globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 25 მაისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on May 25th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«The Economist» (დიდი ბრიტანეთი): „აღმოსავლელი პარტნიორები“ // როგორ აკეთებს არჩევანს საქართველო ევროპას და დასავლეთს შორის

«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი): რიგის სამიტმა თბილისის იმედები ვერ გაამართლა

«Независимая газета» (რუსეთი): ევროკავშირმა, NATO-სგან განსხვავებით, აღმოსავლეთისკენ გაფართოების პერსპექტივა დამარხა

«افکارنیوز-Afkar News» (ირანი): „ისლამური სახელმწიფოს“ ცნობილი მეთაურები

———————-

«The Economist» (დიდი ბრიტანეთი), 20 მაისი, 2015 წელი

http://www.economist.com/news/europe/21651689-attitudes-homosexuality-become-staging-ground-countrys-choice-between-west-and

„აღმოსავლელი პარტნიორები“

როგორ აკეთებს არჩევანს საქართველო ევროპას და დასავლეთს შორის

დიდი ბრიტანეთის ჟურნალ «The Economist»-ში 20 მაისს საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული სტატიის ძირითადი შინაარსი:

ა) ჰომოფობია საქართველოში

მიმდინარე წელს თბილისში ჰომო- და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე -17 მაისი,  წინა წლებთან შედარებით, საკმაოდ მოკრძალებულად აღინიშნა, რადგან მთავრობა, რომელიც ევროპისაკენ ისწრაფის და რიგის სამიტის იმედი ჰქონდა, შეეცადა წესრიგი და ადამიანის უფლებები დაცული ყოფილიყო. ავტორი იხსენებს 2013 წლის აქციის ნეგატიურ შედეგებს: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას ნაცემი დემონსტრატების სასარგებლოდ 35 ათასი დოლარის გადახდა დააკისრა. შესაბამისად, 2015 წლის 17 მაისს გამართული აქცია, ხელისუფლების ძალისხმევით, ინციდენტების გარეშე დასრულდა.

ბ) რუსეთთან და დასავლეთთან დამოკიდებულება.

ის ადამიანები, რომლებთაც რუსეთთან და ევრაზიულ კავშირთან ინტეგრაცია სურთ, აქტიური ჰომოფობები არიან და ამით მოსახლეობაში ანტიევროპულ განწყობას აღვივებენ. ქართველებმა 2008 წლის ომში საკუთარ თავზე უკვე გამოსცადეს რუსეთის ხისტი ძალა, ახლა კი „რბილი ძალის“ შემოტევა დაიწყო. ავტორი ამასთან დაკავშირებით ხაზს უსვამს საქართველოში რუსული მასმედიის მაუწყებლობის გააქტიურობას. „ნაციონალებმა“ წინა წლებში რუსული ტელევიზიების მაუწყებლობა აკრძალეს, მაგრამ დღეს რუსული ტელეეთერი ისევ ინფორმაციის მნიშვნელოვან უცხოურ წყაროდაა წარმოდგენილი (სოციოლოგიური გამოკითხვის შედგების თანახმად). გარდა ამისა, საქართველოში იზრდება პრორუსული არასამთავრობო რორგანიზაციების რაოდენობაც. პრორუსულ განწყობას აღვივებს ისიც, რომ ბოლო წლებში ფართოდ განვითარდა რუსეთთან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობა, რაც მოსკოვს უფრო ნათელი ფერებით წარმოაჩენს, განსაკუთრებით სოფლად.

რუსული რბილი ძალის შემოტევის ეფექტია ის, რომ დღეს საქართველოში გამოკითხულთა 31% მხარს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს. მართალია, ორჯერ უფრო მეტია ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა, მაგრამ მათგან 26%-ის აზრით, საქართველომ პროდასავლურ კურსთან ერთად ყურადღება რუსეთსაც უნდა დაუთმოსო. ასეთი შედეგების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ მოსახლეობაში დასავლურმა პოლიტიკამ იმედგაცრუება გამოიწვია: ნატოში საქართველოს არ ღებულობენ, რიგის სამიტზე უვიზო რეჟიმს არ აძლევენ… როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა აშშ-ის სააგენტო „ესოშეითედ პრესს“-ისადმი მიცემულ ინტერვიუში, „რუსების ძირითადი გზავნილი ასეთია: „ევროპელები თქვენზე არ ზრუნავენ, თქვენ მიტოვებულები ხართ, არჩევანი აღარ გაქვთ, თქვენი ევროპული კურსი განწირულია”. სტატიაში მოყვანილია სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის კახა გოგოლაშვილის პოზიცია, რომლის თანახმად, „რიგის სამიტისადმი საზოგადოების მაღალი მოლოდინი იყო. ევროპის ქვეყნებში ჩვეულებრივი ქართველი მოქალაქის თავისუფლად მოგზაურობა და იქაური ყოფა-ცხოვრების გაცნობა გააღრმავებდა ევროპისადმი რწმენას და მნიშვნელოვნად შეამცირებდა პრორუსულ განწყობებს“.

