globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 24 მარტი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Mar 24th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „დასავლეთთან ინტეგრაცია რომ შევაჩეროთ, რუსეთი მთლიანად დაგვიპყრობს“

რეზონანსი: უვიზო რეჟიმი მიგრაციულ შოკს გამოიწვევს: „ქვეყნიდან გავა შრომისუნარიანი მოსახლეობის დიდი ნაწილი, განათლებული ადამიანები”

„ალია“: რას ვიგებთ და ვაგებთ ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირში შესვლით?

———————-

„ახალი თაობა“, 24 მარტი, 2015 წელი

ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „დასავლეთთან ინტეგრაცია რომ შევაჩეროთ, რუსეთი მთლიანად დაგვიპყრობს

გულიკო ბალაძე

(შემოკლებით)

რუსეთმა ცხინვალის რეგიონი წაგვართვა და მიიერთა. ჩვენ კი უსუსურები ვართ, რომ რუსები შევაჩეროთ. 2008 წლის შემდეგ ამ ტერიტორიაზე კონტროლი სრულად დავკარგეთ. რუსეთი ახორციელებს ამ ტერიტორიის ანექსიას, თანაც თანდათანობით, აქეთ-აქეთ მოიწევ და მავთულხლართებს აბამს. შედეგად ქართული სოფლები და მათი მიწის ნაკვეთები ექცევა რუსებისა და ოსების კონტროლქვეშ. გაუგებარია, რატომ არ აყენებენ ოკუპაციის ხაზის გასწვრივ ჩვენს ძალოვნებს და რატომ არ ახორციელებენ კონტროლს, რომ რუსებმა და ოსებმა ჩვენს, ამ დროისთვის კონტროლირებად ტერიტორიისაკენ ფეხი ვეღარ გადმოდგან.

(…)

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ საჭიროა შეიარაღებული ძალების ან შს სამინისტროს სტაციონარული პუნქტები, ბლოკპოსტები განთავსდეს ოკუპაციის ხაზთან (სარისკო ზონებში მაინც), რომლებიც გააკონტროლებენ აფხაზებსა და ამებს, რათა იმ ტერიტორიით აქეთ არ გადმოვიდნენ, რომელიც უკვე დაკავებული აქვთ.

ბატონო ვახტანგ, როგორ აფასებთ რუსეთის მიერ ცხინვალწელ ოსებთან გაფორმებულ .. ხელშეკრულებას? რა ვითარება იქმნება ამ დოკუმენტით?

– აღნიშნული ხელშეკრულება, ფაქტობრივად, წარმოადგენს საქართველოს ტერიტორის ანექსიის დოკუმენტს. მისი პირველი მუხლით განსაზღვრულია ერთობლივი ქმედება კავკასიის რეგიონში სტაბილურობის მიღწევისა და უსაფრთხოების განმტკიცების თვალსაზრისით. ხეშეკრულებაში კავკასიის რეგიონი გამოკვეთილია, როგორც ერთიანი გეოსტრატეგიული არეალი, სადაც რუსეთს დაფიქსირებული აქვს განსაკუთრებული გავლენის ფორმატი. პირდაპირაა მინიშნებული, რომ რუსეთი ამ რეგიონს განიხილავს მისთვის მნიშვნელოვან სასიცოცხლო არეალად.

ადრე ვთქვი, რომ მოხდებოდა ე.წ. ორი ოსეთის გაერთიანება. ეს არის, ფაქტობრივად, ჩვენი ტერიტორიის გაერთიანება ჩრდილო ოსეთთან რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. ეს არის ცხინვალის რეგიონის სრული მიერთება რუსეთის ფედერაციასთან. აფხაზეთისაგან რადიკალურად განსხვავებული მოდელია ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართ. ეს შეთანხმება პირდაპირ არღვევს ჩრდილო კავკასიის რეგიონში ძალთა ბალანსს. ფაქტობრივად, ამ ხელშეკრულების ხელმოწერიდან ჟენევის ფორმატის არსებობას საფუძველი ეცლება. თუ მოხდება ცხინვალის რეგიონის მთლიანი ინტეგრაცია რუსეთის პოლიტიკურ სივრცეში, ე.წ. სამხრე%თ ოსეთი ხდება რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი სუბიექტი. აქედან გამომდინარე, ოსური მხარე ამოვარდება ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატიდან. ეს ფორმატი, ფაქტობრივად, იქნება რსულ-აფხაზურ-ქართული.

ამ ვითარებაში პარალელურად გაკეთდა განცხადება, რომ რუსეთი მზად არის საქართველოსთან ურთიერთობები დაარეგულიროს და ასევე მზად არის მოხდეს საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა. ამ ფონზე რამდენად შესაძლებელია პრეზიდენტების შეხვედრა?

– ეს არის ცინიკური განცხადება. რაც რუსეთმა გააკეთა, არის საქართველოს ტერიტორიის ანექსია. ფაქტობრივად, მოხდა საერთაშორისო სიმართლის უხეში დარღვევა და ყირიმიზაციის პროცესის დაწყება საქართველოს ტერიტორიების მიმართ. როგორი ურთიერთობა უნდა იყოს, პოლიტიკური ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია. ჩვენ ისედაც არ გვაქვს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა. რუსეთთან საომარ ვითარებაში ვართ. ამიტომ ახლა ქვეყნების პირველ პირებს შორის შეხვედრა უცნაური იქნება. საქართველოს მხარემ უნდა დააყენოს საკითხი, რომ მოხდეს დეოკუპაცია, დაფიქსირება, რომ ეს ხელშეკრულება არის არა მარტო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, არამედ სახელმწიფოებრიობის შემბღალავი გეოპოლიტიკური გამოწვევაც.

– ნატოს პოზიციას როგორ აფასებთ?

– ნატომ დააფიქსირა, რომ ამ ხელშეკრულებას არ ცნობს და არაკანონიერ, საერთაშორისო სამართლის შემბღალავ გარემოებად მიიჩნევს. უკრაინისაგან განსხვავებით, საქართველოში ღია ომს გადავრჩით, მაგრამ ფარული, ლატენტური ომი სახეზეა.

