globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 24 ივნისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jun 24th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

ვერსია: ოპოზიციური პარტიები საპროტესტო აქციებისთვის ემზადებიან // საკოორდინაციო საბჭო ვენეციის კომისიას მორიგ წერილს უგზავნის სათაურით – SOS!

ვერსია: საპარლამენტო ოპოზიციამ საკონსტიტუციო ცვლილებებს ბოიკოტი გამოუცხადა // „პატრიოტთა ალიანსი“ არასაპარლამენტო ოპოზიციას აქციებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს

ვერსია: რატომ გააკეთეს ნაციონალებმა „სტავკა“ ზაალ უდუმაშვილზე // მიშას ვაბანკი ანუ რა დილემის წინაშე დადგება ელენე ხოშტარია

——————–

ვერსია“, 23-25 ივნისი, 2017 წელი

ოპოზიციური პარტიები საპროტესტო აქციებისთვის ემზადებიან

საკოორდინაციო საბჭო ვენეციის კომისიას მორიგ წერილს უგზავნის სათაურით - SOS!

თათია გოჩაძე

ხელისუფლების მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების დაჩქარებულმა განხილვამ ოპოზიცია ააფორიაქა. საპარლამენტო ოპოზიცია ცვლილებების განხილვას ბოიკოტს უცხადებს. საკონსტიტუციო პროექტის გასაპროტესტებლად ნაციონალური მოძრაობა საკუთარ აქტივობებს გეგმავს; ,,ევროპული საქართველო” არც ერთ პარტიასთან არ აპირებს აქციების ორგანიზებას; პატრიოტთა ალიანსი ყველა პარტიას მოუწოდებს, ქუჩაში გამოვიდეს და ხელისუფლების ეს ქმედება გააპროტესტოს… არასაპარლამენტო ოპოზიცია კი მოქმედების საგანგებო რეჟიმზე გადადის – ,,ხალხის პარტია” და კიდევ რამდენიმე პოლიტიკური მოძრაობა დღეს 17:00 საათზე პარლამენტთან აქციას მართავს, კვალიფიციურ სუბიექტთა 15 პარტიით დაკომპლექტებული საბჭო კი პროტესტს ორი მიმართულებით გეგმავს – ვენეციის კომისიას კიდევ ერთ წერილს უგზავნის საქმის კურსში ჩასაყენებლად, რომ ხელისუფლება კონსენსუსის გარეშე ცდილობს ცვლილებების ამჟამინდელი რედაქციის დაკანონებას, პარალელურად იწყებს მზადებას აქციებისთვის. თუმცა, სანამ საკონსტიტუციო ცვლილებებს ქუჩაში გააპროტესტებენ, ფართო საზოგადოებრივი შეკრების მოწყობას გეგმავენ, სადაც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრეზიდენტი, სახალხო დამცველი, არასამთავრობო სექტორი, ელჩები და ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოში. ხოლო თუ ხელისუფლება პოზიციას არ შეიცვლის, ეს ყველაფერი აქციებით დასრულდება, აცხადებენ კვალიფიციური სუბიექტები…

,,ვერსია” ადრეც წერდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტზე კვალიფიციურ სუბიექტთა საბჭომ ვენეციის კომისიას წერილი რამდენიმე კვირის წინაც მიწერა. მაშინ ოპოზიციური პარტიები ვრცლად უამბობდნენ ევროპელ მეგობრებს ხელისუფლების მიერ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების უსამართლობის შესახებ და დახმარებას ითხოვდნენ.

საინტერესოა, რატომ გახდა საჭირო წერილის განმეორებით გააგზავნა ვენეციის კომისიისთვის? – ეს კითხვა ,,ვერსიამ” საბჭოს ერთ-ერთ წევრ გოჩა ჯოჯუას დაუსვა, რომელმაც განმარტა, რომ ხელისუფლებამ ვენეციის კომისია მოატყუა, რადგანაც მანამდე გაგზავნილ ცვლილებათა პაკეტს, სადაც საუბარი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ეხებოდა, სინამდვილეში ამ საარჩევნოდ არ იყენებს და ძალაში ისევ მაჟორიტარულ სისტემას ტოვებს: ,,ხელისუფლებამ ცვლილებები შეიტანა საარჩევნო კოდექსშიც, რითაც ფაქტობრივად, აყალბებს არჩევნებს. საქმე ის გახლავთ, რომ პროექტის ამჟამინდელი რედაქცია შემდეგს გულისხმობს – საარჩევნო კომისიის 4 წევრს დანიშნავს მხოლოდ ,,ქართული ოცნება”, მსგავსი რამ არც ერთ პოლიტიკურ ძალას გაუკეთებია და ყველას საკუთარი წარმომადგენლობა ერთი წევრით ჰყავდა განსაზღვრული, რაც სამართლიანი პრინციპი იყო. ეს ხელისუფლება კი ამბობს, რომ კომისიას მხოლოდ პარლამენტში წარმოდგენილი პარტიები დააკომპლექტებენ, როგორიც დღეს 3 პოლიტიკური ჯგუფია. ანუ რეალურად 13-წევრიან კომისიაში ხელისუფლებას 10, ხოლო ოპოზიციას 3 წარმომადგენელი ეყოლება.”

