globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 26 მარტი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Mar 26th, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: ინტერვიუ თამაზ მეჭიაურთან: „თანამდებობის პირებს შესაძლოა ქვეყნისათვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღებას აიძულებენ“

რეზონანსი”: ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „თამაზ მეჭიაური ბიძინა ივანიშვილის რუპორად გადაიქცა“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ გია ცაგარეიშვილთან: „ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკურ ფიგურად ვერ ჩამოყალიბდა”

„ახალი თაობა“: ინტერვიუ დიმიტრი ლორთქიფანიძესთან: „თავს პრორუსულ ძალად არ ვთვლი. ეს ჩემი შეურაცხყოფაა… მოსახლეობის 62% არჩევნებზე მისვლას არ აპირებს”

„ახალი თაობა“: ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნით ლეონიდ ჩერნოვეცკიმ საქართველო დატოვა?

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ალექსანდრე თვალჭრელიძესთან: „ლარის გაუფასურება მოსალოდნელი არ არის… გიორგი ქადაგიძის ადგილი პარლამენტში კი არა, ციხეშია“

რეზონანსი: ბიუჯეტის შესრულება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას // ორ თვეში გეგმა სანახევროდ შესრულდა

————————-

რეზონანსი”, 26 მარტი, 2016 წელი

ინტერვიუ თამაზ მეჭიაურთან: „თანამდებობის პირებს შესაძლოა ქვეყნისათვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღებას აიძულებენ

ელზა პაპოშვილი

უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლების ზოგიერთ მაღალჩინოსანს შიდა ან გარე პოლიტიკური ძალა გარკვეული კომპრომატებით უკვე აშანტაჟებდეს, რის გამოც ქვეყნის საზიანო გადაწყვეტილებებს იღებდნენ. ამიტომაც მეჭიაური ამ ადამიანებს ურჩევს თანამდებობები დატოვონ. დეპუტატის აზრით, წინასაარჩევნოდ ყველა პოლიტიკურმა ძალამ თავისი რიგები იმ ხალხისგან უნდა გაწმინდოს, ვისზეც შესაძლოა გარკვეული სახის კომპრომატები არსებობდეს და რომელთა მართვაც შანტაჟის სახით შესაძლებელი იქნება.

- თქვენი აზრით, ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს ფარული ჩანაწერებით მაღალი თანამდებობის პირების დაშანტაჟება?

- მსგავსი ინტერესი, რა თქმა უნდა, გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებს აქვს, რომელთაც ალბათ ოპონენტების გზიდან ჩამოცილება სურთ. მათი ქმედების მიზანი ასევე არის ახლანდელი ხელისუფლების დისკრედიტაცია, რომელიც სახელმწიფოებრივი ინტერესების საწინააღმდეგოდაა მიმართული. არც ის არის გამორიცხული, რომ ამ ხალხს ქვეყანაში არეულობის და დესტაბილიზაციის გამოწვევა უნდოდეს. მაღალი თანამდებობის პირის წინააღმდეგ როდესაც სერიოზული კომპრომატები გაქვს, თავისთავად ცხადია, რომ მისი გამოყენება ყველა მხრივ შეიძლება. არც იმას გამოვრიცხავ, რომ მსგავსი სახის ფარული ჩანაწერები უცხოური სპეცსამსახურების ხელში მოხვდეს, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოიყენებს.

- უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებში ვის გულისხმობთ, ეს შეიძლება რუსული ძალა იყოს?

- რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად რუსეთის სპეცსამსახურები იქნებიან დაინტერესებული, რომ ეს კომპრომატები ხელში ჩაიგდონ. როგორც ცნობილია, ინტერნეტშიც იდო ინფორმაცია, რომ ყველა დაინტერესებულ პირს მისი შესყიდვა გარკვეული თანხის ფასად შეუძლია. ახლა ღმერთმა უწყის რა ტიპის კომპრომატები შეიძლება ჰქონდეთ. თუკი ახლანდელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის რომელიმე პირზე მათ ასეთი კომპრომატები აქვთ, ვინმეს უფიქრია იმაზე, თუ რა სახის შანტაჟი შეიძლება განხორციელდეს? ქვეყანა რა საფრთხის წინაშე დადგეს?

ამაზე რატომ არავინ ფიქრობს, რომ გაჰყვირიან, პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია და ვისაც რა უნდა ის უნდა აკეთოსო?! ამ ხალხს მინდა ვკითხო – როდესაც სახელმწიფოს მაღალჩინოსანზე მსგავსი სახის კომპრომატი არსებობს, სახელმწიფოს წინააღმდეგ მას არავინ გამოიყენებს? ღმერთმა დამიფაროს ვინმეს პირად ცხოვრებაზე ვინერვიულო. აქ ქვეყნის ბედზეა საუბარი. ამიტომაც ვფიქრობ, რომ თანამდებობის პირები, ვისზეც ეს მასალები არსებობს, უნდა გადადგნენ.

- არ ფიქრობთ, რომ ამ განცხადებით შესაძლოა, იმ პირების წახალისება მოხდეს, ვინც კომპრომატებით ხელისუფლების თუ პოლიტიკოსების დაშანტაჟებას ცდილობს?

- ბოდიში და 4 ვარსკვლავიანი ამერიკელი გენერალი დევიდ პეტრეუსი რომ გადააყენეს, რომელსაც ქვეყნის წინაშე უამრავი დამსახურება ჰქონდა, ეს ასეთი ტიპის შანტაჟის წახალისება გახდა? ამერიკიდან გამოცდილებებს რომ იღებენ და გაჰყვირიან – დემოკრატიული და მისაბაძი ქვეყანააო, რატომ ამგვარ მაგალითებს არ იღებენ? არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები რომ გამოდიან და ჩემს განცახდებაზე ამბობენ – შეშფოთებული და გაოგნებულები ვართო, რატომ მაშინ არ გამოვიდნენ და არ მოითხოვეს გარკვეულიყო, მსგავსი სახის კადრებს ვინ იღებდა? დიდი ალბათობით ეს ფირები საზღვარგარეთ არის გატანილი და არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების დაშანტაჟება დიდი ხანია მიმდინარეობს.

- თქვენ ფიქრობთ, რომ ახლა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს გარკვეული კომპრომატებით უკვე აშანტაჟებენ?

- მაღალი ალბათობით ასე მგონია. რა გარანტიაა, რომ ამ ხალხს თანამდებობებზე მოსვლისთანავე არ აშანტაჟებდნენ? იმ საქმეს აკეთბინებდენენ და იმგვარ გადაწყვეტილებებს აღებინებდნენ რაც მათ სურთ და ქვეყნის ინტერესებს აზიანებს. ფაქტია, რომ მოსახლეობის მხრიდან უამრავი უკმაყოფილება არსებობს. ხომ შეიძლება, რომ ამას ვიღაც განზრახ აკეთებდეს? ამიტომაც ვურჩევ მათ, რომ თანამდებობები დატოვონ.

- როგორ ფიქრობთ, ახალმა ხელისუფლებამ ფარული ჩანაწერების საქმეები რატომ არ გამოიძია?

- ამაში ხელისუფლებას მეც ვადანაშაულებ, მაგრამ როგორც მე ვიცი, ამ საქმეების გამოძიებასთან დაკავშირებით ამერიკის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან სერიოზული ზეწოლა ხდებოდა. მეორე თემაა – რომც გამოეძიათ, რას იზამდნენ? მსგავსი სახის ფირები ათასობით და ათიათასობითაა გადაკოპირებული, რომელმაც ქვეყნის საზღვრები დატოვა. მთავრია, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ფარული ჩანაწერების გაკეთება აღარ ხდება.

