globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 24 მარტი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Mar 24th, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: “ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის სახლში გაშვებას ნანობს” // მმართველი პარტია ექსპრემიერთან კონსულტაციებს გეგმავს

ალია“: რისთვის ბრუნდება პოლიტიკაში და ვისზე იძიებს შურს ირაკლი ღარიბაშვილი?

ალია: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: რატომ გაუშვეს ხელისუფლებიდან ღარიბაშვილი და რატომ ეპატიჟებიან უკან?

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ბაჩუკი ქარდავასთან: „ჩვენ არჩევნების გერმანული მოდელით ჩატარებას ვითხოვთ.. ამომრჩეველმა უნდა იგრძნოს, რომ მისი ხმა არ დაიკარგება“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ მურმან დუმბაძესთან: „22 წელი რესპუბლიკელი ვიყავი… გოგი თოფაძე თინა ხიდაშელს ბიძინა ივანიშვილმა აუმხედრა“

რეზონანსი: ინტერვიუ გიორგი ცაგარეიშვილთან: “თავისუფალი დემოკრატები” ქორწინების საკონსტიტუციო განსაზღვრებას მხარს ვუჭერთ.. რესპუბლიკური პარტიის შეშფოთება და განცხადებები ჩემთვის სრულიად გაუგებარია”

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ზურაბ ჯორბენაძესთან: „პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებით ისევ იმუქრებიან”

რეზონანსი: ინტერვიუ ლია მუხაშავრიასთან: “როცა ეს ხდება, მინიმუმ მთავარი პროკურორი უნდა გადადგეს”

რეზონანსი: ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „საქართველოში “ისლამური სახელმწიფოს” კარგად ორგანიზებული ქსელი არსებობს

„საქართველო და მსოფლიო“: არ არს ბოროტება თვინიერ ტერაქტისა და ერდოღანია მოციქული მისი

„საქართველო და მსოფლიო“: ინტერვიუ დემურ გიორხელიძესთან: თუ პროცესი ასე გაგრძელდება, ქართულ ეკონომიკას საბოლოოდ დავასამარებთ

„ახალი თაობა“: ქართველების გამო ცხინვალი და ვლადიკავკაზი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ // ლეონიდ თიბილოვი მხარეებს ვერ აშოშმინებს

რეზონანსი: დაპირისპირება ვლადიკავკაზელ და ცხინვალელ ოსებს შორის ქართველების კონცერტის გამო

————————-

რეზონანსი”, 24 მარტი, 2016 წელი

ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის სახლში გაშვებას ნანობს

მმართველი პარტია ექსპრემიერთან კონსულტაციებს გეგმავს

ელზა პაპოშვილი

ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნება, არ არის გამორიცხული, მხოლოდ პოლიტიკური რიტორიკა იყოს და მასთან რეალურ თანამშრომლობას არავინ აპირებდეს. ამასთანავე, შეიძლება ეს ფაქტი “ქართულ ოცნებაში” არსებულ საკადრო კრიზისზე მიანიშნებს ან იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილმა მისი სახლში გაშვება ინანა, რადგანაც მიხვდა, რომ ღარიბაშვილი ყველაზე ერთგული და უანგარო ხელქვეითი იყო. ასე აფასებენ პოლიტოლოგები მმართველი კოალიციის მთავარი პარტიის განცხადებას, რომ ექსპრემიერთან კონსულტაციები აუცილებლად გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ეს ინფორმაცია პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას დაადასტურა. მისი თქმით, აპრილში დაგეგმილ პარტიის ყრილობას ღარიბაშვილიც დაესწრება, სადაც გაირკვევა, თუ როგორი იქნება ყოფილი პრემიერის და თავმჯდომარის ჩართულობა “ოცნების” სამომავლო საქმიანობაში.

“რა თქმა უნდა, ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან კონსულტაციები აუცილებლად გვექნება, სადაც გაირკვევა, თუ როგორ და რა ფორმით ჩაერთვება ის პარტიის სამომავლო საქმიანობაში. სავარაუდოდ, რაღაც კონკრეტულ საკითხზე შევთანხმდებით,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარტია “ქართული ოცნების” წევრი დეპუტატებისთვის უცნობია, ყოფილი პრემიერი პარტიის საქმიანობაში რა ფორმით შეიძლება ჩაერთოს, თუმცა ამ გადაწყვეტილებას მიესალმებიან და ამბობენ, რომ ღარიბაშვილის გამოცდილება და რესურსი პარტიას წაადგება.

“კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობაში მის დაბრუნებას მივესალმები. ის გამოცდილი კადრია და მისი რესურსის გამოყენება წინასაარჩევნოდ “ოცნებისთვის” სასარგებლო და ეფექტური იქნება,” – აცახდებს ნუკრი ქანთარია.

“ირაკლი ღარიბაშვილი უკვე გამოცდილი კადრია, აქვს ქარიზმა და მისი ჩართვა პარტიის პოლიტიკურ საქმიანობაში, არჩევნებში მაღალი შედეგის მიღებას ხელს შეუწყობს. ზუსტად ვერ გეტყვით, რა სახის მონაწილეობაზე იქნება საუბარი, თუმცა ვიცი, რომ აპრილში გამართულ ყრილობაზე გარკვეული გადაწყვეტილება მიღებული იქნება,” – აცახდებს თამაზ მეჭიაური.

“ქართული ოცნების” წევრებისგან განსხვავებით, პოლიტოლოგები უფრო სკეპტიკურად არიან განწყობილი. გია ხუხაშვილისთვის გაუგებარია, ღარიბაშვილი უკან რა სტატუსით უნდა დაბრუნდეს, რომ მისი წინა სტატუსის ადეკვატური იყოს. მისი აზრით, ღარიბაშვილის დაბრუნება პარტიისთვის დიდად საჭირო არ არის, რადგანაც ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების ნაწილი პოზიტიურად არ შეხვდება.

გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ პოლიტიკაში დაბრუნება ღარიბაშვილს უფრო უნდა ვიდრე “ქართული ოცნების” წევრებს, ეს უცანური იქნება და მის ფიგურას ამომრჩევლის თვალში კიდევ უფრო დააკნინებს.

“ჩემთვის სრულიად გაუგებარი და, სიმართლე გითხრათ, ლოგიკას მოკლებული გადაწყვეტილებაა. ერთი მარტივი კითხვა ჩნდება, რა უნდა გააკეთოს დაბრუნებულმა ღარიბაშვილმა? ის თავისი კარიერის მწვერვალზე უკვე იყო, ახლა რა სტატუსით ბრუნდება? მრჩეველი უნდა იყოს? საინტერესოა, რა უნდა ურჩიოს? “გულახდილად გითხრათ, ღარიბაშვილის ქარიზმატულობით მოხიბლული არასდროს ვყოფილვარ. ახლა თუ ვიღაცას მიაჩნია, რომ მას რაღაც პოზიტივი აქვს, კი ბატონო, ღმერთმა ხელი მოუმართოს. რატომღაც მგონია, რომ მასთან სისტემურ თანამშრომლობას არავინ არ აპირებს.

“ეს უფრო, მგონია, რომ რაღაცის გადასფარად გაკეთებული ფუჭი განცახდებებია. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ მის გარემოცვაზე ბოლო დროს ძალიან ბევრი სკანდალი აგორდა. შესაბამისად “ოცნება” იმის ვერბალურ ფიქსაციას აკეთებს, რომ ღარიბაშვილი მათიანია და მისი ჯგუფის მიმართ გამოთქმულ ბარლდებებს არ იზიარებენ. ეს მხოლოდ პოლიტიკური რიტორიკაა და ღარიბაშვილთან რეალურ თანამშრომლობას არავინ აპირებს,” – აცხადებს გია ხუხაშვილი.

სოსო ცინცაძე აზრით, ეს ყველაფერი არასოლიდურ შთაბეჭდილებას ტოვებს და იმაზე მიუთითებს, რომ “ოცნებაში” სერიოზული ქაოსია. მისი აზრით, ასეთი გაუგებრობა მმართველ პარტიაში ქვეყნისთვის საშიშიც კია და არასერიოზულ დამოკიდებულებაზე მიგვანიშნებს. ფიქრობს, რომ თავად ღარიბაშვილს უნდა ჰქონდეს თავმოყვარეობა, რომ ასეთ “ცალყბა მიპატიჟებაზე” არ დაბრუნდეს. პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ ეს პირადად ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება არ არის და მან დავალება უშუალოდ ბიძინა ივანიშვილსგან მიიღო.

“ირაკლი ღარიბაშვილის უკან, პარტიაში დაპატიჟება, ერთი შეხედვით თითქოს კარგი განზრახვაა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს შეურაცხყოფის მიყენებას უფრო ჰგავს. ცოტა ხნის წინ კობახიძისთვის ალბათ დიდი პატივი იქნებოდა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის ხელი რომ ჩამოერთვა.

“თუკი ღარიბაშვილს აქვს რაღაც რესურსი, რომელიც შეიძლება პარტიას წაადგეს, გუშინ იქ არ იყო? სახლში რატომღა გაუშვეს? ღარიბაშვილი “ქართულ ოცნებაში” შემთხვევითი ადამიანი ხომ არ ყოფილა? ეს, პირველ რიგში, იმაზე მიანიშნებს, რომ მმართველი გუნდი უმწვავეს საკადრო კრიზისს განიცდის, რადგანაც დიდ პოლიტიკაში ასეთი რამ არ ხდება,” – აცახდებს ცინცაძე. იგი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ღარიბაშვილის სახლში გაშვებას ნანობს და ამის მიზეზი “სათადარიგო სკამის შემოკლებაა”: “კოალიციაში ყველაფერი აირია და ივანიშვილმა დაინახა, რომ ღარიბაშვილი მის გარემოცვაში, ყველაფრის მიუხედავად, ყველაზე ერთგული ხელქვეითი იყო, რომელიც უანგაროდ ემსახურებოდა.”

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე კი თვლის, რომ ექსპრემიერი პოლიტიკაში რიგით წევრად არ დაბრუნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალ არჩევნებში საპარლამენტო სიაში იქნება, თუმცა ფიქრობს, რომ მისი ფიგურა პარტიას დამატებით ხმებს ვერ მოუტანს.

“თუკი ღარიბაშვილი პოლიტიკაში მობრუნებას გეგმავს, მე პირადად ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ის გამოცდილი კადრია და პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ცხოვრებიდან მისი წასვლა არც მას და არც “ქართულ ოცნებას” არ წაადგება. ვფიქრობ, მმართველი გუნდის წევრები მისი დაბრუნების ისეთ ვარიანტს ეძებენ, რომ ღირსეული იყოს და საზოგადეობის თვალში დაკნინებული სახით არ გამოჩნდეს. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე არ მოხდებოდა. ახლა პარტიის შიგნით რა დინებები იყო და ვინ რაზე შეთანხმდა, საუბარი ძალიან რთულია.

“თავისთავად “ქართული ოცნება” არჩევნების წინ მსგავს ნაბიჯებზე რომ უნდა წასულიყო, ფაქტია. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებაა. არ მგონია, ღარიბაშვილი ის კაცი იყოს, რომ “ქართულ ოცნებას” შანტაჟის ენით ესაუბროს. შეუძლებელია მას ისეთი ინფორმაცია ჰქონდეს, რომ ბიძინა ივანიშვილს რაღაც იძულებით გააკეთებინოს,” – აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

ალია“, 24 მარტი, 2016 წელი

რისთვის ბრუნდება პოლიტიკაში და ვისზე იძიებს შურს ირაკლი ღარიბაშვილი?

ნინო სამხარაძე

ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება? კითხვა, რამაც „ატალახებულ“ ქართულ პოლიტიკაში ინტრიგა გააჩინა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ყოფილ თავმჯდომარესთან, ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან კონსულტაციებს გამართავს. ამის შესახებ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, დაესწრება თუ არა ღარიბაშვილი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აპრილში დაგეგმილ ყრილობას და რა ფორმით მიიღებს მონაწილეობას პარტიის მომავალ საქმიანობაში: „ჩვენ აუცილებლად გვექნება კონსულტაციები და ამ კონსულტაციების შედეგად გაირკვევა, როგორი იქნება ყოფილი პრემიერისა და თავმჯდომარის ჩართულობა ჩვენს სამომავლო საქმიანობაში…“. 23 მარტს ეს გახლდათ ტოპ-ნიუსი, რამაც ღარიბაშვილის ოპონენტებში, შესაძლოა, შეშფოთება გააჩინა.

ფაქტია, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ბევრი მტერი ჰყავს როგორც კოალიციაში, ასევე მის გარეთ და მისი პოლიტიკაში დაბრუნების განაცხადი ძალიან ბევრს ალბათ, არ სიამოვნებს, განსაკუთრებით „რესპუბლიკურ პარტიას» და აღმასრულებელ ხელისუფლებაში იმ ვიცე-პრემიერებსა თუ მინისტრებს, ვისთანაც ირაკლი ღარიბაშვილს თავის დროზე ფარული კონფლიქტი ჰქონდა კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით.

ირაკლი კობახიძის განცხადების მიუხედავად, „ალიამ» გადაამოწმა, რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია. სანდო წყარო აცხადებს, რომ ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნების საკითხზე მართლაც ფიქრობს, თუმცა, საბოლოო ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიუღია. თუმცა არაფერია გამორიცხული და მიუხედავად იმისა, რომ ის პარტიის თავმჯდომარეობიდან გადადგა და ექსპერტები ამ საკითხზე აცხადებენ, რომ საქმე გვაქვს შეუსაბამო ვითარებასთან, თუკი ღარიბაშვილი აპირებდა პოლიტიკაში დაბრუნებას, მაშინ რატომ გადადგა პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან, ამაზე შესაძლოა, ერთი პასუხი არსებობდეს, არავინ იცის, ირაკლი ღარიბაშვილი პარტიაში რა ფუნქციას შეასრულებს.

ფაქტია, პორნოსკანდალების ფონზე კოალიცია „ქართული ოცნება“ ძალიან დისკრედიტებულად მოჩანს. გარდა ამისა, ამ თემამ გადაფარა კოალიციაში არსებული დაპირისპირება „რესპუბლიკელებსა» და „მრეწველებს“ შორის. ფაქტობრივად, გოგი თოფაძისა და თინა ხიდაშელის სკანდალმა პერმანენტული ხასიათი მიიღო, მათ გადალახეს ყველა წითელი ხაზი, დაძაბულობის პიკზე კი საზოგადოებამ იხილა მუქარები, რაზეც არა მარტო ქართული პრესა, არამედ მსოფლიო საუბრობს და ვრცელ რეპორტაჟებს უძღვნის, თუ რა პოლიტიკურ პორნოსკანდალებს აქვს ადგილი საქართველოში. მუქარის ტექსტში მითითებული იყო, რომ მოქმედმა პოლიტიკოსებმა, მათ შორის თავდაცვისა და განათლების მინისტრებმა თანამდებობები 31 მარტამდე უნდა დატოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათზეც გასაჯაროვდება კომპრომატები. 31 მარტამდე არც ისე დიდი დროა, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ერთი კი ცხადია, კოალიცია „ქართული ოცნება“ არჩევნებზე, ალბათ, ისეთი ფორმატით გამოვა, რაც ძალიან ბევრისთვის მოულოდნელი იქნება. ამის მიუხედავად, საეჭვოა, „გადაგდებულმა“ მოსახლეობამ ისევ „ერთი ამოსუნთქვით“ მისცეს მათ ხმა.

რა მოხდება, თუკი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება და არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს? ვის შეიძლება არ აწყობდეს მისი პოლიტიკური რეინკარნაცია? „რესპუბლიკელებისთვის“ ეს იქნება პირდაპირი გზავნილი, რომ ერთ ბომონდში ორი და მეტი ლიდერი ვერ „გაიჯეჯილებს“ და ისინი არავითარ შემთხვევაში არ შეეგუებიან ღარიბაშვილის კოალიციაში დაბრუნებას, რადგან ყოფილ პრემიერს, მინიმუმ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ექნება მას ამბიცია. შესაბამისად, არის ვარაუდი, რომ თუ ბიძინა ივანიშვილის ინტერესია, რომ „რესპუბლიკელები“ წინასაარჩევნოდ თამაშგარე მდგომარეობაში დატოვოს და თავად ის ვერაფერს უხერხებს, გამოსავალი მოძებნილია ღარიბაშვილის დიდ პოლიტიკაში დაბრუნებით.

ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე „ალიასთან“ საუბარში აცხადებს:

„მივესალმები ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას, თავის დროზე ღარიბაშვილის პოლიტიკიდან და გუნდიდან წასვლა იყო ნაადრევი, ის არის ახალგაზრდა, რომელსაც აქვს ძალიან დიდი რესურსი, ცოდნა, გამოცდილება საიმისოდ, რომ ბევრი კარგი რამ აკეთოს. მივესალმები მის დაბრუნებას, თუმცა დეტალები ჩემთვის უცნობია. ჯერჯერობით პარტიული შეკრება არ გამართულა, პოლიტსაბჭოს ფორმატშიც არ განხილულა. კითხვაზე, რა პოზიცია ექნებათ „რესპუბლიკელებს“ ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე, მანანა კობახიძე აცხადებს, რომ ეს არის პარტია „ქართული ოცნების“ გადასაწყვეტი და ამ საკითხს „რესპუბლიკელებს“ არ ვუთანხმებთო.

იყო თუ არა ბიძინა ივანიშვილთან ამ თემაზე საუბარი?

ვიცე-სპიკერი აცხადებს, რომ ამ საკითხზე მას ინფორმაცია არ აქვს. ყველაფერი კი პარტიის ყრილობაზე გაირკვევა, რომელიც აპრილშია დაგეგმილი. ირაკლი ღარიბაშვილის აქტიურ პოლიტიკაში მონაწილეობა ნიშნავს პარტიის არჩევით ორგანოში მის დასახელებას, რაც ყრილობაზე გაირკვევა. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი საკადრო საკითხი ყრილობაზე უნდა გადაწყდეს.

პარტია „ქართული ოცნების» წევრები ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას დადებითად აფასებენ, განსაკუთრებით ის კატეგორია, ვინც ეროვნული ღირებულებების დაცვაზეა ორიენტირებული. საინტერესოა, როგორ ხასიათზე დადგებიან ე.წ. ლიბერალური ფრთის წარმომადგენლები, მაგალითად, ბატონი ლევან ბერძენიშვილი, რომელმაც ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ განაცხადა, რომ არ აინტერესებს ამ ადამიანის ბედი და მომავალი, საერთოდ ის, თუ როგორ იქნება ღარიბაშვილი შემდგომში… ხალხურად რომ ვთქვათ, ბერძენიშვილმა განაცხადა, სულ ფეხებზე მკიდია, ღარიბაშვილი სად და როგორ იქნებაო. პრინციპში, ეს გასაკვირი სულაც არ არის. იყო დრო, როცა იგივე ლევან ბერძენიშვილი ბიძინა ივანიშვილს ფულის ტომარას უწოდებდა და მის გვარზე ძალიან ბევრს ღადაობდა, – მამამისის საფლავის ქვას ივანაშვილი აწერია და თვითონ როგორ არის ივანიშვილიო. თუმცა, მას შემდეგ, რაც ბიძინამ ღირსად ჩათვალა, რომ „რესპუბლიკური პარტია“ კოალიციაში შეეყვანა, ბერძენიშვილმა და მისმა გარემოცვამ ღიმილიანი ნიღბები მოირგეს, საჯაროდ აქებენ, კულუარებში კი დასცინიან, სოფლიდან გოდრით ჩამოსულმა თავის ჭკუაზე როგორ უნდა გვატაროსო.

იგივე „ლიბერასტები“ დასავლეთში არაერთ შეხვედრაზე უცხოელ კოლეგებს უმტკიცებდნენ, რომ ივანიშვილი არის რუსული პროექტი, ხოლო ღარიბაშვილი – მისი ხელისბიჭი, რომელიც ივანიშვილს ყველა ხუშტურს უსრულებს.

დასავლელ კოლეგებს არწმუნებდნენ, რომ ლიბერალური ძალებისთვის ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერმინისტრობა დამღუპველი იქნებოდა და მისი პრემიერობის დროს ქართველი ხალხისთვის მგრძნობიარე საკითხების საკანონმდებლო დონეზე გატანა ვერ მოხდებოდა. ღარიბაშვილს ჰქონდა ინფორმაცია, რას გეგმავდნენ საკანონმდებლო დონეზე ლიბერალური ძალები და ამიტომ იყო, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის შემდეგ ღარიბაშვილმა გააკეთა მკვეთრი განცხადება, რომ კონსტიტუციაში ჩაწერილიყო, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. ვნახეთ, ამ თემას რა დაძაბულობა მოჰყვა. მას შემდეგ, რაც ღარიბაშვილის იდეებს მიმდევრები გამოუჩნდნენ და პარლამენტში კანონპროექტი შევიდა, აღმოჩნდა, რომ პარლამენტის მხოლოდ 81 დეპუტატია თანახმა, კენჭი ეყაროს ცვლილებებს, ხოლო „რესპუბლიკელები“ და კოალიციის ყველა სხვა დანარჩენი წევრები, სასტიკ უარზე დგანან. კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელებას სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, მინიმუმ 113 ხმა, რაც, რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებას“ არ გააჩნია და არც ის ძალები აძლევენ ხმას, ვინც ამ კოალიციის ყველაზე პრეტენზიული სუბიექტები არიან, „რესპუბლიკელების“ სახით. საინტერესოა, მართლა დაბრუნდება თუ არა ღარიბაშვილი პოლიტიკაში, თუმცა, რაც არ უნდა ილაპარაკოს ივანიშვილმა, ყველაფერი მაინც მის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ დამშეულ ხალხს ივანიშვილის სურვილები, ახირებები და შეუსრულებელი დაპირებები უკვე ყელში ამოუვიდა.

ალია“, 24 მარტი, 2016 წელი

ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: რატომ გაუშვეს ხელისუფლებიდან ღარიბაშვილი და რატომ ეპატიჟებიან უკან?

ნინო ლაბარტყავა

(შემოკლებით)

„ალიას“ ექსპერტი სოსო ცინცაძე ესაუბრა:

- პარტია ქართული ოცნება მის ყოფილ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილთან კონსულტაციებს მართავს. თუ ღარიბაშვილი ხელისუფლებაში დაბრუნდა, რა შეიცვლება ამით ქართულ პოლიტიკაში?

- ამით შეიცვლება „ოცნებისადმი“ დამოკიდებულება როგორც საერთაშორისო წრეებში, ისე მოსახლეობაში, ვინაიდან ეს არ იქნება სერიოზული და სოლიდური ნაბიჯი. ეს არის მხოლოდ ერთი რამის – საკადრო ქაოსის მაუწყებელი. ჯერ ერთი, მე ვფიქრობ, ღარიბაშვილისთვის აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის ასეთი განცხადება შეურაცხმყოფელი უნდა იყოს, რადგან კობახიძე დღეს არ არის ის დონე, რომ მან ღარიბაშვილის დაბრუნება-არდაბრუნებაზე განცხადებები აკეთოს. არსებობს იგივე რანგთა ტაბელი, ეთიკა, თავაზიანობა, ჯენტლმენური საქციელი… ეს კაცი ჯერ კიდევ გუშინ პრემიერი იყო და კობახიძე სულ სხვა დონეა. გარდა მაგისა, არ შეიძლება საზოგადოების ასე აბუჩად აგდება – კაციშვილმა არ იცის, რატომ მოხსნეს ღარიბაშვილი და კაციშვილმა არ იცის, რატომ ეპატიჟებიან ისევ უკან, ხელისუფლებაში.

პირველ შემთხვევაშიც მე და თქვენ უნდა გვემკითხავა, ჩვენი მოსაზრებები თუ ვერსიები გაგვეხმაურებინა და ახლაც ამ დღეში ვართ. დღესაც მიკვირს, როგორ დასთანხმდა ღარიბაშვილი, განეცხადებინა, – უნდა იცოდე, როდის მოდიხარ და როდის უნდა წახვიდეო. ეს შეიძლება გააკეთოს პოლიტიკურმა მოღვაწემ, რომელიც 10-15 წელია ხელისუფლების სათავეშია.

- 10-15 წელი არა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი მოიქცა მასე და ღარიბაშვილმაც ხომ არ მიბაძა მას, ერთგულების ამბავში?

- (იცინის) ბიძინა ივანიშვილმა სულ სხვა მოტივით გააკეთა მსგავსი განცხადება წასვლაზე, – მე ხომ თავიდანვე ვთქვი, მალე წავალო? მაგრამ ღარიბაშვილს თავიდანვე არ უთქვამს, ერთი ან ორი წლით მოვდივარ და მერე წავალო. ჩემი პირადი აზრია, რომ ივანიშვილს თვალსა და ხელს შუა შემოეფცქვნა ერთგული ხალხი, ღარიბაშვილი კი, ასე თუ ისე, მაგის ერთგულია. ერთი სიტყვით, რა იყო ღარიბაშვილის გადაყენების რეალური მიზეზი, ამას ჩვენ ვერასდროს გავიგებთ, ისევე, როგორც ვერ გავიგებთ, რა გახდება მისი დაბრუნების მიზეზი, თუ ბრუნდება. ისიც საინტერესოა, რა თანამდებობაზე შეიძლება დაბრუნდეს? პირველ ნომრად შეიძლება ჩაუდგეს „ქართულ ოცნებას“?

ჩემი აზრით, ერთადერთი, რაც მისთვის შეურაცხმყოფელი არ იქნება, ეს პირველი ნომრობაა, მისი სრული პოლიტიკური რეალიზაციის თვალსაზრისით. კი, ივანიშვილი უკვე მიხვდა, რომ კოალიციიდან ისე არავის ენდობა, სიას პირველ ნომრად ჩაუყენოს და ეს უნდა იყოს 100 პროცენტით ივანიშვილის ერთგული, ისეთი, როგორიც ღარიბაშვილია და რომელიც, ჩემი აზრით, უსამართლოდ მოხსნეს, მაგრამ ამის მიუხედავად, ერთი სიტყვაც არ დასცდენია აუგი ივანიშვილის მისამართით. ამიტომ ერთადერთი შეთავაზება, რაც შეიძლება იყოს ისეთი, რომ ღარიბაშვილს არ შერცხვეს მისი  მიღება – ეს იქნება პირველი ნომერი სიაში და ალბათ, ამაზეა საუბარი და ამიტომაც გააკეთა ეს განცხადება იმ ადამიანმა, ვინც ამ სიების ტექნიკური შემსრულებელია. კიდევ სხვა თემაა, ღარიბაშვილის დაბრუნებას როგორ შეაფასებენ ევროპული საკადრო პოლიტიკის წიაღში გაზრდილი პოლიტიკოსები – საელჩოების წარმომადგენლები, ევროპელი მეთვალყურეები, სხვები და სხვები…

ისინი შეაფასებენ ამას, როგორც არასოლიდურ საქციელს, რადგან არ შეიძლება ადამიანი დღეს შენ გააგდო და ხვალ ისევ დააბრუნო, ეს არის მონარქიული სტილი – შერისხო და მერე შემოირიგო. არ ჯდება ეს ევროპული ფასეულობების წიაღში.

-         ნაციონალმა ნიკა მელიამ განაცხადა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის

ხელისუფლებამ თბილისის საარჩევრო ოლქების საზღვრები ერთმანეთში აურია, მაგალითად - გლდანი, ჩუღურეთი და საბურთალო ერთ ოლქად აქციესო. როგორ ფიქრობთ უკვე დაიწყეს გაყალბებისთვის მზადება?

- კი, ყველაფერი შეიძლება, მაგრამ მე მოტივაცია მაინტერესებს – რატომ ხდება ეს არჩევნების წინ? შეიძლება გათვლა იმაზეა, რომ, რაც შეიძლება ნაკლები ამომრჩეველი მივიდეს საარჩევნო უბნებში. ყველას ხომ არ მოუნდება ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში ხმის მისაცემად წასვლა? ფაქტი იცით, რა არის? როგორც ჩანს, ამ ხელისუფლებას, ჯერ კიდევ  ეუხერხულება ქართული, ტრადიციული მეთოდებით დარჩეს ხელისუფლების სათავეში, როგორც რჩებოდა „მოქალაქეთა კავშირი“, შემდეგ უკვე „ნაციონალური მოძრაობა“ – „კარუსელები“, გაყალბებები, გამოქვაბულის მეთოდები და ახლა უფრო ცივილიზებულ გზებს ეძებენ. დღეს მე ეჭვი არ მეპარება, რომ განსაკუთრებით მძიმე დღეში არიან ამ კოალიციის მონაწილე სუბიექტები, რომელთა დამარცხებაზე ივანიშვილი თავს არ მოიკლავს, თუ წავლენ შეიძლება გაუხარდეს კიდეც, მაგრამ ამავე დროს, ივანიშვილი წინ ვერ აღუდგება ამ, თითქოს, კანონის ჩარჩოებში ჩამჯდარ მაქინაციებს. კანონი არ ირღვევა იმით, რომ, ვთქვათ, ხუთი რაიონი გაერთიანდა. საარჩევნო უბანი შორს არის და ადამიანი არჩევნებზე არ წავაო, ამას არც ერთი უცხოელი არ მიიღებს არგუმენტად, რადგან მაგალითად, ახლა ამერიკაში პრაიმერისებია და იუტას შტატში ხალხი სამი საათი იდგა რიგში, რომ ხმა მიეცა ტრამპისთვის თუ ტედ კრუზისთვის. მოგიტრიალდებიან და გეტყვიან, – ბოლოს და ბოლოს, რა დიდი მანძილია გლდანიდან საბურთალომდე, ჩვენთან ხალხი 25 კილომეტრს გადის არჩევნებში ხმის მისაცემადო.

- მაგრამ ეს ამერიკა არ არის, იქ რომ ვინმეს ირჩევენ, ისიც იციან, რომ გაამარჯვებინებენ და ეს ვიღაცა ხალხს და ქვეყანას მიხედავს. ჩვენთან ხალხს უკვე ყელში ამოუვიდა ეს ხელისუფლება და ბევრისგან მსმენია, რომ არჩევნებზე წასვლას არ აპირებს, მაგრამ ამ ოლქების არევ-დარევა თავისთავად იწვევს ეჭვს...

- გულწრფელად გეტყვით: ზუსტად 15 წელია, არჩევნებზე არ ვყოფილვარ, ბოლო ორ არჩევნებზე საერთოდ არც მოუტანიათ ჩემთან საარჩევნო ბარათები, არც მე შემიწუხებია თავი და მე თუ ასე ვარ განწყობილი, რიგითი ქსენია დიასახლისი, რომელსაც არაფერი სიკეთე არ ახსოვს და რაც მთავარია, არც ელოდება არანაირ სიკეთეს – ის რატომ წავა არჩევნებზე? მთავარი იცით, რა არის? როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლისგან არ ისმის ლოგიკური ახსნა, ეს ათასნაირი ფანტაზიის სტიმულს იძლევა, ამიტომ ნუ გვაიძულებენ, თავი ვიჭყლიტოთ და ვიფანტაზიოროთ, გამოვიდნენ და თქვან, რა დგას ამ გადაწყვეტილების უკან. ფაქტი ერთია: „ქართულ ოცნებას“ დღეს ყველა რეალური საბაბი გააჩნია იმისთვის, რომ ეძებოს რაღაც „ორიგინალური“ გზები ხელისუფლებაში დასარჩენად და პრაქტიკულად, რეალურ ვითარებაში წაგებულ არჩევნებში გასამარჯვებლად.

„ახალი თაობა“, 24 მარტი, 2016 წელი

ინტერვიუ ბაჩუკი ქარდავასთან: ჩვენ არჩევნების გერმანული მოდელით ჩატარებას ვითხოვთ.. ამომრჩეველმა უნდა იგრძნოს, რომ მისი ხმა არ დაიკარგება

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებზე საუბრობს.

- ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელი რჩება?

- დიახ, ჩვენი მოთხოვნები ყველასთვის არის ცნობილი და ეს არის სავსებით რეალური და სამართლიანი მოთხოვნები. მთავარი მოთხოვნა არის სისტემის ძირეული ცვლილება.

- კომპრომისებისთვის თუ ხართ მზად?

- ცხადია, ჩვენ ვართ კომპრომისებისთვის მზად, მაგრამ კომპრომისი გონივრულ ფარგლებში უნდა იყოს თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ საკონსტიტუციო ცვლილების გარეშეც შეიძლება მოხერხდეს სისტემური ცვლილება საარჩევნო კანონმდებლობაში, რომელიც ყველა კითხვის ნიშანს მოხსნის ყველასთვის. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ვისაუბროთ არჩევნების ლეგიტიმურობაზე. თუ ხელისუფლება მზად არის სამართლიანი არჩევნებისთვის, ძალიან კარგი, თუ არ არის მზად, მაშინ ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა.

- და რა არის ეს გეგმა?

- თუ ხელისუფლების მხრიდან არ იქნება კომპრომისული განწყობა, მაშინ ჩვენ სხვა ზომებს მივიღებთ.

- რა ზომებზეა საუბარი?

- ამ ეტაპზე თავს შევიკავებ ამაზე დეტალურად საუბრისგან. პრემიერმა კვირიკაშვილმა, იუსტიციის მინისტრმა და უმრავლესობის წევრებმა იციან ამ მოთხოვნების შესახებ.

