globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 26 აპრილი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Apr 26th, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: რას მოუტანს საქართველოს პრემიერის ვიზიტი აშშ-ში?

რეზონანსი: გადახალისდება თუ არა ივანიშვილის საარჩევნო სია

რეზონანსი: ხელისუფლება ამ არჩევნებზე მაჟორიტარებს ვერ თმობს

რეზონანსი: ინტერვიუ ლია მუხაშავრიასთან: “არჩევნების წინ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ მედიაზე კონტროლი აიღოს”

————

„ახალი თაობა“: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „პაატა ბურჭულაძე „ოცნებასაც“ და „ნაციონალებსაც“ პრობლემებს შეუქმნის“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ არჩილ გამზარდიასთან: „კომპრომატების ომი აღარ იმუშავებს… „ენდიაი“-ს და „აირაი“-ს კვლევებს არ ვენდობი“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ მირიან მირიანაშვილთან: „ნაცმოძრაობა“ გამიზნულად ეწევა ახალი შავი სიების აფიშირებას“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლევან ხაბეიშვილთან: „გოგი თოფაძის და გია ვოლსკის გაგრილება 280.000 გვიჯდება… ოქტომბრის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ ვეღარაფერი გააგრილებს“

———————

რეზონანსი, 26 აპრილი, 2016 წელი

რას მოუტანს საქართველოს პრემიერის ვიზიტი აშშ-ში?

ნინო ქეთელაური

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტით 25-29 აპრილს ამერიკის შეერთებულ შტატებს სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბაიდენს შეხვდება.

დაგეგმილია შეხვედრები სენატისა და წარმომადგენლობითი პალატის წევრებთან, წამყვან ამერიკულ ბიზნესწრეებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებთან. ასევე, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტ ჯიმ იონგ კიმთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, მინ ჟუსთანაც. პრემიერ-მინისტრი ბოსტონში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებსაც შეხვდება. ასევე, აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში და ილინოისის უნივერსიტეტში გიორგი კვირიკაშვილის სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის, არჩილ გეგეშიძის აზრით, აშშ-ში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ქართულ-ამერიკული ურთიერთობის გაღრმავებასა და გაფართოებას ძლიერ ბიძგს მისცემს. მისივე თქმით, ამ ვიზიტის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვლილი პერიოდი შეჯამდება და ახალი პერსპექტივები დაისახება. “შეიძლება თამამად ითქვას, რომ ჩვენს რეგიონში ეს არის სამაგალითო ურთიერთობი. ის ძალისხმევა, რასაც ორივე ქვეყანა მიმართავს ამ თანამშრომლობის განვითარებისთვის, მიღწეული შედეგებიდან თვალნათლივ ჩანს. კიდევ უფრო მეტი მონდომება და მოტივაცია არსებობს იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს ეს ურთიერთობები”, – განაცხადა არჩილ გეგეშიძემ.

როგორ ფიქრობთ, პრემიერის ვიზიტი რას მოუტანს საქართველოს? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

მიხეილ ცაგარელი  ასტროლოგი): “მთლიანობაში, გარკვეული სასიკეთო ცვლილებების მომტანი უნდა იყოს. თუმცა უკეთესი იქნებოდა, პრემიერი 1-დან 15 მაისამდე წასულიყო, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები კი 8 და 9 მაისს გაერკვია. ეს არის წლის განმავლობაში ყველაზე ფანტასტიკური პერიოდი. ძალიან ვწუხვარ, რომ მთავრობა ისევ უგულებელყოფს ასტროლოგიის დიდ კოსმიურ კანონებსა და ცოდნას. მაშინ, როდესაც იყო შანსი, რომ 10-ჯერ უფრო მეტი მოეპოვებინა ამ ვიზიტებიდან, თუკი მას 1-15 მაისს დაგეგმავდა, პრემიერმა ახლანდელი პერიოდი გადაწყვიტა. არ არის ცუდი, მაგრამ იმხელა შანსები ახლა ვერ იქნება. მე მაინც წარმატებებს ვუსურვებ მას.”

სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): “როდესაც საქმე ეხება სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და მასთან ურთიერთობას ბიზნესის სფეროში, რასაკვირველია, მე დადებით მოვლენად მიმაჩნია, ეს კარგის მომტანი იქნება. თუ, რა თქმა უნდა, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება ბიზნესში თანამშრომლობის კუთხით და ეს მხოლოდ დეკლარირების სახით არ იქნება.”

ქეთი ბექაური (იურისტი): როდესაც სტატეგიულ პარტნიორთან ასეთ ვიზიტი იგეგმება, ვფიქრობ, სერიოზული გამოწვევის წინაშეა ქვეყანა. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის ეს იქნება თანამშრომლობის გაფართოების მომტანი და ალბათ პრემიერი კონკრეტული გეგმით არის წასული. მითუმეტეს, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მოლოდინში ვართ და რაც უფრო ხშირი იქნება ასეთი შეხვედრები, მით უკეთესი.”

რეზონანსი, 26 აპრილი, 2016 წელი

გადახალისდება თუ არა ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო სია

თიკო ოსმანოვა

გიორგი კვირიკაშვილი, დავით სერგეენკო, კახი კალაძე და ირაკლი კობახიძე – ის ადამიანები არიან, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ფავორიტებად მოიაზრებიან 2016 წლის საარჩევნო სიაში წამყვანი პოზიციების დასაკავებლად. პოლიტოლოგების აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილი პრემიერის ფავორიტთა სიაში აღარ არის. შესაბამისად, პოლიტიკაში მის უკან დაბრუნებას სკეპტიკურად უყურებენ.

რაც შეეხება ახალ სახეებს, ექსპრემიერის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი ამას პესიმისტურად უყურებს. მისი თქმით, ის, რომ ახალი სია ძველზე უკეთესი იქნება, ეჭვი ეპარება.

“გიორგი კვირიკაშვილი და დავით სერგეენკო, ბუნებრივია, ბიძინა ივანიშვილის ფავორიტები არიან. გიორგი კვირიკაშვილმა “ოცნებაში” უდავოდ შექმნა მიზიდულობის ცენტრი. სერგეენკოც კარგად გამოიყურება, თუნდაც “ენ-დი-აის” და “აი-რაის” კვლევებიც აჩვენებს, ასე რომ, რატომაც არა. კახა კალაძეს საინტერესო პოლიტიკური კარიერა აქვს, მაგრამ ამ ორი ადამიანისგან განსხავებით, მას აქვს პლუსები და მინუსებიც. სერგეენკოს და კვირიკაშვილს კი არ აქვთ ნეგატივი. კალაძეს პოზიტივთან ერთად აქვს ნეგატივი, რაც ბუნებრივია, მეტი დაფიქრების საფუძველს აძლევს “ქართულ ოცნებას”.

ახალ სახეებთან დაკავშირებით ნამდვილად არ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი. თავსებადობისთვის ალბათ ორ-სამ ახალ გვარს ვიხილავთ, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ახალი სია ხარისხობრივად უკეთესი იქნება წინაზე. აქ იქნება მცდელობა ფასადურად რაღაცის შეცვლის, მაგრამ რეალურად არაფერი შეიცვლება. სკეპტიკურად ვუყურებ ამ პროცესს, არ ველოდები განსაკუთრებულ სახეებს. ეს უკავშირდება ნაწილობრივ იმას, რომ ახალი და პროგრესული ძალები “ქართულ ოცნებას” ერიდებიან, იმიტომ, რომ არ თვლიან პროგრესულ პარტიად”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას გია ხუხაშვილი.

ხოლო ჩვენს კითხვაზე გამოვლილი 4 წლის ფონზე, რამდენად გადახალისდება და შეიცვლება ივანიშვილის “ფავორიტთა სია”, გია ხუხაშვილი გვპასუხობს, რომ ყველაფერი ნათლად ჩანს.

“რასაც ვხედავთ, ის არის. ვხედავთ, ვინ იყო ადრე წინა პლანზე და ახლა ვინ არიან. კალაძე რაღაც განსაკუთრებულ პოლიტიკოსად წარმოედგინა, მაგრამ მას სპორტული ხასიათი აღმოაჩნდა. რაც არ იცის, ყოფნის სიბრძნე და ჩუმად არის. რასაც ისწავლის, იმაზე ლაპარაკობს ხოლმე. შეიძლება მას აქვს რაღაც სისუსტეები, მაგრამ ის მუშაობს თავის თავზე”, – გვითხრა გია ხუხაშვილმა. მისივე თქმით, მარგველაშვილის მსგავსად ივანიშვილის რჩეული ღარიბაშვილიც აღარ არის პოლიტიკაში – მის შესაძლო უკან დაბრუნებას კი უარყოფითად აფასებს.

