globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 25 აპრილი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Apr 25th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი“: რა არის ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტის მთავარი შედეგი?

რეზონანსი: გვექნება თუ არა ევროპასთან უვიზო მიმოსვლა, ეს 13 მაისს გაირკვევა

„ახალი თაობა“: „საქართველომ უნდა ისარგებლოს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებით”

———————-

რეზონანსი“, 25 აპრილი, 2015 წელი

რა არის ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტის მთავარი შედეგი?

თეა ბეჟიტაშვილი

გუშინ, 24 აპრილს საქართველოში ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტი დასრულდა.

„თქვენი აზრით, რა არის ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტის მთავარი შედეგი?“ – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების წევრებს მიმართა.

იგორ კვესელავა  (პოლიტოლოგი): ამ ქვეყნის ურთიერთობა ჩვენს ქვეყანასთან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს, ჩვენ ამჟამად უკრაინაში გართულებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა ვითარების გამო სრულყოფილი გასვლა არ გვაქვს უკრაინის ბაზარზე, არ გვაქვს ურთიერთობა რუსეთთან. საქართველოსთვის მთავარია ბაზრის საკითხი. ჯერჯერობით ევროპაში ჩვენი პროდუქციით ვერ გავდივართ, ჩვენ კი უნდა ვიყოთ ხიდი ევროპასა და აზიას შორის და ამ მიმართულებით ლუკაშენკოს ვიზიტი მნიშვნელოვნად მიმაჩნია. ბუნებრივია, ის ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მხარს არ უჭერს იმ ვითარებას, რაც შექმნილია რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ. საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისითაც მისი ვიზიტი მნიშვნელოვნად მიმაჩნია. ზოგადად, ლუკაშენკოს ვიზიტი უნდა იყოს ნაყოფიერი, რათა ორმა ქვეყანამ სარგებელი მიიღოს.

თედო დუნდუა  (ისტორიკოსი): ამ ვიზიტს, როგორც ასეთი, დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, არაფერი გზავნილი არ არის. თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით მათთან კარგ ურთიერთობას. ის შეხვედრები, რაც გუშინ გაიმართა, არის შირმა და მეტი არაფერი, რეალურად სულ სხვა რაღაც ხდება. პრეზიდენტის სასახლეში მიღება და სხვა ღონისძიება ყველაფერი მეორადია. სოხუმთან დაკავშირებით კი რაც თქვა, ეს გასაგებიცაა, ნორმალური ქვეყნის ლიდერი ასე უნდა იქცეოდეს.

ავთანდილ დემეტრაშვილი (კონსტიტუციონალისტი): ჩემი აზრით, მთავარი შედეგი ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის გაღრმავებაა. ამასთანავე, მისი მხრიდან არის მცდელობა, დაარეგულიროს ურთიერთობა საქართველოსა და რუსეთს შორის და მესამე არის ის, რომ მას ამ საქმეში სურს საკუთარი პიროვნების წარმოჩენა მომრიგებლის როლში.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენს ქვეყანას სჭირდება მისი მხარდაჭერა, რათა ბელარუსში სეპარატისტული რეჟიმების არაღიარების პროცესი არ დაიწყოს. ასევე, ამ ქვეყანასთან, რომელსაც საკმაოდ დიდი პოტენციალი გააჩნია, მნიშვნელოვანია ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავება.

თაკო ჩარკვიანი  (პუბლიცისტი): სოხუმთან დაკავშირებით მისი განცხადება სასიამოვნოა. ეს არ არის ვიღაც და როდესაც ასეთი პერსონა ამას ამბობს, ეს განაცხადია არამარტო ჩვენთვის, ფაქტობრივად მან რუსულ იმპერიულ სივრცეს გააგონა, რომ მას მსგავსი აზრი აქვს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით.

