globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 26 თებერვალი, 2015 წელი

Posted by Globalresearch on Feb 26th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„ახალი თაობა“: ინტერვიუ თამარ ჩხეიძესთან: „საქართველოს მომავალი დღეს უკრაინაში წყდება“

ალია: ინტერვიუ გიორგი თავდგირიძესთან: ქართული ჯარი და სამხედრო აკადემია ისევ რუსულ ყადაზე გადადის?

„ვერსია“: ინტერვიუ ესტონეთის ელჩთან საქართველოში

———————–

„ახალი თაობა“, 26 თებერვალი, 2015 წელი

ინტერვიუ თამარ ჩხეიძესთან: „საქართველოს მომავალი დღეს უკრაინაში წყდება

ინტერვიუში ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ხელმძღვანელი თამარ ჩხეიძე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულმა არასწორმა პოლიტიკამ პრორუსულ ძალებს გააქტიურების საშუალება მისცა. იგი ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალების“ წარმომადგენლების თანამდებობებზე დანიშვნა სასარგებლოა საერთო საქმისათვის, რაც ხელს შეუწყობს რუსეთის მზარდი აგრესიის შეკავებას (ესაუბრება თამარ ნინიძე).

გთავაზობთ ამონარიდს:

რუსეთთან მოლაპარაკებებში ხელისუფლების პირადმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ ნატოსთან დაკავშირებით თქვა, რომ ნატოს საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება, როგორ ფიქრობთ, როგორია ხელისუფლების საგარეო კურსი?

– ზურაბ აბაშიძეს ახალი არაფერი უთქვამს, მან გამოიყენა ის ვითარება, რომ ნატოში ახლა არც გვიღებენ, მაგრამ ფორმალურად ამ განცხადებაში აისახა ხელისუფლების რეალური პოლიტიკა, ეს პოლიტიკა ემთხვევა იმას, რომ ამ წუთში ნატოში არც არავინ გვიღებს, მაგრამ ასევე ასახავს ხელისუფლების როგორც სურვილს, ასევე მის მიმართულებას და ორიენტაციას. ხელისუფლება ამ მიმართულებით მართლა არ ფიქრობს და არ აქვს სურვილი, რომ ამ მიმართულებით იმუშაოს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ერთ-ერთ უცხოურ ტელევიზიას ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ დასავლეთმა უკრაინას იარაღი არ უნდა მიაწოდოს. თქვენ ამ განცხადებას როგორ აფასებთ?

– ეს ყველაზე აღმაშფოთებელი ფაქტია, რაც მომისმენია ბოლო დროს.

რა დასკვნა შეიძლება აქედან გამოვიტანოთ?

– მხოლოდ ის, რომ ის არ არის ჩვენი ხელისუფალი და არის რუსეთის მოხელე. არა რუსეთის, არამედ კონკრეტულად პუტინის ინტერესების გამომხატველია, სწორედ პუტინის ინტერესებშია უკრაინისთვის იარაღის არმიწოდება. პუტინს და ლავროვს ჩვენმა ხელისუფალმა თავისი ხმა შეუერთა. ჯერ ისიც უნდა ითქვას, რომ თავად დასავლეთის პოზიცია არადამაკმაყოფილებელია უკრაინის დახმარების თვალსაზრისით, ეს გამოიხატება იარაღის მიწოდებაში, უკვე დიდი ხანია, ეს უნდა დაეწყო, ამ გადაწყვეტილებას ალტერნატივა არ გააჩნია, რომ უკრაინას უნდა დაეხმაროს, მათ შორის, სამხედრო სახითაც. როცა ამბობენ, მშვიდობის ალტერნატივა არ აქვსო, თავს თუ გესხმიან და აგრესიაა, მშვიდობაზე საუბრთ ამ აგრესიას ვერ მოიგერიებ. მშვიდობას დაცვა სჭირდება და აგრესიის მოგერიება მხოლოდ იარაღით შეიძლება. იარაღს რომ არ აწვდიან უკრაინას, ეს ღალატის ტოლფასია.

ხელისუფლებასა და საზოგადოების ერთ ნაწილში დიდი ხმაური გამოიწყია უკრაინაში საკვანძო თანამდებობებზე სააკაშვილის და მისი თანაგუნდელების დანიშვნებმა. როგორია თქვენი მოსაზრება ამ საკადრო გადაწყვეტილებებზე?

