globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 25 ივლისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jul 25th, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი//მთელი კვირა“: რამდენი ექს-”ნაციონალი” იბრძოლებს „ოცნების“ სახელით // მმართველმა პარტიამ შესაძლოა კიდევ რამდენიმე ყოფილი “ნამცონალი” წარადგინოს თავის მაჟორიტარობის კანდიდატად

რეზონანსი//მთელი კვირა“: ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა მხოლოდ კარგად ორგანიზებულ პარტიებს აწყობთ“

რეზონანსი//მთელი კვირა“: ინტერვიუ ანი მიროტაძესთან: „ფორუმის” წევრებს “მეგობრულად” ურჩევენ, ხმა “ოცნებას” მისცენ

რეზონანსი//მთელი კვირა“: ინტერვიუ დავით ზურაბიშვილთან: „თბილისში თითქმის ყველგან მეორე ტური იქნება“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ თამაზ მეჭიაურთან: „რუსეთიდან ფული არ წამომიღია“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „ქართული ოცნების“ ძრავა ისევ ბიძინა ივანიშვილია“

„საერთო გაზეთი“: რატომ გაიმარჯვებს არჩევნებში „ქართული ოცნება“? // „ბიძინა ივანიშვილმა სასწაული ჩაიდინა – შიზოიდური ფაშიზმი და გიჟი ტირანი ისე დაამხო, ერთი წვეთი სისხლი არ დაღვრილა…“

„საერთო გაზეთი“: სამი განრისხებული ქალი და ერთი უსამართლოდ დასჯილი ბიჭი

„საერთო გაზეთი“: ჩემი „სულერთია” პრეზიდენტი

რეზონანსი//მთელი კვირა“: უნდა გადადგას თუ არა საქართველომ პირველი ნაბიჯი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად?

რეზონანსი//მთელი კვირა“: “ნატოს სასიკვდილო ავადმყოფობა შეეყარა” // თბილისში ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგის პესიმისტურ პროგნოზს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ

რეზონანსი//მთელი კვირა“: მამუკა არეშიძე: „კუნთების თამაში” საქართველოს საზღვრებთან და ოკუპირებულ ტერიტორიაზე // რუსებმა მოულოდნელად მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყეს

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „რა ნაფტალინის სუნი აუტყდა ზოგიერთს!..” // „რეჯეპ ერდოღანმა მოახერხა და გარეთ გამოუშვა ის ბნელი ძალები, რომლებიც ყველა ქვეყანაში არიან და როგორც წესი, სარგებლობენ ამგვარი კატაკლიზმებით

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ კოტე კემულარიასთან: “ნაციონალებმა” ტლიკინს ქვეყანა გადააყოლეს”

——————-

რეზონანსი//მთელი კვირა“, 25 ივლისი, 2016 წელი

რამდენი ექს-”ნაციონალიიბრძოლებსოცნებისსახელით

მმართველმა პარტიამ შესაძლოა კიდევ რამდენიმე ყოფილინამცონალიწარადგინოს თავის მაჟორიტარობის კანდიდატად

ეკატერინე ბასილაია

“ქართული ოცნებას” პარტიული სიის შევსება არც ამჯერად გამოსდის პორტირებული “ნაციონალების” გარეშე და პირველი ყოფილი “ნაციონალი” მაჟორიტარად სამეგრელოში, ხობში უკვე გამოჩნდა. საუბარია იმაზე, რომ მმართველი პარტია არც სხვა რეგიონებში უღალატებს უკვე ტრადიციად ქცეულ პოლიტიკას და ამომრჩეველი 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრძოლაში “ოცნების” სახელით მებრძოლ “ნაციონალებს” სხვაგანაც იხილავს.

მაგალითად, ხობში მაჟორიტარად დასახელებული ექსნაციონალი გოდერძი ბუკიას შემდეგ პარლამენტში სახელისუფლებო გუნდის სახელით მოხვედრის ამბიცია აქვთ გოჩა ენუქიძესაც და კახაბერ ოქრიაშვილსაც. ორივე ბიზნესმენია და “ნაციონალების” რიგებიდან “ოცნებაში” 2012 წლის არჩევნების შემდეგ გადმოინაცვლეს.

“ქართული ოცნების” წევრი, ომარ ნიშნიანიძე კი იმასაც აღნიშნავს, რომ შეიძლება “ოცნების” სიაში არა მარტო ძველი, უკვე ცნობილი პორტირებული “ნაციონალები” ვიხილოთ, არამედ “ნაციონალური” წარსულის მქონე ახალი სახეებიც.

როგორც “მთელ კვირასთან” საუბრისას “დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის” პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, მმართველი პარტიის სიაში დედა პარტიას ჩამოშორებული მედროვეების მოხვედრის რაოდენობა იმაზეა დამოკიდებული, ვინ უფრო მეტ თანხას გაიმეტებს მმართველი გუნდის სახელით პარლამენტში ადგილის დასაბევებლად – ვინც სოლიდურად გადაიხდის, ის მოხვდება სიაში.

მაჟორიტარი მილიონრები

აღსანიშნავია, რომ ქართულ არჩევნებში მმართველი გუნდის სახელით მაჟორიტარებად, როგორც წესი, უმეტესად ბიზნესმენები სახელდებიან ხოლმე. თანაც, მაჟორიტარობის მსურველისათვის მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების სახელით იყაროს კენჭი და როგორც პოლიტოლოგები აღნიშნავენ, ეს იმის გამო ხდება, რომ ბიზნესმენი მაჟორიტარების ძირითადი ინტერესი საკუთარი ბიზნესის ლობირებაა.

2012 წელს “ნაციონალური მოძრაობის” სახელით გამარჯვებულებიდან და შემდეგ მალევე ხელისუფლების მხარეს, საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში გადაბარგებული 12 “ნაციონალიდან” ბიზნესმენები არიან, მაგალითად, გოდერძი ბუკია, რომელმაც 2012-ში ხობის მაჟორიტარად გაიმარჯვა და ახლაც ხობში იყრის კენჭს, ოღონდ პარტიის დასახელებაა სხვა – ადრე “ნაციონალების” სახელით იყო, ახლა “ოცნების” სახელითაა.

გოდერძი ბუკია არაოფიციალურად 250 მლნ აშშ დოლარის ქონების მფლობელია. მის საკუთრებაშია მოსკოვში ორი ბინა და საბანკო ანგარიშები; 500 მლნ აშშ დოლარის ქონების მფლობელია სს “ელექტროავტომატში” გოგი ლიპარტელიანი, რომელიც ლენტეხის მაჟორიტარია; ამბროლაურის მაჟორიტარი გოჩა ენუქიძე არაოფიციალურად 200 მლნ აშშ დოლარის ქონებას ფლობს. გარდაბნის მაჟორიტარი გიორგი ფეიქრიშვილი, დეკლარაციის მიხედვით, საბანკო ანგარიშების გარდა 1 მლნ ლარს ფლობს; პორტირებული “ნაციონალი” კახაბერ ოქრიაშვილი, “პე-ეს-პეს” დამფუძნებელი, არაოფიციალურად 300 მლნ აშშ დოლარის ქონებას ფლობს.

ამ მილიონერი დეპუტატებიდან ვის გაუმართლებს და ვინ მოხვდება მმართველი პარტიის სიაში, ბუკიას გარდა ჯერ არც ერთმა საბოლოოდ არ იცის. თუმცა, ფინანსების გამო მათ შანსები აქვთ.

შედარებით დაბალია სხვა ექს-”ნაციონალების”, იგივე ყვარლის მაჟორიტარის, მარიკა ვერულაშვილის, ქედიდან იაშა შერვაშიძის, ცაგერიდან სერგო ხაბულიანის, ხულოდან ანზორ ბოლქვაძის და ნინოწმინდიდან ემზარ მკოიანის შანსები. დიდი ალბათობით, სენაკის მაჟორიტარი გურამ მისაბიშვილი წელს დეპუტატობას დაემშვიდობება, რადგან სენაკის კანდიდატი “ოცნებამ” უკვე დაასახელა.

“ნაციონალების” დაწინაურების გამო, “ქართული ოცნების” რიგებში ღია თუ ფარული უკმაყოფილება დიდი ხანია არსებობს. ასე იყო თვითმმართველობის არჩევნების დროს, 2014 წელს, როდესაც ძალიან ბევრ რაიონში “ოცნების” სახელით სიებში გამგებლებად, საკრებულოს თავმჯომარეებად თუ საკრებულოს წევრებად პარტიაშეცვლილი ექს-”ნაციონალები” აღმოჩნდნენ. ბევრი მაშინ განაწყენდა იმის გამო, რომ სიის მიღმა დარჩნენ “ოცნების” თავდაპირველი, მებრძოლი ნაწილი და ადგილი მედროვეებს დაუთმეს.

ამ კრიტიკის გამო პარტიიდან გარიცხეს კიდეც თვითმმართველობის არჩევნებზე ზუგდიდის საკრებულოში “ქართული ოცნების” კვოტით გასული კახა მიქაია, რომელიც ახლაც აგრძელებს კრიტიკას იმის გამო, რომ სამეგრელოში და არა მარტო სამეგრელოში ადგილობრივი ხელისუფლება ყოფილი “ნაციონალებითაა” დაკომპლექტებული, მაგალითად, ზუგდიდში გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარეც და ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეც ყოფილი “ნაციონალები” არიან და ახლაც. საარჩევნო პროცესშიც სწორედ ეს ყოფილი “ნაციონალები” გამოდიან წინა პლანზე მოსახლეობასთან სააგიტაციოდ, რაც ამომრჩეველში დიდ უკმაყოფილებას და იმედგაცრუებას იწვევს.

ოცნებისპოლიტიკაყველა უნდა გამოვიყენოთ

“ქართული ოცნების” წევრი ომარ ნიშნიანიძე, რომელსაც ქუთაისის მაჟორიტარობა სურდა, თუმცა არც მაჟორიტარად დასახელდა და დიდი ალბათობით, პარტიული სიის მიღმაცაა, ამბობს, რომ “ძველი გვარდიის” უდიდესი ნაწილი “ოცნებამ” გვერდზე გაწია, მათ შორის ისიც: “პროცესები ისე მიდის, გამორიცხული არ არის ბუკიას გარდა სხვებიც ვიხილოთ. მართალი გითხრათ, მე ამ პროცესებში ჩართული არასდროს ვყოფილვარ, მით უფრო ახლა. თან, არა მარტო ის ძველი სახეები, ვინც პორტირებული “ნაციონალებიდან” ვიცით, არამედ ახლებიც, რომლებიც “ქართულ ოცნებასთან” არ ასოცირდებოდნენ. ზოგადი პოლიტიკაა, როგორც გაცხადდა, რომ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და დასაკარგი ძალები არ გვყავს, ყველა უნდა გამოვიყენოთ, მათ შორის ნებისმიერი შეხედულების ადამიანიო,” – ამბობს ნიშნიანიძე და დასძენს, რომ ეს პოლიტიკა “მისაღები არ არის”.

ომარ ნიშნიანიძის თქმით, როდესაც 18 ივლისს “ქართულმა ოცნებამ” იმერეთში მაჟორიტარები დაასახელა, მაშინაც თქვა, რომ კი, ბატონო, კანდიდატები ცუდი ადამიანები არ არიან, მაგრამ მასზე უკეთესები არც ერთი პარამეტრით არ ყოფილან.

“რატომ ხდება ასე, ამაზე პასუხის გაცემა ჯერჯერობით მიჭირს. თუმცა, რაღაცებს ვხვდები და მომავალში მეტი მექნება სათქმელი. გოდერძი ბუკიას დასახელება არ გამკვირვებია. როდესაც მან “ნაციონალური მოძრაობა” მიატოვა და კოალიციაში გადმოვიდა, მაშინ გაგვიკვირდა და ახლა ხელმეორედ რა გაგვიკვირდებოდა?! არც გამოვრიცხავდით. გამიგია, რომ დეპუტატობის სურვილი აქვს გოჩა ენუქიძესაც. ენუქიძეს თუ დაასახელებენ, გოგი ლიპარტელიანი გამოირიცხება, რადგან მათი ოლქები გაერთიანებულია. არც კახა ოქრიაშვილს გამოვრიცხავ, მასაც საკმაო ამბიციები აქვს და არ მგონია, თავი პოლიტიკის გარეთ დაიტივოს. ვერულაშვილს გამოვრიცხავ, თავადაც უნდა მიხვდეს, რომ მისი მაჟორიტარად დაყენება უხერხული იქნება. მისაბიშვილს არ აქვს შანსი, სენაკში კანდიდატი უკვე დასახელდა,” – ამბობს ომარ ნიშნიანიძე.

ორი პოლიტიკური მონსტრის შერწყმის პერსპექტივა

პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის თქმით, “ოცნების” სიაში პორტირებული “ნაციონალების” სიმრავლე დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ იქნება ისეთი გულადი, რომ წლების განმავლობაში დაგროვებული სიმდიდრე გამოამჟღავნოს.

“ალბათ ყველას არ სურს ასეთი ყურადღების მიპყრობა, მაგრამ გადაჭარბებული პრაგმატიზმი, რასაც “ქართული ოცნების” წლევანდელ ტაქტიკაში ვხედავთ, იმის წინაპირობა იქნება, რომ პოლიტიკური წარსულის განურჩევლად მიიზიდონ ის პირები, რომლებსაც საკუთარი ხარჯით ხელეწიფებათ მაჟორიტარული ინსტიტუტის გაძლიერება. ამიტომ, რაიმე პოლიტიკური ერთიანობის აუცილებლობა არ ჩანს და ეს კიდევ ერთხელ ძალიან მწვავე მიმანიშნებელია იმისა, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში კერძო ბიზნესის სიმშვიდეზე საუბარი უსაფუძვლოა. დიახ, როგორც იყო, ისევ არის და ფაქტი სახეზეა, რომ საკუთარი ბიზნესის გადარჩენისთვის თურმე აუცილებელია სახელისუფლებო პარტიის სიაში მოხვდე. ეს ხდებოდა ადრეც და ამის მომსწრე ვართ დღესაც. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ზოგიერთი იმდენად ხელგაშლილია, რომ ამგვარი ვუნდერკინდის გვარი არა მაჟორიტარად, არამედ პარტიის სიაშიც კი აღმოჩნდეს. ფული ჯოჯოხეთს ანათებს – ეს ფრაზა დღესაც აქტუალურია. ამ გზით განათებული “ქართული ოცნება” კი რამდენიმე ათეული ადამიანის ოცნება იქნება და არა ქართული საზოგადოების,” – ამბობს სოსო ცისკარიშვილი.

მისი თქმით, ვნახოთ, რას მოგვიტანს პოლიტიკური ცნობიერების ასეთი აღრევა. შესაძლებელია, ასეთ ფორმულას რაიმე პოზიტიურიც ჰქონდეს, თუმცა ნეგატიურიც უსათუოდ გაიჟღერებს.

“ყველა ადგილობრივ მოსახლეს შანსი ეძლევა სამაგიერო უზღას მისთვის მიუღებელ კანდიდატს, პოლიტიკური წარმოშობის და განვითარების მიუხედავად. ვფიქრობ, იმდენი პოლიტიკური სუბიექტი აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, რომ თვალსაჩინო იქნება ორი პოლიტიკური მონსტრის შერწყმის პერსპექტივა. ამომრჩეველთა ის ნაწილი კი, რომლებმაც გადაწყვიტეს “ქართულ ოცნებას” მისცეს ხმა, დაფიქრდება, მიხვდება საკუთარ შეცდომას და 2016-ში თუ არა, მომდევნო არჩევნებზე უფრო სათუთად მოეპყრობა საკუთარ ერთ ხმას.

იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ 2020 წლამდე არ მოუწიოთ ლოდინი, რადგან არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ერთმანეთთან დაპირისპირებულ პოლიტიკურ სუბიექტებს ახალ პარლამენტში რაიმე უმრავლესობის შექმნის პერსპექტივა არ გაუჩნდეთ, რის შემდეგაც ვადამდელი არჩევნებიცაა მოსალოდნელი,” – აღნიშნავს ცისკარიშვილი.

რეზონანსი//მთელი კვირა“, 25 ივლისი, 2016 წელი

ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა მხოლოდ კარგად ორგანიზებულ პარტიებს აწყობთ

გვანცა ღვედაშვილი

(შემოკლებით)

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, ოქტომბერში ამომრჩეველთა დაბალი აქტივობაა მოსალოდნელი, რაც შედარებით კარგად ორგანიზებული პარტიების წისქვილზე დაასხამს წყალს, რომლებიც საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებასა და საარჩევნო ყუთებთან მიყვანას შეძლებენ.

(…)

- როგორ აფასებთ წინასაარჩევნო გარემოს? რამდენად მოსალოდნელია არჩევნებზე საზოგადოების დაბალი აქტივობა?