– 2008 წელს ჩვენთანაც იყო ღია ომი.

– 2008 წელსაც იყო საკმაოდ დიდი საერთაშორისო გამოხმაურება. საქართველოს გამოეყო 4 მილიარდი დოლარი, რაც უპრეცედენტო შემთხვევა იყო. გარკვეულწილად, ამერიკულმა მხარემ კუნთების დემონსტრირება მოახდინა, როდესაც თავისი სამხედრო გემები შემოიყვანა ჯერ ნეიტრალურ წლებში, ხოლო შემდეგ, როდესაც რუსები შიდა ტერიტორიებიდან გავიდნენ, ფოთში, რამაც რუსული მხარე აიძულა, დაეწყო დეოკუპაციაზე ზრუნვა, შიდა ტერიტორიებიდან შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო ტექნიკის გაყვანა დაეჩქარებინა. ნატომ შემოიღო ოთხმხრივი დიალოგის ფორმატი, ეს იყო ოთხმხრივი კომისიის შექმნა. ეს ერთგვარი ჟესტი იყო რუსეთისთვისაც.

– თუკი დღეს საქართველო დააფიქსირებს, რომ აჩერებს ნატოში შესვლასა და ევროპასთან ასოცირებას, რუსეთი ჩვენს ტერიტორიებზე ხელს აიღებს?

– ეს ნაკლებად შეცვლის მდგომარეობას. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ევროატლანტიკური კურსი. რუსეთი ისეთ დონეზეა მისული, რომ ყველა ვარიანტში წამოვა ყველა ძალით. დასავლეთთან ინტეგრაცია რომ შევაჩეროთ და ეს ბერკეტებიც დავკარგთ, მთლიანად რუსეთის შემადგენლობაში აღმოვჩნდებით. ევრაზიული ორიენტაცია დამღუპველი იქნება, რადგან რუსეთი აგრე:სიას ყველა ვარიანტში განახორციელებს. ამ დროს თუ ჩვენ დასავლეთთან ურთიერთობები გვექნება, სუვერენიტეტს მაინც შევინარჩუნებთ. რუსეთის მთავარი იდეაა, გადაჭრას საქართველოს აღმსოავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი მაგისტრალი. ნახეთ, ხურვალეთთან სად არის ჩვენი პოსტი და სად არიან რუსები შემოსული. ისინი იმყოფებიან სოფელ ყარაფილას მიდამოებში. სტრატეგიულ მაგისტრალამდე 2 კილომეტრია. ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ერთ მონაკვეთზე ნავთობსადენი გადასულია მათი კონტროლის ქვეშ, ანუ აღნიშნული სტრატეგიული ობიექტი უკვე მათი გავლენის ქვეშაა. შესაბამისად, როდესაც აღნიშნული ე.წ. ინტეგრაციის ხელშეკრულება ამოქმედდება, კიდევ უფრო ამოქმედდება მცოცავი ოკუპაციის მასშტაბებიც.

– ამ ე.წ. მცოცავი ოკუპაციისა და საზღვრის ფიქსაციის რაღაცნაირად შეჩერება არ შეგვიძლია? ვთქვათ, ჩვენი სამხედრო ძალებით კონტროლი რომ დავაფიქსიროთ და აქეთ წამოწევის საშუალება რომ არ მივცეთ, არ შეიძლება?

– როგორ არ შეიძლება. წესით, თუ ჩვენ სახელმწიფო ვართ და შეიარაღებული ძალა გვყავს, შეგვიძლია შევაჩეროთ აღნიშნული პროცესი. მავთულხლართების გაბმა რომ დაიწყება, შეიძლება გამოვიყენოთ ძალა და ისინი გავყაროთ, ელემენტარულად. შეიძლება ამს მოჰყვეს ინციდენტი, მაგრამ  ჩვენს უფლებას დავაფიქსირებთ. ამისთვის ვერავინ გაგვამტყუნებს. რუსეთი ამის გამო ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებს არ დაიწყებს.

– ჩვენ ვინმე დაგვადანაშაულებს ან პასუხს მოგვთხოვს, იქ ჩვენი ძალები რომ განვალაგოთ ტერიტორიის დასაცავად?

– არა. ოკუპაციის ხაზის გასწვრივ, სადაც არის სარისკო ზონები, იქ მაინც განთავსდნენ ჩვენი ძალები, რომ რუსები მეტად ვეღარ შემოიჭრან, როდესაც იქ ავტომატიანი ხალხი იდგება, ამდენს ვეღარ გაბედავენ. თუ გაბედავენ, ელემენტარულად, პასლუხს გასცემენ. პოსტებთან ევროკავშირის თითო წარმომადგენელიც უნდა იდგეს, ანუ მოძრავი მონიტორინგი მათ ჩაატარონ. შეიარაღებული შეტაკება რომ მოხდეს, ფაქტი დაფიქსირდეს. ევროკავშირის სამხედრო მისია რომ დააფიქსირებს, შეტაკება მოხდა ამ მიზეზის გამო, ის უკვე დოკუმენტური დადასტურება იქნება იმ ფაქტებისა, რასაც რუსები და ოსები მიმართავენ.

რეზონანსი“, 24 მარტი, 2015 წელი

უვიზო რეჟიმი მიგრაციულ შოკს გამოიწვევს

“ქვეყნიდან გავა შრომისუნარიანი მოსახლეობის დიდი ნაწილი, განათლებული ადამიანები”

ელზა წიკლაური

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ, შესაძლოა, საქართველომ მიგრაციული შოკი მიიღოს. იმის გამო, რომ ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ისევ მძიმეა, საქართველოდან წასვლის მსურველთა რაოდენობა დიდი ალბათობით კიდევ უფრო გაიზრდება. სპეციალისტების ვარაუდით, ეს მხოლოდ მოკლე პერიოდში მოხდება, დროის გასვლის შემდეგ კი, როდესაც ჩვენი თანამემამულეები მიხვდებიან, რომ ევროპაში თავის რჩენა ადვილი არ არის, უკან დაბრუნდებიან.

საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების შესახებ გადაწყვეტილებას ევროკავშირი მაისში, რიგის სამიტზე მიიღებს. ჩვენთან ერთად, მოლოდინის რეჟიმშია უკრაინაც, თუმცა როგორც ევროპული მედია წერს, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საომარი პროცესების გამო, უვიზო რეჟიმის მიღების შანსი, პრაქტიკულად, ნულია.

გერმანული “დოიჩე ველეს” ინფორმაციით, საქართველოსა და უკრაინას აქვთ შანსი, მაისში ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შეთანხმებას ხელი მოაწერონ, თუმცა უვიზო რეჟიმის გაფორმებამდე ამ ორმა ქვეყანამ ევროკავშირის მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს. რადიო “თავისუფლების” ინფორმაციით, უკრაინა რიგის სამიტზე სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისგან ძალიან შორს იქნება, საქართველოს შანსი კი 50/50-ზეა.

აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნებიდან მოლდოვა იყო პირველი, რომლის მოქალაქეებისთვისაც შენგენის ზონის ქვეყნებში შესვლა უვიზო გახდა. უვიზო მომოსვლა მოლდოველებისთვის 2014 წლის აპრილის ბოლოს ამოქმედდა. მოლდოვური მედიის ინფორმაციით, 9 თვის მონაცემებით, ბიომეტრული პასპორტით 363 751-მა მოლდოველმა იმოგზაურა, აქედან 277 უკან დააბრუნეს, 213-მა არ შეასრულა ევროკავშირში შესვლის პირობები, 64 კი წარსულში არალეგალური ქმედებების გამო არ შეუშვეს.

როგორც ცნობილია, უვიზო რეჟიმის სანაცვლოდ ევროპა აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნებისგან (ამ შემთხვევაში უკრაინისა და საქართველოსგან) არაერთი რეფორმის გატარებას ითხოვს, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დაცვას, საზღვრისა და მიგრაციის მართვას, ორგანიზებულ დანაშაულსა და კორუფციასთან ბრძოლას, ადამიანის უფლებების დაცვასა და დისკრიმინაციის აღმოფხვრას. ამასთან, ევროკავშირი არც უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ შეწყვეტს მონიტორინგს.

რიგაში დაგეგმილი აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტამდე კი სულ ცოტა დრო დარჩა. საქართველოს მთავრობა იმედოვნებს, რომ ევროკომისია უვიზო მიმოსვლის რეკომენდაციას გასცემს, თუმცა კომისიის დადებითი დასკვნის შემთხვევაშიც კი, ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნის თანხმობაზე იქნება დამოკიდებული შეძლებენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები 2016 წლიდან ევროპის ქვეყნებში ბიომეტრული პასპორტებით მოგზაურობას.

ბევრმა არ იცის, რომ უვიზო რეჟიმის პირობებში ევროპაში ვიზის გარეშე დარჩენა 180-დღიან პერიოდში 90 დღის განმავლობაში შეეძლებათ. თუმცა, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც დღეს ქვეყნიდან წასვლაში ხელს მხოლოდ სავიზო პროცედურების გავლა უშლით, უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემთხვევაში, ისინი დაუყონებლივ დატოვებენ თავიანთ ადგილსამყოფელს და თანაც არა 90 დღით, არამედ უფრო დიდი ხნით. ამის გამოცდილება რუსეთის შემთხვევაში უკვე არსებობს, როცა უვიზო მომოსვლის დროს საქართველოდან ჩრდილოეთში სამუშაოდ საკმაოდ ბევრი ქართველი გავიდა. ასე იყო უკრაინაშიც.

ექსპერტი და ანალიტიკოსი ნოდარ კაპანაძე თვლის, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამქმედება მოკლე პერიოდში აუცილებლად მიგრაციულ შოკს გამოიწვევს.

“დიდი ალბათობით შოკი იქნება, მაგრამ მერე, როდესაც საქართველოს მოქალაქეები უცხოეთში წავლენ და ნახავენ ლამაზ ოფისებს, სადაც არავინ ეტაპიჟება, უკან დაბრუნდებიან. თუკი მაინც დარჩებიან, არცთუ სასარგებლო საქმიანობით დაკავდებიან.

ისიც უნდა ითქვას, რომ ქვეყნიდან გავა შრომისუნარიანი მოსახლეობის დიდი ნაწილი, განათლებული ადამიანები, რაც საქართველოს მოსახლეობის საერთო რაოდენობაზე და დემოგრაფიაზე ცუდად აისახება”, – განუცხადა “ბიზნეს-რეზონანსს” ნოდარ კანაპაძემ.

მიგრაციის საწინააღმდეგოდ მხოლოდ ერთადერთი მექანიზმი არსებობს – ესაა ქვეყნის ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარება. აქ კი არც ერთი ადმინისტრაციული მექანიზმი არ მუშაობს.

“ჩვენს ძვირფას იურისტებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ რაღაც “ბ” პუნქტის თანახმად იმართება სამყარო, ვეტყვი, რომ ცდებიან. სამყარო ობიექტური კანონებით იმართება. შენ შექმენი ქვეყანაში ცხოვრების პირობები, გააძლიერე ეკონომიკის რეალური სექტორი და არავის ექნება სურვილი წავიდეს საქართველოს ფარგლებს გარეთ შავ მუშად. საწინააღმდეგი შემთხვევეში თუ გინდა, საზღვარზე დააყენე ჯარისკაცები ან ბერლინის კედელი აღმართე, არაფერი გამოვა. რამდენი “ბ” პენქტიც გინდა მიიღონ იურისტებმა, ის არც ერთი არ შესრულდება. კანონი უნდა იყოს აღსრულებადი. იულიუსის კანონი და ნაპოლეონის კოდექსი რატომ არის დღემდე რეალური? იმიტომ, რომ ბუნებრივი კანონები იყო.

