globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 25 დეკემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Dec 25th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი“: განტევების ვაცი: „ბიძინა ივანიშვილმა ჯოხი ირაკლი ღარიბაშვილზე გადატეხა”

რეზონანსი“: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ირაკლი ღარიბაშვილის მოსვლაცა და წასვლაც ერთი დიდი გაუგებრობა იყო”

რეზონანსი“: ინტერვიუ ხათუნა ლაგაზიძესთან: “არჩევნებამდე ასეთი პრემიერით მისვლა, “ოცნებისთვის” ძალიან დიდ რისკს წარმოადგენდა”

რეზონანსი“: სწორია თუ არა ეკონომიკური ბლოკის მინისტრების შეცვლა? // „ირაკლი ღარიბაშვილიც და ნოდარ ხადურიც მიზანში ამოიღეს მათი ხისტი და უკომპრომისო დამოკიდებულების გამო”

„ალია“: წაქცეულს აღარ ურტყამენო, „რესპუბლიკელებს“ აშკარად არ გაუგიათ… // რატომ გადაეკიდა ლევან ბერძენიშვილი ექსპრემიერს და რა თანამდებობას უმიზნებს?

„ალია“: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: რატომ გამოჩნდნენ ღარიბაშვილი და ივანიშვილი ერთად და რას საუბრობენ ხელისუფლების კულუარებში?

ახალი თაობა“: ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „ირაკლი ღარიბაშვილი შეიძლება საარჩევნო სიის პირველი ნომერი გახდეს“

ახალი თაობა“: ინტერვიუ არჩილ გამზარდიასთან: „პრემიერის შეცვლა დიდი ხანი მზადდებოდა… ლოგიკურია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი საარჩევნო სიის პირველ ნომრად ვიხილოთ“

ახალი თაობა“: ინტერვიუ დავით დარჩიაშვილთან: „გიორგი კვირიკაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე ბევრად ადეკვატურია“

ახალი თაობა“: ინტერვიუ მანუჩარ მაჩაიძესთან: „პრემიერის გადადგომა შეუსრულებელ დაპირებებს მოჰყვა“

ახალი თაობა“: ინტერვიუ ზაალ კასრელიშვილთან: რატომ აფარებს საქართველოს ხელისუფლება ხელს რუსულ „ისკანდერებს“

რეზონანსი“: ლარმა მორიგ წნეხს გაუძლო! // პროგნოზი: ერთი თვის განმავლობაში კურსი 2,4-ის დონეზე შენარჩუნდება

—————————-

რეზონანსი“, 25 დეკემბერი, 2015 წელი

განტევების ვაცი: „ბიძინა ივანიშვილმა ჯოხი ირაკლი ღარიბაშვილზე გადატეხა

თაკო მათეშვილი

პარტიის “რებრენდინგი”, წინასაარჩევნოდ მზადება, დაპირისპირება, კოალიციის დაბალი რეიტინგის გამოსწორება, წარუმატებლობის გამო გაწირვა – ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრისას ზემოჩამოთვლილი ვარიანტები ყველაზე აქტუალური და პოპულარულია.

პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ კოალიციამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადება უკვე დაიწყო და პირველი, რაც გააკეთა ის იყო, რომ მთელი თავისი წარუმატებლობისათვის პასუხისმგებლობა მთავრობის მეთაურს აჰკიდა და თანამდებობიდან გაუშვა. ამით საზოგადოებას გაუგზავნა მესიჯი, რომ პარტიაში სიახლეებია და არჩევნების შემდგომ დაპირებების ასრულებას ახალი გუნდითა და შემართებით შუდგებიან.ყველა, ვისაც “რეზონანსი” ამ თემაზე ესაუბრა, დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილების უკან ბიძინა ივანიშვილი დგას. რომ ღარიბაშვილის წასვლა მისი სტრატეგიული სვლა იყო, რადგან წინასაარჩევნოდ საკუთარი გუნდის იმიჯზე ზრუნავს. არც იმას გამორიცხავენ, რომ “რებრენდინგის” გარდა გარკვეული როლი, შესაძლოა, პირადმა უთანხმოებამაც ითამაშა.

მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას 23 დეკემბრის საღამოს ამცნო. მან მადლობა გადაუხადა ოჯახს, თუმცა გადაწყვეტილების მიზეზის შესახებ არაფერი უთქვამს. შესაბამისად, პრესკონფერენციის შემდეგ მთავარი კითხვა, რომელიც ქვეყანაში ტრიალებს შემდეგია – რატომ წავიდა ღარიბაშვილი?

პოლიტოლოგები რამდენიმე შესაძლო მიზეზზე საუბრობენ, თუმცა, პირველ რიგში, მაინც წინასაარჩევნოდ პარტიის იმიჯის ფორმირების მცდელობას ასახელებენ.

პოლიტოლოგი გია ნოდია ამბობს, რომ არჩევნებამდე 10 თვით ადრე “ქართული ოცნების” რეიტინგი საკმაოდ დაბალია. შესაბამისად, მისი აზრით, მმართველ გუნდში მიხვდნენ, რომ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა იყო საჭირო, რითაც საზოგადოებას დაარწმუნებდნენ, რომ მალე გარდატეხა მოხდება.

ამისათვის ყველაზე ბუნებრივი ნაბიჯი კი, ნოდიას თქმით, პრემიერ-მინისტრის გამოცვლა იყო. ამით საზოგადოების ნაწილს შეექმნება შთაბეჭდილება, რომ რაღაც შეიცვალა, სიახლე იქნება, ხელისუფლებას იმ იმედგაცრუებას აპატიებს, რომელიც ამ წლებში განიცადა და ახალი იმედებით აღივსება. იგი ვარაუდობს, რომ მთავრობაში სწორედ ასეთი გათვლა ჰქონდათ. “ამის გარდა, შესაძლოა ღარიბაშვილის მიმართ ივანიშვილს უკმაყოფილება ჰქონდა. შეიძლება რაღაც საკითხში იმედი გაუცრუა. გვახსოვს მისი საჯარო კრიტიკა ნათესავებისა და ახლობლების დანიშვნასთან დაკავშირებით. ეტყობა, ამით ღარიბაშვილის პოლიტიკური პოზიციები დასუსტდა”, – ამბობს გია ნოდია. იგი დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილება ღარიბაშვილს საკუთარი სურვილით არ მიუღია და ამბობს, რომ ამაზე ბევრი რამ მიანიშნებს. პირველ რიგში კი ის, რომ წასვლამდე მას მიზეზებზე არ უსაუბრია. მისი აზრით, არავის ეპარება ეჭვი, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო. “ცხადია ეს ივანიშვილმა გადაწყვიტა”, – აღნიშნავს გია ნოდია.

იგივე მოსაზრებას აფიქსირებს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძეც და ამბობს, რომ ღარიბაშვილს ივანიშვილთან კონსულტაციები აუცილებლად ექნებოდა. აქვე იმასაც იხსენებს, თუ როგორ გააკრიტიკა ივანიშვილმა ტელევიზიის ეთერში ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე ხისტი გამოსვლის გამო. შესაბამისად, იგი არ გამორიცხავს, რომ ღარიბაშვილი ერთგვარ განტევების ვაცად გამოიყენეს და ყველა წარუმატებლობა და შეუსრულებელი დაპირება მას “დაბრალდა”.

“შეიქმნა ფონი, რომ ღარიბაშვილმა ივანიშვილის დაპირებები ვერ შეასრულა. ამ გადაწყვეტილებას კი წინ “ენდიაი”-ს კვლევები უძღოდა, რომელმაც აჩვენა, რომ მოსახლეობის მხოლოდ 13% თვლის, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება. შეაბამისად, ვფიქრობ ღარიბაშვილის გადადგომის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ხელისუფლების რეიტინგის ვარდნა იყო. ალბათ წასვლა თავად ივანიშვილმა ურჩია. კიდევ ერთი ვარიანტი ისაა, რომ შეიძლება ივანიშვილი მართლაც აპირებს პოლიტიკაში დაბრუნებას. თუ ეს ასე მოხდა, ბუნებრივია, პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებს, რიგითი მინისტრის თანამდებობას, რა თქმა უნდა, არ დასჯერდება,” – აღნიშნავს ნიკა ჩიტაძე..

მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს გადაწყვეტილების მიზეზები დაწვრილებით არ განუმარტავს, პოლიტოლოგი, პროფესორი იგორ კვესელავა ამბობს, რომ ყველაფერი ამის გარეშეც ნათელი იყო. მისი თქმით, ჩვენნაირ ქვეყნებში, არჩევნების წინ სამთავრობო ცვლილებები ყოველთვის ხდება. უმეტესწილად მინისტრების გადაადგილება მიდის, ზოგჯერ კი ეს პროცესი პრემიერ-მინისტრსაც ეხება.

იმის გათვალისწინებით, რომ “ქართული ოცნების” რეიტინგი “მანიცადამაინც არ ბრწყინავს”, ხოლო არჩევნები კი უკვე კარსაა მომდგარი და საზოგადოებას სჭირდება პასუხი კითხვაზე, თუ რატომ ვერ გაკეთდა ის, რა დაპირებებითაც კოალიცია ხელისუფლებაში მოვიდა, კვესელავა ამბობს, რომ მნიშვნელოვანი ცვლილება აუცილებელი იყო.

“ასე რომ, ამ შემთხვევაში ირაკლი ღარიბაშვილი განტევების ვაცია. გამოდის, რომ მან ყველაფერი საკუთარ თავზე აიღო. მიმაჩნია, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, რომელიც, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილმა მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ იგი ხელისუფლებიდან წავიდა, “ქართული ოცნების” დამფუძნებლად და ლიდერად რჩება. პასუხისმგებლობა აქვს აღებული და ამიტომ, ხელისუფლების საქმეებში ერევა. პასუხს საზოგადოება მას სთხოვს და ყოველთვის მას მოსთხოვს. შესაბამისად, ივანიშვილმა ეს გადაწყვეტილება მიიღო”, – აღნიშნავს იგორ კვესელავა და დასძენს, რომ ეს საარჩევნო ტექნოლოგიის ნაწილია და ჩვეულებრივ უნდა მივიღოთ. მისი აზრით, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ხელისუფლებაში ყველაფერი რიგზე არ იყო. კადრების პრობლემა ვერა და ვერ მოგვარდა. საგარეო საქმეთა და სხვა სამინისტროები ღირსეული კადრებით ვერ დაკომპლექტდა. არადა სწორედ ახლა, პოლიტოლოგის თქმით, ეს ყველაზე მეტადაა საჭირო, რადან საქართველო ურთულეს გეოპოლიტიკურ პირობებშია.

“საქართველოს მთავრობა ვერც ნეპოტიზმს ასცდა. მაინცადამაინც მეზობელი, ნათესავი და ნაცნობი უნდა იყოს, თანამდებობაზე რომ დაუძახონ და პოსტი ჩააბარონ. ამას ვერც ირაკლი ღარიბაშვილი გაექცა. საკადრო პოლიტიკა მის ერთ-ერთ სუსტ წერტილად მიმაჩნია. მისი გუბერნატორები, ზოგიერთი მინისტრი ძალიან სუსტი იყო და სწორედ ამიტომ დაიწყო კლება “ოცნების” რეიტინგმა. მისმა გარემოცვამ ამაში დიდი როლი ითამაშა. ვის უნდა დაბრალდეს ეს, თუ არა ღარიბაშვილს? სწორედ ამიტომ მიმაჩნია სწორად ის, რომ ღარიბაშვილმა ეს თავის თავზე აიღო. ივანიშვილმა ჯოხი ღარიბაშვილზე გადატეხა”, – აცხადებს იგორ კვესელავა.

რეზონანსი“, 25 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ირაკლი ღარიბაშვილის მოსვლაცა და წასვლაც ერთი დიდი გაუგებრობა იყო”

სალომე სარიშვილი

გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მიზეზი კომპლექსურია, რაც ხელისუფლების საგრძნობლად შელახულ რეიტინგსაც უკავშირდება. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ მმართველ ძალას ავტორიტეტის სტაბილიზაციის მიზნით ცვლილებები სჭირდებოდა და ამგვარი რებრენდინგით მთავრობა საზოგადოებაში ახალი მუხტის შექმნას შეეცდება.

პოლიტოლოგი მინისტრთა კაბინეტში შესაძლო მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას ნაკლებად ვარაუდობს, თუმცა ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში მაინცადამაინც დიდ სიახლეებს არ უნდა ველოდოთ, ვინაიდან მთავრობის უმთავრეს პრობლემად არასწორ მმართველობით მენეჯმენტს მიიჩნევს. გია ხუხაშვილის აზრით, ვიდრე მთავრობაში სისტემური ცვლილებები არ მოხდება, კონკრეტულ პერსონათა გადაადგილება შედეგის მომტანი ვერ იქნება.

