globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 24 ივნისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jun 24th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: ინტერვიუ ირაკლი ალასანიასთან: „ჯერჯერობით კვლავ უცნობია, რა ხელშეკრულებას მოაწერა ხელი მინისტრმა.. სანამ არ მექნება ზუსტი ინფორმაცია, დასკვნას ვერ გავაკეთებ”

რეზონანსი: ინტერვიუ ირაკლი სესიაშვილთან: “ჩემი აზრით, ალასანიამ ფაქტობრივად საიდუმლო ინფორმაცია გააჟღერა”

რეზონანსი: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: “ყველაზე საიდუმლო ხელშეკრულებასაც გამოუჩნდება თავისი ასანჟი ვიკილიქსით”

რეზონანსი: 2016 წლის ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებაზე საქართველოს აქტიურობა რამე გავლენას მოახდენს?

„ახალი თაობა“: ინტერვიუ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შვედეთში, კონსტანტინე ქავთარაძესთან

„საქართველო და მსოფლიო“: ინტერვიუ თამარ კიკნაძესთან: საქართველოში არიან ძალები, რომლებიც ეგუებიან აფხაზეთის დაკარგვას

———————-

რეზონანსი“, 24 ივნისი, 2015 წელი

ინტერვიუ ირაკლი ალასანიასთან: ჯერჯერობით კვლავ უცნობია, რა ხელშეკრულებას მოაწერა ხელი მინისტრმა.. სანამ არ მექნება ზუსტი ინფორმაცია, დასკვნას ვერ გავაკეთებ”

იაგო ნაცვლიშვილი

(შემოკლებით)

“არ ვიცით, რა იარაღს ყიდულობს თავდაცვის სამინისტრო. ამიტომ დააყენა ჩვენი საპარლამენტო ფრაქციის ერთ-ერთმა წევრმა ეს საკითხი, რომ ნდობის ჯგუფის ფორმატში მოხდეს ქალბატონ თინასთან გასაუბრება და შემდეგ ამ ხელშეკრულების ნახვაც, თუ რა მასშტაბის და შესაძლებლობის ხელშეკრულება გაფორმდა. ამის შემდეგ შეიძლება დასკვნის გაკეთება არის თუ არა ეს ის მემორანდუმი, რომელსაც მე მოვაწერე ხელი. სანამ არ მექნება ზუსტი ინფორმაცია, რა ხელშეკრულებას მოაწერა ხელი მინისტრმა, იქამდე დასკვნას ვერ გავაკეთებ,” – აცხადებს “რეზონანსთან” საუბრისას “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია.

ის კომენტარს “კაბელების საქმეზეც” აკეთებს. ამბობს, რომ ივანიშვილმა პირველი მარცხი განიცადა. მისი თქმით, ისიც გამოჩნდა, რომ ივანიშვილსა და სააპელაციო სასამართლოს შორის პოლიტიკური გარიგება მოხდა.

თბილისში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით კი ამბობს, ამან წინასწარი შეტყობინებისა და სწრაფი ევაკუაციის გეგმების არქონა გამოაშკარავა.

(…)

რეზონანსი“: თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა საფრანგეთთან გააფორმა ხელშეკრულება საჰაერო შეიარაღებასთან დაკავშირებით. არის თუ არა ეს ის იარაღი, რომლის ყიდვასაც თქვენ აპირებდით?

რაკლი ალასანია: არ ვიცით, რა იარაღს ყიდულობს თავდაცვის სამინისტრო. ამიტომ დააყენა ჩვენი საპარლამენტო ფრაქციის ერთ-ერთმა წევრმა ეს საკითხი პარლამენტში, მოითხოვა, რომ ნდობის ჯგუფში მოხდეს ქალბატონ თინასთან გასაუბრება და შემდეგ ამ ხელშეკრულების ნახვაც, თუ რა მასშტაბის და შესაძლებლობის ხელშეკრულება გაფორმდა. ამის შემდეგ შეიძლება დასკვნის გაკეთება, არის თუ არა ეს ის მემორანდუმი, რომელსაც მე მოვაწერე ხელი. მე დავასახელე მისი მოქმედების ხასიათი, მე იარაღი არასოდეს არ დამისახელებია, რაც ბუნებრივია, დაფარული უნდა იყოს საჯარო განხილვებისთვის, ამიტომ მოვითხოვეთ მისი განხილვა ნდობის ჯგუფში.

რეზონანსი“: თუმცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს არ არის ის იარაღი, რომელიც თქვენ უნდა გეყიდათ…

რაკლი ალასანია: ვიდრე არ მექნება ზუსტი ინფორმაცია, რა ხელშეკრულებას მოაწერა ხელი მინისტრმა, იქამდე დასკვნას ვერ გავაკეთებ.

