globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 25 სექტემბერი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Sep 25th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

კვირის პალიტრა: ინტერვიუ ლია მუხაშავრიასთან: „ვენეციის კომისიის წევრები ცხოვრობენ სხვა პლანეტაზე და ჩვენ – სხვაზე…“ // „არ ვფიქრობ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი შეუერთდება ამ საპროტესტო აქციებს. მით უფრო, მეჩვენება, რომ ზოგჯერ ეს არის მართული, გარედან დაფინანსებული და ორგანიზებული აქციები“

კვირის პალიტრა: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „საქართველოში ბიზნესი აუცილებლად პოლიტიკაში ყოფნას გულისხმობს“ // „პარლამენტში და თბილისის საკრებულოში ბევრი დეპუტატი მოქმედი მილიონერია“ // „ქვეყანაში ისევ ძლიერია კასტა, რომელსაც მტკიცედ სჯერა, რომ პოლიტიკა კეთდება ფულით და ფული – პოლიტიკით“

კვირის პალიტრა: „15 ფერეიდნელ ქართველს საქართველოს მოქალაქეობაზე უარი უთხრეს!“ // „მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ წარმატებით გააგრძელა შაჰ-აბასის დაწყებული საქმე“

კვირის პალიტრა: როდის გაიზრდება საქართველოში საშუალო ხელფასი?! // ინტერვიუ სოსო არჩვაძესთან: „მსყიდვე­ლო­ბით­უნარიანობით საქართველოს სომხეთზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. თუმცა, აზერბაიჯანი გვისწრებს – იქ 100 დოლარით 80%-ით მეტი საქონლის შეძენაშეიძლება“

ახალი თაობა: ვინ იხდის ფულს ეკლესიის ლანძღვაში // ინტერვიუ გიგლა ბარამიძესთან: „ეს აღვირახსნილი კამპანია სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია“ // „გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციას ვერ გააერთიანებს“

ახალი თაობა“: ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „სანამ ქვეყანაში მეორე პარტიაა ნაცმოძრაობა, ოპოზიციას არაფერი ეშველება“ // „ეს არჩევნები ყველაფერს დაალაგებს“

ახალი თაობა: ინტერვიუ გურამ ვახტანგაშვილთან: „რუსებმა ერედვში 268 სახლი უნდა დაანგრიონ“ // „ეკლესიებს და სასაფლაოებს ჯერ არ ეხებიან“

——————

კვირის პალიტრა“, 25 სექტემბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ლია მუხაშავრიასთან: „ვენეციის კომისიის წევრები ცხოვრობენ სხვა პლანეტაზე და ჩვენსხვაზე…“ // „არ ვფიქრობ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი შეუერთდება ამ საპროტესტო აქციებს. მით უფრო, მეჩვენება, რომ ზოგჯერ ეს არის მართული, გარედან დაფინანსებული და ორგანიზებული აქციები

ნათია დოლიძე

21 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის გენერალურ დებატებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სიტყვით გამოვიდა. მან ქვეყნის შიდა პოლიტიკის პრიორიტეტულ ასპექტებზე ილაპარაკა, ყურადღება გაამახვილა რუსეთის ოკუპაციაზე, საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე. კვირიკაშვილის გამოსვლის ნაწილი დაეთმო ქვეყნის, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებლის, ეკონომიკური პოტენციალის მნიშვნელობას. ოპონენტთა შეფასებითაც კი, სიტყვა მრავალმხრივი იყო, თუმცა მათი თქმით, რუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებით პრემიერის პოზიცია შეიძლებოდა უფრო მკაფიო და მკაცრი ყოფილიყო.
გვესაუბრება იურისტი ლია მუხაშავრია:

- ყველაზე მეტად რაც გულს მტკენს და კვირიკაშვილის გამოსვლისასაც იყო შესამჩნევი, არის ის, რომ ჩვენი ხელისუფლების პირველი პირების შეიძლება გაწონასწორებული და დიპლომატიური საუბარი ხშირად არ შეესაბამება შიდა ვითარებას და ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკურ მდგომარეობას. ხელისუფლების წარმომადგენლები ყურადღებას ამახვილებენ მიღწევებზე, მაგრამ ქვეყნის მოქალაქეები ამას მაინცდამაინც ვერ

ვგრძნობთ. არადა, ჩვენ გვერდით სახელმწიფოები ეკონომიკური თუ სამხედრო თვალსაზრისით აშკარად ვითარდებიან… ძალიან რთულ რეგიონსა და რთულ პერიოდში ვცხოვრობთ, რაც, ჩემი აზრით, მართლაც მოითხოვს მეტ კატეგორიულობას ზოგიერთი მიმართულებით. რაც მთავარია, არ ჩანს, რომ ამ დეკლარირებულ განცხადებებს შორის გააზრებულია მთელი შინაარსი და მათი განხორციელების გზები. ოკუპაციაზე საუბრისთვის გაერო მართლაც საუკეთესო ტრიბუნაა, მაგრამ, ჩემი აზრით, არც ენგურს იქით, არც ცხინვალში და არც თბილისში ეს საუბარი კარგად არ ისმის… შესაბამისად, ვერც იმას ვხედავთ, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ამ პრობლემების მოსაგვარებლად და ქვეყნის განვითარებისთვის.

- საკონსტიტუციო ცვლილებების ფინიშთან, მაშინ, როდესაც ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნამდე კიდევ ერთი წინასწარი დოკუმენტი გამოქვეყნდა, როგორც შეაფასებთ შექმნილ ვითარებას? რას იტყვით ამ დასკვნის გამოქვეყნების წინადღეს ხელისუფლების მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ ის განიხილავს 2020 წლის არჩევნებისთვის ბლოკების ერთჯერადად დაშვებასა და ახლებურად შემუშავებულ საბონუსე სისტემაზე უარის თქმის შესაძლებლობას? იზიარებთ თუ არა მოსაზრებას, რომ ამ საკონსტიტუციო პროცესში სახელისუფლებო პარტიამაც და ოპოზიციამაც პოლიტიკური ქულების დასაწერად უფრო მეტი იზრუნა, ვიდრეკონსტიტუციაზე?

- საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი თავიდანვე მახინჯად რომ დაიწყო და ასევე გაგრძელდა, აშკარაა. უპირველესად უნდა ითქვას, რომ ჩვენი პოლიტიკური ხელისუფლების სათავეში მყოფი პირები კონსტიტუციას სათანადოდ გონივრულად და პატივისცემით არ ეკიდებიან, რაც ნიშნავს, რომ მათ ხეირიანად არც კი ესმით, რა დანიშნულება აქვს ქვეყნისა და სახელმწიფოს განვითარებისთვის კონსტიტუციას და მასში შეტანილ ნებისმიერ ცვლილებას. ამიტომ ამ ბოლო ცვლილებების მომზადებისასაც თავი იჩინა ისეთივე დამოკიდებულებამ, როგორიც იყო სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, უფრო ადრე კი – შევარდნაძის ხელისუფლების დროს. ჩვენ კვლავაც ვნახეთ, რომ სახელისუფლებო ძალა კონსტიტუციას უყურებს, როგორც შესაძლებლობას და საშუალებას, რათა გაიხანგრძლივოს ხელისუფლების სათავეში ყოფნა, თავისთვის კომფორტულად მოაწყოს ქვეყანა ისე, რომ არ გაითვალისწინოს, რა სჭირდება სახელმწიფოს, როგორც უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციას. ასეთი “პრაგმატული და პრაქტიკული მოსაზრებებით ხელმძღვანელობს ხელისუფლება და არ ითვალისწინებს, რომ კონსტიტუცია სახელმწიფოს ხერხემალია და თუ ეს ხერხემალი გამართული და ჯანმრთელი არ არის, მაშინ სახელმწიფოს არათუ განვითარება და სწრაფი წინსვლა, არამედ “გადაადგილებაც კი გაუჭირდება.

ისინი ვერ ხვდებიან, რომ ასე ხშირად, ასეთი სისწრაფით და დროის ასეთ მოკლე მონაკვეთებში სახელმწიფოს კონსტიტუციური მოწყობის ერთი მოდელიდან მეორეზე გადახტომა გაუჭირდება არა ჩვენისთანა ახალფეხადგმულ სახელმწიფოს, არამედ სტაბილურ და კარგად განვითარებულ ქვეყნებსაც კი… ამიტომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები უფრო ასუსტებს სახელმწიფოს, ვიდრე აძლიერებს. ყველა ეს მანკიერება, რაც ჩამოვთვალე, დამახასიათებელი იყო წინა ხელისუფლებისთვის და რაც ყველაზე გულსატკენია, უფრო მკვეთრად და უფრო გაუგონარი სიჯიუტით ხორციელდება დღეს, ჩვენ თვალწინ. ეს კი ქმნის პირობებს, რომ ჩვენს სახელმწიფოს არა და არ ეღირსა, იყოს განვითარებული, სტაბილური, თანამიმდევრული ქვეყანა.

- თითქოს ოპოზიციის მოთხოვნათა მნიშვნელოვანი ნაწილი გაიზიარა სახელისუფლებო ძალამ, ერთადერთი გამონაკლისი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის 2024 წლამდე გადაწევაა. რატომ ვერ ელევა მაჟორიტარული წესით არჩევნებსქართული ოცნებამაშინ, როდესაცვენეციის კომისიისმთავარი რეკომენდაციაც სწორედ ამ საკითხს შეეხება

- პრაგმატული მოსაზრებიდან გამომდინარე, მეორე ვადით ხელისუფლებაში ყოფნის შემდეგ ჩვენს პოლიტიკოსებს უჩნდებათ ილუზია, რომ უნდა გააკეთონ ყველაფერი, რაც, მათი აზრით, გაახანგრძლივებს ხელისუფლების სათავეში მათ ყოფნას. “ქართულ ოცნებას” ჰგონია, რომ მაჟორიტარული სისტემის გამოყენებით მომავალი საპარლამენტო არჩევნებისას პარლამენტში მეტი ადგილის მოპოვებას შეძლებს, მეტიც, იმედი აქვს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობასაც შეინარჩუნებს და ამით გაინაღდებს ხელისუფლების სათავეში უსასრულოდ და “უკუნითი უკუნისამდე” ყოფნას. ასე რომ არ არის, ამას ჩვენი ქვეყნის უახლესი გამოცდილებითაც ვერ სწავლობენ, რაც მაფიქრებინებს, რომ მათ ძალიან მოკლე მეხსიერება აქვთ…

- ვენეციის კომისიის გამოქვეყნებულ დოკუმენტში ცალსახა შენიშვნებია გამოთქმული რეგიონული პარტიების აკრძალვის, მიწასთან დაკავშირებული ჩანაწერისა და პროპორციული სისტემის ამოქმედების 2024 წლამდე გადატანის თაობაზე, თუმცა, არაფერია ნათქვამი პრეზიდენტის არჩევის წესზე

- ვენეციის კომისიის დასკვნები და რეკომენდაციები ევროპული ტიპის მოაზროვნეების დაწერილია. ალბათ, არ იქნება უადგილო, თუ ვიტყვით, რომ ვენეციის კომისიის წევრები ცხოვრობენ სხვა პლანეტაზე და ჩვენ – სხვაზე… ჯერ ერთი, ჩვენი საზოგადოებისთვის ხშირად გაუგებარია ის ლოიალური, დახვეწილი და რბილი ტონი, რომლითაც იწერება ხოლმე ეს შენიშვნები და რეკომენდაციები. ჩვენს პოლიტიკოსებს თუ ნაჯახით არ დაუჩეხავ, ძალიან მკვეთრად არ ეტყვი, ეს არ შეიძლებაო, ისე აღქმა და გააზრება უჭირთ. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ კლასიკური საპარლამენტო მმართველობის პირობებში, რა თქმა უნდა, პრეზიდენტს მოსახლეობა არ ირჩევს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ვართ ახლად ფეხადგმული ქვეყანა, სადაც უკვე შევქმენით პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის ხანმოკლე ისტორია, მისი შენარჩუნება, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია.

