„რეზონანსი//მთელი კვირა“: ინტერვიუ მაია ფანჯიკიძესთან: „ჩემი მინისტრობის დროს ბანერების გადმოწევა არ ხდებოდა… ნატო-საქართველოს ერთობლივ ცენტრთან დაკავშირებით ერთი წლის წინ არსებული გეგმა მთავრობამ სრულად ვერ შეასრულა“
„რეზონანსი//მთელი კვირა“: გაზრდის ნატოს ცენტრი საქართველოს უსაფრთხოებას, თუ პირიქით, ახალ რისკებს გააჩენს?
„კვირის პალიტრა“: ქართულ ბატალიონებს “ჩვენებური” ომებისთვისაც მოამზადებენ?! // საქართველო-NATO-ს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნა რუსეთს გააღიზიანებს
„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ სანდრო თვალჭრელიძესთან: „ირაკლი ღარიბაშვილისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრას აზრი არა აქვს”
„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ ელმარ ბროკთან: „თუ რუსეთი უფრო ღრმად შემოიჭრება მცოცავი ოკუპაციით, ეს საგანგაშოა და ძალიან, ძალიან მაშფოთებს…”
„კვირის პალიტრა“: “პანკისი 2″-ის საფრთხე! – რა მისიას ასრულებენ უცხოელი ემისრები ქვემო ქართლში?! // “ორგანიზაცია “ბორჩალო” საქართველოში ახალი კონფლიქტის გაღვივებას ცდილობს”
———————
„რეზონანსი//მთელი კვირა“, 24 აგვისტო, 2015 წელი
ინტერვიუ მაია ფანჯიკიძესთან: „ჩემი მინისტრობის დროს ბანერების გადმოწევა არ ხდებოდა… ნატო-საქართველოს ერთობლივ ცენტრთან დაკავშირებით ერთი წლის წინ არსებული გეგმა მთავრობამ სრულად ვერ შეასრულა“
საქართველოს საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი მაია ფანჯიკიძე „რეზონანსის“ ჟურნალისტ თიკო ოსმანოვას ესაუბრება.
გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:
ნატოს გენმდივნის სტუმრობა საქართველოში თავისთავად მნიშვნელოვანი მოვლენაა და მისასალმებელია. ვიმედოვნებ, რომ ეს იქნებას საქართველოსთვის ნატოს გზაზე წინგადადგმუილი ნაბიჯი. მე პირადად თბილისში არ ვიქნები, მაგრმა იენს სტოლტენბერგს ჩემი თანაპარტიელები, საპარალემტო ფრაქციის წევრები შეხვედებიან და ეტყვიან, რომ ნატოს არის საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არჩევანი, რომ ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება და მას აქტიურ მხარდაჭერას ვთხოვთ ჩვენი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების საქმეში. ასევე მას ვთხოვთ, რომ კრიტიკულად ადევნოს ტვალი ჩვენი ხელისუფლების საქმიანობას ამ მიმართულებით, რათა გაკეთდეს ყველაფერი ამ მიზნის მისაღწევად.
(…)
რაც შეეხება საქართველო-ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნას: მისი დაარსების საკითხი ნატოს უელსის სამიტზე გადაწყდა. ასეთი ცენტრი ნატოსთვისაც სიახლეა და ჯერ-ჯერობით აღმოსავლეთ ევროპის არცერთ ქვეყანაში არ გახსნილა. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ეს იყო ძალიან დიდი გადაწყვეტილება, რომელსაც ზუსტად ერთი წლის წინათ მივაღწიეთ. ჩვენ, „თავისუფალ დემოკრატებს“, როცა ხელისუფლებაში ვიყავით, გვქონდა კონკრეტული წარმოდგენა, თუ რა უნდა ყოფილიყო ამ ცენტრში იმისათვის, რომ ის გამხდარიყო არა მარტო ქართველი ჯარისკაცების სწავლებისა და წრთვნის ადგილი, არამედ თვით ნატოს წევრი ქვეყნების ჯარისკაცებისთვისაც.
დღეს არ მაქვს ინფორმაცია, თუ რითი აღიჭურვა ნატოს-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი და რა შესაძლებლობები ექნება რეალურად მას. მაგრამ ხელისუფლების განცხადებებით, რომ ეს არის უბრალო სასწავლო ცენტრი ქართველი ჯარისკაცებისთვის, მაფიქრებინებს, რომ ის ამბიციური გეგმა, რომელიც გვქონდა, არ განხორციელებულა. ცენტრის გახსნა თავისთავად დადებითი მოვლენაა, მაგრამ თუ მან არ შეასრულა ის ფუნქცია, რომელიც ჩვენ გვსურდა ჰქონოდა და ყოფილიყო უმაღლესი სტანდარტების ერთობლივი საწრთვნელი ბაზა, მაშინ ეს არ არის ჩვენი მიზნის 100%-ით შესრულება.
