globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 24 ოქტომბერი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Oct 24th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

ახალი თაობა: ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „ალეკო ელისაშვილმა აჩვენა, რომ პარტიების დრო წავიდა” // „ამ შედეგებით ნაციონალურ მოძრაობას უფრო მოუწევს დაფიქრება, ვიდრე „ევროპულ საქართველოს“

ახალი თაობა: ინტერვიუ გიორგი ვაშაძესთან: „აბა, სად არის მეორე ტური? აღარ უნდა გავიზარდოთ?!“

ახალი თაობა: ინტერვიუ ბეჟან ნათელაშვილთან: „ბიძინა ივანიშვილს უნდა, რომ პოლიტიკაში მარტო „ოცნება“ და „ნაციონალები“ დარჩნენ“ // „მოღალატეები პოლიტიკურად უნდა ჩავაქვესკნელოთ“

ახალი თაობა: ინტერვიუ ლევან ჩაჩუასთან: „2020 წელს ნაციონალები პარლამენტში უმრავლესობით მოვლენ“ // „ადგილობრივი ხელისუფლება ქვეყანაში ნაცქოცური დაჯგუფებით დაკომპლექტდა“

ახალი თაობა: ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „მინდა, რომ ნაციონალები გაქრნენ პოლიტიკური რადარებიდან“

—————–

ახალი თაობა, 24 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „ალეკო ელისაშვილმა აჩვენა, რომ პარტიების დრო წავიდა” // „ამ შედეგებით ნაციონალურ მოძრაობას უფრო მოუწევს დაფიქრება, ვიდრე ევროპულ საქართველოს

პოლიტოლოგი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ადგილობრივ არჩევნებში პოლიტიკური პარტიების მიერ დადებულ შედეგებზე საუბრობს.

- ბატონო რამაზ, თქვენ ამბობთ, რომ პარტია, რომელსაც არასდროს არ გაუმარჯვია, დროა სახლში წავიდეს. თბილისში უპარტიო კანდიდატის ალეკო ელისაშვილის მიერ დადებულმა შედეგმა მართლაც ხომ არ დააყენა ასე საკითხი, რომ დრომოჭმული პარტიების დრო დასრულდა?

- არის ეს განწყობა ანალიტიკოსებში და არის მოსახლეობაში, ეს აჩვენა თუნდაც ამ არჩევნებმა. თუმცა, წასვლაში ალბათ უფრო იგულისხმება ის, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს, უნდა დაფიქრდნენ და მიხვდნენ, რომ რაღაც ისე არ არის. ან შეიძლება გარკვეული ვაკუუმი გვქონდეს, რომ ახალი ძალები ბუნებრივად გაჩნდნენ, დაიბადონ, დაბადება მტკივნეული პროცესია, მაგრამ მას ალტერნატივა არ აქვს.

- ალეკო ლისაშვილის შედეგმა ეს სურათი კიდევ უფრო წარმოაჩინა, უფრო გაამძაფრა?

- დიახ, კიდევ უფრო გაამძაფრა. ელისაშვილის შედეგმა აჩვენა, რომ პარტიების დრო წავიდა. ელისაშვილს პარტიებმა გაუკეთეს შეთავაზება თავის დროზე, მაგრამ ელისაშვილმა კარგად გათვალა, რომ საქართველოში პარტიები პოპულარულები არ არიან და მან ეს ნაბიჯი არ გადადგა. თუ ელისაშვილი პარტიული კანდიდატი იქნებოდა, ამის ნახევარსაც ვერ აიღებდა. უფრო ინდივიდუალური პოლიტიკა მოდის წინა პლანზე. ადამიანებს მობეზრდათ პარტიები, რომლებიც პარტიების გადარჩენაზე უფრო არიან ორიენტირებულები, ვიდრე ქვეყნის განვითარებაზე, მის წინსვლაზე.

ინდივიდუალური პოლიტიკა წინა პლანზე მოდის ევროპულ ქვეყნებშიც. აღარაფერს ვამბობ ამერიკის შეერთებულ შტატებზე, სადაც მთლიანად სისტემა ინდივიდზე, მაჟორიტარზეა აწყობილი.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციისთვის ცივი შხაპი იყო. მე ვიტყოდი, არანაკლები ცივი შხაპი არის 21 ოქტომბრის არჩევნების შედეგები, მაგრამ აქ მოულოდნელი არაფერი არ იყო. ეს ყველაფერი წინასწარვე იყო ცნობილი, რომ ასე მოხდებოდა. მოხდა ის, რაც სრულიად კანონზომიერი იყო. მაგალითად, თბილისის საკრებულოში შედის დეპუტატთა უდიდესი ნაწილი მმართველი პარტიიდან და თითო-ოროლა ოპოზიციონერი დეპუტატის შესვლაზეა საუბარი.

ამ შედეგებმა პარტიებს მისცა შესაძლებლობა, რომ დაფიქრდნენ და შემდეგ ისე გადადგან ნაბიჯები. უნდა მიხვდნენ, რომ რაღაც შესაცვლელია.

- ამას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით ვერ მიხვდნენ, თუ პრობლემა უფრო ღრმაა და უფრო მეტია გასაკეთებელი?

- სავსებით გეთანხმებით, რომ პრობლემა უფრო ღრმა არის, მაგრამ ისინი არიან ოპოზიცია, ისინი არიან პარტიები და ეს მათი გასაკეთებელი საქმეა, სხვა ვერავინ გააკეთებს მათ მაგივრად.

