globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 25 მაისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on May 25th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი//მთელი კვირა: ინტერვიუ ალექსი პეტრიაშვილთან: “საქართველო კაპიტოლიუმის რადარებიდან გამქრალია”

რეზონანსი//მთელი კვირა: რიგის სამიტი, სადაც არაფერი გადაწყდა

რეზონანსი//მთელი კვირა: მიიღო თუ არა საქართველომ მაქსიმუმი რიგის სამიტისგან?

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „ფრთხილად! რადიკალური ისლამი საქართველოში, შესაძლოა, შეტევაზე გადავიდეს

„კვირის პალიტრა“: საქართველო ბუფერის როლით დაიღალა!

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ ავსტრილე ანალიტიკოს იუჯინ კოგანთან:რა ევროპულ ამბიციებზეა ლაპარაკი, როდესაც ქვეყანაში პენსია 150 ლარია?”

„კვირის ქრონიკა“: ინტერვიუ გიორგი ფოფხაძესთან: თუ ჩვენ ასეთი დებილები ვართ, ხელისუფლებას სულაც არ სჭირდება, ჭკვიანი იყოს“

„კვირის ქრონიკა“: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „ძალიან კარგია ევროპული ფასეულობები და უვიზოდ მოგზაურობა, მაგრამ ვინმე ამ ფასეულობების დამკვიდრებისთვის რამეს აკეთებს?“

———————-

რეზონანსი//მთელი კვირა“, 26 მაისი, 2015 წელი

ინტერვიუ ალექსი პეტრიაშვილთან: “საქართველო კაპიტოლიუმის რადარებიდან გამქრალია”

რატომ არიან ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები განაწყენებული საქართველოს ხელისუფლებაზე

ევროპასთან ინტეგრაციის ყოფილი მინისტრი, “თავისუფალი დემოკრატების” წევრი ალექსი პეტრიაშვილი „რეზონასის“ კორესპონდენტ იაგო ნაცვლიშვილთან საქართველოს სგარეო პოლიტიკის პრობლემებზე საუბრობს. იგი აშშ-დან ორიოდე დღის წინ დაბრუნდა. როგორც ყოფილი მინისტრი აცხადებს, ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები ოფიციალური თბილისის პასიურობით განაწყენებული არიან.

გთავაზობთ ინტერვიუს შემოკლებით:

ალექსი პეტრიაშვილი: “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლებს ვიზიტი გვქონდა აშშ-ში, იქიდან ჩამოვედით ძალიან სამწუხარო ინფორმაციით. ამერიკიდან ყველაზე მთავარი გზავნილი ისაა, რომ საქართველო კაპიტოლიუმის რადარებიდან გამქრალია. მეორე გზავნილი კი ის იყო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ყველა ხიდი დაეწვა კაპიტოლიუმზე მოსახვედრად, იქ, სადაც საქართველოს ჰყავდა გავლენიანი მეგობრები. ვგულისხმობ სენატორებსა და კონგრესმენებს.

მთელი კვირა: კონკრეტულად როგორ გაფუჭდა ურთიერთობები?

- ურთიერთობების მინიმიზაციით და იმით, რომ მათთან არ არის საუბარი საჭირბოროტო საკითხებზე და ასევე არ არის გზავნილების ურთიერთგაცვლა. ურთიერთობა შეწყდა იმის გამო, რომ საერთო ენა არ არსებობს დღევანდელ ხელისუფლებასა და ამერიკის საკანონმდებლო ორგანოს შორის.

- ანუ, ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით ოფიციალურ თბილისსა და ვაშინგტონს შორის განსხვავებული პოზიციებია?

- მე ვერ ვიტყვი ვაშინგტონის ადმინისტრაციაზე და ზოგადად ამერიკის აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, მაგრამ ისეთი გავლენიანი სენატორების ოფისებში, როგორებიც არიან რუბიო, შაჰინი, რიში და ა.შ. და ასევე კონგრესმენების ოფისებშიც ასეთი განწყობაა, რომ საქართველოზე უფრო მეტად ხამამაღლი ვერცერთი ქვეყანა ვერ იქნება. მათ შორის, ვერც აშშ იქნება აქტიური ჩვენი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციასთან და თავდაცვითი საშუალებების მოთხოვნასთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით ოფიციალური თბილისიდან არაფერი ისმის.

- გასულ წელს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ოფიციალური ვიზიტი ჰქონდა აშშ-ში. არ იყო ის ვიზიტი იმდენად წარმატებული, როგორც ამას საზოგადოებას ეუბნებოდნენ?

- რა. ის ვიზიტი ნამდვილად წარმატებული იყო და ეს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობაში ახალი ფურცელი იყო. ნამდვილად იყო იმის შესაძლებლობა, რომ ეს ფურცელი კარგად დაწერილიყო. სამწუხაროდ, დღეს ეს ფურცელი ცარიელია.

- ბოლო თვეების განმავლობაში შეწყდა კომუნიკაცია?

- არ მინდა, რომ ეს ყველაფერი ჩვენმა პარტიამ მიიწეროს საკუთარ თავზე, მაგრამ შემიძლია სენატორებისა და კონგრესმენების გამონათქვამების ციტირება მოვახდინო. ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ოფიციალური თბილისიდან ვაშინგტონის მისამართით გზავნილების, ურთიერთობის, კომუნიკაციის ინტენსივობა მინიმუმამდეა დაყვანილი. დასკვნები თავად გააკეთეთ.

- კონკრეტულად ვისთან გქონდათ შეხვედრები?

- საქართველოს ახალ გამოწვევებთან დაკავშირებით კონფერენცია ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ორგანიზებით გაიმართა. იქ იყვნენ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც, თეთრი სახლიდანაც იყვნენ, ანალიტიკური ცენტრებიდანაც და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდანაც.

საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებითაც გაკეთდა პროგნოზები. ამ შემთხვევაში კონკრეტული პირების ციტირებას ვერ მოვახდენ, ვინაიდან კონფერენცია დახურულ კარს მიღმა გაიმართა, მაგრამ გეტყვით იმას, რომ პროგნოზები, ჩვენდა სამწუხაროდ, ძალიან მძიმეა.

ამას გარდა, შეხვედრები, როგორც უკვე გითხარით, გვქონდა კაპიტოლიუმზე, შეხვედრა გვქონდა კონგრესის სპიკერ ჯონ ბენერის საერთაშორისო მრჩეველთან, ასევე გავლენიან კონგრესმენებთან: თედ პოსთან, დევიდ ბრაისთან და კირლინგერთან. შეხვედრები სენატორების რუბიოს, შაჰინისა და რიშის ოფისებშიც გვქონდა.

- ეკონომიკურ პროცესებთან დაკავშირებით მხოლოდ საქართველოს ეკონომიკაზე იყო საუბარი, რომ ჩვენი ეკონომიკაა მძიმე მდგომარეობაში?

- ეს არ ყოფილა კონტექსტიდან ამოგლეჯილად ნათქვამი. არავინ უარყოფს იმას, რომ გარე ფაქტორებიც ახდენს გავლენას, მაგრამ ის, რაც ხდება ქვეყნის შიგნით, ცხადზე ცხადია. ურთოერთბრალდებების შესახებ აშშ-ში ძალიან კარგად იციან და ასევე იმაზეც არიან ინფორმირებულნი, რომ განსაკუთრებული გადაბრალება მიდის ეროვნული ბანკის მიმართ. აშშ-დან დაბრუნებული კიდევ უფრო ნათლად ვხედავ, რომ შემაშფოთებელია პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ახალი თავმჯდომარის აქტივობა ეროვნული ბანკის სტრუქტურებთან მიმართებაში. ეს რეალურად მიმართულია ინსტიტუციების მორღვევისკენ, რაც საბოლოო ჯამში დააზიანებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს და ზიანს მიაყენებს ინვესტიციების მოზიდვას.

(…)

- რადგან ჩვენი ხელისუფლება არ აქტიურობს, ამიტომ საქართველოს მიმართ ისეთ ინტერესს აღარ გამოიჩენს, როგორც აქამდე იყო?

