globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 25 ნოემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Nov 25th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: რუსეთის ახალი მტერი // რუსულ-თურქული დაპირისპირება და საქართველო

რეზონანსი: ინტერვიუ ირაკლი მენაღარიშვილთან: “საფრთხის რეალურად აღქმა არავითარ შემთხვევაში პანიკას არ ნიშნავს”

„ალია“: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: რა საფრთხეები დაგვემუქრება, რუსეთ-თურქეთს შორის ომი დაიწყო?

ახალი თაობა“: რა აკავშირებს ტარიელ ნაკაიძეს ისლამისტ ჭაღალიძესთან

ახალი თაობა“: ინტერვიუ მურმან დუმბაძესთან: „ხვიჩა გობაძე ჩემი მეზობელია“

ახალი თაობა“: ინტერვიუ გიორგი გაჩეჩილაძესთან: „რუსეთის ორბიტაზე მოტრიალე პოლიტიკოსები საქართველოს ჭაობში მიათრევენ“

„ასავალ-დასავალი“: ინტერვიუ ვაჟა ლორთქიფანიძესთან: „მიხეილ სააკაშვილი და მისი მეგობრები დღესაც რუსულ ფულს იდებენ ჯიბეში…  თუ პაატა ბურჭულაძე ისევ ძველ ძალებს შეეწყობა და დასაყრდენის ძიებას ნაციონალურ მოძრაობაში ან ამ პარტიასთან დაახლოებულ წრეებში დაიწყებს, მაშინ ვერაფერს მიიღებს და ვერაფერს მიაღწევს!“

„ალია“: პატრიარქის გეგმა „ბ“ თუ სააკაშვილის მიერ კომპრომატებით „დავერბოვკებული“ პაატა ბურჭულაძე?

—————————-

რეზონანსი“, 25 ნოემბერი, 2015 წელი

რუსეთის ახალი მტერი

რუსულ-თურქული დაპირისპირება და საქართველო

ვახტანგ შამუგია

(შემოკლებით)

რუსეთი თურქეთს მტრად აღიქვამს და მასთან ყველანაირ თანამშრომლობას წყვეტს. რუსეთიდან თურქეთში ფრენა შეწყვეტილია. რუსულმა ტუროპერატორებმა თურქეთის მიმართულებით საგზურების გაყიდვა შეწყვიტეს და ახლა იმაზე მიდის მსჯელობა, თუ როგორ დააბრუნონ სამშობლოში თურქეთში მყოფი 10 ათასამდე რუსი ტურისტი.

რუსული არმიის სარდლობის გადაწყვეტილებით, სირიაში დამატებითი სამხედრო ძალები იქნება გადასროლილი. ასევე გაიზრდება რუსი სამხედროების კონცენტრაცია ყირიმში. რუსეთის შავი ზღვის ფლოტი საგანგებო რეჟიმზეა გადაყვანილი. ფლოტის სარდლობა აცხადებს, რომ ყურადღებით დააკვირდებიან თურქი სამხედროების მოქმედებას შავ ზღვაზე და გაანადგურებენ ნებისმიერ სამიზნეს, რომელიც საფრთხედ იქნება აღქმული.

(…)

რა შედეგი მოჰყვება რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებას და რა საპასუხო ნაბიჯს გადადგამს რუსეთი – ეს არის კითხვა, რომელზე პასუხის გაცემას პოლიტოლოგები და ანალიტიკოსები ცდილობენ. იმაზე, რომ მოსკოვი ნატო-ს წევრ და საკმაოდ ძლიერი არმიის მქონე თურქეთთან აშკარა სამხედრო კონფრონტაციას მოერიდება, თითქმის ყველა თანხმდება. ამაზე მეტყველებს რუსი მაღალჩინოსნების განცხადებებიც.

“რა თქმა უნდა, პრეზიდენტს რაიმე სახის სამხედრო რეაგირებაზე არაფერი უთქვამს. მას ასეთი საუბარი არ დაუშვია. მაგრამ ამასთან ერთად აღნიშნა, რომ თურქეთის ასეთ არამეგობრულ მოქმედებებს გარდაუვალი შედეგები მოყვება”, – განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

(…)

რა შეიძლება ეგულისხმა პუტინს “სერიოზულ შედეგებში” და რა გავლენა შეიძლება იქონიოს საქართველოზე რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებამ, ამ საკითხზე “რეზონანსს” პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე ესაუბრა. იგი მოვლენების სამხედრო სცენარით განვითარების ალბათობას უმნიშვნელოდ მიიჩნევს. მისი აზრით რუსეთი ძირითადად დიპლომატიური და ეკონომიკური სანქციებით შემოიფარგლება.

“ამ ორ ქვეყანას აქვს სერიოზული ეკონომიკური კავშირები. მაგალითად, 2013 წლის მონაცემებით, რუსეთსა და თურქეთს შორის სავაჭრო ბრუნვა აჭარბებდა 40 მლრდ აშშ დოლარს, ყოველწლიურად ოთხ მილიონზე მეტი რუსი ტურისტი ისვენებს თურქულ კურორტებზე, თურქეთის მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის 60% “გაზპრომის” მიერ მიწოდებულ გაზზე მოდის და შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ მოსკოვმა გაზის საფასური მნიშვნელოვნად გაზარდოს. აგრეთვე, რუსეთმა შესაძლოა თავისი ელჩი დროებით თურქეთიდან გამოიწვიოს, თურქი ელჩი კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში იქნეს დაბარებული”, – ვარაუდობს ნიკა ჩიტაძე.

მისი თქმით, ორ მეზობელ ქვეყანას შორის ურთიერთობების გამწვავება საქართველოს ძირითადად ეკონომიკური სახის პრობლემებს შეუქმნის.

“რუსული და თურქული კომპანიები სახმელეთო ტვირთების გადაზიდვას ძირითადად საქართველოს გავლით ახდენენ, რისთვისაც გარკვეულ თანხას იხდიან ბიუჯეტში. ამ ურთიერთობის გაწყვეტის შემთხვევაში კი ტვირთების გადაზიდვა შეჩერდება, რაც ქვეყნის სატრანზიტო მნიშვნელობაზე ნეგატიურად აისახება. რაც შეეხება მოვლენათა სამხედრო სცენარით განვითარებას ეს ძალიან არარეალურია. შესაძლებელია სომხეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული რუსული სამხედრო შენაერთები გადაიყვანონ გაძლიერებულ სამხედრო რეჟიმზე, სხვა მხრივ, საქართველოზე ეს ყველაფერი არანაირ გავლენას არ ჰპოვებს”, – ვარაუდობს ჩიტაძე.

რეზონანსი“, 25 ნოემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ ირაკლი მენაღარიშვილთან: “საფრთხის რეალურად აღქმა არავითარ შემთხვევაში პანიკას არ ნიშნავს”

სალომე სარიშვილი

“თუკი თურქეთ-რუსეთის პოზიციათა დაპირისპირებაზე ვისაუბრებთ, უნდა ითქვას, რომ ეს უკვე აშკარაა. ახლა ყველას აინტერესებს, თუ რა შეიძლება სამომავლოდ თურქების მიერ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებას მოჰყვეს. გაჩნდა რამდენიმე სერიოზული მიმომხილველი, რომელიც სამხედრო დაპირისპირებასაც კი არ გამორიცხავს, თუმცა, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ საქმე აქამდე არ მივა,” – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი და დასძენს, რომ ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტული შედეგის პროგნოზირება რთული იქნება. იგი მიიჩნევს, რომ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების პერსპექტივა გარკვეულწილად ჩრდილოატლანტიკურ ალიანსის პოზიციაზე იქნება დამოკიდებული და ამბობს, რომ ნატოს პოზიცია მნიშვნელოვან წილად განაპირობებს იმას, თუ რა შეიძლება ამ კონკრეტულ შემთხვევაშს მოჰყვეს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- რადგან საუბარი „ისლამურ სახელმწიფოს“ შეეხო, როგორია თქვენი პოზიცია საქართველოში ისლამისტების გააქტიურების თაობაზე? რამდენად საშისია საინფორმაციო პროპაგანდა და არსებობს თუ არა შფოთისა და პანიკის საფუძველი?

- პანიკის არც საფუძველი არ არსებობს და არც უფლება ჰგბაქვს. ეს საფრთხე მას სემდეგ გაჩნდა, რაც „ისლამურმა სახელმწიფომ“ ტავისი გეოპოლიტიკურ ამბიციების შესახებ ღიად განაცხადა, მაგრამ ამ ყველაფერს მტკიცე ნერვები და სიტუაციის გონივრული ანალიზი ჭირდება.რასაკვირველია, საქართველომ სატანადო ნაბიჯები უნდა დაგეგმოს, მოკავშირეები უნდა ეზებოს და სესაძლო საფრთხეების პრევებნცია განახორციელოს.

ამის საუკეთესო პოლიტიკა კი ჩვენი ევროინტეგრაციისაკენ მიმართული სტრატეგია გახლავთ. ვფიქრობ, რომ ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება ამ მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერება უნდა იყოს.

საფრთხის რეალურად აღქმა არავითარ შემთხვევაში პანიკას არ ნიშნავს, მით უმეტეს – საუბარს იმაზე, რომ ჩვენ ვდგავართ ისეთი საფრთხეები წინაშე, რომელთა თავიდან აცი;ლება შეუძლებელია. ასეთი საფრთხე ნამდვილად არ არსებობს და პანიკაც უსაფუძვლოა, თუმცა, რადგან საქართველო ანტიტერორისტული მოძრაობის ნაწილი იყო და ეს მონაწილეობა უნდა გაგრძელდეს.

- თქვენი აზრით, უნდა გვქონდეს თუ არა ვიზა-ლიბერალიზებაზე პოზიტიური მოლოდინი?

- მუშაობა ამ მიზნით რომ მიმდინარეობს, ამაში მგონი ეჭვი არავის არ უნდა ეპარებოდეს. საბოლოოდ რამდენად წავიწიეთ წინ და მიზანს მივუახლოვდით თუ არა, ამის შესახებ დასკვნას ჩვენი ევროპელი კოლეგები გააკეთებენ, როდესაც საქართველოს მზადყოფნის თაობაზე შესაბამისი დასკვნა მომზადდება. ვანხოთ, რა და როგორ იქნება. 15 დეკემბერი არც ისე შორსაა. იმედი მაქვს, რომ გადაწყვეტილება პოზიტიური იქნება.

„ალია“, 25 ნოემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: რა საფრთხეები დაგვემუქრება, რუსეთ-თურქეთს შორის ომი დაიწყო?

