globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 24 დეკემბერი 2014 წელი

Posted by Globalresearch on Dec 24th, 2014 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.


„რეზონანსი“: სამხრეთ ოსეთის რუსული “ანშლუსი”


„ალია“: რას მოგვიტანს გაეროს მხარდამჭერი რეზოლუცია?

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ელიზბარ ჯაველიძესთან: „რომ რუსეთის დამარცხება საქართველოს ბედნიერებას არ მოუტანს“

————————

„რეზონანსი“, 24 დეკემბერი, 2014 წელი
სამხრეთ ოსეთის რუსული “ანშლუსი”
სტატიაში მოცემულია რუსეთისა და სამხრეთ ოსეთს შორის ხელმოსაწერი ხელშეკრულების პროექტის დეტალები, აგრეთვე მასთან დაკავშირებით ქართველი ექსპერტების მიერ გაკეთებული კომენტარები და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო განცხადება (ავტორი – მაია აბაიაძე).
ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ უკვე გამოაქვეყნა რუსეთთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი, რომელიც 16 პუნქტისგან შედგება. “თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ” ხელშეკრულება ხელმოსაწერად იანვრის ბოლომდე მომზადდება.
ხელშეკრულების პროექტის ძირითადი დებულებებია: მხარეები გადადიან ურთიერთობის ახალ ეტაპზე; ორივე თანასწორი სახელმწიფოა და რომელიმე მხარეზე თავდასხმა მეორე მხარეზე თავდასხმად აღიქმება; გატარდება შეთანხმებული საგარეო პოლიტიკა; ცხინვალი რუსეთს გადასცემს თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას; საბაჟო კონტროლისა და საზღვრის დაცვის უფლებამოსილებას (ანუ სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალები და უშიშროების ორგანოები რუსეთის ფედერაციის შესაბამისი უწყებების ნაწილი გახდება, ერთიანდებიან თავდაცვისა და შს სამინისტროები); გამარტივდება მოქალაქეობის მიღების წესი; რუსეთის ფედერაცია იღებს ვალდებულებას, რომ ხელი შეუწყოს ცხინვალის რეგიონში ეკონომიკისა და სოციალური სფეროების განვითარებას, რისთვისაც რუსეთის ბიუჯეტიდან დამატებითი თანხები გამოიყოფა. რაც შეეხება სოციალურ სფეროს, სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკის მოქალაქეთა პენსიები და სოციალური დახმარება რუსეთის მოქალაქეთა დახმარებას გაუტოლდება.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ამბობს, რომ ხელშეკრულების გამოქვეყნებული ტექსტიდან პირდაპირ ჩანს, რომ კრემლის მხრიდან სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აშკარად ირღვევა.
“პირველ რიგში, აფხაზეთთან დადებული შეთანხმებისგან იმით განსხვავდება, რომ ამ ხელშეკრულებაში მოსკოვის მხრიდან ცხინვალის დამოუკიდებლობა დარღვეულია. პუნქტების რაოდენობაც განსხვავებულია – აფხაზეთის შემთხვევაში 25 იყო, ცხინვალთან კი 16-ია. ეს ტექსტი ჰგავს კიდეც იმ ვარიანტს, რომელიც მოსკოვმა თავდაპირველად გაუგზავნა სოხუმს და რომელიც აფხზებმა არ მიიღეს. სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტრო პრაქტიკულად რუსეთის მმართველობის ქვეშ გადადის, ასევე