რეზონანსი“: ხიდაშელმა განაცხადა, რომ ალასანია მხოლოდ საუბრობდა, კონკრეტული ნაბიჯები კი მინდია ჯანელიძემ გადადგაო…

რაკლი ალასანია: მერე მან შეცვალა ეს განცხადება და სხვა შინაარსის განცხადება გააკეთა. ხიდაშელმა კარგად იცის, რას მოვაწერე ხელი, ეს მას ნანახიც აქვს. როდესაც შევხვდი, მაშინაც ვესაუბრე ამაზე. თავიდან რატომ გააკეთა ასეთი არაადეკვატური განცხადება, ამას მე ვერ გეტყვით, ამაზე მან უნდა გიპასუხოთ.

რეზონანსი“, 24 ივნისი, 2015 წელი

ინტერვიუ ირაკლი სესიაშვილთან: “ჩემი აზრით, ალასანიამ ფაქტობრივად საიდუმლო ინფორმაცია გააჟღერა”

ელზა პაპოშვილი

(შემოკლებით)

“ჩემი აზრით, ალასანიამ ფაქტობრივად საიდუმლო ინფორმაცია გააჟღერა,” – აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი საფრანგეთთან საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენის გარშემო “თავისუფალი დემოკრატების” აქტიურობის კომენტირებისას. მისი თქმით, “თავისუფალი დემოკრატებისა” და პირადად თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადებები წყლის ნაყვაა და საფრანგეთთან დადებული გარიგების თაობაზე მათ თანაგუნდელ ზურაბ აბაშიძეს უკვე მიღებული აქვს ამომწურავი ინფორმაცია, “იმაზე მეტიც კი, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია.” “ეს იყო დეტალებში მიღებული დაწვრილებითი ანგარიში. ამის შემდეგ კი მას დამატებითი კითხვები არ უნდა გასჩენოდა. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის აჟიოტაჟის ატეხვის მცდელობა,” – უთხრა ირაკლი სესიაშვილმა “რეზონანსს”.

შეგახსენებთ, რომ გუშინ “თავისუფალმა დემოკრატებმა” პარლამენტის ნდობის ჯგუფის შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის მიწვევა მოითხოვეს. მათ ამასთან დაკავშირებით ოფიციალური მიმართვა ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ირაკლი სესიაშვილის სახელზე წარადგინეს. ისინი ითხოვენ, რომ ნდობის ჯგუფის ფორმატში შეხვედრა საფრანგეთთან დადებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გაიმართოს, რომელიც საფრანგეთში საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენას ეხება.

ამას გარდა, ალასანიას თანაგუნდელებს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის შემცირებაზეც უნდათ მსჯელობა. “მივმართავ ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელ ირაკლი სესიაშვილს, თავდაცვის მინისტრის დაბრუნებისთანავე შეიკრიბოს ნდობის ჯგუფი და იქ მოვისმინოთ, კონკრეტულად რას მოეწერა ხელი, იმიტომ, რომ ეს დახურული, საიდუმლო ინფორმაციაა,” – განუცხადა “თავისუფალმა დემოკრატმა” ზურაბ აბაშიძემ გუშინ ჟურნალისტებს. მისივე თქმით, ნდობის ჯგუფის წევრებმა უნდა იცოდნენ, კონკრეტულად რა ხელშეკრულება გაფორმდა, რა ვადებზეა საუბარი და ზოგადად, როგორ გაძლიერდება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა. “აუცილებელია, ნდობის ჯგუფმა იმსჯელოს ამ საკითხის მნიშვნელობაზე და აქტუალობაზე. შემდგომ, რა თქმა უნდა, გაკეთდება დასკვნები,” – აღნიშნა აბაშიძემ.

———–

“თავისუფალი დემოკრატების” მოთხოვნას ნდობის ჯგუფისა და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი “ღია კარის მტვრევას” უწოდებს. მისი თქმით, ამას არანაირი მოთხოვნა არ სჭირდება, რადგანაც ეს საკითხი სხდომაზე ისედაც განხილული იქნება. ხოლო რაც შეეხება დროს, განხილვა როდის გაიმართება, სესიაშვილის განცხადებით, ამას თავად ნდობის ჯგუფის წევრები წყვეტენ.

“მე მინდა საზოგადოებას განვუმარტო, რომ არანაირი მოთხოვნა არ სჭირდება იმას, ნდობის ჯგუფის ფორმატში იქნეს განხილული ის საკითხები, რაც მათ აინტერესებთ. საფრანგეთთან მიმდინარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებითაც ასეა. მათ ყველანაირი საშუალებაა აქვთ, რომ გაეცნონ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, რაც მათ აინტერესებთ.

“საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მე გადავწყვიტე, რომ ნდობის ჯგუფის კიდევ ერთი სხდომა ჩატარდეს, ვინაიდან ჩვენ წინა ჯგუფის სხდომისას მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფო დაცვის სამსახურის სპეციალური ანგარიში მოგვესმინა. არ გამოვრიცხავ, რომ სხდომაზე ამ ხელშეკრულების განხილვაც მოხდეს, რაც ჩვენი საქმიანობის ჩვეულებრივ ნაწილს წარმოადგენს. ვნახავთ, რამდენად გვექნება ტექნიკური საშუალება, რომ ამ სხდომას მინისტრიც დაესწროს. ჩემი აზრით, მათი მხრიდან ამ განცხადებების გაკეთება პოლიტიკური აჟიოტაჟის შექმნას ემსახურება, რომ ვითომ მხოლოდ ალასანიამ დაიწყო ამ საკითხზე საუბარი. ეს არის პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა და მეტი არაფერი. მათ წინა მინისტრის, მინდია ჯანელიძისგანაც მოისმინეს ანგარიში, რა მდგომარეობაში იყო მოლაპარაკებები.

მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი, რომ ამ თემაზე ღიად გვესაუბრა. ჩემი აზრით, ალასანიამ ფაქტობრივად საიდუმლო ინფორმაცია გააჟღერა. ზურაბ აბაშიძემ ამ თემაზე ამომწურავი ინფორმაცია უკვე მიიღო, იმაზე მეტიც კი ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. ეს იყო დეტალებში მიღებული დაწვრილებითი ანგარიში. ამის შემდეგ კი მას დამატებითი კითხვები არ უნდა გასჩენოდა. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის აჟიოტაჟის ატეხვის მცდელობა.

საქმე კეთდება, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, კეთდება. რიგ შემთხვევაში პოლიტიკოსებმა კარგად უნდა იცოდნენ, რომ ლაპარაკს დუმილი სჯობს. იმიტომ, რომ ლაპარაკით საქმე ფუჭდება, ხოლო დუმილით კეთდება. მე ამის მომხრე ვიყავი და კვლავაც ვრჩები. მე მგონი პოლიტიკოსს უნდა ესმოდეს, რომ ქვეყნის უსაფრთხოება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლიტიკური ქულების დაწერა,” – აცხადებს სესიაშვილი. იგი დარწმუნებულია, რომ “თავისუფალი დემოკრატები” ძალიან კარგად ათვითცნობიერებენ, რომ ამ საკითხთან მიმართებაში არანაირი საშიშროება არ არსებობს და საქმე კეთდება, რადგანაც ძალიან კარგად იციან, რომ ხელისუფლებას ამ თემის მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს. ხოლო რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს დაფინანსების შემცირებას, მისი განცხადებით, ამ დეტალებზე საუბრისგან თავს შეიკავებს, რადგანაც ეს სახელმწიფო საიდუმლოა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა საფრანგეთთან ხელშეკრულება გააფორმა. (…) გავრცელდა ცნობები, თითქოს საქართველოს საფრანგეთისგან საშუალო რადიუსის მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემა “კროტალს” ყიდულობს. თავდაცვის სამინისტრო გარიგების დეტალებს არ ასაჯაროებს.

რეზონანსი“, 24 ივნისი, 2015 წელი

ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: “ყველაზე საიდუმლო ხელშეკრულებასაც გამოუჩნდება თავისი ასანჟი ვიკილიქსით”

ია აბულაშვილი

(შემოკლებით)

“ათეული წლების მანძილზე ჩვენმა ხელისუფლებებმა მიმაჩვიეს, ჯანსაღი ეჭვით შევხედო მათ აღფრთოვანებულ განცხადებებს და დაველოდო უფრო სარწმუნო ინფორმაციას” – აცხადებს სოსო ცინცაძე, რომელსაც “რეზონანსი” ბოლო დღეებში ხელისუფლების მიერ საგარეო კუთხით გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით ესაუბრა.

„რეზონანსი“: საქართველოს ხელისუფლება „მაპ“-ს ახლა უკვე კატეგორიულად მოითხოვს. შეძლებს კი თბილისი ასეთი კატეგოიული ტონის შენარჩუნებას? რა იმედით აკეთებს მინისტრი ასეთ განცხადებას?

სოსო ცინცაძე: საერთოდ, რეტროსპექტივით თუ ვისარგებლებთ, ყოველი ახალი ქართველი თავდაცვის მინისტრი თავდაპირველად ასეთივე განცხადებებეს აკეთებდა ხოლმე, მაგრამ სამიტების შემდეგ ნათელი ხდებოდა, რომ შედეგი არაფერი არ არის, თუმცა მინისტრი არაფრის ყველაფრად წარმოდგენას ცდილობდა. მე ტაშს დავუკრავ ახალ მინისტრს, რომ წარმატებას მიაღწევს.

რაც შეეხება თინა ხიდაშელის კონკრეტულ განცხადებას, აუცილებლად მივიღებთ ვარშავის სამიტზე „გაწევრიანების სამოქმედო გეგმასო“ და არა ფოლკლორულ განცხადებებს – „ოდესმე ნატოს წევრი გახდებითო“, ეს საკმაოდ სერიოზული გაცხადებაა. ეტყობა თვითონ ხელისუფლებაშიც მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ არ შეიძლება ხალხი სულ ტყუიკლისა და ცინიზმის ტყვეობაში ამყოფო. „ნაციონალების“ ხელისუფლებასაც რომ ასე პრიინციპულად დაეყენებინა საკითხი, დღეს ნატოსთან შედარებით ახლოს ვიქნებოდით. ის, რომ ეს მთლიანად ხელისუფლების პოზიციაა, ეს იმედისმომცემია.