ა.პ: საერთაშორისო გლობალურ პოლიტიკაში სერიოზული პროცესები ვითარდება იმ გამოწვევების ფონზე, რაც მსოფლიოს წინაშეა. ეს არის სირია, ერაყი, ისლამური სახელმწიფო, ტერორიზმთან ბრძოლა, უკრაინის თემა, ნავთობი, ირანის ბირთვული იარაღი… შესაბამისად, ძალიან დატვირთული დღის წესრიგია, ამიტომ ჩვენ თვითონ თუ არ ვიქნებით აქტიურები, რომ საქართველოსთვის სასრგებლო რეზოლუციები მიიღონ, მაშინ იმის ილუზია ნურავის ექნება, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები საქართველოს პრობლემებზე ფიქრით დაიძინებენ და გაიღვიძებენ.

- ამ შინაარსის გზავნილები იყო, რომ თუ საქართველო თავად არ იაქტიურებს, მაშინ არც ისინი აპირებენ ამას?

- დიახ, ზუსტად ეს თქვეს, როდესაც ნატოსთან მიმართებაში გვქონდა საუბარი. მათი ხმა უფრო ძლიერია, მაგრამ თუ ჩვენ არ მოვახდენთ ამის დემონსტრირებას ისეთ პრინციპულ საკითხებზე, როგორიც არის ნატო და თავდაცვითი საშუალებების მიღება, მაშინ ამერიკელი კანონმდებლების ხმა ჩვენს აქტიურობაზე ძლიერი ვერ იქნება.

- ასეთი განწყობა ყველა დონეზეა? მათ შორის თეთრ სახლშიც?

- არა, ამას ვერ დაგიდასტურებთ. ასეთი განწყობის ელემენტები თეთრი სახლის წარმომადგენლებისგან არ გახმოვანებულა იმ ღონისძიებაზე, რომელზეც შევიკრიბეთ, მაგრამ ზოგადად ვაშინგტონში წუხილია იმის გამო, რომ ოფიციალური თბილისი არ აქტიურობს სტრატეგიულ პარტნიორთან მიმართებაში. მინდა გითხრათ, რომ ანალოგიური ვითარებაა ნატოს და ევროკავშირის წევრი სხვა სახელმწიფოების დედაქალაქებშიც.

- როგორ ფიქრობთ, ხელისუფლების პასიურობით არის გამოწვეული რიგის სამიტზე მიღებული შედეგი?

- მნიშვნელოვანწილად. საშინაო ფრონტზეც და საგარეოზეც არ ყოფილა დარჩენილი ისეთი საქმე, რომლის შესრულებაც რიგის სამიტამდე არ შეიძლებოდა. მეორე საკითხია, რომ უმაღლესი რანგის შეხვედრები რიგის სამიტზე კი არ უნდა ხდებოდეს ფოტოების გადაღებისთვის, არამედ მანამდე უნდა იყოს. უნდა მიდიოდეს მუშაობა 24-საათიან რეჟიმში. დასავლელი ლიდერების კაბინეტების კარების ატალახებასაც არ უნდა მოერიდონ ხელისუფლების ლიდერები. განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც გარკვეული სკეპტიციზმი არსებობს. ამ მიმართულებით ლობირების ყველა შესაძლო ხერხი უნდა ჩართულიყო.

ბოლო კვირებში იყო ცალკეული მინისტრების ვიზიტები, რაც გაცილებით ადრე უნდა გამართულიყო ისეთ დედაქალაქებში როგორებიცაა ბერლინი, პარიზი, რომი, ათენი და ა.შ. ჩვენ კიდევ ვთავაზობთ, რომ დავეხმაროთ ჩვენი გამოცდილებით. ჩვენის მხრივ ხელისუფლების საქმიანობას მონიტორინგს გავუწევთ იმისთვის, რომ 15 დეკემბერს, როდესაც ევროკომისიის დასკვნა უნდა მომზადდეს, კიდევ არ იყოს სათქმელი, რომ აი კიდევ 2-3 პუნქტიც და უკვე ბოლოსდაბოლოს ვიზალიბერალიზაციას მივიღებთო. თუკი ხელისუფლების ხელმძღვანელობა მობილიზებული და ერთიანი იქნება, მაშინ წარმატების რეალური შანსი არსებობს. მუშაობის ამ ტემპით გაგრძელება არაფერ კარგ შედეგამდე არ მიგვიყვანს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, ჩვენ ყველა ერთად მივესალმოთ ხელისუფლების ძალისხმევას, რომ ევროკომისიამ დადებითი დასკვნა გამოაქვეყნოს.

რეზონანსი//მთელი კვირა“, 26 მაისი, 2015 წელი

რიგის სამიტი, სადაც არაფერი გადაწყდა

ეკატერინე ბასილაია

(შემოკლებით)

რიგის სამიტი ისე დასრულდა და ქართული დელეგაცია შინ ისე დაბრუნდა, რომ ლატვიიდან კონკრეტული არაფერი წამოუღია დაპირებების გარდა – არ დაითქვა კონკრეტული თარიღი, როდის შევძლებთ ევროპაში უვიზოდ გამგზავრებას და არც ჩვენი ევროინტეგრაციის პერსპექტივა ჩაიწერა მთავარ დოკუმენტში. დაიდო მხოლოდ ის პირობა, რომ დეკემბერში მოხდება ჩვენი და უკრაინის მიღწევების კიდევ ერთხელ შეფასება და დადებითი დასკვნის შემდეგ ვიზების გამარტივებაზე პოლიტიკური გადაწყვეტილებაც საბოლოოდ გაცხადდება. ახლა უკვე მთელი იმედი დეკემბერზეა. ევროპულ პერსპექტივაზე კი საერთოდ არაფერი თქმულა.

(…)

რიგაში მთავრობის დელეგაციის მუშაობის პარალელურად ქართულმა არასამთავრობო სექტორმაც ძალიან ბევრი იომა და სამიტის მიმდინარეობის კვალდაკვალ მოლდოვური და უკრაინული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ევროპული პერსპექტივის მოთხოვნით ერთგვარად პროვოკაციული აქცია-პერფორმანსიც მოაწყო – გაიშალა პლაკატები და დროშები; იყო ლოზუნგები. ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნით, დაიწერა სამი დამოუკიდებელი პეტიცია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას სახელით, შეგროვდა ხელმოწერები და ეს ყველაფერი ევროკავშირის წამყვან ლიდერებს გადაეცათ.

„დოკუმენტში, რომელიც ცალ-ცალკე სამივე ქვეყნის არასამთავრობოებმა შევიმუშავეთ, ჩვენ ვხსნით მიზეზებს, თუ რატომ უნდა გახდნენ ჩვენი ქვეყნები ევროკავშირის წევრები. როდესაც პეტიცია კომისარ იოჰანეს ჰანს გადავეცით, დაგვპირდა, რომ საკუთარ კაბინეტში გააკრავდა, ჩვენ მიერ გადაცემულ პლაკატებსაც. საერთო ჯამში, სამოქალაქო საზოგადოების ასეთი დემარში ევროპელი ლიდერებისათვის სიურპრიზი აღმოჩნდა და დარბაზში ამან დიდი აღფრთოვანება გამოიწვია“, – ამბობს აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ხელმძღვანელი და „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში.

(…)

ლაშა ტუღუში თვლის, რომ შესაძლოა, ბევრი ვერაფერი გააკეთეს, მაგრამ ერთი კენჭის დადება შეძლეს საქართველოს ევროპერსპექტივის გზაზე და აქტიურობამ პროცესებზე გარკვეული პოზიტიური გავლენაც მოახდინა.

ლაშა ტუღუში სამიტის კულუარებში მიმდინარე ვნებათაღელვასა და დაძაბულობაზე საუბრობს.  „ძალიან დიდი ინსინუაციები იყო, ვიგებდით, რომ რამდენიმე ქვეყანა უკმაყოფილო იყო. ძალიან რთული ფონი და შიდა დისკუსიები იყო. ძალიან რთული ისტორიული პროცესია, იმიტომ, რომ უკრაინაში ომისა და რუსეთი ამ ვითარებაში აქტიურად არის ჩარეული. უკრაინას ჰქონდა კატეგორილი დამოკიდებულება, იმიტომ, რომ ყირიმის საკითხის ჩადება-არჩადებაზე მიდიოდა დისკუსია. აზერბაიჯანი იყო უკმაყოფილო რაღაც პუნქტებით. მოლდოვასაც ჰქონდა ინტერესები. ჩვენი დელეგაციაც საკმაოდ აქტიურად ცდილობდა ლობირებას,რომ ვიზებთან დაკავშირებით ქართული ინტერესები ჩადებულიყო. შესაძლოა, ვთქვათ, უფრო მეტის მიღწევა შეგვეძლო, მაგრამ ეს რთული იყო და ვიზებთან მაინც საინტერესო რამ ჩაიდო. ბოლო დღემდე სერიოზული დისკუსიები მიმდინარეობდა თითოეულ სიტყვასა თუ სასვენ ნიშანზე. ძალიან დაძაბული პროცესი იყო. ვთვლი, რომ მიღწევების ბოლომდე კარგად ასახვა არ მოხდა, ჩვენ უფრო წინ ვართ, ვიდრე შეფასდა, თუმცა ყურები არ უნდა ჩამოვყაროთ“, – დასძენს ტუღუში.

