globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 26 მაისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on May 26th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი“: საქართველოს პირველი რესპუბლიკის ეკონომიკური საოცრებანი // „ქართული ფული უმოკლეს დროში გახდა საერთაშორისო ვალუტა, ხოლო სახალხო მეურნეობა ისე გაძლიერდა, რომ…“

რეზონანსი“: ნატოს „სპეციალური გზავნილი“ რუსეთისადმი, რომ საქართველო ნატოს წევრი უნდა გახდეს

რეზონანსი“: ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის საქართველოში გამართვას რა კონკრეტული შედეგები შეიძლება ჰქონდეს ქვეყნისთვის?

რეზონანსი“: ინტერვიუ კორნელი კაკაჩიასთან: „რუსული პოლიტელიტის შემზადება ხდება, რომ საქართველო ნატოს წევრი აუცილებლად გახდება… მაგრამ როდის შევალთ ნატოში, ამაზე პასუხი ალიანსის ლიდერებს არ აქვთ“

რეზონანსი“: ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: ახალი კონფიგურაცია ქართულ პოლიტიკაში // მარატ კულახმეტოვის ელჩად დანიშვნა //  თურქეთის მოთხოვნის შესრულება

რეზონანსი“: დაკავებული სთხოვს საქართველოს, არ გადასცენ თურქეთს // „ყველაზე მეტად ჩემს თავმოყვარეობაზე იმოქმედა იმან, რომ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას მაბრალებენ“

რეზონანსი“: ინტერვიუ რევაზ მიშველაძესთან: „30 მილიონერს რა უნდა პარლამენტში!?“ // თვითმმართველობის არჩევნებში „ოცნებას“ ბეწვის ხიდზე გავლა მოუწევს“

——

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლევან ალაფიშვილთან: „ბიძინა ივანიშვილის დაწყებულ რეფორმას „ქართული ოცნება“ აუქმებს“

——

რეზონანსი: უმუშევრობა 13-წლიან მინიმუმზეაო? „ეს არის დიდი ტყუილი“! // პარადოქსი: უმუშევრობის დონე საქართველოზე მაღალი აქვთ იმ ქვეყნებს, სადაც ქართველები სამუშაოდ გარბიან

რეზონანსი: რადიკალური ისლამისტებისთვის მადის აღმძვრელი საქართველო // „ჯიჰადისტები ჩვენთან გადავიდნენ პროპაგანდისტულ-იდეოლოგიური ტიპის ომიდან საინფორმაციო ომის დონეზე”

———————

რეზონანსი“, 26 მაისი, 2017 წელი

საქართველოს პირველი რესპუბლიკის ეკონომიკური საოცრებანი

ქართული ფული უმოკლეს დროში გახდა საერთაშორისო ვალუტა, ხოლო სახალხო მეურნეობა ისე გაძლიერდა, რომ…»

ია აბულაშვილი

მიუხედავად არსებობის ხანმოკლე პერიოდისა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა და ქვეყნის ხელმძღვანელობამ შეძლო მთელი რიგი ღონისძიებების გატარება როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში. სწორედ ამ მიღწევებზე და იმ ადამიანებზე, გვინდა, ვისაუბროთ დღევანდელ სტატიაში, რომლებმაც ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს ქვეყნის აღმშენებლობაში.

——–

დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების შემდეგ ეროვნულმა საბჭომ დაამტკიცა საქართველოს მთავრობა. ახლად ფეხადგმულ რესპუბლიკას სჭირდებოდა დროშა, ჰიმნი და გერბი. საქართველოს სამფეროვანი დროშა ივანე ჯავახიშვილის კონსულტაციით შექმნა ცნობილმა მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძემ. სახელმწიფო ჰიმნი “დიდება” დაწერა კომპოზიტორმა კოტე ფოცხვერაშვილმა, გერბი- იოსებ შარლემანმა.

ამ პერიოდში დადგინდა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრები, ქართული ენა გამოცხადდა სახელმწიფო ენად, გატარდა ადმინისტრაციული და სასამართლო რეფორმა. ჩამოყალიბდა ეროვნული გვარდია და რეგულარული არმია. ასევე თვითმმართველობის ორგანოები, პროფესიული კავშირი. შეიქმნა ფულად-საფინანსო სისტემა. ჩატარდა დამფუძნებელი კრების არჩევნები, ქვეყანამ მიიღო კონსტიტუცია.

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი კონსტიტუცია

დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუციის შემუშავება დამფუძნებელმა კრებამ ჯერ კიდევ 1918 წლის ივნისში დაიწყო, ერთი წლის შემდეგ აირჩია საკონსტიტუციო კომისია; 1920 წელს კი დამფუძნებელმა კრებამ კონსტიტუციის განხილვა დაიწყო. ამ სხდომაზე ნოე ჟორდანიამ წამოაყენა სახელმწიფო მოწყობის ძირითადი საკითხები. 1921 წლის 21 თებერვალს დამფუძნებელმა კრებამ ერთხმად მიიღო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია, რომელმაც მხოლოდ ოთხი დღე იარსება, თუმცა, მიუხედავად ამისა, როგორც ისტორიკოსები ამბობენ, კონსტიტუციის მიღება საქართველოს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ეროვნული, სახელმწიფოებრივი და ისტორიული ფაქტი იყო. ის იყო სახელმწიფოს ძირითადი კანონის კლასიკური მაგალითი, საქართველოს კონსტიტუციონალიზმის თავფურცელი, იმ დროისათვის განვითარებული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული დოკუმენტი.

1921 წლის თებერვლის კონსტიტუცია შედგებოდა 17 თავისა და 149 მუხლისაგან. კონსტიტუციამ საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური წყობის ფორმად აღიარა დემოკრატიული რესპუბლიკა და იგი მუდმივ პოლიტიკურ ფორმად გამოაცხადა.

საქართველო გამოცხადდა თავისუფალ, დემოკრატიულ და განუყოფელ სახელმწიფოდ. კონსტიტუციით განისაზღვრა საქართველოს მოქალაქეთა ძირითადი უფლებები. გაუქმდა სიკვდილით დასჯა, ქალებს მიეცათ არჩევნებში ხმის უფლება.

ქვეყნის უმაღლეს ორგანოდ აღიარებული იყო პარლამენტი, რომელიც აირჩეოდა პროპორციული საარჩევნო სისტემით საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით სამი წლის ვადით.

აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო იყო მთავრობა. მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრა ერთი წლით. სასამართლო ორგანო იყო სენატი, რომელსაც ირჩევდა პარლამენტი. ასევე ცალკე მუხლით იყო განსაზღვრული ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა.

დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო პოლიტიკა

“1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, აუცილებელი იყო ჩვენ მიერ არსებული პოლიტიკური მიზნების და არსის გადმოცემა. ჩვენ გვმართებდა ჩვენი ორიენტაციის ზუსტი გამოხატვა და დასაბუთება, რომელიც ავირჩიეთ 1918 წელს. აქ თავი იჩინა ლტოლვამ ევროპისკენ, რომელიც ყოველგვარი კულტურული მოძრაობის ცენტრად და უმთავრეს კერად გაიაზრებოდა. სურვილმა, თავი დაგვეხსნა რუსეთის გავლენის მძიმე და საშიში მუხრუჭებისაგან.

“ასე მოიხაზა “ევროპისკენ მიკედლების” ის ვარიანტი, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს პოლიტიკას 1918 წელს. ამ ვარიანტის მიღება ზუსტად შეესაბამებოდა პოლიტიკურ მდგომარეობას” – ეს სიტყვები ეკუთვნის დამოუკიდებელი საქართველოს ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელს, ცნობილ დიპლომატ ზურაბ ავალიშვილს, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის შემუშავებაში.

სახელმწიფო აღმშენებლობა

როგორც ისტორიკოსები ამბობენ, ახლად ფეხზე დამდგარი ნორჩი რესპუბლიკა მოწყურებული იყო სახელმწიფო აღმშენებლობას. ასეთ დროს საჭირო იყო პირობებთან შეფარდებული საფინანსო და სამეურნეო პოლიტიკა, რომელიც გამოიყვანდა ქვეყანას ამ მძიმე პოლიტიკური მდგომარეობიდან. ამ საქმეში კი დიდი წვლილი შეიტანა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის ეკონომიკურმა ბლოკმა, რომლის წევრებიც იყვნენ კონსტანტინე კანდელაკი, ნოე ხომერიკი, იოსებ ელიგულაშვილი, ილია გოლდმანი და სხვები.

“საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან კონსტანტინე კანდელაკს განსაკუთრებით მძიმე მოვალეობა დაეკისრა. ის ფინანსების და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრია. ის მთავარი კალატოზია, მან სახელმწიფო შენობას საფუძველი უნდა ჩაუყაროს, ძირი მტკიცედ გაუმაგროს, კარგი ფინანსები, ჯანსაღი ეკონომიკა, ეს ხომ მთავარი საფუძველია სახელმწიფოს სიმაგრის და ხალხის კმაყოფილების” – ასე გამოეხმაურნენ მაშინდელი მთავრობის წევრები კონსტანტინე კანდელაკის ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას.

სწორედ კონსტანტინე კანდელაკის ფინანსთა მინისტრობის პერიოდში დაისახა მრეწველობისა და ვაჭრობის გამოცოცხლების გზები. ჩამოყალიბდა “საქართველოს რესპულიკის უმაღლესი ეკონომიკური საბჭო”, რომლის ფუნქციაც იყო ეკონომიკის განვითარების ახალი ფორმების შემუშავება, სახელმწიფოს, კერძო და საზოგადოებრივი სექტორების საქმიანობის კოორდინაცია, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთიანი გეგმის შემუშავება, სახელმწიფო ფინანსების მოწესრიგება და ბიუჯეტის შექმნა.