ნინო სამხარაძე

დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღება ახალი დაპირისპირების ეპიცენტრისკენაა მიმართული, თურქეთმა რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდო. თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი ადასტურებს, რომ თურქმა საზღვართან მოიერიშე რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს, პუტინი ამ გამოწვევას ასე პასუხობს,  თურქებმა ზურგში დაგვარტყეს. რუსეთთურქეთი ახალი ომის პირისპირ აღმოჩნდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით თურქეთში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. თურქულმა სპეცდანიშნულების რაზმებმა სტამბულში მდებარე რუსეთის საელჩოს ალყა შემოარტყა, მიზეზად თურქული მხარის უსაფრთხოების ზომების გამკაცრება სახელდება. ანტიტერორისტული კოალიციის წევრები შოკში არიან, მათ რუსეთის, როგორც მთავარი სამხედრო მოკავშირის, დაკარგვა, ამ შემთხვევაში, ხელს არ აძლევს. ნატომ საგანგებო სხდომა მოიწვია, თბილისის დროით 22 საათზე ბრიუსელში ალიანსის საბჭოს საგანგებო სხდომა ჩატარდება, სადაც დეტალურად იქნება განხილული თურქეთის მიერ რუსული „სუ-24“-ის ჩამოგდების საკითხი. აამოქმედებს თუ არა ნატო მე-5 პუნქტს, რომლის მიხედვითაც ნატო ვალდებულია, დაიცვას მისი მოკავშირე ნატოს წევრი ქვეყანა, ამ საკითხზე პასუხი ცალსახაა, რომ ეს არ მოხდება და საერთოდ, რუსეთ-თურქეთის ომს დაუშვებლად მიიჩნევს ალიანსის თითოეული წევრი. თუკი რუსეთ-თურქეთს შორის ომი დაიწყება, ამ შემთხვევაში საქართველო აღმოჩნდება ისეთ რეალობაში, რომელიც ყველაზე საშინელ სიზმარშიც კი არ გვინახავს.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე „ალიასთან“ ინტერვიუში „ალიას“ კითხვაზე, რა საფრთხეები დაგვემუქრება, თუკი რუსეთ-თურქეთს შორის ომი დაიწყო, გვპასუხობს:

- დღეს დასავლეთის მთავარი ამოცანაა ამ ორ ქვეყანას შორის წინააღმდეგობამ ხელი არ შეუშალოს რუსეთის ჩართვას დიდ კოალიციაში. მას შემდეგ, რაც ამერიკა 65-ქვეყნიან კოალიციას ჩაუდგა სათავეში, ისლამურმა სახელმწიფომ, პირიქით, გააფართოვა თავისი ტერიტორიები, ააწყო სახელმწიფო სტრუქტურები, შექმნა სამინისტროები, სოციალური სამსახურები, რაც მთავარია, დაიწყო ნავთობის ექსპორტი, მათი შემოსავალი ყოველდღიურად 3 მილიონ დოლარზე მეტია და ეს შემოსავლები დღითი დღე იზრდება. ამიტომ რუსეთის მონაწილეობა, როგორც სამხედრო ძალისა, დასავლეთისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. რუსეთის საინფორმაციო საშუალებებს ახლა გაახსენდათ ყველაფერი, რაც იცოდნენ და ხმას არ იღებდნენ. მაგალითად ის, რომ ერდოღანი პირწავარდნილი დაფარული ისლამისტია, რომ ერდოღანისგან ძალზე დიდი საფრთხე მოდის ისლამიზმის, როგორც ევროპისთვის, ასევე რუსეთისთვის, რომ ისლამური სახელმწიფოს მიერ გაყიდული ნავთობის 90% თურქეთში შედის. რუსეთის თვითმფრინავი მუშაობდა იმ ზონაში, სადაც განთავსებული არიან ე.წ. ბაშარ ალ ასადის ზომიერი ოპოზიცია, რომელსაც მხარს უჭერს თურქეთი და მისი მფარველობის ქვეშ არის. მათ ბომბავდა რუსეთის თვითმფრინავი, რომელიც ჩამოაგდეს თურქეთის საზღვართან 4 კმ-ში სირიის ტერიტორიაზე. თვითმფრინავი ჯიპი ხომ არ არის, ადგილზე რომ შეძლოს მოხვევა, მას სჭირდება დიდი წრის შემოვლა. ამ დროს, როგორც რუსები აღიარებენ, დაახლოებით 2 კმ-ით შევიდა თურქეთის საჰაერო სივრცეში, ისიც რამდენიმე წამით და მაშინვე გამოვიდა. როცა უკვე სირიის ტერიტორიაზე იყო, თურქეთის გამანადგურებელმა მაშინ ჩამოაგდო რუსეთის თვითმფრინავი…

როგორ ფიქრობთ, ამოქმედდება ნატოს მე-5 პუნქტი ყველა ერთისთვის, ერთი ყველასთვისდა რა გადაწყვეტილებას მიიღებს ნატოს შტაბ-ბინა…

– გამორიცხულია მე-5 პუნქტი ამუშავდეს, ნატოს წევრზე თავდასხმა არ მომხდარა, პირიქით, თურქეთი, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა, თვითონ იყო თავდამსხმელი და ჩამოაგდო რუსული თვითმფრინავი. თურქეთის მთავრობის პირველი განცხადება იყო, რომ ამოუცნობი თვითმფრინავი ჩამოაგდეს და ამას არავინ დაუჯერებთ. ნატოს შტაბ-ბინიდან მოვისმინეთ განცხადება, რომ მდგომარეობა ძალზე სერიოზულია და საჭიროა შეკრება. დღეს არავის აწყობს რუსეთ-თურქეთის ომი, ეს ამბავი დაივიწყეთ და არც მინდა ამის წარმოდგენა…

და რა მოხდება, თუკი რუსეთ-თურქეთს შორის ომი დაიწყება?

– ღმერთმა ნუ ქნას, ეს ყველასთვის კოშმარი იქნება, ამაზე ფიქრიც არ მინდა. თუკი საომარი ფრონტი გაიხსნება, ჩვენ ავუკრძალავთ პუტინს საქართველოდან არ დაიწყოს თურქეთის დაბომბვა, თუ თურქებს ავუკრძალავთ, არ გამოიყენონ რუსეთში შესასვლელად ყველაზე მოკლე გზა – საქართველო? ამ ორ ქვეყანას შორის ყველაზე მოკლე გზა საქართველოა, გავნადგურდებით, თუკი ეს მოხდება, თურქეთთან ომი, ეს არის ნატოსთან ომი, რუსეთს ამის არც სურვილი აქვს, არც შესაძლებლობა და არც თავი… კონფლიქტი დარეგულირდება, თურქეთმა უდროო დრო შეარჩია იმისთვის, რომ დაემტკიცებინა რეგიონალური ლიდერობა და ამით ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა ნატოს წევრი ქვეყნები. დიდი ოცეულის შეხვედრაზე ანტალიაში თითქოს სიტუაცია დაწყნარდა და რუსეთი მოკავშირედ მიიღეს, თანაც მიღწეულია შეთანხმება ამერიკასა და რუსეთს შორის, რომ საჰაერო ინციდენტები არ მოხდეს ახლო აღმოსავლეთსა და სირიის ცაში. ხელშეკრულების გაფორმებიდან ათი დღის თავზე ეს ამბავი მოხდა. ამერიკა, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, არც ერთი არ არის დაინტერესებული, რომ თურქეთის გულისთვის დაკარგონ ისეთი პერსპექტიული სამხედრო მოკავშირე, როგორიც რუსეთია.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი კი სხვანაირად ფიქრობს, უსაფრთხოების ფორუმზე კანადაშისირიაში კრიზისის მოგვარების გზაზე რუსეთ-დასავლეთის თანამშრომლობის შესახებგანაცხადა: ერთი მხრივ, ვაღიარებთ პრობლემებს, რომელსაც რუსეთი ქმნის, ვამბობთ, რომ ის პროგნოზირებადი პარტნიორი არ არის და არის ოკუპაციური ძალა, დამპყრობელი, ამ დროს მასთან ერთად დიალოგისა და თანამშრომლობის გზით ვეძებთ პრობლემის გადაწყვეტის გზებს. ამბობს, რომ რუსეთი აგრესორია, თუმცა მაინც დაახლოებას ითხოვს.

– თავდაცვის მინისტრს რომ ჰკითხო, რუსეთის გარეშე შეუძლია დასავლეთს კუდით ქვა ასროლინოს ისლამურ სახელმწიფოს. დასავლეთს ურჩია, რუსეთი არ გინდათ მოკავშირედო, მაგრამ მას ვურჩევდი, რომ თავის საქმეებს მიხედოს, იმდენი იმუშაოს, თავი მოიკლას და 2016 წლის გაზაფხულზე ვარშავაში მაპ-ი მაინც მოგვცენ, მაგრამ მანამდე არაფერი გეტკინოთ, ნატომ მაპ-ი არ მოგვცეს… ხიდაშელის ოცნებაა, მისი მინისტრობის პერიოდში მოხდეს გარღვევა და საქართველოს მიენიჭოს მაპ-ი. ხიდაშელს ჯერ არაფერი გაუკეთებია, საწვრთნელი ცენტრი მიშას დროს გაიხსნა, ასოცირების ხელშეკრულება საგარეო უწყებამ და პრემიერმა ჩაიწერეს თავის აქტივში, ვიზალიბერალიზაციასაც დიპლომატები ჩაიწერენ და თუკი თინა ხიდაშელი მიაღწევს მაპ-ის მოპოვებას, ეს იქნება სამხედრო თვალსაზრისით თინასთვის ტრიუმფალური გამარჯვება.

ამ მძიმე ვითარებაში 15 დეკემბერს ფიქრობთ, რომ ვიზალიბერალიზაციას მოგვანიჭებენ?

– კი, მოგვცემენ, ძლიერდება პრორუსული განწყობები მოსახლეობაში და ეს პროცესი შეუქცევადი გახდა. აღმოსავლური პარტნიორობის 26 ქვეყნიდან პრაქტიკულად ჩვენღა შევრჩით, მოლდოვაში საშინელი კრიზისია, ვიზალიბერალიზაცია რომ არ მოგვანიჭონ, მაშინ გამოვა, რომ აღმოსავლური პარტნიორობის პროექტში მილიარდები ფუჭად გადაყარეს. მოგვცემენ ვიზალიბერალიზაციას სწორედ იმიტომ, რომ არ გაძლიერდეს პრორუსული ვექტორი საქართველოში.

საფრანგეთში რუსი ბიზნესმენი არკადი გაიდამაკი თავის ფეხით ჩაბარდა ჟანდარმერიას. ის ბრალდებული იყო სკანდალურ ანგოლაგეითისსაქმეში, გავრცელებული ინფორმაციით ფრანგულმა სასამართლომ მას დაუსწრებლად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით გაიდამაკსა და მის თანამზრახველებს ბრალად ედებათ რუსული იარაღის მიყიდვა ანგოლელი დიქტატორის სანტოსოს რეჟიმისთვის და მილიონობით დოლარის გათეთრებაში. ამ საქმეში მოიხსენიებენ ბიძინა ივანიშვილსაც. როგორ ფიქრობთ, ფრანგული მართლმსაჯულება მისწვდება ბიძინა ივანიშვილს?