„მოდით, ასევ ვთქვათ, რომ ეს საკითხი კომპლექსურია, რადგან აქ ერთ მიზეზზე საუბარი არ არის, მიზეზი ბევრი იყო. შესაძლოა, სუბიექტური მიზეზები გახდა ღარიბაშვილის გადაწყვეტილების კატალიზატორი, რომელიც ეტაპობრივად მწიფდებოდა. რაც შეეხება ობიექტურ მიზეზს, ეს გახლავთ ხელისუფლების რეიტინგი, რომელიც საარჩევნო პროცესში შესვლის პერიოდში, საგრძნობლად შელახულია. ბუნებრივია, ამ დროს აღმასრულებელი ხელისუფლება გარკვეულ ცვლილებებს საჭიროებს იმისათვის, რომ მისი ავტორიტეტის სტაბილიზაციის მცდელობა მაინც შეძლოს. ამ პროცესში ხელისუფლებას საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტთან ხიდების აგება სჭირდება, იქნება ეს სამოქალაქო სექტორი, თუ მოსახლეობა – იგივე პრეზიდენტის ინტიტუტთან თანამშრომლობის იმიტირება და ა.შ.

სამწუხაროდ, ირაკლი ღარიბაშვილს ბოლო პერიოდში ეს ხიდები დამწვარი ჰქონდა. რბილად რომ ვთქვათ, ჩვენ გვახსოვს მისი არაკორექტული გამოთქმები სამოქალაქო სექტორისა და სხვადასხვა სეგმენტების მიმართ, აგდებული დამოკიდებულება პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ, ეპითეტები, რომლითაც მან პრეზიდენტის ინსტიტუტი შეამკო და ძირგამომთხრელ საქმიანობაში დაადანაშაულა. მოკლედ რომ ვთქვათ, არ დატოვა არავინ, ვისაც ძალიან მძიმე ფორმით შეურაცხყოფა არ მიაყენა. შესაბამისად, მას რესურსი იმისა, რომ საზოგადოების მაკონსოლოდირებელი ელემენტი გამხდარიყო, ამოწურული ჰქონდა. ბუნებრივია, ეს მეორე ობიექტური მიზეზი იყო. ალბათ სუბიექტური მიზეზებიც იყო, თუმცა არ მინდა, ეს ყველაფერი ჭორაობას დაემსგავსოს და ვისაუბრო იმაზე, თუ რა გახდა საბოლოოდ ამ გადაწყვეტილების კატალიზატორი», – ამბობს გია ხუხაშვილი „რეზონანსთან“ საუბარში.

- თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, ყოფილი პრემიერ-მინისტრის განწყობა რამდენიმე დღის წინ სულ სხვაგვარი იყო. ღარიბაშვილმა საზოგადოებას მთავრობის მოღვაწეობის სამწლიანი ანგარიში წარუდგინა და მნიშვნელოვან რეფორმებზე ისაუბრა, მოულოდნელად კი, მისი თანაგუნდელებისთვისაც კი გასაკვირი გადაწყვეტილება მიიღო….

- ჩემი აზრით, ეს მისი შეცდომაა, რადგან მის გამოსვლაში ირაკლი ღარიბაშვილს შეეძლო პოლიტტექნოლოგიურად, სახის შენარჩუნებით გარკვეული ბმა გაეკეთებინა და მისი გადადგომის შესახებ 3-წლიანი ანგარიშის წარდგენის დროს ესაუბრა. იმ ბრიფინგით კი კიდევ ერთხელ გამოავლინა, რომ ის ძალიან სუსტი პოლიტიკოსი და ცუდი შემსრულებელი იყო. გაუგებარია, საერთოდ რატომ ჩატარდა ბრიფინგი, როცა არც მისი გადადგომის მიზეზზე და არც სამომავლო გეგმებზე არ უსაუბრია.

ისმის კითხვა: რა საჭირო იყო საერთოდ ეს ბრიფინგი? – უნდა დაესრულებინა და წასულიყო, თუმცა მან აბსოლუტურად არაფრის მთქმელი, პათეტიკური ტექსტი თქვა და წავიდა. შესაბამისად, ღარიბაშვილმა კითხვებს კი არ უპასუხა და სახე შეინარჩუნა, პირიქით, თავისი გამოსვლით უფრო მეტი კითხვები დაბადა და თანაგუნდელებიც უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა.

ვფიქრობ, როგორც მისი მოღვაწეობა იყო ერთი დიდი გაუგებრობა, ისეთივე იყო ფინალური ნაწილიც.

- ღარიბაშვილის მოულოდნელმა გადადგომამ საზოგადოებას ბევრი კითხვა გაუჩინა. მით უფრო იმ ფონზე, როცა მან ეს გადაწყვეტილება ყველას საკმაოდ მოკლე ვადაში გააცნო. გაჩნდა მოსაზრება, რომ მის გადადგომაში წვლილი ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა შეიტანა. თქვენ რას ფიქრობთ ამის თაობაზე?

- არ მინდა რაღაც შეთქმულების თეორიაში შევიდე, ის თვითონ გადადგა, თუმცა არსებობს ასეთი კვალიფიკაცია – თვითმკვლელობამდე მიყვანა, ამ შემთხვევაში შეიძლება გადადგომის გადაწყვეტილებამდე მიყვანა იყო, თუმცა ვინ მონაწილეობდა, რა ფორმით და გადაწყვეტილების ცენტრი სად იყო, ძნელი სათქმელია. ერთია, რომ ბიძინა ივანიშვილთან ის ამ თემაზე აუცილებლად ისაუბრებდა და ამაში ეჭვი არავის ეპარება. რეალურად, რამდენად დიდი იყო ბიძინა ივანიშვილის წვლილი, ამაზე საუბარი არ მგონია სწორი იყოს.

- აღნიშნეთ, რომ მთავრობას ამ პროცესში საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტებთან ხიდების აგება სჭირდება. როგორ ფიქრობთ, საბოლოო ჯამში რამდენად მომგებიანი იქნება ამგვარი რებრენდინგი თავად “ქართული ოცნებისთვის”?

- ამგვარი რებრენდინგი მომგებიანი “ქართული ოცნებისთვის” ყველაზე შემთხვევაში იქნება, თუმცა საკითხავია ხარისხობრივად რამდენად მომგებიანი. ხარისხი ამ მოგებისა, სულ სხვა საკითხია. ის, რომ კოალიციას ახალი მუხტის გაჩენის შესაძლებლობა ეძლევა, ამის თეორიული შანსი არსებობს, თუმცა რამდენად წარმატებული იქნება კოალიცია ამ შანსის გამოყენებაში, ეს გაურკვეველია. ამ კუთხით მაინცა და მაინც ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი არ ვარ, რადგან იმედგაცრუებული ამომრჩევლის დაბრუნება ხელისუფლებისთვის ძალიან ძნელია, მითუმეტეს მოკლე ვადებში. ხელისუფლების დაპირებასა და სიტყვას ახლა არავინ დაიჯერებს, რადგან მათგან მხოლოდ საქმე ელოდებიან. შესაბამისად, ეს სიახლე ცოტათი გააუმჯობესებს მდგომარეობას, თუმცა სისტემურად ცვლილებას ნაკლებად სავარაუდოა.

- გაჩნდა მოსაზრება, რომ ღარიბაშვილის გადადგომა წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირდება. რამდენად მოსალოდნელია ყოფილი პრემიერი საარჩევნო სიაში ვიხილოთ?

- ამის უარყოფა ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლების მხრიდან უკვე იყო. გარდა ამისა, ასე რომ ყოფილიყო, ღარიბაშვილისთვის მისივე სახის შენარჩუნების მიზნით, ლოგიკურად, ამაზე ბრიფინგზე უნდა ესაუბრა. მას რომ საარჩევნო კამპანიის მართვასა და სამუშაოს წარმოებაზე ელაპარაკა, ეთქვა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლებისა და აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობის შეთავსება რთულია და თანამდებობას ამიტომ ვტოვებო, ეს ძალიან კარგი შეფუთვა იქნებოდა. ის ამით სახესაც შეინარჩუნებდა და ლოგიკური ბმაც იქნებოდა, თუმცა რადგან მან ეს არ თქვა, ესე იგი, დღეის მდგომარეობით, ამ თემასთან დაკავშირებით რაღაც პრობლემებია.

- პრემიერ-მინისტრის შემცვლელთა კანდიდატურებზე რას ფიქრობთ? მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია საგარეო საქმეთა მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვაში მოიაზრება…

- როდესაც ბიძინა ივანიშვილმა თავის დროზე მინისტთა კაბინეტი შეადგინა, ბუნებრივია, უცხო ხალხს არ გაიყვანდა. მან თავისი კაბინეტი აირჩია იმ ადამიანებისგან, ვისაც იცნობდა, იცოდა მათი პოტენციალი და მეტ-ნაკლებად ენდობოდა. მერე მოხდა ისე, რომ ეს ადამიანები თანამდებობეზე დარჩნენ. ბუნებრივია, ახლა ვისზეც არ უნდა ვისაუბროთ, ბიძინა ივანიშვილთან გარკვეული კავშირი აქვს, ამიტომ ამაზე ძალიან პედალირება მაინცა და მაინც სწორად არ მიმაჩნია.

- მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებს თუ ვარაუდობთ?

- ზოგადად, არ მივიჩნევ, რომ პერსონალურ საკითხებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, პრობლემა სისტემურია და ეს მმართველობით მენეჯმენტს ეხება, რომლის რეფორმირებაცაა საჭირო. მნიშვნელოვანია მისი ეფექტურობის ამაღლება, გადაწყვეტილების მიღების უნარი, რაც ამ ხელისუფლებას არ ჰქონდა, ახლა ამოცანა სწორედ ამაში მდგომარეობს. თუ სისტემური ცვლილებები მართვის თვალსაზრისით განხორციელდა, პიროვნებასა და კონკრეტულ პერსონებს უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. ცხადია, თუ ალგორითმი სწორად დალაგდა. არ მგონია, მთავრობის შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდეს, ჩვენ გვაყვს ტექნიკური მთავრობა, რომლის შემადგენლობაშიც პოლიტიკური ფიგურები პრაქტიკულად არ გვყავს და შესაბამისად, რაც არ უნდა დიდი გადაადგილებები მოხდეს, ამით სისტემა არ შეიცვლება.

რეზონანსი“, 25 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ ხათუნა ლაგაზიძესთან: “არჩევნებამდე ასეთი პრემიერით მისვლა, “ოცნებისთვის” ძალიან დიდ რისკს წარმოადგენდა”

ელზა პაპოშვილი

ხათუნა ლაგაზიძე აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გადაყენება, დიდი ხანია გადაწყვეტილი იყო. მისი თქმით, ეს პროცესი რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულმა კვლევებმაც დააჩქარა, სადაც “ქართული ოცნების” რეიტინგი მნიშვნელოვნად იყო დაკლებული. პოლიტოლოგის აზრით, ამ მიზეზთან ერთად, უკვე ყოფილი პრემიერის მიერ თანამდებობის დატოვება, მოსამართლეების სკანდალმაც გამოიწვია, რადგანაც გირგვლიანის საქმის მოსამართლის, ლევან მურუსიძის მფარველობაში დაადანაშაულეს.

ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ღარიბაშვილს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში კანდიდატის სახით ვეღარ ვიხილავთ. რადგანაც წარუმატებელი პრემიერ-მინისტრის კვლავ პოლიტიკაში დატოვება თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება.

- რა გახდა ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მიზეზი და როგორ ფიქრობთ, თანამდებობა თავისი სურვილით დატოვა?

- დავიწყებ იქიდან, რომ ბოლო კვლევების მიხედვით, ხელისუფლების ძალიან დაბალი რეიტინგი დაფიქსირდა. ეს არჩევნებამდე 9 თვით ადრე, ხელისუფლების ერთგვარ განაჩენს ნიშნავს. ამიტომაც ჩაირთო თვითგადარჩენის ინსტინქტი და პირველი, რაც მას უნდა გაეკეთებინა, ეს იყო, რადიკალური საკადრო ცვლილებების განხორციელება. მიუხედავად იმისა, “ქართული ოცნება” ტვშ-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევების ობიექტურობას აღიარებს თუ არა, ალტერნატიულ კვლევებს რაც შეეხება, მათ ძალიან კარგად იციან, რომ რეიტინგი საკმაოდ შემცირებულია. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებისთვის ეს განგაშის ზარის ხმას ჰგავდა. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი კი ის არის, თუ რამ განაპირობა მათი რეიტინგის ასეთი რადიკალური ცვლილება? ამის მიზეზი მთავრობის საქმიანობის ნაკლებშედეგიანობა და რასაც აკეთებდნენ, იმის საზოგადოებამდე ვერმიტანა იყო. ირაკლი ღარიბაშვილის ხელისუფლებას, მოსახლეობასთან კომუნიკაცია და მათთან საერთო ენის გამონახვა უჭირდა. ვფიქრობ ღარიბაშვილის ასე საჩქარო გადაყენება ამ კვლევებმა კიდევ უფრო დააჩქარა.

- როგორ ფიქრობთ, ღარიბაშვილის თანამდებობიდან წასვლა, სხვა ფაქტორებმაც ხომ არ განაპირობა, თუნდაც მისი ნათესავების სახელთან დაკავშირებულმა სხვადასხვა სკანდალმა?

