globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 24 აპრილი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Apr 24th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

კვირის პალიტრა“: ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „ხელისუფლება წინამორბედის შეცდომას იმეორებს…“ // „ქვეყანას განვითარება სჭირდება და არა ხელისუფლება, რომლის შესაცვლელადაც რევოლუციები დაგვჭირდება“ // „თუ თურქეთში ვითარება აირევა, ეს საქართველოზე იმოქმედებს როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად“

კვირის პალიტრა“: ინტერვიუ შალვა შავგულიძესთან: „რაში გვჭირდება უუფლებო პრეზიდენტის ინსტიტუტის შენახვისთვის ფულის ხარჯვა?!“ // „დაუშვებე­ლია, ასეთი უსამართლო სისტემით არჩეულ პარლამენტს პრეზიდენტის არჩევის­ შესაძლებლობა მიეცეს“

კვირის პალიტრა“: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილმა მერობის კანდიდატად დაიწუნაო…“ // „ილუზიაა, რომ „ქართულ ოცნებაში“ პოლიტიკური ლიდერები არსებობენ. ლაპარაკია, რომ „ქართული ოცნება“ კანდიდატად კახი კალაძეს ან ისევ დავით ნარმანიას განიხილავს, მაგრამ…“

კვირის პალიტრა“: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „ვახტანგ გომელაურის მინიშნება 99 პირთან დაკავშირებით, კორუფციაში ჩაბმულ მაღალჩინოსნებს გულისხმობდა“

კვირის პალიტრა“: ქართული მიწის ფასი // ინტერვიუ ოთარ დანელიასთან: „საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწა უცხო ქვეყნის მოქალაქეზე არ გასხვისდება“

კვირის პალიტრა“: ინტერვიუ გუნთერ ბეხლერთან: „გულწრფელად გეტყვით… ასეთია რეალობა“ // „რა შედეგებს მოგვიტანდა კონფედერაციის სცენარი, ამაზე საუბარი მხოლოდ თეორიულად არის შესაძლებელი“

რეზონანსი//მთელი კვირა: საქართველომ ერთ კვირაში ორი საყვედური მიიღო // „ეს უფრო ვასალისადმი მიმართვაა, ვიდრე პარტნიორისადმი”

რეზონანსი//მთელი კვირა: საქართველო რეგიონის ყველაზე უბედური ქვეყანაა // მსოფლიო ბედნიერების ინდექსით 150 ქვეყანას შორის 125-ე ადგილი გვიჭირავს

რეზონანსი//მთელი კვირა: ინტერვიუ ლევან ბერძენიშვილთან: „რესპუბლიკელების და „თავისუფალი დემოკრატების“ გაერთიანება გადაწყვეტილია“ // გაყოფილი მმართველი კოალიციის ორი ყოფილი წევრი თბილისის მერის არჩევნებზე ალეკო ელისაშვილს დაუჭერს მხარს

რეზონანსი//მთელი კვირა: პარტიებში თბილისის მერობის კანდიდატის შერჩევის პროცესი დაიწყო

რეზონანსი//მთელი კვირა: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ოცნებას“ ირაციონალური შიში დაეწყო“

რეზონანსი//მთელი კვირა: ოპოზიცია კონსტიტუციის სახალხო განხილვის პარალელურად აქციებს გამართავს // როდის გაასაჯაროვებს ხელისუფლება რეგიონში გასამართი შეხვედრების დროსა და ადგილს

რეზონანსი//მთელი კვირა: ცდილობს თუ არა „ოცნება“ კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგებას?

——

„ახალი თაობა“: ინტერვიუ გიორგი ახვლედიანთან: „ახალი კონსტიტუცია ბიძინა ივანიშვილის სახლში დაიწერა“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „საკონსტიტუციო ცვლილებები კონსენსუსის შედეგი არ არის“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ მამუკა გამყრელიძესთან: „გირჩის“ მასხარაობა ქართულ პატრიოტიზმს უმძიმეს დარტყმას აყენებს“ // ჯარში არწასვლა და რომელიღაც რელიგიური მიმდევრობისთვის თავის შეფარება უმძიმესი დარტყმაა პატრიოტულ განწყობებზე“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ზაალ კასრელიშვილთან: ვინ და რატომ დაანგრია პანკისში მშენებარე ეკლესია //  „აჭარა, ქვემო ქართლი და პანკისი სერიოზული საფრთხის წინაშე დგანან“

„ახალი თაობა“: მილიონები მილიონერების დასახმარებლად?! // რამდენი უჯდება ბიუჯეტს ყოფილი დეპუტატების შენახვა

——————–

კვირის პალიტრა“, 24 აპრილი, 2017 წელი

ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „ხელისუფლება წინამორბედის შეცდომას იმეორებს…“ //ქვეყანას განვითარება სჭირდება და არა ხელისუფლება, რომლის შესაცვლელადაც რევოლუციები დაგვჭირდება //თუ თურქეთში ვითარება აირევა, ეს საქართველოზე იმოქმედებს როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად

ნათია დოლიძე

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი უკვე მზად არის. საკონსტიტუციო კომისიაში მას მხარი 43-მა წევრმა დაუჭირა, 8 კი წინააღმდეგ წავიდა. კომისია პროტესტის ნიშნად ოპოზიციურმა პარტიებმა კენჭისყრამდე დატოვეს. მართალია, სახელისუფლებო ძალა ამტკიცებს, რომ ეს საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც მმართველი პოლიტიკური პარტია კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგებას არ ცდილობს, თუმცა ამისი ნაკლებად სჯერათ როგორც სხვა პოლიტიკური ძალების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს.

მიღებული დოკუმენტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნება და საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის საქართველოს მოქალაქეებს წარედგინება. საბოლოოდ კონსტიტუციის ცვლილებების პროექტი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. გვესაუბრება ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე:

- ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა და ხელთ გვაქვს პროექტი, რომელიც, იმედია, უფრო დაიხვეწება საერთო-სახალხო თუ საპარლამენტო განხილვებისას, მაგრამ, ჯერჯერობით ვფიქრობ, ხელისუფლება წინამორბედების შეცდომას იმეორებს. უპირველესი პრობლემა ის არის, რომ ყოველთვის, როდესაც საქართველოს კონსტიტუციასა და მის ცვლილებებზე იწყებოდა მსჯელობა, პრაქტიკულად, არასდროს შევთანხმებულვართ და არ შეგვიმუშავებია ზოგადი კონცეფცია იმისა, თუ რა და როგორ გვინდოდა. სამწუხაროდ, ასე ხდება დღესაც. საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა ყოველთვის პირდაპირ მუხლობრივი განხილვით იწყებოდა, რა დროსაც ამა თუ იმ საკითხის კონსტიტუციური დარეგულირების ერთი წესიც შეიძლება მისაღები და დემოკრატიული იყოს და მეორეც. განსხვავებას, წესით, ის უნდა ადგენდეს, არჩეულ კონცეფციას რომელი მეტად შეესაბამება. თუ კონცეფცია არ არსებობს, ცვლილებები ქაოსური გამოდის, რაც კონსტიტუციას კი არ აკეთილშობილებს, დიდწილად აუარესებს.

„ქართული ოცნება” ცდება, როდესაც მიიჩნევს, რომ კონსტიტუციაში გარანტირებული უნდა იყოს ხელისუფლების სტაბილურობა. ჩემი აზრით, მთელი ამ ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის უმთავრესი პრობლემა არასტაბილური ხელისუფლება კი არა, ერთი ძალის ხელში კონცენტრირებული ძალაუფლება იყო.

როდესაც ამა თუ იმ საკონსტიტუციო საკითხზე ვლაპარაკობთ, აუცილებლად უნდა დავფიქრდეთ იმაზეც, თუ როგორ შეიძლება ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების გაძლიერება, ხელისუფლება კი მაქსიმალურად ცდილობს სწორედ მათ შესუსტებას.

- ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომლის თაობაზეც ვერ შედგა კონსენსუსი, პრეზიდენტის არჩევის წესია

- მეც ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი არ უნდა იყოს საყოველთაო არჩევნებით არჩეული, თუმცა ეს იმ შემთხვევაში, თუ კონსტიტუცია ოპოზიციისა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების ხელშეწყობაზე იქნება ორიენტირებული. თუ ამის გარანტია იქნება კონსტიტუცია, მაშინ პრეზიდენტის არაპირდაპირი გზით არჩევა სრულიად ნორმალური იქნებოდა. ჩემი აზრით, პრეზიდენტი არ უნდა იყოს მთავრობის ალტერნატივა. აბსოლუტურად მიუღებელია ის არგუმენტი­, თურმე პირდაპირი არჩევნების გზით იმიტომ უნდა ავირჩიოთ პრეზიდენტი­, რომ ის იყოს მაღალი ლეგიტიმაციის ფიგურა, გაუწიოს ოპონირება მთავრობას და დააბალანსოს ის. არ შეიძლება პრეზიდენტი აბალანსებდეს მთავრობას, მას ძლიერი ოპოზიცია და საზოგადოება უნდა აბალანსებდნენ.

აქედან გამომდინარე, ვფიქ­რობ, არაპირდაპირ არჩეული პრეზიდენტი ჯობია. თუმცა მტკიცედ მწამს, პრეზიდენტი არ შეიძლება მხოლოდ ერთმა პოლიტიკურმა ძალამ აირჩიოს. საქართველოს რეალობიდან გამომდინარე, ყველა დონის მმართველობას სახელისუფლებო ძალა აკომპლექტებს, თუ არ ჩავთვლით 2012-2014 წლებს, როდესაც საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლება შეიცვალა, თუმცა ადგილობრივ თვითმმართველობაში დარჩნენ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები, რომელთა უმრავლესობა ნელ-ნელა “ქართულ ოცნებაში” გადაბარგდა. შესაბამისად, ამ ვითარებაში დაკომპლექტებული იმ ტიპის ხმოსანთა კოლეგია, რასაც დღევანდელი პროექტით გვთავაზობენ, ისევ ერთპარტიული იქნება.

მაშ, რაღას ვწვალობთ?! თუ ასე გვინდა, ერთმა პარტიამ პრეზიდენტი აირჩიოს, აირჩიოს პირდაპირ პარლამენტმა. თუ კოლეგია გვინდა, მაშინ უნდა უზრუნველვყოთ კოლეგიის ისეთი შერჩევა და ხმის მიცემის ისეთი წესი, რომელიც გარანტირებულად უზრუნველყოფს ამ პროცესში ოპოზიციის მონაწილეობას. სხვაგვარად, თუ პრეზიდენტს ერთი პოლიტიკური ძალა აირჩევს, მას ჩვენი საზოგადოება ყოველთვის არა ქვეყნის, არამედ ერთი გუნდის პრეზიდენტად ჩათვლის. შესაბამისად, მას იმ გამაერთიანებელ ფუნქციასა და არბიტრის როლსაც წავართმევთ, რაც უმთავრესად უნდა ეკისრებოდეს პრეზიდენტს. არანაირ პროცესში, მით უფრო პოლიტიკურში, არ შეიძლება არბიტრს პროცესის ერთი მხარე ირჩევდეს. მხარს კი ვუჭერ პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევნებს, მაგრამ ყველა იმ პრობლემის გათვალისწინებით, რაც უკვე მოგახსენეთ, ვფიქრობ, ამ ეტაპზე ისევ საყოველთაო-სახალხო არჩევნებით არჩევა ჯობია.

- პრეზიდენტის მაღალი სტატუსი რჩება უცვლელი, ის არის სახელმწიფოს მეთაური, უმაღლესი მთავარსარდალი და წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში, – განაცხადა საქართველოს პარლამენტისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კომისიის დასკვნით სხდომაზე, თუმცა, ოპონენტები ამ მოსაზრებას არ იზიარებენ. ბევრი ასეც კი სვამს საკითხს: ახალი პროექტით იმდენად იზღუდება მისი უფლებები, საჭიროა კი პრეზიდენტის ინსტიტუტი საერთოდ?

- სამწუხაროდ, ასეა, თუმცა მე მაინც მიზანშეუწონლად მიმაჩნია საკითხის ამგვარად დასმა. მართლაც უფუნქციოდ რჩება პრეზიდენტი, მით უფრო, თუ მას მხოლოდ ერთი პარტია აირჩევს, ის ვერც ქვეყნის გამაერთიანებლის ფუნქციას შეასრულებს.

სამწუხაროდ, ჩვენში საპარლამენტო უმრავლესობა ყოველთვის იყო აღმასრულებელი ხელისუფლების მორჩილი, არადა, საპარლამენტო მმართველობის მთელი ხიბლი ის არის, რომ შეიქმნას კოალიციური მთავრობები, რაც იძლევა საშუალებას, პარლამენტში შემავალმა პარტიებმა ერთმანეთი გააკონტროლონ და ერთ კონკრეტულ ძალას არ მისცენ ხელისუფლების უზურპაციის უფლება. ჩვენს რეალობაში კი ისეთი ვითარება იქმნება, რომ მართლა გაჩნდა კითხვა, გვჭირდება კი საერთოდ პრეზიდენტი? რაც შეეხება უფლებების ჩამორთმევას, ხელისუფლებას საპარლამენტო მართვის მოდელი კი არ ანაღვლებს, არამედ ის აშინებს, თუ პრეზიდენტს რაიმე უფლებას დაუტოვებს, შიშობს, პრეზიდენტის ირგვლივ პოლიტიკური ცენტრი არ შეიქმნას.

ამიტომ არ უნდა პირდაპირი გზით არჩევა და ყველა საშუალებით ცდილობს, შეზღუდოს ისედაც შეზღუდული პრეზიდენტის უფლებამოსილება. დღევანდელი მდგომარეობითაც არანაირი რეალური ბერკეტი მის ხელში არ არის, დიდი-დიდი, რაღაც ათი დღით შეაყოვნოს კანონის ამოქმედება. თუმცა, რაც აქვს, ახლა იმ უფლებასაც ართმევენ. რიგი უფლებების თაობაზე ჩემი და ხელისუფლების შეხედულებები შეიძლება ემთხვეოდეს ერთმანეთს, მაგრამ ჩვენი მოტივაცია სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან. მაგალითად, მეც მივიჩნევ, რომ უშიშროების საბჭო უნდა ექვემდებარებოდეს აღმასრულებელ ხელისუფლებას, რადგან მის მიერ მიღებული რეკომენდაციებისა თუ გადაწყვეტილებების შესრულების ბერკეტები პრეზიდენტს არა აქვს. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ თუნდაც ასე უფლებაშეზღუდული პრეზიდენტის ინსტიტუტი უნდა შენარჩუნდეს­, რადგან ოდესმე ხომ მოვა დრო, როდესაც ნორმალურ კონსტიტუციას შევქმნით. ასეთ შემთხვევაში უკან დაბრუნება ამ ინსტიტუტისა, თუ ის გავაუქმეთ, ძალიან გაჭირდება.

- კიდევ ერთი სადავო საკითხი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წესია. მოგეხსენებათ, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, გააუქმოს მაჟორიტარული სისტემა, თუმცა ახალი პროექტით გაუნაწილებელ მანდატებს წაიღებს გამარჯვებული პოლიტიკური ძალა

- „ქართული ოცნება“ მხოლოდ იმაზე ზრუნავს, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება. სამწუხაროდ, ეს უკვე ისე ცხადად ჩანს, ამაზე კამათიც არ ღირს. მოიგონეს ასეთი ტერმინი, “ხელისუფლების სტაბილურობა” და ამით ამართლებენ საკუთარ არასწორ გადაწყვეტილებებს. თურმე ქვეყანას სჭირდება სტაბილური ხელისუფლება, არადა, რეალურად ქვეყანას სტაბილური პოლიტიკური და საზოგადოებრივი გარემო სჭირდება. განხილვებისას რამდენჯერმე მოიყვანეს იტალიის მაგალითი, სადაც მუსოლინის რეჟიმის შეცვლის შემდეგ ძალიან სწრაფად იცვლებოდა ხელისუფლებები, ლამის 70-ჯერ. მეც მინდა ასეთი არასტაბილურობა, რომელიც მსგავს განვითარებას მოუტანს ქვეყანას, რაც იტალიის მაგალითზე ვნახეთ – წაგებული და დაქცეული ქვეყანა ევროპის ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოდ იქცა. ქვეყანას განვითარება სჭირდება და არა ხელისუფლება, რომლის შესაცვლელადაც რევოლუციები დამჭირდება.

- კრიტიკას იწვევს ბლოკების გაუქმების თაობაზე ჩანაწერიც

- ერთი შეხედვით კეთილშობილური მოსაზრებაა, “ზრუნავენ”, რომ შეიქმნას ძლიერი ოპოზიცია, არადა, მეორე მხრივ, ჩვენში წესად იქცა, რომ ყველა ხელისუფლება შეცვალოს არა პარტიამ, არამედ ბლოკმა. მათ შორის “ქართული ოცნებაც” ბლოკი გახლდათ. შემდეგ ეს ბლოკები, როგორც წესი, იშლება, ყალიბდება ერთპარტიულობა და იწყება კრიზისი. განზრახვა კეთილშობილურია, მაგრამ ასეთი “კეთილშობილება” მახსოვს 1995-1999 წლებშიც, როდესაც კარგა ხანს იყო მსჯელობა ბარიერის 3%-მდე დაწევის თაობაზე და საბოლოოდ კი არ დასწიეს, 7%-მდე გაზარდეს და ეს გაამართლეს იმით, რომ სუსტი პარტიები, რომელთაც არ ექნებათ ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა, გაერთიანდებიანო.

მაშინაც არგუმენტი, ფაქტობრივად, ისეთივე იყო, რაც დღეს არის. საბოლოოდ რაც მოხდა, კი ვნახეთ – “ნაციონალურმა მოძრაობამ” ხელისუფლება ისევ ქუჩიდან შეცვალა. სხვათა შორის, “ქართული ოცნება” რეალურად ახლაც კოალიციაა, რადგან მასში შედიან ძიძიგურის კონსერვატორები, გია ჟორჟოლიანის სოციალისტური პარტია და გაჩეჩილაძის “მწვანეები”. გუნდშიც კი, რომელიც ხელისუფლებაშია, ვერ მოხერხდა გაერთიანება.

ახლა რა ხდება? თუ ყველაფერს განვიხილავთ არა ცალ-ცალკე, არამედ ერთ კონტექსტში, დავუშვათ, მიიღეს ეს პროექტი, ბლოკებიც გაუქმდა და მაჟორიტარული წესით არჩევნებიც, გაუნაწილებელი მანდატები კი პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ წაიღო, ამ გამარჯვებული პარტიის მიერ მისაკუთრებული პროცენტები, სულ ცოტა, 30-40% იქნება, რადგან არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს ძალიან ბევრი წვრილ-წვრილი პარტია, რომლებიც ხმების 1%-ს მიიღებენ, ცოტა მეტს ან ცოტა ნაკლებს, საბოლოოდ კი ძალიან ბევრი გაუნაწილებელი ხმა დაგროვდება. აი, მთელი ცვლილებების არსი და არითმეტიკა, რომელსაც კეთილშობილური მიზნებით ფუთავენ. არადა, ეს ძალიან დიდი დარტყმა იქნება იმ ოპოზიციაზე, რომლის გაძლიერებაზეც ხელისუფლება ვითომ ზრუნავს.

- რას იტყვითევროპელი დემოკრატებისინიციატივაზე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების სადავო საკითხების გადასაწყვეტად პლებისციტი ჩატარდეს?

- ეს კარგი ინიციატივაა პოლიტიკური ქულების ჩასაწერად. თუმცა, სიმართლე გითხრათ, ამ მიმართულებით “ნაციონალური მოძრაობის” თუ მათი განაყოფის აქტიურობა მე ერთგვარად მაღიზიანებს და, ალბათ, ბევრ სხვასაც. მათი ლაპარაკი დემოკრატიაზე, კონსტიტუციაზე, საარჩევნო სისტემებზე ჩემთვის ცარიელი სიტყვებია, რადგან ათი წელი მხოლოდ იმას აკეთებდნენ, რომ ამ ყველაფერზე უარი ეთქვათ და მაქსიმალურად ცენტრალიზებულად ემართათ ქვეყანა. 2004 წელს ისეთ კონსტიტუციას დაუჭირეს მხარი, სუპერსაპრეზიდენტოს, და ახლა მათი დემოკრატიაზე ლაპარაკი გამაღიზიანებელია. მიუხედავად ჩემი ამ დამოკიდებულებისა, ვფიქრობ, მათი ინიციატივა სწორი იყო, თუმცა ამაო, რადგან “ქართული ოცნება” ამაზე არ დათანხმდება, რადგან იცის, რომ აუცილებლად წააგებს.

- ოპოზიციურ პარტიათა ერთი ნაწილი ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საპროტესტო აქციებს გამართავენ. რამდენად მოსალოდნელია, რომ ამას საზოგადოების მასშტაბური პროტესტი მოჰყვეს?

- ძალიან მეეჭვება, ეს მოხდეს. ამის გამო ქუჩაში ბევრი არავინ გავა. სამწუხაროდ, ქვეყანაში საქმე მართლაც ქუჩისკენ მიდის, მაგრამ ჯერჯერობით არ არის ამისთვის ვითარება მზად. თუ რამ ძალიან გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მასშტაბურ ქუჩის პროტესტს ჯერჯერობით ვერ ვნახავთ. ახლანდელ ვითარებას მე ხელისუფლებასთან გაუცხოების პროცესს ვუწოდებდი. ჯერ არ ჩანს ადგილი და ძალა, საითაც გაუცხოებული საზოგადოება წავა, არ ჩანს ახალი მიზიდულობის ცენტრი, თუმცა გაჩენის მოლოდინიც აშკარაა და მოთხოვნილებაც.

- ბოლო დღეებში ბევრს ლაპარაკობენ, რომ მოსალოდნელია სამთავრობო ცვლილებები და ეს უპირველესად ძალოვან მინისტრებს შეეხება...