გ) საქართველოს ეკონომიკის სირთულეები

საქართველოს მოსახლეობის ნეგატიური განწყობის ერთ-ერთი მიზეზია ეკონომიკური სირთულეები: ლარის კურსის მკვეთრი დაცემა (რუსეთისა და უკრაინის გავლენით – რუბლისა და გრივნის გაუფასურება, ვაჭრობის კლება, ფულის გადმორიცხვების შემცირება).

ეკონომიკის ცუდმა მდგომარეობამ მთავრობის პოპულარობას ზიანი მიაყენა, თუმცა თვითონ მთავრობაც არ ცდილობდა უფრო აქტიურად გაეწია პროპაგანდა ევროინტეგრაციის – ნატოსა და ევროკავშირის მომგებიანობისათვის, ევრაზიულ კავშირთან შედარებით. ახლახან თავდაცვის ახალ მინისტრად თინათინ ხიდაშელი დაინიშნა და ეს შეიძლება უფრო აქტიურ მიდგომად მივიჩნიოთ. მაგრამ ევროპა თავისი შიდა პრობლემების მოგვარებითაა დაკავებული და პერიფერიებს გულუხვ შეთავაზებებს არ აძლევს… ქართველები ენერგიულად მიიწევდნენ დასავლეთისაკენ 2003 წლის ვარდების რევოლუციის“ დროიდან, მაგრა მათი აქტიურობა ნელ-ნელა შესუსტდა და ოპტიმიზმი იმედგაცრუებამ შეცვალა. ნატოსა და ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრობა ჯერ მკიდევ შორსაა და ეს მაშინ, როცა ქართველებმა „ელჯიბიტი“ უმცირესობას სრული უფლებები მიანიჭა. საკითხი ასე დგას: კიდევ როგორ უნდა შეცვალოს საკუთარი თავი საქართველომ იმ ევროპისათვის, რომელიც მზად არ არის თბილისს სამაგიეროდ რაიმე ბევრი შესთავაზოს.

«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი), 24 მაისი, 2015 წელი

http://ru.rfi.fr/kavkaz/20150523-rizhskii-sammit-ne-opravdal-nadezhd-tbilisi/

რიგის სამიტმა თბილისის იმედები ვერ გაამართლა

გიორგი ლებანიძე

(შემოკლებით)

„აღმოსავლეთის პარტნიორობის“ რიგის სამიტმა აშკარად ვერ გაამართლა ქართული ხელისუფლებისა და საზოგადოებრიობის იმედები. თბილისში იმდოვნებდნენ, რომ ევროკავშირი განაცხადებდა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაჩქარებულ დაწესებაზე და მკაფიოდ დააფიქსირებდა თავის პოზიციას აფხაზეთის ადა სამხრეთ ოსეთის მიმართ, რომლებთაც თბილისი ისევ „რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად“ თვლის.

მაგრამ არცერთი და არც მეორე არ მომხდარა. დასკვნით დეკლარაციაში ჩაწერილია საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი უვიზო რეჟიმისათვის აღებულ ვალდებულებათა  შესასრულებლად, მაგრამ მეტი არაფერი. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ამ დღეებში განაცხადა, რომ საქართველომ მთლიანად ვერ შეასრულა მოთხოვნები კანონების მისაღებად მიგრაციისა და სასაზღვრო კონტროლის სფეროში, ევროსტანდარტების ნორმების მიხედვით. მაგრამ ბოლო თვეებში ზოგიერთი ექსპერტი და სამთავრობო ჩინოვნიკი საზოგადოებაში მომატებულ მოლოდინს ქმნიდნენ. ამიტომაც რიგის სამიტის რეალური შედეგი ძალიან მტკივნეულად იქნა აღქმული.