- ეს ყველა პარტიის რეალური პრობლემაა. მაგრამ ალბათ ისინი უნდა დაფიქრდნენ იმაზე, თუ რომელი პოლიტიკური პარტიის ინტერესებში შედის, რომ არჩევნებზე საზოგადოების აქტივობა ნაკლები იყოს. მაგალითად, “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესში ეს ნამდვილად არის, რადგან ის კარგად ორგანიზებული პარტიაა და თავის ამომრჩეველს არჩევნებზე მიიყვანს, რითაც მისი პროცენტი გაიზრდება. რაც შეეხება სხვა პარტიებს, არ ვიცი რამდენად ორგანიზებულები არიან. ყველა იმ პარტიას, რომელიც ორგანიზებულია და შეძლებს თავისი ამომრჩეველი სრულად მიიყვანოს არჩევნებზე, საზოგადოების ნაკლები აქტიურობა აწყობს.

- რით აიხსნება არჩევნებზე საზოგადოების დაბალი აქტივობის მოლოდინი?

- მოგეხსენებათ, სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია. იმედიდან უიმედობამდეც იგივე ნაბიჯია. ის იმედი, რაც ხალხს ჰქონდა “ქართული ოცნების” მიმართ, თავად პარტიას არ ჰქონია. მოსალოდნელი იყო, რომ ეს იმედები ვერ გამართლდებოდა, რადგან ხშირად დაპირებები იყო არარეალური, ხშირად გამოუცდელი კადრები იყვნენ და ვერ ახერხებდნენ მიზნის მიღწევას და ა.შ. მიზეზები ბევრია.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად აქვს “ქართულ ოცნებას” ახალ კანდიდატებით გამარჯვების შანსი?

- ახალ სახეს როგორ შეიძლება თავად ჰქონდეს შანსი?! ახალი სახე უფრო იმის ნიშანია მოსახლეობისთვის, რომ პარტიას აქვს განახლების სურვილი და მათი ძირითადი დატვირთვა მაშინ მოხდება, როცა პარტია გაიმარჯვებს. რეიტინგის მომტანი ახალი სახე ვერ იქნება.

- ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მათ “ნაციონალებთან” დებატებში შესვლა გაუჭირდებათ. თქვენ როგორ ფიქრობთ?

- არაერთგზის გაიელვა ამ განცხადებამ და მათი ავტორებიც ცნობილი არიან. არც ისინი დაბადებულან ექსპერტებად, მაგრამ სწრაფად მოიპოვეს ავტორიტეტი, როგორც ექსპერტებმა და დებატების ხელოვნება მალე აითვისეს. ალბათ “ქართული ოცნების” ახალ სახეებსაც არ გაუჭირდებათ ამ ყველაფრის ათვისება, თუ მათ აქვთ პოლიტიკური ნიჭი. თუ არადა, 50 წელიც რომ იყვნენ პოლიტიკაში, მაინც ვერ იქნებიან შედეგიანები. ასეთი პოლიტიკოსებიც არაერთი გვინახავს.

- თქვენი აზრით, როგორი იქნება წინასაარჩევნო გარემო?

- არის პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც აწყობთ გარკველი არეულობა და დესტაბილიზაცია, მაგრამ ზოგადად მეეჭვება ამ პარტიებს საზოგადოების დიდი ნაწილი აჰყვეს. ამიტომ არ მგონია, რომ რაიმე სირთულე შეგვხვდეს ამ მხრივ.

- მსოფლიოს მთავარ მოვლენებსაც შევეხოთ. თქვენი აზრით, რა გავლენას მოახდენს აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე აშშ-ში შემოდგომაზე დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები?

- არ მგონია, რადგან დღეს არსებული ორივე კანდიდატი საქართველოს მიმართ ნორმალურად კეთილგანწობილია. ძირითადად ეს საქართველოს სიყვარეული და არსიყვარული არასწორადაა გაგებული პოლიტიკაში. რომელიმე ქვეყანა თუ გიყვარს, ეს არ ნიშნავს, რომ მის პოლიტიკურ ბედ-იღბალს შენს თავზე აიღებ. გააჩნია როგორი პოზიცია ჩამოუყალიბდება ორივე კანდიდატს რუსეთის მიმათ. ეს იქნება გადამწყვეტი აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობაში. ჯერჯერობით კი მათი პოზიცია რუსეთთან მიმართებაში ბუნდოვანია.

რეზონანსი//მთელი კვირა“, 25 ივლისი, 2016 წელი

ინტერვიუ ანი მიროტაძესთან: „ფორუმის” წევრებს “მეგობრულად” ურჩევენ, ხმა “ოცნებას” მისცენ

ნინო ქეთელაური

“არავის ვურჩევ, რომ გადაბირებებით და რაღაც მეთოდებით დაიწყონ ადამიანების მოსყიდვა. ეს ყველაფერი რეაგრების გარეშე არ დარჩება”, – ამის შესახებ “ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერი ანი მიროტაძე “მთელ კვირასთან” საუბრობს. მისი თქმით, რეგიონებში “ეროვნული ფორუმის” მხარდამჭერებს “მეგობრულ” რჩევებს აძლევენ, რომ “ქარული ოცნების” გარდა სხვა პოლიტიკურ ძალას მხარი არ დაუჭირონ, თორემ შესაძლოა სამსახური დაკარგონ.

საარჩევნო სია, მაჟორიტარობის კანდიდატები, საარჩევნო გარემო, “ეროვნული ფორუმის” შანსები – ეს ის საკითხებია, რაზეც “მთელი კვირა” ანი მიროტაძეს გაესაუბრა.

„საარჩევნო სიაზე ჯერ არ გადავსულვართ, ვინაიდან მაჟორიტარებთან დაკავშირებით ბოლო კონსულტაცია გვაქვს და უახლოეს მომავალში დავსახელებთ ყველა კანდიდატს. სიას კი, საარჩევნო პროგრამის წარმოდგენის შემდეგ დავასახელებთ. ჯერ მხოლოდ სიის პირველი ნომერი გვაქვს შეთანხმებული“, – ამბობს ანი მიროტაძე.

- სიის პირველ ათეულში ვინ მოიაზრება? ახალი სახეები იქნებიან?

- ნამდვილად შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ სიის პირველ ათეულში ახალი სახეები იქნებიან. ამ ეტაპზე სიასთან დაკავშირებით სხვა არაფერის თქმა არ შემიძლია.

- სულ ახლახან, თელავის მაჟორიტარად დასახელდა ახალი სახე გელა გელაშვილი. მისი კანდიდატურა საარჩევნო სიაშიც ხომ არ განიხილება?

- პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ გელა არის უმაგრესი კანდიდატი. ადამიანი, რომელსაც ძალიან მაღალი კვალიფიკაცია აქვს, არის წესიერი და რაც მთავარია, პატრიოტი ადამიანი. მის გამარჯვებაში მე დარწმუნებული ვარ. სხვა პარტიებმა ვინც უნდა წარმოადგინონ, ნებისმიერისთვის გელა იქნება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კონკურენტი.

რაც შეეხება იმას, იქნება თუ არა ის ათეულში, ამაზე საუბარი გამიჭირდება, ვინაიდან ამ საკითხის შეთანხმება პოლიტსაბჭოზე უნდა მოხდეს. გარდა ამისა, კიდევ რამდენიმე ახალი სახე იქნება, მაგრამ ამაზე შევთანხმდებით მაშინ, როდესაც დავსხდებით და დავიწყებთ სიის ფორმირებას. ახალი სახე გვყავს, მაგალითად, ფოთში ოთარ ხარშილავა, რომელიც ყველა პოლიტიკური ძალისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კონკურენტი იქნება. გორზეც იგივე შემიძლია გითხრათ, სადაც “ეროვნული ფორუმის” ინტერესებს გურამ მჭედლიძე დაიცავს. ასეთ ბრძოლისუნარიან, პატრიოტ, თავის ქალაქზე და ხალხზე შეყვარებულ ადამიანს მე ცოტას თუ ვიცნობ. ასევე, თბილისის რამდენიმე რაიონშიც ახალგაზრდები იქნებიან წარმოდგენილები. მე ვფიქრობ, “ეროვნული ფორუმის” კანდიდატები იქნებიან ძალიან შთამბეჭდავები და კახა შარტავას პოლიტიკური გუნდისთვის ეს იქნება ძალიან სერიოზული განაცხადი.

- მაჟორიტარობის კანდიდატები სულ რამდენ რეგიონში გეყოლებათ?

- მაჟორიტარობის კანდიდატები ყველა რეგიონში გვეყოლება დასახელებული – თბილისის 22 და რეგიონების 51-ვე საარჩენო ოლქში.

- ამ ეტაპზე რამდენი კანდიდატია უკვე დასახელებული?

- ძალიან გამიჭირდება ზუსტი რიცხვის დასახელება, დაახლოებით 50-მდე კანდიდატი.

- “ფორუმის” საარჩევნო სია რამდენკაციანი იქნება?

- სულ 150 ადამიანი უნდა იყოს სიაში და ჩვენ სწორედ 150 კაციან სიას წარვადგენთ. შეიძლება ვინმე ფიქრობს, რომ “ეროვნულ ფორუმს” ამის რესურსი არ აქვს, მაგრამ ჩვენს პარტიას ამაზე მეტი შესაძლებლობა აქვს. ჩვენს რიგებში ძალიან ბევრი ღირსეული და საკუთარი საქმის პროფესიონალი ადამიანია. უბრალოდ, კანდიდატებს ვარჩევთ იმის მიხედვით, თუ ვის როგორი შესაძლებლობები აქვს რეგიონებში. გარდა ამ ადამიანების მაღალი პროფესიული უნარ-ჩვევებისა, რეგიონებში საჭიროა მათი მაღალი ცნობადობაც. შემიძლია ვთქვა, რომ ამ მხრივ, ძალიან მაღალი სტანდარტი გვაქვს და ჩვენი კანდიდატები ამ დრომდე სწორედ ამ მიზეზით არ წამოვადგინეთ.

- როგორ შეაფასებთ საარჩევნო გარემოს? თქვენი მომხრეების დაშინების ფაქტებზეც იყო საუბარი…

- ეს გამოიხატებოდა იმაში, რომ ჩვენს მომხრეებს “მეგობრულად” ურჩევდნენ, “ქართლი ოცნების” გარდა არ დაეჭირათ მხარი სხვა პოლიტიკური ძალისთვის. ეუბნებიან, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შესაძლოა სამსახური დატოვონ. მაგრამ არც მე და არც ჩვენს მომხრეებს ასეთი “მეგობრული” რჩევები სერიოზულად არ მიგვაჩნია. არავის ეშინია სამსახურის დაკარგვის და ეს მეთოდები არ ჭრის. ჯერჯერობით, რომ გითხრათ რაიმე თვალშისაცემი ფაქტებია-მეთქი – ასე არაა, მაგრამ ცალკეული შემთხვევები ფიქსირდება. განსაკუთრებით რეგიონებში. ვინც ამას აკეთებს, ე.ი. საკუთარ შესაძლებლობებში არ არის დარწმუნებული და არ იცის, რომ ასე არჩევნების მოგება შეუძლებელია. თუ “ოცნება” ასეთ “მეგობრულ” რჩევებს გააგრძელებს, გაჩნდება განცდა, რომ მათი კანდიდატები არ არიან დარწმუნებული საკუთარ გამარჯვებაში.

- ასეთი ფაქტები კონკრეტულად რომელ რეგიონებში ხდება?

- ასეთი “მეგობრული” რჩევები ფიქსირდება ყველგან – ჭიათურაში, საჩხერეში, თელავში, ფოთში… მაგრამ ეს ყველაფერი ღიმილის მომგვრელია მხოლოდ, მათი არავის ეშინია.

- რომელ პარტიებს განიხილავთ თქვენს მთავარ კონკურენტებად?

- მე ვიცი, რომ ჩემი ამომრჩევლის აბსოლუტური უმრავლესობა მე მიჭერს მხარს და საერთოდ არ მაინტერესებს ვინ არიან ჩემი კონკურენტები. მე ვმუშაობ ჩემს ხალხთან ერთად იმ რეგიონში, სადაც უამრავი პრობლემაა. სწორად უნდა განისაზღვროს პრიორიტეტები, ნაკლები წაიღონ სახლში და ჯიბეებში. თუ ეს ასე იქნება, მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე შეჩერდება რეგრესი, რომელიც ამ ქალაქშია დაწყებული.

გარდა ამისა, უზარმაზარი შიდა მიგრაციაა, რის შეჩერებასაც ვაპირებ და თუ ვინ არის ჩემი კონკურენტი, ამაზე საფიქრალად დრო არ მრჩება. მაჟორიტარობა არ არის ჩემი ახირება ან პოლიტიკური კეკლუცობის შემადგენელი ნაწილი. ამ ხალხს ჩვენი დიდი იმედი ჰქონდა და, სამწუხარდ, ეს იმედი გაუცრუვდათ. არ მინდა გვყავდეს იმედგაცრუებული საზოგადოება. ალბათ, მთელი ქვეყნის მასშტაბით ამას ვერ მოვახერხებ, მაგრამ ჩემს ქალაქში მაინც შევძლებ ამის გაკეთებას.

- როგორი მოლოდინი გაქვთ, არჩევნები სამართლიანად ჩატარდება?

მე ვიცი ის, რომ “ოცნებას”, ისევე როგორც სხვა ყველა ხელისუფლებებს, ალბათ ექნება მცდელობა, რომ გამარჯვება სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით მოიპოვოს. მაგრამ ამასთანავე დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლებისა და ამომრჩევლის სურვილები ხშირ შემთხვევაში არ ემთხვევა ერთმანეთს. ამის ნათელი მაგალითია 2012 წლის არჩევნები, როდესაც ადამიანების დაშინებას ძალისმიერი მეთოდებით ცდილობდნენ, მაგრამ ჩვენ მაინც გავიმარჯვეთ. ამიტომ, მე ვფიქრობ, პოლიტიკური პარტიები კარგად უნდა დაფიქრდნენ, თუ ვისთან აქვთ საქმე. ამომრჩეველმა ზუსტად იცის, თუ ვის უნდა მისცეს ხმა და როგორ არ უნდა შეაშინებინოს თავი. არავის ვურჩევ, რომ გადაბირებებით და რაღაც მეთოდებით დაიწყონ ადამიანების მოსყიდვა, ეს ყველაფერი რეაგირების გარეშე არ დარჩება. პოლიტიკური სპექტრი მზად ვართ იმისთვის, რომ გაყალბების შანსი არ მივცეთ არავის. ჯანსაღ კონკურენციაში თანახმა ვართ, ნებისმიერი კანდიდატის გამარჯვება მივიღოთ, მაგრამ თუ ვინმეს ასე მარტივად უნდა მანდატის ხელში ჩაგდება, ეს არ გამოუვა.

რეზონანსი//მთელი კვირა“, 25 ივლისი, 2016 წელი

ინტერვიუ დავით ზურაბიშვილთან: თბილისში თითქმის ყველგან მეორე ტური იქნება

ნინო ქეთელაური

“ჩვენი პარტიის წევრებზე მინისტრების დონეზე რომ იყო გადაბირების მცდელობები, ამის ფაქტიც გვაქვს აგულაშვილის სახით”, – აცხადებს “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი “მთელ კვირასთან” საუბრისას. მისი თქმით, მათი ამომრჩევლის დაშინების ფაქტები არ ყოფილა, არც არჩევნების სისტემურ გაყალბებასაც ელოდება, თუმცა, შესაძლოა გარკვეულ ინციდენტების ჰქონდეს ადგილი.

წინასაარჩევნო გარემო, “რესპუბლიკური პარტიის” შანსები, არჩევნების შესაძლო განვითარება, გიგლა აგულაშვილის პარტიიდან წასვლა – ეს ის საკითხებია, რაზეც “მთელი კვირა” დავით ზურაბიშვილს ესაუბრა.

დავით ზურაბიშვილი: ჯერჯერობთ საარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში არ შესულა და სიმშვიდეა. ამ მხრივ, ბუნებრივია, კორცხელის ინციდენტი იყო შემაშფოთებელი. სერიოზული პრობლემაა “რუსთვი 2″-ის მიმართ მიმდინარე პროცესი, თუმცა, იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი ნორმალურად ჩატარდება.

წინასწარ ჩაფიქრებულ სისტემურ გაყალბებას არ ველოდები, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ არჩევნების პროცესში რაღაც ინციდენტები იყოს. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არჩევნები მშვიდად ჩატარდეს.

- რა ინციდენტებს ელოდებით?

- მაგალითად იმას, რომ ვიღაცამ ადგილზე, რაიონულ ან რეგიონულ დონეზე, გამოიჩინოს ინიციატივა. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ცენტრალურ შტაბში გამოიჩინოს ვინმემ ინიციატივა, ან მთლად ზევიდან მიიღონ არაადეკვატური გადაწყვეტილება. ერთია, რომ არ ელოდები წინასწარ ჩაფიქრებულ გაყალბებას, როგორც “ნაციონალების” დროს იყო მწყობრად ორგანიზებული, მაგრამ ინციდენტებს არ გამოვრიცხავ.

- როგორ შეაფასებთ “რესპუბლიკური პარტიის” შანსებს და ვის განიხილავთ თქვენს მთავარ კონკურენტად?

