globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 25 თებერვალი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Feb 25th, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: ინტერვიუ იან კელისთან: „საქართველოს მეგობრებს არ სურთ ქვეყნის რისკის ქვეშ დაყენება”

რეზონანსი: „ქართული ოცნების” შიგნით კომპრომატების ომი იწყება

რეზონანსი: რომელი მინისტრები უნდა შეიცვალოს წინასაარჩევნოდ? (გამოკითხვა)

„ვერსია“: ინტერვიუ ლევან მამალაძესთან: „როცა ხალხი ხელისუფლების ოპოზიციაშია, ეს სახალხო ამბოხს იწვევს!“

„ვერსია“: ინტერვიუ ლადო ბოჟაძესთან: „მჯერა, 2016 წლის არჩევნები მშვიდობიანად ჩაივლის და არავის ექნება პრეტენზია, რომ გაყალბდა“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ჯონდი ბაღათურიასთან: „რესპუბლიკელები ისე მოექცევიან ბიძინა ივანიშვილს, როგორც ზურაბ ჟვანია და მიხეილ სააკაშვილი მოექცნენ ედუარდ შევარდნაძეს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ნიკოლოზ მჟავანაძესთან: „რესპუბლიკელები პრემიერის პოსტს მოითხოვენ… „ქართული ოცნება“ ნაციონალების მძევალია“

რეზონანსი: ინტერვიუ ირაკლი ბათიაშვილთან: «თუ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხის მოგვარების პერსპექტივა არაა, რუსეთთან ურთიერთობას აზრი არ აქვს”

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ვახტანგ ხმალაძესთან: “ახალი წესით მოწმის დაკითხვა ნებაყოფლობითია“

რეზონანსი: მთავრობამ უკან დაიხია, მიწების რეგისტრაციის პროექტი აღარ განიხილება

————————-

რეზონანსი”, 25 თებერვალი, 2016 წელი

ინტერვიუ იან კელისთან: „საქართველოს მეგობრებს არ სურთ ქვეყნის რისკის ქვეშ დაყენება”

აკაკი გვიმრაძე

“ჩემზე ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას ქართველი ხალხი ახდენს, საქართველოს მთავარი უპირატესობა სწორედ მისი საზოგადოებაა. საქართველოში პირველად 40 წლის წინ, სტუდენტობის პერიოდში ჩამოვედი ლენინგრადიდან და გაოცებული ვიყავი კონტრასტებით – აქ, ქუჩებში უაღრესად ღია, ლაღ და ტოლერანტ ადამიანებს შევხვდი.

“ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო მიაღწევს თავის მიზნებს, ააშენებს წარმატებულ სახელმწიფოს და გახდება ნატოსა და ევროკავშირის წევრი. აშშ თავის მხრივ ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყნის განვითარებასა და წინსვლას შეუწყოს ხელი”, – განაცხადა “რეზონანსთან” საუბრისას აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ, ვისაც მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, თავისუფალი მედიის პრობლემებზე, ნატოში გაწევრიანებასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ვესაუბრეთ.

- მახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა გასული წლის შემოდგომაზე, როდესაც ახალი ჩამობრძანებული იყავით საქართველოში. მაშინ განაცხადეთ, რომ თქვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა თავისუფალი მედიის მხარდაჭერა იქნებოდა. ამ პერიოდის განმავლობაში ქართულ მედიაში არაერთი ხმაურიანი საქმე წარიმართა, ვგულისხმობ “რუსთავი 2″-სა და “მაესტროს” გარშემო განვითარებულ მოვლენებს. როგორ ფიქრობთ, შეიცავს თუ არა ეს საქმეები ზეწოლის ნიშნებს და კონკრეტულად როგორ აპირებს აშშ-ის მთავრობა, ხელი შეუწყოს ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი მედიის განვითარებას?

- უპირველესად ყოვლისა, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ მაძლევთ საშუალებას, თქვენს მკითხველს მივმართო. რაღა თქმა უნდა, ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს თავისუფალი მედიის განვითარებას და ამ საკითხს დიდ ყურადღებას ვაქცევთ. მედიის როლი განსაკუთრებულია დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობაში და საარჩევნო პერიოდში მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება. ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ მიიღოს ობიექტური და მიუკერძოებელი ინფორმაცია იმ პოლიტიკური ძალებისა და ინდივიდუალური პოლიტიკოსების შესახებ, ვის მიმართაც გარკვეული პოზიცია უნდა გამოხატოს არჩევნებზე, მედიამ კი ყველაფერი უნდა გააკეთოს საიმისოდ, რომ შეინარჩუნოს დაბალანსებული და დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა.

“რუსთავი 2″-ის შემთხვევაში იყო საფრთხე, რომ ეს პრინციპი დარღვეულიყო, რადგანაც ტელეკომპანიაში მენეჯმენტის ცვლილებას შესაძლოა ზეგავლენა მოეხდინა, მისი, როგორც ოპოზიციური არხის სარედაქციო პოლიტიკაზე. ამიტომაც მაშინ არაერთხელ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია და შეშფოთება ამ საკითხთან დაკავშირებით.

რაც შეეხება მედიაზე ზეწოლას, არ ვთვლით, რომ ხელისუფლება ამითაა დაკავებული. არსებობს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნა, რომ სადღეისოდ, ამ რეგიონის ვითარების გათვალისწინებით, მედია საქართველოში საკმაოდ თავისუფალია. თუმცა, რაღა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი და ამ მიმართულებით წინ კიდევ ბევრი შრომა გველის. აშშ-ის მთავრობა ახორციელებს შესაბამის პროექტებს, რათა დაეხმაროს ქართველ ჟურნალისტებს პროფესიონალიზმის ამაღლებასა და საერთაშორისო სტანდარტების მიღწევაში. საამისოდ არსებობს სპეციალური პროგრამები, რომლებიც ითვალისწინებს მედიის წარმომადგენლების სხვასაწვრთნელ კურსებში მონაწილეობას და პრაქტიკის გავლას აშშ-ის წამყვან მედიასაშუალებებში.

- უკვე რამდენიმე თვეა, საქართველოში იმყოფებით. ამ ხნის განმავლობაში რა შთაბეჭდილება დაგრჩათ, რა მთავარი გამოწვევების წინაშე დგას ქართული საზოგადოება და ჩვენი სახელმწიფო?

- უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო, რომ ქართული საზოგადოება მეტად გახსნილი და ტოლერანტულია, მოტივირებულია, რომ დასავლური სამყაროს სრულუფლებიანი და ღირსეული წევრი გახდეს. ვთვლი, რომ თქვენი ქვეყნის მთავარი უპირატესობა სწორედ თქვენი ხალხია, რომელიც მიისწრაფვის თავისი მიზნებისკენ.

ამჟამად საქართველოს მთავარი პრობლემა ისაა, რომ მისი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია და ამას თავისი ზეგავლენა აქვს ყველა სფეროზე. ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევაა ეკონომიკური ვითარება და ლარის კურსის ვარდნა, რაც თითოეული მოქალაქის ცხოვრების დონეზე ახდენს ზეგავლენას. ოკუპაციის პრობლემა ეკონომიკასთანაც კავშირშია, რადგანაც ეს არ უწყობს ხელს ქვეყანაში ინვესტორების მოზიდვას.

- მიმდინარე წელი მეტად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. წინ საპარლამენტო არჩევნებია, რაც მუდამ მწვავე მოვლენებითაა აღსავსე ჩვენს ქვეყანაში. რა უნდა გააკეთოს საქართველომ საიმისოდ, რომ დასავლური სტანდარტების არჩევნები ჩაატაროს?

- 2012 წლის არჩევნები და ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით. ახლა შემდგომი ამოცანაა, რომ ქვეყანამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას წინ და საერთაშორისო სტანდარტების მორიგი არჩევნები ჩაატაროს. ამ პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამომრჩევლის ინფორმირებულობას, რათა შესაძლებელი იყოს ობიქტური და მაქსიმალური ინფორმაციის მიღება არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ ძალებსა და ცალკეულ პოლიტიკოსებზე, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ გაკეთდეს ინფორმირებული არჩევანი.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ პროცესში განსაკუთრებული მისია აკისრია თავისუფალ მედიას, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისთვის. შესაბამისად, ხალხს ექნება ობიექტური ინფორმაცია და შესაძლებლობა, რომ გააკეთოს ისეთი არჩევანი, რაც მაქსიმალურად გამოხატავს მის ინტერესებს. ჩვენი მისია ამ პროცესში არის ის, რომ ვიყოთ დამოუკიდებელი დამკვირვებლები, ისევე, როგორც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები.

- საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სადღეისოდ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, მით უმეტეს რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე. შესაბამისად, ქვეყანა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ნატოში გაწევრიანების საკითხს. უკვე კარგა ხანია გვესმის ალიანსის და მისი წევრების მხრიდან მხარდამჭერი განცხადებები, რომ საქართველო გახდება ამ ორგანიზაციის წევრი, მაგრამ პროცესი ისეთი სისწრაფით არ მიდის, რისი იმედიც არის. ჩვენს საზოგადოებას აინტერესებს, კონკრეტულად რა აფერხებს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესს?

- საქართველო მაშინ გახდება ნატოს წევრი, როდესაც თავად ნატო იქნება მზად ამისთვის. საქართველო ნატოს მნიშვნელოვანი პარტნიორია, ჩვენ გვჯერა, რომ თქვენი ქვეყანა გახდება ალიანსის წევრი და მესამე მხარეს ვეტოს უფლება არ აქვს ამ გადაწყვეტილებაზე. საქართველო აქტიურადაა ჩართული ნატოს სხვადასხვა პროგრამასა და მისიაში და ყველა ინსტრუმენტი აქვს, რომ რეფორმები გააგრძელოს და ორგანიზაციის სტანდარტები დააკმაყოფილოს.

დამიჯერეთ, მე კარგად ვიცი ნატოს სუსტი და ძლიერი მხარეებიც, რადგანაც ამ ორგანიზაციაში 3 წელი ვიმუშავე. სისუსტე ალბათ ისაა, რომ რამე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად ყველა, 28 წევრის თანხმობაა საჭირო, რაც არ არის მარტივი პროცესი. მაგრამ არსებობს ძლიერი მხარეც – თუ ერთხელ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ალიანსი ამას მტკიცედ დაიცავს.

- იქნებ უფრო ღიად გვითხრათ, საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას, კონკრეტულად კი მაპის მიღებას უშლის ხელს თუ არა ის ფაქტორი, რომ ამას შესაძლოა, მოჰყვეს აგრესია რუსეთის მხრიდან?

- საქართველოს მეგობრებს კარგად ახსოვთ 2008 წელი, როდესაც ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებიდან რამდენიმე თვეში რუსეთის აგრესია განხორციელდა. ამიტომაც არ სურთ ქვეყნის კიდევ ერთხელ რისკის ქვეშ დაყენება.

ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ ის რეალობა, რაც გვაქვს – რეალობა კი ისაა, რომ საქართველოს საერთო საზღვარი აქვს თავის ჩრდილოელ მეზობელთან. მე არ მინდა ვისაუბრო მთელი ნატოს სახელით, მაგრამ აშშ-ის პოზიციაა, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს და ევროკავშირის წევრი და ამ მიზნის პრაქტიკულ რეალიზებისათვის ბევრს ვაკეთებთ, როგორც აქ ადგილზე, ისე ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობისასაც.

- საქართველოსა და აშშ-ს შორის 2009 წელს გაფორმდა ქარტია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. რა კონკრეტული შედეგები მოაქვს მას ჩვენი ქვეყნისთვის?

ი.კ: ქარტია უპირველეს ყოვლისა გულისხმობს საქართველოს პოლიტიკურ და ფინანსურ დახმარებას, რათა სახელმწიფო ინსტიტუციები გავაძლიეროთ და შესაბამისად ცხოვრების უკეთესი პირობები შევქმნათ თქვენი ქვეყნის მოქალაქეებისათვის. ეს დახმარება მიმართულია 4 ძირითად კომპონენტზე: ეკონომიკა და ვაჭრობა, უსაფრთხოება, დემოკრატიის მხარდაჭერა, განათლება და ხალხებს შორის ურთიერთობა.

საერთაშორისო დახმარების წარმატება განპირობებულია მიმღებ ქვეყანასთან მჭიდრო თანამშრომლობით. ჩვენ ვხვდებით ერთმანეთს 4 კომისიის სამუშაო ფარგლებში, რაც დაგვეხმარა დახმარების პროგრამების მიზანმიმართულად წარმართვაში. აშშ-ს დიდი ინვესტიცია აქვს განხორციელებული საქართველოში. კონკრეტულად კი ვეხმარებით საქართველოს, მაგალითად, შსს-ს გაძლიერებაში, პოლიციელთა უკეთესად აღჭურვასა და ტექნიკური საშუალებების განვითარებისათვის, საზღვრის უკეთესად კონტროლისათვის, ქართული ჯარის მოსამზადებლად, რომელიც საერთაშორისო მისიებში მონაწილეობს და საერთაშორისო სტანდარტების წვრთნას გადის ამერიკელი ჯარისკაცების გვერდით.

