდა სასამართლო სისტემა სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში. ყველამ უნდა გაიგოს, რა შერჩათ ამათ. იცი, ყველაზე ძალიან რისი ეშინიათ? მურუსიძე რომ დაეცემა, ზაზა ხატიაშვილი მისდგება მაგათ, მთელ საზოგადოებას ეცოდინება, ვის ხელშია სასამართლო. თუ ვიღაცები მაგათ გაურიგდნენ, ხატიაშვილი არ გაურიგდება, სხვა ადამიანები არ გაურიგდებიან.

ამათ ათასობით ადამიანი აქციეს პოლიტპატიმრად, ათასობით ადამიანი უკანონოდ გამოამწყვდიეს ციხეში. მურუსიძის წაქცევით დაინგრევა მითი, რომ ყველას ყველაფერი უნდა ეპატიოს. ამის შემდეგ ყველა წაიქცევა, მაგათ საკუთარი თავები გასჭირვებიათ. ყველა ის მოსამართლე იქნება მხილებული, ვისაც გაურიგდნენ. ხალხო კრიმინალებს ყველაფერი აპატიეს და დააწინაურეს კიდეც, ამაზე მარტო მე და ჟურნალისტები უნდა ვიღებდეთ ხმას? მე პირადად ბიძინა ივანიშვილი იმიტომ მიპირისპირდება, რომ ასეთების დასჯას ვითხოვ. ვისაც დღეს კუდი ეწვის, ძიმისტარაშვილის ჩათვლით, ყველა გამოვა და დაიცავს მურუსიძეს!

- მოსამართლეთა კონფერენცია აცხადებს, რომ ქართული სასამართლო არის უმწიკვლო და შენ სახელს უტეხ, ანუ ლახავ მის რეპუტაციას.

- ერთ-ორ დღეში გავმართავ პრესკონფერენციას და დავდებ ფაქტებს, როგორ გამოჰქონდათ უზენაეს და სააპელაციო სასამართლოებს გადაწყვეტილებები ერთ დღეში ერთსა და იმავე საქმეებზე. პირდაპირი მნიშვნელობით, აკულაკებდნენ ადამიანებს. რაკი არ ჩერდებიან, მე მათ დავუდებ სამხილებს. ეგენი არიან სავარაუდო კრიმინალები, მე კატეგორიულად ვითხოვ ახალი ხელისუფლებისგან, ჩატარდეს საქართველოში ნიურნბერგის მსგავსი პროცესი. ერთი გამაგებინე, მე და შენ, ან სხვები რისთვის დავრბოდით მიტინგებზე, რისთვის ვისხედით ქუჩაში? იმიტომ, რომ ასეთი პროცესი იყო ჩასატარებელი, სადაც წარდგებოდნენ მოსამართლეები და პროკურორები. ამას მე გავაკეთებ, ჩემს მეტი რომ ყველა გაჩუმდა, იმიტომ მებრძვიან, მე კიდევ არ გავჩუმდები, რაც არ უნდა მეძახონ. ვერ ეღირსებიან დამნაშავეები, რომ ყველაფერი შერჩეთ. ხარვეზების დამდგენი კომისია უნდა შევქმნაო, ამბობდა თეა წულუკიანი, რატომ არ შექმნა, ხომ უნდა გადასინჯულიყო ეს საქმეები?

ბიძინა ივანიშვილი ერთი თვის მოსული იყო, როცა თქვა, პროკურატურას განცხადებებით მიმართეთო, სასამართლოები არ გადატვირთოთ, ერთმანეთს მოურიგდითო, 25 ათასი განცხადება შევიდა. მაშინ იუსტიციის სამინისტროში აცხადებდნენ, ვმუშაობთ, კომისია უნდა შევქმნათო, ძალიან მაგრად ვიმუშავეთო და ბოლოს პრემიებიც გამოიწერეს. ერთი თვის შემდეგ, როგორც კი საპრეზიდენტო არჩევნები ჩამთავრდა, ხალხს გამოუცხადეს, აღარ შეიქმნება, ფული არ გვაქვსო. წულუკიანს პირადად მე მივუტანე რამდენიმე განაჩენი, რომლებიც გაყალბებული იყო, ერთ-ერთ სხდომაზე გადავეცი მანანა კობახიძესაც, იქ იყო ეკა ბესელიაც, ამ სხდომას 30 კაცი ესწრებოდა. ყველამ დამალა. ამათ მოვუწყობ შავ დღეს!

- ზაზა, ამჟამად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში რა ხდება, რა სიტუაციაა?

- რა უნდა ხდებოდეს? ჩალიჩობენ. მე შემიძლია, ხალხი გამოვიყვანო ქუჩაში და გამოვიყვან კიდეც. მე არ ვამბობ, რომ ყველა უნდა წავიდეს ციხეში, მაგრამ ყველამ უნდა დატოვოს თანამდებობა. დაითვალონ, რამდენი ადამიანი ზის დღეს უკანონოდ ციხეში, რატომ უნდა ისხდნენ? მე არავისზე ზეწოლას არ ვახდენ, მურუსიძე დაინიშნება? ეგრევე ხალხი გამომყავს ქუჩაში. თუ ამ ადამიანს ხმა არ მისცეს გოცირიძემ, სოფრომაძემ და თოდრიამ, ვერ დაინიშნება. მისცემენ ხმას? გამოვდივარ ქუჩაში! „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, ღირსება შემრჩა და ისევ იმ ჭკუაზე ვარ, რა ჭკუაზეც ვიყავი. ახლა მოილაპარაკეს, ზაზა ხატიაშვილს დაარტყითო, ეგენი რომ ჩემზე რამეს იტყვიან, უფრო პოპულარული გავხდები და უფრო მეტი ადამიანი მცემს პატივს. მე არ გავჩუმდები, უსამართლობას არ ვაზეიმებ!

