globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 24 ოქტომბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Oct 24th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: „რუსთავი 2“-ის საქმე, სავარაუდოდ, რამდენიმე თვე გაიწელება // „ხალხს ატყუებს ყველა, ვინც ამბობს, რომ განაჩენი უახლოეს დღეებში გამოცხადდება“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „ნიკა გვარამიას მორალური უფლება არ აქვს, მედიის თავისუფლებაზე ილაპარაკოს! გამოვდივარ ინიციატივით და ამას თქვენი გაზეთის საშუალებით ვიტყვი“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ თამაზ მეჭიაურთან: „გიორგი მარგველაშვილი ნაციონალების საშინაო ლიდერი გახდა“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ გიგა ბუკიასთან: „პრორუსულობას გვაბრალებს კაკო ბობოხიძე, რომელიც ბალტინის ჯარებს შემოუძღვა“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლადო სადღობელაშვილთან: „თინა ხიდაშელს სკანდალური საუბრის გამოქვეყნებას ვპირდები“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან: „ნაციონალური მოძრაობა ვეღარ მობრუნდება“

—————————-

რეზონანსი“, 24 ოქტომბერი, 2015 წელი

რუსთავი 2“-ის საქმე, სავარაუდოდ, რამდენიმე თვე გაიწელება

ხალხს ატყუებს ყველა, ვინც ამბობს, რომ განაჩენი უახლოეს დღეებში გამოცხადდება

თაკო მათეშვილი

განცხადებებსა და იმის მოლოდინს, რომ სასამართლო “რუსთავი 2″-ის საქმეზე განაჩენს ორშაბათს გამოიტანს, იურისტები აბსურდულს უწოდებენ და ამბობენ, რომ მსგავსი სირთულის საქმეები ასე მოკლე დროში არ სრულდება. მათი თქმით, განაჩენი მინიმუმ 2015 წლის ბოლოსთვის უნდა გამოვიდეს, მაქსიმუმ კი 2016 წლის თებერვალში. თუმცა, ეს კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი ამით დასრულდება. იურისტების თქმით, პირველი ინსტანციის განაჩენს უკმაყოფილო მხარე სავარაუდოდ გაასაჩივრებს და ამასაც საკმაო დრო დასჭირდება. შესაბამისად, საბოლოო შედეგსა და შესაბამისად, თუ დავა ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ დასრულდა, მის აღსრულებას ისინი რამდენიმე წელიწადში ელიან.

„რუსთავი-2“-ის საქმეზე განაჩენის გამოცხადებას არხის თანამშრომლები და მხარდამჭერები მიმდინარე კვირაშიც ელოდნენ. მას შემდეგ, რაც 22 ოქრომბერს სხდომა განაჩენის გარეშე დასრულდა, „რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილმა სასამართლოსთან შეკრებილებს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და უთხრა, რომ 26 ოქტომბერს კვლავ მათი თანადგომის იმედი აქვს – “რუსთავი 2″-ის საქმეზე პროცესი 26 ოქტომბერს განახლდება. სავარაუდოდ განაჩენი სწორედ ორშაბასთს გამოცხადდება,” – დასძინა მან.

იურისტი პაატა შავაძე ამგვარ განცხადებებს ტყუილს უწოდებს და აცხადებს, რომ სამოქალაქო პროცესი მრავალ მნიშვნელოვან სტადიას მოიცავს და გადაწყვეტილების მისაღებად მოსამართლემ თითოეული მათგანი უნდა გაიაროს:

„ჯერჯერობით ისეთი მნიშვნელოვანი სტადია გაიარეს, როგორიც მხარეთა შუამდგომლობაა. ეს იმას ნიშნავს, რომ მხარეებს აქვთ ხოლმე შუამდგომლობები მტკიცებულებების საქმეზე დართვის თაობაზე, მათ შორის წერილობითი მტკიცებულებები და ა.შ. ეს ეტაპი უკვე ამოიწურა. ამის შემდეგ კი მხარეთა ახსნა-განმარტების ეტაპი მოდის. ამ დროისათვის სასამართლომ მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტება მოისმინა, ორშაბათს კი მოპასუხის ახსნა-განმარტებას მოისმენს. “ამის შემდგომ ისეთი მნიშვნლოვანი სტადია იწყება, როგორიც მტკიცებულებათა გამოკვლევა გახლავთ. ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლომ მოწმეები უნდა დაკითხოს და ნივთიერი თუ წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლიოს. მერე კი მხარეთა პაექრობა იწყება. თუ ეს სტადიები არ ამოიწურა, მოსამართლე ვერანაირ საქმეზე ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, მითუმეტეს “რუსთავი 2″-ის საქმეზე. ხუთშაბათს რომ იყო ამ საქმის განხილვა, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გამოვიდა და თქვა, რომ თურმე მოსამართლემ განაჩენი იმიტომ არ გამოაცხადა, რომ შეკრებილი ხალხის შეეშინდა. ეს აბსურდია. ხალხს ატყუებს ყველა, ვინც ამბობს, რომ გადაწყვეტილება ხუთშაბათს უნდა გამოცხადებულიყო, ან ორშაბათს გამოცხადდება. სამწუხაროდ, ამ საკთხში გაურკვეველი ადამიანები ტყუვდებიან და ჰგონიათ, რომ მოსამართლეს მართლაც შეკრებილი ხალხის შეეშინდა. მათი მიზანიც ესაა – ვინც მოტყუვდება, ატყუებენ”, – ამბობს შავაძე.

გარდა ამისა, იურისტის თქმით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილი მოსამართლეს აძლევს იმის უფლებას, რომ თუკი საქმე ასეთი რთული და მნიშვნელოვანია, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება არაუმეტეს ერთი თვის ვადით გადადოს. შესაბამისად, იგი ამ საქმეზე განაჩენის გამოტანას 2015 წლის ბოლოს, ან 2016 წლის იანვარ-თებერვალში ელის. თუმცა, აქვე იმასაც დასძენს, რომ ამის შემდეგ უკვე სავარაუდოდ მხარეები ზედა ინსტანციებში გაასაჩივრებენ, რასაც კიდევ საკმაო დრო დასჭირდება და პროცესი რამდენიმე წელი გაგრძელდება. „სამოქალაქო დავის საქმეები საკმაოდ რთულია. მაგალითად, მე მაქვს ახლა რამდენიმე საქმე სამოქალაქო დავაზე, რომლებიც მეოთხე წელია ვერ დავასრულეთ – ხან მოწმე ვერ მოვიდა, ხან სასამართლოს არ ეცალა, ხან გასაჩივრებებმა მოითხოვა დრო და ა.შ.” – აცხადებს შავაძე.