დღეს იქმნება რაღაც მითიური ფონდები, რომლებიც შექმნისთანავე იქცევიან ქაჯეთის ციხეებად, რომლებსაც არც კარი აქვს და არც ფანჯარა. თუ შეხვალ იქ, გაგაგზავნიან ბანკებში და გეტყვიან, იქ გასესხებენ ფულსო და ბედნიერი იქნებიო. ბანკების სესხით აშენებულ ქვეყანას ერთს მაინც თუ დამისახელებს ვინმე, მართლაც ბედნიერი ვიქნები”, – დასძინა კაპანაძემ.

განსხვავებული მოსაზრება აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორ ავთანდილ სულაბერიძე მისი აზრით, იმის გამო, რომ ევროპაში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, გამორიცხულია, რომ უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემთხვევაში, საქართველოდან მოსახლეობის მასობრივი გადინება მოხდეს.

“ევროპის ბევრ ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა და სამსახურის შოვნა არათუ ქართველს, არამედ იქაურ მოქალაქესაც უჭირს. ეს აქაც იციან და ამიტომ არა მგონია, უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემთხვევაში, აქედან ხალხის ნაკადი ევროპისკენ დაიძრას”, – დასძინა სულაბერიძემ.

რაც შეეხება ქვეყნიდან გასული მოსახლეობის რაოდენობას: არაოფიციალური მონაცემებით, საქართველოდან დაახლოებით 1,5 მლნ ადამიანია წასული, რაც მთელი მოსახლეობის 25%-ს შეადგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო პერიოდში უცხოეთში სამსახურის საძებრად წასულთა შორის მნიშვნელოვნად გაიზარდა ქალთა რაოდენობა (შრომით მიგრანტთა 45% ქალია). ქართველებისთვის ემიგრაციის თვალსაზრისით ყველაზე სასურველი ქვეყანა საბერძნეთია, სადაც მიგრანტ ქალთა 24,3% იმყოფება. ამასთან, საზღვარგარეთ საქართველოდან მიგრირებული მოქალაქეების დაახლოებით 53% ძიძად, მომვლელად მუშაობს ან სხვა ფიზიკურ სამუშაოს ახორციელებს. 13% – სტუდენტია და მხოლოდ 5% ახერხებს საკუთარი პროფესიით დასაქმდეს.

შრომით მიგრაციაში გასული მოსახლეობის ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს. შსს-ს 2015 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, ქვეყნიდან 407 717 საქართველო მოქალაქე გავიდა, დაბრუნებით კი 391 169 დაბრუნდა; ანუ 16 548-მ საერთოდ უარი თქვა სამშობლოში დაბრუნებაზე ან ქვეყანა რამდენიმე თვით ან წლით დროებით დატოვა.

რაც შეეხება სტატისტიკის სამსახურის მონაცემებს, მიგრაციული სალდო ისევ უარყოფითია. 2013 წლის მონაცემებით უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ 2,6% შეადგინა. 2013 წელს ქვეყნიდან 21,5%-ით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა. მიგრაციული სალდო დადებითი და თანაც, სამკაოდ მაღალი იყო 2009 წელს, როდესაც საქართველოში 34,2%-ით მეტი საქართველოს მოქალაქე შემოვიდა, ვიდრე გავიდა. 2010 წელს ისევ დადებით მიგრაციული სალდო გვქონდა – 18,1%, 2011-ში კი – 20,2%.

2014 წელისსტატისტიკის სამსახურს მიგრაციასთან დაკავშირებით მონაცემი ჯერ არ გამოუქვეყნებია. თუმცა ემპირიული დაკვირვებით და საზოგადოებაში არსებული განწყობით, გამორიცხული არ არის, რომ შარშანაც უარყოფითი მიგრაციული სალდო გვქონოდა.

სპეციალისტები ამბობენ, რომ მიგრაციის მთავარი მიზეზი სოციალური სიდუხჭირეა. ამიტომ ამ პრობლემის დასაძლევად ყველა ქვეყანა მთავარი გამოწვევის წინაშე დგას – გაუმჯობესდეს ეკონომიკური პირობები. დემოგრაფების თქმით, ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში ბრუნდებიან ქვეყნიდან წლების წინათ წასული მიგრანტები, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ვინც აქ დამკვიდრებას, სამსახურის შოვნას და განვითარებას ვერ ახერხებს, ისევ უკან ბრუნდება.

„ალია“, 24 მარტი, 2015 წელი

რას ვიგებთ და ვაგებთ ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირში შესვლით?

გელა ზედელაშვილი

(შემოკლებით)

პირველი იყო ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც `ნაციონალებისა~ არ შეეშინდა და საჯაროდ განაცხადა, ევრაზიულ კავშირს კბილს მოვუსინჯავთ, თუ ჩვენი ქვეყნისთვის საინტერესო იქნება, დავფიქრდებითო: „თუ ევრაზიულ კავშირს რაიმე თანხვედრა ექნება ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან, ისე, რომ არ შეეწინააღმდეგება საქართველოს მიერ გაცხადებულ ძირითად სტრატეგიას, მომავალში ამ საკითხსაც განვიხილავთ, რატომაც არა“?

მეორე იყო პრეზიდენტი მარგველაშვილი, რომელმაც ჯერ კიდევ გაპრეზიდენტებამდე თქვა, ჩვენ ევროკავშირის პოტენციალიც შევისწავლეთ და ევრაზიული კავშირისაც, კვლევამ აჩვენა, რომ ევროკავშირი ეკონომიკური თვალსაზრისით უფრო საინტერესოა, ვინაიდან ევრაზიული კავშირი უფრო პოლიტიკური გაერთიანებააო. მარგველაშვილი მაშინ აშკარად ცრუობდა, რადგან ცნობილი იყო მხოლოდ იდეა და არა ოფიციალური დოკუმენტაცია. შესაბამისად, ვერც კვლევას ჩაატარებდა „ქართული ოცნება“.