(…)
რუსეთს საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ევროანტალნტიკური სტრუქტურებისაკენ ძალიან არაადექვატური რეაქცია აქვს. მეტიც – მაშინაც კი, როცა ამ მიმართულებით არაფერი ისეთი რამ არ ხდება, მოსკოვი საქართველოში მაინც მცოცავ ანექსიას ახორციელებს. მაგალითად, სამხრეთ ოსეთის „სასაზღვრო“ ბანერების გადმოწევა ისეთ დროს მოხდა, რომ საქართველოს ნატოსაკენ რაიმე ახალი ნაბიჯი არ გადაუდგამს.
(…)
ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის ასეთი რეაქცია მუდმივად იქნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი განვითარება შევანელოთ, დავამუხრუჭოთ სწრაფვა ნატოსაკენ და ევროკავშირისაკენ. ეს არის ჩვენი გზა, რომლიდანაც გადახვევას ქართველი ხალხი არცერთ მთავრობას არ აპატიებს. ეს არის ჩვენი თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზა. ამასთან, პერმანენტულად უნდა ვაცხადებდეთ, რომ ჩვენი ნაბიჯები არავის წინააღმდეგ არაა მიმართული და მხოლოდ საქართველოს განვითარებას ემსახურება.
(…)
რადგანაც რუსეთი „მცოცავ ანექსიას“ მაინც განახორციელებს იმის მიუხედავად, ცენტრი გაიხსნება თუ არა, ამ შემთხვევაში მის შესაჩერებლად სხვა ინსტრუმენტებია გამოსაყენებელი, რომელიც ჩვენს მთავრობას მთელი წლის განმავლობაში არ გამოუყენებია სათანადოდ და მივიღეთ ის სიტუაცია, რომელიც გვაქვს. მე პირველ რიგში ვგულისხმობ მთავრობის პასიურობას საერთაშორისო არენაზე. ჩემი მინისტრობის დროს ბანერების გადმოწევა არ ხდებოდა, სხვა შემთხვევებში კი საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია უფრო მძაფრი იყო. შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ საერთაშორისო რეაქციამ შეიძლება სრულად შეაჩეროს რუსეთის ოკუპაცია, მაგრამ ეს თემა მუდამ აქტუალური უნდა იყოს და მასში საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა იყოს მუდმივად ჩართული“.
(ინტერვიუში მაია ფანჯიკიძემ უპასუხა შეკითხვას რუსეთის მიერ თბილისი-გორის ავტომაგისტრალის გადაკეტვის შესაძლებლობაზე და განაცხადა: „ამ კონკრეტულ შემთხვევაზე პასუხს ვერ გაგცემთ, მაგრამ რუსეთისაგან საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ შეიარაღებულ აგრესიას ნამდვილად გამოვრიცხავ“).
„რეზონანსი//მთელი კვირა“, 24 აგვისტო, 2015 წელი
გაზრდის ნატოს ცენტრი საქართველოს უსაფრთხოებას, თუ პირიქით, ახალ რისკებს გააჩენს?
თიკო ოსმანოვა
ნატოს უელსის სამიტზე გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტის ფარგლებში მიღებული გადწყვეტილება შესრულებულია – 27 აგვისტოს ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი გაიხსნება. ამასთან დაკავშირებით საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ნატო-ს გენერალური მდივანი იანს სტოლტენბერგიც ეწვევა. ამ ერთობლივი ცენტრის მიმართ რუსეთის უარყოფითი დამოკიდებულება ცნობილია და შესაბამისად, ოფიციალური თბილისი რუსეთის გაღიზიანების მოლოდინშია. თუმცა, აქვე ამბობენ, რომ სწორად გათვლილ სტრატეგიაზე უარს არ იტყვიან. ექსპერტების ნაწილს კი რუსეთის პოზიციასთან დაკავშირებით არასახარბიელო პროგნოზი აქვს.
“ეს ცენტრი ნატოს და მისი პარტნიორი სახელმწიფოების ეგიდით არის შექმნილი, სადაც წვრთნას გაივლიან სამხედრო მოსამსახურეები. ამაში უჩვეულო არაფერია, იგივე ხდება ყველა პარტნიორ სახელმწიფოში. შესაბამისად, ეს, წესით, რუსეთის გაღიზიანებას არ უნდა იწვევდეს. მაგრამ, თუ გავითვალიწინებთ იმას, რომ ახლა მიმდინარეობს გაქანებული ცივი ომი, რომელიც უფრო აგრესიული ფორმით ვითარდება და ამის წყალგამყოფი ხაზი გადის ბალტიის სახელმწიფოებზე, უკრაინასა და საქართველოზე მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსეთის რეაქცია იქნება საკმაოდ აგრესიული”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ მაისაია.
