globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 25 იანვარი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jan 25th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Независимая газета» (რუსეთი): რა არის „წითელ ხაზებს“ მიღმა? // თბილისი მოსკოვის პოზიტიურ წინადადებებს ელოდება

«The Canberra Times» (ავსტრალია): საქართველო და რუსეთი: როგორ მიაღწია ევრაზიულმა კონფლიქტმა კანბერამდე

«RFI – Radio France Internationnale» (საფრანგეთი): საქართველოს ამბები: ბესარიონ ხარძიანის გახმაურებული მკვლელობის გახსნიდან კახა ბენდუქიძის უნივერსიტეტების შესაძლო დახურვამდე

———————–

«Независимая газета» (რუსეთი), 25 იანვარი, 2016 წელი

http://www.ng.ru/cis/2016-01-25/2_redline.html

რა არის „წითელ ხაზებს“ მიღმა?

თბილისი მოსკოვის პოზიტიურ წინადადებებს ელოდება

თედო ჯაფარიძე

როგორც ცნობილია, რუსეთის დელეგაცია მიმდინარე წელს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს. დიდი ხანს არ გაუვლია საქართველოს ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოსვლის შემდეგ, როცა მე ჩემს კოლეგას, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელს საპარლამენტო ასამბლეაში – ალექსეი პუშკოვს სტრასბურგში არაფორმალურ გარემოში შევხვდი, ასე ვთქვათ, „ფინჯან ყავაზე“. განვიხილეთ ზოგადი სახის  საკითხები და შევთანხმდით, რომ სასურველი იქნებოდა ასეთი კონტაქტები სამომავლოდაც გვქონოდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილია. მაგრამ სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო პარლამენტართა შორის ამ დიალოგის განვიტარება ვერ მოხერხდა. როგორც ჩანს, ამისათვის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ჩარჩოებს ვერც  მიმდინარე წელსაც  ვერ გამოვიყენებთ. მაგრამ განა ეს იმას ნიშნავს, რომ მასზე უარი ვთქვათ? ვფქირობ, რომ არა. ამას წინათ მე ქართულ-რუსული ურთიერთობის საკითხებზე შუამავალი ქვეყნის – შვეიცარიის წარმომადგენელთან ვისაუბრე. იმ თემებს შორის, რომლებსაც ჩვენ შევეხეთ, იყო ისიც, თუ რამდენად შესაძლებელია საპარლამენტო კონტაქტები ნეიტრალურ ტერიტორიაზე განხორციელდეს. არ ვიცი, მოხერხდება თუ არა [შეხვედრა], ამიტომაც მოვლენებს ნუ გავუსწრებთ, თუმცა აშკარაა, რომ დღეს ძალიან აქტუალურია საკითხი – ამოვწურეთ თუ არა მოლაპარაკებების პოტენციალი? და თუ არ ამოწურულა, მაშინ როგორი იქნება სამომავლო გადაწყვეტილებები?

„ქართულმა ოცნებამ“ ბევრი რამის გაკეთება შეძლო რუსეთის მიმართულებით – შექმნილია რეგულარული მოლაპარაკების ფორმატი რუსეთის საგარეო საქმეტა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს შორის, მოხსნილია რიგი ეკონომიკური დაბრკოლებები, ასობით ათასმა რუსმა ტურისტმა გაიცნო ახალი საქართველო და ა.შ. ეს ყველასათვის ცნობილია. მაგრამ რა იქნება შემდეგ? სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიცით, რა პოზიტივი შეიძლება შემოგვთავაზოს რუსეთმა, რადგან მოსკოვიდან გაგონილ ფორმულირებებს ჩვენ, თბილისში, ასე აღვიქვამთ: „ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მოწინააღმდეგეა“. ჩვენ არ ვიცით, თუ რას საფრთხეებს უქმნის საქართველო რუსეთს, მოსკოვური გაგებით. არ ვიცით, რუსეთს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ ჩვენი სწრაფვა აშინებთ თუ სხვა რამე? ჩვენ ვერ ვგრძნობთ რაიმე ადრესულობას რუსეთის მოქმედებაში. ამის ნათელი მაგალითია რუსეთის პრეზიდენტის განცხადება 2015 წლის ბოლო პრეს-კონფერენციაზე, როცა ვლადიმირ პუტინმა თქვა – ქართველებმა და აფხაზებმა, ქართველებმა და ოსებმა ერთმანეთთან პირდაპირი დიალოგი უნდა აწარმოონ და რუსეთი ამას მხოლოდ მიესალმებაო. მაგრამ დიდ ხანს არ გაუვლია [პრეზიდენტის განცხადებიდან] და ჩვენ ვხედავთ – რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში ჩაწერილია, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მოსკოვის ერთგული მოკავშირეები არიანო. გარდა ამისა, მათთან უკვე გაფორმებულია ხელშეკრულებები სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ, რაც რეალობაში სამხედრო ღერძის შექმნას ნიშნავს, რომელიც საქართველოს გულშია გატარებული.

