globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 25 დეკემბერი, 2014 წელი

Posted by Globalresearch on Dec 25th, 2014 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.


„საქართველო და მსოფლიო“: ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება დაიწყო “შალახოთი” და დამთავრდა “განდაგანათი”!


„ახალი თაობა“: ინტერვიუ მამუკა გიორგაძესთან: თვალსაზრისი საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ

„რეზონანსი“: ზურაბ აბაშიძე ეჭვობს, რომ თავდაცვის სამინისტროს განცხადება პრემიერთან იყო შეთანხმებული

————————

„საქართველო და მსოფლიო“, 25 დეკემბერი, 2014 წელი
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება დაიწყო “შალახოთი” და დამთავრდა “განდაგანათი”!
ნანა დევდარიანი
(შემოკლებით)
2014 წელი იწურება. საუკუნეზე მეტი გავიდა, მაგრამ ილიას “რა გითხრათ, რით გაგახაროთ” და “ასის წლის წინათ” კვლავაც აქტუალურია. თითქოს საუკუნეზე მეტი არ გასულიყოს, ჩვენ ისევ იქ ვართ და ისევ გამოგონილ ქარის წისქვილებს ვეომებით, რეალურ საფრთხეებს კი მორჩილად ვკენკავთ. არც დღეს ვიცით, რამ უნდა გადაგვარჩინოს და, ებრაული წყევლისა არ იყოს, “ჩვენი არ ვიცით და სხვისი არ გვეყურება”!
სხვა ვითარებაში ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმება, შესაძლოა, მართლაც წლის მოვლენა ყოფილიყო, რომ არა ერთი მაგრამ… შეთანხმების რატიფიცირებას ძებნილი ექსპრეზიდენტი დაესწრო და დამსახურებაც მიიწერა. მანამდე ჩვეული სიცრუით იყელყელავა – ორი კვირაა, ვეხვეწები ევროპარლამენტარებს, რატიფიკაციას მისცენ ხმაო! თითქოს მისი ხვეწნა რომ არა, რატიფიკაცია არ მოხდებოდა! თუმცა არც ეს არის მთავარი; ყველაზე შეურაცხმყოფელი პირველ რიგში მისი ჯდომა იყო (მოქმედი პრეზიდენტი ამალით უკანა რიგში იჯდა). პრაქტიკულად, ეს ევროპარლამენტის დემარში იყო ქართველი ხალხის წინაშე – დაახლოებით იგივე, რომ ეთქვათ: “არ გვაინტერესებს არც თქვენი არჩევანი, არც თქვენი განწყობა, ეს ჩვენი მამაძაღლია და დღევანდელ თქვენს ხელისუფლებაზე წინ მას ვაყენებთ!”
არ ტყუის ნინო ბურჯანაძე, როცა ამბობს, რომ ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ღირსებას ვერ დაიცავს, საკუთარი ხალხისა და სახელმწიფოს დამცველად ვერ ივარგებს! ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება კი, როგორც დაიწყო “შალახოთი”, ისე დამთავრდა ზემოთ აღწერილი “განდაგანათი”!
წლის მოვლენა ირაკლი ალასანიას მოხსნაც შეიძლებოდა გამხდარიყო, რომ არა კარის გაჯახუნების სურვილი, რომელმაც ისეთივე შთაბეჭდილება მოახდინა, როგორც ფუჭმა გასროლამ – საკითხის გლობალურ ჭრილში გადაყვანის მცდელობის სახით. ცუდია, როცა თავდაცვის მინისტრის გასროლა ფუჭია, მაგრამ ამაზე უარესია, რომ ყოფილი მთავარსარდალი ქართველ მეომრებს ცხელ ომში ეპატიჟება. კიდევ უფრო უარესი, როცა დაღუპული მეომრის სისხლზე პოლიტიკური რევანშის აგებას ცდილობს. და სულ მთლად უარესია ქვეყნის ჩათრევა ძმათამკვლელ ომში, რისთვისაც სააკაშვილი ყველაფერს კადრულობს. რუსები და უკრაინელები, ადრე თუ გვიან, აუცილებლად შერიგდებიან, ან უკრაინა დაიშლება. საქართველოს, შესაძლოა, ვიღაცის ანგარიშით, საექსპორტო მინისტრები ჰყავს, მაგრამ 45-მილიონიან უკრაინას ქართველი მეომრები რომ არ სჭირდება, ეს ბავშვსაც კი ესმის. საზოგადოდ, ომი არ სჭირდება, მაგრამ უკრაინის ხელისუფლება ჯიუტად იმეორებს იმ შეცდომებს, რომლებიც საქართველომ ბოლო 23 წლის განმავლობაში დაუშვა.
უკრაინის დაუძინებელი “მეგობრები” კი რუსეთის დაშლას წინასწარმეტყველებენ და რუბლის ვარდნა უხარიათ. ლარის კურსის დაცემის მიზეზს ყველგან ეძებენ, იმას კი არ დაგიდევენ, რომ რუსეთიდან გადმორიცხვების რაოდენობამ კატასტროფულად იკლო, არადა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ბედი (ხელისუფლება-ოპოზიციის გარდა) სწორედ ამ თანხებზეა ჩამოკიდებული. სასაცილოა, რომ რუსეთის დაშლაზე სააკაშვილი ლაპარაკობს, რომელმაც საკუთარი ქვეყანა დაშალა და ახლა უკრაინის დანაწევრებას უწყობს ხელს.
