globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 24 აგვისტო 2017 წელი

Posted by Globalresearch on Aug 24th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

ვერსია: ჩაშლილი მოლაპარაკების კულუარები // რატომ უთხრა უარი შალვა ნათელაშვილმა ნინო ბურჯანაძეს და კახა კუკავას მერობის კანდიდატობაზე და შეთანხმდება თუ არა ოპოზიცია მაჟორიტარ კანდიდატებზე

ახალი თაობა: ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებს ყველგან მოიგებს“

ახალი თაობა“: ინტერვიუ თორნიკე შარაშენიძესთან: „ხანძრები საქართველოში რუსეთის „გრუ“-ს მოწყობილია“ // „მთავრობამ ამერიკას მეტი დახმარება უნდა სთხოვოს“

ვერსია: მიხეილ სააკაშვილის ფარული ინტრიგები // რა ჩაიფიქრა და როგორ ცდილობს რეინკარნაციას ექს-პრეზიდენტი

——————-

ვერსია“, 23-25 აგვისტო, 2017 წელი

ჩაშლილი მოლაპარაკების კულუარები

რატომ უთხრა უარი შალვა ნათელაშვილმა ნინო ბურჯანაძეს და კახა კუკავას მერობის კანდიდატობაზე და შეთანხმდება თუ არა ოპოზიცია მაჟორიტარ კანდიდატებზე

თათია გოჩაძე

21 აგვისტოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი საგანგებო ბრიფინგით სემეკ-ში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. საქმე ის გახლავთ, რომ ლეიბორისტებმა ელექტროენერგიის გაძვირება სემეკ-ის სხდომაზე მჯდომარე აქციით გააპროტესტეს და სცადეს, ჩაეშალათ. რის შემდეგაც ადგილზე სამართალდამცავები მივიდნენ და ნათელაშვილს თანაპარტიელებთან ერთად შენობა იძულებით დაატოვებინეს. ამ ფაქტს ნათელაშვილმა ხელისუფლებისთვის ნიღბის ჩამოხსნა უწოდა და განაცხადა, ივანიშვილის რეჟიმის მოცილება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე უნდა მოხდესო: „გადავწყვიტეთ, „ოცნების“ აქტივისტებისა და მხარდამჭერების სია შევადგინოთ, რათა შთამომავლობას დოკუმენტური მტკიცებულება დარჩეს იმისა, თუ ვინ დაღუპა ჩვენი ქვეყანა“.

დაუნდობელ ხელისუფლებას დაუნდობელი ბრძოლა სჭირდებაო, – ჩვეული რიხით განაცხადა ნათელაშვილმა და დასძინა, ხელისუფლების ყველა აქტივისტი სამარცხვინო ბოძზე უნდა „გაეკრასო“. სამარცხვინო ბოძის რა მოგახსენოთ, მაგრამ „ვერსია“ იმით დაინტერესდა, შეიტანს თუ არა სარჩელს სასამართლოში სემეკ-იდან გამოძევების გამო, რაზეც ლეიბორისტების ლიდერმა გვიპასუხა, მგელს მგელთან ვერ უჩივლებო: „სასამართლოში აპელაციები შეტანილი გვაქვს დენისა და ბუნებრივი აირის ტარიფის გაძვირების გამო. სხვათა შორის, ელექტროენერგიის შესახებ პროცესი 29 სექტემბერს გაიმართება“.

შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე ისიც აღნიშნა, რომ პოლიტიკური მოღვაწეობის მანძილზე მჯდომარე აქციას პირველად მიმართა: „შევარდნაძისა და სააკაშვილის რეჟიმებს ვებრძოდით, მიტინგებს ვაწყობდით. უფრო რადიკალური მოთხოვნებიც გვქონდა, მაგრამ არავის უკადრებია ის, რაც „ოცნებამ“ იკადრა. გვყავს ხელისუფლება, რომელსაც უკავია ასანთი და უნდა, მთელი საქართველო დაწვას!!!“

ჟურნალისტის კითხვას, მოაწყობენ თუ არა ლეიბორისტები აქციებს არჩევნების წინ, ნათელაშვილმა უპასუხა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ნამდვილად სერიოზული დაუმორჩილებლობის ფონზე წარმართავენ: „არ გვაქვს ორდინარულ ვითარებასთან საქმე, როცა შეიძლება აკადემიურად წაიყვანო არჩევნები, ამიტომ საარჩევნო კამპანია იქნება აგრესიული, დაძაბული და რადიკალური!“.