იურისტების თქმით, მაშინაც კი, როცა განაჩენი გამოცხადდება, ის დაუყოვნებლივ არ აღსრულდება, რადგან ეს საქმე ამ კატეგორიაში არ შედის. ამისათვის საჭიროა მხარემ დაამტკიცოს, რომ განაჩენის აღსრულების დაყოვნებით მას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება. ამ შემთხვევაში კი ამას მხარეები, იურისტების თქმით, ვერ დაასაბუთებენ.

პროცესის რამდენიმე წლით გახანგრძლივებას ვარაუდობს იურისტი, “პოლიტიკისა და სამართლის ცენტრის” ხელმძღვანელი ამირან გიგუაშვილიც და ამბობს, რომ თუკი ასეთ სერიოზულ საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილება ასეთ მცირე დროში მიიღო, მის ობიექტურობაში ეჭვი უნდა შევიტანოთ.

“ასეთი საქმეები პირველ ინსტანციაშიც კი თვეობითა და წლობით იხილება. პირადად მეც მაქვს გაცილებით მარტივი სამოქალაქო დავები, სადაც ერთი წელია მოსამზადებელ ეტაპზე ვართ და გადაწყვეტილებამდე ჯერ ძალიან შორია. ამიტომ, ორშაბათს ამაზე გადაწყვეტილება არ უნდა გამოცხადდეს. დარწმუნებული ვიყავი, რომ არც ხუთშაბათს გამოცხადდებოდა. უბრალოდ, საზოგადოებაში მეტი დაძაბულობის შესატანად ამბობენ, რომ გადაწყვეტილება უნდა გამოვიდეს, თორემ რეალურად ეს ასე მალე ვერ მოხდება. მითუმეტეს, რომ “რუსთავი 2″-ის ადვოკატებს შუამდგომლობა აქვთ დაყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებაზე, რომელიც თუკი არ დაკმაყოფილდა, მათ შეუძლიათ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრონ და პასუხს რამდენიმე თვე დასჭირდება. არსებული სასამართლო პრაქტიკა იმის საშუალებას იძლევა, რომ მხარეები თუ მოინდომებენ, საქმე გაჭიანურდეს. ამ შემთხვევაში კი, სასამართლო ასეთ რთულ საქმეს დაჩქარებულ ვადებში ობიექტურადაც ვერ განიხილავს”, – ამბობს გიგუაშვილი. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, მისი აზრით, სპეკულაციაა იმაზე აპელირება, რომ დღეს თუ არა ხვალ საქმე დასრულდება და დასძენს, რომ ამას საკმაო პერიოდი აუცილებლად დასჭირდება, თუ მოსამართლემ ყველა კანონს არ გადაუხვია და მითუმეტეს, თუ ეს ადვოკატებმა მოინდომეს.

“თუ გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ იქნა გამოტანილი და მითუმეტეს, თუ დაუყოვნებლივ აღსრულებას გადაეცა, ეს აშკარა დადასტურება იქნება იმისა, რომ ამ საქმეში პოლიტიკური მოტივაციაა და არა სამართლებრივი,” – დასძენს იურისტი.

„ახალი თაობა“, 24 ოქტომბერი, 2015 წელი

ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: ნიკა გვარამიას მორალური უფლება არ აქვს, მედიის თავისუფლებაზე ილაპარაკოს! გამოვდივარ ინიციატივით და ამას თქვენი გაზეთის საშუალებით ვიტყვი

ექსპერტ მამუკა არეშიძის აზრით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს სურს, ისარგებლოს შექმნილი მდგომარეობით და დაიწყოს დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში.

- პრეზიდენტთან კონსულტაციაზე მისულ ოპოზიციაზე რას იტყვით? ითქვა, რომ ვისზეც არის ეჭვი, რომ მარგველაშვილთან ალიანსსა და თანამშრომლობას გეგმავს, სწორედ ის ძალები მივიდნენ.

- რასაკვირველია. ძალიან საინტერესო სიტუაცია იყო. ვისაც ხმა არ მიუცია პრეზიდენტისთვის, როცა ირჩევდნენ, ის ხალხი შეგროვდა მასთან. მეც სწორედ ეს მაფიქრებინებს, რომ გარკვეულ ძალთა კონსოლიდაციის პროექტი ამუშავდა.

- მარგველაშვილმა ხელიდან შანსი არ გაუშვა, პრემიერისა და მთავრობისთვის დაერტყა?

- დიახ, არ დაკარგა ეს შანსი. აქ ჟურნალისტების თემაა ძალიან საინტერესო.

- რა კუთხით?

- განცხადება იმისა, რომ კონსულტაციებს ვიწყებ, გაქარწყლდა იმით, რა შემადგენლობითაც ჟურნალისტები იყვნენ მისული.

- ამით რისი თქმა გსურთ?

- ეს ხომ დეკორაციული შეხვედრა იყო! ეს ფაქტია. მიუხედავად ჩემი პატივისცემისა გრიგოლიას, მიშველაძისა და ჯანგირაშვილის მიმართ, ეს არ არის მთელი სპექტრი!

- ანუ ამბობთ, რომ მთავრობაზე განაწყენებული და გადაცემადახურული ჟურნალისტების შეკრება იყო?

- განაწყენებულები სხვებიც არიან და მეორეც, ეს არის მცირე წარმომადგენლობა ჟურნალისტებისა, რომლებიც საქართველოს მედიასივრცეს ქმნიან. იქ არ ყოფილან დიდი მედიასისტემების წარმომადგენლები. იქ იყო მხოლოდ სამი ცნობილი წამყვანი. ეს არ არის მედიასთან შეხვედრა! ეს არის შეხვედრა ცნობილ წამყვანებთან!

მამუკა არეშიძე პრემიერ-მინისტრის განცხადებებსაც ეხმიანება და ამბობს, რომ პრემიერის შეფასებები ადეკვატური იყო, თუმცა პრემიერის სიტყვა მისთვის ბოლომდე მისაღები არ გახლდათ.

- რა იყო თქვენთვის მიუღებელი?

- პრემიერი ლაპარაკობდა იმის თაობაზე, რომ თუ როგორი დამნაშავეა ნაციონალური მოძრაობა ქართველი ხალხის წინაშე და როგორ შეეცადა დღევანდელი მთავრობა მათ გადარჩენას. მის განცხადებებში იკითხებოდა შემდეგი: ჩვენ ზოგ რაღაცაზე თვალს დავხუჭავთ, ოღონდ თქვენ წესიერად მოიქეცით. პრემიერს ავიწყდება, რომ ქართველ საზოგადოებას ეს შეკვეთა არ ჰქონია ხელისუფლებასთან.

მამუკა არეშიძის აზრით, ქართველ ხალხს არ შეუძლია, ყველაფერი ერთი ხელის მოსმით დაივიწყოს და ამის გამოა ქვეყანაში პოლიტიკური ქაოსის ნიშნები, რაც ქვეყნის განვითარებას სერიოზულად აფერხებს.

