globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 25 ოქტომბერი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Oct 25th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

ახალი თაობა“: ინტერვიუ რომან გოცირიძესთან: „მეორე ტურში მონაწილეობას აზრი არა აქვს“ // უღალატა თუ არა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის ამომრჩეველს?

ახალი თაობა“: ინტერვიუ შოთა მალაშხიასთან: „ქართული ოცნება“ მოქალაქეთა კავშირივით დაამთავრებს“

ახალი თაობა“: ინტერვიუ ანა ნაცვლიშვილთან: „არჩევნებზე კოორდინატორები ამომრჩევლებს აკონტროლებდნენ“

საქართველო და მსოფლიო: სოსო ოხანაშვილს რამდენიმე მეუფესთან ყოველდღიური კავშირი აქვს და ალტერნატიული საპატრიარქოს შექმნაზე მუშაობს

—————–

ახალი თაობა, 25 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ რომან გოცირიძესთან: „მეორე ტურში მონაწილეობას აზრი არა აქვს“ // უღალატა თუ არა ნაციონალურმა მოძრაობამ თავის ამომრჩეველს?

„ახალი თაობის“ კითხვებს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძე პასუხობს.

- ბატონო რომან, ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. როგორც ჩანს, თქვენს პარტიაშიც არ არის ერთსულოვნება. რა გახდა მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმის მიზეზი და თქვენ რამდენად იზიარებთ ამ პოზიციას?

- პარტიაში ერთიანი პოზიცია არის ჩრდილოეთ კორეაში და `ქართულ ოცნებაში~. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, ჩვენ ოთხსაათნახევარი ვმსჯელობდით პოლიტსაბჭოზე, სადაც ჩამოსული იყვნენ ქუთაისიდან და მარტვილიდან ჩვენი აქტივისტები, ასევე მეორე ტურში გადასული კანდიდატები. ჩვენ მოვისმინეთ ყველა აზრი. რა თქმა უნდა, კენჭისყრა არის ბუნებრივი შედეგი, ის არის საბოლოო გადაწყვეტილების დამაფიქსირებელი. ხმები გაიყო და უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მეორე ტურში არ მივიღოთ მონაწილეობა. ეს იყო უმრავლესობის გადაწყვეტილება და სწორედ ეს არის დემოკრატიის მაჩვენებელი და არა ის, რომ ვიღაცებმა ვიწრო წრეში გადაწყვიტონ და მერე თავს მოახვიონ საზოგადოებას.

- თქვენ მომხრე იყავით თუ მოწინააღმდეგე?

- თუ პარტია გადაწყვეტს, რომ გასაჯაროვდეს, ვინ იყო მომხრე და ვინ მოწინააღმდეგე, მაშინ ჩვენ გამოვაქვეყნებთ პოლიტსაბჭოს სიაში კენჭისყრის შედეგებს. ჩვენთვის არც ეს არის პრობლემა. ზოგი წინააღმდეგი იყო, ზოგი მომხრე. უმრავლესობა იყო წინააღმდეგი, რომ პარტია გასულიყო მეორე ტურში, აი ეს არის და ეს.

- კეთდება შეფასებები, რომ ნაციონალური მოძრაობა უსამართლოდ მოექცა საკუთარ ამომრჩეველს ქუთაისში და მარტვილში. შესაძლოა შემდეგ არჩევნებში მათი ხმები დაკარგონო. ეს რამდენად გაიაზრეთ და გაითვალისწინეთ?

- ჩვენ დავეყრდენით სწორედ ქუთაისის პარტიული აქტივის პოზიციას. მათი პოზიცია იყო, რომ მეორე ტური არ ყოფილიყო, ხოლო მარტვილის აქტივი მოითხოვდა, რომ პირიქით, მეორე ტური გამართულიყო. პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მეორე ტური არ გამართულიყო. ეს, შესაძლოა, ჩვენი ამომრჩევლის ერთ ნაწილს მოეწონოს, მეორე ნაწილს არა. ეს რომ არ იყო მარტივი, ამიტომაც იყო, რომ ოთხ საათზე მეტი ვიმსჯელეთ ამაზე.

- რატომ ჩათვალეთ, რომ მეორე ტურში ბრძოლას აზრი აღარ ჰქონდა?

- პარტიამ ასე ჩათვალა. თუნდაც შარშანდელი გამოცდილებიდან. 45 კაცი გავიყვანეთ და იქაც კი, სადაც თითქმის ჩვენ ვიგებდით მეორე ტურს, ჩამოუარეს ოჯახებს, დააშინეს და არჩევნებზე არ მიიყვანეს ხალხი. როდესაც გვაქვს ცუდი გამოცდილება, ასევე ის, რაც ახლა მოხდა, ამ არჩევნებზე…

- ამ არჩევნებზე რა მოხდა? საუბარია, რომ ყველაფერი მშვიდ ვითარებაში ჩატარდა...

- ტოტალური მოსყიდვა მოხდა, ასევე თითოეული ადამიანის შანტაჟი, ფულით თუ ავტორიტეტებით. საჯარო სექტორში დასაქმებულების დაშინება, სამსახურებიდან გაგდების მუქარა და ასე შემდეგ. ჩავთვალეთ, რომ ამ შემთხვევაში გავრიდებოდით ამ პროცესებს და ზედმეტი წნეხის ქვეშ არ დაგვეყენებინა ჩვენი ამომრჩეველი. ამ უსამართლოდ ჩატარებული არჩევნების ფონზე, ჩვენ არ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ამ ორ ოლქში ყოფილიყო ზედმეტი დაძაბულობა. ჩვენ არჩევნებში გავიმარჯვებთ მაშინ, როდესაც მთლიანად ვამხელთ ამ ხელისუფლების უსამართლობას. უსამართლობას ხალხი არ პატიობს. ასე ხდება ყოველთვის და ასე იცვლებიან ხელისუფლებები.

- თქვენც ასე შეიცვალეთ?

- სწორედ ასე წააგო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნები, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ სურვილიც რომ ჰქონოდა, ვერ გააყალბებდა არჩევნებს. ვინაიდან მაშინ უზარმაზარი ხალხის მასა იყო მობილიზებული, რომ არჩევნები ყოფილიყო სამართლიანი.

- გამოდის, რომ ყველაფერი ხალხზეა დამოკიდებული და არა ხელისუფლების სურვილზე, მაშინ რატომ სდებთ ბრალს გაყალბებაში?

- თუ ხალხს უნდა, არჩევნები ჩატარდება სამართლიანად. ხალხმა რომ გაიგოს ქვეყანაში უსამართლობაა, რომ არჩევნები არასამართლიანია, ამისთვის საჭიროა მუშაობა და ახსნა-განმარტებები. ის, რომ არჩევნების დღეს სიმშვიდე იყო და გაღიმებული ხალხი იჯდა საარჩევნო უბნებზე და ყუთებში პირდაპირ არ ყრიდნენ ბიულეტენებს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ არჩევნები იყო სამართლიანი.

- თუ არ გაუყალბებიათ, ბიულეტენები არ ჩაუყრიათ, სიმშვიდე იყო, მაშინ უსამართლობა სადღა ნახეთ?

