globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 26 ივნისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jun 26th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

კვირის პალიტრა: ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „დღევანდელ საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკის რესურსი არა აქვს“ // „საოცარი ხალხი ვართ – საპარლამენტო რესპუბლიკა გვინდა ისე, რომ ქვეყანაში პარტიები არა გვყავს, და კონსტიტუციურ მონარქიაზე ლაპარაკით დავიხოცეთ თავი იმ დროს, როცა მონარქი არ არსებობს. ამ ვითარებაში მთელი ეს პროცესი ოდიოზურია“ // „”პატრიარქმა მონარქია ახსენა, როგორც შესაძლებლობა არცთუ ახლო პერსპექტივაში, მაგრამ რა განცხადებებიც ვისმინეთ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, ეს მართლაც, ცოტა არ იყოს, სასაცილო იყო“

კვირის პალიტრა: „მაჟორიტარები თავად კარნახობენ თამაშის წესებს მმართველ გუნდს“ // „ერთადერთი გამოსავალი ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრად დაბრუნებაა“

კვირის პალიტრა: კრიზისი სასამართლო გარჩევებში! // „სასამართლო სისტემაში ქაოსია“ // „მოსამართლეებს 800-900-მდე საქმე აწერიათ, რის გამოც სამართლებრივი დავების გადაწყვეტა წლობით ვერ ხერხდება“

კვირის პალიტრა: „მიზანში პატრიარქის ერთგული ადამიანები ამოიღეს“ // „ჩემთვის უთქვამთ,­ პატრიარქი დაბ­ერდა, ჯობია გადადგეს, ახალგაზრდებს­ გვაცალოსო. მაგრამ ვინ ახალგაზრდებს?

——

ახალი თაობა: ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „ალექსანდრე ჯეჯელავას ნაცვლად ხალხთან კახა კახიშვილი და დავით სერგეენკო უნდა საუბრობდნენ“

ახალი თაობა: ინტერვიუ გიგლა ბარამიძესთან:  „ქართულ ოცნებაში“ კლანების დაპირისპირება დაიწყო“ // „ოქტომბრისთვის ბევრი რამე მოხდება“ // გადმოსცემს თუ არა პეტრო პოროშენკო საქართველოს მიხეილ სააკაშვილს

ახალი თაობა: ინტერვიუ გიგა ბუკიასთან: „ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ საქმეს აკეთებს“

ახალი თაობა: „გიორგი მარგველაშვილი გიგა ბოკერიას გაურიგდა“ // ინტერვიუ სანდრო ბრეგაძესთან: „ვანო ზარდიაშვილი საარჩევნო სიაში ბიძინა ივანიშვილის გვერდის ავლით ჩაწერეს“

ახალი თაობა: სოხუმი და ცხინვალი დევნილების დაბრუნებას ისევ არ თანხმდებიან // ინტერვიუ ვახტანგ ყოლბაიასთან: „აფხაზებსა და ოსებს ქართული პასპორტები და ევროპაში უვიზოდ სიარული შევთავაზეთ“

——

კვირის პალიტრა: რა ხდება ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციაში? // „მაშანტაჟებდა, „ოცნებას“ თუ მისცემ ხმას, შენს ქმარს სამსახურიდან გავაგდებთო“

კვირის პალიტრა: ჩეხები ქართული არმიის გადაიარაღებას გვთავაზობენ…

———————

კვირის პალიტრა“, 26 ივნისი, 2017 წელი

ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესან: „დღევანდელ საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკის რესურსი არა აქვს// „საოცარი ხალხი ვართსაპარლამენტო რესპუბლიკა გვინდა ისე, რომ ქვეყანაში პარტიები არა გვყავს, და კონსტიტუციურ მონარქიაზე ლაპარაკით დავიხოცეთ თავი იმ დროს, როცა მონარქი არ არსებობს. ამ ვითარებაში მთელი ეს პროცესი ოდიოზურია // „პატრიარქმა მონარქია ახსენა, როგორც შესაძლებლობა არცთუ ახლო პერსპექტივაში, მაგრამ რა განცხადებებიც ვისმინეთ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, ეს მართლაც, ცოტა არ იყოს, სასაცილო იყო

ნათია დოლიძე

მიუხედავად ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პრეზიდენტის მოთხოვნისა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტს დაჩქარებული წესით არ განეხილა, “ქართულმა ოცნებამ” მომზადებული პროექტი სხდომათა დარბაზში მარტომ განიხილა და ორი მოსმენით მიიღო კიდეც. საქმე ის არის, რომ ამ პროცესს საპარლამენტო ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა. მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, მომავალი საპარლამენტო არჩევნები არსებული, შერეული წესით გაიმართება და შეთანხმება, რომ გაუქმებულიყო მაჟორიტარული სისტემა, მხოლოდ 2024 წლიდან ამოქმედდება. რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, ის 2018 წელს პირდაპირი წესით ჩატარდება და მხოლოდ შემდგომი არჩევნებიდან ამოქმედდება პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი.

კონსტიტუციის გადასინჯვის წესის თანახმად, საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტის განხილვას საკანონმდებლო ორგანო სამი თვის შემდეგ მიუბრუნდება, შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციას პარლამენტი საბოლოოდ – მესამე მოსმენით საშემოდგომო სესიაზე დაამტკიცებს და პრეზიდენტს ხელმოსაწერად გაუგზავნის. ხელისუფლების ოპონენტთა და ექსპერტთა საკმაოდ დიდი ნაწილიც მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნება”, წინა ხელისუფლების მსგავსად, კონსტიტუციას საკუთარ ინტერესებს არგებს.

გვესაუბრება ექსპერტი რამაზ საყვარელიძე:

- ამ საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტს მართლაც ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, მაგრამ თუ კითხვას დავსვამთ, კონკრეტულად რას შეეხება მათი მოთხოვნები და რა არის მათი ინტერესი, დიდწილად პასუხი იქნება, რომ ისინიც საკუთარი ვიწრო ინტერესებიდან გამოდიან და არა ქვეყნის გლობალური ინტერესებიდან. ის მოთხოვნები, რომელთაც ისინი აყენებდნენ, არის კი ქვეყნის მოსახლეობის მოთხოვნა?! ჩემი აზრით, საკონსტიტუციო ცვლილებათა პროცესში ფართო საზოგადოების ყველაზე დიდი ინტერესი მიმართული იყო მიწის საკითხის გადაწყვეტისკენ, სწორედ აქ გამოჩნდა მოსახლეობის მეტ-ნაკლებად გამოხატული ინტერესი, რაც არც პრეზიდენტისთვის და არც ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილისთვის დაჟინებული მოთხოვნის თემად არ ქცეულა. დანარჩენი, პრეზიდენტის უფლებამოსილება იქნება, საარჩევნო წესი თუ სხვა რამ, ეს ყველაფერი პოლიტიკური ელიტის ინტერესის საგანი გახლდათ და არა საზოგადოების დიდი ნაწილის.

ყველაზე დიდი რეზონანსი გამოიწვია საპარლამენტო არჩევნების წესის განსაზღვრამ, უფრო იმიტომ, რომ ხელისუფლებას თითქოს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ გააუქმებდა მაჟორიტარულ სისტემას, მაგრამ საბოლოოდ მისი შეცვლა ისევ გადადო. უპირველესი პრობლემა ის არის, რომ “ქართული ოცნება” თვითონ ვერ გაერკვა, რა სურდა და რა როგორ ეკეთებინა. საკუთარი გადაწყვეტილებისა და დაქადნების უკან წაღება მოუხდათ, რამაც კიდევ უფრო გააღიზიანა ოპოზიციაც და საზოგადოების ნაწილიც. თავის მხრივ, ოპოზიციაში ვერაფრით გაიგეს, რომელი წესი შეიძლება იყოს მათთვის უკეთესი.
ამერიკის შეერთებულ შტატებს არადემოკრატიულობას ვერავინ დასწამებს, არადა, ყველა არჩევნებს მაჟორიტარული სისტემით ატარებს. ყველაფერში ამერიკას ვბაძავთ და რაღა ახლა მოგვინდა ეს პროპორციული სისტემა? ქვეყნის ინტერესიდან თუ გამოდიხარ, ხელაღებით ძახილი იმისა, რომ მხოლოდ პროპორციული სისტემით უნდა ტარდებოდეს არჩევნები, არასწორი მგონია.

- ისმის კითხვა, თუ ამ თვალსაზრისიდან გამომდინარე მოქმედებს სახელისუფლებო ძალა, მაშინ მაჟორიტარულ სისტემას ან 2024 წელს რატომ აუქმებს?

- ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ არც ის აქვთ გარკვეული, რა არის ქვეყნის ინტერესი და ხეირიანად არც საკუთარი ინტერესებისა გაუგიათ რა. ასე რომ არ იყოს, საქმეს არც ასე საკამათოდ გაიხდიდნენ და არც ამდენჯერ გადათქვამდნენ ერთხელ ნათქვამს. ხელისუფლება რომ ქვეყნის ინტერესით მოქმედებდეს, არც საპარლამენტო რესპუბლიკისკენ წავიდოდა ასეთი თავპირისმტვრევით.

ჩემი შეფასებით, დღევანდელ საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკის რესურსი არა აქვს. საქმე ის არის, რომ მართვის ამ სისტემას სჭირდება ძლიერი, თანაბარი რესურსის მქონე და კონკურენტუნარიანი პარტიები, რათა პარლამენტი დაკომპლექტდეს მეტ-ნაკლებად თანაბარი ძალებით და არ ვიღებდეთ მუდმივად ერთპარტიულ მმართველობას, რომლის დროსაც ძალიან ადვილია ავტორიტარიზმზე ხელის წაცდენა.
მიხეილ სააკაშვილს ზუსტად ჰქონდა გათვლილი, რისთვის უნდოდა საპარლამენტო რესპუბლიკა, სიცოცხლის ბოლომდე აპირებდა ხელისუფლებაში მმართველად ყოფნას, რის საშუალებასაც საპრეზიდენტო მმართველობა არ აძლევდა, რადგან პრეზიდენტს აქვს განსაზღვრული ვადები, საპარლამენტო მმართველობისას კი პარტიას ასეთ ვადას არავინ უწესებს, თუმცა ივანიშვილმა დაუმსხვრია ეს კარგად გათვლილი გეგმები.

- ვენეციის კომისიის დასკვნით დადებითი შეფასება მიიღო ამ ცვლილებებმა. თქვენი აზრით, ამ ცვლილებებით უკეთეს კონსტიტუციას მივიღებთ?

- რა თქმა უნდა, უკეთესს მივიღებთ, რადგან სააკაშვილმა ისეთი რამ დამართა კონსტიტუციას, უარესი ცვლილებების შეტანა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო.ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ძალიან ბევრი ტექნიკური პრობლემა იყო და ეს გასწორდა. მოკლედ, კონსტიტუციას კოსმეტიკური რემონტი ჩაუტარეს, აი, კაპიტალური რემონტი კი ისევ არ მოხერხდა, ამიტომაც გაურკვეველია, შეძლებს კი ქვეყანა ამ კონსტიტუციით ნორმალურ ცხოვრებას.

რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნას, ეს არა მხოლოდ დადებითი, მეტისმეტად დადებითიც კი იყო. საქმე ის არის, რომ დემოკრატიას თავისი იურიდიული სტანდარტები აქვს და სწორედ ამ სტანდარტებით აფასებს ეს კომისია ამა თუ იმ ქვეყნის კონსტიტუციას. დანარჩენი პოლიტიკური კონტექსტი, შიდაპოლიტიკური სპექტრი, მათი შესაძლებლობები, მათ სულ არ აინტერესებთ. გარდა ამისა, მე კიდევ ერთი გზავნილი დავინახე ამ დასკვნაში – დასავლეთში დღეს საქართველოში რაიმე ტიპის არეულობა და დესტაბილიზაცია ძალიან არ აწყობთ, ამიტომაც გამოუცხადეს საკონსტიტუციო ცვლილებებს ასეთი მხარდაჭერა.

ვიმეორებ, ჩვენში პარტიები იმდენად სუსტია, იმდენად დაბალია მათში იდეოლოგიის გენერირების კულტურა, რომ უპირველესი პრობლემა სწორედ ეს არის. მოკლედ, ერთპარტიული მმართველობა ხელისუფლების უზურპაციის წინა პირობაა და ყველაფერი ისევ და ისევ ხელისუფლების კეთილ ნებაზე დადის, ან ქვეყანა იმის იმედად რჩება, რომ თვითონ ხელისუფლებაში გაჩნდება ოპოზიცია ან ივანიშვილისთანა გამოჩნდება კიდევ ვინმე.

- მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი ერთ­ჯერადად 5-დან 3%-მდე დასწიოს. თქვენი აზრით, ეს შეუწყობს ხელს ოპოზიციური პარტიების წახალისებასა და განვითარებას?

- ეს არსებითად ვერაფერს შეცვლის. სავარაუდოდ, პარლამენტში უფრო მეტი პარტია მოხვდება, მაგრამ თითზე ჩამოსათვლელი მანდატებით, რაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოსახდენად საკმარისი არ იქნება.

- მაჟორიტარული სისტემის დისკრედიტაციას ყველაზე მეტად იმანაც შეუწყო ხელი, თუ რა კატეგორიის პირები ხვდებოდნენ დიდწილად პარლამენტში მაჟორიტარებად

- მაჟორიტარული სისტემა ჩვენში მართლაც დისკრედიტირებულია. დიახ, წლების განმავლობაში პარლამენტიდან პარლამენტში ხვდებოდნენ პირები­, რომლებიც საკუთარ ფინანსურ შესაძლებლობებს იყენებდნენ პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად, ადგილებზე კი პატარა ფეოდალებივით იქცეოდნენ.

ეს ყველას არ შეეხება, რა თქმა უნდა. ეს ხალხი მართლაც უჩინარი იყო მანამდე, ვიდრე რაიმე საფრთხე არ შეექმნებოდა მაჟორიტარულ სისტემას. ასე მოხდა ახლაც, მაგრამ გადახედეთ პარლამენტს, განა პროპორციული სიის მნიშვნელოვანი ნაწილი ასეთივე ადამიანებით არ არის წარმოდგენილი?! რამდენია პარტიული სიითაც გასული, რომელთა ხმა არავის გაუგონია და გვარ-სახელიც არავინ იცის?

რითი ვართ დაზღვეული იმისგან, რომ ახლა რომ მაჟორიტარები არიან, ამ სისტემის გაუქმების შემდეგ ამ თანხებს პარტიულ ყულაბაში ან პარტიულ ლიდერებთან არ მიიტანენ, “იყიდიან” სიაში ადგილს და ამ გზით ისევ არ მოხვდებიან პარლამენტში?

- მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისიის მთავარი რეკომენდაცია კონსტიტუციის კონსენსუსის საფუძველზე მიღებას შეეხებოდა, ეს ვერ მოხერხდა. საპარლამენტო სხდომათა დარბაზში ქართული ოცნება» მარტო დარჩა, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარტიულ ყრილობად შეაფასა. არ გვაინტერესებს იმ ადამიანების გამონათქვამები, რომელთა მიზანია დესტრუქცია, ეს არის მარგველაშვილი, აბაშიშვილი და ..”, – ასე უპასუხა კრიტიკას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. უმრავლესობის ზოგიერთი წევრი უფრო შორსაც წავიდა და პრეზიდენტი პოლიტიკური კრიზისის ინიცირების მცდელობაში დაადანაშაულა...

- რაღა დაგიმალოთ და, მაინცდამაინც თავდაჭერილი არც პრეზიდენტი ყოფილა, მისგანაც საკმაოდ მწვავე შეფასებებს ვისმენდით. არა მგონია, ამგვარი შეფასებები პრეზიდენტის ფუნქციაში შედიოდეს. იგი არ მონაწილეობს საკანონმდებლო პროცესში, თუ მაინცდამაინც უნდა საკუთარი პოზიციის გამოხატვა, შეუძლია, ეს ვეტოს დადებით აჩვენოს.
რაც შეეხება პრეზიდენტისადმი მთავრობის დამოკიდებულებას, მე რასაც ვუყურებ, ჯერჯერობით კვირიკაშვილი კვლავაც ინარჩუნებს მარგველაშვილთან ურთიერთობისას კორექტულ და მშვიდობიან სტილს. რაც შეეხება კობახიძეს, ის საკმაოდ ხისტი და აგრესიულიც კი არის, რაც, შესაძლოა, მისი ახალგაზრდობითა და გამოუცდელობით ავხსნათ, თუმცა ამას ნამდვილად ვერ მოვიწონებთ. ის ხშირად ამბობს ისეთ რამეს და ისეთი ფორმით, რაც არასწორია. გავიხსენოთ, ფილარმონიაში სწორედ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას გაკეთებული მისი შეფასებები, რამაც საზოგადოება გააღიზიანა.
კობახიძე თავად ვერ ხვდება და როგორც ჩანს, არც სხვის აზრს ისმენს იმის თაობაზე, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არ შეიძლება იყოს ასეთი აგრესიული. მისი პირდაპირი მოვალეობაა, პოლიტიკური ცხოვრება ჰარმონიული გახადოს და არა კონფრონტაციული. რაც შეეხება იმას, რომ პრეზიდენტი პოლიტიკური კრიზისის ინიცირებას ცდილობს, ეს ძალიან გადაჭარბებული შეფასება მგონია. ვიცნობ მას და ნამდვილად არ არის პროცესების ესკალაციის მომხრე ადამიანი.