როგორც კი თვის დასაწყისში სამიტის დეკლარაციის პროექტი გადაეგზავნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში მონაწილე 6-ვე ქვეყანას და მედიის საშუალებით გავრცელდა პროექტის შინაარსი, ნათელი იყო, რომ ევროპულ პერსპექტივაზე და ვიზალიბერალიზაციის ვადაზე არაფერი იქნებოდა დოკუმენტში აღნიშნული.

ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი აცხადებს, რომ დეკლარაცია მთლიანობაში სუსტია, არაფერი მასში რევოლუციური არ არის, მაგრამ ეს იყო მაქსიმუმი, რისი მიღებაც, საგარეო ფაქტორის გათვალისწინებით, ამ სამიტიდან იყო შესაძლებელი. იგი ამბობს, რომ სამწუხაროდ, ევროპული პერსპექტივის ჩაწერა ვერ მოხერხდა, თუმცა ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ჩანაწერი კარგია და პრაქტიკულად პერსპექტივას ხსნის. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამაც და არასამთავრობო ორგანიზაციებმაც ამის მისაღწევად ბევრი იომეს. მისი თქმით, საქართველომ წელიწადნახევაში გააკეთა ის, რასაც სხვა ქვეყნები 2 წელიწადში აკეთებენ და დიპლომატიამაც ბოლო 2 თვეში ძალიან ბევრი იშრომა, რომ ვიზალიბერალიზაციის თემაზე დადებითი ჩანაწერი ყოფილიყო. ევროპულ პერსპექტივაზე კი თავს ზევით ძალა არ იყო და მისი დაფიქსირება ვერ მოხერხდა.

გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ ამას იმედგაცრუება არ უნდა დავარქვათ, რადგან დიპლომატიური ბრძოლა არ ნიშნავს, რომ ყველაფერს მალე მივიღებთ. მთავარია, დღის წესრიგში ტოვებ საკითხს და ევროკავშირი ნელ-ნელა უნდა შევაჩვიოთ აზრს, რომ ადრე თუ გვიან ჩვენი ევროპული პერსპექტივა ღიაროსნ.

თსუ-ს პროფესორის, პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას განცხადებით, ამ ეტაპისთვის მაქსიმუმი იყო ის, რაც მივიღეთ და შექმნილი საგარეო სიტუაციიდან გამომდინარე, გარღვევას არავინ ელოდა. კაკაჩია ასევე თვლის, რომ ევროპის ლიდერები ცოტა არ იყოს დაიღალნენ საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებების წნეხით, რომლებიც წელიწადში თუ ორ წელიწადში ერთხელ რაღაც ახალს ითხოვენ.

„ევროპაში არ არის გაფართოების სურვილი, აქედან გამომდინარე, მათ ეშინიათ, თუკი ქვეყნებმა ყველაფერი სწრაფად გაიარეს, სწრაფად მოგვცეს ვიზალიბერალიზაცია, მერე ორ წელიწადში კიდევ რაღაც ახალს მოვითხოვთ. მათ მიაჩნიათ, რომ საქართველო, ისე როგორც უკრაინა ეკონომიკური და სოციალურ-პოლიტიკური სიტუაციით ძალიან შორსაა იმ რეალობისგან, რომელიც ევროკავშირთან მეტად დაახლოებისთვისაა საჭირო“, – დასძენს კაკაჩია.

რეზონანსი//მთელი კვირა“, 26 მაისი, 2015 წელი

მიიღო თუ არა საქართველომ მაქსიმუმი რიგის სამიტისგან?

ლიკა ამირაშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, საქართველომ რიგის სამიტზე მაქსიმუმი მიიღო. მისივე განმარტებით, ახლა საჭიროა ტექნიკური პროცედურების დასრულება და დალოდება, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა შეძლონ. “რიგის სამიტზე ჩვენ მივიღეთ მაქსიმუმი, რაც ამ სიტუაციაში იყო შესაძლებელი, რომ მიგვეღო. მოლოდინი შესაძლოა, ყოფილიყო უფრო მაღალი, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები. ჩვენმა მთავრობამ მაქსიმუმი გააკეთა. ეს პროცესი უნდა დაწყებულიყო 2010 წელს, წინა ხელისუფლების დროს. მოლდოვამ სწორედ ამის გამო მიიღო უვიზო რეჟიმი. საქართველომ კი ამაზე მუშაობა დაიწყო ორი წლის წინ, როცა ხელისუფლებაში ჩვენ მოვედით”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თქვენი აზრით, მიიღო თუ არა საქართველომ მაქსიმუმი რიგის სამიტისგან? – ამ კითხვით “მთელმა კვირამ” საზოგადოებისათვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): იმის თქმა, რომ ჩვენ ახლა ლიბერალიზაციის პაკეტს მივიღებდით, სწორად არ მიმაჩნია. ეს რომ დაგვეჯერებინა, თავის მოტყუება იქნებოდა. მაქსიმუმი გაკეთდა თუ არა, მაგას ვერ გეტყვით, თუმცა ამ ეტაპზე მიმაჩნია, რომ ვიზალიბერალიზაცია მიღებული არ იქნებოდა, იმიტომ, რომ ქვეყანაში ისეთი სიტუაციაა, მოსახლეობის მასობრივ გადინებას გამოიწვევდა. რასაკვირველია, ვიზალიბერალიზაციის პროგრამა უნდა განხორციელდეს, მაგრამ ამან მთელი საქართველოს დაცარიელება არ უნდა გამოიწვიოს. ქვეყანაში ეკონომიკური პროცესები ცოტა უკეთესი უნდა იყოს. ამ შემთხვევაში მივესალმები.

იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი): ევროპული სახელმწიფოს ინტერესის ობიექტი არ ვართ. დასავლეთიდან საქართველოს მიმართ ერთგვარი პოლიტიკური გაციება იგრძნობა. გამომდინარე აქედან, მე ვფიქრობდი, რომ ჯერჯერობით საქართველო უვიზო რეჟიმს ვერ მიაღწევდა. რაც შეეხება მაქსიმუმის მიღწევას, ღარიბაშვილს მეტი ინფორმაცია აქვს, ალბათ მან მეტი იცის, იმიტომ რომ პოლიტიკაში არსებობს სიტუაციები, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის. მე ვეთანმხები მას, ამ სიტუაციაში საქართველოს მეტს არავინ არ მისცემდა. ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ ჩვენ ვართ გვეყანა, რომელსაც უამრავი პრობლემა აქვს. მოუგვარებელია აფხაზეთისა და ოსეთის საკითხი, ამიტომ ასეთ პრობლემურ ქვეყანასთან ურთიერთობისგან ყველა თავს იკავებს.

ედიშერ გვენეტაძე (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ღარიბაშვილს მეც ვეთანხმები. ვიზალიბერალიზაცია როდის იქნება და როგორ იქნება, ეს მომავლის საკითხია. საქართველოს ევროპასთან უვიზო მიმოსვლის პერსპექტივა და ევროკავშირში შესვლა მსოფლიოს ხელახალი გადანაწილების პროცესზეა დამოკიდებული. ვიზალიბერალიზაცია ალბათ მომავალი წლის საკითხია, აქედან გამომდინარე, მომავალ წელსავ ევროელი პოლიტიკოსების მიერ კიდევ რაღაც იქნება გამოგონებული, რომ ეს პროცესი კიდევ გაიწელოს. ერთი სიტყვით, ეს პროცესი ბუნებრივია პოსტსაბჭოური ქვეყნებისთვის.