- ძალიან გამიჭირდება კომენტარის გაკეთება იმიტომ, რომ დღევანდელი ხელისუფლება საკმაოდ ერთგვაროვანია. განსაკუთრებით უარყოფითი ნიშნით ძნელია ვინმეს გამორჩევა. აქ განმსაზღვრელი, შესაძლოა, პრემიერის ან ექსპრემიერის დამოკიდებულება იყოს, თუ დავუშვებთ, რომ ამგვარ საკითხებში ბიძინა ივანიშვილი კვლავაც ერევა. ცვლილება შეიძლება შიდა პროცესებს უკავშირდებოდეს და ამით მთავრობის რეიტინგი არც აიწევს და არც დაიწევს.

- ჩვენს მეზობელ თურქეთში ჩატარებულ რეფერენდუმს, რომლის შედეგადაც ერდოღანის იდეამ ქვეყანაში ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობის თაობაზე ძალიან მცირე უპირატესობით გაიმარჯვა, თურქეთის დიდ ქალაქებში მასშტაბური გამოსვლები მოჰყვა. თუ პროცესები უფრო გამწვავდა, ეს საქართველოსთვის რა საფრთხეს შეიძლება ქმნიდეს?

- საფრთხისა რა გითხრათ, მაგრამ ეს რომ ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება, ეჭვი არ მეპარება. თუ თურქეთში ვითარება აირევა, ეს საქართველოზე იმოქმედებს როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად. ვითარება კი მართლაც ძალიან საშიშია და ეს დაიწყო შარშან გადატრიალების რეალური თუ დადგმული მცდელობით, რის მერეც ერდოღანი ცდილობს, ეს საკუთარი ძალაუფლების განსამტკიცებლად გამოიყენოს. თანაც რეფერენდუმის შედეგებში სხვაობა იმდენად მცირეა, არ არის გამორიცხული, პროტესტი კიდევ უფრო გამძაფრდეს. ამასთან, დამაფიქრებელია ბოლო დროს ერდოღანის ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება ევროპისადმი. მან რეფერენდუმის ეუთოსეული შეფასება ძალიან უკმეხად გააკრიტიკა. რეალურია საფრთხე, რომ თურქეთმა გადაუხვიოს ათა თურქის გზას. ამისთვის ერდოღანს ძალიან მასშტაბური რეპრესიების გატარება მოუწევს, რასაც დიდი რესურსი სჭირდება.

კვირის პალიტრა“, 24 აპრილი, 2017 წელი

ინტერვიუ შალვა ავგულიძესთან: „რაში გვჭირდება უუფლებო პრეზიდენტის ინსტიტუტის შენახვისთვის ფულის ხარჯვა?!“ // „დაუშვებე­ლია, ასეთი უსამართლო სისტემით არჩეულ პარლამენტს პრეზიდენტის არჩევის­ შესაძლებლობა მიეცეს

რუსუდან შელია

საკონსტიტუციო კომისიამ ქვეყნის მთ­ავარ დოკუმენტში ცვლილებებზე მუშაობა ისე დაასრულა, რომ 73 წევრისგან შემდგარ ჯგუფს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა სახით, 17 წევრი გამოაკლდა. პარტიები უკვე წარმოდგენილ ცვლილებებს აპროტესტებენ და ხელისუფლებას ძალაუფლების უზურპაციის მცდელობაში ადანაშაულებენ. “კვირის პალიტრის” კითხვებს “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი შალვა შავგულიძე პასუხობს:

- როდესაც “თავისუფალი დემოკრატები” საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში­ ჩავერთეთ, გვსურდა წვლილი შეგვეტანა­ ისეთი ტიპის ცვლილებებში, რაც ქვეყნის დემოკრა­ტიულ განვითარებას უზრუნველყოფდა, თუმცა, ისედაც ჭარბი ძალაუფლების პირობებში მყოფმა ხელისუფლებამ, კონსტიტუციის სრულად მორგება გადაწყვიტა. სწორედ ამიტომ კომისია დავტოვეთ.

- თქვენი ბოიკოტი რა გავლენას მოახდენს საკონსტიტუციო ცვლილებებზე?

- ეს არ გახლავთ ბოიკოტი, ჩვენ იმიტომ დავტოვეთ კომისია, რომ ჩვენი შენიშვნები არ გაითვალი­სწინეს. საარჩევნო სისტემისა და პრეზიდენტის არჩევის წესთან­ დაკავშირებით შემოთა­ვაზებული ცვლილებები უპირატესობას ანიჭებს მმართველ ძალას­ – “ქართულ ოცნებას” შეეძლება­ იმ მექანიზმის გამოყენებით, რომელიც მაჟ­ო­რ­იტარული სისტემის­ ნაცვლად შემოგვ­თავაზა, გაცილებით მეტი მანდატი­ მიიღოს­ პარლამენტში… დაუშვებე­ლია, ასეთი არასამართლიანი სისტემით არჩეულ პარლამენტს პრეზიდენტის არჩევის­ შესაძლებლობა მიეცეს. მოგეხსენებათ, პარლამენტის გარდა, თვითმმართველობის­ არჩევნების შედეგების მიხედვით, კოლეგიაში საკრებულოს წარმომადგენლებიც უნდა ჩაერთონ. ანუ, ეს ნიშნავს, რომ შემოთავაზ­ებული ცვლილებები არაპირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევას­ კი არა, პირდაპირ დანიშვნას გულისხმობს. პარლამენტში უმრ­ავლესობა მმართველი პარტიიდან იქნება, რადგან ბონუ­სებად დაისაკუთრებს მანდატებს და ამასთან, საკრებულოებიდან წარმოდგენილი დელეგატების მართვაც მარტივი პროცესი იქნება. 300-კაციანი კოლეგიის სათავისოდ გამოყენებას მმართველი გუნდი ყოველთვის მოახერხებს, ვიდრე საქართველოს მასშტაბით ამომრჩევლებისა…

- დეპუტატებისა და საკრებულოს კვოტე­ბიდან ოპოზიციაც ხომ იქნება წარმოდ­გენილი, რატომ ფიქრობთ, რომ 300-კაციანი კოლეგია მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევის გარანტიაა?

- ცვლილებების მიხედვით, ოპოზიციურ პარტიებს არა აქვთ შესაძლებლობა­ პარლამენტში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიონ – პროპორციული სისტემა­ უსამა­რთლოდ არის წარმოდგენილი. ცალკე ქაოსს შექმნის 300-კაციანი კოლეგიის საკრებულოებიდან დაკომპლექტების მცდელობაც. პარალელურად, პრეზიდენტს მნიშვნელოვნად უმცირდება უფლებამოსილებები და ის ფუნქციააყრილ ფიგურად რჩება. თუ პრეზიდენტი ასეთად უნდა დავტოვოთ, იქნებ დავსვათ­ საკითხი, რაში გვჭირდება უუფლებო პრეზიდენტის ინსტიტუტის შენახვა და ბიუჯეტიდან ფულის ხარჯვა?! თუ პრეზიდენტი იქნება მთავარსარდალი,­ მაგრამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს თავდ­აცვის ეროვნული საბჭოს გარეშე და ისიც მხოლოდ მაშინ, თუ საომარი მოქმედება გამოცხადდება; თუ არ იარსებებს უშიშრ­ოების საბჭო და ხელთ არსებულ­ რამდენიმე უფლებასაც კი პრეზიდენტი მთავრობის თანხმობის შემთხვევაში გამოიყენებს, ჩემი რიტორიკული შეკითხვა ლოგიკურადაც კი გამოიყურება. “ქართულ ოცნებას” სურს, სახელმწიფო ინსტიტუტების ყველა შტო თავად დაისაკუთროს და თანაც ისე, რომ სახელმწიფო მეთაურის არჩევის პროცესში­ ამომრჩეველიც კი არ ჩართოს.

დარწმუნებული ვარ, ანალოგიური შენიშვნები ექნება ვენეციის კომისიასაც, რის შემდეგაც “ქართული ოცნება” საერთაშორისო პარტნიორების წინაშე უხერხულ ვითარებაში კიდევ ერთხელ აღმოჩნდება. ერთადერთი მიღწევა, რასაც საჯაროდ მივესალმები, კონსტიტუციაში ევროატლანტიკური ინტერესების დაფიქსირებაა, რომელსაც თავდაპირველად მმართველი გუნდი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა…

————

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე­ იმ ცვლილების ინიციატორია­, რომელიც პრეზიდენტის 300-კაციანი კოლეგიის­ მიერ არჩევას გულისხმობს:

- ჯერ კიდევ 1991 წელს ვფიქრობდი,­ რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში უპირა­ტესობა უნდა მიენიჭოს ირიბ და არა პირდაპირ არჩევნებს. ეს აპრობირებული­ მეთოდია დემოკრატიულ სახელმწიფოებში­ და ახალი მოდელი არ გამომიგონია.­ რეგიონების საკრებულოებმა­ თავიანთი შემადგ­ენლობ­ებიდან უნდა აირჩიონ ხმოსნები ისე, რომ ყველა მათგანის ჯამი იყოს 150. დაცუ­ლი უნდა იყოს პროპორციულო­ბის­ პრინციპი იმ პარტიებს­ შორის, რომ­ლებსაც­ წარმ­ომადგენლობები აქვთ საკრ­ე­ბ­ულოებში, ანუ არ იქნებიან მხოლოდ­ უმრავლესობის არჩეული დელეგატები, ისინი საარჩევნო შედეგების პროპორციულად შეირჩევიან… საუბარი იმაზე, რომ მხოლოდ მმართველი პარტიის კანდიდატს აქვს საპრეზიდენტო­ არჩევნებში გამარჯვების შანსი, გადაჭარბე­ბულია. არ ვფიქრობ, რომ კოლეგიის მუშაობა ქაოსს გამოიწვევს,­ პირიქით, სახელმწიფო­ რესურსსაც დაზოგავს და ამასთან, ამომრჩევლის ნდობით აღჭურვილი კოლეგიის წევრი აირჩევს პრეზიდენტს. რაც შეეხება პრეზიდენტის უფლებებს, ის რჩება სახელმწიფოს მეთაურად, საომარ ვითარებაში უხელმძღვანელებს თავდაცვის ეროვნულ საბჭოს, ასევე­ რჩება მნიშვნელოვანი უფლებამოსილებები…

კვირის პალიტრა“, 24 აპრილი, 2017 წელი

ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილმა მერობის კანდიდატად დაიწუნაო…“ // „ილუზიაა, რომქართულ ოცნებაში» პოლიტიკური ლიდერები არსებობენ. ლაპარაკია, რომქართული ოცნებაკანდიდატად კახი კალაძეს ან ისევ დავით ნარმანიას განიხილავს, მაგრამ

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ექვს თვეზე ნაკლები დარჩა, პარტიები კი უკვე მსჯელობენ კანდიდატებზე და სავარაუდო წარმომადგენლებს საჯაროდაც ასახელებენ. არჩევნების ეპიცენტრი ისევ თბილისი და დედაქალაქის მომავალი მერის პოსტი იქნება. მოახლოებული არჩევნების პროგნოზებზე “კვირის პალიტრასთან” ექსპერტი გია ხუხაშვილი საუბრობს:

- თვითმმართველობის არჩევნებამდე პოლიტიკური ტემპერატურა პიკს მიაღწევს,­ რის საფუძველსაც უკვე ქმნის საკონსტიტ­უციო კომისიასთან დაკავშირებული მოვლენები. გამოიკვეთა ტენდენცია, რომ “ქართული ოცნება” სააკაშვილის დამკვიდ­რებული უზურპაციის დემონტაჟს კი არა, მის განვითარებას ცდილობს. სააკაშვილმაც ნახევრად საპრეზიდენტო მოდელი იმისთვის შეიმუშავა, რომ ხელისუფლებაში დიდხანს, პრემიერის რანგში დარჩენილიყო. “ქართული ოცნებაც” იმავე სცენარს ავითარებს – ასუსტებს პრეზიდენტს და აძლიერებს პრემიერს. შესაბამისად, საკონსტიტუციო კომისიის პროექტმა უკვე შექმნა პლატფორმა პოლიტიკური კრიზისის მოსამწიფებლად, თუმცა, თუ ოპოზიციის მწირ რესურსს­ გავითვალისწინებთ, არა მგონია, განწყობილი იყვნენ ისედაც მცირე კაპიტალის ადგილობრივ არჩევნებზე დასახარჯად. ფაქტია, ხელისუფლებას არჩევნებზე დიდი უპირატესობა­ ექნება, ამიტომ ოპოზიციას­ საქართველოს­ მასშტაბით აქტივობა­ გაუჭი­რდება, მათი ბრძოლის

ეპიცენტრი თბილისი იქნება. ჯერ ერთი, თბილისის ამომრჩეველი ნაკლებად მოწყვლადია ადმინისტრაციული რეს­ურსებისთვის და შედარებით თავისუფალ არჩევანს აკეთებს, თანაც, დედაქალაქში ხელისუფლება დიდი ავტორიტეტით არ სარგებლობს. მეტიც, დავით ნარმანიამ თამასა იმდენად დაბლა დასწია, რომ კონკურენციის გაწევა არა მხოლოდ ოპოზიციურ პარტიებს, არაპარტიულ კანდიდატებსაც არ უნდა გაუჭირდეთ. მით უმეტეს, თუ დამოუკიდებელი კანდიდატების მთავარი ლოზუნგი თბილისის პარტიული და კლანური ინტერესებისგან დახსნა იქნება.

- დამოუკიდებელ კანდიდატში ალეკო ელისაშვილს გულისხმობთ, რომელსაც მხარსრესპუბლიკური პარტიაუჭერს?

- ალეკო ელისაშვილს დადებით ფაქ­ტორებთან ერთად, არაერთი მინუსი აქვს.
პატრიოტიზმის გარდა, თბილისელი ამომრჩევლის მთავარი მოთხოვნა პროფესიონალიზმი და მართვის­ უნარებია, რაც ალეკოს სისუსტეა. ითქვა, რომ შესაძლოა, თბილისის არჩევნებში დავით უსუფაშვილმაც მოსინჯოს ძალა, თუმცა მე მას მერობის კანდიდატად ვერ განვიხილავ. ის მძიმეწონიანი ფიგურაა და საზოგადოებაში პატივისცემითაც სარგებლობს, თუმცა სულ სხვა სტატუსში წარმომიდგენია მეც და ვფიქრობ, ამომრჩეველსაც. უსუფაშვილი ასოცირდება კომპეტენ­ტურობასთან, სახელმწიფო მართვასთან და არა ქალაქის სამეურნეო საკითხების გადამჭრელ პოლიტიკ­ოსთან. ვფიქრობ, ის ჩაერთვება თბი­ლისის მერის არჩევნებში, თუმცა სხვა კანდიდატს დაუჭერს მხარს.

- არ ელოდებით, რომ შესაძლოაქართულმა­ ოცნებამაცწარადგინოს პროფესიონალი და პატრიოტი კანდიდატი?

- ნამდვილად არა, და საერთოდ, ილუზიაა იმაზე საუბარი, რომ ამ პარტიაში პოლიტიკური ლიდერები არსებობენ. ლაპარაკია, რომ “ქართული ოცნება” კანდიდატად კახი კალაძეს ან ისევ დავით ნარმანიას განიხილავს. ისიც კი მოვისმინე, კახი კალაძე ბიძინა ივანიშვილმა მერობის კანდიდატად დაიწუნაო, თუმცა მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იქნება კანდიდატი, მმართველი პარტიის წარმომადგენელი ზუსტად იმდენ ხმას მიიღებს, რამდენსაც “ქართული ოცნ­ება” ხელთ არსებული რესურსის გამოყენებით”გააჩალიჩებს.

მმართველ ძალაში არავის აქვს პირადი რეიტ­ინგი და ყველაფერი მხოლოდ ივანიშვილის ავტორიტეტზეა აწყობილი. დღეს არსებული ვითარების გათვალისწინებით, სწორედ რესურსების წყალობით თბილისში დომინანტი ისევ მმართველი გუნდი იქნება, ოპოზიციას კი მეორე ტურის დანიშვნა არ გაუჭირდება, მაგრამ შემდეგ მინიმალური შანსი დარჩება. კონკრეტულად გავყვეთ: “ნაცმოძრაობის” ერთ და მეორე ფრთას (“ევროპულ საქართველოს”) არა აქვთ გამარჯვების რესურსი. თბილისელ ამომრჩეველს “ქართულ ოცნებასთან” პრეტენზია კი აქვს, მაგრამ არც “ნაცმოძრაობა” და არც “ევროპული საქართველო” უყვარს. თუმცა, მათი რესურსი მეორე ტურისთვის საკმარისი იქნება. ეს ნიკა მელიამ ერთხელ უკვე მოახერხა და არც ოქტომბერში გაუჭირდება,­ რასაც ვერ ვიტყვი”"ევროპული საქართველოს” შესაძლო კანდიდატ ელენე ხოშტარიაზე. მოვისმინე ვერსია, მის ნაცვლად გიგი უგულავას­ კანდი­დატად დასახელება­ პარტიას­ მეტ შანსს მოუტანდაო, თუმცა ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები – ჯერ ერთი, უგულავა საკუთარ თავს უკვე ნაციონალური მასშტაბის ლიდერად განიხილავს და თბილისზე ლოკალიზება მისთვის სტრატეგიულ ამოცანას არ წარმოადგენს, მეორე – ის, როგორც მერი, ნასამართლებია კორუფციის ბრალდებით. პატიმარი რომ არ არის, არ ნიშნავს, რომ ამომრჩეველი უკვე ენდობა. პოლიტტექნოლოგიურადაც გაუმართლებელია ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ შესვლა.

- გიორგი მარგველაშვილმა ოპოზიციურ პარტიებს თვითმმართველობის არჩევნებისთვის საერთო გზის მონახვისკენ მოუწოდარამდენად მაღალია ალბათობა, ოპოზიცია თბილისის მერობის არჩევნებში საერთო კანდიდატზე შეთანხმდეს?

- მსგავსი გაერთიანებები საქართველოში მხოლოდ კეთილ სურვილებად რჩება. მარგველაშვილი თავადაც დარწმუნებულია, რომ მის წინადადებას რეალიზაცია არ უწერია.
დღეს პოლიტიკურ სპექტრში ისეთი­ მოზაიკაა, რომ დაქსაქსული პარტ­იების გაერთიანება ხელოვნური იქნება. საბედნიეროდ, დღეს ტოტალიტარული ხელისუფლება არა გვყავს, რომ როგორც სააკაშვილის დროს მოხდა, ოპოზიცია მის წინააღმდეგ დაირაზმოს.

კვირის პალიტრა“, 24 აპრილი, 2017 წელი

ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „ვახტანგ გომელაურის მინიშნება 99 პირთან დაკავშირებით, კორუფციაში ჩაბმულ მაღალჩინოსნებს გულისხმობდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა პარლამენტში 27-გვერდიანი­ ანგარიში წარადგინა. ვახტანგ გომელაურმა­ ისიც აღნიშნა, რომ შეიარაღებული ძალე­ბის კონტრდაზვერვითი უზრუნველყოფის­ კუთხით მიმდინარეობდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან შესაძლო კავშირში მყოფ პირთა მუდმივი მონიტორინგი, ასევე­ ცალკეულ პირთა ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის გამოვლენა და აღკვეთა, ამ მიმართულებით კი ოპერატიული ღონისძიებები ტარდება 99 პირის მიმართ.

“კვირის პალიტრასთან” პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე­ საუბრობს:

- ანგარიშის ტექსტი მწირ ინფორმაციას შეიცა­ვდა, თუმცა, რიგით მოქალაქეებთან ერთად, არაკეთილმოსურნეებიც ჩასაფრებული უსმენდნენ გომელაურის თითო­ეულ სიტყვას და ვინ როგორ შეეცდებოდა მის გამოყენებას,­ არავინ იცის. შესაბამისად, უადგილო იყო ოპოზიციის მხრიდან კითხვა-პასუხის რეჟიმის გასაჯაროების მოთხოვნა. რეალურად, უსაფრთხოების სამსახურმა ისლამისტებისა და ნარკორეალიზატორების მიმართულებით სერიოზული სამუშაო გასწია. მაგალითად, წელიწადზე­ მეტია, პანკისიდან სირიაში საბრძოლველად არავინ წასულა, რაც სუს-ის მოცულობითი მუშაობის შედეგია. რამდენიმე ადამიანი, რომელსაც კავშირი ჰქონდა ისლამისტებთან, ციხეშიც კი მოხვდა. ამასთან, ხეობაში სალაფიტების იდეოლოგიური გამოსვლები წინა წლებთან შედარებით რადიკალურად განსხვავებულია – ბოლო განცხადებებში ცალსახად აღნიშნეს, რომ “ისლამურ ხალიფატს” ემიჯნებიან. რაც შეეხება ნარკოტრასას, ეს საერთაშორისო პრობლემაა, რომლის გადაჭრაშიც საქართველოც არის ჩართული. მხოლოდ თბილისი-წითელი ხიდის მონაკვეთს არ ვგულისხმობ, სუს-ი როგორც საჰაერო, ისე სარკინიგზო და საავტომობილო მიმართულებით ნარკოტრასას მაქსიმალურად აკონტროლებს…

- სუს-ის ხელმძღვანელმა ერთ-ერთ მთა­ვარ გამოწვევად ოკუპირებული რეგიონებიდან მომდინარე საფრთხე დაასახელა, მათ შორის, კონტრაბანდის მიმართულებით, ასევე მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან შესაძლო თანამშრომლობაში მყოფ 99 პირზე.

- სიმართლე გითხრათ, ოკუპირებული რეგიონების შემთხვევაში არ ჩანს სუს-ის ისეთივე წარმატებული მუშაობა, როგორიც პანკისთან დაკავშირებით იგრძნობა. თუმცა­ ამასაც თავისი მიზეზი გააჩნია – სუს-ს­ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მასშტაბური ოპერატიული სამუშაოების ჩასატარებლად ხელი არ მიუწვდება. კონტრაბანდულ სქემებში კი ძალოვანი სტრუქტურებიც არიან ჩართული და ეს განსაკუთრებით ცხინვალის მხარეს წარმოადგენს პრობლემას. ქართველი მაღალჩინოსნები ვირეშმაკობენ და ცდილობენ ხელი მოითბონ შექმნილი ვითარებიდან, მათი სრულად გამოვლენა კი სუს-ისთვის რთულია. ფაქტია ისიც, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები კორუფციაში ჩაბმულ მაღალჩინოსნებთან კონტაქტის გაბმას ცდილობენ. ვფიქრობ, გომელაურის მინიშნება 99 პირთან დაკავშირებით, სწორედ მათ გულისხმობდა.