- საერთოდ, საპარლამენტო არჩევნები არის “ყველას ომი ყველას წინააღმდეგ”. საპარლამენტო არჩევნებში ვინც კი მონაწილეობს, ყველა ერთმანეთის კონკურეტია. თუმცა, ჩვენი კონკურენტი ალბათ მაინც უფრო ის პოლიტიკური პარტიებია, რომელთა ამომრჩეველი შესაძლოა ჩვენიც იყოს. მაგალითისთვის რომ გითხრათ, “პატრიოტთა ალიანსის” ამომრჩეველი “რესპუბლიკელებს” არ მისცემს ხმას და პირიქით, მაგრამ მაინც ყველა კონკურენტები ვართ.

- როდის დასახელდება “რესპულიკური პარტიის” საარჩევნო და მაჟორიტარული სია?

- ჯერჯერობით რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ დავით უსუფაშვილი იქნება საბურთალოზე და ვახტანგ ხმალაძე – დიდუბეში. დანარჩენს – საარჩევნო სიასაც და მაჟორიტარობის კანდიდატებსაც – უახლოეს ხანში შეიტყობთ.

- თქვენ საარჩევნო სიაში იქნებით თუ მაჟორიტარად?

- მე საარჩევნო სიაში ნამდვილად ვიქნები, მაგრამ რა ნომრად და მაჟორიტარადაც ვიქნები თუ არა, ჯერ ვერ გეტყვით.

- როგორ შეაფასებთ გიგლა აგულაშვილის გადაწყვეტილებას, რომელმაც “რესპულიკური პარტია” დატოვა? მოსალოდნელი იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება?

-რესპუბლიკურმა პარტიამ” ეს გადაწყვეტილება ცალსახად უაყოფითად უკვე შევაფასეთ და ამ საკითხზე დამატებით საუბარს არ ვაპირებ. ჩვენი დამოკიდებულება უკვე ყველამ იცის.

- პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ მათი ამომრჩევლის დაშინება და გადაბირებას აქვს ადგილი. “რესპუბლიკური პარტიის” შემთხვევაშიც ხომ არ ყოფილა მსგავსი ფაქტები?

- ბოლო დროს მსგავსი არაფერი გამიგია, მაგრამ, საერთოდ, ჩვენი პარტიის წევრებზე მინისტრების დონეზე რომ იყო გადაბირების მცდელობები, ამის ფაქტიც გვაქვს აგულაშვილის სახით. მაგრამ დაშინება და ტერორი არ ყოფილა.

- კიდევ რომელიმე “რესპუბლიკელი” მინისტრების მიმართ იყო მსგავსი შეთავაზებები?

- მნიშვნელოვანი არაფერი ყოფილა. ვისზეც მაქვს საუბარი, წავიდა კიდეც პარტიიდან. დანარჩენები ვართ ისევ პარტიაში.

- როგორი არჩევნების მოლოდინი გაქვთ?

- მე ველოდები ძალიან ბევრ მეორე ტურს. მაგალითად, თბილისში თითქმის ყველგან, საქართველოს მასშტაბითაც ძალიან ბევრ ოლქში, სადაც საკმაოდ დაძაბული სიტუაცია იქნება. ვნახოთ, მაჟორიტარები როგორ გადანაწილდებიან. მე იმედი მაქვს, ხელისუფლებას ეყოფა გონიერება, რომ კარგად ჩაატაროს ეს არჩევნები. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის.

„ახალი თაობა“, 25 ივლისი, 2016 წელი

ინტერვიუ თამაზ მეჭიაურთან: „რუსეთიდან ფული არ წამომიღია

რა მიზნით წავიდა მოსკოვში, რაზე შეუთანხმდა რუს დეპუტატებს, რა უნდა დავთმოთ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების სანაცვლოდ? – ამ თემებზე „ახალ თაობას“ დეპუტატი თამაზ მეჭიაური ესაუბრება.

- ბატონო თამაზ, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ პირველად მოხდა, რომ ქართველი დეპუტატი მოსკოვში წავიდა ოფიციალური ვიზიტით. ამან რაიმე უხერხულობა არ შეგიქმნათ?

- უხერხულობა რატომ უნდა შეექმნა? მე იქ საქართველოს პრობლემებზე სასაუბროდ წავედი. ვერ ვიტყვი, რომ მე ვარ პირველი, ვინც აგვისტოს ომის შემდეგ მოლაპარაკებების გასამართად მოსკოვში წავიდა. ასეც რომ იყოს, ეგ არაფერს ნიშნავს. მე პირველობაზე პრეტენზიები არ მაქვს. ჩემთვის მთავარია შედეგი.

- ოპონენტები ყოველთვის პრორუსულად მოგიხსენიებდნენ, ამ ვოიაჟის შემდეგ კი ამბობენ, აი, ხომ გამოჩნდა, ვისი კაცია თამაზ მეჭიაურიო...

- მეჭიაური არავისი კაცი არ არის. რაც შეეხება მოსკოვში წასვლას, არასდროს დამიმალავს, რომ რუსეთთან ურთიერთობების დალაგების მომხრე ვარ. ამის მიუხედავად, თავს სულაც არ მივიჩნევ პრორუსულ ადამიანად. იმათ, ვინც ამას მაბრალებს, მინდა ვურჩიო, რომ ყველამ თავის ამერიკელ ნატო მამიდას მიხედოს.

- ბოროტი ხმები იმასაც ამბობენ, რომ თქვენ მოსკოვში იმიტომ წახვედით, პარტიისთვის თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველო თანხები მოგეძიათ. მართლა ფულის საშოვნელად იყავით წასული?

- ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეეფერება. მოსკოვიდან არანაირი ფული არ წამომიღია. ეს ჩემმა ოპონენტებმა მოიგონეს. მათვე დაიწყეს ქილიკი იმის შესახებ, მეჭიაურმა რკინის ქალამნები ჩაიცვა და მოსკოვში დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად წავიდაო. ამ ცინიკოსებს სოციალური ქსელით ვუპასუხე. იმავეს გავიმეორებ თქვენი გაზეთიდანაც. მინდა, ამ ხალხს ვკითხო, ერდოღანმა რისი ქალამნები ჩაიცვა, პუტინს რომ ბოდიში მოუხადა? ერდოღანი უზარმაზარი ქვეყნის პრეზიდენტია, მე ერთი პარტიის ხელმძღვანელი ვარ მხოლოდ. მან თუ იმ ყველაფრის შემდეგ პუტინს დაურეკა, მე რატომ არ უნდა შევხვედროდი რუს კოლეგებს!

დიდი სახელმწიფოების პირველ პირებს არ ეთაკილებათ, რუსეთს დაელაპარაკონ პრობლემების მოგვარებაზე. რატომ უნდა იყოს გასაკვირი, რომ ჩვენნაირი პატარა ქვეყანა მოსკოვთან ცდილობს ურთიერთობის მოგვარებას. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემის მოგვარების გასაღები სწორედ რუსეთშია. აქედან გამომდინარე, მითხარით, რატომ არ უნდა დაველაპარაკოთ მათ. უნდა დაველაპარაკოთ კიდევაც და, თუ საჭიროება მოითხოვს, მათი ინტერესებიც უნდა გავითვალისწინოთ.

- რუსეთის ინტერესების გათვალისწინებაში რას გულისხმობთ? მათ შესაძლოა ისეთი რამეები მოითხოვონ, რომელთა შესრულებაც ქვეყნისთვის საზიანო იქნება...

- ჩვენ რუსეთის ინტერესები ისე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამით საკუთარი არ დავაზიანოთ.

- ახლა გადავიდეთ შეხვედრებზე. რაზე ესაუბრეთ თქვენს რუს კოლეგებს?

- ვისაუბრეთ კონფლიქტების მოგვარებასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე. მე ვესაუბრე რუს კოლეგებს იმის შესახებ, თუ რისი დათმობა შეგვიძლია დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების სანაცვლოდ. ჩვენ ისეთი რაღაც უნდა დავთმოთ, რაც მოსკოვის ინტერესებში შედის.

- რა შედის დღეს ყველაზე მეტად რუსეთის ინტერესებში?

- დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების სანაცვლოდ ჩვენ ნატოში შესვლასა და მისი ჯარების აქ განთავსებაზე უარი უნდა ვთქვათ. რუსეთი ნატოს გაფართოებას მტრულ ნაბიჯად და საფრთხედ განიხილავს.

- ნატოზე უარის თქმა რუსმა დეპუტატებმა მოითხოვეს?

- დეპუტატებს ჩვენთვის არაფერი მოუთხოვიათ. ჩვენ ჩვენი სათქმელი ვუთხარით მხოლოდ. ნატოს რომ საფრთხედ განიხილავენ, ამას არც მალავენ და რა გასაკვირია, რომ არ სურთ იქ ჩვენი შესვლა. მოსკოვში ყოფნისას ერთ ძალიან საინტერესო ამბავს შევესწარი. რამდენიმე დღის წინ რუსი დეპუტატების ჯგუფმა ქართულ ღვინოსა და მინერალურ სასმელებზე სანქციების დაწესება მოითხოვა. მათი რადიკალიზმის მიზეზი ქართული მხარის გადაწყვეტილება იყო. წინა კვირაში ჩვენ ევროკავშირის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლისთვის დაწესებულ სანქციებს შევუერთდით. ამ სანქციებისთვის მხარის დაჭერა ჩვენი მხრიდან არ იყო სწორი გადაწყვეტილება.

- რატომ არ იყო სწორი გადაწყვეტილება?

- იმიტომ, რომ ჩვენ ყირიმთან არანაირი ეკონომიკური ურთიერთობები არ გვაქვს. აქედან გამომდინარე, სანქციების დაწესებით რუსეთს ვერ დავაზარალებდით. ამ სანქციებს მხოლოდ იმიტომ შევუერთდით, რომ დასავლეთისთვის გვესიამოვნებინა. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლებისთვის მთავარია, დასავლეთს მოაწონოს თავი და იმაზე აღარავინ ფიქრობს, რომ ამით შესაძლოა ჩვენი მოქალაქეები დაზარალდნენ. რუსეთს ჩვენთვის საპასუხო სანქციები რომ დაეწესებინა, ჩვენი მევენახეები ძალიან ცუდ დღეში ჩაცვივდებოდნენ.

- ზემოთ თქვით, რომ ყირიმისთვის დაწესებული სანქციებით რუსეთს ვერ დავაზარალებდით და თუ ასეა, რატომ მოითხოვეს საპასუხო სანქციები?

- სწორედ საპასუხოდ მოითხოვეს ამ სანქციების შემოღება. ეს გადაწყვეტილება რომ მიეღოთ, საქართველო კატასტროფის წინაშე დადგებოდა. დღეისთვის დუმაში არდადეგებია და დეპუტატები შვებულებაში არიან. საკითხი შემოდგომამდე ვერ გადაწყდებოდა. საბოლოო პასუხის მიღებამდე ღვინის ქარხნები უარს იტყოდნენ ყურძნის მიღებაზე. ალბათ, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა დღეში ჩაცვივდებოდნენ კახელი გლეხები და არა მხოლოდ ისინი. მიკვირს, რატომ იღებს ხელისუფლება ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც პირდაპირ მისი მოქალაქეების წინააღმდეგ არის მიმართული. ამ საქმეში სერიოზული დახმარება გაგვიწია სენატორმა იგორ მოროზოვმა. ის სასწრაფოდ დაუკავშირდა შვებულებაში მყოფ თავის კოლეგებს, მათ შორის ქვედა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ალექსეი პუშკოვს. მან მყისიერად გააკეთა განცხადება და თქვა, რომ ყირიმისთვის სანქციების მხარდაჭერის სანაცვლოდ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარს არ დაუჭერენ.

- სანქციების დაწესებაზე უარი რით ახსნა?

- ალექსეი პუშკოვის თქმით, სანქციების დაწესების შემთხვევაში ქართულ-რუსული ურთიერთობების მოგვარება საფრთხის ქვეშ დადგებოდა.

„ახალი თაობა“, 25 ივლისი, 2016 წელი

ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „ქართული ოცნების ძრავა ისევ ბიძინა ივანიშვილია

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ გამწევი ძალა 8 ოქტომბრის არჩევნებზე ისევ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორია.

- ბატონო სოსო, 8 ოქტომბრის არჩევნებზე რამე მოულოდნელობას უნდა ველოდოთ თუ მმართველი პარტია კვლავ გაიმარჯვებს?

- „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს. მის ხელში დიდი რესურსებია. იმარჯვებს ის, ვისაც მეტი რესურსი აქვს. პირველ ადგილზე ფინანსური რესურსი იგულისხმება. 2012 წლის არჩევნებმა ძალზე გააძვირა წინასაარჩევნო კამპანია. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, საქართველოში 3.500 საარჩევნო უბანია. ნებისმიერ პარტიას სჭირდება თითო უბანზე 2-3 დამკვირვებელი. ეს ფული ღირს. დღეს დიდი ფული მხოლოდ მმართველ პარტიას აქვს. ახალი ივანიშვილი ოპოზიციაში არ არის.

- შემდეგი მოწვევის პარლამენტი უკეთესი შეიძლება იყოს?

- შეიძლება, ოდნავ უკეთესი იყოს იმ თვალსაზრისით, რომ კვაზიკოალიცია აღარ იქნება, მაგრამ „ოცნება“ ბოლომდე პრინციპული ვერ გამოდგა.

- რატომ?

- მათ ამომრჩეველს უთხრეს, რომ მარტო გავიდოდნენ არჩევნებზე, ისევე, როგორც კოალიციის დანარჩენი სუბიექტები. დღეს ვხედავთ, რომ კონსერვატორები, სოციალ-დემოკრატები, მართალია, ერთი-ორი კაცით, მაგრამ მაინც არიან „ოცნებასთან“. ეს არის ნასუფრალი, რომელზეც ისინი წავიდნენ.

- რატომ ერგოთ მათ და არა, მაგალითად, რესპუბლიკელებს ან სხვებს?

- რესპუბლიკელები, მიუხედავად იმისა, რომ მათ მიმართ არაერთგვაროვანი პოზიციებია, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არჩევნებზე დამოუკიდებლად ვერ იმარჯვებენ, პრინციპული ხალხია. მათი პრინციპული მიდგომები ხშირად არ ემთხვევა საზოგადოების, ამომრჩევლის ხედვებს, მაგრამ მათ აქვთ მკვეთრად ჩამოყალიბებული იდეოლოგია, პოზიციები, ხედვები და მის წინააღმდეგ არასდროს მიდიან. ეს კარგია და დასაფასებელია. ისინი ამ პრინციპს არ ღალატობენ. ოთხი წელი „ოცნებამ“ როგორ აიტანა რესპუბლიკელები, ესეც გასაკვირია, რადგან რესპუბლიკელები ხორკლიანი პარტნიორები არიან. მათთვის დათმობა, კომპრომისზე წასვლა უცხოა. მერწმუნეთ, რესპუბლიკელებსაც შეეძლოთ კონსერვატორებივით, სოციალ-დემოკრატებივით დარჩენილიყვნენ, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს. ისინი თავიანთი იდეოლოგიის წინააღმდეგ ვერ მიდიან. მე სოციალ-დემოკრატებს ვერც სოციალობა შევატყვე და ვერც – დემოკრატობა. ასევე კონსერვატორებს, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ჩოხა-ახალუხში სიარულის იდეა ჰქონდათ, თუ ეს არის კონსერვატიზმი, ეს უცნაური კონსერვატიზმია, ეს უფრო ანაქრონიზმია.

- რა შანსები აქვთ ამ არჩევნებზე რესპუბლიკელებს?

- შეიძლება, ბარიერიც კი ვერ გადალახონ, მაგრამ ამას ისინი, როგორც მშობიარობას, ისე არ განიცდიან.

- დღეს გამწევი ძალა ქართული ოცნებისთვის ისევ ივანიშვილია?

- რასაკვირველია, ამაში ორი აზრი არ არსებობს. თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა ვერ გაბედა, არ ეყო პოლიტიკური ნება, რომ 2012 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კოალიცია დაეშალა და ახალი რიგგარეშე არჩევნები დანიშნულიყო. ეს იქნებოდა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება. „ქართული ოცნება“ უპრობლემოდ აიღებდა აბსოლუტურ უმრავლესობას და მას აღარ დასჭირდებოდა არცერთი პარტია. მარტო ბიძინა ივანიშვილი, ერთი კაცი გაიმარჯვებდა.

დღეს, ოთხი წლის თავზე, რა მოცემულობა გვაქვს? გვაქვს ის მოცემულობა, რომ კვლავ ბიზინა ივანიშვილია მთავარი ლოკომოტივი. დღეს რომ „ქართულ ოცნებას“ ბიძინა ივანიშვილმა უთხრას, არჩევნების დროს მე კანარის კუნძულებზე მივდივარ დასასვენებლად და, აბა, თქვენ იცით – რა მოხდებოდა? ვერაფერს გახდებიან. ეს იცის ბიძინამ და ისევ თავის თავზე იღებს იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვოს.

