globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 26 მაისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on May 26th, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: იქნება თუ არა „ვარდების რევოლუცია-2“ // როგორ აპირებს სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებასა და პროცესებში აქტიურ ჩართვას

რეზონანსი: ინტერვიუ ომარ ნიშნიანიძესთან: დავით კოღუაშვილის განცხადებებმა “ქართული ოცნების” მთელი სამყარო ამოატრიალა

რეზონანსი: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: “ოცნებაში” არც ერთი პოლიტიკოსი არაა ისეთი, ვისაც ჭკუა მოეკითხება”

რეზონანსი: ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: “ქართული ოცნება” ასეთ ექსპერიმენტზე აწი აღარ წავა

რეზონანსი: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: კანჯი ოღლის მამა ომის შემდეგ სისასტიკისთვის ქართველებმა მოკლეს // ვინ არის ხურჩის მკვლელობაში ეჭვმიტანილი

———–

ალია“: რის გამო ახდენენ ამერიკელები ზეწოლას ივანიშვილზე და რა ხდება „ოცნების“ კულუარებში?

ალია“: რით და როგორ დაისჯება ხელისუფლება, თუკი კორცხელის ინციდენტში მონაწილე მოჭიდავეებს არ დააკავებენ?“

———–

„ვერსია“: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „პოსტსაარჩევნო კრიზისი დაბალი ლეგიტიმაციის ხელისუფლებას გადაიყოლებს“ // რა შემთხვევაშიაფეთქდებაოქტომბრის არჩევნები და ვინ შეიძლება გახდეს ოცნება-ნაციონალების ალტერნატივა

„ვერსია“: „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ რამდენიმე წევრი დატოვებს? // გიგა ბოკერიას გუნდის გამარჯვება და დაპირისპირება სააკაშვილის პარტიაში

———————

რეზონანსი“, 26 მაისი, 2016 წელი

იქნება თუ არავარდების რევოლუცია-2″

როგორ აპირებს სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებასა და პროცესებში აქტიურ ჩართვას

ეკატერინე ბასილაია

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინიდან დააანონსა, რომ ის საქართველოში დაბრუნებასა და პროცესებში აქტიურად ჩართვას აპირებს, რომ ამაში ეჭვი არავის შეეპაროს და ეს მუქარა არ არის. მისი ეს მესიჯი, პოლიტოლოგების შეფასებით, “ოცნების” ხელისუფლების ერთგვარი დაფრთხობისა და დაშინების მცდელობაა და ასევე, 2003 წლის მოვლენების გამეორების დაანონსებაც.

როდის და რა ფორმით შეიძლება დაბრუნდეს სააკაშვილი საქართველოში, ამაზე, რა თქმა უნდა, ყოფილ პრეზიდენტს არაფერი უთქვამს, თუმცა აღნიშნა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” თავის ხმებს დაიცავს ისე, როგორც ეს 2003 წელს გააკეთა და სწორედ ამ მინიშნების გამო თვლიან ანალიტიკოსები, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” დიდი აქციების მოწყობის გეგმა მუშავდება. “როგორც ასლან აბაშიძე არ აპირებდა არსად წასვლას და წავიდა, როგორც იანუკოვიჩი არ აპირებდა წასვლას და წავიდა, როგორც შევარდნაძე ნამდვილად არ აპირებდა არსად წასვლას და ეგონა, საქართველო თავისი იყო, მაგრამ წავიდა, ასევე მოუხდება ამ კაცს ხელისუფლების გადმობარება,” – განაცხადა ექსპრეზიდენტმა “რუსთავი 2″-თან ინტერვიუში და იქვე ჩამოსვლაც დააანონსა. “ეჭვი არავის შეეპაროს, ვიღაცა ამას იღებს მუქარად, არაფერი მუქარა არ არის, ეს არის ბუნებრივი მოვლენა. მე ვაპირებ საქართველოში ჩამოსვლას და აქტიურად პროცესებში ჩართვას. მე ვაპირებ ბრძოლის გაგრძელებას ჩემთან, საქართველოში და ჩემთან აქ, უკრაინაში და ამ თემაზე სრულიად გახსნილად ვსაუბრობ,” – დასძინა სააკაშვილმა.

პოლიტოლოგების განცხადებით, არჩევნებით “ნაციონალური მოძრაობა” პირველ ადგილზე ვერ გავა, ეს თავადაც იციან და სააკაშვილიც საქართველოში მხოლოდ მაშინ ჩამოვა, თუ პარტიას არჩევნების გაყალბების ლოზუნგით 9 ოქტომბერს დიდი საპროტესტო ტალღის აგორება გამოუვა. ხოლო გამოუვა თუ არა, ეს უკვე ნაწილობრივ ხელისუფლებაზეცაა დამოკიდებული – თუ კორცხელის მსგავსი თავ-პირის მტვრევა ბევრგან იქნება და არჩევნების გაყალბებაზე არასამთავრობოებიც ალაპარაკდებიან, შეიძლება, “ნაციონალებმა” მთელი ოპოზიციის მობილიზება და შესაბამისად ბევრი ხალხის გამოყვანაც მოახერხონ.

როგორც სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე ამბობს, ყოფილ ხელისუფლებას “მაიდანის” მოწყობის გეგმა აქვს და მისი ინფორმაციითაც, სწორედ არჩევნების გაყალბებულად გამოცხადებაზეა მთავარი გათვლა. მისი განცხადებით, კორცხელის ინციდენტი ქართული არჩევნების სამწუხარო პრაქტიკაა და ის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნების ერთგვარი რეპეტიცია იყო, ამიტომაც ამგვარი შეხლა-შემოხლა შემოდგომაზე ბევრად მეტი იქნება.

“საპარლამენტო არჩევნებში ბევრად უფრო სერიოზული სიტუაცია იქნება და ყველანაირი სცენარი მუშავდება “ნაციონალური მოძრაობის” შტაბში. მათ შორისაა მხარდამჭერების მობილიზების ტექნოლოგია, არჩევნების პროცესის მაქსიმალურად დაძაბვა, მაიდანის სცენარი და უამრავი რამ. დეტალებზე ვერ გესაუბრებით, თუმცა ინფორმაცია ფრაგმენტულად ჟონავს,” – აღნიშნავს მამუკა არეშიძე. მისი თქმით, არჩევნების დღეს სააკაშვილი საქართველოში არ იქნება, მაგრამ “ნაცმოძრაობაში” ვარაუდობენ, რომ არჩევნების პროცესი 8 ოქტომბერს არ დამთავრდება, ის გაგრძელდება როგორც საერთო-სახალხო მღელვარება და იმ მომენტში შესაძლებელია, სააკაშვილიც ჩამოვიდეს.

“ვარაუდობენ, რომ შეძლებენ საერთო-სახალხო მღელვარების მოწყობას, ასევე ვარაუდობენ, რომ ექნებათ დასავლეთის სერიოზული მხარდაჭერაც. ძალიან მნიშვნელოვანი მოქმედებები იგეგმება არჩევნების დღეს და მომდევნო დღეებში. თუ აქ იქნება მაიდანი და 100 ათასი კაცი ქუჩაში, სააკაშვილს ვერავინ ახლებს ხელს. რა თქმა უნდა, ის გარანტიებით ჩამოვა. როგორც 2012 წლის არჩევნების დროს შეიარაღებული ზონდერების უამრავი ჯგუფი ჰყავდა “ნაციონალურ მოძრაობას” გამზადებული, მაგრამ ვერ გამოიყენა, რადგან სააკაშვილმა თეთრი სახლიდან მითითება მიიღო, არ გაებედა მსგავსი რამ, ახლა შეიძლება, პირიქით მოხდეს,” – საუბრობს მამუკა არეშიძე. მას მიაჩნია, რომ დღევანდელი რესურსით “ნაცმოძრაობა” 3 ათას კაცს “ძლივს” გამოიყვანს, თუმცა არ ვიცით, მოვლენები როგორ განვითარდება.

“შესაძლებელია საერთაშორისო საზოგადოება დააჯერონ, რომ არჩევნები გაყალბებულია და აქციების მოთავე მარტო “ნაციონალური მოძრაობა” არ იყოს, არამედ რამდენიმე ოპოზიციური პარტია. თუ “ნაციონალებმა” მიაღწიეს პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაციას იმ იდეის გარშემო, რომ არჩევნები გაყალბდა და გვჩაგრავენ, მაშინ ყველაფერი შესაძლებელია და მათი გეგმაც ამუშავდება. ახლა ხელისუფლების ხელშია, გაყალბდება თუ არა არჩევნები და საერთოდ როგორ ჩაივლის არჩევნების დღე. თუ იგივე ბევრგან განმეორდება, რაც კორცხელში მოხდა, მაშინ ბურთი ოპოზიციის მოედანზე იქნება,” – დასძენს მამუკა არეშიძე.

დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტ სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, სააკაშვილის დაბრუნება სერიოზული შფოთის შემომტანი გახდება და არ გამორიცხავს, რომ ეს იყოს სწორედ ის პროვოკაცია, რომელმაც 8 ოქტომბრის შედეგი უნდა გადაფაროს.

“ნაციონალების” მიერ აქციების მოწყობა არახალია. რაც ეხერხებათ, იმას აკეთებენ და რასაკვირველია აქციების გეგმა ექნებათ, მაგრამ არ მსურს ზედმეტი შფოთი შევმატო მკითხველს და წინასწარ რაიმე საშიშროებაზე საუბარი არცთუ სასიამოვნო იქნება. ჩვენი უპირველესი ამოცანაა, რომ მშვიდობიანად და დემოკრატიულად ჩატარდეს არჩევნები, თუმცა ასეთ სურვილს ჯერჯერობით სააკაშვილის და ივანიშვილის გუნდებში ვერ ვხედავთ,” – მიაჩნია სოსო ცისკარიშვილს. მისი აზრით, აქციებით “რაღაც გადატრიალების” სურვილი “ნაცმოძრაობაში” აუცილებლად ექნებათ, რადგან სხვა პერსპექტივა და უკან დასახევი არა აქვთ.

“აკი ვისმენდით კიდეც ზოგიერთ სატელეფონო საუბარს, რა მითითებები ჟღერდა საზღვარგარეთიდან “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ, მაგრამ, თქვენ წარმოიდინეთ, თუ ვინმე ცდილობს “ნაციონალურმა მოძრაობამ” არ დაკარგოს პოლიტიკური ფორმა და მყარად არსებობდეს, როგორც უპირველესი ოპოზიციური ძალა, სამწუხაროდ საკუთარი უმეცარი ქმედებებით ცდილობს და ეს კარგადაც გამოსდის სწორედ რომ “ქართულ ოცნებას”. ხოლო რა იქნება არჩევნების შემდეგ, ამის წინასწაეტყველება მგონია ვანგასაც კი გაუჭირდებოდა. ვნახოთ, ამ სამარცხვინო არჩევნების დღეს მომხდარ დანაშაულზე რას გამოიძიებენ და მაღალჩინოსანი ინიციატორი დაისჯება თუ არა,” – მიიჩნევს სოსო ცისკარიშვილი.

დიპლომატიური აკადემიის რექტორი სოსო ცინცაძე თვლის, რომ სააკაშვილის პარტიას შეიძლება მარლთაც უნდოდეს რევოლუციის მოწყობა, მაგრამ ეს არარეალურია. იგი ამბობს, რომ ერთ მდინარეში 2-ჯერ შესვლა არ შეიძლება და 2003 წელი არ განმეორდება. შევარდნაძის დროინდელი საქართველო და დღევანდელი, სხვადასხვანაირია. მაიდანი და რევოლუციები გამორიცხულია. “ნაციონალებს” მხარს არავინ დაუჭერს. თუ პარლამენტში შეჭრაზე წავლენ, მათ ხელისუფლება არ დაუთმობს, ისე როგორც ეს შევარდნაძემ დათმო და სისხლის ღვრა მოხდება. ამ შემთხვევაში კი ბრალი “ნაციონალების” მხარეს იქნება და მათ არც “ევროპის სახალხო პარტია” დაუჭერს მხარს.

