globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 25 მარტი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Mar 25th, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: რატომ არ ბრუნდება ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში

“ალია”: რატომ მოატყუა „ოცნების» აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებაზე ხალხი? (ინტერვიუ გია ხუხაშვილთან)

რეზონანსი: გამოკითხვა: მართებული იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება?

რეზონანსი: ინტერვიუ არჩილ გამზარდიასთან: “ირაკლი ღარიბაშვილი, შესაძლოა, პარლამენტის თავმჯდომარედ ვიხილოთ”

რეზონანსი: „ოცნების“ საარჩევნო სიის „ოქროს სამეული“

რეზონანსი: ინტერვიუ ირაკლი ბათიაშვილთან: „არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ დაცული ვართ… ტერორისტებს კავკასია სატრანზიტო დერეფნად სჭირდებათ“

„ახალი თაობა“: სტატიების მიმოხილვა

საერთო გაზეთი: ჰოდა, მე ვბედავ! // რატომ არ ვუწოდებ რუსეთს ოკუპანტს?

რეზონანსი: „მინისტრმა მოგვცა პირობა, რომ უნივერსიტეტს „ოდეერები“ მოსცილდება“ // სტუდენტური თვითმმართველობის ცლილებებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა იქმნება

რეზონანსი: დენის გაიაფებას ლარის კიდევ 10%-ით გამყარება სჭირდება // სემეკი: „თუ მოხდა არსებითი ცვლილება და ლარი კიდევ უფრო გამყარდა, გადაიხედება ტარიფიც“

————————-

რეზონანსი”, 25 მარტი, 2016 წელი

რატომ არ ბრუნდება ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში

თაკო მათეშვილი

პასუხისმგებლობის თავიდან არიდება, პროგრამა მინიმუმით დაკმაყოფილება, სიტყვის შესრულება, საკუთარ ბიზნესზე ზრუნვა – სწორედ ამ მიზეზების გამო არ ბრუნდება, პოლიტოლიგების აზრით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ საზოგადოებაში მის დაბრუნებასთან დაკავშირებით მოთხოვნა არსებობს, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ივანიშვილი დაბრუნებით “ქართულ ოცნებას” საქმეს გაუფუჭებდა, რადგან ახლა მისი რეიტინგი არცთუ მაღალია.ხელისუფლებაში ირწმუნებიან, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს თუმცა წინასაარჩევნო პროცესებში ჩაერთვება. ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” საარჩევნო სიაში ყოფნას გამორიცხავს.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ივანიშვილმა თავისი ნებით დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა და ის პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს.

“ძალიან საინტერესოა ბატონი ბიძინას პოლიტიკური მოღვაწეობა. როდესაც ის პოლიტიკაში შემოვიდა, მაშინ განაცხადა, რომ გაიმარჯვებდა და გარკვეული პერიოდის შემდეგ დატოვებდა თანამდებობას, ეს მართლაც ასე მოხდა. ის იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რის შემდეგაც თავისი ნებით შეასრულა თავისი სიტყვა. ასეთი რაღაც, ჩვენს ისტორიას რომ გადავხედოთ, ზოგადად არ ხდება ხოლმე. ადამიანებს, რომლებიც ხელისუფლებაში მოდიან, თუ არ გააგდებენ, თავისი ნებით არ მიდიან. ამ ადამიანმა თავისი ნებით დატოვა თანამდებობა. ასე რომ, ისევ დაბრუნდეს პოლიტიკაში და სიაში ვიხილოთ, არ იქნება სწორი და არ იქნება ასე”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება-არდაბრუნების საკითხი არჩევნების მოახლოებასთან ერთად სულ უფრო აქტუალური ხდება. არცთუ იშვიათად კეთდება განცხადებები, რომ ეს კარგი იქნებოდა, რომ საჭიროა, რომ კოალიციის დავარდნილ რეიტინგს მსგავსი ბიძგი სჭირდება და ა.შ.

თუმცა, პოლიტოლოგი იგორ კვესელავა აცხადებს, რომ მისი დაბრუნება საჭირო საერთოდ არაა, რადგან ივანიშვილი პოლიტიკაში ისედაც არის. ამბობს, რომ იგი ყველაფრის საქმის კურსშია, რაც საქართველოში ხდება.

“შეიძლება ითქვას, რომ ის “მოთვალთვალეა” და თუ აკვირდებით, როცა სიტუაცია რთულდება, იგი კომენტარებსაც კი აკეთებს. პოლიტიკაში კი აღარ დაბრუნდება, რადგან ეს კაცი თავის ბიზნესზე მუშაობს. სწორედ ახლა 100 მილიონის ზარალი განიცადა და სასამართლოები აქვს. ასე რომ, პოლიტიკაში დაბრუნება არ სჭირდება. მაშინ ბიზნესს თავი უნდა დაანებოს. ერთდროულად ქვეყნის პრემიერიც იყოს და ბიზნესმენიც, მარტივი არაა. იმ პერიოდში ეს შეძლო და პროგრამა მინიმუმი შეასრულა. პროგრამა მაქსიმუმის შესრულებაში კი სხვებს ეხმარება. სწორედ ამ ფორმით აგრძელებს მოღვაწეობას. ივანიშვილი არაა ის პიროვნება რომელიც თავის გადაწყვეტილებას კვირაში ერთხელ შეცვლის. ივანიშვილი არა, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილი კი აუცილებლად მობრუნდება. ოქტომბრის არჩევნებში აქტიურად მიიღებს მონაწილეობას. რა ფორმით დაბრუნდება, არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ პარლამენტში თავის ადგილს დაიკავებს. საპარლამენტო ცხოვრებაში აუცილებლად ჩაერთვება”, – აღნიშნავს იგორ კვესელავა.

პოლიტოლოგი აქვე იმასაც აცხადებს, რომ ღარიბაშვილის დაბრუნება იგივე ივანიშვილის დაბრუნებას ნიშნავს, რადგან ისინი ფაქტობრივად “ერთნი არიან”. შედეგად, დარწმუნებულია, კოალიცია რომც დაიშალოს და “ქართული ოცნება” არჩევნებზე მარტო წარდგეს, მაინც გაიმარჯვებს. კვესელავა მიიჩნევს, რომ სერიოზულ წინააღმდეგობას მხოლოდ ინაშვილი და ბურჯანაძე გაუწევენ, თუკი გაერთიანდებიან.

კოალიციაში შემავალ პარტიებს რაც შეეხება, პოლიტოლოგის აზრით, ზოგიერთი მათგანი ცალკე გასვლის შემთხვევაში პარლამენტში ვერც კი მოხვდება.

“მათ შორის ვერც “რესპუბლიკელები.” სწორედ ამიტომაც არიან კოალიციაში. ისინი ვიღაცას აბალანსებენ და ამიტომაც კოალიციაში თავიანთი ნიშა მოძებნეს. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ქართულ საზოგადოებაში “რესპუბლიკელებს” ძალიან ცოტა მხარდამჭერი ჰყავთ. მათი იდიეოლოგია ხალხისთვის მიუღებელია. ასეთი რესურსის გუნდი ჰყავს მთავრობაში ბიძინა ივანიშვილს და საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობებიც ჩააბარა. რატომ? გგონიათ ივანიშვილი “რესპუბლიკელებთან” ძალიან ახლოა? მე ამას ვერ ვიტყოდი. თუმცა ეს დროებითი მოვლენაა. ზოგჯერ აუცილებელია ასე მოიქცე”, – დასძენს იგორ კვესელავა.

პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის არდაბრუნების მიზეზებზე საუბრობს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძეც და მიიჩნევს, რომ მთავარი მიზეზი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებაა. მისი აზრით, ამის საჭიროება არც არსებობს, რადგან ივანიშვილის რეიტინგი დაცემულია. ამბობს, რომ ამას კვლევებიც ადასტურებს. ეს კი გარკვეულწილად “ქართული ოცნების” მხრიდან დაპირებების შეუსრულებლობითაა გამოწვეული, რასაც ხალხი ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს.

შესაბამისად, პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე დარწმუნებულია, რომ ექსპრემიერი პოლიტიკაში კვლავ აქტიურად რომც ჩაერთოს, “ქართული ოცნების” რეტინგს მაღლა ვერ ასწევს, რადგან თავად მისი რეიტინგი არცთუ სახარბიელოა.

“მან თავის დროზე საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა მოიხსნა და დაპირებების შესრულება თავისი გუნდის წევრებს გადააბარა. მას აღარ სურს პასუხისმგებლობა ხელახლა აიღოს და დაპირებებზე პასუხი ისევ მას მოსთხოვონ. ეს არ აწყობს. “ქართული ოცნებისადმი” ხალხის გაღიზიანება იმითაცაა გამოწვეული, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა და საქმე შუა გზაზე მიატოვა. ამიტომაც მგონია, რომ ივანიშვილის დაბრუნების საჭიროება არ არსებობს. “მისი პრემიერობის პერიოდში ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა ბევრად გაუარესდა, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასაც პრობლემები შეექმნა. ყველაფერი იმას მიუთითებს, რომ მისი მმართველობის პერიოდში საქართველო წინ არაფრით წასულა”, – აცხადებს ნიკა ჩიტაძე.

“ალია”, 25 მარტი, 2016 წელი

რატომ მოატყუა ოცნების» აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებაზე ხალხი? (ინტერვიუ გია ხუხაშვილთან)

ნინო სამხარაძე

როგორც მოსალოდნელი იყო, ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ ინფორმაციამ მისი ოპონენტები ააწრიალა, გუშინ, მთელი დღის განმავლობაში ჩვენ ვისმენდით უამრავ განცხადებებს. აღმოჩნდა, რომ პარტია „ქართული ოცნების“ ძირითადი შემადგენლობა პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების მომხრეა, თუმცა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ, რომელმაც ირაკლი ღარიბაშვილთან მოლაპარაკებების რაუნდი დააანონსა, „პლასტინკა გადააბრუნა“ და გუშინ განაცხადა, რომ მისი სიტყვები არასწორად იქნა გაგებული, იგი აბსოლუტურად სხვა რამეს გულისხმობდა. ეს ახალგაზრდა, უკვე მერამდენედ უშვებს შეცდომას და აბრალებს ჟურნალისტებს, თითქოს ისინი ვერ იგებენ მის ნათქვამს. ჩემო ირაკლი, ჩამოყალიბდით და შემდგომ ისე აკეთეთ განცხადებები, პრობლემა არის თქვენში და არა, ჟურნალისტებში.

ბევრს ჯერ ისიც არ დავიწყებია, ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, მამის ტოლა ადამიანებს რომ მიაყენა უაპელაციოდ შეურაცხყოფა და კატეგორიულ ტონში განაცხადა, სპორტსმენები, მსახიობები და რეჟისორები ვეღარ მოხვდებიან სიაში, მათი ადგილი პარლამენტში არ არისო, რის გამოც მას ბოდიშების მოხდა მოუწია.