ჩვენი წვლილი შეგვაქვს სკოლებისა და კულტურული ძეგლების რეაბილიტაციაში, გვაქვს ბევრი გაცვლითი საგანმანათლებლო აკადემიური პროგრამა – თქვენს ბევრ მაღალი რანგის ოფიციალურ პირს აქვს მონაწილეობა მიღებული პრემიერმინისტრის ჩათვლით – ის მასკის პროგრამის კურსდამთვრებულია (ილინოისის უნივერსიტეტში სწავლობდა, ჩემი შტატია). ვეხმარებით მედიცინას – ახლა ჩვენი მხარდაჭერით მიმდინარეობს პროექტი “ც” ჰეპატიტის დასამარცხებლად და იმედი მაქვს, რომ საქართველო პირველი ქვეყანა გახდება მსოფლიოში, რომელიც სძლევს ამ დაავადებას. “მილენიუმ ჩელენჯის” კორპორაციამ საქართველოს 140 მილიონი დოლარი გამოუყო დახმარების სახით, ასევე ვეხმარებით თქვენს ქვეყანას, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მაქსიმალურად ეფექტურად იმპლიმენტაცია შეძლოს და მაქსიმალური სარეგებელი მიიღოს ამისგან. შესაძლოა, კიდევ გამომრჩა რამე…

- საქართველო მიმდინარე წელს ასრულებს ვიზალიბერალიზაციის პროცესს ევროკავშირთან და ელის შენგენის ზონის საზღვრის გახსნას ჩვენი მოქალაქეებისათვის. იმ მეგობრული და სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობის გათვალისწინებით, რაც აშშ-სა და საქართველოს შორის არსებობს, ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ მსგავსი პროცესი ჩვენთან მიმართებაში თქვენმა ქვეყანამაც განახორციელოს?

- ჩვენ მივესალმებით ვიზალიბერალიზაციის პროცესს ევროკავშირსა და საქართველოს შორის და აშშ ბევრს აკეთებს საიმისოდ, რომ ის წარმატებული იყოს, საამისოდ ვმუშაობთ როგორც ბრიუსელში, ისე ევროპის სხვა დედაქალაქებში. რაც შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს და ამერიკის პოზიციას – დღეს საქართველოს მოქალაქეებს აქვთ საშუალება, რომ აშშ-ის 10-წლიანი ვიზა მიიღონ, სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი კი ამ ეტაპზე არ დგას.

უკრაინაში ომი გრძელდება, სირიაში კი ვითარება უკიდურესად დაძაბულია. არსებობს მოსაზრებები, რომ ეს ყოველივე შესაძლოა დასავლეთსა და რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდოს. თქვენ ხედავთ ამის საფრთხეს?

- ყველაფერს ვაკეთებთ საიმისოდ, რომ სირიაში კონფლიქტის ესკალაცია ავიცილოთ თავიდან. ჩვენი სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი მთელ თავის დროს ამ თემას უთმობს, რომ როგორმე ტემპერატურა დავწიოთ ძირს და ცეცხლის შეწყვეტას და სამშვიდობო მოლაპარაკებებს მივაღწიოთ მხარეებს შორის. რაც შეეხება უკრაინის თემას, აქ ალბათ მეტი მოთმინება და მხარდაჭერის გაგრძელება გვმართებს. არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი, რომ ამ ქვეყანას ახლა საომარ ვითარებაში უწევს ცხოვრება და რეფორმების გატარება, თანაც მისი აღმოსავლეთი ნაწილის ოკუპაციის ფონზე.

- ბოლო კითხვა… საქართველოში მოღვაწეობის 5 თვის განმავლობაში, თქვენზე, როგორც ადამიანზე, რამ მოახდინა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?

- საქართველოში პირველად 40 წლის წინ, სტუდენტობის პერიოდში ჩამოვედი ლენინგრადიდან და გაოცებული ვიყავი კონტრასტებით – აქ, ქუჩებში უაღრესად ღია, ლაღ და ტოლერანტ ადამიანებს შევხვდი, ვისთანაც ურთიერთობა სასიამოვნო იყო. ჩემზე ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას სწორედ ქართველი ხალხი ახდენს, რომელიც მჯერა, რომ მიაღწევს თავის მიზნებს. აშშ ყველანაირად დაეხმარება ქართველებს განვითარებასა და წინსვლაში, წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობაში. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო გახდება ნატოსა და ევროკავშირის წევრი.

რეზონანსი”, 25 თებერვალი, 2016 წელი

„ქართული ოცნებისშიგნით კომპრომატების ომი იწყება

ეკატერინე ბასილაია

არჩევნების მოახლოებასთან ერთად პარტია “ქართულ ოცნებაში” საპარლამენტო სიის გამო ურთიერთბრალდებების ომი მწიფდება.

წინასწარ ყველამ იცის, რომ დღევანდელი დეპუტატების ნახევარი მანდატს დაკარგავს, თუმცა კონკრეტულად ვინ – ეს გაცხადებული არ არის, ამიტომაც დიდი ინტერესია, რაც შეიძლება მალე გაიგონ, ვის რა ელის და ამ თემაზე საკითხის ღიად დასმას, ამდენი ხნის ლოდინის შემდეგ, პირველად კვირის ბოლოს დაგეგმილ ფრაქცია “ქართული ოცნების” სხდომაზე აპირებენ კიდეც, რომელსაც პრემიერ-მინისტრიც უნდა დაესწროს.

ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი ომარ ნიშნიანიძე ამბობს, რომ პარტიის წევრებს რამდენჯერმე ჰქონდათ ინიციატივა, ფრაქცია შეკრებილიყო და პრემიერთან განხილულიყო საპარლამენტო სიების საკითხი, რადგან “უკვე დროა”, თუმცა მსგავსი შეხვედრა ჯერ ვერ შედგა და მათ ჯერ კიდევ არ იციან, ვინ შეიძლება დარჩეს პარტიის სიაში და ვინ – არა, პირადად მათთან არც იმ კრიტერიუმებზე ყოფილა საუბარი, რომლის მიხედვითაც მოხდება ახალი ჯგუფის დაკომპლექტება, არადა, როგორც ამბობს, ინტერესი ძალიან დიდია.

“გვითხრეს, რომ ამ კვირის ბოლოს ან მომავალი კვირის დასაწყისში მოხდება პრემიერთან შეხვედრა და იქ მოხდება საკითხების გავლა. ჩვენც გვაქვს შეკითხვები და რაღაც საკითხები დასაყენებელი. ყოველ შემთხვევაში, უკვე დროა, საარჩევნო სიაზე მსჯელობა დაიწყოს და რა კრიტერიუმებიც იქნება, ამასაც გავარკვევთ. თუმცა ახალს ვერაფერს მოიტანენ. გადამწყვეტი უნდა იყოს გამოცდილება, სახელმწიფოებრივი აზროვნება, გაკეთებული საქმეები და ამომრჩევლებში კარგი რეპუტაცია. შეხვედრის ზუსტად რიცხვს ვერ გეტყვით, რადგან ადრეც ბევრჯერ ითქვა და პრემიერის მოუცლელობის გამო გადაიდო”, – ამბობს ომარ ნიშნიანიძე. მისივე თქმით, ვინ დარჩება და ვინ არა სიაში, ამის გარკვევა სიის მიღმა დარჩენილებში რაღაც უკმაყოფილებას აუცილებლად გამოიწვევს, ამიტომაც არის მცდელობა, რომ რაც შეიძლება გვიან ითქვას სიის შემადგენლობა, რომ ამით მოსალოდნელი დაპირისპირება გადაიწიოს. თუმცა მიაჩნია, რომ სანამ აფეთქება და ბრალდებები გარეთ გამოსულა, მანამ უნდა მოხდეს საკითხის გუნდში განხილვა, თითოეულ დეპუტატთან დალაპარაკება და ყველაფრის მშვიდად ახსნა, სხვა შემთხვევაში, დაპირისპირება და რეციდივები საჯაროდ გამოვა და ეს პარტიას დააზიანებს.

“რაღაც აფეთქებები და რეციდივები რომ არ იყოს, ვფიქრობ, გუნდის შიგნით უნდა მოხდეს დალაპარაკება და სიტუაციის გარკვევა. ეს პროცესები უკვე უნდა დაიწყოს. კოალიციაში, თუ პარტიაში რაღაც წინააღმდეგობები არის, მაგრამ ალბათ ეგეც დაძლეული იქნება. არ გამოვრიცხავ, რომ აგრესიული განცხადებები ისევ იყოს”, – აღნიშნავს ომარ ნიშნიანიძე.

აღსანიშნავია ის, რომ გასული წლის ოქტომბერში ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა პირველად გააკეთა განცხადება პარტია “ქართული ოცნების” საპარლამენტო სიის შესახებ და თქვა, რომ პარტიის განახლება აუცილებელია და დღევანდელი დეპუტატების მხოლოდ ნახევარი მოხვდებოდა სიაში. მან თქვა ისიც, რომ გამოჩენილი და ღირსეული ადამიანები არიან, სპორტსმენები, მეცნიერები, თუ საზოგადო და ხელოვნების მოღვაწეები, მაგრამ პარლამენტი უნდა შეიცვალოს და უფრო მეტად “ინგლისურენოვანი გვიჭირს, რომ ევროპაში გავგზავნოთ”-ო. უფრი განათლებული ხალხი უნდა მოვიდესო.

ამის შემდეგ იანვარში, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პირდაპირ განაცხადა, სიაში ნაკლები სპორტსმენი და მსახიობი იქნებაო და მაშინ მის ამ ხისტ განცხადებას დიდი დაძაბულობა მოჰყვა პარტიაში, რის გამოც კობახიძეს ერთგვარად ბოდიშის მოხდაც კი მოუწია. თუმცა პარტიის შიგნით არსებული დაპირისპირება მაინც გასაჯაროვდა და პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით პარტიის უფლებაშეჩერებულმა პოლიტიკურმა მდივანმა არმაზ ახვლედიანმა გადადგა, როდესაც პარტიაში მყოფ “ბებერ პოლიტიკურ ნიანგებსა” და “საბჭოთა მენტალიტეტის მქონე პირების” მიერ პარტიის დემოკრატიულად განვითარების შეფერხებაზე გააკეთა განცხადება.

შემდეგ იყო ტყიბულის მაჟორიტარისა და პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ელისო ჩაფიძის ბრალდებებიც, “კა-გე-ბეს აგენტებსა” და “საბჭოთა ჯურღმულებში გამოზრდილ ადამიანებზე”, რომლებიც პარტიაში ერთპიროვნულად წყვეტენ თურმე ყველაფერს.

პოლიტოლოგების და რიგი ოპოზიციის პროგნოზებით ეს მხოლოდ დასაწყისია და ყვირილი მომავალში უფრო ბევრი იქნება.

პარტია “ქართული ოცნებიდან” გარიცხული დეპუტატი მურმან დუმბაძე პარტიული სიის გამო დიდ ღია ომს პროგნოზირებს. ამბობს, რომ ჯერ საჯაროდ კოალიციის ორ სუბიექტს შორის დაპირისპირებას ვხედავთ, მაგრამ მალე პარტია “ქართული ოცნების” შიგნით დაპირისპირებაც უფრო მკაფიოდ გამოვა გარეთ.

“საპარლამენტო სიის გაცხადებასაც სწორედ ამ დაპირისპირების შიშით ჭიმავენ, რადგან იციან, რომ ხმაურიანი ბრალდებებისა და ლანძღვის კორიანტელი დადგება, თუნდაც ისეთი, როგორიც უკვე ითქვა და რომელიც საბჭოთა უშიშროების სამსახურებთან კავშირს ეხებოდა. ფრაქცია “ქართულ ოცნებაში” 47 დეპუტატია და მათგან მეოთხედი თუ მოხვდება მომავალ საპარლამენტო სიაში. ანუ უნდა ვივარაუდოთ, რომ 3/4 დაუპირისპირდება დარჩენილ 1/4-ს. ის, რომ პარტიის შიგნით დაპირისპირება არსებობს, ამას არმაზ ახვლედიანის განცხადებებიც მოწმობს. ახვლედიანის და თუნდაც ელისო ჩაფიძის ახლანდელი განცხადებები სულ არ მოგეჩვენებათ მწვავედ და შეურაცხმყოფელად იმის ფონზე, რასაც მომავალში უნდა ველოდოთ”, – აცხადებს მურმან დუმბაძე. მისი თქმით, თითქოს კი დასახელდა რომ სპორტსმენები და მსახიობები სიაში არ უნდა იყოსო, მაგრამ ბევრი ისეთიც ვერ მოხვდება პარლამენტში, რომლებსაც პოლიტიკაში ასე თუ ისე უთქვამთ სიტყვა.

“კაცმა არ იცის, რას გააკეთებს ივანიშვილი. ამ ყველაფერს ის განაგებს, ის არის არაფორმალური მმართველი და ყველა მას შესცქერის, როგორ განწყობაზე იქნება. მისი განწყობის მიხედვით დალაგდება სამომავლო სიაც. ივანიშვილი შეეცდება, გაზაფხული დაამშვიდოს, მაგრამ ზაფხულში დამშვიდება შეუძლებელი იქნება და ვინც სიის მიღმა დარჩება, მათგან ბრალდებების მოსმენა მოგვიწევს”, – ამბობს დუმბაძე.

დიპლომატიის აკადემიის რექტორ სოსო ცინცაძის თქმით, როცა უკვე სიაში ვერმოხვედრილ გვარებზე მიდგება საქმე, ყვირილი და ბრალდებები იქნება, რადგან საქართველო კომპრომატებისა და ბრალდებების გარეშე წარმოუდგენელია.