მთლიანად შსს და ეკონომიკური თუ ყველა სხვა სფერო რუსეთის სრული კონტროლის ქვეშ იქნება. რასაკვირველია, მესაზღვრეებიც რუსები იქნებიან. თუ აქამდე საზღვრის დაცვა ერთგვარად კუსტარულად ხდებოდა, ახლა უფრო ტოტალურად იქნება და რუსები ამ ტერიტორიას ისევე დაიცავენ, როგორც რუსეთის ფედერაციის საზღვარს იცავენ. რუსებმა იციან სამხრეთოსური საზოგადოების განწყობა, ამიტომ მოსკოვში ცერემონიებს მოეშვნენ და პირდაპირ მოქმედებაზე გადავიდნენ, სწორედ აქედან გამომდინარეობს, რომ ეს ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით იდება,” – ამბობს არეშიძე. მისივე თქმით, ამ ხელშეკრულების გაფორმებით, კრემლს პრაქტიკულად ექნება საკუთარი ტერიტორიაზე საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
“არ ვიცი, ოფიციალური ცხინვალის წარმომადგენლები ხმას ამოიღებენ თუ არა, ან თავად მოსახლეობა თუ გააპროტესტებს, ეჭვი მეპარება. როგორც ჩანს, ყველაფერი ისე იქნება, როგორც მოსკოვს უნდა. რუსეთ-ცხინვალის ურთიერთობაში ეს ხელშეკრულება იმას შეცვლის, რომ სამხრეთ ოსეთის მთვარობა აბსოლუტურად დეკორატიული იქნება და ყველაფერს რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა გადაწყვეტს. შესაბამისად, რუსეთი მიაღწევს თავის მიზანს – ერთი მხრივ, ეს არ იქნება სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციაში შესვლა, თუმცა ეს იქნება პრაქტიკულად რუსეთის ტერიტორია,” – ამბობს არეშიძე.
როგორც “ევროპელი დემოკრატების” ლიდერი პაატა დავითაია აღნიშნავს, ცხინვალისგან განსხვავებით, აფხაზეთის ხელშეკრულება უფრო შელამაზებული იყო და ახლა, როდესაც შეთანხმება სამხრეთ ოსეთთანაც დაიდება, რუსები ე.წ. საზღვრის გამაგრებას დაიწყებენ. “რეალურად, ეს თითქმის ისეთივე პროექტია, რომელიც აფხაზეთთან გაფორმდა, ოღონდ უფრო გაბედული. ცხინვალის რეგიონში შსს-ს აერთიანებენ რუსეთთან, თავდაცვაზე და სხვა საკითხებზე უკვე აღარ ვლაპარაკობ. ამ პროექტის ავტორი სურკოვია, ყველაფერს ის აკეთებს და როცა იანვარში ხელი მოეწერება, შემდგომ უკვე მაისისთვის საზღვრების გამაგრებას დაიწყებენ. აფხაზეთში, ენგურზე საზღვართან ვიდეოთვალებს ამონტაჟებენ და ცხინვალის შემთხვევაში არ ვიცი, საზღვარს როგორ გააკეთებენ. ალბათ აქაც დაიწყებენ ვიდეოკამერების დაყენებას,” – აცხადებს დავითაია.
ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. “ვგმობთ ე.წ. “ხელშეკრულების” პროექტს და განვიხილავთ მას, როგორც საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევისა და საქართველოს ტერიტორიების ანექსიისაკენ მიმართულ აქტს, რომელიც ბათილია და ვერ წარმოშობს სამართლებრივ შედეგს. ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია და რუსეთის მხრიდან განხორციელებული უკანონო სამხედრო ინტერვენცია თუ ინტეგრაციის სხვა ფორმები წარმოადგენს აგრესიის, ოკუპაციისა და დე ფაქტო ანექსიის აქტს, რომელიც მიმართულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ,” – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