„ვერსია“ დაინტერესდა, რატომ იკავებს ლეიბორისტული პარტია თბილისის მერობის კანდიდატის დასახელებისგან თავს და როდის გახდება მათი რჩეულის ვინაობა ცნობილი? ამ კითხვაზე, პარტიის ლიდერს ასეთი პასუხი აქვს: „არ გვინდა, კოლეგებს ხელი შევუშალოთ. ვაძლევთ საშუალებას, დაასახელონ საკუთარი კანდიდატები და „დააპიარონ“ ისინი, რომ არ აღმოვჩნდეთ მათთან კონკურენტულ მდგომარეობაში. როდესაც პარტიები მორჩებიან ამ პროცესს, აუცილებლად დაგისახელებთ თბილისის მერის ძალიან საინტერესო და ხალხისთვის მისაღებ კანდიდატს, რომელიც ცნობილი სახეა, მაგრამ პოლიტიკაში ჯერჯერობით არ არის. გვეყოლება საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატიც“.

რადგან საუბარი მერობის კანდიდატს შეეხო, იმ ინფორმაციასაც გაგიმხელთ, რომელიც ,,ვერსიამ” პოლიტიკურ კულუარებში შეიტყო – ნინო ბურჯანაძემ და კახა კუკავამ შალვა ნათელაშვილს დაბლოკება და თბილისის მერობა შესთავაზეს, რაზეც ლეიბორისტების ლიდერისგან უარი მიიღეს. ეს ვერსია საღ აზრს მოკლებული არ უნდა იყოს, რადგან ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა“ და კახა კუკავას „თავისუფალი საქართველო“ მართლაც გაერთიანდნენ და კანდიდატებიც დაასახელეს – თბილისის მერობის პოსტზე კახა კუკავა, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე დიმიტრი ლორთქიფანიძე წარადგინეს. არადა, როცა ამ გაერთიანების შესახებ ინფორმაციამ მედიაში „გაჟონა“, კანდიდატთა პოზიციები პირიქით დასახელდა – მერის პოსტზე ლორთქიფანიძე, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე კუკავა.

„ვერსია“ დაინტერესდა, რატომ შეცვალეს ეს გადაწყვეტილება დაწყვილებულმა პარტიებმა? რატომ დატოვა პატრიოტთა ალიანსის ბლოკი კახა კუკავამ და რომ ყოფილიყო ისევ მათთან გაერთიანებაში, დაუჭერდა თუ არა მხარს ირმა ინაშვილის კანდიდატურას?

,,ვერსიასთან” საუბრისას კახა კუკავამ განაცხადა, რომ პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობდა და სწორედ მისი ინიციატივით დაიწყო კონსულტაციები პარტიებთან საერთო კანდიდატის დასახელების თაობაზე: „ყველა პარტიას შევთავაზეთ ერთიან კანდიდატზე შეთანხმება. მკაფიო თანხმობა ამასთან დაკავშირებით მხოლოდ „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ მოგვცა. ზოგმა კი, მაგალითად, ლეიბორისტულმა პარტიამ მკაფიო უარი გვითხრა. რაც შეეხება პატრიოტთა ალიანსს, იგი ბოლომდე ორჭოფულ პოზიციას ინარჩუნებდა და ასე ვთქვათ, ჩვენ არ გაგვიკეთებია არჩევანი „პატრიოტებიდან“ წამოსვლისა და ბურჯანაძესთან გაერთიანების შესახებ. უბრალოდ „დემოკრატიული მოძრაობისგან“ მკაფიო პასუხი მივიღეთ ერთიანი კანდიდატის შესახებ“.

პატრიოტთა ალიანსის თანხმობის შემთხვევაში დაუჭერდა თუ არა ინაშვილის კანდიდატურას მხარს? ამ კითხვაზე კუკავა გვპასუხობს, რომ საკუთარი კანდიდატურის ყოლა მათთვის წინაპირობა თავიდანვე არ ყოფილა: „კანდიდატურაზე კონსულტაცია ნინო ბურჯანაძესთან მას შემდეგ დავიწყეთ, რაც გამოიკვეთა, რომ მხოლოდ ორი სუბიექტი ვიყავით. რომ ვყოფილიყავით სამი ან ოთხი სუბიექტი, მათთან ერთად განვიხილავდით ნებისმიერ სხვა კანდიდატურას“.

„ვერსიის“ კითხვას, რატომ შეიცვალა კუკავას და ლორთქიფანიძის პოზიციები, „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი პასუხობს, რომ თავიდანვე არ იყო აპრიორი გადაწყვეტილი, რომელი იქნებოდა მერი და რომელი – საკრებულოს თავმჯდომარე: „ერთი რამ, რაზეც დანამდვილებით ვფიქრობდით ის იყო, რომ მე და დიმიტრი ლორთქიფანიძეს ტანდემში მიგვეღო მონაწილეობა, რისი გამოცდილებაც გვაქვს. ხოლო საკითხი – ჩვენ შორის ვინ მერობის კანდიდატი იქნებოდა და ვინ საკრებულოს თავმჯდომარეობისა, მეორეხარისხოვანი იყო“.