“საქართველოში ხომ ყველამ ისიც კი იცის, ვინ რა დანაშაული უნდა ჩაიდინოს ხვალ, ჩვენ ყველა ნოსტრადამუსები ვართ და რა გასაკვირია ბრალდებები? ხალხიც ამას უკვე შეჩვეულია. ჩვენთან მახინჯი სელექციაა. დასავლეთში პარლამენტში ისეთი სელექციის პრინციპია შერჩეული, იქ არავის მოუვა თავში თქვას, ამაზე კარგად ხომ მე გავაკეთებდი ამ საქმესო. ჩვენს პარლამენტში კი პირიქითაა, ყველას შეუძლია თქვას, ამ დეგენერატზე უკეთესად ხომ მე ვიმუშავებდიო. რა უნდა პარლამენტარობას ან მინისტრობასო, ყველა ასე ფიქრობს და, რა თქმა უნდა, მის ნაცვლად სხვას რომ ჩაწერენ პარტიის სიაში, ამას შეურაცხყოფად აღიქვამს”, – ამბობს სოსო ცინცაძე. მისი პროგნოზით, ისევ იქნება ბრალდებები და გაღიზიანებული განცხადებები იმავე ბებერ ნიანგებსა თუ საბჭოთა წარსულზე. მაგალითად, გია ვოლსკის ბევრი შეახსენებს თავის წარსულს. თუმცა იმასაც ამბობს, რომ სიაში არმოხვედრილებისთვის გასაჩუმებლად პრინციპიც უკვე გაცხადებულია – უკმაყოფილო რომ არავინ დარჩეს, ის მინისტრები, რომლებიც სავარძლებს დაკარგავენ, მოხვდებიან პარტიულ სიაში, ხოლო ვინც სიაში ადგილს დაკარგავს, მათ სადღაც სამინისტროებში მაღალხელფასიან ადგილზე გადაიყვანენ და ბევრი ხათრით გაჩუმდება, რაღაც ნაწილი კი ყვირილს მაინც დაიწყებს.

პოლიტოლოგ ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, პარტიის დამფუძნებლის მიერ სიის გადახალისების აუცილებლობაზე დირექტივა უკვე გაცემულია, ამდენად, სიის ირგვლივ პარტიაში ძალიან სერიოზული დებატები იქნება, რადგან ყველას სურს, თავისი ადგილი მზის ქვეშეთში უზრუნველყოს.

“დიდია იმის ალბათობა და “ქართულმა ოცნებამ” ეს რისკი უნდა გაითვალისწინოს, რომ დეპუტატების ის ნაწილი, რომლებიც საკუთარ თავს საარჩევნო სიაში ვერ აღმოაჩენენ, მათ შეიძლება დაუპირისპირდეს და რამდენიმე უსიამოვნო სიურპრიზიც მიართვას გუნდს წინასაარჩევნო პერიოდში. თუმცა იმის გამო, რომ რომელიღაც დეპუტატს კიდევ 4 წლით უნდა პარლამენტარობა და ამით კომფორტული ცხოვრების გახანგრძლივება, “ქართული ოცნება” კომპრომისზე არ უნდა წავიდეს. პოლიტიკური გუნდის გაჯანსაღება აუცილებელია. ეს რისკები და მასზე რეაგირების მექანიზმები უნდა იყოს გათვლილი. ის, რომ სიაში სპორტსმენები და მსახიობები ვერ მოხვდებიან, ამის განცხადება იმ ფორმით, რა ფორმითაც მაშინ გაკეთდა, ძალიან სერიოზული შეცდომა იყო, ეს სხვა ფორმით უნდა თქმულიყო, ან საერთოდ არ თქმულიყო ეს საჯაროდ”, – მიიჩნევს ზაალ ანჯაფარიძე. მისი თქმით, ნაწილობრივ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამომრჩევლების დიდი უმეტესობა მსახიობს თუ სპორტსმენს უფრო იცნობს, ვიდრე მაგალითად კარგ და უცნობ იურისტს და რაღაც დოზით ცნობილი მსახიობები თუ სპორტსმენები პარტიაში უნდა იყოს, ოღონდ ისეთები, რომლებიც საზოგადოებაში პოზიტიური კუთხითაა ცნობილი.

“ადამიანს უნდა გქონდეს გარკვეული ელექტორატული რესურსი, რომ ხალხმა ხმა მოგცეს. უცნობი იურისტი, როგორი კომპეტენტური არ უნდა იყოს, ხმების მომტანი ვერ აღმოჩნდება. ამიტომაც საჭიროა, სია პროფესიონალებმა შეადგინონ და ოპტიმალური ბალანსის დაცვა მოხდეს. იქ შეიყვანონ ის ხალხიც, ვისაც საკანონმდებლო საკითხებზე მუშაობის კომპეტენცია აქვს და ისეთებიც, რომლებიც უბრალოდ მხარდამჭერების მოზიდვის წყარო იქნება. ერთი ხელის მოსმით საზოგადოებისთვის ნაცნობი ხალხის გაყრა და უსახური პროფესიონალების პარტიაში შეყვანა მომგებიანი არ იქნება, თუმცა აქაც არის ერთი საკითხი, ცნობილი სახე საზოგადოებისთვის პოზიტიურად ცნობილი უნდა იყოს და არა ნეგატიურად”, – ამბობს ანჯაფარიძე და დასძენს, რომ იმ ადამიანებისაგან, რომლებიც თავს გარიყულად იგრძნობენ და ჩათვლიან, რომ მათ უსამართლოდ მოექცნენ, ბრალდებები გამორიცხული არ არის. უკლებლივ ყველა დაპირისპირებაზე არ წავა, მაგრამ ისეთებიც აღმოჩნდებიან, ვინც ასეთ ნაბიჯს გადადგამენ”, – ამბობს ზაალ ანჯაფარიძე.

რეზონანსი”, 25 თებერვალი, 2016 წელი

რომელი მინისტრები უნდა შეიცვალოს წინასაარჩევნოდ?

გვანცა ღვედაშვილი

მთავრობაში წინასაარჩევნოდ საკადრო ცვლილებებზე საუბარი უკვე დაიწყო, მაგრამ კონკრეტულად რა ცვლილებები განხორციელდება, ჯერჯერობით ამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა დეპუტატები მინისტრების შესაძლო შეცვლას არ გამორიცხავენ.

ფრაქცია “ქართული ოცნების” წარმომადგენელ ეკა ბესელიას განმარტებით, სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით რამე კალენდარი არ არსებობს და ამ თემაზე არც კონსულტაციები გამართულა. “ვიცით, რომ გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერის პოსტზე ნდობის გამოცხადებისას თქვა, რომ მომავალში მთავრობაში ცვლილებებს არ გამორიცხავს. უბრალოდ, მას სჭირდებოდა მეტი დრო გადაწყვეტილების მისაღებად. მომავალში გამორიცხული არაფერია, მაგრამ არც არავითარი კალენდარი არ არსებობს და ამ თემაზე კონსულტაციები არ გამართულა”, – აცხადებს ეკა ბესელია.

“რომელი მინისტრები უნდა შეიცვალოს წინასაარჩევნოდ?,” – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

თაკო ჩარკვიანი  (პუბლიცისტი): “გარკვეული ცვლილებები ალბათ საჭიროც არის. ვერ გეტყვით, რომელი მინისტრები შეიცვლება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სერგეენკოს არ შეეხებიან, რადგან ჯანდაცვის სისტემაში მის მიერ განხორციელებულმა რეფორმებმა შედეგი ნამდვილად გამოიღო. აგრეთვე, ვფიქრობ, ხელშეუხებელია თავდაცვის მინისტრიც, რადგან ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს დასავლეთთან ურთიერთობაში.

ძალიან ცუდ და დეპრესიულ მდგომარეობაშია ხალხი და აუცილებელია, ზოგადად “ქართულ ოცნებაში” ძირეული ცვლილებები განხორციელდეს.”

გია ბუღაძე (ფერმწერი): “არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ შეიცვლება და ვინ არა, სანამ ქვეყანას ერთი ადამიანი მართავს. მე არ ვიცი, როგორ გავძლებთ არჩევნებამდე ან რა იქნება არჩევნების შემდეგ. დამაიმედებელი პროგნოზი ნამდვილად არ გვაქვს.”

გიორგი შენგელაია (რეჟისორი): “ვერაფერს გიპასუხებთ ამ კითხვაზე, არავითარი იდეა არ მაქვს, ვინ უნდა შეიცვალოს. ჯერ უნდა იმუშაოს ამ მთავრობამ და შემდეგ უფრო გამოჩნდება, ვინ არის შესაცვლელი.”

ნინო ჩხობაძე  (ეკოლოგი): “არ ვიცი, ნებისმიერ სიტუაციაში საარჩევნოდ რა ცვლილებებს განახორციელებენ, ეს მთავრობისა და მმართველი პოლიტიკური გუნდის გადასაწყვეტია.”

გია ანჩაბაძე (ისტორიკოსი): “საერთოდ არ ვიცი, რა ხდება. არ ვარ საქმის კურსში და ვერაფერს გეტყვით.”

„ვერსია“, 24 თებერვალი, 2016 წელი

ინტერვიუ ლევან მამალაძესთან: „როცა ხალხი ხელისუფლების ოპოზიციაშია, ეს სახალხო ამბოხს იწვევს!“

ნინო კომახიძე

ქართულ პოლიტიკურ სპექტრს 19 თებერვალს კიდევ ერთი პარტია შეემატაევროპის სახლში ლევან მამალაძისა და სულხან მოლაშვილის პარტია სახალხო ხელისუფლება დაფუძნდა, თუმცა ღონისძიებას ლიდერებიდან არც ერთი ესწრებოდა. ლევან მამალაძე, ჯერჯერობით, ქვეყანაში გასაგები მიზეზების გამო ვერ ჩამოდის, სულხან მოლაშვილი - ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ამიტომ პარტიის ლიდერად თამაზ ყარალაშვილი წარმოგვიდგინეს. სხვათა შორის, ჯერ კიდევ 2015 წელს მოლაშვილმა და მამალაძემ პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთ ლიდერ და პოლიტდევნილ, კოდორისხეობის ყოფილ რწმუნებულ ემზარ კვიციანთან ერთად მოძრაობასახალხო სამართალიც დააარსეს. ალბათ ამიტომაც ჩნდება კითხვები მამალაძის პარტიისა და ინაშვილის პატრიოტთა ალიანსის კავშირის შესახებ, მით უმეტეს, ორივე ძალას დღეს მთავარ ოპონენტად რესპუბლიკური პარტია მიაჩნიაიმის გამო, რომ მამალაძე საქართველოში არ იმყოფება, მას მხოლოდ მიმდინარე პოლიტიკური თემებისა და სახალხო ხელისუფლების გეგმების შესახებ რამდენიმე კითხვა გავუგზავნეთ და არც კონტრკითხვების დასმის საშუალება გვქონია. ვერსია ლევან მამალაძის პასუხებს უცვლელად გთავაზობთ.

- საქართველოს ყველა რეგიონში ორგანიზაციის სტრუქტურები უკვე ჩამოყალიბდა. ახლაც ყოველდღიური ჩართვები მაქვს მოსახლეობასთან. იდეოლოგია და სამოქმედო გეგმა ხალხის უშუალო მონაწილეობით დგება და იხვეწება. წლების განმავლობაში სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრს ვხელმძღვანელობ – კონსულტაციებს ვუწევთ მოლდოვას, უკრაინას, რუსეთს, შუა აზიის ქვეყნებს და კარგად ვიცი, რა სჭირდება ჩვენს საზოგადოებას! აქამდე ადამიანებს მხოლოდ არჩევნებისთვის იყენებდნენ. ჩვენს მიერ შემუშავებული სისტემით კი, ხალხი ლიდერებს თავად გამოკვეთს, ხელისუფლებაში მოიყვანს და ასე დაიბრუნებს ხელისუფლებას. ხოლო ვინც მოიტყუება, თანამდებობაზე აღარ იქნება _ შესაბამისი საკანონმდებლო პროექტი უკვე შედგენილია. ჩვენი ორგანიზაცია ხალხთან ერთად ადგენს სამოქმედო გეგმას. მაგალითად: მოსახლეობის 90% მოითხოვს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენას, ვიზების გაუქმებას, პენსია-დახმარებების გაზრდას, დასაქმებას, საზღვარგარეთ საშოვარზე გადახვეწილების ოჯახებში დაბრუნებას. ჩვენმა მეზობლებმა 6-ჯერ გაზარდეს რუსეთში ექსპორტი, საქართველო კი ძალიან ჩამორჩა ამ პროცესს. ჩვენ დავეხმარებით გლეხებს და მეწარმეებს, რომ რუსეთის ბაზარზე თავისუფლად გაიტანოს პროდუქცია და შემოსავალი მიიღოს. სახალხო ხელისუფლება ამ საკითხს მალე გადაწყვეტს.
მხარს ვუჭერთ ევროკავშირში ინტეგრაციას, მაგრამ ნებისმიერ სამხედრო ალიანსში გაწევრიანება სახიფათო იქნება ქვეყნისთვის, ფინეთის ვარიანტი უფრო მიესადაგება საქართველოს ინტერესებს.

„სახალხო ხელისუფლება“ უახლოეს პერიოდში ჩაატარებს საპროგრამო ყრილობას, სადაც წარმოდგენილი იქნება ხალხის მოთხოვნებით შედგენილი საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემათა გადაჭრისა და სახელმწიფოებრივი განვითარების გეგმა. საზოგადოებას კონკრეტულად გავაცნობთ, როგორ გახდება პენსია 500 ლარი, რა რეფორმებით შევაჩერებთ ლარის კურსის ვარდნას, მოსახლეობის საკრედიტო კაბალიდან დახსნას, მასობრივი გაღატაკების შეჩერებას… სახალხო ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას მოიპოვებს და სულხან მოლაშვილთან ერთად, ამ პროცესს ყველანაირად შევუწყობთ ხელს.

- სულხან მოლაშვილს სამართლებრივი პრობლემები აღარ აქვს, სახელმწიფოს ევროპულ სასამართლოშიც მოუგო. რატომ არ ჩამოდის ქვეყანაში? თქვენ კი ადრე ამბობდით, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა უკან დაიხია ჩემს საქმეზეო. დღეს კბილაშვილი მთავარი პროკურორი აღარ არის. პროკურატურაში ერთი წლის წინ გახსნილი სპეცდეპარტმენტი სწორედ ძველ, პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს სწავლობს. ამ უწყებისთვის თუ მიგიმართავთ ან საქართველოში ჩამოსვლას როდის აპირებთ?

