globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 26 აპრილი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Apr 26th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

საქართველო და მსოფლიო: პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს ანკარაში ოფიციალურ შეხვედრებზე საქართველოს დროშით აღარ ხვდებიან // ასიოდე წლის წინათ თურქებმა საზღვარი ოზურგეთამდე გადმოწიეს, ახლაც იგივე მეორდება

რეზონანსი: პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების გადახედვას ითხოვს

რეზონანსი: მივიღებთ თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებებით შესუსტებულ თავდაცვასა და უფუნქციო უმაღლეს მთავარსარდალს? (თვალსაზრისები)

რეზონანსი: რას გულისხმობს საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა

რეზონანსი: ოპოზიცია „ერთპარტიულ დიქტატურაზე“ საუბრობს და აქციებისთვის ემზადება

რეზონანსი: ინტერვიუ ლაშა ტუღუშთან: „თუ ვენეციის კომისიის აზრი არ გაითვალისწინეს, ქვეყნის რეპუტაცია დაზიანდება“

რეზონანსი: ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „ხელისუფლების უპასუხისმგებლობას პროპორციული საარჩევნო სისტემა კიდევ უფრო გაზრდის“

რეზონანსი: „ენმ“: საარჩევნო კოდექსში ცვლილება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არის მიმართული

რეზონანსი: ვინ ითანამშრომლებს „ნაციონალურ მოძრაობასთან” თვითმმართველობის არჩევნებზე

„ახალი თაობა“: ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „ამ სახის კონსტიტუციით ძალიან მძიმე რეალობას მივიღებთ“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლევან ალაფიშვილთან: „კონსტიტუცია არის მოქალაქეების დოკუმენტი ხელისუფლების შესაზღუდად“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ მირიან მირიანაშვილთან: «ქართული ოცნების“ თვითლიკვიდაციის მცდელობა კითხვებს აჩენს» // „კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს რეპრესიული ბალაგანის სახე აქვს“ // „რუსეთი საქართველოში ნაცად სცენარს უბრუნდება“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ემზარ კვიციანთან: „როცა გიგა ბოკერიას აგენტი ვუწოდე, მოტრიალდა და დებილი მიწოდა. ამიტომაც ვესროლე კალამი“ // „ნაციონალებს“ ყველაფერზე საკადრის პასუხს გავცემ“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ გიორგი გაჩეჩილაძესთან: „ხუდონჰესი უნდა აშენდეს“ // „მეც არ ვიცი, რა წერია „გაზპრომთან“ ხელშეკრულების საიდუმლო ნაწილში»

„ახალი თაობა“: რუსული კომპანია საქართველოს ენერგეტიკულ დავაში ითრევს // „თელასს“ ტარიფის გაზრდა არ მოუთხოვია, რის საფუძველზე ჩივის მისი მფლობელი „ინტერ რაო“?

„ახალი თაობა“: ათ წელში განქორწინებების რიცხვი გაოთხმაგდა, დემოგრაფები აპოკალიფსურ პროგნოზებს აკეთებენ

„ახალი თაობა“: „გირჩმა“ უკვე 150-მდე „მღვდელმსახური“ აკურთხა

„ახალი თაობა“: ახალგაზრდები სწრაფ სესხებს ჩამოეკიდნენ // „ნარკოტიკივით ეჩვევი და ოდნავ გამოუვალ სიტუაციაშიც კი ფულის სასესხებლად გარბიხარ“

——————–

საქართველო და მსოფლიო“, 26 აპრილი – 2 მაისი, 2017 წელი

პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს ანკარაში ოფიციალურ შეხვედრებზე საქართველოს დროშით აღარ ხვდებიან // მამა დავითი (ქვლივიძე): ასიოდე წლის წინათ თურქებმა საზღვარი ოზურგეთამდე გადმოწიეს, ახლაც იგივე მეორდება

ჯაბა ჟვანია

მას შემდეგ, რაც „მეგობარმა“ თურქეთმა საქართველოს პარლამენტს თითი დაუქნია და დაბლოკა საკანონდებლო ინიციატივა, რომელიც დიდგორის ბრძოლის დღის უქმედ გამოცხადებას ითვალისწინებდა, ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტად მყოფ თურქ მაღალჩინოსნებს ლამის ფეხქვეშ გაეფინონ.

პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს ანკარაში ოფიციალურ შეხვედრებზე საქართველოს დროშით უკვე აღარ ხვდებიან. აქეთ ჩამოსულ თურქ დიპლომატებს კი პრეზიდენტიც, პრემიერიცა და პარლამენტის თავმჯდომარეც თვალებში შესციცინებენ. ამჯერად თბილისს თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი სეიფულა ჰაჩიმუთოღლუ ეწვია. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს და თანამშრომლობის გაღრმავება–განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს. მოგვიანებით სეიფულა ჰაჩიმუფთოღლუ საქართველოს პრეზიდენტსა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანსაც შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მედიისთვის განცხადებებიც გაკეთდა…

არის თუ არა თურქეთი საქართველოს მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფო, რა ინტერესი აქვს მას რეგიონში და რატომ დაბლოკა ოფიციალურმა ანკარამ საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმადაც დიდგორის ბრძოლის დღე უქმედ უნდა გამოცხადებულიყო? “საქართველო და მსოფლიო” კომენტარისთვის თბილისის ვაშლიჯვრის ნათლისღების ტაძრის მღვდელმსახურს, დეკანოზ დავითს (ქვლივიძეს) დაუკავშირდა.

მამა დავითი (ქვლივიძე):

_ ცოტა შორიდან დავიწყებ. გაიხსენეთ კვირიკაშვილის ვიზიტი თურქეთში, ერდოღანთან ოფიციალურ შეხვედრაზე ორივე მხარეს თურქული დროშა იყო გამოფენილი, ქართული ხუთჯვრიანი დროშა აღარ დაკიდეს. ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ თურქები საქართველოს აღარ აღიქვამენ დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოდ, საქართველო მათთვის არის ვასალური ქვეყანა. ახლა ვიღაც ლაპარაკობს, რომ რუსები ჩვენი მტრები არიან, მაგრამ რუსებს ასეთი რამ გონებაშიც არ გაუვლიათ. დიდგორის მემორიალი მათი აშენებულია… რაც შეეხება თურქეთ-საქართველოს “ისტორიულ მეგობრობას”, ერდოღანმა ადრე პირდაპირ განაცხადა, თურქეთს საფრთხე ემუქრება რამდენიმე წერტილიდან: ბალკანეთიდან, დამასკოდან, იემენიდან და ბათუმიდანო. შემდეგ ხაზი გაუსვა, – ყარსიდან და ართვინიდან კი არა, ბათუმიდანო. აი, ასეთი დამოკიდებულება აქვთ თურქებს საქართველოს მიმართ და ამას არც მალავენ. არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ, თუ ასე გაგრძელდა, რაც სერბეთს გაუკეთეს, იგივე ბედი ელის საქართველოსაც…

- რას გულისხმობთ?

- სერბეთი ჩვენ თვალწინ დაშალეს და იმავეს ცდილობენ აქაც. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და ჩვენი ამპარტავნება მას აჩქარებს. გახსოვთ კადრები ფილმ “ტიტანიკიდან”, გემი რომ იძირება და ორკესტრი უკრავს? ზუსტად ასეა ჩვენი საქმეც, ქვეყანა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, მაგრამ ამას ხელისუფლება ვერ აცნობიერებს. როგორ უნდა გაგიბედოს ვიღაც ელჩმა, – შენი ქვეყნის უდიდესი ისტორიული გამარჯვება არ აღნიშნოო?! რა ჰქვია ამას?! ასეთი სახელმწიფო შეიძლება იყოს შენი მეგობარი და პარტნიორი?!

- ოფიაციალურ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ თურქეთის საელჩომ, უბრალოდ, სთხოვა პარლამენტს, არ დაამტკიცოს ეს საკანონმდებლო ინიციატივა...

- რა მნიშვნელობა აქვს, თხოვნა იყო თუ ბრძანება, ხომ დაიბლოკა ეს ინიციატივა?! ახლა შეკითხვა მაქვს ბატონ თურქეთის ელჩთან: ჩვენ დავით აღმაშენებლის სახელი ტროპარებში გვიწერია, რა ვქნათ, ამოვშალოთ? ფრესკებიდანაც წავშალოთ? რა არის თხოვნა, ამას შეიძლება, თხოვნა დავარქვათ?! საქართველო სულ ხუთჯერ იყო გაერთიანებული: ფარნავაზის მეფობის პერიოდში; ვახტანგ გორგასლის დროს; აშოტ კურაპალატის დროს დაიწყო და დავითის მეფობის პერიოდით გაგრძელდა; გიორგი ბრწყინვალის პერიოდში და, როცა რუსეთის იმპერიაში ვიყავით. 1917 წელს რუსეთის იმპერიის ჯარები ერზრუმამდე მივიდნენ და იმხანად ქართველი სასულიერო პირები მართლმადიდებლურ წირვას ოშკსა და იშხანში ატარებდნენ. მერე კი, როცა რევოლუცია მოხდა, სულ რაღაც ასიოდე წლის წინათ, თურქებმა საზღვარი ოზურგეთამდე გადმოწიეს, ახლაც ანალოგიური რამ მეორდება. არადა, დღეს ვიღაც გაიძახის, თურქები ჩვენი ისტორიული მეგობრები და მოკავშირეები არიანო. ჩვენი სისხლით იკვებებოდნენ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რომელ მეგობრობაზე საუბრობენ, როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს სამარცხვინო ლაპარაკი?!

რეზონანსი“, 26 აპრილი, 2017 წელი

პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების გადახედვას ითხოვს

თორნიკე ამირხანაშვილი

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის თქმით, საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში არის პრობლემური საკითხები, რომლებიც უნდა გადაიხედოს.

გიორგი მარგველაშვილის პოზიცია საკონსტიტუციო რეფორმებთან დაკავშირებით გუშინ ჟურნალისტებს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ გააცნო: შეკვეცილია პრეზიდენტის, როგორც ქვეყნის მთავარსარდლის ფუნქცია. გაუქმებულია უშიშროების საბჭო – ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე და ეხმარება პრეზიდენტს ომის დროს ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღებაში. შესაბამისად, პრეზიდენტი, როგორც ქვეყნის მთავარსარდალი, დარჩენილია ყოველგვარი კომპეტენტური მხარდაჭერის გარეშე. ეს იმ ფონზე, როცა საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და რეგიონში რთული პოლიტიკური მდგომარეობაა.

მორიგი პრობლემური საკითხია პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი. ხალხს ჩამოერთმევა უფლება, აირჩიოს საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტი. ნაცვლად ამისა, ქვეყნის პირველ პირს 300 ხმოსანი აირჩევს, რომელიც საქართველოს პარლამენტის, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებისგან შეირჩევა.

კონსტიტუციის ახალი პროექტის მიხედვით, პრეზიდენტს მოსამართლეთა დანიშვნის უფლებაც ჩამოერთმევა. მოსამართლეები დაინიშნებიან მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, უვადოდ, შესაბამისი ასაკის მიუღწევლადაც და გამოსაცდელი ვადის გარეშე – ეს ყოველივე კი, გიორგი მარგველაშვილის აზრით, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხს გააუარესებს. ყოველგვარი განხილვის გარეშე გადაწყდა ნახევრად საპარლამენტოდან საპარლამენტო მმართველობის ფორმაზე გადასვლა.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი საარჩევნო რეფორმა, პროპორციული სისტემის შემოღება, გამორიცხავს პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის ჩამოყალიბებას, მეორე ახალი რეფორმითვე გადაუნაწილებელ ხმებს გამარჯვებული პარტია მთლიანად მიიღებს, რაც სრულიად გაუგებარია. აიკრძალა საარჩევნო ბლოკების შექმნა, ხოლო საარჩევნო ბარიერი კვლავ 5% დარჩა. ეს ყველაფერი შექმნის არაკონკურენტულ საარჩევნო გარემოს.

„კონსტიტუციის ახალი ვერსია არ უწყობს ხელს ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსისა და გაწონასწორების პოლიტიკას“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

რეზონანსი“, 26 აპრილი, 2017 წელი

მივიღებთ თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებებით შესუსტებულ თავდაცვასა და უფუნქციო უმაღლეს მთავარსარდალს?

გვანცა წულაია

ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტს, რომელიც ამტკიცებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებით შესუსტებულ თავდაცვასა და არაინფორმირებულ, უფუნქციო უმაღლეს მთავარსარდალს ვიღებთ? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადეობის წარმომადგენლებს მიმართა.

ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): ეს ის შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტს ვეთანხმები. კონსტიტუციაში ხარვეზი არ არის, მაგრამ ის ცვლილებები, რობელთაც საზოგადოება ელოდა, არ ჩაიწერა. საზოგადოება რასაც მოითხოვდა, არ გააკეთეს. გაკეთდა სისულელეები, რომლებიც საზოგადოებისთვის არანაირი სიკეთის მომტანი არაა. საერთოდ, კონსტიტუციას მხოლოდ და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში უნდა შეეხო.

ირმა სოხაძე (მომღერალი): ცალსახად დათანხმება ან უარყოფა არ შემიძლია, რადგან ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, კონკრეტულად არავის არაფერი უთქვამს. ეჭვი მეპარება, რომ სახალხო განხილვა მოეწყოს. ქვეყნის პირველი პირის არჩევა და აზრის დაფიქსირება შემეძლო, რომელსაც ახლა კონსტიტუციით მართმევენ. არა მგონია, ეს კარგის მომტანი იყოს.

გივი სიხარულიძე (მწერალი და მსახიობი): საერთოდ, პრეზიდენტი დიდი ხანია, ფუნქციადაკარგულია. პრეზიდენტებს სხვა უფლებები აქვთ და ისინი სხვანაირად იქცევიან. მთავრობის სხდომაზე მისი არც ერთი პროექტი გატანილი არ მინახავს. ნათქვამია, შენი სიძლიერე ჩემი მხდალობისა და უბადრუკობის ბრალიაო – ჩვენი ქვეყანა მგლების ქვეყანაა.

გია ბუღაძე (მხატვარი): ერთადერთი შემთხვევაა, როცა საქართველოს პრეზიდენტს ვეთანხმები. “ქოცებმა” რა განცხადებაც გააკეთეს, ეს არის ყველაზე სამარცხვინო. თუმცა ყველაზე გასაოცარი არის, რომ ამ სამარცხვინოს უკიდურესობაც ემატება.

ქეთი ბექაური(იურისტი): ცალსახად პასუხის გაცემა არ შემიძლია. როგორც გარედან დამკივირვებელი გეტყვით, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმებასა და პრეზიდენტის, როგორც მთავარსარდლის, ფუნქციების შესუსტებას არ ვეთანხმები, რადგან საქართველოს კონსტიტუციით ქვეყნის პირველი პირი ყოველთვის პრეზიდენტი იყო. ასე რომ, ეს ფორმულირება უნდა იქნეს შენარჩუნებული.