- ოპოზიციის სათადარიგო ვარიანტი რა არის, რომელიც შეიძლება ხელისუფლებასთან განიხილოთ?

- რასაკვირველია, ასეთი წინადადებებიც გვაქვს ჩვენ. ამასთან დაკავშირებით ხელისუფლება საქმის კურსშია.

- ხელისუფლებას პასუხი აქვს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ მოესწრება...

- საკონსტიტუციო ცვლილებების გვერდის ავლით არის შესაძლებელი, რომ ეს ცვლილებები განხორციელდეს.

- კონკრეტულად არჩევნების ჩატარების რა მოდელს სთავაზობთ ხელისუფლებას?

- საუბარია გერმანულ მოდელზე. ეს დიდი კომპრომისია ჩვენი მხრიდან. როდესაც რჩება მაჟორიტარული სისტემაც და პროპორციულიც ერთად, მაგრამ არჩევნებში მონაწილე არც ერთ პარტიას არ რჩება შესაძლებლობა, რომ პროპორციული არჩევნების შედეგად მიღებული 40%-ის შემთხვევაში, პარლამენტის 80% დააკომპლექტოს, როგორც ეს აქამდე იყო. ამ მოდელით ის დააკომპლექტებს მიღებული ხმების შესაბამისად ანუ 40%-ის შემთხვევაში პარლამენტის 40%-ს.

- მთელ ამ პროცესში რა არის მთავარი, რომ მაჟორიტარული არჩევნებიც რჩება და პროპორციულიც?

- არა, მთელ ამ პროცესში მთავარი ის არის, რომ არ არის საკონსტიტუციო ცვლილებები საჭირო და შესაძლებელია, საარჩევნო კოდექსის ცვლილებები ისე მოხდეს. ამ სისტემით ამომრჩევლის ერთი ხმა რეალურად აისახება პარლამენტის შემადგენლობასა და მის დაკომპლექტებაზე.

- თუ გერმანული მოდელი იქნა მიღებული, საარჩევნო რეფორმა ამით დასრულდება და ეს მოდელი ყველა ძალისთვის, ვინც ამ პროცესში ჩართულია, მისაღები იქნება?

- თუ ხელისუფლება ჩვენს წინადადებებს გაითვალისწინებს, ეს იქნება საარჩევნო კანონმდებლობაში რევოლუციური ცვლილება, რომელიც საქართველოს დემოკრატიული ქვეყნების რიცხვში ჩააყენებს, მინიმუმ არჩევნების კუთხით.

- პრემიერი მზად არის ამ ცვლილებებისთვის თუ ის ვერ მიიღებს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას?

- თუ პრემიერს ამ ცვლილებების პოლიტიკური ნება არ გააჩნია, მაშინ ის ამ პროცესს არ დაიწყებდა. ეს მისთვის ძალიან წამგებიანი იქნება. აქ მთავარია, რამდენად მოახერხებს კვირიკაშვილი უმრავლესობაში ამ საკითხის ბოლომდე გატანას. უმრავლესობა მზაობას გამოთქვამს, რომ ეს ცვლილებები 2020 წელს მოხდეს და არა – 2016 წელს. ეს განსხვავებაა ჩვენ შორის.

„ახალი თაობა“, 24 მარტი, 2016 წელი

ინტერვიუ მურმან დუმბაძესთან: „22 წელი რესპუბლიკელი ვიყავი... გოგი თოფაძე თინა ხიდაშელს ბიძინა ივანიშვილმა აუმხედრა

რატომ შეწყდა დაპირისპირება მმართველ გუნდში, რა ჩაიფიქრა ივანიშვილმა, როგორ იწერება საარჩევნო სიები, რაზე ჩურჩულებენ დეპუტატები კულუარებში? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე ესაუბრება.

- კოალიცია ქართულ ოცნებაში მიმდინარე დაპირისპირება მოულოდნელად ჩაცხრა. თქვენი აზრით, რა ხდება?

- რა ხდება და დაპირისპირება იმან ჩააცხრო, ვისი ინიციატივითაც ის დაიწყო. ივანიშვილმა დაიწყო და ივანიშვილმავე დაამთავრა ეს ყველაფერი. კოალიციაში მიმდინარე პროცესებს თვალყურს ვადევნებ და კარგა ხანია არც რესპუბლიკელებს და არც მრეწველებს ხმა აღარ ამოუღიათ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სულ ასე იქნება. ადრე თუ გვიან, ისინი ისევ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

- ისევ ივანიშვილის მითითებით მოხდება დაპირისპირება?

- შესაძლოა, ივანიშვილის მითითება საჭირო აღარ იყოს. კოალიციაში შემავალი პარტიები ერთმანეთს დასანახად ვერ იტანენ. განსაკუთრებული ანტიპათია არის რესპუბლიკელების მისამართით. სხვა პარტიების მიმართ არც ისინი იჩენენ სიმპათიებს და ცდილობენ მათ ზემოდან უყურონ. კოალიციაში შემავალ პარტიებს შორის იმდენად დიდია ერთმანეთისადმი ზიზღი, სააკაშვილი რომ არ ყოფილიყო დასამარცხებელი, ისინი ერთმანეთს გამარჯობასაც კი არ ეტყოდნენ.

- ამის მიუხედავად, კარგა ხნის მანძილზე ტოვებდა კოალიცია ერთი გუნდის შთაბეჭდილებას...

- ეგ გარეგნულად ჩანდა ასე, თორემ შიგნით საოცარი პროცესები მიდიოდა. მე ვიყავი იქ და ჩემი ყურით მესმოდა, რა საუბრები მიდიოდა კულუარებში. დეპუტატები ერთმანეთზე საოცრებებს ლაპარაკობდნენ.

- მაინც რას ლაპარაკობდნენ?

- ყველაფრის თქმა არ შეიძლება, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ არა მარტო კოალიციაში შემავალი პარტიები, არამედ თავად პარტიების შიგნითაც ვერ იტანდნენ ერთმანეთს.

- თქვენ თქვით, რომ ივანიშვილის მითითებით დაიწყო მრეწველებსა და რესპუბლიკელებს შორის დაპირისპირება. რა სარგებლობა მოუტანა ამან ქართული ოცნების დამფუძნებელს?

- კოალიცია წინასაარჩევნო რეჟიმში იმყოფება. მიდის საარჩევნო სიების შედგენა. კოალიციაში შემავალ პარტიებს სურთ, რომ გამსვლელ ადგილებში თავიანთი ხალხი გაიყვანონ. ზოგიერთ პარტიას განსაკუთრებულად დიდი ამბიციები აღმოაჩნდა. ამ ამბიციების დასაოკებლად დაიწყო ის დაპირისპირება. არავინ დაიჯეროთ, რომ მრეწველები საგარეჯოს არჩევნებს გაყალბებულად თვლიდნენ. გოგი თოფაძე თინა ხიდაშელს ივანიშვილმა აუმხედრა.

- რატომ გგონიათ, რომ მრეწველები საგარეჯოს არჩევნებს გაყალბებულად არ მიიჩნევენ? გოგი თოფაძე ამტკიცებს, რომ ამის დამამტკიცებელი მასალებიც აქვს...

- მე არ ვიცი, ბატონ გოგის რა მასალები აქვს და რის დასამტკიცებლად გამოდგება ისინი. მე საკუთარი თვალით ვნახე, როგორ დაუჭირეს მათ საგარეჯოს არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატს მხარი. არჩეული დეპუტატის უფლებამოსილება პარლამენტმა უნდა ცნოს. საგარეჯოში გამარჯვებული თამარ ხიდაშელის უფლებამოსილება 84 დეპუტატმა ცნო. მათ შორის იყვნენ „მრეწველებიც“. ამის წინააღმდეგი მხოლოდ მე ვიყავი და მივეცი კიდეც წინააღმდეგ ხმა. არც გოგი თოფაძეს და არც ზურაბ ტყემალაძეს მაშინ პროტესტი არ გამოუთქვამთ. არც მრეწველთა ფრაქციიდან უთქვამს ვინმეს, რომ საგარეჯოში არჩევნები გაყალბდა.

- იქნებ მაშინ არ იყვნენ ამის შესახებ ინფორმირებულები?

- ახლა თუ ჰქონდათ რაიმე ინფორმაცია, მასალა რატომ არ მიაწოდეს პროკურატურას? პროკურატურამ საგარეჯოს არჩევნების შესწავლა დაიწყო და რამდენიმე დღის წინ საქმე შეწყვიტა. ამაზე საინტერესო რეაქცია ჰქონდათ რესპუბლიკელებსაც და მრეწველებსაც. ესეც მიუთითებს იმაზე, რომ პროცესი ივანიშვილის მიერ იმართებოდა.

- საინტერესო რეაქციებში რას გულისხმობთ?

- რესპუბლიკელებიდან მხოლოდ ლევან ბერძენიშვილმა გააკეთა მოკლე კომენტარი. მრეწველებიც მცირე განმარტებით შემოიფარგლნენ. არადა ისეთი ამბავი იყო ამ თემაზე ატეხილი, უფრო მძაფრი რეაქცია უნდა ჰქონოდათ.

- აღნიშნეთ, თამარ ხიდაშელის უფლებამოსილების ცნობის წინააღმდეგი წავედიო. რა იყო ამის მიზეზი?

- მიზეზი ის იყო, რომ საგარეჯოში რესპუბლიკელებს არ გაუმარჯვიათ. ამ რაიონში სულ მცირე 100 ოჯახთან მაქვს ახლო ურთიერთობა და იქაური ხალხის განწყობა კარგად ვიცი. მეტსაც გეტყვით, იქ არც 2012 წელს მოუგია არჩევნები თინა ხიდაშელს. საგარეჯოში არ უყვართ რესპუბლიკელები. თინა ხიდაშელი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ხათრით შემოხაზეს. მართალია, პროკურატურა ამბობს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, მაგრამ მე საპირისპიროს ვამტკიცებ. ჩვენ აბაშიძე-შევარდნაძე-სააკაშვილმა მიგვაჩვიეს, რომ არჩევნებს ბიულეტენების ჩატენვით აყალბებდნენ. საგარეჯოში ბიულეტენები არავის ჩაუტენია. თუმცა სხვა მეთოდებით განხორციელდა სასურველი კანდიდატისთვის ხმების მოზიდვა.

თამარ ხიდაშელის საარჩევნო შტაბის უფროსი იყო გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი. თავდაცვის მინისტრმა კი მუხროვანში სპეცუბანი გახსნა. არადა რესპუბლიკელები ყოველთვის ამის წინააღმდეგი იყვნენ, მაგრამ როცა დასჭირდათ, წავიდნენ ამაზე.

ბიულეტენების ჩატენვა არ ყოფილა, მაგრამ ადამიანებს სახელმწიფო მოხელეები მანქანით აკითხავდნენ სახლში და მიჰყავდათ საარჩევნო უბანზე. ეუბნებოდნენ, თუ ჩვენს კანდიდატს ხმას არ მისცემთ, თქვენი შვილი სამსახურიდან წამოვაო. ხმის მიცემის შემთხვევაში კი ოჯახის წევრების დაწინაურებას პირდებოდნენ. ამას სახელისუფლებო რესურსის გამოყენება ჰქვია. რესპუბლიკელებმა ამის ხარჯზე გაიყვანეს იქ თავისი კაცი. ამის შესახებ გოგი თოფაძე ინფორმირებული იყო. ხმა მანამდე არ ამოიღო, ვიდრე ივანიშვილმა არ მოუწოდა ამისკენ. ეს პროცესი საარჩევნო სიის ფორმირებას უკავშირდებოდა. სასურველი ადგილების მოსაპოვებლად პარტიები კოალიციიდან ერთმანეთის გაგდებასაც არ მოერიდებიან. რაც ნაკლები პარტია იქნება კოალიციაში, მით უკეთესი იქნება რესპუბლიკელებისთვის.

- რესპუბლიკელებისთვის რატომ?

- ისინი მიიჩნევენ, რომ კოალიციის საყრდენს წარმოადგენენ. თვლიან, რომ კოალიციაში მხოლოდ ისინი და „ქართული ოცნება“ უნდა დარჩნენ. ეს ივანიშვილის ინტერესებში არაა, ამიტომაც გავხდით იმ დაპირისპირების მომსწრენი. ვიღაცებმა თავიანთი ამბიციები ცოტათი მაინც მოთოკეს.

- კოალიციაში თუ არიან ისეთები, ვისი გავლენის ქვეშაც შეიძლება ივანიშვილი მოექცეს?

- ეს კოალიცია ივანიშვილმა შექმნა და მისი წყალობით მოხვდნენ პარლამენტში. შესაბამისად, მან უნდა გადაწყვიტოს ყველაფერი. თუმცა ის სხვების აზრის მოსმენაზე და გათვალისწინებაზე უარს არ ამბობს. კარგად მახსოვს, როგორ ვადგენდით საარჩევნო სიას 2012 წლისთვის. მაშინ სხვა ვითარება იყო და ყველაფერი სპონტანურად კეთდებოდა, მაგრამ ივანიშვილი სხვების მოსაზრებებს ყურადღებით ისმენდა. ხშირად იზიარებდა კიდეც. ახლაც ასე მოხდება. ის ამ პროცესებში აქტიურად ჩაერთვება.

- ვინმეს შეუძლია მასზე გავლენა იქონიოს და მისთვის სასარგებლო პირები ჩაასმევინოს სიაში?

- ვინმეს გავლენის ქვეშ ივანიშვილი არ მოექცევა, მაგრამ სხვების მოსაზრებებს მოისმენს და გაითვალისწინებს კიდეც.

- ზემოთ სახელისუფლებო რესურსის გამოყენება ახსენეთ, 2016 წლის არჩევნებზე თუ მიმართავს ამ ხერხს ხელისუფლება?

- რა თქმა უნდა. სხვებზე არაფრის თქმა არ შემიძლია, მაგრამ რესპუბლიკელებისგან ეს მიკვირს. 1990 წლიდან მოყოლებული ჩვენ სულ ამის წინააღმდეგი ვიყავით. ჩვენ ისეთი საარჩევნო გარემოს შექმნა გვინდოდა, სადაც სახელისუფლებო რესურსის გამოყენება მინიმუმამდე იქნებოდა დაყვანილი.

- ჩვენო“, რომ ამბობთ, ისევ რესპუბლიკელებში ხომ არ დაბრუნდით?

- მათთან არ დავბრუნებულვარ, მაგრამ 22 წელი რესპუბლიკელი ვიყავი და ამიტომაც ვამბობ ჩვენ-თქო. არ შეიძლება იმ პრინციპებზე უარის თქმა, რომელთაც წლების მანძილზე იცავდი. იგივე ითქმის საარჩევნო კოდექსის შეცვლაზეც. ხელისუფლებაში მოსვლამდე ჩვენ პირობა დავდეთ, რომ ამ კანონს შევცვლიდით და გავაუქმებდით მაჟორიტარულ სისტემას. სხვა დაპირებების მსგავსად, „ქართულმა ოცნებამ” არც ეს პირობა შეასრულა.

საქართველოში სულ მცირე 220 პარტიაა რეგისტრირებული. აქედან 200 პარტია მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითხოვს. ამას მხოლოდ 5 პარტია – მმართველ გუნდში შემავალი სუბიექტები არ თანხმდებიან. მათი გაჯიუტება მიუთითებს იმაზე, რომ ისინი თავის თავში დარწმუნებული არ არიან და ამ მახინჯი სისტემით გეგმავენ პარლამენტში მეტი ხალხის გაყვანას. იმას ვერ ხვდებიან, რომ ამით ამომრჩეველში ნდობას კარგავენ. არჩევნების მიმართ მოსახლეობის ნიჰილიზმი იზრდება. ამ არჩევნებზე ძალიან ცოტა ამომრჩეველი მივა.

რეზონანსი”, 24 მარტი, 2016 წელი

ინტერვიუ გიორგი ცაგარეიშვილთან: “თავისუფალი დემოკრატები” ქორწინების საკონსტიტუციო განსაზღვრებას მხარს ვუჭერთ.. რესპუბლიკური პარტიის შეშფოთება და განცხადებები ჩემთვის სრულიად გაუგებარია”

ელზა პაპოშვილი

“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი წევრი გიორგი ცაგარეიშვილი ფიქრობს, რომ კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრა აუცილებელია, რათა ამ თემით მანიპულირება პოლიტიკურად დაინტერესებულმა ჯგუფებმა, მათ შორის პრორუსულმა ძალებმა არ სცადონ. მისი თქმით, ქვეყანაში პრორუსული ძალები დაინტერესებულები არიან, რომ ხსენებული საკითხი ევროპული ღირებულებების საწინააღმდეგოდ გამოიყენონ და საზოგადოება ევროატლანტიკური კურსის შეცვლის აუცილებლობაში დაარწმუნონ.