- ნაციონალური მოძრაობის შედეგებზე რას იტყვით? მათ თბილისში მეორე ადგილი დათმეს მერის პოზიციაზე…

- ნაციონალურ მოძრაობას უფრო მეტად მოუწევს დაფიქრება, ვიდრე მათგან გამოყოფილ “ევროპულ საქართველოს”, რადგან აქ ზრდის ტენდენცია შეინიშნება, ნაციონალურ მოძრაობასთან კი პირიქით, კლების.

- შეიძლება ვთქვათ, რომ ალეკო ელისაშვილმა სერიოზული დარტყმა მიაყენა არა იმდენად ზაალ უდუმაშვილს, რამდენადაც ნაციონალურ მოძრაობას?

- სრულიად გეთანხმებით, სწორი ანალიზია. ნაციონალურმა მოძრაობამ ამომრჩევლის მიზიდულობა დაკარგა. ეს მიზიდულობა ზაალ უდუმაშვილს კი არ დაუკარგავს, პარტიამ დაკარგა.

- ამას რითი ხსნით?

- ამის ბევრი მიზეზი არის. პირველ რიგში, ინტერესი თავად მიხეილ სააკაშვილს გაუნელდა. სააკაშვილი გადაერთო უკრაინაზე, ნაციონალებისადმი თუნდაც მისი ერთგული ამომრჩევლის ინტერესი გაცივდა. ის მხარდაჭერაც, რაც დღეს ნაციონალებმა დადეს, მიხეილ სააკაშვილის რეიტინგია. თუ სააკაშვილმა კიდევ უფრო მკაფიო მოძრაობა გააკეთა, რითაც აჩვენებს, რომ კიდევ უფრო არ აინტერესებს მას ნაციონალური მოძრობა, მაშინ ნაციონალები ამ პროცენტულ მაჩვენებელსაც დაკარგავენ. პარტია ნაციონალურმა მოძრაობამ თავის ამომრჩეველს სიახლე ვერ შესთავაზა, სახეებს არ ვგულისხმობ, სახეები სწორედაც ახლები იყვნენ, მაგრამ ძველებური ინტონაციით, ნაცნობი ინტონაციით. მათ აგრესიულ სტილში არაფერი შეცვალეს, დატოვეს იგივე და პრობლემაც ამაშია.

- “ევროპული საქართველო” თავისი შედეგით უკმაყოფილო არ არის, ისინი ამბობენ, რომ ახალი პარტიაა და ეს მისაღები შედეგია. რატომ არის დღეს გიგა ბოკერიას, გიგი უგულავას პარტია ამომრჩევლისთვის მისაღები? აქ მთავარი ხომ არ არის, რომ მათ არ უჭირთ შეცდომების აღიარება?

- მერწმუნეთ, უფრო სრულფასოვანი აღიარება რომ ყოფილიყო მათი მხრიდან, უფრო შედეგიანი იქნებოდა მათი პარტია თუნდაც ამ არჩევნებზე. შეცდომებს აღიარებენ და არა დანაშაულს, სწორედ ამიტომ გაუჭირდა ამომრჩეველს ნდობის მანდატის მიცემა თუნდაც ელენე ხოშტარიასთვის, რომელიც მართლაც არ ასოცირდება არანაირ დანაშაულთან და არანაირ შეცდომასთან. ადამიანებს არ აქვთ გარანტია, რომ ეს ძალა თუ ხელისუფლებაში მოვა, არ გაიმეორებს იგივე დანაშაულს. სანამ თავად არ შეაფასებენ კარდინალურად თავიანთ დანაშაულს და ამას ხმამაღლა არ იტყვიან, არ მოიბოდიშებენ, გულწრფელი სინანული არ ექნებათ, მანამდე იქნება ეს უნდობლობა. მიუხედავად ამისა, ისინი კიდევ უფრო გააქტიურდებიან და „ევროპული საქართველო“ ალბათ კიდევ უფრო წამოიწევს წინ.

- პატრიოტთა ალიანსიც არის ერთ-ერთი ის პარტია, რომელმაც ბარიერი გადალახა...

- სიმართლე გითხრათ, „პატრიოტთა ალიანსის“ მხრიდან უფრო მეტ შედეგს ველოდი. თუმცა, მათ მიერ ნაჩვენები შედეგებით ვნახეთ, რომ ისინიც უფრო დაბლა არიან, ვიდრე გაიზარდნენ.

- რატომ, რა არის ამის მიზეზი?

- დიდი მქუხარე განცხადებები, რომლებიც იყო თუნდაც საპარლამენტო არჩევნების წინ, შემდეგ შევიდნენ პარლამენტში, მაგრამ რა ნახა ხალხმა, რა შედეგი მიიღო ამით?! არ გამოვრიცხავ, რომ მათ თავიანთ სტრატეგიას გადახედონ, თუმცა, აქტიურობა, საპროტესტო აქციები, სკანდალური განცხადებები, როგორიც არის ნატო და რუსეთი ერთდროულად, მათი ნიშაა, მაგრამ რა დიდ დივიდენდებს მოუტანს, როგორც პარტიას, ეს არის აქ მთავარი.

ეს ოთხი პარტია პოლიტიკაში დარჩენის შანსს ინარჩუნებს. დანარჩენებს კი განაჩენი თავად ამომრჩეველმა გამოუტანა. თუ ოპოზიცია არ შეცვლის რადიკალურად თავის მიდგომებს, სტილს, რიტორიკას, სანამ რადიკალურად არ გადაჯგუფდება, მანამდე შედეგები ოპოზიციისთვის კიდევ უფრო დამანგრეველი იქნება.