რეზონანსი“, 26 აპრილი, 2017 წელი

რას გულისხმობს საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა

ნინო ქეთელაური

მას შემდეგ, რაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ ოთხთვიანი მუშაობა დაასრულა, ახლა წინ ერთთვიანი საყოველთაო სახალხო განხილვაა, რომლის საშუალებითაც საზოგადოება საკონსტიტუციო ცვლილებების დეტალებს უნდა გაეცნოს.

კონსტიტუციონალისტი, საკონსტიტუციო კომისიის წევრი ვახტანგ ძაბირაძე, “რეზონანსთან” იმ პროცედურებზე საუბრობს, რომელთა მიხედვითაც სახალხო განხილვა უნდა დაიწყოს.

„ჯერ საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა შევიდეს პარლამენტში. მას შემდეგ, რაც პარლამენტის წევრთა უმრავლესობა მოახდენს მის ინიცირებას, კანონპროექტი უნდა გამოქვეყნდეს პრესაში. სწორედ ამის შემდეგ, ერთი თვის განმავლობაში იწყება მისი სახალხო განხილვა. კონსტიტუციაში სხვა პროცედურა მოცემული არ არის,” – ამბობს ვახტანგ ძაბირაძე. მისი თქმით, სახალხო განხილვას ფორმალური სახე აქვს.

„ეს არის უბრალოდ შეხვედრები, რომელიც გრაფიკის მიხედვით ტარდება. იქ ჩადიან კომისიის წევრები და კონსტიტუციის წარდგენაში უფლებამოსილი პირები, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებებს აცნობენ შეკრებილ საზოგადოებას. თორემ ვინ მომხრეა და ვინ არა, ამის დათვლა არ ხდება. გარკვეულ მოსაზრებებს ინიშნავენ, რომელსაც საბოლოო ჯამში ან გაიზიარებენ ან – არა. სიმართლე რომ გითხრათ, ეს მაინც უფრო ფორმალური ხასიათისაა, ვიდრე რეალური სახალხო განხილვა“, – ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

როგორც „რეზონანსთან“ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი და საკონსტიტუციო კომისიის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, “საყოველთაო განხილვა ემსახურება საპარლამენტო მოსმენამდე საზოგადოებაში არსებული განწყობის და მოსაზრებების შეგროვებას, რათა ხელისუფლების წარმომადგენლებმა იცოდნენ, პროექტში არსებული რედაქციიდან რა მოსწონს საზოგადოებას და რა – არა.”

„შეხვედრები საქართველოს 9 რეგიონში და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოეწყობა. განხილვა ჩატარდება არსებული პრაქტიკით, რაც სამხარეო დედაქალაქებში შეკრებასა და საზოგადოების ფართო წრეებისთვის განხილვაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობაში გამოიხატება. სახალხო განხილვის დროს კომისია ვალდებულია, ჩაინიშნოს შეხვედრაზე გამოთქმული ზეპირი თუ წერილობითი მოსაზრებები და შენიშვნები ასახოს სამუშაო დოკუმენტში. ასე რომ, უკვალოდ არაფერი ჩაივლის და ყველა შენიშვნა სამუშაო მასალაში აისახება“, – აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.

შეგახსენებთ, რომ კომისიის წევრებმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს დასკვნით სხდომაზე უყარეს კენჭი, რომელსაც მხარი 43-მა წევრმა დაუჭირა, 8 კი წინააღმდეგი იყო. პროცესში მონაწილეობაზე თავიდანვე უარი თქვა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, ხოლო ოპოზიციამ კომისია მუშაობის დასასრულს დატოვა.

რეზონანსი“, 26 აპრილი, 2017 წელი

ოპოზიციაერთპარტიულ დიქტატურაზესაუბრობს და აქციებისთვის ემზადება

თიკო ოსმანოვა

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას კონსტიტუციის პროექტის სახალხო განხილვა აქციის ფონზე მოუწევს. ოპოზიცია რეგიონებში ჩასასვლელად უკვე ემზადება. “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” წევრის, დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, ოპოზიცია კოორდინირებულად იმოქმედებს და “ოცნებას” საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების საშუალებას არ მისცემს.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ 4-თვიანი მუშაობა დაასრულა. პროცესში მონაწილეობაზე თავიდანვე უარი თქვა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, ხოლო ოპოზიციამ კომისია მუშაობის დასასრულს დატოვა.

ახლა წინ ერთთვიანი საყოველთაო სახალხო განხილვაა, რომლის საშუალებითაც საზოგადოება საკონსტიტუციო ცვლილებების დეტალებსუნდაგაეცნოს.

თუმცა “რეზონანსთან” საუბრისას ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ამ ყველაფერს ფორმალური სახე ექნება დამმართველი გუნდი მხოლოდ საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებას მოახდენს. ამიტომ ისინი განხილვის პარალელურად აქციებისთვის და რეგიონებში ჩასასვლელად ემზადებიან.

“სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიმართ პოლიტიკური ბოიკოტის გამოცხადება არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ფარხმალი უნდა დავყაროთ. პირიქით, პირველ რიგში ვგეგმავთ, საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი კომისიის მუშაობის პროცესი გავხადოთ რაც შეიძლება გამჭვირვალე. თუმცა აქვე დავძენ, ამის ერთ-ერთი საშუალება იყო “მეორე არხი”, რომ ეს პროცესი გადაცემულიყო პირდაპირ ეთერში, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ვასილ მაღლაფერიძემ თავისი “რეფომის” ფარგლებში ეს ერთადერთი სარკმელიც წაგვართვა. არხზე ოპოზიციის ბრიფინგები აღარ გავა.

“ჩემი აზრით, მეორე არხზე გადაცემების დახურვა სწორედ ამას უკავშირდება. მიუხედავად ამისა, ჩვენ პროცესის გამჭვირვალობისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. არ დავუშვებთ, რომ შეხვედრაზე ხელისუფლებამ თავისი აქტივისტები და თვითმმართველობის თანამშრომლები მიიყვანოს. ოპოზიციამ კოორდინირებულად უნდა იმოქმედოს, გავერთიანდეთ და არ მივცეთ საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების საშუალება. მოგვიწევს რეგიონებში ჩასვლა, ფართომასშტაბიანი აქციებისთვისაც უნდა ვემზადებოდეთ და ამისთვის გარკვეული კონსულტაციები დაიწყება ძალიან მალე”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას ლორთქიფანიძე.

“თავისუფალი დემოკრატების” დილერ შალვა შავგულიძის თქმით კი, კონკრეტული აქციები დაგეგმილი არ არის, თუმცა გამოიყენებენ ყველა გზას, რათა საკონსტიტუციო ცვლილებების არსებული პროექტი არ დამტკიცდეს.

“როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ საბოლოო ხმის მიცემის პროცედურაში არ მივიღეთ მონაწილეობა და დავტოვეთ საკონსტიტუციო კომისია, რადგან ვნახეთ, რომ საბოლოო შედეგი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას კი არა, ისედაც ჭარბი ძალაუფლების მქონე მმართველი პარტიის ხელში კიდევ უფრო მეტი ძალის კონცენტრაციას მოემსახურებოდა. ახლა, საყოველთაო სახალხო განხილვის ფორმატშიც, საზოგადოების ცალკეულ ფენებთან თუ ჯგუფებთან, ასევე ვენეციის კომისიასთან გვექნება კომუნიკაცია. ჩვენ არ ვეთიშებით კონსტიტუციაზე მუშაობის პროცესს, ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რომ ეს კანონპროექტი საბოლოოდ კანონის სახით არ მივიღოთ. ის მხოლოდ იმ პოლიტიკურმა ძალამ მოიწონა, რომელიც კომისიაში მარტო დარჩა, სხვა ყველა დანარჩენი ამ კანონპროექტს გაემიჯნა,” – ამბობს შალვა შავგულიძე.

მისი თქმით, ის საარჩევნო სისტემა, რასაც ხელისუფლება გვთავაზობს, ასევე პრეზიდენტის არჩევის წესი და მისი უფლებამოსილების შეზღუდვა ემსახურება მხოლოდ იმას, რომ “მმართველმა ძალამ ისეთი საარჩევნო სისტემის შენარჩუნება შეძლოს, რომელიც უზრუნველყოფს მისი დიდი უპირატესობით გამარჯვებას ყველა არჩევნებში.”

“ასე ჩვენ ვიღებთ ერთპარტიულ დიქტატურას. მე არ მეშინია ამ სიტყვის გამოყენების, რადგან როდესაც აღარ არის ინსტიტუციური მმართველობა და ყველა ინსტიტუტი ფორმალობად იქცევა, ეს ერთპარტიული დიქტატურაა, რომელიც საბჭოური მმართველობის მოდელია,” – ამბობს შალვა შავგულიძე, რომელიც სახალხო განხილვის პროცესში, თუ საჭირო გახდა, არც აქციებს გამორიცხავს.

“ნამდვილად არ გამოვრიცხავ არანაირ შესაძლებლობას იმ შედეგის მისაღწევად, რომ კონსტიტუციური ცვლილებები ჩადგეს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების სამსახურში. ეს იქნება აქციები, კომუნიკაცია ვენეციის კომისიასთან თუ საზოგადოებრივ ჯგუფებთან. ჩვენ, ასევე, სრულიად ვიზიარებთ “ევროპული საქართველოს” შეთავაზებას პლებისციტის ჩატარების თაობაზე,” – ამბობს შალვა შავგულიძე.

რეზონანსი“, 26 აპრილი, 2017 წელი

ინტერვიუ ლაშა ტუღუშთან: „თუ ვენეციის კომისიის აზრი არ გაითვალისწინეს, ქვეყნის რეპუტაცია დაზიანდება

გვანცა ღვედაშვილი

ეროვნული პატფორმისა და პარლამენტის თავმჯდომარის გუშინდელ შეხვედრაზე დისკუსია გაიმართა პრეზიდენტისა და პარლამენტის არჩევის წესის ცვლილებებთან დაკავშირებით. როგორც ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე და “რეზონანსის” მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში აღნიშნავს, შეხვედრისას ყველა გამომსვლელმა გაუსვა ხაზი იმ ნაკლოვანებებს, რომლებიც ამ ცვლილებებს თან ახლავს. მისი თქმით, ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს საქართველოს იმიჯზე უარყოფითად აისახება.

- რა ძირითად საკითხებზე იყო საუბარი, ეროვნული პლატფორმისა და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრისას და თუ მიაღწიეთ რაიმე შეთანხმებას?

- მოგეხსენებათ, პლატფორმაში გაერთიანებულია 162 ორგანიზაცია, რომელთაც განსხვავებული პროფილი აქვთ. ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე საკმოდ ბევრი საკითხი განვიხილეთ. მათ შორის ისეთებიც, რომლებიც ყველაზე დიდ ვნებათაღელვას იწვევს, მაგალითად – პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევის წესი, მათი კომპეტენციის საკითხები, ასევე კამათი იყო სასამართლო სისტემაზე, მთავრობის ფორმირებასა და ა.შ.

შეთანხმებას რაც შეეხება, ჩვენ ვთქვით, რომ გვაქვს ალტერნატიული მოსაზრებები და თავმჯდომარემ გამოხატა მათი გაცნობის სურვილი. მოგეხსენებათ, იწყება სახალხო განხილვები და ჩვენ წერილობით წარვადგენთ პლატფორმის მოსაზრებებს ამა თუ იმ საკითხზე. შემიძლია ხაზგასმით ვთქვა, რომ ყველა გამომსვლელმა გაუსვა ხაზი იმ ნაკლოვანებებს პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, რომლებიც კომისიის წარმომადგენლების მიერ იყო შემუშავებული.

- რამდენად ელოდებით, რომ პარლამენტი გაითვალისწინებს სახალხო განხილვების დროს გამოთქმულ მოსაზრებებსა და შენიშვნებს?

- სახალხო განხილვა იმიტომ ტარდება, რომ გამოითქვას მოსაზრებები, შენიშვნები და შემდგომ მოხდეს მათი გათვალისწინება. ცხადია, ეს არ იქნება იოლი, რადგან პოლიტიკოსებს აქვთ საკუთარი შეხედულებები და მათ ინტერესშია, მოიმხრონ საზოგადოების გარკვეული ნაწილი. ამიტომ ვფიქრობ, ეს პროცესი იქნება დინამიკური და ბევრი რამ დამოკიდებული სწორედ იმაზე იქნება, თუ რამდენად იაქტიურებენ ექსპერტები და სამოქალაქო პლატფორმის წამომადგენლები, რათა ნათელი გახადონ ის პოზიცია, რომელსაც ისინი იზიარებენ. ვფიქრობ, საზოგადოებრივი აზრი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომ გარკვეულ შეთანხმებას მივაღწიოთ. ამის გარანტია, ბუნებრივია, არ არსებობს, თუმცა არის შანსი, რომელიც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.

პროგნოზების კეთება ძალიან რთულია, ვინ რას გაითვალისწინებს, რა მოხდება ხვალ და ზეგ, ძნელი სათქმელია. ჩვენ უნდა ამოვიდეთ იმ პოზიციიდან, რომ მივიღოთ უკეთესი კონსტიტუცია და ჩამოვაყალიბოთ დემოკრატიული პოლიტიკური გარემო. რა იქნება, ეს ძნელი სათქმელია.

- ვენეციის კომისიასთან დაკავშირებით უმრავლესობის ბოლო დროს გამოთქმულმა მოსაზრებებმა გააჩინა ეჭვი, რომ ისინი მხოლოდ იმ შენიშვნებს გაითვალისწინებენ, რაც მათთვის იქნება მისაღები.

- რა თქმა უნდა, ვენეციის კომისიის შენიშვნა ფასდაუდებელია და მაქსიმალურად უნდა ეცადოს სახელმწიფო, რომ გაითვალისწინოს. თუმცა თუ მათი იგნორირება მოხდება, ამით რეპუტაციაც მოგვაკლდება და სახელმწიფოს სახელს გარკვეული ზიანიც მიადგება.

რეზონანსი“, 26 აპრილი, 2017 წელი

ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთასნ: „ხელისუფლების უპასუხისმგებლობას პროპორციული საარჩევნო სისტემა კიდევ უფრო გაზრდის

ეკატერინე ბასილაია

„მოსახლეობაში ოპოზიცია არ აინტერესებთ და არ აინტერესებთ, გადაუნაწილებელ მანდატებს ხელისუფლება მთლიანად წაიღებს თუ ოპოზიცას ექნება ორი მანდატით მეტი. საქართველოში არც ენჯეოებს აქვთ რეიტინგი… ამდენად, არიქა, ოპოზიცია და ენჯეოები არიან საარჩევნო სისტემაში მანდატების გადანაწილების წესის წინააღმდეგნი, ეს ორივე ჯგუფი ხალხისთვის არცთუ დიდ ღირებულებას წარმოადგენს და მათი მოთხოვნებიც ნდობას არ იმსახურებს“, – აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.

- საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება წელს განხილვა-პოლემიკის მთავარი თემა და უკვეოცნებისმისამართით ისმის ბრალდებები, რომ ხელისუფლება კონსტიტუციას თავის თავზე ირგებს. თქვენ როგორ შეაფასებთ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას?

