globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 24 ივლისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jul 24th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან: ფსოუსა და როკის გვირაბის კონტროლისათვის ქართულ-რუსულ-შვეიცარიული კომიტეტი იქმნება

რეზონანსი: თინა ხიდაშელი უკრაინისაგან განმარტებებს ითხოვს // „უნდა კი უკრაინის ხელისუფლებას ჩვენს ხელისუფლებასთან ურთიერთობა?”

„ახალი თაობა“: ინტერვიუ შვეიცარიაში საქართველოს ელჩ ირაკლი ყურაშვილთან: „ჩვენი მიზანია შვეიცარიული კომპანიები საქართველოს ბაზრით დავაინტერესოთ“

———————

რეზონანსი“, 24 ივლისი, 2015 წელი

ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან: ფსოუსა და როკის გვირაბის კონტროლისათვის ქართულ-რუსულ-შვეიცარიული კომიტეტი იქმნება

თიკო ოსმანოვა

“ვსაუბრობთ ისე, როგორც თქვენ გესაუბრებით. წივილ-კივილი ასეთ შეხვედრებზე არ მოსულა. მე ახლა მსოფლიო დიპლომატიის წესებს ვერ გამოვიგონებ, თუმცა ვიმეორებ – ყველაფერი, რაც სათქმელი იყო, შესაბამისი სიმკაცრით, პრინციპულობით დაისვა. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენს კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით იმედის მომცემი ჯერჯერობით არაფერი ჩანს”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე, რომელმაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორ კარასინთან მორიგი შეხვედრა გამართა.

კონკრეტულად რა საკითხებზე მოხდა საუბარი და რა უპასუხა კარასინმა მის ქართველ კოლეგას საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე – ამაზე “რეზონანსი” რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძეს ესაუბრა.

ზურაბ აბაშიძე: მათი პოზიცია ცნობილია. ისედაც არ ველოდი, რომ რამე განსაკუთრებულს და ახალს მოვისმენდი. რუსეთი თვლის, რომ ცხინვალის რეგიონი – ე.წ. სამხრეთ ოსეთი – არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და დე ფაქტო მთავრობას აქვს უფლება შექმნას თავის სასაზღვრო ინფრასტრუქტურა, ხოლო რუსეთის მხარე დაეხმაროს მათ. ასეთია მათი პოზიცია, რაც კატეგორიულად განსხვავდება ჩვენი და საერთაშორისო თანამეგობრობის ხედვისგან. მაგრამ ეს არის 2008 წლის ომის და წინა ხელისუფლების მიერ დაშვებული უმძიმესი შეცდომების შედეგი.

- მცოცავი ანექსია რუსეთის მხრიდან ბოლო 7 წლის მანძილზე მეტნაკლები აქტიურობით მუდმივად მიმდინარეობს, თუმცა ასეთი ინციდენტები, როგორც წესი, თქვენი და კარასინის შეხვედრების წინა პერიოდს ემთხვევა…

- დიახ, ეს ასეა. მართლაც პირველი შემთხვევა არ არის, ადრეც ყოფილა ასეთი რამ, მაგრამ მათი პასუხი სტანდარტულია. პირიქით აქვთ პრეტენზიები, რომ ე.წ. ბანერის მოხსნა იყო პროვოკაცია, რომ ყველაფერი საერთაშორისო ნორმაში ჯდება ა.შ. ჩვენს განცხადებებსა და მათ კომენტარებს შორის ძალიან დიდი უფსკრულია, რომლის ამოვსება როგორაა შესაძლებელი, სიმართლე გითხრათ, ჯერ არ ჩანს.

- რამდენად მკაცრად და მწვავედ დაისვა თქვენი მხრიდან ე.წ. საზღვრის გადმოწევის საკითხი. იყო დაძაბული საუბარი, როგორც ეს ოქტომბერში ე.წ სამეკავშირეო ხელშეკრულებების გაფორმების დროს მოხდა, რამდენად დაძაბულ ფონზე მიმდინარეობდა ეს დიალოგი, რამე იმედის მომცემი გზავნილი თუ ჩამოიტანეთ?

- რაც სათქმელი იყო ჩემგან, მე მგონი, ყველაფერი ითქვა. ეს არის ძალიან სახიფათო პროვოკაცია მთლიანად რეგიონისთვის, რომელიც სტაბილურობის თვალსაზრისით ისედაც მყიფეა. ამას შეიძლება ისეთი განვითარება მოჰყვეს, რამაც შეიძლება რეალური საფრთხე შეუქმნას ჩვენს რეგიონს.