სხვა საკითხია, რა ზემოქმედებას მოახდენს საქართველოს მტკიცე პოზიცია თუნდაც ნატოს სუპერწევრებზე, რადგან ჩვენთვის ძნელად წარმოსადგენია ის ვიტარება, როცა რუსეთს ალიანსში ერთი მომხრეც აღარ ეყოლება. სწორედ ესაა მტავარი. რუსეთისადმი მეტ-ნაკლებად კეთილად განწყობილი ნატოს წევრი სახელმწიფოები უპრობლემოდ დაბლოკავენ საქართველოს ნებისმიერ პერსპექტივას ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

- ევროკავშირთან მიმართებით რა სურათი გვაქვს?

- აი, აქ უკვე განსხვავებული სიტუაცია აგვაქვს, რაც რეალურად მოასწავებს საქართველოს ევროპული ვერტტორის რეალიზებას. თუმცა აქაც წინააღმდეგობას ვაწყდებით – ინტეგრირება კუს ნაბიჯით მიდის წინ და ჭეშმარიტ ევროპულ ფასეულობებს ვერ ვუახლოვდებით. ჩემთვის ევროპული ფასეულობები ზოგიერთი ბუტაფორიულ-სარეკლამო ფასეულობა კი არა, არამედ არის კანონის უზენაესობა, მართლაც დამოუკიდებელი სასამართლო, სამართლიანი არჩევნები და ასე შემდეგ.

- რას იტყვით ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის იარაღის სეძენის მიზნით ხელმოწერილ შეთანხმებაზე?

- მე ჩვენმა ხელისუფლებამ მიმაჩვია ეჭვის თვალით შევხედო მის მიერ გაკეთებულ აღფრთოვანებულ განცხადებებს. ახლა შია საუკუნეებში არ ვცხოვრობთ საიდუმლო ხელშეკრულება მართლაც საიდუმლოდ დარჩეს, ის დიდი ხნით ვერ იქნება ცხრაკლიტულში ჩაკეტილი. ადრე თუ გვიან მასაც გამოუჩნდება თავისი ასანჟი და „ვიკილიქსი“, ჩვენც გავიგებთ, მოხდა თუ არა, საბედნიეროდ, გარღვევა თუ „მთამ კიდევ ერთი წრუწუნა დაბადა“.

უნდობლობის საფუძველს მაძლევს საფარანგეთის პოზიცია, რადგან პარიზის თავზე დამოკლეს მახვილივით ჰკიდია „მისტრალების“ პრობლემა [ანუ, რადგან პარიზს მოსკოვთან სიტუაციის გაუარესება არ სურს, საფრანგეთი საეჭვოა, რომ საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო იარაღს მისცემდა].

რეზონანსი“, 24 ივნისი, 2015 წელი

2016 წლის ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებაზე საქართველოს აქტიურობა რამე გავლენას მოახდენს?

თეა ბეჟიტაშვილი

(შემოკლებით)

“ვარშავის სამიტზე ჩვენ უნდა მივიღოთ მაპი და არ ვაპირებთ, დავუწიოთ ტონს მოთხოვნის ნაწილში. ეს არის საქართველოს ხელისუფლების ერთიანი პოზიცია,” – აცხადებს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი. საქართველოს ხელისუფლება ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას ახლა უკვე კატეგორიულად ითხოვს.

(…)

თქვენი აზრით, 2016 წლის ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებაზე საქართველოს აქტიურობა რამე გავლენას მოახდენს თუ არა? ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების წევრებს მიმართა.

ლია მუხაშავრია (ადვოკატი): საერთოდ ჩვენ მივეჩვიეთ, რომ ქვეყნის შიგნით პოლიტიკოსები ერთს ამბობენ და ქვეყნის გარეთ სხვა პოზიცია აქვთ. რაც უნდა მოვინდომოთ, ეს მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული. პოლიტიკოსი რეალისტი უნდა იყოს. მიუხედავად ჩემი დიდი სიმპათიისა, რომ თავდაცვის მინისტრი ქალია და თან ასეთი თავდადებული, რა თქმა უნდა, მირჩევნია, პოლიტიკოსი რეალისტი იყოს, რომელიც სიტუაციას უფრო რეალურად უყურებს.

გიგა ნასარიძე (ა/ო “საქართველო არ იყიდება”): საქართველოს მხრიდან ასეთი აქტიურობა კარგი და დადებითია. როცა თავდაცვის მინისტრი ასეთ განცხადებას აკეთებს, მხოლოდ მივესალმები, თუმცა ეს რომ საკმარისი არ არის, უკვე გვაჩვენა წინა წლებმაც. როდესაც ქვეყანაში პოლიტპატიმრები გვყავს, როდესაც ქვეყანაში სასამართლოზე ზეწოლა ხორციელდება, არა მგონია, პირობებს ვაკმაყოფილებდეთ. თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ წარსული წინსვლის გამო, ნატომ ეს ნაბიჯი მართლაც გადადგას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თავდაცვის მინისტრის ეს ნაბიჯი ცალსახად მისაღებია.

