globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 24 ოქტომბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Oct 24th, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„რეზონანსი//მთელი კვირა“: ახალი სახეები პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეებად

„რეზონანსი//მთელი კვირა“: „ირაკლი ალასანიას აჩრდილი“ ახალ პარლამენტში // რა მოხდება, თუკი ქართული პოლიტიკიდან წასული „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი ლიდერი გორში მეორე ტურს მოიგებს

„რეზონანსი//მთელი კვირა“: „ნაცმოძრაობა“: კაპიტულაცია ზუგდიდში და გამარჯვება მარნეულში

„რეზონანსი//მთელი კვირა“: განმეორებითი არჩევნებიდან მეორე ტურამდე // ექსპერტები 30 ოქტომბერს მოვლენების სხვადასხვაგვარად განვითარებას პროგნოზირებენ

„რეზონანსი//მთელი კვირა“: რა შედეგებს ელოდებით მეორე ტურში? (გამოკითხვა)

„რეზონანსი//მთელი კვირა“: ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „თუ გვინდა სიმშვიდე, იმაზეც უნდა დაფიქრდეს „ქართული ოცნება“, რომ საერთოდ მოხსნას საკუთარი კანდიდატი მარნეულის მეორე ტურიდან“

——

კვირის პალიტრა“: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „სასაცილოა – ხმა ჩვენ მოგვეცით, ჩვენსავით მოძალადეები რომ არ გახდნენო…“ // ამ ხალხის საპროტესტო გამოსვლა არ მახსოვს მაშინ, როდესაც ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა საკონსტიტუციო უმრავლესობა, ამიტომ ამ წერილის ავტორების არ მჯერა

კვირის პალიტრა“: ინტერვიუ აკაკი ბობოხიძესთან: „ცხოვრება ერთი არჩევნებით არ მთავრდება“ // ქართული ოცნებაგამარჯვებულია და ამ დინების საწინააღმდეგოდ სვლას არ ვაპირებთ

——

„ახალი თაობა“: ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „საარჩევნო ბარიერის 1%-მდე დაწევა არასერიოზულია“ // „ჩვენნაირი ქვეყნისთვის საპრეზიდენტო რესპუბლიკა უფრო მისაღებია“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ თორნიკე შარაშენიძესთან: „მეორე ტურში, მარნეულისა და ახალციხის გარდა, ყველგან „ოცნება“ გაიმარჯვებს“ // „აუტსაიდერ პარტიებს რაც მოუვიდათ, საკუთარ თავს დააბრალონ“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ მირიან მირიანაშვილთან: „ახალ პარლამენტში შეთქმულება გამორიცხულია“ // „მიხეილ სააკაშვილი ქარიზმატული პოლიტიკური ლიდერის ფუნქციას ვეღარ შეასრულებს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ მამუკა გვაძაბიასთან: „არ შეიძლება, დიდი მომღერალი პოლიტიკოსი გახდეს“ // „ნაციონალები იმას უნდა გაუფრთხილდნენ, რაც აქვთ“

——————-

„რეზონანსი//მთელი კვირა“, 24 ოქტომბერი, 2016 წელი

ახალი სახეები კომიტეტის თავმჯდომარეებად

ეკატერინე ბასილაია

სულ მალე მე-9 მოწვევის პარლამენტი მუშაობას შეუდგება და “ქართული ოცნების” დეპუტატებს შორის საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილებაც დაიწყება – ეს იქნება პარლამენტის ახალი თავმჯდომარე, ვიცე-სპიკერები და კომიტეტის თავმჯდომარეები.

“ოცნებაში” აცხადებენ, რომ მათ კანდიდატებზე არათუ გადაწყვეტილება, არამედ მსჯელობაც არ დაუწყიათ, რადგან ახლა მთავარი საკითხი 30 ოქტომბერს მაჟორიტარულ ფლანგზე მეორე ტურის ჩატარება და სრული გამარჯვების მოპოვებაა. თუმცა კულუარებში საბოლოო გადაწყვეტილება არა, მაგრამ სავარაუდო კანდიდატებზე საუბარი და განხილვები უკვე დაწყებულია, მათ შორის ზოგიერთი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარედ მეორე ტურში გადასული მაჟორიტარობისთვის მებრძოლებიც კი განიხილებიან.

საუბარია იმაზეც, რომ კომიტეტის თავმჯდომარეებად პარტიის ახალი სახეების წამოწევაა გადაწყვეტილი. საბოლოოდ, ვინ სად აღმოჩნდება, ამას პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გადაწყვეტენ.

უკვე თითქმის გადაწყვეტილია, რომ პარტიის აღმასრულებელი მდივანი და სიის მესამე ნომერი ირაკლი კობახიძე შეცვლის დავით უსუფაშვილს და პარლამენტის სპიკერი გახდება. ვიცე-სპიკერებიდან საუბარია, რომ შესაძლოა ზვიად ძიძიგური და მანანა კობახიძე ისევ დარჩნენ და მათ მიემატოთ ერთი ახალი სახე.

ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, აკაკი ზოიძე, ირაკლი კოვზანაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, გენადი მარგველაშვილი, გიორგი გახარია, რომან კაკულია, მამუკა მდინარაძე, კობა კობალაძე – ეს ის ახალი სახეები არიან, რომლებიც “ქართული ოცნების” კულუარებში სხვადასხვა თანამდებობაზე განიხილებიან.

კომიტეტის თავმჯდომარეობის სავარაუდო კანდიდატები

პარლამენტში სულ 15 კომიტეტია. აქედან 6 კომიტეტის თავმჯდომარე მომავალ პარლამენტში არ მოხვდება, რადგან სამი კოალიციაში შემავალი სხვა პარტიებიდან იყვნენ: ვახტანგ ხმალაძე და ლევან ბერძენიშვილი “რესპუბლიკელებიდან” და ზურაბ ტყემალაძე “მრეწველებიდან”; სამი კი იყო პარტია “ქართული ოცნებიდან”, მაგრამ მათგან თამაზ მეჭიაურმა პარტია დატოვა და საკუთარი შექმნა, ივანე კიღურაძე და თედო ჯაფარიძე კი პარტიის სიის მიღმა აღმოჩნდნენ.კონკრეტულად კი, ვაკანტურია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი, სადაც ვახტანგ ხმალაძის შემცვლელად ეკა ბესელია განიხილება. ადამიანის უფლებათა კომიტეტში კი, სადაც ბესელია იყო თავმჯდომარე, ახალი სახეები მოიაზრებიან. მათ შორის საუბარია პარტიული სიის მე-4 ნომერ თამარ ჩუგოშვილზე. თუმცა ჩუგოშვილს ასევე იუსტიციის მინისტრადაც მოიაზრებენ და ამ შემთხვევაში საუბარია მამუკა მდინარაძეზე, რომელსაც ჯერ მეორე ტური აქვს მოსაგები.

ასევე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ ლევან ბერძენიშვილის შემცვლელად ახალი სახეები სახელდებიან – სიის მე-8 ნომერი რომან კაკულია, ან 34-ე დიმიტრი ცქიტიშვილი, რომელიც პარტია “ქართული ოცნების” საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელი იყო

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში “ოცნების” სიაში ვერ მოხვედრილი თედო ჯაფარიძის ადგილი, დიდი ალბათობით, შესაძლოა  მისმა მოადგილე ზვიად კვაჭანტირაძემ დაიკავოს.

განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ივანე კიღურაძის შემცვლელად მოსვლის დიდი სურვილი აქვს გუგული მაღრაძეს და ის ამას არც მალავს. თუმცა “ოცნების” კულუარებში ამ პოსტზე გენადი მარგველაშვილი განიხილება, რომელმაც ქუთაისში მეორე ტური უნდა მოიგოს.

საფინანსო და საბიუჯეტო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურის შემცვლელადაც მოიაზრება ახალი სახე – სიის მე-18 ნომერი ირაკლი კოვზანაძე, რომელიც ჯერ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი იყო, შემდეგ ეროვნული ბანკისთვის სასწრაფოდ შექმნილი საბანკო ზედამხედველობის თავმჯომარეობის კანდიდატადაც მიიჩნეოდა, თუმცა შემდეგ ეს სტრუქტურა საკონსტიტუციო სასამართლომ საერთოდაც არაკონსტიტუციურად ცნო. ასევე ვაკანტურია დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის ადგილი, მას შემდეგ, რაც ზურაბ ტყემალაძე ვერ შევიდა პარლამენტში. რამდენიმე კანდიდატს შორის სახელდება პარტიული სიის მე-5 ნომერი გიორგი გახარია, რომელიც იყო პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში და ეკონომიკური საბჭოს მდივანი.

სხვა კომიტეტებში უმეტესად, შესაძლოა, ისევ ძველი თავმჯდომარეები დარჩნენ, თუმცა ასევე საუბარია იმაზე, რომ ახალი სახეებიც იქნებიან განხილული. მაგალითად, თავდაცვის კომიტეტში ან დარჩება ირაკლი სესიაშვილი, ან მას კობა კობალაძე ჩაანაცვლებს, თუმცა ჯერ ორივეს მაჟორიტარული მეორე ტური აქვს მოსაგები.

ასევე საუბარია იმაზეც, რომ უკვე გადაწყვეტილია შეიცვალოს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და ნაცვლად პოსტს ჩაიბარებს აკაკი ზოიძე, რომელიც სიის მე-6 ნომერია.

“გარკვეული შეჯიბრობითობაც იქნება”

გუგული მაღრაძე, რომელიც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა, აცხადებს, რომ კანდიდატების განხილვა ჯერჯერობით არ ყოფილა, უბრალოდ, შეიძლება ყველას თავისი კანდიდატი ჰყავდეს მეტ-ნაკლებად მოაზრებული. იგი აცხადებს, რომ კადრების დეფიციტი არ იქნება.

შეკითხვაზე, როგორც კომიტეტის თავმჯდომარის მოქმედ მოადგილეს, მას განიხილავენ თუ არა ლევან ბერძენიშვილის შემცვლელად, გუგული მაღრაძე ამბობს, რომ საკუთარი თავი პარლამენტში განათლების კომიტეტის თავმჯდომარედ წარმოუდგენია.

“ჯერ ძირითადი ინტერესი არის მეორე ტურისკენ. ჯერ მაჟორიტარები შევლენ და როდესაც დაკომპლექტდება პარლამენტი მთლიანად, ეს არის სესიამდე ერთი კვირით ადრე გადასაწყვეტი საქმე… მაგალითად, მე, განათლების სფეროზე უფრო ვფიქრობ, იმიტომ, რომ 4 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რამ უნდა გაკეთდეს განათლებაში. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ეკონომიკაზე დაფუძნებული განათლება გვჭირდება და მნიშვნელოვანი ცვლილებებია საჭირო. განათლება ჩემთვის ძალიან ახლობელი სფეროა,” – აღნიშნავს გუგული მაღრაძე. მისი თქმით, პირადად მასთან კანდიდატების განხილვა არ ყოფილა, თუმცა ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით მუშაობა ახალ პარლამენტში ბევრს შეუძლია.

“ევროინტეგრაციის სამინისტროდან გვყავს ხალხი ბოლოს და ბოლოს. მაგალითად, რომან კაკულია, რომელიც დეპარტამენტის უფროსი იყო. არ ვიცი, რომანს რა უნდა, მაგრამ ამ ლოგიკით თუ გავყვებით, ამ სფეროში რამდენიმე ადამიანი შეიძლება იყოს. ასე რომ, ჯერ ამ საკითხის წამოწევა არ არის სწორი,” – მიიჩნევს მაღრაძე. იგი ამბობს იმასაც, რომ ამა თუ იმ დარგის სპეციალისტი შეიძლება ბევრი ჰყავდეს “ქართულ ოცნებას” პარლამენტში, მაგრამ მათგან ყველას არ აქვს ამბიცია კომიტეტის თავმჯდომარეობაზე. ამიტომ შერჩევისას გაითვალისწინებენ ყველაფერს და ერთგვარი შეჯიბრებითობაც იქნება.

“ვიცით, ვინ რა სფეროში მუშაობდა, ვის რა წარმატებები აქვს და ვის შეუძლია მუშაობა. რამდენიმე სავარაუდო კანდიდატი დასახელდება, მერე იქნება მსჯელობა – ვინ ჯობია. სადღაც ძველი უნდა დარჩეს, სადღაც – ახლები მოვიდნენ. თუ აღმოჩნდა, რომ ის კადრი, რომელიც ძველი მოწვევის პარლამენტში კარგად მუშაობდა და სხვა არ არის პრეტენდენტი, დარჩება ძველი. მანდაც გარკვეული შეჯიბრებითობაა. მე მივესალმები ახლების უფრო ინტენსიურად ჩართვას, იმიტომ, რომ თანდათანობით ცოდნას შეიძენენ და 2020 წლის პარლამენტისთვის უფრო გამოცდილები იქნებიან. თუმცა წინასწარ ვარაუდების გამოთქმა ამ შემთხვევაში გონივრული არ არის, შეიძლება ის არ გამართლდეს. ყოველ შემთხვევაში, კადრების დეფიციტი არ იქნება,” – დასძენს გუგული მაღრაძე.

ვინ გაანაწილებს პოსტებს

დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ერთადერთი თედო ჯაფარიძის პარლამენტში არმოხვედრაზე წყდება გული, რადგან ჯაფარიძე მისთვის ყველაზე სანდო პროფესიონალია, რომლის მსგავსი დიპლომატიური გამოცდილების მქონე ადამიანი თითზე ჩამოსათვლელია და, სამწუხაროა, რომ ის “ქართული ოცნების” სიაში არ აღმოჩნდა. სოსო ცისკარიშვილის თქმით, როგორც წესი, ყველა თანამდებობას ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი წყვეტს საბოლოოდ, თუმცა საპარლამენტო პოსტებზე პრეტენდენტების საქმიანობის შესახებ ნაკლები ინფორმაცია ექნება – მხოლოდ უკანასკნელ წლებში ვინ სად, რა თანამდებობაზე მოღვაწეობდა, ეს ეცოდინება. ამიტომაც თვლის, რომ ექსპრემიერი ამ კადრების გადანაწილებას გიორგი კვირიკაშვილს მიანდობს და უფრო უკეთესს შედეგსაც მივიღებთ.

პოლიტოლოგი არ გამორიცხავს იმასაც, რომ კვირიკაშვილმა არატრადიციული ნაბიჯი გადადგას და კომიტეტის თავმჯდომარებად ადამიანები ჯერ სამი თვის ვადით, გამოსაცდელი დროით დაინიშნოს, მათ შორის იქნება ბევრი ახალი სახე, შემდეგ კი, ვინც ბიძინა ივანიშვილს მოეწონება, დატოვებენ, ვინც არა – შეიცვლება. იგი თვლის, რომ აქცენტი ახალ სახეებზე უნდა გაკეთდეს და თუ კომიტეტებში თავმჯომარებად არა, მიადგილეებად მაინც იქნებიან ყველგან.

სოსო ცისკარიშვილის ვარაუდით, შესაძლოა, კვირიკაშვილთან ერთად საპარლამენტო პოსტების გადანაწილებაში ირაკლი კობახიძემაც მიიღოს აქტიური მონაწილეობა, თუმცა კობახიძესთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეს ის შემთხვევაა, როდესაც არ გამართლდა ქართული გამონათქვამი: “ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა”, რადგან თვლის, რომ ირაკლი კობახიძე საკუთარ მამას, ნინო ბურჯანაძის პარტიის ყოფილ აქტიურ წევრს, გია კობახიძეს ვერ სჯობს.

“თუ კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე გახდება, შეიძლება შავი არშია შემოვაკრათ პარლამენტის შენობას. ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო სპიკერის, დავით უსუფაშვილის შემდეგ ეს იქნება საკადრო კატასტროფა. მისი გამოუცდელობისა და გაუწონასწორებელი ხასიათის გამო ბევრი სადარდელი გვექნება. ჩემი აზრით, ის უნდა ყოფილიყო მამლაყინწის როლის შემსრულებელი “ნაციონალური მოძრაობის” ლანძღვის პროცესში, რაც გარდაუვალია, რადგან განვლილი 4 წელი პარლამენტში მთავარი თემა სწორედ ურთიერთლანძღვა იყო,” – მიიჩნევს სოსო ცისკარიშვილი. იგი ამბობს, რომ ახალი სახეებიდან თამარ ჩუგოშვილის კანდიდატურას მიესალმება, რადგან მას საია-ს თავმჯდომარეობისას ძალიან პოზიტიური თვისებები ჰქონდა; თვლის, რომ ირაკლი კოვზანაძე გამოცდილი ფინანსისტია და მას სადმე თანამდებობაზე აუცილებლად დანიშნავენ იმიტომ, რომ მასთან “ოცნება” ვალშია, რადგან ის დანიშნეს ეროვნული ბანკის საზედამხედველო სამსახურის უფროსად, რომელიც არაკონსტიტუციური ყოფილა და საკმაოდ პასუხისმგებლობის მქონე სამსახურიდან ის უმუშევრად დატოვეს.