ეს არის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის ხელყოფა და ელემენტარული ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა. საქართველო ამას არავითარ შემთხვევაში არ შეეგუება. ვსაუბრობთ ისე, როგორც თქვენ გესაუბრებით. წივილ-კივილი ასეთ შეხვედრებზე არ მოსულა. მე ახლა მსოფლიო დიპლომატიის წესებს ვერ გამოვიგონებ. თუმცა, ვიმეორებ, ყველაფერი, რაც სათქმელი იყო, შესაბამისი სიკმარცით, პრინციპულობით დაისვა. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენს ორ კონფლიქტურ რეგიონთან დაკავშირებით იმედის მომცემი ჯერ არაფერი ჩანს.

- ე.წ. საზღვრის გადმოწევის ფონზე ამ ფორმატის პროდუქტიულობა კითხვის ნიშნის ქვეშ კიდევ ერთხელ დადგა. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ ფორმატმა თავისი თავი ამოწურა. მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ რუსეთთან მიმართებაში მიდგომა უნდა შეცვალოს?

- ჩვენი ოპონენტები, განსაკუთრებით “ნაციონალური მოძრაობიდან”, გულმოდგინედ ცდილობენ დაგვაშვებინონ საბედისწერო შეცდომები, რაც თვითონ დაუშვეს რუსეთთან მიმართებაში, რამაც ქვეყანა იმსხვერპლა და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ. ჩვენი დასასვლელი პარტნიორები კი ყველანირად ცდილობენ, რომ ასეთი ტრაგიკული შეცდომები აგვაცილონ. სწორედ ამიტომ ისინი ყველგან ხაზგასმით ამბობენ, რუსეთთან დიალოგი უნდა გაგრძელდეს. აგერ გუშინ ბატონმა უსუფაშვილმა ჩამოიტანა ინფორმაცია ბრიუსელიდან – ნატოში მას რეკომენდაცია მისცეს, რომ ეს ფორმატი შენარჩუნდეს.

- რაც შეეხება ფორმატით გათვალისწინებულ ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ პრობლემებს, რა საკითხები განიხილეთ ამ შეხვედრაზე?

- ჩვენი დღის წესრიგიდან გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით კონკრეტულ ნაწილში გვაქვს წინ გადადგმული ნაბიჯები და პრინციპში ყველა შეხვედრაზე რაღაც შედეგს ვდებთ. მაგალითად, შევთანხმდით, რომ 2011 წელს საქართველოსა და რუსეთის მთვარობებს შორის დადებული შეთანხმება ე.წ. საბაჟო მონიტორინგთან დაკავშირებით განხორციელდება და საბოლოოდ მივაღწიეთ იმ შეთანხმებას, რომ აგვისტოში უკვე შვეიცარიაში გაიმართება სამმხრივი ქართული-რუსულ-შვეიცარიელების შეხვედრა, სადაც მომზადდება ყველა შესაბამისი დოკუმენტი, შეიქმნება ერთობლივი კომიტეტი და უკვე დაიწყება პრაქტიკული მუშაობა ამ პროექტის იმპლემენტაციაზე. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი შეთანხმებაა. ამაზე დიდი ხანია საუბარია და თუ აქამდე რაღაც გამოკვეთილი პოზიცია რუსეთის მხრიდან არ გვქონდა, ახლა მივიღეთ კონკრეტული პასუხი და შევჯერდით.

- ამ ყველაფრის განხორციელება რამდენად მოესწრება, ამ ხეშეკრულებას ვადა ხომ რამდენიმე თვეში გასდის, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე სერგი კაპანაძე თვლის, რომ რუსეთი ამ ხელშეკრულებას საერთოდ გააუქმებს.

- გაუქმებაზე საუბარი არ არის, შესაბამისად, ალბათ გაგრძელდება. ყოველ შემთხვევაში სანახავია. ამას ექსპერტები ნახავენ, ტექნიკურად როგორ ხდება. გარდა ამისა, ჩვენ ვისაუბრეთ ისეთ საკითხებზე, როგორც არის ქართული პროდუქციის ახალი სახეობების რუსულ ბაზარზე გატანა.

- ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ქართველების გათავისუფლებაზეც თუ ისაუბრეთ და მოხდა თუ არა რაღაცაზე შეჯერება?