ია ანთაძე (ჟურნალისტი): ამ საკითხზე კომპეტენტური პასუხის გაცემა ნამდვილად არ შემიძლია იმიტომ, რომ რადგან მინისტრი ამბობს, რომ ვარშავის სამიტზე მაპის მიღება რეალურია, ალბათ მას ბევრად მეტი ინფორმაცია აქვს, ვიდრე ჩვენ. ვფიქრობ, მინისტრი ამის შესაძლებლობაში დარწმუნებული რომ არ იყოს, ასე გადაჭრით არ იტყოდა.

დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე): თინა ხიდაშელისგან აჟიოტაჟური და აღფრთოვანებული შეძახილები საერთოდ არ მსმენია. ის ძალიან დაკვირვებული და ჭკვიანი ქალბატონია და რადგან ამბობს, რომ მაპს მივიღებთ, ამის დიდი იმედი მეც გამიჩნდა, რადგან, ვფიქრობ, ასეთ განცხადებას უბრალოდ არ გააკეთებდა.

ლაშა ჩხარტიშვილი (ბიოლოგი): სამწუხაროდ, ნატოს წევრობა მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული – ეს საერთაშორისო საზოგადოების ფართომასშტაბიანი მოლაპარაკების საგანია. ჩვენი მხრიდან, პირველ რიგში, კონკრეტული ღირებულებების კუთხით სტანდარტები უნდა ავწიოთ და დავაკმაყოფილოთ.

„ახალი თაობა“,  24 ივნისი, 2015 წელი

ინტერვიუ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შვედეთში, კონსტანტინე ქავთარაძესთან

მარიამ ჩუბინიძე

(შემოკლებით)

ინტერვიუში შვედეთში საქართველოს ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე შვედეთ-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრობს.

- საქართველოსთვის არ არის უცხო შვედეთის მკაფიო მხარდაჭერა, განსაკუთრებით ყოფილი მთავრობის პოლიტიკური ლიდერების მხრიდან. ბევრი დაიწერა სააკაშვილის რეჟიმსა და შვედ მაღალჩინოსნებს შორის არსებული საერთო ინტერესებსა და თანამშრომლობაზე. შეიძლება თუ არა ითქვას, რომ საქართველოს მიმართ გამოხატული ეს მხარდაჭერა ამ ურთიერთობების შედეგია?

- არსებული გადასახედიდან ასე ცალსახად ამის თქმა რა თქმა უნდა არ იქნება სწორი. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ მოვახერხეთ შვედეთში საქართველოსადმი ფართო ინტერპარტიული მხარდაჭერის ბაზის შექმნა. დასაწყისში, შვედეთის, როგორც საქართველოს მხარდამჭერი ქვეყნის იმიჯი, პირადად საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტის და სამინისტროში მისი თანამოაზრეების ძალისხმევის შედეგი იყო. ამგვარი მხარდაჭერა მისასალმებელი და მნიშვნელოვანი, თუმცა, გრძელვადიანი თვალსაზრისით არამყარი იყო, რამეთუ ოთხი წლის წინ არა მხოლოდ შვედეთის ოპოზიციურ პარტიებში, არამედ რიგ სამთავრობო სტრუქტურებშიც კი, საქართველო არ აღიქმებოდა საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებად. სწორედ ამიტომ, 2011 წლიდან საელჩოს საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება გახდა საქართველოს პოპულარიზაცია შვედეთში, ინფორმაციის გავრცელება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფში, ოპოზიციურ პარტიებში, გავლენიან საზოგადო მოღვაწეებში. მოკლედ რომ ვთქვათ, დავიწყეთ შვედეთთან ურთიერთობების გრძელვადიანი საფუძვლის შექმნა, აქცენტით ბიზნეს-კავშირებზე, რეგიონალურ, სამეცნიერო და კულტურულ ურთიერთობებზე, რისი მიზანიც ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერის ბაზის შექმნა იყო.

ამ საქმიანობის შედეგად, დღეს შვედეთის პარლამენტში წარმოდგენილი ყველა პარტია ჩართულია საქართველოსთან თანამშრომლობის პროექტებში, პარტიები, სამთავრობო უწყებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, კვლევითი ცენტრები, საზოგადოებრივი ჯგუფები იცნობენ საქართველოს პრობლემატიკას, ინტერესდებიან ჩვენს ქვეყანასთან თანამშრომლობით. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ორჯერ გაიზარდა შვედი ტურისტების რაოდენობა საქართველოში.

ამ ძალისხმევის შედეგია ისიც, რომ გასულ წელს შვედეთში მთავრობის და საგარეო საქმეთა მინისტრის ცვლილების და ხელისუფლებაში ოპოზიციის მოსვლის პირობებშიც კი, ჩვენ შევინარჩუნეთ შვედეთის პოლიტიკური მხარდაჭერა და თანადგომა.