სხვათა შორის, როცა ჩვენ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, რუსეთისა და საქართველოს როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოების ურთიერთობების გარიჟრაჟზე კითხვას ვსვამდით, თუ რა ინტერესები აქვს რუსეთს საქართველოში, ან ბიზანტიურ სტილში გვპასუხობდნენ – „შეეკითხეთ ამერიკელებს, ისინი გეტყვიანო“, ან მოლოტოვ-გრომიკოს ტრადიციებით – „რაღაც-რაღაცეები არ გვინდაო“. ასე რომ, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა დღემდე ვერ მოვისმინეთ რუსეთისაგან რაიმე კონკრეტული და დადებითი. მაგრამ ხომ ცხადია, რომ უსაფრთხო და სტაბილური საქართველო თვითონ რუსეთის სამხრეთის სტაბილურობის კომპონენტია? ეს მშვენივრად ესმოდათ რუსეთის მმართველებს ჯერ კიდევ საუკუნეების წინათ.

ევროკავშირი და ნატო გვეუბნებიან, რომ მათ რიგებში ჩვენი გაწევრიანების გზა იოლი არ არის. ამასთან ჩვენ, პრაგმატიკოსები, ვაცნობიერებთ, რომ არ შეგვიძლია პროცესებზე გავლენა მოვახდინოთ. ასევე ვაცნობიერებთ და გვესმის, რომ რუსეთს და დასავლეთს  გლობალური  ამოცანების გადასაწყვეტად ერთმანეთი ჭირდებათ. დიახ, ჩვენ შორის „სიყვარულით ქორწინება“ კი არაა, არამედ „ქორწინება ანგარიშით“. ეს უკეთესია ტურბულენტობასა და ნერვიულობაზე, რადგან ასეთ კონტექსტში შეიძლება ჩვენტან დაკავშირებული პრობლემები შედარებით კარგად მოგვარდეს (თუმცა ასპროცენტიანი გარანტია მაინ არ არსებობს).  ვაშინგტონში, ბრიუსელში და სხვა პოლიტიკურ ცენტრებში ერთმნიშვნელოვანი აზრი აქვთ: საქართველო უფრო მოგებული დარჩება, თუ ახალ პრობლემებს არ შექმნის და თავის საკუთარ პრობლემებს დიდი გლობალური პრობლემების გადაჭრით მოაგვარებს. ამ ლოგიკიდან გამომდინარე, ჩვენ ვეკითხებით მოსკოვს და დასავლეთს: ვაცნობიერებთ რა დასავლეთის ქვეყნების ინტერესებს რუსეთთან მიმართებით და პირიქით – რუსეთის ინტერესებს დასავლეთის მიმართ, ჩვენ გვსურს უფრო მკაფიოდ დავინახოთ საკუთარი პერსპექტივები (მოდით, გულახდილები ვიყოთ: დასავლეთში არ მოსწონთ ასეთი პირდაპირი კითხვები, რომლებიც ზოგიერთ ჩინოვნიკს აღიზიანებს).

მოსკოვთან ჩვენ ურთიერთობაში არსებობენ „წითელი ხაზები“, რომლებთაც ვერც ჩვენ ვერ გადავაბიჯებთ და ვერც რუსი პოლიტიკოსები. არადა, სწორედ ამ ხაზებს მიღმაა ის საჭირბოროტო პრობლემები, რომელთა გადაჭრის პერსპექტივა ჯერ-ჯერობით არ ჩანს. ანუ რუსეთს არ სურს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან გაწვევა [ანუ იურიდიული აქტის გაუქმება]. როცა მოსკოვი მოგვიწოდებს, მათ პირდაპირ ელაპარაკეთო, ეტყობა, თავის თავს მოლაპარაკების მესამე მონაწილედ გულისხმობს, განსაკუთრებული სტატუსით. თავის მხრივ, საქართველო არასოდეს არ შეურიგდება სოხუმისა და ცხინვალის წართმევას. როგორ უნდა ვიმუშაოთ ასეთ პირობებში, რისი იმედი უნდა გვქონდეს? მოდით, ერთად ვიფიქროთ.

