globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 24 მაისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on May 24th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: „ოცნება“ პრეზიდენტს „ახალ სასჯელს“ უმზადებს // გიორგი მარგველაშვილს შესაძლოა, მოქალაქეობის მინიჭების უფლება ჩამოერთვას

რეზონანსი: სწორია თუ არა პრეზიდენტისთვის მოქალაქეობის მინიჭების უფლების ჩამორთმევა? (თვალსაზრისები)

რეზონანსი: რომელი რეგიონი იქნება „ოცნების“ აქილევსის ქუსლი

რეზონანსი: ინტერვიუ პეტრე მამრაძესთან: „ოთარ ფარცხალაძე-ლასა თორდიას შემთხვევაშიც მართვის პატრონყმური სისტემა რელიეფურად გამოიკვეთა“

რეზონანსი: „დიპლომატია დეტალები და სიმბოლოებია“ – სკანდალი დიმიტრი მედვედევისა და დიმიტრი ქუმსიშვილის გვერდიგვერდ დგომის ირგვლივ

——-

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილთან: „სავალდებულო სამხედრო სამსახური უნდა არსებობდეს“ // „თუ ყველა ფიქტიურ მღვდლობას დაიბრალებს, მაშინ ქვეყანას ვინ დაიცავს?“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ თენგიზ დიხამინჯიასთან: „ევროპა ჩვენ გვემხრობა იმის მიხედვით, თუ როგორ ვინარჩუნებთ სუვერენიტეტს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ კახა კუკავასთან: „არმანიას აუდიტორად დანიშვნა კანონიერი ქურდის შს მინისტრად დანიშნვნის ტოლფასია“ // „ბიძინა ივანიშვილი უნდა მიხვდეს, რომ [„ოცნებას“] მესამე ვადით არჩევის შანსი არ აქვს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლევან ხაბეიშვილთან: „ორი ხელშეკრულებიდან მერიამ 5.178.000 ლარი მოტეხა“ // აღიძვრება თუ არა დავით ნარმანიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე

——-

საქართველო და მსოფლიო: ინტერვიუ ელიზბარ ჯაველიძესთან: „სანამ აშშ-ის ელჩი ადგენს საქართველოს პარლამენტში შესასვლელი ადამიანების სიას, ჩვენი საქმე კარგად ვერ იქნება“ // „მიწა ჩვენი სულია… არავის აქვს მიწის გაყიდვის უფლება“

——-

რეზონანსი: დავიცვათ საქართველოს მიწა გაუცხოებისაგან! // მიმართვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

რეზონანსი: უახლოეს წლებში პენსია არ გაიზრდება // „სამწუხაროდ, მთავრობაში ამაზე საუბარიც აღარ მიმდინარეობს“

რეზონანსი: ერთი თვის შემდეგ, შესაძლოა, ბინები გაძვირდეს // „ლარს ფორმალური ფუნქცია ექნება, ანგარიშსწორება დოლარის კურსით მოხდება“

რეზონანსი: რუსეთ-თურქეთი შეთანხმდნენ, რა ელის ქართულ პროდუქტს?! // „ნებისმიერი გარიგება ამ ორ ქვეყანას შორის ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია“

——————–

რეზონანსი“, 24 მაისი, 2017 წელი

ოცნებაპრეზიდენტსახალ სასჯელსუმზადებს

გიორგი მარგველაშვილს შესაძლოა, მოქალაქეობის მინიჭების უფლება ჩამოერთვას

ეკატერინე ბასილაია

პრეზიდენტს შესაძლოა, მოქალაქეობის მინიჭების უფლება ჩამოერთვას. ამ გეგმას ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აანონსებს, რომლის განცხადებითაც, ვენეციის კომისიის ექსპერტების მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტს კიდევ რამდენიმე ფუნქცია შეიძლება, ჰქონდეს შეზღუდული. მამუკა მდინარაძის აზრით, ასეთი არის, მაგალითად, მოქალაქეობის მინიჭების უფლება.

ორი დღეა, „ქართული ოცნება“ ბერლინში კონსტიტუციის ცვლილებებთან დაკავშირებით კონფერენციას ატარებს და კეთდება განცხადებები, რომ ვენეციის კომისიის ექსპერტების მხრიდან კრიტიკა არ მოუსმენიათ, არც საარჩევნო სისტემასა და არც პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესთან დაკავშირებით. ამ განცხადებებით, “ოცნება” პრეზიდენტს, ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორს ერთგვარ მესიჯს უგზავნის, რომ, მათი პრეტენზიის მიუხედავად, პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი, მისი უფლებამოსილების შეზღუდვა და გადაუნაწილებელი მანდატების პირველ ადგილზე გასული პარტიისთვის მიკუთვნება სამართლიანია და ვენეციისგან შენიშვნების მოლოდინი არ აქვთ.

უფრო მეტიც, გუშინ მამუკა მდინარაძემ დააანონსა, რომ მათ კიდევ აქვთ შესაძლებლობა, ქვეყნის პირველ პირს ისედაც შეზღუდული უფლებამოსილება კიდევ უფრო შეუზღუდონ. მისი თქმით, რაიმე სახის შენიშვნა პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან, მის ფუნქციებთან დაკავშირებით არ გამოთქმულა ვენეციის კომისიის ექსპერტების მიერ. იყო გარკვეული შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ პირიქით, რამდენიმე ფუნქცია ამ მოწყობის სახელმწიფოში, კონსტიტუციურად საპარლამენტო სახელმწიფოში არ უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს და ამასთან დაკავშირებით იყო მცირე დისკუსია.

“საბოლოო ჯამში, პრეზიდენტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის ექსპერტებს კრიტიკული ან რაიმე სახის შენიშვნა არ ექნებათ,” – განაცხადა გუშინ მამუკა მდინარაძემ, რომლის თქმით, დისკუსიაზე გამოთქმული შენიშვნა ეხებოდა მოქალაქეობის მინიჭების უფლებამოსილებას. „ერთ-ერთი საკითხი იყო ასეთი მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია, ეს არ ჰქონდეს პრეზიდენტს, იქიდან გამომდინარე, რომ წმინდა საპარლამენტო რესპუბლიკაში მსგავსი პრაქტიკა ხშირ შემთხვევაში არ არსებობს,” – ამბობს მამუკა მდინარაძე.

კოსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძის თქმით, მდინარაძის განცხადებაში მხოლოდ ძალის დემონსტრირება ჩანს, დემონსტრირება იმისა, რომ “ჩვენ შეგვიძლია, კიდევ შევზღუდოთ პრეზიდენტი და ჩვენ ამას ვიზამთ”.

„პრეზიდენტს ისედაც ბევრი უფლებამოსილება აქვს შეზღუდული და ფაქტობრივად, ის პოლიტიკურ პროცესებზე გავლენას ვერ ახდენს. მას ამის არანაირი ბერკეტი არ გააჩნია და მისი კიდევ უფრო შევიწროება და ნომინალურ ფუნქციამდე დაყვანა არც სწორია და არ მგონია, რომ პოლიტიკურად გამართლებული ნაბიჯი იყოს. შესაძლოა, ვენეციის კომისიას არ ჰქონდეს შენიშვნები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთივე დამოკიდებულება ექნება ქართულ საზოგადოებას ამ თემისადმი. ეს ხელისუფლებისთვისაც არ არის მნიშვნელოვანი მოგება. პირიქით, ეს ცვლილება წამგებიანია პოლიტიკურად, არაფერს იძლევა სამართლებრივად, არაფერს იძლევა ბერკეტების გამოყენების კუთხით, არ ზრდის პრეზიდენტის გავლენას პროცესებზე და რატომ უნდა გადაიდგას ეს ნაბიჯი, უბრალოდ არ მესმის. თუ ეს მათი ძალის დემონსტრირებისთვისაა, რომ აი, ჩვენ კიდევ შეგვიძლია, შევზღუდოთ პრეზიდენტი და რასაც გვინდა, იმას ვიზამთ, კი ბატონო, ასე ახსნა შეიძლება, მაგრამ ეს არ მგონია, მომგებიანი იყოს,” – ამბობს ვახტანგ ძაბირაძე. მისი თქმით, მდინარაძის ეს განცხადება უფრო ყურადღების გადატანის მცდელობაა, რადგან საარჩევნო კოდექსზე მთლად ისეთი მოწონება არ ყოფილა ვენეციის კომისიის ექსპერტების მხრიდან, როგორადაც “ოცნების” წევრები წარმოგვიდგენენ.

„ამიტომ მგონია, რომ საარჩევნო კოდექსზე გამოთქმული შენიშვნების გადაფარვაა და არ მგონია, ამ უფლების ჩამორთმევაზეც წავიდნენ. იმიტომ, რომ ეს მომგებიანი არ არის. ამ განცხადებაში მხოლოდ ძალის დემონსტრირება ჩანს, რომ ჩვენ შეგვიძლია, კიდევ შევზღუდოთ პრეზიდენტი, დავსაჯოთ ის. მაგრამ ხომ არ ვიცით, მომავალში ვინ იქნება პრეზიდენტი? იქნებ “ქართული ოცნების” კანდიდატი იყოს. როდესაც რაღაც კეთდება, მას არგუმენტირება სჭირდება. მოქალაქეობის მინიჭება ჩამოართვან იმიტომ, რომ სხვაგანაც ასეა, ეს არგუმენტი უკვე არ ვარგა. კონსტიტუციის შეცვლა ისე, რომ სხვაგან ასეა, ასეთი კონსტიტუცია ჩვენთვის არასდროს არ ივარგებს და ესაა პრობლემა,” – დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.

საგულისხმოა ის, რომ “ოცნების” მიერ შემოთავაზებული კონსტიტუციის პროექტი პრეზიდენტის დღეს დარჩენილი უფლებამოსილებების უდიდეს ნაწილს იწირავს. მაგალითად, პროექტის მიხედვით, პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება აღარ იქნება. პრეზიდენტი მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების პროცესში არანაირი ფორმით ჩართული არ იქნება.

ასევე “ქართული ოცნების” პროექტით, პრეზიდენტი რჩება მთავარსარდლად, მაგრამ სამხედრო ძალები საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს არა პრეზიდენტის, არამედ პრემიერ-მინისტრის ბრძანებით იმოქმედებენ. ასევე, სამხედრო ძალების სტრუქტურას, პრეზიდენტის ნაცვლად, მთავრობა დაამტკიცებს და ასევე, მთავრობა წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად სამხედრო ძალების რაოდენობას. პლუს, ეროვნული უშიშროების საბჭო თავდაცვის საბჭოდ გადაკეთდება, რომელიც არ იქნება პრეზიდენტთან არსებული მუდმივი ორგანო და მხოლოდ საომარი მოქმედებების დროს ამოქმედდება. ეკოლოგიური კატასტროფისა და ეპიდემიის დროს კი სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას მხოლოდ მთავრობა მიიღებს. პლუს ამას, პრეზიდენტი ერთპიროვნულად ვერც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურებს წარადგენს,  მას ამისთვის პრემიერის თანხმობა უნდა ჰქონდეს.

რეზონანსი“, 24 მაისი, 2017 წელი

სწორია თუ არა პრეზიდენტისთვის მოქალაქეობის მინიჭების უფლების ჩამორთმევა?

გვანცა წულაია

(შემოკლებით)

სწორია თუ არა პრეზიდენტისთვის ამ უფლების ჩამორთმევა? – ამ კითხვით „რეზონანსმა” საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): სწორად მიმაჩნია, რადგან პრეზიდენტის ინსტიტუტი საქართველოს არ სჭირდება. პრეზიდენტის ინსტიტუტში უამრავი თანხა იხარჯება. ეს თანხა ხალხს, მრეწველობას, სოფლის მეურეობას, ქართულ კულტურას და ა.შ. უნდა მოხმარდეს. მეორეც, გაურკევველია, პრეზიდენტის რა უფლებები აქვს და რა არა. თუ საპარლამენტო რესპუბლიკა გვაქვს, პრეზიდენტი არაა საჭირო და ვიცი, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაა. ამიტომ ეს ინსტიტუტი საერთოდ უნდა გაუქმდეს და ამით ის სამარცხვინო ამბები დასრულდება, რომლებიც ჩვენთან ხდება. ის ისტორია, როდესაც აშშ-ში პრეზიდენტი და პრემიერ-მინისრტი ცალ-ცელკე გაემგზავრნენ და ერთდროულად სხვადასხვა ხალხს ხვდებოდნენ, სამარცხვინოა. დიდი სირცხვილია, მათ შორის – დიპლომატიის მსოფლიო მასშტაბით. ეს სირცხვილი კიდევ რომ არ ვჭამოთ, პრეზიდენტის ინსტიტუტი მთლიანად უნდა გაუქმდეს და ბოლომდე საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადავიდეთ.

თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ პრეზიდენტს ყველანაირი უფლება ჩამოართვან და რაღაც თოჯინის როლში გამოიყვანონ. ეს ინსტიტუციის განადგურების მცდელობაა. ძალიან არ მომწონს, ამის გაკეთება არავითარ შემთხევევაში არ შეიძლება.

ლელა ოჩიაური (კინომცოდნე): არ მომწონს ასეთი გადაწყვეტილების მიღება იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ქართველია, რომლებიც მოქალაქეობას იმსახურებენ. ამის გადაწყვეტილების უფლება, რა თქმა უნდა, გამოკლვევების საფუძლველზე ჰქონდა და აქვს პრეზიდენტს. ვფიქრობ, ეს უფლება პრეზიდენტს უნდა დაუტოვონ. ისევე, როგორ ძალიან ბევრი უფლება, რაც პრეზიდენტს ეკუთვნის.

დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე): არა, არ უნდა ჩამოერთვას. რაც მახსოვს, ახლანდელ პრეზიდენტს თითქმის არავისთვის მიუნიჭებია მოქალაქეობა. რადგან იცის, რომ ეს არის ძალიან დიდი საჩუქარი. ამას ძალიან გულდასმით აკეთებს. საერთოდ წინააღმდეგი ვარ, პრეზიდენტს რაღაც უფლებები ჩამოართვან.

რეზონანსი“, 24 მაისი, 2017 წელი

რომელი რეგიონი იქნებაოცნებისაქილევსის ქუსლი

თიკო ოსმანოვა

თვითმმართველობის არჩევნებამდე 5 თვით ადრე ჯერ კიდევ უცნობია პოლიტიკური პარტიების რეიტინგები. შესაბამისად გახდება თუ არა რომელიმე რეგიონი “ოცნებისთვის” აქილვესის ქუსლი, ჯერჯერობით გაურკვეველია. ამ ეტაპზე “ოცნების” მარცხს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი მხოლოდ ახალციხეში პროგნოზირებს, დანარჩენ აწ უკვე ყოფილ თვითმმართველ ქალაქებში კი ოპოზიციის აქტიურობასა და წინასაარჩევნო კამპანიას ელოდება.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მერის არჩევნები მიმდინარე წლის შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს. პოლიტიკურ ძალებს ჯერ საკუთარი კანდიდატები არ დაუსახელებიათ, თუმცა დედაქალაქთან დაკავშირებით კულუარებში რამდენიმე მათგანის შესახებ ინფორმაციამ უკვე გაჟონა. ანალიტიკოსები უმეტეს რეგიონში მეორე ტურს პროგნოზირებენ, თუმცა საბოლოოდ ოქტომბერში რა შედეგი დადგება და მივიღებთ თუ არა კიდევ ერთხელ ერთპარტიულ მმართველობას, ამასთან დაკავშირებით უჭირთ წინასწარ რამის თქმა.

