„რეზონანსი“: „ციანიდის საქმის“ მორიგი მსხვერპლი თუ პროტესტის ნიშნად წასული პატრიარქის მდივანი // დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი გუშინ თანამდებობიდან წავიდა
„რეზონანსი“: ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „ხუთი პირი საკუთარ თავს პატრიარქის სავარძელში ხედავს“ // „იმედი მაქვს, საპატრიარქოში ზომიერ ფორმებში თვითგაწმენდა მოხდება“
„რეზონანსი“: ინტერვიუ დავით ზურაბიშვილთან: „ეკლესიის ავტორიტეტის გამოყენებას ცდილობენ და ამას ყიდულობენ იმ ფულით, რომელსაც საპატრიარქოს უხდიან“ // როდესაც დიდ ფულზეა ლაპარაკი, ყოველთვის ხდება დაძაბულობა
„ახალი თაობა“: ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „ვიცე-პრემიერის ინსტიტუტის დანიშნულება გაუგებარია“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ მირიან მირიანაშვილთან: „თუ ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს ხელს დააფარებს, ისიც მისი ბანდის ნაწილი იქნება“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „რუსეთიდან ბალისტიკური რაკეტები გვაქვს დამიზნებული“ // „შეიარაღებულ ძალებში შემცირება გეოპოლიტიკური შეცდომაა“ // „საქართველოს აშშ-ის იმედი უნდა ჰქონდეს“
„რეზონანსი“: ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „ნატო არ აპირებს საქართველოს მიტოვებას“ // „შავი ზღვის აუზში დაგეგმილი მოქმედებები ნატო-საქართველოს ურთიერთობას გააძლიერებს“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ რევაზ არველაძესთან: „ბუნებრივი აირის ტარიფის ზრდა გარდაუვალია“
„ახალი თაობა“: სასამართლომ მაია რჩეულიშვილს 250 ათასი ლარის ქონება ჩამოართვა // „ამ ყველაფერს სახელმწიფო იდიოტიზმს დავარქმევდი“
„რეზონანსი“: ხუდონჰესის პროექტი, მინიმუმ, ორი წლით გაჩერდა // საქართველოს მთავრობასა და ინვესტორს შორის მოლაპარაკება ჩიხშია შესული
————————
„რეზონანსი“, 24 თებერვალი, 2017 წელი
„ციანიდის საქმის“ მორიგი მსხვერპლი თუ პროტესტის ნიშნად წასული პატრიარქის მდივანი // დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი გუშინ თანამდებობიდან წავიდა
სალომე სარიშვილი
უკანასკნელი დღეების განმავლობაში საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენები ელვის სისწრაფით ვითარდება. გუშინ პროტესტის ნიშნად თანამდებობა პატრიარქის მდივანმა მამა მიქაელ ბოტკოველმა დატოვა, თუმცა ვიდრე ამ გადაწყვეტილებამდე მივიდოდა, განაცხადა, რომ მოტივი ამგვარი რადიკალური ქმედებისა პატრიარქის დაცვის უფროს სოსო ოხანაშვილს უკავშირდებოდა, რომელმაც “მისი მისამართით ცილისმწამებლური განცხადებები” გააკეთა. პატრიარქის მდივანმა ისიც დაამატა, რომ იგი ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით დაიღალა და ესეც მისი წასვლის ერთ-ერთი მიზეზი გახდა.
რატომ წავიდა პატრიარქის მდივანი
პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა გუშინ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მას პატრიარქის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი უკანასკნელი დღეების განმავლობაში საპატრიარქოში საერთოდ არ უნახავს. მის ამ განცხადებამდე კი, გუშინვე გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თანამდებობა თავად სოსო ოხანაშვილმა დატოვა, თუმცა ამ საკითხზე დასმულ შეკითხვას გუშინ ბოტკოველმა არ უპასუხა. მოგვიანებით კი განცხადება თავად სოსო ოხანაშვილმა გააკეთა და თქვა, რომ მიქაელ ბოტკოველმა იცრუა, როდესაც თქვა, რომ იგი საპატრიარქოში არ იმყოფებოდა. სოსო ოხანაშვილის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში სპეციალური ბრიფინგის გამართავას გეგმავს, სადაც იტყვის, დარჩება თუ არა კვლავ ამ თანამდებობაზე.
ზუსტად ამ განცხადებას მოჰყვა მიქაელ ბოტკოველის თანამდებობიდან წასვლა. დეკანოზმა განაცხადა, რომ ეს სოსო ოხანაშვილის საპასუხოდ, პროტესტის ნიშნად მიღებული გადაწყვეტილება იყო. “პროტესტის ნიშნად დავტოვე ჩემი თანამდებობა და წამოვედი საპატრიარქოდან. ვიყავი კათოლიკოს პატრიარქის მდივანი და დღეიდან ჩემს მოვალეობებს აღარ შევასრულებ. საპატრიარქოში აღარ ვიქნები”, – განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.
განცხადება აღნიშნულ საკითხზე მოგვიანებით საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მამა დავით შარაშენიძემაც გააკეთა და თქვა, რომ სოსო ოხანაშვილის განცხადება სრულიად არაადეკვატურად მიაჩნიათ და რომ ეს მხოლოდ ცილისწამება სიცრუეში ბრალის დადება იყო. “მამა მიქაელმა ცალსახად გააკეთა განცხადება, რომ მას თვითონ არ ჰყავდა ნანახი საპატრიარქოში სოსო ოხანაშვილი და იქ არ იყო საუბარი თუ რა პოზიციას იკავებს დღეს და აგრძელებს თუ არა სამსახურს”, – განაცხადა მამა დავით შარაშენიძემ.
მიქაელ ბოტკოველის გადადგომის შემდგომ კი პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ თქვა, რომ მამა მიქაელის მიერ თანამდებობის დატოვება იმ ადამიანის გადასაწყვეტია, რომელიც მას ნიშნავს და ეს არის მისი უწმინდესობა და შესაბამისად, მამა მიქაელ ბოტკოველი ამ დრომდე ინარჩუნებს პატრიარქის მდივნის პოზიციას. “მამა მიქაელ ბოტკოველის თანამდებობა გახლავთ კონკორდატის თანამდებობა. როგორც ვიცი, მამა მიქაელს მისი ეს ემოციური გადაწყვეტილება არ შეუთანხმებია მის უწმინდესობასთან, ამიტომ დაველოდოთ. ეს არ არის ცალმხრივად გადასაწყვეტი. გადაწყვეტილებას მიიღებს ეკლესიის საჭეთმპყრობელი და მჯერა, რომ მიქაელ ბოტკოველი მის ნება-სურვილს დაემორჩილება”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ლაშა ჟვანიამ.
შეხვედრა სინოდის წევრებსა და ბრალდებულის ადვოკატებს შორის
გუშინვე შეხვედრა საპატრიარქოში სინოდის წევრებსა და ბრალდებული დეკანოზის ადვოკატებს შორისაც გაიმართა, რომელიც დაახლოებით საათნახევარს გრძელდებოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ წმინდა სინოდის წევრებს ჰქონდათ ბევრი კითხვა, რაზეც ადვოკატებმა დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია. მისივე თქმით, შეკითხვები ეხეოდა იმ ჩვენებას, რომელსაც დაკავებული დეკანოზი ისაუბრებს.
როგორც მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, სინოდის წევრები დაინტერესებულნი არიან სამართლიანი გადაწყვეტილებით. ამასთან, გუშინ საპატრიარქოში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც იმყოფებოდა, თუმცა მან საპატრიარქო უკომენტაროდ დატოვა.
პატრიარქის ვიდეო-ჩანაწერის თავისებურება
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც გუშინ ფართო საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, მეუფე დიმიტრის განცხადება, რომელიც პატრიარქის ვიდეო-ჩანაწერს ეხება. მეუფე დიმიტრის თქმით, ბერლინის კლინიკაში ჩაწერილ ვიდეოში პატრიარქი სიტყვებს “ხან ერთს ამბობს, ხან მეორეს” არა მამა გიორგი მამალაძის, არამედ პროკურატურის შესახებ ამბობდა.
როგორც მეუფე დიმიტრიმ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, პატრიარქმა უბრალოდ პროკურატურის ნაცვლად შეცდომით მამა გიორგი მამალაძის სახელი ახსენა და ვიდეოდან ეს ნაწილიც სწორედ ამის გამო ამოიჭრა.
მეუფე დიმიტრიმ აღნიშნა ისიც, რომ ვიდეოდან რამდენიმე წინადადების ამოღების გადაწყვეტილება შეთანხმებული იყო თავად პატრიარქთან: „პატრიარქთან პალატაში შეკრებილი ვიყავით ოთხი მღვდელმთავარი, არქიმანდრიტი დავით ჭინჭარაული და შორენა. იქ ვსაუბრობდით ამ საკითხთან დაკავშირებით. ითქვა, რომ ხალხის დაბნეულობა გამოიწვია პროკურატურის სხვადასხვა განცხადებებმა. გადავწყვიტე, რომ ვიდეომიმართვა გაგვეკეთებინა. რატომღაც არ ვიცი, ჩვენ ვერ ვთქვით ხმამაღლა, თუ პატრიარქმა ეს ვერ გაიგო, გამოვიდა ისე, რომ პატრიარქი ამბობს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ხან ერთს ამბობს, ხან მეორეს და ხან მესამეს. ეს ასე არ იყო, იმიტომ რომ ამ დროს, იცით, მამა გიორგი დუმდა. ის, რასაც ეუბნებოდნენ პროკურატურის შესახებ პატრიარქს, მამა გიორგის შესახებ თქვა პატრიარქმა. იქვე მივიღეთ გადაწყვეტილება, მოვახსენეთ პატრიარქსაც, რომ ეს ასე უნდა ყოფილიყო და ნაწილი მოიჭრა, სადაც პატრიარქი საუბრობს, პროკურატურის ნაცვლად მამა გიორგიზე – ხან ერთს ამბობს, ხან მეორეს, ხან მესამესო”, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს” მეუფე დიმიტრიმ. ხოლო, კითხვაზე შეხვდება თუ არა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი დაკავებულ დეკანოზს, უპასუხა, რომ “სურვილიც რომ ჰქონდეს, მიღებული იქნა გადაწყვეტილება პატრიარქსა და პროკურატურას შორის, რომ ამჯერად მღვდელმთავრებმა შეხვედრისგან თავი შეიკავონ.”