“ღარიბაშვილთან დაკავშირებით ჩემი აზრი უკვე ვთქვი. ამ ადამიანმა ორი წელი იწვალა, იმაზე მეტი ტვირთი ზიდა, ვიდრე უნდა ეზიდა. ასე რომ, მდინარეში მეორედ შესვლა, ჩემი აზრით, მისთვის იქნებოდა ცუდი. მან ძლივს მოახერხა და დაიბრუნა თავისი რეალური ცხოვრება. თავად ივანიშვილი რას ფიქრობს, არ ვიცი. თუმცა ჩანს, რომ ფავორიტი ნამდვილად აღარ არის”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილი ფსონს გიორგი კვირიკაშვილზე, დავით სერგეენკოზე და კახი კალაძეზე ჩამოვა.

“სიის პირველი ნომერი კვირიკაშვილი იქნება, მაგრამ ვინ იქნება მეორე ან მესამე, არ მიფიქრია, არ ვიცი. თუმცა შესაძლოა, სერგეენკო და კალაძე იყვნენ. სერგეენკო ძალიან წარმატებული მინისტრია. კალაძის მიმართ კი საზოგადოებას უარყოფითი დამოკიდებულება არ აქვს, მაგრამ არც დადებითი. რაც შეეხება ახალ სახეებს, ამას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეც. ახალი სახეები კარგია, თუ მათ საზოგადოება იცნობს. თუ არ იცნობს, ისინი გინდა ყოფილან და გინდა არა. არჩევნების პერიოდში ახალი სახეების პიარით ვერავინ დაკავდება. შეიძლება გენიოსი იყოს, მაგრამ მას თუ არავინ არ იცნობს, რატომ დაუჭერენ მხარს და რატომ მისცემენ ხმას?! ახალი სახე უნდა იყოს, მაგრამ მას მეგობრების გარდა კიდევ ვიღაც უნდა იცნობდეს. პოლიტიკური ან საზოგადოებრივი კაპიტალი უნდა ჰქონდეს”, – გვითხრა ძაბირაძემ და დასძინა, რომ არ არის გამორიცხული, ივანიშვილის ფავორიტთა სიას პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძეც მიემატოს. ირაკლი კობახიძე არის ძალიან კარგი კონსტიტუციონალისტი. ნიჭიერი კაცია, თუმცა საორგანიზაციო საკითხებს როგორ გაუძღვება, არ ვიცი. შეიძლება ჩაეწეროს ივანიშვილის სიაში, რადგანაც ერთ-ერთი ისეთი ადამიანია, რომელსაც რაღაც გამოცდილება დაუგროვდა და საზოგადოება მეტ-ნაკლებად იცნობს. ასეთი ადამიანები თუ ეყოლება “ოცნებას”, რომელსაც საზოგადოება იცნობს, მაშინ ყველაფერი რიგზეა”, – გვითხრა ვახტანგ ძაბირაძემ.

რეზონანსი, 26 აპრილი, 2016 წელი

ხელისუფლება ამ არჩევნებზე მაჟორიტარებს ვერ თმობს

ეკატერინე ბასილაია

ხელისუფლებას ამ არჩევნებზე მაჟორიტარები არა და არ ეთმობა. ამ დღეებში პარლამენტში მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე საკონსტიტუციო ცვლილების განხილვა იწყება – ერთი ოპოზიციის, სადაც მაჟორიტარული სისტემა ამ არჩევნებისთვის უნდა გაუქმდეს და მეორე ხელისუფლების, სადაც მაჟორიტარიზმი 2020 წლისთვის უქმდება და ამ დღეებშივე დაიწყება მწვავე ურთიერთბრალდებები იმაზე, ვის რატომ არ ეთმობოდა მაჟორიტარები ადრე და ვის რატომ არ ეთმობა ახლა.

ხელისუფლების პოზიციაა, რომ საარჩევნო სისტემის საკონსტიტუციო ცვლილება არჩევნებამდე 5 თვით ადრე შეუძლებელია და მაჟორიტარიზმზე უარის თქმის ეტაპიც ჯერ არ დამდგარა. საპარლამენტო უმცირესობაში კი აცხადებენ, რომ 2020 წლისთვის ცვლილების გადავადებით “ქართული ოცნება” სახის შენარჩუნებას ცდილობს და ხელისუფლებას შანტაჟსა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებენ.

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გია ვოლსკის თქმით, მაჟორიტარიზმზე უარის თქმის ეტაპი ჯერ არ დამდგარა და აცხადებს, რომ ოპოზიციის პროექტს 113 ხმა არ შეუგროვდება.

“ოპოზიციის პოზიცია, ისევე როგორც ხშირ შემთხვევაში, ყველაზე არ ვამბობ რასაკვირველია, არამარტო დესტრუქციულია, დამაზიანებელიც არის და რაღაც რყევების შექმნის მცდელობას უფრო უკავშირდება, ვიდრე საღი აზრის გამარჯვების მცდელობას. 113 ხმა ალტერნატიულ წინადადებას არ შეუგროვდება ეს ზუსტად შემიძლია გითხრათ”, – აცხადებს ვოლსკი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ასევე ზუსტად იმის თქმაც შეიძლება, რომ ვერც უმრავლესობის პროექტი შეძლებს 113 ხმის მოგროვებას, თუ “ნაციონალური მოძრაობა” არ დაუჭერს მხარს. “ნაციონალები” კი ჯერჯერობით, ხელისუფლების მხარდაჭერას არ აპირებენ.

“ამ კვირაში გაირკვევა სურს თუ არა ხელისუფლებას 2016 წლის არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს და იყოს სამართლებრივი არჩევნები, თუ მას სურს, რომ ამ არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დადგეს. ხელისუფლებამ მეორე კანონი მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის შემოიტანა, რომ უმრავლესობამ მეტ-ნაკლებად შეინარჩუნოს სახე”, – ამბობს ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი.

ბიუროს სხდომაზე საარჩევნო სისტემის საკონსტიტუციო ცვლილებაზე განხილვა ოთხშაბათს ან ხუთშაბათს უნდა დაიწყოს. ოპოზიციის პროექტი ინტერპარტიულ ჯგუფში შემავალი 14 ოპოზიციური პარტიის მიერაა ინიცირებული, ავტორები არიან კახა კუკავა და მამუკა კაციტაძე, რომელსაც მთელი ოპოზიცია ეთანხმება და რომელსაც 200 ათასი ადამიანის ხელმოწერა ახლავს თან.

ორშაბათს კი ასევე დარეგისტრირდა საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტი, რომელსაც ხელს 81 დეპუტატი აწერს და პარალელურად მოხდება მისი განხილვაც.

ამჟამად მოქმედი სისტემით, 150-წევრიანი პარლამენტის 77 წევრი პროპორციული წესით ირჩევა, ხოლო 73 წევრი მაჟორიტარული სისტემით. ოპოზიციის მოთხოვნაა, არჩევნები ჩატარდეს მხოლოდ პროპორციული სისტემით, რადგანაც მაჟორიტარული წესი მუდმივად ხელისუფლების მანიპულირების საფრთხედ რჩება და ამიტომაც მაჟორიტარებად, ყველა ხელისუფლების დროს, უმეტესად სახელისუფლებო კანდიდატები იმარჯვებენ.

თუმცა არსებული საარჩევნო სისტემის შეცვლა საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის თანამონაწილეობის გარეშე შეუძლებელია, ვინაიდან კონსტიტუციაში ცვლილებების მიღებას 113 ხმა სჭირდება.

ამდენად, თუკი საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა რომელიმე კანონპროექტს ერთობლივად არ დაუჭერენ მხარს, საკონსტიტუციო ცვლილება გამორიცხულია. დღეს უმრავლესობას მხოლოდ 81 დეპუტატი წარმოადგენს. თუკი ოპოზიციის პროექტი, 2016 წლისთვის მაჟორიტარობის გაუქმებაზე, ჩავარდება, კოალიციიდან გასული “ეროვნული ფორუმი” და “თავისუფალი დემოკრატები” მაჟორიტარობის 2020 წელს გაუქმებას მხარს დაუჭერენ, მაგრამ მაინც ეს არ არის საკმარისი. მინიმუმ 17 “ნაციონალის” ხმა საკონსტიტუციო ცვლილებას აუცილებლად სჭირდება.

დიდი ალბათობით, ოპოზიციის პროექტი ჩავარდება, თუმცა ამას მოჰყვება თუ არა რამე დიდი პროტესტი, ეს ჯერ არავინ იცის. ასევე ჯერ გაურკვეველია ისიც, “ნაციონალები” დათანხმდებიან თუ არა 2020 წლისთვის მაინც მოხდეს ცვლილება და გაუქმდეს მაჟორიტარული წესი.