„საერთო გაზეთი“, 25 ივლისი, 2016 წელი

რატომ გაიმარჯვებს არჩევნებში ქართული ოცნება?

ბიძინა ივანიშვილმა სასწაული ჩაიდინაშიზოიდური ფაშიზმი და გიჟი ტირანი ისე დაამხო, ერთი წვეთი სისხლი არ დაღვრილა

თემურ მირიანაშვილი

ეს სტატია კარგა ხნის წინ დავწერე. არჩევნების შემდეგ ვაპირებდი გამოქვეყნებას. მაგრამ ეხლა ვბეჭდავ. მხოლოდ სათაურს ვცვლი ოდნავ: ნაცვლად ზმნისა „გაიმარჯვა“, ვწერ ზმნას „გაიმარჯვებს“. დიახ, მე აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული ბიძინა ივანიშვილისა და მისი პარტიის ტრიუმფში 8 ოქტომბერს. და. აი, რატომ:

2011 წლის 7 ოქტომბრამდე ბ. ივანიშვილზე ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდა. მისი ფოტოსურათიც კი არ მენახა. ვიცოდი მხოლოდ, რომ იგი არის ძალიან მდიდარი და ეწევა უპრეცედენტოდ დიდ, მამულიშვილურ ქველმოქმედებას. სააკაშვილის ავადსახსენებელ „ეპოქაში“ მეც, როგორც ბევრი სხვა, ვფიქრობდი, ვინ შეძლებდა იმ დამთხვეულისგან, იმ გონებით და ზნეობით ხეიბრისგან საქართველოს დახსნას. მაშინ ბატონ ბიძინაზე არცკი მიფიქრია. არ მეგონა, თუ იგი როდისმე პოლიტიკაში მოვიდოდა. სააკაშვილი ბაყბაყ დევივით უკვდავ-უბერებელს ჰგავდა. სამუდამოდ აპირებდა საქართველოს სისხლის წოვას, ხან პრეზიდენტის და ხან პრემიერის სტატუსით. მთელი ჩვენი ერი სასოწარკვეთილებამ მოიცვა. ასეთ დროს გამოქვეყნდა ბ. ივანიშვილის განცხადება პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე. მაშინვე მთელმა საქართველომ ბიძინა ივანიშვილზე ლაპარაკი და მასზე ფიქრი დაიწყო. მეც მის ყველა პუბლიკაციას ვკითხულობდი. ვკითხულობდი კრიტიკული თვალით და მაინც აღფრთოვანებული ვიყავი. 7 ოქტომბრის შემდეგ დღითიდღე საოცრად იზრდებოდა ბატონი ბიძინას პოპულარობა. მიტინგომანიაგამოვლილ საქართველოს მანამდე არასოდეს უნახავს ისეთი განდიოზული მიტინგ-დემონსტრაციები, როგორიც ივანიშვილის მომხრეებმა გამართეს მთელს ქვეყანაში.

ხელისუფლება დაფრთხა, გაწიწმატებით დაეძგერა ახალ ძალას. თავისი მესაფლავე იცნო მასში. ნაცების იარაღი პოლიტიკურ ბრძოლაში, ცხადია, იყო (და არის) მხოლოდ პიარი ანუ ცრუპენტელობა „ქართული ოცნების’’ ლიდერისთვის ჩირქის მოსაცხებლად. მაგრამ, აი, გავიდა უკვე 5 წელიწადი და ვერცერთი კომპრომატი ვერ გამოუქვეყნეს, რაც იმის უდაო დასტურია, რომ საქართველოს ლიდერად ქცეულ ქართული ოცნების ლიდერს კაცურად, ღირსეულად უცხოვრია.

1 ოქტომბერს ახდა ჩვენი ნატვრა. დამარცხდნენ ნაცები და განაგრძეს პიარმეიკერობა, მაგრამ ყველა ვხედავთ, ბ. ივანიშვილის გარემოცვის წევრთაგანაც პრაქტიკულად ვერცერთს ვერ აუგორეს შავი პიარი – ვერ დასწამეს კორუმპირებულობა. ამიტომ კორუფციაზე ხმას დაუწიეს და არაკომპეტენტურობაზე აჭიჭყინდნენ. ბატონმა ბიძინამ ამჯერადაც აბსოლუტურად სწორი და დემოკრატიული ტაქტიკა აირჩია – ხვდება პრესას, ისმენს ჟურნალისტების პრეტენზიებს და მერე ნაცჟურნალისტების „არგუმენტებისგან“ ქვას ქვაზე არ ტოვებს. ასე უჩვენებს ხალხს, რომ ქვეყანა სწორ გზას ადგას, რომ არსებული სირთულეები ობიექტური ხასიათისაა და ისინი ძირითადად თვითონ ნაცების მიერ არის შექმნილი.

იყო „ქართული ოცნების’’ კონცეპტუალურად განადგურების ცდებიც. მაგალითად, გაზეთი `საქართველო და მსოფლიო’’ ბ. ივანიშვილის განქიქებაში სპეციალდებოდა. არ ვიცი, რა სახელ-სახრავი შეიგულა რედაქციამ ამაში, მაგრამ ფაქტია, გაზეთის ყოველი ნომერი ბ. ივანიშვილის დემონიზების მცდელობას ეძღვნებოდა. პასკვილანტებს კრინტი არ დაუძრავთ საპასუხოდ, ჩირგვებში გაინაბნენ ანუ რეალურად არაფერი აქვთ სათქმელი. ის სტატია არის ინტერნეტშიც:

ივანიშვილის კიდევ ერთი „პრინციპული“ კრიტიკოსია ვინმე თამარ ცოფურაშვილი. მის პუბლიკაციაზე ლაპარაკიც არ ღირს. ნამეტანი ანეკდოტურად აზროვნებს ავტორი ქალბატონი. ყოველ მხრივ იწუნებს ბ. ივანიშვილის პოლიტიკას და პიროვნებასაც კი, მაგრამ არგუმენტი საერთოდ ვერცერთი ვერ მოაქვს, გარდა ამისა: მეცნიერი ქალი ვარო.

ასე რომ ბიძინა ივანიშვილის ასე თუ ისა საგულისხმო კრიტიკა არავის გამოუთქვამს.

ეხლა წარმოვიდგინოთ, რა დღეში ვიქნებოდით, რომ არა ბიძინა ივანიშვილი და მის მიერ სულთამხუთავი გიჟის დამხობა:

იმძვინვარებდა შიზოფაშიზმი, უკრაინასთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ ვიომებდით, სუსტი, მაგრამ მზარდი ეკონომიკის ნაცვლად გვექნებოდა სრული კოლაფსი – სიდუხჭირე… თანაც იმის პერსპექტივით, რომ სულთამხუთავ გიჟს ვერადავერ მოვიშორებდით თავიდან. დღეს კი – მიმოვიხედოთ ირგცლივ – რომელიმე მეზობელ ქვეყანას აქვს ჩვენზე დინამიკური ეკონომიკა?

გასულ ოთხ წელიწადში ბატონ ბიძინასგან საქართველოსთვის გაკეთებული, უდაოდ, სასწაულების ტოლფასი საქმეებიდან მხოლოდ ორიოდეს გავიხსენებ:

2012 წლამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ სააკაშვილს უსისხლოდ ვერ მოვიშორებდით. ვნატრობდი, ოღონდ ბევრი ადამიანი არ შესწივოდა მსხვერპლად მასთან ბრძოლას და თუნდ მეც ვყოფილიყავი ერთ-ერთი მსხვერპლი. ბიძინა ივანიშვილმა კი დაამხო გიჟი ტირანი და ისე დაამხო, რომ წვეთი სისხლი არ დაღვრილა!

ეს ნამდვილად სასწაულია!!!

რესუბლიკელები ხალხს ნაცებზე არანაკლებ ეჯავრება. ეს პარტია, უდაოდ, ნაცებზე საშიშიც კი არის. პირადად მე ამ ტიპური V კოლონის განდევნა პოლიტიკიდან ნაცების განდევნაზე პრობლემურად მესახებოდა. მაგრამ, აი, რესპუბლიკელები უკვე განდევნილნი არიან! – ქართული ოცნების გარეშე ხომ არჩევნებში ხმების ნახევარ პროცენტსაც კი ვერ ეღირსებიან.

მკითხველი უნდა დამეთანხმოს: რესპუბლიკელების ასე უმტკივნეულოდ თავიდან მოშორებაც სასწაულია!!!

აქაც თავს ვერ ვიკავებ სიამაყის გამოხატვისგან. პირველმა მე გავაკრიტიკე პრესაში რესპუბლიკური პარტია(გაზ.“თბილისი“, 18 აგვისტო, 1992) ამის გამო დაბოღმილმა ერთმი რესპუბლიკელმა მაშინ მუშტიკრივი გამიმართა. მერე გაირკვა, რომ ის რესპუბლიკელი (რეზო შავიშვილი) ამ პარტიის წევრთაგან, მგონი, ყველაზე წესიერი კაცი ყოფილა.

მესმის ოპონენტთა ხმები: ნაცებიც და რესპუბლიკელებიც ჯერ კიდევ დიდ პოლიტიკურ საფრთხეს ჰქმნიანო…

მოვითმინოთ ოქტომბრამდე…

ცხადია, ბევრი პრობლემა არის ჯერაც გადასაჭრელი. ყველას გვაქვს შენიშვნები და უკმარობის განცდა. ყველაზე მწვავე პრობლემაა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რეინტეგრირება საქართველოში. ამ მხრივ, არავითარი პოზიტივი არ ჩანს.

ოთხმოციანი წლების მეორე ნახევარში, როცა აშკარა გახდა სეპარატიზმისგან საქართველოსთვის დამუქრებული საფრთხე, ამ სტრიქონების ავტორმა გადაწყვიტა, გაერკვია, რამდენად სამათლიანია ოსი და აფხაზი ლიდერების ეს ბრალდებები. შევისწავლე მცირე ერების მდგომარეობა მთელს საბჭოთა კავშირში. უზარმაზარი მასალის ანალიზმა დამანახა – გადაუჭარბებლად ვიტყვი – გამაოგნებელი სიმართლე, რაც, ალბათ, ქართველებისთვისაც კი დაუჯერებელი იქნება: აფხაზების და საქართველოს ოსები პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული და, საერთოდ, ყოველგვარი მდგომარეობა არა მხოლოდ უმჯობესი ყოფილა სხვა საბჭოთა მოკავშირე რესპუმლიკების ეროვნული უმცირესობების (მათ შორის, ჩრდილო ოსების) მდგომარეობაზე, არამედ უმჯობესი ყოფილა შეუდარებლად! ათასგზის! გადავწყვიტე დამეწერა ამის შესახებ. ნაშრომი საკმაოდ დიდი გამოვიდა, თითქმის ორასი ნაბეჭდი გვერდი. ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში ვცადე ტექსტის სრული სახით გამოქვეყნება, მაგრამ ვერ შევძელი. 1990-92 წლებში თბილისის ქართულ- და რუსულენოვან გაზეთებში დავბეჭდე ნაშრომის ათამდე ვრცელი ფრაგმენტი. მოუთმენლად ველოდი ოსი და აფხაზი ოპონენტების გამოხმაურებას. იმ წლებში თბილისურ პუბლიკაციებს ოსებისა და აფხაზების შესახებ სეპარატისტთა იდეოლოგები უპასუხოდ არ ტოვებდნენ, მაგრამ მე დღემდე არ მაღირსეს პასუხი. ანუ არცკი უცდიათ ფაქტების უარყოფა.

სეპარატისტები მარჯვედ იყენებენ ჩვენს პროდასავლურ ორიენტაციას – რუსეთის მტრობად ასაღებენ. ამიტომ ვფიქრობ, ტაქტიკის შეცვლა გვჭირდება.

2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდშიც მწამდა, რომ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებდა. არაერთხელ დავწერე ამაზე. ეხლაც მწამს. მთავარია, ხალხი არ შეცდეს და დემაგოგთა „არგუმენტები“ არ დაიჯეროს.

„საერთო გაზეთი“, 25 ივლისი, 2016 წელი

სამი განრისხებული ქალი და ერთი უსამართლოდ დასჯილი ბიჭი

თამუნა კეშელავა

16 ივლისს ირაკლი ალასანიას ახალი პარტიის დამფუძნებელი  ყრილობა გაიმართა… პრინციპში, ალასანიას პარტიის კი არა, ნინო გოგუაძის დებიუტი უფრო ერქვა ამ ყრილობას… გოგუაძის გამოსვლა იყო ყველაზე მჭერმეტყველური, ყველაზე ემოციური, ყველაზე რადიკალური…

ქალბატონი ნინოს ჟესტიკულაცია იყო უბადლო, სიტყვით გამოსვლის დროს ხელების ორატორულად გაშლა წარმოდგენილი იყო მაქსიმალურად… კომუნისტური ყრილობები გამახსენდა, ასეთივე ჟესტიკულაციებით  და პათოსით სავსე… მედლით დამშვენებული ფერადწინწკლებიანი ჩითის კაბა აკლდა გოგუაძეს, თორემ პიონერობას ვერ ვუწუნებ…

პათოსის როლი ორატორის გამოსვლაში მნიშვნელოვანია, ეს ყველა იმ ადამიანმა იცის, ვინც კომუნიზმის ხელოვნებას იცნობს… ამიტომ ქალბატონმა ნინომ ბევრი ისაუბრა ადამიანსა და ადამიანობაზე… ადამიანი ადამიანისთვისო… დემოკრატიისთვისო, თავისუფლებისათვისო… მხოლოდ ჩვენ, „თავისუფალმა დემოკრატებმა“, ვიცით, რომ ადამიანი უმნიშვნელოვანესიაო… ადამიანი და ადამიანიო… გავიგეთ, ქალბატონო, გავიგეთ… და ის დანარჩენი პარტიები აბა ძაღლებზე და კატებზე საუბრობდნენ? მარტო თქვენი ამომრჩეველია ადამიანი, თუ როგორაა საქმე?

ალასანიასგან განსხვავებით, რომელმაც ჩვეულებისამებრ რბილად და მოქნილად ისაუბრა, ისე, რომ არც მწვადს (ანუ „ქართულ ოცნებას“) სწვავდა და არც შამფურს (ანუ, „ნაციონალურ მოძრაობას“) ქალბატონი ნინო რადიკალური და შეურიგებელი იყო…

ალასანიას არც მთავრობის და ხელისუფლების ლანძღვით უცდია ფონს გასვლა, არც რადიკალობით… პირიქით, ღია და გულწრფელი დიალოგი მინდა ხელისუფლებასთანო… მონატრებია ბიჭს მინისტრობა… ასეა, სკამს მიზიდულობის ძალა აქვს… ალბათ, დუბაიში გრიალსაც კი სკამი სჯობს, ალბათ სააკაშვილის ღიმილსაც სკამი სჯობს, ალბათ კეზერაშვილის და ახალაიას ძმაკაცებსაც სკამი სჯობს… თბილი, გემრიელი, მოსახერხებელი, ძვირადღირებული სკამი…

სამაგიეროდ, ამორძალი გოგუაძე გადაეფარა, მე ვიტყვი შენს სათქმელსაც, ჩემო ბიჭოო..  არავის ვაპატიებ ალასანიას წყენინებასო… დამისაჯესო ეს პრინციპული და ქვეყნის უსაფრთხოებაზე თავგადამკვდარი ბიჭიო… მაშინ დამისაჯეს, როცა ხუთი უდანაშაულო თანამშრომელი შვიდი წლით ჩაუსვეს ციხეშიო…

კარგით რა, ქალბატონო ნინო, ალასანია და პრინციპულობა?

მაშინ სად მალავდა ამ პრინციპს, როცა კეზერაშვილისა და ახალაიას კადრებს ლობირებდა და აწინაურებდა, კოდუას ყოფილი მოადგილე და ალასანიას მეგობარი დავით როგავა აკი ალასანიამ არ დანიშნა დაზვერვის დეპარტამენტში ერთ-ერთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე? ან კეზერაშვილის გარემოცვის წევრი კოტე ყიფიანი ჩემი პრინციპულობით დაინიშნა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე? მაშინ რომელ ჯიბეში ედო პრინციპი, როცა ნათესავებსა და მეგობრებს ასაქმებდა სამინისროში? (დავით და ელისო ნარსიები მაგალითად, რომლებთანაც ნათელმირონობა აკავშირებდა). თუ, თავდაცვის სამინისტრო „ნინიას ბაღია“ და სულ ერთია, ვინ რომელ თანამდებობაზე იმუშავებს? ნეპოტიზმი და პრინციპულობა ერთად ვერ სძოვენ, ქალბატონო ნინო, ვერც ნაცების სამინისტროში შეყრა და ქვეყნის უსაფრთხოება თანხმდება ერთმანეთში…

მაინც როგორ დასაჯესო, ეს პატარა საყვარელი ბიჭიო? გაწკეპლესო? ციხეში ჩასვესო?