ამ დღეებში პარლამენტარი გოგი თოფაძეც ალაპარაკდა, მისი თქმით, თუ იქ უფრო კარგი პირობები იქნება, თუ მძლავრი ქვეყანა ვიქნებით და საკუთარ ინტერესებს დავიცავთ, შეიძლება, ევრაზიულ კავშირში სჯობდეს შესვლა, ექსპორტის მეტი საშუალება გვექნება.

საქართველოში უკვე ბევრს ლაპარაკობენ ევრაზიულ კავშირზე და ამტკიცებენ, რომ ეს ჩვენთვის მიუღებელია, ეს არის ევროპული კურსის უარყოფა, მაგრამ არავინ ლაპარაკობს, საზოგადოებას არავინ უხსნის, რატომ არის ცუდი, რატომ არის კურსიდან გადახვევა და ასე შემდეგ. მიდის ზერელე საუბრები ფაქტების გარეშე, მეცნიერული კვლევის გარეშე, პირადი სიმპათია-ანტიპათიის თანხლებით, ჯერაც არავის წაუკითხავს ამ კავშირის არც წესდება და არც პროექტი.

ბევრმა არც კი იცის, რომ ეს იდეა ეკუთვნის ყაზახეთის პრეზიდენტს, ნურსულთან ნაზარბაევს და არა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს. თავდაპირველად, როგორც კონცეფცია, გახმოვანდა ნაზარბაევის მიერ 1994 წელს მოსკოვის უნივერსიტეტში გამოსვლის დროს. ამჟამად ევრაზიული კავშირის წევრები არიან: ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი და სომხეთი.

როგორც ნაზარბაევი აცხადებს, თუ წესები, რომელიც ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული, არ შესრულდება, ყაზახეთს უფლება აქვს, ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირზე უარი თქვას. მისივე თქმით, ყაზახეთი დისკრიმინირებულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდება, რადგან გაერთიანებაში გადაწყვეტილებები კონსენსუსის წესით მიიღება. ყველაზე ბოლოს ამ კავშირში სომხეთი შევიდა, პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა შესაბამის დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა. მართალია, ხელმოწერას ერევანში საპროტესტო აქცია მოჰყვა, აქციის ორგანიზატორები მინსკში გაფორმებულ შეთანხმებას დამოუკიდებლობაზე უარის თქმად აფასებენ, მაგრამ პროტესტმა მაინც უპრობლემოდ ჩაიარა, საქმე სომხურ „მაიდანამდე“ არ მისულა. ევრაზიულ კავშირში შესვლასთან დაკავშირებით ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავენ დასავლეთში.

(…)

და მაინც, რას წარმოადგენს ევრაზიული კავშირი, რა შეიძლება მოგვცეს, თუკი ჩვენც შევალთ და რა იქნება უარყოფითი?

როგორც „ალიასთან“ საუბარში პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამბობს:

„ეს იქნება უბაჟო ვაჭრობა, მუშახელის თავისუფალი გადაადგილება, კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება. კი, მე არ გამოვრიცხავ, რომ პუტინს გეგმაში ჰქონდეს, ეს საკითხი ეკონომიკურიდან პოლიტიკურში გადაიყვანოს, მაგრამ ვისაც სხვა გზა არ აქვს, შედის. ვინც დღეს ეკონომიკურ საკითხებზე ფიქრობს და შიმშილის პრობლემა აქვს, ასეთი ქვეყნები სუვერენიტეტს არ დაგიდევენ. დღეს რა ხელშეკრულებებსაც ხელს აწერენ, ეს ეხება მხოლოდ უბაჟო ვაჭრობას, მაგალითად, სომხებს აქვთ უფლება, თავიანთი ცნობილი გარგარი 100 ათასი ტონა შეიტანონ რუსეთის ბაზარზე, არავითარი ბაჟი“.

საინტერესოა, იმოქმედებს თუარა ერთიან სივრცეში ერთნაირი შეზღუდვები, წესები და ფულის ერთეული? 2015 წლის იანვრიდან რუსეთის ხელისუფლებამ აკრძალა ქვეყანაში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შეყვანა, აისახება თუ არა ეს აკრძალვა ევრაზიული კავშირის წევრ ქვეყნებში? სოსო ცინცაძის თქმით, ეს სხვა ქვეყნებში არ გავრცელდება, თუმცა იქნება ერთგვარი პრობლემები:

„როგორც მე ვიცი, რუსეთში მარჯვენასაჭიანი მანქანების შეყვანა კი აკრძალეს, მაგრამ საჭის გადატანის პროცესი ორი წლით გააგრძელეს. შენ შეგიძლია, შენს ქვეყანაში ასეთი მანქანით იარო, მაგრამ ორი წლის შემდეგ რუსეთში ვეღარ შეხვალ. ამ შემთხვევაში ყველაზე უარყოფითი ის არის, რომ სუვერენიტეტის რაღაც ნაწილს მაინც კარგავ. ამ ეტაპზე საერთო ვალუტაზე ლაპარაკი არ არის, მაგრამ როგორც კონსტიტუციაში წერია, სამომავლოდ არც ეს არის გამორიცხული. თუ ასე წავა საქმე, უნდა შეიქმნას ცენტრალური ბანკი, საჭირო იქნება ფულის მოჭრა და ემისიის განხორციელება, მაგალითად, ნაზარბაევი კატეგორიული წინააღმდეგია, რომ ყაზახეთის ცენტრალური ბანკი რუსეთის ბანკს დაექვემდებაროს. ნაზარბაევის პრინციპი ასეთია: დროშა, ჰიმნი და ვალუტა ხელშეუხებელია, ამას არაფერი შეცვლის“.