“ამ მეტად საპასუხისმგებლო პოსტზე კონსტანტინე კანდელაკმა ისეთი დიდი ნიჭი და გამჭრიახობა გამოავლინა, რომ ქართული ფული – მანეთი უმოკლეს დროში გახდა საერთაშორისო ვალუტა, რაც ნათელს ხდის იმ მდგომარეობას, რომ საქართველოს სახალხო მეურნეობა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების მოკლე დროის განმავლობაში ისე მომაგრდა და გაძლიერდა, რომ ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ქვეყანა გახდა ყოფილი მეფის რუსეთის იმპერიის ქვეყნებს შორის”, – იტყვიან წლების შემდეგ კონსტანტინე კანდელაკზე მისი გუნდის წევრები.

ქართული ეკონომიკის აღმშენებლობის საქმეში დიდი წვლილი შეიტანეს ასევე იოსებ ელიგულაშვილმა და ილია გოლდმანმა. ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა სრულიად ახალგაზრდა იოსებ ელიგულაშვილი, რომელზეც თანაგუნდელები ამბობდნენ, რომ იგი ტოლს არ უდებდა გამოცდილ, საქმიან კაცებს. „ზოგს ეს გარემოება შიშს გვრიდა – შეეფერება ეს ახალგაზრდა კაცი ამ თანამდებობასო? მაგრამ როცა მას საქმეზე საუბარში გაეცნობოდნენ, იგი თვით ძველ და გამოცდილ დიდ მოხელეებსა და საქმის კაცების ყურადღებას და პატივისცემას იმსახურებდა“.

სწორედ იოსებ ელიგულაშვილი მიავლინა მაშინდელმა მთავრობამ 1920 წელს ეკონომიკური საკითხების გადასაჭრელად როტერდამსა და საფრანგეთში.

მოგვიანებით დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია იტყვის: „ყველა ქვეყანა მთავრობის წევრობას სანთლით ეძებენ, ეს უმაღლესი თანამდებობა ყველგან სანატრელი და საბრძოლველია. ჩვენში კი მთავრობაში შესვლა მიჩნეული იყო დიდ უბედურებად, ყველა მას გაურბოდა, როგორც ჭირს. რამდენი ხვეწნა მჭირდებოდა, რამდენი კალთის გლეჯა, ძლივს ვახერხებდი შემადგენლობის შეკრებას, მიზეზი იყო დიდი პასუხისმგებლობა“.

რეზონანსი“, 26 მაისი, 2017 წელი

ნატოსსპეციალური გზავნილირუსეთისადმი, რომ საქართველო ნატოს წევრი უნდა გახდეს

ეკატერინე ბასილაია

დღეს თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესია იხსნება და ხელისუფლების წარმომადგენლების მთავარი მესიჯი გახდა ის, რომ დღემდე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესია მხოლოდ 4 არაწევრ ქვეყანაში ჩატარდა, რომლებიც შემდგომში ნატოს წევრები გახდნენ და, ამდენად, ეს ნიშნავს, რომ ალიანსის წევრი გავხდებით ჩვენც. თუმცა რამდენად ახლო პერსპექტივაში შეიძლება მოხდეს ჩვენი გაწევრიანება, ამაზე პასუხები კვლავ ბუნდოვანია.

გარდა ამისა, ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ამ სესიაზე იქნება “სპეციალური გზავნილი რუსეთისადმი”, რომ საქართველოსთან მიმართებით ნატოს გაფართოება არ უნდა შეჩერდეს და საქართველო ნატოს წევრი უნდა გახდეს.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია თბილისში 26-29 მაისს ტარდება. ეს ასამბლეის პირველი სესიაა, რომელიც 2002 წლის შემდეგ ნატოს არაწევრ ქვეყანაში იმართება და საქართველო ნატოს არაწევრი რიგით მეხუთე ქვეყანაა, სადაც ამ რანგის ღონისძიება ტარდება. დანარჩენი ოთხი ქვეყანა უკვე ალიანსის წევრია.

საგაზაფხულო სესიაზე ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და სხვა მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, ჯამში, 600-ზე მეტ სტუმარს ელიან.

საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ნატოს დელეგაციის წევრები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ დეკლარაციასაც მიიღებენ და ხელისუფლების მხრიდან ამ დოკუმენტსა თუ სესიაზე პოზიტიური განცხადებებიც ისმის.

პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ამ სესიაზე მიღებული დეკლარაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ალიანსის მხრიდან საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორის მტკიცე მხარდაჭერას.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის საქართველოში გამართვა ჩვეულებრივი მოვლენა არ არის, “ეს არის ნამდვილად დიდი მოვლენა” და, პირველ რიგში, ეს არის საქართველოს ნატოსთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობის პოლიტიკური გამოხატულება.

ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ სულ 4-ჯერ მომხდარა ასეთი რამ, როდესაც სესია ნატოს არაწევრ ქვეყანაში ჩატარდა და ოთხივე ქვეყანა შემდგომში ალიანსის წევრი გახდა.

ევროინტეგრაციის მინისტრ ვიქტორ დოლიძის განცხადებით, “ჩვენ არა მხოლოდ გეოგრაფიულად და ტექნიკურად ვატარებთ ამ სამიტს, არამედ მას მიენიჭება ძალიან მაღალი პოლიტიკური მნიშვნელობა”, რადგან ჩვენ მივიღებთ საქართველოსთან დაკავშირებით “სპეციალურ დოკუმენტს”, სადაც იქნება ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოთქმული როგორც ინტეგრაციული პროცესებისადმი, ასევე, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი, რეფორმების მხარდაჭერისადმი. იქნება სპეციალური გზავნილი რუსეთის ფედერაციისადმი ისევე, როგორც ნატოსადმი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოსთან მიმართებით ნატოს გაფართოების ტალღა არ უნდა შეჩერდეს და საქართველო ნატოს წევრი უნდა გახდეს“. მისივე თქმით, საქართველოს ალიანსში გასაწევრიანებლად ყველა ინსტრუმენტი აქვს და ნუ ავიღებთ იდეაფიქსად და აპრიორად იმას, რომ მაპ-ის გარეშე ჯერჯერობით არც ერთი ქვეყანა არ შესულა ნატოში.

„მოდით, ნუ ავიღებთ იდეაფიქსად და აპრიორად იმას, რომ მაპ-ის გარეშე ჯერჯერობით არც ერთი ქვეყანა არ შესულა ნატოში, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მაპ-ი ჯერჯერობით კვლავ რჩება ძალიან მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იმისა, რომ ქვეყანა გაწევრიანდეს ნატოში“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე განცხადებით გამოვიდა ასევე ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი და მაპ-ზე ან ნატოში გაწევრიანების სავარაუდო ვადებზე ვერც უილიამ ლაჰიუ საუბრობს. უილიამ ლაჰიუს თქმით, როდის გაწევრიანდება საქართველო ნატოში, არ იცის, რადგან ეს ალიანსის წევრმა ქვეყნებმა კონსენსუსის საფუძველზე უნდა გადაწყვიტონ.

“ყველა მოკავშირე მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს. ჩვენ აქ ვართ, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს და მის მისწრაფებას, შეუერთდეს ნატოს. როდის მოხდება ეს, ჩვენ არ ვიცით, ეს ნატოს ცალკეულ ქვეყნებზეა დამოკიდებული, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებულია – საქართველო გახდება ნატოს წევრი. მთავარია პროგრესი და დავარწმუნოთ ისინი, რომ დროა, საქართველო ალიანსში მიიწვიონ”, – დასძინა უილიამ ლაჰიუმ.

რეზონანსი“, 26 მაისი, 2017 წელი

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის საქართველოში გამართვას რა კონკრეტული შედეგები შეიძლება ჰქონდეს ქვეყნისთვის?

გვანცა წულაია

დღეიდან საქართველოში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია გაიმართება. თბილისში, საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, მრავალმხრივი შედხვედრები ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

როგორც პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოსთვის ეს ისტორიული დღეა, ქვეყნის პროგრესის, დემოკრატიის, განვითარების და წარმატების პირდაპირი აღიარებაა.

სესიაშვილის განმარტებით, თბილისს 600-მდე დელეგატი ეწვევა. მათ შორის 28 წევრი ქვეყნის პარლამენტის დეპუტატი, 20 არაწევრი, ასოცირებული და პარტნიორი ქვეყნების დამკვირვებლები. ასევე თქვა, რომ თბილისში ასამბლეის სესიაში ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ვერ მიიღებს მონაწილეობას, რაც მან აშშ-ში ვიზიტით ახსნა.

“სესიაზე სიტყვით გამოვლენ: საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე. ნატოს წევრი ქვეყნების დელეგატები საოკუპაციო ხაზსაც ეწვევიან და ასევე გაეცნობიან ჩვენი ქვეყნის მიღწევებს.

“მნიშვნელოვანი და უპრეცედენტოა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა საგაზაფხულო სესიაზე, როგორც წესი, არ იღებს ან იშვიათად იღებს რეზოლუციას ან დეკლარაციას, თუმცა ამ შემთხვევაში გვაქვს პატივი, რომ ამ ასამბლეაზე საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაცია იქნება მიღებული, რასაც მივესალმებით”, – აღნიშნა სესიაშვილმა.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის საქართველოში გამართვას რა კონკრეტული შედეგები შეიძლება ჰქონდეს ქვეყნისთვის? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

დიმა ჯაიანი (მსახიობი): შედეგი იქნება. მაგრამ წინასწარ ვერ გეტყვით, რა. ეს კარგი მესიჯი და მინიშნებაა. იმას ვერ გეტყვით, რომ ხვალ ნატოში მიგვიღებენ, მაგრამ მესიჯი ნამდვილად ძალიან სწორი და პოლიტიკურად გამართლებულია.

გია ბუღაძე (მხატვარი): ის, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ტარდება, უკვე შედეგია. ვფიქრობ, რაღაც გარკვეულ მესიჯებს და მიზნებს აუცილებლად დატოვებს. შემდგომში შედარებით უფრო იმედისმომცემი დასკვნების გამოტანის საშუალება უნდა გვქონდეს, რადგან ასეთი რამ ტყუილად არ ხდება. თან თუ დააკვირდებით, მეტ-ნაკლებად რაღაცები უკეთესობისკენ იცვლება, დასავლეთს ვგულისხმობ. თუმცა ჩვენი ქვეყანა, თვითმმართველობა და ე.წ მთავრობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, დასავლეთის მხრიდან ეს კარგი მესიჯების და იმპულსების პროცედურაა.