სოსო ცისკარიშვილის პროგნოზით, არც ოზურგეთის მაჟორიტარი არჩილ თალაკვაძე დარჩება საპარლამენტო თანამდებობის გარეშე, რადგან ის პროფესიონალია და კარგი დეპუტატი იქნება, თუმცა შიშობს, რომ მის მიერ ამ ადამიანების ქების გამო მათ საპარლამენტო პერსპექტივას არ ავნოს.

„რეზონანსი//მთელი კვირა“, 24 ოქტომბერი, 2016 წელი

ირაკლი ალასანიას აჩრდილიახალ პარლამენტში

რა მოხდება, თუკი ქართული პოლიტიკიდან წასული თავისუფალი დემოკრატების ყოფილი ლიდერი გორში მეორე ტურს მოიგებს

ელზა პაპოშვილი

მიუხედავად იმისა, რომ “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ და გორის მაჟორიტარული მეორე ტურის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, ის დეპუტატი და პარლამენტის წევრი მისი ნების მიუხედავად შესაძლოა მაინც გახდეს.

30 ოქტომბერს ალასანია საარჩევნო ბიულეტენში ცეესკოს გადაწყვეტილების მიხედვით, “ქართული ოცნების” გორის მაჟორიტარი კანდიდატის თემურ ხუბულურის კონკურენტი იქნება. უფრო მეტიც, საია-ს იურისტის, ლელა ტაილურის განცხადებით, ალასანიას გამარჯვების შემთხვევაში, მისი ნებასურვილის მიუხედავად, ის დეპუტატი გახდება. ამასთან, თუ მან მანდატზე ოფიციალურად უარი არ განაცხადა, კანონის მიხედვით, მას დაპუტატის უფლებამოსილებას ვერავინ ჩამოართმევს.

იურისტის თქმით, მათ ამ საკითხთან დაკავშირებით სრულიად განსხვავებული პოზიცია აქვთ, რადგანაც, მათი აზრით, ალასანიას ოფიციალურად საკუთარი აზრის ანუ უარის დაფიქსირების შესაძლებლობა უნდა ჰქონოდა. თუმცა ცესკომ მათი რეკომენდაცია არ მიიღო და ალასანია კვლავ ბიულეტენში დატოვა.

“ჩვენი მოსაზრება ასეთი იყო, რომ თუ ალასანიას არ სურდა მეორე ტურში მონაწილეობა, მაშინ მისი ადგილი მესამე ადგილზე გასულ პირს უნდა დაეკავებინა, ნუ, ამ შემთხვევაში ირაკლი ოქრუაშვილს. რაც შეეხება ამ მოცემულობას, რაც ახლა გვაქვს და ცეესკომ არ შეცვალა, პროცედურა არის ასეთი, რომ ირაკლი ალასანიას გამარჯვების შემთხვევაში ის რეგისტრაციაში გატარებული იქნება როგორც პარლამენტარი და დეპუტატად ჩაითვლება”, – ამბობს იურისტი.მისივე განცხადებით, არსებობს ცალკე პროცედურა, რომელიც შუალედური არჩევნების ჩატარებას გულისხმობს. ასეთი არჩევნები, იურისტის თქმით, გამოკლებული წევრის ნაცვლად ტარდება. თუმცა რას ნიშნავს ასეთი წევრი წარმომადგენლობით ორგანოში, განმარტებული არ არის. მაგრამ, ტალიურის აზრით, აქ შეიძლება ვიგულისხმოთ შემთხვევა, როდესაც დეპუტატი პარლამენტში არ შევა და თავის უფლებამოსილებას არ განახორციელებს.

“თუ ალასანია პარლამენტში არ შევა და ის ოფიციალურად სადეპუტატო მანდატზე უარს იტყვის, მაშინ ასეთ შემთხვევაში მისი ადგილის შესავსებად, როგორც ეს გარდაცვლილი დეპუტატის ან თანამდებობაზე წასული პარლამენტარების შემთხვევაში ხდება, შუალედური არჩევნები ჩატარდება. კანონმდებლობა განმარტავს, როდის იქნება ეს არჩევნები. კანონის მიხედვით, წელიწადში ორჯერ ხდება – აპრილში, ან ოქტომბერში.

სამწუხარო ის არის, რომ საარჩევნო კანონმდებლობა მთელ რიგ შემთხვევებში არ შეიცავს კონკრეტულ შემთხვევებთან დაკავშირებით ამომწურავ ჩანაწერებს, რადგანაც ალასანიას მაგალითზე კანონში არ არსებობს ზუსტი რეგულაცია, თუ რა უნდა გაკეთდეს იმ დროს, როდესაც კანდიდატი მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. ამის მიზეზი კი კანონის სხვადასხვა ინტერპრეტაცია და განმარტებაა”, -ამბობს იურისტი.

ლელა ტალიურის თქმით, გამოდის რომ მეორე ტურში გორის მაჟორიტარული არჩევნები ფაქტიურად ტყუილად ტარდება, რადგანაც ალასანიას გამარჯვების შემთხვვაში კიდევ ერთი არჩევნები უნდა ჩატარდეს. იურისტის განცხადებით, გორის არჩევნები არარეალურ კანდიდატებს შორის ტარდება. მისი აზრით, ცესკოს სრულიად თავისუფლად შეეძლო ალასანია ბიულეტენიდან ამოეღო და მის ნაცვლად მესამე ადგილზე გასული ირაკლი ოქრუაშვილი ჩაესვა, თუმცა, კანონის ამ კუთხით გამოყენება მათ არ ისურვეს.

“გამოდის, რომ არჩევნებში თუ ალასანია გაიმარჯვებს, მაშინ ხელახალი არჩევნები გახდება ჩასატარებელი. ეს დამატებით ხარჯებს მოითხოვს, რაც, რა თქმა უნდა, არაგონივრული და არასწორი ქმედებაა. ამ შემთხვევამ კარგად დაგვანახა, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში სერიოზული ხარვეზებია. მეორე ტურების საკითხი ფაქტიურად სიახლეს წარმოადგენს, რადგანაც მაჟორიტარი კანიდატებისათვის წინა არჩევნების დროს 30%-იანი ბარიერი იყო, რაც მეორე ტურებს არ საჭიროებდა. ის რეგულაციები და ვარიანტები, ასეთ შემთხვევაში რა შეიძლება მომხდარიყო, კანონში სრულად ჩაწერილი არ იქნა. სარჩევნო კანონმდებლობა ძალიან ფრაგმენტულად გადაიხედა და მისი ძირეული ცვლილებები არ განხორციელდა. თუ ირაკლი ალასანიამ გაიმარჯვა და დეპუტატი გახდა, ხოლო მან ამ მანდატზე უარი ოფიციალურად არ განაცხადა, მაშინ 4 წლის განმავლობაში მას ამ მანდატის ფლობის უფლება აქვს. მას მანდატს ვერავინ ჩამოართმევს. კანონით ასეთი რამ განსაზღვრული არ არის”, – ამბობს იურისტი.

„რეზონანსი//მთელი კვირა“, 24 ოქტომბერი, 2016 წელი

ნაცმოძრაობა: კაპიტულაცია ზუგდიდში და გამარჯვება მარნეულში

თიკო ოსმანოვა

მარნეულსა და ზუგდიდში 4 საარჩევნო ოლქში ჩატარებული განმეორებითი არჩევნები, 8 ოქტომბრისგან განსხავებით, საერთო ჯამში, მშვიდი გამოდგა. თუმცა, ორივე რაიონში დეპუტატის მანდატისთვის კანდიდატებს შერკინება უკვე მესამედ 30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტურზე მოუწევთ. განმეორებითი არჩვნების შედეგების მიხედვით, მარნეულში “ნაციონალური მოძრაობის” და ზუგდიდში “ქართული ოცნების” კანდიდატმა გაიმარჯვა, თუმცა ვერც ერთმა მათგანმა 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო.

მარნეულსა და ზუგდიდში განმეორებითი კენჭისყრის პროცესი ჩვეულებრივ დილის 8 საათზე დაიწყო. თუმცა ამომრჩევლებზე მეტად “ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები “აქტიურობდნენ”, რომლებიც რაიონებში დილიდანვე ჩავიდნენ და მთელი დღის განმავლობაში პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდნენ.

მარნეულში

ცესკო-ს მონაცემებით, მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე რვა საჩივარია დაწერილი. “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” ყურდაღებას იმ მცირე პროცედურულ დარღვევებზე ამახვილებენ, რაც შაბათს მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა. თუმცა, მათივე თქმით, არჩევნებმა ზოგაგად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

როგორც საია-ში აცხადებენ, მარნეულის 48-ე უბანზე დაფიქსირდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტი, ვინაიდან უბანზე მისული პირველი ამომრჩეველი არ შევიდა საარჩევნო კაბინაში, მაგიდაზე გააკეთა არჩევანი და ისე ჩააგდო ბიულეტენი საარჩევნო ყუთში. ამომრჩევლის განმარტებით, ვინაიდან საარჩევნო უბანზე ხალხმრავლობა იყო, ვერ დაელოდებოდა, სანამ მოახერხებდა საარჩევნო კაბინამდე მისვლას.

არასამთავრობო ორგანიზაციაში ასევე აცხადებენ, რომ მარნეულის 48-ე უბანზე გადასატანი ყუთის სია შედგენილი იყო კანონის მოთხოვნების დარღვევით (მუხლი 33.5). კერძოდ, გადასატანი ყუთის სიის საჯარო ვერსიაში არ იყო შეტანილი ამომრჩევლის იგივე მონაცემები, რომელიც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში. კერძოდ, გამოტოვებული იყო დაბადების წელი და ამომრჩევლის რიგითი ნომერი ამომრჩეველთა ერთიან ან სპეციალურ სიაში. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საია-ს დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა. ამის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისია შეეცადა დარღვევის გამოსწორებას და გადასატანი ყუთის სიის საჯარო ვერსიაში შესაბამისი ცვლილებები შეიტანა.

ასევე, მარნეულის 48-ე უბანზე პირველი ამომრჩევლის მოსვლის დროს საუბნო კომისიას ჯერ კიდევ არ ჰქონდა დასრულებული 07:00 საათიდან 08:00 საათამდე ჩასატარებელი პროცედურები (მაგალითად, პირველი ამომრჩევლის მოსვლისას უბანზე, რეგისტრატორებს არ ჰქონდათ გადაცემული ბიულეტენები და ბეჭდები). საარჩევნო კომისიამ ეს ხარვეზი ახსნა უბანზე მყოფი დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენელთა სიმრავლით და ამის გამო შექმნილი დაძაბულობითა და კომისიის წევრთა დაბნეულობით.

“აღსანიშნავია, რომ მარნეულის 48-ე სარჩევნო უბანზე ფიქსირდება კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა სიმრავლე. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ კენჭისყრის ოთახი მცირე მოცულობისაა და უბანზე ხალხმრავლობის გამო, არ არის სათანადო სამუშაო პირობები”, – ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

“ნაციონალური მოძრაობის” მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატმა აკმამედ იმამკულიევმა კი მმართველი პარტია ამომრჩევლისთვის ხელოვნური ბარიერის შექმნაში დაადანაშაულა. მისი განცხადებით, მარნეულში პოლიციას საარჩევნო უბნამდე მისასვლელი გზა გადაკეტილი ჰქონდა და ამომრჩევლებს 48-ე საარჩევნო უბნამდე, რომელიც სოფელ ყიზილაჯლოშია,ავტომანქანით მისვლის საშუალებას არ აძლევენ.

“არჩევნებზე მოდიან ხანდაზმული ადამიანები და მათ ფიზიკურად არ შეუძლიათ ამხელა მანძილის ფეხით გავლა. მე მოვუწოდებ შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს, მისცეს ბრძანება პოლიციას, რათა გახსნან გზები და ამომრჩეველს მისცენ საშუალება საარჩევნო უბანზე მოვიდნენ და საკუთარი არჩევანი დააფიქსირონ. ხელისუფლება ხვდება, რომ არჩევნებს აგებს და აი, ასეთ მეთოდებს მიმართავს, რათა არ დაუშვან ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე”, – განაცხადა იმამკულიევმა.

ეს ბრალდება კატეგორიულად უარყვეს შსს-ში. მათი თქმით, საარჩევნო უბნამდე მისვლა ამომრჩევლებს თავისუფლად შეუძლიათ. “პოლიცია მხოლოდ არეგულირებს მოძრაობას და მოქალაქეებს თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება”, – განაცხადეს შსს-ში.

“ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრმა მამუკა მდინარაძემაც უპასუხა და ოპოზიცია “პიარ პროვოკაციის” მოგონებაში დადანაშაულა. “არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, რაც არ შედის “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესში და ამიტომ მოიგონეს ახალი პიარ პროვოკაცია”, – განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე და გედევან ფოფხაძე იმ გზების დასათვალიერებლადაც იმყოფებოდნენ, რომლებზეც იმამკულიევი მიუთითებდა, რომ პოლიციას აქვს გადაკეტილი. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ყველას შეუძლია დარწმუნდეს, რომ არავითარი გზა გადაკეტილი არ არის.

“ოცნების” ლიდერები პირადად იმამკულიევსაც გაესაუბრნენ და ჰკითხეს, თუ სად იყო გადაკეტილი გზები, რაზეც იმამკულიევმა უპასუხა, რომ აღნიშნულ გზებზე “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების გამოჩენის შემდეგ პოლიციისა და “გაურკვეველმა” მანქანებმა ტერიტორია დატოვეს.

საარჩევნო უბანი მარნეულში ჩვეულებრივ საღამოს 8 საათზე დაიხურა. ცესკოს მონაცემებით ამ უბანზე იმამკულიევმა 378 ხმა მიიღო, ხოლო “ქართული ოცნების” კანდიდატმა თეიმურაზ ნავერიანმა – 307.

ზუგდიდში

ცესკოს ინფორმაციით, 8 ოქტომბრისგან განსხავებით, ზუგდიდშიც განმეორებითი არჩევნები საერთო ჯამში მშვიდ ვითარებაში ჩატარდა, თუმცა დაფიქსირდა მცირე დარღვევები. რაც შეეხება საჩივრებს, ზუგდიდის საოლქო კომისიაში ერთი, ხოლო ზუგდიდის საუბნო კომისიებში ორი საჩივარი დაიწერა.

ჯიხაშკარში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე დამკვირვებელსა და “ქართული ოცნების” მხარდამჭერს შორის შელაპარაკება მოხდა. ეს ინციდენტი დამკვირვებლის, დარეჯან ცხვიტარიას განცხადებამ გამოიწვია, რომ “ქართული ოცნების” მხარდამჭერი აგიტაციას ეწეოდა. თუმცა კიდევ ერთი ორგანიზაციის დამკვირვებელი განმარტავს, რომ აღნიშნული პირი კანონს არ არღვევდა და აგიტაციას საარჩევნო უბნის გარეთ ახორციელდებოდა.

დარეჯან ცხვიტარიას განცხადებით, “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ამომრჩევლებს ეუბნება, რომ ხმა 41 ნომერს უნდა მისცეს.

ა/ო “საუნჯემ” კი ჯიხაშკარში საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა გააპროტესტა, რაც საჩივარშიც ასახა. ამის მიზეზი კი ერთ-ერთი დამკვირვებლის მხრიდან ამომრჩევლისთვის თვალის ჩაკვრა გახდა.

“საკმაოდ მძიმე დარღვევა დაფიქსირდა სოფ. ჯიხაშკარის 79-ე უბანზე, სადაც ერთ-ერთი დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენელმა რამდენჯერმე შეიხედა ხმის მიცემის კაბინაში, როდესაც შიგნით ამომრჩეველი იმყოფებოდა. ერთ-ერთი შეხედვის შემდეგ კი სხვა პირს თვალი ჩაუკრა და თქვა “ის შემოხაზა, ვინც ვუთხარით”.

“აღნიშნული ქმედება, ერთი მხრივ, ხმის მიცემის ფარულობას არღვევს, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია, ხოლო, მეორე მხრივ, მიუთითებს, რომ შესაძლებელია ამომრჩევლის ნების გამოხატვაზე ზეგავლენასაც ჰქონდა ადგილი, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ზუგდიდშიც საარჩევნო უბნები კანონით დადგენილ საღამოს 8 საათზე დაიხურა. სამივე საარჩევნო უბნის განმეორებითი კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის გათვალისიწინებით, 66-ე ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატები არიან სანდრა რულოვსი 10 692 ხმით, რაც საერთო რაოდენობის 44.8%-ია და ედიშერ თოლორაია 11 607 ხმით, რაც ხმების 48.63%-ს შეადგენს.