- პრემიერი თავადაც ხომ მიხვდა, რომ პატიების რეჟიმი აქ არ მუშაობს. ამიტომ სულ სხვა ტიპის ნაბიჯებია გადასადგმელი, _ აცხადებს ექსპერტი.

- რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ხალხის გულის მოსაგებად?

- უნდა დაიწყოს სამართლებრივი შეფასებითი პროცესი დღესვე, დაუყოვნებლივ! აქ გვესმის საუბრები, რომ ავკრძალოთ, დავიჭიროთ, დავხვრიტოთ. ეს ყველაფერი ზუსტად იმის გამოა, რომ ამ ხელისუფლებამ ინიციატივა თავის თავზე არ აიღო. ამ ყველაფერმა უკვე მახინჯი ფორმები მიიღო. ვხედავთ, რაც ხდება რეგიონებში.

- არის საფრთხე, რომ უმართავი პროცესები დაიწყოს. ვის ინტერესში შედის ეს ყველაფერი?

- ხშირად უმართავი პროცესის უკან მართული ქაოსის ინიციატორები დგანან, ხოლო ზოგ შემთხვევაში პროცესი მართლა უმართავია. ტყუილია ხელისუფლების განცხადებები, რომ სიტუაციას აკონტროლებენ. როგორ აკონტროლებენ, როცა ნაციონალების ცემის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა?! ეს ქვეყნის იმიჯზე უარყოფითად მუშაობს.

მამუკა არეშიძის თქმით, „ნაციონალები“ „პირველი ინფორმაციის“ პრინციპით მუშაობენ – თავიდან ინფორმაციას ავრცელებენ, როგორც სავარაუდოს, 15-20 წუთში კი ეს ინფორმაცია ჭეშმარიტება ხდება.

- ეს არის მათი მუშაობის მეთოდოლოგია. თავიდან გამოვიდა გვარამია და გამოაცხადა, რომ ხელისუფლებამ რუსთავი 2 დახურა. ხალხი მიცვივდა ამის გამო. მერე გაირკვა, რომ არავის არაფერი დაუხურავს, მაგრამ პირველმა ეფექტმა ხომ იმუშავა?! ეს არ არის ეს რიგითი მოვლენა.

- აბა, რა არის?

- ახლა რომ ვილაპარაკო, რომ ეს არის დავა ქიბარ ხალვაშსა და ყარამანიშვილებს შორის, ამას აზრი აღარ აქვს. იმიტომ, რომ ნაციონალებმა მოახერხეს, სხვა სიბრტყეში გადაეტანათ მთელი ეს პროცესი – მედიასთან ბრძოლის სიბრტყეში. ამ სიბრტყიდან სიტუაციის გამოყვანა ძალიან რთულია. არც კი ვიცი, როგორ უნდა მოიქცეს ხელისუფლება, რომ ამ სიტუაციიდან ცივილიზებული ფორმით გამოვიდეს.

- წამგებიან სიტუაციაშია ხელისუფლება?

- ასეა. დღეს მე გამოვდივარ ინიციატივით და ამას თქვენი გაზეთის საშუალებით ვიტყვი: 7 ნოემბერი ახლოვდება. მოდით, ამ დღეს ვინც დაარბიეს, ვინც მერე ციხეებში აყურყუტეს, ვისაც ცემა-ტყეპით სული ამოხადეს, ის ხალხი შეიკრიბოს რუსთაველის გამზირზე და თავისი პოზიცია დააფიქსიროს.

ექსპერტი ხაზს უსვამს, რომ კატეგორიულად წინააღმდეგია რუსთავი 2-ის დახურვის და იმ ჟურნალისტების შევიწროების, რომლებიც იქ მუშაობენ.

- თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ადამიანები, რომლებიც რუსთავი 2-ის სახელით სპეკულირებენ, თეთრ ცხენზე ამხედრდნენ.

- ამით რისი თქმა გსურთ?

- ნიკა გვარამიას მორალური უფლება არ აქვს, ილაპარაკოს მედიის თავისუფლებაზე! ეს, უბრალოდ, სირცხვილია და, სამწუხაროდ, გასდის! მე ძალიან კარგად მახსოვს მისი სიტყვები, თუ რატომ დაადო ყადაღა იმედს, დღეს კი სრულიად საპირისპიროს ლაპარაკობს.

- თუ მათ დავუჯერებთ, იმედი სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა.

- თუ იმედი იყო ორიენტირებული სახელმწიფო გადატრიალებაზე, მაშინ რუსთავი 2 ორჯერ მეტად ორიენტირებულია სახელმწიფო გადატრიალებაზე! თავის დროზე ნიკა გვარამია პასუხისგებაში რომ ყოფილიყო მიცემული თავისი ტყუილების, ცილისმწამებლური მუშაობისა და უსამართლო ქმედების გამო, დღეს ასეთ დღეში არ იქნებოდა! ამ ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა, კოჰაბიტაციის ყველაზე მახინჯი ფორმა აირჩია და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ!

„ახალი თაობა“, 24 ოქტომბერი, 2015 წელი

ინტერვიუ თამაზ მეჭიაურთან: „გიორგი მარგველაშვილი ნაციონალების საშინაო ლიდერი გახდა

შორენა მარსაგიშვილი

რა მიზნები აქვს პრეზიდენტს, ვისი ლიდერის ფუნქცია იკისრა მან, რას ფიქრობს ამაზე ბიძინა ივანიშვილი, ვინ ესხმის თავს ნაციონალების ოფისებს? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თამაზ მეჭიაური ესაუბრება.

- მართალია, რომ პრეზიდენტს დაემუქრეთ და განაცხადეთ, მაგასაც მალე მოვუვლითო?

- რა სისულელეა?! ასეთ განცხადებას როგორ გავაკეთებდი. ეს ინფორმაცია ერთ-ერთმა მატყუარა სააგენტომ გაავრცელა, რაღაც აჟიოტაჟის გამოწვევა უნდოდათ. მარგველაშვილის მიმართ ჩემს პოზიციას ყოველთვის საჯაროდ ვაფიქსირებ, მაგრამ მსგავსი სისულელე არასდროს მითქვამს. ანდა მე რატომ უნდა მოვუარო მაგას? პრეზიდენტს ისტორია და ამომრჩეველი მოუვლის.

- თქვენ არ დამუქრებიხართ, მოვუვლიო, მაგრამ რას გეგმავს ქართული ოცნება პრეზიდენტის წინააღმდეგ? მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა მისი გადაყენება მოითხოვოთ. მართლა ასეა საქმე?

- გადადგომის სურვილი, წესით, თავად გიორგი მარგველაშვილს უნდა გაუჩნდეს. ჩვენ ამ მოთხოვნით არ გამოვალთ, თუმცა მისი ქმედებებითა და განცხადებებით უკმაყოფილონი ვართ.