- როგორ ფიქრობთ, თუკი ასეთი ტიპის კომპრომატები მოგროვდება და მათ შანტაჟზე ყველა მაღალჩინოსანი თანამდებობას დატოვებს, არ ფიქრობთ, რომ წინასაარჩევნოდ პოლიტიკური სივრცის გასუფთავება მარტივად მოხდება და შესაძლოა ვიღაცისთვის სასურველი განლაგება ვიხილოთ? ამის საშიშროებას თქვენ ვერ ხედავთ?

- ვფიქრობ საზოგადოება და პოლიტიკოსები ერთ მთავარ საკითხზე უნდა შევთანხმდეთ – ხელისუფლებაში არ უნდა დავუშვათ ისეთი ხალხის ყოფნა, რომელთა წინააღმდეგ რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახურებს შესაძლოა კომპრომატები ჰქონდეს, რომელსაც მხოლოდ მათ წინააღმდეგ კი არა, ქვეყნის ინტერესების საზიანოდ გამოიყენებენ. მსგავსი ადამიანებისგან საკუთარი რიგების გასუფთავება ყველა პოლიტიკურმა ძალამ თავად უნდა დაიწყოს, რათა შემდგომ მათი დისკრედიტაცია არ მოხდეს.

- თქვენი განცხადების შინაარსი პრაქტიკულად ერთი-ერთზე ემთხვევა ბოლოს გავრცელებული ჩანაწერებზე მისი გამავრცელებლის მიერ გაკეთებულ მინაწერის შინაარსს – რომ ის პოლიტიკოსები, რომლებზეც კომპრომატები არსებობს, პოლიტიკიდან უნდა წავიდნენ. ამ დამთხვევას როგორ ახსნით?

- ეს დამთხვევა კი არა, მაღალჩინოსანის პასუხისმგებლობის საკითხია. აქ ვისი ვის ნათქვამს ემთხვევა იმაზე კი აღარ არის საუბარი, მთავარი ის არის, რომ ამ შანტაჟისტ ხალხს ქვეყნის დატერორების უფლება არ უნდა მივცეთ. ამიტომაც პოლიტიკური ასპარეზიდან ის ადამიანები უნდა წავიდნენ, ვისი გამოყენებაც გარკვეულ დაინტერესებულ პირებს ჩვენი სახელმწიფოს საზიანოდ შეუძლია. აქ მემგონი დიდი ფილოსოფია საჭირო აღარ არის.

- ამ ყველაფრის ფონზე წინასაარჩევნო პროცესი როგორ წარიმართება?

- არ ვიცი, წინასწარ ვერაფერს გეტყვით, გამორიცხული არაფერი არ არის. ვნახოთ, ალბათ პროცესების განვითარება თანდათან გვიჩვენებს რა მოხდება. სიტუაცია რომ არც ისე მშვიდი იქნება, ეს ფაქტია და ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმაც კარგად გვიჩვენა.

- თქვენი კანდიდატურა საარჩევნო სიაში კვლავ იქნება?

- ვნახოთ. თუ არ ვიქნები, არც მაგაზე ვინერვიულებ. თუკი ჩემი გუნდის წევრები ჩათვლიან, რომ მომავალ პარლამენტში საჭირო აღარ ვარ, მშვიდად შევხვდები. ასე რომ, ყველაფრისთვის მზად ვარ.

რეზონანსი”, 26 მარტი, 2016 წელი

ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „თამაზ მეჭიაური ბიძინა ივანიშვილის რუპორად გადაიქცა

თაკო მათეშვილი

“თავმოყვარეობადაკარგული პროკურატურა ვერ ახერხებს, ევროპელი პროკურორები თავის სიმართლეში დაარწმუნოს,” – ამბობს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი დათა ახალაიას წითელი ცირკულარით ძებნილთა სიიდან ამოღების კომენტირებისას და დასძენს, რომ შესაძლოა, საქმე მაღალჩინოსნების საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით პოლიტიკური ნების არარსებობასთანაც გვქონდეს. იგი თამაზ მეჭიაურის ხმაურიან განცხადებასაც ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ის თანამდებობის პირები, რომლებზეც ფარული ჩანაწერები არსებობს, უნდა გადადგნენ და ამბობს, რომ სავარაუდოდ მეჭიაური ივანიშვილის მოსაზრებების გამხმოვანებელია.

სოსო ცისკარიშვილი: ბიძინა ივანიშვილის საინფორმაციო სივრციდან საერთოდ გაქრობა და მეჭიაურის გააქტიურება ერთმანეთს საეჭვოდ დაემთხვა. მეჭიაური პრაქტიკულად მთელი პარტიის სახელით ახალ-ახალი იდეების გამჟღერებელი გახდა, იმით დაწყებული, რომ “რესპუბლიკურმა პარტიამ” არჩევნებში ცალკე უნდა მიიღოს მონაწილეობა და იმით დამთავრებული, თუ ვინ როგორ უნდა მოიქცეს, ვინ რა უნდა გააკეთოს, ვინ სად უნდა წავიდეს და ა.შ. არ ვიცი ასეთი მდიდარი ინფორმაცია ამ პარლამენტარმა როგორ დააგროვა. ეს ყოველივე მაძლევს საფუძველს ვიფიქრო, რომ მეჭიაური ბატონი ივანიშვილის რუპორად გადაიქცა და მისი საინფორმაციო წყარო მხოლოდ “ქართული ოცნების” დამფუძნებელია.

- თქვენი აზრით, მეჭიაური ზოგადადაც და ამ შემთხვევაშიც ივანიშვილის სურვილებს ახმოვანებს?

- სურვილი შეიძლება მკაცრი სიტყვაა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ყურმოკრულს ნამდვილად ჰგავს. საზოგადოების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ მის ამ აზრს ივანიშვილიც იზიარებს. როცა ადამიანი ასეთ კრიტიკულ მომენტში დუმს, ეს იმის საშუალებას იძლევა, რომ ვისაც რა უნდა ის იფიქროს და ვისაც რა კუთხიდან აწყობს, რეალობა იმ კუთხიდან დაინახოს.

- თქვენი აზრით, ივანიშვილს ენდომება, რომ იმ თანამდებობის პირებმა, რომლებზეც მსგავსი ჩანაწერები არსებობს, თანამდებობა დატოვონ?

- ამ საუბრის მომსწრე არ ვყოფილვარ. მე ჩემს ვარაუდს ვამბობ. მოხარული ვიქნები, თუ ჩემი გამონათქვამი მიუღებელი იქნება ბატონი ბიძინასათვის და იგი საკუთარ აზრებს ამ თემაზე ბოლოს და ბოლოს გააჟღერებს.

- ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგაც ყოველთვის, როცა ქვეყანაში რაიმე მნიშვნელოვანი ხდებოდა, კომენტარს აკეთებდა. ამ შემთხვევაში კი არ გამოჩენილა. თქვენი აზრით რატომ?

- არავისათვის იქნება აღმოჩენა, თუ ვიტყვი, რომ ივანიშვილი ნიჭიერი რესპონდენტი არ გახლავთ. მისი პრესკონფერენციები მასვე ვნებდა. ჩემი აზრით, მისი გადადგომის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ის უხერხულობა იყო, რასაც მას საჯარო სივრცეში ექსპრომტად საუბარი უქმნიდა. ამგვარად, ჩემი აზრით ძალაშია რეჟიმი – “როცა არა სჯობს, გაცლა სჯობს.”

- რამდენად მოქმედებს მმართველი გუნდის რეიტინგზე ისეთი ხმაურიანი განცხადებები, როგორიც მეჭიაურის ხსენებული განცხადება იყო?