– ვფიქრობ, რომ ეს საქართველოსთვის დადებითი მოვლენაა, სამწუხაროა, რომ საზოგადოების ერთი ნაწილი მოცულია ბრმა სიძულვილით. მზე და მთვარე მეც არ ამომდიოდა ნაციონალურ მოძრაობაზე, მაგრამ ადამიანს უნდა შეეძლოს ობიექტური აზროვნება და სახელმწიფო ინტერესებიდან ამოსვლა. ეს არამარტო უკრაინისთვის, არამედ საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია. საერთო საქმისთვის დადებითი მოვლენაა და საერთო საქმეა რუსეთის აგრესიის შეჩერება და უკრაინის განვითარების გზაზე დაყენება. ხიშტებით რომ შეხვდა ამ ამბავს საქართველოს ხელისუფლება, ეს ასე არ უნდა მომხდარიყო, და არც უკრაინის ელჩი უნდა დაებარებინა საგარეო უწყებას.

ევროპის და ამერიკის მოთხოვნა ხომ არ იყო სააკაშვილის რესურსი გამოყენება უკრაინაში?

– არ გამოვრიცხავ ამას, ამერიკის პოზიცია ასეთი იქნებოდა და ის დაემთხვა უკრაინის პრეზიდენტის სურვილს. საერთო საქმეა უკრაინის გამარჯვება და რუსული აგრესიის მოგერიება, ამაში კი ამერიკა ერთ-ერთ წამყვან როლს ასრულებს. იარაღის მიწოდების პროცესიც არ უნდა გაჭიანურდეს.

შეიძლება ითქვას, რომ უკრაინის ფრონტზე გადის ევროპის მომავალი?

– დასავლეთის და, ცხადია, ჩვენი მომავალი დღეს უკრაინაში წყდება.

ალია“, 26 თებერვალი, 2015 წელი

ინტერვიუ გიორგი თავდგირიძესთან: ქართული ჯარი და სამხედრო აკადემია ისევ რუსულ ყადაზე გადადის?

ინტერვიუში სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე სამხედრო აკადემიის ყოფილი რექტორის ანდრო ბარნოვის განცხადებებს აკრიტიკებს. როგორც ცნობილია, ექს-რექტორმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ბრალი დასდო, რომ საქართველოში სამხედრო აღზრდა ისევ რუსეთის სტანდარტებზე გადადისო (ესაუბრება ლევან ჯავახიშვილი). გთავაზობთ ამონარიდს:

- ბარნოვი აცხადებს, რომ კონკრეტული ფაკულტეტების გაუქმება იგეგმება და ეს იმიტომ კეთდება, რომ აკადემია რუსული ტიპის სასწავლებელი გახადონ.

_ ჯერ ზუსტად არავინ იცის, რა გაუქმდება და რა – არა. თუ რაიმე ფაკულტეტი გაუქმდება, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მის ბაზაზე უკეთესი შეიქმნას და არა იმიტომ, რომ აკადემია დასუსტდეს. დღეს სამხედრო აკადემიაში სწავლება და წვრთნები მიმდინარეობს ნატო-ს სტანდარტებით და პროგრამებით. ამდენად, დემაგოგიაა ბარნოვის განცხადება, რომ აკადემიაში სამხედრო წვრთნების ხარისხმა და რაოდენობამ იკლო. ჩვენს აკადემიაში ამერიკული ვესტ-პოინტის აკადემიის სასწავლო პროგრამებია დანერგილი, როგორც თეორიული, ასევე საწვრთნელი კუთხით. ეს პრინციპები არ შეცვლილა და არც შეიცვლება, ეს არის უმაღლესი სამხედრო და სამოქალაქო განათლების მიღება. ამდენად, აკადემია ცალსახად დასავლური ყაიდისაა და არასერიოზულია მის რუსულ ყაიდაზე გადაყვანაზე ლაპარაკი.

- სამხედრო წვრთნები კალაშნიკოვისტიპის ავტომატებით მომდინარეობს და საერთოდ, მთელი თავდაცვის შეიარაღება `კალაშნიკოვებით~ მოხდებაო. ეს ბარნოვის მორიგი ბრალდებაა.

- „კალაშნიკოვის“ ავტომატი ქართული შეიარაღებიდან არასდროს არ ამოღებულა და ეს არც `ნაცმოძრაობის~ დროს გაუკეთებიათ. `ნაციონალების~ დროს კი იყო მცდელობა, რომ ქართული ჯარი გადასულიყო ამერიკულ იარაღზე, კერძოდ, „მ4“-ის სისტემის შაშხანაზე. მათ დროს შემოიტანეს გარკვეული რაოდენობის ეს ამერიკული შაშხანები, მაგრამ 2008 წლის ომის დროს, ამ იარაღის გადამალვაზე არავის უზრუნია და სამხედრო ბაზებიდან, საწყობებიდან, ხელუხლებელი შაშხანები გაატანეს რუს სამხედროებს. ამას რატომ არ იხსენებს ანდრო ბარნოვი? დატოვეს ქვეყანაში ამერიკული იარაღი, რომ წვრთნები ამ ავტომატებით ჩატარდეს კურსანტებთან? რატომ არ ახსენდებათ, რომ მთელი ამერიკული შეიარაღება რუსებმა წაიღეს და არავის არ უზრუნია, რომ ისინი გადაემალა? „კალაშნიკოვის“ ავტომატების თემაც იმ სერიიდან არის, ვითომ რუსულ ყაიდაზე რომ გადადის მთელი ქართული ჯარი და ეს თემა ამიტომ წამოსწეს.

