globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 25 აპრილი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Apr 25th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიულ დოკუმენტის მიხედვით, საქართველოსთვის მთავარ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს

რეზონანსი: საქართველო რუსეთთან საზღვარზე სამი დერეფნის ამოქმედებას ელოდება

„ახალი თაობა“: ინტერვიუ თენგიზ შარმანაშვილთან: „საკონსტიტუციო ცვლილებებით ავტორიტარიზმის საფრთხე მცირდება“ // „ჩვენი გზა არის ევროპული გზა“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ სანდრო ბრეგაძესთან: „ხელისუფლებამ უკან დაიხია. დიდგორობა ოფიციალურად აღინიშნება“ // „გიორგი კვირიკაშვილი უნდა გადადგეს“

„ახალი თაობა“: იგორ გიორგაძის კადრები და მილიონერები დავით ნარმანიას მთავრობაში // რისთვის იყიდა გარდაბნის გამგებელმა გოჩა ჯამარაულმა 2.820 ლარის სტეპლერები

ვერსია: ინტერვიუ თემურ შაშიაშვილთან: „გინდათ, გავბრაზდე და მდგომარეობიდან გამომიყვანოთ!“ // „დღეს პოლიტიკოსობა სირცხვილია!“ // რატომ აღარ აქვს ოფისი და რაში ადანაშაულებს პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს „თეთრების“ ლიდერი

რეზონანსი: ყოველი ერთი დოლარის ექსპორტზე მოდის სამი დოლარის იმპორტი // თურქეთმა საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორის სტატუსი პირველად დათმო

რეზონანსი: „სავაჭრო ქსელები მავნე ტანსაცმლით აივსო!“ // „საღებავში ტოქსიკური მასალები გამოიყენება და მისი გასუფთავება შეუძლებელია“

——————–

რეზონანსი“, 25 აპრილი, 2017 წელი

თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიულ დოკუმენტის მიხედვით, საქართველოსთვის მთავარ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს

ვახტანგ შამუგია

თავდაცვის სამინისტრომ ფართო საზოგადოებას სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტი წარუდგინა. ის თავდაცვის უწყებისა და შეიარაღებული ძალების სტრუქტურული, ინსტიტუციური და ოპერატიული შესაძლებლობების განვითარების მიმართულებებს წარმოადგენს და აღწერს არსებულ ვითარებას, მიმოიხილავს საფრთხეებს, გამოწვევებს. დოკუმენტში წარმოდგენილია საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების დროში გაწერილი სტრატეგია 2020 წლამდე.

დოკუმენტის თანახმად, მთავარი საფრთხეა რუსეთის ფედერაცია, მისი აგრესიული, დესტრუქციული ქმედებები და მილიტარიზაცია.

“ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შეუსრულებლობისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული სამხედრო ძალების ყოფნის პირობებში, შენარჩუნდება ფართომასშტაბიანი აგრესიის განახლების საფრთხე. საქართველოზე ზეგავლენის განმტკიცების მიზნით, რუსეთის ფედერაცია გააგრძელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე “სამართლებრივი საფუძვლების” შექმნის მცდელობას საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით. ამასთან, ნარჩუნდება საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიების მიტაცების, სტრატეგიული ინფრასტრუქტურის დაკავებისა და სხვა ტიპის პროვოკაციების საფრთხე. ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი არასტაბილურობა ნოყიერ ნიადაგს ქმნის ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულისა და ტრეფიკინგისთვის,” – ნათქვამია თავდაცვის სტრატეგიულ მიმოხილვაში. დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ რუსეთი გააგრძელებს ძალისხმევას საქართველოს ეროვნული ერთიანობისა და სამოქალაქო თანხმობის დასუსტების, ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს შორის შუღლის გაღვივებისა და მართვადი დესტაბილიზაცის შექმნის მიმართულებით.

„კრემლი განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს “რბილი ძალის” ელემენტების გაძლიერებაზე იმისთვის, რომ უზრუნველყოს სახელმწიფო ინსტიტუტების შესუსტება, პრორუსული საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჯგუფების გაძლიერება და მოახდინოს დასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის დისკრედიტაცია. რუსეთის ფედერაცია პოლიტიკური და ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით განაგრძობს მცდელობას, საქართველოს შეუზღუდოს როგორც საერთაშორისო პოლიტიკური მხარდაჭერა, ისე თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ მიმართული საერთაშოროსო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები,” – ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუმენტის ავტორთა თქმით, ამის საპასუხოდ ქვეყანამ მეტი შემართებით უნდა გააგრძელოს დასავლეთისაკენ მიმავალ გზაზე სიარული და დასავლურ სტრუქტურებთან თანამშრომლობა უფრო მეტად უნდა გააღრმავოს, მოსკოვურ პროპაგანდას კი ფაქტებზე დაფუძნებული კონტრპროპაგანდით უნდა დაუპირისპირდეს.

ქვეყნის მმართველ გუნდში თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულმა დოკუმენტმა დიდი მოწონება დაიმსახურა. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ვიქტორ დოლიძის თქმით, საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეები და გამოწვევები ობიექტურად და ზუსტად არის შეფასებული. მისი განსაკუთრებული ყურადღება ორმა გარემოებამ, რუსული მხარის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არსებული შეთანხმების პირობების შეუსრულებლობამ და მოსკოვის მიერ ჩვენს რეგიონში, და არა მხოლოდ „რბილი ძალის“ გააქტიურებამ მიიპყრო.

„ორივე ნახსენები საფრთხე რომ რეალურია, ამას ბევრი კამათი არ ესაჭიროება. რაც შეეხება პროპაგანდას, ეს არა მხოლოდ საქართველოს და რეგიონის, არამედ საერთო ევროპული და ევროატლანტიკური საფრთხეა და ჩვენ სწორედ ამიტომაც ვებრძვით მას. რაც შეეხება სამხედრო საფრთხეს, როცა ოკუპანტი კილომეტრნახევარშია ცენტრალურ მაგისტრალთან, ეს რომ საფრთხეა, ამასთან დაკავშირებითაც ბევრი კითხვა არ ისმის, მაგრამ საქართველო არის მშვიდობისმყოფელი და მშვიდობიანი ქვეყანა. მიუხედავად ამისა, თავდაცვის რესურსებს მხოლოდ იუმჯობესებს და მომავალშიც გააუმჯობესებს, ისევე როგორც ნატო-სთან თავსებადობის მიღწევა სრულად იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის ინტეგრაციული პროცესების კვალდაკვალ. ასე რომ, საფრთხეები ადეკვატურად არის შეფასებული თავდაცვის სტრატეგიულ დოკუმენტში,” – თქვა ჟურნალისტებთან საუბრისას ვიქტორ დოლიძემ.

რუსულ ე.წ. „რბილ ძალასთან“ ბრძოლის აუცილებლობის გააზრებას თავდაცვის სამინისტროს მიერ პოზიტიურად აფასებენ უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე მკვლევარებიც.

“რეზონანსთან” საუბრისას საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორის მოადგილე გიორგი გოგუაძე ამბობს, რომ ამ გამოწვევასთან ბრძოლა ძალიან დიდ ძალისხმევასა და რესურსს მოითხოვს და ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„ჩემი აზრით, თავდაცვის სამინისტრომ გაიაზრა, თუ რა ზიანის მომტანი შეიძლება იყოს რუსული პროპაგანდა და რომ აუცილებელია მასთან საბრძოლველად ეფექტური ზომების მიღება, რადგანაც მოსკოვის ეს ქმედებები მიზნად ჩვენი ქვეყნის პროდასავლური კურსის შეცვლას ისახავს, ეს კი ჩვენთვის დამღუპველი იქნება. ასევე მისასალმებელია ოპტიმიზაცია ხარჯების შემცირებისა და პერსონალის მიმართულებით. თუმცა დოკუმენტს სუსტი მხარეებიც აქვს, მაგალითად, ზოგადი მსჯელობა აკლია საფრთხეების შეფასების მიმართულებით, ასევე ტერორიზმსა და სხვადასხვა საერთაშორისო საფრთხეზე. რაც საქართველოსთვის რელევანტურია, ფაქტობრივად, გამოტოვებულია,” – თქვა გიორგი გოგუაძემ „რეზონანსთან“ საუბრისას.

სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტს გაეცნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც, სამხედრო ატაშეები, რომელთა მხრიდანაც კონცეფციამ მაღალი შეფასება დაიმსახურა. „სამხედრო ატაშეებთან შეხვედრის მთავარი მიზანია თავდაცვის ტრანსფორმაციის პრიორიტეტების ჰარმონიზება იმ ინიციატივებთან, რომლებიც საქართველოში ცალკეულ ქვეყნებს თავდაცვის სფეროში აქვთ, ასევე, ამ პრიორიტეტების სინქრონიზება ნატო-საქართველოს არსებით პაკეტთან და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამასთან, რომელსაც 2017 წელს ვიწყებთ. ეს ფორმატი გვაძლევს საშუალებას, ერთმანეთს აზრები გავუზიაროთ და პროცესში ერთად ჩავერთოთ,” – განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა ლევან იზორიამ.