- მეჭიაური კამიკაძე არ გახლავთ. მას პოლიტიკური თვითმკვლელობის იდეა არ მოსვლია. შესაბამისად, ასჯერ დაფიქრდებოდა ეთქვა თუ არა ეს ფრაზა ხმამაღლა. ვისი ნაკარნახევიც არ უნდა ყოფლიყო ეს ფრაზა, ფაქტია, რომ ეს მან განაცხადა და არა სხვამ. სამოქალაქო საზოგადოებისაგან მან საკმაოდ მკაცრი პასუხი მიიღო და თანაგუნდელებისგანაც, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ კოალიციაში და მათ შორის პარტია “ქართულ ოცნებაში” დემოკრატია ფეხს იკიდებს. ამ გუნდის წევრებს შეუძლიათ ამა თუ იმ საკითხზე განსხვავებული მიდგომები ჰქონდეთ და ეს განსხვავებული მოსაზრებები საჯაროდაც გამოთქვან.

- თქვენი აზრით, ვისი ჩასმა იქნება “ქართული ოცნებისათვის” წამგებიანი საარჩევნო სიაში?

- ჩემი აზრით, “ქართული ოცნების” საღი ნაწილი მეჭიაურის ასეთ მიუღებელ გამონათქვამებზე იმიტომ გააქტიურდა, რომ შესანიშნავად მიხვდნენ, თუ რა ზიანს აყენებს ამგვარი განცხადებები მათ პოლიტიკურ ძალას. ასეთი სწრაფი რეაქცია რომ არა, “ქართული ოცნების” მიმართ ნდობა კიდევ უფრო შემცირდებოდა.

- შეიძლება თუ არა ასეც ითქვას, რომ ზოგიერთი დეპუტატი, მათ შორის მეჭიაურიც გრძნობს, ან იცის, რომ მომავალ სიაში აღარ იქნებიან და ამ ძალის რეიტინგი აღარ აინტერესებთ?

- მეჭიაური ერთდროულად ყველაფერზე ვერ იფიქრებს. მას ურჩევნია საკუთარ ფავორიტ მსმენელს აამოს, ვიდრე მომავალ წარმატებებზე ვალდებულებები აიღოს. ამიტომ შეცდომებიც მოსდის. მას დაავიწყდა, თუ რომელი კომიტეტის თავმჯდომარეა და აქტიურ ჭორაობაზეა გადასული. ყველა თემაზე საუბრობს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის შფოთის მომტანია. აღარ დარჩა თემა, რომელზეც მას აზრის გამოხატვა არ მოუსურვებია.

ფინანსებსა და საკუთარ კომიტეტში რა ხდება, ეს მემგონი აღარც ახსოვს. მას შემნდეგ, რაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი წავიდა, ალბათ არგუმენტიც აღარ აქვს, თუ რითი ახსნას არსებული სიტუაცია.

- ბოლო დღეებში აქტიურად საუბრობენ ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე. რამდენად მიზანშეწონილად და მომგებიანად მიგაჩნიათ მისი დაბრუნება და როგორ ფიქრობთ, რა ფორმით შეიძლება ჩაერთოს არჩევნებში?

- დღეს კალიციაში ურთიერთობები იმდენად არეულია, რომ პირველ ნომრად ჩასასმელი პირის მოძიება, რომელიც ყველასთვის მისაღებია, ძალიან რთული იქნება. იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი ღარიბაშვილის საპარლამენტო არია შესრულდება, სიის პირველი ნომერი დიდი ალბათობით ის იქნება. როგორც ჩანს, “მეოცნებე” პარტიის ლიდერებს გამარჯვების მიღწევა უფრო მარტივად წარემოუდგენიათ. ნებისმიერ შემთხვევაში, ალბათ განსხვავებული შემადგენლობის კოალიციას მივიღებთ.

თუ დაპირისპირებული მხარეები გონივრული ნაბიჯის გადადგმას ვერ შეძლებენ, არც ისაა გამორიცხული, 2016 წლის არჩევნები საპარლამენტო უმრავლესობის შექმნის გარეშე დასრულდეს, რიგგარეშე არჩევნები კი 2017 წლის პირველ ნახევარში დაინიშნოს.

ეს იმ შემთხვევაში, თუ მმართველი კოალიციის პირველი ნომერი ღარიბაშვილი იქნება. ვნახოთ, რას იტყვის თავად ღარიბაშვილი. დაველოდოთ მედიასივრცეში მის გამოჩენას. თუმცა, არ ვარ დარწმუნებული, რომ მას ქართველი ამომრჩეველი ოვაციებით შეხვდება.

- კუდ-ის ყოფილი უფროსი, დათა ახალაია ინტერპოლმა ძებნილთა სიიდან ამოიღო. პროკურატურის ეს საერთაშორისო ასპარეზზე პირველი მარცხი არ არის და მან ყველაფერი ისევ ინტერპოლის წესების ცვლილებით ახსნა. რამდენად სარწმუნოა თქვენთვის ეს მიზეზი?

- სახელმწიფოს სირცხვილია, რომ ინტერპოლის უარმა სისტემატიური სახე მიიღო. ეს რამდენიმე მიზეზით ხდება – შესაძლოა პროკურატურას სერიოზული არგუმენტების მოგროვებისა და გადაგზავნის კვალიფიკაცია არ ჰყოფნის, ან საქართველოში ამ მაღალჩინოსნების მართლაც დაბრუნების პოლიტიკური ნება არ არსებობს, ან პროკურატურაში საბოტაჟს აქვს ადგილი. ფაქტია, რომ თავმოყვარეობადაკარგული პროკურატურა ვერ ახერხებს ევროპელი პროკურორები თავის სიმართლეში დაარწმუნოს. რაც მთავარია, შედეგები სრულიად ხელმიუწვდომელია.

ისიც ფაქტია, რომ, მაგალითად, ადეიშვილს ისეთი ბრალი აქვს წაყენებული, რომ მასზე ინტერპოლს ძებნის გამოცხადება არც დაუპირებია. მაშინ როცა პროკურატურაში დევს უტყუარი დოკუმენტაცია იმისა, რომ სწორედ ადეიშვილი იყო ის ადამიანი, ვინც საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი თვითმკვლელობამდე მიიყვანა და ეს თვითმკვლელის მიერ დოკუმენტურადაა აღწერილი. უკვე ორი წელია, ეს დოკუმენტაცია პროკურატურის სანახებში დევს. ამ დროს კი სრულიად სულელურ ბრალდებებზე ცდილობენ პასუხების მიღებას და ეს საქმე არ დაძრულა.

- ვის გულისხმობთ?

- ამ თემაზე უფრო ვრცლად ლაპარაკი არ მინდა. ეს ოჯახის წევრებთან შეთანხმებული არ მაქვს.

- წეღან პოლიტიკური ნება ახსენეთ. არაერთი ფიქრობს, რომ პროკურატურას ამგვარი შედეგი თავიდანვე დაგეგმილი ჰქონდა, რომ იგი რეალურად არ იყო დაინტერესებული ადეიშვილი, ახალაია ან კეზერაშვილი დაეკავებინათ, საქართველოში ჩამოეყვანათ და რომ მას ინტერპოლისათვის საფუძვლიანი არგუმენტაციაც არ გაუგზავნია. თქვენ რამდენად სარწმუნოდ მიგაჩნიათ ეს მოსაზრება?

- ეს სამწუხარო თემაა და ამ კუთხით ჩემი წარმოდგენის გაჟღერება კმაყოფილებას არ მგვრის. ფაქტი, რომელიც ვიცი, ის გახლავთ, რომ 2013 წელს პროკურატურას უსამართლობის კვლევისა და სამართლიანობის აღდგენის ნება არ მიეცა.

- ვისგან არ მიეცა?