დღეს არავინ ლაპარაკობს იმაზე, რომ ნებისმიერ კავშირში შესვლის დროს გარკვეულწილად იზღუდება შენი სუვერენული უფლებები, ჯერ ერთი – სადაც შეხვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხურო და მეორეც – ყველგან არსებობს თამაშის გარკვეული წესები. დავუშვათ, შევედით ნატოში, როგორ ფიქრობთ, არ უნდა დავემორჩილოთ ამ ორგანიზაციის მიერ დაწესებულ ნორმებს? ასევე იქნება ევროკავშირშიც, აგერ, ჯერ მხოლოდ ასოცირების ხელშეკრულებაზე გვაქვს ხელი მოწერილი და უკვე უამრავი შეზღუდვა გვიწესდება საერთაშორისო სტანდარტების სახელით, ჩვენ მალე იმასაც კი შეგვიმოწმებენ, გვექნება თუ არა მანქანის მაყუჩიდან ამოღებული კატალიზატორი და საქართველოდან ევროპაში გაგზავნილი ქათმის კურტუმი იქნება თუ არა 10 სანტიმეტრი. როცა კურტუმსაც კი გიზომავენ, ეს უკვე სუვერენიტეტის მაგარი შეზღუდვაა.

ხუმრობა იქით იყოს და მაინც, რას შეიძლება დავხარბდეთ ევრაზიულ კავშირში? სოსო ცინცაძის თქმით, რომელიმე კავშირში შესვლის შემდეგ, შენს ჭკუაზე ვეღარ ივლი:

„უბრალოდ, მეზობელს რომ გაუამხანაგდე რაღაც საქმეში, იქაც კი იზღუდები, ანგარიში უნდა გაუწიო. კარგი ის იქნება, რომ საქართველო მიიღებს ამხელა ბაზარს. მოდი, პირდაპირ ვთქვათ, ჩემთვის ევროპის ბაზარი ზღაპარია. კი, შეგიშვებენ რაღაც დოზით, მაგრამ იმდენი გადასახადია, ვერ აუხვალ, მხოლოდ ბაზარში შესვლისთვისაც კი ბაჟია დაწესებული. მე ვერ წარმომიდგენია, ჩვენ დღეს რა უნდა შევიტანოთ, რომ ევროპის ბაზარზე  მოთხოვნილება გაჩნდეს? რას გავიტანთ, ღვინოს? აგერ, მუსლიმანური ქვეყანაა ალჟირი და მაგათი ღვინო ვერ განდევნეს, ნახევარი ევროპა ალჟირულ ღვინოს სვამს. 100 წელი დასჭირდა, სანამ რუსი კახურ მშრალ ღვინოებს მიეჩვეოდა, ტანინიანს რომ ვეძახით. ევროპელები ვერ სვამენ ჩვენს ღვინოებს, როგორც ჩვენ ვერ ვსვამთ ევროპულს, მაგალითად, ადრე ესპანური „ხერესი“ ვიყიდე 2 ბოთლი და გადავღვარე, მწარეა. მაინტერესებდა, წაკითხული მქონდა, რომ დარტანიანი მარტო „ხერესს“ სვამდა. ევროპაში სხვა სტანდარტებია, როგორ ხილსაც გაიტან რუსეთში და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, იქ ვერ გაიტან. ბარემ ისიც ვთქვათ, რამდენად პერსპექტიულია ჩვენი გაწევრიანება ევროკავშირსა და ნატოში? მაკედონია და ჩერნოგორია გამზადებულები იყვნენ, ბრიუსელმა ბეჭედიც ჩაურტყა საგზურებში, მაგრამ უარი უთხრეს, მორჩა, ნატოს გაფართოება აღარ იქნებაო, იგივე ხდება ევროკავშირშიც“.

რაც არ უნდა უპერსპექტივო იყოს ჩვენთვის ევროკავშირი და მომხიბლავი – ევრაზიული კავშირი, გაბედავს კი საქართველოს ხელისუფლება, რუსეთისკენ აიღოს გეზი? როგორც ბატონი სოსო ამბობს, თუ ჩვენთვის ასოცირების ხელშეკრულება მხოლოდ საკენკი აღმოჩნდა, სხვა გზა უბრალოდ არ გვექნება:

„დასავლეთს ეს მეთოდი კარგად აქვს დამუშავებული, რაღაცას გადმოგიგდებს და სამუდამოდ დაგაყუდებს მოსაცდელში. დასავლეთიდან არ შემოდიან ინვესტორები, აქ უნდა გაიხსნას ქარხნები, ფაბრიკები, განვითარდეს სოფლის მ ე უ რ ნ ე ო ბ ა , ეკონომიკა, სხვა არჩევანი აქვს ჩვენს ქვეყანას? არ აქვს“.

თუკი პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ვარაუდობს, რომ შეიძლება საქართველო აღმოჩნდეს ევრაზიულ კავშირში და ეს იქნება ეკონომიკის განვითარების მხრივ კარგი, ეკონომიკის ექსპერტი, დემურ გიორხელიძე ამტკიცებს, რომ ეს იქნება დამღუპველი ისედაც გამათხოვრებული ქვეყნისთვის:

- სანამ რომელიმე კავშირში შესვლაზე იფიქრებ, უნდა მოაწყო საკუთარი სახელმწიფო. საით მივდივართ, როცა ჯერ ევროპიდანაც არაფერი წამოგვიღია? არც განათლება, არც სახელმწიფო მშენებლობა, არც მეცნიერება, არც კონსტიტუცია და არც ხელისუფლების შესაძლებლობები. რა გამოდის, უკან ვბრუნდებით?

- ბატონო დემურ, ამხელა ბაზრების გახსნა უკან დაბრუნება კი არის, მაგრამ ეკონომიკური თვალსაზრისით ხომ მომგებიანია?

- დასავლურ მოდელზე უკეთესი ჯერ არ შემუშავებულა. ნუ გგონიათ, რომ დასავლეთი მხოლოდ ჩვენში შემოყრილი მარაზმატიკული  არასამთავრობოებია და მეტი არაფერი. ქვეყანა, რომელიც არაფერს არ აწარმოებს, რომელსაც განათლება განადგურებული აქვს, ეკონომიკა მოშლილი აქვს, ევრაზიულ კავშირში შესვლით ვერ გაბრწყინდება, ჩვენ გვღუპავს დილეტანტიზმი და უპასუხისმგებლობა, სანამ ამ საკითხს არ მივხედავთ, არსად შესვლას არ აქვს აზრი. მე ამ შემთხვევაში არ ვლაპარაკობ ორიენტაციაზე, ეს არაფერს ცვლის, ჩვენ უნდა გვქონდეს ამბიცია, რომ მოვაწყოთ ქვეყანა. თუ ევრაზიულ კავშირში შევალთ, რუსები აგვიწყობენ ქვეყანას? ეს სასაცილოა.