კახა კუკავასთან საუბრისას იმის გარკვევაც ვცადეთ, მართალია თუ არა კულუარული ვერსია, თითქოს კუკავა-ბურჯანაძის ტანდემმა ნათელაშვილს თბილისის თავკაცობისთვის ბრძოლა შესთავაზა? კუკავას განმარტებით: „არა მარტო ნათელაშვილს, არამედ ყველას, ვისთანაც კონსულტაციები გვქონდა, ვთავაზობდით, განგვეხილა მათი კანდიდატურაც… მათ შორის, რა თქმა უნდა, იყო ლეიბორისტული პარტია და თუ მათი კანდიდატურა იქნებოდა შალვა ნათელაშვილი, დიდი სიამოვნებით განვიხილავდით. ისე, შალვა ნათელაშვილმა ყველაზე პატიოსანი უარი გვითხრა, თავიდანვე განგვიმარტა, რომ ეს პროექტი არ აინტერესებს და განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, ვაფასებ ბატონი შალვას გულახდილობას; გარდა ამისა, შალვა ნათელაშვილმა გვითხრა, რომ მზად არიან, ჩვენთან გამართონ კონსულტაციები მაჟორიტარი დეპუტატების დასახელებასთან დაკავშირებით. ეჭვიც არ მეპარება, რომ პირობას შეასრულებს და მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერობის კანდიდატზე ვერ შევთანხმდით, მაჟორიტარ კანდიდატებს ერთად დავასახელებთ“.
ახალი თაობა“, 24 აგვისტო, 2017 წელი

ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „ქართული ოცნება ამ არჩევნებს ყველგან მოიგებს

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრობს.

- ბატონო ვახტანგ, 21 ოქტომბერს პრეზიდენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დანიშნა. შესაბამისად კანდიდატებმა წინასაარჩევნო კამპანია გახსნილად გამოაცხადეს. წინასაარჩევნო კამპანია რამდენად მოქმედებს არჩევნების შედეგებზე?

- ნაკლებად მოქმედებს. 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თითქმის ყველაფერი გარკვეულია. ამ არჩევნების შედეგი წინასაარჩევნო კამპანიაზე ნამდვილად არ იქნება დამოკიდებული. კახა კალაძემ სულ რომ არ ჩაატაროს წინასაარჩევნო კამპანია, მას ეს არჩევნები მაინც მოგებული აქვს.

- ძლიერი კონკურენტები არ ჰყავს და იმიტომ თუ სხვა მიზეზია?

- რეალურად მიზეზი არის სუსტი, დაქსაქსული, ჩამოუყალიბებელი ოპოზიცია. ვერ მოიძებნა ოპოზიციურ ფლანგზე ძლიერი, ლიდერი პარტია, რომელიც ნეიტრალური ამომრჩევლისთვის იქნება მიმზიდველი.

- ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ ინაშვილის შემოსვლამ არჩევნებში მეორე ტურის ალბათობა გაზარდა, ეთანხმებით?

- მეორე ტურის ალბათობა ისედაც იყო. წინა არჩევნებში, ვგულისხმობ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, მიუხედავად იმისა, რომ “ქართულ ოცნებას” გაცილებით მეტი მხარდამჭერი ჰყავდა და ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა, მაშინაც კი საჭირო გახდა მეორე ტურის დანიშვნა. დღეს, როდესაც “ქართულ ოცნებას” ისეთი მხარდაჭერა აღარ აქვს, როგორც სამი წლის წინ, მეორე ტური გარდაუვალია. ირმა ინაშვილის შემოსვლამ ეს შანსი კიდევ უფრო გაზარდა. ეს თავისთავად გამოიწვევს ხმების კიდევ უფრო გადანაწილებას.

- ოპოზიციური ფლანგის კანდიდატები, მაგალითად, ირმა ინაშვილი და ალეკო ელისაშვილი ერთმანეთს წაართმევენ ხმებს თუ კალაძეს წაართმევენ ხმებს?

- არა მგონია, რომ ირმა ინაშვილის შემოსვლამ რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვიოს ამ არჩევნებში. ალეკო ელისაშვილი ნომერ მეორე კანდიდატად რჩება, თუმცა, ხელისუფლებას ალტერნატივა მაინც არ ჰყავს. ის, რომ მეორე ტური იქნება, სულაც არ ნიშნავს, რომ რომელიმე კანდიდატი შეძლებს სახელისუფლო კანდიდატისთვის სერიოზული წინააღმდეგობის გაწევას. მეორე ტური იქნება მაღალი ბარიერიდან გამომდინარე, 50+1-დან გამომდინარე. პირველ ტურში ხელისუფლების წარმომადგენელი ხმების ამ რაოდენობას ვერ მოაგროვებს.  თუმცა, სექტემბრის შუა რიცხვებიდან ბევრად უფრო ნათელი სურათი იქნება, რა მიმართულებით განვითარდება პროცესები.

- პატრიოტთა ალიანსი წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებას საპროტესტო ტალღით აპირებს თბილისსა და ბათუმში. ეს რამეს გამოიწვევს?

- არა მგონია, ეს არ იქნება ის აქციები, რომლებიც პრობლემებს შეუქმნის ხელისუფლებას. არც დიდ გამოხმაურებას და მხარდაჭერას ველოდები. ეს იქნება აქციები, რომლებმაც შეიძლება პრევენცია მოახდინოს სხვა აქციების. სხვა აქციების საპირწონე შეიძლება გახდეს.

