«EurasiaNet» (აშშ): პანკისის ხეობის გარეთ: ისლამური რადიკალიზაცია საქართველოში
«BBC – русская служба» (დიდი ბრიტანეთი): რუსი ტურისტებისათვის საქართველო სულ უფრო პოპულარული ქვეყანა ხდება: ფაქტები, მიზეზები, პერსპექტივა
——————-
«EurasiaNet» (აშშ), 24 აგვისტო, 2015 წელი
http://www.eurasianet.org/node/74776
პანკისის ხეობის გარეთ: ისლამური რადიკალიზაცია საქართველოში
ონიკ კრიკორიანი
ტორონტოს უნივერსიტეტის მკვლევარი პოლ მენინგი თავის ნაშრომში „ფოლკლორი და ტერორი პანკისის ხეობაში“ მოიხსენიებს ადგილობრივ მოსახლეობაში გავრცელებულ სახუმარო გამონათქვამს: „საქართველო? ეს, იცით, ისაა, რაც პანკისთან ახლოს მდებარეობს“.
საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე პანკისის ხეობაში ამჟამად 10 ათასამდე მაჰმადიანი ქისტი (ჩეჩნების მონათესავე ეთნოსი) ცხოვრობს. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული ხეობას ცუდი სახელი დაუმკვიდრდა – პანკისი ჩეჩნეთიდან გადმოსული ბოევიკების თავშესაფარი გახდა, დღეს კი წინა პლანზე წამოიწია „ისლამური სახელმწიფოს“ პრობლემამ, რომლის შემადგენლობაში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ტერორიზმთან ბრძოლის სამმართველოს მონაცემებით, თითქმის ასამდე პანკისელი ახალგაზრდა იბრძვის. უკვე ცნობილია, რომ სირია-ერაყში მიმდინარე სამხედრო მოქმდებებში პანკისის ხეობიდან წასული 13 ადამიანი დაიღუპა. „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტულ ორგანიზაციაში ყველაზე ცნობილ პანიკისელად თარხან ბათირაშვილი, მეტსახელად აბუ ომარ ალ-შიშანი ითვლება, რომელიც მაღალჩინოსანი სამხედრო-საველე მეთაურია.
პანკისის ხეობაში უსაფრთხოების განმტკიცებისა და არსებული მუქარა-გამოწვევების პროფილაქტიკის მიზნით საქართველოს ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა მძიმე ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებისათვის. გარდა ამისა, მიღებული იქნა ზომები დაქირავებულ-გადაბირებული ახალგაზრდების (პოტენციური „ბოევიკების“) საზღვარზე დასაკავებლად, მაგრამ ეს ძალისხმევა აშკარად არასაკმარისია. ერთ-ერთი იმ ფაქტორთაგანი, რომელმაც საქართველო სასაზღვრო კონტროლის გაძლიერებაზე აიძულა, არის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, რომელიც გასული წლის სექტემბერში იქნა მიღებული. ეს დოკუმენტი ბარიერებს უქმნის ჯიჰადისტებს კონფლიქტის ზონაში შეღწევისა და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისათვის. აღნიშნული რეზოლუცია ითვალისწინებს ძალისმიერი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამის შემუშავებას, რომელთა მიზანია რელიგიური რადიკალიზაციის თავიდან აცილება. პროგრამამ ხელი უნდა შეუწყოს აგრეთვე ადგილობრივი მოსახლეობის და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩაბმას ექსტრემისტული პროპაგანდის წინააღმდეგ. გარდა ამისა, პროგრამაში გათვალისწინებული უნდა იყოს ახალგაზრდებისა და მათი ოჯახების, ადგილობრივი ლიდერების როლის გაფართოება კულტურისა და განათლების სფეროებში.
მიმდინარე წლის ივნისში ეუთოს ეგიდით ვენაში ჩატარდა კონფერენცია, რომელზეც განიხილეს უცხოელი პოტენციური ტერორისტ-„ბოევიკების“ გადაბირებისა და წაქეზების წინააღმდეგ მიმართული საკითხები. სამწუხაროდ, საქართველოს წარმომადგენლები ამ ღონისძიებას არ დასწრებიან. ამასთან, მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მეზობლებმა – სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა.