მოგეხსენებათ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ერთგვარი სამზადისია დიდი არჩევნებისთვის, საპარლამენტო არჩევნებისთვის. ეს იყო ტესტი, რომელიც ვნახეთ. საპარლამენტო არჩევნები 2020 წელს არის, იქამდე ჯერ კიდევ დიდი დროა და ოპოზიციამ რადიკალური ცვლილებები უნდა მოასწროს.

ახალი თაობა, 24 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ გიორგი ვაშაძესთან: „აბა, სად არის მეორე ტური? აღარ უნდა გავიზარდოთ?!

„ახალი თაობის“ კითხვებს „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პასუხობს.

- ბატონო გიორგი, ქართულმა ოცნებამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, ოპოზიციას კი ძალიან დაბალი მაჩვენებელი აქვსო. თუ გამოიკვეთა ძირითადი პრობლემები?

- პირველ რიგში ეუთოს დასკვნა არის საინტერესო, რომელიც უფრო გაუარესებულია, ვიდრე წინა არჩევნების შეფასება. იმიტომ, რომ სიტყვა კონკურენტული, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნების შეფასების დროს, უკვე ამოღებულია ამ დასკვნაში. ფაქტია, რომ არაკონკურენტული გარემო იყო შექმნილი.

- შედეგებზე რას იტყვით?

- რაც შეეხება არჩევნების შედეგებს, ჩვენთვის, როგორც სტარტაპ პარტიისთვის, საკმაოდ საინტერესო შედეგებია. თბილისში 3,5%, რომელიც ავიღეთ, არის მთლიანად იდეის გარშემო შემოკრებილები, იდეის მხარდამჭერები, ვინც ხმა მოგვცა. ჩვენ ნამდვილად არ გვქონდა იმის რესურსი, რომ კარდაკარ გვევლო და თითოეული ამომრჩეველი გამოგვეყვანა. ბევრი ახალი რამ შევთავაზეთ ამომრჩეველს, მათ შორის ძალიან განსხვავებული პროგრამა, რომელიც ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრს დააფიქრებს შემდეგ არჩევნებზე, რომ უარი თქვან პოპულიზმზე, ისევე, როგორც ჩვენ ვთქვით უარი.

- რა გახდა ოპოზიციის მარცხის მიზეზი?

- თუ გახსოვთ, ჩვენ გაერთიანებას ვთავაზობდით პროდასავლურ ძალებს პრაიმერის მექანიზმთან დაკავშირებით, ისინი გვეუბნებოდნენ, რომ მეორე ტურში გავერთიანდეთ და ასე შემდეგ. აი, ესეც მათი მეორე ტური! ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ აბსოლუტურად სწორი პოზიცია გვქონდა ჩვენ.

- რატომ არ წამოვიდა ოპოზიცია გაერთიანებაზე?

- სამწუხაროდ ვიწრო პარტიულ და ვიწრო პერსონალურ ინტერესებს ვერ გასცდნენ სხვა პოლიტიკური ძალები და ამიტომაც მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ. ჯამურად რომ დავთვალოთ ოპოზიციური ხმები, თითქმის იგივეა, თუნდაც ამ არათანაბარ პირობებში, რაც მიიღო მმართველმა ხელისუფლებამ. ოპოზიციური პარტიები რომ გავერთიანებულიყავით, შესაძლოა, გამარჯვებაზეც გვეფიქრა პირდაპირ პირველივე ტურში.

- იყო ამის შანსი?

- ამის რეალური შესაძლებლობა ნამდვილად იყო. დაქსაქსული ოპოზიციის პირობებში, როცა ყველა თავისკენ ექაჩებოდა და არა მხოლოდ ხელისუფლებასთან იყო კონკურენტი, არამედ ერთმანეთის კონკურენტი იყო, ხმების მობილიზება იყო რთული და ნაკლებად დამაჯერებელი იყო მოსახლეობისთვის, რომ ოპოზიციის რომელიმე ნაწილი შეძლებდა გამარჯვებას ამ არჩევნებში.

- უკვე მერამდენე არჩევნებში იგემა მარცხი ოპოზიციამ. ეს არის ლიდერომანიით შეპყრობილი ოპოზიცია თუ ისინი ხელისუფლების თამაშს თამაშობენ?

- ხელისუფლების გარკვეული ნაწილი ხელისუფლების თამაშს თამაშობს, ოპოზიციის მეორე ნაწილი უბრალოდ ჩაკეტილია საკუთარ ჩარჩოში და ვერ იხედება იმის გარეთ. იმისი ინტერესია, რომ თავისი ხუთი კაცი გაიყვანოს სადღაც. ზოგიერთის ინტერესია, რომ კვალიფიციური სუბიექტის დაფინანსება ჰქონდეს და მეტი არაფერი. აი, ეს არის სამწუხარო.

მე წუწუნი არ მახასიათებს და ამიტომ ვამბობ, „ქართული ოცნება“ რომ ადმინისტრაციულ რესურსს გამოიყენებდა, დიდ ფინანსურ რესურსს გამოიყენებდა, საარჩევნო დღეს რომ ყველაზე მეტად ორგანიზებული იქნებოდა, ეს ხომ ორჯერ ორი ოთხია?! ვინმე არ ელოდა ამას?! ამას, შესაძლოა, დაპირისპირებოდა ერთიანი ძალით მომუშავე ოპოზიციური პარტიები. თუ დამარცხებისთვის იბრძვიან და მეორე-მესამე ადგილისთვის, ითვალონ ახლა თავისი პროცენტები და იყვნენ. 7%-ს მიიღებ, 4%-ს თუ 14%-ს, მარცხი მარცხია! ამიტომ იყო ჩვენი მოწოდება, რომ გავერთიანებულიყავით. ჩვენ კარგი გამოცდილება მივიღეთ, შევიძინეთ იდეური მხარდამჭერები და ეს არის ჩვენთვის ძალიან ღირებული.