- უნდა ვივარაუდოთ, რომ მაღალი რანგის მაღალჩინოსნებზეა საუბარი?

- როგორც წესი, საშუალო დონის მაღალჩინოსანი უფრო მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია, ვიდრე მაღალი თანამდებობის პირი. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები ხშირად სწორედ საშუალო რგოლის გადაბირებით არიან დაინტერესებული, განსაკუთრებით რეგიონებში. ჩემი ინფორმაციით, ბევრად მეტი ადამიანი გათავისუფლდა სამსახურიდან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ეჭვის გამო, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ სუს-ი აქტიურად მუშაობს.

- თუმცა ოპოზიცია აპელირებს, რომ სუს- პოლიტიკური დევნის უწყებად იქცა...

- ისინი ფაქტების ნაცვლად, ზოგადად საუბრობენ თვალთვალსა და შესაძლო ფარულ მოსმენაზე. თანაც, “ნაციონალურ მოძრაობას” მორალური უფლებაც კი არ აქვს, სუს-ის პოლიტიკურ ტერორზე ისაუბროს, ყველას გვახსოვს, რა ზეწოლას ახორციელებდნენ ოპონენტების მისამართით.

კვირის პალიტრა“, 24 აპრილი, 2017 წელი

ქართული მიწის ფასი

ინტერვიუ ოთარ დანელიასთან: „საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწა უცხო ქვეყნის მოქალაქეზე არ გასხვისდება»

ემა ტუხიაშვილი

უახლოეს მომავალში პარლამენტში სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა დაიწყება. წინასწარი მონაცემებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში მიწის შეძენა კვლავ დაუშვებელი იქნება. კანონპროექტის თანახმად, გათვალისწინებული იქნება გამონაკლისი შემთხვევა განსაკუთრებული პირობით და ისიც მხოლოდ გრძელვადიანი იჯარით.

საქართველოში 2012 წლამდე მოქმედი კანონმდებლობით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა არ ჰქონდათ, მიწის ყიდვა არ შეეძლოთ. 2012 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ყველა შეზღუდვა უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის შესახებ, რის შემდეგაც უცხოელებზე ასობით ჰექტარი მიწის ნაკვეთი გასხვისდა.

2013 წლის 28 ივნისს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” კანონში, რომელიც იმავე წლის 19 ივლისიდან ამოქმედდა – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ვერ შეიძენდნენ (და ვერც მემკვიდრეობით მიიღებდნენ) უცხოელი მოქალაქე, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი და უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი. ეს უფლება მათ 2014 წლის 31 დეკემბრამდე ჩამოერთვა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” სარჩელის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლომ უცხო ქვეყნის იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის მიწის შეძენაზე დაწესებული დროებითი აკრძალვა გააუქმა.

ოთარ დანელია, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე:

- შეზღუდვები განაპირობა იმან, რომ “საკუთრების შესახებ” კანონში ბევრი ცვლილება იყო საჭირო. თუ ქრონოლოგიურად გავყვებით ამ პროცესს, გასახსენებელია, რომ 90-იან წლებში განხორციელდა მიწის რეფორმა, რომელიც უფრო ამომრჩევლების მასაზე იყო გათვლილი. ბევრი პრობლემა გამოიწვია მიწის პირველმა რეფორმამ, სადაც მიწის ნაკვეთების გადაფარვები მოხდა და აღმოჩნდა, რომ მესაკუთრეებს­ უბრალოდ ფარატინა ქაღალდებს ურიგებდნენ…  მაშინ არც ციფრული აღრიცხვა იყო და ის შესაძლებლობები, რაც დღეს არსებობს. გვახსოვს პერიოდი, როცა სასოფლო-სამეურნეო მიწები პირდაპირ “იუთუბზე” რეკლამირებით იყიდებოდა. შემდეგ ხელისუფლებამ გამოაცხადა მორატორიუმი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწის მიყიდვაზე, რაც მთავრობამ სწორედ იმ მოტივით დააწესა, რომ გასწორებულიყო მთელი რიგი მიმართულებები და ჩამოყალიბებული სახით შესულიყო ცვლილებები “მიწის საკუთრების შესახებ” კანონში. ამას მოჰყვა არასამთავრობოთა თუ სხვა სტრუქტურების სპეკულაციები, რამდენიმე სარჩელი და საკონსტიტუციო სასამართლომ მთავრობის მიერ დაწესებული მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო.

ახლა ვმუშაობთ პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს რეგულირებას ამ მიმართულებით. რეგულირება არ გულისხმობს საკითხისადმი უფრო ლიბერალურ მიდგომას. ოპონენტები ხშირად იმოწმებენ, მაგალითად, ევროპას, მაგრამ ევროპის ბევრ ქვეყანაში, პრაქტიკულად, ვერ იყიდით მიწას, თუ რამე განსაკუთრებული პროექტი არა გაქვთ. ზოგ ქვეყანაში მიწის შეძენის თეორიული შესაძლებლობები არსებობს, მაგრამ პრაქტიკულად ამის განხორციელება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ვდგავართ იმ მოცემულობის წინაშე, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ გამოხატა ხედვა, რომელიც მაინცდამაინც არ არის თანხვედრილი იმ ევროპულ ღირებულებებთან, რომლებზეც ბევრი ორგანიზაცია აპელირებს. ასეც რომ არ იყოს, ჩვენ, ქართველებმა, ყველაზე უკეთ ვიცით, რა არის საჭირო საქართველოსთვის. ამიტომ ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოვაგვაროთ, რათა აღარ დარჩეს მომავალ თაობებს, მთავრობებსა თუ ხელისუფლებებს პრობლემად და ეროვნული ღირებულებები იყოს აბსოლუტურად გათვალისწინებული.

ყველაზე მნიშვნელოვანია, არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპირებულია, ამიტომ ჩვენ განსაკუთრებულ პირობებში უნდა შევაფასოთ ეს საკითხი, მათ შორის, ეროვნული უსაფრთხოების გათვალისწინებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საზღვრისპირა რეგიონებში მიწები არ გაიყიდოს და რაც მთავარია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ადგილობრივი მეწარმეობის განვითარებას.

როცა გვაქვს პროგრამა “დანერგე მომავალი”, სადაც ნერგების 70%-ზე სუბსიდიას გავცემთ, სუბსიდიას გავცემთ წვეთოვანი სისტემის 50%-ზე, როცა გვაქვს შეღავათიანი “აგროკრედიტი”, სადაც გადამმუშავებელი მრეწველობისთვის გრანტია გათვალისწინებული, როცა ხდება კოოპერატივების ძალიან დიდი სტიმულირება და ამ მიმართულებით არსებობს სპეციალური პროგრამები, უამრავი პროექტი, კაპიტალტევადობის თვალსაზრისით ეს პროექტები საკმარისია, რომ სოფლის მეურნეობაში ადგილობრივი ინვესტიციები განხორციელდეს. შეიძლება ამას კრიტიკა მოჰყვეს, მაგრამ, ვფიქრობ, საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარება ადგილობრივი რესურსით სავსებით შესაძლებელია. არ ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული საინვესტიციო სახსრების მოძიება დღეს აუცილებელი პირობაა. იმ პროექტებისა და რესურსების გათვალისწინებით, რომლებიც მობილიზებულია ქვეყანაში, მე და ჩემი გუნდის აზრით, ვინც ამ თემაზე ვმუშაობთ, უცხოელებზე მიწები არ უნდა გასხვისდეს. თუ განსაკუთრებული პროექტია, თუ ეს ახალ ტექნოლოგიებს ითვალისწინებს, თუ ძალიან დიდ ინვესტიციაზეა საუბარი და მათ შორის, ჩვენი მოქალაქეების დასაქმებაზე, მხოლოდ ამ შემთხვევაში და მხოლოდ გამონაკლისის სახით ვფიქრობთ, შესაძლებელია განხილულ იქნეს გრძელვადიანი იჯარა და არა პრივატიზება.

პრივატიზება ცალკე მეტად სერიოზული კომპონენტია, ძალიან ბევრია სადავო მიწა.
თავის დროზე, გაიცა საბუთი ვიღაცაზე, მერე მიწა გაიყიდა და უკვე არსებობს, ერთი მხრივ, კანონიერი, კეთილსინდისიერი შემძენი და მეორე მხრივ, დაზარალებული, რომელიც სამართლებრივადაც ვერ პოულობს სწორ გზას საკუთრების უფლების დასაცავად.

- როგორია სტატისტიკა, საქართველოში დღეს რამდენი ფართობია გაყიდული უცხოელებზე?

- სასოფლო-სამეურნეო მიწების დაახლოებით 5-5,5% უცხოელების საკუთრებაა. საუბარია 45-დან 55 ათას ჰექტარ მიწაზე. ყველაზე მეტი მიწა კახეთსა და ქვემო ქართლშია გასხვისებული უცხოელებზე.

- ძირითადად, რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან?

- ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ, თავის დროზე, როცა სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზება ხდებოდა, არანაირი ვალდებულებები ამას თან არ სდევდა და დღეს ამ პრობლემის შედეგებს­ ვიმკით.

- როცა კანონპროექტზე საუბრობთ, ბუნებრივია, უკვე გექნებათ განსაზღვრული მონახაზი. როგორ შეიძლება შეიცვალოს სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვის წესი და რამდენად შეესაბამება თქვენი ხედვა აღმასრულებელი ხელისუფლების ეკონომიკური გუნდისას, რომელიც ამბობს, რომ მიწა ეკონომიკური აქტივი უნდა გახდეს?

- სრული კონსენსუსი აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის ვერ იქნება, მაგრამ 90%-ით ჩვენი პოზიციები ამ საკითხთან დაკავშირებით თანხვედრილია. ყოველი შემთხვევისთვის, იმათთან, ვისთანაც ამ თემაზე კომუნიკაცია გვქონია. ჩვენს ინიციატივაში გათვალისწინებულია, რომ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწა უცხო ქვეყნის მოქალაქეზე არ გასხვისდება. ეს შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, შესაბამისი არგუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ. არგუმენტების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელი იქნება: რა პირობებში, რა კრიტერიუმებით, რა არგუმენტებით, რა ინვესტიცია, რა დასაქმება,­ რა ტექნოლოგია და სხვ. ვფიქრობთ,­ მხოლოდ მთავრობას უნდა ჰქონდეს პრეროგატივა, რომ გამონაკლის შემთხვევებზე გადაწყვეტილება მიიღოს. მიწა არის ეკონომიკური აქტივი, რა თქმა უნდა, და ჩვენ რაზეც ვისაუბრეთ, ეს არანაირად არ უარყოფს ამას. მიწა ეკონომიკური აქტივია, ოღონდ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეს აქტივი ათვისებულ იქნეს ადგილობრივი შესაძლებლობებითა და რესურსით.

- დღეს მოქმედი წესით, შეუძლიათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში მიწის შეძენა?

- დღეს მიწის გასხვისება ზოგჯერ ხდება, ოღონდ როგორც წესი, თან სდევს ვალდებულებები. თუმცა მიწის კონკრეტული ნაკვეთიდან, ეკონომიკის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, შესაძლებელია გადაწყდეს არა პრივატიზება, არამედ იჯარა. სწორედ ამაშია საქმე, რომ დღეს არაერთგვაროვანია მიდგომა ამ საკითხის მიმართ.

- ხშირად მომისმენია მოსაზრება, რომ მაშინ, როცა ბევრი სასოფლო-სამეურნეო მიწა დაუმუშავებელია, ხომ არ ჯობია, თუნდაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მივცეთ და მათ დაამუშაონ, მოსავალი მოიყვანონ, რაც ადგილობრივ წარმოებას გაზრდის?

- პრობლემა სწორედ არამიზნობრიობაა – ადამიანს ნაყიდი აქვს სასოფლო-სამეურნეო მიწა, როგორც ინვესტიცია, და მასზე არანაირ სასოფლო საქმიანობას არ ეწევა. ეს შეეხება როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთაც თავის დროზე მიწა შეიძინეს. ხშირად ნანახიც არა აქვთ ეს მიწები, სად არის და რას წარმოადგენს. შესაბამისად, ეს არ არის სამართლიანი არგუმენტი. ეკონომიკური გუნდის ინიცირებულმა პროგრამებმა, რომლებსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებდა, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორებისა და მოქალაქეების მიწების მიმართ ინტერესი გაზარდა. ამიტომ ჯობს, დროულად და სწორად ჩამოვაყალიბოთ ეს პროცედურები. მიწის გაყიდვის საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დარეგულირდეს.

კვირის პალიტრა“, 24 აპრილი, 2017 წელი

ინტერვიუ გუნთერ ბეხლერთან: „გულწრფელად გეტყვითასეთია რეალობა“ // „რა შედეგებს მოგვიტანდა კონფედერაციის სცენარი, ამაზე საუბარი მხოლოდ თეორიულად არის შესაძლებელი

ვაჟა თავბერიძე

რეფერენდუმი და ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ცხინვალში, ახალი საელჩო და ლავროვის ვიზიტი სოხუმში – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პერსპექტივა ამ მოვლენების ფონზე კიდევ უფრო პესიმისტურად გამოიყურება. რა უნდა მოიმოქმედოს საქართველომ მსგავსი სცენარების თავიდან ასაცილებლად და რა შეუძლია ევროპას? – ამ კითხვებით “კვირის პალიტრამ” შვეიცარიის ყოფილ ელჩს საქართველოში, ამჟამად ეუთოს თანათავმჯდომარეს ჟენევის მოლაპარაკებებში, გუნთერ ბეხლერს მიმართა.

- ჟენევის მოლაპარაკებებით დავიწყოთბოლო დროს რუსი დიპლომატებისგან­ მძაფრი­ განცხადებები მოვისმინეთგაეროში­ რუსეთის­ ელჩის მოვა­ლეობის შემსრულებე­ლმა ილიჩმა პირდაპირ მიანიშნა, რომ რუსეთი­ ჟენევის­ მოლაპარა­კებების შეწყვეტის­ სცენარს განიხილავს. ფორმატმა თავისი­ თავი ამოწურა?

- მე, როგორც თანათავმჯდომარეს, შემიძლია გითხრათ, რომ უკვე მოლაპარაკებების მე-40 რაუნდს ვგეგმავთ, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ეს მდგრადი ფორმატია. მიუხედავად საგანგაშო ნიშნებისა და მედ­იაში გაკეთ­ებული განცხადებებისა, ფორმატს საფრთხე არ ემუქრება. ბოლო რაუნდი­ განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო – კიდევ უფრო მივუახლოვდით ძალის არგამოყენების შეთანხმებას. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები რუსეთ-საქართველოს შორის. ვცდილობთ, პრობლემები გადავწყვიტოთ. კარგი ეტაპებიც გვქონია და ცუდიც, გვემუქრებოდნენ კიდეც, მაგრამ ეს ფორმატი მაინც სტაბილურად მუშაობს და არა მგონია, რომელიმე მხარე შეელიოს.

- .. სამხრეთი ოსეთი აპირებსალანია დაირქვას. ხომ არ არის ეს უფრო დიდი რეფერენდუმის პრელუდია, რომლის შედეგადაც .. სამხრეთ ოსეთი ჩრდილოეთ ოსეთსა და საბოლოოდ, რუსეთის ფედერაციას შეუერთდება?

- ეს საკითხი ჟენევაში არ განგვიხილავს­ და არც ვაპირებთ, ეს ცხინვალსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკების საგანია, ამ საკითხში ჩარევის მანდატი არ გვაქვს. რაც შეეხება სახელის შეცვლასთან დაკავშირებულ რეფერენდუმს, ჩანს, ეს, მნიშვნელოვანია ცხინვალისთვის, რათა თავიანთ დამოუკიდებლობას გაუსვან ხაზი. ვფიქრობ, თუ ცხინვალი სახელს შეიცვლის, ის რუსეთს აღარ შეუერთდება.

- რა გაძლევთ ამის ფიქრის საფუძველსექსპერტების ნაწილი ფიქრობს, – ჯერ სახელს შეიცვლიან და საპრეზიდენტო არჩევნებს ჩაატარებენ, მერე კი რუსეთს შეუერთდებიანო

- ეს ჩემი ვარაუდია, ასე ვთქვათ, ჩემი წინასწარმეტყველება. დანამდვილებით ვერ ვიტყვი, მაგრამ თუ ე.წ. სამხრეთი ოსეთი ალანიის სახელმწიფო გახდება, ეს ცხინვალის აზრით, მათ დამოუკიდებლობას გაუსვამს ხაზს. საქართველო ამას არ დაეთანხმება, მაგრამ ჩანს, რუსეთს ამის საწინააღმდეგო არაფერი აქვს…

- შვეიცარიული ნოუ-ჰაუთი დავამთავროთ­ – კონფედერაციის თემა. იმუშავებდა კონფედერაციის მოდელი საქართველოსთვის? არის თუ არა ეს რეალისტური სცენარი ჩვენი­ ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად?

- თეორიულად, კონფედერაცია ყოველთვის განიხილება ტერიტორიული კონფლიქტების გადაჭრის ერთ-ერთ ვარიანტად, მაგრამ აქ ამოსავალი წერტილი ის არის, რომ მხარეებს თანაცხოვრების სურვილი უნდა ჰქონდეთ. შვეიცარია ჯერ კონფედერაციად ჩამოყალიბდა, შემდეგ ფედერაციად გარდაიქმნა და ეს ნებაყოფლობით მოხდა. საქართველოშიც შეიძლება იგივე მოხდეს, მაგრამ ეს დამოკიდებული იქნება სოხუმისა და ცხინვალის მზადყოფნაზეც.

- შემისწორეთ, თუ ვცდებიკონფე­დერაცია ნიშნავს, რომ მხარეებს თანაბარი სტატუსი ექნებათ, ანუ თუ თბილისი, ცხინვალი­ და სოხუმი კონფედერაციას შექმნიან, მათ თანაბარი სტატუსი ექნებათ, ეს კი ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებები მიიღება უმრავლესობის­ მიხედვით, რაც არ გამორიცხავს სცენარს, რომ თბილისს ცხინვალ-სოხუმის ბლოკმა, და თავის­თავად, რუსეთმა გადაუწყვიტოს, როგორ მოიქცეს და საით წავიდეს

- გულწრფელად გეტყვით, კონფედერაცია მომავლის, ასე ვთქვათ, ალტერნატიული სცენარია. ამ ეტაპზე საქართველოს პოზიცია მყარად ეფუძნება ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპს და ამ პოზიციის გადახედვა არ იგეგმება. ასეთია რეალობა. ასე რომ, რა შედეგებს მოგვიტანდა კონფედერაციის სცენარი, ამაზე საუბარი დღეს მხოლოდ თეორიულად არის შესაძლებელი. თუმცა, დაფიქრება შეიძლება.

რეზონანსი//მთელი კვირა“, 24 აპრილი, 2017 წელი

საქართველომ ერთ კვირაში ორი საყვედური მიიღო

ეს უფრო ვასალისადმი მიმართვაა, ვიდრე პარტნიორისადმი

ეკატერინე ბასილაია

გასულ კვირას საქართველომ ორი საყვედური მიიღო – 18 აპრილს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოთქვა უკმაყოფილება იმის გამო, რომ თბილისის აეროპორტში ირანის მოქალაქე ქალებს სასაზღვრო კონტროლის გავლისას ჰიჯაბის მოხსნას აიძულებენ და ეს მათი რელიგიური შეურაცხყოფაა. ცოტა ადრე კი თურქეთის საელჩომ “მეგობრულად თხოვა” თუ მოსთხოვა “ოცნების” პარლამენტარებს, რომ 12 აგვისტოს დიდგორობის დღესასწაული უქმე დღედ არ გამოცხადდეს, რადგან დიდგორის ბრძოლა მათი დამარცხების დღეა.

პოლიტოლოგების თქმით, ირანისა და თურქეთის ამ უკმაყოფილებამ აჩვენა, რომ ამ ქვეყნებისთვის საქართველო, როგორც სახელმწიფო, არც თუ მაღალ რანგში გადის და ამიტომაც აძლევენ თავს უფლებას, ასეთი პრეტენზიები წამოაყენონ. საქართველოს ხელისუფლებამ კი ამ დამოკიდებულების გაპროტესტების და ღირსეული პასუხის ნაცვლად, გაუგებარი კაპიტულანტური განცხადებები გააკეთა.

ირანის პრეტენზიის შესახებ ცნობილი ირანული მედიიდან გახდა და, მათი ინფორმაციით, გასულ სამშაბათს, 18 აპრილს, თბილისში ვიზიტად მყოფმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველომ პატივი უნდა სცეს ირანელ ტურისტებს. მან ეს შენიშვნა პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის დროს გამოთქვა, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის აეროპორტში უსაფრთხოების მიზნით ირანელი ტურისტი ქალი იძულებული გახადეს, ჰიჯაბი მოეხსნა.

ირანული გამოცემების ცნობით, გიორგი კვირიკაშვილმა ირანელ მინისტრს პირობა მისცა, რომ “ის ამ ინციდენტის დაუყოვნებლივ გამოძიების ბრძანებას გასცემს”. მთავრობის ადმინისტრაციაშიც ადასტურებენ, რომ ამ შეხვედრაზე ჰიჯაბის მატარებელი ირანელი ვიზიტორების საზღვარზე უსაფრთხოების კუთხით შემოწმების პროცედურები განიხილეს, სხვა დეტალები კი ქართულ მხარეს არ გაუხმოვანებია.