რეზო მიშველაძე (მწერალი): რიგის სამიტის მოლოდინი მართლაც დიდი იყო. მთავრობაც და ოპოზიციაც თითქმის ერთსულოვნად ამბობდა, რომ ვიზალიბერალიზაციას აუცილებლად მივიღებდით. როდესაც მერკელმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით უვიზო მიმოსვლამდე შორი გზა გვაქვს, ხუმრობად მიიღეს. ისეთი სახეები ჰქონდათ, თითქოს უვიზო მიმოსვლის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო. კიდევ რამდენი მოტყუებაა საჭირო, რომ მივხვდეთ, დასავლეთს ჩვენ ქვეყნად არ მივაჩნივართ. რიგაში ერთ სასტუმროში ჩვენი პრემიერ- მინისტრი და დამნაშავე სააკაშვილი ერთად ცხოვრობდნენ.

„კვირის პალიტრა“, 25 მაისი, 2015 წელი

ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „ფრთხილად! რადიკალური ისლამი საქართველოში, შესაძლოა, შეტევაზე გადავიდეს

ვრცელ ინტერვიუში სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმზღვანელი, პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე საგარეოპოლიტიკურ საკითხებზე საუბრობს, განსაკუთრებით ყურადღებას ამახვილებს საქართველოსთვის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ რიგის სამიტის შედეგებზე და „ისლამური სახელმწიფოს“ საფრთხეზე.

ა) „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ რიგის შეხვედრის შედეგები

“მიუხედავად ჩვენი საზოგადოების მოლოდინისა, ევროპის საზღვრები საქართველოსა და უკრაინისთვის ისევ დახურულია. მოლოდინი, გააჩინეს როგორც ქართველმა, ისე უცხოელმა პოლიტიკოსებმა. როგორც წესი, ამგვარ პერსპექტივაზე აქცენტირებას ისინი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისა და წარმატების დემონსტრირებისთვის იყენებენ ხოლმე – ამ საკითხით, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის თემით, საქართველოში “ნაციონალური მოძრაობის” და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აპელირებდნენ და ამ პროცესში საკუთარი დამსახურების წარმოჩენას ცდილობდნენ. დასავლელი პოლიტიკოსები კი ამ საკითხზე განცხადებების გამუდმებით კეთებით ცდილობდნენ ქართველ საზოგადოებაში დასავლეთისადმი იმედგაცრუების შეჩერებას. საბოლოოდ გაირკვა, რომ ევროკავშირის ის ჩინოსნები, ვინც ამაზე აქამდე ლაპარაკობდნენ, საკითხს თვითონ სულაც არ წყვეტენ. ეს რამდენიმე მაღალი რანგის პოლიტიკური ფიგურის პრეროგატივაა, რომლებიც ევროპის წამყვან ქვეყნებს წარმოადგენენ და უპირველესად საკუთარი პოლიტიკური სარგებლით ხელმძღვანელობენ. მათთვის ვითარება დღეს ისე დალაგდა, რომ საქართველოსა და უკრაინასთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღება წამგებიანი აღმოჩნდა. “ნაციონალური მოძრაობა~ მუდმივად აპელირებდა იმაზე, რომ საჭირო იყო საქართველოს საკითხის უკრაინაზე მიბმა, რათა უკრაინაში მიმდინარე რთული პროცესების პარალელურად, მსოფლიო პოლიტიკურ დღის წესრიგში მუდმივად ყოფილიყო საქართველოც. პრინციპში, დღეს შეიძლება მივულოცოთ მათ, ორივე ქვეყანა სწორედ ერთ კონტექსტში განიხილეს და ორივეს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრეს – რასაკვირველია, საქართველოსა და უკრაინის შეფასებები მართლაც დიდად განსხვავდებოდა, თუმცა, გადაწყვეტილებაზე ეს არ ასახულა.

(…)

ვიცით, რომ მოლდავეთს უკვე მიენიჭა უვიზო მიმოსვლის უფლება. აქ გადამწყვეტი ფაქტორი იყო ისიც, რომ ამ ქვეყანას ჰყავს ­ პერსონალური პარტნიორი, მეტიც, პატრონი – რუმინეთი. ევროკავშირმა ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა, რადგან მოლდავეთის მოქალაქეების ნაწილი უპრობლემოდ იღებდა რუმინეთის მოქალაქეობას და ხვდებოდა შენგენის სივრცეში. ამ გადასახედიდან ევროკავშირის პოზიცია შეიძლება გასაგებადაც მივიჩნიოთ უკრაინის საკითხში. აქ ომია და სრულიად არაპროგნოზირებადია ვიზალიბერალიზაციის შემთხვევაში მოქალაქეთა რა ნაკადი წავა ევროკავშირის ქვეყნებში. რაც შეეხება საქართველოს, აქაც არის ერთი სერიოზული თემა, რასაც რიგის სამიტზე საჯაროდ არავინ იტყოდა. კერძოდ, საქართველო მდებარეობს მეტად დაძაბულ რეგიონში, შეიძლება ითქვას, სავარაუდო კონფლიქტის ზონაში – ვგულისხმობ, კონფლიქტს ისლამისტურ ფუნდამენტალიზთან, რაც მსოფლიოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. მისი კავკასიაში გავრცელების შემთხვევაში საქართველო ევროპისთვის მეტად საშიშ რეგიონად შეიძლება იქცეს, თუმცა, ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე ეს ვერ იქნებოდა ზემოქმედების მთავარი ფაქტორი. საქმე ის არის, რომ ამ მასშტაბური საემიგრაციო პოლიტიკით ევროპის ქვეყნებმა იმდენი მოახერხეს, რომ ევროპაში კარგა ხანია გაჩნდა ისლამისტური ფუნდამენტალიზმის პლაცდარმები.

(…)

“ევროკომისიის ანგარიში ოფიციალურად დასახელებული მიზეზია. საქართველოს ექსპრეზიდენტმაც განაცხადა, საქართველომ პირობები არ შეასრულაო. როგორც სჩვევია, ის ახლაც საზოგადოებას თვალში ნაცარს აყრის, რადგან სულ ზედმიწევნითაც რომ შეესრულებინა საქართველოს ეს გეგმა, საბოლოოდ მნიშვნელოვანი მაინც პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნებოდა. დღეს ევროპას საქართველოსთვის გამარტივებული სავიზო მიმოსვლის მიცემა ხელს არ აძლევს და ამის თავიდან ასაცილებლად ათასგვარ მიზეზს მოიფიქრებდნენ. რეალურად ხელის შემშლელი ფაქტორები კი არის, ერთი მხრივ, ის, რაც უკვე ვთქვი, ანუ ფუნდამენტალიზმის საფრთხე და მეორე მხრივ კი, სავარაუდოდ, რუსეთის პოზიცია, რომელსაც ამ ეტაპზე ანგარიში გაუწიეს. ვიმეორებ, ამგვარ საკითხებს წყვეტს პოლიტიკური კონიუნქტურა. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ბალკანეთის ზოგიერთი ქვეყანა, რომლებიც დღეს უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ, ჯერაც ვერ ასრულებს იმ გეგმას და ვერ ატარებს იმგვარ რეფორმებს, რასაც ჩვენ ევროკავშირი შეუსრულებლად გვითვლის. სანამ ევროპა “რუსულ ჯადოს” არ აიხსნის, მანამდე ჩვენც ვივლით მოჯადოებულ ევროწრეზე. მოკლედ, ჩვენი ვიზალიბერალიზაციის საკითხი მიბმულია დიდ გეოპოლიტიკურ პროცესებზე. ვფიქრობ, უკრაინასთან შედარებით ჩვენი შანსი უფრო დიდია. ომს რომ თავი დავანებოთ, ამ ქვეყანაში რეფორმების საქმე რთულად არის.