შეხვედრა ბრალდებულსა და მეუფე პეტრე ცაავას შორის
აღსანიშნავია, რომ გუშინ მამა გიორგი მამალაძესთან ე. წ. მატროსოვის ციხეში მეუფე პეტრე ცაავაც შევიდა. ციხიდან გამოსვლის შემდგომ კი განაცხადა, რომ პატრიარქის ჩამობრძანების მიუხედავად, საპატრიარქოში სიტუაციას კვლავ ყველაზე დიდი დამნაშავე ქალბატონი მართავს. როგორც ჭყონდიდის მიტროპოლიტმა განაცხადა, აუცილებელია გამოძიების ობიექტურად წარმართვისთვის “ქალბატონი” ჩამოშორდეს პროცესებს: „მსგავსი განცხადებებისგან იკვეთება სერიოზული პრობლემა, რომ საქართველოში პატრიარქის ჩამობრძანებიდან სიტუაციას საპატრიარქოში კვლავ მართავს ყველაზე დიდი დამნაშავე, შემოქმედი, სცენარის ავტორი ამ სკანდალისა – ქალბატონი, რომელიც ვფიქრობ, ამ მმართველობას უნდა ჩამოცილდეს, რათა გამოძიებას ხელი არ შეეშალოს და ობიექტურად წარიმართოს.
“გაკეთებული განცხადებები მამა მიქაელის მიერ და სხვა ცილისმწამებლური ცრუ ინფორმაციები საპატრიარქოს სახელით, მისი გარემოცვისგან რაც იკვეთება, ემსახურება ხელის შეშლას გამოძიების პროცესებისთვის. თუ რატომ არ შეხვდა პატრიარქი ბრალდებულ გიორგი მამალაძეს, ვიტყვი, რომ პატრიარქს ჰქონდა სურვილი, მას ასევე ჰქონდა სურვილი, რომ მამა გიორგი მამალაძე თავდებით გამოსულიყო, თუმცა ვადასტურებ, რომ სიტუაციას მართავს ისევ ქალბატონი”, – განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ.
როდის დაიკითხება ბრალდებული დეკანოზი
რაც შეეხება უშუალოდ, დეკანოზი გიორგი მამალაძე დაკითხვას, ბრალდებული შესაძლოა დღეს დაიკითხოს. როგორც მისმა ადვოკატმა აღნიშნა, მათ მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ მამა გიორგი მამალაძე მზადაა ჩვენების მისაცემად, უკვე გამოეხმაურნენ გამომძიებლები და უკვე დაუკავშირდნენ ადვოკატებს.
“დაგვიკავშირდნენ გამომძიებლები, თუმცა, დროის სიმცირის გამო, ვინაიდან პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლა დღეს უკვე შეუძლებელია, ვერ მოხერხდა დღეს. ალბათ ხვალ კვლავ დაგვიკავშირდებიან და შესაძლოა ხვალვე მოხდეს მამა გიორგის დაკითხვა. ჩვენ დილიდან ვაპირებთ ისედაც მამა გიორგისთან შესვლას”, – განაცხადა მიხეილ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას მიხეილ რამიშვილმა. მისივე თქმით, ჯერჯერობით უცნობია ასევე პატრიარქის პირადი დაცვის სამსახურის უფროსის, სოსო ოხანაშვილის საქმეც. როგორც ჟვანიამ განაცხადა, პატრიარქის დაცვის სამსახური არის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში და, შესაბამისად, გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტროში უნდა იყოს მიღებული.
„რეზონანსი“, 24 თებერვალი, 2017 წელი
ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „ხუთი პირი საკუთარ თავს პატრიარქის სავარძელში ხედავს“ // „იმედი მაქვს, საპატრიარქოში ზომიერ ფორმებში თვითგაწმენდა მოხდება“
ეკატერინე ბასილაია
„სხვა პრობლემასაც გავიხსენებდი, პოლიციელებთან მოთანამშრომლე მამაოებს… მერაბიშვილის მინისტრობისას მამაოების დეპარტამენტი ყოფილა, სადაც ამ მამაოებს, რომლებიც პოლიციასთან თანაშრომლობდნენ, იყენებდნენ იმისთვის, რომ ბრალდებულები ისეთ ხელმოწერებზე დაეთანხმებინათ, რომელიც პროკურატურისთვის იქნებოდა სასურველი. ვიცნობ იმ ადვოკატებსაც, რომლებიც გაღიზიანებულები იყვნენ იმ ფაქტით, რომ პრაქტიკულად უდანაშაულო ადამიანები, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ საკანში “რჩევა” სასულიერო პირმა მისცა, თანხმდებოდნენ პროკურატურის ბრალდებაზე ხელი მოეწერათ… ეს ეშმაკის მოციქულების საქციელია”, – სასულიერო პირებთან დაკავშირებულ პრომლემებზე საუბრისას ამბობს “დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის” პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი.
- 11 დღეა „ციანიდის საქმის“ და ზოგადად ეკლესიის სკანდალი გრძელდება და ამ 10 დღის განმავლობაში თქვენ რა დასკვნამდე მიხვედით? ყველაზე მეტად კითხვები რასთან დაკავშირებით გიჩნდებათ?
- ყველაზე უფრო დამფრთხალი ამჟამად პროკურატურაა. არ ვიცი რა წყაროებს ეყრდნობა იგი და როგორც ჩანს, თვითონაც არ მიაჩნიათ საკუთარი თავი უმწიკვლო. შეირცხვინა თავი პირადად მთავარმა პროკურორმა, რომელმაც ჯერ თქვა ერთი, შემდეგ უარყო ის და მას ამ გაუგებარ განცხადებებში მხარი აუბეს აგზნებულმა პოლიტიკოსებმაც, რითაც მთელი საზოგადოება მოლანდებების ფორმატის მძევლებად წარმოაჩინეს. საკვირველია ისიც, რომ “ქართული ოცნების” უმრავლესობა ასე თავგამოდებით იცავს პროკურატურის ქმედებებს ისე, რომ თავადაც არ იციან რაშია საქმე. მთავარი მიზანია, ვინმე აუგი არ თქვას სახელმწიფო სტრუქტურის მიმართ.
სინამდვილეში კი ვხედავთ იმას, რომ თვალსაჩინო კანონდამრღვევი ჯერჯერობით სწორედ პროკურატურაა. მან არ გაითვალისწინა რამდენიმე კანონი, საშუალებას არ აძლევს ბრალდებულსა და დაცვის მხარეს რამე სახის ინფორმაცია გაავრცელონ, მაშინ როდესაც პროკურორები გასაკვირად დაუზარლად ლაპარაკობენ და თავად არიან დაბნეული, რა არის რეალობა და რა – ფანტაზია. ახლა საქმე მიდგა პატრიარქის დაცვის უფროსზეც, თვალთახედვიდან დაკარგეს ადამიანი, ვერ ხედავენ საპატრიარქოში და ჩვენს, ჭორისმოყვარულ საზოგადოებას ახალი ბრალდებების წამოყენების შესაძლებლობაც.
დარწმუნებული ვარ, რომ როგორც კი დაკითხავენ ბრალდებულს, პროკურატურაც ამოისუნთქებს და საზოგადოებაც. მით უფრო, რომ დაცვის მხარეს ჰყავს ახალი ადვოკატი – რამიშვილი, რომელიც პროკურატურის არც თუ სამართლიან შეფასებებსაც იღებს და ის ისაუბრებს ყველაფერზე.
- თქვენი აზრით, გიორგი კვირიკაშვილმა პირველი განცხადების გაკეთებისას არ იცოდა, რომ ბრალდების მიხედვით მკვლელობა არა პატრიარქის, არამედ შორენა თეთრუაშვილის წინააღმდეგ იგეგმებოდა?
- რასაკვირველია არ იცოდა. პროკურატურამ რაც თქვა, ეს ცხადია პატრიარქთან იყო ასოცირებული. ამიტომ, სრულიად ბუნებრივი იყო პრემიერ-მინისტრის შეშფოთება, რადგან კვირიკაშვილი სპეტაკი მართლმადიდებელია.
- პროკურატურას თავიდანვე რომ ეთქვა, რომ არა მაღალ იერარქის, არამედ ერთ-ერთი პირის მკვლელობის მცდელობაზე იყო ბრალი, ასე აიწეოდა ტემპერატურა და საპატრიარქოში არსებული ამხელა დაპირისპირება გამოაშკარავდებოდა?
- სრულიად განსხვავებული სცენარი განვითარდებოდა, თუ რომელიმე კონკრეტულ მოსამსახურეზე იქნებოდა საუბარი. ჩვენ ვერსიებს თვითონ ვაცხობთ და თავადვე მივირთმევთ. ფაქტი ერთია, რომ დაცვისა და ბრალდების თანაბრობის კანონი ირღვევა და ამაზე ხელისუფლება არ საუბრობს. თანაც, გარედან უკვე მკაფიოდ ჩანს, რომ ნამდვილად ორივე ფეხზე ვერ დგას პროკურატურა, რადგან, როგორც ჩანს, თავადაც ცრუ ინფორმაციის მსხვერპლია. მთავარი პროკურორი გამომეტყველებით უფრო შეწყალებას იმსახურებს, ვიდრე ბრაზს, მიუხედავად მისი არაკომპეტენტურობისა.
- „ციანიდის საქმემ“ საპატრიარქოში ურთიერთბრალდებებს მისცა ბიძგი და იქ უკვე ფინანსურ დარღვევებსა და უკანონო ბიზნესინტერესებზეც არის საჯაროდ ბრალდებები. მით უფრო, რომ ამაზე მიტროპოლიტი საუბრობს და თქვენი პოზიცია როგორია, უნდა ჩატარდეს თუ არა ფინანსური აუდიტი და გაირკვევა რომელი სასულიერო პირია გარეული კორუფციაში?
- ეს თემა საპატრიარქოს ეკუთვნის და მხოლოდ მის სტრუქტურებს ძალუძთ ამ თემებზე ისაუბრონ. თავად გამოიკვლიონ ის, რასაც წლების განმავლობაში ცდილობდნენ რომ არიდებოდნენ. საპატრიარქოში არსებული ახლანდელი სიტუაცია მარტივი გამონათქვამით აისახება – კაცმა ჭირი მალა, ჭირმა თავი არ დამალაო. დროზე რომ ყოფილიყო შესაბამისი გადაწყვეტილებები, რასაკვირველია, ასეთი მძიმე სურათი არ იქნებოდა. სხვა პრობლემასაც გავიხსენებდი, პოლიციელებთან მოთანამშრომლე მამაოებს. მახსოვს 2013 წლის მაისში ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნდა იმ პოლიციელების გვარები, რომლებიც საქმიანობდნენ მამაოების დეპარტამენტში. ანუ ვანო მერაბიშვილის მინისტრობისას მამაოების დეპარტამენტი ყოფილა და ამ მამაოებს, რომლებიც პოლიციასთან თანაშრომლობდნენ, იყენებდნენ იმისთვის, რომ ბრალდებულები ისეთ ხელმოწერებზე დაეთანხმებინათ, რომელიც პროკურატურისთვის იქნებოდა სასურველი.