(…)
მაინც რა იყო ამ წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენა?
“ისლამური სახელმწიფოს” შექმნა, სირიის მოვლენები, უკრაინის კრიზისი ჩვენში ბევრ მოქალაქეს კი არა, ექსპერტსაც არ მიაჩნია საქართველოზე გავლენის მქონედ. სინამდვილეში ეს ყველაფერი ჩვენგან ძალიან ახლოს ხდება და შიგაპოლიტიკური საფრთხეების გარდა, გარედან ტერორიზმის შემოდინების რეალურ საფრთხესაც შეიცავს.
სააკაშვილის მიერ მორღვეული საზღვრების გაკონტროლება ახალმა ხელისუფლებამ სავიზო რეჟიმის გამკაცრებით სცადა. შედეგი ის არის, რომ, მაგალითად, ირანიდან უკვე შემოსული და მოსალოდნელი მილიარდობით ინვესტიცია გაიყინა. ადამიანები, რომელთაც საქართველოში უძრავი ქონება და ბიზნესი აქვთ, ვიზას ვერ იღებენ, საქართველოს საელჩო ირანში პასუხსაც არ აძლევს მათ. შეგახსენებთ, ეს ის სახელმწიფოა, სადაც ქართველებმა 400 წლის განმავლობაში შეინარჩუნეს ენა და ადათი. სხვა რომ არაფერი იყოს, მხოლოდ მათი ფაქტორის გამო არ უნდა ჰქონდეს ქართულ სახელმწიფოს ამგვარი მიდგომა. სამაგიეროდ, თურქეთი აქეთ გვიმკაცრებს სავიზო პოლიტიკას და აჭარის გარდა, თბილისშიც იგრძნობა მისი ბიზნესინტერესების მომძლავრება!
დასაწყისში ილია ვახსენე. თითქოს არც გასულიყოს საუკუნე: “ხმლიანმა მტერმა ვერ დაგვათმობინა, ვერ წაგვართვა ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ქვეყანა. ხმლიანს მტერს გავუძელით, გადავრჩით, ქვეყანა და სახელი შევინახეთ, სახსენებელი არ ამოვიკვეთეთ, შევირჩინეთ, საქოლავი არავის ავაგებინეთ. ხმლით მოსეულმა ვერა დაგვაკლო-რა. შრომით და გარჯით, ცოდნით და ხერხით მოსული კი თან გაგვიტანს, ფეხ-ქვეშიდან მიწას გამოგვაცლის, სახელს გაგვიქრობს, გაგვწყვეტს. სახსენებელი ქართველისა ამოიკვეთება და ჩვენს მშვენიერს ქვეყანას, როგორც უპატრონო საყდარს, სხვანი დაეპატრონებიან. შრომასა და გარჯას, ცოდნასა და ხერხს ვერავინ-ღა გაუძლებს, თუ შრომა და გარჯა, ცოდნა და ხერხი წინ არ მივაგებეთ, წინ არ დავახვედრეთ, წინ არ დავუყენეთ. ვართ კი ყოველ ამისთვის მზად? ან გვეტყობა რაშიმე, რომ ყოველივე ეს ვიცით და ვემზადებით?.. რა გითხრათ? რით გაგახაროთ?”
რომ არ ვიცით და არც ვემზადებით, ეს ცხადია. ჩვენს თვალწინ იცვლება გეოპოლიტიკური რეალობა, ჩვენი პოლიტიკური კლასი კი დაზეპირებული ფორმულებით ცდილობს, ფონს გავიდეს. 1 დეკემბერს თურქეთში ვიზიტისას რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ წყვეტს “სამხრეთის ნაკადის” მშენებლობას და გაზს თურქეთს მიაწვდის. როგორც კი ამ ახალი გაზსადენის შესახებ გახდა ცნობილი, ბულგარეთმა, რომელიც მუდმივად ხელს უშლიდა “სამხრეთის ნაკადის” პროექტის განხორციელებას, განგაშის ზარებს შემოჰკრა. ევროპაც ერთობ შეშფოთდა. საქართველოში არავის ამოუღია ხმა “გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერის გარდა. ბურჯანაძემ განაცხადა: მივმართავ მთავრობას: გამოიყენოს ეს ისტორიული შანსი და შესთავაზოს რუსეთს და თურქეთს საქართველოს ტერიტორიაზე გაზსადენის გაყვანა!
ყველა ის პოლიტიკოსი, ვისაც ესმის პოლიტიკა და არ ასრულებს დაკვეთას გარედან, მიხვდება, რომ ეს ინიციატივა ემსახურება მხოლოდ ქართული ინტერესების უზრუნველყოფას”.