გარწმუნებთ, ჩვენი ამომრჩეველი კარგად დღემდე ვერ გარკვეულა არჩევნების დანიშნულებასა და არსში, სწორედ ამიტომ ყველა არჩევნები ჩვენი საზოგადოების დემოკრატიული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც ვებღაუჭებოდი პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესს. ვიზიარებ ევროპელი კონსტიტუციონალისტების ამ დასკვნას, მაგრამ მათ არ ესმით ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების ნიუანსები, რაც ჩვენთვის გასაგებია. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ოპოზიცია და ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი პრეზიდენტის არჩევის წესის გადარჩენას ჩემ მიერ ზემოთ ნახსენები მოტივებით არ მოითხოვდნენ. შეიძლება ვცდები, მაგრამ ვფიქრობ, ეს უფრო მეტად იყო – თუ სრულად არა, ნაწილობრივ მაინც – სპეკულაციის საგანი და მცდელობა, რომ პრეზიდენტიც ჩართულიყო ამ ბატალიებში…

- ადგილობრივ არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება, თუმცა წინასაარჩევნო პროცესი დუნედ მიედინება. ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძის თქმით, სახელისუფლებო პარტიას ტემპერატურის აწევა ხელს არ აძლევს, რადგან ამის შედეგად მეტი ამომრჩეველი მივა საარჩევნო ურნებთან, რაც არ უნდა, ოპოზიციას კი არ შეუძლიამით უფრო, რომ ხვდება მმართველი ძალის უკონკურენტობას და ზედმეტი რესურსის დახარჯვასაც ერიდება

- დღეს საქართველოში ამომრჩეველს არჩევნებზე მეტად აწუხებს ლუკმაპურის შოვნა, გადარჩენა და ოჯახის წევრების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა. ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი არსებობისთვის ბრძოლას უნდება და, რა თქმა უნდა, პოლიტიკური­, საარჩევნო გარემო მისთვის არცთუ მნიშვნელოვანია. მე რეგიონში, გურიაში ვცხოვრობ და აქაც კი ვისაც ვხვდები, მათი უმრავლესობა ამბობს, რომ არჩევნებზე არ მივა. ჩვენმა პოლიტიკოსებმა მიაღწიეს იმას, რომ 21-ე საუკუნეში დემოკრატიული ქვეყნის მოქალაქეებს არ სჯერათ, რომ ქვეყანაში არჩევნებით რამის შეცვლა შეუძლიათ. ასეთი ნიჰილიზმი შემთხვევითი არ არის, დარწმუნებული ვარ, ეს “ჩვენი ღვაწლმოსილი” პოლიტიკოსების დამსახურებაა. ამგვარი განწყობა განსაკუთრებულად თვალში საცემი გახდა ამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას…

ამას წინათ ჩემს პირად ფეისბუქგვერდზე დავწერე და ახლა გავიმეორებ: თბილისელებმა ალეკო ელისაშვილი რომ გაიყვანონ მერად ან მეორე ტურში მაინც, ეს იქნება უზარმაზარი გადატრიალება მთელი საქართველოსთვის. საქმე ის არის, რომ ქართველ ამომრჩეველს არ სჯერა, რომ საარჩევნო უბანზე მის მისვლას მნიშვნელობა აქვს და რამის შეცვლა მოჰყვება. თბილისელებს შეუძლიათ, საპირისპირო დაამტკიცონ. ეს, ვფიქრობ, გადამდები იქნება მთელი ქვეყნისთვის, რადგან დემოკრატია ბოთლიდან გამოშვებული ჯინია, რომელსაც ვერც საკონსტიტუციო ცვლილებებით, ვერც ეკონომიკური სიდუხჭირით უკან ვერ ჩააბრუნებენ. ჩემი ოპტიმისტური განწყობით, თბილისში აუცილებლად მივა საქმე მეორე ტურამდე. იმის იმედიც მაქვს, რომ ამის შემდეგ ნიჰილისტურად განწყობილი ამომრჩეველიც გამოცოცხლდება და მეორე ტურში მიიღებს მონაწილეობას…

- ამ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდასაერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველოსანგარიში, რომლის მიხედვით საქართველოს პარლამენტის 51 წევრს აქვს ბიზნესთან კავშირი და შესაბამისად, ფლობს სამეწარმეო სუბიექტების წილსმათგან უმრავლესობა ქართული ოცნების დეპუტატია

- თუ ადამიანი სერიოზულად არის ბიზნესში ჩართული, მას არ უნდა ეცალოს პოლიტიკისთვის. საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ბიზნესი ვერ ვითარდება, ამის მიზეზი კი სწორედ ის მონოპოლისტური, არაკონკურენტული გარემოა, რომელსაც პოლიტიკისა და ბიზნესის გადაჯაჭვულობა ქმნის. განვითარებული ქვეყნების ბიზნესი ემყარება მარტივ პოსტულატს: მონოპოლია ცუდია, კონკურენცია – კარგი! ეს არის საბაზისო პირობა ეკონომიკის განსავითარებლად. ჩვენთან ბიზნესმენობას ახერხებენ მხოლოდ პოლიტიკურ ელიტასთან ძალიან დაახლოებული, გადაბმული, ანაც სრულად შერწყმული ადამიანები. მეორე მხრივ, საკანონმდებლო ორგანოში გვყავს ხალხი, რომელმაც არ იცის, იქ რა უნდა გააკეთოს. შედეგად ვიღებთ ისეთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, როგორიც მომზადდა…
ამასთანავე, ამ ბიზნესპოლიტიკოსებმა საზოგადოება დატოვეს ისეთი ინსტრუმენტის გარეშე, რომელიც ამომრჩეველს უმაქნისი პარლამენტარის უკან გამოწვევის შესაძლებლობას მისცემდა. ძალიან მინდოდა, საკონსტიტუციო ცვლილებების ავტორებს ასეთ პრობლემებზე ეფიქრათ და რეალობის შეცვლის ქმედითი სამართლებრივი ინსტრუმენტები შეექმნათ, მაგრამ ამ ეტაპზე ეს ვერ მოხერხდა…

- ოპოზიციური პარტიებს ნაწილი საკონსტიტუციო თემაზე საპროტესტო აქციების აგორებით იმუქრება. მოგეხსენებათ, მიმდინარეობს პატრიოტთა ალიანსის აქცია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის მოთხოვნით, ქართული მარშიცსხვა თემატიკით, მაგრამ ხშირად ლაპარაკობს საპროტესტო აქციებზეთქვენი აზრით, ყველა ამ თემატიკის გათვალისწინებით, არსებობს კი საპროტესტო მუხტი საზოგადოებაში?

- ჩემი აზრით, საპროტესტო მუხტი საზოგადოებაში დაბალია. არ ვფიქრობ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი შეუერთდება ამ საპროტესტო აქციებს. მით უფრო, მეჩვენება, რომ ზოგჯერ ეს არის მართული, გარედან დაფინანსებული და ორგანიზებული აქციები, თუმცა მათ მონაწილე ზოგიერთ ძალას მერკანტილური და ანგარებითი მოტივებიც უნდა ამოძრავებდეს, მაგალითად, ახლა საპროტესტო აქციები გულისხმობს კარგ სავაჭრო სივრცეს მომავალში ხელისუფლებასთან გასარიგებლად არჩევნების შედეგებსა თუ სხვა საკითხებზე.
ყველაზე მეტად ერთი რამ მაფიქრებს: ისეთი პატარა და ღატაკი ქვეყნისთვის, როგორიც ჩვენ ვართ, გარედან დიდი დაფინანსების შემთხვევაში, შეიძლება ამ აქციებმა დამანგრეველი როლი შეასრულოს, მით უფრო, რომ მაინცდამაინც ვერ ვარ დარწმუნებული ჩვენი უსაფრთხოების სამსახურების სწორ და გამართულ მუშაობაში.

- გიორგი ანდრიაძის განცხადებით, პრეზიდენტმა თურქეთის 15 მოქალაქეს არასწორად მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა და რომ მათში მტერი მეტია, ვიდრემოყვარე

- უპირველესად ჩემთვის გასაკვირია ის, რომ ანდრიაძეს აქვს ინფორმაცია, ვის მიანიჭა საქართველოს პრეზიდენტმა მოქალაქეობა. უცნაურია, რადგან ეს არ არის ყველასთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია… ამ თემებით სპეკულირება რომ ხდება, ძალიან გულსატკენია, რადგან სააკაშვილის დროს ისეთ და იმდენ უცხოელს ეძლეოდა საქართველოს მოქალაქეობა, თან ისე იოლად… სააკაშვილი ლამის ჯიბიდან იღებდა პასპორტებს და სუვენირებად ურიგებდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, თუმცა, მაშინ ხმა არავის ამოუღია… გულსატკენია, რომ საქართველოს მოქალაქეობა და ჩვენს სამშობლოში ცხოვრება ხდება ასეთი ბინძურ კამპანიების ნაწილი. აქვე ვიტყვი ბარემ: ძალიან სამწუხაროა, რომ ვერაფერს უპირისპირებს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება რუსულ პროპაგანდას, რომელსაც განსაკუთრებულად კარგად ვხედავ ინტერნეტსივრცეში. არადა, გავლენა, ვფიქრობ, ძალიან დიდია. ის ნიჰილიზმი, რაც არსებობს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართ, ქვეყნის მიმართ, როდესაც ბევრი ახალგაზრდა მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორ გაემგზავროს აქედან, რუსული პროპაგანდის ყველაზე თვალსაჩინო შედეგი მგონია.