ბ) „ისლამური სახელმწიფოს“ საფრთხე

“საქართველოს მოსახლეობა ფრაგმენტულად იგებს ინფორმაციას იმ ნეგატიურ პროცესზე, რაც საქართველოში მიმდინარეობს. შემთხვევები [საქართველოდან ქალების სირიაში წასვლის თაობაზე] მხოლოდ დეტალებია. არ დაგავიწყდეთ, რომ ის ქალები წარმოშობით კახეთის ერთ-ერთი, აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფლიდან კი იყვნენ, მაგრამ თბილისში ცხოვრობდნენ. მათ გარდა, ვერც კი წარმოიდგენთ, სირიაში კიდევ რამდენი ქალია წასული, მათგან ზოგიერთი უკვე უკანაც დაბრუნდა – დედები უპრობლემოდ ჩადიან შვილების სანახავად, ზოგჯერ მათთვის პატარძლებიც მიჰყავთ…

ეს მასშტაბური პროცესია. თქვენ პანკისელი ახალგაზრდის დაღუპვაც ახსენეთ, მაგრამ არავის გაუხმაურებია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სულ ახლახან სირიაში ორი აზერბაიჯანელი ძმა დაიღუპა, რომლებიც გარდაბნიდან იყვნენ. არავინ იცის ზუსტად, რამდენი კაცია ქვემო ქართლიდან და აჭარიდან სირიასა და ერაყში წასული. ეს მეტად სახიფათო პროცესის ფრაგმენტებია. შორს რომ არ წავიდეთ, აქ, დედაქალაქში, ფონიჭალაში აგვიშენეს ვაჰაბიტური მეჩეთი. არ არსებობს ქვეყანაში კანონი, რომელიც ამ საკითხს სწორად მიუდგება. ეს იმის შედეგია, პოლიტიკანობას რომ გადააყოლეს ქვეყანა წინა მოწვევის პარლამენტების დეპუტატებმა. ვიწროპარტიული ინტერესების ბრძოლაში ვერ შეიქმნა ნორმალური რელიგიის კანონი, რომელშიც იქნებოდა ჩადებული სწორი და აუცილებელი რეგულაციები. იმ მეჩეთის მშენებლობა, ზემოთ რომ ვახსენე, ახლა სიტყვიერი ბრძანებით შეაჩერეს, თუმცა, შენობა, ფაქტობრივად, დასრულებულია. ისიც კი არ ვიცით, სულ რამდენი ვაჰაბიტური მეჩეთია საქართველოში. რამდენი წელია ამაზე ვლაპარაკობ, მაგრამ უშედეგოდ.

“თუ ვინმეს ჰგონია, არავინ იცის, როგორ გაჰყავთ მოქალაქეები სირიასა და ერაყში, რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან ამაში ჩარეული, ძალიან ცდება. თავს ვერ მივცემ უფლებას, დავასახელო გვარ-სახელები და ის მისამართები, სადაც შეკრებები ტარდება… საერთოდ, ვინმეს აინტერესებს, რა ხდება ბათუმში?! ფუნდამენტალიზმის სენი, რომელიც სადღაც 7-8 წლის წინ ასეთი მნიშვნელოვანი არ იყო, დღეს მოდებულია მთელ ქვეყანაში. ძალიან ჭკვიანურად და ექსცესების გარეშე მოქმედებენ. ჩვენ კი დაკავებული ვართ სხვა საკითხებით, ერთმანეთთან ბრძოლით. თუ ეს ძალა გააქტიურდა, აბსოლუტურად მოუმზადებლები აღმოვჩნდებით, უპირველესად საზოგადოების ცნობიერების დონეზე. ფრთხილად – რადიკალური ისლამი საქართველოში, შესაძლოა, შეტევაზე გადავიდეს.

„კვირის პალიტრა“, 25 მაისი, 2015 წელი

საქართველო ბუფერის როლით დაიღალა!

ხათუნა ლაგაზიძე

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ერთი წლით გადავადებამ უნდა გამოაფხიზლოს საქართველოს პროდასავლური პოლიტიკური ელიტა: სადამდე უნდა ვიყოთ განუვითარებელი თუ განვითარებაშეფერხებული ბავშვის მდგომარეობაში?! 2016 წლის არჩევნების წინ საქართველოს პროდასავლურ პოლიტიკურ სპექტრს მაშველი რგოლი სჭირდება და ეს ამ ეტაპზე მხოლოდ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმია. გულუბრყვილობაა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულება: აქაოდა, ტექნიკური პარამეტრები არ შეასრულა და ამიტომაც გვიქნევს ხელს ევროკავშირიო. სამწუხაროდ, დასავლეთი მიეჩვია საკუთარი ცვედანობის სხვაზე გადაბრალებას: რეალურად საქმე გვაქვს ევროკავშირთან, რომლის პოლიტიკური, ბიზნესელიტისა და საინფორმაციო სივრცის სოლიდური ნაწილი რუსეთის მოსყიდულია. რაც შევასრულეთ წაყენებული მოთხოვნებიდან და სავიზო რეჟიმი შემოვიღეთ ქვეყნების დიდ უმრავლესობასთან, ხომ აგვაშენა: შედეგად მივიღეთ დაქცეული სამშენებლო და დეველოპერული ბიზნესი, დამშეული ოჯახები, რომელთა ერთადერთი შემოსავალი უძრავი ქონების გაქირავებისგან მიღებული შემოსავალი იყო, და შემცირებული ტურისტული ნაკადი. და რას ვიღებთ სანაცვლოდ: კლასში ჩატოვებული მოსწავლის პოზიციას, რომელმაც 25 წელია ძლივს მოახერხა ერთი საფეხურით წინ წაწევა (ვგულისხმობ ასოცირების ხელშეკრულებას) ევროკავშირისა და ნატოს მოსწავლე-კანდიდატთა უგრძეს კიბეზე. ხვდება კი კომფორტით გაქსუებული დასავლეთი, საით უბიძგებს საქართველოს 2016 წლის არჩევნების წინ?! ისე არ მოხდეს, თითიდან გამოწოვილი მოთხოვნების წამოყენებით, ზოზინ-ზოზინში, უკრაინის ევროპული მომავალი ტიმოშენკოს ნაწნავს რომ გადააყოლეს. პარტნიორობას თავისი ფასი აქვს და მას მარტო საქართველო არ უნდა იხდიდეს დაკარგული ტერიტორიებით და დანგრეული ეკონომიკით. როცა სამართლიანად საყვედურობენ რუსეთს, რატომ არ ააღორძინა რეგიონში მისი ერთადერთი სტრატეგიული პარტნიორის, სომხეთის ეკონომიკა, ჩვენც შეგვიძლია ვიკითხოთ: რატომ არ იზრუნა ჩვენმა უმთავრესმა სტრატეგიულმა პარტნიორმა აშშ-მა, რომ საქართველო ქცეულიყო სამოდელო ეკონომიკის ქვეყნად მთელი პოსტსაბჭოთა სივრცისთვის, როცა მას პარტნიორი ქვეყნის აღორძინების ძალიან კარგი მაგალითი აქვს, სამხრეთ კორეა ხომ სწორედ აშშ-ის პირდაპირი დახმარებით გახდა მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა?

საქართველოს პოლიტიკურმა სპექტრმა ძალიან ნათლად უნდა უთხრას დასავლეთს: საქართველოს რუსულ ხახაში დაბრუნებაზე ის იქნება პასუხისმგებელი თავისი ცვედანი პოლიტიკით, თუ არჩევნებამდე ქართველ ამომრჩეველს ევროპის სივრცეში ინტეგრაციის ხელშესახებ შედეგს არ დაუდებენ.

ჩვენი დასავლელი პარტნიორები არა მხოლოდ საქართველოს პოლიტიკური სპექტრის გაძლიერებაზე უნდა ზრუნავდნენ, არამედ საზოგადოების სოციალური და ეკონომიკური ყოფის გაჯანსაღებაზეც. მმართველ კოალიციაში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის მთელი სიმძიმე ახლა რესპუბლიკელებმა გადაიბარეს. შიდა პოლიტიკაში მათმა ტაქტიკამ გაამართლა: არა გაქცევა ბრძოლის ველიდან, არამედ ყველა ბილიკის მოსინჯვა მიზნამდე მისასვლელად. რესპუბლიკელები ასეთივე პრინციპულები უნდა იყვნენ საგარეო ფლანგზე: პოლიტიკური ბრძოლის ყველა მეთოდის გამოყენებით უნდა მიიყვანონ დასავლეთი იმ კონდიციამდე, რომ გადმოდგას რეალური ნაბიჯები საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში მისაღებად. დასავლეთის მხარდაჭერა არა მხოლოდ საქართველოს პროდასავლურ სპექტრზე ზრუნვაში უნდა გამოიხატოს, არამედ ქვეყნის პოზიციების წინ წაწევაში. ასე უყურებენ პარტნიორებს და არა – ბუფერებს. საქართველო დაიღალა 25 წლის განმავლობაში აშშ-რუსეთის დაპირისპირებაში ბუფერის როლით. ჩვენ რეალურ პარტნიორობაზე დაფუძნებული ურთიერთობები უნდა მოვითხოვოთ დასავლელი მეგობრებისგან და იგივე უნდა შევთავაზოთ თავად.