გოჩა ჯოჯუა იმ მნიშვნელოვან გარემოებაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ კომისიის უმრავლესობას შეუძლია, არ გაითვალისწინოს ოპოზიციის წარმომადგენლების აზრი, გადაასწოროს საარჩევნო ოქმი და სცნოს კანონიერად: ,,მსგავსი რამ აქამდე არ მომხდარა; სასამართლოშიც აღარ შეგვეძლება გასაჩივრება. ასევე მნიშვნელოვანია, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია, რომელი წევრიც ,,ხელს შეუშლის”, ერთპიროვნული გადაწყვეტილებით გააძევოს კომისიიდან, მსგავსი რაღაცები ნაციონალურ მოძრაობას არ უკადრია”.

საბჭოს მიერ გაგზავნილი წერილი SOS-შინაარსისაა, რადგან როგორც ჩანს, პარტიები ვენეციის კომისიისგან ცვლილებების პროექტის შეჩერების იმედით დახმარებას ელიან. სხვათა შორის, პარტიებს ეს იმედი შეიძლება ითქვას, საფუძვლიანად აქვთ, რადგან რამდენიმე დღის წინ პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, აშშ-ს და ევროკავშირის ელჩებმა განმარტეს, რომ თუ ხელისუფლება აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშიებით პოლიტიკურ პარტიებთან კონსენსუსს არ მიაღწევს, საერთაშორისო მხარდაჭერას დაკარგავსო, რაც გოჩა ჯოჯუას განმარტებით, ქვეყანაში კრიზისული მდგომარეობის დაწყებაზე მეტყველებს.

ვერსია“, 23-25 ივნისი, 2017 წელი

საპარლამენტო ოპოზიციამ საკონსტიტუციო ცვლილებებს ბოიკოტი გამოუცხადა

პატრიოტთა ალიანსი არასაპარლამენტო ოპოზიციას აქციებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს

თათია გოჩაძე

ხელისუფლება საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტის რიგგარეშე სხდომებით დაჩქარებულ რეჟიმში განიხილავს. საპარლამენტო ოპოზიციამ კი კონსტიტუციის ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი პროექტის განხილვას ბოიკოტი გამოუცხადა, ნაციონალურმა მოძრაობამ რიგგარეშე სესია დემონსტრაციულად დატოვა, ხოლო პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმა 21 ივნისს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, საპროტესტო აქციებს ვგეგმავთო, თუმცა არ დააკონკრეტა – როდის. ინაშვილმა აქციებში მონაწილეობისკენ სრულიად ოპოზიციურ სპექტრს მოუწოდა; ნაციონალები აცხადებენ, პატრიოტთა ალიანსის აქციებს არ შევუერთდებით, რადგან პრორუსულ ძალებთან არ ვურთიერთობთ და ცალკე ვგეგმავთ აქტივობებსო. საპარლამენტო სესია დატოვეს ექსნაციონალებმაც, თუმცა ,,ევროპული საქართველო” აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ბოიკოტის მიუხედავად არც ნაციონალების და არც ინაშვილის დაანონსებულ აქტივობას არ შეუერთდება. მოკლედ, როგორც იტყვიან, ყველა თავისთვის ,,ჩალიჩობს”, შედეგი კი არ ჩანს – ხელისუფლება ცვლილებებს უწყვეტად განიხილავს…

ირმა ინაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ მოატყუა ქართველი ხალხი: ,,საკონსტიტუციო პროექტის განხილვის პროცესი, სადაც აქტიურად ვმონაწილეობდი, ტყუილი და სპექტაკლი აღმოჩნდა. ღიად ვაცხადებ, რომ ამ პროცესების უკან დგას მთავრობის მეთაური. ის უჭერდა მხარს ე.წ ბონუსის მოდელს, რაც ხელისუფლების უზურპაციას ნიშნავს და რასაც ჩვენ და სრულიად ოპოზიციური სპექტრი ვაპროტესტებდით. მივმართავ ,,ქართული ოცნების” ყველაზე გავლენიან წევრს და საქართველოს ყველაზე გავლენიან მოქალაქეს, ბიძინა ივანიშვილს, შეასრულოს დანაპირები, ჩაერიოს, ჩაერთოს მიმდინარე პროცესებში. ბოლო პერიოდში, ქვეყნისა და ხალხისთვის სასიკეთო არა¬თუ არაფერი მომხდარა, არამედ მასობრივად გაღატაკდა მოსახლეობა, გაიზარდა დაუსაქმებელთა რიცხვი, არავის ესმის ხალხის ხმა და ტკივილი. არც იპოთეკარების, არც საფინანსო კომპანიების უკანონო მოქმედებების შედეგად დაზარალებულების, არც პენსიონერების, ომის ვეტერანების, მრავალშვილიანი ოჯახების პრობლემების რეალურ გადაწყვეტაზე ქვეყანაში არავინ ზრუნავს. ხალხი ცალკეა, ხელისუფლება სხვაგან.”

პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა განაცხადა, რომ ბოიკოტს უცხადებენ საკონსტიტუციო განხილვებს და იწყებენ მუშაობას ორი მიმართულებით – იწყებენ თანამშრომლობას ევროსტრუქტურებთან და პარალელურად, მზადებას საპროტესტო აქციებისთვის. ინაშვილმა აქვე აღნიშნა, რომ საქართველოში აშშ-ს ელჩს შეხვდა, განუმარტა საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსის არარსებობა და ისიც, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია ჯერჯერობით პარლამენტის დონეზე.

სხვათა შორის, ირმა ინაშვილმა ,,ქართული ოცნების” დეპუტატებსაც მოუწოდა თანადგომისკენ: ,,ნუ მიიღებთ მონაწილეობას ამ ურცხვი ცვლილებების დაკანონების პროცესში, დაგვიჭირეთ მხარი! დაუჭირეთ მხარი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მომავალს და სიმართლეს!”.

ბრიფინგის შემდეგ ,,ვერსია” პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთ ლიდერს, პარლამენტარ ემზარ კვიციანს ესაუბრა, რომელმაც განმარტა, რომ მათი პროტესტის მთავარი მიზეზი მაჟორიტარული სისტემის დატოვება და საარჩევნო სისტემაში შესატანი ცვლილებები გახდა: ,,ხელისუფლების მაჟორიტარმა დეპუტატებმა შეკრეს პირი და ეს სისტემა დატოვეს. მათ მოვუწოდებ, ეს ერთობა ახლა საქართველოს სასარგებლოდ გამოიყენონ და უარი თქვან მოცემულ საკონსტიტუციო პროექტზე. ისე, თუ არჩევნები სამართლიანად ჩატარდება, მაჟორიტარულ სისტემასაც არა უშავს”.

ეს გასაგებია, მაგრამ საინტერესოა, თუ მაჟორიტარულ სისტემას იწუნებს, თავად რატომ იყრიდა კენჭს მაჟორიტარ დეპუტატად ემზარ კვიციანი? _ ,,ვერსიის” ამ კითხვას პარლამენტარი ამგვარად პასუხობს: ,,იქ ვიყრიდი კენჭს, სადაც დიდი ალბათობით შემეძლო გამარჯვება, მაგრამ ვინ გამამარჯვებინებდა?! ხელისუფლების ამხელა რესურსმა განაპირობა ის, რომ სრულიად ოპოზიცია ეწინააღმდეგება მაჟორიტარულ სისტემას.”

კვიციანმა ბოლოს ისიც განგვიცხადა, დარწმუნებული ვართ, ჩვენს აქციებს არასაპარლამენტო ოპოზიცია შეუერთდებაო. იმის გასარკვევად, შეუერთდებიან თუ არა პარტიები პატრიოტთა ალიანსის აქციებს, ,,ვერსია” რამდენიმე არასაპარლამენტო პოლიტიკური მოძრაობის წარმომადგენლებს დაუკავშირდა:

,,თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა აცხადებს, რომ ამ საკითხზე ირმა ინაშვილის პარტიასთან სიამოვნებით გამართავს კონსულტაციებს, რათა სრულიად ოპოზიციამ საკონსტიტუციო ცვლილებების გასაპროტესტებლად იმოქმედოს პრინციპით – ყველა მინუს ერთი.

ისიც გავარკვიეთ, რომ ალიანსის აქციებს შეუერთდება ,,დემოკრატიული მოძრაობა”. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი აცხადებს, რომ შექმნილ რეალობაში ყველა ოპოზიციური პარტია სერიოზულად განიხილავს სამზადისის დაწყებას: ,,რადგან ხელისუფლებამ ამ უტიფარი გადაწყვეტილებით მოატყუა ქართველი ერი და საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის ვენეციის კომისია – თითქოს გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე და უცებ შეიცვალეს პოზიცია იმის გამო, რომ ერთი-ორი მაჟორიტარი გამოიყვანეს განტევების ვაცად და დატოვეს მაჟორიტარული სისტემა. როცა ხელისუფლებას პოლიტიკური პროცესი შეჰყავს ისეთ ჩიხში, რომლისგანაც მშვიდობიანი გამოსავალი აღარ არსებობს, უნდა იცოდეს, რომ მიიღებს ვითარების რადიკალიზაციასა და ესკალაციას. ოპოზიცია აქამდე ინიციატივებით და შეთავაზებებით ცდილობდა ობიექტური და სამართლიანი საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბებას, მაგრამ ხელისუფლებამ პოლიტიკური პროცესების განვითარების სხვა შესაძლებლობა აღარ დაგვიტოვა, ამიტომ ახლა უკვე დროის საკითხია, როდის გაემგზავრება ეს ხელისუფლება პოლიტიკურ სანაგვეზე, რაც სამწუხაროდ, ისევ რევოლუციური ფორმით მოხდება”.