პრინციპული ალასანია იმით დასაჯეს, რომ ხუთი თანამშრომელი შვიდი წლით ჩაუსვეს ციხეშიო…  ისე საუბრობთ ამ ხუთ ადამიანზე, ქალბატონო ნინო, თოთქო ისინი ალასანიას საკუთრებები იყვნენ… სათამაშოს რომ წაართმევ პატარა ბიჭს და გაბრაზებული აღარ ითამაშებს, იმას გავს ეს ამბავი ცოტათი…

თუ ასე გიღრნიდათ აქამდეც გულს იმ ხუთი ადამიანის ბედი, ამ პრინციპულმა და დასჯილ-განაწყენებულმა ბიჭმა როგორ ვერ მოახერხა იმ ხუთი ადამიანიდან თუნდაც ერთის უდანაშაულობის დამტკიცება? იმ ხუთიდან თუნდაც ერთისთვის რატომ არ იბრძოლა? თუ, ბრძოლისთვის, გამოძიებისთვის, პასუხისმგებლობისთვის ჯერ პატარაა?

მაშ, სახელმწიფოს ბედზე როგორღა იზრუნებს, თუ 5 „უდანაშაულო“ ადამიანის ბედის შეცვლა ვერ შესძლო? მაშ, სახელმწიფოს როგორ გაუმკლავდება, თუ ერთ სამინისტროს ვერ მიხედა?

ანუ, თქვენ ის კი არ გადარდებთ ქალბატონო ნინო, რომ ალასანიას მინისტრობის დროს სამინისტროში ნეპოტიზმი მეფობდა, არც ის გადარდებთ, რომ ნაცებით გაავსო სამინისტრო და არც ის გიკლავთ გულს, რომ როცა სამინისტროში ხუთი ადამიანი დანაშაულს სჩადის, მინისტრი მორალურად მაინც პასუხისმგებელია, მინისტრი სულ ოდნავ მაინც უნდა ერკვეოდეს და იცოდეს ვინ რას აშავებს… არა, თქვენ ის გწყინთ, რომ ალასანიას გაუბედეს და სათამაშოები წაართვეს…

აბა, დაუსჯიათ ბიჭი და ეგაა…

და ეს თქვენთვის უკვე ომია…

ჩვენ ვიბრძვითო, ამბობთ, მაგრამ ჩვენც გვებრძვიანო, გვებრძვიან ზოგჯერ სასტიკად და წესების გარეშეო!

წესების გარეშე ბრძოლაში, ალბათ, პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ჩანაწერებს გულისხმობთ…

ისეც არ გეგონოთ საქმე, რომ ალასანიას ბედ-იღბალს მხოლოდ ნინო გოგუაძე წყვეტს… ალასანიას ცხოვრებას სამი  ქალი გასდევს რეფრენად: მაია ფანჯიკიძე, ნათია ფანჯიკიძე და ნინო გოგუაძე.

სამი ქალი დიდი ძალაა, სამი განრისხებული ქალი კი, კიდევ უფრო დიდი ძალა…

თავის დროზე ალასანის თანამეცხადრე ნათია ფანჯიკიძე წერდა: „ბატონი ბიძინას გამოჩენის შემდეგ ამოვისუნთქე. ბიძინას, როგორც პოლიტიკური ფიგურის გამოჩენა, ჩემთვის დიდი ბედნიერებაა. ვიგრძენი, რომ პირველად დგას ირაკლის გვერდით ნამდვილი პარტნიორი, რომელსაც შეუძლია, როგორც დარტყმის, ისე საქმის საკუთარ თავზე აღება. რაც ბატონი ბიძინა გამოჩდა, მეშინია ნეტარებამდე არ მივიდე, ისეთი მშვიდი ვარ“…

მაგრამ, როცა ალასანიამ ვერ დაუფასა კარგ პარტნიორს წვლილი და ნაცები შეყარა სამინისტროში, როცა მერე იქეთ შეედავა  მთავრობას, როცა დუბაიში „იგულავა“, როცა მყარი და ძლიერი პარტნიორის ლანძღვა დაიწყო პირად საუბრებში, დამთავრდა ნათია ფანჯიკის სიმშვიდე და ჩაისუნთქა…

ჩაისუნთქა და გაახსენდა, რომ ის ივანიშვილის პირველი მსხვერპლი ქალია, რადგან ქმარმა საფრანგეთში უღალატა… ნათია ფანჯიკიძეს დღემდე ვერ მოუნელებია მეუღლის ფრანგული ვოიაჟის ამბავი, დღემდე ნაწყენია ივანიშვილზე, აკი, ივანიშვილს, როგორც ძლიერ პარტნიორს უნდა დაეცვა ეს პრინციპული პატარა ბიჭი მაცთური დიაცებისგან და არ დაიცვა…

დღემდე არ მიკითხავს ირაკლსითვის ვინ იყო ის ქალი, არ იყო მაგის დროო, მაგრამ აუცილებლად ვკითხავო… ეჰ, მერე რომ ჰკითხავთ, გიპასუხებთ, რომელი ერთიო… ახლა ჰკითხეთ, სანამ ჯერ კიდევ ახსოვს ვისზე ეკითხებით…

ეს ბიჭი ისეთი საყვარელია, ისეთი კარგია, რაც უნდა თქვათ მასზე, მის გამო თვალდაუხამხებლად მოვკვდებიო… მე ირაკლის დავეხმარები ცოცხალიც და მკვდარიც, რომ ეს ქვეყანა გაიყვანოს სინათლეშიო – აცხადებს. ქ-ნი ნათია.

იქნება და ეს „სიბნელე“ გვირჩევნია, გეკითხათ მაინც…

მაია ფანჯიკიძეს აღარაფერი დაუმატებია, მან ისედაც ბევრი და საკმარისი თქვა… მაია ფანჯიკიძე სიძის პარტიის სიის ოცეულშია და ესეც საკმარისიაი… მაია ფანჯიკიძე არ არის ნათიასავით რომანტიული, არც ნინო გოგუაძასავით მჭერმეტყველია… ის პრაქტიკული ქალია და იცის, რომ საქმე სჯობს ლაპარაკს…

და ამ სამი ქალის იმედით, ამ სამი ქალის დაცვითა და გამხნევებით გულმოცემულმა ალასანიამ ბევრი დაპირება გასცა წინასაარჩევნოდ… ყველას ყველაფერს დაგვპირდა… ამაში უცნაური არაფერია, მას ხომ ახსოვს ზუგდიდის და ზოგადად სამეგრელოს წაგებული არჩევნები, მას არც თბილისის არშემდგარი მერობა მოუნელებია ჯერ, ამიტომ იცის, არჩევნებზე სამ ან ოთხ პროცენტს მიიღებს ხმებისას… ანუ, ვერც ხელისუფლებაში მოვა და არც დაპირებების ასრულება მოუწევს… ჩაეფლობა თავის ოპოზიციურ სავარძელში და შიგადაშიგ ამოგვძახებს ხოლმე, აი, მე რა კარგი ბიჭი ვარ, ჰაი, დედასა, რა უსამართლოდ ვიჩაგრებით…

„საერთო გაზეთი“, 25 ივლისი, 2016 წელი

ჩემი სულერთიაპრეზიდენტი

თამუნა კეშელავა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მისცა „რუსთავი 2“-ს და განაცხადა, მე იმდენად გამოცდილი ვარ, ვიცი რაზე უნდა ვისაუაბრო და რაზე არაო.. მეტიც, პრეზიდენტი ისეთი გამოცდილია, ისიც იცის, ვისთან უნდა ისაუბროს და ვისთან არა…

მაინც სად მიიღო ჩვენმა პრეზიდენტმა ასეთი კარგი გამოცდილება? რეზიდენციაში? წინდის ქსოვის დროს? მდიდრული სექსის დროს? ბოკერიასთან სადილობისას? ფილოსოფიური ტრაქტატების წერის დროს?

მთავარი პრეზიდენტის ინსტიტუტია და არა ის, მარგველაშვილი კარგი ბიჭია თუ ცუდიო…

პრეზიდენტის ინსტიტუტი თუ მთავარია, რა გააკეთა ამ ოთხი წლის მანძილზე პრეზიდენტის ინსტიტუტმა?

კონსტიტუცია არ მაძლევდა უფლებასო… რის უფლებასაც გაძლევდათ, ის მაინც რომ გეკეთებინათ, არა? კონსტიტუციამ იმის უფლებას ხომ მოგცათ, რომ იმ ხელისთვის დაგეწყოთ კბენა, რომელიც გაჭმევდათ, კონსტიტუციამ იმის საშუალება ხომ მოგცათ, ისინი გეკრიტიკებინათ, ვისთან ერთადაც ხელისუფლებაში მოხვედით, კონსტიტუცია მაშინ ხომ არ გაგხსენებიათ, როცა ნაციონალებთან ერთად ატარებდით თავისუფალ დროს?

ჩვენს პრეზიდენტს კარგი გამოცდილება მიუღია და გაცუღლუტებულა…

შეფარულად საუბარი უსწავლია… აი, ისეთი, არც წყალი როა და არც ღვინო, არც მიწის როა და არც ცის, არც მწვადს რომ არ წვავს და არც შამფურს…

დღეს ანდაზებით საუბრის ხასიათზე ვარ, რა ვქნა, ჩემი პრეზიდენტი ფილოსოფოსია და ტრაქტატებით მესაუბრება, მე ხალხის შვილი ვარ და ანდაზები მირჩევნია, ჰოდა, კიდევ ერთი ანდაზა გამახსენდა: „ეს ქათამი ჩვენსას კაკანებს და სხვაგან კვერცხს დებსო“, ან „ხე ნაყოფით იცნობაო“…

ჰოდა, რა ნაყოფი აქვს ამ ჩვენი ბიჭის პრეზიდენტობის ინსტიტუტს და სად დებს კვერცხს? ნაცებთან გენაცვალე, ნაცებთან…

მერაბიშვილზე შესტკივა ფილოსოფოსი გული… ფსევდო ლიბერალიზაციით, ფსევდო დემოკრატიით აღჭურვილს… მერაბიშვილის უფლებები ირღვევაო…

მართალია, ვერ გაიხსენა, რა მომენტში დაირღვა ვანოს უფლებები, თუ არ ვცდები, იყო იქ რაღაც, სხვა ოთახში გადაიყვანესო, თუ რაღაცო, მაგრამ, დაირღვაო…

ოთახი შეუცვალეს და მისი უფლებები დაირღვაოო? რას მეუბნებითო, ვინ გაუბედაო?

და იმ ადამიანებზე რას იტყვით, ვის უფლებებსაც მერაბიშვილი, ახალაია, სააკშვილი, უგულავა, ბოკერია და სხვანი არღვევდნენ? იმ ადამიანებზე რას იტყვით, რომლებიც მათ რეჟიმს შეეწირნენ? იმ ოჯახებს ვინ გასცემს პასუხს, ვისი შვილებიც ჩაცხრილეს? იმათი უფლებები არ დაირღვა? თქვენი საქმე რაღაც ისეა, „თავის დამკარგველი, თმას დასტიროდაო“, ან „მგელი დანარჩენს სტიროდა, პატრონი წანაღებსაო“…

ის მაინც არ გაგიგიათ, „ხალხი მირბოდეს – გაჰყევი, გაჩერდეს – გაჩერდიო“? ხალხს სულ არ აინტერესებს რომელ ოთახში იჯდება მერაბიშვილი, დაიცავს თუ არა უგულავა უგულავას ძვირადღირებულ დიეტას, აქვს თუ არა ბოკერიას სექსი…

ხალხს აინტერესებს რატომ ნერვიულობთ მერაბიშვილიზე ამდენს და რატომ აცხადებთ რომ არ შეგიძლიათ ნაცების რეჟიმზე სუაბარი? აკი, თქვით კიდეც, ვანოს მინისტრობის პერიოდზე ახლა რომ ვისაუბრო, ამით ისევ მის უფლებებს დავარღვევო… ანუ, საჯარო პირის გაკეთებულ ან გაუკეთებელ საქმეებზე საუბარიც პირადი ცხოვრებაა?

ხალხს ისიც აინტერესებს და ადარდებს, როგორ მოხდა, რომ ამ ოთხი წლის მანძილზე ერთხელაც არ გაგახსენდათ ნაცების რეჟიმის დროს უამრავი ადამიანის გათელილი უფლებები? რატომ არაფერს აკეთებს იმ ადამიანთა უფლებების დასაცავად, რომლებიც არც ცნობილები არიან, არც ნაცები, არც ყოფილი მინისტრები დიდი საბანკო ანგარიშებით… ისევ კონსტიტუცია არ მოიშველიოთ, დაანებეთ თავი ამ კონსტიტუციას, ნუ დაატარებთ აღმა-დაღმა… „ბრმა, თვალხილულს ატყუებდაო“ მეც გამიგია ეგ ანდაზა, მაგრამ მოატყუა რო? კეთილი და კარგი საქმის საკეთებლად, ყოველთვის მოიძებნება გზა… ხომ გაგიგიათ, „ძილს სასთუმალი არ უნდა, სიმშილსა შეჭამადიო“, ან, ხმალსა არ უშლის სიმოკლე, ფეხი წინ წასდგი – გასწვდება“-ო?

კონსტიტუცია და უფლებები, მხოლოდ ნაცების რეჟიმზე საუბარში გზღუდავთ, თორემ საკუთარ გუნდს, რომელმაც პრეზიდენტად დაგსვათ, აკრიტიკებთ ხშირად, მუშაობასაც უწუნებთ თბილი და მდიდრული რეზიდენციიდან და მას შემდეგ რაც სკამი გაინაღდეთ, თავს აღარც კი მოიაზრებთ ამ გუნდის წევრად…

არჩევნებს ვინ მოიგებს, ჩემთვის სულ ერთიაო, დეპუტატებად ვის წარადგენენ რა მნიშვნელობა აქვსო, „ოცნების“ სია არ მაინტერესებსო, სულ ერთია, როგორი სიით წარსდგებიანო… მე ლიბერალი ბიჭი ვარო, ამიტომ არც ერთი პარტიის მიმართ არ გამოვხატავს გრძნობებსო… მათ შორის, არც იმ პარტიის მიმართ, რომელთან ერთადაც საარჩევნო კამპანიას ვაწარმოებდი და რომელიც დამეხმარა, რომ არჩევნებში მომეგოო… მერე დაფიქრდა და… დამეხმარა რა, საარჩენო კამპანია დამიგეგმა, თორემ, მე ხმა მომცა ხალხმა და საზოგადოებამო… ასეა, „ცალთვალა ხარს, ორთვალა ხარის ნამუშევარი თავისი ეგონაო“…

ხალხმა და საზოგადოებამ ამირჩიაო? ვინ გიცნობდათ? ვის რაში სჭირდებოდით? რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ახლაც იქ იჯდებოდით, სადაც მანამდე ბრძანდებოდით, მაგრამ „ბაყაყი ხალიჩაზე დააბრძანეს, ისკუპა და ისევ გუბეში ჩახტაო“ ისე მოგდით…

საარჩვენო კამპანია დაგიგეგმეს, არჩევნებში ბიძინა ივანიშვილმა მისი წილი ხმები გაჩუქა, რეზიდენციაში დაგსვით და პრეზიდენტად რომ არ გაგეყვანეთ, დღემდე ცოლის მოყვანასაც ვერ მოახერხებდით თქვენი გამოცდილებითა და ფილოსოფიით… ზუსტად ასეთ, ცუდ და უმადურ ბიჭებზეა ნათქვამი: „მამამ შვილს ვენახი აჩუქა და შვილმა მტევანიც არ მიაწოდაო“; „ობოლსა ჰკითხეს – რომ გაიზრდები რას იზამო? – ვინც გამზარდა, დედას ვუტირებო“…

ჰოდა, ცდილობთ ახლა დედის ატირებას, მაგრამ ცუდი მოკავშირე აირჩიეთ… „რუსთავი 2“-მა როგორც არ უნდა გაგათეთროთ, თქვენ და თქვენი მეგობარი ნაცები, არა მგონია შავ ყორანს ფერი ეცვლებოდეს… „ბრმამ ბრმას უთხრა ჭიტაო“… ჰოდა, ხან თქევნ დაუძახეთ ჭიტა ბოკერიას, ხან ის დაგიძახებთ… ასე არჩევნებს ვერ მოიგებთ, რადგან „ცარიელი ტომარა ფეხზე ვერ დადგება“, მაგრამ გაერთობით მაინც…

როგორც ამბობთ, „რუსთავი 2“ თქვენი საყვარელი არხი ყოფილა, როგორც გამოტყდით, უსმენთ და უყურებთ თურმე ხშირად, როგორც წამოგცდათ, დემოკრატიასთან აიგივებთ, და იმუქრებით, მედიასთან ბრძოლაში ყველა პოლიტიკოსი წაგებულიაო… მაშინ სად იყო „რუსთავი 2“ ნაცები რომ ქვას ქვაზე არ სტოვებდნენ? თუ მაშინ იმ ტურას ჰგავდა, დაქცეულ ქვეყანაში რომ ქორწილსა და ღრეობას მართავს?