მეორე საყვედურიც ამავე დღეებში გახმოვანდა, თუმცა ის ცოტა უფრო ადრე მოხდა. 23 მარტს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა დიდგორის ისტორიული ბრძოლის დღის, 12 აგვისტოს, “დიდი გამარჯვების დღედ” გამოცხადებას და უქმედ დაწესებას. თუმცა ამის შემდეგ კანონპროექტის მსვლელობა შეჩერებულია.

როგორც კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი ნუკრი ქანთარია ამბობს, თურქეთის საელჩომ მეგობრულად ითხოვა, პროექტი არსებული ფორმით არ მიიღონ, რადგან დიდგორი მათი დამარცხების დღეა და პარლამენტის ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება გარკვეული უსიამოვნება შეიტანოს ორი ქვეყნის ურთიერთობაში.

ნუკრი ქანთარიას თქმით, თურქეთი დიდი სახელმწიფოა და მას რაღაც ანგარიში უნდა გაუწიონ, თუმცა პროექტს ის უკან არ გაიწვევს. კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა მომავალ კვირას უნდა მოხდეს და გაირკვევა, რას დათმობს საქართველო მეგობრული რჩევისა თუ საყვედურის შემდეგ.

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის განცხადებით, თურქეთისა და ირანისგან ეს კონკრეტული პრეტენზიები არის ტესტირება, იმის მოსინჯვა, რამდენად ადვილია ჩვენი მოთვინიერება საჭირო შემთხვევაში.

„რა დღე დაწესდება საქართველოში ზეიმად, თურქეთის მხრიდან ამ საკითხის დაყენებაც კი თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ როგორ გვიყურებენ ჩვენ. ეს უფრო ვასალისადმი მიმართვაა, ვიდრე პარტნიორისადმი. გვეუბნებიან, რითაც ამაყობთ, ის კი არ უნდა იდღესასწაულოთ, არამედ აზიზიეს მეჩეთი უნდა ააშენოთ ბათუმში. აზიზიე კი ისტორიულად იმის საპირისპირო მაგალითი იყო, რაც დიდგორი“, – მიიჩნევს გია ხუხაშვილი. მისივე თქმით, ანალოგიურია ირანიდან წამოსული პრეტენზიაც და ამაზე თავმოყვარე სახელმწიფოს პრინციპული პასუხი უნდა გაეცა.

„ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს თურქეთისთვის საპასუხო ნოტა უნდა გაეგზავნა, რომ ამ საკითხზე მომართვა ჩვენი შეურაცხყოფაა. როგორ შეიძლება, რა დღესასწაული დავაწესო, ამაში ერეოდეს უცხო ქვეყანა? ამის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამ დამოკიდებულებაზე თვალის დახუჭვა და კაპიტულანტური განცხადებების გაკეთება, უბრალოდ, გაუგებარია. ეს თურქეთისთვის მხოლოდ ერთი რამის დადასტურებაა – რომ საქართველოს ხელისუფლებასთან შეიძლება „მუშაობა“, რომ მათ, ფაქტობრივად, შეუძლიათ, ყველაფერი გაიტანონ საქართველოში, იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება მათთან მიმართებაში კაპიტულანტურად იქცევა. ირანის შემთხვევაშიც დაახლოებით იგივეა. ჯერჯერობით გვტესტავენ, რომ გაარკვიონ, ამ გლობალური დაპირისპირების პირობებში რა ტაქტიკით იმოქმედონ ჩვენთან მიმართებაში. ეს ძალიან სახიფათო გზაა. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამაზე ჩვენი ხელისუფლება საერთოდ არ ფიქრობს,” – დასძენს გია ხუხაშვილი.

პოლიტოლოგ ზაალ ანჯაფარიძის თქმით, თურქეთის საელჩოს მხრიდან “მოთხოვნა თუ თხოვნა” ლაკმუსის ქაღალდი იყო, რომ თურქეთისთვის საქართველო, როგორც სახელმწიფო, არცთუ მაღალ რანგში გადის, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ შეუძლიათ, საქართველოში თავს ამის უფლება მისცენ – მივიდნენ დეპუტატთან და ასეთი პრეტენზიით მიმართონ, თუნდაც არაფორმალურ დონეზე. “ვენდობი იმ დეპუტატების განცხადებას, ვინც ეს გაახმოვანა. არცთუ სასიამოვნო იყო ამის მოსმენა”, – ამბობს ზაალ ანჯაფარიძე. მისივე თქმით, აეროპორტში ირანის მოქალაქისთვის ჰიჯაბის მოხსნის ინციდენტი როგორ და რა ფორმით მოხდა, არ იცის და ამიტომაც ამაზე ვერაფერს იტყვის. ერთია, რომ როდესაც ასეთი პრეტენზიები ისმის, სახელმწიფოს რეაქცია ისეთი უნდა იყოს, როგორც ეს სახელმწიფოს შეეფერება – გაერკვეს ვითარებაში და აუხსნას პრეტენზიის მქონე სახელმწიფოს, რა და როგორ მოხდა. „რაც მთავარია, ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს, რომ სახელმწიფოს ღირსება იყოს დაცული. იგივე დიდგორობის დღესასწაულის აღნიშვნასთან დაკავშირებით და იგივე ჰიჯაბის ინციდენტთან დაკავშირებით სახელმწიფოს სუვერენიტეტს და ღირსებას უნდა გაესვას ხაზი,” – აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

რეზონანსი//მთელი კვირა“, 24 აპრილი, 2017 წელი

საქართველო რეგიონის ყველაზე უბედური ქვეყანაა

მსოფლიო ბედნიერების ინდექსით 150 ქვეყანას შორის 125- ადგილი გვიჭირავს

გვანცა ღვედაშვილი

საქართველო მსოფლიოს უბედურ ქვეყნებს შორისაა. 2017 წლის ბედნიერების ინდექსის მიხედვით, მართალია, საქართველომ შარშანდელთან შედარებით 1 საფეხურით მაღლა აიწია, მაგრამ ხვლავ რეიტინგის ბოლოშია და 150 ქვეყანას შორის 125-ე ადგილს იკავებს. ამ ყველაფერთან ერთად, საქართველო რეგიონის ყველაზე უბედური ქვეყანაცაა – მას ყველა მეზობელი უსწრებს.

ქართველი სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ამ რეიტინგის შედეგები საქართველოში რეალურად არსებულ ვითარებასა და ხალხის განწყობას ასახავს.

პირველი მსოფლიო ბედნიერების ინდექსი 2012 წლის აპრილში გაეროს მხარდაჭერით გამოქვეყნდა. 2012 წლიდან დღემდე ბედნიერების ინდექსი ცვლილებებს განიცდის. ბედნიერების ინდექსის განსაზღვრას ბევრი ფაქტორი განაპირობებს. ამ ფაქტორებს შორისაა ისიც, თუ როგორია ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, კრიმინალის დონე, განათლების ხელმისაწვდომობა, სამედიცინო მომსახერების ხელმისაწვდომობა და ხარისხი, როგორია სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა და ა.შ.

2017 წლის მაჩვენებლით, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანები ნორვეგიაში ცხოვრობენ. ნორვეგია გასულ წელს მე-4 ადგილს იკავებდა. რეიტინგი დგინდება მშპ-ს რაოდენობით ერთ სულ მოსახლეზე, სიცოცხლის ხანგრძლივობითა და ქვეყანაში კორუფციის დონით.

ბედნიერების ინდექსის მიხედვით, ნორვეგიელი ხალხი თავის ხელისუფლებას ენდობა, ცხოვრობს ხანგრძლივად და არსებული პირობებით კმაყოფილია. კრიტერიუმებს შორის განსაკუთრებით ხაზგასმულია, რომ ნორვეგიაში ადამიანებს ყველაზე მეტად აქვთ არჩევანის თავისუფლება. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ქვეყანაში 30 ათასი ადამიანი ნავთობის ინდუსტრიაშია დასაქმებული.

მსოფლიოში, ბედნიერების ინდექსის მიხედვით, პირველ ადგილზე გასულ ქვეყანაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 80 წელია, ხოლო მშპ 1 სულ მოსახლეზე – 62 025 დოლარი. განათლება უფასოა, რითაც ქვეყნის მოსახლეობის 32% სარგებლობს. გარდა ამისა, წიგნიერების დონით ქვეყანა მესამე ადგილს იკავებს.

ინდექსში ჩინეთის საკითხია აღსანიშნავი, რადგან ბოლო 25 წლის განმავლობაში მოსახლეობის ცხოვრების პირობები გააუმჯობესა. ეს ქვეყანა ბედნიერების ინდექსში 79-ე ადგილს იკავებს, გასული წლის მონაცემებით კი, 83-ე ადგილზე იყო.

აშშ-ის ბედნიერების ინდექსი შემცირდა, რასაც სხვადასხვანაირად ხსნიან. მთავარ მიზეზად ქვეყანაში კორუფციის მაღალ დონეს და სოციალური უზრუნველყოფის შემცირებას ასახელებენ. გასულ წელს აშშ მე-13 იყო, წელს კი მე-14 ადგილი დაიკავა.

მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ათეული შემდეგნაირად გამოიყურება: ნორვეგია, დანია, ისლანდია, შვეიცარია, ფინეთი, ჰოლანდია, კანადა, ახალი ზელანდია, ავსტრალია და შვედეთი. ყველაზე ნაკლებად ბედნიერი ქვეყნების ხუთეულში შედიან: ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ბურუნდი, ტანზანია, სირია და რუანდა.

2005 წლიდან 2017 წლამდე ბენიერების ინდექსის საგრძნობლად ზრდა შემდეგ ქვეყნებში იგრძნობა: ნიკარაგუა, ლატვია, სიერა ლეონე, ეკვადორი, მოლდოვა, ბულგარეთი, სლოვაკეთი და რუმინეთი.

ბედნიერების ინდექსის კლება გასულ წლებთან შედარებით ყველაზე მეტად ვენესუელაში, საბერძნეთში, უკრაინაში, იემენში, ინდოეთსა და საუდის არაბეთში შეინიშნება.

რაც შეეხება საქართველოს, 2016 წელს 126-ე ადგილს იკავებდა. გასულ წელთან შედარებით ჩვენმა ქვეყანამ ერთი ნაბიჯით წინ გადაინაცვლა და ახლა 125-ე ადგილზეა. ჩვენი მეზობელი ქვეყნების მაჩვენებელი შედარებით უკეთ გამოიყურება: სომხეთი – 121-ე ადგილი, აზერბაიჯანი – 85-ე ადგილი, თურქეთი – 69-ე ადგილი და რუსეთი – 49-ე ადგილი.

სოციოლოგ ამირან ბერძენიშვილს მიაჩნია, რომ ეს ინდექსი საქართველოში არსებულ რეალურ მდგომარეობას ასახავს. მისი თქმით, ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ ბევრი ადამიანი თავს ბედნიერად წლების მანძილზე ვერ იგრძნობს. ასევე ფიქრობს, რომ ბედნიერებისათვის ყოველი ოჯახიდან, მინიმუმ, ერთი ადამიანი მაინც უნდა იყოს დასაქმებული.

„ვფიქრობ, საკმაოდ რეალურია. ჩვენს ქვეყანაში ბევრი პრობლემაა – ქვეყანაში, სადაც 3 700 000 ადამიანიდან მხოლოდ 600 ათასია დასაქმებული; ქვეყანაში, სადაც 900 ათასი პენსიონერია და მათ მიზერული თანხა აქვთ; ქვეყანაში, სადაც უმეტესობას ვალები აქვს, ასევე აზარტული თამაშებით 400 ათას ადამიანზე მეტია გატაცებულია. ამ ყველაფრის შემდეგ მგონია, რომ 125-ე ადგილი სამართლიანი უნდა იყოს. ხალხს ქუჩაში თუ დააკვირდებით, ნახავთ, რომ მათი ემეტესობა მოწყენილია. იშვიათად თუ დავინახვათ გაღიმებულ ხალხს. ნორვეგია ისეთი ქვეყანაა, სადაც ყველაფერი სტაბილურად და კარგადაა. შესაბამისად, ნორვეგიის მოსახლეობა ბედნიერი იქნება. მათ შესაძლოა, მხოლოდ ამდენი სიკეთისგან მოიწყინონ. ჩვენს ქვეყანას ძალიან ბევრი აქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ ადამიანებმა გაიღიმონ. პირველ რიგში, ყოველდღიურად ოჯახიდან ერთი ადამიანის დასაქმება უნდა მოხდეს, ადამიანის, რომელიც მის ოჯახს შეინახავს. ყველა ინსტიტუცია უნდა გაერთიანდეს, რათა ერთმანეთს ვუშველოთ”, – განაცხადა ამირან ბერძენიშვილმა.

სოციოლოგ რამაზ საყვარელიძეს მიაჩნია, რომ იმ სიტუაციას, რომელიც საქართველოშია, 125-ე ადგილი შეესაბამება. თუმცა, ფიქრობს, რომ საქართველო ბევრი რისკის შემცველი ქვეყნებიდანაა ამოღებული. მიაჩნია, რომ საქართველომ იმ სფეროში, რომელშიც წარმატება არ აქვს, ძალისხმევა უნდა გაზარდოს.

„მდგომარეობიდან გამომდინარე, 125-ე ადგილი არც ისე წარმოუდგენელია. პირველ რიგში ის საკითხები უნდა მოინახოს, სადაც ყველაზე ცუდი სიტუაცია გვაქვს, რათა მდგომარეობის გამოსწორება შევძლოთ. სადაც წარმატება არ გვაქვს, ძალისხმევა უნდა გავზარდოთ. ეკონომიკის კუთხით ცუდი სიტუაცია გვაქვს, უსაფრთხოების ხაზით – კარგი. კრიმინალის მხრივ სიტუაცია სხვა ქვეყნებთან შედარებით ნაკლები თუ არა, მეტი ნამდვილად არ არის. განათლებას რაც შეეხება, მეტ-ნაკლებად ხელმისაწვდომია”, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

რეზონანსი//მთელი კვირა“, 24 აპრილი, 2017 წელი

ინტერვიუ ლევან ბერძენიშვილთან: „რესპუბლიკელების დათავისუფალი დემოკრატებისგაერთიანება გადაწყვეტილია“ // გაყოფილი მმართველი კოალიციის ორი ყოფილი წევრი თბილისის მერის არჩევნებზე ალეკო ელისაშვილს დაუჭერს მხარს

თიკო ოსმანოვა

7-წლის შემდეგ, თვითმმართველობის არჩევნებისთვის, “რესპუბლიკური პარტია” და “თავისუფალი დემოკრატები” კიდევ ერთხელ ერთიანდებიან. “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის-ლევან ბერძენიშვილის თქმით, ამ პარტიასთან მჭიდრო ურთიერთობა აქვთ, რადგან ერთი ორიენტაციის ძალები არიან. რაც შეეხება თბილისის მერობის კანდიდატს, საკუთარი კანდიდატურის დასახელებას არ აპირებენ და ამომრჩევლებს არჩევანს ალეკო ელისაშვილის სასარგებლოდ შესთავაზებენ.

ოპოზიციის ერთიან გეგმებზე და მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე „მთელი კვირა» პარტიის ერთ-ერთ ლიდერს ლევან ბერძენიშვილს ესაუბრა: „რესპუბლიკური პარტია» თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს. ჯერჯერობით სხვა პარტიებთან კონსულტაციებიც მიმდინარეობს. ამ ეტაპზე რაც ნამდვილად ვიცი, ისაა, რომ არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ», – ამბობს ლევან ბერძენიშვილი

- კონკრეტულად რომელ პარტიებთან მიმდინარეობს კონსულტაციები და საუბარია თუ არა ერთიან ბლოკზე?

- სწორედ ამაზე მიმდინარეობს კონსულტაციები – როგორი იქნება ჩვენი ჩართულობა და როგორ ითანამშრომლებს ოპოზიციის ის ნაწილი ერთმანეთთან, რომელსაც პროდასავლური ორიენტაცია აქვს.

- თავისუფალი დემოკრატების გარდა ვისთან მიმდინარეობს კონსულტაციები?

- ყველასთან შეიძლება მიმდინარეობდეს, ვინც დასავლური ორიენტაცისაა. ამჟამად ჯერჯერობით საწყის ეტაპზე ვართ, ამიტომ ფართო მასშტაბით ვერ გეტყვით. ჩვენ და “თავისუფალი დემოკრატები” ვართ ერთი ევროპული ძალის წევრები და მუდმივი კონტაქტი გვაქვს. აქ ინიციატივა და ინტერესი ერთობლივია.

- ევროპულ საქართველოსთან და ახალ მემარჯვენეებთან თუ გქონიათ მოლაპარაკება?

- სპეციალური კონსულტაციები არ მიმდინარეობს.

- და მომავალში თუ აპირებთ?

არ მგონია, ასეთი გადაწყვეტილება ჯერ არ გვაქვს მიღებული. რაც შეეხება „ახალ მემარჯვენეებს“, აქვთ თუ არა ჩვენთან საუბრის სურვილი, ჯერ არ ვიცი, მაგრამ ჩვენ ყველასთან დავილაპარაკებთ, ვისაც ამის სურვილი ექნება.

- ანუ, ამ ეტაპზე მხოლოდთავისუფალი დემოკრატებისდარესპუბლიკური პარტიისტანდემია გადაწყვეტილი?

- თანამშრომლობა გვაქვს პარტიის დაარსების დღიდან, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ერთი ორიენტაციის პარტიის წევრები. ევროპაში ორივე ერთი ძალა ვართ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს.

- თქვენი დათავისუფალი დემოკრატებისსურვილი იყო, თბილისის მერობის კანდიდატად ალეკო ელისაშვილის კანდიდატურა წამოგეყენებინათ, მაგრამ მან პოლიტიკურ შეთავაზებაზე უარი თქვა და დამოუკიდებელ კანდიდატად დარჩენა არჩია. გეყოლებათ თუ არა სხვა კანდიდატი?

- ჩვენ მოგვწონს ეს კანდიდატურა. ვფიქრობთ, კონკურენტუნარიანია. დანარჩენი მისი გადასაწყვეტია. დარჩება თუ არა დამოუკიდებლად, ან წარადგენს თუ არა ვინმე – არ ვიცი, ეს თავად მან უნდა გადაწყვიტოს. აქ მთავარია, რომ ჩვენ გვესიმპათიურება ეს კანდიდატი. მარტო არ არის და ეს მისთვის კარგია.

- აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია თუ არა, რომ რესპუბლიკურმა პარტიამ და თავისუფალმა დემოკრატებმა საკუთარი კანდიდატი არ წარადგინონ და თქვენს ამომრჩევლებს მოუწოდოთ, რომ ოქტომბერში არჩევანი ელისაშვილის სასარგებლოდ გააკეთონ?

- ზოგს ეყოლება კანდიდატურა, ზოგს – არა. ჩვენ არ გვყავს კანდიდატი, ყოველ შემთხვევაში, ახლა, ამ წუთას და არ ვფიქრობთ, რომ ამ პოზიციაზე ვინმეს წამოვაყენებთ და ხელს შევუშლით ამ თვალსაზრისით ელისაშვილს, ვისაც გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი აქვს. თუ რომელიმე ოპოზიციური პარტია დააყენებს თავის კანდიდატურას, ამით ელისაშვილისთვის ხმის წართმევას შეეცდება. ვფიქრობთ, რომ იგი კონკურენტუნარიანია. ამიტომ არჩევნებში მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ, როგორც ჩანს, მერობის კანდიდატი არ გვეყოლება.

რეზონანსი//მთელი კვირა“, 24 აპრილი, 2017 წელი

პარტიებში თბილისის მერობის კანდიდატის შერჩევის პროცესი დაიწყო

თიკო ოსმანოვა

თვითმმართველობის არჩევნებამდე 5 თვით ადრე გარკვეული კონტურები, თუ ვინ იბრძოლებს თბილისში პირველობისთვის, უკვე გამოიკვეთა. როგორც ამ ეტაპზე ჩანს, მთავარი ბრძოლა სახელისუფლებო და დამოუკიდებელ კანდიდატს შორის შედგება.

“ქართულ ოცნებაში” ადასტურებენ, რომ კანდიდატის შერჩევა უკვე დაწყებულია. არაოფიციალური ინფორმაციით, ჩატარდა შიდა კვლევა და გამოიკვეთა პოტენციური კანდიდატიც, რომელსაც ოფიციალურად უკვე აპრილის ბოლოს დაასახელებენ.

შიდა კონსულტაციები მიმდინარეობს “ნაციონალურ მოძრაობაშიც”. უკვე ცნობილია, რომ პარტია 2 კანდიდატურას განიხილავს, ერთი ნიკა მელიაა. საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ კი “ნაცმოძრაობა” 2-3 კვირაში გააკეთებს განცხადებას.

თბილისის მერობაზე კენჭისყრა ჯერ არ გადაუწყვეტია დედაქალაქის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატ ალეკო ელისაშვილს, თუმცა მას უკვე აქვს რამდენიმე არასაპარლამენტო პარტიის მხარდაჭერა.

პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ ძირითადი ბრძოლა სწორედ ელისაშვილსა და “ოცნების” კანდიდატს შორის იქნება, ხოლო თუკი საკრებულოს დეპუტატი კენჭისყრას გადაიფიქრებს, მაშინ “ოცნებისა” და “ნაცმოძრაობის” კანდიდატებს შორის.

ადგილობრივი თვითმმართველობისა და მერების არჩევნები წელს შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს. პოლიტიკურ ძალებს ჯერ საკუთარი კანდიდატები არ დაუსახელებიათ, თუმცა კულუარებში რამდენიმე მათგანის შესახებ ინფორმაციამ უკვე გაჟონა.

“პირველი რადიოს” ინფორმაციით, “ქართულმა ოცნებამ” შიდაპარტიული კვლევა ჩაატარა, რომელმაც აჩვენა, რომ თბილისის მერობის სავარაუდო კანდიდატებს – კახი კალაძესა და დავით ნარმანიას შორის სხვაობა დიდი არ არის, თუმცა ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი მოქმედ მერს მცირედით უსწრებს. ამ მცირედი სხვაობის გათვალისწინებით, პარტიაში მწიფდება აზრი, რომ ადგილობრივ არჩევნებზე კანდიდატი არა კახი კალაძე, არამედ დავით ნარმანია იყოს.