- 2012 წლის მერე ყველა ელოდა, რომ სამართლიანობა რეალურად აღდგებოდა. სამწუხაროდ, ყველაფერი დამახინჯებული ფორმით მოხდა, ივანიშვილის ზურგსუკან მიმალულმა პირებმა პირადი სარგებლობისთვის და პოლიტიკური კონიუნქტურის მიხედვით „აღადგინეს სამართალი“. სულხან მოლაშვილი ევროპის სასამართლომ აღიარა პოლიტპატიმრად, საქართველოში კი სტატუსი არ მისცეს. მოლაშვილის მწამებელი პროკურორები და მოსამართლეები დღესაც თანამდებობებზე არიან. ჩემი განადგურების მიზნით, სააკაშვილმა დიდხანს ავრცელა ჭორები ოქროს ზოდებზე და ბეჰემოთებზე. შეისწავლეთ ჟურნალისტებმა ჩემი საქმე, იქ მხოლოდ ჩემი ოფიციალური დეკლარაციაა პროკურორის ინტერპრეტაციით გადმოწერილი და – არანაირი მტკიცებულება.
2012 წლიდან პროკურატურას, სასამართლოს, საპარლამენტო კომისიას მივმართე, გამოკვეთილია დამნაშავე პროკურორები და სააკაშვილის კონკრეტული დანაშაული, რამაც ჩემი ახლობლების სიცოცხლე შეიწირა. მოვითხოვე ღია სასამართლო, მაგრამ უსუფაშვილ-ხიდაშელებს ეს არ აწყობთ, ოდესიდან იღებენ ინსტრუქციებს და სააკაშვილის რეჟიმს აგრძელებენ.

ამიტომ არის, რომ დღემდე პროკურატურას თავს აფარებენ სისხლიანი ზონდერები, სასამართლოში კი სააკაშვილის მორჩილი მოსამართლეები წინაურდებიან. ხალხი მოითხოვს სამართლიანობის უპირობო აღდგენას! ,,სახალხო ხელისუფლების” სამოქმედო გეგმის მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ ამ პრობლემის გადაწყვეტა წარმოადგენს. ყველას, ვისაც პოლიტიკური ნიშნით გაუსწორდნენ, გამოკეტეს ციხეში და განდევნეს, კანონით მიენიჭება პოლიტიკური პატიმრისა და დევნილის სტატუსი. ძალადობაში მონაწილე პროკურორებსა და მოსამართლეებს დაეკისრებათ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. ყველას, ვისაც პოლიტიკური ნიშნით წაართვეს ბიზნესი და ქონება, დაუბრუნდება კუთვნილი. სახელმწიფომ უნდა აუნაზღაუროს დანაკარგი რეალურ მფლობელებს, მით უფრო, რომ უკვე მიიღო უკანონოდ ჩამორთმეული ქონების რეალიზაციიდან შემოსავალი. საქართველო იქნება ქვეყანა, რომელსაც ყველაზე ცოტა ტუსაღი ეყოლება.

- როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, სულხან მოლაშვილის ადგილმდებარეობის შესახებ საერთოდ არ იციან. კანონმდებლობით, ვერც მოლაშვილი და ვერც თქვენ საარჩევნო სიაში ვერ იქნებით. პარტიის დისტანციურად მართვა არ გაგიჭირდებათ?

- მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა ჯანმრთელ კაცს ნახევარი სიცოცხლე წაართვა. წამების შედეგები რომ გაემართლებინა, მოლაშვილს სააკაშვილმა უკბილო ჭორები გაუვრცელა.
სულხან მოლაშვილი ბრიფინგს ვერ დაესწრო, რადგან განმეორებითი ოპერაცია გაიკეთა და მალე საქართველოში დაბრუნდება. საქართველოში მეც აუცილებლად ჩამოვალ და ეს ძალიან მალე მოხდება. კომუნიკაციის პრობლემა არ მაქვს, ყველას ვესაუბრები და დღეში რამდენიმე ჩართვა მაქვს. ასე ვმუშაობთ, თანამედროვე ტექნოლოგიებით. დღეს დისტანციურად იმართება ყველაფერი და ამ საშუალებებს ეფექტურად გამოვიყენებთ! სახალხო ხელისუფლების სისტემა ყველასგან იმით განსხვავდება, რომ ხალხი წინასწარ თვითონ განსაზღვრავს ვინ უნდა იყოს მაჟორიტარი და ვინ მოხვდება საპარლამენტო სიაში.

- გარდა იმ ადამიანებისა, ვინც პრეზენტაციაზე იყო წარმოდგენილი, ვინმე ცნობილი სახე ან მხარდამჭერი თუ გეყოლებათ?

- ჩვენ წინასწარ უარი ვთქვით ე.წ. ცნობილი სახეების ხელოვნურად ჩართვაზე. არ მოგვიწვევია მომღერლები, მსახიობები, სპორტსმენები და ცნობილი პოლიტიკოსები. ამას ის პარტიები აკეთებენ, ვინც ხალხთან არ მუშაობს და ტელერეკლამებით ცდილობს, თავი მოიწონის. ყველა დონის ლიდერს, სოფლის, რაიონის, ქალაქისა თუ ქვეყნის მასშტაბით, ხალხი თავად გამოარჩევს.

- ოპოზიციურ სპექტრში მსგავსი იდეოლოგიის პარტიას თუ ხედავთ და სამომავლოდ, რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობას თუ გეგმავთ. ზოგადად, თქვენი შეფასება მაინტერესებსროგორ გამოიყურება დღეს ქართული პოლიტიკური სპექტრი.

- საგარეჯოსა და გარდაბნის არჩევნებმა გვიჩვენა, რომ “ოცნების” რეიტინგი 15%-ს არ აღემატება, სააკაშვილის ჯგუფის – 9%-ს. “ოცნებამ” მთელი სამინისტროები და უწყებები გადასხა გარდაბანში, სააკაშვილმა კი ყოფილი რეჟიმის „მძიმე არტილერია“ გამოიყენა, მაგრამ არჩევნებზე ამომრჩევლის 30%-ზე მეტი ვერ მიიყვანეს. მოსახლეობის 70% ხმას არ აძლევს მოძალადე სააკაშვილს და მატყუარებს. მოქალაქეთა უმრავლესობა სახალხო ხელისუფლების ფორმირების პროცესშია ჩართული. ჩვენი კონკურენტი ვერანაირად ვერ იქნება “ოცნება” ან სააკაშვილის მხარდამჭერები.

ადმინისტრაციული რესურსისა და სხვა მაქინაციების გათვალისწინებითაც, ეს ორივე ძალა, ,,ოცნებაცა” და ნაციონალებიც, მოსახლეობის უმცირესობაში ტრიალებს, სულ 30%-ზეა საუბარი. ჩვენი ხმები არ იკვეთება მათთან, ,,სახალხო ხელისუფლების” მხარდამჭერი მოსახლეობის 70%-ია. ხოლო როცა ხალხი ოპოზიციაშია ხელისუფლებასთან, ეს უკვე სახალხო ამბოხს იწვევს. სახალხო ხელისუფლება ყველა პრობლემაზე კონკრეტულ გადაწყვეტილებას შესთავაზებს დღევანდელ მთავრობას. არ გამოვრიცხავთ პარლამენტში სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ძალებთან თანამშრომლობას.

- არსებობს მოსაზრება, რომ შესაძლოა, ირმა ინაშვილის პარტია და თქვენ ბლოკის სახით წარსდგეთ არჩევნებზე. ეს ჭორები ჯერ კიდევ 2015 წლიდან გავრცელდა, როცა თქვენს მიერ დაფუძნებულ მოძრაობაში ,,სახალხო სამართალი”, პატრიოტთა ალიანსის წევრი და პოლიტდევნილი ემზარ კვიციანიც იყო. ეს რამდენად შესაძლებელია?

- ემზარ კვიციანი ჩემი ახლო მეგობარია. პატრიოტთა ალიანსი შეეწინააღმდეგა ხელისუფლებაში მოკალათებულ ზონდერებს და საქართველოს მთლიანობისთვის მებრძოლ კაცს გათავისუფლებაში დაეხმარა. ჩვენ ერთობლივად ჩამოვაყალიბეთ მოძრაობა “სახალხო სამართალი”, ბევრი საქმე იქნა განხილული პროკურატურაში და სასამართლოში წარდგენილი. მარტო ის რად ღირს, რომ საქართველოში ამდენი რეპრესირებული, პოლიტიკური პატიმარი და დევნილია, ხოლო ის პროკურორები, რომლებიც უკანონო საქმეებს კერავდნენ, მოსამართლეები კი აფორმებდნენ, ამ ხელისუფლებას აფარებენ თავს. დღევანდელი ხელისუფლება ხიდაშელ-უსუფაშვილის დიქტატის ქვეშ იმყოფება და ხალხი მათგან სამართლიანობის აღდგენას არ ელის.

- მიუხედავად იმისა, რომ საუბრობდით კოჰაბიტაციაზე და ნაციონალების არდასრულებულ მმართველობაზე, თუ სწორად მახსოვს, “სახალხო ხელისუფლებამმხარი მაინცოცნებისმაჟორიტარს, გოჩა ჯამარაულს დაუჭირა გარდაბანში. რატომ?

- დეკემბერში რეგისტრაციის პროცესში ვიყავით და ჩვენი კანდიდატის წარდგენა გარდაბანში ვერ მოვასწარით. ეს რომ არა, ჩვენი წარმომადგენელი გაიმარჯვებდა. ჯამარაულს გარდაბნელები ფეხბურთელად იცნობენ და არა სამეურნეო ხელმძღვანელად. “ოცნება” იმდენს დაჰპირდა ხალხს გარდაბნის გამგებლის ასარჩევად, რომ ჩვენ ხალხს ვუთხარით, თავად გადაეწყვიტათ ხმის მიცემის საკითხი. სამი თვის შედეგებით ხალხი იმსჯელებს და დანაპირების შესრულებას მოითხოვს. ,,ოცნებაში” არიან ადამიანები, ვისაც გული შესტკივა საქართველოზე და უხერხულობას გრძნობს ხალხისთვის მიცემული დანაპირების იგნორირებაზე!

- ცოტა ხნის წინ, .. შეწყალებისა და პოლიტპატიმრების სკანდალის დროს, თქვენ ასევეოცნების” მაჟორიტარს, ეკა ბესელიასა და თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს დაუპირისპირდით, რომელმაც, როგორც თქვით, პოლიტდევნილთა სიიდან პირადად ამოგიღოთ. ცოტა გაუგებარია, რეალურად, რა ურთიერთობა გაქვთ ,,ოცნებასთან”?

- ამაში ნათელი თავად დავით უსუფაშვილმა შეიტანა – განაცხადა, რომ პოლიტპატიმრებისა და დევნილების სიას საბოლოოდ ის ამტკიცებდა და მან ამომიღო იმ სიიდან. დავით უსუფაშვილმა და თინა ხიდაშელმა სააკაშვილის დავალება პირნათლად შეასრულეს. იქ კიდევ ვიღაც წვრილმანებმა ხელი მოითბეს და ამ სიებში რეალურად პოლიტიკური დევნილები, მე, ემზარ კვიციანი, თემურ ბასილია, გიორგი კელენჯერაძე და სხვები ამოიღეს. ამ ხალხმა თავი კანონზე მაღლა დააყენა და მათ პასუხი მოეთხოვებათ. ახალ პარლამენტში შეიქმნება სპეციალური საგამოძიებო კომისია, რომელიც უსუფაშვილისა და ხიდაშელის დანაშაულებრივ საქმიანობას შეისწავლის.

- დღეს ხიდაშელთან დაპირისპირებულნი ,,ოცნებისშიგნითაც არიან, ,,მრეწველებისადა რამდენიმე დეპუტატის სახით და პარლამენტს გარეთაც, მათ შორის პატრიოტთა ალიანსი. ხომ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ თქვენი, ალიანსის და საპარლამენტოოცნების” ნაწილის სახით, რაღაც ერთიანი ფრონტი იქმნება რესპუბლიკელების წინააღმდეგ?

- ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს ნაჩქარევად შეიყვანა გარკვეული ჯგუფები ,,ოცნებაში”. უსუფაშვილ-ხიდაშელს არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნიათ, მათთვის ხალხს ხმა არ მიუცია, მაგრამ ივანიშვილი ვაშინგტონიდან ზეწოლის გამო იძულებული გახდა, ხელისუფლება რესპუბლიკელებისთვის ჩაებერებინა. ამ ჯგუფმა “ოცნება” დაიქვემდებარა და საქართველოს თავზე მოაჯდა. თუ მაგრებად მიაჩნიათ თავი, ცალკე იყარონ კენჭი და დაანახონ ხალხს, რამდენი ადამიანი უჭერს მხარს. ახლა ეგენი ივანიშვილს აშანტაჟებენ და ოკეანისგაღმა ჩივიან, რომ რაც შეიძლება მეტი გამსვლელი ადგილი მისცენ სიაში. ახალი გეგმა შეიმუშავეს, ვითომ, იმიტომ უნდათ თინას მოშორება, რომ მას საქართველო ნატო-ში შეჰყავს. ამ მესიჯებს აგზავნიან თავიან პატრონებთან და არწმუნებენ, რომ ივანიშვილზე ზეწოლა მოახდინონ. ისინი თანამდებობისთვის იბრძვიან, უცხოთა დავალებებს ასრულებენ და არანაირი კავშირი არ აქვთ ქართულ სახელმწიფო ინტერესებთან. ეს თემა კარგად წარმოაჩინა არმაზ ახვლედიანმა. არმაზი გამოცდილი პოლიტიკოსია და წინასწარ გააფრთხილა საზოგადოება, რომ ხიდაშელ-უსუფაშვილის “ოცნებას” ფიასკო ელის! ვინც ხალხს მოწყდება, ის ხელისუფლებაში ვერ დარჩება – თავის დროზე, ასე მოუვიდა კომუნისტურ პარტიას, მოქალაქეთა კავშირს, ნაციონალურ მოძრაობას.