“ქართული ოცნების” დეპუტატი თამაზ მეჭიაური მიიჩნევს, რომ საარჩევნო სისტემის საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბარი არჩევნებამდე 5 თვით ადრე შეუძლებელია. გარდა ამისა, თვლის, რომ ოპოზიცია იმიტომ არის ოპოზიცია, რომ უმრავლესობას არ ფლობს. გამომდინარე აქედან, ულტიმატუმით საუბარი მათგან სწორი არ არის.

“იმისთვის, რომ კანონმდებლობა და კონსტიტუცია შეცვალო, უნდა მოხვიდე ხელისუფლებაში იმ დოზით მაინც, რომ რეალობასთან ახლოს იყოს შენი პრეტენზიები. გამომდინარე აქედან, მე მივესალმები ყველა იმ ცვლილებას, რაც არჩევნებს დემოკრატიულად ჩაატარებს.

“ერთადერთი რაზეც მე განსხვავებული აზრი მაქვს, არის ის, რომ მაჟორიტარული არჩევნების გაუქმება იქნება დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის. ყველაფერი ეს გამოიწვევს იმას, რომ მთელი პოლიტიკური ცენტრი განთავსდება თბილისში და მანდატების უმრავლესობა დარჩება თბილისში, ხოლო რეგიონების უმრავლესობა დარჩება დეპუტაციის გარეშე”, – განაცხადა მეჭიაურმა.

საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელი გია ხუხაშვილის თქმით, ხელისუფლებას პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს იმაზე, რომ ამ არჩევნებზე მაჟორიტარები არ ეთმობა და ეს სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ასევე თვლის, რომ ოპოზიციამ არ უნდა იჯიუტოს და 2020 წლისთვის მაინც უნდა დათანხმდეს ცვლილებას.

“ამ ცვლილებას ოპოზიცია რამდენი ხანია ითხოვს და ხელისუფლების განცხადებები, რომ ცვლილება თურმე ახლა დაგვიანებულია, ეს ცინიკურობამდე მისული არაკეთილსინდისიერი არგუმენტია და მათ ვურჩევდი ასეთი სისულელე არ ელაპარაკათ. არც სხვა არგუმენტები არაა დამაჯერებელი. თუ მათ პრინციპულად მაჟორიტარული არჩევნები უნდათ, ეს უნდა თქვან.

“თუმცა მათი კანონპროექტი პირდაპირ იმას ნიშნავს, რომ ვიცით მაჟორიტარიზმი ცუდია, მაგრამ 4 წელი კიდევ მინდა თბილ სკამებზე ჯდომა და მოდით 4 წლით გადავდოთ დემოკრატიული პროცესის გაღრმავება-ო. ეს პოლიტიკურად ძალიან ცუდად გამოიყურება, მაგრამ ამ პოლიტიკურ მოცემულობაში მაინც ვისურვებდი, რომ ოპოზიციური კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ ოპოზიციამ ხელისუფლების კანონპროექტს მაინც მისცეს ხმა იმ მარტივი მიზეზით, რომ 2020 წელს მაინც გახდეს ეს შესაძლებელი.

თუკი ახლა ეს ცვლილება არ მოხდება, შესაძლოა ეს ყველაფერი მომავალშიც ეჭვს ქვეშ დადგეს. თუ ხელისუფლება არ უყურებს საკითხს სახელმწიფოებრივად და პასუხისმგებლურად, ოპოზიციამ მაინც გამოიჩინოს ქართული სახელმწიფოს წინაშე შესაბამისი პასუხიმგებლობა”,-ამბობს ხუხაშვილი.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძის თვალსაზრისით, მაჟორიტარული სისტემის მიმართ ჩვენთან არსებული კრიტიკა გამართლებული არ არის. ცუდი ყველა სისტემა შეიძლება იყოს და ეს ცუდი უნდა გამოსწორდეს და არა გაუქმდეს.

მისი თქმით, მაგალითად აშშ-ში არჩევნები მაჟორიტარული სისტემითაა და ისინი არ უჩივიან ამ სისტემას, უფრო მეტად დემოკრატიულადაც კი მიიჩნევენ ამ წესს. თუმცა მისივე თქმით, ჩვენთან, მაჟორიტარიზმი დისკრედიტირებულია და ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ როგრც ოპოზიცია აცხადებს, მაჟორიტარული წესით გასული დეპუტატები, ძალიან ხშირად კომფორტულები არიან ხელისუფლების მიმართ.

საყვარელიძის პროგნოზით, ოპოზიციის პროექტი ჩავარდება, ხოლო თუკი 2020 წლისთვის ცვლილებას “ნაციონალები” არ დაუჭერენ მხარს და კენჭისყრა გამარჯვებულს ვერ გამოავლენს, დარჩება იგივე კანონპროექტი, რაც დღესაა და ამით ხელისუფლება რა თქმა უნდა მოგებული დარჩება.

“2016 წლისთვის იგივე კანონი დარჩება, ხოლო უკვე ახალ პარლამენტში რა მოხდება, კაცმა არ იცის”, – მიიჩნევს საყვარელიძე და დასძენს იმასაც, რომ თუ “ნაციონალურ მოძრაობა” დარწმუნებულია, რომ 2020 წელს მოვა უმრავლესობით, მაშინ მათ სულაც არ აძლევთ ხელს 2020 წლისთვის მაჟორიტარიზმის გაუქმება და ამ ლოგიკით აწყობთ ხელისუფლების პროექტის ჩაგდება.

რეზონანსი, 26 აპრილი, 2016 წელი

ინტერვიუ ლია მუხაშავრიასთან: “არჩევნების წინ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ მედიაზე კონტროლი აიღოს”

თიკო ოსმანოვა

“თუ ამ უკანონობის ჯაჭვს მიემატა “რუსთავი 2-ის” საკითხიც, ეს იქნება ცალსახა ნიშანი იმისა, რომ არჩევნები საერთაშორისო ორგანიზაციებმა უარყოფითად შეაფასონ”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას ა/ო “ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის” ხელმძღვანელი ლია მუხაშავრია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობაზე, არასამთავრობოების ანგარიშზე და “რუსთავი 2-ის” გარშემო მიმდინარე სამართლებრივ დავაზე “რეზონანსი” ლია მუხაშავრიას ესაუბრა.

ლია მუხაშავრია: ანგარიში სწორად მიუთითებს, რომ მოსამართლეთა შერჩევის და დანიშვნის კრიტერიუმები არ არის მკაფიო და ცალსახა. ეს შესაძლებლობას აძლევს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მოსამართლეებად შეარჩიოს საზოგადოებისთვის და პროფესიული წრეებისთვის მიუღებელი კანდიდატები. აქედან გამომდინარე, ვიზიარებ ანგარიშის პათოსს. თუმცა მსურდა, დასკვნა ფოკუსირებული ყოფილიყო იმ მოვლენებზე, რომლის შედეგიც იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად მურუსიძის დანიშვნა. მასზე დეტალები რომ ყოფილიყო, ნათლად გამოჩნდებოდა იუსტიციის უამღლესი საბჭოს მუშაობის ავკარგიანობა. ეს ვერ დავინახე, ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია და შეიძლება ამის გამო არ გააკეთა “საიამ” აქცენტი. ჩვენ ვსაუბრობთ მართლმსაჯულებაზე, სადაც პიროვნებას, სუბიექტს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ერთი ადამიანის კარგი ან ცუდი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს საკვანძო თანამდებობაზე, რომელზეც ახლა ლევან მურუსიძეა.

- რას ფიქრობთ, თავად ლევან მურუსიძის მუქარაზე? – “აგრესიული ტონი არ გვინდა, თორემ მეც ბევრი ინფორმაცია მაქვს, ვის უკან ვინ დგას”

- როდესაც არ ხდება გაანალიზება იმისა, თუ როგორ მოხვდა მისი არჩევა ამ თანამდებობაზე, გასაკვირი არც არის. თუკი ამაზე არ გავამახვილებთ ყურადღებას და არ გავხდით საკნვანძო საკითხად, ის იგრძნობს, რომ გაიმარჯვა და იქით გადავა შეტევეაზე. იმიტომ, რომ მურუსიძემ პირობა მისცა მოსამართლეებს, რომ თუ მას აირჩევენ, ის ყველაფერს გააკეთებდა და არცერთი მოსამართლის წინააღმდეგ არ დაიწყებდა დისციპლინურ დევნას. მან ეს პირობა შეასრულა და ასრულებს.

- იუტისციის უმაღლეს საბჭოში არსებული ხარვეზები ცუდი კანონმდებლობით არის გამოწვეული, თუ აქ კიდევ სხვა პრობლემაა?