რა მოჰყვა ამ ინიციატივას? მთავრობის დუმილი და საპარლამენტო უმრავლესობის თვალსაჩინო წარმომადგენლის, გიორგი ვოლსკის სკანდალური განცხადება: “საერთოდ ნებისმიერი ეკონომიკური, მითუმეტეს მასშტაბური პროექტის განხორცილებაზე, პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, სფეროს ანალიზია, მოპოვებისა და ტრანზიტის სფეროში როგორ პოლიტიკას ატარებს მსოფლიო, ევროკავშირი, აშშ, მათ შორის, რუსეთი და მისი მიზანშეწონილების თაობაზე პროფესიონალური შეფასების გაკეთება სრული ანალიზის საფუძველზე შეიძლება. მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია პოლიტიკური კონიუნქტურის გაანალიზებაც. თუ საქართველო, როგორც ქალბატონი ნინო ამბობს, ამ საკითხს დააყენებს, უნდა აღინიშნოს, რომ მისი მხარდაჭერით ან წინააღმდეგობით ასეთი თემები არ წყდება. ასეთი საკითხები სულ სხვა დონეზე განიხილება და წარმოადგენს გაცილებით უფრო მაღალი ლეგიტიმურობის სტრუქტურების პოლიტიკის თემას, ვიდრე ვთქვათ, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია და თუნდაც მთავრობის გადაწყვეტილება”.
ერთი სიტყვით, ხელისუფლების წარმომადგენელი აღიარებს, რომ საქართველო აღარ არის სუვერენული სახელმწიფო, მისი ბედი სხვაგან – “გაცილებით უფრო მაღალი ლეგიტიმურობის სტრუქტურებში” წყდება!
მაშინ აღარც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ რატიფიკაციის ცერემონიას ძებნილი სააკაშვილი ესწრება და არც ის, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე დასავლელმა მეგობრებმა “ნაციონალების” შარშანწინდელი 40 პროცენტიც არ გვაკმარონ!
2014 წლის მოვლენა უთუოდ არის მკვდრეთით აღდგენილი “ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც ისე მოიყვანა ფერზე “ქართულმა ოცნებამ”, რომ ობოლისა და გამზრდელის ანდაზისა არ იყოს, იქით ერჩის და ემართლება! მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც საქართველოში არ ჩამოესვლება, ყოყოჩად აცხადებს: “რაში მჭირდება მე პოლიტიკური თავშესაფარი?! ხომ ხედავთ, რომ ყველა ქვეყანაში დიდი სიამოვნებით მიღებენ. ამერიკაში ძალიან კარგად მიღებენ და ამერიკის რეაქციები ნახეთ. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში კარგად მიღებენ”.
ამ “პოლიტიკურად მიუსაფარს” კი იღებენ, მაგრამ საქართველოს რომ არც ნატოში მიიღებენ და არც ევროკავშირში, ეს უკვე ცხადია. საერთოდაც, იქნებ სჯობდეს, ამ გაერთიანებებში პერსონალურად _ სურვილის მიხედვით გაწევრდნენ პოლიტიკოსები? ქართველი ხალხი იმ მიმართულებით დიდი იმედით რომ არ იყურება, ეს ბოლო კვლევებმაც აჩვენა. დღეს რომ პლებისციტი ტარდებოდეს, ნატოში გაწევრებას მოსახლეობის ნახევარზე ნაკლები დაუჭერდა მხარს.
წლის ბოლოა და პოზიტივიც უნდა დავინახოთ: ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევა, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა, რუსეთის ბაზრის გახსნა ქართული პროდუქციისთვის და, რაც მთავარია, თავისუფლება სახელმწიფოს ტერორისგან! ესეც იყო და ამას ბევრი რამის გადაწონვა შეუძლია. თუმცა “ნაციონალები” ახლა თუ მთელ ქვეყანას ვერა, “ქართულ ოცნებას” მაინც ატერორებენ და ნაბიჯის გადადგმის საშუალებას არ აძლევენ. ოთხჯერ იყო წინადადება რუსეთის ხელმძღვანელობისგან უმაღლეს დონეზე შეხვედრისთვის მზადყოფნის შესახებ, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ისე იქცევა, თითქოს ჩვენ გვქონდეს მისაკუთრებული სტავროპოლის და კრასნოდარის მხარეები!
დუმილმა ის მოიტანა, რომ აფხაზეთთან უკვე გაფორმდა ხელშეკრულება, რიგში სამხრეთ ოსეთია (სააკაშვილმა კვლავ დააკანონა ეს სახელწოდება “ზემო აფხაზეთად” გამოცხადებულ კოდორის ხეობასთან ერთად) და მისი ინტეგრაცია რუსეთთან უფრო მჭიდრო რომ იქნება, ცხადია.
ამ ვითარებაში (რომლის შემოქმედიც სწორედ სააკაშვილია, ხოლო მისი პარტია დღევანდელ ხელისუფლებას ადანაშაულებს) ინიციატივა სწორედ ჩვენგან უნდა მოდიოდეს, რადგან ჩვენ გვაქვს ქვეყანა გასამთლიანებელი! პარადოქსული სიტუაციაა: საშინაო პოლიტიკის საკითხებში მუდმივად “ნაციონალები” არიან პროცესის ინიციატორები, “ქართული ოცნება” კი მოპასუხის როლშია, საგარეო პოლიტიკაში კი ვერც სხვის ინიციატივას ეხმაურება ოპოზიციაში მყოფი “ნაცმოძრაობის” შიშით. არადა, პირიქით უნდა იყოს: მოპასუხის როლში და თავის მართლების რეჟიმში სწორედ სააკაშვილი და მისი თანაპარტიელები უნდა იყვნენ! 2015 წელს მაინც აღადგინეთ სამართლიანობა!