– თქვენ კარგად იცით, რომ კონსპირაციული თეორიებით საუბარი არ მიყვარს, საფრანგეთის კი არა, ჩვენი გამოძიების ვერაფერი გამიგია და არ ვიცი, რა ხდება, თითქოს მადრიდის სამეფო კარის საიდუმლოებასთან გვქონდეს საქმე. ერთი, რაც ვიცი, ისაა, რომ საფრანგეთის გამოძიება (როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს), ეს არ იქნება ერთ კვირაში დასრულებული საქმე და შეიძლება მას თვეები და წლებიც დასჭირდეს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორი იქნება საფრანგეთში საერთო სიტუაცია, თუმცა ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ფრანგული მართლმსაჯულება ძალზე ეფექტური, ობიექტური და დაუნდობელია. ასე რომ, ახლა პროგნოზების გაკეთება ნაადრევია. არც გაიდამაკია ისეთი ჩიტი, რომ ისე ჩაბარებულიყო ფრანგულ ჟანდარმერიას, რომ არ ჰქონოდა რაიმე გეგმა. ძვირად ღირებულ ადვოკატებთან არ გაევლო კონსულტაციები. როგორც ჩანს, მას დაცვის სტრატეგია შემუშავებული აქვს და ისე ჩაბარდა. 30-წლიან სასჯელზე გაიდამაკი თავისი ფეხით არ წავიდოდა. იარაღით უკანონო ვაჭრობა საფრანგეთის კანონმდებლობის მიხედვით ათწლეულობით სასჯელს ითვალისწინებს, რასაკვირველია, სერიოზული პრობლემაა და ივანიშვილისთვის ეს პრობლემა საჩუქარი არ იქნება.

და კიდევ ერთი მთავარი ამბავი პატრიოტთა ალიანსმაშიმშილობა შეწყვიტა, პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ირმა ინაშვილმა ეს გადაწყვეტილება მიიღო. მთავრობა თანახმაა, საარჩევნო კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელოს, თუმცა ინაშვილმა ულტიმატუმი წაუყენა, რომ, თუკი გაზაფხულამდე საარჩევნო ცვლილებები არ მოხდება, ფართომასშტაბიან აქციებს მოაწყობენ. ამ საკითხზე რას ფიქრობთ?

– მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ინტერესი ამ სკანდალთან დაკავშირებით ნულამდე დაიყვანოს. ისე კი, რასაკვირველია, ეს იყო კოლოსალური შეცდომა „ქართული ოცნების“, როგორც კი ამ სკანდალზე წავიდა. სწორი იქნებოდა, რომ ხელისუფლებას შუალედურ არჩევნებში საერთოდ არ მიეღო მონაწილეობა, განსაკუთრებით კი საგარეჯოში. ერთი მანდატი მათ არაფერს მატებდა, სამაგიეროდ, ხელისუფლება იტყოდა, – ვინც ფიქრობს, გამოვიყენებ არჩევნებში ადმინისტრაციულ რესურსს და გავაყალბებ, საერთოდ არ მივიღებ მონაწილეობას და ამ ადგილს ვუთმობ ოპოზიციას. ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს დაჭამდნენ და ეს იქნებოდა სტრატეგიულად, ზუსტად გათვლილი ეფექტური სვლა ხელისუფლების მხრიდან. არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთობა ზღაპრად იქცეოდა, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში პოლიტტექნოლოგიური თვალსაზრისით, ხელისუფლება აღმოჩნდებოდა მომგებიან მდგომარეობაში. ნუთუ არ ჰყავს ხელისუფლებას ორწიგნწაკითხული ექსპერტი, ეს რომ ერჩია? მაგრამ შეიძლება კიდეც ჰყავთ და ერთი ქალის კაპრიზმა გადაწონა ეს ამბავი, რასაც მისი ქმრის სისუსტე დაემატა. ვიცნობ დავით უსუფაშვილს, ჭკვიანი კაცია და ვერ დავიჯერებ, რომ ამ საფრთხეს ვერ გრძნობდა. მისი ცოლი ადვილად ვერ გაიმარჯვებდა, ადვილად კი არა, საერთოდ ვერ გაიმარჯვებდა. დღეს ისეთი მდგომარეობაა, რომ „ქართული ოცნებიდან“ პატიოსან არჩევნებში ვერც ერთი კანდიდატი ვერ გაიმარჯვებს, არათუ თინა ხიდაშელი. ასე რომ, ეს იყო ხიდაშელის კაპრიზი. ინაშვილი რომ კერკეტი კაკალი გამოდგებოდა, ეს სავარაუდო არ იყო, ძალიან ძვირად დაუჯდებათ ეს გამარჯვება, ამ ფაქტმა დააფრთხო და გამოაფხიზლა მთელი არასაპარლამენტო ოპოზიცია, მათ კიდევ ერთხელ დაინახეს, რომ უკანასკნელი 10 წლის მანძილზე არაფერი შეცვლილა და შუალედური არჩევნები გაკვეთილია ისეთი არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის, ორკაციანი პარტიის ლიდერები რომ არიან. ვისაც შემორჩა საღი აზრი, თავისი ამბიციები უნდა გადადონ, გაერთიანდნენ და ერთი ლიდერი აირჩიონ. ამ ფორმატში უნდა მიიღონ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა. აი, ეს გააკეთეს „რესპუბლიკელებმა“ და პირადად თინა ხიდაშელმა, ერთი ქალის კაპრიზს გადააყოლეს ამხელა საქმე და კიდევ ესენი გველაპარაკებიან ევროპელობაზე, დემოკრატიასა და თავისუფალ არჩევნებზე. ვერავინ დამაჯერებს, რომ ეს მოხდა ივანიშვილის თანხმობით, ერთი რამ ვიცი, ინაშვილი ისე იყო საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებული, 2012 წელს არ ყოფილა ივანიშვილი ასეთი დარწმუნებული გამარჯვებაში. რატომღაც მგონია, რომ ივანიშვილს „რესპუბლიკელებმა“ აიძულეს და ათქმევინეს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, რომ ის მხარს უჭერდა თინა ხიდაშელის კანდიდატურას. ეს იყო სტრატეგიული შეცდომა.

ახალი თაობა“, 25 ნოემბერი, 2015 წელი

რა აკავშირებს ტარიელ ნაკაიძეს ისლამისტ ჭაღალიძესთან

შორენა მარსაგიშვილი

ისლამური სახელმწიფოს მხარეს მებრძოლი თამაზ ჭაღალიძე კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა. ამჯერად მას მუქარის შემცველი ვიდეო აღარ გაუვრცელებია. სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც ის ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარესთან ერთად არის ასახული. აღნიშნული ფოტო სტუდენტმა ირაკლი კუპრაძემ გაავრცელა. ფოტო ერთ-ერთ აქციაზეა გადაღებული.

ირაკლი კუპრაძის განმარტებით, ფოტო სოფელ ჭელაში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ბათუმში მინარეთის დასაცავად გამართულ აქციაზეა გადაღებული. რელიგიურ ნიადაგზე ჭელაში დაპირისპირებას ადგილი 2013 წლის ზაფხულში ჰქონდა.

ჭელაში, სადაც აჭარიდან გადმოსახლებული მუსლიმები და რაჭიდან ჩამოსახლებული მართლმადიდებლები წლებია, უკონფლიქტოდ ცხოვრობენ, სოფელში არსებულ მეჩეთს 24 მეტრიანი მინარეთი ივლისში მიუშენეს. ამ ფაქტმა მაშინვე გამოიწვია ადგილობრივი ქრისტიანების უკმაყოფილება. ადგილობრივი მუსლიმები ამბობდნენ, რომ მინარეთის მოშლის მოთხოვნით მართლმადიდებელი თანასოფლელები ხელმოწერებს აგროვებდნენ. მინარეთის აშენებიდან ერთ თვეში, 26 აგვისტოს, მისი დემონტაჟი განხორციელდა. ადიგენის საკრებულომ დემონტაჟის გადაწყვეტილება მინარეთის აშენების ნებართვის არქონით ახსნა და ადგილობრივი მუსლიმები 200 ლარითაც დააჯარიმა. ამის შემდეგ მუსლიმთა აქციები და ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონსულტაციები დაიწყო. ბოლოს მინარეთი თავის ადგილზე დააბრუნეს. მინარეთის თავის ადგილზე დაბრუნების მოთხოვნით აქცია ბათუმშიც გაიმართა, სადაც ტარიელ ნაკაიძე და ისლამისტი ჭაღალიძე ერთ მხარეს აღმოჩნდნენ.

ირაკლი კუპრაძის განცხადებით, მან ტარიელ ნაკაიძეს აღნიშნულ ფოტოსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში კითხვები დაუსვა, თუმცა ნაკაიძემ ის დაბლოკა. „ყოველგვარი სიფრთხილის და უსაფრთხოების გათვალისწინების გარეშე უნდა ვთქვა: ვერა და ვერ ვხვდები, რატომ ხდება ნაკაიძის წინ წამოწევა როგორც პროგრესული მუსლიმისა, რომელიც დაცლილია რადიკალიზმისგან.… მე მისი გულწრფელობის არ მჯერა. ტარიელ ნაკაიძე დღეს ღიად აცხადებს, რომ პირადად იცნობს მუქარის ჩანაწერის ავტორებს, ხალიფატის მებრძოლებს, თავის დროზე ახლოს იცნობდა თამაზ ჭაღალიძეს“, – აღნიშნავს კუპრაძე. მისივე თქმით, მან ტარიელ ნაკაიძეს ჰკითხა, თუ რა დამოკიდებულება აქვს ჭაღალიძის მუქარასთან.

- ვკითხე, ემიჯნებოდა თუ არა ჭაღალიძის მუქარის შემცველ პოზიციას,…ეს ფოტოც დავულინკე, სადაც ჭაღალიძესთან ერთად არის (ყვითელ-შავზოლიან მაისურში) და, როგორც ფოტოდან ჩანს, შემთხვევითობას ნამდვილად არ აქვს ადგილი. მცირე შეკამათების შემდეგ, როცა არგუმენტები გამოელია, დამბლოკა, – განაცხადა კუპრაძემ.

ტარიელ ნაკაიძე ამ ფოტოს აუთენტურობას ადასტურებს. მისი განმარტებით, სანამ ჭაღალიძე სირიაში წავიდოდა, ის მას რამდენჯერმე შეხვდა და გაესაუბრა.

- რა თქმა უნდა, ვიცნობ, ყველასთან მქონია ურთიერთობა, ვინც ბათუმში ცხოვრობს. ყველას ვიცნობ, ვინც მეჩეთში დადის, რადგან ამ საქმეს ვხელმძღვანელობ, – განუცხადა რეგნიუსს ნაკაიძემ. მისი თქმით, ჭაღალიძე იმ აქციაზე იყო, როდესაც ჭელაში მინარეთის მოჭრის ფაქტი მოხდა.

- თამაზ ჭაღალიძის მუქარებს ვემიჯნები კი არა, ვებრძვი კიდეც. სანამ სირიაში წავიდოდა, ჭაღალიძეს ასეთი შეხედულებები არ ჰქონია. ის, რა პოზიციებიც მან სირიიდან გამოგზავნა, ჩვენთვის ცნობილი არ იყო. როდესაც საქართველოში იყო და მეჩეთში დადიოდა, გავსაუბრებივარ მას, მაგრამ მაშინ ასეთი შეხედულებები არ ჰქონია, _ განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.