“ზემო მაჩხაანის მამასახლისის არჩევნებიც რომ ტარდებოდეს, ეს მმართველმა პარტიამ არ უნდა წააგოს, რადგან საქართველოში ყველაფერს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ახლა მოხდა ის, რომ ხელისუფლებამ შუალედურ არჩევნებში რაღაც ნაწილი წააგო, ეს კი საქართველში უჩვეულოა და ამიტომაც გაჩნდა “ნაციონალებში” უკან დაბრუნების და გამარჯვების დიდი იმედი. “ნაციონალები” საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილზე რომ ვერ გავლენ, იტყვიან, არჩევნები გაყალბდაო და აქციებიც იქნება, მაგრამ შედეგი არაფერი ექნება. არჩევნებზე ევროპიდან ათასობით დამკვირვებელი იქნება და თუ ისინი იტყვიან, არჩევნები კანონიერად ჩატარდაო, მაშინ გამოსვლებსაც არანაირი ფასი არ ექნება. თუ აღმოჩნდება, რომ რომელიმე ოპოზიცია ძალადობასა და შეჭრაზე წავა, მათ ევროპელები პირველი გაემიჯნებიან, ვინაიდან ხელისუფლებას ძალადობის შემთხვევაში ძალის გამოყენების ლეგიტიმური უფლება აქვს,” – მიიჩნევს სოსო ცინცაძე. მისივე თქმით, თუ აქციებისას სააკაშვილი გადაწყვეტს და ჩამოვა, მას იმწამსვე დააპატიმრებენ და ამის ლეგიტიმური უფლებაც ექნება ხელისუფლებას.

სოსო ცინცაძის განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობას” არ გააჩნია იმხელა რესურსი, რომ ძალის გამოყენებით მოვიდეს ხელისუფლებაში. ეს გამორიცხულია და სააკაშვილის მუქარას, ჩამოვდივარო, გამოცდილი პოლიტიკოსის განცხადებად აფასებს, რომლის მიზანი “ოცნების” ხელისუფლების ფსიქოლოგიურ შოკში ჩაგდებაა.

“ეს გამოცდილი პოლიტიკოსის მხრიდან ფსიქოლოგიური ილეთია, რომ ხელისუფლება დაფაცურდეს, აი, სააკაშვილს რაღაც შეთქმულების გეგმა აქვს და საბურავებს მართლა ყიდულობენო. ბოლოს გაირკვევა, რომ არაფერიც არ ხდება და როგორც ჭიკაიძის დროს, “ოცნება” ახლაც სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდება. დღეს “ოცნებაში” ბარდაგია, დიდი ომია კალაძესა და კვირიკაშვილს შორის, ე.წ. ქორებსა და მტრედებს შორის, დასაჯონ თუ არა მოჭიდავეები. “ნაციონალური მოძრაობა” კი ამ დროს რაღაცებს გეგმავს. თუ “ოცნება” ისევ დაიწყებს, საბურავებს აგროვებენ და გადატრიალებას ამზადებენო, “ნაციონალები” დასავლეთს კიდევ ერთხელ დაარწმუნებენ, რომ მათ ტყუილს უგორებენ და ხელისუფლების მხრიდან ცილისწამების მსხვერპლნი არიან. გარდა ამისა, სააკაშვილი თავისი მუქარით მომხრეებს იმედს აძლევს, რომ ბრძოლა წინაა და მეც ჩამოვალო. “ნაციონალებს” ეს ყველაფერი გათვლილი აქვთ. მართალია, “ოცნებას” დიდი სტრატეგები არ ჰყავს, მაგრამ არ მგონია დაიჯერონ, რომ სააკაშვილი ისე გაგიჟდა, საქართველოში ჩამოსვლას და უგულავას გვერდით ჯდომას აპირებდეს,” – დასძენს სოსო ცინცაძე.

რეზონანსი“, 26 მაისი, 2016 წელი

ინტერვიუ ომარ ნიშნიანიძესთან: დავით კოღუაშვილის განცხადებებმა “ქართული ოცნების” მთელი სამყარო ამოატრიალა

გვანცა ღვედაშვილი

“ქართული ოცნება” შეიძლება ომარ ნიშნიანიძემაც დატოვოს. ამბობს, რომ ახალმა წევრმა, დავით კოღუაშვილმა თავისი განცხადებებით “ქართული ოცნების” მთელი სამყარო ამოატრიალა. ფიქრობს, რომ პარტია ნაკლებად ენდობა მასთან ერთად მებრძოლ ხალხს და რეგიონებში მათ მომხრეებს.

ომარ ნიშნიანიძე: “ოცნების” დატოვებაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, თუმცა ჩემი პარტიის მიმართ გარკვეული კრიტიკული შენიშვნები მაქვს. მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს, რომ “ქართულ ოცნებას” გავემიჯნო, ისეთ ბანაკში გადავიდე და იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს ვუღალატო, რომელსაც “ოცნება” 2012 წლიდან დღემდე აცხადებს. პარტიის სტრუქტურულ ნაწილში რაღაცებს არ ვეთანხმები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გავიქცე და გადავპორტირდე სხვა პარტიაში. თუნდაც, თამაზ მეჭიაურთან წავიდე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ბიძინა ივანიშვილს, ქვეყანას ან “ქართული ოცნების” ძირითად იდეებს ვუღალატებთ. ჩვენ შორს არსად არ მივდივართ. თუმცა, საბოლოოდ ეს გადაწყვეტილი არ მაქვს და ამასთან დაკავშირებით მექნება კონსულტაციები.

- თუ გაქვთ ინფორმაცია, თამაზ მეჭიაურის პარტიაში ვინ იქნება გაწევრიანებული?

- ვერაფერს გეტყვით, მსურველები არიან, თუმცა კონკრეტულად ვინ იქნება, ჯერჯერობით ნამდვილად ვერ გეტყვით. ამაზე საუბარი ჩვენ გვქონია, თუმცა მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკებები ამ პიროვნებებთან, არ ვიცი. მე ვამბობ, რომ შეიძლება გადავდგა ეს ნაბიჯი და გადავიდე მეჭიაურის პარტიაში თუ “ქართული ოცნება” კიდევ გადადგამს ასეთ ნაბიჯებს და ასეთ ოდიოზურ პიროვნებებს შემოიყვანს პარტიაში, იძულებული ვიქნები, არჩევანი გავაკეთო. ჯერჯერობით კი მე არ მიღალატია “ქართული ოცნებისთვის”.

- აქვს თუ არა თამაზ მეჭიაურს პარტიის ჩამოყალიბების შემდეგ პარლამენტში შესვლის შანსი?

- ბატონი თამაზი მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილის აზრს გამოხატავს. მთავარია, ამ აზრს როგორ გარდაქმნის. შეძლებს თუ არა პოლიტიკაში ამის რეალიზებას, ეს სხვა ამბავია. მას წარმატებებს ვუსურვებ, მით უმეტეს, რომ არ ვარ ანტიპათიურად განწყობილი და ვგულშემატკივრობს მას და შეიძლება ხვალ და ზეგ მის პარტიაშიც მიხილოთ. ასე რომ, ვერ გეტყვით, შეიძლება ყველაფერი მოხდეს.

- როდის შეიძლება ველოდოთ ქართული ოცნებიდან თქვენს წასვლას?

- მე არ მინდა, განაწყენებული კაცის იმიჯი მქონდეს. თუმცა თუ არ დააფასებენ ჩემს აქტიურობას, განათლებას და ჩემზე უარესს მოიყვანენ, რა თქმა უნდა, გული დამწყდება და, ბუნებრივია, სათანადო რეაქციაც მექნება. ახლა მოლოდინის რეჟიმში ვარ, რას მეტყვიან. მე გარკვეული კრიტიკული დამოკიდებულება მაქვს პარტიის მიერ გადადგმული ნაბიჯების მიმართ. თუმცა, ვაგრძელებ მასთან ურთიერთობას და გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმისგან თავს ვიკავებ, მაგრამ არაფერი არ არის გამორიცხული.

- უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, “ქართული ოცნების” რა ნაბიჯები იწვევს თქვენს უკმაყოფილობას?

- ეს არის პარტიის ერთგულ წევრთა იგნორირება, გარკვეული დაუკმაყოფილებლობის გრძნობა ყრილობის გამო, ასევე ახალი, შემომატებული წევრების განცხადებები და ა.შ. მე ერთხელ უკვე გამოვთქვი ეჭვი, ამ განცადებებით ხომ არ გვაჩვევენ რაღაცას, ხომ არ მივდივართ ხავერდოვანი რევოლუციისაკენ, ხომ არ შევიცვალეთ ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებები?! მე არ შემიცვლია, მაგრამ ხომ არ ვუღალატეთ იმ იდეას, რითაც შეკრული ვიყავით 2012 წელს?! ამის ეჭვეი მიჩნდება და ვფიქრობ, პასუხი უნდა მივიღო. ეჭვის საფუძველს მაძლევს გარკვეული განცხადებები, მაგრამ დასაბუთებული და არგუმენტირებული ეჭვი ჯერ არ მაქვს. ველოდები ახსნა-განმარტებას, სათანადო რეაგირებას ჩვენი პარტიის ლიდერების მხრიდან.

- “ოცნების” სხვა წევრებსაც თუ აქვთ უკმაყოფილება და შეიძლება თუ არა ზოგიერთმა მათგანმა პარტია დატოვოს?

- ჯერ არც მე დამიტოვებია პარტია. სიებთან დაკავშირებითაც არაფერი ისმის. ვერც უარს მეუბნებიან, რადგან ამ შემთხვევაში არგუმენტებით უნდა დაასაბუთონ გადაწყვეტილება. ჭკუა მაკლია, გონება, ერთგულება თუ რა, ამასაც ვერ გვეუბნებიან. ჩვენისთანა მებრძოლ ადამიანებს უნდა ეძებდნენ “ოცნებაში”. ამას მხოლოდ ჩემზე არ ვამბობ, არამედ იმ ადამიანებზე, რომლებსაც “ქართულ ოცნებაში” ჩემზე დიდი დამსახურება აქვთ.

- როგორ შეაფასებდით “ქართული ოცნების” მიერ ყრილობაზე წარმოდგენილ ახალ წევრებს?

- პარტიის მშენებლობის მიმართ მე ყოველთვის სკეპტიკურად განწყობილი ვიყავი. წელიწად-ნახევრის წინ, როდესაც მოვიარეთ რეგიონებში “ქართული ოცნების” ოფისები, დაგვხვდა დაკეტილი და გაყინული ოთახები. ვნახეთ დაკონსერვებული პარტია, რის გამოც ძალიან კრიტიკული პოზიცია დავაფიქსირე. ამის შემდეგ გვპირდებოდნენ, რომ დაიწყებოდა მოძრაობა და დღეს-ხვალ ამუშავდებოდა ყველაფერი. და, აი, მოვიდა ყრილობა. რომელმაც, მართალი გითხრათ, დიდი იმედები ვერ მომცა. შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო.ახალ წევრებზეც გეტყვით ორიოდ სიტყვას. კოღუაშვილის განცხადებას მე ვერ ვუწოდებ პატარა ბავშვის ხუმრებას ან დაჩქარებულ გამოსვლას, რითაც ზოგიერთი ცდილობს გარკვეულწილად ჩამორეცხოს მას პარტიის წინაშე დანაშაული. მე სწორად ამას დავარქმევდი მის ქმედებებს, რადგან უამრავი ჩვენი თანამებრძოლი და გულშემატკივარი, შეიძლება ითქვას, საპირისპირო ბანაკისკენ გაახედა კოღუაშვილის გამონათქვამებმა. ამიტომაც ჩვენ არ უნდა ვეცადოთ მისი ნათქვამების გამართლება.

- გარდა დავით კოღუაშვილისა, ყრილობაზე წარდგენილმა კიდევ რომელმა წევრებმა გამოიწვია თქვენი უკმაყოფილება?

- მართალი გითხრათ, ვერ გეტყვით, რადგან დიდი ცნობადობა არა აქვთ. ცოტა ხნის წინ მამაუკა მგელაძე გავიცანი და ერთი შეხედვით საინტერესო პიროვნება ჩანს. მთავარია, ისეთი საინტერესოები არ აღმოჩნდნენ, როგორიც დავით კოღუაშვილი აღმოჩნდა და “ქართული ოცნების” მთელი სამყარო ამოატრიალა.

- თქვენ თქვით, რომ რეგიონებში “ქართული ოცნების” ოფისები დაკეტილი იყო, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ პარტია რეგიონებში არ ასრულებდა თავის მოვალეობას და უფუნქციო იყო?