„ვერსია“, 24 თებერვალი, 2016 წელი

ინტერვიუ ლადო ბოჟაძესთან: „მჯერა, 2016 წლის არჩევნები მშვიდობიანად ჩაივლის და არავის ექნება პრეტენზია, რომ გაყალბდა

ბათო ჯაფარიძე

რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო აქტუალური ხდება საარჩევნო გარემოს საკითხი. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა სათავისო გარემო შექმნას. ხელისუფლება კი, პირიქით, ამტკიცებს, რომ ყველა სუბიექტი თანაბარ პოზიციაზე იქნება. იმასთან დაკავშირებით, როგორი საარჩევნო გარემოა შექმნილი ქვეყანაში, ვერსიას სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე ესაუბრება.

- ბატონო ლადო, როგორი გარემოა დღეს საარჩევნოდ? თქვენ ბოლოს გარდაბანში ჩატარებულ არჩევნებსაც აკვირდებოდით. როგორ ჩატარდა არჩევნები და რა ხარვეზები დაინახეთ?

- პირველ რიგში, გარდაბნის და ზოგადად, არჩევნები ორ ნაწილად უნდა გავყოთ. ეს არის საარჩევნო ადმინისტრაცია და იქ მომუშავე ადამიანების პასუხისმგებლობა, ანუ რამდენად სწორად ასრულებენ კანონს, ხომ არ გაყალბდა არჩევნები სწორედ საარჩევნო ადმინისტრაციაში. ასეთი რამ გარდაბანში არ დაფიქსირებულა. ჩვენ გარდა იქ იყო არაერთი კვალიფიციური დამკვირვებელი და არცერთი საჩივარი არ დაწერილა, რომელიც შეიძლებოდა შეხებოდა ხმების დათვლას ან შედეგების შეჯამებას…

- დიახ, მაგრამ ოპოზიცია აქცენტს უბნის გარეთ მიმდინარე პროცესებზე აკეთებდა

- უბნის გარეთ მიმდინარე პროცესები სწორედ მეორე ნაწილია. ინციდენტი მეოთხე საარჩევნო უბანზე მოხდა, 62-ე უბანზე გამოჩნდა ორი ნიღბიანი ადამიანი და დღის ბოლოს დაპირისპირება მოხდა. ნაციონალებმა პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერთა შორის ამ დაპირისპირების ცუდი ინტერპრეტაცია მოახდინეს და შეეცადნენ, ყველაფერი ეთნიკურ ნიადაგზე წარმოშობილ დაპირისპირებად მოენათლათ. სახელმწიფოს ვალდებულია, ასეთი დაპირისპირება ნაკლები იყოს. ყველა აღიარებს, რომ ამ ინციდენტებს საბოლოო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია. არიან ქალბატონები, რომლებიც აღრიცხავენ, ვინ მოვიდა არჩევნებზე და ვინ არა, არიან კუნთმაგარი ბიჭები, რომლებიც უბნებზე მოძრაობენ, მაგრამ ეს ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს შედეგებზე.

- საოლქო კომისიებში ახალი წევრების შერჩევა-დანიშვნის პროცესს დიდი ხმაური მოჰყვა. პრაქტიკულად, მთელი ოპოზიციური სპექტრი აცხადებს, რომ მათი შერჩევა პარტიული ნიშნით მოხდა. თქვენ რას იტყვით?

- ჩვენი ორგანიზაცია ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული. ის ადამიანები, ვისაც განცხადება ჰქონდა შეტანილი, არ არიან რომელიმე პარტიის წევრები. უფრო სწორად, მათ ეს მითითებული არ ჰქონდათ დოკუმენტებში. შეიძლება, ვინმეს ჰქონდეს რაღაც სიმპათიები რომელიმე პარტიის მიმართ, მაგრამ თუ მას არ აქვს პარტიის მანდატი, ვერავინ მოედავება. სხვათა შორის, 26 თებერვალს განიხილება ჩვენს მიერ მომზადებული პროექტი, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ ნებისმიერი პარტიის ყრილობას ესწრებოდეს ნოტარიუსიც. ეს პარტიებსაც მოსწონთ და ჩვენი აზრით, უნდა გაკეთდეს საერთო ბაზა, ერთგვარი რეესტრი, სადაც მითითებული იქნება, ვინ არის პარტიის წევრი, ვინ არა, ვინ სად და როდის გადადის ან გადმოდის და შემდეგ კითხვებიც ნაკლები იქნება. შესაბამისად, ცესკო-ს ბრალი დავდოთ, რომ მათ რომელიმე პარტიის წევრი აირჩიეს, არ არის გონივრული. ცესკო-მ იხელმძღვანელა იმ დოკუმენტით, რომელიც ხელთ ჰქონდა. ისე, ცოტა უცნაურია ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ამის მტკიცება, რადგან როგორც კი ეს ადგილები გახდა არჩევითი, ნებისმიერი კადრი თანხმდებოდა ხათუნა გოგორიშვილსა და ივანე მერაბიშვილთან. მათ გარეშე ვერავინ დაინიშნებოდა და ნებისმიერი წევრი სერიოზულ ფილტრს გადიოდა, როგორც პარტიის, ისე ძალოვნების მიერ. ვიმეორებ, საარჩევნო ადმინისტრაციას კანონი არ დაურღვევია.

- ბატონო ლადო, საგარეჯოს არჩევნებს თუ აკვირდებოდით?

- პირადად არ ვიყავი, რადგან მაგ დროს მარტვილშიც იყო არჩევნები, თუმცა ჩემი წარმომადგენელი იყო არჩევნებზე და დეტალები ვიცი.

- მრეწველთა პარტიის ლიდერმა, გოგი თოფაძემ განაცხადა, რომ საგარეჯოში არჩევნები გაყალბდა. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?

- საგარეჯოში თინა ხიდაშელი ითვლიდა შემაჯამებელ ოქმებს და არა ბიულეტენებს. შესაბამისად, შტაბში შემაჯამებელი ოქმების დათვლა კანონის დარღვევა არ არის. საარჩევნო ბიულეტენები ითვლება საარჩევნო უბანზე, რასაც მკაცრად არეგულირებს კანონი. საჩივრები დაიწერა, თუმცა სასამართლოს დონეზეც კი არც ერთი დადასტურებულა. საინტერესოა სპეცუბნების თემაც – სპეცუბნები ცალკე კი არა, ძირითად უბანზე ითვლება, ბიულეტენები ერთმანეთში ერევა და რთულია გარკვევა, ვის მისცეს ჯარისკაცებმა ხმა. მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, შემდეგ არჩევნებზე სპეცუბნები გაუქმდეს. საინტერესო მაგალითს მოგიყვანთ – გარდაბანში, 64-ე უბანი იყო ე.წ. სპეცუბანი, სადაც რეგისტრირებული იყო 688 ამომრჩეველი. ეს ხმები დაითვალა 38-ე უბანთან ერთად და ,,ქართულმა ოცნებამ” 500-მდე ხმა აიღო. თანაც, მოდით ვაღიაროთ, რომ ჯარისკაცებს, ჩვენს საამაყო ადამიანებს, რომლებიც სამშობლოს გულისთვის სიცოცხლეს სწირავენ, ვერავინ მიუთითებს, ვის მისცენ ხმა და ეს დადასტურდა კიდეც. ჯარისკაცებს, ამ ღირსეულ ხალხს, ყველა პირობა ჰქონდათ, რომ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიეღოთ და მიიღეს კიდეც.

- 2016 წლის არჩევნებზე როგორი მოლოდინი გაქვთ?

- მჯერა, მშვიდობიანად ჩაივლის და რაც მთავარია, არავის ექნება პრეტენზია, რომ სადმე რამე გაყალბდა.

„ახალი თაობა“, 25 თებერვალი, 2016 წელი

ინტერვიუ ჯონდი ბაღათურიასთან: „რესპუბლიკელები ისე მოექცევიან ბიძინა ივანიშვილს, როგორც ზურაბ ჟვანია და მიხეილ სააკაშვილი მოექცნენ ედუარდ შევარდნაძეს

ქვეყანაში განვითარებულ ბოლო პერიოდის პროცესებზე და მმართველ გუნდში მიმდინარე ბატალიებზე „ახალ თაობას“ ქართული დასის ლიდერი ჯონდი ბაღათურია ესაუბრება.

- ქართული ოცნების შიგნით არსებული დაძაბულობა პიკს აღწევს. მხოლოდ თოფაძე არ აღმოჩნდა ის, ვინც რესპუბლიკელებს უპირისპირდება. რა პროცესებთან გვაქვს საქმე?

- რესპუბლიკელებს უპირისპირდება მთელი ქართული საზოგადოება და ამ ხალხის პოლიტიკაში ყოფნა და, მით უმეტეს, წამყვან პოზიციებზე, არის არაადეკვატური.

- რატომ, რა შეიცვალა? თავიდან ხომ იყო ეს მოცემულობა და ყველა თანახმა იყო ამაზე?

- მე არ გეთანხმებით. პარლამენტის თავმჯდომარე ხალხმა უნდა აირჩიოს. თუ ხალხი არ გირჩევს, მაშინ შენი თანამდებობა უკანონო და უსამართლოა. ვინ იყო თანახმა?! თქვენ თუ გულისხმობთ თანხმობას შიგნით გუნდში, კი, ამაში გეთანხმებით, ჩვენ არ მოგვისმენია, კოალიციის შიგნიდან ვინმეს გაეპროტესტებინოს ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარედ ირჩეოდა ადამიანი, რომელსაც ხალხი მხარს არ უჭერდა. ხალხს ეგონა, რომ ხმას აძლევდა ბიძინა ივანიშვილს და ხელში შეაჩეჩეს ხიდაშელი და უსუფაშვილი.

- ითქვა, რომ რესპუბლიკელების საწინააღმდეგო კამპანია დაუკვეთა ბიძინა ივანიშვილმა. იზიარებთ ამ მოსაზრებას?

- მე ეჭვი მეპარება, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის დაკვეთილი იყოს. იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს ასეთი სვლები არ სჭირდება. მას თავისუფლად შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება და ჩამოიშოროს ისინი, თუკი ამის სურვილი აქვს. პირიქით, მე შემაშფოთებელი და სამწუხარო სიტყვები მოვისმინე ბიძინა ივანიშვილისგან.

- რას გულისხმობთ?

- როდესაც მან თქვა, რომ უსუფაშვილი მასწავლებლად მიაჩნია და ბევრ რამეს სწავლობს მისგან. უსუფაშვილს არ აქვს ნდობა საზოგადოებაში და არც პოლიტიკური კლასი აქვს.

- თუმცა სწორედ ამ უკანასკნელის გამო აქებენ...

- პოლიტიკური კლასი არ ჰქვია ტყუილების ლაპარაკს და მლიქვნელობას. პირში რომ უცინი ადამიანს და სინამდვილეში ზურგს უკან სამარეს უთხრი, ეს არ არის პოლიტიკა და პოლიტიკური კლასი.

ჯონდი ბაღათურია ამბობს, რომ თოფაძესთან დაპირისპირება ხიდაშელის მიერ იყო პროვოცირებული. ხიდაშელმა დამამცირებლად მოიხსენია გოგი თოფაძე, თუმცა სხვებმაც დაიწყეს ხმაური რესპუბლიკელების წინააღმდეგ. „არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს გულწრფელი ხმაურია და უფრო უკავშირდება მომავალ საპარლამენტო სიას“, – აცხადებს პოლიტიკოსი. მისი აზრით, რესპუბლიკელები ვერ ახერხებენ სწორ თვითშეფასებას და იმაზე გაცილებით მეტს ითხოვენ, ვიდრე მათ ეკუთვნის. „თუმცა ზოგჯერ მიზანს აღწევენ და მათი მოთხოვნები მართლდება. ნულპროცენტიანი პარტია ქვეყნის სათავეში მოდის, ეს მათ აძლევს დამატებით სტიმულს, რომ იქნებ კიდევ გააბრიყვონ საზოგადოება და კიდევ ერთხელ მიიღონ ქვეყნის მართვის უფლება“, – ამბობს ჯონდი ბაღათურია.

- მიაღწევს ოცნება ამ სახით არჩევნებამდე თუ ბევრი სუბიექტი გამოაკლდება მის რიგებს?

- დღეს სახეზე არის დაშლილი პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს პრეტენზია, მართოს ქვეყანა. თუ ესენი ერთობას შეინარჩუნებენ, მხოლოდ იმ მიზნით, რომ კიდევ ერთხელ მოხვდნენ პარლამენტში, მერე კი დაიშლებიან. ქვეყანაში მივიღებთ პოლიტიკურ კრიზისს. შესაბამისად, აქ უკვე არჩევანი ივანიშვილზეა.

- რას გულისხმობთ?

- ივანიშვილს შეუძლია „ქართული ოცნების“ შიგნით ურთიერთობების დალაგება, საკითხების გადაწყვეტა. ივანიშვილმა უნდა გააკეთოს არჩევანი საზოგადოებისთვის მისაღებ ფიგურებს და რესპუბლიკელებს შორის.

- ყველა ელოდება პოლიტსაბჭოს სხდომას. საუბარია, რომ ის ხმაურიანი იქნება...

- ხმაური იქნება შიგნით, ერთმანეთს შეაგულიანებენ, რომ არჩევნებამდე მოვითმინოთ, თორემ ყველანი დავრჩებით გარეთ. პოლიტსაბჭოდან გამოსულები კი ღიმილიანი სახეებით გვეტყვიან, არაფერი არ ხდება, ყველაფერი რიგზეაო. ეს ბოლო პერიოდი მაგონებს შევარდნაძის მმართველობის ბოლო ხანას.

- კონკრეტულად რა გაგონებთ შევარდნაძის ხანას?