მოგვიანებით ტარიელ ნაკაიძემ ეს ფოტო ფეისბუქის საკუთარ გვერდზეც გამოაქვეყნა და კომენტარად შემდეგი რამ მიაწერა: „მე კი მერჩით (თუმცა არც ვნაღვლობ), მაგრამ თამაზ ბაკურიძისგან რაღა გინდათ, ამოშალეთ ამ სურათიდან ეს კაცი“. ამ ფოტოზე ასლან აბაშიძის ყოფილი პრესმდივანიც არის ასახული.

რაც შეეხება თამაზ ჭაღალიძეს, ის ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ პოლიტიკურ პროცესებში იყო ჩართული. როგორც ლეიბორისტული პარტიის წევრმა გიორგი ჩიტაურმა „ახალ თაობას“ განუცხადა, ჭაღალიძე 2009 წლის ოპოზიციის აქციებში აქტიურად მონაწილეობდა. „ჩვენ საკნების აქციაში ერთად ვიყავით. ის ბიჭი კონსტანტინე გამსახურდიას პარტიის წევრი იყო და მის განცხადებებში რადიკალიზმი არ შემინიშნავს“, – ამბობს ჩიტაური.

ახალი თაობა“, 25 ნოემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ მურმან დუმბაძესთან: „ხვიჩა გობაძე ჩემი მეზობელია

შორენა მარსაგიშვილი

რატომ არ უნდა მიიღონ ბავშვებმა რელიგიური განათლება უცხოეთში, რა შეცდომას უშვებს საქართველოს ხელისუფლება, ვინ ემუქრება ისლამური სახელმწიფოს სახელით დეპუტატებს, ვის მეზობლად ცხოვრობს სკანდალური ხვიჩა გობაძე? - ამის შესახებ ახალ თაობას პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე ესაუბრება.

მურმან დუმბაძე:

- ვიღაცები აგდებულად შეხვდნენ ისლამური სახელმწიფოს სახელით გავრცელებულ მუქარას, სახუმაროდ ნამდვილად არ არის საქმე. ევროკავშირის დედაქალაქი, ბრიუსელი, რამდენიმე დღეა, რაც პარალიზებულია ამ ტერორისტების გამო. იქ რომ ასეთი რამ ხდება, წარმოგიდგენიათ, აქ რა ამბები დატრიალდება? 23 ნოემბერს ხალიფატის სახელით გავრცელებული ვიდეომიმართვიდან გამომდინარე, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურები მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე უნდა გადავიდნენ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩავერიოთ სხვის რელიგიაში, ცივილიზაციასა და კულტურაში. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაფორმდეს სახელმწიფო დონეზე საკულტო ნაგებობებთან დაკავშირებით ხელშეკრულებები. ხელისუფლებას რელიგიაში არაფერი ესაქმება. მათ ურჩევნიათ, ვინმეზე საეჭვო ინფორმაციები თუ აქვთ მიღებული, ამას მიაქციონ ყურადღება. ჩვენი ქვეყანა სერიოზული საფრთხეების წინაშე დგას.

- წინა ინტერვიუში თქვენ განაცხადეთ, საქართველოში რელიგიურ ნიადაგზე შუღლი არ მოხდებაო. ამ ვიდეო მიმართვის შემდეგაც ასე ფიქრობთ?

- ამაზე აზრს არ შევიცვლი. ამ მუქარას ისლამთან კავშირი არ აქვს. ექსტრემისტული დაჯგუფებები ყურანს საკუთარი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად იყენებენ. საქართველოს მოქალაქეები ბოლო დღეებში ხშირად ახსენებენ უარყოფით კონტექსტში მუსლიმებს. მინდა ყველამ გაითავისოს, რომ მუსლიმებს ექსტრემიზმთან და ვაჰაბიზმთან საერთო არაფერი აქვთ. აჭარა 300 წლის მანძილზე იყო თურქეთის შემადგენლობაში. ამ კუთხეში ვარ გაზრდილი და სხვაზე უკეთ ვიცი, რა ხდება იქ. ამიტომ ვერ მივიღებ ზოგიერთი დეპუტატის შეფასებებს, რომელიც აჭარაში მხოლოდ ზაფხულობით, ისიც პლაჟზე წამოსაწოლად ჩამოდის.

- რა შეფასებებზე საუბრობთ, რელიგიურ შუღლს აღვივებენ თუ რა ხდება?

- ზოგიერთი დეპუტატი იმასაც გაიძახის, აჭარაში კიდევ ერთი მეჩეთი უნდა ავაშენოთო. ჩვენ მაგათზე უკეთ ვიცით, რა უნდა ავაშენოთ და რა არა. ეს საკითხი დეპუტატების გადასაწყვეტი არაა, ეს მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს.

- მეჩეთებთან დაკავშირებით აჭარაში პრობლემებია?

- არანაირი პრობლემა არ არის. 200-მდე მეჩეთია დღეს აჭარის რეგიონში. არავინ მათი წინააღმდეგი არ არის, მაგრამ როგორც კი აქ პოლიტიკური მეჩეთი აშენდება, იქ ეგრევე გაჩნდება ვაჰაბიზმის ბუდე. პოლიტიკური მეჩეთი სპეცსამსახურების სამუშაო ადგილი იქნება და მეტი არაფერი. აჭარაში მუსლიმსა და ქრისტიანს შორის, ასევე მუსლიმსა და ათეისტს შორის არასდროს შექმნილა კონფლიქტური ვითარება. სახელმწიფოს ვთხოვ, ამ საქმეებში ნუ ჩაერევა. ქვეყნისთვის უკეთესი იქნება, თუ იმ ხელშეკრულებაზე ლაპარაკსაც დაანებებენ თავს.

- რომელ ხელშეკრულებაზე საუბრობთ?

- რომლის გამოც ჯერ წინა ხელისუფლებას დავუპირისპირდი, ახლა კი – „ქართულ ოცნებას“. აზიზიეს მეჩეთის აშენებაზე თურქეთთან გაფორმებული ხელშეკრულება ჩემთვის მიუღებელია. ამის გამო ბიძინა ივანიშვილთან დიდი უთანხმოება მომივიდა და ეს გახდა „ოცნებიდან“ წამოსვლის მთავარი მიზეზი. ყოველთვის მიმაჩნდა და ახლაც ასე ვფიქრობ, რომ ასეთ საქმეებში ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს, ეს მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს.

- მოსახლეობა რას ფიქრობს ამაზე?

- პოლიტიკური ნიშნით მეჩეთის აშენებას ყველა ეწინააღმდეგება.

- მუსლიმებიც?

- მუსლიმებიც. მათ ძალიან კარგად იციან, რაც მოჰყვება პოლიტიკურ მეჩეთს.

- ზემოთ ვაჰაბიზმი ახსენეთ და აჭარაშიც არიან ისინი?

- ბუნებრივია, არიან და თუ პოლიტიკური მეჩეთი აშენდა, კიდევ უფრო გამრავლდებიან.

- პანკისის ხეობიდან სირიაში საბრძოლველად ახალგაზრდები, როგორც ამბობენ, ვაჰაბიტებს მიჰყავთ, აჭარის რეგიონშიც ასეა? თუ არის ცნობილი, რამდენი ახალგაზრდაა წასული ამ რეგიონიდან სირიაში?

- მათ შესახებ ზუსტი ინფორმაცია ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს, სათანადო სამსახურებს ასეთი რამეების გარკვევისთვის ვუხდით ფულს და არა იმისთვის, რომ ჩემი და ჩემი მეუღლის სატელეფონო საუბრებს უსმინონ. სამწუხაროდ, ჩვენი სპეცსამსახურები სათანადოდ არ მუშაობენ, ვაჰაბიტებიც კარგად გრძნობენ თავს და გზააბნეულ ახალგაზრდებს დასდევენ. ისეთ ახალგაზრდებს, ორი დღის წინ მიმართვა რომ გაავრცელეს, ერთ-ერთი მათგანი ჩემი მეზობელია.

- რომელია თქვენი მეზობელი?

- განცხადებას რომ კითხულობდა, ხვიჩა გობაძე. ის, ჩემი არ იყოს, სოფელ ახალშენში ცხოვრობს.

- თქვენ იცნობთ ამ ბიჭს?

- პირადად ამ ბავშვს არ ვიცნობ, მაგრამ მათი ოჯახი ვიცი. მათი სახლიდან 100 მეტრში არის საკმაოდ დიდი მეჩეთი. იქ პარასკევის ლოცვაზე რამდენიმე კაცი იყრის თავს. აქ მუსლიმებს არასდროს ჰქონიათ პრობლემები. არც ამ ბიჭის ოჯახი შეუვიწროებია ვინმეს. ბებია და ბაბუა მყავდნენ მუსლიმები, ჩემი ბევრი ნათესავიც მუსლიმია და კარგად ვიცი, რა განწყობაა მათ მიმართ ან რა განწყობა მოდის მათგან. ამ მხრივ აჭარა უნიკალური რეგიონია და სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლები ერთმანეთს ძალიან ვუფრთხილდებით.

- როგორ მოხვდა თქვენი მეზობელი ხალიფატში?

- როგორ ხვდებიან იქ ახალგაზრდები, ეს სათანადო სამსახურებმა უნდა დაადგინონ. ამაში ვუხდით მათ ხელფასს. იმედი მაქვს, რომ ამ ვიდეოს შემდეგ უფრო მეტ დაინტერესებას გამოიჩენს ხელისუფლება რელიგიური განათლების მიმართ.

- რა რელიგიურ განათლებაზე საუბრობთ, ბატონო მურმან?

- მთელი ამ წლების მანძილზე ვაპროტესტებდი იმას, რომ აჭარის რეგიონიდან ბავშვები რელიგიური განათლების მისაღებად თურქეთში მიჰყავდათ. იქ ათასობით ბავშვი წავიდა, სწორედ მათგან ამოარჩიეს ის ბავშვები, რომლებიც 2 დღის წინ გავრცელებულ ვიდეოში ვიხილეთ.

- რა სასწავლებლებში მიდიან ეს ბავშვები?

- ზუსტად არ ვიცი, რა ჰქვია ამ სასწავლებლებს, მაგრამ დაახლოებით ვხვდები, როგორ ზრდიან იქ ბავშვებს. მათ ცნობიერება აქვთ შეცვლილი.

- რას ნიშნავს ცნობიერება აქვთ შეცვლილი?

- ერთხელ ერთმანეთს საქართველოს და თურქეთის ნაკრებები ეთამაშებოდნენ. ერთ-ერთ ბავშვს, რომელიც იქაურ სასწავლებელში სწავლობდა, ვკითხე, ვის გულშემატკივრობ-თქო და მითხრა, თურქეთსო. ეს ბავშვი საქართველოსთვის უკვე დაკარგულია. ჩვენმა განათლების სამინისტრომ არ უნდა ცნოს ის დიპლომები და სერტიფიკატები, რომლებსაც უცხო ქვეყნების რელიგიური სასწავლებლები იძლევიან.