“ძალიან ადრეა ამაზე პროგნოზის გაკეთება. გააჩნია, წინასაარჩევნო კამპანია როგორ წარიმართება. თუმცა ამ ეტაპზე არსებული სურათით ალბათ ყველა რეგიონში გამარჯვებას ისევ “ოცნება” შეძლებს,” – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე.

საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ “ფსიქო-პროექტის” დამფუძნებელ ზურა ბიგვავას დიდი ხანია, “ქართული ოცნებისთვის” შიდა კვლევა არ ჩაუტერებია. შესაბამისად, ძაბირაძის მსგავსად, მასაც უჭირს პროგნოზის გაკეთება, სად დამარცხდება “ოცნება” და გაიმარჯვებს ოპოზიცია. თუმცა როგორც “ენ-დი-აის” ბოლო კველევის შედეგებით ვარაუდობს, “ოცნება” ამ არჩევნებშიც წარმატებულად იასპარეზებს.

“ბოლო ხანებში კვლევა არ ჩამიტარებია, ამიტომ მიჭირს რაღაც კონკრეტულის თქმა. შეიძლება, ბევრი რამ შეიცვალოს. არჩევნებამდე ბევრი რამე შეიცვლება, რადგან, როგორც წესი, ბევრი რამე ახდენს გავლენას. „ენ-დი-აის” კვლევით ბევრი ადამიანი ამბობს, რომ არც ერთ პარტიას არ აძლევს ხმას. “ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის კი საკმაოდ დიდი რეიტინგული სხვაობაა. დანარჩენ პარტიებს ერთად აღებულს აქვს ძალიან პატარა მონაცემები. ასე რომ, ძნელი სათქმელია, თუმცა, დიდი ალბათობით, “ოცნება” ყველგან მოიგებს,” – გვითხრა ზურაბ ბიგვავამ.

ამ ეტაპზე “ოცნების” მარცხს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი მხოლოდ ახალციხეში პროგნოზირებს. დანარჩენ აწ უკვე ყოფილ თვითმმართველ ქალაქებში ოპოზიციის აქტიურობასა და წინასაარჩევნო კამპანიას ელოდება.

„ხელისუფლების მარცხის მაგალითი ჯერჯერობით მხოლოდ ახალციხეში შეიძლება, მოვიძიოთ. აჭარაში სირთულები იქნება, თუმცა ვნახოთ, რა იქნება. ნაკლებად მოსალოდნელია რაიმე მოულოდნელობა ზუგდიდში, სადაც იქ არსებულმა ადგილობრივმა მმართველობამ პირველმა ახარა ხელისუფლებას, რომ ისინი მზად არიან, გააერთიანონ ზუგდიდი და ზუგდიდის რაიონი. ეს ასევე გავრცელდა გორსა და თელავზე. მაგრამ აქ სერიოზული როლი ეკისრებათ ამომრჩევლებს. ჯერ ახალი სისტემა შეიქმნება და მერეა ადგილობრივი არჩევნები. თუ რამდენად შეურაცხყოფილნი იქნებიან მოქალაქენი, არჩევნების შედეგებზე გამოჩნდება. ის არ იქნება ისეთივე პრიმიტიული, როგორიც ეს იყო 2014 წელს. ეს, უპირველესად ყოვლისა, ოპოზიციის გამოცდა იქნება. თუ ვერ შეძლეს ჩვენმა ოპოზიციონერებმა ერთი და იმავე პირის მხარდაჭერა, მაშინ ჩათვალეთ, რომ ეს იქნება “ქართული ოცნებისთვის” დიდი საჩუქარი.

ეს არ არის ის შემთხვევა, რომ იქმნება ახალი კოალიცია. ეს არის უბრალოდ ცალკეულ პირთა მხარდაჭერა სხვადასხვა პარტიის მიერ და ეს იქნება სწორედ ერთმანეთის მხარდაჭერა. რაც უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს ოპოზიციის წარმომადგენელს, იხილოს საკუთარი თავი არჩეულთა შორის”, – უთხრა “რეზონანსს” სოსო ცისკარიშვილმა.

რეზონანსი“, 24 მაისი, 2017 წელი

ინტერვიუ პეტრე მამრაძესთან:ოთარ ფარცხალაძე-ლასა თორდიას შემთხვევაშიც მართვის პატრონყმური სისტემა რელიეფურად გამოიკვეთა»

ია აბულაშვილი

“საქართველოში ამჟამად არის მართვის პატრონყმური სისტემა და დიდი მნიშვნელობა იმას, რა ჩაიწერება კონსტიტუციაში ამ ეტაპზე არა აქვს. მოსახლეობას ეს კარგად ესმის და ამიტომ ინტერესი კონსტიტუციის მიმართ არ არის” – აცხადებს პეტრე მამრაძე, რომელსაც “რეზონანსი” ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გაესაუბრა.

- ბერლინში საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმებზე მსჯელობა დასრულდა და როგორ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული პროექტი ვენეციის კომისიისა და უცხოელი პარტნიორების მხრიდან მაღალი შეფასების გარანტიაა. თუმცა ოპოზიცია ამ მოსაზრებას არ ეთანხმება და ეჭვს გამოთქვამს, რომ მმართველი გუნდი ადექვატურად ვერ აფასებს მოვლენებს. ეთანხმებით მათ მოსაზრებას?

- მე ადრეც განვაცხადე, რომ ვენეციის კომისის შეფასება დადებითი იქნებოდა, რადგან “ოცნება” ითვალისწინებდა ვენეციის კომისიის ფაქტორს. ისიც მჯერა, რომ ვენეციის კომისიის შენიშვნები აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებას, რომ ხელისუფლება დაამახინჯებს ვენეციის კომისიის ნამდვილ აზრს, ეს მოსაზრება არ მიმაჩნია ადეკვატურად, ვინაიდან ოპოზიციაში არიან ადამიანები, ვინც იცნობენ ვენეციის კომისიის თავმჯდომარეს, წევრებს და არ გაუჭირდებათ მათთან პირდაპირი კონტაქტი და ზუსტი აზრის გაგება.

გარდა ამისა ვენეციის კომისია ყოველთვის წერილობით წარადგენს თავის მოსაზრებებს. კომისიის მდივანი უკვე აცხადებს, რომ პროექტი არის საკვანძო წინ გადადგმული ნაბიჯი, თუმცა საჭიროა გარკვეული გაუმჯობესება და კარგი იქნებოდა კომპრომისის გამონახვა ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით.

მთავარი ის არის, რომ საქართველოში ამჟამად არის მართვის პატრონყმური სისტემა და დიდი მნიშვნელობა იმას, რა იქნება ჩაწერილი კონსტიტუციაში ამ ეტაპზე არა აქვს. მოსახლეობას კარგად ესმის ეს და ამიტომ საზოგადოების დიდ ნაწილში ინტერესი კონსტიტუციის მიმართ არ არის. სამწუხაროა ისიც, რომ მარგველაშვილმა როგორც პრეზიდენტმა ვერ შასრულა თავისი ვალდებულება. მას შეეძლო მისი აპარატის და ექსპერტების დახმარებით წარედგინა დასაბუთებული ვარიანტი, ხოლო შემდეგ ასეთივე დასაბუთებული კრიტიკა. ამის ნაცვლად ის ჩაციკლული იყო ერთ საკითხზე პრეზიდენტის არჩევნების წესზე და პრეზიდენტის ფუნქციებზე, რითაც გამოავლინა თავისი კერძო ინტერესი და არა ინტერესი იმისა, რომ საქართველოს უკეთესი კონსტიტუცია ჰქონდეს.

- კონსტიტუციის თემას არ ეხება, მაგრამ საზოგადოების ინტერესი ამ საკითხისადმი დიდია, ფარცხალაძე- თორდიას დაპირისპირებას ვგულისხმობ

- ოთარ ფარცხალაძე-ლაშა თორდიას შემთხვევაშიც მართვის პატრონყმური სისტემა რელიეფურად გამოიკვეთა. ფარცხალაძეს სახელი ისე აქვს გატეხილი, რომ ამას არაფერი ეშველება, მისი საქმიანობიდან გამომდინარე. უფრო მეტიც, დამკვიდრდა აზრი, რომ ის დღესაც მართავს პროკურატურას. რაც შეეხება თორდიას ყველას ესმის, რომ ის ვერ გაბედავდა პირადი დაცვით გარშემორტყმულ ფარცხალაძის მიმართ აგრესიის გამოხატვას. პატრონყმური სისტემის არსი კი ისეთია, რომ თორდიამ მართლაც შეიძლება ბრალდების სკამზე ამოჰყოს თავი, იმიტომ, რომ ასე უნდა პატრონყმურ სისტემას.

დარწმუნებული ვარ, ივანიშვილს იმ ადამიანებმა ვისაც კონტაქტი აქვს მასთან, პირველივე დღესვე მოახსენეს ის ინფორმაცია, რომელიც მერე ოფიციალური ვერსია გახდა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ყველა იმ შემხვევაში, როდესაც ივანიშვილი მიმხვდარა რომ ატყუებდნენ და დაადგინა სინამდვილე, სწორედ მოიქცა. ამ შემხთვევაში ალბათ სჯერა იმ ტყუილების რაც ოფიციალურ ვერსიაში არის, ცხადია ეს ჩემი დასაბუთებული ეჭვია და სხვა არაფერი. რაც შეეხება პროგონზს, თუ როგორ შეიძლება დასრულდეს ეს კონფლიქტი, ჩემი პროგნოზი ასეთია, ფარცხალაძე სრულიად უდანაშაულოდ იქნება მიჩნეული, არავინ დასიჯება მისი მხრიდან. ხოლო თორდიას ან ჯარიმას გადაახდევინებენ ან საერთოდ არ დასჯიან.

რეზონანსი“, 24 მაისი, 2017 წელი

დიპლომატია დეტალები და სიმბოლოებია“ – სკანდალი დიმიტრი მედვედევისა და დიმიტრი ქუმსიშვილის გვერდიგვერდ დგომის ირგვლივ

ეკატერინე ბასილაია

ქვეყნის უპრინციპობის მაჩვენებელი და სახელმწიფოს პრესტიჟის შელახვაა, როდესაც ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევის გვერდით იღებს სამახსოვრო ფოტოს საქართველოს ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, – ასე აფასებენ პოლიტოლოგები შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის დასკვნით ფოტოზე მედვედევის გვერდით ქუმსიშვილის დგომას.

ამ ფოტოს გამო ატეხილ ხმაურს “ქართულ ოცნებაში” პასუხობენ იმით, რომ 21-ე საუკუნეში დიპლომატიაში უკვე აღარავინ აქცევს ყურადღებას, ვინ ვის გვერდით დადგება.

ამ სკანდალურ ფოტოზე განმარტების გაკეთება მოუწია თავად ვიცე-პრემიერ ქუმსიშვილსაც, თუმცა ის მხოლოდ ზოგადი და არაფრისმთქმელი განცხადებით შემოიფარგლა.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, უხერხულად იგრძნო თუ არა თავი, როდესაც ოკუპანტი ქვეყნის პრემიერის გვერდით დადგა, მინისტრს პასუხი არ გაუცია. თქვა მხოლოდ ის, რომ მედვედევის გვერდით დადგომა პროტოკოლით იყო გათვალისწინებული და ამ პროტოკოლს ის ვერ შეცვლიდა.

“უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაბამისი პლატფორმა და შესაძლებლობა იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სწორედ ეს იყო ძირითადი გზავნილი, რომელიც გაჟღერდა გუშინ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე. არ ყოფილა არანაირი შეხვედრა, ეს იყო პროტოკოლური ფოტო, ხოლო გზავნილები და საქართველოს პოზიცია მე დაგიფიქსირეთ. ეს იყო პროტოკოლური ფოტო, სადაც ჩვენ ყველანი შეგვიყვანეს და იმ ადგილას დაგვაყენეს, სადაც უნდა ვმდგარიყავით,” – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისგან განსხვავებით, პროტოკოლის ვერშეცვლა არა, მაგრამ სხვა “გამართლება” მოუძებნა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძემ მედვედევ-ქუმსიშვილის გვერდიგვერდ დგომას.

თედო ჯაფარიძის თქმით, “დღეს აღარ არის ბრეჟნევის დრო, დღეს 21-ე საუკუნეა და ვინ ვისთან დგას, მნიშვნელობა არ აქვს, ამ ამბავზე ხმაურის ატეხვა კი “მისტიკის სფეროში გადასვლაა”.

დიპლომატიის აკადემიის რექტორი სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ ვიცე-პრემიერი ქვეყნის კურსის წარმომადგენელია და ამიტომაც დიმიტრი ქუმსიშვილის დიმიტრი მედვედევის გვერდით დადგომა ქვეყნის პრესტიჟის შელახვაა. მისი თქმით, დიპლომატიაში სიმბოლოებს, ყველა დეტალს, ვინ ვის გვერდით დადგება ფოტოზე თუ დაჯდება ვახშამზე, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს დღესაც და საუბარი იმაზე, ლეონიდ ბრეჟნევის დრო ნუ გგონიათო, სისულელეა.

„მთელ მთავრობას შევახსენებდი, 1981 წელს აშშ-ის ელჩი გაეროში იყო ენდრიუ იანგი, რომლიც მომავალ არჩევნებში ვიცე-პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ პალესტინის გათავისუფლების ერთ-ერთ ლიდერს შეხვდა, რაზეც ისრაელმა მთელი ამბავი ატეხა და მას მთელი კარიერა დაემსხვრა. ასე იქცევიან თავმოყვარე ქვეყნები. ვიცე-პრემიერი ქვეყნის გარკვეული კურსის წარმომადგენელია და ჩვენი ქვეყნის კურსია, რომ რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია და ჩვენ მასთან არანაირი პოლიტიკური მეგობრობა არ გაქვს. გამოდის, რომ ქუმსიშვილისთვის მედვედევი ოკუპანტი არ არის და იმიტომ არ ეხამუშა მის გვერდით დგომა. თან, 2008 წელს მედვედევი იყო პრეზიდენტი და მას გაცხადებულიც აქვს, ომი მე დავიწყე იმიტომ, რომ საქართველო ნატო-ში ვერ შესულიყო და ეს გამომივიდა კიდეცო. მედვედევმა ჩვენი მომავალი განსაზღვრა და მის გვერდით დგომა, ეს სახელმწიფოს პრესტიჟის შელახვაა. დიპლომატია დეტალები და სიმბოლოებია. ამ ფოტოებზე პასუხი უნდა აგონ, ახსნან მაინც, რეალურად უღირდა ეს ფოტო ქვეყანას?! პრობლემაა ის, რომ ქუმსიშვილის უკან სახელმწიფო დგას და მაშინ ოფიციალურად გვითხრან, რომ ოკუპაციას პატიობენ. ეს ყველაფერი ამ ხელისუფლების უპრინციპობის ბრალია”, – აცხადებს სოსო ცინცაძე. მისი თქმით, წინა კვირას ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარეს არ მოახდევინეს ბოდიში, დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს გაპრეზიდენტება რომ მიულოცა, ახლა ეს მედვედევთან ფოტოზე პოზიორობაც დაემატა და ეს ყველაფერი ერთი ჯაჭვია.