- მაგალითად?

- ვგულისხმობ იმ მოსალოდნელ აქციებს, რომლებიც იქნება დღეს თუ ხვალ. საპროტესტო მუხტის მომწიფებას ვგულისხმობ.

- ამ არჩევნების მთავარი გამოწვევა რა იქნება?

- მივა თუ არა ამომრჩეველი არჩევნებზე. მე ვგულისხმობ ჩამოუყალიბებელ, გადაუწყვეტელ ამომრჩეველს. ეს იქნება ამ არჩევნების მთავარი პრობლემა, ნეიტრალური ამომრჩეველი. დიდი ალბათობით, ეს ამომრჩეველი არც საპროტესტო აქციაზე მივა და არც არჩევნებზე, ეს ერთიორად გაზრდის მეორე ტურის ალბათობას, მაგრამ ეს ასევე ზრდის ალბათობას, რომ უცილობლად გაიმარჯვებს სახელისუფლო კანდიდატი.

- თბილისშიც დაბალი იქნება აქტივობა თუ აქ ამომრჩევლის დაინტერესება უფრო დიდია?

- პირიქით, თბილისში უფრო დაბალი იქნება აქტივობა, ვიდრე რეგიონებში. თუმცა, თბილისშიც და რეგიონებშიც ყველა მუნიციპალიტეტს ხელისუფლება მოიგებს.

ახალი თაობა“, 24 აგვისტო, 2017 წელი

ინტერვიუ თორნიკე შარაშენიძესთან: „ხანძრები საქართველოში რუსეთის გრუ“- მოწყობილია“ // „მთავრობამ ამერიკას მეტი დახმარება უნდა სთხოვოს»

„ხანძრები აშკარად დივერსიას ჰგავს და ხელწერას თუ გავითვალისწინებთ, მათ უკან „გრუ“ უნდა იდგეს. ეს შეიძლება კარგად გამოვიყენოთ, დასავლეთს კარგად ავუხსნათ ყველაფერი და შესაბამისი დახმარება მოვითხოვოთ (იქნებ მთავრობამ ამაში მაინც ივარგოს). ანტითურქულმა პროპაგანდამ ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო, ყველაზე მეტად ისინი გვეხმარებიან, რაც კარგია. დიდი იმედი არ მაქვს, მაგრამ ამ უბედურების შემდეგ არსებობს თეორიული შანსი, რომ მთავრობა გამოფხიზლდეს და სამსახურში პროფესიონალები აიყვანოს. მთავრობა რუსეთზე რომ არ მუშაობს, ამას ნორმალური ადამიანები უკვე დიდი ხანია მიხვდნენ, მაგრამ რუსეთზე არმუშაობა არაა საკმარისი, თუკი რუსულ დივერსიას ვერ უმკლავდები” – წერს საერთაშორისო საკითხების ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე სოციალურ ქსელში.

ექსპერტი “ახალი თაობის” კითხვებს პასუხობს.

- ბატონო თორნიკე, სურათი საკმაოდ მძიმეა. უკვე მერამდენე დღეა, საქართველოს ტყეებს ცეცხლი უკიდია. კეთდება განცხადებები, რომ ეს არის დივერსია. ბორჯომის ტყეში 20-ლიტრიანი ბენზინის ბიდონიც იქნა ნაპოვნი. როგორ აფასებთ შექმნილ ვითარებას? რასთან გვაქვს საქმე? როგორ იმუშავა ხელისუფლებამ?

- პირველი, თუ ეს დივერსია იყო და ვერ აღკვეთეს, ეს უკვე ხელისუფლების ჩავარდნაა. მეორე – ხანძარი ვერ აღკვეთეს ოთხი დღის განმავლობაში, ესეც ხელისუფლების ჩავარდნაა! ბენზინის ჭურჭელიც რომ არ ეპოვათ, ისედაც გასაგები იყო, რომ ამდენი ხანძარი ალბათობის თეორიის ყველანაირ ლოგიკას არღვევს. შეუძლებელია, რომ ასე ყველგან თავისით გაჩენილიყო. გასაგებია, რომ ეს იყო დივერსია და ეს, პირველ რიგში, ხაზს უსვამს ერთ საკითხს.

- კონკრეტულად რომელ საკითხს?

- ძალიან სამწუხაროა და აშკარაა, რომ საქართველოს სპეცსამსახურები ვეღარ მუშაობენ კარგად. ეს გამოიკვეთა ახლაც. როგორც ჩანს, კარგად ვერ მუშაობს ჩვენი კონტრდაზვერვა, ვერ მუშაობენ მთლიანად ჩვენი ძალოვანი სტრუქტურები, რადგანაც მათ ვერ აღკვეთეს, ვერ გათვალეს, რომ შესაძლოა მსგავსი ალბათობა მოხდეს და აი, სახეზე გვაქვს შედეგი!