დემურ გიორხელიძის ნათქვამში არის სიმართლე, თუ თვითონ არ დავალაგეთ ქვეყანა, ვერავითარი კავშირი ვერ გვიშველის, მაგრამ ჩვენ ხომ უკვე 30 წელიწადია ხავსს ვეჭიდებით? აქამდე რა ხავსსაც ვეჭიდებოდით, ნატო და ევროკავშირი ერქვა, ახლა გამოჩნდა კიდევ ერთი და როგორც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, ესეც ვცადოთ, რატომაც არა?

ბოლო-ბოლო, მე პირადად არა მგონია, ქვეყანა ამაზე მეტად დაგვექცეს თავზე. ანუ ევროკავშირი თითქმის 3-ჯერმეტი და უფრო მდიდარი მოსახლეობით 5-ჯერ დიდი ეკონომიკის პატრონია (გაითვალისწინეთ, რომ ევრაზიის კავშირის მშპ-ს ნახევარზე მეტი ნავთობისა და გაზის შემოსავლებია და სხვა სექტორები ნაკლებადაა განვითარებული). არსებობს კიდევ ჩრდილოეთი ამერიკა და სხვა კონტინენტები, სადაც მსოფლიოს ეკონომიკის ნახევარია. რუსული (ევრაზიული) ბაზარი ძნელად ხელმისაწვდომია. ოფიციალურად არსებული ბარიერები აღწერილია (მაგალითად) მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ გამოკვლევაში ბიზნესის კეთების სიადვილე მსოფლიოში. მოდი შევადაროთ 2014 წლის საზღვარზე ვაჭრობის რეიტინგები ევრაზიისა და ევროპის კავშირების შერჩეულ სამ ქვეყანაში: პორტუგალია 25; უნგრეთი 70; ბელგია 11; ყაზახეთი 186; რუსეთი 157; ბელორუსი 149; საქართველო 38; ასევე, მოდი იმავე ქვეყნებზე გადავამოწმოთ საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის შეგრძნების ინდექსი-2012): პორტუგალია 33; უნგრეთი 46; ბელგია 16; ყაზახეთი 133; რუსეთი 133; ბელორუსი 123; საქართველო 51; ასევე შევადაროთ სხვა ეკონომიკური თავისუფლებები ევროკავშირის და შესაძლო ევრაზიული კავშირის ქვეყნებს შორის: აშკარაა, რომ ევროპის კავშირიგაცილებით მეტ გახსნილობას, ეკონომიკურ და ვაჭრობის თავისუფლებას გვპირდება.

უფრო მნიშვნელოვანია ვაჭრობის არაოფიციალური ბარიერების გადალახვის სიადვილე: რუსეთის ურთულესი შიდა სახელმწიფოებრივი რეგულირებები, ბიუროკრატია, ცენტრალიზაცია, კორუფცია და მაფიური კლანები, რომლებიც პირდაპირ აკონტროლებენ საცალო და საბითუმო ვაჭრობას. შესაძლებელია ასეთი ბარიერების გადალახვა შედარებით უფრო ადვილია დიდი უკრაინული ფირმებისთვის, თუმცა პატარა ზომის კომპანიებისთვის, როგორი ხარისხიანი საქონელიც უნდა ჰქონდეთ გასაყიდად – ასეთ ბაზარზე მოქმედება ძალიან რთული იქნებოდა.

არ ვდაობ, რომ ევროკავშირი ასევე წარმოადგენს ზედმეტად დარეგულირებულ ეკონომიკურ სივრცეს. სწორედ ეს იყო ჩვენი წინა მთავრობის სიფრთხილის საფუძველიც, როდესაც ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობაზე მუშაობდა. მაგრამ, ამ ყველაფერს თუ რუსეთის პოლიტიზებულ რეგულირებასა და ბიუროკრატიას შევადარებთ, ვფიქრობ, ადვილი დასადგენია, რა გვირჩევნია. საყოველთაოდ ცნობილია, როგორ ექცეოდა რუსეთის მთავრობა ქართველებს, ქართულ ბიზნესებს და ქვეყანას ბოლო 20 წელში, ეკონომიკური ბლოკადა, ენერგეტიკული „წამება“, ომი; თუმცა ცნობილია ასევე მოლდავური ღვინის, უკრაინული შოკოლადის, ლიტვური და პოლონური ხორცის და რძის პროდუქტების დაბლოკვის ისტორიები. ის, რასაც დღეს რუსეთი უკრაინის მიმართ სჩადის, კარგი დადასტურებაა იმისა, რომ 2008 წლის ომი გარდაუვალი იყო – რუსეთი ვერ მოითმენდა საქართველოს ეკონომიკურ დამოუკიდებლობას და ყველაფერს იმას, რაც ამ სტატიაში წერია.