გაზრდის ეს ცენტრი საქართველოს უსაფრთხოებას, თუ პირიქით, ახალ რისკებს გააჩენს? – ეს კითხვა “მთელმა კვირამ” საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.
გია ანჩაბაძე (ისტორიკოსი): “არ მგონია ამ ორიდან რამე შეიცვალოს. ვფიქრობ დიდად არც საქართველოს თავდაცვისუნარიანობა გაიზრდება და არც რაიმე საფრთხე დაგვემუქრება რუსეთის მხრიდან. მთლიანობაში სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობას ზრდის შიდა მოვლენები. ქვეყანა უნდა იყოს შესაბამისად განვითარებული, რომ ბრძოლისუნარიანი ჯარი ჰყავდეს. საერთოდ ყველაფერი ნელ-ნელა კეთდება, მშენებლობას სიჩქარე არ ახასიათებს.”
ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორი): “ამასთან დაკავშირებით ორგვარი პასუხი მაქვს – ერთის მხრივ გაზრდის ჯარის თავდაცვისუნარიანობას, რადგან გვეყოლება გაწვრთნილი ჯარი, მაგრამ, მეორეს მხრივ, ეს პარალელურად გამოიწვევს რუსეთის გაღიზიანებას. აქ ცალსახა პასუხი არ არსებობს. ალბათ ეს უნდა განვიხილოთ ჩვენი საგარეო პოლიტიკის ღრმა კონტექსტში განსაკუთრებით რუსეთთან მიმართებაში.”
გია როინიშვილი (მსახიობი): “ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნა ატლანტიკური ალიანსისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. საერთოდ, ევროკავშირისკენ და ნატოსკენ გადადგმული ყველა ნაბიჯი ამყარებს საქართველოს უსაფრთხოებას. რა თქმა უნდა, ეს გაზრდის საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და საერთოდ ქვეყნის უსაფრთხოებას. აქედან გამომდინარე ეს ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანია.”
ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე): “ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნა ძალიან მიხარია, წარმატებას ვუსურვებ ყველას, მაგრამ ვფიქრობ ამით რისკები ორმაგდება. ნატოსკენ რამდენადაც წინ მივიწევთ, იმდენად რუსეთი მოიწევს ჩვენსკენ. ვფიქრობ, ხელისუფლებამ რაღაც ეშმაკური სვლა უნდა მოიფიქროს, რადგან რუსეთი ყველაფერზეა წამსვლველი და სამაგიეროს აუცილებლად გადაგვიხდის.”
„კვირის პალიტრა“, 24 აგვისტო, 2015 წელი
ქართულ ბატალიონებს “ჩვენებური” ომებისთვისაც მოამზადებენ?!
საქართველო-NATO-ს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნა რუსეთს გააღიზიანებს
ირაკლი ალადაშვილი
27 აგვისტოს კრწანისში გაიხსნება საქართველო-NATO-ს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი, რომელთან დაკავშირებითაც პოლიტიკური სპეკულაცია უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. ამ ცენტრის მიზანი იქნება ბატალიონის დონის დანაყოფის გაწვრთნა და მისი საბრძოლო შესაძლებლობების შეფასება. აქ შეიძლება მომზადდნენ როგორც ქართული არმიის, ისე NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო დანაყოფები.
რაღაც ამისმაგვარი საქართველოში უკვე რამდენიმე წელია ფუნქციონირებს, კერძოდ, საჩხერის სამთო მომზადების სკოლა, რომელსაც NATO-ს “პარტნიორობა მშვიდობისათვის” პროგრამის სერტიფიკატი აქვს მიღებული და ყოველწლიურად რამდენიმე ათეულ სამხედროს ამზადებს ზაფხულსა და ზამთარში მთაგორიან რელიეფზე საბრძოლო მოქმედებებისთვის. ქართველი და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების სამხედროების გარდა, მომზადებას, მაგალითად, სომეხი მედესანტეებიც გადიან.
საჩხერის სამთო მომზადების სკოლას არასდროს გამოუწვევია გაღიზიანება მეზობელ რუსეთში, მაგრამ საქართველო-NATO-ს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნა განსაკუთრებულ უარყოფით რეაქციას იწვევს რუსეთის ხელისუფლებაში.
მოსკოვში თვლიან, რომ ეს ერთობლივი ცენტრი სხვა არაფერია, თუ არა შეფარული NATO-ს სამხედრო ბაზა რუსეთის სამხრეთ საზღვართან.
შეიძლება გულის სიღრმეში ქართველი საზოგადოების დიდ ნაწილს სურს, ეს ცენტრი მართლაც აღმოჩნდეს NATO-ს სამხედრო ბაზა, რომელიც შეაჩერებდა რუსული სამხედრო აგრესიის შესაძლო განახლებას, მაგრამ ამ ცენტრში მხოლოდ სამხედრო დანაყოფებს გაწვრთნიან და მას არ ექნება საბრძოლო შენაერთის ამოცანები.