- როცა გუნდის შიგნით იყო წინააღმდეგობა. სააკაშვილი-ჟვანიას გუნდის მიმართ იყო ცუდი განწყობები როგორც საზოგადოებაში, ისე ხელისუფლების შიგნით. შევარდნაძემ თითი არ გაანძრია და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჟვანია და სააკაშვილი გაეძლიერებინა. მერე როგორც მოექცნენ ისინი შევარდნაძეს, ეს ყველამ ვნახეთ.

- ამ პარალელს რასთან დაკავშირებით ავლებთ?

- ძალიან ჰგავს შევარდნაძის დამოკიდებულება ჟვანიასა და სააკაშვილისადმი ივანიშვილის და რესპუბლიკელების დამოკიდებულებას.

- ივანიშვილი რესპუბლიკელებს მიზანმიმართულად აძლიერებს?

- ფაქტია, რომ პარტია, რომლის მიმართ საზოგადოებაში არის ნეგატიური განწყობა, ივანიშვილმა მოიყვანა ქვეყნის სათავეში! რესპუბლიკელები კი თვალს არ დაახამხამებენ, ისე მოექცევიან ივანიშვილს, როგორც ჟვანია და სააკაშვილი მოექცნენ შევარდნაძეს.

- ანუ არის იმის შანსი, რომ 2016-ში მივიღოთ რესპუბლიკელების მთავრობა?

- რესპუბლიკელებს თუკი ვინმე მისცემს ამის შანსს, რასაკვირველია, ისინი შეეცდებიან ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. შევარდნაძესაც ეგონა, რომ ჟვანია და სააკაშვილი მის გარეშე არაფერს წარმოადგენდნენ ქართულ პოლიტიკაში.

- გაიმეორებს ივანიშვილი შევარდნაძის ამ შეცდომას?

- არ ვიცი. ფაქტია, რომ ეს მისთვის კარგი მაგალითია. ივანიშვილი საკმაოდ ჭკვიანია და არა მგონია, თუ მისი სურვილი იქნება, არ ჰქონდეს იმის საშუალება, რომ ამ ყველაფერს ნათლად ხედავდეს.

- სერიოზულად გადაიხედება ოცნების საარჩევნო სია?

- სია სავარაუდოდ გადაიხედება, თუმცა არსებითი ცვლილებებია საჭირო. საჭიროა გამოცდილი ადამიანები, რომლებსაც აქვთ უნარი საზოგადოებასთან კომუნიკაციის, პოლიტიკურ ოპოზიციასთან კომუნიკაციის, განსხვავებული აზრის მოსმენის, გაანალიზების და მერე სწორი გადაწყვეტილებების მიღების. დღეს ასეთ გუნდს ვერ ვხედავთ. ასეთ ვითარებაში საზოგადოების დიდი ნაწილი არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, შესაბამისად, ხელისუფლების ლეგიტიმურობას დიდი კითხვის ნიშანი ექნება. ეს ყველაფერი კი კარგი ნიადაგი იქნება ახალი რევოლუციისა და საპროტესტო გამოსვლებისთვის. ზოგიერთი პოლიტიკური ძალა დღეს სწორედ ამისთვის ემზადება. არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის. დაიწყება განცხადებები, რომ არჩევნები გაყალბდა, რომ ხალხი არ მივიდა არჩევნებზე და ეს რა ნიადაგსაც მოამზადებს, ჩემზე უკეთ იცით.

„ახალი თაობა“, 25 თებერვალი, 2016 წელი

ინტერვიუ ნიკოლოზ მჟავანაძესთან: „რესპუბლიკელები პრემიერის პოსტს მოითხოვენ… „ქართული ოცნება ნაციონალების მძევალია

ვისი შიშით ვერ იღებს მმართველი გუნდი გადაწყვეტილებებს, რაში გამოიხატება მეოცნებეთა გამორესპუბლიკელება, ვინ უგორებს კოჭს ნაციონალებს, რა გეგმა შემუშავდა არჩევნებისთვის? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ესაუბრა.

„რაღაც უცნაური ტენდენცია ჩამოყალიბდა საქართველოში, საკმარისია ვინმემ რესპუბლიკური პარტია გააკრიტიკოს, რომ მას ეგრევე კრემლის აგენტის იარლიყს აწებებენ. ასე ხდებოდა სააკაშვილის დროსაც, ოღონდ მაშინ ნაციონალები არ უნდა გაგეკრიტიკებინა. შეიქმნა მითი იმისა, რომ ეს ორი ძალა არის დასავლური ორიენტაციის და მათ ევროპაში ანგარიშს უწევენ. სამწუხაროა, რომ ეს ზღაპარი „ქართულ ოცნებაშიც“ დაიჯერეს. ზოგიერთები იმაშიც დაარწმუნეს, რომ თუ რესპუბლიკელები კოალიციიდან გავლენ, დასავლეთი საქართველოს იზოლაციაში მოაქცევს. ასე იქცეოდა თავის დროზე შევარდნაძე. გაიძახოდა, მე თუ წავალ, ევროპა და ამერიკა ზურგს გვაქცევსო. იგივე კურსი გააგრძელა სააკაშვილმა. ორივე წავიდა, მაგრამ ქვეყანა იზოლაციაში არ მოქცეულა. რესპუბლიკელებიც თუ წავლენ, არც ამით დაშავდება რამე. ამ პარტიას თავის თავზე ზედმეტი წარმოდგენა აქვს, მიაჩნიათ, რომ ყველაზე მაგრები არიან. და თუ ასეა, არ უნდათ, რომ დაამტკიცონ თავიანთი სიმაგრე? სხვა თუ არაფერი, ხალხი 3%-იანებს მაინც აღარ დაუძახებს. მართლა ასეთი მაგრები რომ იყვნენ, დიდი ხნის წინ გავიდოდნენ ცალკე, მაგრამ კარგად იციან, დამოუკიდებლად შანსი არა აქვთ. ისინი დამოუკიდებლად ვერასდროს ვერ მოხვდნენ პარლამენტში, ნამდვილი პარაზიტები არიან და რაც ადრე გაემიჯნება მათ კოალიცია, მით უკეთესი იქნება მათთვისაც და ქვეყნისთვისაც”, – ამბობს ნიკოლოზ მჟავანაძე.

- რატომ იქნება უკეთესი მათგან გამიჯვნა, კოალიციაში ბევრი თვლის, რომ რესპუბლიკელები საჭირო ხალხია...

- ძალიან მიკვირს, როცა ასეთ მოსაზრებებს ვისმენ. რესპუბლიკელები ყველა ძირითად სტრატეგიულ საკითხში `ქართული ოცნების~ წინააღმდეგი არიან. მათ მხარი არ დაუჭირეს უცხოელებზე ქართული მიწების მიყიდვის აკრძალვას. ცოტა ხნის წინ ხელისუფლებამ პარლამენტში ფარული პატრულირების საკითხი შეიტანა, არც ამას დაუჭირეს მხარი. ყველაზე აქტიური მოწინააღმდეგე საგარეჯოს ახლად არჩეული მაჟორიტარი იყო, რომლის არჩევასაც ამხელა სკანდალები მოჰყვა. რესპუბლიკელები ხელისუფლების პოზიციის წინააღმდეგ წავიდნენ, როცა მოსმენების გასაღები შს სამინისტროში უნდა დარჩენილიყო. რამდენი თვის წინ ეკა ბესელიას და მანანა კობახიძის წინააღმდეგ დაიწყო ბინძური კამპანია. მთელი კოალიცია მათ გვერდში დაუდგა, ეს ბერძენიშვილი კიდევ გამოვარდა და თქვა, თუ მართლები არიან, დაამტკიცონო.

- რომელმა ბერძენიშვილმა?

- ლევან ბერძენიშვილმა მოითხოვა ეს. გოგი თოფაძეს რომ აუტეხეს ერთი ამბავი, ხიდაშელზე ასეთი რამე რატომ თქვაო, თავად რატომ იკადრეს ასეთი რაღაც. ეგენი არ იყვნენ, ღარიბაშვილს რომ ესხმოდნენ თავს? შანსს არ უშვებდნენ ხელიდან, რომ არ გაელანძღათ. ხშირად მესმის, კოალიციის ერთიანობა უნდა შენარჩუნდესო. ვერ გავიგე, რაში სჭირდებათ ამათი შენარჩუნება. ისინი ნებისმიერი ძნელბედობის ჟამს უღალატებენ კოალიციას. ამის ნათელი მაგალითი იყო ის, რაც კოალიციიდან ირაკლი ალასანიას წასვლის შემდეგ მოხდა.

- რას გულისხმობთ?

- იმ დღეს, როცა თავისუფალი დემოკრატები წავიდნენ, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, არ გამოვრიცხავ, ჩვენც წავიდეთ კოალიციიდანო. აპირებდნენ კიდევაც წასვლას.

- რატომ არ წავიდნენ?

- ამ თემით კარგად ივაჭრეს და წასვლაც გადაიფიქრეს. დარჩენა დაუფასდათ და დამატებით რამდენიმე მინისტრის პორტფელი მიიღეს. თქვენი გაზეთის საშუალებით მივმართავ კოალიციის წევრებს და მათ გონივრული გადაწყვეტილების მიღებას ვთხოვ. არ არის გამორიცხული, მმართველ გუნდში კიდევ რაიმე პრობლემა შეიქმნას, რითიც რესპუბლიკელები კიდევ ივაჭრებენ. მართლა ვერ ვხვდები, რაში სჭირდებათ ხალხი, რომელიც მზადაა, ყოველ წუთას საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღოს.

- რაკი ვერ ელევიან, ალბათ სჭირდებათ მათი თავი.

- ალბათ რაღაცის გამო უღირთ მათთან ერთად ერთ გუნდში ყოფნა. თუ არ გაემიჯნებიან, მაშინ ადგნენ და სახელი შეიცვალონ. „ქართული ოცნების“ ნაცვლად კოალიციას „რესპუბლიკელების ოცნება“ დაარქვან. მაინც ამათი ოცნებები ასრულდა ძირითადად. პარტია „ქართული ოცნების“ ნაწილი რესპუბლიკელებს დაემსგავსა. არადა, ეს ხალხი გულში მჯიღს იცემდა და დღედაღამ პატრიოტიზმზე საუბრობდა. საქმე საქმეზე რომ მიდგა, ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე ისეთი პოზიციები დააფიქსირეს, რესპუბლიკელებსაც რომ შეშურდებოდა.

- იქნება მაინც გვითხრათ, ვისზეა საუბარი?

- გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ მათი ამოცნობა ძნელი არ არის. ამიტომაც ვამბობ, რომ გადაარქვან კოალიციას სახელი, მაინც ლამისაა, ყველა გამორესპუბლიკელდეს. გოგი თოფაძე თავისი პოზიციის დაფიქსირების გამო ლამის ჯვარზე რომ გააკრეს, იმაზე რატომ არავინ ამოიღო ხმა, ბერძენიშვილებმა მწვანეების და სოციალ-დემოკრატების წინააღმდეგ რომ გაილაშქრეს? საუბარი მიდის კოალიციის გამსხვილებაზე. რესპუბლიკელები კი ამბობენ, რომ „ქართულ ოცნებაში“ მწვანეების და სოცდეკების გაერთიანების წინააღმდეგი არიან. იმედი მაქვს, კოალიციაში რაღაცები შეიცვლება. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ არჩევნების მოგება ძალიან გაუჭირდებათ.

რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილს ვუსმინე. ძირითადად სისულელეები ილაპარაკა, მაგრამ რაღაცები სიმართლესთან ახლოს იყო. ეგენი მღვრიე წყალში აპირებენ თევზის დაჭერას. „ქართული ოცნების“ გარშემო კი წყალი ამღვრეულია. როცა შენი მოწინააღმდეგე ისეთი გამოცდილი და ვერაგი ძალაა, როგორიც ნაციონალური მოძრაობაა, ცოტა ფრთხილად უნდა მოიქცე. მით უმეტეს, რომ არეულობის გეგმა უკვე დაწერილია.

- რა გეგმაზე საუბრობთ და ვინ დაწერა ის?

- გეგმა ნაციონალებმა შეიმუშავეს. ამის განხორციელებაში მათ ხელს მედია და არასამთავრობოები შეუწყობენ. ერთსაც და მეორესაც ყოფილი ხელისუფლება აკონტროლებს. გეგმა ასეთია, ნაციონალური მოძრაობა გამოაცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა. ამ მოსაზრებას შედეგით უკმაყოფილო პარტიებიც გაიზიარებენ. დაიწყებენ საპროტესტო მოძრაობას, ხალხსაც გამოიყვანენ ქუჩაში. „ქართული ოცნებისთვის“ ძალიან კრიტიკული მომენტი დადგება. აქვს მმართველ ძალას იმის გარანტია, რომ რესპუბლიკელები ვაჭრობას არ დაიწყებენ? დარწმუნებული ვარ, იტყვიან, თუ არ გინდათ, უკმაყოფილო პარტიებს შევუერთდეთ, მაღალი თანამდებობები მოგვეცითო. ეჭვიც არ მეპარება, რომ პრემიერის პოსტსაც მოითხოვენ. მართლა მიკვირს, რა საერთო აქვს პარტია „ქართულ ოცნებას“ ამ ანტიეროვნულ ძალასთან. გაბედონ და გაემიჯნონ, ამით არჩევნებზე ბევრ ხმას მიიღებენ. გამოვიდნენ იმ კომპლექსიდან, რომ რესპუბლიკური პარტია არის ხიდი დასავლეთთან. გითხრათ, ეს ყველაფერი რისი ბრალია? ეს ხელისუფლება ნაციონალების მძევალია.

- აქ ნაციონალები რა შუაში არიან?

