globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 26 იანვარი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jan 26th, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის თანამშრომლობა დაიწყო: არჩევნებისთვის სპეცუბნების გაუქმება და სამუშაო ჯგუფის შექმნა

რეზონანსი: ინტერვიუ გიორგი ახვლედიანთან: “თუ მაჟორიტარული სისტემა არ გაუქმდა, არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დადგება”

„ალია“: ინტერვიუ გოჩა თევდორაძესთან: რას აპირებს ოპოზიცია, თუკი მაჟორიტარული სისტემა არ გაუქმდება?

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან: „ქვეყნისთვის აჯობებდა, რომ ისევ კოალიციაში ვყოფილიყავით… თუმცა არჩევნებზე სერიოზულ შედეგს დავდებთ”

„ახალი თაობა“: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ვინც ბიძინა ივანიშვილის მხრებიდან ჩამოვა, იმას პერსპექტივა არ ექნება“

რეზონანსი: ქვეყანაში პურის და დენის გაძვირების საფრთხეა! // მედიკამენტების ფასი ყოველკვირა იზრდება

რეზონანსი: ხალხი გაღატაკდა, ბანკები კი არნახულად გამდიდრდნენ // 537 მილიონის წმინდა მოგების მიმღებმა საბანკო სექტორმა ბიუჯეტში სულ 67 მლნ ლარი შეიტანა

რეზონანსი: მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა უფრო და უფრო მცირდება // „ბოლო წელიწადნახევარში ამ მაჩვენებელმა ალბათ 15%-საც კი გადააჭარბა»

რეზონანსი“: ოკუპირებულ ტერიტორიებზე ინფლაციამ პიკს მიაღწია // რუბლის და ლარის გაუფასურებამ გალელებს და ახალგორელებს ორმაგი დარტყმა მიაყენა

რეზონანსი: აფხაზ სეპარატისტებს ენგურჰესის დენი მთლიანად მიაქვთ, თუმცა მაინც არ ჰყოფნით და ამიტომ ყოველდღიური გრაფიკი დაწესდა

—————————-

რეზონანსი“, 26 იანვარი, 2016 წელი

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის თანამშრომლობა დაიწყო:

არჩევნებისთვის სპეცუბნების გაუქმება და სამუშაო ჯგუფის შექმნა

თაკო მათეშვილი

ნაყოფიერი და იმედის მომცემი – ასე აფასებენ არასაპარლამენტო ოპოზიციაში პრემიერ-მინისტრთან გამართულ გუშინდელ შეხვედრას, რომელიც მათი წელიწადნახევრიანი მოთხოვნის შემდეგ შედგა.

შეხვედრის მთავარ შედეგად კი ისინი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სპეცუბნების გაუქმებასა და სამუშაო ჯგუფის შექმნის დაანონსებას ასახელებენ, რომელიც საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად იმუშავებს და ინიციატივებს პარლამენტში წარადგენს.მთავარ საკითხზე-მაჟორიტარული სისტემის 2016 წლის არჩევნებისთვის გაუქმებაზე, რასაც ოპოზიცია დიდი ხანია ითხოვს, გუშინდელ შეხვედრაზე გადაწყვეტილება არ მიუღიათ, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ ეს თემა წამოჭრა.

პრემიერთან თანამშრომლობით ამ ეტაპზე კმაყოფილები არიან და ამბობენ, რომ დასაწყისი, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ელოდნენ, პოზიტიური იყო.

საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.

ოპოზიციამ საარჩევნო რეფორმის საკითხებზე კვირიკაშვილთან შეხვედრის სურვილი და მზადყოფნა მას შემდეგ გამოთქვა, რაც პრემიერმა საზოგადოების სხვადასხვა ფენასთან შეხვედრების დაწყება დააანონსა.

არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიულ ჯგუფში 13 პარტიაა გაერთიანებული: “ახალი მემარჯვენეები”, “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა”, “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია”, “თავისუფლება”, “თავისუფალი საქართველო”, “რეფორმატორები”, “სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის”, “ევროპელი დემოკრატები”, “ლეიბორისტული პარტია”, “პატრიოტთა ალიანსი”, “ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა”, “ტრადიციონალისტთა კავშირი” და “ქრისტიან-დემოკრატიული პარტია”.

შეხვედრის თემა იყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები, ნაკლოვანებები კანონმდებლობაში – როგორც კონსტიტუციაში, ასევე საარჩევნო კოდექსში და ამ ნაკლოვანებების შეცვლის აუცილებლობა. თუმცა, პრემიერმა შეხვედრის მთავარ მიზნად საუბრისა და თანამშრომლობის დაწყება მიიჩნია.

“მოხარული ვარ შეხვედრით. ჩვენ აბსოლუტურად მზად ვართ იმისთვის, რომ ჩართულობა პოლიტიკურ პროცესში გაცილებით უფრო მაღალი იყოს. გვინდა, რომ დავამკვიდროთ ურთიერთობის მაღალი კულტურა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, წინასაარჩევნო პერიოდში ვაჩვენოთ ჩვენს პარტნიორებს მთელ მსოფლიოში, რომ ჩვენ შეგვიძლია, ცივილიზებულად ვისაუბროთ ერთმანეთთან და არამხოლოდ ვისაუბროთ, არამედ მოვისმინოთ ერთმანეთის და მართლაც სამაგალითო არჩევნები ჩავატაროთ. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რაღაც შეიძლება გავითვალისწინოთ, რაღაც შეიძლება არ გავითვალისწინოთ, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ჩვენ კონფრონტაციული ფორმატიდან გამოვიდეთ და საუბრის ფორმატში გადავიდეთ”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრაზე და დასძინა, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა.

ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი კი საქართველოს ტერიტორიაზე სპეცუბნების გაუქმებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება იყო. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობის სხდომის დღის წესრიგში ეს საკითხი უკვე ატვირთულია და უახლოეს მომავალში დამტკიცდება. პარლამენტი კი მას კენჭს, სავარაუდოდ, თებერვალში უყრის.

“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ განგვეხორციელებინა საკანონმდებლო რეფორმა, რომელიც იმას გულისხმობს, რომ შემოდგომაზე ჩასატარებელ არჩევნებზე უკვე არცერთ სამინისტროს, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს, აღარ ექნება უფლება, სპეცუბნები თავისი შეხედულებისამებრ შექმნას. უფრო მეტიც, თავდაცვის სამინისტროს მოსაზრება იყო და ეს ჩასმულია ამ პაკეტში, რომ სამხედრო ბატალიონებში თუ სხვა ნაწილებში სპეცუბნები საერთოდ არ შეიქმნას”, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ თეა წულუკიანმა.

გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრი და არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფი საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ.

თეა წულიკიანისავე თქმით, პრემიერის გადაწყვეტილებაა, რომ მათთან შეიქმნას დიალოგის ფორმატი, რომელიც ინტერპარტიულ ჯგუფს და მთავრობას საშუალებას მისცემს, მუდმივად აზრთა გაცვლა-გამოცვლის რეჟიმში იყვნენ, რის შედეგადაც საარჩევნო პროცესში სხვადასხვა საინტერესო და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თემებზე გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

საწყისი ეტაპისათვის შეხვედრას ნაყოფიერს უწოდებენ არასაპარლამენტო ოპოზიციაშიც და თანამშრომლობის გაღრმავების მოლოდინს გამოთქვამენ.

“ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა კაციტაძის თქმით, მიუხედავად მათი წელიწადნახევრიანი მცდელობისა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებთან – პარლამენტთან ან მთავრობასთან რამე დიალოგის, დისკუსიის ფორმატი ჰქონოდათ, ეს აქამდე ვერ ხერხდებოდა, რადგან მათ შეთავაზებას არავინ თანმხდებოდა. ახალი პრემიერის მოსვლის შემდეგ კი ეს სურვილი კვლავ გამოთქვეს და კვირიკაშვილი შეხვედრას დათანხმდა. ამბობს, რომ ეს კარგია, თუმცა არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამით ყველაფერი მიღწეულია: “მე ვიტყოდი, რომ ამით უბრალოდ ყველაფერი დაიწყო. ჩვენი მხრიდან განწყობა თავიდანვე საკმაოდ პოზიტიური და კონსტრუქციული იყო და პრემიერისა და იუსტიციის მინისტრის მხრიდანაც ანალოგიური დავინახეთ”, – ამბობს მამუკა კაციტაძე. მისივე თქმით, მათი მთავარი თემა შეხვედრისას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები და საარჩევნო გარემო იყო. ასევე, სხვა ტიპის ცვლილებები, რომელთა განსახილველად და განსახორციელებლადაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის თანამშრომლობის ფორმატია საჭირო. რაც შეეხება სპეცუბნების გაუქმებას, ეს საკითხი, მამუკა კაციტაძის თქმით, პრემიერმა და იუსტიციის მინისტრმა თავად წამოწიეს:

«მათ კანონპროექტი უკვე აქვთ და 2016 წლის არჩევნებზე სპეცუბნები აღარ იქნება. ეს საკითხი ჩვენი შეხვედრის მთავარი თემა არ იყო, მაგრამ ზოგადად პრობლემურია. ამიტომ, ჩვენც ეს ყველაფერი ხელისუფლების მხრიდან მცირე პოზიტიურ გზავნილად მივიღეთ. “რაც შეეხება 2016 წლის არჩევნებისათვის უმნიშვნელოვანეს საითხებზე დიალოგის ფორმატის შექმნას, პრემიერმა შეხვედრის ბოლოს თქვა, რომ ეს ფორმატი უახლოეს მომავალში მასთან შეიქმნება. აქვე დასძინა, რომ იგი მაქსიმალურად შეეცდება, ეს ფორმატი ნაყოფიერი იყოს და ამასაც შიდა კოალიციური განხილვა დასჭირდება.

ჩვენ შევთავაზეთ, რომ ეს ფორმატი არაუგვიანეს ერთ თვეში უნდა ამუშავდეს, რათა პარლამენტში შეთანხმებების იმპლემენტაცია მოესწროს და 2016 წლის არჩევნებისათვის გარემო გაუმჯობესდეს. ვნახოთ, რა გამოდნება”, – აცხადებს მამუკა კაციტაძე. დაახლოებით იგივე განწყობა აქვთ არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიულ ჯგუფში შემავალი სხვა პარტიების წარმომადგენლებსაც და ამბობენ, რომ მათი აზრით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით გარკვეული კონსენსუსი შედგება.

“თავისუფალი საქართველოს” წარმომადგენელი ბეჟან გუნავა აცხადებს, რომ კვირიკაშვილთან გამართული შეხვედრიდან იგი პოზიტიური განწყობით გამოვიდა: “არ იყო ეს შეხვედრა შეხვედრისთვის, იყო სერიოზული საუბრები და სერიოზული განწყობა – პრემიერის მხრიდან თანამშრომლობასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ბეჟან გუნავამ.

რეზონანსი“, 26 იანვარი, 2016 წელი

ინტერვიუ გიორგი ახვლედიანთან: “თუ მაჟორიტარული სისტემა არ გაუქმდა, არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დადგება”

თიკო ოსმანოვა

“დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი ხელისუფლებას მაჟორიტარული სისტემის გაუქმებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, 2016 წლის არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მისივე თქმით, სწორედ ამ საკითხზე ესაუბრნენ გუშინ პრემიერ-მინისტრს და მისგან საბოლოო პასუხს ერთ კვირაში ელოდებიან.

„პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ძირითადად ორ საკითხზე ვისაუბრეთ – როგორ გავაუმჯობესოთ საარჩევნო გარემო და გავხადოთ სამართლიანი 2016 წლის არჩევნებისთვის და არა 2020 წლისთვის. ჯერჯერობით რამე განსაკუთრებულ მოლოდინზე და იმედზე საუბარი ნაადრევია. ეს ყველაფერი შეგვეძლება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც საქმით და კონკრეტული ცვლილებებით წარმოჩინდება. ეს კი ნიშნავს საარჩევნო სისტემის ცვლილებას – ერთმანდატიანი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელებას და სხვა საკითხებს, რომელიც საარჩევნო გარემოს უკავშირდება. ჩვენ პრემიერს პირველ რიგში ინფორმაცია მივაწოდეთ იმის შესახებ, თუ რა პროცესები წარიმართა მთელი ამ ხნის განმავლობაში, რომ უკვე მე-3 წელია როგორ მიმდინარეობს მუშაობა საარჩევნო სისტემის შეცვლაზე, რომელთან დაკავშირებითაც საკმაოდ დიდი ინტერესი არსებობს, გაერთიანებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, სამოქალაქო სექტორი და საერთაშორისო ორგანიზაციები. ყველა ინფორმაცია დეტალებში მივაწოდეთ და კონკრეტულ საკითხზე ვისაუბრეთ, თუ როგორ შევცვალოთ სისტემა“, – ამბობს „რეზონანსთან“ საუბარში გიორგი ახვლედიანი.

- არსებობს მოლოდინი, რომ 2016 წლის არჩევნებისთვის მაჟორიტარული სისტემა გაუქმდება? რა დაპირება მოგცათ პრემიერმა?

- რომ გითხრათ, რაღაც კონკრეტული დაპირება მოგვცა, ასე არ არის და ვერც იზამდა, რადგან მან ჯერ კონსულტაციები უნდა გაიაროს მინისტრებთან, ძალიან სერიოზულად უნდა ისაუბროს თავის გუნდთან. ბუნებრივია, მარტო ვერ გადაწყვეტს, თუმცა დაგვპირდა, რომ კონსულტაციებს გაივლის და უახლოეს დღებში ჩვენ გვეცოდინება კონკრეტული პასუხი კონკრეტულ კითხვაზე. საკონსტიტუციო ცვლილებები რომ განახორციელოს, ამისთვის საჭიროა უახლოეს დღეებში – 3 თებერვლამდე ჩაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო სხდომა, რომელმაც უნდა განიხილოს და კენჭი უყაროს საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხს, კონსტიტუციით, რომელიც 240 ათასი ხელმოწერითაა შესული პარლამენტში.

პრემიერი დაგვპირდა, რომ უახლოეს დღეებში თავის გუნდთან კონსულტაციების შემდეგ გვეტყვის რიგგარეშე სხდომის პერსპექტივას, თუმცა თუ გავითვალისწინებთ საპარლამენტო უმრავლესობის პოზიციას, დიდი იმედები ამ თვალსაზრისით არ მაქვს.

შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო, რომ უახლოეს დღეებში შეიქმნება ფორმატი, რომელიც საარჩევნო გარემოს ყველა პრობლემურ საკითხს მსჯელობის საგნად გახდის, დაწყებული სისტემიდან, დამთავრებული სხვა საკითხებით.

- საკონსტიტუციო ცვლილებები თუ მოესწრება?

- თუ ერთ კვირაში ჩაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო სხდომა და ამ საკითხს პირველი მოსმენით კენჭი ეყრება, საგაზაფხულო სესიაზე კი ორჯერ, მაშინ მოესწრება.

- ხელისუფლებამ სპეცუბნების გაუქმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო, როგორ აფასებთ ამას?

- სპეცუბანთან დაკავშირებით ინფორმაცია თვითონ მოგვაწოდა გიორგი კვირიკაშვილმა, რომ მათ გადაწყვიტეს ამის გაკეთება. ეს თემა ჩვენთვის რა თქმა უნდა საინტერესოა, თუმცა სჯობდა ეს აქამდე გაკეთებინათ და არც საგარეჯოს და არც ადგილობრივ არჩევნებზე არ გამოეყენებინათ.

- გარდა მაჟორიტარული სისტემის გაუქმებისა, სხვა მნიშვნელოვან საკითხზე თუ ესაუბრეთ, მაგალითად საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე?

- ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ თუ შეიქმნება სპეციალური ფორმატი, სადაც მიმოვიხილავთ ყველანაირ თემებს, როგორიც არის: ადმინისტრაცია, რეკლამის, ბარიერების და დაფინანსების საკითხები, ანუ კოდექსის თემები. რა თქმა უნდა ესეც მნიშვნელოვანი საკითხებია, მაგრამ ყოველთვის ვამბობთ, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება მას შემდეგ, რაც საარჩევნო სისტემაზე შევთანხმდებით.

- ერთი კვირის მერე რა ბერკეტი რჩება ოპოზიციას, იმ შემთხვევაში თუ მთავრობა მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე საბოლოოდ უარს იტყვის?

- ერთი კვირის მერე ჩავთვლით, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ განხორციელდება, რაზეც ერთმნიშვნელოვნად ხელისუფლება იქნება პასუხისმგებელი. ვიტყვით, რომ ხელისუფლებამ საბოლოოდ უარი თქვა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე და ამით პრაქტიკულად უარს ამბობს, წინასაარჩევნო დაპირებაზე. გადაწყვიტეს გახდეს “ნაციონალური მოძრაობა” ნომერი 2, რომელიც მაჟორიტარების მეშვეობით უმრავლესობის აღებას შეეცდება, ეს კი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

„ალია“, 26 იანვარი, 2016 წელი

ინტერვიუ გოჩა თევდორაძესთან: რას აპირებს ოპოზიცია, თუკი მაჟორიტარული სისტემა არ გაუქმდება?

გელა ზედელაშვილი

25 იანვარს ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფი პრემიერ-მინისტრს შეხვდა. ამ  ჯგუფმა საარჩევნო რეფორმის საკითხებზე გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის სურვილი მას შემდეგ გამოთქვა, რაც პრემიერმა საზოგადოების სხვადასხვა ფენებთან შეხვედრების დაწყებაზე ილაპარაკა.

ესენი არიან: „ახალი მემარჯვენეები“, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“, „ეროვნულდემოკრატიული პარტია“, „თავისუფლება“, „თავისუფალი საქართველო“, „რეფორმატორები“, „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“, „ევროპელი დემოკრატები“, „ლეიბორისტული პარტია“, „პატრიოტთა ალიანსი“, “ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“, “ტრადიციონალისტთა კავშირი“ და „ქრისტიანდემოკრატიული პარტია“.

ამ პარტიების წარმომადგენლებს გიორგი კვირიკაშვილმა პირდაპირ უთხრა: კი, ბატონო, შევეშვათ დაპირისპირებას, ვილაპარაკოთ, შეიძლება რაღაც გავითვალისწინოთ, რაღაც – არა, მაგრამ მთავარია, კონფრონტაციული ფორმატიდან გამოვიდეთო: „გვინდა, რომ დავამკვიდროთ ურთიერთობის მაღალი კულტურა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, წინასაარჩევნო პერიოდში ვაჩვენოთ ჩვენს პარტნიორებს მთელ მსოფლიოში, რომ ჩვენ შეგვიძლია, ცივილიზებულად ვისაუბროთ ერთმანეთთან და არა მხოლოდ ვისაუბროთ, არამედ მოვისმინოთ ერთმანეთის და მართლაც სამაგალითოარჩევნები ჩავატაროთ“.

სხვათა შორის, იგივე ჯგუფი დაჟინებით ითხოვდა შეხვედრას ირაკლი ღარიბაშვილთანაც, მაგრამ ვერ მოახერხეს. თუ ღარიბაშვილი გამოირჩეოდა ხისტი მოქმედებებით და ფიქრობდა, რომ ამ შეხვედრას აზრი არ ჰქონდა, კვირიკაშვილმა პოლიტიკა შეცვალა. თუმცა, როგორც ჩანს, შედეგი არ იქნება – შეიძლება შეიცვალოს წვრილმანები, მაგრამ არ შეიცვლება მთავარი, არ გაუქმდება მაჟორიტარული სისტემა, რასაც საპარლამენტო უმრავლესობა და მთავრობა თავისებურად ხსნის. რაც შეეხება სპეცუბნების გაუქმებას, პრემიერ-მინისტრის თქმით, ამის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, მაგრამ, როგორც „პატრიოტთა ალიანსის“ აღმასრულებელი მდივანი გოჩა თევდორაძე ამბობს „ალიასთან“ საუბარში, ესეც გარკვეულწილად შეიცავს „ბლეფის“ ელემენტებს:

- ბატონო გოჩა, ამ შეხვედრას თქვენც ესწრებოდით, გარდა სპეცუბნების გაუქმებისა, რამე ახალი მოისმინეთ და გაიგეთ? აგერ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ვოლსკი ხმამაღლა აცხადებს: კი, ბატონო, სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, მაგრამ სისტემა უკვე ჩამოყალიბებულიაო.

- ამ სისტემის შეცვლის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს 2 თებერვლამდე იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი კენჭს უყრის კონსტიტუციაში ცვლილებას, მაჟორიტარების გაუქმებას.

- შეხვედრაზე რა გამოიკვეთა, ხელისუფლებას აქვს საამისო პოლიტიკური ნება?

- გამოიკვეთა, რომ პოლიტიკური ნება არ არსებობს და შანსიც კი ნულის ტოლია. ჩვენ გვითხრეს, ამას ვერ გავაკეთებთ, ეს სისტემა არ ვარგა, უნდა შეიცვალოს, დღეს პარლამენტში არსებული შემადგენლობა ხმას არ მისცემს, მაჟორიტარები უარს იტყვიან, საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ მოვაგროვებთ და ჩავარდებაო. ჩვენს მაჟორიტარებს არ გააჩნიათ სახელმწიფოებრივი აზროვნება, ისინი ფიქრობენ მხოლოდ საკუთარ თავზე, ებღაუჭებიან სკამებს და რასაკვირველია, ამ ცვლილებას ხმას არ მისცემენ.

- თუ ზემოდან დაავალებენ, ისე მისცემენ, როგორც დაგიბარებიათ.