- ასე ადვილია ხანძართან გამკლავება?

- რამდენი ხანძარი უნდა მოხდეს, რომ ვიღაცა მიხვდეს, რომ არ შეიძლება ამდენი ხანძარი ერთ ქვეყანაში ერთად! არასოდეს აქამდე მსგავსი რამ არ ყოფილა, ესეც ხომ ფაქტია. ხომ უნდა მიხვდე, რომ რაღაცა ხდება?!

- რა ხდება და ვინ დგას ამ ყველაფრის უკან?

- საბოტაჟი, დივერსია, ეს არის გერეუს ხელწერა. რუსეთის სამხედრო დაზვერვის ხელწერა. ასევე აფეთქებები და ასე შემდეგ. ეს ადრეც ხდებოდა. ყველას გახსოვთ გორში ტერაქტი, რომელიც მოაწყო „გრუ“-მ, გახსოვთ ალბათ ტერაქტი, რომელიც იყო ამერიკის საელჩოსთან. მაშინ ეს ბევრმა არ დაიჯერა და ჩათვალეს, რომ ეს მიხეილ სააკაშვილმა მოიგონა და ასე შემდეგ. ეს ჩვეულებრივად „გრუ“-ს ხელწერაა. ესენი დაკავებულები არიან მსგავსი რაღაცებით ძალიან ბევრ ქვეყანაში!

- დროულად უნდა გააქტიურებულიყვნენ საგამოძიებო უწყებები?

- ჩვენთან როდესაც ხანძარმა მიიღო ასეთი ინტენსიური ხასიათი, ვიღაც უნდა დაფიქრებულიყო იმაზე, რომ ეს უკვე დივერსიაა! ან რა შეიძლება იყოს შემდეგი სამიზნე?! რატომ არ შეიძლება იყოს ბორჯომ-ბაკურიანი?! ყველაზე მტკივნეული წერტილი! აქ ყველაფერი უკვე გასაგებია!

- მაინც რა არის გასაგები?

- რისთვისაა ქვეყანაში ამდენი უსაფრთხოების სტრუქტურა? კრიზისების მართვის საბჭო, რომელიც ვერანაირ კრიზისს ვერ უმკლავდება. ერთი მწარე გაკვეთილი უკვე მიიღო წყალდიდობისას თბილისში. ამის შემდეგ რაღაც ხომ უნდა ესწავლათ, დასკვნები ხომ უნდა გაეკეთებინათ?! გამაგებინოს ვინმემ, საერთოდ რისთვის არსებობს ეს სტრუქტურა? კრიზისები ქვეყანაში ოხრადაა, მაგრამ ესენი კრიზისებს ვერ ართმევენ თავს! რისთვის არის კუდი, სუსი და ა.შ. დაკავებული?! მარტო იმითი, რომ სხვისი სექსი გამოამზეუროს?!

- იყო შესაძლებლობა, რომ აღკვეთილიყო დივერსიის ფაქტი, თუკი ეს დივერსიაა?

- ფაქტია, დივერსიაა! ამ დივერსიის უკან დგას დატესტვის მცდელობა.

- ვინ გვტესტავს და რატომ?

- რამდენად არის საქართველო მზად, მოიგერიოს აგრესია. ფაქტია, რომ, სამწუხაროდ, მზად არ ვართ. ოთხი დღეა, ხანძარს ვერ ვუმკლავდებით, აგრესიას გავუმკლავდებით?! ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია.

- რუსეთმა დახმარება შემოგვთავაზა, თუმცა ხელისუფლებისგან უარი მიიღო. ჯერ გვწვავს და შემდეგ გვეხმარება?

- ბუნებრივია, შემოგვთავაზებს, მით უმეტეს, ამ ფონზე, რათა გაფანტოს ეჭვები, რომ მის უკან თვითონ დგას. მე ეს ეჭვებს მაინც ვერ გამიფანტავს. სხვას ვისა აქვს იმის ინტერესი, რომ ჩვენთან დივერსია მოაწყოს?!

- ნაციონალური მოძრაობისკენაც გაიშვირეს ხელი. ეს არარეალურია?

- ეს არის ზღაპარი, რომელიც არ დაძველდა და თუ ვინმეს ამის სჯერა, ეს მის დაბალ ინტელექტზე მიუთითებს. ეს გათვლილია ყველაზე უფრო არაინფორმირებულ და ყველაზე უფრო ბნელ ფენებზე.

- გამოძიება დაწყებულიაო და რამდენად დატოვებდა დამნაშავე კვალს?

- თუ ეს გააკეთა გერეუმ, ისინი მარტივად კვალს არ ტოვებენ. ჩემი ვარაუდი, რომ ამის უკან დგანან რუსული სპეცსამსახურები, ლოგიკურია. ეს აძლევს ჩვენს მთავრობას საფუძველს, რომ უფრო ქმედითი დახმარება მოსთხოვოს დასავლეთს. ფაქტია, რომ ჩვენ ამას ვერ ვუმკლავდებით.