ახლა კი იმ ადამიანს ებრძვით, რომელმაც პრეზიდენტად დაგსვათ, ახლა იმ გუნდს უგორებთ ჭორებს, რომელმაც საარჩევნო კამპანიოა დაგიგეგმათ… აკი, არ ვსაუბრობ იმაზე, რაც ფაქტებით არ არის დასაბუთებულიო? მაშ, რატომ უსმენდით ინტერვიუს დროს ღიმილით წამყვანს, რომელიც ხან მოსამართლეებს ლანძღავდა და ამბობდა ყველა მოქრთამულიაო, ხან ივანიშვილს მოიხსენიებდა აუგად, ისევ და ისევ ფაქტების გარეშე? ანუ, ფაქტები ხან გჭირდებათ, ხან არა? ანუ, მიკერძოებული ხარ, ცუდო ბიჭო პრეზიდენტო?

ჩვენმა პრეზიდენტმა განაცხადა, მე არც იურისტი ვარო, არც მედია ექსპერტიო, არც ეკონომისტიო, არც პიროვნებებზე ვსაუბრობ და არც პარტიებზეო… სულ ერთია ვინ მოიგებს და სულ ერთია ვინ წააგებსო…

ერთი ამბავი გამახსენა ამ „სულ ერთია“ ბიჭმა: პლეხანოვზე ბებო იჯდა, გვერდით ორი კალათა ედო, ერთი ბალით სავსე, მეორე კი ალუჩით, ხან იძახდა: – იყიდეთ, ბებო ალუჩაო, ხანაც: – იყიდეთ ბებო ბალიო… და როცა ვერც ერთის მუშტარი ვერ იპოვნა, თავისთვის ჩაილაპარაკა: არცა გემჟავებათ, ნენა და არცა გეტკბილებათო?

ჰოდა, ბატონო პრეზიდენტო, ასე სულ ერთია თუა და თუ არცა გემჟავებათ და არცა გეტკბილებათ, რაღა ბოკერიასთან ერთად სადილობთ, რაღა მერაბიშვილის დამცველად გამოდიხართ, რაღა მხოლოდ „რუსთავი 2“-ს უყურებთ, რაღა ნაციონაალების რეჟიმზე საუბარს გიკრძალავთ კონსტუტიცია… ა, თუ გემჟავებთ და მალავთ, ჰა?

პრეზიდენტმა მიგვანიშნა, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მინდა კენჭი ვიყაროო… „ჯერ ძილი, მერე სიზმარიო“…

ან, თუ მიხვალთ საპრეზიდენტო არჩვენდებამდე მშვიდობიანად, თქვენთვის მშვიდობიანად, თორემ ჩვენთვის მშვიდობის მომტანი თქვენ არა ხართ ნამდვილად, მომავალ საპრეზიდენტო არჩვენებში ხმას ნეტავი ვინ მოგცემთ, მაგაზე არ გიფიქრიათ? საარჩვენო კამპანიას ვინ დაგიგგემავთ, ბოკერია? მოქალაქეების ხმებს ვინ მოგიპოვებთ სააკაშვილი ოდესიდან? მართლა ასეთი მიამიტი ბრძანდებით, ბატონო პრეზიდენტო? თუ მართლა გულუბრყვილოდ გჯერათ, რომ არჩევნები თქვენ მოიგეთ, მაშინ, კი ბატონო, სცადეთ, საკუთარი ძალებით, სცადეთ, ნაცების დახმარებით და შედეგს თავად ნახავთ… ამაზეა ნათქვამი: „ყრუს და ბრმას ცოლი მოუკვდა – როგორ გავაგებინოთ? – გვერდს რომ აღარ მოუწვება, მაშინ ხომ გაიგებსო“…

ოღონდ, როცა არჩევნებს წააგებთ, გეხვეწებით, არ დაიწყოთ მერე, „ჰაი, გიდი, ცხრა ნაბადზე ვხტებოდიო“…

რეზონანსი//მთელი კვირა“, 25 ივლისი, 2016 წელი

უნდა გადადგას თუ არა საქართველომ პირველი ნაბიჯი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად?

ლიკა გურაბანიძე

რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი ამ ეტაპზე არ და ვერ განიხილება – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადების საპასუხოდ განაცხადა. შეგახსენებთ, რომ მანამდე განცხადება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების შესაძლო აღდგენაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა. სერგეი ლავროვის თქმით, რადგანაც ეს ურთიერთობები საქართველოს ინიციატივით შეწყდა, სწორედ საქართველომ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისაკენ.

უნდა გადადგას თუ არა საქართველომ პირველი ნაბიჯი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად? – ამ კითხვით “მთელმა კვირამ” საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

ედიშერ გვენეტაძე (ისტორიკოსი) “ვცადოთ და გადავდგათ პირველი ნაბიჯი. დიპლომატია დათმობის ხელოვნებაცაა. ჩემი აზრით, საქართველომ ყოველი ღონე უნდა იხმაროს იმისათვის, რომ დიპლომატიური საშუალებით დაიბრუნოს დაკარგული ტერიტორიები. არის კიდევ ერთი უმთავრესი მომენტი – საფუძველი უნდა ჩაეყაროს მოლაპარაკებების დაწყებას. ამ პროცესების დაწყება აუცილებელია. რაც დავკარგეთ, იმაზე მეტი რაღა უნდა დავკარგოთ?! დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ დაკარგული ტერიტორიების ძალით დამბრუნებლები არ ვართ.”

თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი) “არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადადგას საქართველომ პირველი ნაბიჯი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად, ეს არის შეცდომა. იმიტომ, რომ მათ ამ ურთიერთობით მხოლოდ ის სურთ, რომ საქართველომ ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიაროს. რომელ დიპლომატიურ ურთიერთობაზეა საუბარი? რას გულისხმობენ “დიპლომატიურ ურთიერთობაში” – უარი უნდა ვთქვათ მათ მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე? ვერავითარ შემთხვევაში, ერთი ნაბიჯით უკან არ უნდა დაიხიოს საქართველომ. ეს იქნება ჯაბანი ერის პოლიტიკა, ეს იქნება ხელისუფლების საშვილიშვილო შეცდომა და უბედურება.

ჩვენ სულ მივდივართ ამ ურთიერთობაზე. საქართველო მუდმივად დიალოგის მომხრეა. სულ ვეხვეწებით რაღაცას ამ ქვეყანას. რუსეთს უნდა ვესაუბროთ, თუმცა ის არ გვესაუბრება. ეს აგრესიული პოლიტიკის მატარებელი ქვეყანაა.”

არჩილ გამზარდია (საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი) “საქართველოს მეტი პირველი ნაბიჯის გადასადგემელი არ აქვს. რამდენი პირველი ნაბიჯი შეიძლება გადადგა? ვერ ვხედავ სივრცეს, სადაც შეიძლება საქართველომ თავისი დადებითი ინიციატივა გამოხატოს. ბევრი რამე მასზეა დამოკიდებული და მას ხელეწიფება მთელი რიგი საკითხების მოგვარება (მეზობლებთან ურთიერთობების დალაგება), რომელიც შემდგომ ხელს საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობების დათბობას შეუწყობდა. “ერთი მხრივ საქართველომ სპორტული, კულტურული, თუ ეკონომიკური მიმართულებებით არაერთი ნაბიჯი გადადგა. ყველა კუთხით, დღეს რუსეთს უფრო სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს რუსეთი. ჩვენმა ქვეყანამ რუსეთის გარეშე ცხოვრება მეტ-ნაკლებად ისწავლა.”

გია ბუღაძე  (ფერმწერი) “არავითარ შემთვევაში. წარმოუდგენელია. როგორ შეიძლება დამპყრობელთან, ოკუპანტთან აღადგინო ურთიერთობები, რომელიც პირდაპირი გაგებით მტერია?! როგორ შეიძლება ასეთ არასანდო ქვეყანასთან ურთიერთობა ამ ფორმით წარვმართოთ?! დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის შემთხვევაში სამუდამოდ დაკარგავთ ოკუპირებულ ტერიტორიებს. ეს იმის ნიშანი იქნება, რომ არაფრის მაქნისები ვართ. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის და პირველი ნაბიჯის გადადგმის. სწორედ ეს ერთმორწმუნე ერია რომ გვანადგურებს და გვსპობს. ამ მიმართულებით კატეგორიული პრინციპულობაა საჭირო. მათთვის საქართველო არაფერია და ამ პრობლემაზე საუბარი მუდმივად უნდა ხდებოდეს.”

რეზონანსი//მთელი კვირა“, 25 ივლისი, 2016 წელი

“ნატოს სასიკვდილო ავადმყოფობა შეეყარა”

თბილისში ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგის პესიმისტურ პროგნოზს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ

ია აბულაშვილი

ამერიკელი პოლიტოლოგი ტედ კარპენტერი თავის სტატიაში “ნატოს სასიკვდილო დაავადება შეეყარა”, ნატოს შესაძლო დაშლის მიზეზებზე საუბრობს. მისი თქმით, ამ დაავადების რამდენიმე ძირითადი მიზეზი არსებობს.

პირველი: ბოლო დროს თურქეთში განვითარებული მოვლენები, სამხედრო გადატრიალების მცდელობა, კარგს არაფერს უქადდა ნატოს, რადგან მისი განხორციელების შემთხვევაში დემოკრატიით ცნობილ ნატოს მოუწევდა მოეთმინა მის რიგებში სამხედრო დიქტატურის ყოფნა. ამიტომ პუტჩის ჩაქრობისთანავე ნატომ სასწრაფოდ მხარი დაუჭირა თურქეთის ხელისუფლებას – პრეზიდენტ ერდოღანს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ პუტჩის ჩახშობის შემდეგ დიქტატურა არ გამეფდა, ამ მოვლენებმა ალიანსში უთანხმოება მაინც გამოიწვია.

პოლიტოლოგის აზრით, მეორე მნიშვნელოვანი სიმპტომი იმისა, რომ ნატო ავადაა, ალიანსში ერთსულოვნების დეფიციტია. მიუხედავად ნატოში არსებული ერთიანი სტრატეგიისა რუსეთისადმი ეკონომიკური სანქციების გამკაცრების კუთხით, ნატოში შემავალი ზოგიერთი სახელმწიფო დიდი ენთუზიაზმით მხარს არ უჭერს რუსეთისადმი ევროპული ეკონომიკური სანქციების გამკაცრებას.

ასევე აზრთა სხვადასხვაობაა უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების თაობაზეც, მიუხედავად აშშ-ის დიდი მხარდაჭერისა.

ყველაზე დიდი “შავი ღრუბელი” კი ნატოს თავზე, პოლიტოლოგის აზრით, აშშ საპრეზიდენტო არჩევნებია, ანუ “ხელისუფლებაში ტრამპის მოსვლა შეიძლება გახდეს ბოლო დაჭედებული ლურსმანი ნატოს კუბოს ფიცარზე”. სტატიის ავტორის თქმით, დონალდ ტრამპი პრეზიდენტის რანგში აუცილებლად მოითხოვს რეფორმების გატარებას, ანდა სულაც შეიძლება დააყენოს ნატოდან აშშ გასვლის საკითხი.

ცნობისათვის, ტედ კარპენტერი ვაშინგტონის კატონის ინსტიტუტის მკვლევარია. გარდა ამისა, იგი ნატოს თემაზე წიგნების სერიის ავტორიც გახლავთ. თავისი მოსაზრება ნატოს “სასიკვდილო ავადმყოფობის” შესახებ მან ინტერნეტ გამოცემა “ტფეშწტფდ შტეუკუთე”-ში გამოაქვეყნა.

————

გაუჩნდა თუ არა ბზარები ნატოს ძლიერ ფუნდამენტს, ამის თაობაზე “მთელი კვირა” ქართველ პოლიტოლოგებს ესაუბრა, რომლებიც ამ მოსაზრებას არ იზიარებენ.

სოსო ცინცაძე: “რასაკვირველია, ნატო განიცდის გარკვეულ სირთულეებს, დღეს ნატოსთვის არის რთული პერიოდი. ერთის მხრივ, სულ უფრო და უფრო მწვავე სახეს ღებულობს რუსეთთან დაპირისპირება; მეორეს მხრივ, ნატოს წევრი სახელმწიფოები არ ავლენენ პოლიტიკურ ნებასა და ერთობის რწმენას, რათა ადეკვატური ზომები მიიღონ რუსეთთან მიმართებაში. მთავარი პრობლემა არის სანქციები და სამხედრო ხარჯების ზრდა.

რაც შეეხება ტრამპის გაპრეზიდენტებას, ცოტა გადაჭარბებულია ეს საფრთხე, ვინაიდან, ჯერ ერთი, ძალზედ ნაკლებად მოსალოდნელია ტრამპის გამარჯვება და მეორე, არაერთი შემთხვევა გვაქვს, როდესაც კანდიდატი ცვლის თავის პოზიციას თეთრ სახლში შესვლის შემდეგ. საქართველოს და უკრაინის პრობლემა დღეს არ წამოჭრილა ბრიუსელისთვის, და საერთოდ, არასოდეს არ მდგარა კონკრეტულ მომენტში ამ ქვეყნების ალიანსში მიღების საკითხი. ამიტომ ამ პრობლემებს უცებ შეყრილ დაავადებად ვერ ჩავთვლით.

რაც შეეხება თურქეთის მოვლენებს, ეს შეიძლება ყველაზე სერიოზული პრობლემაა უკანასკნელი 10-20 წლის განმავლობაში, მაგრამ აქაც არ მიმაჩნია, რომ დღეს თვითონ თურქეთი მზად იყოს ნატოდან გასასვლელად, საიმისოდ რომ პირისპირ აღმოჩნდეს თუნდაც იგივე ისლამურ სამყაროში მის მოწინააღმდეგებთან. არც თურქეთ-რუსეთის მოსალოდნელი დათბობა მიმაჩნია ამ ქვეყნებს შორის სტრატეგიული კავშირის გაფორმებად, ვინაიდან დღეს სიტუაციურად სასარგებლოა ორივესთვის, უფრო თურქეთისთვის დროებითი თანამშრომლობა, რადგან მთლიანობაში თურქეთი იყო, არის და დარჩება პროდასავლურ ნატოს წევრ სახელმწიფოდ. დასავლეთი იძულებული იქნება თვალი დახუჭოს თურქეთში მიმდინარე რეპრესიებზე და შეინარჩუნოს ალიანსში თავისი სიძლიერით მეორე სამხედრო ძალა. ასე რომ, პანიკური განცხადებები და განწყობილება განკუთვნილია ისტორიის არმცოდნეთა წრეებისათვის. არც იმდენად დიდი დროა გასული მას შემდეგ, რაც დასავლელი პოლიტოლოგები, ექსპერტები, ფილოსოფოსები დასავლეთს დასასრულს უწინასწარმეტყველებდნენ და თითქმის ნატოს პანაშვიდსაც იხდიდნენ.

როგორც ევროპის, ასევე შტატების შინაგანი რესურსი იმდენად ძლიერია, რომ ისევე როგორც წარსულში ახერხებდა დემოკრატიული დასავლეთი გამოსულიყო კრიზისიდან და მთელი თავისი ძალებით მობილიზება მოეხდინა დემოკრატიული ფასეულობებისა და ღირებულებების დასაცავად, ასევე მოხდება ამჯერადაც”, – განაცხადა “მთელ კვირასთან” პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ.

პეტრე მამრაძე: “აღსანიშნავია, რომ ერთადერთი წერილია მსგავსი შინაარსის, ვინაიდან როგორც ამ დარგში მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები, ასევე სახელმწიფო მოღვაწეები ერთხმად აღნიშნავენ, რომ პუტინმა თავისი აგრესიული მოქმედებებით ჯერ საქართველოში 2008 წელს და შემდეგ უკრაინაში 2014 წლიდან (ყირიმის ანექსია, სასტიკი ომი აღმოსავლეთ უკრაინაში, აგრეთვე აგრესიული განცხადებები, რომ შეუძლია აიღოს ვარშავა, რიგა, ტალინი, მიუხედავად იმისა, რომ ნატოს წევრები არიან) მიაღწია იმას, რაც შეუძლებლად მიაჩნდა სსრკ და ვარშავის პაქტის წევრი ქვეყნების დაშლის შემდეგ – სრულიად მიძინებულმა ნატომ გამოიღვიძა და ახლახან დასრულებულ ვარშავის სამიტზე, უძლიერეს სამიტზე გადაწყვეტილებების მიღების თვალსაზრისით ცივი ომის დასრულების შემდეგ, ნატომ აღიარა პუტინის რუსეთი უდიდეს საფრთხედ.

ნატომ გადაწყვიტა კონკრეტული ზომები მიიღოს თავისი წევრების, უპირველეს ყოვლისა კი ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთის დასაცავად და ამ ზომებს ახორციელებს კიდეც. ხაზს ვუსვამ – ასეთი ერთიანობა, შემართება, პოლიტიკური ნება, როგორიც ამჟამად არსებობს ნატოში, არ ყოფილა 1991 წლის დეკემბერში სსრკ-ს დაშლის შემდეგ.