- ამ კომისიის მუშაობა ჩემთვის რამოდენიმე საფეხურითაა განსახილველი. ჩემთვის საპარლამენტო მართვის სისტემა მიუღებელი ნაბიჯია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საერთოდ მიუღებელია კომისიის მუშაობა. თუკი საპარლამენტო რესპუბლიკისკენ მივდივართ, დანარჩენი რეფორმა გასაგებია და პრეტენზიები არ მაქვს.

კონცეპტუალურად არც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას ვემხრობი. ოპოზიციამ დაბეჯითებით მოითხოვა პროპორციული სისტემა და მას რომ ოდნავ მაინც ქვეყნის ინტერესით ემოქმედა და კანონზომიერებებს დაკვირვებოდა, ეს არ უნდა მოეთხოვა. ქართული პარლამენტარიზმის პრობლემა არის ის, რომ გადის პირველი 10 ადამიანი და შემდეგ დანარჩენები ე.წ. “პარავოზის პრინციპით” შედიან. ეს ვაგონები პასუხისმგებლები “პარავოზთან” არიან და არა – ხალხთან. ეს ყველა პროპორციულ სისტემაშია. მაჟორიტარი კი საკუთარი ოლქის მიმართ მაინც არის პასუხისმგებელი. ჩვენ ხელისუფლების უპასუხისმგებლობის პრობლემა გვაქვს და ამ უპასუხისმგებლობას პროპორციული სისტემა კიდევ უფრო ზრდის, მაგრამ ეს პარტიებს არ აინტერესებთ, რადგან მათი ინტერესია, თვითონ გავიდნენ როგორმე.

ოპოზიციური პარტიების ყველა მოთხოვნა მათი ინტერესებითაა ნაკარნახევი. ახლა ამ ფონზე, თავისი ინტერესით რატომ იმოქმედა “ქართულმა ოცნებამო”, ღიმილის მომგვრელია. მით უფრო, როდესაც ამ ბრალდების პირველი ხმის მიმცემი “ნაციონალური მოძრაობაა”, რომლის ხელშიც კონსტიტუცია საერთოდ თავდაყირა დადგა, ოღონდ სააკაშვილის ხელისუფლება გახანგრძლივებულიყო პრემიერ-მინისტრობით. ამიტომაც ოპოზიციის მოთხოვნები ნდობას არ იმსახურებს.

- თქვენ თვლით, რადგან წინა ხელისუფლება საკუთარ თავზე ირგებდა კონსტიტუციას, ამიტომ გამართლებულია, ამათაც იგივე გზა გააგრძელონ?

- გამართლებული არ არის, მაგრამ თქვენ თუ მეტყვით ერთ ადამიანს, რომელიც ობიექტურად ხედავს, რა არის საჭირო, რომელიც არ თვლის, რომ რაც მას უნდა, ისაა ობიექტურად საჭირო, მაშინ დაგეთანხმებით. რა თქმა უნდა, “ქართული ოცნების” ინტერესებში შედის ბევრი მუხლი, მაგრამ ის ასე ხედავს ქვეყნისთვის საჭიროებას.

- არა მარტო დაინტერესებულ ოპოზიციას, არამედ ექსპერტებისა და არასამთავრობოების დიდ ნაწილს არ მოსწონს ეს საარჩევნო სისტემა, როდესაც გადაუნაწილებელი მანდატები მთლიანად პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ უნდა მიიღოს და პლუს, როდესაც მმართველი პარტია არც 5%-იანი ბარიერის დაწევას თანხმდება. თვლით, რომ ეს წესი სამართლიანია და ამ საარჩევნო სისტემითოცნებახელისუფლებაში ყოფნას არ იხანგრძლივებს?

- არ გამოვრიცხავ, რომ იხანგრძლივებს და არ გამოვრიცხავ, რომ ინტერესები აქვს. მე “ქართულ ოცნებას” ვარდისფერი სათვალეებით არ ვუყურებ – ეს საკმაოდ პრაგმატული ადამიანების ჯგუფია, მაგრამ ქრისტესი არ იყოს, ქვა იმან ისროლოს, ვინც უცოდველია. ის, რომ ხმები მთლიანად მიაქვს ერთ პარტიას, რა თქმა უნდა, უსამართლოა, მაგრამ ეს შედარებით მცირე უსამართლობაა, ვიდრე მოწმენი ვყოფილვართ სხვა დროს ანალოგიური უსამართლობებისა. კონცენტრაცია ამაზე რომ გაკეთებულიყო და არა იმაზე, რომ მაჟორიტარული სისტემა გაუქმდეს, კიდევ უფრო გასაგები იქნებოდა, მაგრამ ასე მიდის პროცესი – ოპოზიცია თავის თავზე ზრუნავს, ხელისუფლება – თავის თავზე. ამაში, მით უფრო საქართველოს პირობებში, გასაკვირი არის რამე?!

თუკი საქართველოს მოსახლეობისთვის აქვს დიდი მნიშვნელობა, მანდატებს ერთი პარტია წაიღებს თუ სხვა პარტიებს რამე დარჩება, უნდა გადავავლოთ თვალი, მოსახლეობაში რა დამოკიდებულებაა ოპოზიციური პარტიების მიმართ და ვხედავთ, რომ მოსახლეობაში მათ მიმართ ინტერესი არანაირი არ არის, ამდენად, ორი მანდატით მეტს მიიღებენ თუ არა, ეს ხალხს არ აინტერესებს.

საქართველოში არც ენჯეოებს აქვთ რეიტინგი, იმიტომ, რომ არც ერთ ენჯეოში არ იკითხება საქართველოს ინტერესი, არამედ იმის, ვინც გრანტს აძლევს ან რომელიმე პარტიის, რომელიც თუ ხელისუფლებაში მოვა, ამ ენჯეოების კადრებს გახდიან პოლიტიკოსებს. ჩვენთან ეს მოდელი მუშაობს და საზოგადოებაც ამ თვალით უყურებს ენჯეოებს. ამდენად, არიქა, ოპოზიცია და ენჯეოები არიან წინააღმდეგნი, ეს ორივე ჯგუფი ხალხისთვის არცთუ დიდ ღირებულებას წარმოადგენს, თუმცა საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობაში უჭირავთ ადგილები. მათი მოთხოვნები ხალხში ნდობას არ იმსახურებს.

- იმისათვის, რომ დავამტკიცოთ, ხალხი ამ საკონსტიტუციო ცვლილებებში ვის მხარეს იჭერს, ოცნების თუ ოპოზიცია-ენჯეოების, აუცილებელი ხომ არ არის, პლებისციტი ჩატარდეს და ყველაფერი ნათელი გახდეს? “ოცნებაკი ჯიუტად არ თანხმდება პლებისციტს...

- ამისთვის ბრძოლა სერიოზულად მიმაჩნია, ოღონდ არა პლებისციტი, არამედ რეფერენდუმი ჩატარდეს. ერდოღანმა, რომელიც ნაკლებად იბრალებს დემოკრატიულობას, ვიდრე ჩვენ, კონსტიტუციის ცვლილებები რეფერენდუმით მიიღო და ჩვენ რატომ არ შეიძლება ასევე რეფერენდუმით მივიღოთ?! ეს ყველაფერი უნდა მოხდეს განხილვების შემდეგ. ისინი ამ რეფერენდუმს მოიგებენ, მაგრამ გაუბედაობით ხელმძღვანელობენ, როდესაც არ სურთ, ეს საკითხი რეფერენდუმზე გავიდეს. ხელისუფლებაში გაუბედაობა საერთოდ ახასიათებთ.

რეზონანსი“, 26 აპრილი, 2017 წელი

ენმ“: საარჩევნო კოდექსში ცვლილება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არის მიმართული

გვანცა ღვედაშვილი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერ ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინიციატივა კონკრეტულად ერთი ადამიანის წინააღმდეგაა მიმართული, რომელსაც ივანიშვილი მთავარ საფრთხედ აღიქვამს.

“კონსტიტუციაზე ძალადობის პარალელურად, ამ დღეებში ხელისუფლებამ გადადგა კიდევ ერთი ნაბიჯი, რომლის მიზანია, ივანიშვილის მიერ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის შემდგომი შეზღუდვა და ძალაუფლების უზურპაცია. კერძოდ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარლამენტს წარუდგინა საარჩევნო კოდექსში ცვილებებისა და დამატებების პროექტი, რომელიც რეალურად მიმართულია მხოლოდ ერთი, ანუ იმ პირის წინააღმდეგ, რომელსაც ივანიშვილი აღიქვამს საკუთარი ძალაუფლების მთავარ საფრთხედ,” – აცხადებს ზაზა ბიბილაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კოდესში შესატან ცვლილებათა პაკეტში, რომელიც ცესკო-მ წარმოადგინა, იგეგმება შემდგომი პუნქტის ჩამატება, რომლის მიხედვითაც, ორგანიზატორის მიერ კანონით დადგენილი წინასაარჩევნო კამპანიის წესების დარღვევად მიიჩნევა იმ პირის მონაწილეობის დაშვება აგიტაციაში, ვისაც კამპანიაში მონაწილეობის უფლება არ აქვს და მის მიმართ ვერ ხორციელდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება.

„ნაცმოძრაობის» განცხადებას საარჩევნო კოდექსში ინიცირებულ ცვლილებას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ სააკაშვილის სიტყვას არც აქამდე ჰქონდა და არც ახლა ექნება ის ფასი, რომ რაიმე არსებითი გავლენა მოახდინოს საარჩევნო პროცესებზე.

ირაკლი კობახიძის თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ინიცირებულ წინადადებას ჯერჯერობით არ იცნობს, თუმცა გამორიცხავს, რომ მის მიზანს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი განცხადებების შემთხვევაში “ნაციონალური მოძრაობის” დაჯარიმება წარმოადგენდეს.

„ცესკო-ის მხრიდან შემოსული იყო საკანონმდებლო წინადადება, რომელიც მოიწონა კომიტეტმა წინადადების დონეზე. ამის საფუძველზე ინიციატივა შევა საქართველოს პარლამენტში. რაც შეეხება რეგულაციებს, მე, სამწუხაროდ, არ ვიცნობ ჯერ – გავეცნობი. არა მგონია, რომ ეს იყოს აქტუალური საკითხი,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობად ვერ ჩაითვლება ისეთი შემთხვეევები, როდესაც, მაგალითად, ევროპის სახალხო პარტია განცხადებას გააკეთებს.

„რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევებზე – როდესაც ესპ-ის ან რომელიმე სხვა ევროპული პარტიის წარმომადგენელი ჩამოდის და განცხადებას აკეთებს – აქ საუბარი ვერ იქნება. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში არ უნდა დაჯარიმდეს შესაბამისი სუბიექტი. როგორც კი დეტალებში გავერკვევი, გავაკეთებ კომენტარს,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საარჩევნო კოდექსში მისაღებ ცვლილებას პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძეც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აღნიშნული ჩანაწერის აღსრულება არარეალურია. „არარეალურად გვეჩვენება, რომ ასეთი ჩანაწერი ამოქმედდეს, რა თქმა უნდა, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არჩევნებია, მოსახლეობა თავად უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას, თუმცა ამ კონკრეტულ ჩანაწერზე ჩვენი პოზიცია ის არის, რომ აღსრულება ცოტა არარეალურია,” – განაცხადა ეკა მიშველაძემ.

რეზონანსი“, 26 აპრილი, 2017 წელი

ვინ ითანამშრომლებსნაციონალურ მოძრაობასთან თვითმმართველობის არჩევნებზე

ნინო ქეთელაური

თვითმმართველობის არჩევნებზე აპირებენ თუ არა “ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობას, ოპოზიციური პარტიები გადაჭრით არ პასუხობენ და აღნიშნავენ, რომ ეს “თანამშრომლობის ფორმატზეა” დამოკიდებული. იმაზე, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობას აპირებს, განცხადება პარტიის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, ამ საკითხზე კონსულტაციები სხვადასხვა პარტიასთან უკვე მიმდინარეობს. თუმცა კონკრეტულად რომელ პარტიებთან, ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს.

“ბუნებრივია, გარკვეული კონსულტაციები იქნება სხვა პოლიტიკურ პარტიებთანაც, უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ წინასაარჩევნო კამპანიის გახსნას და აქტიურად შევუდგებით ამ საქმეს. კონკრეტულად პოლიტიკური პარტიების დასახელებისგან თავს შევიკავებთ, მიმდინარეობს კონსულტაციები სხვადასხვა პარტიასთან. მთავარი ოპოზიციური ძალა “ნაციონალური მოძრაობაა” და ჩვენ სხვა პარტიებთან თუ დამოუკიდებლად ვაპირებთ ხელისუფლების დამარცხებას და ქვეყნის გათავისუფლებას “ქართული ოცნების” მარწუხებისგან”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

„რეზონანსი” შეეცადა გაერკვია, თვითმმართველობის არჩევნებზე “ნაცმოძრაობასთან” რომელი ოპოზიციური პარტიები აპირებენ თანამშრომლობას, რისთვისაც რამდენიმე მათგანს დაუკავშირდა.

„თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი შალვა შავგულიძე არ აკონკრეტებს, აპირებს თუ არა “ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობას, თუმცა განმარტავს, რომ ზოგადად, ევროპული ორიენტაციის პარტიებთან კოორდინაცია მისაღებია: „თანამშროლობა არსებობს რამდენიმე სახის, ერთ ბლოკად გაერთიანება, საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით პოზიციების შეჯერება და ა.შ. გააჩნია, რა იგულისხმება თანამშრომლობაში. რაღაც გარკვეული შეთანხმებები პოლიტიკურ ძალებს შორის მისაღებია და ხდება ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში, რა შეთანხმებაზეა საუბარი, ეს უნდა დაკონკრეტდეს. ჯერჯერობით საარჩევნო თანამშრომლობასთან დაკავშირებით კონსულტაციები არავისთან არ გვაქვს. მაგრამ გამორიცხვით, ზოგადად დასავლური ორიენტაციის პარტიებთან გარკვეულ კოორდინაციას არ გამოვრიცხავთ. თუმცა, რომელ პარტიასთან და რა სახის კოორდინაცია იქნება, ეს დამოკიდებულია კონკრეტული საჭიროებებიდან და მიზანშეწონილობიდან გამომდინარე,” – ამბობს შალვა შავგულიძე.

„ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ზოგადად, ოპოზიცურ პარტიებთან თანამშრომლობას აპირებს, თუმცა ცალკე “ნაციონალურ მოძრაობასთან” კონსულტაციები არ აქვს: „ნაციონალურ მოძროაბსთან” თანამშრომლობაზე არც კონსულტაციები და არც ზოგადად საუბარი არ გვქონია. გუშინ გვქონდა შეხვედრა, სადაც საკონსტიტუციო ჭრილში იყო საუბარი. სხვა ოცამდე პოლიტიკურ პარტიასთან ერთად, შეხვედრაზე “ნაციონალური მოძრაობაც” იყო. ვნახოთ, რა ფორმატს მიიღებს ეს თანამშრომლობა. თუმცა, ცალკე “ახალი საქართველო” და “ნაციონალური მოძრაობა”, არანაირ კონსულტაციაში არ ვართ, რომ რაიმე შედეგზე გავიდეთ,” – ამბობს გიორგი ვაშაძე.

