globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 25 ივნისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jun 25th, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი“: ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „წინასაარჩევნოდ ბევრი ტელევიზორი დაიმსხვრევა“ //  „რატომ ჰგონიათ იდიოტებს, რომ ყველა იდიოტები ვართ?!”

რეზონანსი“: „საჩუქარი“ პრორუსული პარტიებისათვის // ექსპერტები ხელისუფლებას რჩევას აძლევენ, თუ რა უნდა დაუპირისპიროს ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგად გაჩენილ ახალ ანტიდასავლურ არგუმენტებს

რეზონანსი“: დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგი ხომ არ შეასუსტებს საქართველოში პროდასავლურ განწყობას?

რეზონანსი“: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად, შესაძლოა, „ნაციონალი“ აირჩიონ // „ოცნება“ თბილისში დაგეგმილ კენჭისყრაზე ხმას მის კონკურენტს მისცემს

რეზონანსი“: ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან: ფსოუსა და როკის გვირაბთან დამკვირვებლების დასაყენებლად თბილისი მოსკოვის პასუხს ელოდება

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან: „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის თბილისში დაბრუნებაც კი ვერ მოახერხა”

„ახალი თაობა“: ინტერვიუ დიმიტრი ლორთქიფანიძესთან: „ეროსი კიწმარიშვილი მიხეილ სააკაშვილზე სკანდალურ ინფორმაციას ფლობდა“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ანზორ აბრალავასთან: „ნაციონალები თავს გვესხმიან“

„ახალი თაობა“: რა სჭირს ეროვნულ ვალუტას? // ინტერვიუ ალექსანდრე თვალჭრელიძესთან და დემურ გიორხელიძესთან

——————–

რეზონანსი“, 25 ივნისი, 2016 წელი

ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „წინასაარჩევნოდ ბევრი ტელევიზორი დაიმსხვრევა“ //  „რატომ ჰგონიათ იდიოტებს, რომ ყველა იდიოტები ვართ?!”

ლიკა ამირაშვილი

დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის თავმჯდომარის, სოსო ცისკარიშვილის თქმით, ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლა არავის არ გაკვირვებია.

როგორც სოსო ცისკარიშვილმა “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნა, საქართველო ბევრად უფრო სასურველი სტუმარი იქნება ევროკავშირისა, ვიდრე ეს შეიძლებოდა ამ რეფერენდუმამდე ყოფილიყო.

სოსო ცისკარიშვილი: უმეცართა მხრიდან ნებისმიერი განცხადება შეიძლება მოვისმინოთ, მაგრამ ფაქტია, რომ არავის გაჰკვირვებია ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოსვლა. საუკუნეების განმავლობაში საკმაოდ ღიად დიდ ბრიტანეთს ევროპაზე ზემოდან ყურების სურვილი აწუხებდა ხოლმე. სწორედ ამიტომ უკანასკნელ ათწლეულებზე იგი არ გამხდარა არც ევროზონის მონაწილე და არც შენგენის ზონის მონაწილე. სულ ცდილობდა, რომ ყოფილიყო განყენებულად. თავად დიდი ბრიტანეთიც ერთსულოვანი არ აღმოჩნდა ამ რეფერენდუმისას. დიდი ბრიტანეთისთვის უფრო თავის ტკივილია, ვიდრე რაიმე სიკეთის მომტანი შეიძლება იყოს ევროკავშირიდან განრიდება. ვგულისხმობ იმას, რომ დიდი ალბათობით მალე დაიწყება საუბარი შოტლანდიის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაზე, რადგან შოტლანდია საკუთარ თავს ვერსად ხედავს, გარდა ევროკავშირისა.

უკვე დაიწყო იმაზე საუბარი, რომ ჩრდილოეთ ირლანდია იქნება მოტივირებული, რომ გაერთიანდეს ირლანდიასთან და გახდეს დიდი დამოუკიდებელი ქვეყნის ნაწილი. უელსის ამარა დარჩენილი ინგლისი ვერ შეძლებს ისეთი თავმომწონე გახდეს, როგორც აქამდე იყო. სამწუხაროა, რომ ამას მოესწრო უმშვენიერესი დედოფალი ბრიტანეთისა, რომელსაც პირადად მე არ ვიცი, როგორი მიდგომა ჰქონდა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ, დიდი ალბათობით, ის სხვაზე უფრო უფრო გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებდა.

- ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლა საქართველოზე როგორ იმოქმედებს?

- მრავალფეროვნება სრულიად საკმარისი წინაპირობა იქნება, რომ ამ თემაზე ატყდეს ჩოჩქოლი და შფოთი. ჰოლანდიასაც მონდომებია რეფერენდუმის ჩატარება ყოფნა-არყოფნის თემაზე, ყველაზე უფრო სანდო და მყარი დამოკიდებულება და სურვილის არსებობისა ევროკავშირს სულ უფრო და უფრო მკაფიოდ იქნება დაფიქსირებული აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიის ქვეყნების მიერ და ცხადია, ისეთი დიდი ლიდერი ქვეყნისა, რასაც გერმანია ჰქვია. ჩვენ ბევრად უფრო სასურველი სტუმარი ვიქნებით ამ ოჯახის, ვიდრე ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ამ რეფერენდუმამდე, რადგან თავის სატკივარი ევროპას ჩვენზე მეტი აქვს. ახალ წევრზე საუბარი იქნება უბრალოდ უტაქტობა ზოგიერთი ქვეყნის მიმართ. რამდენიმე თვეში ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. უნდა ველოდოთ, რომ მოლოდინი ახალი სანდო, ერთგული წევრისა ევროკავშირში იქნება მზარდი. აი, აქ თუ ჩვენ შევძლებთ გონივრულად განვვლოთ ეს პერიოდი, რასაკვირველია, ევროკავშირისთვის სასურველი წევრი ვიქნებით. სხვა თუ არაფერი, ქართული სუფრა მაინც შევძინოთ ყურებჩამოყრილ ზოგიერთ ქვეყანას ევროკავშირში, გავამხიარულოთ და დავარწმუნოთ, რომ ცხოვრება მშვენიერია.

- დავუბრუნდეთ საქართველოს. პოლიციელების უფლებები საარჩევნო უბანზე შესაძლოა გაიზარდოს. კერძოდ, საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მათ კომისიის თავმჯდომრის მოწვევის გარეშე ყოფნის უფლება ექნებათ. ოპოზიცია საუბრობს, რომ ეს ამომრჩეველზე გარკვეულ ზეწოლას მოახდენს.

- ნათქვამია შიშს დიდი თვალები აქვსო. შიშის საფუძველი არსებობს, მაგრამ არსებობს გამოცდილება, რომლის გაზიარებაც უპრიანი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვისაც, თუ მივაღწევთ ცივილიზაციის იმ წერტილს, რომელიც ზოგიერთ ქვეყანას გააჩნია. ფაქტია, რომ საფრანგეთში პრეზიდენტის და სხვა სახის არჩევნებს ატარებს შინაგა საქმეთა სამინისტრო, რაც არასოდეს ყოფილა რომელიმე პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ გაპროტესტებული, რადგან ნდობა ამ სტრუქტურის მიმართ მაღალია. ჩვენთან აღმოჩნდება თუ არა მხარედ პოლიციელი და არა გამშველებლად, ამის ერთიანი ხედვა არ გაგვაჩნია, მითუმეტეს მაშინ, როცა ამ სტრუქტურებში მაღალი თანამდებობის პირების შერჩევა ხდება მხოლოდ ერთადერთი კრიტერიუმით – რამდენი ხნის განმავლობაში მუშაობდა იგი კომპანია “ქართუში”, რამდენი ხნის განმავლობაში იყო ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი.

თუ გვექნება გარანტია იმისა, რომ პოლიცია იქნება პოლიციელი და არა აქტიური ქმედეთი პირი შედეგების შესაცვლელად, რასაკვირველია იქნება მათი მხარდაჭერაც. ვისურვებდი, რომ ნდობა პოლიციელის მიმართ მეტი იყოს, რადგან, დიახ, მათი უმრავლესობა ნამდვილად თავგანწირული არიან ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ. იქ, სადაც უნდა განისაზღვრებოდეს მოგებული და წაგებული ეჭვის მქონე მსაჯი, გამშველებელი უკვე დამატებითი საფრთხის საგანი იქნება.

21-ე საუკუნეში არსებობს ყველა ტექნიკური საშუალება, რომ გარშემო არავინ იდგეს, მაგრამ 100 პროცენტი ქმედებებისა დაფიქსირდეს იმ ტექნოგოლოგიებით, რომელიც საბედნიეროდ საქართველოსაც გააჩნია. აი, იქ ვინ უნდა იყოს ამ ვიდეოს შემქნელი და შემდეგომ პასუხისმგებელი იმაზე, თუ რა არის მასზე აღბეჭდილი, ეს უნდა იყოს არა მხოლოდ პოლიცია, არამედ პოლიცია და არასამთავრობო სექტორი ჟურნალისტებთან ერთად რა თქმა უნდა, თუ იქნებიან მოტივირებულები, რომ ერთად გააკეთონ საერთო საქმე.

- ხელისუფლებამ საარჩევნო ეთიკის კოდექსი შეიმუშავა. როგორ ფიქრობთ, აღნიშნული კოდექსი კორცხელის მსაგვსი ინციდენტის გამეორებისგან რამდენად დაგვაზღვევს?

- მოხარული ვიქნებოდი, ასე რომ ყოფილიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში კონკრეტული რეალობა სიმშვიდის საფუძველს არ გვაძლევს. მოხარული ვარ ჩვენი პრემიერ-მინისტრის ინიცირებული თემით, მაგრამ თავად საკუთარ თავზე ვერ აიღებს რეალობას იმის განხორციელებისა, რასაც ის ჩვენი საზოგადოებისგან ითხოვს. დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი კვირიკაშვილი აბსოლუტურად არ იყო ინფორმირებული კორცხელში რა უნდა მომხდარიყო. მას მოუწია მხოლოდ შეფასებების დონეზე ჩართვა, მაგრამ რეალური ბერკეტები წესრიგის დამყარებისა მას არ გააჩნია, რადგან პროკურატურა, პოლიცია, სუს-ი, სასამართლო, ჩვენს კონსტიტუციაში რაც უნდა ეწეროს, არ გახლავთ რეალური პასუხისმგებლობის მქონე პრემიერის ინსტიტუტის მიმართ, რადგან ერთი ყოფილი პრემიერ-მინისტრი მხოლოდ საკუთარ თავს წარმოადგენს ყველაფრის აზრთა განმრიგედ.

- სარეკლამო დროსთან დაკავშირებით ცვლილებებს ინტერპარტიული ჯგუფი ეწინააღმდეგება და პრეზიდენტს ვეტოს გამოყენებასაც სთხოვს.

