„ალია“: „პატრიოტთა ალიანსი” აქციებს იწყებს // რისთვის მიდის დასავლეთში და რას ეტყვის ის ამერიკელ და ევროპელ პოლიტიკოსებს?
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ალეკო შალამბერიძესთან: „მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ომის პროვოკატორია“
———————–
„ალია“, 24 თებერვალი, 2015 წელი
“პატრიოტთა ალიანსი” აქციებს იწყებს
რისთვის მიდის დასავლეთში და რას ეტყვის ის ამერიკელ და ევროპელ პოლიტიკოსებს?
დიანა ლიპარტელიანი
რას აპროტესტებს “პატრიოტთა ალიანსი”? რისთვის მიდის დასავლეთში და რას ეტყვის ის ამერიკელ და ევროპელ პოლიტიკოსებს? “ალიას” “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი ესაუბრა:
- გასულ კვირას ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, კონგრესმენ მაიკლ ტერნერისა და აშშ სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარის, სენატორ ჯონ მაკკეინის წერილები გავრცელდა, რომლითაც ტერნერმა და მაკკეინმა ინტერპოლს მიმართეს და სთხოვეს, არ გამოაცხადოს მიხეილ სააკაშვილის საერთაშორისო ძებნა, რადგან საქართველოში კანონის უზენაესობის პრინციპი სისტემურად ირღვევა და ამ პროცესში პოლიტიკური ანგარიშსწორების საფუძველს ხედავენ. ეს განცხადებები ქართველი ხალხის პირდაპირი და ღია შეურაცხყოფაა. გამოდის, რომ გასული 10 წლის მანძილზე ჩვენს ქვეყანაში ადგილი არ ჰქონდა ადამიანების სიცოცხლის ხელყოფას, პატიმრების წამებას, ქონების წართმევას, მშვიდობიანი მიტინგებისა და მანიფესტაციების სასტიკ დარბევას, ბიზნესის დატერორებას, უამრავ სხვა დანაშაულს. გამოდის, რომ ქართველი ხალხი ცილისმწამებელია, როცა სააკაშვილის მმართველობას რეჟიმს უწოდებს და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს. ქართველი ხალხი თავს შეურაცხყოფილად გრძნობს. ეს განცხადებები სააკაშვილის ლობისტური კომპანიების “შრომის” შედეგია. სააკაშვილმა 2 წლის მანძილზე, ლობისტების დახმარებით, თავი “გაითეთრა”, ეს მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებდა მისი მხილებისთვის და კოჰაბიტაციას გაჰყვიროდა. პროკურატურამ 4 ბრალი წაუყენა სააკაშვილს და როცა მაკკეინი, ან ტერნერი ინტერპოლს მიმართავენ და სთხოვენ, თავი დაანებონ სააკაშვილს, ეს იმას ნიშნავს, რომ ორივე ამერიკელი კანონმდებელი მხარს უჭერს უკანონობას, მხარს უჭერს დამნაშავეებს, ჩვენ კი ჩვენი დემოკრატიის გადარჩენისთვის ვიბრძვით და ეს, პირველ რიგში, ამერიკელებს ესმით, რას ნიშნავს. მივმართავ საგარეო საქმეთა სამინისტროს, გამოიყენეთ თქვენს ხელთ არსებული ყველა კანონიერი ბერკეტი, უზრუნველყავით ამერიკის შეერთებული შტატების სენატის, კონგრესის, ასევე, ევროპარლამენტის სწორი და ობიექტური ინფორმირება.
მიაწვდინეთ ქართველი ხალხის პროტესტის ხმა ჩვენს პარტნიორებს. ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებისადმი ჩემი მთავარი პრეტენზია ისაა, რომ მან გააცოცხლა პოლიტიკური გვამები, სააკაშვილისა და მისი გუნდის სახით. გააცოცხლა მისი ინერტული პოლიტიკით, უმოქმედობით.
- აქცია ხალხმრავალი იქნება?
- ეს არ იქნება ხალხმრავალი აქცია, იქნება ლოკალური აქციები და არა მარტო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, არამედ ევროკავშირის ოფისთან, პარლამენტის წინ. ანუ აქცია გათვლილია არა მასშტაბურობაზე, არამედ თემის აქცენტირებაზე.