- კანონმდებელმა მაქსიმალურად კარგი კანონიც რომ მიიღოს, თუ უვარგისი ადამიანები გამოიყენებენ და მოირგებენ საკუთარი მიზნებისთვის, ასეთი კანონი უვარგისი აღმოჩნდება. ნაწილობრივ ვიზიარებ იმ აზრს, რომ კანონმდებლობა ვერ არის მთლად დახვეწილი, მაგრამ მგონია, რომ არაკეთილსინდისერი ადამიანების ხელში ეს კანონი იქცა ფარატინა ქაღალდად.

- მართლმსაჯულებაში არსებულ ხარვეზებს გარკვეულწილად ეთანხმება ხელისუფლებაც. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკის თქმით, სასამართლოში დიდი რყევები ქვეყანას პრობლემებს შეუქმნის. ეთანხმებით ამას?

- ქვეყანას ყველაზე ძვირი უჯდება, რომ არ ჰყავს მიუკერძოებული და დამოუკიდებელი მოსამართლეები. თუ ვინმე ამას ვერ ხედავს, როცა დაინახავს, იქნება ძალიან გვიანი. ამიტომ მედიის და არასამთავრობო სექტორის აქტიურობა ნებისმიერი ფორმით, ამ სფეროში არის მეტისმეტად მნიშვნელოვანი. ახლავეა საჭირო ძალიან სერიოზული რეფორმების გატარება და ყველა დეტალის შეფასება, თორემ მერე გვიანი იქნება თუ შეუქცევადი პროცესები განვითარდა.

- 27 აპრილს სააპელაციო სასამართლოში “რუსთავი 2″-ის საქმესთან დაკავშირებით მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. რა მოლოდინები გაქვთ პროცესებთან დაკავშირებით?

ლ.მ: ვფიქრობ, არჩევნების წინ ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ მედიაზე კონტროლი რაც შეიძლება სწრაფად აიღოს. ამისთვის კარგი შესაძლებლობაა, “რუსთავი 2″-ში მიმდინარე პროცესები. მიუხედავად ჩემი სიმპათია-ანთიპათიისა ამ ტელეკომპანიის მიმართ, უნდა ითქვას, რომ ხელისუფლების მხრიდან მედიის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ქმედება თავდასხმად აღიქმება. თუ რამე ნეგატიური მოხდა და უკანონოების ჯაჭვს მიემატა “რუსთავი 2″-ის საკითხიც, ეს იქნება ცალსახა ნიშანი იმისა, რომ არჩევნები, საერთაშორისო ორგანიზაციებმა უარყოფითად შეაფასონ.

- საქმეს სამი მოსამართლე განიხილავს და მაინც არის ზეწოლის რისკები?

- მოსამართლე ურთმელიძის ისტორია არის უკვე სამაგალითო. ის არის მაჩვენებელი, რომ ხელისუფლება ამ საქმეში ერევა. სასამართლოში არ გვეგულება მოსამართლე, რომელიც დადგება ამ ჩარევის წინააღმდეგ და შეინარჩუნებს დამოუკიდებლობას. პრობლემის არსიც სწორედ ამაშია.

———————–

„ახალი თაობა“, 26 აპრილი, 2016 წელი

ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: პაატა ბურჭულაძე ოცნებასაც და ნაციონალებსაც პრობლემებს შეუქმნის

რა სცენარით განვითარდება მოვლენები არჩევნების შემდეგ, რატომ სარგებლობენ საზოგადო მოღვაწეები პოლიტიკოსებზე მაღალი რეიტინგით? – ამ თემებზე „ახალ თაობას“ ექსპერტი გია ხუხაშვილი ესაუბრება.

- „აირაი“-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვით გაირკვა, რომ ყველაზე მაღალი რეიტინგი პაატა ბურჭულაძეს აქვს. ამას თქვენ რითი ხსნით, პოლიტიკით არ არის გასვრილი და ამიტომ თუ არის სხვა მიზეზები?

- მოდით, ასე ვთქვათ, ეს არ არის პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური რეიტინგი. ასოციაციურად რესპონდენტი როდესაც ვინმეს ასახელებს, ყოველთვის ითვლის მის მინუსებს და პლუსებს. ჩვენი პოლიტიკური ელიტა, სამწუხაროდ, ნეგატივით და მინუსებით არის დამძიმებული. პაატა ბურჭულაძეს ამ მხრივ ნეგატივი არა აქვს და ის მთლიანად პოზიტივშია. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ასეთი ტიპის გამოკითხვაში პირველ ადგილზე გავიდა. რამდენადაც პარადოქსული უნდა იყოს, ეს შედეგი განპირობებულია იმით, რომ ბურჭულაძე პოლიტიკაში ინტეგრირებული არ არის და პოლიტიკური ელიტის მიმართ არსებული უარყოფითი განწყობა მასზე არ არის გადასული.

- პაატა ბურჭულაძის ადგილზე სხვა საზოგადოებრივი ავტორიტეტი რომ ყოფილიყო, რომელიც ასევე არ არის გასვრილი პოლიტიკაში, ასეთივე მაღალ შედეგს დადებდა?

- არ არის გამორიცხული, შესაძლოა, იმ პიროვნებას ოდნავ ნაკლები პროცენტები დაეგროვებინა. პაატა ბურჭულაძე მაინც გამორჩეული საზოგადო მოღვაწეა.

- ამ რეიტინგების გამოქვეყნების შემდეგ ის თავის საქველმოქმედო ფონდს პოლიტიკურ პარტიად ხომ არ გადააკეთებს?

- მისი რეიტინგი აუცილებლად გადაინაცვლებს პოლიტიკურ ნაწილში. როგორც ვატყობ, ის პოლიტიკისკენ მიდის და მის ძალას კარგი შედეგი ექნება საბოლოო ჯამში. პოლიტიკაში წარმატება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. პაატა ბურჭულაძის გარშემო ჯერჯერობით პოლიტიკური პროგრესისტების ნაკლებობა შეიმჩნევა. შესაძლოა, პრობლემები შეექმნათ ინფრასტრუქტურულ განვითარებაში. ყველა შემთხვევაში მას პარლამენტში მოსახვედრად ძალიან კარგი შანსები აქვს. სხვა პოლიტიკური ძალებისგან განსხვავებით, ის ბევრად სერიოზულად იქნება წარმოდგენილი საკანონმდებლო ორგანოში. ამ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ და ნაცმოძრაობა არ მყავს მხედველობაში. თეორიულად მან ამ ორ პარტიასაც შეიძლება შეუქმნას რაღაც პრობლემები. იდეალურთან მიახლოებულად თუ იმუშავებს, ბურჭულაძეს ძალიან მაგარი შედეგის დადება შეუძლია.

მას აუცილებლად სჭირდება პოლიტიკური ბეგრაუნდი. მის გარშემო რამდენიმე კარგი სპიკერია. გიორგი რუხაძე და დავით ჯანდიერი სიმპათიურად გამოიყურებიან, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ამ გუნდს ქმედითი პოლიტიკოსები სჭირდება.

- მოქმედი პოლიტიკოსები ნეგატივით არიან დამძიმებული. ასეთი ხალხი რა სარგებლობას მოუტანს პაატა ბურჭულაძეს?

- ის უნდა შეეცადოს, რომ თავი დაიზღვიოს წარსულში ჩარჩენილი მარგინალი პოლიტიკოსებისაგან. ამის რისკი საკმაოდ მაღალია. ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ, სადაც საქმის კეთება არავის სურს და ყველა ცდილობს პარაზიტობას.

- მოკლე პერიოდში ორი კვლევა ჩატარდა. პარტიების უმეტესობა გაიძახის, რომ შედეგებს არ ენდობა, მაგრამ გამუდმებით ამ კვლევებზე საუბრობენ. თქვენთვის რა იყო მნიშვნელოვანი, რაც ენდიაი“-ს და აირაი“-ს კვლევებით გამოიკვეთა?

- არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ენდობა და ვინ არა ამ შედეგებს. მეტსაც გეტყვით, არც პროცენტებს აქვს მნიშვნელობა. მთავარი არის ტენდენციები. ეს კვლევები კი, სამწუხაროდ, სწორად ასახავს ქვეყანაში არსებულ ტენდენციებს. ამომრჩეველი ორ ძირითად პარტიას – „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ უარს ეუბნება. ჯამურად ისინი დღეს უმცირესობაში იმყოფებიან. ამომრჩევლის დიდმა ნაწილმა მთელ პოლიტიკურ ელიტას უთხრა უარი. მოსახლეობის 50%-ზე მეტს რომ არჩევანი არ აქვს, ეს ქვეყნისთვის ძალიან რთული პრობლემაა. ის ამ პროცესის ლეგიტიმაციას ასუსტებს. ეს ძალიან სახიფათოა და შემდგომი პოლიტიკური კრიზისების საფრთხეს ქმნის. არ გამოვრიცხავ პროცესების რევოლუციურად განვითარებას. ხელისუფლებისთვის დღეს ეს არის მთავარი გამოწვევა.