- არც მისი იმპიჩმენტის საკითხს დააყენებთ დღის წესრიგში?

- იმპიჩმენტი ისეთ რთულ პროცედურებთან არის დაკავშირებული, რომ მის დაყენებას აზრი არა აქვს. ეს პროცედურა რომც დაიწყოს, ბოლოს მაინც გამარჯვება მარგველაშვილსა და ნაციონალებს დარჩებათ. საქმე საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განიხილოს, იქ კი ამათი კაცია.

- გიორგი პაპუაშვილზე საუბრობთ?

- აბა, სხვაზე ვისზე ვისაუბრებ? რასაც ნაციონალები ეტყვიან, პაპუაშვილი იმას შეასრულებს. ყოფილ ხელისუფლებას დღეს ძალიან სჭირდება მარგველაშვილი. ის თავს არ ზოგავს საიმისოდ, რომ მათთვის საჭირო კაცი გახდეს. ახლა უკვე მშვიდობის მტრედობის დაბრალებაც დაიწყო.

- რაზე შეატყვეთ, რომ მშვიდობის მტრედობას იბრალებს?

- აბა, მისი განცხადება რას ნიშნავდა? იმ განცხადებას სხვა ქვეტექსტები ჰქონდა, მაგრამ, მთავარი ის იყო, მე ვარ მშვიდობის მტრედიო. მარგველაშვილს თუ დაუჯერებს კაცი, ქვეყანა, შესაძლოა, კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გავიდეს და თურმე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება დაძაბულობას უწყობს ხელს.

- პრემიერის განცხადებასთან დაკავშირებით ასეთი განცხადებები სხვებმაც გააკეთეს.

- ვინ სხვებმა, ნაციონალებმა? ეგენი, აბა, რას იტყოდნენ? პრემიერს დაეტაკნენ მაგათთან დაახლოებული პარტიები და ენჯეოები.

- შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც რომ იგივე თქვა?

- მერე, ეგეც ნაციოანლებთან დაახლოებული პირია. მართლა არ მესმის, რატომ ატყდა ასეთი ამბავი. მთავრობის მეთაურმა ოპოზიციას წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა და ჩადენილი დანაშაულების გამო ბოდიშის მოხდა ურჩია. არ მესმის, რატომ უნდა დაძაბოს ამ განცხადებამ სიტუაცია. დაძაბულობის იმიტაციას ყოფილი ხელისუფლება და მასთან დაახლოებული მარგველაშვილი ახდენენ. ისინი კარგა ხანია, ერთად არიან და ერთად მოქმედებენ – იმ დროიდან, რაც პრეზიდენტად აირჩიეს.

- არადა, ამბობდა, როგორც კი პრეზიდენტად ამირჩევენ, კოჰაბიტაციას მეორე დღესვე დავამთავრებო.

- ეს პირობა 5-იანზე შეასრულა. გახდა თუ არა პრეზიდენტი, ნაციონალების შინაურ ლიდერად იქცა.

- შინაური ლიდერი რას ნიშნავს?

- მიხეილ სააკაშვილი ქვეყნიდან გაქცეულია და თავისი პარტიის საგარეო ლიდერია. აქაც ხომ უნდოდათ ამათ ლიდერი, ჰოდა, ამ მისიას კარგად ასრულებს. კოჰაბიტაცია ჩვენც უნდა დავასრულოთ, ოღონდ სხვანაირად: ყველა დამნაშავეს პასუხი უნდა მოვთხოვოთ. იმის გამო, რომ კოჰაბიტაციის მოთხოვნებს დავემორჩილეთ და სამართლიანობა არ აღვადგინეთ, კოალიცია „ქართული ოცნება“ ძალიან დაზარალდა – ჩვენი რეიტინგი შემცირდა. ხალხი პირდაპირ და ღიად გვთხოვს დამნაშავეების დასჯას.

- რატომ არ დასაჯეთ დამნაშავეები? კოჰაბიტაცია დამნაშავეების ხელის დაფარებას ხომ არ ნიშნავს?

- იდეაში – არა, მაგრამ საქართველოში ასე გამოვიდა. როგორც კი ვინმეზე აღიძვრებოდა საქმე, მაშინვე ერთ ამბავს იწყებდნენ. მთლად ისეც ნუ იტყვით, რომ არცერთი დამნაშავე არ დაგვიჭერია, ბევრი ზის ციხეში, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. უფრო მკაცრად უნდა დაგვეწყო სამართლიანობის აღდგენა. არ გავაკეთეთ და ჩვენ დავისაჯეთ. ამის წყალობით ჩვენი რეიტინგი შემცირდა.

- „ქართული ოცნების რეიტინგის შემცირებას მის მიერ წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობას უკავშირებენ.

- ასეთ რამეს ამბობენ ნაციონალები, მათთან დაახლოებული ენჯეოები და მოექსპერტო ტიპები. ყოფილ ხელისუფლებას ურჩევნია, თავის რეიტინგს მიხედოს.

- თავისი რეიტინგით ისინი ძალიან კმაყოფილნი არიან.

- ხალხის გასაგონად ამბობენ ასე, თორემ თავად ყველაზე უკეთესად იციან, რა რეიტინგიც აქვთ.

- კვლევების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მათ ქართულ ოცნებაზე მაღალი რეიტინგი აქვთ.

- მერე, ვინ ატარებს მაგ კვლევებს? თავიანთი ჩატარებული კვლევებით თავად ერთობიან და გულს იმშვიდებენ. ადრე ამ გამოკითხვებზე მეღიმებოდა მაინც, ახლა მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ღიმილადაც არ ღირს. იმასაც გეტყვით, რომ მხოლოდ გართობის მიზნით არ დებენ ამ შედეგებს, კარგად იციან, რა ხმებსაც აიღებენ არჩევნებზე და წინასწარ ქმნიან ფონს იმის სათქმელად, თითქოს ხმები მოვპარეთ. სამწუხაროა, რომ ამაში მათ გიორგი მარგველაშვილიც ეხმარება.

- მთელი ქართული ოცნება მარგველაშვილით იმედგაცრუებულია. საინტერესოა, რას ფიქრობს მასზე თქვენი მეგობარი ბიძინა ივანიშვილი, რომლის ხათრითაც აირჩია ხალხმა ის პრეზიდენტად.

- არ ვიცი. ამ თემაზე ბიძინა ივანიშვილთან არ მისაუბრია და არც მომავალში ვაპირებ ამის გაკეთებას.

- კოალიციაში მის უეცარ სახეცვლილებაზე რას ამბობთ, დავიჯერო, ვერავინ მიხვდა, რომ მარგველაშვილს ასეთი ნაბიჯის გადადგმა შეეძლო?