კოლეგებისგან განსხვავებით პატრიოტთა ალიანსის დაანონსებულ აქციებში მონაწილეობა ჯერ არ გადაუწყვეტიათ ლეიბორისტებს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა განმარტავს, რომ ანეკდოტად მოეჩვენა ინაშვილის განცხადება: ,,თითქოს ივანიშვილი აქამდე არ ერეოდა ქვეყნის მართვაში და ახლა გამოითხოვეს მისი სული თუ ნება, ჩაერთოს ქვეყნის მართვაში. სინამდვილეში, ეს სწორედ მისი გადაწყვეტილებაა და სხვები, ყველანი ჩვეულებრივი ხელის ბიჭები არიან და ის საკონსტიტუციო გადატრიალება, რომელიც სახელმწიფო ნგრევის ტოლფასია, სწორედ მისგან მოდის. აქედან გამომდინარე, პატრიოტთა ალიანსის რიტორიკა ივანიშვილის ინტერესებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალურად ბრძოლას იმისთვის, რომ არ ჩამოიშალოს არსებული კონსტიტუცია და არ მოხდეს კონსტიტუციური გადატრიალება. აღდგომა და ხვალეო, დაიწყოს აქციები და მივიღებთ გადაწყვეტილებას”.

,,თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძე კი ,,ვერსიასთან” ამგვარ განმარტებას აკეთებს: ,,ძალიან მძიმე პროცესი მიდის, რასაც იმ კონსტიტუციის მიღება ჰქვია, რომლის წერილობითი ვერსია არავის გვინახავს. მთელი წლის განმავლობაში განიხილავდნენ ერთ პროექტს, რომელიც ასევე არ იყო დემოკრატიული და სამართლებრივი, მაგრამ ახლა მისგან განსხვავებულ კონსტიტუციას იღებენ. ეს, რა თქმა უნდა, მიმართულია ძალაუფლების მითვისებისკენ. კონსტიტუცია განვითარებაზე ორიენტირებული რომ იყოს, მასზე კონსენსუსი უნდა შედგეს ქვეყანაში. ,,ქართულმა ოცნებამ” კი ის მოახერხა, რომ კონსენსუსი მის წინააღმდეგ შედგა. არ არსებობს ოპოზიციური პარტია, სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც არ ამბობს, რომ ეს კონსტიტუციის პროექტი უსამართლოა. მაჟორიტარები ერთი თვით ადრე რომ ალაპარაკდნენ, თურმე მაჟორიტარული სისტემა უნდა დარჩეს ძალაში და შემდეგ ,,ოცნების” დანარჩენი ნაწილიც მათ დაეთანხმა. ესეც, ისევე, როგორც სხვა დანარჩენი, ერთი პიროვნების გადაწყვეტილებაა. რაც შეეხება აქციებში ახლა მონაწილეობას, ამაზე ჯერ არ გვიფიქრია, თუმცა კონსულტაციებს გავმართავთ. არა მგონია, გამოსვლები მაინცდამაინც თვითმიზანი იყოს, ვნახოთ, რა ფორმებს მოვძებნით გასაპროტესტებლად”.

ვერსია“, 23-25 ივნისი, 2017 წელი

რატომ გააკეთეს ნაციონალებმა სტავკაზაალ უდუმაშვილზე

მიშას ვაბანკი ანუ რა დილემის წინაშე დადგება ელენე ხოშტარია

ნინო დოლიძე

მოსულიც ბევრი გვინახავს და წასულიც… ისე, ალბათ, ერთგვარი ბედის ირონიაა, რომ წამსვლელთა უმეტესობა ჩემი კოლეგა, ესე იგი, ჟურნალისტია. ნათქვამია, ადამიანმა დროზე მოსვლაც უნდა იცოდეს და წასვლაცო. შესაძლოა, მართლაც ასეა, მაგრამ წასვლა რაღაცანაირად ცუდად ჟღერს და ამ სიტყვის გამოყენება, ალბათ, ბევრს ეხამუშება კიდეც, თუმცა ღმერთმა ყველას ჯანი მისცეს და ჩვენი წინაპრების მოსვლამდე არაფერი ეტკინოს. ასე რომ, სანერვიულო არაფერია, მით უმეტეს, რომ ამჯერად პოლიტიკაში მომსვლელ-წამსვლელთა შესახებ ვსაუბრობთ, თუმცა ერთიცაა: პოლიტიკიდან ზოგნი ისე წასულან, მათი ასავალ-დასავლის შესახებ არავის აღარაფერი გაუგია. აი, სწორედ ასეთებზეა ნათქვამი, გინდა მკვდარი და გინდა შინმოუსვლელიო.