- რა თქმა უნდა, ამ სისტემის გაუქმების სურვილი არ არსებობს თავად ბიძინა ივანიშვილისგანაც. თავის დროზე იძახდა, მაჟორიტარები პატარა ფეოდალები არიანო, მაგრამ მერე ნახა, რომ :ოცნებაში: გადაბარგებული „ნაციონალი“ დეპუტატებიც კი მისთვის პრობლემას არ წარმოადგენენ. ეს ადამიანები კვლავაც დახარჯავენ ფულს, კვლავაც მოიპოვებენ გავლენას თავიანთ რაიონებში და მოუტანენ გამარჯვებას 2016 წლის არჩევნებშიც. ყველა მაჟორიტარს აქვს იმედი, რომ ისევ მოხვდება პარლამენტში, მით უმეტეს, იმ დეპუტატებს, რომლებიც ცოტა ხნის წინ გადაპორტირდნენ „ქართულ ოცნებაში“ – ენუქიძე, ლიპარტელიანი, ბუკია, ოქრიაშვილი და სხვები. ამათ მილიონები აქვთ დაგროვილი და რასაკვირველია, არჩევნებში გამოიყენებენ. თუ იქნება პროპორციული სია, ცოტა გაუჭირდებათ, რა თანხებიც არ უნდა ხარჯონ, საბოლოო შედეგი მაინც პარტიის რეიტინგზე იქნება დამოკიდებული. თუ ამ საკითხს ბიძინა ივანიშვილი არ გადაწყვეტს, რა თქმა უნდა, მაჟორიტარები ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ. ხელისუფლება აკეთებს უსუსურ განცხადებას და აღიარებს: მე კი მაქვს სურვილი, მაგრამ პარლამენტში მყავს ხალხი, რომელიც ხელს არ ამიწევს და ამიტომ 2020 წლამდე ვერაფერს ვიზამო.

- კი, მაგრამ 2020 წელს მაჟორიტარები ხელს აუწევენ და იტყვიან, დავიშალეთო?

- რასაკვირველია, არ იტყვიან და ისევ დაგვაყენებენ იგივე პრობლემის წინაშე.

- თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, ის 12 ნაციონალი დეპუტატი, რომელიც ქართულ ოცნებაში გადახტა, ოქტომბერში კოალიციის ეგიდით იყრის კენჭს?

- ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ყველას იმედი აქვს, რომ „ქართული ოცნების“ რიგებში იქნება. რაც შეეხება სპეცუბნების გაუქმებას, ამ სისტემამ თავისი საქმე უკვე გააკეთა საგარეჯოში და ასევე გააკეთებს გარდაბანში. მაგალითად, 2012 წელს ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, ხულოში მაცხოვრებელმა ადამიანმა ხმა მისცა თავის მაჟორიტარს, შემდეგ ის გაიწვიეს ჯარში, ჩამოიყვანეს საგარეჯოში და ხმა კიდევ ერთხელ მიაცემინეს სხვა მაჟორიტარისთვის. გამოდის, ერთმა პიროვნებამ ორ დეპუტატს მისცა ხმა. სპეცუბანი შეიძლება არსებობდეს, შეიძლება კაცი ჯარშია და რომელიმე პარტიას მისცეს ხმა, რადგან ეს ითვლება ქვეყნის მასშტაბით მიცემულ ხმებად და ბევრი არაფერი იცვლება. ამ შემთხვევაში გავლენას ახდენს მაჟორიტარებზე და ადგილობრივ არჩევნებზე. ჩვენ ვამბობთ, რომ სპეცუბნები ამ ფორმით არ უნდა არსებობდეს, ვინც სად არის დარეგისტრირებული, მაჟორიტარს იქ უნდა მისცეს ხმა. ასევე, ვითხოვთ, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება უნდა იყოს დასჯადი.

- მე მგონი, ეგ ახლაც დასჯადია...

- კი, მაგრამ არის მხოლოდ 2 ათასი ლარი ჯარიმა, ეს გახლავთ მხოლოდ ადმინისტრაციული სასჯელი. ჩვენ ვითხოვთ, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით. ესენი ამბობენ, ადმინისტრაციულ რესურსს არ გამოვიყენებთო, მაშინ იყოს დასჯადი. 2 ათასი ლარი ბევრს არაფრად უღირს, მაგრამ თუ იქნება 7 წლამდე ციხე, მაშინ სხვა საქმეა. ახლა რომ დადიან მინისტრები და დეპუტატობის კანდიდატებს ზურგზე ხელებს უტყაპუნებენ, ეს რას ნიშნავს? მაგალითად, გიგლა აგულაშვილი არის თითქმის გასამხედროებული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, დადის იარაღით და ასევე დადიოდა იარაღით საგარეჯოში. რაც მივიღეთ, ყველამ კარგად ვნახეთ. ესენი საერთო ჯამში არაფერს არ გვთავაზობენ, მარტო სამუშაო ჯგუფი შევქმნათ, ვიმუშაოთ კოდექსზეო. თან აპიარებენ, ნახეთ, სპეცუბნებზე რაკი ასეთი ამბები იყო ატეხილი, კოდექსში შეგვაქვს ცვლილებები, საგარეჯოში და გარდაბანში არჩევნები უკვე მოვიგეთ, ჯანდაბას, ახლა როგორც გინდათ, ისე იყოსო. ეს ისეთი თემაა, რომლის არშეცვლაც შეუძლებელია, თორემ არც ამას გააკეთებდნენ.

- თუკი სხვა არაფრის შეცვლას არ აპირებენ, მაშინ გამოდის, რომ დრო გაჰყავთ? თქვენ ასე არ გეჩვენებათ?

- რა თქმა უნდა, დროის გაყვანა უნდათ და ამას წერტილი დაესმება 2 თებერვალს – თუ საკითხი არ გაიტანეს პლენარულ სხდომაზე და პირველი მოსმენით არ უყარეს კენჭი, თუ თებერვლის დასაწყისშივე არ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი გიორგი კვირიკაშვილისვე  მოდერატორობით, ყველაფერი დამთავრდება უშედეგოდ. ესენი ამბობენ: აი, შევქმნით სამუშაო ჯგუფს, დავსხდეთ, ვილაპარაკოთ, მაგრამ ყველაფერს ხომ არ დაგიჯერებთ? თუ არ შეიცვლება საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების საკითხი, სადაც ყველა ადგილი „ქართულ ოცნებას“ აქვს მისაკუთრებული, ჩვენ და „ლეიბორისტები“ ვართ კვალიფიციური პარტიები, მაგრამ კომისიებში წევრები საერთოდ არ გვყავს, „ოცნებას” ჰყავს 10 წევრი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება. ნათქვამია, ვინც ბიულეტენებს ითვლის, არჩევნებს ის იგებსო. ამას ვერც სპეცუბნების გაუქმება უშველის და ვერც ვერაფერი.

- თუ არაფერი შეიცვალა, რას აპირებთ?

- თუ არ შეიცვალა, ჩვენ შიმშილობის აქცია ერთხელ გვქონდა და ისევ გავაგრძელებთ. თუ შიმშილობდა 85 კაცი, ახლა იქნება გაცილებით მეტი, ათასობით.

- როგორც ვიცი, თქვენ პრეზიდენტ მარგველაშვილთანაც აპირებთ შეხვედრას. რისთვის ხვდებით, როცა ის ვერაფერს წყვეტს?

- გარკვეულ პერიოდში მარგველაშვილი აკეთებდა განცხადებებს, რომ შესაცვლელი იყო საარჩევნო კოდექსი, ჩვენ 2012 წელს მოსახლეობას დავპირდით, რომ მაჟორიტარულ სისტემას გავაუქმებდით და ახლა ამას აღარ ვაკეთებთო. ამიტომ, ჩვენ პრეზიდენტს მოვუწოდებთ, რომ უფრო აქტიური იყოს, როგორც ხელისუფლების ერთი შტო, თორემ საკანონმდებლო ცვლილებების უფლება რომ მას წართმეული აქვს, ეს ვიცით.

„ახალი თაობა“, 25 იანვარი, 2016 წელი

ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან: „ქვეყნისთვის აჯობებდა, რომ ისევ კოალიციაში ვყოფილიყავითამ არჩევნებზე სერიოზულ შედეგს დავდებთ”

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ აბაშიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გონივრული ნაბიჯი გადადგა და ეს ქართულ სახელმწიფოს წაადგება.

„მე მივესალმები პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, როდესაც მან განაცხადა, რომ კონფრონტაციული რეჟიმიდან უკეთესია გამოვიდეთ და საუბრის, დიალოგის რეჟიმზე გადავიდეთ. კარგია, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციასა და პრემიერ კვირიკაშვილს შორის შეხვედრა გაიმართა. ეს მოთხოვნა ჯერ კიდევ წინა პრემიერის დროს იყო დაყენებული, მაგრამ განუხორციელებელი დარჩა. ირაკლი ღარიბაშვილი ჩაიკეტა და არავის ესაუბრებოდა“, – ამბობს ზურაბ აბაშიძე.

- საარჩევნო კოდექსში ცვლილებებსაც ელოდებით?

- ასეთი მოლოდინები მე არ მაქვს. რადიკალურ ცვლილებებს არ ველოდები, მაგრამ ასეთი შეხვედრები ქვეყნის პირველ პირებთან აუცილებელია, ეს სჭირდება ქართულ სახელმწიფოს. ინსტიტუტების პატივისცემა, ოპოზიციის პატივისცემა, საზოგადოების აზრის იგნორირებაზე უარი არის გარანტია იმის, რომ ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოს ავაშენებთ.

- სპეციალური საარჩევნო უბნების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო პრემიერ-მინისტრმა და განაცხადა, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. შეიძლება ეს არის ერთ-ერთი ნაბიჯი არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისთვის?

- ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია არჩევნების მართლაც დემოკრატიულად ჩატარებისთვის. სპეციალური საარჩევნო უბნები წინა ხელისუფლების მმართველობის დროს არსებობდა ქვეყანაში. სწორედ ასეთი სპეციალური უბნებით იგებდა არჩევნებს გარკვეულ რაიონებში ნაციონალური მოძრაობა. ახალმა ხელისუფლებამაც ამ სისტემის გამოყენება დიდი წარმატებით დაიწყო. ეს ჩვენთვის მიუღებელია. ამ მახინჯ პრაქტიკაზე ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას და ეს უფრო თამამად უნდა გააკეთოს. თუმცა, ჩვენი სამხედროების უფლებები არ უნდა შეილახოს და მათ არჩევნებში აუცილებლად უნდა მიიღონ მონაწილეობა და თავიანთი შეხედულებისამებრ მიიღონ გადაწყვეტილება.

- თქვენი პარტიის ლიდერი ირაკლი ალასანია რომ ყოფილიყო თავდაცვის მინისტრი, წავიდოდა ამაზე?

- ცალკე ირაკლი ალასანია ამ საკითხებზე ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა, რადგან ეს არის საერთო ხელისუფლების გადაწყვეტილება, მაგრამ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, ალასანია, როგორც თავისუფალი დემოკრატი, ამ მიმართულებით ბევრ რამეს გააკეთებდა.

- კოალიცია ქართულ ოცნებაში კვოტირების სისტემაზეა საუბარი, რომელი პარტია რამდენ ადგილს მოითხოვს. სამართლიანია ეს სისტემა? მაგალითად, მეჭიაური აცხადებს, რომ პარტია ქართულ ოცნებას საკონტროლო პაკეტი უნდა ჰქონდეს. ეთანხმებით?

- ჩემთვის ეს საკითხი აღარ არის საინტერესო, რამდენადაც კოალიციაში აღარ ვართ. ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს.

- ამ არჩევნებზე თქვენი პარტიის მონაპოვარი რამდენად სერიოზული იქნება?