- ამაზე საკმაოდ დეტალური საუბარი გვქონდა. ვფიქრობ, რომ ეს თემა საკმაოდ მნიშვნელოვნად წავწიეთ წინ.

- ანუ, რუსეთის მხრიდან 1996 წელს გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას ნეგატიური შედეგი არ მოჰყოლია?

- არა, ეს არაფერ შუაში არ არის. ის ხელშეკრულება არც იყო ამოქმედებული. პატიმრების თემა ძალიან სერიოზულად წავწიეთ წინ. ასევე რუსეთის მხარემ დაგვიდასტურა ინფორმაცია, რომელიც ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მივიღეთ – აპირებენ სავიზო რეჟიმის გამარტივებას გარკვეული ჯგუფებისთვის. ესეც გარკვეული სიახლეა.

- აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე თუ იყო საუბარი, კარასინი აპირებდა ამ საკითხის დასმას.

- ამ თემაზე საუბარი არ არის. მათი პოზიცია ასეთია – თქვენ თუ გინდათ ამ საკითხის განხილვა, დაელაპარაკეთ აფხაზებს და სომხებს. ჩვენი პასუხი კი მოკლეა – ასეთი ფორმა ჩვენთვის მიუღებელია. ამგვარად, დასამალი და მისაჩქმალი არაფერია.

რეზონანსი“, 24 ივლისი, 2015 წელი

თინა ხიდაშელი უკრაინისაგან განმარტებებს ითხოვს

უნდა კი უკრაინის ხელისუფლებას ჩვენს ხელისუფლებასთან ურთიერთობა?”

ელზა პაპოშვილი

(შემოკლებით)

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა, ჩეხეთში სამუშაო ვიზიტით ყოფნისას, ყოფილ პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზე განაცხადა, რომ ოდესის ოლქის გუბერნატორი არანორმალური ფსიქიკის ადამიანია და სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული. მისივე თქმით, საინტერესოა, სააკაშვილის განცხადებები საქართველოს ხელისუფლების მიმართ რამდენად შეესაბამება უკრაინის პრეზიდენტისა და მთავრობის ოფიციალურ პოზიციას. „როდესაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინული და ქართული მედიისათვის საქართველოს ხელისუფლების მისამართით განცხადებებს აკეთებს, მე როგორც საქართველოს ხელისუგფლების წარმომადგენელს, მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის ხელისუფლებისადმი კითხვა მაქვს – ეს კიევის პოზიციაა თუ არცთუ მთლად ნორმალური ფსიქიკის მქონე გუბერნატორისა?

(…)

თუ ამას თვითონ ვერ ხვდებიან, ეს მათი პრობლემაა. პეტრო პოროშენკოს სეუძლია თანამდებობაზე გიჟი ან ნორმალური პიროვნება დანიშნოს, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ეს პარტნიორ ქვეყნებს  ერთმანეთთან თანამშრმლობაში ხელს უშლის“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა რადიო „თავისუფლებისათვის“ მიცემულ ინტერვიუში.

თინა ხიდაშელის განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ამბობს, რომ საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცალკეული, კონკრეტული პოლიტიკოსის ან კონკრეტული წარუმეტებელი პოლიტიკური დაჯგუფებების განცხადებები, რადგანაც მათი გაუაზრებელი მოქმედებით არ შეიძლება ორი ქვეყნის მეგობრობა და პარტნიორობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

ამასთან, ირაკლი მენაღარაშვილი არ თვლის, რომ ამის საფრთხე არსებობს და რომ შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის განცხადებების გამო უკრაინა-საქართველოს ურთიერთობა გაუარესდეს. მისი თქმით, კიევსაც და თბილისსაც კარგად ესმით, რომ შექმნილი რთული მდგომარეობის გამო, მათ ერთმანეთი ჭირდებათ. მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილსა და მისი გუნდის ზოგიერთ წევრ უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნის მოქალაქეობა მიანიჭა და თვითომ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა, მეგობრობა ჩვენს ქვეყნებს შორის მაინც არსებობს. რაც შეეხება თინა ხიდაშელის კითხვებს, მას ნამდვილად აქვს უფლება ასეთი შეკითხვა დასვას, ხოლო ვინ გასცემს ამ კითხვებზე პასუხს და როდის, ამაზე მხოლოდ მკითხაობა შეიძლება. თუმცა მოვა დრო და პასუხი გაეცემა… რასაკვირველია, უდავოა, რომ მიხეილ საალაშვილის არგადმოცემის მიზეზი უფრო პოლიტიკურია, ვიდე სამართლებრივი, ეს თინა ხიდაშელმაც კარგად იცის. საერთოდ, ჩვენთვის უმჯობესი იქნება თავი შევიკავოთ მკვეთრი და აგრესიული ქმედებებისაგან. ამ საკითხს ნათელი მაშინ მოეფინება, როცა უკრაინაში სიტუაცია დაწყნარდება“.