დიახ, ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენებურ პოლიტიკაში მკვდარი სულების და ასევე, შინმოუსვლელთა თვალშისაცემი სიმრავლეა, მაგრამ ეს სხვა საუბრის თემაა.

ამჯერად, „ვერსია“ იმის შესახებ მოგითხრობთ, რატომ უჩნდებათ ხოლმე მეოთხე ხელისუფლების წარმომადგენლებს გაპოლიტიკოსების სურვილი. აქვე, ისიც აღსანიშნავია, რომ ყველა ან თითქმის ყველა ჟურნალისტი, რომელმაც ბედი პოლიტიკაში სცადა, ადრე თუ გვიან, ისევ მშობლიურ პროფესიას დაუბრუნდა. ამის ყველაზე მკაფიო და თვალსაჩინო მაგალითი ინგა გრიგოლიაა, რომელმაც პოლიტიკური ოლიმპი გარკვეულწილად დაიპყრო – ქრისტიან-დემოკრატების სიით, თბილისის საკრებულოს წევრი გახდა და 2012 წელს, გლდანის მაჟორიტარობასაც აპირებდა, მაგრამ საბოლოოდ, პოლიტიკას ჩამოშორდა და, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, ჟურნალისტიკას დაუბრუნდა.

იმის გარჩევა, როგორი პოლიტიკოსი იყო ინგა გრიგოლია, მოდი, საზოგადოებას მივანდოთ, თუმცა ჩემი მხრიდან ერთს აუცილებლად ვიტყვი: ინგას, როგორც პოლიტიკოსს, თავისი გამორჩეული ხელწერა ჰქონდა. ეს შესაძლოა, ვინმესთვის სუბიექტური შეფასებაა, მაგრამ პირადად მე, არც იმის თქმა მომერიდება, რომ ამ ადამიანმა თანამედროვე ქართულ ტელეჟურნალისტიკაში თავისი, ასე ვთქვათ, მიმდინარეობა შექმნა. ყოველ შემთხვევაში, „ტელევიზიონშჩიკები“ მუდამ ცდილობენ, ინგას მიბაძონ, მაშასადამე, გადაცემა ინგასნაირად წაიყვანონ, მაგრამ ინგა ინგაა. მიმბაძველობა კი, როგორც წესი, წარმატებით არასოდეს მთავრდება…

მოკლედ, სიტყვა გამექცა, მაგრამ არა უშავს, მთავარ სათქმელს დავუბრუნდები და რომ გეტყვით, „ვერსია“ რის შესახებაც საუბრობს, ამხელა „შესავალსაც“ გაგებით მოეკიდებით.

სტუმრები მოვიდნენ

რამდენიმე დღის წინ, ის, რაზეც კარგა ხანია, კულუარებში საუბრობდნენ, რეალობად იქცა, კერძოდ, „რუსთავი 2“-ის სახემ, რომელიც, იმავდროულად, არხის გენერალური დირექტორის მოადგილეც გახლდათ, ტელევიზია დატოვა – ზაალ უდუმაშვილი პოლიტიკაში წავიდა. იმის გათვალისწინებით, რომ პოლიტიკაში, წეღანდელი თქმისა არ იყოს, სხვა დროს სხვა ჟურნალისტებიც წასულან, ცნობილი ტელეწამყვანის ეს ნაბიჯი საზოგადოებას, ალბათ, ნაკლებად უნდა გაკვირვებოდა. აკი, თავის დროზე ეს გზა, ინგა გრიგოლიას მსგავსად, გიორგი თარგამაძემაც გაიარა – წარმატებული ტელეკარიერა ჯერ ასლან აბაშიძის პრესმდივნობაზე გაცვალა, მერე დეპუტატად მოგვევლინა. 2000-იანი წლების გარიჟრაჟზე, როცა პოლიტიკური ამინდი „აიჭრა“, თარგამაძემ პოლიტიკა დატოვა და „ტელეიმედის“ ერთ-ერთი მმართველი გახდა. ამავე დროს, როგორც ჟურნალისტს, მეორე სუნთქვა გაეხსნა და იმდროისთვის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გადაცემა – „დროება“ შექმნა.

სხვათა შორის, სწორედ გიორგი თარგამაძე გახლდათ ის „მასპინძელი“, რომელიც 2007 წლის სისხლიანი 7 ნოემბრის ღამეს, კბილებამდე შეიარაღებულ სპეცრაზმს „იმედის“ ღია ეთერში დახვდა.