ლაშა ჩხარტიშვილი (“დემოკრატიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი): თავისთავად ნამდვილად კარგი ფაქტია. თუმცა მხოლოდ ეს საკმარისი არ არის, რომ რეალურად ევროპას კიდევ უფრო მივუახლოვდეთ. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება, ზოგადად, ევროპული სტანდარტებისკენ სწრაფვას ფიქტიურად ახორციელებს. მხოლოდ ეს საკმარისი არ არის. საჭიროა რეალური მმართველობის ევროპიცაზია და არა აღმოსავლური ტიპის ავტორიტარული რეჟმის დამყარება.

ქეთი ბექაურ (იურისტი): შედეგი აუცილებლად იქნება, რადგან საქართველოს სწორი სტრატეგიული სვლები აქვს. ნატოს ალიანსში გაწევრიანებისკენ ნაბიჯები წარმატებულად იდგმება. არავის არ აქვს იმის ილუზია, რომ ეს დღეს ან ხვალ მოხდება, მაგრამ საქართველოს ნატოში სწრაფვა და გაწევრიანება გარდაუვალია. მთავარია, ხელისუფლება სწორი სტრატეგიული სვლებით მიდის.

ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): საერთაშორისო პოლიტიკაში მარტო კონკრეტულ შედეგებს არ აქვს მნიშვნელობა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სიმბოლურ ამბავსაც. ამ შეხვედრიდან ალბათ დიდ შედეგს მოველით, თუმცა სიმბოლიკას დიდი მნიშვნელობა აქვს და სწორედ ამაზეა ორიენტირებული.

რეზონანსი“, 26 მაისი, 2017 წელი

ინტერვიუ კორნელი კაკაჩიასთან: რუსული პოლიტელიტის შემზადება ხდება, რომ საქართველო ნატოს წევრი აუცილებლად გახდება… მაგრამ როდის შევალთ ნატოში, ამაზე პასუხი ალიანსის ლიდერებს არ აქვთ

ეკატერინე ბასილაია

“არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მომავალ წელს რუსეთში არჩევნებია და პუტინს ერთი პატარა ძლევამოსილი ომი სჭირდება. უკრაინაში არის ეს ომი, საქართველოში იყო, მაგრამ უახლოეს მეზობლებში ისევ ეს ორი ქვეყანა რჩება, სადაც თავიანთი კუნთების დემონსტრირება შეუძლიათ. “ამიტომ ამას ითვალისწინებენ არა მარტო ჩვენი პოლიტიკოსები, არამედ დასავლეთის ლიდერები. რუსეთის არჩევნების დასრულებამდე მაინც მაპ-ი გამორიცხულია”, – აცხადებს “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” დამფუძნებელი კორნელი კაკაჩია.

- ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესია იმართება თბილისში და ხელისუფლების მთავარი მესიჯი ისაა, რომ დღემდე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესია მხოლოდ 4 არაწევრ ქვეყანაში ჩატარდა, რომლებიც შემდგომში ნატოს წევრები გახდნენ. ამ ღონისძიების ჩატარება რამდენად ნიშნავს, რომ საქართველო მალე გახდება ნატოს წევრი?

- ნატოს საპარლამენტო სესიის საქართველოში გამართვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ამით ალიანსი ადასტურებს ჩვენდამი პოლიტიკურ მხარდაჭერას და ეს სერიოზული გზავნილია როგორც საქართველოსთვის, ისე რუსეთისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. ეს ნიშნავს, რომ საქართველო ადგას სწორ გზას, რაც ჩვენ ბევრჯერ გაგვიგია ნატოს მაღალჩინოსნებისგან, მაგრამ აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დღეს ან ხვალ შევალთ ნატოში. ეს როდის მოხდება, ამაზე მარჩიელობა უმადური საქმეა.

სესია ნიშნავს იმას, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, მაგრამ შეკითხვა არის: როდის? ამაზე პასუხი მათ არ აქვთ. თუმცა ეს არ აკნინებს ამ ფორუმის მნიშვნელობას. ნატოს მხრიდან ნებისმიერი აქტივობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

- ხელისუფლების მეორე მესიჯია, რომ სესიაზე მიღებული დეკლარაცია იქნება სპეციალური გზავნილი რუსეთისთვის, რომ საქართველოსთან მიმართებით ნატოს გაფართოება არ უნდა შეჩერდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ისევ რჩება ჩვენი გაწევრიანების მთავარ დაბრკოლებად და მას ნატოში ისევ აქვს ირიბი ვეტოს უფლება?

- ფორმალურად, ნატოს ხელმძღვანელობა ამბობს, რომ ამგვარი ვეტო არ არსებობს, თუმცა თუ მნიშვნელოვან წევრ სახელმწიფოებამდე მივალთ, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ, ისინი რუსეთის ფაქტორის გამო იკავებენ თავს.

რეზოლუციები არის ის გზავნილი, რომლითაც მოსკოვი ნელ-ნელა უნდა შეაჩვიონ, რომ ნატო საქართველოს მიტოვებას არ აპირებს. ამიტომაც ამ ტიპის გზავნილები საკმაოდ მნიშვნელოვანია. ეს შეიძლება მოსკოვში ძალიან გამაღიზიანებლად ჟღერდეს, მაგრამ ამით რუსული პოლიტიკური ელიტის შემზადება ხდება, რომ საქართველო ნატოს წევრი აუცილებლად გახდება. ამას ემსახურება ასეთი ტიპის შეხვედრები, სიმბოლურია, რომ ასეთი მაღალი დონის ფორუმი საქართველოში ტარდება და მაღალი დონის დელეგაციები ჩამოდიან.

- მონტენეგრო ივნისის დასაწყისში ნატოს წევრი სახელმწიფო ხდება. მონტენეგროს შემთხვევაში ვერ იმუშავა რუსულმა ფაქტორმა?

- ჩვენც ხომ ვნახეთ, რა არეულობა დატრიალდა მონტენეგროს პარლამენტში. რუსეთმა იცის, რომ ნატოში გასაწევრიანებლად ჯერ ბალკანეთის ჯერია და შემდგომ მოდის პოსტსაბჭოთა ქვეყნების, ჩვენი რიგი. აქიდან გამომდინარეა, რომ რუსული დიპლომატია ცდილობს, ბალკანეთში ჩააქროს ნატოს გაფართოების სურვილი და ამ ქვეყნების ხელისუფლებებს გადააფიქრებინოს ეს ნაბიჯი. ამისთვის იყენებს მოქრთამვას, შანტაჟს, არეულობის პროვოცირებას. ჯერჯერობით ეს წარმატებულად არ გამოდის. ასე რომ, მთლიანობაში ესაა რუსეთის სტრატეგია. მათთვის ბალკანეთი ძალიან მტკივნეულია. ჩვენ შემთხვევაში გეოგრაფიაც მუშაობს. უცხოელი ანალიტიკოსები ხშირად ამბობენ, რომ საქართველო ნატოში რომც მიიღონ, გეოგრაფიულად მისი დაცვა ძალიან გაჭირდება, ბალკანეთის ქვეყნებს კი ამ კუთხით ცოტა უკეთესი მდგომარეობა აქვთ. ამიტომაცა ჩვენთვის ეს პროცესი ხანგრძლივი. დასავლეთი ნელ-ნელა არღვევს ტაბუს და, რუსეთის მცდელობის მიუხედავად, გაფართოებას არ აჩერებს.

- მონტენეგროს შემდეგ რიგში ბალკანეთის სხვა სახელმწიფოებია თუ საქართველოც?

- მგონია, ცოტა ხანი გარკვეული პაუზის აღება იქნება, პლუს რუსეთიც უნდა შეეჩვიოს. მარტო გაწევრიანება ხომ არ არის, ნატო პასუხისმგებლობასაც იღებს და მონტენეგრო ჯერ კიდევ შორსაა სტაბილურობისგან. ამიტომაც ნატო ცოტა ხანი სხვა ქვეყნებზე არ იფიქრებს. კონკრეტული საუბრები არ არის, მაგრამ ალაგ-ალაგ ჩანს საქართველოზე განცხადებებიც, თუმცა ერთია პოლიტიკური განცხადებები და მეორეა გადაწყვეტილება, რაც არ ვიცით, როდის მოხდება.

- ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, რომ მაპ- არ უნდა იყოს იდეაფიქსი. ეს რიგითი ფორმალური განცხადებაა თუ მაპ-ის გარეშეც არის რაღაც შანსი, ნატოს წევრები გავხდეთ?

- პრინციპში, „მაპ“-ის მიცემა, შესაძლოა, დღეს პრობლემა არ იყოს, ტექნიკურად საქართველო ყველა პარამეტრით მზად არის და ეს ნატოს მაღალჩინოსნებს ნათქვამი აქვთ, მაგრამ პრობლემაა პოლიტიკური ფასი და უსაფრთხოების კუთხით ამ ნაბიჯს რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს. გამორიცხული არ არის, რომ „მაპ“-ის მინიჭების შემთხვევაში ამან უფრო წააქეზოს რუსეთი და აგრესიაზე გადავიდეს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მომავალ წელს რუსეთში არჩევნებია და პუტინს ერთი პატარა, ძლევამოსილი ომი სჭირდება.

უკრაინაში არის ეს ომი, საქართველოში იყო, მაგრამ უახლოეს მეზობლებში ისევ ეს ორი ქვეყანა რჩება, სადაც თავიანთი კუნთების დემონსტრირება უნდა აჩვენონ. ამიტომ ამას ითვალისწინებენ არა მარტო ჩვენი პოლიტიკოსები, არამედ დასავლეთის ლიდერები. რუსეთის არჩევნების დასრულებამდე მაინც მაპ-ი გამორიცხულია.