ვიცნობ იმ ადვოკატებსაც, რომლებიც გაღიზიანებულები იყვნენ იმ ფაქტით, რომ პრაქტიკულად უდანაშაულო ადამიანები, მხოლოდ იმიტომ რომ მათ საკანში „რჩევა“ სასულიერო პირმა მისცა, თანხმდებოდნენ პროკურატურის ბრალდებაზე ხელი მოეწერათ.
- შეგიძლიათ თქვათ რომელი ადვოკატები საუბრობდნენ და რომელი სასულიერო პირები იყვნენ ჩართულები?
- რამდენიმე ადვოკატის შეხვედრაზე იხილებოდა ეს საკითხი, რომელსაც მე სხვა სტატუსით ვესწრებოდი. ეს ადვოკატები დღეს დაწინაურდნენ კარიერაში, ერთ-ერთი მათგანი, რომელიც იმედია თავის სიტყვებს არ დაივიწყებდა, დღეს პრემიერის წარმომადგენელია პარლამენტში. კონკრეტულ სასულიერო პირებზე საუბარი პრესასთან არ მინდა… ეს ეშმაკის მოციქულების საქციელია. თუმცა არის მეორე საფრთხე, რაც ერთ-ერთი რეალური ვერსიაა, რომ რაც საპატრიარქოსთან დაკავშირებით ხდება, ეს ხელისუფების მხრიდან საპატრიარქოზე მარტივი ზეწოლის მოხდენის მცდელობაა. თუ ყველამ ერთმანეთის გადაცდომების ჩიჩქვნა დაიწყო, შეიძლება საპატრიარქოს და მართლმადიდებლობას აუნაზღაურებელი ზიანი მიადგეს.
- რადგან სასულიერო პირების შესაძლო დანაშაულს ეხება საქმე, მათ არავინ არ უნდა მოსთხოვოს პასუხი?
- არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს თვითონ ეკლესიამ უნდა გააკეთოს და არა პროკურატურამ. მრევლი უნდა იყოს აქტიური და საქმეში ჩახედული.
- მიტროპოლიტი პეტრე ხომ სწორედ ფულისმოყვარე მექრთამე სასულიერო პირებზე საუბრობს და თქვენ როგორ თვლით, ფულის მოყვარე მეუფე ეკლესიაში უნდა იყოს?
- ჩემი აზრით, ასეთი სასულიერო პირები 50%-ია, მაგრამ საქართველოში 400-ზე მეტი ეკლესიაა და ძალიან ძნელია თითოეულის საქმიანობას ადევნო თვალი. ახლა არის ის პროცესი, რომ უპირველესი მიზანია პატრიარქი გამყარდეს ჯანმრთელობით. მის გარეშე წარმოუდგენელი კაკაფონია იქნება. ამიტომ უნდა ვეცადოთ, შფოთი დასრულდეს.
- დაკავებული დეკანოზი ითხოვდა პატრიარქის და სინოდის წევრებთან შეხვედრას და რატომ თქვეს უარი? ეს რას ნიშნავს?
- ან ჩვენზე მეტი იციან, ან საერთოდ ვერ წარმოუდგენიათ რამე შესაძლებლობა, დაიხსნან იგი პროკურატურის კლანჭებიდან. ის ფაქტი, რომ პატრიარქი ჯერ არ ხვდება მას, ეს არ ნიშნავს ნეგატიურ დამოკიდებულებას ბრალდებულის მიმართ. კარგია, რომ ადვოკატებმა სინოდის წევრებს ინფორმაცია მიაწოდეს, თუმცა სინოდშიც ეჭვი მეპარება მუდმივი ერთსულოვნება იყოს რამე საგანთან მიმართებით. ვთვლი, რომ ახლა დროა საკუთარი აზრები ჩვენთვის შევინახოთ, მედიაც გავწმინდოთ ამ თემისგან და ერიც. ამ პროცესის მიმართ დიდი ინტერესია ჩვენი მავნებელი მეზობლის სივრცეშიც და უნდა შევინარჩუნოთ ის პატივისცემა და მოწიწება ეკლესიის მიმართ. საპატრიარქოდან მკაფიო გზავნილი უნდა იყოს, რომ ის რაც ხდებოდა, აღარ მოხდება და ამაზე პასუხისმგებლობას საპატრიარქო იკისრებს.
- რა დგას ამ დაპირისპირების უკან, საპატრიარქოს ტახტისთვის ბრძოლა?
- ერთ-ერთი ძირითადი მოტივაციაა. ამ პროცესის ერთ-ერთი გამაღიზიანებელი გახლავთ დიდი ალბათობით ის მდგომარეობა, რომ არანაკლებ 5 პირი საკუთარ თავს პატრიარქის სავარძელში ხედავს. ამ სატელევიზო მედიის აქტიურობის შედეგად გამოიკვეთა კიდეც ვინ ვის წინააღმდეგაა.
- რას ელოდებით მომდევნო დღეებში, რამე გაირკვევა?
- ახლა პროკურატურა დაელოდება შემდგომ დავალებას, მაგრამ დავალების მიმცემს იმ დოისთვის ეცოდინება პატრიარქის განწყობილებაც. სიტუაცია უნდა შერბილდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საპატრიარქოში სიმშვიდე დაისადგურებს. იმედი მაქვს, ზომიერ ფორმებში თვითგაწმენდა მოხდება, რაც მარტივი და 2-3 თვის საქმე არ იქნება.
ჟურნალისტებმა და აგზნებულმა პოლიტიკოსებმა თავი თუ არ შეიკავეს ამ თემის მუდივი აქტუალიზაციისგან, შეიძლება იმის საფრთხეც შეიქმნას, რომ საქართველოში “ისლამურმა სახელმწიფომაც” კი დაიბუდოს.
„რეზონანსი“, 24 თებერვალი, 2017 წელი
ინტერვიუ დავით ზურაბიშვილთან: „ეკლესიის ავტორიტეტის გამოყენებას ცდილობენ და ამას ყიდულობენ იმ ფულით, რომელსაც საპატრიარქოს უხდიან“ // როდესაც დიდ ფულზეა ლაპარაკი, ყოველთვის ხდება დაძაბულობა
თიკო ოსმანოვა
“საპატრიარქოში მიმდინარე პროცესები არის იმ მახინჯი პრაქტიკის გამოვლინება, რომელიც სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შორის ურთიერთობებში ამ წლების მანძილზე ჩამოყალიბდა. კერძოდ, იგულისხმება, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ძალაუფლების ავტონომიურ ცენტრად იქცა თვითონ ხელისუფლების ხელში. ეკლესიის ავტორიტეტის გამოყენებას ცდილობენ და ამას ყიდულობენ იმ ფულით, რომელსაც საპატრიარქოს უხდიან”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას, საკრებულოს წევრი დავით ზურაბიშვილი.
ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით მიღებულ კანონზე და საკრებულოში თბილისის მერის დავით ნარმანიას დაბარებაზე “რეზონანსი” დავით ზურაბიშვილს ესაუბრა.
დავით ზურაბიშვილი: საკრებულოში ქალაქის მერი აუცილებლად უნდა მოვიდეს, იმიტომ, რომ ვალდებულია. თანაც პრაქტიკულად მთელი ოპოზიციური ფლანგი ითხოვს ამას. იგი ვალდებულია, მოვიდეს და გვიპასუხოს კითხვებზე.
- თუმცა დავით ნარმანია მის დაბარებას შოუს უწოდებს?
- ეს შოუ არ არის. ჩვენ გვაქვს კონკრეტული კითხვა, რომელიც ძალიან კონკრეტულ ფაქტს შეეხება. საუბარია, ბატონ ზვიად ნაზღაიძისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც დარწმუნებული ვარ, სრულიად კანონდარღვევით გადაეცა. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ეს განკარგულება საკრებულომ გააუქმოს. ამაზე თავის არიდება და თქმა, რომ ოპოზიცია შოუას დგამს, უბრალოდ სასაცილოა. რას ნიშნავს შოუს დადგმა, გვაქვს კონკრეტული კითხვა და გასცეს ამაზე პასუხი. მერე საზოგადოებამ შეაფასოს ვინ დგამს შოუს.
- თქვენ ამ საკითხით საკრებულოს სხდომაზევე თუ დაინტერესდით, სანამ მედიაში გავრცელდებოდა ამაზე ინფორმაცია?
- საკრებულოს სხდომაზე ეს საკითხი როცა გამოვიდა, მისთვის ხმა არ მიმიცია, მაგრამ იმ დროს დეტალები არც საკრებულოს წევრებისთვის არ იყო ცნობილი. კერძოდ, ეს მიწის ნაკვეთი, საკმაოდ მაღალ ფასში შეფასდა და ისე გადაეცა ნაზღაიძეს. იმ დრისთვის უკვე სამხარაულის ექსპერტიზამ ოფიციალურად 25 ათას დოლარად შეაფასა. ამ დროს მილიონად მიცემა, რა თქმა უნდა კითხვის ნიშნებს ბადებს.
- ხედავთ თუ არა ამაში კორუფციულ ნიშნებს?
- რა თქმა უნდა, კორუფციული გარიგების ფაქტია. აბსურდი განმარტება მოვისმინეთ, რომ ეს ნაზღაიძისთვის კი არა, ვიღაც სხვა კაცს აქვს სადაო და იმას გადავეცით. კორუფციაზე რომ მიდიხარ, შენ ნაზღაიძეს მისცემ, თუ ვიღაც ჯოხაძეს, ამას რა მნიშვნელობა აქვს – კანონდარღვევა, კანონდაღვევაა.
- რაც შეეხება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, კონკრეტულად კი საპარტრიაქოს გარშემო განვითარებულ პროცესებს, თქვენი აზრით ვინ ზარალდება და ვინ იგებს ამ ყველაფრით?
- საპატრიარქოში მიმდინარე პროცესები არის იმ მახინჯი პრაქტიკის გამოვლინება, რომელიც სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შორის ურთიერთობებში ამ წლების მანძილზე ჩამოყალიბდა. კერძოდ იგულისხმება, რომ საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია ძალაუფლების ავტონომიურ ცენტრად იქცა თვითონ ხელისუფლების ხელში. ეკლესიის ავტორიტეტის გამოყენებას ცდილობენ და ამას ყიდულობენ იმ ფულით, რომელსაც საპატრიარქოს უხდიან. როდესაც დიდ ფულზეა ლაპარაკი, ყოველთვის ხდება დაძაბულობა და ახლა ეკლესიის შიგნით მოხდა დაპირისპირება.
- ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად ხელისუფლებამ ფარული მოსმენების შესახებ კანონი დაამტკიცა. თქვენი აზრით, დაადებს თუ არა პრეზიდენტი ამასაც ვეტოს?
- რას იზამს პრეზიდენტი, არ ვიცი. ზოგადად კი ჩვენ გვაქვს ასეთი სიტუაცია – ხელისუფლებას აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ამიტომ არ უსმენს არავის და რასაც უნდათ, იმას აკეთებენ და ეს პირველად არ ხდება ჩვენი ხელისუფლებების ისტორიაში. არცერთი ხელისუფლებისთვის ამას არ მოუტანია მოგება. თუ დაამტკიცეს ეს კანონი ამ სახით, რომელსაც მთელი ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და ფიჭური კომპანიები ეწინააღმდეგებიან, ქვეყნისთვის იქნება ცუდი და საბოლოოდ ხელისუფლებასაც ცუდად შემოუბრუნდება.
„ახალი თაობა“, 24 თებერვალი, 2017 წელი
ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „ვიცე-პრემიერის ინსტიტუტის დანიშნულება გაუგებარია“
პოლიტოლოგი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ბოლო დროს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
- ბატონო რამაზ, ბოლო დროს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს როგორ შეაფასებთ? რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ, რომ პროცესები დამშვიდდეს?
- არ ვიცი, რამდენად არის საჭირო პროცესების დამშვიდება, რადგან ის უკმაყოფილება, რომელიც ოპოზიციას აქვს, მისი ქრონიკული მდგომარეობაა და არა მხოლოდ საქართველოში, ყველა ქვეყანაში. დღეს პარლამენტში არსებული ოპოზიცია მთავარი პროკურორის გადაყენებას ითხოვს. მთავრობის ამოცანა უნდა იყოს, არ აჰყვეს ოპოზიციის ვნებებს, მაგრამ ასევე არ უნდა დაკარგოს რეალობის აღქმის უნარი, ანუ ძალიან გაჯიუტებაც ხარვეზია. მთავარი არბიტრი მოსახლეობაა და ხელისუფლებამ სწორება მოსახლეობაზე უნდა გააკეთოს. თუ მოსახლეობის აღქმაში ხელისუფლება სუსტი იქნება, მაშინ ეს ძალიან დიდი მინუსია ამომრჩევლის მხრიდან არჩეულის შეფასებისას.
- თუმცა შეცდომის აღიარება ხშირად სიძლიერის ნიშანია...
- აბსოლუტურად გეთანხმებით და ამიტომ ვამბობ, თუ საზოგადოებამ ჩათვალა, რომ ამ შემთხვევაში ოპოზიცია მართალია, მაშინ ხელისუფლება უნდა მიხვდეს და დროზე დაიხიოს უკან. მოსახლეობისთვის ეს ნაბიჯი იქნება იმის მაჩვენებელი, რომ მთავრობას აქვს უნარი, შეცდომა აღიაროს და უკანაც დაიხიოს.
- ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხელისუფლება რამდენად არის მომგებიან პოზიციაში?
- ჯერჯერობით ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვგულისხმობ ციანიდის საქმეს, ხელისუფლება წამგებიან პოზიციაში არ არის, რადგან მას აქვს ლოგიკური არგუმენტი: საქმე მივიდეს ბოლომდე.
- ხელისუფლების პოლიტიკა საგარეო მიმართულებით მეტ-ნაკლებად ცნობილია და გარკვეული დადებითი შედეგებიც აქვს. საშინაო პოლიტიკის შეფასებისას რაზე გააკეთებდით მთავარ აქცენტს? ხშირად მთავრობას კომუნიკაციის ნაკლებობას უწუნებენ. რამდენად არის ეს პრობლემა?
- სწორი კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია, ზოგადად, მით უფრო, როდესაც საქმე ქვეყნის მართვას ეხება. მეც ხშირად გამიმახვილებია ყურადღება, რომ კომუნიკაციის ნაკლებობა სერიოზული პრობლემაა და საჭიროა მისი გამოსწორება.
- ალექსანდრე ჯეჯელავას, როგორც მესამე ვიცე-პრემიერს, საზოგადოებასთან კომუნიკაცია დაევალა. ასე განუცხადა მან პრესას...
- არ ვიცი, რამდენად სწორად არის მიღებული გადაწყვეტილება.
- რატომ?
- ცოტა უცხოა. სხვაგან არ შემხვედრია, ვიცე-პრემიერის რანგში ამ ფუნქციით დანიშნო ადამიანი. როგორც წესი, ამ სამსახურს ინფორმაციის დეპარტამენტი უძღვება. თუკი მინისტრებს უჭირთ პრესასთან ურთიერთობა და ეს ყოველთვის პრობლემა იყო ყველა მთავრობის პირობებში, ამას მესამე ვიცეპრემიერი მოაგვარებს?! უპრიანი იქნებოდა, თავად გიორგი კვირიკაშვილს მიეცა დავალება მინისტრებისთვის, რომ საზოგადოებაში არსებულ კითხვებს არ გაექცნენ. ამიტომ ვამბობ, რომ ცოტა გაუგებარი გადაწყვეტილებაა. ზოგადად, ვიცეპრემიერის ინსტიტუტის დატვირთვა ჩემთვის და, გარწმუნებთ, არა მხოლოდ ჩემთვის, ცოტა გაუგებარია.
- რეალურ დატვირთვას ვერ ხედავთ?
- სწორედ ასეა, ვერ ვხედავ, რა დანიშნულება აქვს ვიცეპრემიერის ინსტიტუტს. პირველი ვიცეპრემიერი, შეიძლება, კიდევ გასაგები იყოს და ახსნა მოუძებნო, მაგალითად, როდესაც ქვეყანაში არ იმყოფება თავად პრემიერი, ის შეასრულებს მის ფუნქციას და ა.შ. ან კიდევ ეკონომიკურ მიმართულებას უძღვებოდეს, როგორც უძღვება ქუმსიშვილი, მაგრამ რას აკეთებენ კალაძე ან ჯეჯელავა?! როგორ შეიძლება, ვიცეპრემიერი იყოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, როდესაც ეს სამსახური ისედაც არსებობს მთავრობაში. ზოგადად, ეს ხელს უწყობს ინფორმაციის მიღებასაც. ხშირ შემთხვევაში, ეს ინფორმაციის პირველი წყაროა.
- ეს პრობლემა აქვს კვირიკაშვილს?
- არა მგონია, რომ ეს პრობლემა ჰქონდეს კვირიკაშვილს. როდესაც დაინტერესდა, რეალურად რა ხდებოდა უნივერსიტეტში, `აუდიტორია-115~-ში კვირა დღეს დაცვის გარეშე მივიდა სტუდენტებთან და პირისპირ ესაუბრა. ხშირად არის ინფორმაციის ნაკლებობა ან სწორი ინფორმაციის ნაკლებობა ხელისუფლების, პირველი პირების პრობლემა, მაგრამ ამ შემთხვევაში, არა მგონია, გიორგი კვირიკაშვილისთვის იზოლაცია იყოს პრობლემა, თუმცა ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.
„ახალი თაობა“, 24 თებერვალი, 2017 წელი
ინტერვიუ მირიან მირიანაშვილთან: „თუ ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს ხელს დააფარებს, ისიც მისი ბანდის ნაწილი იქნება“ // „ცე“ ჰეპატიტის განზრახ გავრცელების შესახებ ინფორმაციას მსოფლიოს მივაწვდით“
„ახალი თაობა“ ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე ესაუბრა საქართველოს გადარჩენის მოძრაობის ლიდერს, ყოფილ დეპუტატ მირიან მირიანაშვილს
მირიან მირიანაშვილი:
- „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბოლო დროს მოგვევლინნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ხალხის დამცველებად. ეს მათი მორიგი შოუა. ნაცმოძრაობა არასდროს ყოფილა რწმენის დამცველი. რაც შეეხება ხალხის ინტერესების დაცვას, ესეც ბლეფია. ჩვენმა მოძრაობამ ჩაატარა კვლევები და ახალი ინფორმაცია მოიპოვა იმაზე, თუ რას უკეთებდა სააკაშვილის ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას.
- რა გაქვთ მხედველობაში?
- „ცე“ ჰეპატიტით მოსახლეობის მასობრივი დაინფიცირება.
- ცნობილია, რომ ბევრი პატიმარი მაშინდელ ციხეში დაავადდა...
- მარტო ციხეში არ ხდებოდა დაინფიცირება. ცე ჰეპატიტით ინფიცირების შემთხვევებმა გაუგონარ მასშტაბებს მიაღწია. საქართველოს ყოველი მეხუთე-მეექვსე მოქალაქე აღმოჩნდა ცე ჰეპატიტით დაავადებული. გაუგონარ მასშტაბებზე რომ ვსაუბრობ, ანალოგიას სხვა ქვეყნებთან ვავლებ. საქართველოს მოქალაქეების დაინფიცირების რაოდენობა 20-ჯერ აღემატებოდა აზერბაიჯანისა და სომხეთის მაჩვენებლებს, ირანისას კი – 50-ჯერ. გერმანიაში ბევრი ლტოლვილია. ევროპის ამ სახელმწიფოში იკვლევენ მიგრანტთა ჯანმრთელობას. ომგამოვლილ სირიელებსაც კი არ აქვთ „ცე“ ჰეპატიტი ამ მასშტაბით. ლტოლვილ სირიელებში ცე ჰეპატიტი 15-ჯერ ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე ქართველებში, მიგრანტ ავღანელებში კი – 30-ჯერ ნაკლები.
- საუბარია 2004-2012 წლებზე?
- დიახ. თუ 2001-2002 წლებში ეს ციფრი 50.000 იყო, 2012 წლისთვის დაახლოებით ნახევარ მილიონს მიაღწია. იმ პირობებში, როცა ამ დაავადებას არ და ვერ მკურნალობდნენ, ცე ჰეპატიტი სასიკვდილო განაჩენს, ანუ, მთლიანობაში, გენოციდს ნიშნავდა. საუბედუროდ, არ გაგვაჩნია სტატისტიკა, რამდენი გარდაიცვალა ამის შედეგად.
- ამ ხელისუფლების პირობებში დაიწყო ცე ჰეპატიტის მკურნალობა სახელმწიფოს ხარჯზე...
- ეს კარგია, ოღონდ, ისევ არ ქვეყნდება სტატისტიკა, მაგალითად, ის, თუ რამდენმა მიაკითხა ბოლო დროს სამკურნალო დაწესებულებებს დიაგნოზისათვის. საჯარო გამოსვლებში ხელისუფლებას მივმართე, შეესწავლა ეს საკითხი და გამოეკვლია, რა მოვლენა ხდებოდა – ეს იყო სააკაშვილის ხელისუფლების გულგრილობა თუ საკუთარი ერის გენოციდი. ხელისუფლებას ამაზე რეაგირება ჯერ არ მოუხდენია.