აღსანიშნავია, რომ, დოკუმენტის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 2017-2020 წლებში იზრდება. კერძოდ, 2017 წელს ის 670 მლნ., 2018 – 680 მლნ., 2019 წელს – 700 მლნ., ხოლო 2020 წელს 720 მლნ. ლარი იქნება. შესაბამისად, მატულობს ახალი შეიარაღებისა და აღჭურვილობის შეძენისათვის განკუთვნილი თანხის რაოდენობაც. ცვლილებები სამოქალაქო და სამხედრო პერსონალის მართვის სისტემასაც ეხება. 2018 წლიდან, პარლამენტის მიერ სარეზერვო სისტემის კონცეფციის დამტკიცების შემდეგ რეზერვისტთა მომზადების ახალი პროგრამა ამოქმედდება. რუსეთის მხრიდან აგრესიის განმეორების შემთხვევაში ტოტალური წინააღმდეგობის სტრატეგიით იხსნება თავდაცვის სამინისტროს მიერ წვევამდელთა გაწვევის აღდგენა და მათი მომზადების პროგრამის ძირეული ცვლილება. დოკუმენტში ქვეყნის საჰაერო სივრცის დაცვასა და მოძველებული ტექნიკის უტილიზაციაზეც არის საუბარი.

თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვა აქვს ბრიგადის გენერალ ამირან სალუქვაძეს, რომლის თქმით, საჭიროა მეტი კონკრეტიკა. „იგრძნობა, რომ სურვილების ფორმითაა დაწერილი, ვისურვებდი უფრო სამხედრო ენაზე, დირექტიულ სტილში. საშიშად მიმაჩნია დაუკონკრეტებელი უტილიზაციის ჩამონათვალი. მხოლოდ მიმართულებებია: საჰაერო თავდაცვა, ჯავშანტექნიკა და ა.შ. ანუ აგვისტოს ომის წინ ნაყიდი საჰაერო თავდაცვის ტექნიკის უტილიზებას ვაპირებთ? თუ პ-18 ტიპის რადარების უტილიზებას ვგეგმავთ? თუ ეს იგეგმება, უმჯობესია, გადაიფიქრონ. ჭორის დონეზე გავიგე, კალაშნიკოვების უტილიზება იგეგმებაო. საფრთხილო გადაწყვეტილებებია. ამასთან, ძალიან ხშირად გამოიყენება ფრაზა “ნატოს სტანდარტების მქონე”. გაცვეთილია ეს ფრაზა. მის უკან კონკრეტული პროექტი უნდა იყოს. პირველი შთაბეჭდილება არ მაძლევს სიმშვიდის საშუალებას. საერთოდ, ეს მავნე დოკუმენტია, რადგან ზედაპირულია. უკვე მრავალი წელია, ეს პრაქტიკა არსებობს და კარგი არაფერი მოგვიტანა. მიმოხილვა კი არა, პროექტები და პროგრამები მინდა, რომლებიც კონკრეტულ საფრთხეებზე და ოპერატიულ-ტაქტიკურ გათვლებზე იქნება დაყრდნობილი, როცა გვეცოდინება, ყოველი ჩადებული თეთრი რა ეფექტიანობას მოგვიტანს. გვეყო მიმოხილვები,” – უთხრა ამირან სალუქვაძემ “რეზონანსს”.

რეზონანსი“, 25 აპრილი, 2017 წელი

საქართველო რუსეთთან საზღვარზე სამი დერეფნის ამოქმედებას ელოდება

თიკო ოსმანოვა

როდის დაიწყება ტვირთის ბრუნვის მონიტორინგი ფსოუსა და როკის გვირაბთან, ჯერ კიდევ გაურკვეველია. რუსეთმა 2011 წლის ხელშეკრულების იმპლემენტაციას მწვანე შუქი აუნთო, მაგრამ ამ დრომდე უცნობია, როდის მოხდება ტექნიკური დეტალების მოგვარება და შვეიცარიულ მხარესთან შეთანხმების დოკუმენტურად გაფორმება. ქართული მხარე ამას დიდი ხანია, ელოდება, შვეიცარიელები კი დროს ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ ქართული მხარე შვეიცარიელებისგან ინფორმაციას ჯერ კიდევ მარტის ბოლოს ელოდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, პასუხი ამ დრომდე არ ჩანს. არადა, როგორც ცნობილია, ამ პროცესში შვეიცარიელები უკვე რამდენიმე თვეა, აქტიურად ჩაერთვნენ და ცოტა ხნის წინ რუსეთშიც იმყოფებოდნენ. „ჯერ (ახალი) არაფერია, ჩვენც სულმოუთქმელად ველოდებით. შვეიცარიელები დროს ითხოვენ. ეტყობა, რაღაც პროცესი მიდის. ჯერჯერობით არანაირი სიახლე არ არის”, – განუცხადა “რეზონანსს” ზურაბ აბაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის 6 წლის წინ მიღწეული შეთანხმება ტვირთის გადაადგილებაზე დაკვირვებისა და აუდიტის კომპლექსური, თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, რომლითაც კერძო კომპანიის მიერ ვაჭრობაზე საერთაშორისო მონიტორინგი განხორციელდება.

აღნიშნული ხელშეკრულება რუსეთმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების სანაცვლოდ გააფორმა. აქედან გამომდინარე, პრაქტიკულად, ეს ოფიციალური მოსკოვის მიერ ხელმოწერილი ერთადერთი შეთანხმებაა, რომლითაც რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. შესაბამისად, ექსპერტთა უმრავლესობის აზრით, მის ამოქმედებას საქართველოსათვის დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს.

როგორც ცნობილია, ქართული მხარე ჯერ კიდევ გასული წლის თებერვალში აცხადებდა, რომ მათ ყველა დეტალი მზად ჰქონდათ და საბოლოო პასუხს რუსეთისგან ელოდებიან.

ამ საკითხზე საუბარი თებერვლის დასაწყისში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორისაც შედგა. როგორც მაშინ ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, მოლაპარაკება დასასრულს მიუახლოვდა და მხოლოდ მცირე ტექნიკური საკითხებიღა დარჩა მოსაგვარებელი.

„ხელშეკრულებაში დეტალურადაა გაწერილი ყველა პარამეტრი, სად, როგორ დადგებიან შვეიცარიელები. ახლა საუბარია იმაზე, რომ უნდა დასრულდეს მოსამზადებელი სამუშაოები და უნდა მოხდეს კონტრაქტის ხელმოწერა. მესაზღვრეები დადგებიან საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ფსოუზე, როკის იქით, ყაზბეგის მიმართულებით საზღვრის ორივე მხარეს. ასევე ჩვენთან, ზუგდიდის რაიონში. ეს ყველაფერი გაწერილია ხელშეკრულებაში. თუმცა ძალიან ბევრი ნიუანსია და გამიჭირდება ამაზე საუბარი,” – გვითხრა მაშინ ზურაბ აბაშიძემ.

მისგან განსხვავებით კი თებერვალში სავაჭრო დერეფნის ამოქმედების დეტალებზე რუსმა დიპლომატმა ვრცლად ისაუბრა. გრიგორი კარასინი ამბობს, რომ საუბარია სამი დერეფნის ამოქმედებაზე; სოჭთან ახლოს გაკეთდება ერთი დერეფანი, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთს გაივლის და ზუგდიდთან გაჩერდება; მეორე დერეფანი სტარტს ჩრდილოეთ ოსეთში, სოფელ ნართან აიღებს, გაივლის ოკუპირებულ ცხინვალს და გორში დასრულდება. მესამე საბაჟო პუნქტის ამოქმედებას კი რუსული მხარე ყაზბეგში, ზემო ლარსთან გეგმავს. თუმცა კარასინი განმარტავს, რომ მხარეები ზუსტ კოორდინატებზე უნდა შეთანხმდნენ.

„ჩვენ მზად ვართ, ეს გავაკეთოთ. მიღწეულია სერიოზული პროგრესი პრაქტიკული კუთხით. ახლა გავაგრძელებთ მოქმედებას იმ მიმართულებით, რომ ყველაფერი ამუშავდეს,” – განაცხადა მაშინ გრიგორი კარასინმა. მისივე თქმით, აღნიშნული ხელშეკრულების ამოქმედება ხელს შეუწყობს საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო ურთიერთობის გამარტივებას.

„ახალი თაობა“, 25 აპრილი, 2017 წელი

ინტერვიუ თენგიზ შარმანაშვილთან: „ამ საკონსტიტუციო ცვლილებებით ავტორიტარიზმის საფრთხე მცირდება“ // „ჩვენი გზა არის ევროპული გზა

კონსტიტუციონალისტი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი თენგიზ შარმანაშვილი „ახალ თაობასთან ინტერვიუში საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრობს.

- ბატონო თენგიზ, როგორ შეაფასებთ იმ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელთაც კომისიამ უკვე კენჭი უყარა? ამ რედაქციის მიხედვით საქართველო სრულად ხდება საპარლამენტო რესპუბლიკა?

- კომისიამ ძალიან საინტერესო დოკუმენტს უყარა კენჭი. მართლაც კლასიკური საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელი შემოდის აღნიშნული კონსტიტუციის რედაქციით. განხორციელებული ცვლილებები დაცლილია იმ ელემენტებისგან, რომლებიც არ არის დამახასიათებელი საპარლამენტო რესპუბლიკისთვის. სამწუხაროდ, ეს ელემენტები ჩარჩენილი იყო 2010 წლის ცვლილებების დროს მიღებულ ვარიანტში.

- რას გამოყოფდით განსაკუთრებით?

- ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ გაზრდილი არის პარლამენტის როლი. ასევე ზუსტად არის გამიჯნული პრეზიდენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილებები. ჯერ კიდევ 1995 წლის კონსტიტუციის რეგულაციები იყო ჩარჩენილი პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით, რაც დღეს გამოსწორებულია. იმის გამო, რომ ძალიან ბევრი შესწორება და დამატება შედიოდა კონსტიტუციაში, ისე იყო ეს რეგულაციები არეულ-დარეული, ერთმანეთში აღრეული, რომ კონკრეტული ნორმის მოძებნაც კი ჭირდა. ეს ყველაფერი გასწორდა. ამ თვალსაზრისითაც წინგადადგმული ნაბიჯია.

- ეს უფრო ტექნიკური მხარეა. როგორ აფასებთ იმ ფაქტს, რომ მოხდა კომისიის შემადგენლობის შემცირება, რამაც ოპოზიციის კრიტიკა გამოიწვია. რატომ გახდა საჭირო კვორუმის ცვლილება?

- კომისიის 43 წევრმა მისცა აღნიშნულ ცვლილებას ხმა.

- 8 წევრი წავიდა წინააღმდეგი

- დიახ, მაგრამ დებულებაში წერია, რომ გადაწყვეტილება მიიღება კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით. ამიტომ ჩემთვის სრულიად გაუგებარია ეს დებატები და არ ვაპირებ ამ დებატებში შესვლას.

- რამდენად რეალურია, რასაც უმრავლესობის წარმომადგენელი მდინარაძე აცხადებს, რომ ეს იყო ერთადერთი საშუალება, რომ ექსპერტებისა და არასამთავრობო სექტორის ალტერნატიული წინადადება გასულიყო?

- მიღებული გადაწყვეტილება მართლაც ხელს უწყობდა ალტერნატიული წინადადებების გასვლას. ეს ძალიან მარტივად დასანახია. ამიტომ, მე არაკომპეტენტური ადამიანების მსჯელობაზე მიჭირს პასუხის გაცემა.

- თქვენ ამბობთ, რომ ეს არაკომპეტენტური მსჯელობაა?

- რა თქმა უნდა, არაკომპეტენტური მსჯელობაა, რადგან ხელისგულზე დევს ყველაფერი.

- ბატონო თენგიზ, საარჩევნო სისტემაზე მინდა გკითხოთ: გადაუნაწილებელი მანდატები, რომლებიც პირველ ადგილზე გასულ პარტიას მიაქვს, პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, მცირე ბონუსია, რომელიც პოლიტიკური სტაბილურობისთვის არის საჭირო. რა უფრო მნიშვნელოვანია - ხელისუფლების სტაბილურობა თუ მანდატების სამართლიანად გადანაწილება?

- ხელისუფლების განხორციელება შეუძლებელია არასტაბილურ გარემოში.

- რევოლუციის გზა რომ რჩება ოპოზიციას?

- არა, არჩევნების მოგების გზა არის ხელისუფლების შეცვლის გზა.

- ბატონო თენგიზ, სკეპტიკური დამოკიდებულებაა საპარლამენტო რესპუბლიკის მიმართ, რადგან ჩვენ არ გვაქვს წმინდა საპარლამენტო რესპუბლიკის ტრადიციები. გაამართლებს ეს სისტემა?

- საპრეზიდენტო რესპუბლიკის ტრადიციებიც არ გვაქვს ჩვენ. ჩვენი გამოცდილება, რომელიც აქამდე დაგვიგროვდა მმართველობის კუთხით, არის უარყოფითი, ნეგატიური, მეტიც, ყოვლად დაუშვებელი. 2010 წლის ცვლილებებით მოხდა არა 1995 წლის კონსტიტუციის შეცვლა, არამედ 2004 წლის შეტანილი ცვლილების – სუპერსაპრეზიდენტო რესპუბლიკის – გადახედვა. თუმცა, 95 წლის კონსტიტუციამაც გვაჩვენა, რომ ისეთი ტიპის საპრეზიდენტო რესპუბლიკა შედგა, სადაც პოლიტიკური კრიზისების განმუხტვის მექანიზმები არ იდო ამავე კონსტიტუციაში. ჩვენ ვნახეთ, რომ პრეზიდენტი ავტორიტარული მმართველობისკენ იყო მიდრეკილი, შემდეგი პრეზიდენტის მმართველობის მოდელიც მივიდა ავტორიტარიზმის ელემენტებამდე. ჩვენ მრავალი წლის გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ საპრეზიდენტო მოდელის ორივე ვარიანტი ავტორიტარიზმის გამოვლინებამდე მივიდა.

ევროპული სახელმწიფოები, რომელთა 90%-შიც საპარლამენტო მმართველობაა, ამ მმართველობის მოდელზე გადავიდნენ იმიტომ, რომ თავისი არსით საპარლამენტო მოდელი ყველაზე ნაკლებად არის მიდრეკილი ავტორიტარიზმისკენ.

ჩვენი გზა არის ევროპული გზა და მიმაჩნია, რომ ეს არის სწორი გზა. ამაზე მეტყველებს ვენეციის კომისიის 2010 წლის დასკვნაც. შინაგანად აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ საპრეზიდენტო მოდელი, გნებავთ ნახევრად საპრეზიდენტო მოდელი, ავტორიტარიზმის დიდი საფრთხეების შემცველია და იქნება მომავალშიც. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ მომხდარი ცვლილებები სწორია.

„ახალი თაობა“, 25 აპრილი, 2017 წელი

ინტერვიუ სანდრო ბრეგაძეან: „ხელისუფლებამ უკან დაიხია. დიდგორობა ოფიციალურად აღინიშნება“ // „გიორგი კვირიკაშვილი უნდა გადადგეს

მოძრაობა „ეროვნულების“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე საზოგადოებას მიმართავს და აცხადებს: „თქვენ გენაცვალეთ, ქართველებო, თქვენთვის სასიხარულო ამბავი მაქვს. თქვენმა პროტესტმა შედეგი გამოიღო. დღეს შედგა თათბირი მთავრობაში და გადაწყდა, რომ არეულობის თავიდან ასაცილებლად, დაყვენ ხალხის ნებას და დიდგორობა, როგორც სახალხო დღესასწაული, ისე აღნიშნონ“.

აღნიშნულ საკითხს გასულ კვირას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. „ახალი თაობის“ კითხვებს სანდრო ბრეგაძე პასუხობს.

- ბატონო სანდრო, აღნიშნული თემა გასულ კვირას აქტიურად განიხილებოდა. ოცნება აცხადებდა, მეზობელ თურქებს ვერ ვაწყენინებთო. რა მოხდა, რა შეიცვალა?

- პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც მოქმედებს არა ქართველი ერის ინტერესებიდან, არამედ მოქმედებს უცხო ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ოდესმე საქართველოში მოვიდოდა ისეთი ტიპის ხელისუფლება, რომელიც გაბედავდა, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის და ქართველი ერისთვის აეკრძალა დიდგორობის დღესასწაულის ოფიციალური აღნიშვნა. დიდგორის ბრძოლა გახლავთ საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვება, რომელიც მოიპოვა დავით აღმაშენებელმა.

- როდის აგვიკრძალეს ზეიმი და აღნიშვნა?

- ჩვენდა სამწუხაროდ, პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა, საქართველოს მოსახლეობის და ქართველი ერის ზურგს უკან, მიიღო თურქეთის ხელისუფლების ბრძანება, ამ ქვეყნის ინტერესები გაატარა და მზაკვრულად მოინდომა, რომ საქართველოს და ქართველობას აღარ აღენიშნა ოფიციალურად სახელმწიფო დონეზე დიდგორის გამარჯვების წლისთავი. ეს გახლავთ გაუგონარი თავხედობა და გაუგონარი ტიპის მოღალატეობრივი ქმედება, რომელიც არ უნდა ეპატიოს პირადად პრემიერ კვირიკაშვილს. ადამიანს, რომელსაც ყოფნის იმდენად დიდი სითავხედე, რომ დავით აღმაშენებლის მიერ მოპოვებულ გამარჯვებას ხაზს უსვამს და ცდილობს დაიჭიროს არა მისი ქვეყნის ინტერესების მხარე, არამედ გაატაროს უცხო ქვეყნის ინტერესები.

- მოვისმინეთ შეფასებები, რომ ეს ყველაფერი არ ჯდება დიპლომატიურ ჩარჩოებში, რომ სამხედრო კონფლიქტის წლისთავებს არც ერთი ქვეყანა არ აღნიშნავს ზარზეიმით. ჩვენი ხელისუფლებაც მოერიდა მეზობელი თურქეთის განაწყენებას?

- სამწუხაროდ, ჩვენ დღეს გვყავს საკმაოდ უნიათო და შეშინებული ხელისუფლება. მათ საკუთარი ლანდისაც კი ეშინიათ და არ შეუძლიათ რაიმე რადიკალური ღონისძიების გატარება. ეს იყო ჩვენი დიდი გამარჯვება და რატომ არ უნდა აღინიშნოს?! თქვენ წარმოიდგინეთ, 1121 წელს დავით აღმაშენებლის მაგივრად ქვეყნის მმართველი რომ ყოფილიყო კვირიკაშვილი და ჯარის მთავარსარდალი – მარგველაშვილი, ჩვენ დიდგორის ბრძოლაში არც ჩავებმებოდით, ისე დანებდებოდნენ. აი, ასეთ პოლიტიკურ დეგრადაციამდე მივედით დავით აღმაშენებლიდან კვირიკაშვილ-მარგველაშვილამდე. ამ ადამიანებს არათუ ბრძოლის, არამედ დიდი დავითის მიერ მოპოვებული გამარჯვების აღნიშვნისაც კი ეშინიათ!