- რას აპირებთ, თუ თქვენს გამოსვლებს შედეგი არ მოჰყვება?
- სწორ და სამართლიან მოქმედებას ყოველთვის აქვს აზრი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მართლები ვართ. ეს სიმართლე საგარეო საქმეთა სამინისტრომ დასავლეთში უნდა გაიტანოს, უნდა გამოიტანონ ე.წ. კასრების კადრები და აჩვენონ მთელ მსოფლიოს, უნდა იმოქმედონ, რათა ამხილონ სააკაშვილი.
- ანუ აქციები მანამ გაგრძელდება, სანამ შედეგს არ დაინახავთ?
- არამარტო აქციები, ჩვენ ჩავალთ ამერიკაშიც, მალე მივდივარ ბრიუსელში, ანუ ყველაფერი თავიდან იწყება. ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ დასავლეთს, რომ საქართველოში ბოლო 10 წლის მანძილზე იყო რეჟიმი და დამნაშავეების დაცვა დაუშვებელია. აი, ეს არის გასაკეთებელი.
- როდის გეგმავთ ჩასვლას და ვისთან აპირებთ შეხვედრას?
- მარტის დასაწყისში ვგეგმავ ბრიუსელში ჩასვლას, ფართო შეხვედრებია, როგორც ევროდეპუტატებთან, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ჩვენ უნდა მივმართოთ კონგრესსაც და სენატსაც და ავუხსნათ ჩვენს ამერიკელ მეგობრებს, რომ ტყუილის მხარდაჭერა დაუშვებელია. ეს ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა. ასეთი პოლიტიკა მხოლოდ დააზიანებს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს.
- როდის გაიმართება პირველი აქცია?
- აქცია დღეს გაიმართება საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ.
„ახალი თაობა“, 24 თებერვალი, 2015 წელი
ინტერვიუ ალეკო შალამბერიძესთან: „მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ომის პროვოკატორია“
ინტერვიუში პარტია „თავისუფალი საქართველოს“ გენმდივანი ალექსანდრე შალამბერიძე კომენტარს უკეთებს საქართველოს საშინაო და საგარეოპოლიტიკურ მოვლენებს, მათ შორის უკრაინაში მყოფ ექს-პრეზიდენტის საქმიანობასაც (ესაუბრება მარიკა მჭედლიშვილი).
გთავაზობთ ამონარიდს:
- ბოლო დროს უკრაიონა ჩვენთვის უფრო აქტუალური გახდა. ამ დღეებში იქ იმყოფებოდა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც. როგორ შეწფასებდით საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს?
- უკრაინელები ჩვენი ძმები არიან, უკრაინასთან კარგი ურთიერთობა აუცილებელია. სააკაშვილის იქ ყოფნამ და მრჩევლად დანიშვნამ უხერხულობა და დაძაბულობა შექმნა, თუმცა ჩვენ ეს უნდა დავძლიოთ. მინდა უკრაინელებს მივმართო და ვუთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილი მათ ქვეყანას ძალიან ცუდ დღეში ჩააგდებს. მათ უნდა იცოდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ამერიკელი ქორების ხელის ბიჭი. იგი უკრაინაში ომის პროვოკატორის როლში გამოდის. ჩვენთვის, საქართველოს მთელი მოსახლეობისათვის, ეს ძალიან შეურაცხმყოფელია. უკრაინელ ხალხთან მეგობრობის სანაცვლოდ ჩვენ ამას ავიტანთ, მაგრამ უკრაინელებმაც უნდა გააცნობიერონ, რა ხდება მათ თავს. დონბასში ომი არ შეწყვეტილა, უკრაინა დაშლის საფრთხის პირასაა. ჩვენ ეს პრობლემები, 1992 წლიდან მოყოლებული, არაერთხელ გვქონია. საქართველოს სოლიდარულია უკრაინასთან, მაგრამ სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილი უკრაინას უარეს მდგომარეობაში ჩაითრევს.