- ვისაც პროკურატურისათვის ბრძანებების გაცემა შეუძლია. 2014-2015 წლებშიც ანალოგიური თავდაჭერისკენ იყო მოწოდებები. მთავარი პროკურორის არჩევის პროცედურაც იმდენად გამჭვირვალე იყო, რომ კონკურსის გამოცხადებისთანავე ყველამ ზეპირად იცოდა, თუ ვინ გადხებოდა მთავარი პროკურორი. სამწუხაროა, რომ პროკურორები პრემიერის კაბინეტში ღამღამობით დაცუნცულებენ. ეს ჩვენ 2014 წლის ოქტომბერში ვიხილეთ, როცა თავდაცვის სამინსტროს 4 თანამშრომლის მიმართ ფულის გაფლანგვის მიზეზით სრულიად უზნეო საქმე აღიძრა. ეს ფაქტობრივად ვერასოდეს დადადსტურდება, რადგან ამ ადამიანებს არც ფულთან ჰქონიათ შეხება და არც იმ პროცესთან, რომელსაც ედავებიან. როცა ასეთ თემებს პოლიტიკური ნიშნით იყენებენ, რადგან ირაკლი ალასანია ისე ვერ დასაჯეს როგორც უნდა დაესაჯათ და მოუგონეს, თითქოს მისი მინისტრობისას თანხები იფლანგებოდა, დღეს უკვე პროკურატურის მიმართ კითხვის ნიშნები სრულიად უმნიშვნელო საკითხებზეც წარმოიშვება.

- ე.წ. კოკაინის საქმეზე პროკურატურამ ძიება შეწყვიტა და დაასკვნა, რომ ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძის ქმედებაში კორუფციის ნიშნები არ იკვეთება. რამდენად სარწმუნოა თქვენთვის ეს და რამდენად დიდი პოლიტიკური ზიანი მიადგა თქვენი აზრით ამ დეპუტატებს მიუხედავად იმისა, თუ რა დაასკვნა პროკურატურამ?

- მართალი გითხრათ, თავად ამ საქმის წარმოშობამ ძალიან გამაკვირვა. ამ თემაზე საუბარი არც ერთ მხარესთან არ მქონია, რადგან ორივეს ვენდობოდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ გაუგებრობის ფუძე ამ სამი სუბიექტის გარემოს სცდებოდა. ჩემთვის ყველაზე გაუგებარი ის იყო, თუ რატომ გახდა ეს თემა აქტუალური 2 წლის შემდგომ. იმასაც ვაცნობიერებდი, რომ მუქარაზე საუბარი არ იყო. ესემესით რაიმე სახის ზეწოლა მაღალი ფანტაზიის შედეგი უნდა იყოს. თუ მხოლოდ ესემესი მოდის და მას მუშტი, ტყვია ან ცეცხლის წაკიდება არ მოჰყვება, არ მგონია ამას შანტაჟი და ზეწოლა ეწოდოს.

სამწუხაროდ, ტერმინი “ზეწოლა” ძალიან აქტუალური გახდა, მაგრამ რაიმე სახის ზეწოლა ერთსუბიექტიანი წარმოდგენა არ გახლავთ. ის, ვისზეც ზეწოლას ანხორციელებენ, თავს ქვეწოლის რეჟიმში უნდა გრძნობდეს. მე კი ეჭვი მეპარება ეს ჩემი ფორმულა იმ თემის მახასიათებელიც იყოს, რაზეც ახლა ვსაუბრობთ.

ნამდვილად უკეთესი იქნებოდა ამ საკითხზე საჯარო სივრცის ნაცვლად თუნდაც ისევ ტელეფონით ესაუბრათ. ბატონი ალეკოს განმარტებასაც დაველოდები, თუ რატომ გაააქტიურა ეს თემა. ჩვენს ქვეყანას შფოთი ისედაც არ აკლია. სრულიად მკაფიო პოლიტიკური საფუძველი არსებობს იმისა, რომ საპარლამენტო არჩევნები რაც უფრო ახლოვდება, ქვეყანაში მეტი შფოთი იყოს.

„ახალი თაობა“, 26 მარტი, 2016 წელი

ინტერვიუ გია ცაგარეიშვილთან: „ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკურ ფიგურად ვერ ჩამოყალიბდა”

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი გია ცაგარეიშვილი, „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.

„ირაკლი ღარიბაშვილის მომავალი ნაკლებად მაღელვებს, მაგრამ, თუ უნდა დაბრუნდეს, მაშინ სამი თვის წინ რას უშვებდნენ?! თანაც როგორ გაუშვეს, საკმაოდ უხერხული იყო ეს მისთვისაც, როგორც პრემიერისთვის და უხერხული იყო ჩვენი ქვეყნისთვისაც. როდესაც პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური ბედი ერთ საღამოს გადაწყდა“, – ამბობს გია ცაგარეიშვილი.

- თქვენ ასე ფიქრობთ?

- რა თქმა უნდა, ეს გადაწყვიტა ერთმა ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა.

- ქართული ოცნება თითქოს ორად გაიყო - ნაწილი მის დაბრუნებას მიესალმება, ნაწილს თითქოს არ მოსწონს...

- რაში არსებობს ერთიანი პოზიცია „ქართულ ოცნებაში“, რომ ღარიბაშვილის დაბრუნება-არდაბრუნებაზე ჰქონდეთ ერთიანი პოზიცია. თუ ღარიბაშვილი ქართულ პოლიტიკაში მობრუნდება, ამ გადაწყვეტილებას ერთი ადამიანი მიიღებს და ეს ბატონი ივანიშვილი იქნება და არა მეჭიაური ან სხვა რომელიმე მისი კოლეგა, რომლებიც ღარიბაშვილის შესაძლო დაბრუნებით აღფრთოვანებას ვერ მალავენ.

- ქართულ ოცნებას დაუდგა ყოფილი პრემიერის დაბრუნების საჭიროება?

- ვერ გეტყვით, რა პოლიტიკური რესურსი გააჩნია ირაკლი ღარიბაშვილს. რა გავლენები აქვს მას ან რა ავტორიტეტი, ეს არ შეიმჩნევა. ეს ადამიანი ვერ ჩამოყალიბდა მთავარ პოლიტიკურ ფიგურად, თორემ ბევრი ყოფილი გვახსოვს და გვინახავს, რომლებიც არიან ყოფილები, მაგრამ მათ დაიმკვიდრეს თავიანთი ადგილი პოლიტიკაში. არა მგონია, რომ ღარიბაშვილი იყოს მისი ყოფილი პარტიისთვის წარმატების ფორმულა. ეჭვი მეპარება, რომ ის პოლიტიკაში მობრუნდეს.

- ვიცეპრემიერმა კალაძემ განაცხადა, რომ პარტია “ქართულ ოცნებაში ბევრი ახალი სახე იქნება წარმოდგენილი და ის განახლებული სახით წარდგება არჩევნებზე. თუ ასე მოხდა, არჩევნებზე განახლებულ ძალასთან მოგიწევთ დაპირისპირება…

- ამაში ცოტა ეჭვი მეპარება. თუ მმართველ ძალას განახლება და გარდაქმნა უნდოდა, ამისთვის მას თითქმის ოთხი წელი ჰქონდა და აქამდე მოახერხებდა, მაგრამ ამ ძალას, როგორც ჩანს, ამის სურვილი არ გააჩნია. მე ვსაუბრობ პარტია „ქართულ ოცნებაზე”, კოალიციაზე საერთოდ აღარ ვსაუბრობ, რადგან იქ ამის ნიშანწყალიც კი არ იგრძნობა. „ქართული ოცნება“ ივანიშვილია.

- სხვა არავინ?

- სხვა არ არსებობს. ბიძინა ივანიშვილმა დღეს რომ თქვას, პარტიას არ დააფინანსებს, ემიჯნება საერთოდ პოლიტიკურ პროცესებს, ნახავთ მერე, რა ბედი ეწევა „ქართულ ოცნებას“ არჩევნებზე. პარტია „ქართული ოცნება” იარსებებს მანამ, სანამ ამ ერთ ადამიანს უნდა. ეს ძალიან ჰგავს მოქალაქეთა კავშირსა და ნაციონალურ მოძრაობას, რომლის ლიდერიც ოდესაში იმყოფება და თავის ქვეყანაში ძებნილია.