- სხვებზე ვერაფერს ვიტყვი. მე, პირადად, მის ფსიქოლოგიურ პორტრეტს არასოდეს ჩავღრმავებივარ. სამწუხარო ის არის, რომ ვისი წყალობითაც გახდა პრეზიდენტი, იმათ წინააღმდეგ მიდის. კიდევ უფრო საწყენია, რომ პრეზიდენტი ნაციონალების ძალადობას აფარებს ხელს.

- ნაციონალები ძალადობას ხელისუფლებას სდებენ ბრალად.

- სად და ვისზე ვიძალადეთ? კოჰაბიტაციის გამო ხეირიანადაც კი ვერ აღვადგინეთ სამართლიანობა. მოძალადეები ვინც არიან, ყველამ ნახა. იმ საშინელი კადრების შემდეგ მთელი მოსახლეობა გაოგნებულია.

- ამ კადრების გავრცელების შემდეგ ნაციონალების ოფისებზე სხვადასხვა რეგიონში თავდასხმები განხორციელდა. ყოფილი ხელისუფლება ამაში `ქართულ ოცნებას~ ადანაშაულებს.

- მე კი ვიტყვი, რომ ნაციონალური მოძრაობის ოფისებზე თავად ნაციონალები ახორციელებენ თავდასხმებს. ამის თქმის საბაბს თავდასხმების სტილი. ნიღბებით სირბილი ნაციონალების სტილია, საღებავების შესხმა. 2003 წელს კმარაობა რომ დაიწყეს, მაშინ არ თხუპნიაობდნენ ასე? ამ თხუპნიაობაში ზოგიერთს მინისტრობა მისცეს, ზოგსაც დეპუტატობა უბოძეს. ახლაც ისინი თხუპნიაობენ. ერთ რამესაც დავაკვირდი – ამ ოფისებზე მაინცდამაინც მაშინ ხორციელდება თავდასხმები, როცა იქ არავინ არის. ესეც იძლევა ეჭვის საბაბს.

- რაში სჭირდებათ თავიანთი ოფისების დარბევა?

- წამებულის იმიჯი რომ შეიქმნან და დასავლეთის ყურადღება მიიქციონ. მაგათ არავინ დევნის, თავად არბევენ თავიანთ ოფისებს და ქვეყანას არეულობისკენ მიაქანებენ. ჯერ იყო და ლარის კურსის ვარდნით ცადეს ხალხის ქუჩაში გამოყვანა, მერე მევენახეთა რევოლუციის მოწყობა სურდათ. ახლა რუსთავი 2-ის ამბით უნდათ რაღაც თემის წამოწევა. რაღაცებს გეგმავენ, მაგრამ არაფერი გამოუვათ.

- დარწმუნებული ხართ, რომ არ გამოუვათ? რამდენიმე ნაციონალმა დასავლეთს უკვე მიმართა, რომ თბილისში, შესაძლოა, მაიდანი ვიხილოთ.

- მაიდანის მოწყობა მათი ოცნებაა, მაგრამ არ გამოვა. ხალხი მათ ამის უფლებას არ მისცემს და ვიღაც ქალები ჟანა დარკებივით წინ რომ მიუძღვიან მიტინგებს, ტყუილად აანონსებენ რევოლუციებს. კანონის ჩარჩოებიდან თუ ვინმე გავა, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება.

„ახალი თაობა“, 24 ოქტომბერი, 2015 წელი

ინტერვიუ გიგა ბუკიასთან: პრორუსულობას გვაბრალებს კაკო ბობოხიძე, რომელიც ბალტინის ჯარებს შემოუძღვა

ბოლო დღეებში ხშირად გაისმის, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირებას აღვივებენ. პარლამენტის უმრავლესობის წევრი, ფრაქცია კონსერვატორების თავმჯდომარე გიგა ბუკია კატეგორიულად აცხადებს, რომ მმართველი კოალიცია ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა იყოს.

- „ქართული ოცნება“ ყველა ღონეს ხმარობს სტაბილურობისთვის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, – აღნიშნა „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში გიგა ბუკიამ. მისი თქმით, ამ ხელისუფლების ერთ-ერთი ამოცანა კარგი საინვესტიციო გარემოს შექმნა იყო, ამიტომ თავიდანვე ტარდებოდა ზომები, რათა ინვესტორებისათვის ისეთი გარემო შეექმნათ, სადაც სტაბილურობა და სიმშვიდეა, სადაც არის დემოკრატია და არ ირღვევა ადამიანის უფლებები.

გიგა ბუკია:

-  „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო მშვიდობიანი გარემოს შექმნა. ასეთი გარემო ქვეყანაში 25 წელიწადია, არ ყოფილა. ადამიანებს აღარ უსმენენ, აღარ უთვალთვალებენ, აღარ აწამებენ. საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისითაც პრაგმატული და მშვიდობიანი კურსი ავირჩიეთ. ბუნებრივია, ხორციელდება ევროინტეგრაციაც. როცა ასეა საქმე, რატომ უნდა უნდოდეს ხელისუფლებას სამოქალაქო დაპირისპირება? ასეთ რამეს გვიგონებენ ის პოლიტიკური ძალები, რომლებსაც რთულად წარმოუდგენიათ საკუთარი პოლიტიკური მომავალი.

- ოპონენტები მიიჩნევენ, რომ რეიტინგდაკარგულ ქართულ ოცნებას დასჭირდა წამების ამსახველი საშინელი კადრების ახალი სერიის გავრცელება..

- ესეც ალოგიკური ბრალდებაა. ამ კადრებზე მხოლოდ ხელისუფლებას არ მიუწვდება ხელი. ეს საშინელი ჩანაწერები უკავშირდება როგორც უკრაინის შიდა ამბებს, სადაც სააკაშვილია მივლინებული, ისე სააკაშვილის ყოფილი გუნდის ინტრიგებს. ქარდავასა და სხვებსაც აქვთ ეს კადრები. სააკაშვილმა არაერთი ყოფილი თანამზრახველი მიატოვა და მოატყუა, ამიტომ ისინი სააკაშვილის რეჟიმის მამხილებელ მასალებს მის მოწინააღმდეგეებს გადასცემენ. რა შუაშია „ქართული ოცნება“?

- ხელისუფლებას ძალადობის წახალისებაშიც ადანაშაულებენ.