- საკითხი აქტუალურია, მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობისა ჩვენი საზოგადოებისთვის მას არ აქვს. წარმოიდგინეთ, რამდენი ტელეკომპანია გვაქვს, რამდენი სუბიექტია, რომელიც მოტივირებულია, რომ საკუთარი თავი წარმოგვიდგინოს და ეს რომ ყოფილიყო თვენახევრიანი-ორთვიანი კამპანია, კიდევ გაუძლებდა, მაგრამ 4 – თვიან ასეთ კამპანიას მხოლოდ ნევროზის დაავადების გამრავლებაც თუ მოემსახურება.

ერთია, რომ ჩვენი მოსახლეობის ნახევარი ისედაც გაოგნებულია გაუთავებელი მდარე სერიალებით და ახლა იმას რომ დაემატოს ათეულობით სუბიექტი ერთი და იმავე ფრაზებით, რომელიც წარამარა უნდა ტრიალებდეს ეკრანზე, ნუ გაგვიკვირდება, რომ ადგილი ექნება ტელევიზორების მტვრევას. ესაა პირდაპირ ძალადობა საარჩევნო პროცესის წინააღმდეგ. ასეთი სარეკლამო საქმიანობის პროცესებში უფრო მეტი შეზღუდვები უნდა არსებობდეს. კი, ბატონო, იყოს ეს ელექტრონულ საიტებზე, მაგრამ როდესაც ოთახში მიდი-მოდიხარ და დღის განმავლობაში ათჯერ მაინც გესმის ასეთი რეკლამა, უკვე მომაბეზრებელი მუსიკაც და ტექსტიც, ეს მხოლოდ ავნებს აქტივობას.

- როგორი შესაძლო სცენარით შეიძლება განვითარდეს საპარლამენტო არჩევნები?

- 8 ოქტომბრის სცენარი პრაქტიკულად უკვე იწერება და არ გამოვრიცხავ, რომ მალე მოვისმენთ ინფორმაციას ერთმანეთის მისაჯირყვნად და არსებობს უკვე ჩაფიქრებული თემები, თუ როგორ უნდა წაახდინონ ესა თუ ის პარტია არჩევნების დაწყებამდეც იმისათვის, რომ მან არ შეძლოს რაიმე სახის სერიოზული კონკურენციის გაწევა. იმ განცხადებაში, რაც ბატონმა კვირიკაშვილმა შემოგვთავაზა და პარლამენტმა მიიღო, ვისურვებდი, რომ წამეკითხა ფრაზა “სასჯელი ცილისწამების გამო”. თუ ცილისწმება იქნა დაშვებული, დედა შვილს ვეღარ იცნობს. ეს უნდა იყოს დასჯადი, ვიდრე ამ ქვეყანაში ყველაფერი არ გადაყირავებულა.

პარლამენტს მივიღებთ ისეთს, რომლის შექმნასაც შევძლებთ ჩვენი ყველაზე თავმდაბალი რიგითი მოქალაქის მიერ ჩაფიქრებული სცენარით. მოხარული ვიქნები, რომ ეს იყოს ის ოცნება, რომელიც ნამდვილად გაგვაჩნდა და რომლის ნარჩენებიც შემორჩენელია ყველაზე ოპტიმისტთა ცნობიერებაში. თუკი ვინმეს არ ძალუძს, უპრიანი იქნება თავის თავს გამოუტყდეს და დროზე ადრე სხვა გზა აირჩიოს საქმიანობისა, ვგულისხმობ არა რომელიმე კანდიდატებს საპარლამენტოსი, არამედ ტექნიკურ პერსონალს, რომელსაც შესაძლოა არ ეყოს ან თავმოყვარეობა, ან გამოცდილება, ან მიდრეკილება გარკვეული გადახვევებისთვის.

- პროკურატურამ კინწმარიშვილის საქმე დახურა. რამდენად დამაჯერებელი იყო მათი არგუმენტები საქმის დახურვასთან დაკავშირებით?

- პროკურატურა საზოგადოებას დანებდა, უკეთეს შემთხვევაში საკუთარი უსუსურობა აღიარა. კარგად მახსოვს, ბატონი ეროსის ცხედარი არ იყო გაციებული, როცა უკვე გაგვაგებინეს, რომ ესაა თვითმკვლელობა და მას შემდეგ ჯიუტად ამ თემას მიყვებოდნენ. ჯერ ეს ერთი, თუ რეალური მიზეზი არის თვითმკვლელობა, რატომ ხურავ საქმეს? იქნება მეორე დღეს ამოტივტივდეს ინფორმაცია. იმავე დღეს, როდესაც “რუსთავი 2″-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის და ყველაზე წარმატებული ხელმძღვანელის თემას ხურავ, იმავე “რუსთავ 2″-ს უგზავნი მათ განაჩენებს – ესაა უმაღლესი ცინიზმი, რომელიც მხოლოდ ეშმაკის შთამომავალს თუ მოუვა თავში. “რუსთავი 2″ აღგვილია პირისაგან მიწისა ვიღაცის სურვილით, როდესაც მის დამფუძნებელსა და წარმატებულ ხელმძღვანელს აცხადებენ თვითმკვლელად. ადამიანს თურმე 120 ათასი ლარის გამო მოუკლავს თავი, მაშინ, როცა მხოლოდ ნიუ-იორკში მის ბინას ფასი სამი მილიონი დოლარი ადევს. რატომ ჰგონიათ იდიოტებს, რომ ყველა იდიოტები ვართ?! ამაზე პასუხს ადრე თუ გვიან დღევანდელი, ყოფილიც და მომავალი პროკურატურაც პასუხს გასცემს.

- ვანო მერაბიშვილის საკნიდან უკანონო გაყვანის ფაქტზე, რაზეც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში იყო საუბარი, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. რამდენად ადეკვატურია გამოძიების ახლა დაწყება?

- ბოლოს და ბოლოს როგორც იქნა მოვისმინეთ ჩვენი ყველაზე რიგითი მოქალაქისგან თანხმობა იმაზე, რომ გამოძიება დაწყებულიყო. ახლა ნუთუ ასეთი გონებაჩლუნგია ხალხი სტრასბურში, რომ ერთმანეთთან არ დააკავშირონ ჩვენი თანამოქალაქის განცხადება და დრო, როცა საქმის ძიება დაიწყო?! უკვე ნაკლებად საინტერესოა ამ საქმის შინაარსი. უფრო პროცედურულ საკითხებზეა გამახვილებული ინტერესი. მაგრამ რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას პატიმრის ბედზე არანაირი ძიება არ მოახდეს.

რეზონანსი“, 25 ივნისი, 2016 წელი

საჩუქარი პრორუსული პარტიებისათვის

ექსპერტები ხელისუფლებას რჩევას აძლევენ, თუ რა უნდა დაუპირისპიროს ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგად გაჩენილ ახალ ანტიდასავლურ არგუმენტებს

ეკატერინე ბასილაია

ევროკავშირი ბრიტანეთის გარეშე – რეფერენდუმის ამ შედეგმა ნეგატიური გავლენა და გამოწვევა შესაძლოა, საქართველოშიც ჰპოვოს. ერთი მხრივ, პრორუსულ პოლიტიკურ ძალებს დასავლეთის დისკრედიტაციისთვის ახალი არგუმენტი შეემატათ იმის სათქმელად, რომ მაშინ, როდესაც ევროკავშირს თვით უძველესი და უდიდესი ინგლისიც უარს ეუბნება, საქართველოც უნდა დაფიქრდეს, მეორე მხრივ კი, პროდასავლურად განწყობილმა პოლიტიკურმა ძალებმა უნდა შეძლონ ამომრჩევლის სწორად ინფორმირება იმაზე, რომ საქართველოსა და ბრიტანეთის შედარება უადგილოა, რადგან ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის გარეშე მხოლოდ რუსულ ორბიტაზე დაბრუნებისა და ამით თავისუფლების დაკარგვის პერსპექტივა აქვს.პოლიტოლოგების თქმით, ეს რეფერენდუმი რომ პრორუსულად განწყობილი პარტიებისათვის ახალი დამატებითი მესიჯი და არგუმენტი იქნება მათი ანტიდასავლურობის პოზიციის გასამტკიცებლად, ამას დიდი პროგნოზი არ სჭირდება, ეს ისედაც ნათელია. ამიტომაც ახლა მთავარია სწორი, არგუმენტირებული პასუხები სჭირდება უპირველესად ხელისუფლების და მედიის მხრიდან.

პირველი მერცხალი

პოლიტოლოგების თქმით, ეს მხოლოდ “პირველი მერცხალია” და მსგავს არგუმენტებს წინასაარჩევნო პროცესში კიდევ ბევრს მოვისმენთ. ამ რეფერენდუმით ახალ სიცოცხლე მიცემული ანტიდასავლური მესიჯიც უკვე გამოჩნდა. დეპუტატი თამაზ მეჭიაური, რომელმაც სულ ახლახან ჩამოაყალიბა ახალი პარტია, რომლის მთავარი დევიზი ანტიდასავლური საგარეო ორიენტაციაა, ამბობს, რომ ბრიტანელებს აქვთ სურვილი, შეინარჩუნონ ტრადიციები და ჩვენც უნდა დავფიქრდეთ.

“ჩვენ რომ ევროკავშირში შევალთ, იქ აღარავინ დაგვხვდება. ბრიტანელებს კიდევ აქვთ სურვილი შეინარჩუნონ ტრადიციები, ისტორია, ევროპელობა და წინ აღუდგნენ იმ ტენდენციას, რომელიც ფაქტიურად ეროვნებებს შორის განმასხვავებელ ნიშნებს სპობს. ვფიქრობ რომ, შეიძლება ეს გაგრძელდეს და შეიძლება მივიღოთ ისეთი ევროკავშირი, სადაც მეტი იქნება აზიური თუ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები, ვიდრე ევროპელები. ყოველ შემთხვევაში, ჩვენც უნდა გადავხედოთ გამოკითხვის შედეგებს. თუ ერთი მხრივ, ამართლებენ, რომ ბრიტანეთი ევროკავშირის გარეშეც შეინარჩუნებს იმ ტრადიციებს ისეთივე წარმატებით, ჩვენც არავინ გვიშლის ყოველგვარი ვალდებულების გარეშე გადმოვიღოთ ყველაფერი კარგი. სანაცვლოდ არ დავთმოთ ჩვენი ფასეულობები”, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

ბრიტანეთს სხვა მოტივები ჰქონდა, საქართველოს სხვა მოტივები აქვს

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ თუ ბრიტანეთის რეფერენდუმი მედიაში სწორად გაშუქდება, ბევრი ვერაფერი ხეირი ექნება იმათ, ვინც ფიქრობს, რომ ევროკავშირი ირღვევა და ამით ხარობს.