„კვირის პალიტრა“, 25 მაისი, 2015 წელი

ინტერვიუ ავსტრილე ანალიტიკოს იუჯინ კოგანთან – “რა ევროპულ ამბიციებზეა ლაპარაკი, როდესაც ქვეყანაში პენსია 150 ლარია?”

ვაჟა თავბერიძე

რიგის სამიტის არცთუ ისე სახარბიელო შედეგებზე საქართველოში მოღვაწე ავსტრიელ ანალიტიკოსს, კავკასიის რეგიონის სამხედრო უსაფრთხოების ექსპერტ იუჯინ კოგანს ვესაუბრეთ:

- როგორ ფიქრობთ, რამდენად შეესაბამებოდა საქართველოს მოლოდინი იმ შედეგებს, რაც რიგის სამიტზე მივიღეთ?

- უკანასკნელი ორი თვის მანძილზე აშკარა გახდა, რომ საქართველოს რიგის სამიტზე იმედგაცრუება ელოდა – როგორც პოლიტიკურმა ელიტამ, ასევე სამოქალაქო საზოგადოებამ გაიაზრა, რომ უვიზო რეჟიმს, რასაც ასე იმედიანად ელოდნენ წლის დამდეგს, რიგის სამიტზე არ მოგვცემდნენ. ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ გაჩნდა მინიშნება, არა – დაპირება, რომ რიგის სამიტისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება შესაძლებელი იყო. მეტიც, მახსოვს ქართული მხარე იმასაც თვლიდა, რომ მათზე ადრე უვიზო რეჟიმის მოლდავეთისთვის მიცემა უსამართლობა იყო. ახლა მაშინდელი წყენა უკვე სკეპტიციზმში გადაიზარდა, რადგან ყველაფერი გადაიდო შემდეგ სამიტამდე, იმ იმედით, რომ იმ დროისთვის ევროკავშირისთვის უფრო ხელსაყრელი ვითარება შეიქმნებოდა ასეთი თამამი ნაბიჯის გასაკეთებლად. რა თქმა უნდა, ეს ქართულ ისტებლიშმენტს პირში მწარე გემოს უტოვებს. ძნელია, მოსახლეობას განუცხადო, რომ მიუხედავად დიდი შრომისა და რეფორმებისა, ევროკავშირისგან ხელშესახები ვერაფერი მივიღეთო. მეორე მხრივ, ბრიუსელში, და საზოგადოდ, ევროპაში, არსებობს კონსენსუსი იმის შესახებ, რომ უკრაინამ და საქართველომ სხვებთან შედარებით მეტხანს უნდა იცადონ.

ევროკავშირს სურს, ნახოს, როგორ დამთავრდება ამ ქვეყნებში მიმდინარე კონფლიქტები. მეტიც, ევროკავშირს არ სურს, გადადგას ისეთი ნაბიჯი, რაც უკრაინაში ვითარებას გაამწვავებდა – არსებული ვითარებით ისინი ბედნიერი ნამდვილად არ არიან, მაგრამ უარესისაც ეშინიათ.

(…)

უვიზო რეჟიმის დაგვიანების მთავარი მიზეზი თბილისში არ უნდა ეძებოთ. უბრალოდ, ევროკავშირის პოზიციაა, არ მისცეს რუსეთს არავითარი მიზეზი, არავითარი საფუძველი საქართველოსა და უკრაინაში თავისი აგრესიის გამართლებისა.

რაც შეეხება მოლდოვასთვის თავის დროზე უვიზო რეჟიმის მიცემას, აქ უნდა ვთქვათ, რომ დნესტრისპირეთი კვლავ უზარმაზარი პრობლემაა, მაგრამ იმ დროს, როდესაც მოლდავეთისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭება გადაწყვიტეს, ვითარება ასეთი მძიმე არ იყო. ამას გარდა, მოლდავეთს ძალზე აქტიურ ლობირებას უწევდა უკვე ევროკავშირის წევრი რუმინეთის მთავრობა. საქართველოს კი ამის ფუფუნება არა აქვს. მეტიც, პოლონეთი ყველაფერს აკეთებს, რათა უკრაინას დაეხმაროს, მაგრამ ეს მაინც არ არის საკმარისი. არ უნდა დაგვავიწყდეს ევროკავშირის სტრუქტურის ფაქტორიც, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრიუსელში უჭირთ ერთსულოვანი გადაწყვეტილების მიღწევა. მით უმეტეს, თუ ისეთ მგრძნობიარე საკითხს ეხება საქმე, როგორიცაა უკრაინის კონფლიქტი. შესაბამისად, ევროკავშირს არ სურს გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ისედაც მყიფე არსებულ ბალანსს საფრთხეს შეუქმნის – საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭება კი შეიძლება სწორედ ასეთი ნაბიჯი გამოდგეს.

- ამ შემთხვევაში, ისმის კითხვა: რამდენად იყო რიგის სამიტის შედეგი, თუნდაც მიღებული დეკლარაციის შინაარსი, დამოკიდებული საქართველოზე, ან იმაზე, თუ როგორ შეასრულა საქართველომ მორიგისაშინაო დავალება“?

- საქართველო და ევროკავშირი ერთგვარ პოლიტიკურ ტანგოს ცეკვავენ, ტანგოს კი ორი მოცეკვავე სჭირდება. არა აქვს მნიშვნელობა, რამდენად კარგად ცეკვავ, თუ შენს მეწყვილეს იგივე ენთუზიაზმი არა აქვს, არაფერი გამოვა. ანალოგიური სცენარით ვითარდება მოვლენები ნატოს შემთხვევაშიც – ეს ძალზე გრძელვადიანი წამოწყებაა. მოხდება თუ არა მისი რეალიზება, მეტ-ნაკლებად ხელშესახებ მომავალში, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

- მაგრამ თავად პროცესი, დასავლეთის, ევროპისკენ გადადგმული ნაბიჯები, ამასაც ფუჭად მიიჩნევთ? და თუ ასეა, რა ალტერნატივას გვთავაზობთრუსეთს?

- სრულებითაც არა, ასე არ ვფიქრობ. ევროპისკენ, დასავლეთისკენ სწრაფვა ღირსეული მიზანია, რომელიც ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ მისდიო, რადგან ის თქვენს ქვეყანას უკეთესობისკენ ცვლის. მაგალითად თურქეთი აიღეთ. ამ ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრების ხათრით ქვეყანაში უზარმაზარ პროგრესს მიაღწია, რაც კიდევ უფრო ძნელი წარმოსადგენია, როგორც საქართველოს გაწევრება. მაგრამ მოიგო თუ არა თურქეთმა ამ ნაბიჯის გადადგმით? ნამდვილად მოიგო, გახდა უფრო მოწინავე და განვითარებული ქვეყანა. სწორედ ამ მიზნისკენ უნდა მიისწრაფოდეს საქართველოც. რაც შეეხება რუსეთს, მას საპირისპირო სურს – სტაგნაციაში მყოფი საქართველო, არშემდგარი სახელმწიფო, რომლის არსებობაც “დიდ ძმაზეა” დამოკიდებული.

- და მაინც, რამდენად იყო დამოკიდებული რიგის სამიტის დეკლარაციის შინაარსი იმაზე, თუ როგორ გაართვა თავი დაკისრებულ ამოცანებს საქართველოს მთავრობამ?

- ვფიქრობ, რეფორმების შემოღების მხრივ მათ გამოცდა ნამდვილად ჩააბარეს. აქ უფრო ევროკავშირის/ნატოს პრეტენზიულობაშია საქმე. მათი საყვარელი საქმიანობა ხომ თამასის კიდევ უფრო მაღლა აწევაა. თუმცა, იყო შემთხვევები, როდესაც მთავრობამ ირიბად საკუთარ შანსებს სამიტზე დათვური სამსახური გაუწია – ბრიუსელს თითის გაშვერის საბაბი და იმის თქმის შესაძლებლობა მისცა, აი, თქვენ მზად არა ხართ, იმიტომ, რომ თქვენთან ესა და ეს ხდებაო. ამის კარგი მაგალითია მინისტრების წამდაუწუმ ცვლა. განსაკუთრებით, როდესაც პრემიერი აცხადებს, რომ ორი მინისტრი უნდა შეიცვალოს, საბოლოოდ კი იცვლება სამი. ეს ყველაფერი ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობის სურათს ქმნის. საქართველოს არა აქვს იმის ფუფუნება, ასეთი საბაბები დაუფიქრებლად არიგოს.