„სტუმრები მოვიდნენ!“ – ეს იყო ბოლო სიტყვები, რომელიც ჟურნალისტმა გიორგი თარგამაძემ მაყურებელს ეკრანიდან უთხრა და სტუდიაც ჩაბნელდა, თუმცა გამოხდა არცთუ დიდი ხანი და თარგამაძე პარტიის ლიდერად მოგვევლინა – ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობაში „დროების“ თითქმის მთელი ჟურნალისტური კორპუსი გაერთიანდა…

2008 წლის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, თარგამაძის ჟურნალისტურმა გუნდმა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი პოლიტიკური გამოცდილება არ ჰქონდა, პრაქტიკულად, შეუძლებელი შეძლო _ საარჩევნო ბარიერი გადალახა და პარლამენტში შევიდა. იმთავითვე ითქვა, რომ თარგამაძის უკან თითქოს ნაციონალები იდგნენ ანუ უფრო ნათლად და გასაგებად რომ ვთქვათ, ხალხის ნაწილი მიიჩნევდა, რომ თარგამაძეს პარტია სწორედ მაშინდელმა მმართველმა გუნდა შეუქმნა. ეს ხმა რამდენიმე წლის განმავლობაში, ესე იგი, პრაქტიკულად, იმ დრომდე გრძელდებოდა, სანამ ქვეყანას სააკაშვილი და მისი პოლიტიკური და-ძმები მართავდნენ.

ერთი სიტყვით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები თარგამაძისთვის ერთგვარ პოლიტიკურ რექვიემად იქცა. ყოველ შემთხვევაში, ერთ დროს წარმატებული ჟურნალისტი და ასე თუ ისე გავლენიანი პოლიტიკური ლიდერი პოლიტიკიდან გავიდა და იმ დღიდან მოყოლებული, ფართო საზოგადოების წინაშე იშვიათად ჩნდება ხოლმე.
პოლიტიკაში ფეხი ვერც ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა მოიკიდა. სამაგიეროდ, დეპუტატი გახდა ანი მიროტაძე, რომელიც ,,ფორუმთან” ერთად, ერთხანობა, კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი იყო. ამჟამად კი პარლამენტის ექსთავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ახალ მოძრაობაშია.

ისე, დეპუტატობამდე ენძელა მაჭავარიანიც ჟურნალისტობით მივიდა – ქალბატონი ენძელა ძველი თაობის ჟურნალისტია, ახალ ერაში აქტიური ჟურნალისტი აღარ იყო ანუ პიარში საქმიანობდა. 2016 წლის შემოდგომაზე კი პოლიტიკოსად მოგვევლინა.
გარკვეული ჟურნალისტური ბეგრაუნდი ექსნაციონალ გივი თარგამაძესაც აქვს და გიგა ბოკერიასაც. ირმა ნადირაშვილი კი მთლად რევოლუციამდელი „რუსთავი 2“-ის სახე იყო. ალბათ, ის კადრებიც გახსოვთ: რევოლუციონერი მიშა შეშფოთებული რომ გაიძახის, ირმა სადაა, ნადირაშვილიო.

ასე და ამგვარად, ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, გასაკვირი სულაც არაა, რომ ზაალ უდუმაშვილმა თბილისის მერობისთვის ბრძოლა გადაწყვიტა, თან ისიც გასათვალისწინებელია, მეოთხე ხელისუფლების პოლიტიკაში „გადაპორტირება“ მსოფლიოშიც მეტ-ნაკლებად აპრობირებული „ტრიუკია“, მაგრამ უდუმაშვილის მერობის კანდიდატობა, როგორც კულუარებში ამბობენ, დიდი პოლიტიკური თამაშის ნაწილია და „ძაღლის თავი“ სხვა რამეში უნდა ვეძებოთ. ეს „სხვა რამე“ კი, თუ ,,ვერსიის” ვასასებს დავუჯერებთ, ტიპური მედიაგავლენების შენარჩუნებისთვის დაწყებული სამკვდრო-სასიცოცხლო ომია და მეტი არაფერი.

ქვედინებები

ის, რომ სააკაშვილი ქვეყანას მედიით მართვადა, ძველი ამბავია ანუ ხელისუფლება ხელში ჩაიგდო თუ არა, მიშამ ყველაფერი პიარზე ააწყო. ასე, მაგალითად, ისინი, ვისაც იმდროინდელ სახელმწიფო მანქანასთან პირდაპირი თუ არაპირდაპირი შეხება ჰქონდათ, ამბობენ, რომ იყო შემთხვევები, როცა პიროვნებას, ვთქვათ, ქრთამის ან, სულაც, ნარკოტიკის საბაბით დააკავებდნენ. ცოტა ხნის შემდეგ კი ამ დაკავების მოდელირება ხდებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ტელევიზიების „საინფორმაციოს“ უფროსებს კანცელარიიდან დაურეკავდნენ და უბრძანებდნენ, ამ და ამ ადგილას ოპერატორები მოვიდნენო და უკვე დაჭერილ „ტიპს“ ხელახლა იჭერდნენ.