შედეგები, რომლითაც ოპოზიციამაც და ხელისუფლებამაც იზეიმა

განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი მონაცემების გათვალისწინებით, მარნეულისა და ზუგდიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

“მეორე ტურში აუცილებლად გავიმარჯვებთ და მარნეულის მუნიციპალიტეტში 80%-იან მხარდაჭერას მივიღებთ”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატმა აკმამედ იმამკულიევმა ჟურნალისტებს #48-ე საარჩევნო უბნის წინასწარი შედეგების შეფასებისას განუცხადა. “სამწუხაროდ, პირველ ტურში ჩვენ ვერ მოვიპოვეთ დეპუტატის მანდატი, მაგრამ მეორე ტურში ამაზე უფრო მეტი ხმით მოვიპოვებთ გამარჯვებას. დღეს ჩვენ საზოგადოებას ვაჩვენეთ, რომ 8 ოქტომბერს რაც მოხდა ამ უბანზე, იყო “ქართული ოცნების” მიერ გამოწვეული პროვოკაცია. 30 ოქტომბერს ჩვენ არჩევნებში აუცილებლად გავიმარჯვებთ და მარნეულის მუნიციპალიტეტში 80%-იან მხარდაჭერას მოვიპოვებთ”, – განაცხადა იმამკულიევმა. “მარნეულში ყველა სახელისუფლებო სტრუქტურა იყო კონცენტრირებული და მაინც წააგეს”, – ეს განცხადება კი “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, “ნაციონალური მოძრაობა” იბრძოლებს მეორე ტურებში იმისთვის, რომ გაზარდოს მხარდამჭერების და იმ სოფლებისა და თემების რაოდენობა, “სადაც ხელისუფლება თავის თავს ვერ გაიტანს”.

“ქართული ოცნების” მტკიცებით, კი მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოს 48-ე უბნის მონაცემები არჩევნების საბოლოო შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს. “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრის მამუკა მდინარაძის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ხმებით გაუსწრო “ქართული ოცნების” კანდიდატს, თუმცა “არჩევნების მეორე ტურში თამაზ ნავერიანი მიაღწევს გამარჯვებას”. მდინარაძის მტკიცებით კი, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გაკეთებული განცხადებები, თითქოს 8 ოქტომბრის შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა და მომხდარმა დაპირისპირებამ მოახდინა გავლენა ამომრჩევლებზე, სრული სიცრუეა.

“არაფერ შუაში არაა ის ამბავი, რაც იყო 8 ოქტომბერს. ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია. დამნაშავეები პასუხისგებაში არიან მიცემული და სასამართლო გადაწყვეტს მათ ბედს. ეს ამბავი ხმების მიცემასთან და ნების გამოხატვასთან არაფერ შუაში არ არის”, – განაცხადა მდინარაძემ. მარნეულისგან განსხვავებით “ქართული

ოცნების” კანდიდატმა განმეორებითი კენჭყის შედეგად “ნაციონალური მოძრაობის” სიის მეორე ნომერი, ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი დაამარცხა. თუმცა 50% ბარიერის გადალხვა ვერ შეძლო. სანდრა რულოვსმა სამეგრელოში მარცხი მოსახლეობაზე ზეწოლით და არჩევნების გაყალბებით ახსნა და განაცხადა, რომ მეორე ტურში მონაწილეობას აღარ მიიღებს. თუმცა ბრძოლას გააგრძელებს. პროპორციული სიით შევა პარლამენტში და ზუგდიდელების უფლებებს იქიდან დაიცავს.

„მინდა მადლობა გადავუხადო ამომრჩეველს მათი ნდობისთვის და მოპოვებული გამარჯვებისთვის, რომელიც, სამწუხაროდ, მომპარეს არა მარტო 8 ოქტომბერს, არამედ ახლაც. “ყველამ იცის, რომ მე პირველ ტურში გავედი, ამიტომ შეურაცხყოფად ვთვლი მეორე ტურში შემოსვლას ამ უსამართლო ე. წ. დემოკრატიული არჩევნების ფონზე. “მე ვთვლი, რომ არ უნდა მივიღო მონაწილეობა მეორე ტურში. ჯერ ერთი, მთელ ზუგდიდში ძალიან ცუდი – ქურდული, კრიმინალური და წნეხის პირობებია შექმნილი და არ მინდა, ამ ხალხს კიდევ პრობლემები ჰქონდეს, შეურაცხყოფა მიაყენონ, დასცინონ. მე ვიცი, რომ გამარჯვებული ვარ და, აქედან გამომდინარე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს პარლამენტიდან ან თუნდაც სხვა ადგილიდან დავუდგები გვერდში – ეს ჩემი ვალდებულებაა. “ეს გაყალბება არა მარტო ზუგდიდში, არამედ მთელ საქართველოში იყო. მე მიკვირს საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასება (გამონაკლისის გარდა), მიუხედავად იმისა, რომ უფრო და უფრო ვრცელდება ვიდეომასალები, სადაც კარგად ჩანს დარღვევების ფაქტები – გამქრალი ბიულეტენები, ერთი და იგივე ხალხი უბანში, ფოტოების გადაღება და ა.შ. “ეს არის გაყალბება, რომელსაც მასშტაბებს ვერ დაუდებ, ეს იყო ყველგან.

ჩემი გამარჯვება პირველ ტურში – ეს იყო პირადი მარცხი ივანიშვილისთვის, არაფორმალური მმართველისთვის, ვინც 8 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე თქვა, რომ “ის ქალბატონიც კი ვერ გაიმარჯვებს ზუგდიდში. და ეს მიიღეს, როგორც ბრძანება და ეს ბრძანება ყველანაირად უნდა შესრულებულიყო. ეს ყოვლად მიუღებელია ჩემთვის.

მე მემატება ძალა და ბრძოლის უნარი ხალხისგან და ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ არ უნდა დავრჩე ასე, უნდა გავაგრძელო მუშაობა და მოვიქცე როგორც გამარჯვებული და ასეც იქნება ზუგდიდის რაიონშიც, ზოგადად პოლიტიკაშიც და ჩემს მომავალ ქმედებებში”, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

„რეზონანსი//მთელი კვირა“, 24 ოქტომბერი, 2016 წელი

განმეორებითი არჩევნებიდან მეორე ტურამდე

ექსპერტები 30 ოქტომბერს მოვლენების სხვადასხვაგვარად განვითარებას პროგნოზირებენ

სალომე სარიშვილი

ზუგდიდსა და მარნეულში განმეორებით ჩატარებული არჩევნების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურები 30 ოქტომბერს ამ რეგიონებშიც გაიმართება. ექსპერტებს მეორე ტურების შესაძლო შედეგებსა და მოსალოდნელ პროცესებთან დაკავშირებით განსხვავებული პროგნოზები აქვთ, თუმცა იმაზე ცალსახად თანხმდებიან, რომ არც არჩევნებამდე და არც 30 ოქტომბერს რაიმე ინციდენტსა და კრიზისს არ უნდა ველოდოთ.

ცნობისთვის: გუშინდელი ცესკოს პირველადი მონაცემების მიხედვით, მარნეულის ოლქში საუკეთესო შედეგი “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა – აკმამედ იმამკულიევმა აჩვენა. მან ამომრჩევლის 10 026 ხმა მიიღო, ხოლო “ქართული ოცნების” კანდიდატმა – თამაზ ნავერიანმა 9051 ხმა. რაც შეეხება ზუგდიდის მონაცემებს, ცესკოს ცნობით, სამივე საარჩევნო უბნის განმეორებითი კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის გათვალისიწინებით, წინასწარი მონაცემების მიხედვით, ზუგდიდის 66-ე მაჟორიტარულ ოლქში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატები სანდრა რულოვსი და ედიშერ თოლორაია არიან. გუშინვე ცნობილი გახდა, რომ “ნაცმოძრაობის” კანდიდატი სანდრა რულოვსი არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს. მან ამის მიზეზად პირველი ტურის გაყალბება დაასახელა.

პოლიტოლოგი და ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ მაღალი ალბათობით მეორე ტურის შემდეგ “ქართულ ოცნებას” საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება და ეს რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული.

“ამის პირველი მიზეზი გახლავთ ის, რომ პირველ ტურებში “ოცნების” კანდიდატებს საკმაოდ დიდი უპირატესობა ჰქონდათ. გარდა ამისა, მეორე ტურებზე ზოგადად დაბალი აქტივობაა ხოლმე. ამიტომ ორგანიზაციულ-ადმინისტრაციულ რესურსს სერიოზული მნიშვნელობა ენიჭება და ამ მხრივაც უნდა ვივარაუდოთ, რომ “ქართულ ოცნებას” დიდი უპირატესობა აქვს,” – ამბობს “მთელ კვირასთან” საუბრისას გია ხუხაშვილი და ყურადღებას მარნეულში განვითარებულ მოვლენებზე ამახვილებს.

“რაც შეეხება მარნეულს, რომელსაც, ცხადია, არ განვაზოგადებ, უბრალოდ, უნდა აღინიშნოს, რომ იქ “ქართულმა ოცნებამ” ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ წაეგო. ეს ძალიან ფაქიზი საკითხია და დეტალებში შესვლა არ მინდა, მაგრამ მარნეულში “ოცნების” სვლები გამიზნული იყო მარცხისთვის. ხელისუფლებამ არ რეგიონში ფატალური შეცდომები დაუშვა, რასაც მხოლოდ არჩევნების წაგება კი არა, სამომავლოდ ბევრად უფრო სერიოზული სირთულეები შეიძლება მოჰყვეს. ეს ძალიან ზედაპირული და ზერელე დამოკიდებულების გამო მოხდა. ასეთი ფატალური და სულელური შეცდომები არცერთ ხელისუფლებას, არც ერთ დროს, როცა კი იქ პრობლები იყო, არ დაუშვია. ეს გახლდათ უპრეცედენტო სიბრიყვე, რაც “ქართულმა ოცნებამ” მარნეულში გამოიჩინა,” – დასძენს ანალიტიკოსი.

რაც შეეხება მეორე ტურების საერთო სურათსა და მოსალოდნელ შედეგს, გია ხუხაშვილის თქმით, ვითარება რეგიონების მიხედვით სხვადასხვაგვარია.

“რეგიონებში ვითარება სხვადასხვანაირია და გამომდინარე იქიდან, რომ ჩატარებულმა კამპანიამ ამომრჩეველს ფაქტობრივად მესამე არჩევანი არ დაუტოვა, დღეს დარჩა “ცუდი” და “უარესი”. ცუდსა და უარესს შორის კი გაკეთდება ის არჩევანი, რაც გაკეთდება. მაგალითად, ქუთაისი, სადაც არჩევანი კობა ნარჩემაშვილსა და გიგი წერეთელს შორის გაქვს, ეს საშუალო ამომრჩევლისთვის ფაქტობრივად ნიშნავს, რომ მას არჩევანი არ აქვს, რადგან მას თავს ცუდსა და უარესს ახვევენ,” – აღნიშნავს ხუხაშვილი და დასძენს, რომ ეს დრამატული ორპოლუსიანი შედეგი “ქართულმა ოცნებამ” თავისი საარჩევნო კამპანიით შექმნა. ქართული ოცნება” “ნაციონალურ მოძრაობას” კი არ ებრძოდა ან კონკურენტად თვლიდა, თავის მოწინააღმდეგედ მესამე არჩევანს მიიჩნევდა, რომელიც მოასუფთავა და ტატამზე ის მოწინააღმდეგე დატოვა, რომელიც მას მაქსიმალურ კომფორტს შეუქმნიდა.

ეს გახლდათ წმინდა ტექნოლოგიური, შეიძლება პოლიტიკურად გამართლებულიც, მაგრამ სახელმწიფოებრივად დამაზიანებელი კამპანია. გრძელვადიან პერსპექტივაში კი, შეიძლება ითქვას, რომ “ქართული ოცნებისთვის” ფატალურიც კი,” – მიიჩნევს პოლიტოლოგი და იქვე უმატებს, რომ მეორე ტურებში რაიმე სერიოზულ ინდიდენტებს არ უნდა ველოდოთ.

მცირე ინდიდენტები იქნება, მაგრამ დიდი გართულებები, წესით, აღარ უნდა იყოს, რადგან ეს ძალიან ხელოვნური იქნება. რა თქმა უნდა, საუბარი ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებაზე კვლავ გაგრძელდება, შეიძლება რაიმე კონკრეტული ინციდენტებიც მოხდეს, მაგრამ არ მგონია, რაიმე სერიოზული კრიზისი ჩამოყალიბდეს,” – ამბობს გია ხუხაშვილი.

პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე კი მოვლენების სხვაგვარად განვითარებას პროგნოზირებს და ამბობს, რომ მეორე ტურებმა, შესაძლოა, არჩევნების სურათი შეცვალოს. მისი თქმით, საუბარი მმართველი ძალის მხრიდან გარკვეულ მანიპულაციებზე საფუძველს მოკლებულია, რადგან ასეთ შემთხვევაში სასურველი შედეგის მიღება პირველივე ტურში იყო შესაძლებელი.

“პრინციპში, მხოლოდ მმართველი ძალის მხრიდან კი არა, ნებისმიერ შემთხვევაში მანიპულაციები ვითარებას ამარტივებს. ხოლო როცა მეორე ტურები იმართება, ეს ნიშნავს, რომ მანიპულაციები არჩევნებზე ნაკლებად სავარაუდოა. ეს მეორე ტური სანდოობის ერთ-ერთი და არა ერთადერთი ნიშანია. რაც შეეხება უშუალოდ შედეგებს, თუ ჩვენ იმავე თემებიდან ამოვალთ, რაც განმეორებით ჩატარებულ არჩევნებზე მივიღეთ, სავარაუდოა, რომ მარნეულში “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი იმამკულიევი გაიმარჯვებს, რადგან მისი მაჩვენებელი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე კონკურენტისა, რასაც, დავუშვათ, ზუგდიდზე ვერ ვიტყოდით. ამ შემთვევაში სანდრას არ ვგულისხმობ. თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს მაჩვენებლები შეიძლება შეიცვალოს კიდეც და შესაბამისად, ეს პროგნოზიც ვერ იქნება მთლად მყარი. გამორიცხული არაა, მეორე ტურისთვის დამახასიათებელმა ძალთა მობილიზაციამ საწინააღმდეგო შედეგებიც კი გვაჩვენოს და ეს, პრინციპში, სავსებით მოსალოდნელიცაა,” – უთხრა “მთელ კვირას” რამაზ საყვარელიძემ.

მისი შეფასებით, თუ ჩავლილ არჩევნებს დავაკვიდებით, ჩანს, რომ პირველ ადგილზე გასული და ამ შემთხვევაში “ნაცმოძრაობის” კანდიდატები, მეორე ადგილზე გასულ “ოცნების” კანდიდატებს საკუთარი მაჩვენებლით ძალიან ახლოს ემიჯნებიან. სწორედ ამიტომ, საყვარელიძის ვარაუდით, შესაძლოა, ძალთა მობილიზაციამ სურათი შეცვალოს კიდეც და “ოცნებამ” უპირატესობა მოიპოვოს.

“ყოველ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ “ოცნებას” საქმე ხელის ჩასაქნევად არ აქვს, რადგან მეორე ტურს თავისი სპეციფიკა აქვს. საბოლოოდ, პასიურობა არც ერთ მხარეს მეორე ტურში არ არგია, რადგან სწორედ ამან შეიძლება სურათი რადიკალურად შეცვალოს,” – ამბობს რამაზ საყვარელიძე.

პოლიტოლოგის აზრით, ამომრჩევლმა ზუგდიდსა და მარნეულში ინციდენტების გაკვეთილი უკვე მიღო. გარდა ამისა, მისი თქმით, განმეორებით ჩატარებულ არჩევნებზე დაძაბულობა პრაქტიკულად არ იყო, ამიტომ საყვარელიძე ეჭვობს, რომ დაძაბულობა არც მეორე ტურებში არ იქნება. “გარდა ამისა, უკვე ხედავენ, რომ ამ ყველაფერს ისევ მათი კანდიდატისთვის გართულებული მდგომარება მოჰყვება და შესაბამისად არეულობა მომგებიანი არაა,” – აღნიშნავს რამაზ საყვარელიძე.

„რეზონანსი//მთელი კვირა“, 24 ოქტომბერი, 2016 წელი

რა შედეგებს ელოდებით მეორე ტურში?