რეზონანსი“, 23 დეკემბერი, 2015 წელი

ვინ უჭერს მხარს გირგვლიანის საქმის მოსამართლე მურუსიძეს

ეკატერინე ბასილაია

გახდება თუ არა სანდრო გირგვლიანისა და სულხან მოლაშვილის საქმეების განმხილველი ლევან მურუსიძე სამუდამო ვადით მოსამართლე, ეს 25 დეკემბერს უნდა გადაწყდეს, თუმცა მანამადე მისი შესაძლო არჩევის გამო დიდი პროტესტია თავად იურისტებისა და უფლებადამცვების მხრიდან. იურისტთა ერთი ნაწილი იმასაც ამტკიცებს, რომ მურუსიძეს პრემიერ ღარიბაშვილის მხარდაჭერა აქვს და მისი სახით “ქართულ ოცნებას” სურს სააპელაციოში “ყველაფრის მკისრებელი” მოსამართლე სამუდამოდ ეგულებოდეს. და, ხელისუფლებას ახსენებენ იმას, რომ კოალიციის წევრები “ნაციონალური მოძრაობის” დროინდელ უსამართლობაზე საუბრისას უპირველესად გირგვლიანის საკითხით აპელირებდნენ.

ერთგვარი სიმბოლური მინიშნება იყო ის, რომ მურუსიძის კანდიდატურის კენჭისყრამდე სამი დღით ადრე პრეზიდენტმა გირგვლიანის დედა ირინა ენუქიძე სიკვდილის შემდეგ ქვეყნისა და ერის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის და სამოქალაქო თავდადებისთვის თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა.

“თავისუფალი დემოკრატების” წევრისა და გირგვლიანის ოჯახის ყოფილი ადვოკატის, შალვა შავგულიძის განცხადებით, ლევან მურუსიძის კანდიდატურას მხარდაჭერას “ქართული ოცნება” უცხადებს. როგორც მან ჟურნალისტებს პრეზიდენტის რეზიდენციაში ირინა ენუქიძის დაჯილდოების შემდეგ განუცხადა, “ლევან მურუსიძე “ქართული ოცნების” აშკარა მხარდაჭერით სარგებლობს. პრემიერი საჯაროდ მართავს შეხვედრებს მასთან, მასთან იხილავს სასამართლო ხელისუფლების საჭირბოროტო საკითხებს და არაერთ საჯარო განცხადებებს აკეთებს, რომ ის არის ერთ-ერთი წამყვანი და კვალიფიციური მოსამართლე. დღევანდელ ხელისუფლებასაც უნდა ისევე მართოს სასამართლო სისტემა, როგორც ამას ახორციელებდა ნაციონალური მოძრაობა,” – განაცხადა შავგულიძემ.

ხოლო სანდრო გირგვლიანის მამამ პირდაპირ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას და ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს, რომ ლევან მურუსიძის მოსამართლედ ხელმეორედ არჩევა არ მოხდეს. მისივე თქმით, მურუსიძეს მხარდამჭერები ჰყავს ხელისუფლებაში და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრების სახით.

ხელისუფლების წარმომადგენლები ხამაღლა აცხადებენ იმას, რომ გირგვლიანის საქმის მოსამართლის მიმართ ბევრი კითხვა არსებობს, მაგრამ იქვე იმასაც დასძენენ, რომ ისინი სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში ვერ ჩაერევიან.

თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელმის განცხადებით, როდესაც ლევან მურუსიძის მოსამართლეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებ, უნდა გახსოვდეს ირინა ენუქიძე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა, სადაც მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის საბოლოო ეტაპი, კენჭისყრა გაიმართება, 25 დეკემბერს გაიმართება.

საერთო სასამართლოების მოსამართლის 61 ვაკანტური თანამდებობის დაკავების მსურველი 100-ზე მეტი კანდიდატია. ლევან მურუსიძე ამჟამად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა, თუმცა 2016 წლის აპრილში თანამდებობაზე ყოფნის ვადა ეწურება. ის 2013 წლიდან არის, ასევე, იუსტიციის საბჭოს მდივანი.

მოსამართლედ დანიშვნისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა რაოდენობის 2/3 ხმაა საჭირო. ამ დროისთვის, საბჭოში 14 წევრია. ლევან მურუსიძე იმედოვნებს, რომ მოსამართლე წევრები მხარს დაუჭერენ, ხოლო არამოსამართლე წევრებზე აცხადებს, რომ ეს მათი გადასაწყვეტია. მურუსიძეს კენჭისყრაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძეს მხარდაჭერის იმედი არ აქვს, რადგან ის გვენეტაძეს სასამართლოს რეფორმის კანონპროექტის განხილვისას იყო დაპირისპირებული.

რამდენიმე დღის წინ მოსამართლეთა ნაწილმა მურუსიძეს მხარდაჭერა გამოუცხადა და დაგმო მის მიმართ გამოთქმული “ცილისმწამებლური განცხადებები”.

მოსამართლეებისაგან განსხვავებით, მურუსიძის მხრიდან კანდიდატურის წამოყენებას სამოქალაქო სექტორში დიდი კრიტიკა მოჰყვა. თავდაპირველად განცხადება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვიალმა გაავრცელა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს მოუწოდა, მურუსიძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირონ. შემდეგ უკვე განცხადება გააკეთეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებმაც გირგვლიანის, მოლაშვილისა და სხვა საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილების გამო მურუსიძე გააკრიტიკეს. იურისტები მურუსიძესთან დაკავშირებით ბევრ სხვა დარღვევასაც ხედავენ. მათ შორის ერთი ისიცაა, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა უყაროს კენჭი მისი მდივნის არჩევა-არარჩევას, ეს კი ინტერესთა კონფლიქტია.

“ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის” ხელმძღვანელის, იურისტ ლია მუხაშავრიას თქმით, თუკი ახლა მურუსიძეს სააპელაციოს მოსამართლედ აირჩევენ, ეს იქნება იმის უდავო მტკიცებულება, რომ “ქართულ ოცნებას” არჩევნების გაყალბება აქვს განზრახული და გასაჩივრების შემთხვევაში მეორე ინსტანციაში დაახვედრონ მურუსიძე, რომელიც, რასაც დაავალებენ, ყველაფერს გააკეთებს.

“თუკი მურუსიძეს აირჩევენ, ეს იქნება იუსტიციის საბჭოს წევრებთან გარიგების შედეგი. ხოლო თუკი არამოსამართლე წევრები მხარს დაუჭერენ, ეს იქნება იმის უტყუარი მტკიცებულება, რასაც ვამბობ და ხელისუფლებამ, რაც უნდა იძახოს, რომ სასამართლო ხელისუფლებაში არ ვერევითო. ჩვენს ქვეყანაში ამას არავინ დაიჯერებს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რამდენად საშიშია ასეთი მოსამართლეების ყოფნა. ის იმდენად ცნობილია გირგვლიანის საქმით, რომ სკამის შესანარჩუნებლად ყველაფერზე უნდა წავიდეს. ასეთი ადამიანები სასამართლოში ბევრნი არ დარჩნენ და ხელისუფლებას ასეთი ბევრი არ ჰყავს. ბევრი ვერ იკისრებს იმას, რასაც იკისრებს მურუსიძე,” – ამბობს მუხაშავრია.

მისი თქმით, მურუსიძე რომ უზენაესის მოსამართლე გაეხადათ, პარლამენტის მხარდაჭერა დასჭირდებოდა, გირგვლიანის საქმის მოსამართლეზე მხადრაჭერას კი პარლამენტი ვერ გაბედავდა, სამაგიეროდ მათთვის სრულიად მისაღებია მურუსიძე საპელაციო სასამართლოში. ამიტომაც იუსტიციის საბჭოს მეშვეობით სააპელაციოს მოსამართლედ გაშვება გადაწყვიტეს. მუხაშავრია ამბობს იმასაც, რომ არ შეიძლება ადამიანი იყოს კონკურსის მონაწილე და იმავდროულად ამ კონკურსში გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკვანძო თანამდებობის პირი.

იურისტი ლევან ალაფიშვილი აცხადებს, რომ პრემიერი ღარიბაშვილი მურუსიძეს უჭერს მხარს და ამ აღქმის დამადასტურებელი ფაქტებიც არსებობს. მაგალითად ის, როდესაც სასამართლო რეფორმის კანონპროექტთან დაკავშირებით უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე გვენეტაძესა და იუსტიციის საბჭოს მდივანს მურუსიძეს შორის კონფლიქტი საჯაროდ გახდა ცნობილი, მეორე დღეს პრემიერი მურუსიძეს ხვდება.

უფრო მეტიც, შეხვედრის შემდეგ ღარიბაშვილმა მურუსიძეს დიდი მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაზე ლევან მურისიძესთან ერთად უნდა ვიაროთ, რომლის შეხედულებები თურმე ერთობ საინტერესო, მომხიბლავი და მთავრობის მიერ მოწონებულია.

“ასეთი ჟესტები და განცხადებები პროცესზე გავლენას ახდენს. აირჩევენ თუ არ აირჩევენ მურუსიძეს მოსამართლედ, ხელისუფლება იტყვის, რომ ის დიდი ხანია სასამართლოს არ აკომპლექტებს. თუმცა აღქმა არის, რომ ხელისუფლება მურუსიძეს უჭერს მხარს და არა მარტო აღქმა. ერთია, რას ამბობენ საჯაროდ და მეორეა კულისებში რას აკეთებენ. მურუსიძის წინააღმდეგ განცხადებებს აკეთებენ, იმიტომ რომ ართქმა წამგებიანია, მაგრამ, ამ “მაგრამის” მიღმა რა დგას, ეს არის საინტერესო,” – მიიჩნევს ალაფიშვილი.

მუხაშავრიას მსგავსად არც ის გამორიცხავს, რომ შესაძლოა ხელისუფლებას მურუსიძე სჭირდებოდეს იმისთვის, რომ რაღაც მიშვნელოვანი სასამართლო პროცესები მოაგებინოს. ალაფიშვილი ამბობს იმასაც, რომ მოსამართლეთა განცხადებებიდან ჩანს, იუსტიციის საბჭოში გარიგებების არსებობა.

“თუკი მოლაპარაკების მაგიდაზე ვაჭრობა უფრო მაღალი თამასით იყო, დარწმუნებული ვარ, ეს წესები შეიცვლება და, სამწუხაროდ, სრულად ვერ გამოვრიცხავ, რომ მურუსიძე არ აირჩიონ. მოსამართლეთა ბოლო განცხადებიდან ჩანს, რომ სიტუაცია ძალიან დაძაბულია. განცხადებამ გაამყარა ეჭვი, რომ იუსტიციის საბჭოს შიგნით დაჯგუფებებია და ერთმანეთთან ვაჭრობენ, კანდიდატურები ერთმანეთში გაცვალონ,” – დასძენს ალაფიშვილი.

რეზონანსი“, 23 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: სახელმწიფომ ექსტრემიზმის წინააღმდეგ ტრადიციული ისლამი უნდა გააძლიეროს

თაკო მათეშვილი

ბოლო პერიოდში ზოგიერთ ქართულ გამოცემაში აქტიურად მიმდინარეობს შავი პიარკამპანია ე.წ. “თურქული სასწავლებლების” წინააღმდეგ. იგულისხმება 15-მდე დაწესებულება – სკოლები, კოლეჯები, ბაღები, უნივერსიტეტები, რომელთა გახსნაც ცნობილი თურქი თეოლოგისა და მწერლის, ფეთჰულაჰ გიულენის სახელს უკავშირდება. მათ შორისაა ისეთი ცნობილი სასწავლებლები, როგორიც დემირელის კოლეჯი და შავი ზღვის უნივერსიტეტი.