“გასაგებია, რომ ინგლისს პრობლემები ჰქონდა და ჩათვალა, რომ ამას ევროკავშირს გარეთ უკეთ მოაგვარებს. ჩვენ ჩვენი პრობლემები გვაქვს, რომელიც აბსოლუტრად განსხვავებულია და მოსახლეობის უმეტესობა ვთვლით, რომ ჩვენ პრობლემებს ევროკავშირთან ერთად უკეთესად მოვაგვარებთ. ეს ინფორმაცია მოსახლეობისათვის მიწოდებული როგორ იქნება და რამდენად სწორად იქნება ყოველივე აღქმული, ამაზე იქნება დამოკიდებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებიც. სკეპტიციზმი შეიძლება გაჩნდეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს სკეპტიციზმი არჩევნებზე გავლენას ვერ იქონიებს და რაც უნდა ეცადონ, მნიშვნელოვან ცვლილებებს განწყობაში ვერ შეიტანენ,” – მიიჩნევს ძაბირაძე.

რამაზ საყვარელიძის აზრით, ევროსკეპტიციზმი რომ არ გაიზარდოს, ამისათვის პოლიტიკოსებმა მოსახლეობას კარგად აუხსნან ევროპული გზის აუცილებლობა და მხოლოდ ზოგადი განცხადებებით არ შემოიფარგლონ.

“პრაქტიკულად მნიშვნელობა არ აქვს, ინგლისს მოეწონა თუ არა ევროკავშირში ყოფნა. ის უძველესი ევროპული ქვეყანაა, უდიდესი ევროპული გამოცდილებით და ამბიციით და მას სულ სხვა ამოცანები აქვს. ის ყველა ევროპული სტრუქტურიდან რომ გავიდეს, მაინც ევროპულ ქვეყნად დარჩება. ჩვენი ამოცანა კი ისაა, რომ როგორმე ჩვენი ადგილი მოვიპოვოთ დასავლურ სივრცეში იმისათვის, რომ რუსულმა სივრცემ არ ჩაგვყლაპოს, რაც ინგლისს ნამდვილად არ ემუქრება. ამიტომაც ანტიდასავლური ძალების მიერ საქართველოს პრობლემატიკისა და ამოცანების ფონზე ინგლისთან შედარება არაადეკვატურია. სულ რომ 3 ქვეყანა დარჩეს ევროკავშირში, ჩვენთვის მაინც ევროკავშირის წევრობაა საჭირო, რომ საქართველო, ევროპული პოლიტიკითა და ტრადიციით არსებობა დაიწყოს. ჩვენ კი ვამბობთ, რომ ევროპელები ვართ, მაგრამ ევროპის მიერ საკუთარ თავთან საქართველოს გაიგივება ჯერ არ მომხდარა. ასეთი გაიგივებაა მისაღწევი, რომ ევროპამ შენზე თავდასხმა ისევე აღიქვას მის საფრთხედ, როგორც უკრაინაზე თავდასხმა აღიქვა საფრთხედ. ამიტომაც ევროპულ სტრუქტურებში გაწევრიანება ჩვენი წამყვანი ამოცანა უნდა იყოს, თუ არ გვინდა რუსეთის გავლენის სფეროში აღმოვჩნდეთ.

ქართველი ამომრჩევლის საყურადღებოდ ერთ მომენტსაც დავუმატებდი – ჩვენ ახლა ვიწყებთ ევროპელობას და ინგლისიდან კი ევროპელობა დაიწყო. ამიტომ დასაწყისიდანვე რომ ვთქვათ, არიქა, არ გვინდა ევროპელობა იმიტომ რომ ინგლისმა თქვა უარიო, მინიმუმ სასაცილო მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. შენ დაიწყე, შედი და ნახე. და არ გამოვრიცხავ, საქართველოსაც დაუდგეს ეტაპი თავის ევროპულობის სიმწიფის რაღაც დონეზე, რომ დამოუკიდებელი გზა აირჩიოს, თუკი მას სხვა საფრთხე არ ექნება,” – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

ანტიდასავლური პროპაგანდა და კონტრპროპაგანდა

რამაზ საყვარელიძის თქმით, ანტიდასავლურ ძალთა მესიჯების გასანეიტრალებელ არგუმენტებს თავად ეს რეფერენდუმიც კი იძლევა. მაგალითად იმით, რომ ევროპაში უმრავლესობის ნებას მნიშვნელობა აქვს და დასავლეთი თავისუფალი არჩევანის სიმბოლოა, იმ დროს, როდესაც მეორე, ანტიდასავლური გზა მხოლოდ რუსეთია და რომელიც ყოველთვის ყველგან ამტკიცებს, რომ უმრავლესობის აზრს არაფრად მიიჩნევს.

“ამ რეფერენდუმით ერთი მოხდა ის, რომ ევროკავშირმა დაიწყო დაშლა და მეორე – აჩვენა, რომ ევროკავშირი თავისუფლების ზონაა. მიუხედავად იმისა, ვის მოსწონდა და ვის არა, ინგლისელმა ხალხმა გადაწყვიტა გასვლა და ევროკავშირმაც მიიღო ეს გადაწყვეტილება. აქ მთავარი სწორედ ეს თავისუფლების ხარისხია. თუ ჩვენ გვინდა თავისუფლები ვიყოთ ჩვენს არჩევანში და ჩვენს არჩევანს პატივი სცეს იმ გაერთიანებამ, რომელშიც ვიქნებით, ასეთი ევროკავშირია. თუ ჩვენ თავისუფლება არ გვინდა, მაშინ სხვა გზაა – რუსეთი. ვინც ამას ვერ ხედავს, მან უბრალოდ არ იცის, რას ნიშნავს თავისუფლება. თუ ევროკავშირი იშლება, ეს ჩვენს ორიენტაციას არ ცვლის. ჩვენ სხვაგვარად იმ პრობლემებს, რა პრობლემების წინაშე ვდგავართ, ვერ გავუმკლავდებით. ამიტომაც მედიას დიდი მნიშვნელობა აქვს. საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ რის გამოც ინგლისმა გასვლის გადაწყვეტილება მიიღო, ეს სხვა პრობლემებითაა გამოწვეული და ჩვენ არ გვეხება,” – ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

თსუ-ს პროფესორი, პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩიას განცხადებით, ზოგადად რეფერენდუმის შედეგი სასიამოვნო არ არის, რადგან ამ ფაქტს ახლა ყველაზე მეტად რუსული პროპაგანდა გამოიყენებს და ეს გახდება მათთვის სასიამოვნო ანალიზის და მესიჯის საგანი. თუმცა არ ჰგონია, რომ ამ ფაქტმა არჩევნებისთვის რაიმე მნიშვნელობა შეიძინოს. იგი თვლის, რომ ეს ამ მომენტისთვისაა ემოციური, თორემ არჩევნებამდე დაკარგავს იმ მნიშვნელობას, რომ შედეგებზე მოახდინოს გავლენა.

“პრორუსული ძალები პირდაპირ არასდროს აფიშირებენ იმას, რომ პრორუსები არიან. ისინი გაიძახიან, რომ ეროვნულები არიან და სწორედ ამ ეროვნულობას ამოფარებულები დაიწყებენ ახლა რუსული ნარატივის გავრცელებას იმაზე, რომ ჩვენი ტერიტორიების 20% კი არის რუსების მიერ ოკუპირებული, მაგრამ ამას ევროპა, მით უმეტეს ახლა, როდესაც ევროკავშირი იშლება, ვერ მოაგვარებს, ისევ რუსეთის მოსაგვარებელია. იმასაც იტყვიან, ბრიტანეთმა იმიტომ გადაწყვიტა გასვლა, რომ ევროკავშირი მათ იდენტობას უქმნიდა საფრთხესო. დაიწყებენ მსჯელობას და განცხადებებს იმაზეც, რომ აი, ყველაზე წამყვანი ევროპული ქვეყანა ევროკავშირს ტოვებს და რომ ეს არ არის ის ორგანიზაცია, რომლის გამოც საქართველომ საფრთხის ქვეშ დაიყენოს თავი. ამგვარი რიტორიკა იქნება და ამ კუთხით ამ ფაქტს ნეგატივი აქვს. დარწმუნებული ვარ, რუსეთში სწორედ ახლა მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, როგორ უნდა შეიფუთოს ეს ფაქტი პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, რომ ევროსკეპტიციზმი გაძლიერდეს,” – მიიჩნევს კორნელი კაკაჩია.

პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძის თქმით, ანტიდასავლური პარტიების მესიჯებში ბრიტანეთის რეფერენდუმი ერთ-ერთი წამყვანი თემა აუცილებლად იქნება საზოგადოებაში ევროსკეპტიციზმის გასაღვივებლად, მაგრამ იმუშავებს თუ არა მათი მესიჯები, ამაში გადამწყვეტი ის იქნება, რამდენად იმუშავებს პროდასავლური მესიჯები და სწორი განმარტებები, რაც უპირველესად ხელისუფების მხრიდან უნდა გაკეთდეს.

“გააჩნია მოწინააღმდეგე მხარე რამდენად დამაჯერებელი არგუმენტებით წარდგება იგივე ხალხის წინაშე. ხალხი ვალდებული არ არის პოლიტიკის ნიუანსებში ერკვეოდეს. მაგალითად, სასამართლოში ნაფიცი მსაჯულები უსმენენ ორივე მხარეს, პოლიტიკაშიც ხალხი იგივე როლშია – სხვადასხვა მხარეს უსმენს და მერე გამოაქვს დასკვნა. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რამდენად ეფექტური იქნება ევროპისკენ სვლის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთ არგუმენტები განხილვის დროს,” – აღნიშნავს რამაზ საყვარელიძე.

ვახტანგ ძაბირაძის მსგავსად, რამაზ საყვარელიძეც თვლის, რომ ამ რეფერენდუმმა ევროპის თავისუფლების ხარისხი აჩვენა და აჩვენა ის განსხვავება, რაც დასავლეთსა და რუსეთს შორისაა, რაც უმნიშვნელოვანესია.

“გვაჩვენა, რომ ხალხის ნებაა გადამწყვეტი, ხოლო რუსულ სივრცეში თუ მოვხვდებით, ხალხის ნება არაფრის გადამწყვეტი არ იქნება და ამისათვის ჩეჩნეთის მაგალითი გავიხსენოთ, როდესაც რუსებმა ჩეჩენი ხალხის ნებას ტანკებით გადაუარა. ჩვენ არჩევანი გვიდგას ჩრდილოეთსა და დასავლეთს შორის – რა გვირჩევნია: ჩრდილოური ტანკები, თუ დასავლური ცხოვრების, სახელმწიფოებრიობის წესი. ამის კარგად ახსნას არის სწორედ ხელისუფლების ამოცანა,” – დასძენს რამაზ საყვარელიძე.

რეზონანსი“, 25 ივნისი, 2016 წელი

დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგი ხომ არ შეასუსტებს საქართველოში პროდასავლურ განწყობას?