გვანცა ღვედაშვილი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მარნეულის #48-ე საარჩევნო უბანზე “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა აკმამედ იმამკულიევმა გაიმარჯვა, ხოლო ზუგდიდის 66-ე მაჟორიტარულ ოლქში “ქართული ოცნების” კანდიდატმა ედიშერ თოლორაიამ “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ სანდრა რულოვსს მოუგო. თუმცა, ამის მიუხედავად, ამ ოლქებში 50%-იანი ბარიერი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა და ყველგან მეორე ტურებია მოსალოდნელი.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩვნების მეორე ტური 30 ოქტომბერს 50 მაჟორიტარულ ოლქში ძირითადად “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატებს შორის გაიმართება.

რა შედეგებს ელოდებით მეორე ტურში? – ამ კითხვით “მთელმა კვირამ” საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

ნუცა ჯანელიძე (მუსიკოსი): “ვფიქრობ, ოლქების უმრავლესობაში, მაგრამ არა ყველაში, ალბათ “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს. ამასთან, შესაძლებელია, მეორე ტურში პროვოკაციების სახით, გარკვეული დაძაბულობაც ვიხილოთ.”

გია ბუღაძე  (ფერმწერი): “კონსტიტუციურ უმრავლესობას ველოდები. ყველაფერი გადაწყვეტილია, არაფორმალური მმართველი რელურად მაგარი მოთამაშეა და ჩანს, რომ ამის დიდი გამოცდილება აქვს. მან დაგეგმა ეს თამაში და, რა თქმა უნდა, მოიგებს კიდეც. ასე რომ, ახლა ხელში მათი საკონსტიტუციო უმრავლესობა და 20 – წლიანი მმართველობა გვიჭირავს.”

სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): “მეორე ტურში “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო უმრავლესობას მიაღწევს. რამდენად იქნება ეს შედეგიანი პარლამენტი, ეს სხვა თემაა, მაგრამ, ჩემი ღრმა რწმენით, ახლა უკვე აბსოლუტურ უმრავლესობას ნამდვილად მოიპოვებენ.”

ვასილ მაღლაფერიძე (პუბლიცისტი): “ველოდები, რომ დიდი უმრავლესობით ამ არჩევნებს “ქართული ოცნება” მოიგებს და საკონსტიტუციო უმრავლესობასაც მოიპოვებს.”

„რეზონანსი//მთელი კვირა“, 24 ოქტომბერი, 2016 წელი

ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: თუ გვინდა სიმშვიდე, იმაზეც უნდა დაფიქრდეს ქართული ოცნება, რომ საერთოდ მოხსნას საკუთარი კანდიდატი მარნეულის მეორე ტურიდან“ // „საკონსტიტუციო უმრავლესობა საფრთხეს არ წარმოადგენს. საქართველოში საფრთხის შემცველია დღევანდელი რეალობა, რასაც ჰქვია ქვეყნის კადრებთუხუცესი

ნინო ქეთელაური

“საფრთხის შემცველი დღევანდელი რეალობაა, რასაც ჰქვია ქვეყნის კადრებთუხუცესი, რომელიც საკუთარ თავს გვაცნობს, როგორც ქვეყნის “რიგითი მოქალაქე”, სინამდვილეში კი სრულიად მარტივად ახერხებს როგორც მთავრობის, ისე პარლამენტის პრივატიზაციას და ერთი პირის მიერ პარლამენტის მართვას. ეს არათუ საფრთხის შემცველი, არამედ შიშის მომგვრელია”, – განაცხადა დამოუკიდებლ ექპერტთა კლუბის თავმჯდომარემ სოსო ცისკარიშვილმა “მთელ კვირასთან” საუბრისას. მისი შეფასებით, როგორი იქნება ახალი პარლამენტის მუშაობა, ეს დამოკიდებულია იმ ახალ სახეებზე, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” წარმოადგინა, თუმცა, ცისკარიშვილის ვარაუდით, მომდევნო 4 წელი პრეზიდენტის ინსტიტუტის “პრივატიზაციის” მცდელობას ვიხილავთ.

განმეორებითი არჩევნების შედეგები, მეორე ტური, საკონსტიტუციო ცვლილებები, ახალი პარლამენტი, პრეზიდენტის როლი მოდევნო 4 წლის განმავლობაში – ეს ის საკითხებია, რაზეც “მთელი კვირა” სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.

- როგორ შეაფასებთ განმეორებით ჩატარებულ არჩევნებს, “ქართული ოცნების” დეპუტატებისგან კეთდება განცხადებები, რომ ისინი 30 ოქტომბერს დამაჯერებლად გაიმარჯვებენ… მარნეულის და ზუგდიდის არჩევნები აძლევს თუ არა მათ ასეთი ვარაუდის საფუძველს?

- სამწუხაროდ, მარნეულის მაჟორიტარი კანდიდატის არჩევა უფრო მეტ ხიფათს შეიცავს, ვიდრე რომელიმე სხვა რეგიონში მიმდინარე მეორე ტურის პროცესი. წინდაუხედაობა შეიძლება იმის მომასწავებელი ყოფილიყო, რისი მოწმენიც ახლა ვხდებით და არის საფრთხე, რომ პოლიტიკურ ძალთა დაპირისპირება ეროვნული ნიშნით დაპირისპირების საფუძველი აღმოჩნდეს. ეს კი ყველაზე უარესი სცენარი შეიძლება იყოს და საქმე შეეხება უკვე არა რაიმე სახის წინასარჩევნო კამპანიას, არამედ სერიოზულ პროვოკაციას. ცხადია, არსებობენ ძალები (არა მარტო ქვეყნის შიგნით), რომელთაც სურთ, რომ ქართველ და აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს შორის შუღლი გამოკვებონ და წინასწარ გამარჯვების დაანონსება შეიძლება იყოს მხოლოდ სიმხდალის მაჩვენებელი. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ქვეყნის განვითარების ნებისმიერი მიმართულებით “ქართულ ოცნებას” ბევრად უფრო მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა გააჩნდეს, ვიდრე ცალკე აღებულ რომელიმე სხვა პოლიტიკურ სუბიექტს. ამას ვამბობ მათი უფლებამოსილებებიდან გამომდინარე, რაც სულ მალე შევა ძალაში და შესაბამისად, სწორედ “ქართული ოცნება” იქნება ის სუბიექტი, რომლის მიმართაც რაიმე გაუგებრობის შემთხვევაში განაჩენივით იქნება გამონათქვამი – რასაც დასთეს, იმას მოიმკიო.

ჩემი აზრით, თუ გვინდა სიმშვიდე, იმაზეც უნდა დაფიქრდეს “ქართული ოცნება” (თუ ეს მართლა “ქართულია”), რომ საერთოდ მოხსნას საკუთარი კანდიდატი მარნეულის მეორე ტურიდან.

- განმეორებითი არჩევნების შემდეგ, მეორე ტურებზე რა მოლოდინი უნდა გვქონდეს, დაძაბულობა იქნება?

- წინდახედული პოლიტიკური სუბიექტი, რომელსაც ფაქტობრივად უკვე გააჩნია საკონსტიტუციო უმრავლესობა, რასაკვირველია, არა მხოლოდ საკუთარ სავარძლებზე უნდა ფიქრობდეს, არამედ ფასეულობათა რიგში, ქვეყანაში სიმშვიდის დანერგვას უნდა აყენებდეს ყველაზე წინ. ის ფაქტი, რომ ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობა არ არის მოტივირებული, რომ “ქართული ოცნების” კანდიდატს გაამარჯვებინოს, ეს იქნება დაუსრულებელი ან მძიმე შედეგით დასრულებული, რადგან აზერბაიჯანული წარმოშობის მოქალაქეთა ასეთი რაოდენობის კონცენტრაციის პირობებში, პროვოკაციის ნიშანიც შეიძლება ვიხილოთ “ქათული ოცნების” არააზერბაიჯანელი წარმოშობის კანდიდატის მხრიდან, საპარლამენტო სავარძლის მოსაპოვებლად.

ეს დამოკიდებულია იმაზე, ერთი კვირის განმავლობაში მოასწრებენ თუ არა ადგილობრივი ხელისუფლების ახალი სახეებით გამდიდრებას, ან თუნდაც აზერბაიჯანელი მოსახლეობის მიერ მხადრაჭერილი კანდიდატის სადმე დასაქმებას, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელის მარნეულში. სხვაგვარად ეს იქნება ხანგრძლივი და ძნელად მოსაშუშებელი შფოთი, რაც არც ქართველი და არც აზერბაიჯანელი მოსახლეობის ინტერესში არ შედის. გვეყო რუსეთისთვის საამებელი ნაბიჯების გადადგმა. ყველანი უნდა დავფიქრდეთ და გავაცნობიეროთ ჩვენი ქვეყნისთვის რა არის უფრო ღირებული – ერთი სავარძელი თუ ისტორიული კეთილგანწყობა მეზობელ ერებს შორის.

- როგორც თქვენ თქვით, “ოცნებას” დიდი ალბათობით საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება. რა რისკის შემცველია ეს?

- საკონსტიტუციო უმრავლესობა საფრთხეს არ წარმოადგენს. საქართველოში საფრთხის შემცველია დღევანდელი რეალობა, რასაც ჰქვია ქვეყნის კადრებთუხუცესი, რომელიც საკუთარ თავს გვაცნობს, როგორც ქვეყნის რიგითი მოქალაქე, სინამდვილეში კი სრულიად მარტივად ახერხებს როგორც მთავრობის, ისე პარლამენტის პრივატივაზიას და ერთი პირის მიერ პარლამენტის მართვას. ეს არათუ საფრთხის შემცველი, არამედ შიშის მომგვრელიც არის ჩვენი საზოგადოებისთვის. განვლილმა ოთხმა წელმა დაგვანახა, რომ ის განცხადებები (ხშირ შემთხვევაში, ურთიერთგამომრიცხავი სიცრუე) რომელსაც ვისმენდით მთავრობისა და პარლამენტის მფლობელი სუბიექტისგან, სინამდვილისგან ძალიან შორს არის. მისთვის ქვეყნის წინსვალზე უფრო მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე მოახდინოს პრეზიდენტის “პრივატიზაციაც”, რაც განვლილი 4 წლის განმავლობაში ვერ მოახერხა.

- იმ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მინდა გკითხოთ, რაც “ქართულმა ოცნებამ” დაანონსა. რამდენად მნიშვნელოვან საკითხებად მიგაჩნიათ და შეძლებს თუ არა ამ ცვლილებების მიღებას?

- შეძლებს თუ ვერა, ეს საკითხი არ დგას იმიტომ, რომ რასაც მოისურვებენ, ყველაფერს შეძლებენ. ხოლო პრივატიზებული პარლამენტის მფლობელის უპირველესი თავისტკივილი პრეზიდენტი და მთლიანობაში საპრეზიდენტო ხელისუფლება გახლავთ.

2013 წელს, როდესაც ეს “რიგითი მოქალაქე” ქვეყნის პრემიერი იყო, თავგამოდებით იცავდა საპრეზიდენტო ინსტიტუციას და ბრძანებდა, რომ უნდა გაიზარდოს მისი უფლებამოსილებები, არ შეიძლება, რომ ის არჩეული იყოს პარლამენტის მიერ, რადგან მისი ლეგიტიმაცია იქნება ნაკლები, ხოლო თავად პრეზიდენტის ინსტიტუტს უნდა გააჩნდეს ყველა ბერკეტი იმისა, რომ რაიმე დაპირისპირების შემთხვევაში, პარლამენტსა და მთავრობას შორის მიუკერძოებელი მსაჯული იყოს და სიტუაციის გამომსწორებელიო.

ახლა გაუგებარია, რატომ შეიცვალა ამ “მოქალაქემ” საკუთარი ხედვა და რატომ არ უარყოფს მის მიერვე გამოჩეკილ ნეოპოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ განცხადებებს იმის შესახებ, რომ პირველი, რა საკონსტიტუციო ცვლილებაც უნდა მოხდეს, ეს პრეზიდენტის ინსტიტუტისა და მისი არჩევის წესებიაო.

- არჩვენების შემდეგ როგორი იქნება პრეზიდენტის როლი, რამე სიახლეებს უნდა ველოდოთ?

- ალბათ ჯერჯერობით იმედის წარმოშობა ნაკლებად დამაჯერებელი იქნება, რადგან 4 წელია ჩვენი კადრებთუხუცესი ცდილობს საკუთარი “შეცდომა” გამოასწოროს და შეცვალოს პრეზიდენტი. ახალი “მეოცნებეების” გუნდში შეიძლება ნებისმიერ არაკანონიერ ქმედებაზე და საზოგადოებისთვის მიუღებელ ნაბიჯებზეც მოხდეს კონსენსუსი, ოღონდ რამენარად ჩრდილი მიაყენეონ პრეზიდენტს და მის ინსტიტუტს, ოღონდ პრეზიდენტის სასახლე “დაითრიონ” – არც ამ სიტყვას მოვერიდები.

- როგორ ფიქრობთ, “პატრიოტთა ალიანსი” პარლამენტში ახალ ძალად უნდა გავიხილოთ, მოსალოდნელია თუ არა მათი თანამშრომლობა ან მოკავშირეობა “ქართულ ოცნებასთან”?

- ჩემი აზრით, არ აქვს მნიშვნელობა, რა რიგითობით არის დანომრილი პოლიტიკური ძალა, იმ ორი მონსტრისგან ის უსათუოდ იქნება განსხვავებული. არა მარტო რაოდენობით, არამედ სხვადასხვა საკითხთან მიდგომის კუთხით და თუკი რაიმე ინტერესია ახალი პარლამენტის მიმართ, სწორედ ამ “პატრიოტთა ალიანსის” საპარლამენტო სივრცეში არსებობაა იმიტომ, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში როგორ მოიქცევიან “ნაციონალები” და “მეოცნებეები”, ჩვენთვის ზუსტად არის ცნობილი იმ წინა გამოცდილებიდან გამომდინარე, რომლის პირობებშიც 4 წელი საპარლამენტო საქმიანობის მთავარი აქცენეტები ამ პოლიტიკური მონსტრების ურთიერთლანძღვა და ერთმანეთის მიმართ ნეგატიური განწყობის დათესვა იყო.

- სააკაშვილის მიმართვაზე მინდა გკითხოთ, რომლის მიხედვითაც, ის არჩევნების მეორე ტურის დასრულებამდე არ აპირებდა ჩამოსვლას და საზოგადოებამ მისი განცხადება არასწორად გაიგო…

- ვერ ვიტყვი, რომ ბევრს შურს ბატონი სააკაშვილის დღევანდელი ბედი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საქართველოში ჩამოსვლის გეგმის შეცვლა და მის მიერ ამის უარყოფა იქიდან გამომდინარე მოხდა, რომ მას არსებულ თანამდებობაზე საქმიანობის გაგრძელების საფრთხე წარმოექმნა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც უკრაინელ დიპლომატებს შეხვედრა ჰქონდათ შესაბამის ოფიციალურ პირებთან საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში და ასეთი ინფორმაციის გავრცელებას უკრაინული წყარო წარმოაჩენს, როგორც უკრაინის პრეზიდენტის მზაობას, რომ შეცვალოს ოდესის გუბერნატორი.

იყო საუბარი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირზე, რომელის მხრიდანაც იყო მზაობა ოდესის გუბერნატორის ჩანაცვლებაზე. ამის შემდეგ აღმოჩნდა, რომ თითქოს ჩვენ ყველას მოგვეჩვენა, რომ ის ჩამოსვალს გეგმავდა და ამას სულაც არ აპირებდა. უკანასკნელი მისი განცხადებები მეორე ტურის შესახებ მიმანიშნებენ იმაზე, რომ თავად ბატონ მიხეილს ჯერ კიდევ ბევრი აქვს საფიქრალი, მოევლინება თუ არა ის საკუთარ სამშობლოს, რომელიც გამოთქვამს მისი დაკავების სურვილს აეროპორტშივე, რადგან არსებობს სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება. იმ სამსამართლოსი, რომელიც თავის დროზე თავადვე გარყვნა.

- რა მოლოდინი გაქვთ, მომდევნო 4 წელი როგორი პარლამენტი გვეყოლება?

- ეს დამოკიდებულია ახალ “მეოცნებეთა” პირად თვისებებზე. მათ სიაში საკმაოდ ბევრი ღირსეული ადამიანია წარმოდგენილი, რომელთაც ნამდვილად შეუძლიათ, რომ ჩვენი ქვეყნის წინსვლა იყოს შეუქცევადი, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება მაშინ, თუ პარლამენტარები არიან შინაგანი თავისუფლების მქონე სუბიექტები და არა ვინმეს დანამატი ან ვინმესთვის თვალებში შემციცინე, მხოლოდ სხვისი კარნახით მოქმედი ადამიანები. ჯერჯერობით გაგრძელდება თუ არა ახალ პარლამენტში ისეთი რეალობა, რომელიც გასული 4 წლის განმავლობაში არსებობდა, დამოკიდებულია არა სისტემის პრივატიზაციის მსურველის ხედვაზე, არამედ ახალ პარლამენტარებზე, რომელთაც კარგი სახელი აქვთ პარლამენტში და ალაბათ, უპრიანია მათაც შევახსენოთ, რომ “სახელის გატეხვას თავის გატეხვა ჯობია”.