- მოგეხსენებათ, ორიოდე დღის წინ გამოქვეყნდა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სტრასბურგის სასამართლომ გვანცა ყუფარაძის საქმეზე ვერც ერთი მუხლის დარღვევა ვერ დაადგინა. გვანცა ყუფარაძის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ევროპულ სასამართლოში საქართველოს წარმომადგენლის, ნონა წოწორიას ზეგავლენით არის მიღებული. თქვენ, როგორც სტასბურგის სასამართლოში არაერთი საქმის მომგები იურისტი, როგორ შეაფასებთ მომხდარს?

- პროფესიული ეთიკის მოთხოვნებით ვარ შეზღუდული და გამიჭირდება მკვეთრი შეფასება, განსაკუთრებით – ევროსასამართლოს ქართველი მოსამართლის. სტრასბურგის სასამართლოს გასაგონად მხოლოდ ერთი რამ მინდა ვთქვა: გვანცა ყუფარაძის საქმეზე ევროკონვენციის დარღვევის ვერდადგენით ევროსასამართლომ თავი მოიჭრა ქართველი საზოგადოების წინაშე და რეპუტაცია შეილახა. ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება, რადგან ევროსასამართლო ამ ქვეყანაში ის ბოლო იმედი იყო, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს სამართლის პოვნის შესაძლებლობას აძლევდა. დღეს კი ეს რწმენა შერყეულია… ორიოდე სიტყვას ვიტყვი სტრასბურგში საქართველოს წარმომადგენლის კანდიდატურების შერჩევაზეც… ეს პროცესი არ არის ღია და ჩვენ, საზოგადოება, ამის თაობაზე ვიგებთ მხოლოდ მიღებული სამარცხვინო შედეგების შემდეგ… იუსტიციის მინისტრმა ვერა და ვერ მოახერხა სამი კანდიდატის შერჩევა… როდესაც ქვეყანაში გყავს ისეთი იუსტიციის მინისტრი, რომელიც სამ კანდიდატს ვერ არჩევს სტრასბურგის სასამართლოსთვის, სხვა რა გადაწყვეტილება უნდა ანდო, არ ვიცი.

კვირის პალიტრა“, 25 სექტემბერი, 2017 წელი

ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: საქართველოში ბიზნესი აუცილებლად პოლიტიკაში ყოფნას გულისხმობს“ // „პარლამენტში და თბილისის საკრებულოში ბევრი დეპუტატი მოქმედი მილიონერია“ // „ქვეყანაში ისევ ძლიერია კასტა, რომელსაც მტკიცედ სჯერა, რომ პოლიტიკა კეთდება ფულით და ფულიპოლიტიკით

რუსუდან შელია

ბიზნესმენები პოლიტიკაში და პირიქით – პოლიტიკოსები ბიზნესში დიდი ხანია საქართველოში არავის უკვირს, თუმცა, ყველა კვლევა მოწმობს, რომ ბიზნესინტერესების მქონე დეპუტატების სიმრავლით მეცხრე მოწვევის პარლამენტი წინამორბედებისგან მაინც გამოირჩევა. “საერთაშორისო­ გამჭვირვალობა – საქართველომ” მოქმედი დეპუტატების დეკლარირებულ თუ არადეკლარირებულ ბიზნესსაქმიანობაზე, ბიზნესთან კავშირსა და შეუთავსებელ საქმიანობაზე კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, სხვადასხვა ხელისუფლების მმართველობის უმაღლესი საკანონმდებლო ორგ­ანოს, ფაქტობრივად, “მუდმივმოქმედმა” წევრებმა დეკლარაციის სწორად შევსება არ იციან, ან იციან და აქტივებს მიზ­ან­მიმართულად მალავენ.

როგორც ჩანს, კანონმდებლები ანგარიშს არ უწევენ კანონმდებლობას, რომლის მიხედ­ვითაც, არასწორად შევსებული დეკლარ­აცია კონკრეტულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს: “საჯარო სამსახურში­ ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქა­რთველოს” კანონით დადგენილი წესით, პარლამენტის წევრი ვალდებულია, შეავსოს და საჯარო სამსახურის ბიუროს წარუდგინოს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. ამასთან, პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ საქმიანობას წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობა ან საჯარო სამსახურში რაიმე თანამდებობის დაკავება. თუმცა, თუ პარლამენტის წევრი სამეწარმეო საქმიანობას ეწევა, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ამ ფაქტის გამოვლენიდან 10 დღის ვადაში შესაბამისი მასალა უნდა გამოითხოვოს, ჩამოართვას დეპუტატს ახსნა-განმარტება და დასკვნა მოამზადოს. თუკი არსებობს შესაბამისი ფაქტები და გარემოებები უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ მომზადებული დასკვნა პარლამენტის ბიუროს განსახილველად შეაქვს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. პარლამენტი ვალდებულია, წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი დაუყოვნებლივ განიხილოს. ეს ფორმალური მხარეა, თუმცა, გავყვეთ ფაქტებს, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის შედეგად გამოვლინდა.

ყველაზე მდიდარი დეპუტატი

შევსებული დეკლარაციების მიხედვით, დეპუტატებს შორის ერთი წლის განმავლობაში სამეწარმეო საქმიანობიდან ყველაზე მაღალი შემოსავალი მიიღეს: კახაბე­რ ოქრიაშვილმა – 17.429.052 ლარი, გრიგოლ მიქელაძემ – 1.185.000 ლარი, ელგუჯა გოცირიძემ – 1.011.839 ლარი. ყველაზე მეტ კომპანიაში კი ბიზნესაქტივებს ფლობენ: ილია წულაია – 31 კომპანია; ნინო წილოსანი – 13 კომპანია; კახაბერ ოქრიაშვილი – 13 კომპანია.

მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატს უფლება არა აქვს, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას და თვითონ მართოს კომპანია, “საერთაშორისო გამჭვირვალობის” ” ანგარიშის მიხედვით, მეცხრე მოწვევის პარლამენტის 9 წევრი დირექტორად არის რეგისტრირებული.
ჯამში, ოფიციალური მონაცემების შესწავლის საფუძველზე დადგინდა, რომ საქართველოს პარლამენტის 51 წევრს ბიზნესთან აქვს კავშირი და შესაბამისად, წილებს ფლობენ სამეწარმეო სუბიექტებში.

გამოვლენილია არადეკლარირებული აქტივები და დეპუტატების ოჯახების წევრთა ბიზნესთან კავშირიც. მართალია, მათი ოჯახის წევრებს ბიზნესთან კავშირს არავინ უკრძალავს, მაგრამ საჯარო პირი ვალდებულია, ეს მონაცემები დეკლარაციაში დეტალურად აღწეროს! თუმცა, კვლევამ გვაჩვენა, რომ დეპუტატების ოჯახების წევრთა ბიზნესთან კავშირი 25 შემთხვევაში გამოვლინდა, 7 შემთხვევა კი არადეკ­ლარირებულია.

“საერთაშორისო გამჭვირვალობის” ინფორმაციით, ისინი უპირატესობით სარგებლობენ სახელმწიფო შესყიდვებისას – 2016 წლის 18 ნოემბრიდან 2017 წლის აგვისტოს ჩათვლით პარლამენტის სამ წევრთან დაკავშირებულმა კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვაში მიიღეს მონაწილეობა: ტენდერებში რამდენჯ­ერმე გაიმარჯვა კახაბერ ოქრიაშვილის ორმა კომპანიამ, მოგებული ტენდერებიდან ყველაზე მაღალი ღირებულების ხელშეკრულების ოდენობა კი 16.584.494 ლარია, კახა ოქრიაშვილთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 36 ტენდერში მიიღეს მონაწილეობა, 20-ჯერ კი გამარტივებულ შესყიდვაში გაიმარჯვა.”

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, “ქართული ოცნების” წევრის, იოსებ მაკრახიძის კომპანია “იბოლიამ” სახელმწიფოსთან 2.250.440-ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა. მაკრახიძესთან დაკავშირებულმა კომპანიამ 8 ტენდერში მიიღო მონაწილეობა და, ძირითადად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთებს ასრულებს. ამავე პერიოდში “იბოლიამ” მონაწილეობა­ მიიღო და გაიმარჯვა 7 გამარტივებულ შესყიდვაში. რაც შეეხება სახელმწიფო შესყიდვებით დაინტერესებულ მესამე დეპუტატს, გოჩა ენუქიძესთან დაკავშირებულმა­ კომპანიამ შპს “იბერკომპანი” საანგარიშო პერიოდში 38 გამარტივებულ შესყიდვაში გაიმარჯვა. ტენდერებში იმარჯვებენ დეპუტატთა ოჯახის წევრების მფლობელობაში არსებული კომპანიებიც, მაგალითად, ომარ ქუცნაშვილის (ზაქარია ქუცნაშვილის მამა) კომპანია “ჯეოინჟინერინგმა” გაიმარჯვა ტენდერში, რომლის შემსყიდველი პირი იყო “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია”, ხელშეკრულების სავარაუდო­ ღირებულებაა 135.896.00 ლარი. ზაქარია ქუცნაშვილი არადეკლარირებული ბიზნესაქტივის სიმრავლითაც გამოირჩევა – იგი დეკლარაციაში კომპანიებში მამის მეწილეობის გარდა, არ მიუთითებს კავშირს შემდეგ ფირმებთან: 1. შპს “ქართულ-აზერბ. ერთობ. საპროექ.-სამშ. კომპ. თბილ-ბაქო” – დირექტორი; 2. შპს “აგარა” – მეწილე; 3. შპს “სუპერ ტორფი”" – მეწილე 4. შპს “ქმბ” – მეწილე.

მდიდარი წევრებით არა მხოლოდ პარლამენტი, საკრებულოც დატვირთულია – თბილისის საკრებულოში 13 მოქმედი მილიონერია, მათ შორის პირველ ადგილს 3.383.898 ლარით “ქართული ოცნების” წევრი თამარ ტალიაშვილი იკავებს, ხოლო”მილიონერებს შორის ყველაზე “ღარიბი” “ქართული ოცნების” წევრი გიორგი ტყემალაძეა 946.400 ლარით.