რაც შეეხება „ევროპულ საქართველოს“, პარტიის წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” თანამშრომლობაში რას გულისხმობს, არ იცის, თუმცა თვითმმართველობის არჩვნებზე დამოუკიდებლად გასვლას აპირებენ და მათ თავიანთი კანდიდატები ეყოლებათ: „არ ვიცი, თანამშრომლობაში რას გულისხმობენ ან კონკრეტულად რა ინიციატივა აქვთ, მაგრამ იმის თქმა შემიძლია, რომ თვითმმართველობის არჩვნებზე ჩვენით გასვლას ვაპრებთ და მერობის საკუთარი კანდიდატიც გვეყოლება, რომელსაც ძალიან მალე დავასახელებთ“, – ამბობს სერგი კაპანაძე.

„ახალი თაობა“, 26 აპრილი, 2017 წელი

ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „ამ სახის კონსტიტუციით ძალიან მძიმე რეალობას მივიღებთ

საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა დასრულებულია. განხილვებმა საზოგადოებრივ წრეებში გადაინაცვლა. ოპოზიცია ვენეციის კომისიის დასკვნის მოლოდინშია. რა მოლოდინებია ვენეციის კომისიისგან, როგორ კონსტიტუციას ვიღებთ? „ახალი თაობის“ ამ და სხვა კითხვებს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი პასუხობს.

- ბატონო სოსო, კონსტიტუციის პროექტზე საზოგადოებრივი განხილვები დაიწყო. ასევე ველოდებით საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს. როგორია თქვენი მოლოდინი?

- გულსატკენია, რომ საქართველოს პოლიტიკურმა სპექტრმა და აქტიურმა არასამთავრობო სისტემამ ვერ მოახერხეს ქვეყნის შიგნით რაიმე კონსენსუსის მიღწევა.

- გქონდათ ასეთი შედეგის მოლოდინი?

- ძალიან მარტივად პროგნოზირებადი იყო შედეგი, მას შემდეგ, რაც შემოდგომაზე შეკრებილი მეოცნებეების ყიჟინა მოვისმინეთ, რომ უნდა შეიცვალოს პრეზიდენტის არჩევის წესი. ცხადია, ეს თემა მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში მუშავდებოდა იატაკქვეშეთში და ამიტომ ამოხეთქა მან ასე თავშეუკავებლად.

- სერიოზულად კნინდება ეს ინსტიტუტი? უფუნქციოდ რჩება პრეზიდენტი?

- რა თქმა უნდა! თან ხან გვეუბნებიან, რომ პრეზიდენტი იქნება მთავარსარდალი, თან გვეუბნებიან, რომ აღარ იარსებებს უშიშროების საბჭო და ასე ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებს მეოცნებეთა ზონდერგუნდი, რომელსაც დიდი გავლენა აქვს და რომლებიც ზღვარგადასულ პოლიტიკას ატარებენ! ცხადია, ეს მოდელი კონსტიტუციისა სწორედ ის დოკუმენტია, რომელიც მხოლოდ ამ პარტიის კულუარებში იქმნებოდა.

- ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პარლამენტმა საკონსტიტუციო კომისიას რამდენიმე ძირითადი ამოცანა დაუსახა და ეს ამოცანები შესრულებულია...

- ადამიანი ვერ არჩევს ერთმანეთისგან კონსტიტუციასა და საკუთარ ჯიბის ბლოკნოტს, სადაც მუდმივად შეუძლია შეიტანოს ისეთი ცვლილება, რომელიც მას თავში გაუელვებს. ჩვენ გამოვიარეთ იმავე სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდი და ვიცით, როგორი შედეგის მომტანია ერთ პოლიტიკურ ძალაზე დაწერილი კონსტიტუცია. ამიტომ ახლა არა უკვე ოპონენტ პოლიტიკოსებთან ექნება „ქართულ ოცნებას“ საქმე, არამედ საქართველოს მოსახლეობასთან, რომელიც ბევრად უფრო პრინციპულია, ვიდრე რომელიმე ცალკე აღებული პოლიტიკური სუბიექტი.

- განხილვებმა გადაინაცვლა საზოგადოებაში, არასამთავრობო სექტორში. შეიცვლება რამე?

- ღირსეული ხელისუფლება შეიძლება ჰყავდეს მხოლოდ იმ საზოგადოებას, რომელსაც გააჩნია მოქალაქეობრივი ღირსების ძლიერი მუხტი. აქ სერიოზული როლი მიეკუთვნებათ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებმაც ყველაფერი ქნეს, რომ შეეგონებინათ მეოცნებეთათვის, რა შეიძლება და რა არ შეიძლება იყოს სახელმწიფოს კონსტიტუცია. ვერ შეაგნებინეს, რა განსხვავებაა პარტიულ და სახელმწიფო ინტერესებს შორის! ამდენად, ვფიქრობ, წარმატებული იქნება ჩვენი ქვეყანა იმ შემთხვევაში, თუ მოვახერხებთ ჰარმონიზებას, რასაც ჰქვია ხმა ღვთისა და ხმა ერისა.

- ოპოზიციის ნაწილი არც იმას გამორიცხავს, რომ ეს საკითხი რეფერენდუმზე განხილვის საგნად იქცეს. ამაზე რას იტყვით? მოუწევს ხელისუფლებას რეფერენდუმის დანიშვნა კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით?

- თითქმის 10 წელია, რაც ყოფილი და დღევანდელი ხელისუფლებებისთვის კომფორტულია, რომ არსებული კონსტიტუციით შეიზღუდოს რეფერენდუმის ჩატარების საშუალება.

- რა მოტივით?

- მოიტანეს ასეთი ფსევდოპატრიოტული ჩანაწერი ნაციონალებმა, რომ არ შეიძლება ჩატარდეს რეფერენდუმი, რადგან იგი უნდა ჩატარდეს საქართველოს მთლიან ტერიტორიაზე. კი ბატონო, გადის წლები და ვხედავთ, რომ ეს ჩანაწერი დიდ მალამოდ მოედო „ქართულ ოცნებასაც“! არ აინტერესებდათ არც ნაციონალებს და ახლა არც მეოცნებეებს, რას ფიქრობს ხალხი.

- ვისი ეშინიათ, საკუთარი მოსახლეობის?

- სწორედ რომ! ყველამ კარგად ვიცით, როგორ „ათანხმებდა“ წინა კონსტიტუციას ნაციონალური მოძრაობა.ზუსტად იმ ფორმატით აპირებენ ესენიც,10-დან 15-მდე ადამიანი შეაგროვონ რომელიმე სახელმწიფო სუბიექტის კაბინეტში, სხვადასხვა რაიონში და არ გამოვრიცხავ, რომ 100%-ზე მეტი მხარდაჭერა გამოაცხადოს შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ იმ დოკუმენტის მიმართ, რომელსაც იგი ჯერ კიდევ კონსტიტუციას ეძახის და ამით შეურაცხყოფა მიაყენოსმთლიანად ქართველ საზოგადოებას.

- თქვენ ამბობთ, რომ საზოგადოებასა და ოპოზიციურ სპექტრს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების იმედი აქვთ. გაიზიარებს ოცნება ამ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს?

- აბა, რა გითხრათ, ლამის ხატზე დაიფიცა პარლამენტის ჩვენმა ახალბედა სპიკერმა, რომ ყველა შენიშვნა იქნება რეალიზებული, რასაც ისინი მიიღებენ ვენეციის კომისიისგან. აღდგომა და ხვალეო, ნათქვამია. შორს არ არის ის დრო, როდესაც ყველას და ყველაფერს ნიღაბი ჩამოეხსნება. თუკი ამ სახით დარჩება კონსტიტუცია, ჩვენ მივიღებთ ძალიან მძიმე რეალობას და ეს იქნება მიმანიშნებელი იმისა, რომ ხელისუფლების შეცვლა ვეღარ მოხერხდება იმ დემოკრატიული გზით, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2012 წელს.

- ხელისუფლებაში ყოფნის ვადის გახანგრძლივებას ცდილობს ქართული ოცნება?

- აწ და მარადის, უკუნითი უკუნისამდე, მე მგონი, სამარადჟამოდ აპირებს `ოცნება~ ხელისუფლებაში დარჩენას! მხოლოდ წინა ხელისუფლების ლანძღვით არიან დაკავებული, სხვა რა გააკეთეს?! კი ბატონო, დანაშაული უამრავი ჰქონდა წინა ხელისუფლებას, მაგრამ, როდესაც იმავე ნაბიჯებით აპირებ ქვეყნის მართვას, რომელიც ჩვენ უკვე გამოვიარეთ და დავიწუნეთ, მაშინ არაადეკვატური ბუნების მქონე ლიდერები უნდა ჰყავდეს ასეთ პარტიას, რომ ვერ გაითავისოს, რა იყო, რა მოხდა და რა მოხდება!

„ახალი თაობა“, 26 აპრილი, 2017 წელი

ინტერვიუ ლევან ალაფიშვილთან: „კონსტიტუცია არის მოქალაქეების დოკუმენტი ხელისუფლების შესაზღუდად

კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში საკონსტიტუციო ცვლილებებზე, კონკრეტულად საარჩევნო სისტემაზე საუბრობს.

- კონსტიტუციის ახალ ვარიანტში შერეული საარჩევნო სისტემა პროპორციული სისტემით იცვლება, თუმცა შემოთავაზებული ვარიანტი ოპოზიციისთვის მიუღებელია. საუბარია გადაუნაწილებელ მანდატებზე, რომლებიც პირველ ადგილზე გასულ პარტიას მიაქვს. რამდენად სამართლიანია, როდესაც ყველა საპროტესტო ხმა ხელისუფლებას მიაქვს?

- ერთი შეხედვით, ძალიან მარტივი კითხვაა და თითქოს მარტივადაც უნდა გადაწყდეს, მაგრამ ნამდვილად არ არის ასე ადვილად გადასაწყვეტი საკითხი. შეიძლება, უცნაურად მოგეჩვენოთ თქვენც და ჩვენს მკითხველსაც, თუკი ვიტყვი, რომ არცერთ დემოკრატიულ საზოგადოებაში, სადაც საარჩევნო სისტემა და საარჩევნო ბარიერი არსებობს, ბოლომდე მაინც არ არის სამართლიანი არჩევნები უზრუნველყოფილი.

- რატომ?

- თუნდაც ბარიერის არსებობა უკვე ნიშნავს თავის თავში არასამართლიანობას. მაგალითად, მე მხარი დავუჭირე „საქართველოს მონარქისტთა პარტიას“, რომელმაც ბარიერი ვერ გადალახა, მაგრამ ჩემი ხმა, როგორც ასეთი, მონაწილეობს ხმების დათვლაში, მანდატების გადანაწილებაში და ა.შ. ამდენად, თუ ასე მივუდგებით საკითხს, მმართველ პარტიას აქვს ტვირთი და ის პასუხისმგებლობა ამომრჩევლის წინაშე, რომელიც მან აიღო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამაში პირდაპირ წერია საარჩევნო სისტემის არა მხოლოდ გაუმჯობესება, არამედ სამართლიანი გარემოს უზრუნველყოფაც. იმედი მაქვს, რომ კონსტიტუციის ახალი პროექტის განხილვების დროს ადგილობრივი თუ საერთაშორისო ჩართული მხარეების მონაწილეობით შესაძლებელი გახდება ფართო კონსენსუსის მიღწევა. სწორედ კონსენსუსის მიღწევასთან არის დაკავშირებული, ერთი მხრივ, სამართლიანი საარჩევნო სისტემა და, მეორე მხრივ, სახელმწიფოს პოლიტიკური ცხოვრებისა და მმართველობის სტაბილური განვითარება.

- მაგალითად, მმართველმა პარტიამ აიღო 23%, ოპოზიციამ 22% და მაინც პირველ ადგილზე გასულ პარტიას მიაქვს ყველა საპროტესტო ხმა. ეს რისკების შემცველი არ არის?

- ასეთ დროს ბევრი რამე ამომრჩეველთა აქტიურობაზეც არის დამოკიდებული, თუმცა, ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ: იმ პირობებში, როდესაც მხოლოდ პროპორციული არჩევნებია, მით უფრო 5%-იანი ბარიერის პირობებში, პრაქტიკულად, გამორიცხულია ერთი რომელიმე ძალის ხელში კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვება.

თქვენ მიერ დასახელებული მაგალითიდან გამომდინარე ვმსჯელობ, რომ საჭირო გახდება კოალიციური მთავრობის ფორმირება, თუმცა, რამდენად მიღწევადია არსებული პოლიტიკური კულტურის გათვალისწინებით, რთული სათქმელია, რადგან ზოგადად კონსენსუსი და კოალიცია ნიშნავს შესაბამისი პოლიტიკური კულტურისა და პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური გაერთიანებების არსებობას.

სწორედ ამგვარი საფრთხეების, არასტაბილურობის თავიდან ასაცილებლად არის საჭირო ე.წ. ბონუსების სისტემა. როდესაც ვერ ხერხდება პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევა, კონკრეტულ ძალას ცოტათი მეტი მანდატი გადაეცემა ხოლმე. სხვადასხვა ქვეყანაში „ბონუსების სისტემა“ სხვადასხვაგვარად რეგულირდება.

- ხელისუფლებას ხშირად იტალიისა და საბერძნეთის მაგალითი მოჰყავს .. მცირე ბონუსთან დაკავშირებით, რომელიც სწორედ პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად არის...

- კი ჰგავს, მაგრამ იტალიაში პირდაპირ არსებობს ჩანაწერი – გამარჯვებულს მიაქვს არა ყველა გადაუნაწილებელი მანდატი, არამედ 50 მანდატი.

- ბევრჯერ ახსენეთ ბარიერი. საერთოდ, ბარიერის გაუქმების მომხრე ხართ?

- ძლიერი სახელმწიფოს წინაპირობა არის ძლიერი თვითმმართველობა და ძლიერი პოლიტიკური პარტიები, რომლის მეშვეობითაც ბალანსდება კიდეც ხელისუფლება და კომპლექტდება კიდეც.

- ამისთვის კი საკმაოდ მაღალი ბარიერია საჭირო. არ მეთანხმებით?

- დიახ, თუმცა მხოლოდ ბარიერი არ არის საკმარისი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ძლიერი პარტია დაკავშირებულია ამასთან, მაგრამ, რამდენი უნდა იყოს ბარიერი, ამაზე პასუხი არ მაქვს.