- გარკვეულ პერიოდში სამუშაო ტემპი მართლაც შენელებული და გაჩერებული იყო. სწორედ ამიტომ ავტეხე მე განგაში, რის შემდეგაც ეს გარკვეულწილად შეიცვალა, თუმცა ჯერჯერობით ჩემთვის სასურველ დონეს მაინც ვერ მიაღწია. იმედი მაინც არის, რადგან ჯერ არის იმის დრო, რომ ყველაფერი გამოსწორდეს. ჩემს კრიტიკულ დამოკიდებულებას ის განაპირობებს, რომ მაქვს სურვილი, პარტია იყოს ძლიერი და საპირწონე ნებისმიერ სხვა პარტიასთან დამოკიდებულებაში. მე ახლაც არ მეპარება ეჭვი, რომ “ქართული ოცნება” საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს. მე მისი გულშემატკივარი ვარ, მაგრამ გარკვეული სვლები სულაც არ იყო საჭირო. მაგალითად, სამეგრელოში, სოფელ კორცხელში მომხდარი ინციდენტის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. ვინც ეს ვერ გათვალა, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელიც ის არის. რატომ არ ვეძებთ იმ ჩვენს ადგილობრივ მხარდამჭერებს იმავე სამეგროლოში, რომლებიც, თუ საჭირო იყო, თავად გალახავდნენ მათ. მაგრამ უფრო ღირსეულები იქნებოდნენ და ხელს ჩვენკენ ვერ გამოიშვერდნენ. ამიტომ, არ იყო აუცილებელი ჩვენი მთელი სახელმწიფო ძალების ჩართულობა ასეთ უმნიშვნელო საკითხებში.

- კორცხელში მომხდარ ინციდენტს როგორ შეაფასებდით?

- მე ეჭვი არ მეპარება, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან იყო პროვოკაცია, მაგრამ ჩვენ არ უნდა წამოვეგოთ ამაზე. საცემები ისინი დიდი ხნის წინ იყვნენ. თავის დროზე რომ გვეცემა და დასასჯელები დასჯილიყვნენ, მაშინ ეს ინციდენტებიც ნაკლები იქნებოდა ახლაც და არჩევნების დროსაც. მე ვემიჯნები ყოველგვარ ძალადობას, ჩემი სურვილია, რომ მსგავსი რამ არ მოხდეს, თორემ გასალახები ისინი, რა თქმა უნდა, არიან. მათ რომ სირცხვილის გრძნობა ჰქონდეთ, საერთოდ არ გამოჩნდებობდნენ ხალხში, მაგრამ მათ არ აქვს ეს გრძნობა და აკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ.

- რატომ ან ვისი ბრძანებით იყვნენ მობილიზებული კორცხელში ის ადამიანები, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს?

- ჩვენ ვერ დავუშლით ჩვენს მხარდამჭერებს იქ ჩასვლას, იგივე “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები კორცხელში თბილისიდან იყვნენ ჩასული. რახან ხელისუფლება ვართ, ჩვენი მხარდამჭერები არ შეიძლება ყოფილიყვნენ ჩასულები?! “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა შეაგინეს, ასე რომ ვთქვათ, წააქეზეს ჩხუბისკენ და ჩვენ დავცხეთ, მაგრამ იცით რა არის?! შეიძლებოდა ადგილობრივ მოსახლეობაში ჩვენს მომხრეებს თავად გადაეწყვიტათ ეს საკითხი და შედეგიც სხვა ყოფილიყო. ზოგადად ჩვენი სტილია ასეთი, რომ ჩვენთან ერთად მებრძოლ ხალხს, ჩვენს მომხრეებს რეგიონებში ნაკლებად ვენდობით. არადა, ძალიან ერთგული ხალხი ჰყავს “ქართულ ოცნებას”, ამას დაფასება უნდა – თურაშაულის პატრონი ტყეში პანტას არ უნდა ეძებდეს.

რეზონანსი“, 26 მაისი, 2016 წელი

ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: “ოცნებაში” არც ერთი პოლიტიკოსი არაა ისეთი, ვისაც ჭკუა მოეკითხება”

თაკო მათეშვილი

“დღესაც ვერ ხვდებიან, რამხელა პრობლემები აქვთ – ერთ პატარა სოფელშიც კი ამხელა ძალისხმევა და ცემა-ტყეპა დასჭირდათ და მაინც წააგეს,” – ასე პასუხობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ხელისუფლების წევრების თამამ განცხადებებს ოქტომბრის არჩევნებში უპირობო გამარჯვებასთან დაკავშირებით, რომელთაც განსაკუთრებით აქტიურად შუალედური არჩევნების შემდეგ აკეთებენ. გია ხუხაშვილის აზრით, “ოცნების” ხელისუფლება იმავე გზას ადგას, რასაც “ნაციონალები” გადიოდნენ და, შესაბამისად, იმავე დასასრულსაც უწინასწარმეტყველებს.

“რეზონანსთან” ინტერვიუში იგი პარლამენტში გუშინ მომხდარ ჩხუბსაც ეხება და აღნიშნავს, რომ “როდესაც სათქმელი არაფერი გაქვს, როცა კულტურაც გაკლია, განათლებაც და აღზრდაც, კუნთებზე იწყებ ყურებას.”

- პარლამენტში მომხდარი მორიგი ჩხუბი კორცხელის ამბების გაგრძელებად უნდა მივიჩნიოთ?

- კორცხელი საბაბია. ახლა კანონზომიერი პროცესი მიდის – რაღაც ამის მაგვარს ველოდებოდით. ჩვენ ხომ ამის დიდი გამოცდილება გვაქვს, სულ ერთსა და იმავე წრეზე ვტრიალებთ. ახლა ე.წ. გახურების პროცესი მიდის და ბუნებრივია, ასეთი რაღაცები მოსალოდნელი იყო. პოლიტიკური კულტურა ძალიან დაბალია და მუშტი-კრივითა და უსაგნო რიტორიკით მიდის ყველაფერი. შინაარსი უკანა პლანზე გადადის და ყველაფერი ერთ დიდ სანახაობადაა ქცეული. ეს პროცესებს აზიანებს, მაგრამ რა ვქნათ, მანკიერ წრეში ვართ მოქცეული და აქედან ვერა და ვერ გავაღწიეთ.

- არასამთავრობოების ნაწილი ხელისუფლებას საყვედურობს, რომ კორცხელის ინციდენტს ადეკვატური შესაფება და კვალიფიკაცია არ მიეცა. თქვენ რა შეგიძლიათ თქვათ ამაზე?

- სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლების სასარგებლოდ ვერაფერს ვიტყვი. იმაზე საუბარი, რომ იქ თურმე პროვოკაციები იყო, სისულელეა. პროვოკაცია თუ იყო და შენ თუ ამაზე წამოეგე, ეს პოლიტიკური სიბრიყვეა. სიბრიყვე კი, ჩემი აზრით, არანაკლები დანაშაულია, ვიდრე ძალადობა. ასე რომ, ამით რისი თქმა უნდათ, ჩემთვის გაუგებარია. რამდენჯერ უნდა წამოეგო პროვოკაციაზე? თუმცა ესეც ძალიან არადამაჯერებლად გამოიყურება. როცა სააკაშვილის რეჟიმს ვებრძოდით, არ მახსოვს, რომ ეს მოჭიდავეები “ნაცმოძრაობის” თავგადაკლული მოწინააღმდეგეები ყოფილიყვნენ და ახლა რამ “გააბრაზათ” ასე ძალიან? აქ სხვა რამ დავინახე – როგორც ჩანს, დღევანდელი ხელისუფლებაც ვერ ამბობს უარს კრიმინალზე გამავალ ძალიან ნეგატიურ ინსტრუმენტებზე, რის გამოც ჩვენ წინა ხელისუფლება ოპოზიციაში გავისტუმრეთ.

როცა სასამართლოში მურუსიძე გყავს, საჯარო სექტორში კი ძველი რეჟიმის არაერთი რეინკარნირებული წარმომადგენელი, ეს საბოლოო ჯამში ზონდერჯგუფებამდე მიგიყვანს, რადგან ესაა სისტემის ლოგიკა. ფაქტია, რომ სისტემა დღეს ისევ ფუნქციონირებს და ისევ ბობოქრობს. ზუსტად ესაა ამ ხელისუფლების სისუსტე – ამაზე უარი ვერ თქვა. ჩვენ ხომ სააკაშვილის მიმართ მისი სახელისა და გვარის გამო არ გვქონდა პრობლემა, ჩვენ სისტემა არ მოგვწონდა. სისტემა კი დღევანდელ ხელისუფლებასაც შეეზარდა და ეს ძალიან სამწუხაროა.

- შუალედური არჩევნების შემდეგ “ოცნების” წარმომადგენელთა განცხადებები უფრო თამამი გახდა. ახლა ისინი უფრო მეტად არიან დარწმუნებულები მომავალ არჩევნებში გამარჯვებაში და 9 ოქტომბერს, საზეიმო მიტინგზე სააკაშვილის ფიტულის მიტანის პირობასაც კი დებენ. იძლევა თუ არა არჩევნების შედეგები ამგვარი თამამი განცხადებების საფუძველს?

- ეს აბსოლუტურად უსაგნო ბაქი-ბუქია, ძალიან ცუდი თამაშის პირობებში. დღესაც ვერ ხვდებიან რამხელა პრობლემები აქვთ – ერთ პატარა სოფელშიც კი ამხელა ძალისხმევა და ცემა-ტყეპა დასჭირდათ და მაინც წაგეს. მით უმეტეს, რომ კონკურენტი რეინკარნირებული “ნაცი” იყო. რის პირობას დებენ? აბსოლუტურად გაუგებარია, რისი იმედი აქვთ. რამე პოზიტივს სთავაზობენ საზოგადოებას? სამწუხაროდ, “ოცნებაში” პოლიტიკური აზროვნების ნატამალსაც კი ვერ ვხედავ. ჩემი აზრით, “ქართულ ოცნებაში” არც ერთი პოლიტიკოსი არაა ისეთი, ვისაც ჭკუა მოეკითხება.

- რამდენად ადეკვატურად მიგაჩნიათ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები ხურჩის ტრაგედიაზე? პაატა ზაქარეიშვილს ბოდიშის მოხდაც კი მოუწია.

- არ ვარ განწყობილი, რომ ხურჩის ინციდენტზე ხელისუფლებას დიდი პასუხისმგებლობა დავაკისრო. ვფიქრობ, რომ მის მიმართ ეს აგრესია გადაჭარბებულია. თუმცა, ხელისუფლებას სწრაფი მოქმედებების შედეგად შეეძლო, დამნაშავის დასჯა უზრუნველეყო. მით უმეტეს, როგორც თავად ამბობენ, მეორე მხარესთან რაღაც კომუნიკაცია აქვთ. დამნაშავის დასჯის მიღწევა მოლაპარაკებების შედეგად შეიძლებოდა. თუმცა, იწილო-ბიწილოში დიდი დრო გაუშვეს და დღეს ეს უკვე შეუძლებელია. ხელისუფლებას უფრო აგრესიულად რომ ემოქმედა არა პოლიტიკურ ველზე, არამედ კონსულტაციები დაეწყო მოსკოვთან ან სოხუმთან, ვფიქრობ, რომ ამის მიღწევა შესაძლებელი იყო.

- ანუ, ახლა უკვე მათ მიერ დადებული პირობები, რომ დამნაშავე დაუსჯელი არ დარჩება, უბრალო სიტყვებია?

- ამ ქვეყანაში პირობის დადება პრობლემა არაა, შესრულებაა ძნელი.

- თსუ-ში ისევ ხმაურიანი აქციებია. რა დასკვნის გამოტანის საშუალებას გვაძლევს ეს – რექტორის შეცვლამ ცოტათიც კი არ შეცვალა იქ სიტუაცია?