- ისინი დაიწყებენ საუბარს, რომ „ქართული ოცნება“ კოალიციაში არსებულ ერთადერთ ევროპულ ძალასაც გაემიჯნა. ამათ კი ოღონდ პრორუსულობას ნუ დასწამებ და ყველაფერზე წავლენ. მათ შორის იმ ძალასთან ითანამშრომლებენ, რომელიც ხალხს, როგორც თოფაძე იტყოდა, მურვან ყრუზე მეტად სძულს. ჩვენი აზრი თუ არ აინტერესებთ, იმაზე მაინც იზრუნონ, რომ თავიანთი მაგინებლებისგან გათავისუფლდნენ. „საია“ ამ ხელისუფლების კრიტიკის მეტს არაფერს აკეთებს. ვინ არის ეს „საია“? რესპუბლიკური პარტიის კომკავშირი, აქ აწრთობენ მომავალ რესპუბლიკელებს. დღეს მაღალ თანამდებობებზე სწორედ „საია“-ს წარმომადგენლები სხედან. არის სოფო ჯაფარიძე, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის დარგში პრემიერის მრჩეველია. მისი მოვალეობაა უცხოეთში ვიზიტებისას ისაუბროს, როგორ არის დაცულიო საქართველოში ადამიანის უფლებები. ამის მაგივრად ნაციონალებს უგორებს კოჭს და მაგის წყალობითაა, დასავლეთში რომ სჯერათ, რომ აქ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს სდევნიან.

- იმის თქმა გინდათ, რომ სოფო ჯაფარიძე საზღვარგარეთ ყოფნისას აცხადებს, ნაციონალები იდევნებიანო?

- იმას არ ვამბობ, რომ სოფო ჯაფარიძე ამტკიცებს ამას. მისი არასათანადო მუშაობის შედეგია ის დასკვნები, რომლებსაც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები დებენ. პრემიერის მრჩეველი საერთოდ არ ესწრება ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის სხდომებს. სამაგიეროდ, საია-მაოების თავყრილობებს არ აკლდება. მისნაირი უმოქმედო ადამიანებისგან აუცილებლად უნდა გაიწმინდოს ხელისუფლება, ისევე, როგორც ჩანერგილებისგან. არჩევნებამდე მათგან თუ ვერ გათავისუფლდებიან, ბევრი უსიამოვნო სიურპრიზი ელოდებათ.

- რა უსიამოვნო სიურპრიზებია მათგან მოსალოდნელი?

- ნაციონალებს ბევრი კომპრომატი აქვთ და მათ გამოაქვეყნებენ. წინა კვირაში ნარმანიასთან დაკავშირებით გამოქვეყნდა ასეთი მასალა. მერიიდან ეს ინფორმაცია ვინ გამოიტანა? რა თქმა უნდა, ნაციონალების ჩანერგილმა ხალხმა. ასეთი რამეები კიდევ მოხდება, სამწუხაროდ, სახელმწიფო სტრუქტურებში არაკეთილსინდისიერებიც მრავლად მუშაობენ. თანაც რა გარანტია გვაქვს, რომ ამ დანაშაულებს ჩანერგილები შეგნებულად არ ჩაიდენენ.

რეზონანსი”, 25 თებერვალი, 2016 წელი

ინტერვიუ ირაკლი ბათიაშვილთან: «თუ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხის მოგვარების პერსპექტივა არაა, რუსეთთან ურთიერთობას აზრი არ აქვს”

თიკო ოსმანოვა

“მთავარი პრობლემა დღეს საქართველოს აქვს რუსეთთან და ხელისუფლება უნდა ცდილობდეს ურთიერთობების დარეგულირებას მოსკოვთან და არა სინგაპურთან”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას “დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ბათიაშვილი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გარშემო მიმდინარე პროცესებზე და კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შიდა დაპირისპირებაზე “რეზონანსი” ირაკლი ბათიაშვილს გაესაუბრა.

„პირველ რიგში გეტყვით, რომ არავითარი სასამართლო რეფორმა არ გატარებულა. ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისაგან. პოლიტიკური და სახელისუფებლო ინტერესებიდან გამომდინარე კვლავაც ხდება ამით მანიპულაცია. ამ ყველაფერს ადასტურებს ლევან მურუსიძის მაგალითი. ის თავიდან ბოლომდე მორჩილად ასრულებდა იმ დაკვეთებს, რომლებიც არსებობდა წინა ხელისუფლების დროს. ახლა ასეთივე მონდომებით სურს შეასრულოს დღევანდელი ხელისუფლების დაკვეთები. რაც შეეხება მამუკა ახვლედიანის გათავისუფლებას, როგორც ცნობილია, იუსტიიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლის გათავისუფლების უფლება იმ შემთხვევაში ეძლევა, თუკი ადგილი აქვს დისციპლინურ გადაცდომებს, თუ ეს დადასტურდა და გამოკვლელული იქნა საბჭოს მიერ. ახვლედიანი დანიშნული იყო 5 წლის ვადით და თუ დადასტურდებოდა მისი დისციპლინური გადაცდომა, რა თქმა უნდა, საბჭოს ჰქონდა მისი გათავისუფლების უფლება, მაგრამ ეჭვი გამოიწვია იმან, რომ რეალურად არ ჩანდა მისი დანაშაული, ეს უფრო შიდა დაპირისპირებას ჰგავდა», – ამბობს ირაკლი ბათიაშვილი „რეზონანსთან“ საუბრისას.

- და მაინც, თქვენი აზრით, დღეს სასამართლო დამოუკიდებელია?

- დღეს სასამართლო გაცილებით დამოუკიდებელია, ვიდრე სააკაშვილის დროს იყო. მაშინ მთავარი მართლმსაჯულების ორგანო თავიდან ბოლომდე იყო მარიონეტი და ერთ-ერთი დეპარტამენტი პროკურატურის. დღეს, რა თქმა უნდა, ასე არ არის, თუმცა ბოლომდე დამოუკიდებელი ნამდვილად არ არის და ის, რაც მიმდინარეობს ახლა, ამის მაჩვენებელია.

- სასამართლოს პარალელურად დაპირისპირებაა “ქართულ ოცნებაშიც”. “მრეწველებისა” და “რესპუბლიკელების კონფლიქტი, თქვენი პროგნოზით, როგორ დასრულდება?

- სამწუხაროა, ჩვენს ქვეყანაში ყველაზე ყურადსაღებ და ცენტრალურ მოვლენად წარმოჩენილია გოგი თოფაძისა და ბერძენიშვილების დავა. არავინ აკეთებს აქცენტს ეკონომიკურ სტაგნაციაზე და სავალალო მდგომარეობაზე. გაუთავებელი კინკლაობა კი საზოგადოებაში იწვევს უკურეაქციას.

მიუხედავად იმისა, თუ როგორ დასრულდება კონფლიქტი, ეს მეტყველებს ერთ რამეზე – ყოველივე ლოგიკური და მოსალოდნელი იყო, იმიტომ, რომ თავიდავნე “ქართული ოცნება” შეიქმნა, როგორც ეკლექტიკური გაერთიანება ისეთი პოლიტიკური ძალების მიერ, რომელსაც იმთავითვე ერთმანეთის მიმართ ალერგია ჰქონდათ. მათი გაერთიანების ფაქტორი იყო ერთდაერთი რამ – ბიძინა ივანიშვილი და მისი ავტორიტეტი. ისინი საკანნონმდებლო ორგანოში ყოფილი პრემიერის გარეშე ვერ მოხვდებოდნენ. არც “რესპუბლიკელებს” და არც “მრეწველებს” რეიტინგი არ აქვთ. პარლამენტში ისინი მხოლოდ ერთმა კაცმა შეიყვანა, ამიტომ ფაქტორი მათი ერთობის იყო ბიძინა ივანიშვილი. დღეს ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი აღარ არის, გარედან რა ზეგავლენას ახდენს, ეს სხვა ფაქტორია. აქედან გამომდინარე, კოალიაცია იმთავითვე მყიფე ნიადაგზე იდგა. ეს არ იყო ორგანული გაერთიანება, ამიტომ ასეთი ერთიანობა ადრე თუ გვიან დაიშლება.

- ანუ, დამოუკიდებლად გამარჯვებას ვერავინ შეძლებს?

- ძალიან მეეჭვება, რომ მათ შეძლონ დამოუკიდებლად წარმატების მიღწევა. დამოუკიდებლად “რესპუბლიკელების” რეიტინგი გახდება იგივე, რაც ადრე ჰქონდათ, შეიძლება ნაკლები და ასეთივე ცუდ მდგომარეობაში არიან დანარჩენი პარტიებიც, ეს ძალიან კარგად იციან. “რესპუბლიკელები” უბრალოდ ორგანიზებული პარტიაა და ბევრი პერსონა ჰყავს წარმოსაჩენი და შეუძლიათ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება.

- საზოგადოების აზრით, ამ ბოლო დროს რუსულმა პროპაგანდამ მძლავრად მოიკიდა ფეხი. ისინი ახლა მთავარ დასაყრდენს პოლიტიკურ ძალებში ეძებენ…

- არ ვიცი, რას მუშაობენ რუსული სპეცსამსახურები. მე ვერც ეფექტურ პროპაგანდას ვამჩნევ.

- მაშინ რას იტყვით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისა და ნინო ბურჯანაძის შეხვედრაზე?

- ეს არის ძალიან სერიოზული ნაბიჯი. პოლიტიკოსი იმისთვისაა პოლიტიკოსი, რომ დაკავებული იყოს სერიოზული პოლიტიკური ურთიერთობებით და არა, ჩარეული იყოს ისეთ კინკლაობაში, როგორიც ახლა “მრეწველებსა” და “რესპუბლიკელებს” შორისაა.

მთავარი პრობლემა დღეს საქართველოს აქვს რუსეთთან, აქედან გამომდინარე, ხელისუფლება უნდა ცდილობდეს ურთიერთობების დარეგულირებას მოსკოვთან და არა სინგაპურთან. ახლა გამოვლენ და იტყვიან, ნინო ბურჯანაძე ოპოზიციაშია და მას რა ბერკეტი გააჩნიაო – ამას მნიშვნელობა არ აქვს. შენ ოპოზიციაში იმიტომ ხარ, რომ იბრძოლო ხელისუფლებაში მოსასვლელად და სახელისუფლებო პოლიტიკას აქედანვე უნდა შეუწყო ხელი. ამისთვის ნიადაგი აქედანვე უნდა მოამზადო. ის, რომ პოლიტიკური ძალა და პოლიტიკოსი ცდილობს, ამასთან დაკავშირებით მოსამზადებელი სამუშაობის ჩატარებას, მისასალმებელია.

- რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას ხომ ხელისუფლებაც ცდილობს, არსებობს კარასინი-აბაშიძის ფორმატი…

- ამ ფორმატში ჯერჯერობით სერიოზულ თემებზე არ საუბრობენ. მოხდა ჩვენი პროდუქციის გატანა რუსეთის ბაზარზე, რაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩრდილოელ მეზობელთან უპირველესად გასარკვევი გვაქვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხები.

პოლიტიკურ საკითხზე უნდა მოვამზადოთ ნიადაგი, რომ დავიწყოთ სერიოზული საუბარი რუსეთთან. თუ რუსეთთან ჩვენ არ გვაქვს პერსპექტივა გავარკვიოთ, დავარეგულიროთ აფხაზეზეთისა და სამაჩაბლოს საკითხები, მაშინ საერთოდ რუსეთთან არანაირ ურთიერთობას აზრი არ აქვს.

„ახალი თაობა“, 25 თებერვალი, 2016 წელი

ინტერვიუ ვახტანგ ხმალაძესთან: “ახალი წესით მოწმის დაკითხვა ნებაყოფლობითია

20 თებერვლიდან საქართველოში ახალი კანონი ამოქმედდა, რომელიც მოწმეთა დაკითხვის ახალ წესს განსაზღვრავს. რას ითვალისწინებს მოწმის დაკითხვის ახალი წესი? არის თუ არა მოწმე ამ შემთხვევაში დაცული? როგორია ის სტანდარტი, რომელმაც კანონის სახე მიიღო? კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე ამ საკითხებზე „ახალ თაობასთან“ საუბრობს.

„მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის არსი გახლავთ ის, რომ მოწმის გამოკითხვა გამოძიების ორგანოების მიერ უკვე მთლიანად ნებაყოფლობითია. გამომძიებელს მოწმის დაკითხვა შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ მოწმე ამის შესახებ თანხმობას განაცხადებს“, – ამბობს ვახტანგ ხმალაძე.

- მოწმის დაკითხვას ვინ ესწრება ახალი წესის მიხედვით?

- მოწმე შეიძლება დაიკითხოს, როგორც ადვოკატის თანდასწრებით, თუ ამის სურვილი აქვს მას, ასევე ადვოკატის გარეშეც, ესეც თავად მოწმის გადასაწყვეტია. გარდა ამისა, თუ მოწმე უარს იტყვის გამოძიებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე, მაშინ გამოძიებას უჩნდება უფლება, რომ მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით, რათა მოწმე სასამართლოში იქნას გამოძახებული და სასამართლოში მოსამართლის წინაშე დაიკითხოს.

- როდის შეიძლება ეს მოხდეს?

- ეს შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუკი გამოძიების მხარე, ამ შემთხვევაში პროკურორი, დაასაბუთებს იმას, რომ მაღალი ალბათობით მოწმე ფლობს ან შეიძლება ფლობდეს იმ ინფორმაციას, რომელიც მნიშვნელოვანია დანაშაულის გასახსნელად. თუ სასამართლომ გაიზიარა და დააკმაყოფილა პროკურორის ეს შუამდგომლობა, მაშინ მოწმე სასამართლოში იქნება წარმოდგენილი, ის შეიძლება ამ დროს იყოს, ისევე, როგორც გამოკითხვის დროს, ადვოკატის მონაწილეობით და ასევე ადვოკატის მონაწილეობის გარეშეც წარიმართოს დაკითხვა, ეს მთლიანად მოწმის სურვილზე იქნება დამოკიდებული.