ჩვენი აზრით, საჭიროა პრობლემების კომპლექსურად მოგვარება: დასავლეთი და საქართველო, რუსეთი და საქართველო, დასავლეთი და რუსეთი – ეს ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ჩვენ როგორც ახალგაზრდა სახელმწიფო, ამას საკუთარ ტყავზე ვგრძნობთ. ვაცნობიერებთ იმას, რომ „დანაღმულ მინდორზე“ ძალიან ფრთხილად და წინდახედულად უნდა ვიაროთ. აი, ამისთვის გვჭირდება მეტი გარკვეულობა დასავლეთისაგან და რუსეთისაგან, ჩვენი ინტერესების მეტი გაგება მათი მხრიდან. „ჰაერში ჩამოკიდებული“ მდგომარეობა უსასრულოდ არ შეიძლება გაგრძელდეს. ზოგიერთი რუსი პოლიტოლოგი ამბობს, რომ რუსეთმა თანდათანობით უარი უნდა თქვას საქართველოს მიმართ გატარებული პოლიტიკის ინერციულ მოდელზე პრინციპით „ისინი ჩვენგან მაინც ვერსად წავლენ“. მაგრამ იგივე ზოგიერთი რუსი ანალიტიკოსის დასკვნა, რომ საქართველო რუსეთისათვის ჯერ კიდევ დაკარგული არ არისო, მე არასრულად მეჩვენება. დიახ, დღეს რუსები საქართველოში ისვენებენ ანდა რუსეთში, საკუთარ სახლებში სვამენ „ბორჯომსა“ და „ქინძმარაულს“… დიახ, მოსკოვი, როგორც იქნა, დათმობებზე მოდის სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხში საქართველოს მოქალაქეებისათვის, მაგრამ ამით ყველაფერს ვერ დაარეგულირებ. ჩვენი კავშირები ხაფანგში აღმოჩნდა. რუსეთი და საქართველო საბედისწერო პოლიტიკური თუ პირადი ამბიციების მძევლები აღმოჩნნენ. რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობას ხერხემალი აქვს გადატეხილი – ის სტრატეგიული  ღერო, რომელიც ორმხრივ ურთიერთობას იმაგრებს. ამის გარეშე მწვავე საკითხების გადაჭრა (ისინი კი მუდმივად წარმოიქმნება) შეუძლებელია. ალბათ, ჩვენ იმ პოლიტიკოსებისა და საზოგადო მოღვაწეების ბოლო თაობას წარმოვადგენთ, რომლებთაც ჩვენი ურთიერთობის ჩიხიდან გამოყვანა ძალგვიძს… დიახ, რუსეთი საქართველოზე ძლიერია. დიახ, საქართველო დასუსტებულია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩამოშორებით, სადაც რუსეთის სამხედრო ბაზებია განლაგებული… მაგრამ განა ამით რუსეთი უფრო ძლიერი გახდა?

აშკარაა, რომ გაჩერება არ შეიძლება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ნათქვამის ციტირებას მოვახდენ: „ჩვენ გვყოფნის ჭკუა, რათა ვიცოდეთ: ჩვენ არავინ არ უნდა მოვიწვიოთ ჩვენს ქვეყანაში მორიგი ომის გასაჩაღებლად – არც რუსეთი და არც ნატო… ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები კმაყოფილნი არიან იმით, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება რუსეთთან მიმართებით რაციონალურ და გააზრებულ პოლიტიკას ატარებს. ჩვენ სტრატეგიული პროდასავლური მიმართულებიდან არ გადაგვიხვევია, მაგრამ იმავდროულად ვცდილობთ თავიდან ავიცილოთ დამატებითი პრობლემები რუსეთთან. ჩვენც და ჩვენს დასავლელ მეგობრებს ახსოვთ, რომ მსგავს სიტუაციაში ჩვენი წინამორბედები სხვაგვარად მოქმედებდნენ. ასეთი უპასუხისმგებლო პოლიტიკა საბოლოო ჯამში არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს პრობლემა ხდებოდა“.