- უნივერსიტეტი ცალკე პრობლემაა. მას ავტორიტეტები სჭირდება. ამ ქალბატონის (გულიხმობს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს) საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ძალიან უცნაურია, რომ ჯავახიშვილის, კეცხოველისა და სხვათა შემდეგ ამ ქალბატონს უნივერსიტეტის რექტორობის ამბიცია ჰქონდა. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის ავტორიტეტს დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენც გვიდუღდა სისხლი და ჩხუბებიც გვქონდა, მაგრამ უნივერსიტეტის პირველ კორპუსში არ გვიჩხუბია, რადგან ლექტორებისა და რექტორების რიდი და მოწიწება გვქონდა. ახლა კი უნივერსიტეტში ავტორიტეტები აღარ არსებობენ და ასეთი უცნაური სურათი მივიღეთ. თან მაშინ ეს ჩხუბები უფრო საყოფაცხოვრებო ხასიათს ატარებდა და ახლა კი, ვითომ ფასეულობების გამო, ქვეყნის უკეთესი მომავლის სახელით ერთმანეთს თავ-პირს ამტვრევენ. ეს ხომ წმინდა მარაზმია. თუმცა, რასაც პარლამენტში ხედავენ, იმავეს იმეორებენ. რა უნდა გაგვიკვირდეს.

რეზონანსი“, 26 მაისი, 2016 წელი

ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: “ქართული ოცნება” ასეთ ექსპერიმენტზე აწი აღარ წავა

ელზა პაპოშვილი

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ხურჩაში მომხდარი მკვლელობა ხელისუფლების მხრიდან ადეკვატურად შეფასდა. მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილმა რაშიდ კანჯი-ოღლუმ თავი რუსეთს შეაფარა, მისი დასჯის ბერკეტი ქვეყანას კიდევ უფრო შეუმცირდა. საქართველოს ამ მკვლელობის პოლიტიკურ ასპექტში მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარების იმედი რჩება, რასაც ის მაქსიმალურად იყენებს.

რამაზ საყვარელიძე თვითმმართველობის არჩევნებზე მომხდარ ინციდენტსაც აფასებს და ამბობს, რომ ხელისუფლება ამ ფაქტის შემდეგ ჭკუას ისწავლის და 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მსგავს პროვოკაციას აღარ წამოეგება.

- რა უნდა ქნას ქვეყანამ, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელი რაშიდ კანჯი-ოღლუ დაისაჯოს? მით უმეტეს ცნობილი გახდა, რომ მან თავი რუსეთს შეაფარა. რა ბერკეტები აქვს ქვეყანას, რომელიც შეიძლება, რომ გამოიყენოს?

- საერთოდ, როდესაც მკვლელობაში ეჭვმიტანილი ადამიანი, თავს იმ ქვეყანას აფასებს, რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობაც კი არ გვაქვს და ის თავის თავზე პასუხისმგებლობას არ იღებს, რომ დამნაშავე გადმოგცეს, ამ ფონზე საქართველო, გარდა საერთაშორისო პარტნიორების მობილიზაციისა, სხვას ვერაფერს ვერ გააკეთებს. ქვეყანას სხვა თეორიული შანსიც კი არა აქვს. მობილიზაცია დაწყებულია, მეტი, აბა, ახლა რუსეთს ვერ დავიპყრობთ, რომ ეს კაცი დავიჭიროთ.

- თუ ე.წ. აფხაზეთის ხელისუფლებამ ეს ადამიანი არ დასაჯა, ეს საქართველოსთვის რა მესიჯი იქნება?

- პრინციპში, აფხაზების ქცევა მოულოდნელი არ ყოფილა, მათი მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ დამოკიდებულება, მე მგონი, ახალი არ არის. პირიქით, ალბათ გასაკვირი იქნებოდა, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი დაეკავებინათ და პასუხისგებაში მიეცათ. ისინი, როგორც ვიცით და ცნობილია, რუსეთის გარეშე არაფერს და ვერაფერს წყვეტენ. შესაბამისად, აქ ე.წ. აფხაზეთის როლი და ქმედება სრულიად შეზღუდულია. თუმცა მათი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ ისედაც ცნობილია და სხვას არც არაფერს არ უნდა ველოდოთ.

- მკვლელობის ფაქტზე სახელმწიფოს რეაქცია იყო თუ არა ადეკვატური? რას იტყვით პაატა ზაქარეიშვილის განცხადებაზე, რომ ეს ერთჯერადი მკვლელობა იყო, რომელზეც შემდგომ ბოდიშის მოხდაც მოუწია?

- რაც მოვისმინე, ეს იყო პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებები. ვთვლი, რომ მისი მხრიდან გაკეთებული შეფასება ადეკვატურია. არ მომისმენია პაატა ზაქარეიშვილის განცხადება და შესაბამისად, ვერაფერს ვიტყვი. დანარჩენების განცხადებაზე შეფასებებს ვერ გავაკეთებ, ეს მათი პირადი აზრია.

- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სიტუაცია დრამატულად განვითარდა. როგორ შეაფასებთ მომხდარს? შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები მსგავს რეჟიმში წარიმართება?

- ძალიან დრამატულად ვერ შევაფასებ, რადგანაც საქართველოში არჩევნებზე ყოველთვის ასეთი სიტუაციაა. სამარცხვინოდ შეიძლება შევაფასოთ. რა თქმა უნდა, სასურველია, რომ ადამიანები ერთმანეთს არ ურტყამდნენ. რაც შეეხება მოახლოვებულ საპარლამენტო არჩევნებს, არ მგონია, რომ მსგავსი სიტუაცია კიდევ განვითარდეს. ვფიქრობ, სამართალდამცავი ორგანოების მობილიზაცია უფრო მეტი იქნება, სწორედ იმიტომ, რომ ასეთი ინციდენტი უკვე მოხდა. მეორე აგრესია ბოკერიასა და მელიას საარჩვნო უბანზე გამოჩენამ გამოიწვია. სადაც “ნაციონალური” მოძრაობის ლიდერები არ მივიდნენ, იქ ასეთი დაპირისპირება არ მომხდარა. იმედია, ისინი ოქტომბრის არჩევნებზე ყველა უბანზე ვერ მივლენ.

- ვნახეთ, რომ სამეგრელოსა და გურიაში არჩევნები ორ ოლქში “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა მოიგო. როგორ ფიქრობთ, მოსახლეობას წინა ხელისუფლება მოენატარა?

- ალბათ ამის ანალიზი “ქართულმა ოცნებამ” რომ გააკეთოს, ბევრად სჯობს. ყველა არჩევნებს თავისი შეცდომები აქვს. არ ვიცი, ადგილობრივებთან “ოცნებამ” როგორ იმუშავა. მას ჰყავდათ ცუდი კანდიდატები და მოხდა ის, რომ “ნაციონალებმა” გაიმარჯვეს? არც ის არის გამორიცხული, რომ იმ ინციდენტმა, რაც საარჩევნო უბანთან მოხდა, მოსახლეობა “ქართული ოცნების” სასიკეთოდ არ განაწყო. ერთ-ერთ ფაქტორად ეს შეიძლება განვიხილოთ.

- ოპოზიცია აცხადებს, რომ პოლიციამ ისინი არ დაიცვა. მას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ?

- ხელისუფლებას ამ პრობლემის შესახებ ხშირად უჩივიან. გასაკვირი არაფერია, მაგრამ მოსაგვარებელი ნამდვილად არის. პოლიციის მდგომარეობა თუ ასეთი დარჩა, ალბათ მეტი შანსია, რომ არჩევნების დროს ბევრი სავალალო შემთხვევა იქნება.

- როგორც “ქართული ოცნება” ამბობს, პროვოკაცია “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან მოდიოდა და მათაც სათანადო პასუხი გასცეს. როგორ ფიქრობთ, 8 ოქტომბრის არჩევნებზე შესაძლოა, რომ ორივე მხარემ დაპირისპირება ქუჩაში გადაიტანოს? “ოცნება” წინა ხელისუფლების საარჩევნო პოლიტიკის ტაქტიკას ხომ არ იყენებს?

- ადამიანი რასაც ერთხელ ნახავ, შემდეგ ყოველთვის იმის შანსი არსებობს, რომ მსგავსი კვლავ განმეორდება. თუმცა მგონია, რომ ეს ინციდენტი როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო დონეზე ისე დაიგმო, რომ “ქართული ოცნება” ასეთ ექსპერიმენტზე აწი აღარ წავა. მიხვდება, რომ პროვოკაციას სხვანაირად უნდა უპასუხოს და არა ფიზიკური ძალის მობილიზაციით.

რეზონანსი“, 26 მაისი, 2016 წელი

ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: კანჯი ოღლის მამა ომის შემდეგ სისასტიკისთვის ქართველებმა მოკლეს // ვინ არის ხურჩის მკვლელობაში ეჭვმიტანილი

თიკო ოსმანოვა

(შემოკლებით)

“29 წლის რაშიდ კანჯი ოღლი ტყვარჩელელი გათურქებული ლაზია. მამამისი რაულ კანჯი ოღლი იყო, რომელიც ომში ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა. იგი ომის მერე, სასტიკი მოქცევის გამო, ქართველებმა მოკლეს, თუმცა კონკრეტულად ვინ, არ ვიცი. ასევე, მას არასრულწლოვნის გაუპატიურებაში სდებდნენ ბრალს, რის გამოც სახლიც კი გადაუწვეს. როგორც ვიცი, ამირინ დუხინის სახელითა და გვარით გადავიდა რუსეთში. ახლა ამ წუთში რა სახელი და გვარი აქვს, არ ვიცი. ქალაქი, მე მგონი, იმავე დღეებში დატოვა,” – აცხადებს მამუკა არეშიძე აფხაზ ე.წ. “მესაზღვრეზე”, რომელმაც გასულ კვირას გიგა ოთხოზორია ხურჩასთან ცინიკურად მოკლა.

ამავე დროს ცნობილი ხდება, რომ საქართველოს პროკურატურის მიერ ძებნლად გამოცხადებულმა აფხაზმა, ე.წ. “მესაზღვრე” რაშიდ კანჯი ოღლიმ საზღვარი გადაკვეთა და რუსეთში იმალება. სპეციალისტები მართლმსაჯულების წინაშე მის წარდგენას სპეკტიკურად უყურებენ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაიას, ერთადერთი, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენის კომისიის იმედი აქვს, თუმცა ფიქრობს, რომ ესეც დროში გაიწელება.

მკვლელობა, რომელიც გასულ ხუთშაბათს შუადღეს ხურჩასა და ოკუპირებულ ნაბაკევს შორის არსებულ ე.წ. სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მოხდა, იქვე არსებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერებშია დაფიქსირებული, სადაც ჩანს, როგორ გადმოდის 4 სამხედრო ფორმიანი ხურჩაში, მათგან ერთი როგორ არტყამს, მეორე კი ესვრის გიგა ოთხოზორიას, მათ შორის საკონტროლო გასროლით სახეშიც. ასევე ჩანაწერიდან ჩანს ისიც, რომ სიახლოვეს, არც ერთი ქართველი სამართალდამცველი არ იმყოფება. სწორედ ამ ჩანაწერით მოხდა რაშიდ კანჯი ოღლის იდენტიფიცირება.

თვითმხილველთა თქმით, სოფელ ნაბაკევის მხარეს გადასულ ოთხოზორიას სეპარატისტთა ე.წ. საბაჟოზე, საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელი ბარათის წარდგენის გამო, სიტყვიერი შეურაცხყოფა აფხაზმა “მესაზღვრემ” რაშიდ კანჯი ოღლიმ მიაყენა. კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, თუმცა თანმხლებმა პირებმა ოთხოზორია გამოარიდეს და ხურჩისკენ წამოიყვანეს. ამის შემდეგ, მათ ოთხი შეიარაღებული აფხაზი დაედევნა, მათ შორის, რაშიდ კანჯი ოღლი, რომელმაც გიგა ოთხოზორიას ჯერ ფეხისა და მუცლის არეში რამდენჯერმე ესროლა, უკვე წაქცეული კი თავში საკონტროლო გასროლით მოკლა.

ცნობა იმაზე, რომ ეჭვმიტანილმა რუსეთის საზღვარი გადაკვეთა, მისი მამა კი მძიმე დანაშაულისთვის ქართველებმა მოკლეს, “ამერიკის ხმამ” გაავრცელა.

ინფორმაცია კანჯი ოღლის რუსეთში გაქცევაზე “რეზონანსთან” საუბრისას აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ ყოლბაიამ დაადასტურა.