რაც შეეხება დონალდ ტრამპის შესაძლო გაპრეზიდენტებას, აშშ-ის წამყვანი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამის ალბათობა ძალიან მცირეა; რომ ტრამპის პოპულარობამ პიკი უკვე გაიარა და იკლებს.

მაგრამ ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ისაა, თეორიულადაც რომ დავუშვათ რომ ტრამპი გახდება პრეზიდენტი, ეს არანაირ გავლენას არ მოახდენს აშშ-ის ჩრდილოატლანტიკურ პოლიტიკაზე და ნატოში აშშ-ის პოზიციაზე. სათანადო ინსტიტუტები, აშშ-ის კონგრესითა და სენატით დაწყებული, არ დაუშვებენ აშშ-ის უსაფრთხოებისათვის მავნე პოლიტიკის გატარებას. ჩნდება კითხვა – რატომ დაწერა ასეთი წერილი ამ მეცნიერმა? ამბობენ, რომ პუტინის რეჟიმი ბევრს აკეთებს დასავლეთში თავისი ლობისტების მოპოვება-გამყარებისათვის. ვერ გეტყვით თუ ეს შემთხვევაა, მაგრამ ფაქტია, რომ წერილი უპრეცედენტოა. ვნახოთ როგორ უპასუხებენ მას სხვა მეცნიერები.”

რეზონანსი//მთელი კვირა“, 25 ივლისი, 2016 წელი

მამუკა არეშიძე: „კუნთების თამაშისაქართველოს საზღვრებთან და ოკუპირებულ ტერიტორიაზე // რუსებმა მოულოდნელად მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყეს

გვანცა ღვედაშვილი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო. წვრთნები ასევე მთელს ჩრდილო კავკასიას მოიცავს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ვერსიით, ეს გეგმიური წვრთნაა, თუმცა თბილისში ეს ეეჭვებათ. ქართველი ექსპერტები ამ მოვლენას ათიოდე დღის წინ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას და თურქეთში არსებულ დაძაბულ მდგომარეობას უკავშირებენ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და მათ შორის სამხრეთ კავკასიაში სირიის მსგავსი კრიზისის დაწყებას პროგნოზირებს და აცხადებს, რომ ასეთ შემთხვევაში რუსეთი “ადეკვატურად მოიქცევა”.

“მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ანალიზი გვაჩვენებს, რომ უახლოეს მომავალში შეიარაღებული კონფლიქტის კერების გაჩენის ალბათობა შენარჩუნებულია. ისეთი კრიზისული სიტუაციები, როგორიცაა სირიაში, შესაძლოა, გამეორდეს ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის, პოსტ-საბჭოთა ქვეყნებშიც ცენტრალურ აზიისა და სამხრეთ კავკასიაში. ასეთ შემთხვეევაში, რუსეთი იძულებული იქნება, ადეკვატური რეაგირება მოახდინოს პოტენციურ საფრთხეებზე,” – განაცხადა სერგეი შოიგუმ.

აღნიშნული წვრთნები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადების შემდეგ დაიწყო. შეგახსენებთ, რომ შოიგუმის განცხადება რუსულმა მედიამ გაავრცელა.

კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე, “მთელ კვირასთან” საუბრისას აცხადებს, რომ რუსეთის განცხადება, თითქოს ეს გეგმური წვრთნებია, ნაწილობრივ შეიძლება სიმართლეს შეესაბამებოდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში წვრთნები მოულოდნელად დაიწყო.

“ეს წვრთნები მიმდინარეობს არა მხოლოდ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, არამედ რუსეთის ფედერაციის სამხრეთ ოლქში, რომელიც მთლიანად ჩრდილოეთ კავკასიას მოიცავს, რაც საკმაოდ დიდ სივრცეს წარმოადგენს.

“ერთის მხრივ რუსეთის სამხედრო უწყება ამბობს, რომ ეს გეგმური წვრთნებია. ნაწილობრივ ეს შეიძლება სიმართლეს შეესაბამებოდეს, რადგან ივლისი-აგვისტოს პერიოდში ყოველთვის ტარდება მსგავსი წვრთნები, რომელსაც “კავკაზი” ჰქვია. მაგრამ ამ შემთხვევაში წვრთნები მოულოდნელად დაიწყო. ასე ვთქვათ, სამხედრო კონტინგენტი განგაშით წამოყარეს. ამიტომ, ნაწილობრივ ამას გეგმური წვრთნა შეგვიძლია დავარქვათ, ნაწილობრივ კი ეს თურქეთში მიმდინარე მოვლენების პასუხია.

“თურქეთი მაინც ნატოს წევრი ქვეყანაა და იქ მიმდინარე პროცესებზე რეაგირება რუსული სამხედრო პოლიტიკური ელიტისთვის დამახასიათებელია”, – გვითხრა არეშიძემ.

რაც შეეხება რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებას, მამუკა არეშიძის თქმით, სირიის კრიზისში შოიგუ მრავალმოთამაშიან სამხედრო დაპირისპირებებს მოიაზრებს. თუმცა, მსგავსი კრიზისის სამხრეთ კავკასიაში შექმნა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ მასში გარე მოთამაშეები მიიღებენ მონაწილეობას, როგორებიც აშშ, თურქეთი და სხვები არიან.

“სერგეი შოიგუს განცხადებაში იგულისხმება ის, რომ სირიაში მრავალმოთამაშიანი სამხედრო ოპერაციები მიმდინარეობს და ვინ ვის ებრძვის ვერ გაიგებ. მე მინდა ხაზი გავუსვა ფაქტს, რომ თუ გარეშე მოთამაშეებმა ასეთი სიტუაცია არ შექმნეს (რუსეთმა, აშშ-მ, თურქეთმა და სხვებმა), სამხრეთ კავკასიაში მრავალმოთამაშიანი სამხედრო კონფლიქტის საშიშროება არ არსებობს.

“რაც შეეხება რუსეთს, არ მგონია მას სამხრეთ კავკასიაში ახალი სამხედრო კონფლიქტი აინტერესებდეს. ჯერ ერთი, ამის რეალური საფრთხე და მიზეზი არ არსებობს და მეორეც არ მგონია ჩანდეს კონკურენტი, რომელიც მას უპასუხებს”, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

მისივე თქმით, ჯერჯერობით საქართველოს არაფერი ემუქრება და რეალური ხიფათი არ არსებობს, მაგრამ მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ კულუარული გზებით მაინც გაიგოს რა ხდება და შესაბამისად იმოქმედოს.

“თუ ხელისუფლება კულუარული გზებით რაღაცას აკეთებს, ან ცდილობენ დაადგინონ რა ხდება – ეს ძალიან კარგია. თუმცა, მე ვერ გეტყვით ამას აკეთებს თუ არა. ალბათ აკეთებს. თუ ასე არ არის, ეს ცუდია.

“რაც შეეხება ღია განცხადებებსა და კრიტიკულ გამოსვლებს, ეს ქვეყნისთვის არაფრის მომტანი არ არის”, – გვითხრა კავკასიოლოგმა.

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი ვიქტორია კლიმინჩევა, რუსეთის მიერ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დაწყებულ სამხედრო წვრთნებს უკანონოს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს ქვეყნის მშვიდობასა და სტაბილურობას უშლის ხელს.

“ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში დე ფაქტო რეჟიმის მიერ ჩატარებული სამხედრო სწავლებები, ისევე როგორც მთლიანად აღნიშნულ ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნა წარმოადგენს უკანონო მოქმედებებს, რაც ქვეყანაში ხელს არ უწყობს მშვიდობასა და სტაბილურობას”, – გვითხრა კლიმინჩევამ.

„კვირის პალიტრა“, 25 ივლისი, 2016 წელი

ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „რა ნაფტალინის სუნი აუტყდა ზოგიერთს!..” // „რეჯეპ ერდოღანმა მოახერხა და გარეთ გამოუშვა ის ბნელი ძალები, რომლებიც ყველა ქვეყანაში არიან და როგორც წესი, სარგებლობენ ამგვარი კატაკლიზმებით

ნათია დოლიძე

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობიდან კვირაზე მეტი გავიდა, თუმცა ვითარება ჩვენს მეზობლად კვლავაც რთულია. თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანის ბრძანებით, 21 ივლისიდან მთელ ქვეყანაში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. გრძელდება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილთა სამართლებრივი დევნა. 15 ივლისის პუტჩის მცდელობაში მონაწილეობისთვის ოფიციალურად დასდეს ბრალი არმიის 99 გენერალს, რომლებიც თურქეთის სამხედრო ელიტის მესამედს შეადგენენ. სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დააკავეს ან სამსახურებიდან დაითხოვეს 50 ათასზე მეტი ადამიანი, მათ შორის არიან სამხედრო პირები, პოლიციელები, მოსამართლეები, საჯარო მოსამსახურეები, მასწავლებლები… შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი კითხვა კვლავ არის: ”საით მიდის თურქეთი?!” საქართველოში, სადაც წინასაარჩევნო პროცესები ნელ-ნელა ძალას იკრებს, ბუნებრივია, შეშფოთებისა და განსჯის თემად რჩება მეზობელ ქვეყანაში შექმნილი ვითარება. რა გავლენას მოახდენს თურქეთში მიმდინარე პროცესები საქართველოზე და რა ახალი საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენი ქვეყანა? ამ და სხვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებზე გვესაუბრება ექსპერტი მამუკა არეშიძე.

- უპირველესად აღვნიშნოთ ის, რომ ჯარის ამბოხი თურქეთის ისტორიისთვის ლამის ტრადიციად არის ქცეული. ეს ბოლო ჯანყი ბევრი წინასგან განსხვავდებოდა თუნდაც იმით, რომ უხერხემლოდ იყო მომზადებული და განხორციელებული. ჩემი აზრით, ამბოხი ქვეყნის შიგნით გარკვეული პირებისა და შესაძლოა, უცხო ქვეყნების წარმომადგენლების ჩაფიქრებული იყო, მაგრამ განხორციელდა ნაჩქარევად და მოუმზადებლად, რაც, სავარაუდოდ, განაპირობა ინფორმაციის გაჟონვამ. მოკლედ, თურქეთის ხელისუფლებამ ეს ამბავი შეიტყო და ერდოღანი მოიქცა ისე, როგორც იქცევიან ხოლმე ჭეშმარიტი აღმოსავლელი მმართველები – მან მოვლენებს გარკვეულ ეტაპამდე განვითარების საშუალება მისცა და მერე ყველას დაასწრო. ვფიქრობ, სამხედროებიც მიხვდნენ, რომ მათი ჩანაფიქრის შესახებ ინფორმაციამ გაჟონა და აჩქარდნენ. არ ვემხრობი ვერსიას, რომ ერდოღანმა ეს ამბავი თვითონ დადგა, თუმცა, ვფიქრობ, შეიტყო რა ამგვარი სამზადისის თაობაზე, ეს სათავისოდ გამოიყენა.

ერდოღანმა ერთბაშად რამდენიმე კურდღელი დაიჭირა. პირველი – არმია ისე გატეხა წელში, დიდი დრო დასჭირდება იმ მუხტის აღდგენას, რაც არმიაში იყო; მეორე – ოპოზიცია გაანეიტრალა, ხმის ამოღების საშუალება აღარავის აქვს; მესამე – ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც საკუთარი იდეოლოგიის მოწინააღმდეგედ მიიჩნევდა, მოიშორა.

მას პოლიტიკურ ასპარეზზე, ფაქტობრივად, მოწინააღმდეგე არ რჩება, რითაც ისარგებლებს და ისეთ კონსტიტუციას მიიღებს, როგორიც სურს, ანუ მისი ძალაუფლება იქნება აბსოლუტურად უკონტროლო. თუმცა, ჩემი აზრით, ერდოღანის ეს წარმატებები მოკლევადიანია. თუ დავაკვირდებით დღეს რა პროცესები ვითარდება თურქეთში, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ უახლოეს მომავალში ეს ყველაფერი ძალიან ცუდად შემოუტრიალდება ამ ქვეყანას. უკვე დაპატიმრებულია ათასობით ადამიანი, მათ შორის სამხედროები, პოლიციელები, საჯარო სამსახურის მაღალჩინოსნები, განათლების სისტემის მუშაკები და ა.შ. 400-ზე მეტი მოლაა დაპატიმრებული და რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, დაკავებულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის 250-ზე მეტი თანამშრომელი. ეს ძალიან მასშტაბური რეპრესიებია.

თქვენ უნდა ნახოთ, რა ხდება დღეს დიდი ქალაქების ქუჩებში! ერდოღანმა მოახერხა და გარეთ გამოუშვა ის ბნელი ძალები, რომლებიც ყველა ქვეყანაში არიან და როგორც წესი, სარგებლობენ ამგვარი კატაკლიზმებით. ეს არის ხალხი, რომელიც ორიენტირებულია ანგარიშსწორებაზე. დღეს ნებისმიერი მაწანწალას სავიზიტო ბარათად იქცა ერდოღანის დიდებაზე ლაპარაკი და სხვა ადამიანების დასმენა, მოღალატეობის სხვისთვის დაბრალება, ერთმანეთის ”ჩაშვება”! ეს სავალალო პროცესები თურქეთში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გამძვინვარდა. არ ვიცი, ამას ერდოღანი როგორ მოუვლის.

განსაკუთრებით გართულდა ვითარება მას შემდეგ, რაც ლაპარაკი დაიწყო სიკვდილით დასჯის აღდგენაზე. დღეს ვინც ქუჩაში აქტიურობს, გაიძახის, რომ სიკვდილით დასჯა უნდა აღდგეს. თუ სიკვდილით დასჯა კვლავაც შემოიღეს პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დასასჯელად, ეს სახელმწიფო სისტემის მოშლას და თურქეთის იზოლაციას გამოიწვევს. პროცესები ისე მიდის, მეშინია, მათი მართვის სადავე ხელიდან არ გაუსხლტეს ერდოღანს. ეს ვითარება თუ დიდხანს გაგრძელდა, არ არის გამორიცხული, დიდი დარტყმა მიადგეს ქვეყნის სტაბილურობას და ეკონომიკურ განვითარებას, რაც მართლაც საუკეთესო იყო ბოლო წლების განმავლობაში. იმ ხალხმა, რომელიც დღეს ქუჩაში ბობოქრობს, თუ მოახერხა და გაიმყარა პოზიციები, ჩვენს მეზობლად გაჩნდება ფუნდამენტალური ისლამის მიმდევარი ქვეყანა, არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობით და მყიფე საზოგადოებრივი სტრუქტურებით, რაც ძალიან სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენთვის.

- ბევრი ვარაუდობს, რომ პროცესები შეიძლება ისე განვითარდეს, რომ თურქეთმა საკუთარ სტრატეგიულ პარტნიორად რუსეთი აირჩიოს და ნატოზე უარი თქვას, რაც ჩვენს რეგიონში გეოპოლიტიკურ სურათს შეცვლის. გავიხსენოთ, რომ ერდოღანსა და პუტინს მმართველობის სტილის გამო აქამდეც ხშირად ადარებდნენ ერთმანეთს

- ერდოღანის და პუტინის მართვის სტილს მართლაც აქვს რაღაც საერთო, მაგრამ დღევანდელი პროცესებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ერდოღანი უფრო დაემსგავსოს გასული საუკუნის 30-იანი წლების სტალინს. თუ ერდოღანმა დაუშვა იმ პროცესების განვითარება, რაც დღეს იკიდებს ფეხს თურქეთში, გამოდის, რომ ის აქამდე თავის რეალურ მიზნებსა და იდეებს ნიღბავდა.

რაც შეეხება რუსეთისა და თურქეთის მოკავშირეობას, 2014 წლამდე ეს ორი ქვეყანა ძალიან იყო ერთმანეთთან დაახლოებული, ჰქონდათ თითქმის 40-მილიარდიანი სავაჭრო ბრუნვა და არაერთ საკითხში კოჭსაც უგორებდნენ ერთმანეთს. მიუხედავად ასეთი ურთიერთობისა, ჩემი აზრით, ეს მაინც თვალთმაქცური კავშირია. როგორც მსოფლიო მედია წერს, სავარაუდოდ, სწორედ რუსი სამხედროები დაეხმარნენ ერდოღანს გადატრიალების მზადების თაობაზე ინფორმაციის დროულად მიღებაში, მაგრამ გრძელვადიანი პერსპექტივისთვის ეს არაფერს ნიშნავს, რადგან რეგიონში ამ ორი ქვეყნის ინტერესები მუდმივად იკვეთება და თანაც – ძალიან აგრესიულად. ვგულისხმობ არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთს, არამედ კავკასიის რეგიონსაც. გავიხსენოთ, რომ თავის დროზე ათათურქსაც დაეხმარა ბოლშევიკური რუსეთი, მაგრამ როგორც კი ათათურქი წელში გაიმართა, იმ წუთას ზურგი აქცია რუსეთს. ასე რომ, თურქეთის და რუსეთის დაახლოება შეიძლება, მაგრამ ეს იქნება თვალთმაქცური და დროებითი. მალევე აუცილებლად იჩენს თავს ისტორიულად განპირობებული წინააღმდეგობები, ამიტომაც მე არ მჯერა, ისინი სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ.