გიულენი ერთ დროს თურქეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის, რეჯებ ტაიპ ერდორღანის მეგობარი და თანამებრძოლი იყო, თუმცა შემდეგ მას დაუპირისპირდა და იძულებული იყო ამერიკაში გადასახლებულიყო, სადაც ამჟამადაც ცხოვრობს. გიულენი დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მარტო თურქეთის დემოკრატიულ ძალებში, არამედ ამერიკისა და ევროპის პოლიტიკურ წრეებშიც. გიულენის თეოლოგიური მოძღვრება თანამედროვე ისლამს უკავშირდება და ტოლერანტობას, დემოკრატიულ ღირებულებებსა და განათლების მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს.

“რეზონანსთან” საუბრისას, პოლიტოლოგი და ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე გიულენის საგანმანათლებლო დაწესებულებების წინააღმდეგ აგორებულ ბრალდებებს “სრულ ტყუილს” უწოდებს და ეჭვობს, რომ ამის უკან ერდოღანის მთავრობა დგას, რომელიც თეოლოგს პირად მტრად მიიჩნევს. თუმცა ექსპერტი იმასაც ამბობს, რომ საქართველოში მარლაც არსებობს რელიგიური ექსტრემიზმის საფრთხე, რომლის კულტივირება მიდის ზოგიერთ რელიგიურ სასწავლებელში. გიულენის სასწავლებლებში ასეთი არაფერი ხდება. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი გარკვეულწილად თურქეთის ამჟამინდელი ხელისუფლების მიერაა იმიტირებული. სასწავლებლების ხელმძღვანელობასა და თურქეთის მთავრობას შორის საკმაოდ რთული ურთიერთბაა, მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე ერდოღანი და გიულენი მოკავშირეები იყვნენ. ასე რომ, ჩემი აზრით, ყველაფერი მოგონილი და ყურით მოთრეულია. თავადაც მქონდა ასეთი ტიპის ინფორმაცია, გადავამოწმე და აღმოჩნდა, რომ რეალობა აბსოლუტურად სხვანაირი იყო. მაგალითად, დავინტერესდი, თუ რა სიტუაცია იყო ერთ-ერთ ასეთ სკოლაში მარნეულში, სადაც ძირითადად აზერბაიჯანელები სწავლობენ. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ მოულოდნელი სურათი დამხვდა – ქართული ენის სწავლება გაძლიერებულად მიმდინარეობს და მოვისმინე ერთ-ერთი ჟურნალისტის ნაამბობი, რომელიც იქ ქართული ენის გაკვეთილს დაესწრო და ბავშვების მომზადებით აღტაცებული დარჩა.

კარგი იქნებოდა ამ სკოლის ერთ-ერთ კურსდამთავრებულს, ისეთ ცნობილ ქართველს ვკითხოთ აზრი, როგორიც ზაზა ფაჩულიაა. მან ამ სკოლის სრული კურსი გაიარა და სკოლისავე დახმარებით ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გუნდში მოხვდა. იმასაც ვიტყვი, რომ ორი ასეთი სკოლის ხელმძღვანელი ეთნიკური ქართველია. მათთან არანაირ ექსტრემიზმზე ლაპარაკი არ შეიძლება. კიდევ გავიმეორებ, ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ხელოვნურად ატეხილია ზოგიერთი თურქული ორგანიზაციის მიერ. ამ სასწავლებლებში ისინი ალბათ ან კონკურენტს ხედავენ, ან ხელმძღვანელობასთან აქვთ ცუდი ურთიერთობა და ამის გამო ცდილობენ მათზე უარყოფითი შთაბეჭდილების შექმნას», – ამბობს მამუკა არეშიძე.

- ამ დაწესებულებებში ისლამს არ ასწავლიან?

- არა, არავითარი რელიგიური სწავლება ამ სკოლებში არ მიმდინარეობს.

- ვინ არის ფეთჰულა გიულენი?

- ფეთჰულა გიულენი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა. ჩვენს პრესაში ადრე იმაზეც გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ქობულეთში სააკაშვილსა და გიულენს შეხვედრა ჰქონდათ და გიულენის დაჟინებული მოთხოვნით მაშინ 10 ათასი თურქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მიცემა გადაწყდა. რასაკვირველია, ამ ფაქტით აღვშფოთდით და შევეცადეთ დაგვედგინა, მართლაც შედგა თუ არა ეს შეხვედრა. გაირკვა, რომ დროის იმ მონაკვეთში გიულენი საქართველოში კი არა, ევროპაშიც კი არ იმყოფებოდა. დადგინდა, რომ შეხვედრა საერთოდ არ შემდგარა. ანუ, ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. რაც შეეხება ფეთჰულა გიულენის რელიგიურობას, როგორც ამერიკელი კოლეგები გვეუბნებიან, ექსტრემიზმზე საუბარიც კი ზედმეტია. იგი ერთ-ერთი იდეოლოგიის მიმდევარია, რომელიც სამშვიდობო აქტიურობას გულისხმობს. ეს რელიგიური კი არა, ჰუმანიტარულ-ფილოსოფიური პროცესი უფროა. თუმცა საქართველოში მისი აქტიურობა არ ჩანს.

- მაგრამ ხომ არის სხვა სასწავლებლებიც, სადაც ისლამს ასწავლიან და ისინი განათლების სამინისტროს არ ექვემდებარება.