- ვინ უნდა წერდეს კონსტიტუციას, ოპოზიცია თუ ხელისუფლება? ხელისუფლება მუდმივად არ იქნება სათავეში. ხშირად ხელისუფლება რაღაცას სათავისოდ აკეთებს, მაგრამ ის მალევე ტოვებს პოზიციებს

- ამ თქვენს კითხვას ასე ვუპასუხებ: ვინ და როგორ უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას კონსტიტუციასთან დაკავშირებით? ამ შემთხვევაში პასუხი მარტივია _ ამომრჩეველი. ამომრჩეველი, რომელსაც საკუთარი პასუხისმგებლობა აქვს გაცნობიერებული როგორც პროცესის მონაწილეობაზე, ისე არმონაწილეობაზე. კონსტიტუცია არის მოქალაქეების დოკუმენტი ხელისუფლების შესაზღუდად. ჩვენნაირი გარდამავალი დემოკრატიისა და ჯერ კიდევ განვითარებადი სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური კულტურის მქონე საზოგადოებისთვის ყოველთვის იარსებებს რისკი, რომ გაჩნდეს გარკვეული პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც საკუთარ მოკლევადიან თუ გრძელვადიან ინტერესებს მოარგებს ამა თუ იმ გადაწყვეტილებას.

ამდენად, დასკვნა ძალიან მარტივია: პროცესი უნდა იყოს ფართო ჩართულობით წარმართული და არა რომელიმე ერთი აქტორის, თუნდაც მმართველი გუნდისა თუ ოპოზიციის მიერ წარმოებული. ყველა თანაბრად უნდა იყოს ჩართული და პასუხისმგებლობა თანაბრად უნდა იყოს აღებული და გადანაწილებული.

- კონსენსუსის შედეგი უნდა იყოს

- რა თქმა უნდა, დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვაგვარად წარმოუდგენელია. საზოგადოების ფართო ჩართულობა ხშირ შემთხვევაში ხელისუფლებისთვის სარკეა, თუ რას ფიქრობს ამომრჩეველი, ხალხი. თუნდაც პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით ბოლო დროს შექმნილი შეხედულებები, პოზიციები პირდაპირ კარნახობს ხელისუფლებას, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

„ახალი თაობა“, 26 აპრილი, 2017 წელი

ინტერვიუ მირიან მირიანაშვილთან: «ქართული ოცნების თვითლიკვიდაციის მცდელობა კითხვებს აჩენს» // „კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს რეპრესიული ბალაგანის სახე აქვს“ // „რუსეთი საქართველოში ნაცად სცენარს უბრუნდება

ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე „ახალი თაობა“ ესაუბრა საქართველოს გადარჩენის მოძრაობის ლიდერ მირიან მირიანაშვილს

- ადრე განაცხადეთ, რომ ქართული ოცნება ძირს ითხრის. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტმა უფრო გაართულა მდგომარეობა?

- ცხადია. ამან სიტუაცია უფრო გაამწვავა. კონსტიტუციაში შესატანი შესწორებები ძალიან უცნაურია და მავნებელია თავად „ქართული ოცნებისთვის“. მარტო ბლოკების აკრძალვა რად ღირს! ასეთ ცვლილებებს რეპრესიული ბალაგანის სახე აქვს. დედაქალაქის მერობის კანდიდატებად მმართველი პარტია თბილისელებისათვის მიუღებელ კანდიდატებს განიხილავს. არც დავით ნარმანია ყოფილა დედაქალაქისათვის შესაფერისი მერი. „ქართული ოცნების“ პოლიტიკა, მისი კურსი ამ 5 წლის განმავლობაში კონფრონტაციული და მისთვისვე წამგებიანი იყო. «ქართული ოცნების“ თვითლიკვიდაციის მცდელობა კითხვებს აჩენს.

- კონფრონტაციულობაში რა იგულისხმება?

- „ქართულმა ოცნებამ“ თავისი არასწორი გადაწყვეტილებებითა თუ უმოქმედობით დაკარგა მომხრეები, არ შეასრულა დაპირებები, რომელსაც ყოველი არჩევნების წინ გასცემდა. 2012 წელს საზოგადოება „ქართული ოცნების“ გარშემო გაერთიანდა. აქ სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები იყვნენ. 5 წლის შემდეგ უეჭველი გახდა, რომ მმართველმა პარტიამ მომხრეთა ყველა ფენა „გადააგდო“. მსოფლიო პოლიტიკური ისტორიისათვის უპრეცედენტოა, რომ ხელისუფლებაში მოსული ძალა უარს ამბობს თავისი შეპირებების შესრულებაზე ისე, რომ აქედან სარგებელიც არ გააჩნია. ადამიანებს ხშირად ვხვდები. მათი უმრავლესობა „ოცნების“ მხარდამჭერი იყო, მაგრამ ახლა ამ სახელის გაგონებაც არ უნდა. მხარდაჭერის გარეშე მმართველ ძალას ლეგიტიმაცია და მანევრირების საშუალება ეკარგება.

- ხალხის დიდი ნაწილი გაურკვევლობაშია?

- ადამიანებმა არ იციან, ვის და რას უნდა დაუჭირონ მხარი. ისინი ვერ ჩამოყალიბებულან. ამ ადამიანებს „ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ გაუცრუა იმედი. „ქართული ოცნების“ სუიციდური კურსი საეჭვოა და დესტაბილიზაციის აშკარა საფრთხეს შეიცავს. დაუჯერებელია, „ოცნება“ იმისთვის იყოს მოსული, რომ საქმე გაიფუჭოს და მთელი საზოგადოება გადაიკიდოს.

- ამაში რაიმე ჩანაფიქრი შეიძლება იყოს?

- არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. არის იმის ნიშნები, რომ «ქართული ოცნების» გადაფორმატება იწყება. მმართველი ელიტის შეცვლა და ამის შემდგომი კატაკლიზმები ახსოვს საქართველოს უახლეს ისტორიას. ამ ანტისახელმწიფოებრივ პროცესებში მონაწილეობდა რუსეთი.

- შესაძლოა, რუსეთი მიმდინარე მოვლენებშიც იყოს ჩართული?

- სავსებით. «ქართული ოცნება“ იზოლაციაში აღმოჩნდა. მან ვერ მიაღწია თანხმობას პოლიტიკურ ძალებთან და დაკარგა მომხრეები საზოგადოებაში. მისი დაპირება სამართლიანობის დამკვიდრება და ნაციონალური მოძრაობის დამნაშავე წევრების დასჯა იყო. „ქართულმა ოცნებამ“ ამის ნაცვლად შეაჩერა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური სიკვდილი, უზრუნველყო ნაცმოძრაობისა და მისი კლონების ლიდერების და ახლობლების ქონება და უსაფრთხოება, ხელი შეუწყო მათ პოლიტიკურ მომავალს. თუ ცოტა ხნის წინ ნაციონალური მოძრაობა და მისი განაყოფები კეთროვნებად ითვლებოდნენ, ახლა ასე აღარაა.

- ნაციონალურ მოძრაობას ხელისუფლებისკენ გზა გაეხსნა?

- რასაკვირველია. შექმნილი მდგომარეობის ბენეფიციარები შეიძლება გახდნენ ნაციონალური მოძრაობა სააკაშვილთან ერთად და მათი კლონები დიდი რესურსებისა და გავლენის გათვალისწინებით, ხოლო ქართულ სახელმწიფოს შტოპორი ემუქრება. ხელისუფლებაში ბევრი ვერ აცნობიერებს, რა ხდება. მაგალითად, პარლამენტი დაკავებულია მეასეხარისხოვანი საკითხებით. გავეცანი საკანონმდებლო ორგანოს სხდომების დღის წესრიგს, რომელიც აცდენილია უმძიმეს რეალობას. ანალოგია შემიძლია გავავლო 1991 წელთან. მაშინ დეპუტატი ვიყავი. 1991 წლის დეკემბერში, როცა ცნობილი სისხლიანი მოვლენები მწიფდებოდა, ჩვენი საკანონმდებლო ორგანო უმნიშვნელო საკითხებს განიხილავდა.

- როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?

- საუბედუროდ, ცუდად. ჩანს იმის ნიშნები, რომ რუსეთი საქართველოში ნაცად სცენარს უბრუნდება. მმართველი ძალების ტრანსფორმაცია საქართველოში რუსეთის ჩარევით ხდებოდა. ამ სცენარით ყოველთვის იზრდებოდა საზოგადოების იმედგაცრუება, იქმნებოდა ფსევდოდასავლური ბანაკი, რომელიც სინამდვილეში რუსეთის ნების შემსრულებელი იყო. ეს ვითომ დასავლური ძალა პოლიტიკურად ანადგურებდა მარგინალურ პრორუსულ ბანაკს. ასე მოხდა 2003 წელსაც. მაშინ პროცესები განვითარდა რუსეთის დირიჟორობითა და დასავლეთის ნებართვით. ახლაც იკვეთება ამ სცენარის განვითარება. «ქართული ოცნება“ ამ გეგმის მსხვერპლი გახდება. ის აღმოჩნდება ისეთივე მდგომარეობაში, როგორშიც შევარდნაძე 2003 წელს.

მინდა მოვუწოდო „ქართულ ოცნებას“, გონს მოეგოს და არ დაუშვას სახელმწიფოს საწინააღმდეგო გეგმების აღსრულება! ხელისუფლება სახელმწიფოს საშინელ მდგომარეობაში ჩააგდებს, როცა ჩატყდება ტოტი, რომელსაც ის თვითონ იჭრის.

„ახალი თაობა“, 26 აპრილი, 2017 წელი

ინტერვიუ ემზარ კვიციანთან: „როცა გიგა ბოკერიას აგენტი ვუწოდე, მოტრიალდა და დებილი მიწოდა. ამიტომაც ვესროლე კალამი“ // „ნაციონალებს ყველაფერზე საკადრის პასუხს გავცემ

რატომ არა აქვს გიგა ბოკერიას მისთვის შეხედვის უფლება, სად დაიკარგა მის მიერ ნასროლი კალამი, რას ურჩევს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ვისი უფლებებია დაცული საქართველოში? ამ თემებზე „ახალ თაობას“ პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ემზარ კვიციანი ესაუბრება.

- თქვენი და გიგა ბოკერიას ჩხუბი ისევ განხილვის თემაა. თქვენმა განმარტებამ - ბოკერიას ჩემკენ გამოხედვის უფლება არა აქვსო, საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია. ყოფილი ხელისუფლების წევრების თქმით, ადამიანს თქვენკენ გამოხედვას ვერ აუკრძალავთ...

- საზოგადოება იმან უფრო გააღიზიანა, გიგა ბოკერიას კალამი რომ ავაცილე. მე არსად განმიცხადებია, რომ ადამიანებს ჩემკენ გამოხედვის უფლება არა აქვთ. გიგა ბოკერია ჰგონიათ ადამიანი? გიგა ბოკერია გახლავთ ის ჯალათი, რომელმაც ჩემი და, ნორა, 6 წელი ტყუილად გამოამწყვდია ციხეში. ბოკერიასა და მის გარშემომყოფებს როგორ შეიძლება, ადამიანები ვუწოდო, როცა მათ საქართველოს ტერიტორიების 20% რუსებს დაუკანონეს.

- აფხაზეთი და სამაჩაბლო ჯერ კიდევ მანამდე დაიკარგა, სანამ ბოკერია ხელისუფლებაში მოვიდოდა...

- აფხაზეთი და სამაჩაბლო დაკარგული იყო, მაგრამ კოდორსა და ახალგორს ჩვენ ვაკონტროლებდით. ამის გარდა, აფხაზეთი და ცხინვალი აღიარებული არ იყო. ამათ ჩვენი ტერიტორიები ოფიციალურად გადასცეს რუსებს. ამის ერთ-ერთ შემოქმედ გიგა ბოკერიას, დიახაც, ვუკრძალავ ჩემკენ გამოხედვას. კოდორის დაცვის დროს უამრავი თანამებრძოლი დამეღუპა. გადარჩენილები ამათ დაიჭირეს და რამდენიმე დღის შემდეგ ციხეში ცემით მოკლეს და ახლა ნაციონალებს ის უკვირთ, რომ ბოკერიას ვეჩხუბები? კიდევ თუ გამოიხედავს, იგივე გამეორდება.

- თქვენ და გიგა ბოკერია პარლამენტში ერთად უკვე რამდენიმე თვეა, რაც ხართ. ამ ხნის განმავლობაში მან პირველად გასულ კვირას გამოიხედა თქვენკენ?

- სხვა დროსაც იხედებოდა, მაგრამ ჩუმ-ჩუმად. მისი მისამართით რამდენიმე განცხადება გავაკეთე, მაგრამ ხმა არ ამოუღია, გასუსული იყო. ახლა რაღაცამ გააბლატავა ანდა დირექტივა მოუვიდა უცხოეთიდან.

- რა დირექტივა, ელდარ კვიციანს შეხედეო?

- არც ეგ არის გამორიცხული, რომ უთხრან, კვიციანს დაუპირისპირდიო. აქამდე ხომ გითხარი, ხმას ვერ მცემდა. ახლა, ალბათ, უცხოელები დაჰპირდნენ, ჩვენ დაგიცავთო და მაგანაც გაბედა ხმის ამოღება. მის დაცვაზე საქართველოს ძალოვანი სტრუქტურებიც სერიოზულად მუშაობენ. დღეს საქართველოში თავს დაცულად მხოლოდ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები გრძნობენ. ბოკერია და მისი ფრთა დღევანდელმა ხელისუფლებამ გააბლატავა. არადა, ეს ის ხალხია, რომლებიც წლების განმავლობაში მთელ საქართველოს აწამებდნენ და სისხლში აცურავებდნენ. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ისინი გარეთაც კი ვერ უნდა გამოსულიყვნენ. მოხდა პირიქით. გარეთაც გამოვიდნენ და პარლამენტშიც გამომწვევად ყელყელაობენ.

- პირადად თქვენ დაუცველად გრძნობთ თავს?

- შენი აზრით, დაცული ვარ ახლა მე? რა თქმა უნდა, არა ვარ. არავისი მე არ მეშინია, თავის დაცვაც მეხერხება და საკადრისი პასუხის გაცემაც, მაგრამ თავს დაუცველად სხვა მიზეზით ვგრძნობ.

- რა მიზეზია?

- მიზეზი ძალიან სერიოზული და მტკივნეულია. ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი შეჩერებულია. პირადად მე ნაციონალების დროს რაც წამართვეს, არაფერს არ მიბრუნებენ და რანაირად ვარ დაცული? ჩემს დღეშია ათეულობით ათასი ადამიანი. მთელი საქართველო დაუცველია. ამ ქვეყანაში თავს კარგად მხოლოდ ყოფილი ხელისუფლება გრძნობს. ძალიან ვბრაზდები მაშინ, როცა ნაციონალები ანექსიაზე საუბრობენ. ამ თემაზე რა უფლებით ლაპარაკობს ის ხალხი, რომელმაც საკუთარი ხელით გაასხვისა ჩვენი ტერიტორიები. მათი დამსახურებით არის დღეს ახალგორსა და გალში რუსული სამხედრო ბაზები. მათი წყალობით აღარ ფრიალებს კოდორში ქართული დროშა.