კულუარული ინფორმაციით, დავით ნარმანიას სასარგებლოდ მუშაობს თავად ნარმანიას ფაქტორი – რომ მას არ აქვს პოლიტიკური ამბიცია და შესაძლოა, მომავალში სრულფასოვან პოლიტიკურ ლიდერად არ ჩამოყალიბდეს. სწორედ ეს გარემოებები მოქმედებს კალაძის კანდიდატურის საწინააღმდეგოდ. პარტიული ელიტა თვლის, რომ კალაძე მომავალში შესაძლოა, ცალკე პოლიტიკურ ლიდერად ჩამოყალიბდეს, მით უმეტეს, რომ მას მმართველი პარტიის დამაარსებელთან პირდაპირი ფინანსური ბმა არ აქვს და საკუთარი, დამოუკიდებელი ფინანსური წყაროები აქვს.

აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად “მთელი კვირა” პარტიის წევრებს-ზაქარია ქუცნაშვილს და საკრებულოს წევრ ჯაბა სამუშიას დაუკავშირდა, თუმცა პარტიაში ჩატარებული კვლევის შესახებ არც ერთი მათგანი არ იყო საქმის კურსში. როგორც სამუშიამ გვითხრა, მიმდინარეობს კონსულტაცია და გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საზოგადოებასაც აცნობებენ. „არ ვიცი, საქმის კურსში არ ვარ. კონკრეტულად ნარმანიასთან დაკავშირებით ბატონმა მერმა გასცა პასუხი. მიმდინარეობს კონსულტაციები და რომ დასრულდება, კონკრეტულად ეცნობება საზოგადოებას გადაწყვეტილების შესახებ”, – გვითხრა ჯაბა სამუშიამ.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ გაუწევს სახელისუფლებო პარტიის კანდიდატს კონკურენციას, მათი რაოდენობა არც ისე ცოტაა. თითქმის ყველა პარტია ემზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის და, შესაბამისად, თბილისის კანდიდატურებთან დაკავშირებით კონსულტაციებსაც მართავენ.

„ნაციონალური მოძრაობიდან“, დიდი ალბათობით, კენჭს ისევ ნიკა მელია იყრის. ყოველ შემთხვევაში, ამჟამად პარტიაში ორ ადამიანზე მიმდინარეობს მსჯელობა და მათ შორის ერთია ნიკა მელია, ხოლო მეორის შესახებ ინფორმაცია მისივე თხოვნით არ ვრცელდება. საიდუმლოდ დარჩება მანამდე, სანამ პარტიის საბჭო არ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. ცნობილია მხოლოდ ის, რომ “ნაციონალური მოძრაობა” წინასაარჩევნო კამპანიას უპრეცედენტოდ ადრე დაიწყებს და, მაქსიმუმ, 2-3 კვირაში საზოგადოებას საკუთარ კანდიდატს ოფიციალურად წარუდგენს.

კულუარული ინფორმაციით, “ევროპული საქართველოც” თბილისის მერის არჩევნებისათვის რამდენიმე კანდიდატს განიხილავს. მათ შორისაა ელენე ხოშტარია და, დიდი ალბათობით, არჩევანიც ამ უკანასკნელზე შეჩერდება. თუმცა როდის დაასახელებს პარტია ოფიციალურად თავის კანდიდატს, უცნობია. “მთელი კვირა” “ევროპულ საქართველოსთან” შეეცადა დაკავშირებას, თუმცა პარტიის არც ერთმა წევრმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

თვითმმართველობის არჩევნებზე ერთ-ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი იქნება და მას მხარს დაუჭერენ “რესპუბლიკელები” და “თავისუფალი დემოკრატები”.

არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურები ეყოლება “დემოკრატიულ მოძრაობა – ერთიან საქართველოს” და დავით უსუფაშვილის პარტიას, რომლის ფორმირებაც უახლოეს მომავალში უნდა დასრულდეს. თუმცა მათ ვინაობას ჯერჯერობით არ ამხელენ.

„თვითმმართველობის არჩევნებში მივიღებთ მონაწილეობას და გვეყოლება ჩვენი კანდიდატი. სხვა ვერაფერს ვერ გეტყვით“, – უთხრა “მთელ კვირას” დავით უსუფაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის» ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას თქმით, პარტია განახლებული პროგრამით წარდგება საზოგადოების წინაშე.

„ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები, თუ ვინ იქნება თბილისის მერობის კანდიდატი. დაახლოებით ორ-სამ კვირაში საზოგადოებისთვის ეს ცნობილი გახდება, სადღაც მაისის ბოლოსთვის კანდიდატის წარდგენა ოფიციალურად მოხდება და პარტიაც დაიწყებს წინასაარჩევნო კამპანიას მნიშვნელოვნად ადრე, ვიდრე ოდესმე. ეს ვადა შეგნებულად ავიღეთ თადარიგში, რომ მაქსიმალურად პროდუქტიული იყოს ეს კამპანია. კანდიდატმა მეტ თბილისელთან უნდა შეძლოს ურთიერთობის დამყარება და იმ გზავნილების გადაცემა, რაც საარჩევნო პროგრამაში იქნება გაწერილი. “განახლებულ “ნაციონალურ მოძრაობაში” პროგრამაც განახლებული გვექნება. მე პირადად თანხმობა არ განმიცხადებია დღემდე თბილისის მერობის კანდიდატობაზე და ამას აქვს ერთი მიზეზი – თუკი დავთანხმდები, მთელ ჩემს ენერგიასა და დროს დავუთმობ თბილისის პრობლემებს, მთლიანად გადავერთვები დედაქალაქისკენ. ჩემთან ერთად პარტიაში განიხილება ადამიანი, რომელსაც ფართო საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს. უბრალოდ, მისი სურვილია, რომ ჯერ არ მოხდეს მისი დასახელება, სანამ კონკრეტული გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. როგორი გადაწყვეტილებაც უნდა იყოს მიღებული, განახლებული “ნაციონალური მოძრაობა” გამარჯვებისთვის აუცილებლად იბრძოლებს.

თბილისი არის პოლიტიკაზე მეტი. უნდა ვაწარმოოთ ზეპარტიული კამპანია. მერობა ნიშნავს, რომ ეს ადამიანი იყოს ყველას იმედი და არა მხოლოდ პარტიის მხარდამჭერების და ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, რითაც შეირჩევა ჩვენი მერობის კანდიდატი”, – გვითხრა ნიკა მელიამ.

პოლიტოლოგთა აზრით, თბილისში მთავარი ორთაბრძოლა სახელისუფლებო და დამოუკიდებელ კანდიდატს შორის შედგება.

“ამ არჩევნებში მეორე ტურის ალბათობა არის საკმაოდ მაღალი. ხელისუფლების რეიტინგი დედაქალაქში და არა მარტო აქ საკმაოდ დაცემულია. თბილისს ძალიან მობეზრდა პარტიული ელიტა. ის, რომ კალაძეს და ნარმანიას დაახლოებით ერთი და იგივე რეიტინგი აქვთ, აბსოლუტურად ლოგიკურია. “ქართულ ოცნებაში” პერსონალური რეიტინგი არავის აქვს. არის ერთიანი რუხი მასა. შესაბამისად, “ოცნების” ნებისმიერი კანდიდატი მიიღებს იმ შედეგს, რასაც “იჩალიჩებს” “ქართული ოცნება”. საკუთარს ვერ დაამატებენ. შესაბამისად, ვინც უნდა იყოს – ნარმანია, კალაძე თუ ნებისმიერი სხვა, დაახლოებით ერთსა და იმავე შედეგს აჩვენებს. სხვა პარტიების მიერ წარმოდგენილ კანდიდატებსაც სკეპტიკურად ვუყურებ. ერთდაერთი პერსპექტივა ხელისუფლების დამარცხების არის არაპარტიული პროექტი და ასეთი შეთავაზება ჯერჯერობით გვაქვს ელისაშვილის სახით. ამ მხრივ ელისაშვილს აქვს გარკვეული პლუსები, რაც გამოხატულია მის ერთგულებაში ამ ქალაქის მიმართ და აქტიურ მოღვაწეობაში. მაგრამ, ამასთანავე, მას აქვს მინუსები – მენეჯერული თვისებების არქონა, მართვის ნაკლები გამოცდილება, რასაც ამომრჩეველი მინუსში ჩაუწერს.

დანარჩენი პარტიების კანდიდატებს მეორე ტურში გასვლის შანსი იმ შემთხვევაში აქვთ, თუ უპარტიო კანდიდატის პროექტი არ შედგა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მეორე ტურში გამარჯვება გაუჭირდებათ, ყოველ შემთხვევაში, იმ პარტიულ ელიტას, რომელიც დღეს ჩანს. თუმცა ამათგან ყველაზე დიდი შანსი, რომ მეორე ტურში შეეჭიდოს სახელისუფლებო პარტიას, “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს. ამ პარტიას ჰყავს თავისი მყარი ელექტორატი, არა გადამწყვეტი გამარჯვებისთვის, მაგრამ თავისი ჰყავს”, – გვითხრა გია ხუხაშვილმა.

რეზონანსი//მთელი კვირა“, 24 აპრილი, 2017 წელი

ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ოცნებასირაციონალური შიში დაეწყო

გვანცა ღვედაშვილი

„ქართულმა ოცნებამ“ მიხეილ სააკაშვილის ოცნება აახდინა. თავის დროზე კონსტიტუცია, რომლის მიხედვითად ძალაუფლება პრემიერ-მინისტრის ხელში გადავიდოდა, სწორედ სააკაშვილის მოგონილი იყო, რადგან ის ვეღარ იყრიდა პრეზიდენტის არჩევნებში კენჭს და უნდოდა, პრემიერობის პერიოდშიც მთელი ძალაუფლება მას ჰქონოდა, რაც, საბედნიეროდ, ვერ მოახერხა. „დღევანდელმა ხელისუფლებამ გააგრძელა სააკაშვილის გზა და რაც მან ვერ შეძლო, ამათ გააკეთეს. თან ამ ყველაფერს საოცრად დემოკრატიულ გადაწყვეტილებად აფასებენ”, – აცხადებს “მთელ კვირასთან” პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “ქართული ოცნების” მიერ საკონსტიტუციო პროექტის იმ სახით მიღებაზე, რომლითაც ის რამდენიმე დღეში პარლამენტში შევა. მისივე თქმით, მიუღებელია უმრავლესობის განცხადებები, რომ კონსტიტუციაში ცვლილებათა 80% კონსულტაციების შედეგად შეიტანეს, რადგან კონსტიტუცია პროცენტებით არ ითვლება და შესაძლოა, ერთმა გადაწყვეტილებამ ყველაფერი თავდაყირა დააყენოს.

- რას ემსახურებოდა საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება, რომ კონსტიტუციის პროექტის კენჭისყრის წინა დღეს კომისიის სიიდან ოპოზიციური პარტიის 13 წევრი საერთოდ ამოეღო, რა შეიცვალა ამით?

- რამდენადაც მე მესმის, კომისიის შემადგენლობის დაკომპლექტების წესი პარლამენტის დადგენილებით იყო დამტკიცებული, კომისიის თავმჯდომარემ კი თავისი ბრძანებით ფაქტობრივად იმ დოკუმენტის იგნორირება მოახდინა, რომლის საშუალებითაც ეს კომისია შეიქმნა. ირაკლი კობახიძემ მიიღო ერთპიროვნული გადაწყვეტილება, რითაც, ჩემი აზრით, ის გასცდა თავისი კომპეტენციის ფარგლებს და კანონი დაარღვია. მე კატეგორიული ვერ ვიქნები, თუმცა დებულებიდან ჩანს, რა არის მისი კომპეტენცია. მას უფლება აქვს, თუ კომისიის წევრები შემცირდებიან, ახალი წევრები წარადგინოს, მაგრამ კომისიის შემადგენლობის შემცირება მის კომპეტენციაში არ შედიოდა.

როგორ შეიძლება ადამიანს, რომელიც ასეთ საეჭვო გადაწყვეტილებებს იღებს, პრეტენზია ჰქონდეს კონსტიტუციისა და ქვეყნის უმაღლესი კანონის დაცვაზე?! რას ემსახურებოდა მათი სიიდან ამოღება, არ ვიცი. ეს აბსოლუტური აბსურდია, რადგან თავდაპირველი შემადგენლობა რომც დარჩენილიყო, 43 ხმა, რომელიც მათ მიიღეს, მაინც საკმარისი იყო გადაწყვეტილების მისაღებად.

როგორც ჩანს, ირაციონალური შიში დაეწყოთ და სწორ ადგილზე არაჯანსაღი გადაწყვეტილება მიიღეს, თანაც სამართლებრივი კითხვის ნიშნებით. არადა, პრობლემა არ ჰქონდათ, მაგრამ, როგორც ჩანს, პანიკაში ჩავარდნენ, იფიქრეს – ვიღაც შეიძლება წინააღმდეგი წავიდეს და ვერ მივიღოთ ეს პროექტიო, რის გამოც კობახიძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომელმაც კითხვები გააჩინა. ჩემთვის ამოუხსნელია ეს ყველაფერი და რაღაც ირაციონალური შიშია, რადგან პრაგმატულ აზრს ვერ ვხედავ.

- ამ კვირაში კონსტიტუციის პროექტი პარლამენტს წარედგინება, რის შემდგომაც სახალხო განხილვა დაიწყება. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია, პროექტში აღნიშნული შეხვედრების შემდგომ რაიმე შეიცვალოს?

- ეს არანაირი სახალხო განხილვა არ იქნება. წინასწარ ცხადია, რომ შეეცდებიან, შეკრიბონ თავიანთი აქტივისტები და თავი აქნევინონ მათ მიერ შეტანილ ცვლილებებზე. ხელისუფლება თავიდანვე არ აპირებდა რეალურ სახალხო განხილვას, რადგან მან სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპონენტებისა და ყველას სრული იგნორირება მოახდინა. ფაქტობრივად, სრულიად მარტო დარჩა ყველას წინააღმდეგ, თანაც იმ რიტორიკით, რომ ის საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და საქართველოს ისტორიაში პირველად მიიღეს ყველაზე კარგი კანონი. არადა, პრეზიდენტს რომ თავი დავანებოთ, საარჩევნო კანონმდებლობით, მაღალი ბარიერის – 5%-ის შემთხვევაში და იმ სავალალო მდგომარეობაში, რომელშიც დღეს პარტიები არიან, ნაშთების რაოდენობა შეიძლება აჭარბებდეს კიდეც პირველ ადგილზე გასული პარტიის მაჩვენებელს. ანუ, ფაქტობრივად, იორმაგებს და ისამმაგებს პირველ ადგილზე გასული პარტია თავის მაჩვენებელს და ამას ეძახიან წინ გადადგმულ ნაბიჯს. ასეთი სიმახინჯე ქვეყნის ისტორიაში არ ყოფილა. რა ლოგიკით ხსნიან იმას, რომ პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ დარჩენილი ნაშთი წაიღოს, მე ესეც არ მესმის.

- რამდენად დამაკმაყოფილებლად შიძლება მივიჩნიოთ ახალი კონსტიტუციის პროექტი, თუ გავითვალისწინებთ, რომ უმრავლესობას, პრაქტიკულად, არც ოპოზიციის და არც არასამთავრობოების მოთხოვნები არ გაუთვალისწინებია?

- კონსტიტუცია დიდი დოკუმენტია და ბევრ რამეს შეიძლება დაეთანხმო, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ აქ არის მთავარი საკითხები, ისეთი, როგორიც საარჩევნო საკითხები და ინსტიტუციური კონტროლისა და გაწონასწორების მექანიზმებია. ამ ორი საკითხის მიმართ არის განხორციელებული ძიარითადი დარტყმები. ფუნდამენტურ საკითხებში ყველაფერი ეჭვქვეშ დგება. პროცენტებით რომ გველაპარაკებიან – 80%-ში კონსულტაციებს გავდიოდით და 20%-ში შეიძლება ჩვენ თავად მივიღეთ გადაწყვეტილებაო – კონსტიტუციისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, შესაძლოა, 5% იყოს. კონსტიტუცია პროცენტებით არ ითვლება. შეიძლება ერთმა საკითხმა და გადაწყვეტილებამ ყველაფერი თავდაყირა დააყენოს.

ვფიქრობ, “ქართულმა ოცნებამ” მიხეილ სააკაშვილის ოცნება აახდინა, რადგან თავის დროზე კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც ძალაუფლება პრემიერ-მინისტრის ხელში გადავიდოდა, იყო სწორედ სააკაშვილის მოგონილი, რადგან ის ვეღარ იყრიდა პრეზიდენტის არჩევნებში კენჭს და უნდოდა, პრემიერობის პერიოდშიც მთელი ძალაუფლება მას ჰქონოდა, რაც, საბედნიეროდ, ვერ მოახერხა. თუმცა, უნდა ვთქვათ, რომ მასაც კი არ ეყო ფანტაზია, რომ პრეზიდენტის არჩევნები, პრაქტიკულად, გაეუქმებინა.

დღევანდელმა ხელისუფლებამ გააგრძელა სააკაშვილის გზა და კიდევ უფრო დახვეწა ის. მათ გააკეთეს ის, რაც სააკაშვილმა ვერ შეძლო და ამ ყველაფერს საოცრად დემოკრატიულ გადაწყვეტილებად აფასებენ.

- რაც შეეხება ვენეციის კომისიას, რამდენად მოსალოდნელია, რომ უმრავლესობამ გაითვალისწინოს კომისიის შენიშვნები, თუკი ისინი ისეთ ფუნდამენტურ საკითხებს შეეხება, რომლებიცქართულმა ოცნებამ,” ოპოზიციისა და არასამთავრობოთა უკმაყოფილების მიუხედავად, არ დათმო? მაგალითად, გადაუნაწილებელი მანდატები, 5%-იანი ბარიერი და ..

- რიტორიკულად ისინი ამბობენ, რომ რაღაცას გაითვალისწინებენ და რაღაცას – არა. თუმცა ვენეციის კომისიაზე მნიშვნელოვანი ის არის, თუ რას ამბობს ქართული საზოგადოება. ვენეციის კომისია ამ საკითხს სამართლებრივ ჭრილში უყურებს და თეორიულად განიხილავს. ჩვენ კი ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში, ვიცით ვითარება და ისტორიული კონტექსტი. კი, ბატონო, თეორიულად პრეზიდენტის ირიბ არჩევნებზე საუბარი შეიძლება, მაგრამ დღევანდელ ისტორიულ ვითარებაში ეს ძალიან დრამატული შედეგის მომტანი იქნება. ხვალ და ზეგ შეგვეძლო, ამაზე გველაპარაკა, მაგრამ დღეს ქვეყანა ამისთვის მზად არ არის და სწორედ ამაზეა საუბარი.

რა დასკვნა უნდა გააკეთოს ამაზე ვენეციის კომისიამ?! – თეორიულად შესაძლებელია, კანონდარღვევაც არ არის, მაგრამ ამ ეტაპზე ეს იქნება ზიანის მომტანი. 10-15 წლის შემდგომ, როცა განვითარდებოდა პოლიტიკური ელიტა და მულტიპარტიული სისტემა დამკვიდრდებოდა, შეგვეძლო, ამაზე გვესაუბრა, მაგრამ არა დღეს, როდესაც მთელი პარტიული ელიტა ღრმა კრიზისშია და პოლიტიკურად არანაირი კონკურენტული გარემო არ არსებობს.

რეზონანსი//მთელი კვირა“, 24 აპრილი, 2017 წელი

ოპოზიცია კონსტიტუციის სახალხო განხილვის პარალელურად აქციებს გამართავს

როდის გაასაჯაროვებს ხელისუფლება რეგიონში გასამართი შეხვედრების დროსა და ადგილს

ნინო ქეთელაური

„ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები საბოლოოდ კანონის სახით არ მივიღოთ“, – აცხადებენ ოპოზიციურ პარტიებში, სადაც არც აქციებს გამორიცხავენ და აღნიშნავენ, რომ “ეს ყველაფერი აუცილებლად გადაიზრდება ძალიან სერიოზულ რადიკალურ პროცესებში, რადგან ხელისუფლება არც პოლიტიკურ სპექტრს და არც საზოგადოებას სხვა ალტერნატივას არ უტოვებს”.

არასამთავრობო სექტორი საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტის სახალხო განხილვისას საკუთარი თანამოაზრეების მობილიზებას გეგმავს, რათა ხელისუფლებას დაანახოს ხალხის რეალური განწყობა საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული ცვლილებების მიმართ.

ოპოზიციაური პარტიები ამ განხილვის პარალელურად მასშტაბურ აქციებს გეგმავენ. მათ არ აქვთ იმედი, რომ ხელისუფლება წინასწარ გაასაჯაროვებს ცვლილებების განხილვის ფარგლებში რეგიონებში მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვედრების დროსა და ადგილს.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ 4-თვიანი მუშაობა დაასრულა. კომისიის წევრებმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს დასკვნით სხდომაზე უყარეს კენჭი, რომელსაც მხარი 43-მა წევრმა დაუჭირა, 8 კი წინააღმდეგი იყო.

პროცესში მონაწილეობაზე თავიდანვე უარი თქვა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, ხოლო ოპოზიციამ კომისია დატოვა. ახლა წინ საყოველთაო სახალხო განხილვაა, რომლის საშუალებითაც საზოგადოება საკონსტიტუციო ცვლილებების დეტალებს უნდა გაეცნოს.

თუმცა “მთელ კვირასთან” საუბრისას ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ამ ყველაფერს ფორმალური სახე ექნება და მმართველი გუნდი ამ განხილვის ფარგლებში რეგიონებში გამართული შეხვედრებისას მხოლოდ საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებას მოახდენს.

„არავის ეგონოს, რომ ეს იქნება მართლა სახალხო განხილვის პროცესი. ეს არის სუფთა ფორმალობა. როდესაც ხელისუფლება ამბობს, რომ ჩვენ ეს ხალხში უნდა გავიტანოთ და მათ ვაჩვენოთო, დამიჯერეთ, არც მე, არც თქვენ და საერთოდ არავის ეცოდინება განხილვის ადგილმდებარეობა და ზუსტი თარიღი კონკრეტულად განხილვის დღემდე. მხოლოდ განხილვის დილას, ან წინა საღამოს გავიგებთ, სად ჩატარდება.