რაც შეეხება თურქეთის გასვლას ნატოდან, ესეც მეეჭვება. რა თქმა უნდა, თურქეთის წასვლა ნატოს ძალიან დააზარალებს, რადგან ეს ქვეყანა ალიანსის მთავარი დასაყრდენია ახლო აღმოსავლეთში, მაგრამ უფრო მეტად დაზარალდება თურქეთი. დღეს ამ ქვეყნის მდგომარეობა ასე თუ ისე მყარი რომ არის, დასავლეთის და ალიანსის დამსახურებაა. თურქეთს რეგიონში ჰყავს უაღრესად ძლიერი მოწინააღმდეგეები, უპირველესად – ირანი, რომელიც მისი ისტორიული მეტოქეა.

ირანთან კონკურენცია თურქეთს მხოლოდ სამხედრო ზურგით შეუძლია და ეს ზურგი ნატოა. ძალიან მეეჭვება, თურქეთი ნატოდან გასვლას დათანხმდეს. გადატრიალების მცდელობის პირველ დღეებში დიდი ხმაური ატეხა თურქულმა მედიამ ინჯირლიკის ბაზასთან დაკავშირებით. ამბობდნენ, რომ ბაზას ელექტროენერგია შეუწყვიტეს, რომ იქ რაღაც პროცესები მიმდინარეობდა, საბოლოოდ კი ბუზიც ვერ აუფრინეს… დააპატიმრეს თურქეთის მოქალაქე გენერალი, რომელიც ბაზის მმართველი იყო, სხვა ვერაფერი გაბედეს. ეს არის არა აშშ-ის, არამედ ნატოს ბაზა და იქ განლაგებულია არა მხოლოდ ალიანსის ავიაცია, არამედ ატომური იარაღი, რომლის ხელის ხლების უფლება თურქეთს არა აქვს. ნატოსთან ურთიერთობის გაწყვეტა სახუმარო საქმე არ არის, უამრავი დივიდენდია, რასაც თურქეთი ნატოსგან იღებს და რასაც, მეეჭვება, შეელიოს…

- თურქეთმა შეაჩერა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონვენციის მოქმედება საკუთარ ტერიტორიაზე. ამ ქვეყნის იუსტიციის მინისტრის თქმით, არავის აზრს არ გაითვალისწინებენ სიკვდილით დასჯის აღდგენასთან დაკავშირებით და ისე იმოქმედებენ, როგორც თურქ ხალხს სურს. ადამიანების დაპატიმრება კვლავაც გრძელდებაყოველივე ამის გათვალისწინებით, რას მოიმოქმედებს დასავლეთი? იმის გამო, რომ ამ ეტაპზე თურქეთი რეგიონში მნიშვნელოვანი პარტნიორია, ყველაფერზე თვალს დახუჭავს?

- მიაქციეთ ყურადღება, რომ კონვენციის მოქმედება შეაჩერეს და არ გააუქმეს… ამიტომ ვფიქრობ, რომ ამბოხის პირველ დღეებში თურქეთის ხელისუფლების ეს აგრესიული მოქმედებები ნელ-ნელა დარეგულირდება. თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, დარწმუნებული ვარ, დასავლეთი ამაზე თვალს ვერ დახუჭავს, რადგან რეპრესიების მასშტაბი ძალიან დიდია. კი ბატონო, მსოფლიოში არსებობს ორმაგი სტანდარტი, მაგრამ მნიშვნელობა აქვს ამა თუ იმ მოვლენის მასშტაბს. თუ თურქეთის ხელისუფლებამ უახლოეს მომავალში მოახერხა და ზედმეტი აგრესიისა და რადიკალიზმის გარეშე გააგრძელა მოქმედება, შეიძლება, შედარებით მცირე დარღვევებზე დასავლეთმა ყურადღება არ გაამახვილოს…

- თუ პროცესები უფრო რადიკალური გახდა, რა ახალი გამოწვევები შეიძლება გაჩნდეს საქართველოს წინაშე და როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამას?

- თუ ბოთლიდან გამოშვებული ჯინი, რადიკალური ისლამიზმის სახით, გახდა თურქეთის რესპუბლიკის მთავარი იდეოლოგია, ეს იქნება საქართველოსთვის კატასტროფა. ერდოღანის ხელისუფლება ჯერჯერობით პოზიციონირებს, როგორც ზომიერი ისლამის მომხრე, თუმცა დღევანდელი ვითარებიდან ჩანს, რომ ნელ-ნელა ძალას იკრებენ ის ბნელი ძალები, რომლებიც ქადაგებენ ფუნდამენტალიზმს.

ჩვენ უაღრესად სერიოზული ეკონომიკური და პოლიტიკური ძაფებით ვართ თურქეთთან დაკავშირებული. ნუ დაგავიწყდებათ, რომ საქართველო და თურქეთი, აზერბაიჯანთან ერთად, სტრატეგიულ პარტნიორებად ვითვლებით. სხვათა შორის, თურქეთის ხელისუფლების ქმედებები ზოგჯერ რეგიონული სახელმწიფოებისთვის გაუგებარი რჩება. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომლითაც ირკვევა, რომ აზერბაიჯანში განლაგდება თურქული სამხედრო ბაზა. ეს ძალიან საინტერესო პროცესია, უამრავი სპეციალისტი მსოფლიოს მასშტაბით სვამს კითხვას – ეს იქნება წმინდა თურქული ბაზა თუ ნატოს ძალებიც მიიღებენ მასში მონაწილეობას? ჯერჯერობით ამაზე პასუხი არ ჩანს, რაც რეგიონული მოთამაშეების გვარიან შეშფოთებას იწვევს.

- მოგეხსენებათ, თურქეთის ხელისუფლება გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად ფეთჰულაჰ გიულენს ასახელებს. ამ რამდენიმე დღის წინ სკანდალური განცხადება გააკეთა თურქეთის გენერალურმა კონსულმა საქართველოში იასინ თემისქანიმ. მისი თქმით, ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციას საქართველოში საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელი აქვს, სადაც ბავშვები ტერორისტული იდეოლოგიით იზრდებიანმან კონკრეტული სასწავლებელიც დაასახელა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

- ჩვენი საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩა, რომ გასულ წელს თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნით აზერბაიჯანში უამრავი ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს და რამდენიმე დააპატიმრეს კიდეც სწორედ იმიტომ, რომ ისინი გიულენის მომხრეებად მიიჩნიეს. აზერბაიჯანის ხელისუფლებაზე ზეწოლის შედეგად დაიხურა გიულენის დაარსებული სასწავლო დაწესებულებებიც. საქართველოსაც არაერთხელ მომართეს თურქეთიდან, რომ ზოგიერთი დაწესებულება აქაც დახურულიყო. არ ვიცი, მუსლიმანურ ქვეყნებში ამგვარ სკოლებში სწავლება როგორ მიმდინარეობს, მაგრამ საქართველოში ის წარიმართება განათლების სამინისტროს დამტკიცებული პროგრამით. ექსცესები აქამდე არ მომხდარა და არც ამ სასწავლებლების რომელიმე კურსდამთავრებული ყოფილა ტერორიზმში შემჩნეული. როგორც ვიცი, დემირელის კოლეჯის ერთ-ერთი წარმატებული კურსდამთავრებული ზაზა ფაჩულიაა და არა მგონია, მის ტერორიზმთან კავშირზე ვინმეს რამე აეჭვებდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ყურადღება უნდა მოადუნოს. ვფიქრობ, ახალი შეტევა დაიწყება თურქეთის ხელისუფლების მხრიდან, რომ დაიხუროს ეს სასწავლებლები. თავმოყვარე სახელმწიფომ – და იმედი მაქვს, ჩვენი ხელისუფლება ასეც მოიქცევა – უნდა მოითხოვოს ამ ბრალდებების არგუმენტირებული დასაბუთება და გადაწყვეტილება მერე მიიღოს.

- საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის განცხადებით, მოსამართლეებზე ხელისუფლების ზეწოლა ხდება მათთვის სასურველი ვერდიქტის მიღების მიზნით

- რასაკვირველია, ეს განცხადებები უნდა შემოწმდეს და შესაბამისმა სამსახურებმა გაარკვიონ სიმართლე. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებამ გამოაჩინა, რომ ხელისუფლება არ აპირებს ამ თემის წაყრუებას. პრემიერის თქმით, მან პაპუაშვილს პროკურატურასთან თანამშრომლობა ურჩია და შეხვედრაც შესთავაზა. ეს თემის ერთი მხარეა, მაგრამ არსებობს მეორე მხარეც – თვითონ პაპუაშვილის საკითხი. ეს ის ადამიანია, რომელიც დღემდე ბლადაძეების ოჯახისთვის უკანონოდ წართმეულ ბინაში ცხოვრობს; ის პიროვნებაა, რომლის სასამართლოსა და იუსტიციის სფეროში მუშაობისასაც უამრავი კანონდარღვევა ხდებოდა ქვეყანაში, თუმცა პაპუაშვილის პროტესტი არავის გაგვიგია… ზეწოლა კი არა, იმ პერიოდში სასამართლო ჯიბის სასამართლოდ იყო ქცეული, ამიტომაც პაპუაშვილის არ მჯერა! ის იმ რეჟიმის ნაწილი იყო, რომლის დროსაც უარესი ხდებოდა, მაგრამ მაშინ ხმა არ ამოუღია.

- ”ქართულმა ოცნებამდეპუტატობის რამდენიმე კანდიდატი უკვე წარადგინა. თუ ახალ სახეებს ჩვენში პოლიტიკური გამოცდილება დაუწუნეს, მაჟორიტართა წარდგენისას ზოგიერთმა ნაფტალინის სუნი იგრძნოგანსაკუთრებით დიდი გამოხმაურება მოჰყვა ქუთაისის ერთ-ერთ ოლქში კობა ნარჩემაშვილის კანდიდატურის დასახელებას

- ახალ სახეებში არის რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ძალიან მომწონს და ვფიქრობ, საზოგადოებაც მხოლოდ დადებითად აფასებს მათ წარდგენას. ასეთია, მაგალითად, აკაკი ზოიძე… იმერეთის მაჟორიტარობის კანდიდატებს შორისაც არიან ადამიანები, ვინც მომწონს, თუმცა მათ შორის ერთი ისეთი კანდიდატია, რომელიც ჩემთვის მიუღებელია და არა მგონია, ამომრჩეველიც დარჩენილიყო მისი დასახელებით კმაყოფილი… რაც შეეხება კობა ნარჩემაშვილს… რა ნაფტალინის სუნი აუტყდა ზოგიერთს! საკუთარ საარჩევნო სიას გადახედონ, ჯობია. ადამიანის დისკრედიტაცია იმიტომ, რომ მან თავის დროზე მუნდირის ღირსება შეინარჩუნა და პრეზიდენტის ერთგული დარჩა, არ შეიძლება.

- დიდი ხმაური მოჰყვა ინფორმაციას, რომ ინტერპოლმა იგორ გიორგაძის ძებნა შეწყვიტა

- ჩემთვის უცნობია, როგორ მოხდა ინტერპოლის წითელი ცირკულარით იგორ გიორგაძის ძებნის შეწყვეტა. ახლა ”ნაციონალური მოძრაობა” რომ გაიძახის, გიორგაძემ დააქცია ქვეყანაო, ეს მაშინ არ ახსოვდათ, როდესაც “ვარდების რევოლუციის” შემდეგ სააკაშვილმა მისგან საჩუქრად დაჯავშნული მანქანა მიიღო? ერთი რამ შემიძლია ვთქვა – თუ საქართველო სახელმწიფოა, არა მგონია, ერთი კაცი, თუნდაც იგორ გიორგაძე, განსაკუთრებული საფრთხე იყოს ქვეყნისთვის.

- 23 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლოში გიგი უგულავასა და .. კაბელების საქმეზე გაერთიანებული სარჩელის განხილვა განახლდა. მოსარჩელეები სადავოდ ხდიან სისხლის სამართლის კოდექსის 182- მუხლს, რომელიც გაფლანგვას გულისხმობს. ეს ორი საქმეც სწორედ გაფლანგვის ნაწილში გაერთიანდა. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ნორმა ბუნდოვანია და ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა...

- გამიჭირდება სამართლებივი საკითხების შეფასება და იმის მტკიცება, რომ კანონის ეს ნორმა კონსტიტუციურია თუ არა, ერთდაერთი რაც შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ყველაფერს ეცდება, რომ გიგი უგულავა როგორმე არჩევებამდე გამოყვანოს საპატიმროდან. პირადად მე მიმაჩნია, რომ ეს არ უნდა მოხდეს მხოლოდ იმიტომ, რომ მისი დანაშაულის დამამტკიცებელი სერიოზული არგუმენტები არსებობს, თუმცა საბოლოო სიტყვა სასამართლოზე იქნება, ვნახოთ რა გადაწყვეტილებას გამოიტანენ.

„კვირის პალიტრა“, 25 ივლისი, 2016 წელი

ინტერვიუ კოტე კემულარიასთან: ნაციონალებმატლიკინს ქვეყანა გადააყოლეს

რუსუდან შელია

მიხეილ სააკაშვილის მთავრობის ერთ-ერთი სახე, უზენაესი სასამართლოს ყოფილი­ თავმჯდომარე კოტე კემულარია თითქმის ცხრაწლიანი პაუზის შემდეგ პოლიტიკაში ბრუნდება, თუმცა პარტიასა და ლიდერსაც იცვლის – პაატა ბურჭულაძემ ის ფოთში­ მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინა. რას შეცვლის ქართულ პოლიტიკურ რეალობაში, მოძრაობა “სახელმწიფო­ ხალხისთვის” წევრი, კოტე კემულარია გვესაუბრება:

- 2007 წელს “ნაციონალური მოძრაობიდან” და ზოგადად, პოლიტიკიდან წასვლა­ გადავწყვიტე. წლების განმავლობაში საფ­რანგეთში ვცხოვრობდი და ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ისევ ქართულ პოლ­იტ­იკაში დავბრუნდებოდი. გადამწყვეტი ფაქტორი ქვეყანაში არსებული გაუსაძლისი­ პოლიტიკური ვითარება აღმოჩნდა – ხელისუფლება უსუსურია, ყველა რეფორმა შეჩერდა და ხალხსაც ისევ უპერსპექტივობის განცდა ეუფლება. როდესაც ბატონმა პაატამ პოლიტიკაში დაბრუნება შემომთავაზა, დავთანხმდი.

- მმართველი გუნდი მუდმივად მიანი­­ნებს, რომ ბურჭულაძის პარტიანაციონალ­ური მოძრაობისპოლიტიკურ სატელიტს წარმოადგენს. არ ფიქრობთ, რომ თქვენი ამ პარტიაში გამოჩენა ეჭვს გააძლიერებს?

- “ნაციონალური მოძრაობა” პროტესტის ნიშნად დავტოვე. მას შემდეგ პარტიასთან ან მის ლიდერებთან კონტაქტი აღარ მქონია. ვხედავდი, რომ მაშინ ხელისუფლება გამოუსწორებელ შეცდომებს­ უშვებდა – ამის შესახებ სააკაშვილთანაც ხშირად მისაუბრია.
არ შეიძლება ხელისუფლება ახალგაზრდა, გამოუცდელ და გაუწონასწორებელ პირებს ჩააბარო, სააკაშვილმა­ კი ძალაუფლება ასეთებს,­ მათ შო­რის, ახალაიებსა და კეზერაშვილს გადაულოცა.­ მათი თვითნებობა მალევე გადაიზარდა სისტემურ დარღვევებში. როდესაც ამ ხალ­ხ­თან ბრძოლაში ვერაფერს გავხდი, გუნდი­ დავტოვე.

- ყოფილი თანაგუნდელები .. კანონიერი ქურდის, დავით ქურასბედიანის გოგირდის აბანოებში გასეირნების ფაქტს გახსენებენ. აცხადებენ, რომ სწორედ თქვენ, მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა, უზრუნველყავით ციხიდანწრიპასგოგირდის აბანოებში­ გადაყვანა, რასაც მოგვიანებით თქვენი თანამდებობაც შეეწირა. ისიც ითქვა, რომშავ ფულთანგქონდათ კავშირი...

- სად არის ფაქტი? იქნებ წარმოადგინონ კონკრეტული მტკიცებულებები! თუ ეს ფაქტები ჰქონდათ, რატომ არ აღძრეს სისხლის სამართლის საქმე?

- როგორც ვიცი, კორუფციულ დანაშაულზე ოთხი სისხლის სამართლის საქმე იყო პროკურატურაში აღძრული...

- ამაზე ახლა საუბარი, როდესაც პოლიტიკაში დავბრუნდი, დაგვიანებულია. მოვალთ ხელისუფლებაში და დავსჯით იმ პირებს, რომლებიც დანაშაულს სჩადიოდნენ. “ნაციონალებმა” ტლიკინს ქვეყანა გადააყოლეს, ამიტომ მათი ბრალდებები ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა.

Comments are closed