- თქვენი ვარაუდით, ეს დაავადება განზრახ ვრცელდებოდა?
- ამაში დარწმუნებული ვარ. ამ რაოდენობის მოსახლეობის დაინფიცირება შემთხვევით არ ხდება. ეს მართული პროცესი იყო. ეს ჩვენი მოსაზრებებია. ჯერ არ მინდა, ვინმეს ბრალი წავუყენო. ამიტომ, ხელისუფლებას მოვუწოდებ, შექმნას სახელმწიფო კომისია. ამ კომისიამ უნდა შეისწავლოს, რასთან გვქონდა საქმე. თუ ხელისუფლება სააკაშვილს ხელს დააფარებს, ისიც მისი ბანდის ნაწილი იქნება.
- იქნებ ნარკომანი გვყავს ბევრი და ამან გამოიწვია „ცე“ ჰეპატიტის გავრცელება?
- ინტრავენური ნარკომანების საკითხიც შევისწავლეთ. აღმოჩნდა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთში ასეთი ნარკომანების რაოდენობა ისეთივეა, რაც საქართველოში. იქ ცე ჰეპატიტი ასეთი მოდებული არ ყოფილა.
- ხელისუფლებას ამაზე რეაგირება ექნება?
- ხელისუფლებაში არის ჯგუფი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სააკაშვილის მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები ჩაფარცხოს. არ არის გამორიცხული, რომ ეს საქმეც მიჩქმალონ. თუ ხელისუფლებამ ამ დანაშაულს წაუყრუა, ჩვენ სხვა გზას მივმართავთ.
- რომელ გზას?
- მასალებს გადავცემთ ჰააგის ტრიბუნალს. საკუთარი მოსახლეობის გენოციდი არავის შერჩება. სააკაშვილი ამას მხოლოდ ინფიცირების მეშვეობით არ ახორციელებდა. საკუთარი ხალხის ინფიცირება მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს. 10-წლიან პერიოდში იყო სხვა მეთოდებიც, ძარცვით დაწყებული, წამებით დამთავრებული. ასევე მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას. სააკაშვილის ნამდვილ სახესა და მის ნამოქმედარს მსოფლიოს გავაცნობთ. საერთაშორისო საზოგადოებას მასზე თვალი აეხილება. მსოფლიო იმასაც გაიგებს, ვისი დავალებით აწყობდა საკუთარი ერის გენოციდს სააკაშვილი.
„ახალი თაობა“, 24 თებერვალი, 2017 წელი
ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „რუსეთიდან ბალისტიკური რაკეტები გვაქვს დამიზნებული“ // „შეიარაღებულ ძალებში შემცირება გეოპოლიტიკური შეცდომაა“ // „საქართველოს აშშ-ის იმედი უნდა ჰქონდეს“
ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთმა ვოლგოგრადის მიდამოებში განათავსა ახალი ტიპის მცირე და საშუალო სიშორის ბალისტიკური სარაკეტო კომპლექსები (რომლებიც აკრძალულია 1987 წელს დადებული სტრატეგიული ხელშეკრულებით) ორი სარაკეტო ბრიგადის დონეზე. რაკეტების მოქმედების რადიუსი მოიცავს 500-2000 კმ-ს და საქართველოსაც საშიშროებას უქმნის, რადგან მისი დაფარვის სიშორე ჩვენს ტერიტორიასაც სწვდება.
- ამ ფონზე როგორია საქართველოს უსაფრთხოების ხარისხი?
- იმ ვითარების ფონზე, რომელიც შექმნილია ჩვენს სამეზობლოში, საქართველოს უსაფრთხოების ხარისხი მაინცდამაინც სახარბიელო არ არის. ამიტომ, როდესაც გეოსტრატეგიული ფონი გაქვს მოწყვლადი, შეიარაღებულ ძალებში კადრების შემცირება გეოპოლიტიკური შეცდომაა.
- ბატონო ვახტანგ, როგორ წარმოჩნდა სანქციადადებული რუსეთი მიუნხენის კონფერენციაზე?
- რუსული საგარეო პოლიტიკური ნარატივი არცთუ ახალი იყო. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ძველ ამპლუაში იყო. ლავროვმა ის ილაპარაკა, რაც რუსეთმა წარმოაჩინა წინა წლებში. ის შეესაბამებოდა ცივი ომის რიტორიკას. ლავროვმა ჩვენს ბოსტანშიც გადმოისროლა ქვა, რომ თურმე საქართველო ყოფილა ტერორისტების, ნარკომოვაჭრეებისა და ათასი ჯურის ექსტრემისტების ბუდე. თურმე არ შეიძლება, საქართველოსთან საზღვრები გაიხსნას და ვიზალიბერალიზაციის პროცესი დაიწყოს.
სანქციადადებული რუსეთი კვლავ გვაჩვენებს თავის სამხედრო კუნთებს. 2017 წლისთვის დაგეგმილი აქვთ ახალი ტიპის შეიარაღების შესყიდვა და განთავსება. რუსეთმა ვოლგოგრადის რეგიონში უკვე განალაგა ახალი სისტემის მცირე და საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტების კომპლექსები, რომლებიც აკრძალულია 1987 წლის სტრატეგიული ხელშეკრულებით.
- კერძოდ, აკრძალვა რას ეხებოდა?
- აკრძალვა ეხებოდა მცირე და საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტების არსებობასაც კი. მსგავსი სარაკეტო კომპლექსები აკრძალული იყო როგორც საბჭოთა კავშირის, ისე ამერიკის მხრიდან. რუსეთი აქამდე ფორმალურად მაინც ასრულებდა ხელშეკრულების პირობებს. ახლა ხელშეკრულება დაარღვია და განათავსა სარაკეტო კომპლექსები (მისი სახელწოდება უცნობია) ორი სარაკეტო ბრიგადის დონეზე, რომელიც მოიცავს 500-2000 კმ-ს და საქართველოსაც საშიშროებას უქმნის, რადგან მისი დაფარვის სიშორე ჩვენს ტერიტორიასაც სწვდება.
- ანუ ვოლგოგრადის მიდამოებიდან ბალისტიკური რაკეტები გვაქვს დამიზნებული?
- დიახ, აღნიშნული სისტემები უკვე განთავსებულია. რუსეთი სამხედრო ძალის დემონსტრირებას აგრძელებს და ყველანაირად ცდილობს, თავისი ხისტი ძალა აჩვენოს.
- ხისტი ძალით წარმატებებსაც აღწევს...
- წარმატებებს აღწევს, რადგან მისი მთავრობა ახდენს ქვეყნის მილიტარიზაციას. ამით არღვევს საერთაშორისო სამართლებრივ ხელშეკრულებას, რაც დიდი გამოწვევაა დანარჩენი მსოფლიოსთვის. აქ მთავარი იყო ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პოზიციები და ხედვები, თუ როგორ უყურებენ უსაფრთხოების პრობლემებს გლობალურ დონეზე.
- ამერიკის ადმინისტრაციამ ერთგვარი დისონანსი არ შეიტანა საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემების მოგვარებაში?
- მაიკლ პენსის გამოსვლაში ჩანდა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს, კვლავ განავითაროს ტრანსატლანტიკური სოლიდარობის ელემენტი, ასევე მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ იყოს მკაცრი რიტორიკის შემცველი. მან კარგად წარმოაჩინა, რა საფრთხეები აქვს აშშ-ს რეგიონული უსაფრთხოების ფორმატში.
- კერძოდ?
- საუბარი იყო ისლამური სახალიფოს წინააღმდეგ გალაშქრებაზე, სხვა ტერორისტული საფრთხეების აღმოფხვრასა და ტრანსრეგიონული გამოწვევებისამი ადეკვატურ რეაგირებაზე. ტრამპის ადმინისტრაცია ამ კურსის გამგრძელებელი იქნება. როგორც ჩანს, დონალდ ტრამპმა რაღაც-რაღაცები მეორე პლანზე გადადო, რადგან მისმა ადმინისტრაციამ რუსეთს ყირიმის უკრაინისთვის დაბრუნება მოსთხოვა.
- დონალდ ტრამპს უხდება თავისი განცხადებების უკან წაღება...
- დონალდ ტრამპს უხდება უკანდახევა (განსაკუთრებით საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში), რადგან იძულებულია, კონგრესთან ითანამშრომლოს. ის კონგრესის მხარდაჭერის გარეშე ვერ იმუშავებს. ამერიკა არ არის რუსეთი ან სხვა ტიპის ავტორიტარული სახელმწიფო. ამერიკაში სახელისუფლებო შტოებს შორის ძალთა ბალანსი ძალიან მკვეთრად არის გამოხატული. თუ ტრამპმა კონგრესთან საერთო ენა ვერ გამონახა, შეიძლება, მისი ადმინისტრაციის ლეგიტიმურობას პრობლემა შეექმნას.
- უსაფრთხოების კუთხით საქართველოს ამერიკის იმედი შეიძლება ჰქონდეს?
- დიახ. ამერიკამ განაცხადა, რომ ის თავის სტრატეგიულ პარტნიორებს არ მიატოვებს. იგულისხმება როგორც წყნარი ოკეანის პარტნიორები, როგორიც არის, ვთქვათ, ტაილანდი, სამხრეთ კორეა, იაპონია, ასევე საუბარია უკრაინაზეც. მინიშნება იყო საქართველოზეც, რაც საინტერესო მომენტია. ამერიკელების ინიციატივით ხორციელდება ნატოს შავი ზღვის ქვეყნების უსაფრთხოების პროექტი. შეიძლება, ეს საკითხი ნატოს მაისის სამიტმა რეალურად განიხილოს. ამ ტენდენციების კონტექსტში იმის თქმა, რომ ამერიკა საქართველოს მიატოვებს, რეალობასთან ახლოს არ დგას.
- იმის გათვალისწინებით, რაც იყო 2008 წელს, ბევრი ამბობს, რომ ამერიკა არ დაგვეხმარა...