რეზონანსი“, 25 აპრილი, 2015 წელი

გვექნება თუ არა ევროპასთან უვიზო მიმოსვლა, 13 მაისს გაირკვევა

ოფიციალურმა მოსკოვმა ჯერ არშემდგარი სამიტისა და ჯერ არმიღებული გადაწყვეტილების კრიტიკა აქედანვე დაიწყო

ია აბულაშვილი

ევროკომისია 13 მაისს წარმოადგენს თავის ანგარიშს საქართველოსა და უკრაინის მიერ იმ ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით, რომელიც აუცილებელია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მისაღებად. ამ დასკვნაზე დიდად იქნება დამოკიდებული, თუ რას მიიღებს საქართველო 21-22 მაისს რიგაში დაგეგმილ ევროკავშირის “აღმოსავლეთის პარტნიორობის” სამიტზე. ანგარიშის შინაარსი ამ ეტაპისათვის უცნობია. ქართველ ექსპერტებს საქართველოს შანსებთან დაკავშირებით  პროგნოზების გაკეთება უჭირთ. თუმცა, ოფიციალური მოსკოვი რიგის სამიტს აქედანვე უარყოფითად აფასებს.

„რუსეთი უარყოფითად არის განწყობილი მაისში რიგაში გამართულ აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებით. რა თქმა უნა, რუსეთი დააკვირდება სამიტის მსვლელობას, მგრამ უკვე ცხადია, რომ რეაქცია იქნება მკვეთრი და პრინციპული; ამ პარტნიორობას აქვს მკვეთრად გამოხატული ანტირუსული მიმართულება და ჩვენ ვხედავთ, საით მიემართება ეს თანამშრომლობა“, – აცხადებს რუსეთის საგარეო საქტმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ლუკაშევიჩი.

რით არის მოსკოვის ასეთი პოზიცია განპირობებული და მოახდენს თუ არა ეს პოზიცია გავლენას ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე?

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ რუსი კოლეგები ჩქარობენ, განაჩენი გამოუტანონ სამიტს, რომელიც ჯერ არ ჩატარებულა.

„2009 წელს, როდესაც ეს პროექტი დაიწყო, ევროკავშირმა შესთავაზა რუსეთს, მონაწილეობა მიეღო აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში, მაგრამ მოსკოვმა უარი განაცხადა. ჩვენს რუს კოლეგებს ზოგჯერ აქვთ ასეთი მიდგომა, რომ რაშიც თვითონ არ მონაწილეობენ, ის მათ წინააღმდეგ არის მიმართული. ამ შემთხვევაშიც აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამა თითქოსდა მათ წინააღმდეგ არის შექმნილი. „მე ვფიქრობ, რომ ცოტა ჩქარობენ ჩვენი კოლეგები, განაჩენი გამოუტანონ სამიტს, რომელიც ჯერ არ ჩატარებულა“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ექსპერტი კახაბერ ჯაყელი: „რუსეთი იმიტომ, არის აგრესიულად განწყობილი, რომ ფაქტობრივად რიგის სამიტის ფასეულობები რუსეთის იმპერიის გავლენას კვეცავს და რუსეთის იმპერიის ადგილზე აფუძნებს ახალ თანამედროვე სამეზობლო პოლიტიკას. იქ, სადაც ჯერ კიდევ ახსოვთ რუსეთის შტიკი, შემოდის ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის ფინანსები და ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც კარგ მალამოდ წაეცხება ადგილობრივ პრობლემებს და ამ რეგიონებს ხელიდან გამოსტაცებს რუსეთის გავლენის ოდიოზურ ინსტიტუტებს, რომლებიც საბოლოოდ საკუთარ მარაზმში ჩაიხრჩობიან და არ დარჩებათ სამოქმედო არეალი. ეს კარგად იცის რუსეთმა, ამიტომაც ეგრესიულად ებრძვის სწორედ ამ სიტყვას – „სამეზობლო პოლიტიკას“, რადგან თვითონ რუსეთს არასდროს ჰქონდა სამეზობლო პოლიტიკა და მისი პოლიტიკა ყოველთვის იყო მეზობლების შეჭმა. რუსეთი საფრთხეს იმაშიც ხედავს, რომ გამომდინარე რიგის სამიტის ინიციატივებიდან, იკვეთება დასავლეთის პოლიტიკა, რომ ნელ-ნელა დემოკრატიული ინსტიტუტების მეშვეობით და ხალხისათვის დემოკრატიული არჩევანის მინიჭების საშუალებით შექმნას ე.წ. თავისუფალი და ჩაურეველი ზონები, საიდანაც გაძევებული იქნება იმპეიული და დრომოჭმული პოლიტიკა და მისი ნაყოფი.