- ამ შემთხვევაში დაკითხვას ვინ ატარებს?

- დაკითხვას ატარებს გამომძიებელი, მაგრამ ეს ხდება იმ დარბაზში, სადაც ზის მაგისტრანტი მოსამართლე ან მოსამართლე, რომელსაც დაკისრებული აქვს მაგისტრანტი მოსამართლის ფუნქცია.

- რა არის მაგისტრანტი მოსამართლის ფუნქცია ამ შემთხვევაში?

- ამ შემთხვევაში მაგისტრანტი მოსამართლის ფუნქციაა, რომ თვალყური მიადევნოს დაკითხვის პროცესს, რათა დაცული იყოს კანონით დადგენილი მოთხოვნები.

- თუ კანონის დარღვევა მოხდა?

- ნებისმიერი გადახრის შემთხვევაში კანონის მოთხოვნებიდან მაგისტრანტი მოსამართლე ამ დარღვევას აღკვეთს და მხარეებს დააბრუნებს კანონის მოთხოვნების ჩარჩოში.

- თავად მოსამართლეს თუ აქვს დაკითხვის პროცესში ჩარევის უფლება, მაგალითად, კითხვის დასმის?

- თავად მოსამართლე არ აწარმოებს დაკითხვას. ის მოწმეს კითხვებს არ უსვამს. მოსამართლე მხოლოდ აკვირდება იმას, რომ არ მოხდეს მოწმეზე რაიმე სახის ზემოქმედება, მაგალითად, ფსიქოლოგიური ზემოქმედება, ფიზიკურ ზემოქმედებაზე საუბარი ზედმეტია. მოსამართლე აკვირდება პროცესს, რომ არ დაისვას ისეთი სახის შეკითხვები, რომლებმაც შეიძლება მოწმის უფლებები შელახოს. მაგალითად, მოთხოვნა იმისა, რომ მოწმემ მისცეს ჩვენება იმ პირთა წინააღმდეგ, ვის წინააღმდეგაც მას უფლება აქვს, რომ ჩვენება არ მისცეს.

- ამის აღკვეთა შეუძლია მოსამართლეს?

- არათუ შეუძლია, ეს მოსამართლის პირდაპირი მოვალეობაა, რადგან კანონი სწორედ მოწმის უფლებებსა და მის დაცულობაზე გვესაუბრება. ასეთ შემთხვევაში მოსამართლეს შეუძლია მოწმე გააფრთხილოს, რომ მას ასეთი უფლება აქვს. თუ ეს გამომძიებელმა არ გააკეთა.

- ამ კანონის ამოქმედების მთავარი მიზანი რა არის?

- ამ ახალი წესის ამოქმედების მთავარი მიზანი არის ის, რომ მთლიანად გამოვრიცხოთ მოწმეზე უკანონო ზემოქმედება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გარემო, თუ სად მოხდება მოწმის დაკითხვა. ეს გარემო ძალიან მინდა შევადარო იმ გარემოსთან, რომელიც კინოფილმებში გვინახავს, სადღაც ჯურღმულში, დახურულ სივრცეში როგორ კითხავენ მოწმეს.

- რამდენადაც ვიცი, ეს არ შეეხება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებს.

- შეეხება ყველა დანაშაულს, გარდა იმ რიგი მუხლებისა, რომლებზეც გადაიდო დაკითხვის ასეთი წესის ამოქმედება ერთი წლით და ასევე არის მუხლები, რომლებზეც ორი წლით გადაიდო. საუბარია ტერორისტულ დანაშაულთან დაკავშირებულ მუხლებზე და მკვლელობაზე, სწორედ ამ მუხლებზე გადაიდო დაკითხვის ახალი წესის ამოქმედება. მოწმეთა დაკითხვის ეს სისტემა სრულიად ახალია. ახალია მოსამართლეებისთვის, ახალია გამოძიებისთვის, ადვოკატებისთვის.

- რამდენად არის მზადყოფნა?

- ჯერ კიდევ ამ კანონის მიღებამდე, კანონი დეკემბრის ბოლოს იქნა მიღებული, პროკურატურაში, შს სამინისტროში კვალიფიკაციის ამაღლება მოხდა იმ პროკურორებისთვის, გამომძიებლებისთვის, რომლებმაც მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი უნდა გამოიყენონ. ასევე მომზადდა მოსამართლეებისთვის ინსტრუქციები, კრიტერიუმები _ უნდა იქნას მოწმე მოყვანილი სასამართლოში დასაკითხად თუ არა. კანონის მომზადების ყველა ეტაპზე ჩართული იყო ყველა დაინტერესებული მხარე, ადვოკატები, პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო, არასამთავრობო ორგანიზაციები.

- მოწმეთა დაკითხვის ეს წესი ევროპული მოდელის შესაბამისია?

- დიახ, ევროპის ქვეყნების საპროცესო კანონმდებლობა, სადაც არის მსგავსი წესები, ამის ნათელი მაგალითია. სამომავლოდ თუ რა ცვლილებები შეიძლება შევიდეს ამ წესში, ეს დამოკიდებული იქნება იმ პრაქტიკაზეც, რომელსაც ვნახავთ. განვითარებულ ქვეყნებში, სადაც სამართლებრივი თვითშეგნება საკმაოდ მაღალია, მცირე წილი მოდის სასამართლოებში მოწმეთა დაკითხვაზე. უმეტეს შემთხვევაში მოწმე გამოძიებასთან თანამშრომლობს და გამოძიებისთვის საჭირო ინფორმაციას აძლევს.

რეზონანსი”, 25 თებერვალი, 2016 წელი

მთავრობამ უკან დაიხია, მიწების რეგისტრაციის პროექტი აღარ განიხილება

მარი ჩიტაია

მთავრობას სასოფლო-სამეურნეო მიწის რეგისტრაციის შესახებ პროექტზე მუშაობა თავიდან მოუწევს. სპეციალისტების შეფასებით, იგი ხალხსა და მთავრობას შორის სერიოზული დაპირისპირების მიზეზიც შეიძლება გამხდარიყო, რადგან პროექტი შორს დგას ქვეყნის დღევანდელი საჭიროებებისგან. გარდა იმისა, რომ მთავრობის ინიციატივა სოფლის მეურნეობის სფეროს სპეციალისტებმა მკაცრად გააკრიტიკეს, მოწონება მან ვერც უმრავლესობაში დაიმსახურა. ზუსტად თვე-ნახევრის წინ მთავრობა აღნიშნული დოკუმენტის დაჩქარებული წესით განხილვას მოითხოვდა, მაგრამ ახლა საკუთარი ინიციატივა უკან გაიწვია.

ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა კიდევაც, რომ კანონმა წარმოშვა გარკვეული ტიპის მითქმამოთქმა და ამჟამინდელი რედაქციით მისი განხილვა აღარ მოხდება.

“ჩვენი ძირითადი ამოცანაა კერძო საკუთრების დაცვა და იმ ქონების მაქსიმალურად განკერძოება, რომელიც გააჩნია სახელმწიფოს ან გააჩნია კერძო სექტორს, მაგრამ ეს საკუთრება არ არის შესაბამისად რეგისტრირებული. კანონპროექტი თუ გამოსატანია, გამოვიტანთ კიდეც, მაგრამ პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კვლავ დავრჩებით კერძო სექტორის დამცველი და კერძო სექტორში მიწების რეგისტრაციის მაქსიმალური მხარდამჭერი. გუნდის შიგნით, პრაქტიკულად, შეთანხმებულია ახალი ინიციატივა, რომელიც მიეხმარება გლეხებს, რათა დაარეგისტრირონ მათ საკუთრებაში არსებული მიწა. შემუშავებული გვაქვს სპეციალური დაფინანსების ინსტრუმენტი, რომელსაც უახლოეს მომავალში წარვუდგენთ მოსახლეობას. ეს ჩვენს გლეხებს მისცემს შესაძლებლობას, კვალიფიციური ამზომველის მიერ აზომილი ნახაზი წარადგინონ საჯარო რეესტრში, ხოლო სახელმწიფო აზომვით სამუშაოებს დააფინანსებს. კონკრეტულ ლიმიტებსა და პროცედურებს ჩვენ უახლოეს მომავალში წარმოვადგენთ”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

აკადემიკოს პაატა კოღუაშვილის შეფასებით, მიწის მართვისა და რეგისტრაციის საკითხებზე მთავრობის კანცელარიაში სხვადასხვა უწყებების მიერ წარმოდგენილი პროექტები დღევანდელობას არ შეესაბამება. ასე სასოფლო-სამეურნეო მიწის რეგისტრაცის პროცესი წლობით გაგრძელდება და დიდ დაძაბულობას გამოიწვევს, რადგან გააღრმავებს უთანხმოებას ხალხსა და მთავრობას შორის.

“გამოსავალი, პირველ რიგში, მოსახლეობის დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთების სისტემურ (პროგრამულ) რეგისტრაციაშია. არავითარ საჭიროებას არ წარმოდგენს მიწის რეგისტრაციის შესახებ და მიწის საკითხებზე არსებულ სხვა კანონებში რამე ცვლილების სასწრაფოდ შეტანა, სანამ არ მივიღებთ მიწის კოდექსს. ჩემი აზრით, ზურაბ ჯაფარიძის პროექტში არასწორი მიდგომაა პრობლემისადმი და იგი არათუ მოხსნის ან გაამარტივებს მას, არამედ დაამძიმებს, წარმოქმნის უამრავ დავას და ა.შ. იგი არ იცნობს როგორც გასულ წლებში, ასევე უკანასკნელ პერიოდში მიღებულ მთელ რიგ ნორმატიულ აქტებს სასოფლო-სამეურნეო მიწის რეგისტრაციის შესახებ. კანონპროექტის განმარტებით ბარათში გაკეთებულია არასწორი დასკვნები მიწის რეფორმის მიმდინარეობის საკითხებზე. მოკლედ, რომ ვთქვათ კანონის ავტორი არ ფლობს ინფორმაციას თუ რა ხდებოდა 1992-1998 წლებში და 2000-2012 წლებში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე”, – აცხადებს პაატა კოღუაშვილი. მისი ინფორმაციით, 2004 წელს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ლიკვიდაციის შედეგად, გაუქმდა ამ სტრუქტურის რაიონული რგოლებიც. ამიტომ დაიკარგა ან შეგნებულად განადგურდა იქ არსებული ყველა დოკუმენტი, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა რეგისტრაციის დოკუმენტაციაც.

სამაგიეროდ, არსებობს ისტორიული მეხსიერება და ნებისმიერ სოფელში მოსახლეობამ იცის, თითოეული ნაკვეთი ვისიცაა, რომლის მიხედვითაც შეიძლება მიწის რეგისტრაცია მოხდეს.

ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის დამფუძნებელი მათე გარდავა სახელმწიფოს მხრიდან სასოფლო-სამეურნეო მიწების განკარგვას გამოუსწორებელ შეცდომად მიიჩნევს. სწორი ნაბიჯი იქნება, თუკი საკუთრებაში არარსებულ მიწებს სახელმწიფო კერძო სექტორს დაურეგისტრირებს, მაგრამ ამან შეიძლება უამრავ ადამიანს პრობლემა შეუქმნას.

“სახელმწიფოს საკუთრებაში ისედაც უამრავი მიწაა რეგისტრირებული. არანორმალური ფაქტია და სრულიად დაუშვებელი, როცა სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო მიწებს განკარგავს. ასეთ მიწებს, წესით, კერძო მესაკუთრე უნდა ფლობდეს. ერთხელ და საბოლოოდ უნდა მორჩეს ეს სამარცხვინო სპეკულაცია.

არსებული მონაცემებით, სასოფლო-სამეურნეო მიწების 70% სახელმწიფოს საკუთრებაშია. კომუნისტურ პერიოდში ამ კატეგორიის მიწებს მთლიანად სახელმწიფო განკარგავდა. ახლაც დიდი სხვაობა მაინცდამაინც არ არის. ამიტომ მთავრობამ მიდგომა უნდა შეიცვალოს და დაურეგისტრირებელი მიწების პრივატიზაციის პროცეესს ხელი შეუწყოს”, – განმარტავს გარდავა, რომლის აზრითაც ყველაზე მარტივი გზაა, რომ მთავრობამ დაურეგისტრირებელი მიწების პრივატიზება უფასოდ მოახდინოს.

“2010-12 წლებში, როდესაც აქტიურად მიმდინარეობდა მიწების პრივატიზაცია, მოსახლეობამ 19 000 ჰა ფართობის დარეგისტრირება შეძლო, ასეთი ფაქტი ქვეყანაში მანამადე არც ყოფილა. თუ მთავრობა კეთილ ნებას გამოიჩენს და მოსახლეობას შეღავათს გაუწევს ან სულაც გააუქმებს გადასახადს და უფასო პრივატიზაციას მოახდენს, შესაძლოა, 0,5 ჰა მილიონი მიწა გადავიდეს კერძო საკუთრებაში.

თითქოს ხელისუფლებას გაცნობიერებული აქვს ამ საკითხის მნიშვნელობა. ერთი შეხედვით, რაღაცას ცდილობს, მაგრამ საპირისპიროს აკეთებს. პირველ რიგში, უნდა გაიღოს კარები ამ მიწებისთვის და პრივატიზაცია დაუშვან. ეს პროცესი თუ იქნება უფასო, პრობლემა 1,5 წელიწადში გადაწყდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, წლობითაც გაიწელოს”, – განმარტავს მათე გარდავა.

პროექტს არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკაც მოჰყვა. “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში” მიაჩნიათ, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინიციატივა კერძო საკუთრების ხელყოფის, მიწის ბაზრის განვითარებისა და საინვესტიციო გარემოს გაუარესების თვალსაზრისით, მნიშვნელოვან საფრთხეს შეიცავს.

Comments are closed