საქართველოში მიმდინარე რადიკალიზაციის თემაზე შექმნილი ახალი გამოკვლევა, რომელიც უიკ ფორესტის უნივერსიტეტის (აშშ, ჩრდილოეთ კაროლინას შტატი) მეცნიერ-თანამშრომელმა ბენეტ კლიფორდმა შექმნა (სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ქართულ ფოდთან ერთად), ადასტურებს თვალსაზრისს იმაზე, თუ რაოდენ სასარგებლოა პროფილაქტიკური ზომების მიღება. ეს ეხება არა მხოლოდ პანკისის ხეობას და აჭარას, სადაც ქართველი მუსულმანები ცხოვრობენ, არამედ სხვა რეგიონების სოფლებსაც, რომლებიც აზერბაიჯანელებითაა დასახლებული (კახეთში, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში).
როგორც ბენეტ კლიფორდი თვლის, ქართველი მუსულმანი ახალგაზრდები უფრო მეტად იხრებიან ისლამის სხვადასხვა კონსერვატიული ინტერპრეტაციისაკენ, ვიდრე უფროსი თაობა. გარდა ამისა, სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსაც: ახალგაზრდა მუსულმანებს უფრო მეტად აქვთ ინტერნეტის და სოციალური ქსელების მასალების გაცნობის შესაძლებლობა, ვიდრე უფროსი თაობის წარმომადგენლებს.
გამოკვლევაში აღნიშნულია, რომ აჭარისა და ქვემო ქართლის მაჰმადიანებზე სხვა ფაქტორებიც ახდენენ გავლენას, კერძოდ, ნეგატიური დამოკიდებულება მათ მიმართ მართლმადიდებელი ქრისტიანების მხრიდან, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს წარმოადგენენ. „თუ ეს პროცესის თვითდინებაზე იქნება მიშვებული, მაშინ მუსულმანებსა და ქრისტიანებს შორის დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება, განსაკუთრების აჭარაში, ჩამოუყალიბდებათ რწმენა, რომ მათი საკუთარი იდენტობა საფრთხის წინაშეა, რომ ვერ შეინარჩუნებენ რელიგიურ (ისლამურ) ინსტიტუტებს და ცხოვრების წესს იმ გარემოში, სადაც ქრისტიანები დომინირებენ, – წერს ბენეტ კლიფორდი, – ზოგიერთი მუსულმანისათვის ასეთი სიტუაცია კიდევ ერთ მიზეზად მიიჩნევა სირიასა და ერაყის კონფლიქტებში მონაწილეობისათვის“.
მკვლევარის აზრით, საქართველოს ხელისუფლება და ანალიტიკოსები მუსულმანთა რადიკალიზებაში ეკონომიკურ ფაქტორებს გადაჭარბებულ შეფასებას აძლევენ. „შესაძლოა, უმუშებრობა და შეზღუდული ეკონომიკური პერსპექტივები მართლაც არის ადგილობრივი გარემოდან „მოწყვეტის ფაქტორი“, რომელიც მაჰმადიანებს ქვეყნის დატოვებას აიძულებთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ ფაქტორის გამო მიგრანტები მაინცდამაინც სირიასა და ერაყში უნდა წავიდნენ“. ამგვარი პოზიციის დასადასტურებლად ბენეტ კლიფორდს მოჰყავს ორი პანკისელი მოზარდის – მუსლიმ კუშტანაშვილისა და რამზან ბუღაკაშვილის შემთხვევა, რომლებიც მიმდინარე წლის აპრილში თურქეთის გავლით სირიაში წავიდნენ. კანადელი მკვლევარი აღნიშნავს, რომ ამ ყმაწვილების საომრად წასვლაზე გავლენა უფრო მეტად იდეოლიგიურმა პროპაგანდამ მოახდინა, ვიდრე ეკონომიკურმა მდგომარეობამ. „ცხადია, ეკონომიკა ნამდვილად ითვლება ამის ერთ-ერთ ფაქტორად, მაგრამ ეს მაინც არასაკმარისია რადიკალიზაციის ასახსნელად, – ამბობს კანადელი მეცნიერი, – მიზეზები უფრო ისაა, რომ ისინი [საქართველოს სასწავლებლებში] ვერ იღებენ ოფიციალურ ისლამურ განათლებას, ადგილებზე ვერ ვითარდება სამოქალაქო საზოგადოება… ყოველივე ამან ნაყოფიერი ნიადაგი შექმნა ისლამის კონსერვატიულ ინტერპრეტირებისათვის, სალაფიზმის ჩათვლით“.