ყველაფერ ამას კი, როგორც ხმა დადის, ერთხანობა, გიორგი არველაძე კურირებდა.
საერთოდ, არველაძე, რომლის მიმართაც პრეტენზია ერთ „ოცნებელსაც“ არ აქვს, ნაციონალების „მედიაბოსი“ გახლდათ – გარდა იმისა, რომ სახელმწიფო სამსახურებიდან წასვლის შემდეგ, „იმედს“ ხელმძღვანელობდა, მთავარ „ვარდოსნულ“ მესიჯებსაც, თურმე, ის ადგენდა. ნიშანდობლივია, რომ მოდელირებულმა „ქრონიკამ“ დღის სინათლეც სწორედ არველაძის თაოსნობით იხილა… ამასთან, მედიასთან ურთიერთობაში თავისი სიტყვა, როგორც ამბობენ, ჟვანიას ყოფილ თანაგუნდელ დავით ტყეშელაშვილსაც ეთქმოდა.

იმაზე საუბარი, თუ როგორ მართავდა ნაცმოძრაობა მედიას, შორს წაგვიყვანს, თუმცა რაკიღა სიტყვა ამ საკითხზე ჩამოვარდა, უნდა აღინიშნოს, რომ ნაცხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი, ჯერ კიდევ „ვარდების რევოლუციამდე“, სწორედ „რუსთავი 2“ იყო. აკი, ცხონებული ეროსი კიწმარიშვილიც არ მალავდა, რომ თვითონ, როგორც ტელევიზიის დამფუძნებელი, გარკვეულ რევოლუციურ კულუარებს გეგმავდა. შემდეგ კი, „ვარდოსანთა“ იდეებით ხალხის ზომბირებას სწორედ ეს ტელევიზია ახდენდა.
საერთოდ, იმაში გასაკვირი არაფერია, რომ ამა თუ იმ მედიასაშაულებას პოლიტიკური ძალები მასების სამართავად იყენებენ, მაგრამ მოგეხსენებათ, ქართველებმა ყველაფერი გადაჭარბებული ვიცით. ჰოდა, ედუარდ შევარდნაძე სახლში წავიდა თუ არა, „რუსთავი 2“-მა თავი „გამარჯვებული ხალხის ტელევზიად“ გამოაცხადა. ისე, ჩვენში დარჩეს და მაშინ ხალხსაც სჯეროდა, რომ გაიმარჯვა. ყოველ შემთხვევაში, აზრად არავის მოსდიოდა, წინ რა უბედურება ელოდა. მედიატერორი კი ტელეკომპანია „იბერიის” ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევით დაიწყო, თუმცა შევარდნაძის მმართველობით შეწუხებულმა ელექტორატმა „იბერიის“ საქმე მიაყურისძირა… „იბერია“, ცხადია, ნაციონალების ხელში აღმოჩნდა. ამასთან, მიშას „სასტავი“ თითქმის ყველა ელექტრონულ მედიას აკონტროლებდა, „იმედის“ გარდა, თუმცა 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, „იმედიც“ განაციონალდა.

სხვათა შორის, „ვერსია“ ადრეც წერდა, რომ ზაალ უდუმაშვილი, რომელიც დღეს უკვე პოლიტიკოსი და ნაცმოძრაობის მერობის კანდიდატია, „რუსთავი 2“-ის სახეებიდან ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც „იმედის“ დარბევა გააპროტესტა – ღია ეთერში საპროტესტო განცხადება სწორედ მან წაიკითხა.

ზალიკოს ბეგრაუნდი

არავინ იცის, როგორ წარიმართებოდა ზაალ უდუმაშვილის კარიერა, 2000-იანი წლების დასაწყისში პირველი არხი რომ არ დაეტოვებინა და „რუსთავი 2“-ზე არ გადასულიყო. მართალია, ამ დროისთვის ზაალს არცთუ პატარა სატელევიზიო გამოცდილება ჰქონდა – „მეორე არხზეც“ მუშაობდა, „იბერვიაზიაშიც“ და „პირველ არხზეც“, სადაც ნინო შუბლაძესთან ერთად დილის გადაცემა „ალიონი“ მიჰყავდა, მაგრამ როგორც ტელესახე მაინც „რუსთავი 2“-მა იმ დროს შექმნა, როცა ამ ტელევიზიას ნაციონალები აკონტროლებდნენ.

იქნებ, სწორედ ეს გახდა იმის საბაბ-მიზეზი, რომ ტელეწამყვანს პოლიტიკაში წასვლა აიძულეს? ახლა, ეს შეიძლება, კონსპირაციის თეორიაა, მაგრამ ნათქვამია, მუსიკას ის უკვეთავს, ვინც ფულს უხდისო. ჰოდა, რატომ უნდა გამოვრიცხოთ, რომ იგივე სააკაშვილმა უდუმაშვილი კედელთან მიაყენა და აიძულა, ეს ნაბიჯი გადაედგა. დავუშვათ, ასეა, მაგრამ მიშამ არჩევანი მაინცდამაინც უდუმაშვილზე რატომ შეაჩერა?