ამათ რომ ვუყურებ, ერთი კომპანია მახსენდება, რომელიც ქართულ ბაზარზე შევარდნაძის დროს შემოვიდა. საქართველოში მეჩაიეობის დარგის აღორძინება ამ კომპანიამ აიღო საკუთარ თავზე. აღორძინების ნაცვლად მოსპეს ქართული მეჩაიეობა. საქართველოში ყველაზე დიდი უბედურება იყო და არის ნარკობიზნესი და ნარკომანია. ვინც ამ ბიზნესს მფარველობდა და მისი „კაროლები“ იყვნენ, სწორედ ისინი ყვიროდნენ ნარკომანიის საწინააღმდეგოდ. საერთოდ ასე ხდება, რასაც უნდა ებრძოდნენ, იმას ახალისებენ. ნაციონალური მოძრაობა იმიტომ დაირქვეს, რომ ხალხს კარგები ჰგონებოდათ. ნაციონალების შირმას ამოფარებულებმა გაანადგურეს მთელი ნაცია. ეს არის 21-ე საუკუნის პოლიტიკა და ჯაშუშური მუშაობის შედეგი.

- გიგა ბოკერიას თემას დავუბრუნდები. მისი განმარტებით, თქვენ ეს ჩხუბი იმიტომ ატეხეთ, რომ ხელისუფლების დავალებით პარლამენტში სუსის უფროსის უხეირო გამოსვლა გადაგეფარათ. ამ ვერსიაზე რას იტყვით?

- კლოუნადა მოაწყოო, მაგ ბოკერიამ ესეც თქვა ჩემზე. მთელი თავისი ცხოვრება ეგ და მაგისიანები სხვების დავალებით აწყობდნენ კლოუნადებს და ამიტომაც მეც ასეთი ვგონივარ. მათ ვერ წარმოუდგენიათ, რომ ვინმე საქმეს გულით აკეთებდეს და არც ის წარმოუდგენიათ, რომ ვიღაცას შეიძლება, მართლა გულით ეწყინოს რაღაცა. კლოუნადები და ხელისუფლების დავალებების შესრულება მოიკითხონ თავისკენ. წეღანაც გითხარი, რომ მაგათ გარდა ამ ქვეყანაში თავს დაცულად არავინ გრძნობს და ეს ხელისუფლების გარეშე არ მოხდებოდა. რაც შეეხება ჩემს მართვადობას, მართვადი კაცი რომ ვყოფილიყავი, ცხოვრებას მოვიწყობდი, ასეთი ტანჯული ცხოვრება კი არ მექნებოდა.

- ამ ინციდენტის შემდეგ პარლამენტში ნაციონალებთან ურთიერთობა არ გაგიჭირდებათ?

- მე რა უნდა გამიჭირდეს, გოგო? მაგათ კი ნამდვილად გაუჭირდებათ იქ ყოფნა. ქვეყნის გამყიდველებმა პასუხი უნდა აგონ. მათი მხრიდან პროვოკაციების მოწყობას თუ გულისხმობთ, მე არ ვარ ის ადამიანი, ვიწუწუნო, პროვოკაცია მომიწყვესო. სადაც პროვოკაციას მომიწყობენ, იქ გავაკეთებ იმას, რის გაკეთებაც შემიძლია. მაგათ პროვოკაციას თავს არ ავარიდებ.

- როგორც ამბობენ, გიგა ბოკერიასთვის ნასროლი კალამი დღემდე ვერ დაიბრუნეთ. მართალია?

- მართალია. არ ვიცი, სად დაიკარგა. როგორც მითხრეს, პარლამენტში არაფერი იკარგება. ეტყობა, ნაციონალებმა მიითვისეს. პასტები და კალმები კიდევ მაქვს.

- ამ ამბის შემდეგ ერთ-ერთმა ფეისბუქმომხმარებელმა თქვენ ემზარ პასტიანი გიწოდათ. ამაზე რა რეაქცია გქონდათ?

- რა მიწოდა? პასტიანი? სიყვარულით დამიწერა, ალბათ. ასეთ რამეებზე არ ვბრაზდები, კარგად ვგრძნობ ხალხის განწყობას. ყოფილი ხელისუფლების მიმართ კი საშინლად უარყოფითი განწყობა აქვთ. პასტიანი რომ მიწოდეს, ეგ არ მწყენია, მაგრამ ჩემთვის საყვარელმა ტელეიმედმა რომ ბოკერიას `გაპრავება~ ცადა, ამაზე გული დამწყდა. ეთერში გავიდა კვირის შემაჯამებელი გადაცემა, სადაც ამ თემაზე იყო საუბარი. იქ ისე წარმოაჩინეს, თითქოს მე გიგა ბოკერიას დასავლეთის აგენტი ვუწოდე.

ასეთი რამე ბუნებაში არ მომხდარა. მე ბოკერიას ღიად ვუთხარი, რასაც სინამდვილეში წარმოადგენს. მაშინაც გარკვევით ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ ის არის რუსეთის აგენტი. ძალიან კარგად ვიცი, რატომ ამბობენ, რომ მე მას დასავლეთის აგენტი ვუწოდე. იმასაც ვხვდები, ვისი დავალებით გაკეთდა ეს.

- ვისი დავალებით?

- რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით. ისედაც კარგა ხანს მალეს, გიგა ბოკერია რომ მათი აგენტი იყო. და ახლა, როცა პირდაპირ წამოვაძახე, რუსეთის აგენტი ხარო, სპექტაკლს დგამენ, თითქოს დასავლეთის აგენტობა დავაბრალე. ჩემთან ასეთი ხრიკები არ გავა. მე ძალიან იოლად ვშიფრავ რუსეთის აგენტებს. პირველი მე ვიყავი, ვინც თქვა, რომ კახა თარგამაძე კრემლის აგენტი იყო. მე რომ მართალი ვიყავი, ეს დრომაც დაადგინა და გარემოებებმაც. კახა თარგამაძე დღემდე რუსეთში ცხოვრობს და საქართველოში დაბრუნებაზე არც კი ფიქრობს.

- რამდენიმე წლის განმავლობაში თქვენც ცხოვრობდით რუსეთში, სადაც კოდორის ამბოხების შემდეგ წახვედით. ამის გამო თქვენთვისაც ხშირად უწოდებიათ რუსეთის აგენტი...

- მე რომ რუსეთის აგენტი ვყოფილიყავი, დღესაც იქ ვიქნებოდი ან ბოკერიასავით ვიმოქმედებდი. რუსეთში ჩემი ნებით არ წავსულვარ. სააკაშვილის საჯარისო ნაწილებმა ნადურივით მიმამწყვდიეს კუთხეში და გამდევნეს რუსეთში, სადაც ბევრი ტანჯვა ვნახე.

ამიტომაც მწყდება გული, რომ მედია ბოლომდე არ ცდილობთ იმის გარკვევას, თუ რატომ გავბრაზდი მაშინ ასე ძალიან. არსად და არავისთვის არ მითქვამს, რა მითხრა იმ დღეს ბოკერიამ. ამას ექსკლუზივის სახით გეუბნებით – როცა ბოკერიას აგენტი ვუწოდე, მოტრიალდა და დებილი მიწოდა. ამიტომაც ვესროლე კალამი. სხვა დროსაც თუ გაბედავს, საკადრისს მიიღებს.

„ახალი თაობა“, 26 აპრილი, 2017 წელი

ინტერვიუ გიორგი გაჩეჩილაძესთან: „ხუდონჰესი უნდა აშენდეს“ // „მეც არ ვიცი, რა წერია გაზპრომთან ხელშეკრულების საიდუმლო ნაწილში»

ახლახან ირანში ვიზიტისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ირანის ისლამური რესპუბლიკის პირველმა ვიცეპრეზიდენტმა ესჰაყ ჯაჰანგირმა ხელი მოაწერეს ოთხმხრივ შეთანხმებას ირან-საქართველო-სომხეთ-რუსეთს შორის ელექტროსისტემების სინქრონიზაციის თაობაზე, რომ წლის სხვადასხვა პერიოდში მოხდეს ელექტროენერგიის გაცვლა.

რა მნიშვნელობა აქვს მსგავს შეთანხმებას, რა საიდუმლო პუნქტები აქვს „გაზპრომთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას და როგორ უნდა აშენდეს ხუდონჰესი? ამ საკითხებზე „ახალ თაობას“ გიორგი გაჩეჩილაძე ესაუბრება.

- ბატონო გიორგი, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერა ოთხმხრივ ხელშეკრულებას ირან-სომხეთ-საქართველო-რუსეთს შორის სხვადასხვა პერიოდში ელექტროსისტემების სინქრონიზაციასთან დაკავშირებით. შეგიძლიათ გვითხრათ, კონკრეტულად რა ხელშეკრულებაა და რაზეა საუბარი?

- ინფორმაცია მეც ტელევიზიით მოვისმინე. თუ ხელშეკრულებას არ ვნახავ, ზუსტად ვერაფერს გეტყვით.

- თქვენ არაერთხელ გითქვამთ, რაოდენ მნიშვნელოვანია ენერგეტიკული პროექტები ქვეყნების გეოპოლიტიკური ინტერესების განხორციელების პროცესში. ამ შემთხვევაში რა როლი შეიძლება ითამაშოს ამ ხელშეკრულებამ რუსეთთან ურთიერთობაში?

- ჩვენ ვართ ჩართული ერთიან სისტემაში. როცა ელექტროენერგიის დეფიციტი გვაქვს (მაგალითად, ზამთრის პერიოდში), ელექტროენერგიას ვიღებთ რუსეთიდან, რომელსაც ვუბრუნებთ ზაფხულში, როცა ჭარბი ელექტროენერგია გამომუშავდება. სომხეთთანაც ასეთი ურთიერთობა არსებობს. თუ ამ სისტემაში დამატებით კიდევ ერთი მოთამაშე ჩაერთვება, მაშინ დეფიციტის შემთხვევაში ენერგეტიკულ სტაბილურობას საფრთხე არ დაემუქრება, ანდა შეიძლება ელექტროენერგია ტრანზიტით გავატაროთ რუსეთის მიმართულებით და ამით მოგება ვნახოთ, როგორც არსებობს გაზსადენი, რომლითაც გაზი მიეწოდება სომხეთს და ამით სარგებელს ვიღებთ. შეიძლება ამგვარი რამ ელექტროენერგიის მიმართულებითაც იყოს. თუმცა, დაველოდოთ ხელშეკრულებას და იმის მიხედვით ცალკე ვიმსჯელოთ. თუმცა, ვფიქრობ, ეს არ არის ცუდი საქმე. პირიქით, საქართველოს ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი იქნება.

დადგება დრო, როცა საქართველო სრულად დააკმაყოფილებს მოთხოვნას საკუთარი რესურსებით საკუთარ ტერიტორიაზე და მაშინ პრობლემა აღარ გვექნება, თან შეგვეძლება, ელექტროენერგია გავიტანოთ საერთაშორისო ბაზრებზე, ვაწარმოოთ ელექტროენერგიის ექსპორტი. რაც უფრო მეტი ამგვარი ხელშეკრულება დაიდება, მით უკეთესი.

- ევროპის ენერგეტიკულ ინტერესებთან ხომ არ მოვა წინააღმდეგობაში?

- არა. წინააღმდეგობაში მოვა მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ ირანის წინააღმდეგ ამოქმედდება გაეროს სანქციები. მოგეხსენებათ, 2010 წელს გაერომ ირანთან დაკავშირებით შემოიღო სანქციები და გაეროს წევრი ქვეყნებისთვის გარკვეულ მიმართულებებში ირანთან ურთიერთობები შეზღუდა. კერძოდ, შეზღუდვა შეეხო აშშ-ისა და ევროკავშირის ქვეყნებს. ეს ეხებოდა როგორც გარკვეულ პიროვნებებს, ასევე სხვადასხვა ტექნოლოგიების იმპორტს, საფინანსო ბაზრების შეზღუდვას ირანისთვის. ყველაზე უცნაური ის არის, რომ 2010 წელს, როდესაც გაერომ ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესა, სააკაშვილის ხელისუფლება მოიქცა პირიქით.

- როგორ?

- ამ პირობებში ირანთან უვიზო რეჟიმი გახსნა. გაგახსენებთ, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, გაეროს სანქციები ირანის მიმართ ისევ ძალაში იყო. წულუკიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ წინა ხელისუფლებამ დაარღვია გაეროს სანქციების მოთხოვნები, ხოლო ჩვენს ხელისუფლებას მოუხდა ირანის იურიდიული პირებისთვის 150-მდე ანგარიშის შეჩერება ბანკებში. საერთაშორისო პრესაში (ცნობილ ამერიკულ გაზეთებში) დაიწერა, რომ ნაცმოძრაობის ხელისუფლებამ თავისი ქმედებებით ხელი შეუწყო ირანს გაეროს მიერ დაწესებული სანქციების დარღვევაში, ანუ საქართველოს საბანკო სისტემამ მისცა საშუალება ირანის იურიდიულ პირებს, ჩვენი საბანკო სისტემა თავიანთი ინტერესებისთვის გამოეყენებინათ. სანქციები დაკავშირებული იყო ირანის ბირთვულ პროგრამასთან.

- ანუ „ოცნების ხელისუფლების დროს ირანთან ურთიერთობების შესუსტება გაეროს სანქციებთან იყო დაკავშირებული და გაეროს სანქციების მოხსნით საქართველოს საშუალება მიეცა, ირანთან ურთიერთობები გაეაქტიურებინა?

- როგორც კი გაერომ და ევროკავშირმა ირანთან სანქციები მოხსნა, ჩვენმა ხელისუფლებამ შეძლო ურთიერთობები აღედგინა. ჩვენი ხელისუფლება იქცევა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, როგორც წესი და რიგია.

- „გაზპრომთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით აცხადებთ, რომ აღნიშნულ ხელშეკრულებას აქვს საიდუმლო პუნქტები. ისიც განაცხადეთ, ღმერთმა ნუ ქნას, ხელშეკრულების საიდუმლო პუნქტები გასაჯაროვდეს, რადგან ეს კონფლიქტს გამოიწვევსო. რაზე შეიძლება იყოს საუბარი გაზპრომთან გაფორმებული ხელშეკრულების საიდუმლო ნაწილში?

- საიდუმლო ნაწილი ის არის, რომ საიდუმლოა. ამიტომ მეც არ ვიცი, რა წერია.

- თუმცა, თქვენი ამ განცხადებით ცოტა ეჭვი ხომ არ გააჩინეთ?

- არა.

- მე ინტერესი გამიჩნდა, რა საიდუმლო პუნქტები ახლავს `გაზპრომთან~ გაფორმებულ ხელშეკრულებას. შეიძლება, სხვებსაც გაუჩნდათ.