- რა თქმა უნდა, ღარიბაშვილის მთავარ პრობლემას მისი ოჯახის წევრები და ნათესავები წარმოადგენდნენ. მას ასევე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ინსტიტუტებთან ძალიან ხისტი დამოკიდებულება ჰქონდა. პრემიერობის მანძილზე, ჩატეხა ხიდი ყველა იმ ადამიანთან, ვინც საზოგადოებრივ აზრს ქმნის. ვგულისხმობ, სამოქალაქო სექტორს, მედიას, ექსპერტებს, რომელთა მიმართაც ღარიბაშვილს ძალიან უტაქტო შეფასებები და არასწორი დამოკიდებულება ჰქონდა. რითიც მათ კეთილგანწყობას ყველანაირი ნიადაგი გამოაცალა. ამიტომაც არჩევნებამდე, ასეთი პრემიერ-მინისტრით მისვლა, კოალიციისთვის ძალიან დიდ რისკს წარმოადგენდა.

განსაკუთრებული აგრესიას საზოგადოებაში კი მისი ოჯახის და ნათესავების თემა წარმოადგენდა. ამიტომაც, ისინი სახელმწიფო სტრუქტურებიდან მასობრივად მოხსნეს. პრემიერის თავზე “შავი ღრუბელის” დაგროვება, ასევე ლარის კურსის ვარდნასაც უკავშირდება. ხოლო ბოლო და გადამწყვეტი წვეთი, რომელიც მის მიმართ ამოიწურა, მოსამართლეების სკანდალი იყო. აქ ვგულისხმობ, სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეთა დანიშვნას. ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ამ პროცესში ხელისუფლება ირიბადაა ჩართული. მე მგონი საკმარისი მიზეზები ვახსენე, რის გამოც მისი გადაყენება ძალიან სწრაფად უნდა მომხდარიყო.

- მოსამართლეების სკანდალში ლევან მურუსიძეს გულისხმობთ და ფიქრობთ, რომ ღარიბაშვილის გადაყენება მის გამო დაჩქარდა?

- ასე ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენად დააჩქარა მისი თანამდებობიდან წასვლა ლევან მურუსიძის გარშემო ატეხილმა ხმაურმა, თუმცა არც ამას გამოვრიცხავ. ფაქტია, რომ გადამწყვეტი როლი რაღაცა ბოლო მიზეზი გახდა, რომელიც ივანიშვილმა ვეღარ გადაყლაპა. ის პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვებას რამდენიმეჯერ გადაურჩა. ღარიბაშვილიც და მისი გარემოცვაც ძალიან ცინიკურად ეკიდებოდნენ ჩვენ მიერ გაკეთებულ განცხადებებს, სადაც ვამბობდით, რომ მისი გადაყენების დრო ძალიან მალე მოვიდოდა. მათ ეს სასაცილოდაც არ ჰყოფნიდათ. გაიძახოდნენ, რომ ვაიექსპერტები ვიყავით. ახლა მაინტერესებს ე.წ. ექსპერტები ვინ აღმოჩნდა?

- ირაკლი ღარიბაშვილმა წასვლის მიზეზი არ დაასახელა და არც ის დააზუსტა პოლიტიკაში დარჩენას კვლავ თუ აპირებს. როგორ ფიქრობთ, ამან დამატებით კითხვები ხომ არ გააჩინა?

- რაც შეეხება მის პოლიტიკაში დარჩენას, ჩემთვის ეს წარმოუდგენელია. რადგანაც ის პოლიტიკურად არანაირ წონას არ წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ყველაზე მაღალი თანამდებობა ეკავა, მას პოლიტიკური გამოცდილება არ გააჩნია. ეს მისი მოღვაწეობის მანძილზე ყველამ ძალიან კარგად დაინახა. ამიტომაც, არ მგონია, რომ წინასაარჩევნოდ “ქართულ ოცნებას” მისმა ფიგურამ რამე ხეირი მოუტანოს.

- მედიაში აქტიურად საუბრობენ, რომ ღარიბაშვილი შესაძლოა საზოგადოებამ საარჩევნო სიის პირველ ნომრად იხილოს. როგორ ფიქრობთ კოალიციას ეს რაში უნდა სჭირდებოდეს?

- მე ვფიქრობ, რომ ღარიბაშვილის საარჩევნო სიაში პირველ ნომრად განთავსება, “ქართული ოცნების” ხარაკირს, ანუ თვითმკვლელობას ნიშნავს. ვის რაში უნდა აწყობდეს არც თუ წარმატებული პრემიერ-მინისტრის სიის თავში დაწერა? ჩემთვის წარმოუდგენელია. მე ვფიქრობ, რომ ასე არ მოხდება. მაშინ მას მთავრობის მეთაურობიდან არ გადააყენებდნენ.

ფაქტია, რომ ღარიბაშვილს აღარ ენდობიან და მისი ბედი უფრო ადრე გადაწყვიტეს, ვიდრე ამას პოლიტოლოგები პროგნოზირებდნენ. როდესაც ღარიბაშვილის ნათესავები სახელმწიფო სტრუქტურიდან ერთ დღეში მოხსნეს, მაშინვე ვთქვი, რომ ეს პრემიერის ღირსების შელახვა იყო. ხოლო ღირსებაშელახული ადამიანის მხრიდან ქვეყნის მართვა წარმოუდგენელი იქნებოდა. ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილებას თავადაც ელოდა, მაგრამ მგონია, რომ კონკრეტული დღე არ იცოდა და ასე ადრე არც ელოდა.

- ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან წასვლა, ბიძინა ივანიშვილს მარცხად ხომ არ ჩაითვლება, რადგანაც ის მის მიერ იყო დანიშნული და ივანიშვილისგან დიდი ნდობით სარგებლობდა…

- ზოგადად, რა თქმა უნდა, ეს ივანიშვილის საკადრო პოლიტიკის მარცხია. ჩვენ თუ გადავხედავთ, რა კადრებით არის პარლამენტი დაკომპლექტებული და თბილისის მერად ვინ გვყავს, ვნახავთ რომ ეს ფაქტობრივად გაუთვლელი საკადრო პოლიტიკის შედეგია. რომლითაც სახელმწიფო და საზოგადოება ძალიან ზარალდება.

- რა უნდა გააკეთოს წინასაარჩევნოდ ახალმა პრემიერ-მინისტრმა, რომ საზოგადოებაში “ქართული ოცნების” რეიტინგი გაიზარდოს?

- ვინც უნდა წარადგინოს ივანიშვილმა, სახელსა და გვარს მნიშვნელობა არ აქვს. რადგანაც ფორმალური მმართველი კვლავ ბიძინა ივანიშვილი იქნება. ამიტომაც ახალ კანდიდატზე კი არა, თავად მასზე იქნება დამოკიდებული რას და როგორ გააკეთებს.

- ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, როგორ ფიქრობთ, ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნო პროცესებში როგორ და რა ფორმით იქნება ჩართული?

- თუ ქვეყანა არ გადაბრუნდა და რამე განსაკუთრებული არ მოხდა, მე ვფიქრობ, რომ ის პოლიტიკაში არ დაბრუნდება. ხოლო წინასაარჩევნოდ, რა თქმა უნდა, ის “ქართული ოცნების” მხარდამჭერ პროცესში მონაწილეობას მიიღებს.

რეზონანსი“, 25 დეკემბერი, 2015 წელი

სწორია თუ არა ეკონომიკური ბლოკის მინისტრების შეცვლა?

„ირაკლი ღარიბაშვილიც და ნოდარ ხადურიც მიზანში ამოიღეს მათი ხისტი და უკომპრომისო დამოკიდებულების გამო”

მარი ჩიტაია

მთავრობის ეკონომიკურ ბლოკში ცვლილებას ექსპერტების ნაწილი არ იზიარებს. მათი აზრით, შეიძლება კიდევ ერთი არასწორი გადაწყვეტილების მომსწრე გავხდეთ, განსაკუთრებით, ფინანსთა მინისტრის მისამართით, რადგან მოსალოდნელი საკადრო ცვლილების ადრესატად სწორედ ნოდარ ხადური მოიაზრება.

სპეციალისტების შეფასებით, იგი, ერთ-ერთი მინისტრია ეკონომიკურ სფეროში, რომელმაც თავის მოვალეობებს ღირსეულად გაართვა თავი და პრინციპული, უკომპრომისო დამოკიდებულებით ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა უზრუნველყო. თუმცა, თანამდებობის შესანარჩუნებლად მისი პროფესიონალიზმი, შესაძლოა, გადამწყვეტი არ აღმოჩნდეს.

ეკონომიკის სფეროს სპეციალისტები ნოდარ ხადურის შესაძლებლობებს ჯერ კიდევ ამოწურულად არ მიიჩნევენ, თუმცა არსებობს საპირისპირო მოსაზრებაც. ექსპერტების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ მთავრობაში კადრების შეცვლა ისედაც გარდაუვალი იყო, შეიძლება, დაგვიანებულიც.

მიუხედავად ნეგატიური განწყობისა, ეკონომიკის სფეროს სპეციალისტების უმრავლესობა ერთსულოვანია ფინანსთა მინისტრის მიმართ და მის შესაძლო გათავისუფლებას ქვეყნის ეკონომიკისთვის საშიშ გადაწყვეტილებად მიიჩნევს.

ნოდარ ხადურის მუშაობის პერიოდში საქართველოს ბიუჯეტი თითქმის 2 მილიარდი ლარით გაიზარდა, თანაც იმ დროს, როდესაც ქვეყანაში ლარი გაუფასურდა და იყო მრავალი საგარეო პრობლემა, განსკუთრებით, მეზობელ ქვეყნებში. იყო საბოტაჟის ნიშნებიც ქვედა დონეებზე მოკალათებული ძველი ხელისუფლების ნარჩენებისგან.

აბსოლუტურად იგივე ითქმის ყოფილ პრემიერზე, რომელსაც ექსპერტთა წრეებში შავი პიარის მსხვერპლად მოიაზრებენ. მათი პროფესიონალიზმისა და თვისებების ფონზე განსაკუთრებით რთულია საუბარი ადამიანებზე, რომლებიც შეიძლება ღარიბაშვილის და ხადურის შემცვლელებად მოგვევლინონ.

ექსპერტები არ მალავენ, რომ ეკონომიკური გუნდიდან ნოდარ ხადურის გამოთიშვა პრობლემას შექმნის. ჩვენთან საუბრისას ისინი შეეცადნენ, საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ შეეხსენებინათ ნოდარ ხადურის მინისტრობის პერიოდში გაკეთებული საქმეები.

აკადემიკოს ავთო სილაგაძის შეფასებით, არსებობს უამრავი მყარი არგუმენტი, რაც ფინანსთა მინისტრის პოსტზე ნოდარ ხადურის კანდიდატურას ამართლებს.

“ვფიქრობ, ხადურმა ბევრი გააკეთა, რომ პრობლემა არ შექმნოდა ბიუჯეტს. ის იყო ერთ-ერთი ინიციატორი და ხელმძღვანელი, რომელმაც შეიმუშავა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმა. მარტო რად ღირს ფაქტი, რომ არსებული გამოწვევების მიუხედავად, ბიუჯეტს არ შექმნია პრობლემა, გადასახადებისა და შემოსვლების ნაწილში ზრდაა. ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა ეკონომიკური განვითარების უიშვიათესი გეგმა, რომელიც არა მარტო ფინანსურ, ეკონომიკურ მხარეს მოიცავს.

სიმართლე გითხრათ, ხადურის და უშუალოდ ფინანსთა სამინისტროს დიდი დამსახურებაა, რომ უფრო მეტად არ მოხდა ლარის დევალვაცია. საკმაოდ დადებითი სამუშაო გასწია სამინისტრომ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში, რაც შესაბისადაც უნდა დაფასდეს”, – აცხადებს სილაგაძე და დასძენს, რომ ხადურს ქვეყნისთვის ბევრი კარგი საქმის კეთება შეუძლია.

ეკონომიკური ბლოკის მინისტრთა გათავისუფლების საფუძველს ვერ ხედავს ზვიად კანდელაკი, ეკონომიკის სფეროს ექსპერტი. მისი აზრით, ფინანსთა მინისტრის საქმიანობა და მისი ფუნქცია-მოვალეობები საზოგადოებამ არასწორად დაინახა.

“ეკონომიკური ბლოკის მინისტრების გათავისუფლება არ მიმაჩნია სწორ გადაწყვეტილებად, რამდენადაც ეკონომიკაში განსაკუთრებით საგანგაშო არაფერი ხდება, ცხადია, თუ არ ჩავთვლით გარე შოკს, რაც საქართველოსგან დამოუკიდებელი, საერთაშორისო პრობლემაა. ასევე პრობლემაა ლარის კურსიც, მაგრამ მისი სტაბილურობა ეროვნული ბანკის მოვალეობაა და არა ფინანსთა სამინისტროსი. ხადურზე ამ ჯოხის გადატეხვა არის სწორი, რადგან იგი არის ბოლო წლების საკმაოდ ნორმალური მინისტრი”, – აცხადებს კანდელაკი.