„კიდევ საკითხავია, რომელი უფრი შეურაცხმყოფელია სუვერენიტეტისათვის. ეს ტრაგედიაა და შემდეგ თედო ჯაფარიძეს ხელფასის დაკარგვის შიშის გამო უხდება ამის გამართლება,”- დასძენს სოსო ცინცაძე.

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის» დამფუძნებელ კორნელი კაკაჩიას თქმით, ეს ფაქტი ქვეყნის იმიჯისთვის ძალიან ცუდია. მისი თქმით, პროტოკოლით წინასწარ ხდება განსაზღვრა, ვინ ვის გვერდით დადგება და ეს პროტოკოლი წინასწარ ეგზავნება ყველა სტუმარს. ხოლო თუ რომელიმე მხარე არ ეთანხმება რაიმე დეტალს, მას შეუძლია, მასპინძელი მხარისგან ცვლილება მოითხოვოს და როგორც წესი, ცვლილებები ხდება.

„როგორც ჩანს, ქართულმა დელეგაციამ საჭიროდ არ ჩათვალა, პროტოკოლში ცვლილება მოეთხოვა და ეს დიდად არც უნდა გაგვიკვირდეს. “ქართულმა ოცნებამ” მოსვლისთანავე განაცხადა, რომ რუსეთთან დათბობის პოლიტიკას იწყებდა და ამ კონტექსტის გათვალისწინებით ჩემთვის ეს ფოტო დიდად გასაკვირი არ არის. ეტყობა, ეს ფაქტი ხელისუფლებას უხერხულობას არ უქმნის. ჩემთვის კი ეს სასიამოვნო არ იყო და არც ქვეყანას წაადგება. ამგვარი ჟესტებით მოსკოვი ცდილობს, საერთაშორისო თანამეგობრობა შეაგუოს იმ აზრს, რომ საქართველო და რუსეთი ორმხრივ ურთიერთობას აგვარებენ იმ რეალობების გათვალისწინებით, რომლებიც 2008 წლის შემდეგ დადგა და ამისი გამოხატულებაა თუნდაც კარასინ-აბაშიძის ფორმატიც. ეს ფოტოც ამ მიზანს ემსახურება. თუმცა ვერ ვიგებ, ეს რაში აწყობს საქართველოს, რადგან ჩვენ ასეთი ქცევით სტრატეგიულად ბევრს ვკარგავთ. ქვეყნის, რომელსაც ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს და მასთან დიპლომატიური ურთიერობა არ გაქვს, ლიდერის გვერდით დგომა საქართველოს იმიჯისთვის კარგი არ არის და ეს უხერხულობა თავიდან უნდა აგვერიდებინა,” – აცხადებს კორნელი კაკაჩია.

————————

„ახალი თაობა“, 24 მაისი, 2017 წელი

ინტერვიუ ირაკლი ალადაშვილთან: „სამხედრო-სავალდებულო სამსახური უნდა არსებობდეს“ // „თუ ყველა ფიქტიურ მღვდლობას დაიბრალებს, მაშინ ქვეყანას ვინ დაიცავს?

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილის ინიციატივას კომიტეტის სხდომაზე მხარი უმრავლესობამ და ოპოზიციამ დაუჭირეს. სესიაშვილის ინიციატივით, სამხედრო-სავალდებულო სამსახურისთვის თავის არიდება მკაცრდება და ის შეიძლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მიზეზი გახდეს.

ამ საკითხებზე „ახალი თაობა» სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის“ მთავარ რედაქტორ ირაკლი ალადაშვილს ესაუბრა.

- ბატონო ირაკლი, რამდენად ეთანხმებით კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივას, რომ სამხედრო-სავალდებულო სამსახურისთვის თავის არიდება დასჯადი გახდეს?

- ბოლო პერიოდში სავალდებულო-სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით გარკვეული ვნებათაღელვა არსებობს. ერთი მხრივ, ეს უკავშირდება `გირჩის~ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც შექმნილია რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც ცნობას აძლევს ახალგაზრდებს, თითქოს ისინი მღვდელმსახურები არიან და ამ გზით ეს ახალგაზრდები სამხედრო-სავალდებულო სამსახურს თავს არიდებენ. თავად `გირჩიც~ აღიარებს, რომ ეს ცნობა ფიქტიურია, მაგრამ აქ მთავარი არის ის, რომ ეს ახალგაზრდები მიდიან ამაზე, თავს არიდებენ ჯარს.

- ირაკლი სესიაშვილს არც დაუმალავს, რომ გარკვეულწილად მისი ინიციატივა ამ საკითხსაც უკავშირდება

- გასაგებია, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ეს ინიციატივა ერთგვარ კავშირში რომ იყო ამ ფიქტიურ ცნობებთან, რომ ახალგაზრდებმა არ ისარგებლონ ამ ფიქტიური ცნობებით და ასე არ აარიდონ თავი სავალდებულო-სამხედრო სამსახურს. საქართველოს კანონი სამხედრო-სავალდებულო სამსახურთან დაკავშირებით მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალურია, რადგანაც არსებობს ბევრად უფრო მკაცრი კანონმდებლობაც სხვადასხვა ქვეყანაში. თუმცა, ცხადია, ასევე არსებობს როგორც სავალდებულო, ისე ალტერნატიული სამსახურებიც. თანხის გადახდითაც შეუძლიათ თავის არიდება, ასევე არსებობს გაწვევის გადავადება და საკონტრაქტო სამხედრო სამსახური.

- გაწვევის მოქმედ სისტემას ეთანხმებით?

- საუბარია ერთ წელიწადზე, თანაც ეროვნულმა თავდაცვამ ახლებურად დაიწყო წვევამდელების მომზადება. ეს მომზადება ბევრად უფრო ღირსეულია. ეს ადამიანები მიიღებენ იმ ცოდნას, რომელიც რეზერვის სამსახურში გამოადგებათ. თუ ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ, იმაზეც უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენი ქვეყანა დავიცვათ.

- თინა ხიდაშელის მინისტრობის დროს გვახსოვს ირაკლი სესიაშვილთან მისი დაპირისპირება სწორედ ამ საკითხზე. თინა ხიდაშელი თვლიდა, რომ მთლიანად საკონტრაქტო სისტემაზე უნდა გადასულიყო ჯარი, ირაკლი სესიაშვილი კი სავალდებულო-სამხედრო სამსახურის იდეას იცავდა. რეალურად თანამედროვე ჯარის შესაქმნელად რა უფრო მისაღებია?

- იდეალურ შემთხვევაში კარგია საკონტრაქტო სამსახური, მაგრამ რეალურად არსებული ბიუჯეტის ფონზე ძნელად წარმოსადგენია ამის მიღწევა. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას არ აქვს იმხელა საშუალება, რომ შეინახოს დიდი არმია კონტრაქტით. პრეზიდენტი კი აცხადებს ყოველწლიურად, რომ შეიარაღებული ძალების რაოდენობა, მაგალითად, 37 ათასია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამდენივე მსახურობს. ამხელა არმიის საკონტრაქტო პირობებით შენახვა ძალიან დიდ თანხასთან არის დაკავშირებული. ამიტომ არის საუბარი სარეზერვო სამსახურზე.  თუ სარეზერვო სისტემა იქნება ეფექტური და, იმედია, რომ იქნება, მაშინ საჭიროების შემთხვევაში ქვეყანას რეზერვიც ექნება. რაც შეეხება სავალდებულო-სამხედრო სამსახურს, ეს კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ სწორედ რეზერვი მომზადდეს. ერთწლიანი სავალდებულო სამსახურის გავლის შემდეგ ისინი უკვე იქნებიან რეზერვის ბაზისთვის მზად.

მეორე მხრივ, ჯარში სამსახური ახალგაზრდა მამაკაცისთვის საინტერესო უნდა იყოს. ახალგაზრდა გადის ოჯახიდან და დამოუკიდებლად ცხოვრებას სწავლობს, გარდა ამისა, ფიზიკურად ემზადება, სწავლობს იარაღთან ურთიერთობას, თავისა და ოჯახის დაცვას. ეს არ არის უმნიშვნელო საქმე. თუმცა, ამ მხრივ ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ახალგაზრდამ სამსახური იშოვა და ამ დროს უწევს ჯარში წასვლა, რა თქმა უნდა, ის კარგავს სამსახურს. თუ ადამიანი არც მუშაობს და არც სწავლობს, მაშინ მისთვის ეს ერთი წელი საინტერესო უნდა იყოს, გაატაროს სწორედ ჯარში, იქნებ ძალიან მოეწონოს სამხედრო საქმე და საკონტრაქტო ჯარში გადავიდეს. მე, მაგალითად, ჯარში ვისწავლე შვეულმფრენის ტექნიკური მომსახურება და უჩემოდ შვეულმფრენი ვერ აფრინდებოდა. მე მივიღე ის ცოდნა, რაც შემდეგ ჩვენს ომებში ძალიან გამომადგა.

- თუმცა, სავალდებულო-სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების ყველა შემთხვევა, არა მგონია, სამსახურის დაკარგვის შიშით უყოს გამოწვეული. ხშირ შემთხვევაში საუბარია პირობებზე. გამოსწორდა პირობები თუნდაც ყაზარმებში?

- სამწუხაროდ, საქართველოში არის ოჯახები, რომლებსაც ეკონომიკურად ძალიან უჭირთ და მათი შვილები ჯარში მიდიან იმიტომ, რომ ერთი წელი ოჯახს არ დააწვნენ და თავი ჯარში გაიტანონ. იმის თქმა, რომ ჯარში დღეს საკვები, ჩასაცმელი და პირობები არ არის, რთულია. იდეალური სიტუაცია არ არის, პრობლემებია, მაგრამ არც ისეა, რომ არაფერი არ არის.

- ნატოს წევრ სახელმწიფოებში გაწვევის საკითხი როგორ რეგულირდება? სტანდარტი თუ არსებობს?

- ასეთი სტანდარტი არ არსებობს, ყველა სახელმწიფო ინდივიდუალურად უდგება, თავისი მოთხოვნილების შესაბამისად. სახელმწიფოთა ნაწილმა გააუქმა სავალდებულო ჯარი, მაგრამ ახლა ისევ აღადგინა.

- რატომ?

- იმიტომ, რომ საფრთხეები გაიზარდა. მაგალითად, ბალტიისპირეთში რეალურად აღიქვამენ საფრთხეებს და სავალდებულო სამსახურიც აღადგინეს. უკრაინამ თავის დროზე გააუქმა, მაგრამ ახლა ისევ აღადგინა ცნობილი მიზეზების გამო. როდესაც საფრთხეები რეალურია, პირველი რიგის ამოცანაა, იფიქრო ქვეყნის მთლიანობის შენარჩუნებასა და საფრთხეების თავიდან აცილებაზე.

- გირჩის ინიციატივაზე მინდა გკითხოთ. ისინი ამბობენ, რომ თანამედროვე სამყაროში არ შეიძლება, ადამიანს დააძალო ჯარში სამსახური. ისინი ევროპულ სტანდარტზე აკეთებენ აქცენტს

- მე არ მიმაჩნია, რომ არსებობს რაღაც ევროპული სტანდარტი. ასეთი სტანდარტი, უბრალოდ, არ არსებობს. არსებობს სტანდარტი, რასაც ჰქვია შენი სამშობლოს უსაფრთხოების დაცვა. ევროპულ ქვეყნებს აქვთ თავიანთი გარანტიები, მაგალითად, ევროკავშირის წევრობა, ნატოს წევრობა და ა.შ. თუმცა, რასაკვირველია, არც ეს არის 100%-იანი გარანტიების მომცემი. ჩვენ არ ვართ არც ნატოს და არც ევროკავშირის წევრი. იარაღით არავინ დაგიდგება გვერდით, ამიტომ საკუთარი თავი შენ თვითონ უნდა დაიცვა და ეს უახლესმა წარსულმა კარგად გვაჩვენა. არის ასეთი მიდგომა, რატომ უნდა დავხარჯოთ ფული, რუსეთს ომს მაინც ვერ მოვუგებთ. ეს არის მცდარი პოზიცია, რადგან სხვა უამრავი საფრთხეც არსებობს. თუ ახალგაზრდები ასე თავს აარიდებენ და ფიქტიურ მღვდლობას დაიბრალებენ, ეს, არა მგონია, სწორი დამოკიდებულება იყოს. არ არის ქვეყნის დაცვა მხოლოდ იმ ხალხის ვალდებულება, ვინც ხელი მოაწერა საკონტრაქტო სამსახურს. ქვეყანა ყველამ უნდა დავიცვათ.

„ახალი თაობა“, 24 მაისი, 2017 წელი

ინტერვიუ თენგიზ დიხამინჯიასთან: „ევროპა ჩვენ გვემხრობა იმის მიხედვით, თუ როგორ ვინარჩუნებთ სუვერენიტეტს

უჭერს თუ არა ევროპა მხარს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში? „ახალი თაობა“ ამ საკითხზე თენგიზ დიხამინჯიას ესაუბრა.

- ბატონო თენგიზ, რას ნიშნავს დიპლომატის იმგვარი განცხადებები, რომლებიც ჰერბერტ ზალბერმა გააკეთა ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, სადაც დადიოდა და ათვალიერებდა ადმინისტრაციულ საზღვარსა და გადასასვლელებს?

- ჰერბერტ ზალბერის განცხადებები შემაშფოთებელი და საგანგაშოა. დიპლომატები ასეთ განცხადებებს არ აკეთებენ. გერმანელები და ოსები წარმოადგენენ ინდოევროპულ რასას. ამ თვალსაზრისით, ჰიტლერიდან მოყოლებული და შემდგომ თაობებს აქვთ ისტორიული მეხსიერება, გრძნობენ მონათესავე ეთნოსის ერთობას. შეიძლება, ამითაც იყოს განპირობებული ზალბერის განცხადება. მისი წინამორბედიც დაახლოებით იმავეს ამბობდა. თუმცა, მხოლოდ ამით არ აიხსნება ზალბერის განცხადება.

- დიპლომატის განცხადებები და ქცევები საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში რაიმეს მინიშნებაა?

- პირდაპირი მინიშნებაა. მთავარი არგუმენტია ის, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი და არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ჩვენი პარტნიორები მხოლოდ დეკლარაციებით შემოიფარგლებიან. დეკლარაციები კი არაფერს ნიშნავს, როცა შენი პარტნიორი თუ სტრატეგიული პარტნიორი კონკრეტული მყარი მოქმედებებით არ ამყარებს მიღებულ დეკლარაციებს. ამგვარი განცხადებებით სურთ შეგვაგუონ ჩვენი ტერიტორიების შესაძლო ჩამოცილების პროცესს. ჩემი აზრით, ჰერბერტ ზალბერი მარტო არ არის. როგორც ჩანს, გარკვეული ჯგუფები რუსეთიდან და ევროკავშირის წარმომადგენლები ცდილობენ, თავს მოგვახვიონ და შეგვაგუონ ჩვენი ძირძველი ტერიტორიების წართმევის პროცესს. ამაში, უპირველეს ყოვლისა, დამნაშავეა ჩვენი ხელისუფლება თავისი პასიურობის გამო.

- ევროპა ჩვენ მხარეს არ არის?

- ევროპა ჩვენ მხარესაა იმის მიხედვით, თუ როგორ ვინარჩუნებთ სუვერენიტეტს, რამდენად ვიცავთ მას, რამდენად ვართ აქტიური. თავგანწირვის მაგალითები უნდა იყოს.