რატომ ზაალ უდუმაშვილი

ამ კითხვაზე პოლიტიკურ კულუარებში ყველაზე აქტიურად ერთ ვერსიას განიხილავენ, რომლის თანახმადაც,  ზაალ უდუმაშვილზე „სტავკის დადებით“ ექს-პრეზიდენტმა ყოფილ თანაგუნდელებს ანუ მათ, რომლებმაც ზურგი აქციეს და გიგა ბოკერიას გაჰყვნენ, ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი საარჩევნო იარაღი – ტელევიზია ცხვირწინ „ფუკასავით“ ააცალა.

„დასამალი არ არის, რომ ნიკა გვარამია ბოლო დროს მიშას იდეებს არ იზიარებს. ყოველ შემთხვევაში, პირადად მე მაქვს ინფორმაცია, რომ გარკვეული უნდობლობა არსებობს გვარამიას მიმართ, რისი საფუძველიც ფინანსები გახდა. ახლა, დეტალები არ ვიცი, მაგრამ ყური მოვკარი, რომ რამდენიმე კვირის წინ ანუ მაშინ, სანამ უდუმაშვილის ამბავი გახმაურდებოდა და, ამასთან, ნიკა გვარამია „რუსთავი 2“-დან წასვლის შესახებ დაიწყებდა ლაპარაკს, ძმებმა ყარამანაშვილებმა თქვეს, რომ კომპანიაში შიდა აუდიტი უნდა ჩაეტარებინათ. ამას მოჰყვა გვარამიას ის ცნობილი განცხადებაც. პარალელურად, უდუმაშვილი უკრაინაში დაიბარეს და უთხრეს, რომ ტელევიზიიდან პოლიტიკაში უნდა წასულიყო“, – უყვება „ვერსიას“ კონფიდენტი.

ძნელი სათქმელია, ეს ქვედინებები უდუმაშვილის მერობის კანდიდატად დასახელებას რეალურად უძღვოდა თუ არა, მაგრამ საქმეში ჩახედულნი ამბობენ, რომ უდუმაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ნაცებისთვის ყველაზე საუკეთესო გამოსავალია.

„ნახეთ, როგორი მოცემულობაა: ზალიკო 25 წელია ტელევიზიაშია, აქედან, თითქმის ნახევარი „რუსთავი 2“-ზე მუშაობს. ახლა, შეიძლება, ყველა თანამშრომელთან გადაფსკვნილი ურთიერთობა არ ჰქონდა, მაგრამ რაც უნდა იყოს, ადამიანები, რომლებთანაც ერთად წლები გაატარა, არ „დაარტყამენ“. ამას გარდა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ნაციონალებს ფული არ აქვთ. მმართველ პარტიაში ფინანსური კრიზისი კი, როგორც ამბობენ, მას შემდეგ დაიწყო, რაც „კეზერამ“ გვერდით გაიწია და მიშას დაფინანსებაზე უარი თქვა.

გვინდა თუ არა, ფაქტია: არჩევნებს ფული იგებს. ჰოდა, როცა „დიდი უფულობაა“, არც გვარამია და არც სხვა „ტელევიზიონშჩიკები“ მიშას საფლავში არ ჩაჰყვებიან. აი, „უდუმას“ მერობის კანდიდატად დასახელებით კი ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად მოიხსნება ანუ როგორც ვთქვი, მის აქტივობებს „კურიერი“ მინიმუმ, კოლეგიალურად გააშუქებს.
ამასთან, ის ეჭვიც მაქვს, რომ იგივე ელენე ხოშტარია „რუსთავი 2“-ზე დაიჩაგრება ანუ იმას კი არ ვამბობ, ეთერში არ გამოაჩენენ-მეთქი, მაგრამ ვთქვათ, ზალიკოს თუ 10 წუთს დაუთმობენ, ხოშტარიას ხუთ წუთს ალაპარაკებენ. ეს ჩვეულებრივი პიარხრიკია, რომელიც ეროსი კიწმარიშვილის მიერ აწყობილი მედიამანქანის რიგითმა თანამშრომლებმაც ძალიან კარგად იციან.

ასე რომ, მიშა ვაბანკზე წავიდა და ის მითი, რომ თბილისის მერის არჩევნებში მეორე ადგილი შესაძლოა, ხოშტარიამ დაიკავოს, დიდი ალბათობით, დაიმსხვრევა. ყოველ შემთხვევაში, მედიაფორტუნა, დღევანდელი მოცემულობით, ნაციონალების მხარესაა.
აქვე, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზაალ უდუმაშვილის მიმართ ხალხის აგრესია მაინცდამაინც არ არსებობს ანუ დასაშვებია, რომ ზოგს იმიტომ არ მოსწონს, „რუსთავი 2“-ის სახე იყო, მაგრამ პიროვნულად მის მიმართ სიმპათია ჰქონდა და ეს სიმპათია ახლაც, როცა ზალიკო ნაცების სახე გახდა, შენარჩუნდება“, – ვარაუდობს „ვერსიის“ კონფიდენტი.

Comments are closed