მისი თქმით, საზოგადოება ფინანსთა მინისტრის უფლება-მოვალეობებზე ნაკლებადაა ინფორმირებული და ხშირად გაუაზრებლადაც ავალებს ისეთი საკითხის მოგვარებას, რაც მისი პრეროგატივა არ არის.

“ხადურის უწყებას ევალება ბიუჯეტის სწორად დაგეგმვა, გადასახადების აკრეფა, მისი ზომიერად განაწილება და ხარჯვა. ამას ფინანსთა სამინისტრო ხადურის პერიოდში ძალიან კარგად ართმევდა თავს. ეკონომიკური წინსვლა და ლარის სტაბილურობა ფინანსთა სამინისტროს მოვალეობა არაა”, – განმარტავს კანდელაკი.

მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ ხადურის მუშაობის პერიოდში ქვეყნის ბიუჯეტი თითქმის 2 მილიარდი ლარით გაიზარდა, მან წარმატებით გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას და არც საშემოსავლო და არც ხარჯვით ნაწილში პრობლემა არ შექმნია.

ამდენად, როგორც კანდელაკი ასკვნის, ღარიბაშვილიც და ხადურიც მიზანში ამოიღეს მათი ხისტი და უკომპრომისო დამოკიდებულების გამო. არადა, სწორედ ასეთი პირდაპირობა და საქმისადმი კატეგორიული მიდგომა განაპირობებს საქმიანობის წარმატებას.

არსებობს საპირისპირო მოსაზრებაც. “ახალი ეკონომიკური სკოლის” დამფუძნებელი პაატა შეშელიძე თვლის, რომ საკადრო ცვლილება მთავრობაში გარდაუვალი იყო.

“საკადრო ცვლილება მთავრობაში დაგვიანებულად მიმაჩნია. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს არასწორი გადაწყვეტილებაა. საქარტველოს ეკონომიკური რეიტინგი ძალიან დაბალია და ეს არის იმ ადამიანების ბრალი, რომლებიც ეკონომიკური გუნდის სათავეში იყვნენ. ჯერჯერობით ვერ ვხედავ ნიშნებს, რომ მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება.

მოსალოდნელ ცვლილებაზე საუბარი მიჭირს. უცნობია, რა ეკონომიკური ხედვა აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც პრემიერსა და, სავარაუდოდ, ფინანსთა მინისტრს შეცვლიან. ჩემი აზრით, ყველაზე ლოგიკურია, შეიცვალოს მთელი გუნდი და “ქართული ოცნება” ახალი არჩევნებისთვის მოემზადოს”, – აცხადებს შეშელიძე.

ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნოდარ ხადური ჯერჯერობით არ საუბრობს, შეინარჩუნებს თუ არა მინისტრთა კაბინეტში თანამდებობას. გავრცელებული ინფორმაციით, მის პოსტს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაიკავებს. ამ უკანასკნელს კი ბიზნესომბუდსმენი, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია ან “საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე შეცვლის.

„ალია“, 25 დეკემბერი, 2015 წელი

წაქცეულს აღარ ურტყამენო, „რესპუბლიკელებს“ აშკარად არ გაუგიათ…

რატომ გადაეკიდა ლევან ბერძენიშვილი ექსპრემიერს და რა თანამდებობას უმიზნებს?

მიხეილ სახვაძე

ზოგი იტყვის, სანამ წაქცეულია, ბარემ უნდა მიაყოლო გვერდებში, თორემ თუ ადგა, აქეთ ამოგცხებს გემრიელ აპერკოტსო, თუმცა სად აქვს პოლიტიკას წესები, მორალი, სინდისი და ნამუსი?! ჰოდა, გადამდგარ თუ მოხსნილ ირაკლი ღარიბაშვილს კოალიციიდან პირველი ქვა ლევან ბერძენიშვილმა ესროლა. კერძოდ, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ირაკლი ღარიბაშვილი შესაძლოა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყოს, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი ეხმაურება და ამბობს, რომ ის ღარიბაშვილს სიის პირველ ნომრად ვერ ხედავს: „მე ვერ ვხედავ ირაკლი ღარიბაშვილს საარჩევნო სიის პირველ ნომერად, რადგან ამ შემთხვევაში ვერ ვხედავ მისი გადადგომის მიზეზებსაც. აქ რაღაც ლოგიკა ვერ დავიჭირე. არ ვიცი, ვინ ავრცელებს ამ ინფორმაციას, მე ამის შესახებ არაფერი ვიცი. ბევრი საუბარია, სად წავა ირაკლი ღარიბაშვილი. ღარიბაშვილის საქმე ჩემთვის საინტერესო იყო მანამ, სანამ ის იყო პრემიერ-მინისტრი. დანარჩენი არის მისი პირადი ბედი. ეს ჩემს სურვილებზე ნამდვილად არ არის დამოკიდებული“.

სანამ პრემიერი იყო, ალბათ, მხოლოდ ლევან ბერძენიშვილისთვის არა, ბევრისთვის იქნებოდა ღარიბაშვილი საინტერესო, ახლა კი, როცა კაციშვილმა არ იცის, რა ბედი ეწევა, სად და როგორ იქნება, ფეხებზე არ ჰკიდიათ?! ისე, ლევან ბერძენიშვილის ასეთი შეფასება სულაც არ არის გასაკვირი იმდენად, რამდენადაც არც გია ვოლსკი ერიდება ღარიბაშვილის მიჭირხვნას. ერძოდ, გია ვოლსკი აცხადებს, რომ წინასაარჩევნოდ „ქართულ ოცნებას“ ახალი ენერგია სჭირდებოდა და ღარიბაშვილი ამიტომ გადადგაო.

ვითომ, მხოლოდ ღარიბაშვილის წასვლა და მთავრობის ახალი მეთაურის მოსვლა მოუტანს „ქართულ ოცნებას“ ახალ ენერგიას? რაღაც ეჭვი მეპარება, რადგან საზოგადოების აგრესია კოალიციის აბსოლუტური უმრავლესობის მიმართ ისეა გაზრდილი, ვერანაირი საკადრო ცვლილება მათ ავტორიტეტს განსაკუთრებულს ვერაფერს მოუტანს. ყველაზე საშინელი იცით, რა არის, ძვირფასო მკითხველო? ღარიბაშვილის მისამართით ხომ ასეთი ხისტია გია ვოლსკი, მაგრამ სააკაშვილზე კი ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში ასეთ რამეს აცხადებს: „სიამოვნებით მექნებოდა კონსულტაციები თუნდაც ყოფილ პრეზიდენტთან, რომ არ ვიცოდე, რომ მას რევოლუციური და სისხლისმღვრელი გადატრიალება თუ შერყევა ქვეყნის, ამ მთავრობის ჰქონდა აზრად…“.

მოკლედ, გია ვოლსკი სიამოვნებით მიიღებდა სააკაშვილისგან კონსულტაციებს, მაგრამ ამაზე უარს ამბობს იმის გამო, რომ მას მთავრობის გადატრიალება უნდოდა და არა იმის გამო, რომ წლების მანძილზე ქვეყანას ძარცვავდა, ხალხს ხოცავდა, აუპატიურებდა და ქვეყანას დედა აუფეთქა! აი, ღარიბაშვილი კი იმის გამო უნდა წასულიყო, რომ „ქართულ ოცნებას“ ახალი ენერგია ესაჭიროებოდაო. რა ვიცი, რა ვიცი!..

ჰო, ვოლსკის ხისტი განცხადებები კი გაატარეს, მაგრამ აი, ლევან ბერძენიშვილს შემოუწყრნენ „ქართული ოცნების“ წევრები – მაგალითად, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი: „ყველას აქვს სუბიექტური აზრის დაფიქსირების საშუალება… თუმცა, პირადად მე, უხერხულად მეჩვენება ჩვენი პარტნიორი პარტიის ლიდერისგან ასეთი განცხადება. მით უმეტეს, რომ საუბარია პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეზე“.

ლევან ბერძენიშვილით ასევე უკმაყოფილოა „ქართული ოცნების“ წევრი დავით ლორთქიფანიძე. ლორთქიფანიძის განცხადებით, ღარიბაშვილი დღემდე კოალიციის ლიდერია და მისი მომავალი საინტერესო უნდა იყოს კოალიციაში შემავალი ნებისმიერი სუბიექტისთვის. „რბილად რომ ვთქვათ, ასეთი მიდგომა არა მგონია, სწორი იყოს. ირაკლი ღარიბაშვილი არის პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ის დღემდე არის კოალიციის ლიდერი და ვფიქრობ, მისი ბედი საინტერესო უნდა იყოს კოალიციაში შემავალი თითოეული სუბიექტისთვის“.

კოალიციაში შემავალ სუბიექტებზე რა მოგახსენოთ, საზოგადოების დიდ ნაწილს კი აინტერესებს ღარიბაშვილის სამომავლო ბედი, მაგრამ იღებთ ამ საკითხზე რომელიმე ხმას?! ფეხებზე არ გკიდიათ, რა აინტერესებს ხალხს, რა კითხვები აქვთ „ქართული ოცნების“ ამდენი ინტრიგის, უმოქმედობისა და მამაძაღლობის ფონზე?!

ისე, „რესპუბლიკელების“ ასეთი აქტიურობა, ალბათ, გასაკვირი არც უნდა იყოს, რადგან გავრცელებული ინფორმაციით, მათთვის გიორგი კვირიკაშვილი პრემიერის პოსტზე მისაღები ფიგურაა. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, სწორედ „რესპუბლიკელების“ ხმები აღმოჩნდეს გადამწყვეტი ახალი მთავრობის დამტკიცებისას. როგორც საპარლამენტო კულუარებში აცხადებენ, ამ ხმების სანაცვლოდ „რესპუბლიკელებს“ საკუთარი მოთხოვნები აქვთ. კერძოდ, ისინი ახალ მთავრობაში „რესპუბლიკელი“ მინისტრების დატოვებას ითხოვენ.

იმას, რომ გიორგი კვირიკაშვილი პრემიერობის ყველაზე რეალური კანდიდატია, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძეც ადასტურებს. ამდენად, ლევან ბერძენიშვილსაც და „რესპუბლიკელებსაც“, თუ მართლა მათზე იქნება გადამწყვეტი ხმა, სულაც არ აღელვებთ ღარიბაშვილის სამომავლო ბედი და არც იმას მოზომავენ, რას და როგორ იტყვიან ყოფილ პრემიერზე.

ლევან ბერძენიშვილის შეფასებას ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი, რომელიც ამტკიცებს, რომ ბერძენიშვილი განათლების მინისტრობისთვის ემზადება: „მეტისმეტად ბინძური და სახიფათო ხერხით თამაშობენ „რესპუბლიკელები“. ერთი ხელით საპარლამენტოს, ხოლო მეორეთი აღმასრულებელ ხელისუფლებაში ყველაზე თვალსაჩინო კონკურენტებს ამარცხებენ, თან, ხაზს ვუსვამ, ბინძური მეთოდებით. დააკვირდით ლევან ბერძენიშვილის განცხადებებს, მის კეკლუცობასა და „გამონათებას“. სავარაუდოდ, ჯერი მასზეა – განათლების სამინისტროს ჩააბარებენ. თქვენ ის თუ იცით, რომ იმ ფონზე, როდესაც საქართველოს რეგიონებში „ქართული ოცნების“ ოფისები პრაქტიკულად არ არსებობს, „რესპუბლიკელები“ ოფისს ოფისზე ხსნიან“.

რამდენად რეალურია ეს ამბავი, რთული სათქმელია – ყველაფერს უახლოეს მომავალში გავიგებთ, მათ შორის იმასაც, დატოვებს თუ არა თანამდებობას ირაკლი ღარიბაშვილის შემდეგ დავით ნარმანიაც. მართალია, თავად დედაქალაქის მერი გავრცელებულ ინფორმაციას ჭორს უწოდებს, მაგრამ „ქართული ოცნების“ წევრებიც კი არაოფიციალურად ადასტურებენ, რომ სულ მალე ნარმანია პოსტს დაემშვიდობება.

„ალია“, 25 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: რატომ გამოჩნდნენ ღარიბაშვილი და ივანიშვილი ერთად და რას საუბრობენ ხელისუფლების კულუარებში?

ნინო სამხარაძე

რა ხდება მმართველ გუნდში ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობიდან წასვლის შემდეგ? „ალიამ“ კულუარებში გაარკვია, რომ დღეს პოლიტსაბჭო გაიმართება და გიორგი კვირიკაშვილს პრემიერობის კანდიდატად დაასახელებენ. ამბობენ, რომ ის მინისტრები, ვინც საზოგადოებას თვალებში ეკალივით ესობა, მათ ხსენებაზე ბურძგლავთ და ყველა საკუთარ უბედურებას ჰკიდებენ, სამუდამო პოლიტიკურ სასუფეველში გადაინაცვლებენ.