ფულიანი ბიძიებისწყალობით სახელმწიფო ერთ მანკიერ წრეზე ტრიალებს

როგორც ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, „საქართველოში ბიზნესი აუცილებლად პოლიტიკაში ყოფნას გულისხმობს და ქვეყანაში ისევ ძლიერია კასტა, რომელსაც მტკიცედ სჯერა, რომ პოლიტიკა კეთდება ფულით და ფული – პოლიტიკით. მსგავსი მენტალური ხარვეზი ბოლო წლებში კიდევ უფრო მასშტაბური გახდა და ამაზე არსებული სტატისტიკაც მიუთითებს. დარწმუნებული ვარ, ყველა დეპუ­ტატი,­ ვისაც ოჯახის წევრზე­ აქვს ქონება გადაფორმებული, პარლამენტში ზის და საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობის ნაცვლად, კალკულატორზე ფულს გამალებით ითვლის და ბიზნესის ყოველდღიურ ლობირებასა და მართვაშია ჩართული.

რატომ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ისინი საკუთარ კომპანიებს ტენდერებშიც ლობირებენ და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მნიშვნელოვან სარგებელს იღებენ? სწორედ ეს გახლავთ ოლიგარქიული მმართველობის მოდელი და ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილს არ ვგულისხმობ – ოლიგარქიული სისტემა ასეთი მენტალიტეტის მქონე პირთა სიმრავლეს ნიშნავს და ის კონკრეტული­ პირების ფულის ოდენობით არ განისაზღვრება, ოლიგარქიული მმართველობა მყარდება მაშინ, როდესაც ბიზნესი ხელისუფლებასთან ურთიერთობით სარგებლობს ან პირდაპირ პოლიტიკაშია.

- გარდა ბიზნესწილებისა, მწვავედ დგას დეპუტატებთან დაკავშირებული კომპანიების ტენდერებში მონაწილეობის საკითხიც­ – თუ კომპანიების ლობირებით არა მხოლოდ დეპუტ­ატები არიან დაინტერესებული, ეს ნიშნავს, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც პრობლემებია?

- ეჭვი რომ ჩნდება, ფაქტია და სანამ­ კატასტროფულ შედეგამდე არ მივსულვართ, კანონმდებლობაში დაუყოვნებლივ შესატანია, რომ აქტიურ პოლიტიკაში მყოფ პირებთან დაკავშირებულ კომპანიებს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის უფლება არ ექნებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელი ხელს ჰბანს პრინციპით მმართველობა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს საბოლოოდ ჩამოშლის. კახა ოქრიაშვილი კრებსითი სახეა­ იმ მაჟორიტარების, რომლებიც­ აბსოლუტურად აპოლიტიკურები არიან, მაგრამ კონკრეტული ძალ­ების ხელისუფლებაში ყოფნას უზრუნველყოფენ საკუთარი გავლ­ენითა და ფინანსებით. პოლიტიკისა და ბიზნესის ასეთი სიმბიოზი­ განვითარების შესაძლებლობას უკლავს პატიოსან და ბევრად ნიჭიერ ბიზნესმოთამაშეებს, კლავს კონკურენციასაც, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკის განვითარებისთვის. პარლამენტარ ბიზნესმენს მინისტრთან მიესვლება და ბევრად მეტი საშუალება აქვს, რომ საკუთარი ბიზნესის ლობირება მოახდინოს.

მარტივ მაგალითს მოგიყვანთ: როდესაც ფარმაცევტს აქვს საავადმყოფო და სადაზ­ღვევო კომპანიაც, ეს შესაძლოა პაციენტისთვის სასიკვდილო აღმოჩნდეს, რადგან­ ფარმაცევტი ავადმყოფს, თუ ქსელში არა აქვს, არ დაუნიშნავს წამალს, რომელიც მას განკურნავს. ფარმაცევტი დაინტერესებულია თავისი პროდუქტის რეალიზებით, თუნდაც მას სამკურნალო თვისებები არ ჰქონდეს. ამ ბიზნესს ხელისუფლებაში ძლიერი ლობისტი ჯგუფი ჰყავს, ყველაზე ძლიერი კი მაინც საბანკო ლობია, რომელიც საკუთარი სურვილისამებრ ათამაშებს პოლიტიკას. სასაცილო მდგომარეობაა საკრებულოში – თუ პარლამენტში დიდი ფულის აღებმიცემობაა, მცირე საცანცლავის პოვნას საკრებულოს წევრებიც ახერხებენ. გვახსოვდეს, რომ კორუფცია მხოლოდ ქრთამის აღება არ არის, ის ტენდერებზე ზეგავლენასაც გულისხმობს, სადაც დიდი ფული იშოვება.

ადამიანები, რომლებსაც წარმატების მიღწევა სურთ,”"ღუმელთან” ახლოს მიდიან, ათიდან ერთი კაცი შეიძლება იწვება, დანარჩენი “ღუმელში” ხელს ბედნიერად აფათურებს.
სწორედ ასეთი ფაქტებია მთავარი ინდიკატორი იმისა, რომ არ ვვითარდებით და “ფულიანი ბიძიების” დამსახურებით მთელი სახელმწიფო ერთ მანკიერ წრეზე ტრიალებს.

კვირის პალიტრა“, 25 სექტემბერი, 2017 წელი

15 ფერეიდნელ ქართველს საქართველოს მოქალაქეობაზე უარი უთხრეს! // „მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ წარმატებით გააგრძელა შაჰ-აბასის დაწყებული საქმე

რუსუდან შელია

საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოების ხელმძღვანელის, ზვიად ტომარაძის განცხადებით, რამდენიმე ფერე­იდნელს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ უარი განუცხადა:

- 2016 წლის 15 ივნისიდან დღემდე ჩავატარეთ ხუთი პროექტი სახელწოდებით “ქართული ენისა და ხალხური სიმღერების შემსწ­ავლელი კურსი ფერეიდნელი ქართველებისთვის”. ამისთვის საქართველოში ჩამოვიყვანეთ ფერეიდნელი ახალგაზრდები,­ თითო ჯგუფში 12-15 კაცით. ქართულ ენასთან ერთად მათ შეისწავლეს ხალხური­ სიმღერები, საქართველოს ისტორია და ფანდურზე დაკვრა. დავათვალიერებინეთ სხვადასხვა კუთხე, კულტურული ძეგლები და ა.შ. პირველი და მეოთხე­ პროექტი “ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა”, მეორე, მესამე და მეხუთე პროექტები კი პრეზიდენტის ფონდმა დააფინანსა. მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ წარმატებით გააგრძელა შაჰ-აბასის დაწყებული საქმე და მეოთხე ჯგუფის 15 წევრს, ჩვენს და-ძმებს, რომლებმაც 400 წლის განმავლობაში შეინახეს ქართული ენა ირანში, უარი უთხრა საქართველოს მოქალაქეობაზე. მეოთხე პროექტი იმით იყო გამორჩეული, რომ მასში მონაწილეობდა 5 ცოლ-ქმარი და 2 და-ძმა. ყველას სურდა საქართველოში საცხოვრებლად ჩამოსვლა.

- რა მოტივით უთხრეს უარი და რა როლი შეასრულა ამ პროცესში პრეზიდე­ნტმა?

- უარი კომისიის სინდისზეა. ის ექვემდებარება იუსტიციის სამინისტროს და შედგება იუსტიციის სამინისტროსა და უში­შროების თანამშრომლებისგან, ისინი­ დასკვნას უგზავნიან პრეზიდენტს. არც ერთი ქვეყნის პრეზიდენტი პირადად არ განი­ხილავს მოქალაქეობის საკითხებს, ის კომისიის გადაწყვეტილებას ეყრდნობა. კომისიას უარის მიზეზი არ უთქვამს, პასუხები ელექტრონულად მოვიდა. როგორც გასაუბრების შემდეგ ფერეიდნელებმა მითხრეს, კომისიის წევრები მათ მიმართ არ იყვნენ კეთილგანწყობილი. ეს ნეგატიურად აისა­ხება სხვა ფერეიდნელების დაბრუნებაზე.

- კომისიამ ფერეიდნელების მიმართ მსგავ­სი დამოკიდებულება პირველად გამოხატა, თუ ასეთი შემთხვევები ადრეც ყოფილა?

- მოქალაქეობის საკითხთა კომისია წინა წლებშიც მკაცრად ექცეოდა ფერეიდნელ ქართველებს და მათ, ფაქტობრივად, არ არჩევდა სხვა ეთნიკურად ირანელი მოქალაქეებისგან, თუმცა, ბოლო ერთი წელია, ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა, მაგრამ ახლა, ფაქტია, უარი მივიღეთ. ვაპირებ ვთხოვო საქართველოს პრეზიდენტს, რომ კომისიის გვერდის ავლით მიანიჭოს მათ მოქალაქეობა, რისი უფლებაც მარგველაშვილს აქვს. ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის წევრთა შეცვლასაც!
იმ ადამიანებს, რომლებმაც 15 ფერეიდნელს უარი უთხრეს საქართველოს მოქალაქეობაზე და იმავდროულად, წლებია სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს მწვანე შუქს უნთებენ, უფლება არა აქვთ, დარჩნენ ამ მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტის უფლებამოსილ პირებად!
ჩვენ დავუკავშირდით იუსტიციის სამინისტროს და ამ საკითხზე განმარტება ვთხოვეთ, თუმცა, უარი მივიღეთ.

კვირის პალიტრა“, 25 სექტემბერი, 2017 წელი

როდის გაიზრდება საქართველოში საშუალო ხელფასი?!

ინტერვიუ სოსო არჩვაძესთან: „მსყიდვე­ლო­ბით­უნარიანობით საქართველოს სომხეთზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. თუმცა, აზერბაიჯანი გვისწრებს - იქ 100 დოლარით 80%-ით მეტი საქონლის შეძენაშეიძლება

ეკა სალაღაია

რამდენით განსხვავდება საქართველოში საშუალო ხელფასი მეზობელი ქვეყნების – რუსეთის, თურქეთის, სომხეთისა­ და აზერბაიჯანის საშუალო ხელფასებისგან? რატომ ანიჭებენ ჩვენი მოქალაქეები უპირატესობას საჯარო სექტორში დასაქმებას? ამ საკითხებზე ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე გვესაუბრება.