- დასასრულ, რას იტყვით ქვეყანაში ევროსკეპტიციზმის მომძლავრებაზე? რა შეიძლება გაკეთდეს ამის საპირისპიროდროგორ უნდა გააგებინო ხალხს, რომ მიუხედავად ევროკავშირის ზედიპლომატიურობისა, რუსეთი ალტერნატივა არ არის?

- ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია ბრიუსელსა და თბილისს ერთმანეთზე სწორი წარმოდგენა ჰქონდეთ. თბილისმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს “გაყიდვა” როგორც ქვეყნისა, სადაც ყველაფერი ისეა, როგორც თბილისში. უნდა აჩვენონ ევროპელებს, თუ რა დღეშია რეალურად ქვეყანა. სუფრაზე სადღეგრძელოებისა და თბილისის ხედების თვალიერების ნაცვლად, მაგალითად, ჭიათურა ან პანკისი ანახონ, ანახონ, როგორ ცხოვრობს ხალხი იქ. რა ევროპულ ამბიციებზეა ლაპარაკი, როდესაც ქვეყანაში პენსია 150 ლარია? ევროპაში 150 ევრო პენსიის მქონე ადამიანი შიმშილით მოკვდება, საქართველოში კი შოტლანდიის მსგავსი კლანური სისტემაა, ნათესავები არჩენენ. რაღაც არ მინახავს, რომელიმე ევროპელ დიპლომატს ამაზე ესაუბროს. დროა, თბილისმაც და ბრიუსელმაც ყალბი, ლამაზი ხედების ნაცვლად რეალურ საქართველოს გაუსწორონ თვალი და არსებულ პრობლემებს ჩაუღრმავდნენ. სწორედ ეს იქნება პირველი ნაბიჯი ევროსკეპტიციზმის აღმოსაფხვრელად.

„კვირის ქრონიკა“, 25 მაისი, 2015 წელი

ინტერვიუ გიორგი ფოფხაძესთან: თუ ჩვენ ასეთი დებილები ვართ, ხელისუფლებას

სულაც არ სჭირდება, ჭკვიანი იყოს“

ნინო სამხარაძე

(შემოკლებით)

რა კულუარულ ინფორმაციებს უყვება საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე, რას ამბობენ საქართველოს პრემიერ-მინისტრზე, რამდენად ახდენს გავლენას რიგაში ჩასული მიხეილ სააკაშვილის ბოროტული წამოძახილები ჩვენს ევროპელ მეგობრებზე?

- გიორგი, საქართველოში იმედგაცრუებულთა არმია დიდია, რატომღაც ყველას ეგონა, რომ რიგის სამიტიდან საქართველო ვიზა-ლიბერალიზაციას ჩამოიტანდა.

- არ ვიცი, რატომ შეიქმნა ასეთი მოლოდინები რიგის სამიტამდე, ხშირად ვწერდი სოციალურ ქსელში, რომ ხალხისთვის არ უნდა მიგვეცა გადაჭარბებული მოლოდინები, რომ ხელისუფლება რიგის სამიტიდან ვიზალიბერალიზაციით დაბრუნდებოდა. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ მთავრობა ამ დაპირებას არ იძლეოდა, პირიქით, ნაცები ყოველთვის იმაში ადანაშაულებდნენ მთავრობას, რომ გინდა თუ არა, უნდა მივიღოთ რიგის სამიტზე ვიზა-ლიბერალიზაცია და თქვენ არაფერს აკეთებთ ამისთვისო, არადა, „ნაციონალებმა“ ყველაზე კარგად იციან, რომ რიგის სამიტის ფორმატი არ ითვალისწინებდა ვიზა-ლიბერალიზაციის მოცემას. ევროკავშირი, ეს არ არის ნატო, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებები მიიღება სამიტებზე, ევროკავშირი დიფერენცირებული სტრუქტურებია, ყველას თავისი ადგილი აქვს, რიგის სამიტი არის უმაღლესი დონის შეხვედრა, სადაც განიხილება გლობალური საკითხები და იქ არ არის კონკრეტიკა… ფაქტობრივად, ჩვენ მაქსიმუმის მაქსიმუმი მივიღეთ რიგის სამიტზე.

(…)

- და მაინც, რა სარგებელი მივიღეთ ჩვენ ამ სამიტიდან?

- ჩვენ რა მივიღეთ? 200 მილიონის დაფინანსება, ეს ცოტა არ არის, 2 მილიარდი ევროთი დაგვიფინანსებენ ეკონომიკას, მარტო ვიზა-ლიბერალიზაციაზე როცა ვაკეთებთ აქცენტებს, ასე არ არის, იქ სხვა მნიშვნელოვანი ამბებიც მოხდა, მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებისთვის გამოიყო საკმაოდ დიდი თანხები, ეს არ არის კრედიტი, ეს ფულადი დახმარებაა. ეს არის ევროკავშირის მიერ გამოყოფილი გრანტები, რაც მცირე და საშუალო ბიზნესს მოხმარდება და ეს დიდი მიღწევაა.

(…)

- ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ როგორია ევროპელი ლიდერების განწყობა, რას ამბობენ მასზე და როგორ აფასებენ მის საქმიანობას?

- რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, მინდა გითხრათ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში ისე არ არის ცნობილი, როგორც ეს საჭიროა. მიმაჩნია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობა, ძალიან კარგად უნდა იყოს წარმოდგენილი ევროპაში, არა მხოლოდ სამიტებზე, სამიტების გარეშეც. მე ვერ ვხედავ ჩვენი პრემიერ-მინისტრის უფრო მეტ ვიზიტს ევროპაში, ვიდრე ეს საჭიროა. ეს უნდა დაგეგმონ საგარეო ლობისტებმა, ის უნდა გაიცნონ ევროპელებმა კარგად, როგორც ეს საჭიროა, საქართველოს მთავრობა კონფერენციებს უნდა ატარებდეს ევროპაში, ევროპულმა მედიამ უნდა გაიცნოს ჩვენი პრემიერ-მინისტრი, ევროპულ მედიას რომ გადავხედე რიგის სამიტის წინ, იგრძნობოდა, რომ უკრაინასა და მოლდოვას სერიოზული ლობისტები უწევდნენ პიარს. ძალიან კარგი პრესა ჰქონდათ, საქართველოზე არც ერთ გაზეთში არც ერთი სიტყვა არ დაწერილა, ეს უკვე ჩავარდნაა. ისე გამოგვდის – „ამირან გულში მღეროდაო“, თუ შენ შენი ატლანტიკური მისწრაფებები არ გააცანი ევროპელებს, ისინი ვერ გაიგებენ, რა გინდა…

- ლატვიამ აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე 6 ქვეყნის წარმომადგენელს ხის სასტვენები უსახსოვრა, რამაც ქართველი მოსახლეობა მხიარულ ხასიათზე დააყენა. ეს საჩუქარი რას ნიშნავს, - წადით და უსტვინეთ, სანამ ვიზა-ლიბერალიზაციას არ მოგცემთო?

- ამაზე ერთი პასუხი მაქვს, აი, ახლა გავიგე, ევროკავშირის ქვეყნები ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოში რატომ ყვებიან ლატვიელებსა და ესტონელებზე ანეკდოტებს. არავის ვამცირებ, მაგრამ ეს იყო ტიპური ლატვიური სიაბდლე. მათ ჰგონიათ გაგვიკეთეს ფანტასტიური საჩუქარი, ამ დროს დაგვისტვინეს და გამოგვიშვეს „სვისტოკებით“. ლიტველებმა „შალახოზე“ გვაცეკვეს, ლატვიელებმა „სვისტოკები“ მოგვცეს. სინამდვილეში ამ საჩუქარს აქვს სიმბოლური დატვირთვა და ეს მდგომარეობს იმაში, რომ ფრინველებისთვის არ არსებობს საზღვრები. ლატვია იმედოვნებს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე სახელმწიფოებს ევროკავშირთან ღია საზღვრები ექნებათ.