- თქვენ აღნიშნეთ რომ აქცენტი გაკეთდა არა მარტო პოლიტიკურ ურთიერთობაზე, არამედ ბიზენს-კავშირებზე, როგორ შეაფასებდით ორი ქვეყნის ეკონომიკურ თანამშრომლობას?

- ამ მიმართულებით ჩვენი მუშაობის ერთ-ერთ მთავარ შედეგად შეიძლება სტოკჰოლმში შვედეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური პალატის დაფუძნება ჩაითვალოს. ამას საელჩოს თითქმის ორწლიანი ძალისხმევა დასჭირდა. პალატის პრეზიდენტია შვედი ბიზნესმენი ბენგტ კარლსტრომი, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს საელჩოსთან. სიმბოლურია, რომ მისი ბაბუა – გრიგორი გაჩეჩილაძე 1918 წელს საქართველოს რესბუბლიკის მთავრობის მიერ სკანდინავიაში მივლინებული ეკონომიკური მისიის წევრი იყო. სავაჭრო პალატამ უკვე დაიწყო კონტაქტების დამყარება შვედურ კომპანიებთან, რომლებიც ენერგეტიკის სექტორში არიან ჩართულები. მიზანი საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში შვედური ინვესტიციების მოზიდვაა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ ნელ-ნელა შევცვალეთ შვედეთის მიდგომა, რომლის თანახმად, შვედეთი დონორი, ხოლო საქართველო დახმარების მიმღები ქვეყანა იყო. ჩვენ ხელი შევუწყვეთ ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას. შვედეთში საქართველო უკვე აღიქმება როგორც საინტერესო ბიზნეს პარტნიორი. მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს ბაზარზე შესული შვედური კომპანიების რიცხვი, ბოლო მონაცემებით, თავისი წარმომადგენლობა საქართველოში 14-მა შვედურმა კომპანიამ გახსნა, ოთხი წლის განმავლობაში კი ტურიზმის, ბიზნესისა და ინვესტიციების თემასთან დაკავშირებული 80 პრეზენტაცია გავმართეთ.

შედეგად, ერთწლიანი პაუზის შემდეგ შვედეთის ალკოჰოლური ბაზრის მონოპოლისტის „სისტემბოლაგეტ“ მაღაზიების დახლებზე კვლავ გამოჩნდა ქართული ღვინო (ამჟამად, შვედეთში 16 სახეობის ღვინის შეძენაა შესაძლებელი), ხოლო, სტოკჰოლმის ერთ-ერთმა რესტორანმა მენიუში ქართული კერძები შეიტანა. შესაძლოა, რომელიმე სხვა ქვეყნისთვის ეს დიდი მნიშვნელობის მოვლენები არ იყოს, მაგრამ შვედეთში ამის მიღწევა დიდ დროსა და ძალისხმევასთან იყო დაკავშირებული.

„საქართველო და მსოფლიო“, 24 ივნისი, 2015 წელი

ინტერვიუ თამარ კიკნაძესთან: საქართველოში არიან ძალები, რომლებიც ეგუებიან აფხაზეთის დაკარგვას

ეკა ნასყიდაშვილი

(შემოკლებით)

გასული კვირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დოკუმენტის გამოქვეყნება ტერორიზმის საფრთხეზე: “კვლავ შემაშფოთებელია, რომ საქართველო რჩება საერთაშორისო ტერორიზმის წყაროდ და ტრანზიტულ ქვეყნად. მედიაში გავრცელებული ცნობით, დეკემბრის მონაცემებით, სირიასა და ერაყში “ალ ქაიდასა” და “ისლამური სახელმწიფოს” მხარეს, ძირითადად, მუსლიმებით დასახლებული რეგიონებიდან – აჭარიდან და პანკისის ხეობიდან _ წასული 50-დან 100-მდე ქართველი იბრძოდა, მათ შორის არის “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერი თარხან ბათირაშვილი (ომარ ალ-შიშანი). საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ისლამისტი ექსტრემისტები განაგრძობენ ქვეყნის გავლით რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონიდან სირიასა და ერაყში გადასვლას”, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

ხმაურიანი აღმოჩნდა თავდაცვის სამინისტროს “კაბელების საქმეზე” დაკავებულ თანამშრომელთა გათავისუფლებაც, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილი პროკურატურაზე ზეწოლაში დაადანაშაულეს. მნიშვნელოვან თემად რჩება დოკუმენტი, რომელსაც თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხელი საფრანგეთში მოაწერა. მედიის ყურადღება, აგრეთვე, მიიქცია რუსეთ-აფხაზეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენამ… დასასრულ, კვლავ აქტუალურია ვერეს ხეობაში დატრიალებული ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა.

გასული კვირის უმნიშვნელოვანეს მოვლენებზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ კიკნაძე გვესაუბრება.