საქართველოს პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ევროკავშირი უახლოეს მომავალში საქართველო უვიზო რეჟიმს არ მისცემს და ქვეყანას ევროკავშირში გასაწევრიანებლად არავითარი შანის არ აქვს. ამიტომაც რუსეთთან დიალოგი დაუყონებლივ უნდა დაიწყოს.

როგორც „საფრანგეთის საერთაშორისო რადიოს“ გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა დევდარიანმა განუცხადა, ქართველი პოლიტიკოსები და ქართული საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდნონ ევროკავშირის ფრთხო მოქმედება სამ საკითხის მიმართ:

ნანა დევდარიანი: „მე არ მოველოდი, რომ ჩვენ უეცრად მოგვცემდნენ უვიზო რეჟიმს და არა მარტო იმიტომ, რომ რომელიღაც ვალდებულებები მთლიანად არ შევასრულეთ. თვით ევროკავშირში ახლა ძალიან რთული სიტუაციაა: მიგრანტების ტალღები აფრიკიდან ძალიან დიდია(მე აღარაფერს ვამბობ პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე). ფინანსური კრიზისიც ჯერ კიდევ არა დასრულებულა. ყოველივე ეს ხელს არ უწყობს იმას, რომ ჩვენ სწრაფად მიგვეღო უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან.

RFI: ნანა, თქვენ ეთანხმებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს წლის ბოლომდე მაინც შეუძლია უვიზო რეჟიმის მიღებაო თუ ფიქრობთ, რომ აქ რაღაც გეოპოლიტიკური კონიუნქტურაა ჩარეული უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით?

ნანა დევდარიანი: ეს მხოლოდ ჩვენი მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის სურვილია. ამას იმიტომ ვამბობ, რომ გინდაც წლის ბოლომდე ჩვენ ყველაფერი წესრიგში გვქონდეს და ყველა ვალდებულება შევასრულოთ, აუცილებელი პროცედურებისათვის ორი წელია საჭირო. და ეს იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი დაჩქარებულ რეჟიმში გაკეთდება… ძალიან ბევრი რამეა ერთმანეთში „არეული“ – უკრაინის კონფლიქტის (არადა, უკრაინა პირდაპირ ესაზღვრება ევროკავშირის ქვეყნებს), საქართველოს „ღია საზღვრები“, რომელიც ქვეყანას მიხეილ სააკაშვილმა დაუტოვა. მართალია, დღევანდელმა მთავრობამ გარკვეულწილად გაამკაცრა რეჟიმი არაევროპული ქვეყნების მოქალაქეებისათვის, მაგრამ ასეთი „ხვრელის“ მქონე ქვეყანის გვერდით ყოფნას, როგორიც საქართველოა, ევროკავშირი არ მოისურვებს. ასე რომ, თუ საქართველოს ევროპასთან უვიზო რეჟიმი ექნება, მაშინ ყველა ადამიანი, ვინც კი ჩვენთან აზია-აფრიკის ქვეყნებიდან ჩამოვა, ევროკავშირში „გადადინების“ შესაძლებლობას ღებულობს. ვერ ვიფიქრებ იმას, რომ ასეთი სიტუაცია ევროკავშირს უნდოდეს.

სხვათაშორის, ბევრი ექსპერტის აზრით, მოლდოვაც არ შეესაბამებოდა სრულად ევროპის საიმიგრაციო ნორმებს, მაგრამ მას უვიზო რეჟიმი მაინც მისცეს. გამოდის, რომ ანალოგიური რეჟიმის მიცემაზე საქართველოსათვის უარი ნაკარნახევია არა იმდენად საკანონმდებლო პრობლემებით (თბილისმა ზოგიერთი კანონის მიღება დააგვიანა), არამედ უფრო იმით, რომ ბრიუსელს რეგიონის სხვა ქვეყნებისათვის, მაგალითად, თურქეთისა და უკრაინისადმი ახსნა-განმარტება მოუწევდა – რატომ აძლევს ვიზალიბერალიზაციას მაინც და მაინც თბილისს და არა ანკარას ან კიევსო.