- ვის და რისთვის დასჭირდა ჩვენი ხელისუფლების დატესტვა?

- ეს ჩაატარა რუსეთმა, აბა, მე ხომ არ ჩავატარებდი?! მათ აინტერესებთ, როდესაც იქნება აგრესია, რამდენად იქნება საქართველო მზად იმისთვის, რომ ამ აგრესიას გაუძლოს. დავუშვათ, გააჩაღა ხანძარი, მთავრობა დაიბნა ბრინჯივით, ჯარს დაავალა ხანძრის ჩაქრობა, ამ დროს კი რუსეთი შემოიჭრა გორიდან. რას ვიზამდით? ვერაფერსაც ვერ ვიზამდით! ჩანს, რომ აბსოლუტურ ქაოსში ვართ!

- არ იყო სწრაფი რეაგირება მთავრობის მხრიდან?

- რა სწრაფ რეაგირებაზეა საუბარი, ოთხი დღეა, ხანძარი ვერ ჩააქრეს. ჯარის ჩართვა მოიფიქრეს ოთხი დღის შემდეგ, ეს რაზე მეტყველებს?! ჩვენს ხელისუფლებას აკლია პროფესიონალიზმი. პარლამენტის ლაქლაქი ვერაფერს უშველის საქმეს, ჯარის სასწრაფოდ ჩასვლა და იქ 24 საათიანი მორიგეობაა საჭირო. ჩემთვის გაუგებრია განცხადებები, რომ ტექნიკა ვერ მუშაობს, არ არსებობს პროჟექტორები, განათების სხვა საშუალებები, ეს მიდგომები ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია.

- არსებობს საფრთხე, რომ მსგავსი დივერსია გაგრძელდეს ქვეყნის მასშტაბით?

- თუ მთავრობამ აქედან არ გამოიტანა სერიოზული დასკვნები და რაღაც არ მოიმოქმედა, სამწუხაროდ, უარესს უნდა ველოდოთ. ღიად უნდა თქვას, რომ ეს იყო დივერსია, რომ ამას მარტო ვერ ვუმკლავდებით, სასწრაფოდ გააძლიეროს სპეცსამსახურები და აქტიური დახმარება მოსთხოვოს ჩვენს პარტნიორებს. პირველ რიგში კი, ამერიკას.

- როგორ შეაფასებდით მეზობელი ქვეყნების დახმარებას? რამდენად სწრაფი იყო რეაგირება?

- რეაგირება სწრაფი იყო, თხოვნა არ ყოფილა ოპერატიული. თურქეთს თვითონ აქვს ხანძრის პრობლემები, მაგრამ მაინც მოგვეშველა. ამის მერე კიდევ ვიღაც უნამუსოს ენა მოუბრუნდება, რომ გამოაცხადოს, თურქეთი ოკუპანტიაო?!

- სწორედ რომ მოვისმინეთ ასეთი შეფასებები, თუკი თურქეთისგან ვიღებთ დახმარებას, რატომ არ ვიღებთ რუსეთისგან, ორივე ოკუპანტიაო

- მათ სინდისზე იყოს, ვინც ამ განცხადებებს აკეთებს.

- ანუ საქართველოს ხელისუფლებას არ უნდა მიეღო დახმარება რუსეთის მხრიდან?

- დივერსიას რუსეთი გიწყობს, თან ოკუპანტია და მისგან დახმარების მიღება მორალურად გაუმართლებელია. უბრალოდ, სიგიჟეა. დასკვნები თუ არ გააკეთა მთავრობამ, ვიმეორებ, შესაძლოა, უარესი მოხდეს. ეს იყო ჩვეულებრივი დატესტვა!

- უკრაინა არ დაუდგა საქართველოს გვერდშიო. ამაზე რას იტყვით?

- ითხოვეს დახმარება ჩვენებმა? ჯერ ეს არის საკითხავი. მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ უკრაინა თავს ინახავს მიხეილ სააკაშვილისთვის.