———————

კვირის პალიტრა“, 24 ოქტომბერი, 2016 წელი

ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „სასაცილოახმა ჩვენ მოგვეცით, ჩვენსავით მოძალადეები რომ არ გახდნენო // ამ ხალხის საპროტესტო გამოსვლა არ მახსოვს მაშინ, როდესაც ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა საკონსტიტუციო უმრავლესობა, ამიტომ ამ წერილის ავტორების არ მჯერა“ // „ეს პარტიები თვითონ რას აკეთებდნენ, ნუთუ ერთ კაცზე იყო დამოკიდებული მათი მოსუფთავება-არმოსუფთავების საკითხი?!

ნათია დოლიძე

მეორე ტურის შემდეგ, “ქართული ოცნება”, ალბათ, საბოლოოდ გაიფორმებს საკონსტიტუციო უმრავლესობას, რომლის მიზანშეწონილობისა და მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, ბოლო დღეებია, ბევრს ლაპარაკობენ… სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ მამუკა არეშიძესთან.

- ამ თემაზე და რაღაც საფრთხეზე რომ ვლაპარაკობთ, ეს “ნაციონალური მოძრაობის” დამსახურებაა. სწორედ მათ აქციეს ეს თემა მედიაში განსაკუთრებული განსჯის საგნად. ასე ცდილობენ, ის ელექტორატი, რომელმაც სხვა პარტიებს მისცა ხმა, მე-2 ტურის წინ როგორმე მიიმხრონ. სხვა საშუალება მათ არ გააჩნიათ და ეს თემა მოიგონეს. ცოტა სასაცილოც კია და პოლიტიკური კომედიაა, დაახლოებით ასე რომ მიმართავენ საზოგადოებას – ხმა ჩვენ მოგვეცით, რათა “ქართულ ოცნებას” საკონსტიტუციო უმ­რავლესობა არ ჰქონდეს და ჩვენსავით მოძალადეები არ გახდნენო… რაც შეეხება ძალაუფლების უზურპირების საფრთხეს, უნდა ითქვას, რომ თუ ვინმეს სურვილი ექნება, ამას პარლამენტის უბრალო უმრავლესობითაც მოახერხებს და პარლამენტს ფეხქვეშ ამოიდებს.

თავისთავად არ არის დემოკრატიული პროცესისთვის სახარბიელო, როდესაც ერთ პარტიას აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, მაგრამ მეორე მხრივ, ისეთი ჩამოუყალიბებელი პოლიტიკური კულტურის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ეს საკონსტიტუციო უმრავლესობა განსაკუთრებულ საფრთხედ არ მეჩვენება. ჩემი აზრით, ამას თავისი პლუსიც აქვს, რადგან პასუხისმგებ­ლობა მთლიანად “ქართულ ოცნებას” დაეკისრება, ხელს ვეღარავისკენ გაიშვერენ და ვერ იტყვიან, მუშაობაში ხელს გვიშლიანო.

ამასთანავე, როდესაც გვეუბნებიან, რომ ერთი პარტიის მოპოვებული საკონსტიტუციო უმრავლესობით, შესაძლოა, დამუხრუჭდეს დემოკრატიული განვითარება, ავიწყდებათ, რომ ჩვენთან, სამეზობლოსგან განსხვავებით, აქტიური და, ცოტა არ იყოს, აგრესიული სამოქალაქო სექტორი და არანაკლებ აქტიური საზოგადოებაა. თუ ამ საზოგადოებამ ხელისუფლების გაკონტროლება მოახერხა, არაფერიც არ მოხდება. ჩემი აზრით, არ ღირს ამ თემის ამდენი განხილვა, მთავარია, რამდენად სწორად გამოიყენებს “ქართული ოცნება” ამ ვითარებას. უნდა ვილაპარაკოთ მხოლოდ შედეგის მიხედვით. თუ შედეგი იქნება ქვეყნისთვის პოზიტიური, მაშინ, დამერწმუნეთ, არავის გაახსენდება, საკონსტიტუციო უმრავლესობა ვის ხელშია.

- საზოგადოება ახსენეთ და მისმა ნაწილმა სპეციალური წერილით მიმართა პოლიტიკურ პარტიებს და საკონსტიტუციო უმრავლესობის ერთი პარტიის ხელში მოხვედრის საფრთხეზე მიანიშნა

- ამ წერილის ხელმომწერთა უმეტესობა “ნაციონალურ მოძრაობასთან” ასოცირდება. ბევრი მათგანი დემოკრატს თამაშობს, ზოგიერთი – ლიბერალს, ზოგი კი, უბრალოდ, ფეხის ხმას არის აყოლილი. იმ წერილში ერთი არგუმენტიც არ არის, რომელიც მე, ერთ რიგით მოქალაქეს, დამარწმუნებდა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ქვეყნისთვის კატასტროფაა. გარდა ამისა, ამ ხალხის საპროტესტო გამოსვლა არ მახსოვს მაშIინ, როდესაც “ნაციონალური მოძრაობა” ფლობდა საკონსტიტუციო უმრავლესობას, თანაც – ორჯერ… ამიტომ მე ამ წერილის ავტორების არ მჯერა, თუმცა რამდენიმე ხელმომწერი საკუთარ საქმეში წარმატებული და პატივსაცემი ადამიანია.

- პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ შეიქმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებზე იმუშავებს, თუმცა ამასაც უთანხმოება მოჰყვა. გამოთქვა თუ არა პრეზიდენტმა ამგვარი ჯგუფის შექმნისთვის მზადყოფნა, “ქართული ოცნებიდანმას მაშინვე გამოეპასუხნენ და განაცხადეს, რომ ეს ჯგუფი პარლამენტმა უნდა შექმნას და არაპრეზიდენტმა

- ბოლო ხანს ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების ტრადიციად იქცა, რომ ნებისმიერი იდეა ხელისუფლების შტოებს შორის უთანხმოებას იწვევს, რაც ძალიან გამაღიზიანებელია. ძირითადად, იმაზეა ხოლმე კამათი, ვინ უნდა წარმართოს პროცესი. ხალხი დაიღალა ამ გაუთავებელი კინკლაობით. კარგი იქნებოდა, ჯერ ერთმანეთთან მოელაპარაკათ და ამგვარი ჯგუფის შექმნის იდეა მერე გაეხმაურებინათ. ისმის კითხვა: უნდა შეიცვალოს თუ არა კონსტიტუცია? კონსტიტუციის ჭრა-კერვისა და საკუთარი ინტერესებისთვის მორგების ნეგატიური გამოცდილება გვაქვს და ამას სწორედ “ნაციონალებმა” მიგვაჩვიეს. ჩემი აზრით, აუცილებელიც კია კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა. რაც შეეხება იმას, რაზეც უკვე დაიწყეს მსჯელობა, მეც მიმაჩნია, რომ პარლამენტი საბოლოოდ თბილისში უნდა დაფუძნდეს. ქუთაისში მისი გადატანის გადაწყვეტილებას იმთავითვე ვაპროტესტებდი.

ეს არის უაღრესად ძვირად ღირებული პროექტი, რამაც არანაირი სიკეთე ქუთაისს არ მოუტანა. სხვა საქმეა იმ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა, რომელიც იგეგმება ქუთაისში და რაც რეგიონული საგანმანათლებლო ცენტრი უნდა გახდეს.

რაც შეეხება მეორე სავარაუდო ცვლილებას, რაზეც ლაპარაკობენ – რომ პრეზიდენტი არა საყოველთაო არჩევნებით, არამედ პარლამენტიდან უნდა აირჩეს, ჩემი აზრით, ეს საკამათო საკითხია და ამაზე დაფიქრება ღირს. მაგალითად, ჩემთვის მისაღები იქნება, თუ კონსტიტუციაში შევა ცვლილება და პარლამენტის წევრობისთვის დაწესებული ასაკობრივი ცენზი გაიზრდება. არ მიმაჩნია, რომ 21 წლის ახალგაზრდა უნდა იყოს პარლამენტის წევრი. დეპუტატობა მარტო ცოდნასა და ინტელექტს არ გულისხმობს, ის გულისხმობს გამოცდილებასაც. მოკლედ, ჩემი აზრით, საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი უნდა შემუშავდეს და ამ პროცესში მონაწილეობა უნდა მიიღოს როგორც სახელისუფლებო შტოებმა, ასევე საზოგადოებამ და სრულიად უმნიშვნელოა, ამგვარ ჯგუფს პრეზიდენტი შექმნის, თუ პარლამენტი. მთავარია, საქმე გაკეთდეს.

- მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე განაცხადა, მუდმივად გვესმის ლაპარაკი ქვეყანაში არაფორმალურ მმართველობაზე. მოკლედ, მისი ჩრდილი მუდმივად თან დაჰყვებაქართულ ოცნებას“. თქვენი აზრით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ეს პოლიტიკური ძალა მოახერხებს ექსპრემიერისგან დისტანცირებას?

- სწორად დასმული კითხვაა, თუმცა მასზე პასუხი, ალბათ, მხოლოდ ერთია – ივანიშვილის ჩრდილისგან “ქართული ოცნება” ვერ გათავისუფლდება, რადგან ის არის ამ ძალის დამფუძნებელი, მან შექმნა ეს პარტია და მის უკან მუდმივად სწორედ ივანიშვილი მოიაზრება. ამ ყველაფერზე ისევ შედეგის მიხედვით უნდა ვიმსჯელოთ. თუ ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური მშენებლობის პროცესი შეუქცევად სახეს მიიღებს, მაშინ ივანიშვილთან დაკავშირებით კითხვები არავის ექნება, რადგან კითხვები ჩნდება მაშინ, როდესაც პროცესები ნეგატიურად ვითარდება. სხვა საქმეა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ამ ეჭვებისა და კითხვების გაჩენას ხელოვნურად ცდილობს.

- ჩვენში ბევრი ვარაუდი გამოითქმის, თუ ვინ შეიძლება გახდეს პარლამენტის თავმჯდომარე

- პერსონალიებზე არ ვილაპარაკებ, მაგრამ, ჩემი აზრით, პარლამენტის თავმჯდომარე უნდა იყოს პიროვნება, რომელსაც აქვს პოლიტიკური ცხოვრების გამოცდილება, კარგად ესმის შიდა, გარე და რეგიონული პოლიტიკის ნიუანსები, ერკვევა გეოპოლიტიკურ საფრთხეებშიც… არ მითხრათ, ახლა, ასეთი დიმიტრი გელოვანი­ იყო და ისიც მოკვდაო (იცინის)… მე მაინც მგონია, რომ ასეთი ადამიანები არიან ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, მათ შორის – “ქართულ ოცნებაშიც”…

- “თავისუფალი დემოკრატებიმარცხის შემდეგ, ფაქტობრივად, დაშლის პირას მივიდა. თქვენი აზრით, რა ბედი ელის იმ პოლიტიკურ სპექტრს, რომელიც პარალმენტს გარეთ დარჩა? პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძის შეფასებით, ამ არჩევნებითივანიშვილმა პოლიტიკური მოედანი მოასუფთავა“…

- და ეს პარტიები თვითონ რას აკეთებდნენ, ნუთუ ერთ კაცზე იყო დამოკიდებული მათი მოსუფთავება-არმოსუფთავების საკითხი?! გამოდის, თვითონ დაუშვიათ დიდი შეცდომები, არასწორად უმუშავიათ. მართალი გითხრათ, რომ არა ამ პარტიების ზოგიერთი წევრისადმი პატივისცემა, მათი ბედი არც მაინტერესებს. მე უფრო ის მაწუხებს, საქართველოს მთიანეთში ვერაფრით რომ ვერ მოგვარდა პრობლემები, რასაც იქაურობა დაცლის პირამდე მიჰყავს… მესმის, არჩევნები უმნიშვნელოვანესი მოვლენაა და ეს იპყრობს მედიის ყურადღებას, მაგრამ არის სხვა თემებიც, რომლებიც, სამწუხაროდ, ამ საარჩევნო ციებ-ცხელებისა და შიდა დაპირისპირებების გამო დაგვავიწყდა. დღეს ჩვენ გარშემო, სამეზობლოში, გამალებული შეიარაღება მიდის და ლამის მილიტარისტული საფრთხის წინაშე ვართ. ახალ-ახალი სამხედრო გაერთიანებები იქმნება და ვცხოვრობთ კავკასიის სივრცეში, სადაც სუბიექტებს შორის დიდი დაპირისპირებაა. ამას ემატება ისიც, რომ მსოფლიო რუსულ-ამერიკული დაპირისპირების ზღვარზეა. ამ ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ჩვენი მომავლისთვის, არამედ დღევანდელი დღისთვისაც. სხვათა შორის, “ქართული ოცნების” მიღწევაა, რომ ქვეყანაში სტაბილურობის განცდა მაღალია და ჩვენი საზოგადოება თითქმის აღარ აქცევს ყურადღებას ჩვენ გარშემო შექმნილ ვითარებას.

ეს, ერთი მხრივ, კარგია, მაგრამ ამავდროულად, ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ირგვლივ ისეთი პროცესები ვითარდება, მათში აუცილებლად ვიქნებით ჩათრეული, თუ უკვე არა ვართ…

- ჩვენში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ბერძნული მედიის გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც რამდენიმე დღის წინ ქალაქ რიზეს უნივერსიტეტში რეჯეპ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ზოგიერთი ისტორიკოსის მოსაზრებით, 1920 წელს თურქეთის საზღვრების შესახებ მიღებული პაქტი მოიცავდა კვიპროსს, ალეპოს, მოსულს, ერბილს, კურკუკს, ბათუმს, სალონიკს და სხვა ტერიტორიებს. ეს განცხადება საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ განმარტა და თქვა, რომ საქართველოს მეზობლებს შორის თურქეთი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც არ არის კითხვები საზღვრებთან დაკავშირებით. “ბათუმი საქართველოა, რიზეთურქეთი და ასე იქნება სამომავლოდ. საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს და ამ მიმართულებით კითხვები არ არსებობს“, – განაცხადა ბატონმა გუმრუქჩუმ, თუმცა ერდოღანის განცხადება არ უარუყვია

- ვერ უარყოფდა იმიტომ, რომ ნამდვილად თქვა, თუმცა – ცოტა სხვანაირად. ქართულ მედიას ახასიათებს საკითხის გაზვიადება. თურქეთი დღეს არის ნეოისლამისტ­ური იდეოლოგიის ქვეყანა, რაც გულისხმობს თურქეთის გავლენის გავრცელებას ოსმალეთის იმპერი­ის ყოფილ ტერიტორიაზე, მათ შორის – საქართველოში, კერძოდ, აჭარაში.

ამ იდეოლოგიით გაჟღენთილი სიტყვით მიმართა ერდოღანმა სტუდენტებს რიზეს უნივერსიტეტში. რასაკვირველია, მიუხედავად იმისა, რომ ეს განცხადება პოლიტიკურ საზღვრებს არ ეხება, იდეოლოგიურად საფრთხეა ნებისმიერი იმ ქვეყნისთვის, რომლებიც ერდოღანმა ახსენა. ეს არის მცდელობა, ჩAამოყალიბდეს საზოგადოებრივი აზრი, რომ ეს ტერიტორიები იყო და მომავალშიც უნდა იყოს თურქეთის გავლენის ქვეშ. ეს ერთგვარ “ჰუმანიტარულ” გავლენას და კონტროლს გულისხმობს, თუმცა დღევანდელი “ჰუმანიტარული” კონტროლი, შესაძლოა, ხვალ პოლიტიკურ კონტროლად გადაიქცეს. ახალგაზრდები, რომლებიც ერდოღანს რიზეს უნივერსიტეტში უსმენდნენ, მომავალი თაობაა, რომლის იდეოლოგიურ დამუშავებასაც ცდილობენ…

მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რა პროცესები ვითარდება სირიაში თურქეთის მონაწილეობით, კუნძულ კვიპროსზე, ან სულაც ჩვენთან, საქართველოში. რაც 8 ოქტომბერს მოხდა მარნეულში, არ არის მხოლოდ არჩევნებთან დაკავშირებული. აქ ჩანდა ჩვენი მეზობლის გავლენაც, რაც დღეს უდავოდ არსებობს ქვემო ქართლში, რომელიც გამოჩნდა დმანისშიც 26 ივლისს, დღესასწაულზე, რაზეც თქვენი გაზეთიც წერდა. მარნეულში იმ ახალგაზრდობის ნაწილი, რომელიც აქტიური და აგრესიული იყო, არ იყო მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის, ან ადამიანის მხარდამჭერი, ისინი გარკვეული იდეოლოგიის მიმდევრები იყვნენ… ამის მეტს ახლა არაფერს ვიტყვი, მაგრამ, მინდა, მავანმა იცოდეს – ქართველი საზოგადოება კარგად ხედავს, ქვეყნის ამა თუ იმ რეგიონში რა პროცესები ვითარდება…

- ჩვენში ბევრს ლაპარაკობენ იმაზეც, რომ თურქეთის და რუსეთის ბოლოდროინდელი დაახლოება ჩვენს რეგიონში საფრთხეს უფრო ზრდის

- ამ ორი ქვეყნის დაახლოება მითია, რადგან რუსეთისა და თურქეთის წინააღმდეგობრივ დამოკიდებულებას ფესვები წარსულში აქვს გადგმული და მათი დაახლოება წარმოუდგენელია. ავიღოთ, თუნდაც, სირიაში რაც ხდება… პუტინი და რუსეთი მხარს უჭერენ ასადს, თურქეთი და ერდოღანი კი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან მის მმართველობას. რაც შეეხება კავკასიას, არ არსებობს საფუძველი იმისა, რომ საქართველოსთან დაკავშირებული რუსეთისა და თურქეთის ინტერესები ოდესმე ერთმანეთს დაემთხვევა. სხვა არის ის, რომ ოფიციალურ მოსკოვსა და ანკარას შორის, შესაძლოა, თემატური თანამშრომლობა შედგეს. სწორედ ამის ნიმუში გახლავთ ე.წ. სამხრეთის ნაკადი.