ირაკლი მენარარაშვილისაგან განსხვავებით, პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ფიქრობს, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობა თითქმის ნულამდეა დაყვანილი, რაც საქართველოს მიზეზით ნამდვილად არ მომხდარა. ამაში წვლილი უკრაინის ახალმა ხელისუფლებამ შეიტანა. „საერთოდ, თინა ხიდაშელის მიერ დასმულ კითხვებზე პასუხი დიდი ხანია გაცემულია და ეს პეტრო პოროშენკოს მოქმედებაში გამოიხატება, მიხეილ სააკაშვილს რომ თავშესაფარი მისცა და სახელმწიფო ტანამდებობაზე დანიშნა… როგორ შეიძლება მოგვარდეს ურთიერთობა? რადგან ორივეს ერთმამეთი ჭირდებათ, მაგრამ საქართველოს ბრალი არაფერში მიუძღვის, ამიტომ ნაბიჯი  საქართველოს მხრიდან გადასადგმელი ნამდვილად არა არის, მით უმეტეს, რომ სიტუაცია კიევმა დაძაბა.

უფრო მეტსაც გეტყვით: უნდა კი უკრაინის ხელისუფლებას საქართველოსთან ურთიერთობა? მე ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს, თუმცა თავად უკრაინა უნდა იყოს დაინტერესებული ჩვენთან კარგი ურთიერთობით. კიევი რუსეთთან ომის მდგომარეობაში იმყოფება და მისთვის ამ შემთხვევაში მეზობლების მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუმცა გადმოდგამენ თუ არა უკრაინელები ამ ნაბიჯს, ეს ბუნდოვნად მესახება“, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

„ახალი თაობა“, 24 ივლისი, 2015 წელი

ინტერვიუ შვეიცარიაში საქართველოს ელჩ ირაკლი ყურაშვილთან: ჩვენი მიზანია შვეიცარიული კომპანიები საქართველოს ბაზრით დავაინტერესოთ

მარიამ ჩუბინიძე

შვეიცარიაში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ირაკლი ყურაშვილი საქართველო-შვეიცარიის ურთიერთობებზე საუბრობს:

- ბერნში საქართველოს საელჩო სულ 3 წელია, რაც არსებობს, რა ბიძგი მისცა საელჩოს დაფუძნებამ ორმხრივ ურთიერთობებს და რა შეიცვალა ამ დროის განმავლობაში?

-როგორც მოგეხსენებათ, წლების მანძილზე ქ. ჟენევაში არსებული საქართველოს მისია გაეროს განყოფილებებთან ამავდროულად საქართველოს საელჩოც იყო. შექმნილმა პოლიტიკურმა გამოწვევებმა მოიტანეს ის, რომ 2012 წელს გადაწყდა შვეიცარიის დედაქალაქში-ბერნში საქართველოს საელჩოს დაფუძნება.

ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივია ვიყო საქართველოს პირველი ელჩი რეზიდენციით ბერნში და ორმხრივ ურთიერთობებში ხელი შევუწყო მთელი რიგი მიმართულებების განმტკიცებას. ჩვენი სამწლიანი მუშაობის შეფასებისას შემიძლია ვთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის უკვე ჩამოყალიბებული, ურთიერთნდობაზე დაფუძნებული პოლიტიკური თანამშრომლობა კიდევ უფრო მყარია – ეს არის მაღალი დონის ვიზიტები (საქართველოს პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის, საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტები შვეიცარიაში, შვეიცარიის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტები საქართველოში), შვეიცარიის მედიაცია საქართველო-რუსეთს შორის, საპარლამენტო თანამშრომლობა, შვეიცარიის საგარეო უწყებასთან აქტიური კონსულტაციების რეჟიმში მუშაობა, წამოწყებული თანამშრომლობა კანტონებთან. აქტიურად ვთანამშრომლობთ შვეიცარიის როგორც გერმანულენოვან, ისე ფრანგულენოვან მედიასთან. ზოგადად, შეიცვალა ის, რომ შვეიცარიაში ცნობადობა საქართველოსა და ქართული კულტურის შესახებ მკვეთრად ამაღლდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო მოხვდა ბერნის პოლიტიკური და გავლენიანი წრეების თვალსაწიერში. რა თქმა უნდა, იმისათვის, რომ ეს შენარჩუნდეს და კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს ინტერესი საქართველოსადმი, საელჩოს მხრიდან მუდმივი პროაქტიური მუშაობაა საჭირო.