ვერსია“, 23-25 აგვისტო, 2017 წელი

მიხეილ სააკაშვილის ფარული ინტრიგები

რა ჩაიფიქრა და როგორ ცდილობს რეინკარნაციას ექს-პრეზიდენტი

ნინო დოლიძე

დედამიწის ზურგზე იშვიათად თუ მოიძებნება ისეთი ავანტიურისტი, როგორიც საქართველოს მესამე პრეზიდენტია. ზოგადად, საკუთარი ქვეყნის თუნდაც ყოფილ პირველ პირზე ასეთი ეპითეტებით საუბარი მაინცდამაინც „კარგი ტონი“ არ არის, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი, თავისი რეაქტიული ბუნებიდან გამომდინარე, ისეთ რაღაცებს აკეთებს, რომ მსოფლიოს თვით ყველაზე ინტრიგან პოლიტიკოსებსაც კი აოცებს. შესაძლოა, ზოგმა იკითხოს, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა ისეთი რაღა უნდა ჩაიდინოს, რაც 9 წლის განმავლობაში, საქართველოში არ ჩაუდენიაო? – ეს, ერთი შეხედვით, ლოგიკური, უფრო სწორად, რიტორიკული კითხვა იქნება, მაგრამ თუ მიხეილის ბოლო განცხადებებს გავიხსენებთ, ადვილად მივხვდებით, რომ ნაციონალური მოძრაობის სულისჩამდგმელი ახალი ავანტიურისთვის ემზადება, თუმცა მოდით, თხრობა ცოტა შორიდან დავიწყოთ.
მოკლედ, 2013 წელს, პრეზიდენტობის ვადა ამოეწურა თუ არა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინას მიაშურა და არამცთუ იქაური მოქალაქეობა „ჩაიჯიბა“, არამედ ჯერ პრეზიდენტის მრჩევლად მოგვევლინა, შემდეგ კი ოდესის გუბერნატორად. ეს ის დროა, როცა პეტრო პოროშენკო მიხეილ სააკაშვილის მზეს ფიცულობდა და ქართველ ექსკოლეგას ლამის მესიად მიიჩნევდა, თუმცა მოგეხსენებათ, ამქვეყნად მუდმივი არაფერია, მით უმეტეს, მუდმივობაზე პრეტენზია ვერც პოლიტიკურ მეგობრობას ექნება. ჰოდა, ბედის ბორბალი წაღმა დატრიალდა და პეტრო პოროშენკოსა და მიხეილ სააკაშვილს შორისაც შავმა კატამ გაირბინა.

რეალურად, რა გახდა ამ უთანხმოების მიზეზი, უცნობია, თუმცა კონფიდენციალური წყაროები ამბობენ, რომ ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტების „ბათქი“ – არც მეტი, არც ნაკლები – ბიზნესწილების საბაბით დაიწყო ანუ უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, სააკაშვილმა, რომელმაც უკრაინის სამთავრობო სტრუქტურები ნაციონალებით გაავსო, თურმე, პოროშენკოზე კომპრომატები „დაითრია“ და დაშანტაჟება დაუწყო. პოროშენკომ, ეგრე არ უნდაო და, მიშა ჯერ ოდესის გუბერნატორობიდან „მოქისტა“, მერე კი უკრაინის მოქალაქეობაც მოუხსნა.

ამას გარდა, პოლიტიკურ კულუარებში მეორე ვერსიაც მუსირებს; კერძოდ, ამბობენ, რომ მიშას „უკრაინული პრობლემები“ დიდი პოლიტიკის ნაწილია. „ალბათ გახსოვთ ცნობილი გამონათქვამი, მავრმა თავისი საქმე გააკეთა, მავრი უნდა წავიდესო. ჰოდა, სააკაშვილიც მავრივითაა – მფარველებმა ჯერ უკრაინაში გაუშვეს და კარიერაც შეუქმნეს, მერე, როგორც ჩანს, მისი თამაშიდან გაყვანა განიზრახეს და მოქალაქეობაც ამიტომ ჩამოართვეს, თუმცა ახლა რაღაც ახალი თამაში იწყება, სადაც მთავარი მოთამაშე, ჩემი აზრით, ისევ მიხეილ სააკაშვილი იქნება“, – ეუბნება „ვერსიას“ კონფიდენტი, რომელიც იგივე სპეცსამსახურების მუშაობაში კარგადაა ჩახედული.

ახლა, რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ახალ ავანტიურას… მართალია, რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ შესთავაზა, რომ მოქალაქეობას მიანიჭებდა. ამასთან, ისიც ითქვა, რომ შესაძლოა, გაერო-ს მოქალაქეობა მიეღო, მაგრამ სააკაშვილმა ყველა ამ შეთავაზებაზე კატეგორიული უარი განაცხადა. მეტიც, ადამიანი, რომელიც ქართული და უკრაინული პოლიტნიუსების მთავარი „მუზაა“, იმუქრება, რომ უკრაინაში ჩავა და, უტრირებულად რომ ვთქვათ, ფეხებსაც ვერავინ მოსჭამს.

„როგორც იცით, 10 სექტემბერს უკრაინაში დაბრუნება გადავწყვიტე. ბევრი მირჩევს, რომ ეს არ გავაკეთო. რამდენიმე ევროპული ქვეყნისგან მოქალაქეობის შემოთავაზება მივიღე. საქმისა და შემოსავლის გარეშე აქაც არ დავრჩები. ძალიან კარგად მახსოვს, თავის დროზე, პუტინის ბრძანებით, რუსმა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში ჩემ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, რათა ქართულ პოლიტიკაში ვერ ჩავრთულიყავი. ზუსტად ასე, პოროშენკომ გასცა თავისი ბრძანებულება, უკრაინისკენ გზა ჩამიკეტა და პუტინის მოფიქრებული ბრძანებით, საქართველოში ექსტრადირებით მემუქრება.