- მერწმუნეთ, ამ არჩევნებზე ჩვენ ძალიან სერიოზულ შედეგს დავდებთ. ეს არჩევნები ჩვენ საარჩევნო პროგრამების არჩევნებად უნდა ვაქციოთ. ამომრჩეველმა აქცენტი პროგრამებზე უნდა გააკეთოს. როდესაც ჩვენ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ ვიბრძოდით, კოალიციას, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა და გემოვნებისა, მნიშვნელოვანი დატვირთვა ჰქონდა. ეს იყო ბრძოლა უსამართლობის წინააღმდეგ. საზოგადოება მაშინ ამ ერთობას მხარს უჭერდა, რადგან ერთობას ერთი მიზანი ჰქონდა, მაგრამ დღეს ასეთი ბრძოლა აღარ არის და ეს მიზანიც მიღწეულია.

- კოალიციამ აქტუალობა დაკარგა და უნდა დაიშალოს?

- ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, კოალიცია, როგორც ასეთი, არ არსებობს, არსებობს „ქართული ოცნება“. იქ შემავალმა რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ, არ მგონია, რომ ბარიერიც კი გადალახოს დამოუკიდებლად. წამყვანი ძალა ამ შემთხვევაში არის „ქართული ოცნება“, მიუხედავად თავისი სისუსტეებისა თუ სიძლიერისა, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია ბიძინა ივანიშვილთან და მის რესურსთან.

- თქვენ რომ არ დაგეტოვებინათ კოალიცია, უკეთესი პოზიციები გექნებოდათ? თუ ფიქრობთ, რომ დღეს უკეთეს პოზიციაში ხართ?

- საკმაოდ რთული შეკითხვაა. მე საკითხს ასე დავაყენებდი: ქვეყნისთვის რა უფრო აჯობებდა. სახელმწიფოსთვის უკეთესი იქნებოდა, რომ თავისუფალი დემოკრატები კოალიციაში ყოფილიყვნენ, მაგრამ ამის საშუალება არ მოგვეცა. მე დღეს ოპოზიციაში უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს, ვიდრე ხელისუფლებაში ყოფნის დროს. უამრავი დაპირება, რომელიც ჩვენ მიერ ერთად იყო ხალხისთვის მიცემული, არ შესრულდა. სერიოზული გამოწვევების წინაშეა დღეს ხელისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ კვირიკაშვილის სახით რაღაც დადებითი ტენდენცია არის. ჩვენ, როგორც ოპოზიცია, მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ხელისუფლებასთან. რამდენადაც ვიცით, მზად არის კვირიკაშვილიც, ეკონომიკური მიმართულებით გარკვეული შეხედულებები ჩამოაყალიბოს

„ახალი თაობა“, 25 იანვარი, 2016 წელი

ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: ვინც ბიძინა ივანიშვილის მხრებიდან ჩამოვა, პერსპექტივა არ ექნება

ექსპერტი გია ხუხაშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სიტუაციას აფასებს.

„ლარის მდგომარეობაზე ზემოქმედებს გარე ფაქტორები. ამ ბოლო პერიოდში კი ჩვენს ძირითად პარტნიორებში ამ მხრივ საქმე განსაკუთრებით დამძიმდა და ეს ფაქტორები სერიოზულად მოქმედებს. ვხედავთ, რა ხდება რუსეთში, აზერბაიჯანში, უკრაინაში და ასე შემდეგ“, – აცხადებს ექსპერტი.

- ამ ფონზე მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობაც ხომ უარესდება?

- რასაკვირველია. ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის შემარბილებელი ბალიში გახლავთ ის, რომ ნავთობზე ფასები ეცემა, იგივე ხორბალზე და სხვა პროდუქციაზე, რაც პირდაპირპროპორციული ინფლაციისგან იცავს ჩვენს შიდა ბაზარს. საშუალო სტატისტიკური მომხმარებელი შედარებით დაცულია. ეს არ არის უნივერსალური დამცავი მექანიზმი, რადგან ჩვენ ჩამოვყალიბდით მომხმარებელ ქვეყნად. ჩვენ არ გვაქვს ჩვენი ეკონომიკის რეალური სექტორი, სასურსათო უსაფრთხოებაც კი არა გვაქვს უზრუნველყოფილი და ინფლაციური დაწოლა უახლოეს პერიოდში მაღალი იქნება.

- ეს რისკებთან არ არის დაკავშირებული?

- რასაკვირველია, ეს წარმოშობს მაღალ სოციალურ რისკებს, სიღარიბის ზღვარს მიღმა კიდევ უფრო მეტ ადამიანს მივიღებთ და საშუალო ფენაც არ აღმოჩნდება კარგ ვითარებაში. მით უმეტეს, რომ ეს საშუალო ფენა კრედიტებით არის მიბმული ბანკებზე და მათი მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა.

- როგორ უნდა მოიქცეს ამ სიტუაციაში ხელისუფლება? ეკონომიკური გუნდი?

- პანიკური მოვლენები რომ არ დაიწყოს, ეროვნულმა ბანკმა ყველაფერი უნდა გააკეთოს. ეს სუბიექტური, ფსიქოლოგიური ფაქტორი მაინც მოხსნას ამ პროცესისგან, რომ ჰიპერ მოვლენებში არ გადაიზარდოს ეს ყველაფერი. მთავრობამ, ხარჯების მხრივ რადიკალურად უნდა გაამკაცროს პოლიტიკა და არა ისე კოსმეტიკურად, როგორც აქამდე იქცეოდა. თუმცა ეს ყველაფერი მაინც მოკლევადიანია.

- გრძელვადიან პერსპექტივაზე რას იტყოდით?

- გრძელვადიანი ფაქტორი იმისა, რომ მოთხოვნა-მიწოდება სავალუტო ბაზარზე დარეგულირდეს, ჯერჯერობით არ ჩანს. ეს არის სისტემური გრძელვადიანი პრობლემა, რომლის გადაჭრასაც ალბათ წლები დასჭირდება.

- ბევრი ექსპერტი ლარის ვარდნას ქადაგიძის ფაქტორს უკავშირებს. თქვენ რამდენად ხედავთ მის ბრალეულობას ამ საქმეში?

- რომც იყოს, ძალიან მცირე. ამ შეთქმულების თეორიების არ მჯერა. მას არ აქვს ჯადოსნური ჯოხი, რომლის მოქნევითაც შეუძლია ისეთი პროცესები დაიწყოს, რომელიც არ გამოაშკარავდება. ეს შეუძლებელია. მით უმეტეს, დღეს კოორდინაცია მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის საკმაოდ მაღალია. თუ მთავრობა თვლის, რომ ქადაგიძემ რაღაცა უნდა გააკეთოს და არ აკეთებს, მათ შეუძლიათ ეს კონსულტაციების გზით გადაწყვიტონ. თითის გაშვერა ადვილია. მაშინ მისცენ რეკომენდაციები, თუკი თვლიან, რომ რამეა გასაკეთებელი და თუ არ გააკეთებს, მერე ვილაპარაკოთ ამ თემზე. ეს მოგონილი თემაა. კი ბატონო, შეგვიძლია განტევების ვაცად ვაქციოთ ქადაგიძე, მაგრამ ამით რეალობას ვერ შევცვლით.

- საუბარია, რომ საარჩევნო წელია და ეკონომიკურ არასტაბილურობას ესეც ხელს შეუწყობს. რატომ უნდა ართულებდეს ეკონომიკურ ფონს არჩევნები?

- საარჩევნო წელს ხელისუფლებას უწევს პოპულისტური ნაბიჯების გადადგმა. პოპულისტური სოციალური ხარჯების ზრდა, რაც ვითარებას ამ მხრივ კიდევ უფრო აუარესებს. არჩევნების წინ ხელისუფლება იწყებს დღევანდელი კვერცხის პრინციპით მოქმედებას და არა – გრძელვადიანი პროექტების კეთებას. საბოლოო ჯამში, ეს ქვეყანას აზიანებს და სერიოზულ რყევებს იწვევს.

- სერიოზული დაპირისპირებაა უმრავლესობაში, თუ ვის მეტი წარმომადგენლობა ეყოლება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზოგიერთ მინისტრსაც ვიხილავთ საპარლამენტო სიაში. რამდენად სწორი სტრატეგიაა და რას ფიქრობთ ხელისუფლების ნაბიჯებზე?

- ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ იმ საკითხს, რომ ახალი სია იქნება რამით უკეთესი იმაზე, რაც გვქონდა ადრე.

- რატომ ხართ ასე სკეპტიკურად განწყობილი?

- ამას ორი მიზეზი აქვს, პირველი გახლავთ ის, რომ ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები ერთმანეთის მძევლები არიან. მათ ერთმანეთისგან გათავისუფლება გაუჭირდებათ. მათ არ უყვართ ერთმანეთი, მაგრამ ერთმანეთის მძევლები არიან. მათ აერთიანებთ საკუთარი უსუსურობის განცდა, რადგან კოალიციის არც ერთი წევრი თავისთავად არ არის ლეგიტიმური.

- რატომ არ არის ლეგიტიმური, ისინი ხომ ხალხმა აირჩია?

- არ არის რეალურად ხალხის რჩეული. ხალხმა აირჩია ერთი ადამიანი და დღეს მთელი კოალიცია ამ ადამიანის მხრებზეა ამხედრებული. დღეს ეს ძალები ივანიშვილის ნარჩენი ავტორიტეტით ცდილობენ მიიღონ შედეგი. არა მხოლოდ ავტორიტეტის, არამედ მისი რესურსების იმედიც აქვთ.

- მმართველ გუნდს ახალი სტრატეგია აქვს. ისინი უარს ამბობენ სიაში ჩასვან ხელოვანი ადამიანები. სპორტსმენები, მსახიობები, მომღერლები და ასე შემდეგ. მაშინ გამოდის, რომ მეტი ძალისხმევა დასჭირდებათ, რათა ცნობადი და პოპულარული პოლიტიკური სახეებით დააბალანსონ საკუთარი სიები…

- საბოლოო ჯამში რაზე იტყვიან უარს და რაზე არა, ჩვენ ეს უნდა ვნახოთ. ისინი უარს კი არ ამბობენ, მათ ეუბნება ყველა უარს. ისინი საკმაოდ არაპოპულარულ ძალად ჩამოყალიბდნენ და მე ვიცი ბევრი ადამიანი, მათ შორის ცნობადი სახე, პროფესიონალი, რომელიც მათ უბრალოდ უარს ეუბნება. „ქართული ოცნება“, როგორც ხელისუფლება, ვერ ჩამოყალიბდა მიზიდულობის ცენტრად.

- ანუ ოცნებამ უარი მიიღო ამ ცნობადი სახეებისგან და ახლა აცხადებენ, რომ არ გვინდა სიებში ასეთი ხალხიო?

- მაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რომ ძალიან ბევრი ადამიანისგან მათ უარი მიიღეს და ეს ძალიან სამწუხარო რეალობაა, რადგან ზოგადად ხელისუფლება არის მიზიდულობის ცენტრი. შესაძლოა, ვითარება ცოტათი მაინც გამოასწოროს კვირიკაშვილმა, მისი ფიგურის შემოსვლამ, რადგან კვირიკაშვილი ბევრად უკეთესად გამოიყურება და მას აქვს საზოგადოების პროფესიული ნაწილის კონსოლიდაციის რესურსი. ირაკლი ღარიბაშვილი მარჯვნივ და მარცხნივ ხიდების მტვრევით იყო დაკავებული და ხელისუფლება სრულ იზოლაციაში მოაქცია თავისი მოღვაწეობის პერიოდში. მან არ დატოვა არც ერთი ჯგუფი, არც ერთი პიროვნება, ვისაც შეურაცხყოფა არ მიაყენა.

- ეს უცოდინარობის ბრალი იყო, გამოუცდელობის თუ მიზანმიმართული პროცესი იყო?

- აქ იყო ყველაფერი ერთად. მისი საქმე საერთოდ არ იყო პოლიტიკა. მას ორიენტაცია ჰქონდა არა საზოგადოებრივ განწყობებზე, არა პოლიტიკურ ვითარებაზე, არამედ ერთ პიროვნებას რა ესიამოვნებოდა. შესაბამისად, ორ დღეში ის ყველამ დაივიწყა. კვირიკაშვილი ამ მხრივ ბევრად უკეთესად გამოიყურება და მას აქვს თეორიული შანსი იმისა, რომ გარკვეული მიზიდულობის ცენტრი შექმნას თავის ირგვლივ.

- გამოდის კულუარული ინფორმაციები, რომ შიგნით სერიოზული დაპირისპირებაა, თუ ვის უფრო მეტი კვოტა ექნება. როგორ ფიქრობთ, ვინ იქნება პირველი? რესპუბლიკური პარტია?

- მე ასე ვიტყოდი, მთლიანად კოალიცია დღეს აღარ არის ლეგიტიმური. არა მხოლოდ კოალიცია, მთლიანად პოლიტიკური ელიტის კრიზისი გვაქვს ჩვენ. არც ოპოზიციაა ლეგიტიმური. ზოგადად ამომრჩეველი დაშორდა პოლიტიკურ ელიტას, მას არ მოსწონს არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია. ეს არის დღევანდელობის მთავარი პრობლემა და მთავარი საფრთხე. კოალიციაში მიმდინარე მოვლენები კი ცალკე უბედურებაა.

- რატომ არის უბედურება?

- ეკლექტური გაერთიანებაა და არანაირი ფასეულობითი ერთიანობა არ გააჩნიათ. ამიტომაც ვერ იღებენ გადაწყვეტილებას, ვერც ვერაფერს აკეთებენ და ვერც ვერაფერს აფუჭებენ. რაც შეეხება რესპუბლიკელების ამბიციებს, ბუნებრივია, მათ ექნებათ ამბიციები. იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებაში, ისევე, როგორც კოალიციაში, მათდამი მიუღებლობა ძალიან დიდია, მათ ამ ტორტის ნაჭერს არავინ მისცემს. ეს კი დაძაბავს სიტუაციას.

- ამით რას მივიღებთ? დაიშლება კოალიცია?

- თუმცა იმდენად ძლიერია ყველა მათგანში საკუთარი უსუსურობის განცდა, რომ ეს განცდა, მიუხედავად ურთიერთზიზღისა, მათ არ მისცემს საშუალებას, რომ დაიშალონ. რაღაცაზე მაინც მოუწევთ შეთანხმება. ყველა მათგანს მშვენივრად ესმის, რომ ვინც ბიძინა ივანიშვილის მხრებიდან ჩამოვა, პერსპექტივა ამ არჩევნებზე არ აქვს.

რეზონანსი“, 26 იანვარი, 2016 წელი

ქვეყანაში პურის და დენის გაძვირების საფრთხეა!

მედიკამენტების ფასი ყოველკვირა იზრდება

მაკა ხარაზიშვილი

მედიკამენტები ისევ გაძვირდა, ამჯერად რიგში დენის ტარიფი და პურია. წისქვილკომბინატებში აღნიშნავენ, რომ ისინი არსებულ ფასს ძველი მარაგის ხარჯზე ინარჩუნებენ. ახლო მომავალში ან ფქვილი უნდა გააძვირონ ან წარმოება გააჩერონ. სხვათა შორის, 3 მსხვილი წისქვილკომბინატი უკვე გაჩერდა და რამდენიმე ათეული ადამიანი უმუშევარი დარჩა. ამ ყველაფრის ფონზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ოლიმპიური სიმშვიდით ამბობს, რომ ლარის გაუფასურებაში საგანგაშო არაფერია.

ფარმაცევტები “ბიზნეს-რეზონანსთან” საუბრისას ადასტურებენ, რომ ლარის გაუფასურების პარალელურად მედიკამენტები თითქმის ყოველკვირა ძვირდება. ბოლო დროს განსაკუთრებით ვირუსების საწინააღმდეგო პრეპარატების ფასმა მოიმატა.

“დღეს რამდენიმე სახეობის მედიკამენტზე ფასი უკვე შეცვლილი დაგვხვდა. მაგალითად, 3 დღის წინათ “ტერაფლუ” 1,2 ლარი ღირდა, ახლა 1,3 ლარია. გაძვირდა “პიოფაგიც”, უმეტესად გრიპის საწინააღმდეგო მედიკამენტები. ზოგადად, წამლები ყოველკვირა ძვირდება, ასევე გაზრდილია ფასები ჰიგიენასა და ბავშვის საკვებზე. ამიტომაც, გაჩნდა ტენდენცია, რომ მომხმარებელი, ძირითადად, იაფ წამალს ყიდულობს და წარმომავლობას დიდ მნიშვნელობას აღარ ანიჭებს. მაგალითად, გვეკითხებიან, სურდოს საწინააღმდეგო ყველაზე იაფია რაც გაქვთ, ის მოგვეციო”, – ამბობს ფარმაცევტი ანა ტეფნაძე.

კიდევ ერთი ფარმაცევტის, მანანა ღვინიაშვილის თქმით, მედიკამენტების ფასები კურსის თითქმის ყველა ცვლილებაზე იმატებს.

“შეიძლება ისეთი მკვეთრი ზრდა არ არის, როგორც გაუფასურების მასშტაბებია, მაგრამ თითქმის ყველა წამალი გაძვირებულია. ორშაბათს ცვლა რომ გადმოვიბარე, რამდენიმე სახეობის წამალზე ფასი ისევ მომატებული დამხვდა”, – ამბობს მანანა ღვინიაშვილი.

ჯერჯერობით, ფასების კორექტირებაზე არ მსჯელობენ ენერგოობიექტებში, მაგრამ აცხადებენ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურების შემთხვევაში, ტარიფის გაზრდის საკითხი ისევ დადგება. მით უფრო, რომ ახლა ზამთრის პერიოდია და ქვეყანა საკმარისად არის დამოკიდებული თბოსადგურებსა და დენის იმპორტზე.

ახალი წლიდან თბოსადგურების ტარიფში ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2,4 ლარის ნიშნულზე განისაზღვრა. “მტკვარი ენერგეტიკას” დირექტორი დევი კანდელაკის განცხადებით, ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა თუ კურსი არ დასტაბილურდა, ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა ზრდის მიმართულებით ისევ მოსალოდნელია. “ახლო მომავალში ცვლილებები არ იქნება”, – ამბობს კანდელაკი. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო, ზაფხულში დენის ტარიფი, საშუალოდ, 4 თეთრით გაძვირდა.

გაცილებით რთული მდგომარეობაა ფქვილისა და ხორბლის ბაზარზე. ამჯერად, წისქვილკომბინატებში 1 ტომარა ფქვილი 41 ლარი ღირს. მეხორბლეთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ არსებული ფასი ძველი მარაგის ხარჯზეა შენარჩუნებული. თუ ლარის კურსი არ დასტაბილურდა, მაშინ ფქვილის გაძვირება გარდაუვალი იქნება. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგება პურპროდუქტების გაძვირების საკითხიც.

“ჯერჯერობით ძველი მარაგი გვაქვს. დღესდღეობით 1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილი 41 ლარი ღირს. ეს პურის დადგენილ ფასზე არ უნდა აისახოს. ვაკვირდებით დოლართან ლარის კურსის ცვლილებას. თუ ასეთი ტენდენცია გაგრძელდა, ბუნებრივია, ეს პურის ფასზეც აისახება”, – ამბობს ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა.

მისი განცხადებით, წისქვილკომბინატები გაცილებით რთული პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ, რუსეთიდან და ყაზახეთიდან ფქვილი დემპინგური ფასით შემოდის, რომელთანაც ქართველ მეწარმეებს კონკურენცია უჭირთ. მთავრობა კი ჯერ კიდევ შარშან დაპირებული კანონის მიღებას – ანტიდემპინგური ფასების შესახებ ისევ აგვიანებს. საქართველოს ბაზარი კი, შესაძლოა, იაფფასიანმა იმპორტმა წალეკოს, რაც ადგილობრივ წარმოებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის და იმპორტს კი უფრო ფართოდ უღებს კარს.

სილაგავას განცხადებით, საქართველოში ხორბალი, ძირითადად, რუსეთიდან შემოდის. ამ ქვეყანაში დაწესებულია წინასაიმპორტო გადასახადი, რომელიც რუბლის დოლართან ცვლილებებზეა მიბმული; ანუ რუსული ვალუტის გაუფასურება იმპორტიორებისთვის ხორბლის გადასახადის გაზრდას იწვევს. ასეთი გადასახადისგან გათავისუფოებულია ფქვილის იმპორტი, შესაბამისად, რუს მეწარმეებს ურჩევნიათ ფქვილი აწარმოონ და მისი ექსპორტი დაბალ ფასად განახორციელონ.

“რუსული კომპანიები, რომლებიც ხორბლისგან ფქვილს აწარმოებენ ამ გადასახადს არ იხდიან. შესაბამისად, საქართველოში რუსული ფქვილი დაბალ ფასად შემოდის, რომელიც ადგილობრივ წისქვილკომბინატებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის”, – ამბობს ლევან სილაგავა.

მისი ინფორმაციით, რამდენიმე მსხვილი წისქვილკომბინატი – ავჭალის წისქვილკომბინატი, “თბილისი” და “იბერია” (ყოფილი “მზეკაბანი”) დაიხურა. არ არის გამორიცხული, რომ მათი ბედი სხვებმაც გაიზიარონ.

“იმპორტირებულ ფქვილთან კონკურენცია გართულდა. ამდენი ხანია ველოდებით კანონს, რომელსაც საშველი არ დაადგა. საუბარია ანტიდემპინგურ კანონზე. ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება ადგილობრივი ბაზრის დაცვას გვავალდებულებს. შესაბამისად, უნდა ამოქმედდეს ანტიდემპინგური კანონი. გარდა ამისა, მეორე კანონსაც ველოდებით, რომელიც რამდენიმე წელია პროექტის სახით არის – “ვაჭრობაში დაცვითი ღონისძიებების შესახებ”. მოკლედ, ვართ მოლოდინის რეჟიმში და ამასობაში ადგილობრივი მეწარმეები, მათ შორის წისქვილკომბინატები, დაუცველები არიან”, – ამბობს სილაგავა.