- ეს უკანონობაა. არ შეიძლება ქვეყანაში განათლების სამინისტროს მიერ არალიცენზირებული სასწავლებლები არსებობდეს. მდგომარეობა სტაბილურად უარყოფითია და მიხედვა სჭირდება. არის სასწავლებლები, რომლებიც კანონგარეშე გაიხსნა, მაგრამ იქ მხოლოდ ტრადიციულ ისლამს ასწავლიან და არის სასწავლებლები, რომლებშიც სასწავლო პროცესი ექსტრემიზმთან ახლოსაა. ხშირ შემთხვევაში ბავშვებს არაბულად ყურანის თავებს აზეპირებინებენ მაშინ, როცა ამ ბავშვებმა არაბული არ იციან. მექანიკურად აზეპირებინებენ და ბავშვები ვერანაირ ცოდნას ვერ იღებენ გარდა იმისა, რომ მათ გაუგებარი ტექსტები ზეპირად იციან. მეტიც, არის სასწავლებლები, რომლებშიც ბავშვებს იქით უხდიან ფულს იმისათვის, რომ იქ იარონ. არ მინდა დავასახელო რეგიონი, მაგრამ ერთ-ერთ რეგიონში ბავშვებს სასწავლო წლის ბოლოს 50 ლარს უხდიან ამ სასწავლებელში სიარულისათვის. გაჭირვებული ოჯახებისათვის კი ეს ფულია.

ქვეყანაში ასეთი რელიგიური სასწავლებლების არსებობა, რა თქმა უნდა, ეჭვს იწვევს და საშიშია. საზოგადოებას იქ მიმდინარე სასწავლო პროცესის მონიტორინგის საშუალება არ ეძლევა. იმ სკოლებმაც კი, რომლებიც ტრადიციულ ისლამს ასწავლიან, ლიცენზია აუცილებლად უნდა მოიპოვონ.

- ბოლო პერიოდში “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირის ბრალდებით დაკავებული ახალგაზრდებიც, როგორც ვიცით, ასეთ სასწავლებლებში სწავლობდნენ.

- ჰოდა, ამის დაშვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება არც გურიაში, არც აჭარაში, არც ქვემო ქართლში და არც კახეთში. არადა ხდება, ამის ბევრი ფაქტი გვაქვს. სხვათა შორის, სწორედ ამის საპირწონედ მზადდება პროექტი საქართველოს ხელისულებაში, რომელიც ამგვარი სასწავლებლების, ოღონდ ლიცენზრებულების შექმნას გულისხმობს. მათ არა მხოლოდ პირველი, არამედ მეორე და მესამე საფეხურიც, ანუ უმაღლესიც ექნებათ. ეს იმისთვის კეთდება, რომ სახელმწიფოს პროცესის სრული კონსტროლის საშუალება ჰქონდეს.

მასტიმულირებელი იქნება ის, რომ კურსდამთავრებულები სხვადასხვა დონის სასულიერო პირებად დაიშვებიან მუსლიმებით დასახლებულ ზონებში. მათ მიეცემათ რელიგიური მოღვაწეობისა და ქადაგების უფლება.

- ანუ ამ სასწავლებლებისათვის კრიტერიუმები დაწესდება, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაშიც ლიცენზიას მიიღებენ და მათი საქმიანობა კანონიერი გახდება?

- კრიტერიუმები, რა თქმა უნდა, აუცილებლად დაწესდება. ზოგიერთი მათ გაივლის, უმეტესობა – ვერა და საქართველოს ტერიტორიაზე სწავლების უფლებას ვერ მიიღებს. მათი კურსდამთავრებულებიც ვერ გახდებიან ოფიციალურად რელიგიური მოღვაწეები. შესაბამისად, რელიგიურ აქტიურობაშიც ხელი შეეშლებათ.

- ტერორიზმთან და “ისლამურ სახელმწიფოს” მოკავშირეებთან ბრძოლის კუთხით სახელმწიფომ ბოლო პერიოდში გარკვეული ნაბიჯები გადადგა. როგორ აფასებთ ამ ღონისძიებებს და გვაქვს თუ არა ამ კუთხით უკეთესი მდგომარეობა?

- ჩემთვის მთავარი გამოწვევა ფიზიკური ტერორიზმი არაა. ანუ, პრობლემა მხოლოდ ის არაა, რომ ვიღაც სირიაში საომრად მიდის. ჩემთვის იდეოლოგიური ტერორიზმი არანაკლებ მნიშვნელოვანია. იდეოლოგიურ ტერორიზმთან ბრძოლა უაღრესად რთულია. მას ღრმად აქვს ფესვები გადგმული და წინა ხელისუფების პერიოდში პრაქტიკულად არანაირი ყურადღება არ ექცეოდა. სხვათა შორის, ეს ხელისუფლებაც სცოდავდა, რადგან საწყის ეტაპზე ძალიან ბევრი დრო დაკარგა. დღეს კი ვხედავ, რომ მდგომარეობის გამოსასწორებლად შესაბამისი მუშაობა მიდის. ჩემ მიერ ზემოთ ნახსენები სასწავლებლების შექმნაც ამ მუშაობის ნაწილია. ეს გახმაურებული პროცესი არაა, მაგრამ მე ამის თაობაზე ინფორმირებული ვარ, რადგან წლებია ამ საქმით ვარ დაკავებული. იმათ წინააღმდეგ კი, ვინც სირიაში წასასვლელად ამზადებდნენ ხალხს, მათ ეხმარებოდნენ და ა.შ. ტოტალური ბრძოლა მიმდინარეობს.

- ეს ბრძოლა ეფექტურია?