- ყველა ელოდა რატომღაც მეორე ტურს და ბევრს საუბრობდნენ ამაზე. რატომ შეცდა ოპოზიცია?

- ჯერ ერთი, მეორე ტური რომც ყოფილიყო, ხომ ყველას უნდა ესმოდეს, რომ მეორე ტურში არანაირი რესურსი ბრძოლისა არ არსებობს. მეორე დღეა და შეხედეთ, რა ხდება, ჩვენ გარდა, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ღრმა ძილით დაიძინა. ახლა ალბათ ერთთვიან შვებულებებს გამოაცხადებს ყველა. მეორე ტურისთვის ბრძოლა თავიდანვე არის აზრს მოკლებული.

- რატომ არის აზრს მოკლებული?

- იმიტომ, რომ საქართველოში არჩევნები არის ერთი დღე. ეს არის ადამიანების ფსიქოლოგია. შემდეგ უკვე პირველ ტურში ვინც დიდი უპირატესობით იმარჯვებს, ის იმარჯვებს მეორე ტურშიც. ეს არის რეალობა. კალაძეს რომ 48% აეღო და ელისაშვილს 19%, მეორე ტურში ხომ მაინც კალაძე გაიმარჯვებდა?! აი, ეს არის რეალობა. ამიტომ ვამბობდით, რომ მოდით, ყველა ერთად მოვემზადოთ ამ ერთი დღისთვის. ერთადერთი შანსი ამ არჩევნებში გამარჯვების იყო ერთობლივი ბრძოლა.

- ექსპერტებიც აკეთებდნენ პროგნოზებს, რომ მეორე ტური შედგებოდა…

- იმ ექსპერტებს, რომლებიც თვლიდნენ, რომ ოპოზიცია არ უნდა გაერთიანებულიყო, არც პრაიმერი იყო საჭირო და მეორე ტური იქნებოდა მთავარი, ვეტყვი, რომ მოძველდნენ და სად არის მეორე ტური, რომელსაც თქვენ ამბობდით?!

- სერიოზულად გაიწმინდება პოლიტიკური ველი და ბევრი პარტია ჩაიძირება?

- ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ დიახაც, ძალიან დიდი ტექტონიკური ძვრები იქნება პოლიტიკურ სპექტრში. ის, რომ უსისტემო კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა მიიღო ამხელა მხარდაჭერა, კარგი და ნათელი მაგალითია იმის, რომ ხალხს უნდა სიახლე. ახალი ადამიანები სჭირდებათ პოლიტიკაში. ამიტომ შემდეგ არჩევნებზე გამარჯვების ერთადერთი შანსია, რომ რაც შეიძლება მეტი ახალი ადამიანი პოლიტიკაში და მეტი ახლებური მიდგომა და სწორი სტრატეგიები. არ შეიძლება, რომ 5 წლის მანძილზე მუდმივად პოლიტიკური ძალები მარცხდებოდნენ არჩევნებში და ერთი და იგივე სცენარით მიდიოდნენ შემდეგ არჩევნებზე. ხომ უნდა გავიზარდოთ?! რა, ვინმეს სჯერა იმის, რომ მომდევნო წელს, საპრეზიდენტო არჩევნებზე, „ქართული ოცნება“ ადმინისტრაციულ რესურსს და ფინანსურ რესურსს აღარ გამოიყენებს?! ზუსტად იგივე მექანიზმებს გამოიყენებს და ამისთვის უნდა მოვემზადოთ.

ახალი თაობა, 24 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ბეჟან ნათელაშვილთან: „ბიძინა ივანიშვილს უნდა, რომ პოლიტიკაში მარტო ოცნება და ნაციონალები დარჩნენ“ // „მოღალატეები პოლიტიკურად უნდა ჩავაქვესკნელოთ

რა დავალება მისცა ივანიშვილმა თავის ემისრებს, რა გეგმა აქვთ „ნაციონალებს“ და „ოცნებას“, ამ თემებზე „ახალ თაობას“ ლეიბორისტული პარტიის წევრი ბეჟან ნათელაშვილი ესაუბრება. „2012 წლიდან მოყოლებული დღემდე, საქართველოში 5 არჩევნები ჩატარდა და აქედან მხოლოდ ერთი არ გაუყალბებიათ. არჩევნები 2012 წელს არ გაყალბებულა. ის არჩევნები ნაციონალებმა და მათმა ცესკომ ჩაატარეს“, – ამბობს ბეჟან ნათელაშვილი.

- ნაციონალების ჩატარებული არჩევნები ახსენეთ და იყო დრო, როცა ლეიბორისტები მათ არჩევნების გაყალბებაში სდებდით ბრალს...

- ამ ბრალდებებს ახლაც გავიმეორებ – 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ნაციონალები ყოველთვის აყალბებდნენ არჩევნებს. მხოლოდ ერთხელ არ გააყალბეს და ქვეყნის სათავეში საუკუნის ყველაზე დიდი გამყალბებელი მოვიდა. ივანიშვილის მოსვლის შემდეგ, საქართველოში არჩევნები ყალბდება და ყალბდება. დროთა განმავლობაში გაყალბების მექანიზმი შეიცვალა. ადრე პრიორიტეტი სომხურ კარუსელს და ბიულეტენების გატაცებას, ასევე უბნებზე დენის გათიშვას ენიჭებოდა. დღეს არჩევნებზე უბრალოდ ყიდულობენ ამომრჩეველს. რეგიონებში ამის არაერთი ფაქტი გამოვლინდა. თბილისში ეს უფრო დახვეწილი მეთოდით გააკეთეს.