- არანაირი ძალადობის წახალისება არ ხდება. ამას ნაციონალები გვაბრალებენ. ხალხს ძალიან კარგად ახსოვს, რომ სწორედ ისინი იყვნენ მოძალადეებიც, ძალადობის წამახალისებლებიც და პოლიტიკური მხარდამჭერებიც. „ქართული ოცნება“ არავის ზღუდავს. ოპოზიციის აქციებიც არ არის აკრძალული. ემოციებს აყოლილმა მოსახლეობის გარკვეულმა ჯგუფებმა დაარბიეს ნაცმოძრაობის ოფისები. ეს ნამდვილად არ არის მისასალმებელი. ამას რომ ხელისუფლება უწყობდეს ხელს, მაშინ ამ პროცესებს უფრო დიდი მასშტაბი ექნებოდა. პირიქით, ჩვენ ჩვენი რეიტინგის ვარდნის ფასად ყველაფერს ვაკეთებდით, რომ არ ყოფილიყო აგრესია და ძალადობა ყოფილი რეჟიმის წარმომადგენლების მიმართ, რომ არ მომხდარიყო შურისძიება.

- ოპონენტების სხვა ნაწილი სწორედ იმას გსაყვედურობთ, რომ პროკურატურა, სხვა ინსტიტუტები არ მუშაობენ, ოცნება კი ხელს აფარებს დამნაშავეებს.

- „ქართული ოცნება“ ხელს არავის აფარებს. როცა პასუხისგებაში მიცემაზეა საუბარი, აუცილებელია მტკიცებულებები. ამის გარეშე ვერავის დავაკავებთ. ჩვენ ასეთი გზა ავირჩიეთ. შეიძლება, რეიტინგისთვის ეს მომგებიანი არ არის, მაგრამ ჩვენ ავირჩიეთ კანონის უზენაესობა, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში გაამართლებს.

- ქვეყანაში დესტაბილიზაციას გამორიცხავთ?

- დესტაბილიზაციის მოსურნეები ყველა ქვეყანაში არიან, მათ შორის, საქართველოში. ზოგი ასეთი პოლიტიკოსი ჩვენ რუსეთის მხარდამჭერებად გვნათლავს, როცა თვითონ 90-იან წლებში ბალტინის ჯარს შემოუძღვნენ ქვეყანაში. მხედველობაში მყავს კაკო ბობოხიძე. ის მაშინდელ ხელისუფლებას იარაღით ხელში ებრძოდა. არა მგონია, ახლაც სტაბილიზაცია უნდოდეს. ასეთები სხვებიც არიან, მაგრამ ახლა აღარ არის 90-იანი წლები. ვინც დესტაბილიზაციას შეეცდება, კანონის მიხედვით ყველა პასუხს აგებს. არიან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არჩევნებით ვერ მოვლენ ხელისუფლებაში. ისინი ცდილობენ წყლის ამღვრევას და ამ გზით მოსვლას სათავეში.

- ამ თემაზე პრეზიდენტი მართავს კონსულტაციებს.

- პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის ნიშნებს ხედავს. ეს განცხადება გამაოგნებელი, არაგონივრული და არაადეკვატური იყო. ასეთ საკითხებზე საუბრისას სიფრთხილეა საჭირო. ჩვენ, კონსერვატორებმა, ბევრი რამ გადავიტანეთ. ყველა მძიმე მოვლენამ ბოლო 25 წლის განმავლობაში ჩვენს ზურგზე გადაიარა. საკმარისი გამოცდილება გვაქვს, რომ დესტაბილიზაცია არ დავუშვათ.

„ახალი თაობა“, 24 ოქტომბერი, 2015 წელი

ინტერვიუ ლადო სადღობელაშვილთან: „თინა ხიდაშელს სკანდალური საუბრის გამოქვეყნებას პირდები“

რატომ გადაეკიდნენ ერთმანეთს „თავისუფალი თაობა“ და თინა ხიდაშელი, რა ჩანაწერის გამოქვეყნებას ჰპირდებიან თავდაცვის მინისტრს, რატომ მოუწოდებდა „ნაციონალების“ ოფისების დაწვისკენ, რა შემთხვევაში მოუწევს საქართველოდან გაქცევა? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ „თავისუფალი თაობის“ ლიდერი ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება.

- ლადო, თქვენ ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნეთ სტატუსი, სადაც თინა ხიდაშელს ემუქრებით და ეუბნებით, არ გირჩევთ ჩვენს გადაკიდებასო. რა ხდება?

- ყველაფერი დაიწყო იმ ამაზრზენი კადრებით, რომლებიც 21 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ნანახით ყველა აღშფოთდა და თავისი პოზიცია ყველამ სხვადასხვანაირად დააფიქსირა. ჩემი პოზიცია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოვხატე.

- სადაც თქვენ ხალხს ნაციონალების მიმართ ანგარიშსწორებისკენ მოუწოდებდით.

- ასე იყო. ნანახმა კინაღამ ჭკუიდან გადამიყვანა და დავწერე ის, რასაც იმ მომენტისთვის ვფიქრობდი. ხალხს ნაციონალების ოფისების გადაწვისკენაც მოვუწოდე და მოლოტოვის კოქტეილიც ვახსენე. ეს იყო ჩემი პირველი რეაქცია ამ საშინელების ნახვაზე. ამაზე პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, მაგრამ ის ვერ გამიგია, რატომ უნდა ასე ძალიან თინა ხიდაშელს, რომ მე დამიჭირონ ან ჩემ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას.

- რატომ გგონიათ, რომ ხიდაშელს უნდა, თქვენ ციხეში წახვიდეთ?

- რესპუბლიკურმა პარტიამ ხიდაშელის ხელმძღვანელობით, საიამ, რომელსაც აკონტროლებს თინა ძალო, ნაციონალებმა, გადაწყვიტეს, რომ მე უნდა დამიჭირონ. როგორც კი ის სტატუსი გამოვაქვეყნე, ატყდა ერთი ამბავი და ითხოვენ, პროკურატურამ ჩემ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრას. ამ მოთხოვნით პროკურატურაში ზარები არ წყდება.

- ვინ რეკავს პროკურატურაში?

- ხელისუფლებაში მყოფი რამდენიმე პირი.

- შეგიძლიათ მათი ვინაობის დასახელება?

- როცა საჭირო იქნება, ვიტყვი. ამ ზარების პარალელურად, მთავარ პროკურატურაში საიამ შეიტანა სარჩელი. ისინი ჩემ წინააღმდეგ 156-ე მუხლით ითხოვენ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, რაც 2-დან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საია ხმას არ იღებს იმ საშინელებებზე, რომლებიც ნაციონალების დროს ხდებოდა და უნდა, რომ მე ჩამსვან ციხეში.

- თინა ხიდაშელი აქ რა შუაშია?

- ხიდაშელი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საიას. იქაურ ამბებს დღესაც ის წყვეტს. ახალგაზრდა იურისტები თავდაცვის მინისტრის გარეშე არაფერს წყვეტენ. დარწმუნებული ვარ, ჩემ წინააღმდეგ სარჩელის შეტანაც მასთან იყო შეთანხმებული. ყველაზე მეტად იმან აღმაშფოთა, რომ თინა ხიდაშელმა ჩემ წინააღმდეგ საქმის შესაძლო აღძვრას სასიხარულო ინფორმაცია უწოდა. ამის შესახებ მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.