„ახალი თაობა“, 24 დეკემბერი, 2014 წელი
ინტერვიუ მამუკა გიორგაძესთან: თვალსაზრისი საქართველოს საგარეო პოლიტიკის სესახებ
ინტერვიუში სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საგარეო პოლიტიკის შუქ-ჩრდილებზეც საუბრობს.
გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან.
- ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლების საგარეოპოლიტიკური ნაბიჯები საკმაოდ უარყოფითად ფასდება. ამის მიუხედავად, უკვე რატიფიცირებულია ევროკავშირთად დადებული ასოცირების ხელშეკრულება. რა შეგიძლიათ თქვათ ხელისუფლების დასავლეთთან ურთიერთობაზე?
- ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა უფრო ჩვენი დასავლელი მეგობრობის აქტიურობის შედეგია, ვიდრე ქართული პოლიტიკის ლოგიკური ნაბიჯი. მათ პარაფირებისა და ხელმოწერის ვადები გადმოგვიწიეს, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ სესაძლებელია საქართველო კიდევ ერთხელ შეიძლება თავისი განვითარების გზიდან გადავიდეს და გაუთვლელ-გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგად კვლავ აღმოჩნდეს აღმოსავლური ტირანიის დახურულ სივრცეში. ეს არამარტო იმას ეხება, რომ საქართველო რუსული პოლიტიკის გავლენის ქვეშ აღმოჩნდება, არამედ იმასაც, რომ საქართველოს მართვის ფორმები ბოლშევიკური იქნება, ერთი ადამიანის ან ერთი პარტიის ინტერესებზე აგებული… ასე საქართველოში დემოკრატიული მართვის პროცესი არ დამყარდება.
დასავლეთი ცდილობს გვაგრძნობინოს, რომ ჩვენთან ურთიერთობა უნდა. ისინი მზად არიან იმისთვისაც, რომ ჩვენ რაიმე განსხვავებული მოსაზრება თუ გვექნება, მოგვისმინონ. ისინი ჩვენში პარტნიორს ეძებენ, რომელიც გააზრებულად იქნება ევროპული ცივილიზებული პოლიტიკის მომხრე და რომელიც თავისი კერძო ინტერესების დაცვასაც შეძლებს. ევროკავშირმა ჩვენთან ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, დანარჩენი ჩვენზეა დამოკიდებული…
- ანუ დასავლეთმა დაინახა საფრთხე, რომ მსაქართველოს ხელისუფლებამ შეიძლება რუსული კურსი აიღოს და მიტომ დააჩქარაასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება?
- დასავლეთი ბოლო წლების განმავლობაში ამ საფრთხის შესახებ მიგვითითებს… ზოგჯერ მან თვითონ აგვარიდა ამ საფრთხეს, ზოგჯერ კი ჩვენ თვითონ ვუშვებთ შეცდომებს. რუსეთის გავლენის ქვეშ თუ აღმოვჩნდებით, ეს ნიშნავს, რომ საქართველოში გაგრძელდება მმართველობიუს ის ფორმა, რომელიც დღესაა დამკვიდრებული, ანუ კასტის კეთილდღეობაზე მორგებული პოლიტიკა… რა შეფასება უნდა მიეცეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებას, რომ საქართველო მზადა არის რუსეთის ლიდერთან შესახვედრად? თუ მზად არ ხარ, ხელისუფლებაში რატომ მოდიხარ? ასე თავიანთ თავს შიფრავენ. (…) როცა კაცი გეუბნება, შემხვდიო, შენც უნდა შეხვდე და პირდაპირ უნდა უთხრა სათქმელი. პრობლემა ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლება თავის პირად კეთილდღეობას საქართველოს განვითარებას უკავშირებს, ამიტომაც არ იცის როგორი გადაწყვეტილება მიიღოს, შესაბამისად, დარტყმის ქვეშ საქართველოს აყენებს. ამ ტიპის ხელისუფლებისათვის უფრო კომფორტულია რუსულ გარემოში იცხოვროს. იმიტომ, რომ ეს ხალხი უფრო ახლოს არის რუსულ ბიზნესთან, უფრო ახლოსაა ადამიანის უფლებების დარღვევებთან… შინაგანად ეს ხალხი რუსეთუმეები იმიტომ კი არ არიან, რომ იდეოლოგიურად რუსეთისაკენ გაურბით თვალი, არამედ იმიტომ, რომ საბჭოთა მმართველობის სტილში უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს…“.