სიმართლე უნდა ითქვას და სიმართლე არის ის, რომ ის სპორტსმენები, მსახიობები და რეჟისორები, ავად თუ კარგად, საკუთარ საქმეს აკეთებდნენ, იბრძოდნენ რეჟიმის წინააღმდეგ და მათ მიიღეს ის, რაც ირაკლი კობახიძისგან განსხვავებით, დაიმსახურეს. მისი არსებობის შესახებ ჩვენ მხოლოდ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში შევიტყეთ და ისიც, რომ ის იყო ნინო ბურჯანაძის პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გია კობახიძის შვილი, რომელმაც პარტია 2015 წელს იმიტომ დატოვა, რომ მისი შვილი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი გახდა.

ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო დაბრუნებაზე, ზოგიერთი აღტყინებული პოლიტიკოსის და ექსპერტისგან განსხვავებით, კატეგორიული და ალბათ, ობიექტური განცხადება გააკეთა გია ხუხაშვილმა: „კაცი იყო პარტიის თავმჯდომარე, თავისი კარიერის პიკზე იყო და რა სტატუსით უნდა დაბრუნდეს? მესმის, რომ პოლიტიკაში ყველაფერი ხდება, მაგრამ სისულელესაც თავისი საზღვარი აქვს… ღარიბაშვილზე წარსულშიც არ ვიყავი დიდი აზრის, მის მომავალსაც ვერ ვხედავ…».

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი „ალიას“ კითხვებს პასუხობს:

- ვის დასჭირდა ასეთი ინფორმაციის გავრცელება ყოფილ პრემიერზე, ეს ზონდაჟისთვის ხომ არ იყო გაკეთებული, რომ ხალხის რეაქცია შეემოწმებინათ?

- აბსოლუტურად ალოგიკური მეჩვენება ირაკლი ღარიბაშვილის „ქართულ ოცნებაში“ რეინტეგრაცია. მე ვფიქრობ, ეს იყო ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი, გარკვეული მიზეზებით, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ბოლო პერიოდში სხვადასხვა მედიასაშუალებებით საკმაოდ სერიოზული შეტევა დაიწყო და კითხვის ნიშნები გაჩნდა ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვასთან დაკავშირებით. ეს უკავშირდება ფარული ჩანაწერების გავრცელებას. შესაძლოა, ღარიბაშვილს გაუჩნდა ეჭვი, რომ ამ კამპანიასთან „ქართულ ოცნებას» ჰქონდა რაღაც კავშირი, რაც მის წინააღმდეგ იყო მიმართული. „ოცნებამ“ ამით გააკეთა ტაქტიკური სვლა, რათა დაემტკიცებინა, რომ ამ კამპანიასთან მას კავშირი არ აქვს.

- ბიძინა ივანიშვილმა თავის დროზე განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს აქვს რესურსი, შექმნას დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტია და ჩემს რესურსსაც მივახმარო. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა ქვეტექსტი იყო ამ გზავნილში და ისევ იმყოფება თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის ორბიტაზე?

- ივანიშვილის ნათქვამი აღვიქვი ნეგატიურად, ეს იყო ერთგვარი ნიშნისმოგებით ნათქვამი, პოლიტიკაში მოდიან იმისთვის, რომ შემდეგ ხელისუფლებაში აღმოჩნდნენ. ადამიანი იყო სახელისუფლებო ძალის თავმჯდომარე და წავიდა ისე, რომ არც ერთი პრეტენზია და არც ერთი საყვედური არ უთქვამს. სრული აბსურდია, მან შექმნას ალტერნატიული ძალა, ასეთი რამ პოლიტიკაში, როგორც წესი, არ ხდება. მართალია, საქართველოში ყველაფერი დასაშვებია, მაგრამ აბსურდსაც აქვს საზღვარი. მე ვფიქრობ, რომ ივანიშვილმა ღარიბაშვილს ამ განცხადებით მიანიშნა, რომ მის გარემოცვას, რომელსაც იმ პერიოდში გაუჩნდა განსაკუთრებული ამბიციები, უთხრა, თუ ასეთი მაგრები ხართ და საკუთარი პოლიტიკის გატარება შეგიძლიათ, ცდილობთ, დამოუკიდებელი თამაშები აწარმოოთ, მაშინ შექმენით პარტია. დაიწყეთ ნულიდან და რაც გინდათ, ის გააკეთეთ. არ მგონია, რომ ღარიბაშვილისთვის ეს სასიამოვნოდ მოსასმენი ინფორმაცია ყოფილიყო.

- თქვენ იყავით პირველი, ვინც განაცხადა, რომ ყველა თანამდებობის პირმა უნდა დატოვოს თანამდებობა, თუკი იციან, რომ მათ შესახებ კომპრომატები არსებობს. ვინც არ იცის, რომ მასზე არსებობს კომპრომატები, რა უნდა გააკეთოს?

- არ მიგულისხმია, ყველამ დატოვოს თანამდებობა, ვისზეც არსებობს მსგავსი კომპრომატი, ვინც მზად არ არის, გაუძლოს ასეთი ტიპის შანტაჟს, მათ ვურჩიე გადადგომა. თანაც ნუ წარმოვიდგენთ ისე, რომ მხოლოდ სექსკომპრომატები აქვთ გადაღებული. ამ ფირებში შეიძლება იყოს კადრები, როგორ მოიხმარენ ნარკოტიკებს, ასევე, ნუ გამორიცხავთ, რომ იქ იყო დანაშაულის ნიშნების შემცველი საუბრები, პოლიტიკური კომბინაციები. ასე რომ, ეს არ არის მარტივი, ხელწამოსაკრავი ამბავი.

- თქვენი აზრით, თამაზ მეჭიაურის განცხადება, რომ ღარიბაშვილის დაბრუნება ურჩევნია კოალიციის მთელ ფრაქციასაც კი, ხომ არ იყო გამიზნული ხიდაშელის მიმართ, რომელსაც გადადგომისკენ მოუწოდა, რადგან ვიცით, რომ იმ მუქარაში ხიდაშელია მოხსენიებული...

- ნუ ჩავიციკლებით მარტო „რესპუბლიკურ პარტიასა“ და თინა ხიდაშელზე. მოდით, ასე ვთქვათ, დღეს სახელმწიფოს ინტერესშია კოალიციის დაშლა. საერთოდ, თუ ევროპისკენ მივდივართ, ევროპული სტანდარტები გულისხმობს, რომ ყველა პარტია ცალ-ცალკე უნდა გადიოდეს არჩევნებზე, იღებდეს ხალხის მანდატს და ამ მანდატის საფუძველზე ქმნიდეს კოალიციას. ახლა ყველა უკანა კარიდან შეძრომას ცდილობს და ბიძინა ივანიშვილის რესურსის ხარჯზე პარლამენტში მოსვლას.

- კოალიცია, ფაქტობრივად, დაშლილია და ამას სჭირდება იურიდიული გაფორმება. თქვენი აზრით, ეს როდის მოხდება?

- ძალიან მიჭირს „ქართული ოცნების“ ლოგიკით ახსნა, ხშირ შემთხვევაში იქ ლოგიკა არ არის და მეჩვენება, რომ მაზოხისტებივით იქცევიან. „ქართულ ოცნებას“ სხვა პოლიტიკური სუბიექტები რა აქტივს აძლევენ, ჩემთვის გაუგებარია. მე ვფიქრობ, რომ ერთადერთი გამოსავალია, უმრავლესობის დაშლა და თუკი ახლავე დაიწყება, ეს იქნება ძალიან კარგი. „ოცნებას“ შემიძლია, რჩევა მივცე, რომ არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე კოალიცია დაშალონ, მოგეხსენებათ, რომ კონსტიტუციით, არჩევნებამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში კოალიციის დაშლა უკვე რიგგარეშე არჩევნებს აღარ იწვევს, პოლიტიკური კრიზისი აღარ შეიქმნება, როცა დაინიშნება არჩევნები, ეს იქნება 1-ლი თუ 29 ოქტომბერი, ამ დღიდან მოხდეს 6 თვის გადმოთვლა, მოილაპარაკონ და დაშალონ კოალიცია. ყველა პარტია ცალ-ცალკე გავიდეს არჩევნებზე, ეს იქნება ძალიან დემოკრატიული ნაბიჯი და ჩვენ მივიღებთ მულტიპარტიულ პარლამენტს. ჩვენ უნდა ვნახოთ, რომელი პარტია რა ღირს.

რეზონანსი”, 25 მარტი, 2016 წელი

გამოკითხვა: მართებული იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება?

გვანცა ღვედაშვილი

ბოლო პერიოდში, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე აქტიურად საუბრობენ. პოლიტიკოსების ნაწილი ივანიშვილის დაბრუნებას მიესალმება, ნაწილი კი თვლის, რომ ეს არასწორი იქნება. ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” საარჩევნო სიაში ყოფნას გამორიცხავს. მისი თქმით, ივანიშვილმა თავისი ნებით დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა და ის პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს.

“ძალიან საინტერესოა ბატონი ბიძინას პოლიტიკური მოღვაწეობა. როდესაც ის პოლიტიკაში შემოვიდა, მაშინ განაცხადა, რომ გაიმარჯვებდა და გარკვეული პერიოდის შემდეგ დატოვებდა თანამდებობას, ეს მართლაც ასე მოხდა. ის იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რის შემდეგაც თავისი ნებით შეასრულა თავისი სიტყვა. ასეთი რაღაც, ჩვენს ისტორიას რომ გადავხედოთ, ზოგადად არ ხდება ხოლმე. ადამიანებს, რომლებიც ხელისუფლებაში მოდიან, თუ არ გააგდებენ, თავისი ნებით არ მიდიან. ამ ადამიანმა თავისი ნებით დატოვა თანამდებობა. ასე რომ, ისევ დაბრუნდეს პოლიტიკაში და სიაში ვიხილოთ, არ იქნება სწორი და არ იქნება ასე”, – განაცხადა კახა კალაძემ.

იქნება თუ არა მართებული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

გივი სიხარულიძე  (მწერალი, მსახიობი): “ივანიშვილი პოლიტიკიდან არ წასულა, ის პოლიტიკაშია და თუ ვინმეს ჰგონია, რომ “ოცნება” არსებობს, ან კოალიცია, ძალიან ცდება. ყველაფერი არის ივანიშვილი – დანარჩენი ყველა არის მასზე მიტმასნილი ხალხი. ჩემი აზრით, ის არ არის პოლიტიკიდან წასული, არამედ დღემდე ის მართავს ყველაფერს.”

ნუცა ჯანელიძე (მუსიკოსი): “ვფიქრობ, სწორი იქნება ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება. ამის წინააღმდეგი არ ვარ.”

ჯემალ ჭკუასელი  (ანსამბლ “ერისიონის” სამხატვრო ხელმძღვანელი): “სწორი კი არა, ძალიან კარგი იქნება. სადაც უნდა მოვიდეს და დაბრუნდეს, ისეთი ხელი აქვს, ყველაფერს აკეთებს. ამის დიდი იმედი მაქვს. ვერ გეტყვით, მაგრამ, რომ დაბრუნდეს, ძალიან კარგი იქნება. საოცრად დიდი პიროვნებაა და საოცრად შეყვარებული თავის ქვეყანასა და ხალხზე.”