განსაკუთრებით ეს ეხება ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს, რომლის მიმართაც არის არნახული აგრესია, შერიგების მინისტრ პაატა ზაქარეიშვილს, კულტურის მინისტრს, განათლების მინისტრს და ამ ბადეში შესაძლოა, რამდენიმე მინისტრიც მოხვდეს. სხვათა შორის, ამ თემებზე ნოემბერში „ალიასთან“ ინტერვიუში საუბრობდა მამუკა არეშიძე, უფრო ადრე კი, დაახლოებით სექტემბერში, მთავრობის გადადგომაზე დაბეჯითებით საუბრობდა ყოფილი პარლამენტარი ვალერი გელბახიანი. მართალია, მაშინ გელბახიანის ეს სცენარი უმრავლესობის ლიდერებს სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ, მაგრამ მოვლენების ლოგიკა ყველა მოაზროვნე ადამიანს იმას კარნახობდა, რომ არჩევნებამდე მსხვერპლშეწირვა გარდაუვალი იყო.

ექსპერტი მამუკა არეშიძე „ალიას“ კითხვებს პასუხობს და იმ მიზეზებს საუბრობს, რასაც ღარიბაშვილის გადადგომაზე სახელისუფლებო კულუარებში საუბრობენ.

- სხვათა შორის, თქვენთან ინტერვიუში განვაცხადე, რომ საახალწლოდ მოხდებოდა მინისტრთა კაბინეტის ცვლილება. მოდის საარჩევნო წელი და ეს არის ელემენტარული პიარსვლა, როდესაც იცვლება მთავრობის გუნდი იმისთვის, რომ საზოგადოების აგრესიული განწყობა მოხსნან, ძველი მთავრობის შემადგენლობის მიმართ და ახალი მოვიდეს.

- რატომ მოხდა ღარიბაშვილის გადადგომა იდუმალების საფარქვეშ?

- იმიტომ, რომ არსებობს კონკრეტული მიზეზი, რომლის თქმაც გამიჭირდება. მაგალითად, ყრუდ მესმის ხმები იმის შესახებ, რომ ასეთი მოულოდნელი გადადგომა უკავშირდება მურუსიძის თემას, ასევე პატრიარქის მიერ შეწყალების საკითხსაც. რასაკვირველია, ცუდია, როცა ასეთი მოულოდნელი ფორმით ხდება გადადგომა პრემიერ-მინისტრის, თუმცა მოულოდნელი აქ არაფერი მომხდარა.

- სხვა გვარებთან ერთად, გაიჟღერა, რომ თინა ხიდაშელს თავდაცვის მინისტრობას ჩამოაცილებენ. როგორ ფიქრობთ, იგი შეინარჩუნებს მინისტრობას?

- ხიდაშელის თავდაცვის მინისტრობა არ მგონია, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, მაგრამ მისი საგარეო საქმეთა მინისტრობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. იყო საუბარი იმაზეც, რომ კვირიკაშვილს თინა ხიდაშელი შეცვლიდა, მაგრამ ეს არ მოხდება. აქვე გეტყვით, რომ წარმოდგენა არ მაქვს, ვინ შეიძლება იყვნენ იმ მინისტრების შემცვლელები, ჯერჯერობით ნაადრევია კონკრეტული გვარების დასახელება, ვინ შეცვლის განათლების, კულტურის, ფინანსთა და შერიგების მინისტრებს. ნოდარ ხადური ის ფიგურაა, რომლის შეწირვა მოხდება კლასიკურად, ბევრი მიზეზების გამო, ერთ-ერთი მიზეზი ლარის დევალვაციაა. ის საზოგადოებაში დიდ აგრესიას იწვევს, სწორედ ამ ტიპის მინისტრებმა წარმოშვეს დიდი აგრესია საზოგადოებაში, ამიტომაც გახდა საჭირო მათი მოცილება. შესაძლოა, კიდევ რამდენიმე მინისტრი აღმოჩნდეს ამ ბადეში. გასაგები მიზეზების გამო მათ ვერ დავასახელებ, მაგრამ ახლა გეტყვით, ვინ იქნება ხელშეუხებელი მინისტრი. ეს გახლავთ – კახი კალაძე, ნოდარ ჯავახიშვილი, დავით სერგეენკო, კახი კახიშვილი.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნარმანიას გადადგომა შეთანხმებულია და ის პოსტიდან ახალ წლამდე წავა, თუმცა, თავად უარყო, ჭორიაო. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?

- დავით ნარმანიას გადადგომა გარდაუვალია, ეს პროცესი გავრცელდება დედაქალაქის ხელმძღვანელობაშიც. „ქართული ოცნების“ ლიდერები უკმაყოფილო არიან ნარმანიას მუშაობით, ყველას გვახსოვს ირაკლი ღარიბაშვილის აგრესია, აღარაფერს ვამბობ ბიძინა ივანიშვილზე, რომელსაც დავით ნარმანიას ხსენება აღარ უნდა, ისეა გაღიზიანებული. ასე რომ, მერის შეცვლა გარდაუვალია, რადგან ეს საზოგადოების მოთხოვნაა და ჩვენ ვიხილავთ გადადგომების მორიგ სერიას, ოღონდ, ახალი წლის შემდეგ.

- და მაინც, ძალიან მოულოდნელი იყო ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა, ხომ შეიძლებოდა ეს ახალი წლის შემდეგ გაეკეთებინა? რა მოხდა ამ რამდენიმე დღეში? თუკი კვირიკაშვილზეა საუბარი, იმ ადამიანის დედა გარდაცვლილი იყო და 24 დეკემბერს დაკრძალეს. ორი დღე რას წყვეტდა?

- საქმე ის გახლავთ, რომ ეს დაკავშირებული იყო ტექნიკურ საკითხებთან, პროცედურულად ასე ხდება 7 დღეში პრეზიდენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა უნდა წარუდგინოს პარლამენტს დასამტკიცებლად. პარლამენტი სესიებს ხურავს, რამდენიმე დღის დაგვიანება ართულებდა პროცედურულად ამ საკითხს, არადა, 3 იანვარს პარტია „ქართული ოცნება“ უკვე იწყებს საარჩევნო რეჟიმში მუშაობას.  ამიტომ აუცილებელი იყო ახალ წლამდე ამ საკითხის გადაწყვეტა. თუმცა, საზოგადოება გააღიზიანა იმ ფაქტმა, რომ ეს მოხდა ძალიან შეუმზადებლად, ნაუცბადევად და ამას ჰქონდა შოკის ეფექტი.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ ხელისუფლებამ პატიმრების შეწყალების სკანდალი გადაფარა მთავრობის გადადგომით?

- მთავრობის გადადგომით ეს სკანდალი არ გადაიფარება, ძალიან ცუდი ამბავი მოხდა, მარტო კობახიძისა და ბესელიასთვის კი არა, საერთოდ, ხელისუფლებისთვის. ცუდი ამბავი მოხდა პროკურატურისთვის, თავად, ალეკო ელისაშვილისთვისაც კი, რადგან ყველა გაისვარა და დღეს უკვე ამ ამბავში სიმართლის გარკვევა გაძნელდა, სკანდალი სკანდალად დარჩება… რეალურად იყო თუ არა ფულზე საუბარი, ვინმემ აიღო თუ არა დასახელებული ქრთამი, ეს ამბავი ჰაერშია გამოკიდებული და ამის დამტკიცება ურთულესია.

- ღარიბაშვილის გადადგომის დღეს, იყო მოლოდინი, რომ ბიძინა ივანიშვილი მცირე კომენტარს მაინც გააკეთებდა, მაგრამ არ გამოჩენილა. ჩაითვალა, რომ მან პრემიერი საბოლოოდ გაწირა, მაგრამ 24 დეკემბერს გიორგი კვირიკაშვილის დედის დაკრძალვაზე ერთად ვიხილეთ ივანიშვილი და ღარიბაშვილი. მათი ერთად გამოჩენა რას უნდა ნიშნავდეს?

- ეს ბიძინა ივანიშვილის თვისებაა, სანამ საკითხი არ მომწიფდება, ივანიშვილი მანამდე შეფასებას არ აკეთებს. დარწმუნებული იყავით, თუ შაბათს არა, მომავალი კვირის დასაწყისში ის აუცილებლად გააკეთებს განცხადებას, მაგრამ ნუ ელოდებით, რომ ივანიშვილი ღარიბაშვილს გააკრიტიკებს და იტყვის, რომ ღარიბაშვილის მთავრობა მისი ხელმძღვანელობით იყო წარუმატებელი, როგორც ეს ოპოზიციას უნდა რომ დახატოს, მეორეც, ირაკლი ღარიბაშვილი გახლდათ მისი პირადი კადრი.

- ამბობენ, რომ არჩევნებამდე ეს მთავრობა შეასრულებს ტექნიკური მთავრობის ფუნქციას…

- ეს არ იქნება ტექნიკური მთავრობა, ახალ მთავრობას მიეცემა სერიოზული კარტბლანში, დარწმუნებული იყავით, პასუხი ძალიან სერიოზულად მოეთხოვებათ. აქედან გამომდინარე, რადგან ტექნიკური ამოცანით იქნება დატვირთული, ის ვერ იქნება მხოლოდ ტექნიკური მთავრობა. არჩევნების შემდეგ შეიძლება კორექტირება მოხდეს, შეიძლება პრემიერ-მინისტრიც შეიცვალოს, მაგრამ ამ მთავრობას უზარმაზარი პასუხისმგებლობა დაეკისრება. კვირიკაშვილზე იქნება დამოკიდებული, რამდენად შეძლებს გაუძღვეს მთავრობას. თუ იქნება კარგი პრემიერი, ის შეინარჩუნებს ამ პოსტს არჩევნების შემდეგ. სხვათა შორის საგარეო საქმეთა მინისტრად რომ გადაიყვანეს მაშინვე თქვენთან ინტერვიუში განვაცხადე, რომ მას ამზადებდნენ პრემიერ-მინისტრად. მას აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება პოლიტიკაში, ვერ გეტყვით, რომ განსაკუთრებულად გამოიჩინა თავი ეკონომიკის მინისტრის პოსტზე, მაგრამ მას აქვს ლიდერისთვის დამახასიათებელი ისეთი თვისება, როგორიც არის გაწონასწორებულობა, მისი განცხადებებიც ამას მოწმობს. ის სიხისტე, რაც დამახასიათებელი იყო ღარიბაშვილისთვის, კვირიკაშვილისთვის უცხოა. უფრო მოქნილია და არ გამოვრიცხავ, დაბალანსდეს პრემიერისა და პრეზიდენტის ურთიერთობები/

ახალი თაობა“, 25 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „ირაკლი ღარიბაშვილი შეიძლება საარჩევნო სიის პირველი ნომერი გახდეს

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ პრემიერის პოსტიდან ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა დროული იყო. პოლიტოლოგი ღარიბაშვილის გადადგომას წინასაარჩევნო პროცესს უკავშირებს. „სწორედ ახლა იყო ეს გადაწყვეტილება მისაღები. ახალი გუნდი, ახალი პრემიერი მოსახლეობისთვის მთლად უცხო არ უნდა იყოს. ახალმა სახეებმა პოზიტიური რეიტინგის მოპოვება უნდა მოასწრონ, გარდა ამისა, ნეგატიური რეიტინგი უნდა ჩაქრეს, რასაც იწვევდნენ ძველი სახეები. ამისთვის კი დროა საჭირო. ამიტომ ვფიქრობ, რომ სწორედ ამ ნიშნით იქნა გადაწყვეტილება მიღებული“, – ამბობს რამაზ საყვარელიძე.

- სამი დღის წინ პრემიერი სამწლიანი ანგარიშით წარდგა საზოგადოების წინაშე, სადაც ის წარმატებებზე საუბრობდა. წარმატებული თუ იყო, რატომ უნდა გადამდგარიყო?

- სავსებით ლეგიტიმური კითხვაა. აქვე დავამატებ იმას, რომ პრემიერის რანგშიც, როდესაც გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება ღარიბაშვილმა, მხოლოდ წარმატებებზე ისაუბრა. ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ მან კარგად იმუშავა და წარმატებული იყო. რაიმე შენიშვნა მის ფრაზეოლოგიაში არსად ჩანდა. ვერ ვიტყვით, რომ ის თვლის, რომ ამა თუ იმ პრობლემის მოუგვარებლობის გამო წავიდა. რატომ მიდის, მკაფიოდ არ გვითხრა და ამან კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა.

- წინასაარჩევნოდ მიღებული გადაწყვეტილებაა?

- ყველაზე ახლოს რეალობასთან სწორედ ეს ვერსია დგას, მაგრამ ეს მას ჩვენთვის არ უთქვამს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არა მისი, არამედ გუნდის გადაწყვეტილებაა.

- თუ ბიძინა ივანიშვილის?

- მე ვამბობ, რომ გუნდის გადაწყვეტილებაა, სადაც ივანიშვილიც მოიაზრება. პოლიტიკური პარტიის შეკრებებს, კონსულტაციებს ივანიშვილი ესწრება და ეს კადრებშიც გვინახავს. ასევე ითქვა, რომ ივანიშვილი საარჩევნო პროცესში აქტიურად ჩაერთვება. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილის პოზიციაც არის, მაგრამ, არა მგონია, რომ ეს მხოლოდ ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო.

- მინისტრები, პარტიის წევრები არ იყვნენ ღარიბაშვილის გადადგომის შესახებ ინფორმირებულნი...