ნებისმიერ ქართველ ბიზნესმენს, რომელიც რუსეთში საქონლის ექსპორტს გადაწყვეტს, საქმე ექნება: კორუმპირებულ და ბიუროკრატიულ საბაჟოსთან; კორუმპირებულ  პოლიციასთან, რომელიც სწორედ მას ელოდება (გზაზე და დანიშნულების ადგილზე) ფულის წასართმევად და წილში ჩასაჯდომად; კორუმპირებულ, ზებიუროკრატიულ და ზედარეგულირებულ ადგილობრივ ხელისუფლებასთან (ქრთამები, დაშვებები, ნებართვები, ლიცენზიები); კორუმპირებულ, ზებიუროკრატიულ და ზედარეგულირებულ ცენტრალურ ხელისუფლებასთან (შემოწმებები, ქრთამები, დაშვებები, ნებართვები, ლიცენზიები); კრიმინალურ მაფიურ კლანებთან, რომლებიც გპირდებიან ყველა ზემო პრობლემასთან საქმის მოგვარებას და ბაზარზე ადგილის დაკავებას. არ ვიცი, შესაძლებელია კიდევ რამე გამომრჩა. ის, ვინც ამასთან გამკლავებას აპირებს, დიდი ალბათობით, თვითონაც ძალაუნებურად კრიმინალად უნდა იქცეს, ქრთამებიც ბევრი უნდა დაარიგოს, სხვანაირად წარმოუდგენელია რუსეთში რაიმე საქმიანობა. ვისაც არ სჯერა, მისი ნებაა, სცადოს.

ევრაზიულ კავშირს რომ მივუბრუნდეთ, ორი რამ ჩემთვის ცხადია: პირველი: რუსეთი ევრაზიული კავშირის წევრებს მკაცრად შეუზღუდავს საგარეო და სავაჭრო პოლიტიკას. ეს ნიშნავს, რომ მისი წევრების პოლიტიკა და ეკონომიკა მკაცრად მიეჯაჭვება რუსეთისას, ისინი დაკარგავენ მსოფლიო ბაზარზე გასვლის, შესაბამისად – ხარისხის გაუმჯობესების შანსებს, დაკარგავენ, თუ რაიმე დამოუკიდებელი სავაჭრო კავშირები წამოიწყეს. ეს ნიშნავს, რომ შემდგომში, თუ ისევ დამოუკიდებლობა მოითხოვეს (როგორც ზემოთ აღვნიშნე), ისევ შოკურ თერაპიასთან მოუწიოთ გამკლავება და გრძელ და მძიმე გარდამავალ პერიოდთან მსოფლიო ბაზრისკენ.

მეორე: საბჭოთა გამოცდილებიდან გამომდინარე, რუსეთი მაქსიმალურად ეცდება, ევრაზიული კავშირის წევრებს გარანტირებულად შეუზღუდოს ამ კავშირიდან გასვლის შესაძლებლობა, ფორმალურად და არაფორმალურად, მაგალითად, მოითხოვს მათზე დახარჯული დახმარება/სუბსიდიების დაბრუნებას, მოუწყობს მშრომელთა მასობრივ გამოსვლებს და ა.შ. ევროკავშირთან შეთანხმებაც არ იქნება დანახარჯების გარეშე – მოსალოდნელია, რომ ეკონომიკა კიდევ უფრო შენელდეს, რასაც მოჰყვება ევროდახმარება, ეკონომიკურ-პოლიტიკური ნარკოტიკი, რომლის მონები ადვილად შეიძლება გავხდეთ.

მნიშვნელოვანია ამიტომ, რომ მთავრობამ მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინოს და არ აიღოს ზედმეტი ვალდებულებები, რისი შესრულებაც შეუძლებელია და რაც გრძელვადიან მახეში გაგვაბამს. მაგრამ, ამავე დროს, ადვილი წარმოსადგენია დადებითი ეფექტებიც, რომელიც ასეთ შეთანხმებას მოჰყვება, მით უმეტეს, თუ გავაგრძელებთ და ყველა მდიდარ ქვეყანას შევთავაზებთ თავისუფალ ვაჭრობას. ასეთი მოქმედება ეკონომიკური თავისუფლებების კიდევ მეტად გაზრდის ფონზე, აუცილებელია, რათა ეკონომიკას ბიძგი მივცეთ და გავაბათილოთ ყველა გარე და შიდა პოლიტიკური რისკი. ამის შედეგად საქართველო ნამდვილად შეიძლება გახდეს ეკონომიკური ჰაბი და არა უბრალოდ სატრანსპორტო კორიდორი, რაც, შესაბამისად, დიდ ინვესტიციებს გვპირდება, ცხოვრების სწრაფად გაუმჯობესებას ყველასთვის.

უკრაინის, საქართველოს და აზერბაიჯანის ევროპასთან ასოცირება, ახალ ბუფერულ ზონას შექმნიდა ასეთი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებისთვის, მაგალითად, ცენტრალური აზიისკენ. ალბათ, ეს კარგად ესმით ევროპის დედაქალაქებშიც და მოსკოვშიც.

უკრაინას დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე ბელორუსისთვის, რომლის ხალხიც უნდა დაფიქრდეს, ვისთან „აღარ უნდა“ ურთიერთობა – რუსეთთან თუ უკრაინასთან. დღევანდელი მდგომარეობით, ამ ორი ქვეყნის რუსეთთან დაშორება შესაძლოა დაახლოებით ისეთივე ეკონომიკურ კრახს გამოიწვევს, რაც ჩვენ გავიარეთ 1990-იან წლებში. ეს ასევე დიდ პოლიტიკურ ძვრებს გამოიწვევს ამ ქვეყნებში. ეს არ შეიძლება დაიმალოს, მაგრამ რუსეთთან ასეთ კაბალურ ურთიერთობებს ჩვენ ხომ ერთხელ მოვერიეთ, სხვებს რატომ უნდა ეშინოდეთ.

საქართველომ კი უნდა მოიკრიბოს ყველა ძალა და უნარი, რათა გადადგას ეს ნაბიჯი და ჩამოვშორდეთ არაცივილიზებულ სამყაროს, სადაც ადამიანი არ წარმოადგენს მთავარ ღირებულებას. ევროკავშირმა კი უნდა შეძლოს ასეთი ნაბიჯების დროული და უყოყმანო გადადგმა, რათა არ შექმნას საშუალება და საფუძველი რუსეთის აქტიურობისა და აგრესიისთვის. მით უმეტეს, საქართველოს მიმართ, რომელიც ეკონომიკური რეფორმების ჩემპიონია და სავაჭრო საზღვრებიც უფრო მეტად აქვს გაღებული, ვიდრე თვითონ ევროკავშირს.

Comments are closed