დეპუტატი ფიქრობს, რომ ამ თემაზე დისკუსია საზოგადოებასთან ერთად უნდა მოხდეს. ამიტომაც კომისიის წევრებმა, რომელიც პარლამენტში ამ საკითხის განხილვისთვის შეიქმნა, საქართველოს 8 დიდ ქალაქში ხალხთან შეხვედრა და კანონპროექტის განხილვა გადაწყვიტეს. „საკითხის განხილვა იმ ვადებში მოხდება, რასაც ჩვენი კონსტიტუცია და რეგლამენტი ითვალისწინებს. კომისიამ, რომლის ერთ-ერთი წევრიც მე გახლავართ, ერთი თვის მანძილზე უნდა იმუშაოს. გამოიკვეთება ქალაქები, სადაც პროექტის განხილვა უნდა მოხდეს. ვფიქრობ, პირველი თბილისი უნდა იყოს. ასევე, ყველა სხვა რეგიონური ცენტრი, სადაც მოსახლეობა დიდია და მსმენელიც საკმაოდ მრავლად იქნება. ბევრი ამგვარი კომისიის წევრი ვყოფილვარ და გამოცდილება საკმაოდ კარგი მაქვს», – ამბობს გიორგი ცაგარეიშვილი.

- როგორ ფიქრობთ, ამ შეხვედრებზე მოსახლეობის დიდი ნაწილი თუ მოვა, საზოგადოებისთვის ეს თემა პრობლემას წარმოადგენს?

- ვფიქრობ, რომ სხდომაზე აუცილებლად რეალური ხალხი უნდა მოვიდეს და არა ძალით გამგეობიდან და სკოლებიდან მოყვანილი საზოგადოების ნაწილი. თემა ნამდვილად საინტერესოა და მიმაჩნია, რომ ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს ნამდვილად აინტერესებს. სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ შექმნილიყო სპეციალური კომისია და საზოგადოებას საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება ჰქონოდა. მეც და მათ შორის კომისიის დანარჩენ წევრებსაც გვაინტერესსებს, ხალხი რას ფიქრობს – ვართ თუ არა მართლები. ისინიც ფიქრობენ, რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა? იქნებ სხვა მოსაზრება აქვთ? შეცდომას ხომ არ ვუშვებთ? მოსახლეობასთან შეხვედრა 8 დიდ ქალაქში მოხდება. ეს არ უნდა იყოს იმიტირებული შეხვედრები, ჩვენ საზოგადოების რეალური პოზიცია გვაინტერესებს.

- არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ადამიანის უფლებათა დამცველები ფიქრობენ, რომ ამ თემის სახალხო განხილვა, სექსუალური უმცირესობების მიმართ საზოგადოების აგრესიას კიდევ უფრო გაზრდის და მათი უფლებები დაირღვევა. თქვენ როგორ ფიქრობთ, კანონში ქორწინების ტერმინის განსაზღვრა სექსუალური უმცირესობების უფლებებს არ დააზიანებს?

- ამას ვინც ამბობს, ვფიქრობ, რომ ამ თემის ხელოვნურად გაბერვა უნდა. ვიღაცებს სურთ, რომ ამ საკითხით პოლიტიკური დივიდენდები დაიწერონ. ვისა და ვის შორის უნდა მოხდეს დაპირისპირება? სულაც არ ვფიქრობ, რომ კონსტიტუციაში ქორწინების არსის განსაზღვრით ვინმეს უფლება ირღვევა. რაიმე დაპირისპირების წინაპირობას ვერ ვხედავ, თუკი ამას ცალკეული პირები პროვოკაციისთვის არ გამოიყენებენ.

“თავისუფალი დემოკრატები” ვფიქრობთ, რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცის ნებაყოფილობითი უფლებაა და აქ არავინ არავის არაფერს არ აიძულებს. ჩვენი პარტია არანაირი ქულების მოპოვებას არ ცდილობს. ეს თემა საზოგადოებაში აქტიურია და ამიტომაც აღნიშნულ პროექტს მხარი დავუჭირეთ. საქართველოში ანტიდისკრიმინაციული კანონი მოქმედებს და ცხადია, რომ აღნიშნული კანონის მიღებით სექსუალური უმცირესობების უფლებები არ შეიზღუდება.

- რას იტყვით “რესპუბლიკელებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” დამოკიდებულებაზე, რომლებმაც ამ კანონპროექტს ხელი არ მოაწერეს?

- წარმოდგენა არ მაქვს, რესპუბლიკურმა პარტიამ ამ კანონპროექტს გაუგებრობა რატომ უწოდა. მსგავს საკითხზე ჩვენზე წინწასულმა და ევროპულმა ქვეყანამ, ხორვატიამ, რეფერენდუმი ჩაატარა და სანამ ევროკავშირის შემადგენლობაში შევიდოდა, კონსტიტუციაში გაწერა, რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთად ყოფნას ნიშნავს.

ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ ამ კანონპროეტს მხარი დაუჭირა. არც ერთ ევროპულ ქვეყანას თუ საერთაშორისო ორგანიაზაციას აზრადაც კი არ მოსვლია, რომ ქვეყნის შიდა საქმეში ჩარეულიყვნენ. შესაბამისად, რესპუბლიკური პარტიის შეშფოთება და განცახდებები ჩემთვის სრულიად გაუგებარია. ბოლოს და ბოლოს წერტილი უნდა დაესვას მახინჯ მოსაზრებებს, თითქოს გარყვნილება ევროპიდან მოდის და ჩვენი საზოგადოების წაბილწვა უნდათ. ეს არის სიცრუე და არაპროფესიონალიზმი, რომელსაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მეტს არაფერს ემსახურება.

- თქვენ ფიქრობთ, რომ ამ თემით რომელიმე პრორუსული ძალა მანიპულირებს და პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებს?

- რა თქმა უნდა, სწორედ მაგის თქმა მსურს. ეს ხალხი ცდილობს, რომ ჩვენი საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და უაზრო პათეთიკური განცახდებებით ევროპას “გარყვნილების ბუდეს” უწოდებს. ყელმოღერებულები ამბობენ, რომ ისინი ქართველი ხალხის ტრადიციებს ხელყოფენ, ერის გარყვნას ცდილობენ და ეროვნულობას გვართმევენ. ასეთი ადამიანები ფსევდო-პატრიოტები არიან, რომლებიც სამშობლოს გროშის ფასად გაყიდიან. ამიტომაც ძალიან კარგ ინიციატივად მივიჩნევ, რომ საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენელმა კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობა მიიღოს.

- პოლიტოლოგების აზრით ამ თემის ახლა წამოწევა წინასაარჩევნო პროცესს ემსახურება. მათი აზრით, პოლიტიკოსებს და მათ შორის მმართველი გუნდის წარმომადგენლებს საზოგადოებისთვის სათქმელი არაფერი აქვს და ამიტომაც ამ თემით მანიპულაციას ცდილობენ…

- რა თქმა უნდა, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც პარლამენტში განიხილება, პოლიტიკის ნაწილია. ვინ როგორ და რანაირად აკეთებს, ეს უკვე სხვა საკითხია. მაგრამ, კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ჩვენმა პარტიამ ამ კანონპროექტს ხელი სრული გულწრფელობით მოაწერა. პოლიტიკური დივიდენდების მოხვეჭა ჩვენ არ გვინდა, ეს არის პარტიის ბუნებრივი მდგომარეობა. “ქართულმა ოცნებამ” როგორც კი ინიციატივა დააყენა, ჩვენ მაშინვე შევუერთდით. შესაძლოა საზოგადოებას კითხვა გაუჩნდეს, ეს ინიციატივა ჩვენ რატომ არ წამოვაყენეთ. საქმე ისაა, რომ როდესაც ამას მართველი გუნდი აკეთებს უფრო მეტი წონა აქვს. ვფიქრობ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დიდი ნაწილი კანონპროექტს მხარს დაუჭერს.

- ბევრი ფიქრობს, რომ წინასაარჩევნოდ პოლიტიკოსების მხრიდან ჰომოფობიურმა და ტრანსფობიურმა განცახდებებმა იმატა. თქვენ როგორ ფიქრობთ, ასეა?

- სრულიად ვგმობ მსგავსი სახის განცახდებებს, განსაკუთრებით კი პარლამენტარებისგან. თამაზ მეჭიაურის განცახდება ძალიან აღმაშფოთებელი და დასაგმობია. კატეგორიული წინააგმდეგი ვარ, რომ დეპუტატებმა მსგავსი სახის ტექსტებით ისაუბრონ. არა აქვს მნიშვნელობა ვინ ვინ არის, ყველა ამ ქვეყნის მოქალაქეა და თანაბარი უფლებები აქვთ. ჩვენი პარტია არ გამოირჩევა ჰომოფობიური განცახდებებით და შესაბამისად საზოგადოება ამაში ბრალს ვერ დაგვდებს. ვინც ამ განცხადებებს აკეთებს, იმათ იდარდონ. ჩემთვის ეს მიუღებელია და არაეთიკური.

„ახალი თაობა“, 24 მარტი, 2016 წელი

ინტერვიუ ზურაბ ჯორბენაძესთან: „პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებით ისევ იმუქრებიან”

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადაღება იყო „ნაცმოძრაობის” ხელისუფლების პერიოდის სისტემური დანაშაული. მასში საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ამ ბინძურ საქმეში მთელი სისტემა იყო ჩართული მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით.

კონკრეტულად, ვინ იყვნენ ისინი, ვინც ფარული ჩანაწერების ინდუსტრიაში იყვნენ ჩაბმული?

„მიხეილ სააკაშვილი, ლევან ქარდავა, ლელუაშვილი, თოფურიძე, ბაჩანა ახალაია, დავით ახალაია, მეგის ქარდავა, მამა-შვილი ჯამალაშვილები, ებანოიძე, გოგა მაისურაძე, ზაზა მჭედლიძე და სადაზვერვო სამმართველოს სხვა თანამშრომლები არიან ის პირები, რომლებზეც ზურაბ ჯორბენაძის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმე პროკურატურას ჯერ კიდევ 2013 წელს უნდა აღეძრა და გაესამართლებინა. პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ჩანაწერებს თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოში შიფრავდნენ და აფაილებდნენ, რომელშიც ამ სამმართველოს ყველა თანამშრომელი მონაწილეობდა“, – ასე ამბობს ადვოკატი ზურაბ ჯორბენაძე. იგი ირწმუნება, რომ პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ჩანაწერებს იღებდნენ მიხეილ სააკაშვილის დავალებით, რომელსაც სად იღებდა, სად იშიფრებოდა და სად ინახებოდა ფარული ჩანაწერები თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოში. ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შემდეგ არავინ გაუთავისუფლებია. პირიქით, ერთ-ერთი თანაშემწედაც კი დაინიშნა. მიხეილ სააკაშვილმა ულევი რაოდენობის ფარული ჩანაწერები გააკეთებინა თავის ხელქვეითებს.

„მე ერთადერთი ადამიანი ვარ, ვინც სახელებით, გვარებით, ადგილებით იცის, ვინ რას იღებდა“, – აცხადებს ზურაბ ჯორბენაძე.

- ბატონო ზურაბ, სად ხდებოდა, სად ინახებოდა ჩანაწერები?

- „ნაცმოძრაობის ხელისუფლების“ დროს ხდებოდა ასეულობით, ათასეულობით ჩანაწერების გაკეთება თავისი გუნდის წევრებზე, თავისივე მაღალი თანამდებობის პირებზე და ასევე ოპოზიციაზე. წესით სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე უნდა ეგოთ პასუხი, სინამდვილეში ახორციელებდნენ მოსმენებს, თვალთვალს და აკეთებდნენ ჩანაწერებს და შეგროვებული ინფორმაციების დაფაილებას.

- ვინ იყვნენ ისინი, ვინც ამას აკეთებდნენ?

- სპეცსამსახურების წარმომადგენლები. ამ სპეცსამსახურებს სათავეში ედგა და უშუალოდ ვისი დავალებითაც კეთდებოდა პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები, იყო მიხეილ სააკაშვილი.

- ვინ ახორციელებდა ამ ჩანაწერებს?

- ჩანაწერებს ახორციელებდა, პირველ რიგში, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში ფარული ჩანაწერების საკითხი მაღალ დონეზე იდგა ლევან ქარდავას მიერ. ქარდავას ევალებოდა თავისი სამსახურებისთვის დაევალებინა ფარული ჩანაწერების გაკეთება. როგორ კეთდებოდა ჩანაწერები, ამაზე ზედამხედველობას ახორციელებდა ბატონი ლელუაშვილი, რომელიც მე სხვა დროს და სხვა სიტუაციაში გამაცნეს აბსოლუტურად სხვა სახელითა და გვარით. ჩანაწერების, მოსმენების, თვალთვალის საქმის კურსში იყო თოფურიძე. შემდეგ, როდესაც ბაჩანა ახალაია გადაიყვანეს თავდაცვის სამინისტროში, შემდეგ კი თავდაცვის სამინისტროდან შს მინისტრად, თავდაცვის სამინისტროში მოადგილედ, უშუალო ხელმძღვანელად დაინიშნა დავით ახალაია. ახალაიამ თავისთან წამოიყვანა მეგის ქარდავა და იქ დარჩა ლევან ქარდავა და ე.წ. მასტერა, ანუ გიორგი დგებუაძე.

- ეს ჩანაწერები სადმე ერთ ადგილზე ინახებოდა?

- თავდაცვის სამინისტროში არსებობდა და არსებობს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო, უზნაძის ქუჩის ბოლოში მდებარე შენობაში. ამ სამმართველოს ყველა თანამშრომელი უშუალოდ მონაწილეობდა თვალთვალში, ფარული ჩანაწერების გაკეთებაში… მოკლედ, იმ შენობაში ჰქონდათ სპეციალური ოთახები, სადაც გაკეთებული ჩანაწერები მიდიოდა. არსებობდა კომპიუტერებით აღჭურვილი ოთახები, სადაც ეს ჩანაწერები იშიფრებოდა და ფაილდებოდა. ჩანაწერების გაშიფვრა-დაფაილებაში უშუალოდ მონაწილეობდა ჯამალაშვილი. მამა ჯამალაშვილი ხომ კუდის თანამშრომელი იყო, შვილი ჯამალაშვილი მაშინ არასრულწლოვანი გახლდათ, მაგრამ სპეციალურად იქნა დაფინანსებული კუდისგან მისი განათლება, რომ მას შეექმნა ვირუსი, რომლის საშუალებით შესაძლებელი იქნებოდა, პოლიტიკური პარტიებისთვის ისე მოესმინათ და ეთვალთვალათ, რომ აგენტების შეგზავნა არ დასჭირვებოდათ.

———

როგორც ზურაბ ჯორბენაძე აცხადებს, ფარული ჩანაწერების თაობაზე 2013 წელს მთელი ინფორმაცია მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს მიაწოდა.

- ვინ უსმენდა, რა ჩანაწერებს აკეთებდა, „ქართულ ოცნებასა“ და სხვა პარტიებში ვინ იყვნენ შეგზავნილი, დეტალურად მოვუყევი არჩილ კბილაშვილის დავალებით გოჩა ფარულავას (რომელიც მაშინ განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი იყო, ამჟამად პროკურორია), რომელსაც 32-ფურცლიანი ჩვენება მივეცი თავისი მითითებებით, – აღნიშნავს ზურაბ ჯორბენაძე.

ადვოკატი მთავარ პროკურატურას მიმართავს: „ვთხოვ, მართლა თუ გინდათ ფარული ჩანაწერების საქმის გამოძიება, თაროდან ჩამოიღეთ ნაცვლიშვილის დროს დადებული `გრიფით საიდუმლო~ ის სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც ჩვენება მოგეცით. ჩემი სიცოცხლის რისკის ფასად გაძლევთ უფლებას, მოხსნათ საქმეს გრიფი საიდუმლო და გაასაჯაროვოთ ჩემი ჩვენება. ამით სახელმწიფოს გადაარჩენთ“.

- ბატონო ზურაბ, თუ იცით, რა ბედი ეწიათ ფარული ჩანაწერების ავტორებს ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ? ირაკლი ალასანიამ ისინი არ გაათავისუფლა?

- ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ის ხელმძღვანელები, რომლებიც ახალაიას დროს მოსმენებს ახორციელებდნენ, ყველაფერს გეგმავდნენ და აკეთებდნენ, ირაკლი ალასანიამ სამსახურში დატოვა.

- მათზე სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა?