- ჰერბერტ ზალბერის წინამორბედის მსგავსი განცხადებაც ცნობილია, ოღონდ ის, მგონი, ფრანგი იყო, ანუ მხოლოდ გერმანელებისა და ოსების ისტორიული ნათესაობა არ არის ერთადერთი არგუმენტი და ჰერბერტ ზალბერი არ არის გამონაკლისი...

- ევროპაში მიმდინარე პროცესები და ევროპის სტრატეგიული რღვევა სახეზეა. ცნობილია, ინგლისმა რაც გააკეთა – ევროკავშირიდან გადის. ანალოგიური მოხდა ჰოლანდიაში, როდესაც კონსტიტუციასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდა. ჰოლანდიაც, ფაქტობრივად, გასულია ევროკავშირის არეალიდან. ამიტომ ერთიანი სტრატეგიული ხედვა ევროპასა და მთელ სამყაროში ირღვევა. ეს პროცესები რუსებისთვის ხელისშემწყობია. იმავე ფრანგებსა და გერმანელებთან ცალ-ცალკე უნდა დაამყარო ურთიერთობები და კავკასიასა და საქართველოში მათი ინტერესები გაითვალისწინო.

- ამ კუთხით კიდევ რა ფაქტორები მოქმედებს?

- რამდენიმე ფაქტორია. ამერიკას განსხვავებული პოზიცია აქვს – ქვეყნები, რომლებიც შეუერთდებიან ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების პროცესს, ამერიკის მხრიდან ისჯებიან, რაც მისასალმებელი და საიმედოა. თუმცა, ჩვენი მთავრობა ზედმეტად პასიურია. ზვიადის ქმედებები გავიხსენოთ ან თუნდაც შევარდნაძე, რომელმაც არძინბა თბილისში ჩამოიყვანა, მოლაპარაკებები იყო ჩიბიროვსა თუ სხვა პირებთანაც.

- შედეგის თვალსაზრისით არაფერი მიგვიღია...

- შედეგის თვალსაზრისით – კი, მაგრამ, როდესაც აქტიურობა არის, იქ შეიძლება, ისტორიამ ისეთი საჩუქარი გიბოძოს, რომელიც გამოსაყენებელია. თუ შენ არ შეესაბამები ამგვარ მონაცემებსა და მოთხოვნებს, ისტორიულ შანსს ვერ გამოიყენებ, რომელიც შეიძლება დადგეს კონკრეტულ ისტორიულ მონაკვეთში.

- რატომ უნდა უჩლექდნენ ევროპელები რუსეთს ენას?

- ობიექტური ფაქტორებია, ევროპა ვერ ჩამოყალიბდა ისე, როგორც ნაპოლეონის სქემასა და მოდელში იყო. ევროპა ნაწევრდება, ერთიანი მიდგომა არ არის. ევროპელ მოთამაშეებში ინტერესების დაბალანსება ვერ ხდება. ამერიკელებთანაც აირია ვითარება. სამხრეთ კავკასია და საქართველოც ურთულესი რეგიონია, მხოლოდ სუბიექტური ფაქტორი არ არის, კიდევ სხვა ფაქტორებზე ვართ დამოკიდებული, რაც კომპლექსში იძლევა იმ გაუსაძლის ვითარებას, რომელშიც ვიმყოფებით.

- რამ შეიძლება შეაჩეროს ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის რუსეთთან ინტეგრაციის პროცესები?

- რუსეთთან ჩვენი რეგიონების ინტეგრაციის პროცესის შეჩერება მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ვითარება უნდა მოამწიფო. ეს ერთი კონკრეტული მთავრობის გადასაწყვეტი პრობლემა არ არის. მთავრობა ამ პრობლემას არ უნდა იხილავდეს მხოლოდ თავისი გადმოსახედიდან, მისი ქმედებები და ამ პრობლემების გადაწყვეტა ისტორიულმასშტაბიანი ამოცანებიდან უნდა გამომდინარეობდეს და არა ხელისუფლების შენარჩუნებიდან.

გასათვალისწინებელია კონსტიტუციასთან დაკავშირებით წამოჭრილი თემები. განსაკუთრებით შემაშფოთებელია განცხადებები ორმაგი მოქალაქეობის შესახებ. ორმაგი მოქალაქეობის მიღება, საერთოდ, ქართული ეთნოსის არსებობას საფრთხესა და პრობლემებს შეუქმნის. სალომე ზურაბიშვილი იმისთვის ჩამოიყვანეს, რომ ეს საკითხი გაეაქტიურებინათ და ორმაგი მოქალაქეობის საჭიროების თაობაზე განცხადებები გაეკეთებინა. ორმაგი მოქალაქეობა საქართველოში ანკლავების შექმნას გამოიწვევს. მეზობელი ქვეყნები დაინტერესებული არიან, თუნდაც აზერბაიჯანი ან სომხეთი მაქსიმალურად შეეცდებიან, თავიანთი ანკლავები დაამკვიდრონ და მომავალში შეიძლება შეგვიქმნან უზარმაზარი სიძნელეები. თუ „ოცნების“ ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, შედეგები შემდგომი ხელისუფლებების გამოსასწორებელი იქნება.

- ანუ ქვეყანაში შიგნით პრობლემები სწრაფად უნდა დარეგულირდეს, რომ სეპარატისტული რეგიონების პრობლემების მოგვარებისთვის ყველამ მოიცალოს?

- დიახ. მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული და პოზიციები შეჯერებული, რას ვთავაზობთ, აღნიშნული საკითხები უნდა იყოს განხილული კონსტიტუციურ ჭრილში. ზოგს ცხინვალის რეგიონისა და აფხაზების პრობლემები ერთმანეთისგან ვერ გაურჩევია.

- ცხინვალთან დაკავშირებით ვისაუბროთ. კომუნისტებმა ოლქი შექმნეს. 1990 წელს ოსებმა ოლქი გააუქმეს, რესპუბლიკა შექმნეს და დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, უზენაესმა საბჭომ ოლქის გაუქმება ცნო, რესპუბლიკა უკანონოდ გამოაცხადა და გააუქმა. 1991 წელს ელცინმა ყაზბეგში დოკუმენტზე ხელმოწერით ერთგვარად აღიარა ოლქის გაუქმება, შემდეგ სააკაშვილმა პარლამენტის დადგენილებით კვლავ შექმნა .. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია ანუ ჩვენ ახლა რა უნდა შევთავაზოთ, კონსტიტუციაში რა უნდა ჩავწეროთ?

- კონსტიტუციაში უნდა ჩავწეროთ ის, რაც მთელმა სამყარომ აღიარა. საქართველო აღიარეს 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე, სადაც დასმული იყო კითხვა, გვსურდა თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგენილიყო 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. საქართველო, როგორც სახელმწიფო, საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად კი არ ჩამოყალიბდა იურიდიულ სამართალსუბიექტად, არამედ დამოუკიდებლობა იქნა აღდგენილი 26 მაისის აქტის საფუძველზე, რომელიც 1921 წელს ბოლშევიკებმა დაამხეს. ჩვენ საბჭოთა კავშირის დემონტაჟით კი არ ვართ აღიარებული, არამედ მემკვიდრეობითობის პრინციპიდან გამომდინარე. ეს აბსოლუტურად სხვადასხვა რამ არის, რაც ბალტიისპირეთმა და ჩვენ მოვახერხეთ. დანარჩენებს მსგავსი რამ არ გაუკეთებიათ.

ყველაფერი, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, საერთაშორისო საზოგადოებას უნდა გააცნო. მას განხილვა სჭირდება, უპირველესად _ ჩვენთან. ამ პროცესში აუცილებელია ექსპერტების ჩართვა და სამართლიანი, ისტორიული, იურიდიული დოკუმენტების მსოფლიო საზოგადოებისთვის წარდგენა, რომლის თანახმადაც, ცხინვალის რეგიონის სტატუსიც განსაზღვრულია და აფხაზეთისაც, რაც გადახედვას არ ექვემდებარება. ჩვენი პოზიცია მკაფიო და უალტერნატივო უნდა იყოს. ამაზე მსჯელობა არ მიმდინარეობს. პირიქით, ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს ამ საკითხის იგნორირებას.

- თქვენ განაცხადეთ, რომ ჩვენი კონფლიქტური რეგიონების სტატუსი, ფაქტობრივად, განსაზღვრულია, არსებული სტატუსი უნდა შენარჩუნდეს, ის არ ექვემდებარება განხილვას ანუ, ვთქვათ, აფხაზეთს აქვს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი და ისე უნდა დარჩეს?

_ რა თქმა უნდა, ისე უნდა დარჩეს, როგორც გვაღიარა მსოფლიომ ანუ იმ საზღვრებში, რაშიც გვაღიარა მსოფლიომ რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, უნდა დარჩეს. აფხაზეთის მოსახლეობის 67%-მა ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას და მხარი დაუჭირა აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში ყოფნას. მისი გადახედვის უფლება არავის აქვს. „ქართული ოცნების“ დანაშაული ის არის, რომ მან არ მოახდინა მიხეილ სააკაშვილის დატოვებული მემკვიდრეობის დემონტაჟი.

- კერძოდ?

- ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის შექმნის დადგენილება უნდა გაეუქმებინა, უნდა მოეხდინა ცხინვალის რეგიონთან, კოდორის ხეობასა და აფხაზეთთან დაკავშირებული დანაშაულებრივი სამართლებრივი აქტების ლიკვიდაცია, საქართველოს სუვერენიტეტი უნდა დაებრუნებინა სამართლებრივ ჩარჩოში. ამას ხელისუფლება არ თუ ვერ აკეთებს, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

- ანუ ქვეყნის სუვერენიტეტის სამართლებრივად მოწესრიგება უნდა მოხდეს?

- უნდა მოხდეს სამართლებრივი მოწესრიგება და ლიკვიდაცია იმ დანაშაულებისა, რაც წინა ხელისუფლებებმა ჩაიდინეს. არცერთ პარლამენტს, არავის არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ დაუყენებია. ეს იმას ნიშნავს, რომ ნაციონალებსა და „ოცნებას“ ამ საკითხში ერთი აზრი გააჩნიათ.

- შეიძლება, თანხმობა არ არის, მაგრამ ამ საკითხებს არ ეხებიან, რადგან რთული გადასაჭრელია...

- ხელისუფლებაში ყოფნა რთულია. ადვილი არაფერია.

„ახალი თაობა“, 24 მაისი, 2017 წელი

ინტერვიუ კახა კუკავასთან: „დავით ნარმანიას აუდიტორად დანიშვნა იგივეა, კანონიერი ქურდი შს მინისტრად რომ დანიშნო“ // „ბიძინა ივანიშვილი უნდა მიხვდეს, რომ [„ოცნებას“] მესამე ვადით არჩევის შანსი არ აქვს

რა გზავნილები მიიღო ხელისუფლებამ ვენეციის კომისიისგან, რა საკითხებში უნდა მოიძებნოს კონსენსუსი, ემზადება თუ არა ხელისუფლება თვითმმართველობის არჩევნების გასაყალბებლად, ვინ იქნება თბილისის მერი?  „ახალი თაობის“ ამ და სხვა კითხვებს პარტია „თავისუფალი საქართველოს» ლიდერი კახა კუკავა პასუხობს.

- ბატონო კახა, ქართულმა დელეგაციამ ვენეციის კომისიას გააცნო ჩვენი კონსტიტუციის ახალი პროექტი. რა გზავნილები ამოიკითხეთ მათ განცხადებებში და რამდენად გაითვალისწინებს ქართული მხარე ამ რეკომენდაციებს?

- ჩვენ, პრაქტიკულად, ზედმიწევნით ვიცით ის სცენარი, რა მოვლენებიც განვითარდება ქვეყანაში. შეგვიძლია, მხოლოდ ტემპებზე გავაკეთოთ პროგნოზები. ივანიშვილმა უნდა შეუშვას თავის ტვინში, რომ მესამე ვადით მას არჩევის შანსი არა აქვს!

- ანუ ტყუილი მცდელობა აქვთ?

- დიახ. ეს უნდოდა ედუარდ შევარდნაძეს და მოუწყვეს ვარდების რევოლუცია, უნდოდა მიხეილ სააკაშვილს და გვახსოვს, რომ თავისმა მოკავშირეებმაც ზურგი შეაქციეს. ბიძინა ივანიშვილმაც უნდა იცოდეს, რომ ის ან თავისი ნებით დათმობს ხელისუფლებას და 2020 წელს მშვიდობიანად გადააბარებს სხვა პოლიტიკურ ძალას, ან თუ ასე არ მოიქცევა, მასაც მოუწყობენ ისეთივე ტიპის პროცესებს, როგორიც მოუწყვეს ვიქტორ იანუკოვიჩსა და კიდევ სხვებს.

- ვენეციის კომისიის შეფასებებზე რას იტყოდით?

- რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნას, ეს უნდა განვიხილოთ ამ კონტექსტში, რომ ბიძინა ივანიშვილს აძლევენ შანსა, მითითებებს, რბილ რეკომენდაციებს და ეუბნებიან, გააკეთე ასეო. ეს ხომ გავლილი გვაქვს და ყველას კარგად გვახსოვს. ზუსტად ასე ელაპარაკებოდნენ შევარდნაძესა და სააკაშვილს, რათა მათთვის სახე შეენარჩუნებინათ. თუ თქვენ ნახეთ ვენეციის კომისიის წარმომადგენლის, მარკეტის განცხადება, ზუსტად ეს განცხადება იყო. ტონალობა იყო ძალიან რბილი, ნათქვამი იყო, რომ ეს არის კარგი პროექტი და ასე შემდეგ, მაგრამ შინაარსობრივად ერთადერთი კონკრეტული შენიშვნა, რომელიც გაკეთდა პროექტთან დაკავშირებით, იყო მკვეთრად უარყოფითი.

- რას გულისხმობთ? უმრავლესობა აცხადებს, რომ შენიშვნები არ ყოფილა...

- იყო, როგორ არ იყო. მან თქვა, რომ როგორც პრეზიდენტის, ისე პარლამენტის არჩევის წესის ცვლილება საჭიროებს კონსენსუსს. ეს უთხრეს ხელისუფლებას, ან მონახავ კონსენსუსს, ან, რაც იქნება ამის შემდეგ, ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვსო.

- ანუ ამ ორ ძირითად საკითხზე გაკეთდა მითითება და გამოითქვა შენიშვნა?

- ერთადერთი შინაარსობრივი შენიშვნა იყო ეს, რომ კონსენსუსის გარეშე ეს სისტემა არ უნდა შეიცვალოს! ახლა ხელისუფლებას აქვს არჩევანი, ან გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის დასკვნა როგორც ამ საკითხში, ისე ზოგადად და მოახდინოს პოლიტიკური სისტემის ლიბერალიზაცია. ასეთ შემთხვევაში ისინი შეინარჩუნებენ სახესაც და პირადი უსაფრთხოების მეტ გარანტიასაც.

- თუ არ გაითვალისწინეს?

- რა თქმა უნდა, შეუძლიათ, არ გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის დასკვნა, გააგრძელონ ირაკლი კობახიძის ჭკუაზე სიარული და 2020 წლის ნაცვლად თარიღი გადმოიწევს აქეთ, პროცესები დაჩქარდება.

- ბატონო კახა, ვნახეთ, როგორი ხმაური მოჰყვა თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის ჩამორთმევას. ამ პროცესს რით ხსნით?