მოსახლეობასა და ბიზნესში უფრო მეტად ნეგატიური პროცესების განვითარების შიშს ეროვნული ბანკისა და მთავრობის პასიურობა აჩენს. რამდენიმე დღეში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 9 თეთრით გაუფასურდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კი მხოლოდ ერთხელ გააკეთა განცხადება, რომ თურმე ქვეყანაში არაფერი საგანგაშო არ ხდება. ეროვნული ბანკის ხელმძღვანელები საზოგადოების წინაშე განმარტების ვალდებულებას საერთოდაც ვერ გრძნობენ. ამასობაში კი საზოგადოებაში სოციალური მღელვარება მწიფდება.

რეზონანსი“, 26 იანვარი, 2016 წელი

ხალხი გაღატაკდა, ბანკები კი არნახულად გამდიდრდნენ

537 მილიონის წმინდა მოგების მიმღებმა საბანკო სექტორმა ბიუჯეტში სულ 67 მლნ ლარი შეიტანა

ელზა წიკლაური

2015 წელს საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. კურსთა ცვალებადობისა და ინფლაციის შედეგად ბანკებმა შარშან 537 მლნ ლარის მოგება მიითვალეს. ასეთი მაღალი მოგების მიუხედავად, ბიუჯეტში საბანკო სექტორმა გადასახადის სახით მხოლოდ 67 მლნ ლარი შეიტანა. ბანკები დღემდე განსაკუთრებული პრივილეგიებითა და შეღავათებით სარგებლობენ. შესაბამისად, სხვა კომპანიები, მომხმარებელი და სახელმწიფოც კი, ზარალდებიან.

საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. 2015 წლის იანვარ-დეკემბერში, კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 537 394 000 ლარი შეადგინა, რაც 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13,1%-ით მეტია. შარშან ბანკების წმინდა მოგება 474 898 000 ლარი იყო.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2015 წელს ბანკებმა 3,4 მლრდ ლარის მოგება მიიღეს, ხარჯმა კი 2,8 მლრდ შეადგინა. მოგებიდან 1,9 მლრდ ლარი მოდიოდა სესხებზე, ხარჯიდან კი 557,6 მლნ – დეპოზიტებზე, 937,5 მლნ შეადგინა პროცენტულმა ხარჯმა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე წელია კომერციული ბანკების წმინდა მოგება ზრდის ტენდენციით ხასიათდება. 2014 წელი ბანკებმა 474 808 000 ლარის მოგებით დაასრულეს, 2013 წელი – 389 132 000 ლარით, 2012 წელი – 134 231 000 ლარით და ა.შ. ყველაზე მეტი მოგება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, კომერციულმა ბანკებმა შარშან მიიღეს.

საბანკო სექტორს ბიუჯეტში მოკრძალებული თანხა შეაქვს. ეროვნული ბანკის მოანცემებით, შარშან ყველა კომერციულმა ბანკმა ერთად (სულ 19 ბანკია) ბიუჯეტში 67 მლნ ლარი შეიტანა, 2014-ში – 79 მლნ ლარი, 2013-ში – 44 მლნ ლარი, 2012 წელს კი კომბანკების გადასახადმა მხოლოდ 34 მლნ ლარი შეადგინა.

სპეციალისტების განცხადებით, ასეთი მომგებიანი სექტორიდან სახელმწიფო ყველაზე მცირე სარგებელს იღებს, გამომდინარე იქიდან, რომ საბანკო სექტორი შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმით სარგებლობს. საბანკო სექტორი გათავისუფლებულია მთელი რიგი გადასახადებისგან. მთლიანი საფინანსო სექტორის მიმართ დაბეგვრის სპეციალური რეჟიმი მოქმედებს. ამ შეღავათების მიზანი იყო საფინანსო სექტორის წახალისება და ეკონომიკის ფართო დაკრედიტება. თუმცა ბანკები, არასაკმარისი ფინანსური რესურსისა თუ მაღალი მოგების მიღების გამო, ძირითადად, ვაჭრობას აკრედიტებენ და რეალური სექტორის დაფინანსებას ერიდებიან.

საბანკო სფეროს სპეციალისტი ლია ელიავა ამბობს, რომ კომერციული ბანკების დაბეგვრა ცოტათი განსხვავდება სხვა სახის საწარმოების დაბეგვრისგან თუნდაც იმით, რომ იქ ხარჯში გათვალისწინებულია რეზერვების მოცულობა. ამიტომ კომერციულ ბანკს ყოველთვის აქვს ლავირების საშუალება, რათა საკუთარი საგადასახადო ბაზა შეამციროს.

“ამასთან, ბანკს უფლება აქვს, გადაავადოს გადასახადის გადახდა. გარდა ამისა, აკლდება ის თანხა, რომელიც მათ ეროვნულ ბანკში “მკვდრად უდევთ”, ანუ სარეზერვო შენატანი და ა.შ. მიუხედავად ამისა, გადასახადი მაინც ძალიან მცირეა”, – განმარტა ლია ელიავამ.

რაც შეეხება კომერციული ბანკების წმინდა მოგების ასეთ ზრდას, ეს რამდენიმე მიზეზითაა განპირობებული, მათ შორის, მოსახლეობის დეპოზიტების ზრდით, ინფლაციით და სავალუტო რყევებით.

“კომერციული ბანკების წმინდა მოგება რამდენიმე მიზეზით გაიზარდა: პირველი – მათი აქტივები გაიზარდა იმიტომ, რომ ხალხმა შეიტანა დიდი ოდენობით ფული თავიანთ ანაბრებზე კომერციულ ბანკებში. მარტო 2015 წლის პირველ ნახევარში შევიდა 500 მლნ დოლარზე მეტი და აქტივებიც გაიზარდა. აქტივების ზრდა ეს არის უფრო მეტი გასესხებული ფული და უფრო მეტი შემოსავალი. მეორე – ეს არის ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა, რომელმაც განაპირობა სესხების საპროცენტო განაკვეთის მატება და შესაბამისად, ამანაც შეუწყო ხელი მოგების გაზრდას. მესამე – შემოსავალი ვალუტის კონვერტაციისგან, ანუ თამაში სავალუტო კურსზე. ესეც, რა თქმა უნდა, კომერციული ბანკებისთვის შემოსავლის უზარმაზარი წყარო იყო. შედეგად ჩვენ მივიღეთ საკმაოდ გაზრდილი მათი მოგება”, – განუცხადა “ბიზნეს-რეზონანსს” ლია ელიავამ.

მისი ვარაუდით, ყველა ზემოჩამოთვლილი ფაქტორის გამო, კომერციული ბანკების წმინდა მოგება 500 მლნ კი არა, უფრო მეტი უნდა ყოფილიყო:

“როგორც გამოჰყავთ კომერციულ ბანკებს ასეთი პატარა ციფრი, ვერ ვხვდები. ვთვლით, რომ აუცილებელია საბანკო ზედამხედველობამ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს კომერციული ბანკების ანგარიშგებას და გულდასმით შემოწმონ მათი საქმიანობა. მათ ზემოთჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინებით, მოგება უფრო მეტი უნდა ჰქონდეთ. რატომ აქვთ ნაკლები, ეს არის დასაზუსტებელი. შეიძლება გავითვალისწინოთ ის ფაქტორი, რომ მათ დარეზერვების თანხა უფრო მეტად აქვთ გაზრდილი, მაგრამ ანგარიშგებიდან ეს არ ჩანს”, – აღნიშნა ელიავამ.

საბანკო სფეროს სპეციალისტის მიხეილ თოქმაზიშვილის თქმით, დღეს კომერციულ ბანკებს რამდენიმე წყარო გააჩნიათ იმისათვის, რომ მოგება მიიღონ. უპირველესად ისინი არიან კომერციული სტრუქტურები და რა თქმა უნდა, მუშაობენ იმისათვის, რომ შემოსავლებმა გადააჭარბოს მათ ხარჯს. ამის რამდენიმე არხი არსებობს, როგორც სესხების გაცემის, ასევე ღია ბაზარზე ოპერაციების.

“დღესდღეობით კურსი იცვლება და ბანკები ცდილობენ ბირჟაზე დააფიქსირონ ის კურსი, რომელიც მათ გარკვეულ შემოსავალს მისცემს. როცა კურსი სტაბილურია, კომერციულ ბანკებს აქვთ ერთი ძირითადი წყარო – ეს არის გაცემული სესხებიდან შემოსავალი. როდესაც ბაზარი არ არის სტაბილური, მაშინ მათ ემატებათ მეორე წყარო – კურსთა სხვაობა ბირჟაზე, გაყიდული და შესყიდული ეროვნული ვალუტის ან უცხოური ვალუტის ვაჭრობით. ახლაც ლარის კურსი ნახტომისებურად დაეცა და უნდა ვივარაუდოთ, რომ ამით კომერციულმა ბანკებმა მნიშვნელოვანი შემოსავალი მიიღეს.

საერთოდ, როდესაც კომერციულ ბანკებს მეტი შემოსავალი აქვთ, ეს კარგია ეკონომიკისთვის, რადგან ისინი უფრო უნდა ცდილობდნენ ეკონომიკის დაფინანსებას. დღესდღეობით ეს მაჩვენებელი მაღალი არ არის, მშპ-ს დაახლოებით ნახევარს აღწევს, ანუ ყოველი 2 ლარიდან ერთ ლარს აფინანსებენ კომერციული ბანკები. მეორე მხრივ, როცა კურსი იცვლება და ეკონომიკა არამყარია, რისკიანი ხდება ბანკების კრედიტების გაცემა. შესაბამისად, ისინი თავს იკავებენ და ცდილობენ, რომ შემოსავალი სხვა ბაზრებზე გაზარდონ. ამ შემთხვევაშიც, ასე იქცევიან”, – დასძინა თოქმაზიშვილმა.

როგორც ჩანს, კომერციული ბანკების მოგება ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება და ის ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე ბევრად მაღალია, ანუ ჰიპერტროფიული. თანამედროვე მსოფლიოში ეს ორი მაჩვენებელი ერთმანეთის პროპორციულია. ეკონომისტების თქმით, როდესაც საფინანსო სექტორი ვითარდება უფრო სწრაფად, ვიდრე ეკონომიკა, ის აზარალებს ამ უკანასკნელს და არ აძლევს მას განვითარების საშუალებას.

რეზონანსი“, 26 იანვარი, 2016 წელი

მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა უფრო და უფრო მცირდება

ბოლო წელიწადნახევარში ამ მაჩვენებელმა ალბათ 15%-საც კი გადააჭარბა

ელზა წიკლაური

ბოლო წელიწადნახევარში 43%-ით გაუფასურებულმა ლარმა მომხმარებლის მსყიდველუნარიანობა 5-15%-ით შეამცირა. უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში მნიშვნელოვნად გაუფასურდა რუსული რუბლიც და აზერბაიჯანული მანათიც. რუსეთში მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი 25%-ზე მეტად დაეცა, აზერბაიჯანში კი ჯერჯერობით მხოლოდ 5%-ით, თუმცა მედიის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი, შესაძლოა, მალე მკვეთრად გაიზარდოს.

ქართული ლარი ბოლო 1,5 წლის განმავლობაში 43%-ით გაუფასურდა. თუ 2014 წლის ნოემბერში ერთი დოლარი 1,75 ლარი ღირდა, დღეს ერთი დოლარის შეძენა 2,5 ლარადაა შესაძლებელი. ეროვნული ვალუტის დევალვაციამ ცხადია, რომ ინფლაციაც გაზარდა.

