globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 25 ნოემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Nov 25th, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„რეზონანსი“: ოპოზიცია გაერთიანებაზე ვერ თანხმდება // „თუ ოპოზიცია გაერთიანებაზე კვლავ უარს იტყვის, ამით ბიძინა ივანიშვილი მოიგებს”

„რეზონანსი“: არის თუ არა მთავრობაში რეალური ცვლილება?

„რეზონანსი“: „თავისუფალი დემოკრატები“ და საია ცესკოს წინააღმდეგ // „ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით ხდება ორი არჩევნების შედეგების დაჯამება ერთი პარტიის სასარგებლოდ“

—–

„ახალი თაობა“: ინტერვიუ თორნიკე შარაშენიძესთან: „საქართველოს გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიაზე უკეთესი კანდიდატურა არც ჰყავდა“ // „შეიარაღებული ძალების მთავარი გამოწვევა პოლიტიზების ჩამოშორებაა“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ზაალ კასრელიშვილთან: „დასავლეთში საქართველოს ხელისუფლების მიმართ კითხვები გაჩნდა“ // „რუსეთის სპეცსამსახურები საქართველოს კალიასავით მოედვნენ“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ გელა ნიკოლაიშვილთან: „სტატისტიკურად 10-12 მკვლელობა ყოველთვიურად სისტემატურად ხდება“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ დემურ გიორხელიძესთან: „ვის რაში სჭირდება ეკონომიკა, როცა შეიძლება, ჰაერიდან ფული აკეთო“?!

—–

„რეზონანსი“: ურთულესი წელი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის // დასაქმებულთა რაოდენობა 25 ათასი კაცით შემცირდა

„რეზონანსი“: საერთაშორისო სავალუტო ფონდი საკუთარ პროგნოზებში გაიხლართა // „საქართველომ სავალუტო ფონდს კარი უნდა მიუხუროს და კეთილად დაემშვიდობოს“

——————-

„რეზონანსი“, 25 ნოემბერი, 2016 წელი

ოპოზიცია გაერთიანებაზე ვერ თანხმდება

თუ ოპოზიცია გაერთიანებაზე კვლავ უარს იტყვის, ამით ბიძინა ივანიშვილი მოიგებს

სალომე სარიშვილი

არასაპარლამენტო ოპოზიცია შესაძლო გაერთიანებაზე ისევ ვერ თანხმდება, ყოველ შემთხვევაში ასე ამბობს კვალიფიციური სუბიექტების ნაწილი. მათი თქმით, მსჯელობა და კონსულტაციები სამომავლო გეგმებსა და მათ შორის გაერთიანებაზე ისევ გრძელდება, თუმცა კვლავ აზრთა სხვაობისა და კონსენ-სუსის გარეშე. პოლიტოლოგების ნაწილი კი ამ ფონზე მათ გაერთიანებას ნაკლებად პროგნოზირებს და ამბობს, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის მთავარი მიღწევა ამ ეტაპისთვის საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე დაწყებული გეგმის შესრულება იქნება.

შეგახსენებთ, რომ არჩევნების შემდგომ არასაპარლამენტო ოპოზიციამ რამდენიმე სამუშაო შეხვედრა უკვე გამართა, მათ შორის გუშინაც, რომელიც, მათი განცხადებით, მხოლოდ არჩევნების შედეგის საკითხსა და მის არალეგიტიმურად გამოცხადებას ეხებოდა.

ოპოზიცია აღნიშნულზე გაცხადების გაკეთებას უახლოეს დღეებში გეგმავს და ამბობს, რომ ახლა სწორედ ამ განცხადების ტექსტსა და მის შინაარსზე თანხმდებიან.

არასაპარლამენტო ოპოზიციის გეგმა

არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ დაწყებულ შეხვედრებსა და კონსლუტაციებში საზოგადოება ყველაზე ხშირად რამდენიმე კვალიფიციურ სუბიექტს ხედავდა. მათ შორის პარტია “თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარეს, კახა კუკავას, “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ახვლედიანს, ასევე “თავისუფალი დემოკრატების” სხვადასხვა ლიდერებს. მათი განცხადებით, ეს შეხვედრები ტექნიკური ხასიათის იყო და ჯერჯერობით მხოლოდ საარჩევნო საკითხებს ეხებოდა. ამავე კონსულტაციებში არ გვიხილავს “ეროვნული ფორუმი” და “რესპუბლიკური პარტია.” ეს უკანასკნელი კი არასაპარლამენტო ოპოზიციის აზრს ზემო აღნიშნულ საკითხებზე არ იზიარებს.

“ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერის ანი მიროტაძის თქმით, არჩევენების შედეგის არალეგიტიმურობასა და საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე პარტია არასაპარლამენტო ოპოზიციის აზრს იზიარებს. ხოლო, რაც შეეხება მოსალოდნელ გაერთიანებას: „კოალიციური რეჟიმი, ანუ პარტიული გაერთიანებები სწორი ვერ იქნება, ვინაიდან ჩვენ ამის არც თუ ისე კარგი გამოცდილება გვაქვს. ვნახეთ, რომ კოალიციური რეჟიმი არ ამართლებს. ჩვენი აზრით, ახალი პოლიტიკური გაერთიანება უფრო მართებულია. ვერ გეტყვით ამას რა დასჭირდება – სხვა პარტიების გაუქმება თუ პერსონალური ლიდერების ახალ გაერთიანებაში შესვლა, მაგრამ კონსულტაციებისთვის მზად ვართ. ვფიქრობთ, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რათა ყველაზე კონკურენტუნარიანი პოლიტიკური ძალა შეიქმნას”, – განუცხადა ამ თემაზე საუბრისას “რეზონანსს” ანი მიროტაძემ, თუმცა არ დაუკონკრეტებია ვისთან ერთად შეიძლება მომავალში “ფორუმი” ვიხილოთ.

მისგან განსხვავებით, არასპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის სამომავლოდ გაერთიანებას არ გამორიცხავს “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა და ამბობს, რომ მიუხედავად შეუთანხმებელი პოზიციებისა, ამ საკითხზე კონსულტაციები კვლავ გაგრძელდება, ხოლო დეკემბრის დასაწყისში შესაძლოა საზოგადოებას საერთო აზრიც გააცნონ.

ოპოზიციური პარტიის ლიდერი ამბობს, დასაწყისისთვის შეიქმნება ერთობლივი ორგანო, რომელიც ხელისუფლების რეჟიმის წინააღმდეგ იმუშავებს და რომელშიც რამდენიმე პარტია შევა.

“ბოლო კონსულტაციები ძირითად საკითხზე – არჩევნების შედეგის ლეგიტიმაციის თემაზე გაიმართა. დიდი ალბათობით ტექსტი უკვე ჩამოყალიბდა და განცხადებაც გაკეთდება. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მომდევნო შეხვედრაზე უკვე საარჩევნო გარემოზე იქნება მსჯელობა და შესაბამისად, საზოგადოებას ჩვენს შეჯერებულ აზრს გავაცნობთ”, – განუცხადა “რეზონანსს” კუკავამ და იქვე დაუმატა, რომ სამომავლო გაერთიანებაზე არასაპარლამენტო ოპოზიციაში კონსესუსი ისევ არაა. თუმცა “თავისუფალო საქართველო” გაერთიანების მომხრეა. ვნახოთ, რა იქნება, ჩვენ პირადად დეკემბრის დასაწყისში ამის თაობაზე განცხდების გაკეთებას ვგეგმავთ, ჩამოვყალიბდებით იმ პარტიებთან ერთად, რომელიც ამ გაერთიანებაზე თანახმაა”, – ამბობს კახა კუკავა და დასძენს, რომ გაერთიანება მხოლოდ კვალიფიციური სუბიექტებით არ განისაზღვრება.

“შესაძლოა, იყოს კარგი პარტნიორი პარტიაც, ამიტომ მათთან ერთობა სულაც არაა გამორიცხული. ზუსტად ვიცი, რომ “რესპუბლიკელებთან” და ბურჭულაძის პარტიასთან ორმხრივი სურვილის საფუძველზე გაერთიანება არ მოხდება. ეს არ მოხდება მეტისმეტად განსხვავებული იდეოლოგიური პოზიციების გამო. გაერთიანება სავარაუდოდ არც “ეროვნულ ფორუმთან” იქნება შესაძლებელი, ჩვენ კონსულტაციები არ გვქონია, თუმცა რადენადაც ვიცი, ისინი უსუფაშვილთან ერთიანდებიან. პრინციპში, მათ გაერთიანების გეგმა უკვე გამოაცხადეს, როცა თქვეს, რომ უნდა გაერთიანდეს ყველა პროევროპული ძალა და შესაბამისად, იარლიყები ვიღაც-ვიღაცებს უკვე მიაწებეს, რაც ჩემი აზრით, მხოლოდ ივანიშვილის წისქვილზე წყლის დასხმაა. დღეს კი საქართველო ივანიშვილის წინააღმდეგ ობრძვის, ხოლო თუ ამ პრო და ანტი განსაზღვრებებით ოპოზიცია გაერთიანებაზე კვლავ უარს იტყვის, რა თქმა უნდა, ივანიშვილი მოიგებს”, – უთხრა “რეზონანსს” კახა კუკავამ.

რაც შეეხება გიორგი ახვლედიანის პოზიციას, მისი თქმით, გაერთიანებისა და კოალიციების შექმნა ადგილობრივი არჩევნების მოახლოებასთან ერთად უფრო გააქტიურდება. “ეჭვი მაქვს, ეს პროცესი დაიწყება, თუმცა ალბათ უფრო გაზაფხულიდან”, – ამბობს “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერი.

რამდენად შესაძლებელია არასაპარლამენტო ოპოზიციის გაერთიანება?

პოლიტოლოგების ნაწილი ოპოზიცის შესაძლო ერთობას მაინცდამაინც იმედიანად არ უყურებს. მათი პროგნოზით, ამ ეტაპზე ოპოზიციის მთავარი ამოცანა და შესაბამისად, გამაერთიანებელი ძალა საარჩევნო კოდექსის ცვლილებისთვის წამოწყებული ბრძოლაა.