- სასაცილოა, როდესაც თელავი, რომელიც მინიმუმ მე-12 საუკუნიდან იყო სატახტო ქალაქი; ზუგდიდი, რომელიც რუსეთის იმპერიამდე გამოაცხადა ქალაქად სამეგრელოს მთავარმა და რუსეთის იმპერიამაც კი არ წაართვა და შეუნარჩუნა ქალაქის სტატუსი, ამ პირობებში ჩვენ ვხედავთ, რომ დამოუკიდებელ საქართველოში ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი ანადგურებს საქართველოში თვითმმართველობას!

- რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში?

- ამაზე ბევრი გვისაუბრია მე და ჩემს მეგობრებს და, მართალი რომ გითხრათ, ახსნა-განმარტება არ გვაქვს, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში. როგორც ჩანს, ვიღაც სულელმა თქვა, რა საჭირო იყო ამის გაყოფა და გავაერთიანოთო. ამ დამპალ სისტემაში არავინ შეაჩერა ეს. როდესაც ოპოზიცია წინააღმდეგი წავიდა, ჯიბრზე აკეთებენ ამ ყველაფერს.

- რა შანსები აქვს ოცნებას თვითმმართველობის არჩევნებზე?

- ასე არ შეიძლება საკითხის დასმა, იმიტომ რომ ჩვენ ვცხოვრობთ ავტორიტარულ ქვეყანაში, სადაც შეუძლებელია სოციოლოგიური მეთოდით საარჩევნო პროგნოზების გაკეთება. 2011 წლის აგვისტოში რომ ვინმეს ეთქვა, საქართველოში ერთ წელიწადში შეიცვლებოდა ხელისუფლება, ამას ვერცერთი სოციოლოგი ვერ გეტყოდათ. დიდი მსგავსებაა იმ წლებთან. ხალხში არის უკმაყოფილება, მაგრამ ჯერჯერობით არ არის შესაბამისი პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ უკმაყოფილებს ელექტორატად გადააქცევს. ამიტომ ივანიშვილის მთავარი პრობლემა არის ის, რომ მან არ იცის, საიდან და როდის ელოდება დარტყმას. მან შეიძლება გააყალბოს არჩევნები, ყველაფერი თავის ჭკუაზე ჩაატაროს, მაგრამ იმდენად მყიფეა ეს ავტორიტარული სისტემა, რომ რაც გინდა დაწეროს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, თბილისელებს შეუძლიათ, 100 ათასი კაცი გამოვიდეს რუსთაველის გამზირზე და სამ დღეში დაამთავროს ნებისმიერი რეჟიმი!

აქედან გამომდინარე, არჩევნებს ვინ მოიგებს და ვინ არა, ამას აღარ აქვს მნიშვნელობა! რეალურად ყველამ კარგად იცის, რომ არც თვითმმართველობა გვყავს და არც – ლეგიტიმური ხელისუფლება. ჩვენ გვაქვს ივანიშვილის რეჟიმი, რომელსაც უნდა მოვერიოთ.

- ანუ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ხალხი როდის გამოიღვიძებს?

- დიახ, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როდის დადგება 100 ათასი კაცი რუსთაველის გამზირზე! თუ არჩევნებამდე მოხდა ეს, მაშინ არჩევნებში წააგებს, თუ არჩევნების შემდეგ მოხდა, მაშინ არჩევნების შედეგებს გააუქმებს.

- დიდი კამპანიაა დაწყებული ნარმანიას წინააღმდეგ. ვინ იქნება ოცნების კანდიდატი - კვლავ ნარმანია თუ კახი კალაძე, რომელზეც აქტიურად საუბრობენ?

- ითქვა უკვე, რომ კალაძის კანდიდატურის დაყენებას აპირებს ხელისუფლება. რაც შეეხება დავით ნარმანიას, ამ მთელი კორუფციული სკანდალების შემდეგ ხელისუფლება აცხადებს, რომ ნარმანიას კანდიდატურა განიხილება გენერალური აუდიტის პოსტზე.

გენერალური აუდიტის მთავარი ფუნქცია არის, რომ თუ სადმე ფული გაიხარჯება არამიზნობრივად, თუნდაც 5 ლარი, ისიც უნდა გამოიკვლიოს და ამ სამსახურის უფროსად ინიშნება ამ საქმის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ჩინოვნიკი, ნარმანია!

ეს ხომ არის ივანიშვილის მხრიდან ქართველი ხალხისთვის სახეში შეფურთხება?! სახელმწიფოსთვის სახეში შეფურთხება და იმის თქმა, მე სულ ფეხებზე მკიდია ქართული სახელმწიფო და მისი კანონმდებლობაო! ადამიანს, რომელსაც ციხეში უნდა უშვებდნენ, მთავარ აუდიტორად გვინიშნავენ! ეს იგივეა, შინაგან საქმეთა მინისტრად კანონიერი ქურდი რომ დანიშნონ!

„ახალი თაობა“, 24 მაისი, 2017 წელი

ინტერვიუ ლევან ხაბეიშვილთან: „ორი ხელშეკრულებიდან მერიამ 5.178.000 ლარი მოტეხა“ // აღიძვრება თუ არა დავით ნარმანიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე

„გიორგი ვაშაძე – ახალი საქართველო“ დედაქალაქის მერიისა და უშუალოდ დავით ნარმანიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს. პარტიის ლიდერებმა გიორგი ვაშაძემ და ლევან ხაბეიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე დოკუმენტებიც წარმოადგინეს. როგორ „მოტყდა“ ორი ხელშეკრულებიდან 5 მილიონზე მეტი, საიდან ჩაუვარდათ ხელში ეს დოკუმენტები და რას ითხოვენ საგამოძიებო უწყებისგან? ამ თემებზე „ახალ თაობას“ ლევან ხაბეიშვილი ესაუბრება.

„ჩვენ დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ვიბრძოდით იმისთვის, რომ ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხანა დაბრუნებოდა თავის საქმიანობას, რომელიც მას შემდეგ შეჩერდა, რაც დედაქალაქის მერის პოსტზე დავით ნარმანია მოვიდა. ვამტკიცებდით, რომ ამ ქარხნის მუშაობა აუცილებელი იყო. ამ ქარხანაში ვაგონების მოდერნიზება-შეკეთება ხდება. ისინი რომ არა, თბილისის მეტროს შეექმნებოდა მუშაობის პრობლემა. ჩვენ სანამ ამ ქარხნის ასამუშავებლად ვიბრძოდით, დავით ნარმანიამ მოახერხა იმდენი, რომ ამ სააქციო საზოგადოებაში შეიცვალა ხელმძღვანელი პირი, მოვიდა ის ადამიანი, რომელსაც `ქართული ოცნება~ და თბილისის მერი ენდობოდნენ. ხელმძღვანელი პირის შეცვლის შემდეგ ქარხანასთან დაიწყო ხელშეკრულებების გაფორმება. სწორედ აქ არის კონკრეტული დარღვევები. დარღვევების შესახებ ინფორმაცია ქარხნიდან მოგვაწოდეს», – ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

- სანდოა ამ ადამიანების მიერ მოწოდებული ინფორმაცია?

- სანდოა. „ახალ საქართველოს“ მოგვაწოდეს „ექსელის ფაილები“, სადაც მოცემულია ციფრები, თუ რამდენი ფული დახარჯა მერიამ მეტროს ვაგონების შეკეთებაზე. მარტო ორი ხელშეკრულებიდან 5.178.000 ლარი მოტეხეს. ერთი ხელშეკრულების ღირებულება 7.499.000 ლარს შეადგენს, ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტაციით კი სულ სხვა რამე დგინდება. რეალური ფასთწარმოება სულ სხვა რამეზე მიუთითებს. ხელშეკრულებაში გაფორმებული თანხის ნაცვლად რეალური დანახარჯი იყო 3.000.900 ლარი. ფაქტობრივად, 3,5 მილიონი ააორთქლეს ამ ხელშეკრულებიდან. ამავე ქარხანასთან გაფორმდა კიდევ ერთი, 3.199.000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება. ამ შემთხვევაში დაახლოებით 1.600.000 ლარი გაქრა. ორივე შემთხვევაში 5.178.000 ლარი `მოუტეხეს~ ბიუჯეტს.

ახლო მომავალში ჩვენ გავასაჯაროებთ, რა არის რეალური ფასთწარმოება და რა წერია ხელშეკრულებაში. ჩვენ კიდევ ერთი საინტერესო დეტალი გავარკვიეთ. ამ კომპანიას, რომელსაც ნარმანიამ ხელშეკრულება გაუფორმა, სომხეთში გამართულ ტენდერშიც აქვს მიღებული მონაწილეობა. მათ სამუშაოების შესასრულებლად ბევრად ნაკლები თანხა მოითხოვეს.

- იგივე სამუშაო უნდა შეესრულებინათ, რაც თბილისში?

- იგივე სამუშაო იყო შესასრულებელი და შედარებით ნაკლები ფასები ჰქონდათ მითითებული. ამ კომპანიამ სომხეთში ტენდერი წააგო. ტენდერში სხვა კომპანიამ გაიმარჯვა, რომელმაც ერევანს ბევრად უფრო იაფი მომსახურება შესთავაზა. ეს კომპანიაც ქართულია. ნაწილები, რომლებიც ვაგონების მოდერნიზება-შეკეთებისთვის არის საჭირო, გაიაფდა. ნაწილები რუსეთიდან შემოაქვთ და იქ ამ პროდუქციაზე ფასებმა დაიკლო.

ამ საკითხზე კონსულტაციები გვქონდა იმ ადამიანებთან, რომლებიც ამავე სფეროში მუშაობენ კიევში, ტაშკენტსა და ბაქოში. ისინი გვიდასტურებენ, რომ ხელშეკრულებაში რეალურ ღირებულებაზე ბევრად მაღალი ფასებია მითითებული. ეს ყველაფერი ბიუჯეტიდან თანხების მისათვისებლად გაკეთდა. იმედი გვაქვს, პროკურატურა ამ საქმით დაინტერესდება და გამოძიებაც დაიწყება. მიგვაჩნია, რომ ამ შემთხვევაში საქმე დავით ნარმანიას წინააღმდეგ უნდა აღიძრას.

- უშუალოდ დავით ნარმანიას წინააღმდეგ რატომ?

- იმიტომ, რომ ეს მისი პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხია. ჩვენ ჩვენი მხრიდან საგამოძიებო უწყებას სერიოზულ დოკუმენტაციას მივაწვდით.

- ცოტა ხნის წინ თქვენ უფასო სასადილოებთან დაკავშირებითაც მიმართეთ პროკურატურას. გასულ კვირაში მოხდა გიორგი ვაშაძის დაკითხვა. კიდევ თუ არის რაიმე სიახლე?

- მეტი სიახლე ჯერ არ არის, მაგრამ მიმაჩნია, რომ წარმატება მიღწეულია. ჩვენ მიერ მოპოვებული მასალების მიხედვით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. იმედი მაქვს, დამნაშავეებს მალე აგებინებენ პასუხს. უპოვარი ადამიანების ხარჯზე ფულის გაკეთება დანაშაულიც არის და უსინდისობაც.  უფასო სასადილოებში აქტიურად დარბიან გამგეობების წარმომადგენლები, პირადად ამოწმებენ საკვების ხარისხს, მერე ამ ფოტოებს ფეისბუქზე დებენ და აცხადებენ, რომ უფასო სასადილოებში გემრიელი საჭმელებია. ჩვენ მიერ კვლევის გამოქვეყნების შემდეგ საკვები ოდნავ გააუმჯობესეს. ამ საქმეს არ მოვეშვებით და დამნაშავეების დადგენამდე არ გავჩერდებით. ამაზეც უნდა აგოს ნარმანიამ პასუხი.

- გჯერათ, რომ ამაზე დავით ნარმანია პასუხს აგებს?

- საქართველოს ეყოლება აპოლიტიკური პროკურატურა, რომელიც აუცილებლად მოსთხოვს პასუხს დავით ნარმანიას.

- თუმცა მანამდე ის აუდიტის სამსახურის უფროსის პოსტს ჩაიბარებს...

- ეს დავით ნარმანიას ვარაუდია და, შესაძლოა, არც დანიშნონ ამ თანამდებობაზე. ის ფაქტი, რომ ნარმანიას კანდიდატურა გენერალური აუდიტორის პოსტზე დასახელდა, თბილისელების დაცინვაა. ეს იმაზე დიდი დაცინვაა, ვიდრე კახა კალაძის მერობა.

- კახა კალაძის მერობა რატომ არის თბილისის დაცინვა?

- კაცმა, რომელმაც „გაზპრომს“ ასიამოვნა, თავისი ნათესავებით გაავსო დედაქალაქის მერია (ცოლისძმა, ცოლის ბიძა, ცოლის დეიდაშვილი), ენერგეტიკის სამინისტროს კომპანიაში დაასაქმა ცოლისძმის სიდედრი და ასე შემდეგ, გარდაბანში გამგებლად გაიყვანა ჯამარაული. კობიაშვილს რომ ფედერაციის პრეზიდენტობა მოეგო, დღისით-მზისით ადამიანი „მოიპარეს“ და ერთ ხმაში გაცვალეს. კორცხელში სპორტსმენების ხელით მოაწყო დარბევა. პარლამენტში შეიყვანა ყაველაშვილი, კობიაშვილი, ბენაშვილი და ასეთები. ეს არის მცირე ჩამონათვალი მისი საქმენი საგმირონისა. და რატომ იქნება ნარმანიაზე უკეთესი მერი?

——————–

საქართველო და მსოფლიო“, 24 მაისი, 2017 წელი

ინტერვიუ ელიზბარ ჯაველიძესთან: „სანამ ამერიკის ელჩი ადგენს საქართველოს პარლამენტში შესასვლელი ადამიანების სიას, ჩვენი საქმე კარგად ვერ იქნება“ // „მიწა ჩვენი სულია, ის განსაკუთრებული, სათუთი და მოსაფერებელია. არავის აქვს მიწის გაყიდვის უფლება

ეკა ნასყიდაშვილი

300 არაგველი – 1795 წლის 11 სექტემბერს კრწანისის ბრძოლაში გმირულად დაღუპული 300 ფშავ–ხევსური და არაგვისპირელი მებრძოლი. გადმოცემის თანახმად, მათ ბრძოლის წინ შეჰფიცეს ერთმანეთს, რომ ან გაიმარჯვებდნენ, ან ბრძოლის ველზე დაეცემოდნენ, რაც შეასრულეს კიდეც. საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2008 წლის 27 ივნისის სხდომის განჩინებით, „1795 წ. კრწანისის ომში მომწყდარნი 300 არაგველნი და სასულიერო და საერო პირნი შერაცხილ იქნან წმიდა მოწამეებად. დაიწეროს მათი ხატი, ტროპარ–კონდაკი, ცხოვრება და საგალობლები. მათი ხსენების დღედ დაწესდეს 11 (24) სექტემბერი. ეთხოვოს ქ. თბილისის მერიას, საპატრიარქოსთან შეთანხმებით, იზრუნოს კრწანისის ველის, როგორც თავდადების ადგილის, სათანადო მოწყობაზე“, – ასე ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში 300 არაგველის თავდადება. მკითხველისთვის, ალბათ, საინტერესო იქნება, როგორ ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში 2017 წლის 17 მაისი. დღე, როდესაც ხელისუფლების ხელშეწყობით ე.წ. ლგბტ თემის 300 წარმომადგენელმა დედაქალაქის ცენტრში „აღლუმი“ ჩაატარა…

როგორ მოვედით 300 არაგველიდან 300 ლგბტ–მდე? ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე გვესაუბრება.