“მართლმსაჯულების არიდების მიზნით, როგორც გავიგე, ხელი შეუწყვეს და რუსეთში გადამალეს. მამამისი ომის მეომარი და ე.წ გმირი იყო. რა თქმა უნდა, მას არ გაუჭირდებოდა მოეძებნა ვინმე გავლენიანი ადამიანი, რომელიც საზღვრის გადაკვეთაში დაეხმარებოდა. ერთადერთი იმედი მაქვს, ამოქმედდეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის კომისია, სადაც საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად აფხაზები და რუსებიც მონაწილეობენ. თუმცა ვეჭვობ, ამის აღდგენა დროში გაიწელება. არადა, ჩანაწერები გვაქვს და დამნაშავეც იდენტიფიცირებულია.

“ასეთი ცინიკური მკვლელობა მხოლოდ ზომბირებულ ადამიანს შეეძლო ჩაედინა და წესით, მისი გადამალვა რუსეთს არც უნდა აწყობდეს,” – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას ყოლბაია.

საქართველოს კანონმდებლობით, კანჯი ოღლის 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მკვლელობის ფაქტზე საქმე სოხუმის დეფაქტო პროკურატურამაც აღძრა. თუმცა მკვლელობაში ეჭვმიტანილის დაკავება ამ დრომდე არ მომხდარა. სოხუმის დე ფაქტო პროკურატურამ, შემთხვევის დღეს კანჯი ოღლი დაკითხვაზე დაიბარა და მალევე გაათავისუფლა. “კანჯი ოღლი ე.წ საბაჟოზე მუშაობდა. წარმოშობით თურქი, აფხაზეთში მცხოვრები გახლდათ. საკმაოდ გავლენიანი ნათესავები ჰყავდა, თორემ ისე მანდ მუშაობას არავინ დააწყებინებდა. შემთხვევის ადგილზე არ ვყოფილვარ, ზუსტად არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ როგორც გავიგე, დაკითხვაზე ჰყავდათ სოხუმში ჩაყვანილი და შემდეგ გაათავისუფლეს”, – უთხრა “რეზონანსს” ადგილობრივმა მკვიდრმა.

სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელის მამუკა არეშიძის თქმით, კანჯი ოღლიმ მომხდარის შემდეგ საზღვარი ამირინ დუხინის სახელით გადაკვეთა.

“29 წლის რაშიდ კანჯი ოღლი ტყვარჩელელი გათურქებული ლაზია. მამამისი რაულ კანჯი ოღლი იყო, რომელიც ომში ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა. იგი ომის მერე, სასტიკი მოქცევის გამო, ქართველებმა მოკლეს, თუმცა კონკრეტულად ვინ, არ ვიცი. ასევე, მას არასრულწლოვანის გაუპატურებაში სდებდნენ ბრალს, რის გამოც სახლიც კი გადაუწვეს. როგორც ვიცი, ამირინ დუხინის სახელითა და გვარით გადავიდა რუსეთში. ახლა, ამ წუთში რა სახელი და გვარი აქვს, არ ვიცი. ქალაქი, მე მგონი, იმავე დღეებში დატოვა,” – გვითხრა მამუკა არეშიძემ. მისივე თქმით, ჩვენ რეაგირების ორი მექანიზმი გვაქვს. ერთია – ე.წ. საზღვარზე კონტროლის გამკაცრება; საერთაშორისო მონიტორებისთვის საკითხის კატეგორიულად დასმა, რომ ისინი გადასასვლელ საგუშაგოებზე სიტუაციას უფრო ყურადღებით მოეკიდონ; ასევე ზეწოლა რუსეთზე, სეპარატისტულ ხელისუფლებაზე; საერთაშორისო საზოგადოების მოხმობა და ა.შ.

მაუმა არეშიძის განცხადებით, ასევე უნდა მოხდეს დახურული რეაგირება. დახურული რეაგირება კი ისაა, როგორც იქცევა ისრაელის დაზვერვა – მოსადი, რომელიც ნებისმიერი ქვეყნის ტერიტორიაზე დამნაშავეს ცოცხალს არ ტოვებს.

მამუკა არეშიძე აღნიშნავს, რომ, რაც ხურჩაში მოხდა, ეს პირველი შემთხვევა არ არის და ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე თავდასხმები ადრეც ყოფილა.

“2007 წლის 5 იანვარს აფხაზეთიდან 6 კაცი გადმოვიდა, მათ განმუხურის პოლიციის საგუშაგო დაცხრილეს და ქართველი პოლიციელი მოკლეს. როგორც გაირკვა, ეს იყო აფხაზების პასუხი, რადგან გალში დეკემბერში 2 აფხაზი პოლიციელი იყო მოკლული; ოკუპირებულ მხარეს, გალის საბაჟოს აფხაზი უფროსის მკვლელობაც მახსოვს; მახსოვს აქეთა მხარეს მკვლელობები საგუშაგოს მიმდებარე ტერიტორიაზე; ასევე მახსოვს, 2008 წელს წალენჯიხის გამგებელი როგორ მოკლეს აფხაზებმა ენგურის მეორე ნაპირიდან ნაღმსატყორცნით; ასევე 2011 წელს სამაჩაბლოში 2 მოქალაქე, რომლებიც ჯონჯოლის მოსაკრეფად იყვნენ გადასული, როგორ დაცხრილეს რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა ავტომატებით. ისინი შემდეგ ჩვენებმა ძლივს გადაარჩინეს. საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ასეთი რამ სულ ხდება. თუმცა ხურჩაში დანაშაული ყველა სხვა მკვლელობისგან განსხვავებით საშინელი ცინიზმით მოხდა,” – დასძენს მამუკა არეშიძე.

(…)

გუშინ პორტალმა “კვირამ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯიოღლი დაკავებულია. “კვირა” შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც მას ინფორმაცია ნაწილობრივ დაუდასტურა. მინისტრის განცხადებით, ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების შესახებ მასაც აცნობეს, თუმცა ამ დროისთვის ინფორმაციის სისწორე მოწმდება.

———————

ალია“, 26 მაისი, 2016 წელი

ის გამო ახდენენ ამერიკელები ზეწოლას ივანიშვილზე და რა ხდება ოცნების კულუარებში?

გელა ზედელაშვილი

საქართველოს პარლამენტში დიდი „ბარდაგია“. არც აქამდე იყო დალაგებული სიტუაცია, მაგრამ ბოლო ორი თვეა, ვინ საით გარბის

და ვინ რას აკეთებს, უკვე გაუგებარია. 25 მაისს უმცირესობა-უმრავლესობის შეხლა-შემოხლის საბაბი კვლავ სოფელი კორცხელი გახდა, სადაც „ოცნების“ „ნაციონალმა“ კანდიდატმა წააგო და «ნაცლიდერებმა“ კიდევ რამდენიმე ალიყური აიკრეს. თემა უკვე პოლიტიკურ და არაკაცურ ჭრილში გადავიდა, ზაზა პაპუაშვილმა იქით წაუკითხა ლექცია სააკაშვილის მოწაფეებს, ნუგზარ წიკლაურმა აქეთ გამოლანძღა ბიძინა ივანიშვილის მოწაფეები. საბოლოო ჯამში, საქმე „გამიშვი-დამიჭი“-მდე მივიდა და ბიჭებმა (ზურაბ ზვიადაური, ოთარ ჩრდილელი, ტარიელ ლონდარიძე, ომარ ნიშნიანიძე) მკლავის გაშლაც მოინდომეს, მაგრამ აქამდე აღარ მიუშვეს. არადა, კორცხელში დატრიალებული „ტრაგედია“ საპარლამენტო კადრებითაც თუ გამაგრდებოდა და ევროსაბჭოში ისე გაიგზავნებოდა, მართლა მაგარი რამე იქნებოდა.

ცოტა სისხლის გამოშვება იყო საჭირო, მაგრამ იყო მხოლოდ დედისა და კეთილების გინება. პრინციპში, „ნაციონალებმა“ პოლიტიკურად მაინც „გაისწორეს“, ეს გაწევ-გამოწევა იმისთვის გამოიყენეს, რომ საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობას აღარ მიიღებენ, `სანამ დამნაშავეები და დამკვეთი არ დაისჯებიან“-ო. რეგლამენტის 133-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, მათ ამის უფლება აქვთ. რეგლამენტით დეპუტატს ან დეპუტატთა ჯგუფს უფლება აქვს, არევიდან პირველივე დღეს გამოაცხადოს ბოიკოტი პოლიტიკური შეხედულებების მოტივით და მხართეძოზე წამოწვეს სახლში, თუნდაც მთელი ოთხი წლის განმავლობაში (გაიხსენეთ «ლეიბორისტების» მაგალითი, როცა ისინი 4 წელი ჩვეულებრივად იღებდნენ ხელფასებს, მაგრამ პარლამენტში არ უვლიათ). ახლა «ნაციონალებს“ შეუძლიათ, დარჩენილი 5 თვე საარჩევნოდ გამოიყენონ, ანუ პარლამენტში ჯდომით დრო აღარ დაკარგონ. როგორც უმრავლესობის წევრი, ომარ ნიშნიანიძე ამბობს „ალიასთან», „ნაციონალები“ ეგრევე გავარდნენ საელჩოებში, რათა შეატყობინონ „ევროპის სახალხო პარტიას“ და თავიანთ მამებს:

„ახლა ყველგან დარბიან და იძახიან, არიქა, გაგვლახეს, გვირტყეს, დაგვწყვიტეს… ისინიც გამოუცხობენ განცხადებებს, რომ საქართველოში დემოკრატია საფრთხეშია. აი, ასე გვასწავლიან ჭკუას დასავლელები, აღმოსავლელები, ჩრდილოელები და სამხრეთელები, ჩვენ არ ვართ ჩვენი თავის პატრონები, ყოველ წუთს გვიკაკუნებენ თავში“.

რაც ხდება „ნაციონალურ“ ბანაკში, ვხედავთ – სააკაშვილის დირექტივები სრულდება ზედმიწევნით კარგად. რა ხდება ამ დროს „ნაოცნებართა“ კულუარებში? რატომ გარბიან დეპუტატები გაურკვეველი მიმართულებით და რატომ ფიცულობენ ისინი ივანიშვილის მზეს მაშინაც კი, როცა „ქართული ოცნებიდან“ ერეკებიან? ვინ არის ის უხილავი ძალა, რომელიც მათ პარტიიდან ყრის, მაგრამ ამავე დროს ხატავს სურათს, თითქოს ბატონი ბიძინა

არაფერ შუაშია? წავიდა თამაზ მეჭიაური, მიდის ომარ ნიშნიანიძე, კოალიციიდან გავიდნენ „მრეწველები“, „ფორუმი“…

არ ვამტკიცებთ, რომ უტყუარი ინფორმაციაა, მაგრამ წყარო, რომლის ნათქვამიც თითქმის ყოველთვის მართლდება ხოლმე, „ალიასთან“ აცხადებს, რომ 12 ივნისამდე თავიანთ გზას გაუდგებიან ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხვა წევრებიც: „ცოტა ხანში შეიძლება თამაზ მეჭიაურის ახლად შექმნილ პარტიაში აღმოჩნდეს ირაკლი ღარიბაშვილის ცოლისძმა, დეპუტატი ლექსო თამაზაშვილი, რადგან ისიც აღარ იქნება „ოცნების“ საარჩევნო სიაში. რაც შეეხება ახალ პარტიას, ჯერ ჩანასახის პროცესშია და ნუ გამოვრიცხავთ, რომ ეს ირიბად უკავშირდებოდეს თავად ბიძინა ივანიშვილს, როგორც «ქართული ოცნების“ ალტერნატივა. აი, აქ უკვე დგება საკითხი ასე: ჩვენ მხარს ვუჭერთ ივანიშვილს, მაგრამ არა მმართველ პარტიას, რომელიც სრულად კონტროლდება ამერიკელების მიერ და იქ შეჰყავთ როგორც „დავარცხნილი“ „ნაციონალები“, ასევე ისეთი ძალები, რომლებიც არ ფიქრობენ დამნაშავეების დასჯასა და რევანშზე“.