ზოგიერთი პოლიტიკური პარტიისგან კი მოვისმინეთ ლაპარაკი საპროტესტო აქციებსა და რევოლუციურ სცენარზე, მაგრამ მე ამის რესურსს ვერსად ვხედავ, მით უფრო, რომ იმდენი რევოლუციური დესტაბილიზაცია ნახა საქართველომ და იმდენად ხშირად არაფერი შერჩა ხელში ამ რევოლუციების შედეგად, რომ დესტაბილიზაციაზე ლაპარაკიც კი საზოგადოებაში არაჯანსაღ და არაპოპულარულ პოლიტიკურ ნაბიჯად აღიქმება.

მით უფრო, რომ ამ პარტიებს, რომლებიც ამაზე ლაპარაკობენ, რეიტინგი არა აქვთ, არადა, რევოლუციას მაღალი რეიტინგი სჭირდება. “ვარდების რევოლუციის” მოწყობას სამი თუ ოთხი წელი დასჭირდა და მის ორგანიზებაში ჩართული იყვნენ რამდენიმე ქვეყანა, საერთაშორისო ორგანიზაციები და ა.შ., ასევე ისეთი ნდობით აღჭურვილი ტელევიზია, როგორიც მაშინ “რუსთავი 2″ იყო… ცხადია, საზოგადოება უკმაყოფილოა ხელისუფლებით. ის არ მოსწონს, მაგრამ პროტესტის საჯაროდ გამოხატვის საფუძველი საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ გახდება!

სხვა საქმეა, თუ ხელისუფლებამ დროულად არ შეცვალა პოლიტიკურ-ეკონომიკური საქმიანობა და სოციალური ტვირთი არ შეუმსუბუქა მოსახლეობას. ქვეყანაში სოციალური ფონი კვლავაც მძიმეა, ამას ემატება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, უახლოეს მომავალში კომუნალური გადასახადებიც გაძვირდეს და პლუს უკმაყოფილება, რაც განპირობებულია ხელისუფლების გაუბედაობით, პროცესების ბოლომდე ვერმიყვანით, გაუგებარი გადაწყვეტილებებით, რომელთა უკან წაღებაც ხშირად უწევს და უსამართლობის განცდა, რაც წინა ხელისუფლებისგან მომდინარეობს და ახლაც ხშირად იჩენს თავს. შესაძლოა, ამ ყველაფერმა ერთად საზოგადოების უკმაყოფილება კრიტიკულ ზღვ­რამდე მიიყვანოს.

ერთი საკითხია კიდევ – არც ერთი მიმართულებით მოძრაობა, ცხოველებთანაც კი, ლიდერის გარეშე არ ხდება. აი, ეგ საფრთხე კი დგას მმართველი ჯგუფის წინაშე. როგორც კი ასეთი ლიდერი გამოჩნდება, შესაძლოა, “ქართული ოცნების” სიმშვიდეც დასრულდეს. ეს შეიძლება იყოს კარგი პოლიტიკური ფიგურაც, შეიძლება იყოს ავანტიურისტიც. არ არის გამორიცხული, ასეთი ლიდერი გამოჩნდეს თავად ხელისუფლებაშიც. იოლი არ არის ხალხის უკმაყოფილების აკუმულირება. ბევრი ფაქტორი მოქმედებს: ლიდერი, მისდამი ნდობა, გათვლილი პროცესები, საერთაშორისო მხარდაჭერა და ..

- გასულ კვირას ლამის ყველა აქტუალური საკითხი გადაფარა პატრიარქის ქადაგებაში ნახსენებმა საკონსტიტუციო მონარქიამ და ამას მოყოლილმა პროცესებმა...

- ამ იდეით პატრიარქი პირველად არ გამოსულა, მან რამდენიმე წლის წინ ნაბიჯებიც კი გადადგა ამისკენ და მისგან ეს ინიციატივა სრულიად გასაგები და მისაღებია. საქმე ის არის, მორწმუნე მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ მონარქია ღვთისგან კურთხეული ხელისუფლება და ღვთისგან მომდინარე ცხოვრების წესია. ამასთან, ნუ დაგავიწყდებათ, რომ პატრიარქმა მონარქია ახსენა, როგორც შესაძლებლობა არცთუ ახლო პერსპექტივაში, მაგრამ რა განცხადებებიც ვისმინეთ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, ეს მართლაც, ცოტა არ იყოს, სასაცილო იყო. ბოლოს მიხვდნენ, რომ ძალიან გადააჭარბეს და როგორც სჩვევიათ, დაიწყეს ახსნა-განმარტებები. აქაც გამოჩნდა, რომ ხელისუფლება თანამიმდევრული არც განცხადებებშია და არც საქმეში, რაც ძალიან აზარალებს მის იმიჯს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეს ხალხი ცდისა და შეცდომის გზით მართავს ქვეყანას.
რაც შეეხება რეალურია თუ არა ამის განხორციელება, ჩვენ არავინ და არაფერი მოგვწონს, არც მმართველი პარტია, არც პრეზიდენტი, არც მინისტრები და ა.შ. თუმცა ისინი შეგვიძლია გადავირჩიოთ. მეფე რომ არ მოგვეწონოს, მერე სად მივდივართ, მისი შეცვლის ინსტრუმენტი რომ არ გვექნება? ეს ხომ დესტაბილიზაციის მუდმივი წყარო იქნება?!

აგერ მარგველაშვილი თუ “ქართულ ოცნებას” აკრიტიკებს, მასზე ამბობენ, მეტი ძალაუფლება უნდაო (სხვა საკითხია, სამართლიანია ეს თუ არა), ხომ წარმოგიდგენიათ, მეფეზე ამგვარი ეჭვი რამდენი იქნება?! ან მართლაც რომ მოუნდეს რეალური ძალაუფლების ხელში აღება, მაშინ რა მოხდება?! მით უფრო, რომ კონსტიტუციური მონარქიის ელემენტარული გამოცდილება არა გვაქვს. ყველაზე მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ მონარქი არა გვყავს.

საოცარი ხალხი ვართ – საპარლამენტო რესპუბლიკა გვინდა ისე, რომ ქვეყანაში პარტიები არა გვყავს, და კონსტიტუციურ მონარქიაზე ლაპარაკით დავიხოცეთ თავი იმ დროს, როცა მონარქი არ არსებობს. ამ ვითარებაში მთელი ეს პროცესი ოდიოზურია.

- თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება, დასახელდა თბილისის მერის რამდენიმე კანდიდატურაც...

- უფრო მეტი სანდოობის ფიგურა რომ იყოს არაპარტიულ სპექტრში, ვიდრე ელისაშვილია, ვფიქრობ, მას გამარჯვების რეალური შანსი ექნებოდა. ალეკო მეტისმეტად ახალგაზრდაა, თანაც პოლიტიკაში ზედმეტად ჟურნალისტურად იქცეოდა, რამაც მის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება მნიშვნელოვნად დააზარალა. ვფიქრობ,
თვითმმართველობის არჩევნებში არაპარტიულ ფიგურებს დიდი შანსი ექნებათ რეგიონებშიც. რაც შეეხება თბილისის მერის არჩევნებს­, ვფიქრობ, კახა კალაძეს ის უკვე მოგებული აქვს.

კვირის პალიტრა“, 26 ივნისი, 2017 წელი

მაჟორიტარები თავად კარნახობენ თამაშის წესებს მმართველ გუნდს

ერთადერთი გამოსავალი ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრად დაბრუნებაა

რუსუდან შელია

საპარლამენტო არჩევნები 2020 წელს კვლავ არსებული, შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება, ანუ მმართველი გუნდის დაპირება ჯერ საკონსტიტუციო კომისიის, შემდეგ კი საყოველთაო განხილვების ფარგლებში ამ ეტაპზე განუხორციელებელი აღმოჩნდა – პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა “ქართულმა ოცნებამ” 2024 წლამდე გადაავადა. როგორც აცხადებენ, რეფორმა მაჟორიტარების გამო ვერ გატარდა. ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი­ არც მალავს, რომ გუნდი მთლიანად საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის ჩავარდნის საფრთხის ქვეშ იდგა, თუ მაჟორიტარებთან კომპრომისზე არ წავიდოდა და 2020

წლის არჩევნებს არსებული სისტემით არ ჩაატარებდა. საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა უკვე მეორე მოსმენითაც მიიღო – დარჩენილია მესამე მოსმენა, სადაც ტექსტი მხოლოდ წერტილ-მძიმის დონეზე­ სწორდება. მმართველი გუნდის მიერ ოპოზიციის სრული ბოიკოტის ფონზე მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს ექსპერტი­ გია ხუხაშვილი აფასებს:

- “ქართული ოცნება” ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში გვპირდებოდა,­ რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდოდით და მაჟორიტარული­ არჩევნების მანკიერი სისტემა ისტორიას ჩაჰბარდებოდა – საკონსტიტუციო ცვლილებების შემუშავებაც ხომ ამ მიმართულებით წარიმართა? საზოგადოება განიხილავდა ჯერ საკონსტიტუციო კომისიის, შემდეგ საყოველთაო განხილვების ფარგლებში პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ეფექტებს, ხელისუფლებამ ვენეციის კომისიაში შეფასებისთვის სწორედ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროექტი გადაგზავნა, თუმცა მთელი ეს რამდენიმე­თვიანი პროცესი ერთ დღეში უკუღმა დატრიალდა – თურმე მაჟორიტარების წინააღმდეგობის გათვალისწინებით, მომდევნო საპარლამენტო არჩევნები არსებული სისტემით უნდა ჩატარდეს.

- მმართველი გუნდი აცხადებს, რომ პარლამენტში ცვლილებები 113 ხმას ვერ მიიღებდა, თუ მაჟორიტარების მოთხოვნას არ გაითვალისწინებდნენ. რა მდგომარეობ­აშია ხელისუფლება, რომელიც მასშტაბურ ცვლილებებს გუნდში არსებული დაპირისპირების გამო ვერ ახორციელებს?

- მაჟორიტარები პარტიიდან პარტიაში იმის მიხედვით ინაცვლებენ, თუ რომელი ძალაა ხელისუფლებაში. ვერ დამისახელებთ მაჟორიტარს, რომელმაც საკუთარი­ რეგიონისთვის ღირებული გადაწყვეტილება მიიღო, არადა, მათ შორის არიან ისეთები, რომლებიც უკვე მეოთხედ მოხვ­დნენ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში – მაჟორიტარები ხარჯავენ ფულს პოლ­იტიკაში იმისთვის, რომ უფრო დიდი ფული მიიღონ. ერთადერთი განსხვავებაა წინა ხელისუფლებასა და დღევანდელს შორის – მაჟორიტარები “ნაცმოძრაობასთან” თანამშრომლობისთვის მატ­ერიალურ სარგებელს იღებდნენ, თუმცა ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ, დღეს კი რა მივიღეთ? ადამიანები, რომლებმაც წინა ხელისუფლების მმართველობისას ყველანაირ განუკითხაობას დაუჭირეს მხარი, “ქართულ ოცნებას” ევაჭრებიან. ადრე თუ “ხელი ხელს ჰბანს” პრინციპით ემსახურებოდნენ, დღეს თავად კარნახობენ თამაშის წესებს მმართველ გუნდს. თუ მაჟორიტარები ჯერ მსახურები იყვნენ, ახლა პარტნიორობასაც გიბედავენ, შემდეგი ეტაპი მათი მძევლობა იქნება, “ქართული ოცნება” მალე კოლექტიური კახა ოქრიაშვილის მძევალი იქნება.

- რა გარანტია გვაქვს, რომ 2024 წელსაც ხელისუფლება ისევ მაჟორიტარების შანტაჟის ტყვეობაში არ აღმოჩნდება?

- მმართველობითი სისტემის კორო­ზია სახეზეა – არა გვყავს ლიდერი, ვერ ვხვდებით, ვინ არის შემსრულებელი, ავტო­რიტეტი აღარ დარჩა, პარლამენტის თავმჯდომარის ხომ სერიოზულად აღქმაც­ კი გვიჭირს. ერთადერთი გამოსავალი ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრად დაბრუნება და ანტიკრიზისული მთავრობის ჩამოყალიბებაა.

——–

ვახტანგ ძაბირაძე, კონსტიტუციონალისტი:

- ჯერ კიდევ 2003 წელს სააკაშვილმა პარლამენტში მხოლოდ მაჟორიტარები დატოვა,­ რადგან მათ მორჩილება აღუთქვეს ახალ ძალას. ანალოგიური მდგომარეობა მივიღეთ 2012 წელსაც, როდესაც “ნაცმოძრაობის” მაჟორიტარები სრული­ შემადგენლობით “ქართულ ოცნე­ბაში” აღმოჩნდნენ. ისინი სახელმწიფო რესურსის პარაზიტებადაც იქცნენ – მათ აქვთ ბიუროები, რომლებსაც ბიუჯეტი აფინანსებს.­ არავინ იცის, რა პრინციპით იხარჯება თანხები,­ ასევე,­ წვდომა აქვთ სახელმწ­იფო რესურსთან, მა­რტივად ახერხებენ ამომრჩევლის მოსყიდვას. ახლა “ქართული ოცნება” გვეუბნება, რომ ფუქსავატი მაჟორიტარები 2020 წლის პარლამენტშიც მოითმინეთო, ანუ მომავალი სამი წელი არ აღმოჩნდა საკმარისი,­ შვიდი წლის განმავლობაშიც ფეოდალების პარლამენტში პარპაშს უყურეთო.

კვირის პალიტრა“, 26 ივნისი, 2017 წელი

კრიზისი სასამართლო გარჩევებში!

სასამართლო სისტემაში ქაოსია“ // „მოსამართლეებს 800-900-მდე საქმე აწერიათ, რის გამოც სამართლებრივი დავების გადაწყვეტა წლობით ვერ ხერხდება

რუსუდან შელია

რატომ ვერ ხერხდება სასამართლო სისტემის განტვირთვა საქმეებისგან, რა პრობლემებს აწყდებიან იურისტები და მოდავე მხარეები, რომლებიც მოსამართლის გადაწყ­ვ­ეტილებას წლობით ელოდებიან და რა ალტერნატიული გზები არსებობს სისტემის გასაჯანსაღებ­ლად,­ ამ კითხვ­ებს ადვოკატი იმედა­ დვალიძე პასუხობს:

- სასამართლო სისტემაში კრიზისია­ – მოსამართლეებს 800-900-მდე საქმე აწერ­იათ, რის გამოც სამართლებრივი დავების გადაწყვეტა წლობით­ ვერ ხერხდება. დედაქალაქზე ბევრად რთული ვითარებაა რეგიონებში. მოსამართლეებს ჰყავთ თითო თანაშემწე, რომელიც ასევე 800-900 სამართლებრივ საქმეზე მუშაობს. იუსტიციის საბჭო და, თავის მხრივ, იუსტიციის სამინისტრო არც კი ფიქრობს ამის გამოსწორებაზე, რაც საბოლოოდ ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ განვითარებაზე უარყოფით გავლენას მოახდენს.

- რატომ აისახება დავე­ბის გაჭიანურება ეკონომიკურ განვითარებაზე?

- ბოლო წლებში სულ უფრო შეუძლ­ებ­ელი ხდება პროგნოზირება, რა პერი­ო­დში დასრულდება ესა თუ ის დავა. არადა, კანონმდებლობა ადგენს ვადებს. სამოქალაქო კოდექსი ამბობს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო­ კოდექსი, რომელსაც საგადასახადო­ დავები განეკუთვნება, პირველ ინსტანციაში სარჩელის შეტანიდან 2 თვეში უნდა დასრულდეს, მეორე ინსტანციაში – 4 თვეში, საპრ­ოცესო კოდექსში კი მითითებულია, რომ საქმის წარმოება 2 თვეში, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი 5 თვეში უნდა დასრულდეს.

ფაქტობრივად, მოსამართლე კანონს არღვევს, რადგან დავები, მინიმუმ, 3 წელი გრძელდება. იუსტიციის საბჭოში მოსამართლის წინააღმდეგ დისციპლინური რეაგირების მოთხოვნას აზრი არა აქვს, რადგან მათ იციან, რომ მსგავსი ვითარება მოსამართლის დაუდევრობის გამო კი არ შეიქმნა, თავად ვერ იღებენ გადაწყვეტილებას ვითარების გასაუმჯობესებლად.

მაგალითებს დაგისახელებთ: კონკრეტ­ული კომპანიის უფლებებს ვიცავდი, რომე­ლსაც სახელმწიფომ 2 მილიონის გად­ახდა­ დააკისრა. ვთქვათ, სახელმწიფომ საფ­უძვლიანად მოსთხოვა 2 მილიონი, გადასა­ხადი ბიუჯეტმა დროულად ხომ უნდა მიიღოს? ან კომპანიამ ხომ უნდა იცოდეს, თანხის გადახდა მოუწევს თუ არა, რომ განსაზღვროს, ინვესტიცია განახორციელოს, თუ პირიქით, რეორგანიზაცია გამოაცხადოს? ამ საქმეზე სარჩელი 2014 წელს შევიტანეთ და პირველ ინსტანციაში დავა 2016 წლის იანვარში დასრულდა. კომპანიას 2 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრა, თუმცა გადაწყვეტილება, რომელიც გასასაჩივრებლად სააპელაციო სასამართლოში უნდა წამეღო, 2016 წლის ოქტომბერში, ანუ რვათვიანი დაგვიანებით მოგვაწოდეს. ეს ევროპული კონვენციის დარღვევაცაა.