- თუმცა პარტია არსებობს და პარლამენტშიც არის წარმოდგენილი...

- პარტია არსებობს, მაგრამ ქაღალდზე საქართველოს კომუნისტური პარტიაც არსებობს…

თუ საზოგადოება ფიქრობდა, რომ „ქართული ოცნება“ მიზიდულობის ცენტრი იქნებოდა, მისაბაძი მაგალითი სხვა პარტიებისთვის, ასე არ მოხდა. ის ვერ გახდა მისაბაძი ვერც კოალიციისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, კოალიციის შიგნით ასეთი პოლიტიკური ინტრიგები, გარჩევები და ქილიკი არ იქნებოდა. ბატონ ბიძინა ივანიშვილს პარტიისთვის არ სცალია. ის პარტიის მშენებლობაში ჩართული არ არის და ვინც არის, მან ეს საქმე არ იცის.

- კახა კალაძეზე საუბრობთ?

- ყველაზე ვამბობ ამას. გამგეობების, თვითმმართველობის თანამშრომლების შეკრება, ეს, იცით, როგორი წარსულია? გასული საუკუნის 95-96 წლების მოქკავშირის ლიდერები აკეთებდნენ ამას.

- არჩევნებისათვის კოალიცია დაიშლება თუ ერთიანი ფორმატით წარდგება?

- „ქართული ოცნების“ ხელშია კოალიციის შენარჩუნებაც და კოალიციის დაშლაც. დანარჩენი პარტიების წვლილი ნაკლებია. ბევრი მიკედლებულია კოალიციას, სანამ კარისკენ არ მიუთითებენ. ვერ გეტყვით, რამდენად ღირებულია ეს პარტიები ახლა „ქართული ოცნებისთვის“. 2012 წლის 1 ოქტომბრამდე განსხვავებული სიტუაცია იყო. მაშინ საჭირო იყო პარტიების მძლავრი ერთობა და ეს იყო წარმატების ფორმულა. დღეს სულ სხვა პოლიტიკური კონტექსტია. გვინდა, რომ ეს არჩევნები იყოს პროგრამების, იდეების ორთაბრძოლა და არა გაუთავებელი ლანძღვა-გინება. ამომრჩეველი გაიზარდა და კარგად ხედავს, ვინ გადაუხვია დაპირებებს და ვინ დარჩა ერთგული. `ქართული ოცნების~ ბევრი ლიდერი იმ ბრძოლაში, რომელშიც ჩვენ ვიყავით ჩართული, თვალით არ დამინახავს.

„ახალი თაობა“, 26 მარტი, 2016 წელი

ინტერვიუ დიმიტრი ლორთქიფანიძესთან: თავს პრორუსულ ძალად არ ვთვლი. ეს ჩემი შეურაცხყოფაამოსახლეობის 62% არჩევნებზე მისვლას არ აპირებს”

ხმებს ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე არც ადასტურებენ და არც უარყოფენ. პარლამენტის ყოფილი წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ დღეს „ქართული ოცნება“ ცაიტნოტშია და განცხადებები ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების შესახებ ამ ცაიტნოტიდან გამოსვლას ემსახურება.

- ქართული ოცნება ღარიბაშვილის წასვლის გამოა ცაიტნოტში?

- შეიძლება ასეც ითქვას, რადგან ირაკლი ღარიბაშვილის წასვლამ ბევრი კითხვა გააჩინა „ქართული ოცნების“ მიმართ. კითხვებს კი პასუხი არ გაეცა.

- რას გულისხმობთ?

- ვგულისხმობ იმ ინიციატივას, რომელიც ახალი პრემიერის, კვირიკაშვილის მიერ იქნა ინიცირებული, მაგრამ საზოგადოებას არ დავიწყებია, რომ აღნიშნული ინიციატივა წელიწად-ნახევრის წინ თავად ირაკლი ღარიბაშვილმა წამოაყენა. თუმცა, რატომღაც ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას უშუალოდ კოალიციის სრული შემადგენლობის მხრიდან მხარდაჭერა არ ჰქონია. რატომ? ღარიბაშვილი ნაკლებად პოპულარული იყო, ვიდრე კვირიკაშვილია? ქორწინება რომ არის ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, ეს ინიციატივა ეკუთვნის ირაკლი ღარიბაშვილს.

- დღეს ყველაზე მწვავედ ფარული ჩანაწერების საკითხი დგას. რა ტენდენცია შეინიშნება?

- ყველაზე მწვავედ არ დგას ფარული მიყურადების ჩანაწერების გამოქვეყნების საკითხი. ყველაზე მწვავედ დგას ქვეყანაში ეროვნული კონცეფციის უქონლობა და ეროვნული პოლიტიკის განმსაზღვრელი კოალიციის არარსებობა. მოქალაქეების 62%, ფაქტობრივად, თავს იკავებს საარჩევნო ურნასთან მისვლისა და რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის მხარდაჭერისგან. ეს განაპირობა იმან, რომ ეროვნული პოლიტიკის გამტარებელ ეროვნულ ძალთა გაერთიანებას საზოგადოება ვერ ხედავს. საზოგადოების დაკვეთა კი სწორედ ასეთი ძალის არსებობაა.

- დღევანდელ პოლიტიკურ სივრცეში რომ არ ჩანს ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც საზოგადოებას შესთავაზებს ეროვნულ იდეოლოგიაზე დაფუძნებულ ეროვნულ პოლიტიკას?

- დემოკრატიული მოძრაობა ერთ-ერთი იმ ძალთაგანია, რომელიც თავის მთავარ სამოქმედო გეგმას აფუძნებს ეროვნულ ინტერესებზე. ჩვენ სწორედ ამ ნიშნით განვსხვავდებით სხვა პოლიტიკური ძალებისაგან, რომლებიც ხმამაღლა დეკლარირებენ დასავლური ღირებულებებისადმი ერთგულებას, მაგრამ, როცა ეკითხები, რა კონკრეტული ეროვნული პოლიტიკური ღონისძიებებით აპირებენ ხელისუფლებაში მოსვლას, პასუხები არ აქვთ. თუ ბატონი ღარიბაშვილი ჩაერთვება პოლიტიკაში ისეთი გადაწყვეტილებით, რომ მისი უმთავრესი ამოცანა იყოს ეროვნულ ღირებულებებზე ორიენტირება, მხოლოდ მოსაწონი და მოსალოცი იქნება ქართველი საზოგადოებისთვის.

- საზოგადოებაში თქვენი ძალა პრორუსულ ძალად მოიაზრება. აქედან გამომდინარე, არა მგონია, გამაერთიანებელ ძალად წარმოჩნდეთ…

- მე ჩემს თავს პრორუსულ ძალად არ ვთვლი, შეურაცხყოფადაც მივიჩნევ ამგვარი კლიშეს მორგებას. არც პროდასავლელი ვარ და არც პრორუსული ძალის წარმომადგენელი. მოწოდებით ქართველი ვარ, ქართულ ნიადაგზე მყოფი პოლიტიკოსი.

- ნინო ბურჯანაძე შეძლებს, ეროვნულ იდეოლოგიაზე დაფუძნებული გამაერთიანებელი ძალის ლიდერი იყოს? მას შეუძლია, ქართველი საზოგადოება გააერთიანოს და “ქართული ოცნების ალტერნატივა გახდეს?

- ვფიქრობ, ყველა პირობა არსებობს იმისთვის, რომ ქალბატონი ნინო ბურჯანაძე იყოს ეროვნულ ნიადაგზე აღმოცენებული კოალიციის ლიდერი. მივესალმები, თუ ქართული პოლიტიკური სპექტრი ამას გამოიყენებს.