სამწუხაროდ, ხელისუფლება პოლიტიკურ ბრძოლას მასა და ნაციონალური მოძრაობის ჭიდილის ჭრილში განიხილავს. ეს დიდი შეცდომაა, ვერაფრით აცნობიერებენ, რომ მათთვის მთავარი პრობლემა არა ყოფილი ხელისუფლება, არამედ საზოგადოებაა. მისი მთავარი ოპონენტები ჩვენ ვართ. „ქართული ოცნება“ ამას არ იმჩნევს და ნაციონალებთან პინგ-პონგით არის გართული.

- ნაციონალური მოძრაობა თავის მთავარ მოწინააღმდეგედ ქართულ ოცნებას მიიჩნევს. ისიც შეცდომას უშვებს?

- ნაციონალების ქმედება და პოლიტიკური ტაქტიკა, ჩემი აზრით, არის სწორი. ისინი ხელისუფლების უკან მდგომ ბნელ ძალაზე საუბრობენ გამუდმებით. ეს არის პოლიტტექნოლოგიური საკითხი, ეს საქმე კი მათ კარგად იციან. ყოფილი ხელისუფლებისთვის მთავარ ამოცანას საპარლამენტო არჩევნების მოგება არ წარმოადგენს. მათ მშვენივრად ესმით, რომ არჩევნებს ვერ მოიგებენ, ამიტომაც მთავარ მიზნად „ქართული ოცნების“ დამარცხება დაისახეს და არა – საკუთარი გამარჯვება.

- „ქართული ოცნების დამარცხებით რა შედეგს მიიღებენ?

- „ქართული ოცნების“ დამარცხების შემთხვევაში, შესაძლოა, რევოლუციური პროცესების ინიცირება მოხდეს ან საპარლამენტო გადატრიალება – კოალიციის ფარგლებში მოქმედი ხელისუფლების უმცირესობაში დატოვება. ნაციონალები ამას ითვლიან და მაქსიმალურად ასუსტებენ „ქართულ ოცნებას“, რაც ტაქტიკურად სწორი ნაბიჯია.

- გამოსდით ქართული ოცნების დასუსტება?

- კარგად გამოსდით, ამ ეტაპზე მათი მთავარი მოკავშირე არის აბსენტიზმი. საშუალო სტატისტიკური ამომრჩეველი ფიქრობს ასე – მას ჰყავს ცუდი ხელისუფლება და უარესი ოპოზიცია. ხელისუფლებას რეალურად უჭირს სისტემური გადაწყვეტილებების მიღება. ნაცმოძრაობისთვის ამ პრობლემების გაძლიერება რთული არ არის. ისინი პიარტექნოლოგიებს კარგად ფლობენ და მედიის სახით ხელში ძლიერი ინსტრუმენტი უკავიათ. ვერ გეტყვით, რომ „ქართული ოცნების“ დასუსტების საქმეში იდეალურად მოქმედებენ, მაგრამ შედეგს იღებენ. ამის დასტურია ის შედეგები, რომლებიც კვლევებით დაიდო. ზემოთაც გითხარით, რომ როცა მოსახლეობის 50% არ აკეთებს არჩევანს, იქ უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, რამდენია პარტიის რეიტინგი. ასეთ პირობებში ვერც ერთი ხელისუფლება ვერ იქნება სტაბილური და ლეგიტიმური.

- თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ რევოლუცია. რამდენად რეალურია ამის ალბათობა?

- ამომრჩევლის დაბალი აქტივობა თუ იქნა, მოვლენები რევოლუციური სცენარით განვითარდება. დაბალი აქტივობის პირობებში ორი ძირითადი პრობლემა იჩენს თავს. არჩევნები რომც მოიგო, შენი ლეგიტიმაცია სუსტია და პოლიტიკური რყევების საფუძველს ტოვებს. დაბალი აქტივობის დროს აშკარად ჩანს ხოლმე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რაზეც ხელისუფლება უარს ვერ იტყვის.

- რატომ გგონიათ, რომ ხელისუფლებას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე წაუცდება ხელი?

- ხელისუფლებამ ადმინისტრაციული რესურსი შუალედური არჩევნების დროს უკვე გამოიყენა. ამაზე უარს არც საპარლამენტო არჩევნებზე იტყვიან, რაც პროცესებს ძალიან გაამწვავებს. წარმოიდგინეთ ასეთი სურათი – არჩევნების შედეგით მთელი ოპოზიცია უკმაყოფილო იქნება. მეორე მხრივ, ამომრჩეველს არ ექნება განცდა, რომ ეს ხელისუფლება მან აირჩია. მესამე – საინფორმაციო საშუალებებით დაიდება ფაქტები, თუ როგორ ხდება ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აღარ ექნება, ეს კადრები სიმართლე იქნება თუ ფაბრიკაცია. ეს ყველაფერი კომპლექსში მოვლენების რევოლუციურად განვითარების საფუძველს ქმნის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს იქნება ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ოპოზიციური პარტიები, რომლებიც სხვა შემთხვევაში ნაციონალების გვერდითაც კი არ გამოჩნდებოდნენ, ახლა ერთად დადგებიან ქუჩაში. არის მეორე სცენარიც, რომელიც რევოლუციურს სჯობია. ამ სცენარით მოვლენები მაშინ განვითარდება, თუ აბსენტიზმი იქნება დამარცხებული. მხედველობაში ამომრჩევლის აქტივობის გაზრდა მაქვს. აქტივობის გაზრდა იმ ამომრჩევლის ხარჯზე მოხდება, რომლებიც თვლიან, რომ ცუდი ხელისუფლება და ნაცმოძრაობის სახით კიდევ უფრო უარესი ოპოზიცია ყავთ. ეს ამომრჩეველი სხვა პარტიების სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს. ეს საკანონმდებლო ორგანოში 5 ან 6 სუბიექტის შესვლას გამოიწვევს.

შემოდგომაზე პარლამენტში მივიღებთ ბევრ სუბიექტს მეტნაკლებად სერიოზული შედეგით. „ქართული ოცნება“ დამოუკიდებლად ხელისუფლების დაკომპლექტებას ვეღარ შეძლებს. შესაბამისად, დღის წესრიგში საპარლამენტო კოალიციის შექმნის აუცილებლობა დგება, სადაც მანევრირების კარგი შესაძლებლობა ეძლევა ყოფილ ხელისუფლებას. ისეთ სურათს არ ვხატავ, რომ მომავალ პარლამენტში „ქართული ოცნება” აუცილებლად უმცირესობაში დარჩება, მაგრამ ეს სცენარები რომ არსებობს, ფაქტია.

„ახალი თაობა“, 26 აპრილი, 2016 წელი

ინტერვიუ არჩილ გამზარდიასთან: „კომპრომატების ომი აღარ იმუშავებს… „ენდიაი“-ს და აირაი“-ს კვლევებს არ ვენდობი

„ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ექსპერტი არჩილ გამზარდია ბოლო პერიოდის პროცესებს აფასებს.

- გასული კვირის ბოლოს აირაი“-ს კვლევის შედეგები გამოქვეყნდა, რომელთა მიხედვითაც ყველაზე დიდი მხარდაჭერით პაატა ბურჭულაძე სარგებლობს. როგორია თქვენი შეფასებები? ენდობით კვლევებს?

- „აირაი“-ს და „ენდიაი“-ს კვლევებზე ერთ კონტექსტში ვისაუბრებ. აქ არის სამი ძირითადი ასპექტი, რის გამოც ამ მაჩვენებლებს სანდოდ არ მივიღებდი. პირველი ასპექტი არის ის, რომელსაც თავადვე აღიარებენ ეს ორგანიზაციები. ეს არის პასუხების ძალიან დიდი რაოდენობა, რომლის დროსაც პასუხობენ არ ვიცის და არ გადამიწყვეტია. მათი მოცულობა იმდენად დიდია, რომ ეს აღიარებს ამ კვლევებში დარჩენილი ნაწილის არალეგიტიმურობას. ამიტომ „აირაი“-ც და „ენდიაი“-ც თანხმდება იმაზე, რომ ეს მონაცემები ძალიან საეჭვო და საფრთხილოა.

- ენდიაი“-სგან განსხვავებით, აირაი აცხადებს, რომ ყველაზე მაღალი მხარდაჭერა პაატა ბურჭულაძეს აქვს...