- მშობლებმა არ იციან, რა ტიპის სასწავლებლებში მიდიან მათი შვილები?

- მშობლები ამ სასწავლებლებში ბავშვებს მხოლოდ იმიტომ აგზავნიან, რომ სოციალურად შეჭირვებული არიან. იქ სწავლა უფასოა და ბავშვების კვებაც იმათ ხარჯზეა. ისლამური სახელმწიფოს რიგებში ძირითადად ასეთ სასწავლებელში მიღებული განათლებით ხვდებიან. ამიტომ იქ წასვლა მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ.

- ისლამურ სახელმწიფოში ისეთებიც მიდიან, ვისაც საერთოდ არ აქვს წარმოდგენა ისლამზე...

- ეს ასეა, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენმა ბავშვებმა სხვა ქვეყნებში არ მიიღონ რელიგიური განათლება.

- თუ მაინც უნდათ ახალგაზრდებს რელიგიური განათლების მიღება, მაშინ რა უნდა ვქნათ? სწავლას ხომ ვერ ავუკრძალავთ?

- სწავლა არავის უნდა ავუკრძალოთ. რელიგიური განათლების მიღება საქართველოშიც შეიძლება.

- არის იმის შესაძლებლობა, რომ ბავშვებს საქართველოშიც ასწავლონ ყურანი?

- საქართველოში მუსლიმები დიდი რაოდენობით ცხოვრობენ. მათ შესანიშნავად იციან ყურანი. რადგან ასეთ სწავლებაზეა მოთხოვნილება, აქ უნდა გაიხსნას რელიგიური სასწავლებელი. ეს ჩვენმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს. ისე არ გამიგოთ, რომ თურქეთში განათლების მიღების წინააღმდეგი ვარ. ფიზიკას და ქიმიას, ანდა მედიცინას თუ ასწავლიან, ამას მხოლოდ მივესალმები, მაგრამ სხვაგან რელიგიური აღზრდა არ ვარგა. როგორც კი ასეთ რამეს ვიტყვი, გამოვარდებიან არასამთავრობოები, ტოლერანტთა ჯგუფი და ყვირიან, ნახეთ, რეებს ამბობს პარლამენტის ვიცე-სპიკერიო. სასაცილოა, მუსლიმების პატივისცემას ეგენი რომ მასწავლიან. არასამთავრობოებს „ქართული ოცნების“ ლიდერებიც აყვნენ და `ქართული ოცნებიდან~ გამრიცხეს. არადა, მე მხოლოდ პოლიტიკური მეჩეთის მშენებლობას ვაპროტესტებდი. სხვა მხრივ მეჩეთის წინააღმდეგ ხმა არასდროს ამომიღია. წლების წინ ბათუმში მეჩეთი რომ შენდებოდა, მის მშენებლობაშიც მივიღე მონაწილეობა. ჭორების გავრცელებას ის ურჩევნიათ, სათანადო ყურადღება მიაქციონ იმას, რომ საქართველოს პარლამენტის წევრს, ისლამური სახელმწიფოს წევრი ემუქრება.

- ვის ემუქრებიან, ბატონო მურმან?

- მე მემუქრებიან. რამდენიმე ხნის წინ მუქარის შემცველი განცხადება გაავრცელა ისლამური სახელმწიფოს რიგებში მებრძოლმა ახალგაზრდამ, გვარად ჭაღალიძემ. მის წერილში ჩემი გვარიც არის ნახსენები.

- არ მიმართეთ სათანადო ორგანოებს?

- მე უნდა მიმემართა? თავად უნდა დავებარებინე. არც ერთი სატელეფონო ზარი არ განხორციელებულა ჩემთან. სამაგიეროდ, ჩემს საუბარს უსმენენ.

- უკვე მეორედ აღნიშნეთ, მისმენენო.

- მარტო საუბრებს კი არ უსმენენ, მითვალთვალებენ კიდეც.

- იქნებ ჭაღალიძის მუქარის გამო გითვალთვალებენ?

- მანამდე დაიწყო თვალთვალი და მოსმენა. ამ თვალთვალს არ ურჩევნიათ, რომ დამიბარონ და მკითხონ, რა ვიცი ჭაღალიძეზე ან მასთან რაიმე პიროვნული დაპირისპირება ხომ არ მაქვს. ამას კაციშვილი არ მეკითხება.

- ისინი რაკი არ გეკითხებიან, მე გკითხავთ - იცნობთ ჭაღალიძეს?

- საერთოდ არ ვიცნობ და მისი გვარ-სახელი ამ მიმართვამდე არც გამეგო. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება სათანადოდ არ მუშაობს, რაც ქვეყანას შეიძლება ძვირად დაუჯდეს.

ახალი თაობა“, 25 ნოემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ გიორგი გაჩეჩილაძესთან: „რუსეთის ორბიტაზე მოტრიალე პოლიტიკოსები საქართველოს ჭაობში მიათრევენ

გულიკო ბალაძე

დეპუტატი გიორგი გაჩეჩილაძე „ახალ თაობასთან“ საუბარში ამბობს, რომ იმ დროს, როცა რუსეთის ეკონომიკური კატასტროფა გარდაუვალია, რუსულ ორბიტაზე მოტრიალე ქართველები ცდილობენ, საქართველო რუსულ ჭაობში შეათრიონ. „დღეს მესამე მსოფლიო ომი მიმდინარეობს, მაგრამ სხვაგვარი ფორმით. ამ ომში ჩართულია ყველა ის ქვეყანა, რომელიც ადრე ნებისმიერ მსოფლიო ომში იყო ჩაბმული _ მთლიანად დასავლეთი, ნატო, რუსეთი, ჩინეთიც თავისებურად ჩართულია, რაღაც ფორმით ირანიც მონაწილეობს“, – განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.

- ეს რაზე მიუთითებს?

- ეს იმაზე მიუთითებს, რომ პროცესი არის გლობალური ხასიათის და დაკავშირებულია, ერთი მხრივ, ცივილიზაციათა დაპირისპირებასთან. მეორე მხრივ, მთავარი მომენტია რეალური დაპირისპირება, რომელიც მიდის ჩამორჩენილ რუსეთს და განვითარებულ სახელმწიფოებს შორის.

- რუსეთი ჩამორჩენილად ითვლება? ამბობენ, რუსეთმა მოახერხა თავისი სამხედრო მანქანის მოდერნიზაცია და ამ მხრივ დასავლეთსაც გაასწროო.

- რუსეთი სოციალურად ძალიან ჩამორჩენილია. დასავლეთის სანქციებმა რუსეთს მძიმე მდგომარეობა შეუქმნა. სამწუხაროდ, ამის შესახებ ქართული მედია არ ლაპარაკობს. რუსოფილების მთელი არმია კი რატომღაც რუსეთისკენ მიათრევს საქართველოს.

- რას გულისხმობთ?

- რუსეთის ორბიტაზე მოტრიალე პოლიტიკოსები ცდილობენ, საქართველო ჩაითრიონ ჭაობში. ქართულ მედიას რეალური სურათი რომ ეჩვენებინა, რა ხდება რუსეთში, საზოგადოება კარგად დაინახავდა, რა ვითარებაა ეკონომიკური, სოციალური თვალსაზრისით. ევროკავშირის ემბარგოს შემდეგ, რუსეთს განვითარების პერსპექტივაც კი არ აქვს. რუსული ვალუტის კურსი ვარდება და ვარდება.

- მას შემდეგ, რაც დასავლეთმა ემბარგო გამოუცხადა, რუსეთი სირიაში აწარმოებს ფართომასშტაბიან ოპერაციებს. თუკი რუსეთი ჭაობშია და მისი ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია, როგორ ახერხებს ამას?

- სირიაში სამხედრო მოქმედებების წარმოება მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. თუკი რუსეთმა სირიაში წარმატებას ვერ მიაღწია და ვერ შეძლო დასავლეთის წამოყვანა მოლაპარაკებებზე, მაშინ მას ეკონომიკური კატასტროფა ელოდება.

- რატომ გგონიათ ასე?

- რუსეთს სირიაში ერთადერთი სამხედრო ბაზა დარჩა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიების გარეთ. საზღვაო ბაზაა. რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი შენარჩუნება. თუ იქ ბაშარ ასადი ჩამოაგდეს, რომელიც მისი სტრატეგიული პარტნიორია, მაშინ ახალი ხელისუფლება რუსულ სამხედრო ბაზას გააქრობს და რუსეთი დაკარგავს გავლენას. არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საკითხი. რუსეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ერთი სქემა – პროექტი, რომელზეც არავინ საუბრობს.

- რა პროექტია?

- კატარი, საუდის არაბეთთან ერთად, ფლობს ძალიან დიდი ოდენობით გაზის მარაგებს. მათი მარაგები მსოფლიო მარაგების დაახლოებით 30-35%. არსებობს პროექტი, რომლის თანახმად, კატარისა და საუდის არაბეთის გაზი, სირიის გავლით, ხმელთაშუა ზღვით საბერძნეთიდან უნდა შევიდეს ევროპაში. უზარმაზარი რაოდენობის მარაგია. დაახლოებით 150-200 მილიარდი კუბომეტრი მოცულობის გაზის გატარებაზეა საუბარი. ეს, ფაქტობრივად, ევროკავშირიდან რუსეთის მთლიანად ამოვარდნას ნიშნავს.

- ამ ოდენობის გაზი შეიძლება შევიდეს რუსეთის გვერდის ავლით ევროპაში?

- დიახ, თანაც ეს ის ოდენობაა, რამდენსაც რუსეთი ევროკავშირს აწვდის. ამას დაამატეთ ირანის გაზის რესურსები, რომელიც შეიძლება ასევე ევროკავშირის ტერიტორიაზე გავიდეს, თუ ირანსაც ემბარგო მოეხსნა.

- ამერიკა-ირანს შორის ბოლოდროინდელი მოლაპარაკებები ამის შანსს ხომ აჩენს?

- დიახ. ნაბუქოს ფარგლებში არსებობს პროექტი, რომ შეიძლება ირანული გაზი თურქეთის გავლით გავიდეს ევროპაში. ამას ემატება ჩვენი, ამიერკავკასიის დერეფანი, რომლითაც შუა აზიისა და აზერბაიჯანული გაზის რესურსები ევროპაში გადის. სამივე სქემის ერთდროულად ამოქმედება, ფაქტობრივად, ნიშნავს რუსეთის ეკონომიკურ განადგურებას.

- ე.ი. ნაბუქოს პროექტი შეიძლება ამოქმედდეს?

- დიახ. ეს ირანს ეხება. კატარისა და საუდის არაბეთის სქემა კი სხვაა. ამიტომ რუსეთის ერთადერთი პოლიტიკაა სირიის ხელისუფლებაში ასადის შენარჩუნება. სირიაში სიტუაცია უფრო გამწვავდება. დასავლეთიც არ აპირებს პოზიციების დათმობას. ურთიერთობის დათბობის რაღაც ნიშნები გამოჩნდა, ობამა შეხვდა პუტინს, დაელაპარაკა, საფრანგეთის პრეზიდენტმა უთხრა, მოდით, ერთად ვიმოქმედოთ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ორი დღის წინ შეერთებულმა შტატებმა და დასავლეთმა გამოაცხადეს, რომ რუსეთს ეკონომიკურ სანქციებს უგრძელებენ. ბოლო დროს დიდი ბრიტანეთიც ჩაერთო პროცესში. ის სამხედრო თვალსაზრისით მიიღებს მონაწილეობას. შეერთებული შტატებიც ნელ-ნელა აქტიურდება. საფრანგეთი აქტიურადაა ჩართული. ვფიქრობ, რუსეთს სერიოზული პრობლემები ელოდება.