„კვირის ქრონიკა“, 25 მაისი, 2015 წელი

ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „ძალიან კარგია ევროპული ფასეულობები და უვიზოდ მოგზაურობა, მაგრამ ვინმე ამ ფასეულობების დამკვიდრებისთვის რამეს აკეთებს?

გელა ზედელაშვილი

(შემოკლებით)

აჰა, ჩაიარა რიგის სამიტმაც და „ვიზა-ლიბერალიზაცია“ ბალახის ის კონა აღმოჩნდა, სახედარს ცხვირწინ რომ დაუკიდებენ ხოლმე და უკანმოუხედავად მიჭენაობს. აქამდე მაპ-ი იყო ასეთი ბალახი, უფრო ადრე – ნატო და ევროკავშირი. ამჯერად ბებერმა ევროპამ ჩვენთვის მხოლოდ ერთი „სვისტოკი“ გაიმეტა, საბოლოო ჯამში კი ხუთი ქვეყნის გაჩუმება ხუთი „სვისტოკი“ დაუჯდა.

პრინციპში, რამდენი სისხლიც ჩვენი მხრიდან იღვრება ავღანეთში, ერაყსა თუ აფრიკაში, იმასთან შედარებით ერთი „სვისტოკი“ ძალიან ცოტაა. რიგის სამიტის მიმდინარეობისას ჩვენი მთავრობის პრესსამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელიც ასევე რიგაში იმყოფებოდა და კაცმა არ იცის, იქ რას აკეთებდა, „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე აღფრთოვანებულმა დაწერა: „ბიჭია, ბიჭი, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია!“ მართალია, თვითონაც ვერაფერი გაიგო, რას ნიშნავს პოლიტიკური გადაწყვეტილება, მაგრამ სამიტზე ეს სლოგანი გამოიტანეს და ამანაც დააბრეხვა. სხვათა შორის, ამერიკელებმა და დასავლელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მაგრად გვაბოლებენ და ამ ყველაფერში რუსეთის ფაქტორსაც არაადეკვატურად იყენებენ.

მაშ ასე, რიგის სამიტის შედეგებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიც ეხმაურება: `შეერთებული შტატები მხარს უჭერს ევროკავშირის მცდელობებს, ხელი შეუწყოს მჭიდრო თანამშრომლობასა და პარტნიორობას საქართველოსთან, მოლდოვასთან, უკრაინასთან, სომხეთთან, აზერბაიჯანსა და ბელორუსთან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონში რუსეთის მხრიდან ზეწოლისა და დეზინფორმაციის გაზრდის ფონზე“. შე ჩემის გადანგრეულო, როცა რუსეთის ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით და დედა აღარ გვყავს, მაშინ გვჭირდება რეალური დახმარება, თორემ თუ სული ამოგვხადა, მერე ან ვირი დარჩება ამ ქვეყანაში, ან ვირის პატრონი.

„ქრონიკას“ პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრება:

- ბატონო სოსო, თუ ადრე ამერიკელები და ევროპელები გვეუბნებოდნენ, რუსეთთან ურთიერთობა დაარეგულირეთო, ახლა ამას აღარ ამბობენ, პირიქით, მეჩვენება, რომ გვაქეზებენ.

- ამერიკელები მიხვდნენ, რომ რუსეთის გავლენა იზრდება, ევროპა იმდენად უძლურია რუსეთის წინააღმდეგ, რომ პოზიციები შეცვალეს. ამერიკელები როდის გვეუბნებოდნენ, ურთიერთობა დაარეგულირეთო? მხოლოდ მაშინ, როცა ეს შეუძლებელი იყო. დარეგულირება არ არის ცალმხრივი აქცია, ამ დროს რაღაც კომპრომისებზე უნდა წახვიდე, ახლა აღმოჩნდა, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა, რუსეთის ხელმძღვანელობას შეხვდეს და ურთიერთობა მართლა დაალაგოს. ჩვენ ბევრი რამე დავთმეთ და დავკარგეთ, მაგრამ ვთქვათ სიმართლე, თავად საქართველოს მოსახლეობაც უნიათოა. მაგალითად, იაპონიაში ყოველ წელს ქუჩაში გამოდის მილიონი ადამიანი და აპროტესტებს ჩრდილოეთის ტერიტორიების დაკარგვას, ეს ხდება ტოკიოში მეორე მსოფლიო იმის დამთავრების შემდეგ. ახლა მითხარი, ჩვენთან რამდენი ათასი კაცი გამოდის ქუჩაში 1993 წლის შემდეგ აფხაზეთის დაბრუნების მოთხოვნით?

მე ასეთ რამეს არ მოვსწრებივარ, მაგრამ სამაგიეროდ მოვსწრებივარ, როგორ ითხოვს აფხაზეთის ე.წ. მთავრობა დაფინანსებას, სამინისტროების გაფართოებას და პარლამენტში ადგილებს არჩევნების გარეშე. ამიტომ ძალიან ბევრს ნუ ვლაპარაკობთ და ნუ ვადანაშაულებთ ევროპასაც. მაგალითად, ალიევი საერთოდ არ ჩავიდა რიგის სამიტზე, მაგრამ მშვენივრად აბალანსებს პოლიტიკას დასავლეთთანაც და რუსეთთანაც. სამაგიეროდ, ჩავიდა სომხეთის პრეზიდენტი, რომელიც რუსეთის მიერ შექმნილ ყველა ორგანიზაციაში შევიდა. საერთოდ, მსოფლიო დიპლომატიაში სერიოზული საკითხები წყდება ფარულად და წყნარად. როდესაც ასეთი ზეიმია და „სვისტოკებს“ არიგებენ, დაკვირვებული ადამიანი უნდა მიხვდეს, რომ იქ სახეირო არაფერი ხდება. გარდა ამისა, ჩვენს პოლიტიკოსებს, ხელისუფლების წევრებს სჭირთ მოუთმენლობა, რამდენიმე თვის წინ გაჰკიოდნენ, ვიზალიბერალიზაციას აუცილებლად მივიღებთო. რატომ უწევ ვიღაცებს „სატოპკეს“? მე მეგონა, „ქართული ოცნება“ საგარეო პოლიტიკაშიც საშინაო პოლიტიკის პრინციპით არ იმოქმედებდა დაპირებების მხრივ მაინც.

კი, ბატონო, ძალიან კარგია ევროპული ფასეულობები და უვიზოდ მოგზაურობა, მაგრამ ვინმე ამ ფასეულობების დამკვიდრებისთვის რამეს აკეთებს? დღეს ხშირად მესმის, ჩვენ ევროპაში უვიზო რეჟიმი გვეკუთვნის, ჩვენ ეს დავიმსახურეთ იმიტომ, რომ ამდენი ტერიტორიები დავკარგეთო. ჯერ ერთი, ტერიტორიები დავკარგეთ ჩვენი დეგენერატობით. იქნებ იმიტომ დავიმსახურეთ, რომ მილიონიანი ქალაქის მერი 5 მრჩეველს ითხოვს?

(…)

- არა, ერთი რამის გამო აუცილებლად გვეკუთვნის, ქართველების სისხლი იღვრება ერაყში და ავღანეთში, ეს უნდა დაგვიფასონ.

- ჩვენ ჯარისკაცებს ისედაც გავაგზავნით, სადაც გვიბრძანებენ. რატომ უნდა მოგვცენ, როცა ისედაც ვაგზავნით? აგერ, აფრიკაში გაუშვეს ხალხი, სადაც „ებოლა“ და ათასი უბედურებაა. თუ გინდა, რომ უვიზო რეჟიმი დაგიწესონ, ჯერ შენ უნდა იყო ნორმალური, ევროპელებს არ უნდა ეშინოდეთ, ვაიმე, ახლა ჩამოვლენ მშიერი ქართველები, აქედან ნახევარი ქურდი იქნება და წაგვლეკენო. ევროპის ციხეები ქართველებითაა სავსე, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ყველაზე მეტი ქართველი ზის იგივე საფრანგეთის ციხეებში. ამიტომ, როცა რაღაცას ითხოვ, ჯერ დაფიქრდი და ის გაარკვიე, ევროპის დიდ ქალაქებში როგორ იქცევიან მერები და რამდენი მრჩეველი ჰყავთ.

Comments are closed