- ეს თემა სადავო არასოდეს გამხდარა, რატომ გახდა დღეს ასე აქტუალური და რატომ წამოიწია წინა პლანზე?

- საქართველოს პარლამენტში შეტანილი იქნა კანონპროექტი იმის თაობაზე, რომ დიდგორობა გამოცხადდეს უქმე დღედ და ის გამოცხადდეს სახელმწიფო დღესასწაულად. დიდგორობა სახალხო დღესასწაული ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება, მაგრამ არც იმაზე უნდა იდავოს ვინმემ, რომ საქართველოს ყველაზე დიდი გამარჯვება უნდა იყოს სახელმწიფო დღესასწაული! ის უნდა აღინიშნებოდეს სახელმწიფოებრივ დონეზე, რომელიც უნდა იყოს უქმე დღე და რომელიც ერმა და ბერმა ერთიანად უნდა აღნიშნოს. საერთოდ კითხვის ნიშანიც კი არ გაგვჩენია არავის, რომ რაიმე მცირე წინააღმდეგობა მაინც თუ იქნებოდა ამ საკითხთან დაკავშირებით.

- და რა მოხდა?

- ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები იმდენად გათავხედდნენ, იმდენად ეშინიათ პირადი კომფორტის დაკარგვის, მზად არიან, რომ ჩვენი რელიგიური და სახელმწიფოებრივი დღესასწაულები გააუქმონ, ოღონდაც თავიანთი პირადი კომფორტი არ დაკარგონ.

- ვინ მოგაწოდათ ინფორმაცია, რომ შეცვალა მთავრობამ გადაწყვეტილება და რომ ეს დღესასწაული აღინიშნება?

- ჩვენდა საბედნიეროდ, ათი ათასობით ახალგაზრდა მწერდა, რომ მზად იყვნენ, საკუთარი სიცოცხლის ფასად დაეცვათ აღმაშენებლის მიერ მოპოვებული ეს დიდი გამარჯვება. ყველა მზად იყო, რომ დაწყებულიყო მასობრივი საპროტესტო აქციები ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენ გვქონდა ჩანაფიქრი იმის თაობაზე, რომ დიდგორობის დღესასწაულის დღეს გამოგვეცხადებინა საერთო სახალხო გაფიცვა და არავინ არ წასულიყო სამსახურში და ყველანი წავსულიყავით დიდგორის ველზე და იქ გვეჩვენებინა თურქეთის ინტერესების გამტარებელი კვირიკაშვილისთვის, თუ ვინ არის საქართველოს ინტერესების გამტარებელი. როდესაც ეს საშიშროება დაინახეს და როდესაც მიხვდნენ, რომ ამას მოყვებოდა საკმაოდ დიდი პოლიტიკური ძვრები და ხმაურიანი საპროტესტო აქციები, ხელისუფლება იძულებული გახდა, უკან დაეხია.

- ეს თქვენ ვინ გითხრათ?

- მე დამიკავშირდნენ სანდო პირები სახელისუფლებო წრეებიდან და მითხრეს, რომ გუშინ შედგა თათბირი და ამ თათბირზე, იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა ქართველთა მასობრივ პროტესტს, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული კანონპროექტი გავა და ჩვენ დიდგორობას აღვნიშნავთ სახელმწიფოებრივ დონეზე.

- თუ ასე მოხდა, მაშინ რას ეტყვიან მეზობელ თურქებს, რომლის გამოც ერთხელ უკვე უარი თქვეს ამ კანონპროექტზე?

- ეს უკვე აღარ ვიცი. ეს მათი მოსაგვარებელია. რა თქმა უნდა, ჩვენ თურქეთთან უნდა გვქონდეს კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობა, მაგრამ არასოდეს არც თურქეთის, არც რუსეთის და არც ამერიკის ინტერესები არ უნდა დავაყენოთ საქართველოს და ქართველის ერის ინტერესებზე მაღლა. ჩვენდა სამწუხაროდ, კვირიკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ საქართველოს და ქართველი ერის ინტერესებზე მაღლა დააყენა ამ შემთხვევაში თურქეთის ინტერესები. მე ვფიქრობ, რომ ეს არის მათთვის მწარე გაკვეთილი, მაგრამ ეს ასე მაინც არ უნდა დამთავრდეს!

- აბა როგორ დასასრულს ელოდებით?

- ხელისუფლება, რომელიც ერთხელ გადადგამს მოღალატეობრივ ნაბიჯს, არ შეიძლება დარჩეს ხელისუფლებაში! კვირიკაშვილი გახლავთ საქართველოს სირცხვილი! მან ჩაიდინა სამარცხვინო აქტი! გადადგა სამარცხვინო ნაბიჯი და მას არ აქვს არც მორალური და არც პოლიტიკური უფლება, დარჩეს ხელისუფლებაში!

- ანუ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას მოითხოვთ?

- საქართველოს მოსახლეობამ და ქართველმა ერმა კვირიკაშვილს გამოუტანა უკვე განაჩენი და პირდაპირ განუცხადა მას, რომ ის არ არის მისი ხელისუფალი. მე არ მაქვს იმის ილუზია, რომ გიორგი კვირიკაშვილს ეყოფა იმის ვაჟკაცობა, რომ გადადგეს.

თავად ბიძინა ივანიშვილი უნდა დაფიქრდეს იმაზე, შეიძლება თუ არა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყოს პიროვნება, რომელსაც არ გააჩნია არანაირი საკუთარი აზრი და არ გააჩნია საკუთარი ნება, რომელსაც არ შეუძლია დაიცვას საკუთარი ქვეყნის ინტერესები. მეთაური, რომელსაც ელემენტარულ საკითხში არ შეუძლია ქვეყნის ინტერესის გატარება, უფრო სერიოზულ პრობლემებს მოაგვარებს?!

ბიძინა ივანიშვილმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმ მთავრობის და ხელისუფლების ქმედებებზე, რომელიც პირადად მის მიერ არის მოყვანილი. ის, რომ ციხეში პატიმრებს აღარ აუპატიურებენ, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კარგი ხელისუფლება გვყავს! ამ ადამიანებს არანაირი პრინციპები არ გააჩნიათ!

„ახალი თაობა“, 25 აპრილი, 2017 წელი

იგორ გიორგაძის კადრები და მილიონერები დავით ნარმანიას მთავრობაში

რისთვის იყიდა გარდაბნის გამგებელმა გოჩა ჯამარაულმა 2.820 ლარის სტეპლერები

პარლამენტის და თბილისის საკრებულოს წევრებს არც თბილისის მთავრობა ჩამორჩა და მათ რიგებშიც აღმოჩნდნენ მილიონერები. მილიონერების გარდა, დედაქალაქის მთავრობაში შევარდნაძის კადრებიც მრავლად არიან. გარდაბნის გამგეობაში მილიონერები არ გამოუვლენიათ, მაგრამ გამგებლის გოჩა ჯამარაულის საკანცელარიო ნივთებით გატაცებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. სტეპლერების და ფაილების შეძენით რომ გული იჯერა, ძველი პროფესიაც გაიხსენა და რამდენიმე ათასი ლარი სპორტულ სამოსში გადაიხადა.

შევარდნაძის აჩრდილი მერიაში

„დედაქალაქის მერი ოპონენტებს ხშირად „ნაციონალურ წარსულს“ უხსენებს. ანალოგიური პრეტენზიები ჩემთანაც ჰქონდა, მაგრამ მის გარშემოც მრავლად ყოფილან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები. მათ შორის შევარდნაძის კადრები. ერთ-ერთი მათგანი, უკლება, სულაც იგორ გიორგაძესთან მსახურობდა. ამ ხალხს რომ ვუყურებ, ასე მგონია, მერიაში აჩრდილი დადის, აჩრდილი შევარდნაძისა“, – აცხადებს „ახალ თაობასთან“ საუბარში „ახალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი. მისი თქმით, კვლევა, რომელიც „ახალმა საქართველომ“ მონიტორინგის ცენტრ „მედიატორთან“ ერთად ჩაატარა, იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ მერიაში მაღალ თანამდებობაზე დანიშნული პირებიდან ყოველი მესამე ედუარდ შევარდნაძის დროინდელია.

„ახალი საქართველოს“ წარმომადგენელი მათ ვინაობასაც ასაჯაროებს:

„ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე 1995-99 წლებში ქვემო ქართლის პრეზიდენტის რწმუნებულის ადმინისტრაციაში მრჩეველი იყო, საინტერესოა, რომ მრჩევლის თანამდებობას 17 წლის ასაკიდან იკავებდა. ეკოლოგიის სამსახურის უფროსი გიორგი წერეთელი 2002-2004 წლებში საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიურ სამსახურში სამმართველოს უფროსად მუშაობდა. შესყიდვების სამსახურის უფროსი დავით მორალიშვილი 1996-99 და 2001-2002 წლებში ფინანსთა სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. საფინანსო სამსახურის უფროსი გაიოზ თალაკვაძე 1999-2000 წლებში საქართველოს ვაჭრობის მინისტრის მოადგილე გახლდათ, 2001-2002 წლებში სახელმწიფო ხაზინის საოპერაციო დეპარტამენტში უფროსის მოადგილედ მუშაობდა“.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, იგორ გიორგაძის დროს უშიშროების სამსახურში ნამუშევარი კადრი ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს ხელმძღვანელობს.

„ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი უკლება 1994-2004 წლებში უშიშროების სამსახურის თანამშრომელი იყო, საბურთალოს გამგებელი ბექა მიქაუტაძე საქართველოს პარლამენტში ერთ-ერთი დეპარტამენტის წამყვან სპეციალისტად მუშაობდა. ედუარდ შევარდნაძის დროს ასევე სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა ზურაბ ჩიკვილაძე. ისნის რაიონის გამგებელი ვახტანგ ქიზიყურაშვილი 1994-2001 წლებში ნაძალადევის რაიონში განყოფილების უფროსი იყო“, – ამბობს „ახალი საქართველოს“ წევრი.

ედუარდ შევარდნაძის კადრებად ჩაითვლებიან დავით ნარმანიას მოადგილეებიც. საინტერესო ის ფაქტია, რომ ისინი ძალოვან სტრუქტურებში მსახურობდნენ.

აი, რა დადგინდა კვლევის შედეგად:

თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი 1997-2003 წლებში სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში მსახურობდა; დავით ნარმანიას კიდევ ერთი მოადგილე ნინა ხატისკაცი 1999-2002 წლებში თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკოსი გახლდათ. მერიის ადმინისტრაციის უფროსი ირაკლი ხუცურაულიც შევარდნაძის ხელისუფლების პირობებში იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას. ისიც საგულისხმოა, რომ შევარდნაძის აჩრდილები ნაციონალების დროსაც მაღალ თანამდებობებზე მუშაობდნენ.

„დავით ნარმანიამ ძალიან კარგად იცის, რამდენი ყოფილი ნაციონალია მის გარშემო. და რაკი ამ ადამიანს სხვებისთვის უყვარს ნაციონალობის დაბრალება, დავუსახელებ რამდენიმე ყოფილ ნაციონალს, რომლებიც მის მთავრობაში მაღალ თანამდებობებზე მუშაობენ. სოციალური სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი 2004-2011 წლებში მუშაობდა ჯანდაცვის სამინისტროში და ნასამართლევია თაღლითობის მუხლით. უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსი ვალერი პაპიაშვილი 2002-2012 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში მაღალ თანამდებობებზე. შესყიდვების სამსახურის უფროსი დავით მორალიშვილი 2004-2006 წლებში თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი გახლდათ. იურიდიული სამსახურის უფროსი სოფო გიგანი 2008-2010 წლებში აჭარის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის იურისტი იყო. საფინანსო სამსახურის უფროსი გაიოზ თალაკვაძე 2006-2010 წლებში სოციალურ პროგრამების განხორციელებას უზრუნველყოფდა. ხოლო 2010-2011 წლებში კონტროლის პალატის თანამშრომელი იყო“, – ამბობს ლევან ხაბეიშვილი. მისი თქმით, ნაციონალების დროს მაღალ თანამდებობებზე მუშაობდნენ სამგორის რაიონის გამგებელი გიორგი ბაგრატიონი და ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე.

მილიონერები მერიაში

„ახალი საქართველო“ და „მედიატორი“ ორი თვის მანძილზე სწავლობდნენ მერიის მაღალჩინოსნების დეკლარაციებს. როგორც „მედიატორის“ წარმომადგენელმა ნინო ყურაშვილმა „ახალ თაობას“ განუცხადა, მათ 30 მაღალჩინოსნის დეკლარაცია გამოითხოვეს. აღმოჩნდა, რომ დეკლარაცია მხოლოდ ერთ ადამიანს არ ჰქონდა შევსებული. 29 ადამიანიდან 4 პიროვნება მილიონერი აღმოჩნდა.

„მილიონერთა სიაში პირველ ადგილს იკავებს კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია. მეორე, მესამე და მეოთხე ადგილებს ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიორგი უკლება, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე და სამგორის რაიონის გამგებელი გიორგი ბაგრატიონი ინაწილებენ“, – აცხადებს „ახალ თაობასთან“ ნინო  ყურაშვილი, რომელიც მერიის მთავრობაში მილიონერთა სიმწირით ცოტა გაოცებულია. ის უფრო მეტ მილიონერს ელოდა. იგი „იმედოვნებს“, რომ დედაქალაქის მთავრობაში რეალურად უფრო ბევრი მილიონერია, რაზეც საუბარი მათ ქონებრივი დეკლარაციის შევსებისას არ ისურვეს. მას საფუძვლიანი ეჭვი აქვს იმის სათქმელად, რომ ჩინოვნიკები დეკლარაციებს არაკეთილსინდისიერად ავსებენ. ამ ეჭვებს კი კონკრეტული მაგალითები უღრმავებს:

„სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის გელა ჩივიაშვილის ქონებრივი დეკლარაციიდან გამომდინარე არც ის და არც მისი ოჯახის წევრი არ ფლობენ საცხოვრებელ ბინას. მის ქონებრივ დეკლარაციაში არ არის მითითებული ქირავნობის და იჯარის ხელშეკრულება, სადაც მას და მის ოჯახს შეეძლებოდა ცხოვრება, ამ შემთხვევაში თუ ისინი ცხოვრობენ მშობლებთან ან ნათესავთან, ქონებრივ დეკლარაციაში ისინიც მოხსენიებული უნდა იყვნენ, როგორც ოჯახის წევრები. ნაძალადევის რაიონის გამგებლის ირაკლი ხელაძის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მას არ ჰყავს ოჯახის წევრები, არ ფლობს არანაირ ქონებას და ზოგადად მისი ქონებრივი დეკლარაციის ნახვისას აღმოაჩენთ, რომ ის მხოლოდ 500 ლარის მფლობელია“, – ამბობს „მედიატორის“ წარმომადგენელი.

ნინო ყურაშვილი მიიჩნევს, რომ არ იქნებოდა ცუდი, თუ სათანადო ორგანოები ამ დეკლარაციებით დაინტერესდებოდნენ.

„ახალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ქონებრივი დეკლარაციების პარალელურად მათ შეისწავლეს, თუ რამდენი მათგანის ოჯახის წევრია დასაქმებული სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურში.

ორთვიანი კვლევის შედეგად ასეთი ფაქტები გამოვლინდა:

„ვახტანგ ქიზიყურაშვილის ისნის რაიონის გამგებლად დანიშვნის შემდეგ, მისი ვაჟი ირაკლი ჯერ დიდუბის რაიონის გამგეობაში, ხოლო ამჯერად შპს თბილისელების ჯგუფში გარე განათების სამსახურში დაასაქმეს ტექნიკური განყოფილების უფროსად, მისი მეუღლე თამარ გურამიშვილი კი 92-ე საჯარო ბაღში მუშაობს.

საბურთალოს გამგებლის ბექა მიქაუტაძის მეუღლე ინგა კორკოტაძე საქართველოს პარლამენტში იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწეა, დიდუბის რაიონის გამგებლის ირმა ზავრადაშვილის მეუღლე არჩილ ჩხარტიშვილი სახელმწიფო კანცელარიაში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას იკავებს.

უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსის ვალერი პაპიაშვილის მეუღლე ლილი ქართველიშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროშია დასაქმებული, დედაქალაქის მერის მოადგილის ნატო ქიტიაშვილის ძმა დავით ქიტიაშვილი ასევე დედაქალაქის მერიაში კეთილმოწყობის სამსახურში მუშაობს“.

როგორც ნინო ყურაშვილი ამბობს, არც ნარმანიას მოადგილის მეუღლეა უმუშევარი. მისი განმარტებით, ნინო ხატისკაცის ქმარი კაპიტონ ჟორჟოლიანი მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელია.

სტეპლერები და ყოჩები გამგებლისთვის

საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელ გოჩა ჯამარაულს, რომელიც ამჟამად გარდაბნის გამგებელია, უცნაური ჰობი აღმოაჩნდა. ის აშკარად საკანცელარიო ნივთების შეგროვებით არის გატაცებული. წინააღმდეგ შემთხვევაში ძნელია იმის ახსნა, თუ რაში სჭირდება ამ ადამიანს ამდენი სტეპლერი და ფაილი.

გარდაბნის გამგეობიდან გამოთხოვილი ოფიციალური დოკუმენტაციით გაოგნებული დარჩა «ახალი საქართველოს“ წევრი თეონა ჭალიძე.

„ძალიან დიდ უპასუხისმგებლობას აქვს ადგილი, როცა გოჩა ჯამარაულის თაოსნობით გარდაბნის მუნიციპალიტეტმა ახლახან 19.768 ლარის საკანცელარიო ნივთები შეიძინა. აქედან 2.820 ლარის მხოლოდ სტეპლერებია ნაყიდი. 1.588 ლარი კალმების შესაძენად დაიხარჯა. 1.000 ლარის ბაინდერებში გადაიხადეს. 1.260 ლარი კი ფაილების შესაძენად“, – აცხადებს „ახალ თაობასთან“ საუბარში თეონა ჭალიძე. იგი განსაკუთრებით იმით არის აღშფოთებული, რომ გარდაბნის გამგეობა მინერალურ წყალს ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობს.