- ძალიან ბევრი რამ წყდებოდა არა ყუთთან, არამედ მანამდე. როდესაც ამას ხალხი გაიგებს, მაშინ ისინი დაიცავენ საკუთარ ინტერესებს. ისე, როგორც დაიცვა ნაციონალურმა მოძრაობამ, როცა შევარდნაძის რეჟიმი დაამარცხა და ისე, როგორც დაიცვა `ოცნებამ~, როცა ნაციონალური მოძრაობა დაამარცხა. 2012 წელს ნაცმოძრაობა მცირედით დამარცხდა, მას დიდი რესურსი ჰქონდა იმისა, რომ არჩევნებში მანიპულაცია გაეკეთებინა, მაგრამ ეს არ გააკეთა.

- თუ შეეძლო რატომ არ გააკეთა?

- ნაციონალები მიხვდნენ, რომ ხელისუფლების ცვლილების დრო იყო, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ეს ცვლილება რუსეთის მიერ ამ ჰიბრიდული ბრძოლის მეთოდებით იყო დაგეგმილი. ამ მეთოდებით მათ ყირიმიც კი ჩაიგდეს ხელში. რუსეთის აგენტურის მიერ დადგმულმა ქმედებებმა განაპირობა ის, რომ ჩვენ დავმარცხდით. გაიმარჯვა რუსეთის მიერ დაგეგმილმა ჰიბრიდული ომის ქართულმა ნაირსახეობამ და ხალხი იქნა მწარედ მოტყუებული! ხალხს დღესაც მწარედ ატყუებენ ამ შენიღბული სიმშვიდით, თითქოსდა უბნებზე რომ სიწყნარეა, ეს ნიშნავდეს არჩევნების სამართლიანად ჩატარებას.

- ამ დრომდე ნაციონალური მოძრაობა მთავარი ოპოზიციის სტატუსს ინარჩუნებდა, თუმცა თბილისში დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა დაგამარცხათ...

- ეს არაფერს ნიშნავს. ნაციონალური მოძრაობა ყველგან, უკლებლივ ყველა საკრებულოში შევიდა და აქედან 99%-ში ნაციონალური მოძრაობა გავიდა მეორე ადგილზე. რაც შეეხება მერის არჩევნებს, ეს იყო სპეციფიკური შემთხვევა და უბრალოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების იმ ნაწილმა, რომელიც იყო განხიბლული და იმედგაცრუებული მმართველი პარტიის მიმართ, მხარი დაუჭირა ელისაშვილს და ეს სპეციფიკური შემთხვევა, რაც ყველა არჩევნებში ხდება. ეს ბევრს არაფერს არ ნიშნავს.

ახალი თაობა, 25 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ შოთა მალაშხიასთან: „ქართული ოცნება მოქალაქეთა კავშირივით დაამთავრებს

ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებით, პარტია არ მიიღებს მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში. ამ და სხვა საკითხებზე „ახალი თაობა“ ესაუბრა ამ პარტიის პარტნიორი ორგანიზაციის, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერ შოთა მალაშხიას. „მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი, ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა. ეს ზნეობრივადაც მართებულია, პოლიტიკურადაც და ემოციურადაც“, – ამბობს იგი.

- თუმცა, არჩევნების შედეგების მიმართ პროტესტის მიუხედავად, ნაციონალური მოძრაობა შედის საკრებულოებში. თქვენ თავის დროზე მათი პარლამენტში შესვლის წინააღმდეგი იყავით..

- პარლამენტში შესვლას სულ სხვა დატვირთვა აქვს. თუ არჩევნების შედეგს არ ეთანხმები, საკანონმდებლო და პოლიტიკურ ორგანოში ყოფნას არ უნდა დათანხმდე. ეს ნიშნავს იმას, რომ იქ ყოფნით ამართლებ ყველაფერს, რასაც ხელისუფლება აკეთებს – კონსტიტუციის მიღებით დაწყებული, ყველა სფეროში პოლიტიკის განსაზღვრით დამთავრებული.

- საკრებულოებში ყოფნა აუცილებელია?

- საკრებულოებში ყოფნა არ გულისხმობს ყველაფრის პოლიტიკურად „გაპრავებას“. ოპოზიციონერები საკრებულოებში შეასრულებენ მაკონტროლებლების ფუნქციას და ხალხს გამოუტანენ ინფორმაციას. ამიტომ, სწორად მიმაჩნია, რომ ნაციონალები, რომლებთან ერთადაც ამ არჩევნებში ერთ ბლოკში ვიყავი, თანხმდებიან საკრებულოებში შესვლას და არ თანხმდებიან მეორე ტურს.

- თქვენი ნათქვამიდან გამომდინარე, მიიჩნევთ, რომ არჩევნები გაყალბდა. აისახა თუ არა ეს შედეგზე?

- ეს შედეგი არ გამოხატავს ხალხის ნებას. ოფიციალური მონაცემებით, არჩევნებზე მოვიდა ამომრჩეველთა 45%. აქედან `ქართულ ოცნებას~ ხმა მისცა 55%-მა. ეს მოსახლეობის 25%-ია. ამ 25-დან 15%-ის მონაცემები ყალბია. ხელისუფლებამ კარგად ისარგებლა დიდი ფულით, ადმინისტრაციული რესურსით, ასევე კრიმინალური სამყაროს დახმარებით.

- კრიმინალური სამყაროს დახმარებაში რას გულისხმობთ?

- თბილისის არჩეული მერი ამაყობს თავისი კავშირებით შავი სამყაროს წარმომადგენლებთან და მას იყენებს კიდეც. ზოგადად, ხელისუფლებაში არიან ქუჩის მენტალიტეტის ადამიანები. ასეთები სახელმწიფოს როგორ გააძლიერებენ? „ქართული ოცნებისათვის“ ეროვნული გმირია ვლადიმერ ბედუკაძე, რომელიც ისევ სახელმწიფო დაცვით დადის. ამ ხელისუფლების სახეა მანანა ბერიკაშვილი, რომელიც ცილისმწამებელია. ის 2012 წელს ბავშვის მკვლელობას აბრალებდა ნაციონალურ მოძრაობას. მანანა ბერიკაშვილი კვლავინდებურად კულტურის მინისტრის მოადგილეა. „ოცნებამ“ ხალხს გააკეთებინა არჩევანი არა თავისუფლების, არამედ, მონობის სასარგებლოდ. მონობაში აღმოჩნდნენ არა მარტო ისინი, ვინც არჩევნების წინ დააშინეს, მოისყიდეს, ან უბანზე მკაცრად გააკონტროლეს, არამედ ისინიც, ვინც გაბრიყვდა. ზუსტი ინფორმაცია მაქვს იმაზე, რომ იმ სოფლებში, რომლებიც თბილისს შემოუერთეს, დარიგდა შეშა და ფული. ყველამ ვნახეთ კადრები, როგორ არიგებდა ერთ რეგიონში საარჩევნო უბანში მმართველი პარტიის წარმომადგენელი ფულს პირდაპირ საარჩევნო უბანზე და თან ირწმუნებოდა, წყლის ფულიაო. შეუძლებელია, ამ ყველაფერს ადამიანმა მუდმივად უყუროს და ეს ითმინოს. ხალხის უკმაყოფილება უფრო და უფრო მატულობს. ერთხელაც, ეს იფეთქებს.