მეორე მხრივ, თუკი ამ ცენტრში ეფექტურად დაიწყო ქართული ქვეითი ბატალიონების გაწვრთნა და თანაც არა მარტო ისეთი ასიმეტრიული საბრძოლო მოქმედებებისთვის, რაც ავღანეთშია, ეს წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.
წვრთნისა და შეფასების ერთობლივმა ცენტრმა სასურველია ქართული საბრძოლო დანაყოფები მოამზადოს სავარაუდო მოწინააღმდეგის ჯავშანსატანკო კოლონებთან ბრძოლისთვის, მისი არტილერიისა და ავიაციის თავდასხმის მოსაგერიებლად, რასაც ავღანეთში გაგზავნილ ქართულ ბატალიონებს არავინ ასწავლიდა.
„კვირის პალიტრა“, 24 აგვისტო, 2015 წელი
ინტერვიუ სანდრო თვალჭრელიძესთან: „ირაკლი ღარიბაშვილისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრას აზრი არა აქვს”
„კვირის პალიტრა“ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძეს საქართველოს სასინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე ესაუბრება.
გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:
“არ მესმის, როგორ უნდა შეხვედროდნენ ვლადიმირ პუტინი და ბარაკ ობამა ერთმანეთს – რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციები თავიდანვე სნაიპერული სიზუსტით იყო გათვლილი. პრეზიდენტ ბუშისგან განსხვავებით, რომლის იმპულსურმა ქმედებებმა რუსეთის წინააღმდეგ თავის დროზე მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია, სანქციების მოსამზადებელ სამუშაოებს დიდმა შვიდეულმა დაახლოებით ექვსი თვე მოანდომა და მხოლოდ შემდეგ დაიწყეს ნავთობპროდუქტებსა და სხვა ნედლეულზე ფასების დაწევა. სანქციების შედეგად 2014 წელს რუსეთში, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტი 10,5%-ით შემცირდა, უმძიმეს დღეში აღმოჩნდა რუსული რუბლი, დასავლეთის ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას კი საფრთხე არ შეჰქმნია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ პუტინი ცდილობს, იზოლაციას თავი დააღწიოს. ამ ეტაპზე ამ მიზნის მისაღწევად იგი გაეროს ფორმატის გამოყენებას ეცდება. ჩემი აზრით, ღარიბაშვილ-პუტინის შეხვედრას აზრი არა აქვს, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ტერიტორიების დაკარგვას არასდროს შევეგუებით, პუტინი კი უკან არ დაიხევს. ქართულ-რუსული დიალოგი ლატენტურ რეჟიმში უნდა ვითარდებოდეს; მასში შეიძლება ჩაერთონ სამოქალაქო სექტორიც და არასამთავრობო ორგანიზაციებიც (არ ვგულისხმობ რუსეთის მიერ პირდაპირ თუ არაპირდაპირ დაფინანსებულ ორგანიზაციებს), მაგრამ, როგორც ადრეც ვთქვი, ჩვენ პოსტპუტინურ რუსეთთან ურთიერთობისთვის უნდა მოვემზადოთ. მერწმუნეთ, ეს დროც მალე დაგვიდგება”.
(…)
“რუსეთი “თავისი” არასამთავრობო ორგანიზაციების მობილიზაციას იწყებს მაშინ, როცა საქართველოში მისთვის არასახარბიელო პოლიტიკური და სოციალური მოვლენები ვითარდება. ასე იყო, მაგალითად, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობის დროს. მაგრამ მე ასეთი გააქტიურება მაინცდამაინც სახიფათო არ მგონია: რუსეთს მთელი სამოქალაქო სექტორის მოსყიდვისთვის რესურსი არ ეყოფა, ქართველობა კი რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ანექსიას და 2008 წლის ომს არასდროს აპატიებს. რაც შეეხება პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკურ პარტიებს, მათი რეიტინგი ისეთი დაბალია, არა მგონია, ამას ფულმა უშველოს. ნინო ბურჯანაძეზე კი ერთხელ ვთქვი და გავიმეორებ: მოსკოვური ვოიაჟებით უპირველესად მისი ლუსტრაცია ხდება. მეეჭვება, ეს რეალურ საფრთხეს უქმნიდეს ქვეყანას“.