რეზონანსი“, 26 მაისი, 2017 წელი

ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: ახალი კონფიგურაცია ქართულ პოლიტიკაში // მარატ კულახმეტოვის ელჩად დანიშვნა // თურქეთის მოთხოვნის შესრულება

თიკო ოსმანოვა

“კულახმეტოვის დანიშვნით უნდა ველოდოთ გაცილებით მეტ პროვოკაციას სამხრეთ ოსეთის მხრიდან, ვიდრე ურთიერთობის გაუმჯობესებას ცხინვალსა და რუსეთს შორის. ანალოგიურად განვითარდება ვითარება სოხუმში და შესაძლოა, ჩაერთოს ეკონომიკური ფაქტორებიც. ამიტომ მნიშვნელოვანი სიფრთხილე და ყურადღებაა საჭირო ხელისუფლების მხრიდან. არა მგონია, რუსეთი ქმედით ნაბიჯზე წავიდეს, მხედველობაში მაქვს სამხედრო ძალის გამოყენება და ქვეყნის ანექსია. რუსეთს ამის საშუალება დღეს არ აქვს”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე, რომელსაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ვესაუბრეთ.

ვახტანგ ძაბირაძე: საქართველოში ნატოს საპარლამენტო სამიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, დემონსტრირება ჩვენი ურთიერთობის და გამოხატულება იმისა, რომ ჩვენი საგარეო პრიორიტეტი ისევ ნატოა. ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულ გაღიზიანებას გამოიწვევს მეზობელ ქვეყნებში, განსაკუთრებით რუსეთი მაქვს მხედველობაში. მაგრამ ჩვენ რადგან არაერთხელ ღიად და მკაფიოდ გამოვხატეთ ჩვენი სწრაფვა, ახლა ტემპი უნდა დავაჩქაროთ. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენზე არ არის დამოკიდებული და ფასეულია ნატოს წევრი ქვეყნების პოზიცია, მაგრამ ჩვენი აქტიურობა მაინც მნიშვნელოვანია. ეს ნიშნავს, რომ საქართველო კიდევ ერთხელ მოექცა ნატოს წევრი ქვეყნების ყურადღების ცენტრში და ჩვენი ქვეყნა უფრო და უფრო პერსპექტიული ხდება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან მიმართებით.

- მეზობელი ქვეყნის გაღიზიანებაზე საუბრობთ და, თქვენი აზრით, რა შეიძლება მოიმოქმედოს რუსეთმა საქართველოსა და ნატოს დაახლოების პარალელურად?

- რუსეთმა ამასთან დაკავშირებით ერთგვარი ნაბიჯი უკვე გადადგა, ვგულისხმობ სამხრეთ ოსეთში ელჩად კულახმეტოვის დანიშვნას. მისი დანიშვნა შემთხვევით არ მომხდარა. იგი არის გენერალი და ამ სიტუაციას ძალიან კარგად იცნობს როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. ძალიან ბევრი ფაქტორი საყურადღებოა. რა თქმა უნდა, რუსეთს ცხინვალში საელჩო არაფერში არ სჭირდება. მაგრამ ამ შემთხვევაში დიპლომატიური შეკედლება ნიშნავს იმას, რომ სამხრეთ ოსეთში კურირებას გაუწევს სამხედრო ძალებს, ვიდრე დიპლომატიას.

ამიტომ დიდი სიფრთხილე და ყურადღებაა საჭირო ხელისუფლების მხრიდან. არა მგონია, რუსეთი ქმედით ნაბიჯზე წავიდეს, მხედველობაში მაქვს სამხედრო ძალის გამოყენება და ქვეყნის ანექსია. რუსეთს ამის საშუალება დღეს არ აქვს. მაგრამ კულახმეტოვის დანიშვნით უნდა ველოდოთ გაცილებით მეტ პროვოკაციას სამხრეთ ოსეთის მხრიდან, ვიდრე ურთიერთობის გაუმჯობესებას ცხინვალსა და რუსეთს შორის. ანალოგიურად განვითარდება ვითარება სოხუმში და, შესაძლოა, ჩაერთოს ეკონომიკური ფაქტორებიც. ჯერჯერობით ფრთხილად და დაკვირვებით უნდა ვიყოთ რუსეთთან მიმართებაში.

- თურქეთის მხარის მოთხოვნით, საქართველოში ფეთჰულაჰ გიულენის სახელთან ასოცირებული დემირელის სკოლის ერთ-ერთი მმართველი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააპატიმრეს. თქვენი აზრით, უნდა გადასცეს თუ არა იგი ქართულმა მხარემ თურქეთს?

- ამ მხრივ საკმაოდ რთულ ვითარებაში აღმოვჩნდით, თუმცა ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლება უნდა იყოს ობიექტური. აუცილებელია, რომ ჩვენ ღირსეული სახელმწიფო გვქონდეს. როდესაც საუბარი იყო რუსეთისთვის გადაცემაზე, მაშინ საკმაოდ დიდი პროტესტი გამოიხატა, რომ არ მომხდარიყო მათი გადაცემა რუსეთისთვის. ახლაც შეიძლება გარკვეული პარალელის გავლება თურქეთის სკოლის მმართველთან მიმართებით. ისიც გასაგებია, რომ ასეთი მოთხოვნა თურქეთს მარტო ჩვენთან მიმართებით არ ჰქონია და ალბათ გასათვალისწინებელი იქნება ის ქმედებები, როგორც იქცევიან დასავლეთის ქვეყნები. ჩვენც რაღაცნაირად უნდა შევძლოთ, როგორც სახელმწიფო, მოვიქცეთ ისე, როგორც აუცილებელია.

- ოპოზიციურ სპექტრში ახალი კონფიგურაცია ყალიბდებაერთი მხრივ, რესპუბლიკელების და თავისუფალი დემოკრატების ერთობით და, მეორე მხრივ, დავით უსუფაშვილი-კახა შარტავას გაერთიანებით, როგორ უყურებთ ამ მხრივ ოპოზიციის გააქტიურებას?

- როგორც ვთქვი, ამ კონფიგურაციას საბოლოო სახე ჯერ მიღებული არ აქვს. ძალიან კარგია, რომ ორივე მხარე მიდის ამისკენ. მაგრამ ამ 4 სუბიექტს შორის დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ. ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში მჭიდრო თანამშრომლობაში გადაიზარდოს ეს ყველაფერი. თუმცა ეს გაერთიანება ამ შემთხვევაში საკმარისი არ იქნება. საჭიროა არა მხოლოდ გაერთიანება, არამედ ახალი კონცეფციის შემუშავება და ახალი იდეოლოგიის ჩამოყალიბება, სადაც უკეთ უნდა იქნეს ასახული ქვეყნის არა მარტო შიდა პრობლემები, არამედ გარკვეული ღირებულებებიც.

მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით დასავლეთში მიდის რაღაც გადაფასება. ეს ყველაფერი უნდა იქნეს გათვალისწინებული. ასევე ერთმანეთისგან უნდა გამიჯნონ პოლიტიკური და სამოქალაქო საქმიანობა. ახალი სტრატეგია უნდა შეიმუშაონ, ანუ მხოლოდ მექანიკური გაერთიანება თუ ხდება, ეს პერსპექტივაში არაფერს მოიტანს.

რეზონანსი“, 26 მაისი, 2017 წელი

დაკავებული სთხოვს საქართველოს, არ გადასცენ თურქეთს

ყველაზე მეტად ჩემს თავმოყვარეობაზე იმოქმედა იმან, რომ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას მაბრალებენ

გვანცა ღვედაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლომ დემირელის კოლეჯის ერთ-ერთ მმართველს, მუსტაფა ემრე ჩაბუქს 3-თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა, რითაც პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ადვოკატები გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებენ. მათივე თქმით, თურქეთში რომ ადამიანის უფლებები ირღვევა, ეს ყველასთვის ცნობილია, ამიტომ ექსტრადირების საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო უნდა დაფიქრდეს. თავად დაკავებული კი აცხადებს, რომ თურქეთში სამართლიანობა არ არსებობს და საქართველოს მოუწოდებს, არ გადასცენ თურქეთს.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით ოთხშაბათს დააკავეს. როგორც პროკურორმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, მას ბრალად შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება, რაც მძიმე დანაშაულია და განგრძობადობა ახასიათებს.

პროკურორის თქმით, მუსტაფა ემრე ჩაბუქი თავს არიდებს გამოძიებას და, თურქული მხარისგან მოწოდებული მასალების თანახმად, მიმალულია.

როგორც სახელმწიფო ბრალმდებელი აღნიშნავს, წინასაექსტრადიციო პატიმრობის გარდა, სხვა აღკვეთის ღონისძიება ვერ იქნება საკმარისი ბრალდებულის დანაშაულებრივი ქმედებების გაგრძელების აღსაკვეთად.

მუსტაფა ჩაბუქს ბრალად ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა ედება, რაც, ადვოკატების თქმით, უსაფუძვლო და გაუგებარია. საუბარია ფეთჰულა გიულენთან დაკავშირებულ ამერიკაში რეგისტრირებულ ორგანიზაცია “ფეტო”-ზე, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული.

ადვოკატ სოსო ბარათაშვილის განცხადებით კი, ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაზე ბრალი გამოიხატება შემდეგში: მან ხელი შეუწყო დემირელის სახელობის კოლეჯის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ანუ ერთ-ერთ პარტნიორს, გაესხვისებინა თავისი წილი ამერიკაში რეგისტრირებულ იურიდიულ კომპანიაზე, თუმცა ეს წილი ბოლომდე არ გასხვისებულა. აღსანიშნავია, რომ, ადვოკატის თქმით, ამერიკაში დარეგისტრირებული კომპანიის წარმომადგენლები არ არიან ეჭვმიტანილნი ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში და რაში გამოიხატა ამ ადამიანის დახმარება ტერორისტული ორგანიზაციისთვის, მათთვის სრულიად გაუგებარია.