-საქართველო რჩება საერთაშორისო ტერორიზმის წყაროდ და ტრანზიტულ ქვეყნად”, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ტერორიზმის შესახებ გამოქვეყნებულ 2014 წლის ანგარიშში. ვიცით, რომ საქართველოს ხელისუფლება გარკვეულ ღონისძიებებს ახორციელებს, მათ შორის, საკანონმდებლო დონეზე, ჩვენი მოქალაქეებიისლამური სახელწიფოსმხარეს რომ არ გადავიდნენ და მათ რიგებში არ იბრძოლონ, მაგრამ საკმარისია კი ეს ღონისძიებები?

- რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის! საზოგადოდ, ძალიან საინტერესოა “ისლამური სახელმწიფოს” ფენომენი. თავდაპირველად იგი “ალ ქაიდას” ნაწილი იყო, შემდეგ გამოეყო მას. ამ ე. წ. სახელმწიფოს ლიდერი არის აბუ ბაქრ ალ ბაღდადი, რომელიც თავის სახელს უმატებს “ჰუსეინს”, ანუ იგი მუჰამედ წინასწარმეტყველის შვილიშვილის _ ჰუსეინის შთამომავალია. აბუ ბაქრ ალ ბაღდადი არის ხაშიმების გვარიდან, რომლის წარმომადგენლებიც მუსლიმურ სამყაროში დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ. საიდან იღებს ეს ორგანიზაცია ძირითად შემოსავალს? _ ნავთობითა და მონებით ვაჭრობიდან; მას, აგრეთვე, ეხმარება ყატარი. არ უნდა გამოვრიცხოთ ნარკოტიკებით ვაჭრობაც. “ისლამური სახელმწიფოს” შემოსავალი დღეში 4-5 მილიონ დოლარს შეადგენს, ანუ ამ ორგანიზაციის მიერ დაპყრობილ ტერიტორიაზე შუა საუკუნეების ვითარებაა, როცა მონებით ვაჭრობა ჩვეულებრივი საქმიანობა იყო, მაგრამ დაპყრობილ ტერიტორიებზე ისინი ქმნიან სოციალურ პირობებს _ აშენებენ პოლიკლინიკებს, საავადმყოფოებს, ეხმარებიან გაჭირვებულებს _ აი, ამით არის განპირობებული ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერა, ანუ ეს არის კარგად დაგეგმილი და გათვლილი ქმედებები. ამასთანავე, ისინი ანადგურებენ კულტურულ ძეგლებს, შუამდინარეთის უძველეს ცივილიზაციას. შემოსავლის ერთ-ერთი წყარო უნიკალური ნივთების გაყიდვააცა.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ “ისლამურ სახელმწიფოს” გარკვეული ფუნქცია ეკისრება და გარკვეული ძალების ინტერესების წისქვილზე ასხამს წყალს. მაგალითად, იაფი ნავთობის გაყიდვით იწვევს ნავთობზე ფასის დაცემას, ამ ორგანიზაციის პოზოციების დაბომბვის საბაბით, ამერიკელებს შეუძლიათ სირიის დაბომბვა და სხვ. ჩემი აზრით, “ისლამურ სახელმწიფოს” ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკური რუკის გადაკეთების ფუნქციაც აქვს.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი თანამემამულენიც იბრძვიან ამ ე.წ. სახელმწიფოს რიგებში. პანკისელი თარხან ბათირაშვილი ერთ-ერთი გავლენიანი ადამიანია. არიან დაღუპულებიც. ახლახან ჩვენმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაცია ჩაატარა პანკისის ხეობაში და დააკავეს პირები, რომლებიც ახალგაზრდების გადაბირებაში არიან ეჭვმიტანილნი, ანუ საქართველოს ხელისუფლება გარკვეულ ქმედებებს ახორციელებს, მაგრამ ეს საკმარისი ნამდვილად არ არის.

საქართველოში ძალიან მძიმე ეკონომიკური და სოციალური ვითარებაა, ახალგაზრდების უმრავლესობას არ აქვს სამსახური და, შესაბამისად, შემოსავალი. მიმზიდველია თარხან ბათირაშვილის ფიგურაც _ პატარა ქვეყნიდან წასული ადამიანი წარმატებას აღწევს… ეს ყველაფერი კი ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის პროპაგანდისთვის “ისლამურ სახელმწიფოში” საბრძოლველად წასასვლელად.