«Независимая газета» (რუსეთი), 25 მაისი, 2015 წელი

http://www.ng.ru/week/2015-05-24/11_world.html

ევროკავშირმა, NATO-სგან განსხვავებით, აღმოსავლეთისკენ გაფართოების პერსპექტივა დამარხა

იური პანიევი

(ამონარიდი)

„აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნების სამიტი რიგაში 21-22 მაისს არა მარტო იმისთვის ჩატარდა, რომ დაედასტურებინა ევროპისა და პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების ერთმანეთთან კავშირი, არამედ იმისთვისაც, რომ გაეფანტა მათი ილუზიები ევროკავშირში გაწევრიანების საკითხში. აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, უკრაინა, მოლდოვა და ბელარუსი გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ასე გააფრთხილა: „ნუ გექნებათ ის ცრუ მოლოდინი, რომელსაც ჩვენ ვერ გავამართლებთო“.

ასეთ სიტუაციაში საქართველო თავის მზერას NATO-საკენ მიმართავს: თბილისი არ გამორიცხავს, რომ ალიანსის მომავალ სამიტზე საქართველოს მიღების საკითხი იქნება განხილული. პარასკევს ბრიუსელში გაცხადდა, რომ NATO-ს მომდევნო სამიტი ვარშავაში 2016 წლის 8-9 ივლისს გაიმართება. როგორც ალიანსის განცხადებაშია აღნიშნული, ვარშავის სამიტი „ისეთ კრიტიკულ პერიოდში გაიმართება, როცა ევროატლანტიკური უსაფრთხოების ტექტონიკური ფილები გადაადგილდა როგორც აღმოსავლეთისკენ, ასევე სამხრეთისაკენ“. აქ იგულისხმება როგორც უკრაინის კონფლიქტი, ასევე „ისლამური სახელმწიფოს“ საფრთხე.

«افکارنیوز-Afkar News» (ირანი), 24 მაისი, 2015 წელი

http://inosmi.ru/world/20150525/228199186.html

http://www.afkarnews.ir/vdcgun9twak9qy4.rpra.html

„ისლამური სახელმწიფოს“ ცნობილი მეთაურები

ირანის საინფორმაციო სააგენტო «افکارنیوز»-ის («Afkar News») მიერ გავრცელებულ მასალაში გამოქვეყნებულია მონაცემები ტერორისტული დაჯგუფება „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ (ანუ შემოკლებით – „ისლამური სახელმწიფო“, აბრევიატურა «ISIL», «ИГИЛ», „ელის“) ყველაზე უფრო ცნობილი მეთაურების თაობაზე. ქვემოთ ჩამოთვლილი პირების მიმართ დაწყებულია გამოძიება ერაყის, ირანის და აშშ-ის სპეცსამსახურების მიერ და მათ შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიმწოდებლებისათვის ჯილდოებია გამოცხადებული.

აბუ-ბაქრ ალ-ბაღდადი – „ისლამური სახელმწიფოს“  მთავარი ხელმძღვანელი. გასულ წელს მან საკუთარი თავი ემირად გამოაცხადა და მოითხოვა, რომ ტერორისტული დაჯგუფების ყველა წევრს მის წინაშე ერთგულების ფიცი დაედო. იგი 1971 წელს დაიბადა ბაღდადის ახლოს მდებარე სოფელში. მისი ძმა სადამ ჰუსეინის არმიაში სამსახური დროს დაიღუპა, თვითონ აბუ-ბაქრი კი არმიაში მხედველობის პრობლემის გამო არ გაიწვიეს. მომავალი ტერორისტი ბაღდადის უნივერსიტეტის ყურანმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა და იქვე დაამთავრა მაგისტრატურაც. შეეღთებული შტატების მტავრობამ აბუ-ბაქრის ტერორისტთა სიაში შეიტანა და მასზე 10 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა.

აბუ ალია ალ-არფი – „ელის“-ის კიდევ ერთი საშიში ხელმძღვანელი. დაიბადა ერაყის ქალაქ მოსულში. აქვს უმაღლესი განათლება, რამდენიმე წლის განმავლობაში სკოლაში ფიზიკის მასწავლებლად მუშაობდა. 1998 წელს ავღანეტში საბრძოლველად წავიდა, ხოლო 2004 წელს აბუ ალია მოსულში „ალ-ქაიდას“ ადგილობრივი დაჯგუფების ხელმძღვანელი გახდა.