- ზოგი დაშინდა, ზოგი გაჩერდა, ზოგი დააპატიმრეს, ზოგიც ქვეყნიდან გაიქცა. არ ვამბობ, რომ სირიასა და ერაყში ახლა აღარავინ მიდის, ასეთი შემთხვევები მაინც იქნება, რადგან ადამიანების გაკონტროლება ძალიან რთული საქმეა. იდეოლოგიური ტერორიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სეგმენტი სოციალური ქსელებია. მათი დაბლოკვა შეუძლებელია. მაშინ სხვისი ინტერესებიც შევიწროვდება. სოციალური ქსელების ნაწილის გათიშვა, როგორც ეს ჩინეთშია, საზოგადოებრივ მღელვარებას გამოიწვევს. ამიტომ, შესაბამისი სტრუქტურები იძულებულები არიან ისლამის იდეოლოგებს საიტიდან საიტზე სდიონ. ისიც უნდა ითქვას, რომ აქ მთავარი ის კი არაა რამდენს დაიჭერ, არამედ ის, თუ რამდენად გააძლიერებ ტრადიციული ისლამის მიმდევრებს, რადგან მათი გაძლიერება ავტომატურად იწვევს მნიშვნელოვანი ფსიქოლოფიურ-იდეოლოგიური ბარიერის შექმნას კავკასიისთვის მიუღებელი ისლამური მიმდინარეობის წარმომადგენლებისათვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. ამ თვალსაზრისით, ბოლო 4-5 თვის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა სტრუქტურას, არა მხოლოდ უშიშროებას, გარკვეული წარმატება აქვს. არ შემიძლია ეს არ დავინახო, მიუხედავად იმისა, რომ სპეცსამსახურების მუშაობას მუდამ ვაკრიტიკებდი და მომავალშიც გავაკრიტიკებ. ახლა კი ეს სტრუქტურები კრიტიკას ნამდვილად არ იმსახურებენ.

- ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებული ინფორმაციით, ნატო თურქეთის საზღვრის გამაგრებას იწყებს. როგორც ალიანსში აცხადებენ, ეს მხოლოდ თავდაცვისათვის ხდება. რამდენად შემაშფოთებელი უნდა იყოს ჩვენთვის ეს ამბავი, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ალიანსში სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავებას ელოდებიან?

- რა თქმა უნდა, სიტუაციის გამწვავება მოსალოდნელია სირიაშიც, ახლო აღმოსავლეთშიც და მასთან მიჯრით მდებარე ე.წ. დიდი კავკასიის რეგიონშიც. დღეს ის წესრიგი და სისტემა, რომელიც ამ რეგიონში არსებობდა, დამსხვრეულია. ახალი სისტემა კი არავის შეუქმნია. ერთგვარი ქაოტური მდგომარეობაა და ყველა ცდილობს თავისი ინტერესებით იმოქმედოს. იქნებიან ეს ირანელები, თურქები, ქურთები, არაბები თუ სხვა.

ყველა მსხვილი მოთამაშე, რომელიც ამ რეგიონში აქტიურად მუშაობს, მაგალითად, აშშ და რუსეთი, თავიანთი ინტერესების მიხედვით მოქმედებენ. ამიტომაცაა უაღრესად არამყარი და არასტაბილური ვითარება. თუ ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა, მესამე მსოფლიო ომის წინაპირობა შეიქმნება. საქართველოს კი გეოგრაფიულად ისეთი მდებარეობა აქვს, რომ მიმდინარე პროცესების მიმართ ძალიან ფრთხილი და ყურადღებიანი უნდა იყოს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პრაქტიკულად ჩვენ გვერდით ომი მიმდინარეობს, რომელიც დიდ ომში შეიძლება გადაიზარდოს. ყარაბახის კონფლიქტს ვგულისხმობ, სადაც გამყოფი ხაზი ყოველდღიურად ცეცხლის ალშია გახვეული უკვე არა მხოლოდ მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღით, არამედ ტანკებისა და არტილერიის გამოყენებით.

რეზონანსი“, 23 დეკემბერი, 2015 წელი

კახა კალაძის გასაჭირი: საქართველოს ენერგეტიკულ ომში ითრევენ

რუსეთი ირანული გაზისდასათრევადუკან არაფერზე დაიხევს

მაკა ხარაზიშვილი

რეგიონში ენერგეტიკული რესურსების განაწილებისთვის ბრძოლა ახალ ფაზაში შედის. ამერიკა ევროპაში თხევადი გაზის ექსპორტზე კონტრაქტებს აფორმებს, რუსეთი ცდილობს აზიიდან რაც შეიძლება დიდი მოცულობის გაზის ტრანსპორტირება დაიბევოს და ევროპის ბაზარზე მონოპოლიური მდგომარეობა შეინარჩუნოს. თურქეთის მთავრობა კი დივერსიფიკაციის მიმართულებით გააქტიურდა, ვინაიდან რუსეთი მისთვის არასაიმედო ქვეყანა გახდა. ამ დროს საქართველო, შეიძლება ითქვას, “ორ ცეცხლს” შუაა ჩავარდნილი.

ენერგეტიკის მინიტრ კახა კალაძესა და “გაზპრომის” ხელმძღვანელს შორის მოლაპარაკება 2016 წელს გაგრძელდება. ოფიციალურად შეხვედრის თემა – ქართული კომპანიებისთვის რუსულ გაზზე ხელმისაწვდომობაა. არაერთი ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ რუსეთის მთავარი მიზანი ირანიდან საქართველოს გავლით გაზის ტრანზიტია, რაც კატეგორიულად მიუღებელია დასავლეთისთვის.

ამ დროისთვის ირანი გაზის ექსპორტს, ფაქტობრივად, ვერ ახორციელებს. იგი ბუნებრივ აირს მინიმალური ოდენობით ყიდის. არადა, ირანს სურს, რომ გამოვიდეს სანქციების მდგომარეობიდან და გახდეს აქტიური მოთამაშე გაზის საერთაშორისო ბაზარზე.