- თუმცა, არა მგონია, რუსეთმა ასე ადვილად დათმოს პოზიციები. როგორც სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რუსეთმა მოახერხა სამხედრო გადაიარაღება და, ალბათ, გააგრძელებს სამხედრო ოპერაციებს თუ სირიაში არა, სხვაგან მაინც.

- რუსეთს სერიოზული სამხედრო პოტენციალი აქვს. მთელი მისი შემოსავლის უდიდესი ნაწილი სწორედ სამხედრო პოტენციალის გაზრდაზე მიდის. მეტი რუსეთს არაფერი გააჩნია. მისი პოლიტიკური ბერკეტი სამხედრო შეიარაღებაა. რუსეთმა წითელი ხაზებიც კი გადალახა – ყირიმთან დაკავშირებით პრობლემა რომ შეექმნა, პუტინმა განაცხადა, ატომურ იარაღს გამოვიყენებო, ანუ ყველაზე რადიკალური განცხადება გააკეთა, რაც ხრუშჩოვის პერიოდიდან არავის ახსოვს.

- რა გარანტიაა, რომ რუსეთი მართლა არ გამოიყენებს ატომურ იარაღს?

- ამის გამო დასავლეთი მაინც ფრთხილობს. ხომ იცით, დაჭრილი დათვი როგორი საშიშია. დასავლეთი ცდილობს, საქმე რადიკალურ დაპირისპირებამდე არ მივიდეს. ამიტომაც სახმელეთო ოპერაციების ჩატარებაზე სირიაში ყველა უარს ამბობს. იმიტომ, რომ სახმელეთო ოპერაციებში მონაწილეობისას შეიძლება შეტაკებები მოხდეს, ანუ გადაიზარდოს რეალურ მსოფლიო ომში. შეთანხმდნენ, თვითმფრინავებმა, რომლებიც დაფრინავენ, ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ, კონტაქტები არსებობს, რომ შემთხვევით თვითმფრინავები ერთმანეთს არ დაეჯახონ, რადგან ეს უკვე უშუალოდ დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირების წინაპირობას შექმნის.

„ასავალ-დასავალი“, 23-29 ნოემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ ვაჟა ლორთქიფანიძესთან: „მიხეილ სააკაშვილი და მისი მეგობრები დღესაც რუსულ ფულს იდებენ ჯიბეში… თუ პაატა ბურჭულაძე ისევ ძველ ძალებს შეეწყობა და დასაყრდენის ძიებას ნაციონალურ მოძრაობაში ან ამ პარტიასთან დაახლოებულ წრეებში დაიწყებს, მაშინ ვერაფერს მიიღებს და ვერაფერს მიაღწევს!

ჯაბა ხუბუა

გასულ კვირას გამართულ მთავარობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი ევროკავშირში აქტიურად ითხოვენ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე, ანუ ევროპასთან უვიზო მიმოსვლაზე უარი ეთქვას. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ნაციონალების ეს ქმედება შეაფასა,როგორც ძირგამომთხრელი საქმიანობა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. სწორედ ამ თემით დავიწყეთ ინტერვიუ ყოფილ სახელმწიფო მინისტრთან, საქართველოს ყოფილ ელჩთან რუსეთის ფედერაციაში, პროფესორ ვაჟა ლორთქიფანიძესთან.

როგორ ფიქრობთ, ნაციონალები მიაღწევენ იმას, რომ ევროკავშირმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე უარი უთხრას?

– ნაციონალების პრუტუნი ევროკავშირის გადაწყვეტილებებზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ, საქართველოს ევროპასთან დაახლოებას ხელი შეუშალონ! ბუნებრივია, ნაციონალების ასეთი ქმედება ცალსახად უნდა შეფასდეს, როგორც საქართველოს განვითარების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი!

ნაციონალები იმასაც გაიძახიან, „რუსთავი-2“-ის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო საქართველოს არც ვიზალიბერალიზაციას მისცემენ და არც ევროკავშირსა და ნატო-ში მიიღებენო. რას იტყვით, საქართველოს მომავალი მართლა, „რუსთავი-2“-ის მომავალზეა დამოკიდებული?

– რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის და ნაციონალები, როგორც უნდა ეცადონ, ქართველ საზოგადოებას შეცდომაში ვერ შეიყვანენ! საქართველოში ყველამ კარგად იცის, რომ „რუსთავი-2“ არავითარი დამოუკიდებელი ტელევიზია არ არის და არც ძმები ყარამანიშვილების საკუთრებაა, არამედ ეს არის მიშიკოს პირადი კუთვნილება! სხვათაშორის, ეს უცხოეთშიც კარგად იციან, მაგრამ სიმართლის საჯაროდ აღიარება რა უნდათ!

მერედა, რატომ არ უნდათ?

– ნაციონალური მოძრაობა, რომელიც მილიარდობით შავი ფულის პატრონია, საზღვარგარეთ ლობისტური კომპანიების დაქირავებაში დღემდე უზარმაზარ თანხებს ხარჯავს, ეს კი საერთაშორისო ასპარეზზე ნაციონალებისათვის სასარგებლო აზრის ჩამოყალიბებაში სერიოზულ როლს თამაშობს.

ხელისუფლებას რა უშლის ხელს, რომ ლობისტური ჯგუფები თვითონაც დაიქირავოს და დასავლეთში ნაციონალურ მოძრაობას საინფორმაციო ომი მოუგოს?

– გულდაწყვეტით მინდა ვთქვა, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ძალიან წამგებიანი საინფორმაციო პოლიტიკა აქვს და ის კარგი საქმეებიც კი, რომლებიც ქვეყანაში რეალურად კეთდება, არათუ საერთაშორისო საზოგადოებამდე, საქართველოს მოსახლეობამდეც ვერ მიაქვს ისე, როგორც საჭიროა. დღეს ქვეყანაში საინფორმაციო პოლიტიკა არა ხელისუფლებას, არამედ  ნაციონალურ მოძრაობას მიჰყავს! ე. წ. ნიუსებს ნაციონალები ქმნიან და ახერხებენ, რომ „ქართული ოცნება“ მუდმივად თავის მართლების რეჟიმში ჩააყენონ!

როგორ ფიქრობთ, აშშ-, დასავლეთს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს რამდენად ობიექტური და სამართლიანი რეაქცია ჰქონდათ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე, სადაც მკაფიოდ ისმის, რომ სააკაშვილი თავის დამქაშებს საქართველოში არეულობისა და სისხლისღვრის პროვოცირებისკენ მოუწოდებს?

– ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ დასავლეთის წარმომადგენლებს, საქართველოში მყოფ დიპლომატებს გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე ადეკვატური და ობიექტური რეაქცია ჰქონდათ! პირიქით, ნათლად გამოჩნდა, რომ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ზოგიერთი წარმომადგენელი სააკაშვილისა და ნაციონალების სასარგებლოდ აშკარად მიკერძოებულია!

გულისხმობთ თუ არა ამ შემთხვევაში აშშ-ის ელჩს იან კელის?

– თქვენი ნებართვით, დაკონკრეტებისაგან თავს შევიკავებ! დასავლეთის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან განცხადებებს ვისმენთ, რომ საქართველოში პროდასავლური განწყობა შესუსტებულია, არადა, ეს, უპირველესად, იმის ბრალია, რომ დასავლეთის არაერთი წარმომადგენელი ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით არაობიექტურ და არაადეკვატურ განცხადეებს აკეთებს! საქართველოს პროდასავლური კურსი სააკაშვილისა და ნაცმოძრაობის მიმართ დასავლეთის ზოგიერთი წარმომადგენლის სიმპათიებს არ უნდა შეეწიროს! ჩვენი უცხოელი მეგობრები ამას რაც უფრო მალე გააცნობიერებენ, მით უკეთესი!

როგორ ფიქრობთ, ის სისხლიანი გეგმა, რაზეც სააკაშვილი გვარამიას, ბოკერიასა და სხვებს ოდესიდან ტელეფონით ესაუბრებოდა, კვლავ ძალაშია, თუ ნაციონალებმა მის განხორციელებაზე ხელი აიღეს?

– სატელეფონო საუბრების ჩანაწერების გამოქვეყნებამ სააკაშვილისა და ნაციონალების სისხლიანი გეგმები ამ ეტაპზე ჩაშალა, თუმცა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ისინი გაჩერდებიან და ქვეყნის არევაზე აღარ იფიქრებენ!

თქვენი აზრით, რამე გამოუვათ?

– სააკაშვილმა ყველა ვაზნა დაცალა! იგი არათუ გუშინდელი, უკვე გუშინწინდელი დღეა! იმავე მდგომარეობაშია ნაციონალური მოძრაობაც, რომლის ტყუილების უკვე აღარავის სჯერა! დღევანდელი გადასახედიდან მათ არანაირი პერსპექტივა არ გააჩნიათ, თუმცა, აშკარად ეტყობათ, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, იმაზე ათჯერ და ასჯერ უფრო მეტ უბედურებას დაატრიალებენ, ვიდრე მანამდე ჩაიდინეს!

ამბობთ, რომ ნაციონალური მოძრაობა გუშინწინდელი დღეა, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლების ხვალინდელი დღე როგორ გესახებათ?

– აუცილებელია, რომ პოლიტიკურ არენაზე გამოჩნდნენ ახალი ადამიანები, ახალი ძალები, რომლებიც საზოგადოებას ახალ მოქმედებებს, დროის მოთხოვნების შესაბამის  ნაბიჯებს შესთავაზებენ! ეს ადამიანები საქართველოში არიან და დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გამოვლენ ასპარეზზე! თუ დღევანდელი ხელისუფლება შეძლებს ამ ახალი ჯანსაღი ძალების შემოკრებას ან მათთან გაერთიანების, ძალიან კარგი იქნება ხელისუფლებისთვისაც და ჩვენი ქვეყნისთვისაც!

ახალ ძალაში პაატა ბურჭულაძეს ხომ არ გულისხმობთ, რომელიც პოლიტიკაში მოსასვლელად უკვე აშკარა და მკაფიო ნაბიჯებს დგამს?

– პაატა ბურჭულაძე ადრეული ახალგაზრდობიდანვე ჩემი ძალიან ახლო მეგობარია, რომელსაც, როგორც პიროვნებას და როგორ მოღვაწეს, დიდ პატივს ვცემ. თუმცა, მიუხედავად ამისა, პირდაპირ ვაცხადებ – თუ პაატა ბურჭულაძე ისევ ძველ ძალებს შეეწყობა და დასაყრდენის ძიებას ნაციონალურ მოძრაობაში ან ამ პარტიასთან დაახლოებულ წრეებში დაიწყებს, მაშინ ვერაფერს მიიღებს და ვერაფერს მიაღწევს!