„გარდაბნის რაიონის მთელ რიგ სოფლებში მოსახლეობას წლებია არ აქვს წყალი, გაზი, გზა. ამჟამად იქ წყალს ყიდულობენ. აქვთ ბევრი სოციალური პრობლემა. უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის დახმარების და პრობლემების მოგვარების ნაცვლად გარდაბნის გამგებელი გოჩა ჯამარაული ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივი ხარჯვითაა დაკავებული.  გასულ წელს გამგეობამ 11..450 ლარად დისპანსერზე დასამაგრებელი 2.000 ბალონით მინერალური წყალი ,,ბაკურიანი“ შეიძინა და ეს მაშინ, როცა თბილისის გამგეობებშიც ჩვეულებრივი ონკანის წყლით სარგებლობენ“, – ამბობს „ახალი საქართველოს“ წარმომადგენელი.

როგორც ჩანს, ყოფილი ფეხბურთელი გოჩა ჯამარაული ცდილობს, რაიონში ჯანსაღი ცხოვრების წესი დანერგოს.

თეონა ჭალიძის თქმით, მარტში ჩატარებული 15.000 ლარიანი ტენდერით ჯამარაულმა ექსკურსია-ლაშქრობების ორგანიზება შეისყიდა.

„კახეთში, მცხეთაში, ვარძიაში, ყაზბეგში, ხევსურეთში, დაშბაშის კანიონში, სვანეთში, რაჭაში და ქუთაისში 20-20 ადამიანის მოგზაურობაზეა საუბარი. გაუგებარია, რა კრიტერიუმით არჩევს გამგებელი ამ ადამიანებს. ანალოგიური ლაშქრობები 2016 წელსაც აქტუალური იყო და 7.777 ლარი დაუჯდა გარდაბნის ბიუჯეტს 5 ლოკაციაზე ჯამში 102 ადამიანის ექსკურსია“, – აცხადებს „ახალი საქართველოს“ წარმომადგენელი. მისივე ინფორმაციით, ახლახან გოჩა ჯამარაულის ხელმძღვანელობით გარდაბნის მუნიციპალიტეტმა 15.000 ლარად შეისყიდა ესპანური წარმოების სპორტული ტანსაცმელი – 16-16 ერთეული სხვადასხვანაირი მაისური, შორტი, გეტრი, საწვიმარი, შარვალი, ზედა.

გარდაბნის გამგეობას სახალხო და რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნაც ჰყვარებია. როგორც თეონა ჭალიძე ამბობს, 5 სახალხო და რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნა გარდაბნის მუნიციპალიტეტს 82.638 ლარი დაუჯდა. გაირკვა ისიც, რომ ჯამარაულის ხელმძღვანელობით 2016 წლის ნოემბერში გარდაბნის მუნიციპალიტეტმა 50.000 ლარად მუსიკალური გახმოვანების აპარატურა შეიძინა.

„მიუხედავად ამისა, მომდევნო ღონისძიებებზე მაინც ქირაობს აპარატურას და გაუგებარია, რატომ სწევს დამატებით ხარჯებს“, – კითხულობს თეონა ჭალიძე.

საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება დღესასწაულების მოსაწყობად დახარჯული თანხებიც. დღესასწაულები ტრადიციული სუფრის გარეშე არ სრულდება. სუფრას ხორცი სჭირდება და გამგეობა სულ 300 ლარად შეფასებულ ყოჩებს ყიდულობს.

ვერსია“, 24-26 აპრილი, 2017 წელი

ინტერვიუ თემურ შაშიაშვილთან: „გინდათ, გავბრაზდე და მდგომარეობიდან გამომიყვანოთ!“ // „დღეს პოლიტიკოსობა სირცხვილია!

რატომ აღარ აქვს ოფისი და რაში ადანაშაულებს პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს თეთრების ლიდერი

ვანო პავლიაშვილი

(შემოკლებით)

ეს ამბავი არასოდეს მომიყოლია: 2009 წლის ზაფხული იდგა… დამირეკა, კაცხისვეტზე მივდივარ და ხომ არ წამოხვალო. რატომაც არა-მეთქი, დავთანხმდი… წავედით… ავდარმა მოგვისწრო – „კოლხოზნიკი“, შორენასი არ იყოს, ლამის ქარაფებიდან გადაეშვა… უკუნ სიბნელეში გზის გაგრძელება ვეღარ შევძელით… რამდენიმე მეტრში თვალი სანთლის შუქს მოვკარით… თავიდან ფეხებამდე გალუმპულ-გაწუწულები მეცხვარეებმა შეგვიფარეს _ სასმელითა და მწყემსური პურ-მარილით გაგვიმასპინძლდნენ… მაშინ რას წარმოვიდგენდი, რომ დრო გავიდოდა და, იმერეთის ყოფილი გუბერნატორი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, ამჟამად კი პოლიტიკური გაერთიანება ,,თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი შეხვედრას ოპერის ბაღში დამითქვამდა… ერთი ფეხით მიმასწრო… როგორც ყოველთვის, ელეგანტურად ეცვა… ჯერ სელფი გადავიღეთ, მერე ზაქარია ფალიაშვილის ძეგლთან ჩამოვსხედით…

- ეს გასაგებია, მაგრამ ერთი მითხარით, ოფისში ან სახლში რატომ არ დამპატიჟეთ?

- (ნაღვლიანად) ოფისი არ მაქვს.

- როგორც მახსოვს, ოფისი ჩემი მომღერალი მოგვარისგან გქონდათ ნათხოვი

- (სიტყვას ბანზე მიგდებს) თემებზე ვილაპარაკოთ!

(…)

- მიკვირს, პარტიები დაცვით რომ დადიან და არასამთავრობო ორგანიზაციები გაჯეჯილებულები არიან…

- პარტიები დაფინანსებას ბიუჯეტიდან იღებენ!

- ერთი წუთით, რა… ის ფული, რასაც ბიუჯეტიდან იღებენ, ერთი თვე დაცვასაც არ ეყოფა… ახლა იმას ამართლებთ, რაც ჩემთვის მიუღებელია! ჯერ ერთი, იმას უნდა ვამბობდეთ, რომ პარტიებს ბიუჯეტი არ უნდა აფინანსებდეს – რატომ უნდა აფინანსებდეს ბიუჯეტი შევარდნაძის, სააკაშვილის ან ივანიშვილის მიერ გაყვანილ პარტიებს?

- თემურ ბატონო, ყური დამიგდეთ: არჩევნებში მოსახლეობა მონაწილეობს, შესაბამისად, პარტიები საარჩევნო ბარიერს ხალხის მხარდაჭერით ლახავენ

- ბოლოზე ვილაპარაკოთ: ივანიშვილი რომ არ ყოფილიყო, ერთი პარტია მითხარით, რომელიც ხუთპროცენტიან ბარიერს გადალახავდა. საერთოდ, საზოგადოების განვითარების რამდენიმე კანონი არსებობს, მაგრამ მხოლოდ ორს შევეხები: ერთი ქვეყანაში ცუდად მუშაობს, მეორე კი ძალიან კარგად. დავიწყოთ ძალიან კარგიდან _ „წინააღმდეგობის ერთიანობის კანონი“ ანუ ხალხს ჰგონია, რომ ესენი მოწინააღმდეგეები არიან, მაგრამ სინამდვილეში ერთნი არიან და ერთი ცენტრიდან იმართებიან. ასე რომ, ერთმანეთს ეხმარებიან და „ოცნებას“ ნაცმოძრაობა ისევე აწყობს, როგორც შევარდნაძეს ოპოზიციად აღორძინება აწყობდა, სააკაშვილს კი – რამდენიმე, რომელიც დღესაც აქტიურია.
საზოგადოების განვითარების კიდევ ერთი კანონი უარყოფის უარყოფის კანონია ანუ როცა რამეს უარყოფ, იმაზე უკეთესი უნდა იყო, მაგრამ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ჩვენს პოლიტიკაში ყველა იმაზე უარესია, ვისაც უარყოფს. ყველა მომდევნო პარლამენტი, მთავრობა და პრეზიდენტი თავის წინამორბედზე უარესია.

- მე-9 მოწვევის პარლამენტშიოცნების“, ნაცებისა და ევროქოცების გარდა, კიდევ ერთი ძალაა, პატრიოტთა ალიანსიც იმ ცენტრისგან იმართება, რომელი ცენტრიცქოცებსადა ნაცებს მართავს?

- ვანო, თქვენთან იმიტომ არ ვარ მოსული, რომ პარტიებზე ვილაპარაკო – ეს არ მაინტერესებს.

- პარტიებზე ლაპარაკი თქვენ დაიწყეთ!

- მკითხეთ და გიპასუხეთ, რომ წინააღმდეგი ვარ, საქართველოს ბიუჯეტიდან რომელიმე პარტია ფინანსდებოდეს. პარტია საწევრო შენატანებით უნდა ფინანსდებოდეს.

- თეთრებსრამდენი წევრი ჰყავს?

- 7300… აქედან უმეტესობა მეცნიერების წარმომადგენელია და, მახსოვს, რობერტ ბაბლიძეს, როცა საშუალება ჰქონდა, საწევროს გადახდას ვერავინ დაასწრებდა.

- საწევრო რამდენი ლარია?

- ერთი ლარიდან ზევით…

(…)

- გაიგეთ, თურქეთის მოთხოვნით, დიდგორის გამარჯვების დღის უქმედ გამოცხადებისგან ჩვენმა პარლამენტმა თავი რომ შეიკავა?

- რა, ეჭვი გეპარებოდათ, რომ ასე იქნებოდა? თავიდანვე ვიცოდი, რომ ეს არ გავიდოდა.

- საიდან იცოდით?