- ამერიკა 2008 წელს დაგვეხმარა. როდესაც ორი ამერიკული ხომალდი დემონსტრაციულად შემოვიდა ფოთის პორტში, თუ არ ვცდები, 18 აგვისტოს, მეორე დღეს რუსებმა თავიანთი საოკუპაციო ჯარის გაყვანა დაიწყეს ფოთის მიდამოებიდან და, საერთოდ, დასავლეთ საქართველოს ტერიტორიებიდან. აღნიშნული ქმედება ჰუმანიტარული დახმარების კონტექსტში განახორციელეს, რომელსაც მოჰყვა შედეგი. დასკვნა თქვენ გამოიტანეთ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მათი გემების შემოსვლა. ამის შემდეგ 22 აგვისტოს შეიქმნა ნატო-საქართველოს კომისია, რაც მხარდაჭერის აშკარა დემონსტრირება იყო. ნატომ საქართველოსთვის შეიმუშავა სპეციალური ინსტრუმენტი და საქართველოს მიანიჭა ასპირანტის სტატუსი. მართალია, მაპი არ მოგვცეს, მაგრამ შეიმუშავეს ახალი ინსტრუმენტი, რამაც კიდევ უფრო დააახლოვა ნატო და საქართველო პარტნიორობის ფარგლებში. ამერიკელების ინიციატივით საქართველოს გადაეცა 4 მილიარდი დოლარი. სად წაიღო ეს ფული მიხეილ სააკაშვილმა, ეს უკვე მის მიმდევრებს უნდა მოვკითხოთ.
- დავუბრუნდეთ ვოლგოგრადში ბალისტიკური რაკეტების განლაგებას. ამ კონტექსტში როგორია საქართველოს უსაფრთხოების ხარისხი?
- ამ კონტექსტში საქართველოს უსაფრთხოების ხარისხი მაინცდამაინც სახარბიელო არ არის. ამ ფონზე ხდება შეიარაღებული ძალების მოსამსახურეების შემცირება. ჯერ ამცირებდნენ სამოქალაქო მოსამსახურეებს, შემდეგ კი დაიწყეს სამხედრო ოფიცრების, სამხედრო მოსამსახურეების შემცირება, რამაც შეშფოთების ელემენტები გამიჩინა. ამ ფონზე შეიარაღებული ძალების ასეთი მასშტაბური შემცირება გამართლებული არ არის.
- ჩვენს თავდაცვის სამინისტროში შემცირება მასშტაბურია?
- 3-დან 5 ათას კაცამდე შემცირება მასშტაბური შემცირებაა.
- ზოგიერთი სამხედრო წერს, რომ ეს მასშტაბური შემცირება არ არის.
- ზოგიერთი რას წერს, არ მაინტერესებს. მე ვარ სამხედრო სპეციალისტი, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი და მიმაჩნია, რომ ასეთი საკითხი საფრთხილოა.
- შემცირება რით არის გამოწვეული?
- მწვავე ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით შეიძლება ოპტიმიზაციის ელემენტის დაშვება, მაგრამ, პირველ რიგში, შეიძლება, ოპტიმიზაცია მოახდინო სხვა მიმართულებით. როდესაც გეოსტრატეგიული ფონი გაქვს მოწყვლადი, ასეთი ტიპის რეფორმები არ უნდა დაიწყო. შეიარაღებულ ძალებში შემცირება გეოპოლიტიკური შეცდომაა.
„რეზონანსი“, 24 თებერვალი, 2017 წელი
ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „ნატო არ აპირებს საქართველოს მიტოვებას“ // „შავი ზღვის აუზში დაგეგმილი მოქმედებები ნატო-საქართველოს ურთიერთობას გააძლიერებს“
გვანცა ღვედაშვილი
საქართველოში ნატოს სამხედრო კომიტეტისა და გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტი, იმის მანიშნებელია, რომ ნატო არ აპირებს ჩვენს მიტოვებას, – ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ “რეზონანსთან” საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, რამდენად აქტიური იქნება ნატო-საქართველოს ურთიერთობა, იმ პროცესებთან იქნება დაკავშირებული, თუ რა შედეგს მოიტანს ბრიუსელის სამიტი. ამასთან, აღნიშნავს, რომ ტრამპმა შეანელა ანტინატოური რიტორიკა, თუმცა საბოლოო პოზიცია მხოლოდ მას შემდეგ გახდება ცნობილი, როცა ამერიკის პრეზიდენტი თავის ადმინისტრაციას დაამტკიცეს.
ვახტანგ მაისაია: რამდენად აქტიური იქნება ნატო-საქართველოს ურთიერთობა, ეს გამომდინარე იქნება იმ პროცესებიდან, რომელიც თავად ნატოსთან მიმართებით განხორციელდება. ანუ რა შედეგს მოიტანს ბრიუსელის სამიტი, რომელიც გარდამტეხი იქნება.ამერიკაში შეიცვალა ადმინისტრაცია, რომელიც სპეციფიკურად უყურებს ნატოს თემას. მართალია, დონალდ ტრამპმა ანტინატოური რიტორიკა შეანელა და დააფიქსირა, რომ ნატო არის და რჩება უსაფრთხოების გარანტად, ამასთან, ხისტი პოლიტიკა დაიწყო რუსეთის მიმართ, მაგრამ ეს უფრო დროებითია. დონალდ ტრამპი ახლა ცდილობს, არ გააღიზიანოს კონგრესი და ის უმრავლესობა, რომელიც მას ეწინააღმდეგება. სურს დააკომპლექტოს და ჩამოყალიბდეს თავისი ადმინისტრაცია, მოაგვაროს ადმინისტრაციულ-ტექნიკური საკითხები და შემდგომ გამოჩნდება, როგორი იქნება მისი პოზიციები ევროატლანტიკური სოლიდარობის მიმართ. ახლა დონალდ ტრამპმა ძალიან მკაცრად დააყენა საკითხი, რომ მოკავშირე ქვეყნებმა 2%-მდე უნდა შეასრულონ თავიანთი თავდაცვითი სახსრების გამოყოფა. ბევრი ნატოს მოკავშირე ქვეყანა ამ მოთხოვნას არ ასრულებს, მათ შორის მთავარი სახელმწიფოებიც, რომლებიც ევროპულ სივრცეში ამერიკის პარტნიორებს წარმოადგენენ.
ეს ყველაფერი იქიდან გამომდინარეობს, თუ როგორ აეწყობა ამერიკა-ნატოს ევროპული მოკავშირეების ტრანსატლანტიკური სოლიდარობა, თუ რამდენად თავსებადი, მკაფიო და მყარი იქნება ეს. ჩვენთან მიმართებაში, თუკი „მაპ“-ის სტატუსს მაინც მივიღებთ, ეს იქნება ძალიან კარგი, რადგან წევრობაზე ახლა საუბარი არ არის. ნატო, ახლა თავად დგას ახალი ტრანსფორმაციისა და განვითარების გზაზე.
ნატოს ინიციატივები, იგივე შავი ზღვის აუზში დაგეგმილი მოქმედებები უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, ჩვენ მიმართ კიდევ უფრო განავითარებს ურთიერთობას. მთავარია, ჩვენ ნატო გამოვიყენოთ საკუთარი ეროვნული პირობების გასამტკიცებლად. სამწუხაროდ, დღევანდელი რეფორმების გადამკიდე, რომელსაც შეიარაღებულ ძალებში ხელისუფლება ახორციელებს, ასეთ ინდიკაციას მე არ მიტოვებს. შეიძლება ვცდები, არ ვიცი.
- რაც შეეხება შავი ზღვის აუზში ნატოს სამხედრო ძალების მობილიზებას, არის ეს გზავნილი რუსეთისთვის?
- რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში რუსეთის შესაკავებლადაა. დასრულებულია პოლიტკორექტულობის და პოლიტეთიკუროიბის პერიოდი. დაწყებულია, ახალი ცივი ომი, რომლის მთავარი მხარეები არიან ნატო და რუსეთი. ნატო ამ შემთხვევაში არის მთავარი შემაკავეელი ძალა დასავლეთსა და რუსეთს შორის. ეკონომიკური ომი უკვე არის პოლიტიკური დაპირისპირება ასევე საკმაოდ აშკარად ჩანს და იმედია, სამხედრო დაპირისპირებამდე არ მივა საქმე. ანუ ნატოს ქმედებები, ბუნებრივია, რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული, რომელიც შეიძლება დადებითიც იყოს. სხვანაირად რუსეთის ექსპანსიონიზმის შეკავება, რომელიც გეოპოლიტიკური თავხედობით გამოირჩევა, ალბათ შეუძლებელია. შესაბამისად, ალბათ უნდა იყოს ხისტი ძალა. მხოლოდ რბილი ძალით ვერც ჩვენ და ვერც ჩვენი მოკავშირეები ფონს ვერ გავალთ.
- რამდენად მინშვნელოვანია საქართველოში ნატოს სამხედრო კომიტეტის ჩამოსვლა და იმოქმედებს თუ არა ეს ფაქტორი რუსეთზე?
- ვიტყოდი, რომ ეს არის რბილი ძალის დემონსტრირება. მე თუ მკითხავთ, სამხედრო კომიტეტი არის ნატოს მთავარი ორგანო. ასევე პოზიტიურია ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტიც.
„ახალი თაობა“, 24 თებერვალი, 2017 წელი
ინტერვიუ რევაზ არველაძესთან: „ბუნებრივი აირის ტარიფის ზრდა გარდაუვალია“
რამდენიმე დღეა, აქტიურად საუბრობენ იმის თაობაზე, რომ ბუნებრივ აირზე ტარიფი მოიმატებს. როგორც ცნობილია, გაზის კომპანიებმა მარეგულირებელ კომისიას ამის თაობაზე მიმართეს და მისგან პასუხს ელიან. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „ახალი თაობის“ კითხვებს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი რევაზ არველაძე და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი ჯონდი ბაღათურია პასუხობენ.
——–
- ბატონო რევაზ, უკვე ღიად საუბრობენ იმის თაობაზე, რომ გაზის ტარიფი მოიმატებს, კომპანიები მარეგულირებელი კომისიის პასუხს ელიან. რა ინფორმაციებს ფლობთ თქვენ?
- მეც ზუსტად ის ინფორმაცია მაქვს, რაც თქვენ, რომ კომპანიებმა ნამდვილად მიმართეს მარეგულირებელ კომისიას. ასევე მაქვს ის ინფორმაციაც, რომ მარეგულირებელმა კომისიამ დაიწყო საკითხის განხილვა და მარეგულირებელ კომისიას იმისთვის, რომ გადაწყვეტილება მიიღოს, აქვს 150 დღე. ვნახოთ, როგორი გადაწყვეტილება იქნება.
- თქვენ როგორ გადაწყვეტილებას ელით?
- თავისთავად ცხადია, რომ მომატებაზე იქნება ლაპარაკი, დაკლებაზე არაფრით არ წავლენ, რადგან ვიცით, რომ 2006 წლის შემდეგ არ გადაუხედავთ ტარიფებისთვის ბუნებრივ აირზე და მის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, თუნდაც ლარის კურსი.