- წინასაარჩევნო პროცესში ვინც აქტიურად არის ჩართული, ის იყო, ალბათ, ინფორმირებული. წინასაარჩევნო პროცესში მთელი პარტია არ არის ჩართული.

- სად მიდის ღარიბაშვილი? რჩება გუნდის წევრად თუ საერთოდ პოლიტიკიდან მიდის? უცხოური მედია წერს, რომ შესაძლებელია, მან დედაქალაქის მერობისთვის იბრძოლოს. არ არის გამორიცხული, ნარმანიამ გადადგომის შესახებ დაწეროს განცხადება და თქვას, რომ ბიძინა ივანიშვილს ბაძავს. ამას გამორიცხავთ?

- არა, რა თქმა უნდა, პოლიტიკაში გამორიცხული არაფერია, მით უფრო – ქართულ პოლიტიკაში, თუმცა, მეეჭვება, რომ ასეთი ჩანაცვლება მოხდეს.

- რატომ?

- მერის პოსტი სულ სხვა უნარებსა და ჩვევებს მოითხოვს. ეს უფრო საჯარო პოლიტიკაა და ყოველდღიურად მოითხოვს მოქალაქეებთან, რიგით ადამიანებთან ურთიერთობას. არა მგონია, ამ საჯაროობასა და ღიაობაში ირაკლი ღარიბაშვილი მომგებიანი იყოს „ქართული ოცნებისთვის“. პრემიერის რანგში მას არაერთხელ ჰქონია ხან რეპლიკა, ხან შეფასება ისეთი, რის გამოც სხვები იხდიდნენ ბოდიშს.

- ივანიშვილმა ეს ღარიბაშვილის ასაკს დააბრალა...

- დიახ და სწორედ ამიტომ მოგახსენებთ. ამ პოზიციაზე მეტი გაწონასწორებულობა და სიდინჯეა საჭირო.

- მომავალში სად შეიძლება ვიხილოთ ღარიბაშვილი, შეიძლება “ქართული ოცნების სიის პირველი ნომერი იყოს?

- შეიძლება სწორედ სიის პირველი ნომერი იყოს და აქტიურად იყოს ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყოს. ის უფრო პარტიული საქმიანობით დაკავდება, ვიდრე აღმასრულებელ რგოლში. ღარიბაშვილი დასაკარგი არ არის და შეიძლება გამოიყენო იქ, სადაც ნაკლები რიტორიკაა საჭირო. ამიტომ მას „ქართული ოცნება“ უსათუოდ გამოიყენებს საჭირო ადგილზე.

- ყველაზე აქტიურად პრემიერის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილი განიხილება. თუ პარლამენტი მას დაამტკიცებს, ის იქნება ღარიბაშვილისგან განსხვავებული პრემიერი, განსხვავებული მენეჯერული თვისებებით?

- უდავოდ იქნება. თუკი კვირიკაშვილი გახდება პრემიერ-მინისტრი, ის აბსოლუტურად სხვა ტიპის მენეჯერულ თვისებებს გამოავლენს. ის რომ ღარიბაშვილისგან განსხვავდება, კარგად ჩანს მისი განცხადებებიდან, მოზომილი დამოკიდებულებიდან ამა თუ იმ საკითხისადმი.

ახალი თაობა“, 25 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ არჩილ გამზარდიასთან: „პრემიერის შეცვლა დიდი ხანი მზადდებოდალოგიკურია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი საარჩევნო სიის პირველ ნომრად ვიხილოთ

საზოგადოება მსჯელობს ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობიდან გადადგომის მიზეზებსა და მოსალოდნელ ცვლილებებზე. რა მიზეზით შეიძლებოდა გადამდგარიყო პრემიერი მაშინ, როცა ქვეყანამ დადებითი შეფასებები მიიღო და ევროპასთან ვიზალიბერალიზაციას მიაღწია? ანალიტიკოს არჩილ გამზარდიას განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა დაგეგმილი იყო. „პრემიერის გადადგომას „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიას ვუკავშირებ. დიდი ალბათობით, შეიძლება ის საარჩევნო სიის სათავეში ან გააქტიურებული ვიხილოთ“, – აცხადებს ანალიტიკოსი.

- ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მისი მიზანი არასოდეს ყოფილა თანამდებობაზე ყოფნა. ეს განაცხადი ეჭვს არ ბადებს, რომ პრემიერის გადადგომას რაღაც მიზეზი უდევს საფუძვლად?

- ჩემთვის ეს ეჭვს არ ბადებს, რადგან ინფორმირებული ვარ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს და გუშინ არ მიუღიათ. პრემიერის შეცვლა დიდი ხანი მზადდებოდა. დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი გუნდით წარდგება „ქართული ოცნება“ არჩევნებზე. „ქართული ოცნების” ელექტორატი ძირითადად დადებითადაა განწყობილი ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ. შესაბამისად, ლოგიკურად შეიძლება ვიგულისხმოთ მისი საარჩევნო მარათონში ჩართვა. ლოგიკურია, რომ ის საარჩევნო სიის პირველ ნომრად ვიხილოთ, რომელიც საარჩევნო მარათონს წარუძღვება.

- მაშინ რას შეიძლება მივაწეროთ ქართული ოცნების ზოგიერთი ლიდერის განცხადება, რომ ახალი სისხლი და ახალი ლიდერებია საჭირო?

- არც ამაშია განსაკუთრებული რამ. ის, რაც შეიძლებოდა დღევანდელ პრემიერს გაეკეთებინა მნიშვნელოვანი სამი წლის განმავლობაში, ვიზალიბერალიზაციის მიღწევაა. ვიზალიბერალიზაცია არის არა მხოლოდ გადაადგილებების შესაძლებლობების გაზრდა, არამედ მთავრობის საერთო შეფასებაა დადებითად მთელი ცივილიზებული მსოფლიოს მიერ. ამაზე მეტი შეუძლებელი იყო, პრემიერს გაეკეთებინა ბოლო ერთი წლის განმავლობაში. ამიტომ მთავრობის გადახალისება ამ მხრივაც დადებითი მომენტი იქნება.

თუ ღარიბაშვილი აქტიურად ჩაერთვება საარჩევნო პროცესში, ეს პარტია „ქართული ოცნების“ რეიტინგის ზრდას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

- ცალსახად დადებითად შეიძლება შევაფასოთ პრემიერის რანგში ღარიბაშვილის მოღვაწეობა?

- ცალსახად დადებითად არასოდეს შეიძლება ვინმეს მოღვაწეობა შეფასდეს, მათ შორის არც პრემიერისა. ღარიბაშვილის მოღვაწეობაში რამდენიმე დადებითი მომენტი შეიძლება დავინახოთ. უპირველესად, ეს არის ადამიანის უფლებების კუთხით, რაც ძალიან აკლდა წინა ხელისუფლებას. მეორეა სახელმწიფოს მხრიდან პასუხისმგებლობის ამაღლება სოციალური კუთხით. ძველი ხელისუფლების დროს ყველანაირი შეღავათი გაუქმდა. მოქალაქეთა სოციალური დაცულობა და სოციალური ვალდებულებები იმ ხელისუფლების პირობებში გაიზარდა, რომელსაც ღარიბაშვილი მართავდა. მესამე არის შიდა რეგიონული პოლიტიკა. წინა ხელისუფლებას პროპაგანდა ჰქონდა, რომ სოფელში ვერაფერს გააკეთებ.

- ახლაც ასეთი პროპაგანდა აქვთ. ნაცმოძრაობა ღარიბაშვილის გადადგომას ენდიაის კვლევებსა და ოცნების დაბალ რეიტინგს უკავშირებს...

- სისულელეა. ენდიაის წინასაარჩევნო კვლევებით, 2012 წელს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ვერ უნდა მოსულიყო, მაგრამ უმრავლესობით მოვიდა. ძალიან სასაცილოა, ენდიაის კვლევებს გავლენა ჰქონოდა სამთავრობო გადაწყვეტილებებზე.

- ყოფილი პრემიერი ხშირად ეხვეოდა თუ ახვევდნენ გარკვეულ სკანდალებში. პატრიარქის გულწრფელ ნატვრაზე (პატიმართა შეწყალების უფლებაზე), ღარიბაშვილის გულწრფელი პასუხი იყო, რასაც შეწყალების კომისიის დიდი სკანდალი მოჰყვა. ამის გამოძახილი ხომ არ არის ღარიბაშვილის გადადგომა?

- ნებისმიერი პირველი პირი ამგვარი სკანდალების ქვეშაა. მეც კი სკანდალების ქვეშ ვიყავი ნაცმოძრაობის მხრიდან. მათ სკანდალების შექმნის გარეშე არ შეუძლიათ. ხელოვნური სკანდალებით სულდგმულობენ. შემდეგ სკანდალები გაივლის, სიტუაცია მშვიდდება, რადგან ნაცმოძრაობის მოქმედებები არაადეკვატურია.

- სკანდალებში ღარიბაშვილს მისი ნათესავებიც ხვევდნენ. მუდმივად იყო ბრალდებები, რომ მისი ნათესავები უარყოფით პროცესებში მონაწილეობდნენ. ამაზე რას იტყვით?

- იყო გარკვეული გარემოებები, რომლებიც ღარიბაშვილს სკანდალებში ხვევდა, მაგრამ ბოლოს ყველაფერი მშვიდდებოდა. ასევე იყო საკითხები, რომლებიც ღარიბაშვილს ხელოვნურად უკავშირდებოდა. არცერთ შემთხვევაში არცერთი საკითხი არ ყოფილა იმდენად სერიოზული და მნიშვნელოვანი, რომ გადადგომის წინაპირობად ჩავთვალოთ. გადადგომა არ მოხდა მოულოდნელად. მიმდინარეობდა მზადება. ეს არის ჩვეულებრივი კამპანია, კარგად გააზრებული პროცესი.

- ქართული ოცნების მიერ დაგეგმილი პროცესია?

- დიახ, დაგეგმილი პროცესია. დაგეგმილი იყო, როგორ უნდა შეესრულებინა სამუშაო და რის შემდეგ უნდა გადამდგარიყო. გადადგომა მოჰყვა ვიზალიბერალიზაციის შედეგებს, რაც სავსებით ნორმალურია.

- თქვენ კარგად იცნობთ ბიძინა ივანიშვილს, მის ხასიათს. ბუნებრივიცაა, რომ მის შექმნილ კოალიციაში სიტყვაც ეთქმის და შეიძლება პროცესებშიც მონაწილეობდეს. ამ შემთხვევაში რამდენად ჩანს ივანიშვილის მონაწილეობა?

- სავსებით ნორმალურია, რომ ბიძინა ივანიშვილს გარკვეული სიტყვა ეთქმის, როგორც კოალიციის შემქმნელსა და პარტიის დამფუძნებელს. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტიც კი ეკითხება ყოფილ პრეზიდენტებს გადაწყვეტილებების მიღების დროს. ვერ გეტყვით, ამჟამად რა ფორმით იყო ივანიშვილი ჩართული, მაგრამ „ქართული ოცნება“ იმართება კოალიციურად, გადაწყვეტილებები მიიღება გუნდურად. ამ გადაწყვეტილების მიღებაში ჩართული იქნებოდნენ პრემიერი და სხვა ადამიანები, რომლებიც ძირითად ბირთვს წარმოადგენენ. ეს ნორმალური პროცესია. ასე ბევრგან ხდება მსოფლიოში.

- ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის წინასაარჩევნოდ გააქტიურდება. თქვენ დამიდასტურეთ, რომ ღარიბაშვილის გადადგომა დაგეგმილი პროცესია ანუ ბიძინა ივანიშვილმა დაგეგმა პრემიერის გადადგომა და ხელისუფლებაში კონფიგურაციის შეცვლა?

- ბიძინა ივანიშვილი ვერ დაგეგმავდა. ბიძინა ივანიშვილს აქვს ავტორიტეტი, მაგრამ ის არ ახდენს პროცესების დაგეგმვას. პროცესებს გეგმავს კოალიციური მმართველობის სტილზე აწყობილი გუნდი.

- ანუ ღარიბაშვილის გადადგომა გუნდმა დაგეგმა?

- მე გარკვეული ინფორმაციებისა და ანალიზის საფუძველზე ვსაუბრობ. მტკიცებას ვერ დავიწყებ, მაგრამ, დიდი ალბათობით, ეს არის ერთობლივი გადაწყვეტილება.

- ღარიბაშვილი გუნდში რჩება?

- დიდი ალბათობით რჩება და მმართველი კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი და საარჩევნო სიის პირველი ნომერი იქნება.

- ვის მოიაზრებთ ახალ პრემიერად? კვირიკაშვილს?

- შესაძლოა. მით უმეტეს, რომ კვირიკაშვილმა გარკვეული ტრენინგები გაიარა საპრემიეროდ მოსამზადებლად.

- რა უნდა შეცვალოს ახალმა პრემიერმა?

- ვერ გეტყვით. არსებითი ცვლილებები არ სჭირდება. ახლა მთავარია, სახელმწიფო სტრუქტურებმა იფუნქციონირონ, საარჩევნო პროცესებს მომზადებული შეხვდნენ და 2016 წლის არჩევნები ნორმალურად ჩატარდეს.