- მოგახსენებთ. მეორე ასპექტი არის ასპექტი, რომლის დროსაც სამიზნე ჯგუფის შერჩევა ხდება არასწორად. სოციოლოგიური კვლევის პრინციპი ხომ ეს არის, რომ უზრუნველყონ მცირე მოცულობის ადამიანთა გამოკითხვის საშუალებით საზოგადოების სრული სახის დანახვა. ამ კუთხით დიდი ხარვეზია.

- რაში ხედავთ ხარვეზებს?

- ამ გამოკითხვის შედეგად ვერ მოხერხდა საზოგადოების განწყობების დანახვა. აქ ასევე დიდი ყურადღება ექცევა იმასაც, თუ რამდენად სწორად არის შეკითხვა დასმული. ყოველთვის შემიძლია დავსვა კითხვები ისე, რომ პროგნოზირებადი პასუხები მივიღო. თუ ჩვენ ისეთი კუთხით დავსვამთ შეკითხვას, რომელი საზომითაც პაატა ბურჭულაძე უფრო პოზიტიურად გამოვლინდება, შესაძლოა, მან მართლაც მიიღოს დიდი მხარდაჭერა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის ამ მხრივ განსაკუთრებული დადებითი ეფექტით სარგებლობს. მოწონების მიხედვით გაზომვა არც ისე ეფექტურია.

- ამაში რას გულისხმობთ?

- შესაძლოა, ჩვენ ვიკითხოთ, ხსენებულ ლიდერებში ყველაზე ენერგიულ ლიდერად რომელს მოიწონებდით? – აქ ყველა მიხეილ სააკაშვილს დაასახელებს, როგორც ყველაზე ენერგიულს, იმის მიუხედავად, ვის რა დამოკიდებულება და პოზიცია აქვს მის მიმართ.

- ანუ გააჩნია, რა სახით დაისვა კითხვა, როდესაც საუბარი პაატა ბურჭულაძეზე იყო?

- დიახ და გააჩნია კონტექსტს, რა კონტექსტში იქნა დასმული. პაატა ბურჭულაძე ახალი სახეა. ჯერ ოფიციალურად პოლიტიკოსიც არ არის, პარტიაც არ აქვს, ისევ ფონდის სტატუსს ატარებს.

- თუმცა 75% ძალიან მაღალია. ასე არ ფიქრობთ?

- ყოველთვის შეიძლება გადაკვეთა ვიპოვოთ შეკითხვაში ისე, რომ უზრუნველვყოთ მის მიმართ დადებითი პოზიციის ჩვენება საზოგადოებისგან.

- “ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობაზე რას იტყოდით? ორივე კვლევის შედეგად, მათ თითქმის თანაბარი მაჩვენებელი აქვთ. 1-2%-ია მათ შორის სხვაობა...

- არა, ეს ძალიან მითიური მაჩვენებელია! სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ არის შერჩეული სამიზნე ჯგუფი, ვისთანაც კვლევას ატარებენ.

- ამ კვლევებს უნდობლობას უცხადებთ?

- მე ამ კვლევების მიმართ მაქვს ჩემი დამოკიდებულება და ამ კვლევებს პროპაგანდისტულად უფრო აღვიქვამ, ვიდრე რეალობის მომწოდებლად. თუმცა, რაკი ეს მონაცემები არსებობს, მათ თავისი მიზნები გააჩნია.

- რა მიზნებზე საუბრობთ? რომ შეკვეთილია?

- შესაძლოა, არც იყოს შეკვეთილი. ეს კომპანიები საქართველოში მუშაობენ უკვე ბევრი წელია. შესაძლოა, მათ სულაც არ ჰქონდეთ ცუდი ზრახვა, მაგრამ ჩვენ ხომ არ ვიცით, რა კატეგორიასთან მიიყვანეს გამოსაკითხად. ასე რომ, არ არის გამორიცხული, მცდარ მაჩვენებლებს იღებდნენ. ასევე წინა ხელისუფლებასთან მათი კონტაქტები აძლევთ მოტივაციას, რომ ნაციონალური მოძრაობისთვის სასურველი მაჩვენებლები წამოწიონ და მათ შეუწყონ ხელი ამის პოზიციონირებაში. ამ მაჩვენებლებით შემდეგ ნაციონალები აპელირებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლებაში მოდიან და რომ მათ მოსახლეობა მხარს უჭერს და ასე შემდეგ. ეს არის ან უნებლიე ხარვეზი, ან მიზანმიმართული პროპაგანდა.

- ფიქრობთ, რომ არჩევნებზე სულ სხვა სურათი დაიდება?

- კი, ბუნებრივია. იგივე 2012 წელს, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ხმა „ქართულ ოცნებას“ არა მისდამი სიმპათიის, არამედ ნაციონალების მიუღებლობის გამო მისცა. მიმდინარე არჩევნებში შესაძლებელია, მივიღოთ იგივე დამოკიდებულება – აკრიტიკებდნენ ხელისუფლებას, მაგრამ ზოგადი შედარებითობის პრინციპით, ისევ ხელისუფლებას მისცენ ხმა. წარმატების მისაღწევად, ყველაფერი დამოკიდებული იქნება ორ კომპონენტზე.

- რომელ კომპონენტებს გულისხმობთ?

- ეს არის საარჩევნო სია და წინასაარჩევნო კამპანია, საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით. თუ ამ ორ კომპონენტს ეფექტურად განახორციელებს „ქართული ოცნება“, მაშინ სავსებით შესაძლებელია, მისდამი კრიტიკულად განწყობილი მოქალაქისგანაც კი მიიღოს ხმა.

- მოსახლეობის საკმაოდ მაღალი პროცენტია, რომელსაც გადაწყვეტილი არ აქვს, ვის მისცემს ხმას. ეს ხმები ვისკენ წავა?

- დღეს განსხვავებული ვითარება სწორედ იმიტომ არის, რომ თუკი ადრე იყო ვიღაცა, ვის წინააღმდეგაც იყო დარაზმული მთელი საზოგადოება, დღეს ასეთი არ გვყავს. ამიტომ პოლიტიკურ პარტიებს აქვთ შესაძლებლობა, რომ საკუთარი თავის ეფექტურად წარდგენის შემთხვევაში, მიიღონ მოსახლეობის ნდობა. დღეს ამ ნდობის მიღება ასეთი ადვილი არ არის, როგორც ეს პოლიტიკოსებს აქვთ წარმოდგენილი. პოლიტიკოსებს ჰგონიათ, რომ ისევ ძველებური მეთოდით, პოპულიზმით, ისევ ვიღაცის წინააღმდეგ აქტიური აგრესიით მიიღებენ ხმებს, რაც ასე არ არის.

- კომპრომატების ომი აღარ იმუშავებს?

- არა, აღარ იმუშავებს აღარც კომპრომატი და არც სხვაგვარი აგრესია. საზოგადოებას აქვს უკვე დამოკიდებულება ყველას მიმართ, მათ მოსახლეობას უნდა აჩვენონ, რომ გარკვეული წარმატების მოტანა შეუძლიათ ქვეყნისთვისაც და ხალხისთვისაც. პოლიტიკური სუბიექტებისგან მოსახლეობა ითხოვს ბევრად უფრო გულწრფელ დამოკიდებულებას და არა მხოლოდ იაფ პოპულიზმს.

- ბარიერის 2%-მდე დაწევა რამდენად სწორია?

- მე, როგორც მოქალაქე და როგორც სპეციალისტი, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ბარიერის დაწევის.

- რატომ?

- იმიტომ, რომ ბარიერის დაწევის შემთხვევაში, არც ისე ნდობით მოსარგებლე სუბიექტები იღებენ ძალაუფლებას, რისი წინააღმდეგიც ვარ. ბარიერის დაწევაზე ამდენი სირბილი პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან აჩვენებს, რომ მათ მხოლოდ პარლამენტში მოხვედრა უნდათ.

- მაშინ რატომ მიდის ამაზე ხელისუფლება?

- ეს არ არის სახელმწიფოებრივი მიდგომა. ხელისუფლება არ მოიქცევა გონივრულად და სახელმწიფოებრივად, თუკი ბარიერს დაწევს ქვემოთ.