- ხალხის განსაკუთრებულ გაღიზიანებას იწვევს ის, რომ საყოველთაო სიღარიბის ზრდის ფონზე, უცებ მდიდრდებიან თანამდებობის პირები და პარლამენტის წევრები, რომლთა ბოლო დროს შეძენილი უძრავი ქონება იმხელაა, რომ აღრიცხვა ჭირს...

- ქუჩის მენტალიტეტი, რომელიც ამ ხელისუფლებას ახასიათებს, შორსაა სახელმწიფოებრივი მიდგომებისგან. ამიტომ ინგრევა სახელმწიფო ინსტიტუტები – საბაჟო, პოლიცია და სხვა. ეკონომიკა უარესდება. „ოცნება“ ნაცმოძრაობას აკრიტიკებდა, შვილებს ამხელა ვალი დაუტოვაო. არადა, თვითონ ვალი გაზარდა. თუ ადრე მშპ-ის 34% იყო, ახლა 47%-ს შეადგენს. წინა ხელისუფლების დროს ვალით გზები იგებოდა, ინფრასტრუქტურა ეწყობოდა, ახლა, ფაროსანასაც ვერ მოუარეს.

- ფაროსანა უკვე თბილისსაც მოედო...

- მოედებოდა, აბა რა, როცა სახელმწიფოზე არ ზრუნავ, არაფერს გააკეთებ! თუ ადრე ფული გზების დაგებაზე მიდიოდა, ახლა ძირითადად ჯიბეებში ჩადის. ლამის ყველგან კორუფცია ყვავის. აქედან ჩნდებიან ძალიან მდიდრები, რომლების ერთ-ორ წელიწადში ნაშოვნი ქონება ასე აღიზიანებს მოსახლეობას. „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა იმის საპირისპირო, რასაც ხალხს ჰპირდებოდა – თავისუფლების ნაცვლად, მონობაში ჩააგდო, ეროვნული ღირსების დამკვიდრების მაგივრად, სახელმწიფო მოუსპო, დემოკრატიული დასავლეთისკენ სვლის მაგივრად, რუსული ყაიდის არადემოკრატიული წყობა შეუქმნა.

- ამ არჩევნების შემდეგ ისევ აქტუალური გახდა პოლიტიკური ველის მოსუფთავების თემა. არაერთი ექსპერტი მოუწოდებს სუსტ პარტიებს, რომლებმაც არჩევნებში კარგი შედეგი ვერ აჩვენეს, დატოვონ პოლიტიკა. გამოითქმის აზრი, რომ ეს მოწოდებები პირადად ბიძინა ივანიშვილის დაკვეთაა...

- ტერმინი „სუსტი პარტია“ არ არის სწორი. „ქართულ ოცნებას“ სხვა პარტიებთან შედარებით უზარმაზარი, ასჯერ მეტი დაფინანსება აქვს. შედარება ასეთია – 1:100. თუ ადმინისტრაციულ, საბიუჯეტო, კრიმინალურ და სხვა ფაქტორებს დავუმატებთ, მმართველი პარტიის უპირატესობა ათასჯერ მეტი გამოვა. მმართველ პარტიას სხვა ორგანიზაციებთან შედარებით ათასჯერადი უპირატესობა აქვს და მათ მოუწოდებს, პოლიტიკიდან წავიდნენ. საინტერესოა, „ქართული ოცნება“ რომ ამყოფო ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც ე.წ. სუსტი პარტიები არიან, რა მოუვიდოდა? ეს პარტია ხუხულასავით დაიშლებოდა. ეს პარტიები კი არა, „ოცნება“ უნდა წავიდეს პოლიტიკიდან. „ქართული ოცნება“ მოქალაქეთა კავშირივით დაამთავრებს.

- ამ პარტიისაგან არაფერი დარჩება?

- მოქალაქეთა კავშირიც ფულის კეთებაზე იყო გადასული და ხალხთან კავშირი გაწყვეტილი ჰქონდა. განსხვავება ისაა, რომ მოქკავშირი დანგრეულ ქვეყანაში მოვიდა, „ქართული ოცნება“ კი აწყობილში და მეტს იპარავს.

- არჩევნების გამო გამოსვლები მოსალოდნელი არაა?

- ზოგადად, ხალხის პროტესტი მოსალოდნელია. უკმაყოფილება იზრდება. გამოსვლები შეიძლება დაუკავშირდეს არჩევნებს, ან არ დაუკავშირდეს. ხალხის მოთმინების ფიალა ივსება და არავინ იცის, როდის გადმოიღვრება.

ახალი თაობა, 25 ოქტომბერი, 2017 წელი

ინტერვიუ ანა ნაცვლიშვილთან: „არჩევნებზე კოორდინატორები ამომრჩევლებს აკონტროლებდნენ

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში 21 ოქტომბრის არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობს.

- ქალბატონო ანა, როგორ შეაფასებთ საარჩევნო პროცესს, რამდენად იყო თავისუფალი, დემოკრატიული, არის თუ არა 21 ოქტომბრის არჩევნები, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, წინ გადადგმული ნაბიჯი თუ პირიქით?

- პირველ რიგში, ამ არჩევნებზე დაფიქსირდა სახეცვლილი მანკიერი ტრადიციის გაგრძელება, რომელსაც ჩვენ წლების განმავლობაში საარჩევნო უბნებს გარეთ ვაფიქსირებდით, როდესაც პარტიული კოორდინატები, არა მხოლოდ სახელისუფლო, არამედ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც, კალმებითა და ფურცლებით შეიარაღებულები იდგნენ საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიებზე და აღრიცხავდნენ, ვინ მოდიოდა არჩევნებზე. შემდეგ ხდებოდა რეკვები სახლებში, შეხმიანება იმ ადამიანებთან, ვისაც ჯერ თავისი არჩევანი არ ჰქონდა გაკეთებული. ამ პრაქტიკაზე, მანკიერ პრაქტიკაზე წლების განმავლობაში ვსაუბრობდით, მაგრამ განსხვავება, რაც წლევანდელმა არჩევნებმა გვაჩვენა, იყო ის, რომ ამ კონტროლის პროცესმა უბნის შიგნით გადმოინაცვლა. სამწუხაროდ, ამ ყველაფრის თანამონაწილე საარჩევნო ადმინისტრაციაც აღმოჩნდა.

გასულ წლებში, კომისიის თავმჯდომარეებსა და ზოგადად საარჩევნო ადმინისტრაციას არგუმენტი ჰქონდა, რითიც ასაბუთებდა, თუ რატომ ვერ ერეოდა ამ პროცესში. წელს ვიხილეთ, რომ ეს პროცესი უბნის შიგნით შემოვიდა და მისი თანამონაწილე გახდა თავისი უმოქმედობით და ამ პროცესის გამართლებით საარჩევნო ადმინისტრაცია. ეს პროცესი განსაკუთრებით მასშტაბურად თბილისში დავაფიქსირეთ, სადაც „ოცნების“ კოორდინატორები ადამიანების მონაცემებს აქტიურად აღრიცხავდნენ და გარეთ მყოფი კოორდინატორები შემდეგ ჯერ არ მისული ამომრჩევლის მობილიზებას ახდენდნენ. რეგიონებში ჯერ კიდევ ძველი პრაქტიკა რჩება, როდესაც კოორდინატორები გარეთ დგანან.