- არაერთხელ მითქვამს: ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, მიზანმიმართულია იმისკენ, რომ გადავშენდეთ. ჯოჯოხეთიდან ისმის ჟივილ-ხივილი და ეს ძალიან მაშინებს. ძალა, რომელიც მართავს ამ ქვეყანას, ჯოჯოხეთურია. 2012 წელს ქართველმა ხალხმა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას”, რადგან ვიცოდით, რომ მხოლოდ ის შეძლებდა “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების მოშორებას. ხელისუფლების, რომელიც გაუგონარი სისასტიკით გაუსწორდა საკუთარ ხალხს. სულით, გულით, გონებით, კალმით, რითაც შეგვეძლო, ვიდექით “ოცნების” მხარდასაჭერად, მაგრამ იმედი გაგვიცრუვდა. აღმოჩნდა, რომ გამარჯვება მხოლოდ ჩვენზე არ იყო დამოკიდებული. ქვეყნებმა, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას მართავდნენ, ერეოდნენ ამ პროცესში, 2012-ში შეშლილი ხალხი დაინახეს. ამიტომ მათ სხვა გზა არ ჰქონდათ, სააკაშვილი უნდა ჩამოეშორებინათ. ხაზს ვუსვამ, უცხოელები მიხვდნენ, რომ ქვეყანა რევოლუციის ზღვარზე იყო. რევოლუცია კი ანადგურებს ყველაფერს, კუდებს არ ტოვებს, ამერიკასა და ევროპას კი კუდების მოსპობა არ სურდა და სწორედ ამიტომ ამოუდგნენ “ოცნებას” მხარში. მათ შორს გამიზნული ნაბიჯი გადადგეს _ ხელისუფლებაში შეაპარეს ადამიანები, რომელთა დახმარებითაც კვლავ შეძლებდნენ ხელისუფლების სადავეების ხელში ჩაგდებას. ჩვენი უბედურება კოაბიტაციით დაიწყო.

ამერიკელების იდეაა, საქართველოშიც ისევე, როგორც მათთან, ორი პარტია იყოს: ერთი – აუცილებლად “ნაციონალური მოძრაობა”. “ოცნებაშიც” ბევრია ისეთი, ვისზეც შეიძლება თქვა, რომ ის და “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები ერთი და იმავე ძალის ინტერესების გატარებას ემსახურებიან. ისინი ამოფარებულნი არიან ყალბ დემოკრატიას. ყველანი ქართული სულის განადგურებას ცდილობენ. ანადგურებენ რელიგიას, განათლებას, რწმენას.

კომუნისტებს სურდათ ახალი ადამიანის შექმნა – “საბჭოთა ადამიანის”, მაგრამ ვერ შეძლეს, რადგან ბევრი რამ არ იკადრეს, სულის წართმევას მოერიდნენ, ამიტომ ქართველი და არა მხოლოდ ქართველი, დარჩა იმად, რაც იყო. იმჟამინდელი ახალგაზრდები ეროვნულები იყვნენ და ოდნავ გადაცდომაზეც კი სასტიკი რეაქცია ჰქონდათ. ეს ყველაფერი კარგად იცოდნენ იმ ევროპელებმა თუ ამერიკელებმა, რომლებმაც დაიწყეს ჩვენი განადგურება და პირველი, რაც მოგვისპეს, განათლება იყო. საქართველო მსოფლიო ბანკმა და სავალუტო ფონდმა ჩაიგდო ხელში, გვაძლევდნენ ფულს, მაგრამ ჩვენ ამ ფულის დახარჯვა არ შეგვეძლო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მხოლოდ მათ დირექტივებს უნდა მივყოლოდით. გაგვაყიდვინეს უკვე აშენებული ფაბრიკა–ქარხნები და ხეტყე. ყველაფერს ამას რომ ვაანალიზებ, შიში მეუფლება – დღეს ხელისუფლებას რომ ავუბუნტდეთ, ხვალ ისევ ნაციონალები არ მოიყვანონ.

- რატომ ფიქრობთ, რომ ნაციონალებს დააბრუნებენ? ხალხი ამის წინააღმდეგია

- ვერ ხედავთ, რა ხდება ქვეყანაში? ისევ ის არასამთავრობოები ცდილობენ პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას, რომლებიც ნაციონალების პერიოდში აქტიურობდნენ; ისევ ის კანონპროექტები განიხილება, რომლებიც მაშინ განიხილებოდა; სასამართლო პროცესებსაც იგივე ადამიანები იგებენ, რომლებიც მანამდე იგებდნენ და სახალხო დამცველიც ისეთივეა, როგორიც ნაციონალებს ჰყავდათ. ასე რომ, საფრთხე დიდია. დაპატიმრებული არ არიან დამნაშავენი, უფრო მეტიც, ისევ საკვანძო თანამდებობებზე სხედან. მიწის გაყიდვაზე მონიტორინგი ჩვენ, სამეცნიერო აკადემიამ, გამოვაცხადებინეთ და მერე, ეკა გიგაურის საჩივრის საფუძველზე, მონიტორინგი გაუქმდა. წარმოგიდგენიათ, ეს რას ნიშნავს? ნიფხავჩახდილი გოგო–ბიჭების დაკრულზე დადის საქართველო. ერს კლავენ და, თუ ერი მოკვდა, არავინ გადარჩება, მინდა ეს დაიმახსოვრონ…

- ერს რომ კლავენ, ამაში გეთანხმებით. ზუსტად ეს დაინახა ხალხმა 17 მაისს, როდესაც 300 არაგველის ქვეყანაში 300 ლგბტ პატივით მიაცილეს დანიშნულების ადგილამდე და აღლუმი მოაწყობინეს. წელს ეს პირველად მოხდა

- 300 არაგველის შესახებ, დარწმუნებული ვარ, არაფერი სმენიათ. მათ, არც აქვთ უფლება არაგველების სახელის ხსენების. „უზნეობა სუფევს საქართველოში, უზნეოთა თარეშია“, – ეს მუხრან მაჭავარიანმა თქვა. ნოდარ დუმბაძის საოცნებო ქალაქში, თქვენი ბავშვობის ქალაქში, უნდოდათ ფილმის ჩვენება, მაგრამ ჩაუშალეს… და კი არ უნდა ჩაეშალათ, პოლიციას ხელი კი არ უნდა შეეშალა, ხალხი უნდა შესეოდა მათ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა და ესენი პედარასტების აღლუმებს ატარებენ ეკა გიგაურისა და ნინო ლომჯარიას გულის გასახარად. საფრანგეთში, ერთ დროს კულტურისა და ხელოვნების სავანეში, როდესაც ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღეს, რამდენიმე ეროვნულმა ადამიანმა თავი მოიკლა, რადგან იცოდნენ, რა მოხდებოდა ცოტა ხანში. ზუსტად ერთ წელიწადში საფრანგეთში ერთი და იმავე სქესის პირებს შორის ქორწინება დაკანონდა… ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი. ჩვენ თავის დაცვა ვერ შევძელით. თავი აქამდე როგორღაც მოვიტანეთ, მაგრამ გაგვტეხეს. იმის გამო, რომ რამდენიმე ადამიანმა ფული იშოვოს, თაობებს ღუპავენ.

რუსეთის პოლიტიკა პატრიოტულ იდეოლოგიაზეა აგებული და ყველაფერს კრძალავს, რაც ამ იდეოლოგიას უშლის ხელს. რუსეთში ალაგმეს არასამთავრობოები, რომლებსაც საეჭვო წარმოშობა ჰქონდათ და არასასურველი საქმისთვის იღებდნენ გრანტებს. ამის გაკეთება საქართველოშიც აუცილებელია, მაგრამ ჩვენ იდეოლოგიად ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება ავირჩიეთ და უნდათ, ბავშვები ოჯახებში ისე გაიზარდონ, რომ პედარასტობა არ უკვირდეთ. ჩემს ოჯახში ვინმე ამ იდეოლოგიით რომ გაიზარდოს და ეს მოიწონოს, მოვკლავ, გავანადგურებ, ვინც უნდა იყოს. ეს ერის სიკვდილია, ამას არ დავუშვებ…

ეკლესია წაბილწეს, სინოდის წევრების ნახევარზე მეტი აგენტია, მართულები არიან, ღმერთს არ ემსახურებიან. საპატრიარქოში რაც მოხდა და გახმაურდა, დიდი სირცხვილია. პატრიარქი ამბობდა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება ცოდვაა, მიწის გაყიდვა არ შეიძლება, ოჯახი წმინდააო და სწორედ ამიტომ მოხდა თავდასხმა ეკლესიაზე. ეკლესიაში რაც ხდება, ხმამაღლა უნდა ითქვას, ვინც ამ ფაქტის დამალვას ცდილობს, ქვეყნის მტერია. დავა სასულიერო პირებს შორის ერის თავის მოჭრის ტოლფასია.

სანამ ამერიკის ელჩი ადგენს საქართველოს პარლამენტში შესასვლელი ადამიანების სიას, ჩვენი საქმე კარგად ვერ იქნება. დიდი ილია ამბობდა, ერიცა და ადამიანიც ფასობს თავისი წარსულით, აწმყოთი და მომავლითო. თუ ადამიანს წარსული არ უვარგა, რაც უნდა ეცადოს, ბუნებას ვერ შეიცვლის. ეს სიტყვები ბიძინა ივანიშვილსაც დავუწერე. იმ პატარა ბიჭს, პარლამენტის თავმჯდომარე რომ ჰქვია, და ახალგაზრდებს კომუნისტებს უწოდებს, მინდა ვუთხრა, ახალგაზრდებმა თავის დროზე ენა გადაარჩინეს. სწორედ, ახალგაზრდების ძალისხმევით არ დაკარგულა ერთი გოჯი მიწა. ეროვნული სული იყო და არის კიდევ შემორჩენილი. ქვეყანაში კატასტროფული დემოგრაფიული ვითარებაა და ამ დროს ლგბტ-პირებს გვტენიან. არ არის ეს მიზანმიმართული?

ილიას გზით იარეთო, ის ყმაწვილი რომ ეუბნება ხალხს, ილია სულ ევედრებოდა ქართველს, მიწა არ გაყიდო, მიწის გაყიდვა დედის გაყიდვის ტოლფასიაო, მაგრამ ესენი დედასაც და მამასაც გაყიდიან, თუკი პარტია უბრძანებს. მათთვის პირადი კეთილდღეობაა უმთავრესი. ვერასოდეს დამარწმუნებს ჩუგოშვილი, რომ საქართველო ოდესმე უყვარდა და უყვარს, რადგან 2011 წლის 26 მაისის სისხლისღვრა გაამართლა.

- პარლამენტარი, უმრავლესობის წევრი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, მიწის გაყიდვის აკრძალვა კონსტიტუციაში არ ჩაიწერებაო

- თამარ ჩუგოშვილმა თავის მამიდას მიხედოს. მაგიტომაც ვართ დაღუპული, რომ თამარ ჩუგოშვილია ჩვენს პარლამენტში. „მხოლოდ გუთანი და მიწა გადაგვარჩენს“, – ამბობდა ილია. ხალხმა უნდა გააცნობიეროს, რომ დღეს ძალიან გვიჭირს. ქართველს უმძიმეს დღეებშიც კი არ აკლდა საკვები. დღეს ლუკმაპური ძნელი საშოვნელი გაგვიხდა, მაგრამ მართლმადიდებლობისთვის, მიწისთვის, ქართველი ყოველთვის იბრძოლებს. ნუ მიიყვანენ ჩვენს ხალხს იმ ზომამდე, რომ უკონტროლო გახდეს ვითარება. არადა, უკვე იგრძნობა დენთის სუნი. “რევოლუციის აჩრდილი დადის” საქართველოში.

მიწა ჩვენი სულია, ის განსაკუთრებული, სათუთი და მოსაფერებელია. არავის აქვს მიწის გაყიდვის უფლება, მაგრამ ეს რა გასაკვირია, მამათმავლობის ხელმშემწყობი პოლიტიკოსებისთვის მიწა რა სახსენებელია? მსოფლიო პოლიტიკის პრინციპია, სახელმწიფოს სათავეში დეგენერატები იყვნენ, დეგენერატი ატომურ ბომბზე უარესია. ბომბი ანადგურებს, ხოლო დეგენერატი თან ანგრევს, თან რჩება.

ჭამენ საქართველოს, მაგრამ ამ ქვეყანაში ყოველთვის კეთდებოდა დიდი საქმეები, გაკეთდება დღესაც. ხელისუფლება შესაცვლელია. გვახსოვდეს, ლიბერალები ფაშისტებზე უარესები არიან, ამიტომ დიდხანს ამის ყურება არ შეიძლება.

————————

რეზონანსი“, 24 მაისი, 2017 წელი

დავიცვათ საქართველოს მიწა გაუცხოებისაგან!

მიმართვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლი კობახიძეს

ნოდარ ნათაძე, პაატა კოღუაშვილი,მამუკა გიორგაძე, მიხეილ ჯიბუტი

ბატონო ირაკლი, ორი თვის წინ ჩვენ ღიად მოგმართეთ შეკითხვით “რატომ უნდა გაიყიდოს საქართველოს მიწა უცხოელებზე”? შეკითხვასთან ერთად გაახლეთ განმარტება, თუ რატომაა დღეისათვის საქართველოს მიწის უცხოელებზე გაყიდვა საქართველოსა და ქართველი ერისათვის სასიკვდილო. სახელდობრ:

1. საქართველოში კონკურენტუნარიანი მოქალაქე არ არსებობს. მიწის გაყიდვა უცხოელებზე, ანუ მისი გატანა თავისუფალ ბაზარზე ბუნებრივად გამოიწვევს მთელი მიწის გადასვლას უცხოელთა ხელში.

2. დღევანდელი საქართველო უკიდურესად ღატაკია. ოჯახთა 1/6 ვალით იკვებება. საქართველოში ჯერ კიდევ შიმშლით იღუპებიან ბავშვები. ამიტომ თანამედროვე საქართველოს მოსახლეობის წინაშე, გარდა საკვებით უზრუნველყოფისა, დგას მრავალი ცდუნება – უძრავი ქონების, მათ შორის – მიწის, ტოტალურად გაყიდვისა. მაქსიმუმ ორ თაობაში ყველა ქართველი ოჯახი იძულებული იქნება, თავისი წევრის გადასარჩენად გაყიდოს თავისი მიწა.

3. არის ზოგადი ინტერესი მეზობელი ქვეყნებისა საქართველოს დემოგრაფიული ათვისების მიმართულებით (საქართველო არც ერთ მათგანთან კონკურენტუნარიანი არ არის).

4. არის რუსეთის სპეციალური (სტრატეგიული) ინტერესი საქართველოში მიწის მოპოვებისა და თავის მომხრე ეთნიკური ანკლავების შექმნის მიმართულებით. მასთან მიმართებაშიც საქართველო არაკონკურენტუნარიანია.

მაშინვე დაგისახელეთ რამდენიმე ძირითადი მოტივი საქართველოს მმართველი ჯგუფების, მათ შორის, ხელისუფლების დაინტერესებისა მიწის უცხოელებზე გაყიდვაში. ყველა ჩამოთვლილი მოტივი კრიმინალურია. მათ განმეორებას წინამდებარე მიმართვაში ზედმეტად ვრაცხთ.