- დახვეწილ მეთოდში რას გულისხმობთ?

- არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, მათ მისცეს ფულადი დახმარება. სამაგიეროდ, არჩევნების დღეს სიები ეკავათ ხელში და ვინც არ მოდიოდა, შავ დღეს აყრიდნენ. შალვა ნათელაშვილის თქმის არ იყოს, 41-ის შემოსახაზავად ხალხს ნახირივით მოერეკებოდნენ. მერე ვიღაცას შეიძლება ეწყინოს, ნახირი გვიწოდაო.

- მოდი და ნუ გეწყინება...

- საწყენი ისაა, რომ ხალხი ასეთ დამოკიდებულებას ითმენს. ადამიანისგან განსხვავებით, ძროხას ტვინი არა აქვს, ვერ ხვდება, რომ ერთი მუჭა ბალახის გამო მისი ხბოს წილი რძე პატრონს არ უნდა მისცეს. ადამიანი უნდა ხვდებოდეს, რომ ერთჯერადი ფულადი დახმარების მიღებით, ყაჩაღები მას 4 და 5 წელი მოწველიან. ამომრჩევლის მოსყიდვა კანონითაც აკრძალულია, მაგრამ ჩვენთან კანონებს ვინ იცავს. მაქსიმალურად გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული რესურსი, რაც ასევე კანონით აკრძალულია. ამ და სხვა მეთოდებით, ივანიშვილმა არჩევნები გააყალბა და მთელი საქართველოს უზურპაცია მოახდინა. ამის მწარე შედეგებს ხალხი რამდენიმე კვირაში მოიმკის. ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ, რამდენიმე კვირაში დენის, წყლის, დასუფთავების და ბუნებრივი აირის საფასური გაიზრდება. ლარის გაუფასურება ახალ მასშტაბებს შეიძენს. საბოლოოდ იქამდე მივა საქმე, რომ 41-ის შემოხაზვის ცოდვით დამძიმებული ადამიანები თვითონვე გამოვარდებიან კეტებით თავისი არჩეულების დასამხობად.

- თქვენ მართლა გჯერათ, რომ ხალხი სოციალური მოთხოვნებით ქუჩაში გამოვა?

- რა თქმა უნდა, გამოვა. მათ ხელისუფლებამ სხვა გამოსავალი არ დაუტოვა. ამ ქვეყანაში არჩევნები, ჩათვალეთ, რომ გაუქმებულია.

- რას ნიშნავს გაუქმებულია?

- ისეთი კანონები მიიღეს, რომ არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა წარმოუდგენელია. ასეთ დროს პროცესები ქუჩაში გადადის.

- ქუჩაში გამომსვლელი ჯერ არავინ ჩანს...

- აუცილებლად გამოვლენ. გაორმაგებული ქვითრები როცა მიუვათ, გამოვლენ. ყველაფერს თავისი დრო აქვს და ქუჩაში გამოსვლის დროც დადგება. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ რევოლუცია მოდის.

- არჩევნების დასრულების შემდეგ გამუდმებით მიდის მოწოდებები იმის შესახებ, რომ არჩევნებში დამარცხებული პარტიები პოლიტიკიდან უნდა წახვიდეთ. ამას თქვენ სოციალურ ქსელში საკმაოდ მწვავედ გამოეხმაურეთ...

- რა თქმა უნდა, მწარედ გამოვეხმაურე. ეს მოწოდებები უკვე მიზანმიმართული კამპანიის სახეს ატარებს. ეს მესიჯი პირდაპირ ბიძინა ივანიშვილისგან არის გაშვებული.

- ივანიშვილს რაში სჭირდება ამ პარტიების გაქრობა?

- მას პოლიტიკაში არ აწყობს ისეთი ხალხი, რომელიც მის წინააღმდეგ წავა. ძალიან მალე ყველაფერზე მოიმატებს ტარიფი და რაში აწყობს, რომ ამის წინააღმდეგ რომელიმე პარტიამ გაილაშქროს. ამის გარდა, დიდი შანსია, რომ ეს იყოს ნაციონალებთან გარიგება. ქოცებსაც და ნაცებსაც უნდათ, რომ ბურთი და მოედანი მათ დარჩეთ. ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ როდის ითხოვდა, შუა უნდა გაიკრიფოსო.

- არადა იყო დრო, როცა ლეიბორისტებს გაბრალებდნენ ნაციონალებთან თანამშრომლობას...

- ეს საერთოდ ასეა, ადამიანს და პარტიას ის უნდა დააბრალო, რასაც მთელი ცხოვრება ებრძვის. ივანიშვილს მალე მოუწევს პოლიტიკურ პენსიაზე წასვლა და მერე მაგასთანაც დაგვაბრალებენ თანამშრომლობას. როცა ის პოლიტიკიდან წავა, მერე ნახავთ, როგორ გალანძღავს მას ის ხალხი, ვინც დღეს მის დაკვეთებს ასრულებს. ხალხი, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს სახლში წასვლისკენ მოგვიწოდებს, ოლიგარქის დამკვეთის შემსრულებელია. ისეთ საზოგადოებრივ აზრს ქმნიან, თითქოს პოლიტიკაში მხოლოდ ახალი სახეები უნდა დარჩნენ.

- ოცნებაში და ნაციონალებში, გნებავთ პატრიოტთა ალიანსში რომელია ახალი სახე?

- საქმეც ისაა, რომ სულ ძველები და გაცვეთილებია. ეგენი ძველ სახეებზე მეტად აქტიურ პოლიტიკოსებს ერჩიან. ივანიშვილი პოლიტიკას ისეთი ხალხისგან წმენდს, ვინც უსამართლობას ებრძვის.