უცხოური მედია წერს, რომ რუსეთის ენერგოკომპანიების ხელმძღვანელებმა ირანში ვიზიტს მოუხშირეს. პარალელურად “გაზპრომის” ხელმძღვანელი ალექსეი მილერი უკვე სამჯერ შეხვდა კახა კალაძეს. თანდათან ცხადი ხდება, რომ რუსეთის ინტერესი საქართველოში გაზის გაყიდვა არ არის. ეს ბაზარი მისთვის იმდენად მცირეა, რომ ქსელში კარგავს იმაზე მეტი ოდენობის გაზს, რასაც საქართველო მოიხმარს. ექსპერტების აზრით, რუსეთი შეეცდება, რომ საქართველო მისი დერეფნის გამოყენებაზე დაითანხმოს და ამისთვის არც შანტაჟია გამორიცხული.

კალაძის განცხადებით, ბოლო შეხვედრისას, მილერმა მას მიანიშნა, რომ შეიძლება სომხეთმა ბუნებრივი აირი ირანისგან მიიღოს და საქართველოს გავლით რუსეთიდან იმპორტი შეწყდეს.

“მათ გააკეთეს მინიშნება, რომ სომხეთს ბუნებრივი აირი მიაწოდონ ირანიდან. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის ძალიან ცუდია და მიუღებელი იქნება. რუსეთს ამის შესაძლებლობა გააჩნიათ, ამაზე იყო საუბარი. ირანი ძალიან საინტერესო ბაზარია. უდიდესი რესურსის მქონე ქვეყანაა. ჩვენ გვაქვს დაწყებული მუშაობა ამ მიმართულებით. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ვიზიტს ირანში და, რა თქმა უნდა, განხილული იქნება საკითხები, რამდენად შეიძლება თანამშრომლობა სამომავლოდ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ექსპერტების განცხადებით, საუბარი მიმდინარეობს იმაზე, რომ საქართველოს მაგისტრალურ მილში ტრანზიტის მიმართულება შეიცვალოს და ამჯერად ბუნებრივი აირი სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით წავიდეს ან საერთოდ ცარიელი დარჩეს. ირანული გაზის ექსპორტის ხელში ჩაგდებაზე რუსეთი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ამერიკამ ევროპაში თხევადი გაზის ტრანსპორტირებაზე გააკეთა განცხადება.

ამერიკულმა კომპანიებმა საერთო ჯამში 60 მილიარდი დოლარი დახარჯეს საექსპორტო ინფრასტრუქტურის შექმნისთვის. “2019 წელს ევროპაში ამერიკული გაზის მიწოდება, სავარაუდოდ, 60 მილიონ ტონს გადააჭარბებს, რაც ევროკავშირს დაეხმარება შეამციროს რუსეთიდან მიწოდებულ გაზზე დამოკიდებულება”, – წერს “როიტერი”. აღსანიშნავია, რომ თხევად გაზი ძვირია, ამიტომ რუსეთის მთავრობა შეეცდება გაზსადენებით ევროპაში რეექსპორტით სულ უფრო მეტი აზიური გაზი გაიტანოს და ამით შეინარჩუნოს მონოპოლიური მდგომარეობა ევროპის ბაზარზე.

ირანის მთავრობის წარმომადგენლები გამუდმებით აცხადებენ, რომ ქვეყანა მზადაა ევროპის მზარდი მოთხოვნილება დააკმაყოფილოს, მაგრამ მათ არ უნდათ რუსეთთან კონკურენცია. რუსეთში ირანის ელჩის მეჰდი სანაის განცხადებით, რუსეთს სხვა ქვეყნებთან შედარებით უპირატესობა უნდა მიენიჭოს ირანულ ბაზარზე, რადგან მძიმე დროს იგი თეირანის გვერდით იდგა. ამიტომაც, ანალიტიკოსების განცხადებით, ანტიირანული სანქციების შერბილების შემდეგ, დასავლეთში ყოველთვის ნერვიულობდნენ რუსული ენერგოკომპანიების ირანში მუშაობის თაობაზე.

საქართველოს როლი

ენერგეტიკის ექსპერტის, გია ხუხაშვილის განცხადებით, რუსეთსა და ირანს შორის მოლაპარაკების პროცესთან ჩვენს ქვეყანას კავშირი არ აქვს, თუმცა საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში საქართველოს გამოიყენებს “ვეტოს უფლებას” – გაატაროს თუ არა ირანული გაზი რუსეთის მიმართულებით. ამ პროცესში საქართველოს პოლიტიკური ვექტორი ნათელია, ქვეყანა ამერიკისა და ევროპის პარტნიორია, თუმცა ამ პარტნიორობას აქვს თავისი ფასი როგორც უსაფრთხოების, ისე მოსალოდნელი პოტენციური ზარალის კომპენსირების კუთხით.

“ახლანდელ ენერგეტიკულ ბრძოლებში ჩვენი პოზიცია ნათელია. საქართველო ევროპული დერეფნის ნაწილში რუსეთის ერთ-ერთი კონკურენტია. ცნობილია, რომ თუკი რუსეთს ვინმე ხელს უშლის, იგი მაქსიმალურად აგრესიული ხდება. არ არის აუცილებელი, რომ ეს აგრესია მაინც და მაინც ენერგეტიკული ფორმით გამოიხატოს.

ჩვენ ვართ დასავლეთის პარნიორები, მაგრამ ყველაფერს აქვს პოლიტიკური ფასი. ასეთ დროს ჩნდება კითხვა: ვართ საკმარისად დაცულები ჩვენი პარტნიორების მხრიდან? თუკი მოსკოვ-თეირანის პროექტი შედგა და ჩვენ მას ვეტოს დავადებთ, რა გარანტიას ვიღებთ როგორც უსაფრთხოების, ისე პოტენციური მატერიალური ზარალის კომპენსირების კუთხით? აუცილებელია, რომ ამ ორ კითხვაზე დამაკმაყოფილებელი პასუხი მივიღოთ”, – ამბობს გია ხუხაშვილი.