თქვენგან პასუხი ვერ მივიღეთ. რამდენიმე დღის წინ საჯაროდ გამოთქვით აზრი, რომ მიწის უცხოელებზე გაყიდვას ჩვენს სახელმწიფოს აიძულებს ის გარემოება, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 5 წლის წინ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მიწის უცხოელებზე გაყიდვის უფლების შეზღუდვა ეწინააღმდეგება საქართველოს არსებულ კონსტიტუციას.

უცხოელებზე მთლიანი გაყიდვისაგან თქვენი განცხადების შესახებ, რომელიც ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებას, მოგახსენებთ შემდეგს:

დღეს თქვენ შეგიძლიათ, ცალსახად ამხილოთ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გ. პაპუაშვილი და ამ სასამართლოს პლენუმის წევრები, როგორც მოქალაქენი, იმაში, რომ მათ მიერ ერთხმად მიღებული 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება #3/1/512, რომელმაც დააკანონა შეზღუდვების მოხსნა უცხოელებისათვის საქართველოს მიწის გაყიდვაზე, არის შეგნებული და მიზანმიმართული გაყალბება კონსტიტუციის ფორმულირებათა აზრისა, ერთი მხრივ, კორუფციულ მიზანთა მქონე შინაგანი და გარეგანი ძალების სასარგებლოდ და, მეორე მხრივ, საქართველოს მიმართ მტრულ გარეშე ძალთა სასარგებლოდ. გარდა ამისა, თქვენ გაქვთ სრული სამართლებრივი საფუძველი ინდივიდუალურად გ.პაპუაშვილის მხილებისა მის მიერ სახელმწიფოს ინტერესთა პირდაპირ ღალატში რუსეთის სასარგებლოდ სხვა, მიწასთან არდაკავშირებულ ეპიზოდში.

პლენუმის მიერ მიღებულ ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაში მიზანმიმართული გაყალბების პუნქტები შემდეგია:

1. გადაწყვეტილება არის კრიმინალური, შეგნებულად ყალბი დებულებების მომცველი და ანტისახელმწიფოებრივი მიზნისკენ მიმართული. დოკუმენტის შემქმნელნი და მიმღებნი შეგნებულად ატყუებენ სახელმწიფოსა და მოსახლეობას, თითქოს კონსტიტუციის სიტყვები, “დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების უფლების გაუქმება” (მუხლი 21, #1) გულისხმობს კონკრეტული პირისათვის კონკრეტული მიწის წართმევას. ამ თემას ეს მუხლი არ ეხება. სინამდვილეში, იგი კრძალავს მხოლოდ საკუთრების, როგორც კონსტიტუციური უფლების, მოხსნის საკანონმდებლო აქტს. კონსტიტუციაში ამ მუხლის გაუქმება დაუშვებელია. ეს სიტყვები, “საკუთრების გაუქმება”, სწორედ ამ შინაარსით იხმარება დემოკრატიული განვითარების ზოგადი თემისადმი მიძღვნილ ურიცხვ თანამედროვე დოკუმენტში.

ეს ყოვლად უსირცხვილო სიცრუე მხოლოდ იმიტომ შეიძლება გადიოდეს ჩვენს სახელმწიფოში, რომ საქართველის მიწის მთელი მასშტაბით მიტაცების დივერსიული გეგმა 2012 წელს, როცა ხსენებული გადაწყვეტილება მიიღეს, დივერსიული სახელმწიფო მანქანის პრიორიტეტული მიზანი იყო. სინამდვილეში, ციტირებული ფორმულირება ნიშნავს მხოლოდ შემდეგს: საქართველოს კანონმდებლობაში საკუთრების უფლების ამოღება დაუშვებელია.

2. იგივე სუბიექტები შეგნებულად ატყუებენ იმავე აუდიტორიას (სახელმწიფოსა და საზოგადოებას), როცა უმალავენ, რომ საგნის იძულებითი გადაყვანა ინდივიდის საკუთრებიდან სახელმწიფოს საკუთრებაში (მუხლი 21, #3) არ არის საკუთრების წართმევა. წართმევა იგი არის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას არ ახლავს ყოფილი მესაკუთრეებისათვის ადეკვატური ფულადი კომპენსაციის გადახდა.

3. დაბოლოს, ყველაზე უსირცხვილო, ცინიკური ელემენტი პლენუმის გადაწყვეტილებისა არის განცხადება, რომ იგი “ვერ ხედავს აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას” (მუხლი 21, #1), რომ დაიცვას საქართველოს მოსახლეობა, ერის მომავალი მისი მთავარი საარსებო ბაზის – მიწის – ტოტალურად გადასვლისაგან უცხოელთა საკუთრებაში. ამ ცინიკურ, ასე ვთქვათ, “თეორიულ” დებულებას თან სდევს პრაქტიკული კრიმინალი: საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ არ ცნო საჭიროდ ექსპერტიზის დანიშვნა იმ კითხვების საპასუხოდ, თუ რა არის პერსპექტივაში ამ მასობრივი პროცესის ეკონომიკური, სტრატეგიული, სოციალური და ფსიქოლოგიური შედეგები.

ეს ფაქტი ნათლად მოწმობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სახით საქართველოში მოქმედებს კრიმინალური ჯგუფი, რომელიც, ფაქტობრივად, შეთქმულებაში იმყოფება საქართველოსა და მისი ყველაზე უფრო სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ.

წინამდებარე მომართვა არის ჩვენი ცდა, რომ ამ ჯგუფისაგან საქართველოს დახსნის რაციონალური, ფაქტობრივი მასალების სიუხვით შემაგრებული გზა შემოგთავაზოთ და გირჩიოთ. თუ თქვენ ამ რჩევას უარყოფთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ამავე მიზნისათვის უფრო რაციონალური გზა გეგულებათ. ის, რომ თქვენ ასეთ გზას არ ასახელებთ (სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებას კი ახსენებთ, როგორც გადაულახავ დაბრკოლებას მიწის სწორი კანონმდებლობითი განკარგვის საქმეში), ლოგიკურად ნიშნავს, თქვენ კაპიტულაციისთვის, მტერთა შეთქმულებისათვის სრული დათმობისთვის განწყობილი ბრძანდებით.

რაც შეეხება გ.პაპუაშვილის მხრიდან საქართველოს სახელმწიფოს პირდაპირ ღალატს რუსეთის სასარგებლოდ, ამის საილუსტრაციოდ გისახელებთ შემდეგ ფაქტს:

გ.პაპუაშვილმა ევროპულ პრესაში მოათავსა წერილი საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის შესახებ, სადაც ჩართულია მიზანმიმართული სიცრუე, თითქოს ამ კონსტიტუციის მოქმედება შეჩერებულ იქნა 1921 წლის 17 მაისს. (“ბოლშევიკური რუსეთის მიერ დამარცხებული, საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება შეიკრიბა თავის უკანასკნელ შეკრებაზე 17 მარტს, 1921 წელს და მიიღო დეკრეტი საქართველოს კონსტიტუციის მოქმედების დროებითი შეჩერების შესახებ”). არაფერი მსგავსი არც ისტორიაში, არც მის შესახებ არსებულ რომელსამე პირდაპირ ან არაპირდაპირ წყაროში მითითებული არ არის. ამ დეზინფორმაციის წყაროდ სხვას ვერაფერს ვივარაუდებთ, გარდა რუსეთის ნებისა, რომელიც 1921 წლის პირველ ნახევარში ყველა საშუალებით ცდილობდა საქართველოსა და მისი ხელისუფლებისაგან ოფიციალური კაპიტულაციის გამოძალვას; მათგანვე საქართველოს კონსტიტუციის გაუქმების ან შეჩერების გამოძალვას.

სასამართლოს შემადგენლობაში მყოფ პიროვნებათა ეს დანაშაული მით უფრო მძიმეა, რომ მიწის უცხოელებზე გასხვისებასთან დაკავშირებული სასიცოცხლო საშიშროების ფაქტი მოსამართლეებს ეუწყათ პროცესში მონაწილე სტუდენტური “მეგობართა ჯგუფის” მიერ. იმავე შინაარსის დანაშაული აქვს იმ დროის პარლამენტს (თავმჯდომარე დ. უსუფაშვილი), რომელიც პროცესში მონაწილე იყო, როგორც მოპასუხე და აღნიშნულ თემაზე ექსპერტიზა არ მოითხოვა.

რაც შეეხება 11 მაისის განცხადებას იმის თაობაზე, რომ მიწის გაყიდვის გზა საქართველოში ყველა შემთხვევაში დარჩება, რადგან ბანკები, სადაც უცხოეთის კაპიტალს წამყვანი მდგომარეობა აქვს, თვითონ გაყიდიან მასში იპოთეკის სახით ჩადებულ მიწებს, ისიც კაპიტულაციაა: თქვენ შეგიძლიათ და ვალდებული ბრძანდებით, რომ ბანკებსაც მიწის გაყიდვის უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე გაუვრცელოთ.

თქვენი ეს განცხადება მრავალმხრივი, მათ შორის, ფილოსოფიური (აქსიოლოგიური) არაინფორმირებულობის შედეგია: ადამიანიც და ერთმანეთზე გენუინური (ნაღდი) ემოციური კავშირებით მიბმული ჯგუფი, ფსიქოლოგიურად, თავისი ღირებულებათა სისტემით ცხოვრობს. ყოველ ინდივიდს, სოციალურ ჯგუფსა და ფენას, პოლიტორგანიზაციასა და ინსტიტუტს, თავისი ღირებულებათა სკალა აქვს. სახელმწიფოს პირველი ღირებულებაა (და, შესაბამისად, ვალდებულებაა) ამ სახელმწიფოსა და ქვეყნის მარადიულყოფა, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნისა, მოცემულ საზღვრებში მყოფი ქვეყნისა და პერსპექტიული (სიცოცხლისუნარიანი) ქვეყნისა. თავისი ბანკების ბედი ან ინტერესი და თუნდ მსოფლიოსთან კეთილი ურთიერთობის ინტერესი, მეგობარ და მეზობელ სახელმწიფოებთან სიამტკბილობის ინტერესი თავისი ღირებულებით ამ პირველი ღირებულების უკან დგას, ვერც ერთი მას ვერ შეეტოქება. ამ მარტივი ჭეშმარიტების უცოდინარობა ზოგადმოქალაქეობრივი და პოლიტიკური უმწიფრობის სინონიმია. ამიტომაა, რომ საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესთა მიზანმიმართული ღალატის ბრალდების რიდით, დააკანონოს, რომ ბანკებსაც, ისევე როგორც ფიზიკურსა და იურიდიულ პირებს საერთოდ, მათ ხელთ აღმოჩენილი მიწის მხოლოდ საქართველოს მოქალაქეზე მიყიდვის უფლება აქვს.

საქართველოს მიწა მისი სასოფლო-სამეურნეო ფართობი, მისი წიაღი და სხვა ბუნებრივი რესურსი და მისი სტრატეგიული შესაძლებლობები არის საქართველოს საარსებო ბაზა. ქართველი ერის შვილთა და საქართველოს ყველა მოქალაქის წმიდათაწმიდა ვალია, მომავალ თაობებს, დღეიდან უსასრულობამდე, საქართველოს ეს სიმდიდრე შეუნახოს შემცირების, ხარისხობრივი დაქვეითების, მასზე საქართველოს ხელისუფლებისა და საქართველოს ყველა მოქალაქის კონტროლის საშუალებათა შესუსტების გარეშე.

ქართველი ერი და საქართველოს მოქალაქეები მთლიანად, საქართველოს მიწის მიმართ და თავისი შთამომავლობის მიმართ ვერც ერთ ნაბიჯს, მიმართულს ზემოაღნიშნულ უფლებათა და მოვალეობათა შესუსტებისაკენ ვერ დაუშვებენ, თუ იგი არ იქნება მოტივირებული სტრატეგიული საჭიროებით და მოწონებული იქნება საქართველოს პარლამენტის კონსტიტუციური უმრავლესობით. უცხო მოქალაქესა და უცხო ძალაზე საქართველოს მიწის გამოსაყენებლად მიშვება, ჩვენი აზრით, აუცილებლად უნდა გულისხმობდეს თავის ფორმად არა საკუთრებაში გადაცემას, არამედ გრძელვადიან (15-25-წლიან) იჯარას, რომელიც დატვირთული იქნება სასოფლო-სამეურნეო ვალდებულებებით.

რეზონანსი“, 24 მაისი, 2017 წელი

უახლოეს წლებში პენსია არ გაიზრდება

სამწუხაროდ, მთავრობაში ამაზე საუბარიც აღარ მიმდინარეობს

მარი ჩიტაია

მთავრობას საპენსიო თანხის ზრდაზე უარის თქმა გაისადაც მოუწევს. ამის შესახებ არც წინასაარჩევნო დაპირებიდან მოგვისმენია და არც არჩევნების შემდეგ გამოუდვიათ თავი. ხელისუფლებისთვის ცალკე თავსატეხია პენსიონერების რაოდენობის ზრდა, რის გამოც მატულობს ბიუჯეტზე წნეხი. პენსიის 1 ლარით გაზრდაც კი ბიუჯეტს 9 მილიონი ლარი უჯდება.

საქართველოში საპენსიო რეფორმის დაწყებაც გაჭიანურდა, ამ პროცესმა მინიმუმ 1 წლით გადაიწია. გამოდის, რომ სანამ რეფორმა არ განხორციელდება, პენსიის ზრდა რეალურად ვერ მოხერხდება, ხოლო რეფორმის პროცესში ჩართული მთავრობისთვის ეს საკითხი, სავარაუდოდ, დიდი ხნით დაიხურება.

მეზობელ ქვეყნებთან შედარებით საქართველოში ყველაზე დაბალი პენსიაა. უცხოურ ვალუტაში გადაანგარიშებით ქართველი ხანდაზმულები თვეში დაახლოებით 75 დოლარს იღებენ. ოდნავ, ორიოდე დოლარით გვისწრებს უკრაინა, სადაც პენსიის ოდენობა 77 დოლარია და ცოტათი უკეთესი მდგომარეობაა სომხეთში, სადაც ყოველთვიურად თითო პენსიონერზე 85 დოლარი გაიცემა.

გაცილებით უკეთეს პირობებში ცხოვრობენ რუსი და აზერბაიჯანელი პენსიონერები. რეგიონალურ მეზობლებთან საპენსიო მაჩვენებელი 212 დოლარს აღწევს, ხოლო უკეთესი მდგომარეობაა რუსეთში, სადაც სახელმწიფო ხანდაზმულებს 239 დოლარს უხდის.

პენსიის 1 ლარით გაზრდა საქართველოს ბიუჯეტს წელიწადში დაახლოებით 9 მილიონი ლარი უჯდება. 10 ლარის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი თითქმის 100 მლნ ლარამდე იზრდება. თანაც 10 და 20-ლარიანი მატება ხელისუფლებას აქტივში სულაც არ ეთვლება. ამიტომ ძნელად სავარაუდოა, რომ მთავრობამ ეს რესურსი გამოძებნოს და თანაც პენსიისკენ მიმართოს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს აუცილებლობა ყველას აქვს გაცნობიერებული, გაისად საპენსიო თანხის ზრდას ექსპერტები ნაკლებად ელოდებიან. ბიზნესის სამართლის ექსპერტი აკაკი ჩარგეიშვილი აცხადებს, რომ სოციალური გადასახდელის მატების მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტში საკმარისი რესურსი უნდა მოიძებნოს.