- თავის დროზე ხალხმა ფული შეაგროვა, მაგრამ მამულიშვილთა კავშირს არ მისცეს საშუალება, ბათუმში ოსმალოსაგან თავისუფლების ძეგლი დაედგა. მეეჭვება, ეს ერდოღანის დონეზე გადაწყვეტილიყო, მით უმეტეს, რომ ოსმალოსგან დახსნის დღეს თურქეთში აღნიშნავენ. ვანო, თქვენ ყველა კითხვას პასუხი გაეცით!

- მე? როდის? რას ამბობთ?

- დიახ, დიახ, თქვენ… ვიდრე ისეთი ხელისუფლება გვეყოლება, რომელსაც დიდგორის გამარჯვების დღის უქმედ გამოცხადების ეშინია და ვიდრე მილიარდების მძევლები ვიქნებით, საქართველო წინ ვერ წავა!

- ისერთი ცენტრი“, წეღან რომ საუბრობდით, თურქეთია თუ საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლება ოფიციალური ანკარის მოთხოვნებს რატომ ემორჩილება?

- დამორჩილება და მართვა სხვადასხვა რამეა – მართვა მაშინაა, როცა იმას აკეთებ, რასაც გეუბნებიან, დამორჩილება კი შიშს ნიშნავს, მაგრამ თვითონაც არ იციან, რისი ეშინიათ! ისე, ბათუმის 11 მარტის მოვლენების მეორე დღეს თურქეთის პრემიერის მოულოდნელი ჩამოსვლა შემთხვევითობა იყო? საერთოდ, თურქეთთან კარგი ურთიერთობის მომხრე ვარ, მაგრამ…

რეზონანსი“, 25 აპრილი, 2017 წელი

ყოველი ერთი დოლარის ექსპორტზე მოდის სამი დოლარის იმპორტი

თურქეთმა საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორის სტატუსი პირველად დათმო

მარი ჩიტაია

საგარეო ვაჭრობაში ქვეყნის მთავარი სავაჭრო პარტნიორის – თურქეთის წილი მთლიან ბრუნვაში 16%-მდე შემცირდა. ასეთია ოფიციალური სტატისტიკა, რომელიც საქართველოს საგარეო ვაჭრობის 2017 წლის პირველი კვარტალის მონაცემს ასახავს. ეს მონაცემი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ იმ ქვეყანასთან, რომელიც სავაჭრო ბრუნვაში ყოველთვის პირველ ადგილს იკავებდა.

ტრადიციული პრობლემა, რომელიც საგარეო-სავაჭრო სექტორში საქართველოს აქვს, ექსპორტ-იმპორტის დისბალანსია, რომელიც მუდმივად განიცდის გაუარესებას. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ყოველი 1 დოლარის ექსპორტზე მოდის 3 დოლარის იმპორტი, ანუ გადაფარვა 33,6%-ია.

სტატისტიკური მაჩვენებლები ევროკავშირის ქვეყნებთან და დსთ-თან გაცილებით სწრაფად იზრდება, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოსთან. ევროკავშირის 28 ქვეყანასთან და დსთ-ს ქვეყნებთან ვაჭრობის ბრუნვის წილი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6%-ით გაიზარდა და 61% გახდა, სხვა ქვეყნებთან კი შემცირდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში ჩვენი ექსპორტი 44%-ით არის გაზრდილი, თუმცა, როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე განმარტავს, ყველაზე საგულისხმო მომენტი 2017 წლის პირველი კვარტალის შეჯამებისას თურქეთის ფაქტორია, რასაც განსაკუთრებული დაკვირვება სჭირდება. ჩვენი სავაჭრო ბრუნვის მოცულობა თურქეთთან შემცირდა ზუსტად იმავე მოცულობით, რა მოცულობითაც გაიზარდა სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან.

„საგარეო ვაჭრობის სამი თვის შედეგში რამდენიმე საინტერესო მომენტი გამოიკვეთა. ჯერ ერთი, რომ ზრდის ტემპი არის საკმაოდ მაღალი როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის. ექსპორტის ტემპმა იმპორტისას 2-ჯერ გადააჭარბა. მნიშვნელოვანია, რომ თურქეთმა პოზიცია დაკარგა და მისი წილი სავაჭრო ბრუნვაში მკვეთრად შემცირდა. სტატისტიკურ მაჩვენებლებზე მნიშვნელოვნად იმოქმედა იმანაც, რომ გაგვინახევრდა თხილის ექსპორტი, ხოლო ელექტროენერგიის იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. რადგან რუსეთი ვახსენეთ, ფეროშენადნობებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. მისმა ექსპორტმა (ღირებულებით) რუსეთში გადააჭარბა იმავე პერიოდში ღვინის, მინერალური წყლების და სხვა პროდუქტების ექსპორტს. ამიტომ როცა ვამბობთ, რომ მინერალური წყლებისა და ღვინისთვის ჩრდილოეთის ბაზარი ყველაზე პრიორიტეტულია, ეს არის გადაჭარბებული შეხედულება. საბოლოოდ კი მარტში 222 მლნ დოლარის ქართული საქონელი გავიდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ცაში ქუდების ასროლის განწყობა არ უნდა დაგვეუფლოს, მაგრამ საფუძვლიანი ოპტიმიზმის განცდა ყველას ეუფლება”, – აღნიშნავს სოსო არჩვაძე და დასძენს, რომ გარკვეული გავლენა საექსპორტო მაჩვენებლებზე ქვეყნის ეკონომიკაში რამდენიმე პოზიტიური მომენტის თანხვედრამ მოახდინა. ასეთი ფაქტორები, არჩვაძის შეფასებით, არის წარმოების, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, ფულადი გზავნილების მნიშვნელოვანი ზრდა, ნელა, მაგრამ მაინც მზარდი ინვესტიცია.

მიუხედავად პოზიტიური ტენდენციისა, ექსპორტ-იმპორტის დისბალანსი ქვეყნის ეკონომიკისთვის კვლავ უდიდეს პრობლემად რჩება. “ყოველი ერთი დოლარის ექსპორტზე მოდის სამი დოლარის იმპორტი, ანუ გადაფარვა 33,6%-ს აღწევს. აქ რაიმე სტრატეგიულ გარღვევაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია”, – დასძენს სტატისტიკოსი.

შეფასებას, რომ თურქეთმა მთავარი სავაჭრო პარტნიორის სტატუსი დათმო, სპეციალისტების ერთი ნაწილი გადაჭარბებულად მიიჩნევს. ანალიტიკოსი ვახტანგ ჭარაია არ გამორიცხავს, რომ წლის ბოლოს შეიცვალოს მდგომარეობა და სავაჭრო ბრუნვაში თურქეთის წილის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდეს.

„მიუხედავად იმისა, რომ პირველი კვარტალის მონაცემით თურქეთი არ არის პირველი, მნიშვნელოვნად არაფერი იცვლება. ჩვენ ეს ფაქტორი საბოლოოდ მაინც წლის სტატისტიკურ ჭრილში უნდა განვიხილოთ. იქიდან გამომდინარე, რომ გვაქვს სპეციფიკური საექსპორტო პროდუქცია, ამან გარკვეულ პერიოდში შეიძლება სხვაობა მოგვცეს. თავისუფლად შეიძლება, წლის ბოლოს სიტუაცია შეიცვალოს და თურქეთმა დაკარგული პოზიცია დაიბრუნოს. ის ფაქტი, რომ პირველ ადგილზე რუსეთია, გვაფიქრებინებს, რომ ქვეყანა ძველ ბაზრებს იბრუნებს. ვხედავთ იმასაც, რომ ევროკავშირი ხდება დომინანტი სავაჭრო სექტორში”, – აცხადებს ვახტანგ ჭარაია. მისი აზრით, სავაჭრო დისბალანსის გამოსწორების ერთ-ერთი გამოსავალია, რომ ქვეყანამ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე იზრუნოს.

“დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე არ ყოფილა შემთხვევა, რომ სავაჭრო დისბალანსი არ გვქონოდა. მისი აღმოფხვრა ახლო პერსპექტივაში წარმოუდგენელია, გამოსავალი არ ჩანს. მთავრობამ მეტი ფოკუსირება უნდა მოახდინოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე და არა მსხვილ ბიზნესზე, რასაც იგი “აწარმოე საქართველოს” ფარგლებში ახორციელებს. ძვირადღირებული პროექტების დაფინანსებას სჯობს, მცირე მეწარმეებს დავეხმაროთ, რომელთა მხარდაჭერა მეტ ეფექტს მოგვცემს და დასაქმების კუთხითაც შეცვლის ვითარებას. შესაძლოა, ჩვენ უახლოეს პერიოდში ვერ გავიტანოთ დიდი რაოდენობის პროდუქცია, მაგრამ შიდა ბაზარზე იმპორტის ჩანაცვლების შესაძლებლობა გაჩნდება”, – აღნიშნა “ბიზნეს-რეზონანსთან” ვახტანგ ჭარაიამ.

რეზონანსი“, 25 აპრილი, 2017 წელი

სავაჭრო ქსელები მავნე ტანსაცმლით აივსო!

საღებავში ტოქსიკური მასალები გამოიყენება და მისი გასუფთავება შეუძლებელია

მარი ჩიტაია

საქართველოში შემოტანილი და სავაჭრო ქსელში გასაყიდად გამოტანილი ტანსაცმელი ჯანმრთელობისთვის საფრთხეს შეიცავს. რაც დრო გადის, სულ უფრო მეტი ადამიანი იწამლება როგორც საკვებით, ჭურჭლითა და სამზარეულო ნივთებით, ასევე ქსოვილებით, რომელსაც ყოველდღიურად მოვიხმართ. არაერთი საერთაშორისო კვლევით დასტურდება მავნე ზეგავლენა, რასაც სინთეტიკური ქსოვილები და საღებავები იწვევენ.