ექპერტთა კლუბის პრეზიდენტის, სოსო ცისკარიშვილის თქმით, როდესაც წლების განმავლობაში პოლიტიკოსებმა ამბიციები ვერ დაძლიეს, ახლა გაერთიანებაზე საუბარი, ცხადია, ძალიან რთულია. „არ მგონია, არასაპარლამენტო ოპოზიცია ერთიან სუბიექტად ჩამოყალიბდეს, რადგან ჩვენ ჯერ კიდევ იმ სივრცეში ვართ, როცა ლიდერების რწმენასა და ამბიციებზე ვსაუბრობთ. ერთადერთი გამაერთიანებელი ძალა, რაც მათ ამ ეტაპზე გეგმად აქვთ დასახული, საკანონმდებლო ცვლილებაა, რომელიც საარჩევნო კოდექსს ეხება, სხვა შემთხვევაში მათი ერთობის წინაპირობას ვერ ვხედავ. თუ ისინი ამას შეძლებენ, ჩავთვალოთ, რომ ერთ მიზანს მაინც მიაღწიეს”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.

მისივე შეფასებით, თუ მომდევნო, ადგილობრივ არჩევნებამდე გათვლილ დროს გადავხედავთ, არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის უპრიანი იქნებოდა, ხუთ-ხუთ სუბიექტი მაინც გაერთიანებულიყო, ან ეცადათ მაინც საკუთარი აზრის შეჯერება.

“რამდენად შეძლებს არსებული რეალობის გათვალისწინებით საარჩევნო კოდექსის შეცვლას არააპარლამენტო ოპოზიცია, ეს ჯერ კიდევ საკითხავია, თუმცა თავმოყვარე პარლამენტმა ეს საკითხი ნამდვილად უნდა განიხილოს. ყოველ შემთხვევაში, წინადადება მაინც უნდა მიიღოს, რომელიც ათეულობით პარტიის მიერ იქნება წარდგენილი. სხვა შემთხვევაში, ეს იქნება ოპოზიციური ძალის დაკნინება ჩვენი პარტნიორების თვალშიც, რაც ისევ მმართველ ძალას ავნებს”, – დასძენს სოსო ცისკარიშვილი.

„რეზონანსი“, 25 ნოემბერი, 2016 წელი

არის თუ არა მთავრობაში რეალური ცვლილება?

თიკო ოსმანოვა

(შემოკლებით)

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რომელზეც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს უნდა ეყაროს კენჭი, 26 ნოემბერს, 12:00 საათზე მოიწვია. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტმა უკვე გამოსცა. (…) აღსანიშნავია, რომ გუშინ მინისტრობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტის კომიტეტების ფარგლებში დაიწყო და რამდენიმე კომიტეტმა მთავრობის ახალ შემადგელობას მხარდაჭერაც უკვე გამოუცხადა. როგორც ცნობილია, „ოცნებას“ პარლამენტში 115 დეპუტატი ჰყავს, ანუ საკონსტიტუცო უმრავლესობაზე მეტი, შესაბამისად მთავრობას დამტკიცების პრობლემა არ ექნება.

არის თუ არა მთავრობაში ეს რეალური ცვლილება? ეს კითხვა “რეზონანსმა” საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

ვასილ მაღლაფერიძე (პუბლიცისტი): “ოცნებას” პარლამენტში აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა. მთავრობა მტკიცდება ის, რომელიც წარმოადგინა პრემიერმა, შესაბამისად, მათ აღარ აქვთ არანაირი მიზეზი, რომ მათი წარუმატებლობა რამეს დააბრალონ. მათი საქმიანობა შეფასდება შედეგებით, ისინი ვეღარაფერს ვეღარ დააბრალებენ და ამით არის კარგი, რა ვითარებაც არჩევნების შემდეგ მივიღეთ. დიდი იმედი მაქვს თავს კარგად გაართმევენ, რადგან დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ ახლა მათ. ვფიქრობ, მათი მუშაობა ახლა უფრო სწრაფი ტემპით წავა ახლა სხვა არანაირი მიზეზი აღარ აქვთ. წინა მთავრობაში ჰქონდათ მიზეზები, ხელი ეშლებოდათ, გარდამავლი პერიოდი იყო. ამიტომ ახლა ვერაფერს ვერ გვეტყვიან.

დიმა ჯაიანი (სოხუმის თეატრის ყოფილი  სამხატვრო ხელმძღვანელი): დარწმუნებული ვარ, ის რაც პრემიერ-მინისტრმა ბრძანა, 4 წლის განმავლობაში აბსოლუტურად ყველაფერი შესრულდება. იმიტომ, რომ ის უმრავლესობა, რომელიც პარლამენტში აქვს, ხელისუფლებისთვის ხელისშემშლელი არ იქნება. ოპოზიცია მართალია ბევრს ილაპარაკებს, მაგრამ მთავარი გადამწყვეტი იქნება უმრავლესობა. მთავრობა საოცარი ახალგაზრდა კაცებით არის დაკომპლექტებული და დარწმუნებული ვარ ყველაფერს ისე გააკეთებენ, როგორც ქართველ გლეხს გაუხარდება.

ნუგზარ კვაშალი (მომღერალი): შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ჩემთვის ეს არის მე-8 მთავრობა და ძალიან მინდა, კიდევ ორ მთავრობას მოვესწრო, დავამრგვალო და რავი, ვნახოთ რა იქნება. პრინციპში მე მგონი, რაღაც ცვლილებები იქნება, იმიტომ, რომ კაი ახალგაზრდები შეიკრიბნენ. ქვეყანაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა, თუმცა ეს მთავრობის ბრალიც არ არის. ეს არის იმ ათეული წლების ბრალი, რაც აქამდე მოიტანეს ამ მთავრობისთვის. ყველას უნდა, რომ გამოსწორდეს, რაც ძალიან ძნელია, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი ნელნელა გამოსწორდება, თუმცა 1-2 თვეში არა, როგორც ქართველებს უნდათ. ეს ყველაფერი დროის ფაქტორია.

ვაჟა ოთარაშვილი (პოეტი): ჩემი აზრით, ვერც ეს მთავრობა გააკეთებს, რამე სასიკეთოს, რადგან მთლიანად გუნდი არაპროფესიონალებით არის დაკომპლექტებული. მხოლოდ შეიძლება 1-2 მინისტრი გამოვყოთ, რომლებიც მართლა პროფესიონალები არიან, იგივე კახიშვილი, დოლიძე და სხვა. დანარჩენი ადამიანები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებენ. განათლების და კულტურის მინისტრების მუშაობა მაგ პოსტზე სამარცხვინოა საქართველოსთვის. ჩვენ ვერასდროს ვერ გავხდებით ვერც ვეროპული და ვერც აზიური ქვეყანა ჯეჯელა და გიორგაძის ხელში.

„რეზონანსი“, 25 ნოემბერი, 2016 წელი

თავისუფალი დემოკრატებიდა საია ცესკოს წინააღმდეგ

ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით ხდება ორი არჩევნების შედეგების დაჯამება ერთი პარტიის სასარგებლოდ

გვანცა ღვედაშვილი

ცესკოს წინააღმდეგ “თავისუფალმა დემოკრატებმა” საია-სთან ერთად სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. პარტია ცესკოს თავჯდომარის, თამარ ჟვანიას იმ განკარგულების გაუქმებას მოითხოვს, რომლის მიხედვითაც “მრეწველებს” სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება ეზრდებათ, რაც ცესკო-ში საარჩევნო კომიისის წევრის დანიშვნის უფლებას აძლევს, რითაც ისინი ადგილს “თავისუფალი დემოკრატებს” ართმევენ.

რის საფუძველზე მიიღეს მრეწველებმა საბიუჯეტო დაფინანსება

საბიუჯეტო დაფინანსებას, კანონმდებლობა იმ პარტიებს მიაკუთვნებს, რომელთაც უკანასკნელ საპარლამენტო და ასევე, ადგილობრივ არჩევნებში ხმათა 3% მაინც დააგროვეს დამოუკიდებლად, ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში. პარტია დაფინანსებას იღებს იმ შემთხვევაშიც, თუ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პირი პარლამენტში შევა და ფრაქციას შექმნის. სწორედ ამ კრიტერიუმზე დაყრდნობით გაეზარდა “მრეწველთა” პარტიას დაფინანსება, რადგან მისი წარდგენით პარლამენტში არჩეულმა ერთადერთმა დეპუტატმა, ხაშურის მაჟორიტარმა სიმონ ნოზაძემ “ქართული ოცნების” დახმარებით უმრავლესობის ფარგლებში 6-წევრიანი ფრაქცია “ქართული ოცნება – მრეწველები” შექმნა.

რატომ დაკარგეს თავისუფალმა დემოკრატებმა ცესკოში წარმომადგენელი

საპარლამენტო არჩევნებში მიღებული შედეგებიდან გამომდინარე, 13-კაციანი ცესკოს ის ნაწილი შეიცვლება, სადაც წევრებს პარტიები ნიშნავენ. აღსანიშნავია, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იმ პარტიის წევრები ხვდებიან, რომელთაც ყველაზე მეტი დაფინანსება აქვთ. ცესკოს თავჯდომარის განკარგულების შემდეგ კი უკვე ცნობილია ის შვიდი პარტიაც, რომლებიც საარჩევნო კომისიაში წევრების დანიშვნის უფლება მოიპოვეს.

ცესკოში შვიდი წევრი პარტიების მიერ ინიშნება. თითო წევრის დანიშვნის უფლება იმ პოლიტიკურ გაერთიანებებს აქვთ, რომლებიც “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონის შესაბამისად, დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებენ. როცა ასეთი პარტიების რაოდენობა შვიდ პარტიაზე მეტია, კანონი უპირატესობას სხვაზე მეტი დაფინანსების მქონე პარტიას ანიჭებს. სწორედ საბიუჯეტო დაფინანსება და მისი ოდენობა განაპირობებს იმას, რომ უახლოს დღეებში პარტიათა წარმომადგენლების ნაწილს ცესკოში უფლებამოსილება შეუწყდებათ, ხოლო მათ ადგილს მეტი დაფინანსების მქონე პარტიის წარმომადგენლები დაიკავებენ.

წლის განმავლობაში მისაღები სახელმწიფო დაფინანსების რაოდენობის მიხედვით პარტიათა რიგითობა შემდეგნაირია: 1. “ქართული ოცნება,” – 2,082,238 ლარი; 2. “ნაციონალური მოძრაობა,” – 1,122,526 ლარი; 3. “დემოკრატიული მოძრაობა,” – 997,037 ლარი; 4. “ევროპული საქართველო (8 ოქტომბრის არჩევნებში “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან ბლოკში მყოფში პარტია) – 895,726 ლარი; 5. “პატრიოტთა ალიანსი,” – 744,008 ლარი; 6. “ქრისტიან-კონსერვატიული პარტია” (შოთა მალაშხიას პარტია, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად ბლოკში 2014 წლის ადგილობრივ თვითთმართველობის არჩევნებში მონაწილეობდა) 598,698 ლარი; 7. “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს,” – 536,572 ლარი.