ამასთან, ადვოკატები მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაკავებას თურქეთის სახელმწიფოს მოთხოვნას უკავშირებენ და აცხადებენ, რომ თუკი სახელმწიფო მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირს თურქეთს გადასცემს, მას არაადამიანური მოპყრობა და წამება ემუქრება.

“ფაქტობრივად, არავისთვის არის დამალული, რომ თურქეთის ხელისუფლებას აქვს აღებული მიმართულება, სხვადასხვა ქვეყნიდან მოითხოვოს პირთა ექსტრადირება და რომ თურქეთში მასობრივად ირღვევა ადამიანის უფლებები. ამის თაობაზე არის ევროკავშირის დასკვნაც, გაეროს რეზოლუციაც, ევროპის კომისიის სპეციალური მოხსენებაც. ამიტომ როდესაც ექსტრადიციის თემას ვეხებით, ეს ყველაფერი ძალიან კარგადაა განსახილველი”, – აღნიშნა სოსო ბარათაშვილმა.

საქალაქო სასამართლო პროცესზე თავად ჩაბუქმაც მოითხოვა, რომ არ გადასცენ თურქეთს, რადგან “იქ სამართლიანობა არ არსებობს”. ბრალდებულმა საკუთარი პოზიციის გამოხატვისას ცრემლებიც ვერ შეიკავა და აღნიშნა, რომ ამ ფაქტმა ყველაზე მეტად მის თავმოყვარეობაზე იმოქმედა.

“15 წელია, საქართველოში ვარ. მაქვს საქართველოში ბინადრობის უვადო უფლება, რომელიც სახელმწიფომ მომანიჭა. ბოლო 15 წელია, საგანმანათლებლო საქმიანობას ვეწევი ერთგულად. ყველაზე მეტად ჩემს თავმოყვარეობაზე იმოქმედა იმან, რომ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას მაბრალებენ. ეს ცრემლები იმიტომ მომდის, რომ შეეხნენ ჩემს თავმოყვარეობას. ცხოვრებაში პატარა დანაც კი არ მიტარებია. ჩემს ჯიბეში მხოლოდ ცარცი მოიძებნებოდა და ვცდილობდი, ისეთი მოსწავლე აღმეზარდა, რომელიც საქართველოს გამოადგებოდა. სამწუხაროდ, თურქეთში სამართლიანობა არ არსებობს და, აქედან გამომდინარე, ვითხოვ, არ გადამცენ თურქეთს”, – განაცხადა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა.

აღნიშნულ ფაქტს დემირელის კოლეჯის თანამშრომლები გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ თურქი სამართალდამცველების მიერ მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის წაყენებული ბრალი აბსურდულად მიაჩნიათ. სოფო ნიკურაძის შეფასებით, რომელიც დემირელის კოლეჯის თანამშრომელია, მუსტაფა ემრე ჩაბუქი ორ ადამიანს შორის იდეოლოგიური დაპირისპირების მსხვერპლია. “თურქეთში მიმდინარე მოვლენები ჩვენს ქვეყანაზეც აისახება. კერძოდ, საუბარია თურქეთის პრეზიდენტსა და ფეთჰულა გიულენს შორის არსებულ უთანხმოებაზე. ბრალდება ნამდვილად უსაფუძვლოა და ყველანი აღშფოთებული ვართ, ჩვენი სკოლები ეროვნულ საქმეს ემსახურება და არანაირ ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირი არ გვაქვს”, – განაცხადა სოფო ნიკურაძემ.

რეზონანსი“, 26 მაისი, 2017 წელი

ინტერვიუ რევაზ მიშველაძესთან: „30 მილიონერს რა უნდა პარლამენტში!?“ // თვითმმართველობის არჩევნებშიოცნებას ბეწვის ხიდზე გავლა მოუწევს

ია აბულაშვილი

„ათეული წლების პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ საქართველოში სულ სხვა გეოპოლიტიკური ვითარებაა და ჩვენი ქვეყანა მსოფლიო პოლიტიკაშიც თითქმის ნულოვანი მოთამაშეა, ამიტომ ჩვენთვის საპარლამენტო მმართველობა უფრო გამართლებულია, ვიდრე საპრეზიდენტო. დააკვირდით ისტორიას, ერთპიროვნულმა საპრეზიდენტო მმართველობამ ვერ გაამართლა ვერც შევარდნაძის, ვერც სააკაშვილის დროს და ვერც ახლა ამართლებს”, – საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე “რეზონანსი” პარლამენტის ყოფილ წევრს, მწერალ რევაზ მიშველაძეს ესაუბრა.

- საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვნებათაღელვა არ ცხრება. ოპოზიციისთვის კატეგორიულად მიუღებელია ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი პროექტი, რადგან მიიჩნევენ, რომ ამ ცვლილებებით მმართველი გუნდი ხელისუფლებაში ყოფნის გარანტიას იქმნის. თუ ეთანხმებით მათ მოსაზრებას და, ზოგადად, როგორ შეაფასებდით ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ პროექტს?

- უნიკალური კონსტიტუცია დედამიწაზე არც ერთ ქვეყანას არ გააჩნია. ყველა კონსტიტუციას აქვს ხარვეზები, რაც დროთა განმავლობაში სწორდება, მაგრამ ძირითადი პრინციპები სახელმწიფოსი ყველგან დაცულია. ეს შესწორებები გამოწვეულია იმით, რომ ეპოქები იცვლება, სახელმწიფოებრივი მენტალიტეტი იცვლება, ეკონომიკა სხვა სახეს იღებს, სახელმწიფოებრივი საზღვრებიც კი იცვლება და ა.შ. მაგრამ არც ერთ სახელმწფოში, როგორც მე ვიცი პოლიტიკასთან ჩემი ურთიერთობის 60 წლის განმავლობაში, კონსტიტუციური ცვლილებები ისეთ ვნებათაღელვას არ იწვევს, როგორც ეს ხდება საქართველოში.

მე მახსოვს ედუარდ შევარდნაძის დროს მიღებული კონსტიტუცია, მიხეილ სააკაშვილის მიერ მის ნიადაგ მღელვარე პრეზიდენტობაზე მორგებული კონსტიტუციის სხვადასხვა პუნქტები და ისიც კარგად მახსოვს, რომ სააკაშვილი ასე საკამათოდ და სადებატოდ არ ხდიდა თავის შესწორებებს. მის სურვილს უყოყმანოდ ემორჩილებოდა მისი პარლამენტი და მისი მთავრობაც. ამიტომაც მიხეილ სააკაშვილის დროინდელი შესწორებები კონსტიტუციაში მრავალმხრივ საგანგაშო იყო და ერთპიროვნული მმართველობის პრინციპს ემსახურებოდა. თუმცა არც ჩვენს მოქალაქეებს და არც კურდღელივით მშიშარა ოპოზიციას და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც მსოფლიოს პოლიტიკურ ელიტას ამ დარღვევებზე ხმა არ ამოუღია. სააკაშვილი დემოკრატიის შუქურა იყო და უბერავდა, როგორც უნდოდა. ახლა სრულიად სხვა დრო და ვითარებაა. ჩვენ თუ კონსტიტუციური მოთხოვნებიდან არ ამოვალთ, კონსტიტუციური ცვლილებების გონივრულობაზე მსჯელობა გაგვიჭირდება.

- თქვენი აზრით, მაინც რატომ გახდა ასე საკამათო ეს საკონსტიტუციო ცვლილებები?

- ხდება სახელმწიფო მმართველობის ძირითადი ცვლილება. ჩვენ გადავდივართ საპრეზიდენტო მმართველობიდან საპარლამენტო მმართველობაზე, ამიტომ არ უნდა დაიჯეროს გონიერმა საქართველომ ზოგიერთი ოპოზიციონერის ნათქვამი შესახებ იმისა, რომ “ოცნებას” მარგველაშვილი არ მოსწონს და ამიტომ ხდება ეს. არაფერი მსგავსი არ ხდება, ათეული წლების პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ საქართველოში სულ სხვა გეოპოლიტიკური ვითარებაა და ჩვენი ქვეყანა მსოფლიო პოლიტიკაშიც თითქმის ნულოვანი მოთამაშეა, ამიტომ ჩვენთვის საპარლამენტო მმართველობა უფრო გამართლებულია, ვიდრე საპრეზიდენტო. დააკვირდით ისტორიას, ერთპიროვნულმა საპრეზიდენტო მმართველობამ ვერ გაამართლა ვერც შევარდნაძის, ვერც სააკაშვილის დროს და ვერც ახლა ამართლებს. მართალია, ამ საქმეში ებმება პრეზიდენტების და პრემიერების ამბიციები და მათი ბავშვური კინკლაობა, მაგრამ როცა მრავალპარტიული ორგანო, პარლამენტი განსაზღვრავს ქვეყნის სახელმწიფოებრივ პოლიტიკას, იქ პრეზიდენტიც და პრემიერ- მინისტრიც თავიანთ ადგილებზე მოჯდებიან. აი, ამ მდგომარეობამ გამოიწვია ზოგი საკამათო თუ უკამათო ცვლილება კონსტიტუციაში.

- თქვენ როგორ მიგაჩნიათ, პრეზიდენტის არჩევა უნდა მოხდეს ხალხის მიერ?

- რაკი ამომრჩევლის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის არჩევნებში გინდა თუ არა მის ხმა აისახოს, შეიძლება ამ საკითხზე ღირდეს დაფიქრება და გონივრული განსჯა ქართული მენტალიტეტის გათვალისწინებით. მე ვურჩევდი “ოცნების” ხელისუფლებას, ამ პატარა მიზეზის გამო ნუ მოიმდურებს თავის ამომრჩეველს, ჯერ კიდევ იმედის თვალით რომ შეჰყურებს.

- პრეტენზიები ძირითადად მაინც საარჩევნო სისტემას უკავშირდება...