ახალი თაობა“, 25 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ დავით დარჩიაშვილთან: „გიორგი კვირიკაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე ბევრად ადეკვატურია

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი დავით დარჩიაშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტიდან ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა ბიძინა ივანიშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილებაა.

„ცივილიზებულ ქვეყნებში მსგავსი რამ არ ხდება. პრემიერ-მინისტრი, რომელიც სამწლიანი ანგარიშით წარდგება საზოგადოების წინაშე, ამ ანგარიშში მხოლოდ წარმატებაზე ისაუბრებს, მერე უცებ გვეტყვის, რომ ახალ სტანდარტს ამკვიდრებს და ამიტომ მიდის თანამდებობიდან, რბილად რომ ვთქვათ, სრული აბსურდია. წარმოიდგინეთ, რომ ანგელა მერკელი, დევიდ კამერონი გადადგნენ ამ მოტივით. ცხადია, ჩვენ საქმე გვაქვს პოლიტიკურ კრიზისთან. ვითომ ეს ახალგაზრდა კაცი დაიღალა და ამიტომ წავიდა?! მსგავსი არაფერი ხდება. სისულელე უნდათ, რომ შემოგვასაღონ”, – ამბობს დავით დარჩიაშვილი.

- თქვენ რას ფიქრობთ, რა მოხდა?

- ივანიშვილმა უცებ გადაწყვიტა, რომ ამ თანამდებობიდან მოიცილოს ღარიბაშვილი. ეს არის უმთავრესი სისტემური პრობლემა, რომლის წინაშეც დიდი ხანია, ქვეყანაა. არაფორმალური პიროვნება ისე ატრიალებს მთავრობასა და უმრავლესობას, როგორც თავად მოეხასიათება. ამავე დროს, პასუხს არაფერზე აგებს. ასეთი მმართველობა ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს.

- გამორიცხავთ, რომ თავად მიეღო ღარიბაშვილს ეს გადაწყვეტილება?

- ამას აბსოლუტურად გამოვრიცხავ. არაფერი მსგავსი არ ეტყობოდა მას. სამი დღის წინ დიდი ბაქიბუქით, ყელმოღერებული საუბრობდა წარმატებებზე. როდესაც ეს ინფორმაცია გავრცელდა პარლამენტში, უმრავლესობაში სრული დაბნეულობა იყო. ვიღაცებმა კულუარებიდან რაღაც იცოდნენ, მაგრამ ღიად, დადასტურებულად – არაფერი. რატომ? რა დააშავა, ხომ უნდა ვიცოდეთ. ამაზე პასუხს მათ ვერ ათქმევინებთ.

- შეიძლება ეს ყველაფერი ქართული ოცნების რეიტინგებს უკავშირდება?

- არ გამოვრიცხავ, რომ რეალურად ეს გადაწყვეტილება მათ დავარდნილ რეიტინგს უკავშირდება და ამ გზით ცდილობდეს ბიძინა ივანიშვილი ამოქაჩვას.

- ყველაზე აქტიურად პრემიერის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილი განიხილება. როგორ დაახასიათებთ მას, შეიძლება ის უკეთესი პრემიერ-მინისტრი იყოს?

- გიორგი კვირიკაშვილი, როგორც ეკონომისტი, ფინანსისტი და როგორც ადამიანი, ბევრად ადეკვატურია, ვიდრე ღარიბაშვილი, რომელსაც არანაირი დივიდენდი, საფუძველი არ ჰქონდა, რომ ქვეყანაში ამხელა თანამდებობა სჭეროდა. კვირიკაშვილის პიროვნული თვისებები ბევრად უფრო მაღალი რანგისაა, მაგრამ ამ პიროვნებებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს – იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ მართვის სისტემა ივანიშვილზეა ჩამოკიდებული, ეს ადამიანები კი, ვინც არ უნდა იყვნენ, მისი პირადი ნების შემსრულებლები ხდებიან. ამიტომ ვამახვილებ ყურადღებას სისტემაზე და ამიტომ ვამბობ ასე დაჟინებით, რომ სისტემაა შესაცვლელი.

ახალი თაობა“, 25 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ მანუჩარ მაჩაიძესთან:პრემიერის გადადგომა შეუსრულებელ დაპირებებს მოჰყვა

ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა მიზეზების განმარტების გარეშე მითქმა-მოთქმის საფუძველს აჩენს. ამ თემაზე ბევრნაირი აზრი გამოითქმის. თბილისის საკრებულოს წევრი „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“ მანუჩარ მაჩაიძე, „ახალ თაობასთან“ საუბარში ამ საკითხზე თავის ვარაუდს გამოთქვამს. :ჩემი ვარაუდით, ეს შეუსრულებელ დაპირებებს უკავშირდება. ეს ნაბიჯი მოჰყვა იმას, რომ ხალხი უკმაყოფილოა. საზოგადოების ასეთი დამოკიდებულება, პირველ რიგში, გამოწვეულია იმით, რომ არ აღდგა სამართლიანობა“, – ამბობს ყოფილი ცნობილი ფეხბურთელი, რომელიც 1995-1999 წლებში პარლამენტის წევრიც იყო.

- რას გულისხმობთ?

- არ დასჯილან უმძიმესი დანაშაულების ჩამდენები, არ დაბრუნებულა წართმეული ქონება. ხალხმა ვერც ეკონომიკური წინსვლა იგრძნო. არადა, ნაციონალური მოძრაობის მმართველობასთან შედარებით, უკეთესობა ეკონომიკაშიცაა. ამ დღეებში ღარიბაშვილმა 3 წლის შედეგები შეაჯამა. იგი კმაყოფილი იყო თავისი და გუნდის მუშაობით. არ ჩანდა, რომ ის გადადგომას აპირებდა.

- ხალხის უკმაყოფილება ახსენეთ. გამოდის, რომ ეს ნაბიჯი ქართული ოცნების რეიტინგის ვარდნასა და არჩევნებისათვის სამზადისს უკავშირდება?

- ალბათ. რომელ რეგიონშიც არ უნდა ჩახვიდე, ყველგან უკმაყოფილებაა. სამართლიანობის აღდგენა იყო „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი დაპირება, რომელიც, საუბედუროდ, ვერ შესრულდა, თუმცა, თვალს ვერ დავხუჭავთ იმაზე, რომ, წინა რეჟიმისგან განსხვავებით, ადამიანებს ქუჩაში აღარ ხოცავენ, აღარ აწამებენ და ტყუილად აღარ იჭერენ. ეტყობა, ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ახალი პრემიერ-მინისტრის საქმიანობა ხალხის უკმაყოფილებას შეამცირებს.

- ხალხის უკმაყოფილებას ზოგიერთი მინისტრის მუშაობაც იწვევს. არის კიდეც საუბარი რამდენიმე მათგანის შეცვლაზე. რომელი მინისტრის მუშაობას აფასებთ ნეგატიურად?

- არ ვიტყოდი, რომ რომელიმე თანამდებობის პირს ნეგატიურად ვაფასებ, მაგრამ, არის სფეროები, რომლებშიც ჩავარდნა გვაქვს. პირველ რიგში, დავასახელებ განათლებას. ჩვენი შვილები ვერ იღებენ ხარისხიან განათლებას. რა მოგვიტანა იმ რეფორმებმა, რომლებიც ამდენი წელია, მიმდინარეობს? ტესტებით რომ ბავშვები ცოდნას ვერ იძენენ, ამის დამადასტურებელი უამრავი მაგალითი გვაქვს. მოსწავლემ უნდა მიიღოს ღრმა, სისტემური განათლება. ჩვენთან თუ რაიმე ისწავლება, ზერელედ. მისახედია ეკონომიკური ბლოკი. საქართველოში უნდა განვითარდეს როგორც სოფლის მეურნეობა, ისე მრეწველობა. სასამართლო სისტემასაც ვერაფერი ეშველა.

- დადებითად რომელი მინისტრების მუშაობას შეაფასებდით?

- პირველ რიგში, შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულების მინისტრებისას. იდეალური მდგომარეობა ამ სფეროებშიც არ არის, მაგრამ წინსვლა აშკარაა.

- ოპონენტები ასე არ ფიქრობენ...

- ოპონენტებში თუ ნაციონალური მოძრაობა იგულისხმება, მათი კრიტიკა დამაჯერებელი არ არის. ის დამნაშავე ორგანიზაციაა. მას უფლება არ აქვს, ასე ილაპარაკოს. ნაცმოძრაობის უდანაშაულო წევრების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ მათ ლიდერებს არაადამიანური დანაშაულები აქვთ ჩადენილი, პასუხი კი არ უგიათ.

- რამდენი თვეა ვრცელდება ინფორმაციები დედაქალაქის მერის მოსალოდნელ გადადგომაზე ან მის იმპიჩმენტზე. რას იტყოდით ამაზე, როგორც საკრებულოს წევრი?

- ეს მეტწილად ჭორებია. ვინც ამას ავრცელებს, ამბობს ხოლმე, ჩემმა წყარომ მაცნობაო. დაახლოებით 20 წელიწადია, პოლიტიკაში ვარ. რატომ მე არ მაწვდის წყარო ასეთ ინფორმაციებს? დავით ნარმანიას მუშაობა უნაკლო არ არის, მაგრამ, კორუფციაში ჩაფლულიაო, რომ ამბობენ, ეს სწორი არ არის. საკრებულოში ვარ და ამას ვერ ვამჩნევ. არც იმას ვამბობ, რომ მერიაში კორუფცია სრულად მოისპო. ჯოკია ბოდოკიაც და თითო-ოროლა სხვა კაციც ამ დანაშაულის გამო დააკავეს. შეიძლება, სხვა შემთხვევაც იყოს. თბილისის მერი ნამდვილად არ არის კორუფციაში ჩაბმული. მისი ერთი თვისება ისიცაა, რომ `პიარშჩიკი~ არ არის. ნარმანია იმაზე მეტ საქმეს აკეთებს, ვიდრე გარედან ჩანს.

ახალი თაობა“, 25 დეკემბერი, 2015 წელი

ინტერვიუ ზაალ კასრელიშვილთან: რატომ აფარებს საქართველოს ხელისუფლება ხელს რუსულ ისკანდერებს

რატომ განათავსა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ჯავაში ისკანდერები, რატომ ასაიდუმლოებდა ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება ამ ფაქტს, რა საფრთხეებს უნდა ველოდოთ რუსული სარაკეტო კომპლექსისგან? – ამ თემებზე „ახალ თაობას“ კავკასიის ხალხთა კონფედერაციის პრეზიდენტი ზაალ კასრელიშვილი ესაუბრება.

„რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკვე ოფიციალურად დაადასტურა ის ფაქტი, რომელზეც ჩვენ ერთი წლის წინ ვლაპარაკობდით. ახლა უკვე მთელმა მსოფლიომ იცის, რომ რუსეთმა ცხინვალის რეგიონში ბალისტიკური რაკეტები განათავსა. ამას უკვე ჩვენი ხელისუფლებაც ადასტურებს და ეს უკვე რაღაცას ნიშნავს. დადასტურებული ინფორმაციით, ისკანდერ მ-ის სისტემა ჯავის რაიონის სოფელ რაროს სიახლოვეს არის განლაგებული. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ კომპლექსის გამოყენება შესაძლებელია მოძრავ მდგომარეობაში. მათ ოკუპირებული ტერიტორიის ნებისმიერი წერტილიდან შეუძლიათ გასროლა. რუსებს ცხინვალის რეგიონიდან, საჭიროების შემთხვევაში, თურქეთის შავი ზღვისა და აღმოსავლეთ ანატოლიის დიდი ნაწილის დაბომბვაც შეეძლებათ”, – ამბობს ზაალ კასრელიშვილი.

- ამ თემაზე ერთი წლის წინ თქვენ ახალი თაობისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრეთ. თქვით, რომ რუსებს ჯავის სიახლოვეს, კერძოდ კი თრუსოს ხეობის ზემოთ სმერჩი, ურაგანი და ისკანდერები ჰყავდა განთავსებული. ეს ფაქტი მაშინ ჩვენმა ხელისუფლებამ კატეგორიულად უარყო. თქვენი აზრით, რაში დასჭირდა ჩვენს ხელისუფლებას ამის უარყოფა?

- რაში დასჭირდათ ამის უარყოფა და იმაში, რომ ბუდარიები არიან. ვიმეორებ, თრუსოს ხეობის მიდამოებში ახლაც არის „სმერჩი“, „ურაგანი“ და „ისკანდერი“. ეს უკანასკნელი მძიმე კატეგორიის იარაღია და რუსები მაშინ მას კარგად ფუთავდნენ. „ახალი თაობისთვის“ ერთი წლის წინ მიცემულ ინტერვიუში ისიც ვთქვით, რომ რუსებმა იქ სარაკეტო დანადგარების მომსახურებისთვის ე.წ. გარადოკიც კი გააკეთეს. ამის დამადასტურებელი ფოტოებიც არსებობდა. ეს ფოტოები, როგორც მაშინ გითხარით, ოსმა მონადირეებმა მოგვაწოდეს, რომლებიც ნადირობის დროს რუსმა სამხედროებმა დაიჭირეს. სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია მართალი გამოდგა და ახლა ამაზე უკვე საერთაშორისო საზოგადოებაც აღშფოთდა.