- ძალიან ბევრი ინტერპრეტირება მოჰყვა, იყო თუ არა კანონდარღვევა, უშვებს თუ არა ასეთ ლავირებას კანონი?

- ეს არის ამომრჩევლის ნების კონტროლი, რაც არის დაუშვებელი. ადამიანს აქვს სრული თავისუფლება როგორც ჩვენი კონსტიტუციით გარანტირებული, ასევე საერთაშორისო სტანდარტით. ადამიანი არის თავისუფალი, საერთოდ წავა თუ არა არჩევნებზე და ვის მისცემს ხმას. სწორედ ამ ფუნდამენტურ პრინციპს აზიანებს ეს ყველაფერი. საარჩევნო კოდექსი, მათ შორის ცესკოს დადგენილება ცალსახად ამბობს, რომ სამაგიდო სია, სადაც სისტემურად ხდებოდა ჩახედვა და ადამიანების მონაცემების ამოღება, ეს იყო დაუშვებელი, რადგან სამაგიდო სია არ არის საჯარო დოკუმენტაცია. შესაბამისად, ასეთი ტიპის წვდომა ანუ მუდმივი წვდომა ამ სიაზე და იქიდან მონაცემების შეგროვება წარმოადგენს კანონსაწინააღმდეგო მოქმედებას. ასევე საინტერესოა, რა მიზნით ხდებოდა ამ მონაცემების შეგროვება?!

- მიზანი რა შეიძლება ყოფილიყო?

- ჩვენ ვნახეთ არაერთი შემთხვევა რეგიონში, როდესაც ეს ადამიანები ამ კითხვაზე პასუხებს ვერ სცემდნენ და იძაბებოდნენ კიდეც. ხომ ძალიან არა ლოგიკურია, რომ ამდენი ადამიანი მობილიზებული იყო დილიდან საღამომდე და უმიზნოდ აგროვებდა ამ ინფორმაციას. ეს ხომ არავის არ სჯერა, ყოველ შემთხვევაში, ძალიან რთულად დასაჯერებელია. ჩვენმა დამკვირვებლებმა დააფიქსირეს უბნის გარეთ მიმდინარე საუბრები, როდესაც აქცენტი იყო: ვინ მოვიდა და ვინ არა, შემდეგ მათ მოყვანაზე იყო საუბარი. ჩვენს დამკვირვებელს თბილისში, ერთ-ერთმა გაბრაზებულმა კოორდინატორმა პირდაპირ უთხრა, რომ ინფორმაციას აგროვებს იმიტომ, რომ ამომრჩევლის კონტროლი მოახდინოს. ზუსტად ეს სიტყვა „კონტროლი“ იყო გამოყენებული.

ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ამ არჩევნებზე გამოჩნდა. ამ გარემოების დატოვება რეაგირების გარეშე, ძალიან სერიოზული დარტყმა იქნება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების იდეაზე.

- ხომ არ აპირებთ პარლამენტისთვის მიმართვას, კანონპროექტის ინიცირებას, რომ საკანონმდებლო დონეზე მოხდეს ამომრჩევლის დაცვა, რომ საარჩევნო პროცესში თუ უშუალოდ არჩევანის გაკეთებისას, არ მოხდეს პირის იდენტიფიცირება?

- ჩვენ, რასაკვირველია, ვიფიქრეთ ამაზე, რა დამატებითი მექანიზმების შემოღება არის შესაძლებელი. თუმცა, უკვე მოქმედი კანონმდებლობით რაც მოხდა, არის უკანონო. ხელისუფლების წარმომადგენლები საკითხს აყენებენ, მცდელობა აქვთ, რომ თითქოს, საკანონმდებლო საფუძველი არ არსებობდა, ეს მოქმედება შეეზღუდათ და ახლა არის საჭირო რაღაცის დამატება, ეს მთლად ასე არ არის. შეიძლება უფრო გაძლიერდეს ამომრჩევლის დაცვის გარანტიები, მაგრამ უკვე მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზეც სრულიად შესაძლებელი და აუცილებელი იყო, რომ ცესკოს აღეკვეთა ის მოქმედება, რასაც ადგილი ჰქონდა.

- ცესკოს თუ მიმართეთ რეკომენდაციით?

- დიახ, საჯაროთაც და წერილობითაც, მაგრამ მათი მხრიდან გამოხმაურება მივიღეთ ჩვენც და საზოგადოებამაც, რომ თურმე ეს არანაირ კანონდარღვევას არ წარმოადგენდა.

- ქალბატონო ანა, თიანეთში განვითარებულ მოვლენებზეც მინდა გკითხოთ, როგორც ვიცი, თამაზ მეჭიაურს თქვენი ორგანიზაცია უწევს ადვოკატირებას. რამდენად იყო მართლაც ხელოვნური ჩარევა და მოახდინა თუ არა ამან რეალურ შედეგებზე გავლენა?

- ყველა ნიუანსის გააზრებით და იმ თანმიმდევრობით, რომელსაც ადგილი ჰქონდა, მართლაც ძალიან სერიოზული ეჭვი ჩნდება, რომ მოხდა ხელოვნური ჩარევა არჩევნების შედეგების შესაცვლელად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ საარჩევნო კანონმდებლობის ძალიან სერიოზულ დარღვევებს აქვს ადგილი და იკვეთება ქმედებები, რომელიც შესაძლოა ასევე წარმოადგენდეს სისხლის სამართლის დანაშაულს. ამიტომ, ჩვენ შეგვაქვს სარჩელი სასამართლოში და ვითხოვთ თიანეთის ოლქის მიერ მიღებული ორი განკარგულების ბათილად ცნობას. ასევე, ჩვენ მივმართავთ პროკურატურას, რათა დაინტერესდეს ამ ფაქტებით.

უბნის დონეზე, როდესაც დათვლა მოხდა, კომისიის წევრებს არავის პრეტენზია არ დაუფიქსირებია. რაც დაითვალა თითოეულ უბანზე შედეგები, უპირატესობა დაფიქსირდა ბატონი თამაზის სასარგებლოდ, მაგრამ ერთ-ერთ უბანზე, როდესაც შეჯამდა პროცესი, მიჩნეულ იქნა 24 ბიულეტენი ბათილად. ამასთან დაკავშირებით არც ერთ კომისიის წევრს, არც ერთ სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელს, არც ერთი სუბიექტის წარმომადგენელს არ დაუფიქსირებია არც წერილობითი და არც ზეპირი პრეტენზია, რომ იქ რაიმე არასწორად მოხდა. ერთხმად იქნა მიჩნეული, რომ ეს 24 ბიულეტენი ნამდვილად იყო ბათილი. მას შემდეგ, რაც ეს შედეგები უბნიდან გადავიდა ოლქში, აღმოჩნდა, რომ ამ 24 ბიულეტენიდან 5 ნამდვილად იქნა მიჩნეული და სწორედ ამან გადაწყვიტა შედეგების ბედი. ძალიან საეჭვო ვითარებაში მოხდა 5 ბათილად მიჩნეული ბიულეტენის ნამდვილად ცნობა.