საქართველოში ძალისმიერ ექსტრემიზმთან ბრძოლის პროგრამა სასარგებლო იქნებოდა რადიკალური იდეოლოგიების პრობლემის გადასაწყვეტად. განსაკუთრებით კარგი იქნება, თუ მსგავს პროექტებს საქართველოს მუსულმანურ საზოგადოებათა ის წარმომადგენელები უხელმძღვანელებენ, რომლებიც მოსახლეობის ნდობით სარგებლობენ, აგრეთვე ისინი, ვინც ტერორიზმი საკუთარ თავზე გამოსცადა, ან იმედგაცრუებული ყოფილი ექსტრემისტები. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება, ბანდიტთა პროპაგანდის ნეიტრალიზების მიზნით, ამგვარი პროგრამების ინიცირებას რატომღაც არ ჩქარობს.
————–
ონიკ კრიკორიანი არის ჟურნალისტი, მასმედიის ექსპერტი და ინსტრუქტორი დიდი ბრიტანეთიდან. კავკასიის კონფლიქტებით შესწავლა-გაშუქებით დაკავებულია 1994 წლიდან. მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ საერთაშორისო სემინარსა და კონფერენციაში.
«BBC – русская служба» (დიდი ბრიტანეთი), 24 აგვისტო, 2015 წელი
http://www.bbc.com/russian/international/2015/08/150823_russian_tourism_in_georgia
რუსი ტურისტებისათვის საქართველო სულ უფრო პოპულარული ქვეყანა ხდება: ფაქტები, მიზეზები, პერსპექტივა
ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია „ბი-ბი-სი“-ს რუსულმა სამსახურმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც მიმოხილულია ტურიზმის მდგომარეობა საქართველოში: რომელი ქვეყნებიდან რამდენი ტურისტი ეწვია საქართველოს მიმდინარე წელს, როგორია მათი მომსახურების ხარისხი, ახდენს თუ არა გაქვლენას ტურისმზე საქართველოში შექმნილი საკმაოდ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და საერთოდ, როგორი პერსპექტივა აქვს საერთაშორისო ტურიზმს საქართველოში (ავტორი – ნინა ახმეტელი).
პუბლიკაციის მიხედვით, საქართველოში მიმდინარე წელს, განსაკუთრებით კი ყველაზე ტურისტულ პერიოდში – ზაფხულის თვეებში – ყველაზე მეტი ტურისტი შემოვიდა თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან (აზერბაიჯანელები და სომხები – უმეტესად შავი ზღვის კურორტებზე დასვენების მიზნით). რაც შეეხება რუსეთს, რუსი ტურისტები რაოდენობით მეოთხე ადგილი იკავებენ.
პუბლიკაციაში სწორედ რუს ტურისტებზეა ყურადღება გამახვილებული: „დღეს საქართველოს ტურისტულ ცენტრებში, განსაკუთრებით კი დედაქალაქის კაფეებსა და სუვენირების მაღაზიებში თითქმის ყოველდღიურად ნახავთ ზურგჩანთამოკიდებულ და რუსულ ენაზე მოლაპარაკე ახალგაზრდებს: საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, რუსი ტურისტების რაოდენობამ ყოველგვარ რეკორდს გადააჭარბა, წინა წლებთან შედარებით. მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში საქართველოს უკვე თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ტურისტი ეწვია, რაც 12%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებლებზე“.
სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსი ტურისტების საკმაოდ მნიშვნელოვანმა ნაწილმა, სანქციებისა და კრიზისის გამო, უარი თქვა დასავლეთის ქვეყნებში მოგზაურებაზე. მოხდა ტურისტული გადამისამართება – დღეს უფრო მეტი რუსეთის მოქალაქე მოგზაურობს როგორც რუსეთის შიგნით, ისე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში. საქართველო ამ მხრივ ტოპ-ათეულში აღმოჩნდა.
როგორც რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციის დირექტორი მაია ლომიძე განმარტავს, საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობის მატება რამდენიმე მიზეზითაა გამოწვეული: უვიზო რეჟიმით, შედარებით იაფი მგზავრობით, გადამყვანი ავიაკომპანიების რაოდენობის მატებით, ქართველთა ნორმალური დამოკიდებულებით რუსი ტურისტების მიმართ, რომელზეც პოლიტიკური კონიუნქტურა ნაკლებად ახდენს გავლენას. მისი თქმით, რუსი ტურისტების რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს, თუ საქართველოში სასტუმროების ფასი მოქნილი გახდება. საქართველოში რუსი ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველი მიმართულებებია თბილისი, კახეთი, სვანეთი, ხევსურეთი, შავიზღვისპიტა კურორტები.