ფაქტია, რომ პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში შემოსვლას ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის მიხეილ მაჭავარიანის ძმასთანვანო მაჭავარიანთან პარტნიორობით იწყებს!

– მე, ამ შემთხვევაში, გვარებს არ ვასახელებ!

მე ვასახელებ!

– თუ პაატა ბურჭულაძეს ფართო პოლიტიკური მოქმედებების პრეტენზია აქვს, მაშინ პარტნიორებიც სწორად უნდა შეარჩიოს! სხვას ვერაფერს ვიტყვი!

გასაგებია

– მიმაჩნია, რომ „ქართული ოცნება“ ვიწრო პოლიტიკური ჩარჩოდან უნდა გამოვიდეს და თავის გარშემო სპექტრი გააფართოვოს! საქართველოში უამრავი ღირსეული ადამიანი, უამრავი პროფესიონალია, რომელთა პოტენციალსაც ხელისუფლება, სამწუხაროდ, არ იყენებს! მე თუ მკითხავთ, სამართლიანობის აღდგენა, პირველ რიგში, საკადრო პოლიტიკის კუთხით უნდა მოხდეს, რადგან ხშირად ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ წინა ხელისუფლების დროს დაჩაგრული ადამიანი ამ ხელისუფლების დროსაც დაჩაგრულად დარჩა! აი, მაგალითად, ყველასათვის საყვარელი კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი, როგორც წინა ხელისუფლების დროს იყო უმუშევარი და გარიყული, დღესაც ასევე უმუშევარი და გარიყულია! როცა ერთ-ერთმა ადამიანმა იკითხა, ჯემალ სეფიაშვილს ყურადღებას რატომ არ აქცევთო, ამ ხელისუფლების ძალიან მაღალი თანამდებობის პირმა უპასუხა – სეფიაშვილი წინა ხელისუფლების მიმართ ძალზე რადიკალური იყო და ამიტომ ვერ გავიკარებთო. სწორედ ამას ვგულისხმობ, როცა ვამბობ, რომ საკადრო პოლიტიკის კუთხით სამართლიანობა აღდგენილი არ არის!

(…)

ბატონო ვაჟა, აუცილებლად უნდა შევეხოთ საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობის საკითხს

– პირადად მე, თითქმის 20 წლის განმავლობაში, ამერიკის, დიდი ბრიტანეთის,საფრანგეთისა თუ გერმანიის ლიდერებთან უმაღლესი დონის ურთიერთობა მქონდა და ისინი მუდმივად ერთ რამეს გვეუბნებოდნენ – „დაალაგეთ ურთიერთობა რუსეთთან!“ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთის გავლენის ქვეშ მოვექცეთ და მას დავემონოთ! პირიქით, სწორედ ახლა არის ხელსაყრელი დრო იმისათვის, რომ რუსეთს დავანახოთ – ჩვენი მისი თანასწორუფლებიანი პარტნიორი ქვეყანა ვართ!

აბაშიძე-კარასინის ფორმატი,რომელიც ახლა მოქმედებს, აბსოლუტურად არასაკმარისია! რუსეთთან ურთიერთობა გაცილებით უფრო მრავალმხრივი უნდა იყოს! დიახ, ჩვენ სწორედ რუსეთში უნდა ვაწარმოოთ პოლიტიკური და იდეოლოგიური ბრძოლა იმისათვის, რომ იქაური საზოგადოებრივი აზრი ჩვენს სასარგებლოდ მოვატრიალოთ და მერე ამას პუტინისნაირი ადამიანიც კი ანგარიშს გაუწევს!

პირდაპირ ვამბობ – დღევანდელ ხელისუფლებას რუსეთთან მრავალმხრივი ურთიერთობის აწყობისა და ფართომასშტაბიანი დიალოგის დაწყების არ უნდა შეეშინდეს! ანგარიში არ უნდა გაუწიოს იმას, რას იტყვიან და რა იარლიყს მიაწებებენ სააკაშვილი და ნაციონალები! სხვათაშორის, სწორედ სააკავშილმა და ნაციონალურმა მოძრაობამ გააკეთეს ყველაფერი იმისათვის, რომ საქართველოში რუსეთის პოზიციები გაეძლირებინათ!

მეტსაც გეტყვით, სააკაშვილი და მისი გარემოცვის წევრები რუსული სტრუქტურების ბიზნესპარტნიორები არიან!

თუ შეიძლება, დააკონკრეტეთ!

– როგორ გგონიათ, ისეთი დიდი ბიზნესსტრუქტურები, როგორიც არის საქართველოს ენერგეტიკა, ოქროსა და სხვა ძვირფასი ლითონების საბადოები, ფეროშენადნობთა ქარხანა, წყალი და ა.შ. სააკაშვილის ხელისუფლებამ რუსებს ისე მიჰყიდა, რომ თვითონ წილში არ ჩაუჯდა? არავითარ შემთხვევაში! სააკაშვილი და მისი მეგობრები დღესაც რუსულ ფულს იდებენ ჯიბეში და ნაციონალური მოძრაობა რუსული წარმომავლობის ფულით მოქმედებს!

ამდენად, დიდი პარადოქსი და თავხედობაა, როცა სააკაშვილი და ნაციონალები ხელისუფლებას ეუბნებიან, რუსეთს არ დაელაპარაკოო, ხოლო თუ ვინმე რუსეთთან დიალოგის წინადადებით გამოვა, ყველას რუსეთუმესა და კრემლის აგენტს ეძახიან!

დროა, ხელისუფლებამ ერთხელ და სამუდამოდ სრული იგნორირება გაუკეთოს სააკაშვილისა და ნაციონალების განცხადებებს და საქმე მიხედოს! უნდა ვიმოქმედოთ არა იმის მიხედვით, რა მოეწონებათ ნაციონალებს, არამედ იმის მიხედვით, თუ რა წაადგება ჩვენს ქვეყანას!

„ალია“, 25 ნოემბერი, 2015 წელი

პატრიარქის გეგმა „ბ“ თუ სააკაშვილის მიერ კომპრომატებით „დავერბოვკებული“ პაატა ბურჭულაძე?

ლევან ჯავახიშვილი

პაატა ბურჭულაძის „საქართველოს განვითარების ფონდი“ მალე პოლიტიკურ ორგანიზაციად რომ გადაკეთდება, ამაში ეჭვი აღარავის ეპარება. ჩვენ ჯერ კიდევ ერთი წლის წინათ ვწერდით, რომ ბურჭულაძე პოლიტიკაში აუცილებლად მოვიდოდა, თუმცა, საამისოდ შესაფერის დროსა და ვითარებას ელოდა. ეს დრო, როგორც ჩანს, დადგა. ახლა ის არის გასარკვევი, რომელ პოლიტიკურ პლატფორმას აირჩევს ბურჭულაძე – მარჯვნივ წავა, მარცხნივ თუ ცენტრში გაჩერდება? ცხადია, ამაზეა დამოკიდებული, რომელ პოლიტიკურ ძალებთან ითანამშრომლებს, მისი პოლიტიკა ხეირს დააყრის თუ არა ქართველ ხალხს თუ პირიქით, ისედაც მოძალებულ პრობლემებს მოუმრავლებს.

რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პაატა ბურჭულაძე კიევში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა და მათ ერთად დაგეგმეს მისი პოლიტიკაში მოსვლა. ამ შეხვედრის შესახებ ბურჭულაძეცა და „ნაციონალებიც“ თვეების განმავლობაში საეჭვოდ დუმდნენ, მაგრამ კიევში სააკაშვილისა და ბურჭულაძის შეხვედრის დამადასტურებელი ფოტოები სოციალური ქსელით გავრცელდა და ეჭვებიც გაიფანტა. ლოგიკურად, ხალხმა დაასკვნა, რომ ბურჭულაძე „ნაციონალების“ „მაშველი რგოლია“, როცა პარტიას ჩამოაყალიბებს, „ნაცებთან“ ითანამშრომლებს და შესაბამისად, ხალხის დიდმა ნაწილმა უკვე აითვალწუნა ქართველი ქველმოქმედი, რადგან „ნაციონალებთან“ ასოცირებულ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, სავარაუდო პარტნიორს, ხალხი ემიჯნება. თუმცა, ძალიან საეჭვოა, რომ პაატა ბურჭულაძე იმდენად უგუნური ადამიანი იყოს, რომ პოლიტიკური კარიერის დასაწყისშივე დაიმარხოს თავი.

პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე თავად „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს ერთგვაროვანი პოზიცია არ აქვთ.

„ალიას“ „ნაცმოძრაობასთან“ დაახლოებულმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რა განწყობაა პარტიის ლიდერებს შორის პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში მოსვლის შესახებ. ლიდერთა ერთი ნაწილი ვიწრო წრეში საუბრობს, რომ ბურჭულაძე მიხეილ სააკაშვილს ჰყავს „დავერბოვკებული“, მის შესახებ კომპრომატები აქვს და მან აიძულა, პოლიტიკაში მოსვლა. ამ ვერსიის მიხედვით, პაატა ბურჭულაძე შექმნის პარტიას და მასში უკვე დასაშლელად განწირულ „ნაცმოძრაობის“ შედარებით სუფთა სახეებს გააწევრიანებს, ამ ხალხს ჩასვამს საარჩევნო სიაში. წესით, საარჩევნო ბარიერის გადალახვა არც ამ ბალასტით გაუჭირდება ბურჭულაძის პარტიას და პარლამენტში თუ „ნაცმოძრაობაც“ მოხვდა, იქ უკვე ალიანსს შეკრავენ და „ქართულ ოცნებას“ ერთად დაუპირისპირდებიან. თუმცა, წყაროს თქმით, ამას  პარტიის ლიდერთა დიდი ნაწილი, ე.წ. გიგა ბოკერიას გუნდი არ იზიარებს. მათ მიაჩნიათ, რომ პაატა ბურჭულაძე პირადად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის პროექტია, პოლიტიკაში მისი თხოვნით მოვიდა და შესაბამისად, ქართული ეკლესიის პოზიციებს დაიცავს და პატრიარქთან შეთანხმებით იმოქმედებს. აკი თავად პაატა ბურჭულაძემაც განაცხადა, რომ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს პატრიარქთან შეთანხმების გარეშე არ იღებს. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ მისი გაპოლიტიკოსება სწორედ პატრიარქის ხელდასხმით მოხდა.

ჩვენ ორი წლის წინათ იმასაც ვწერდით, რომ ილია მეორეს პაატა ბურჭულაძე და ბიძინა ივანიშვილი შეხვდნენ ფარულად და მისი პოლიტიკაში მოსვლის შესაძლებლობები განიხილეს. ეს ის პერიოდია, როცა ულტრალიბერალებმა ნამეტანი აიშვეს, ქართული ეკლესიის წინააღმდეგ მორიგი შეტევა წამოიწყეს და რუსთაველზე გეიაღლუმიც გამართეს. მაშინ კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით ვწერდით, რომ პატრიარქმა პაატა ბურჭულაძეს უთხრა, ამ ეტაპზე არ მოხვიდე პოლიტიკაში, თუ ბიძინას გაუჭირდა, შემდეგ მოდი, მხარში დაუდექი და იმ ნაციონალური იდეების რეალიზაციაში დაეხმარე, რომელთა განხორციელებასაც აპირებსო.