(…)
“რაც შეეხება ვარშავის სამიტამდე ნატოს გენერალური მდივნის იანს სტოლტენბერგის საქართველოში 26-27 აგვისტოს ოფიციალურ ვიზიტს და ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნას – ჩვენგან განსხვავებით, დასავლეთი თავის შეცდომებს აანალიზებს და თითქმის ყოველთვის სწორ დასკვნებს აკეთებს. დიდი იმედი მაქვს, რომ ახლაც ასე მოხდება. თუმცა, შევთანხმდეთ, რომ 2008 წლის ომის მიზეზები უფრო ღრმაა, ვიდრე მაპის მინიჭება-არმინიჭება. ერთ ინტერვიუში ამ მიზეზების გაანალიზება შეუძლებელია და თუ მოისურვებთ, მომავალში მხოლოდ ამ თემაზე ვისაუბროთ. მე იმედიანად ვარ და მიმაჩნია, რომ საქართველომ ვარშავის სამიტზე ხელშესახები წინადადებები და გარანტიები უნდა მიიღოს. სხვანაირად ჩვენი პოლიტიკის ძირფესვიანად შეცვლა მოგვიწევს, თუკი ამისთვის დრო დაგვრჩება. მერწმუნეთ, ნატოს წევრი ქვეყნები ამას კარგად აცნობიერებენ“.
„კვირის პალიტრა“, 24 აგვისტო, 2015 წელი
ინტერვიუ ელმარ ბროკთან: „თუ რუსეთი უფრო ღრმად შემოიჭრება მცოცავი ოკუპაციით, ეს საგანგაშოა და ძალიან, ძალიან მაშფოთებს…”
„საქართველო არ მოხვდა იმ ქვეყნების რიცხვში, რომელთაც რუსეთმა კონტრსანქციები დააკისრა, სამაგიეროდ, მცოცავი ოკუპაციის შენელება არც უფიქრია – კიდევ გადმოიწია ე.წ. საზღვარი. რა უნდა დაუპირისპიროს საქართველომ მცოცავ ოკუპაციას და რით შეუძლია დასავლეთს დაგვეხმაროს“, – წერს „კვირის პალიტრა“ და ამ საკითხებზე ვეტერან ევროდეპუტატსა და ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ელმარ ბროკს ესაუბრება.
გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:
(…)
“მოგიწევთ, სცადოთ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება, რადგან მეორე ვარიანტი მეტ საფრთხეს შეიცავს. რამდენიმე ხნის წინ მეც ვესტუმრე ე. წ. ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზს. თუ რუსეთი უფრო ღრმად შემოიჭრება მცოცავი ოკუპაციით, ხელში ჩაიგდებს ისეთ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებს, როგორიცაა გაზსადენი, მაშინ ეს საგანგაშოა და ძალიან, ძალიან მაშფოთებს. რუსეთის ქმედება მიუღებელია და საქართველოს მთავრობამ საკუთარი უფლებები უნდა დაიცვას. ჟენევის მოლაპარაკებებმა გადამწყვეტი ტონი უნდა შეიძინოს, რუსეთმა კი ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს. ცალსახად უნდა დაფიქსირდეს, რომ შეწყდეს მცოცავი ოკუპაცია!“.
(…)
“ჩვენი მხრიდან კეთდება ის, რის შესაძლებლობასაც არსებული სიტუაცია გვაძლევს. ცალსახად უნდა დავაფიქსიროთ, რომ არსებობს საერთაშორისო სამართალი და მას ყველა უნდა დაემორჩილოს. ასე რომ, არასოდეს ვაღიარებთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ ქვეყნებად. რუსეთს უნდა შევაგნებინოთ, რომ საქართველოსა და მსგავსი ქვეყნების ევროპული პერსპექტივა მათ წინააღმდეგ მიმართული საფრთხე კი არა, ამ ქვეყნების სუვერენული არჩევანია და მათ აქვთ უფლება, შიდა საქმეები თავადვე გადაწყვიტონ. ისეთი ქვეყნებისათვის, როგორიც საქართველოა, საკითხი ასე უნდა იდგეს: სურთ რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცევა და ცხოვრების ისეთი სტანდარტი, როგორიც რუსეთშია, სადაც 80-იანი წლების შემდეგ არაფერი შეცვლილა, თუ სურს ევროპასთან პარტნიორობა და წარმატებული, ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ეკონომიკური და სოციალური სისტემა? ჩვენ ვეხმარებით იმ ქვეყნებს, რომლებიც არჩევანს ევროპაზე შეაჩერებენ.
(…)
“სანამ განვიხილავდეთ, უნდა შეუერთდეს თუ არა საქართველო სანქციებს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ რუსეთს აქვს დღეს სანქციები დაწესებული საქართველოსთვის, როგორც სავაჭრო, ასევე სხვა საკითხებში. ვფიქრობ, ამ პირობებში, საქართველომ უნდა მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელსაც ქვეყნისთვის სასიკეთოდ ჩათვლის. სანქციებში მონაწილეობა მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის არის სავალდებულო, მაგრამ, იმავდროულად, საქართველომ უნდა გაიაზროს, რომ სანქციების მიზანი საზიაროა”, – განმარტავს რესპონდენტი და შეკითხვას – “დაბოლოს, ევროსკეპტიციზმის ზრდა საქართველოში: თქვენი განცხადება, რომ საქართველოსა და მოლდავეთის ნატოში მიღებაზე საუბარი ახლა კონტრპროდუქტიულია, მაინცდამაინც კარგ გავლენას ვერ ახდენს ქართველი საზოგადოების პროდასავლურ განწყობებზე. როცა ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხის წინაშე დგას, თუ ახლო მომავალში არა, მაშ, როდის უნდა შეუერთდეს საქართველო დასავლურ ინსტიტუციებს?”.