- არა, არც ერთ მათგანზე სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა. მაგალითად, ნაცმოძრაობის დროს მოსმენებს და თვალთვალს უშუალოდ ხელმძღვანელობდა სადაზვერვო სამმართველოს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ებანოიძე. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ებანოიძე არავის მოუკითხავს და არავის უკითხავს, რატომ ხდებოდა ეს. ჩანაწერების გაკეთება-დამუშავებაში უშუალოდ მონაწილეობდა გოგა მაისურაძე. გოგა მაისურაზე არავის დაუკითხავს და არავის უკითხავს, რატომ ხდებოდა ეს? არავის მოუკითხავს სადაზვერვო სამმართველოს სხვა მაღალჩინოსნები. რამდენად გასაკვირიც უნდა იყოს, ფარული ჩანაწერების გაკეთებაში მონაწილეობდა ზაზა მჭედლიძე, რომელიც ირაკლი ალასანიას თანაშემწე იყო თავდაცვის მინისტრობის დროს.

- ეს რას ნიშნავს?

- მინდა ვიკითხო, შემთხვევით ხელისუფლებაში მყოფი ეს პირები ხომ არ არიან დაშანტაჟებული ფარული ჩანაწერების გამო?!

- ვის აწყობს ამ ჩანაწერების გამოქვეყნება?

- ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ამ ჩანაწერების გამოქვეყნება აწყობს ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლებას. ეს არასწორია.

- რატომ არის არასწორი?

- თუ ბიძინა ივანიშვილს ოპონენტების განადგურება უნდოდა, უშიშროებაში არსებული უამრავი რაოდენობის ჩანაწერებით აქამდე ვერ გაანადგურებდა პულტზე თითის დაჭერით? ჩანაწერების გამოქვეყნება და დესტაბილიზაცია დღეს ნაცმოძრაობას აწყობს.

- ნაცმოძრაობას მაინც რატომ აწყობს?

- ყველაფერი ხელისუფლებას ბრალდება. ეს არის მეთოდი, რომელსაც ნაცმოძრაობა მაშინაც იყენებდა. ამ მეთოდს ჰქვია წელს ქვემოთ დარტყმა. ყველა მეთოდით აყენებენ დარტყმებს წელს ქვემოთ, მაგრამ ახია ამ ხელისუფლებაზე, დაიმსახურა. ის ჩანაწერები კი არ უნდა გაენადგურებინა, ყველა მათგანი თავის დროზე პასუხისგებაში უნდა მიეცა და ციხეში გაეშვა.

- ბატონო ზურაბ, არ გეშინიათ, რომ იმ პირებმა, რომლებსაც თქვენ ასახელებთ, შური იძიონ?

- მე გაცნობიერებული მაქვს, რომ პრაქტიკულად, სიკვდილზე მივდივარ.

- მაშინ რატომ ამხელთ?

- მომწყინდა ეს პოლიტიკური პინკ-პონკი, რომელიც არჩევნების მოახლოებასთან ერთად უფრო ბინძურ კამპანიაში გადავა და უფრო უარესის ნახვა მოგვიწევს. ამიტომ მივმართავ სახელმწიფო უწყებებს, დაცვა არ მჭირდება, სახელმწიფოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა შემთხვევით რამე არ დამიშავონ. სხვა არ მომკლავს.

- სახელმწიფო სპეცსამსახურების წარმომადგენლებისაგან საფრთხე რატომ უნდა გემუქრებოდეთ?

- იმიტომ, რომ ბევრი მათგანი, ვინც ფარული ჩანაწერების ინდუსტრიის ფერხულში იყო, დღესაც მუშაობს.

რეზონანსი”, 24 მარტი, 2016 წელი

ინტერვიუ ლია მუხაშავრიასთან: “როცა ეს ხდება, მინიმუმ მთავარი პროკურორი უნდა გადადგეს”

თიკო ოსმანოვა

იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია ამტკიცებს, რომ პროკურატურა ცრუობს, როცა კუდ-ის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას წითელი ცირკულარით ძებნილთა სიიდან ამოღებას წესების ცვლილებით ამართლებს და ამბობს, რომ რეალურად ინტერპოლმა იგი პოლიტიკურ დევნილად მიიჩნია.

მუხაშავრიას თქმით, პროკურატურა ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე ინტერპოლს დაუსაბუთებელ მასალას უგზავნიდა, რამაც ჯერ ადეიშვილისა და კეზერაშვილის, ახლა კი უკვე ახალაიას პოლიტიკურ დევნილად მიჩნევა და ძებნილთა სიიდან ამოღება გამოიწვია.

ცნობა ახალაიას მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის შეწყვეტასთან დაკავშირებით გუშინ გავრცელდა. მიზეზები პროკურატურამ მალევე განმარტა და აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებისას ინტერპოლის გენერალური სამდივნო დაეყრდნო 2015 წლის 18 თებერვალს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ დამტკიცებულ ინსტრუქციებს, რომელთა საფუძველზეც ლტოლვილის სტატუსის მქონე პირების მონაცემთა დამუშავების საკითხები ახლებურად რეგულირდება.

“დავით ახალაიას მიმართ ძებნის შეწყვეტა განხორციელდა არა ინტერპოლის კონსტიტუციის მე-3 მუხლის საფუძველზე, რაც თავის მხრივ კრძალავს ძებნის წარმოებას დანაშაულის პოლიტიკური ხასიათის გამო, არამედ იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ დავით ახალაიას ერთ-ერთი სახელმწიფოს მიერ მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი,” – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

ლია მუხაშავრია: ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ “ნაცმოძრაობა” ამ საკითხს ძალიან სერიოზულად უდგებოდა და შედეგს მიაღწიეს კიდეც. საქმეები, რომლებიც მათ წინააღმდეგ აღიძრა, ისეთი პროცესუალური და ფუნდამენტური დარღვევებით იყო სავსე, საერთაშორისო ორგანიზაციებმა ანგარიშებში ჩაწერეს, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. დარღვევები კი, ჩემი აზრით, განგებ იყო დაშვებული.

ამაზე მე ჯერ კიდევ 2012 წლის ბოლოს ვლაპარაკობდი. ეს საკითხი დაედო საფუძვლად იმასაც, რომ აქედან გაქცეულმა კრიმინალებმა უცხოეთის ქვეყნებში პოლიტიკურ თავშესაფარი მოითხოვეს და მიიღეს კიდეც. ეს სახელმწიფები კი მათ თავშესაფარს არ მისცემდა, ის დასკვნები რომ არ ჰქონოდათ, რომელშიც დაიწერა – საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დევნა ხორციელდებაო.

თუკი პირი რომელიმე ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით თავშესაფარს მიიღებს, მისი სხვა ქვეყნისთვის გადაცემა, ექსტრადიცია ან სამშობლოში დაბრუნება საერთაშორისო სამართლით სასტიკადაა აკრძალული. შესაბამისად, ახალაიაც ამის გამო ამოიღეს ინტერპოლით ძებნილთა სიიდან. აქ ყველაფერი გასაგებია – ინტერპოლმა სრულიად ლოგიკური და დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღო – წესების შეცვლა არაფერ შუაშია.

- ანუ ამბობთ, რომ ხელისუფლებამ მათ ახალაიას ბრალეულობაში დასარწმუნებლად სათანადო არგუმენტები ვერ წარუდგინა?

- თავდაპირველად, როცა საქმე აღძრეს, დასაბუთება ინტერპოლისთვის სარწმუნო არ იყო. თანაც საერთაშორისოდ აღიარებულ იქნა, რომ საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დევნა მიმდინარეობს. ეს იმას ნიშნავდა, რომ ამ შედეგებს მივიღებდით – ყოფილ მაღალჩინოსნებს საქათველოს არავინ გადმოსცემდა და ისინი ევროპის სამართლებრივად გამართულ ქვეყნებში პოლიტიკური დევნილის სტატუსს მიიღებდნენ.

- შესაძლებელია, რომ ახალაია სამომავლოდ ინტერპოლით ძებნილთა სიაში ისევ ჩასვან?

- არა, აღარ ჩასვამენ, რადგან მას უკვე პოლიტიკური დევნილის სტატუსი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ სამშობლოში მას უკანონოდ დევნიან და სხვა ქვეყანაში პოლიტიკურ თავშესაფარს იღებს. ამ სტატუსის მინიჭების შემდეგ ადამიანი დაცულია და მას სამშობლოში არანაირად აღარ დააბრუნებენ.

- ანუ პროკურატურამ განცხადებაში ხაზგასმით რომ აღნიშნა, ახალაია ძებნილთა სიიდან იმიტომ არ ამოუღიათ, რომ პოლიტიკურ დევნილად მიიჩნიესო, გამოდის მოიტყუა?

- დიახ, პროკურატურა იტყუება. მან ასევე მოიტყუა სხვა პირების შემთხვევაშიც. პირველი ადეიშვილი იყო რომელმაც უნგრეთში პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიიღო. ამაზე მოთხოვნა იქ ჩასვლისთანავე გააკეთა და ამის დასაბუთება არც გასჭირვებია. მეტიც, მან არა მხოლოდ თავის თავს უშველა, არამედ დასაბუთება თავის ხელისუფლებაში მყოფი ყველა პირისთვის შექმნა და იმას მიაღწია, რომ ყველაზე მძიმე დამნაშავეები პასუხისმგებლობისაგან თავს დაიძვრენენ.

- რატომ ვერ მოახერხა პროკურატურამ ინტერპოლის დარწმუნება?

- ეს არ იყო კრახი. ეს ყველაფერი პროკურატურას თავიდანვე დაგეგმილი ჰქონდა, წინასწარ იცოდნენ, რომ ეს შედეგი დადგებოდა. ის, რასაც ყველა ამბობს და ხედავს, სისხლის სამართლის საქმეში სათანადო პროცესუალური წესით უნდა ჩაიწეროს და დადასტურდეს. ამ შედეგით შეგვიძლია მივხვდეთ, თუ რა წერია იმ საბუთებში. ერთია, რას ლაპარაკობდნენ, მაგრამ მეორეა, რას წერდნენ იმ საქმეებში, რომლებმაც ეს შედეგი მოგვიტანა.

- რატომ იყო პროკურატურა დაინტერესებული, რომ ასეთი შედეგები მიგვეღო და ყოფილი მაღალჩინოსნები წითელი ცირკულარით ძებნილთა სიიდან ამოეღოთ?

- ეს კოჰაბიტაციის ერთ-ერთი გამოვლინებაა და ამაში, ჩემი აზრით, მისი ნამდვილი სახე ჩანს. ეს არა კოჰაბიტაცია, არამედ გარიგებაა, რომელიც ძველ და დღევანდელ ხელისუფლებას შორის შედგა. როცა ჩვენ ვამბობდით, რომ ახალი პროკურორის დანიშვნა და სისტემის ძირეული რეფორმირება იყო საჭირო, იმასაც ვგულისხმობდით, რომ შოთაძე ძველი კადრია და იგი იმას აგრძელებს, რასაც წინა ხელისუფლების პროკურატურის თანამშრომლები აკეთდებდნენ. ამის ლოგიკური გამოვლინებაა ახალაიას ამბავი. როცა ეს ხდება, მინიმუმ მთავარი პროკურორი უნდა გადადგეს, ახალაიას საქმეზე მომუშავე პროკურორი კი ორგანოდან უნდა გააგდონ, მაგრამ ასეთი რამ არ ხდება. ასე რომ, ამას დოყლაპიობას ნამდვილად ვერ დავარქმევთ. ეს, ჩემი ღრმა რწმენით, დანაშაულებრივი გარიგებაა.

- სრულიად საპირისპირო შედეგი დადგა გიორგი დგებუაძის, იგივე “მასტერას” საქმეზე. ეს როგორ მოახერხა პროკურატურამ?

- დგებუაძეს მაღალი პოლიტიკური თანამდებობა არასოდეს ჰქონია. იგი სისტემის მუშაკი იყო, მართალია, არა რიგითი, მაგრამ საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით პოლიტიკური თანამდებობის პირად არ იყო აღიარებული. გარდა ამისა, მე ვფიქრობ, რომ იგი განზრახ ჩამოიყვანეს, რათა მან კიდევ უფრო “გააპრავოს” ისინი, ვისი ბრალდებაც ჯერაც არამყარია. სწორედ ამ მიზნით მოხერხდა მისი ჩამოყვანა – მან სხვათა ბრალდებებს საბოლოოდ ძირი უნდა გამოუთხაროს. ეს ყველაგერი გამიზნული საბოტაჟის კიდევ ერთი რგოლია და ამაში მაშინ დავრწმუნდებით, როცა საქმე ბოლომდე მივა. თუმცა, ეჭვი მეპარება ყველაფერი ისე წარიმართოს, რომ ჩვენ გავიგოთ, მის საქმეში რა ჩაიწერება.

- რამდენად მნიშვნელოვანი ინფორმატორია იგი მერაბიშვილის, ახალაიას და თუნდაც ფარული ჩანაწერების საქმეზე?

- იგი პირდაპირაა ჩანაწერებთან დაკავშირებული. შესაძლოა, განტევების ვაცად გამოიყენონ, ჩანაწერების საქმე მთლიანად მას მიაწერონ და მთავარ დამნაშავედ გამოიყვანონ, სხვათა მიმართ კი ყველაფერი მოხსნან. ან თუ სხვების მიმართაც არსებობს სამხილები, გადააფარინონ. ეს კაცი ძალიან ბინძური პროცესის მონაწილეა და ასეც გააგრძელებს. ის გამოძიებისათვის კარგი საქმის გასაკეთებლად არ ჩამოუყვანიათ.

რეზონანსი”, 24 მარტი, 2016 წელი

ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „საქართველოში “ისლამური სახელმწიფოს” კარგად ორგანიზებული ქსელი არსებობს

ელზა პაპოშვილი

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია აცახდებს, რომ ბოლო დროს ევროპულ ქვეყნებში განვითარებული ტერორისტული აქტების ფონზე, საქართველო ნეიტრალურ მდგომარეობაში ვეღარ დარჩება. მისი თქმით, ჩვენს ქვეყანაში “ისლამური სახელმწიფოს” კარგად ორგანიზებული ქსელები მუშაობს, რომელიც სირიაში მებრძოლი ქართველი ლიდერებისგან იმართება. კავკასიის მაშტაბით არსებული ქსელების მეთაური კი ლაფანყურის სპეცოპერაციის მონაწილე ახმედ ჩატაევია.

ვახტანგ მაისაია ფიქრობს, რომ ხსენებული სპეცოპერაციის გამოუძიებლობის შედეგად ხელისუფლებამ ამ დაჯგუფებას საშუალება მისცა, საქართველოზე შურისძიების მიზეზი ჰქონდეს. ამიტომ, სპეცსამსახურებს სწრაფი და ორგანიზებული მოქმედებისკენ მოუწოდებს. ითხოვს, რომ შემუშავდეს ტერორიზმთან ბრძოლის ახალი სტრატეგია და დაისახოს სამოქმედო გეგმა, რომელშიც მონაწილეობა თავდაცვის სამინისტრომაც უნდა მიიღოს.

ბრიუსელის მასობრივი ტერაქტების შემდეგ, ისლამური სახელმწიფო, ფაქტობრივად, გლობალური ტიპის ჯიჰადზე გადავიდა. ეს ნიშნავს ომს ყველას წინააღმდეგ, ვინც მათთან ერთად არ არის. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ტერორისტული აქტების სერიები შესაძლოა კიდევ გაგრძელდეს. ვფიქრობ, რომ მასშტაბები უფრო დიდი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი თავს მაქსიმალურად იკავებდა, “ისლამურ სახელმწიფოსთან” ურთიერთობა არ გაემწვავებინა, ბოლოს იძულებულები გახდა, პოზიცია შეეცვალა და ხალიფატის წინააღმდეგ წასულიყო. ტერორისტების მთავარი მიზანი მოსახლეობაში პანიკის და შიშის დანერგვაა. უნდათ, მოწინააღმდეგეზე იდეოლოგიური და კულტურული ზემოქმედება განახორციელონ. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა ამ პირობებში ნეიტრალურ პოზიციაში ვეღარ დარჩება, რადგანაც საქართველოში “ილსამური სახელმწიფოს” კარგად ორგანიზებული იატაკქვეშა ქსელები არსებობს. ვიდეო-მესიჯებმა, რომლებიც რამდენიმე თვის წინ ქართველი ჯიჰადისტების მხრიდან გავრცელდა, სამწუხაროდ, ამ ფაქტის სისწორეში კიდევ უფრო დაგვარწმუნა», – ამბობს ვახტანგ მაისაია.

- საქართველოში მოქმედი “ისლამური სახელმწიფოს” ქსელი რამდენად ძლიერია?

- ამ ეტაპზე მათი გაკონტროლება რთული არ არის და სავსებით შესაძლებელია. ჩვენს უშიშროების სამსახურს მათი განეიტრალება თავისუფლად შეუძლია. მთავარია სწრაფი და ადეკვატური ზომები მიიღონ. ტერორიზმთან ბრძოლის ახალი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა უნდა შეიმუშავონ. დროის კარგვის ფუფუნება ნამდვილად აღარ გვაქვს, რადგანაც ფაქტიურად გლობალური ჯიჰადი დაიწყო, რომელიც ყველა ქვეყანას შეეხება.