ლარის გაუფასურების პარალელურად, საქართველოს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობაც მძიმდება. მცირდება ლარისა და შესაბამისად, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა. ეკონომისტების ერთი ნაწილის თქმით, ბოლო წელიწადნახევარში ლარის მსყიდველუნარიანობა 4%-ით შემცირდა, მეორე ნაწილის გათვლებით კი ამ მაჩვენებელმა 15%-საც კი გადააჭარბა.

“ზუსტი მონაცემების გაანგარიშება ძალიან რთულია. მართალია, 43%-იანი დევალვაციაა, მაგრამ აქ სიტუაცია მსოფლიო ბაზარზე ნავთობსა თუ სხვა პროდუქციაზე ფასების შემცირებამ დააბალანსა. ჩემი გათვლებით, ბოლო წელიწადნახევარში ამ მაჩვენებელმა ალბათ, 15%-საც კი გადააჭარბა”, – განაცხადა ეკონომისტმა ემზარ ჯგერენაიამ.

სტატისტიკოს სოსო არჩვაძის თქმით, საქართველოში მოსახლეობა ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებას აღიქვამს მსოფლიო ვალუტის მიმართ და ამის მიხედვით მსჯელობს თავისი მსყიდველუნარიანობის შემცირების შესახებ. თუმცა ეს გადაჭარბებული შეფასებაა, რადგან თუ უცხოურ ვალუტაში აღებულ სესხებს არ მივიღებთ მხედველობაში, მოსახლეობის ხარჯი მნიშვნელოვნად არ არის გაზრდილი.

“2014 წლის ოქტომბერთან შედარებით, როდესაც ლარმა დაიწყო გაუფასურება, ფასები გაიზარდა მხოლოდ 8,5%-ით. მაგრამ არ ვიცით, რა ხდება მოსახლეობის შემოსავლებთან დაკავშირებით, რადგან სტატისტიკის სამსახური ამ მონაცემების გამოქვეყნებას ძალიან აგვიანებს. ამიტომ რთულია იმაზე საუბარი, თუ როგორ გაეზარდა ხალხს ხარჯი ან მოიმატა თუ არა შემოსავალმა.

თუ ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებას გავითვალისწინებთ, ვგულისხმობ დასაქმების ზრდას და ა.შ, მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ შარშან ხალხის შემოსავალმა მოიმატა. მაგრამ აქ დგება მეორე საკითხი, რამდენად გადაფარავს ნომინალურად გაზრდილი შემოსავალი გაზრდილ ფასს. ამაზე კი სტატისტიკის სამსახურის გარდა პასუხს ვერავინ მოგვცემს. სტატისტიკა კი იგვიანებს”, – განუცხადა “ბიზნეს-რეზონანსს” არჩვაძემ.

ვიდრე სტატისტიკის სამსახური მოსახლეობის შემოსავლებს და ხარჯებს არ გამოაქვეყნებს, მანამდე იმაზე საუბარი, თუ რამდენად შემცირდა ლარის მსყიდველუნარიანობა, ძალიან რთულია.

“ჩვენ ყოველთვის აქცენტს ვაკეთებთ ლარის გაუფასურებაზე, რაც, როგორც უკვე აღვნიშნე, მთლად სწორი არ არის. მაგალითად, ავიღოთ საგარეო ვაჭრობა, მართალია, შარშან ბრუნვა 10-მილიარდიან ნიშნულს ჩამოსცდა, მაგრამ დეტალური დათვლის შედეგად მივიღებთ ძალიან საინტერესო სურათს. კერძოდ, მარტო ნავთობპროდუქტების შეძენაზე, მისი გაიაფების გამო, დავზოგეთ 300 მილიონ დოლარამდე. აგროსასურსათო პროდუქციიის იმპორტის გაიაფების გამო, ჩვენ გადავიხადეთ დაახლოებით 200 მლნ დოლარით ნაკლები.

შარშან მსოფლიო ბაზარზე ფასების გაიაფებისა და სხვა ქვეყნების ვალუტების ლართან შედარებით უფრო მეტად დევალვაციის გამო, ქართულმა შიდა ბაზარმა დაახლოებით 500 მლნ დოლარი მაინც დაზოგა. ამით, გარკვეულწილად, მოხდა ლარის დევალვაციის კომპენსირება.

1,5 წელში ფასები გაიზარდა დაახლოებით 8,5%-ით, მაგრამ მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი 4%-ზე მეტით არ არის შემცირებული. ეს კლება როგორ არის განაწილებული სხვადასხვას სოციალურ ჯგუფში, არის თუ არა ყველას მიმართ ეს პროპორცია დაცული, ამაზე ზუსტი პასუხი სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს უნდა მოვთხოვოთ. მის გარეშე ჩვენი ნებისმიერი მსჯელობა იქნება ზედაპირული”, – დასძინა არჩვაძემ.

ლართან ერთად ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში მნიშვნელოვნად (დაახლოებით 85%-ით) გაუფასურდა რუსული რუბლი. ამ პერიოდის განმავლობაში მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა მნიშვნელოვნად შემცირდა, ზოგიერთ სოციალურ ჯგუფში კი 25%-საც გადააჭარბა.

“რუსეთის ცხოვრების დონის ცენტრის” მონაცემებით, 2015 წელს ქვეყნის მაღალანაზღაურებადი მოსახლეობის რაოდენობა – 25%-ით, საშუალოუზრუნველყოფილი მოსახლეობის რაოდენობა კი – 46%-ით შემცირდა. ამასთან, ამავე პერიოდში დაბალუზრუნველყოფილი მოსახლეობის რაოდენობა 8%-ით გაიზარდა, გაჭირვებულთა რიცხვი კი – 28%-ით. რუსი ეკონომისტების თქმით, იმისათვის, რომ ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანა მოხდეს, აუცილებელია მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის გაზრდა. ეს კი მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუკი მოხდება პენსიების და ხელფასების სრულყოფილი ინდექსაცია.

გარდა რუსეთისა, მნიშვნელოვნად გაუფასურდა აზერბაიჯანული მანათი. ერთი წლის განმავლობაში კურსი 105%-ით დაეცა. თუმცა მანათის დევალვაციის შედეგად, როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, ხალხის მსყიდველუნარიანობა მხოლოდ 3-5%-ით შემცირდა. თუმცა ისიც სათქმელია, რომ წელს ეს მაჩვენებელი მკვეთრად გაიზრდება.

რეზონანსი“, 26 იანვარი, 2016 წელი

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ინფლაციამ პიკს მიაღწია

რუბლის და ლარის გაუფასურებამ გალელებს და ახალგორელებს ორმაგი დარტყმა მიაყენა

მარი ჩიტაია

ერთდროულად ორი ვალუტის – რუბლის და ლარის გაუფასურებამ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას დიდი პრობლემა შეუქმნა. ადგილობრივების ინფორმაციით, ჯერ კიდევ ზაფხულიდან მოყოლებული, ყველა დასახელების პროდუქტი გაძვირდა, ხოლო დეკემბრიდან ფასმა პიკს მიაღწია. ხალხი ამბობს, რომ შემოსავალიც აღარ აქვთ და საკვების ყიდვა უჭირთ. ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა სამაჩაბლოშია, სადაც ბოლო დროს ზოგიერთი პროდუქტის დეფიციტიც შეიმჩნევა.

ახალგორის მცხოვრებთა თქმით, ხალხი, ძირითადად, წვრილი ვაჭრობით ირჩენს თავს, თუმცა, ინფლაციის გამო, შემოსავალი შეუმცირდათ და ყველა ცდილობს ხარჯის შემცირებას. ახალგორელი ლენა გუთნიაშვილი ამბობს, რომ დეკემბრის ბოლოს პროდუქტი 10 რუბლით გაძვირდა. ქართული ნაწარმიდან ყველაზე მეტი მოთხოვნა ხილ-ბოსტნეულზეა, რაც ახალგორსა და ცხინვალში “ცეცხლის ფასად” იყიდება.

ქართული პროდუქტის მრავალფეროვანი ასორტიმენტი მხოლოდ ახალგორის რაიონშია და იქაც საშინლად ძვირია ყველაფერი. ზოგიერთი სახეობა კი უფრო ძვირი, ვიდრე ცხინვალში.

“ვშიშობთ, რომ პროდუქტი კიდევ გაძვირდება. ინფლაციაა და ხალხს ყოველდღიურობასთან გამკლავება უჭირს. ვცდილობთ, ხარჯი შევამციროთ და ფული ეკონომიურად დავხარჯოთ. ახალგორში თავი მეტ-ნაკლებად გაგვაქვს, მაგრამ ცხინვალში ცხოვრება ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის უფრო მეტად ჭირს. არავინ მათხოვრობს, არ ვართ ხელგაწვდილები, მაგრამ ამით თავს ვერ დავიმშვიდებთ. ჩვენთან პროდუქტი თბილისიდან შემოდის, ცხინვალში ეს არც ისე ადვილია. იქ ქართული სურსათი შედარებით ნაკლებადაა, ძირითადად, ადგილობრივ აზერბაიჯანელებს შეაქვთ და ადგილზე “ცეცხლის ფასად” ყიდიან. ხილ-ბოსტნეულის გარდა, ქართულს ვერაფერს ნახავთ, ბაზარი სავსეა რუსული პროდუქტით”, – ამბობს ლენა გუთნიაშვილი. იგი არ საუბრობს თუ რას საქმიანობენ ადგილობრივები და რით ირჩენენ თავს, თუმცა ამბობს, რომ თავის წილ ულუფას ხალხი შრომით შოულობს. ცნობილია ისიც, რომ ოკუპირებულ რეგიონში ბევრი ვაჭრობს სიგარეტითაც. როგორც ახალგორელი დიასახლისი ამბობს, მშიერი არავინ დადის, მაგრამ ძალიან უჭირთ.

ანალოგიური მდგომარეობაა აფხაზეთშიც, სადაც პროდუქტმა გაძვირება ივლისიდან დაიწყო და ტენდენცია ახლაც გრძელდება. ფასების ზრდაზე ამ რამდენიმე დღის წინ იუწყებოდა სააგენტო “სპუტნიკიც”. გავრცელებული ინფორმაციით, ხალხს პურიც კი გაუძვირდა.

სოხუმის ბაზარზე ერთი კილოგრამი სულგუნი 350-დან 450 რუბლამდე გაძვირდა. ერთი ლიტრი რძე ივლისში თუ 50 რუბლი ღირდა, დეკემბერში 80 რუბლი გახდა. ათი რუბლით გაძვირდა საქონლის ხორცი, ხოლო ღორის ხორცის ფასმა 250-დან 330 რუბლამდე მოიმატა. ფასის მატება წიწიბურას და ბრინჯსაც შეეხო. თუ ზაფხულში ერთი კილოგრამი ბრინჯი და წიწიბურა 55 რუბლი ღირდა, წლის ბოლოს უკვე 80 რუბლი შეადგინა. ოკუპირებულ აფხაზეთში ამ პერიოდში პურის ფასმაც მოიმატა, ის 2 რუბლით გაძვირდა.