რამდენიმე დღის წინ დავასრულე კიდევ ერთი საქმის განხილვა, რომელზეც­ სარჩელი 2014 წლის 3 ივნისს პირველ ინსტანციაში შევიტანე. მითხრეს, გადაწ­ყვეტილებას 17 ივლისს გამოგიცხადებთო,­ ანუ ერთი თვე უნდა ველოდო, როდის დაწერს მოსამართლე გადაწყვეტილებას. სავარაუდოდ, აპელაციაში სარჩელს აგვ­ისტოში შევიტან და მერწმუნეთ, მეორე ინსტანციაში განხილვა მიმდინარე წელს არ დაინიშნება. არადა, ამ საქმეში ორი კომპანია ედავება ერთმანეთს – ერთს ქონება აქვს დაყადაღებული, მეორეს ფინანსური ოპერაციების განხორციელების­ შესაძლებლობა არა აქვს. სანამ დავა დასრულდება, შესაძლოა, ორივე ისე გაკოტრდეს, რომ დავის შედეგს მნიშვნელობა აღარ ჰქონდეს.

კომპანიების უმრავლესობის თანადამფუძნებლები უცხოელები არიან და აუცილებლად იტყვიან საკუთარ ქვეყანაში თუ სხვა ქვეყნის ბიზნესპარტნიორებთან, საქა­რთველოში 2 მილიონი მომთხოვეს, სასამართლოში წავედი, 3 წელიწადია გადაწყვეტილებას ველოდები და ვერ გავიგე, რა უნდათო. მსგავსი ვითარება ხომ ინვესტიციებზე პირდაპირპროპორციულად აისახება! წინა ხელისუფლების დროს ბიზნესს რამდენიმე დღეში”განუმარტავდნენ, როგორ უნდა მოქცეულიყო. ეს ბიზნესზე ზეწოლა გახლდათ, თუმცა კომპანიების უმრავლეს­ობა, რომლებსაც სასამართლოში ბიზნესდავები აქვთ, უკვე კითხვას სვამენ: თუ ფინალი­ ცუდი უნდა მქონდეს,­ იქნებ ჯობდეს, დღესვე ვიც­ოდე და გადავწყვიტო, როგორ განვაგრძო საქმიანობა, ვიდრე ხუთი წლის განმავლობაში უმოქმედო სასამართლოში ვიდავო და ამასობაში, ბიზნესი დამენგრეს.

მოკლედ, სასამართლო სისტემაში ქაოსია. უხარისხო სასამართლო დავები ქვეყნის განვითარებას შეაფერხებს. არაფერს ვამბობ გაკოტრების საქმეებზე.

სასამართლოებში ასეულობით გაკოტრების საქმე წლებია დევს. ვერც კრედიტორი იბრუნებს ვალის ნაწილს, კომპანიის მფლობელს ბიზნესის კეთების ინტერესი აქვს დაკარგული, კომპანია ეკონომიკურ ბრუნვაში ვერ ბრუნდება, შესაბამისად, ქვეყანა გადასახადებს ვერ იღებს და დასაქმებულთა რაოდენო­ბაც მცირდება. ეს ვითარება კი, სახელმწიფოს თითქოს არც კი ანაღვლებს.

- სასამართლო რეფორმის მესამე ტალღა მიიღო პარლამენტმა, ცვლილებები სისტემაზე დადებითად ჯერ არ ასახულა?

- “სასამართლო სისტემა უფრო ღრმა კრიზისის წინაშე აღმოჩნდება, ნაბიჯს არავინ დგამს – მოსამართლეების­ რიცხვი არ იზრდება, მათთვის კვალიფიკაციის ამაღლებაზე არავინ ზრუნავს. სახელმწიფო სასამართლოს განსატვირთავად არ ეძებს ალტერნატიულ გზებს ისეთი მიმართულებით, როგორიცაა არბიტრაჟი და მედიაციის სამსახური. არბიტრაჟში იმდენად მაღალი ბაჟი დაწესდა, რომ ბიზნესს ამ თანხის გადახდა არ უღირს და სადავოდ პირდაპირ სასამართლოში მიდის. არაფერი გაკეთდა­ მედიაციის ინსტიტუტის განსავითარებლად… როდესაც ბიზნესი მიხვდება, რომ სასამართლოსთან ურთიერთობას აზრი აღარ აქვს, ალტერნატიული გზების გამონახვას დაიწყებს. როდესაც საქმე ფულს ეხება, დიდხანს მოლოდინის რეჟიმში ვერ იქნება, ამიტომ მაღალია რისკი, გაჩნდეს ცდუნება, ლოდინით დაღლილმა ბიზნესმა დახმარება მაღალჩინოსნებს სთხოვოს და კორუფციულ კრიზისამდე მივიდეთ, ან კრიმინალებს მიმართოს.

2003 წლამდე სააღსრულებო დეპარტ­ამენტს ვხელმძღვანელობდი (ასე ერქვა მაშინ­ აღსრულების ბიუროს). იქ ტექნიკურად ყველაფერი ბევრად გაუმჯობესდა, მაგრამ ჩემთვის აუხსნელი მიზეზების გამო აუქციონების დანიშვნა ჭიანურდება.­ როდესაც კომპანიისთვის ხელშეკრულება იქმნება, მასში უზრუნველყოფის გარანტიებიც არის განსაზღვრული და თუ კომპანია არაკეთილსინდისიერი აღმოჩნდება, კრედიტორი კომპანიისთვის გაცემულ თანხას ქონების უზრუნველყოფის აუქციონზე რეალიზაციით იბრუნებს. არადა, სასამართლოსგან განსხვავ­ებით, ყველაფერი ელექტრონულად ხორციელდება – აღსრულე­ბის ბიუროს თანამშრომელი კომპიუტერთან­ უნდა დაჯდეს, მის წარმოებაში არსებული კონკრეტული ქონება სისტემაში შეიტ­ანოს და აუქციონი ელექტრონულად გამო­აცხადოს, თუმცა ეს უსაშველოდ იწელება…

———–

ლია მუხაშავრია, უფლებადამცველი:

- თბილისის საქალაქო სასამართლოში­ ყოველდღიურად ასეულობით სარჩელი შედის და იმდენად კატასტროფული ვითარებაა, რომ მოსამართლეები არათუ ვერ განსაზღვრავენ პროცესის დანიშვნის თარიღს, საქმის განხილვასაც კი დიდხანს ვერ იწყებენ. ეს მაშინ, როდესაც ადამიანებს­ ეჩქარებათ­ მატერიალური სიკეთის მიღება.­ სწორედ­ ამით არის განპირობებული ბიზნესმენებზე თავდასხმის ფაქტები – თუ მათი ფინანსური ვალდებულებები დამოკიდებულია სხვის ფინანსებზე, ბიზნესი საშიშ ვითარებაში ვარდება, ეს მას აკარგვინებს წონასწორობას და იწყებს თვითდახმარების რეჟიმში გადასვლას, რაც ხშირად არალეგალური მეთოდების გამოყენებას გულისხმობს. ხშირად გამოუვალ ვითარებაში მყოფი ადამიანი მსხვერპლიც ხდება, რადგან თაღლითებს მოქნილი სქემა აქვთ შემუშავებ­ული – ჯერ პირს თანხას გამოსძალავენ, შემდეგ კი ძალოვან სტრუქტურებს მიუსევენ, რომ თანხის დაბრუნება თავიდან აიც­ილონ. ვითარების ასეთ საშიშ ზღვ­რამდე მიყვანის გამო პასუხისმგებლობა ხელისუფლებას და პირველ რიგში, იუსტიციის სამინისტროს და მინისტრს მოეთხოვება. თეა წულუკიანმა 40 სასამართლო რეფორმის ტალღაც რომ შეიმუშაოს, ვითარება გადაწყვეტილების მიღების გარეშე არ გამოსწორდება.

თუ დავებს სასამართლოში ვერ გადავწ­ყვ­ეტთ, არ გვექნება სოციალური მშვიდ­ო­ბა, არც წესრიგი და სტაბილურობა, ვშიშობ მალე ადამიანები გადა­წყვეტენ, თვითონ დაერიონ ერთმანეთს და სამართალი ასე აღასრულონ.­ ფაქტია, იუსტიციის სამინისტროს თუ მთლიანად ხელისუფლებას გადაწყვეტილების მიღების პოლიტიკური ნება არ გააჩნიათ.

კვირის პალიტრა“, 26 ივნისი, 2017 წელი

მიზანში პატრიარქის ერთგული ადამიანები ამოიღეს

ჩემთვის უთქვამთპატრიარქი დაბ­ერდა, ჯობია გადადგეს, ახალგაზრდებს­ გვაცალოსო. მაგრამ ვინ ახალგაზრდებს? ერთხელ პატრიარქს ვუთხარი, ბედნიერება იქნებოდა ყველასთვის, 20 წლით ახალგაზრდა რომ იყოთ-მეთქი, მიპასუხა, 20 წლით ახალგაზრდა რომ ვიყო, 20 წლით გამოუცდელი ვიქნებოდიო“ // „ჩვენს პატრ­იარქზე ცუდს ვერავინ იტყვის, რადგან მთელ ერს ძალიან უყვარს. ამიტომ ირიბად­ ურტყამენ

თეა ხურცილავა

საპატრიარქოს მისამართით ახალი ბრა­ლდებები ისევ ისმის. ამჯერად სასულიერო აკადემიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე შანტაჟსა და ძალადობაში დაადანაშაულა რამდენიმე კურსდ­ამთავრებულმა. მათ შორის არიან ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია და თეოლოგი ზვიად ცაბაძე. ისინი სასწავლებლის მოძღვარს, დეკანოზ შალვა კეკელიასაც სდებენ ბრალს აღსარების საიდუმლოს გაცემაში. რა მიზანს ემსახურება­ ხმაურიანი განცხადებები და ვინ უტევს მართლმადიდებლობას, ამ საკითხებზე მამა შალვა კეკელიას ვესაუბრეთ:

- ბოლო დროს ხშირად გაისმის ეკლესიის მისამართით ბრალდებები, მეუფე პეტრე და სასულიერო პირები ამაზე საჯაროდ საუბრობენ...

- დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების შემდეგ ერთ თემას მეორე მოჰყვა, მეორეს – მესამე. ამით უნდათ არ გაიშა­ლოს “ციანიდის საქმე”. “რუსთავი 2″-მა არაერთი­ სიუჟეტი გააკეთა. ითქვა, რომ თითქოს მღვდელი ოჯახში ძალადობს. როცა ამას ისმენს მრევლი, ბუნებრივია, დაბრკოლდება. ვითომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს იცავენ, პარალელურად ეკლესიას ლანძღავენ. მეუფე პეტრე საპატრიარქოს ტელევიზიის ხელმძღვანელი იყო, ხომ შეეძლო გაეკეთ­ებინა გადაცემა და ესაუბრა, რატომ გამოიყენა სხვა ტელევიზია? ან მაინცდამაინც “ციანიდის საქმის” დროს რატომ დაიწყო ამაზე ლაპარაკი? რატომ დუმდა აქამდე? რატომ გახდა აქტუალური ამაზე საუბარი მაშინ, როცა პატრიარქი საავადმყოფოში იწვა? მის ჯანმრთელობაზე ხომ იმოქმედე­ბდა, როცა გაიგებდა მისი და ეკლესიის წინააღმდეგ ასეთ რამეს. შენ, სინოდის წევრი, თუ ფიქრობ პატრიარქის ჯანმრთელობაზე, ამაზე ლაპარაკობ? არავის აქვს უფლება, პატრიარქის მდივანზე ისაუბროს. ის პატრიარქის არჩეულია, როცა მასზე ასე ლაპარაკობ, ეს პირდ­აპირ პატრიარქზე დარტყმაა.
ჩვენს პატრ­იარქზე ცუდს ვერავინ იტყვის, რადგან მთელ ერს ძალიან უყვარს. ამიტომ ირიბად­ ურტყამენ.

დარტყმა მოდის სიწმინდეებზე­ – პატრ­იარქმა დააწესა ოჯახის დღე და ოჯახის სიწმინდეს ურტყამენ, ურტყამენ ეკლესიას, რაც თქვენ წმინდა გგონიათ,­ წმინდა არ არისო. ვინც ყველაზე­ ავტორი­ტე­ტულია და ქვეყანა ეთაყვანება, იმას ებრძვიან. ეკლესიის ამხელა ავტორიტეტი თავისით არ მოსულა, ჩვენი პატრიარქის უდიდესი ცრემლით, შრომით, ღამეების თენებითაა მოპოვებული. დღეს, როცა მთელი ქვეყანა უნდა ვდღეს­ასწაულობდეთ უწმინდესის 40-წლიან პატრიარქობას, ამ წელს დაიწყო ეს…

- უწმინდესი რას ფიქრობს ამ მოვლენებზე

- პატრიარქს ვუთხარი, ეშმაკს როგორ შურს თქვენი, რომ ეს 40 წელი ახლა სხვანაირად სურთ წარმოაჩინონ-მეთქი. მან მიპ­ასუხა, ეშმაკს გული უსკდება, ამდენ რამეს როგორ მაპატიებდაო… 40 წლის განმავლობაში ამდენი ტაძარი აღდგა, ადამიანები ეკლესიაში დაბრუნდნენ. რამდენი აპირებდა თავის მოკვლას და არ მოიკლა ეკლესიის გამო, რამდენს შვილი გარდაეცვალა, შეიძლება ჩავარდნილიყო სასოწარკვეთილებაში, მათ ეკლესია დაეხმარა, ამდენი ნარკომანის ცხოვრება შეიცვალა, რამდენი ოჯახი ინგრეოდა და ეკლესიის დახმარებით არ დაინგრა. ამას რომ ხედავს ეშმაკი, გაგიჟებულია. ამდენი სიკეთე რომ გაკეთდა, ამას თავის თავს კი არ აწერს პატრიარქი, ის წმინდა ადამიანია და ამბობს, ღმერთი აკეთებდა ჩემი ხელითო. პატრიარქი დილის 6 საათზე დგება და­ ლოცულობს. ერთხელ ექიმმა მითხრა, დილით რომ გამ­ოვა, უთხარი, შებრუნდეს, არ შეიძლება 6 საათიდან მღვიძარე იყოს, ძალიან მძიმედ­ ექნება გულიო.

ვუთხარი, უწმინდესო, თუ შეიძლება­ დაისვენეთ-მეთქი, მიპასუხა, როცა შვიდგზის­ ლოცვებზე ლოცვა-კურთხევა გავეცი, ადამიანებმა იციან, რომ მეც მათთან ერთად ვდგავარ ფეხზე და ვლოც­ულობ. ახლა ამ ლოცვა-კურთხევას ორი ადამიანი­ მაინც ხომ ასრულებს, მათ ჰგონ­იათ, მეც ფეხზე­ ვდგავარ და ვლოცულობ. ლოგინში როგორ ვიწვე, ის ორი ადამიანი როგორ უნდა მოვატყუოო.

- უწმინდესი მეუფე პეტრეს განცხადებებზე­ რას ამბობს?

- როცა ეკლესიის შიგნიდან გებრძვ­იან, ძალიან რთულია. ჩემთვის უთქვამთ,­ პატრიარქი დაბ­ერდა, ჯობია გადადგეს, ახალგაზრდებს­ გვაცალოსო. მაგრამ ვინ ახალგაზრდებს? ერთხელ პატრიარქს ვუთ­ხარი, ბედნიერება იქნებოდა ყველასთვის, 20 წლით ახალგაზრდა რომ იყოთ-მეთქი, მიპასუხა, 20 წლით ახალგაზრდა რომ ვიყო, 20 წლით გამოუცდელი ვიქნებოდიო. პატრიარქი უფრო შორს ხედავს. მას უკან ჰყავს უდიდესი ჯარი სამღვდელოების სახით, ჩვენი ერის, მამულიშვილების სახით.

- მეუფე პეტრე ამბობს, რომ პრობლემებზე საპატრიარქოშიც ლაპარაკობდა

- თუ პრობლემები არის და გული გტკივა, ახლა რატომ დაიწყე ამაზე ლაპარაკი? თურმე ქალბატონი შორენა თეთრუაშვილი მართავს ეკლესიას… მეუფე იაკობი­ ფინანსური­ განყოფილების თავმჯდომარეა, მეუფე გერასიმეს აბარია საგარეო ურთი­ერთობები, მეუფე იოანე გამრეკელს – განა­თლების სფერო და ა.შ, თუ ყველაფერს ქალბატონი შორ­ენა განაგებს, მაშინ ეს ეპისკოპოსები რას აკეთებენ?

- მეუფე პეტრე ამბობს, რომ მეუფე იაკ­ობი და შორენა ერთი გუნდი არიან...

- 46 ეპარქია გვაქვს, პატრიარქი მხოლოდ მცხეთა-თბილისის ეპარქიას განაგებს.
მეუფე პეტრეს ეპარქიაში შეუძლია ქალბატონ შორენას ჩაერიოს? მაშ, თვითონ რას აკეთებს?! ეპარქიების მართვა ვის ევალება, ეპისკოპოსებს­ თუ შორენას? პატრიარქთან ადამიანს არ მიესვლებაო, ამას ეპისკოპოსი როგორ ამბობს? საკურთ­ხეველში ქალბატონი შორენა ვერ შედის, იქ ხომ შეგიძლია პატრიარქს დაელაპარაკო.