აღსანიშნავია, რომ ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით, პარტია “მრეწველებისთვის” სახელმწიფო ბიუჯეტიდან განსაზღვრული 536,572 ლარიდან 300 ათასი ლარი არის თანხა, რომელიც “მრეწველების” პარტიას პარლამენტში მათი წევრის, სიმონ ნოზაძის მიერ საპარლამენტო უმრავლესობაში ფრაქციის შექმნის შედეგად დაენიშნა. რომლითაც მან “თავისუფალ დემოკრატებს” აჯობა.

პარტიის ყოველწლიური დაფინანსების ოდენობა 512,196 ლარს შეადგენს. შესაბამისად, დაფინანსების სიდიდით პარტიებს შორის მე-7 ადგილზე “მრეწველები” აღმოჩნდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ “თავისუფალმა დემოკრატებმა” ცესკოში წევრი დაკარგეს.

არგუმენტები ცესკოს გადაწყვეტილების გაუქმებაზე

„თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ ცესკოს თავჯდომარის განკარგულება აბსოლიტურად უკანონოა და “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონის 30-ე მუხლის, მე-4 და მე-8 პუნქტებს ეწინააღმდეგება:

„ბატონი სიმონ ნოზაძე საარჩევნო ადმინისტრაციაში რეგისტირებული იყო საერთოდ არა პარტია “მრეწველების”, არამედ ბლოკი “თოფაძე-მრეწველები – ჩემი სამშობლოს” წარმომადგენლად და თან უპარტიო წარმომადგენლად. ანუ ის არ იყო პარტია “მრეწველების” წევრი. ამასთან, ეს ფრაქცია არ შეიძლება ჩაითვალოს არც პარტია “მრეწველების” შექმნილად, ვინაიდან “მრეწველები” არ არის საპარლამენტო პარტია, ის ვერ მოხვდა პარლამენტში. არც ბატონი ნოზაძის მიერ შექმნილად შეიძლება ჩაითვალოს, ვინაიდან კანონის მიხედვით ფრაქციას ერთი კაცი არ ქმნის. არამედ არაუმცირეს 6 პარლამენტარისა და ამ 6-დან კი 5 “ქართული ოცნების” წარმომადგენელია. სამართლებრივი წიაღსვლები აქ არ არის საჭირო, უბრალოდ სამართლიანობის ლოგიკიდან რომ გამოვიდეთ, ამ არჩევნების შედეგად, საპარლამენტო არჩევნებში “თავისუფალმა დემოკრატებმა” მოვიპოვეთ ხმათა 4.63%, “მრეწველებმა” ბლოკში მოიპოვეს, სხვა პარტიასთან ერთად 0.78%, მაგრამ ვიღებთ შედეგს, რომ ამ შედეგებიდან გამომდინარე, “თავისუფალი დემოკრატები” ვკარგავთ კომისიის წევრების ყოლის უფლებას და ამ უფლებას იძენენ “მრეწველები”. ეს არის ჩვენი დემოკრატიის პრობლემა”, – განაცხადა “თავისუფალი დემოკრატების” წევრმა შალვა შავგულიძემ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც. მათი შეფასებით, ცესკოს თავმჯდომარის განკარგულება პარტიების დაფინანსების ოდენობების განსაზღვრის შესახებ წინააღმდეგობაში მოდის კანონმდებლობის მოთხოვნებთან და უსაფუძვლოდ პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს მხოლოდ ერთ პოლიტიკურ გაერთიანებას – “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაშია ნათქვამი, მიუხედავად იმისა, რომ ამ პარტიამ კანონით დადგენილი 3%-იანი ბარიერი ვერ გადალახა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად დაფინანსება ვერ მოიპოვა, კანონის არასწორი განმარტების პირობებში, აღნიშნული განკარგულების საფუძველზე, ის დამატებით მიიღებს დაფინანსებას 300 000 ლარის ოდენობით და საარჩევნო ადმინისტრაციებში კომისიის წევრის ყოლის უფლებასაც მოიპოვებს. აღნიშნულის გამო, მაგალითად, პოლიტიკური გაერთიანება “თავისუფალი დემოკრატები”, რომელმაც გადალახა კანონით დადგენილი 3%-იანი ბარიერი და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად დაფინანსებაც მოიპოვა, საარჩევნო ადმინისტრაციებში კომისიის წევრის ყოლის უფლებას დაკარგავს.

“გამოდის, რომ ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით ხდება ორი არჩევნების შედეგების დაჯამება ერთი პარტიის სასარგებლოდ, რაც წინააღმდეგობაში მოდის “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-8 პუნქტთან. ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, პარტიას აქვს არჩევანის გაკეთების უფლება: დაფინანსების მისაღებად გამოიყენოს უკანასკნელი საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, “მრეწველთა” პარტია უალტერნატივოდ იყენებს ბოლო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს დაფინანსების მისაღებად, ვინაიდან, როგორც უკვე ითქვა, ამ პარტიამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით დაფინანსება ვერ მოიპოვა. რაც შეეხება დანამატს პარლამენტში ფრაქციის შექმნის გამო, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, ფორმულით, რომელიც პარტიებისათვის ბიუჯეტიდან გამოსაყოფი თანხის ოდენობის გამოსათვლელად გამოიყენება, დამატებით 300 000 ლარის მიცემა არის შესაძლებელი იმ პარტიისათვის, რომელიც “ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრირებული იყო საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და რომლის წევრიც აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად, თუ იგი შექმნის საპარლამენტო ფრაქციას”, – ნათქვამია არასამთავრობოთა ერთოვლივ განცხადებაში.

ქართული ოცნების ინტერესი

არასაპარლამენტო ოპოზიცია აღნიშნულ მოვლენებში “ქართული ოცნების” ინტერესს ხედავს. მათი თქმით, უმრავლესობა პროდასავლური პარტიების გარიყვას და პრორუსული ძალების გაძლიერებას ცდილობს. ამასთან, მათი მხრიდან მსგავს ქმედებას მომავალი არჩევნების დროს, საარჩევნო კომისიაზე კონტროლის დამყარებასაც უკავშირებენ.

“ამით “ქართული ოცნება” ორ მიზანს ახორციელებს. ერთი ის, რომ მისგან არამართვად, არაკონტროლირებად “თავისუფალი დემოკრატების” წევრებს საარჩევნო კომისიებში ჩაანაცვლებს მისგან კონტროლირებადი, ფორმალურად “მრეწველთა” პარტიის კომისიის წევრებით. აღნიშნული ქმედებით კი ის საარჩევნო ადმინისტრაციასა და კომისიებზე გაიმყარებს კონტროლს. მეორე არის ის, რომ მიზანმიმართულად ხორციელდება და ხდება განდევნა პროდასავლური პოლიტიკური ძალების პოლიტიკური ველიდან და ქართულ პოლიტიკაში პრორუსული ძალების შემოყვანა. ვიცი, რომ ქართული ოცნების” წარმომადგენლები იტყვიან, მიმართეთ სასამართლოსო. მივმართავთ, რა თქმა უნდა, მაგრამ კონტროლირებადი სასამართლო გამოიტანს „ქართული ოცნების” სასურველ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

“რესპუბლიკური პარტიის” წევრი ლევან ბერძენიშვილის თქმით, აღნიშნული ფრაქცია ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია. ამასთან მსგავსი ქმედებით საარჩევნო კომისიაში ადგილს დასავლური პარტიის ნაცვლად პრორუსული ძალა დაიკავებს.

“ხელისუფლებისთვის ეს ფრაქცია ძალიან ძვირფასია. თავის დროზე როცა ჩვენ დაგვიწუნეს, მხარი სწორედ მათ დაუჭირეს, მიუხედავად იმისა, რომ ანტიევროპული და ანტინატოური განწყობები გამოავლინეს. როგორც ჩანს, მათ ახლაც ასეთი ტიპის ხალხი სჭირდებათ. რაც მთავარია, ამას ის მოჰყვება, რომ მათ საარჩევნო კომისიაში გაუჩნდებათ წევრი, რომელსაც “თავისუფალ დემოკრატებს” წაართმევენ და წაიღებენ დაფინანსებას, რომელიც მათ არ ეკუთვნით. გამოდის რომ დასავლურ ძალას, ეს პრორუსული ძალა წაართმევს ადგილს, რადგან ასე სურს ივანიშვილს, რომელიც მზად არის ხალხი აჩუქოს მათ, ვითომ მონათმფლობელობა იყოს და შეიძლებოდეს პარლამენტის წევრები ასე დაარიგოს; “გინდაა, – 5 კაცს მოგცემ,” – ეს მდგომარეობა სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს,” – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

თავის მხრივ “ლეიბორისტული პარტია” ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ხელისუფლების სასარგებლოდ “მრეწველებთან” და “პატრიოტთა ალიანსთან” გარიგებაში ადანაშაულებს. გიორგი გუგავას თქმით, თამარ ჟვანიამ კანონდარღვევით მიანიჭა დაფინანსება “ოცნების” სატელიტ პარტიებს და ამით დაეხმარა, რომ საარჩევნო კომისიებში წევრის ადგილი მოეპოვებინათ.

“თამარ ჟვანიამ კანონის სრული იგნორირებითა და დარღვევით დამატებით 600 ათასამდე გაუზარდა დაფინანსება “ოცნების” სატელიტებს, “მრეწველებს” და “პატრიოტთა ალიანსს”. შესაბამისად მიაკუთვნა საარჩევნო კომისიებში წევრის ადგილი, რომელიც კანონის შესაბამისად გვეკუთვნოდა ჩვენ – ლეიბორისტულ პარტიას და თავისუფალ დემოკრატებს. ეს ყოველივე გაკეთდა იმისათვის, რათა საარჩევნო კომისიებში შექმნან უმრავლესობა და როგორც ამ არჩევნებში, ისე მომავალ არჩევნებზეც ტოტალური გაყალბება მოხდეს”, – განაცხადა გიორგი გუგავამ.