მიხეილ ღანიშაშვილი (მწერალი): “ძალიან მიჭირს ამაზე დადებითი პასუხის გაცემა, რადგან როცა ის იყო პოლიტიკაში და გავიდა, საზოგადოებამ ვერანაირი შედეგი ვერ დაინახა. თუ არ ჩავთვლით იმ პერიოდს, როცა მან შეცვალა მთავრობა. ერთადერთი რეალური ცვლილება ეს იყო, სხვა არაფერი.”

თედო დონდუა  (ისტორიკოსი): “ჩემი აზრით, საერთოდ არ უნდა წასულიყო პოლიტიკიდან. რა თქმა უნდა, დაბრუნება უკეთესი იქნება, ფაქტია, რომ ის ავტორიტეტული ფიგურაა, მაგრამ ჩვენი ქვეყანა არის დემოკრატიული და თან ასეთი დემოკრატიული არასდროს ყოფილა. მას თუ არ უნდა ჭორების და ხმების მოსმენა, არ უნდა იძინებდეს 9-სთ-ზე, უნდა იყოს პოლიტიკაში და მუშაობდეს, ასე არ არის. ხო, ვიცი, რომ ყველა მინისტრი მასთან დარბოდა, გასაგებია მაგრამ მერე რა? ასე არ შეიძლება, ამ ხალხმა მასთან ირბინოს, გასაგებია, რომ მის სიტყვას უჯერებენ, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ არსებობს პარლამენტი, კანონმდებლობა და ქართველი ხალხი, რომელმაც ქვეყნიდან უკვე რამდენიმე ტირანი გააქცია. ყველა პრეზიდენტი გავაქციეთ, ეს ხალხი თავისუფლების მოყვარე ხალხია, ამიტომ ივანიშვილი უნდა გამოძვრეს თავისი ადგილიდან და იმუშაოს კანონიერად და მინისტრები წინ და უკან სირბილით არ უნდა დაღალოს.”

რეზონანსი”, 25 მარტი, 2016 წელი

ინტერვიუ არჩილ გამზარდიასთან: “ირაკლი ღარიბაშვილი, შესაძლოა, პარლამენტის თავმჯდომარედ ვიხილოთ”

ელზა პაპოშვილი

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია აცხადებს, რომ ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება, შესაძლოა, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე მოხდეს. გამზარდია არ გამორიცხავს, რომ ღარიბაშვილმა ცალკე პოლიტიკური პარტია ჩამოაყალიბოს და ახალი გუნდით გამოჩნდეს. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ექსპრემიერის კოალიციაში დაბრუნებით ყველაზე მეტად უკმაყოფილო “რესპუბლიკური” პარტია იქნება, რადგანაც მათი პოზიციების შესუსტება მოხდება. ის არ გამორიცხავს, რომ ექს-პრემიერის დაბრუნება, ამ პარტიის ჩანაცვლების ერთ-ერთ ვარიანტად განიხილებოდეს.

- ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში რა ფორმით და რა სტატუსით შეიძლება დაბრუნდეს?

- ვფიქრობ, ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი უკან პოლიტიკაში საპარლამენტო წარმომადგენლობით დაბრუნდება, რადგანაც ამ ეტაპზე ეს პოზიცია მისთვის ყველაზე ადეკვატური მგონია. მიმაჩნია, რომ პრემიერობის დროს იმ თვისებებს, რასაც მას ნაკლად უთვლიდნენ, პარლამენტში პირიქით გამოიყენებს. მაგალითად საკანონმდებლო ორგანოში, ღარიბაშვილის ხისტი ლექსიკა და მიმწოლი ხასიათი უფრო სარგებლის მომტანი იქნება, რადგანაც ოპონენტთან საკუთარი პოზიციის გატანას უკეთესად შეძლებს.

“ქართულ ოცნებაში” კარგი სპიკერი იყო, ამიტომაც მე პირადად მის ადგილს საპარლამენტო სივრცეში უფრო ვხედავ. თუმცა არსებობს ერთი მთავარი საკითხი, რომ მან პოლიტიკაში დაბრუნების მზაობა დაადასტუროს. გადამწყვეტი სიტყვა ახლა მასზეა.

- შესაძლოა, ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დამოუკიდებელი პარტიით და ახალი გუნდით შემოვიდეს?

- ვფიქრობ, მისი პოლიტიკაში დაბრუნების ორი თეორიული ვარიანტი არსებობს. პირველი ეს არის, რომ შექმნას დამოუკიდებელი პარტია და არჩევნებში მონაწილეობა ამ სახით მიიღოს და მეორე – კვლავ “ქართულ ოცნებაში” დაბრუნდეს. მისი კოალიციაში დაბრუნება, მგონია, რომ “რესპუბლიკური” პარტიისთვის წითელი ხაზის გავლებას ნიშნავს და ყველაზე მეტად ეს ფაქტი მათ არ გაუხარდებათ.

- თუ კი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დამოუკიდებელი პარტიით დაბრუნდება, იქნებ უნდა ვიფიქროთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა წინასაარჩევნოდ “რესპუბლიკელების” ჩანაცვლება ღარიბაშვილით გადაწყვიტა?

- კოალიციაში პარტიებს რომ ადგილი უჩინო, ყველაზე მშვიდობიანი მოქმედება, ალბათ ირაკლი ღარიბაშვილის ცალკე პარტიად წარდგენა იქნება. ღარიბაშვილის და ივანიშვილის გარშემო მყოფი ადამიანები, მათი ამომრჩევლები, ბევრად უფრო ეფექტურად და ზუსტად გადანაწილდებოდა. შემდგომი კოალიციისთვის კი კარგ პირობებს შექმნიდნენ. ხოლო მისი დაშლის შემთხვევაში, ირაკლი ღარიბაშვილის პარტია “ქართული ოცნების” პოზიციებს ბევრად გაამყარებდა. მართალია, ამ პარტიას პარლამენტში უმრავლესობით შესვლა არ გაუჭირდება, მაგრამ კითხვის ნიშანი მათი მდგრადობის შესახებ შემდეგ აუცილებლად დადგება. თუკი კოალიცია პარლამენტში ამ სახით შევა და შემდეგ დაიშლება, რისი ალბათობაც არსებობს, რა თქმა უნდა, ხელისუფლების ერთიანობის საკითხი არამყარი იქნება. ხოლო ღარიბაშვილის “ოცნებაში” ახალი პარტიის შემოსვლით, ეს პროცესი ბევრად დაიზღვევა.

- შესაძლოა, მომავალ პარლამენტში ექსპრემიერი ღარიბაშვილი პარლამენტის თავმჯდომარედ ვიხილოთ, მისი პოლიტიკაში დაბრუნება ამ პოსტისთვის მზადებას ხომ არ ნიშნავს?

- რა თქმა უნდა, გამორიცხული არ არის. რატომაც არა! – ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო იქნება. არა აქვს მნიშვნელობა პოლიტიკაში ახალი ძალით დაბრუნდება, თუ ძველ პარტიას დაუბრუნდება, ორივე შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის მოაზრება, ლოგიკას მოკლებული არ იქნება. საქმე ისაა, რომ ღარიბაშვილს “ქართული ოცნების” ამომრჩევლის უმსხვილესი ნაწილი მხარს უჭერს. ამ პარტიის მხარდამჭერები ფაქტობრივად ივანიშვილისა და ღარიბაშვილის მომხრეები არიან. ამიტომაც მისი ფაქტორის გათვალისწინებით, არჩევნებში “ოცნება” ამომრჩევლის საკმაოდ სოლიდური ნაწილის ხმებს უკან დაიბრუნებს. ხოლო მისი პოლიტიკაში არდაბრუნების შემთხვევაში კი ეს ხმები, შესაძლოა, საერთოდ დაკარგონ.

- ღარიბაშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებაზე ორი მთავარი მოსაზრება გამოითქვა. ნაწილი ფიქრობს, რომ მისი სახლში გაშვება ივანიშვილმა ინანა. მეორე მოსაზრებით კი, მმართველ გუნდში საკადრო კრიზისია…

- მმართველ გუნდში საკადრო კრიზისის არსებობას არ ვიზიარებ, თუმცა კოალიციაში შიდა დაპირისპირების ფონზე, არ არის გამორიცხული, რომ ძალიან ბევრი საკადრო რესურსი აუთვისებელი იყოს. რაც შეეხება მოსაზრებას, რომ ივანიშვილმა მისი სახლში გაშვება ინანა, ვერ გავიზიარებ, რადგანაც მგონია, რომ პრემიერი სახლში ივანიშვილს არ გაუშვია. მასთან ურთიერთობა ბევრჯერ მქონია და ვიცი, რომ ის ადამიანებს გადაწყვეტილების მიღებას არ აიძულებს. ამიტომ ზოგადად ამ მიდგომას არ ვიზიარებ. შესაძლოა მისი ავტორიტეტიდან გამომდინარე, ღარიბაშვილმა გარკვეული რჩევა გაითვალისწინა.

პრემიერის გადადგომა ჩემთვის სწორი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ პარტიიდან წასვლას ნაჩქარევ და დაუფიქრებელ ნაბიჯად ვაფასებ. შეიძლება ამაშიც გარკვეული ესქპერიმენტი იყო ჩადებული, რადგანაც მისი პარტიიდან წასვლის შემდეგ ენახათ კოალიციაში რა პროცესები წარიმართებოდა. ფაქტიც სახაზეა, დომინანტი პარტია “ქართული ოცნება” ვერ დომინანტობს, ხოლო მასში შემავალი პარტიები ზომაზე მეტ მადას გამოხატავენ. რეალურად აღმოჩნდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს კოალიცია საკმაოდ კარგად ეჭირა. ვნახეთ, რომ სიტუაცია სრულიად ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით წარიმართა.

- ფიქრობთ, რომ ღარიბაშვილის უკან დაბრუნება კოალიციაში სიტუაციის დასაბალანსებად საჭირო გახდა?

- საქმე ისაა, რომ “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა დიდი ნაწილი, ღარიბაშვილის მიმართ მხარდაჭერასა და პატივისცემას გამოხატავს, ამიტომაც ამ ხალხის გაწბილება და ხელიდან გაშვება კარგი არ იქნება. ამიტომაც მისი დაბრუნებით, ეს ხალხი კმაყოფილი იქნება და უკან მობრუნდება. ეს მოსაზრება უფრო ლოგიკური მგონია.

- ექსპრემიერის პოლიტიკაში დაბრუნება “კოალიციაში” მყოფი ყველა პარტიისთვის სასურველი იქნება?

- კონკურენციის წესებიდან გამომდინარე, კიდევ ერთი ძლიერი კონკურენტის გამოჩენა, არ მგონია, რომ ვინმეს მოსწონდეს. მათ შორის “ქართულ ოცნებაში” მყოფ სუბიექტთა ნაწილს. ხოლო მასში შემავალ პარტიებს, რა თქმა უნდა, ეს ამბავი დიდად არ ახარებთ, რადგანაც თავად პატია “ქართული ოცნება” ძალიან დასუსტებულია და აღარ ჩანს.

მიუხედავად ახალი პრემიერის, გიორგი კვირკაშვილის დიპლომატიური მიდგომისა, მან მთავარი პარტიის დომინანტობის პირობა ვერ შექმნა. ეს პარტია გარე თვალიდან ისე მოჩანს, თითქოს კოალიციაში საერთოდ არ არსებობს. კოალიციის სხვა პარტიები უფრო ხილვადები არიან, ვიდრე “ქართული ოცნება”.