- როგორც მე ვიცი, საიდუმლო ფასებსა და სარგებელს ეხება, რომლის გასაჯაროების შემთხვევაში ხელშეკრულება დაირღვევა. ეს არის ხელშეკრულება და, თუ საქართველო დაარღვევს, მაშინ ის ჩავარდება უხერხულ და მძიმე მდგომარეობაში _ პირობის დარღვევის, ანუ ხელშეკრულების საიდუმლო ნაწილის გასაჯაროების შემთხვევაში, რუსეთს ხელშეკრულების მთლიანად დარღვევის საშუალება მიეცემა. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეუძლიათ თქვან, გაზის ტრანზიტს აღარ მოვახდენთო. შედეგად ცუდი ვითარება შეიქმნება. რუსეთი სომხეთის სტრატეგიული პარტნიორია. რეალურად, ამ მილსადენით რუსეთი გაზის მიწოდებას არ შეწყვეტს. ამიტომ, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს ორი გზა ექნება დარჩენილი, ან ხელშეკრულებას უნდა გადახედოს, ან უნდა უთხრას, სანამ ხელშეკრულება არ არსებობს, გაზს ვერ გავატარებო და ძალით უნდა გამოვიდეს ტრანზიტის ხელშეკრულებიდან. ორივე შემთხვევაში ძალიან მძიმე ვითარება შეიქმნება. ნაციონალებს უნდოდათ, `გაზპრომთან~ დადებული ხელშეკრულება მთლიანად გასაჯაროებულიყო და რთული ვითარება შექმნილიყო.

- შეიძლება, ვიღაცას წარმოეშვას აზრი, რომ რადგან საიდუმლო ნაწილი ჰქვია, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოა. ასეთი პუნქტები ხელშეკრულებაში არსებობს?

_ რას ჰქვია, საქართველოს სახელმწიფოს საწინააღმდეგო შეიძლება იყოს? მინდა, საზოგადოებამ გაიგოს, რომ `გაზპრომთან~ გაფორმებული ხელშეკრულება არის მაქსიმალური შესაძლებლობა, რასაც საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ მიაღწია რუსეთთან მოლაპარაკებებით. რუსეთი ყოველთვის ცდილობს, შეგიქმნას უხერხული მდგომარეობა. ახლა რუსეთი ცდილობდა, ისეთი პირობები წამოეყენებინა, საქართველო არ დათანხმებოდა მის მიერ შემოთავაზებულ პირობებს, რაც სომხეთ-საქართველოს ურთიერთობებს დაძაბავდა.

- ამ ხელშეკრულებაში ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებაზე იმიტომ გკითხეთ, ნაციონალები ისე დაჟინებით მოითხოვდნენ ხელშეკრულების გასაჯაროებას, რომ იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს რაღაც საწინააღმდეგოს მოეწერა ხელი

- „ნაციონალები“ ცდილობენ, ისეთი ვითარება შექმნან, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სერიოზული შეცდომები დაუშვას და როგორმე მოახდინოს ვითარების დესტაბილიზაცია. საქართველოს ხელისუფლება ძალიან სწორად იქცევა. პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს ხელშეკრულება ძალიან კარგია, რომლითაც რეგიონში სტაბილურობა შევინარჩუნეთ.

- ბატონო გიორგი, ბოლო დროს ხუდონჰესის აშენების საკითხი ისევ გააქტიურდა. როგორც ჩანს, ხელისუფლება ხუდონჰესის ელექტროსადგურის აშენებას შეეცდება. თქვენ ხუდონჰესი აშენებას ემხრობით?

- ხუდონჰესთან დაკავშირებით რამდენიმე პროექტი არსებობს. საბჭოთა კავშირის დროინდელი პროექტი, მგონი, აღარც განიხილება. ნაციონალების დროს დადებული ხელშეკრულებაც (რომელიც 2007 თუ 2008 წელს დაიდო) გაუქმდება. სხვადასხვა ვარიანტია. ისეთი ვარიანტი უნდა შეირჩეს, რომელიც ნაკლებ ზიანს მოუტანს როგორც ბუნებას, ისე, სოციალური თვალსაზრისით, მოსახლეობას. მაშინ, ბუნებრივია, წინააღმდეგი არ ვიქნები.

- ანუ შეიძლება, ისეთი პროექტი წარმოადგინონ, რომლის განხორციელების შემთხვევაში იქიდან მოსახლეობას აყრა-გადასახლება არ მოუწევს და გარემოსაც ზიანი არ მიადგება?

- წარმოდგენილ უნდა იქნეს სხვადასხვა ვარიანტი და იმის მიხედვით უნდა ვიმსჯელოთ. 9 ვარიანტია. შევხედავთ, რომელი ვარიანტის განხორციელება იქნება საქართველოსთვის უკეთესი. საქართველოში ენერგეტიკა რომ უნდა განვითარდეს, უდავოა. ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების ნაწილი. ქვეყანას საკუთარი გენერაცია უნდა ჰქონდეს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საკუთარი ელექტროენერგიის გამომუშავება ხდებოდეს, მაგრამ, ამავე დროს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ გარემოს ნაკლები ზიანი მიადგეს და მოსახლეობაც დაკმაყოფილებული იყოს თავისი ინტერესების შესაბამისად.

ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პარლამენტში ახლა ვიღებთ გარემოზე ზემოქმედების შეფასების კოდექსს. ძალიან მკაცრი კანონი იქნება, რომელიც ჰარმონიზებულია ევროკავშირის დირექტივებთან. ყველანაირი მშენებლობა ამ კანონს უნდა დაექვემდებაროს. ეს კანონი მოგვცემს საშუალებას, ხუდონთან დაკავშირებით ისეთი გადაწყვეტილება მივიღოთ, რომელიც ყველასათვის მისაღები იქნება.

- ხელისუფლება ძალიან რთულ პრობლემებს ეჭიდება, თან ხუდონჰესის აშენება ძალიან სათუთი თემაა. თუ ეს საკითხი ყოველგვარი მღელვარებისა და პრობლემების გარეშე გადაწყდება, ყოჩაღ, ხელისუფლებას. არა მგონია, იქ წინააღმდეგობები არ იყოს...

- ამიტომ ვამბობ, რომ ყველა მხარე კმაყოფილი უნდა იყოს.

რეზონანსი“, 26 აპრილი, 2017 წელი

რუსული კომპანია საქართველოს ენერგეტიკულ დავაში ითრევს

თელასს“ ტარიფის გაზრდა არ მოუთხოვია, რის საფუძველზე ჩივის მისი მფლობელი ინტერ რაო?

ნათია ლომიძე

„თელასის“ მფლობელი რუსული „ინტერ რაო“ საქართველოს მთავრობას საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივის და აღნიშნავს, რომ ლარის გაუფასურებამ მათი კომპანია დააზარალა. თუმცა ირკვევა, რომ თელას-ს ტარიფის გაზრდის მოთხოვნით სემეკ-ისთვის არ მიუმართავს, რადგან ამის რეალური მიზეზი არ არსებობდა. დღეს მოქმედი ელექტროენერგიის ტარიფი 2.40-ის ნიშნულზეა დათვლილი და ახლაც იგივე კურსია. ლარის დევალვაცია მხოლოდ ნოემბრიდან თებერვლამდე მიმდინარეობდა. ამ მოკლე პერიოდში “ინტერ რაო” რეალურად ვერაფერს იზარალებდა და მისი ულტიმატუმი აბსურდულია.

რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, “ინტერ რაომ”, ლარის გაუფასურებით მიღებული დანაკარგის კომპენსირების მიზნით, საქართველოს ხელისუფლებასთან საინვესტიციო დავა დაიწყო. მისი ნიდერლანდური სტრუქტურები, რომლებიც საქართველოში აქტივებს ფლობენ, საქართველოს ხელისუფლებას ათეულობით მილიონ დოლარს სთხოვენ და ამ მიზნით საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო იმედოვნებს, რომ “ინტერ რაოსთან” კონსულტაციები პოზიტიურად დასრულდება და საქმე არბიტრაჟამდე არ მივა.

“მათ წარმოადგინეს საპრეტენზიო წერილი. კორესპონდენცია ნამდვილად შემოსულია, რომელიც ასევე გათვალისწინებულია მთავრობასთან გაფორმებულ მემორანდუმში. ეს არის ფორმალური პროცესი, რომელიც უნდა გაიაროს საკითხმა, რომ დავა დაიწყოს. საკითხი უკვე გადასულია მოლაპარაკების ეტაპზე. ჩვენ ვართ კონსულტაციის რეჟიმში და ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესი პოზიტიურად დასრულდება და არ მოგვიწევს არბიტრაჟის ჩართვა. იმ შემთხვევაში, თუ საკითხი დასრულდება მოლაპარაკების გზით, ამას არ ექნება ნეგატიური გავლენა სამომხმარებლო ტარიფზე”, – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ხმალაძემ.

სემეკ-ისთვის ტარიფის გაზრდის მოთხოვნით მიმართვის ფაქტს არ ადასტურებს კომპანია თელას-ის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ვალერი ფანცულაია. როგორც მან “რეზონანსს” განუცხადა, კანონის თანახმად დადგენილია, რომ მარეგულირებელმა ყოველ წელს უნდა გადახედოს ტარიფს. “ჩვენ კონკრეტულად ტარიფის გაზრდის მოთხოვნით მათთვის არ მიგვიმართავს”, – განაცხადა ფანცულაიამ.

იმავეს ამბობენ სემეკ-შიც. როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა გოჩა შონიამ “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნა, “თელასს” მათთვის სატარიფო ცვლილების თაობაზე არ მიუმართავს.

“ტარიფებს ვითვლით ყოველწლიურად, პროცედურა გეგმაზომიერად მიმდინარეობს. სატარიფო განაცხადს აქვს შემოტანის ვადა, თუმცა ჩვენთან ჯერ არ არის მსგავსი განაცხადება შემოსული.

რაც შეეხება უშუალოდ “ინტერ რაოს”, მას სახელმწიფოსთან აქვს მემორანდუმი გაფორმებული. ამ დოკუმენტით არის განსაზღვრული მოვალეობები მხარეებს შორის. იყო სატარიფო მემორანდუმის პრინციპებიც, თუმცა კომისია არ ხელმძღვანელობს ასეთი დოკუმენტაციით. სემეკ-ისთვის მთავარია ელექტორენერგიისა და ბუნებრივი აირის შესახებ საქართველოს კანონი, რომელიც ავალდებულებს კომისიას, ტარიფი დაადგინოს მოქმედი მეთოდოლოგიის საფუძველზე”, – განუცხადა “რეზონანსს” შონიამ და უფრო დეტალურად ისაუბრა ტარიფების დადგენაზე მეთოდოლოგიის შესახებ.

“ტარიფების მეთოდოლოგია შევიმუშავეთ 2014 წელს, ეს არის საუკეთესო პრაქტიკა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ტარიფების დადგენა ჩვეულებრივად, გეგმაზომიერად მიმდინარეობს და ჩვენი მუშაობის პრინციპიც არის ის, რომ ფასი ვარეგულიროთ არა მემორანდუმის საფუძველზე, არამედ როგორც ეს ხდება მთელ მსოფლიოში, სატარიფო მეთოდოლოგიის მიხედვით”, – აღნიშნა შონიამ.

“ინტერ რაოს” მხრიდან სახელმწიფოსთვის კომპენსაციის მოთხოვნა არარეალურად მიაჩნია ენერგეტიკის აკადემიის წევრ თემურ ჭიჭინაძეს. როგორც მან “რეზონანსთან” აღნიშნა, ტარიფი დადგენილია იმ კურსით, რომლითაც მოხდა რუსულ კომპანიასა და სახელმწიფოს შორის მემორანდუმის გაფორმება. შესაბამისად, ლარის დევალვაცია მათ ვერ დააზარალებდათ.

“ინტერ რაოს” მხრიდან კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნა არასწორია. მათ ისედაც მაღალი აქვთ ტარიფი და თუ ლარის დევალვაციაზე აქვთ პრეტენზია, გადახედონ 1998 წელს, როდესაც შემოვიდნენ საქართველოში. მაშინ ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით იყო 2.37, დღესაც იგივეა. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ, მათი შემოსვლიდან მოყოლებული, მრავალი წლის განმავლობაში ლარი მყარდებოდა (1,43-ზეც კი ჩამოვიდა), საინტერესოა, რატომ არ ითხოვდნენ იმ პერიოდში ტარიფის შემცირებას?

აქედან გამომდინარე, მათ არავითარი პრეტენზია არ შეიძლება ჰქონდეთ სახელმწიფოს წინაშე. მთავრობას მხოლოდ ერთ რამეში დავადანაშაულებდი, ის არ ასაჯაროებს დოკუმენტებს, რომ ვნახოთ, რა ხელშეკრულება აქვს დადებული რუსულ კომპანიასთან”, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

რეზონანსი“, 26 აპრილი, 2017 წელი

ათ წელში განქორწინებების რიცხვი გაოთხმაგდა, დემოგრაფები აპოკალიფსურ პროგნოზებს აკეთებენ

ეკატერინე ბასილაია

საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში რეგისტრირებული განქორწინებების რიცხვი, არც მეტი, არც ნაკლები, გაოთხმაგებულია, ქორწინებათა რიცხვი კი, მართალია, არა ამდენად, მაგრამ მაინც შემცირებულია. დემოგრაფები წლების შემდეგ ამ ორივე მონაცემის კიდევ უფრო გაუარესებას პროგნოზირებენ. დემოგრაფები წლებია, განგაშს ტეხენ, რომ საქართველოს მოსახლეობა კატასტროფულად მცირდება. დაბალია შობადობა, მცირდება დაქორწინებულთა რიცხვიც. მით უფრო, რომ ისედაც შემცირებულ შობადობაში კიდევ უფრო მცირეა დაბადებულ გოგონათა რაოდენობა, ვიდრე ბიჭების და ამდენად გოგონების სიმცირეცაა ქორწინების რიცხვის კიდევ უფრო შემცირების ერთ-ერთი მიზეზიც.

დემოგრაფები ამბობენ იმასაც, რომ ბევრად უფრო მეტია გაყრილი, დარღვეული ოჯახების რაოდენობა, ვიდრე ოფიციალურად, იურიდიულად გაფორმებული განქორწინებაა. ასეთი არასახარბიელო დინამიკის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ქალი ბევრად უფრო თავისუფალი და თამამი გახდა და ამიტომაც ოჯახში ბევრ ისეთ რამეს არ ითმენს, რაზეც ადრე თვალს ხუჭავდნენ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წელს 25 101 ქორწინება დარეგისტრირდა. 2015 წელს ქორწინებათა რიცხვი იყო 29 157 (დაახლ. 4 ათასით ნაკლები, ვიდრე 2016 წელს). 2014 წელს ეს რიცხვია 31 526, 2013-ში კი – 34 693. ჯამში, 2016 წელს 10 ათასამდე წყვილით ნაკლები (27,7%-ით ნაკლები) დაქორწინებულია, ვიდრე 2013 წელს.

განქორწინების რიცხვი კი ბოლო 9 წელიწადში გაოთხმაგებულია. 2007 წელს 2 325 ქორწინება შეწყდა, 2016 წელს კი – 9 539.

დემოგრაფი ანზორ თოთაძე აცხადებს, რომ წინა წლებთან შედარებით 2016 წელს დემოგრაფიული მონაცემები გაუარესდა და შემდეგ წლებში ეს მონაცემი კიდევ უფრო გაუარესდება, შეიძლება ქორწინებაც განახევრდეს და შობადობაც.