თამაზ მეჭიაურმა უკვე ღიად განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ „დავარცხნილი“ „ნაციონალები» და მათი მომხრეები ეპატრონებიან, მაგრამ ვინმე დაიჯერებს, რომ ეს ივანიშვილის გარეშე ხდება? ერთი ვერსიით, ეს საქმე დავალებული აქვს გიორგი კვირიკაშვილს, მას მოჰყავს პარტიაში დავით კოღუაშვილი, მამუკა მდინარაძე და სხვები; მეორე ვერსიით – ეს ხდება ამერიკელების ზეწოლით და ბიძინა ივანიშვილი იძულებულია, ფარ-ხმალი დაყაროს. მას შემდეგ, რაც კოალიცია დატოვეს პროდასავლელმა „რესპუბლიკელებმა“, «ქართული ოცნება“ უნდა გამაგრდეს ცალკეული პროდასავლური ძალებით, რათა მმართველი პარტიის კურსში ეჭვი არავინ შეიტანოს. იგივე წყაროს თქმით, ივანიშვილის გარშემო სიტუაციას სრულად აკონტროლებს ამერიკის ელჩი: „ივანიშვილი დასავლურ კურსში ცვლის ისეთ მეგობრებს, რომლებსაც ნატო არ ეხატებათ გულზე. „ქართულ ოცნებაში“ არაფერი ხდება ივანიშვილის გარეშე, ყველა მიდის მისი დასტურით, ყველას ეუბნება, პატივს ვცემ შენს გადაწყვეტილებასო და ეს უკვე გასაგებია. თუმცა ჯერ არიან ისეთებიც, რომლებსაც არ ჰქონიათ მასთან საუბარი და გაურკვევლობაში იმყოფებიან“.

ომარ ნიშნიანიძე „ალიასთან» საუბარში ამბობს და თამაზ მეჭიაურიც ადასტურებს, რომ „ქართულ ოცნებაში“ ხდება იდეოლოგიის კორექტირება, რაც ძალიან ჰგავს ხავერდოვან რევოლუციას: „მე არ მინდა, „ქართული ოცნება“ დავუტოვო კოღუაშვილებს. შეიძლება ჩვენ საქმე გვაქვს უფრო დიდ უბედურებასთან, ვიდრე გვგონია. საკუთარი თვალით ვნახე, ბიძინა ივანიშვილს ამაზე უარყოფითი რეაქცია ჰქონდა. რაღაც მოლოდინი კიდევ გვაქვს, რომ დაგველაპარაკებიან, ასე გაურკვეველ მდგომარეობაში ყოფნა არ შეიძლება, ამას სჯობს, პირდაპირ თქვა და დაამთავრო. არ მინდა, განაწყენებული წავიდე, არც არაფერი მეწყინება, ოღონდ, კაცურად მითხარი. კარგად იყოს ყველა, უბრალოდ, არ მინდა, „ქართული ოცნება“ დაემსგავსოს „ნაცმოძრაობის“ ფილიალს. ხაზგასმით ვამბობ, მიუხედავად იმისა, რომ იყო უარყოფითი განცხადებები, დღეს ამ პარტიას მაინც მართავენ კოღუაშვილები, ხორციელდება მათი იდეოლოგია“.

„ალიამ“ დავით კოღუაშვილს არაერთხელ შესთავაზა კომენტარის გაკეთება, მაგრამ უარს ამბობს. და მაინც, მივდივართ ერთ წერტილამდე: ბიძინა ივანიშვილი, მინუს, დანარჩენი «ოცნება“, ანუ შეგვიძლია, დავუპირისპირდეთ ყველას, ივანიშვილის გარდა.

რასაკვირველია, როგორც თამაზ მეჭიაური და ომარ ნიშნიანიძე ამბობენ, აქ ძალიან დიდ როლს თამაშობს განვლილი 4 წელიწადი, ისინი ამ ადამიანის წყალობით მოხვდნენ პარლამენტში და გინებას ვერ დაუწყებენ, ვერ იქნებიან უმადურები «რესპუბლიკელებივით“ და „თავისუფალი დემოკრატებივით“. თუმცა, ჩვენი დაკვირვებით, ზემოთაც აღვნიშნეთ, ასევე, დიდ როლს თამაშობს იმედი, მათ ჯერ კიდევ ჰგონიათ (ან იციან), რომ ივანიშვილი „რადარებს მიღმა“ არ დატოვებთ. მაგალითად, იგივე ივანიშვილი რომ არ იყოს (იდეურად მაინც) დაინტერესებული ახალი პარტიის შექმნით, მაშინ არც თამაზ მეჭიაურს მიიღებდა სამ დღეში ორჯერ სასაუბროდ და არც მისი სამომავლო სიით დაინტერესდებოდა. საინტერესოა, ვისთან „ჩაბმას“ გეგმავს თავად მეჭიაური? თავდაპირველად იყო მოლაპარაკებების ერთგვარი მცდელობა დიმიტრი ლორთქიფანიძესთან, ლალი მოროშკინასთან, შალვა ხაჭაპურიძესთან, სოსო მანჯავიძესთან და სანდრო ბრეგაძესთან, მაგრამ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არც ერთ მხარეს არ მიუღია.

ალია“, 26 მაისი, 2016 წელი

რით და როგორ დაისჯება ხელისუფლება, თუკი კორცხელის ინციდენტში მონაწილე მოჭიდავეებს არ დააკავებენ?”

მაკა დეკანოსიძე

(შემოკლებით)

“წარსულში ბევრი დანაშაული და შეცდომაა ჩადენილი, მიუხედავად ამისა, ეს ძალადობა და დანაშაული უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები დასჯილი და გნმარტება, რომ მოჭიდავეებს დარჩათ ძველი ბოღმა და ახლა სცემენ ხალხს, ამას მე ვერსადოდეს განვიხილავ. რას ნიშნავს, არ დაისაჯა “ნაციონალური მოძრაობა”? ვისი დასჯაც შეეძლოთ და იყო მასალები, ისინი დასჯილებიც არიან და ციხეშიც არიან. მაპატიეთ, მაგრამ თუ ვინმე გულისხმობდა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ყველა წევრი იქნებოდა დაპატიმრებული, ასეთი რამე შეუძლებელია, თქვენი ჭირიმე. ეს არ არის სერიოზული ლაპარაკი, რომ თითქოს ყველაფერი იმის ბრალია, რომ ყველა “ნაციონალი” არ დაისაჯა”, – აცხადებს ლევან ბერძენიშვილი გაზეთ “ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში.

“არ ვეთანხმები და ვერანაირად ვერ გავამართლებ. ძალიან ცუდია, თუ წარსულში რომელიმე დანაშაული სათანადოდ არ დაისაჯა, მაგრამ ეს ამათ არ ამართლებთ. უკაცრავად და, მოჭიდავეებს რომ ხელში რკინის კეტი ეჭირათ, იმათ რა კავშირი აქვთ წარსულთან ან მომავალთან? ისინი არიან ჩვეულებრივი ბანდიტები. სამართლიანობისთვის ბრძოლა ხდება რკინის კეტებით. ამას ამბობენ ის ადამიენბი, ვინც ამ საქციელს ამართლებს და მე ვერ გავამართლებ ამ ტიპის ძალადობას, ეს შეუძლებელია. ვინც არ უნდა ჩაიდინოს. როდესაც ამას სჩადიოდნენ “ნაციონალები”, იყო დანაშაული, როცა ამას სჩდაის ვინმე სხვა, არის და იქნება დანაშაული. თუ ჩემი პარტია ჩაიდენს, იქნება ჩემი პარტიის დანაშაული, თუ სხვა – ისიც დანაშაული. ვინც ამას ამართლებს, ისიც დამნაშავეები არიან, რომ იცდოეთ. ძალიან ცუდია რომ სცემეს და აწამეს, ასევე, ცუდია და სამარცხვინო ფაქტია ისიც, რომ ვინც სცემა, ისინი დააწინაურეს და ჰყავთ მაღალ თანამდებობებზე. ჩემი ბრალი თუ არის, მეც დამსაჯეთ, ყველა დასაჯეთ. თქვენ იცით? ვინც ურტყამდა ჩემს ძამს 2003 წლის 23 ოქტომბერს, ის ხალხი დააწინაურეს. ვინც ურტყამდა 26 მაისს ჩვენს ხალხს, ისინი იპოვეს და დააწინაურეს და მე რა ბერკეტზე მელაპარაკებით?”, – ამბობს ლევან ბერძენიშვილი.

“მე პარლამენტში ვაკონტროლებ იმ სფეროს, რომელიც შემიძლია, შშს-ს გაკონტროლება არასდროს არ შეგვეძლო. ნუ მეუბნებით, რომ ჩვენი ბრალია. კი ბატონო, ჩვენი ბრალი ყოფილა ისიც, რომ ვიღაცამ ჩაიყვანა მოჭიდავეები და აცემინა ხალხი. გაიგეთ! სასმართლომ თქვას, ვინაა დამნაშავე, ჟურნალისტები ნუ გადაწყვეტთ. სანამ არ იქნება სასამართლო, სანამ არ დააკავებენ დამნაშავეებს, სანამ არ იტყვიან, ვინ ჩაიყვანა და ვინ უბრძანა ამ დანაშაულის ჩადენა, მანამდე ეს გაგრძელდება და უარეს ფორმებს მიიღებს. მერე მეტყვიან, სად იყავი შენო?! აგერ ვარ, ბატონო, და ვაპროტესტებ, 26 მაისსაც ვაპროტესტებდი, 7 ნომებერსაც ვაპროტესტებდი, სააკაშვილმა რომ აგენტად გამომაცახადა”, – დასძენს პოლიტიკოსი და კითხვას – ” უსუფაშვილმა რომ თქვა, თუ დამნაშავეები არ დაისჯებიან, მაშინ ხელისუფლება დაისჯებაო, ეს როგორ უნდა გავიგოთ, რა ფორმით დაისჯება ხელისუფლება?”- პასუხობს:

“მოსამართლემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ჩვენ ვერ დავსჯით ვერავის. თუ არ დასჯიან დამნაშავეებს, ტენდენციურ ხასიათს მიიღებს. სახლში რომ წახვალთ, თქვენც გცემენ, მეც მცემენ, ყველას გვცემენ. ხელისუფლება რით დასიჯება და თუ ახლავე ცემა-ტყეპაზე გადავა, ხმებს ვერ მიიღებს. არავის არ უნდა ხელისუფლება, რომელიც სცემს! როგორც დაისაჯა “ნაციონალური მოზრაობა”, ისე დასიჯება სხვა ყველა მოძალადე ხელისუფლება. მაგრამ ახლა ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ვინც ამას აკეთებს, ისინი წინაურდებიან და წინ მიდიან. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ მაგ სფეროს, არ არის მართალი პარლამენტისკენ თითის გაშვერა.”

———————-

„ვერსია“, 25 მაისი, 2016 წელი

ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: პოსტსაარჩევნო კრიზისი დაბალი ლეგიტიმაციის ხელისუფლებას გადაიყოლებს // რა შემთხვევაშიაფეთქდებაოქტომბრის არჩევნები და ვინ შეიძლება გახდეს ოცნება-ნაციონალების ალტერნატივა

ნინო კომახიძე

გატეხილი თავები, ,,სტუმრებისაარჩევნო უბნებთან, ხელჩართული დაპირისპირება და უმოქმედო ცესკო - ეს არც ნაციონალებისდროინდელი არჩევნებია და არც გადამწყვეტი ბრძოლა ძალაუფლებისთვის; მოქმედება ახლა, შუალედურ არჩევნებზე და სულ რამდენიმე ოლქში ხდება და თუ ეს მართლა საპარლამენტო არჩევნების ,,გენერალური რეპეტიციაა”, მაშინ ჩვენი, რიგითი მოქალაქეების საქმე ნამდვილად ცუდადაა. რატომ მიანიჭეს ამხელა მნიშვნელობა ამ არჩევნებს მთავარმა ოპოზიციურმა და სახელისუფლო ძალებმა, რას ნიშნავს ნაციონალების გამარჯვება რიგ უბნებზე და ავიცილებთ თუ არა თავიდან სუსტი ცესკო-სა და ხელისუფლების პირობებში მასობრივ არეულობას ოქტომბერში - ,,ვერსიისთვისპოლიტიკურ ანალიზს გია ხუხაშვილი აკეთებს.

- ბატონო გია, როგორ ფიქრობთ, ეს შუალედური არჩევნები საპარლამენტო არჩევნების ,,გენერალური რეპეტიციახომ არ იყო და მსგავს ან უფრო მასშტაბურ არეულობას ხომ არ უნდა ველოდეთ?