- ჩვენ საბაზრო ეკონომიკის პირობებში ვცხოვრობთ და სამუშაო ძალის ღირებულებასაც საბაზრო პრინციპი განსაზღვ­რავს. პირობითად, ქვეყანას თუ სჭირდება 1 ათასი იურისტი და ფაქტობრივად 4 ათასი ჰყავს, ამ 4 ათას იურისტზე­ გადანაწილდება ის ხელფასი, რომელიც 1 ათას იურისტს უნდა მიეღო. შესაბამისად, იურისტის ხელფასი იქნება ნორმალურზე ოთხჯერ დაბალი. იგივე პრინციპი მოქმედებს სხვა პროფესიის წარმომადგენლებზეც… საქართველოში მხოლოდ გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა და იმდენად უსისტემოდ ხდებოდა ცვლილებები, რომ ჯერაც ვერ დარეგულირდა უმაღლეს სასწავლებლებში­ ეკონომიკის გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი სპეციალობების შესაბამისი კონტინგენტის მომზადება. უმაღლესდამთავრებულთა დიდი ნაწილის დასაქმება თვითდინებაზეა მიშვე­ბული. ილუზორულია წარმოდგენა, თითქოს ბაზარი შეძლებს ყველაფრის დარეგულირებას. ბაზარი ყოვლისშემძლე არ არის. ეს იმაშიც ვლინდება, რომ უმუშევ­რად დარჩენილი ადამიანები იძულებული არიან, პროფილი შეიცვალონ და სხვა საქმეს­ მოჰკიდონ ხელი, ან უცხოეთში წავიდნენ სამუშაოდ…

ხელფასების სიდიდეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონე განსაზღვრავს.­ თუმცა, აქაც გარკვეული სპეციფიკაა. 90-იან წლებში ჩვენმა ხელფასებმა მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა შეინარჩუნა. 2000-იანი წლების დასაწყისიდან ნელ-ნელა იბრუნებს შემოსავლის ძირითადი­ წყაროს ფუნქციას. მართლაც, მხოლოდ დაქირავებული შრომ­ისგან მიღებული ხელფასები შინამეურნე­ო­­ბათა მთლიანი შემოსავლების 38-40%-ია.­ მაგრამ რჩება ბევრი პრობლემა, რომელთა­ გამოსწორების გარეშე ვერ ვიტყვით, რომ სოციალური სტაბილურობა მიღწეულია. ანუ ხელფასის მიმ­ღებთა კონტინგენტი მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. დღეს ყოველ 1 ათას კაცზე გვყავს 2-ჯერ ნაკლები დაქირავებით დასაქმებული, ვიდრე 80-იანების ბოლოს იყო. დღეს პრობლემა ხელფასის მიმღებთა რაოდენობა უფროა, ვიდრე­ საშუალო ხელფასის სიდიდე. რაც შეეხება საშუალო ხელფასს, მისი ზრდა ქვეყნის განვითარების

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია. ამიტომ უნდა ვიზრუნოთ არა იმაზე, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს ხელფასების დაბალი დონე საინვესტიციო მიმზიდველობის უზრუნველსაყოფად (ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი იაფი სამუშაო ძალით ცდილობს უცხოელ ინვესტორთა მოხიბვლას), არამედ სამუშაო ძალა იყოს იმდენად მაღალკვალიფიციური, რომ არც ერთ ინვესტორს, უცხოელი იქნება თუ შინაური, არ დაენანოს დამატებითი სახსრების გადახდა მათ დასაქირავებლად.

ოციოდე წლის წინ, საქარ­თველოში ნავთობსადენის გაყვანისას ადგილზე ვერ მოიძებნა მაღალკვალიფიციური ელექტროშემდუღებლები და ისინი პაკისტანიდან ჩამოიყვანეს. რა თქმა უნდა, ისინი გაცილებით მეტს ითხოვდნენ შრომის ანაზღაურებაში, ვიდრე ვთქვათ, ელიავას ბაზრობასთან მდგარი შემდუღებლები, მაგრამ დამქირავებელს ეს ნამდვილად უღირდა…

- ბევრს კერძო სექტორში დასაქმებას, საჯარო სექტორში დასაქმება ურჩევნია, რატომ?

- წესით, კერძო სექტორში უფრო მაღალი ანაზღაურება უნდა იყოს, რაც ჯერჯერობით ჩვენთან არ არის. საჯარო სექტორში დასაქმებულები კი, ფაქტობრივად, ორმაგი პრეფერენციებით სარგებლობენ, რაც გამოიხატება შედარებით მაღალ სტაბილურ ხელფასსა და სოციალური დაცულობის დონეში – არ უგვიანებენ ხელფასს, არ განიცდიან ექსპლუატაციის აშკარა თუ ლატენტურ ფორმებს, რაც კერძო სექტორში ხშირად შეინიშნება სამუშაო დროის გახანგრძლივების (მაგალითად, ამერიკაში ე.წ. ოვერ თაიმი 1931 წლიდან გამოიყენება) ან სხვა დისკრიმინაციული ფორმების გამოყენებისას… პრობლემა ისიც არის, რომ ჩვენი საზოგადოება მიჩვეული იყო სახელმწიფო პატერნალიზმს (ზრუნვას) და ჯერ კიდევ ვერ შეეგუა საბაზრო სტიქიას. ურჩევნია, სახელმწიფომ ან სხვა ინსტიტუტმა მოუგვაროს ბევრი ისეთი პრობლემა, რომელთა მოგვარების უნარი თავადაც აქვს. ამიტომაა, რომ გამოკითხვისას­ ადამიანი, რომელიც მცირე ბიზნესით არის დაკავებული,­ აცხადებს, რომ უმუშევარია. ამ ცნებაში აქსოვს არა იმდენად შრომითი საქმიანობის­ ასპექტს, რამდენადაც იმას, რომ პირისპირ არის დარჩენილი საბაზრო სტიქიასთან და ვერ გრძნობს სახელმწიფოსგან დაცულობას.

- სხვა ქვეყნებშიც საჯარო სამსახურს ამჯობინებენ?

- განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში კერძო სექტორში ბევრად მაღალი ანაზღაურებაა, ვიდრე საჯარო სექტორში. იქ საჯარო სექტორში მუშაობა, განსაკუთრებით პოლიტიკურ თანამდებობებზე, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის, მოვალეობის მოხდისა და ღირსების გამოხატულებად ითვლება. მაგალითად, აშშ-ის პრეზიდენტის წლიური ხელფასი 400.000 დოლარია. დონალდ ტრამპმა კი წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მართალია შემოწირულობაც ბევრი იყო, მაგრამ თავისი 31 მილიონი დოლარიც დახარჯა. მეორე ვადით არჩევის შემთხვევაშიც კი ის წინასაარჩევნოდ გაღებული თანხის ათიოდე პროცენტს თუ ამოიღებს.

- ჩვენთან საშუალო ხელფასი რამდენია?

- ბოლო მონაცემებით, ყოველთვიურად 1071 ლარი. ამას თუ საშემოსავლო გადასახადის 20%-ს მოვაკლებთ, გამოდის, ხელზე 850 ლარზე ოდნავ მეტს იღებენ. ეს დაახლოებით 410 დოლარია. ოდნავ მეტია სომხეთში – 420 დოლარის ეკვივალენტი. აზერბაიჯანში, სადაც წლების­ განმავლობაში უკეთესი მდგომარეობა იყო, მანათის სამჯერადმა დევალვაციამ ძალიან შეარყია ქვეყნის ვალუტის მსყიდველობითუნარიანობა და ამიტომ საშუალო ხელფასი მხოლოდ 302 დოლარი გამოდის. მეტ-ნაკლებად უკეთესი მდგომარეობაა რუსეთში – 619 დოლარი; თურქეთთან ახლოსაც­ ვერ მივალთ, იქ საშუალო ხელფასი 1900 დოლარია. აქ გასათვალისწინებელია ხელფასის მსყიდვე­ლო­ბით­უნარიანობაც, ანუ რა რაოდენობის საქონელი შეგვიძლია შევიძინოთ დოლარის ერთი და იმავე მასით. ამ შემთხვევაში საქართველოს, სომხეთთან შედარებით, უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვს. თუმცა, აზერბაიჯანი გვისწრებს – იქ 100 დოლარით დღეს შეიძლება თითქმის 80%-ით მეტი საქონლის შეძენა, ვიდრე საქართველოში. რუსეთში ფასების საშუალო დონე საქართველოზე ოდნავ დაბალია, ხოლო თურქეთში პირიქით – 1,5-ჯერ და მეტად მაღალი.
ხელფასებზე საუბრისას არ შემიძლია არ ვახსენო ერთი პოზიტიური ტენდენცია – ნელ-ნელა მიმდინარეობს ხელფასების გენდერული ნიშნით დაახლოების პროცესი. ბოლო ორ ათწლეულის განმავლობაში განსხვავება 10-ზე მეტი პუნქტით შემცირდა და ამჟამად ქალის ხელფასი მამაკაცის საშუალო ხელფასის 62,5%-ია. 1990-იან წლებში კი მხოლოდ 52% იყო.

- საარსებო მინიმუმი რამდენია საქართველოში?

- ერთ სულზე დაახლოებით 150 ლარია, შრომისუნარიან მამაკაცზე – 170 ლარი. თუმცა, ეს არ არის საკმარისი თანხა იმისათვის, რომ ადამიანმა მინიმალურ სოციალურ დონეზე დაიკმაყოფილოს ელემენტარული მოთხოვნილებები. საქართველოში არა გვაქვს კანონი “ინდექსირების შესახებ”, რაც იმას გულისხმობს, რომ თუ ქვეყანაში ფასები იზრდება, შესაბამისად, უნდა გაიზარდოს ხელფასები, პენსიები, სოციალური დახმარება… ჩვენთან კი ეს დამოკიდებულია ბიუჯეტზე, ხელისუფლების ან დამქირავებლის კეთილ ნებაზე.

- ამერიკაში ან სხვა განვითარებულ ქვეყნებში იმავე პროცესებს როგორ გადიან?