- ჩვენი სამეზობლოს შეიარაღება ახსენეთ. იქნებ, უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ

- მოგეხსენებათ, გასულ თვეში ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა სომხეთს ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო კომპლექსები “ისკანდერები” გადასცა. ამავე დროს რუსული იარაღი შედის აზერბაიჯანშიც. გარდა ამისა, ბოლო ხანს მოდის ინფორმაციები, რომ რუსეთმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შეიტანა ახალი, სტრატეგიული დანიშნულების იარაღი. რუსეთის ხელმძღვანელობის თვალსაზრისით, ეს არის მისი მოკავშირეების გაძლიერება სირიის კონფლიქტის კონტექსტში. მაგრამ, ჩემი აზრით, აქ სხვა კონტექსტის წაკითხვაც შეიძლება – ეს არის ამერიკისა და რუსეთის დაპირისპირება. და ეს იმ დროს, როცა აშშ-ის მოკავშირედ ამ რეგიონში საქართველო მოიაზრება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მუდმივად ლაპარაკობს თავის სამშვიდობო პოლიტიკაზე, კრემლს მაინც გვარიანად აშფოთებს საჰაერო თავდაცვითი სისტემების საქართველოსთვის გადმოცემის პერსპექტივა.

ჩვენს რეგიონში ნელ-ნელა იკვეთება, ვინ აშშ-ის, ვინ – რუსეთისა და ვინ – თურქეთის მოკავშირეა და ეს უკვე არა მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით, არამედ შეიარაღებითაც ჩანს. მინდა, ამას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ხელისუფლებამ…

გარდა ამისა, აფხაზეთში სიტუაცია იცვლება. ამ ბოლო დღეებში ხელი მოეწერა შეთანხმებას გაერთიანებული სამხედრო ხელმძღვანელობის თაობაზე. ერთი მნიშვნელოვანი საკითხიც – მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთს ძალიან მწირი შესაძლებლობები აქვს, ორი მილიონი რუბლი გამოყო, რომ გალში მეგრულენოვანი ტელევიზია შეიქმნას. ეს იქნება იდეოლოგიური იარაღი საქართველოს წინააღმდეგ და რა თქმა უნდა, ამის ინიციატორები აფხაზები არ არიან… აფხაზებს დღეს აფხაზეთში არავინ არაფერს ეკითხება, მათი აზრი არავის აინტერესებს. რუსეთმა მოახერხა მათი საპროტესტო მუხტი ლოკალიზებულიყო სოციალურ ქსელში და ახლა ყველაფერს აკეთებენ მის იქ დასატოვებლად… აფხაზები კი მიხვდნენ, რა ჩიხშიც არიან, მაგრამ გამოსავალს ვერ პოულობენ. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით არც ჩვენი პოლიტიკაა აქტიური და თანამიმდევრული. მუშაობენ, განა არ მუშაობენ, მაგრამ ამას ერთი სამინისტრო და ერთი საპარლამენტო კომისია არ ეყოფა. ამას სჭირდება საზოგადოების და ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევა.

კვირის პალიტრა“, 24 ოქტომბერი, 2016 წელი

ინტერვიუ აკაკი ბობოხიძესთან: „ცხოვრება ერთი არჩევნებით არ მთავრდება“ // „ქართული ოცნება გამარჯვებულია და ამ დინების საწინააღმდეგოდ სვლას არ ვაპირებთ

რუსუდან შელია

რა განწყობით მიდის მეორე ტურში ოპ­ო­ზი­ცია, “კვირის პალი­ტრას” “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ქუთაისის #48 ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი აკაკი ბობოხიძე ესაუბრება: – მეორე ტური შანსია ქუთაისელებისთვის, საკუთარი ქალაქის პერსპექტივა გადაარჩინონ. რაც უნდა თქვას კობა ნარჩემაშვილმა, ფაქტია, რომ მმართველი გუნდის დღის წესრიგში პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანის საკითხი ნომერ პირველ ამოცანად დგას.

- რამდენიმე დღის წინ განაცხადეთ, რომ მეორე ტურში კანდიდატურას მოხსნით, თუქართული ოცნებადაადასტურებს, რომ პარლამენტს თბილისში არ გადმოიტანს, თუმცა მალევე აზრი შეიცვალეთ და არჩევნებში ბრძო­ლა დააანონსეთ..

- თუ კანდიდატურას მოვხსნი, ქუთაისს შანსიც კი არ რჩება, რომ “ქართული ოცნების” ჩანაფიქრს შეეწინააღმდეგოს. ჩემი განცხადებით შევეცადე, ბიძგი მიმეცა ხელისუფლებისთვის, თუმცა მალევე ამის პერსპექტივა თავადვე ვერ დავინახე. იმისათვის, რომ პარლამენტმა პარლამენტის ადგილმდებარეობა განსაზღვროს, ხელისუფლებას 113 ხმა, ანუ საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება. სწორედ ამიტომ პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რომ მეორე ტურში ჩვენმა კანდიდატებმა გაიმარჯვონ – თუ დღეს საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი ქუთაისს წავართვით, ამ შანსს ქუთაისელები ვერასოდეს დავიბრუნებთ.

- თუ თქვენ არჩევნებშიქართული ოცნებისგამარჯვებას ცალსახად აღიარებთ, როგორ გავიგოთ პარტიის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება 600 ათას ხმასა და მასობრივად გაყალბებულ ბიულეტენებზე, ასევე იმაზე, რომნაციონალურმა მოძრაობამსაკუთარი გამარჯვების დაცვა ვერ მოახერხაპარტიის წევრები სააკაშვილის პოზიციებს ემიჯნებით?

- მეც ვფიქრობ, რომ არჩევნებში ბევრი ხმა დაგვაკლდა, გაბათილებული ბიულეტენების უმრავლესობაშიც სწორედ ჩვენ ვლიდერობდით, თუმცა ეს უფრო არასათანადო მეთვალყურეობის შედეგია – ჩვენმა წარმომადგენლებმა კომისიებში პროცესების სათანადოდ გაკონტროლება ვერ მოახერხეს. “ქართული ოცნება” გამარჯვებულია და ამ დინების საწინააღმდეგოდ სვლას არ ვაპირებთ. პირიქით, შემდეგი არჩევნებისთვის გაათმაგებული ძალით მოვემზადებით. სხვათა შორის, შეცდომად მიმაჩნია, რომ პარტიაში არსებული კამათი საჯარო მხოლოდ ახლა გახდა. არადა, “ნაციონალურ მოძრაობაში” მაშინაც ბევრს კამათობდნენ, როდესაც საზოგადოება ფიქრობდა, რომ პარტია მხოლოდ ერთი ადამიანის სურვილით იმართებოდა.

- კულუარულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარტია მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ ტვირთად მიიჩნევს და მისი პარტიიდან გარიცხვის საკითხიც დღის წესრიგში დადგა, მართვის ბერკეტები კი გიგა ბოკერიას ხელში აღმოჩნდა...

- ვერ დავეთანხმები აზრს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას მიხეილ სააკაშვილის გარეშე შეეცდება. არც მისი პარტიიდან გარიცხვის საკითხი დამდგარა – ჩვენი ძალა ერთიანობაშია. ცხოვრება ერთი არჩევნებით არ მთავრდება – პოლიტიკა მარათონია და არა სპრინტი, რომ მოკლე მანძილზე გამარჯვება-დამარცხებით არსებობა შევწყვიტოთ.

———————

„ახალი თაობა“, 24 ოქტომბერი, 2016 წელი

ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „საარჩევნო ბარიერის 1%-მდე დაწევა არასერიოზულია“ // „ჩვენნაირი ქვეყნისთვის საპრეზიდენტო რესპუბლიკა უფრო მისაღებია

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში რამდენიმე საკონსტიტუციო ცვლილებაზე საუბრობს.

- ბატონო რამაზ, გირჩის ინიციატივით, პოლიტიკური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია, არსებითად შეიცვალოს საარჩევნო სისტემა, მათ შორის საუბრობენ საარჩევნო ბარიერის 5%-დან 1%-მდე დაწევაზე. როგორია თქვენი პოზიცია?

- თუ 1%-მდე უნდა დაიწიოს, მაშინ საერთოდ გაუქმდეს და, ვისაც მოუნდება, ყველა შევიდეს პარლამენტში. ეს ცოტა არასერიოზული მგონია. რომელი სახელმწიფო მიდის აქეთკენ, ყველას აქვს ბარიერი. ყველას თავშეყრა პარლამენტში გამოიწვევს პოლიტიკური კულტურის, პოლიტიკური პროცესის არა პროგრესს, არამედ რეგრესს. ეს სერიოზული უკუსვლა იქნებოდა.

- თუმცა სერიოზულმა პოლიტიკურმა ძალებმა ვერ გადალახეს არსებული ბარიერი, ვინაიდან ის მაღალია...

- დიახ, მაგრამ ამიტომ უნდა გავაუქმოთ?! ბარიერი არსებობს იმიტომ, რომ ამომრჩეველმა კონკურენტუნარიან ძალებს შორის გააკეთოს არჩევანი და არა – ცოცხალ-მკვდრებს შორის, რომელთაც პულსი არ ესინჯებათ. მაღალი ბარიერი კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს უსვამს ხაზს, რომ პარლამენტში გამსხვილებული ერთეულები მივიღოთ, რათა გადაწყვეტილების მიღება უფრო ადვილი გახდეს.

- რას გულისხმობთ?

- მაღალი ბარიერის შემთხვევაში წვრილ-წვრილი პარტიები იძულებულნი ხდებიან, ამბიციები დათმონ და მოახერხონ გაერთიანება, რათა ბარიერი დაძლიონ და პარლამენტში შევიდნენ. რითია ეს ცუდი?

- ცუდი არ არის, მაგრამ პოლიტიკოსები ვერ ახერხებენ ხოლმე ასეთ კომპრომისებზე წასვლას, გაერთიანებას, ან თუ გაერთიანდნენ, ხელოვნურია ეს გაერთიანება.

- დიახ, სწორია, მაგრამ მაღალი სტანდარტი უნდა არსებობდეს, რომ ამ სტანდარტის დაკმაყოფილება მოხდეს პარტიების მიერ. გაერთიანებები უნდა მოხდეს პოლიტიკური შეხედულებების, იდეოლოგიის, პლატფორმის გათვალისწინებით და არა _ ხელოვნურად, თანაც ყველა პარტიის შეყვანა პარლამენტში სერიოზულ პრობლემებს წარმოშობს.

- რა კუთხით?

- გადაწყვეტილების მიღება გაჭირდება. კანონპროექტი კანონად ვერ იქცევა. ამ ჭრელ პარტიებს ჭრელი შეხედულებები ექნებათ ამა თუ იმ კანონპროექტზე. როდესაც პოლიტიკურ სტაბილურობაზეა საუბარი, რა, ყველა პარტია თუ არ შევიდა პარლამენტში, არასტაბილური გარემო იქნება ქვეყანაში? თითოკაციანი თუ თითოპროცენტიანი პარტიები დესტაბილიზაციას მოაწყობენ?! ეს ხომ არარეალურია.

- ბატონო რამაზ, თქვენ ამბობთ, რომ მაღალი ნიშნული პარტიებს უფრო დახვეწს და პოლიტიკურ პროცესს ეს წაადგება?

- ხშირად ვდგები ხოლმე ამ ალტერნატივის წინაშე ჩემს სტუდენტებთან გამოცდების დროს. შეიძლება, მოთხოვნები შევამციროთ, მაგრამ ამით რას მივიღებთ? მივიღებთ უფრო დაბალი კლასის პარტიებს და შემდეგ – პარლამენტს. მრავალპარტიულობა კი კარგია და მას მართლაც არ აქვს დემოკრატიულ გარემოში ალტერნატივა, მაგრამ ამის მიღწევა ხელოვნურად კიდევ უფრო უარესია, კიდევ უფრო უკან დაგვხევს. მრავალპარტიული პარლამენტის დიდი გამოცდილება ჩვენ არ გვაქვს. ჩვენნაირი ქვეყნის მოსახლეობას მიდრეკილება აქვს, ერთი ლიდერი პარტია აირჩიოს და მას ანდოს ყველაფერი. რაც არ უნდა მრავალპარტიული სისტემა გვქონდეს, ამომრჩეველი მაინც ერთს აირჩევს და ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება მაძლევს ამის თქმის საფუძველს. მე ამ სურათის სულ ვაკვირდები. ყველა არჩევნები ერთი პარტიის ჰეგემონიით მთავრდება.

- ამის საფუძველი საარჩევნო სისტემაც ხომ არის, რომელიც გვაქვს?

- რა თქმა უნდა, მაგრამ მე ამ შემთხვევაში ჩვენი ამომრჩევლის ბუნებაზე ვსაუბრობ.

- მაჟორიტარული სისტემა უფრო გაამართლებს თუ სრულად პროპორციული?

- პროპორციულ სიაში ამომრჩევლისთვის უცნობი ხალხია თავმოყრილი, შეიძლება იცნობდეს მხოლოდ სიის პირველ ნომერს და დანარჩენს ვერავის, როგორც ეს ბურჭულაძის შემთხვევაში იყო. და რა გამოდის, სად არის აქ ხალხის ნება, დემოკრატია?! რაც შეეხება მაჟორიტარულ სისტემას, აქ თითოეული ადამიანი პასუხისმგებელია საკუთარ თავზე და ამომრჩევლის წინაშეც. აქ ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია.

- როგორი მოწყობის მოდელს დაუჭერდით მხარს, საპარლამენტო რესპუბლიკას თუ ძლიერი პრეზიდენტის ინსტიტუტს?

- საპარლამენტო მოწყობის პირობებში ერთი გამარჯვებული პარტია აკომპლექტებს მთავრობას. ეს მოგვცემს ერთი პარტიის ჭკუაზე აწყობილ აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას ანუ საბჭოთა კავშირს. ამიტომ საპარლამენტო რესპუბლიკა ჩვენნაირი გამოცდილების მქონე ქვეყნისთვის ზიანის მომტანია ან ნაადრევია. ამიტომ უკეთესი იქნება, საპრეზიდენტო მმართველობისკენ წავიდეთ, მაგრამ ისეთი საპრეზიდენტო ინსტიტუტისკენ, რომელსაც სერიოზული დამბალანსებელი ეყოლება. ჩვენ გვქონდა ცუდად აწყობილი საპრეზიდენტო მმართველობა, თორემ ამერიკა 200 წელია, ამ მმართველობის ქვეშ ცხოვრობს ისე, რომ მისი გადახედვაც კი არ უფიქრია.

- იქ ხომ ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებია?

- დიახ, მაგრამ ჩვენც უნდა შევქმნათ ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები. ასევე შეიძლება გარკვეული დათქმები ჩაიწეროს, თუ ერთი პარტია გაიმარჯვებს იმ პარტიიდან არ უნდა იყოს პრეზიდენტი, როგორც აქამდე იყო და ა.შ. პარლამენტში გამარჯვებული ძალა შეიძლება სხვა იყოს, ხოლო აღმასრულებელი _ სხვა, რომ პარლამენტმა მისი ფუნქციის, მაკონტროლებლის ვალდებულება კარგად შეასრულოს. მართვის წესი გადასახედია, თორემ შეიძლება უახლოეს მომავალში ისევ იმედგაცრუების წინაშე აღმოვჩნდეთ.