- რა როლს ასრულებს შვეიცარია, როგორც შუამავალი ქვეყანა რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობაში?

- შვეიცარიას, როგორ ნეიტრალურ სახელმწიფოს მედიატორობის დიდი გამოცდილება აქვს. ის წლების მანძილზე მედიატორულ საქმიანობას ახორციელებს აშშ-სა და კუბას, აშშ-სა და ირანს შორის. საქართველოს მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ, შვეიცარიას დაეკისრა მედიატორის ფუნქციები საქართველოსა და რუსეთს შორის, ჩემის აზრით, შვეიცარია ამ ძალიან დელიკატურ და საპასუხისმგებლო მისიას მაღალი პროფესიონალიზმითა და ყოველგვარი ზედმეტი პიარის გარეშე ახორციელებს.

შვეიცარიის მედიაციით 2011 წელს ჟენევაში გაფორმდა ,,საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ’’ შეთანხმება, რომლის იმპლემენტაციისათვის ბერნი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს როგორც თბილისთან, ისე მოსკოვთან. შვეიცარია დღეისათვის კომუნიკაციის მთავარი არხია თბილისსა და მოსკოვს შორის და ამ რეალობის გათვალისწინებით, შვეიცარიის კონფედერაციის პოლიტიკური მნიშვნელობა საქართველოსათვის განსაკუთრებულია.

- რა სფეროებია პრიორიტეტული ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში. რამდენად არსებობს შვეიცარიის ბიზნეს წრეების მხრიდან დაინტერესება საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს შესაძლებლობებით?

ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება შვეიცარიასთან, რომელიც მსოფლიოს მე-6 ქვეყანაა, ქვეყნის გარეთ კერძო ინვესტიციების თვალსაზრისით, საელჩოს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ვფიქრობ, რომ ამისათვის უკვე შექმნილია სერიოზული წინაპირობა – ეს არის 2014 წელს, თბილისში შვეიცარიის იმდროინდელ პრეზიდენტს, ბატონ დიდიე ბურკჰალტერსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს შორის ხელმოწერილი ინვესტიციების და დაცვისა წახალისების შეთანხმება, რომელიც უნდა გახდეს შვეიცარიული ინვესტიციების განხორციელებისათვის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი. საელჩოს ორგანიზებით ციურიხში გაიმართა ბიზნეს-ფორუმი, გასულ წელს საქართველოს პირველად ეწვია შვეიცარიის ეკონომიკის სახელმწიფო სამდივნოს ოფიციალური დელეგაცია, 2015 წლის მაისში საქართველოს ეწვია შვეიცარიის ეკონომიკის ფედერალური მინისტრი, იოჰან შნაიდერ-ამანი, ქ. ციურიხში ფუნქციონირებს შერეული სავაჭრო პალატა. შვეიცარიული კომპანიების საქართველოთი დაინტერესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმატი კანტონებსა და საქართველოს რეგიონებს შორის კონტაქტების ჩამოყალიბებაზეც გადის.

- 2013 წელს ჩამოყალიბდა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი? რა შესაძლებლობებს იძლევა იგი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის?