სამეზობლო პოლიტიკა ასევე ნიშნავს ეკონომიკური, რეგიონთაშორისი პროგრამების შექმნას, სამეზობლო ქვეყნების კოოპერირებას ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნასა და დამყარებაში. საგანმანათლებლო სფეროს ერთობლივ განვითარებას და ჯანდაცვის პროექტებს, რაც დიდი კაპიტალის მოზიდვის წინაპირობაა ამ რეგიონში. ეს აშინებს რუსეთს, რადგან მისი დაჟანგული ტანკები ვეღარ დაბრუნდებიან, სადაც ერთხელ მაინც იგემა ადამიანმა დემოკრატიის ფასი.

შეძლებს თუ არა რუსეთი, ზეგავლენა მოახდინოს სამიტის ღონისძიებაში მონაწილე ქვეყნებზე? მას ამის იარაღი არ გააჩნია, თუმცა, აქვს მცდელობა რიგის სამიტის შეჩერების კუთხით. ეს რომ არ მოხდეს, პირველ რიგში იმ ქვეყნებმა, რომლებიც რიგის სამიტის ღონისძიებაში არიან ჩართული, უნდა დაამტკიცონ თავიანთი ერთგულეა და მდგრადობა რიგის სამიტის ფასეულობებისადმი, აღმოსავლეთის პარტნიორობისა და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისადმი.

სამიტზე საქართველომ შეიძლება მიიღოს უკიდურესად გამარტივებული სავიზო პოლიტიკა, რაც იმას ნიშნავს, რომ დასავლეთის სამყარო აღიარებს არა მარტო დღევანდელ დემოკრატიულ ინსტიტუტებს საქართველოში, არამედ იგი აღიარებს ქართველი ადამიანის ცივილიზებულობას და მის ევროპულ ფასეულობებს“, – განაცხადა „რეზონანსთან“ კახაბერ ჯაყელმა.

პეტრე მამრაძე: „რუსეთის ხელისუფლებამ შესანიშნავად იცის, რომ ევროკავშირის ამღოსავლეთის პარტნიორობას არავითარი ანტირუსული მიმართულება არ აქვს და არც შეიძლება ქონდეს. პუტინის რეჟიმი ებღაუჭება ნებისმიერ საბაბს, რათა დაუმტკიცოს თავის მოსახლეობას, რომ დასავლეთი ებრძვის რუსეთს, ხოლო პუტინი და მისი მთავრობა არიან პატრიოტები და გმირულად იცავენ რუსეთის ინტერესებს. სხვა სალაპარაკო თავის მოსახლეობასთან, სრულიად უარყოფითი შედეგების გამო, მას არ დარჩა. „საუბარი ზედმეტია იმაზე, რომ ამ სამიტზე რაიმე ისეთი გადაწყდეს, რაც რუსეთისათვის საზიანო შეიძლება იყოს, მაგრამ პუტინის რეჟიმი მაქსიმალურად ექსპლუატაციას გაუწევს რიგის სამიტს, როგორც ანტირუსული მიმართულების შეკრებას.

„რაც შეეხება საქართველოს რიგის სამიტზე უვიზო რეჟიმს არ მოგვცემენ, მაგრამ რომც მოგვცენ, ამ სამიტზე იქნება თუ მომავალ რომელიმე სამიტზე, რა შეიძლება იყოს ამაში ცუდი რუსეთისათვის?! ცხადია, არაფერი“, – ამბობს პეტრე მამრაძე.