- თქვენი აზრით, წავა რომელიმე პარტია პოლიტიკურ შვებულებაში?

- ვერ გეტყვით, საკმარისია, ოპოზიცია ოლიგარქის ნებას დაემორჩილოს, რომ ის მთელ საქართველოს საყდრისის საბადოსავით ააფეთქებს. ამიტომაც არ უნდა დარჩეს მას ბურთი და მოედანი. ივანიშვილმა რაც არ უნდა ახალი სქემა მოიფიქროს, აღარაფერი გამოუვა. არ გამოუვა იმიტომ, რომ თავად არის ძველი. ჩემი ვარაუდით, ოპოზიცია ფარ-ხმალს არ დაყრის და ბრძოლას გააგრძელებს. ჩვენ გაჩერების უფლება არა გვაქვს, რადგანაც ამის იქეთ არის ქვესკნელი. ჩვენ კი არ გვინდა ქვეყანა უფსკრულში გადაიჩეხოს. ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს მოღალატეები პოლიტიკურად ჩაქვესკნელდნენ.

ახალი თაობა, 24 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ლევან ჩაჩუასთან: „2020 წელს ნაციონალები პარლამენტში უმრავლესობით მოვლენ“ // „ადგილობრივი ხელისუფლება ქვეყანაში ნაცქოცური დაჯგუფებით დაკომპლექტდა

ადგილობრივი თვითმმართველობის შედეგებზე „ახალ თაობას“ მოძრაობა „ქართული იდეის“ ლიდერი ლევან ჩაჩუა ესაუბრა. „გამართლდა ის, რასაც ვამბობდი – ადგილობრივი ხელისუფლება ქვეყნის მასშტაბით ნაცქოცური დაჯგუფებით დაკომპლექტდა“, – ამბობს იგი.

- პირველ ადგილზე ყველგან მმართველი პარტიაა, ნაცმოძრაობის მეორე ადგილი კი უჩვეულო მოვლენა არ არის. სად ჩანს ნაცქოცური შეთქმულება?

- ამ არჩევნებში ნაციონალური მოძრაობა და მისი განშტოება, რომელსაც „ევროპული საქართველო“ დაარქვეს, ცალ-ცალკე გამოვიდა. ამ გზით ჯამში მათ დიდ წარმატებას მიაღწიეს და ერთად ბევრი მანდატი აიღეს. თუ ამას მივუმატებთ „ქართულ ოცნებას“, სადაც პორტირებული ნაციონალი უფრო მეტია, ვიდრე ნაცმოძრაობის მოწინააღმდეგე, აშკარად დავინახავთ, რაც მოხდა. ესაა გენერალური რეპეტიცია იმისა, რაც მომავალ საპარლამენტო არჩევნებში უნდა მოხდეს.

- იმ დროისთვის რა იგეგმება?

- თუ არ გამოვფხიზლდით, 2020 წელს ნაციონალები პარლამენტში უმრავლესობით მოვლენ და ნაციონალური მოძრაობა ცალკე, ან თავის განშტოებებთან ერთად, იქნება ხელისუფლებაში, „ქართული ოცნება“ კი მთავარი ოპოზიციის როლს შეასრულებს. ასეთია გეგმა. როგორც ჩანს, 2012 წელს ბიძინა ივანიშვილსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის შედგა გარიგება. ამ შეთქმულების თანახმად, ორი საპარლამენტო ვადის შემდეგ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას ისევ ნაციონალურ მოძრაობას დაუთმობდა. ამ არჩევნებზეც ამ გარიგებული ხალხის ვირეშმაკობა ვნახეთ. ვერ გავიგე, რას ზეიმობენ სხვები. ყველგან ნაცქოცური შემადგენლობაა, მათგან მენტალურად განსხვავებული ოპოზიცია საკრებულოებს არ გააკარეს.

- დედაქალაქის საკრებულოში პატრიოტთა ალიანსიც ხომ მოხვდა?

- იმისთვის, რომ პატრიოტთა ალიანსს ორი კაცი შეეყვანა საკრებულოში, შიმშილობა და მიტინგები დასჭირდა.

- ეს პარტია საპროტესტო აქციებს ისევ აანონსებს...

- ეს ჩხუბის შემდეგ მუშტების ქნევას ჰგავს. პარტიები, რომლებიც ერთმანეთის ოპოზიციად ითვლებიან, როგორი შეხმატკბილებული არიან `ქართულ ოცნებასთან~! ნაციონალურმა მოძრაობამ ბიძინა ივანიშვილს ძეგლი უნდა დაუდგას, რომ ეს ძალა არა თუ გადაარჩინა, არამედ მთავარ ოპოზიციად დაგვიტოვა. როგორც ვვარაუდობდი, ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი არჩევნებზე არ მივიდა. ამ ადამიანებმა ვერ ნახეს ალტერნატივა, მესამე პოლუსი, რომელსაც ხმას მისცემდნენ. მმართველმა პარტიამ და ნაციონალურმა მოძრაობამ მოახდინეს თავიანთი მხარდამჭერების მობილიზება. ქვეყნის საუბედუროდ, ნაცმოძრაობას ისევ დარჩა მომხრეები. ამოქმედდა ადმინისტრაციული რესურსი, მოქალაქეების მოსყიდვა როგორც მმართველი პარტიის, ისე ნაცმოძრაობის მხრიდან და მივიღეთ სურათი, რომლის შესახებ ყველას ვაფრთხილებდი.

- ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის ნინო ბურჯანაძე, შალვა ნათელაშვილი და სხვები, ამ არჩევნების შემდეგ ალაპარაკდნენ იმაზე, რომ საქართველოში აღარ დარჩა ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის შესაძლებლობა...