რეზონანსი”, 25 მარტი, 2016 წელი

ოცნებისსაარჩევნო სიისოქროს სამეული

ეკატერინე ბასილაია

გიორგი კვირიკაშვილი, დავით სერგეენკო და კახა ალაძე – ეს არის ის სამი მინისტრი, რომლებიც “ქართულ ოცნებაში” საპარლამენტო სიისთვის “ოქროს სამეულად” მიიჩნევა.

პირველ ნომრად პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი სახელდება. ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი კი არც სიაში იქნება და არც პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია, თავად საუბრობდა არჩევნებში აქტიურ ჩართვაზე, როგორც ჩანს, ამ “აქტიურობაში” პოლიტიკაში დაბრუნება არ იგულისხმება. ხოლო რა ფორმით მოხდება ჩართვა, ეს ჯერ თავად პარტიის აღმასრულებელმა და გენერალურმა მდივნებმაც არ იციან.

პარლამენტში ფრაქცია “ქართული ოცნების” 47 დეპუტატიდან, სავარაუდოდ, ნახევარი სიაში ადგილებს შეინარჩუნებს, მეორე ნახევარი – არა. თუმცა კონკრეტულად ვინ დარჩება სიაში და ვინ – სიის მიღმა, ამას არც საზოგადოება და არც თავად პარტიის წევრები აპრილში დაგეგმილ ყრილობაზეც ვერ გაიგებენ.

არ სახელდება არც ახალი სავარაუდო სახეების ვინაობა. საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ იქნებიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც და კონკრეტული სფეროს სპეციალისტებიც – ეკონომისტები, იურისტები თუ ინგლისურის მცოდნეები. მათ შორის ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული “2030″-ის ექსპერტები. დიდი ალბათობით, სიის საბოლოო ფორმირება არჩევნებამდე ორი თვით ადრე, ცესკოში რეგისტრაციის წინ გახდება ცნობილი, ანუ, სავარაუდოდ, ზაფხულის დასასრულს.

როგორც პოლიტოლოგები აცხადებენ, ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი სიების ფორმირებას არ ჩქარობს იმიტომ, რომ პარტიაში დაპირისპირებას არ ჰქონდეს ადგილი. ამის ალბათობა კი დიდია. გუშინ პარტია “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში საოლქო ორგანიზაციების კონფერენცია გაიხსნა, სადაც პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო მზადებაზე ისაუბრეს.

კახა კალაძემ განაცხადა, რომ პარტიული სიის პირველი ნომერი ივანიშვილი არ იქნება და მან ექსპრემიერის პოლიტიკაში დაბრუნება საერთოდ გამორიცხა.

“ამ ადამიანმა თავისი ნებით დატოვა თანამდებობა. ასე რომ, ის ისევ დაბრუნდეს პოლიტიკაში და სიაში ვიხილოთ, არ იქნება სწორი”, – განაცხადა კალაძემ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ივანიშვილი საარჩევნო პროცესში ჩაერთვება, რადგან ექსპრემიერმა თავად განაცხადა, რომ ის ჩაერთვება “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო სამზადისში, თუმცა, რა ფორმით მოხდება ეს, ამაზე ჯერჯერობით საუბარი არ ყოფილა და ამდენად ეს მისთვისაც უცნობია.

“ბატონმა ბიძინამ თავად განაცხადა, რომ ის აქტიურად ჩაერთვება ჩვენს წინასაარჩევნო სამზადისში, თუმცა რა ფორმით მოხდება ეს, ამაზე საუბარი ჯერჯერობით არ ყოფილა. ეს, პირველ რიგში, ბატონ ბიძინაზეა დამოკიდებული. ამაზე, ბუნებრივია, გუნდში იქნება მსჯელობა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სიის ფორმირებაზე კი პარტიის ლიდერებმა კონკრეტული ისევ არაფერი თქვეს. ირაკლი კობახიძემ განაცხადა ის, რომ პარტიის მთავარი ამოცანა გუნდის თვისობრივი განახლებაა. მათთვის მიზანშეწონილი არ არის სახელების და გვარის დაკონკრეტება და ამისგან შეგნებულად იკავებენ თავს.

“ჩვენი მთავარი პრიორიტეტი გახლავთ გუნდის გაძლიერება იმ სფეროებში სადაც პარლამენტს განსაკუთრებული ყურადღება მართებს. სამი პრიორიტეტული მიმართულებაა კანონშემოქმედებითი, ეკონომიკური და საგარეო სფერო და ამაზე გაკეთდება აქცენტი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ და მან ასევე არ გამორიცხა, რომ სიაში, შესაძლოა, აღმოჩნდნენ საზოგადოება 2030-ის ექსპერტებიც.  მისი თქმით, პარტიის ახალი სახეები საზოგადოების წინაშე თანდათანობით გამოჩნდებიან, ხოლო საბოლოო სახეს პარტიის საპარლამენტო სია, მისივე თქმით, არჩევნების წინ მიიღებს.

მართალია, ჯერ არავის დაუდასტურებია, მინისტრები მინისტრთა პორტფელებს დათმობენ თუ არა, დროებით მაინც, რადგან პარტიულ სიაში გადანაცვლების გამო ეს კანონით მოუწევთ და რამდენად მომგებიანი იქნება სამი, ასე ვთქვათ, ყველაზე აქტიური მინისტრის პოსტიდან წასვლა, მაგრამ საუბარია იმაზეც, რომ “ქართული ოცნებას” საპარლამენტო სახეებიდან პირველ სამეულში მოსახვედრი კადრები არ ჰყავს. ამიტომაც სხვა გამოსავალი არ რჩებათ და ქართულ პოლიტიკაში მინისტრების საარჩევნო სიაში ჩასმის ტრადიციას “ოცნებაც” გააგრძელებს.

არც სიაში მოსახვედრი 2030-ის წევრებიდან კონკრეტული გვარები დასახელებულა. თუმცა კულუარული ინფორმაციით, ვინც გარანტირებულად მოხვდება “ოცნების” სიაში, ეს ექსპერტი ლევან კალანდაძეა.

2030-ის ექსპერტი ლევან კალანდაძე “რეზონანსთან” საუბრისას ამბობს, რომ ჯერ მსგავსი შეთავაზება არ მიუღია, თუმცა იქნება თუ არა პირადად ის საარჩევნო სიაში, “ამას ვერც უარყოფს და ვერც დაადასტურებს”.

“არ ვიცი, მიდის თუ არა ჩემი კანდიდატურის განხილვა. ჯერჯერობით სიებთან დაკავშირებით ჩემთან კონსულტაცია არ ყოფილა. დაველოდოთ. ყველა პარტიას ბევრი საკითხი აქვს გასავლელი როგორ უშუალოდ სიებთან დაკავშირებით, ისე ტექნიკური საკითხები, საარჩევნო სტრატეგია და ა.შ. აქიდან გამომდინარე, გასაკვირი არ არის კონკრეტულ გვარებზე ჩამოყალიბებულნი რომ არ არიან.

“ოქტომბრამდე საკმაო დრო აქვთ იმისთვის, რომ გარკვეული თემები შეაჯერონ, შიგნით მოიხარშოს ეს თემები და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყონ კონკრეტული კონსულტაციები კონკრეტულ პირებთან”, – აღნიშნავს ლევან კალანდაძე.

პარტია “ქართული ოცნების” საპარლამენტო სიის რაც შეიძლება გვიან გასაჯაროების მიზეზი, რომ დიდი ალბათობით პარტიის შიგნით დაპირისპირების პრევენციაა, ამაზე თავად პარტიის წევრებიც საუბრობენ ხან კულუარულად და ხანაც – ღიად და პოლიტოლოგებიც. პარტიაში ჯერ ისედაც არსებობს დაპირისპირება და არც თუ იშვიათად ეს შიდა დაპირისპირება საჯაროც კი გამხდარა. მაგალითად, როგორც ეს იყო პარტიის ყოფილი პოლიტიკური მდივნის არმაზ ახვლედიანის განცხადება “ბებერ პოლიტიკურ ნიანგებზე”, ასევე დეპუტატ ელისო ჩაფიძის განცხადება “საბჭოთა წარსულის მქონე პირების” მიერ გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღებაზე.

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე არ გამორიცხავს, რომ თუკი სია უახლოეს თვეებში გასაჯაროვდება, შიდა კულუარული დაპირისპირება ღიად გამოვა და სწორედ ამის პრევენციისათვის ექსპრემიერი ივანიშვილი ცდილობს, დრო რაც შეიძლება გადაწიოს.

ჩიტაძის თქმით, მათგან ბევრი, ვინც დღეს პარლამენტის წევრია და სიის მიღმა დარჩენაზე ინფორმაციას მიიღებს, გამორიცხული არ არის “ქართულ ოცნებას” დაუპირისპირდეს. გამორიცხული არ არის, ისეთი რადიკალური განცხადებებიც კი ვიხილოთ, როგორიც ვნახეთ, მაგალითად, თოფაძე-ხიდაშელს შორის. ეს კი თავად კოალიციის რეიტინგზე დადებითად ვერ იმოქმედებს. პოლიტოლოგის თვალსაზრისით, ასევე შესაძლებელია ისიც, რომ ჯერჯერობით შერჩევის პროცესი მიმდინარეობს და ბოლომდე ჩამოყალიბებულნი არ არიან, ვინ შეიძლება იყოს მომავალ სიაში. ჩიტაძე ამბობს იმასაც, რომ სიაში სპორტსმენებიც და მსახიობებიც მოხვდებიან ალბათ, მაგრამ ალბათ უფრო ახალი სახეები.

“დღეს მოქმედი პარლამენტარი სპორტსმენები და მსახიობები გარკვეულწილად დისკრედიტირებულები არიან. შესაძლოა, ისინი ცნობილები არიან როგორც კარგი მსახიობები ან სპორტსმენები, მაგრამ როგორც კარგი პოლიტიკოსები – არა. “ოცნებამ” ახალ საარჩევნო სიაში სპორტსმენები და მსახიობები, საზოგადოებაში პოპულარული პირები შეიძლება ჩართოს, მაგრამ ისეთები, რომლებიც პოლიტიკოსად ჯერ ცნობილები არ არიან და ამ მხრივ იმიჯი გაფუჭებული არ აქვთ. ასეთებს უფრო მეტი პერსპექტივა აქვთ.

“თუმცა მარტო ცნობადი ადამიანების ამარა პარტიის სია არ უნდა იყოს. ყველა სპეციალობას მივესალმები, მაგრამ ყველაზე მეტად პარტიის სიაში ეკონომისტები, იურისტები ან სხვა სპეციალობის წარმომადგენლები უნდა იყვნენ, ისეთები, რომლებიც საკანონმდებლო საქმიანობაში უფრო სრულყოფილად ჩაერთვებიან, ვიდრე, მაგალითად, ცნობილი მსახიობები”,-მიიჩნევს ჩიტაძე.