„ამის ძირითადი მიზეზი გახლავთ ის, რომ შობადობა ძალიან შემცირდა. მაგალითად, 1980-89 წლებში, ანუ 10 წელიწადში საქართველოში 455 000 გოგონა დაიბადა. 2000-2009 წლებში, ისევ 10 წელიწადში კი დაიბადა 236 000 გოგონა. გამოდის, რომ იმდენი ახალგაზრდა ქალი დედა აღარ იქნება მომავალში. ძირითადად, 80-იან წლებში დაბადებული გოგონები აჩენენ ბავშვებს. დაბადებული ბავშვების 80% სწორედ ამ ასაკის გოგონებზე მოდის. მაგრამ 2000-იან წლებში რომ დაიბადა იმის ნახევარი გოგონები, ისინი 3-4 წელიწადში შედიან დედობის ასაკში. ანუ, იმის ნახევარი შედის დედობის ასაკში, რაც იყო 1989 წელს.

ბუნებრივია, როდესაც გოგონები ცოტანი არიან, შემცირდება შობადობაც და შემცირდება ქორწინებაც. რადგანაც 2000-იან წლებში ძალიან ცუდი შობადობა იყო, ამიტომაცაა რომ ასეთი მდგომარეობა გველის. რაც ახლა ქორწინებებია, ეს რაოდენობაც კი განახევრდება. ეს საგანგაშო მდგომარეობაა და ამიტომ ხელისუფლებამ დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესებისთვის, შობადობის მატებისთვის საგანგებო ღონისძიებები უნდა გაატაროს. შესაძლოა, ქართველი ხალხის ფიზიკური წყვეტა მოხდეს. თვით საჩხერეშიც კი, სადაც ბუნებრივი მატება იყო, შემცირდა რიცხვი და 2000-იან წლებში საჩხერეშიც ცოტა ბავშვი დაიბადა“, – ამბობს ანზორ თოთაძე. მისი თქმით, ბევრად უფრო მეტია დარღვეული ოჯახების რაოდენობა, რომლებიც გაყრას იურიდიულად არ აფორმებენ.

„განქორწინებაა, როდესაც იურიდიულად ფორმდება წყვილის გაშორება. თუმცა ბევრია შემთხვევა, როდესაც წყვილი გაშორებულია, მაგრამ ეს იურიდიულად გაფორმებული არ არის. შესაბამისად, სტატისტიკაში ეს მაჩვენებელი არ ჩანს,” – აღნიშნავს ანზორ თოთაძე.

რა იწვევს წყვილების დაშორების მატებას?

ანზორ თოთაძის თქმით, ამ მიმართულებით კვლევა არ ყოფილა, ხოლო წყვილები გაშორებისას ძირითადად ამბობენ, რომ ხასიათის შეუთავსებლობაა მიზეზი და კონკრეტულად რა იგულისხმება ამაში, ძნელი გასარკვევია.

„განქორწინების მიზეზი ძნელი გასარკვევია. არავის არ სურს თავისი ოჯახის პრობლემების გამომზეურება და ამ თემაზე არ საუბრობენ, რომ განქორწინების მიზეზები გავაანალიზოთ. სხვადასხვა მიზეზია: ღალატი, ქალის თუ კაცის მხრიდან; ასევე ძალადობა, ეჭვიანობა. თუმცა განქორწინებისას ძირითადად ამბობენ, რომ ხასიათების შეუთავსებლობაა,” – მიიჩნევს ანზორ თოთაძე. იგი ამბობს, რომ ქალი ადრე უფრო ითმენდა ფიზიკურ, ეკონომიურ თუ ფსიქოლოგიურ ძალადობას, ახლა ბევრად უფრო თავისუფალი და თამამი გახდა და აღარ ითმენს. ასევე ქალი არ ითმენს ქმრის ღალატსაც და ღალატის გამოც ბევრად უფრო მეტი ოჯახი ინგრევა ბოლო წლებში, ვიდრე ეს ხდებოდა 10-15 წლის წინ.

რეზონანსი“, 26 აპრილი, 2017 წელი

გირჩმაუკვე 150-მდე მღვდელმსახური აკურთხა

გვანცა ღვედაშვილი

პოლიტიკურ ცენტრ „გირჩის” მიერ დაფუძნებულმა რელიგიურმა ორგანიზაცია “საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია ბიბლიური თავისუფლებამ”, 25 აპრილის მონაცემებით, 150-მდე მღვდელმსახური აკურთხა

როგორც “ბიბლიურ თავისუფლებაში” ამბობენ, ამ დრომდე, მოწმობის წარდგენის შემდეგ, არც ერთ მღვდელმსახურს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებასთან დაკავშირებით პრობლემა არ შექმნია.

შეგახსენებთ, რომ რელიგიური ორგანიზაცია “ბიბლიური თავისუფლების” დაფუძნების მთავარ მიზანს, “გირჩის” განცხადებით, ახალგაზრდების სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდება წარმოადგენს.

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 30-ე “ლ” ქვეპუნქტის მიხედვით, წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ ის არის მღვდელმსახური ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში.

როგორც თავად ორგანიზაციის ლიდერები აცხადებენ, მას შემდეგ, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ეკლესიის არსებობისა და მიზნის შესახებ, ასობით ახალგაზრდამ გამოთქვა სურვილი, რომ “ბიბლიური თავისუფლების” მღვდელმსახური გამხადრიყო:

„ბიბლიური თავისუფლება“ დავაფუძნეთ ადამიანების მცირე ჯგუფმა. ეკლესიის დაფუძნებისა და შემდგომი ფუნქციონირების ხარჯებიც დავფარეთ საკუთარი სახსრებით. მას შემდეგ, რაც საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა ჩვენი ეკლესიის არსებობისა და მიზნების შესახებ, ასობით ადამიანმა გამოთქვა სურვილი, გახდეს “ბიბლიური თავისუფლების” მღვდელმსახური. იმისათვის, რომ გახდეთ მღვდელმსახური, ჩვენი რწმენისა და მსოფლმხედველობიდან გამომდინარე, აუცილებელია, არ იყოთ: პრორუსი, ფაშისტი და ჰომოფობი, ხოლო თქვენი მთავარი ღირებულებითი კატეგორია უნდა იყოს ადამიანი და მისი თავისუფლება,” – ნათვქამია “ბიბლიური თავისუფლების” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იმისთვის, რომ აღნიშნული რელიგიური მიმდინარეობის მღვდელთმსახური გახდეთ, აღნიშნული სტანდარტების დაკმაყოფილების გარდა მცირე სახსრებია საჭირო, რომელიც, ორგანიზაციის თქმით, შემდგომ მომსახურების დასაფარად იქნება გამოყენებული, მათ შორის: კანცელარიის წარმოების; მოწმობის დამზადების; ნოტარიუსის მომსახურების (საჭიროების შემთხვევაში); საადვოკატო მომსახურების (საჭიროების შემთხვევაში) და სხვა (საჭიროების შემთხვევაში).

“ჩვენი საქმიანობის მასშტაბებიდან გამომდინარე, შესაძლოა, შემოწირულობების გარეშე ეკლესიამ ვერ გააგრძელოს სრულფასოვანი ფუნქციონირება. გამომდინარე აქედან, მღვდელმსახურობის მსურველებს, სურვილისა და შესაძლებლობებისამებრ, შეუძლიათ, ეკლესიას შესწირონ ნებისმიერი რაოდენობის თანხა,” – ნათქვამია განცხადებაში.

რეზონანსი“, 26 აპრილი, 2017 წელი

ახალგაზრდები სწრაფ სესხებს ჩამოეკიდნენ

ნარკოტიკივით ეჩვევი და ოდნავ გამოუვალ სიტუაციაშიც კი ფულის სასესხებლად გარბიხარ

თეო გუდავაძე

ქართველი ახალგაზრდების უმეტესობა ზუსტად იმავე დოზით არის დამოკიდებული სხვადასხვა სახის სესხზე, როგორითაც უფროსი თაობა. უმეტეს შემთხვევაში ისინი ვერ აკონტროლებენ საკუთარ შემოსავალს და ხარჯს, რასაც საბოლოოდ სავალალო შედეგი მოსდევს. ლომბარდები და ონლაინ სესხები საკმაოდ დიდი ცდუნებაა მათთვის. ბოლო დროის ტენდენციით დადგინდა, რომ ახალგაზრდების საარსებო წყაროს სწორედ მოკლევადიანი კრედიტები წარმოადგენს და მათი ტინეიჯერული მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ერთ-ერთი წყარო სწორედ ისაა.

ადვილად შესამჩნევია, რომ სწრაფი სესხი ადამიანის ფინანსური პრობლემის გადაჭრის მარტივი გზა გახდა. საქართველოში ონლაინ სესხების აღება ძალიან ადვილია და მისი მიღება ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს შეუძლია. უმრავლეობას არ აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა საფრთხესა და რისკს შეიცავს სწრაფი კრედიტი. ახალგაზრდების უმეტესობას პასუხისმგებლობის გრძნობაც არ აქვს განვითარებული, შესაბამისად, მარტივად და ცალსახად უყურებენ საკითხს, რაც თანხის სესხებასთან არის დაკავშირებული.

20-25 წლის ადამიანები ლოკალური პრობლემის მოსაგვარებლად საკმაოდ მარტივად იღებენ კრედიტს, მის დაფრავაზე კი ნაკლებად ფიქრობენ. გამოკითხულთა უმეტესობა აღიარებს, რომ თანხის გამოტანისთანავე იციან, რომ მითითებულ დროს ვერ გადაიხდიან სესხს. როგორც წესი, პრობლემას პრობლემა ემატება. ჩნდება ერთი გადაუხდელი სესხის სხვა კრედიტით გადაფარვის აუცილებლობა. საბოლოოდ, ამას მოსდევს სასესხო მორევში ჩათრევა, რომლის საშიშროებასაც ახალგაზრდულ ასაკში, რა თქმა უნდა, სათანადოდ ვერ იაზრებენ და არ ფიქრობენ იმ რისკზე, რაც შეიძლება დაუდევრობამ გამოიწვიოს.

აკო გიორგობიანი 22 წლის სტუდენტია, რომელიც უმუშევარია. მას 20 წლის ასაკიდან თითქმის ყველა ონლაინ სესხი აქვს აღებული ისე, რომ ამის დიდი აუცილებლობა არ ჰქონია, მიუხედავად იმისა, რომ არ მუშაობს და არც პირადი შემოსავალი აქვს:

“როგორც კი ოცი წლის გავხდი, დავიწყე კრედიტებისა და ონლაინ სესხების გამოტანა. არასდროს მქონია ფინანსური პრობლემები, უბრალოდ, როდესაც იცი, რომ მარტივად ხელმისაწვდომია ფული და თან ახალგაზრდა ხარ, ვერ ამბობ ამ ცდუნებაზე უარს. ფული ყველას უყვარს და ასეთ ასაკში – მით უმეტეს. ფიქრობ, რატომაც არა, მოდი, გავერთობი, ვიყიდი, შევჭამ. ამის გაფიქრებაც კი საკმარისია, რომ ჯდები კომპიუტერთან, ავსებ აპლიკაციას და სულ ესაა…

ძნელი არც ექსპრეს სესხის მიღებაა. მიდიხარ ბანკში და ამბობ, რომ მუშაობ, დაასახელებ შემოსავალსაც, დაწვრილებით არავინ გეკითხება არაფერს და ესეც შენი სესხი. მერე ნარკოტიკივით ეჩვევი და ოდნავ გამოუვალ სიტუაციაშიც კი, სულ რომ ერთი დღის დაფარული გქონდეს წინა სესხი, მაინც იღებ ახალს. თანდათან იზრდება ლიმიტი და ასე ცხოვრობ.

ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, ძალიან ცუდია, ფაქტობრივად, დამღუპველია. მე ვიცი ზღვარი და ვჩერდები, მაგრამ მყავს მეგობრები, საკმაოდ ბევრი, ვისაც უკვე ყველა ონლაინ კომპანიიდან და ბანკიდან აქვს გამოტანილი ფული, როგორც შეეძლოთ და რამდენიც შეეძლოთ. ახალგაზრდა ბიჭი ან თუნდაც გოგო მის დაფარვას ვერ შეძლებს, რადგან უმეტესობა არც მუშაობს და აპლიკაციის შევსებისას აშკარად იტყუება. კარგი იქნება, რომ გამკაცრდეს და გაკონტროლდეს სწრაფი სესხები”, – განუცხადა “რეზონანსს” აკო გიორგობიანმა.

საინტერესო სხვაობა ფიქსირდება მონაცემების ასაკობრივ ჭრილში ანალიზისას. ონლაინ სესხები და ხელმისაწვდომი კრედიტები ყველაზე მეტად მიმზიდველი 18-24 წლის ახალგაზრდებისთვის (21%), ასაკის მატებასთან ერთად კი ონლაინ სესხებით სარგებლობის მაჩვენებელი იკლებს.

ლიკა გურგენიძე პრობლემური სესხების მართვის დეპარტამენტში 6 თვის განმავალობაში მუშაობდა. მას უმეტესად ახალგაზრდებსა და პენსიონერებთან უწევდა ურთიერთობა და სხვადასხვა პრობლემის მოგვარება.

“ცოტა ხნით ვმუშაობდი პრობლემური სესხების მართვის დეპარტამენტში. ჩემი მოვალეობა იყო, დამერეკა ყველა იმ აბონენტთან, ვისაც გადაცდენილი ჰქონდა სესხის ვადა და არ იხდიდნენ სესხს. ორი უკიდურესობა იყო – ადამიანები, რომლებიც მართლაც ვერ ფარავდნენ კრედიტს ფინანსური სიდუხჭირის გამო, ანუ პენსიონერები და ახალგაზრდები, რომლებსაც არაფრის ეშინოდათ და მათთვის პრობლემას ე.წ. “გაშავებაც” არ წარმოადგენდა.

მეც 25 წლის ვარ და დამჭირვებია ფული, თუმცა სულ ვცდილობ, არც გადავავადო სესხის დაფარვა და კონკრეტულ დღეს გადავიხადო, რაც ვისესხე. ვიაზრებ მოსალოდნელ საფრთხეს და 100 ლარის გამო ნამდვილად არ მსურს საბანკო ისტორიის გაფუჭება. ამ ყველაფრის ახსნა მარტივი არ იყო ახალგაზრდებისთვის, შესაბამისად, ვერც ვაგებინებდი. ვისაც ჰქონდა შესაბამისი პასუხისმგებლობა, მათთან ბევრი საუბარი არც მიწევდა.

რთულია ცდუნებაზე უარის თქმა. წარმოიდგინეთ, ძალიან გჭირდება მოცემულ სიტუაციაში ფული და ძალიან მარტივად შეგიძლია, მიიღო. არც კი ფიქრობ, ამას რა შეიძლება, მოჰყვეს ან ერთ თვეში რითი უნდა დაფარო. უბრალოდ, იღებ და ხარჯავ. ვფიქრობ, ეს ფსიქოლოგიური პრობლემაში გადაიზრდება ნელ-ნელა, რაც ძალიან ცუდია”, – აღნიშნა ლიკა გურგენიძემ “რეზონანსთან” საუბრისას.

Comments are closed