„ახალი თაობა“, 26 აპრილი, 2016 წელი

ინტერვიუ მირიან მირიანაშვილთან: „ნაცმოძრაობა გამიზნულად ეწევა ახალი შავი სიების აფიშირებას

ბოლო დროს არაერთი ინფორმაცია გავრცელდა ახალ შავ სიებზე, რომლებიც ნაციონალურ მოძრაობაშია შედგენილი. რა მიზნით შეჰყავთ ადამიანები სიებში? რისთვისაა საჭირო ამ სიების თაობაზე ინფორმაციის გახმაურება? რა მიზნები აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“? ამის შესახებ „ახალი თაობა“ ესაუბრა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებელსა და ყოფილ თავმჯდომარეს, მირიან მირიანაშვილს. „შავი სიების შედგენა გრძელდება. განსაკუთრებული ადგილი ეთმობა მათ აფიშირებას. საყურადღებოა, რომ გარდა ნაცმოძრაობის ენთუზიასტებისა, რომლებიც ასეთ სიებს საკუთარი ნებით ადგენენ, გაჩნდა სიები დირექტივებით. გარკვეულ პირებს დაევალათ იმ ადამიანების აღნუსხვა, რომლებიც ზედმეტად აქტიურობენ“, – ამბობს მირიან მირიანაშვილი..

- საიდან წამოვიდა ეს დირექტივა?

- დირექტივა მიხეილ სააკაშვილისგან წამოვიდა. გარდა გარე „მტრებისა“, დგება შიდაპარტიული შავი სიებიც. აქ შეჰყავთ ის თანაპარტიელები, რომლებიც არასაკმარისად სანდოდ და აქტიურებად ითვლებიან.

- ნაცმოძრაობის შიგნით, ჯგუფებს შორის რომ დიდი დაპირისპირებაა, ესეც ამას ხომ არ უკავშირდება?

- რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია. მოწინააღმდეგეები ერთმანეთს ასმენენ ლიდერთან. ზოგზე ამბობენ, ივანიშვილს გაურიგდაო. ამ მიზნით მზადდება შიდაპარტიული შავი სიები.

- შავი სიების აფიშირებასაც თავისი დატვირთვა აქვს?

- ბუნებრივია. ეს კეთდება იმისთვის, რომ დაარწმუნონ მოქალაქეები ნაცმოძრაობის დაბრუნების გარდაუვალობაში და დათესონ შიშის ატმოსფერო. ესაა მორალურ-პოლიტიკური ბრძოლის იარაღი. ამ მიზნით იყენებენ პროვოკატორებსაც. პირადად მე უცნობმა ქალებმა რამდენჯერმე გამაფრთხილეს, რომ შავ სიაში ვარ შეყვანილი.

- ახერხებენ შიშის ატმოსფეროს შექმნას?

- ბოლომდე ვერა. ეს რომ საერთოდ ვერ მოახერხონ, საზოგადოების მხრიდან გაბედულება და აქტიურობაა საჭირო. თუ ეს არ მოხდა, ნაცმოძრაობის დაბრუნება რეალური გახდება. საზოგადოებაზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ ხელისუფლება ძალიან უსუსურია. შიში ხალხის ნაწილში სწორედ ამის გამო ჩნდება. ადამიანები სახელმწიფოსაგან დაცულად რომ გრძნობდნენ თავს, საფრთხე არ იქნებოდა. ამიტომ ენიჭება მნიშვნელობა შავ სიებს. „სუს“-ი და „კუდ“-ი რომ წინა რეჟიმის დროს ადგენდნენ დასასჯელი მოქალაქეების სიებს, ცნობილია, მაგრამ სააკაშვილს 2003 წელს, არჩევნების წინაც ჰქონდა შავი სიები. მაშინ ამ ამორალურმა ხერხმა იმუშავა. ახლა უნდათ ამ პრაქტიკის გამეორება.

- საზოგადოებამ როგორ უნდა იაქტიუროს?

- პირველ რიგში, ხალხი არ უნდა შეშინდეს. მეორეც, საკუთარი უფლებები უფრო მეტად უნდა დაიცვან იმათ, ვინც სააკაშვილის მმართველობისას დაზარალდა. ისეთი სიტუაცია შეგვექმნა, რომ ვინც იხრჩობა, თავი თავად უნდა გადაირჩინოს. მთელ საზოგადოებაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი ძალიანაა დაშინებული და გატეხილი. ჩემს ერთ ნაცნობს, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლებამ დიდი სიმდიდრე წაართვა, თავის დასამშვიდებლად უცნაური მეთოდი აქვს გამომუშავებული. მას ციხეშიც მოუწია უდანაშაულოდ ყურყუტი. ახლა, იმის მაგივრად, რომ წართმეულის დაბრუნებაზე იზრუნოს, გამოდის და ყველაფერში საკუთარ თავს ადანაშაულებს.

- საკუთარ თავს რანაირად ადანაშაულებს?

- ამბობს, შტერი ვარ, ქონება მაშინვე რომ არ დავთმეო. მას სჯერა, რომ სააკაშვილი დაბრუნდება და სხვებს, ანუ იმათ დასჯის და დაატერორებს, ვინც მაშინ შეეწინააღმდეგა ან გაექცა, მისნაირებს კი აღარ შეეხება. ამით იმშვიდებს თავს.

- შავი სიები და ფსიქოლოგიური ტერორი საკმარისია ხელისუფლებაში დასაბრუნებლად?

- ისინი სხვა ბერკეტებსაც ფლობენ. სააკაშვილს და მის გუნდს კოლოსალური თანხები აქვთ ქვეყნიდან გატანილი. ესაა მათი ფინანსური რესურსი. ნაძარცვის დაბრუნება არც ისე ძნელია. ბევრი გაძარცული და დაზარალებული ამბობს, რომ მათი თანხები ერთსა და იმავე ანგარიშზე იყრიდა თავს. ამის გამოძიება რთული არ არის.

- რთული შეიძლება არ არის, მაგრამ გამოძიებისთვის ნებაც საჭიროა.

- დიახ, ამას პოლიტიკური ნება სჭირდება. გარდა ამისა, მისაღებია ზომები კიდევ ერთი უკანონობის წანააღმდეგ. ესაა ორმაგი მოქალაქეობის დარღვევით შენარჩუნება იმ ქართველებისთვის, რომლებიც უკრაინაში საქმიანობენ. მათი სია უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზეა განთავსებული. თუ იუსტიციის სამინისტრო მათ არ მოუხსნის საქართველოს მოქალაქეობას, ამ სამინისტროსთან მე და ჩემი თანამოაზრეები საპროტესტო აქციებს გავმართავთ. სააკაშვილის პოლიტიკური ილუზიები უკრაინაში დამთავრდა. მას და მის თანაგუნდელებს, რომლებიც ჯერჯერობით სამსახურებს ინარჩუნებენ, წასასვლელი არსად აქვთ, საქართველოს გარდა. ისინი კარგი საქმისთვის არ დაბრუნდებიან. მათთვის გადამწყვეტია 2016 წელი.

„ახალი თაობა“, 26 აპრილი, 2016 წელი

ინტერვიუ ლევან ხაბეიშვილთან: „გოგი თოფაძის და გია ვოლსკის გაგრილება 280.000 გვიჯდება… ოქტომბრის შემდეგ ქართულ ოცნებას ვეღარაფერი გააგრილებს

როგორ ილამაზებს ხელისუფლება ცხოვრებას, რა უჯდება ბიუჯეტს ჩინოსნების გაგრილება, ვის დააწერინეს მერიაში განცხადებები? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ მონიტორინგის ცენტრ `მედიატორის~ დამფუძნებელი ლევან ხაბეიშვილი ესაუბრება.

„გიორგი კვირიკაშვილმა პირობა მოგვცა, ქამრებს შემოვიჭერთ და კომფორტზე უარს ვიტყვითო. გადავწყვიტეთ შეგვესწავლა, ამ განცხადების შემდეგ საკუთარი ფუფუნებისთვის რა ტენდერები გამოაცხადეს სახელმწიფო დაწესებულებებმა. აღმოჩნდა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები საგანგებოდ ემზადებიან ზაფხულის სეზონისთვის. იმისთვის, რომ არ დასცხეთ, საჯარო უწყებებმა კონდენციონერების შეძენაზე ტენდერები გამოაცხადეს: განათლების სამინისტრო – 9.435 ლარი, სახელმწიფო სერვისების სააგენტო – 16.690 ლარი, შსს – 117.600 ლარი, ჯანდაცვის სამინისტრო – 8.600 ლარი, პარლამენტის აპარატი – 280.000 ლარი, სუსი – 48.560 ლარი. ჯამში ეს თანხა 480.785 ლარს შეადგენს.