- მეუფე პეტრესა და შორენა თეთრუაშვილს შორის რა უთანხმოებაა?

- არ ვიცი. შორენა არას­ო­დეს ლაპარაკობს ამ თემაზე. რატომ უნდა იმართლო თავი იმაზე, რაც არ გაგიკეთებია.

- კურსდამთავრებულები თქვენ აღსარების საიდუმლოს გამოყენებაში გდებენ ბრალს...

- აკადემიის წინააღმდეგ დიდი ხანია ბრძოლა დაიწყო. ახლაც ის ხალხი გამ­ოდის, ვინც 2004 წელს გამოდიოდა. იმ დროსაც იკრიბებოდნენ კონკრეტულ პირთან, რომელიც აძლევდა მათ დავალებებს თუ დირექტივებს და ასეა დღესაც.

- ვინ მართავს ამ პროცესს?

- მაშინაც და ახლაც ამ ყველაფრის უკან “რუსთავი 2″ დგას. დღეს საცხოვრებ­ლად ჩვენს აკადემიაში 8 ოთახი გვაქვს და 44 კაცია პანსიონში, 7 კაცი ერთ ოთახში ცხოვრობს, სხვანაირად ვერ დავაბინავებდით. ასე იქნება, სანამ ახალ შენობაში გად­ავალთ. იქამდე კი უარს ვერ ვეტყო­დით საცხოვრებელზე და იძულებულები ვართ ერთად ვაცხოვროთ. გამოიყვანეს სტუდენტი და ისე საუბრობდა, თით­ქოს­ მას შესტკივა გული აკადემიაზე და ჩვენ არა. უსუფთავესი მღვდლები არიან იქ ლექტორებად. რომელიმე შემჩნეულია არაწმინდა ცხოვრებაში? მამა გიორგი ზვიადაძეს კი ბევრი იცნობს და აბსურდულია, რასაც მასზე ამბობენ. მე დამაბრალეს, თითქოს მათგან ინფ­ორმაციას ვითხოვდი. მოიყვანონ ის ადამ­ი­­ანი, ვისი აღსარებაც გავეცი. როგორც მოძღვარი, ვალდებული ვარ, ვიცოდე, ჩემი სტუდენტი როგორი წესით ცხოვრობს. ჩემი დანაშაული ის არის, რომ მათ ვენდობოდი.­ თურმე მალულად წერილს ამზადებდნენ მამა გიორგის წინააღმდეგ, ხელმოწერებს აგროვებდნენ და თან ჩემს სახელს იყენებდნენ… ღვთის არ ეშინიათ? აღსარება რომ მიმეღო და მეკითხა, რა ხდება აკადემიაში, ამაში რა პრობლემას ხედავთ?

- ამ განცხადებებმა მრევლი დააბნია...

- თუნდაც სიმართლეს ამბობდე, ამას თუ მოჰყვება ეკლესიიდან ხალხის გაყვანა, ვის ემსახურება ეს, ეშმაკს თუ ღმერთს? ამაზე დიდი ბრძოლა გადაუტანია ეკლესიას. კომუნისტური პერიოდი გავიარეთ, მაგრამ ეკლესიას ვერასოდეს მოერევიან.

- თუ ცუდი რამ ხდება შიგნით, ამასთან ბრძოლა ხომ უნდა გამოეცხადებინა მეუფეს?

- “რუსთავი 2″-ის გასარჩევი გახდა ეკლესიის საქმე? ეს ყველაფერი სინოდზე­ ვერ გაირჩეოდა? ადრე არასამთავრობოები ლანძღავდნენ ეკლესიას, ახლა – სასუ­ლიერო­ პირები.­ დედა თამარი, რომელიც ჭყონდიდის ეპარქიის მონაზონია, ცილს სწამებს მამა გიორგი ზვიადაძეს, თითქოს ის სტუდენტებს ემუქ­რება, თუ რამე ისეთს იტყვით, დიპლომს ვერ დაიცავთო. ეს სიცრუეა. ზვიად ცაბაძე ამბობს, რომ რწყილები დაესია სემინარიას, საპონი არ ჰქონდათო. უფასოდ ცხოვრობ პანსიონში, ბინის ქირას არ იხდი და საპნის ყიდვაც არ გინდა?
დედა თამარი, მონაზონი, რომელმაც­ აღთქმა დადო და გავიდა­ ამ ქვეყნიდან, ანუ მოკვდა ამ ქვეყნისთვის, 24 საათი შეიძლება ინტერნეტში იჯდეს და ვინც კი რამე დაწერა, ყველას კომენტარი დაუწეროს? როდისღა ლოცულობენ? ჩვენთან 300 კაცი სწა­ვლობდა, სამადლობელი წერილები­ დაწერეს სტუდენტებმა და ყველას გასცეს პასუხი…

კურთხევის გარეშე არ შეიძლება საუბრ­ობდეს სასულიერო პირი. არც ერთი კომენტარი კურთხევის გარეშე არ გამიკეთებია. დედა თამარი მარტვილის რეზიდენციიდან აკეთებს განცხადებებს და წარმოუდგენელია, ეს მეუფე პეტრემ არ იცოდეს. უფრო მეტს გეტყვით, “პოსტ სკრიპტუმში” უნდა მიმეღო მონაწილეობა და მარტვილის ეპარქიიდან დამირეკეს, მეუფემ შემ­ომითვალა, არ გავიდესო, მერე მამა ანდ­რიამ შემომითვალა, შენს თავს დააბრალე, რაც მოგივა, მღვდლობას დაგატოვებინებთო.

- საპატრიარქომ შეწყვიტა ილია მეორის­ 40-წლიანი პატრიარქობისთვის სადღესასწაულო ღონისძიებების გამართვა. რა იყო ამის მიზეზი?

- პატრიარქმა მიიღო ეს გადაწყვეტილ­ება. თუნდაც ფინანსური სიდუხჭირის გამო. ეს იყო ერთი მოტივი და მეორე – ის მოვლენები, რაც ბოლო დროს განვითარდა.

- დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პატრიარქი ინფორმაციულ ვაკუუმში იყოო...

- პატრიარქმა ყველაფერი იცის, ისიც იცის, როგორ უყვარს მრევლს და ვიღაცებს როგორ არ უყვართ. კითხულობს ჟურნალ-გაზეთებს, უყურებს ყველა გადაცემას, ლოცულობს, ხალხს ხვდება, სამებაშია, როგორ შეიძლება იზოლირებული იყოს?

- დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარებაზე უარი რატომ­ თქვეს?

- საეკლესიო კანონი არსებობს, სანამ განაჩ­ენი არ დადგება, მანამდე არ შეიძლება მისი ზიარება. ჯერ არ არის გარკვეული, არის თუ არა დამნაშავე. როცა ადამიანი სჩადის დანაშაულს და ნანობს, მაშინ ჩვენ მისი ზიარება შეგვიძლია. მაგრამ დეკანოზი გიორგი თავს დამნაშავედ არ ცნობს, ჯერ კი მისი უდანაშაულობა არ არის დადგენილი. რომ აღმოჩნდეს დამნაშავე და ვაზ­იარებთ მოუნანიებელს, ეს ხომ უფრო მეტად დააზიანებს.

- თქვენ რა კითხვა გაქვთ მასთან?

- მთელი არსებით მინდა, რომ მამა გიორგი არ იყოს დამნაშავე, ეს უნდა პატრიარქსაც.

- როგორც მისმა ძმამ თქვა, პატრიარქს­ სჯერა მისი უდანაშაულობის

- პატრიარქს უყვარს დეკანოზი გიორგი მამალაძე. იმ დაცემულ შვილზე კიდევ უფრო ნერვიულობს, უფრო მეტად უყვარს. პატრიარქმა ყველა დეტალი იცის დეკანოზის საქ­მის, რაც ხალხმა ნახა, ის პატრიარქმაც ნახა…

- ვის უნდა დღეს პატრიარქობა?

- არ ვიცი, ვის უნდა უნდოდეს… ის უნდა იყოს ძალიან მორწმუნე, ღვთის გამ­ოცხადება უნდა ჰქონდეს, ან ძალიან ურწმ­უნო, რომ პატრიარქობა უნდ­ოდეს… მიზანში ამოიღეს ის ადამიანები, ვინც ღირსეულად ემსახურება დედაეკლესიასა და მის უწმინდესობას. ვისაც ღმერთი უყვარს, ყველა იქნ­ება პატრიარქის გვერდით. ღმერთს მისი პატრიარქობა სჭირდება, ვინც მას ებრძვის, ის ღმერთს ებრძვის. ასე ებრძვიან პატრიარქს, რომელსაც მთელი ერი გადარჩენისკენ მივყავართ. სიმბოლური წელიც არის, როგორც მოსემ ატარა უდაბნოში ებრაელები 40 წელი, ასეა ჩვენი პატრიარქის პატრიარქობაც.

————————

ახალი თაობა“, 26 ივნისი, 2017 წელი

ინტერვიუ სოსო ცინცაძესთან: „ალექსანდრე ჯეჯელავას ნაცვლად ხალხთან კახა კახიშვილი და დავით სერგეენკო უნდა საუბრობდნენ

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს განიხილავს.

- ბატონო სოსო, ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ კონსტიტუციის მიღების პროცესი შეაჩეროს და ის ვენეციის კომისიას დაუბრუნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქუჩის აქციებით იმუქრება. აქვვს უნარი დღეს ოპოზიციას, რამე შეცვალოს?

- ოპოზიციამ და არასამთავრობო სექტორმა ხელისუფლების ლუსტრირება მოახდინეს. ოპოზიციამ ამ მეტად მნიშვნელოვან პროცესში ხელისუფლება მარტო დატოვა, თითქოს პარტიულ ნორმატიულ აქტს იღებდნენ და ეს არ იყოს ქვეყნის მთავარი კანონი. ეს შეძლო ოპოზიციამ. რაც შეეხება ხალხის ქუჩაში გამოყვანას, რასაკვირველია, ამას დემოკრატიულ საზოგადოებაში თავისი დატვირთვა აქვს, მაგრამ ქუჩაში ხალხის გამოსვლა ბევრ სხვა ფაქტორზეც არის დამოკიდებული. რამდენად გამოვა ხალხი დღეს ქუჩაში? არ გამოვა, განა იმიტომ, რომ ხელისუფლებით არის მოხიბლული და ნდობის ვოტუმი აქვს მიცემული, სულაც არა. სულ სხვა მიზეზით უნდა ავხსნათ, რატომაც არ გამოვა ხალხი ქუჩაში. წლების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, როგორ გამოდიოდა ხალხი ქუჩაში, დღეს ხალხი დაიღალა და თან ეს უკვე გავლილი ეტაპია.

- რაღაც ახლის მოფიქრება მოუწევს ოპოზიციას?

- რასაკვირველია, კრეატიული იდეის მოფიქრება მოუწევს. როგორი იქნება სოციალური ფონი, უმუშევრობის დონე, ვის გაათავისუფლებენ სამსახურიდან, როგორი იქნება ლარის კურსი, ფასები როგორი იქნება, მაგრამ ეს მაინც ის სოციალური საკითხებია, რომლებზეც არასდროს გამოდიოდა საშუალო სტატისტიკური ქართველი ქუჩაში. მას უფრო მეტი სჭირდება ამისთვის, მას პირადად, მის ღირსებას უნდა შეეხოს. ასე საკითხი ჯერ არ დგას. თუმცა, ვფიქრობ, ხელისუფლებამ სერიოზული შეცდომა დაუშვა, როდესაც თავისი საარჩევნო დაპირება უკან წაიღო, ვგულისხმობ საარჩევნო სისტემას, მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებას. სერიოზული შეცდომა დაუშვა `ქართულმა ოცნებამ~ მაშინ, როდესაც გადაწყვიტა, რომ მას მაჟორიტარები უშველის. ასე ფიქრობდა თავის დროზე სააკაშვილიც, მაგრამ, როდესაც დადგა დრო, რომ ნაციონალურ მოძრაობას უნდა წაეგო არჩევნები, წააგო კიდეც, არაფერმა უშველა. ყველა ხელისუფლება, რომელიც ხალხის ნების საწინააღმდეგოდ წავა, აგებს ადრე თუ გვიან. ამას თუ ვერ გააცნობიერებენ დღესვე, მერე უკვე გვიან იქნება.

- ასე არ ფიქრობენ ქართულ ოცნებაში, მეტიც, ისინი ამბობენ, რომ ვერ თანხმდებიან და ეს არის პლურალიზმი

- რა საინტერესოა, ეს არის დემოკრატია, მაგრამ წინასაარჩევნოდ ხალხს დაპირება რომ მისცეს, ეს არაფერი. ახლა რომ „გადაგვაგდეს”, ამას რომელი დემოკრატიითა და პლურალიზმით გაამართლებენ?! მაჟორიტარები ყველა დროში კარგად გამოცდილი ამბავია, რომ იმ ნავში გადასკუპდებიან, რომელიც მიადგება. ვინაიდან ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ღიად არ გააყალბოს არჩევნები, ცემა-ტყეპის ფონზე არ ჩაატაროს, მას სჭირდება ლეგიტიმური გარანტია, რომ ძალაუფლებას კვლავ შეინარჩუნებს. ეს არის და ეს მთელი იწილობიწილო. კანონს მიიღებს და ამ კანონით არჩევნების ნებისმიერი შედეგები იქნება კანონიერი, მაგრამ რამდენად იქნება სამართლიანი?! სწორედ აქ იჩენს ხოლმე თავს პრობლემები, მაგრამ, როგორც ჩანს, ამას უკვე შეეგუა ხელისუფლება. დღეს, სიმართლე გითხრათ, მე სულ არ მაინტერესებს, რას იზამს ოპოზიცია. მე მაინტერესებს, რას იზამს ხელისუფლება, რაზეა ის წამსვლელი, დაუშვებს შეცდომას თუ გონს მოეგება. თუ შეცდომას დაუშვებს, მაშინ ოპოზიცია სულაც არ იქნება საჭირო. გაბრაზებული ხალხი მერე რას შვრება ხოლმე, ჩვენ კარგად ვიცით, ამის მეტი რა მინახავს, მთელი ჩემი ცხოვრება ამას ვუყურებ.

- ბატონო სოსო, რამდენად შესაძლებელია, რომ ხელისუფლებამ მოლაპარაკება დაიწყოს ოპოზიციასთან და ის ხმები მოიპოვოს, რომლებიც აკლდება თუნდაც საარჩევნო სისტემის შესაცვლელად?

- ამას, რასაც ახლა თქვენ ამბობთ, ძალიან მაღალი პოლიტიკური კულტურა სჭირდება. ეს, დღევანდელი საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტის გათვალისწინებით, ძალიან ძნელად წარმომიდგენია. კი არის 21-ე საუკუნე, მაგრამ შუა საუკუნეების მსგავსად იქცევიან ჩვენი პოლიტიკოსები, მხოლოდ ჩვენ, არავითარი განსხვავებული აზრი, ყველაფერი ჩვენ გვინდა. ეს აზროვნება ძალიან შორს არის დემოკრატიისგან. ასევე, რა გამოაჩინა მთელმა ამ პროცესმა, რომელსაც თვალყურს ვადევნებდით? როგორც ჩანს, უკვე „ოცნებასაც“ აღარ სჯერა, რომ ხელისუფლებაში კვლავ დარჩება და ამიტომ არის ასეთი ხელების გადაგრეხის პოლიტიკით – მაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და რასაც მინდა, გავაკეთებ. აბა, თქვენ მართლა გჯერათ, რომ ბიზნესმენი მაჟორიტარები ვერ გადაარწმუნა ვერც პრემიერმა, ვერც ბიძინა ივანიშვილმა და ვერც ვერავინ, რომ დღეს ქვეყანას ასე სჭირდება და ეს ნაბიჯი უნდა გადავდგათ.

- უმრავლესობა ამბობს, რომ პრეზიდენტის ქმედებები მიმართულია იქითკენ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნას

- უმრავლესობას ურჩევნია, სხვაგან ეძებოს კრიზისის საფუძველი, იქ, სადაც არის, თორემ, ვინც არ უნდა იყოს ის, ვერცერთი პიროვნება, ცალკე აღებული, პოლიტიკური კრიზისის შექმნას ვერ შეძლებს. წარმოიდგინეთ, თუ ხალხი კმაყოფილია, თუ მთავრობა აწყობილი საათივით მუშაობს, თუ პარლამენტს დიალოგი აქვს თავის ამომრჩეველთან, ვინ უნდა შექმნას პოლიტიკური კრიზისი?! ეს ხომ შეუძლებელია. როდესაც სოციალური ფონი ძალიან მძიმეა ქვეყანაში, მაშინ რამდენადაც ჩუმად იქნებიან მთავრობის წვერები, საერთოდ აღარ დაენახვებიან ხალხს, მით უკეთესია. მაგალითად, თუნდაც ჯეჯელავას განცხადებებმა რამდენი პუნქტით ასწია დუღილის ტემპერატურა, გადით ქუჩაში და ხალხს ჰკითხეთ, მოსწონთ მისი განცხადებები? მე ვურჩევდი მთავრობას, ჯეჯელავას ნაცვლად თუ სათქმელი აქვთ ხალხისთვის რამე, საზოგადოებაში უფრო პოპულარული მინისტრები არიან და ისინი გამოიყვანონ.