- ,,გენერალურ რეპეტიციას” ვერ დავარქმევ, ეს უფრო ძალების დემონსტრირებას ჰგავდა. ამ პრობლემებს სახელმწიფოებრივ ჭრილში თუ შევხედავთ, ასეთ რეალობას მივიღებთ: როცა 2012 წელს რეჟიმთან ბრძოლაში შევედით, მაშინ ჩვენი მიზანი ერთი მიხეილ სააკაშვილის გაშვება კი არა, სისტემის დემონტაჟი იყო. სააკაშვილი ჩვენთვის კონკრეტული სახელი და გვარი არ ყოფილა, ეს იყო მურუსიძეები სასამართლოში, ,,ზონდერები” ქუჩაში, პოლიტიზებული შს სამინისტრო და ა.შ. როგორც ჩანს, რეჟიმი კი დავამარცხეთ, მაგრამ ცუდი სისტემა ახალ ხელისუფლებასთან ადაპტირდა და შუალედურ არჩევნებზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ,,ოცნება” ამ სისტემაში თავს კომფორტულად გრძნობს. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში სახელები და გვარები შეიცვალა, დღეს იქ მაინც კოლექტიური სააკაშვილია: ანუ სასამართლოში დარჩა მურუსიძე, ხოლო პოლიციის ის პაუზა, რაც არჩევნების დღეს ვნახეთ, თუნდაც კორცხელში, იმაზე მეტყველებს, რომ მასზეც გარკვეული პოლიტიკური პრესინგი მიმდინარეობს. ის ,,ზონდერები”, ვინც აქამდე ნაციონალური მოძრაობის დავალებით გვირტყამდნენ, ახლა ახალი ხელისუფლების დავალებით ძველ პატრონებს ურტყამდნენ. ფაქტობრივად, ძველმა სისტემამ მძევლად ახალი ხელისუფლება აიყვანა და ჩნდება კითხვა – აბა, რა შევცვალეთ 2012 წელს? ხალხშიც გაჩნდა ეს კითხვა და შედეგიც ბუნებრივია: მას არ უნდა ეს ხელისუფლება, არც ცუდი ოპოზიცია სურს, ნაციონალების სახით, ამიტომ დისტანცირებულია პოლიტიკური სპექტრისგან. სამწუხაროდ, ხალხი ჯანსაღ არჩევანს ვერც დანარჩენ ძალებში ხედავს, ამიტომ ამომრჩეველი აპათიაში ვარდება. ამან კი, შესაძლოა, უდიდესი ნეგატიური შედეგი გამოიღოს და არჩევნებზე მივიღოთ ძალიან დაბალი აქტივობა.

- შესაბამისად, ეს გამოიწვევს დაბალ ლეგიტიმაციასაც

- რა თქმა უნდა… ვინც უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, მისი სუსტი ლეგიტიმაცია პოსტსაარჩევნო კრიზისის მიზეზი შეიძლება გახდეს, კრიზისი კი დაბალი ლეგიტიმაციის ხელისუფლებას გადაიყოლებს. ერთი მთავარი რისკი სწორედ ესაა, მეორე კი ასევე შუალედურ არჩევნებზე დავინახეთ, ორი დღის წინ. ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ლოკალური კრიზისის ნორმალური მენეჯმენტი.

- სწორედ ეს იყო ჩემი შემდეგი კითხვა _ ვერ მოახერხა თუ არ ჰქონდა სურვილი?

- ალბათ უფრო ვერ მოახერხა ან თუ მას ეს სურდა, გეგმა ძალიან უხარისხოდ შეასრულა, რაც ორივე შემთხვევაში მის უუნარობას ნიშნავს. ასეთი ისტორიები თეთრი ძაფით არ იკერება. როცა სააკაშვილი იარაღს იღებდა ხელში, ზუსტად იცოდა, ვისთვის უნდა ესროლა შედეგის მისაღებად. დღევანდელმა ხელისუფლებამ კი არ იცის, როგორ ისროლოს და ხან ხელში გაირტყამს ხოლმე, ხან ფეხში… ამიტომ ხშირად ვამბობ, რომ სადისტი ნაციონალების მერე მაზოხისტი ,,ოცნება” მივიღეთ, რომელიც ჯამში, ოპონენტზე მეტად, საკუთარ თავს აზარალებს. თუმცა ესეც არჩევანია: კი ბატონო, დავუშვათ ,,ოცნებას” უნდა ძალისმიერი მეთოდით თავისი გაიტანოს. როცა ამას აკეთებს, ხომ უნდა მოიგოს მაინც? ,,ოცნებამ” კი წააგო, ანუ თავის თავს ორმაგი ზიანი მიაყენა _ თან დისკრედიტება გაიკეთა და გვაჩვენა, რომ კანონდარღვევის ზღვარზე მუშაობს საარჩევნო პროცესში, თან შედეგიც ვერ მიიღო და მაინც წააგო ზოგ უბანზე არჩევნები.

- თუმცა ნაციონალები ,,ზონდერებისგამოყენებას ,,ოცნებასაბრალებენ, ხელისუფლება კი ამბობს, რომ პროვოკაცია აქეთ მოუწყვეს. როგორ გავიგოთ, ვინ გვატყუებს და ზოგადად, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა მსგავს ვითარებაში?

- ჩვენს ამომრჩეველს პოლიტიკური ძალების ისედაც დიდი ხანია არ სჯერა. მედიით გავრცელებულ ფრაგმენტებში გარკვევით ჩანს ნაცემი მელია და ბოკერია, მაგრამ ეს კადრები იმის საშუალებას არ იძლევა გავარკვიოთ, ვინ დაიწყო პროვოკაცია. მაშინ ,,ოცნებას” უნდა წარმოედგინა ალტერნატიული კადრები, თუ ვინ დაიწყო პროვოცირება. თუმცა სულ რომ პროვოკაცია მომხდარიყო, ეს ამ ხელისუფლებისთვის გამართლება მაინც ვერ იქნება. ხელისუფლება, რომელიც თავს ნაციონალების ნებისმიერ ხაფანგში ყოფს, მეორე უბედურებაა! სამწუხარო იყო ისიც, რომ აშკარა დაპირისპირების დროს, პოლიცია არ რეაგირებდა ამ ხელჩართულ ჩხუბზე. დროულ რეაგირებას კი შესაძლოა, შედეგები ცოტა მაინც შეერბილებინა. მოკლედ, ,,ოცნება” ჩიხში შევიდა და გამოსავალს ვერ პოულობს.

- ისე, ცოტა უცნაურად არ გეჩვენებათ, როგორ ახერხებენ ნაციონალები სამეგრელოში არჩევნების მოგებას დღესაც, ,,ახალაიების ფაქტორის”, კასრებში აღმოჩენილი ფარული ჩანაწერებისა თუ სხვა სკანდალების შემდეგ და იმ ფონზე, რომ ამ რეგიონთან ბევრი ნაციონალი ,,ანტიგმირიადაკავშირებული - იგივე მელია და ბოკერია?

- აი, ,,ოცნების” მთავარი პრობლემაც ესაა. რეალურად, რა არის ნაციონალური მოძრაობა: მოცემულობა, სამეგრელოშიც და სხვაგანაც, ამიტომ ამ ვითარებაში ცალკე ამ რეგიონს არ გამოვყოფდი. ნაციონალების მიმართ ნეგატიური განწყობა რომ არსებობს, ფაქტია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ხელისუფლების რეიტინგის ვარდნაც ძალიან სწრაფად მიმდინარეობს. ბიძინა ივანიშვილმა ხალხს არ დაუტოვა პოზიტიური არჩევანი _ ჩვენ ისევ ცუდსა და უარესს შორის ვირჩევთ.

- აქამდე, ,,ცუდიიყო ,,ოცნება”, ,,უარესი” _ ნაციონალები და ახლა პირიქითაა?

- სადაც ნაციონალებმა მოიგეს შუალედური არჩევნები, ჩათვალეთ, იქ ისინი ცუდები არიან, ,,ოცნება” კი _ უარესი. ასე ჩანს არჩევნების შედეგებით. არადა, 2012 წლის მერე, ამასაც ხომ მოხერხება უნდოდა?! ფაქტობრივად, დანაშაულში ეჭვმიტანილი ძალა ზოგან ისევ შენზე უკეთესი რომ გამოჩნდება, ე.ი. ხელისუფლება ძალიან არაადეკვატურია. რეალურად, ნაციონალური მოძრაობა ერთ ადგილას დგას, თავისი დაზიანებული ავტორიტეტით, ,,ქართული ოცნება” კი თავისუფალ ვარდნაშია, სად ეშვება, თვითონაც არ იცის და იმდენსაც კი ახერხებს, რომ ნაციონალებზე უარესი გამოჩნდეს.

- მაშინ, როცა ეს ორი მთავარი ძალა ერთმანეთს ასისხლიანებდა, 10 კილომეტრში ოკუპანტების მიერ მოკლული ოთხოზორიას გვამი ესვენა, რომლის ოჯახთან მისვლაც კი ვერავინ მოიფიქრა პაატა ბურჭულაძის გარდა. როცა ამბობთ, რომ ამომრჩეველს არ აქვს ალტერნატივა, ხომ არ შეიძლება, ამ ორმა ძალამ იმდენი ქნას, რომ ალტერნატივად, დარჩენილ დროში, სწორედ ბურჭულაძე იქცეს?

- გეთანხმებით. ამომრჩეველს აქვს მოთხოვნილება, არსებულ სპექტრში ნორმალური არჩევანი მონახოს. ამ დროს, არამხოლოდ ნაციონალური მოძრაობა და ,,ოცნება” არიან დისკრედიტებულნი, დანარჩენი პოლიტიკური სპექტრიც ღრმა კრიზისშია: ზოგი მუდმივად დამარცხებულია და ასეთები ამ ქვეყანაში არ უყვართ, ზოგს წარსულის ცოდვები აქვს. ამიტომ ამ ვითარებაში, ბურჭულაძის შანსები იზრდება. თეორიული ალბათობა, რომ ის მოიზიდავს აპათიაში მყოფ ამომრჩეველს და დადებითად განაწყობს, საკმაოდ მაღალია. დღეს მას ყველაზე კარგი სასტარტო პირობები აქვს პოლიტიკაში ინტეგრაციისთვის. თუმცა რამდენად გამოიყენებს ამ შანსს, მეორე საკითხია. მას ჯერ არ გაუცია პასუხი კითხვებზე _ შეუძლია თუ არა ქვეყნის მართვა და ამომრჩევლისთვის მიცემული დაპირებების შესრულება. ფაქტობრივად, არ ვიცით მისი გუნდიც, 3-4 ადამიანის გარდა, რაც არასაკმარისია ამომრჩეველში იმ განცდის გასაჩენად, რომ მას რეალური შედეგების დადება შეუძლია. თუმცა ამ ყველაფრისთვის ბურჭულაძეს ჯერ დრო აქვს და პირველი ნაბიჯებიც უნდა გადადგას. ფაქტია, დღეს ძალაუფლება ქუჩაში აგდია და ვინ აიღებს მას, ეს უკვე პოლიტიკურ ძალებზეა დამოკიდებული.