აბუ ალი ალ-ანბარი – „ელის“-ის სამხედრო ძალების ერთ-ერთი მეთაური, იბრძვის სირიის ტერიტორიაზე, ბაშარ ასადის სამთავრობო ჯარების წინააღმდეგ. აბუ ალი ერაყში სადამ ჰუსეინის პრეზიდენტობის დროს არმიის სარდლობის წევრი იყო. კორუფციაში დადანაშაულების შემდეგ „ალ-ქაიდას“ წევრი გახდა.

აბუ სულეიმან ან-ნასერი – „ელის“-ის სამხედრო საბჭოს ხელმძღვანელი (მოკლე ბიოგრაფიული და საბრძოლო მონაცემები).

აბუ მოჰამად ალ-ადნანი – „ელის“-ის ოფიციალური წარმომადგენელი აფრიკაში (მოკლე ბიოგრაფიული და საბრძოლო მონაცემები).

აბუ ომარ ალ-შიშანი – დაბადებულია საქართველოში, „ელის“-ის ყველაზე დიდი საბრძოლო გამოცდილების მქონე მეთაური. მას მონაწილეობა აქვს მიღებული 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, შემდეგ კი აბუ ომარმა საქართველოს არმიის რიგები დატოვა და სირიელ ტერორისტებს მიემხრო. ხელმძღვანელობდა ამბოხებულ დაჯგუფებებს „ხათიბათ ალ-მუხაჯირინს“, „ჯეიშ ალ-მუხაჯირინს“ და „ალ ანსარს“. 2013 წელს აბუ ომარ ალ-შიშანი გახდა „ისლამური სახელმწიფოს“ იმ სამხედრო ძალების სარდალი, რომლებიც ჩრდილოეთ სირიის პროვინციებში მოქმედებენ, კერძოდ – ალეპოში, რაკაში, ლატაკიაში და იდლიბში. იმავე წლის ბოლოს იგი დაინიშნა „ელის“-ის ემირად იმავე ტერიტორიებზე. ალ-შიშანი ითვლება სირიაში მებრძოლ „ელის“-ის ყველაზე ცნობილ საველე მეთაურად. 2014 წლის 24 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მისი სახელი ტერორისტთა სიაში შეიტანა და ჯილდოს 5 მილიონი დოლარი დააწესა. ცნობები აბუ ომარ ალ-შიშანის სიკვდილის თაობაზე მრავალჯერ იქნა გავრცელებული, თუმცა არცერთი არ გამართლებულა.

აბუ ვაჰიბი – „ელის“-ის მეთაური ერაყის ანბარის პროვინციაში. მკვლელობის გამო ერაყის ხელისუფლებამ დააპატიმრა, მაგრამ ბაღდადის საპყრობილეზე „ალ-ქაიდას“ თავდასხმის შედეგად გათავისუფლდა.

ჰუსეინ ბილალ-ბოსნიჩი – დაიბადა ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ცხოვრობდა გერმანიაში, 1990-იან წლებში ბოსნიაში დაბრუნდა, მეთაურობდა ბოსნიის არმიის ქვედანაყოფს, შემდეგ კი სათავეში ჩაუდგა ადგილობრივ სალაფიტურ მოძრაობას. ამჟამად ცნობილია იმით, რომ აგროვებს მოხალისეებს „ელის“-ისთვის ასხვადასხვა ქვეყნებში.

თარიკ ბინ ათ-თახირი – ტუნისის მოქალაქე. ცნობილია მეტსახელით „სიკვდილმისჯილი ემირი“, რადგან იგი სხვადასხვა ქვეყნებში განხორციელებულ ტერორისტთა ოპერაციებში მონაწილეობდა. მას ამჟამად ტერორისტების წრთვნა და სირიაში გაგზავნა ევალება.

————

(პუბლიკაციაში ჩამოთვლილია აგრეთვე „ისლამური სახელმწიფოს“ ის მეთაურებიც, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში მოქმედებენ – ნიგერიაში, ავღანეთში, პაკისტანში, იემენში, ლიბიაში).

Comments are closed