„ალია“, 24 დეკემბერი, 2014 წელი
რას მოგვიტანს გაეროს მხარდამჭერი რეზოლუცია?
“22 დეკემბერ ლიტვის, შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაე ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული ე.წ. “მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ” შეთანხმება დაგმეს, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – გელა ზედელაშვილი).
საქართველოს პრეზიდენტმა მადლიერება გამოხატა ამ ფაქტისადმი და განაცხადა: “იმ რთულ ვითარებაში, როესაც საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, ასეულ ათასობით მოქალაქე ლტოლვილია, მოცემულ რეალობაში უაღრესად მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები გამოხატავენ“.
“ალიას” პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრა.
„დაგმობა გასაგებია, მაგრამ რა ფასი აქვს დღეს ამ დაგმობას? უკვე მერამდენე რეზოლუციაა, რომელსაც არაფერი მოაქვს ჩვენთვის… პოლიტიკაში მთავარია შედეგი. იმან ეს დაგმო, ამან ეს განაცხადა, ეს ყველაფერი ლირიკაა. აქ შედეგი არაფერი არ იქნება. ახლა გაერომ დაგმო იმიტომ, რომ მსოფლიოს ყველა წამყვანმა სახელმწიფომ დაგმო. ამის შემდეგ ჩვენ არც გვცივა, არც გვცხელა, შედეგი ნულია. გაერომ და მთელმა მსოფლიომ დაგმო თავის დროზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების აღიარება რუსეთის მხრიდან, რა შეიცვალა? იმის მერე გავიდა 6 წელი. მე ასეთ რაღაცებს უკვე ყურადღებას არ ვაქცევ და არც ვიმახსოვრებ, ეს დაგმობაც უბრალოდ საარქივო მასალაა, ალბათ, გაეროს არქივში შეინახავენ კარგად”, – აცხადებს სოსო ცინცაძე.
“ჩვენ უნდა მივეჩვიოთ და ვისწავლოთ, როგორც პუტინი ამბობს, კატლეტი ცალკე, ბუზები – ცალკე, ანუ ერთმანეთისგან განვასხვავოთ ბიუროკრატიული რეზოლუციები და საქმიანი წინადადებები. სამწუხაროდ, ჩვენ ხშირად ვართ აყოლილი ამ განცხადებებს. სხვათა შორის, ბევრმა არ იცის, რომ საქართველოზე გაცილებით ადრე ამერიკამ პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა ნაზარბაევთან, ყაზახეთთან. ეს ფაქტი შეუმჩნეველი დარჩა, მაგრამ როცა ჩვენთან იგივე ხელშეკრულება გაფორმდა, ამას ისეთი ზარ-ზეიმი მოჰყვა, ლამის დაინგრა ქვეყანა. წელს პარტნიორობაზე უარი გვითხრეს – აი, შედეგი, ავიტაცებთ რაღაც დაგმობებს და ამ დროს გაერო ლაპარაკობს სხვა რაღაცაზე, ანუ იღებს ისეთივე რეზოლუციას, რომლის მსგავსიც მილიონ სამასი ათასი აქვს მიღებული და აღარავის ახსოვს, არც გაეროს გენერალურ მდივანს და არც გაეროს არქივარიუსს”, – აღნიშნავს რესპონდენტი გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას.
“ეს პროცედურა რიტუალია, ჩვენ აღდგომის დღესასწაულსაც ვზეიმობთ, მაგრამ რამდენს სწამს საქართველოში, რომ მართლა აღდგა ქრისტე? ბევრს არ სწამს, მაგრამ მაინც ზეიმობს და კვერცხებსაც ღებავს. ეს მხოლოდ რიტუალია, ამაში ფულს იღებენ და ჩვენც უნდა შევეგუოთ, სხვა რა გზა გვაქვს? თუ დიდი პოლიტია გვინდა, უნდა ვიყოთ რეალისტები. თუ ფოლკლორით და ლირიკით ვართ გატაცებული, ეს სხვა საკითხია”, – დასძენს სოსო ცინცაძე და შეკითხვას -არც მარგველაშვილმა იცის, რომ ატყუებენ?- პასუხობს:
“ახლა, მარგველაშვილს შეუძლია, პრემიებიც დაურიგოს იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ეს დაგმობა ძალიან მოეწონათ. კი, ბატონო, დაურიგოს, ჩვენ რა ხეირი? არაფერი!”.