——————–

„ახალი თაობა“, 25 ნოემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ თორნიკე შარაშენიძესთან: „საქართველოს გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიაზე უკეთესი კანდიდატურა არც ჰყავდა“ // „შეიარაღებული ძალების მთავარი გამოწვევა პოლიტიზების ჩამოშორებაა

საქართველოში ნატოს საინფორმაციო ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, ჯიპას პროფესორი თორნიკე შარაშენიძე, „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში თავდაცვის სამინისტროსა და გენერალურ შტაბში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს.

- ბატონო თორნიკე, ცოტა ხნის წინ გენერალურ შტაბში მოხდა ცვლილება. მას შემდეგ, რაც ვახტანგ კაპანაძეს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, გენშტაბის უფროსად გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაინიშნა. თქვენ როგორ აფასებთ აღნიშნულ ცვლილებას?

- გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია არის ის ადამიანი, რომელსაც შეიარაღებულ ძალებში პრაქტიკულად ყველა პატივს სცემს. ის არის პროფესიონალი, რომელსაც აქვს მაღალი დონის კვალიფიკაცია.

- ნატოს ოფიციალური პირების დამოკიდებულება როგორია მისდამი?

- მას ძალიან დიდ პატივს სცემენ ნატოში და ძალიან კარგი ურთიერთობები აქვს ნატოს წარმომადგენლებთან. ის მართლაც კარგი კანდიდატურაა გენერალური შტაბის ხელმძღვანელის პოზიციაზე. ამ ეტაპზე უკეთესი კანდიდატურა საქართველოს არც ჰყავდა. ამდენად, მე მივესალმები მის დაწინაურებას.

- გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ უკვე განაცხადა, რომ გენშტაბში გეგმავს სტრუქტურულ ცვლილებებს და, ალბათ, საკადრო ცვლილებებიც მოხდება. რა სტრუქტურულ ცვლილებებზე შეიძლება იყოს საუბარი?

- შიგნით რა ხდება და რა სტრუქტურული ცვლილებებია საჭირო, ეს ყველაზე უკეთესად მან იცის, მაგრამ მე, როგორც გარედან დამკვირვებელ ადამიანს, მთავარ პრობლემად მიმაჩნია შეიარაღებული ძალების პოლიტიზება, რაც ყოვლად დაუშვებელია. ძალიან სერიოზულ დონეზეა პოლიტიზებული შეიარაღებული ძალები. ოფიცრებს სთხოვენ, თავიანთი ლოიალობა დააფიქსირონ არსებული მმართველი პოლიტიკური ჯგუფის მიმართ. ეს ხდებოდა ადრე და ეს ხდება დღესაც. ეს არის ყველაზე სერიოზული პრობლემა. ამის კატასტროფული პიკი იყო 2012 წელს გენშტაბის უფროსის დაპატიმრება.

- გენერალ კალანდაძეს გულისხმობთ?

- რა თქმა უნდა. ამით გამოჩნდა, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაა შეიარაღებულ ძალებში. არადა, ქვეყანაში შეიარაღებული ძალები ყოველთვის პოლიტიკაზე მაღლა უნდა იდგეს.

- პოლიტიკური შემადგენლის ჩამოშორება იქნება მთავარი გამოწვევა ვლადიმერ ჩაჩიბაიასი?

- ეს სულ გამოწვევაა, მოყოლებული იქიდან, რაც ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალები არსებობს.

- რაც შეეხება თავდაცვის სამოქალაქო ნაწილს, იზორიას პოლიტიკას როგორ აფასებთ?

- არ ვიცი, რა არის მინისტრის პოლიტიკა, რადგან ჯერჯერობით არ არის ის დოკუმენტი გამოქვეყნებული, რომელიც შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს საზოგადოებისთვის და რომლის მიხედვითაც შეგვეძლებოდა უფრო ფართოდ მსჯელობა. რამდენიმე ინციდენტი იყო, რომელიც მსხვერპლით დასრულდა, სამწუხაროდ. რა თქმა უნდა, ეს ფაქტი თავდაცვის უწყებაში იზორიას მოღვაწეობას არ გააუმჯობესებს და დადებითად არ ჩაეთვლება. იზორიას თავდაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება არ ჰქონდა და, ბუნებრივია, რომ თავიდანვე მას გაუჭირდებოდა. რამდენად სწორი იყო აღნიშნული საკადრო გადაწყვეტილება, ეს რთული სათქმელია. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები მას შემდეგ, რაც პარლამენტი მას ნდობას გამოუცხადებს.

- თავის დროზე, როდესაც ლევან იზორიას წინამორბედმა სამხედრო-სავალდებულო სამსახური გააუქმა, ხიდაშელის ამ გადაწყვეტილებამ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია. იზორიამ ეს გადაწყვეტილება გააუქმა. რამდენად თავსებადია ნატოს სტანდარტთან სავალდებულო-სამხედრო სამსახური?

- მერწმუნეთ, არანაირი გადამწყვეტი ფაქტორი ეს არ იქნება ნატოსთან თანამშრომლობის საქმეში. გაწვევის არც გაუქმება და არც აღდგენა არანაირ როლს არ ითამაშებს. ხიდაშელის მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი, ალბათ, უფრო პოლიტიკური იყო. ვერ გეტყვით, რამდენად ჰქონდა მას გააზრებული, თუ რამდენად სჭირდებოდა მისი გადაწყვეტილება შეიარაღებულ ძალებს. ალბათ, უფრო პოლიტიკური ნაბიჯი იყო, რათა პოლიტიკური ქულები ჩაეწერა. მე, როგორც ლიბერალი ადამიანი, თეორიულად შეიძლება მხარს ვუჭერდე სავალდებულო გაწვევის გაუქმებას, მაგრამ შეიარაღებულ ძალებში რა მდგომარეობაა, რა საჭიროება, არ ვიცი.

- სტრატეგიული ობიექტების დაცვის საკითხზეც მინდა გკითხოთ. ბოლო შემთხვევამ, რომელსაც ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, გამოაჩინა, რომ ამ მიმართულებით სერიოზული პრობლემა გვაქვს...

- ეს იყო შემაშფოთებელი ფაქტი, როდესაც ადამიანი დაიღუპა და მეორე ის, რომ ტრისტან წითელაშვილი იყო რაღაც ობიექტზე შესული. ესეც კატასტროფის ტოლფასი იყო, ჩემი აზრით. როგორც ჩანს, რაღაც-რაღაცები მთლად წესრიგში არ არის.

- თინა ხიდაშელმა თქვა, რომ მუდმივად გვქონდა ეს პრობლემა, მაგალითად, მწყემსების მხრიდან, რომლებიც ისე შედიან ობიექტებზე, რომ არც კი იციან, თუ სად ხვდებიან. სად არის აქ ნატოს სტანდარტები, რამდენად არის სტრატეგიული ობიექტები დაცული?

- ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს დაუდევრობასა და უდისციპლინობასთან. ნატოს ზოგიერთ წევრ ქვეყანაშიც შეიძლება, მსგავსი რაღაცები მოხდეს, მაგრამ ეს ჩვეულებრივი დისციპლინის ამბავია. ეს უფრო ამ ტიპის პრობლემაა, ვიდრე სტანდარტების.

- ნატოს მომავალთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. დონალდ ტრამპის ცნობილმა განცხადებამ ევროპა საგონებელში ჩააგდო. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ, არ არის გამორიცხული, ნატოს ყოფნა-არყოფნა დღის წესრიგში დადგეს. ეს რამდენად რეალურია?

- თავის დროზე დონალდ ტრამპის დემონიზება მოხდა. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ წინასაარჩევნო კამპანიის ბევრი განცხადება, ზოგადად რიტორიკა შეცვალა მან. ამდენად, ეს ყველაფერი საარჩევნო ხმების მოპოვებას უფრო ემსახურებოდა, ვიდრე რეალურ პოლიტიკას. ისე, რა თქვა ტრამპმა ნატოზე განსაკუთრებული?! მან თქვა, რომ მოითხოვს ევროპელი პარტნიორებისგან, უფრო მეტი ფული დახარჯონ თავდაცვაზე, მიეჩვივნენ ამერიკის კმაყოფაზე არსებობას, მე დავაფასებ მათ, ვინც ამერიკას ეხმარება ნატოს ოპერაციებშიო.

დონალდ ტრამპის ეს განცხადება ჩვენთვის უფრო ხელსაყრელია. ჩვენ ნატოსთვის უფრო მეტს ვაკეთებთ, ვიდრე, მაგალითად, დანია და ბელგია. ევროპა მიეჩვია ნაჩუქარ უსაფრთხოებას. უსაფრთხოება ნაჩუქარი ვერ იქნება მუდმივად, შენც უნდა გაიღო ამისთვის რაღაც. ამდენად, ჩვენთვის ამ განცხადებაში კატასტროფული არაფერი თქმულა.

„ახალი თაობა“, 25 ნოემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ ზაალ კასრელიშვილთან: „დასავლეთში საქართველოს ხელისუფლების მიმართ კითხვები გაჩნდა“ // „რუსეთის სპეცსამსახურები საქართველოს კალიასავით მოედვნენ

რა ეჭვები აქვთ დასავლეთში საქართველოს მიმართ, რატომ შეგვეხვეწება აქეთ ნატო, რას გეგმავენ რუსული სპეცსამსახურები? – ამ თემებზე „ახალ თაობას“ ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილი ესაუბრება.

- თქვენ არაერთხელ გითქვამთ, რომ ქართულ პოლიტიკაში ძირითადად ბუდარიები არიან, მაგრამ ბუდარიებისგანაც მოულოდნელი იყო პოლიტიკიდან ასე მასობრივი გაქცევა. თქვენ ამ პროცესს რით ხსნით?

- უკვე დადგა დრო, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ _ საქართველოში ხელისუფლებაში პირადი სარგებლობის საძიებლად მოდიან. პოლიტიკოსების დიდ ნაწილს არანაირი სურვილი არა აქვს, ქვეყანას ემსახუროს. პოლიტიკიდან გაქცეულებმა დაინახეს, რომ პოლიტიკაში ყოფნით სარგებელი არ ექნებოდათ და ამიტომ გაიქცნენ, ზოგი ბიზნესში წავიდა, ზოგიც – უცხოეთში. ამ ყველაფრის თავიდათავი ის გახლავთ, რომ ისინი იდეისთვის მებრძოლი ადამიანები არ არიან.

- რა პროცესები წავა ამის შემდეგ, მესამე ძალა არ ჩანს, არც იდეის გარშემო აპირებს ვინმე გაერთიანებას. ეს უძრაობა რამდენ ხანს გაგრძელდება?