———–

დიმიტრი ლორთქიფანიძე ამბობს, რომ ფარული ჩანაწერები გაჩნდა მაშინ, როცა არჩევნები მოახლოვდა. გარკვეულ ძალებს სურთ, პროცესი სასურველ კალაპოტში მოაქციონ. ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებაც ამას ემსახურება.

- ვინ არიან ეს ძალები?

- ეს ის ძალებია. რომლებიც რევანშისთვის არიან განწყობილი არა მხოლოდ „ქართული ოცნების“, არამედ მთლიანად ქართველი საზოგადოების წინააღმდეგ. ბიძინა ივანიშვილთან ერთად ქართველმა საზოგადოებამ 2012 წელს განაჩენი გამოუტანა მიხეილ სააკაშვილს. ის ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებით წინააღმდეგობრივ დამოკიდებულებას მხოლოდ „ქართული ოცნების“ კოალიციის წინააღმდეგ კი არ გამოხატავს, არამედ მთლიანად საზოგადოებრივი ძალის მიმართ.

- ფარული ჩანაწერები მიხეილ სააკაშვილმა გამოაქვეყნა?

- დიახ. ეს არის ნაცმოძრაობის თამაში.

- ნაცმოძრაობა საგამოძიებო კომისიის შექმნასა და დამნაშავეების დასჯას რომ მოითხოვს, ეს რა არის?

- ესეც თამაშის ნაწილია. ნაცმოძრაობა აქეთ ბრალად სდებს „ქართულ ოცნებას“ საქმის გამოუძიებლობას, ამდენი ხნის განმავლობაში რატომ ვერ მოხდა დამნაშავე პირების დადგენაო.

- ნაცები ბიძინა ივანიშვილს რომ აბრალებენ ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებას, ამას როგორ აფასებთ?

- ხე ნაყოფით იცნობა. ეს ყველაფერი, პირველ რიგში, ურტყამს „ქართულ ოცნებასა“ და ბიძინა ივანიშვილს, რომლის გავლენა დღემდეა დარჩენილი „ქართული ოცნების“ მიმართ. „ქართული ოცნება“ არასახარბიელო მდგომარეობაში ვარდება. რა იარაღიც გაათამაშეს, საბოლოო არ არის. ამით ზურგში ლახვარს ისევ და ისევ „ქართულ ოცნებას“ ურტყამენ. შეახსენებენ, რომ გამოძიება მათი ვალდებულებაა. გამოუძიებლობა `ოცნებას~ ნდობას უკარგავს საზოგადოებაში.

- გამოძიებაც არ არის ადვილი...

- დიახ. იმის მაგივრად, რომ კამპანია „ეს შენ გეხება“ აქციებს მართავდეს ნაციონალების წინააღმდეგ, მათ ეუბნებოდეს, რომ მიხეილ სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა შექმნა პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების 26 ათასი ფაილი, მისი პოზიციის შეწყნარება შეიძლებოდა. ფაქტია, რომ `ეს შენ გეხება~ და ნაცმოძრაობა ერთი კონიუნქტურის ქვეშ არიან. ისინი ერთ მიმართულებას გამოხატავენ და შეეცდებიან, მომავალ არჩევნებში შეძლონ, ლიბერალურმა ძალებმა მოიპოვონ უმრავლესობა.

- რომელ ლიბერალურ ძალებს გულისხმობთ?

- ლიბერალური ძალებია ნაცმოძრაობა, გირჩი, თავისუფალი დემოკრატები, რესპუბლიკური პარტია და მათთან დაკავშირებული ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ერთ დღეში გადაკეთდებიან პოლიტიკურ პარტიებად.

„ახალი თაობა“, 26 მარტი, 2016 წელი

ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნით ლეონიდ ჩერნოვეცკიმ საქართველო დატოვა?

კიევის ყოფილმა მერმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ რამდენიმე თვის წინ გვამცნო, პოლიტიკაში მოვდივარო. პარტიის შესაქმნელად აქტიური სამუშაოებიც დაიწყო. როგორც ამბობენ, მასთან ბევრი ცნობილი პოლიტიკოსი მივიდა. მათ შორის იყვნენ საპარლამენტო უმრავლესების წევრებიც.

რაღაც დროის მანძილზე პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“ აქტიურობა შეჩერდა. ამას ბევრი ჭორი მოჰყვა. ზოგი იმას ამბობდა, რომ კიევის ყოფილმა მერმა პოლიტიკაში მოსვლა გადაიფიქრა.

ცოტა ხნის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლეონიდ ჩერნოვეცკი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილმა მოითხოვა ლეონიდ ჩერნოვეცკისგან, რომ მასთან შეუთანხმებლად არავინ შეეყვანა პოლიტიკური მოძრაობის სიაში, ასევე არ გადაედგა არც ერთი დამოუკიდებელი ნაბიჯი და რომ ამის შემდეგ ლეონიდ ჩერნოვეცკიმ დატოვა საქართველო და ოჯახთან ერთად საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში გადავიდა.

ლეონიდ ჩერნოვეცკი საქართველოდან მართლაც წავიდა. „ქობულეთი ნიუსმა“ ლეონიდ ჩერნოვეცკის პარტიას კომენტარისთვის მიმართა. პარტიამ კი უკრაინელი პოლიტიკოსის პასუხი გაავრცელა.

კიევის ყოფილი მერი ამტკიცებს, რომ მისი პერსონა შანტაჟს არ ექვემდებარება.

- მე უკვე დიდი ხანია, არავის შევხვედრივარ. ჩემი შანტაჟი საქართველოში შეუძლებელია: მე არ მაქვს არც ბიზნესი, არც ისეთ საკითხებში ვარ ჩაბმული, რომლის გამოც დამოკიდებული ვიქნები მთავრობაზე ან სპეცსამსახურებზე! და მე არ ვფიქრობ, რომ ასეთი რამ დღეს საქართველოში შეიძლება მოხდეს. მთავარი კი ის არის, რომ ჩემი ბუნებით მე შანტაჟს არ ვექვემდებარები! ამ მხრივ რთული ხასიათი მაქვს, – აღნიშნავს “ბედნიერი საქართველოსთვის“ ლიდერი. იგი ადასტურებს ინფორმაციას, რომ საქართველოდან წავიდა და წასვლის მიზეზებსაც განმარტავს.

- ახლა მე რვა დღით ევროპაში ვიმყოფები ჩემს მეუღლესთან ერთად: ზურგს ვმკურნალობ, რათა პარლამენტში მოსვლის შემდეგ ასეთი საკითხები აღარ მაწუხებდეს და არ მომიხდეს რომელიმე პლენარული სხდომის გამოტოვება. მალე დავბრუნდები და, იმედია, არჩევნებამდე არსად წასვლა არ მომიწევს, – ამბობს ლეონიდ ჩერნოვეცკი.

საქართველოდან კიევის ყოფილი მერის წასვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე.

- იგი არსად წასულა, ევროპაშია და უმძიმესი ოპერაციისთვის ემზადება. ძალიან მალე დაბრუნდება საქართველოში. სადღაც აპრილის შუა რიცხვებიდან უკვე დავიწყებთ პარტიულ მუშაობას. ახლა ვერ ვიტყვი, რომ გაჩერებულები ვართ, მაგრამ ჩვენს საქმიანობას პასიურს ვუწოდებ. მეტ კომენტარს ამ თემაზე არ გავაკეთებ, რადგანაც უხერხულია, ამ თემაზე პარტიის ლიდერის ჩამოსვლამდე გავაკეთო განცხადება, – აღნიშნა „ახალ თაობასთან“ საუბარში მურმან დუმბაძემ.

დეპუტატს არც გავრცელებული ჭორები არ უკვირს.

- გავრცელდა ხმა, რომ ის ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. ამ ინფორმაციის გადამოწმება არც კი მიცდია. ასეთი რამეები არ მაინტერესებს, – აღნიშნავს ვიცე-სპიკერი.