- მაჟორიტარული და პროპორციული არჩევნების ერთმანეთთან დაპირისპირება არაჯანსაღ ვითარებას ქმნის. ერთი მხრივ დგანან პარლამენტში ვერშესული ოპოზიციური პარტიები და მეორე მხრივ გამარჯვებული უმრავლესობა. მე პირადად მიმაჩნია, თუ მართლაც პოპულარული, უანგარო, ერის სამსახურისთვის მოწადინებული მაჟორიტარები აირჩევიან პარლამენტში, ეს ცუდი არ არის, რადგან რეგიონების აზრი უფრო ადვილად მივა მმართველ საკანონმდებლო ორგანომდე.

გულზე ხელი დავიდვათ და ვთქვათ, ერთი სამიოდე პარტიის გარდა საქართველოში არსებობენ პოპულარული პარტიები? მე ვფიქრობ, რომ არიან მხოლოდ ამ არაპოპულარული პარტიების ჯიუტი ბელადები. პარტიის პროგრამას, მის დამოკიდებულებას ეროვნული ფენომენის მიმართ თითქმის არავინ არ იცნობს, გარდა მსხვილი ქალაქებისა. მერწმუნეთ, დანარჩენ საქართველოში არავინ აყენებს გონივრული განსჯის ქვეშ, რომელ პარტიას მისცეს ხმა. ეს ხდება ან ბიძაშვილ- მამიდაშვილობით ან გაურკვევლობის სიცილ-ხარხარით. ამიტომ მე მხარს ვუჭერ ჭეშმარიტი მაჟორიტარული არჩევნების ჩატარებას და არა ფულიანი საქმოსნებისთვის მწვანე შუქის ანთებას პარლამენტისკენ.

რა უნდა პარლამენტში 30 მილიონერს და მერე ისეთ მილიონერს, ვისთანაც უნდა მიხვიდე, შენი ჭირიმე, “ვეფხისტყაოსანი” და “დედა ენა” მაქვს გამოსაცემი და ორიოდე გროშით შემეწიო, ზიზღით შემოგხედავს და ზურგს შეგაქცევს, რადგან მას შოთა რუსთაველისთვის და “დედა ენისთვის” არ სცხელა.

- საზოგადოებას აწუხებს ქართული მიწების უცხოელებისათვის მიყიდვის საკითხი. თბილისში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საერთო სახალხო განხილვის ჩაშლა ძირითადად ამას მოჰყვა, თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე?

- ჩვენ ქართული მიწით გაფენილ სუფრასთან გვიან მივედით, 2/3 საქართველო უკვე გაყიდულია. გადით თბილისიდან და მოიარეთ მთელი საქართველო, თავისუფალ მიწას ვერ ნახავთ. გეტყვიან, რომ ეს არაბმა შეისყიდა, ეს – ჩინელმა, ეს – ინდოელმა. ამიტომ, თუ მართლაც გამოვიფხიკავთ ყურებს, გამოვფხიზლდებით და ესეც თამაში არ არის, კონსტიტუციაში უსათუოდ დიდი ასოებით უნდა ჩაიწეროს ქართული მიწების უცხოელებისთვის მიყიდვის კატეგორიული აკრძალვა. იქ მთავრდება საქართველო, სადაც ტყეში კენკრისთვის შესულ ისედაც გაუბედურებულ და გაძვალტყავებულ კაცს ჩინელი ჯოხით გამოეკიდება. მამაჩემს აქვს ცხონება – ერმაც და ბერმაც უნდა იფიქროს ამაზე.

- თვითმმართველობის არჩევნები გვიახლოვდება, თუმცა არანაირი სამზადისი ამ საპასუხისმგებლო არჩევნებთან დაკავშირებით არ შეინიშნება არც ოპოზიციაში და არც ხელისუფლებაში. თქვენი აზრით, გამარჯვების რა შანსი აქვს მმართველ გუნდს ან ოპოზიციას?

- ჯერ მხოლოდ ის ჩანს, რომ არის დიდი ძალის გადაქაჩვა-გადმოქაჩვა რაიონებში შესახებ იმისა, თვითმმართველ ქალაქს სტატუსი უნდა შეუნარჩუნდეს თუ არა. ამაზე ერთმანეთს თავპირს ამტვრევენ ადგილობრივი დეპუტატები და ზოგმა ქალაქმა უკვე გააუქმა თავისი ქალაქისთვის თვითმმართველი ქალაქის წოდება. მე წოდებას ხაზს ვუსვამ და არცთუ შემთხვევით, სინამდვილეში ეს მხოლოდ წოდება იყო და მეტი არაფერი. უძახე შენ თვითმმართველი ქალაქი ქალაქს, რომელიც სხვა ქალაქების მსგავსად და თანაბრად ფინანსდება საერთო საქვეყნო ბიუჯეტიდან.

მითხარით ერთი, რა განსხვავებაა თვითმმართველ და არათვითმმართველ ქალაქს შორის, ამ დაფინანსების ხარჯებს განა გამგებლები და ქალაქის მერები თვითონ არ განკარგავენ. ეს თვითმმართველი ქალაქობა თავის დროზე ალიკაპი იყო ზოგიერთი ქალაქისთვის, თითქოსდა ზედმეტი დამოუკიდებლობის მისანიჭებლად, სინამდვილეში კი ცენტრიდან სამართავ ქალაქთა რიგში ჩასაყენებლად. ახლა მთავარია, ადგილობრივი არჩევნები გაიმართოს არა მოვალეობის მოხდის მიზნით, არამედ სათანადო საარჩევნო პროპაგანდის ფორმების ძალუმად გამოყენებით.

რა დასამალია, რომ ჩვენს რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების დიდი ნაწილი პოლიტიკურად არცთუ სათანადოდ მომწიფებულია. ზოგი ხელმძღვანელობას უტილიტარული კონკრეტული მოთხოვნილებით ზომავს, იმას მივცემ ხმას, ვინც ამ ხელში რამეს ჩამიდებსო. არის ისიც, რომ ხალხი ხშირად ე.წ. დაჩაგრულის, ანუ “ოპოზიციის” მხარეს დგება. ამიტომ “ოცნების” უმრავლესობამ ბეწვის ხიდზე უნდა გაიაროს. აქაოდა, საპარლამენტო უმრავლესობა ჩემია და თვითმმართველობის არჩევნებით თავს არ ავიტკივებო. მე ვფიქრობ, რომ თვითმმართველობის არჩევნებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მომავალი წონასწორობისათვის.

იქნება ამ თვითმმართველობის არჩევნებში მაინც არ განმეორდეს ის სავალალო სურათი, რასაც ტელევიზიით ვხედავთ, როგორ უყეფენ ერთმანეთს სხვადასხვა პოზიციაზე მდგომი პარტიები, რომელთაგან ერთს საკრებულოში უმრავლესობის შენარჩუნება სურს, ხოლო მეორეს დაკარგული ხელისუფლების დაბრუნება.

————————

„ახალი თაობა“, 26 მაისი, 2017 წელი

ინტერვიუ ლევან ალაფიშვილთან: „ბიძინა ივანიშვილის დაწყებულ რეფორმას ქართული ოცნება აუქმებს

კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში თვითმმართველობის რეფორმაზე საუბრობს.

- ბატონო ლევან, თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით ხელისუფლება აცხადებს, რომ მისი ოპონენტები ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ და ადგილი არ აქვს თვითმმართველობის გაუქმებას

- ხელისუფლება ცდილობს, შეფუთოს ის მავნებლობა, რომელსაც გეგმავს 7 თვითმმართველ ქალაქთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ გამოსდის და ბოლო პერიოდში არც უარყოფს, რომ 7 ქალაქი აღარ იქნება თვითმმართველი ერთეულის სტატუსის მქონე.

- საწინააღმდეგოს ამბობენ...

- სიტყვებით თამაშობენ. ამბობენ „ქალაქი“, რაც ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. მაგალითად, ზუგდიდი 2014 წლამდეც და ახლაც იყო ქალაქი, მაგრამ მაშინდელ და დღევანდელ ქალაქს შორის რამდენიმე დიდი განსხვავებაა: იმ ქალაქს არ შეეძლო დამოუკიდებლად ხელშეკრულებების გაფორმება, არ ჰქონდა დამოუკიდებელი ბიუჯეტი, საკუთარი ორგანოების მიერ დამტკიცებული, რომელიც მოხმარდებოდა მხოლოდ ქალაქის მიზნებს. ეს ეხება ასევე ქონებასა და ა.შ. არსებობდა არა ქალაქ ზუგდიდის ქონება, არამედ ზუგდიდის თემის, მუნიციპალიტეტის საკუთრება და არა – ქალაქის.

რაც შეეხება ორგანოებს: დღეს ქალაქ ზუგდიდს საკრებულო ჰყავს. ჰყავს არჩეული მერი. ორივე ორგანო ხალხის მიერ პირდაპირი წესით ირჩევა. ქალაქი სახელწოდება იყო და რჩება, იმ განსხვავებით, რომ ეს უფლებები ერთმევა. სამტრედია ქალაქია და რჩება როგორც ქალაქი, მაგრამ ეს უფლებები აღარ ექნება. ეს განსხვავებაა. ცალკე სამტრედიას ბიუჯეტი არ ექნება, მუნიციპალიტეტს ექნება. ცდილობენ, შეფუთონ გაუაზრებელი და სრულიად ნაჩქარევი გადაწყვეტილება.

2013 წელს მიღებული გადაწყვეტილება, რაც არის მონაპოვარი, პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის ჩარევის შედეგად იქნა დაგეგმილი და მიღებული, მათ შორის გამგებლებისა და მერების პირდაპირი წესით არჩევა. მაშინ ამ ყველაფრის წინააღმდეგი იყვნენ შს და ფინანსთა მინისტრები, ამიტომ მოუხდა მას პერსონალური ჩარევა. ეს არის ბიძინა ივანიშვილის დაწყებული რეფორმა, რომელსაც ახლა აუქმებენ. როგორ მაინტერესებს, დღეს რას ეუბნება ბიძინა ივანიშვილს თავისი გუნდი – ეს რა სისულელე ქენი?!