ჩვენ თბილისში უპასუხისმგებლო პოლიტიკა არქივს ჩავაბარეთ და პრინციპულობას, გონიერებას და პრაგმატიზმს ვიჩენთ. ამიტომაც გვაქვს უფლება იგივეს ველოდოთ ჩვენთან ურთიერთობაში.

———–

თედო ჯაფარიძე არის საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი, ეროვნული უშიშროების საბჭოს ექს-მდივანი, საქართველოს დელეგაციის მეთაური ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში

«The Canberra Times» (ავსტრალია), 24 იანვარი, 2016 წელი

http://www.canberratimes.com.au/act-news/georgia-and-russia-how-a-eurasian-conflict-came-to-canberra-20160119-gm8zlt.html

საქართველო და რუსეთი: როგორ მიაღწია ევრაზიულმა კონფლიქტმა კანბერამდე

სტივენ ჯეფრი, „ქენბერა თაიმსი“

კანბერა დიპლომატიური ბრძოლის ერთ-ერთ პუნქტად იქცა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისათვის, თავის ორ სეპარატისტულ რეგიონზე სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად.

საქართველო თავის ჩრდილოელ მეზობელთან – რუსეთთან გამწვავებული მტრობის გამო ბლოკირებული აღმოჩნდა, როცა 2008 წელს ეს უკანასკნელი  სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში შეიჭრა. შეიარაღებული კონფლიქტი სულ რაღაც ხუთი დღე გაგრძელდა: რუსეთმა მხარი დაუჭირა ზემოაღნიშნული ორი რეგიონის თხოვნას სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე, რომელიც კიდევ მხოლოდ გაეროს რამდენიმე წევრმა სახელმწიფომ სცნო, მათ შორისწყნარი ოკეანის  სამმა კუნძულოვანმა ქვეყანამ – ნაურუმ, ვანუატუმ და გარკვეული ხნით – ტუვალუმ. ამ ფაქტმა საქართველო აიძულა თავისი დიპლომატიური ინტერესები წყნარი ოკეანის რეგიონშიც დაეფიქსირებინა. ასე გადაიქცა ავსტრალია და ოკეანეთი დიპლომატიური ბრძოლის არეალად, რომელიც რეალ-პოლიტიკითაა განპირობებული და თან გარკვეული ფინანსური დანახარჯებიც ახლავს.

პირველ ეტაპზე რუსეთმა წარმატებას მიაღწია: ნაურუმ და ტუვალუმ საქართველოს ორი პროვინცია დამოუკიდებლად აღიარეს – შესაბამისად, 2009 წლის დეკემბერსა და 2011 წლის მაისში. მოგვიანებით, 2013 წლის მაისში, იგივე გააკეთა ვანუატუმაც, თუმცა მან მხოლოდ აფხაზეთის სუვერენიტეტი სცნო. ამის შემდეგ ინიციატივა წყნარი ოკეანის დიპლომატიური ბრძოლის ფრონტზე ხელთ უკვე საქართველომ იგდო.

თბილისმა თავის პირველ ელჩად ავსტრალიასა და ოკეანეთში 2012 წლის დასაწყისში ვლადიმირ კონსტანტინიდი დანიშნა, რომელიც თავის უფლებამოსილებას, ავსტრალიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს დიპლომატიური დახმარებით, წყნარი ოკეანის სამხრეთ რეგიონშიც ახორციელებს.

როგორც ვლადიმირ კონსტანტინიდი ამბობს, საქართველომ კანბერაში საელჩოს გახსნა ადრეც ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ პროცესები აქტუალური გახადა და დააჩქარა რუსეთის მიერ 2010 წლიდან გადადგმულმა ნაბიჯებმა, რომელიც „დიპლომატიურ ვაჭრობაში“ გამოიხატა. „ეს ფაქტი ძალიან სახიფათო იყო როგორც ჩვენი საშინაო პოლიტიკისათვის, ასევე მთლიანად საერთაშორისო ურთიერთობის სისტემისათვის“, – განაცხადა ქართველმა ელჩმა და აღნიშნა, რომ „ავსტრალიის მთავრობის თანადგომით ჩვენ [რეგიონში] აქტიური საქმიანობა დავიწყეთ და მნიშვნელოვან წარმატებებსაც მივაღწიეთ“. ვლადიმირ კონსტანტინიდი საქართველოს ელჩის უფლებამოსილებას ახორციელებს (აკრედიტებულია) ახალ ზელანდიის, სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოს, ფიჯის რესპუბლიკის, სოლომონის კუნძულებისა და ვანუატუს რესპუბლიკის მთავრობებთან. საელჩო მდებარეობს ავსტრალიის დედაქალაქ კანბერაში.