ეს არის „შავი პიარი“, ბინძური პიარი და მეტი არაფერი. თავდაცვის სამინისტრო არ არის ორიენტირებული არც „კალაშნიკოვის“ ავტომატებზე და ზოგადად, არც რუსულ შეიარაღებაზე. მე ვიცი, რომ ავტომატების შეძენას აპირებენ დასავლეთში და გერმანული იქმნება ეს ავტომატები, ფრანგული თუ სხვა ქვეყნის წარმოებისა, ეს უკვე სამინისტროს შესაბამისი სამსახურების გადასაწყვეტია. მერე, ბუნებრივია, სამხედრო აკადემიაც მთლიანად გადავა ამ უცხოურ იარაღზე და საერთოდ, ქართული ჯარიც. თუმცა, ეს მთელი პროცესია და `კალაშნიკოვი~ ქართული შეიარაღებიდან ერთ დღეში ვერ გაქრება. ჩვენ უნდა შევიძინოთ არა მხოლოდ უცხოური იარაღის ის რაოდენობა, რაც დღეს სჭირდება ქართულ ჯარს, არამედ სარეზერვო რაოდენობაც. ეს კი ხანგრძლივი პროცესია და რამდენიმე წელი ნამდვილად დასჭირდება, რომ `კალაშნიკოვის~ ავტომატი საერთოდ ამოვიღოთ შეიარაღებიდან. თუმცა, სანამ უკანასკნელ `კალაშნიკოვს~ არ ამოვიღებთ, `ნაციონალები~ მანამდე ისპეკულირებენ ამ თემით. სისულელეა იმაზე ლაპარაკი, რადგან ქართულ შეიარაღებაში „კალაშნიკოვია“, ვექტორს ვიცვლით და პრორუსული ვექტორით ვანაცვლებთო. აი, ეს არის `ნაციონალებისა~ და ანდრო ბარნოვის მთავარი მესიჯი, მაგრამ ამ აბსურდს ნორმალური არავინ დაიჯერებს.

„ვერსია“, 26 თებერვალი, 2015 წელი

ინტერვიუ ესტონეთის ელჩთან საქართველოში

მაკა ლომაძე

ექსკლუზიურ ინტერვიუში ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პრიტ ტურკი ევროკავშირისკენ მიმავალ საქართველოს ხელისუფლებას რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევასაც აძლევს (ესაუბრება მაკა ლომაძე).

(ამონარიდი)

- რამდენიმე დღის წინ საქართველოს საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩი დაიბარეს, მის ქვეყანაში სააკაშვილისა და ნაციონალების თანამდებობებზე დანიშვნასთან დაკავშირებით. ამ ფაქტს როგორ აფასებთ?

- ახლა, როცა რუსეთის აგრესია გაიშალა უკრაინის მიმართულებით, ევროპის ყველა დემოკრატიული ქვეყნის, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებს შორის, თანამშრომლობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა რამ. განსაკუთრებულ მნიშვნელობას კი სამ ქვეყანას შორის კონსოლიდაცია იძენს: საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. მათ საერთო მისწრაფება აქვთ და სამივე რთულ ვითარებაში იმყოფება რუსეთის წნეხის გამო. ყოფილი მთავრობის წევრების სხვა ქვეყანაში მრჩევლებად დანიშვნა არაა იშვიათი საერთაშორისო პრაქტიკაში. უკრაინის ლიდერების უფლებაა, ის დაიქირავონ, ვისაც საჭიროდ ჩათვლიან. უკრაინას შეუძლია, ისარგებლოს საერთაშორისო რჩევებითა და მხარდაჭერით, თუმცა, უნდა გაითვალისწინოს საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებები. იმედია, ეს ფაქტი არ დააზიანებს ამ ორი ქვეყნის ურთიერთობას. პირიქით, უნდა მოინახოს გზები უფრო ინტენსიური თანამშრომლობისთვის უკრაინისა და საქართველოს პოლიტიკურ წრეებს შორის, განსაკუთრებით ევროკავშირის მიმართულებით, რადგანაც წინ გვაქვს რიგის სამიტი. კარგი იქნება, თუ ყველა, ვისაც გვჯერა დემოკრატიული და ერთიანი ევროპის, ერთად ვიმუშავებთ.

- შესაძლებელია ევროკავშირის ადეკვატურმა რეაქციამ ისევე დააგვიანოს, როგორც 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს და საერთოდ, უნდა დაეხმაროს თუ არა იგი უკრაინას მის რიგებში გაწევრიანებამდე?