- კარგი იქნებოდა, ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს ამგვარი განცხადება ჭეშმარიტი ოპოზიციის გარემოცვაში და არა ოდიოზური პოლიტიკოსების გვერდით გაეკეთებინა.

- ოდიოზური პოლიტიკოსები ვინ არიან?

- ისინი, ვინც ნაცმოძრაობასთან კავშირში იმყოფებოდნენ და ახლაც იმყოფებიან. ბაჩუკი ქარდავა იქნება ეს, პაატა დავითაია, ზურაბ ხარატიშვილი თუ შალვა ნათელაშვილი. მათთან არის მამუკა კაციტაძე, რომლის მოწონებული საარჩევნო სიებით ისევ ყალბდება არჩევნები. აუცილებელია ნამდვილი ოპოზიციის გაერთიანება, მძლავრი მესამე პოლუსის შექმნა, რომელიც ხალხს ნდობას აღუძრავს და არჩევნებზე მიიყვანს. სამწუხაროდ, ეს მოწოდება აქამდე არ იქნა შესმენილი.

- იმედოვნებთ, რომ თუ მძლავრი ოპოზიციური ერთობა ჩამოყალიბდა, ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვლება?

- ეს მოხდება გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში. ძლიერი გაერთიანების შექმნის შემდეგ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის. თუ საჭირო გახდა, ამ მოთხოვნით უნდა მოვაწყოთ საპროტესტო აქციები და ზემოქმედება მოვახდინოთ ხელისუფლებაზე.  საარჩევნო სიების გასწორებასთან ერთად, შესაქმნელია თანაბარი პირობები. ცესკო დასაკომპლექტებელია საზოგადოების სანდო წარმომადგენლებით. თუ საარჩევნო უბნებზე ვიდეოკამერებიც დაიდგმება, მაშინ არჩევნებს ვერ გააყალბებენ. უმნიშვნელოვანესია ამომრჩევლის დაინტერესება. თუ არამარიონეტი, არამართული ძალები გავერთიანდებით, ნდობას გავუჩენთ ადამიანებს. მაშინ არჩევნებზე შეიძლება ამომრჩევლის 80% მოვიდეს. თუ ამას საარჩევნო ცვლილებებიც დაერთო, შევძლებთ ხელისუფლების შეცვლას, დანაშაულებრივი კოაბიტაციის დასრულებას. ამით წერტილს დავუსვამთ ნაცქოცურ შეთქმულებას ქართველი ერის წინააღმდეგ.

ახალი თაობა, 24 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „მინდა, რომ ნაციონალები გაქრნენ პოლიტიკური რადარებიდან

21 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს „ახალ თაობასთან“ ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია აფასებს.

- ბატონო ვახტანგ, როგორ ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები?

- ამ არჩევნებმაც ის აჩვენა, რაც წინა არჩევნების დროს იყო.

- რას გულისხმობთ?

- საზოგადოება დაპირისპირებულია. არის ნაცმოძრაობის ელექტორატი და ანტინაცმოძრაობის ელექტორატი. ოთხი პოლიტიკური ძალა შევიდა საკრებულოებში. „ქართული ოცნება“ და „პატრიოტთა ალიანსი“ ანტინაციონალური ძალებია, ხოლო ნაცმოძრაობა, ე.წ. ევროპული საქართველო კი მათი მოწინააღმდეგე. შედეგები კვლავ ამ ოთხ ძალას შორის გადანაწილდა. საქართველო ვერ გასცდა მიშიზმის ფენომენს.

- იქნებ გარკვეულმა სუბიექტებმა სწორი საარჩევნო კამპანია ვერ აწარმოეს და იმის ბრალია არჩევნების შედეგებიც...

- არა. პოლიტიკურმა სუბიექტებმა საარჩევნო კამპანია სწორად აწარმოეს, მაგრამ მიშიზმი არის ქართული საზოგადოების მოუშუშებელი ჭრილობა. ამ არჩევნებმა კარგად გამოავლინა დუალიზმი, ანუ დაპირისპირება, საზოგადოების გახლეჩილობა.

- თუმცა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რამდენი ამომრჩეველი მივიდა უბნებზე, დაახლოებით 43 თუ 45%...

- აქტივობა საკმაოდ დაბალი იყო, ამომრჩევლის 55% ყველა პოლიტიკურ ძალას პროტესტს უცხადებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ პოლარიზებულ საზოგადოებაში. ქვეყანა არის სამოქალაქო დაპირისპირების ქვეშ. საზოგადოება დაყოფილია მიშისტებად და ანტიმიშისტებად, ეს აშკარად გამოიხატა. ამას ყურადღებას არავინ აქცევს.

- მე მგონი, ზოგს შესაბამისი რეკლამაც არ ჰქონდა. მაგალითად, როდესაც რეკლამას იწყებ ფრაზით: სოხუმს და ცხინვალს ვერ დავიბრუნებთ, თუ არ გვექნება დიალოგი…-ო და ზაფრავ ადამიანებს, რა მოგებაზეა საუბარი?

- დიახ, პოლიტიკურ ტექნოლოგიებს სჭირდება განვითარება. პოლიტიკური მარკეტინგი ძალიან დაბალ დონეზეა, განუვითარებელია. ამომრჩევლისათვის გზავნილების მიწოდების ფორმა და შინაარსი საკმაოდ დაუხვეწავია, რაც პოლიტიკური სუბიექტების წინააღმდეგ მოქმედებს. არ შეიძლება ადგილობრივ არჩევნებში იყო ჩართული და ამომრჩევლებს ისეთ რაღაცას ჰპირდებოდე, რაც არ არის ადგილობრივი ხელისუფლების გადასაწყვეტი. ეს არის ანომალია.