მოკლედ, პაატა ბურჭულაძე პატრიარქისთვის იყო გეგმა „ბ“, რომელსაც გაჭირვების დროს აამუშავებდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს გასაჭირი უკვე დადგა. ბიძინა ივანიშვილსა და მის „ქართულ ოცნებას“ ამაზე უარესი დრო რაღა უნდა დაუდგეთ, როცა ხალხის ნდობა საბოლოოდ დაკარგეს და 2016 წლის არჩევნებში წარმატების მიზერული შანსები აქვთ?! ამ ვერსიას თუ მივყვებით და პაატა ბურჭულაძე მართლა ილია მეორის პროექტია, გამოდის, რომ არჩევნების შემდეგ, პარლამენტში მისი პარტია არა „ნაციონალებს“, არამედ „ქართულ ოცნებას“ შეეკვრება. თუ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოიპოვა იმდენი მანდატი, რომ პრემიერ-მინისტრი გაიყვანოს, მაშინ ბურჭულაძე თავისი პარტიის ხმებს შეაწევს და ერთობლივ კანდიდატს გააპრემიერებენ.

წყარო აცხადებს, რომ არც ის არის გამორიცხული, ასეთ შემთხვევაში პრემიერად პაატა ბურჭულაძე ვიხილოთ. შეიძლება ითქვას, ეს ყველაზე დამაჯერებელი ვერსიაა იმის გათვალისწინებით, თუ როგორი კარგი ურთიერთობა აქვთ პატრიარქსა და პაატა ბურჭულაძეს და შეგახსენებთ, თავადვე აღიარებს, რომ პატრიარქის გარეშე მნიშვნელოვან ნაბიჯს არ დგამს. თუმცა, აქვე ერთი კითხვა ჩნდება – თუ პაატა ბურჭულაძე პატრიარქის რჩეულია, მაშინ „ნაცმოძრაობას“ რატომ ეკურკურება და პოლიტიკაში მოსვლისთანავე რატომ არ დაუპირისპირდა იმ ძალას, რომელმაც პატრიარქიც, საპატრიარქოც და მთელი ქართველი ერიც შავ დღეში ჩააგდო?

ამის შესახებ გიგა ბოკერიას საკუთარი პოზიცია ჰქონია. მისი თქმით, მართალია, პაატა ბურჭულაძეს საერთაშორისო არენაზე ცნობენ და პატივს სცემენ, მაგრამ პოლიტიკურ წრეებში მას მხოლოდ მომღერლად იცნობენ, საერთაშორისო პოლიტიკაში დასაყრდენი არ აქვს. შესაბამისად, ბოკერია ვარაუდობს, რომ ბურჭულაძე შეეცდება, „ნაციონალთა“ საერთაშორისო კავშირები გამოიყენოს, გავლენიან უცხოელ პოლიტიკოსებს დაუახლოვდეს და შემდეგ, „ნაციონალებს“ ზურგი აქციოს. აბსოლუტურად მისაღები ვერსიაა, პოლიტიკა და მეტადრე ქართული პოლიტიკა ხომ გამოყენებაგადაგდების პრინციპზეა აგებული და პაატა ბურჭულაძისგანაც არ გაგვიკვირდება ეს საქციელი. თუ ქართული იდეების ხორცშესხმისთვის ბურჭულაძე „ნაცებს“ გამოიყენებს და მერე სამი თითის კომბინაციაზე გაუშვებს, ღმერთიც დალოცავს, მადლიანი საქმე იქნება. თუმცა, რამდენად მოახერხებს ამას ბურჭულაძე, ეს უკვე მის მარიფათზეა დამოკიდებული. ძალიან ძნელი საქმეა, რადგან ბოკერია ამ სავარაუდო გეგმის არსებობის შესახებ უკვე საქმის კურსშია.

„ალიას“ წყარო აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობის“ ლიდერები აქტიურად მუშაობენ იმ ხალხთან, ვინც პაატა ბურჭულაძის მომავალი პოლიტიკური გუნდის წევრებად მოიაზრებიან, ასევე, მიხეილ მაჭავარიანის ძმასთან, ვანიკო მაჭავარიანთან. პატრიარქის გეგმა „ბ“ თუ სააკაშვილის მიერ კომპრომატებით „დავერბოვკებული“ პაატა ბურჭულაძე? ამ ხალხის მეშვეობით ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ე.წ. შეფარული „ნაციონალი“  შეაპარონ ბურჭულაძის პარტიაში და თუ ამას შეძლებენ, საპარლამენტო სიაშიც ჩაასმევინონ ეს ხალხი. აქ ლაპარაკია ისეთ ადამიანებზე, რომლებიც „ნაცმოძრაობას“ კი ღიად აკრიტიკებენ, მაგრამ ამას სწორედ იმიტომ აკეთებენ, რომ მათ „ნაცმოძრაობასთან“ კავშირი არ დააბრალონ. რეალურად კი მათი მხარდამჭერები არიან.

ასეთი შავი დღისთვის გადანახული ბირთვი ყველა პოლიტიკურ ძალას ჰყავს და კრიტიკულ მომენტში გადასარევად იყენებს. თუ ამ ხალხმა ბურჭულაძის გარემოცვაში შეაღწია და იქ გავლენიანი პოსტები დაიკავა, ბურჭულაძეს „ნაციონალები“ იქით გააკონტროლებენ და გამოიყენებენ. თუ პარლამენტშიც შეძვრნენ ეს პოლიტიკური ღამურები, საჭირო დროს, `ნაციონალების~ მხარეს დადგებიან და ბოლოს და ბოლოს გაიშიფრებიან.

„ნაციონალებისგან“ გამოჟონილი მესამე ვერსიით, პაატა ბურჭულაძე შევარდნაძისა და ასლან აბაშიძის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლისა და ე.წ. „კანონიერი ქურდების“ ფავორიტია. ამ ვერსიის ერთერთი საფუძველი კი ის არის, რომ პაატა ბურჭულაძე „კანონიერი ქურდის“, ტარიელ ონიანის შვილის ნათლიაა, გარდა ამისა, ონიანის მეშვეობით, მას საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვს „შავ სამყაროსთან“. შევარდნაძის ხელისუფლების ლიდერები კი, მოგეხსენებათ, ძალიან ახლოს იყვნენ ქართული კრიმინალური სამყაროს ლიდერებთან. ამ ვერსიით, გამოდის, რომ პაატა ბურჭულაძეს ეს ძალები რევანშისთვის იყენებენ და თუ ის ქართულ პოლიტიკაში გავლენას მოიპოვებს, ეს ადამიანებიც ნელ-ნელა დაიბრუნებენ ძალაუფლებას.

კი, ბატონო, ჩვენ გვაქვს კანონი, რომლის მიხედვითაც, ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის ადამიანი ისჯება, „კანონიერ ქურდებს“ კი, თუ საქართველოში მოიხელთეს, ეგრევე ციხეში ყრიან. კი მაგრამ, თუ ეს ხალხი საქართველოში არ დაბრუნდა, მაშინ როგორღა მოახერხებენ აქ გავლენის მოპოვებას? როგორ მოახერხებენ და საკმაოდ იოლად. მათთვის მთავარი არა საქართველოში დაბრუნება, არამედ იმ უზარმაზარი „შავი ფულის“ სარფიანად დაბანდებაა, რომელსაც ფლობენ, ამას კი უცხოეთში ან ვერ ახერხებენ, ანდა დიდი წვალების შედეგად.

თუ პაატა ბურჭულაძემ ეს ხალხი დაალობირა, მაშინ ეს შავი ფული შემოვა საქართველოში, წავა ბიზნესში და „შავი სამყარო“ უზარმაზარ მოგებას ნახავს. დიდი ფული კი პოლიტიკაში ნებისმიერი გავლენის მოპოვების საწინდარია. აი, ეს აინტერესებთ ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს და მათი ეს განზრახვა ცნობილია. თუმცა, ფაქტი ერთია – რა განზრახვითაც არ უნდა მოდიოდეს პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში, საბოლოოდ კრახისთვის არის განწირული. ბიძინა ივანიშვილს რომ სახელი, ხალხის ნდობა ჰქონდა, ბურჭულაძეს ძნელად თუ დაესიზმრება. ივანიშვილს საპატრიარქოს სერიოზული მხარდაჭერაც ჰქონდა და ახლაც აქვს. ამის მიუხედავად, დღეს ივანიშვილი და მისი „ქართული ოცნება“ პოლიტიკური გაკოტრების ზღვარზე არიან, რადგან ხალხს არც ერთი მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო დაპირება არ შეუსრულეს, მათგან უმთავრესი – არ აღადგინეს სამართლიანობა ქვეყანაში. ამ სამართლიანობას ვერც პაატა ბურჭულაძე აღადგენს, როგორც არ უნდა სურდეს. ეს საქმე თავის დროზე იყო გასაკეთებელი, სამართლებრივი ბერკეტებით და ახლა, ყველა დამნაშავე „ნაციონალი“, მათი დამქაშები სამართალდამცავი, სასამართლო სისტემიდან და სხვა სტრუქტურებიდან, ციხეში იქნებოდნენ გამოკეტილნი, ხალხს მათ მიერ ნაძარცვი ქონება დაუბრუნდებოდა და სხვაც ბევრი რამ გამოსწორდებოდა. დღეს კი, ამ სამართლიანობის აღდგენის პროცესმა პოლიტიკური დატვირთვა მიიღო და ლამისაა, მკვლელი ვეღარ დაუჭერია პროკურატურას, თუკი ერთხელ მაინც არის ნამყოფი „ნაციონალთა“ ოფისში.

საერთაშორისო საზოგადოება ამ პროცესს ხელოვნურად აფერხებს და ზედ ეფოფრება დამნაშავე „ნაცებს“, ამის განეიტრალებას კი ვერც პაატა ბურჭულაძე შეძლებს. ეს სცადა ბიძინა ივანიშვილმა, მაგრამ ვერ გადაახტა გავლენიან უცხოელ პოლიტიკოსებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებს. ვეჭვობ, პაატა ბურჭულაძე ივანიშვილზე უფრო მაღლა ხტებოდეს. ხალხი კი პაატა ბურჭულაძისგან იმავეს მიიღებს, რაც ამ 25 წლის მანძილზე არ დაჰკლებია – უამრავ დაპირებას, რომელთაგან უმცირესიც კი არ შესრულდება. ქართულ პოლიტიკაში არაერთი ხელოვანი, სპორტსმენი დამკვიდრდა, მაგრამ საბოლოოდ ხალხი ყველამ მიივიწყა, საკუთარი დაპირებები თავადაც აღარ ახსოვთ, მოიწყვეს ცხოვრება, ძალაუფლება მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენეს.

Comments are closed