- თუ ფლობთ ინფორმაციას, რამდენი თეთრით მატებაზეა საუბარი?
- არა, ეს ინფორმაცია ნამდვილად არ მაქვს. მე არც განაცხადები მინახავს, თუ რა მოთხოვნებია იქ ჩადებული. რა რაოდენობით იქნება მატება, ამაზე ჯერჯერობით მარეგულირებელი კომისიაც ვერაფერს გეტყვით, სანამ ყველა დეტალს არ დააზუსტებს და არ დაითვლის. კომპანიები ყოველთვის ისე წარადგენენ ხოლმე განაცხადს, რომ ეს მათთვის სასარგებლო იყოს, წინაც იყურებიან, რომ არა მარტო დღეს, მომავალშიც თუ რამე მოხდება, ისიც გაითვალისწინონ. ეს ყველაფერი უნდა გადაამოწმოს მარეგულირებელმა კომისიამ, ნახოს, ყველაფერი რამდენად სწორად არის და შემდეგ დათვალოს ტარიფი. ამ ეტაპზე მე არ შემიძლია იმის თქმა, რამდენით შეიცვლება ტარიფი.
- გვესმის შეფასებები, რომ მცირე მატებაც კი ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობას კიდევ უფრო დაუმძიმებს ყოფას. ასევე ეს კარგად არ აისახება ფასებსა და ქართულ ეკონომიკაზე. ამას რამდენად იზიარებთ?
- ფასების მატება რომ კარგი არ არის მომხმარებლისთვის, ეს ცხადია. ამას ყველანი ვიზიარებთ, მაგრამ, როდესაც დგები ობიექტური სინამდვილის წინაშე და მეტი გამოსავალი არ არის, როდესაც არის საფრთხე, რომ ენერგეტიკული კომპანიები გაკოტრდნენ, უნდა წახვიდე ასეთ ნაბიჯზე. ამ კომპანიების გაკოტრება ტოლფასია მთლიანი ქვეყნის გაკოტრებისა. აქედან გამომდინარე, მათ უნდა დაუწესდეთ ისეთი ტარიფი, რომ თავი შეინახონ და აქ ლაპარაკი აღარ არის მოგებაზე. ჩვენ აქედან ამოვდივართ, თორემ, ტარიფების მატება რომ არავისთვის სასურველი არ არის, ცხადია.
- „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლამდე მოსახლეობას ტარიფების მკვეთრად შემცირებას ჰპირდებოდა, თუმცა ვხედავთ, რომ პირიქით არის. რა პოზიცია აქვს ხელისუფლებას? ხომ არ წავა სუბსიდიაზე?
- ამაზე საუბარი, ალბათ, მოგვიანებით იქნება, ჯერ არ ვიცით, ტარიფი რა იქნება. რაც შეეხება დაპირებებს ტარიფის შემცირებასთან დაკავშირებით, რომელიც 2012 წელს იყო, მე გამოვდიოდი და ყოველთვის ღიად ვაცხადებდი, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს ჰყავს არაკვალიფიციური მრჩევლები, რადგან ის შეცდომაში შეჰყავდათ და არასწორ ინფორმაციას აწვდიდნენ მოსახლეობასაც.
- რატომ, არ იყო შესაძლებელი ტარიფის კლება და მოსახლეობას ატყუებდნენ?
- რა თქმა უნდა! არანაირად არ იყო შესაძლებელი! დღეს კი, ცხადია, დავდექით ასეთი ფაქტის წინაშე.
- ანუ მატება გარდაუვალია?
- სამწუხაროდ, ასეა. მესმის, რომ ეს მომხმარებლისთვის ძალიან მძიმეა, მაგრამ ობიექტური აუცილებლობაა.
———–
„ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია მიიჩნევს, რომ ბუნებრივ აირზე ტარიფის მატება ძალიან მძიმედ აისახება როგორც მოსახლეობაზე, ასევე ქართულ ეკონომიკაზე, ქართულ წარმოებაზე.
- ბატონო ჯონდი, ინფლაციის გამო ბუნებრივ აირზე ტარიფის მატება გარდაუვალი იყოო. რას ფიქრობთ თქვენ?
_ ლარის კურსის ვარდნას დააბრალო ბუნებრივ აირზე ტარიფის მატება, ეს მაინცდამაინც მიზანშეწონილი არ არის, იმიტომ, რომ ბოლო პერიოდში ლარის კურსმა გამყარება დაიწყო. მე მინდა, ყველას შევახსენო ერთი მთავარი არგუმენტი, რომლის თანახმადაც, გაზის ტარიფის ზრდის აუცილებლობა, ამის საჭიროება არ არსებობს.
- რომელ არგუმენტს გულისხმობთ?
- საქართველო სულ მოიხმარს 2 მილიარდ კუბმეტრ ბუნებრივ აირს მთელი წლის განმავლობაში. აქედან ერთ მილიარდს საქართველო ყიდულობს, ხოლო ერთი მილიარდი კუბმეტრი საქართველოს აქვს ე.წ. სოციალური გაზი, ანუ უფასო გაზი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ნახევარს რუსული გაზის ტრანზიტში სომხეთის მიმართულებით, ხოლო მეორე ნახევარს -კომპანია სოკარისგან. იმის თქმა მინდა, რომ 2 მილიარდიდან ერთი მილიარდი გვაქვს უფასო გაზი, რითიც მთავრობას აქვს საშუალება, გაზის ტარიფი დააბალანსოს! საზღვარზე რომც იყოს ტარიფის ზრდა დაფიქსირებული, მთავრობას მაინც შეუძლია, დააბალანსოს გაზის ტარიფი.
- მაშინ, რატომ დადგა დღის წესრიგში ტარიფის მატების საკითხი?
- იმიტომ, რომ ყველა კომპანიასა და ბიზნესმენს ყოველთვის აქვს დაუძლეველი სურვილი და წყურვილი, რომ რაც შეიძლება მეტი მოგება მიიღოს. კი ბატონო, ეს გასაგებია, მაგრამ, როცა საქმე ეხება ენერგომატარებლების ბიზნესს, სადაც ჩვენ მონოპოლია გვაქვს და იცით, რომ ერთადერთი მომწოდებელი სოკარია, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო იმისთვის არსებობს, რომ გაუმაძღარი მადა დააბალანსოს და დაიცვას მომხმარებლის ინტერესი, რასაც ჩვენი სახელმწიფო არ აკეთებს!
- რა შედეგები მოჰყვება გაზზე ტარიფის მატებას?
- ეს აუცილებლად გამოიწვევს პროდუქტებზე ფასების ზრდას. ყველამ იცის, რომ ელექტროენერგიასა და საწვავზე ფასების ზრდის გამო ფასებმა დაახლოებით 30%-მდე მოიმატა და ამის შემდეგ კიდევ უფრო მოიმატებს. ეს ისედაც დამძიმებულ სოციალურ ფონს კიდევ უფრო დაამძიმებს და, რა თქმა უნდა, დაარტყამს ქართულ ეკონომიკას.
- რა თვალსაზრისით?
- ქართულ პროდუქციაზე ფასები მკვეთრად მოიმატებს. ქართული პროდუქცია ისედაც ვერ უწევს კონკურენციას თურქულ და ჩინურ პროდუქციას და ახლა კიდევ უფრო ვერ გაუწევს. შესაბამისად, ქართული პროდუქციის სეგმენტი ქართულ ბაზარზე კიდევ უფრო შემცირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილი დაიკარგება.
- ეს ყველაფერი სადამდე მიგვიყვანს და რა პროცესებს გამოიწვევს?
- სოციალური ფონის დამძიმება, ეკონომიკური სიდუხჭირე, პოლიტიკური არასტაბილურობა და უსამართლობის მძაფრი განცდა ხალხს უბიძგებს ბარიკადებისკენ. დღეს ერთი ნაპერწკალია საჭირო იმისათვის, რომ ბარიკადები აღიმართოს. ხალხი ამისთვის მზად არის.
„ახალი თაობა“, 24 თებერვალი, 2017 წელი
სასამართლომ მაია რჩეულიშვილს 250 ათასი ლარის ქონება ჩამოართვა
ვახტანგ რჩეულიშვილი: „ამ ყველაფერს სახელმწიფო იდიოტიზმს დავარქმევდი“ // მარინე ცუცქირიძე: „დაზარალებულებს ამ ფულიდან არაფერი შეხვდებათ“
მაია რჩეულიშვილის საქმის განხილვა სასამართლოში კვლავაც გრძელდება და ის აქტუალურობას არ კარგავს. გუშინ, 23 თებერვალს, სასამართლომ მაია რჩეულიშვილს 250 ათასი ლარის ღირებულების ქონება ჩამოართვა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო. რჩეულიშვილის ადვოკატი აღნიშნულს უსამართლო გადაწყვეტილებას უწოდებს.
„ახალი თაობის“ კითხვებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მაია რჩეულიშვილის ადვოკატი მარინე ცუცქირიძე და მეუღლე ვახტანგ რჩეულიშვილი პასუხობენ.
- ბატონო ვახტანგ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, 250 ათას ლარიანი ქონება ჩამოერთვა მაია რჩეულიშვილს. რის საფუძველზე მიიღო მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება?
- როდესაც პირველ ეტაპზე საქმე აღიძრა, მაიამ და რუსუდანმა გირაოს სანაცვლოდ შეიტანეს უძრავი ქონება. ეს არის მიწის ნაკვეთი ახალ დიღომში. პროკურატურამ კი სასამართლოს მიმართა თხოვნით, რომ მიწის ნაკვეთი გაეყიდა და ეს გირაო ფულად გადაექციათ.
- ამ თანხით დაზარალებულებს დააკმაყოფილებენ?
- ნურას უკაცრავად! ეს ფული ბიუჯეტში წავიდა. დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ პროკურატურას საერთოდ არ აინტერესებს ხალხის ბედი. ამ ნაკვეთის ფული უნდა წასულიყო მშენებლობაზე და ჩვენი კლიენტების დასაკმაყოფილებლად, თუმცა პროკურატურამ ისევ ამ საწყალ ხალხს გაუცრუა იმედები! არ ვიცი, პროკურატურას არაკომპეტენციის გამო მოსდის ეს ყველაფერი თუ ნებისმიერი გზით მაიას გაშავება უნდათ, ვერ გეტყვით. მე ამ ყველაფერს სახელმწიფო იდიოტიზმს დავარქმევდი!
- მიგაჩნიათ, რომ უსამართლოდ მოხდა ამ ქონების ჩამორთმევა?