საჩივარი, რომლის საფუძველზეც მოხდა ბიულეტენების გახსნა, გადათვლა და ნამდვილად მიჩნევა, დაიწერა წესის დარღვევით და იყო დაუსაბუთებელი, თუმცა დაკმაყოფილდა. ოლქში განხილვა წარიმართა დარღვევებით. სრულიად მიუღებელია, რომ ოლქში სხდომა გაიმართა პოლიციით გარშემორტყმულ შენობაში, სადაც არ უშვებდნენ კომისიის წევრებს, სუბიექტის წარმომადგენელს, არ მომხდარა უბნის კომისიის წევრების დაბარება, ანუ პროცესი ჩატარდა ყველა წესის დარღვევით, გაუმჭვირვალედ და ამ პროცესზე მოხდა ბიულეტენების აღდგენა მკვდრეთით.

- ხელახალ კენჭისყრას ითხოვთ?

- არა, ჩვენ ვითხოვთ უკანონო გადაწყვეტილების გაბათილებას. ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველზე ავტომატურად დგება ის შედეგი, რომელიც დგებოდა ხელოვნურ ჩარევამდე, რომლის მიხედვითაც თამაზ მეჭიაურს აქვს უფრო მეტი ხმა მიღებული, ვიდრე მის კონკურენტს.

საქართველო და მსოფლიო“, 25-31 ოქტომბერი, 2017 წელი

სოსო ოხანაშვილს რამდენიმე მეუფესთან ყოველდღიური კავშირი აქვს და ალტერნატიული საპატრიარქოს შექმნაზე მუშაობს

ბესო ბარბაქაძე

ილია მეორის მოცილებით საქართველოს საპატრიარქოში მოვიდოდა ძალა, რომელიც გაცილებით შემწყნარებლური იქნებოდა ჰომოსექსუალების მიმართ და, დასავლეთის დაჟინებული მოთხოვნით, ერთი და იმავე სქესის პირებს შორის ქორწინების დაკანონება თვეების საკითხი გახდებოდა.

——

საპატრიარქოს გარშემო ატეხილი სკანდალი, ერთი შეხედვით, მინელდა. უფრო ზუსტად, ე.წ. ციანიდის საქმე ჩაცხრა და ახლა ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან, მაგრამ ძნელი სავარაუდოა, სასამართლომ გადაწყვეტილება შეცვალოს და მამა გიორგი მამალაძე გაამართლოს. სამაგიეროდ, საპატრიარქოში დაწყებულმა დაპირისპირებამ პიკს მიაღწია და, შეიძლება ითქვას, წმინდა სინოდის წევრები წესების გარეშე ბრძოლაზე გადავიდნენ. ეს, რა თქმა უნდა, სინოდის ყველა წევრს არ ეხება, მაგრამ მათი ძირითადი ნაწილი არათუ ბინძურ საქმეებში გარეული აღმოჩნდა, არამედ ერთმანეთის საწინააღმდეგო კომპრომატებიც აქვთ ეპარქიებში “დასაწყობებული” და სწორედ ამ კომპრომატების გამოა, რომ ეპისკოპოსები ბევრ რამეზე ხუჭავენ თვალს…

11 ოქტომბერს სინოდის სხდომა მოიწვიეს. თბილისამდე ჩამოსვლა მხოლოდ ორი ეპარქიის ხელმძღვანელმა ვერ მოახერხა, დანარჩენები კი დათქმულ დროს გამოცხადდნენ და სახეზე ყველას გაოცება ეხატა – არავინ იცოდა, ასე მოულოდნელად რატომ მოიწვიეს წმინდა სინოდის სხდომა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, წმინდა სინოდის სხდომის მოწვევა პატრიარქის ქორეპისკოპოსის, მეუფე იაკობის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ გადაწყდა. როგორც გვითხრეს, მეუფე იაკობი ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს (ცაავა) პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას აპირებდა; გადაწყვეტილი იყო, სინოდიდან გაერიცხათ და მღვდელთმსახურებაც აეკრძალათ. ამბობენ, მეუფე იაკობს ამის გარანტია სინოდის თითქმის მთელმა შემადგენლობამ მისცაო, მაგრამ, როგორი მოულოდნელიც იყო სინოდის სხდომის დანიშვნა, ისეთივე მოულოდნელი აღმოჩნდა გადაწყვეტილება, რომელიც სინოდმა მიიღო:

1) მთავარეპისკოპოს ექვთიმეს აღუდგეს ღვთისმსახურების უფლება.

2) მიტროპოლიტი სერაფიმე გამწესდეს მამათა მონასტერში და აღუდგეს მღვდელმოქმედების უფლება;

ბ) მიტროპოლიტ სერაფიმეს საქართველოს საპატრიარქოდან დაენიშნოს ყოველთვიური ფინანსური დახმარება;

3) ეპისკოპოს ქრისტეფორეს (წამალაიძე) მიეთითოს, რომ იგი უნდა დაემორჩილოს წმიდა სინოდის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც იგი გამწესებული იყო მონასტერში სინანულისათვის; წინააღმდეგ შემთხვევაში წმიდა სინოდი განსახილველად აღარ დაუბრუნდება მის პერსონალურ საკითხს…”

აი, ეს იყო მთავარი საკითხები. სინოდმა იმსჯელა გიორგი მამალაძის საქმეზეც, მაგრამ გადაწყდა, რომ, სანამ სააპელაციო სასამართლო არ დასრულდება, ეკლესია არაფერს მოიმოქმედებს.

რა გამოვიდა? – ეპარქიებიდან მღვდელმთავრები სასწრაფოდ იმისთვის ჩამოიყვანეს, რომ ქრისტეფორე წამალაიძისთვის, რომელსაც ეკლესია გადაცდომას ედავებოდა, 18 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ ეთქვათ, მოინანიეო? მით უმეტეს, რომ 1999 წელს, სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით, მეუფე ქრისტეფორე ყველაფერში გამართლდა, ამის ოქმიც არსებობს, მაგრამ ის ოქმი ადრესატამდე, ანუ მეუფე ქრისტეფორემდე არ თუ ვერ მივიდა.

როგორც ჩვენმა წყარომ გვითხრა, სხდომაზე საკმაოდ მწვავედ ისაუბრა მეუფე იაკობმა, მაგრამ მალე მიხვდა, რომ ჭყონდიდის მიტროპოლიტის წინააღმდეგ სინოდი კრინტს არ დაძრავდა. მეუფე პეტრე თურმე ირონიული ღიმილით უყურებდა არა მხოლოდ მეუფე იაკობს, არამედ რამდენიმე მღვდელმთავარსაც, რომლებზეც უამრავი კომპრომატი აქვს და ეს, პირველ რიგში, პატრიარქის ძმისშვილს, ბათუმის მიტროპოლიტს, მეუფე დიმიტრის ეხება.