(…)
“სწორი დრო უნდა შეირჩეს. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მინსკის შეთანხმებაზე, მათ შორის, საქართველოსთვისაც. ევროკავშირმა რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორებაზე უნდა იმუშაოს, იმავდროულად, რუსეთს საერთაშორისო შეთანხმებებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება აიძულოს. რუსეთისთვის არავის მიუცია უფლება, ჩაერიოს სხვა ქვეყნების სუვერენულ გადაწყვეტილებებში. ამჟამად, მთავარია, საქართველოს ევროპული პერსპექტივა გავაძლიეროთ”.
„კვირის პალიტრა“, 24 აგვისტო, 2015 წელი
“პანკისი 2″-ის საფრთხე! – რა მისიას ასრულებენ უცხოელი ემისრები ქვემო ქართლში?!
“ორგანიზაცია “ბორჩალო” საქართველოში ახალი კონფლიქტის გაღვივებას ცდილობს“
ნინო ბურჭულაძე
“წვერიანი ვაჰაბიტის” ვირტუალური ფიგურა დღევანდელ მსოფლიოში ბევრ საფრთხის შემცველ თემას ფარავს, რომელთა გრძელი სიის სათავეში ექსპერტები ერთხმად პანთურქიზმს (პანთურანიზმს) მოიაზრებენ და აცხადებენ, რომ განსაკუთრებით სახიფათო ის შეიძლება კავკასიისთვის აღმოჩნდეს. პანთურქისტული იდეების პოპულარობით ბოლო დროს აზერბაიჯანი გამოირჩევა. სოლიდური, მაგრამ გაურკვეველი წარმომავლობის ფინანსების მქონე ორგანიზაციები “დიდი თურანის” იდეების გავრცელებას არა მხოლოდ აზერბაიჯანში, არამედ მეზობელი სახელმწიფოების იმ ტერიტორიებზე ცდილობენ, სადაც თურქულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს. არცთუ ისე დიდი ხნის წინ პანთურქისტული დროშები საქართველოშიც გამოჩნდა. ამ იდეების მატარებელი ორგანიზაციების სამიზნე, როგორც აღმოჩნდა, კარგა ხანია, ქვემო ქართლი, ანუ როგორც თავად უწოდებენ, “ბორჩალოა“.
ყველაფერი დაიწყო ერთი შეხედვით უწყინარი, ე.წ. სახალხო დღესასწაულის, “ელათის” (მწყემსის დღის) აღნიშვნით, რომელსაც უკვე მესამე წელია, დმანისში არასამთავრობო ორგანიზაცია”"ბორჩალო” მართავს. ეს ორგანიზაცია ბაქოშია დაფუძნებული და ოფიციალურად “ბორჩალოელი” აზერბაიჯანელების უფლებების დაცვასა და საქართველო-აზერბაიჯანის კულტურული ურთიერთობის გაღრმავებაზეა ორიენტირებული. მისი ხელმძღვანელი ზელიმხან მამედლი წარსულში მეჯლისში ოპოზიციურ პარტია “კლასიკურ სახალხო ფრონტს” წარმოადგენდა.
2009 წლის 13 ივნისს “ბორჩალოს” მორიგ კონფერენციაზე მამედლი ორგანიზაციის ხელმძღვანელად აირჩიეს, მისი პირველი მოთხოვნა იყო საქართველოში 31 სოფლისთვის შეეცვალათ სახელი და დაერქმიათ “ისტორიული” (თურქული სახელები) (?!).
2012 წლის 20 მარტს ზელიმხან მამედლის ინიციატივით “თურქთა კონფედერაციის” პრეზიდენტმა საქართველოში, დაშგინ გიული მამედოვმა “ბორჩალოს” საზოგადოებრივი პარლამენტის დაარსებაზე განცხადება გააკეთა და ყველა აზერბაიჯანულ ორგანიზაციას მოუწოდა, გაერთიანებულიყვნენ და პოლიტიკური კონსოლიდაციის ძლიერი ბირთვი შეექმნათ(?!).
ორგანიზაცია “ბორჩალოს” თაოსნობით “მწყემსის დღე” დმანისში ყოველ წელიწადს (26 ივლისს) აღინიშნება (1989 წლის 26 ივლისს გაიმართა შეკრება, რომლის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ თურმე ქვემო ქართლი “ბორჩალოა” და შესაბამისად აზერბაიჯანული მიწაა. არ არის გამორიცხული, რომ 26 ივლისი “მწყემსის დღედ” სწორედ ამიტომ შეირჩა).