მართალია, სურსათის დეფიციტი არ შეიმჩნევა, მაგრამ მისი შეძენა ადგილობრივებს უკვე ძალიან უჭირთ. საფასო ცვლილება განსაკუთრებით ძნელი ასატანია ზამთარში, როდესაც რაიონში თხილის გასაყიდი მარაგი თითქმის ამოწურულია.

მოვაჭრეებს, რომლებსაც საბუთები წესრიგში აქვთ, მიმოსვლა არ ეზღუდებათ, მაგრამ ტვირთზე დაწესებული მაღალი გადასახადის გამო, პროდუქტის ადგილზე გაყიდვა ძვირად უწევთ.

მოსახლეობის დიდ უმრავლესობას არც აფხაზური პასპორტი აქვს, არც პირადობის სხვა საბუთი, რის გამოც ტერიტორიიდან ვერ გადის და იძულებულია, სამმაგად გაძვირებული საკვები იყიდოს. ზოგს ამის შესაძლებლობაც არ აქვს.

დღევანდელი მდგომარეობით, 1 ტომარა პურის ფქვილი გალში 60-63 ლარის ფარგლებშია, 1 კგ შაქარი 3 ლარამდე გაძვირდა, 2,50 ლარი ღირს კარტოფილი, ხოლო 800-გრამიან პურს ხალხი 2 ლარზე იაფად ვერ ყიდულობს.

“პროდუქტის გაძვირება გალში სისტემატურად ხდებადა თითქოს მოულოდნელი არ ყოფილა, მაგრამ უკვე ვეღარ ვუძლებთ. თხილის გაყიდვით საკვების შეძენას ვახერხებდით. 10 კილოგრამამდე თხილს 40 ლარად ვყიდით და ამ თანხით, ფაქტობრივად, ვერაფერს ვყიდულობთ. ეს მაშინ, როცა შარშან ამ დროს 1 კგ თხილი 10 ლარი ღირდა და პროდუქტიც გაცილებით იაფი იყო. სეზონიც ისეთია, რომ თხილის მარაგიც არ გვაქვს, ცხოვრება ძალიან გვიჭირს”, – ამბობს ლაურა ხვინგია, გალის ქვედა ზონის ერთ-ერთი სოფლის მცხოვრები.

როგორც აღვნიშნეთ, რეგიონში ერთდროულად ორი ვალუტაა აქტიურ მიმოქცევაში – ლარიც და რუბლიც. გალელების თქმით, თითო ოჯახს სურსათის შესაძენად თვეში, სულ ცოტა, 800-1000 ლარი სჭირდება, როცა რამდენიმე თვის წინ ეს ხარჯი 500-600 ლარს არ აჭარბებდა. ცხადია, იმ მარაგის წყალობით, რასაც ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებლები საოჯახო მეურნეობიდან იღებენ, ჯერჯერობით თავის გატანას გაჭირვებით მაინც ახერხებენ.

რეზონანსი“, 26 იანვარი, 2016 წელი

აფხაზ სეპარატისტებს ენგურჰესის დენი მთლიანად მიაქვთ, თუმცა მაინც არ ჰყოფნით და ამიტომ ყოველდღიური გრაფიკი დაწესდა

მაკა ხარაზიშვილი

(26.01.2016)

მაშინ, როდესაც საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი თბოსადგურებისთვის გაზის საშოვნელად “გაზპრომთან” მოლაპარაკებებს მართავს, “ენგურჰესის” მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად სეპარატისტებს მიაქვთ, თანაც უფასოდ. უფრო მეტიც, არსებობს ინფორმაცია, რომ “ენგურის” დენით სტავროპოლის მხარეც მარაგდება. საქართველოს ხელისუფლება იძულებულია, “ენრგურჰესი” დოტაციაზე ჰყავდეს და ზამთარში ელექტროენერგიის იმპორტი გაზარდოს.

აფხაზეთში კი “მუქთა” ელექტროენერგიის მოხმარება იმდენად მზარდია, რომ სეპარატისტულმა მთავრობამ გრაფიკის დაწესება გადაწყვიტა. თუკი აფხაზები მოინდომებენ, საქართველოს ელექტროსისტემიდან კიდევ უფრო მეტ ენერგიას წაიღებენ, ჩვენი მთავრობა კი მათთვის წინააღმდეგობის გასაწევად უძლურია.

დღეიდან ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობა ელექტროენერგიას შეზღუდვით მიიღებს. ეს გადაწყვეტილებამ “ჩერნომორენერგოს” გენერალურმა დირექტორმა ასლან ბასარიამ მიიღო. აფხაზეთის რეგიონული მედიის ინფორმაციით, ყოველდღიურად, 15 აპრილამდე ელექტროენერგია 4 საათით გაითიშება. ბასარიას განცხადებით, შარშან დასავლეთ საქართველოში გვალვის გამო ენგურის წყალსაცავის დონემ 17 მეტრით იკლო, რამაც “ენერგეტიკული კოლაფსის საფრთხე” შექმნა.

სეპარატისტებს ყველაზე მეტი ელექტროენერგია პიკურ პერიოდებში ზამთარსა და შემოდგომაზე მიაქვთ, როდესაც საქართველოს ელექტროსისტემას დეფიციტის შესავსებად რუსეთიდან იმპორტი სჭირდება. “ენგურჰესის” დირექტორმა ლევან მებონიამ “ბიზნეს-რეზონანსთან” საუბარში დაადასტურა, რომ ზამთრის პერიოდში ვარდნლისა და ენგურის გამომუშავებული ელექტროენერგიის 90-100% მთლიანად აფხაზეთს მიაქვს.

“ენგურისა და ვარდნილის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 85-90%-მდე, ხანდახან 100%-იც აფხაზეთს მიაქვს. სამწუხაროდ, არავითარი ბერკეტი არ გვაქვს იმისთვის, რომ ელექტროენერგია ზამთარშიც არსებული სქემით განაწილდეს”, – ამბობს ლევან მებონია.

ელექტროენერგიის 2015 წლის ბალანსის მიხედვით, ნოემბერში ენგურისა და ვარდგილჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 193 მლნ კვტ/სთ იყო, აქედან 178 მლნ კვტ/სთ აფხაზეთის რეგიონმა მოიხმარა. დეკემბერში კი აღნიშნულმა ორმა ელექტროსადგურმა 248 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავა, საიდანაც აფხაზეთმა 232 მლნ კვტ/სთ წაიღო.

ეს ხდება მაშინ, როდესაც ნოემბერში საქართველოს ენერგოსისტემამ რუსეთიდან 83 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია მიიღო, ხოლო დეკემბერში იმპორტი 123 მლნ კვტ/სთ-მდე გაიზარდა. ასევე მზარდია, თბოსადგურების მიერ გენერირებული, ძვირადღირებული ელექტროენერგიის მოცულობაც – დეკემბრის მიხედვით 329 მლნ კვტ/სთ. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ საქართველოში ელექტროენერგიის მოთხოვნა შარშან, 2014 წელთან შედარებით, 291 მლნ კვტ/სთ-ით – 11,291 მლნ კვტ/სთ-მდე გაიზარდა და ეს ტენდენცია აღმავალია. შესაბამისად, იაფიანი ენგურის ელექტროენერგიის მთლიანად ერთ რეგიონში (აფხაზეთში) გადამისამართება ტარიფის კიდევ უფრო მომატების წინაპირობას ქმნის.

თუკი აფხაზეთი გრაფიკზე უარს იტყვის, მაშინ საქართველოს ენერგოსისტემა, მექანიკურად, აფხაზეთის რეგიონს იმ მოცულობის ელექტროენერგიას მიაწვდის რამდენზედაც მოთხოვნა იქნება – საჭიროების შემთხვევაში კიდევ უფრო მეტს, ვიდრე ენგურჰესი და ვარდნილჰესი გამოიმუშავებენ.

“იმ შემთხვევაში თუ აფხაზეთის მოხმარება გადააჭარბებს ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობას, არსებული ენერგოინფრასტრუქტურა იძლევა შესაძლებლობას, რომ აფხაზეთს მიეწოდოს სისტემიდან დამატებით ელექტროენერგია. ამ ეტაპზე არსებული შეთანხმებით, აფხაზეთს მიეწოდება ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის წლიური გამომუშავების დააახლოებით 40%”, – აღნიშნეს ენერგეტიკის სამინსტროში.

ეს ნიშნავს, რომ ისედაც გაჭირვებული საქართველოს ენერგოსისტემა 232 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიას დაკარგავს. დაკარგავს იმიტომ, რომ როგორც უკვე აღვნიშნეთ, აფხაზები ენგურის ელექტროენერგიაში არაფერს იხდიან.

აფხაზეთში არ არის გაზი და მოსახლეობა, “მუქთა” ენერგიის გამო, შეშის გამოყენების აუცილებლობასაც ვერ ხედავს. დაძველებული და მოუწესრიგებელი ქსელის გამოისობით, დენის დანაკარგი 50%-ის ფარგლებში მერყეობს. შესაბამისად, მდინარე ენგურის წყალი და ელექტროსადგურის რეაბილიტაციისთვის დახარჯული მილიონობით ლარი (ძირითადად კრედიტი) ჰაერში იფანტება.

“აფხაზები ყოველწლიურად ზრდიან ელექტროენერგიის მოხმარებას, უფრო სწრაფადაც კი, ვიდრე საქართველოს სხვა რეგიონები. რამდენიმე წლის შემდეგ ისინი 60%-საც წაიღებენ თუკი ქართულმა მხარემ რამე არ იღონა. გამოსავალი პოლიტიკურად რთული გადასაწყვეტია, შეიძლება ამან სერიოზული შეხლა-შემოხლა გამოიწვიოს, მაგრამ შეიძლება შედეგს მივაღწიოთ”, – ამბობს ენერგეტიკოსი რევაზ არველაძე.

რაც შეეხება კვოტებს, “ბიზნეს-რეზონანსი” უკვე წერდა, რომ 1997 წელს დადებული სიტყვიერი შეთანხმების მიხედვით, ენგურჰესისა და ვარდნილჰესების (გალის ტერიტორიაზე) კასკადის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის 40% აფხაზეთის რეგიონს უნდა წაეღო, 60% კი – საქართველოს დანარჩენ რეგიონებს. საქართველოსა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობებს შორის კვოტების განაწილებასთან დაკავშირებით ოფიციალური ხელმოწერილი დოკუმენტი არ არსებობს.

საყურადღებოა ისიც, რომ ვარდნიჰესების კასკადებიდან, რომლებიც გალის რაიონში მდებარეობს, მხოლოდ ერთი ჰესი 220 მგვტ-იანი სადგური მუშაობს, დანარჩენი სამი 40-40 მგვტ-იანი სადგურები ამორტიზირებული და შლამით დაფარულია. 90-იან წლებში ელექტროსადგურებთან მისასვლელი გზები აფხაზებმა თუ რუსებმა დანაღმეს. აქედან გამომდინარე, ელექტროენერგიის განაწილებისას (კვოტების განსაზღვრისას ვარდნილჰესებიც იგულისხმებოდა) მთელი ტვირთი ენგურზე მოდის.

Comments are closed