რუსეთთან 2008 წლის ომის შემდგომ საქართველოში რუსი ტურისტების ნაკადმა ძალიან იკლო. პოლიტიკური სიტუაციის გარდა, ასეთ ვითარებას ხელი შეუწყო აგრეთვე რუსულ მასმედიაში მიმდინარე ანტიქართულმა კამპანიამ, რომლებშიც საქართველო არამიმზიდველ ფერებში იყო დახატული. დღეს, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის პრობლემები ჯერ კიდევ რჩება, არც დიპლომატიური ურთიერთობაც არ არის აღდგენილი, სიტუაცია ტურიზმის სფეროში მკვეთრად უმჯობესდება. ბოლო დროს რუსული მასმედიაც თავს იკავებს მწვავე ანტიქართული გამოხდომებისაგან, პარალელურად კი სოციალურ ქსელებში მატულობს დადებითი შთაბეჭდილებები საქართველოში შთამბეჭდავად გატარებულ დღეებზე. ეს ყველაფერი დიდ გავლენას ახდენს მკითხველებზე და მათ დადებით განწყობას უქმნის საქართველოს მიმართ.
„რასაკვირველია, ზოგიერთი რუსი ტურისტი შიშობს, რომ მოსკოვ-თბილისს შორის არსებული ჯერ კიდევ გადაუჭრელი პრობლემები უარყოფითად იმოქმედებს მათ მიმართ ქართველების დამოკიდებულებაზე. დიახ, პოლიტიკური ურთიერთობა მეზობლებს შორის მართლაც ცუდია, მაგრამ პირველივე დღეებში რუსი ტურისტების შიშები ქრება: ისინი ხედავენ, რომ ქართველები, როცა გაიგებენ, რომ მათ წინაშე რუსი ტურისტია, იღიმებიან და მას კეთილად ექცევიან. კარგია, რომ პრინციპში, ენის პრობლემაც არ არის, სიამოვნებით ესაუბრებიან ერთმანეთს“, – ამბობს მოსკოვის ტურკომპანია My Georgia-ს დირექტორი ეგორ პავლოვი.
პუბლიკაციაში ნაჩვენებია რუსი ტურისტების გამოკითხვის შედეგები: როგორია მათი შთაბეჭდილებები, თვალსაზრისები მომსახურების ხაისხის მიმართ, ქართული ტურისტული ინფრასტრუქტურის შუქ-ჩრდილები. ზოგიერთი ტურისტი აღნიშნავს, რომ ქალაქის ქუჩებში ავტომძღოლები ხშირად არღვევენ მოძრაობის წესებს, ზოგსაც ბოლო თვეებში მომატებული ფასები არ მოსწონს…
როგორც საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე ნატა კვაჭანტირაძე ამბობს „ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტთან საუბარში, ტურისტთა ნაკადის გაზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა თბილისში უეფას სუპერთასის გათამაშების ფაქტმა და საერთაშორისო ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამართვამ. თუმცა არსებობს საწინააღმდეგო მოსაზრებაც: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე, რომელიც დღეს კერძო სექტორში მოღვაწეობს და სასტუმრო „ტერასა“-ს მფლობელია, აღნიშნავს, რომ საქართველომ სრულად ვერ გამოიყენა მსხვილმასშტაბიანი სპორტული ღონისძიებებების შესაძლებლობა უცხოელი ტურისტების მიზიდვის მიზნით. გარდა ამისა, მისი თქმით, საქართველოში ტურიზმის განვითარებას აფერხებს არასაკმარისი მარკეტინგული აქტიურობა და რიგ სახელმწიფოებთან სავიზო რეჟიმის გამკაცრება. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ უცხოური ტურიზმის განვითარებას უმეტესად ხელს უშლის მაღალი ფასები როგორც სასტუმროებში, ასევე ავიატრანსპორტზე. დაბალია მომსახურე პერსონალის პროფესიონალიზმი, განსაკუთრებით რეგიონებში, ასევე ხელშემშლელი ფაქტორია სასტუმროთა ნომრების შეზღუდული ფონდი და სხვა.
ზოგადად კი, როგორც მოსკოვის ტურკომპანია My Georgia-ს დირექტორი ეგორ პავლოვი ამბობს, საქართველოს ტურისტული სექტორი დინამიურად ვიტარდება: გზები და ინფრასტრუქტურა შედარებით კარგ მდგომარეობაშია. მომსახურება, ცხადია, გაუმჯობესებას საჭიროებს, მაგრამ ეს ნაკლოვანება ადგილობრივი მოსახლეობის სტუმართმოყვარეობითა და კეთილგანწყობით კომპენსირდება“.