სამინისტროებს მუნიციპალიტეტებიც არ ჩამორჩნენ. გასაგრილებლად მათ ასეთი ტენდერები აქვთ გამოცხადებული: ზუგდიდი – 14.000 ლარი, მარტვილი – 15.000 ლარი, აბაშა – 30.000 ლარი, გორი – 12.711. ჯამში ეს თანხა 71.711 ლარია. ამას საბიუჯეტო სახსრებით დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელიც ემატება. მას 34.500 ლარიანი ტენდერი აქვს გამოცხადებული. გამოდის, რომ მხოლოდ 2016 ბიუჯეტიდან ბიუროკრატების გაგრილება ამ დროისთვის 586.996 ლარი გვიჯდება. ნორმალურ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ, ამაზე შეიძლება ყურადღება არ გაგვემახვილებინა, მაგრამ როცა ხალხს საჭმლის ფული არ აქვს, ნახევარი მილიონი ჩინოსნების გაგრილებაზე არ უნდა მიდიოდეს. არა მგონია, ერის მთავარი მიზანი მათი გაგრილება იყოს. მე სერიოზული ეჭვები მაქვს, რატომ დაიწყეს ასეთი ზრუნვა გაგრილებაზე.

- რა ეჭვები გაქვთ?

- მოახლოებულ ცხელ პოლიტიკურ ზაფხულს კარგად გრძნობენ და თადარიგი დაიჭირეს. შემოდგომაზე კიდევ უფრო დიდ სიცხეებს დაიჭერს და მეეჭვება, ოქტომბრის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ რამენაირად მოახერხოს გაგრილება. ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ უზნეობაა, როცა სოციალურად დაუცველისთვის 1.18 თეთრი გემეტება საჭმლის შესაძენად, თავად კი ნახევარ მილიონზე მეტს ხარჯავ გასაგრილებლად.

- უწყებებს. რომლებიც თქვენ ჩამოთვალეთ, აქამდეც ხომ ჰქონდათ კონდენციონერები. ყველა ერთდროულად გაფუჭდა? პარლამენტის ორივე შენობაში ახალი სისტემები იყო დაყენებული...

- მთელი უბედურება ისაა, რომ ამის საჭიროება არ არსებობდა. თითქოს ის არ იყო საკმარისი, რომ პარლამენტის ორ შენობას ვინახავთ, ახლა მათი კომფორტისთვის 280.000 უნდა დავხარჯოთ. მართლა არ მესმის, რატომ უნდა ვიხადოთ ამდენი ფული ვოლსკის და თოფაძის გაგრილებაში. პაპანაქებაში ისინი ისედაც არ დადიან სხდომებზე. კონდენცირების პრობლემა წესით არც ჯანდაცვის და შს სამინისტროებს უნდა ჰქონოდათ.

- ტენდერების თემასთან დაკავშირებით თქვენ ცოტა ხნის წინ საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნეთ. აღმოჩნდა, რომ მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში რუსული და თურქული კომპანიები იმარჯვებდნენ მხოლოდ. ახლაც ასევე გრძელდება თუ შეიცვალა რამე?

- როდესაც ეს კვლევა გამოვაქვეყნეთ, რუსული კომპანიები ძალიან აქტიურობდნენ. მათთან მილიონობით ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმეს. იგივე ითქმის თურქულ კომპანიებზე. ახლა ვარკვევთ, რამდენად ხარისხიანად შეასრულეს ამ კომპანიებმა კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებები. ამაზე ახლო მომავალში ჩავატარებთ კვლევას.

რაც შეეხება რუსული კომპანიების აქტიურობას, მას შემდეგ, რაც მათზე მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით იერიში მივიტანეთ და ყველას გავაგებინეთ, აქტივობამ იკლო. ბაზარზე აღარ ჩანან ის კომპანიები, რომლებზეც ჩვენს კვლევაში იყო საუბარი. სავარაუდოდ, ხელისუფლება მიხვდა, რომ ამ კომპანიებთან გარიგების გამოაშკარავებაც არ იქნებოდა რთული. ალბათ რაიმე ახალი ტაქტიკა აქვთ მოფიქრებული, მაგრამ იმასაც აღმოვაჩენთ.

- თურქულ კომპანიას დედაქალაქში ყვავილები უნდა დაერგო და როგორ მიდის ეს საქმე?

- კარგად მახსოვს იმ კომპანიის მეპატრონის გვარი, რომელსაც ყვავილები უნდა დაერგო. ჰასან გულუკმა ამ საქმისთვის 500.000 ლარიანი ხელშეკრულება მიიღო. დედაქალაქის მერიიდან მიღება-ჩაბარების აქტები გვაქვს გამოთხოვილი და ამ საბუთებს რომ მივიღებთ, მერე გაგცემთ ზუსტ პასუხს. დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს არის ფულის გაკეთების მახე. ყვავილი ისეთი რამეა, რომ წვიმასაც კი შეუძლია მისი გაქრობა. გვეტყვიან, წვიმა იყო და ჩაიარა ამ ყვავილებმა. ამ ყვავილებს მიჰყვება მილიონები. დამტკიცებითაც ძნელია რამის დამტკიცება. მიზეზად ქარსაც მოიშველიებენ – სახლებს სახურავები გადახადა და ყვავილებს გააჩერებდაო.

- მოდით, ტენდერები სამგორის გამგებლის თემით შევცვალოთ. მამუკა ჩოქური თქვენ წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს. რა ხდება?

- რა ხდება და მამუკა ჩოქური ღირსების შელახვისთვის სასამართლოში მიჩივის. იმით ყოფილა აღშფოთებული, მის უწყებაში არსებულ კორუფციულ ფაქტებზე რომ ვისაუბრე. სიმართლე თუ გინდათ, ეს სარჩელი სასაცილოდ არ მყოფნის. ასეთი მომჩივანი ბევრი გვყავდა, მაგრამ ყველამ უკან გაიწვია საჩივარი. ღირსების შელახვისთვის გვიჩიოდა ბაღდათის გამგებელი ირაკლი გეგეშიძეც. ეს უკანასკნელი 25 აპრილს დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ფაქტზე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, გეგეშიძემ 227.000 ლარი გაფლანგა. საქმე ეხება გამარტივებულ ტენდერს ბაღდათი-ზეგანი-საკრაულას დამაკავშირებელი გზის ნაწილზე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით. სუს-ში განმარტავენ, რომ გამოძიება გრძელდება და შესაძლოა გაფლანგული თანხის ოდენობა ნახევარი მილიონიც აღმოჩნდეს. ბავშვიც კი არ იტყვის იმას, რაც მამუკა ჩოქურმა თქვა. მე რატომ მაბრალებს ღირსების შელახვას, როცა თავად აქვს აღიარებული, რომ თავისი ცოლის კომპანიას ჩაურიცხა 15.000 ლარი. მთელმა საზოგადოებამ იცის ისიც, რომ ძალიან ბევრ საწვავს ხარჯავს. ფაქტია ისიც, რომ რამდენიმე დღის წინ მის მიერ მიყვანილი თანამშრომელი დაიჭირეს კორუფციული გარიგების საქმეზე. იმ ადამიანმა საშაურმისგან 150 ლარის ოდენობის ქრთამი აიღო.

მამუკა ჩოქურს 1,5 წლის წინ დაუწვეს ავტომანქანა. რაზეც გამოძიება არ ჩატარებულა. არადა ამ ფაქტზე დავით ნარმანიამ პოლიტიკური განცხადება გააკეთა და მანქანის დაწვა პოლიტიკური მოტივებით ახსნა. პირობაც დადეს, რომ ამ საქმის ჩამდენი მკაცრად დაისჯებოდა. გავიდა წელიწადზე მეტი და ამ საქმეზე არაფერი არ ისმის, რაც კითხვებს აჩენს. ეს კითხვები ფაქტებზეა აგებული, სიზმარში მართლა არაფერი მაქვს ნანახი.

მამუკა ჩოქურისაც კარგად მესმის, მას ნერვები აღარ ჰყოფნის. კაცი შვებულებაშია გასული და ეჭვი მაქვს, რომ იქედან სამსახურში გამოვიდეს.

- როცა გაირკვა, რომ სამგორის გამგებელი შვებულებაში გავიდა, თქვენ გაავრცელეთ ინფორმაცია, რომ მას კიდევ რამდენიმე გამგებელი მიჰყვებოდა. დავით ნარმანიამ ამ დღეებში ეს ინფორმაცია ფაქტიურად დაადასტურა და უფრო დეტალურად თუ შეგიძლიათ იმის თქმა, ვის უშვებენ?

- დავით ნარმანიას მერიაში არავინ არაფერს ეკითხება. დედაქალაქს „ქართუ“-დან მივლენილი გიორგი ლილუაშვილი მართავს. მან ორი თვის წინ დააწერინა გამგებლებს განცხადება. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საბურთალოს, კრწანისის და ისნის გამგებლებს ამ განცხადებებს დაუკმაყოფილებენ. ეჭვი მაქვს, რომ მათ ბედს საქალაქო სამსახურის უფროსი ბაგრატიონიც გაიზიარებს. გამორიცხული არც სხვა ცვლილებებია.

Comments are closed