„ახალი თაობა“, 24 ოქტომბერი, 2016 წელი

ინტერვიუ თორნიკე შარაშენიძესთან: „მეორე ტურში, მარნეულისა და ახალციხის გარდა, ყველგან ოცნება გაიმარჯვებს“ // „აუტსაიდერ პარტიებს რაც მოუვიდათ, საკუთარ თავს დააბრალონ

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ `ახალი თაობის~ კითხვებს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე პასუხობს.

- ბატონო თორნიკე, ზუგდიდსა და მარნეულის რაიონში განმეორებითი კენჭისყრა გაიმართა. ზუგდიდში ოცნების კანდიდატი ლიდერობს, ხოლო მარნეულში _ ნაციონალების. მეორე ტური ორივე რაიონში საჭიროა. რას ელოდებით მეორე ტურში და რამდენად ჯანსაღი პროცესები მიმდინარეობს?

- არცთუ ისე ჯანსაღი პროცესებია, სამწუხაროდ. ადგილი აქვს საარჩევნო ხმებისთვის ლამის ხელჩართულ ბრძოლას. ეს აჩვენებს იმას, რომ ბოლო წლების განმავლობაში მაინცდამაინც წინ ვერ წავიწიეთ. ნორმალურად ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, ნორმალურად ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები, თუმცა ახლა სხვა ვითარებაა.

- ამას რით ხსნით?

- იმით, რომ ის არჩევნები მაინცდამაინც არ იყო დიდი ინტერესის საგანი. იქ თავიდანვე გასაგები იყო, რომ იმარჯვებდა „ოცნება“, საზოგადოებაში ეიფორია იყო, ამ არჩევნებში კი „ოცნების“ შანსებმა საგრძნობლად იკლო. ამიტომაც ადგილი ჰქონდა ამ გადაცდომებს, რაც ძალიან სამწუხაროა. „ოცნებას“ შეეძლო, გაცილებით უკეთესად ჩაეტარებინა არჩევნები და მაინც მოეგო.

- ვრცელდება ინფორმაციები, რომ გიგა ბოკერია ბიძინა ივანიშვილს გაურიგდა და ოცნებამ მარნეული დათმო. რამდენად რეალურად თვლით ამ ინფორმაციას?

_ მე ეგეთი ზღაპრების არ მჯერა. ნამდვილად არ მჯერა ბოკერიასა და ივანიშვილის გარიგების. მარნეული, წესით, უნდა მოიგონ ნაციონალებმა. რაც შეეხება განმუხურს, იქ ასე მარტივად არ არის საქმე. „ოცნებისთვის“ და პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის პრინციპის საქმეა, რომ ზუგდიდში სანდრამ არ გაიმარჯვოს. სანდრამაც დაკარგა მოტივაცია პირველი ტურის შემდეგ. ამიტომ, არ არის გამორიცხული, რომ ზუგდიდში სანდრამ წააგოს არჩევნები.

- ელოდებით, რომ მეორე ტურში დიდი უპირატესობით ოცნება გაიმარჯვებს?

- ალბათ, მარნეულისა და ახალციხის გარდა, ყველგან „ოცნება“ გაიმარჯვებს. ეს თავად „ოცნებისთვის“ მაინცდამაინც კარგი არ არის, მაგრამ, რას ვიზამთ, ამის მიხვედრას უფრო მეტი ჭკუა უნდა, ვიდრე მათ აქვთ.

- რატომ არ არის კარგი? სულ მიდის დავა ამ საკონსტიტუციო უმრავლესობაზე...

- როცა ხელში გივარდება აბსოლუტური ძალაუფლება, ვერ გაკონტროლებს ვერავინ, ყველა ვარიანტში დიდ სისულელეს ჩაიდენ. ამერიკის პრეზიდენტს არ ექნება იმდენი ძალაუფლება, რამდენიც „ოცნებას“ – არჩევნების შემდეგ. ყველაფერი `ოცნების~ ხელში აღმოჩნდება და ეს მათთვისვე ძალიან სახიფათოა.

- საკონსტიტუციო ცვლილებებზე დაიწყო საუბარი, სამუშაო ჯგუფის შექმნა მოითხოვა პრემიერ-მინისტრმა. ბევრი ცვლილება შევა კონსტიტუციაში?

- არ ვიცი, მათთვის რა არის პრიორიტეტი. თუ მათთვის მთავარია, გააუქმონ საპრეზიდენტო არჩევნები და პარლამენტმა აირჩიოს პრეზიდენტი, თუ ამაზეა მიბმული ყველაფერი, წესით, ბევრი არ შევა. მხოლოდ ამის გარშემო იტრიალებს ცვლილებები და განსაკუთრებული არაფერი მოხდება.

- ჩვენ სხვანაირად ვერ შევძლებთ დანაპირების შესრულებასო, აცხადებენ ხელისუფლებაში. ამაზე რას იტყვით?

- აქამდე ვინ უშლიდათ ხელს დანაპირების შესრულებაში?! რატომ არ შეასრულეს ის, რასაც ოთხი წლის წინ დაჰპირდნენ ამომრჩეველს?!

- ნაციონალებიო, როგორც ყოველთვის…

- ვინმეს სჯერა ამის?! როცა პარლამენტში უმრავლესობა გაქვს, ადგილობრივი მთავრობაც შენია, ხელს რა გიშლის?! თუ კიდევ მომავალი ოთხი წელი აპირებენ, რომ ყველაფერი ნაციონალებს დააბრალონ, ეგრე არ არის! ეს აღარ გამოუვათ. ეს აღარ იმუშავებს. ხომ ნახეთ, ნაწილობრივ აღარც ამ არჩევნებზე იმუშავა. ეს არჩევნები, პრინციპში, მოიგეს იმის წყალობით, რომ ნაციონალები ჯერ კიდევ ბევრს არ უნდა, მათი ერთადერთი ალტერნატივა ეს იყო და კიდევ ის, რომ ადმინისტრაციული რესურსი მუშაობს კარგად. შემდეგი ოთხი წელი ეს აღარ იმუშავებს, არიქა, ნაციონალები არ დაბრუნდნენო. მობეზრდა ხალხს ეს ყველაფერი.

- შემდეგი ოთხი წელი საზოგადოებას მაინც ნაციონალებისა და ოცნების ყურება მოუწევს. არასაპარლამენტო ოპოზიცია საგრძნობლად შესუსტდა. რა მოხდა, შუა რეალურად გაიკრიფა?

- ეს ოპოზიციამ თავის თავს უნდა დააბრალოს. ყველას ჰქონდა პრეტენზია, რომ ცალკე გავიდოდა პარლამენტში, პაატა ბურჭულაძის პარტიას, ალასანიას პარტიას, რატომღაც რესპუბლიკელებსაც, რომლებსაც არასდროს 2%-ზე მეტი არ ჰქონიათ რეიტინგი. ეს პროცესი გარდაუვალი იყო. რატომ არ გაერთიანდნენ?!

პირდაპირ რომ ვთქვათ, კომიკური სიტუაციაა ის, რაც შეიქმნა ალასანიას პარტიაში. პარტია, ფაქტობრივად, დაიშალა ერთი წაგების შემდეგ. ყველამ თავის თავს უნდა დააბრალოს და არ უნდა დააბრალონ ივანიშვილს. რა თქმა უნდა, ივანიშვილის ინტერესში იყო, წარმოეჩინა, რომ მათი ერთადერთი ალტერნატივა იყო ცოცხებში და წარმოაჩინა საკმაოდ წარმატებით! ეს პარტიები ხომ კარგად იცნობდნენ ივანიშვილს, ხომ იცოდნენ, რა სიტუაციაც შეიქმნებოდა, ყველაფერი მიდიოდა ორპოლუსიანი სისტემისკენ. ამ პარტიებმა ყველაფერი თავის თავს უნდა დააბრალონ.

- კულუარებში ვრცელდება ინფორმაციები, რომ ნაციონალებსა და აღნიშნულ პარტიებს შორის გარიგება მიდის, რომ მათმა ამომრჩეველმა მეორე ტურში ნაციონალებს დაუჭირონ მხარი. რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ყოველივე ეს?

- ამ პარტიების მხარდაჭერა, არა მგონია, ნაციონალებს რამეში წაადგეთ. ამ პარტიებს რეიტინგიც არ აქვთ და არც მომხრეების მობილიზების თავი აქვთ. ალასანიას პარტიამ რა მომხრეების მობილიზება უნდა მოახდინოს, მარტივ მამრავლებად დაიშალა. საინტერესოა, ხიდაშელის აგიტაცია რამდენ ხმას მოუტანს ნაციონალებს, რომ ამბობს, მხარს არ დავუჭერო. თვითონ რამდენი ხმა აიღო?! ეს ყველაფერი კომიკურია. ამ ქვეყანაში, სამწუხაროდ, შედგა ორი პარტია – ნაციონალები და „ოცნება“, თუმცა „ოცნება“ დგას ერთ კაცზე. ის ერთი კაცი რომ არ იყოს, არ ვიცი, მათ რა დაემართებოდათ. ამ ეტაპზე ის ერთი კაცის პარტიაა.

- კვირის ბოლოს კვლავ არჩევნებია. რამდენად ელით სიტუაციის დაძაბვას?

- აღარ ველი. „ოცნება“ ხვდება, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს. მას სიტუაციის დაძაბვა სჭირდებოდა პირველ ტურში, რათა პროპორციულში ეჩვენებინათ მაღალი შედეგი. მეორე ტურში ყველა ვარიანტში მოიგებენ. როცა პროპორციულს იგებ, ავტომატურად მაჟორიტარების 90%-ს ავტომატურად იგებ. იმედია, ეყოფათ ტვინი და მეორე ტურს მშვიდად ჩაატარებენ, რომ სალაპარაკო არავის მისცენ. ჩვენ ვნახეთ ენდიაის განცხადება, ასეთი რამ აღარ გაიმეოროთო.

- ხომ გვილოცავენ არჩევნების წარმატებით ჩატარებას?

- თუ დააკვირდებით, არავის უთქვამს, რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიანად, გამჭვირვალედ და ასე შემდეგ. ამერიკის ელჩმა გააკეთა ყველაზე ამომწურავი განცხადება, რომ არჩევნებმა ასახა ქართველი ამომრჩევლის ნება ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა გაემარჯვა „ოცნებას“. მას არ უთქვამს, რომ არჩევნები ჩატარდა სამაგალითოდ და სამართლიანად.

- მაშინ, რას გვილოცავენ, რატომ ამბობენ, რომ დემოკრატიული იყო?

- როცა რეგიონში დემოკრატია კატასტროფული ნაბიჯებით მიდის უკან, საქართველო მაინც რჩება, ასე თუ ისე, დემოკრატიულ ქვეყანად. ამიტომ საქართველოს მოფრთხილება სჭირდება. ახლა არ იყო იმის დრო, რომ ჩვენთვის სიმართლე ეთქვათ. თავი შეიკავეს.

„ახალი თაობა“, 24 ოქტომბერი, 2016 წელი

ინტერვიუ მირიან მირიანაშვილთან: „ახალ პარლამენტში შეთქმულება გამორიცხულია“ // „მიხეილ სააკაშვილი ქარიზმატული პოლიტიკური ლიდერის ფუნქციას ვეღარ შეასრულებს“ // რატომ დაატოვებინეს თანამდებობა ირაკლი ღარიბაშვილს

საქართველოს გადარჩენის მოძრაობის ლიდერი მირიან მირიანაშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში გამოთქვამს მოსაზრებას, რომ `ქართული ოცნების~ საკონსტიტუციო უმრავლესობა პოლიტიკური სტაბილურობის საფუძველია.

მირიან მირიანაშვილი:

- საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომლის მოპოვების რეალური შანსიც „ქართულ ოცნებას“ აქვს, არა მარტო კონსტიტუციის შეცვლას სჭირდება. ეს იქნება იმის გარანტი, რომ პარლამენტში ვეღარ მოხდება შეთქმულება და საპარლამენტო გადატრიალება. ამგვარი პროცესები დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო მოქმედ პარლამენტში. ამას ხელს უწყობდა პოლიტიკური ძალების განლაგება.

- ეს საკითხი ცოტა ხნის წინ ნაციონალმა გიორგი ბარამიძემაც ახსენა...

- გიორგი ბარამიძეს ტყუილი არ უთქვამს. ნაციონალური მოძრაობა მართლაც ცდილობდა საპარლამენტო გადატრიალებას, ახალი უმრავლესობის შექმნასა და „ქართული ოცნების“ უმცირესობაში დატოვებას. ნაციონალებთან ერთად უნდა ყოფილიყვნენ თავისუფალი დემოკრატები, ეროვნული ფორუმი და რესპუბლიკელები. გარიგებებში ჩართული იყო გიგა ბოკერია. საქმე თითქმის გაჩარხული იყო. აკლდებოდათ დაახლოებით 5 დეპუტატი. ამის შესახებ სააკაშვილი ამბობდა, რომ დანაკლისს `ოცნებიდან~ შეავსებდა. რამდენიმე კაცი გადმობირებული ჰყავდათ. მათი ლუსტრირება მოგვიანებით უნდა მომხდარიყო. ფინალამდე ვეღარ მივიდნენ, იმიტომ, რომ ყველა რესპუბლიკელი ვერ დაითანხმეს. იმ ორ თუ სამ რესპუბლიკელში, რომლებმაც შეთქმულებაში მონაწილეობაზე უარი თქვეს, იყო დავით უსუფაშვილი. მაშინ, როცა ბიძინა ივანიშვილი ცდილობდა თავის ორბიტაზე ძალების შენარჩუნებასა და საპარლამენტო უმრავლესობის არდაშლას, აქტიური შეტევები დაიწყო რესპუბლიკურ პარტიაზე.

- რომელი შეტევები გაქვთ მხედველობაში?

- პატრიოტთა ალიანსის გამოსვლები. ალიანსის ლიდერები რესპუბლიკურ პარტიას ყოველთვის ებრძოდნენ, მაგრამ ამის ლეგალური მიზეზი მათ საგარეჯოს შუალედური წაგებული არჩევნების შემდეგ გაუჩნდათ. მათ ამ არჩევნების გაყალბებაში რესპუბლიკური პარტია დაადანაშაულეს. იმ დროს, როცა რამდენიმე რესპუბლიკელი ეწინააღმდეგებოდა შეთქმულებას პარლამენტში, გაიხსნა ახალი ფრონტი რესპუბლიკელების, საბოლოოდ კი ივანიშვილის წინააღმდეგ.

- პატრიოტთა ალიანსი ამაში უნებლიეთ ჩაერთო?

- არ ვიცი, ეს პოლიტიკური დაკვეთა იყო თუ უმწიფრობა. საინტერესო ისაა, რომ პატრიოტთა ალიანსის მაშინდელი შეტევების ხელშემწყობად სახელდებოდა მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ორიოდე თვეში მას ბიძინა ივანიშვილმა თანამდებობა დაატოვებინა.

- ამით რისი თქმა გინდათ?

- ჩემი ვარაუდით, ირაკლი ღარიბაშვილის გაშვების მიზეზი ესაა.

- რატომ ხართ დარწმუნებული, რომ 2016 წლის პარლამენტში საპარლამენტო გადატრიალებები გამოირიცხება?

- ამის გარანტია „ქართული ოცნების“ დეპუტატების დიდი რაოდენობა, ასევე ის ფაქტი, რომ მთელი რიგი საეჭვო პარტიები ვერ მოხვდნენ პარლამენტში. პარლამენტის აქამდე არსებული შემადგენლობა, ასევე პრეზიდენტის შესაძლო მონაწილეობა პროცესებში ქმნიდა ნიადაგს სააკაშვილის ძალადობრივი გეგმების განხორციელებისათვის. ნაციონალებმა დაახლოებით ორჯერ ნაკლები მხარდაჭერა მიიღეს, ვიდრე `ქართულმა ოცნებამ~. მიღებულმა პროცენტებმა ისინი გააჩერა. ამიტომ შედეგების გასაპროტესტებლად არანაირი გამოსვლები არ დაწყებულა.

- თუმცა პარტიები ახლაც საუბრობენ დარღვევებზე...

- დიახ, მაგრამ ეს არ ხდება არეულობის საფუძველი. სტაბილურობის გარანტია შეიქმნა. ესაა ბიძინა ივანიშვილისა და ამომრჩევლების დამსახურება. საზოგადოებამ პოლიტიკური სიმწიფე გამოიჩინა და მოიქცა ისე, როგორც ქვეყანას სჭირდებოდა.

- ქართული ოცნება ჭრელია. იქ არიან კვირიკაშვილსა და კალაძის გუნდები, სხვა ჯგუფები. ისინი ნეგატიურს ვერაფერს მოიმოქმედებენ?