- ეს ქსელი ვისგან შეიძლება იმართებოდეს?

- რა თქმა უნდა, “ისლამურ სახელმწიფოში” არსებობენ ქართული წარმოშობის გავლენიანი ლიდერები, რომლებიც ამ დარგის უბადლო სპეციალისტები არიან. მათი სახელებისა და გვარების დასახელებისგან, ბუნებრივია, თავს შევიკავებ. თუნდაც ახმედ ჩატაევის ფაქტორი ავიღოთ, რომელიც კავკასიის რეგიონის ფარგლებში და საქართველოშიც ამ ქსელს კურირებს. ჩვენ ვნახეთ მათი განცახდებები ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. ვიცით, რომ აღნიშნულ დაჯგუფებას “ისლამურ სეხელმწიფოსთან” აქტიური კავშირი აქვს. ამიტომაც ეს სპეცოპერაცია მათთვის შესაძლოა ფორმალური მიზეზიც კი გახდეს, რომ საქართველოზე შური იძიონ.

- ჩვენმა ძალოვანმა სტრუქტურებმა მათთან საბრძოლველად რა პრევენციული ღონისძიებები უნდა გაატარონ?

- სამწუხაროდ, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ლაფანყურის სპეცოპერაცია არ გამოიძია და ეს შესაძლოა მათი გამოწვევის მიზეზი გახდეს. ამ სპეცოპერაციის გამოუძიებლობის შედეგად ჩვენმა სპეცსამსახურებმა მათი ჯგუფის ტაქტიკური მონაცემები, დაგეგმარების ოპერატიული შესაძლებლობები, ლოჯისტიკური უზრუნველოყოფა და ფინანსების შესახებ ინფორმაციის მიღების შანსი ხელიდან გაუშვეს. ამ ჯაჭვის გამოვლინება ახლა დაგვეხმარებოდა, რომ შეგვემუშავებინა ისეთი დონის ანტიტერორისტული და კონტრტერორისტული გეგმა, რომლითაც მოწინააღმდეგის შესაძლებლობებს გავთვლიდით. “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ აუცილებელია ანალიტიკური ტიპის მუშაობის წარმოება. საჭიროა მოხდეს ანტიტერორისტული ბრძოლის სპეციალური სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება. დაიხვეწოს იმ ინტიტუტების მოქმედების სტილი, რომლებიც ტერორიზმთან ბრძოლაზე პასუხს აგებენ. სტრატეგიის შემუშავებაში თავდაცვის სამინისტროც უნდა ჩაერთოს.

- არსებობს ვარაუდი, რომ გაზაფხულის დადგომასთან ერთად, “ისლამური სახელმწიფო” რუსეთის მიმართულებითაც გააქტიურდება. ამ ფონზე საქართველოში სიტუაცია როგორ შეიძლება განვითარდეს?

- დღეიდან ყველანაირი სცენარის განვითარებას უნდა ველოდოთ. გულზე ხელი არ უნდა დავიკრიფოთ და არ უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენ არაფერი არ გვემუქრება. რა თქმა უნდა, თუკი ჯიჰადისტები რუსეთში გააქტიურებას დაიწყებენ, ჩვენს ქვეყანაში საფრთხის რისკი კიდევ უფრო გაიზრდება. ამ ხალხმა თურქეთზე და ბელგიაზე თავდასხმებით, გლობალური ჯიჰადი გამოაცხადა, რომლისგან დაცული არცერთი ქვეყანა არ არის.

- “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში, სავარაუდოდ, რამდენიმე ასეული საქართველოს მოქალაქე იბრძვის. შესაძლებელია თუ არა, რომ გლობალური ჯიჰადის პროცესში ეს ხალხი უკან სამშობლოში კონკრეტული დავალებებით დაბრუნდეს, მითუმეტეს ამის ნათელი მაგალითი პარიზსა და ბრიუსელში განხორციელებული ტერორისტული აქტებია, რომელიც სირიიდან სამშობლოში დაბრუნებულმა ამ ქვეყნის მოქალაქეებმა განახორციელეს…

- ინტერნეტში ქართულ ენაზე ჯიჰადისტური ვიდეოების გავრცელებისთანავე, ვფიქრობ, უშიშროების სამსახურს მათ წინააღმდეგ გარკვეული ზომები უნდა მიეღო. არ არის გამორიცხული, რომ ეს ერთგავრი დაშიფრული მესიჯი ყოფილიყო, რომელიც საქართველოში მაცხოვრებელი მათი მომხრეებისთვის იყო განკუთვნილი. “ისლამურმა სახელმწიფომ” 2015 წელს მებრძოლების ექსპორტი დაიწყო – ჯიჰადსტების კარგად გაწრთვნილი და შეიარაღებული ჯგუფები თავიანთ ქვეყნებში დააბრუნეს.

თქვენ სწორად ახსენეთ ბელგიისა და საფრანგეთის ტერაქტები, რომლებიც სამშობლოში დაბრუნებულმა ჯიჰადისტებმა მოაწყვეს. ეს ჯგუფები ევროპაში ასევე მიგრანტების სახით შედიან და ლტოლვილების მანტიაში გადაცმულები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ნაწილდებიან. მათ საკამოდ ძლიერი დაგეგმარების და განხორციელების უნარი გააჩნიათ. ეს ხალხი მაღალი დონის სპეცსამსახურების წევრებისგან დაკომპლექტებულ ადამიანებს წარმოადგენენ, რომელთა პროფესიონალიზმში, თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, ძალიან შემცდარან. ამიტომაც არც ჩვენი ქვეყანა არ არის მსგავსი საფრთხისგან დაცული.

- რა მდგომარეობაა ჩრდილოეთ კავკასიაში და იქ არსებული სიტუაციის მიხედვით, ტერორიზმის განვითარების საშიშროება თუ არსებობს?

- ჩრდილოეთ კავკასიაში მეტ-ნაკლებად მოჩვენებითი სიწყნარეა. დაღესტანში ჩატარებულმა რამდენიმე სამხედრო ოპერაციამ აჩვენა, რომ საკმაოდ სერიოზული ტერორისტული შენაერთები არსებობს. რუსეთის მიერ სირიაში ჩატარებული პირველი სპეცოპერაციის მთავარი იდეა ის იყო, რომ იქ არსებული კავკასიური ემირატი გაენადგურებინა. შემდეგ კი დანარჩენი ტერორისტული ქსელებისთვის მიეხედა. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში საკმაოდ გავლენიანი ჯგუფები მოქმედებს, რომელთა სიწყნარე დროებითია. მათ კონკრეტული დავალებები აქვთ, რომლესაც ბრძანების მიღების შემთხვევაში შეასრულებენ.

„საქართველო და მსოფლიო“, 23-29 მარტი, 2016 წელი

არ არს ბოროტება თვინიერ ტერაქტისა და ერდოღანია მოციქული მისი

ნანა დევდარიანი

18 მარტს ბელგიის პოლიციამ ბრიუსელის მოლენბეკის კვარტალში პარიზის გასული წლის ნოემბრის შემზარავი ტერაქტის ძირითადი ფიგურანტი სალაჰ აბდესლამი დააკავა. იგი ამ ტერაქტის ლოჯისტიკას ხელმძღვანელობდა. ქირაობდა ავტომობილებს, სასტუმროებში ოთახებს, სამი თვითმკვლელი ტერორისტი სტადიონ “სტად დე ფრენსზე” სწორედ მან მიიყვანა.

იმავე 18 მარტს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ეროვნული ტელევიზიით გამოსვლისას მწვავედ გააკრიტიკა ევროკავშირი და პირდაპირ დასდო ბრალი ტერორიზმის მხარდაჭერაში. მას მხედველობაში ჰქონდა ქურთული ორგანიზაციები, რომლებსაც თურქეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ ტერაქტებში ადანაშაულებს. ქურთები ერდოღანმა ევროპის “უბეში ჩასმულ გველის წიწილებს” შეადარა.

“ევროკავშირის ქვეყნები თავქარიანივით იქცევიან და თითქოს დანაღმულ ველზე ცეკვავენ. არ არსებობს მიზეზი, რომ ნაღმი ბრიუსელშიც არ აფეთქდეს. თქვენ გველი გამოზარდეთ უბეში, რომელიც ნებისმიერ წამს დაგგესლავთ”…

34 დაღუპული, ათეულობით დაჭრილი _ ასეთია ბრიუსელის აეროპორტ ზავენტემსა და მეტროპოლიტენის სადგურებში მომხდარი ოთხი აფეთქების სამწუხარო სტატისტიკა. დაჭრილთა შორის სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრიც აღმოჩნდა. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან ბერძენიშვილმა დაგვამშვიდა, რომ ბრიუსელში მყოფი 17 ქართველი დეპუტატი და პარლამენტის აპარატის თანამშრომლები უსაფრთხოდ არიან.

“პარლამენტის წევრები იმყოფებიან ბრიუსელში, ჩემი აპარატიდანაც არიან წასულები. მათ არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ, მაგრამ ძალიან ახლოს იმყოფებიან იმ ადგილთან, სადაც მეტროში აფეთქება მოხდა. ჩვენი წარმომადგენლები არ დაშავებულან და მათთან დაკავშირებით ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.” – განუცხადა ჟურნალისტებს ლევან ბერძენიშვილმა.

ქართველი პოლიტიკოსებისთვის კი თითქოს არაფერი იცვლება. ისინი კვლავ საკუთარ და სხვის თეთრეულში იქექებიან და ვითარებასთან აშკარად შეუსაბამო რიტორიკას განაგრძობენ. იმედია, ის 17 დეპუტატი ახლა მაინც ხვდება, რომ რეალური სამყარო სხვაგვარად არის მოწყობილი და დაზეპირებულ ფორმულებსა და შელოცვებს არ ემორჩილება.

ევროპარლამენტის შენობა, რომელშიც სხდომა იმართება, მეტროპოლიტენის სადგურ მალბეკთან დაახლოებით 300 მეტრში მდებარეობს. დაახლოებით ამდენივე მანძილია ევროკომისიის შენობამდე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აფეთქება მეტროში ევროკომისიასა და ევროპარლამენტს შორის მოხდა.

სააკაშვილი რის სააკაშვილი იქნებოდა, ბრიუსელის ტერაქტთანაც არ მოეძებნა “ბმა”: “ჩემმა მეუღლემ და ვაჟმა რამდენიმე საათი გაატარეს იმ ტერმინალში ბრიუსელის აეროპორტში, რომელიც დღეს დილით ააფეთქეს ტერორისტებმა, ისინი ტერაქტამდე რამდენიმე საათით ადრე გამოფრინდნენ. როცა მე ამ ტრაგედიის შესახებ წავიკითხე, უკვე ვიცოდი, რომ მათ გამოფრენა მოასწრეს, მაგრამ მაშინვე ვიფიქრე იმ მსხვერპლის ახლობლებსა და ნათესავებზე, რომლებიც ვერ გადარჩნენ. ეს საშინელი ტრაგედიაა და, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, არ არის უკანასკნელი. ფაქტის კონსტანტაციაა საჭირო, რომ სხვა მიზეზებთან ერთად ეს არის ბიუროკრატიის, სისუსტისა და მკაცრი გადაწყვეტილებების მიღების არცოდნის ბრალი”, – წერს “მკაცრი გადაწყვეტილებების მიღების მცოდნე” მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ბრიუსელში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე გამოცხადდა. ბელგია-საფრანგეთის საზღვარი ჩაიკეტა. ამის შესახებ ფრანგული მედია იუწყება. საზღვრის გადაკვეთა ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებას აეკრძალა.

საფრანგეთის მასშტაბით, სტრატეგიულ ობიექტებზე, მათ შორის სადგურებზე, აეროპორტებსა და საზღვრებზე მობილიზებულია პოლიციის დამატებითი ძალები. ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერნარ კაზნევმა განაცხადა.

ბრიუსელში მომხდარი თავდასხმების გამო ევროკავშირის ყველა სტრუქტურაში დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა. ევროპული სტრუქტურების ყველა შენობასთან წვდომა შეზღუდულია. ამის შესახებ ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კრისტალინა გეიორგიევამ განაცხადა. მისი ცნობით, ევროკავშირის ინსტიტუტების შენობებში შესვლა მხოლოდ თანამშრომლებისთვის არის ნებადართული.

“ევროკავშირის ინსტიტუტები ერთობლივად მუშაობენ პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”, – ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

ბელგიის არმია სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია. შესაბამისი გადაწყვეტილება ხელისუფლებამ ბრიუსელში მომხდარი თავდასხმების შემდეგ მიიღო.

აეროპორტებში, ანტვერპენის პორტსა და ბელგიის ატომურ ელექტროსადგურებზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. ბრიუსელში შეწყდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, ზავენტემის აეროპორტი დაიხურა და პოლიცია აკონტროლებს, დაიხურა ბრიუსელის მეტროპოლიტენი და რკინიგზა, მუშაობა შეწყვიტეს მუზეუმებმა. შეჩერებულია ევროსტარის მატარებლების მიმოსვლა.

ბელგიის მთავარმა პროკურორმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ბრიუსელის ზავენტემის აეროპორტში თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი. აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე ბრიუსელის აეროპორტში ისმოდა სროლა და შეძახილები არაბულ ენაზე.

ბელგიის პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ უწყება სწავლობს შესაძლო კავშირს ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროპოლიტენში მომხდარ აფეთქებებს შორის.

ბრიუსელში მომხდარი აფეთქებების შემდეგ ევროპული ქვეყნები უსაფრთხოების ზომებს აძლიერებენ. უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია ავსტრიის აეროპორტებში, რომის ფიომიჩინოს საერთაშორისო აეროპორტში, ფრანკფურტისა და ლონდონის აეროპორტებში. უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს ბელგიის ანტვერპენის აეროპორტში და დედაქალაქ ბრიუსელში.

ბელგიის ხელისუფლება მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

ბელგიის პრემიერმინისტრმა შარლ მიშელმა პირველი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ხელისუფლება დიდი ყურადღებით აკვირდება სიტუაციას.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა ბრიუსელში მომხდარი თავდასხმები მკაცრად დაგმო და ბელგიელ ხალხს თანაგრძნობა გამოუცხადა: “ამ საზარელი თავდასხმების შემდეგ ჩემი ფიქრები ბრიუსელთან და მის მცხოვრებლებთანაა. დარჩით უსაფრთხო ადგილას და ხელისუფლების ინსტრუქციებს მიჰყევით”, _ ნათქვამია მარტინ შულცის განცხადებაში.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ევროსაბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე ბრიუსელში მომხდარ თავდასხმებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა: “შოკირებული ვარ დღეს დილით ზავენტემის აეროპორტსა და ბრიუსელის ევროპულ რაიონში მომხდარი აფეთქებებით, რომელსაც რამდენიმე უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სხვა ბევრი კი დაშავდა. თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ნათესავებსა და მეგობრებს”.

დონალდ ტუსკის თქმით, ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს, რათა დაეხმაროს ბრიუსელს, ბელგიასა და მთელ ევროპას წინააღმდეგობა გაუწიოს ტერორისტულ საფრთხეს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი დევიდ კემერონი ბრიუსელის აეროპორტში მომხდარ აფეთქებებს ეხმიანება: “ბრიუსელში მომხდარი მოვლენებით შოკირებული და შეშფოთებული ვარ. დასახმარებლად ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია”.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ბელგიის სადაზვერვო სამსახურმა ქვეყანაში მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ ინფორმაცია წინა დღეს, 21 მარტს მიიღო, თუმცა ზუსტი დრო და ადგილი მათთვის ცნობილი არ იყო.

პასუხისმგებლობა ბრიუსელის ტერაქტებზე “ისლამურმა სახელმწიფომ” დაიკისრა. ერდოღანის “წინასწარმეტყველების” კიდევ ერთი შედეგი კი ის არის, რომ ანკარაში ბელგიის საელჩო დაიხურა.

კონსპიროლოგიური თეორიების მოყვარულნი “ცხელ კვალზე” სრულიად ურთიერთგამომრიცხავ ვერსიებს ამუშავებენ. ერთნი პირდაპირ ადანაშაულებენ ერდოღანს, მეორენი აქაც, როგორც პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ჩანაწერებში, “რუსულ კვალს” ხედავენ. ასეა თუ ისე, ამ ტერაქტებში მეტისმეტად ბევრი დამთხვევაა და ტერაქტიც იმის ტერაქტია, რომ შიში დანერგოს, შიშს კი, როგორც ვიცით, დიდი თვალები აქვს. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ თურქეთი ერდოღანის ხელით მუდმივად ცდილობს, გლობალური საფრთხეები საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს და ტერორისტულ აქტამდე ოთხი დღით ადრე სწორედ ბრიუსელში მოსალოდნელ ტერაქტებზე მითითება ნამდვილად აჩენს ეჭვებს.