- დანარჩენი პარტიებიც არ მგონია ჩამოსაწერი: ალასანიას ,,კაბელების საქმით” ,,სატოპკეაქვს აწეული, ნეგატიური სახელისუფლო გამოცდილება არ აქვს შედარებით აგრესიული პატრიოტთა ალიანსსაც, გარკვეული რეიტინგი აქვს ნინო ბურჯანაძესაც, ირაკლი ოქრუაშვილსაც შეუძლია ქართლში ვითარების გარდატეხა

- არჩევნებზე მაღალი აქტივობა თუ იქნება, საარჩევნო ბარიერს 6-8 პარტია გადალახავს და შესაბამისად, მულტიპარტიულ პარლამენტს თუ მივიღებთ, მიუხედავად გარკვეული სირთულეებისა, მაშინ პოსტსაარჩევნო კრიზისის ფორმირებას არ ველი. თუ საარჩევნო აქტივობა 60 %-მდე გაიზრდება, არჩევნებიც და შესაბამისად ხელისუფლებაც უფრო ლეგიტიმური იქნება. მეორე ვარიანტი კი გაცილებით სახიფათოა _ თუ მნიშვნელოვანმა ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ მოახერხეს ბარიერის გადალახვა და ისევ იმ მანკიერ წრეში დავრჩით, რასაც ორპოლუსიანი პოლიტიკა ჰქვია, ნამდვილად შეიძლება პოსტსაარჩევნო კრიზისი მივიღოთ რასაც მაღალი აქტივობის პირობებში პრაქტიკულად გამოვრიცხავ. ამ შემთხვევაში, შეიძლება, იყოს შიდასაპარლამენტო სირთულეები, მაგრამ არა დიდი მასშტაბის. შესაძლოა, იმოქმედოს პაატა ბურჭულაძის ფაქტორმაც და ზოგადად იმან, რამდენად მოახერხებს ის, საერთოდ იყოს ფაქტორი. ჩემთვის ძალიან დრამატული პიროვნებაა ირაკლი ოქრუაშვილი, მთელი თავისი ბიოგრაფიით. მას ფაქტორად არც განვიხილავ _ კი ბატონო, შეუძლია, ლოკალური პრობლემები შექმნას გორში, მაგრამ სერიოზული, ნაციონალური მასშტაბის პრობლემებს ვერ გამოიწვევს. მას წინა რეჟიმის ფორმირებაშიც აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული, მერე მისი ბოდიშებიც ვიხილეთ, დღეს მე მის რეინკარნაციას არ ველი, ის პრობლემად გორის დონეზე დარჩება.

- საქმეც მაგაშია, რომ ველით პრობლემას გორის, ზუგდიდის, სამცხე-ჯავახეთისა და მთიანი აჭარის დონეზე, ეთნიკური მრავალფეროვნების გამო და .. იმდენი ლოკალური კერა შეიძლება აფეთქდეს კორცხელის მსგავსად, რომ ასეთი სუსტი ცესკო- და სუსტი ხელისუფლების პირობებში, უფრო გლობალურ არეულობაშიც ხომ შეიძლება გადაიზარდოს?

- კრიზისის ფორმირების რისკები მართლაც ძალიან მაღალია, ამიტომ ვამბობ ერთადერთი გამოსავალი საარჩევნო ურნებთან დამდგარი რიგები და მაღალი აქტივობაა. მაშინ ვერც ხელისუფლება გაბედავს ვერაფერს და ვერც ოპოზიცია იტყვის, რომ არჩევნები არალეგიტიმურია. ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული ადამიანებსა და იმაზე, მივლენ თუ არა ისინი საარჩევნო უბანზე, ამიტომ პოლიტიკური სტაბილურობა ისევ ჩვენზე, ხალხზეა დამოკიდებული, რადგან ჩანს, რომ არსებული პოლიტიკური სპექტრი კრიზისების მართვაში სრულიად უუნაროა.

„ვერსია“, 25 მაისი, 2016 წელი

ნაციონალურ მოძრაობასკიდევ რამდენიმე წევრი დატოვებს?

გიგა ბოკერიას გუნდის გამარჯვება და დაპირისპირება სააკაშვილის პარტიაში

ბათო ჯაფარიძე

უკვე დიდი ხანია კეთდება პროგნოზი, რომ ნაციონალები წინასაარჩევნოდ ვითარების დაძაბვას აპირებენ. ამ ფონზე, ხელისუფლებას მაქსიმალური სიფრთხილე მართებს, რომ პროვოკაციებს არ აყვეს და არ დაუშვას ინციდენტების, არეულობების ინსცენირება. კანონის ფარგლებში, ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ვინც ფიზიკურ ძალადობას მიმართავს და არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი იქნება იგი. უკვე არაერთხელ ითქვა, რომ პროვოკაცია, ზოგადად ნაციონალების სტილია, თუმცა, როგორც კულუარებში ამბობენ, ამჯერად მართვის სადავეები სრულად აიღო ხელში გიგა ბოკერიამ და წინასაარჩევნო წერტილოვან არეულობებსაც სწორედ ის ,,დირიჟორობს”.

ამბობენ, ამ საქმისთვის ბოკერია შემთხვევით არ ,,შეირჩა”, რადგან საზოგადოებაში აქამდეც მუსირებდა აზრი, რომ პროვოკაციების მოწყობასა და მსგავს მანიპულაციებში, სწორედ ისაა განსაკუთრებით გაწვრთნილი. მათ კი, ვინც ამ კულუარებში ამ საკითხზე აქტიურად საუბრობს, მაგალითად 2003 წლამდე პერიოდი მოყავთ, როცა მათი თქმით, ხალხის წყობიდან გამოყვანითა და მერე უცხოელებისთვის საკუთარი თავის ჩაგრულად წარდგენით მოიპოვებდა გრანტებს ბოკერია. ამბობენ იმასაც, რომ ეს უკანასკნელი, თავის დროზე, სწორედ პროვოკაციული კამპანიების წარმოების შედეგად იქცა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერად, მას ებარა მოძრაობა „კმარას“ მართვა, მისი იდეა იყო გლდანის ეკლესიაში სპეცრაზმით შევარდნა, ციხის ბუნტის ინსცენირება და საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სხვა პროვოკაციული ქმედებები.

პოლიტიკურ კულუარებში გავრცელებული ინფორმაციით, თუ ადრე ბოკერიას გავლენა ნაციონალური მოძრაობაში ადეიშვილის, მერაბიშვილისა და თავად სააკაშვილის ინტერესებით ბალანსდებოდა, დღეს ის ნაცმოძრაობის ერთპიროვნული ლიდერია, რომელსაც წინ ბაქრაძე და მისივე შედგენილი სიის ახალი სახეები ჰყავს აფარებული, ზურგს კი გივი თარგამაძე, გაბაშვილი, კანდელაკი, მაჭავარიანი და სხვა ძველი სახეები უმაგრებენ და თანახმა არიან, პარტია სააკაშვილის ხელიდან ბოკერიას ხელში გადავიდეს. ამის მანიშნებელია მათ პარტიაში ჩატარებული საკადრო წმენდა, ე.წ. ახალი სახეების ვინაობა და არაერთი სხვა ფაქტი, რომელზეც ჯერჯერობით ღიად საუბარი არ ღირს.
თუმცა ყველას როდი ახარებს ბოკერიას გალიდერება _ ამის გამო, პირად საუბრებში, ზოგი წევრი აშკარა უკმაყოფილებას აფიქსირებს და იმასაც არ გამორიცხავს, რომ შექმნილი ვითარების გამო შესაძლოა ნაციონალური მოძრაობიდან კადრების გადინების პროცესი გაგრძელდეს.

საპარლამენტო უმცირესობის განაწყენებული წევრები პირად საუბრებში ამბობენ იმასაც, რომ ახალი მმართველი ელიტა და პოლიტიკური სტრატეგია ნაციონალურ მოძრაობაში მძიმე დაპირისპირების საგანია _ მიხეილ სააკაშვილს თანაგუნდელთა დიდმა ნაწილმა უღალატა. ბოკერიას ფრთა კი სააკაშვილს უკრაინიდან არაადეკვატური მოთხოვნების დაყენებაში, შექმნილი რეალობის ვერგააზრებასა და მათი პარტიისა და ინტერესების უკრაინაში მისი პირადი მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებენ. ბოკერიას ფრთა ფიქრობს, რომ სააკაშვილი ლიდერობიდან დე ფაქტო ჩამოცილებამდე პარტიაზე გავლენის დაკარგვის შიშით არასწორ საკადრო გადაწყვეტილებებს იღებდა და ბოკერიას გუნდის წევრებს ბლოკავდა. კულუარული ინფორმაციით, სწორედ მსგავსი პრეტენზიების გამო, რამდენიმე თვის წინ მიხეილ სააკაშვილის მომხრეებმა ზურაბ ჯაფარიძე და „მოძრაობა გირჩის“ ამჟამინდელი ლიდერები აიძულეს, დაეტოვებინათ ნაციონალური მოძრაობა, რაც გიგა ბოკერიას გუნდის შესუსტებად იყო აღქმული. თუმცა უკანასკნელ თვეებში ბოკერიას გუნდს დავით ბაქრაძე და ჟვანიას ყოფილი თანაგუნდელები მიემხრნენ. ამბობენ იმასაც, რომ ბოკერიამ მხარდამჭერებისა და რამდენიმე უცხოელი პარტნიორის ჩარევის შედეგად დავით კეზერაშვილის კონტროლირებად ფინანსურ სახსრებზე სააკაშვილის ნებართვის გარეშე წვდომის უფლებაც მოიპოვა.

რამდენიმე ნაციონალთან საუბრისას ირკვევა, რომ დღეს პარტიაში ვითარებას მთლიანად გიგა ბოკერია აკონტროლებს და სიის დაკომპლექტების საკითხიც პირველ რიგში სწორედ მისი პრეროგატივაა. ის სიაში მიხეილ სააკაშვილის პირადი მეგობრების, მის მიმართ ლოიალურად განწყობილი თანაგუნდელებისა და სააკაშვილისდროინდელი ძალოვანი სტრუქტურების პროტეჟეების ჩასმას აღარ აპირებს. როგორც ბოკერიამ პარტიის ლიდერთა ერთ-ერთ შეკრებაზე განაცხადა: „მიშამ საკუთარი თავი ამოწურა ქართულ პოლიტიკაში, მან უმჯობესია, პოზიციები უკრაინაში გაიმყაროს, ნაციონალურ მოძრაობაში კი სიმბოლური, საპატიო თავმჯდომარის მდგომარეობა შეინარჩუნოს, რადგან რეგიონების მოსახლეობასთან კომუნიკაციაში მისი სახელი გამოგვადგება“.

პარტიაში შექმნილი ვითარების გამო დატოვა ნაციონალური მოძრაობა გიორგი ვაშაძემაც, რომელიც ამას უკვე ღიად ამბობს. უმცირესობის წევრები კულუარულ საუბრებში ადასტურებენ, რომ ნაციონალური მოძრაობის დატოვებას დაახლოებით 30 სხვადასხვა რანგის ლიდერი ფიქრობს, აქედან 14 კი პარლამენტის დეპუტატია, მათ შორის: აკაკი ბობოხიძე, გიორგი კარბელაშვილი, ზურაბ მელიქიშვილი, მარიამ საჯაია, ლევან ქარდავა, ნუგზარ წიკლაური, ლევან ბეჟაშვილი და რამდენიმე სხვა პარლამენტარი, რომლებიც ამ ეტაპზე ცალკე ფრაქციის შექმნას ფიქრობენ და განაწყენებული თანაგუნდელებით სურთ რიგების შევსება, ასევე აკაკი მინაშვილს და როლანდ ახალაიას ძმებ ახალაიების ფაქტორის გათვალისწინებით, თანაგუნდელთან გარკვეული პრობლემები აქვთ, რის გამოც საჯარო სივრცეში აქტიურობა აუკრძალეს.

ამბობენ, რომ ნაციონალურ მოძრაობაში პრეტენზიები აქვთ რამაზ ნიკოლაიშვილთან, კობა ნაყოფიასა და ტარიელ ლონდარიძესთანაც, მათ გარკვეულ საკითხებზე პარტიული ინტერესების ღალატსა და მმართველი გუნდის ზოგიერთი ინიციატივის მხარდაჭერაში ადანაშაულებენ.

მოკლედ ,,სააკაშვილის პარტიაში“ სერიოზული რყევებია. კულუარული ინფორმაციით, პარტიის დატოვებას წევრები მაისის ბოლოსთვის გეგმავენ, თუმცა გადაუმოწმებელი ინფორმაციით, ცალკეულ დეპუტატთან მიდის მოლაპარაკება, რომ პროცესი შეჩერდეს ან ეტაპობრივად და მაქსიმალურად უხმაუროდ გაგრძელდეს, რათა შეძლებისდაგვარად შერბილდეს დარტყმის ეფექტი. ამ ფონზე, ინფორმაციის კონკრეტულ პირებთან გადამოწმებას აზრი არ ჰქონდა, რადგან დიდი ალბათობით, ამ საკითხზე ისინი გულწრფელად ჯერჯერობით არ ილაპარაკებდნენ. მიაღწევენ თუ არა რაიმე შეთანხმებას ამა თუ იმ დეპუტატთან და ვინ მიიღებს პარტიის დატოვების გადაწყვეტილებას, უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.

Comments are closed