- იდეის გარშემო იმიტომ არ ხდება გაერთიანება, რომ იდეა არ არის. მინდა, თქვენს მკითხველს გავახსენო გასული საუკუნის 90-იანი წლები, პროცესები, რომლებიც 1987 წელს დაიწყო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიტპატიმრები ციხეებიდან გამოუშვეს. საქართველოში დაიწყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რაც 1990 წელს გამარჯვებით დასრულდა. ეროვნული მოძრაობის მიზანი საქართველოს დამოუკიდებლობის მიღწევა იყო და მან ამ მიზანს მიაღწია. მიზანს იმიტომ მიაღწია, რომ გლობალური პროცესები ჩვენ სასარგებლოდ განვითარდა, ეროვნულ მოძრაობას ჰყავდა გამოკვეთილი ლიდერები და მოსახლეობამ ამ ლიდერებთან ერთად ბოლომდე იბრძოლა.

დღეს საქართველოში იდეა არ არის, შესაბამისად, არ არის იდეოლოგია, არ არიან გამოკვეთილი ლიდერები და საზოგადოება მათ გარშემო ამიტომ ვერ ერთიანდება. ასეთი რამე არც უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი. არ შეიძლება, გმირიც იყო და როკფელერიც. საქართველოში ყველას უნდა, იყოს სარდალი, მაგრამ წინა ხაზზე არავინ მიდის, რადგან იქ შეიძლება მოკვდეს. ამ მიზეზების გამო საქართველოში არსებული ვითარება კიდევ რამდენიმე წელიწადს გაგრძელდება. არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით დასავლეთში უკვე გაჩნდა გარკვეული კითხვები. ეჭვებია ხელისუფლების მიმართაც.

- რა კითხვებსა და ეჭვებზე საუბრობთ?

- არჩევნების შემდეგ რამდენიმე ინტერვიუ მივეცი დასავლურ მედიასაშუალებებს. ისინი მეკითხებოდნენ ხელისუფლების უპრინციპობაზე, კოლაბორაციონიზმსა და იდეის არქონაზე. შევეცადე, ეს ეჭვები გამეფანტა, არა იმიტომ, რომ მოხიბლული ვარ დღევანდელი ხელისუფლებით, უბრალოდ, ქვეყნისთვის არ არის კარგი, ასეთი მოსაზრება რომ იკიდებს ფეხს დასავლეთში. ჩვენთან რატომღაც დაიკეტა მედიასაშუალებები, არ შუქდება, გარეთ ვინ რას ლაპარაკობს ჩვენზე. მეტსაც გეტყვით, საქართველოში პროვინციელი ჭორიკანების დრო დადგა. ახლა აქ ის უფრო აინტერესებთ, ვინ ვისთან წევს და ვის რა ფერის საცვალი აცვია. სამაგიეროდ, არავის აინტერესებს, რა ხდება რეგიონში. ამ დროს ისეთ უხერხულ კითხვებს გვისვამენ დასავლეთში, რომ ხმის ამოღებაც გვიჭირს _ სიმართლის თქმა ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წასვლას ნიშნავს.

- მაინც რა კითხვებს სვამენ ასეთს, იმაზე ხომ არა აქვთ ეჭვი, რომ საქართველოს გეზი ევრაზიული კავშირისკენ აქვს აღებული?

- მათ ამასთან დაკავშირებითაც აქვთ კითხვები. ბევრი რამეა, რაზეც პასუხის გაცემა გვიჭირს.

- ამ კითხვაზე რატომ გიჭირთ პასუხის გაცემა, თქვენც ფიქრობთ, რომ ევრაზიული კავშირისკენ მივდივართ?

- არ მინდა დავიჯერო, რომ ხელისუფლებაში ვინმეს მიზანია არარსებულ, გაუგებარ და უპერსპექტივო ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება. მინდა მჯეროდეს, რომ ეს არის დროის მოგების მიზნით გაწელილი თამაში იქამდე, ვიდრე რუსეთი და დასავლეთი ურთიერთობას არ გაარკვევენ. მანამდე კი კავკასიის ხალხთა კონფედერაციას ძალიან უხერხულ მდგომარეობაში მოგვიწევს ყოფნა. დასავლეთში ძალიან უკვირთ, ჩვენი ნათელი მომავლისთვის მეტს რატომ არ ვაკეთებთ. 2010 წელს დასავლეთში ერთ-ერთ სერიოზულ შეკრებაზე ვიყავი. იქიდან რომ დავბრუნდი, აქაურ მედიაში მივეცი ინტერვიუები და ვთქვი, რომ საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ძალიან შორეული სურვილებია. ახლაც იმავეს გავიმეორებ. რაც შეეხება ნატოს, პროცესები ისე ვითარდება, რომ ნატო აქეთ შეგვეხვეწება იმას, რასაც აქამდე ჩვენ ვეხვეწებოდით. ახლა მთავარია, შიგნით გავძლიერდეთ და ეკონომიკის განვითარებაზე ვიფიქროთ.

- გინდათ თქვათ, რომ კარს ფართოდ გააღებენ და დაგვიწყებენ ძახილს, მობრძანდითო?

- კალთებს ნამდვილად არავინ დაგვახევს, მაგრამ ინტერესი უდიდესი იქნება. კავკასია, როგორც გეოგრაფიული რეგიონი, ძალიან სერიოზულ მნიშვნელობას იძენს. საქართველო გახლავთ ქვეყანა, რომელიც ამ რეგიონში ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორისაა გაწოლილი. ამ ქვეყანას ჭკვიანი ხელისუფლება თუ ეყოლება, მას ძალიან ბევრ პროცესზე შეუძლია დადებითი გავლენის მოხდენა.

- ეს ჭკვიანი ხელისუფლება არის სადმე?

- ადრე თუ გვიან გამოჩნდება. მაშინ მართლაც დიდი მნიშვნელობის ქვეყანა გახდება საქართველო.

- რუსეთს არაერთხელ უთქვამს, რომ არ დაუშვებს მის საზღვრებთან ნატოს მოახლოებას. მშვიდად დაელოდებიან, როდის გაგვიღებს ალიანსი კარს?

- რუსეთი რას იზამს, ამაზე მკითხაობა საჭირო არ არის, რადგან რუსეთი უკვე შვრება. რუსეთის სპეცსამსახურები და მისი აგენტები საქართველოს კალიასავით მოედვნენ. ისინი თავიანთ გასაკეთებელს უკვე აკეთებენ როგორც პოლიტიკაში, ასევე მედიასა და ეკონომიკაში. ასე რომ, ვინ რას გააკეთებს იმისთვის, რომ თავისი ინტერესები გააძლიეროს კავკასიაში, შედარებით მეორეხარისხოვანია. მთავარია, შენ რას აკეთებ შენი ქვეყნისთვის. საქართველოს აქვს უნიკალური შანსი, გახდეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და პატივსაცემი ქვეყანა.

- მოდით, ისევ პოლიტიკურ პარტიებს დავუბრუნდეთ. წინ გვაქვს თვითმმართველობის არჩევნები. თქვენ არაერთხელ გითქვამთ, რომ პარტიებს პატრონები, პროდასავლურებსა და პრორუსულებს, ცალ-ცალკე ბლოკებად გააერთიანებენ. ეს ისევ ძალაშია? საპარლამენტო არჩევნების წინ ასეთი გაერთიანება არ მომხდარა...

- გულწრფელად გითხრათ, მეეჭვება, წაგებულ პარტიებზე პატრონებმა ფსონი ისევ დადონ. არც გამარჯვებულ პარტიებზე ჩამოვლენ ფსონს. ისინი უფრო უმრავლესობაში დაიწყებენ ინტერესჯგუფების ძებნას, მერე მათ თავიანთ ინტერესებს მიაბამენ. როგორც ამბობენ, ყოფილი აგენტები არ არსებობენ. რაღაც განსაკუთრებულს 2017 წლის არჩევნებზე არ ველოდებით, თუ ადრე გაზაფხულზე გლობალური პოლიტიკური პროცესები განსაკუთრებულ მესიჯებს არ გამოგზავნის.

- ანუ უძრაობის ხანაში, სულ მცირე, ნახევარი წელი მოგვიწევს ყოფნა...

- ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი, შესაძლოა, რამდენიმე წელი გაგრძელდეს. ამასთან, დიდი იმედი გვაქვს, რომ ტრამპის პრეზიდენტობა პროცესებს გამოაცოცხლებს და დასავლეთი კავკასიის რეგიონით დაინტერესდება. დასავლეთსა და რუსეთს შორის ვითარება ან კიდევ უფრო გამწვავდება, ან თანამშრომლობის რეჟიმში გადავა. კავკასიის რეგიონში სათანამშრომლო ძალიან ბევრია.

„ახალი თაობა“, 25 ნოემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ გელა ნიკოლაიშვილთან: „სტატისტიკურად 10-12 მკვლელობა ყოველთვიურად სისტემატურად ხდება

ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენურ სიტუაციაზე, გახშირებულ მკვლელობებზე, სისასტიკესა და სატანისტური სექტების სიმრავლეზე, ხელისუფლების დამოკიდებულებაზე ამ პროცესისადმი „ახალი თაობის“ კითხვებს იურისტი, უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი პასუხობს.

- ბატონო გელა, რატომ იმატა კრიმინალმა ქვეყანაში? რატომ არის ასეთი ხშირი მკვლელობები?

- მართლაც ძალიან მძიმე შემთხვევები მოხდა ნოემბერში, დაახლოებით ოთხი თუ ხუთი შემთხვევა – დაჩეხა, დაჭრა და კანიბალიზმიც კი, ასევე სექტებთან დაკავშირებული ფაქტები. ბუნებრივია, ამან მძაფრი რეაქცია გამოიწვია. თუმცა საქართველოში თვეში დაახლოებით 4-5 მკვლელობა, როგორც წესი, ზოგჯერ 10-12-ც, არის საშუალო სტატისტიკური მონაცემი, სამწუხაროდ.

- რის თქმა გსურთ, რომ მატება არ არის?

- აქედან გამომდინარე, რაოდენობრივი თვალსაზრისით, ვერ ვიტყვით, რომ მოიმატა.

- მაშინ, რატომ არის საზოგადოების მხრიდან ასეთი მძაფრი რეაქცია, იმიტომ, რომ განსხვავებული ტიპის მკვლელობებია?