- ვინ არის ასეთი, თქვენ რას იტყვით?

- მაგალითად, კახა კახიშვილი, დავით სერგეენკო. ამ ადამიანებს ხალხი ენდობა, მათი სჯერათ და კომუნიკაციაც სწორედ მათ უნდა ჰქონდეთ ხალხთან. ეს მინისტრები უნდა საუბრობდნენ ხალხთან. მერწმუნეთ, დუღილის ტემპერატურა დაიწევს. გახსოვთ, როგორ გადამალა არაპოპულარული სახეები თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა? ეს იყო სერიოზული რჩევა, რომელიც მან გაითვალისწინა.

ახალი თაობა“, 26 ივნისი, 2017 წელი

ინტერვიუ გიგლა ბარამიძესთან: ქართულ ოცნებაში კლანების დაპირისპირება დაიწყო“ // „ოქტომბრისთვის ბევრი რამე მოხდება“ // გადმოსცემს თუ არა პეტრო პოროშენკო საქართველოს მიხეილ სააკაშვილს

რა პროცესებს უნდა ველოდოთ შემოდგომაზე, როგორ ებრძვიან მთავრობაში კლანები ერთმანეთს, რის ჩაწერა დაავიწყდა „ოცნებას“ კონსტიტუციაში, რას მოიმოქმედებს პრეზიდენტი, რა სიურპრიზი დახვდება საქართველოში ჩამოსულ პეტრო პოროშენკოს? ამ თემებზე „ახალ თაობას“ დემოკრატიული მოძრაობის წევრი, ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.

- კონსტიტუციასთან დაკავშირებით ვნებათაღელვა არ წყდება. ოცნება ამბობს, რომ ასეთი სახალხო კონსტიტუცია საქართველოს არასდროს ჰქონია. ოპოზიციის მტკიცებით კი ეს ყველაზე საშინელი კონსტიტუციაა. თქვენ რას იტყვით?

- ის, რაზეც „ქართული ოცნება“ ამდენს ლაპარაკობს, კონსტიტუცია არ არის. ეს არის მათი შიდაპარტიული დოკუმენტი. კარგი იქნებოდა, თუ ამ დოკუმენტში პირდაპირ ჩაწერდნენ, რომ ხელისუფლებაში 20-25 წლით აპირებს დარჩენას. ამათი საქმიანობა მახსენებს ცნობილ ქართველ ავანტიურისტ აშორდიას. ის წარმოშობით ქუთაისიდან გახლდათ და საერთაშორისო დონეზე იყო გასული. მას ნებისმიერი დოკუმენტის, სიგელ-გუჯრის გაყალბება შეეძლო. ის მეოცე საუკუნის დასაწყისში საოცრად პოპულარული იყო. `ოცნების~ ნაწილი კოლექტიური აშორდიაა. ისინიც ყველაფერს აყალბებენ. ვენეციის კომისია წყაროზე წაიყვანეს და წყალი არ დაალევინეს.

მათ წარმოდგენაც კი არა აქვთ, რა არის კონსტიტუცია. ისინი მაგონებენ იმ რუს ოფიცრებს, ხმალამოღებულები რომ გამოვარდნენ და ყვიროდნენ, გავათავისუფლოთ ქალბატონი კონსტიტუცია სატუსაღოდანო. იმათ ქალი ეგონათ კონსტიტუცია, `ოცნების~ დეპუტატებს კი ის შიდაპარტიული დოკუმენტი ჰგონიათ. რუსი ოფიცრებისგან მხოლოდ ის განასხვავებთ, რომ ხმლების ნაცვლად ხელში პლანშეტები უკავიათ.

- თქვით, რომ ამ დოკუმენტში პირდაპირ უნდა ჩაეწერათ, ხელისუფლებაში 20-25 წელი ვაპირებთ დარჩენასო. ამასთან დაკავშირებით მინიშნებებს სხვებიც აკეთებენ. თქვენი აზრით, შეძლებენ ამ ცვლილებების დახმარებით ხანგრძლივი დროით ხელისუფლების შენარჩუნებას?

- თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა კონსტიტუციაში სათავისო ცვლილებები შეიტანა. ის საკუთარ თავზე მოირგო და ეგონა, კიდევ დიდი ხნით დარჩებოდა ხელისუფლებაში. ამ ცვლილებებიდან ძალიან მალე საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა. „ნაციონალების“ მსგავსად, ამათაც ყველაფერი ჯიბეში აქვთ ჩადებული და ძალაუფლებით ლაღობენ. როდესაც ძალაუფლებით ასე ლაღდებიან, შემთხვევითობა და რეალობა ძალიან წამოარტყამს ხოლმე თავში. ასე მოუვიდათ ნაციონალებს და ასე მოუვა „ოცნებასაც“. როდესაც ამომრჩევლის უმცირესობის მიერ არჩეული პარტია პარლამენტში ქმნის საკონსტიტუციო უმრავლესობას, მას ეს უმრავლესობა ბუმერანგივით უკან მიუბრუნდება და ცხვირ-პირში მოხვდება. ეს სახელმწიფოსთვის არის ცუდი, თორემ ესენი ძალიან მალე დამთავრდებიან. გარდა იმისა, რომ მათ ხალხის მხარდაჭერა არა აქვთ, გუნდის შიგნითაც სერიოზული დაპირისპირებაა.

- რა დაპირისპირებაზე საუბრობთ?

- ერთმანეთს დასანახად ვერ იტანენ. საკონსტიტუციო ცვლილებებზე დაჭამეს ერთმანეთი. აქ სერიოზული კლანური დაპირისპირებაცაა. ოთარ ფარცხალაძის კლანი რომელიღაც კლანმა მთლიანად ჩააჩოჩა. სამსახურებიდან ის ხალხიც კი გაუშვეს, რომლებსაც ყოფილი მთავარი პროკურორისთვის ხელი ჰქონდათ ჩამორთმეული. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა რომ ერთ დღეს დაწერეს განცხადებები, შემთხვევითობა იყო? ეს იყო კლანური დაპირისპირების ერთი მაგალითი, რომელზეც კომენტარი არავინ გააკეთა. გუნდში ისეთი ამბები მიდის, საკადრო გადაწყვეტილებასაც ვერ იღებენ. ჩვენ უნდა შევეგუოთ იმას, რომ ხელისუფლება, ფაქტობრივად, არ გვყავს. ძალიან ბევრი მიმართულებით ჩაფლავდნენ და დღე ისე არ გავა, რაიმე სკანდალში არ გაეხვივნენ.

მსუქან კატასავით რომ იპარება განათლების მინისტრი სხვა ქვეყანაში და მათ პრეზიდენტს ხვდება, ამას იქაური მედიით უნდა ვიგებდეთ? ყოფილი და მოქმედი ჩინოსნები ერთმანეთს რომ თავში ურტყამენ, ამასაც ან უცხო ქვეყნიდან, ან მედიისგან ვიგებთ. ესენი უნიჭო მეხანძრეებივით დარბიან, ხან ერთ ხანძარს გადაფარავენ, ხან მეორეს. ამ თავიანთი უმოქმედობით სახელმწიფოს აზიანებენ. გადედლებული მამლების და გამამლებული დედლების ზეობას სიკეთე არცერთი ქვეყნისთვის არ მოუტანია.

რამდენიმე დღის წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის 3 პუნქტი გამოქვეყნდა, სადაც საუბარია იმაზე, თუ როგორ უნდა გამოსწორდეს რუსეთთან ურთიერთობა. ტილერსონის დოკუმენტში ბოგდა-მაგოგიდან დაწყებული, უკრაინით დამთავრებული, ყველაფერზეა საუბარი, მაგრამ საქართველო ნახსენებიც კი არ არის. არადა, იქ დნესტრისპირეთზეც არის საუბარი, ბელორუსზეც. სად არის ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო? გამოვიდნენ და აგვიხსნან, რატომ არ მოხვდა საქართველო ამ მნიშვნელოვან დოკუმენტში.

საქართველოს 1.700.000-ზე მეტი ემიგრანტი ჰყავს. მათი აქ დაბრუნებისა და დასაქმების გეგმა არც კი შეუმუშავებიათ. სამაგიეროდ, ამ 5 წლის განმავლობაში 32.000 ადამიანს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა ისე, რომ მათი ბიოგრაფიები არც კი შეუსწავლიათ. ეკლესიის წინააღმდეგ კი ისეთი დარტყმები, როგორიც ახლა ხორციელდება, კომუნისტების დროსაც არ განხორციელებულა.

- ფიქრობთ, რომ რაც დღეს ეკლესიის გარშემო ხდება, ოცნების ბრალია?

- ფაქტია, ამათ დროს დაარტყეს ყველაზე მეტად ეკლესიას. ამ დღეებში საპატრიარქომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახისა და პატრიარქის შეხვედრის ჩანაწერი გამოაქვეყნა. შეხვედრის დასაწყისში პატრიარქმა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. ილია II ამბობს, რომ ეს ქმედებები არა მამა გიორგის, არამედ ქართული ეკლესიის წინააღმდეგ არის მიმართული. ამაზე მეტი რა უნდა გვითხრას სულიერმა ლიდერმა. ასეთ რამეებს აკეთებენ და მერე ეკლესიაში მიძვრებიან, სანთლებს ანთებენ და ფარისევლობენ.

- ხელისუფლების უნიათობა გასაგებია, მაგრამ ხალხი ამას გაგებით რატომ ეკიდება?

- იმიტომ ვეკიდებით, რომ თეიმურაზ ხევისთავიზმი გვჭირს. ქვეყანას არა აქვს ეკონომიკა. ჩვენი ჯარი რეგიონში ყველაზე სუსტად დასახელდა. უცხოურ სამხედრო ჟურნალებში გამოქვეყნებულია ამა თუ იმ ქვეყნების სამხედრო პოტენციალის მონაცემები, სომხეთი და აზერბაიჯანი როგორც შემადგენლობით, ასევე შეიარაღებით. არადა, ტერიტორიების 20% პროცენტი დაკარგული გვაქვს. ჩვენი საზღვრები ნელ-ნელა აქეთ იწევს, სახეზე გვაქვს მცოცავი ანექსია და ესენი „ევროპა, ევროპაო“ გაიძახიან. სწორედ ესაა ხევისთავიზმი. თეიმურაზ ხევისთავს ხომ მამული წაართვეს, ცოლი გაუუპატიურეს, ის კიდევ ლოიდ ჯორჯს ევროპულ ცივილიზაციასა და ზანზიბარის ირიგაციაზე წერილებს წერდა.

- დიდი ხნის განმავლობაში პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკურ განცხადებებს არ აკეთებდა. ექსპერტები მას პირდაპირ მოუწოდებდნენ პოზიციის დაფიქსირებისკენ. გიორგი კვირიკაშვილმა თავისი პოზიცია გამოხატა და ახლა პოზიციის გამო დაიწყეს მისი კრიტიკა. თქვენ რას ფიქრობთ პრემიერის განცხადებაზე?

- მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის კონსტიტუციის საკითხებში ჩართული არ იყო. ეს პროცესი თავის თავზე ფრაქციამ, პარლამენტის სპიკერმა და გაუცინარმა ჩუგოშვილის ქალმა აიღეს. პრემიერი ამ პროცესს ან განარიდეს, ან თავად განერიდა. ჩემი აზრით, ის უფრო თავად განერიდა ამ პროცესს, რადგანაც იცოდა, რა შედეგით დასრულდებოდა. „ოცნების“მომზადებული ცვლილებები არავის მოსწონს და ხელისუფლება თავის მართლება-განმარტებებს ვეღარ აუდის. დავალებამიცემულივით გამოვიდა პრემიერი. შინაგანად მჯერა, რომ არ იზიარებდა, რასაც ამბობდა.

- თუ არ იზიარებდა, რატომ გამოვიდა?

- იძულებული იყო, ასე მოქცეულიყო. პრემიერია და რაღაც უნდა ეთქვა. კიდევ ვიმეორებ, დარწმუნებული ვარ, რომ ის „ოცნების“ მიღებულ ცვლილებებს არ იზიარებს. თავის გამოსვლაში პრემიერმა „ოცნების“ დამსახურებად გაასაღა კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციისა და მიწის გაყიდვის აკრძალვის ჩაწერა. არადა, ეს მეორე საკითხი ჩვენმა პარტიამ წამოსწია, მერე სხვებიც შემოგვიერთდნენ. „ოცნების“ დეპუტატები მანამდე ირონიულად გაიძახოდნენ, მიწა რატომ არ უნდა გაიყიდოს, ვინმე ზურგზე მოიკიდებსო?!   ამ შიდაპარტიულ დოკუმენტს, რომელსაც კონსტიტუციას უწოდებენ, ოქტომბერში დაამტკიცებენ, მაგრამ იქამდე ცხრა წყალი ჩაივლის. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, ოქტომბრამდე ბევრი რამე შეიცვლება.

- უფრო კონკრეტულად შეიძლება გვითხრათ, რა შეიცვლება?

- დიდი საკადრო ცვლილებები იქნება. „ოცნებაში“ დიდი გადანაწილება მოხდება.

- საპარლამენტო უმრავლესობა თუ დაიშლება?

- სად გვყავს უმრავლესობა. ეს უმრავლესობა არაფერზე დგას. მათი მიზანი მხოლოდ პირადი სარგებლობის მიღებაა. თუ ხალხის პროტესტი დაინახეს, დაშლას ვინ ჩივის, ქვეყნიდან გაიქცევიან. ამ ეტაპზე პირადი სარგებლობის მიღების ხათრით ახერხებენ ერთად დგომას. ოქტომბრამდე შეიძლება ესეც შეიცვალოს.

- პრეზიდენტთან მათი გაუთავებელი კინკლაობა როდემდე უნდა გაგრძელდეს?

- მანამდე, სანამ ის პრეზიდენტი იქნება. კონსტანტინე გამსახურდიას აქვს ერთი ძალიან კარგი ტერმინი – მდაბიორი. დღეს ქვეყანაში არის მდაბიორების შლიგინი. ყველამ კარგად ვიცით, რომ დღეს ქვეყანას მართავს ივანიშვილი და მიკვირს, რატომ ვეძებთ მონარქს. ამ ადამიანმა ვერ შექმნა ისეთი სისტემა, რომელიც სახელმწიფობრივად მოაზროვნე, პროფესიონალ კადრებს შეარჩევს. დღეს პოლიტიკა ასე ესმით – ოღონდ იყავი მონა, ოღონდ ყველაფერზე თავი დააქნიე და რაც გინდა, ის გააკეთე. დღეს თანამდებობებზე საგანგებოდ არჩევენ გასვრილ ადამიანებს. ვინც გასვრილი არ არის, მაქსიმალურად ცდილობენ მის გასვრას. გასვრილი ადამიანის დამონება და მართვა უფრო იოლია.

„ნაციონალური მოძრაობა“ თავისი დანაყოფებიანად იმიტომ დასვეს პარლამენტში, რომ გასვრილი ძალაა. „ოცნება“ მათი წყალობით ინარჩუნებს ძალაუფლებას და დღე და ღამე მათზე უნდა ლოცულობდეს. ყოფილი ხელისუფლების მიმართ ხალხის ზიზღი იმდენად დიდია, რომ მზად არიან, ისევ ამ მკვდრებსა და უუნაროებს დაუჭირონ მხარი. „ოცნების“ შემქმნელმა კარგად იცის ხალხის განწყობა და ამ ფორმულას წარმატებით ამუშავებს.

- ეს ფორმულა მუდმივად ხომ ვერ იმუშავებს?

- ჯერ ისევ მუშაობს. თვითმმართველობის არჩევნებზე ამ ფორმულის წყალობით კიდევ ერთხელ გაიშლიგინებენ.

- არის ვერსიები, რომ პრეზიდენტმა შესაძლოა ან პარლამენტი დაითხოვოს, ან თავად გადადგეს. თქვენი აზრით, წავა გიორგი მარგველაშვილი ამაზე?

- გიორგი მარგველაშვილი არც გადადგება და არც პარლამენტს დაითხოვს. ის დღეს მხოლოდ საკუთარ პიარზე მუშაობს. ის მომავალი პოლიტიკური აქტივობებისთვის ემზადება. მისი ყოველი ნაბიჯი მიმართულია იქითკენ რომ საერთაშორისო მეგობრობას თავი შეახსენოს. ყურადღების მიპყრობის მიზნით ის ხშირად ხვდება ოპოზიციას. განსაკუთრებით ევროპულ საქართველოს სწყალობს. არადა, ეს ის ხალხია, რომლებმაც სისხლიანი 9 წელი შექმნეს. პარლამენტი რომც დაითხოვოს, ისეა მისი უფლებები შემცირებული, რაღაც გამოსავალს იპოვიან და ეს იქნება დღის ნიუსი. რაც შეეხება გადადგომას, მეეჭვება, რომ გადადგეს, მაგრამ, ასეთ გადაწყვეტილებას თუ მიიღებს, ეს იქნება კვირის სკანდალი. ყველაფერი ამით დასრულდება. ეს თავადაც კარგად იცის და ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებაზე მეტად საქართველოში მისი უკრაინელი კოლეგის ვიზიტი მაინტერესებს. ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს გადმოსცეს. ამის ძალიან ეშინიათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს და, როგორც გავიგე, ისინი პეტრო პოროშენკოს დასახვედრად ემზადებიან. არ არის გამორიცხული, პატარა პროვოკაციაც მოუწყონ. ის პრესკონფერენციას გამართავს, სადაც მას თავიანთი კონტროლირებადი მედიის დახმარებით უხერხულ კითხვებს დაუსვამენ, მიუსევენ არასამთავრობოებს და ისეთ სურათს დაუხატავენ, რომ მიხეილ სააკაშვილის გადმოცემაზე უარი თქვას. კარგი იქნება, თუ „ოცნება“ ამას მომზადებული დახვდება.