„ახალი თაობა“, 25 აპრილი, 2015 წელი

საქართველომ უნდა ისარგებლოს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებით

ეკა გადახაბაძე

(შემოკლებით)

მიმდინარე წელს სამეგრელოს რეგიონში, კერძოდ ზუგდიდში, თხილისა და მშრალი ხილის გადამამუშავებელი მასშტაბური საწარმო კომპლექსის მშენებლობა იგეგმება. პროექტს ზუგდიდში მდებარე თხილის გადამამუშავებელი კომპანია შპსბეტაჩიდა რუსი ინვესტორები ერთობლივად ახორციელებენ. ბიზნესმენი არჩილ ვეკუა ახლად დაფუძნებულ კომპანიაზესნესქო“, სამომავლო გეგმებზე, თხილის პროდუქციის საექსპორტო პოტენციალზე, ბიზნეს გარემოსა და ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე გვესაუბრა:

- ბატონო არჩილ, რამდენი ხანია, რაც კომპანია ოპერირებს რეგიონში?

- კომპანია “ბეტაჩი”დაახლოებით 2 წელია, რაც დაფუძნდა და თხილისა და ნუშის ექსპორტს აწარმოებს ევროპის ქვეყნებსა და რუსეთში. ამ სფეროში ერთ-ერთ მსხვილ რუსულ კომპანიასთან ერთად, ზუგდიდში ახალი ქარხნის აშენებას ვგეგმავთ.

- პროექტი მთლიანად რუსული ინვესტიციით დაფინანსდება?
- პროექტის განსახორციელებლად მილიონი დოლარის ოდენობის პირდაპირი ინვესტიციის ჩადება იგეგმება. 400 ათასი აშშ დოლარი ქართულ – რუსული ინვესტიციაა, TBC ბანკის მეშვეობით ვგეგმავთ 600 000$ ოდენობის შეღავათიანი აგროსესხის ათვისებას, პროექტის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში.

-როგორ ფიქრობთ, რამდენად მიმზიდველია დღეს რეგიონში საინვესტიციო გარემო?

- როგორც იცით, სანქციების გამო რუსეთის ბაზარი ჩაკეტილია, ანუ ევროპაში რუსეთიდან ვეღარ გადის დაფასოებული თხილი, ნუში და სხვა. ამ პირობების გათვალისწინებით, რუსულ კომპანიას შევთავაზეთ საქართველოში ეწარმოებინა პროდუქცია და უკვე აქედან განეხორციელებინა მისი ექსპორტი ევროპაში, რაზეც თანხმობა მივიღეთ. ვფიქრობ, ბიზნესმა და ხელისუფლებამ უნდა ისარგებლოს დღევანდელი სიტუაციით. რაკი რუსეთის მიმართ დაწესებულია სანქციები და რუსეთის პროდუქცია ჩაკეტილია ევროპის ბაზრისთვის, დღეს არის შესაძლებლობა იმისა, რომ რუსული ინვესტიცია გადმოიტვირთოს საქართველოში, აქ მოხდეს პროდუქციის წარმოება და აქედანვე განხორციელდეს ექსპორტი ევროპაში.

- მსგავს წინადადებას შეიძლება არაერთგვაროვანი შეფასება და რეაქცია მოყვეს

- იმ ვითარებაში, როდესაც დოლარის კურსი ეცემა, რუსეთიდან იკლო გზავნილების რაოდენობამ, ხოლო – რუსეთში ექსპორტმა, ვთვლი, რომ ცხვირის აბზუების და მორალის კითხვის ფუფუნება არ გვაქვს და ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ. მნიშვნელოვანია, ყველაფერი დროულად გადაეწყოს ევროპაზე. არც მთავრობას და არც ბიზნესს დღეს არ გააჩნია იმის რესურსი, რომ დამოუკიდებლად დიდი რაოდენობით ინვესტიცია ჩაიდოს ამ სფეროში.

- დღეს რამდენად გრძნობს ბიზნესი მხარდაჭერას მთავრობისგან?