- ორი ქვეყნის პარლამენტს შორის პრაქტიკულად მინიმალური თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა. 2013 წლიდან საელჩოს ძალისხმევით საქმიანობას შეუდგა შვეიცარიის პარლამენტში დაფუძნებული საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი, რომელსაც სათავეში ჩაუდგა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, პოლიტიკოსი და მსხვილი საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელი, სენატორი ფილიპო ლომბარდი, რომელიც გასულ წელს ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს. 2014 წლის ოქტომბერში, საელჩოს ორგანიზებით შედგა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ოფიციალური ვიზიტი შვეიცარიაში. თავმჯდომარესთან ერთად შვეიცარიას ეწვია შვეიცარიასთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი, ეკა ბესელია. ეს ვიზიტი წარმოადგენდა 22 წლიანი ორმხრივი ურთიერთობების პერიოდში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ ოფიციალურ ვიზიტს შვეიცარიაში. შვეიცარიის პოლიტიკური სისტემის თავისებურებიდან გამომდინარე, პარლამენტარებთან კონტაქტის გამყარება საკმაოდ სოლიდურ საფუძველს უყრის ზოგადად ორმხრივი თანამშრომლობის პროცესს. შვეიცარიელი პარლამენტარების უდიდესი ნაწილი არაა პროფესიონალი პოლიტიკოსი, ისინი ბიზნესმენები, ცნობილი ადვოკატები, მეცნიერები, ექიმები, ინჟინრები და სხვა პროფესიის წარმომადგენლები არიან და აგრძელებენ თავიანთ სფეროში მუშაობას. შესაბამისად, ჩვენის მხრივ თითოეულ დეპუტატთან მუშაობა პოლიტიკური დატვირთვის გარდა წარმოადგენს საშუალებას საქართველოსათვის მნიშვნელოვანი სფეროში თანამშრომლობის პროცესის წამოსაწყებად თუ გასაღრმავებლად. დეპუტატები ასევე წარმოადგენენ თავიანთ კანტონებს და როგორც წესი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გავლენით სარგებლობენ თავიანთ კანტონებში, რაც ხელშემწყობი ფაქტორია კანტონებსა და საქართველოს რეგიონებს შორის თანამშრომლობის დადებითი დინამიკის განსავითარებლად.

-შვეიცარიის კანტონები, მათთან რამდენად მნიშვნელოვანია ინდივიდუალურ რეჟიმში თანამშრომლობის განვითარება და ამის რა მაგალითები არსებობს?

როგორც მოგეხსენებათ, შვეიცარიის კონფედერაცია შედგება 26 კანტონისაგან. კანტონებს ძალიან დიდი ავტონომია გააჩნია თითქმის ყველა სფეროში და შვეიცარიის ტერიტორიული მოწყობის გათვალისწინებით, რეალურად ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გასაღები სწორედ კანტონებშია და არა ფედერალურ მთავრობაში. ბოლო 2 წლის მანძილზე შედგა ჩემი ოფიციალური ვიზიტი შვეიცარიის 14 კანტონში, 2015 წლის ბოლომდე იგეგმება კიდევ 2 ვიზიტი.

მოხარული ვარ, რომ კანტონებთან თანამშრომლობის წამოწყების ტაქტიკა კონკრეტულ შედეგების გამოღებას იწყებს. 2014 წელს გაიმართა ყვარლის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის ვიზიტი შაფჰაუზენში. იმავე წლის ნოემბერში, გაიმართა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, მცხეთა-მთიანეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების დელეგაციის ვიზიტი შვეიცარიის ოთხ კანტონში: გრაუბუნდენში, ტიჩინოში, ურსა და შვიცში. 2015 წლის მარტში გაიმართა ქ. თბილისის ვიცე-მერის, ნინა ხატისკაცის სამუშაო ვიზიტი შვეიცარიის დედაქალაქში. საელჩოს ორგანიზებით 2015 წლის სექტემბერში იგეგმება შაფჰაუზენის კანტონის მთავრობისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლების ვიზიტი ყვარლის მუნიციპალიტეტში. 2015 წლის სექტემბერში თელავის მერი სამუშაო ვიზიტით ეწვევა ქ. ლოზანას. სექტემბერში ტურგაუს კანტონის მთავრობის მოწვევით ტურგაუს კანტონს ეწვევა შიდა ქართლის გორისა და კასპის მუნიციპალიტეტების დელეგაცია.

ამ ვიზიტების მთავარი მიზანია, რომ საქართველოს რეგიონებმა მიიღონ შვეიცარიულ კანტონებში დაგროვილი მდიდარი გამოცდილება და შვეიცარიული კომპანიები, რომლებიც კონკრეტულ კანტონებში იმყოფებიან, დავაინტერესოთ საქართველოს ბაზრით, რათა მათ საქართველოში ინვესტიციები განახორციელონ, გინდაც ეს ინვესტიცია პირველ ეტაპზე მცირე ზომისა იყოს.

Comments are closed