- ზემოთ თქვით, ფეისბუქის გვერდზე ჩემი აღშფოთება ამ ფორმით გამოვხატეო. იქნებ ხიდაშელიც აღშფოთდა თქვენი მოწოდების გამო, მით უმეტეს, რომ ეს განცხადება ნაციონალებმა ხელზე დაიხვიეს.

- ყველა სიტყვაზე, რომლებიც დავწერე, პასუხს ვაგებ, მაგრამ მაინტერესებს, თინა ხიდაშელს რა აშფოთებდა? თავად არ განაცხადა, მერე რა მოხდა, ნაციონალების ოფისებს კვერცხებს თუ ესვრიანო?! მისი თქმით, კვერცხი რომ გხვდება თავში, ეგ არის დემოკრატია.

- ლადო, თქვენ კვერცხების სროლისკენ არ მოუწოდებდით, მოლოტოვის კოქტეილი ახსენეთ. ხიდაშელი თავდაცვის მინისტრია და იცის, რაც მოსდევს ამ კოქტეილის გამოყენებას.

- თავდაცვის მინისტრი რომ არის, მიხედოს ჯარის მშენებლობას და ნუ უხარია, 2 შვილის მამა რომ შესაძლოა ციხეში აღმოჩნდეს. მაგის ლოგიკით, მე ციხეში უნდა წავიდე და ნაციონალები უნდა გადარჩნენ. ცოტა ხნის წინ ირმა ინაშვილმა რესპუბლიკურ პარტიას ნაციონალური მოძრაობა 2 უწოდა და ეს რომ ასეა, ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. საია და რესპუბლიკელები ჩემ წინააღმდეგ სარჩელის შეტანას ისედაც მიჩვეული არიან. დეპუტატი რომ ჰყავთ პარლამენტში, თამარ კორძაია, იმან 2010 წელს მიჩივლა. დარწმუნებული ვარ, მასაც გაუხარდება, თუ ციხეში ჩამსვამენ. ქალბატონ თინას კი ვურჩევ, ჩემზე სტატუსების წერას პარტიის წევრებთან შეათანხმოს განცხადებები. ორმაგი სტანდარტებით მოქმედება ლამაზი არ არის.

- რა ორმაგ სტანდარტებზე საუბრობთ და რა უნდა გაარკვიოს პარტიაში?

- 22 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა განცხადება, რასაც დიდი ამბები მოჰყვა ნაციონალებში. ხიდაშელმა პრემიერს დაუჭირა მხარი, სამაგიეროდ, კორძაია გამოვიდა ღარიბაშვილის კრიტიკით. კარგად არის შესასწავლი, რა თამაშს თამაშობენ ესენი. ერთ რამეში დარწმუნებული ვარ: ეს პარტია ხელისუფლებაში თუ მოვიდა, ნაციონალურ მოძრაობაზე უარესები იქნებიან და მეც პოლიტიკურ ემიგრაციაში მომიწევს წასვლა.

- „თავისუფალი თაობის წევრები თინა ხიდაშელს მისი და გიგა ბოკერიას სატელეფონო საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნებითაც დაემუქრეთ. რა სატელეფონო საუბარი გაქვთ მხედველობაში?

- საუბარი ძალიან საინტერესოა და ღირს მისი გამოქვეყნება. ერთ ადგილას მოვისმინე ამ საუბრის ჩანაწერი, სადაც გიგა ბოკერია თინა ხიდაშელს ეუბნება, შენ ხარ ჩემი გარანტიო.

- რა გარანტიებზეა საუბარი?

- ხელშეუხებლობის გარანტიებზე.

- დარწმუნებული ხართ, რომ ეს სატელეფონო საუბარი ნამდვილია?

- თუ განვითარებული მოვლენებით ვიმსჯელებთ, საუბარი ნამდვილია.

- რა მოვლენებზე საუბრობთ?

- ნაციონალური მოძრაობის თითქმის ყველა ლიდერზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ამისგან დაზღვეული არც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდა. მასზე ძებნაც კი გამოაცხადეს. ერთადერთი, ვის წინააღმდეგაც საქმე არ აღძრულა, გიგა ბოკერიაა. არადა, ამ ადამიანის გვარი ბევრ დანაშაულში ფიგურირებს. ეს მაფიქრებინებს, რომ მას ხელისუფლებაში ვიღაც მფარველობს. იმ საუბრიდან თუ ვიმსჯელებთ, ის ვიღაც თინა ხიდაშელია. მისი დაცვის დავალება ხიდაშელს სხვისგან აქვს მიღებული.

- ეს სხვა ვინ არის?

- მაგის დასახელების დროც მოვა.

- მოდით, ისევ თავად ჩანაწერს დავუბრუნდეთ. საჭიროების შემთხვევაში შეძლებთ მათ წარმოდგენას?

- საჭიროების შემთხვევაში ნამდვილად წარმოვადგენ ამ ჩანაწერებს. იმედია, თინა ხიდაშელი ამაზე გააკეთებს განმარტებებს. ჩემი მხრიდან კი ვურჩევ, თავი დაანებოს ჩემზე ასეთი რამეების დაწერას, წინააღმდეგ შემთხვევაში `თავისუფალი თაობა~ გარკვეულ ზომებს მიიღებს. მე თუ დამიჭერენ, ამით ბევრი არაფერი შეიცვლება. `თავისუფალ თაობაში~ ბევრი ახალგაზრდაა გაწევრიანებული. ისინი უჩემოდაც გააგრძელებენ ბრძოლას სამართლიანობის აღსადგენად. ამ ბრძოლას ხიდაშელის სადარბაზოდან დავიწყებთ. ის და მისი პარტია სამართლიანობის აღდგენას უშლიან ხელს.

„ახალი თაობა“, 24 ოქტომბერი, 2015 წელი

ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან: ნაციონალური მოძრაობა ვეღარ მობრუნდება

ნათია ხურცილავა

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ აბაშიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობის ანგაჟირებული ქმედება „ქართულ ოცნებას“ აწყობს.

- დღეს რასაც ჩვენ ვხედავთ, ძალიან მძიმე და რთულად აღსაქმელია. როდესაც პრემიერ-მინისტრმა პრაქტიკულად ძალადობა გაამართლა და ღიად დაუჭირა მხარი, ამის შემხედვარემ, არ ვიცი, რა ვთქვა. ნაციონალური მოძრაობა ძალადობას ჩადიოდა, მაგრამ ახლა ჩვენ შური უნდა ვიძიოთ?! თურმე საზოგადოებამ ძალადობას ძალადობით უნდა უპასუხოს. ეს ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელია.

- თქვენ ასე წაიკითხეთ პრემიერის განცხადება?