მალხაზი, დმანისის მკვიდრი: – ჩვენთან ახლოს არის პანტიანის ტბა. სწორედ აქ ტარდება ეს ზეიმი. არ ვიცი, ვისი ზეიმია – აქაური აზერბაიჯანელები ახლოს არ ეკარებიან. კონცერტიც იმართება, მთელი დღე ისმის მოწოდებები. ჩამოდიან გარდაბნიდან, მარნეულიდან, კახეთიდანაც, აზერბაიჯანიდან… ჩამოსულები აქაურობას “ბორჩალოს” ეძახიან და ამბობენ, ეს მიწები აზერბაიჯანელებისააო. ამ დღესასწაულზე ერთხელ ერთი ბიჭი დაჭრეს “სპიცით“, მაგათიანიც დაიხრჩო ტბაში – ეტყობა, მთვრალი შევიდა. ყველამ იცის, რომ მაგათ სხვა მიზნები აქვთ, მაგრამ ხმას არავინ იღებს.”
დმანისის რაიონი 55 სოფელს მოიცავს, მოსახლეობის 67% აზერბაიჯანელია, რომლებიც “ბორჩალოს” საქმიანობით კმაყოფილები სულაც არ არიან.
რაფაელ ისკანდაროვი, დმანისის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი: “წელს ზეიმზე გამოვიდნენ და დაიწყეს – საქართველოს პრობლემა აქვს ცხინვალში, პრობლემა აქვს აფხაზეთში, სამცხე-ჯავახეთში… ეტყობა, მინიშნება უნდოდათ, რომ აქაც პრობლემა იქნებაო. ეგ ჩვენი აზერბაიჯანელების ზეიმი არ არის, თუ ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხების მეგობრობის ზეიმი გვინდა, ჩვენვე ჩავატარებთ, თუნდაც “დმანისობას” – ვინ გვიშლის ხელს?
ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ, ქართულ მიწაზე და ქართველების ძმები ვართ. ახლა გვინდა, ხელმოწერები შევაგროვოთ, რომ ეს ზეიმი აქ აღარ ჩატარდეს, ან თუ ჩატარდება, ნამდვილად ჩვენი და ქართველების მეგობრობის ზეიმი იყოს“…
გოგა ბარბაქაძე, დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელი: “წელს 10 000-მდე კაცი იყო ჩამოსული შუა აზიიდან, ირანიდან, აზერბაიჯანიდან, იყვნენ გარდაბნიდან და მარნეულიდანაც… ადგილობრივი მოსახლეობის 2%-ც კი არ მიდის იქ. ოფიციალურად ეს ზეიმი ქართულ-აზერბაიჯანული მეგობრობის ღონისძიებაა, მაგრამ ნელ-ნელა ქვედინებები თვალში საცემი ხდება… შარშანწინ, აქედან წასულებმა, დმანისის მუნიციპალიტეტის აღმნიშვნელი სვეტი ჩაამსხვრიეს ტრასაზე (საყდრისის მახლობლად, აბულმუგის ტერიტორიაზე) და “ბორჩალოს რესპუბლიკა” მიაწერეს. პოლიციაში დღესაც დევს ჩვენი წერილი ამ ფაქტის თაობაზე, მაგრამ როგორ უნდა დაადგინოს პოლიციამ, ამდენი კაცი რომ გაივლის გზაზე, ეს ვინ გააკეთა? პრობლემა იკვეთება, თუმცა მათი იდეები ჯერ ფეხს ვერ იკიდებს და იმედია, ვერც მოიკიდებს ადგილობრივ აზერბაიჯანელ მოსახლეობაში“.
პანთურქული იდეების შესახებ უფრო მეტი იციან გარდაბნის რაიონში, სადაც ამ იდეების პოპულარიზაცია ფეხს ახალგაზრდებში იკიდებს. უფროსი თაობა კი პროგნოზის გაკეთებას არ ჩქარობს.
რაულ მამედოვი, გარდაბნის მკვიდრი: – რამდენჯერმე ბაქოდან ჩამოვიდნენ ორი შავი ჯიპით, ეტყობა, ფული ბევრი აქვთ. რესტორანში შეუკრებიათ ბიჭები, აქ ვინ ეხმარებათ, არ ვიცი. ვიღაცებს თურქეთში სწავლის გაგრძელებას დაჰპირდნენ. ეუბნებიან – თქვენი მიწაა და მეტი უფლებები უნდა მოითხოვოთო. შეიძლება მეტი უფლებები უნდა გვქონდეს, მაგრამ მიწაზე რა გითხრათ, რაც გვეკუთნის, ის გვაქვს კიდეც.ჩვენთან არავინ მოდის, ახალგაზრდები სჭირდებათ. ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ ქვემო ქართლში მიმდინარე მოვლენებს მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს. “ქვეყანაში შემოსვლა უნდა აეკრძალოთ მათ, ვინც აზერბაიჯანელ ახალგაზრდებს გონებას უწამლავს“, – აცხადებენ ისინი.