(…)

- საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ “კაბელების საქმეზე” დაკავებული თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები სასამართლომ გაათავისუფლა. მართალია, საქმე ძიებაშია, მაგრამ მათი მომხრეების მთავარი მოთხოვნა სწორედ ის იყო, რომ ისინი საპატიმროში არ ყოფილიყვნენ. თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა თანამშრომლებმა პროცესი მოიგეს, გათავისუფლდნენ და ახლა ბრალს ივანიშვილს სდებენ, _ პროკუატურაზე ზემოქმედებდაო. ესეთი ბრალდება პირველი არ არის, ჩვენ გვახსოვს “ტრაქტორების საქმეც” და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის _ ირაკლი ქადაგიძის “შეწყალებაც” პირველი მოქალაქის მიერ…

- “კაბელების საქმე” ხლისუფლების წისქვილზე წყალს არ ასხამს. თუ შეიძლებოდა, ეს ადამიანები არ დაეჭირათ, რატომ დაიჭირეს ან რატომ გამოუშვეს?! თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია და მისი პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ეს პოლიტიკური ანგარიშსწორება იყო… საერთოდ, ჩვენთან არაჯანსაღი პოლიტიკური კლიმატია. იმის მაგივრად, რომ სოციალური და ეკონომიკური მდგომარობის გაუმჯობესებაზე ვიფიქროთ, ჩვენი სასიცოცხლო ენერგია მეათეხარისხოვან პრობლემებზე იხარჯება.

პოლიტიკაში ყოფნა კი ინდულგენციაა. შესაძლოა, ადამიანმა ფუნთუშა მოიპაროს და ნახევარი ცხოვრება ციხეში გამოამწყვდიონ, მაგრამ ადამიანები, რომლებმაც საქართველო დააქციეს, ჭკუას გვასწავლიან _ ეს მოსახლეობაში ნიჰილიზმს იწვევს. დღეს საზოგადოება ახალი ხელისუფლების სისუსტეზე და იმაზე საუბრობს, რომ უცხო ძალების ზეგავლენა უფრო მეტია, ვიდრე მოსახლეობის. არ ხდება ხალხის დაკვეთის შესრულება, ეს ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს და არ დაივიწყოს, რომ წინ არჩევნებია.

- ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა. როგორ ფიქრობთ, საქართველოს პრეზიდენტისთვის ეს წარმატებული სვლა იყო?

- სააკაშვილს მაკკეინთან სულ აქვს კონტაქტი. სოციალურ ქსელებში მათი საუბარის ჩანაწერიც გამოქვეყნდა. გიორგი მარგველაშვილის შეხვედრას მაკკეინთან კი მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ნეგატიური შეფასება მოჰყვა და აღქმული იქნა, როგორც ერთგვარი ანგარიშის ჩაბარება მაკკეინისთვის, რაც მარგველაშვილის ისედაც შელახულ ავტორიტეტს არაფერში სჭირდებოდა.

- რას მოაწერა ხელი საფრანგეთში თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა? ამბობენ, ალასანიას დაწყებული საქმე დაასრულაო. თვითონ განმარტავს, რომ ეს იყოგანზრახულებათა დოკუმენტიდა ჩვენმა ქვეყანამკეთილი ნებაგამოიჩინა. რა არის ეს დოკუმენტი?

- “განზრახულებათა დოკუმენტები” არ ნიშნავს იმ დოკუმენტს, რომლის იმპლემენტაციაც (ფაქტობრივი რეალიზაცია – ე.ნ.) უნდა მოხდეს. სასურველია, მოსახლეობამ იცოდეს, რას მოეწერა ხელი, მოხდეს დოკუმენტის გასაჯაროება, ყოველ შემთხვევაში, იმ ნაწილისა მაინც, რომელიც საიდუმლო არ არის. როგორც ჩემთვის ცნობილია, საუბარია ანტისარაკეტო სისტემების შეძენა-განთავსებაზე. ხშირად ასეთი ქმედებები, თავდაცვისუნარიანობის გაზრდის ნაცვლად, საფრთხეს ზრდის. ჩვენ არ ვიცით, გათვლილია თუ არა ყველა მოსალოდნელი საფრთხე, რადგან არაერთხელ ვნახეთ, რომ გაუთვლელად გაკეთებული საქმეების შედეგები მძიმეა…

- როგორ შეაფასებთ რუსეთ-აფხაზეთს შორის ყოველდღიური სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას, უფრო დავშორდებით აფხაზეთს?

- აფხაზეთის მეტი ინტეგრაცია მოხდება რუსეთთან. მე იმ ადამიანებს მივეკუთვნები, რომლებიც მომხრე არიან აფხაზეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის. ეს ინტეგრაციას შეუწყობს ხელს, თუმცა ამის წინააღმდეგნი არიან აფხაზი ნაციონალისტები და საქართველოს დესტრუქციული ოპოზიციური ძალები, რაც საეჭვო დამთხვევაა. საქართველოში არიან ძალები, რომლებიც ეგუებიან აფხაზეთის დაკარგვას.

ერთ-ერთი ქართველი პოლიტოლოგი (ახლახან გარდაიცვალა და გვარს შეგნებულად არ ვასახელებ) ამბობდა, -_ როგორც ფინეთი გახდა დამოუკიდებელი, დემოკრატიული და აყვავებული ქვეყანა კარელიის გარეშე, ისე შეიძლება აყვავდეს საქართველო აფხაზეთისა და ოსეთის გარეშეო.

ეს ხაზი გარკვეული ძალებისთვის მისაღებია და ტარდება კიდეც.

Comments are closed