“რუსეთის კვალზე” ლაპარაკი არც ღირს (როგორც ქართველ პოლიტიკოსთა კომპრომატების შემთხვევაში), მხოლოდ იმის გახსენება შეიძლება, რომ ტერორიზმთან ბრძოლას ვერც ერთი ქვეყანა ცალკე ვერ გაუმკლავდება. ამისთვის ერთობლივი მოქმედებაა საჭირო და კიდევ სხვა ბევრი რამ.

სწორად შენიშნა სოციალურ ქსელში ცოტნე გამსახურდიამ: “ევროპაში მოგზაურობა სულ უფრო საშიში ხდება… ფაქტია, რომ უსაფრთხოების სამსახურები თავს ვერ ართმევენ გამოწვევებს და ეს მხოლოდ მათი ბრალი არ არის. ლიბერალურ-დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა უძლურია ისეთი ვერაგი და კარგად ეშელონირებული, კონსპირირებული მტრის წინააღმდეგ, როგორიც ტერორიზმია. დაავიწყდა ევროპას ტყვია-წამლის სუნი, ძალიან დიდი ხანია, ნებივრობენ”…

საზოგადოდ, ევროპა იმკის იმის შედეგებს, რაც აუცილებლად დადგებოდა ერაყში, ლიბიაში, ავღანეთში, სირიაში ინტერვენციისა და სრულიად გაუაზრებელი მოქმედებების გამო. სხვა ქვეყნებში საკუთარი პოლიტიკური მოდელის დამკვიდრების მცდელობა ამავე მოდელის კრიზისის მაჩვენებელი და გამშიშვლებელი აღმოჩნდა.

ბრიუსელში ნამდვილად ვერ მოხერხდება “კარგ” და “ცუდ” ტერორისტებად დაყოფა, ან “ზომიერ ოპოზიციას” შერაცხვა, როგორც ამას სირიაში აკეთებდნენ აშშ და მისი პარტნიორები. საზოგადოდ კი, ბრიუსელის საშინელმა ტერაქტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ამერიკის ნებისმიერი შტატი დღეს უფრო სუვერენულია, ვიდრე ევროკავშირი მთლიანად და მისი წევრი სახელმწიფოები ცალ-ცალკე. და ამაში არაფერია სასიხარულო. თუკი საკუთარი სუვერენიტეტი გვტკივა, ჩვენზე ძლიერი სახელმწიფოების დესუვერენიზაცია კარგს არაფერს გვიქადის!

წარმოიდგინეთ, როგორი მოსასმენია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მომლოდინე ქართველი ემიგრანტისთვის (ან აქ მყოფისთვის) ბელგიისა და საფრანგეთის ხელისუფალთა მოწოდება მოსახლეობის მიმართ: “დარჩით სახლებში!”. ან როგორია, უცქერდე პრესკონფერენციაზე ატირებულ ევროპის საგარეო ურთიერთობათა კომისარს, როდესაც იმედის თვალით შეჰყურებ ევროპას.

ტერორისტების მიზანი მიღწეულია. ევროპაში შიშისა და დაუცველობის განცდამ დაისადგურა. ევროპის ქვეყნებმა საზღვრები დაკეტეს, მიმდინარეობს მასობრივი ჩხრეკა. ევროპული ცხოვრების წესი იძულებით იცვლება. როდესაც სადარბაზოდან გამოსულ ევროპელს ავტომატიანი პოლიციელი განმარტებების გარეშე მოკლედ უბრძანებს: “უკან შებრუნდი!” ეს უკვე აღარ არის ჩვეული ევროპა. ტერორისტული აქტით გამარჯვებული არავინაა – არც აფეთქებული თვითმკვლელი და არც ცოცხლად დარჩენილები.

ერთადერთი, ვინც ნამდვილად იხეირა ამ ტერორისტული აქტის ფონზე, გიორგი „მასტერა“ დგებუაძეა, რომელიც ტერორის შესაძლებლობის წინაშე მდგომი ჰოლანდიიდან უსაფრთხო ქართულ ციხეში ჩამოიყვანეს.

„საქართველო და მსოფლიო“, 23-29 მარტი, 2016 წელი

ინტერვიუ დემურ გიორხელიძესთან: თუ პროცესი ასე გაგრძელდება, ქართულ ეკონომიკას საბოლოოდ დავასამარებთ

ეკა ნასყიდაშვილი

რამდენიმე დღეა, საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ გამყარება დაიწყო.  ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თქვა, რომ “ლარი სტაბილურად მყარდება, რამაც, შესაბამისად, ვაჭრობის წახალისება უნდა განაპირობოს. შარშან, როდესაც ყველა ჩვენს სავაჭრო პარტნიორთან სავაჭრო ბრუნვა შემცირდა, ერთადერთი მიმართულება იყო ევროკავშირი, სადაც სავაჭრო ბრუნვა გაგვეზარდა.

პირველი ორი თვის მაჩვენებლებში ჯამური სავაჭრო ბრუნვა შემცირებულია, რისი ძირითადი მიზეზია ის შესწორება, რომელიც ჩვენს საგადასახდელო ბალანსში კიდევ მიმდინარეობს, ანუ ვალუტის დევალვაციიდან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანაში შემოსული იმპორტი, ასევე იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენ ექსპორტი გვაქვს, მცირდება, თუმცა, ვიმედოვნებ, რომ მომავალი თვეებიდან ზრდა გვექნება, მით უმეტეს, ადევნებთ თვალყურს ლარის კურსს, რომ ის სტაბილურად მყარდება და, შესაბამისად, ამან ვაჭრობის წახალისება უნდა მოგვცეს”. ლარის კურსის მოულოდნელი გამყარების მიზეზად, ძირითადად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის – გიორგი ქადაგიძის წასვლა სახელდება. ლარის გამყარების პროცესის დადებით და უარყოფით მხარეებზე გვესაუბრება ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში – დემურ გიორხელიძე.

- ბატონო დემურ, რამ გამოიწვია ლარის კურსის გამყარება?

- ვერ ვიტყვი, რომ ლარის კურსი გამყარდა, რადგან არანორმალურად სწრაფი დევალვაციის შემდეგ ლარმა არანორმალურად სწრაფი ტემპით გამყარება დაიწყო, ეს კი ვალუტებისთვის დამახასიათებელი არ არის და ყოველთვის არსასურველი შედეგით სრულდება. ეკონომიკასაც და საზოგადოებასაც სჭირდება არა აღმა-დაღმა მოსიარულე, არამედ სტაბილური  ლარი, რომელიც შესაძლოა, ირყეოდეს მცირე ამპლიტუდით, გარკვეული წონასწორული მდგომარეობის ირგვლივ ერთი ან მეორე მიმართულებით.

- რასთან გვაქვს საქმე?

- გაურვეველი ვითარებაა წმინდა პროფესიული თვალსაზრისით, მოვლენა, რომლის მომსწრენიც ვართ, ახსნას არ ექვემდებარება, რადგან ფუნდამენტურად არაფერი შეცვლილა არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ, რამაც ლარის კურსის ასეთი უსწრაფესი ზრდა გამოიწვია. ვინ თქვა და სად გაგონილა, რომ კარგია გამყარების გზაზე შემდგარი ეროვნული ვალუტა, თანაც გამყარებას გააჩნია, ყოველდღიურად იცვლება კურსი? ეს კარგი რომ იყოს, შეგვიძლია გავაკეთოთ ერთი დოლარი ერთი ლარის ტოლფასი; უფრო კარგი თუ გვინდა ვიყოთ, უკეთესია, 50-თეთრიანი ვაქციოდ ერთდოლარიანად.

- ამბობენ, ეროვნული ბანკიდან გიორგი ქადაგიძის წასვლამ გამოიწვია ლარის კურსის დარეგულირებაო...

- გიორგი ქადაგიძის წასვლაზე და საერთოდ, ცალკეულ ადამიანებზე რომ არის დამოკიდებული ასეთი მნიშვნელოვანი რამ, იმიტომაც ვართ არშემდგარი ქვეყანა. არ შეიძლება, ერთი კაცის წასვლა-მოსვლაზე იყოს დამოკიდებული ეროვნული ვალუტის ბედი, მაგრამ, თუ ვინმეს სურს, ქადაგიძის წასვლის დადებითი მხარე გვაჩვენოს და ლარის კურსი ასე იმიტომ იცვლება, მსუბუქად რომ ვთქვათ, ქვეყნისთვის დამანგრეველია, უპირტველესად – ეკონომიკისთვის.

- სახელისუფლო ეკონომიკური გუნდი გახარებულია, მათ მოსწონთ ლარის ეს მდგომარეობა...

- თუ მოსწონთ, მაშინ განაგრძონ ასე, მაგრამ კიდევ ერთხელ “ვურჩევ” – 50-თეთრიანი ერთი დოლარის ტოლფასი გახადონ, მაშინ ლარი უფრო გამყარდება. თუ პროცესები ასე განვითარდა, ყველანი მოსროლილები ვიქნებით განუვითარებელი ქვეყნის განუვითარებელ ეკონომიკაში.

ლარი თუ მყარია, მისი კურსის ყოველდღიურად ასეთი ცვლა რას ნიშნავს? ეს ვის გაუგია, სად ხდება? ეს არის მიზანმიმართული ძარცვა, ხელისუფლება ცდილობს, სივრცე დაკეტოს, რათა ადამიანებმა არ იცოდნენ, რა არეგულირებს ლარის კურსს. გახარება იმით, რომ ლარი ყოველდღე მყარდება, დიდი უჭკუობა მგონია. გასახარი არაფერია. ჩვენ დამოკიდებული ვართ სხვის შრომაზე, უცხოეთიდან ოჯახებისთვის გადმორიცხულ ფულზე და ახლა გამყარებული ლარით ხდება ოჯახების “გაპარსვა”. ბოლო თვეში გადმორიცხვებმა, სულ რაღაც, 16 მილიონით იმატა და სასწრაფოდ უნდა “გაიპარსონ” ჩვენი მოქალაქეები, რომ არაფერი შერჩეთ.

- და მაინც, რა ამყარებს ლარის კურსს?

- ეს არის დახურული სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა ლარით სრული მანიპულაციისა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ხელი მიუწვდება ამ ყველაფერზე. სწორედ ამიტომ სასწრაფოდ უნდა აღდგეს ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟა, მკაცრი რეგულაციები უნდა დამყარდეს ვაჭრობის წესებზე. აუცილებელია, თვალყურის დევნება ყოველდღიურ მოთხოვნასა და მიწოდებაზე. ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში ფულის რა რაოდენობაა მიმოქცევაში, არავინ იცის, ეს კურსის დადგენისას ამოვარდნილი პროცესია. ასეთი ვითარება წარმოუდგენელს ხდის ეკონომიკის განვითარებას.

- ვისი პრეროგატივაა ამ სისტემის დარეგულირება?

- ხელისუფლების პრეროგატივაა და, თუ სისტემა არ მოწესრიგდება, ჯადოქარი არავინ არის. ეკონომიკას თავისი კანონები აქვს, მას არ აინტერესებს, ვინ არის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ქვეყნის პრემიერმინისტრი. ეკონომიკას თავისი უზუსტესი კანონზომიერება აქვს და გადაწყვეტილება ამ კანონზომიერების ფარგლებშია მისაღები. ჯერჯერობით გადაწყვეტილება არც ერთი მიმართულებით არ არის მიღებული და პრობლემაც სერიოზულია.

- ძალიან უცნაური რამ ხდება: ლარის კურსი მყარდება და ყოველდღიური მოხმარების პროდუქტი ძვირდება

- ქვეყანა იმპორტზეა ჩამოკიდებული, ლარის კურსის ასეთი გამყარება იმპორტიორების წისქვილზე ასხამს წყალს. იმპორტიორების ვაჭრობას უწყობს ხელს. ჩვენ ძლიერი სავაჭრო ქვეყანა არ ვართ, გარეთ არაფერი გაგვაქვს, სამაგიეროდ, იმპორტია დიდი რაოდენობით და ლარის გამყარებული კურსიც სწორედ ამას უწყობს ხელს. სრულად ხელ-ფეხგახსნილი იმპორტიორები უდიდეს შემოსავალს იღებენ ლარის გამყარებით. ჩვენი წარმოება ძვირდება და განვითარების სტიმული ეკარგება, სტიმული, რომელიც ისედაც არ აქვს.

- სანამდე გაგრძელდება ლარის კურსის გამყარების პროცესი? საარჩევნო წელია, პოლიტიკოსებს მოსახლეობის კეთილგანწყობა აუცილებლად სჭირდებათ. არჩევნებამდე შეძლებენ ამ ტემპით სიარულს?

- წარმოუდგენელია, ეს ტენდენცია გარძელდეს, მაგრამ, თუ მაინც დავუშვებთ იმას, რომ ლარი არჩევნებამდე გამყარებას განაგრძობს, ხელისუფლება არჩევნებზე სასურველ შედეგს მიიღებს, მაგრამ მერე? იმაზე, რაც მოხდება, პასუხს ვინ აგებს? ლარის გამყარების საფუძველი ხომ რეალურად არ არსებობს?! ლარის გამყარებას ეკონომიკური აქტივობა,  უდიდესი ფინანსური ნაკადების შემოდინება სჭირდება, რომელიც ჯერჯერობით არ ჩანს.

- დარწმუნებული ხართ, რომ ეს ხელოვნური პროცესია? იქნებ ბუნებრივად დაიწყო ლარმა გამყარება?

- გამორიცხულია, რომ ლარს ბუნებრივად დაეწყო გამყარება, ეს აბსოლუტურად ხელოვნური პროცესია, ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკაში საკმაოდ კარგად ვარ გარკვეული და ასეთი რამ ბუნებაში არ ხდება. ასეთი რამ არ ახასიათებს ნორმალური ქვეყნების ვალუტებს. ასეთი კატასტროფული თამაშის შედეგად ნებისმიერი ძლიერად აწყობილი ეკონომიკაც კი კრახის წინაშე დადგებოდა. ჩვენ დანგრეული ეკონომიკა გვაქვს და ამ სიტუაციას ვერ ვგრძნობთ, კომაში მყოფი ეკონომიკა დიდ რყევასაც სათანადოდ ვერ აღიქვამს. ამერიკისა და ევროპის დიდ ქვეყნებს ის რომ დაემართოს, რაც ბოლო თვეებში საქართველოს ეროვნულ ვალუტას დაემართა, ვგულისხმობ ჯერ დაცემისა და შემდეგ გამყარების პროცესს, ამ ქვეყნების ეკონომიკიდან არაფერი დარჩებოდა.

დილეტანტები ამბობენ, რომ დოლარმა სულ ოდნავ დაკარგა თავისი ღირებულება, რაც ნავთობის ფასს უკავშირდება. ის, რაც დოლარმა  დაკარგა და ლარმა “შეიძინა”, შეუფარდებელია. ასეთი მკაფიო რყევები არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა დოლარის გამო, არ შეცვლილა არც საგარეო პირობები, ამიტომ პიარზე გათვლილი საუბარი შედეგს ვერ მოგცემს.

- რით დასრულდება ეს ყველაფერი?

- არ ვიცი, სადამდე მიიყვანენ პროცესს, მაგრამ იმედი მაქვს, ვიღაც გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ ლარის კურსის ასეთი ზრდა სრულ კატასტროფამდე მიგვიყვანს. ლარი უნდა იყოს სტაბილური ვალუტა და არა ყოვედლღიურად გამყარების გზაზე შემდგარი. თუ პროცესი ასე გაგრძელდება, დეკემბრის ბოლოს ან მართლაც 50-თეთრიანი დოლარი გვექნება, ან ქართულ ეკონომიკას საბოლოოდ დავასამარებთ. ვფიქრობ, არც ერთ ქართველს არ სურს ამ გზით სიარული, ჩვენ სტაბილური ვალუტა და სტაბილური ქვეყანა გვჭირდება, გვჭირდება მძლავრი ეკონომიკური იმპულსები, რათა ქვეყანაში აღმშენებლობა დაიწყოს.

„ახალი თაობა“, 24 მარტი, 2016 წელი

ქართველების გამო ცხინვალი და ვლადიკავკაზი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ლეონიდ თიბილოვი მხარეებს ვერ აშოშმინებს

ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა ალანიას დედაქალაქი შესაძლოა სამხრეთელი და ჩრდილოელი ოსების დაპირისპირების არენად გადაიქცეს. ამაში კი დამნაშავეები ქართველები იქნებიან. საქმე ის გახლავთ, რომ უახლოეს მომავალში ვლადიკავკაზს ანსამბლები „ბანი“ და „რუსთავი“ ეწვევიან. როგორც აქაური პრესა წერს, ქართველი ხელოვანების ვიზიტს ადგილობრივები მოუთმენლად ელოდებიან. ყველაფრის მიუხედავად, ამ ქალაქში ქართულ კულტურას დიდ პატივს სცემენ.