საქართველოს მთავრობას ორი წელი დაჭირდა იმისთვის, რომ ტუვალუს ხელისუფლება თავის მხარეს გადაებირებინა: საკონსულო შეთანხმებაში სპეციალურად აღინიშნა, რომ ტუვალუ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ ცნობილ საზღვრებში, ანუ სადაო [სეპარატისტული] რეგიონების ჩათვლით.

ვანუატუსთან მიმართებით საკითხი ცოტა რთული გამოდგა. საქმე იმაში გახლავთ, რომ ვანუატუს სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი არ უღიარებია, თუმცა აფხაზეთთან დაკავშირებით მან პოზიცია 2011 წლიდან რამდენჯერმე შეიცვალა: თავდაპირველად ვანუატუმ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა და უვიზო მიმოსვლის შეთანხმება გააფორმა, მოგვიანებით კი, 2013 წლის დასაწყისში, იქაურმა ჩინოვნიკებმა განაცხადეს, რომ „აფხაზეთი არც გვიღიარებია და  ფორმალურად არც დიპლომატიური კავშირები არ დაგვიმყარებიაო“. ამის შემდეგ ვანუატუმ საქართველოსთან, 2013 წლის ივლისში, დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა, 2014-ში ვლადიმირ კონსტანტინიდის როგორც ელჩის უფლებამოსილება აღიარა, მაგრამ გასული წლის დასაწყისში ამ კუნძულოვანი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრის სატო კილმანის წინააღმდეგობრივმა განცხადებამ საკითხი კვლავ გაურკვეველი გახადა.

რაც შეეხება ფიჯის რესპუბლიკას, საქართველო ძალიანაა დაინტერესებული, რათა ამ სახელმწიფომ არც აფხაზეთის და არც სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა არ აღიაროს.

ვლადიმირ კონსტანტინიდის თქმით, წყნარი ოკეანის სახელმწიფოებთან ურთიერთობას საქართველოსთვის  ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ყოველი მათგანი გაეროს წევრები არიან და შესაბამისად, გენერალურ ასამბლეაში მათ ხმის უფლება აქვთ. „დღეისათვის [წყნარი ოკეანის] ამ ჯგუფში ათი სახელმწიფო შედის, რაც საკმაოდ ძლიერი ფაქტორია“, – ამბობს ელჩი, – ჩვენ თითქმის ყველა ქვეყანასთან დავამყარეთ დიპლომატიური ურთიერთობა, აკრედიტაციაც მიღებული გვაქვს. ვფიქრობ, ავსტრალიის დახმარების გარეშე ამის გაკეთება ძალიან ძნელი იქნებოდა“.

ვლადიმირ კონსტანტინიდმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა, რომ კანბერაში საელჩოს დაფუძნებაც საქართველოს სტრატეგიული ნაბიჯია, რაც მსოფლიო პოლიტიკის არენაზე ავსტრალიის მნიშვნელოვან როლზე მიუთითებს. „მიგვაჩნია, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში ავსტრალიის როლი და მნიშვნელობა იზრდება. ასევე ვთვლით, რომ ავსტრალია წყნარი ოკეანის რეგიონში გლობალური მოთამაშის სახითაა წარმოდგენილი. გარდა ამისა, კანბერა აქტიურობას იჩენს ჩვენი ქვეყნის რეგიონის (შავი ზღვისპირეთისა და სამხრეთ კავკასიის] სახელმწიფოების მიმართაც“.

აღსანიშნავია, რომ წყნარი ოკეანის ქვეყნების ლიდერების დიპლომატიურ ვიზიტებს ფინანსური დახმარებები მოჰყვა: მაგალითად, 2009 წელს ნაურუს საგარეო საქმეთა მინისტრმა, როცა იგი კოპენჰაგენის კლიმატურ კონფერენციაზე მიდიოდა, გზად აფხაზეთშიც შეიარა, ამის სანაცვლოდ ამ მცირე მოსახლეობის მქონე ქვეყანას რუსეთმა 50 მილიონი დოლარი გამოუყო – ღრმაწყლიანი ნავსადგურის მშენებლობისათვის; ტუვალუმ კი 2011 წელს საქართველოსაგან 12 ათასი დოლარი მიიღო მას შემდეგ, რაც გაეროში მხარი დაუჭირა საქართველოს სასარგებლო რეზოლუციას აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან ლტოლვილების რეპატრიაციის საკითხში.

„წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებთან „დიპლომატიური არშიყობა“ ახალი არაა, – ამბობს სტიუარტ ფერტი, კანბერაში არსებული ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის წყნარი ოკეანის კოლეჯის მეცნიერ-თანამშრომელი, – იგივეს აკეთებენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა და ტაივანი. როგორც ცნობილია, ტაივანს, რომელსაც ჩინეთი თავის ნაწილად განიხილავს, წყანარი ოკეანის ზოგიერთ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობა აქვს დამყარებული. ეს საკმაოდ ძველი დიპლომატიური ტრადიციაა, ამაში გასაკვირი არაფერია. კუნძულოვან სახელმწიფოებს ბევრი არაფერი აქვთ, მხოლოდ სუვერენიტეტი და ისინი ამით, აღიარების საკითხში, კარგად სარგებლობენ [ვაჭრობენ]. დღეს ყველაზე მეტად ამ საკითხით საქართველოა დაინტერესებული“. დოქტორ სტიუარტ ფერტის თქმით, წყნარი ოკეანის ქვეყნებით არის დაინტერესებული არაბთა გაერთიანებული ემირატებიც: აბუ-დაბს მათი მიმხრობა სურს, გაეროში თავისი მიზნების რეალიზებისათვის.

რუსეთის მიერ 2014 წლის მარტში ყირიმის ანექსიის შემდეგ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის მიმართ მიდგომები იცვლება (იგულისხმება სამხრეთ ოსეთის გეგმები რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე, რუსეთთან მიერთების მიზნით).

მოახდენს თუ არა გავლენას ეს ყველაფერი რუსეთისა და საქართველოს პოლიტიკაზე წყნარი ოკეანის ქვეყნების მიმართ, ჯერ-ჯერობით უცნობია.

«RFI – Radio France Internationnale» (საფრანგეთი), 23 იანვარი, 2016 წელი

http://ru.rfi.fr/kavkaz/20160123-v-gruzii-pokazali-gromkoe-zakaznoe-ubiistvo

საქართველოს ამბები: ბესარიონ ხარძიანის გახმაურებული მკვლელობის გახსნიდან კახა ბენდუქიძის უნივერსიტეტების შესაძლო დახურვამდე

„“საფრანგეთის საერთაშორისო რადიომ“ („რადიო ფრანსე ინტერნასიონალემ’) 23 იანვარს ეთერში გადასცა ყოველკვირეული მიმოხილვა საქართველოს შესახებ. რადიოსიუჟეტში ყურადღება დაეთმო სამ ძირითად საკითხს, რომლებმაც საზოგადოების ყურადღება მიიპყრო (ავტორი – გიორგი ლებანიძე).

ა) ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის მკვლელობის გახსნის შესახებ

რადიოსიუჟეტში გადმოცემულია  2015 წლის გაზაფხულზე მომხდარი შემაძრწუნებელი მკვლელობის  ისტორია და აღნიშნულია, რომ საქართველოს პროკურატურამ გამოძიების გახსნის შესახებ ვიდეონგარიში გამოაქვეყნა: მკვლელობა ჩაიდინეს რუსეთის და უკრაინის მოქალაქეებმა ოლეგ დოევმა და ალექსანდრე დამეტოვმა. ორივემ საზღვარგარეთ მიმავა მოასწრო, მათ ინტერპოლის ხაზით ეძებდნენ, მაგრამ ძებნის ცხათვიანი ვადა ამოიწურა და ამიტომ პროკურატურამ საქმე სასამართლოს გადასცა პროცესის დაუსწრებლად ჩატარების შესახებ. მკვლელობის დამკვეთთა ვინაობა ჯერ-ჯერობით უცნობია. ბესარიონ ხარძიანს ბევრი მტერი ჰყავდა, მათგან ზოგიეერთები 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქვეყნიდან წავიდნენ. თვითონ ბ.ხარძიანი ხშირად გამოდიოდა პოლიტიკური განცხადებებით და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მწვავედ აკრიტიკებდა, რადგან „ნაციონალთა“ რეჟიმმა მას ქონება იძულებით ჩამოართვა – „რეიდერული მიტაცებით“. ამრიგად, მის საქმეს პოლიტიკური შეფერილობა აქვს. გამოძიების პროცესის ამსახველი ვიდეოკადრების გამოქვეყნებით, აშკარაა, ხელისუფლება ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ყველაფერი გააკეთა ამ ხმაურიანი მკვლელობის გახსნისათვის.