ნინო ქეთელაური

დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებით, ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის მომხრეებმა ოფიციალურად გაიმარჯვეს. ამომრჩევლის 51,9%-მა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი, 48,1% წინააღმდეგი იყო. რა გავლენა შეიძლება მოახდინოს რეფერენდუმის შედეგებმა საქართველოზე – ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ ევროსკეპტიკოსები ამ საკითხებს მოსახლეობაში თავის სასარგებლოდ გამოიყენებენ. “ისინი იტყვიან – “აი სად მივდივართ”, “ხედავთ, ევროპა თვითონ იშლება და ჩვენ რა გვინდა”. იქნება ასეთი სახის გამონათქვამები და მსჯელობები, მაგრამ ეს ყველაფერი ნელ-ნელა მიიღებს ისევ ნორმალურ ხასიათს. ჩვენ შეჩვეული ვართ აპელირებას ერთჯერად სკანდალურ მოვლენებზე.

“სწორი დამოკიდებულება არის ერთადერთი ის, რომ საქართველოსთვის სხვა ალტერნატივა არ არის გარდა ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობის და ინტეგრაციისა. ყოველ შემთხვევაში, ამ ისტორიულ ეტაპზე იმიტომ, რომ ჩვენ ირგვლივ ვერ ვხედავთ ცოტა უფრო მაღალი კეთილდღეობის და მაღალი ჰუმანური პრინციპების მქონე ერთობას ქვეყნების, რომელთანაც შეიძლება ითანამშრომლო და ამ თანამშრომლობის ხარჯზე შენ თვითონაც სწრაფად განვითარდე”, – ამბობს ექსპერტი კახა გოგოლაშვილი.

ქართველი პოლიტიკოსების ნაწილი იზიარებს ექსპერტების შეფასებას და ამბობს, რომ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები საქართველოში ევროპისადმი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანების რაოდენობას გაზრდის.

ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგი ხომ არ შეასუსტებს საქართველოში პროდასავლურ განწყობას? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

ქეთი ბექაური (იურისტი): “ეს თითოეული სახელმწიფოს არჩევანია და მისი გადაწაყვეტია, სად გაწევრიანდება და სად დარჩება. რა თქმა უნდა, ბრიტანეთი აძლიერებდა ევროკავშირს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ საქართველოს მომავალზე ეს ნეგატიურ გავლენას იქონიებს. საქართველოს მოსახლეობის განწყობა ყველამ იცის, ევროპისკენ სწრაფვა ძალაშია და ასე გავაგრძელებთ ასოცირების გზით სიარულს. არ მგონია, რომ რეფერენდუმის შედეგებით საქართველო დაზარალდეს.”

გიგა ნასარიძე (ა/ო “საქართველო არ იყიდება”): “რა თქმა უნდა, პრორუსულ ძალებს ექნება მცდელობა, რომ ამით ისპეკულირონ, მაგრამ არ მგონია, დიდი გავლენა მოახდინონ საქართველოში ადამიანების განწყობაზე.”

დოდო ხურცილავა  (ხელოვნებათმცოდნე): “ძალიან საშიშია ეს ყველაფერი. ბრიტანელებმა ჩათვალეს, რომ მათი ღირსება რაღაც თვალსაზრისით არის შეურაცხყოფილი. შარშან და შარშანწინ ევროკავშირის ქმედებას რომ ვუკვირდებოდი, ბერძნებს ექცეოდნენ, როგორც მესამეხარისხოვან ქვეყანას. ლამის გირაოში ჩაადებინეს მათი ყველაზე საუკეთესო პართენონი. ეს არ არის კარგი საქციელი. ამიტომ, ფიქრობ, ევროიკავშირის მესვეურებიც დაფიქრდებიან და შეცვლიან ტაქტიკას, ძალიან ბევრი ქვეყნის მიმართ. ეს კარგი გაკვეთილია მათთვის. ინგლისელებს შეიძლება ცოტა ხანს გაუჭირდეთ, მაგრამ მათ როგორც ჩანს, ღირსება ამჯობინეს ფულს და კეთილდღეობას.”

სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): “პროდასავლური ძალების შესუსტება დამოკიდებულია 2 ფაქტორზე: პირველი, როგორ წარმართავს ქვეყნის ხელმძღვანელობა თავის საქმიანობას და მეორე, დასავლეთის სახელმწიფოების მზაობა, უნდათ თუ არა პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში იყოს პროდასავლური განწყობა. უნდა ვაღიაროთ, რომ ხშირ შემთხვევაში დეკლარირების იქით არ მიდის დასავლეთის ქმედება, მაგალითად, ჩვენი ვიაზალიბერალიზის საკითხში და ა.შ.

ამ ვითარებაში ამის საფრთხე არსებობს, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას იზამენ დანარჩენი ევროპული სახელმწიფოები. როგორი იქნება მათი პრევენციის მექანიზმი, რომ ევროკავშირი არ შესუსტდეს ბრიტანებთის გასვლის შემთხვევაში და რამდენად მიზანმიმართული იქნება საქართველოს პოლიტიკური სპექტრი, რომ დაარწმუნოს საზოგადოება ევროპული ორიენტაციის ურყეობასა და უკეთესობაში.”

რეზონანსი“, 25 ივნისი, 2016 წელი

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად, შესაძლოა, “ნაციონალიაირჩიონ

ოცნება თბილისში დაგეგმილ კენჭისყრაზე ხმას მის კონკურენტს მისცემს

სალომე სარიშვილი

თბილისში დაგეგმილ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე 5 ივლისს ასამბლეის ახალ პრეზიდენტს აირჩევენ. ამ თანამდებობაზე 3 კანდიდატურა განიხილება: დამოუკიდებელი კანდიდატი ალან ნერი (საფრანგეთი), ევროპის სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიერ წარდგენილი კრისტინ მუტონენი (ავსტრია) და ევროპის სახალხო პარტიის მიერ წარდგენილი გიგი წერეთელი (საქართველო).

ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი და პარლამენტში “ქართული ოცნების” ფრაქციის ლიდერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ საპარლამენტო ასამბლეაზე “ოცნების” დეპუტაცია ავსტრიელ კანდიდატს დაუჭერს მხარს. მისივე თქმით, “ოცნების” ეს არჩევანი იმითაა განპირობებული, რომ “ოცნებაც” მემარცხენე ცენტრისტული პარტიაა, ისევე, როგორც მუტონენის წარმდგენი ევროპის სოციალ-დემოკრატიული პარტია.

შეგახსენებთ, რომ 1-5 ივლისამდე თბილისში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესია გაიმართება, რომელსაც 57 ქვეყნის 700-ზე მეტი დელეგატი დაესწრება. თუმცა, გარდა იმისა, რომ მსგავსი მასშტაბისა და მნიშვნელობის ღონისძიება საქართველოში პირველად ტარდება, ეს თარიღი გამორჩეული სხვა ფაქტორითაცაა. კერძოდ კი იმით, რომ სესიის ფარგლებში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ახალ პრეზიდენტს აირჩევენ.ცნობისათვის, ასამბლეის ამჟამინდელი პრეზიდენტის, ილკა კანევრას (ფინეთი) საპრეზიდენტო ვადა ეწურება, ხოლო ეუთო-ს წესდების თანახმად, მას ხელახალი კენჭისყრის უფლება აღარ აქვს. პრეზიდენტობის სამივე ხსენებული კანდიდატი კი ამჟამად საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს.

ვიცე-პრეზიდენტსა და ახლა უკვე პრეზიდენტობის კანდიდატს გიგი წერეთელს არჩევნებში შედეგებზე პოზიტიური მოლოდინი აქვს. ამბობს, რომ მისთვის ამ კანიდადტურაზე წარდგენა ერთდროულად დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობაცაა, რადგან ამავე დროს საქართველოსაც წარმოადგენს.

“საპრეზიდენტო არჩევნები 5 ივლისს გაიმართება და უნდა აღინიშნოს, რომ ამ ორგანიზაციაში ყოველთვის რთული პროცედურაა. განსხვავებით ევროპის საბჭოსგან, სადაც პოლიტიკური ჯგუფის ლიდერობა უკვე გარანტირებული ნდობაა, რადგან იქ როტაციული სისტემა მუშაობს, ასამბლეაზე სხვანაირი პრინციპია შერჩეული. კერძოდ კი ასამბლეაზე ფარული არჩევნები იმართება, უფრო პერსონალიებზე და ინდივიდებზეა დამოკიდებული, თუმცა ცხადია, მნიშვნელოვანია კანდიდატის წარმდგენი ქვეყანა. აგრეთვე ბევრია დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი დეპუტატი მიიღებს მონაწილეობას კენჭისყრაში. როგორც გითხრით, კენჭისყრა ფარულია და მასში საშუალოდ 250 დეპუტატი იღებს მონაწილეობას. შესაბამისად, პირველ ტურში გამარჯვებას ნახევარზე მეტი ხმა სჭირდება, თუ არადა შემდეგ ტურში ხმების უმეტესობაა საჭირო. რაც შეეხება კონკურენციას, ძალიან სერიოზული კანდიდატები არიან წარდგენილი. კონკურენტებს შორის არიან ავსტიელი და ფრანგი კოლეგა. ასე რომ, კონკურენცია საკმაოდ დიდია,” – აღნიშნავს გიგი წერეთელი.

მისივე თქმით, ვინაიდან სესია საქართველოში ტარდება და ეს აღმოსავლეთ ევროპის შავი ზღვის პირა ნაწილისთვისაც მნიშვნელოვანი გზავნილია, ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციამ მიიღო გადაწყვეტილება, კანდიდატურა სწორედ ამ რეგიონიდან დაეყენებინა, რაც, წერეთელის თქმით, უპრეცედენტო მოვლენაა.

“მინდა აღვნიშნო, რომ აღმოსავლეთ ევროპიდან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად კანდიდატი არასდროს ყოფილა, თითქმის ყოველთვის დასავლეთ ევროპის განვითარებული ინდუსტრიის წარმომადგენლები იყვნენ. ვიყო ევროპის ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფის კანდიდატი ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ამასთანავე, ბუნებრივია, რომ ჩემს ქვეყანას წარმოვადგენ, რაც დიდი გამოწვევაა. თუკი ხელისუფლებაში ვინმეს ჭკუა მოეკითხება, ალბათ ამასაც ხვდება. აქ პირადად გიგი წერეთელი, “ნაციონალური მოძრაობა” და ოპოზიცია არაფერ შუაშია, ეს გახლავთ ქვეყნისთვის ძალიან კარგი შანსი. საქართველოს კანდიდატს ცალკე არჩევნებში რაიმე შანსის მიღწევა დიდ ქვეყნებთან ჭიდილში ძალიან გაუჭირდება, თუმცა ამ შემთხვევაში შანსი ისაა, რომ ყველაზე დიდი ევროპული პარტია ზურგს მიმაგრებს,” – გვითხრა გიგი წერეთელმა და იქვე დასძინა, რომ ევროპის სახალხო პარტიის მხარდაჭერა იმ წერილშიც გამოიხატა, რომელიც 50-ზე მეტ პარტიას მხარდაჭერის თხოვნით პარტიის პრეზიდენტმა გაუგზავნა.