- ვფიქრობ, ევროკავშირი უნდა დაეხმაროს ყველა ქვეყანას, რომელსაც დემოკრატიული საზოგადოებისკენ მისწრაფება აქვს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ქვეყანა გახდება თუ არა წევრი. ეს ევროკავშირის ვალდებულება კი არა, საზოგადოების შესაძლებლობაა, გარდაიქმნას და განვითარდეს. ესტონეთის შემთხვევაშიც ასე იყო _ მალე ვერ გავხდით წევრი, მაგრამ პერსპექტივა  საკმარისი აღმოჩნდა ჩვენი საზოგადოების პროგრესისთვის. ეს კი მთავარი მიზანია. აბა, ევროკავშირის წევრობა პანაცეა ხომ არ არის? მთავარია პროცესი, რასაც ამ მიზნისთვის გადიხარ. უკრაინაში განვითარებული მოვლენები არ უნდა იქცეს არგუმენტად, უკან დაიხიონ და ევროკავშირისკენ მისწრაფება, დემოკრატიული ევროპული ოჯახის წევრობის სურვილი გაუქრეთ. აგრესორის მიზანიც ესაა _ ჩრდილქვეშ დააყენოს ევროპული პერსპექტივა. დასახმარებლად კი დიპლომატებიც დარაზმულები არიან. ეკონომიკურ-პოლიტიკურ დახმარებაზეცაა საუბარი. ესტონელები ვისურვებდით, უფრო მკაფიო პერსპექტივა შეგვეთავაზებინა, რომ კრიზისიდან გამოსვლა გაადვილებოდათ, მაგრამ ევროკავშირი ერთიანია. მოკავშირეებთან ერთად, უნდა გვქონდეს  მტკიცე პოზიცია და არ დავუშვათ, უკრაინამ ტერიტორიები დაკარგოს. უნდა ავლაგმოთ აგრესია. თან არ უნდა დავივიწყოთ ყირიმის ანექსია.

(…)

- სავიზო რეჟიმის გამარტივებას ელის ჩვენი მოსახლეობა. დაახლოებით რა ვადებზეა საუბარი და ამას კონკრეტულ შემთხვევაში შესაბამისი ქვეყანა წყვეტს თუ ერთიანად, ევროკავშირი?

- ორი პროცესია: ტექნიკური, როცა ბრიუსელიდან ექსპერტთა გუნდი ყოველკვირეულად ჩამოდის, რათა შეაფასონ ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულება. შეფასებები, როგორ ასრულებს საქართველო ვალდებულებებს, გაზაფხულზე დასრულდება. ვფიქრობ, პროცესი კარგად მიდის. მეორე ეტაპზე, 28 წევრი ქვეყანა უნდა დაეთანხმოს საქართველოსთვის ვიზის ლიბერალიზაციას. ეს ბოლო აკორდი პოლიტიკური ნაწილია. თუ ტექნიკური შეფასება იქნება პოზიტიური და საქართველოს შიდაპროცესები იქნება პროგრესირებადი, ვიმედოვნებ, პოზიტიურ შედეგს რიგის სამიტზე მივიღებთ.

- როგორ აფასებთ უშუალოდ საქართველო-ესტონეთის ურთიერთობას?

- ახლახან იყვნენ საქართველოში ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი და პრემიერ-მინისტრი ბიზნესდელეგაციასთან ერთად. ვფიქრობ, ჩვენი ბიზნესკავშირები გაუმჯობესდება. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის ფარგლებში, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, უცხოელ ინვესტორებს დაუკავშირდეს. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა სფეროში, მაგალითად, განათლებაში – მხოლოდ ტალინის ტექნიკურ უნივერსიტეტში, 200-ზე მეტი მაგისტრანტი გვყავს. 1 მარტს, ,,ქორთიარდ მარიოტში” დაგეგმილ შეხვედრაზე, სტუდენტებსა და მშობლებს გავაცნობთ ესტონეთში სწავლის გაგრძელების პირობებს. შარშან, ესტონეთის მთავრობამ დაახლოებით 800 ათასი ევრო ჩადო საერთაშორისო განათლების პროექტებში. ბიუჯეტი კიდევ გაიზრდება. განათლება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად მეწარმეთა სკოლის პროექტი დავიწყეთ. ამ კუთხით უკვე 19 უნივერსიტეტია ჩართული. გვაქვს სხვა მიმართულებებიც. ჩვენი პრიორიტეტია მთავრობის, არასამთავრობო სექტორის და მედიის ცნობიერების ამაღლება ევროკავშირთან მიმართებაში. ჩავატარებთ ტრენინგებს როგორც საქართველოში, ისე ესტონეთში; გვინდა, რეგიონებიც მოვიცვათ.

Comments are closed