- რა თქმა უნდა. ამიტომაც არის ასეთი მძაფრი რეაქციები. არასდროს მომხდარა, რომ კანიბალიზმის შემთხვევა ყოფილიყო. არასდროს ყოფილა, რომ თავი მოეჭრათ, ადამიანი დაენაწევრებინათ. არასდროს მომხდარა, რომ შვილს მშობელი მოეკლა და მით უმეტეს ორი მშობელი და ასეთი ფორმით დაეჩეხა, როგორც ეს მოხდა.

- ფსიქოლოგიურმა პრობლემებმა იმატა ერში თუ რისი გამოძახილია ყოველივე ეს?

- ძალიან ძნელია ამის თქმა, ალკოჰოლური თუ ნარკოტიკული თრობის ქვეშ ხდება ეს თუ რაღაცა სექტასთან დაკავშირებით ვიღაცის თუ ფსიქიკურად დაავადებულის მიერ. ფაქტია, ნორმალურს ვერ დაარქმევ ასეთ შემთხვევას, როცა შვილი მშობელს კლავს, ჩეხს და მით უმეტეს იქ მერე კანიბალიზმის ელემენტებს აქვს ადგილი. რაღაცა ანომალიასთან გვაქვს საქმე და ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ეს რაოდენობრივად გახშირებული იყოს. რატომ ხდება, ძნელი სათქმელია. სახელმწიფოს ვალია, აკონტროლონ პროცესი, რომ ამას არ მოჰყვეს მსგავსი ფაქტების გახშირება და ყველა დანაშაული მაქსიმალურად მოკლე ვადებში გაიხსნას. ძალიან გავრცელებულია სააფთიაქო ნარკომანია, იყიდება ფსიქოტროპული ნივთიერებები, ეს ადამიანები ფსიქოტროპულ წამლებს იღებენ და პირდაპირი მნიშვნელობით გიჟდებიან. ასეთი ადამიანებისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ამის კონტროლი ნამდვილად შეუძლია სახელმწიფოს და ამაზე ნამდვილად უნდა ვუსაყვედუროთ.

- რომ არ ებრძვის სააფთიაქო ნარკომანიას?

- დიახ. რასაც აკეთებს, იმასაც ფორმალურად აკეთებს. მხოლოდ დააჯარიმო ერთხელ, ორჯერ, მესამედ დაუხურო, მეოთხედ იმ ადამიანმა ახალი შპს გახსნას და ისევ გააგრძელოს დანაშაულებრივი საქმიანობა, რა თქმა უნდა, აქ პირდაპირ სახელმწიფოსა და სამართალდამცავი ორგანოების დანაშაულია.

- უფრო მკაცრი ღონისძიებები უნდა გატარდეს?

- რასაკვირველია, პირველ რიგში კი _ საკანონმდებლო დონეზე, რომელიც ამ შემთხვევაში მკაცრ რეგულაციებს არ აწესებს.

- როდესაც საზოგადოება შეშფოთებით საუბრობს სექტების სიმრავლეზე, ვის ევალება ამ ყველაფერზე კონტროლი, არსებობს რაიმე რეგულაციები, შეზღუდვები?

- არსებობს რელიგიური სექტები, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ გაერთიანებისა და რწმენის თავისუფლება აძლევს არსებობის უფლებას. არავინ ამბობს ზეპირად და არც წერს იმას, რომ ადამიანის რიტუალური მკვლელობა უნდა ჩაატაროს, შავ მაგიას დაუკავშირდეს ან ადამიანის ხორცი ჭამოს. ამას არავინ იტყვის საჯაროდ. თუ არსებობს ეჭვი, იქ სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა შეაგზავნონ თავიანთი აგენტები. სახელმწიფოს ევალება კანონის ფარგლებში მათი გაკონტროლება. ეს თუ სექტებზეა ლაპარაკი, ხოლო თუ ოჯახში ხდება ან ქეიფის ან ნარკოტიკული თრობის დროს ხდება, ამის გაკონტროლება შეუძლებელია. ცალკეულ შემთხვევებს ვერ ავცდებით.

- ანუ სტატისტიკური თვალსაზრისით არ თვლით, რომ სიტუაცია საგანგაშოა?

- ასე ნამდვილად არ არის. სტატისტიკა სხვას გვეუბნება. სამწუხაროდ, წლებია, სტატისტიკურად 10-12 მკვლელობა ყოველთვიურად სისტემატურად ხდება.

„ახალი თაობა“, 25 ნოემბერი, 2016 წელი

ინტერვიუ დემურ გიორხელიძესთან: „ვის რაში სჭირდება ეკონომიკა, როცა შეიძლება, ჰაერიდან ფული აკეთო?!

ქვეყანაში განვითარებულ ეკონომიკურ პროცესებს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში დემურ გიორხელიძე აფასებს.

- ბატონო დემურ, ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია. ასევე ცნობილია ეკონომიკური გუნდი. როგორია თქვენი შეფასებები?

- უნდა დაველოდოთ მთავრობის გაცხადებულ პოლიტიკას და შემდეგ ერთი კვარტალი მაინც ვნახოთ, რა გაკეთდება. პიროვნება ყველა კარგია, მაგრამ, რა გამოვა საერთო საქმიანობით, შედეგების მიხედვით უნდა ვიმსჯელოთ. მე არ ვფიქრობ, რომ დღეს რაიმე შეფასებების დრო იყოს. დაველოდოთ, ვნახოთ, რა გამოვა. ჩემთვის სულ ერთია, ვინ სად იქნება, მთავარია, შედეგი დაიდოს.

- ახალ სახეებზე რას იტყვით?

- მე ვერ ვხედავ პიროვნებებში რაიმე პრობლემას. აქ ჩვენ გვაქვს საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ეკონომიკა უმძიმეს მდგომარეობაშია. სტანდარტული გზებით მისი ამ ჭაობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდება და არც ხერხდება.

- როგორ უნდა დაიდოს ეს შედეგი?

- აჯობებს, ჯერ მოვისმინოთ, რას აპირებს მთავრობა, შემდეგ შეგვიძლია შევაფასოთ, ეს გაცხადებული პოლიტიკა რამდენად შეესაბამება დღევანდელობას.

- თავად თქვენ რაში ხედავთ გამოსავალს ამ მძიმე სიტუაციიდან? ვხედავთ, ლარი როგორ უფასურდება...

- ის, ვინც ფიქრობს, რომ ლარის რყევა რაღაც საბაზრო მექანიზმებმა განაპირობა და ეს დანაშაულებრივი პოლიტიკა ე.წ. ბაზრის უხილავი ხელის ზემოქმედებაა, ის, უბრალოდ, გვაბრიყვებს! ამიტომ, თუ მთავრობას სურს, რაიმე წარმატებას მიაღწიოს ამ კუთხით, მაშინ ეროვნული ბანკიც და მთავრობაც ერთიანი მაკროეკონომიკური პოლიტიკის ჩარჩოებში უნდა მოქმედებდნენ. ეს პოლიტიკა ჯერჯერობით გაცხადებული არ არის.

- რამდენად მძიმე ზამთარი გველოდება?

- არა მგონია, ზამთარი რითიმე ოდნავ მაინც მძიმე იყოს წინა წლებთან შედარებით. სიტუაცია უკვე ორ ათეულზე მეტი წელია მძიმეა საქართველოში და ქართველები მიეჩვივნენ ამ სიტუაციაში ცხოვრებას. ახალი და განსაკუთრებული არაფერი იქნება.

- კეთდება შეფასებები, რომ კუპონიზაციისკენ მივდივართ. თქვენ რამდენად იზიარებთ ამ მოსაზრებას?

- არა მგონია. იმ ადამიანთა ჯგუფმა, რომელიც უაზროდ ათამაშებს ლარს, ვერ გაბედა 2,5-ზე გადაბიჯება, თუმცა ამის მცდელობა იყო და იყო დიდი ცდუნებაც, იმიტომ, რომ ჰაერიდან იშოვება ფული. იცით, რატომ არ ვითარდება საქართველოში ეკონომიკა?!

- რატომ?

- იმიტომ, რომ ხელისუფლებამ საქართველოში დაუშვა უმთავრესი სახელმწიფო ინსტიტუტების, კერძო, ვიწრო, ხელისუფლებასთან დაახლოებული ჯგუფების ინტერესების სასარგებლოდ გამოყენება და ჩვენ მივიღეთ ფულის თამაში! არაფრისგან ფულის კეთება! ვის რაში სჭირდება ეკონომიკა, როცა შეიძლება, ჰაერიდან ფული აკეთო?!

- ანუ ლარის გაუფასურება კურსის თამაში ხელოვნური პროცესია?

- თავიდან ბოლომდე! საქართველოში ვერ შეძლებს ვერავინ, რომ ლარის ასეთი თამაში რაიმე გონივრული მოსაზრებებით ახსნას. ეს არის გამიზნული პოლიტიკა და კარგი იქნება, თუ ამას ბოლო მოეღება. ეკონომიკის რაიმე წინსვლაზე საუბარი, როცა ეროვნული ვალუტა უაზროდ დახტის აღმა-დაღმა, უბრალოდ, შეუძლებელია.

- თქვენ აცხადებთ, რომ ამით კონკრეტული ადამიანები ფულს შოულობენ. გამოდის, რომ ამაში ჩართულია ის, ვისაც ბერკეტები ხელთ უპყრია, რიგით ადამიანს ხომ არ შეუძლია ვალუტის თამაში და ამით დიდი ფულის კეთება?

- რიგით ადამიანებს შეუძლიათ, საკუთარი განწყობები გამოხატონ არჩევნებზე. სამწუხაროდ, ჩვენი ხალხი ვერ მიეჩვია შედეგების მიხედვით არჩევანის გაკეთებას. ამიტომ დღეს, ამ უამრავ პრობლემას შორის, რომლებიც ქვეყანაშია, ერთადერთი, რაც ჩვენ გვინდა, არის ის, რომ ახალი მთავრობა იყოს წარმატებული. ამაზე კარგი არაფერი იქნება. თუ როგორ და რას გააკეთებენ, ეს მთლიანად მათზეა დამოკიდებული და შედეგებიც შესაბამისად იქნება შეფასებული.

- თუ იქნება კეთილი ნება, რომ დამთავრდეს ვალუტით თამაში, ეს საკითხი დაიხურება და ლარი დასტაბილურდება?

- ვალუტით თამაში არის ერთ-ერთი აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა, რომ შეჩერდეს ეს უაზრო თამაში. როდესაც ეს შეჩერდება, მერე უკვე სხვა რამეზეც შეიძლება საუბარი.

- ანუ ეროვნული ვალუტის ბედი ვიღაცის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული?