“ასეთი მხარდაჭერა ძალიან მახარებს, რადგან ევროინტერგაციის საკმაოდ რთულ გზაზე ეს საქართველოს მხარდაჭერასაც ნიშნავს. თუკი არჩევნებში გავიმარჯვე, ალბათ სხვა ქვეყნებისთვისაც კარგი გზავნილი იქნება,” – აღნიშნავს გიგი წერეთელი.

რაც შეეხება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ქართულ დელეგაციას, მისი მუდმივმოქმედი წევრი და ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გია ვოლსკი ამბობს, რომ “ოცნება” მხარს ავსტრიელ კანდიდატს დაუჭერს, რომელიც ამ თანამდებობაზე სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ წარადგინა. ვოლსკის თქმით, ავსტრიელ კანდიდატსა და ვიცე-პრეზიდენტს გამორჩეული უნარ-ჩვევები აქვს, რის გამოც საკმაოდ დიდ მხარდაჭერასაც იმსახურებს.

“ევროპის სახალხო პარტიამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად გიგი წერეთლის კანდიდატურა დააყენა. მას წარმატებას ვუსურვებთ, თუმცა, რასაკვირველია, ჩვენ მხარს სოციალ-დემოკრატებს დავუჭერთ, რადგან “ქართული ოცნება” მემარცხენე-ცენტრისტები ვართ. სავარაუდოდ, ავსტრიელ ქალბატონს კრისტინ მუთთენონს მხარს ლიბერალებიც დაუჭერენ, რადგან მას შესანიშნავი მონაცემები და პრეზიდენტობისთვის შესაფერესი უნარ-ჩვევები აქვს. სოციალისტურმა პარტიამ ბევრი კანდიდატი წარმოადგინა, საბოლოოდ კი ორი გამოვიდა, მათგან ერთი ფრანგი დეპუტატია, რომელიც კენჭს დამოუკიდებელად იყრის, მეორე კი ავსტრიელი ქალბატონი. პარტიამ უკვე ჩაატარა პრაიმერი, სადაც მთელი დელეგაციების გამოკითხვა მოხდა. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ მხარს ვუჭერთ და მაშინაც დავუჭირეთ ავსტრიელ კანდიდატს და ვიცე-პრეზიდენტს, კრისტინ მუთთონენს. თუმცა, მიუხედავად დიდი მხარდაჭერისა, სახალხო პარტიას იმედი აქვს, რომ გიგი წერეთელი პრეზიდენტი გახდება. ეს გახლავთ საერთო არჩევნები, რომელშიც საპარლამენტო ასაბლეის დელეგაციები მონაწილეობენ, პრეზიდენტის არჩევაც წესისამებრ, ჩვეულებრივ პარლამენტში არსებული არჩევნების მსგავსად ხდება,” – გვითხრა გია ვოლსკიმ.

რეზონანსი“, 24 ივნისი, 2016 წელი

ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან: ფსოუსა და როკის გვირაბთან დამკვირვებლების დასაყენებლად თბილისი მოსკოვის პასუხს ელოდება

თიკო ოსმანოვა

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორ კარასინის მორიგი შეხვედრა 27 ივნისს გაიმართება. ზურაბ აბაშიძის თქმით, ჰუმანიტარულ საკითხებთან ერთად, მთელი სიმწვავით დააყენებს ხურჩაში განვითარებულ ტრაგედიის საკითხს და გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის დაპატიმრებას კატეგორიულად მოითხოვს. ზურაბ აბაშიძისა და გრიგორ კარასინის შეხვედრის მორიგ რაუნდზე “რეზონანსი” რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელს ესაუბრა.

- ამჯერად, რა საკითხებს განიხილავთ?

- მოგეხსენებათ, გვაქვს კონკრეტული საკმაოდ სპეციფიკური დღის წესრიგი, რომელიც უმთავრესად დაკავშირებულია სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებთან. სატრასპორტო თემებთან, ტურიზმი და ჰუმანიტარული საკითხები. რაც შეეხება ამ უკანასკნელს, აქ პირველ რიგში ვგულისხმობ, იმ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებულ პრობლემას, რომლებიც რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით მრავალ წლიან სასჯელს იხდიან. ძალიან კარგად ვიმუშავეთ, დიდი შრომა გავწიეთ. შოუების, ყვირილის გარეშე შესაბამისი უწყებების ჩათვლით მოვახერხეთ, რომ გასულ პერიოდში სამი მოქალაქე გავათავისუფლეთ, ერთი თვის წინ კიდევ 3 და უახლოეს დღებში კიდევ ერთ ჩვენს მოქალაქეს გავათავისუფლებთ. ეს არის ძალიან დიდი შრომის შედეგი. ხალხი იქ ძალიან ცუდ პირობებში იყო. მათ კიდევ სასჯელის წლები ჰქონდათ მოსახდელი, თუმცა, ჩვენ მოვახერხეთ და ამ ადამიანებს საკუთარ სამშობლოში ვაბრუნებთ.

- და რატომ გაიწელა ეს პროცესი აქამდე?

- ეს პროცესი არ იწელება. 2014 წელს 3 მოქალაქე გავათავისუფლეთ, ახლა კიდევ სამი. ზოგადად საკმაოდ რთულ პროცედურებთან არის დაკავშირებული. სამართლებრივ, პოლიტიკურ პრობლემებთან. სხვადსხვა უწყებებია ამაში ჩართული. ძალიან სერიოზულ შედეგს მივაღწიეთ. სიმართლე გითხრათ, არც ველოდი ასეთი შედეგი თუ დადგებოდა. ახლა უკვე 7 მოქალაქეზეა საუბარი. ბოლო ერთის გათავისუფლებას უახლოეს დღეებში ველოდებით. შევეცდებით, რომ რაც შეიძლება სწრაფად მივხედოთ მათ და დავხუროთ ეს თემა.

- თქვენი ფორმატის თემა არაა, თუმცა ხურჩაში განვითარებულ ტრაგედიაზე გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულ რაშიდ კანჯი-ოღლიზე თუ გექნებათ საუბარი, რომელსაც აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ შიდაპატიმრობა მიუსაჯა?

- გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით, ჩვენ აუცილებლად დავაყენებთ კატეგორიულად საკითხს იმის თაობაზე, რომ დამნაშავე უნდა იყოს დაპატიმრებული და მან პასუხი უნდა აგოს სასტიკი დანაშაულისათვის. ჩვენმა პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთეს შესაბამისი განცხადება, რომ არსებობს საფრთხე ამ ადამიანის ლიკვიდაციისა. მერე შეიძლება ჩვენ დაგვბრალდეს, ამიტომ ჩვენ მთელი კატეგორიულობით დავაყენებთ ამ საკითხს. მართალია, ეს უფრო ჟენევის ფორმატის საკითხია და ასევე ერთ კვირაში განიხილება ინციდენტების პრევენციისა და დარეგულირებლის შეხვედრაზე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვცდილობთ გამოვიყენოთ ყველა ფორმატი, ტრიბუნა, მათ შორის პრაღისაც, სადაც ამ საკითხს მთელი სიმწვავით დავაყენებ.

- მდინარე ფსოუზე და როკის გვირაბთან ნეიტრალური დამკვირვებლების ჩაყენების საკითხი ჯერ კიდევ არ გადაწყვეტილა. ვგულისხმობ 2011 წლის რუსეთ-საქართველოს შეთანხმებას და რა ხდება ამ მიმართულებით, აპირებთ თუ არა კრასინთან ამ საკითხზე საუბარს?

- ჩვენმა მხარემ რამდენიმე თვეა დაასრულა ყველა დოკუმენტებზე მუშაობა, რომელიც დაკავშირებულია ამ ხელშეკრულებასთან. ე.წ. საშინაო დავალება მთლიანად შესრულებული გვაქვს. ამის შესახებ შვეიცარიის მხარეც ინფორმირებულია. ჩვენ ახლა ველით საბოლოო პასუხს რუსეთისგან – რა ეტაპზე არიან და რას აპირებენ.

- რუსეთისგან საბოლო პასუხი ხომ ჯერ კიდევ გასულ წლის ბოლოს უნდა ყოფილიყო ცნობილი?

- უნდა გაეცა აქამდე და ახლა კიდევ საბოლოოდ ველოდებით.

- თქვენი აზრით, ხელოვნურად ხომ არ ხდება ამ საკითხის გაჭიანურება?

- ვერაფერს გეტყვით. ამ შეხვედრის შემდეგ რა პასუხსაც მივიღებ, ამას აუცილებლად გავაცნობ საზოგადოებას.

- იმ შემთხვევაში, თუ ამჯერადაც არ იქნება კონკრეტული პასუხი, რას გეგმავს ქართული მხარე?

- ვნახოთ, წინასწარ ვერაფერს გეტყვით.

- გარდა ამ თემებისა, იქნება თუ არა საუბარი ქვეყნის პირველი პირების შეხვედრის მომზადებასთან დაკავშირებით?

- ასეთი საუბარი არ იგეგმება. ამაზე საგარეო საქმეთა მინისტრებმა უნდა ისაუბრონ, თუკი დადგება ეს საკითხი დღის წესრიგში.

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიდერების შეხვედრამდე, შესაძლოა, ქვეყნის პირველ დიპლომატებს შორის შედგეს შეხვედრა. ამასთან დაკავშირებით თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?

- ამ ეტაპზე ასეთი შეხვედრა არ იგეგმება.

————————

„ახალი თაობა“, 25 ივნისი, 2016 წელი

ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან: „ქართულმა ოცნებამ პარლამენტის თბილისში დაბრუნებაც კი ვერ მოახერხა

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის წევრი ზურაბ აბაშიძე „ახალ თაობასთან” ინტერვიუში პარლამენტის ოთხწლიან მუშაობას აფასებს და აცხადებს, რომ ახალი მოწვევის პარლამენტი უკეთესი იქნება.

- ბატონო ზურაბ, პარლამენტმა გუშინ ბოლო პლენარული სესია გამართა, შესაბამისად, მუშაობაც დაასრულა. როგორ შეაფასებთ ამ მოწვევის პარლამენტის საქმიანობას?

- ძალიან განსაკუთრებული წვლილი ჰქონდა და ქვეყნის განვითარებისთვის გარდამტეხი იყო ამ მოწვევის პარლამენტის საქმიანობა, ვერ ვიტყვი, მაგრამ არც ისე ყოფილა, რომ არაფერი შედეგი არ დაუდია. რასაკვირველია, იყო შედეგებიც.

- მაგალითად?

- მაგალითად, სწორედ ამ პარლამენტმა გაათავისუფლა უსამართლოდ და უკანონოდ დაკავებული ადამიანები ციხიდან. შეიძლება ამ პროცესს გარკვეული შეცდომები ახლდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამნისტია იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, რომელიც ამ მოწვევის პარლამენტმა გადადგა, იყო ის, რომ ევროკავშირთან მოახდინა ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულების რატიფიცირება. რაც სამწუხაროა და ამას ვამბობ ძალიან გულდაწყვეტილი, როგორც ამ მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, არის ის, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები ვერ შევიტანეთ. გარკვეული ცვლილებები მოხდა, მაგრამ ეს არ არის ადეკვატური. გახსოვთ, რომ კონსტიტუცია თავის დროზე სააკაშვილმა მოირგო, როგორ მოახდინა პრემიერის ინსტიტუტის გაძლიერება და ა.შ. ჩვენ ვერ შევძელით მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება, რომელიც რეალურად სწორ რელსებზე დააყენებდა ქვეყანას.