ქართული ანსამბლების კონცერტებზე დასასწრები ბილეთები თითქმის გაყიდულია. ამ ამბავმა ცხინვალელების აღშფოთება გამოიწვია და მათ „ჩრდილოელებს“ მოსთხოვეს დაგეგმილი ღონისძიებების გაუქმება.

„ჩრდილოელებს“ „სამხრეთელთა“ მხრიდან ულტიმატუმის ტონით საუბარი არ მოეწონათ და სოციალურ ქსელებში ნამდვილი ომი გაჩაღდა. ცხინვალელების არგუმენტი ასეთი იყო: „ქართველებმა სამხრეთი გადაწვეს და ახლა ჩრდილოეთში აპირებენ ცეკვას“. ამაზე „ჩრდილოელებმა“ უპასუხეს, რომ მომღერლებს და მოცეკვავეებს არაფერი გადაუწვიათ და მათი საქმე არაა, თუ ვის მოიწვევენ თავიანთ სახლში.

დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთს ბევრი რამე წამოაძახეს. ბოლოს კი „სამხრეთელებმა“ ისე გამოიყვანეს „ჩრდილოელები“ წყობილებიდან, რომ მათ ლტოლვილის სტატუსით შეფარებულ ცხინვალელებს უკან დაბრუნება მოსთხოვეს. „ხომ გაქვთ თქვენი რესპუბლიკა, ხომ მიიღეთ დამოუკიდებლობა. წადით და თქვენს სახლში იცხოვრეთ. ვლადიკავკაზში ისე ვცხოვრობთ, როგორც საჭიროდ ვთვლით“, – ასეთი იყო ალანთა პასუხი.

ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე ათასობით „სამხრეთელი“ ცხოვრობს. მათ ადრეც შესთავაზეს ცხინვალში დაბრუნება, მაგრამ ისინი უარს ამბობენ. იმის მიუხედავად, რომ წლებია ერთად ცხოვრობენ, „სამხრეთელებმა“ და „ჩრდილოელებმა“ საერთო ენის გამონახვა მაინც ვერ შეძლეს. მათ შორის ხშირია დაპირისპირებები. ამის დადასტურებაა ეს ამბავიც.

ვლადიკავკაზში მცხოვრები „სამხრეთელები“ კონცერტების ჩაშლით იმუქრებიან. „ჩრდილოელები“ კი პირდებიან, რომ ამაზე აუცილებლად ექნებათ პასუხი. ეტყობა, საქმეში ხელისუფლებაც ჩაერთო და ცხინვალის პირველი პირებიც გააფრთხილეს. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს ისღა დარჩენოდა, რომ სამშვიდობო მისიის შესრულება თავის თავზე აეღო.

როგორც ოსური მედია იუწყება, თიბილოვმა დაპირისპირებულ მხარეებს საერთო ენის გამონახვისკენ მოუწოდა. საგანგებო მიმართვაში მან ისიც ახსნა, თუ რატომ ეწინააღმდეგებიან მისი მხრისანი ქართველების ცეკვა-სიმღერას. „ჩვენ ხალხს საქართველოსგან ბევრი ცუდი ახსოვს, სწორედ ამით არის განპირობებული ეს უარყოფითი რეაქციები“, – აღნიშნავს ლეონიდ თიბილოვი. ამასთან, ის დაპირისპირებულ მხარეებს სთხოვს, ემოციებისგან თავი შეიკავონ. „ჩვენ, „ჩრდილოელებსაც და სამხრეთელებსაც“, ძალიან გვიყვარს ჩვენი ოსეთი. ამ კონცერტების გამო დაპირისპირება დაუშვებელია. არაფრით არ უნდა დავანგრიოთ ის დიდი ოჯახი, რომელიც ამ წლების მანძილზე შევქმენით, – განაცხადა პრეზიდენტი.

ამ მიმართვის გავრცელების მიუხედავად, სოციალურ ქსელებში „სამხრეთელები“ და „ჩრდილოელები“ ისე ლანძღავენ ერთმანეთს, ჩვენი პოზიცია-ოპოზიცია მონაგონია.

რეზონანსი”, 24 მარტი, 2016 წელი

დაპირისპირება ვლადიკავკაზელ და ცხინვალელ ოსებს შორის ქართველების კონცერტის გამო

ეკატერინე ბასილაია

25-27 მარტს ვლადიკავკაზში ქართული ანსამბლების “რუსთავისა” და “ბანის” კონცერტებია დაგეგმილი. “მტერი ქართველების” მიერ კონცერტების გამართვამ ცხინვალში დიდი პროტესტი და ჩრდილოელ ოსებთან დაპირისპირებაც კი გამოიწვია. ცხინვალელები ვლადიკავკაზელებს “ანტისახელმწიფოებრივ” ქმედებაში ადანაშაულებენ. ბოლო დღეებში იმდენად დიდი მღელვარებაა ცხინვალში, რომ, შესაძლოა, კონცერტები საერთოდ ჩაიშალოს კიდეც. “ცხინვალში ყველას პოზიციაა, რომ ხალხი, რომლებმაც ძმები, მამები დაგვიხოცა, ჩრდილოეთ ოსეთში რატომ უნდა მართავდნენ კონცერტს. თუკი შემოქმედებითი ტურნე აქვთ ქართულ ანსამბლებს, ჩაატარონ ყველგან, მაგრამ არა ჩრდილოეთ ოსეთში!” – ცხინვალელების პოზიციაზე საუბრობს “რეზონანსის” წყარო სამხრეთ ოსეთში.

ცხინვალის დე ფაქტო მთავრობამ და ოპოზიციურმა პარტიებმა ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლებას ოფიციალურად მიმართეს კონცერტების გაუქმების მოთხოვნით, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. კონცერტები ვლადიკავკაზში, ჩრდილოეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდება და აფიშები ისევ გამოკრულია. ბილეთის ფასი 1,5-2 ათასი რუბლია (50-67 ლარი).

ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლების პოზიციაა, რომ კონცერტებს პოლიტიკასთან საერთო არ აქვს და ეს მხოლოდ კომერციული ღონისძიებაა. თუმცა იმდენად დიდია ცხინვალში მღელვარება, რომ დე ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, რომ სიტუაციის ესკალაციის საფრთხეს ხედავს, რაც “ხელისუფლებას” ძალიან აღელვებს.

სამხრეთ ოსეთის “სახალხო პარტიის” მიერ ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელობისათვის გაგზავნილ განცხადებაში წერია, რომ ანსამბლმა “რუსთავმა” 2008 წლის 8 აგვისტოს თბილისის ცენტრში კონცერტი გამართა და შესაბამისად, ჩრდილოეთ ოსეთის მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი მიდგომა სრულიად მიუღებელია.

განცხადებაში ასევე წერია, რომ “რუსთავი” ოდითგანვე ოსურ ცეკვებს “სიმდსა” და “ხონგას” ქართულ ნაციონალურ ცეკვებად ასაღებს.

მეორე ოპოზიციური პარტიის, “ფიდანის” მიერ მიწერილ წერილში კი აღნიშნულია, რომ “მართალია, ჩრდილოეთ ოსეთი სხვა სახელმწიფოს შემადგენლობაშია, მაგრამ ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩრდილოეთ ოსები უფლებამოსილები არიან მინიმუმ გარეგნულად მაინც დაიცვან წესიერება თავისი სამხრეთელი ოსი ძმების მიმართ. თუკი ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე ჩვენი მტრებისაგან კულტურული ღონისძიებების გამართვა გარდაუვალია, ყოველთვის არის შესაძლებლობა მსგავსი ღონისძიებები რომელიმე ქართული დიასპორის კულტურულ ცენტრში ჩატარდეს და არა საჯარო დაწესებულებაში.

ჩრდილოეთ ოსეთის კულტურის სამინისტრო “სპუტნიკ-ოსეტიასთან” საუბრისას აცხადებს, რომ ქართული კოლექტივები მის უწყებას არ მიუწვევია და ღონისძიებას წმინდა კომერციული ხასიათი აქვს.

“კულტურის სამინისტრო ვლადიკავკაზში ქართული ანსამბლების საკონცერტოდ მოწვევაში ჩართული არ ყოფილა. სავარაუდოდ, ეს კერძო მოწვევით ტარდება. კონცერტი გაიმართება უნივერსიტეტის დარბაზში, რასთანაც ჩვენ არანაირი კავშირი არ გვაქვს. იქ ყოველთვის ტარდება რაღაც კომერციული კონცერტები,” – აცხადებს “სპუტნიკთან” საუბრისას კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი.

ცხინვალში იმასაც არ გამორიცხავენ, რომ კონცერტების ჩატარების შემთხვევაში ვლადიკავკაზში პროვოკაციებიც კი მოეწყოს. დე ფაქტო პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის განცხადებით, “ქართველი არტისტების დემარშისთვის” ოსეთში საზოგადოება ჯერ მოუმზადებელია და ხალხს მოუწოდებს, ემოციებს არ აჰყვნენ.

“მსგავსი პროვოკაციები არ ემსახურება ოსი ხალხის მთლიანობასა და რუსეთის ფედერაციასთან ინტეგრაციული პროცესების განვითარებას. არ უნდა დავუშვათ ჩვენი ხალხით მანიპულირება, ძმების დაპირისპირება. საქართველო სამხრეთ ოსეთის ხალხისთვის რთული მეზობელია. სწორედ საქართველომ წამოიწყო ფართომასშტაბიანი ომი, რომელმაც მხოლოდ 2008 წლის აგვისტოს ხუთ დღეში ასეულობით ადამიანი შეიწირა. ამ დრომდე საქართველოს ხელისუფლების, პოლიტიკოსების, საზოგადოებისა და კულტურის მოღვაწეების მხრიდან ბოდიში არავის მოუხდია. “ქართული თემა” სამხრეთ ოსეთის საზოგადოებაში ძალიან მტკივნეული და მგრძნობიარეა,” – აცხადებს თიბილოვი.

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში “რეზონანსის” წყარო ამბობს, რომ ამ კონცერტების გამო ცხინვალში დიდი ამბავია ატეხილი და ცხინვალელებს დიდი იმედი აქვთ, რომ კონცერტი ჩაიშლება.

ყველაზე მეტად ის აბრაზებთ, რომ კონცერტი რუსეთის სხვა ქალაქებშიც ტარდება და ტურნე ვლადიკავკაზით იწყება.

მისი თქმით, ცხინვალში ყველას პოზიცია ისაა, რომ ხალხი, რომლებმაც ძმები, მამები დაგვიხოცა, ჩრდილოეთ ოსეთში რატომ უნდა მართავდნენ კონცერტსო. თუკი შემოქმედებითი ტურნე აქვთ ქართულ ანსამბლებს, ჩაატარონ ყველგან, მაგრამ არა ჩრდილოეთ ოსეთში. ცხინვალელები ჩრდილოეთ ოსებს ერთგვარი განრისხებით ახსენებენ, როცა დაგჭირდით ინგუშებთან ბრძოლაში, მხარში ამოგიდექით, უჩვენოდ ვერც ვერაფერი გააკეთეთ და ახლა ჩვენს მტრებს კონცერტის ჩატარების ნებას რატომ აძლევთო?

ჩრდილოელების პასუხია, რომ კონცერტი კულტურის ნაწილია და არა პოლიტიკის და ამიტომ სამარცხვინო არ არის.

გასულ კვირას ცხინვალში ვლადიკავკაზელი ცნობილი და გავლენიანი მსახიობი ვადიმ ცალატი იყო ჩამოსული და იქაურ ადგილობრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში თქვა, რომ “მართლები ხართ სამხრეთელები”, არ უნდა გაიმართოს ჩრდილოეთში ქართველების კონცერტიო და ცხინვალელებს დაჰპირდა, ყველანაირად ვეცდები, კონცერტი არ ჩატარდესო.

როგორც ამბობენ, ცალატი გავლენიანი პირია ვლადიკავკაზში და ცხინვალში მისი დიდი იმედი აქვთ.

როგორც ჩვენი წყარო აცხადებს, ცხინვალში “ბანის” კონცერტზე მეტად “რუსთავის” ჩამოსვლაზე აქვთ განსაკუთრებულად აგრესია. აცხადებენ, რომ ქართველებმა ოსურ ცეკვებს ეთნიკური ქორეოგრაფიული ნიშნები სულ დაუკარგეს და გააქართულეს, ხანდახან კი ურცხვად ქართულად ასაღებენ “სიმდს” და “ხონგას”.

“აქაურები ამბობენ, ანსამბლი “რუსთავი” მაშინ, როცა ქართველები ოსებს ხოცავდნენ, თბილისში იქაური ხელისუფლების დაკვეთით კონცერტს მართავდა და ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კონცერტი ჩაიშალოსო,” – ამბობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირი.

“კავკასიური სახლის” აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კანაშვილი “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სამხრეთელი ოსები ვლადიკავკაზში ქართველების ჩასვლასა და ღონისძიების ჩატარებას აპროტესტებენ.

“როდესაც ვლადიკავკაზში ქართველები ჩადიან და რამე ხდება, სამხრეთელი ოსები ამას ყოველთვის აპროტესტებენ. ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი ჩრდილოელი ოსების მხრიდან მათი ღალატია. ღალატს არ არქმევენ ხოლმე ხმამაღლა, მაგრამ ამბობენ, რომ ქართველებთან ჩვენ ცუდი ურთიერთობები გვაქვს, ომის პირობებში ვართ, მათ ჩვენ გენოციდი მოგვიწყვეს და თქვენ მათთან ურთიერთობთ – სვამთ, ჭამთ, ქეიფობთ და მათ კონცერტებზე დადიხართო. ეს არის ზოგადი დისკურსი. ცდილობენ რაღაც წნეხი მოახდინონ, მაგრამ მეორე მხრივ ჩრდილოელი ოსები პასუხობენ: კი ბატონო თქვენ პრობლემები გაქვთ, როდესაც ეს პრობლემები ომში გადაიზრდება ხოლმე, ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ, მაგრამ ჩვენ ჩვენი ინეტერესები გვაქვს საქართველოსთან მიმართებაში, მათ შორის სავაჭრო, ეკონომიკური და ა.შ და თქვენი პრობლემების გამო ჩვენი ინტერესების უგულველყოფას არ ვაპირებთ. მთლიანობაში გვერდით გიდგევართ, მაგრამ ასეთი სიტუაციის დროს ჩვენი ინტერესებიც გვაქვსო», – ამბობს გიორგი კანაშვილი. მისი თქმით, ქართველების კონცერტი ვლადიკავკაზში ადრეც ყოფილა.

“ზაფხულში ვიყავი ვლადიკავკაზში, ცენტრალურ ქუჩაზე “ბორჯომის” და “ნატახტარის” რეკლამებია. ამ ყველაფერზე არის ცხინვალში უკმაყოფილება. საქართველოს გარეთ ისტორიულად პირველი ქართული სკოლა ვლადიკავკაზშია, ის დღემდე ფუნქციობს. ამ ქალაქში 10 ათასი ქართველი ცხოვრობს და ჩრდილოეთ ოსეთში ქართველების მიმართ დამოკიდებულება საკმაოდ პოზიტიურია.

“ახლა რაც ხდება, არ მგონია, რომ რაღაც განსაკუთრებული დაპირისპირებაა, უბრალოდ, ცდილობენ ზეგავლენა მოახდინონ. თიბილოვი ბევრ სისულელეს ამბობს-ხოლმე ზოგადად და ყველაფერზე კომენტარი სერიოზული არ არის. ადრე რამდენჯერმე იყო შემთხვევა, როდესაც ვლადიკავკაზში ქართულ სკოლასთან მივიდნენ ცხინვალელი ოსები და რაღაცები ესროლეს, კედლები შეღებეს, თუმცა ახლა არ მგონია, რომ ეს პროტესტი რაიმე მნიშვნელოვანში გადაიზარდოს. შეიძლება რაღაც პროვოკაციას შეეცადონ, მაგრამ თუ ჩრდილოელი ოსები პასუხისმგებლობას აიღებენ, სამხრეთელებს არ მისცემენ იმის საშუალებას, რომ სერიოზული პროვოკაციები მოაწყონ,” – ამბობს კანაშვილი და იმასაც დასძენს, რომ ამ პროტესტის პროვოცირებას იქაური დე ფაქტო ხელისუფლება და ოპოზიციური პოლიტიკური ძალები ახდენენ და ერთი მხრივ, ხმამაღლა ქართველების კონცერტებს რომ აპროტესტებენ, იმავე დროს მალულად გადმოდიან საოკუპაციო ზოლზე თბილისში სამკურნალოდ თუ სავაჭროდ. თვით იქაური დე ფაქტო უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებიც კი.

Comments are closed