რეზონანსი”, 25 მარტი, 2016 წელი

ინტერვიუ ირაკლი ბათიაშვილთან: “არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ დაცული ვართ… ტერორისტებს კავკასია სატრანზიტო დერეფნად სჭირდებათ

თიკო ოსმანოვა

“თუ გავაანალიზებთ სიტუაციას, შეიძლება დასკვნის გაკეთება, რომ დღეს “ისლამური სახელმწიფოს” სტრატეგიაში საქართველო არ განიხილება, როგორც ტერორისტული სამიზნე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კავკასია მათ ინტერესში არ არის”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას “დემოკრატიული მოძრაობა ერთიანის საქართველოს” წევრი ირაკლი ბათიაშვილი. ევროპაში განხორციელებულ მორიგ ტერაქტზე და საქართველოს რისკებზე “რეზონანსი” სწორედ მას ესაუბრა.

„ბრიუსელში მომხდარი ტერაქტი არის იმის შედეგი, რომ მიმდინარეობს ტერორისტული ომი. მას ასევე შეიძლება დაერქვას, როგორც სპეციალისტები ამბობენ, სიმეტრიული მეოთხე თაობის ომი. ეს არის თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე დიდი გამოწვევა. “ისლამურმა სახელმწიფომ” დარტყმა მიაყენა ევროატლანტიკურ სამყაროს. როგორც ცნობილია, ჯერ უმძიმესი აქტი განახორციელეს გასული წლის ნომებერში პარიზში და შემდეგ ევროპის შუაგულში, ბრიუსელში, სადაც განთავსებულია ნატოს შტაბბინა, ევროპარალმენტი და სხვა. ასევე აღსანიშნავია, რომ ეს ტერაქტი განხორციელდა სალეჰ აბდესლამის დაკავებიდან მეოთხე დღეს. როგორც ცნობილია, აღნიშნული პირი გახლდათ ერთ-ერთი მთავარი ფიგურა პარიზში მომხდარი ტერაქტისა. რა თქმა უნდა, ბრიუსელში მომხდარი ტერაქტის მთავარი საბაბი ეს არ იყო, მაგრამ ამასთანაც არის მიბმული. “ისლამური სახელმწიფო”, როგორც ცნობილია განთავსებულია რამდენიმე ძირითადად ტერიტორიაზე, აკონტროლებს სირიასა და ერაყს, მაგრამ არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ აქ ლოკალიზდება მხოლოდ.

თანამედროვე საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციებს აქვს მეტასტაზური ბუნება – იგი არის ყველგან და ამავე დროს არსად. მას ლოკალიზების მუდმივი ადგილი არ გაჩნია. დღეს შეიძლება ერთ ადგილას იყოს, ხვალ მეორე ადგილას ამოყვინთავს, ზეგ მესამე ადგილას. ეს არის უზარმაზარი საფრთხე თანამედროვე მსოფლიოსი“, – ამბობს ირაკლი ბათიაშვილი.

- რა უნდა დაუპირისპიროს ამას მსოფლიომ?

- ნუ ჩავთვლით, რომ ერთადერთი საფრთხე მარტო “ისლამური სახელმწიფოა”. ყველაზე მძიმე ტერორისტული აქტები განხორციელდა და ამცნო მსოფლიოს, რომ ამის ერა დაიწყო – 1998 წელს ლიბიაში, რომელიც “ალქაიდამ” განახორციელა, შემდეგ 2011 წელს აშშ-ში განხორციელებული ტერორისტული აქტები, ავღანეთში თალიბანი ახორციელებს პერმანენტულ ტერორისტულ შეტევებს. ასე რომ, ნუ ჩავთვლით, რომ პრობლემა, მარტო “ისლამური სახელმწიფოა”. დღეს შეიძლება წინა პლანზე “ისლამური ხალიფატი” წამოიწიოს, მერე ალქაიდა, მერე კიდევ სხვა რა რაღაცა. ეს სამწუხაროდ, მუდმივ მეტამორფოზებს განიცდის.

- გამოსავალს რაში ხედავთ?

- არავის არ უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ საერთაშორისო ტერორისტული საფრთხე საერთოდ დაამარცხდეს. ეს არარეალურია ისევე, როგორც ადამიანმა არ შეიძლება ავადმყოფობა, როგორც ფენომენი, მოსპოს. ტერორიზმი ონკოლოგიური ფესვების მქონეა. მაგრამ, რა თქმა უნდა, საჭიროა გაცილებით ეფექტური კონტრტერორისტული სტარტეგიის შემუშავება, რომ ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეები მაქსიმალურად შემცირდეს.

ამაზე ფიქრობენ სწორედ მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები და მათი სპეცსამსახურები. ეს ნამდვილად შესაძლებელია და ამას სჭირდება მუდმივი კონტროლი იმიტომ, რომ შენ, რომ მოახდენ ნეიტრალიზებას, თუ ყურადღება მოადუნე, ისევ იფეთქებს, როგორც ავთვისებიან სიმსივნებს ახასიათებს, ისევ წავა მეტასტაზები.

- რამდენად სწორად უპირისპირდება ევროპა ამ საფრთხეს?

- ნუ ვიტყვით, რომ ისინი არაფერს არ აკეთებენ საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ. თადარიგის დაჭერა დაიწყეს ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის მიწურულს. ძალიან სერიზოულ დონეზე შეიმუშავეს პოლიტიკა, მით უმეტეს 2001 წლის მოვლენების შემდეგ. ამაზე დღემდე მუდმივად მუშაობენ უძლიერესი ქვეყნების სპეცსამსახურები და ანალიტიკოსები და ექსპერტები. ასე რომ, იმის თქმა, რომ ევროპა არაფერს აკეთებს, არასწორია. ევროპა დამატებით მძიმე მდგომარეობაში და ქაოსში ჩავარდა მიგრაციის საშინელი ტალღის გამო, რომელიც მატულობს. ამას ვერაფერს ვერ უშვრებიან და, პლუს, დაემატა უმართავი სიტუაცია, რაც ხდება მახლობელ აღმოსავლეთში, რომელიც ომის მუდმივ კერად იქცა. აქედან გამომდინარე, თავისთავად ცხადია, არ შეიძლება ვთქვათ, რომ არაფერს არ აკეთებს ევროპა, რუსეთი ან ჩინეთი. აბსოლუტურად ყველა მუშაობს. ბელგიას და საფრანგეთს ჰყავს უძლიერესი სპეცსმსახურები და ვხედვთ, რომ დაუცველები არიან, ამიტომ არ მინდა დავზაფრო ჩვენი მოსახლეობა, მაგრამ ჩვენც არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ დაცული ვართ.

- არსებობს საფრთხე, რომ ტერორისტების სამიზნე საქართველოც გახდეს?

- ალბათობა ყველაფრის არსებობს, მით უმეტეს, რომ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ არეალში ვცხოვრობთ. მაგრამ, თუკი გავაანალიზებთ სიტუაციას და არსებულ ინფორმაციას, შეიძლება დასკვნის გაკეთება, რომ დღესდღეობით საერთაშორისო ტერორისტული წამყვანი ორგანიზაციების, “აისისი” და ალქაიდას სტრატეგიაში საქართველო არ განიხილება, როგორც ტერორისტული შემოტევის სამიზნე ობიექტი. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კავკასია მათ ინტერესში არ არის.

საქართველო და სამხრეთ კავკასია მათთვის სერიოზული სტრატეგიული სფეროა, ოღონდ როგორც სატრანზიტო დერეფანი. ანუ ასაფეთქებელი ნაწილების, იარაღების და მათი გადადგილებისათვის. ეს არის ძალიან სერიოზული მომენტი და ჩვენს სპეცსამსახურებს მართებთ ძალიან სერიოზული მუშაობა და ოპერატიული კონტროლი. უნდა ვიცოდეთ, რომ დერეფნიდან სამიზნებდე ერთი ნაბიჯია, ამიტომ გვმართებს სერიოზული ყურადღება ამ საკითხებზე.

„ახალი თაობა“, 25 მარტი, 2016 წელი

სტატიების მიმოხილვა

„ახალ თაობაში“ გამოქვეყნებული მასალების მოკლე მიმოხილვა:

ა) რატომ უარყო „ქართულმა ოცნებამ“ ირაკლი ღარიბაშვილი? (ავტორი – შორენა მარსაგიშვილი).

სტატიაში ფართოდაა გადმოცემული საქართველოს ექს-პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში სავარაუდო დაბრუნებასთან დაკავშირებული განცხადებები, კომენტარები და ა.შ.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების თაობაზე მასთან მოლაპარაკებას ვაწარმოებთო, 24 საათსაც არ „უცოცხლია“, განცხადება სწრაფად უარყვეს ჯერ კახა კალაძემ, შემდეგ თვითონ ირაკლი კობახიძემ – „არავის უთქვამს, რომ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთო, ეს დღის წესრიგში არ დგასო“. საერთოდ, ირაკლი კობახიძე ზოგჯერ ისეთ განცხადებებს ავრცელებს, რომ „ქართულ ოცნებას“ უხერხულობაში აგდებს, აღნიშნავს სტატიის ავტორი, რომელიც საარჩევნო სიების შედგენის საკითხსაც ეხება და ირაკლი კობახიძის სიტყვების ციტირებას ახდენს: „გვარებს არ დავაკონკრეტებთ, მაგრამ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი გუნდის გაზლიერება გახლავთ, ანუ სადაც საჭიროა საპარლამენტო მუშაობის გააქტიურება, იმ სფეროს სპეციალისტებს ჩავთავთ სიაში. მაგალითად, ჯგუფ „20/30“-დან“. კახა კალაძის თქმით, სიაში ზოგი ნაკლებად ცნობილი სახე, მაგრამ წარმატებული ახალგაზრდები იქნებიან, სპორტსმენებიც, ქალებიც…. „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ კომპრომატებიანი ადამიანები პოლიტიკიდან უნდა წავიდნენ.

ბ) ინტერვიუ ნანა კაკაბაძესთან: „დათა ახალაიას წითელი ცირკულარიდან ამოღება კორუფციული გარიგები შედეგია“ (ავტორი – ნონა ცაბაძე).

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე ჯურნალისტთან საუბარში კომენტარს უკეთებს „ნაციონალების“ ყოფილი ხელისუფლების თვალსაჩინო წარმომადგენლის დატა ახალიას მიმართ ინტეპოლის მიერ ძებნის მოხსნის თაობაზე და ამბობს, რომ ეს შესაძლებელი გახდა იმიტომ, რომ „ნაციონალებს“ საზღვარგარეთ სერიოზული ლობი ჰყავთ და გარიგება მოახდინეს. „ეს ფაქტი საქართველოს ხელისუფლებისათვის ძალზე დამამცირებელია. დასავლეთი საქართველოს მასხარად იგდებს. არადა, საზოგადოება უკვე რამდენიმე წელია სამართლიანობის აღდგენას ითხოვს. სწორედ ამიტომ დაეცა „ქართული ოცნების“ რეიტინგი, რომ ამ მიმართულებით ხელისუფლება არაფერს აკეთებს“.