„რეზონანსი“, 25 დეკემბერი, 2014 წელი
ზურაბ აბაშიძე ეჭვობს, რომ თავდაცვის სამინისტროს განცხადება პრემიერთან იყო შეთანხმებული
ინტერვიუში საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზურაბ აბაშიძე საუბრობს თავდაცვის სამინისტროს იმ განცხადების შესახებ, რომელიც უკრაინაში დაღუპული ქართველი მოხალისის დაღუპვას ეხება და მას ნეგატიურ შეფასებას აძლევს. მისი აზრით, მინისტრმა პასუხი უნდა აგოს, ხოლო თუ მთავრობის ხელმძღვანელთან იყო შეთანხმებული, მაშინ ორივე ერთადაა პასუხისმგებელი. ზურაბ აბაშიძე ეხება აგრეთვე მინდია ჯანელიძის შესახებ ზოგიერთ სკანდალურ ცნობას.
(…)
შეკითხვა: როდესაც ირაკლი ალასანია მინისტრობიდან მოხსნეს, ამჟამინდელ თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძესთან დაკავშირებით ერთი სკანდალური ცნობაც გაჩნდა, თითქოს მან ირაკლი ალასანიას საფრანგეთში დაურეკა და ითხოვდა, რომ მას ერთ-ერთ ხელშეკრულებაზე ხელი არ მოეწერა. მაშინ ირაკლი ალასანიამ ეს ინფორმაცია არც უარტყო და არც დაადასტურა…
ზურაბ აბაშიძე: ვიზიტის დროს რა მოხდა, ამის თაობაზე მე საქმის კურსში არ ვარ და თუ საჭიროდ ცათვლის, ამაზე თვითონ ირაკლი ალასანია გააკეთებს განცხადებას. ჩვენ არ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც სახელმწიფოსათვის ზიანის მიმყენებელ განცხადებას აკეთებს. ჩვენ თუ კონკრეტული სამხილები გვექნება, ყველაფერს ვიტყვით. მე განცხადებასთან დაკავშირებით მხოლოდ ჩემი ეჭვები გამოვთქვი. ღმერთმა დაიფაროს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრი რუსული ინტერესების გამტარებელი იყოს, ეს ტრაგედია იქნება.

Comments are closed