- ამერიკას აქვს სხვადასხვა დახმარების პროგრამა, მათ შორის, სასურსათო ტალონები. 46 მილიონი ამერიკელი იღებს ყოველთვიურად სასურსათო ტალონს. თითოეულის­ ღირებულება 150 დოლარამდეა. რუსეთის ფედერაციაში მოქმედი კანონით “ინდექსირების შესახებ” წელიწადში ორჯერ ხდება მინიმალური ხელფასებისა და პენსიების კორექტირება. რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა, მით უფრო დაბალია ინფლაციის მაჩვენებელი. ამიტომ ამ ქვეყნებში ინდექსირების აუცილებლობა ისე მწვავედ არ დგას, როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. მაგალითად, იაპონიაში ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში მხოლოდ 6 წელიწადი იყო ინფლაციის მაჩვენებელი 1%-ზე მაღალი, ხოლო ყოველი მეორე-მესამე წელი დეფლაციური იყო. ასეთ პირობებში რა ინდექსირებაზე შეიძლება ლაპარაკი?!
4-5%-იანი ინფლაცია ჩვენ არ გვიკვირს, თორემ ამერიკისა თუ დასავლეთ ევროპისთვის, ხატოვნად რომ ვთქვათ, თითქმის ქარიშხალ “ირმას” ეკვივალენტური იქნებოდა. ასე რომ, მათ ვერ შევედრებით…

ახალი თაობა“, 25 სექტემბერი, 2017 წელი

ვინ იხდის ფულს ეკლესიის ლანძღვაში

ინტერვიუ გიგლა ბარამიძესთან: „ე აღვირახსნილი კამპანია სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია“ // „გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციას ვერ გააერთიანებს

ვინ დგას საპატრიარქოს დისკრედიტაციის უკან, მოხდა თუ არა რაიმე გარიგება პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის, როგორ გადაიქცა კონსტიტუცია „ოცნების“ პარტიულ დოკუმენტად? ამ თემებზე „ახალ თაობას“ ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.

„როდესაც ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვსაუბრობთ, ეს არის პოლიტიკური ონანიზმის ქრესტომათიული მაგალითი. ეს სიტყვა ნურავის ნუ დააფრთხობს, ეს ყველაფერი ძველი აღთქმიდან მოდის. კონსტიტუცია თითოეული მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ამათ ეს უმთავრესი კანონი პარტიულ დოკუმენტად გადააქციეს. სადაც პირდაპირ აქვთ ჩაწერილი, როგორ უნდა დარჩნენ 20 წელი ხელისუფლებაში. ვენეციის კომისიის შუალედურ დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ 2024 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადავადება მწუხარებას იწვევს და კონსენსუსის მიღწევაში დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს. ასეთი განცხადება ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს. დიპლომატი ამაზე მეტს არაფერს გეტყვის.

კონიუნქტურას აყოლილი ჩინოსნები არ ძაბავენ ურთიერთობას, თორემ იმას პირდაპირ გეუბნებიან, რაც ხდება. გამგებმა უნდა გაიგოს. ხელისუფლების მხრიდან ამაზე გაუგებარი ლუღლუღი გვესმის მხოლოდ. განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის განცხადება. ის ამ განცხადებას რამდენიმე დღის მანძილზე იმეორებდა. ის ამბობს: „ოპოზიცია პრეზიდენტთან ერთად იყო დესტრუქციულ პოზაში და ამ პოზაში დგომას გააგრძელებს“. ვინმე ამიხსენით, რა ქართულია ეს? ვინ ასწავლა ასე ლაპარაკი. გავიგე, რომ ქართულთან მწყრალად არის, მაგრამ რა უბედურებაა პოზებზე ამდენი ლაპარაკი“, – ამბობს გიგლა ბარამიძე.

- მოდით, ვენეციის კომისიის დასკვნას დავუბრუნდეთ, პროპორციული წესით არჩევნების ჩატარების გადავადებამ მათში მწუხარება რომ გამოიწვია, ეს აისახება რამეზე თუ ჩანაწერად დარჩება?

- ისინი მიესალმებიან ყველაფერს, თუკი „ქართული ოცნებაც“ ისევე მოეფერება, როგორც წინა ხელისუფლება ეფერებოდა. მათთვის მთავარია არა რეალობა, არამედ კერძო, ვიწრო ინტერესები. არ გამოვრიცხავ, რომ მათ გადაყლაპონ ის დარღვევები, რაც „ქართული ოცნების“ მიერ კონსტიტუციის პარტიულ დოკუმენტად ქცევას უკავშირდება. მათ დარღვევები გასული წლის საპარლამენტო არჩევნებზეც არ შეიმჩნიეს. ევროპელებთან დაკავშირებით დიდმა ქართველმა ფილოსოფოსმა შალვა ნუცუბიძემ ერთ-ერთ ლექციაზე ასეთი რამ თქვა: `ევროპას არა აქვს უფლება, სამყაროს წინაშე დაიკვეხნოს თავის კულტუროსნება, ვიდრე მის პასპორტში ბართლომეს ღამე წერიაო~. ამას დავამატებდი, რომ კულტუროსნებას მანამდე ვერ დაიკვეხნიან, სანამ პასპორტში ბუხენვალდი, ოსვენციმი, ფაშიზმი უწერიათ.

ევროპელი ჩინოსნები დღემდე ხუთმაგი სტანდარტებით მოქმედებენ. მათი ასეთი დამოკიდებულება განსაკუთრებით ჩვენნაირ სუსტ ქვეყნებში იჩენს თავს. `ქართული ოცნება~, ნაციონალების მსგავსად, პოლიტიკური გასაჭირის დროს კარგად იყენებს ევროპელების დასკვნებს, რაც დამღუპველი და არასწორია.

- თამარ ჩუგოშვილის თქმით, ოპოზიცია პრეზიდენტთან ერთად იყო დესტრუქციულ პოზაში და ამ პოზაში დგომას გააგრძელებს. რაში გამოიხატება დესტრუქციულ პოზაში დგომა და აქვს თუ არა პრეზიდენტსა და ოპოზიციას საერთო გეგმები?

- მე ისიც ვერ გავიგე, რაზე საუბრობს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. რაკი ასეთ თემებზე ჩამოაგდო საუბარი, ცუდი არ იქნება, თუ პრეზიდენტს დაელაპარაკება. მარგველაშვილმა ხომ გვითხრა, ძალიან მდიდარი სექსუალური ცხოვრება მაქვსო. დასხდნენ და ისაუბრონ ამ თემებზე, რამდენიც უნდათ. ცნობილი ინდური ტრაქტატი აღარ გვინდა, ჩვენი ხელისუფლება შექმნის ახალს.

ყველას ახსოვს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პირველი ინიციატივა, რაც „ოცნების“ პარლამენტში შევიდა, ბუსუსებიანი პრეზერვატივების აკრძალვა იყო. კონსტიტუცია და ქართული პოლიტიკა ხომ ისე გააუპატიურეს, რომ ინდური ტრაქტატი არაფერში საჭირო აღარ არის. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, ახლა რაც შეეხება პრეზიდენტის და ოპოზიციის ურთიერთობებს. მარგველაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებისგან განსხვავებით, სხარტი აზროვნებით გამოირჩევა. ის უცბად ხვდება, სიო საიდან უბერავს.

თავისი საპრეზიდენტო ვადის მიმწუხრს სურს, რომ უფრო რეფორმატორად და თანამედროვედ გამოჩნდეს, უფრო მეტად სვეცკაობს. ამიტომ იწუნებს კონსტიტუციას და ცდილობს, ოპოზიცია გააერთიანოს.

- შეძლებს მარგველაშვილი ამის გაკეთებას?

- მეტი არაა ჩემი მტერი, ამან ოპოზიცია გააერთიანოს. მისი მთავარი საზრუნავია, რომ დასავლეთის თვალში დემოკრატ ლიდერად გამოჩნდეს. მისთვის, ისევე, როგორც სხვა ჩინოსნებისთვის, მთავარი ჯერ დასავლეთია, მერე არასამთავრობოები, მერე საკუთარი ჯიბე და სულ ბოლო ადგილზეა ჩვენი საზოგადოება. მარგველაშვილს თავისი უკმაყოფილება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით თავიდანვე უნდა გამოეხატა, მაგრამ მაშინ მისთვის სხვა რამე იყო მთავარი, უნდოდა შენარჩუნებულიყო უშიშროების საბჭო და მისთვის ფუნქციები არ ჩამოერთმიათ, ამიტომაც იყო ჩუმად.

მე მისი არ მჯერა, მაგრამ ვაღიარებ, რომ სხვებზე უფრო განათლებულია, სიოს ქროლვის მიმართულებას ადრე გრძნობს და კარგად უწყობს მას ფეხს. კარგად ვიცი, როგორ გადაყლაპა მან გაყალბებები და საარჩევნო სიებში მყოფი მკვდარი სულები თავის სასარგებლოდ.

პრეზიდენტად როცა ნიშნავდნენ, დემოკრატია, პლურალიზმი და კონსენსუსი სულ არ ახსოვდა. ვცდილობ, მართალი კაცი ვიყო და მის რევერანსებს ვერ დავიჯერებ. თუმცა რასაც ახლა ამბობს, თუ მართლა ასე ფიქრობს, კარგია.

- მარგველაშვილს სააკაშვილის მომხრეებთან ბოლოს რაღაც თბილი ურთიერთობები ჩამოუყალიბდა და იქიდან რაიმე სიომ ხომ არ დაუბერა?

- სააკაშვილი არის მრავალჯერადი გამოყენების გაპონი აგენტი, რომელიც სიტუაციის მიხედვით მზადაა, თავისი ნიჭი და ენერგია მოახმაროს შემკვეთებს. მთავარია, ვინ რას უკვეთავს. საცოდავო უკრაინავ, 43-მილიონიანი ქვეყანა იყო და სხვები გატრიალებდნენ თავის ჭკუაზე. მეორე ასეთი ქვეყანა არ მახსენდება, დაშლის პირას იყოს და ხმას არ იღებდეს. დღეს იქ ცრუპატრიოტიზმის გამოყენებით ფარისევლობაში მიდის შეჯიბრი. უცხოტომელი ლიდერების აღლუმია დანაწევრებულ უკრაინაში _ სომეხი ტიმოშენკო, ებრაელი კოლომოისკი, ქართველი სააკაშვილი თურმე უფრო მეტად ზრუნავენ მრავალტანჯულ უკრაინაზე, ვიდრე უკრაინელი ხალხი.

ერთი დადის უკრაინული ნაწნავით, მეორემ თავის ღიპზე ჩამოიცვა 5 იქსელი ზომის უკრაინული ჯუბა. პატი და პატაშონივით დატუნტულობენ და გაიძახიან, გინდა თუ არა, უკრაინა უნდა გადავარჩინოთო.

სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებაში ვერ მივა, მაგრამ სიტუაციას კარგად აურევს. ყველაფერი კეთდება მის გასაცოცხლებლად. პოროშენკო ისეთ სულელურ ნაბიჯებს დგამს, სატოპკეებს სატოპკეებზე უწევს ამ მრავალჯერადი გამოყენების აგენტს.