მეორეც, ე.წ. განხილვა მოხდება მათსავე აქტივისტებთან. დაავალებენ საკუთარ რეგიონულ ლიდერებს, რომ შეკრიბონ 50 კაცი, ჩავლენ იქ ძიძიგური, ვოლსკი, ხელისუფლების კიდევ რამდენიმე წარმომადგენელი და ეტყვიან ხალხს – აი, რა კარგი კონსტიტუცია მივიღეთო. ისინიც დაუკრავენ ტაშს და ჩაითვლება, რომ მოსახლეობას საკონსტიტუციო ცვლილებები გავაცანით.

ასე აკეთებს ეს ხელისუფლება და ასე იქცეოდა “ნაციონალური მოძრაობაც”. არავითარი სახალხო განხილვა ბუნებაში არ ხდება”, – ამბობს “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” წევრი გიორგი ახვლედიანი. მისი თქმით, ეს კეთდება ისე, რომ “იქ ოპოზიცია ვერანაირად ვერ მოხვდეს”.

„ხალხმა უკვე მილიონჯერ გამოხატა თავისი პოზიცია, რომ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა და სამართლიანი საარჩევნო სისტემა უნდათ. განხილვა კი არა, ხალხს უნდა მოუსმინო, მეტი არაფერია საჭირო. პარლამენტის თავმჯდომარე უტიფრად გვატყუებდა, რომ თურმე მივიღეთ ისეთი კონსტიტუცია, რომელიც ხელისუფლებაზე არ არის მორგებულიო და გამაგებინეთ, როდესაც ყველა გადასანაწილებელი მანდატი დაუმსახურებლად, საჩუქრად გინდა, აბა, ვისზეა მორგებული?!”, – ამბობს გიორგი ახვლედიანი, რომელიც აღნიშნავს, რომ ახლა საპასუხო ნაბიჯებზე საუბარი რთულია, თუმცა ასე მიღებული კონსტიტუცია საზოგადოებაში აუცილებლად გამოიწვევს რადიკალურ პროცესებს.

საზოგადოებასაც და საქართველოს ფარგლებს გარეთაც, მათ შორის, ვენეციის კომისიას დავანახეთ, რომ მთელი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტი, ისევე როგორც არასამთავრობო სექტორი და ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი, ერთმნიშვნელოვნად ვეწინააღმდეგებით და ბოიკოტს ვუცხადებთ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს.

მე გარანტიას გაძლევთ, რომ ეს ყველაფერი აუცილებლად გადაიზრდება ძალიან სერიოზულ რადიკალურ პროცესებში, რომელიც, არ დავაანონსებ, ხვალ მოხდება თუ ზეგ, მაგრამ ხელისუფლება არც პოლიტიკურ სპექტრს და არც საზოგადოებას სხვა ალტერნატივას არ უტოვებს. ხალხი ხვდება, რომ ამ საარჩევნო სისტემით ხელისუფლებას ვერ შეცვლის და როდესაც ხელისუფლების შეცვლის საკითხი დგება, ადამიანები მაშინვე კომბალს ჰკიდებენ ხელს. ეს ძალიან ცუდია, მაგრამ არც ერთი ხელისუფლება, მათ შორის “ქართული ოცნება”, სხვა გზას არ ტოვებს და პასუხისმგებლობაც მათზე იქნება”, – ამბობს გიორგი ახვლედიანი.

“თავისუფალი დემოკრატების” დილერი შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ კონკრეტული აქციები დაგეგმილი არ არის, თუმცა გამოიყენებენ ყველა გზას, რათა საკონსტიტუციო ცვლილებების არსებული პროექტი არ დამტკიცდეს.

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ საბოლოო ხმის მიცემის პროცედურაში არ მივიღეთ მონაწილეობა და დავტოვეთ საკონსტიტუციო კომისია, რადგან ვნახეთ, რომ საბოლოო შედეგი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას კი არა, ისედაც ჭარბი ძალაუფლების მქონე მმართველი პარტიის ხელში კიდევ უფრო მეტი ძალის კონცენტრაციას მოემსახურებოდა. ახლა, საყოველთაო სახალხო განხილვის ფორმატშიც, საზოგადოების ცალკეულ ფენებთან თუ ჯგუფებთან, ასევე ვენეციის კომისიასთან გვექნება კომუნიკაცია. ჩვენ არ ვეთიშებით კონსტიტუციაზე მუშაობის პროცესს. ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რომ ეს კანონპროექტი საბოლოოდ კანონის სახით არ მივიღოთ. ის მიიღო მხოლოდ იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც კომისიაში მარტო დარჩა, სხვა ყველა დანარჩენი ამ პროექტს გაემიჯნა”, – ამბობს შალვა შავგულიძე. მისი თქმით, ის საარჩევნო სისტემა, რასაც ხელისუფლება გვთავაზობს, ასევე პრეზიდენტის არჩევის წესი და მისი უფებამოსილების შეზღუდვა ემსახურება მხოლოდ იმას, რომ “მმართველმა ძალამ ისეთი საარჩევნო სისტემის შენარჩუნება შეძლოს, რომელიც უზრუნველყოფს მისი დიდი უპირატესობით გამარჯვებას ყველა არჩევნებში”.

„ასე ჩვენ ვიღებთ ერთპარტიულ დიქტატურას. მე არ მეშინია ამ სიტყვის გამოყენების, რადგან როდესაც აღარ არის ინსტიტუციური მმართველობა და ყველა ინსტიტუტი ფორმალობად იქცევა, ეს ერთპარტიული დიქტატურაა, რომელიც საბჭოური მმართველობის მოდელია”, – ამბობს შალვა შავგულიძე, რომელიც სახალხო განხილვის პროცესში, თუ საჭირო გახდა, არც აქციებს გამორიცხავს. „ნამდვილად არ გამოვრიცხავ არანაირ შესაძლებლობას იმ შედეგის მისაღწევად, რომ კონსტიტუციური ცვლილებები ჩადგეს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების სამსახურში – ეს იქნება აქციები, კომინიკაცია ვენეციის კომისიასთან თუ საზოგადოებრივ ჯგუფებთან. ჩვენ, ასევე, სრულიად ვიზიარებთ “ევროპული საქართევლოს” შეთავაზებას პლებისციტის ჩატარების თაობაზე”, – ამბობს შალვა შავგულიძე.

რაც შეეხება “ევროპულ საქართველოს”, პარტიის წევრი სერგი კაპანაძე “მთელ კვირასთან” საუბრისას ამბობს, რომ ამ საკითხზე გუნდის შიგნით მსჯელობა მიმდინარეობს და მათი შემდგომი ნაბიჯების შესახებ, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი.

რეზონანსი//მთელი კვირა“, 24 აპრილი, 2017 წელი

ცდილობს თუ არა ოცნება კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგებას?

გვანცა ღვედაშვილი

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში მომავალ კვირას შევა, დოკუმენტის საბოლოო, მესამე მოსმენით კენჭისყრა კი შემოდგომაზე გაიმართება, – ცვლილებების პროექტის კენჭისყრის შემდგომ პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციაში ცვლილებების მიღების პროცედურები განმარტა და აღნიშნა, რომ პროექტი საქართველოს პარლამენტში მომავალ კვირას, არაუგვიანეს ხუთშაბათამდე შევა, რის შემდეგაც პარლამენტი ჩამოაყალიბებს საორგანიზაციო კომისიას საყოველთაო განხილვისთვის, რომლის ფორმირების შემდეგ რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყება.

“ჩვენ გავალთ რეგიონებში და საზოგადოებას მივაწვდით სრულფასოვან ინფორმაციას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. დღემდე საზოგადოებას, სამწუხაროდ, მხოლოდ და მხოლოდ არსებითად დამახინჯებული ინფორმაცია მიეწოდებოდა იმ ცვლილებების თაობაზე, რომლებიც კონსტიტუციაში შედის. ჩვენი ამოცანაა, რომ საზოგადოება სწორად ჩავაყენოთ საქმის კურსში იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც ხორციელდება და ამას აუცილებლად გავაკეთებთ სხვადასხვა ფორმით საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცდილობს თუ არა “ოცნება” კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგებას? – ამ კითხვით “მთელმა კვირამ” საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

გია ბუღაძე (ფერმწერი): “რა თქმა უნდა. ამაში ორი აზრი არ არსებობს. ყველაფერში, რაც მათ გააკეთეს, იკვეთება, რომ მათ ხელისუფლებაში სამარადჟამოდ დარჩენის სურვილი აქვთ. არც ერთი პუნქტით არ არის მოსახლეობის ინტერესები გათვალისწინებული.

“ასევე, როცა ვლაპარაკობთ, რომ “ოცნებას” უმრავლესობა აქვს, უნდა გვახსოვდეს, რომ არჩევნებში 48% აიღეს – ე.ი. ნახევარზე ნაკლები და გამოდის, 52%-ს არ დაუჭერია მხარი მათთვის და მათი წინააღმდეგია, ანუ მათ არანაირი უფლება არ აქვთ.”

გია ანჩაბაძე (ისტორიკოსი): “გამიჭირდება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. საქართველოში მხოლოდ 2 დღის წინ ჩამოვედი და თვალს არ ვადევნებდი საკონსტიტუციო საკითხებზე მიმდინარე მოვლენებს.

ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): “ვისი ინტერესებიდან გამომდინარე ცდილობს, არ ვიცი, მაგრამ ეს არ არის ის კონსტიტუცია, რომელიც ქვეყანას წაადგება. უფრო მოჩვენებით ცვლილებებს ვხედავ, მაგალითად, ევროინტეგრაციის კონსტიტუციაში ჩაწერა – ეს ხომ სისულელეა. რა საჭიროა მისი ქვეყნის მთავარ კანონში ჩაწერა, ვერ ვხვდები. ისეთი რაღაცები ჩაიწერა, რაც პიარისთვის არის გაკეთებული და არა ხალხისთვის.”

ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): “კი არ ცდილობს, უკვე მოირგო და, პრაქტიკულად, დამთავრდა ეს პროცესი. მათთვის, ვინც ხმა “ქართულ ოცნებას” მისცა, ძალიან საწყენია ის გზა, რომელსაც ისინი დაადგნენ. ეს გზა გატკეპნა “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” და სადამდეც მიიყანა, ვხედავთ.

“ძალიან მიკვირს, ნუთუ არავინ აღმოჩნდა ისეთი, ივანიშვილისთვის ერჩია, რომ ეს გზა არის ჩიხისკენ მიმავალი, რომლის ბოლოსაც ხრამში გადასავარდნი კლდეა და არა შარაგზა.”

„ახალი თაობა“, 24 აპრილი, 2017 წელი

ინტერვიუ გიორგი ახვლედიანთან: „ახალი კონსტიტუცია ბიძინა ივანიშვილის სახლში დაიწერა

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა დასრულებულია. მუშაობის დასასრულს კომისია საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციამ დატოვა. კომისიის მუშაობის შიდა სამზარეულოზე „ახალ თაობას“ „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი გიორგი ახვლედიანი ესაუბრა.

- გიორგი, რატომ დატოვეთ კომისია მუშაობის მიწურულს?

- საბოტაჟური ქმედებები განახორციელა თავად ხელისუფლებამ. ჩვენ თავიდანვე, ყველა ოპოზიციურმა ძალამ, რომელსაც კომისიაში წევრი გვყავდა წარმოდგენილი, თავიდანვე განვაცხადეთ ძალიან მკაფიოდ, რომ ჩვენ საკონსტიტუციო კომისიაში მოვდივართ ერთადერთი რამისთვის, რომ რეალურად ვიმუშაოთ და რეალურად მაღალი პოლიტიკური კონსენსუსით გადავწყვიტოთ უმნიშვნელოვანესი საკითხები, რომლებიც საარჩევნო სისტემას და ზოგადად საკონსტიტუციო ცვლილებებს შეეხება.

- და არ მოგეცათ ამ მუშაობის საშუალება?

- ნამდვილად, ერთი წამითაც არ გვქონია იმისი დამოკიდებულება, რომ ეს პროცესები გამოგვეყენებინა პოლიტიკურად, პოლიტიკური დაპირისპირებისათვის, ან პოლიტიკური აქციებისათვის და ასე შემდეგ. როდესაც საქმე შეეხება საარჩევნო სისტემის ცვლილებას, ეს არის ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. იქ ყველა სამუშაოდ მივდიოდით.

- ხელისუფლებამ არ დათმო არც ერთი პუნქტი...

- ასე მოხდა. ჩვენ იმასაც ვამბობდით, რომ თუ ეს არ მოხდება, თუ არ ვიქნებით სამუშაო რეჟიმში და კონსენსუსის მდგომარეობაში, ჩვენ დავტოვებთ ამ კომისიას. ჩვენ გიჟები ხომ არა ვართ, რომ „გავუპრავოთ” ხელისუფლებას ზრახვები და სურვილები. რომ დავინახეთ, რომ ყველაფერი მაგისკენ მიდის, ხელისუფლება მხოლოდ საკუთარ თარგზე ჭრის ამ კონსტიტუციას, ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.

- ანუ ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე მიიღებენ ახალ კონსტიტუციას?

- დღეს ხელისუფლებას ჰყავს 117 დეპუტატი პარლამენტში, მას პრობლემა არ აქვს, კონსტიტუცია მიიღოს ყოველგვარი საკონსტიტუციო კომისიის გარეშე და შეეძლო, ეს ასეც გაეკეთებინა.

- მაშინ რატომ არ გააკეთეს?

- სამწუხაროდ, მათ სჭირდებოდათ შეექმნათ მხოლოდ ილუზია იმისა, რომ ისინი მრავალპარტიულ რეჟიმში აკეთებდნენ ამას.

- ოპოზიციამ ხომ თავიდანვე იცოდა, რატომ დათანხმდით კომისიის წევრობას? რა შეცვალეთ ამით?

- როდესაც ხელისუფლებამ გამოაცხადა, ქმნიდა საკონსტიტუციო კომისიას, ძალიან არაადეკვატური იქნებოდა ჩვენი მხრიდან იმის თქმა, რომ არ გვჯერა და ამიტომ არ მოვალთ სამუშაოდ. კი, ძალიან მაღალი ეჭვი გვქონდა ყველას, რომ ხელისუფლება მაინც საკუთარ თარგზე მოჭრიდა კონსტიტუციას, მაგრამ ჩვენ თუ ამას არ წარმოვაჩენდით, ყველა გვეტყოდა, შესულიყავით კომისიაში, გემუშავათ და გეცადათ. ამიტომაც არ იქნებოდა სწორი, რომ ჩვენ ამ პროცესში მონაწილეობა არ მიგვეღო. ჩვენ იმდენი გავაკეთეთ, რომ ბოლო სამუშაო ჯგუფშიც კი ვიმუშავეთ, რომ ხელისუფლებას არ ეთქვა, ჩვენ ვაპირებდით კონსტრუქციული ნაბიჯების გადმოდგმას და თქვენ გაიქეცითო.

- ამის თქმის საშუალება არ მიეცით და ამიტომ დარჩით ბოლომდე?

- სწორედ ამიტომ და როდესაც ხელისუფლებამ დაინახა, რომ არც ერთი პროცენტი პროვოკაციისა არ დავუტოვეთ და ახლა კი ცდილობენ თავი გაიმართლონ, აცხადებენ, დამთავრდა კომისიის მუშაობა და ახლა რა აზრი აქვს ბოიკოტსო, არაფერიც არ დამთავრებულა!

- როდის მთავრდება?

- მთავრდება 22 აპრილს, ვლადიმერ ლენინის დაბადების დღეს, კენჭისყრაზე.

- ვლადიმერ ლენინი რაღა შუაშია?

- ვლადიმერ ლენინი იმიტომ ვახსენე, რომ ზუსტად იგი მიიღებდა ასეთ კონსტიტუციას! შესაბამისად, 22 აპრილს არის ის დღე, როდესაც უნდა ჩატარდეს საკონსტიტუციო კომისიაში კენჭისყრა და საბოლოოდ გაირკვეს, ეს ერთპარტიული დოკუმენტია თუ მრავალპარტიული შეთანხმების საკითხი.

- გაქვთ იმედი, რომ რამე შეიცვლება?

- უკვე არაფერი შეიცვლება, ამაში 100%-ით ვართ დარწმუნებულები. ყველას დაგვირიგდა „ქართული ოცნების“ კონსტიტუცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახლში დაიწერა. არაფერი მანდ აღარ შეიცვლება. უბრალოდ, ამ კენჭისყრაზე წარმოჩნდება, რომ „ქართული ოცნება“, რომელმაც მარტომ მიიღო ეს საკონსტიტუციო ცვლილებები, საბოლოო ჯამში მარტო უყრის კენჭს.

- არასამთავრობო ორგანიზაციები რჩებიან კომისიაში...

- მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არასამთავრობო სექტორიც და ის საღად მოაზროვნე კონსტიტუციონალისტებიც არ მიიღებენ მაგაში მონაწილეობას. იმიტომ, რომ ეს არის კონსტიტუცია, რომელიც არის ერთი პარტიის ინტერესზე შექმნილი.

- დადგება კომისიის ლეგიტიმაციის საკითხი?

- ამ შემთხვევაში, იურიდიულად და სამართლებრივად რაიმე არაკანონიერი არ მოხდება, უბრალოდ, კონსტიტუცია დაკარგავს თავის აზრს და პოლიტიკურ ლეგიტიმაციას. „ოცნებას“ ჰყავს საკონსტიტუციო უმრავლესობა, მაგრამ მაინც შექმნა საკონსტიტუციო კომისია. მას უნდოდა შეექმნა ისეთი წარმოდგენა, რომ კონსტიტუციას მარტო კი არ ცვლიდა, არამედ ბევრი პოლიტიკური პარტია თანხმდებოდა ამაზე. აი, სწორედ ამის საშუალებას აღარ მივცემთ ხელისუფლებას. შესაბამისად, საკონსტიტუციო კომისია აზრს დაკარგავს. ეს კომისია თავის ფუნქციას ვეღარ შეასრულებს. ეს არის ერთპარტიული კონსტიტუცია! ამას დაინახავს ქართველი ერი და ამას დაინახავენ საერთაშორისო ორგანიზაციები. უპირველეს ყოვლისა, ვენეციის კომისია, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ამას შესაბამის შეფასებებს მიცემს.

- თუ ამ სახის ცვლილებები შევიდა კონსტიტუციაში, რა რეალობის წინაშე ვდგებით? როგორ კონსტიტუციას მივიღებთ?

- ძალიან მწვავე რეალობის წინაშე ვდგებით, იმიტომ, რომ ერთი ათად უარესდება ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რაზეც არის დავა – ეს არის საარჩევნო სისტემა. ასევე პრეზიდენტის არჩევის პირდაპირი წესის გაუქმება. ეს არის ამ თანამდებობის განადგურება! აღარაფერი რჩება მისგან. მას არანაირი დამბალანსებლის ფუნქცია აღარ ექნება. ხელისუფლების მიერ დანიშნული პრეზიდენტი ამ ფუნქციას ვერ შეასრულებს. ეს ყოველთვის იქნება ხელისუფლების დანამატი თანამდებობა. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით კიდევ უარესი კრიზისი გვაქვს! ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მე მაინც უნდა წავიღო დაუმსახურებელი მანდატები, დაახლოებით 30-40 მანდატი მე საჩუქრად უნდა წავიღოო.

- რით ხსნის ყოველივეს უმრავლესობა?

- რომ ვეკითხებით, მთლიანად თქვენ რატომ უნდა წაიღოთ გადაუნაწილებელი მანდატები, გვპასუხობენ – მარტომ რომ დავაკომპლექტოთ ხელისუფლებაო. კოალიციური მთავრობა არ უნდათ, აცხადებენ, ეს დაგვღუპავსო. როცა საქმე პრეზიდენტის არჩევას ეხება, ამბობენ, კლასიკურ საპარლამენტო მოდელზე უნდა გადავიდეთო. კლასიკური საპარლამენტო მოდელი კი კოალიციურ მთავრობებს ითვალისწინებს. გარდა ამისა, ხელისუფლება გვიცხადებს, უნდა ავკრძალო ბლოკების შექმნის საშუალება პარტიებისთვისო, ანუ ყველა უნდა გაგანადგუროთო! გარდა ამისა, ბარიერიც არ უნდა დავწიო ქვევითო!

ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ბლოკები გაუქმებულია, ცოტაა ასეთი, მაგრამ მაინც, თუნდაც შვედეთი, იქ პარლამენტში მოსახვედრი ბარიერი არ არსებობს, ბუნებრივი ბარიერია. ესენი ბარიერსაც არ წევენ. პირდაპირ აცხადებენ, რომ უნდა გაანადგურონ პოლიტიკური პარტიები. თუ ეს არ გინდათ, შეერწყმით ერთმანეთსო! აი, ეს არის ხელისუფლების მიერ განადგურებული, გაუარესებული საარჩევნო სისტემა და სრული კატასტროფული რეალობა, რომელიც მან ჩამოაყალიბა.

- საერთოდ გაითვალისწინა ხელისუფლებამ რომელიმე პარტიის ხედვები და ინიციატივები?

- არც ერთი პოლიტიკური პარტიის ინიციატივები ხელისუფლებას არ გაუთვალისწინებია! ერთადერთი გაითვალისწინეს გარდამავალ მუხლში იმ იდიოტობის ჩაწერა, რომ თურმე კონსტიტუციურად უნდა იყოს ჩაწერილი, რომ საქართველო ნატოში უნდა გაწევრიანდეს. ეს არის სრული აბსურდი. ქვეყანა არ არსებობს დედამიწის ზურგზე, რომლის კონსტიტუციაშიც ეწეროს, რომ აი ამ ორგანიზაციაში მინდა გაწევრიანებაო! ამ შემთხვევაში კოჭი გაუგორეს ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, ისიც ამერიკის საელჩოს დაჟინებული მოთხოვნით, თორემ ასეთ სისულელეს არც ერთი ნორმალური სახელმწიფო თავის კონსტიტუციაში არ წერს!