ახალი თაობა“, 26 ივნისი, 2017 წელი

ინტერვიუ გიგა ბუკიასთან: „ოპოზიცია ნაციონალური მოძრაობის საქმეს აკეთებს

პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციები აგრძელებენ საკონსტიტუციო ცვლილებების გაპროტესტებას. საკონსტიტუციო პროექტი მეორე მოსმენით დამტკიცებულია. „ახალი თაობა“ ამ საკითხებზე ესაუბრა პარლამენტის უმრავლესობის „კონსერვატორების“ ფრაქციის თავმჯდომარე გიგა ბუკიას. „ოპოზიცია იმის ოპოზიციაა, რომ თავისი აზრი გამოთქვას. სხვა პარტიები ხელისუფლებას გუნდრუკს არ უნდა უკმევდნენ, მაგრამ ოპოზიციის ბოლოდროინდელი მოქმედებები აბსურდამდე მიდის“, – ამბობს იგი.

- რატომ მიდის აბსურდამდე?

- იმიტომ რომ, რაც უნდა შევთავაზოთ, ყველაფერს ეწინააღმდეგებიან.

- ოპოზიციის პრეტენზიები საარჩევნო სისტემას უკავშირდება.

- როცა კონსტიტუციის ცვლილებების პროექტში ჩავწერეთ, რომ გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე, ოპოზიციონერებს არ მოეწონათ ბონუსების სისტემა. როცა ბონუსების ზედა და ქვედა ზღვრის განსაზღვრა გადავწყვიტეთ და დათმობაზე წავედით, არც ამას დაეთანხმნენ. აღარაფერს ვამბობ პრეზიდენტსა და მის ადმინისტრაციაზე. პრეზიდენტმა თავიდანვე ბოიკოტი გამოუცხადა საკონსტიტუციო კომისიას, შემდეგ კი პირდაპირ შეტევებზე გადმოვიდა. პრეზიდენტი ახლაც უკმაყოფილოა, არადა, პროექტში ჩავწერეთ ის, რასაც ის მოითხოვდა.

- გულისხმობთ იმას, რომ 1018 წელს პრეზიდენტს ისევ პირდაპირი წესით ავირჩევთ?

- ამას არ მოითხოვდა პრეზიდენტი? ამ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება ყველას, მათ შორის, გიორგი მარველაშვილსაც აქვს. ამიტომ მისი თავდასხმები გაუგებარია. არც ის არის გასაგები, რატომ გამოუცხადა ბოიკოტი პარლამენტის სხდომებს საპარლამენტო ოპოზიციამ. ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ ამ დეპუტატებს უნდათ, ჩვენ გარეშე სადმე ისხდნენ და ხალხი ატყუონ.

- ოპოზიციის ერთ-ერთი პრეტენზია ისაა, რომ საყოველთაო-სახალხო განხილვებზე, ასევე ვენეციის კომისიის წინაშე სხვა პროექტი გაიტანეთ, კენჭისყრაზე კი სხვა დააყენეთ...

- განსხვავება ის არის, რომ იძულებული გავხდით, სამომავლოდ გადაგვეტანა პროპორციული სისტემის შემოღება. მოგეხსენებათ, ამას ეწინააღმდეგებოდნენ მაჟორიტარები ჩვენივე უმრავლესობიდან. მათ გარეშე საკმარისი ხმები არ გვექნებოდა კონსტიტუციის შესაცვლელად. საპარლამენტო ოპოზიცია დათანხმებულიყო მაშინდელ ვარიანტს და შემოვიღებდით პროპორციულ სისტემას! ამ დეპუტატებმა არც ის მოინდომეს და ახლა იმაზე გვიტევენ, რომ მაჟორიტარებთან მივაღწიეთ შეთანხმებას და მაჟორიტარულ-პროპორციულ სისტემას ვტოვებთ.

- ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხალხი მოატყუეთ...

- ხალხი არ მოგვიტყუებია. საყოველთაო-სახალხო განხილვებისას ბევრ ადამიანს შევხვდით. მათი უმრავლესობა მხარს უჭერს ოჯახის დეფინიციის განსაზღვრას, ასევე ჩანაწერს მიწის შესახებ. სხვათა შორის, ბევრმა ადამიანმა გვითხრა, რომ მაჟორიტარული არჩევნების მომხრეა. სისტემა, რომელსაც ახლა ვთავაზობთ, ოპოზიციისთვისაც მისაღები უნდა იყოს.

- 3%-იანი საარჩევნო ბარიერი გაქვთ მხედველობაში?

- შერეული სისტემა და 3%-იანი ბარიერი არის პარლამენტში მოხვედრისა და შემდგომი განვითარების შანსი პატარა პარტიებისათვის. ასეთი პარტიები უცნაურად იქცევიან. მათი მოქმედებები არაკონსტრუქციული და არაპრაგმატულია. ისინი ნაციონალური მოძრაობის საქმეს აკეთებენ და შეეკვრნენ ნაციონალებს, რომლებთანაც ადრე დანასისხლად იყვნენ გადაკიდებული. ოპოზიციისთვის მისაღები უნდა იყოს ბარიერის 3%-მდე დაწევა და მაჟორიტარების გაყვანის შესაძლებლობა, მაგრამ ნაციონალური მოძრაობის გარშემო დარაზმული პოლიტიკური ძალები საკუთარ პოლიტიკურ მომავალზე არ ფიქრობენ. ეტყობა, ფეხის ხმას აყოლილი პატარა პარტიების მიზანი ის არის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უფრო მეტი რაოდენობით იყოს წარმოდგენილი მომავალ პარლამენტში. პროპორციული არჩევნებისა და 5%-იანი ზღურბლის შემთხვევაში ამ პარტიების შანსები გაცილებით ნაკლები იქნებოდა. ვთავაზობთ მათთვის უკეთეს პირობებს. პატარა ოპოზიციურ პარტიებს ეძლევათ შესაძლებლობა, გაიყვანონ რამდენიმე წარმომადგენელი პარლამენტში და გამოიყენონ ტრიბუნა. ეს მათთვის სასიცოცხლოა, არადა, ნაციონალური მოძრაობისა და თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა, ყველას რეიტინგი ძალიან დაბალია. როცა ოპოზიციაში ვიყავით, ბარიერის 4%-მდე დაწევაც სანატრელი გვქონდა და ნაცმოძრაობა ამას არ თანხმდებოდა.

- გახშირდა პროგნოზები, რომ შემოდგომაზე ქვეყანაში მღელვარება და არეულობა დაიწყება...

- არ ვიცი, რისთვის ემზადება ოპოზიცია და ვის სჭირდება საქართველოში სიტუაციის ამღვრევა. ერთი რამ ცხადია – ოპოზიციის ნაწილი ავრცელებს ცრუ ინფორმაციებს და მისი შეხედულებები ხალხის განწყობას არ ემთხვევა. ხალხმა 2016 წელსაც ჩვენ დაგვიჭირა მხარი. ამის შედეგად მივიღეთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. კონსტიტუციაში შეგვაქვს ცვლილებები, რომლებიც საჭიროა ქვეყნისათვის. ხალხში საპროტესტო, მით უმეტეს, რევოლუციური განწყობა არ იგრძნობა.

ახალი თაობა“, 26 ივნისი, 2017 წელი

„გიორგი მარგველაშვილი გიგა ბოკერიას გაურიგდა

ინტერვიუ სანდრო ბრეგაძესთან: ვანო ზარდიაშვილი საარჩევნო სიაში ბიძინა ივანიშვილის გვერდის ავლით ჩაწერეს

„ეროვნულების“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისა და გიგა ბოკერიას ფარულ შეხვედრაზე საუბრობს. სანდრო ბრეგაძის განცხადებით, ოპოზიციისა და მესამე სექტორის ბოიკოტი კონსტიტუციის ირგვლივ სწორედ ამ გარიგების შედეგია. აღნიშნულის შესახებ „ახალი თაობის“ კითხვებს სანდრო ბრეგაძე პასუხობს.

- ბატონო სანდრო, თქვენ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეხვედრასა და მათ ფარულ გარიგებაზე საუბრობთ. კერძოდ, რა გარიგებაზეა საუბარი და რატომ უპირისპირდებით პრეზიდენტს?

- პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო ის, რომ ე.წ. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახლავთ ლიბერალისტური, ქართველთმოძულე ძალების ბელადი და ის ცდილობს, გახდეს უპირობო ლიდერი ე.წ. ლიბერალისტური ფრთისა, რათა შემდგომ საპრეზიდენტო არჩევნებში იყაროს კენჭი და კვლავ გახდეს საქართველოს პრეზიდენტი. ამ მიზნით ის მუდმივ კონტაქტში იმყოფება თავის ბავშვობის მეგობარ გიგა ბოკერიასთან, რომელიც ასევე გახლავთ ამ ფრთის ერთ-ერთი წარმომადგენელი.

- მათი შეხვედრის შესახებ საიდან გაქვთ ინფორმაცია?

- მათი შეხვედრის დეტალებზე მე მიამბო ერთმა კარგად ინფორმირებულმა წყარომ, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობს. ამ წყაროს ინფორმაციით, ეს შეხვედრა შედგა მხოლოდ ერთი მიზნით…

- რა მიზნით?

- იმ მიზნით, რომ საქართველოს კონსტიტუციაზე გამოეცხადებინათ საყოველთაო ბოიკოტი და ამის ერთადერთი მიზეზი იყო ის, რომ კონსტიტუციაში არ უნდა შევიდეს მუხლები, რომელთა მიხედვითაც უცხოელებისთვის ქართული მიწის გაყიდვა იქნება აკრძალული და ერთნაირსქესიანთა ქორწინება იქნება აკრძალული.

- თუმცა ოპოზიცია სხვა მუხლებსაც უცხადებს ბოიკოტსმათი შეხვედრის მიზანი ეს იყო?

- სხვა სადავო მუხლები, რომლებზეც ისინი საუბრობენ, მათთვის მეორეხარისხოვანია. სხვათა შორის, გიგი უგულავამ როდესაც პრესკონფერენცია გამართა ორიოდე დღის წინ, განმარტა, თუ რატომ უცხადებს ბოიკოტს კონსტიტუციას მისი გუნდი. მან აღნიშნა, რომ მხოლოდ და მხოლოდ სამი საკითხი აღელვებთ.

- კერძოდ?

_ პირველი არის ის, რაც მარგველაშვილს აწუხებს. ეს არის პრეზიდენტის არჩევის წესი. ამან ორ საკითხზე ისაუბრა კიდევ, ეს არის უცხოელებისთვის მიწის მიყიდვისა და ერთნაირსქესიანთა ქორწინების აკრძალვა. ფაქტობრივად, ამ პრესკონფერენციით მან გაშიფრა კიდეც ამ ფარული მოლაპარაკებებისა და მათი რეალური მიზნების არსი.

- სხვა მუხლებზე არ აქვთ პრეტენზია? იმავე საარჩევნო კოდექსზე?

- რა თქმა უნდა, მათ არანაირად არ აღელვებთ კონსტიტუციის სხვა მუხლები, თუნდაც იგივე საარჩევნო გარემო, ეს არის მათთვის მეორეხარისხოვანი. მათთვის უმნიშვნელოვანესია, რომ უცხოელებზე ქართული მიწის მიყიდვა იყოს დაშვებული, ქართული მიწა გაიყიდოს და ამ ქვეყანაში ქართველები აღარ სახლობდნენ, ასევე გარყვნილება და ერთნაირსქესიანთა ქორწინება იქნეს დაკანონებული.

- გამოდის, რომ ის პროცესი, რომელსაც შეუერთდა სრულიად ოპოზიციური სპექტრი, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ბოიკოტს უცხადებენ კონსტიტუციურ ცვლილებებს, ამ ყველაფერს სათავეში პრეზიდენტი უდგას და ეს მარგველაშვილ-ბოკერიას გარიგების შედეგია?

- სხვა ოპოზიციურ პარტიებზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ, შემიძლია ვთქვა ერთი რამ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, ბოკერიას ფრთა და ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სოროსისგან იმართებიან – ესენი ყველანი გაერთიანებული არიან გიორგი მარგველაშვილის გარშემო და მათი მთავარი მიზანია, ჩვენ მიერ ბრძოლით მოპოვებული მუხლები, რომელიც არის საქართველოსთვის სასიცოცხლოდ საინტერესო, არ იქნეს კონსტიტუციაში შეტანილი. დავიწყეთ ბრძოლა ამ საკითხების მიმართ, პირადად მე ძალიან დიდი წინააღმდეგობა შემხვდა. ამაში არა მარტო ქვეყნის შიგნით არსებული, არამედ, ქვეყნის გარეთ მყოფი ძალებიც იყვნენ ჩართული.

- რომელ საკითხს გულისხმობთ?

- ერთნაირსქესიანთა ქორწინებას. სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებიც ჩაერთვნენ ამაში, რომ როგორმე არ მომხდარიყო ერთნაირსქესიანთა ქორწინების აკრძალვა. ჩვენ სწორი ტაქტიკური ნაბიჯებით ვიბრძოლეთ, შევაგროვეთ 250 ათასი ხელმოწერა და ხელისუფლება ვაიძულეთ, დაგვყოლოდა ამ საკითხზე. ერთადერთი, ვინც ბოლომდე წინააღმდეგი წავიდა, ეს გახლდათ ე.წ. პრეზიდენტი მარგველაშვილი, რომელმაც მაშინ ხელი არ მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც რეფერენდუმი უნდა ჩატარებულიყო.

ის ნახევარი მილიონი თანამოქალაქის წინააღმდეგ წავიდა და სულში ჩააფურთხა მთელ საქართველოს. ასევე დიდი ბრძოლა გადავიტანეთ ქართული მიწის საკითხთან დაკავშირებით და აქაც დიდი წინააღმდეგობა სწორედ პრეზიდენტისა და გიგა ბოკერიას გუნდიდან წამოვიდა.

- ანუ ეს გუნდი ერთად მოქმედებს?

- რა თქმა უნდა, ეს არის ერთი გუნდი. გიორგი მარგველაშვილი, ბოკერია-უგულავა, „ნაციონალები“ და სოროსელი არასამთავრობოები. გიორგი მარგველაშვილი სწორედ ამ გუნდის ლიდერია.

- არა მარტო ეს გუნდი, სრულიად ოპოზიცია უპირისპირდება ხელისუფლებას კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების გამო. გვესმის შეფასებები, რომ გარდაუვალია დიდი აქციები, რომ ამ ხელისუფლებას კომბლებით გარეკავენ და ასე შემდეგ. რას ელოდებით? სერიოზული კრიზი აქვს ოცნებას და იქნება თუ არა მრავალრიცხოვანი აქციები?

- პოლიტიკური კრიზისი, შეიძლება ითქვას, შემოდგომაზე გარდაუვალია. ასევე გარდაუვალია ქუჩის აქციებიც. მე მინდა, ოპოზიციის იმ პატიოსან ნაწილს მივმართო, რომლებიც ამ პროცესებში არიან ჩართული: რა თქმა უნდა, მათ შესაძლოა ჰქონდეთ კეთილშობილური მიზნები, მარამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დადგნენ მოღალატე ნაციონალური მოძრაობის, მოღალატე ბოკერიას გუნდისა და მოღალატე პრეზიდენტის გვერდით. ისინი უნდა გაემიჯნონ მათ. ჩემთვის მიუღებელი იყო, როდესაც მოღალატე ნაციონალებთან ერთად ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. მოიცილონ ეს მოღალატეები და ისე იბრძოლონ თუნდაც იმ საარჩევნო სისტემის შესაცვლელად. ამ პროცესს მთლიანად სათავეში უდგას მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილთან ერთად. ასეთ გუნდს რომ გვერდით დაუდგები, დანარჩენის შეფასება თქვენთვის მომინდვია.

- თავადვე ამბობთ, რომ ოცნების ხელისუფლება კრიზისშია. რამდენად შეძლებს ამ კრიზისისგან თავის დაღწევას, მით უმეტეს, წინ ადგილობრივი არჩევნებია?

- სიმართლე გითხრათ, ადგილობრივ არჩევნებს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. თბილისში „ოცნების“ კანდიდატის გამარჯვება ფაქტობრივად გარანტირებულია. როდესაც კალაძეს დაუპირისპირდებიან უდუმაშვილი და ხოშტარია, იქ კალაძის გამარჯვება ძალიან დიდი უპირატესობით გარდაუვალია. დარწმუნებით შემიძლია ამის თქმა, რომ კალაძე დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს, თუმცა, აქვე გეტყვით, რომ ეს არ არის დიდად მნიშვნელოვანი.

- აბა, რა არის მნიშვნელოვანი?