- რამდენადაც ვიცი, ამერიკაში კონკრეტულ კანდიდატთან შესახვედრად მიდის მხოლოდ მისი მხარდამჭერი. აქ კი ამომრჩეველი ყველა კანდიდატთან მიდის შეხვედრაზე.

- გეთანხმებით, მაგრამ გააჩნია, ამომრჩეველი ვინ არის. თუმცა, პოლარიზაცია არსებობს. ისეთი კურიოზებიც იყო ამ არჩევნების დროს, რომ ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი საწინააღმდეგო პარტიის წარმომადგენელს ურეკავდა, მიუხედავად ამისა, პოლარიზაცია არსებობს.

- ხმის მიცემის პროცესი როგორი იყო?

- ხმის მიცემის პროცესი მშვიდი იყო. მე რაიონში ვიყავი დამკვირვებელი და არჩევნების პროცესს ვესწრებოდი. გადაცდომები იყო, მაგრამ ისეთი მასშტაბის არა, რომ არჩევნების შედეგებზე გავლენა ჰქონოდა, როგორც მიშა სააკაშვილის პერიოდში, ადამიანებს ხმის მიცემის დროსაც რომ ატერორებდნენ.

- კურიოზული ის იყო, რომ რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებს არ დაეთანხმა თბილისის მერობის ნაცების კანდიდატი უდუმაშვილი, რომელიც შედეგით გაბრაზებული გახლდათ...

- ახალი ტექნოლოგია გამოიყენეს. უნდოდათ საზოგადოებისთვის დაენახვებინათ, რომ „რუსთავი 2“ სწორ ინფორმაციას გადმოსცემს, თორემ ამომრჩეველზე მიდიოდა ზეწოლა და ამიტომ მიიღეს დაბალი შედეგი.

- უდუმაშვილი რატომ იყო გაბრაზებული და რატომ ეგონა, რომ მოსახლეობა მასობრივად მხარს დაუჭერდა მაშინ, როცა თავის თავზე აიღო სააკაშვილის ცხრაწლიანი ჯალათური მმართველობის პასუხისმგებლობის ტვირთი?

- ახალი პოლიტტექნოლოგია იყო ამოქმედებული. ბუნებრივია, მას უნდა გამოეხატა პროტესტი. უნდოდათ ეჩვენებინათ, რომ არჩევნების პროცესზე იყო ზეწოლა, უბნებზე ამომრჩეველზე პირდაპირი დამუქრება ხდებოდა და მივიღეთ დაბალი პროცენტიო. ადრე სხვა ტექნოლოგია ჰქონდათ, ახლა სხვა ტექნოლოგია შემოიტანეს. არჩევნების ლეგიტიმურობაზე მუშაობდნენ როგორც ნაცები, ისე ევროპული საქართველო. ეს იყო ახალი მიდგომა.

- ამომრჩევლის 55%-ს დღეს არსებული პოლიტიკური სპექტრი არ მოსწონს. ოცნებას საყვედურობენ, თავის დროზე სააკაშვილის რეჟიმი რომ არ გაასამართლა. ნაცრეჟიმი რომ გაესამართლებინათ და მისი წარმომადგენლებისთვის პოლიტიკური საქმიანობა გარკვეული ვადით აეკრძალათ, პოლიტიკურ ბაზარზე ახალი პოლიტიკური ძალები გაჩნდებოდა?

- ცხადია. გერმანელი ნაცისტები რომ არ გასამართლებულიყვნენ და ისე შექმნილიყო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, იქნებოდნენ ნაცისტები და ანტინაცისტები. იქაც ასეთი სურათი იქნებოდა. ნაციონალები რომ გასამართლებულიყვნენ და პოსტნაციონალების შემდგომი პერიოდი მათ გარეშე გაევლო საზოგადოებას, ბუნებრივია, გაჩნდებოდა არაერთი პოლიტიკური ძალა. ასეთ რეჟიმში ყოფნა კიდევ 3-4 არჩევნებზე მოგვიწევს.

- სანამ ნაციონალები იქნებიან, ნორმალური არჩევნები არ გვეღირსება?

- ნაციონალები რადარებიდან რომ გაქრებიან, მაშინაც იქნება მიშიზმის სინდრომი საზოგადოებაში. სამწუხაროდ, ასეა. საზოგადოება მიშიზმის სინდრომისგან უნდა გათავისუფლდეს.

- ნაციონალებისა და მათი განაყოფების მიერ მიღებული ხმები იმასაც ხომ არ აჩვენებს, რომ ნაცმოძრაობამ თავის დანაშაულებრივ საქმიანობაში საზოგადოების სერიოზული ნაწილი ჩაითრია?

- დიახ, გეთანხმებით, ეს ადამიანები არიან ჩემი პოლიტიკური მტრები. ვეთანხმები გია ხუხაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ ეს ადამიანები არიან ჩემი პოლიტიკური მტრები და მათ ვერანაირად ვერ მივიღებ, რადგან ისინი მებრძოდნენო. აბსოლუტურად ვიზიარებ მის მოსაზრებას. მათთან არავითარი ურთიერთობა არ მაქვს. მინდა ისინი გაქრნენ პოლიტიკური რადარებიდან. მათთან ბრძოლა არ დასრულებულა. სანამ ბოლო ნაცისტი არ დაეცემა, ბრძოლა გრძელდება. მე მათ ქართველი საზოგადოების ნაწილად ვერ აღვიქვამ.

Comments are closed