ბ) ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს შესახებ

21 იანვარს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია იმ ქვეყნებში არსებული სიტუაციის შესახებ, რომლებმაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებები გააფორმეს – მოლდოვაში, უკრაინასა და საქართველოში. ყველაზე კრიტიკულად რეზოლუციაში საქართველოა შეფასებული, განსაკუთრებით პოლიტიკური პლურალიზმის, მასმედიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში. ევროპელმა დეპუტატებმა დაგმეს სასამართლოსა და სამართალდამცველი ორგანოების (მაგ. პროკურატურის) გამოყენება პოლიტიკური ოპონენტებისა და ოპოზიციის ლიდერების დევნის მიზნით (ექს-პრეზიდენტ მ.სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე, ექს-მინისტრების ვ.მერაბიშვილსა და ბ.ახალაიას, თბილისის ექს-მერ გ.უგულავას დაპატიმრება და ა.შ.). ამასთან, როგორც მმართველი კოალიციის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პოლიტიკური მოღვაწეობა  კონკრეტული დანაშაულის ჩამდენისათვის ინდულგენციას არ წარმოადგენს. რეზოლუციაში მოხსენიებულია აგრეთვე ოპოზიციურიო ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ირგვლივ მომხდარი ამბებიც და აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს მედიაპლურალიზმს და მასმედიის სარედაქციო დამოუკიდებლობას. ბრიუსელი საქართველოში უახლოეს ხანში სპეციალურ კომისიას გამოგზავნის „რუსთავი-2“-თან დაკავშირებული საქმის შესასწავლად.

გ) კახა ბენდუქიძის უნივერსიტეტების ბედი

ქართული მასმედია ყურადღებით ადევნებს თვალს გარდაცვლილი ბიზნესმენის კახა ბენდუქიძის შთამომავლების სასამართლო დავას ქონების თაობაზე. როგორც ცნობილია, 2014 წელს ლონდონში გარდაცვლილი ლიბერალური რეფორმების ავტორის ქონებაზე პრეტენზიებს აცხადებდნენ მკისი მეუღლე ნატალი ზოლოტოვა, რომელიც პარიზში ცხოვრობს და ღვიძლი და – ნუნუ ბენდუქიძე. ახლახანს გამოჩნდა კიდევ ერთი პრეტენდენტი – მოსკოველი ანასტასია გონჩაროვა, რომელმაც განაცხადა, რომ კახა ბენდუქიძე მამამისია. სხვათა შორის, დნმ-ის ანალიზებმა დაადასტურა, რომ ეს მართლაც ასეა და შესაბამისად, იგი მრავალმილიონიანი ქონების ერთ-ერთი მფლობელი შეიძლება გახდეს.

მაგრამ ქართულ საზოგადოებას უფრო მეტად იმ ორი უნივერსიტეტის ბედი აინტერესებს, რომლებიც კახა ბენდუქიძემ დაარსა და მისივე „ცოდნის ფონდის“ თანხებით ფინანსდებიან -„თავისუფალი უნივერსიტეტი“ და „აგრარული უნივერსიტეტი“. ეს ორივე კერძო უმაღლესი სასწავლებელი საქართველოში საუკეთესოდ ითვლება. „კახა ბენდუქიძე ამ უნივერსიტეტების განვითარებას ყველა რესურსს ახმარდა – ფინანსურსაც და ინტელექტუალურსაც, – ამბობს „რადიო ფრანსდე ინტერნასიონალეს“ კორესპონდენტთან საუბარში „თავისუფალი უნივერსიტეტის“ ხელმძღვანელი ვახტანგ ლეჟავა, – კახა ბენდუქიძე ყველაფერს აკეთებდა, რათა უნივერსიტეტები ისეთი საგანმანათლებლო ორგანიზაციების მოდელები ყოფილიყვნენ, სადაც ცოდნას ერუდირებული, შრომისმოყვარე და თავისფალი ახალგაზრდობა დაეუფლებოდა“.

დაუხურებიან თუ არა უნივერსიტეტები და „ცოდნის ფონდი“ კახა ბენდუქიძის ქონების მემკვიდრეთა დავის შედეგად – ეს საკითხი საქართველოში ბევრს არელვებს.

Comments are closed