იქ მან თუ ფეხი რამენაირად მოიკიდა, ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველოში ფეხი შემოყოს. მას უკვე დაწერილი აქვს გეგმა, თუ როგორ უნდა დაბრუნდეს საქართველოში. ამ გეგმის შესახებ 4 თუ 5 კაცმა იცის. ამ გეგმაში ორგანიზაციული და ფინანსური საკითხებია გაწერილი. ტექნიკურ და იდეოლოგიურ საკითხებზეც არის საუბარი. საუბარია პიარზეც. მას გეგმა #2 მზად აქვს, მაშინ როცა საქართველოს ხელისუფლებამ ის არ იცის, ცეცხლმოკიდებული ბუჩქი როგორ ჩააქროს. დღევანდელი საქართველო თვითდინებაზე მიშვებულ ნავს ჰგავს. `ქართული ოცნება~ მას საქართველოში დაბრუნებაში ხელს ვერ შეუშლის. მისთვის წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ ხალხს შეუძლია, რომელსაც კარგად ახსოვს ის საშინელი წლები. ხელისუფლება თუ სააკაშვილს აქ შემოუშვებს, პირდაპირ ვამბობ, სისხლი დაიღვრება. ის საქართველოში ცხვირის შემოყოფას სწორედ ხალხის ასეთი განწყობის გამო ვერ ბედავს.

ხალხი ისეთი გამწარებულია ხელისუფლებაზე, რომ ერთი სული აქვს, აქ პროცესები აირიოს, რომ დამნაშავეებს თავად გაუსწოროს ანგარიში. ასეთი განწყობა ქვეყნისთვის დამღუპველია, მაგრამ ხელისუფლება ამის გასანეიტრალებლად არაფერს აკეთებს.

სამართლიანობის აღდგენის ნაცვლად, კოაბიტაციაში შევიდნენ დამნაშავეებთან. დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების ნაცვლად, თანახმაა მიწების გაყიდვაზე, დედაქალაქში ქართული წარწერები აღარ არის და ჩილიმ-ბარების გახსნა ითვლება ბიზნესის განვითარებად. ზოგიერთ რეგიონში ქართული წირვა-ლოცვა იზღუდება, ეკლესიის მიმართ რაც ხდება, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ასეთი აღვირახსნილი კამპანია ეკლესიის წინააღმდეგ კომუნისტების დროსაც კი არ ყოფილა.

ახლა ასეთი სექტანტური გეგმა მოიფიქრეს, ამბობენ, ეკლესიაში ნაკლოვანებები არ მოგვწონს და მხოლოდ ამიტომ ვაკრიტიკებთ საპატრიარქოსო. სინამდვილეში ეს არის მართლმადიდებლური ეკლესიის ლაფში ამოსვრა. ამ აღვირახსნილ კამპანიას მე სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად მივიჩნევ. ამ კამპანიის დამკვეთების მიზანს ქართული სახელმწიფოს დაშლა და მართლმადიდებლობის მოსპობა წარმოადგენს.

- თქვენ ამას სახელმწიფოს ჩადენილ დანაშაულად მიიჩნევთ, მაგრამ ზოგიერთი სასულიერო პირი ისე იქცევა, შეუძლებელია, ის არ გააკრიტიკო...

- ზოგიერთი სასულიერო პირის ქმედება მართლა იმსახურებს კრიტიკას, მაგრამ კრიტიკა სხვაა და აღვირახსნილი კამპანია სხვა. ერთი პოლიტიკური ძალა საარჩევნო კლიპში პირდაპირ ლანძღავს ეკლესიას. დარწმუნებული ვარ, მათ ეს შეუკვეთეს. სხვა შემთხვევაში შეუძლებელია, 2 ქალბატონი ასეთი ტკბობით თხრიდეს ეკლესიას. რომელი თეოლოგები ეგენი არიან, ეკლესიისკენ რომ ხელებს იშვერენ. რასაც ეგენი ამბობენ, მართალიც რომ იყოს, სარეკლამო რგოლში როგორ შეიძლება ეკლესიის, გნებავთ, კონკურენტი პარტიის ლანძღვა.

ამას სჯობია, პირდაპირ თქვან, რომ ეზიზღებათ მართლმადიდებლობა. ამ პარტიის წევრებს აკაწკაწებთ და გული უწუხთ, ქართული ეკლესიის ზარები რომ რეკავს. ამ დროს მათში სექტანტური ეშმა ირყევა. რაც არ უნდა თქვან, საქართველოში ეკლესიაა ის ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც ჯერ კიდევ ადუღაბებს დაკარგულ ტერიტორიებს და ქართველ ერს.

ციანიდის საქმე არის ქართული მართლმადიდებლობის წინააღმდეგ გაჩაღებული ბრძოლა და აქ საპატრიარქოში მიმდინარე პროცესები არაფერ შუაშია. დაჩმორებული ხელისუფლება, რომელსაც ყველაფრის ეშინია და მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობის შენარჩუნებაზე ზრუნავს, ამ აღვირახსნილობას ვერაფერს უპირისპირებს.

მოფამფალებულ ხელისუფლებას, შესაძლოა, აწყობს კიდევაც, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ასეთი ბრძოლა მიდის.

- წესით, უნდა აწყობდეთ, ციანიდის სკანდალის შემდეგ არავის აღარ ახსოვს მთავრობა და პარლამენტი...

- რა თქმა უნდა, აწყობთ, რომ მათგან ყურადღება გადატანილია. „ოცნებას“ უწმინდესის ავტორიტეტიც აღიზიანებს. ასეთ დროს უფრო იოლად გაყიდიან ქართულ მიწებს. ან ის რა უბედურებაა, ქართულ მარშს რომ მიახტნენ. რასაც ეგენი ითხოვენ, ეგეთი მოთხოვნები ევროპაშიც აქვთ, მაგრამ იქ მათ მარგინალებს არავინ უწოდებს. დემოკრატია თუ არის, ყველას აქვს თავისი აზრის გამოხატვის უფლება. ან იქნებ მხოლოდ ისაა დემოკრატია, კაცი კაცთან რომ გორაობს და ქალი ქალთან?! მე არავის განსჯას არ ვაპირებ, მაგრამ ეს სულგაყიდული არასამთავრობოები ყველას თავზე არ უნდა დააჯდნენ.

ახალი თაობა“, 25 სექტემბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „სანამ ქვეყანაში მეორე პარტიაა ნაცმოძრაობა, ოპოზიციას არაფერი ეშველება“ // „ეს არჩევნები ყველაფერს დაალაგებს

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.

- ბატონო ვახტანგ, დღეს ოპოზიციას რამდენად შესწევს ძალა, რომ პოლიტიკური პროცესი სათავისოდ შემოატრიალოს?

- ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ დღეს ოპოზიციას ამის შესაძლებლობა ჰქონდეს. დღეს მოსახლეობაში ძალიან დიდი სკეპტიკური განწყობაა მთელი პოლიტიკური სპექტრის მიმართ და არა მხოლოდ ოპოზიციის მიმართ. პოლიტიკურ სპექტრში არ მეგულება ლიდერი, რომლის მიმართ მოსახლეობას დადებითი რეიტინგი აქვს დაფიქსირებული. ყველა ლიდერს, ეს იქნება ოპოზიცია თუ ხელისუფლება, უარყოფითი რეიტინგი უფრო დიდი აქვს, ვიდრე დადებითი რეიტინგი. ეს კი ნიშნავს, რომ მოსახლეობის დამოკიდებულება პოლიტიკური პროცესისადმი თითქმის განულებულია.

- ოპოზიცია ხალხის ქუჩაში გამოყვანას აანონსებს...

- ამ ვითარებაში ხალხის ქუჩაში გამოყვანამ უბრალოდ, წარმოუდგენელია. გამორიცხულია. რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ ქუჩაში ხალხი გამოვიდეს?! ვერ გეტყვით!

- ოპოზიცია არჩევნების გაყალბებაზე აპელირებს

- არჩევნების შემდეგ ხალხი ქუჩაში მაშინ გამოდის, თუ წინასწარ არის განწყობა შექმნილი. ან ისე უნდა გაყალბდეს არჩევნები, რომ ეს უნდა იყოს სრულიად აშკარა და ხელისგულზე უნდა იდოს, რაც გამორიცხულია.

- შეიძლება არასაპარლამენტო ოპოზიცია ასეთი განცხადებებით ერთგვარად სიცოცხლეს ინარჩუნებს...

- და ვის თვალში?! ხელისუფლების, ამომრჩევლის თუ დასავლეთის თვალში?! ხომ ყველა კარგად ხვდება, რისი უნარი და ძალა შესწევთ. ოპოზიცია რისი ოპოზიციაა თუ ხალხის, პირველ რიგში, ამომრჩევლის განწყობებს არ აჰყვა. მაგალითად, საკონსტიტუციო ცვლილებები შეიძლება გამოიყენოს ოპოზიციამ საპროტესტო განწყობების შესაქმნელად, მაგრამ როდესაც ნაციონალური მოძრაობა ითხოვს, დემოკრატიული საარჩევნო სისტემა იყოს შემოღებული, ცოტა სასაცილოა. ნაცმოძრაობამ 2010 წელს ისე შეცვალა კონსტიტუცია, არც კი უფიქრია ამაზე. სანამ ნომერ მეორე პარტია და, შესაბამისად, პირველი ოპოზიციური პარტია იქნება ქვეყანაში ნაციონალური მოძრაობა, მანამდე ოპოზიციას არ ეშველება.

პროტესტი უნდა არსებობდეს, ან ეს პროტესტი უნდა გროვდებოდეს და შემდეგ ბოლო წვეთი გადმოდის ხოლმე ქუჩაში. ეს ვითარება დღეს ნამდვილად არ არის. დღეს არის ეტაპი, როდესაც ძალიან დიდი იმედგაცრუებაა.

- როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების მიმართ?

- დიახ, ზოგადად პოლიტიკური სპექტრის მიმართ. ვინაიდან ჩვენ ოპოზიციაზე ვსაუბრობთ, უნდა გითხრათ, რომ ოპოზიცია ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, ფორმა არ აქვს მიცემული. პარტიებმა, ახლად შექმნილი იქნება თუ ძველი, რეალურად არ იციან, რა მხარდაჭერა აქვთ მათ, როგორია მათ მიმართ ამომრჩევლის დამოკიდებულება. ადგილობრივი არჩევნები ამ ყველაფერს დაალაგებს და ფორმას მისცემს.