მისივე თქმით, მართალია თეორიულად ეს პროექტი არსებობს, მაგრამ მოკლე პერიოდში განხორციელება შეუძლებელია. “დღეს მსოფლიოში დიდი გეოპოლიტიკური თამაში მიდის. აღნიშნული პროექტი ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტად განიხილება, რომელიც ყველაზე იაფია, ვინაიდან ძირითადი ინფრასტრუქტურა უკვე არსებობს. ამიტომაც ინტერესი დიდია.

დღევანდელი გადმოსახედიდან ირანი და რუსეთი თანამშრომლობენ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ერთიან ენერგეტიკულ პოლიტიკას დაგეგმავენ. მეორე მხრივ, ირანს რისკების დივერსიფიკაციაზეც მოუწევს ფიქრი, რადგან მისთვის მარტო ეს მიმართულება არ არის დამაკმაყოფილებელი”, – ამბობს ხუხაშვილი.

რაც შეეხება, საქართველოს დერეფნის მიმზიდველობას. საქართველოს რუსეთთან 700-მილიმეტრიანი მაგისტრალური გაზსადენი უკვე აკავშირებს, თუმცა ირანული გაზის წამოღების შემთხვევაში, მის გასწვრივ უფრო მაღალი კვეთის ტრანზიტული მილი უნდა ჩაიდოს, ვინაიდან ირანიდან წამოსულმა აირმა, ერთი მხრივ, უნდა დააკმაყოფილოს სომხეთის მოთხოვნა, საჭიროების შემთხვევაში საქართველომაც გამოიყენოს დამატებითი მოცულობა და ტრანზიტიც განხორციელდეს.

თურქეთი თანდათან ჩიხში ექცევა

თურქეთსა და რუსეთს შორის პოლიტიკური დაძაბულობის გაღრმავების შემდეგ, მოსკოვის ერთ-ერთი ყველაზე საშიში მუქარა – გაზის მიწოდების შეწყვეტაა. თურქეთში ბუნებრივი აირის იმპორტის 50%-ზე მეტი რუსულ გაზზე მოდის.

პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანს რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტის არ სჯერა და ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება კრემლსაც დიდ მატერიალურ ზიანს მიაყენებს. “თურქეთი არის რუსეთისთვის მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ბაზარი და მოსკოვს სჭირდება საწვავის გასაღება. ჩვენ გვჭირდება გაზი, ისევე როგორც რუსეთს სჭირდება გასაყიდი ბაზარი”, – განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთში ჩრდილოეთიდან გაზის იმპორტის შეწყვეტა წარმოუდგენლად მიაჩნია გია ხუხაშვილსაც, ვინაიდან ეს უკვე ომს ნიშნავს, რომლითაც ორივე ქვეყანა ძალიან დაზარალდება.

“ვფიქრობ, თურქეთისთვის გაზის შეწყვეტა “გაზპრომის” იმიჯს სერიოზულად დააზარალებს. ეს მოხდება მხოლოდ ომის შემთხვევაში, სხვა მხრივ ჩემთვის მსგავსი რამ წარმოუდგენელია. თურქეთის მოხმარების 50% რუსულ აირზე მოდის და ასეთი გადაწყვეტილება ქვეყანას ძალიან დააზარალებს. ამ პროცესს შეიძლება მოჰყვეს ბოსფორის სრუქტის დაკეტვა რუსული გეგმებისთვის, რაც არანაკლები კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება რუსეთისთვის და ეს უკვე ნამდვილი ომი იქნება. ღმერთმა არ ქნას, საქმე აქამდე მივიდეს”, – აცხადებს ხუხაშვილი.

აღსანიშნავია, რომ 2014 წლის მონაცემებით, თურქეთი, გერმანიის შემდეგ, რუსული გაზის მეორე უმსხვილესი იმპორტიორია. ანკარამ “გაზპრომისგან” 27,3 მლრდ კბ/მ გაზი შეიძინა. ამასთან, რუსულ კომპანიასთან ორი გრძელვადიანი კონტრაქტია გაფორმებული, რომლის თანახმადაც, რუსეთმა თურქეთს ყოველწლიურად უნდა მიაწოდოს 20 მლრდ კბ/მ გაზი. პირველ ხელშეკრულებას ხელი 1997 წელს მოეწერა, რომელიც ითვალისწინებს 16 მლრდ კბ/მ გაზის მიწოდებას თურქეთისთვის და ამ ხელშეკრულებას ვადა 2025 წლის ბოლოს ეწურება. მეორე გაფორმებული კონტრაქტი წელიწადში 4 მლრდ კბ/მ გაზის მიწოდებას ეხება. აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელი 1998 წელს მოეწერა, ხოლო ვადა 2021 წლამდეა.

თურქეთი გაზის იმპორტს ახორციელებს ასევე აზერბაიჯანიდან, რომლის მოცულობაც წელიწადში 6,6 მლრდ კუბ/მ-ია. ქვეყანას მცირე რაოდენობის ბუნებრივი აირი შემოაქვს ირანიდან. ამასთანავე, თურქეთმა ხელი მოაწერა კონტრაქტს ალჟირთან და ნიგერიასთან 4,4 და 1,2 მლრდ კბ/მ გათხევადებული გაზის შესყიდვაზე. ასეთივე კონტრაქტი გააფორმა ყატართანაც. პარალელურად მოლაპარაკება გაიმართა აზერბაიჯანის ხელისუფოებასთან “ტანაპის” პროექტის დაჩქარების შესახებ. თურქეთში ფიქრობენ, რომ “შაჰ დენიზის” პროექტის მეორე ფაზის ამოქმედება 2018 წლიდან უკვე შესაძლებელი იქნება.

Comments are closed