საეჭვოა, მეუფე პეტრეს მეუფე დიმიტრი გაეწირა, რადგან ისინი, დიდი ხანია, ერთ ნავში სხედან და ნიჩბებსაც ერთად უსვამენ, მაგრამ, თუ დასჭირდებოდა, აუცილებლად იტყოდა, რომ მეუფე დიმიტრი უკანონო მიტროპოლიტია. დიდი სჯულის კანონის მიხედვით, “ეპისკოპოსმა არ უნდა დაასხას ხელნი და მიმადლოს ეპისკოპოსობის პატივი ძმას, შვილს, თავის ნათესავს ან სხვას, ვისაც უნდა, რადგან არ არის სამართლიანი, ეპისკოპოსობა მემკვიდრეობით გადასაცემ პატივად აქციოს და ღვთის საკუთრება ადამიანური ვნებების მისამადლებელი საჩუქარი გახადოს. თუ ვინმემ ჩაიდინოს ეს, მისი ხელდასმა იყოს დაუმტკიცებელი, ხოლო ის უზიარებლობით დაისაჯოს…”

მიტროპოლიტ დიმიტრის, დიდი ხანია, პატრიარქობა ესიზმრება და, ყველაზე კარგად თვითონ იცის, რომ ამის უფლება, უბრალოდ, არ აქვს, თუმცა მას არც ეპისკოპოსობის უფლება ჰქონდა, მაგრამ მიიღო. შესაბამისად, ვერავინ აუხსნა, რატომ არ უნდა მიეღო პატრიარქობა. აუხსნა კი არა, გასაგებად უთხრეს, რომ ყველაზე რეალური კანდიდატია და პატრიარქის ტახტისთვის უნდა ებრძოლა. ასე მოხვდნენ ერთ ნავში მეუფე პეტრე, მეუფე დიმიტრი, მეუფე სპირიდონი (სხალთის ეპარქიის ეპისკოპოსი), მეუფე გრიგოლი (ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი)… მეუფე დიმიტრის მეცადინეობით, მისი სიძე, სოსო ოხანაშვილი, პატრიარქის დაცვის უფროსად დაინიშნა, ხოლო საპატრიარქოს ქონება ჩაიბარა მეორე სიძის ძმამ, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ.

ბევრს გაუკვირდა, უცერემონიოდ რატომ დაითხოვა ციანიდის სკანდალის შემდეგ პატრიარქმა თავისი პირადი დაცვის უფროსი სამსახურიდან და რატომ არავინ შეეწინააღმდეგა მის გადაწყვეტილებას. საქმე ის არის, რომ, როცა ოხანაშვილი პატრიარქის დაცვის უფროსად დაინიშნა, ქვეყანაში ძალიან აქტიურად განიხილებოდა პატრიარქის ჩანაცვლების საკითხი. ნაციონალების ზეობის პერიოდში სააკაშვილის გუნდი აკონტროლებდა ყველას და ყველაფერს, გარდა საპატრიარქოსი, ამიტომ გადაწყდა, საპატრიარქო ოხანაშვილის ხელით გაეკონტროლებინათ. ოხანაშვილის სანდოობაში “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებას ეჭვი არ ეპარებოდა, რადგან ოხანაშვილს პრაქტიკა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰქონდა გავლილი და ელიტური ამერიკული სპეცდანაყოფის – “მწვანე ბერეტების” წევრიც იყო. ჰოდა, ამერიკის საელჩოს მონდომებით, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მეუფე დიმიტრის ხელშეწყობით, სოსო ოხანაშვილი პატრიარქის დაცვის უფროსი გახდა. ციანიდის სკანდალის შემდეგ კი, როცა პატრიარქს თავისმა უახლოესმა გარემოცვამ ოხანაშვილზე ჩამოუგდო სიტყვა, ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელი გაბრაზდა, მაგრამ მას ერთი უცნაური ფაქტი გაახსენეს: პატრიარქს, როცა მის გვერდით ოხანაშვილი იმყოფებოდა, ხელზე არ ეკეთა სპეციალური სამაჯური, რომელიც ვითომ მის ჯანმრთელობას აკონტროლებდა, ხოლო, როგორც კი ოხანაშვილი პატრიარქს მარტო ტოვებდა, ხელზე სამაჯურს უკეთებდა და ეუბნებოდა, რომ ეს იყო სწორედ ის, რაც მას მშვიდად ძილის შესაძლებლობას მისცემდა, რადგან სამაჯური პატრიარქის ჯანმრთელობას აკონტროლებდა. რეალურად კი ამერიკის საელჩოსა და ხელისუფლებას ყური პატრიარქის სასთუმალზე ედო და ისმენდა ყველაფერს, რასაც პატრიარქი ოხანაშვილის არყოფნისას საუბრობდა.

თუ გახსოვთ, „ციანიდის სკანდალიდან რამდენიმე საათში, ოპოზიციურმა ფლანგმა, ანუ ყოფილმა ნაციონალებმა, გიგა ბოკერიას მეთაურობით, განაცხადეს, ამ დანაშაულში რუსული კვალი იკვეთებაო. თუ დავუშვებთ, რომ პატრიარქის მოცილება რუსეთს სურდა და დეკანოზი მამალაძე რუსული სპეცსამსახურების კაცი იყო, ჩნდება კითხვა: რატომ დარბოდა ციანიდის საშოვნელად მამალაძე თბილისში, რა, რუსეთის სპეცსამსახურები ვერ მოახერხებდნენ ციანიდის საჭირო დოზის შოვნას თუ გადაცემა გაუჭირდებოდათ? აი ამ უბრალო არგუმენტით რუსული კვალი ქრება და წინა პლანზე იწევს ე.წ. ლიბერალური დაჯგუფებების სახეები.

საბერძნეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ 2016 წელს წინააღმდეგობა ვერ გაუწია ქვეყნის ხელისუფლებას და საბერძნეთის პარლამენტმა ერთი და იმავე სქესის პირებს შორის ქორწინება ოფიციალურად დააკანონა. საქართველოს სამოციქულო ეკლესიის გარდა, ერთადერთი ეკლესია, რომელიც ერთნაირსქესიანთა ქორწინების კატეგორიული წინააღმდეგია, რუსეთის მართლამდიდებელი ეკლესიაა. რა გამოდის – ილია მეორის მოცილებით საქართველოს საპატრიარქოში მოვიდოდა ძალა, რომელიც გაცილებით შემწყნარებლური იქნებოდა ჰომოსექსუალების მიმართ და, დასავლეთის დაჟინებული მოთხოვნით, ერთი და იმავე სქესის პირებს შორის ქორწინების დაკანონება თვეების საკითხი გახდებოდა.

„წმინდა სინოდში არიან მეუფეები, რომელთა იქ ყოფნა კანონით არ შეიძლება. სინოდში არის არასრულწლოვანის გაუპატიურებისთვის ნასამართლევი პირი, არის მამათმავალი, არის ქურდი, ყაჩაღი… ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის მეუფე პეტრემ, რომელიც ახალაიების თვალი და ყური იყო სამეგრელოში. მეუფე პეტრე გახლდათ აწ გარდაცვლილი სულხან მოლაშვილის პირადი მოძღვარი და სწორედ მეუფე პეტრე სთხოვდა მოლაშვილს კატეგორიულად (ეს არ იყო რჩევა, ეს იყო მოთხოვნა), რომ მას სტრასბურგიდან სარჩელი გამოეტანა და “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ არ წასულიყო. მეუფე პეტრეს სინოდის ბევრ წევრზე იმდენი კომპრომატი აქვს, რამდენიც შეიძლება სამეგრელოს ტყეებში აღმოჩენილ კასრებშიც არ იყო და ამიტომ 11 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე ჭყონდიდის მიტროპოლიტზე აუგი არავის დასცდენია”, – გვითხრა ჩვენმა წყარომ.