- რატომ ვერ მოხდა რეალური საკონსტიტუციო ცვლილებები? მახსოვს, როგორ შეიქმნა საკონსტიტუციო კომისია, რომელსაც ძალიან ბევრ საკითხზე უნდა ემსჯელა...

- ვერ მოხდა გარკვეული მიზეზების გამო. სერიოზული წარუმატებლობა ხვდა წილად იმ კომისიას, რომელიც შეიქმნა სწორედ საკონსტიტუციო ცვლილებების მოსამზადებლად. მაღალი მოლოდინი იყო, მაგრამ შედეგი ვერ დადგა. ვერ იმუშავა ამ კომისიამ. აქ არ არის მხოლოდ ბატონი დავით უსუფაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი, რადგანაც ის იყო კომისიის თავმჯდომარე, საუბარია ყველა პოლიტიკოსზე, რომლებსაც ხელეწიფებოდათ გადაწყვეტილების მიღება. მე, პირადად, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის პოლიტიკური ნება ვერ დავინახე.

- კიდევ რას გამოყოფდით?

- იმას, რომ ვერ მოხდა ქუთაისიდან პარლამენტის თბილისში დაბრუნება.

- ეს მნიშვნელოვანი საკითხია?

- რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პარლამენტის მუშაობის ხარისხის კუთხით. შრომისუნარიანობას, გინდა თუ არ გინდა, ეს მაინც აგდებს. დეპუტატები გზაზე ვიყავით გაბმული. ასევე, აქ ძალიან მნიშვნელოვანია საბიუჯეტო სახსრები, რომლებიც იხარჯება. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, პარლამენტის ქუთაისში არსებობამ, პირველ რიგში, გამოიწვია მეტი საბიუჯეტო სახსრების დახარჯვა.

- რა იყო ის მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომელიც ამ მოწვევის პარლამენტს შეეძლო მიეღო და ვერ მიიღო?

- ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის საარჩევნო კოდექსი, ახალი საარჩევნო კოდექსი, რომელიც რეალურად, თვისობრივად შეცვლიდა სასიკეთოდ საარჩევნო გარემოს ქვეყანაში. ეს იქნებოდა, მე ასე ვიტყოდი, გარდამტეხი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, მისი დემოკრატიულად განვითარებისთვის. ცხადია, აქვე დავასახელებ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც ვერ განვახორციელეთ. თუ ამ მოწვევის პარლამენტი ამას შეძლებდა, ეს იქნებოდა საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე დიდი წინსვლა. დასანანია, რომ ეს ვერ მოვახერხეთ.

- ბატონო ზურაბ, თქვენ შეხვედით, როგორც უმრავლესობა, მაგრამ აღმოჩნდით ოპოზიციაში. მოვლენების ასე განვითარებას მაშინ წარმოიდგენდით?

- დღეს ამაზე საუბარი მარტივი არ არის. ჩვენ ვიბრძოდით გულწრფელად სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ეს ბრძოლა წარმატებით დასრულდა და, რასაკვირველია, ამ ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი წვლილი ბიძინა ივანიშვილმა შეიტანა, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ და ცხადია, რომ არა ხალხი, ამ ქვეყნის მოქალაქეები ეს ვერ მოხდებოდა, მაგრამ მოლოდინი იმდენად მაღალი იყო კოალიციის მიმართ, რომ ეს ვერ შესრულდა.

- ამ პარლამენტს მეტის გაკეთება შეეძლო?

- მეტის გაკეთება შეიძლებოდა, რომ ყოფილიყო ნება იმისა, რომ მთავრობა რეალურად არის ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე და არა ფურცელზე.

- რა მოლოდინი გაქვთ, ახალი მოწვევის პარლამენტი უკეთესი იქნება?

- უკეთესი უნდა იყოს. ჩემი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქის ინტერესი რა არის, რომ გვქონდეს უკეთესი სახელმწიფო, უკეთესი ეკონომიკა, უკეთესი ცხოვრების დონე, გვყავდეს უკეთესი პარლამენტი და უკეთესი მთავრობა, რომ ჩემი, როგორც მოქალაქის ინტერესები იყოს ყველა დონეზე დაცული და უზრუნველყოფილი.

„ახალი თაობა“, 24 ივნისი, 2016 წელი

ინტერვიუ დიმიტრი ლორთქიფანიძესთან: „ეროსი კიწმარიშვილი მიხეილ სააკაშვილზე სკანდალურ ინფორმაციას ფლობდა

ვის და რა ძალებს აწყობდათ ეროსი კიწმარიშვილის სიკვდილი? ხომ არ არსებობს ვერსიები, რომელზეც პროკურატურა არ საუბრობს? პარლამენტის ყოფილი წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პროკურატურას ვერსიას სთავაზობს.

- როდესაც პროკურატურა ეროსი კიწმარიშვილის თვითმკვლელობის შესახებ აკეთებს განცხადებას, ეჭვის გამომწვევი ყველა გარემოება უნდა იყოს შესწავლილი. პროკურატურის მიერ კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეში ერთ-ერთ ვერსიად, სააკაშვილთან და ნაცმოძრაობასთან მისი დაპირისპირებაც უნდა იქნას განხილული, – აცხადებს იგი.

- ბატონო დიმიტრი, ეროსი კიწმარიშვილის თვითმკვლელობის შესახებ პროკურატურის ოფიციალურ ვერსიას არ ეთანხმებით?

- ბატონი ეროსი კიწმარიშვილი გახლდათ საჯარო პირი. როდესაც საჯარო პირის გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით პროკურატურა თვითმკვლელობის შესახებ აკეთებს განცხადებას, ბუნებრივია, ეჭვის გამომწვევი ნებისმიერი გარემოება უნდა იყოს შესწავლილი. ყველა კითხვაზე პასუხი უნდა იყოს გაცემული. ეროსი კიწმარიშვილის ძმის განცხადებით, მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, მიუხედავად გარდაცვლილის ოჯახის წევრების კატეგორიული მოთხოვნისა, არ შესრულდა. ამიტომ ეს არის საკითხი, რომელსაც პროკურატურა აუცილებლად უნდა მიუბრუნდეს. გარდა ამისა, როდესაც საჯარო პირის გარდაცვალებასთან გვაქვს საქმე და გამოძიება იწყება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით, პირველი კითხვა, რაც ჩნდება, არის ის, თუ ვის შეიძლება აწყობდეს ამ ადამიანის სიკვდილი, ან მისი სიცოცხლის მოსპობით ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო დაინტერესებული.

- ვის აწყობდა ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალება? სხვადასხვა ვერსიებია. რუსთავი-2-საც უკავშირებენ...

- როგორც იურისტი, ვალდებული ვარ, მკაცრად სამართლებრივ ჩარჩოებში მოვაქციო ჩემი მსჯელობა. ყველა იმ კითხვას პასუხი გავცე, რომელიც საზოგადოებაში ჩნდება. ერთ-ერთი ვერსია, რომელსაც ნაცმოძრაობის აქტივისტები დღემდე უწევენ გააფთრებულ ლობირებას, არის ის, რომ კიწმარიშვილის გარდაცვალება შესაძლოა უკავშირდებოდეს „რუსთავი-2“-თან დაკავშირებულ დავას. თუმცა, თუ ნაცმოძრაობა აპელირებს „რუსთავი-2“-ის წილებთან დაკავშირებით არსებული დავით, ვალდებულია სხვა ვერსიაზეც გაამახვილოს ყურადღება.

- კერძოდ, რა ვერსიაზე მიანიშნებთ?

- არსებობს ვერსია, რომელიც „რუსთავი-2“-თან დაკავშირებულ ვერსიას აჭარბებს. მე ვესწრებოდი პარლამენტში 2008 წლის ომთან დაკავშირებით შექმნილ დროებით კომისიაში ეროსი კიწმარიშვილის დაკითხვას, როდესაც მან სკანდალური და სენსაციური განცხადებები გააკეთა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. კიწმარიშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილი ემზადებოდა აფხაზეთზე თავდასასხმელად.

- ამ განცხადებიდან გამომდინარე. ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალება ყველაზე მეტად ნაცმოძრაობას აწყობდა?

- რა თქმა უნდა. ნაცმოძრაობა არ უნდა გამოირიცხოს. ნაცმოძრაობა არა თუ არ უნდა გამოირიცხოს, არამედ რისკფაქტორებს შორის, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად უნდა იქნას აღქმული.

- რისკ-ფაქტორად რას მიიჩნევთ?

- ჰააგის სასამართლო დაინტერესდა აგვისტოს მოვლენების სკრუპულოზური გამოძიებით. დღეს ეროსი კიწმარიშვილი ცოცხალი რომ ყოფილიყო, ის იქნებოდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პირველი რანგის ბრალდების მოწმე პროკურატურის ხელში. სწორედ ეროსი კიწმარიშვილი გახლდათ საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი რუსეთის ფედერაციაში ომის დაწყებამდე არცთუ დიდი ხნით ადრე. ეს სკანდალური განცხადება ეროსი კიწმარიშვილმა სანდო ინფორმაციებზე დაყრდნობით გააკეთა.

- ჰააგის პროკურატურამ კიწმარიშვილის დაღუპვით მნიშვნელოვანი მოწმე დაკარგა სააკაშვილის წინააღმდეგ?

- ჰააგის პროკურორთან მისი თანამშრომლობა დიდი წვლილის შემტანი იქნებოდა რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული კონფლიქტის გარემოებების გამოძიებაში. ის იქნებოდა ბრალდების მოწმე.

- როგორც მახსოვს, ამ განცხადების გამო, კიწმარიშვილს გივი თარგამაძემ კალამი ესროლა...

- დიახ, ეროსი კიწმარიშვილს კომისიის წინაშე ჩვენება ჯერ კიდევ არ ჰქონდა დასრულებული, რომ გივი თარგამაძემ მას კალამი გაუქანა სახის მიმართულებით, ნიშნად იმისა, გაჩუმებულიყო და აღარ გაეგრძელებინა თხრობა. კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს გავუსვამდი ხაზს, რომელიც კიწმარიშვილის პოლიტიკურ მიზნებთანაა დაკავშირებული. 2014 წელს კიწმარიშვილმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო მუნიციპალური არჩევნების წინ, დამოუკიდებლად ეყარა კენჭი. ერთ-ერთმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ ის რუსთავის მერობის კანდიდატად წარადგინა. მან ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა რუსთავის საზოგადოებაში. როგორც მახსოვს, მან მიიღო 12,6% და მესამე ადგილზე გავიდა.