- ადგილობრივი არჩევნები ზოგადად ელექტორატის მაღალი აქტივობით არ გამოირჩევა, 21 ოქტომბრის არჩევნები იქნება გამონაკლისი?

- არა, პირიქით, ეს არჩევნები იქნება ერთ-ერთი დაბალი აქტივობით გამორჩეული არჩევნები. თითქმის კარს არის მომდგარი არჩევნები, მაგრამ ის არ იგრძნობა. არჩევნები იგრძნობა მხოლოდ მედიაში. მოსახლეობაში არანაირი მოლოდინი არ არის ამ არჩევნების მიმართ, ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმ ნიჰილისტურ განწყობებს, რომლებიც ადამიანებშია.

- ნიჰილისტური განწყობების გარდა, კიდევ რა შეიძლება ამის მიზეზი იყოს?

- მიზეზი თავად პოლიტიკურ ელიტაშია, იმ პოლიტიკურ პროცესშია, რომლის მოწმენიც ვართ. პირველ რიგში, ოპოზიციამ ტაქტიკა და სტრატეგია უნდა შეცვალოს. სხვანაირი უნდა გახდეს. ან უნდა ელოდოს ახალ ქარიზმატულ ლიდერს, რომელიც შემდეგ ცხვრებივით შეკრებს ყველას ერთად და მერე ისევ ცხვრებივით გაუშვებს პოლიტიკურ სასაკლაოზე. ეს არაერთგზის მომხდარა ჩვენს პოლიტიკურ რეალობაში.

- შეიძლება ამ პოლიტიკურმა ელიტამ ამოწურა თავისი თავი და, როგორც თავის დროზე ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, ისე გამოჩნდეს ახალი ლიდერი?

- ბიძინა ივანიშვილმა აიღო ის მოსავალი, რომელიც ოპოზიციამ 2007 წლიდან 2012 წლამდე დათესა. მაშინ ოპოზიციას არ ეყო ჭკუა, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიეყვანა. შავი სამუშაო შეასრულა, მაგრამ მოსავალი სხვამ აიღო. არ მგონია, ამჯერად მაინც დაფიქრდეს ოპოზიცია და გათვლილ ნაბიჯებს დგამდეს. სწორედ ამიტომ მივიდა საქმე კრახამდე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რომლის შოკიდან დღესაც კი ვერ გამოსულა ოპოზიცია. ამიტომ ვამბობ, რომ ეს ადგილობრივი არჩევნები ამ თვალსაზრისით ბევრ რამეს დაალაგებს. ყოველ შემთხვევაში, ახალ ორიენტირებს გამოკვეთს.

- ერთგვარი რეპეტიცია იქნება საპარლამენტო არჩევნებისთვის?

- დიახ, გეთანხმებით, ნამდვილად იქნება. დღეს ოპოზიციას პრობლემა აქვს არა იმდენად ხელისუფლებასთან, რამდენადაც ამომრჩეველთან. დღეს ოპოზიციის მთავარი პრობლემა არის ამომრჩევლის შემობრუნება მისკენ.

- რაც არცთუ მარტივი საქმეა...

- დიახ, ძალიან რთული სამუშაო აქვს ოპოზიციას, ეს ნამდვილად არ არის მარტივი საქმე. თუ ამას მოახერხებს, მერე ყველაფერს მოახერხებს, მაგრამ რამდენად შეძლებს? არის კი ამის გამკეთებელი?! ადგილობრივი არჩევნები დადებს სურათს ზოგადი გავლენების შესახებ. პარტიულ სპექტრს თავის ადგილს მიუჩენს და დაალაგებს. ოპოზიცია ან ორი ნაბიჯით გადადგამს უკან ნაბიჯს, ან ერთი ნაბიჯით წინ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

ახალი თაობა“, 25 სექტემბერი, 2017 წელი

ინტერვიუ გურამ ვახტანგაშვილთან: „რუსებმა ერედვში 268 სახლი უნდა დაანგრიონ“ // „ეკლესიებს და სასაფლაოებს ჯერ არ ეხებიან

ცხინვალის რეგიონში რუსები სოფლებს ქართველების გადამწვარი სახლებისაგან ასუფთავებენ. გასუფთავების სამუშაოებს აწარმოებენ სოფელ ერედვში, რომელიც პარლამენტის ყოფილი წევრის (ლიახვის ხეობიდან) გურამ ვახტანგაშვილის მშობლიური სოფელია. გურამ ვახტანგაშვილი „ახალ თაობასთან“ ამბობს, რომ დამწვარ და დანგრეულ სახლებს შორის მისი და მისი შვილების სამი სახლიცაა.

- ბატონო გურამ, რუსები ერედვში ბულდოზერებით ქართველების სახლებს ანგრევენ.

- ჩემს სახლებსაც დაანგრევენ. სამი სახლი მქონდა ჩემი შვილებისთვის, მეოთხის მშენებლობა დაწყებული მქონდა. სამი ბიჭი მყავს და თითო სახლი თითო შვილისთვის მქონდა აშენებული.

- 163 სახლის დემონტაჟი მოხდა. სულ 268 სახლის დემონტაჟი უნდა მოვახდინოთო

- ერედვი 1000-კომლიანი სოფელი იყო. როგორც პატარა, ისე დიდ ლიახვში ერედვი ყველაზე დიდი სოფელი გახლდათ. ჩვენი სახლების დანგრევისთვის ტენდერი ჰქონდათ გამოცხადებული და ერთ-ერთ ფირმას გაუმარჯვია. ქართველების სახლები ერედვში 2008 წლის ომის დროს რუსებმა დაწვეს. სახლებს სახურავები აღარ ჰქონდა, მარტო კედლები იდგა. ახლა იმ კედლებისაგანაც ათავისუფლებენ, იმ ადგილზე ნაკვალევიც აღარ რჩება იმისა, რომ იქ ოდესმე სოფელი იყო. არადა, სოფელ ერედვს დიდი ხნის ისტორია აქვს. ერედვში მე-8-9-10 საუკუნეების დროინდელი ეკლესიებია, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შეიძლება ერთი-ორი იყოს. ელია წინასწარმეტყველის ეკლესია დგას. ცოტა მოშორებით დგას წმინდა გიორგის ეკლესია, სადაც ფილმი „ქაჯანაა“ გადაღებული. ზემოთ შემოვლითი გზა რომ იყო, იქითა ხეობაში (რომელიც მე გავაკეთე) „მცხეთის ჯვარია“. მცხეთაში სვეტიცხოველს რომ აშენებდნენ, აქაც ააშენეს პატარა ეკლესია. მარტო ამ კუთხეში ოთხი-ხუთი ეკლესიაა. სახლებს მთლიანად ანგრევენ. როგორც შევიტყვე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს უნდა გადაეცეს. გასუფთავების შემდეგ სრულად გადახნავენ და რაღაცებს დარგავენ.

- ბატონო გურამ, ეკლესიასაც ხომ არ ეხებიან?

- არა. ხუთი სასაფლაო იყო. ყველა სასაფლაოსთან ეკლესია იდგა. მამაპაპური სასაფლაოებია. ისეთი ინფორმაცია არ მაქვს, რომ შეხებოდნენ.

- საფლავები რა მდგომარეობაშია?

- ქვა რომ აეღოთ, ან დაეზიანებინოთ საფლავები და ეკლესია, ასეთი ინფორმაცია არ მაქვს. ჩემი მეგობრები, ახალგაზრდა ბიჭები შეიპარნენ, სასაფლაოები ნახეს და თქვეს, არც ერთი დანგრეული არ არისო.

- ქართველთა სახლებისაგან სოფლების გაწმენდით რუსეთს რისი თქმა უნდა? ამ საქმისთვის 4 მილიარდი რუბლი ჰქონია გამოყოფილი

- ქართველთა კვალის წაშლა უნდა ამ ტერიტორიაზე. როგორც აღვნიშნე, ერედვი ისტორიული სოფელია. თამარაშენიც ისტორიული სოფელი იყო და ბულდოზერებით მთლიანად გადაასწორეს. მის ადგილზე სამხედრო ბაზა გააკეთეს. ლუჟკოვი იყო ჩასული, დასახლება გააკეთა, „პადმასკოვიას“ ეძახიან. ასეთ სოფელში სახლის აშენება არ უნდათ, რომ დევნილები დაბრუნდნენ. ექსკავატორებით იღებენ, საძირკვლამდე ჩადიან. შემდეგ იმ ადგილებს გადახნავენ და ნარგავებს დარგავენ, ვინმემ რომ გაიაროს, არ თქვას, აქ სოფელი იყოო. ცხინვალიდან ახალგორისკენ გზა რომ გააკეთეს, ერედვზე გადის. იქ გამვლელი მარცხნივ და მარჯვნივ რომ გაიხედავს, გადამწვარი და დანგრეული სახლი არ უნდა ჩანდეს.

- რუსების გარდა ასე, ალბათ, არავინ იქცევა მსოფლიოში...

- დიახ, ამას არავინ აკეთებს. არ მსმენია, ბულდოზერი შეეყვანოთ და სახლები საძირკვლიანად დაენგრიოთ. კოსოვოშიც კი, სადაც მუსლიმანებსა და ქრისტიანებს შორის იყო ომი, ასეთი რამ არ მომხდარა, ტექნიკა შეეყვანათ და გადაესწორებინათ სოფელი.

- ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, ჰააგის პროკურორ ფატუ ბენსუდას გამოძიებასთან ხომ არ არის დაკავშირებული ქართული სოფლების წმენდა? ფატუ ბენსუდა ითხოვდა ცხინვალში ჩასვლას და მას იქ ომის ეთნოწმენდის ნაკვალევი რომ არ დახვდეს...

- სახლებისაგან გაწმენდის სამუშაოებს, ჯერჯერობით, მხოლოდ ერედვში აწარმოებენ. ამ სოფლის მცხოვრებლების მიმართ რუსული მხარე თავიდანვე აგრესიულად იყო განწყობილი, რადგან ყველაზე დიდი წინააღმდეგობა ამ სოფლის მეომარი ბიჭებისაგან ხვდებოდათ. ძირითადად ერედვიდან ხდებოდა იქითა ხეობის მომარაგება. ვერ დამალავენ, სურათები ხომ არის გადაღებული, რომ იმ ადგილზე სოფელი იყო. გუგლში რომ შეხვიდეთ და ნახოთ, ცხინვალის მხრიდან არც ერთი სახლი არ დგას. ჩემი სახლი ცენტრში იყო. გამგეობის შენობა და უნივერმაღიც იდგა. ის დაანგრიეს და ერთი შენობა ააშენეს, ლიმონათის ცეხი გააკეთეს.

Comments are closed