როცა უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული მეუფეებით დავინტერესდით, გავარკვიეთ, რომ სხალთის ეპარქიის ეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონი, ერისკაცობაში გოჩა აბულაძე ახალგაზრდობაში არასრულწოვნის გაუპატიურების გამო იყო ნასამართლევი. მას ბრალი მეგობრის შვილის გაუპატიურებაში ედებოდა. უფრო საინტერესო კი ის არის, რომ საპატრიარქოში მეუფე დიმიტრიმ მიიყვანა, პატრიარქსაც მან გააცნო და…

საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მეუფე სპირიდონის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ ის ბერად 2006 წლის 23 დეკემბერს აღიკვეცა, ერთი დღის შემდეგ კი, ანუ 2006 წლის 24 დეკემბერს ეპისკოპოსად აკურთხეს. ნამდვილად ვერ გეტყვით, აქვს თუ არა სხვა მეუფეს ერთ დღეში ასეთი კარიერული ნახტომი, მაგრამ, მეუფე დიმიტრის მეცადინეობით, ყოვლადუსამღვდელოესი სპირიდონისთვის გამონაკლისი დაიშვა.

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი, ერისკაცობაში გურამ გრიგოლის ძე ბერბიჭაშვილი მანქანის ქურდობაზეა ნასამართლევი, უფრო ზუსტად, მანქანების ქურდობაზე. მეუფე გრიგოლი თავის დროზე ე.წ. პერეგონშიკი იყო და ამის გამო სასჯელიც მოიხადა, თუმცა ამას არ შეუშლია ხელი, მეუფე დიმიტრის მეშვეობით, პატრიარქთან დაახლოებულიყო. მეუფე სპირიდონისგან განსხვავებით, ბერად აღკვეცის შემდეგ მეუფე გრიგოლს ეპისკოპოსობა სამი დღით დაუგვიანდა. სავარაუდოდ, პატრიარქი მისმა გვარმა ჩააფიქრა, ალბათ, იმანაც, რომ ილია ჭავჭავაძეს ტყვია გიგლა ბერბიჭაშვილმა ესროლა და ახლა ბევრს ეხამუშებოდა, ისევ ილიასთან ახლოს ისევ ბერბიჭაშვილის ყოფნა, თუმცა მეუფე დიმიტრი შეუვალი იყო და საპატრიარქოში ილია ჭავჭავაძის მკვლელის მოგვარის მიყვანით პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა. მეუფე დიმიტრი ხშირად ისე იქცეოდა, როგორც პატრიარქი, და ამას არც მალავდა. მეუფეებს არ სურდათ ილია მეორისთვის გულის ტკენინება და ამიტომ მეუფე დიმიტრის ბევრ რამეს მიუტევებდნენ, როგორც ჩანს, მიუტევებდა პატრიარქიც. სხვანაირად არ აიხსნება ის გარემოება, რატომ არ მოსთხოვა პასუხი პატრიარქმა ძმისშვილს, როცა მას წინ დაუდეს დოკუმენტები, რომელთა მიხედვით, მეუფე დიმიტრის მიერ აჭარაში გახსნილი საპატრიარქოს გიმნაზიის სახელით, უცხოეთიდან საქართველოში თამბაქო და ალკოჰოლური სასმელი შემოვიდა. მეუფეს გიმნაზია ეპარქიაზე აქვს მიბმული, ამის გამო საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს და, როგორც ჩანს, ბიზნესი დაატრიალა. ბიზნესსაქმიანობით არის დაკავებული მეუფე პეტრეც, რომლის სიმდიდრეზეც სამეგრელოში ლეგენდები დადის, თუმცა, კიდევ ვიმეორებთ, მღვდელმთავრები მასზე საუბარს კომპრომატების შიშით ერიდებიან.

“ყველა მღვდელმთავარმა იცის, რომ ციანიდი არა შორენა თეთრუაშვილის, არამედ პატრიარქის მოსაკლავად სჭირდებოდათ. იმასაც ამბობენ, რომ გერმანიაში, პატრიარქის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი გაკვეთის კატეგორიული წინააღმდეგი წავიდოდა, პირველ რიგში, მეუფე დიმიტრი და შემდეგ ის შემადგენლობა, რომელიც მას უჭერს მხარს. მოითხოვდნენ, რომ პატრიარქისთვის მხოლოდ რაიმე სინჯი აეღოთ, შემდეგ დაინიშნებოდა ექსპერტიზა და რამდენ ხანს გაჭიანურდებოდა, არავინ იცის. შემდეგ ეს სინჯები საქართველოში ჩამოვიდოდა, მანამდე ახალ პატრიარქსაც აირჩევდნენ და ამით დასრულდებოდა ის, რაც დაიწყეს და, საბედნიეროდ, არ გამოუვიდათ. ჰკითხეთ სხვა მეუფეებსაც, მათ, ვინც პატრიარქს უდგას გვერდით, ვისი მოკვლა სურდა გიორგი მამალაძეს და გეტყვიან. პრაქტიკულად ყველა მღვდელმთავარმა ნახა პროკურატურის მიერ ჩაწერილი კადრები, ის კადრები, რომლებიც ფართო საზოგადოებას არ უნახავს და ეჭვის შეტანა გამორიცხულია – ციანიდი პატრიარქისთვის იყო განკუთვნილი”, – გვითხრა ჩვენმა წყარომ.

მანვე ერთი საინტერესო ფაქტი გაგვახსენა: თუ გახსოვთ, სოსო ოხანაშვილმა, როცა საქართველოდან წავიდა, განაცხადა, რომ ეს არ იყო გაქცევა, გერმანიაში სამუშაოდ წავიდა, რათა მრავალსულიანი ოჯახი ერჩინა და, როცა უმუშევარი დარჩა, ფინანსური პრობლემები შეექმნა. ოხანაშვილმა იცრუა: ის გერმანიაში კი არ მუშაობს, არამედ საკუთარ ფეშენებელურ ვილაში ცხოვრობს და იქიდან ცდილობს საქართველოში ალტერნატიული საპატრიარქოს შექმნას. ანუ, ოხანაშვილს პეტრე ცაავასთან, თავის სიმამრ მეუფე დიმიტრისთან და კიდევ რამდენიმე მეუფესთან ყოველდღიური კავშირი აქვს და ალტერნატიული საპატრიარქოს შექმნაზე მუშაობს. ალტერნატიული საპატრიარქოს შექმნა და მეორე პატრიარქის არჩევა მართლმადიდებლური ეკლესიისთვის უცხო ხილი არ არის და ასეთი რამ სხვა ქვეყნებშიც მომხდარა, რასაც ეკლესიის დისკრედიტაცია და ავტორიტეტის განადგურება მოჰყოლია. ათეული წლების განმავლობაში პატრიარქის ურყევი ავტორიტეტი ბევრს უკარგავს მოსვენებას და, როგორც ჩანს, მისი მოკვდინება რომ ვერ მოახერხეს, ახლა სულიერ განადგურებას აპირებენ.