იმავდროულად, უკრაინის სრული განადგურება მიმდინარეობს. ამის შორიდან ყურებას კი არ ვაპირებ. რა შანსებიც უნდა იყოს, წავალ ამ ომში, მე დავპირდი უკრაინელებს, რომ ვიქნებოდი მათ მხარეს, მაინც არ დავდექი ბარიგების მხარეს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს არაერთხელ შემომთავაზეს. ჩვენ აუცილებლად შევცვლით ამ რეალობას. უკრაინა ევროპის უდიდესი დერჟავა გახდება. უკრაინელები შეძლებენ ნორმალურად ცხოვრებას. ასე რომ, თქვენი დიდი იმედი მაქვს. თუ ჩვენ ერთად დავდგებით, ვერაფერს დაგვიშავებენ. შეგიძლია, ჩემი იმედი გქონდეთ – მე იმედს არ გაგიცრუებთ. დროებით, შევხვდებით პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე“, – აცხადებს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში, რომელიც რამდენიმე დღის წინ, Fაცებოოკ-ის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

რა მიზნით ჩადის მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ანუ იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეობაც არ აქვს? ეს მხოლოდ ეშმაკმა უწყის, თუმცა დიდი მარჩიელობა არ სჭირდება მიხვედრას, რომ მიშას რაღაც აქვს ჩაფიქრებული, კერძოდ, მან იცის, რომ შესაძლოა, უკრაინელმა მესაზღვრეებმა დააკაონ და საქართველოს გადმოსცენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვა-ბანკზე მაინც მიდის. მაშასადამე, ასეთი აჟიოტაჟის ატეხვა აწყობს.

სხვათა შორის, ვითარება უფრო დრამატული გახდება, თუ ერთ-ერთი უკრაინელი პოლიტიკოსის განცხადებას გავიხსენებთ, რომელიც მან სოციალურ ქსელში გაავრცელა. კერძოდ, უკრაინის რადიკალური პარტიის ლიდერმა, ოლეგ ლიაშკომ განაცხადა:

„მხოლოდ უკრაინის მტრებს შეუძლიათ, სააკაშვილის ისტერიულ მოწოდებას გამოეხმაურონ და მას უკრაინის საზღვრის დარღვევაში დაეხმარონ. უკრაინის საზღვრის ურღვევობის ხელყოფა ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის აუღიარებლობაა. ეს უკრაინის დამცირებაა!.. სააკაშვილი უკმაყოფილოა იმით, რომ მისმა მეგობარმა პოროშენკომ პასპორტი წაართვა, რომელიც უკანონოდ მიიღო. დაიქირავოს საუკეთესო ადვოკატები და სასამართლოში წავიდეს, მაგრამ ჩემი ქვეყნის საზღვრები წმინდა და ხელშეუხებელია, ამიტომაც ჩვენს გმირ მესაზღვრეებს მივმართავ, ნებისმიერს გაუხსნან ცეცხლი, ვინც საზღვარს დაარღვევს. ვინც ჩვენი საზღვრების ურღვევობას ხელყოფს, უკრაინის მტერია… რატომ არ არღვევს სააკაშვილი საქართველოს საზღვარს? იმიტომ, რომ პატივს სცემს თავის მშობლიურ საქართველოს. უკრაინა მისთვის უცხოა, ამიტომაც ასე ამცირებს მას. არავის მივცემ უფლებას, დაამციროს ჩემი სამშობლო!“.

ერთი სიტყვით, უკრაინელმა მესაზღვრეებმა მიხეილ სააკაშვილს, რომელიც უკრაინის საზღვრის გადაკვეთას 10 სექტემბერს გეგმავს, ცეცხლი თუ მართლა გაუხსნეს. ამას რა მოჰყვება? _ რა და, მინიმუმ, რამდენიმედღიანი სკანდალი ანუ მთელი მსოფლიო მედია და, მათ შორის, ქართული საინფორმაციო საშუალებებიც ახალ ამბებს სწორედ ამაზე „ააწყობენ“; შესაბამისად, ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძარიც ყველას დაავიწყდება და კარსმომდგარი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვენებიც. აი, მაშინ კი, თუ უკრაინა მიშას საქართველოს გადმოსცემს, ნამდვილი „მეორედ მოსვლის“ მომსწრენი გავხდებით. ყოველ შემთხვევაში, ყველა, ვისაც არ დაეზარება, მმართველი გუნდისკენ გაიშვერს ხელს და იტყვის, რომ ,,ოცნებამ” სააკაშვილს წელსქვემოთ მიაყენა დარტყმა.

ისე, ეს „წელსქვემოთ დარტყმა“ მიშას ყველაზე ძალიან უნდა აწყობდეს – პატიმრობა მას ერთგვარ დივიდენდებს მოუტანს და შესაძლოა, გმირადაც კი შეირაცხოს ანუ ისე გამოდის, ციხე სააკაშვილის პოლიტიკური რეინკარნაციის, გნებავთ, აღდგომის ყველაზე კარგი საშუალებაა.

Comments are closed