გაზეთში გამოქვეყნებულია აგრეთვე იტერვიუ არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერ კონსანტინე გამსახურდიასთან – იგი საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის ცნობილ ხუთპუნქტიან ვარიანტზე საუბრობს (სათაური: კონსტანტინე გამსახურდია: ხელისუფლებამ და ოპოზოციამ კარში ყველა გოლი არ უნდა გაიტანოს“), აგრეთვე ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ლიდერთან თამარ ჩხეიძესთან, რომელიც გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის შეხვედრას ეხება (თამარ ჩხეიძე: „გრიგორი კარასინის განცხადებაც ცუდი იყო და ზურაბ აბაშიძისაც“).

საერთო გაზეთი“, 23 მარტი, 2016 წელი

ჰოდა, მე ვბედავ!

რატომ არ ვუწოდებ რუსეთს ოკუპანტს?

გიორგი ჩხეიძე

1832 წლის შეთქმულება რუსეთის წინააღმდეგ იესე ფალავანდიშვილის ღალატით გამოაშკარავდა და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის იდეამ დროებით, მაგრამ კაი ხნით ადგილი დაუთმო რუსეთის იმპერიაში ქართველი ერის ფიზიკურად გამრავლების, განათლების, კულტურის აღორძინების, იმდროინდელი მოწინავე ტექნოლოგიების ათვისების და სხვა, ერისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ამოცანებს!

ქართველმა ერმა ელემენტარულად, წერა-კითხვა ისწავლა, ხოლო მისი უკეთესი შვილები პეტერბურგ-მოსკოვ-კიევი-ოდესის გავლით ევროპის სხვა ქალაქების უნივერსიტეტებშიც ეზიარნენ უმაღლეს განათლებას.

მიხეილ ვორონცოვის რუდუნებით დაარსდა პირველი ქართული გაზეთები, თეატრი, ოპერა; სწორედ პეტერბურგიდან მობრუნებულმა ე.წ. თერგდალეულებმა, დიდი ილიას მეთაურობით, შექმნეს ახალი ქართული მწერლობა; განვითარდა ვაჭრობა, მრეწველობა, ტფილისი გახდა სრულიად კავკასიის უმთავრესი ქალაქი, და რაც უმთავრესია, ქართველი ერი ფიზიკური განადგურების საფრთხეს გადაურჩა – XIX საუკუნის დამდეგს, ანუ, რუსეთთან შეერთებისას აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობა სულ რაღაც 70 ათას (!) ოჯახს (დემოგრაფ ანზორ თოთაძის მონაცემებით) ითვლიდა, ხოლო XIX საუკუნის მიწურულს რუსეთის იმპერიაში ჩატარებული აღწერის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობამ 1.5 მილიონს გადააჭარბა!..

1850 წლის ნოვგოროდის იარმარკაზე თბილისელ ვაჭრებს 1.195019 მანეთის საქონელი ჩაუტანიათ. დასავლეთ საქართველოდან სიმინდის დიდი რაოდენობა გაჰქონდათ ინგლისში და ირლანდიაშიც კი.

აქედან გამომდინარე, ნატოს ქიმერით, ევროპასთან ასოცირების და ახლა უკვე ე.წ. ვიზალიბერალიზაციის ცრუ პერსპექტივებით გონდაბნელებულთა საყურადღებოდ რამდენიმე კითხვას დავსვამ:

იცით თუ არა, რამდენი ევროს ეკვივალენტია დღეს მაშინდელი `მილიონსჩემტო~ ოქროს რუსული რუბლი. რისი ღირებულების საქონელიც, საქართველოს რუსეთთან “ძალით” შეერთებიდან სულ რაღაც 50 წლის შემდეგ შეუტანიათ თბილისელ ვაჭრებს ნოვგოროდის ბაზრობაზე და როდის, ევროპის ასოცირებასთან “ნებაყოფლობით” მიერთებიდან რამდენი წლის შემდეგ გაიტანს საქართველო მილიარდობით ევროს ღირებულების საქონელს ევროკავშირის ქვეყნებში.

ეს ისე, მცირე ლირიკულ-რიტორიკული გადახვევა…

ახლა მავანი დამამუნათებს, რუსეთმა გააუქმა ბაგრატოვანთა სამეფო ტახტი და ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, კირით შეგვითეთრეს ფრესკები, ქართველთა გარუსება მოინდომეს და ა.შ. სხვა მრავალი ვნება მოგვაყენეს ჯერ რომანოვების და შემდეგ სტალინის იმპერიაში 200 წლის მანძილზეო და მერე რა?

ეს ყველაფერი ჩემს შესაძლო ოპონენტებზე კარგად იცოდნენ მაშინ მოღვაწე საქართველოს გამორჩეულმა შვილებმა, მაგრამ…

პირუთვნელმა ისტორიკოსებმა მე-19 საუკუნის დასაწყისი მაინც უმნიშვნელოვანეს მომენტად მიიჩნიეს ქართველი ხალხის ისტორიულ განვითარებაში, რადგან ამ დროიდან იწყება ახალი პერიოდი ქართველი ხალხის სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში.

XIX საუკუნის დასაწყისიდან ქართველი ხალხის ბედი მტკიცედ დაუკავშირდა რუსი ხალხის ბედს.

ქართველი ხალხის ფიქრთა მპყრობელმა ილია ჭავჭავაძემ ბრწყინვალე პუბლიცისტურ წერილში, “ასის წლის წინათ”, რომელიც 1899 წლის 26 ნოემბერს დაწერა და საქართველოში რუსის ჯარის პირველად შემოსვლის 100 წლისთავს მიუძღვნა. რუსეთთან საქართველოს შეერთების ისტორიული მნიშვნელობა შემდეგი სიტყვებით გადმოსცა:

„დამშვიდდა დიდი ხნის დაუმშვიდებელი, დაღალული ქვეყანა, დაწყნარდა აკლებისა და აოხრებისაგან, დასცხრა ომისა და ბრძოლისაგან. დადუმდა ჟღერა ხმლისა და მახვილისა, მტრისა ხელით მოღერებულისა ჩვენზე და ჩვენს ცოლ-შვილებზე, გაჰქრა ცეცხლი, რომელიც სწვავდა და ჰბუგავდა ჩვენს მამა-პაპათა ბინას, ჩვენს საცხოვრებელს, გათავდა რბევა და აკლება, მიეცა წარსულს და მარტო საშინელ და შემაძრწუნებელ სახსოვრად-ღა დაგვრჩა“…

ნიშანდობლივია, რომ ალექსანდრე პირველის მანიფესტის გამოცხადებისთანავე საქართველოში აილაგმა ლეკიანობა და ისლამის ოკეანეში კვლავ აღმოჩენის პერსპექტივა არავის აშინებდა…

XX საუკუნის დასაწყისში კი, რუსეთის დუმის დეპუტატი, თავადი ილია ჭავჭავაძე რუსეთის იმპერიის შიგნით ითხოვდა საქართველოს კულტურულ ავტონომიას. ეგ იყო და ეგ, რადგანაც ილია მართალსაც კარგად ესმოდა, რომ საქართველოს ძლიერი შემწე-მფარველის გარეშე გაუჭირდებოდა დამოუკიდებლად არსებობა, საკუთარი ისტორიული მეს შენარჩუნება!

დიდი ილიას შიშები რომ უსაფუძვლო არ იყო, დღეს გამოჩნდა – ვითომ დამოუკიდებელი სახელმწიფო გვაქვს, მაგრამ სამშობლოს გვართმევენ!

რუსეთის იმპერიაში სახელმწიფო არ გვქონდა, მაგრამ გვქონდა სამშობლო…

პარადოქსია ისიც, რომ ქვეყნის „მთავარი ოპოზიციური ძალა“ ნაცბანდა, ნიადაგ ამუნათებს მეოცნებე ხელისუფლებას, რომ ისინი პრორუსულები არიან, პუტინის თამაშს თამაშობენ და ა.შ. ეს უკანასკნელნი კი ხელებს ასავსავებენ, რის რუსეთი, რა პუტინი, პირდაპირ ევროკავშირ-ნატოსკენ გვიჭირავს გეზიო!

არადა, ქვეყანა თავზე გვექცევა – აგერ თითქმის 4 წელიწადია საქართველო-რუსეთის „ახალი ურთიერთობები“ კარასინ-აბაშიძის ფორმატს და რუსეთის ბაზარზე „ორიოდე“ ბოთლი ქართული ღვინო-ბორჯომის შეტანას ვერ გასცილებია.

ამიტომაც არის, რომ რუსეთის მხრიდან ე.წ. მცოცავი ანექსია კონფლიქტის ზონაში გრძელდება და თუ ამჯერად ვიზალიბერალიზაციით დაბოლილები, უილაჯო არა, არას არ მოვიშლით, ცოცვა ხტუნვაში გადაიზრდება და მავთულხლართებს იქით ქუთაისთან, ხოლო აქეთ თბილისთან გადმოიტანენ!

ამ რეალობაში ქართველი ურაპატრიოტები „რკინისებური არგუმენტებით“ გვიპირისპირდებიან პრაგმატულად მოაზროვნეებს – თუ ერთმორწმუნეები არიან და ჩვენთან მეგობრობა უნდათ, დაგვიბრუნონ ჩვენი ტერიტორიების 22 %-ო!

პარადოქსი არ არის, რომ რუსეთს, მხოლოდ მტრად განვიხილავთ, ხოლო მართლაც ისტორიულ მტერს, თურქეთს, რომელსაც სამუდამოდ აქვს მიტაცებული ჩვენი ტერიტორიები, უპირველეს მეგობრად. ქვეყანას, რომლის ეკონომიკური ანექსია უკვე თბილისშიც და განსაკუთრებით აჭარაშია თვალნათელი. სახელმწიფო, რომლის პრემიერ მინისტრი დავიდ ოღლუ პირდაპირ აცხადებს, რომ თურქეთის საბოლოო მიზანი ე.წ. დიდი თურანის იმპერიის აღდგენაა, სტამბოლიდან, ბათუმი, სარაევომდე, რისთვისაც გლობალიზაციის პირობებში სულაც არ არის საჭირო ტანკები და ბომბებიო – ეკონომიკურ ექსპანსიაზე უკვე მოგახსენეთ და საქართველოს ტელევიზიებში საეჭვოდ მომრავლებული თურქული სერიალები ამ პროცესის პროპაგანდისტული შემადგენელია.

თურქების მიერ ანექსირებულისგან განსხვავებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულის დაბრუნების შანსი ჯერ კიდევ არსებობს და თუნდაც ამიტომ არ ვუწოდებ რუსეთს ოკუპანტს.

ეგეც არ იყოს, და იქნებ ისიც დაგვეთვალა, რამდენი ტერიტორია დააბრუნა XIX საუკუნეში რუსულმა იარაღმა და ირან-ოსმალეთთან ომებში დაღვრილმა რუსულმა სისხლმა, ფორმალურად რუსეთის იმპერიის ქუთაისისა და თბილისის გუბერნიებში, რეალურად კი ერთიან ქართულენოვან კულტურულ სივრცეში. ტერიტორიები, რომლებიც XX საუკუნეში რომანოვების იმპერიის დამხობის შემდეგ უკვე ფორმალურადაც საქართველოს იურისდიქციაში მოექცა და ის, რომ მაშინ დამოუკიდებლობაც დავკარგეთ და ტერიტორიებიც, სტალინ-ორჯონიკიძეზე მეტად უნიათო მენშევიკების ბრალი იყო!..