გადახედეთ სოსო ოხანაშვილის მიერ საპატრიარქოში მიყვანილ კადრებს და დარწმუნდებით, რომ ის ნაციონალების ხელის ბიჭი და ამერიკის საელჩოს მონა იყო. ავიღოთ თუნდაც ტარას შავიშვილი, რომელიც დიმიტრი შაშკინის კადრია, თვით შაშკინი კი ხელისუფლებაში ამერიკის საელჩოს რეკომენდაციით მივიდა. შავიშვილი, რომელიც ახლა თურმე სინანულით ამბობს, რომ საპატრიარქოში ილია მეორის მტრები მომრავლდნენ, ერთ–ერთი იყო, ვინც საპატრიარქოს ხარჯზე ბიზნესს აკეთებდა, ხოლო ახალგაზრდობაში კრიმინალსა და არასრულწლოვნებთან კავშირზეც არ ამბობდა უარს. ეს კაცი ნაცებმა 53-ე სკოლის დირექტორადაც კი დანიშნეს, მაგრამ მოსწავლეებისა და მშობლების პროტესტის შემდეგ იძულებული შეიქნენ, დირექტორობიდან გაეშვათ და… საპატრიარქოში განემწესებინათ. ჩვენმა წყარომ გვითხრა, ოხანაშვილ-შავიშვილის მიერ საპატრიარქოში დამონტაჟებულ მისაყურადებელ აპარატურას დღემდე პოულობენ და პატრიარქს უმალავენო.

ამ ყველაფერში თითქოს არ იკვეთება პატრიარქის მდივან-რეფერანტ შორენა თეთრუაშვილის დანაშაული, პირიქით, იგი ხელისუფლებას მსხვერპლად გამოჰყავს, მაგრამ პატრიარქის გარშემო შეკრებილ მეუფეთა მცირე ჯგუფი სულ უფრო ხშირად აპელირებს იმაზე, რომ თეთრუაშვილს ძალიან დიდი ძალაუფლება აქვს. საქმე ის არის, რომ ამ ქალბატონს ხელთ უპყრია საპატრიარქოს ბეჭედი და პატრიარქის ფაქსიმილე, ანუ ნებისმიერ მომენტში შეუძლია, საპატრიარქოს ბლანკზე პატრიარქის ხელმოწერით ნებისმიერი წერილი დაბეჭდოს, საპატრიარქოს ბეჭედი დაარტყას და გაგზავნოს… ვიღაც იტყვის, ამას როგორ იკადრებსო, მაგრამ უკვე იკადრა, ბატონებო! საქართველოს მაოხრებელ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, ახალი წელი პატრიარქის სახელით მიულოცა და, როგორც გაირკვა, ტელეფონითაც ესაუბრა. რატომ მისტირის თეთრუაშვილი პრეზიდენტყოფილს, ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ ის კი ცნობილია, რომ პატრიარქს რამდენიმე მეუფემ სთხოვა, ეგებ ქადაგებაში თქვა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სამშობლოში უნდა დაბრუნდეს და არ იდევნებოდეს ზვიად გამსახურდიასავითო. საქართველოს პირველ პრეზიდენტზე აქცენტი შეგნებულად გაკეთდა, რადგან სურთ, სააკაშვლი გამსახურდიას შეადარონ და მერე მიშას “ბრალი” ეროვნულობაში დასდონ, თორემ აღმაშენებელს უკვე შეადარა მიტროპოლიტმა კალისტრატემ. იმ კალისტრატემ, რომელიც, შესაძლოა, ცოტა ხნით, მაგრამ პატრიარქად მაინც მოგვევლინოს. პატრიარქის გარდაცვალების შემთხვევაში (ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს!), პატრიარქის ანდერძს ხსნის სინოდის ქიროტონიით (ხელდახმით) უპირატესი ეპისკოპოსი, ამ შემთხვევაში მეუფე კალისტრატე. თუ პატრიარქის ანდერძში მემკვიდრეზე მინიშნება არ არის, წმიდა სინოდის მოწვევისა და ახალი პატრიარქის არჩევის მომენტამდე პატრიარქის მოვალეობას სწორედ ეს ეპისკოპოსი, ამ შემთხვევაში კალისტრატე, ასრულებს. სხვათა შორის, მეუფე კალისტრატეს ნაციონალები მომავალ პატრიარქად განიხილავდნენ, ამაზე დაუფარავად საუბრობდნენ და, როგორ გგონიათ, ყველაზე მეტად ვის ეწყინებოდა ხელისუფლების ცვლილება “გადამწყვეტ მომენტამდე” ცოტა ხნით ადრე?!

მთავარი, რაც არ გვითქვამს: ანდერძზე ხელი მიუწვდება სწორედ ქალბატონ შორენას, ანუ მას თავისუფლად შეუძლია, საცავიდან პატრიარქის ანდერძი გამოიღოს, გადაწეროს, ბეჭედი დაარტყას, ფაქსიმილეთი ხელიც მოაწეროს და არკვიე მერე ტყუილ–მართალი… მე თქვენ გეტყვით და, “პერეგონშიკ” გრიგოლს შეაწუხებს სინდისი, არასრულწლოვნებზე მოძალადე სპირიდონი გაწითლდება თუ მეუფე პეტრე იტყვის რამეს?! ან მეუფე დიმიტრი, რომლისკენაც მიდის ყველა ის გზა, რომელიც პატრიარქის მოკვდინებას უკავშირდება, ხმალს ამოიღებს და “მარჯვნივ და მარცხნივ აკაფავს მტერს?!” არა, ბატონებო, ყველა თავის გადარჩენისთვის დაიწყებს ბრძოლას, ყველას მოუნდება ტახტზე დაჯდომა და, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ხელისუფლების მხარდაჭერას მიიღებს ის, ვინც ყველაზე ლიბერალად წარმოაჩენს თავს.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: დღეს მხოლოდ საქართველოსა და რუსეთის ეკლესიები ეწინააღმდეგებიან ერთი და იმავე სქესის პირებს შორის ქორწინების დაკანონებას, დანარჩენები დანებდნენ თავიანთ ხელისუფლებას. აქვე ისიც ვთქვათ, რომ რამდენიმე დღის წინათ სამხრეთ ოსეთის ე.წ. ხელისუფლებამ იეჰოვას მოწმეები სექტად გამოაცხადა და მათი მოღვაწეობა აკრძალა. ამ ამბავში ჩვენთვის სასიხარულო არის ის, რომ საქართველოს ტერიტორიის მცირე ნაწილზე, თუნდაც ოკუპირებულზე, სექტა აიკრძალა. ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებამ კი უკვე მართლა აღარ იცის, რომელი პოზა მიიღოს, ამერიკელ და ევროპელ პატრონებს რომ ასიამოვნოს…

როცა “დონ კიხოტს” იღებდნენ, მთავარი როლის შესასრულებლად, გენიალურმა ქართველმა მსახიობმა კახი კავსაძემ 45 კილოგრამი დაიკლო. ერთ-ერთ ეპიზოდში კახიზე მიუშვეს დამშეული ღორები, რომლებთანაც უნდა ეომა, მაგრამ ისე იყო დასუსტებული, მიხვდა, რომ ღორები შეჭამდნენ და გაქცევა დააპირა. რეჟისორი უყვიროდა, – ჩაუწექი კახი, ჩაუწექიო, – აქაოდა, კადრი არ გამიფუჭოო. და ბოლო ხმაზე იღრიალა თურმე მსახიობმა, – რომ ჩავუწვე, შემჭამენო. ჰოდა, ახლა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ლოგიკურიც არის ხმამაღლა ვიყვიროთ: არ ჩაუწვე, შეგჭამენ! ისედაც ხომ ხედავთ, ბატონებო, რომ ეპარქიების ნაწილი მკვლელებს, მოძალადეებს, ქურდებსა და ავანტიურისტებს აბარიათ…

Comments are closed