გიორგი იმედაშვილი, ექსპერტი აღმოსავლეთის საკითხებში: “პანთურქიზმის იდეა აზერბაიჯანელ მოსახლეობაში დიდად პოპულარული არასდროს ყოფილა. თუმცა გასახსენებელია, რომ 1989 წლის 26 ივლისს მოსახლეობის მცირე ნაწილმა ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული მიწების დამოუკიდებლობის იდეა გააჟღერა. აზერბაი-ჯანში დარეგისტრირებული და რუსული სცენარით მოქმედი ორგანიზაცია “ბორჩალო” საქართველოში ახალი კონფლიქტის გაღვივებას ცდილობს. გავიხსენოთ თუნდაც ქართული და აზერბაიჯანული საფეხბურთო კლუბების შეხვედრა, რომელიც ჯერ თბილისში, შემდეგ კი, საპასუხო მატჩის დროს, გაბალაში რუსული სპეცსამსახურების სცენარით წარიმართა. ამ რეგიონში რუსეთის ფართომასშტაბიანი ანტიქართული კამპანია პანთურქისტული იდეით ინიღბება“.
მამუკა არეშიძე, ექსპერტი: - აზერბაიჯანში არსებობენ ძალები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ ამ საკითხის აგორებას, თუმცა ეს არ არის ოფიციალური ბაქოს პოზიცია. დესტრუქციული ძალები ამტკიცებენ, რომ აზერბაიჯანელი მოსახლეობა სულაც არ არის აზერბაიჯანელი, არამედ თურქები არიან. არსებობს ასეთი ორგანიზაციაც “საქართველოს თურქები” (“თურქთა კონფედერაცია“. – ავტ.). დღეს ქვემო ქართლში ერთმანეთს რამდენიმე მუსლიმანური ძალა უპირისპირდება, შეიძლება ითქვას რამდენიმე ქვეყანა: აზერბაიჯანი, ირანი, თურქეთი და არაბული სამყარო. ის, რაც მავანმა ნახა დმანისის ღონისძიებაზე, მიმართულია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ იმავე თურქეთისა და ირანის წინააღმდეგაც. ქვემო ქართლში მუსლიმი მოსახლეობის 85%-ს შიიტები, ხოლო 15%-ს სუნიტები შეადგენდნენ, დღეს კი მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა, სერიოზულ ძალად დაფიქსირდნენ სალაფიტები (Iიგივე “ვაჰაბიტები“). რა თქმა უნდა, ეს დამატებით პრობლემებს ქმნის, საფრთხე არსებობს, ამიტომაც ყურადღებით უნდა ვიყოთ, სანამ რამდენიმე ქვეყნის ძალები ერთმანეთს ებრძვიან, მანამდე საქართველოს მთავრობას მანევრირებისთვის ხელი გახსნილი აქვს. როგორც ვიცი, ჩვენმა ხელისუფლებამ იცის ქვემო ქართლში მიმდინარე პროცესების შესახებ და მას ყურადღებით აკვირდებიან ქართული სპეცსამსახურები“.
P.S. მსოფლიოში ფუნდამენტალისტური ისლამის მომძლავრებული საფრთხეების გამო შეიძლება ჩვენში პანთურქიზმი ვინმეს ბავშვურ ახირებად მოეჩვენოს, მაგრამ საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ყველაფერი პანკისის ხეობაში 1995 წლის ერთ დღეს ერთი არაბი მომლოცველის “უწყინარი” ლოცვით დაიწყო…
————
პანთურქიზმი – ულტრანაციონალისტური მოძრაობაა (დაარსდა XIX საუკუნის ბოლოს), რომლის მიზანია თურქეთის დროშის ქვეშ თურქულენოვანი მოსახლეობის გაერთიანება ერთ სახელმწიფოში – დიდ თურანში. ექსპერტები მას დღემდე ანკარის არაოფიციალურ სამხედრო დოქტრინად თვლიან… გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან პანთურქიზმი პოპულარული გახდა აზერბაიჯანსა და შუა აზიის რესპუბლიკებში. 2012 წლის 22 აგვისტოს თურქულენოვანმა სახელმწიფოებმა (თურქეთი, აზერბაიჯანი, ყირგიზეთი, ყაზახეთი) მიიღეს ერთიანი დროშა, ე.წ. პანთურქისტული დროშა, რომელიც ამ სახელმწიფოებში მეორე სავალდებულო დროშაა ეროვნული დროშის შემდეგ.