- არ შეიძლება, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ასეთი ენით საუბრობდეს და ასეთ მესიჯებს აგზავნიდეს საზოგადოებაში.

- პროცესების ესკალიაციას ახდენს თუ არა ნაციონალური მოძრაობა?

- ნაციონალურმა მოძრაობამ თავისი მოღვაწეობა, როგორც პოლიტიკურმა მოძრაობამ, დაასრულა სწორედ იმის გამო, რომ მძიმე და ბევრი დანაშაული ჩაიდინა და შეცდომა დაუშვა. საზოგადოებამ ნაციონალურ მოძრაობას სწორედ ამ დანაშაულების გამო პასუხი გასცა. ახლა ხელისუფლება ცდილობს, ეს პოლიტიკური ძალა ისევ გააცოცხლოს, მისი იმუნიზაცია მოახდინოს და თქვას, რომ საშიშროებაა, ნაციონალური მოძრაობა ისევ ხელისუფლებაში დაბრუნდეს.

- ეს რაში აძლევს ხელს ხელისუფლებას?

- აძლევს. „თუ არა ჩვენ, აბა, ვინ? წინააღმდეგ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობა დაბრუნდება“. ეს არის მთელი ამ დაძაბულობისა და არსებული რეალობის მესიჯი. სწორედ ეს არის ქვეყანაში მთავარი პრობლემა, რომ ორივე პოლიტიკური ძალის ინტერესში შედის დაძაბულობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატები“, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს არ დავუშვათ. ჩვენი გზავნილი საზოგადოებისადმი არის ის, რომ პოლიტიკური პროცესები არა ქუჩაში, არამედ შენობებში გადავიდეს.

- პროცესების ქუჩაში გადანაცვლების რეალური საფრთხე არსებობს?

- სწორედაც რომ ამის საფრთხეა და ეს ხელისგულზე დევს. ნაციონალური მოძრაობის განცხადებები, რომ მოახდენენ სახელმწიფო უწყებების პიკეტირებას, რომ გადაკეტავენ შენობების შესასვლელებს, ასევე პრემიერის განცხადება, რომელიც მან გააკეთა, სწორედაც რომ საფრთხის შემცველია, სწორედაც რომ წამახალისებელია. არ არის საჭირო ენდიაის კვლევები. თუ ქუჩაში გავალთ, ვნახავთ, რა რეალობაა დღეს გარეთ, კაბინეტების დახურულ ფანჯრებს მიღმა. ჰკითხეთ ხალხს, თუ უჭერენ მხარს ისინი „ქართულ ოცნებას“?

დიდია იმედგაცრუება საზოგადოებაში. ხალხმა ხელისუფლების მიმართ ნდობა დაკარგა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს ნაციონალური მოძრაობა მოენატრა.

- ამ ფონზე თავისუფალი დემოკრატების პოზიცია როგორია?

- ჩვენ ვართ ალტერნატიული ძალა. ჩვენი მთავარი მიზანია, თითოეულ მოქალაქემდე მივიდეთ და ის იმედგაცრუება, რომელიც მათ `ქართული ოცნების~ მიმართ აქვთ, ის დანაპირები, რომელიც მათ ხელისუფლებამ ვეღარ შეუსრულა, შევასრულოთ.

- როგორ აპირებთ ამის გაკეთებას?

- არჩევნების გზით.

- ამომრჩევლის იმ ნაწილთან აპირებთ მუშაობას, რომელიც არჩევნებზე სახლში აპირებს დარჩენას?

- დიახ, სწორედაც რომ იმედგაცრუებულ ხალხს იმედი უნდა დავუბრუნოთ.

- ძალიან დიდი მაჩვენებელია, დაახლოებით 60%.

- დიახ, სწორედ მათთან ვაპირებთ მუშაობას, რომ ისინი მოვიმხროთ.

- ნაციონალები აცხადებენ, რომ რუსთავი 2-ის დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ, რომ სახელმწიფო შენობების პიკეტირებას მოაწყობენ.

- ხომ წარმოუდგენელია, ნაციონალური მოძრაობა თავისუფალ სიტყვას გულწრფელად იცავდეს! ხომ ყველას კარგად ახსოვს, რას უშვრებოდა ნაციონალური მოძრაობა თავისუფალ სიტყვას, როგორ გაიგდო ფეხქვეშ და გათელა, როგორ ჩაწიხლა. ამიტომ ის, რაც დღეს მათი მხრიდან ხდება, ჩემთვის მიუღებელია. ღრმად ვარ დარწმუნებული, დღესაც ძველებურად ფიქრობენ, რადგან ეს ძალა რევანშიზმით არის გაჟღენთილი. მათი მთავარი მიზანია, სწორედ არეულობის გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში და მერე ყველაზე და ყველაფერზე შური იძიონ. მედიის თავისუფლების გარეშე ვერ მოხდება ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. ჩვენ არ დავუშვებთ, ამ პოლიტიკურმა ძალებმა ქვეყანა უკან დააბრუნონ.

- საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტს მოწოდება დაუწუნა. მარგველაშვილი მათ მოსამართლეზე ზეწოლაში დაადანაშაულეს. თქვენ რას იტყვით პრეზიდენტის პოზიციაზე?

- ჩვენ ღიად ვაფიქსირებთ, რომ პრეზიდენტს კარგად აქვს გაცნობიერებული, თუ რა ხდება დღეს ქვეყანაში.

- პრეზიდენტი შუამავლის ფუნქციით გამოდის.

- დიახ. პრეზიდენტს კარგად აქვს გაცნობიერებული ის პასუხისმგებლობა, რომელიც მან ქვეყნისა და ამ ქვეყნის მოქალაქეების წინაშე აიღო. სამწუხაროა, რომ მთავრობას ეს პასუხისმგებლობა გააზრებული არ აქვს. ამიტომაც არ ვართ დღეს ჩვენ მათ რიგებში.

- ექსპერტების ნაწილი ვადამდელ არჩევნებს არ გამორიცხავს. შეიძლება, საქმე აქამდე მივიდეს?

- არაფერი გამორიცხული არ არის, მაგრამ არჩევნები კარს არის მომდგარი, ამიტომ ყველამ გონიერებას უნდა მოვუხმოთ, რათა ეს პროცესები დაწყნარდეს და არჩევნებამდე ნორმალურ ვითარებაში მივიდეთ. ჩვენ წინა ხელისუფლების დროსაც ვამბობდით, რომ მიშა სააკაშვილს არჩევნებით შევცვლიდით და დღესაც ვამბობთ, რომ ამ ხელისუფლებასაც არჩევნებით შევცვლით. სხვა ალტერნატივა, უბრალოდ, არ არსებობს. განვითარების გზა ეს არის და არა _ რევოლუცია. გადატრიალება, ჩამოგდება, რევანში წარსულს ჩაბარდა.

Comments are closed