იქნება ისიც გაგვეხსენებინა, როგორ განუცხადა მოკავშირეებს სტალინმა 1945 წლის იალტის კონფერენციაზე, რომ თურქეთმა უნდა დაუბრუნოს საქართველოს წართმეული ტერიტორიებიო – სიტყვას საქმეც მოაყოლა დიდმა ბელადმა და სარფიდან ვიდრე ტრაპიზონამდე უკვე რაიკომის მდივნობის კანდიდატებსაც კი განიხილავდნენ პოლიტბიუროში და რომ არა დღევანდელი ჩვენი „მეგობარი“ აშშ, რომელმაც სტალინის მადის მოსათოკად, მის დასაშინებლად, უკვე დამარცხებულ იაპონიას ატომური გენოციდი მოუწყო, ვინძლო დღეს ტრაპიზონში ყოფილიყო საქართველოს საზღვარი…

მაშ, ვინ არის „მტერი მამულის“ და ვინ უნდა “მივცეთ მახვილსა ლესულსა“?

სწორი, თანმიმდევრული და რაც უმთავრესია, გულწრფელი პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, მით უმეტეს ერთმორწმუნის მოყვრად ქცევა ადვილი შესაძლებელია!

უმადურობა დიდი ცოდვაა, ხოლო ისტორიული უმადურობის ცოდვისთვის პასუხს მთელი ერი აგებს. ამიტომ, როდესაც რუსეთის მხრიდან ქართველებისთვის მიყენებულ ზიანზე ვლაპარაკობთ, არც რუსეთთან თანაცხოვრების სიკეთეები უნდა დავივიწყოთ!

მთავარი მტერი მამულის თავისუფლების ინსტიტუტი და მის ბაზაზე დაჩეკილი გველის წიწილები, ოკეანის გაღმიდან თუ ევროპიდან უხვად ფინანსირებული ასოები, მათი სკოლაგამოვლილი ლიბერასტი პოლიტიკოსები არიან, რომლებმაც რუსეთს ლამის საშვილიშვილოდ გადაგვკიდეს, რომლებიც ყოველგვარ ქართულს, მართლმადიდებლურსა და ტრადიციულს უკვე აშკარად ებრძვიან და სწორედ ისინი უნდა “მივცეთ მახვილსა ლესულსა”. საბოლოო ჯამში დღეს უღმერთობა ებრძვის ღმერთს, უზნეობა, ზნეობას, პედერასტობა – ვაჟკაცობას, ნორმალურობა, არანორმალურს და ყველა ნორმალური ადამიანის სიმპათიები რუსეთის მხარეს იხრება!

მიუხედავად ამისა, საქართველოში დღემდე არ არსებობს ძლიერი, ე.წ. რუსული ლობი და ეს, უწინარესად, თავად რუსეთის ბრალია, რომელიც სერიოზულ კაპიტალს არ დებს ქართულ პოლიტიკაში და რასაც დებს, ისეთ ოდიოზურ პიროვნებებზე გავლით, რომ პრორუსულობის იდეა თავშივეა დისკრედიტირებული.

ამიტომაა, რომ ქართულ რეალ-პოლიტიკაში შესასვლელი საშვი იმაზე გადის, როგორ გააღმერთებ ამერიკას და, შესაბამისად, როგორ აგინებ რუსეთს!

არადა, თუნდაც მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთთან ერთ სახლში 2 საუკუნე ვიცხოვრეთ, აბსოლუტურად ნორმალურია, რომ ყოველგვარი „პროების“ გარეშე საქართველოში არსებობდეს ქართული, ეროვნულ-ტრადიციულ-მართლმადიდებლურ ღირებულებებზე დაფუძნებული პარტია, რომელიც საქართველოს მომავალს რუსეთს დაუკავშირებდა და ამის გამო მოღალატედ არ შერაცხავდნენ.

აი, ეს კი იმის ბრალია, რომ საქართველოში დღემდე არ აღმოჩნდა პოლიტიკოსი, რომელიც პირდაპირ, ყოველგვარი რევერანსების გარეშე დასავლეთის თუ ადგილობრივი ლიბერასტების მიმართ გაბედავდა და ყველაფერს თავის სახელს დაარქმევდა…

ჰოდა, მე ვბედავ…

მხოლოდ რუსეთთან ერთად მოჩანს საქართველოს მომავალი განვითარება, მხოლოდ რუსეთთან ერთად მიჩანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა! მხოლოდ რუსეთთან ერთად ვხედავ მართლმადიდებლობის გამარჯვებას და, აქედან, მხოლოდ რუსეთთან ერთად მიჩანს საკუთარი იდენტობის გადარჩენა!

რუსეთთან ერთად მოჩანს, რომ სახელმწიფოც მქონდეს და სამშობლოც!

————–

ზემორე თქმულიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობას ალტერნეტივა არა აქვს!

მიუხედავად ამისა 4 წელიწადია არ დაადგა საშველი რუსეთ-საქართველოს პირველ პირთა უმაღლეს დონეზე შეხვედრას, რომლის ინიციატივა ყოველთვის რუსეთიდან მოდის. არადა პირიქით უნდა იყოს, რადგანაც კითხვა – ვის უფრო სჭირდება ,ეს შეხვედრა, რუსეთს თუ საქართველოს, რიტორიკულია!

არა და არ წყდება სამთავრობო თუ არასამთავრობო ხლისტების ურაპატრიოტული ღნავილი, რომ შეხვედრა მხოლოდ საქართველოს დეოკუპაციის დღის წესრიგით უნდა შედგეს, რაც იმას ნიშნავს, რომ შეხვედრა არ შედგება, რადგან ეს იმას ჰგავს, რომ სახლის შენება სახურავიდან დაიწყო!

სოხუმ-ცხინვალის პრობლემის მოგვარება გრძელვადიანი ამოცანა უნდა იყოს… მართალია ამ პრობლემის გასაღები მოსკოვშია, მაგრამ ეს ბურატინოს გასაღები არ არის, რომლის ერთი გადატრიალებით სამოთხის კარები გაიღება! თუ ვინმეს ჰგონია, რომ პუტინის ერთ ბრძანებაზე აფხაზები და ოსები მუხლიჩოქვით მოფორთხდებიან და ქართული ჯარის ამერიკულ ბაშმაკებს დაუწყებენ ლოშნას, ძალიან ცდება!

საერთოდ, უნდა გვესმოდეს და შევეგუოთ იმ აზრს, რომ ეს, თუნდაც მხოლოდ რუსეთის მიერ აღიარებული დამოუკიდებელი სახელმწიფოები ავტონომიური სტატუსით აღარასოდეს შემოვლენ საქართველოს შემადგენლობაში – ყოველ შემთხვევაში უახლოეს მომავალში ეს არ მოხდება! ის პოლიტიკოსი კი, რომელიც საპირისპიროს ამტკიცებს, ან ბრიყვი ურაპატრიოტია და ან ჭკვიანი დემაგოგი!

ნებისმიერ შემთხვევაში ყველაფერი რუსეთის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული და წადი რა, შეხვდი, დაელაპარაკე, როგორც იტყვიან, იქნებ თხა იყოს, ტყუპი მოიგოს…

წინაპირობების წაყენებას რუსეთს აშშ ვერ უბედავს და საქართველო ვის დაკარგვია?

რეზონანსი”, 25 მარტი, 2016 წელი

მინისტრმა მოგვცა პირობა, რომ უნივერსიტეტსოდეერებიმოსცილდება

სტუდენტური თვითმმართველობის ცლილებებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა იქმნება

გვანცა ღვედაშვილი

“აუდიტორია #115″-ის წევრები სტუდენტური თვითმმართველობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივას მარტის ბოლოს წარადგენენ. ხოლო თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც მაისში უნდა გაიმართოს, სავარაუდოდ, უკვე ახალი კანონმდებლობით ჩატარდება.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე “აუდიტორია #115″-ისა და სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, მათ შორის იყო სტუდენტური თვითმმართველობის სტრუქტურის რეფორმირება და აღნიშნულთან დაკავშირებით ახალი ინიციატივის წარდგენა, აგრეთვე უნივერსიტეტში “ოდეერების” არსებობა და ის ცვლილებები, რომელიც აკადემიური საბჭოსა და რექტორის არჩევისას უნდა განხორციელდეს.

როგორც შეხვედრის შემდეგ თამარ სანიკიძემ განაცხადა, სტუდენტებთან იმ კონკრეტულ პრინციპებზე შეთანხმება, რომელსაც თვითმმართველობასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები დაეფუძნება, მიღწეულია და ახლა მათგან კონკრეტულ საკანონმდებლო ინიციატივას ელოდებიან, რომელიც პარლამენტში გადაიგზავნება.

მინისტრის თქმით, სასურველია, რომ თვითმმართველობის სტრუქტურის რეფორმირება ამ ორგანოს ახალ არჩევნებამდე მოხდეს, რომელიც მაისში გაიმართება.

“ველოდებით სტუდენტებისგან კონკრეტულ მოდელებსა და ინიციატივებს, იმისთვის, რომ სამუშაო წინ წავიგდოთ და აქტიურ რეჟიმში გადავიდეთ. ვფიქრობ, პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს. მთავარია, ვადებში ჩავეტიოთ და თვითმმართველობის არჩევნები ახალი წესით და ახალი სტრუქტურით ჩატარდეს”, – განაცხადა განათლების მინისტრმა.

სანიკიძემ აღნიშნა, რომ სტუდენტების ჩართულობა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში უნდა იყოს უმნიშვნელოვანესი და არ არის საჭირო ამ სტრუქტურას მაინცდამაინც თვითმმართველობა ერქვას.

“არანაირად არ იქნება პრობლემური ცვლილებების განხორციელების, თუნდაც ამას ერქვას გაუქმება. უბრალოდ, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ სტუდენტების ჩართულობა საუნივერსიტეტო ცხოვრებასა და გადაწყვეტილებების მიღებაში უმნიშვნელოვანესი იქნება. ეს არის ის, რასაც ჩვენ გვეუბნება ბოლონიის პროცესი. ამაზე უამრავი დეკლარაციაა შექმნილი, რომელსაც სხვადასხვა ქვეყანა აწერს ხელს. ჩვენ ბოლონიის პროცესის წევრები ვართ და ამ პროცესებს ხელს ვუწყობთ”, – აღნიშნა სანიკიძემ.

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირინა დარჩია “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, შეხვედრაზე 20-მდე სტუდენტი იმყოფებოდა, შეთანხმება მოხდა იმ ძირეულ საკითხებზე, რომელსაც უნდა ეფუძნებოდეს საკანონმდებლო ინიციატივას.

მისი თქმით, ეს პრინციპებია – სტუდენტთა მაქსიმალური ჩართვა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, მის მართვასა და ხარისხის უზრუნველყოფის პროცესებში.

“კონკრეტულად იმის შესახებ, რომ თვითმმართველობა გაუქმდეს, ჩვენ არ გვილაპარაკია, ვისაუბრეთ არსებულ პრობლემებსა და ხარვეზებზე, აგრეთვე მოვუსმინეთ ორივე მხარეს და შევთანხმდით იმ პრინციპებზე, რომელსაც უნდა ეფუძნებოდეს სტუდენტთა ორივე მხარის მონაწილეობა უნივერსტიტეტის მართვაში.

“დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო ზოგადი ხედვებსა და პრინციპებზე შეჯერება, რასაც ჩვენ მივაღწიეთ, კონკრეტულ წინადადებებს კი უკვე თვის ბოლოს წარმოადგენენ სტუდენტები”, – განაცხადა დარჩიამ.

შეხვედრის შემდეგ “აუდიტორია #115-ის” წევრმა გიორგი არობელიძემაც განაცხადა, რომ მინისტრთან შეხვედრაზე სტუდენტებმა სამი უმთავრესი საკითხი დააყენეს. მათ შორის ერთ-ერთი თვითმმართველობის არსებული სისტემის სრული გარდაქმნაა, რაშიც იგილისხმება, რომ თვითმმართველობის ფუნქცია მხოლოდ წარმომადგენლობით საბჭოებში მუშაობა დარჩეს.

გარდა ამისა, მათი ხედვით, თვითმმართველობამ უნდა გააუქმოს პრეზიდენტის ინსტიტუტი და დეპარტამენტები. რაც შეეხება სტუდენტების საუნივერსიტეტო ცხოვრებას, სტუდენტებისთვის გამოყოფილი დაფინანსების საგრანტო-საკონკურსო კომისია უნდა შექმნას, რომ თანხა თავისუფალმა კლუბებმა გამოიყენონ, რომლებიც თავად დაგეგმავენ სხვადასხვა აქტივობებს.

“აუდიტორია #115″ გადასულია სამუშაო რეჟიმზე და მიმდინარეობს კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებების დამუშავება. განათლების სამინისტრომ შემოგვთვაზა, რომ ჩვენი ხედვა, როგორც საკანონმდებლო ინიციატივა, შეგვეთავაზებინა განათლების სამინისტროსთვის. მინისტრი თანახმაა და იზიარებს ჩვენს აზრს თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე საუბარი იყო “ოდეერებთან” დაკავშირებითაც. უნივერსიტეტში შიდა აუდიტი მიმდინარეობს და მინისტრმა მოგვცა პირობა, რომ ეს პიროვნებები აუცილებლად გამოვლინდებიან და უნივერსიტეტს “ოდეერები” მოსცილდება”, – აღნიშნა “აუდიტორია #115″-ის წარმომადგენელმა.

“მესამე საკითხი, რომელზეც შეხვედრაზე იყო საუბარი, არის აკადემიური საბჭოსა და რექტორის ასარჩევად განსახორციელებელი ცვლილებები – სამინისტრო თანახმაა აკადემიური საბჭოს წევრების რაოდენობა გაიზარდოს, თუმცა კონკრეტული შეთანხმება ამ საკითხზე ჯერ არ გვაქვს”, – განაცხადა გიორგი არობელიძემ.

როგორც სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი შალვა საბაური აღნიშნავს, იმ ცვლილებებს, რომელსაც მომავალ შეხვედრაზე “აუდიტორია #115-ის” წევრები წარმოადგენენ, თავის მხრივ თვითმმართველობა გაეცნობა და საპასუხო შეხედულებას ჩამოაყალიბებენ.

“მე რა წინადადებებიც მოვისმინე სტუდენტებისგან, ყველაფერი ისედაც ეგრეა და ამის კონკრეტიზაცია რა საჭიროა, ვერ ვხვდები. კანონი შესაძლებლობას გვაძლევს, უნივერსიტეტებმა შეარჩიონ სასურველი მოდელი შიდა რეგულაციების შესაბამისად, ამიტომ ამის დაკონკრეტება უმაღლესი განათლების შესახებ კანონში, ვფიქრობ, ზედმეტია. მაგრამ ეს სტუდენტთა ნებაზეა დამოკიდებული,” – განაცხადა საბაურმა.

რეზონანსი”, 25 მარტი, 2016 წელი

დენის გაიაფებას ლარის კიდევ 10%-ით გამყარება სჭირდება

სემეკი: “თუ მოხდა არსებითი ცვლილება და ლარი კიდევ უფრო გამყარდა, გადაიხედება ტარიფიც

მაკა ხარაზიშვილი

თუკი ლარი 2-2,05 ნიშნულამდე გამყარდება, ელექტროენერგიის ტარიფის კვლავ შემცირება დადგება დღის წესრიგში. ამ დროისთვის, სემეკი დოლარის მიმართ ეროვნული ვალუტის ცვლილებას აკვირდება. კომისიაში უნდა დარწმუნდნენ, რომ კურსი სტაბილური იქნება. ჯერჯერობით ეროვნული ვალუტა 2,30-ის ნიშნულის ფარგლებში მერყეობს.

სემეკის წევრის, გოჩა შონია “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ მოქმედ წესებში არ არსებობს კონკრეტული ჩანაწერი – სავალუტო კურსის რამდენპროცენტიანი ცვლილების შემთხვევაში უნდა შეიცვალოს ტარიფი. როდესაც ელექტროენერგია გაძვირდა, ლარი დოლარის მიმართ დაახლოებით 30%-ით იყო გაუფასურებული. რამდენიმე თვის წინ თბოელექტროსადგურებს ახალი ტარიფი 2,30-ის ნიშნულზე დაუანგარიშდათ.

“ჯერ კურსი არ არის დასტაბილურებული და გარკვეული მერყეობა ისევ შეინიშნება. ჩვენ დავაკვირდებით პროცესს. თუ მოხდა არსებითი ცვლილება და ლარი კიდევ უფრო გამყარდა, გადაიხედება ტარიფიც”, – ამბობს გოჩა შონია.

რა იგულისხმება არსებით ცვლილებაში? როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზუსტი დეფინიციას კანონი და მარეგულირებელი წესები არ განსაზღვრავს. შონიას განცხადებით, სემეკი პროცესს რეალური მდგომარეობით აფასებს. თუკი კომისია დაინახავს, რომ კომპანიები ზედმეტ შემოსავალს იღებენ, მაშინ ელექტროენერგიის ტარიფი გადაიხედება.

“თუ მოხდება მნიშვნელოვანი ცვლილება ლარსა და დოლარის შორის, ამ შემთხვევაში კომისიას ეძლევა შესაძლებლობა, რომ სატარიფო წლის განმავლობაში კიდევ ერთხელ გადახედოს ტარიფს. რამდენიმე კვირაა დაიწყო კურსმა გამყარება. ჩვენ გარკვეული დრო გვიჭირდება, რათა დავაკვირდეთ ცვლილებებს”, – ამბობს გოჩა შონია “რეზონანსთან” საუბრისას.

ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტის, რეზო არველაძის განცხადებით, ტარიფი დათვლილია დაახლოებით იმ კურსზე, რომელიც დღეს არის. ამიტომ ტარიფის გადახედვის ზედა ნიშნული უნდა იყოს 2,30 და არა 2,48 ლარი.

“როდესაც ტარიფი გაიზარდა მაშინ კურსი 2,30 ლარზე დააფიქსირეს. ახლა 2,30-ს უნდა მოაკლდეს დაახლოებით 25 თეთრი, რათა ტარიფის გადახედვის ობიექტური საბაბი შეიქმნას. თუ დოლარის მიმართ ლარი ამ დონეზე გამყარდება, მაშინ კომპანიებმა რომც არ შეიტანონ განაცხადი, მარეგულირებელ კომისიას უფლება აქვს, რომ თავად განახორციელოს ტარიფის კორექტირება”, – ამბობს რევაზ არველაძე.

ექსპერტი ზვიად კანდელაკი აღნიშნავს, რომ თუკი ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ინვესტიციები შემოვიდა და ტურისტების რაოდენობის ზრდა გაგრძელდა, წლის ბოლომდე კურსის 2-2,05-მდე გამყარების რეალური შანსი არსებობს.

“ლარის დევალვაციამ “ქართული ოცნების” რეიტინგი საგრძნობლად შეარყია. შესაბამისად, სტაბილური და გამყარებული ვალუტა, რომელიც თავის მხრივ ტარიფის გაიაფებასაც გამოიწვევს, წინასაარჩევნოდ ხელისუფლების სერიოზული “კოზირი” იქნება. ამიტომ, ვფიქრობ, ეროვნული ვალუტის გამყარება ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს”, – ამბობს ზვიად კანდელაკი.

ზაფხულში “თელასის” და “ენერგო-პრო ჯორჯიას” ტარიფები დაახლოებით 4 თეთრით გაიზარდა. მიზეზი ლარის დევალვაცია გახდა. არადა, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი მთავარი დაპირება, სწორედ ენერგოპროდუქტების გაიაფება იყო.

შეგახსენებთ, რომ დიდი სჯა-ბაასის შემდეგ, 2013 წლის გაზაფხულზე, მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3,54 თეთრით შემცირდა. უცვლელი დარჩა იგი იმ აბონენტებისთვის, რომლებიც 301 კვტ/სთ-ზე მეტ დენს იყენებდნენ. ეს კატეგორია, ძირითადად, იურიდიული პირები არიან.

ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ კი მოსახლეობას ელექტროენერგია იმაზე მეტად გაუძვირა, ვიდრე გაიაფებამდე იყო. 2015 წლის 1-ლი აგვისტოდან “ენერგო-პროს” მოთხოვნის საფუძველზე ელექტროენერგიის ტარიფი რეგიონებში 3,95 თეთრით გაიზარდა.

მოგვიანებით, სემეკს ტარიფის გადახედვა უკვე “თელასმაც” მოსთხოვა. ამ შემთხვევაშიც მიზეზად ლარის დევალვაცია დასახელდა. დენის ტარიფმა დედაქალაქშიც რეგიონების ანალოგიურად მოიმატა. მაგალითად, ის მომხმარებელი, რომელიც 101 კვ/სთ ელექტროენერგიას ხარჯავს, 1 კილოვატში 9,94 თეთრის სანაცვლოდ, აწ უკვე 12,89 თეთრს იხდის, წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ამ კატეგორიის აბონენტებისთვის ელექტროენერგიის სააფასური 12,48 თეთრი იყო.

ასევე ყველაზე დიდი საფასურის გადახდა უწევთ სხვა კატეგორიის აბონენტებსაც. მათთვის, ვინც 101-დან 301 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, 1 კვ/სთ საფასური 12,46 თეთრიდან 16,99 თეთრამდე გაიზრდა (ადრე 16 თეთრი). ყველაზე მძიმე დღეში მესამე კატეგორიის (301 კვ/სთ) აბონენტების აღმოჩნდნენ და მათთვის ელექტროენერგიის საფასური 21,65 თეთრი გახდა. მესამე კატეგორიას, ძირითადად, მცირე და საშუალო ბიზნესი მიეკუთვნება, რომლებიც ლარის გაუფასურების გამო, ისედაც საკმაოდ დაზარალდნენ.

ასე რომ, თუკი კურსი 2 ნიშნულამდე ჩამოვა, ელექტროენერგიის ტარიფი პირველი კატეგორიის მომხმარებლისთვის 10 თეთრამდე დაიწევს, ოქტომბრისთვის “ქართული ოცნება” ამომრჩეველს შედარებით პირნათელი შეხვდება.

Comments are closed