- ხელისუფლების არგუმენტია, რომ ამ სისტემამ ვერ გაამართლა და თანაც ძვირია...

- უკვე ვეღარ საუბრობენ ამაზე.

- რატომ, არსებითი არგუმენტი არ არის?

- არ შეიძლება, ეს არგუმენტად მოიშველიო. შვიდი ქალაქის შემთხვევაში საუბარია 3 მილიონზე, არავითარი 40 მილიონი. მაშინ, მათი ლოგიკით, პარლამენტის შენახვაც ძვირი ჯდება, ასევე, რად გვინდა მთავრობა, რადგან მისი შენახვა ძვირი ჯდება. შვიდ თვითმმართველ ქალაქს სტატუსს გავუუქმებთ და მერე წარმოგიდგენთ სტრატეგიასო. ერთადერთი დასკვნის საფუძველი რჩება: ძალაუფლების კონცენტრაცია ყველა დონეზე, ყველა სფეროში.

თვითმმართველობის რეფორმა ამ მიმართულებით განსაკუთრებით მტკივნეულია ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ფონზე. აფხაზებისა და ოსებისთვის ეს ძალიან ცუდი გზავნილი იქნება. ერთ სახელმწიფოში ცხოვრებაზე ვესაუბრებით და ამ დროს ასეთ გზავნილებს ვუშვებთ. ასევე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უმცირდება სტატუსი.

- რა ნაწილში?

- დღეს აჭარას საკუთარი ქონების მართვაში სრული ავტონომია აქვს. ხდება ამ ქონების მართვის შეზღუდვა. ასევე, აჭარის უმაღლესი საბჭო თუ როგორი წესით უნდა დაკომპლექტდეს – პროპორციულით, მაჟორიტარულით თუ შერეულით, ამ საკითხზეც სრული ავტონომია აქვს. თუმცა, ამ ცვლილებებით ამ უფლებას ართმევენ და დგინდება, რომ თბილისში ახალი კანონით მოხდეს ამის რეგულირება.

———————

რეზონანსი“, 26 მაისი, 2017 წელი

უმუშევრობა 13-წლიან მინიმუმზეაო? „ეს არის დიდი ტყუილი“!

პარადოქსი: უმუშევრობის ოფიციალური დონე საქართველოზე მაღალი აქვთ იმ ქვეყნებს, სადაც ქართველები სამუშაოდ გარბიან

მარი ჩიტაია

საქართველოში უმუშევრობის ოფიციალური სტატისტიკა რეალობას მკვეთრად ასცდა. თუკი სტატისტიკის სამსახური გვარწმუნებს, რომ ქვეყანაში უმუშევრობის დონე 11,8%-ია, სპეციალისტების შეფასებით, ეს მაჩვენებელი რეალურად 3-ჯერ მეტია. როდესაც მოსახლეობის უმრავლესობა უმუშევრობაზე წუხს და შრომის მაძიებელთა ჯანსაღი თაობა ქვეყნიდან გარბის, დასაქმების სტრუქტურის გაუმჯობესებაზე საუბარი ნამდვილად უხერხულია. თურმე საქართველო უმუშევრობის დაბალი დონით უსწრებს ისეთ ევროპულ ქვეყნებს, როგორებიცაა ესპანეთი, ხორვატია, სერბეთი, მაკედონია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე, 2015 წელთან შედარებით, 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.8 პროცენტი შეადგინა. ასე რომ, შარშან უმუშევრობის დონემ ბოლო 13 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.

რაც უნდა პარადოქსი იყოს, უმუშევრობის ოფიციალური დონე საქართველოზე გაცილებით მაღალი აქვთ იმ ქვეყნებს, სადაც ქართველები სამუშაოდ გარბიან. ერთ-ერთია საბერძნეთი, სადაც მოსახლეობის 23,8% უმუშევრად აღირიცხება. ესპანეთში ეს მაჩვენებელი 19,6%-ს შეადგენს, ხოლო იტალიაში 11,7%-ია. საქართველოზე მაღალი უმუშევრობის მაჩვენებელი აქვთ ხორვატიას – 15,0%, სერბეთს – 19,5%, მაკედონიაში კი ეს ნიშნული 23,6%-ს აღწევს.

რაც შეეხება რეგიონში არსებულ მდგომარეობას, საქართველოსთან შედარებით, ოდნავ უკეთესი ვითარებაა თურქეთში, სადაც უმუშევრობის დონე 10,8%-ია. სომხეთში კი, პირიქით, უარესი ვათარებაა (18,8%). ოფიციალურად, უკეთესი ვითარებაა (8,8%) უკრაინაში, ხოლო ყველაზე უკეთესი – რუსეთში (5,5%), რომელსაც მხოლოდ 1%-ით აჭარბებს აზერბაიჯანი (6,5%). სამივე ეს მონაცემი, ისევე როგორც საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალური სტატისტიკა, ეჭვს იწვევს.

ციფრებთან ერთად, განსხვავებაა ოფიციალურ მონაცემებშიც. 2009 წელს, როცა უმუშევრობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი – 16,9% – იყო, დასაქმებულთა რაოდენობა 1,656 მლნ ადამიანს შეადგენდა. 2017 წლის მდგომარეობით, დასაქმებულთა რიცხვი, 2009 წელთან შედარებით, სულ რაღაც 100 ათასი ადამიანით არის გაზრდილი, თუმცა უმუშევრობის დონე, ოფიციალურად, მკვეთრად გაუმჯობესებულია და 11,8%-მდეა ჩამოსული.

ქართველი სპეციალისტების შეფასებით, მეთოდოლოგიურმა პრობლემამ უკვე სავალალო ზღვარს მიღწია და ამ მხრივ მიდგომა აუცილებლად არის შესაცვლელი.

“ჩვენ გვაქვს მეთოდოლოგიის პრობლემა. საქართველოს კანონით, ადამიანი, რომელმაც თვეში თუნდაც 1 დღე შემთხვევით წაიმუშავა და შესაბამისი თანხა მიიღო, უკვე დასაქმებულად მიიჩნევა. ეს არის წარმოუდგენელი. ასეთი მეთოდოლოგია როცაა, არ უნდა გვიკვირდეს, რომ უმუშევრობის მაჩვენებელი “მცირდება”.

დასაქმებულად მიიჩნევა, ასევე, ვინც სოფელში მიწის უმნიშვნელო ფართობს ფლობს. ამ დროს დაუსაქმებელთა ძალიან დიდი არმია სწორედ სოფლის მოსახლეობაა. ამას ემატება თვითდასაქმებულთა პრობლემა. არის ქვეყნები, სადაც თვითდასაქმებულები ცალკე კატეგორიად აღირიცხება. საქართველოში კი ეს სეგმენტიც დასაქმებულთა რაოდენობის შესავსებად გამოიყენება.

გარდა ამისა, თუ პირი არ მიმართავს შრომის ბირჟას და ინტენსიურად არ ეძებს სამუშაოს, დასაქმების მაძიებლად არ მიიჩნევა. ერთი სიტყვით, უამრავი ხარვეზია, რის გამოც უმუშევართა მონაცემებს არასწორად ანგარიშობენ. ფიზიკური პირებისგან საშემოსავლო გადასახადი მკვეთრად არ არის გაზრდილი და ესეც მიუთითებს, რომ დასაქმების მაჩვენებელი ხელოვნურად არის გაბერილი”, – განმარტავს ეკონომისტი პაატა აროშიძე.

სტატისტიკა საეჭვოა რეგიონულ ჭრილშიც, რადგან საქართველოს რეგიონებში მდგომარეობა დასაქმების მხრივ ბოლო წლების განმავლობაში არ გაუმჯობესებულა, იშვიათი გამონაკლისის გარდა.

“11,8%-იანი უმუშევრობა, რასაც ოფიციალური სტატისტიკა გვეუბნება, სიმართლესთან ახლოსაც არ არის. რეალურად უმუშევრობის დონე 3-ჯერ მეტია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზოგ შემთხვევაში თვითდასაქმებულიც თავს უმუშევრად მიიჩნევს. ტაქსის მძღოლს რომ ჰკითხოთ, დასაქმებულია თუ არა, გეტყვით, რომ – არა (თუნდაც მისი ყოველთვიური შემოსავალი საშაულო ხელფასს აღემატებოდეს).

გარდა ამისა, მრავალი ადამიანი, ვინც სოციალურ შემწეობას იღებს, უარს ამბობს დასაქმებაზე. ის ანაზღაურება, რომელიც მან შეიძლება მიიღოს, სოციალური შემწეობის თანხას მცირედით აღემატება, ამიტომ მუშაობა არ უღირს.

რეალურად უმუშევრობის მაჩვენებელი ძალიან დიდია და თუ დათვლის მეთოდოლოგია შეიცვლება, ჩვენ რადიკალურად განსხვავებულ სურათს მივიღებთ. აჭარაში დასაქმების მაჩვენებლის გაუმჯობესებაზე იმუშავა იმან, რომ მოხდა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა. საინვესტიციო სამუშაოებს უცხოური კომპანია ახორციელებს, მაგრამ დასაქმებულთა უმრავლესობა ადგილობრივი მოქალაქეა. ამიტომ მიმაჩნია, რომ აჭარაში უმუშევრობის შემცირება რეალურად შესაძლებელი იყო. ცხადია, იგივეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონზე ვერ ვიტყვი. “აწარმოე საქართველოს” ფარგლებში აშენებული მცირე საწარმოებიც, სადაც თითოს 2-4 დასაქმებული ჰყავს, დასაქმების სტრუქტურას ვერ შეცვლის”, – დასძენს პაატა აროშიძე.

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში დასაქმების სტატისტიკა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. გაერთიანებულ პროფკავშირებში მიაჩნიათ, რომ გვატყუებენ ახლაც და მაშინაც, როცა უმუშევრობის დონედ 17% მიიჩნეოდა. პროფკავშირების ხელმძღვანელ ირაკლი პეტრიაშვილის ინფორმაციით, 2016 წლის მონაცემები აშკარა ტყუილია და ადასტურებს, რომ მთავრობას სიმართლის აღიარება არ სურს.