- როგორც წესი, ქვეყანაში ყველაფერი დამოკიდებულია, პირველ რიგში, პოლიტიკურ ნებაზე, შემდეგ უკვე არსებობს ობიექტური ფაქტორები, რომელთა გააზრების შემდეგ საკმაოდ კარგად შეიძლება ნეგატიური მოლოდინების თავიდან აცილება.

- ინვესტიციების კლებას რას უკავშირებთ? პოლიტიკურად არასტაბილური სიტუაციაა?

- ამჟამად საქართველო პოლიტიკურად არასტაბილური ქვეყანა ნამდვილად არ არის. საქმე ის არის, რომ სამეწარმეო გარემო არ შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რომ სერიოზულმა ინვესტორებმა თანხები შემოიტანონ. სერიოზულმა ინვესტორმა უნდა გათვალოს, ორი-სამი მთავრობის შემდეგ რა არის მოსალოდნელი. ჩვენ ოთხი წლითაც ვერაფერს გავთვლით, რადგან საქართველო არის არა რისკების, არამედ განუსაზღვრელობის ქვეყანა. განუსაზღვრელობა კი უფრო რთული რამეა, ვიდრე რისკი.

- ანუ ამ ეტაპისთვის სახარბიელო პროგნოზი არ გაქვთ?

- ყველაფერი დამოკიდებულია მთავრობის პოლიტიკაზე. მე ოპტიმისტი ვარ, მინდა, წარმატება ვუსურვო მათ. გააკეთებენ, გააკეთებენ, ვერ გააკეთებენ და საკუთარ თავს დააბრალონ.

——————-

„რეზონანსი“, 25 ნოემბერი, 2016 წელი

ურთულესი წელი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

დასაქმებულთა რაოდენობა 25 ათასი კაცით შემცირდა

ნათია ლომიძე

საქართველოს რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესი ვერ ვითარდება. მართალია დარეგისრირებული საწარმოთა რაოდენობა შთამბეჭდავ რიცხვს აღწევს, მაგრამ წარმატებული მაგალითები ნაკლებია. მეწარმეები ცდილობენ, თავიანთი საქმიანობა დედაქალაქში აწარმოონ, რაც რეგიონებისთვის დიდი პრობლემაა. ყველაზე სავალალო ისაა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებულთა რაოდენობა მცირდება.

მცირე ბიზნესის პრობლემა სტატისტიკითაც დასტურდება. “საქსტატის” მონაცემებიდან ჩანს, ბოლო სამი წლის განმავლობაში სიტუაცია უკეთესობისკენ არ შეცვლილა.

მცირე ბიზნესში 2013 წელს 138 ათასი კაცი იყო დასაქმებული. 2014 წელს ეს მაჩვენებელი გაიზარდა და 168 ათასს მიაღწია. 2015 წელს მდგომარეობა თითქმის უცვლელი იყო, რადგან მხოლოდ 1000 კაცი დაემატა დასაქმებულთა სიას. 2016 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემემის მიხედვით კი მცირე ბიზნესში 148 ათასი კაცია დასაქმებული.

ანალოგიური მდგომარეობაა საშუალო ბიზნესშიც, რომელიც დასაქმებულთა მხრივ ასევე კლებას განიცდის. ამ სექტორში 2015 წელს 100 ათასი კაცი საქმიანობდა, ხოლო 2016 წლის მეორე კვარტლის მონაცემების მიხედვით – 96 ათასი, რაც 2013 წლის მაჩვენებლის მსგავსია. საერთო ჯამში, წელს მცირე და საშუალო ბიზნესმა 25 ათასი დასაქმებული მოისაკლისა.

პარალელურად მსხვილ ბიზნესში დასაქმებულთა რაოდენობა მატულობს. ამ სექტორში 2015 წელს 340 ათასი, ხოლო 2016 წელის მეორე კვარტალში 365 ათასი კაცი მუშაობდა. მსხვილი ბიზნესის განვითარება, მცირე და საშუალაო ბიზნესის ხარჯზე მდგომარეობას არასტაბილურს ხდის, რასაც სპეციალისტებიც ადასტურებენ.

საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ კიდე 2016 წლის გაზაფხულზე შეიმუშავა მცირე ბიზნესის განვითარების სტრატეგია, თუმცა ჯერჯერობით ამ მიმართულებით განსაკუთრებული ძვრა ნაკლებად შეიმჩნევა. არადა, ევროპისკენ მიმავალ გზაზე მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. 2006-16 წლებში მცირე და საშუალო საწარმოების მიერ შექმნილი დამატებული ღირებულების წილი საწარმოთა მთლიან დამატებულ ღირებულებაში იცვლებოდა, თუმცა 20%-ს არ აღემატებოდა. დამატებული ღირებულების უდიდესი წილი (71.1%) შექმნილია თბილისში. საწარმოებში დასაქმებულთა 63% დედაქალაქში მოქმედ საწარმოებში საქმიანობს.

მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარის, მიხეილ ჭელიძის განცხადებით, რეგიონში მცირე და საშუალო ბიზნესი რომ ვერ ვითარდება, ეს გამოწვეულია ქალაქის აქტიური ცხოვრების სტილით. ამას ინფორმაციის ნაკლებობა და რეგიონში სამეწარმეო განათლების დაბალი დონე ემატება.

“მოსახლეობის აქტიური ნაწილი ცხოვრობს დედაქალაქში და ეს არის ერთ-ერთი განმაპირობებელი იმისა, რომ თბილისში უფრო მეტად არის განვითარებული მცირე და საშუალო ბიზნესი, ვიდრე რეგიონებში. იქ ინფორმაციის ნაკლებობაა და სამეწარმეო განათლებაც შედარებით დაბალია.

იმისათვის, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი რაიონებშიც ისევე განვითარდეს, როგორც დედაქალაქში, საჭიროა სახელმწიფო პროგრამების მაქსიმალურად გაშლა. აუცილებელია რეგიონებში ჩაიდოს ფინანსები და სისტემა აეწყოს. ამისთვის მოსახლეობა აქტიურად უნდა ჩაერთოს სოფლის მეურნეობაში და პროექტში “აწარმოე საქართელოში”, – განუცხადა “რეზონანსს” ჭელიძემ.

იმისათვის, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი რეგიონებშიც ისეთივე აქტიური გახდეს, საჭიროა აღდგეს კანონი მცირე მეწარმეობის შესახებ. თავისუფლ მცირე მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე ანზორ საკანდელიძე შეეხო იმ ძირითად საკითხებს, რომლის მოგვარების შემდეგაც მეწარმეობა რეგიონშიც ადვილად შეძლებს ფეხის მოკიდებას.

“პირველ რიგში, უნდა აღდგეს კანონი მცირე მეწარმოების შესახებ, სადაც მათთვის ზუსტი სტატუსია განსაზღვრული. ახალ ქვეყანა ცხოვრობს აბსოლუტურ საკანონმდებლო ვაკუუმში. შემდეგ მცირე მეწარმეობის განვითარების პროგრამის შერჩევაზე უნდა გამოცხადდეს კონკურსი. იმედი მაქვს, არჩევნების შემდეგ ამ საკითხს ყურადღებას მიაქცევენ. ჩვენი პროგრამა შეტანილია როგორც კანცელარიაში, ასევე პარლამენტში და განხილულია ფინანსთა სამინისტროშიც. ეს აუცილებელია, რადგან კანონის არარსებობა პრობლემას უქმნის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, განსაკუთრებით, რეგიონებში.

მცირე მეწარმეებისათვის საგადასახადო სისტემა მოწესრიგებული არ არის. მეწარმეების დაბეგვრის ფიქსირებული რეჟიმის განხილვის დროს გამოიყენეს ჩვენი მასალა, თუმცა არ ვესწრებოდით განხილვას და ცვლილებები არასწორად დანერგეს პრაქტიკაში. მისი გამოყენებისა და გაანგარიშების მეთოდები იმდენად აღრეულია, რომ შეუძლებელია ამით იმოქმედონ. მცირე მეწარმეობის კუთხით ყველაფერი დასალაგებელია”, – აღნიშნა საკანდელიძემ და იქვე დაამატა, რომ კანონმდებლობის არ არსებობის გამო, მრავალი პროექტი დაიწყებს უკუსვლას.

ექსპერტი აუცილებელად მიიჩნევს საშუალო და მსხვილი ბიზნესის გადასახადების გამიჯვნას. “თუ არ ავამოქმედებთ კანონს, რომელიც დაიცავს როგორც მცირე, ასევე საშუალო მეწარმეებს, მრავალი პროექტი დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ეგიდით გახსნილი ყველა საწარმო ან გაკოტრდება, ან გადავა ჩრდილში.

არ შეიძლება როგორც დიდი ბიზნესის, ასევე მცირე და საშუალო მეწარმეობის გადასახადები იყოს ერთნაირი. გადასახადები იმდენად მაღალია, რომ ყველა წარმოება ჩრდილშია და ასე ცდილობენ თავი გაიტანონ. ასეთი ტენდენცია უფრო მეტად გამოიკვეთება რეგიონებში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ კანონი არ აღდგა თავისი სამსახურით, რომელიც 2006 წლამდე ფუნქციობდა, მანამდე ეს პრობლემა დარჩება მოუგვარებელი”, – განუცხადა “რეზონანსს” საკანდელიძემ.

ადგილობრივი რესურსების ამოქმედებისა და რეგიონებში ინვესტიციების გათარებაში ხედავს გამოსავალს აკადემიკოსი ავთო სილაგაძე. მისი თქმით, რეგიონები დედაქალაქის მსგავსად მხოლოდ მაშინ გახდება აქტიური, როდესაც ხელშეწყობა ისეთივე ექნება მეწარმეებს, როგორიც დედაქალაქში აქვთ.

“საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი თავმოყრილია არის თბილისში. სწორედ ამის გამო, მცირე და საშუალო ბიზნესის განითარებაც დედაქალაქში ხდება. რეალურად ქვეყანაში არ არის შექმნილი ისეთი ფონი, რომ რეგიონებში გადანაწილდეს სამუშაო ძალა. ნაცვლად იმისა, რომ ბიზნესი განვავითაროდ სოფლად, პირიქით, დედაქალაქში მიდის პროცესი და ცდილობენ აქ დაიმკვიდრონ ადგილი. საჭიროა, ამოქმედდეს ადგილობრივი რესურსები სოფლად. ასევე მიზნობრივად განხორციელდეს ინვესტიციები. რეალურად კი ასეთი ნაბიჯები, ძირითადად, თბილისსა და ბათუმში იდგმება. აუცილებელია სხვადასხვა სახის გრანტები, ახალი საწარმოები გახსნა, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის ამ მხრივ განვითარებას. ეს არ არის ერთი და ორი დღის საკითხი. საშუალო და მცირე ბიზნესის რეგიონებში გასვლას გარკვეული პერიოდი სჭირდება”, – განუცხადა “რეზონანსს” ავთანდილ სილაგაძემ.