- სწორედ ამ არჩევნების შემდეგ, ეროსი კიწმარიშვილმა პოლიტიკური შეცდომა დაუშვა, როცა მის მხარდამჭერებს მოუწოდა, არჩევნების მეორე ტურში გასული ნაცმოძრაობისთვის დაეჭირათ მხარი. ამით ეროსი კიწმარიშვილთან დაკავშირებით ნაცმოძრაობას ხელ-ფეხი არ გაეხსნა?

- მან თქვა, რომ ნაცმოძრაობას უჭერდა მხარს?!

- დიახ, ამომრჩევლებსაც მოუწოდა, ნაცებისთვის დაეჭირათ მხარი. საპარლამენტო კომისიაში დაკითხვისა და წინააღმდეგობების გათვალისწინებით, რაც მას ჰქონდა ნაცმოძრაობასთან, ასეთი პოლიტიკური ნაბიჯი შეცდომა არ იყო? ნაცმოძრაობას შეუძლია თქვას, რომ ეროსი კიწმარიშვილთან არავითარი წინააღმდეგობა არ ჰქონდათ, თორემ ამომრჩევლებს ნაცების მხარდაჭერისკენ არ მოუწოდებდაო...

- ეს სხვა მსჯელობის საგანია. კიწმარიშვილი არა თუ დეპრესიისკენ არ იყო მიდრეკილი, არამედ გარდაცვალებამდე ერთი თვის ადრე საარჩევნო კამპანიაში იყო ჩაბმული, ყოველდღიურად განცხადებებს აკეთებდა, ორ დღეში ერთხელ პრესკონფერენციებს იწვევდა და აქტიური რესპონდენტი იყო. ბუნებრივია, როდესაც ადამიანი თავისი პოლიტიკური დებიუტისას ასე აქტიურია, ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ეროსი კიწმარიშვილი გამორჩეული ფიგურა იყო იმ არჩევნებში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კიწმარიშვილი იმ არჩევნებიდან ერთი თვის თავზე გარდაიცვალა, ანუ 2014 წლის 15 ივლისს, ხოლო 15 ივნისს ჩატარდა არჩევნები.

- რას იტყვით იმ მოტივზე, რაზეც პროკურატურა აკეთებს აქცენტებს?

- პროკურატურის აქცენტს აკეთებდა ვალზე, რამაც თითქოს მას თვითმკვლელობისკენ უბიძგა. ამის დაჯერება რთულია. შეიძლება კიწმარიშვილი უჩიოდა კონკრეტულ შემოსავლებს, მაგრამ მეორე მხრივ, მას ჰქონდა მილიონიანი ქონება საზღვარგარეთ, რაზეც დღეს აქტიურად კეთდება განცხადებები. მილიონიანი ქონების არსებობის პირობებში, 300-400 ათას დოლარამდე ვალი, მისი თვითმკვლელობის საფუძველი ვერ გახდებოდა. ოჯახის წევრები აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ პროკურატურამ მათი რიგი მოთხოვნები არ შეასრულა. ოჯახი მოითხოვდა სამგანზომილებიან პროექციაში ჩაეტარებინათ საგამოძიებო ექსპერიმენტი. ექსპერიმენტი 3დ პროექციაში არ განხორციელებულა. რატომ? ამ კითხვას პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს.

- დამოუკიდებელი ექსპერტის მონაწილეობით ჩატარდა ექსპერიმენტები, სალონის კვლევა. მაია ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ სისხლის განფენილობა და სხვა გარემოებები სალონში გამორიცხავს მეორე ადამიანის არსებობას. როგორ შეიძლება აიხსნას დამოუკიდებელი ექსპერტის ეს განცხადება? ან კიდევ თვითმკვლელობამდე მიყვანა შეიძლება დავუშვათ?

- ჩემი ვერსიებით არ ვამტკიცებ, მკვლელობა მოხდა თუ თვითმკვლელობა. მე ვაცხადებ, რომ სანამ არსებობს კითხვები, მანამ არ შეიძლება გადაიწუროს ოჯახის წევრების იმედი. ისინი გააფთრებით იბრძვიან იმისათვის, რომ ობიექტური ჭეშმარიტება დადგინდეს. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ორგანიზებული მკვლელობა იყო.

- პროკურატურის წარმომადგენილი ვიდეომასალა თუ გეუბნებათ რაიმეს?

- წარმოდგენილ ვიდეომასალაში, სადაც აღდგენილია კიწმარიშვილის მოქმედებების რიგითობა, ერთ-ერთ ეპიზოდში ნაჩვენებია კიწმარიშვილი საზაფხულო პერანგში.

- ლიფტთან რომ არის?

- დიახ, როცა ქვევით ჩადის ავტოფარეხში. თაკარა მზე იყო, ცხელოდა და სრულიად ადეკვატურად ეცვა მოკლესახელოიანი პერანგი. მანქანაში კი ის აღმოჩნდა შავ პიჯაკში ჩაცმული და ღვედგადაჭერილი. გამოდის, რომ მანქანაში ჩაიცვა პიჯაკი, რომელიც, როგორც ჩანს, მანქანაში ჰქონდა. სახლიდან გამოსულს ხელში უჭირავს ტელეფონი და საფულე. იარაღის რელიეფური კვალი, მათ შორის, ქამრის მიმდებარედ არ ჩანს. უნდა ვივარაუდოთ, რომ იარაღიც და პიჯაკიც მანქანაში იდო. ჩნდება შეკითხვა, რამდენად ადეკვატური ქმედებაა, როცა ადამიანი თაკარა მზეში ჯდება მანქანაში, იცვამს პიჯაკს, იკეთებს ღვედს, ქოქავს მანქანას და იკლავს თავს? თუ კიდევ არსებობს ვერსიები და გარემოებები, რომელზეც პროკურატურა არ საუბრობს, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, არსებობს კითხვები, რაზეც პროკურატურას დამატებით მოუწევს პასუხების გაცემა.

- თუ ეს იყო ორგანიზებული მკვლელობა, ისე სუფთად ჩატარდა, რომ სალონში კვალი არ დარჩა?

_ თუ მაღალ დონეზე დაგეგმილ ორგანიზებულ მკვლელობასთან გვაქვს საქმე (რომელსაც შეასრულებდა მაღალპროფესიონალი ქილერი), ამ შემთხვევაში გამორიცხვის უფლება ნამდვილად არ გვაქვს, რადგან ოჯახი კატეგორიულად მოითხოვდა და მოითხოვს 3დ განზომილებაში ექსპერიმენტის რეკონსტრუირებას.

- შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ადამიანის მკვლელობის მოტივი გარკვეულ ძალებს ჰქონდათ?

- ფაქტია, რომ ის იყო საჯარო პირი, რომელთანაც ძალიან ბევრი სკანდალური ფაქტი იყო დაკავშირებული. არ მინდა ჩამოვთვალო და ვთქვა ყველაფერი. ეს ადამიანი იყო საქართველოს ელჩი რუსეთის ფედერაციაში, ძალიან ბევრი ილაპარაკა სააკაშვილზე, რამაც ნაცმოძრაობის აღშფოთება გამოიწვია. ამიტომ ეს გარემოებაც ერთ-ერთ ვერსიად უნდა იქნას განხილული.

„ახალი თაობა“, 24 ივნისი, 2016 წელი

ინტერვიუ ანზორ აბრალავასთან: „ნაციონალები თავს გვესხმიან

რვა ივნისიდან ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიაში ყოფილი დეპუტატი ანზორ აბრალავა რაიმე გამორჩეულს ვერ ხედავს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ის აცხადებს, რომ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება 8 ივნისის შემდეგაც ჩვეული რიტმით მიმდინარეობს.

„საქართველოში ისეთი სიტუაცია გვაქვს, რომ, ფაქტობრივად, სულ საარჩევნო კამპანიაში ვიმყოფებით. ოფიციალურად საარჩევნო კამპანიის გამოცხადებას დიდად არაფერი შეუცვლია. ტელეეკრანებზეც ძველ სახეებს ვხედავთ, თემებიც ერთი და იგივე ტრიალებს”,   – ამბობს იგი.

- ადრე ამბობდით, რომ ერთ მხარესაა ქართული ოცნება, მეორე მხარეს კი პოლიტიკური ველი ცარიელია. მომრავლებული სუბიექტების პირობებშიც ასეა?

- სიცარიელეში პოლიტიკაში ვინმეს ფიზიკურად გამოჩენას არ ვგულისხმობ. მხედველობაში იდეები და პროგრამები, მკაფიო ხედვები მაქვს. ამ მხრივ პოლიტიკური სივრცე დაცლილია, პოლიტიკური ველი კი, პრაქტიკულად _ ცარიელი. ახალი პარტიებიდან ახალი სიტყვა არავისგან მოგვისმენია.

- მოსახლეობის ინტერესებს თუ ითვალისწინებენ პარტიები? ტერიტორიული მთლიანობის გარდა, ადამიანებს სიღარიბე და სამართლიანობის დამკვიდრების პრობლემა აწუხებთ...

- პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა ზოგადად საუბრობს ყველაფერზე, რაც საბოლოოდ არაფერზე საუბარს ნიშნავს. ეს ძალები კონკრეტულად არაფერს ეხებიან, მათ არ გააჩნიათ მკვეთრი პოზიციები. ეს არაპროფესიონალიზმის ბრალია. პოლიტიკურ პარტიებს წინა პლანზე აქვთ წამოწეული აგრესია და ინტრიგა. ისინი მუდმივად ჩასაფრებულ მდგომარეობაში იმყოფებიან. ამ ვითარებაში ჯანსაღი პოლიტიკური აზრი, მოსახლეობის ინტერესები უკანა პლანზე იწევს. ნიჭიერი, პატიოსანი და გამოცდილი ხალხი ჩრდილშია, არენაზე კი უნიჭოები და არაკეთილსინდისიერები არიან. სამართლიანობა, მისი დამკვიდრება, მუდმივი და ზოგადსაკაცობრიო თემაა. სამართლიანობის იმ ფორმით დამყარება, რომელსაც ხალხი მოითხოვს, არ მოხსნილა დღის წესრიგიდან. საუბედუროდ, იმის ნაცვლად, რომ წინა რეჟიმის დამნაშავეებმა პასუხი აგონ, ჩვენ მათგან თავდასხმებს ვუყურებთ.

- რას გულისხმობთ?

- ზურაბ ადეიშვილის გარემოცვა რომ კორცხელის ჩხუბზე ატეხს ხმაურს, სირცხვილი არ არის? ნაციონალების დროს ბევრი კორცხელი, ზუგდიდი და თბილისი გვინახავს. სააკაშვილის ხელისუფლება მთელ საქართველოზე ძალადობდა. ახლა ეს მოძალადეები ყველაზე მეტად აქტიურობენ, დანარჩენები კი მათ წინაშე თავს იმართლებენ. როცა ხელისუფლება ვერ აღასრულებს მართლმსაჯულებას, მაშინ შეიძლება უმართავი პროცესები დაიწყოს. ძალიან ბევრი გამწარებული ადამიანია საქართველოში. ამ დაზარალებულებმა შეიძლება შურისძიებას მიმართონ. ვისაც ხელისუფლებაში მოსვლა უნდა, ამაზე უნდა იფიქროს. როცა არჩევნებში მონაწილეობ, ქვეყანა და ხალხი უნდა გაღელვებდეს, იმაზე კი არ უნდა იფიქრო, რომ მაღალი ანაზღაურება და ძვირფასი მანქანა გექნება!