მურმან დუმბაძე აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი ლეონიდ ჩერნოვეცკის ფიგურას სერიოზულად უყურებს.

- ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკის მიმართ ინტერესს აღარ იჩენდა, როცა ჩერნოვეცკიმ პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადება გააკეთა. როგორც კი ეს ინფორმაცია გავრცელდა, „ქართულმა ოცნებამ“ გვაცნობა, რომ ივანიშვილი აქტიურად ჩაერთვებოდა პარტიულ საქმიანობაში. დაიწყო კიდეც რაღაც განცხადებების გაკეთება. ზურგის ოპერაციის გამო, კიევის ყოფილი მერი ცოტა ხნით გაჩერდა. ივანიშვილისგანაც აღარაფერი ისმის. როგორც კი ჩერნოვეცკი დაბრუნდება, ექსპრემიერიც გააქტიურდება, – ამბობს დეპუტატი. მან არ ისურვა იმ პირების დასახელება, ვისთანაც თანამშრომლობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მხოლოდ იმას ამბობს, რომ ისინი საინტერესო ხალხია.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩერნოვეცკისთან მოლაპარაკებებს „მრეწველებიც“ აწარმოებდნენ. ეს ინფორმაცია მხარეებმა არ დაადასტურეს. ბოროტი ხმები იმასაც ამბობენ, რომ კიევის ყოფილი მერი მიხეილ სააკაშვილის მეგობარია და პოლიტიკაშიც მისი მითითებით მიდის.

„ახალი თაობა“, 26 მარტი, 2016 წელი

ინტერვიუ ალექსანდრე თვალჭრელიძესთან: „ლარის გაუფასურება მოსალოდნელი არ არის… გიორგი ქადაგიძის ადგილი პარლამენტში კი არა, ციხეშია

ლარი უცხოური ვალუტის მიმართ ისევ გაუფასურდა. 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.32 ლარი გახდა, 1 ევროს შეძენა კი 2.59 ლარად არის შესაძლებელი.

რა პროცესებს უნდა ველოდოთ ამ კუთხით? დროებითი იყო თუ არა ეროვნული ვალუტის გამყარება? „ახალი თაობის“ კითხვებს სპეციალისტი ეკონომიკურ საკითხებში ალექსანდრე თვალჭრელიძე პასუხობს.

- ბატონო ალექსანდრე, ბოლო პერიოდში საზოგადოება გაახარა ლარის გამყარებამ, თუმცა ბოლო ორი დღეა, ლარმა ისევ გაუფასურება დაიწყო. რით ახსნით ამ ყოველივეს? რა პროცესი მიმდინარეობს?

- არავითარი გაუფასურება არ მიმდინარეობს. ლარი არ გაუფასურებულა, პირიქით, მყარდება. არ შეიძლება, ერთი და ორი დღის მონაცემებით ვიმსჯელოთ. ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. ერთი თვის სტატისტიკაა საჭირო შეფასებისთვის და, ამ სტატისტიკის მიხედვით, ლარი მყარდება. კურსი მცირედით ხან აიწევს, ხან დაიწევს, მაგრამ საერთო სტატისტიკა იქნება ლარის გამყარებისკენ.

- მოსახლეობა აღარ უნდა ელოდოს ლარის გაუფასურებას?

- მე ვფიქრობ, რომ აღარ უნდა გაუფასურდეს. ჯერჯერობით ყველაფერი აქეთკენ მიდის. თუ კვლავ უთანხმოება მოხდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და მთავრობას შორის, შეიძლება გაუფასურდეს, თუმცა ამ ეტაპზე ამასაც გამოვრიცხავ. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება.

- მხოლოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და მთავრობის ურთიერთობა განაპირობებს ლარის კურსს?

- მე ამას უკვე ერთ წელზე მეტია ვამბობ და არავინ მაქცევთ ყურადღებას, რომ ამას აკეთებდა ქადაგიძე სპეციალურად და მიზანმიმართულად.

- რაში სჭირდებოდა ყოველივე ეს?

- რაღაც რევანშისტული მიზნები ჰქონდა. სულ ვამბობდი, მიხედეთ-მეთქი ამ კაცს, მაგრამ კოჰაბიტაციის გამო ეს არ გააკეთეს. ამ კოჰაბიტაციას კი ჩვენც შევეწირეთ და ჩვენი კეთილდღეობაც. მე ხუთი-ექვსი თვის წინ ვამბობდი, რომ წავა თუ არა ქადაგიძე, ლარი დაიწყებს გამყარებას.

- რა ღონისძიებები გატარდა იმისთვის, რომ ლარი გამყარებულიყო?

- არაფერი განსაკუთრებული. ყურადღებას აქცევენ მიმოქცევაში მყოფ ფულად მასას და აკეთებენ კორექტირებას. ეს ძალიან მარტივი ტექნოლოგიებია.

- ზაფხულის სეზონი მოდის, გაიზრდება ტურისტების შემოდინებაც და სიტუაცია კიდევ უფრო გაუმჯობესდებაო. ასეა?

- მერწმუნეთ, არ არის ლარის კურსი ამაზე დამოკიდებული. შეიძლება, სხვა რაღაცებზე აისახოს ეს, მაგრამ არა _ გაცვლით კურსზე. აქ, უბრალოდ, ოქროს შუალედია მოსაძებნი. სწორედ ამაშია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხელოვნება, რომელმაც ზუსტად უნდა გათვალოს, როგორი უნდა იყოს გაცვლითი კურსი, რომ არც მწვადი დაიწვას და არც შამფური. მე მიმაჩნია, რომ 1.8 ყველაზე კარგი კურსია.

- როდიდან აისახება მოსახლეობის ჯიბეზე ეროვნული ვალუტის გამყარება? ვგულისხმობ საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების გაიაფებას. გვესმის შეფასებები, რომ ამას ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება...

- რეალური შედეგი რომ ვიგრძნოთ, ერთი წელი მაინც უნდა გავიდეს. წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო და ჩვენც დაველოდოთ შემოდგომას. თუმცა მოსახლეობის ერთმა ნაწილმა უკვე იგრძნო შეღავათი, მაგალითად, ვისაც კრედიტები დოლარში აქვს აღებული, მათ სესხი საგრძნობლად გაუიაფდათ. იმასაც გეტყვით, მოსახლეობა ასეთ მძიმე დარტყმას არ მიიღებდა, რომ ჩვენს ბანკებს საქართველოს კონსტიტუცია დაეცვათ.

- რას გულისხმობთ?

- საქართველოს კონსტიტუციით, ჩვენი ეროვნული ვალუტა არის ლარი! ამიტომ ყველა კრედიტი ლარში უნდა გაიცემოდეს და არა _ დოლარში. ბანკებმა შეიძლება დააწესონ სხვა პროცენტი, შეიძლება ცოტა მაღალიც, მაგრამ კრედიტი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარში და დაფიქსირებული უნდა იყოს მხოლოდ ლარში. ეს არის საქართველოს კონსტიტუციის იმპერატიული მოთხოვნა, რომელსაც ჩვენი კომერციული ბანკები არ იცავენ!

- ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ გატარდება ეს პოლიტიკა?

- ვნახოთ, დაველოდოთ, რას იზამს ახალი პრეზიდენტი. ჯერ ძალიან მცირე დრო გავიდა მისი მოსვლიდან. დასკვნების გაკეთებას ნუ ვიჩქარებთ.

- ამბობენ, ქადაგიძეს ნაციონალებმა ამაგი დაუფასეს და ის გამსვლელ სიაში მოხვდაო. ამაზე რას იტყვით?

- რასაკვირველია, დაუფასეს. ის ხომ ნაციონალების დაკვეთებს ასრულებდა. პირადად მე მგონია, რომ პარლამენტში კი არ არის ქადაგიძის ადგილი, არამედ _ გისოსებს მიღმა. თუმცა ქადაგიძე ისე მოქმედებდა, რომ კანონი არ დაურღვევია, გაუჭირდება პროკურატურას, რომ სამართლებრივად შეედავოს.