„ახალი თაობა“, 24 აპრილი, 2017 წელი

ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „საკონსტიტუციო ცვლილებები კონსენსუსის შედეგი არ არის

კონსტიტუციონალისტი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი ვახტანგ ძაბირაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები ნაჩქარევად განხორციელდა.

- ბატონო ვახტანგ, თქვენ, როგორც კომისიის წევრი, როგორ აფასებთ შესრულებულ სამუშაოებს? ოპოზიციამ მუშაობის დასრულებამდე კომისია დატოვა.

- ოპოზიციამ რეალურად დატოვა კომისია, მაგრამ ეს გასაგებია, რადგან ოპოზიციას თავისი დღის წესრიგი აქვს. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ კი დაასრულა მუშაობა, მაგრამ როგორი იქნება საბოლოო კენჭისყრის შედეგები და კონსტიტუცია რა ფორმას მიიღებს, ვერ გეტყვით. მთლიანად თუ შევაფასებთ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას, თავიდანვე ვთქვი, რომ ყველაფერი ძალიან ნაჩქარევი იყო და ამაზე მიანიშნებს ბოლო კენჭისყრაც. მეტისმეტად ნაჩქარევად შევეცადეთ, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები განგვეხორციელებინა.

- კონსტიტუციის ეს რედაქცია კონსენსუსის შედეგი რამდენად არის?

- როდესაც საუბარია იმაზე, რომ მთელმა ოპოზიციამ საკონსტიტუციო კომისია დატოვა, ასევე ექსპერტებს, არასამთავრობო სექტორის დიდ ნაწილს კრიტიკული დამოკიდებულება აქვს, ასევე სახალხო დამცველი არ არის კმაყოფილი ცვლილებებით, ცხადია, ეს პროექტი კონსენსუსის შედეგი ვერ იქნება.

საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს ამ ცვლილებებს, მაგრამ ეს იქნება არა კომისიის, არამედ „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული კონსტიტუცია. მათ ჰყავთ საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში და შეეძლოთ პირდაპირ, დრო არ დაეხარჯათ, შეეტანათ კანონპროექტი პარლამენტში და ამ გზით განეხორციელებინათ კონსტიტუციაში ცვლილებები.

- ყველაზე მძაფრ კრიტიკას კონსტიტუციის რომელი ნორმა, რომელი ცვლილება იწვევს თქვენში?

- მთლიანობაში, ცვლილებების ეს პროექტი არ პასუხობს იმ პრობლემებსა და მოთხოვნებს, რომლებიც აუცილებელია ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოსაყალიბებისა და პოლიტიკური პლურალიზმის დასამკვიდრებლად.

- რომელ საკონსტიტუციო ნორმას გამოყოფდით, რომელიც მოგწონთ და მისაღებია?

- კარგად გაკეთდა მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების შესახებ ჩანაწერი, თუმცა ეს ვერ შეცვლის მთლიანად კონსტიტუციის არსს. ჩვენ და `ქართულ ოცნებას~ შორის კონცეპტუალური განსხვავებაა და არა – მუხლებს, ნორმებს შორის განსხვავება. `ქართული ოცნება~ ფიქრობს, რომ კონსტიტუციამ ხელისუფლების სტაბილურობა უნდა გამოიწვიოს, ჩემი აზრით კი მთელი პრობლემა სწორედ ის არის, რომ ხელისუფლება ზედმეტად კონცენტრირებულია და მისი შეცვლა რთულდება.

- მთელი ოპოზიციური სპექტრი მხოლოდ ორ საკითხს გამოყოფს: პრეზიდენტის არჩევის წესსა და საარჩევნო სისტემას, უფრო სწორად კი გადაუნაწილებელ მანდატებს. ევროპული საქართველო ამ საკითხებზე პლებისციტს ითხოვს. ეს პოლიტიკის ნაწილია?

- პრობლემა სწორედ ეს არის. პოლიტიკურ პარტიებს მხოლოდ ეს საკითხები აინტერესებთ და არა – კონსტიტუციის კონცეპტუალური გააზრება, მაგრამ საზოგადოებას თავად კონსტიტუცია უნდა აინტერესებდეს უფრო ღრმად. პრობლემაა, რომ ოპოზიცია მხოლოდ ორ საკითხზე ახდენს ფოკუსირებას, თუმცა ეს გასაგებია, რადგან მათი დღის წესრიგიც ასეთია. კონცეპტუალურ განსხვავებულობაზე მოგახსენეთ, რაც აქაც იჩენს თავს. როგორ ვირჩევთ პარლამენტს, რომელმაც შემდეგ მთავრობა უნდა დააკომპლექტოს. ოპოზიცია ღრმად არ შედის, მაგრამ საუბრობს იმაზე, რაც მისთვის ყველაზე მტკივნეულია.

- ბატონო ვახტანგ, როგორ დასკვნას ელოდებით ვენეციის კომისიისგან? პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ თუ მათი დასკვნა ნებისმიერ ნორმასთან დაკავშირებით უარყოფითი იქნება, მას გაითვალისწინებენ. დაიცავენ ამ პირობას?

- ჩემი ვარაუდია, რომ ვენეციის კომისია მანდატების ამ წესით გადანაწილებას, რომ მოგებულს მიაქვს ყველა მანდატი, მხარს არ დაუჭერს. მეეჭვება, ამ ნორმაზე ვენეციის კომისიამ დადებითი დასკვნა დადოს, თუმცა, არა მგონია, ვენეციის კომისია თავის დასკვნაში კატეგორიული იყოს, ხოლო გაითვალისწინებს თუ არა ამას ხელისუფლება, ეს უკვე სხვა საკითხია. საერთოდ, საკითხავია, შეიცვლება კი საარჩევნო სისტემა?!

- რატომ, ხომ არის კონსენსუსი?

- „ქართულ ოცნებას“ მაჟორიტარული სისტემის გაუქმება მხოლოდ ამ ფორმით აწყობს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელს არ აძლევს. საბოლოო ჯამში, განხილვების შემდეგ რა სახეს მიიღებს კონსტიტუციის ეს მუხლი, არავინ იცის. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

„ახალი თაობა“, 24 აპრილი, 2017 წელი

ინტერვიუ მამუკა გამყრელიძესთან: „გირჩის მასხარაობა ქართულ პატრიოტიზმს უმძიმეს დარტყმას აყენებს“ // ჯარში არწასვლა და რომელიღაც ელიგიური მიმდევრობისთვის თავის შეფარება უმძიმესი დარტყმაა პატრიოტულ განწყობებზე

პარტია „გირჩის“ წევრებმა რელიგიური ორგანიზაცია „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება“ დააფუძნეს. ორგანიზაცია სასულიერო პირებს აკურთხებს და შესაბამის ცნობასაც გასცემს. სასულიერო წოდების მქონე ახალგაზრდები სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებას ითხოვენ და მიზანსაც აღწევენ, რადგან კანონში არსებული ჩანაწერი მათ ამის საშუალებას აძლევს.

ყოფილი დიპლომატი მამუკა გამყრელიძე აცხადებს, რომ დღეს ოპოზიციური სპექტრის მიზანმიმართული მარგინალიზაცია მიმდინარეობს და ის, რასაც გირჩი აკეთებს, სასაცილო სულაც არ არის.

- მაინც რა დაემართა გირჩს? ბევრი ცინიკური შეფასება მოვისმინეთ. პოლიტიკურ სპექტრში აცხადებენ, მარიხუანის გადაჭარბებული დოზის ბრალიაო. რა ხდება რეალურად, რასთან გვაქვს საქმე?

- შესაძლოა, ბევრი არასერიოზულად უყურებს „გირჩის“ ინიციატივებს და ეღიმებათ, მაგრამ მე, უბრალოდ, მაშინებს ამ პოლიტიკური ველის ეს გამაიმუნება, გამასხარავება.

- ეს მიზანმიმართული პროცესია?

- რა თქმა უნდა. ისედაც მაქსიმალური წნეხია მთავრობის მხრიდან ოპოზიციურ პარტიებზე.

- წნეხში რა იგულისხმება?

- პოლიტიკური პარტიები სრულიად უფულოდ არიან დარჩენილი. ბიზნესი არ აფინანსებს ოპოზიციურ პარტიებს. მათთვის ყველა არხი გადაკეტილია. ისინი მთლიანად არიან დამოკიდებული იმ დაფინანსებაზე, რომელიც სახელმწიფოსგან მოდის. არც ეს არის დიდი სერიოზული დაფინანსება. გასაგებია, რომ ჩვენს ქვეყანაში საერთოდ არ უყვართ ოპოზიციური პარტიების დაფინანსება, ეშინიათ, ერიდებიან, მაგრამ ახლა განსაკუთრებული დამოკიდებულებაა. ხალხის მხრიდანაც სერიოზული ნიჰილიზმია. არ მოსწონთ მთავრობა, ეს ერთმნიშვნელოვნად ასეა, ხელისუფლებამ ვერ გაამართლა მათი იმედები, მაგრამ არც ოპოზიციის იმედი აქვთ. ამ ფონზე, როდესაც ისედაც სუსტია ოპოზიციური ძალები, არის გირჩის ასეთი ეპატაჟური მოქმედებები, რომლებიც მიმართულია იქითკენ, რომ მოიზიდოს ახალგაზრდული სეგმენტი.

- ეს რას მოუტანს გირჩს?

- ვერ გეტყვით, ეს რას მოუტანს „გირჩს“. როგორც ჩანს, მათ გათვლა აქვთ იმაზე, რომ ყოველთვის გამარჯვებულია ის ძალა, რომელიც ახალგაზრდობასა და მომავალ თაობაზეა ორიენტირებული, მაგრამ რის ფასად?! საქართველოში ახალგაზრდები პოლიტიკას ისედაც ძალიან უარყოფითად უყურებენ, არც აინტერესებთ, ვინ არის ხელისუფლებაში. ისინი ამ ყველაფერს არასერიოზულად უყურებენ, რაც ძალიან არასწორია.

ჩვენმა თაობამ, კარგად თუ ცუდად, გასაკეთებელი გააკეთა, თავისი წილი იბრძოლა, მისაღები მიიღო და დასაკარგი დაკარგა! ახლა მათი ჯერია. ამ სახელმწიფოს აშენება, მოვლა და გაძლიერება უნდა. ამ ფონზე, ახალგაზრდობის ინტერესის გადართვა მარიხუანაზე და პატრიოტიზმის ნიველირება ძალიან საშიში მომენტია! ამ ხალხმა ვერ გაიგო, რომ თუ შენ არ მოუვლი სახელმწიფოს, არც სახელმწიფო მოგივლის შენ!

- არ იგრძნობა ეს განწყობები ახალი თაობის მხრიდან?

- ჯარში არწასვლა და ამის თავიდან ასარიდებლად რომელიღაც ოპოზიციური პარტიისა თუ რელიგიური მიმდევრობისთვის თავის შეფარება უმძიმესი დარტყმაა ამ პატრიოტულ განწყობებზე. ყველა ახალგაზრდის ვალია, იზრუნოს თავის სამშობლოზე, ვალი მოიხადოს. დღეს ჩვენ ვართ ქვეყანა, რომლის მესამედი ოკუპირებულია. რეალურად ომის პირობებში ვართ! ამ პირობებში გამოდის პოლიტიკური პარტია და მსგავს მოწოდებებს აკეთებს. ეს სრულიად სამარცხვინო საქციელია!

- ეს არის მავნებლობა გირჩის მხრიდან?

- აბსოლუტურად ასეა, მავნებლობაა! მავნებლობაა მარიხუანის ასეთი რეკლამირება, მასზე ასეთი აქცენტების გაკეთება!

- არ იზიარებთ მარიხუანის დეკრიმინალიზაციას?

- მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ახალგაზრდები უნდა დაისაჯონ ისე მკაცრად. კანონების შემსუბუქებას ნამდვილად ვემხრობი და მარიხუანის დეკრიმინალიზაცია აუცილებელია. ამაზე მხოლოდ გირჩი არ ლაპარაკობს, მაგრამ ლეგალიზაცია, პირდაპირ ეთერში მარიხუანის თესვები და ის ცირკი აბსოლუტურად სხვადასხვა რამეა. ეს არის სამარცხვინო და ძალიან მდაბიო პოპულიზმი, რაც არ ეკადრებათ ზურაბ ჯაფარიძესა და მის თანაპარტიელებს!

- შეძლებენ ამით ახალგაზრდების მიზიდვას?

- შეიძლება, მიიზიდონ, მაგრამ ვერ მიიზიდავენ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ რაღაც პერსპექტივა, ჯანსაღი აზრები, მომავალზე, ქვეყანაზე ფიქრობენ. მიიზიდავენ იმათ, ვინც ცუღლუტია და უნდა, მარტივად გაძვრეს. ამით რას მიიღებს გირჩი? არაფერს, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი პარტიისა და ასევე ზოგადად პოლიტიკური სივრცის მარგინალიზაციას, რაც ძალიან საშიშია. ისედაც ძალიან სუსტია ოპოზიციური ფლანგი და ასეთი ნაბიჯებით საზოგადოებაში იწვევენ გაღიზიანებას. მათ მიმართ განწყობები კიდევ უფრო გაუარესდება. ოპოზიციურმა პარტიებმა რატომღაც გამარჯვების სურვილი დაკარგეს.

- რატომ დაემართათ ასე?

- ეს უკვე ხელისუფლების ბრალია. თუმცა აქ მთავარი პრობლემა უფულობაა. პოლიტიკა ძალიან ბევრ ფულს მოითხოვს. არავინ დაიწყოს ლაპარაკი იმაზე, რომ ეს ხალხი გულანთებული გამოვარდება ქუჩაში და დადგება. ეს სისულელეა!

- რატომ არის სისულელე? ჯერ არ გამოსულან თუ?

- ასე მარტივად არავინ არსად გამოდის. საკმაოდ დიდი თანხები იხარჯება პოლიტიკურ აქციებზე.

- ყველას ფულს უხდიან?

- დიდი-დიდი, 2-3 ათასი კაცი მოაგროვო, დანარჩენს კი მოყვანა სჭირდება. მოყვანას კი ფული უნდა. პოპულარიზაციას ფული სჭირდება, ტელევიზიაში რომ გაგიშვან, ამასაც ფული სჭირდება, თუ არადა, უბრალოდ, ისე დაგბლოკავენ, რომ ვერასდროს მოხვდები ტელევიზორის ეკრანზე, ვერასდროს! ვხედავთ, როგორ უცბად ხდება ამა თუ იმ პარტიის გაპიარება ტელევიზიით. ეს ხდება ან ზემოდან დავალებით, ან გარკვეული თანხების დახარჯვით. პოლიტიკური პროცესი მართვადია!

- ვისგან მართვადი?

- ერთი მხრივ, ხელისუფლების მხრიდან, მეორე მხრივ _ ბიზნესწრეებიდან. ვინაიდან დღეს ბიზნესწრეები სრულიად არ ერთვებიან პოლიტიკურ პროცესში, ბურთი და მოედანი ხელისუფლების ხელშია.

- წინა ხელისუფლების დროს ბიზნესს ოპოზიციის დაფინანსება არ ეკრძალებოდა?

- რასაკვირველია, ეს წინა ხელისუფლების დროსაც ხდებოდა, ისინიც იმავეს აკეთებდნენ, მაგრამ მაშინ ოპოზიციურად განწყობილი ძალები უფრო ძლიერი იყო. ბადრი პატარკაციშვილი თუ ბიძინა ივანიშვილი, ასე თუ ისე, ახერხებდნენ ამ ოპოზიციური პარტიების დაფინანსებას. რუსეთის მხრიდანაც ხდებოდა სერიოზული ფულის შემოდინება. ბევრი ამაზე ირონიით ლაპარაკობდა, ყველაფერს რუსეთს ვაბრალებთო და როგორ არ დავაბრალო, როცა დანამდვილებით ვიცი, რომ რუსეთიდან შემოდიოდა ფული და სწორედ იქიდან ხდებოდა ამ ქუჩის აქციების მართვა. ახლა ეს აღარ ხდება.

- რატომ? აღარ სჭირდება რუსეთს ოპოზიციის დაფინანსება?

- დღეს ეს აღარ ხდება. რუსეთი აბსოლუტურად კმაყოფილია იმ სიტუაციით, რომელიც საქართველოშია და არაფრის შეცვლა არ სურს.

- თქვენ ამბობთ, რომ ხელისუფლების მხრიდან მიზანმიმართულად მიმდინარეობს ოპოზიციური ძალების მარგინალიზაცია. როგორ ახერხებენ ამას? გირჩისთვის ხომ არავის დაუძალებია მსგავსი ქმედებები და განცხადებების კეთება?

- არა ვარ დარწმუნებული, რომ თუ არ დაუძალებიათ, შეუთავაზებიათ მაინც. მე ვხედავ, რომ სრულიად სერიოზული ადამიანები აკეთებენ იდიოტურ განცხადებებს პარლამენტში. ძალიან შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ ლევან ბერძენიშვილს აინტერესებს ბუსუსებიანი პრეზერვატივები! მე მას ვიცნობ, როგორც უაღრესად სერიოზულ მეცნიერსა და კარგად მოაზროვნე ადამიანს, როგორც კარგ ინტელექტუალს და ეს ინტელექტუალი ლაპარაკობდეს ბუსუსებიან პრეზერვატივებზე, უბრალოდ, აბსურდია.

- მაშ, რა ხდება, რატომ ლაპარაკობენ?

- ეს მიზანმიმართული ქმედებაა. როდესაც პრეზიდენტად თავს გახვევენ ადამიანს, რომელიც სრულიად უხერხემლოა და გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია, ეს ხელოვნური პროცესია. პრეზიდენტი მართულია ბიძინა ივანიშვილის მიერ. ეს ყველაფერი თამაშია, მაგრამ, ამის მიუხედავად, სრულიად უხერხემლო ადამიანს გასვამენ თავზე. ასევე დედაქალაქისთვის აბსოლუტურად მიუღებელ ადამიანს მერად გარჩევინებენ. ნარმანიას აგინებს, თუ ვინმე არსებობს, ყველა, ქოცი, ნაცი, შმოცი. პირადად მე უკვე დიდი ხანია, ნარმანიაზე კრიტიკული არაფერი დამიწერია და იცით, რატომ?!

- რატომ?

- იმიტომ, რომ ამ ხალხმა ნარმანიაში იპოვა დაბალი ღობე და ყველაფერს მას აბრალებენ.

- სწორედ ეს ხომ არ უნდა მავანს, რომ ვიღაცაზე ხელი შეიწმინდოს?

- რა თქმა უნდა! იპოვეს ეს განტევების ვაცი და ასვრიან ხელს, იმიტომ, რომ ის დაბალი ღობეა. ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, ნარმანია ვის მიერ არის მართული. დღეს პოლიტიკური პროცესი მახინჯია. მახინჯია იმიტომ, რომ მართვა ხდება ყოველგვარ პასუხისმგებლობას მოცილებული ადამიანის მიერ. ქვეყანაში არაფორმალური მმართველობაა და ეს ძალიან მახინჯი ფორმაა. ან რა რიტორიკაა პარლამენტში, რა სამარცხვინო გამოსვლებია. მე მინდა გითხრათ, რომ მინისტრებზეც ბევრი გაოცებული ადამიანი ვნახე.

- რას გულისხმობთ?

- მინისტრებშიც არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, მაქსიმალურად თავი შეიკავონ გამოსვლებისგან, მაგრამ, მაგალითად, ალექსანდრე ჯეჯელავამ თავი გაიპიარა თავისი იდიოტური გამოსვლებით და ახლა უკვე ვიცე-პრემიერადაც გვევლინება. ანუ დააწინაურეს! მისმა ერთმა მეგობარმა, ძალიან ახლობელმა, რომელიც ჩემი მეგობარია, მითხრა, ვეღარ ვცნობ ამ ადამიანს, თურმე კარგად არ ვიცნობდიო! რას ლაპარაკობს, რას ბოდავსო! ასევე ირაკლი კობახიძეზე ბევრი ამბობს, რომ ძალიან განათლებული ახალგაზრდაა, რომ სწორედ კონსტიტუციონალიზმის მხრივ გერმანიაში დიდი განათლება აქვს მიღებული, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ისეთ სამარცხვინო ცვლილებებს კონსტიტუციაში, რომელიც აღარაფერში ეწერება!

- ანუ რა დასკვნის გაკეთება შეიძლება?

- ამ პროცესს მართავს ერთი კაცი და ეს არის მიზანმიმართული პროცესი. ხომ გამოიჭირეს კიდეც უმრავლესობა იმაში, რომ მათ ერთი მესიჯბოქსი აქვთ და ყველა თუთიყუშივით ერთსა და იმავეს იმეორებს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცა სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინებას ცდილობს, სურს, ხალხში დათესოს ნიჰილისტური განწყობები, რომ არაფერი შეიცვლება, რადგან იდიოტების გარემოცვაში ვართ! ჯანსაღი ნაწილი კი არც ტელევიზიით და არც არსად ჩანს. მხოლოდ ფეისბუქზე თუხთუხებენ. ყველა თუ შალვა ნათელაშვილივით იმასხარავებს, ეს პოლიტიკას დარტყმას მიაყენებს. პოლიტიკა ჩვენს ცხოვრებასა და მომავალს განსაზღვრავს! პოლიტიკა ბინძური საქმეაო. თუ ბინძურია, ჩემო კარგებო, ყოველთვის ბინძური მთავრობა გეყოლებათ და ბინძური იქნება თქვენი მომავალი! ასეთი სულელური დამოკიდებულება ოდესღაც უნდა დამთავრდეს. ასეთი არასერიოზული მიდგომები უნდა დამთავრდეს. ჯერ ეს უხერხემლო პრეზიდენტი აგვარჩევინეს ძალით, მერე კოკიდან ჩამოგვიყვანეს კაცი და თბილისის მერად დაგვისვეს.

- არ შეიძლება, კოკელი კაცი იყოს თბილისის მერი?