- ბიძინა ივანიშვილი უკვე ჩაერთო საარჩევნო პროცესებში. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ მისი გააქტიურება არ ნიშნავს ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიაში ჩართვას, ვინაიდან ის არ არის პასუხისმგებლობის მატარებელი პირი...

- ამას არ ვეთანხმები. ბიძინა ივანიშვილის აქტიურობა სწორედ „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერ საარჩევნო კამპანიაში ჩართვაა. ნაციონალებს, მაგალითად, ეს ძალიან აღიზიანებთ. მათთვის ბიძინა ივანიშვილის ფიზიკური არსებობაც პრობლემაა. ეს პარტია მისი დაფუძნებულია. ბიძინა ივანიშვილს სრული უფლება აქვს, გამოუცხადოს მას მხარდაჭერა.

- მმართველი კოალიციიდან გასულ პარტიებზე რისი თქმა შეიძლება?

- ისინი ბოლო დრომდე სხვის ხარჯზე ცხოვრობდნენ ანუ პატერნალისტური დამოკიდებულება ჰქონდათ ყველაფრის მიმართ. ისინი თავიანთ ინტერესებს აბამდნენ სხვის ინტერესებს. ეს პარტიები დამოუკიდებლად მონაწილეობისას ნულოვან შედეგს მიიღებენ. ეგ კი არა, ბიძინა ივანიშვილმა რომ მიატოვოს “ქართული ოცნება“, ისიც ნულოვან წარმატებას მიაღწევს. საუბედუროდ, პრინციპები და ხედვები ძალიან ცოტა პოლიტიკოსს აღმოაჩნდა. მოსწონს ვინმეს თუ არა, პრინციპული გამოდგა ნინო ბურჯანაძე. პრორუსულის იარლიყი ნინო ბურჯანაძეს ნაციონალებმა მიაწებეს.

- ასეთი სახელი მას დაუმკვიდრდა.

- თუ ვინმეა პრორუსული პარტიებიდან, ეს, პირველ რიგში, ნაციონალური მოძრაობაა. ნაციონალური მოძრაობის მთავარი მიმართულება ისტერიაა, დანარჩენი _ რუსეთის ინტერესების სამსახური. სააკაშვილის ხელისუფლებამ ბევრი რამ ჩაიდინა ისეთი, რაც რუსეთისთვის იყო სასარგებლო. ბურჯანაძეზე ყვირიან, რუსეთში მაღალჩინოსნებს შეხვდა და დიალოგის მომხრეაო. სააკაშვილი და მისი გუნდი რომ ხვდებოდნენ რუსეთში გავლენიან პირებს, ის ხომ კარგი იყო? ნაციონალებისთვის რაც დასაშვებია, ის სხვისთვის აკრძალულია? ნაციონალებისთვის „ქართული ოცნებაც“ პრორუსულია.

- ნაციონალურ მოძრაობას მეორე ჯგუფი გამოეყო. ვაშაძე და გირჩი არჩევნებში მონაწილეობენ...

- მათ შორის ნიჭიერი ხალხიც არის, მაგრამ ეს პირები პოლიტიკაში ვერაფერს მიაღწევენ. ისინი, ალბათ, სხვადასხვა დარგში გააგრძელებენ საქმიანობას. გირჩია, ნაძვი თუ ტირიფი -_ ასეთ პარტიებს ილუზიები აქვთ, შანსები არ გააჩნიათ. არ არის დასაჯერებელი მათი განცხადებები იმაზე, რომ არ ჰქონდათ ინფორმაცია მაშინდელ საშინელებებზე. ტრანსფორმაცია, ზოგადად, დამახასიათებელია პოლიტიკისათვის. მაგალითად, ადამიანები კომპარტიიდან მოხვდნენ მოქალაქეთა კავშირში, შემდეგ – ნაციონალურ მოძრაობაში. ასეთია ნაცმოძრაობის გენეალოგიური ხე. გირჩები შეიძლება უფრო გამრავლდნენ, მაგრამ არჩევნებში მათ არანაირი შედეგი არ ექნებათ. ეს ადამიანები პოლიტიკასაც დატოვებენ.

„ახალი თაობა“, 25 ივნისი, 2016 წელი

რა სჭირს ეროვნულ ვალუტას?

ინტერვიუ ალექსანდრე თვალჭრელიძესთან და დემურ გიორხელიძესთან

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით ისევ გაუფასურდა. გუშინ ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2, 2431 ლარს შეადგენდა. ეროვნული ვალუტის კურსი გაუფასურდა ევროსთან მიმართებითაც. გუშინ ერთი ევროს შეძენა 2,5603 ლარად იყო შესაძლებელი.

ეკონომიკის ექსპერტი ალექსანდრე თვალჭრელიძე ლარის გაუფასურებაში საგანგაშო სურათს ვერ ხედავს. მისი განცხადებით, რყევები მოსალოდნელი იყო და იმედოვნებს, რომ ლარი ძალიან მალე დაუბრუნდება ძველ ნიშნულს.

- ბატონო სანდრო, ლარმა კვლავ დაიწყო გაუფასურება. რა ხდება? კიდევ ახალი პრობლემების წინაშე დავდგებით?

- ჯერ ადრეა ლაპარაკი იმაზე, იქნება თუ არა პრობლემები.

- ადრე ქადაგიძის ბრალი იყო, ლარი რომ უფასურდებოდა და ახლა ვის დააბრალებენ, ხომ აღარ არის ქადაგიძე?

- ჯერ არ ვიცით ზუსტად მიზეზები, თუ რა ხდება. ჯერ ორი-სამი დღის პროცესია და უნდა დაველოდოთ. მიზეზის თქმა მიჭირს. ვნახოთ, რა იქნება ორ-სამ კვირაში. მე მეჩვენება, რომ ყველაფერი ძალიან მალე თავის ჩვეულებრივ საწყის სახეს დაუბრუნდება. ეს პატარა რყევებია, დიდი გაუფასურება ჯერ არ ჩანს.

- და ეს პატარა რყევები რამ გამოიწვია, ან ხომ არ არის იმის საფრთხე, რომ პატარას დიდი რყევებიც მოჰყვეს?

- ჯერ ძალიან ადრეა პროგნოზების კეთება. არავინ იცის, რა იქნება. დაველოდოთ.

- ტურისტულია სეზონია და გამყარების მაგივრად ლარი უფასურდება. ეს საგანგაშო არ არის?

- მე მეჩვენება, რომ ჭიქაში ქარიშხალს ტეხთ. მე წინდაუხედავ განცხადებებს არასოდეს ვაკეთებ! დაახლოებით ერთი თვის თავზე გეტყვით, რა ხდება, ახლა არ ვიცი.

- ფიქრობთ, რომ ლარის გაუფასურების პროცესი მალე შეჩერდება, თუ ეს შეუქცევადია?

- არ მგონია, რომ შეუქცევადი იყოს. მე მეჩვენება, რომ ეს უმნიშვნელო, ადგილობრივი რყევებია და ყველაფერი ძალიან მალე დაუბრუნდება თავის ნორმალურ სახეს.

- ამბობენ, რომ ათი პროცენტით გაუფასურდა…

- ათით არა, ხუთი პროცენტით გაუფასურდა. ვნახოთ, ორ-სამ კვირაში რა იქნება. მე მეჩვენება, რომ ეს ცენტრალური ბანკის რეზერვების გაზრდის შედეგია. ნელ-ნელა კვლავ დასტაბილურდება სიტუაცია და ლარი ისევ გააგრძელებს გამყარებს. ვნახოთ, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ პოლიტიკას გაატარებს ეროვნული ბანკი.

- საგარეო ფაქტორი თუ იქონიებს გავლენას ლარზე?

- ამ ეტაპზე – არა. ეს მთლიანად დამოკიდებული იქნება ცენტრალური ბანკის პოლიტიკაზე.

- წინასაარჩევნო პერიოდია და ამბობენ, რომ ეს სერიოზულად დააზარალებს ქვეყნის ბიუჯეტს. ეს პროცესი უკვე ამის გამოძახილია?

- მე ასე არ ვფიქრობ. არჩევნები არაფერ შუაში არ არის საფინანსო-საკრედიტო პოლიტიკასთან. ამ პროცესმა, პირიქით, უნდა გაამყაროს ლარი. პარტიები დოლარებით მიიღებენ ფულს, შემდეგ ლარში პოლარიზაციას გააკეთებენ და ამ დროს ლარი მეტად უნდა გამყარდეს.

- ფიქრობთ, რომ სიტუაცია მალე დასტაბილურდება?

- აუცილებლად უნდა დასტაბილურდეს. დარწმუნებული ვარ, ასე იქნება. თუ არადა, ეს ძალიან მძიმე შედეგებს მოიტანს.

————

ჩვენ ეკონომიკის კიდევ ერთ ექსპერტ დემურ გიორხელიძესაც დავუკავშირდით, თუმცა მან ვრცელი კომენტარისაგან თავი შეიკავა და მიზეზად წინასაარჩევნო კამპანია დაასახელა.

- ბატონო დემურ, ლარმა კვლავ გაუფასურება დაიწყო. ეს რით არის განპირობებული?

- სანამ წინასაარჩევნო კამპანია არ დასრულდება, ამ თემაზე კომენტარებს არ ვიძლევი, მით უმეტეს – ლარზე.

- რატომ? ლართან საარჩევნო კამპანია რა შუაშია?

- სანამ არჩევნები არ ჩატარდება, ჩემი გადაწყვეტილება არ შეიცვლება. მე ლარზე უკვე ყველაფერი ვთქვი. სწორედ თქვენი გაზეთის საშუალებით გავაკეთე ის პროგნოზები, რაც მოხდებოდა.

- მაინც ორი სიტყვით რომ გვითხრათ, რატომ დაიწყო კვლავ გაუფასურება? გვეშველა, ლარი საბოლოოდ გამყარდაო და…

- არაფერიც არ გამყარდა, არანაირი საფუძველი გამყარებისა არ არსებობდა. ეს ყველაფერი ხელოვნური პროცესებია! მორჩა, მეტს ნურაფერს მკითხავთ. ყველაფერი ხელოვნური პროცესია, ხან წავა ზევით, ხან წამოვა ქვევით.

- წინასაარჩევნოდ სიტუაციის გაუარესებას ელოდებით?

- სიტუაცია უარესი იქნება. კარგი, აქ დავამთავროთ. შევხვდებით არჩევნების შემდეგ.

Comments are closed