- ეს როგორ?

- ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები, რომ იტყვიან, ნამდვილი საჭურისები იყვნენ, ქადაგიძეს წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ, რაც უნდოდა, იმას აკეთებდა და მათაც თავისი სურვილისამებრ ატრიალებდა, უკანონო გადაწყვეტილებას კანონიერს ხდიდა მათი მეშვეობით, დანაშაულს „აპრავებდა“. ამისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. სწორედ ეს არის შემაშფოთებელი. სად არის შენი პიროვნულობა? ოღონდ ხელფასი არ დაკარგონ და ყველაფერს კადრულობენ.

რეზონანსი”, 26 მარტი, 2016 წელი

ბიუჯეტის შესრულება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

ორ თვეში გეგმა სანახევროდ შესრულდა

მაკა ხარაზიშვილი

ფინანსთა სამინისტრომ ბიუჯეტის შესასრულებლად 4 დღეში 275 მილიონი ლარი უნდა მოაგროვოს. იანვარ-თებერვალში კვარტლის ბიუჯეტის მხოლოდ 55% შესრულდა და ხარჯების დასაფინანსებლად სამინისტრომ ხაზინის ნაშთი გამოიყენა. პირველ ორ თვეში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი არაჯანსაღად გამოიყურება, თუმცა მთავრობას მომდევნო თვეების იმედი აქვს.

იანვარ-თებერვალში ფინანსთა სამინისტრომ 230 მილიონი ლარით მეტი დახარჯა, ვიდრე შემოსავალი მიიღო. ბიუჯეტის აღნიშნული დეფიციტი მთლიანად 2015 წლიდან გადმოსული ნაშთით დაფინანსდა. ამ დროისთვის, ხაზინის ნაშთი 622 მილიონი ლარიდან 426 მილიონ ლარამდეა შემცირებული, თუმცა ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ იანვარ-თებერვალში ბიუჯუტის დეფიციტი გაცილებით თვალშისაცემი იყო. მარტში ეს ხარვეზი შედარებით აღმოიფხვრა.

ფინანსთა სამინისტროში “რეზონანსს” განუცხადეს, რომ წლის პირველ კვარტალში შიდა ვალის გაზრდაზე უარი თქვეს და დეფიციტი ნაშთით გადაფარეს. “2016 წლის 2 თვეში აღებული გვაქვს 232 მილიონი ლარით ნაკლები საშინაო ვალი, ვიდრე 2015 წელს, თუმცა ეს პარამეტრიც შესაბამისობაშია კვარტალური გეგმებით განსაზღვრულ მონაცემებთან”, – ირწმუნებიან სამინისტროში.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ორ თვეში ბიუჯეტში შემოსულობების მხოლოდ 55%-ია მობილიზებული, ანუ დარჩენილი 45% მარტის იმედზეა. ბიუჯეტის პირველი კვარტლის გეგმა – 2,148 მილიონი ლარია. ორ თვეში კი მხოლოდ 1,185 მილიონი ლარის მობილიზება მოხერხდა. იმისთვის, რომ ბიუჯეტი შესრულდეს მარტში მილიარდამდე ლარი მაინც უნდა მოგროვდეს. 24 მარტის მონაცემებით ბიუჯეტში 688 მილიონი ლარია შესული.

ფინანსთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ 2016 წლის 2 თვის მონაცემებით, ბიუჯეტის სამივე კატეგორია (შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება) შესაბამისობაშია. პირველი კვარტალის გეგმით განსაზღვრულ მონაცემებთან და ბიუჯეტის შესრულების პრობლემა არ იკვეთება.

ეკონომისტი მიხეილ დუნდუას ამბობს, რომ შემცირებული აქტივებების ფონზე იანვარ-თებერვალი ისედაც ნაკლებაქტიური პერიოდია და შემოსავლების მატება კვარტლის ბოლოდან იწყება. ამიტომ, დუნდუა ფიქრობს, რომ ბიუჯეტის შესრულებას პრობლემა არ შეექმნება.

ამასთანავე, იგი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან საბიუჯეტო პარამეტრები შეთანხმებულია და რაიმე სახის საფრთხის არსებობის შემთხვევაში პირველი სიგნალი სწორედ სავალუტო ფონდიდან წამოვიდოდა.

“ამ ორგანიზაციიდან კრიტიკული შენიშვნა არ მოგვისმენია და არც არავის დაუყენებია ეჭვის ქვეშ ბიუჯეტის შესრულება. ვფიქრობ, იგი შეივსება და პრობლემა ქვეყანაში არ იქნება”, – ამბობს მიხეილ დუნდუა და დასძენს, რომ მომდევნო კვარტლებში ეკონომიკა უფრო გააქტიურდება და გაიზრდება ტურიზმიდან შემოსავალიც.

რაც შეეხება გადასახდელებს. 2015 წლიდან შემორჩენილი ფულის ხარჯზე, გადასახდელების გეგმა წარმატებით სრულდება – 77%, თუმცა პრობლემაა ის, რომ რამდენიმე სამინისტრო თანხის ათვისებას ისევ ვერ ახერხებს. ტრადიციულად ორ თვეში ყველაზე მეტი ჩამორჩენა ინფრასტრუქტურის სამინისტროს აქვს. ამ უწყებამ, 130 მილიონი ლარიდან მხოლოდ 66 მილიონი ლარი აითვისა. ასევე კვარტლის გეგმის მხოლოდ ნახევარი აქვს შესრულებული განათლების სამინისტროს – 224 მილიონი ლარიდან 110 მილიონი ლარი. ენერგეტიკის სამინისტროს, პირიქით, როგორც ჩანს, მარტში დამატებითი თანხის მოძიება დასჭირდება, ვინაიდან 27 მილიონი ლარიდან, 2 თვეში 26 მილიონი ლარი უკვე დახარჯული აქვს.

დუნდუას აზრით, როდესაც სახელმწიფო უწყებები გეგმით გაწერილ თანხას ვერ ითვისებენ, ეს სასურველი პროცესი ნამდვილად არ არის. ყველა უწყებამ ხარჯი ისე უნდა გაწეროს, რომ შემდეგ გეგმის შესრულების პრობლემა არ შეექმნას.

“ზამთარში ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულება ფერხდება და პრობლემა ეს არის, თუმცა ყველა უწყებამ უნდა მოახერხოს გეგმის შესრულება. მთავარია, ბიუჯეტის ხარჯვა თვიდან თვემდე მაქსიმალურად თანაბარი იყოს. ეს საკითხი 2015 წელს დარეგულირდა. ახლაც მცირედი ცვლილებები არის, მაგრამ გეგმის შესრულება შეძლებისდაგვარად თანაბარია. ამ პარამეტრის დაცვა ფინანსური სტაბილურობისთვის, პროგნოზირებისთვის ძალიან კარგია და ეროვნულ ბანკსაც უადვილებს მოქმედებებს”, – განმარტავს მიხეილ დუნდუა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის “ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის” ხელმძღვანელ ვახტანგ ჭარაიას აზრით, ამ ეტაპზე, ბიუჯეტის შესრულების პრობლემა ნაკლებად დგას, მიუხედავად იმისა, რომ ორ თვის მონაცემებით ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში სახეირო პროცესები არ ჩანდა.

ფინანსთა სამინისტრო, პირველ საფინანსო კვარტალს, წინა წლიდან შემორჩენილი ფულის დახმარებით, 4 დღეში გადააგორებს. მომდევნო კვარტალში დეფიციტის დასაფინანსებლად შიდა ვალის აღებას განაახლებს, სპეციალისტებს ეკონომიკის გამოცოცხლებაც ეიმედებათ.

Comments are closed