ცხადია, ანალოგიური პრობლემაა ყველგან, თუმცა ჩვენს ყურადღებას ამჯერად იწვევს ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი პროდუქცია, რომელთა უმეტესობა უხარისხო და იაფია. უხარისხო საქონელი ძირითადად თურქეთიდან და ჩინეთიდან შემოდის და მოჰყვება არასრული ეტიკეტები, რომლის წაკითხვა მომხმარებელს არაფერს აძლევს. ისიც უნდა ითქვას, რომ ტანსაცმლის შეძენისას იარლიყზე დატანილ ინფორმაციას თითქმის არავინ ეცნობა და მყიდველი ბრმად იძენს ამა თუ იმ სამოსს, რომელსაც ხანდახან წლების განმავლობაში იყენებს.

საფრთხე კი ნამდვილად დიდია. როგორც “ბიზნეს-რეზონანსს” ბიოქიმიკოსმა, საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსმა რამაზ გახოკიძემ განუცხადა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ჯანმრთელობისთვის საშიში ტანსაცმლის მომხმარებელია. ზოგადად, ეს ეხება არა მხოლოდ ზედა სამოსს, არამედ საცვლებს, თეთრეულს და სხვა. თუ ჩასაცმელის ფერი, როგორც ფსიქოლოგები აღნიშნავენ, მოქმედებს პიროვნების გუნება-განწყობაზე, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ქსოვილის ქიმიური შემადგენლობა გავლენას ახდენს მის ჯანმრთელობაზე.

“სინთეზური ქსოვილი იაფი ჯდება, არ იჭმუჭნება, დიდხანს ინარჩუნებს ფერს და მოხმარების მხრივ ხელსაყრელია. ამ დროს მას საკმაოდ მავნე შედეგი მოაქვს ადამიანის ჯანმრთელობისთვის. სინთეტიკური ტანსაცმლის გამოყენება სასტიკად აკრძალულია მათთვის, ვისაც აქვს ენემია, კანის დაავადებები – ფსორიაზი და ეგზემა. ჯანმრთელმაც რომ ატაროს დაბალი ხარისხის სინთეზური ქსოვილი, შესაძლოა, დერმატიტი განუვითარდეს.

არანაკლებ საშიშია სინთეზური თეთრეული, რომელსაც აქვს სოკოების და სხვა მიკროორგანიზმების დაგროვების უნარი. ასთმიანი ან ალერგიული ადამიანისთვის ის განსაკუთრებით საშიშია. ასეთ თეთრეულში წოლა ჯანმრთელობის მაღალ რისკს შეიცავს. მაგალითად, ლეიბს თუ ზედიზედ 5 წელიწადს გამოიყენებთ, მავნე მიკრობების ნორმა დასაშვებს 3-ჯერ გადააჭარბებს. ბალიშებში სინთეზური შემავსებლებით ობის სოკოები 2-ჯერ მეტია, ვიდრე ბუმბულით გატენილ ბალიშებში”, – განმარტავს გახოკიძე.

მისი თქმით, სინთეზური ბოჭკოსგან დამზადებული ქსოვილები სტატიკური ელექტრობის გამო იწვევს ნერვული დაბოლოებების გაღიზიანებას, მოქმედებს სისხლძარღვთა ტონუსზე და ხდება ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ცვლილება. თუკი ადამიანი ხშირად ატარებს ასეთ ტანსაცმელს, ხდება ორგანიზმზე სტატიკური ელექტროობის ზემოქმედება, რისი შედეგია სწრაფი დაღლა, გაღიზიანება, უძილობა, არტერიული ჰიპეტენზია, რადიკარდია და ა.შ.

“სინთეტიკა კანს სუნთქვის საშუალებას არ აძლევს. მოძრაობისას სხეული ცხელდება და ოფლიანდება, რაც იწვევს გამონაყარს, ქავილს, ქრონიკულ სურდოს და სხვა. აუცილებელია ეტიკეტზე ქსოვილის შემადგენლობის ზუსტი აღნუსხვა. თუ ის 70% ნატურალური ბოჭკოსგან შედგება, ნორმაა (ცხადია, ნატურალური სჯობს). რაც მეტია სინთეტიკა, მით უფრო ცუდად ცირკულირებს ჰაერი და ირღვევა თერმორეგულაცია.

პირველ რიგში, უნდა დაყნოსოთ ქსოვილი და თუკი იგრძნობთ საღებავის სუნს, უარი თქვით მის შეძენაზე. საღებავში ტოქსიკური მასალები გამოიყენება და მისი გასუფთავება შეუძლებელია. ძირითადად იყენებენ აზო საღებავებს, რაც იწვევს ალერგიასა და ონოკოლოგიურ დაავადებებს.

საბჭოთა კავშირში გასული საუკუნის 50-იან წლებში აიკრძალა აზო საღებავებით მაისურების შეღებვა, რადგან დადასტურდა, რომ მისი კანზე შეხება კიბოს პროვოცირებას იწვევდა. დღეს ამას ყურადღებას არავინ აქცევს.

აზო საღებავი კარგია იმ მხრივ, რომ გამძლე შეფერილობას იძლევა, მაგრამ ბევრმა ქვეყანამ აკრძალა, ხოლო გერმანიაში “შავ წიგნში” შეიტანეს. ასევეა “მოვეინი”, ერთ-ერთი პირველი სინთეზური საღებავი, ძალიან საშიში, რომელსაც ბავშვების ტანსაცმელშიც იყენებენ.

სინთეტიკური ქსოვილის გარდა, საღებავები და წებოები ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნიან. დადგენილია რომ ამინებსა და აზო საღებავებთან ხანგრძლივი კონტაქტი იწვევს შარდსადინარისა და საშარდე ბუშტის კიბოს განვითარებას. ასეთ საღებავს სუნი არ აქვს და მომხმარებელს დამოუკიდებლად მისი აღმოჩენა ტანსაცმელში არ შეუძლია”, – განმარტავს რამაზ გახოკიძე.

ამიტომაა, რომ ბუნებრივი ქსოვილის ნაწარმი ყოველთვის გაცილებით ძვირია, ვიდრე ხელოვნური ქსოვილისგან დამზადებული. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი კი მსყიდველუნარიანობის დონის გათვალისწინებით ჩასაცმელის ყიდვისას ფასს უფრო აქცევს ყურადღებას, ვიდრე ხარისხს.

თუკი ზოგიერთი სამოსი ჯანმრთელობას ვნებს, სხვები, პირიქით, დაავადებისგან განკურნებას ეხმარება. ნატურალურ ქსოვილს ზოგჯერ სამკურნალო პრეპარატების შეცვლა შეუძლია. მაგალითად, სელს, რომელიც 7000 წელია ცნობილია, უწინ დამცავ თვისებებს მიაწერდნენ და მას წმინდა ქსოვილსაც უწოდებდნენ. ძველ საბერძნეთში ამ ქსოვილის სამოსი ქურუმების პრივილეგიად ითვლებოდა, ხოლო ეგვიპტეში მხოლოდ არისტოკრატებისათვის იყო ხელმისაწვდომი.

სელი ნატურალური ანტისეპტიკია (ანთების საწინააღმდეგო). მიკრობებს ანადგურებს და ამგვარად ბაქტერიული და სოკოვანი დაავადებების აღმოცენებას აბრკოლებს, ამავე დრო არ იწვევს ალერგიას. მეომრებს ჭრილობები სწრაფად რომ მოშუშებოდათ, ნაიარევზე სელის ტილოს ახვევდნენ. მათ კი, ვისაც კანის დაავადებები (ატოპური დერმატიტი, ეგზემა, აკნე, ტროპიკული და კანის ინფექციური დაავადებები, ფსორიაზი და სხვა) აწუხებთ, შალის სამოსი უნდა ატარონ.

ნატურალური შალი შემადგენლობით ადამიანის თმის მსგავსია, მაგრამ მასზე უფრო მაგარია. შალი ადამიანის სხეულის ნივთიერებათა ცვლაზე სასიკეთოდ მოქმედებს. იმავდროულად, შალის ბოჭკო იმდენად გლუვი და ნაზია, რომ მგრძნობიარე კანს არ აღიზიანებს.

სპეციალისტები გვირჩევენ, რომ წინდები, თეთრეული და ფეხსაცმელი ნატურალური ფაქტურისგან დამზადებული ვატაროთ. ამით თავიდან ავიცილებთ უსიამოვნო სუნს, ბაქტერიულ დაავადებებსა და სხეულის სიმძიმეს. შესაძლოა, ფეხსაცმელი ლამაზიც იყოს, მოდურიც და არც დიდად აზარალებდეს მომხმარებლის ბიუჯეტს, მაგრამ ჰქონდეს ისეთი ნაკლი, რომელიც მის ყველა ღირსებას გააუფერულებს, ანუ იყოს უხარისხო და მოუხერხებელი. უხარისხო ფეხსაცმელმა შეიძლება ყველაზე დახვეწილი ჩაცმულობაც კი გააუფერულოს, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ზიანზე, რომელიც შეიძლება მიაყენოს ფეხის ტერფსა და სისხლძარღვებს.

Comments are closed