- მხარდაჭერას ვგრძნობთ ეკონომიკური გუნდის მხრიდან, მათ შორის – ინვესტორების მოზიდვის მხრივაც. თუმცა, აქცენტი მაინც ევროპელ ინვესტორებზე კეთდება, მაშინ როდესაც, განსხვავებით მათგან, რუს ინვესტორებს უკვე ათვისებული აქვთ ევროპული ბაზარი და დალაგებული აქვთ იქ გაყიდვები. აქედან გამომდინარე, მათი საქართველოში შემოყვანა დღეს უფრო მარტივი, სწრაფი და ეფექტური იქნებოდა. დღეს ისინი პროდუქციას ვერ აწვდიან ევროპულ ბაზარს, რაც მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამის საშუალება ჩვენ გვეძლევა, რაც გონივრულად უნდა გამოვიყენოთ, როგორც ბიზნესმა, ასევე ხელისუფლებამ.

(…)

-თქვენი კომპანის მხოლოდ საექსპორტოდ გაიტანს პროდუქციას, თუ შიდა ბაზრის ათვისებასაც გეგმავთ?

- ჩვენი პროდუქციის ნაწილი საქართველოს ბაზარზე გაიყიდება. მაქსიმალურად შევეცდებით, თურქეთიდან იმპორტირებული პროდუქცია ქართულით ჩავანაცვლოთ. ვფიქრობ, დღეს საქართველოს ბაზარზე არ არის ამ ტიპის, მაღალი ხარისხის, რაიმე ქართული ბრენდი. უკვე გვყავს დისტრიბუციის წარმომადგენლები აზერბაიჯანსა და სომხეთშიც. რაც შეეხება ევროპულ ბაზარს, ის კომპანიები, რომლებსაც ჩვენი პარტნიორები რუსეთიდან აწვდიდნენ პროდუქციას (გერმანია, ჰოლანდია, იტალია) და ახორციელებდნენ მის დისტრიბუციას, მზად არიან ჩვენთან თანამშრომლობისათვის. ასევე ვგეგმავთ პროდუქციის ექსპორტს აზიაში.

ჩვენი საწარმო იქნება პირველი ქარხანა დასავლეთ საქართველოში, რომელიც არასეზონურად იმუშავებს. ყველაზე მთავარი ამ პროექტში ისაა, რომ ეს იქნება საწარმოო ჯაჭვი ფერმერიდან – სუპერმარკეტამდე. ამასთან, ფერმერს შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს დაბალპროცენტიანი სესხით (0%-დან 1,5%-მდე), რომელსაც ჩვენივე დაფუძნებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გასცემს. შემდეგ, მოწეულ მოსავალს ფერმერი ჩააბარებს “ბეტაჩის”, რომელიც უზრუნველყოფს მის გადამუშავებას ქარხანაში. ნედლული მიეწოდება უკვე არა ევროპას, არამედ “სნესქოს” ქარხანას, სადაც მოხდება მისი დამუშავება – გადაფასოება, მიქსების გაკეთება და შემდეგ ევროპაში რეალიზაცია.

-ევროპაში ექსპორტი გულისხმობს გარკვეულ სტანდარტებს, როგორ განხორციელდება ხარისხის კონტროლი თქვენს შემთხვევაში?

- ეს იქნება მესამე ქარხანა საქართველოში, რომლის პროდუქცია FSS- სტანდარტით იქნება სერტიფიცირებული, რაც ISO-ს სტანდარტზე უფრო მაღალი დონის სერტიფიცირებაა და სრულებით აკმაყოფილებს ევროპას.

- პროდუქციის საწარმოებლად მხოლოდ ადგილობრივ ნედლეულს იყენებთ?

- თხილი მხოლოდ ადგილობრივი იქნება, ხოლო ფისტაში და ქიშმიში შემოგვაქვს ირანიდან, ამერიკიდან, ინდოეთიდან, ინდონეზიიდან. მთავარია აქ ისაა, რომ ნედლეული შემოდის სხვა ქვეყნებიდან, მუშავდება და ისევ გადის ექსპორტზე, ოღონდ – დამატებითი ღირებულებით. საქართველოში ხდება მისი წარმოება და ისევ გადის ექპორტზე. საექსპორტო პოტენციალი საკმაოდ დიდია. კვლევების მიხედვით, ექსპორტმა წელიწადში დაალხოებით 40 მილიონი დოლარი უნდა შეადგინოს. შიდა ბაზარზე კი დაახლოებით 10 მილიონ ლარზეა საუბარი.

(…)

Comments are closed