- მანამდე რატომ არ ამოიღეს ხმა?

- იმ პერიოდისთვის რუსეთთან ჯერ კიდევ მოლაპარაკებების პროცესში იყვნენ და მოსკოვთან ურთიერთობის გაფუჭებას არ აპირებდნენ, თანაც მაშინ ეს „ისკანდერები“ ნატოს ქვეყნისთვის არ ჰქონდათ დამიზნებული. საერთაშორისო მედიის ნაწილი შარშანაც აპროტესტებდა ამ ფაქტს, ნაწილმა თავი შეიკავა, ჩვენმა ხელისუფლებამ კი რუსეთის სამხედრო ნაწილების გადაადგილებას ხელი დააფარა. გასაოცარი იყო ისიც, რომ რუსულ ისკანდერებს ხელი ქართული მედიის ნაწილმაც დააფარა. მათგან იყო ეს გასაკვირი, თორემ პრორუსი პოლიტიკოსები, ცხადია, რუსეთზე აუგს არ იტყოდნენ.

- ზემოთ თქვით, ხელისუფლებამ იმიტომ არ ამოიღო ხმა, რომ ბუდარიები არიანო. მხოლოდ ეს იყო მიზეზი? ან იქნებ ეს ისკანდერები არაფრად მიაჩნიათ?

- ჩვენი ხელისუფლების დუმილი ჩვენთვის დღემდე გაუგებარია. მართლა არ ვიცით, რატომ დააყენეს საკუთარი მოსახლეობის უსაფრთხოება სასწორზე. გაუგებარია, რატომ არ ატეხეს ამ თემაზე განგაში. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ის ისკანდერები თურქეთზეა დამიზნებული და საქართველოს საფრთხეს არ უქმნის, ძალიან ცდება. ღმერთმა არ ქნას, ეს ისკანდერი რუსეთმა თურქეთისკენ გაისროლოს. გარწმუნებთ, ჩვენ ძალიან ცუდ დღეში ჩავცვივდებით.

- ჩვენ რატომ ჩავცვივდებით ცუდ დღეში?

- თურქეთი გახლავთ ნატოს წევრი ქვეყანა. თურქეთის მიმართულებით გასროლილი რაკეტის ჩამოგდებას ნატოს ჰაერსაწინააღმდეგო ძალები ეცდებიან.

- ეს ჩვენთვის რატომ არის სახიფათო?

- ტერიტორია, სადაც ეს რაკეტა შეიძლება ჩამოვარდეს, საქართველო იქნება. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ვიღაცას გული გაუსკდეს და ამ საახალწლოდ შამპანურის ნაცვლად ვალიდოლი დალიოს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რაიმე იღონოს. ამ ეტაპზე ისკანდერები თურქეთისკენაა მიმართული, მაგრამ ნებისმიერ მომენტში შეიძლება მისი საქართველოს წინააღმდეგ გამოყენება. მათი წყალობით აქ რაკეტსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განთავსება აზრს კარგავს.

როგორც სამხედრო ექსპერტები განმარტავენ, სარაკეტო კომპლექს „ისკანდერს“ აქვს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების ელემენტების, საკომანდო პუნქტების, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების ელემენტების განადგურების უზარმაზარი შესაძლებლობები, საქართველოს, პრაქტიკულად, მთელი ტერიტორიის სიღრმეში.

აქედან გამომდინარე, ამ რაიონში ისკანდერის სარაკეტო სისტემის განთავსება აზრს უკარგავს საპასუხოდ რაკეტ ან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განლაგებას, თუ ისინი მიმართულია რუსეთის წინააღმდეგ. რუსეთი ამ „ისკანდერებს“ იმ შემთხვევაშიც გამოიყენებს, თუ საქართველო აფხაზეთში ან სამაჩაბლოში შესვლას შეეცდება.

- რუსეთმა აფხაზეთშიც განათავსა ეს შეიარაღება?

- რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მათ სამხედრო ოლქში განათავსეს თანამედროვე ისკანდერ მ-ის სისტემები. ამ მხრივ გამონაკლისი არც სამხრეთის სამხედრო ოლქია, აფხაზეთი კი ამ სამხედრო ოლქის ნაწილია. დადასტურებულია ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ რუსეთს აფხაზეთსა და ცხინვალში სხვა არანაკლებ დამანგრეველი იარაღიც მრავლად აქვს განთავსებული.

- ზემოთ თქვით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რამე უნდა იღონოს. რა შეიძლება გააკეთონ, რუსეთმა რაკეტის გასროლა თუ გადაწყვიტა, ჩვენ შევაჩერებთ?

- საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო დონეზე ხმამაღლა უნდა განაცხადოს, რომ მის ტერიტორიაზე მის დაუკითხავად ბალისტიკური რაკეტა განათავსეს. ამით, მართალია, ვერაფერს შევცვლით, მაგრამ მსოფლიოს იმას მაინც დავანახებთ, რომ ცოცხლები ვართ. იმედი მაქვს, სამთავრობო ცვლილებები ამ მხრივ დადებით შედეგს გამოიღებს და მთავრობას იმის თქმის მაინც არ შეეშინდება, რომ რუსეთმა მის ტერიტორიაზე მის დაუკითხავად დამანგრეველი შეიარაღება განათავსა, თანაც ამ ინფორმაციას რუსეთი უკვე ოფიციალურად აღიარებს.

რეზონანსი“, 25 დეკემბერი, 2015 წელი

ლარმა მორიგ წნეხს გაუძლო!

პროგნოზი: ერთი თვის განმავლობაში კურსი 2,4-ის დონეზე შენარჩუნდება

მაკა ხარაზიშვილი

ლარის მკვეთრი მერყეობა ეროვნული ბანკის ინტერვენციამ შეაჩერა. მთელი კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში უფასურდებოდა. გუშინ, შუადღისას, ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში 1 დოლარი 2,435 ლარი ღირდა, ხოლო ბანკებში ამერიკული ვალუტის ღირებულებამ 2,46 ლარს მიაღწია.

ხუთშაბათს შუადღისას ეროვნულმა ბანკმა 20 მილიონი დოლარი გაყიდა და ლარის გაუფასურება შეჩერდა. ეკონომისტების გათვლებით, ლარის მკვეთრი გაუფასურება მოსალოდნელი აღარ არის, ვინაიდან ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესებულია. ამასთან, ნავთობის ფასი მცირედით გაიზარდა, ხოლო დოლარის გამყარება მსოფლიოს ძირითად ვალუტებთან შეჩერებულია. ბოლო დღეებში ამერიკული ვალუტა პოზიციებსა კი თმობს.

ეკონომისტების ვარაუდით, ბოლო 1 კვირის განმავლობაში ლარის კურსის ვარდნა დოლარზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა. წლის ბოლოს იმპორტირებულ საქონელზე მოთხოვნა ყოველთვის მატულობს, ამასთანავე კომპანიებს უამრავი ვალდებულება აქვთ გასასტურმებელი, რომელიც ძირითადად უცხოურ ვალუტაშია. ეკონომისტების აზრით, ლარის გაუფასურებაზე მცირედი გავლენა აზერბაიჯანული მანათის დევალვაციამაც გამოიწვია. მეზობელი ქვეყანა საქართველოს ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორია.

ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილი წევრის მიხეილ თოქმაზიშვილის განცხადებით, ეროვნული ვალუტის გაუფასურება არ იყო ისეთ, ღრმა და მკვეთრი, როგორიც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში. იგი ამტკიცებს, რომ ლრის მკვეთრი მერყეობა მოსალოდნელი არ არის.

“ეს არის ძალიან მდორე მოძრაობა. ამიტომ დასკვნის გაკეთება, რომ გაუფასურება გაგრძელდება, არ შეიძლება. რეალურად ლარის კურსის რყევა მომავალშიც არის მოსალოდნელი, თუმცა ეს იქნება რბილი და არა მკვეთრი. საერთო ჯამში, ყველაფერი დაკავშირებულია იმ ძირითად ცვლილებებთან, რომელიც ხდება საგარეო ვაჭრობაში.

ახალი წლის წინა დღეებია და იმპორტიორები გააქტიურდნენ. ამასთან კერძო კომპანიებს ვალდებულებები აქვთ გასასტუმრებელი თავიანთი პარტნიორების მიმართ. ამან შეცვალა ბალანსი და დამოკიდებულება უცხოური ვალუტისადმი”, – აცხადებს მიხეილ თოქმაზიშვილი.

ეკონომისტი მიხეილ დუნდუა ასევე მიიჩნევს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე გარკვეული გავლენა ისევ საერთაშორისო ფაქტოებმა იქონია, მათ შორის, აზერბაიჯანული მანათის დევალვაციამ. იგი აღნიშნავს, რომ დღეს კურსის სტაბილურობისთვის მთავარი გამოწვევა სამომხმარებლო სესხების მკვეთრი ზრდაა. ამიტომ ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასთან ერთად, სხვა ფუნდამენტური პრობლემების მოგვარებაზეც უნდა იმუშაოს – ესაა სამომხმარებლო სესხების შეზღუდვა და დოლარიზაციის მაჩვენებლის შემცირება.

“წლის ბოლო თვეს სამომხმარებლო სესხების მაჩვენებელი ტრადიციულად დიდია. სავალუტო ფონდის რეკომენდაციის მიუხედავად, სებ-ი არ იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას სამომხმარებლო კრედიტების შესაზღუდად, რათა მოსახლეობას მძიმე ტვირთად არ დააწვეს ყოველთვიური შენატანი. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ტრანსფორმირდება დოლარის მასობრივ შესყიდვაში. ბუნებრივია, იგი ლარის კურსზეც უარყოფით გავლენას ახდენს. როდესაც ამ ანომალიას აღმოფხვრის ეროვნული ბანკი, ვერც ერთი სავალუტო ფაქტორი ვერ ჰპოვებს ასახვას ლარის დევალვაციაზე”, – ამბობს მიხეილ დუნდუა.

მისი აზრით, წლის ბოლომდე სიტუაცია დარეგულირდება და უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2,4-ის დონეზე შენარჩუნდება.

ანალიტიკოსთა დარბაზის – “დოქტრინას” – ხელმძღვანელის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ყველა ძირითადი პარამეტრი, რომელმაც შესაძლოა ეროვნულ ვალუტაზე გავლენა იქონიოს, გაუმჯობესებულია. დღევანდელი მაკროეკონომიკური რეალობა ასეთია: საგარეო ვაჭრობამ 2015 წლის იანვარ-ნოემბერში 8,890 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 13%-ით ნაკლებია. შემცირებულია როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტი.

“მაგრამ პოზიტიურია ის, რომ მიუხედავად კლებისა, შემცირებულია ასევე უარყოფითი სავაჭრო სალდო – წინა წელთან შედარებით 240 მილიონი დოლარით, რაც ნიშნავს იმას, რომ 240 მილიონი დოლარით ნაკლები გავიდა საზღვარგარეთ ჩვენი ქვეყნიდან. ასევე საგრძნობლად გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 3 კვარტლის მონაცემებით – 1,019 მილიარდი დოლარი. მიმდინარე წლის მე-3 კვარტალში კი ინვესტიციების მოცულობ 489 მილიონია და ეს უტოლდება 2007 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს”, – აცხადებს ირაკლი ზარღუა და დასძენს, რომ ასევე წლიდან წლამდე იზრდება საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალი.

“ბოლო 2,5 წელიწადში ძალიან კარგი მაჩვენებელი გვაქვს. 2015 წლის პირველ ნახევარში, საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალმა 10 მილიონით გადააჭარბა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს და 620 მილიონი დოლარი შეადგინა. ჩვენ ყველა პარამეტრი, ყველა მონაცემი, რომელიც უკავშირდება ეროვნული ვალუტის გამყარებას, დევალვაციის შეჩერებას, ეკონომიკის გაჯანსაღებას, ეს სახეზე გვაქვს”, – ამბობს ზარღუა.

რაც შეეხება საერთაშორისო გზავნილებს, 2015 წლის ნოემბრში დაფიქსირდა 85 მილიონი დოლარის შემოდინება ქვეყანაში. წინა წელთან შედარებით, ანალოგიურ თვესთან მიმართებით კლებაა 19 მილიონის ფარგლებში.

“საბოლოო ჯამში, ყველა ის ძირითადი პარამეტრი, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს ეროვნულ ვალუტაზე, გაუმჯობესებულია და უკეთესობისკენ მიდის. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ საგარეო პრობლემები კვლავაც სახეზეა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს ეროვნულ ბანკს, რომ მიიღოს ადეკვატური ზომები, რათა გაატაროს შესაბამისი პრევენციული პოლიტიკა. საქართველო ნაკლებად დაზარალებული უნდა გამოვიდეს ამ პროცესებიდან”, – აღნიშნავს ზარქუა.

სპეციალისტების აზრით, მომავალ წელს არჩევნებია და ხელისუფლება ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რათა ლარის კურსის კიდევ უფრო ვარდნა და ამის გამო მოსახლეობის რისხვა თავიდან აიცილოს.

Comments are closed