„ახალი თაობა“, 24 დეკემბერი, 2014 წელი
ინტერვიუ ელიზბარ ჯაველიძესთან: „რომ რუსეთის დამარცხება საქართველოს ბედნიერებას არ მოუტანს“
ინტერვიუში აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველო-რუსეთისა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ასპექტებზე საუბრობს.
გთავაზობთ ამონარიდებს:
„ქართული მედია დიდი სიხარულით წერს რუსეთის მოსალოდნელ კრახზე. უბრალოდ, საჭიროა იმის ცოდნა, რომ რუსეთის დამარცხება საქართველოს ბედნიერებას არ მოუტანს. წინ ბევრი პრობლემა გველოდება. მაგალითად, რუსეთის დამარცხებას ყარსის ხელშეკრულების გაუქმებას ნიშნავს, რასაც აჭარის დაკარგვა მოჰყვება. ეს მხარე ფაქტიურად ისედაც დაკარგულია. თქვენ როგორ გგონიათ, საქართველოსთან ტერიტორიული პრეტენზიები სხვა ქვეყნებს არ აქვთ? თუ ვინმეს ჰგონია, რომ დასავლეთის მიერ გამოთქმული შეშფოთება გვიხსნის, ძალიან სცდება. დასავლეთის განცხადებები რუსეთს სულ ფეხზე ჰკიდია…
რაც შეეხება უკრაინასთან დამოკიდებულებას:
როგორც ცნობილია, ქართველი მოხალისის დაღუპვასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადების გამო ვიღაცეებმა თავდაცვის გადადგომის საკითხი დააყენეს. რატომ უნდა გადადგეს მინისტრი ამის გამო? რატომ არაფერს აღარ ამბობენ იმაზე, რომ სამინისტროში მრავალი დარღვევა აღმოაჩინეს? არარ ახსოვთ, ვინ მოუწოდებდა ქართველბს უკრაინაში წასულიყვნენ და ებრძოლათ? მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებდა! იგი მოქალაქეობის მიღებას პირდებოდა ყველას, ვინც უკრაინაში საომრად წავიდოდა. ერთ-ერთმა წასულმა ისიც განაცხადა, ჩამოვალთ და ქვეყანას რუსეთისაგან გავათავისუფლებთო.. უმჯობესია ხელისუფლება ყურადღებით მოეკიდოს ამ საკითხს, რომ თავი დაანებონ ქართველი სამხედროების აქეთ-იქით გაგზავნას. ახალგაზრდები მამლუქებად გადააქციეს… სამწუხაროა, რომ ისინი სხვადასხვა ქვეყნებში ფულის გამო მიდიან. ამ ბიჭებმა მშვენივრად იციან, რომ ავღანეთში ან სამხრეთ აფრიკაში ყოფნა არ ნიშნავს საქართველოს დაცვას… ჩვენები ქართველ ბიჭებს იმიტომ აგზავნიან, რომ თბილი სკამები შეინარჩუნონ. სხვისი სისხლისა და უბედურების ხარჯზე სურთ საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვება. ამ მხარდაჭერამ კი რა ხეირიც მოგვიატანა, იმასვე მოუტანს უკრაინას, სადაც თანამდებობებზე საქართველოდან გაქცეულ ადამიანებს ნიშნავენ. მათ არც აქ გაუკეთებიათ ნორმალურად არაფერი და ვერც იქ გააკეთებენ.
მე ვეთანხმები იმ აზრს, რომ ევროპარლამენტმა საქართველო ქონგურზე შემოსვა, როცა ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას მიხეილ სააკაშვილი დაასწრო. ან რა შეთანხმება ეს არის? კინტაურის მუსიკის ფონზე მოვაწერეთ ხელი… თავად ევროპარლამენტი მასონების მიერაა შექმნილი, რომელსაც ერთი მიზანი აქვს – თვითმყოფადი ერების განადგურება. მე იმ ევროპისაკენ გახედვაც არ მინდა, სადაც ინცესტს აკანონებენ.
შეიძლება ვინმემ ჩემს მიმართ რუსეთუმეს დაძახება იფიქროს, მაგრამ მაინტერესებს ვინ იტყვის ამას ჩემზე. იმ ხალხს, ვინც ევროპაზე ბევრს ლაპარაკობს, ნამდვილ ევროპაზე წარმოდგენაც არ აქვთ. მაგათ იციან საერთოდ რა არის ნამდვილი ევროპელობა და ევროპული კულტურა? მაგათი ევროპა დღეს არის გარყვნილების ბუდე. მაგათმა ევროპამ გვაიძულა მიგვეღო ანტიდისკრიმინაციული კანონი….

Comments are closed