- საკონსტიტუციო უმრავლესობის რაოდენობა ამის საშუალებას არ მისცემთ. რომელიმე შვიდკაციანმა ჯგუფმა რომ მოინდომოს დამოუკიდებელი თამაში, ამით უმრავლესობა არ დაიშლება. ნაცმოძრაობაც აღარაა განსაკუთრებულად საშიში. მათი არაფორმალური ლიდერი სააკაშვილი არჩევნების წინ ვეღარ შეასრულებს ქარიზმატული პოლიტიკური ლიდერის ფუნქციას. ერთადერთი, რაც მას დარჩა, დიდი ფულია, რომელსაც ის დროდადრო მავნებლობისთვის დახარჯავს და ამრევის როლს ითამაშებს.

- არის ინფორმაცია, რომ სააკაშვილი ახალ პარტიას ქმნის...

- ასეთი მონაცემები მეც მაქვს. უკრაინაში სააკაშვილმა დაავალა იქაურ პოლიტტექნოლოგებს, შექმნან პროგრამა საქართველოში ასამოქმედებელი ახალი პარტიისთვის. მუშაობა მიმდინარეობს. თავიდან სააკაშვილი თვითონ არ ჩაუდგება მას სათავეში. სააკაშვილს სხვა გზა არ დარჩენია. ნაცმოძრაობაში მებრძოლი ხალხი, როგორიც სააკაშვილს სჭირდება, თითქმის აღარაა. მაგალითად, რომელი ბარიკადებზე დამდგომია რომან გოცირიძე? იქ მისნაირი ბევრია. „ნაცმოძრაობა“, ისევე, როგორც სხვა პოლიტიკური ბომონდი, იძულებული იქნება, მშვიდად იყოს. სააკაშვილმა ვერაფერი მოახერხა არასამთავრობოების დახმარებითაც. მისი დირექტივა იყო, რომ 200-მდე ორგანიზაციას აეტეხა ხმაური საკონსტიტუციო უმრავლესობის თემაზე. ამ განცხადებას სულ 50-მდე არასამთავრობომ მოაწერა ხელი. ყველა მათგანი წლების განმავლობაში შეკრული იყო სააკაშვილთან. სხვებმა ამაზეც კი უარი თქვეს.

ქვეყანაში შეიქმნა სტაბილური გარემო, რომელმაც უნდა დაასრულოს შეთქმულებების სერია. შეთქმულებების მსხვერპლი თავის დროზე გახდნენ ზვიად გამსახურდია, სოლიკო ხაბეიშვილი და ნუგზარ საჯაია. შედეგებით ყველაზე საშინელი იქნებოდა ის შეთქმულება, რომელსაც სააკაშვილი გეგმავდა. მას უნდა მოჰყოლოდა დიდი პოლიტიკური არეულობის ორგანიზება. 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ახალი რეალობა შეიქმნა. ხმას ვეღარ იღებს პატრიოტთა ალიანსიც, რომელიც ასიათასობით ადამიანის ქუჩაში გამოყვანით იმუქრებოდა, თუ მეორე ადგილზე არ გაიყვანდნენ.

„ახალი თაობა“, 24 ოქტომბერი, 2016 წელი

ინტერვიუ მამუკა გვაძაბიასთან: „არ შეიძლება, დიდი მომღერალი პოლიტიკოსი გახდეს“ // „ნაციონალები იმას უნდა გაუფრთხილდნენ, რაც აქვთ

დამოუკიდებელი ექსპერტი მამუკა გვაძაბია „ახალ თაობასთან“ აცხადებს, რომ ნაცმოძრაობამ დასავლური ღირებულებების დევალვაცია მოახდინა.

- ბატონო მამუკა, მოელოდით თუ არა, რომ ის პარტია, რომლის დამფუძნებელი თქვენც იყავით და დატოვეთ, არჩევნებში ბარიერს ვერ გადალახავდა?

- სამწუხაროდ, მე არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დავტოვე პარტია „სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველო“ და, შესაბამისად, ბლოკი „ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“.

- ლიდერებს დიდი იმედი ჰქონდათ, რომ წარმატებას მიაღწევდნენ.

- იმედი ერთია, მაგრამ რეალობა და მოცემულობა სხვა იყო.

- რა მოცემულობა იყო?

- როგორც პარტიაში, ისე ბლოკში აბსოლუტურად დაბალ დონეზე იდგა პოლიტიკური მენეჯმენტი, რომელიც უზრუნველყოფდა საარჩევნო ბარიერის გადალახვას, განსაკუთრებით, იმ პარტიაში, რომლის დამფუძნებელიც მე ვიყავი.

- რატომ?

- პარტიაში ორიენტირებული იყვნენ (განსაკუთრებით ლიდერები) არა შედეგზე, არამედ პროცესზე.

- ლიდერები?

- ვაშაძეზე ვამბობ. განსაკუთრებით ეს შეიმჩნეოდა პარტიის დაფუძნებიდანვე. ისინი ორიენტირებული იყვნენ არა შედეგზე, არამედ პროცესზე. ბლოკში გაერთიანების შემდეგ დიდმა მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ პოლიტიკას ალღო ვერ აუღო. ძალიან მიყვარდა პაატა ბურჭულაძის შესრულებული საოპერო არიები (რითაც თვითონაც ამაყობდა), მაგრამ პოლიტიკური არიები მისი შესრულებით არ მინახავს. არ შეიძლება, დიდი მომღერალი პოლიტიკოსი გახდეს. პაატა ბურჭულაძეს არანაირი პოლიტიკური უნარ-ჩვევები არ აღმოაჩნდა. ეს გადაედო მთელ ბლოკს.

- ფიქრობთ, რომ ბურჭულაძის პარტიასთან ბლოკის შექმნით დაკარგა ხმები პარტია სამოქალაქო პლატფორმა - ახალმა საქართველომ?

- ბლოკის შექმნით, ვინაიდან ამ ბლოკმა და მასში შემავალმა პარტიებმა ბარიერი ვერ გადალახეს. როგორც თვითონ ამბობდნენ, გარკვეული რაოდენობის ევროატლანტიკური ორიენტაციის ამომრჩევლის ხმები დაიკარგა. ეს არის ყველაზე სამწუხარო.

- თუმცა, მომისმენია განცხადებები, რომ სწორედ ბურჭულაძემ დაკარგა ხმები ვაშაძის პარტიასთან ბლოკის შექმნით...

- გარკვეულწილად, პოლიტოლოგიაში არსებობს ასეთი ცნება, ზიარჭურჭლის პროცესი. ერთ პარტიას აქვს მაღალი რეიტინგი, მეორეს – დაბალი. გაერთიანების შემთხვევაში ისინი უთანაბრდებიან ერთმანეთს. ბლოკის შექმნამ იმოქმედა, რა თქმა უნდა.

- ვის საზიანოდ?

- ძირითადად საქართველოს საზიანოდ, რადგან დიდი ოდენობით ევროატლანტიკური ორიენტაციის ხმები დაიკარგა. პარტიამ გეზი აიღო არა შედეგზე, არამედ პოლიტიკურ პროცესზე. ამიტომ ბევრია იმედგაცრუებული ელექტორატი. შეიძლება, შემდეგ არჩევნებში უფრო ნაკლები ხმა მიიღოს.

- მაშინ რა გეგმები ჰქონდა ვაშაძის პარტიას?

- იცოდა, რომ ვერ გაიმარჯვებდა. პრაიმერი პრაგმატული მოსაზრებით კი არ ტარდებოდა კანდიდატურების შესარჩევად, არამედ რეალურად არ ჩატარებულა.

- თქვენმა წამოსვლამ ავნო პარტიას?

- ჩემმა წამოსვლამ განსაკუთრებით დევნილების ელექტორატი დააძინა. მათ ხმა არავინ მისცა. რამდენიმე ადამიანმა დამირეკა, მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიიდან (ორი კაცი აქაც ჩამოვიდა სიტუაციის გასაგებად), მეკითხებოდნენ, მართალია, რომ ნაციონალებს უჭერთ მხარსო. „ნაციონალები“ კი ხმებს ავრცელებდნენ, თითქოს მათ ვუჭერდი მხარს და ოკუპირებული ტერიტორიიდან ქართველების გადმოყვანას ვუწევდი ორგანიზებას. ვიცი, ვინც აკეთებდა ამას. ფეისბუქის მეშვეობით განცხადება გავაკეთე და ტელეფონითაც ავუხსენი, რომ ნაცმოძრაობას მხარს არ ვუჭერ, რადგან ნაცმოძრაობას არც მორალური, არც ზნეობრივი, არც ეროვნულ-პოლიტიკური და არც სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით არ დაუმსახურებია ის, რომ მათ მხარი დავუჭირო.

- ევროატლანტიკური მიმართულების ამომრჩევლების ხმები დაიკარგაო. ისინი მეორე ტურში ნაცმოძრაობას ხმას არ მისცემენ?

- მეეჭვება. ნაცმოძრაობამ უკვე დაიმკვიდრა ისეთი პარტიის სახელი, რომელიც ხელისუფლებაში ვერ მოდის არჩევნების გზით და მხოლოდ რევოლუციის სცენარი აქვს. ამ დროს საზოგადოებას (როგორი ორიენტაციისაც უნდა იყოს ის, ევროატლანტიკური იქნება თუ არა), საერთოდ არ უნდა რევოლუცია.

- არეულობა მოსწყინდა?

- დიახ, მაგრამ ნაცმოძრაობა გახდა ისეთი პარტია, რომელიც მუდმივად რევოლუციაზეა ორიენტირებული. თავისი მომხრეების მაქსიმალური მობილიზაცია მოახდინეს და რაც მიიღეს, ის მიიღეს. ოდესიდან შემოძახილმაც უარყოფითი როლი ითამაშა.

- პირიქით არ იყო? ნაციონალებზე ხელჩაქნეულ ამომრჩეველს სააკაშვილის ჩამოსვლის თაობაზე ინფორმაციამ მოტივი გაუჩინა...

- სააკაშვილმა ვერც გვირაბი გათხარა და ვერც ზღვა გადაცურა. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ყველაზე ძლიერი ოპოზიციური ძალა ნაციონალური მოძრაობაა და პატივი უნდა ვცეთ ამომრჩევლის ნებას, ასევე პატივი ვცეთ ხელისუფლების ამომრჩევლის ნებას. ოღონდ, ნაცმოძრაობა არჩევნების გზით ვერ მოდის ხელისუფლებაში და მხოლოდ რევოლუციის სცენარები აქვს. ნაცმოძრაობა ერთხელ რევოლუციის გზით მოვიდა ხელისუფლებაში, მეორედ – ვიცით, 2008 წლის არჩევნები როგორი არჩევნები იყო.

- გაყალბებით...

- 2012 წლის არჩევნები წააგეს, ახლაც წააგეს. ნაცმოძრაობა ძალიან უნდა უფრთხილდებოდეს იმ სტატუსს, რაც აქვს. იმედი მაქვს, ნაცმოძრაობის ეკონომისტები ძლიერ ოპონირებას გაუწევენ „ოცნებას“, თუ საჭირო იქნება. „ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას იღებს. 2010 წელს განხორციელდა საკონსტიტუციო ცვლილებები და ყველაფერი ერთმა ადამიანმა მოირგო, შემდეგ კი პრემიერს მიანიჭა დიდი უფლებები. საქართველო საპრეზიდენტო ქვეყნად უნდა დარჩენილიყო.

- ზოგადად, არჩევნების შედეგებს როგორ აფასებთ?

- არჩევნების შედეგებზე ბევრი ლაპარაკობს. არ შეიძლება საუბარი არჩევნების არალეგიტიმურობაზე. არაფერი ისეთი ამ არჩევნებზე არ მომხდარა, რაც ადრე არ ყოფილა. რევოლუციის საბაბი დღეს საქართველოში არ არსებობს. როგორც შევარდნაძემ მოჭამა თავისი დრო, როგორც ნაცებმა მოჭამეს თავიანთი დრო, ისე ქოცებიც მოჭამენ თავიანთ დროს.

- ოპოზიცია პარლამენტში რას გააკეთებს?

- ოპოზიციას პარლამენტში ობსტრუქციის მოწყობა შეუძლია. პოლიტიკურ ობსტრუქციაზე ვსაუბრობ და არა მუშტი-კრივს. იმუშაონ და ნუ იქნებიან ორიენტირებული იმაზე, მეტი აღარაფერი დარჩათ, მუდმივად იძახონ, `რუსი ოლიგარქი ივანიშვილი~. ჩაუსაფრდი (კარგი გაგებით) ხელისუფლებას, გააკრიტიკე ეკონომიკური პროგრამა, გააკრიტიკე იმისთვის, რასაც ვერ აკეთებენ, იყავი შენს დონეზე.

- მუდმივად ივანიშვილის ძახილი არაფრის მომტანია?

- „რუსი ოლიგარქის“ ძახილი ხალხს უკვე მოყირჭდა. ეს არ მუშაობს. ნაცმოძრაობას ურჩევნია, ნუ იოცნებებს რევოლუციის მოწყობაზე და ნუ იოცნებებს იმაზე, რომ ივანიშვილი გუდა-ნაბადს აიკრავს, წავა საქართველოდან და ქვეყანას ნაციონალებს შეატოვებს.

- ანუ დასჯერდნენ იმ სტატუსს, რაც ახლა აქვთ?

- დიახ. როცა ნაციონალების სიის ათეული ვნახე, ვთქვი, რომ ისინი არ არიან რევოლუციონერები. ისინი არიან პარლამენტარები თავიანთი მოწოდებით. მათ პარლამენტში შესვლა და სიმშვიდე უნდათ.

- ე.ი. პარლამენტის მანდატის შერგება უნდათ?

- დიახ. არავის სჭირდება ახლა საქართველოში რევოლუცია და არეულობა, არც ჩვენს დასავლელ პარტნიორებს – არც აშშ-ს, ევროკავშირსა და ნატოელ პარტნიორებს. დარწმუნებული ვარ, „ქართულ ოცნებაშიც“, ნაციონალებშიც და პატრიოტთა ალიანსშიც არიან პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსები.

- ნაციონალებშიც?

- დიახ. ჩემთვის პარლამენტში პრორუსული ძალების მოხვედრა კატასტროფაა, მაგრამ მოცემულობაა ასეთი. ეს წინა ხელისუფლებების ბრალია.

- ნაწილობრივ დასავლეთისადმი გულაცრუება ნაცმოძრაობის პოლიტიკამ ხომ არ გამოიწვია?

- ნაცმოძრაობამ დასავლური ღირებულებების დევალვაცია გამოიწვია როგორც მმართველობის დროს, ისე ოპოზიციონერობის პერიოდში. საქართველოში ძალიან ბევრი საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ტვინია. ამ ადამიანებს ცოტა სჭირდებათ, რომ ისევ აღმოჩნდნენ პოსტსაბჭოთა ილუზიებსა და რუსეთის გავლენაში. თუმცა, კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს მოსახლეობის 70% დასავლეთზეა ორიენტირებული. არაბლოკური კავშირების შესახებ დემაგოგია რუსეთის შემოგდებულია.

- ისე, ამ მხრივ, მგონი, სანერვიულო არაფერია. ამ იდეამ ვერ გაიმარჯვა.

- ჰო, მაგრამ კვალიფიციური სუბიექტი გახდა და სახელმწიფოსგან დაფინანსებაც ეძლევა. მოსახლეობამ გაიგო, რას ნიშნავს უბლოკო სტატუსი.

- რას?

- უბლოკო სტატუსი ნიშნავს უპატრონოდ მიგდებულ საქართველოს, რადგან ჩვენს ქვეყანას თავისი რესურსებით დამპყრობლებისგან თავის დაცვა არ შეუძლია. ამიტომ ვერთიანდებით კოლექტიური უსაფრთხოების სისტემაში.

- ამ არჩევნების შედეგად ბევრი პარტია გაკოტრდა. თქვენი ანალიზით, რა მოხდა?

- ყველაზე მეტად გული დამწყდა თავისუფალ დემოკრატებზე, თუმცა, ის ნაბიჯები, რომლებიც არჩევნების შემდეგ მათ გადადგეს, მისასალმებელია. ლიდერებმა აიღეს პასუხისმგებლობა და გადადგნენ. ზოგი იმიტომ წავიდა, რომ დაბრუნდეს, ზოგი, ინფორმაცია მაქვს, `ქართულ ოცნებასთან~ სათანამშრომლოდ წავიდა. დანარჩენი პარტიები რომ ვერ გადალახავდნენ ბარიერს, ვიცოდი. არასოდეს მიფიქრია, რომ რესპუბლიკური პარტია ოდესმე 5%-იან ბარიერს გადალახავდა. ვერც უახლოეს ხანში გადალახავენ.

Comments are closed