- ადგილობრივ არჩევნებზე ბევრად მნიშვნელოვანი იქნება ის პროცესი, რომელიც წარიმართება ქუჩაში. ქუჩის პროცესები აუცილებლად წარიმართება!

- ამით თუ ისარგებლებენ ის ძალები, რომლებზეც თქვენ აპელირებთ?

- რა თქმა უნდა. ე.წ. ლიბერალისტური ძალები ამ პროცესს აუცილებლად გამოიყენებენ. როდესაც ახალგაზრდა რეპერები დაიჭირეს, მე ამ აქციაზე დავინახე ტენდენცია, რომ ეს ბავშვები იქ შეკრებილ ლიბერალისტებსა და გამოერეკლედეისაძეებულ საზოგადოებას აბსოლუტურად არ აინტერესებდათ.

- მაშ, რატომ შეიკრიბნენ?

- იქ ფაქტობრივად შედგა რეპეტიცია იმისა, რაც უნდა განვითარდეს შემოდგომაზე! იქ ჩვენ დავინახეთ ის ანტიქართული ძალები, რომლებიც აუცილებლად გამოვლენ ქუჩაში და იბრძოლებენ იმისათვის, რომ თავიანთი ინტერესები გაატარონ.

- მივდივართ კიდევ ერთი რევოლუციისკენ?

- მათ გარდა სხვა პოლიტიკური ძალებიც გამოვლენ ქუჩაში. ეს არ იქნება ერთი კონკრეტული პოლიტიკური მიმართულების აქციები. ეს ყველაფერი უფრო გლობალური მასშტაბის იქნება და აუცილებლად შეარყევს და დაანგრევს ამ ხელისუფლებას! ჩვენ დავინახეთ, რა დაემართა ხელისუფლებას, როდესაც რამდენიმე ათასი კაცი გამოვიდა და, წარმოიდგინეთ, ასიათასობით ადამიანი რომ გამოვა, რა მოხდება. დღეს ხელისუფლებაში არ ჰყოფნით იმის ანალიზის უნარი, რომ ეს პროცესები დაინახონ და პრევენციული ღონისძიებები გაატარონ.

- ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების უკანასკნელი შანსია, რომელიც მათ გადაარჩენსო. ჩაერთვება კიდევ ყოფილი პრემიერი ამ პროცესებში?

- დიდი ხანია ბატონ ივანიშვილთან კომუნიკაცია არ მქონია და დანამდვილებით არ ვიცი, რას ფიქრობს ის ამ პროცესებზე. რეალურად რომ ვიმსჯელოთ, დღეს მთელი ხელისუფლება ივანიშვილის ავტორიტეტზე დგას. ხვალ დილით ბიძინა ივანიშვილმა რომ განაცხადოს, რომ მიდის უცხოეთში საცხოვრებლად და ეცლება პროცესებს, ხელისუფლება მთლიანად ჩამოიშლება. ერთს გეტყვით: ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად აქვს იმის საფუძველი, რომ საკუთარ გუნდზე განაწყენებული იყოს.

- რატომ?

- ჯერ ერთი, მის პოლიტიკური გუნდში თავმოყრილი არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ივანიშვილისთვის მიუღებელია. ამ შემთხვევაში საპარლამენტო გუნდს ვგულისხმობ, რომელიც სავსეა ყოფილი ნაციონალებით.

- კი მაგრამ, ვინ შეადგინა და დააკომპლექტა ეს გუნდი? როგორ მოხვდნენ პარლამენტში მისი გვერდის ავლით?

- დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილმა არ იცოდა, რომ საპარლამენტო სიაში სვამდნენ ზარდიაშვილს, რომელიც იყო ადეიშვილის მოადგილე, რომ ქართლის პირველ ვიცეგუბერნატორად დანიშნეს კობერიძე, რომელიც გახლდათ გენერალური პროკურორის მოადგილე სააკაშვილის მმართველობის დროს და რომლის ხელმოწერითაც ათასობით ადამიანია წასული ციხეში. საუბარია კახა კობერიძეზე, ცნობილ ჯალათზე! ის დაახლოებით ერთი თვის წინ დაინიშნა ქართლის ვიცეგუბერნატორად. მე საუბარი მაქვს გამოკვეთილ ჯალათებზე, თორემ ისე ნაციონალებიდან გადმოპორტირებული იმდენია, რომ მათი გვარების ჩამოთვლას თქვენი გაზეთის ფურცლები არ ეყოფა. ბიძინა ივანიშვილმა ამის შესახებ ნამდვილად არ იცოდა. „ოცნებაში“ ბევრმა არ იცოდა, რომ `ქართული ოცნება~ ნაციონალური მოძრაობის წევრებით აივსებოდა.

- ვინ შეძლო ივანიშვილის გვერდის ავლით ამ ხალხის მმართველ გუნდში შეყვანა?

- სწორედ ეს არის მთავარი კითხვა. ზუსტად ვიცი, რომ ვინც ეს გააკეთა, ფაქტობრივად საქმის კურსში არ ჩააყენა ლიდერი. იქ სერიოზული შიდაბრძოლები მიმდინარეობს. ამ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილმა უნდა მოიკითხოს, ვინ იყო ის ადამიანი, რომელმაც ხელისუფლება ნაცჯალათებით გაავსო.

ახალი თაობა“, 26 ივნისი, 2017 წელი

სოხუმი და ცხინვალი დევნილების დაბრუნებას ისევ არ თანხმდებიან

ინტერვიუ ვახტანგ ყოლბაიასთან: „აფხაზებსა და ოსებს ქართული პასპორტები და ევროპაში უვიზოდ სიარული შევთავაზეთ

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია „ახალ თაობასთან“ ჟენევის მე-40 რაუნდის მოლაპარაკებებს აფასებს.

- თქვენი შეფასებით, როგორ წარიმართა ჟენევის მოლაპარაკებების მე-40 რაუნდი?

- ჩვენთვის შედეგია, აფხაზები, რუსები და ჩვენ თუ მოვილაპარაკებთ, რომ აფხაზეთში, ჩვენს სახლებში ვბრუნდებით. რა თქმა უნდა, ასეთი რამ არ მომხდარა.

- არც მოხდებოდა. საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ დევნილების საკითხზე მოლაპარაკებების დაწყებისთანავე რუსებმა, აფხაზებმა და ოსებმა დარბაზი დატოვეს. მათი ასეთი დემონსტრაციული ქმედებები რას ნიშნავს?

- მხოლოდ ამ შეხვედრაზე არ დაუტოვებიათ დარბაზი. ყველა შეხვედრაზე, დევნილების დაბრუნების საკითხის განხილვის დაწყებამდე, დემონსტრაციულად ტოვებენ დარბაზს. მათი ძირითადი მოტივია, რატომ ვიხილავთ გაეროში დევნილების დაბრუნების საკითხს, როდესაც ამ საკითხის მოგვარება ჟენევის ფორმატითაა განსაზღვრული. რადგან თქვენ არ ტოვებთ არცერთ ფორმატს, ეს საკითხი რომ არ განიხილოთ და არაკონსტრუქციულობაში არ დაგვადანაშაულოთ, ამიტომ დევნილების დაბრუნების საკითხს პროტესტის ნიშნად არ განვიხილავთო. ევროპელებმა და ამერიკელებმა უპასუხეს, თუ რატომ ხდება საერთაშორისო ფორმატში ამ საკითხის განხილვა.

განსხვავებით წინა შეხვედრებისაგან, ამ საკითხზე დავაში 40 წუთი გავიდა. მათ თავიანთი არგუმენტები დაასახელეს, ჩვენ – ჩვენი. საბოლოო ჯამში, წინასწარი მოთელვა ისე დამთავრდა, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დაასკვნეს, რომ არასწორად იქცევიან სოხუმის, ცხინვალისა და რუსეთის წარმომადგენლები, რომლებიც აფხაზებსა და ოსებს მხარს უჭერენ, თითქოს ისინი მართლები არიან, ჩვენ კი – არასწორი.

ჟენევის მოლაპარაკებებზე განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი, რომლებიც ყოველთვის განიხილება. ამ შემთხვევაში განვიხილეთ, რა შედეგები მოიტანა გადასასვლელების ჩაკეტვამ – სიკვდილიანობა, ხალხის უკანონოდ დაკავება, დაჯარიმებები, ხალხის ფსიქოლოგიური ტრავმირება, დისკომფორტი, ადამიანებს რიგებში უწევთ დგომა. ასევე განათლების სისტემაში გაუგონარი პრობლემებია.

ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ბინადრობის პრობლემაზე. ამაზეც განაცხადეს, რომ საერთაშორისო სამართლით, ყველგან არის დაშვებული ბინადრობის სტატუსის მინიჭება, რასაც მოჰყვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების ძალიან მკვეთრი განცხადება, რომ საერთაშორისო პრაქტიკაში არ არსებობს მაგალითი იმისა, ამგვარ შემთხვევაში მობინადრის სტატუსი მიენიჭებინოთ. საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ამერიკის წარმომადგენლებმა პირდაპირ უთხრეს, რომ გალელები იმ კატეგორიის მცხოვრებლები არ არიან, რომლებსაც ბინადრობის სტატუსი ეკუთვნით. ეს არის უსამართლობა, უკანონობა და საერთაშორისო სამართლის არცერთ ნორმაში არ ჯდება. ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ქართველები იმ კატეგორიას არ მიეკუთვნებიან, რომ მობინადრის სტატუსი მიენიჭოთ. საერთაშორისო პრაქტიკაში არ ყოფილა შემთხვევა, როცა კონკრეტულ ტერიტორიაზე ათასწლობით მცხოვრები მოსახლეობისთვის მობინადრის სტატუსი მიენიჭებინოთ. ადამიანი ათასობით წელი იქ ცხოვრობდა, შენ კი ახლა საიდანღაც ჩამოფრენილად წარმოადგენ. ამიტომ ევროპა თქვენგან უფრო გონივრულ გადაწყვეტილებას ელოდებაო. ასევე განვიხილეთ აფხაზეთში კულტურული ძეგლების მდგომარეობა. აფხაზების მხრიდან გამოჩნდა ახალი წარმომადგენელი, რომელმაც ემოციურად ილაპარაკა ამ თემაზე. აფხაზეთში არსებული მემკვიდრეობა ერთი კაცის კუთვნილება არ არის. ქართულ მემკვიდრეობას სჭირდება შენახვა. საერთაშორისო თანამეგობრობის თანამონაწილეობით უნდა შეიქმნას ჯგუფი, რომელიც ამ საკითხზე იმუშავებს.

- იყო ისეთი საკითხი, რომელზეც აფხაზებმა და რუსებმა დადებითად უპასუხეს?

- დადებითად – არა, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, საჭიროა მეტი მუშაობა, მეტი რუდუნება და მეტი სიფაქიზე. შთაბეჭდილება შემექმნა, რომ აფხაზები რეალურად აფასებენ იქ არსებულ სიტუაციას. მოლაპარაკებებზე იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძემ გოჩა ოთხოზორიას მკვლელის სასჯელისაგან გათავისუფლება შეაფასა. მისი განცხადებით, ოთხოზორიას მკვლელის სასჯელისაგან გათავისუფლება მიუთითებს იმაზე, რომ აფხაზეთში არის დაუსჯელობის სინდრომი. თუ არ დასჯით ოთხოზორიას მკვლელს, დაუსჯელობის სინდრომი უფრო სიღრმეში წავა და ამას აფხაზები უფრო მწვავედ იგრძნობენო.

- თუ აფხაზებს, ოსებსა და რუსებს არ უნდათ, დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების საკითხი გაეროში განიხილებოდეს, ნაწილი მაინც დააბრუნონ! მართლაც ათასობით წელია, რაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ქართველები ცხოვრობენ, მათ კი გამოდევნეს და საკუთარ სახლებში აღარ უშვებენ

- არის სიტუაციები, რომლებზეც უფრო მეტი მუშაობაა საჭირო.

- რაღაც 9 ნომერი დოკუმენტი რომ აქვთ, რას ნიშნავს?

- ეს არის პასპორტის შემცვლელი დოკუმენტი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების საშუალებას აძლევს.

- აფხაზეთიდან საავადმყოფოებში ვინც მოდის, მათ მიმართ როგორ არიან განწყობილი?

- აღნიშნავენ, რომ საავადმყოფოებში რეფერალური პროგრამა მუშაობს, თუმცა, იმასაც ჩივიან, საზღვარგარეთ წასვლის საშუალება წაგვართვითო.

- ევროპასთან ვიზალიბერალიზაცია გვაქვს და იარონ, რამდენიც უნდათ

- ჩვენც ასე ვუთხარით, ევროპასთან ვიზალიბერალიზაცია გვაქვს, შემოდით, გადით და იარეთ მთელ მსოფლიოშიო.

- არ თანხმდებიან?

- რა თქმა უნდა, არ გვთანხმდებიან ასე აშკარად.

- ჩვენი საგარეო უწყების განცხადებაში წერია, რომ საქართველოს წარმომადგენლებმა მწვავედ დააყენეს საკითხი რუსეთის ანექსიის პოლიტიკის თაობაზე, სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებზე.

- ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსები განაგებენ სიტუაციას. ჩვენს ამ განცხადებას აფხაზები შეურაცხყოფად მიიჩნევენ.

- აფხაზები ამბობენ, ასე არ არისო?

- არა, ჩვენ თვითონ ვიღებთ გადაწყვეტილებებსო.

- უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა საქართველომ მოითხოვა?

- ჟენევის ფორმატის არსებობის განმავლობაში ეს საკითხი ყოველთვის დგება. ის მიდგომები, რომლებსაც რუსეთი გვთავაზობს, ჩვენთვის მიუღებელია. რასაც ჩვენ ვთავაზობთ, ისინი არ გვთანხმდებიან. ამიტომ ეს საკითხი ჩიხშია შესული.

- თანათავმჯდომარეები თუ გიჭერენ მხარს?

- ამ შემთხვევაში ჩვენ ვართ მთავარი მოქმედი პირები და, თუ საქართველოს არ უნდა, ისეთი გადაწყვეტილება არ მიიღება. საერთაშორისო საზოგადოება მედიატორია და ისეთი დოკუმენტის მიღებას უნდა შეუწყოს ხელი, რომელიც ორივე მხარისათვის მისაღები იქნება.

- მესმის, მაგრამ როდესაც თქვენ აყენებთ საკითხს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის თაობაზე და იქ სხედან გაეროს, ეუთოს, ევროკავშირისა და ამერიკის წარმომადგენლები (რომლებიც საერთაშორისო საზოგადოებაში ყველაზე გავლენიანი ჯგუფები არიან და ძალიან დიდი ძალაა), მხარს გიჭერენ?

- ეს საკითხი დღის წესრიგში დგას. ყველა შეხვედრაზე ხდება მოსმენა, თუ რა მდგომარეობაა. თანათავმჯდომარეები გამოკვეთილად რომელიმე მხარეს რომ დაუდგნენ გვერდით, ასე არ არის. საერთაშორისო სამართლის მოთხოვნაა, ისეთი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება.

- თანათავმჯდომარეები მხარს თუ გიჭერენ-მეთქი?

- დიახ, გვიჭერენ.

- მათი მხარდაჭერა იმიტომ მაინტერესებს, ცოტა ხნის წინ ჩვენ მოწმე გავხდით ფაქტისა, როგორ ჩაბრძანდა ევროკავშირის წარმომადგენელი, ჟენევის მოლაპარაკებებში თანათავმჯდომარე ჰერბერტ ზალბერი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და როგორ ულოცავდა უკანონო არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებას...

- ჰერბერტ ზალბერი გადადგა.

- როდის გადადგა? მოლაპარაკებებს არ ესწრებოდა?

- ევროკავშირის წარმომადგენლებმა შეაფასეს. ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეაფასა. ამერიკელმა ექსპერტმაც შეაფასა ჰერბერტ ზალბერის ქმედებები და განაცხადა, რომ მას, ზალბერს, თავისი ქმედებებიდან გამომდინარე, დაუყოვნებლივ უნდა დაეტოვებინა თანამდებობა.

- ჟენევის შეხვედრების შემდეგ გადადგა?

- ჰერბერტ ზალბერი ესწრებოდა შეხვედრებს. ბოლოს გამოაცხადეს, რომ იგი სხვა თანამდებობაზე გადადიოდა. თუ არ გადამდგარა, ის აუცილებლად გადადგება.

- ქართულ მხარეს არ დაუყენებია საკითხი ჰერბერტ ზალბერის გადადგომის თაობაზე?

- საკითხი დამდგარიც იყო და გადაწყვეტილიც.

- დარწმუნებული ვარ, ჰერბერტ ზალბერი მხარს არაფერში დაგიჭერდათ...

- ასე არ იყო. ნეიტრალური არბიტრის როლში წარმოგვიდგა.

- ჟენევის მოლაპარაკებების მე-40 რაუნდი იყო. ყველაფერს არ მეუბნებით, მაგრამ, ის მაინც გვითხარით, შედეგი რა მიიღეთ?

- შედეგი ის არის, რომ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას საერთაშორისო საზოგადოების მეტი მონაწილეობით, ვეძებთ გზებს აფხაზებთან და ყველა იმ აქტორთან, რომლებიც ამ კონფლიქტის მოგვარებაში დაგვეხმარებიან.

—————–

კვირის პალიტრა“, 26 ივნისი, 2017 წელი

რა ხდება . . სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციაში?