“2 მლნ-მდე ემიგრანტი ჰყავს საქართველოს. შრომისუნარიანი მოქალაქეები გარბიან, რადგან სამუშაოს ვერ შოულობენ და ამიტომაც მიდიან სხვა ქვეყნებში. ცხადია, დათვლის მეთოდოლოგია, რასაც “საქსტატი” იყენებს, არანაირ სტანდარტში არ ჯდება. ჩვენთან დასაქმებულად მიიჩნევა ადამიანი, რომელიც ცხოვრობს სოფელში და რამდენიმე ასეულ კვადრატულ მიწას ფლობს. თუ მიწის ფლობა ნორმალური ქვეყნისთვის შემოსავალს და დასაქმებას ნიშნავს, საქართველოში ასე ნამდვილად არ არის.

რამდენიმე წლის წინ ამბობდნენ, რომ უმუშევრობის დონე ქვეყანაში 16-17% იყო და აშკარად ტყუოდნენ. ახლა კი გვეუბნებიან, რომ 11,8%-ია, ცხადია, ეს უფრო დიდი სიცრუეა. გაცილებით მეტი უმუშევარი გვყავს ქვეყანაში. ამას ემატება დაქირავებით დასაქმებულთა 22%, რომელიც დადგენილ საარსებო მინიმუმზე ნაკლებ ხელფასს იღებს. ცალკე საკითხია ისიც, თუ რამდენად საკმარისია საარსებო მინიმუმი იმ გამოწვევებთან, რომელსაც ადამიანი ყოველთვიურად აწყდება.

რეალურად უმუშევრობა რომ დაითვალო, უნდა არსებობდეს დასაქმების სამსახურები, უმუშევრობის ბანკი და სხვა, რის მიხედვითაც შედარების ზუსტი მონაცემის დადგენა შესაძლებელი იქნება. აღიარება გვიჭირს და ამიტომ სტატისტიკა რეალობის შეგრძნებასაც მოკლებულია.

სახელმწიფომ არ იცის, რა რეალური გამოწვევების წინაშეა. ბოლოს და ბოლოს, უნდა დადგეს დრო, რომ ვარდისფერი სათვალე მოიხსნან და რეალობას თვალი გაუსწორონ”, – აცხადებს ირაკლი პეტრიაშვილი.

რეზონანსი“, 26 მაისი, 2017 წელი

რადიკალური ისლამისტებისთვის მადის აღმძვრელი საქართველო

ჯიჰადისტები ჩვენთან გადავიდნენ პროპაგანდისტულ-იდეოლოგიური ტიპის ომიდან საინფორმაციო ომის დონეზე

ნინო ქეთელაური

“რადიკალური ისლამისტებისთვის საქართველო საკმაოდ მადის აღმძვრელი რეზერვუარია. მადლობა ღმერთს, რომ თავად ქართველი მუსლიმანები არ არიან შინაგანად რადიკალები და მათთვის მიუღებელია ტერორისტული აქტები. იმედია, ასე გაგრძელდება, მაგრამ ამ საკითხზე გულარხეინობა არ შეიძლება”, – ასეთია პოლიტოლოგების შეფასება მსოფლიოს მასშტაბით გახშირებულ ტერორისტულ აქტებზე.

შეგახსენებეთ, რომ 22 მაისს მანჩესტერში, სტადიონზე, მომღერალ არიანა გრანდეს კონცერტზე სისხლიანი თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც 22 მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 59 დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. ამის შემდეგ მანჩესტერის საგრაფოში შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის მიზეზით ტრეფორდ კოლეჯის მოსწავლეებისა და პერსონალის ევაკუირება მოხდა. როგორც დიდ ბრიტანეთში აცხადებენ, ტერორისტული საფრთხის დონე “სერიოზულიდან კრიტიკულამდე” გაიზარდა.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ ეს ტერაქტები მოსალოდნელიც იყო, რადგან “ახლო აღმოსავლეთში “ისლამური სახელმწიფოს” მოქმედების არეალი რაც უფრო ვიწროვდება “შაგრენის ტყავივით”, მით უფრო ძლიერდება ევროპაში”.

„ჩემთვის ყველაზე შემაძრწუნებელი იყო მანჩესტერის ტერაქტის მეორე დღეს ტერეზა მეის განცხადება, რომ ასეთი აქტები კიდევ მოხდება, ეს გადაუვალია და ჩვენ ვერ დავიცავთ მოსახლეობასო. სახელმწიფოს ხელმძღვანელის მხრიდან ასეთი განცხადება პირველია, მსგავსი რამ მანამდე არასდროს მომხდარა. ეს არის სასოწარკვეთის ზღვრამდე მისული განცხადება. თუმცა მერე იქვე იყო სტანდარტული გამოსვლები, რომ ტერორისტები ვერ შეგვაშინებენ, საბოლოოდ ჩვენ გავიმარჯვებთ და ა.შ. ის, რომ საფრთხის ზღვარი სერიოზულიდან კრიტიკულამდე თვითონ ბრიტანეთის მთავრობამ აიყვანა და არმია ქუჩებში პატრულირებს (რაც ადრე მხოლოდ ერთხელ, 2005 წლის ტერაქტის დროს, მოხდა), მიგვანიშნებს, რომ საფრთხე მზარდია. მით უმეტეს, ლონდონისთვის, სადაც უახლოეს დღეებში მოსალოდნელია 80 ათასი ადამიანის შეკრება უიმბლდონის სტადიონზე, სადაც ფეხბურთში ინგლისის თასის ფინალი უნდა გაიმართოს და მთავრობა პირდაპირ ამბობს, ჩვენ 80 ათას ადამიანს ვერ გავაკონტროლებთო. მოსახლეობას ეუბნებიან პირდაპირ, რომ თქვენი დაცვა შეუძლებელიაო”, – ამბობს სოსო ცინცაძე.

რაც შეეხება ამ მხრივ საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებს, პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ რადიკალური ისლამისტებისთვის საქართველო საკმაოდ მადის აღმძვრელი რეზერვუარია.

„რადიკალური ისლამისტებისთვის საქართველო, სადაც ჯერ მარტო 400 ათასი აზერბაიჯანელი ცხოვრობს, რომ აღარაფერი ვთქვათ აჭარის რეგიონში მცხოვრებ მუსლიმანებზე, საკმაოდ მადის აღმძვრელი რეზერვუარია. ქართველი მუსლიმანები ამ პროვოკაციებზე არ ეგებიან, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს მუსლიმთა რელიგიური სააგენტოს მუშაობის შედეგია. ეს ყველაფერი მე სიფრთხილის გრძნობას მიძლიერებს. ხელისუფლების მხრიდან ვერ ვხედავ მუშაობას, მადლობა ღმერთს, რომ თავად ეს მუსლიმანები არ არიან შინაგანად რადიკალები და მათთვის მიუღებელია ტერორისტული აქტები. იმედია, ასე გაგრძელდება, მაგრამ ამ საკითხზე გულარხეინობა არ შეიძლება”, – ამბობს სოსო ცინცაძე.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ დასავლეთის მასშტაბით უკვე საკმაოდ სერიოზული საფრთხე არსებობს, რადგან, როგორც ჩანს, ისლამურმა სახალიფოებმა აამოქმედეს ყველაზე ძლიერი იარაღი, მესამე თაობის ჯიჰადისტები, ის ახალგაზრდები, რომლებიც იდეოლოგიურად საკმაოდ კარგად მოამზადეს. ეს არის ახალი მეთოდი, რომლითაც მათი შენიღბვა საკმაოდ კარგად ხდება. მოგეხსენებათ, მოზარდებზე ეჭვს ვერავინ მიიტანდა, რომ ისინი შესაძლოა, შაჰიდები ყოფილიყვნენ.

“ისიც კარგად ვიცით, რომ მოსული აღებულია და ეს დაიშისთვის საკმაოდ მძიმე დარტყმაა. როგორც ჩანს, ისინი ცდილობენ, ამით მოახდინონ ერთგვარი კომპენსაცია და ანალოგიური დარტყმა განახორციელონ მოწინააღმდეგის მიმართ, ამ შემთხვევაში, საერთაშორისო კოალიციის აქტიურ წევრებზე”, – ამბობს ვახტანგ მაისაია.

რაც შეეხება საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებს, მაისაია ამბობს, რომ “აი სი სი”-ს ერთ-ერთი ლიდერის მიმართვა ქართველი მუსლიმანების მიმართ თუ დადასტურდა, ეს ნიშნავს, რომ ისინი საინფორმაციო ომზე გადავიდნენ.

„თუ ეს ფაქტი ნამდვილად დადასტურდა, ეს უკვე ნიშნავს, რომ ჯიჰადისტები, რომლებიც, როგორც ჩანს, ჩვენთანაც არიან და მოქმედებენ, გადავიდნენ პროპაგანდისტულ-იდეოლოგიური ტიპის ომიდან საინფორმაციო ომის დონზე, რაც მოიცავს ინფორმაციული გზით დაშინების ელემენტებს. ამ მხრივ პრევენციისთვის როგორც უნდა მოიქცეს სახელმწიფო, ამაზე მთელი სისტემა არსებობს და ალბათ ჩვენც უკეთ უნდა მოვემზადოთ ასეთი ტერაქტებისთვის. ტერორისტებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ განახორციელონ დარტყმები და მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, ეს დასავლეთის რომელი ქვეყანაა, საქართველოა, კორეაა თუ სომალი. ამიტომ ჩვენ უნდა დავიწყოთ კონტრტერორისტული სპეციალური სტრატეგიის შემუშავება, უნდა მოხდეს სახელმწიფო შესაბამისი სტრუქტურების გადახალისება და თავდაცვისუნარიანობის გაზდა. ამას ძალიან დიდი ხანია, ვამბობ, რათა ურემი რომ გადაბრუნდება და გზა გამოჩნდება, ამ ზომამდე არ მივიდეთ”, – ამბობს ვახტანგ მაისაია.

Comments are closed