“სახელმწიფო პერმანენტულად უნდა ცდილობდეს, არ ჩამორჩეს ეკონომიკურ ტენდენციას. აქედან გამომდინარე, იმ თანხამ, რომელსაც იღებს პენსიონერი, უნდა უზრუნველყოს მისი სიცოცხლისუნარიანობა თვიდან თვემდე. შესაბამისად, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ განსაზღვრული სასურსათო კალათა სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილი უნდა იყოს პენსიონერებისთვის. ამიტომ სოციალური პენსიის გაზრდის მიზნით რეზერვი უნდა გამოინახოს. თუ იქნება კეთილი ნება, ამის შესაძლებლობა ნამდვილად გამოჩნდება. ჩვენ გვარწმუნებენ, რომ ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება, წარმოების ზრდა გვაქვს, ინვესტიციები შემოდის და საერთაშორისო ორგანიზაციები რეიტინგს რამდენიმე მიმართულებით გვიუმჯობესებენ. ასეთ შემთხვევაში, ეს საპენსიო თანხებზეც უნდა აისახოს”, – აცხადებს ჩარგეიშვილი და დასძენს, რომ არასწორი იქნება, თუკი რეფორმის გამო, 180-ლარიანი პენსიის გაზრდაზე მთავრობა უარს იტყვის.

დაგროვებით სისტემაზე გადასვლამ არანაირად არ უნდა შეაფერხოს სოციალური პენსიის ზრდა, რადგან იქ აბსოლუტურად სხვა მექამიზმია და გრძელვადიან პერიოდზეა გათვლილი. ცხადია, ახლებურ საპენსიო სისტემაზე გადასვლა 2-3 წლის საქმე არ არის (სხვათა შორის, უკვე დაწყებულიც უნდა იყოს კარგა ხნის), ეტაპობრივად უნდა მოხდეს ახალ ფორმატზე გადართვა.

საპენსიო რეფორმის ეფექტი რომ გამოჩნდეს და ეს იგრძნოს სახელმწიფომ, მინიმუმ 20 წელი უნდა გავიდეს. პროცესი ჯერ დაწყებულიც არ არის. გადაწყვეტილების მიღებას ძალიან კარგი გათვლა-გაანგარიშება სჭირდება.

მთავრობის პოზიცია ჩემთვის უცნობია, მაგრამ ოდნავ მაიმედებს ის ფაქტი, რომ წინ არჩევნებია. რაც მეტი არჩევნები გვაქვს, მით მეტია დაპირებები და რაღაც მაინც შესრულდება. არ ვარ დარწმუნებული მთავრობის გადაწყვეტილებაში, მაგრამ არ გამოვრიცხავ, პენსიონერებიც გაითვალისწინონ, რაც ცოტა შეღავათს მაინც მისცემს მოსახლეობას”, – ამბობს აკაკი ჩარგეიშვილი.

არსებული რეალობის გათვალისწინებით, სპეციალისტები წელს საპენსიო თანხის ზრდას არ ელოდებიან. რაც შეეხება რეფორმისთვის სამზადისს, ექსპერტ პაატა აროშიძის შეფასებით, ამ პროცესმა სოციალური პენსიის ზრდა (თუ შესაბამისი რესურსი მოიძებნა) არ უნდა შეაფერხოს.

“2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას ითქვა, რომ პენსიის ზრდა ვერ მოხერხდებოდა. ეს ყველასთვის ცნობილი იყო. პენსია არის სოციალური უზრუნველყოფის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველი. რეალურად ხდება ის, რომ ცხოვრება ძვირდება და ამ პროცესს ფეხს ვერ უწყობს ასაკოვანი მოქალაქის შემოსავალი.

სამწუხაროა, რომ პენსიის ზრდის შესაძლებლობა არ ჩანს 2018 წლისთვისაც. მთავრობაში ამაზე საუბარიც აღარ არის. პენსიის 1 ლარით ზრდას, დაახლოებით, 9 მილიონი ლარი სჭირდება წელიწადში. როცა ცვლილებებზე ვსაუბრობთ, ცხადია, მცირე თანხა არ უნდა ვიქონიოთ მხედველობაში. 10-ლარიანი მატებაც რომ ვიგულისხმოთ, ასეთი სხვაობა რეალურად ვერაფერს მოგვცემს, ამას კი თითქმის 100 მილიონი სჭირდება. სოციალური პენსიის მომატების მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტში რესურსი უნდა მოიძებნოს, მაგრამ ეს სულ უფრო ძნელდება. მშპ-ის ყოველი თითო პროცენტით დამატებითი გაზრდა გვაძლევს საშუალებას, რომ საბიუჯეტო სახსრები გავზარდოთ სადღაც 90-დან 100 მლნ ლარამდე. შესაბამისად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს”, – აღნიშნა პაატა აროშიძემ “რეზონანსთან” საუბრისას.

რეზონანსი“, 24 მაისი, 2017 წელი

ერთი თვის შემდეგ, შესაძლოა, ბინები გაძვირდეს

ლარს ფორმალური ფუნქცია ექნება, ანგარიშსწორება დოლარის კურსის შესაბამისად მოხდება

ნათია ლომიძე

ივლისიდან ბინები მხოლოდ ლარში გაიყიდება. უძრავი ქონების სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეს, ერთი მხრივ, ეროვნული ვალუტის გამყარებას შეუწყობს ხელს, ხოლო, მეორე მხრივ, მყიდველების მოზიდვას. მაკლარების აზრით, ივლისიდან ბინებზე ფასი გაიზრდება, რასაც არ ეთანხმებიან ურბანისტები, რომელთა აზრითაც, უძრავი ქონების ბაზარზე არაფერი შეიცვლება. ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ლარი მხოლოდ ფორმალურად იქნება ანგარიშსწორების საშუალება, რადგან ფასს მყიდველიც და გამყიდველიც ისევ დოლარის კურსით დაიანგარიშებს.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბინებზე მოთხოვნა საგრძნობლად არის შემცირებული. ამის მიზეზი ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობაა. მოსახლეობაში ფული არ ტრიალებს. ბოლოდროინდელი ფინანსური კრიზისის გამო, უძრავი ქონებისადმი ინტერესი შენელდა.

ივლისიდან ლარში ფასდადების გამო ბინების გაძვირებას გამორიცხავს ურბანისტი, პროფესორი ლადო ვარდოსანიძე. როგორც მან “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნა, უძრავი ქონება ფორმალურად ლარში გაიყიდება, მაგრამ ანგარიშსწორება დოლარის კურსის შესაბამისად მოხდება. ვარდოსანიძე იმასაც აღნიშნავს, რომ მოსახლეობა, სურვილის მიუხედავად, ბინის შეძენას ვერ ახერხებს. ამის მიზეზი ფინანსური კრიზისია.

“არა მგონია, უძრავი ქონების ლარში გაყიდვამ ბინები გააძვიროს. ჩემი აზრით, ლარი ფორმალურად იქნება, ანგარიშსწორება დოლარის კურსის შესაბამისად მოხდება. უძრავი ქონების ეროვნული ვალუტის მეშვეობით შესყიდვა, ერთი მხრივ, ძალიან კარგია, რადგან ლარის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ეტაპობრივად დაინერგება ლარში ფასდადება, ამას გარკვეული დრო დასჭირდება. წელს დაწყებულ მშენებარე კორპუსებში (რომლებიც მომავალ წლებში დასრულდება) ფართები ლარში გაიყიდება, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ დოლარის გავლენა აუცილებლად იქნება ფასის ფორმირებისას. ზოგადად ამ ეტაპზე ბინების რეალიზაცია ნაკლებად ხდება. ამის მთავარი მიზეზი ეკონომიკური პრობლემებია. შეიძლება ბევრს უნდა სახლის შეძენა, მაგრამ ფინანსური მდგომარეობა ამის საშუალებას არ აძლევს”, – განაცხადა ლადო ვარდოსანიძემ.

წინანასწარი პროგნოზის გაკეთება უჭირს შპს “მაკლერჰაუსის” დირექტორ თენგიზ გადელიას, თუმცა, მისი ვარაუდით, შეიძლება, ბინების ლარში ფასდადებამ უძრავი ქონება გააძვიროს კიდეც. გადელია ადასტურებს, რომ გასაყიდად გამოტანილ ბინებზე მოთხოვნა ბოლო რამდენიმე თვეა, საგრძნობლად შემცირებულია.

“პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გასაყიდ ბინებზე მოთხოვნა შემცირებულია. ბევრი ამბობს, მყიდველი უძრავი ქონების ეროვნულ ვალუტაში ფასდადებას ელოდება და შემდეგ გააქტიურდებაო, თუმცა ეს მცდარი მოსაზრებაა. ლარში ფასის დადგენა არაფერ შუაშია, მოთხოვნამ ფინანსური პრობლემების გამო იკლო. ხალხს სურვილი აქვს, ფული კი არა, ბინა შეიძინოს. ივლისიდან, როდესაც ბინები დოლარის ნაცვლად ლარში გაიყიდება, ვფიქრობ, ფასი გაიზარდოს კიდეც, მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდია. ჯერ პროცესი არ დაწყებულა და წინასწარ მიჭირს ზუსტი დასკვნის გაკეთება”, – განუცხადა “რეზონანსს” თენგიზ გადელიამ.

რეზონანსი“, 24 მაისი, 2017 წელი

რუსეთ-თურქეთი შეთანხმდნენ, რა ელის ქართულ პროდუქტს?!

ნებისმიერი გარიგება ამ ორ ქვეყანას შორის ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია

ნათია ლომიძე

თურქეთსა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობა სრულად აღდგა. ქართული პროდუქტი ჩრდილოეთის ბაზარზე უწინდებურად მზარდი მოთხოვნით ვეღარ ისარგებლებს. მეწარმეები განსაკუთრებულ შეფერხებას არ ელიან, ეკონომისტები კი ამბობენ, რომ რუსეთში ქართულ აგროპროდუქტზე მოთხოვნა შესაძლოა, მეტ-ნაკლებად შემცირდეს.

მას შემდეგ, რაც რუსეთსა და თურქეთს შორის სავაჭრო სანქციები დაწესდა, მკვეთრად გააქტიურდა რუსეთში ქართული პროდუქციის გატანის საკითხი. ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო შეზღუდვის პერიოდში საქართველოდან ჩრდილოეთში დიდი ოდენობით აგრარული პროდუქტი გადიოდა.

ორი დღის წინ ვითარება შეიცვალა. მოსკოვმა და ანკარამ შეთანხმებას მიაღწიეს და სავაჭრო სანქციები გააუქმეს. მოვლენების ასეთმა განვითარებამ შესაძლოა, ქართულ პროდუქტზე მოთხოვნა შეამციროს. ზოგიერთ ექსპორტიორს კი მიაჩნია, რომ რუსეთში თურქული ნაწარმის შეტანა ბაზარს უფრო კონკურენტულს გახდის.

რუსეთში ქართულ პროდუქტს საკუთარი მომხმარებელი ჰყავს და ალბათობა იმისა, რომ რუსულ ბაზარზე აგროპროდუქტის რეალიზებას ხელი შეეშლება, დაბალია. მიუხედავად ამისა, ექსპორტის შენელების პერსპექტივა მაინც არსებობს.

რუსეთმა და თურქეთმა სავაჭრო შეზღუდვების მოხსნაზე ორმხრივ შეთანხმებას ხელი 3 დღის წინ მოაწერეს. დოკუმენტი რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის თურქ კოლეგა ბინალი ილდირიმთან შეხვედრის შემდეგ გაფორმდა.

მაღალი კონკურენციის გამო შესაძლოა, ჩრდილოეთის ბაზარზე ქართული აგროპროდუქტზე მოთხოვნა მეტ-ნაკლებად შემცირდეს. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორ სოსო არჩვაძის თქმით, ქვეყანამ უნდა შეძლოს საექსპორტო პროდუქტის დივერსიფიცირება და მხოლოდ ერთი გასაღების ბაზრით არ უნდა შემოიფარგლებოდეს.

“სავაჭრო ბრუნვის მოცულობით თურქეთი და რუსეთი ჩვენი მოწინავე პარტნიორები არიან. ამიტომ ნებისმიერი გარიგება ამ ორ ქვეყანას შორის ჩვენთვის მნიშვნელოვანია. თურქული საქონლის რუსეთში შეტანა ნამდვილად საყურადღებო თემაა. გარკვეულწილად, თანხვედრას აქვს ადგილი. თურქული და ქართული პროდუქტი რუსეთის ბაზარზე კონკურენტები არიან. ამის გამო შესაძლოა, ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნამ მეტ-ნაკლებად იკლოს.

იმ სეგმენტში, სადაც ქართულ ნაწარმს ანალოგი არ მოეძებნება, მშვიდად ვართ. ხილ-ბოსტნეულს რაც შეეხება, უფრო მეტის მოლოდინი იმ შემთხვევაში შეიძლება გვქონოდა, თუკი ორ მეზობელ ქვეყანას შორის რაღაც პერიოდი არ აღდგებოდა სავაჭრო ურთიერთობა. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა, ამიტომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ ბაზრების დივერსიფიცირება. თურქეთისა და რუსეთის გარდა არის სხვა პერსპექტიული მიმართულებაც და მას უნდა მივაქციოთ ყურადღება.

რამდენიმე კვირის წინ ჩინეთთან ხელი მოეწერა ხელშეკრულებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ეს ქვეყანა შეიძლება გახდეს საპირწონე ჩრდილოეთის ბაზრისა”, – განუცხადა “რეზონანსს” სოსო არჩვაძემ.

თურქეთსა და რუსეთს შორის სავაჭრო შეზღუდვის გაუქმებას დადებითად აფასებს ქართული ხილის კომპანია “ფრუტილიას” ხელმძღვანელი სოსო მანჯავიძე. როგორც მან “რეზონანსთან” აღნიშნა, რუსეთში ქართული პროდუქტი მაინც მოთხოვნადია და მიუხედავად იმისა, რომ თურქეთიც აღადგენს მიწოდებას, პრობლემა არ შეიქმნება. კონკურენციის გამძაფრების მიუხედავად, ქართული ნაწარმის რეალიზაცია შეუფერხებლად გაგრძელდება.

“რუსეთსა და თურქეთს შორის დაწესებული სანქციების გაუქმება ნამდვილად არ მოახდენს უარყოფით გავლენას ადგილობრივ წარმოებაზე. პირიქით, როდესაც ჩაკეტილი იყო თუქეთი, ეს დიდ ეჭვს ბადებდა. თურქულ საქონელს თავისი სეგმენტი ჰყავს, ქართულს – თავისი. ერთი მეორეს ხელს არ უშლის. თურქეთი რომ შეზღუდული იყო რუსეთის ბაზარზე, მსგავს პროდუქტს, რომელიც საქართველოდან მიდიოდა, ეჭვის თვალით უყურებდნენ. იმასაც ამბობდნენ, რომ საქართველოდან შესული პროდუქტი სინამდვილეში თურქული იყო და შემოწმებას აპირებდნენ”, – განაცხადა სოსო მანჯავიძემ და დასძინა, რომ განსაკუთრებულ ცვლილებას სავაჭრო მიმართულებით არ ელოდება.

Comments are closed