- მე არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ თბილისში კარგი მეურნე კაცი არ მოიძებნა, ასეთი ღრმა პროვინციიდან რომ არ ჩამოეყვანათ?! კი ბატონო, პრობლემა კი არ არის, რომ ის კოკიდან არის, მაგრამ შენ არანაირი განცდა არ გაქვს, რომ შენიანი გყავს მერად და პრობლემებს მოგიგვარებს ან მას გული შესტკივა შენზე. ახლა სამტრედიელ ახალგაზრდას დაგვინიშნავენ თბილისის მერად და ეს სამტრედიელი კაციც ისე მიხედავს თბილისს, როგორც მისთვის არის საჭირო. თბილისელს კი აღარანაირი შეგრძნება არ ექნება იმისა, რომ ვიღაც გვერდში დაუდგება.

„ახალი თაობა“, 24 აპრილი, 2017 წელი

ინტერვიუ ზაალ კასრელიშვილთან: ვინ და რატომ დაანგრია პანკისში მშენებარე ეკლესია //  „აჭარა, ქვემო ქართლი და პანკისი სერიოზული საფრთხის წინაშე დგანან»

პანკისის ხეობაში, სოფელ ჯოყოლოში, მშენებარე ეკლესია დაანგრიეს. ეკლესიას იმავე სოფლის მცხოვრებ ელიზბარ ცისკარიშვილის ოჯახი აშენებდა. როგორც „ახალ თაობას“ ახმეტის გამგეობაში განუცხადეს, ეკლესიის მშენებლობა წმინდა გიორგის სახელობის ძველი ტაძრის ნანგრევებზე მიმდინარეობდა. კედლები თითქმის ერთი მეტრის სიმაღლეზე იყო ამოყვანილი. მომხდართან დაკავშირებით უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მომხდარის გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ ხეობის უხუცესებიც. მათი განმარტებით, პანკისში მსგავსი ფაქტი არასდროს არ მომხდარა. მათი აზრით, ეს მიზანმიმართული პროვოკაციაა. მომხდარს პროვოკაციად აფასებენ ახმეტის გამგეობაშიც.

კავკასიის ხალხთა კონფედერაციის პრეზიდენტი და ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილი არ გამორიცხავს, რომ მშენებარე ეკლესიის დანგრევის უკან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები იდგნენ. მისივე თქმით, ეს ძალები უკვე დიდი ხანია ცდილობენ, საქართველოში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება მოხდეს.

რომელ რეგიონებშია მოსალოდნელი კონფლიქტები, რატომ არ დაანგრევდნენ ამ ეკლესიას ხეობაში მცხოვრები რადიკალი ისლამისტები, როდის დაიწყო საქართველოში რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივება? ამ თემებზე „ახალ თაობას“ ზაალ კასრელიშვილი ესაუბრება.

„პანკისის ხეობასა და აქაურებს კარგად ვიცნობ და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ მშენებარე ეკლესიის დანგრევა მიზანმიმართული პროვოკაციაა. ალბათ, არც ის არის შემთხვევითი, ეკლესია ბრწყინვალე შვიდეულში რომ დაანგრიეს. ვიღაცა ჩვენს რელიგიურ გრძნობებზე ძალიან ცუდად თამაშობს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მომხდარი დაგმეს ხეობის უხუცესებმა. ისინი ხეობაში მცხოვრებ სხვა მუსლიმებთან ერთად მომხდარის სასწრაფოდ გამოძიებას ითხოვენ. მივმართავ ჩვენს სპეცსამსახურებს, რაც შეიძლება მალე გამოავლინეთ და დასაჯეთ ისინი. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვს, ისინი სრულწლოვნები იქნებიან თუ არასრულწლოვნები. ისინი კანონის შესაბამისად უნდა დაისაჯონ“, – ამბობს ზაალ კასრელიშვილი:

- არასრულწლოვნებს რატომ უნდა გაეკეთებინათ ასეთი რამე?

- თავიანთი ინიციატივით, ბუნებრივია, არ გააკეთებდნენ. თუ მათი გაკეთებულია, ის პირი უნდა იპოვონ, ვინც მათ ამის ჩადენისკენ უბიძგა, ხოლო თუ სრულწლოვნებმა ჩაიდინეს ეს დანაშაული, მაშინ მარტო დაკავება არ იქნება საკმარისი. ამ პირებს საჯაროდ უნდა აახსნევინონ, რომელი ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით გააკეთეს ასეთი რამე. მიზანს რაც შეეხება, ეს ისედაც ნათელია, ვიღაცას ძალიან უნდა, რომ საქართველოში რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტი დაიწყოს.

- დარწმუნებული ხართ, რომ ამის უკან სხვა ქვეყნის სპეცსამსახურები დგანან?

- ეჭვიც არ მეპარება. საქართველოში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება მხოლოდ უცხო ქვეყნების ინტერესებშია. ასეთი პროვოკაციების მოწყობა ყველაზე მეტად რუსეთის ინტერესებშია, მაგრამ არც სხვა მეზობელი ქვეყნის ინტერესები უნდა დავივიწყოთ.

- არავისთვის დამალული არ არის, რომ პანკისის ხეობაში ცხოვრობენ რადიკალი ისლამისტები. გამორიცხავთ, რომ ეს ყველაფერი მათ საკუთარი ინიციატივით გააკეთეს?

- დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ისინი ამას საკუთარი ინიციატივით არ გააკეთებდნენ. შესაძლოა, დანგრევაში მათ მიიღეს მონაწილეობა, მაგრამ ეს მათი ინიციატივა არავითარ შემთხვევაში არ იქნებოდა.

- ასე დარწმუნებული რატომ ხართ?

- პანკისში რადიკალური ისლამის მიმდევრები საკმაოდ დიდი ხანია ცხოვრობენ. ამ ხნის განმავლობაში მათ მსგავსი არაფერი გაუკეთებიათ. პანკისის ხეობაში დღემდე არის რამდენიმე ეკლესია და სალოცავი. ისინი მათ არასოდეს შეხებიან.

- იქნებ ახლა შეიცვალა რამე? წლების წინ ისლამური სახელმწიფო არ იყო. იქნებ იქიდან მოდის რაღაც დირექტივა?

- სწორედ ისლამური სახელმწიფოს ფაქტორი მაფიქრებინებს, რომ რადიკალი ისლამისტები არაფერ შუაში არ არიან. ისლამური სახელმწიფო დღეს აღარ არის ისეთი ძლიერი, როგორც ერთი ან ორი წლის წინ იყო. მაშინ მათ ლამის მთელი სირია და ერაყი ჰქონდათ აღებული. ისლამური სახელმწიფოს დიდების ხანაშიც კი არ გაუკეთებიათ ასეთი რამე რადიკალ ისლამისტებს.

- მაშინ არც ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობდა...

- სამაგიეროდ, აშენებული ეკლესიები იყო. სურვილი რომ ჰქონოდათ, მოქმედ ტაძრებს დაუშავებდნენ რამეს. ამ წლების განმავლობაში მსგავსი არაფერი მომხდარა. აქ სულ სხვა რამესთან გვაქვს საქმე და ამას უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისკენ მივყავართ. საქართველოში მრავალი საუკუნეა, რაც ერთმანეთის გვერდით ცხოვრობს სხვადასხვა სარწმუნოების ხალხი. ჩვენ შორის არაერთხელ მომხდარა დაპირისპირება, მაგრამ ეთნიკურის იქით ეს დაპირისპირება არ წასულა. გაგახსენებთ საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების პირველ წლებს. კრემლმა სიტუაცია პირველად ქვემო ქართლში არია. მათი გეგმის მიხედვით რომ განვითარებულიყო მოვლენები, ის, რაც აფხაზეთში მოხდა, ჯერ ქვემო ქართლში უნდა მომხდარიყო.

ამ პროცესებში მეც აქტიურად ვმონაწილეობდი და კარგად მახსოვს ყველაფერი. საქმე რამდენჯერმე მივიდა ფიზიკურ დაპირისპირებამდე. ხელჩართული ომი გვქონდა გამართული ეთნიკურ აზერბაიჯანელებთან, მაგრამ არც ჩვენ და არც იმათ მეჩეთებისა და ეკლესიებისთვის შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია. კიდევ ერთმანეთის დროშებს არ შევხებივართ. ამიტომაც არ განხორციელდა კრემლის გეგმა და ქვემო ქართლში მსგავსი დაპირისპირება აღარ მომხდარა.

ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის წყალობით საქართველოში რამდენჯერმე მოხდა კონფლიქტი ეთნიკურ ნიადაგზე. ამ კონფლიქტების გამოწვევა რუსეთს ახლაც შეუძლია, მაგრამ მიხვდნენ, რომ მსოფლიოში ასეთი კონფლიქტები რეზონანსული აღარ არის. ახლა რელიგიურ ნიადაგზე დაწყებულ კონფლიქტებს აქცევს მსოფლიო ყურადღებას და ასეთი დაპირისპირება, როგორც წესი, უფრო მწვავეა. ეს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებმა კარგად გაითავისეს და ნელ-ნელა დაიწყეს რელიგიური დაპირისპირებისთვის ნოყიერი ნიადაგის მომზადება.

- თუ რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების მოწყობაა მათი მიზანი, ამდენი ხანი რას ელოდებიან? ასე ძნელია ფართომასშტაბიანი პროვოკაციის მოწყობა?

- ძნელი არ არის, მაგრამ ასე უბრალოდ რელიგიურ ნიადაგზე საქართველოში ფართომასშტაბიანი დაპირისპირების დაწყება ეჭვს გამოიწვევს. როგორც უკვე გითხარით, საუკუნეების განმავლობაში არ მომხდარა აქ ასეთი რამე. დაპირისპირებას რომ ხელოვნური სახე არ ჰქონდეს, ნიადაგის მომზადება პატარა კონფლიქტებით დაიწყეს. აჭარაში რამდენიმე მეჩეთსა და რელიგიურ სასწავლებელს მიაყენეს შეურაცხყოფა. წლების წინ ქვემო ქართლში ეკლესიის გალავანზე დაკიდეს ძაღლი. ამ ფაქტებს სიტუაციის დაძაბვა მოჰყვა, მაგრამ ხალხს ყოველთვის ჰყოფნიდა გონიერება. პანკისში მშენებარე ეკლესიის დანგრევაც ამ გეგმის ნაწილია. ჩვენი სპეცსამსახურები ასეთ თემებზე ძალიან კარგად მუშაობენ და, იმედი მაქვს, ახლაც გამოიძიებენ ამ საქმეს. პირადად მე ყველაზე მეტად დამკვეთის ვინაობის გაგება მაინტერესებს. არავის შეშინება არ მინდა, მაგრამ საკმაოდ რთულად არის საქმე. რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების დაწყების მიმართულებით შენელებული მოქმედებების ნაღმები დევს აჭარაში, პანკისსა და ქვემო ქართლში.

- თქვენ ამბობთ, რომ დაპირისპირებისთვის ნიადაგის მომზადება დაწყებულია. თქვენი აზრით, სიტუაცია უკვე მომწიფებულია?

- უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ ამ კონფლიქტის გაჩაღება. სხვა მხრივ ამისთვის არანაირი საფუძველი არ არსებობს. მინდა, თქვენი გაზეთის მეშვეობით ვკითხო საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებს – ცუდად გექცევათ და გავიწროებთ ვინმე? პასუხი იქნება ცალსახად უარყოფითი. შესაძლოა, ვიღაცამ არ იცის და ამიტომაც გეტყვით, რომ ბოლო წლებში საქართველოში, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ვიდრე დღემდე, იმაზე მეტი მეჩეთი აშენდა, ვიდრე ისლამურ სახელმწიფოში სადმე.

- სად აშენდა ამდენი მეჩეთი?

- მხოლოდ მეჩეთებზე არ ვსაუბრობ. პატარა სამლოცველოებსაც ვგულისხმობ. მარტო აჭარაში 100-ზე მეტი ასეთი სამლოცველო აშენდა. ქვემო ქართლსა და პანკისშიც ბევრი სამლოცველო აშენდა. იმასაც გეტყვით, რომ საქართველოში მეჩეთები უფრო მრავლად აშენდა, ვიდრე მართლმადიდებლური ტაძრები. კიდევ ერთხელ მივმართავ ჩვენს სპეცსამსახურებს, რაც შეიძლება მალე გამოიძიონ ეს ფაქტი. ხვალ, შესაძლოა, იგივე გამეორდეს და ეს ქვეყანაში ანტიისლამური განწყობის შექმნას შეუწყობს ხელს. ასეთი განწყობა თუ გაჩნდა, ეს, პირველ რიგში, აჭარის რეგიონს დაარტყამს, სადაც ისედაც დაძაბული ვითარებაა.

- რელიგიურ ნიადაგზეა დაძაბულობა?

- რელიგიურ ნიადაგზეც არის დაძაბულობა. განმარტების სახით მინდა გითხრათ, რომ ამ შემთხვევაში მუსლიმ ქართველებზე არ არის საუბარი.

- აბა, ვისზე?

- ამ რეგიონში მცხოვრებ თურქებზე, რომლებსაც წინა ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა. მათი რაოდენობა უკვე 10.000-ს აღემატება. პატარა ნაპერწკალიც საკმარისი იქნება აქ არეულობის დასაწყებად. საკმაოდ რთულად არის ვითარება ქვემო ქართლსა და პანკისშიც. ეს საფრთხე მთლიანად კახეთსაც შეიძლება დაემუქროს. რატომღაც მგონია, რომ რუსეთი ავარეთ-კახეთის დამაკავშირებელ გზას სწორედ ამ მიზნით აშენებს.

„ახალი თაობა“, 24 აპრილი, 2017 წელი

მილიონები მილიონერების დასახმარებლად?!

რამდენი უჯდება ბიუჯეტს ყოფილი დეპუტატების შენახვა

რამდენიმე დღის წინ აფხაზი დეპუტატი ვიანორ ბებია გამოვიდა ინიციატივით, რომ კანონმდებლებმა ჩვეულებრივი პენსია აიღონ. დეპუტატმა აღშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ დეპუტატის პენსია 3-ჯერ აღემატება ჩვეულებრივი დეპუტატის პენსიას.

ანალოგიური ინიციატივით ჭეშმარიტი ქართველი დეპუტატი არასდროს არ გამოვა. რამდენიმე წლის წინ კობა დავითაშვილს გაუჩნდა ასეთი აზრი, მაგრამ კოლეგებმა ის კინაღამ ჩაკლეს. საინტერესოა, რომ ყველაზე მეტად მილიონერი დეპუტატები აქტიურობდნენ. მათმა შემართებამ შედეგი გამოიღო და ახლა საქართველოს ყოფილი დეპუტატების შენახვა წელიწადში ბიუჯეტს რამდენიმე მილიონი უჯდება. ეს თანხა ყოველწლიურად იზრდება. პარლამენტიდან დეპუტატები ხშირად მიჰყავთ აღმასრულებელ ხელისუფლებაში სამუშაოდ. ყოფილი დეპუტატის ანაზღაურება მათ მზითევის სახით თან მიჰყვებათ.

„ახალი საქართველოს“ სათათბიროს წევრი თეონა ჭალიძე ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ გასულ წელს ყოფილი დეპუტატების შენახვა ბიუჯეტს 4,5 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა. „ჩვენ გვყავს 712 ყოფილი პარლამენტარი, რომლებმაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში 4.601.157 ლარი მიიღეს. ქამრების შემოჭერაზე ლაპარაკის ფონზე 4.601.157 ლარი გავიდა ბიუჯეტიდან იმ მიზნით, რომ ექს-დეპუტატებს კომპენსაცია აეღოთ“, – აცხადებს „ახალ თაობასთან“ საუბარში თეონა ჭალიძე. მისი თქმით, იმ დროს, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს, ყოფილი დეპუტატებისთვის ამ ოდენობის თანხის გადახდა დაუშვებელია.

„ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ვალით ყიდულობს საჭმელს. ამ ფონზე ყოფილი დეპუტატებისთვის მილიონების გადახდა, უბრალოდ, სირცხვილია. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ დეპუტატების მნიშვნელოვანი ნაწილი მილიონერია და საკუთარი ბიზნესი აქვს“, – ამბობს „ახალი საქართველოს“ წარმომადგენელი. მისი თქმით, აუცილებლად უნდა მოხდეს ყოფილი დეპუტატების ქონებრივი მდგომარეობის შესწავლა და კომპენსაცია მხოლოდ იმათ უნდა აიღონ, ვისაც ის ნამდვილად სჭირდება. „კარგად ვიცი, რომ 712 ყოფილი დეპუტატიდან ყველა არ არის ბიზნესმენი და მილიონერი. ბევრ მათგანს უჭირს კიდეც. ამიტომ, კარგი იქნება, თუ კომპენსაციას მხოლოდ ასეთები მიიღებენ“, – მიაჩნია თეონა ჭალიძეს. მას ესმის, რომ ასეთ გადაწყვეტილებას პარლამენტი საკუთარი ინიციატივით არასოდეს მიიღებს, ამიტომ საკანონმდებლო ინიციატივის მომზადება თავად გადაწყვიტა.

„აუცილებლად მოვამზადებთ საკანონმდებლო ინიციატივას და შევიტანთ პარლამენტში, რომლის მიხედვითაც კომპენსაცია მხოლოდ იმ ყოფილ დეპუტატებს მიეცემათ, რომლებსაც სხვა შემოსავალი არ აქვთ“, – აღნიშნავს თეონა ჭალიძე. მისი აზრით, უხერხულია, მილიონერები ყოველთვე კომპენსაციას იღებდნენ, მაშინ როდესაც მარტო თბილისში 39.000-ზე მეტი მოქალაქე უფასო სასადილოთი სარგებლობს, ხოლო 7.030 მოქალაქეზე მეტი ერთ წელზე მეტია, სიაში ჩასმას ელოდება და, ფაქტობრივად, შიმშილობს.

„ბიუჯეტიდან მილიონები იმ ქვეყნის ყოფილ, არაფრის მაქნის პარლამენტარებს მიაქვთ, სადაც 126.570 ბავშვს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს. საქართველოში, საერთო ჯამში, 445.555 სოციალურად დაუცველი ადამიანია და 40.000-მდე ოჯახს შეჩერებული აქვს საარსებო შემწეობა“, – აცხადებს თეონა ჭალიძე.

„ახალი საქართველოს“ წარმომადგენელი კიდევ ორი საკითხის მიმართ ითხოვს ყურადღებას. ერთი საკითხი ჯანდაცვის მინისტრის გადასაწყვეტია, ხოლო მეორე -მთლიანად მთავრობის. მისი თქმით, სოციალურად დაუცველებს, რომლებიც შემწეობას იღებენ, მუშაობის უფლება არ აქვთ. „ამ ადამიანებს დაბალანაზღაურებად სამსახურებში მუშაობის უფლებაც კი არ აქვთ. ძალიან ბევრმა სოციალურად დაუცველმა სტუდენტმა ვერ დაიწყო მუშაობა იმის გამო, რომ მათ სოციალური დახმარება შეუწყდებოდათ. ამის შიშით ისინი სიღატაკეში ჩარჩნენ. სტუდენტის 200-ლარიანი ხელფასი ოჯახს ვერ არჩენს. ამიტომ ურჩევნიათ, გარანტირებულად ჰქონდეთ სოციალური დახმარება და უფასო სასადილოთი ისარგებლონ“, – ამბობს თეონა ჭალიძე. იგი შიშობს, რომ ამ მიზეზებით ამ ხალხის სოციალური მდგომარეობა ვერასდროს გამოსწორდება. ეს პრობლემა ნაციონალების დროსაც არსებობდა და მის გადაჭრაზე არც მოქმედი ხელისუფლება ფიქრობს.

გამოსავალს თეონა ჭალიძე შემდეგნაირად ხედავს: „სოციალურად დაუცველებს რაღაც ვადა უნდა მიეცეთ მუშაობისთვის. თუ აღმოჩნდა, რომ ამ სამუშაოს დახმარებით მათი სოციალური მდგომარეობა მართლა გაუმჯობესდა, მაშინ უნდა მოხდეს დახმარების შეწყვეტა. ამ ადამიანებს შანსი თუ არ მივეცით, ისინი ვერასდროს დააღწევენ თავს გაჭირვებას“.

თეონა ჭალიძისთვის ასევე გაუგებარია, თუ რატომ უჩერდება სოციალური დახმარება იმ ოჯახებს, სადაც ან ვინმე დაიბადა ან გარდაიცვალა. „ძალიან დიდი შეცდომაა, როდესაც სოციალურად დაუცველ ოჯახებს ყოველთვიურ შემწეობას უჩერებენ დემოგრაფიული ცვლილებების გამო. სოციალურად დაუცველ ოჯახში ერთ-ერთი წევრი თუ გარდაიცვლება ან დაიბადება, ოჯახის სხვა წევრებსაც უჩერებენ სოციალურ შემწეობას. იგივე ხდება ბავშვის დაბადების შემთხვევაში. ამ ოჯახებს 3-4 თვე სჭირდებათ, რომ საარსებო შემწეობა აღუდგეთ“, – ამბობს თეონა ჭალიძე. მისი თქმით, 3-4 თვის განმავლობაში ეს ადამიანები ყოველგვარი შემოსავლის გარეშე არიან და, შესაძლოა, დახმარების გარეშეც კი დარჩნენ: „ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ ადამიანებს ამ 3-4 თვის განმავლობაში არც მუშაობისა და არც რაიმე დახმარების უფლება არ აქვთ. როგორც კი მათ ანგარიშზე რაიმე თანხა დაფიქსირდება, მათ დახმარებას საერთოდ შეუწყვეტენ. ამის გამო ეს ადამიანები 3-4 თვის განმავლობაში იძულებული არიან, ვალები აიღონ და ასე გაიტანონ თავი“.

„ახალი საქართველოს“ წარმომადგენლის თქმით, ამ საკითხის გადასაჭრელად ჯანდაცვის მინისტრის ერთი ბრძანებაც კი საკმარისი იქნება. დავით სერგეენკო კი ჯერ არ ჩქარობს.

Comments are closed