- რა თქმა უნდა, ეს უსამართლო იყო! მიზანმიმართულად მიდის კომპანიის გაკოტრება და ამით ხალხი ზარალდება. მაია მიზანში ჰყავთ ამოღებული და ფაქტია, რომ ხალხსაც აკოტრებენ. მე ამ სასამართლოსი ვერაფერი გამიგია, ვერც სასამართლოსი და ვერც პროკურატურის პოზიციის.
- როგორია ქალბატონი მაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა?
_ არაფერი არ შეცვლილა. ჯერჯერობით ცოცხალია, მაგრამ ამათ ხელში როდის რა მოუვა, კაცმა არ იცის. ის მძიმე ავადმყოფია, ოპერაციულ ჩარევას საჭიროებს. პირდაპირ ვიტყვი, მაია ჰყავთ გაწირული თავიანთი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ყველა სამშენებლო კომპანია ასეთ მდგომარეობაშია, როგორშიც მაიას კომპანია, დანარჩენებს ეხმარებიან, მაია კი დაიჭირეს. ეს იდიოტიზმია, მეტს ვერაფერს დავარქმევ. რას უშლიდათ ეს მიწის ნაკვეთი, ყოფილიყო მასზე ყადაღა და მერე მოხმარდებოდა დაზარალებულების ინტერესებს. ამათ კი მოხსნეს ყადაღა და გაყიდეს.
———-
მაია რჩეულიშვილის ადვოკატი მარინე ცუცქირიძე ამბობს, რომ 250 ათას ლარად გაიყიდა 5.500 კვადრატულ მეტრამდე მიწის ნაკვეთი დიღომში. „მისი ღირებულება ოთხჯერ აღემატება 250 ათას ლარს. დაზარალებულებს ძალიან უხაროდათ პროკურატურის ეს შუამდგომლობა, ეგონათ, რომ ამ ქონებიდან შემოსული თანხებით მათ დააკმაყოფილებდნენ“, – გვითხრა ადვოკატმა.
- ასე არ მოხდება?
- არა. დღეს თავადვე მოისმინეს, რომ ეს თანხა შევა ბიუჯეტში და დაზარალებულებს ამ თანხასთან კავშირი არ ექნებათ. აქედან გამომდინარე, ჩვენი ვარაუდები გამართლდა, ცხადი გახდა, თუ რისკენ იყო მიმართული მთელი ეს სასამართლო პროცესები.
- რისკენ არის მიმართული, რომ მაია რჩეულიშვილს ქონება წაართვან?
- რა თქმა უნდა! ქონება, რომელიც დღეს მილიონ ლარზე მეტი ღირს, აბსოლიუტურად უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მეოთხედ ფასად გაუყიდეს და ეს თანხა შედის ბიუჯეტში. ამ თანხით რამდენი დაზარალებულის დაკმაყოფილება შეიძლებოდა, თუ პროკურატურას ნამდვილად დაზარალებულების ბედი აღელვებს. მაია რჩეულიშვილს ბიუჯეტი ხომ არ უზარალებია?! აქ დავა იყო ფიზიკურ პირებთან, რომლებმაც ვერ მიიღეს ბოლომდე აშენებული ფართები.
- მოსამართლეს არ გააცანით თქვენი პოზიცია?
- ჩვენ გვქონდა საკმაოდ დასაბუთებული პოზიცია. ავუხსენით მოსამართლეს, რომ ამ ქონებას საშიშროება არ ემუქრებოდა, რომ ის იყო ყადაღადადებული, რომ ის უნდა შენახულიყო იქამდე, სანამ გამოვიდოდა განაჩენი. ჩვენ ხომ არ ვიცით, რა განაჩენი გამოვა? იქნებ გამამართლებელი განაჩენი გამოდის. ეს ნაკვეთი რომ გაიყიდა, ბუნებრივია, მას ვეღარავინ დააბრუნებს. ამ ქონებას კეთილსინდისიერი შემძენი ეყოლება. ყველაფერზე გავამახვილეთ ყურადღება, მაგრამ სასამართლომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება.
- რა თქვეს დაზარალებულებმა, როდესაც მათ სასიკეთოდ არ გადაწყდა ეს საკითხი?
- იმედია, ახლა მაინც მიხვდებიან, რეალურად რა ხდება. წინა სასამართლო პროცესზე ოვაციით რომ შეხვდნენ იმ ფაქტს, რომ კარგია, ეს მიწის ნაკვეთი გაიყიდებაო, დღეს როდესაც პროკურატურას დავუსვით შეკითხვა, თუ სად წავიდოდა აღნიშნული თანხა, მოსამართლემაც იკითხა, დაზარალებულებს თუ შეხვდებოდათ ეს თანხაო. ბუნებრივია, იძულებული გახდნენ, სიმართლე ეთქვათ და თქვეს კიდეც, რომ ეს თანხა არ მოხმარდება დაზარალებულებს და წავა ბიუჯეტში. დაზარალებულებმაც დაკარგეს ის აღფრთოვანება, რაც მათ წინა პროცესებზე ჰქონდათ. აქ რა ინტერესებიც იკვეთება, ცხადზე ცხადია.
- დანარჩენი ქონების ჩამორთმევაზეც ხომ არ არის საუბარი?
- ამ ეტაპზე ეს იყო პირველი ნაბიჯი. მივყვებით მოვლენებს და ვნახავთ, რასთან გვექნება საქმე.
„რეზონანსი“, 24 თებერვალი, 2017 წელი
ხუდონჰესის პროექტი, მინიმუმ, ორი წლით გაჩერდა // საქართველოს მთავრობასა და ინვესტორს შორის მოლაპარაკება ჩიხშია შესული
მარი ჩიტაია
ხუდონჰესის პროექტის დაწყება 2017 წელსაც ვერ მოხერხდება. ის კი არადა, როგორც ინვესტორ კომპანია “ტრანს ელექტრიკში” განმარტავენ, არათუ მიმდინარე წელს, პროექტის განხორციელება 2018 წელსაც საეჭვოა. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ხუდონჰესის პროექტი გაჩერდა, ინვესტორსა და საქართველოს მთავრობას შორის მოლაპარაკებას უკავშირდება, რაც ბოლო დროს ჩიხშია შესული.
მთავრობა წინა წლებში ხუდონჰესის მშენებლობის დაწყების თარიღს ხშირად ასახელებდა. ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის ბოლო განცხადებით, ჰესის მშენებლობა წელს უნდა დაეწყოთ. საამისოდ ხელსაყრელი პირობები ჯერჯერობით არ ჩანს. ნაკლებად სავარაუდოა, ადგილობრივი არჩევნების წინ სვანების განაწყენება მთავრობამ იკისროს. გიგანტურ ენერგოპროექტთან დაკავშირებით სვანეთის მოსახლეობის პოზიცია არ შეცვლილა და ისინი წინააღმდეგობის გაწევას ნებისმიერი ფორმით შეეცდებიან.
როგორც აღმოჩნდა, მოსახლეობის პროტესტზე მეტად “ტრანს ელექტრიკას” პრობლემა მთავრობასთან აქვს, კონკრეტულად რაზე ვერ თანხმდებიან მხარეები, კომპანიის ტექნიკური დირექტორი დავით მირცხულავა არ ასახელებს, მაგრამ ადასტურებს, რომ პროექტი ამ ეტაპზე გაჩერებულია და წარმოდგენაც არ აქვთ როდის შეძლებენ ჰესის მშენებლობის დაწყებას.
“ყველა სამუშაო “ხუდონჰესთან დაკავშირებით შეჩერებულია, დღესდღეობით არაფერი არ კეთდება. მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ. ყოველ შემთხვევაში, ჯერ არაფერი გადაწყვეტილა. მშენებლობა წელს ნამდვილად არ დაიწყება. რა მოხდება შემდეგ, ესეც ჯერჯერობით ძნელად სავარაუდოა.
სახელმწიფოსთან მოლაპარაკებ წარმოუდგენლად ჭიანურდება. დიდი აქტიურობა არც ახლაა, მაგრამ არის რიგი საკითხები, რა მიმართულებითაც მოლაპარაკებას მთავრობასთან ვაგრძელებთ”, – განუცხადა “რეზონანსს” დავით მირცხულავამ.
რაც შეეხება პროექტში სახელმწიფოს მონაწილეობის პირობებს, მთავრობასა და ინვესტორს შორის ბოლო შეთანხმების მიხედვით, სახელმწიფოს შეზღუდული რაოდენობის აქციების მიღებაზე გარკვეული ოფციონი აქვს და მისი გაზრდა საჭირო არ არის.
“მიმაჩნია, რომ სახელმწიფო პროექტების კარგი მენეჯერი არ არის”, – აღნიშნავს მირცხულავა. ენერგეტიკის მინისტრის გეგმასთან დაკავშირებით კი, რომელიც “ხუდონჰესის” პროექტის განხორციელებას გულისხმობს, “ტრანს ელექტრიკას” წარმომადგენელს ინფორმაცია არ გააჩნია.
კახა კალაძეს საზოგადოებისთვის პროექტის სტრატეგიული მნიშვნელობის შეხსენება ხშირად უწევს. მინისტრს მიაჩნია, რომ “ხუდონჰესის” მშენებლობა უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის ამაღლებაში. ასე სულაც არ ფიქრობენ სვანები, რომლებიც “რეზონანსთან” საუბრისას კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ საკუთარი პოზიციის დათმობას არ აპირებენ.
ხაიშელებს საზოგადოების მხარდაჭერის იმედი აქვთ. სოფელ ხაიშის მკვიდრი ზური ნიჟარაძე დარწმუნებულია, რომ სხვა რეგიონების ყურადღებასაც მიიპყრობს, ხალხი ტერიტორიის დაცვაში ისევე დაუდგება გვერდით, როგორც 2013-14 წლებში, რითაც მშენებლობის სამზადისი შეაჩერებინეს.
“ჩვენ ყოველ გაზაფხულს შიშით ველოდებით. იმის ნაცვლად, რომ ვიშრომოთ და რაღაც შევმატოთ ოჯახს, ქვეყანას, მოსვენება დაკარგული გვაქვს. ჩვენი პოზიცია არ შეიცვლება, ხატზე დავიფიცეთ და ამ ფიცს ბოლომდე ვუერთგულებთ. არ დავუშვებთ ისეთი პროექტის განხორციელებას, რომელიც ხაიშს და მთელ სვანეთს გაანადგურებს. ვერ დაგვითანხმებენ, საზოგადოების ყურადღებას მივიპყრობთ, ხაიში მარტო არ დარჩება ამ ბრძოლაში. ველოდებით ხალხის აქტიურ მხარდაჭერას, როგორც ეს 2013-14 წლებში მოხდა. მაშინ მთელი ქვეყანა ჩვენ გვერდით დადგა და პროექტი გავაჩერებინეთ”, – აცხადებს ზური ნიჟარაძე.