მაშანტაჟებდა, ოცნებას თუ მისცემ ხმას, შენს ქმარს სამსახურიდან გავაგდებთო»

“იმის გამო გამაგდეს სამსახურიდან, რომ ბევრის თქმა გავბედე, არ მაპატიეს, რომ არ ვეგუებოდი დიქტატურას, უკანონობას და მუდმივად ვაპროტესტებდი იმას, რაც არ მომწონდა”,”- ამბობს ცხინვალელი ირინა თედეევაა, რომელმაც ე. წ. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის განათლების სამსახურში 10 წელი იმსახურა. ირინა დიმიტრი სანაკოევის ბრძანების საფუძველზე 6 თვის წინ გაათავისუფლეს. მან ხელმძღვანელის წინააღმდეგ საჩივრით პროკურატურას მიმართა და უფლებების აღდგენა მოითხოვა.

ირინა თედეევა:

- დიმიტრი სანაკო­ევის ადმინისტრაცია “ნაციონალების” ბუდეა, სადაც ხელმძღვანელის სამი მრჩეველი უშიშროების ყოფილი თანამშრომელია. როცა რესურსცენტრები გააუქმეს, 2012 წელს ადმინისტრაციაში შეიქმნა განათლების სამმართველო, სადაც დაასაქმეს თეა ტაბიძე, რომლის ქმარიც, ლევან ტაბიძე, ე. წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის კოორდინატორი და უშიშროების ყოფილი მაღა­ლჩინოსანი იყო. თეა ტაბიძის ოჯახის მეგობარი ნანული სეფაშვილი კი კადრების­ უფროსს მიუსვეს მოადგილედ. გასული წლის ნოემბრამდე მეც განათლების სამსახურში ვმუშაობდი და დევნილი ბავშვებისთვის ვატარებდით ღონისძიებებს. ხელმძღვანელობას შევთავაზე, მათთვის­ უფასოდ გვესწავლებინა ინგლისური ენა. იმხანად ტაბიძის ქუჩაზე იყო ადმინისტრაცია და სანაკოევმა საკმარისი ფართის უქონლობა მოიმიზეზა, მითხრა, ჯერ ოფისი­ შევიცვალოთ და მერეო. ადმინისტრაციაში მაღალ თანამდებობებზე მუშაობენ პირები, რომელთაც არა აქვთ უმაღლესი განათლება და იღებენ მაღალ ანაზღაურებას. 2013 წელს ე.წ. ატესტაცია ჩატარდა და იმ პირ­ებმა, რომელთაც არა აქვთ დიპლომები, მშვენივრად გადალახეს ბარიერი.

დამოუკიდებელი საჯარო სამსახური კი არა, წმინდა შპს-ა, სადაც გაქანებული ნეპოტიზმი და კორუფციაა.

2016 წლის რეორგანიზაციის შემდეგ მოვითხოვე საშტატო განრიგი, სადაც ჩავწერე,­ გთხოვთ, გადახედეთ დიპლომების ნამდვილობას, ასევე აგვიხსენით, რა პრინც­იპით ირჩევთ ადამიანებს ამ თანამდებობებზე-მეთქი. მოთხოვნა ჩავაბარე აპარატის უფროს ზურაბ ანთაძეს, რომელმაც სანაკოევთან გადამამისამართა, მან კი გამლანძღა, რაც შენ არ გესაქმება, იქ ცხვირს­ რატომ ყოფო?! შემითითხნეს გაფრთხილება, სადაც ჩამიწერეს, რომ ვარ კონფლიქტური,­ ვავრცელებ ცრუ ინფორმაციას, ხალხს შეურაცხყოფას ვაყენებ… დახასიათება განათლების სამსახურის უფროსმა სოსო ცოტნიაშვილმა და მონიტორინგის სამსახურის უფროსმა მარლენ სისვაძემ დამიწერეს. ცოტნიაშვილმა 2012 წლის არჩევნების პერიოდში იცოდა, რომ “ნაციონალებს” ხმას არ მივცემდი და მაშანტაჟებდა, “ოცნებას” თუ მისცემ ხმას, შენს ქმარს სამსახურიდან გავაგდებთო. ჰყავთ მკვდარი სულებიც, მაგალითად, ოლეგ კოზაევი, რომელიც ხელფასს იმაში იღებს, რომ მისი შვილი სანა­კოევის ნათლულია.

ჩვენს ბიუჯეტზეა ცხინვალის საფეხბურთო კლუბი, რომელშიც სანაკოევმა თავისი ვაჟი დაასაქმა. 2015 წელს აუდიტორული­ შემოწმება ჩატარდა და დაიწერა არასახარბიელო დასკვნა. პრეზიდენტსაც არა ჰყავს­ იმდენი მრჩეველი, რამდენიც სანაკო­ევს. შვიდი მრჩევლისგან სამმა, ეთნიკურ­ად ოსმა, სახელმწიფო ენა – ქართული არ იცის. სანაკოევს უმაღლესი განათლებ­აც არა აქვს. უბედურება ის არის, რომ ის შვიდი მრჩეველიც ვერ ეხმარება, მხოლოდ ხელფასებს იღებენ.

2016 წელს შეიქმნა დევნილების საკითხთა დეპარტამენტი, უფროსად ალან პარასტაევი დასვეს. არც მან იცის ქართული. არცთუ შორეულ წარსულში ცხინვალის შს მინისტრ პარასტაევს კოკოითის წინააღმდეგ ტერაქტი უნდა მოეწყო (პარასტაევისა და ვანო მერაბიშვილის საუბრის აუდიომასალა იდო კიდეც ინტერნეტში), კოკოითმა­ გაიგო ეს ამბავი და პარასტაევიც და მისი შვილიც დააპატ­იმრეს. 2008 წლის აგვისტოში, როდესაც ქართველები შევიდნენ ცხინვალში, სააკაშვილის ხელისუფლებამ ორივე დაიხსნა და თბილისში ბინაც აჩუქა. პარასტაევი ჯერ სანაკოევის მრჩეველი იყო, 2016 წლის რეორგანიზაციის შემდეგ კი დევნილების საკითხთა დეპარტამენტის უფროსია.
2013 წლის ატესტაციის დროს კონ­კურსი გამოცხადდა, რის საფუძველზეც­ უფრო მაღალ თანამდებობაზე გამოვთქვი­ პრეტენზია. სანაკოევმა კადრების უფროსი მომიგზავნა, როგორ გაბედე, რა პრეტენზია გაქვს, გაგაგდებ სამსახურიდანო.

სამსახურიდან მართლაც დამითხოვეს გასული წლის ნოემბერში. საჩივარი შევიტ­ანე სასამართლოში და 16 ივლისს გაიმართ­ება მორიგი სასამართლო სხდომა.­ მოვითხოვ, სანაკოევმა ბათილად ცნოს ჩემი სამსახურიდან გათავისუფლების აქტი და ამინაზღაუროს ნახევარი წლის ხელფასი. რაც ადმინისტრაციაში ვმუშაობ, არაფრით მისარგებლია – კომპენსაცია არ ამიღია, როგორც დევნილს, ფართობი ჩემთვის არ მოუციათ, ნახევარი წელია უმუშევარი ვარ და ოჯახთან ერთად (მყავს მცირეწლოვანი შვილი) ნათესავების სახლში ვცხოვრობ. სანაკოევს 5000-ლარი­ანი ხელფასის გარდა, აქვს ბიზნესიც, ერთი სასახლე სააკაშვილმა აჩუქა დიღომში, მეორე კი თვითონ იყიდა ავლაბარში. იმის გამო გამაგდეს სამსახურიდან, რომ ბევრის თქმა გავბედე, არ ვეგუებოდი უკანონობას, არ ვემხრობოდი “ნაციონალებს” და ამითვალწუნეს.

დიმიტრი სანაკოევი, . . სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის უფროსი:

- ირინა თედეევა რას ამბობს, არ მაინტერესებს, სასამართლო დაადგენს მტყუან-მართალს. ის მუდმივად ამეტებდა სამსახურებრივ უფლებებს, უარყოფდა ჩვენი სამსახურის შიდაგანაწესს, საჯარო მოხელემ თუ არ იცის, რა შედის მის უფლება-მოვალეობაში, რა აზრი აქვს მასთან მუშაობას? რაც შეეხება პოლიტიკურ დევნას, ეს გამორიცხულია.

კვირის პალიტრა“, 26 ივნისი, 2017 წელი

ჩეხები ქართული არმიის გადაიარაღებას გვთავაზობენ

ირაკლი ალადაშვილი

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ჩეხეთის თავდაცვის მინისტრ მარტინ სტროპნიცკის ჩამოჰყვა ჩეხი მრეწველების პატარა ჯგუფი, რომელმაც ქართულ მხარეს საბრძოლო ტექნიკისა და აღჭურვილობის რადიკალურად გაუმჯობესების მთელი პაკეტი შესთავაზა.

ჩეხეთის თავდაცვის მრეწველობის საწარმოების ასოციაციის (DSIA) დამფუძნებელმა კომპანია OMNIPOLMA-მ საქართველოში ჩამოიყვანა მსოფლიოში ცნობილი კომპანიების – ERA-ს (საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის პასიური თვალთვალის ლოკატორების წარმოება); TATRA-ს (მრავალხიდიანი ორმაგი დანიშნულების სატვირთო ავტომობილები); AERO Vodochody AEROSPACE-ს (L-39 ტიპის სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავები); VOP CZ-სა (ჯავშანტექნიკის, მათ შორის T-72 ტიპის ტანკებისა და ეს ჩამონათვალი მოიცავს ქართული არმიის საბრძოლო მზადყოფნის თითქმის ყველა სფეროს, რომელთა მდგომარეობა არცთუ სახარბიელოა, რადგან საბრძოლო ტექნიკისა და აღჭურვილობის უდიდეს ნაწილს, დიდი ხანია, კაპიტალური რემონტი ან სულაც მოდერნიზაცია სჭირდება.

ქართულ არმიაში სამხედრო ტექნიკის არაერთი ტიპია ჩეხოსლოვაკიური წარმოების, მაგალითად, თვითმავალი საარტილერიო ქვემეხი-ჰაუბიცა DANA, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა RM-70, სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავი L-39 “ალბატროსი” და სხვა. მათმა ნაწილმა 2008

წლის რუსეთ-საქართველოს ომში აქტიური მონაწილეობა მიიღო, გაისროლა ასობით ჭურვი, რაკეტა და კაპიტალურ რემონტს მოითხოვს. მათი მოდერნიზება აჯობებდა თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, მაგალითად, საარტილერიო ცეცხლის კორექტირება სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. გარდა ამისა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ორივე ეს საარტილერიო დანადგარი სწორედ “ტატრას” შასიზეა აწყობილი, რომლებიც სამ ათეულ წელზე მეტს ითვლის.

რაც შეეხება სასწავლო “ალბატროსებს”, მათი მწყობრში ყოფნა აუცილებელია, რადგან თუ არ გვინდა, რომ მოიერიშე Су-25-ების ფრენების შეწყვეტის საკამათო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მთლად დავკარგოთ სამხედრო პილოტები, მათ სისტემატურად უნდა იფრინონ სასწავლო “ალბატროსებით”. ამ სასწავლო თვითმფრინავში მოძველებული საბჭოთა რეაქტიული ძრავის ამერიკულით ჩანაცვლება და რადიოელექტრონული აპარატურის ციფრულით განახლება L-39 NG-ის დონემდე “ალბატროსს” ახალ სიცოცხლეს შესძენდა და ის მსუბუქი გამანადგურებლის ფუნქციებსაც კი შეითავსებდა.

აგვისტოს ომის შემდეგ დარჩენილ ქართულ T-72 ტიპის ტანკებს ასევე სჭირდება არა მარტო სასწრაფო კაპიტალური რემონტი, არამედ ისეთი მოდერნიზაცია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შემოყვანილი მოწინააღმდეგის ახალი ტანკებისთვის საკადრისი პასუხის გაცემა რომ შეძლონ. ჩეხებმა შეძლეს ამ ძირითადი ტანკის მოდერნიზება T-72M4 CZ ტიპის დონეზე, რომელსაც რუსულ, შედარებით თანამედროვე T-90A-თან ბრძოლა წარმატებით შეუძლია.

ჩეხებმა რამდენიმე წლის წინ საქართველოს ფინანსურ პოლიციას 90-მდე­ თანამედროვე პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი SCORPION EVO მიჰყიდეს და ასევე დაინტერესებული არიან, ქართული არმიისა და სხვა ძალოვანი სტრუქტურების შეიარაღებაში ულტრათანამედროვე ავტომატური საიერიშო შაშხანები CZ 805 BREN, აგრეთვე CZ 75 P-07 და CZ 75 P-09 ტიპის ნახევრად ავტომატური პისტოლეტები გამოჩნდეს.

ჩეხური მხარე ასევე გვთავაზობს მეხუთე თაობის რადიოტექნიკური დაზვერვის პასიურ სისტემა VERA-NG-ს, რომელიც სამი წლის წინ NATO-მაც შეიძინა. ეს სისტემა ისე აღმოაჩენს საფრენ აპარატებს (თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების საბორტე რადიოაპარატურის გამოსხივების ხარჯზე), რომ რადიოტალღებს არ გამოასხივებს, ამიტომ მას ვერ დააზიანებს მოწინააღმდეგის “ჰაერი-რადიოლოკატორის” კლასის მართვადი რაკეტა, როგორც აგვისტოს ომის დროს მოხდა, როცა რუსული ბომბდამშენიდან გამოშვებულმა ამ კლასის რაკეტამ თბილისის ზღვის თავზე სამოქალაქო რადიოლოკატორი აგვიფეთქა.

მართალია, აგვისტოს ომის დროს ჩვენ გვქონდა ასევე პასიურ რეჟიმში მომუშავე кольчуга-М-ები (რომლებიც მაშინდელმა ხელისუფლებამ უკრაინაში ძალიან ძვირად შეიძინა, რაც ე.წ. ოტკატის ტიპური მაგალითი იყო. ომის შემდეგ “კვირის პალიტრამ” “კოლჩუგების” ძალზე ძვირად შეძენასთან დაკავშირებით სპეციალური ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა და მაშინდელი ჩინოვნიკების რამდენიმემილიონიანი კორუფციული მოგება გამოავლინა), მაგრამ ისინი მწყობრიდან გამოვიდა. “კოლჩუგებში” გადახდილი 16 მლნ-ზე მეტი დოლარით ჩეხეთში მაშინაც შევიძენდით უფრო ეფექტიან “ვერებს”.

ჩეხების კიდევ ერთი შემოთავაზება ეხება სიმულაციურ სისტემებს, რომლებიც შეიძლება გამოვიყენოთ თვითმფრინავების, შვეულმფრენების, ჯავშანტექნიკის, არტილერიის, ქვეითების მართვისა და საბრძოლო უნარ-ჩვევების დასახვეწად მინიმალური ხარჯით, ძვირად ღირებული საბრძოლო საჭურვლის დაუხარჯავად.

ჩეხეთის თავდაცვის მრეწველობისა და ქართული არმიის გენშტაბის წარმომადგენლების შეხვედრაზე ამ სტატიის ავტორი ჩეხურმა მხარემ დამოუკიდებელ სამხედრო ექსპერტად მიიწვია და ჩვენ ერთი საინტერესო რამ დავასკვენით – ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყანა გვთავაზობს ქართული არმიის შეიარაღების კომპლექსურ მოდერნიზაციას (აქამდე რამდენ ქვეყანას იქით ვეხვეწებოდით, იქნებ რაიმე შეიარაღება მოგვყიდოთო). ჩეხურ კომპანიებს საბჭოთა შეიარაღების კაპიტალური რემონტისა და მათი NATO-ს სტანდარტების შესაბამისად მოდერნიზაციის დიდი გამოცდილება აქვთ. რა თქმა უნდა, რემონტს და მით უმეტეს, მოდერნიზაციას დიდი თანხა სჭირდება (თუმცა, ჩეხმა სპეციალისტებმა “დანების” ტექნიკური მდგომარეობა უფასოდ შეგვიფასეს და მცირე რემონტიც უფასოდ გააკეთეს), მაგრამ ისიც ხომ აშკარაა, რომ ქართული არმიის შეიარაღება სასწრაფო განახლება-მოდერნიზაციას მოითხოვს.

ამასთან, ჩეხურმა მხარემ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა “დელტასთან” და თანახმაა, “დელტას” სპეციალისტებმა “ალბატროსების” რემონტიცა და მოდერნიზაციაც საქართველოში განახორციელონ. ეს შეიძლება კიდევ ერთი სიკეთე იყოს, რადგან გასარემონტებელი “ალბატროსები” აზერბაიჯანსა და შუა აზიის პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში ბევრია. NATO-ს წევრ ჩეხეთთან ჩნდება სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის დიდი პერსპექტივა, რაც გააუმჯობესებდა საქართველოს საჰაერო თავდაცვის, ავიაციის, ჯავშანტექნიკისა თუ არტილერიის საბრძოლო შესაძლებლობებს, მაგრამ შემხვედრი ნაბიჯი ქართულმა მხარემაც უნდა გადადგას, ზოგიერთ შემოთავაზებას დასთანხმდეს, ზოგიერთზე დაფიქრდეს, ივაჭროს. ყველაფერს ახლო მომავალი გვიჩვენებს…

Comments are closed