„რეზონანსი“, 25 ნოემბერი, 2016 წელი

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საკუთარ პროგნოზებში გაიხლართა

„საქართველომ სავალუტო ფონდს კარი უნდა მიუხუროს და კეთილად დაემშვიდობოს

მარი ჩიტაია

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეცვალა და ამით კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების შესახებ არასწორი ინფორმაცია აქვს. მშპ-ს მაჩვენებლის წარამარა ცვლით სავალუტო ფონდი აშკარად სასაცილო სიტუაციაში იგდებს თავს.

ჯერ კიდევ ოქტომბერში სსფ-მა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3,4%-მდე აიყვანა, რამდენიმე დღეში კი ქვეყანას ახალი ნიშნული დაუდგინა და არსებული მაჩვენებელი 2,7%-მდე დაიყვანა.

ფაქტობრივად, სავალუტო ფონდი მარჩიელობს, როდესაც საკუთარ პროგნოზს ასე წამდაუწუმ ცვლის. უცნობია, რა შეიცვალა ნოემბერში, ან რამ განაპირობა წინა თვის ოპტიმისტური მაჩვენებელი, რომლის მიმართაც ქართველი სპეციალისტები იმთავითვე სკეპტიკუარდ იყვნენ განწყობილნი. ფაქტია, რომ ეს რეალობას აცდენილი გათვლაა, რომელშიც ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობები არასწორად აისახება.

სსფ-მა 2017 წელს მშპ-ის რეალური ზრდის მაჩვენებელიც შეცვალა და 4%-მდე ჩამოსწია, ნაცვლად მანამდე ნავარაუდევი 5,2%-ისა. ინფლაცია კი მიზნობრივი 5 პროცენტის ნაცვლად, ფონდის აზრით, წელს 2 პროცენტის ფარგლებში იქნება, გაისად კი 3 პროცენტი. პროგნოზის ცვლილების მიზეზებზე სსფ-ს დასკვნაში დეტალურად არფერია ნათქვამი.

ფონდის ინფორმაციით, ქვეყნის ხელისულება გეგმავს კომპლექსურ სტრუქტურულ რეფორმებს, მათ შორის შიდა დანაზოგების მობილიზაციას, ეკონომიკის დივერსიფიკაციასა და ქვეყნის ეკონომიკაში ლარის მოხმარების გაზრდას.

სავალუტო ფონდის მხრიდან საპროგნოზო მაჩვენებლების შეცვლას სპეციალისტების მხრიდან არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოჰყვა. ეკონომისტების ერთი ნაწილი აცხადებს, რომ დროა, სავალუტო ფონდს ქართულმა სახელმწიფომ კარი მიუხუროს, რასაც ეკონომისტების მეორე ნაწილი არ იზიარებს და სსფ-ს ქვყნისთვის საჭირო ორგანიზაციად განიხილავს.

“ახალი ეკონომიკური სკოლის” დამფუძნებელი პაატა შეშელიძე აცხადებს, რომ სავალუტო ფონდის პროგნოზს არ ენდობა და არც ოდესმე ყოფილა ამ ორგანიზაციის მიმართ დადებითად განწყობილი, რისი საფუძველიც თავად სავალუტო ფონდის საქმიანობაა.

„სსფ ნდობას არ იმსახურებს. ამის საბაბს მაძლევს ის, რომ ორგანიზაციის ანალიტიკოსებს შეუძლიათ, ყოველთვის შეცვალონ დამოკიდებულება, როცა კი მოესურვებათ; არ აქვთ უნარი სწორად განჭვრიტონ მომავალი; არასდროს აქვთ ადეკვატური შემოთავაზება; პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ თავიანთ საქმიანობაზე მაშინაც კი, როცა რეკომენდაციებს იძლევიან და საპირისპირო შედეგს იღებენ. ჩემი აზრით, ისეთი ორგანიზაცია, რომელიც პასუხს არ აგებს თავის ქმედებაზე, არ უნდა გაიკარო. ეს ისეთივე რამაა, დაიქირავო ადვოკატი, რომელიც არ გემსახურებათ. ზუსტად 16 წლის წინ ვამბობდი და ვწერდი კიდეც “რეზონანსში”, რომ სავალუტო ფონდი და მსგავსი ინსტიტუტები თავიანთ ქმედებებზე პასუხს არ აგებენ. მთლიანობაში, სსფ გამოდის ბიუროკრატიული ქსელი, რომელიც პასუხს არ აგებს დანახარჯზე, თვითონ იღებს შემოსავალს და არ ცდილობს საქმე გამოსწორდეს. საქართველოს ძალიან კარგი გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული 2008 წელს, როცა სავალუტო ფონდი გაძევებული იყო ქვეყნიდან, თუმცა მოხდა აგვისტოს ომი და სსფ დარჩა ქვეყანაში”, – აცახდებს პაატა შეშელიძე და დასძენს, რომ ფონდის პროგნოზი ეკონომიკური პროცესის ასახვის ნაცვლად, კონკრეტულ ამოცანებზეა მორგებული.

“ერთადერთი შემთხვევა მახსოვს, როცა სავალუტო ფონდის საქმიანობა საქართველოში პოზიტიური იყო. ეს იყო, როცა ლარი შემოიღეს, მაგრამ არც მისგან და არც საქართველოს მხრიდან არ იყო შემოთავაზებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკის უკეთესი მოდელი, ვიდრე დღეს გვაქვს. ვფიქრობ, გაცვლითი კურსის გარანტიები რომ შემოეღოთ, დღეს სხვა რეალობის წინაშე აღმოვჩნდებოდით. დამოკიდებული ვართ სტერეოტიპებზე და ჩარჩენილი ვართ წარსულში.

მახსოვს ისეთი შემთხვევაც: უნივერსიტეტში გამართულ ერთ-ერთ კონფერენციაზე (რამდენიმე წლის წინ) სავალუტო ფონდის ერთ-ერთი წარმომადგენლის გვერდით აღმოვჩნდი. მან თქვა, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპის განსაზღვრისას ყველაფერს შეუთანხმდნენ საქართველოს მთავრობას, რამაც მაშინ ძალიან გამაოცა. რატომ უნდა შეთანხმდნენ, როცა ეკონომიკური ზრდა ანალიზის შედეგია. სსფ-ს საქმიანობა რეალურად არის არა ეკონომიკური მოვლენის ამსახველი, არამედ კონკრეტულ ამოცანებზე მორგებული, რის წინააღმდეგიც ვარ. ჩემი აზრით, ქვეყანამ სავალუტო ფონდს კარი უნდა მიუხუროს და კეთილად დაემშვიდობოს. სამომავლოდ, თუკი ვინმე ამ ორგანიზაციიდან მოგვეწონება, ინდივიდუალურად დავიქირავოთ”, – აცხადებს პაატა შეშელიძე.

საპირისპირო მოსაზრებისაა ანალიტიკოსი გიორგი ღაღანიძე, რომელიც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის მოსაზრებას ეთანხმება, მაგრამ აქვე მიუთითებს იმ პრობლემაზე, რაც ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას აფერხებს.

“ეკონომიკური საკითხის პოლიტიზირება, როგორც წესი, საქმეს აფუჭებს. ყველაზე მთავარი პრობლემა ისაა, რომ სინამდვილეს ვერ ვუსწორებთ თვალს. რეალური სტიმული ეკონომიკური ზრდისთვის საკმაოდ შესუსტდა. გარე ბაზრებზე ცუდი ტენდენციაა, ნედლეულის ექსპორტით ვართ დაკავებული და მაქსიმალურად ჩამოვეკიდეთ საერთაშორისო ფასებს. სერიოზული გარღვევა და წინსვლა არც შიდა ბაზრებზეა. ახლა უნდა მოვძებნოთ სწორი ხედვა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ სტაბილური ეკონომიკის ზრდა დაიწყოს.

პატარა ქვეყანამ ეკონომიკური წინსვლისთვის უნდა ეძებოს საგარეო სტიმული, ანუ მომსახურების და საქონლის ექსპორტი უნდა გავზარდოთ. სხვათა შორის, მომსახურების ექსპორტში წლების განმავლობაში გვაქვს დადებითი სალდო. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ტურიზმი, მაგრამ სხვა მხრივაც გვაქვს შესაძლებლობა და ამაზეც უნდა დავფიქრდეთ”, – აცხადებს გიორგი ღაღანიძე.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის მერაბ ჯანიაშვილის შეფასებით, სავალუტო ფონდის ბოლო პროგნოზი რეალობასთან უფრო ახლოსაა და გაცილებით სწორად ასახავს საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს, ვიდრე ეს წინა თვეში იწინასწარმეტყველა.

“როგორც იქნა, სსფ მიხვდა, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა 3%-ზე დაბალია. სავარაუდოდ, მთავრობაც შეასწორებს თავის მაჩვენებელს ან იტყვის, რომ გეგმა ვერ განახორციელა. ფაქტია, რომ ძალიან ცუდი პროგნოზია, რეალურზე დაბალი მაჩვენებელი გვაქვს, წინ ვერ მივდივართ. ასეთი ეკონომიკური ზრდით ვერ განვითარდებით და ამას უკვე მთავრობის წარმომადგენლებიც აღიარებენ. ოქტომბერში, როცა სსფ გამოივდა და ოპტიმისტური მაჩვენებელი შემოგვთავაზა, მაშინვე გადაჭარბებულად მივიჩნიე. ვფიქრობდი კიდეც, რომ წლის ბოლომდე აუცილებლად შესაცვლელი იქნებოდა მშპ-ს პროგნოზი. 9 თვის მონაცემით, ეკონომიკური ზრდა 2,6%-ია. შეიძლება მოხერხდეს, რომ ეს მაჩვენებელი მაქსიმუმ 2,7%-ზე ავიდეს. რეალურად არანაირი ეკონომიკური ძვრის ნიშნები არ არის. ამიტომ არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ დასახელებული ციფრი უკეთესობისკენ შეიცვლება”, – ამბობს მერაბ ჯანიაშვილი.

Comments are closed